Untitled

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

იაკობ ხუცესი

იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამება“ მიჩნეულია ქართულ ენაზე ჩვენამდე მოღწეულ
უძველეს დათარიღებულ თხზულებად, რომელიც წინარე ლიტერატურულ ტრადიციებს
ასახავს და აგრძელებს. მოსაზრება ქართული მწერლობის დასაწყისის უფრო ადრეულ
საუკუნეებში არსებობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთხელ გამოითქვა,
კერძოდ, მის შექმნას უთუოდ წინ უსწრებდა წარმართული პერიოდის ქართული ანტიკური
ლიტერატურა (პავლე ინგოროყვა), საისტორიო თხზულება „ფარნავაზის ცხოვრება“ (რევაზ
ბარამიძე), ჰაგიოგრაფიული თხზულებები: „წმ. კოლაელ ყრმათა წამება“ (ბიძინა
ჩოლოყაშვილი, ია გრიგალაშვილი), „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (კორნელი კეკელიძე, რევაზ
სირაძე, მარინა ჩხარტიშვილი და სხვ.), მაგრამ გამოთქმულ შეხედულებათა კვალდაკვალ
ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საკვლევი, გასარკვევი და დასადგენი; ამიტომ „წმ. ნინოს
ცხოვრების“ საუბარს იაკობ ხუცესითა და მისი ჰაგიოგრაფიული თხზულებით „წმ.
შუშანიკის წამებით“ ვაგრძელებთ.
ხელნაწერები და გამოცემები. იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამება“ 11 ხელნაწერშია
დაცული. X-XI საუკუნეთა მიჯნაზე გაბრიელ პატარაის მიერ გადაწერილი პარხლის
მრავალთავი (A-95) უძველესია თხზულების შემცველ ხელნაწერთაგან.
იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამება“ პირველად დაიბეჭდა მიხეილ საბინინის მიერ 1882
წელს პეტერბურგში გამოცემულ წიგნში „საქართველოს სამოთხე“. ამის შემდეგ ის ბევრჯერ
გამოიცა. 1963(4) წელს ილია აბულაძის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა ძველი
ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების მრავალტომეულის გამოცემას,
რომლის I ტომი იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებით“ იხსნება. ესაა აკადემიურად
დადგენილი ტექსტი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით. თხზულება 6 ენაზეა
თარაგმნილი. 2005 წელს ედიშერ ჭელიძემ გამოსცა თხზულების ტექსტი შენიშვნებითურთ
წიგნში „ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა“. თხზულება დაიბეჭდა რამდენიმე
პოპულარულ გამოცემაში: ჩვენი საუნჯე, I, 1960; ძველი ქართული მოთხრობა, რ. თვარაძის
რედაქციით, 1979; ქართული პროზა, I, 1982; ქართული მწერლობა, I, 1987 და სხვ.
იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამების“ ლიტერატურული და საღვთისმეტყველო
თვალსაზრისით შესწავლა XIX საუკუნიდან დაიწყო. მას იკვლევდნენ მიხეილ საბინინი,
სერგი გორგაძე, კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი, რევაზ ბარამიძე, რევაზ სირაძე,
გრივერ ფარულავა, ბეჟან კილანავა, ლევან მენაბდე, მანანა გიგინეიშვილი და სხვები.

„წმ. შუშანიკის წამების“ რედაქციები.


„წმ. შუშანიკის წამების“ შემცველი უძველესი ხელნაწერი, გაბრიელ პატარაის
გადაწერილი პარხლის მრავალთავი, X-XI საუკუნეების მიჯნითაა დათარიღებული. ტექსტს
ემჩნევა ენობრივი ცვლილებები, ენობრივი თვალსაზრისით მცირე გადაკეთების კვალი,
რაც აღნიშნულიცაა სამეცნიერო ლიტერატურაში.
„წმ. შუშანიკის წამების“ ტექსტის გვიანდელი ვარიანტი შემონახულია სომხურ ენაზეც.
სომეხმა მეცნიერებმა სომხური ტექსტი პირველადად, დედნად მიიჩნიეს. იაკობ ხუცესის
თხზულების პირველადობის საკითხი დაწვრილებით და გამოწვლილვით შეისწავლეს
ივანე ჯავახიშვილმა (ჯავახიშვილი, 1977: 60-64) და ილია აბულაძემ (აბულაძე, 1938//1978),
რომლებმაც დამაჯერებლად დაასაბუთეს, რომ სომხური ვრცელი რედაქცია
მომდინარეობს ქართულისაგან, „წმ. შუშანიკის წამების“ თავდაპირველი, იაკობ ხუცესის
მიერ შექმნილი ჰაგიოგრაფიული ტექსტისაგან. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ილია აბულაძის შრომაა, რადგან მან ქართულ-სომხური რედაქციები, მათი
ურთიერთმიმართებები მონოგრაფიულად შეისწავლა, სომხური რედაქცია VIII საუკუნით
დაათარიღა. ილია აბულაძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ სომხურ
რედაქციებს „ეროვნულ-ეკლესიური დაღი ამჩნევიათ. ეს თვალსაზრისი უთუოდ სომეხი
რედაქტორებისაა, რომელთაც ისინი გარკვეულ ადგილებში ამჟღავნებენ. ასეთ რამეს
იაკობის სახელით ცნობილი ქართული მარტვილობა არ იჩენს და ესეც ერთი იმ
საბუთთაგანია, რომლითაც ქართულის დედნობა და ადრინდელობა მტკიცდება“
(აბულაძე, 1978: 47). მან აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური ეროვნულ-ეკლესიური
თვალსაზრისით დაპირისპირების გამომჟღავნება სომხურ ლიტერატურაში ქართლსა და
სომხეთს შორის აღმსარებლობითი განხეთქილების შემდეგ დაიწყო, ე.ი. VII საუკუნის
დასაწყისიდან, იმ დროიდან, რაც სარწმუნოებრივ საფუძველზე ქართული ეკლესია
დასცილდა სომხურ ეკლესიას, კერძოდ, ქართული ეკლესია გადავიდა დიოფიზიტურ
ცნობიერებაზე, აირჩია დასავლური, ბიზანტიური ორიენტაცია, ხოლო სომხური დარჩა
მონოფიზიტურ ეკლესიად და ასეა ამჟამადაც. ეს კი იმას მიუთითებს, რომ ქართული
თხზულების მსოფლმხედველობასა და ეროვნულ ტენდენციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ
ორი ქვეყნის ლიტერატურულ-კულტურული კავშირები რელიგიურ საფუძველზე
შექმნილი განხეთქილებისთანავე არ შემწყდარა, უკვე ამ დროიდან სომხური რედაქცია არ
გაიზიარებდა, რაც სომხური ტექსტის გაცნობისას სრულიად ნათელი ხდება .
იაკობის „წმ. შუშანიკის წამება“ თავდაპირველი სახით არ შემონახულა, გადამწერთა
ხელში მას ცვლილებები განუცდია, კერძოდ, ენობრივ-გრამატიკული თვალსაზრისით,
მაგალითად, V საუკუნის ქართული ენისათვის დამახასიათებელი ხანმეტობა მასში აღარ
შეინიშნება, მაგრამ მას ბუნებრივად შერჩა ის მდიდარი მხატვრულ-გამომსახველობითი
სისტემა, სტილი, დახვეწილობა, სისადავე, სინატიფე, როგორიც ჰქონდა მაშინ, როდესაც
იაკობ ხუცესმა შექმნა.
იაკობ ხუცესი - ავტორი. „წმ. შუშანიკის წამების“ ავტორია იაკობ ხუცესი. მისი სახელი
„იაკობი“ მისსავე თხზულებაშია ნახსენები და დამოწმებული, ხოლო ერთადერთ
სავარაუდო წყაროდ იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე სამეცნიერო
ლიტერატურაში მიჩნეულია 506 წლის დვინის საეკლესიო კრების ცნობები. ამ კრების
მონაწილე ეპისკოპოსთა შორის მოიხსენიება იაკობ ცურტაველი, ე.ი. ცურტავის
ეპისკოპოსი.
ადამიანი, რომელიც მეხუთე საუკუნის ოთხმოციან წლებში კარის მღვდელი იყო, 506
წლისათვის უკვე შესძლებდა ეპისკოპოსობის ხარისხის მიღებას“ (კეკელიძე, 1960: 115).
თხზულების მიხედვით, იაკობ ხუცესი ქვემო ქართლის საპიტიახშოს კარის ეკლესიის
მღვდელი იყო, რომელიც თავად შეესწრო თხზულებაში აღწერილ ამბებს და იხილა
ყოველივე ის, რაც მან ასე ცოცხლად, დამაჯერებლად და ლაკონიურად აღწერა. მეტიც, იგი
თავად არის ამ თხზულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. მისი საკუთარი სახელიც
მხოლოდ ამ ნაწარმოებიდან ვიცით, თხზულებაში ერთადერთხელ გვხვდება ავტორის
სახელი „იაკობ“. დავიმოწმოთ ეპიზოდი: როდესაც მწერალი-ჰაგიოგრაფი სენაკში ჩაკეტილი
ვარსქენისაგან ნაგვემ-ნაცემი შუშანიკ დედოფლის სანახავად იმყოფებოდა, პიტიახშის
მსახურმა ახალგაზრდა კაცმა სწორედ იქ მოიკითხა: „იაკობ მანდა არსა?“ ეს ფაქტი იმასაც
მოწმობს, რომ ვარსქენმა იაკობის იმჟამინდელი ადგილსამყოფელი იცოდა და მიუხედავად
იმისა, რომ ბრძანება აქვს გაცემული შუშანიკის სანახავად არავინ შესულიყო, იაკობის დასჯა
არც უფიქრია. ეს იმასაც მიუთითებს, რომ ვარსქენი იაკობს სხვათაგან, კერძოდ, თავის
ქვეშევრდომთაგან, განსხვავებულად ექცევა.
იაკობის ხუცესობა და პირველ პირში თხრობა ნაწარმოებში არაერთგზის დასტურდება.
მაგალითად: „და მეცა, ხუცესი დედოფლის შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას“;
„ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მოვიწიე დაბასა მას“ (ძეგლები, 1963/1964: 13); „მან მრქუა მე:
უწყია, ხუცეს!...“ „კეთილისა ამისათვის სტირა, ხუცეს?“ იაკობ ხუცესი პიტიახშის ოჯახს
კარგად იცნობს; იგი უშუალო მომსწრეა ვარსქენისა და წმ. შუშანიკის სიყრმისა, მათი
შეუღლებისა. იგი დედოფლის სულიერი მოძღვარია, მანუგეშებელია, თანამგრძნობია,
თანამოაზრეა. თვით წმ. შუშანიკი მას პატივისცემითა და სიყვარულით ექცევა, მის ნააზრევს
ანგარიშს უწევს, მის მომავალზე ზრუნავს. უნდა ვაღიაროთ, რომ იაკობს გამაზდეანებული
ვარსქენიც, სპარსული ორიენტაციის პიტიახში, საგანგებო მორიდებით, განსაკუთრებული
პატივით ეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ იაკობი ვარსქენის ბრძანებას არ ემორჩილება,
ნახულობს წმ. შუშანიკს და წამებული დედოფლის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას
ყოველთვის ცდილობს, ვარსქენი მას არ სჯის, პირიქით, განდგომილ დედოფალთან
ურთიერთობის მოგვარებას ზოგჯერ სწორედ მისი მეშვეობით ცდილობს. ისიც ჩანს, რომ
იაკობი ასაკოვანი არაა, პირიქით, საკმაოდ ახალგაზრდაა იმ დროს, რომელ პერიოდზეც
გვიამბობს. თხზულების დასასრულს მონათხრობიც წმ. შუშანიკ დედოფლის მიერ იაკობის
აფოც ეპისკოპოსისათვის შევედრების შესახებ ამას მოწმობს: „ვითარცა მამასა და მამამძუძესა
შემვედრა მე, კაცი ესე ცოდვილი და გლახაკი ესე“. თხზულებაში ნათქვამია ისიც, რომ
შუშანიკი ქვეშევრდომებზე, მათ შორის იაკობზეც დედასავით ზრუნავდა.
იაკობ ხუცესი უაღრესად განათლებული პიროვნებაა, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა
ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, ბიზანტიური და ქართული ჰაგიოგრაფიული
ლიტერატურა, როგორც თვითონ უწოდებს, „წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“. ეს მხოლოდ
დეკლარირებული ცოდნა და განათლება არაა, ავტორი ამას თავისი თხზულების შექმნით,
მისი მხატვრული სამყაროთი, კომპოზიციური წყობით, ქრისტიანული სახისმეტყველებით
გვიმოწმებს და გამოხატავს.
იაკობ ხუცესი გრძნობს მასზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც
თხზულების დასაწყისშივე წმ. შუშანიკის სასახლიდან წასვლისა და ვარსქენის
გამაზდეანების შესახებ მოთხრობილი ამბით წარმოჩნდება. როდესაც პიტიახშის ოჯახში
უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და ვარსქენის გამაზდეანების შემდეგ წმინდანი
დედოფალი სასახლიდან წავიდა, იაკობი აფოც ეპისკოპოსთან ერთად ვინმე წმინდა კაცთან
იმყოფებოდა. შემზარავი ამბის გაგება იაკობის მიერ მთელი საზოგადოების ცოდვადაა
აღქმული, ამას განსაკუთრებით სასულიერო პირები განიცდიან, რადგან მათი ცნობიერება
ლიტურგიულია, ხოლო ქრისტიანული რელიგიური მრწამსი და ლიტურგიული
ცნობიერება პიროვნების, კერძო პირის ცოდვას საზოგადო ცოდვად, საზოგადოების ცოდვად
აღიქვამს. ამიტომ არაა ვარსქენის ჩადენილი ცოდვა მხოლოდ კერძო პირისა, არამედ ერთი
ადამიანის შეცოდება მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება.
მწერალი სხვებსაც შეახსენებს, რომ პიტიახშისათვის წინააღმდეგობის გაწევა და
გასაჭირში ჩავარდნილი მოწამე დედოფლის თანაგრძნობა აუცილებელია. იაკობი ნაცემ-
ნაგვემი დედოფლის სანახავად მივიდა, მას თან მიჰქონდა სამოელ ეპისკოპოსისაგან
გაგზავნილი საკვები. მოსალოდნელი დასჯის განცდით შეშინებულმა მცველმა იაკობს
სენაკში შეშვებაზე უარი უთხრა, რაზეც განრისხებულმა მწერალმა, სულიერმა მოძღვარმა
მას გაახსენა, რომ შუშანიკ დედოფლის აღზრდილი იყო და მისთვის სიკვდილიც უნდა
დაეთმინა: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ
არს?“ ამგვარი საშუალებით თუ ხერხით იაკობი წმ. შუშანიკთან არაერთხელ შესულა, რაზეც
მკითხველს ყოველთვის აუწყებს. წმ. შუშანიკის მიერ ძაძების ტარების მოწმე მხოლოდ
იაკობია, ეს ამბავი სხვამ არავინ იცის. წმ. შუშანიკისა და იაკობის დამოკიდებულებას
მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უდევს საფუძვლად. მწერალი სულიერი
მოძღვრის ნიმუშად წარმოგვიდგება.
იაკობ ხუცესი თავისი ეპოქის მაჯისცემას ძალიან კარგად გრძნობს და თავის ეროვნულ
პოზიციასაც გამოხატავს. მან ქვემო ქართლის პიტიახშის მიერ ჩადენილი სარწმუნოებრივი
ღალატი ეროვნული უბედურების მომასწავებლად მიიჩნია და მისი ორიენტაცია, მისი
საქციელი სამართლიანად გაბედულად უარყო. წმ. შუშანიკ დედოფლის წამება ვარსქენის
მიერ ერთმნიშვნელოვნად აღსაქმელი ფაქტი არ იყო, წმ. შუშანიკის დამსახურება და ღვაწლი
ქრისტიანული სარწმუნოებისა და ქართველი ერის წინაშე იაკობმა სწორად, მრავალმხრივად
შეაფასა. საქართველოს ისტორიაში ეს ხომ ის პერიოდი იყო, როდესაც სარწმუნოების დაცვა
და მისთვის ბრძოლა სამშობლოს, ერის ინტერესების დაცვის ტოლფარდი იყო, როდესაც
მამული და რჯული ტოლფარდ ცნებებად აღიქმებოდა. ამიტომ წმ. შუშანიკის ბრძოლა
ქრისტიანობის დასაცავად ეროვნული ინტერესებითაცაა მოტივირებული.
„წმ. შუშანიკის წამების“ გარდა, იაკობ ხუცესის სახელით სხვა თხზულება არ
შემონახულა, მაგრამ ნაწარმოები ბადებს ვარაუდს, რომ მას სხვა თხზულებაც შეიძლება
ჰქონოდა დაწერილი. მეცნიერთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისით, ამას უნდა მოწმობდეს
ფრაზა: „ვითარცა-იგი ვთქუთ“ და თვით უჩვეულო დასაწყისი.
დაწერის დრო. ნაწარმოების დაწერის თარიღის დადგენა სავსებით შესაძლებელია მასში
დაცული ცნობებისა და სხვა ისტორიული რეალიების მიხედვით.სამეცნიერო
ლიტერატურაში ამჟამად წმ. შუშანიკის გარდაცვალების თარიღად 475 წლის 17 ოქტომბერია
მიჩნეული. ნაწარმოებში აღწერილია ეს ფაქტი, რაც მოწმობს, რომ თხზულება ამის
შემდეგაა დაწერილი. 482 წელს ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს, როგორც მოღალატე.
ნაწარმოებში ის ცოცხალია. ამრიგად, თხზულება დაწერილია 476-481 (2) წლებში.
წმ. შუშანიკ დედოფლის სახე. იაკობ ხუცესის თხზულების მთავარი პერსონაჟი, გმირი,
წმ. შუშანიკ დედოფალი, სოციალური ჩამომავლობის მიხედვით უმაღლესი
არისტოკრატიული ფენის წარმომადგენელია, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან
მამიკონიანის ასულია; სოციალური სტატუსიც მაღალი აქვს, იგი ქვემო ქართლის პიტიახშის
მეუღლეა, რომელსაც მამის სახელის კვალობაზე ვარდანს, ხოლო სიყვარულით შუშანიკს
უწოდებდნენ: „მამისაგან სახელით ვარდან, ხოლო სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ“ .
შუშანიკი სომხური წარმომავლობის სახელია და, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში
აღინიშნა, შროშანს ნიშნავს; საღვთისმეტყველო ლიტერატურა შროშანს ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის სიმბოლოდ სახავს, რის გამოც ქვემო ქართლის დედოფლის სახელი
სახისმეტყველებითადაა დატვირთული და წინასწარვე მონიშნავს მის სულიერ მისიას
საქართველოსთვის. შროშანი სიწმინდის, სინათლის სიმბოლოა, ამიტომ წმ. შუშანიკ
დედოფლის სახელშივე მჟღავნდება მისი ნათლითმოსილობა, სულიერობა.
იაკობ ხუცესის სიტყვით, წმ. შუშანიკი ბავშვობიდანვე ღვთის მოშიში და მოყვარულია,
რითაც მეუღლისაგან, ვარსქენ პიტიახშისაგან, მკვეთრად განსხვავდება. წმ. შუშანიკის
ღვთისმოშიშებაში ავტორი იმას ხედავს, რომ იგი ჭეშმარიტებას, ღვთის ამ დიდ მადლს,
ბავშვობიდანვე ეზიარა. ამით წინასწარვე ნათქვამია, რომ ქრისტიანულ ღმერთს მას ვერავინ
და ვერაფერი განაშორებს, დედოფალი რწმენას არ უღალატებს. ღვთის შიში წარმართავს მის
შემდგომ ქმედებასაც, როდესაც თავისი შვილებითურთ ღვთის მოშიშებით შედის ეკლესიაში
და ლოცულობს, შვილებს ღვთის წინაშე წარადგენს, რათა მან დაიცვას ისინი მტრის
ქმედებისაგან.
ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა სახე-პერსონაჟები ამაღლებულობით არიან აღბეჭდილნი;
ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში მხატვრული გამონაგონის შეტანა დაუშვებელია, ყოველივე
აისახება, იაკობ ხუცესის სიტყვით, „დამტკიცებულად“. ყოველი ასახული მოვლენა და
ფაქტი არის „ჭეშმარიტი და უტყუელი“, რაც გადმოიცემა „სრულიად ჭეშმარიტად“; ამ
მეთოდით ჰაგიოგრაფის მწერლური შესაძლებლობებისა და გამომსახველობითი
საშუალებების გამოყენების საფუძველზე იქმნება სახისმეტყველებით დატვირთული
ნაწარმოები, რომელიც ადამიანის, მოწამისა თუ მოღვაწის, შინაგან ბუნებასა და მასში
მიმდინარე რთულ სულიერ პროცესებს გვიჩვენებს; ე.ი. „და აწ დამტკიცებულად“ მწერლის
მეთოდსაც მიანიშნებს, რომ ავტორი მართალ, ნამდვილად მომხდარ ამბავს გვამცნობს.
ჰაგიოგრაფიული თხზულების მთავარი გმირი ამაღლებულის მშვენიერებით წარმოჩნდება,
რაც მისი მხატვრულ-ესთეტიკური გააზრების საფუძველს ქმნის. ჰაგიოგრაფიული გმირი
ზნეობრივი მაგალითია, გზის მაჩვენებელია თანამედროვე საზოგადოებისა და მომავალი
თაობებისათვის. ჰაგიოგრაფიის მთავარმა პერსონაჟმა მორწმუნე მრევლს მაგალითი უნდა
მისცეს, რაც მისი ღვაწლის უმთავრეს მიზანდასახულობას შეადგენს. ამავე დროს, იგი
ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისებებითაც წარმოჩნდება, მისი ადამიანური ხატ-
სახე შემკულია წმინდანური და ჩვეულებრივი ადამიანური ნიშნებით, რაც საშუალებას
გვაძლევს, თვალი გავადევნოთ წმინდანის შინაგან სამყაროში მიმდინარე ადამიანურ
თვისებათა გამოვლენას, ჭიდილს, მისი სახის ცვალებადობას.
მთელი ქართლი შესცქეროდა და ადევნებდა თვალყურს, რასაც იაკობ ხუცესის მიერ
საპყრობილეში იძულებით შესახლებული შუშანიკის შესახებ ნათქვამი სიტყვები მოწმობს:
„და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმეი მისი“.
ვარდან მამიკონიანი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის მებრძოლი პიროვნება იყო.
სპარსეთის შაჰმა იეზდიგერდ მეორემ 449 წელს მას, აგრეთვე, არშუშა პიტიახშს და სხვა
დიდებულებს, გამაზდეანება მოსთხოვა. ისინი იძულებულნი გახდნენ შაჰის ეს მოთხოვნა
აღესრულებინათ. მაგრამ 451 წელს სამშობლოში დაბრუნებულები სპარსელებს აუჯანყდნენ.
ვარდანი ამ აჯანყებისას, 451 წლის 26 მაისს, მოკლეს. საინტერესოა „წმ. შუშანიკის წამების“
ავტორის, იაკობ ხუცესის დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. მან შესანიშნავად იცის ვარდან
მამიკონიანისა და არშუშა პიტიახშის გამაზდეანების ამბავი, მაგრამ არსად ახსენებს,
პირიქით, ვარდანი და არშუშა მისაბაძ პიროვნებებად არიან დასახულნი. ჩანს, ეს იმით იყო
განპირობებული, რომ მათი გამაზდეანება მხოლოდ მოჩვენებითი იყო, სინამდვილეში ისინი
თავიანთი ერისა და ქვეყნის, ასევე, ქრისტიანული რწმენის ერთგულნი
ვარდანის ომში დაღუპვის შემდეგ მათ ოჯახებზე არშუშამ იზრუნა, მათი დაობლებული
შვილები თავისთან წაიყვანა ცურტავში და საკუთარ შვილებთან ერთად თავად ზრდიდა.
ამას წმ. შუშანიკისა და ჯოჯიკის დიალოგიც მოწმობს, რომ ისინი ერთად აღიზარდნენ. „წმ.
შუშანიკის წამება“ მიუთითებს, რომ შუშანიკი კარგად იცნობდა არშუშა პიტიახშის ოჯახს,
მის თითოეულ წევრს. ცხადია, მან ყველაზე უკეთ იცოდა თავისი მეუღლის, ვარსქენ
პიტიახშის ხასიათი, ბუნება, დამოკიდებულება რწმენისადმი, გარესამყაროსადმი. იგი
ყოველთვის გრძნობდა და განიცდიდა თავისი მეუღლის, ვარსქენის, გულგრილ
დამოკიდებულებას ქრისტიანული სარწმუნოებისადმი, იგი თვითონაც ბევრს ლოცულობდა
და სხვებსაც ევედრებოდა, ელოცათ მისთვის. სწორედ ამიტომ სპარსეთში სამეფო კარზე
წასული ვარსქენის სამშობლოში დაბრუნებისას „სადიასპანოჲთა ცხენითა“ წარმოგზავნილ
მსახურს წინასწარმეტყველურად ჰკითხა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა
ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე
მოიქეცინ“ ეს სიტყვები მის ძლიერ ხასიათზე მიუთითებს.
„წმ. შუშანიკის წამების“ პერსონაჟებზე საუბრისას აუცილებელია ვარსქენზე ფიქრი და
მისი სახის ავტორისეული წარმოსახვის გათვალისწინება, რადგან შეუძლებელია შუშანიკის
სახის სრულყოფილად გააზრება, თუ იქვე არ იქნა ნაჩვენები და გააზრებული ვარსქენის
სახე. ჰაგიოგრაფიული თხზულების სპეციფიკა არ ითვალისწინებს უარყოფითად
წარმოსახული პერსონაჟის სულიერ ძვრათა ჩვენებას, პირიქით, მას მხოლოდ იდეალად
დასახული პერსონაჟი აინტერესებს. მაგრამ იაკობ ხუცესი ვარსქენის სულიერ სამყაროსაც
გვიჩვენებს, რას განიცდის იგი, როგორია მისი რეაქცია შუშანიკ დედოფლის განდგომის
გამო.
ვარსქენი სპარსთა მეფეს დაჰპირდა: „რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი,
იგინიცა ესრე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა ეგე მე“. ვარსქენი მეფისათვის მიცემულ
დანაპირებს ვერ ასრულებს, რადგან იგი წმ. შუშანიკის უმტკიცეს წინააღმდეგობას
გადააწყდა,
ჰაგიოგრაფიის მიზანია ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებული წმინდანის სახის ჩვენება,
რისთვისაც აუცილებელია უფლისადმი, ზესთასოფლური და სოფლური სამყაროსადმი,
ირგვლივ მყოფთადმი მისი მიმართებების წარმოსახვა. ყოველივე ამას, რასაკვირველია,
წმინდანის სულიერი სამყაროს, პიროვნულ ღირსებათა და შესაძლებლობათა წარმოჩენა
სდევს თან. მწერლის მიერ წარმოსახული წმ. შუშანიკი ძლიერი, მტკიცე, ურყევი პიროვნებაა,
რომელმაც ამქვეყნიური პატივი და დიდება დათმო, ფიზიკური ტანჯვა-წამება და
შეურაცხყოფა სამგზის გადაიტანა, შიმშილისაგან სიკვდილის პირას მყოფმა უმძიმეს
განსაცდელს გაუძლო, ექვს წელზე მეტი ციხეში უმკაცრეს ასკეტურ პირობებში გაატარა და
აღესრულა, მისივე სიტყვების კვალობაზე, ვითარცა „უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტე
მოქმედი ვენაჴისაჲ“.
ეს გზა გოლგოთისაკენ მიმავალი მაცხოვრის გზას ჰგავს. იაკობ ხუცესი წმ. შუშანიკს
წარმოაჩენს, როგორც დედას და ქვეყნის დედოფალს, რაც მას ოჯახისა და ქვეყნის წინაშე
უდიდეს მოვალეობას აკისრებს. ამ თვალსაზრისით მას მძიმე ხვედრი ხვდა წილად.
თხზულების პირველ მონაკვეთში იგი ზრუნავს შვილებზე, რომლებიც ღვთის მიცემულნი
არიან და რომლებსაც ღმერთის წინაშე იმ საკურთხეველთან წარადგენს, სადაც ისინი
მოინათლნენ. დედას სურდა, ამით შვილებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი აქ
ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სარწმუნოებას დაცვა სჭირდებოდა. ეს
ეპიზოდი მოტივირებაა შემდგომში საპყრობილეში მყოფი წმ. შუშანიკის მკვეთრი
რეაქციისა, როდესაც მან შვილების გამაზდეანების ამბავი შეიტყო. მან რწმენა და
პიროვნული ღირსება დედობაზე მაღლა დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ მამისაგან
შვილების მიქცევა სხვა რჯულზე, მათი დროსივრცული სამყაროს შეცვლა მძიმედ განიცადა,
იაკობის სიტყვით, მისი სახე იყო „დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა“. შვილების
გამაზდეანების შემდეგ მათი ნახვის სურვილი არ გასჩენია, ავტორი მეტსაც გვამცნობს:
„სახელიცა მათი სძაგდა სმენად“.
მწერლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმ. შუშანიკის, როგორც ქვემო
ქართლის საპიტიახშოს დედოფლის, სახის წარმოჩენა, ვინაიდან იგი თავისი ერთგულებით
ქრისტიანული სარწმუნოებისადმი მაგალითს აძლევს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს.
ვარსქენ პიტიახში ცოლის წასვლას სასახლიდან მკაცრად განსჯის და წმ. შუშანიკ
დედოფალს საყვედურით აღავსებს: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან
ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ და
საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ
ხარ“ . ამაზე დედოფალი პასუხობს: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამჴუ,
ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშÀნნა და შენ მამისა შენისა
საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი
შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ
აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც. და
ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და თუ მრავალი
ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“. დედოფალი მონაზვნური
ცხოვრებისათვის ემზადება, ასკეტური ცხოვრება უნდა დაიწყოს. ავტორის ზემოხსენებული
სიტყვებიდან კი შეიძლება წმ. შუშანიკის ქცევაში წინასწარჭვრეტა დავინახოთ, ვინ იცის,
იქნებ შეძლოს უბადრუკი და უგულისხმო მეუღლის შემობრუნება. თუმცა, წმ. შუშანიკს
პურობის ეპიზოდი საბოლოოდ არწმუნებს, რომ ვარსქენთან შერიგება შეუძლებელია, მათ
შორის სამუდამოდ გაწყვეტილია ის კავშირი, რაც აქამდე ერთმანეთთან ჰქონდათ პიტიახშსა
და დედოფალს, ცოლსა და ქმარს.
იაკობ ხუცესმა წმ. შუშანიკ დედოფალი თავად იხილა, როგორც „ტარიგი იგი ქრისტჱსი
შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან“, რაც თვით ავტორის
ქრისტიანულ თვალთახედვასთან ერთად, იმ უხილავ ესთეტიკურ ფენომენსაც მიუთითებს,
რომელიც თავიდან ბოლომდე გასდევს „წმ. შუშანიკის წამებას“. წმ. შუშანიკი, დედოფალი
არის „ტარიგი იგი ქრისტჱსი“, რომელიც „საკრველთა მათგან“ შემკული მშვენიერი
სძალივით ჩანს. მისი „შვენიერება“ მისი სულიერებაა, მისი ნათლითმოსილებაა, რომლითაც
აღავსო და განამშვენა ჯერ სენაკი, სადაც მოათავსეს, და შემდეგ ციხე, სადაც უმძიმეს
პირობებში ექვს წელზე მეტი გაატარა. წმ. შუშანიკის ტარიგობა სამსხვერპლოდ
გამზადებული კრავის სიმბოლურ სახედ წარმოჩნდება.
წმ. შუშანიკი სადედოფლო სამოსლის _ ანტიოქიური პალეკარტის ქვეშ ძაძებს ატარებს.
ანტიოქიური პალეკარტის ტარება წმინდანი დედოფლის მიერ ქრისტიანულ დროსივრცულ
სამყაროსთან მის კავშირს მოწმობს, ძაძები კი სულიერი გლოვის სიმბოლოა; ასევე
სიმბოლურია მატლების, რწყილების, ტილების უხვად დახვევაც, რომლებიც მოწამის
ტანჯვის გამძაფრების მიზნითაა მოხმობილი.
წმ. შუშანიკი სიცოცხლის ბოლომდე ერთხელ არჩეული გზის ერთგული დარჩა. იგი
ქრისტიანული სიყვარულით შეეგება, წინასწარ მოემადა სატანჯველად და საწამებლად: „და
მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ... ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და
ცოდვათა ვარსქენისთა... უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და
მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ“.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პურობის ეპიზოდი.
მაზლმა და რძალმა აიძულეს და პურობაზე წაიყვანეს, შემდეგ პურის გატეხას აიძულებდნენ,
ყველაფერზე უარის თქმის შემდეგ კი რძალმა ღვინიანი ჭიქა მიაწოდა, რადგან განდგომიდან
მოყოლებული მთელი დღეები უზმოდ გაეტარებინა. ცხადია, ვერც იძულებას შეეგუა და
ვერც ურჯულო, მოღალატე (ვარსქენს მეორე ცოლი ჰყავს შერთული!) მეუღლის გვერდით
ყოფნას პურის გასაზიარებლად. სწორედ ამას გამოხატავს ჯოჯიკის ცოლისთვის შუშანიკის
მიერ ნათქვამი სიტყვები: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად
ეჭამა პური?!“ ქრისტიან დედოფალს მიუღებლად მიაჩნია მაზდეან მეუღლესთან პურობა.
პურობიდან იწყება წმ. შუშანიკის ფიზიკური წამება. ა.
წმ. შუშანიკი მოწამედ ერთბაშად არ ქცეულა, თავდაპირველად ის თავის მარტოობას
უჩიოდა, წუხდა, რომ დიდი გასაჭირის გადატანა მოუწევდა, მაგრამ ეს დროებითია,
ვინაიდან ესმის, რომ მოწამეობრივი გზა თვითშემეცნების ქრისტიანული გზაა, ინდივიდის,
`მეს~ ქრისტეს კვალზე სვლისა და მასთან შეერთების, შერწყმის გზაა.
მასთან მიდიან „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი
სოფლისა ქართლისანი“. ასევე მიდიან და ერთგულებას, თანალმობას, სიყვარულს
უდასტურებენ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები.
წმ. შუშანიკისადმი თანაგრძნობა არაერთგზის გამოუხატავს თხზულების მრავალ
პერსონაჟს. თუმცა, მწერალმა ისიც აჩვენა, თუ რა წინააღმდეგობას აწყდებიან ისინი
პიტიახშის მხრიდან, რომელიც თავის ირგვლივ მხოლოდ შიშს თესავს, თავისი საქციელით
რიდისა და კრძალვის ნაცვლად სიძულვილს იმკის. ყოველივე ეს დროით, ჟამითაა
განპირობებული.
ავტორის, როგორც ჰაგიოგრაფი მწერლის, პოზიცია ვარსქენის წარმოსახვისას სავსებით
ნათელი და გასაგებია, რადგან იგი ჰაგიოგრაფიული ჟანრის სპეციფიკური ნიშნების
საფუძველზე აჩვენებს დადებით, მისაბაძ პიროვნებას, როგორც მთავარ გმირს, და
უარყოფით პერსონაჟს, რომელსაც რეალურად დადებითი თვისებები შესაძლოა ჰქონოდა,
მაგრამ ჟანრის სახისმეტყველებისა და გამომსხველობითი საშუალებების გამო სრულიად
უარყოფითად იხატება და წარდგება მკითხველის/მსმენილის წინაშე. ამიტო თხზულებაში
ვერსქენს არავინ თანაუგრძნობს, გარდა იმ სპარსი კაცისა, რომელიც, როგორც ავტორის
მონათხრობიდან ჩანს, სასახლეში მცხოვრებთათვის სპარსთაგან მზირად იყო მიჩენილი. არც
სპარსი კაცი უყვარს ვინმეს, რომელიც თითქოს პიტიახშის ოჯახის სიმტკიცეზე ფიქრობს,
თითქოს წმ. შუშანიკის სიბრალულის გამო ევედრება ვარსქენს დედოფლის
გათავისუფლებას ბორკილებისაგან, მაგრამ მისი პირველი გამოჩენისთანავე ნათქვამი, რომ
იგი იყო „ზრახვითა ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ
ნეტარისა მის“. წმ. შუშანიკ დედოფლისა და ვარსქენ პიტიახშის სასახლეში სპარსი კაცი
დაძრწის და ცალკე წმ. შუშანიკს, ცალკე _ მრისხანე და დაუნდობელ ვარსქენს მოჩვენებითი
სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს. სპარსი კაცის სახით იაკობ ხუცესი სპარსთა
პოლიტიკის ხასიათს, მათი მხრიდან სიცბიერით აღსავსე დიპლომატიურ სვლებზე
ორიენტირებას გვიჩვენებს. ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, მოწესრიგდეს და
არა დაპირისპირებით, მკვეთრი ქმედებით.
იაკობ ხუცესის თხზულება საკმაოდ მრავალპერსონაჟიანია. თითოეულ მათგანს ავტორი
წმ. შუშანიკის ფონზე წარმოაჩენს და დედოფლისადმი თითოეულის დამოკიდებულება
აინტერესებს. ამიტომაცაა სასულიერო წოდების წარმომადგენელთა სახეები საყურადღებო,
რადგან ჩანს, რომ ეს წოდება ჯერ არაა ძლიერი, საერო ხელისუფალი მასზე ბევრად
ძლიერია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარსქენის ძმის, ჯოჯიკის, სახე, რადგან იგი
ყოველთვის ჩანს წმ. შუშანიკის შემწე და თანამგრძნობი, თუმცა შედეგი მის კეთილ
განზრახვას არ მოჰყოლია, რასაც საპყრობილეში სიკვდილის პირას მყოფ შუშანიკთან
დიალოგში წუხილით აღიარებს.

„წმ. შუშანიკის წამების“ სამეტყველო ენა სადაა, ღრმა და მეტყველი, სავსე ბიბლიური
ალუზიებით, სიმბოლური ხატ-სახეებით. მონოლოგი და დიალოგი მთელი თხზულების
მოქმედებას ისე წარმართავს, რომ თხზულებაში პერსონაჟთა სრულყოფილი სახე
მჟღავნდება; ცხადია, ამგვარი ხატოვანი ენით შექმნილი ნაწარმოები ერთბაშად ვერ
გაჩნდებოდა, მას უთუოდ წინ უძღოდა მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია, ხოლო მისი
აღმქმელის დონე მაღალი კვალიფიციურობით გამორჩეული უნდა ყოფილიყო. იაკობ
ხუცესი ამგვარ ტრადიციათა გამგრძელებლად გვევლინება და არა დამწყებად, ვინაიდან
ქართულ სიტყვას ხელეწიფებოდა მაქსიმალურად გამოევლინა რელიგიური, შემეცნებითი,
ეთიკური და ესთეტიკური აზროვნება.

You might also like