Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

უზნაძემ საინტერესო ანალიზი ჩაატარა ქცევის ამ ფორმებისა და მიუთითა მათი

აღმოცენებისა და განვითარების თავისებურებებზე, მაგრამ, ამავე დროს აღნიშნა, რომ ამ


კლასიფიკაციის შემდგომი სრულყოფისთვის დამატებითი მუშაობაა საჭირო.

მართლაც, თუ დავუკვირდებით, ექსტროგენულ ქცევებში გაერთიანებულია მოხმარებისა და


შრომის ქცევები, მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე სინამდვილის საგნებზეა მიმართული.
მაგრამ მოხმარების ქცევა თუ არსებული საგნის გამოყენებას გულისხმობს, შრომა მოსახმარი
საგნის დამზადება-შექმნის საქმიანობაზეა მიმართული. მოხმარების ქცევა თუ აქტუალური
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, შრომა ასეთ უშუალო მოთხოვნილებაზე არაა
ორიენტირებული. შრომის დროს პიროვნება ისეთ საგანს ქმნის, რომელიც მომავალში
დააკმაყოფილებს ინდივიდის მოთხოვნილებას, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არაა - შრომის
მიზანს გარკვეული ღირებულების შექმნის ამოცანა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის სულ
სხვაგვარ დამოკიდებულებას გულისხმობს სინამდვილის მიმართ. ეს დამოკიდებულება
მხოლოდ მოთხოვნილების ცნებით ვერ დახასიათდება. ასევე შრომის პროდუქტის შექმნის
აქტივობა პიროვნების ისეთი ძალების ამოქმედებას გულისხმობს, რომლის აღძვრა
მოთხოვნილებისა და შესატყვისი სიტუაციის მოცემულობას არ შეუძლია, ამისთვის საჭიროა
სინამდვილის ობიექტის, როგორც ღირებულების, განცდა, მის მიმართ გარკვეული
სოციალური განწყობის ქონება, აზროვნებისა და ნებელობის უნარები, რომლებიც ადამიანის
ფსიქიკურ ძალებს მისი შექმნის მიმართულებით წარმართავს. მოთხოვნილებასთან
შედარებით შრომა ფსიქიკური აქტივობის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს, რაც ქცევას
სპეციფიკურ ფსიქიკურ სახეს აძლევს. ამიტომ ცხადია, მათი ერთ კლასში გაერთიანება
აღნიშნული ქცევების მხოლოდ ოდნავ მიახლოებული დახასიათების საშუალებას იძლება.

უზნაძის მიერ დალაგებული ქცევის ფორმები მხოლოდ მათი აღმძვრელ მოთხოვნილებათა


თავისებურებების მიხედვით არიან ურთიერთისგან განსხვავებული. მათი დიფერენციაციის
დროს, ცხადია, ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ რა ხასიათის ფსიქიკური
აქტივობის გზით ხორციელდებიან ისინი. ჩვენ თუ ქცევის ამ ასპექტებსაც მივიღებთ
მხედველობაში, მაშინ ისინი მხოლოდ ჰორიზონტალურად ინტროგენულობა-
ექსტროგებულობის მიხედვით არ იქნებიან განლაგენული. ასეთ შემთხვევაში ისინი
ვერტიკალურადაც გადანაწილდებიან მათი შესრულების სირთულის მიხედვით.

სათანადო ანალიზის საფუძველზე ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ უზნაძის მიერ


კლასიფიცირებული ქცევის ფორმები და მათი ფსიქიკური სტრუქტურის სირთულის
მიხედვით სამ დონეზე შეიძლება განლაგდნენ, რომლის დროსაც შეიძლება
გათვალისწინებული იყოს როგორც ფსიქიკური აქტივობის დონე, რომლებზედაც ისინი
სრულდებიან, ისე მასში ინდივიდის, სუბიექტისა და პიროვნების მონაწილეობა, რომლებიც
სპეციფიკურ სახეს აძლევენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობას. ჩვენ ამავე დროს
მხედველობაში უნდა მივიღოთ ფსიქოლოგიაში ბოლო დროს მოპოვებული შედეგები
ადამიანის მოთხოვნილებათა საწყისი ფორმების შესახებ, რომლებიც საგანსა და
ფუნქციობაზე მოთხოვნილების გარდა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და სოციალური
კონტაქტების მოთხოვნილებებსაც გულისხმობენ. ამ ვითარებათა გათვალისწინების შემდეგ
ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ფორმებმა უფრო დასრულებული სახე მიიღეს.
წარმოდგენილ სქემაში დალაგებულია ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ფორმები,
რომლებიც ერთმანეთისგან დიფერენცირებული არიან როგორც საწყისი მოთხოვნილებების,
ისე განვითარების დონეების მიხედვით, რის გამოც მათი შესრულება განსხვავებული
სტრუქტურით ხასიათდება. აქტივობის აღნიშნული ფორმები აქტიურად ამ განწყობის
ბუნებით არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, რომლებიც ამ ქცევებს ედებიან საფუძვლად.
ქცევის ყოველი ფორმა, რომელიც აქაა წარმოდგენილი, თავისი სპეციფიკური შინაგანი და
გარეგანი ფაქტორების საფუძველზე ხორციელდება. აქტივობის დაბალი დონის ქცევები თუ
წმინდა მოთხოვნილებებისა და კონკრეტულ-გრძნობადი საგნების საფუძველზე
ხორციელდებიან, სუბიექტისა და პიროვნების საქმიანობანი ადამიანის სოციალური
მისწრაფებებისა და ღირებულებათა მოტივაციური ტენდენციების საფუძველზე
მიმდინარეობენ. ასეთ საქმიანობათა გარემოს აბსტრაქტული ობიექტები და სოციალური
ფასეულობანი ქმნიან. ამ დონეზე ადამიანი მათს წვდომას, შექმნასა და მოხმარებას ახდენს,
რაშიც სპეციფიკურ-ადამიანური აქტივობა ვლინდება.

აქ კი უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც გამოირკვა, ქცევის ამ ფორმების დახმარებით


შესაძლებელი ხდება ადამიანის პიროვნული თავისებურებების დადგენა, იმის მიხედვით,
თუ მისთვის ქცევის რა ფორმებია დამახასიათებელი და დომინანტური. ამ გზით პიროვნების
კვლევის ახალი შესაძლებელი სფერო იშლება. თავისი საქმიანობის ფორმების მიხედვით
პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ გვიან მთავრდება. გამოკვლევების მიხედვით,
პიროვნების ფორმირება ჩვენში 25-27 წლის ასაკში ჯერ კიდევ არაა დამთავრებული. ეს
საკითხები კვლევის ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია.

You might also like