Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ლექცია N3

თემა: ენა როგორც სისტემა, ენა და მეტყველება

(სალექციო კონსპექტი)

საკითხთა წრე

3.1. ენა როგორც სისტემა

საყოველთაოდ მიღებული და გაზიარებული შეხედულების თანახმად, ენა


პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა, რომელიც გამოიყენება აზრის გამოხატვისა
და ურთიერთობის დამყარების საშუალებად.

ენის ამ ზოგადი განმარტებიდან იკვეთება მისი ოთხი არსებითი


თავისებურება:

1. ენა სისტემაა. თვით სიტყვა „სისტემა“ (ბერძნ. systema მთლიანი, ნაწილებისაგან


შემდგარი) ზოგადად აღნიშნავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტთა, ე.ი.
მთელის ნაწილთა, ერთეულთა სიმრავლეს, რომელიც ქმნის გარკვეულ
მთლიანობას, ერთიანობას. ერთი საგანი ვერ შექმნის სისტემას, უნდა გვქონდეს
საგანთა სიმრავლე, მაგრამ არა ქაოსური, არამედ მოწესრიგებული ერთიანობა. თუ
აუდიტორიაში, ვთქვათ, 30 მაგიდას განვალაგებთ გარკვეული რიგითა და
თანმიმდევრობით, ანუ სამ რიგად, რომელიც შედგება 10-10 მაგიდისაგან, მაშინ
გვექნება მრავალ საგანთა მოწესრიგებული ერთიანობა, ე.ი. სისტემა, ხოლო როცა
მაგიდებს უწესრიგოდ დავყრით, მივიღებთ საგანთა მოუწესრიგებელ სიმრავლეს,
რომელიც არ ქმნის სისტემას.

ტერმინ „სისტემის“ ზოგადი განმარტება ესადაგება ენის, როგორც ენობრივ


ერთეულთა - სამეტყველო ბგერათა, სიტყვათა და წინადადებათა - მთლიანობის
გაგებას. ამიტომ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ენის სისტემა ენობრივ ერთეულთა
სიმრავლეა, რომლის შემადგენელი ელემენტებიც ურთიერთდაკავშირებულნი
არიან ერთმანეთთან და ქმნიან მთლიანობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ენის სისტემის
თითოეული კომპონენტი იზოლირებულად კი არ არსებობს, არამედ სისტემის
სხვა კომპონენტებს უკავშირდება და ქმნის ერთიანობას.

ტერმინ „სისტემის“ გვერდით გვაქვს სტრუქტურის (ლათ. structure


აგებულება, განლაგება) ცნება, რომელიც ზოგჯერ გაიგივებულია სისტემასთან.
მაგრამ „სისტემა“ და „სტრუქტურა“ ენის ორი მხარეა - „სისტემა“ ენის ერთეულთა

1
ინვენტარია (ერთობლიობაა), ხოლო „სტრუქტურა“ ენის ნაწილთა, ენის დონეებს
შორის არსებული მოწესრიგებული ურთიერთობებია. ე.ი. ენის ყოველი ერთეული
განსაზღვრავს მეორეს.

ქართული ენის მცოდნე სიტყვას „დაწერა“ ადვილად შეუწყობს სხვა


სიტყვებს: „პოეტი“ „ლექსი“, მაგრამ ეს სიტყვები ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ
ქართული წინადადების სტრუქტურის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს, რომ
ორპირიან გარდამავალ ზმნას („დაწერა“) მეორე სერიაში ქვემდებარედ
გამოყენებული არსებითი სახელი მოთხრობით ბრუნვაში შეეწყობა („პოეტ-მა“),
ხოლო პირდაპირ ობიექტად გამოყენებული ასევე არსებითი სახელი -
სახელობითში („ლექს-ი“). შედეგად ვღებულობთ წინადადებას: „პოეტმა ლექსი
დაწერა.“

2. ენა ნიშანთა სისტემაა. „ნიშანი“ ზოგადად მატერიალური საგანია, მოვლენაა,


რომელიც სხვა რომელიმე საგნის, მისი თვისების ან ურთიერთობათა
წარმომადგენელია და გამოყენებულია შეტყობინების (ინფორმაციის, ცოდნის)
მოპოვების, შემონახვის, გადამუშავებისა და გადაცემის საშუალებად.

საერთოდ, განასხვავებენ არაენობრივ და ენობრივ ნიშნებს. პირველებს


განეკუთვნება:

1) ნიშან-ასლები (კოპიო), მაგალითად, ფოტოსურათები, თითის ანაბეჭდები,


თოვლზე დატოვებული ფეხის ნაკვალევი და სხვა;

2) ნიშან-თვისებები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სიმპტომები; ვთქვათ, წითელი


გამონაყარი ადამიანის სხეულზე სიმპტომია (ნიშანია) რაღაც ავადმყოფობისა;

3) ნიშან-სიმბოლოები, მაგალითად, ერთმანეთს გადაჯაჭვული ხუთი რგოლი


სიმბოლოა ოლიმპიური თამაშებისა, ჯვარი - ქრისტიანობისა, მტრედი - მშვიდობისა
და სხვა.

არაენობრივ ნიშნებს თავისი გამომხატველობითი შესაძლებლობებით


ბევრად აღემატება ენობრივი ნიშანი. ყველაზე ტიპური ენობრივი ნიშანია სიტყვა
- სამეტყველო ბგერათა გარკვეული თანმიმდევრობა, რომელიც რაიმეს აღნიშნავს -
საგანს, მოვლენას, ნიშან - თვისებას და სხვა.

ბუნებაში არსებულ ყველა ნიშანს შეისწავლის სემიოტიკა (ბერძნ. semeion


ნიშანი, თვისება) - მეცნიერება სხვადასხვა ნიშანთა სისტემების აგებულებისა და
ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია

2
ინფორმაციის მიღება - გაცემისათვის. ძირითადად ესაა ენა, აგრეთვე კულტურის
ზოგიერთი მოვლენა: ადათ - წესები, რიტუალები, კინო და მისთანები.

სემიოტიკის ობიექტის მრავალრიცხოვანი ჯგუფებიდან ყველაზე მეტად


შესამჩნევია მჭიდრო კავშირი ენასა და მხატვრულ ლიტერატურას, ე.ი.
ხელოვნებას შორის, რომელიც ენას იყენებს გამომსახველობით საშუალებად.

სიტყვა, როგორც ტიპური ენობრივი ნიშანი, ენის ძირითადი და ორმხრივი


ერთეულია, რომლის ერთ მხარეს ქმნის ცნება, ხოლო მეორეს - სამეტყველო ბგერა
(ფონემა). ცნებისა და სამეტყველო ბგერის ამგვარ სიმბიოზს (ბერძნ. symbiosis
თანაარსებობა, თანაცხოვრება) ვუწოდებთ ენობრივ ნიშანს, რომელშიც უნდა
განვასხვავოთ აღსანიშნი და აღმნიშვნელი.

აღსანიშნი არის საგნისა თუ მოვლენის ამსახველი ცნება, ხოლო


აღმნიშვნელი ნიშნის მატერიალური მხარეა, ბგერითი სუბსტანციაა (ლათ. substantia
არსი; ის, რაც ძევს საფუძვლად, რაც დამოუკიდებლად, თავისთავად არსებობს).

აღსანიშნიცა და აღმნიშვნელიც სიტყვაშია მოცემული ერთმანეთის გვერდით


და ერთმანეთთან კავშირში.

3. ენა ბგერით ნიშანთა სისტემაა. ენობრივი ნიშანი, ე.ი. სიტყვა, ბგერებისაგან


შედგება. იგი სიტყვის მატერიალური მხარეა. ცალკე აღებულ ბგერას არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს, არ აღნიშნავს არც საგანს, არც მოვლენას და არც ნიშან -
თვისებას. ამიტომ მას ვერ ვუწოდებთ ენობრივ ნიშანს, მაგრამ რადგანაც
სამეტყველო ბგერები მონაწილეობენ ნიშნის (სიტყვის) შედგენაში, ისინი შეიძლება
ჩაითვალოს „ნახევარნიშნებად.“

4. ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა. ნიშნის პირობითობა


გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე საგანი ხვადასხვა
ბგერითი შედგენილობითაა წარმოდგენილი. მაგალითად, ქართულში ავეჯის
გარკვეული სახეობის ცნება აღინიშნება ასეთი ბგერათმიმდევრობით - „მაგიდა“,
ინგლისურში - table, რუსულში - стол და ა.შ.

ქართულში გვაქვს სიტყვა „წყალი“, რომელიც ინგლისურში წარმოითქმის,


როგორც woter. სწორედ ამით აიხსნება მსოფლიოში მრავალი ენის არსებობა.

ამრიგად, ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა, ენობრივ ერთეულთა


მოწესრიგებული მთლიანობაა, რომლის საშუალებითაც გამოვთქვამთ აზრებსა და
ურთიერთობას ვამყარებთ საზოგადოების წევრებთან.

3
3.2. ენა და მეტყველება

ენათმეცნიერების ძირითადი საგანი და ობიექტი, „ცხოველის ენისა“ და


ხელოვნური ენების საპირისპიროდ, ბუნებრივი ადამიანური ენაა.

ტერმინი „ენა“ საფუძველდამდები ცნებაა ენათმეცნიერებისა, მაგრამ ტერმინ


„ენის“ გვერდით გამოიყენება ტერმინი „მეტყველება“. ეს ცნებები მჭიდროდ
უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა მათ შორის განსხვავებაცაა. ამიტომ ბევრი
ლინგვისტის აზრით, ისინი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან, რადგან ენა
ურთიერთობის იარაღია, პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა, ხოლო მეტყველება
რისიმე თქმაა შესაბამისი საწარმოთქმო ორგანოებით სიტყვების, ფრაზების,
წინადადებების სახით, ე.ი. ენის საშუალებით.

ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა, საშუალებას აძლევს


ადამიანს, გამოხატოს თავის აზრები, შეხედულებანი, განწყობილებანი, ემოციები
და ურთიერთობა დაამყაროს საზოგადოების წევრებთან. ამიტომაც ენა
მეტყველების საშუალებებისა და წესების ერთობლიობაა, ხოლო მეტყველება ენის
ფუნქციონირების გამოვლენაა, თვით სიტყვიერი (ვერბალური) ურთიერთობის
პროცესია.

მეტყველება ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმაა, რომელიც


ხორციელდება მოცემული ენის გრამატიკული წესების მიხედვით. ამ წესების
გათვალისწინებით ვამბობთ: „ბავშვი ბურთს თამაშობს“, „ნინო სახლს ალაგებს“,
„ზურაბმა სემინარი მოამზადა“ და სხვა. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ „ენა“ და
„მეტყველება“ ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის, სამეტყველო ქმედების ორი
მხარეა, რთული დიალექტური მთლიანობაა.

ენასა და მეტყველებას შორის არსებული განსხვავება ფიგურალურად


შეიძლება შევადაროთ საწერ-კალამსა და ტექსტს: ენა საწერ-კალამია, რომლითაც
იწერება ტექსტი, ხოლო მეტყველება ტექსტია, რომელიც დაწერილია საწერ-
კალმის საშუალებით. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ „ენა“ და „მეტყველება“
ენათმეცნიერების ძირითადი ცნებებია, რომელიც ლინგვისტიკაში შვეიცარიელმა
ლინგვისტმა ფერდინანდ დე სოსიურმა (1857-1913) შემოიტანა და მათი
დაპირისპირების საფუძველზე მოგვცა ენისა (ფრანგ. langua) და მეტყველების
(ფრანგ. parole) დიქოტომია (ბერძნ. dichotomia ორად გაკვეთა).

სოსიურის შეხედულებით, ენა და მეტყველება მჭიდროდ დაკავშირებულია


ერთმანეთთან და ერთმანეთს გულისხმობენ: ენა საჭიროა იმისათვის, რომ

4
მეტყველება გასაგები იყოს, ხოლო მეტყველება, თავის მხრივ, საჭიროა იმისათვის,
რათა ენა ჩამოყალიბდეს. ცოცხალი მეტყველება არის ენის არსებობისა და
განვითარების ფორმა. ენა, რომელიც არ ჟღერს, მკვდარია.

მიუხედავად იმისა, რომ სოსიური აღიარებს ენისა და მეტყველების


მჭიდრო კავშირს, იგი აცხადებს - ენა და მეტყველება ერთმანეთს
უპირისპირდებაო. მისი თქმით, ენა ზოგადია, ხოლო მეტყველება -
ინდივიდუალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ენას, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა
სისტემას, რომელიც გამოყენებულია აზრის გამოხატვისა და ურთიერთობის
დამყარების საშუალებად, მის წესებს ფლობს მოცემული ენობრივი ერთობის
(კოლექტივის) ყველა წევრი. ე.ი. ენა საყოველთაოა, ხოლო მეტყველება -
ინდივიდუალურია, რადგან ყოველ ადამიანს გააჩნია „თავისი ენა“, მეტყველების
ინდივიდუალური სტილი, მანერა, რაც პიროვნების შემოქმედებით უნარზეა
დამოკიდებული.

სოსიურმა ენასა და მეტყველებას შორის არსებული განსხვავება


მოხდენილად შეადარა ჭადრაკის თამაშს: მოჭადრაკეები ფლობენ ჭადრაკის
თამაშის წესებს, იციან, რამდენი ფიგურა უნდა განთავსდეს საჭადრაკო დაფაზე,
რა სვლების გაკეთება შეუძლიათ ამ ფიგურებს, მაგრამ კონკრეტულ სვლებს,
შესაბამის კომბინაციებს მოჭადრაკეები დამოუკიდებლად ასრულებენ თავიანთი
კრეატიულობიდან გამომდინარე, ანუ: ყოველი მოჭადრაკე ინდივიდუალურად,
თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს, რა სვლები გააკეთოს და როგორი
კომბინაცია გაითამაშოს საჭადრაკო პარტიის მოსაგებად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ შემდეგი:

1. ენა ზოგადია, მეტყველება - ინდივიდუალური;

2. ენა სასრული სისტემაა, სტატიკურია, ხოლო მეტყველება - უსრულია,


დინამიურია;

3. ენა მოკლებულია ყოველგვარ შემოქმედებით უნარს, მაშინ როდესაც


მეტყველებისათვის სწორედ შემოქმედებითი ასპექტია დამახასიათებელი.

4. ენაში აღნიშვნა ხდება სემიოტიკური პრინციპის მიხედვით, ხოლო მეტყველებაში


- სემანტიკურით.

მართალია, ენა და მეტყველება განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი


შესწავლა უნდა მოხდეს მთლიანობაში, ერთმანეთთან კავშირში.

5
ლიტერატურა

ჩიქობავა არნ. ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 2008, გვ. 21-27.

ნებიერიძე გ. ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1991, გვ, 28-31; 31-36.

სალექციო ჩანაწერები.

You might also like