იაკობ ხუცესის შუშანიკის წამება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 16

http://kartvelologybooks.tsu.

ge/ 1

ნათელი ქრისტესი საქართველო

The Light of Christ Georgia

Свет Христов Грузия

წიგნი 1

რედაქტორი: როინ მეტრეველი

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

თბილისი ● 2003

#675

მანანა გიგინეიშვილი

იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“

თხუთმეტი საუკუნე გვაშორებს „შუშანიკის წამების“ დაწერის ხანას. V საუკუნეში ქართლის


პიტიახშის კარზე დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ნაწარმოები, როგორც ყველა
ჭეშმარიტი ლიტერატურული ქმნილება, სხვადასხვა ეპოქის ადამიანებისთვის შეიძლება
იყოს მახლობელი. ღალატი პრინციპებისა და ერთგულება შინაგანი მრწამსისა უბერებელი
თემაა, იგი ყველა დროის ადამიანის წინაშე შეიძლება წამოიჭრას. სიტუაცია მძაფრდება,
როდესაც ოჯახის ზღუდეებშია მომწყვდეული სამყაროსა და ადამიანის მიმართ
საპირისპირო დამოკიდებულება. ეს დიდებული ნაწარმოები სხადასხვა ეპოქის ადამიანმა
შეიძლება წაიკითხოს ახლებურად, თავისი ეპოქის ლიტერატურული გემოვნებისა და
შემოქმედებითი პრინციპების შესაბამისად. თავისთავად ყოველი ასეთი წაკითხვა კვლევის
საინტერესო საგნად შეიძლება იქცეს. მაგრამ ადრეული შუა საუკუნეების ლიტერატურული
ძეგლის შესასწავლად, მისი ჟანრული სპეციფიკის, კომპოზიციური და სტილური ნიშნების,
მისი სახეობრივი სისტემის გამოსავლენად უთუოდ გვმართებს გათვალისწინება ადრეულ
შუა საუკუნეთა ლიტერატურის სპეციფიკისა, ეპოქის მსოფლმხედველობისა, ზნეობრივ-
ეთიკური პრინციპებისა, შუა საუკუნეთა ესთეტიკური ფენომენისა. მით უმეტეს, რომ
„შუშანიკის წამების“ შექმნის ხანაში გაუთიშველია რელიგიურ-ეთიკური და ესთეტიკური
კატეგორიები, თავისებურია ამ ეპოქის ხელოვანის დამოკიდებულება შემოქმედებითი
პროცესისადმი, განსხვავებულია სამყაროსა და ადამიანის მისეული ხედვა, კომპოზიციის
გრძნობა, გმირის იდეალი, გამომსახველობითი საშუალებანი.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 2

„მარტვილობაჲ წმიდისა შუშანიკისი“ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია. მასში ასახულია


ღვაწლი მოწამისა, რომელიც წმინდანად არის შერაცხილი და რომლის ხსენების დღეს
ეკლესიაში საკითხავადაც არის გათვალისწინებული „წამება“. წმინდანის შესახებ ეპოქას
თავისი თვალსაზრისი აქვს. ქრისტიანული თვალთახედვით, ყოველი ადამიანი ცოდვილია,
რადგან ადამიანის ცოდვა კაცობრიობის მთელ მოდგმას შეეხო. სამოთხიდან გამოდევნაში
არეკლილია ღვთაებრივი სამყაროს მკვიდრი ადამიანის მიერ დაცემული ბუნების შეძენა და
სულიერ ღირებულებათა დაჩრდილვის ხარჯზე „გამიწიერებული“ ცნობიერების მოპოვება.
ძველ აღთქმაში არაერთი წინასწარმეტყველება იყო მაცხოვრის მოვლინების შესახებ. ღვთის
სიტყვის განკაცებამ, მის მიერ ადამიანური ბუნების შეერთებამ ადამიანის განღმრთობის გზა
დასახა. დაცემული ადამის აღდგინება ქრისტიანული მწერლობის ძირითადი საკითხია.
ასევე მთავარი თემაა იგი ჩვენი სასულიერო პროზისა და პოეზიისა. თუ თვალს
გადავავლებთ ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობას, ნათელი გახდება ის ურთულესი
ამოცანა, რაც გულისხმობდა წმინდანის ცხოვრება-მარტვილობის აღწერას. ბუნებრივია, რომ
ამგვარი მიზანდასახულობა ავტორისაგან მოითხოვდა არა მარტო ნიჭიერებასა და სიტყვაში
გაწაფულობას, არამედ საეკლესიო მოძღვრების საფუძვლიან ცოდნას. ამასთანავე, რა თქმა
უნდა, გულისხმიერებასაც, რადგან იოლი როდია ამა თუ იმ პიროვნების, მით უმეტეს,
წმინდანის შინაგანი განცდებისა და ტკივილთა წვდომა და გადმოცემა. შემთხვევითი არ არის
იოანე საბანისძის შიში და კრძალვა იმ კურთხევის აღსასრულებლად, რომელსაც ის სამოელ
ქართლის კათალიკოსისგან იღებს, რადგან მან ზედმიწევნით კარგად იცოდა, თუ რამდენად
საპასუხისმგებლო იყო წმინდანის მარტვილობის აღწერა. ერთი მხრივ, კათალიკოსისადმი
დაუმორჩილებლობა ურჩობის უმძიმესი ცოდვის თანაზიარს გახდიდა მას, ხოლო, მეორე
მხრივ, უღირსად მიიჩნევდა საკუთარ თავს იმ ურთულესი დავალების შესასრულებლად,
რასაც მას ქართლის ეკლესიის საჭეთმპყრობელი აკისრებდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ წმინდანის ცხოვრება-მარტვილობა მისი ხსენების დღეს ეკლესიაში კრებულის წინაშე
იკითხებოდა (როგორც ეს ზემოთ აღინიშნა), უფრო ცხადად გამოიკვეთება ჰაგიოგრაფიის
წინაშე არსებული ამოცანის სიმაღლეცა და მნიშვნელობაც.

შეიძლება ითქვას, რომ „შუშანიკის წამება“ მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია და მას


არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიეძღვნა. ამჯერად, ყურადღებას მივაპყრობთ აღნიშნულ
ნაწარმოებთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. დავიწყებთ უარყოფითი
გმირის პრობლემით.

#676

ვარსქენის შესახებ იაკობ ხუცესის ნათქვამი რომ გავიხსენოთ, უარყოფითი გმირი არის
„მტერი ღმრთისაჲ“, „უღმრთოჲ“, „ურჩულოჲ“ „უბადოჲ“, „უბადრუკი“, „ყოვლად
განწირული“, მგლის, მხეცისა და ცოფის სადარი. ავტორის მიერ ამგვარად შეფასებულ
პერსონაჟს V საუკუნის ნაწარმოებში არ შეიძლება დადებითი თვისებები ჰქონდეს. ამას თუ
გავითვალისწინებთ, სანადიროდ მიმავალ ადრე ამდგარ ვარსქენს შუშანიკის შემბრალებლად
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 3

და უძილო ღამის მთეველად ვერ მივიჩნევთ და ვერ გავიზიარებთ ამის თაობაზე სამეცნიერო
ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას.

შუშანიკის გვემის სცენა უდიდესი ექსპრესიითაა აღწერილი, რისხვისა და მძვინვარების


გამომხატველი ლექსიკა რიტმს არის დაქვემდებარებული და არაადამიანური ტანჯვის
შთაბეჭდილებას ქმნის. რიტმულ ნაკადს ერთვის: „ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და
იზახდა, ვითარცა ცოფი“. რიტმული ნაკადი რიტმულ მოლოდინს ქმნის. განთიადისას
ვარსქენის გამოჩენა მკითხველს მიაყურადებს, მოველით რაღაცას ახალს, მძაფრს,
უსასტიკესს. ამის ნაცვლად - „და თჳთ ნადირობად წარვიდა“ - რიტმულ მოლოდინს
აცრუებს, ეფექტს აძლიერებს. „ნადირობად წასვლა“ უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ტანჯვის
სცენები. მით უმეტეს ჭირს ვარსქენის სიბრალულის დანახვა, რომ ხსენებულ ადგილს
მოსდევს ტექსტში: „იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად“, „წმიდაჲ შუშანიკ
თრევით მოითრია თიჴათა შიგან“, „უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ“, შუშანიკს მისი
ბრძანებით „სცეს კუერთხი სამას ოდენ“, „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“, იგი „ბოროტებდა და
იტყოდა“, „და დაადგინნა მცველნი მას ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი“,
„ნურარაჲ გგლიან, უტე მოკუდეს!“ - უთხრა მცველს. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ
ვარსქენის ეჭვი, - „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“, - მისი დესპოტური ბუნების
გამოვლენა უფროა, ვიდრე შუშანიკის სიყვარულისა. „ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“ - ჯიბრით
ნათქვამ ამ ფრაზასთან მკვლევართაგან კითხვის ნიშნის დასმისა და ვარსქენის გაოცებად
მიჩნევის საშუალებას არ იძლევა არც ვარსქენის ბოროტების გამომხატველი სიუჟეტური
დეტალები, არც მწერლის შემფასებლური გამომსახველობითი საშუალებანი და, რაც
მთავარია, არც ადრეულ შუა საუკუნეთა ლიტერატურაში ადამიანის ასახვის სპეციფიკა.

ასეთივე ვითარებაა შუშანიკთან დაკავშირებითაც. მკვლევართ მიაჩნიათ, რომ შუშანიკის


პიროვნების არასახარბიელო თვისებებმა გამოჟონა სიტყვაძუნწი იაკობის თხრობაში. ისიც
ითქვა, რომ ჯოჯიკის უდანაშაულო ცოლისათვის ჭიქის შელეწვა შეუფერებელია
წმინდანისთვის.

ტექსტისთვის თვალის გადევნება სხვა ვითარებას წარმოაჩენს. ვარსქენმა შუშანიკს ჯოჯიკისა


და მისი ცოლის პირით შეუთვალა: „უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო“. ისინი „მრავალსა
დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს“ შუშანიკს. „მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო
და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამის ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და
შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ
ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა თანაზიარ ხართ“, - მიუგებს მათ შუშანიკი.
მას მიაჩნია, რომ აიძულებენ და ვარსქენის საქმეთა თანაზიარად მიიჩნევს მოგზავნილთ.
შემდეგ ტექსტში ვკითხულობთ: „და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას...“ „და ვითარცა მეტად
აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად...“ ამას მისდევს: „ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან
მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა“. იაკობ ხუცესს
ქართული არ უჭირს, ენის სტიქიაში ლაღად გრძნობს თავს. მცირე მონაკვეთის მანძილზე
რამდენჯერმე განმეორებულ „იძულებაზე“, როგორც ჩანს, იგი ყურადღებას განზრახ
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 4

ამახვილებს. შუშანიკი დაჰყვა მათ ნებას და სასახლეში დაბრუნდა. „მამათა და დედათა“


პურის ჭამის წესის დარღვევამ შუშანიკისთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ვარსქენი
ძალ-ღონეს არ ზოგავდა მის დასაბრუნებლად. და მან უარი თქვა ერთად პურის ჭამაზე,
„განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალექა და ღჳნოჲ იგი დაითხია“.

ისიც გავიხსენოთ, რომ „წამების“ დასასრულს ჯოჯიკი „პირველთა მათ უწესოთა საქმეთა
აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს“. არადა, ჯოჯიკმა „ვითარცა კრავი მგელსა,
გამოუღო“ ხელთაგან ვარსქენს შუშანიკი, ვარსქენმა „გუემა იგიცა“, ჯოჯიკი ჩორს მიმავალს
წამოეწია და სთხოვა „საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი“, „ფრიად აწყინა“ კიდეც ვარსქენს.
„პირველნი იგი უწესონი საქმენი“ უთუოდ უნდა გულისხმობდეს შუშანიკის დაყაბულებას
სასახლეში გადასვლაზე.

ანგარიშგასაწევია ისიც, რომ შუა საუკუნეთა მწერლობაში სივრცე ეთიკურ კატეგორიად


აღიქმება. ერთმანეთს უპირისპირდება ზეციური და მიწიერი გარემო. წმინდანი ცათა
სასუფეველისაკენ მიისწრაფვის, უწმინდური გარემოდან გასვლას ცდილობს. ამიტომ იგი
ეძიებს „წმინდა მიწას“, სივრცულ გარემოში მისი გადაადგილება არის წმინდა ადგილთა
„მოხილვა“, „მიმოსლვა“, ან უწმინდური ადგილიდან განდგომა, უდაბნოში, მონასტერში,
სენაკში დაყუდება, ლოცვათაგან განწმენდილ საკუთარ სივრცულ გარემოში შემოზღუდვა.
საგულისხმოა, რომ შუშანიკის სივრცული გარემოა ეკლესია, „სახლაკი ერთი მცირე“, „სენაკი
მცირე“. განსხვავებულია ვარსქენის სივრცული გარემო. სივრცის შუასაუკუნეებრივი არქმა
რომ ნიშანდობ-

#677

ლივია იაკობ ხუცესისასთვის, ეს ვლინდება „განბორებული დედაკაცის“ განკურნების


ეპიზოდშიც. შუშანიკმა მას ურჩია „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა
მაგისგან შენისა“. ნაწარმოებში ვარსქენის ნათქვამი - „შენი ადგილი დაგიტევებიეს“ და
„მოვედ ადგილსა თჳსსა“ - მეუღლის კანონიერ მოთხოვნასთან ერთად გარკვეული
ქვეტექსტის შემცველია.

კატეგორიულია ვარსქენისა და მისი შუამავლებისადმი მიმართული ყოველი ფრაზა


შუშანიკისა („მოკითხვაჲ შენი შენადვე მოიქეცინ“, „ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე
საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა“, „უმჯობჱს არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისi
შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ“, „და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ,
ეგრეცა მე შენ შეურაცხგყავ, და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო
საქმეთა შენთა“). შუშანიკი პავლე მოციქულის ეპისტოლითაც ადასტურებს თავისი
პოზიციის სისწორეს და დასძენს: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. ამ
კატეგორიულ პასუხებს მოჰყვა კატეგორიული ჟესტი.

ხასიათის ძერწვის დღევანდელი ლიტერატურული პრინციპებიდან თუ შევხედავთ ჭიქის


შელეწვის სცენას, შუშანიკს თავშეუკავებლობად ჩამოვართმევთ და ასეც მოხდა, მაგრამ
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 5

სხვაგვარია პერსონაჟის სახის გააზრება ადრეულ შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეთა


ხელოვანი ხატავს ზოგადად ადამიანს, დადებით ან უარყოფით გმირს. აღწერს ადამიანის
განცდათა ცალკეულ გამოვლინებებს, მაგრამ ცალკეული ქცევა არ იყო გაგებული ხასიათის
თვისებად. დღევანდელი პოზიციებიდან კი უთუოდ ძნელი იქნება პიროვნების
გამოვლინებად არ მივიჩნიოთ პერსონაჟის ყოველი ქცევა. სინამდვილის უშუალო გავლენით
იჭრებოდა მსგავსი სცენები ნაწარმოებში. მწერალს არ ჰქონდა გამიზნული თავისი გმირის
რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათის ჩვენება. ჰაგიოგრაფი „მრავლისაგან მცირედს“
აღწერდა. ჭიქის შელეწვის სცენა მოხვდა „მრავლისაგან მცირედში“, რადგან იგი წმინდანის
უკომპრომისობის დასტური იყო და, ამას გარდა, ჰქონდა ნაწარმოებში სხვა აზრობრივი
დატვირთვაც: ჯოჯიკის ცოლისაგან ღვინის შეთავაზება გარკვეულ კონტექსტს უქმნის ნაცემი
შუშანიკისათვის იაკობის მიერ ღვინოში ჩამბალი პურის შეთავაზებას. ჭიქის შელეწვა
გამოკვეთს მომდევნო ეპიზოდში ღვინის სხვა სემანტიკას. გავიხსენოთ, რომ იაკობი „ფრიად
აიძულებდეს“ ნაცვლად ამბობს: „მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი“. ეპისკოპოსთა
მოძღვნილი ამ „ჭამადიდან“ იაკობმა ღვინოში ჩამბალი პური მიაწოდა შუშანიკს. ეს დეტალი
რამდენიმე სემანტიკური ფუნქციის მატარებელია. ღვინოში ჩამბალმა პურმა ხუცესს
საშუალება მისცა ეჩვენებინა, რომ შუშანიკს „ყბანი და ზოგნი კბილნი შემუსვრილ“ ჰქონდა.
შემდეგ, იაკობ ხუცესი გვაუწყებს, რომ ციხეში შუშანიკმა „არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა
დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა“. ღვინის
ეს ორი შეთავაზება ეხმიანება ახალი აღთქმის მუხლებს: „ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი
უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ
და ტაბლასა ეშმაკთასა“ (პირველი კორინთელთა, X, 21).

თვითშემეცნების ადრინდელი წესი ქრისტიანობამ ინდივიდუალური „თეოზისით“ შეცვალა.


ლოგოსის განკაცებამ, ვნებამ და აღდგომამ გზა დასახა ადამიანის განღმრთობისაკენ, მისი
ცნობიერების ამაღლებისაკენ. ქრისტეს ვნებათა მიბაძვა, მოწამებრივი გზა, არის
თვითშემეცნების ქრისტიანული გზა, ინდივიდუალური „მეს“ ქრისტეს კვალზე სვლისა და
მასთან შეერთების გზა; მარტვილის წმინდანად ქცევა იყო ქრისტიანული თვითშემეცნების,
სულიერი სრულყოფის, „თეოზისის“ მანიფესტაცია. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული
როგორც შუშანიკის, ასევე სხვა მარტვილთა სახის გახსნისას. მარტვილობა ქრისტეს ვნებათა
გაზიარებას და დამოწმებას მოასწავებდა. საგულისხმოა, რომ ბერძნული martuz, ისევე
როგორც ქართული „მოწამე“, თავდაპირველად აღნიშნავდა მოწმეს და შემდეგ მიენიჭა
„წამებულის“, „მარტვილის“ მნიშვნელობა (დღევანდელი „მოწმე“ რედუქციის შედეგად
მიღებულია „მოწამისაგან“). მარტვილნი საკუთარი ტანჯვით ემოწმებოდნენ მაცხოვრის
ვნებებს, ადასტურებდნენ ღვთაებრივთან ერთად მის ადამიანურ ბუნებას და აგრეთვე იმას,
რომ ადამიანის მისია არის წარმავალ ღირებულებათა მიღმა სულიერი ღირებულებისაკენ
სწრაფვა. შუშანიკის სულიერი ცხოვრების ეტაპები შეესატყვისება ქრისტიანული
ხელდასხმის ეტაპებს და ამ ეტაპთა შესაბამისია სიუჟეტის განვითარებაც.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 6

„შუშანიკის წამება“ ერთიანი მხატვრული სისტემაა. მისი პოეტიკა თავისებურია. ავტორი


თვითმხილველია აღწერილი ამბისა, მაგრამ ბიზანტიელი თვითმხილველი
ჰაგიოგრაფებისაგან განსხვავებით, იგი პერსონაჟიცაა, მას გარკვეული როლი ეკისრება
ნაწარმოების კომპოზიციურ სტრუქტურაში: მასთან დამოკიდებულებაში ვლინდებიან
გმირები, მისი საშუალებით უკავშირდება ერთამენთს სიუჟეტური მონაკვეთები. იაკობ
ხუცესი რენესანსის ეპოქის შემოქმედთა მსგავსად „ჩაწერილია“ ნაწარმოების კომპოზიციაში,
მაგრამ, მათგან განსხვავებით, იაკობისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია გარეგანი პესპექტივა.
შინაგანი პერსპექტივა წარმართავს ნაწარმოების მსოფლმხედველობრივ, კომპოზიციურ,
სტილურ შრეებს. შინაგანი პერსპექტივა, მოწამის პოზიციიდან დანახვა მოვლენისა,
დამახასიათებელია როგორც ბიზანტიური, ისე ქართული ჰაგიოგრაფიისათვის, საერთოდ
შუა საუკუნეთა ხელოვნებისათვის. იაკობ ხუცესის ხედვა ადრეულ შუა საუკუნეთა
ხელოვნებისთვისაა ნიშანდობლივი.

„შუშანიკის წამების“ ერთპლანიანი, პარალელური სიუჟეტური ხაზების გარეშე წარმართული


კომპოზიცია ჰაგიოგრაფიის განვითარების ადრეული ეტაპისთვისაა დამახასიათებელი.

ეპოქის იდეალებს პოზიტიურისა და ნეგატიური დაპირისპირების საშუალებით ამკვიდრებს


იაკობი. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორი პერსონაჟის დაპირისპირება. ნაწარმოებში
ერთმანეთს უპირისპირდება ქრისტიანობა და მაზდეანობა, რწმენა და ურწმუნოება,
მარადიული არსებობა და „საწუთო“ ცხოვრება, ამაღლებული სულიერი მისწრაფებანი და
მიწიერი ბუნება, სულიერი სიძლიერე და ფიზიკური უხეში ძალა, „სულითა ცხოველ“ და
„სულითა მომკუდარ“ ყოფნა, „დიდებაჲ ღმრთისაჲ“ და „დიდებაჲ კაცთაჲ“. კომპოზიციის
წამყვანი პრინციპია კონტრასტულობა. ეს ძირითადი კომპოზიციური პრინციპი ნაწარმოებში
ვლინდება სხვადასხვა დონეზე: გმირთა საპირისპირო ქცევებში, ნაწარმოების პერსონაჟებთან
მათ საპირისპირო დამოკიდებულებაში, ხაზგასმით საპირისპირო ტროპებში („სამგზის
სანატრელი“ და „სამგზის საწყალობელი“, „მოწამე ღმრთისაჲ“ და „მტერი ღმრთისაჲ“, „კრავი“
და „მგელი“). კომპოზიციის ამ წამყვან პრინციპს საფუძველს უქმნის ქრისტიანულ
მსოფლგაგებაში სიკეთისა და ბოროტების, ზეცისა და მიწის, მარადიულობისა და
დასაბამიერი დროის დაპირისპირება.

„შუშანიკის წამებაში“ ჰაგიოგრაფიისათვის დამახასიათებელია დროის აღქმაც. სასულიერო


მწერლობა მარადიულობას უპირისპირებს წუთისოფლის დასაბამიერ და წარმავალ დროს.
ეთიკური კრიტერიუმი ისევე ახლავს შუა საუკუნეებში დროის გაგებას, როგორც სივრცისას.
მოწამის შინაგანი სამყარო, მისი სულიერი რხევები, განისაზღვრება მარადიული
კრიტერიუმებით („საწუთო“ ცხოვრების ნაცვლად მოიპოვებს მარადიულ ნეტარებას,
ამქვეყნიური წარმავალი დიდების ნაცვლად მოიპოვებს საუკუნო, წარუვალ დიდებას). მას
უპირისპირდება ამქვეყნიურ ღირებულებათათვის ვარსქენის ზრუნვა. ნაწარმოების
დასაწყისშივე სპარსული ორიენტირით არის განსაზღვრული ვარსქენის სივრცული გარემო
და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი დროისა. შუშანიკთან დაკავშირებული დრო
ქრისტიანულ კალენდარულ დღესასწაულებთან მიმართებით გამოიხატება („და ვითარ
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 7

მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი“, „და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი“, „საჴსენებელსა
წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა“).

კონტრასტულობა რიტმის საშუალებითაც გამოიკვეთება. სათუთი და გულისხმიერია ახალი


აღთქმის პერიფრაზებით ხუცესთან შუშანიკის საუბარი. სასაუბრო ტონით არის
წარმოთქმული და კატეგორიულია ვარსქენის საპასუხო მისი ფრაზები. რიტმი საზეიმო
შენელებას ქმნის და სულიერ წონასწორობას გადმოსცემს გულშემატკივრებთან მოსაუბრე
მოწამისას.

ვარსქენის მეტყველება მბრძანებლურია, მისი ფრაზა ვერ წარმოითქმება ხმადაბლა, მისი


მეტყველება ხმაურიანია, ბრაზიანი, სასაუბრო ინტონაციითაა გამართული. ვარსქენის
ფრაზას არ ახლავს რელიგიური სიმბოლიკა, ქვეტექსტი, სიტყვის მიღმა სათქმელი.

კონტრასტულობა მსჭვალავს და იმორჩილებს ნაწარმოების იდეურ, კომპოზიციურ და


მხატვრულ, სტილურ სტრუქტურას. ნაწარმოების შინაგანი სტილური ერთიანობა ვლინდება
ყოველ დეტალში. გამომსახველობითი საშუალებებით ოსტატურად ნაწილდება შუქ-
ჩრდილები. მდორე, ეპიკური თხრობიდან იაკობ ხუცესს გადავყავართ ბობოქარ განცდათა
სფეროში, გვიხატავს ნერვიულ მოძრაობას. მშვიდ ნარატიულ პასაჟებს მოსდევს დაძაბული
დიალოგები, მონაცვლეობს შეფასებათა ხასიათი, სიტყვათა შეფერილობა, რიტმული
მონაკვეთები. მარადიულ და წარმავალ ღირებულებათა

#679

დაპირისპირების პრინციპი გასდევს მთელ ნაწარმოებს და ერთიან სისტემად კრავს მას.

რიტმის მახვილი გრძნობა დამახასიათებელია იაკობ ხუცესისათვის. რიტმულ მონაკვეთთა


მონაცვლეობა შინაგან დინამიკას მატებს „წამებას“.

გამოითქვა მოსაზრება, რომ „შუშანიკის წამებაში“ ციხის გარემოს აღწერა მეტეოროლოგიურ


ცნობას უფრო ჰყავს, ვიდრე პეიზაჟს, ამ აღწერით კი მკითხველის წარმოდგენაში შექმნილია
ხატი ბუნებისა. მართლაც და, სამი ფრაზა, სამი სახელდებითი წინადადება გამოიყოფა: „ჟამსა
ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი
მავნებელნი“. ე.წ „ბუნების აღწერის“ დანარჩენ ნაწილს არაფერი აქვს საერთო პეიზაჟთან.
მასში ასახულია იმ ადგილის მკვიდრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგრამ აღწერილია
უდიდესი ექსპრესიით. რიტმი იმორჩილებს ფრაზას: „სავსენი სენითა, წყლითა
განსივებულნი და განყვითლებულნი“. გან-თავსართის განმეორება გამომსახველობით ძალას
მატებს, თავრითმასავით გასდევს რიტმულ ფრაზას. შემდეგ კი ამას ერთვის: „დაწერტილნი,
და დამჭნარნი, და დამღიერებულნი“. ახლა „და“-მ იტვირთა რიტმის გამოკვეთა. წინა
რიტმული მონაკვეთისაგან განსხვავებით ამ მონაკვეთს მეტი კომპონენტი ქმნის, რიტმული
ნაკადი ძლიერდება. „ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი“, - ერთვის
გაძლიერებულ რიტმულ ნაკადს და სიმყარეს მატებს. შემდეგ კი რიტმი დუნდება,
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 8

მდოვრდება: „და მოხუცებული არავინ არს მათ ქუეყანათა“. ამ უკანასკნელმა ფრაზამ რიტმი,
რომელიც ისე დაიძაბა, რომ კიდევ ახალ რიტმულ ნაკადს ითხოვდა, შეაკრთო და გვამცნო
საზარელი შედეგი ყოველივე აღწერილისა. დაგვიტოვა ქვეყნად მოვლენილი ჯოჯოხეთის
განცდა, მოგვანიჭა ჯოჯოხეთის „დღე-მოკლედ ცხორებულ“ მკვიდრთა ხილვა. ვგრძნობთ,
რომ ამქვეყნიური ჯოჯოხეთიც დაერთო მარადიული სასუფევლის მოსაპოვებლად
წამებული ქალის განცდებს. კონტრასტის საოცარი გრძნობა კვლავ მჟღავნდება „წამების“
სტილურ ნიშნებში. ეს არ არის განსაზღვრებათა ჩვეულებრივი დახვავება. მიმღეობათა,
ნაზმნარ სახელთა წყება მოქმედების ენერგიითაა დამუხტული და ამ მოქმედების შედეგსაც
შეიცავს. რიტმი ეუფლება მკითხველსა თუ მსმენელს, სიტყვათა ჟღერადობა ზემოქმედების
უნარს იძენს, მათი მნიშვნელობა უკან იხევს, კონკრეტული სიტყვები ახალ ელფერს, ახალ
გამომსახველობით ძალას იძენენ და იქმნება შთაბეჭდილება ენით აღუწერელი, ჯერ
არნახული, უაღრესად მტანჯველი გარემოსი. იაკობ ხუცესი ამას აღწევს ისეთი
ვირტუოზული ოსტატობით, რომ დღესაც კი რუსთაველისა და გალაკტიონის პოეზიაში
სიტყვისა და რიტმის მიღმა ნაგრძნობით განებივრებულთ ბუნების სურათად, ბუნების
შემზარავ ხატად წარმოგვიდგება ეს მონაკვეთი.

ჰაგიოგრაფია ადამიანის პირველსახეს მიახლოებული იდეალური პიროვნების დახატვას


ისახავს მიზნად, მაგრამ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირი ამავე დროს ისტორიული
პიროვნებაა. ხდება იდეალურის კონკრეტულში გამოვლენა, იდეალისთვის მისადაგება
ცხოვრებისეული საკითხებისა. ამ პროცესის შესატყვისი იყო ჰაგიოგრაფიული კანონი,
რომელიც წარმართავდა არა მხოლოდ კომპოზიციას, არამედ ნაწარმოების სახეობრივ
სისტემასაც.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჰაგიოგრაფიულმა კანონმა დასრულებული სახე მიიღო VII


საუკუნეში, კირილე სკვითოპოლელის შემოქმედებაში. მაგრამ ეს ითქმის „ცხორების“
შესახებ, „წამება“ ადრინდელი ჟანრია და ბიზანტიური მარტიროლოგიის უმნიშვნელოვანესი
ნიმუშები შექმნილია IV-V საუკუნეებში. „შუშანიკის წამებაში“ მრავალი სიუჟეტური
დეტალია ჰაგიოგრაფიული სქემის თანმხვედრი. ეს დეტალებია არა მხოლოდ ქრისტიანული
ოჯახიდან წარმომავლობა, სიყრმითვე ღვთისმოშიშება, გადამბირებელნი, გამამხნევებელნი,
„თავის მოზრუდვა“, ტანჯვის სცენები, სასწაულები, აღსასრულის წინასწარგრძნობა და
მახლობელთა დამოძღვრა, საფლავის ადგილის დაბარება , არამედ ისეთი დეტალებიც,
რომლებიც მხოლოდ მისთვის სპეციფიკურად არის მიჩნეული. გულშემატკივართა ამბოხი
მიაცილებს წმ. ევსტათისა და წმ. აბოსაც და ეს მოტივი ეხმიანება სახარების სცენას,
ვარსქენისაგან შუშანიკის თანამლმობელთა დევნა ლექსიკური ნიუანსებითაც კი
მოგვაგონებს ახალ აღთქმაში სავლესაგან ქრისტიანთა დევნას. მოწამის მიერ
გულშემატკივართა დამშვიდებაც ასევე გავრცელებული მოტივია. წმ. ათანასი
ალექსანდრიელის მიერ აღწერილ წმ. ანტონი დიდის „ცხორებაში“ ნათქვამია, რომ ეშმაკსაც
„დაუკჳრდა“ და გაოცებული დარჩა მის მიერ მიყენებულ გვემას რომ გაუძლო წმინდანმა. წმ.
შუშანიკის შეურაცხი საგებელი მოგვაგონებს თეოდორიტე კვირელის მიერ ზენონის
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 9

ქვეშაგების აღწერას: „გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას“, - გვხვდება ათანასი


ალექსანდრიელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში. მატლის მოტივი ბიბლიური
სახისმეტყველების კუთვნილებაა („ძე კაცისა მატლ“, იობი, XXIV, 20), სხეულის განხრწნად
ბუნებაზე მიმანიშნებელი, და იგი გვხვდება წმ. სვიმეონ მესვეტისა და წმ. ანტონი დიდის
ცხორებებში. „ხოლო სამოსლად მისა იყო შინაგან ძაძაჲ და გარეშე ტყავი“, - ნათქვამია წმ.
ანტონი დიდის ცხოვრებაში (გავიხსენოთ შუშანიკის „შინაგან ძაძაჲ, ხოლო გარეშე კაცთა
თუალსა ანტიოქიის პალეკარტი“); წმ. ტროფიმეს წამებაში ნათქვამია, რომ მას თანამოაზრე
ციხეში ნახულობდა, სისხლს ბანდა და ჭრილობებს უხვევდა. წმიდა გი-

#680

ორგის გულშემატკივარნი „მოვიდეს ღამით მის წმიდისა და საფასესა მისცემდეს


საპყრობილეს მთავარსა მას, რაჲთამცა შეუტევნა იგინიცა შინა“. ისინი იაკობ ხუცესის
მსგავსად ქრთამის გაღებით ახერხებდნენ მოწამის ნახვას.

ხსენებული სიუჟეტური დეტალები თავისთავად იმდენად ცხოვრებისეულია, რომ ადვილად


საგულვებელია, რეალურად თან ხლებოდა ამ მოღვაწეთა ცხოვრებას. მაგრამ ჰაგიოგრაფები,
როგორც ვთქვით, „მრავლისაგან მცირედს“ აღწერდნენ და საგულისხმოა, რომ ამ თემატურ
დეტალებს გვერდს არ უვლიდნენ.

მარტოობის გამო წმ. შუშანიკის ჩივილი, როგორც უკვე სამართლიანად აღინიშნა, ეხმიანება
გოლგოთაზე ჯვრიდან ნათქვამს. აქვე გავიხსენოთ წმ. პავლე მოციქულიც: „პირველსა მას
სიტყვის-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე“ (მეორე
ტიმოთე, IV, 16). ჰაგიოგრაფიული მწერლობისთვის არ არის უცხო, მოწამის ორჭოფობა
მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე. ჰაგიოგრაფები მარტვილთა მოწამებრივი
მზადყოფნისა და სიხარულის გვერდით არ ერიდებიან მათი ადამიანური შიშის, ადამიანური
ბუნების დახატვას. ვერ ვიტყოდით, რომ ეს გამოწვეული იყო ჟანრული ტრაფარეტის
გადალახვით. ადამიანური ბუნებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს საფუძველს უქმნიდა
დიოფიზიტური დოქტრინა. იაკობ ხუცესის ნაწარმოებში წმ. შუშანიკის ცრემლები ან
გულისტკივილი - „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე“ - განკერძოებით არ დგას.
ჰაგიოგრაფები გვიჩვენებდნენ, თუ რა სიმძიმე გადაიტანეს მათი ნაწარმოებების გმირებმა,
თუ რა ძნელია, რა მწვავე სულიერ ტკივილებთან არის დაკავშირებული სულის გამარჯვება
ხორცზე. მოწამეთა ორჭოფობა და მარტოობის შიში კიდევ უფრო გამოკვეთს მათი ღვაწლის
სიდიადეს და მოწამებრივი ხვედრის სიმძიმეს. ამის დასტურია ჯვარცმისას მაცხოვრის
ნათქვამი, იოანე მახარებლის მიერ გადმოცემული: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-
მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ ჟამისა ამისგან, არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას“ (იოანე, XII, 27).

V საუკუნის ლიტერატურული ნაწარმოები ჰაგიოგრაფიულ სქემას რომ მიჰყვება, ეს მისი


ნაკლი არ არის. ამ ეპოქის ესთეტიკური პრინციპების თანახმად, ჟანრის ჩარჩოებიდან
გამოსვლა კი არ არის ჰაგიოგრაფის ოსტატობის მაუწყებელი, არამედ - ამ ჟანრის
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 10

შესაძლებლობების გაშლა, ჟანრის ფარგლებში უდიდესი იდეურ-გამომსახველობითი ძალის


მინიჭება ნაწარმოებისათვის. ჰაგიოგრაფია განვითარდა ქრისტიანული კულტურის მქონე
ერების მწერლობაში. ქრისტიანული საქართველო ამ პროცესს არ გამოჰკლებია. ეს ჟანრი
ეპოქის მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკურმა მრწამსმა განაპირობა. ჰაგიოგრაფიას თავისი
სპეციფიკური ესთეტიკური კრიტერიუმი ჰქონდა. კანონიზირება არ აკნინებდა ნაწარმოების
მხატვრულ ღირებულებას.

„შუშანიკის წამებაში“ ადრეულ შუა საუკუნეთა მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკური


პრინციპების შესატყვისია არა მხოლოდ კომპოზიციური კანონი, არამედ გამომსახველობითი
საშუალებანიც. ამ ეპოქაში ხდება მოვლენათა ზოგადი კრიტერიუმით შეფასება. არ ჩანს არა
მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური თვისებები, არამედ მოვლენის, საგნის კონკრეტული
და სპეციფიკური ნიშანიც. გამომსახველობით საშუალებათაგან განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება მეტაფორა-სიმბოლოებს, რადგან მათში ვლინდება ზოგადი
თვალთახედვა. ეს გამომსახველობითი საშუალებანი მეორდება ავტორიდან ავტორთან,
წამებიდან წამებაში. ეს განმეორება არ აღიქმება დღევანდელი ლიტერატურული გემოვნების
შესაბამისად. მოულოდნელ გამომსახველობით საშუალებათა ძიება შეუფერებელი იყო
სასულიერო მწერლობისათვის. ამ მეტაფორა-სიმბოლოთა წყარო ბიბლიის სახეობრივი
სისტემა იყო. ბიბლიურ სტილურ ნიშანთა უკუგდების კი არა, ათვისების პრობლემა იდგა
ხელოვანის წინაშე. ამიტომაა, რომ ეს გამომსახველობითი საშუალებები ბიბლიაშიც
გვხვდება, „შუშანიკის წამებამდე“ შექმნილ ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებშიც და
მომდევნო ხანის ქართულ ჰაგიოგრაფიაშიც.

ორიგინალური მხატვრული სახეები და წმინდანისათვის შეუფერებელი ჩივილია


მკვლევართა მიერ დანახული წმ. შუშანიკის ფრაზაში: „მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი
მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო...“ აქ თავმოყრილი
მატაფორები არა თუ ორიგინალური არ არის, ბიბლიიდან მომდინარე გამომსახველობითი
საშუალებებია. ამ ეპოქის ძეგლში სრულიად მოულოდნელია „მეტად ორიგინალური
მხატვრული სახეები“. გამომსახველობით სახეთა სიმდიდრეს ამ ეპოქაში სახის
მრავალპლანიანობა, ტევადობა და არა ორიგინალობა ქმნის. ანგარიშგასაწევია შუშანიკის
ნათქვამის კონტექსტი, რომელიც ნათელყოფს, რომ „ნაყოფის მოსთულვითა“ და „ყუავილის
დაჭნობით“ შუშანიკი ღვთის წყალობას მოელის: „ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა,
რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე
განსუეებასა მივემთხჳო, და უგულისხმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა
მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა“. ამას კი მოჰყვება: „ესე ყოველი ცხორებაჲ,
ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ
განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი,
რომელმან ადიდა იგი“.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 11

#681

წმ. შუშანიკის ეს სიტყვები ბიბლიის მუხლთა გარდათქმას წარმოადგენს. „ყუავილი“


ბიბლიური მეტაფორა-სიმბოლოა. მისი ხანმოკლე ყვავილობა და ფურცელთა დაცვენა
მიმანიშნებელია ამქვეყნიური დიდების ამაოებისა, წუთისოფლის წარმავალობისა.
მაგალითად, „კაცისანი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი და ვითარცა ყუავილი ველისაჲ,
ეგრეთ ყუავიან. ჰბუროს მას ქარმან, არღარა იყოს, არცაღა ჩანდეს ადგილი მისი. ხოლო
წყალობაჲ უფლისაჲ უკუნითი უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი -
შვილითი შვილამდე“ (ფსალმ, 102, 15-17); „ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდება კაცისა,
ვითარცა ყუავილი თივისა. განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა. ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ
ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყაჲ, რომელი გეხარა თქუენ“ (პირველი პეტრე, 1,
24-25; იხ. აგრეთვე იაკობი, 1, 9-11).

ეს მეტაფორა-სიმბოლო გამოყენებულია ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებში და


დადასტურებულია მათ ქართულ თარგმანებშიც: „ყოველივე დიდებაჲ კაცთაჲ, ვითარცა
ყუავილი ველისაჲ არს“ („წამებაჲ წმიდისა მრავალმოწამისა გიორგისი“), ან კიდევ „რამეთუ
ყოველი დიდებაჲ კაცისა საწუთო და წარმავალ არს სოფელსა ამას და ვითარცა ყუავილი
თივისაჲ განქარდების“.

წმ. შუშანიკი მასთან მოსულ მონანიე ჯოჯიკს ესაუბრება ვარსქენის მიერ ჩადენილ
შეცოდებებზე, ვარსქენმა „დააჭნო“ ყვავილი, წარტაცა მას ის, რაც წარმავალია, ვარსქენი
წარმავალისათვის იღვწოდა და წარტაცებაც წარმავლისა შეძლო, შუშანიკის სულიერი
არსისთვის ზიანის მიყენება ვარსქენს არ ხელეწიფება, მას შეუძლია ხელყოს მხოლოდ ის, რაც
შუშანიკის არსებაში წუთიერი და წარმავალია, მაგრამ ამით იგი საკუთარ სულიერ არსს
აყენებს ზიანს. ვნებათა სანაცვლოდ შუშანიკი მარადიულ დიდებას მოიპოვებს, ვარსქენს კი
უფალი მიაგებს სამართალს. ვარსქენმა დააბნელა „შუენიერებაჲ სიკეთისა“ მისისა და
„ყუავილი დააჭნო“ მისი. ამის სანაცვლოდ შუშანიკი „წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა:
მარხვითა, მარადის მღვიძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა
წიგნთაჲთა მოუწყინებლად“. ვარსქენისაგან „შუენიერებადაბნელებულმა“ შუშანიკმა
„განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა“.

საგანთა და მოვლენათა კონკრეტული და სიმბოლური აზრი „წამებაში“ ერთმანეთს არის


გადახლართული და ამ სიმბოლიკაში გარკვევის გარეშე შეუძლებელია ნაწარმოების სწორად
წაკითხვა. საგულისხმოა, რომ „შუშანიკის წამებაში“ სიმბოლურ-ალეგორიული ფუნქცია
აკისრია ისეთ კონკრეტულ დეტალსაც კი, როგორიცაა შუშანიკის სამკაულები. ამ
სიუჟეტურმა დეტალმაც მიიპყრო მკვლევართა ყურადღება და იგი სხვადასხვაგვარად იქნა
გააზრებული. ანგარიშგასაწევია, რომ ვარსქენის სამკაულთაგან განძარცული და ნაგვემი
შუშანიკი იაკობმა კვლავ იხილა „შუენიერად... შემკული“. „და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი
შუენიერად ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან“. „კრავი“ ამ კონტექსტში
„ტარიგად“ იქცა და მსხვერპლის ნიუანსი შეიძინა. იაკობ ხუცესმა ამქვეყნიური პატივის
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 12

მომასწავებელ სამკაულთა ნაცვლად ბორკილებით „შემკული“ და ქრისტეს სასძლოდ


გამზადებული შუშანიკის სულიერი ამაღლება დაგვიხატა. ქრისტე, როგორც ზეციური
სასიძო, და მოწამებრივი აღსასრული, როგორც ღვთაებრივი ქორწინება, ფართოდ
გავრცელებული სახე-სიმბოლოა ქრისტიანულ მწერლობაში. იოანე ღვთისმეტყველის
ესქატოლოგიურ ხილვაში კვლავ ისმის ღვთაებრივი ქორწინების თემა „და ქალაქი იგი
წმიდაჲ იერუსალემი ახალი ვიხილე, გარდმომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული,
ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა“ (გამოცხადება, XXI,2). სამკაულის
ალეგორიულ-სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიგვითითებს ესაიას წინასწარმეტყველებაც
(48,18): „ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, ვითარმედ ყოველნი-იგი გარეშეიმოსნეს და
მოიბლარდნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა“.

სამკაულებს „შუშანიკის წამების“ სახისმეტყველებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.


გარდა იმისა, რომ იგი ნათელყოფს მწერლის შემოქმედებითი აზროვნების მჭირდო კავშირს
ბიბლიურ სამყაროსთან, აგრძელებს გმირთა სახეების ჩამოქნას. ვარსქენის მიერ ამქვეყნიური
პატივისათვის მცდელობას უპირისპირდება ამქვეყნიური პატივისაგან განმდგარი და
სულიერი ღირებულებებისაკენ მიდრეკილი მოწამის სულის მიმოხრა. სამკაულებით კავშირი
მყარდება წამების კომპოზიციურ მონაკვეთებს შორის. ჯოჯიკი წმ. შუშანიკს მიმართავს
„სძალო და მჴევალო ქრისტჱსო“. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ავტორის მიერ
ქრისტეს სასძლოდ დასახული შუშანიკი ვარსქენს თავის „საწუთრო მეუღლეს“ უწოდებს:
„არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანცა
შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ თხზულებაში
წმ. შუშანიკი ვარსქენის „ბუნებით ცოლად“ იხსენიება. თითქოს ამითაც გამოკვეთს იაკობ
ხუცესი იმ გარემოებას, რომ ვარსქენისთვის უცხოა სულიერი მისწრაფებანი და ამდენად -
სულიერი ქორწინებაც. ამავე დროს „სამკაული“ აზრობრივად ეხმიანება ქრისტიანულ
ზნეთსწავლულებაში გავრცელებულ სიმბოლოს - „საკრველს“, როგორც სულის შემბორკავ
ცოდვათა მეტაფორას. წმ. იოანე ოქროპირს ნათქვამი აქვს: „ცოდვანი ჩემნი უმრავლეს ქჳშისა
ზღჳსა არიან. მე შეკრულ ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისაჲთა“. ამქვეყნიური

#682

პატივის მომასწავებელ სამკაულთაგან განძარცული და „ცოდვათა საკრველთაგან“


განთავისუფლებული შუშანიკი დაბორკილია, მაგრამ არის და „ვითარცა სძალი, შემკული
საკრველთა მათგან“. ასე დაგვიხატა იაკობ ხუცესმა მოწამის სულიერი ამაღლება.

„შუშანიკის წამებაში“ ასევე მრავალპლანიანია კონკრეტული სხვა სიუჟეტური დეტალები და


სიმბოლიკით არის დატვირთული სახეობრივი სისტემა.

სამკაულის მოტივი ცხადყოფს, რომ ნაწარმოების მარტივ, ერთპლანიან კომპოზიციაში,


სიუჟეტის ისეთ სტრუქტურაში, სადაც მოვლენები ერთმანეთს დროული თანმიმდევრობით
მიჰყვება და პარალელური სიუჟეტური ხაზები არ ვითარდება, მრავალპლანიანია ცალკეული
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 13

დეტალები და გამომსახველობითი საშუალებები, ნათქვამის მიღმა უთქმელია საწვდომი.


ცალკეულ სიუჟეტურ მოტივთა კავშირი ნაწარმოებში ესთეტიკური პრინციპით
ხორცილდება.

სამკაულების მოტივი არ გვეხატება ქრისტიანული სიმბოლიკის მექანიკურ გადმონერგვად


ნაწარმოებში. იგი მეტყველებს ეპოქის მწერლობის, ქრისტიანული სახისმეტყველების ღრმა
წვდომაზე. იაკობ ხუცესი თხზავს, ძერწავს, შემოქმედებითად ეხმიანება სიმბოლურ-
სახეობრივ ბიბლიურ აზროვნებას, ფაქიზად გრძნობს მასში ახალი აღთქმით შეტანილ
ნიუანსურ ცვლილებებს, კონკრეტულისა და სიმბოლურის შეწყმით ძლიერ ესთეტიკურ
ეფექტს აღწევს, დღევანდელი რაციონალისტური ეპოქის ადამიანსაც კი აგრძნობინებს
რეალურ და ირეალურ ფენომენთა მიჯნაზე მდგარი შემოქმედის ხატოვანი აზროვნების
დიდებულებას. ჩვენ წინაშე წამოიმართება დიდი ხელოვანი, დიდი სიბრძნითა და
ტალანტით ცხებული. უნებურად ჩნდება კითხვა: როგორი ძლიერი და მდიდარი
ლიტერატურული ტრადიციები უნდა უძღოდეს ამგვარ შემოქმედებას, საუკუნენახევრის
წინათ ქრისტეს რჯულზე მოქცეულ ერს სიტყვაში გამოვლენილი ესთეტიკური აზროვნების
რა კულტურა უნდა ჰქონოდა, რომ მეხუთე საუკუნეში შემოქმედებითი აზრის ასეთი
ფორმები შეექმნა.

იაკობ ხუცესის მწერლური სტილი ნაწარმოების აღმქმელთა კვალიფიციურ დონეზეც


მეტყველებს. „შუშანიკის წამების“ მკითხველისა თუ მსმენელისათვის შინაარსით უნდა
ყოფილიყო დატვირთული ეს ხატები, დიდი უნდა ყოფილიყო მათი ზემოქმედების ძალა.
„შუშანიკის წამება“ უეჭველი დასტურია იმისა, რომ ბევრად ადრეა საგულვებელი დასაბამი
იმ ლიტერატურულ ტრადიციათა, რომელთა გარეშე იაკობ ხუცესის ტალანტი ვერ
გამოანათებდა. ერთი მწერალი, დიდებული შემოქმედიც რომ იყოს იგი, ამ ტრადიციის
გამგრძელებლად შეიძლება ვიგულვოთ, მაგრამ არა დამწყებად.

კომპოზიციის სქემატურობამ და სიუჟეტურ მოტივთა განსაზღვრულობამ, როგორც ჩანს,


გამოიწვია დაეჭვება ჰაგიოგრაფიული მწერლობის მხატვრული ღირებულების მიმართ.
ცნობილ ლიტერატორთა და მკვლევართა შორის წარმოიშვა აზრი არა მხოლოდ „შუშანიკის
წამების“, არამედ საერთოდ ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლთა ხასიათის შესახებაც.

ყოფითი დეტალები, ფაქიზი ფსიქოლოგიური ჩანახატები არა თუ შეუფერებელი არ არის


ჰაგიოგრაფიისთვის, - მის კლასიკურ ნიმუშებშიც მრავლად გვხვდება. ცხოვრებისეული
სცენები ასახულია არა მხოლოდ ქართულ ჰაგიოგრაფიაში. IV-V საუკუნეთა ბიზანტიური
ჰაგიოგრაფიული ძეგლები მეტად საყურადღებოა ამ მხრივ. წმ. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ
თარგმნილ „ბასილი დიდის ცხოვრებაში“ ბიზანტიის საზოგადოებრივი და კულტურული
ყოფის ფართო სურათია გაშლილი. წმ. გრიგოლ ნაზიანზელის, დახვეწილი სასულიერო
მწერლისა და დიდი ღვთისმეტყველის, ეს ნაწარმოები აძნელებს ჰაგიოგრაფიული
მწერლობის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 14

პალადი პელენოპოლელის „ლავსაიკონში“ ყოფითი თემებია დაკავშირებული წმინდანთა


ცხოვრებასთან. წმიდა თევდორეს წამებაში კი ნატურალიზმისათვის შესაფერი
დაწვრილმანებითაა გადმოცემული, თუ როგორ ზრდიდა მამა დაობლებულ ჩვილ
თევდორეს, იფქლისა და ქრთილის ნახარშს, თაფლით შეზავებულს, როგორ აწვდიდა
ჭურჭლიდან, „რომელი-იგი სახედ ძუძუჲსა შეემზადა, რაჲთა წოვნასა მისსა, ვითარცა ძუძუჲ
სძესა, ეგრეთვე იგი მისცემდეს მას ზომიერსა და წესიერსა საზრდელსა“ (სინ, 62, გვ. 65 r).

საერთო თემატიკის არსებობა ჟანრის ბუნებას არ განსაზღვრავს. საერო მწერლობა


განვითარდა სამყაროს მოდელის, ადამიანის შესახებ კონცეფციის, დროისა და სივრცის
კატეგორიათა ახლებური გააზრების, ხასიათის ძერწვის, განსხვავებული ესთეტიკური და
მსოფლმხედველობრივი პრინციპების საფუძველზე.

ანტონ კათალიკოსის მიერ „შუშანიკის წამებაში“ შეტანილი ცვლილებების კვლევამ წარმოშვა


მცდარი თვალსაზრისი, რომ ამ ცვლილებათა გარეშე „შუშანიკის წამება“ ჰაგიოგრაფიულ
ჟანრს არ განეკუთვნებოდა.

ქართულმა ჰაგიოგრაფიამ V-დან XVIII საუკუნემდე განვითარების რთული გზა განვლო.


ანტონ კათოლიკოსის, XVIII საუკუნის მოღვაწის, მიერ „შუშანიკის წამებაში“ შეტანილი
ცვლილებების კვლევა მნიშვნელოვანია ანტონის მრავალფეროვანი მოღვაწეობის, მისი
თვალთახედვის, „შუშანიკის წამებასთან“ დაკავშირებული ზოგი ისტორიული რეალიის
გასათვალისწინებლად, მაგრამ არა მისი ჟანრული სპეციფიკის გასარკვევად.
რეგლამენტირების მიუხედავად, ჰაგიოგრაფიის

#683

პრინციპები საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. X საუკუნეში, მეტაფრასტიკის აღორძინების


ხანაში, სულ სხვა თვალსაზრისით ხდებოდა ამ ძეგლთა გადასინჯვა. XVIII საუკუნეში,
მძლავრი საერო მწერლობის არსებობის ხანაში, განსხვავებული იყო ჰაგიოგრაფიული
მწერლობისადმი წაყენებული მოთხოვნილებანი, ვიდრე ადრეფეოდალური ხანაში, საერო
მწერლობის ჩასახვამდე, როდესაც ჰაგიოგრაფიას უნდა ეტვირთა ბელეტრისტიკის ფუნქცია.
გასათვალისწინებელია, რომ, ერთი მხრივ, ჟანრი უფრო მყარი იყო ადრეულ შუა
საუკუნეებში, ვიდრე ანტონის ეპოქაში. მეორე მხრივ, საგულისხმოა ისიც, რომ ანტონის
ნაყოფიერ და მრავალფეროვან მოღვაწეობას ერთგვარად ახასიათებდა საერთო
კონსერვატიზმი. სამი სტილის თეორია ჟანრულ ზღუდეთა მოშლის საერთო ტენდენციის
საპირისპიროდ ჩანს. „შუშანიკის წამების“ შესახებ ანტონ პირველის თვალსაზრისის
გაზიარებისას ისეთივე სიფრთხილე გვმართებს, როგორც ვეკიდებით მის სხვა
შეხედულებებს და „ამაოდ დამაშვრალად“ არ მივიჩნევთ რუსთაველს.

ქართული ჰაგიოგრაფიის ნიმუშების „წმიდა ალექსის ცხორებასთან“ შედარების შედეგად


გამოითქვა თვალსაზრისი ჰაგიოგრაფიულად მიჩნეულ ქართულ ძეგლთა საერო ხასიათის
შესახებ.
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 15

„წმიდა ალექსის ცხორება“ შუა საუკუნეებში მეტად პოპულარული ნაწარმოები იყო


აღმოსავლურ თუ დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ იგი ჩვენი მწერლობის
ჟანრული სპეციფიკის გასათვალისწინებლად არ გამოგვადგება, რადგან იგი ნებაყოფლობითი
მარტვილობის, თვითგვემის ამსახველი თხზულებაა. მართალია, „შუშანიკის წამებაში“ თავს
იჩენს ნებაყოფლობითი მარტვილობის, თვითგვემის თემა (სასთუმლად ალიზი, შეურაცხი
ქვეშაგები, „მარადის მარხულობა“, „მღვიძარება“, „ზედგომა“, ძაძა და სხვ.), მაგრამ
ნებაყოფლობითი მარტვილობა ჩვენში არ დანერგილა.

ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ ბიზანტიაში შეწყდა


ქრისტიანთა წამება და მარტვილობის ჟანრს „ცხორება-მოქალაქობა“ შეენაცვლა. მაგრამ
მაცხოვრის ვნებათა დამოწმების სურვილი თვითგვემისაკენ უბიძგებდა მოსავთ. ჩვენში სხვა
ვითარება იყო. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენში წამებას არ უჩანდა ბოლო. „ცხორება-
მოქალაქობის“ ჟანრს განუწყვეტლივ ენაცვლებოდა წამების ჟანრი, რადგან მწერლობა
ეხმიანებოდა რეალურ ყოფას. რჯულგადასვლის მომთხოვნი კი ჩვენში ხარ მარზპანი იყო,
ხან ამირა, ხან კი თავად შაჰ-აბასი. საუკუნეთა მანძილზე, ვიდრე ეროვნული და
სარწმუნოებრივი იდეალები ერთმანეთს იყო გადაჯაჭვული, არც ერთ დამპყრობელს
ქართველი ერისათვის ეროვნულ ღირსებათა დათმობა არ მოუთხოვია, მუდამ
სარწმუნებოებრივი გადაგვარება იყო აქცენტირებული. ქართველთ თვითმარტვილობის
გარეშეც არ ეშრიტებოდათ შესაძლებლობა საკუთარი წამებით ქრისტეს ვნებათა გაზიარებისა
და დამოწმებისა.

ბიზანტიურ მწერლობასთან მჭიდრო და სასახელო კონტაქტის მიუხედავად, ქართულ


ჰაგიოგრაფიას განვითარების თავისი გზა და თავისი სპეციფიკური სახე ჰქონდა.
ჰაგიოგრაფია სასულიერო მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჟანრი იყო, იგი
ეხმაურებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემას. ამიტომ ქართული ჰაგიოგრაფიის
ძირითადი თავისებურება მისი ღრმად ეროვნული სულისკვეთებაა. თოთხმეტი საუკუნის
მანძილზე, მირიან მეფის დროიდან XVIII საუკუნის დასასრულამდე, ქართველ ხალხს ფარად
და მახვილად ჰქონდა ქრისტიანობა. ეროვნული იდეალები მჭიდროდ დაუკავშირდა
სარწმუნოებრივს. ჩვენში ქრისტიანობას არ დართვია მწვალებლური მინარევები, არც
ასკეტიზმის უკიდურესი ფორმები გამოვლენილა ქართულ ყოფაში. მარტვილობას ჩვენს
სინამდვილეში მაზდეანურ და მაჰმადიანურ აღმოსავლეთში ქრისტიანული
მართლმადიდებლობის ბურჯად მდგარ ქვეყანაში, უდიდესი ეროვნული რეზონანსი ჰქონდა.
მარტვილობათა გმირები - სპარსელი ევსტათი თუ არაბი აბო - ეროვნულ გმირებად იქცნენ
განურჩევლად მათი ეროვნებისა.

იაკობ ხუცესი იოანე საბანისძის მსგავსად არ გვესაუბრება თავისი ეროვნული


მიზანდასახულობის შესახებ, მაგრამ „წამებაში“ აშკარად ჩანს მისი ეროვნული პოზიცია.
იაკობ ხუცესმა დაგვაფიქრა მოწამებრივი ფაქტის მნიშვნელობაზე, მის უდიდეს რეზონანსზე.
წმ. შუშანიკის გულშემატკივართა შორის დაგვიხატა „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი
დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“, „ამბოხი მრავალი დედებისა და
http://kartvelologybooks.tsu.ge/ 16

მამებისაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ“, „სიმრავლჱ ურიცხჳ“. გვიჩვენა, რომ ერთნაირად


შეძრულია ყველა განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სქესისა, ასაკისა. ვარსქენის
პოლიტიკური ზრახვის შესახებ სიტყვაძუნწ იაკობს ყურადღება რწმენის უარყოფაზე აქვს
გადატანილი, იაკობი მოღალატეს არ უწოდებს მას, მაგრამ გარკვეულ კონტექსტში მეტი ძალა
აქვს „ერთგულს“. სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა „ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და
წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო, ვითარცა
ერთგული, სოფლად შევიდეს“.

ქართული ჰაგიოგრაფიის შესახებ მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ ის დიდი მისია,


რომელიც ეკისრა ჩვენში ბერმონაზვნობის ინსტიტუტს. ქართული მონასტერი სწავლა-
განათლებისა და კულტურის კერა იყო შუა საუკუნეების საქართველოში და მის ფარგლებს
გარეთ. მონასტერში მოღვაწე ბერები კულტურულ ღირებულებებს ქმნიდნენ, განამტკი-

#684

ცებდნენ ეროვნულ თვითშეგნებას, ამკვიდრებდნენ სახელმწიფოებრივ სტატუსს. ქართველი


ბერები ინდულგენციებით არ დამდიდრებულან, სხვათა ცოდვებით არ უვაჭრიათ. ამ
წოდებამ იტვირთა ეროვნულ ენაზე ღვთისმსახურებით „ფრიადი ქართლის“ იდეის
დამკვიდრება. მონასტერში მოღვაწე ბერები თხზავდნენ, ქრისტიანული კულტურის
მონაპოვრებს თარგმნიდნენ, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას წარმართავდნენ. გრიგოლ
ხანძთელმა თუ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ითავა, გიორგი მთაწმინდელმა,
აურაცხელ სხვა ღვაწლთან ერთად, ოთხმოცი ბიჭი წაიყვანა ბიზანტიაში და ოთხმოცი
მსახური აღუზარდა ქართულ კულტურას.

სასულიერო მწერლობა უდიდეს ძალას წარმოადგენდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი


ორგანიზაციის საქმეში. ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება გამოიხატება არა მხოლოდ
იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულის, იოანე-ზოსიმეს შემოქმედებაში, არამედ საქართველოს
ეკლესიის ორგანიზაციაში, ეორტოლოგიურ პრაქტიკაში. „ქართული განგება“, „ქართული
დავითნი“, ეროვნული განმანათლებლის თაყვანისცემა, ღვთისმშობლის წილხვდომილება,
ესქატოლოგიური მოვლენის ქართულ ენასთან დაკავშირება - ეს იყო საერთო პროცესი,
რომელიც მზადდებოდა ადრიდანვე. იაკობ ხუცესმა 1500 წლის წინათ გვითხრა, რომ ღალატი
რწმენისა, პრინციპებისა იყო ღალატი ღვთისა, ქვეყნისა, ერისა. ქართული მწერლობის
მოღწეულთაგან უძველეს ძეგლში ჩვენი კულტურის მამოძრავებელი ტენდენციაა
გამოვლენილი, ეროვნული თვითშეგნების მაღალი დონეა წარმოჩენილი.

You might also like