Untitled

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

აქვს თუ არა ფასი ცოდნას, თუ მას ცხოვრებაში ვერ გამოვიყენებთ.

(მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით)


ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით. ყოველმა ჩვენგანმა
უნდა გავიაროთ ეს ეკლიანი გზა, მის გასაკაფად კი უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ხმალზე
უფრო ბასრად სჭრის და ზარბაზანზე შორს ისვრის - ცოდნა. „უმეცრება გონების ღამეა,
ღამე – უმთვარო და უვარსკვლავო.“ - ბრძანა ციცერონმა. სამწუხაროდ, არსებობენ
ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ განათლებულები არიან, თუმცა არ იყენებენ
მიღებულ ცოდნას. ასეთი ადამიანი არაფრით განსხვავდება უმეცართაგან , ვინაიდან
სწავლას ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მას მოყვასის საკეთილდღეოდ
ვიყენებთ.

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ სწორედ ასეთ ადამიანის, თეიმურაზის ,


ისტორიას მოგვითხრობს. „სამი კაცი იშვიათად მოიყრიდა თავს, რომ მეოთხედ
თეიმურაზი არ ჩარეულიყო, შუაში არ ჩამდგარიყო, სათვალეები არ შეესწორებინა, თითი
მაღლა არ აეწივნა და მაშინვე ბაასის სადავე ხელთ არ ეგდო.“ - ასე გვაცნობს ავტორი ამ
პერსონაჟს. მართლაც, თეიმურაზს ღრმა ცოდნა ჰქონდა და ის ფრიად განათლებულ
ადამიანად ითვლებოდა თბილისის საზოგადოებაში, თუმცა, სადავოა მისი ცოდნის
პრაქტიკულობა: „შესახებ სუდანის ირიგაციისა, ინგლისის პოლიტიკისა ეშმაკის კუნძულზე ,
გერმანელების დამკვიდრებისა აფრიკაში, პორტ-ჯიბუტის გარშემო ატეხილი დავისა ,
ზანზიბარის სულთანის გარდაცვალებისა“. მისი განათლების უმეტესი ნაწილი ვერაფერს
არგებდა საქართველოს ან საზოგადოებას, თუმცა მას მაინც მოიხსენიებდნენ „ცოცხალ
ენციკლოპედიად“. ნათავადარს კარზე ვექილის წარწერა ჰქონდა და მას ხშირადაც
მიმართავდნენ, თუმცა ცოდნის ამ საქმეში გამოყენების ნაცვლად, „სასამართლოში
მიმავალი, ქუჩაში ვინმეს წააწყდებოდა და ისე გაჰყვებოდა კამათსა და მუსაიფში , რომ
საქმესაც დაივიწყებდა და ოჯახშიც საღამოზე ძლივს დაბრუნდებოდა “, - ის განათლებას
იყენებს მხოლოდ ფუჭი საქმეებისთვის. შემდგომში, ის მრავალჯერ გამოავლენს თავისი
ცოდნის არაპრაქტიკულობას: რად ღირს მხოლოდ ის ეპიზოდი, როდესაც ის ნაშინდარში
მცხოვრებ გლეხებს ურჩევს, როგორ გააშენონ შვეიცარული ძროხები, როგორ მოიყვანონ
მუსკატის ღვინო და ასე შემდეგ, თუმცა ქართლში არ არის საამისოდ შესაბამისი პირობები .
პარადოქსულია თეიმურაზის ცოდნა - მან თითქოს ყველაფერი იცის, მისი ცოდნა კი
ფესვგაუდგმელი, უსაფუძვლოა, ვინაიდან შეუძლებელია მისი გამოყენება ცხოვრებაში ,
გარდა უაზრო ლაქლაქისა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას


„დიდოსტატის მარჯვენა“, კერძოდ კი ამბავი ექვთიმეზე, რომელიც საკმაოდ
მრავალმხრივი ადამიანი იყო: წარსულში ზუგდიდის მუზეუმის კუსტოსი, ქუთაისის
პირველი კინოს გამგე, ამავე ქალაქის თეატრში სტატისტი, ბუკინისტი და ასე შემდეგ ...
ამჟამად, სვეტიცხოვლის მეთვალყურე. „ექვთიმე ჩემის დაკვირვებით ერთი მათგანია,
რომელნიც ყველგან საჭირონი არიან, მაგრამ ადგილზე მივლენ, მუდამ ზედმეტნი
აღმოჩნდებიან ხოლმე.“ - მართლაც, ის ძალიან განათლებული ადამიანი იქნებოდა,
რადგან შეუძლებელია, ამდენი საქმე აითვისოს ადამიანმა, თუმცა მისი პროფესიული
ცოდნა დიდს არაფერს არგებდა საზოგადოებას, შესაბამისად , მას მუდამ უჭირდა თავის
დამკვიდრება ამ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, სადაც
ერთ-ერთი მთავარი გმირი - გიორგი ნათლად გვიჩვენებს განსხვავებას საკუთარ თავსა და
არჩილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უფრო განათლებულია , ვიდრე
ქვრივის ვაჟი, გიორგის ცოდნა ცხოვრებაში გამოყენებადია და სარგებელიც მოაქვს
ხალხისთვის. მახსენდება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანიც“, კერძოდ - ავთანდილის
ანდერძში დაწერილი სიტყვები: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა
ბრძნობისა“ - მართლაც, ადამიანის ცოდნას არ აქვს არანაირი ფასი, თუ ის ვერ
გამოიყენებს მას ცხოვრებაში.

ეს საკითხი ამჟამადაც არ კარგავს აქტუალობას. სამწუხაროდ, დღეს მრავლად


არიან ადამიანები, რომლებიც ამაყობენ საკუთარი დიპლომებით, თუმცა არ გააჩნიათ
ზოგადი განათლებაც კი, ღირებულ ცოდნაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია . მაგრამ
არსებობენ გამონაკლისებიც: მაგალითად, „თერგდალეულები“, რომლებმაც რუსეთში
მიღებული ცოდნა გამოიყენეს სამშობლოს საკეთილდღეოდ. რად ღირს მხოლოდ ილია
ჭავჭავაძის პუბლიცისტური მოღვაწეობა - მან სრულფასოვნად გამოიყენა თავისი ცოდნა
და გაავრცელა იგი, ვით სანთლის შუქი და გააქრო ბნელი უმეცრებისა იმდროინდელ
საქართველოში. მახსენდება კახა ბენდუქიძეც - განათლებით ბიოლოგი, ბიზნესმენი და
ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცოდნით მოპოვებული თანხა მოახმარა
თავისუფალი უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის დაარსებას, ეს უკანასკნელი კი
ეხმარება განათლებულ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში .

მაშასადამე, ცოდნა მართლაც რომ გადამწყვეტი რამ არის ყოველი ჩვენგანის


ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებელია, შეგვეძლოს მისი ცხოვრებაში გამოყენება , რადგან
სხვაგვარად მას ჩალის ფასიც კი არ ექნება. „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს
წუთისოფელი“, - ეს სიტყვები დავით გურამიშვილის კალამს ეკუთვნის და ჭეშმარიტებას
ქადაგებს.

You might also like