Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მოწყენილი, ერთფეროვანი, უბრალო, არაფრით

გამორჩეული, მაგრამ, მაინც იმედებით აღსავსე მივყვებოდი ყოველდღიურობის


რუტინას, რადგან საღამოსთვის კინოს ბილეთები მქონდა აღებული ჩემთვის და ჩემი
მეგობრებისთვის. რა შეუძლია კინოს და რამდენად ძლიერია მისი გავლენა
ადამიანზე? ამ კითხვაზე პასუხი მეგონა მქონდა, მაგრამ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი
სიტყვებით გამოიხატება, ხოლო ამ ფილმის შესაძლებლობების აღსაწერად ჩვენს
სამყაროში არსებული სიტყვები არ მეყოფა. კინოში წასასვლელად ვემზადებოდი,
როცა მეგობარმა მკითხა-

მეგობარი- რა ფილმზე მიდიხარ?

მარიტა- “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”

მეგობარი- ცას.

მარიტა- რაა?

მეგობარი- ცას ვხედავთ, აბა რას უნდა ვხედავდეთ

მარიტა- არა... ხოდა მე იმის გასაგებად მივდივარ კინოში, თუ სინამდვილეში რას


ვხედავთ.

დღეს, როდესაც ამ დიალოგს ვიხსენებ, ვხვდები, რომ არასწორი იმედებით წავედი


კინოში და “მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო” . თითქმის ცარიელ დარბაზში
დავსხედით ბავშვები და დაიწყო კინო, დასაწყისშივე მეუცნაურა და ეს
განსხვავებული ატმოსფერო იმდენად მსიამოვნებდა, რომ მეღიმებოდა, ფილმი ახალი
დაწყებული იყო, როცა ეკრანზე დაეწერა-

“ყურადღება!!!”
ძალიან შემეშინდა, ადგილზე ცქმუტვა დავიწყე, მაგრამ მივხვდი, რომ უკან დასახევი
გზა აღარ მქონდა, ამიტომ რეჟისორს ბოლომდე ვენდე და უფლება მივეცი ტრანსში
ჩავეგდე. ეს მონაკვეთი, ფრაგმენტი ამქვეყნიურობისთვის ნაკლებად დამახასიათებელ
სიმშვიდეს განიჭებს, ეს ემსგავსება მუცლად მყოფი ნაყოფის უდარდელობას,
რეჟისორი გვაფრთხილებს, რომ პირველ ნიშანზე თვალები უნდა დავხუჭოთ და მეორე
სიგნალზე გავახილოთ, აუხსნელად მომეწონა ეს იდეა, იმდენად აჟიტირებული ვიყავი
და თან შეშინებული, რომ მახსოვს მთელი ტანით ვკანკალებდი, ჩემს გვერდით
მსხდომ ბავშვებს გადავხედე, ერთ-ერთს ფეხზე ნაზად შევეხე და თვალების
დახუჭვამდე ვთქვი- აყევით, ბოლომდე აყევით.

თვალები დავხუჭე, მოდუნება ვცადე, მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი, ნიშანს


ველოდებოდი, მეშინოდა ერთი წამით დაგვიანების და თვალების არასწორ დროს
გახელის, ვშფოთავდი, იქნებ იმდენად ხმადაბლა იყოს მეორე სიგნალი რომ ვერ გავიგო
და მნიშვნელოვანი მომენტი გამოვტოვო-მეთქი, მაგრამ უცებ ჩემს წინ ეკრანის
განათება ვიგრძენი, რაღაც მანათებდა სახეზე, თან ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა,
იმდენად მშვიდი და სასიამოვნო იყო ეს მომენტი, მინდოდა სულ გაგრძელებულიყო
და აღარასდროს გამეგო მეორე სიგნალის ხმა, მაგრამ თვალები უნდა გამეხილა, უნდა
დავბრუნებულიყავი ტრანსიდან, გავახილე და ვხედავ გოგონას, რომელსაც თვალები
დახუჭული აქვს და ახელს, ანუ იმეორებს ზუსტად იმას, რაც მე ერთი წამის წინ
გავაკეთე, მაშინვე იდენტიფიკაცია მოვახდინე ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან და მის
თითოეულ ნაბიჯს გაფაციცებით ვაკვირდებოდი, მეშინოდა სადმე ფეხი არ
წასცდენოდა, მაგრამ გოგონა, როგორც კი საწოლიდან დგება, მაშინვე ძირს ეცემა,
რადგან მან საკუთარი იდენტობა დაკარგა. ცოტა ხანში ვიგებთ, რომ ზუსტად იგივე
დაემართა გოგონას, ლიზას ახალგაცნობილ მეგობარს გიორგისაც, ნარატორი ამბობს,
რომ, როცა გიორგიმ და ლიზამ ერთმანეთი გაიცნეს, ეს მათთვის ძალიან ბედნიერი
მომენტი ავმა თვალმა შენიშნა და ისინი დაწყევლა იმ მიზნით, რომ ვეღარასდროს
ეპოვათ ერთმანეთი, არ ვიცი ამ მომენტში რას გრძნობდნენ ჩემი მეგობრები, მაგრამ
მაშინვე გავიფიქრე, რომ ავი თვალი ჩვენ ვიყავით, აუდიტორია, რადგან იმ ქუჩაზე,
სადაც გიორგიმ და ლიზამ პაემანი დაგეგმეს არავინ უყურებდა მათ ჩვენს გარდა. ეს
ფილმი რამდენიმე საათით გაჯერებს, რომ იდენტობა დაკარგული, საკუთარ თავთან
გაუცხოებული ძელთან მომუშავე ადამიანისა და მენაყინეს ცხოვრება შეიძლება იყოს
ძალიან ფერადი, ლამაზი, თავისუფალი და იმედებით სავსე, ჩვენ სამოთხეში
ვბრუნდებით ამ ფილმით ცოტა ხანი და გული გვწყდება, როცა დასასრულს
უახლოვდება, ფინალურ ნაწილში ძალიან ბევრი ვიტირე, მივხვდი, რომ მე ვერასდროს
დავინახავდი სამყაროს ისეთ ფერებში, როგორც ამ ფილმმა დამანახა, ვერ
დავინახავდი ცაში ოცნებებს, როგორც ამ ფილმის პერსონაჟები ხედავენ, ვერ
დავინახავდი ნამდვილ გიორგის და ლიზას, რომელიც კამერამ დაინახა, ამიტომ
ვტიროდი, ვიცოდი, რომ ქუთაისში, სადაც ეს ფილმია გადაღებული, რომც
ჩავსულიყავი ვერ ვნახავდი იმას, რის სანახავადაც წასვლა მომინდა. ფილმი
დამთავრდა, გამოვედით დარბაზიდან, სალაროსთან მივედი და მეორე დღისთვის
ისევ ავიღე ბილეთები ამჯერად ჩემთვის და დედაჩემისთვის, ვფიქრობდი დედასთან
სიახლოვე და ამ ფილმის ყურება ერთად კიდევ უფრო გააძლიერებდა ექსტაზის
შეგრძნებას, იმ ფოკუსის მომენტისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდი, თან
დედაჩემს ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა მისი რეაქცია.

“ყურადღება!!!”
დედა- ვაიმე

მარიტა- მიდი, დახუჭე


თვალებს ვხუჭავ, ამჯერად მოდუნებული, ბედნიერი, იმდენად ბედნიერი, რომ
თვალებიდან ცრემლები ჩამომდის, ჩუმად ვიმშრალებ, არ მინდა ვინმემ დაინახოს,
რომ ახალდაწყებულ ფილმზე უკვე ვტირი, ტირილი ხომ ფინალისთვისაა
დამახასიათებელი, არ ვიცი საიდან მოდის ეს სიმშვიდის შეგრძნება და სიხარული,
რომელსაც ფილმის ამ ნაწილში გრძნობ, თან პირველად არ მიტირია, ან იმიტომ, რომ
დაძაბული ვიყავი, ან შეიძლება იმიტომ, რომ დედა არ მეჯდა გვერდით, ალბათ ეს
უცნაური გრძნობა, რომელიც თავისთავში აერთიანებს სიხარულსაც, ბედნიერებასაც,
აღმაფრენასაც, სიმშვიდესაც იქიდან მომდინარეობს, რომ ზოგადად კინოს ყურებისას
თვალები სულ გახელილი უნდა გქონდეს, უნდა უთვალთვალო პერსონაჟებს, ზოგჯერ
იმდენად დაძაბული ვარ, ვცდილობ თვალებიც კი არ დავახამხამო, ამ მომენტში კი რა
ხდება, რეჟისორი უფლებას გაძლევს თვალები დახუჭო, მოდუნდე, მეტიც, ამას კინოს
ყურების პროცესში აერთიანებს. როცა თვალები გავახილე დედაჩემმა მკითხა-

დედა- და რა იყო იმ დროს?

იგულისხმა, რა გამოესახა ეკრანზე მაშინ, როცა ჩვენ თვალები დახუჭული გვქონდა?

მარიტა- არ ვიცი

დედა- მე მეგონა ახლა აღარ დახუჭავდი და ნახავდი.

მერე ვფიქრობდი, რომ ოდნავი ცნობისმოყვარეობაც კი არ გამჩენია, ერთი წამითაც არ


მომნდომებია რეჟისორის წესებიდან გადახვევა, პირიქით, მინდოდა ეს ფრაგმენტი
ბევრჯერ და სრულყოფილად შემეგრძნო კინოში, ბოლოს მივხვდი, რომ ერთ-ერთი
მიზეზი, რატომაც ბილეთს ერთი კვირის შემდეგ მესამედ ვყიდულობდი ეს მონაკვეთი
იყო. მე და ჩემი ახლო მეგობარი ვიყავით წასულები ამჯერად. ფილმი, როცა
დამთავრდა ასეთი დიალოგი გვქონდა-

ნია- ნუ ანტონიონია რა

მარიტა- ხო ბლოუაფის თემაა აქაც, რომ კამერა ხედავს იმას, რასაც ადამიანის თვალი
ვერა.

ნია- წამო, არ გინდა ქუთაისში? ორო დღით

მარიტა- არ მინდა იმედები გამიცრუვდეს.

სინამდვილეში ჩემს მეგობარს ქუთაისში ჩასვლა არ უნდოდა, უფრო სწორად უნდოდა,


მაგრამ იქ სხვა რამ ეგულებოდა, მას სამოთხისკენ მიუწევდა გული, რომელიც ამ
ფილმშია, ეს მისთვის აღარ მითქვამს, არ მინდოდა მეწყენინებინა.

ამ ფილმის ბოლოს რეჟისორი კი ამბობს, რომ არ იცის ასეთმა ფილმებმა რა უნდა


მისცეს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ სამოთხეში მართლაც ვერ დავბრუნდი
ფილმის ყურების შემდეგ, ერთი ფრაზა ჩამრჩა, რომელმაც ცხოვრების ხარისხიც კი
შემიცვალა, რაც არ უნდა მოხდეს, ცუდი თუ კარგი, ჩემთვის გულში ვამბობ: “მოხდა
ის, რაც უნდა მომხდარიყო” და ვაგრძელებ ცხოვრებას სამყაროში, რომელიც არაფრით
არ ჰგავს იმ ფერად სამყაროს, ცითაც კი.

მარიტა ლიპარტელიანი

You might also like