Professional Documents
Culture Documents
1111
1111
1111
შეცდომა პირაღმა ეცემა საწოლზე, ჭერზე დატანილი სიქსტის კაპელას უნიჭო რეპროდუქცია
ფრაქტალებად იშლება...
- როგორც ჩანს, უჩემოდ გაფრენილხარ – ამბობს ის, მის წინ მუხლებზე ჯდება, ჭერამდე
შლის უზარმაზარ ფრთებს და იწყებს ანგელოზური მინეტის კეთებას. შეცდომამ იცის –
საჭიროა ალიბი, სანამ ყველაზე წმინდა დღეს ქალაქში არნახული საპროტესტო ტალღა
აგორდება. ამიტომაც ის აქ არის. ღვთაებრივი გეომეტრიისა და მინეტის გადაკვეთაზე და არა
გნოსტიკოსების ბუნკერში, სადაც ამ წამს დიდთავიანი ჰაკერები სასაფლაოების სერვერებზე
ახორციელებენ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევებს, რათა მკვდრები დაბრუნდნენ ქალაქში
და თქვან სიმართლე. დეტექტივმა შეცდომამ იცის, რომ დღეს ღამით რებეკაც დაბრუნდება
და შეცდომა ამჯერად ვერ გაექცევა საკუთარ წარსულს.
***
- ისევ შენ მოხვედი? არ გაქვს ამის უფლება! წაეთრიე! - კივის მკვდარი ქალი ტოტალურ
სიბნელეში და წვიმა ახშობს ამ კივილს. რატომ უნდა დაუტოვო ასეთი მესიჯი საყვარელ
ადამიანს? რომ მან გამუდმებით დანაშაულის შეგრძნებით იცხოვროს? თვითმკვლელების
უმრავლესობა ეგოისტია. იქვე, 10 მეტრში მიწიდან ჰაერში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი,
რომელსაც ნახევარი სახე ახლოდან ნასროლი ვინჩესტერით აქვს გაგლეჯილი. ჰოლოგრამა
#2: მაპატიე, სხვა შანსი არ მქონდა.
- დედა! დედაააა! სად ხარ? - ყვირის მინდვრის ბოლოდან პატარა ბავშვი, მისი სხეული
ლურჯად ბჟუტავს, რაც იმის ნიშანია, რომ ის მალე ჩაქრება. სავარაუდოდ, დედა უკვე დიდი
ხანია არ იხდის გადასახადებს და დღე-დღეზე მკვდრების მონიტორინგის სამსახური
გამორთავს ჰოლოგრამას, მისი მოგონებები და ავატარი დაიბლოკება, ავტომატურად
ამოვარდება ქალაქის მკვდრების მონაცემთა ბაზიდან და გადაინაცვლებს პრობლემური
გადამხდელებისა და პრობლემური მიცვალებულების სიაში, შემდეგ warning მესიჯები
დაეგზავნებათ მის ნათესავებს და კიდევ გადაუხდელობის შემთხვევაში პატარა ბავშვი
უბრალოდ სახალხო მავზოლეუმში გადაინაცვლებს. აქ, სახალხო მავზოლეუმში, 100 მეტრზე
ყველა უპატრონო, დავიწყებული და ურჩგადამხდელი მიცვალებულის ავატარი იყრის თავს.
„არქივი” ასე ეძახიან ღარიბების მავზოლეუმს, ჰოლოგრამების ველზე კი ისინი არიან - ვინც
ახსოვთ, ვინც ჯერ კიდევ სჭირდებათ..
აქამდე ყველა იცავდა ამ წესს, მაგრამ არა დღეს. როცა აპოკალიფსი კარებზეა მომდგარი –
თამაშის წესები ძალაუნებურად იცვლება. სანამ დეტექტივი შეცდომა ალიბის და
ნარკოტიკებს იკეთებს ტიფლისის ელიტურ ბორდელში, გნოსტიკური წინააღმდეგობის
ჰაკერები სასაფლაოს სერვერებს ტეხენ: აღდგომის ღამეს ჰოლოგრამად გადაქცეული ყველა
მკვდარი დაბრუნდება ქალაქში და მათ მსვლელობას უკვე ვერავინ დაარბევს, მათ
სათქმელზე კი ვერავინ დახუჭავს თვალებს.