გოგონა მატარებელში - პოლა ჰოკინსი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 223

რეიჩელი

პარასკევი, 5 ივლისი, 2013

დილა

ლიანდაგის გვერდით ტანსაცმლის გროვაა. ღია ცისფერი ქსოვილის; ალბათ, პერანგია, რაღაც თეთრთან,
ჭუჭყიანთან ერთად. ეტყობა, პატარა ტყისკენ მიჰქონდათ და გაიბნა. შესაძლოა, გზის ამ მონაკვეთზე მომუშავე
ინჟინრებს დარჩათ. ისინი აქ ხშირად მუშაობენ. ან იქნებ, რაღაც სხვაა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ
დაუცხრომელი ფანტაზია მაქვს. ტომიც იმავეს ამბობდა. რა ვქნა, თავს ვერ ვერევი. როგორც კი ამ გაფანტულ
ნაგლეჯებს: ჭუჭყიან მაისურს ან ცალ ფეხსაცმელს მოვკრავ თვალს, მაშინვე მეორე ფეხსაცმელსა და იმ ფეხზე
ვიწყებ ფიქრს, რომელსაც ის ეცვა.
მატარებელი რწევით, ჭრიალითა და წრიპინით მიიწევს წინ, ტანსაცმლის პატარა გროვა თვალს ეფარება და
ჩვენ ლონდონისაკენ მკვირცხლი ჯოგერის ტემპით განვაგრძობთ გზას. ჩემ უკან სკამზე ვიღაც
სასოწარკვეთილად და გაღიზიანებულად ხვნეშის. ეშბერი-იუსტონის 8:04-იანი ნელი მატარებელი ძალიან
გამოცდილი მგზავრის მოთმინებისთვისაც კი მძიმე გამოცდაა. ამ გზის გავლას ორმოცდათხუთმეტი წუთი
უნდა დასჭირდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. ეს ძველისძველი და გაცვეთილი მონაკვეთი პრობლემებითა
და დაუსრულებელი საინჟინრო სამუშაოებით გამოირჩევა.
მატარებელი ნელა მიღოღავს: საწყობების, წყლის საქაჩების, ხიდებისა და ანგარების, რკინიგზისაკენ უკანა
ფასადით შემოტრიალებული ვიქტორიანული ეპოქის მოკრძალებული სახლების გასწვრივ მიყანყალებს.

თავით ვაგონის ფანჯარას მიყრდნობილი ვაკვირდები, როგორ გარბიან სახლები, როგორც ფილმის კადრები.
ჩემსავით მათ ვერავინ ხედავს. ამ კუთხიდან მათ პატრონებიც კი ვერ ხედავენ. დღეში ორჯერ სხვისი
ცხოვრების ფრაგმენტების დანახვის საშუალება მეძლევა. არის რაღაც დამამშვიდებელი საკუთარ სახლში
უსაფრთხოდ მყოფი უცხო ადამიანების ყურებაში.
ვიღაცის ტელეფონი რეკავს. შეუსაბამოდ მხიარული და ხალისიანი მელოდიაა. პატრონი პასუხის გაცემას არ
ჩქარობს, ტელეფონი კი რეკავს და რეკავს. ეს ხმა თითქოს ჩემ გარშემო ტრიალებს. ვგრძნობ, როგორ
წრიალებენ მგზავრები თავიანთ სკამებზე, როგორ აშრიალებენ გაზეთებს და აკაკუნებენ კომპიუტერებზე.
მატარებელი რწევითა და ყანყალით შედის მოსახვევში. სვლას კიდევ უფრო ანელებს, რადგან წითელ შუქს
უახლოვდება. ვცდილობ, ზევით არ ავიხედო და წავიკითხო უფასო გაზეთი, რომელიც სადგურში შემოსვლისას
შემომაჩეჩეს, მაგრამ სიტყვები თითქოს გადაირეცხა, საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. თვალწინ ისევ
რკინიგზის სიახლოვეს მიტოვებული ტანსაცმლის პატარა გროვა მიდგას.

საღამო

უკვე შერეული ჯინ-ტონიკის ქილა პირთან მიმაქვს და დალევას ვიწყებ, სითხე ტუჩებზე შუშხუნებს. მკვეთრი
და ცივია. გემო ისეთივე აქვს, როგორიც 2005 წელს, ბასკეთის სანაპიროზე, მეთევზეების სოფელში ტომთან
ერთად პირველად დასვენების დროს ჰქონდა. დილაობით ყურეში პატარა კუნძულისაკენ ნახევარ მილს
მივცურავდით. იქ, უკაცრიელ პლაჟებზე გვიყვარდა ერთმანეთი. დღისით ბარში ვისხედით, მაგარ, მწარე ჯინ-
ტონიკს ვსვამდით და პლაჟის ქვიშაზე მოთამაშე ფეხბურთელებს ვადევნებდით თვალს. თითოეულ გუნდში 25
კაცი იყო და თამაშიც არეული გამოდიოდა.
კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, კიდევ და კიდევ; ქილა უკვე თითქმის ნახევრად ცარიელია, მაგრამ არა უშავს,
ფეხებთან, ჩანთაში, კიდევ სამი ქილა მაქვს. პარასკევია და თავს დამნაშავედ სულაც არ ვგრძნობ,
მატარებელში რომ ვსვამ. მადლობა ღმერთს, დღეს პარასკევია. მხიარულება იწყება.
ეტყობა, მშვენიერი უქმეები იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვპირდებიან - კაშკაშა მზე და უღრუბლო ცა.
ადრე ასეთ ამინდში ქორლის ტყეში პიკნიკზე წავიდოდით, მთელი დღე საფენზე წამოწოლილები ფოთლებს
შორის ალაგ-ალაგ გამომზირალ მზეზე დავიწვებოდით და ღვინოს დავლევდით; ან მეგობრებთან ერთად
ბარბექიუს გავაკეთებდით; ან როუზში წავიდოდით, ბაღში ლუდს დავლევდით, მზისა და ალკოჰოლისაგან
აწითლებული სახეებით ხელიხელჩაკიდებულები სახლში ბარბაცით დავბრუნდებოდით და ტახტზე
დასაძინებლად დავეყრებოდით.
კაშკაშა მზე, უღრუბლო ცა, მაგრამ ვერც ვერავის ეთამაშები და ვერც ვერაფერს გააკეთებ. როცა ისე ცხოვრობ,
როგორც დღეს მე, ყველაზე მძიმე პერიოდი ზაფხულია, ამდენი დღის სინათლითა და ასე ცოტა სიბნელით,
როდესაც ყველა გარეთაა, სეირნობს, როდესაც ყველა უსაზღვროდ და აგრესიულად ბედნიერია. ეს ძალიან
გფიტავს და, თუ ყველაფერ ამაში არ მონაწილეობ, თავს საშინლად გრძნობ. აი, წინ უქმე დღეებია და არ იცი,
ორმოცდარვა ცარიელი საათი რით შეავსო. ქილა ისევ პირთან მიმაქვს, მაგრამ იქ ერთი წვეთიც კი არ არის
დარჩენილი.

ორშაბათი, 8 ივლისი, 2013

დილა

როგორი შვებაა, რომ ისევ 8:04-იან მატარებელში ვარ. ვერ ვიტყვი, ერთი სული მაქვს, ლონდონში როდის
დავბრუნდები და ახალ კვირას შევუდგები-მეთქი. იქ ყოფნა საერთოდ არ მინდა. უბრალოდ, მინდა ჩაზნექილ,
რბილ სავარძელში გადავწვე, ფანჯრიდან გადმოღვრილი მზის სხივების სითბო და ვაგონის რწევის
დამამშვიდებელი რიტმი ვიგრძნო. აქ, ვაგონში, ჯდომა და გზის გასწვრივ სახლების ყურება მირჩევნია.
დაახლოებით შუა გზაზე, ეტყობა, ლიანდაგი დაზიანებულა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყოველთვის
წითელი ანთია. უმეტესად ვჩერდებით ხოლმე: ხან სულ რამდენიმე წამით, ხან კი დაუსრულებელი წუთების
მანძილზე. თუ ვაგონში ვზივარ, უფრო ხშირად კი სწორედ ასე ხდება, მატარებელი წითელ შუქზე ჩერდება,
ესეც თითქმის ყოველთვის ასეა, ჩემს საყვარელ სახლს - ნომერ თხუთმეტს - განსაკუთრებით კარგად ვხედავ.
სახლი ნომერი თხუთმეტი რკინიგზის გასწვრივ ჩამწკრივებული სახლებისაგან არაფრით განსხვავდება.
ვიქტორიანული ეპოქის ეს სამსაძინებლიანი, ორსართულიანი სახლები გადმოჰყურებს
ვიწრო, კარგად მოვლილ ბაღებს. მათგან ღობემდე დაახლოებით ოცი ფუტია. ღობიდან რკინიგზამდე კი
რამდენიმე მეტრი მიწაა, რომელიც არავის ეკუთვნის. ეს სახლი ზეპირად ვიცი. ვიცი მისი ყოველი აგური,
მეორე სართულზე საძინებლის ფანჯარაზე ჩამოფარებული ფარდების ფერი (ბეჟი, მუქი ლურჯი ნახატით),
ვიცი, რომ სააბაზანოს ფანჯრის ჩარჩოს საღებავი აქერცლილი აქვს და რომ სახურავს მარჯვენა მხარეს ოთხი
კრამიტი აკლია. ვიცი, რომ ამ სახლის ბინადრები, ჯეისონი და ჯესი სამზარეულოს თავზე, აშკარად საკუთარი
ხელით გაკეთებულ ტერასაზე ზაფხულობით, როცა საღამოები თბილია, ფანჯრიდან ძვრებიან ხოლმე. ეს
არაჩვეულებრივი, სრულყოფილი წყვილია. კაცი მუქთმიანია, კარგი აღნაგობის, ძლიერი და ისეთი, რომელსაც
დაეყრდნობი . საუცხოო სიცილი აქვს. ქალი ჩიტივით პაწაწინაა, ძალიან ლამაზი, ღია ფერის კანითა და
მოკლედ გაკრეჭილი ქერა თმით. ძვლების სტრუქტურაც ზუსტად შესაბამისი უნდა ჰქონდეს. მკაფიოდ
გამოკვეთილ ყვრიმალებზე ჭორფლი ეტყობა, ტუჩები კი ლამაზად მოყვანილი აქვს.

როდესაც მატარებელი წითელ შუქზე ჩერდება, ყოველთვის მათ ვეძებ. ჯესი დილაობით თითქმის ყოველთვის
გარეთაა, განსაკუთრებით ზაფხულში, და ყავას სვამს. ზოგჯერ მას რომ ვხედავ, მეჩვენება, თითქოს ისიც
მიყურებს, სურვილიც კი მიჩნდება, რომ ხელი დავუქნიო. ალბათ, ზედმეტად თავდაჯერებული ვარ. ჯეისონს
ასე ხშირად ვერ ვხედავ ხოლმე. ეტყობა, სამსახურში ძალიან დაკავებულია. როდესაც იქ არ არიან, მაინც
მუდმივად იმაზე ვფიქრობ, რას შეიძლება აკეთებდნენ. იქნებ დასვენების დღე აქვთ და სანამ ჯეისონი საუზმეს
უმზადებს, ჯესი ლოგინში წევს. ან იქნებ დილის გარბენაზეა, ამას ხომ ჩვეულებრივ აკეთებენ (მე და ტომიც
დავრბოდით ხოლმე ერთად, კვირაობით. მე სიჩქარეს ცოტას ვუმატებდი, ის კი ანახევრებდა, რომ
გვერდიგვერდ გვერბინა). შესაძლოა, ჯესი ზევით, ცარიელ ოთახშია და ხატავს, ან იქნებ საშხაპეში არიან
ერთად. ჯესი ხელებით კაფელს ეყრდნობა, ჯეისონს კი ხელები მის თეძოებზე უწყვია.

საღამო
ფანჯრისაკენ შემობრუნებული და მგზავრებისაკენ ზურგშექცეული ვხსნი „შენენ ბლანის“ პატარა ბოთლს,
რომელიც იუსტონში ავარიული გაჩერებისას ვიყიდე. ცივი არ არის, მაგრამ არა უშავს, წავა. პლასტმასის ჭიქაში
ცოტას ვასხამ, სახურავს ისევ ვახურავ და ბოთლს ჩანთაში ვაბრუნებ. ორშაბათობით მატარებელში დალევა
ნაკლებად მისაღებია, თუ, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად არ სვამ, მე კი მარტო ვარ.
აქ ბევრი ნაცნობი სახეა, ადამიანები, რომლებსაც წინა და უკანა გზაზე ხშირად ვხედავ ხოლმე. მათ
ყოველთვის ვცნობ, ალბათ, ისინიც მცნობენ. თუმცა არ ვიცი, მხედავენ თუ არა ისეთს, როგორიც
სინამდვილეში ვარ.
შესანიშნავი საღამოა, თბილა, მაგრამ დახუთული არ არის. მზე დასავლეთისაკენ ზანტად ეშვება, ჩრდილები
გრძელდება და მზის შუქი ხეების ოქროსფრად შეფერადებას იწყებს. მატარებელი რწევით მიიწევს წინ. ჯესისა
და ჯეისონის სახლს სწრაფად ჩავუქროლეთ. მზის ჩასვლისას ყველაფერი ბუნდოვანი ჩანს. ზოგჯერ,
იშვიათად, გზის ამ მხრიდანაც შემიძლია წყვილის დანახვა. თუ შემხვედრი მატარებელი არ ჩამოგვეფარა და
თუ ჩვენც საკმაოდ ნელა მივდივართ, ტერასაზე მოვკრავ ხოლმე თვალს. როცა, ისე როგორც დღეს, თვალს ვერ
მოვკრავ, წარმოვიდგენ, რომ ჯესი ტერასაზე ზის, ფეხები მაგიდაზე აქვს შეწყობილი, ხელში კი ღვინიანი ჭიქა
უჭირავს. ჯეისონი უკან უდგას და ხელები მის მხრებზე უწყვია. ამ ხელების წონა, დამამშვიდებელი და დამცავი
ძალა საკუთარ მხრებზე შემიძლია წარმოვიდგინო. ზოგჯერ თავს ვიჭერ იმაზე, რომ ვცდილობ, გავიხსენო,
უკანასკნელად როდის მქონდა ვინმესთან ფიზიკური კონტაქტი, რომელსაც ჩემთვის რაიმე მნიშვნელობა
ჰქონდა. ბევრი კი არაფერი, უბრალო გადახვევა ან ხელის გულთბილი ჩამორთმევა. ასეთ დროს გული
მეწურება ხოლმე.

სამშაბათი, 9 ივლისი, 2013

დილა

ტანსაცმლის გროვა, წინა კვირას რომ დავინახე, ისევ იქ არის. ახლა უფრო ჭუჭყიანად და საცოდავად
გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. სადღაც წავიკითხე, რომ თუ მატარებელი დაგეჯახა, შეიძლება
ტანსაცმელი მთლიანად შემოგახიოს. მატარებლის ბორბლებქვეშ სიკვდილი არც ისე იშვიათია. როგორც
ამბობენ, წელიწადში ორასიდან სამას შემთხვევამდე ხდება. გამოდის, - ყოველ რამდენიმე დღეში ერთი. ის კი
არ ვიცი, რამდენია მათგან შემთხვევითი. ტანსაცმლის გროვასთან ნელა მივგორავთ და ყურადღებით
ვაკვირდები, სისხლის კვალი ხომ არ ატყვია, მაგრამ ვერაფერს ვხედავ.
მატარებელი, როგორც ჩვეულებრივ, წითელ შუქზე ჩერდება. ფრანგული კარის წინ, პატარა ეზოში, ჯესს
ვხედავ. კაშკაშა ფერის მოჩითული კაბა აცვია, ფეხშიშველია. უკან, სახლის კარისაკენ იყურება, ეტყობა,
ჯეისონს ელაპარაკება, რომელიც ამ დროს, ალბათ, საუზმეს ამზადებს. სანამ მატარებელი კუს ნაბიჯით
მიიწევს წინ, ჯესსა და მის სახლს თვალს არ ვაშორებ. სხვა დანარჩენების დანახვა არ მინდა. განსაკუთრებით
იმის, რომელიც ოთხი სახლის შემდეგაა და რომელიც ადრე ჩემი იყო.
ბლენიმ-როუდის ოცდასამ ნომერში ხუთი ბედნიერი და იმავე დროს უკიდურესად უბედური წელი გავატარე.
ახლა ამ სახლის დანახვაც არ მინდა. ჩემი პირველი სახლი იყო. არა მშობლების, არა სხვა სტუდენტებთან
ერთად ნაქირავები, არამედ ჩემი პირველი სახლი. ახლა მის დანახვას ვერ ვიტან. უფრო სწორად, ვიტან,
უბრალოდ ვცდილობ, არ დავინახო. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ არ შევხედავ და ყოველდღე
მაინც ვუყურებ. თავს ვერ ვიკავებ, თუმცა ვიცი, რომ იქ აღარაფერია, რისი დანახვაც მინდა, რომ ნებისმიერი
რამ, რასაც იქ დავინახავ, გულს მატკენს. კარგად მახსოვს, რა ვიგრძენი ერთხელ, როდესაც შევხედე და
დავინახე, რომ ზედა საძინებლის ფანჯარაზე კრემისფერი ტილოს ფარდების ნაცვლად ბავშვის ოთახისათვის
შესაფერისი რბილი, ვარდისფერი ფარდები ეკიდა. კარგად მახსოვს ტკივილი, რომელიც ვიგრძენი, როდესაც
დავინახე ანა, უზარმაზარ მუცელზე შემოტმასნილ მაისურში გამოწყობილი, როგორ რწყავდა ღობესთან
დარგულ ვარდის ბუჩქებს. მაშინ ტუჩზე ისე მაგრად ვიკბინე, რომ სისხლი წამომივიდა.
თვალებს მაგრად ვხუჭავ, ვითვლი ათამდე, თხუთმეტამდე, ოცამდე. მორჩა, მოგონებები გაქრა, ვეღარაფერს
ვხედავ. უითნის სადგურში შევდივართ, მერე გამოვდივართ. გარეუბნიდან გამურულ ჩრდილოეთ ლონდონს
რომ ვუახლოვდებით, მატარებელი სიჩქარეს კრეფს. ვხედავ ტერასებად განლაგებულ სახლებს, რომლებსაც
წარწერებიანი ხიდები და ფანჯრებჩამტვრეული მიტოვებული სახლები ცვლის. რაც უფრო ვუახლოვდებით
იუსტონს, მით უფრო მატულობს ღელვა, დაძაბულობა. როგორი დღე იქნება. იუსტონამდე დაახლოებით
ხუთასი მეტრი რომ რჩება, გზის მარჯვენა მხარეს ვხედავ ჭუჭყიან, დაბალ შენობას, რომელზეც ვიღაცას
სადგურისაკენ მიმართული ისარი დაუხატავს და იქვე მიუწერია: „მოგზაურობა მთავრდება“. რკინიგზის პირას
დაყრილი ტანსაცმლის გროვაზე ვფიქრობ და ვგრძნობ, როგორ მეკვრება სუნთქვა. ცხოვრება საგაზეთო
შენიშვნა არ არის, ხოლო სიკვდილი - მისი განმარტება.

საღამო

17:56-იანი მატარებელი, რომლითაც საღამოს ვმგზავრობ, დილისაზე კიდევ უფრო ნელია. მას ერთი საათი და
ერთი წუთი, სრული შვიდი წუთით მეტი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ დამატებით არც ერთ სადგურზე არ
ჩერდება. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან დილაობით ლონდონში ჩასვლა, ისევე
როგორც საღამოობით ეშბერიში დაბრუნება, სულაც არ მეჩქარება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეშბერია,
თუმცა საკმაოდ უხეირო ადგილი კია. ეს 60-იან წლებში აშენებული ახალი ქალაქი ბეკინგემშირის გულზე
სიმსივნესავითაა. სხვა ასეთივე ქალაქებზე არც უკეთესია და არც უარესი. ცენტრში კაფეები, მობილური
ტელეფონებისა და სპორტული საქონლის მაღაზიებია განლაგებული, რომელთა გარშემო ადგილობრივები
იკრიბებიან, უფრო უკან კი მულტიფლექსური კინოთეატრი და „ტესკოს“ მაღაზიაა. მე საკმაოდ კარგ და
ახალ კორპუსში ვცხოვრობ. ის იმ ადგილას დგას, სადაც ქალაქის კომერციული ნაწილი საცხოვრებელ
გარეუბანში გადადის, მაგრამ აქ თავს როგორც საკუთარ სახლში ვერ ვგრძნობ. ვიქტორიანული ეპოქის
სახლი, ჩემი სახლი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ვიყავი, რკინიგზის პირას დგას. ეშბერიში სახლის არც
მესაკუთრე და არც დამქირავებელი არა ვარ. ქესის ჩვეულებრივ, მაგრამ უსაფრთხო დუპლექსში, რომელიც
მისთვის ღირსებისა და სიამაყის საგანია, ერთი პატარა საძინებელი მიკავია.
ქესი და მე უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ. თუმცა, ძალიან ახლოს არასოდეს ვყოფილვართ. სწავლის
პირველ წელს ის მოპირდაპირე ოთახში ცხოვრობდა, კორიდორის მეორე მხარეს. ერთსა და იმავე კურსს
გავდიოდით და პირველ ხანებში, სანამ თითოეული ჩვენგანი იმ ხალხს გაიცნობდა, ვისთანაც მეტი საერთო
ჰქონდა, ერთმანეთთან ვურთიერთობდით. პირველი კურსის შემდეგ ერთმანეთს იშვიათად ვხვდებოდით,
კოლეჯის დამთავრების შემდეგ კი, თუ ვიღაცის ქორწილში შემთხვევით შეხვედრას არ ჩავთვლით,
საერთოდ აღარ მინახავს. მაგრამ, როდესაც დამჭირდა, აღმოჩნდა, რომ მას ერთი თავისუფალი ოთახი
ჰქონდა და ეს ძალიან გამომადგა. იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი-ორი, ყველაზე მეტი, ექვსი
თვე გავჩერდებოდი იქ და მეც სხვა აღარაფერი დამრჩენოდა. დამოუკიდებლად ცხოვრების არანაირი
გამოცდილება არ მქონდა, მშობლების სახლიდან პირდაპირ ტომთან ერთად გადავედი საცხოვრებლად,
ამიტომ მისი იდეა არაჩვეულებრივად მომეჩვენა და დავთანხმდი. ეს დაახლოებით ორი წლის წინ იყო.
აქ ცხოვრება აუტანელი სულაც არ არის. ქესი მშვენიერი ადამიანია, ოღონდ ცოტა შემაწუხებლად
მშვენიერი. იმის თქმა მინდა, რომ მუდმივად ამის აღნიშვნას მოითხოვს. მისი მშვენიერება თითქოს
განაჩენია შენთვის. მისთვის აუცილებელია, რომ ეს მისი დამახასიათებელი თვისება, ხშირად, თითქმის
ყოველდღე სხვამაც დაინახოს, რაც ცოტა დამღლელია. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა; უარესის
წარმოდგენაც შეიძლება. აარა, არც ქესი და არც ეშბერი არ არის ის, რაც ჩემს ახალ სიტუაციაში (უკვე ორი
წელი გავიდა და ისევ ახალს ვუწოდებ) ყველაზე მეტად მადარდებს. მთავარი კონტროლის დაკარგვაა.
ქესის ბინაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სტუმარი, რომელიც მასპინძელს სადაცაა თავს მოაბეზრებს. ეს
ხდება ხოლმე სამზარეულოში, სადაც ვახშმის მომზადებისას ერთმანეთს ფეხებში ვედებით ან როდესაც მის
გვერდით ტახტზე ვზივარ და მის კონტროლს ვგრძნობ. ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად ვარ,
ჩემი პაწაწინა საძინებელია. მასში ორადგილიანი საწოლი და საწერი მაგიდა ისეა შეტენილი, რომ მათ
შორის გავლაც კი ძნელია. საკმაოდ კომფორტულია ოთახია, მაგრამ მაინც არ არის ის ადგილი, სადაც
ადამიანს ყოფნა მოუნდება. ამიტომ, უხერხულობისა და სასოწარკვეთის გრძნობის მიუხედავად, მირჩევნია,
მისაღებ ოთახში ან სამზარეულოს მაგიდასთან ყოფნა გავაჭიანურო. კონტროლი ყველაფერზე დავკარგე,
საკუთარი გონების ზოგიერთ ნაწილზეც კი.
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2013
დილა

სიცხე მატულობს. ცხრის ნახევარიც კი არ არის და უკვე საშინლად დახუთულია, ტენიანობა ჰაერს კიდევ
უფრო ამძიმებს. წვიმას ვინატრებდი, მაგრამ ცა უჩვეულოდ სუფთა, მკრთალი და წყალწყალა
ცისფერია.ზედა ტუჩიდან ოფლს ვიწმენდ. კარგი იქნებოდა, ერთი ბოთლი წყლის ყიდვა გამხსენებოდა.
ამ დილით ჯეისონსა და ჯესს ვერ ვხედავ და იმედგაცრუების მძაფრი გრძნობა მეუფლება. ვიცი,
სისულელეა. სახლს ყურადღებით ვაკვირდები, მაგრამ იქ დასანახი არაფერია. პირველ სართულზე
ფარდები ჩამოფარებული არ არის, მაგრამ ფრანგული კარი დაკეტილია და შუშებზე მზის სხივები
ირეკლება. ზედა სართულზე ასაწევი ფანჯარაც დაკეტილია. ჯეისონი, ალბათ, სამსახურშია. ვფიქრობ, ის
ექიმია და რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. მუდმივად ტელეფონზე ლაპარაკობს,
ხოლო ჩალაგებული ჩანთა კარადის თავზე უდევს. მიწისძვრაა ირანში თუ ცუნამი სადმე, აზიაში,
ყველაფერს თავს ანებებს, იღებს თავის ჩანთას და სულ რამდენიმე საათში უკვე ჰითროუშია, რომ
ადამიანების გადასარჩენად გაფრინდეს.
ჯესი, ტანსაცმლის თამამი სიჭრელითა და სილამაზით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, მოდის ინდუსტრიაში
მუშაობს, ან იქნებ მუსიკის ან რეკლამის სფეროში. შეიძლება, სტილისტი ან ფოტოგრაფია. კარგი მხატვარიც
უნდა იყოს. მოკლედ, არტისტული მონაცემები აქვს. ახლა მეორე სართულის ცარიელ ოთახში ვხედავ.
მუსიკა ხმამაღლაა ჩართული, ფანჯარა ღია აქვს, ხელში ფუნჯი უჭირავს, კედელზე კი უზარმაზარი ტილოა
მიყუდებული. შუაღამემდე იქ იქნება. ჯეისონმა იცის, რომ მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
სინამდვილეში მას, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. ისიც არ ვიცი, ხატავს თუ არა. არც ის ვიცი, როგორი სიცილი
აქვს ჯეისონს ან მართლა ლამაზი ყვრიმალები აქვს თუ არა ჯესს. აქედან ვერც მის აღნაგობას ვხედავ და არც
ჯეისონის ხმა მესმის. ტერასაზე ერთად, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, არასოდეს მინახავს. როდესაც იქვე,
მეზობლად ვცხოვრობდი, ისინი ამ სახლში გადმოსულები ჯერ არ იყვნენ. აქ მას შემდეგ დასახლდნენ, რაც
ორი წლის წინ იქაურობა დავტოვე, ზუსტად არც ვიცი, როდის. პირველად დაახლოებით შარშან შევამჩნიე
და თანდათან, თვეების მანძილზე, ჩემთვის მათი ცხოვრება მნიშვნელოვანი გახდა.
არც მათი სახელები ვიცი, ამიტომ იძულებული ვიყავი, გამომეგონებინა. ჯეისონი იმიტომ, რომ ბრიტანელი
კინოვარსკვლავის ტიპის სილამაზე აქვს. დეპის ან პიტის კი არა, ფირსის ან ჯეისონ ისააკსის. ჯესი
უბრალოდ იმიტომ, რომ ჯეისონსაც უხდება და თავად მასაც. ეს სახელი, ისეთივე მშვენიერი და
უდარდელი, როგორიც თვითონ, ძალიან მოერგო. ერთმანეთსაც საოცრად უხდებიან. კარგი წყვილია.
დარწმუნებული ვარ, ბედნიერები არიან, ისეთივე ბედნიერები, როგორიც მე ვიყავი ადრე, როგორიც მე და
ტომი ვიყავით ხუთი წლის წინ. ისინი განასახიერებენ ყველაფერ იმას, რაც მე დავკარგე, რაც მინდა, რომ
ვიყო.

საღამო

პერანგი ძალიან ვიწრო მაქვს, ღილებს შორის ადგილებში მკერდზე იხსნება, იღლიებში ოფლის ლაქები
დაეტყო და წებოვან სისველეს ვგრძნობ. თვალები და ყელი მეფხანება. ამ საღამოს მოგზაურობის სურვილი
არა მაქვს. სახლში დაბრუნება მეჩქარება, რომ გავიხადო და შხაპი მივიღო, ისეთ ადგილას აღმოვჩნდე,
სადაც ვერავინ დამინახავს.
მოპირდაპირე სკამზე მჯდომ კაცს ვუყურებ. დაახლოებით ჩემი ასაკისაა - ოცდაათ წელს გადაცილებული,
მუქი თმა საფეთქლებთან შევერცხლილი აქვს, კანი კი - მოყვითალო. კოსტიუმი გაუხდია და გვერდით,
სკამზე უდევს.
მუხლებზე ქაღალდის ფურცელივით თხელი მაქბუქი გახსნილი უდევს. საკმაოდ ნელა ბეჭდავს. მარჯვენა
მაჯაზე დიდციფერბლატიანი ვერცხლის საათი უკეთია, ეტყობა, ძვირფასია, ალბათ, „ბრეითლინგი“. ლოყას
თითქოს შიგნიდან ღეჭავს. ალბათ, ნერვიულობს ან რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობს - მნიშვნელოვან
წერილს სწერს თავის კოლეგას ნიუ-იორკში ან მეგობარ გოგონასთან დასამშვიდობებელი მესიჯისათვის
სიტყვებს ფრთხილად არჩევს. უცებ თავს ზევით სწევს და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.
ყურადღებით მათვალიერებს და მერე გვერდზე იყურება. ტუჩებს უცნაურად აწყობს. მათზე თითქოს
სიძულვილი აისახა. ეტყობა, საზიზღრად ვეჩვენები.
ის გოგონა აღარა ვარ, ადრე რომ ვიყავი. სასურველს ვეღარავინ მიწოდებს. ალბათ, უსიამოვნოც გავხდი.
საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ გავსუქდი, არც ის, რომ სმისა და უძილობისგან სახე შეშუპებული მაქვს.
ნგრევის კვალი მთელ ჩემს გარეგნობაში იკითხება. ადამიანები ამას ჩემს სახეზე, ქცევაში, მოძრაობაში
ხედავენ.
ერთ ღამეს, წინა კვირას, წყლის დასალევად რომ გამოვედი, სასტუმრო ოთახიდან ქესისა და თავისი
მეგობარი ბიჭის, დემიენის საუბარი გავიგონე. ჰოლში ვიდექი და ვუსმენდი: „ძალიან მარტოა, - ამბობდა
ქესი, - მართლა ძალიან ვნერვიულობ მასზე, მაგრამ ვერაფრით ვეხმარები. შენთან სამსახურში ან რაგბის
გუნდში არავინ გეგულება, რომ...“ „რეიჩელისთვის? - ჰკითხა დემიენმა, - რას ამბობ, არა მგონია, ასეთ
თავზე ხელაღებულს ვიცნობდე ვინმეს“.

ხუთშაბათი, 11 ივლისი, 2013


დილა

ჩემს საჩვენებელ თითზე დაკრულ სალბუნს ვაწვალებ. სველია, ეტყობა, ყავის ფინჯანს რომ ვავლებდი,
მაშინ დასველდა; დილას სუფთა იყო, ახლა კი გაწებილი და ჭუჭყიანია. ჭრილობა ძალიან ღრმაა და ჯერ არ
მინდა, მოვიხსნა. რომ დავბრუნდი, ქესი შინ არ იყო, ამიტომ სასმელების მაღაზიაში წავედი და ორი
ბოთლი ღვინო ვიყიდე. ერთი დავლიე, მერე გადავწყვიტე, ქესის არყოფნით მესარგებლა და სტეიკი და
მწვანე სალათი წითელი ხახვის სოუსში მოვიმზადე. კარგი, ჯანსაღი საჭმელი გამომივიდა. თითიც სწორედ
ხახვის დაჭრისას გავიჭერი, სააბაზანოში უნდა შევსულიყავი, რომ დამებანა, მაგრამ ცოტა ხნით თვალის
მოსატყუებლად მივწექი. სამზარეულოს დალაგება სულ დამავიწყდა. დაახლოებით ათი საათი იქნებოდა,
რომ გამეღვიძა და გავიგონე, როგორ ეუბნებოდა დემიენი ქესის, სამზარეულოს ასეთ მდგომარეობაში
დატოვება საზიზღრობააო. ქესი ჩემს სანახავად ზევით ამოვიდა. ჯერ კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მერე
ოდნავ შემოაღო, თავი შემოყო და მკითხა, თავს როგორ გრძნობო. ბოდიში მოვუხადე, ოღონდ რისთვის,
აღარ მახსოვდა. მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა და მთხოვა, სამზარეულო ცოტა მიმელაგებინა. საჭრელ
დაფაზე სისხლის კვალი იყო, უმი ხორცის სუნი იდგა, გაშავებული სტეიკი კი ისევ კარადაზე იდო. დემიენი
არც კი მომსალმებია. ჩემს დანახვაზე მხოლოდ თავი გააქნია და ქესის საძინებელში ავიდა.
დასაძინებლად რომ წავიდნენ, მეორე ბოთლი ღვინო გამახსენდა და გავხსენი. ტახტზე დავჯექი და
ტელევიზორის ყურება დავიწყე. ხმა ძალიან დაწეული მქონდა, ქესისა და დემიენს რომ არ გაეგოთ. არ
მახსოვს, რას ვუყურებდი, მაგრამ რაღაც მომენტში მარტოობის, ბედნიერების თუ რაღაც სხვა გრძნობა
დამეუფლა. ყოველ შემთხვევაში, ვინმესთან დალაპარაკება მომინდა. ეს სურვილი ჩემზე ძლიერი
აღმოჩნდა, დარეკვა კი, ტომის გარდა, არავისთან შემეძლო.
მის გარდა, არც არავისთან მინდოდა ლაპარაკი. მობილურის ჩანაწერების მიხედვით, ოთხჯერ დამირეკავს:
11:02, 11:12, 11:54, 12: 09. ზარების ხანგრძლივობით თუ ვიმსჯელებთ, ორი მესიჯი დავუტოვე. შეიძლება
მიპასუხა კიდეც, მაგრამ მასთან ლაპარაკი სულ არ მახსოვს. პირველი მესიჯი კარგად მახსოვს. ვფიქრობ,
უბრალოდ ვთხოვე, დაერეკა. შეიძლება ორივე მესიჯში ამას ვეუბნებოდი. ეს არც ისე ცუდია.
მატარებელი ირყევა და ისევ წითელ შუქზე ჩერდება. ზევით ვიხედები. ჯესი თავის ტერასაზე ზის და ყავას
სვამს. ფეხები მაგიდაზე აქვს შეწყობილი და თავი - უკან გადაგდებული. მზეზე ირუჯება. მის უკან ვიღაცის
ჩრდილს ვხედავ, ვიღაც დადის, ჯეისონი. ძალიან მინდა დავინახო, თვალი მაინც მოვკრა მის ლამაზ სახეს.
მინდა გამოვიდეს, როგორც ჩვეულებრივ, ჯესის უკან დადგეს და თავზე აკოცოს.
არავინ გამოდის. ჯესი კი თავს ხრის. დღეს მისი მოძრაობა რაღაც უცნაურია, რაღაც განსხვავებული.
თითქოს დამძიმებულია, რაღაცით დამძიმებული. ნეტავ ჯეისონი გამოვიდეს მასთან. მატარებელი დაიძრა,
ის კი ისევ არ ჩანს. ჯესი მარტოა. უცებ საკუთარ თავს ვიჭერ იმაზე, რომ პირდაპირ ჩემს სახლს ვუყურებ და
თვალს ვერ ვაშორებ. ფრანგული კარი ბოლომდე ღიაა და სამზარეულოში მზის შუქი იღვრება.
დარწმუნებული არა ვარ, ნამდვილად არა ვარ, მართლა ვხედავ თუ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვაა.
მართლა ის დგას სამზარეულოში და ჭურჭელს რეცხავს? მართლა პატარა გოგონა ზის სამზარეულოს
მაგიდასთან, ბავშვის სკამში?
თვალებს ვხუჭავ, სიბნელე თანდათან მატულობს და ყველაფერს ფარავს. მერე სევდას რაღაც უარესი -
მოგონება, ხანმოკლე მკაფიო გამონათება ცვლის. ტომისთვის მხოლოდ დარეკვა არ მითხოვია, ახლა
ყველაფერი გამახსენდა. ვტიროდი, ვუთხარი, რომ ისევ მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. გთხოვ, ტომ,
გთხოვ, შენთან ლაპარაკი მინდა, მენატრები. არა, არა, არა, არა, არა, არა.
უნდა შევეგუო, არაფერს აზრი აღარა აქვს, ამას თავიდან ვეღარ მოვიშორებ. მთელი დღე საშინლად უნდა
ვიგრძნო თავი. ეს მოგონება მთელი დღე ტალღებად მოვა. ჯერ ძლიერ, მერე სუსტ, მერე ისევ ძლიერ
ტალღებად. სპაზმები მუცელში, სირცხვილის მტანჯველი გრძნობა, ალმური სახეზე, თვალების მთელი
ძალით დახუჭვა, თითქოს ეს მოგონებების გაქრობაში დამეხმარება. მთელი დღის მანძილზე უნდა
ვარწმუნო საკუთარი თავი, რომ უარესიც ხდება, უარესიც ხომ გამიკეთებია. ბოლოს და ბოლოს, ყველას
დასანახად ხომ არ დავცემულვარ, უცხოს ხომ არ დავტაკებივარ ქუჩაში ყვირილით. არც საკუთარი ქმარი
დამიმცირებია ზაფხულის პიკნიკის დროს მისი მეგობრის ცოლისათვის შეურაცხყოფის მიყენებით.
სამსაათიანი ლანჩის შემდეგ სამსახურში ყველას თვალწინ ისეთ მდგომარეობაში ხომ არ
დავბრუნებულვარ, რომ მარტინ მაილსს გვერდზე გავეყვანე და ერჩია, სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი.
ერთხელ ყოფილი ალკოჰოლიკი ქალის წიგნი წავიკითხე, სადაც აღწერს, როგორ ჰქონდა ორალური სექსი
ორ ახალგაცნობილ მამაკაცთან ლონდონის საქმიან კვარტალში, ჰაი-სთრითზე, რესტორანში. ეს რომ
წავიკითხე, გავიფიქრე, რომ ჩემი საქმე ჯერ ასე ცუდად არ არის. ეს უკვე ზღვარია.

საღამო

მთელი დღე ჯესზე ვფიქრობდი. დღეს დილით დანახული სცენა თავიდან არ ამომდიოდა. რა იყო ის, რამაც
მაფიქრებინა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. ასეთი მანძილიდან მის გამომეტყველებას ვერ გავარჩევდი,
მაგრამ რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ მარტო იყო. უბრალოდ მარტო კი არა, მარტოხელა. იქნებ ჯეისონი
რომელიმე ცხელ ქვეყანაშია და მუშაობს, რომ ადამიანები გადაარჩინოს, ჯესს კი ენატრება და ნერვიულობს,
თუმცა იცის, ის ვალდებული იყო, წასულიყო.
რა თქმა უნდა, ენატრება ზუსტად ისე, როგორც მე. ის ხომ კეთილი და ძლიერია. ყველა ის თვისება აქვს,
რაც ქმარს უნდა ჰქონდეს, თან ისინი ხომ პარტნიორებიც არიან. ამას აშკარად ვხედავ, ვიცი, როგორი
ურთიერთობა აქვთ. მისი სიძლიერე და დაცულობის შეგრძნება, რაც მის გვერდით იგრძნობა, სულაც არ
ნიშნავს, რომ ჯესი სუსტია. მისი ძალა სხვაგვარია. მისი ინტელექტი ჯეისონს ხშირად აღფრთოვანებისაგან
პირდაღებულს ტოვებს. ჯესს პრობლემის არსში წვდომისა და გაანალიზებისათვის ის დრო სჭირდება, რაც
სხვებს „დილა მშვიდობის“ სათქმელად არ ეყოფათ. წვეულებებზე ჯეისონს ხშირად მისი ხელი უჭირავს,
თუმცა წლებია, ერთად არიან. ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და არასდროს ღალატობენ.
ამ საღამოს ძალაგამოცლილი ვარ, ფხიზელი და ქვასავით ცივი. არის დღეები, როდესაც ისე ცუდად
ვგრძნობ თავს, რომ დალევა მჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ისე ცუდად ვარ, რომ დალევა არ შემიძლია. დღეს
ალკოჰოლზე გავიფიქრებ თუ არა, კუჭში რაღაც მიტრიალებს. მაგრამ საღამოს მატარებელში ფხიზლად
მგზავრობა მძიმეა, განსაკუთრებით, ისეთ სიცხეში, როგორიც დღესაა. ჩემი სხეულის ყოველ სანტიმეტრს
ოფლი აპკივით აკრავს გარს. პირში ჩხვლეტას ვგრძნობ, თვალები მექავება - ტუში კუთხეებში დამიგროვდა.
ჩანთაში ტელეფონი რეკავს და მაკრთობს. ჩემ პირდაპირ სკამზე ორი გოგონა ზის. ჯერ მე მიყურებენ
გაკვირვებულები და მერე ერთმანეთს, ეშმაკური ღიმილით. არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემზე, მაგრამ ვხვდები,
რომ კარგს არაფერს. ტელეფონს რომ ვიღებ, გული გამალებით მიცემს. ვიცი, აქაც კარგი არაფერი მელის.
ვხვდები, ქესი იქნება და თავაზიანად მთხოვს, იქნებ ამ საღამოს დავისვენო და არ დავლიო. ან შეიძლება
დედაჩემია და უნდა მითხრას, რომ მომავალ კვირას ლონდონში იქნება, ოფისში გამომივლის და ლანჩზე
ერთად წავალთ. ეკრანს ვუყურებ, ტომია. წამით ვყოყმანობ და მერე ვპასუხობ.
- რეიჩელ...
გაცნობიდან პირველი ხუთი წლის მანძილზე ჩემთვის ასე არ მოუმართავს. რეიჩი ვიყავი. ზოგჯერ შელისაც
მეძახდა, რადგან იცოდა, ამ სახელს ვერ ვიტანდი. ჩემი გაღიზიანებული სახის ყურება ართობდა.
ხითხითებდა, იცოდა, რომ არ შემეძლო, არ ავყოლოდი, როდესაც ასე იცინოდა.
- რეიჩელ, მე ვარ, - ხმა ტყვიასავით მძიმე აქვს, დაქანცული ჩანს.
- მომისმინე, ეს უნდა შეწყვიტო, გესმის?
არაფერს ვპასუხობ. მატარებელი სვლას ანელებს, სწორედ სახლის, ჩემი ყოფილი სახლის, პირდაპირ ვართ.
მინდა ვუთხრა: „გარეთ გამოდი, გაზონზე დადექი. მინდა დაგინახო-მეთქი“.
- გთხოვ, რეიჩელ, შეუძლებელია, მთელი ცხოვრება მირეკო. თავი ხელში აიყვანე.
ყელში თითქოს ბურთი მეჩხირება, რიყის ქვასავით მაგარი, გლუვი და ჯიუტი. არც ყლაპვა შემიძლია და
არც ლაპარაკი.
- რეიჩელ? მისმენ? ვიცი, საქმე კარგად არა გაქვს და ძალიან ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ
ვეღარაფრით დაგეხმარები. ეს გაუთავებელი ზარები კი ანას ძალიან ანერვიულებს, გესმის? შენი დახმარება
მეტი არაფრით შემიძლია. იქნებ ანონიმ ალკოჰოლიკებს მიაკითხო ან რაღაც სხვა გააკეთო. გთხოვ, რეიჩელ.
დღეს, სამსახურის შემდეგ, ანონიმი ალკოჰოლიკების შეხვედრაზე წადი.
საჩვენებელი თითიდან ჭუჭყიან სალბუნს ვიძრობ და მის ქვეშ ვარდისფერ დანაოჭებულ კანს დავყურებ.
გამხმარი სისხლი ფრჩხილის კიდეზეა მიმხმარი. მარჯვენა ცერის ფრჩხილით ჭრილობის შუა ნაწილს
ვაწვები და ვგრძნობ, როგორ იხსნება. ტკივილი ძლიერი და მძაფრია. სუნთქვას ვიკავებ. ჭრილობიდან ნელა
სისხლი იწყებს დენას. ჩემ პირდაპირ მჯდომი გოგონები ყურადღებით მიყურებენ, სახეები უტყვი აქვთ.

მეგანი
ერთი წლით ადრე
ოთხშაბათი, 16 მაისი, 2012
დილა

მატარებლის ხმა მესმის. მისი რიტმი ზეპირად ვიცი. ნორთქოთის სადგურიდან გამოსვლის შემდეგ
სიჩქარეს უმატებს, მოსახვევის გრუხუნით გავლის შემდეგ კი სვლას ისევ ანელებს, გრუხუნიდან გუგუნზე
გადადის. მერე ზოგჯერ, ჩემი სახლიდან რამდენიმე ასეული იარდის დაშორებით, წითელ შუქზე
მუხრუჭების ჭრიალით ჩერდება. მაგიდაზე ცივი ყავა დგას, მაგრამ ისე სასიამოვნოდ თბილად ვგრძნობ
თავს, რომ ახლის დასასხმელად ადგომა მეზარება.
ზოგჯერ არც კი ვუყურებ, როგორ ჩაივლის მატარებელი, უბრალოდ, ვუსმენ. დილაობით აქ რომ ვზივარ,
თვალები დახუჭული მაქვს, ქუთუთოები კი, მზისაგან - ნარინჯისფერი. თავი ნებისმიერ ადგილას
შემიძლია წარმოვიდგინო: ესპანეთის სამხრეთში, პლაჟზე, იტალიაში, ჩინკე-ტერეში. გარშემო ულამაზესი
ფერის სახლებია, მატარებელი კი ტურისტებს წინ და უკან დაატარებს. ჰოლკამში დაბრუნებაც შემიძლია,
სადაც ყურში მუდამ თოლიების ჭყივილი მესმის, პირში მლაშე გემო მაქვს, ნახევარი მილის მოშორებით კი
მატარებელი-მოჩვენება დაჟანგულ ლიანდაგზე მიჭრიალებს.
მატარებელი დღეს არ ჩერდება. ნელა განაგრძობს სვლას. მესმის, როგორ გადადის ბორბლები ისრის
გადასაყვან ადგილს და ვგრძნობ, როგორ ყანყალებს ამ დროს. აქედან მგზავრების სახეებს ვერ ვხედავ,
მაგრამ ვიცი, რომ იუსტონში მიიჩქარიან, რათა თავიანთ სამუშაო მაგიდებს მიუსხდნენ. მე კი უფრო
ეგზოტიკურ მოგზაურობებზე, თავაწყვეტილ თავგადასავლებზე ვოცნებობ. თავში მუდმივად ჰოლკამში
დაბრუნება მიტრიალებს. უცნაურია, რომ ამ მშვენიერ დილას ამაზე ისევ სიყვარულითა და სევდით
ვფიქრობ, მაგრამ ასეა. ქარი ბალახში, დიუნების თავზე გადაჭიმული მოლურჯო-მონაცრისფრო ცა;
სანთლებით, ჭუჭყითა და მუსიკით სავსე სახლი - თაგვებითა და უიღბლობით დასახლებული. ახლა ეს
ჩემთვის სიზმარია.
ვგრძნობ, რომ გულისცემა ამიჩქარდა.
კიბეზე მისი ფეხბურთის ბურთის ხმა მესმის, ჩემს სახელს იძახის:
- ყავა კიდევ გინდა, მეგს?
ჯადოქრობა ქრება, ვიღვიძებ.

საღამო

მსუბუქი ნიავი მაგრილებს, მარტინიში ჩამატებული არაყი კი მათბობს. ტერასაზე ვზივარ და სკოტის
დაბრუნებას ველოდები. მინდა დავითანხმო, რომ სადილად იტალიურ რესტორანში წამიყვანოს, ქინგლი-
როუდზე. საუკუნეა, არსად ვყოფილვართ.
დღეს ბევრი არაფერი გამიკეთებია. სენტ-მარტინში ქსოვილების შესწავლის კურსისათვის აპლიკაციები
უნდა გადამერჩია. დავიწყე კიდეც. ქვევით, სამზარეულოში ვმუშაობდი, როდესაც ქალის კივილი გავიგონე.
საშინელი ხმა იყო, მეგონა, ვიღაც მოკლეს. მაშინვე ბაღში გამოვედი, მაგრამ იქიდან არაფერი ჩანდა.
კივილი გრძელდებოდა, ვიღაც ისე საზარლად კიოდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. განწირული,
სასოწარკვეთილი ხმა იყო: „რას აკეთებ? რა გინდა, მომეცი, მომეცი, აქ მომეცი“. ყველაფერი ეს
დაუსრულებელი მომეჩვენა, თუმცა სინამდვილეში სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა.

ზევით ავირბინე, ტერასაზე გავძვერი და ხეებს შორის, რამდენიმე ბაღის იქით, ღობესთან ორი ქალი
დავინახე. ერთ-ერთი, ან შეიძლება ორივე, ტიროდა. იქვე პატარა ბავშვი მთელი ხმით ჩხაოდა.
ვიფიქრე, პოლიცია ხომ არ გამომეძახებინა, მაგრამ უცებ ხმაური შეწყდა. ქალმა, რომელიც მანამდე კიოდა,
ბავშვი ხელში აიყვანა და სახლისკენ გაიქცა. მეორე გარეთ დარჩა. მერე ისიც სახლისაკენ ბარბაცით გაიქცა,
დაეცა, ადგა და ბაღში წრეებზე სიარული დაიწყო. ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ღმერთმა უწყის, რა
ხდებოდა. ეს უკანასკნელი კვირის მანძილზე ჩემი ყველაზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილება იყო.
ახლა ჩემი დღეები ძალიან ცარიელია. აღარ მაქვს გალერეა, სადაც წასვლა შემეძლო. იქაურობა მართლა
მაკლია. მხატვრებთან საუბარი მენატრება. მენატრებიან დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დედიკოებიც კი,
რომლებიც შემოივლიდნენ ხოლმე, „სთარბაქსით“ ხელში სურათებს დაათვალიერებდნენ, რომ შემდეგ
მეგობრებისთვის ეთქვათ: „პატარა ჯესი ბევრად კარგად ხატავს, ვიდრე დაწყებით სკოლაში“.
ზოგჯერ ისე მინდება იმ ძველი ცხოვრებიდან ვინმე მოვძებნო, მაგრამ მერე ვფიქრობ, რაზე უნდა
ველაპარაკო დღეს? ალბათ, ვერც კი იცნობენ გარეუბნის მკვიდრ მეგანს, რომელიც გათხოვდა და
ბედნიერია. ყველა შემთხვევაში, უკან გახედვა დიდი რისკია ჩემთვის, კარგს არაფერს მომიტანს.
ზაფხულის დამთავრებას დაველოდები და სამსახურის ძებნას დავიწყებ. ზაფხულის გრძელი დღეების ასე
უსაქმოდ გატარების მრცხვენია, მაგრამ რაიმეს აუცილებლად ვიპოვი, აქ თუ არა, სადმე სხვაგან,
დარწმუნებული ვარ.

სამშაბათი, 14 აგვისტო, 2012


დილა

ტანსაცმლის კარადის წინ ვდგავარ და საკიდებზე დაკიდებულ ლამაზ ტანსაცმელს მეათასეჯერ


ვათვალიერებ. პატარა, მაგრამ წარმატებული გალერეის მენეჯერისათვის შესაფერისი გარდერობია.
არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძიძა ვარ. ღმერთო, ამ სიტყვის ხსენებაც კი გულს მირევს. ჯინსებსა და
მაისურს ვიცვამ, თმას უკან ვიკრავ. მაკიაჟზეც კი არ ვიწუხებ თავს. რა აზრი აქვს, იმისთვის გავლამაზდე,
რომ მთელი დღე ჩვილ ბავშვთან გავატარო?
საჩხუბრად მომზადებული ქვევით ჩავრბივარ. სკოტი სამზარეულოში ყავას ამზადებს. გაღიმებული
ტრიალდება ჩემკენ და ხასიათიც მაშინვე მისწორდება, გაბუტული გამომეტყველება ღიმილით მეცვლება.
ყავას მაწვდის და მკოცნის.
მის დადანაშაულებას აზრი არა აქვს, ეს ხომ ჩემი იდეა იყო. მე თვითონ გადავწყვიტე, რამდენიმე სახლს
იქით მცხოვრები ოჯახის ძიძა გავმხდარიყავი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ სახალისო იქნებოდა.
არანორმალური ვიყავი ალბათ, გიჟი, მოწყენილი და ცნობისმოყვარე. ეტყობა, მინდოდა, ყველაფერი
გამეგო. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც მათი ბაღიდან კივილი გავიგე. მაინტერესებდა, რა
ხდებოდა. ხომ ვერ ვკითხავდი? ასეთ რამეებს არ კითხულობენ.
სკოტმაც შემაგულიანა. სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო, ეს რომ ვუთხარი. ფიქრობს, რომ ბავშვის
გვერდზე ყოფნა უფრო დამყოლსა და მეოჯახეს გამხდის. სინამდვილეში ყველაფერი საწინააღმდეგოდ
მოხდა. სამუშაოს რომ ვამთავრებ, სახლისაკენ მოვრბივარ, ერთი სული მაქვს, ტანსაცმელს როდის გავიხდი
და სააბაზანოში შევალ, რომ ბავშვის სუნი ჩამოვიბანო.
გალერეაში გატარებული დღეები მენატრება. ლამაზი და მოწესრიგებული ვიყავი, თმაც წესრიგში მქონდა.
ზრდასრულ ადამიანებს ხელოვნებასა და კინოზე ვესაუბრებოდი, ან საერთოდ არაფერზე არ
ვლაპარაკობდი. არაფერზე ლაპარაკი კი ერთი საფეხურით მაღლაა, ვიდრე ჩემი და ანას ურთიერთობა.
ღმერთო, ისეთი მოსაწყენია. ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ერთ დროს, დიდი ხნის წინ, სათქმელი
ექნებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ბავშვის გარშემო ტრიალებს: საკმარისად თბილად აცვია თუ არა?
ზედმეტად თბილად ხომ არ აცვია? რამდენი რძე დალია? ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, ამიტომ თავს
სათადარიგო დეტალივით ვგრძნობ. ბავშვის მიხედვა მაშინ მევალება, როდესაც ანა ისვენებს, ოღონდ,
კონკრეტულად, რისგან? მაინც სულ საოცრად განერვიულებულია. მუდმივად ჩემ გვერდით ვგრძნობ,
აფორიაქებულსა და შეშფოთებულს. ყოველი მატარებლის გავლაზე ან ტელეფონის ზარზე შეხტება ხოლმე.
ხშირად მეუბნება: „ისინი ისეთი უმწეონი არიან, არა?“ რაშიც არ შემიძლია, არ დავეთანხმო.
სახლიდან ფეხით მივდივარ, ფეხები მიბზუის. მათ სახლამდე ბლენიმის გზით ორმოცდაათი იარდია.
ხტუნვა-ხტუნვით ნამდვილად არ მივდივარ. დღეს კარს მისი ქმარი მიღებს. ტომი სამსახურში
წასასვლელად არის გამოწყობილი. კოსტიუმში საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. რა თქმა უნდა, არა ისე,
როგორც სკოტი. უფრო დაბალი და ფერმკრთალია. კარგად თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ თვალები
ერთმანეთთან ძალიან ახლოს აქვს ჩამჯდარი, მაგრამ მაინც არა უშავს. ფართო, ტომ კრუზის მსგავსი
ღიმილით მხვდება, მერე კი მიდის და ვრჩებით მე, ანა და ბავშვი.

ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2012


ნაშუადღევი

სამსახურს თავს ვანებებ.


თავს ისე კარგად ვგრძნობ, რომ ყველაფერი შესაძლებლად მეჩვენება. თავისუფალი ვარ!
ტერასაზე ვზივარ და წვიმას ველოდები. ჩემ ზევით ცა შავია, მერცხლები წრეზე დაფრინავენ, ჰაერი
ტენიანი და მძიმეა. სკოტი დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდება და ყველაფერს ვეტყვი. ერთი-ორი
წუთით გაბრაზდება, მაგრამ მალე შემირიგდება. მთელი დღე სახლში ჯდომას არ ვაპირებ. ბევრი გეგმა
მაქვს. შემიძლია, ფოტოგრაფიის კურსი წავიყვანო ან სავაჭრო დახლი მოვაწყო და სამკაულები გავყიდო.
შემიძლია, საჭმელების მომზადება ვისწავლო.
სკოლაში ერთი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც ერთხელ მითხრა, რომ სხვადასხვა როლის მორგების
ოსტატი ვარ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ რაც დრო გადის, ეს იდეა უფრო და უფრო
მომწონს. სახლიდან გავიქეცი, მერე ვიყავი საყვარელი, ცოლი, ოფიციანტი, გალერეის მენეჯერი, ძიძა.
შუალედებში კი რამდენიმე სხვა როლიც მქონდა. ნეტავ ხვალ ვინ მინდა ვიყო?
სამსახურის მიტოვებას არ ვაპირებდი, ყველაფერი თითქოს უნებლიეთ მოხდა. სამზარეულოს მაგიდის
გარშემო ვისხედით, ანას ბავშვი კალთაში ეჯდა, ტომი რაღაცის ასაღებად დაიხარა - ისე, ისიც იქვე იყო და
ყავას სვამდა. ყველაფერი სასაცილოდ მომეჩვენა. ჩემს იქ ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მეტიც, თავს
უხერხულად ვგრძნობდი, თითქოს ორი ადამიანის ურთიერთობაში ვეჩხირებოდი.
- სხვა სამსახური ვიშოვე, - ვთქვი დაუფიქრებლად, - ამიტომ თქვენთან მუშაობას ვეღარ შევძლებ, - ანამ
შემომხედა, ეტყობოდა, რომ არ დამიჯერა.
- ო, რა სირცხვილია, - უბრალოდ თქვა მან და მივხვდი, რომ ამას არ გულისხმობდა. თითქოს
გამოცოცხლდა. ისიც არ უკითხავს, რა სამსახური ვიშოვე. კიდევ კარგი, თორემ დამაჯერებელი ტყუილი
მოფიქრებული არც კი მქონდა.
ტომი ოდნავ გაკვირვებული ჩანდა.
- დაგვაკლდებით, - თქვა მან. აშკარად ტყუოდა.
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გული დასწყდება, სკოტია. ამიტომ კარგად უნდა მოვიფიქრო, რა
ვუთხრა. იქნებ მოვატყუო, რომ ტომი სხვანაირად მიყურებდა. ეს ამ ისტორიის ყველაზე კარგი დასასრული
იქნება.

ხუთშაბათი, 20 სექტემბერი, 2012


დილა

შვიდს ცოტა გადაცილებულია. ახლა აქ ცოტა გრილა, მაგრამ ისეთი სილამაზეა: ერთმანეთის გვერდით
ჩამწკრივებული ბაღები, მწვანე, მაგრამ ცივი. ისინი თითქოს მზის სხივებს ელოდებიან, რომლებიც ნელ-
ნელა მიცოცავენ მათკენ და სადაცაა, გააცოცხლებენ. რამდენიმე საათია აქა ვარ, ვერ დავიძინე. ბოლო
დღეებია, არ მძინავს. ეს მდგომარეობა, უძილობა, მძულს: წევხარ თვალებგახელილი, ტვინი მუშაობს, წიკ,
წიკ, წიკ, წიკ და ყველაფერი მეფხანება. თავი მინდა გადავიპარსო.
გაქცევა მინდა. კაბრიოლეტით სამოგზაუროდ სანაპიროსკენ წასვლა, ნებისმიერი სანაპიროსკენ. პლაჟზე
სეირნობა მინდა. მე და ჩემი უფროსი ძმა მუდამ ამაზე ვოცნებობდით. ისეთი გეგმები გვქონდა მე და ბენს,
უფრო - ბენს. ისეთი მეოცნებე იყო. პარიზიდან კოტ დ’აჟურამდე მოტოციკლეტებით ვაპირებდით
მოგზაურობას, მერე წყნარი ოკეანის გასწვრივ, სიეტლიდან ლოს-ანჯელესამდე, მერე ჩე გევარას გზის
გამეორებას ბუენოს-აირესიდან კარაკასამდე. იქნებ ყველაფერი ეს რომ გამეკეთებინა, არ ვიჯდებოდი ახლა
აქ და არ ვიფიქრებდი, რა მეკეთებინა მომავალში; ან იქნებ ყველაფერი ეს რომ გამეკეთებინა, სწორედ აქ
ვიქნებოდი ახლა და თან ყველაფრით კმაყოფილი. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რადგან
ბენმა პარიზამდე ვერ ჩააღწია, პარიზი კი არა, კემბრიჯში ჩასვლაც ვერ მოასწრო, მე-10 მაგისტრალზე ისე
დაიღუპა. მისი თავის ქალა მისაბმელიანი სატვირთო მანქანის ბორბლებქვეშ დაიმსხვრა.
მუდმივად, ყოველდღე მენატრება. ვფიქრობ, არავინ სხვა ისე არ მაკლია, როგორც ის.
ჩემს ცხოვრებაში, სულში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. იქნებ ეს იყო ყველაფრის დასაწყისი. ისიც კი არ
ვიცი, ეს ყველაფერი მართლა ბენის გამო ხდება თუ იმის გამო, რაც მის შემდეგ იყო, რაც მისი წასვლის
შემდეგ ხდებოდა. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, წუთით მეჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება
მშვენიერია და სხვა არაფერი მჭირდება, მეორე წუთს კი ერთი სული მაქვს, როდის დავაღწევ თავს
აქაურობას. ამ სახლის ატანა აღარ შემიძლია, თითქოს სადღაც მივსრიალებ.
მოკლედ, ალბათ, თერაპევტს უნდა ვეჩვენო. ეს კი ჩემთვის თან წარმოუდგენელია და თან სასაცილო.
ყოველთვის ვფიქრობდი, რა სახალისო იქნებოდა, კათოლიკე რომ ვყოფილიყავი, აღსარებაზე წავსულიყავი
და გავთავისუფლებულიყავი. რომ მყოლოდა ვინმე, ვინც მეტყოდა, რომ მეპატია. ყველა ცოდვა რომ
ჩამომეშორებინა და სრულიად სუფთა დავრჩენილიყავი.
ეს სხვა რამეა, რა თქმა უნდა. ცოტას ვნერვიულობ, ბოლო ხანებში საერთოდ აღარ მძინავს და ჩემს საქმეზე
სკოტს მოუწია წასვლამ. ვუთხარი, რომ მიჭირს ამ საქმეზე იმ ადამიანებთან ლაპარაკი, რომლებსაც ვიცნობ,
მასაც კი ვერ ველაპარაკები ამაზე. მან კი მითხრა, საქმეც სწორედ ისაა, რომ ყველაფერი მხოლოდ უცნობებს
შემიძლია ვუთხრა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ყველაფერს ვერასოდეს იტყვი. საწყალი სკოტი, მან
ნახევარიც კი არ იცის. ისე ძალიან ვუყვარვარ, რომ ეს ტკივილსაც კი მაყენებს. როგორ ახერხებს ამას, ვერ
გამიგია. მე, მაგალითად, ჩემნაირი ადამიანი სიგიჟემდე მიმიყვანდა.
რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო, ამის გაცნობიერება კი თითქმის იგივეა, რაც მოქმედება. ყველა გეგმა,
რომლებიც მქონდა - ფოტოგრაფიის კურსები და კულინარიის გაკვეთილები - რომ გამახსენდება, უკვე
ცოტა უაზროდ მეჩვენება, თითქოს ეს ნამდვილი ცხოვრება კი არა, თამაშია. საქმე აუცილებლად უნდა
მოვძებნო, რაიმე ისეთი, რაზედაც უარს ვერ ვიტყვი. არ შემიძლია, უბრალოდ ცოლი ვიყო. ვერ გამიგია,
სხვები ამას როგორ აკეთებენ. საკეთებელი არაფერი გაქვს, უბრალოდ, უნდა იჯდე და ელოდო, როდის მოვა
სახლში ქმარი და ეყვარები, ან ეძებო რაღაც, რასაც გულს გადააყოლებ.

საღამო

კარგა ხანია ველოდები. შეხვედრა ნახევარი საათის წინ გვქონდა დანიშნული, მე კი ისევ მისაღებ ოთახში
ვზივარ, „ვოგს“ ვათვალიერებ და აქედან გაქცევაზე ვფიქრობ. ვიცი, ექიმთან რომ მიდიხარ, ლოდინი
გიწევს, მაგრამ ფსიქოთერაპევტთან? ალბათ, ფილმებში ნანახმა დამაჯერა, რომ როგორც კი სეანსის დრო,
ორმოცდაათი წუთი, ამოიწურება, ისინი მაშინვე გისტუმრებენ. ჰოლივუდში ფილმებს ეტყობა სხვა
თერაპევტებზე იღებენ და არა იმათზე, რომლებთანაც ჯანმრთელობის ნაციონალური სამსახურის
მეშვეობით ხვდებით. უკვე ვაპირებ, მიმღებში მივიდე და ვუთხრა, რომ ძალიან დიდი ხანია ველოდები.
უკვე წამოსვლას ვაპირებ, როდესაც ექიმის კაბინეტის კარი იღება, ძალიან მაღალი, ხმელი კაცი ისე
მიყურებს, თითქოს მიბოდიშებს და ხელს მიწვდის.
- მისის ჰიფველ, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ, - მეუბნება ის.
მე უბრალოდ ვუღიმი და ვეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა. მართლაც ვგრძნობ, რომ ყველაფერი წესრიგში
იქნება, რადგან სულ ერთი-ორი წუთია, ჩემ გვერდით დგას და უკვე სიმშვიდე დამეუფლა.
ალბათ, საქმე მის ხმაშია. დაბალი და რბილი ხმა აქვს, თითქმის შეუმჩნეველი აქცენტით ლაპარაკობს, რაც
მოსალოდნელი იყო, რადგან მისი სახელი და გვარი ქამალ აბდიკია. ვფიქრობ, ოცდაათს გადაცილებული
უნდა იყოს. თუმცა წარმოუდგენელი, მუქი თაფლისფერი სახის კანის გამო ძალიან ახალგაზრდად
გამოიყურება.
ხელები, მისი ხელები, გრძელი და დახვეწილი თითებით, საკუთარ სხეულზე თითქმის ფიზიკურად
ვიგრძენი.
მნიშვნელოვანზე არაფერზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ, გასაცნობი სეანსია. მეკითხება, რაშია ჩემი
პრობლემა, მე კი პანიკის შემოტევებისა და უძილობის შესახებ ვუყვები. ვეუბნები, რომ ღამე ვწევარ და
დაძინების მეშინია. ის მთხოვს, ამის შესახებ მეტი ვუამბო, მაგრამ მე მზად არა ვარ. მეკითხება,
ნარკოტიკებს ხომ არ ვიღებ, ხომ არ ვსვამ. ვპასუხობ, რომ ბოლო დღეების მანძილზე სხვა ცოდვებს
ჩავდიოდი. მის მზერას ვიჭერ და მაინტერესებს, თუ ხვდება, რას ვგულისხმობ. მერე ვგრძნობ, ამ საუბარს
ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგე და გალერეის დახურვის შესახებ ვუყვები. ვეუბნები, რომ თავს
დაკარგულად ვგრძნობ, რომ არანაირი მიმართულება არ გამაჩნია, რომ საკუთარ აზრებში ზედმეტად ბევრს
ვიქექები. ის ბევრს არ ლაპარაკობს, მხოლოდ აქა-იქ ჩაურთავს რეპლიკებს, თითქოს მკარნახობს, მე კი მისი
ხმის მოსმენა მინდა. დამშვიდობებისას ვეკითხები, საიდან არის.
- მეიდსთოუნიდან, კენტის საგრაფოდან, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ქორლიში გადმოვედი, - მეუბნება და
ვხვდები, იცის, რომ სხვა რამეს ვეკითხებოდი. მიღიმის და თითქოს მგელს ემსგავსება.
შინ დაბრუნებულს სკოტი მელოდება. სასმელს მაწვდის და მეკითხება, შეხვედრამ როგორ ჩაიარაო.
ვპასუხობ, ყველაფერი წესრიგშია-მეთქი. აინტერესებს, როგორია თერაპევტი, მომეწონა თუ არა,
კეთილგანწყობილი იყო თუ არა. ვპასუხობ, რომ ნორმალურია. არ მინდა, ზედმეტი ენთუზიაზმი შემეტყოს.
მეკითხება, ბენის შესახებ ვისაუბრეთ თუ არა. სკოტი ფიქრობს, რომ ყველაფრის მიზეზი ბენია. შეიძლება
მართალიც არის. იქნებ ის უკეთ მიცნობს, ვიდრე მე მგონია.

სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2012


დილა

ამ დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ რამდენიმე საათი ხომ მეძინა. ეს წინა კვირასთან შედარებით
ნამდვილად გაუმჯობესება იყო. ლოგინიდან რომ წამოვდექი, თავს გამოძინებულად ვგრძნობდი, ამიტომ,
ტერასაზე ჯდომის ნაცვლად, სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე.
საკუთარ თავში ისე ჩავიკეტე, რომ ვერც მივხვდი. სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ბოლო დღეებია,
დავდივარ: მაღაზიები, პილატესის გაკვეთილები, თერაპევტი და ძალიან იშვიათად - ტარა. დანარჩენ დროს
სახლში ვატარებ და რა გასაკვირია, რომ შფოთვის შეგრძნება გამიჩნდა.
სახლიდან გავდივარ, ვუხვევ მარჯვნივ, მერე - მარცხნივ, ქინგლი-როუდისაკენ, „როუზის“ გავლით
მივდივარ. ადრე ამ პაბში ხშირად დავდიოდით და აღარც მახსოვს, რატომ შევწყვიტეთ. იქაურობა
არასოდეს მომწონდა, დაახლოებით ორმოცი წლის წყვილების სიმრავლე იყო ყოველთვის. ძალიან ბევრს
სვამდნენ და რაიმე უკეთესის ძიებაში დაბორიალებდნენ. ალბათ, ეს არ მომწონდა და ამიტომ აღარ
დავდივართ აქ. პაბის, მაღაზიების გავლით მივდივარ. შორს წასვლა არ მინდა. პატარა წრეს დავარტყამ,
უბრალოდ, ფეხები რომ გავმართო. ასე ადრიანად, სანამ სკოლა დაიწყება, სანამ სამსახურში მიმავალი
ადამიანები გამოჩნდებიან, გარეთ ყოფნა სასიამოვნოა. ქუჩები ცარიელი და სუფთაა. დღეც თითქოს უამრავ
შესაძლებლობას გთავაზობს. ისევ მარცხნივ ვუხვევ, პატარა სათამაშო მოედნისაკენ მივდივარ. ეს მწვანე
საფრის გაჩეხის ერთადერთი, საცოდავი გამართლებაა. ახლა ცარიელია, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ
მოფუთფუთე, ახალფეხადგმული ბავშვებითა და დედიკოებით გაივსება. პილატესის კურსებიდან
გოგონების ნახევარი აქ იქნება. თავიდან ფეხებამდე „სვეთი ბეთის“ ტანსაცმელში გამოწყობილები,
„სთარბაქსის“ ჭიქებზე შემოჭდობილი თითების შეღებილი ფრჩხილებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
გზას პარკის გავლით განვაგრძობ და როზბერი-ავენიუსკენ მივდივარ. მარჯვნივ რომ გავუხვიო და ცოტა
ზევით ავიდე, ჩემს გალერეასთან აღმოვჩნდები, სადაც ახლა ცარიელი ვიტრინაღაა დარჩენილი. იქ მისვლა
არ მინდა, ჯერ კიდევ ტკივილს მაყენებს. როგორ ვცდილობდი, წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ამისათვის არასწორი ადგილი და არასწორი დრო იყო. ხელოვნებაზე მოთხოვნა ნაკლებია,
განსაკუთრებით, ამ ეკონომიკის პირობებში.
მარჯვნივ კი ვუხვევ, მაგრამ „ტესკო ექსპრესის“ გავლით მივდივარ და ამ გზით სახლში ვბრუნდები. უკვე
პეპლებს ვგრძნობ, ნერვიულობას ვიწყებ, მეშინია, უოთსონებს არ გადავეყარო. მათთან შეხვედრისას თავს
ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ. სრულიად აშკარაა, რომ ახალი სამსახური არ მიშოვია და მოვატყუე,
რადგან, უბრალოდ, მათთან მუშაობა აღარ მინდოდა.
უფრო სწორად, უხერხულობას მხოლოდ ანასთან შეხვედრისას ვგრძნობ. ტომი, უბრალოდ, არ მიმჩნევს. ანა
კი ყველაფერს მხოლოდ თავის თავზე იღებს. აშკარად ფიქრობს, ჩემი, როგორც ძიძის კარიერა ასე ხანმოკლე
რომ აღმოჩნდა, მისი ან მისი ბავშვის ბრალია. ბავშვი ნამდვილად არაფერ შუაშია. თუმცა მუდმივი
ზუზუნის გამო მისი შეყვარება არც ისე ადვილია. ყველაფერი ბევრად რთულად არის, მაგრამ ანას ხომ ვერ
ავუხსნი. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკუთარ თავში ჩავიკეტე, სწორედ ის არის, რომ
უოთსონებთან შეხვედრას ვუფრთხი. გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ აქედან გადავლენ. ვიცი, რომ ანას
აქაურობა არ მოსწონს: სახლი სძულს, ტომის ყოფილი ცოლის ნივთებს შორის ცხოვრებას ვერ იტანს და
მატარებლებიც ეზიზღება.
კუთხეში ვჩერდები და ბილიკისაკენ ვიჭყიტები. სიცივისა და სინესტის სუნის გამო ზურგზე ცივი ოფლი
მასხამს. ეს იგივეა, დიდი ლოდი გადააბრუნო, რომ დაინახო ის, რაც მის ქვეშ არის: ხავსი, ჭიაყელები და
მიწა. მახსენდება, ბავშვობაში მე და ბენი გუბეში ბაყაყებს როგორ ვეძებდით. გზა თავისუფალია, ტომი და
ანა არ ჩანან და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელსაც მუდმივად რაღაც დრამატული სჭირდება, ცოტათი
იმედგაცრუებულია.

საღამო

ეს-ესაა, სკოტმა დარეკა და მითხრა, რომ სამუშაოზე გვიანობამდე უწევს დარჩენა. ამის მოსმენა სულაც არ
მესიამოვნა. მთელი დღეა, გაღიზიანებული ვარ. ვერ ვმშვიდდები. მინდა სკოტი მალე დაბრუნდეს და
დამაწყნაროს, მაგრამ ეტყობა რამდენიმე საათი ლოდინი მომიწევს. ამ ხნის განმავლობაში კი ჩემმა ტვინმა
წრეზე უნდა იტრიალოს და ვიცი, რომ უძილო ღამე მელის.
არ შემიძლია უბრალოდ ვიჯდე აქ და მატარებლებს ვუყურო. ძალიან აფორიაქებული ვარ. გული ისე
მიცემს, როგორც ჩიტს, რომელიც გალიიდან თავის დაღწევას ცდილობს. ფლოსტებში ვყოფ ფეხებს, ქვევით
ჩავდივარ, კარს ვაღებ და ბლენიმ-როუდზე გავდივარ. დაახლოებით რვის ნახევარია. ქუჩაში რამდენიმე
ადამიანია, რომლებიც სამსახურიდან შინ დაგვიანებით ბრუნდებიან. გარშემო მეტი არავინაა, თუმცა უკანა
ეზოებიდან ბავშვების ყვირილი ისმის, სანამ სავახშმოდ დაუძახებენ, ზაფხულის მზის უკანასკნელი
წუთებით სარგებლობას ასწრებენ.
გზას ქვევით, სადგურისაკენ მივუყვები. ოცდამესამე ნომერ სახლთან წუთით ვჩერდები და ვფიქრობ, ზარი
ხომ არ დავრეკო. მერე რას ვეტყვი, შაქარი გამითავდა თუ უბრალოდ თქვენთან ჭორაობა მომენატრა-მეთქი.
სქელი ფარდები ნახევრად ღიაა, მაგრამ შიგნით ვერავის ვხედავ.
გზას განვაგრძობ, კუთხისაკენ მივდივარ, არაფერზე ვფიქრობ, რკინიგზის ქვეშ გასასვლელში ჩავდივარ.
ნახევარი გავლილი მაქვს, როდესაც ზევიდან მატარებელი გადადის. არაჩვეულებრივია, მიწისძვრას ჰგავს
და ამას მთელი სხეულით ვგრძნობ. სისხლი მეყინება, ქვევით ვიყურები და ვხედავ, რომ იატაკზე რაღაც
დევს. თითქოს თმის გროვაა, მოწითალო, გაჩეჩილი და გაცრეცილი. ალბათ, ვიღაც მირბოდა და დაუვარდა.
ვუყურებ და უცებ ტანში ჟრუანტელი მივლის. გაქცევა მინდება, ისევ მზეზე.
სახლში დაბრუნებისას გზაზე მანქანას ვხედავ, უკვე ზუსტად ჩემ გვერდზეა. ჩვენი თვალები ერთმანეთს
სულ წამით ხვდება და ის მიღიმის.

რეიჩელი
პარასკევი, 12 ივლისი, 2013
დილა

გამოფიტული ვარ, ძილისგან თავი გაბრუებული მაქვს. თითქმის არ მიძინია. სულ ერთი-ორი საათით
გავითიშე. გაღვიძების მერე შიშისა და საკუთარი თავისაგან გული მერევა. თუ დღის განმავლობაში არ დავლიე,
ღამე ისე ღრმად მძინავს, თითქოს უგონოდ ვიყო, დილას კი ბოლომდე ვერ ვიღვიძებ, თითქოს სხეულიდან
ძილს ვერ ვდევნი. საათების მანძილზე, ზოგჯერ კი მთელი დღე, ნახევრად მძინარე დავდივარ.

დღეს ვაგონში ჩემ გარდა სულ რამდენიმე კაცია. ახლოს არც ერთი არ ზის. არავინ მიყურებს, ამიტომ თვალებს
ვხუჭავ და თავს ფანჯარას ვაყრდნობ.

მუხრუჭების ღრჭიალი მაღვიძებს. წითელ შუქზე ვართ გაჩერებული. დილის ამ დროს და წლის ამ პერიოდში
მზე პირდაპირ რკინიგზის გასწვრივ სახლებს ანათებს და შუქით ავსებს. დილის მზის სითბოს თითქოს
საკუთარ თავზე, სახესა და მკლავებზე ვგრძნობ. სამზარეულოს მაგიდასთან ვზივარ, ტომი ჩემ პირდაპირ ზის.
შიშველი ფეხები მის ფეხებზე მიწყვია. ისინი ყოველთვის ჩემსაზე თბილია. გაზეთს ვკითხულობ. ვგრძნობ,
როგორ მიღიმის. სითბო სახიდან კისერში მეღვრება. ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც მის მზერას
ვგრძნობდი.

თვალებს მაგრად ვხუჭავ და ტომიც ქრება. ისევ წითელ შუქზე ვდგავართ. ბაღში ჯესს ვხედავ. მის უკან,
სახლიდან, კაცი გამოდის. ხელში რაღაც უჭირავს, ყავის ფინჯანი, ალბათ. ვუყურებ და ვხვდები, რომ ეს
ჯეისონი არ არის. უფრო მაღალი, თხელი და მუქია. ოჯახის მეგობარია? ჯესის ძმაა ან ჯეისონის? ჯესი მისკენ
მიდის, წელზე ხელებს ხვევს და კოცნის. ეს ხანგრძლივი და მხურვალე კოცნაა. მატარებელი დაიძრა.

საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ. ღრმად ვსუნთქავ, მერე ვხვდები, რომ ამდენ ხანს სუნთქვა შეკავებული
მქონდა. რატომ უნდა აკეთებდეს ამას, ჯეისონს ხომ უყვარს? კარგად ვხედავდი, როგორი ბედნიერები არიან.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოექცეოდა. ის ამას არ იმსახურებს. საშინლად გულგატეხილი ვარ. ასე
მგონია, მე მიღალატეს. მკერდი ნაცნობი ტკივილით მევსება. ასეთი რამ ადრეც მიგრძნია. რა თქმა უნდა,
უფრო დიდი მასშტაბისა და უფრო ინტენსიური, მაგრამ ტკივილის ხარისხი კარგად მახსოვს. ასეთი რამ
არასოდეს გავიწყდება.

ყველაფერი ისე აღმოვაჩინე, როგორც დღეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივ: ელექტრონული სლიპით.ზოგჯერ ეს
ტექსტი ან ხმოვანი მესიჯია. ჩემს შემთხვევაში იყო იმეილი - ქმრის საყელოზე დარჩენილი პომადის
თანამედროვე ვარიანტი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ტომის თვალთვალს სულაც არ ვაპირებდი. მის
კომპიუტერს, წესით, არც უნდა გავკარებოდი, რადგან ყოველთვის ნერვიულობდა, რომ შემეშლებოდა და
რაიმე მნიშვნელოვანს წავუშლიდი, ან იმას დავაჭერდი თითს, რისთვისაც არ უნდა დამეჭირა და ვირუს
„ტროიანს“ ან რაიმე მსგავსს შევუშვებდი კომპიუტერში.
- ტექნოლოგია შენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, არა, რეიჩ? - მითხრა მას შემდეგ, რაც შეცდომით მის
იმეილში ყველა კონტაქტი წავშალე. ამიტომ მის კომპიუტერს არც კი უნდა გავკარებოდი, მაგრამ იმ დღეს კარგ
საქმეს ვაკეთებდი, ყველა ჩემი წინა შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი და ერთად ცხოვრების მეოთხე
წლისთავზე პატარა მოგზაურობას ვგეგმავდი, რომელიც ძველ დროს გაგვახსენებდა. მინდოდა, ეს ტომისთვის
სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის მისი სამუშაო განრიგის ცოდნა მჭირდებოდა და კომპიუტერში
თვითონ უნდა მენახა.

არც ჯაშუშობას და არც მის გამოჭერას ნამდვილად არ ვაპირებდი. მართლა არ მინდოდა, იმ საშინელ ცოლებს
დავმსგავსებოდი, რომლებიც ქმრების ჯიბეებში იქექებიან. ერთხელ, როდესაც ტომი საშხაპეში იყო, მის
ტელეფონს ვუპასუხე და ძალიან გაბრაზდა, უნდობლობაში დამადანაშაულა. თავი საშინლად ვიგრძენი,
რადგან დავინახე, გული როგორ ვატკინე.

მისი განრიგი აუცილებლად უნდა მენახა. ერთ დღეს, როდესაც შეხვედრაზე აგვიანდებოდა, ნოუთბუქი
ჩართული დატოვა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. მის კალენდარს ჩავხედე და ზოგიერთი თარიღი
ამოვიწერე. როდესაც მისი კალენდრის ფანჯარა ჩავხურე, იმეილის ჩართული გვერდი გაიხსნა. სიის თავში
aboyd@cinnamon.com-ისგან მესიჯი იყო. გავხსენი და იქ XXXXX დამხვდა. მხოლოდ ეს იყო, X-ების მწკრივი, მეტი
არაფერი. თავიდან სპამი მეგონა, მერე კი მივხვდი, რომ კოცნები იყო. რამდენიმე საათით ადრე, დილის შვიდ
საათზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენს საერთო საწოლში მეძინა, ტომს მესიჯი ჰქონდა გაგზავნილი და ეს
კოცნები მასზე პასუხი იყო.

„გუშინ ღამე შენზე ფიქრში ჩამეძინა, მესიზმრებოდა, რომ შენს ტუჩებს, მკერდს, თეძოებს ვკოცნიდი. დილით
რომ გამეღვიძა, შენით ვიყავი სავსე. სასოწარკვეთილი ვიყავი, ისე მინდოდა შენი შეხება. ჩემგან ნორმალურ
საქციელს ნუ ელი, შენთან ეს არ გამომდის“.

აი, ეს წავიკითხე ტომის მესიჯში. ასეთი ათობით იყო ერთ ფოლდერში, რომელსაც „ადმინი“ ერქვა.
აღმოვაჩინე, რომ ანა ბოიდი ერქვა და ჩემს ქმარს ჰყვარებია. ხშირად სწერდა, რომ ადრე მსგავსი არაფერი
განუცდია, რომ ერთი სული აქვს, ერთად როდის იქნებიან და, რომ ამას მალე შეძლებენ.
სიტყვები არ მეყოფა, რომ გადმოვცე, რა ვიგრძენი მაშინ. ახლა კი, მატარებელში, გააფთრებული ვარ,
ფრჩხილები ხელისგულებში მერჭობა და თვალებს ცრემლები მწვავს. საშინელი სიბრაზის შემოტევა მაქვს.
თითქოს რაღაც წამართვეს. როგორ შეეძლო, როგორ შეეძლო ჯესს, ეს გაეკეთებინა?! რა დაემართა?! როგორი
ცხოვრება, როგორი ლამაზი ცხოვრება აქვთ. არასოდეს მესმოდა, როგორ აგდებულად უყურებენ და არაფრად
აგდებენ ადამიანები ზიანს, რომელსაც, გულს აყოლილები, საკუთარ ცხოვრებას აყენებენ. ვიღაცამ, არ
მახსოვს, ვინ, ერთხელ თქვა, რომ გულისთქმას აყოლა კარგი რამაა. ამის მთქმელი საკუთარ თავში
შეყვარებული ტიპია. ასეთი ეგოიზმი ყველაფერს ამარცხებს. სიძულვილი მავსებს. ახლა რომ ეს ქალი, ჯესი,
ჩემ წინ იდგეს, სახეში შევაფურთხებდი, თვალებს გამოვკაწრავდი.

საღამო

რკინიგზაზე რაღაც პრობლემაა. სთოუქისაკენ მიმავალი 17:56-იანი სწრაფი მატარებელი გააუქმეს და მისმა
მგზავრებმა ჩვენი გაავსეს. ვაგონში მხოლოდ ფეხზე დასადგომი ადგილიღაა დარჩენილი. საბედნიეროდ, მე
ვზივარ, მაგრამ გასასვლელში და არა ფანჯარასთან. უცხო ადამიანები მხარსა და მუხლზე მაწვებიან, ჩემს
სივრცეში იჭრებიან. იძულებული ვარ, მეც მივაწვე, წამოვდგე და ხელი ვკრა. სიცხე მთელი დღის
განმავლობაში მატულობდა, თითქოს მარყუჟში ვარ მომწყვდეული და ნიღბის შიგნით ვსუნთქავ. ყველა
ფანჯარა გააღეს და, მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი მიდის, ვაგონში, როგორც მეტალის ჩაკეტილ
ყუთში, უჰაერობაა, ფილტვებში ჟანგბადი აღარ ჩამდის და ცუდად ვხდები. დილით კაფეში მომხდარ სცენას
თავიდან ვერ ვიშორებ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ იქ ვარ და მათ გამომეტყველებას ვუყურებ.

ჯესს ვადანაშაულებ. ამ დილით მასსა და ჯეისონზე ფიქრი მტანჯავდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, რა გააკეთა,
როგორ იგრძნობდა თავს ჯეისონი და რა მოხდებოდა, როდესაც გაიგებდა, რომ მისი სამყარო, ისევე
როგორც ჩემი, ნაწილებად დაიშალა. გაოგნებული დავბოდიალებდი, ვერც კი ვხვდებოდი, სად მივდიოდი.
ასე უაზროდ შევბორიალდი კაფეში, რომელშიც, ჩვეულებრივ, „ჰანთინგდონ უითლიდან“ დადიან ხოლმე.
უკვე შესული ვიყავი, ისინი რომ დავინახე. უკან გამობრუნება გვიან იყო, რადგან ისინიც მიყურებდნენ.
თვალები გაუფართოვდათ. წამის სულ რაღაც მეათედი დასჭირდათ იმისათვის, რომ სახეზე ღიმილი
გამოეხატათ. მარტინ მაილსი საშასა და ჰარიეტთან ერთად, უხერხულობის ტრიუმვირატი. თავის
დაქნევით მიხმობენ და ხელს მიქნევენ.

- რეიჩელ! - თქვა მარტინმა, მკლავები გაშალა და მომეხვია. ამისათვის მზად არ ვიყავი და ხელები ჩემსა და
მათ სხეულებს შორის უხერხულად გამეჩხირა. საშამ და ჰარიეტმა საჰაერო კოცნა გამომიგზავნეს ფრთხილი
და შეეცადნენ, ზედმეტად არ მომახლოებოდნენ.

- აქ რას აკეთებ?

კარგა ხანი გათიშული ვიყავი. იატაკს ჩავშტერებოდი და ვგრძნობდი, როგორ ვწითლდებოდი. ამის
გაცნობიერება კი ყველაფერს კიდევ უარესს ხდიდა. ყალბად გავიცინე და ვთქვი:

- საქმიანი შეხვედრა მაქვს.

- ოჰ, - გაკვირვება ვერ დამალა მარტინმა, საშამ და ჰარიეტმა კი ღიმილით მკითხეს:


- ვისთან?

ვერც ერთი პიარის ფირმის სახელი ვერ გავიხსენე, ვერც ერთის. უბრალოდ ვიდექი, საჩვენებელი თითით
ქვედა ტუჩს ვაწვალებდი და თავს ვაქნევდი. ბოლოს მარტინმა თქვა:

- დიდი საიდუმლოა, არა? ზოგიერთი ფირმა ასე იქცევა. არაფრის თქმის უფლებას არ გაძლევენ, სანამ
კონტრაქტს ხელი არ მოეწერება და არ გაოფიციალურდება.

ყველაფერი ეს სისულელე იყო, მხოლოდ იმისთვის თქვა, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მაგრამ, რა
თქმა უნდა, ეს არავინ ჭამა, თუმცა ყველამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს დაიჯერეს და თავების ქნევას
მოჰყვნენ. ჰარიეტი და საშა ჩემ უკან კარს მიაშტერდნენ. თავს აშკარად უხერხულად გრძნობდნენ და
გამოსავალს ეძებდნენ.

- წავალ, ყავას შევუკვეთ, - ვთქვი მე, - არ მინდა, დამაგვიანდეს.

მარტინმა მკლავზე ხელი მომკიდა და მითხრა:

- შენი ნახვა ძალიან გამიხარდა, რეიჩელ, - მისი ჩემდამი სიბრალული თითქმის ხელშესახები იყო. ადრე,
ერთი თუ ორი წლის წინ, არც კი მიფიქრია, როგორი სირცხვილია, როდესაც ვიღაცას ეცოდები.

გეგმაში ჰოლბორნის ბიბლიოთეკაში ან თეობალდ-როუდზე წასვლა მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამას ვერ
გავუძლებდი და სანაცვლოდ რიჯენტ-პარკში შევედი. ძალიან შორს, ზოოპარკს იქით წავედი და ჭადრის
ჩრდილში დავჯექი. ვფიქრობდი ცარიელ საათებზე, რომლებიც წინ მქონდა და თავში ისევ და ისევ კაფეს
სცენას ვატრიალებდი. თვალწინ მედგა, როგორი გამომეტყველება ჰქონდა მარტინს დამშვიდობებისას.

ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, მობილურმა რომ დარეკა. ტომი იყო, სახლის ტელეფონით რეკავდა.
შევეცადე, წარმომედგინა, როგორ ზის ჩვენს მზიან სამზარეულოში და ლეფთოფზე მუშაობს, მაგრამ
სურათში მისი ახალი ცხოვრება იჭრებოდა და ყველაფერს აფუჭებდა. ის, მისი ცოლი, ალბათ, სადღაც იქვე
იყო, ჩაის ამზადებდა ან პატარა ქალიშვილს აჭმევდა, მისი ჩრდილი ტომს ეცემოდა. ზარი ხმოვან ფოსტაზე
გადავრთე, ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და შევეცადე, ყურადღება აღარ მიმექცია. მეტი არაფრის მოსმენა
აღარ მინდოდა, განსაკუთრებით, დღეს. ჯერ მხოლოდ დილის თერთმეტის ნახევარი იყო და დღე უკვე
საშინელი გამოდგა. სულ სამი წუთი გავძელი, სანამ ტელეფონს ისევ ამოვიღებდი და დავრეკავდი. საკუთარ
თავს სასტიკად მოვექეცი და მისი ხმის გაგონებისათვის გავიმეტე. ეს ხმა, რომელიც ადრე ყოველთვის
სიცილით მელაპარაკებოდა, ახლა მხოლოდ მტუქსავდა, მაჩუმებდა და მიბრალებდა, მაგრამ მან არ
მიპასუხა.

- რეიჩელ, ანა ვარ, - მაშინვე გავთიშე.

ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვწყნარდებოდი, მთელი ტანი მექავებოდა. ავდექი, თიჩფილდის ქუჩაზე პატარა
მაღაზიაში წავედი, ოთხი ჯინი და ტონიკი ვიყიდე თუნუქის ქილებში და პარკში ჩემს ადგილზე
დავბრუნდი. პირველი ქილა ძალიან სწრაფად გადავკარი და მეორე გავხსენი. ბილიკს ზურგი შევაქციე ისე,
რომ იქ მორბენალ ადამიანებს - დედიკოებს, რომლებიც ეტლებით ბავშვებს ასეირნებდნენ, და ტურისტებს -
ვერ ვხედავდი, ამიტომ, როგორც პატარა ბავშვს, შემეძლო, თავი დამერწმუნებინა, რომ ისინიც ვერ
მხედავდნენ. ხმოვანი ფოსტა ისევ ჩავრთე.
- რეიჩელ, ანა ვარ, - ხანგრძლივი პაუზა, - მინდა ტელეფონის ზარების შესახებ გელაპარაკო, - კიდევ ერთი
პაუზა. ჩემთან ლაპარაკისას აშკარად სხვა რაღაცითაც იყო დაკავებული, როგორც ამას საქმიანი ცოლები და
დედები აკეთებენ, მაგალითად, ალაგებენ ან სარეცხ მანქანაში თეთრეულს ყრიან.

- მისმინე, ვიცი, რომ რთული პერიოდი გაქვს, - ისე მეუბნება, თითქოს ჩემს ტკივილთან არანაირი კავშირი
არა აქვს.

- მაგრამ ყოველღამ ხომ არ უნდა გვირეკო, - წყვეტილად, გაღიზიანებულად ლაპარაკობს.

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ჩვენ გვაღვიძებ, მაგრამ ჩვენთან ერთად ევაც იღვიძებს, ეს კი
სრულიად მიუღებელია. ახლაც ძლივს მოვახერხეთ, რომ არ გაღვიძებოდა.

ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენი პატარა ოჯახი, ჩვენი პრობლემებითა და ჩვენი ყოველდღიურობით. დამპალი ძუკნა.
ნამდვილი გუგულია, თავის კვერცხებს ჩემს ბუდეში დებს. ყველაფერი წამართვა. ყველაფერი წამართვა,
ახლა კი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი გაუბედურება დისკომფორტს უქმნის.

მეორე ქილაც გამოვცალე და მესამე გავხსენი. ალკოჰოლმა ძარღვებში დამიარა, მაგრამ ნეტარების გრძნობა
სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მერე ცუდად გავხდი. ძალიან ვჩქარობ, ჩემთვისაც კი ზედმეტია. უნდა
შევანელო, თორემ რაღაც ცუდი მოხდება. რაღაც ისეთს გავაკეთებ, რასაც ვინანებ. დარეკვას ვაპირებ.
ვაპირებ, ვუთხრა, რომ ფეხებზე მკიდია თვითონაც, მისი ოჯახიც და ისიც, მისი პატარა შვილი დარჩენილი
ცხოვრების მანძილზე ღამით დაიძინებს თუ ვერა. აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ მისი ქმარი ჩემთანაც
იმავეს აკეთებდა, როდესაც ერთად ვიყავით. „ნუ ელი, რომ ნორმალური ვიქნები“, - ამას წერილში მწერდა
და სამუდამო სიყვარულს მეფიცებოდა. ეს მისი სიტყვებიც კი არ არის, ჰენრი მილერისაგან აქვს მოპარული.
ყველაფერი, რაც მას დღეს აქვს, მეორადია. მინდა ვიცოდე, როგორ იგრძნობს თავს, ამას რომ გაიგებს. მინდა
დავურეკო და ვკითხო, როგორია ჩემს სახლში, ჩემი ნაყიდი ავეჯით გაწყობილ სახლში, ცხოვრება.
როგორია იმ საწოლში წოლა, რომელშიაც მე და მისი ქმარი წლების მანძილზე ვიწექით, როგორია, როდესაც
თავის შვილს იმ მაგიდასთან აჭმევს, რომელზედაც ტომი მე მხმარობდა.

ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ იმ სახლში, ჩემს სახლში, დარჩენა გადაწყვიტეს. როდესაც ამის
შესახებ ტომმა პირველად მითხრა, ვერც კი დავიჯერე. ეს სახლი ძალიან მიყვარდა, მიუხედავად ადგილისა,
მისი ყიდვა სწორედ ჩემი მოთხოვნა იყო. ქვევით, რელსებთან ჩასვლა მომწონდა, მომწონდა, მატარებლები
რომ მიდი-მოდიოდნენ. ეს ხმა მსიამოვნებდა, ქალაქის შიგნით მოძრავი ექსპრესების წუილი კი არა,
ძველებური ბორბლების ხმა. ტომი მეუბნებოდა, რომ ეს სულ ასე არ იქნება. დროთა განმავლობაში
რკინიგზის ამ ხაზსაც განაახლებენ და სწრაფი მატარებლები ჩაგვივლიან წუილით, მაგრამ არ მჯეროდა,
რომ ეს ოდესმე მართლა მოხდებოდა. იქ უნდა დავრჩენილიყავი, ფული რომ მქონოდა, მისი წილი უნდა
გამომესყიდა. ეს ვერ გავაკეთე, მერე კი, როდესაც ერთმანეთს ვეყრებოდით, თვითონ შემომთავაზა წილის
გამოსყიდვა. თქვა, რომ თვითონ იქ დარჩებოდა, სანამ არ იპოვიდა მყიდველს, რომელიც კარგ ფასს
შესთავაზებდა. რა თქმა უნდა, ასეთი მყიდველი ვერ იპოვა და იქ ახალი ცოლი დაასახლა. მასაც ჩემსავით
შეუყვარდა ეს სახლი და დარჩენა გადაწყვიტეს. ჩემს სახლში თავს მშვენივრად გრძნობს, სულ არ აწუხებს,
რომ დადის იქ, სადაც მანამდე სხვა ქალი დადიოდა. ჩემზე, როგორც საფრთხეზე, აშკარად არ ფიქრობს.
მახსენდება ტედ ჰიუზი, რომელმაც ასია ვევილი მიიყვანა სახლში, რომელშიაც მანამდე სილვია პლატთან
ერთად ცხოვრობდა. მახსენდება, რომ ასია სილვიას ტანსაცმელს იცვამდა, თმას მისი ჯაგრისით
ივარცხნიდა. მინდა დავურეკო ანას და გავახსენო, რომ ასიამ, ისევე როგორც სილვიამ, სიცოცხლე გაზის
ღუმელში თავშერგულმა დაასრულა.
ეტყობა, დამეძინა. ჯინმა და მცხუნვარე მზემ იავნანასავით იმოქმედა. ელდანაკრავივით გამეღვიძა,
წამოვხტი და ხელჩანთის ძებნა დავიწყე. ის თავის ადგილზე დამხვდა. მთელ ტანზე ჩხვლეტას ვგრძნობდი.
თმაში, კისერზე, მკერდზე ჭიანჭველები დამსეოდა. ფეხზე წამოვხტი და ფრჩხილებით ჩამოყრა დავიწყე.
დაახლოებით ოცი იარდის მოშორებით ორი ბიჭი ბურთს თამაშობდა. გაჩერდნენ და მიყურებენ, თან
სიცილით იგუდებიან.

მატარებელი ჩერდება. თითქმის ჯესისა და ჯეისონის სახლის პირდაპირ ვდგავართ, მაგრამ უამრავი ხალხი
მეფარება და ვერაფერს ვხედავ. ნეტავ იქ არიან თუ არა, ჯეისონმა გაიგო ყველაფერი თუ არა? იქნებ უკვე
წავიდა კიდეც, ან იქნებ განაგრძობს ცხოვრებას, რომელიც, როგორც მალე აღმოაჩენს, ტყუილზე იყო
აგებული.

შაბათი, 13 ივლისი, 2013

დილა

საათის ნახვის გარეშეც ვიცი, რომ სადღაც შვიდ საათსა და ორმოცდახუთ წუთსა და რვა საათსა და
თხუთმეტ წუთს შორის უნდა იყოს. განათების, ფანჯრიდან შემოსული ქუჩის ხმაურისა და
მტვერსასრუტის ხმით ვხვდები ამას. ქესი ზუსტად ჩემი ოთახის კართან ასუფთავებს დერეფანს. ის ადრე
დგება და რაც უნდა ხდებოდეს, სახლს ყოველ შაბათს ალაგებს. არა აქვს მნიშვნელობა, დაბადების დღე აქვს
თუ ამაღლების დღესასწაულია, ქესი ყოველ შაბათს ადრე დგება, რომ სახლი დაალაგოს. ამბობს, რომ ეს
მისთვის კათარზისის ტოლფასია, რომ ეს უკეთესი სამუშაო კვირისათვის განაწყობს, რომ დალაგებისას
აერობიკითაც არის დაკავებული, ამიტომ სპორტულ დარბაზში წასვლა აღარ მოუწევს.

სიმართლე გითხრათ, ეს სულ არ მაწუხებს, დილაადრიან მტვერსასრუტის ხმას ვგულისხმობ, რადგან ამ


დროს ისედაც არ მძინავს. დილაობით ვერ ვიძინებ. ნაშუადღევამდე მშვიდად ჩათვლემაც კი არ შემიძლია.
უცებ ვიღვიძებ ხოლმე. არათანაბარი სუნთქვა, აჩქარებული გულისცემა, გამომშრალი პირი მაქვს და
მაშინვე ვხვდები, რომ მღვიძავს. რაც უფრო მეტად ვცდილობ, დავივიწყო ყველაფერი, მით ნაკლებად
გამომდის. ცხოვრება და დღის სინათლე ამის საშუალებას არ მაძლევს. ვწევარ, ქესის სწრაფ, ხალისიან
საქმიანობას ვუგდებ ყურს და რკინიგზის რელსებთან დაყრილი ტანსაცმლის გროვაზე ვფიქრობ. ვფიქრობ
ჯესზე, რომელიც დილის მზის სხივების ფონზე თავის საყვარელს კოცნის.

წინ დიდი, გაწელილი დღეა. მისი არც ერთი წუთი არაფრით შევსებული არ არის.

შემიძლია ბროდზე, ფერმერულ ბაზარში წავიდე, ირმის ხორცი და ღორის მუცლის ქონი ვიყიდო და
მთელი დღე საჭმლის მომზადებაში გავატარო;
შემიძლია ტახტზე ფინჯანი ჩაით ხელში ვიჯდე და ტელევიზორში საკვირაო სამზარეულოს ვუყურო;

შემიძლია სპორტულ დარბაზში წავიდე;

შემიძლია ჩემი სივი გადავწერო;


შემიძლია ქესის სახლიდან წასვლას დაველოდო, მაღაზიაში წავიდე და ორი ბოთლი „სოვინიონ-ბლანი“
ვიყიდო.

სხვა ცხოვრებაშიც დილაადრიან, 8:04-იანი მატარებელი რომ ჩაიგრუხუნებდა, ვიღვიძებდი; თვალებს


ვახელდი და ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების კაკუნს ვუსმენდი. მას ჩემ უკან ყოველთვის ვგრძნობდი,
მძინარეს, თბილსა და საიმედოს. მერე ის სამსახურისათვის ქაღალდების შესაგროვებლად მიდიოდა, მე კი
ერბოკვერცხს ვამზადებდი. მერე სამზარეულოში ვისხედით და ჩაის ვსვამდით. გვიანი ლანჩისათვის პაბში
მივდიოდით. საღამოს ტელევიზორის წინ ჩახუტებულები ვიძინებდით. მინდა წარმოვიდგინო, ალბათ,
მისი ცხოვრება ახლა სხვანაირია, აღარ აქვს შაბათის ნელი სექსი, ერბოკვერცხი. ყველაფერ ამის ნაცვლად
ცხოვრებაში სხვა სიხარულები აქვს. პატარა გოგონა წევს მასსა და მის ცოლს შორის და თავისთვის
ღუღუნებს. ახლა, ალბათ, ლაპარაკს სწავლობს: დედა, მამა, საიდუმლო ენა, რომელიც, მშობლების გარდა,
არავის ესმის.

ტკივილი მყარი და მძიმეა, ის ჩემს მკერდში ზის. არა, ქესის წასვლას ვერ დაველოდები.

საღამო

ჯეისონის ნახვას ვაპირებ.

მთელი დღე ჩემს საძინებელში გავატარე, ქესის წასვლას ველოდებოდი, რომ დამელია. არ წავიდა. მისაღებ
ოთახში მყარად და გაუნძრევლად იჯდა. საღამოსკენ შეზღუდვასა და მოწყენილობას ვეღარ
ვუმკლავდებოდი და ვუთხარი, რომ სასეირნოდ წასვლას ვაპირებდი. უითშიფში, ჰაი-სთრითზე მდებარე
უსახელო პაბში შევედი და სამი დიდი ჭიქა ღვინო დავლიე, მერე - ორი დიდი „ჯექ დენიელსი“, მერე
სადგურში წავედი, რამდენიმე ქილა ჯინ-ტონიკი ვიყიდე და მატარებელში ჩავჯექი.

ჯეისონის ნახვა მინდა. მასთან სტუმრად მისვლას არ ვაპირებ. სულაც არ მინდა, უბრალოდ მივიდე მის
სახლთან და კარზე დავაკაკუნო. არა, არაფერს მსგავსს, არაფერს გიჟურს არ ვაპირებ. მინდა, უბრალოდ,
სახლთან გავიარო ან მატარებლით ჩავუარო. სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, სახლში წასვლა კი
ძალიან არ მინდა. მხოლოდ ჯეისონის დანახვა მინდა, მათი დანახვა მინდა. ეს კარგი აზრი ნამდვილად არ
არის. ვიცი, რომ არ არის, მაგრამ ვის რას დაუშავებს? წავალ იუსტონში, ცოტას გავივლი და უკან
დავბრუნდები (მიყვარს მატარებლები, მერე, რა, რომ მიყვარს? რა მოხდა? მატარებლები არაჩვეულებრივია).

ადრე, როდესაც მე ჯერ კიდევ მე ვიყავი, ტომთან ერთად მატარებლით რომანტიკულ მოგზაურობაზე
ვოცნებობდი (ბერგენის ხაზზე - ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავისთვის და ცისფერი მატარებლით -
მისი მეორმოცე წლისთავისთვის).
ვჩერდებით, ახლა მათი სახლის წინ უნდა გავიაროთ.

ჯერ კიდევ სინათლეა, მაგრამ კარგად ვერ ვხედავ (თვალში მიორდება, ცალ თვალს ვხუჭავ. ასე უკეთესია).

აი, ისინიც. ჯეისონია? ტერასაზე დგანან, არა? ეს ჯეისონია? ჯესია?

უფრო ახლოს მინდა ყოფნა. ვერ ვხედავ. მათთან უფრო ახლოს მინდა ყოფნა.

იუსტონში აღარ წავალ. უითნიში ჩამოვალ ( ეს ცოტა სახიფათოა, ტომმა ან ანამ რომ დამინახონ?).

არა, უითნიში ჩამოვალ.


შემიძლია ქესის სახლიდან წასვლას დაველოდო, მაღაზიაში წავიდე და ორი ბოთლი „სოვინიონ-ბლანი“
ვიყიდო.

სხვა ცხოვრებაშიც დილაადრიან, 8:04-იანი მატარებელი რომ ჩაიგრუხუნებდა, ვიღვიძებდი; თვალებს


ვახელდი და ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების კაკუნს ვუსმენდი. მას ჩემ უკან ყოველთვის ვგრძნობდი,
მძინარეს, თბილსა და საიმედოს. მერე ის სამსახურისათვის ქაღალდების შესაგროვებლად მიდიოდა, მე კი
ერბოკვერცხს ვამზადებდი. მერე სამზარეულოში ვისხედით და ჩაის ვსვამდით. გვიანი ლანჩისათვის პაბში
მივდიოდით. საღამოს ტელევიზორის წინ ჩახუტებულები ვიძინებდით. მინდა წარმოვიდგინო, ალბათ,
მისი ცხოვრება ახლა სხვანაირია, აღარ აქვს შაბათის ნელი სექსი, ერბოკვერცხი. ყველაფერ ამის ნაცვლად
ცხოვრებაში სხვა სიხარულები აქვს. პატარა გოგონა წევს მასსა და მის ცოლს შორის და თავისთვის
ღუღუნებს. ახლა, ალბათ, ლაპარაკს სწავლობს: დედა, მამა, საიდუმლო ენა, რომელიც, მშობლების გარდა,
არავის ესმის.

ტკივილი მყარი და მძიმეა, ის ჩემს მკერდში ზის. არა, ქესის წასვლას ვერ დაველოდები.

საღამო

ჯეისონის ნახვას ვაპირებ.

მთელი დღე ჩემს საძინებელში გავატარე, ქესის წასვლას ველოდებოდი, რომ დამელია. არ წავიდა. მისაღებ
ოთახში მყარად და გაუნძრევლად იჯდა. საღამოსკენ შეზღუდვასა და მოწყენილობას ვეღარ
ვუმკლავდებოდი და ვუთხარი, რომ სასეირნოდ წასვლას ვაპირებდი. უითშიფში, ჰაი-სთრითზე მდებარე
უსახელო პაბში შევედი და სამი დიდი ჭიქა ღვინო დავლიე, მერე - ორი დიდი „ჯექ დენიელსი“, მერე
სადგურში წავედი, რამდენიმე ქილა ჯინ-ტონიკი ვიყიდე და მატარებელში ჩავჯექი.

ჯეისონის ნახვა მინდა. მასთან სტუმრად მისვლას არ ვაპირებ. სულაც არ მინდა, უბრალოდ მივიდე მის
სახლთან და კარზე დავაკაკუნო. არა, არაფერს მსგავსს, არაფერს გიჟურს არ ვაპირებ. მინდა, უბრალოდ,
სახლთან გავიარო ან მატარებლით ჩავუარო. სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, სახლში წასვლა კი
ძალიან არ მინდა. მხოლოდ ჯეისონის დანახვა მინდა, მათი დანახვა მინდა. ეს კარგი აზრი ნამდვილად არ
არის. ვიცი, რომ არ არის, მაგრამ ვის რას დაუშავებს? წავალ იუსტონში, ცოტას გავივლი და უკან
დავბრუნდები (მიყვარს მატარებლები, მერე, რა, რომ მიყვარს? რა მოხდა? მატარებლები არაჩვეულებრივია).

ადრე, როდესაც მე ჯერ კიდევ მე ვიყავი, ტომთან ერთად მატარებლით რომანტიკულ მოგზაურობაზე
ვოცნებობდი (ბერგენის ხაზზე - ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავისთვის და ცისფერი მატარებლით -
მისი მეორმოცე წლისთავისთვის).

ვჩერდებით, ახლა მათი სახლის წინ უნდა გავიაროთ.

ჯერ კიდევ სინათლეა, მაგრამ კარგად ვერ ვხედავ (თვალში მიორდება, ცალ თვალს ვხუჭავ. ასე უკეთესია).

აი, ისინიც. ჯეისონია? ტერასაზე დგანან, არა? ეს ჯეისონია? ჯესია?

უფრო ახლოს მინდა ყოფნა. ვერ ვხედავ. მათთან უფრო ახლოს მინდა ყოფნა.

იუსტონში აღარ წავალ. უითნიში ჩამოვალ ( ეს ცოტა სახიფათოა, ტომმა ან ანამ რომ დამინახონ?).

არა, უითნიში ჩამოვალ.


არც ეს არის კარგი აზრი.

ეს ძალიან ცუდი აზრია.

ვაგონში, მოპირდაპირე მხარეს კაცი ზის, ქვიშისფერი, მოწითალოში გარდამავალი თმა აქვს. მიღიმის.
მმინდა, რაღაც ვუთხრა, მაგრამ სიტყვები, სანამ თქმას მოვახერხებ, თითქოს ენიდან ორთქლდებიან,
ქრებიან. მათ გემოსაც კი ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, ტკბილია თუ მჟავე.

ვერ გავიგე, მიღიმის თუ დამცინის.

კვირა, 14 ივლისი, 2013


დილა

გული სადღაც ყელის დასაწყისში ხმამაღლა და უხერხულად მიცემს. პირი გამომშრალი მაქვს და ნერწყვის
გადაყლაპვა ტკივილს მაყენებს. სახეს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. ფარდები ჩამოშვებულია, მაგრამ ასეთი
სინათლეც კი თვალებს მტკენს. ხელები სახესთან მიმაქვს, თითებს ქუთუთოებზე ვიჭერ და ვცდილობ,
ტკივილი მოვიშორო. ფრჩხილები ჭუჭყიანი მაქვს.

რაღაც ხდება. წამით ვგრძნობ, თითქოს ვვარდები. თითქოს სხეულის ქვეშ საწოლი მეცლება. გუშინ ღამე
რაღაც მოხდა. ფილტვები უცებ ჰაერით მევსება და საწოლზე ვჯდები, ძალიან სწრაფად; გულს ბაგაბუგი
გააქვს, თავში პულსაციას ვგრძნობ.
ველოდები, რაღაც მოგონებას ველოდები. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება. ზოგჯერ მაშინვე თვალწინ
წარმომიდგება, ზოგჯერ კი საერთოდ არ მოდის.

რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. ჩხუბი იყო, ყვირილი, მუშტები? არ ვიცი. არ მახსოვს. პაბში წავედი,
მატარებელში ჩავჯექი, სადგურში ვიყავი, ქუჩაში ვიყავი, ბლენიმ-როუდი. ჰო, ბლენიმ-როუდზე ვიყავი.

უცებ რაღაც ტალღასავით მფარავს - შავი შიში.

რაღაც მოხდა, ვიცი, რომ მოხდა. არ შემიძლია, წარმოვიდგინო, რა, მაგრამ ვგრძნობ. პირი მტკივა, თითქოს
ლოყაზე შიგნიდან ვიკბინე. ენაზე სისხლის მეტალისებურ, მძაფრ გემოს ვგრძნობ. გული მერევა და თავბრუ
მესხმის. ხელებს თმაში ვიტარებ, თავის ქალას ვისინჯავ. ვკანკალებ. თავის მარჯვენა მხარეს
ბურთულასავით რაღაც მაქვს, მტკივნეული და რბილი. თმა სისხლით მაქვს გაჟღენთილი.

წავბორძიკდი, გამახსენდა. უითნის სადგურის კიბეზე თავი დავარტყი? მატარებელში რომ ვიყავი, მახსოვს,
მაგრამ მერე შავი მორევია, სიცარიელე. ღრმად ვსუნთქავ, ვცდილობ, გულისცემა შევინელო, მკერდში
პანიკის მზარდი გრძნობა დავძლიო. ვფიქრობ, რას ვაკეთებდი. პაბში წავედი, მატარებელში ჩავჯექი. იქ
კაცი იყო, ახლა გამახსენდა, მოწითალო თმა. მიღიმოდა. მგონი, დამელაპარაკა კიდეც, მაგრამ, რა მითხრა,
არ მახსოვს. კიდევ რაღაც იყო, რაღაც მასთან დაკავშირებული, მაგრამ ვერ ვიხსენებ, წყვდიადში ვერ
ვპოულობ.

შეშინებული ვარ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რისი მეშინია, ეს კი შიშს ამძაფრებს. ისიც კი არ ვიცი, არის თუ
არა რაიმე, რისიც უნდა მეშინოდეს. ოთახს ვავლებ თვალს. ტელეფონი საწოლის გვერდით, სასთუმლის
მაგიდაზე არ არის. ჩანთა იატაკზე არ დევს, არც სკამის ზურგზე კიდია, სადაც, ჩვეულებრივ, ვტოვებ
ხოლმე. ნამდვილად უნდა მქონდეს, სახლში ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი გასაღები თან მქონდა.

საწოლიდან ვდგები, შიშველი ვარ. საკუთარ თავს ტანსაცმლის კარადის დიდ სარკეში ვხედავ. ხელები
მიკანკალებს, ტუში ყვრიმალებზე მაქვს გადღაბნილი და ქვედა ტუჩი - გაჭრილი. ბარძაყებზე
სისხლჩაქცევებს ვხედავ, ცუდად ვარ. ისევ საწოლზე ვჯდები, თავს მუხლებში ვრგავ და ველოდები, როდის
გადამივლის გულისრევის ტალღა. ფეხზე ვდგები, ხალათს ვიცვამ და ოთახის კარს ჭრიალით ვაღებ. ბინაში
სიწყნარეა. რაღაც მიზეზის გამო დარწმუნებული ვარ, რომ ქესი აქ არ არის. გამაფრთხილა, რომ დემიენთან
დარჩებოდა? რაღაც მახსოვს, რომ ასე იყო, მაგრამ არ მახსოვს, როდის. სანამ წავიდოდი? თუ მოგვიანებით
ველაპარაკე? დერეფანში რაც შეიძლება ჩუმად გამოვდივარ. ვხედავ, რომ ქესის საძინებლის კარი ღიაა.
ოთახში ვიხედები. ლოგინი გასწორებულია. შესაძლებელია, ადრე ადგა და გაასწორა, მაგრამ მაინც
ვფიქრობ, გუშინდელი ღამე სახლში არ გაუთევია, რაც ძალიან მამშვიდებს. ესე იგი, არ დაუნახავს და არ
გაუგონია, როგორ მოვედი და არ იცის, რა დღეში ვიყავი. ამას, ალბათ, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს,
მაგრამ აქვს: სირცხვილი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ვგრძნობ, პროპორციულია არ მხოლოდ
სიტუაციის სიმძიმისა, არამედ იმ ადამიანების სიმრავლისა, რომლებმაც ასეთ მდგომარეობაში მნახეს.

კიბის თავზე ისევ თავბრუ მესხმის და მოაჯირს მაგრად ვეჭიდები. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია
(ღვიძლის საბოლოოდ დაშლისა და მუცელში სისხლდენის შემდეგ), რომ კიბეზე დავგორდები და კისერს
მოვიტეხ. ამაზე ფიქრისგან ისევ ცუდად ვხდები. დაწოლა მინდა, მაგრამ ჩანთა უნდა ვიპოვო, ტელეფონი
შევამოწმო. იმაში მაინც უნდა დავრწმუნდე, რომ საკრედიტო ბარათები არ დამიკარგავს. ისიც უნდა
ვიცოდე, ვის დავურეკე და როდის. ჩანთა დერეფანში, შემოსასვლელ კართან გდია, მის გვერდით ჩემი
ჯინსი და საცვლები ერთმანეთში აბურდული ყრია, კიბის ძირიდან შარდის სუნი მცემს. ჩანთას ვიღებ, რომ
ტელეფონი ვიპოვო, იქ არის, მადლობა ღმერთს, დაჭმუჭნილ ოცგირვანქიანებსა და სისხლისლაქებიან
„კლინექსის“ საფენებთან ერთად. გულისრევის გრძნობა ბრუნდება, ამჯერად, უფრო ძლიერი. ყელში
ნაღველს ვგრძნობ და გავრბივარ, მაგრამ სააბაზანომდე ვერ ვაღწევ, კიბის შუაში, ხალიჩაზე ვარწყევ.

უნდა დავწვე, თუ არ დავწექი, გავითიშები, დავეცემი. იმას მერე გავასუფთავებ. ზევით რომ ავდივარ,
ტელეფონს ქსელში ვრთავ და ვწვები. ფეხებს ზევით ვწევ, ნელა, ფრთხილად, რომ დავათვალიერო.
მუხლებს ზევით სისხლჩაქცევები მაქვს, რაც სიმთვრალის დროს ტიპურია. ასეთი ჩაქცევები მაშინ ჩნდება,
როდესაც რაღაცებს ეჯახები. მკლავებზე უფრო სერიოზული კვალი მეტყობა, მუქი ანაბეჭდები, ეტყობა,
თითებისგან. ეს არც ისეთი დიდი უბედურებაა, ადრეც მქონია, როდესაც დავცემულვარ და ვიღაც
ადგომაში დამხმარებია. ჭრილობა თავზე ძალიან მტკივა, მაგრამ ეს შეიძლება სრულიად უბრალო რამეს
გამოეწვია, მაგალითად, მანქანაში მოუხერხებლად ჩაჯდომას. სახლში, ალბათ, ტაქსით მოვედი.

ტელეფონს ვიღებ. ორი მესიჯია. ერთი ქესისგან ხუთი საათისათვის არის გამოგზავნილი. მეკითხება, სად
დავიკარგე და მაფრთხილებს, რომ ღამე დემიენთან დარჩება და ხვალ შევხვდებით. იმედი აქვს, რომ მარტო
არ ვსვამ. მეორე მესიჯი თერთმეტის თხუთმეტ წუთზე - ტომისგან. მისი ხმის გაგონებისას შიშისგან
ტელეფონი ხელიდან მივარდება, ყვირის.

- ღმერთო, რეიჩელ, რა ჯანდაბა გჭირს? ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი! თითქმის ერთი საათის
განმავლობაში მანქანით დავდიოდი და გეძებდი. ანა ძალიან შეაშინე. გესმის? იფიქრა, რომ შენ...
აპირებდი…... ეგონა, რომ... ძლივს დავარწმუნე, პოლიციაში არ დაერეკა. თავი დაგვანებე! შეწყვიტე რეკვა,
ჩვენს სახლთან ნუღარ დაბოდიალებ, უბრალოდ, თავი დაგვანებე! შენთან ლაპარაკი არ მინდა, გესმის ჩემი?!
შენთან ლაპარაკი აღარ მინდა! შენი დანახვა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემს ოჯახს გაეკარო! შეგიძლია
საკუთარი ცხოვრება დაანგრიო, თუ ასე გინდა, მაგრამ ჩემსას თავი დაანებე! მეტს აღარ მოვითმენ! შენს
დაცვას აღარ ვაპირებ, გესმის?! უბრალოდ, თავი დაგვანებე!

წარმოდგენა არა მაქვს, რა გავაკეთე. რა ვქენი? ხუთი საათიდან თერთმეტის თხუთმეტ წუთამდე რას
ვაკეთებდი? რატომ მეძებდა ტომი? ანას რა გავუკეთე? ბუმბულის საბანი თავზე წავიხურე. თვალები
მაგრად დავხუჭე. წარმოვიდგინე, როგორ მივდივარ სახლისკენ მათი და მეზობლის ბაღებს შორის პატარა
ბილიკით, ღობეზე ვძვრები. როგორი სრიალით იღება შუშის კარი, ქურდულად ვიპარები სამზარეულოში.
ანა მაგიდასთან ზის. უკნიდან ვეპარები, ხელს გრძელ ქერა თმაში ვავლებ და უკან ვქაჩავ, მერე იატაკზე
ვაგდებ და თავს ცივ, ცისფერ ფილებზე ვარტყმევინებ.

საღამო

ვიღაც ყვირის. ჩემი საძინებლის ფანჯრიდან შემოსული შუქის მიხედვით ვხვდები, რომ დიდხანს მეძინა,
ალბათ, უკვე შუადღეს კარგად გადაცილებული ან ადრე საღამოა. თავი მტკივა. ბალიშზე სისხლია. მესმის,
როგორ კივის ვიღაც ქვევით.

- არ მჯერა! ღვთის გულისათვის! რეიჩელ! რეიჩელ!

დამეძინა, ოჰ, ღმერთო ჩემო, და კიბეზე ნარწყევი არ გამიწმენდია. მერე ჩემი ტანსაცმელი ჰოლში. ოჰ,
ღმერთო, ოჰ, ღმერთო! სპორტულ შარვალსა და მაისურს ვიცვამ. კარს რომ ვაღებ, ქესი ჩემი საძინებლის
კართან მხვდება. ჩემი დანახვით მაგარი შეშინებული ჩანს.
- ღმერთო, რა დაგემართა? - მეკითხება, მაგრამ მერე, უცებ, ხელის აწევით მაჩერებს და მეუბნება:

- თუმცა, რეიჩელ, მაპატიე, მაგრამ არც კი მინდა ვიცოდე. საკუთარ სახლში ამის ატანა აღარ შემიძლია. არ
მინდა... - აღარ აგრძელებს და ქვევით, კიბისკენ იყურება.

- მაპატიე, - ვამბობ, - მართლა ავად გავხდი, ამის აწმენდას კი ვაპირებდი...

- ავად კი არა, მთვრალი იყავი, არა? გალეწილი მთვრალი. მაპატიე, რეიჩელ, მაგრამ ამის ატანა აღარ
შემიძლია, ასე ცხოვრება შეუძლებელია. შენ უნდა წახვიდე. გესმის? ოთხ კვირას გაძლევ, რომ სხვა
საცხოვრებელი იშოვო, მაგრამ მერე უნდა წახვიდე, - ტრიალდება და თავისი საძინებლისკენ მიდის.

- ღვთის გულისათვის, ეს საშინელება გაწმინდე.

საძინებლის კარს მაგრად აჯახუნებს.

კიბის გარეცხვის შემდეგ ჩემს ოთახში ვბრუნდები. ქესის ოთახის კარი ისევ დაკეტილია, მაგრამ მისი
მრისხანება კარშიც კი აღწევს. ვერ ვადანაშაულებ. მეც გავმწარდებოდი, სახლში დაბრუნებულს კართან
შარდით გაჟღენთილი ქალის საცვალი და კიბეზე ნარწყევი რომ დამხვედროდა. საწოლზე ვჯდები,
ლეფთოფს ვხსნი, იმეილში შევდივარ და დედაჩემისთვის წერილის მიწერას ვიწყებ. ვფიქრობ, ამის დრო,
ბოლოს და ბოლოს, დადგა. დახმარება უნდა ვთხოვო. სახლში რომ დავბრუნებულიყავი, ასე არ
ჩავეშვებოდი, არ შევიცვლებოდი, უკეთ გავხდებოდი. თუმცა სიტყვების მოძებნა მიჭირს, არ ვიცი, როგორ
ავუხსნა ყველაფერი ეს. წარმოვიდგინე, რა აესახება სახეზე, როდესაც დახმარების მუდარას წაიკითხავს -
მწარე იმედგაცრუება და უკმაყოფილება. მესმის კიდეც, როგორ ამოიოხრებს.

ტელეფონი მისიგნალებს. მასზე რამდენიმე საათის წინ მოსული მესიჯი ინთება. ისევ ტომია. არ მინდა,
მოვისმინო, რაც უნდა მითხრას, მაგრამ სხვა გზა არ არის, მისი იგნორირება არ გამოვა. გული აჩქარებულად
მიცემს, ხმოვან ფოსტაზე ვრთავ და ყველაზე უარესისთვის ვემზადები

- რეიჩელ, დამირეკე! - ისეთი გაბრაზებული აღარ ჩანს და ჩემი გულისცემაც ნელ-ნელა ნორმალური ხდება.

- მინდა დავრწმუნდე, რომ... რომ სახლში მშვიდობით მიხვედი. წუხელ ისეთ მდგომარეობაში იყავი.

ხანგრძლივი, გულწრფელი ამოოხვრა.

- მისმინე, ძალიან ვწუხვარ, წუხელ რომ გიყვირე, რომ ყველაფერი ამ ზომამდე მივიდა. მართლა ძალიან
ვწუხვარ, რეიჩელ, ნამდვილად... მაგრამ ეს უნდა შეწყდეს.

მესიჯს თავიდან ვუსმენ, მის ხმაში სიკეთეს ვგრძნობ და ცრემლები მომდის. სანამ ტირილის დამთავრებას
და მისთვის პასუხის მიწერას მოვახერხებ, საკმაო დრო გადის:

- მაპატიე. ახლა უკვე სახლში ვარ.

მეტს ვერაფერს ვწერ, რადგან ზუსტად არც ვიცი, რისთვის ვიხდი ბოდიშს. არ ვიცი, ანას რა გავუკეთე, რით
შევაშინე. გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არც მენაღვლება, მაგრამ ტომი რომ ასეთ დღეში ჩავაგდე,
სულერთი ნამდვილად არ არის ჩემთვის. ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მან გადაიტანა, ბედნიერებას
ნამდვილად იმსახურებს. მისთვის ბედნიერება არასოდეს დამენანება. მხოლოდ მინდა, რომ ბედნიერი
ჩემთან ერთად იყოს.

საწოლზე ვწვები და ბუმბულის საბნის ქვეშ ვიკუნტები. ძალიან მინდა ვიცოდე, რა მოხდა, რისთვის უნდა
მოვიხადო ბოდიში. გამწარებული ვცდილობ, მეხსიერებაში რაიმე ფრაგმენტი აღვიდგინო, მაგრამ ამაოდ.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ან ჩხუბში ვმონაწილეობდი, ან ჩხუბს შევესწარი.

ანასთან ვიჩხუბე? თავზე ჭრილობისა და ტუჩზე ნაკაწრისკენ თითები თავისით გარბის. თითქმის ვხედავ,
სიტყვებიც თითქმის მესმის, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ იკარგება, დაჭერას ვერ ვახერხებ. როგორც კი
მომეჩვენება, რომ რაღაც მომენტს ჩავავლე, ყველაფერი ისევ ჩრდილში გადადის, მიუწვდომელი ხდება.

მეგანი

სამშაბათი, 2 ოქტომბერი, 2012

დილა

წვიმას აპირებს. ვგრძნობ, რომ აშკარად მალე გაწვიმდება. კბილს კბილზე მაცემინებს. თითის წვერები
გათეთრებული, თითქმის ლურჯი მაქვს. მაინც არ შევდივარ. აქ მომწონს. ეს განწმენდასავითაა.
გასუფთავებს, როგორც ყინულის აბაზანა. მალე სკოტი მოვა, შემიყვანს სახლში და საბანში ბავშვივით
გამახვევს.

წუხელ სახლისკენ რომ მოვდიოდი, პანიკის შეტევა მქონდა. ჯერ იყო და, ვიღაცის მოტოციკლეტი მოტორს
აღმუვლებდა, აღმუვლებდა და აღმუვლებდა. მერე წითელმა მანქანამ ნელა, როგორც ასფალტის
შემკეთებელმა, ჩამიარა, საბავშვოეტლებიანმა ორმა ქალმა კი გზა ისე გადამიღობა, რომ ტროტუარზე ვეღარ
გავიარე, სავალ ნაწილზე გადავედი და საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი მანქანა, რომელიც ვერც
კი დავინახე, კინაღამ დამეჯახა. მძღოლმა დამისიგნალა და რაღაც მომაძახა. სუნთქვა შემეკრა, გული
აჩქარებით მიცემდა, მუცელში რაღაც ისე დამიტრიალდა, როგორც აბის მიღების ან ადრენალინის
გამოსროლის დროს. ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ცუდადაც ხარ, აღელვებულიც, შეშინებულიც -
ყველაფერი ერთად.

გავიქეცი, სახლი გავიარე, რკინიგზისაკენ დავეშვი. ველოდებოდი, რომ მატარებელი გამოჩნდებოდა,


გრუხუნით გაივლიდა ჩემში და სხვა ხმებს გადაფარავდა. ველოდებოდი, რომ სკოტი მოვიდოდა და
დამამშვიდებდა, მაგრამ ის სახლში არ იყო. შევეცადე, ღობეზე გადავმძვრალიყავი, მინდოდა, ცოტა ხანი
მეორე მხარეს დავმჯდარიყავი, იქ, სადაც სხვა არავინ მიდის. ხელი გავიჭერი და შევედი. მერე სკოტი
დაბრუნდა და მკითხა, რა დამემართა. ვუთხარი, რომ ჭურჭელს ვრეცხავდი და ჭიქა გამიტყდა. არ
დამიჯერა, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა.

***

ღამით ავდექი, სკოტი მძინარე დავტოვე და ჩუმად ტერასაზე გავედი. მისი ნომერი ავკრიფე. ყურმილი რომ
აიღო, უბრალოდ, მის ხმას ვისმენდი, თავიდან ძილით გაბრუებულს, მერე თანდათან უფრო ხმამაღალს,
დაძაბულს, შეშფოთებულსა და გაღიზიანებულს. გავთიშე და დაველოდე, თუ დამირეკავდა. ნომერი
დაფარული არ იყო და ვიფიქრე, დარეკავდა. არ დამირეკა. დავურეკე, მერე კიდევ, კიდევ და კიდევ. მერე
ხმოვანი ფოსტით მივიღე მესიჯი, უემოციო და საქმიანი, რომელშიაც მეუბნებოდა, რომ დამირეკავდა,
როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებოდა. ვიფიქრე, მეც საქმესთან დაკავშირებით დამერეკა და შემდეგი
შეხვედრა დამენიშნა, მაგრამ არა, ეჭვი შემეპარა, რომ მათი ავტომატური სისტემა შუაღამისას იმუშავებდა
და ლოგინში დავბრუნდი. საერთოდ აღარ დამიძინია.

ამ დილით ქორლი-ვუდში შემეძლო წასვლა სურათების გადასაღებად. იქ ახლა ნისლი, სიბნელე და


იდუმალი ატმოსფერო იქნება. კარგი სურათები გამოვიდოდა. ვიფიქრე, იქნებ პატარა ბარათები დამებეჭდა
და ქინგლი-როუდზე საჩუქრების მაღაზიაში გაყიდვა მეცადა. სკოტი სულ მეუბნება, რომ მუშაობა
არაფერში მჭირდება, უნდა უბრალოდ დავისვენო, როგორც ინვალიდმა. დასვენება სულაც არ მინდა. რაღაც
უნდა ვიპოვო, რითაც დღეებს შევავსებ. ვიცი, რა მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებ.

საღამო

ექიმმა ქამალ აბდიკმა, - მთხოვა, ასე მიმემართა, - ნაშუადღევის შეხვედრაზე დღიურის წერა შემომთავაზა.
კინაღამ ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებ, რადგან იმედი არა მაქვს, რომ ჩემი ქმარი არ წაიკითხავს. თავი
შევიკავე. ამის თქმა სკოტის ღალატად ჩავთვალე, თუმცა ეს სიმართლეა. ვერასოდეს დავწერ, რასაც
ვგრძნობ, ვფიქრობ ან ვაკეთებ. აი, მაგალითი: როდესაც საღამოს შინ დავბრუნდი, ჩემი ლეფთოფი თბილი
იყო. მან კარგად იცის, როგორ წაშალოს ბრაუზერიდან ისტორიები და ყველაფერი. თავისი კვალის დაფარვა
კარგად შეუძლია, მაგრამ მახსოვს, რომ წასვლისას ლეფთოფი გამოვრთე. ისევ ჩემს ფოსტას კითხულობდა.

პრინციპში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იქ წასაკითხიც არაფერია (უამრავი სპამ-მეილია კომპანიებისგან,


რომლებიც სამუშაოს გთავაზობენ, ასევე, ჯენი, პილატესიდან, მეკითხება, ხომ არ მინდა, „ხუთშაბათი ღამის
ვახშმის“ კლუბის წევრი გავხდე, სადაც ის და მისი მეგობრები რიგრიგობით უმზადებენ ერთმანეთს
ვახშამს. მირჩევნია, მოვკვდე). წინააღმდეგი არა ვარ, რადგან ასე რწმუნდება, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა
არაფერი ხდება, რომ ისეთს არაფერს ვაკეთებ. მასზე სწორედ იმიტომ ვერ ვბრაზდები, რომ ეჭვიანობის
მიზეზი ნამდვილად აქვს. ამის საბაბი წარსულშიც მიმიცია და, ალბათ, მომავალშიც მივცემ. სანიმუშო
ცოლი ნამდვილად არა ვარ. არ გამომდის. როგორ ძალიანაც უნდა მიყვარდეს სკოტი, ჩემთვის ეს საკმარისი
მაინც არ არის.
შაბათი, 13 ოქტომბერი, 2012

დილა

წუხელ ხუთი საათი მეძინა. საუკუნეებია, ასე არ მძინებია. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ გუშინ სახლში
ისეთი დამუხტული დავბრუნდი, შემეძლო, საათები კედლების ნგრევაში გამეტარებინა. წინა შემთხვევის
შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს აღარ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მერე ის ისევ დავინახე, მივხვდი,
როგორ მინდოდა და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი? ვერ ვხვდები, რატომ უნდა ავუკრძალო თავს რაიმე.
უამრავი ადამიანი აკეთებს ამას, კაცები - განსაკუთრებით. არავის გულის ტკენა არ მინდა, მაგრამ საკუთარ
თავთან ხომ უნდა იყო მართალი, არა? აბა, მე მეტს რას ვაკეთებ? მართალი ვარ საკუთარ თავთან,
ნამდვილთან, რომელსაც არავინ იცნობს, არც სკოტი, არც ქამალი და არც არავინ.

გუშინ პილატესის ვარჯიშის შემდეგ ტარას ვკითხე, მომავალ კვირას ჩემთან ერთად კინოში ხომ არ
წამოვიდოდა, მერე კი ვთხოვე, დამხმარებოდა.

- თუ სკოტი დარეკავს, უბრალოდ უთხარი, რომ შენთან ერთად ვარ, რომ ტუალეტში გავედი და როგორც კი
დავბრუნდები, გადავურეკავ. მერე მე დამირეკე, მე კი მას დავურეკავ და ყველაფერი მაგრად იქნება.

მან გამიღიმა, მხრები აიჩეჩა და თქვა: „კარგი“. ისიც კი არ უკითხავს, სად მივდივარ ან ვისთან ერთად.
ჩემთან დამეგობრებას ძალიან ცდილობს.

ქორლიში შევხვდით, სასტუმრო „სვონში“ ნომერი აიღო. ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, არ
შეიძლებოდა, ვინმეს დავენახეთ. ეს ცხოვრებას დაუნგრევს და ჩემთვისაც კატასტროფა იქნება. გაფიქრებაც
არ მინდა, რა შეიძლება გააკეთოს სკოტმა, ეს რომ გაიგოს.

მერე მთხოვა, მომეყოლა, რა მოხდა, ნორვიჩში რომ ვცხოვრობდი და ახალგაზრდა ვიყავი. ამის შესახებ
ადრე გადაკვრით ვუთხარი, მაგრამ გუშინ დეტალები მომთხოვა. რაღაცები ვუამბე, მაგრამ სიმართლე - არა.
ვტყუოდი, რაღაცებს ვთხზავდი. ვეუბნებოდი ყველანაირ სიბინძურეს, რისი მოსმენაც უნდოდა. კარგად
გავერთე. ტყუილის თქმა მაინცდამაინც არ მიჭირს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ნახევარი არ დაიჯერა.
დარწმუნებული ვარ, თვითონაც ტყუის.

საწოლზე იწვა და მიყურებდა, როგორ ვიცვამდი. მერე მითხრა: „ეს აღარ უნდა განმეორდეს, მეგან. შენც ხომ
იცი, რომ ასეა. ასე ვეღარ გაგრძელდება“. მართალი იყო, მეც ვიცი. აღარ უნდა შევხვდეთ, ამის უფლება არა
გვაქვს, მაგრამ შევხვდებით. ეს შეხვედრა უკანასკნელი არ იქნება, ჩემზე უარს ვერ იტყვის. ამაზე სახლში
დაბრუნებისას ვფიქრობდი და ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეს მომწონდა. სასიამოვნოა, როდესაც
ვიღაცაზე ძალაუფლებას გრძნობ. თავბრუდამხვევია.
საღამო

სამზარეულოში ვარ, ღვინის ბოთლს ვხსნი, როცა სკოტი შემოდის, ხელებს მხრებზე მადებს, მიჭერს და
მეკითხება: „როგორ ჩაიარა სეანსმა თერაპევტთან?“ ვპასუხობ, რომ მშვენივრად, რომ პროგრესს მივაღწიეთ.
სკოტი ბოლო ხანებში დეტალებს აღარ მეკითხება. მერე:

- ტარასთან ერთად კარგი დრო გაატარე გუშინ ღამე?

მასთან ზურგით ვზივარ და ვერ ვხვდები, უბრალოდ მეკითხება თუ რაღაცას ეჭვობს. ხმის მიხედვით ამის
გარკვევა რთულია.

- მართლა ძალიან კარგი გოგოა, - ვპასუხობ, - კარგად გავუგებთ ერთმანეთს. მომავალ კვირას კინოში
მივდივართ და ვფიქრობ, მერე სახლში ხომ არ დავპატიჟო.

- კინოში მე არა ვარ დაპატიჟებული?

- რა თქმა უნდა, - ვეუბნები, მისკენ ვტრიალდები და ტუჩებზე ვკოცნი, - მაგრამ ტარას იმ ფილმის ნახვა
უნდა, სანდრა ბულოკი რომ თამაშობს და...

- გასაგებია! მაშინ კინოს შემდეგ მოიყვანე სადილად, - ამბობს და ხელებს ზურგის ქვედა ნაწილში ნაზად
მაჭერს.

ღვინოს ვასხამ და გარეთ გავდივართ, პატიოს კიდეზე გვერდიგვერდ ვსხედვართ, ფეხები ბალახზე
გვიწყვია.

- გათხოვილია? - მეკითხება სკოტი.

- ტარა? აარა, მარტოხელაა.


- მეგობარი ბიჭიც არა ჰყავს?

- არა მგონია.

- მეგობარი გოგონა? - მეკითხება და ცალ წარბს სასაცილოდ სწევს ზევით. მე ვიცინი.

- რამდენი წლისაა?

- არ ვიცი. დაახლოებით ორმოცის.

- და სულ მარტოა? ნაღვლიანი ამბავია.

- მგონი, სულ მარტოა.


- ასეთი მარტოხელები ყოველთვის შენ გირჩევენ. შენკენ ყველაზე მოკლე გზით მოდიან.

- მართლა?

- ესე იგი, ბავშვებიც არ ჰყავს? - მეკითხება და არ ვიცი, მომეჩვენა თუ ბავშვების საკითხი დგება ისევ დღის
წესრიგში. მისი ხმით ვხვდები, რომ რაღაც ზღვარზეა, რომ ჩხუბი ახლოვდება, რაც ძალიან არ მინდა, ახლა
ნამდვილად არ შემიძლია, ამიტომ ფეხზე ვდგები და ვთხოვ, რომ ღვინიანი ჭიქები წამოიღოს და
საძინებელში წავიდეთ.

უკან მომყვება, მე კი კიბეზე ასვლისას ვიხდი ტანზე. საძინებელში რომ შევდივართ და ლოგინზე მაწვენს,
მასზე საერთოდ არ ვფიქრობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, მან ხომ არ იცის. ადვილად შემიძლია
მოვაჩვენო, თითქოს მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა.

რეიჩელი
ორშაბათი, 15 ივლისი, 2013
დილა

დღეს დილით ბინას რომ ვცლიდი, ქესიმ დამიძახა და რაღაცნაირად უგულოდ მომეხვია. მეგონა, მეტყოდა,
რომ აღარ მაგდებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ხელში ფურცელი ჩამიცურა, რომელიც საბეჭდ მანქანაზე
დაბეჭდილი გამოსახლების ფორმალური ცნობა აღმოჩნდა, გამოსახლების თარიღის აღნიშვნით. თვალებში
ვერ მიყურებდა. შემეცოდა, მართლა შემეცოდა, რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც საკუთარი თავი, მაგრამ
მაინც. ნაღვლიანად გამიღიმა და მითხრა:

- საშინლად ვწუხვარ, რომ ამას გიკეთებ, დამიჯერე, მართლა ვწუხვარ.

ძალიან უხერხული სიტუაცია იყო. ჰოლში ვიდექით, სადაც, ჩემი მცდელობისა და დიდი ოდენობით
მათეთრებლის გამოყენების მიუხედავად, ნარწყევის სუნი ოდნავ მაინც იგრძნობოდა. ტირილი მომინდა,
მაგრამ თავი შევიკავე. არ მინდოდა, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩამეგდო. გავუღიმე და
მხიარულად ვუთხარი.

- არაფერია, მართლა არანაირი პრობლემა არ არის, - ეს ისე გამომივიდა, თითქოს რაღაც უმნიშვნელო
მთხოვა.

მატარებელში ცრემლები ვეღარ შევიკავე და სულ არ მენაღვლებოდა, მიყურებდა ვინმე თუ არა. შეეძლოთ,
ეფიქრათ, რომ ძაღლი დავკარგე, ან სასიკვდილო დიაგნოზი დამისვეს; ან სრულიად უსარგებლო,
განქორწინებული, უსახლკაროდ დარჩენის კანდიდატი ალკოჰოლიკი ვარ.

ყველაფერ ამაზე რომ ვფიქრობ, წარმოუდგენლად მეჩვენება. როგორ აღმოვჩნდი აქ? ნეტავ საიდან დაიწყო
ჩემი დაცემა? ნეტავ რა მომენტში შემეძლო ეს შემეჩერებინა? როდის გადავდგი არასწორი ნაბიჯი? ეს
ტომთან შეხვედრისას არ იყო, ის ხომ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ძალიან დამეხმარა, მდგომარეობიდან
გამომიყვანა. არც მაშინ, შვიდი წლის წინ უჩვეულოდ ცივ და მოღუშულ მაისის დღეს რომ დავქორწინდით,
უდარდელები, ნეტარები. ბედნიერი, შეძლებული და წარმატებული ვიყავი. არც მაშინ, ნომერ ოცდასამში,
დიდ და მშვენიერ სახლში რომ გადავედით, ისეთში, როგორში ცხოვრებაზეც ოცდაექვსი წლის ასაკში
ვოცნებობდი. ისე ნათლად მახსოვს ის პირველი დღეები: ფეხშიშველები დავდიოდით, ხის იატაკის სითბოს
შეგრძნება გვსიამოვნებდა, ვტკბებოდით სივრცით, ცარიელი ოთახებით, რომლებიც თვითონ უნდა
შეგვევსო. მე და ტომი გეგმებს ვაწყობდით: რა დაგვერგო ბაღში, რა დაგვეკიდა კედლებზე, რა ფერად
შეგვეღება თავისუფალი ოთახი, რომელიც, უკვე მაშინ, ჩემს წარმოდგენაში ბავშვის უნდა ყოფილიყო.

იქნებ ეს მაშინ იყო. იქნებ სწორედ იმ მომენტში წავიდა ყველაფერი ცუდად, როდესაც წარმოვიდგინე, რომ
ჩვენ ორნი საკმარისი არ ვიქნებოდით, რომ მარტო წყვილი კი არა, ოჯახი უნდა ვყოფილიყავით, რომ
მხოლოდ ჩემი და ტომის ერთად ყოფნა საკმარისი ვერ იქნებოდა. იქნებ პირველად მაშინ შემხედა ტომმა
სხვანაირად? ჩემი იმედგაცრუება მანაც სარკესავით აირეკლა. ბოლოს, როდესაც ვაფიქრებინე, რომ ის
ჩემთვის საკმარისი არ იყო, უარი თქვა ჩემზეც და ჩვენს ერთად ყოფნაზეც.

ცრემლები წამსკდა. ნოთქოთში ჩასვლამდე ვტირი. მერე ძალას ვიკრებ, თვალებს ვიმშრალებ და ქესის
მოცემული გამოსახლების ცნობის უკანა მხარეს დღეს გასაკეთებელი საქმეების სიის წერას ვიწყებ:

ჰოლბურნის ბიბლიოთეკა

იმეილი დედას

იმეილი მარტინს (რეკომენდაცია)

ანონიმი ალკოჰოლიკების შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაგება - ცენტრალური ლონდონი/ეშბერი

სამსახურის დაკარგვის შესახებ ქესისთვის თქმა

მატარებელი წითელ შუქზე რომ ჩერდება, თავს ვწევ და ჯეისონს ვხედავ. ტერასაზე დგას და რკინიგზისკენ
იყურება. მეჩვენება, რომ პირდაპირ მე მიყურებს და უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს ზუსტად ასე
ჩემთვის ადრეც შემოუხედავს, თითქოს ადრეც ვუნახავვარ. წარმოდგენაში ვხედავ, როგორ მიღიმის და
სრულიად გაუგებარი მიზეზით შიში მიპყრობს.

სახლში შედის და მატარებელიც იძვრება.

საღამო

საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ვზივარ. გრეის-ინ-


როუდზე გადასვლისას მანქანა დამეჯახა. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთი ფხიზელი ვიყავი,
როგორიც მოსამართლე, თუმცა თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, პანიკაში ვიყავი. ორ სანტიმეტრზე მეტი
სიგრძის ჭრილობა მაქვს მარჯვენა თვალს ზემოთ. ნაკერები უკიდურესად სიმპათიურმა ახალგაზრდა
ექიმმა დამადო, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან უცერემონიო და საქმიანი აღმოჩნდა. გაკერვას რომ მორჩა,
თავზე ძველი ჭრილობა შენიშნა.

- ეს ახალი არ არის, - ვეუბნები მე.


- საკმაოდ ახალი ჩანს, - ამბობს ის.

- ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი - არა.

- ბრძოლები გამოვიარეთ, არა?

- მანქანაში ჩაჯდომისას მივარტყი.

დაკვირვებით ათვალიერებს, მერე ცოტა უკან იხევს, თვალებში მიყურებს და ამბობს:

- მართლა? რაღაც არა მგონია. უფრო ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცამ თავში ჩაგარტყათ.

ჟრუანტელი მივლის. მახსენდება, როგორ ჩავიკუზე, როგორ ავწიე ხელები, დარტყმა რომ ამერიდებინა.
ნეტავ რეალური მოგონებაა? ექიმი ისევ მიახლოვდება და ჭრილობას უფრო ახლოდან აკვირდება.

- რაღაც მჭრელი, შესაძლოა, კბილანებიანი იყო.

- არა, მანქანა იყო. ჩაჯდომისას მივარტყი, - საკუთარი თავის დარწმუნებასაც ისევე ვცდილობ, როგორც
მისას.

- კარგი, - მიღიმის და ისევ უკან იხევს, ცოტა იხრება, ისე, რომ ჩვენი თვალები ერთ დონეზეა.

- თავს კარგად გრძნობთ? - ჩანაწერებში იხედება, - რეიჩელ?

- დიახ.

დიდხანს მიყურებს. აშკარად არ სჯერა ჩემი. შეშფოთებულია, ალბათ, ფიქრობს, რომ ქმარი მცემს.

- კარგი. მინდა კარგად გამიგოთ. ყველაფერი ეს ცუდად გამოიყურება, არის ვინმე, ვისაც შემიძლია თქვენი
ამბავი შევატყობინო? მაგალითად, ქმარი.

- განქორწინებული ვარ.

- მაშინ, ვინმე სხვა? - ის, რომ განქორწინებული ვარ, არაფრად ჩააგდო.

- ჩემი მეგობარი, ალბათ, ნერვიულობს, - ქესის სახელს, გვარსა და მისამართს ვაწერინებ. ქესი ჩემ გამო
სულაც არ ინერვიულებს, ჯერ არც კი დამიგვიანია სახლში, მაგრამ იმედი მაქვს, როდესაც გაიგებს, რომ
ტაქსი დამეჯახა, შევეცოდები და გუშინდელს მაპატიებს. პირველი, რასაც იფიქრებს, ის არის, რომ
მთვრალი ვიყავი და მანქანა იმიტომ დამეჯახა. ნეტავ რა იქნება, ექიმს რომ ვთხოვო სისხლის ანალიზი ან
რაღაც ასეთი გამიკეთოს, ქესის ჩემი სიფხიზლის მტკიცებულებად წარვუდგენდი. ექიმს ვუღიმი, მაგრამ
ჩემკენ არ იყურება, ჩანაწერებს აკეთებს. თუმცა ყველა შემთხვევაში ეს უაზრო იდეაა.

ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ტაქსის მძღოლი არაფერ შუაშია. გავრბოდი და პირდაპირ მანქანის წინ
აღმოვჩნდი. არ ვიცი, რა მეგონა, სად გავრბოდი. თუმცა, ალბათ, საერთოდ არ ვფიქრობდი, ყოველ
შემთხვევაში, საკუთარ თავზე. ჯესზე ვფიქრობდი, რომელიც ჯესი არ არის, მეგან ჰიფველია და ახლა
დაკარგულია.

ბიბლიოთეკაში ვიყავი თეობალდ-როუდზე. დედაჩემს Yahoo-ში მივწერე (მნიშვნელოვანი არაფერი,


უბრალოდ, დაზვერვითი იმეილი იყო. მინდოდა, გამეგო, რამდენად შერჩენილი ჰქონდა დედობრივი
გრძნობა ჩემდამი). Yahoo-ს პირველ გვერდზე თქვენს საფოსტო კოდზე თუ რაღაცაზე მორგებული ახალი
ამბებია ხოლმე. ღმერთმა იცის, საიდან იციან ჩემი საფოსტო კოდი, მაგრამ ასეა. იქ ჯესის, ჩემი ჯესის,
სრულყოფილი ქერა ქალის, სურათი დამხვდა წარწერით: „იძებნება დაკარგული ქალი უითნიდან“.

თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი. ძალიან ჰგავდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს წარმოდგენაში,
მაგრამ მაინც ეჭვი შემეპარა, არ ვიცოდი, ჩემი წარმოდგენის ნდობა შეიძლებოდა თუ არა. მერე მთელი
ისტორია წავიკითხე, ვნახე ქუჩის სახელი და დავრწმუნდი.

„ბეკინგემშირის პოლიცია თანდათან უფრო შეწუხებულია დაკარგული ოცდაცხრა წლის ქალის, მეგან
ჰიფველის (ბლენიმ-როუდი, უითნი), მდგომარეობით. მისის ჰიფველი ქმარმა, სკოტ ჰიფველმა,
უკანასკნელად შაბათ საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე ნახა, როდესაც სახლიდან მეგობართან
შესახვედრად მიდიოდა. მისტერ ჰიფველმა თქვა, რომ გაუჩინარება აბსოლუტურად არ ეთანხმება მის
ხასიათს. მისის ჰიფველს ჯინსი და წითელი მაისური ეცვა. ის ხუთი ფუტი და ოთხი ინჩი სიმაღლისაა,
გამხდარი, აქვს ქერა თმა და ცისფერი თვალები. ნებისმიერს, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია მისის ჰიფველის
შესახებ, ვთხოვთ, დაუკავშირდეს ბეკინგემშირის პოლიციას“.

დაიკარგა, ჯესი დაიკარგა, მეგანი დაიკარგა, შაბათის შემდეგ არ გამოჩენილა. მისი სახელი გუგლში
ჩავწერე. ვიპოვე ერთი ინფორმაცია, მაგრამ დამატებითი დეტალები იქ არ აღმოჩნდა. გამახსენდა დილით
ჯეისონი-სკოტი რომ დავინახე ტერასაზე. როგორ მიყურებდა და მიღიმოდა. ჩანთა ავიღე, ავდექი,
ბიბლიოთეკიდან ქუჩაში გამოვვარდი და პირდაპირ შავი ტაქსის წინ აღმოვჩნდი.
- რეიჩელ? რეიჩელ? - მომხიბლავი ექიმი ჩემი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
- თქვენი მეგობარი მოვიდა თქვენს წასაყვანად.

არაფერს ეტყვის. თუმცა, რომც შეეძლოს, არა მგონია, ვინმეს უთხრას. მას ვენდობი, ნამდვილად ვენდობი.
სასაცილოა, მაგრამ სრული სიმართლის თქმისაგან თავს არც ამის გამო ვიკავებ და არც იმის გამო, რომ
განმიკითხავს. ეს სკოტის გამო ხდება. ქამალისათვის იმის თქმა, რაც სკოტისთვის არასოდეს მითქვამს,
სკოტის ღალატად მიმაჩნია. ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაფერ იმასთან შედარებით, რაც ოდესმე
გამიკეთებია, რამდენჯერაც მიღალატია, ეს უმნიშვნელო რამაა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. რატომღაც
ვგრძნობ, რომ ეს უარესია. ეს ნამდვილი ცხოვრებაა, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია და სკოტს არ თუ
ვერ გავუზიარე.

თავს ვიკავებ, რადგან აშკარად ჯერ ვერ ვიტყვი ყველაფერს, რასაც ვგრძნობ. ვიცი, თერაპიაც სწორედ
ამისთვისაა, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია. სიმართლის ბოლომდე თქმა ნამდვილად არ შეიძლება,
ყველაფერს აბნეულად ვყვები, საყვარლებზე, ყოფილ საყვარლებზე და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ამით
არაფერი დაშავდება, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არიან ისინი, მთავარია, მე როგორ ვგრძნობდი მათთან თავს:
თავშეკავებულად, აფორიაქებულად თუ დამშეულად. რატომ ვერ ვიღებ იმას, რაც მჭირდება? რატომ
ვერავინ მაძლევს ამას? მართალია, ზოგჯერ ეს მაინც ხდება ხოლმე, ზოგჯერ კი სკოტის მეტი არავინ
მჭირდება. რომ შემეძლოს, ვისწავლო, როგორ გავუმკლავდე ამ გრძნობას, გრძნობას, რომელიც ახლა მაქვს!
ნეტავ გამაგებინა, რა უნდა გავაკეთო, რომ შევძლო, დავკმაყოფილდე ბედნიერებით, რომელიც უკვე მაქვს,
სიამოვნება მივიღო და მორიგი, უფრო მძაფრი შეგრძნება აღარ ვეძებო, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
საღამო

ქამალთან ყოფნისას ყურადღება უნდა მოვიკრიბო. ეს ძალიან ძნელია, როდესაც ლომის მსგავსი თვალებით
მიყურებს, როდესაც ჩემ პირდაპირ ზის, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, თავისი გრძელი ფეხები, ხელები
კი, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით, კალთაზე უწყვია. ასეთ დროს ძალიან მიჭირს, არ ვიფიქრო
იმაზე, რის გაკეთებაც ერთად შეგვეძლო.

ყურადღებით უნდა ვიყო. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რა მოხდა ბენის პანაშვიდის შემდეგ, მას შემდეგ, რაც
გავიქეცი. ცოტა ხანს იფსვიჩში ვიყავი. მაკს პირველად იქ შევხვდი. პაბში თუ სადღაც მუშაობდა. სახლში
დაბრუნებისას მანქანა გამიჩერა. შევეცოდე.

- ის... ხომ გესმის, რაზე ვლაპარაკობ, არც კი უნდოდა, - სიცილს ვიწყებ.

- მის ბინაში რომ მივედით, ფული მოვთხოვე და როგორც გიჟს, ისე შემხედა. ვუთხარი, რომ სრულწლოვანი
ვარ, მაგრამ არ დამიჯერა. მერე მელოდა. ელოდა, რომ თექვსმეტი წლის გავმხდარიყავი. ამ დროს
ჰოლკამთან ახლოს ძველ სახლში იყო უკვე გადასული. ეს ძველი ქვის კოტეჯი იყო, ქუჩაზე, რომელსაც
არსად არ მიჰყავდი. სახლის გარშემო მიწის პატარა ნაკვეთი იყო და ეს ყველაფერი პლაჟიდან სულ რაღაც
ნახევარ მილში. მის ერთ მხარეს რკინიგზის ძველი ხაზი მიუყვებოდა. ღამე უძილოდ ვიწექი, იმ პერიოდში
საერთოდ ძალიან აფორიაქებული ვიყავი, ბევრს ვეწეოდით და ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ
მატარებლის ხმა მესმის. ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ზოგჯერ ღამე ვდგებოდი, გარეთ გავდიოდი
და მატარებლის შუქის დანახვას ვცდილობდი.

ქამალი თავის სავარძელში მოძრაობს, თავს ნელა მიკრავს, არაფერს ამბობს. ეს ნიშნავს, რომ გავაგრძელო.
მოყოლა უნდა გავაგრძელო.

- იქ მართლაც ბედნიერი ვიყავი, მაკთან ერთად. მასთან ერთად... ოჰ, ღმერთო ჩემო, საბოლოოდ, მგონი,
თითქმის სამი წელი გავატარე. უკვე... ცხრამეტის ვიყავი, იქიდან რომ წამოვედი, ჰო, ცხრამეტის.

- რატომ წამოხვედი, თუ იქ ბედნიერი იყავი? - მეკითხება და აი, მივედით, უკვე იქ მივედით. ეს ბევრად
სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდი. ყველაფერ ამის თავიდან გავლისთვის მზად არა ვარ, ამისათვის ჯერ
ძალა არ მომიკრებია. არ შემიძლია. ძალიან სწრაფად მოხდა.
- მაკმა მიმატოვა. გული ძალიან მატკინა, - ვამბობ მე. ეს სიმართლეცაა და ტყუილიც. სიმართლის
ბოლომდე სათქმელად ჯერ მზად არა ვარ.

უკან რომ ვბრუნდები, სკოტი შინ არ მხვდება. ლეფთოფს ვიღებ და პირველად ცხოვრებაში, გუგლში ვკრეფ
მის სახელს. ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ვეძებ მაკს, მაგრამ ვერ ვპოულობ. მსოფლიოში ასობით
კრეიგ მაკკენზია და არც ერთი მათგანი ჩემსას არ ჰგავს.
პარასკევი, 8 თებერვალი, 2013

დილა

ტყეში ვსეირნობ. გათენებული არ იყო, გარეთ რომ გამოვედი. ახლა თენდება. საშინელ სიჩუმეს მხოლოდ
ზევით, ხეებში კაჭკაჭების ხმა არღვევს ხოლმე. ვგრძნობ, როგორ მაკვირდებიან თავიანთი მარცვლისოდენა
თვალებით და ითვლიან: ერთი - მწუხარებისთვის, ორი - სიხარულისთვის, სამი - გოგონასთვის, ოთხი -
ბიჭისთვის, ხუთი - ვერცხლისთვის, ექვსი - ოქროსთვის, შვიდი - საიდუმლოსთვის, რომელიც არასოდეს
უნდა ითქვას.

ამათგან სულ რამდენიმე რამ მაქვს.

სკოტი წასულია, რაღაც კურსებზე, სასექსში. გუშინ დილას წავიდა და დღეს საღამომდე არ ჩამოვა.
შემიძლია, ვაკეთო ყველაფერი, რაც მინდა.

სანამ გაემგზავრებოდა, ვუთხარი, რომ თერაპიის სეანსის შემდეგ ტარასთან ერთად კინოში ვაპირებ
წასვლას, რომ ტელეფონი გათიშული მექნება. მერე ტარასაც ველაპარაკე და გავაფრთხილე, რომ
შეიძლებოდა სკოტს დაერეკა და შევემოწმებინე. ამჯერად მკითხა, რას ვაპირებდი სინამდვილეში. თვალები
ავაფახულე და გავუღიმე, მან კი გაიცინა. ვფიქრობ, მარტოხელა უნდა იყოს და ეს პატარა ინტრიგა
ცხოვრებას ცოტა უხალისებს.

ქამალთან შემდეგი სეანსის დროს სკოტსაც შევეხეთ. ვილაპარაკეთ ლეფთოფთან დაკავშირებულ


შემთხვევაზეც. ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. მაკის შესახებ ინფორმაციას ვეძებდი.
რამდენჯერმე ვცადე. უბრალოდ, მინდოდა, გამეგო, სად არის და რას აკეთებს. ამ დღეების მანძილზე
ინტერნეტის თითქმის ყველა მომხმარებლის სურათები დავათვალიერე, მისი სახის ნახვა მინდოდა. ვერ
ვიპოვე. იმ საღამოს ადრე დავწექი. სკოტი ტელევიზორის საყურებლად დარჩა. მე კი ჩემი ბრაუზერის
დახურვა დამავიწყდა. სულელური შეცდომაა. კომპიუტერის გამორთვამდე ამას ყოველთვის ვაკეთებ, არა
აქვს მნიშვნელობა, რას ვათვალიერებ. ტექნიკის ისეთ მცოდნეს, როგორიც სკოტია, ყველა შემთხვევაში
შეუძლია გაარკვიოს, რას ვაკეთებდი კომპიუტერში, მაგრამ ეს ბევრად მეტ დროს მოითხოვს და ხშირად
თავს არ იწუხებს ხოლმე.

მოკლედ, დამავიწყდა, შემდეგ დღეს კი ჩხუბი მოგვივიდა, ხელჩართული. მეკითხებოდა, ვინ არის კრეიგი,
რამდენი ხანია ვხვდები, სად გავიცანით ერთმანეთი. რას აკეთებს ისეთს, რაც სკოტს არ გაუკეთებია. მე
ვუთხარი, რომ ის მეგობარია ჩემი წარსულიდან. რა თქმა უნდა, ამის თქმა სისულელე იყო. სიტუაცია კიდევ
უფრო გავამძაფრე. ქამალმა მკითხა, სკოტის ხომ არ გეშინიაო. ამან ძალიან გამაბრაზა.

- ის ჩემი ქმარია, - ვუთხარი გაღიზიანებულმა, - რა თქმა უნდა, მისი სულაც არ მეშინია.


ქამალი შოკირებული ჩანდა. ამ პასუხმა მეც კი შოკში ჩამაგდო. ჩემი სიბრაზისა და სკოტის დაცვის
სურვილის მასშტაბს ვერ ვაცნობიერებდი. ჩემმა პასუხმა მე თვითონაც ძალიან გამაკვირვა.

- მეგან, ქმრის ძალიან ბევრ ქალს ეშინია, - რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა, - ქცევა,
რომელსაც შენ ახლა აღწერ: შენი იმეილების კითხვა, ბრაუზერის ისტორიაში ჩახედვა, ყველაფერ ამას ისე
აღწერ, როგორც ძალიან ჩვეულებრივ, ნორმალურ ამბავს. ასე არ არის, მეგან. სხვის პირად სივრცეში ასეთ
ზომამდე შეჭრა ნორმალური არ არის. ასეთი რამ ემოციური შეურაცხყოფის ფორმად განიხილება ხოლმე.

ეს ისე მელოდრამატულად ჟღერდა, რომ გამეცინა.

- ეს შეურაცხყოფა არ არის, - ვუთხარი ქამალს, - იმ შემთხვევაში, თუ შენ თვითონ წინააღმდეგი არა ხარ, მე
კი არა ვარ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

მან გამიღიმა, ძალზე სევდიანად.

- არასოდეს გიფიქრია, რომ წინააღმდეგი უნდა იყო?

მხრები ავიჩეჩე.

- შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ არა ვარ წინააღმდეგი. ის ეჭვიანია, მესაკუთრე. ასეთია და ეს ხელს არ
მიშლის, რომ მიყვარდეს. არის რაღაცები, რისთვისაც ბრძოლა არ ღირს. ჩვეულებრივ, ძალიან ფრთხილი
ვარ, კვალის დაფარვას ყოველთვის ვახერხებ. ამიტომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

თავი ოდნავ გააქნია, თითქმის შეუმჩნევლად.

- არ მეგონა, რომ შენი ფუნქცია ჩემი გაკრიტიკება იყო, - ვთქვი მე.

როდესაც სეანსი დამთავრდა, შევთავაზე, რაიმე დაგველია. უარი მითხრა, თქვა, რომ ეს მიუღებელია.
სახლში რომ წავიდა, უკან გავყევი. სამუშაო ადგილთან ძალიან ახლოს, იქვე, ქუჩის ბოლოში ცხოვრობს.
კარზე დავაკაკუნე და როდესაც გააღო, ვკითხე:

- ეს მისაღებია? - ხელი კისერზე შემოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე.

- მეგან, - თქვა თავისი ხავერდოვანი ხმით, - ნუ... ამის გაკეთება არ შემიძლია, ნუ აკეთებ ამას.

ეს არაჩვეულებრივი იყო, მოხვევა და ხელის კვრა, სურვილი და აკრძალვა. ამ შეგრძნების ხელიდან გაშვება
არ მინდოდა, მისი წინააღმდეგობის დაძლევის საშინელი სურვილი გამიჩნდა.

დილით უთენია ავდექი. თავში უამრავი ისტორია მიტრიალებდა. არ შემეძლო უბრალოდ ვწოლილიყავი,
გაღვიძებული, მარტო. ყველა იმ შესაძლებლობაზე ვფიქრობ, რომელიც შემეძლო ან გამომეყენებინა, ან არა.
მოკლედ, ავდექი, ჩავიცვი და სასეირნოდ წავედი. და აი, აქ აღმოვჩნდი. ვსეირნობ და თავში ყველაფერს
თავიდან ვატრიალებ: მან თქვა, მან უპასუხა, ცდუნება, გათავისუფლება. რომ შემეძლოს, რაღაც ერთზე
შევჩერდე, არჩევანი გავაკეთო და გავჩერდე, აქეთ-იქით აღარ ვეცე. იქნებ იმას, რასაც ვეძებ, ვერასოდეს
ვიპოვი. იქნებ ეს საერთოდ შეუძლებელია.
ფილტვებში ცივი ჰაერი ჩამდის. თითის წვერები მილურჯდება. ჩემს რაღაც ნაწილს აქვე, ფოთლებში
დაწოლა უნდა. უნდა, რომ სიცივემ მოიცვას, მაგრამ არ შემიძლია, წასვლის დროა.

ბლენიმ-როუდზე თითქმის ცხრა საათზე ვბრუნდები და მას ვხედავ, ჩემკენ ბავშვის ეტლი მოჰყავს. ბავშვი,
გასაკვირია და, ჩუმად არის. ის მიყურებს, თავს მიკრავს და თითქმის შეუმჩნევლად მიღიმის. მე არ
ვპასუხობ. ჩვეულებრივ, თავაზიანს ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ - არა ამ დილით, ახლა ძალიან ნამდვილი ვარ,
ისეთი, როგორიც მართლა ვარ: თავს ყველაფერზე მაღლა და მსუბუქად ვგრძნობ და ძალიანაც რომ
მოვინდომო, თავაზიანს ვერ ვითამაშებ.

საღამო
ნაშუადღევს დავიძინე. პანიკურად აგზნებულმა, დანაშაულის გრძნობით გავიღვიძე. თავს მართლა
დამნაშავედ ვგრძნობ, თუმცა - არა საკმარისად.

მასზე ვფიქრობ. ვფიქრობ, როგორ წავიდა შუაღამისას. კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი
შეხვედრაა, ნამდვილად უკანასკნელი, რომ ამას აღარასოდეს გავაკეთებთ. ის ჯინსებს იცვამდა, მე კი
ლოგინზე ვიწექი და მეცინებოდა, რადგან ეს წინა ჯერზეც მითხრა, იმის წინა ჯერზეც და იმის წინაზეც.
უცებ ისე შემომხედა, რომ აღწერაც გამიჭირდება. ეს არც სიბრაზე იყო, არც ზიზღი, უფრო - გაფრთხილება.

თავს შებოჭილად ვგრძნობ, სახლში დავბორიალებ, ვერ ვჩერდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სანამ
მეძინა, აქ ვიღაც იყო. ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ ამ ნივთებს ვიღაც ეხებოდა.
რაღაცები ოდნავ გადაადგილებული მეჩვენება. თითქოს ვიღაც სხვაც არის სახლში. სულ მგონია, რომ აი,
ახლა დავინახავ, მაგრამ არა, რაღაც წამებით ვიგვიანებ. ბაღში გამავალ ფრანგულ კარს მესამეჯერ ვამოწმებ,
ჩაკეტილია. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება სკოტი, ძალიან მჭირდება.

რეიჩელი
სამშაბათი, 16 ივლისი, 2013
დილა

8:04 -იან მატარებელში ვარ, მაგრამ ლონდონის ნაცვლად უითნიში მივდივარ. იმედია, იქ ყოფნა ჩემს
მეხსიერებას ბიძგს მისცემს. სადგურზე გადმოვალ და ყველაფერი ნათლად წარმომიდგება თვალწინ,
ყველაფერი მეცოდინება. მართალია, ამის დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ სხვა რა შემიძლია გავაკეთო. ტომს
ვერ დავურეკავ, ძალიან მრცხვენია. გარდა ამისა, მან გარკვევით გამაგებინა, რომ ჩემთან საქმე აღარა აქვს.

მეგანი ისევ დაკარგულია. უკვე სამოცი საათია, რაც არ ჩანს და ამის შესახებ უკვე მთელი ქვეყნის
მასშტაბით იუწყებიან. ბი-ბი-სის, MailOnline-ისა და სხვა ვებსაიტებზეც იყო ინფორმაცია.

ორივე დიდი ვებსაიტიდან ინფორმაცია ამოვბეჭდე და თან მაქვს. ახლა ვიცი:

მეგანი და სკოტი შაბათ საღამოს კამათობდნენ. მეზობელმა თქვა, რომ ხმამაღალი ლაპარაკი ესმოდა. სკოტმა
კამათის ამბავი დაადასტურა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლი ღამე თავის მეგობართან, ტარა
ეფშტაინთან უნდა დარჩენილიყო, ის კი ქორლიში ცხოვრობს.
მეგანი ტარასთან არ ყოფილა. ის ამბობს, რომ მეგანი უკანასკნელად პარასკევ საღამოს პილატესის
გაკვეთილზე ნახა (ვიცოდი, რომ მეგანი პილატესის კურსებზე დადიოდა). მის ეფშტაინის თქმით, ის
მშვენივრად, ნორმალურად გამოიყურებოდა. კარგ ხასიათზე იყო. ამბობდა, რომ მომავალ თვეში, თავის
ოცდამეათე დაბადების დღეზე, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას აპირებდა.

ერთმა მოწმემ შაბათს, დაახლოებით რვის თხუთმეტ წუთზე, მეგანი უითნის სადგურისკენ მიმავალი
დაინახა.

მეგანს ამ რაიონში ოჯახის წევრები არ ჰყავს, მშობლები გარდაცვლილები არიან.

მეგანი უმუშევარია. პატარა სამხატვრო გალერეას უძღვებოდა, მაგრამ ის გასული წლის აპრილში დაიხურა
(ვიცოდი, რომ მეგანის ინტერესი ხელოვნება იქნებოდა).

სკოტი თვითდასაქმებული ინტერნეტკონსულტანტია (ამას ვერაფრით ვიჯერებ).

მეგანი და სკოტი სამი წელია დაქორწინებულები არიან. ამ სახლში, ბლენიმ-როუდზე, 2012 წლის
იანვრიდან ცხოვრობენ.

„დეილი მეილის“ მიხედვით, მათი სახლი 400,000 გირვანქა სტერლინგი ღირს.


ამას რომ ვკითხულობ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სკოტისათვის ძალიან ცუდია. არა მხოლოდ ის, რომ
წინადღეს იკამათეს. უბრალოდ, ყოველთვის ასე ხდება: როდესაც ქალს რაიმე ცუდი ემართება, პოლიციას
ეჭვი პირველ რიგში ქმარზე ან მეგობარ კაცზე მიაქვს. თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციას ფაქტები არა აქვს.
მათ მხოლოდ ქმრის არსებობა იციან, მეგობარი კაცის - არა.

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისი არსებობა მარტო მე ვიცი.

ჩანთაში ვიქექები, ქაღალდის ფურცელს ვეძებ. ორი ბოთლი ღვინის საკატალოგე ბარათზე მეგან ჰიფველის
გაუჩინარების ყველაზე სავარაუდო მიზეზების სიას ვწერ:

1. გაიქცა მეგობარ კაცთან ერთად, რომელსაც ამის შემდეგ ბი-დ მოვიხსენიებ.

2. ბი-მ რაღაც დაუშავა.

3. სკოტმა რაღაც დაუშავა.

4. უბრალოდ, ქმარი მიატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

5. ვიღაც სხვამ, და არა ბი-მ ან სკოტმა, დაუშავა რაღაც.

პირველი ვარიანტი ყველაზე სავარაუდოდ მეჩვენება. მეოთხეც არანაკლებია. რადგან მეგანი


დამოუკიდებელი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალია, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ვინმესთან რომანი
ჰქონდა, ალბათ, მარტო ყოფნა დასჭირდებოდა, რომ საკუთარ თავში გარკვეულიყო. მეხუთე ნომერი
ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რადგან უცხო ადამიანის მიერ მკვლელობის ჩადენა არც ისე ხშირია.

ჭრილობა თავზე პულსირებს და არ შემიძლია, არ ვიფიქრო ჩხუბზე, რომელსაც შევესწარი, რომელიც


წარმოვიდგინე თუ უბრალოდ, შაბათ ღამეს დამესიზმრა. მეგანისა და სკოტის სახლს რომ ვუახლოვდებით,
ზევით ვიხედები და ვგრძნობ, როგორ პულსირებს სისხლი თავში. აღელვებული და შეშინებული ვარ.
ნომერი თხუთმეტი სახლის ფანჯრები, რომლებიც დილის მზის სხივებს ირეკლავს, უსინათლო თვალებს
ჰგავს.

საღამო

ტელეფონმა სწორედ მაშინ დარეკა, როდესაც ჩემი ადგილი ვიპოვე და ვჯდებოდი. ქესი აღმოჩნდა. ხმოვან
ფოსტაზე გადავრთე.

მან მესიჯი დამიტოვა.

- ჰაი, რეიჩელ, მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს, - ავარიის გამო ჩემზე ნერვიულობს.

- მინდოდა, მეთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმდღევანდელზე, სახლიდან გადასვლა რომ მოგთხოვე. აშკარად
ზედმეტი მომივიდა, არ უნდა მეთქვა, შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც გინდა, - ხანგრძლივი პაუზა და
მერე:

- დამირეკე, კარგი? და პირდაპირ სახლში წამოდი, რეიჩ, ძალიან გთხოვ, პაბში არ წახვიდე.

არც ვაპირებდი, დალევა ლანჩის დროს მინდოდა. დილით უითნიში მომხდარის გამო სასოწარკვეთილი
ვიყავი, მაგრამ არ დავლიე, რადგან საღი გონება მჭირდებოდა. დიდი ხანია, არაფერი მომხდარა ჩემს
ცხოვრებაში, რის გამოც საღი გონების შენარჩუნება დამჭირდებოდა.

დღეს დილით უითნიში ჩემი მოგზაურობა ისეთი უცნაური იყო. სულ რამდენიმე დღე გავიდა და ისეთი
შეგრძნება მქონდა, თითქოს საუკუნეა, იქ არ ვყოფილვარ, თუმცა იქნებ ეს სულ სხვა ადგილი იყო, სხვა
სადგური და საერთოდ სხვა ქალაქი. ახლა იმ ადამიანს სულ არ ვგავდი, რომელიც იქ შაბათ ღამეს იყო.
დღეს საღი და ფხიზელი ვარ. მკაფიოდ ვაცნობიერებ ხმაურს, სინათლესა და სიმართლის გაგების შიშს.
სხვის საკუთრებაში შევიჭერი. აი, როგორ ვგრძნობდი თავს ამ დილით. ახლა ეს მათი ტერიტორიაა, ტომისა
და ანასი, სკოტისა და მეგანის. მე აუთსაიდერი ვარ, ჩემი ადგილი არ არის, თუმცა აქ ჩემთვის ყველაფერი
ისეთი ნაცნობია. სადგურიდან კიბით ქვევით, მერე გაზეთების კიოსკის გავლით როზბერი-ავენიუსკენ,
ორი გზის გადაკვეთამდე ნახევარი კვარტალია, აქედან მარჯვნივ თაღია, რომლის იქით, რკინიგზის ქვეშ,
წყლით დატბორილი გასასვლელია ქვეითად მოსიარულეთათვის, აქედან მარცხნივ ბლენიმ-როუდი, ვიწრო
და ორივე მხარეს ხეების მწკრივით, და ერთ მხარეს ლამაზი, ვიქტორიანული ეპოქის ტერასებით. ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში მოვედი. ნებისმიერში კი არა, ბავშვობის სახლში, საიდანაც თითქმის
მთელი ცხოვრებაა, წამოსული ვარ. ეს არის შეგრძნება კიბისა, რომელზედაც ადიხარ და ზუსტად იცი,
რომელი საფეხური ჭრიალებს.

ნაცნობი სივრცის შეგრძნება მარტო თავში კი არ მაქვს, ის ჩემს ძვლებშია, კუნთების მეხსიერებაა. დილით
ჩაბნელებულ მიწისქვეშა გასასვლელში რომ შევედი, ფეხს ავუჩქარე. ამაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, ამ
მონაკვეთს ყოველთვის უფრო სწრაფად გავდივარ. ყოველღამ შინ რომ ვბრუნდები, განსაკუთრებით,
ზამთარში, სიჩქარეს ვუმატებ და მარჯვნივ ვიხედები, უბრალოდ, რომ დავრწმუნდე. იქ არასოდეს არავინ
არის, არც მაშინ და არც დღეს, და მაინც, დილით ადგილზე გავქვავდი და სიბნელეში ვიყურებოდი იმიტომ,
რომ შეიძლებოდა, უცებ საკუთარი თავი დამენახა. საკუთარი თავი რამდენიმე მეტრის მოშორებით
შეიძლებოდა დამენახა: კედელზე აკრული, ხელებში თავჩარგული, თავიცა და ხელებიც სისხლით
მოთხვრილი.
გული ყრუდ მიცემდა. ვიდექი და სადგურში მიმავალი ხალხი გვერდს მივლიდა. ერთი-ორი კაცი
შემობრუნდა და გაკვირვებული მომაჩერდა, ასე გაშეშებული რომ ვიდექი. არ ვიცოდი, არ ვიცი, რეალობაა
ეს თუ არა. მიწისქვეშა გადასასვლელში რატომ უნდა ჩავსულიყავი? რა მიზეზი უნდა მქონოდა,
ჩავსულიყავი იქ, სადაც სიბნელე და სისველეა და შარდის სუნით ყარს ყველაფერი?

შევტრიალდი და ისევ სადგურისაკენ წავედი. იქ ყოფნა მეტი აღარ მინდოდა. არ მინდოდა, სკოტისა და
მეგანის სახლის კართან მისვლა. იქიდან წასვლა მინდოდა. იქ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ვიცი, რომ ასეა.

ბილეთის ფული გადავიხადე, პლატფორმის მეორე მხარეს მიმავალი კიბე სწრაფად ავიარე და აი, ისევ
თითქოს რაღაც გამინათდა, ოღონდ ამჯერად მიწისქვეშა გასასვლელი კი არა, კიბე დავინახე, იქ
წავიბორძიკე და ვიღაც კაცმა მკლავზე ხელი მომკიდა, ადგომაში დამეხმარა. ეს ის კაცი იყო,
მატარებლიდან, მოწითალო თმით. ბუნდოვნად ვხედავ მის სახეს, მაგრამ არ ველაპარაკები. მახსოვს, რომ
გამეცინა, არ ვიცი, საკუთარ თავზე თუ იმაზე, რაც მან თქვა. ძალიან თავაზიანი იყო, ამაში დარწმუნებული
ვარ, თითქმის დარწმუნებული. რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ არა მგონია, იმ კაცს ამასთან რაიმე კავშირი
ჰქონოდა.

მატარებელში ჩავჯექი და ლონდონში გავემგზავრე. ბიბლიოთეკაში მივედი, კომპიუტერთან დავჯექი და


მეგანის შესახებ ინფორმაციის ძებნა დავიწყე. „ტელეგრაფის“ საიტზე მოკლე სტატია იყო, სადაც ეწერა, რომ
დაახლოებით ოცდაათი წლის მამაკაცი პოლიციას გამოძიებაში ეხმარება, სავარაუდოდ, სკოტი.

არ მჯერა, რომ ის მეგანს რაიმეს დაუშავებდა. უფრო სწორად, ვიცი, რომ არ დაუშავებდა. ისინი ერთად
მინახავს. ვიცი, როგორ გამოიყურებიან ერთად. ინტერნეტში იყო დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების
ტელეფონის ნომერი, რომელზეც ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შეგიძლია დარეკო. შინ დაბრუნებისას,
გზაზე ფასიანი ტელეფონიდან დავრეკავ. ბი-ს შესახებაც ვეტყვი და ყველაფერს მოვუყვები, რაც მე თვითონ
დავინახე.

ეშბერიში რომ შევდივართ, ტელეფონი რეკავს. ისევ ქესია. საწყალი გოგო, მართლა ნერვიულობს ჩემზე.

- რეიჩ, მატარებელში ხარ? სახლში მოდიხარ? - აფორიაქებული ჩანს.

- ჰო, მოვდივარ. თხუთმეტ წუთში ვიქნები.

- აქ პოლიციაა, რეიჩელ, - ამბობს ის და მთელ ტანზე ცივი ოფლი მასხამს.


- შენთან უნდათ ლაპარაკი.

ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2013

დილა
მეგანი ჯერ კიდევ დაკარგულია, მე კი პოლიცია მოვატყუე, არაერთხელ.

გუშინ ღამე, შინ დაბრუნებისას, პანიკაში ვიყავი. ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ტაქსის
ინციდენტზე სალაპარაკოდ იქნებოდნენ მოსულები, თუმცა უაზრობა გამოდიოდა: პოლიციას შემთხვევის
ადგილზე ველაპარაკე. იქ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ალბათ, მაინც შაბათ ღამესთან დაკავშირებით არიან
მოსულები. ეტყობა, რაღაც ჩავიდინე. რაღაც საშინელება ჩავიდინე და მერე ეს ჩემი მეხსიერებიდან
ამოვშალე.

მესმის, რომ ნაკლებად სავარაუდოა. რა უნდა ჩამედინა? ბლენიმ-როუდზე წავსულიყავი, მეგან ჰიფველს
დავსხმოდი თავს, მისი გვამი სადღაც გადამემალა და მერე ყველაფერი დამევიწყებინა? ეს ხომ სასაცილოა,
არის კიდეც სასაცილო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შაბათს რაღაც მოხდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა
რკინიგზისქვეშა ბნელ გასასვლელში შევიხედე და ძარღვებში სისხლი გამეყინა.

მეხსიერებაში ამოვარდნები ხდება ხოლმე. იმას კი არ ვგულისხმობ, კლუბიდან სახლში გვიან ღამით, ცოტა
გაბრუებული რომ ბრუნდები, ან იმას, ვერაფრით რომ ვერ იხსენებ, რა იყო ძალიან სასაცილო პაბში
მეგობრებთან ჭორაობის დროს. ეს სხვაა. ახლა კი სრული წყვდიადია, მთელი საათებია დაკარგული და,
ალბათ, ვეღარასოდეს აღდგება.

ამის შესახებ ტომმა წიგნი მიყიდა. მაინცდამაინც რომანტიკული ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ეტყობა, დაიღალა.
დილაობით ვებოდიშებოდი, ვეუბნებოდი, როგორ ვწუხვარ და არც კი ვიცოდი, რის გამო. ალბათ, უნდოდა,
ეჩვენებინა, რა ზიანი შემეძლო მიმეყენებინა საკუთარი თავისთვის, რა შეიძლებოდა დამმართოდა. ის წიგნი
ექიმის დაწერილი იყო, თუმცა წარმოდგენა არა მაქვს, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ყველაფერი,
რაც იქ წავიკითხე. ავტორი ამტკიცებდა, რომ ამოვარდნები მეხსიერებაში მხოლოდ მომხდარის დავიწყებას
არ ნიშნავს. ეეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმ მოგონებების არარსებობას, რომლებიც შეიძლება დაგავიწყდეს.
მისი თეორიის მიხედვით, თქვენ ისეთ მდგომარეობაში ვარდებით, როდესაც ტვინს ხანმოკლე მეხსიერება
არ გააჩნია. ამ წყვდიადში ყოფნისას არ იქცევით ისე, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდით. თქვენ,
უბრალოდ, რეაგირებთ უკანასკნელ რამეზე, რაც გგონიათ, რომ მოხდა. იმის გამო, რომ მოგონებები არა
გაქვთ, არ შეიძლება იცოდეთ, რეალურია თუ არა ის, რაც თქვენს მეხსიერებაში უკანასკნელ მომხდარ
ფაქტად აისახა. წიგნში იყო ანეკდოტები, გამაფრთხილებელი ისტორიები იმათთვის, ვინც ბევრს სვამენ და
მეხსიერებიდან ამოვარდნები აქვთ: იყო ერთი ნიუჯერსელი ყმაწვილი, რომელიც ოთხი ივლისის
აღსანიშნავ წვეულებაზე გამოთვრა, მერე მანქანაში ჩაჯდა, ავტოსტრადაზე არასწორი მიმართულებით
წავიდა, დაეჯახა ავტოფურგონს, რომელშიც შვიდი კაცი იჯდა. ფურგონს ცეცხლი წაეკიდა და ექვსი
მგზავრი დაიღუპა. მთვრალი კაცი კი თავს მშვენივრად გრძნობდა, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. მეორე
დღეს მანქანაში ჩაჯდომის მომენტიც კი არ ახსოვდა.

ნიუ-იორკში იყო ერთი კაცი, რომელიც ბარიდან გამოვიდა, წავიდა სახლში, რომელშიც გაიზარდა, დანით
დახოცა იქაური მობინადრეები, ტანსაცმელი გაიხადა, ისევ მანქანაში ჩაჯდა, შინ დაბრუნდა და
დასაძინებლად დაწვა. მეორე დილით თავს საშინლად გრძნობდა, ვერ გაეგო, სად წავიდა მისი ტანსაცმელი
და როგორ მოვიდა სახლში. მხოლოდ მის დასაჭერად პოლიციის მოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ
მხეცურად მოკლა ორი კაცი და ამის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.

ასე რომ, ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ შეუძლებელი არ არის. გუშინ ღამით სახლში
დაბრუნების შემდეგ თავი დავარწმუნე, რომ მეგანის გაუჩინარებასთან რაღაცით ვიყავი დაკავშირებული.
პოლიციის ოფიცრები მისაღებ ოთახში ტახტზე ისხდნენ. ერთ-ერთი, ორმოცს გადაცილებული,
სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი; მეორეს კი, უფრო ახალგაზრდას, უნიფორმა ეცვა და საყელო
ქერტლით ჰქონდა გადათეთრებული. ქესი ფანჯარასთან იდგა და ხელებს ისრესდა. დამფრთხალი ჩანდა.
პოლიციელები ფეხზე წამოდგნენ. სამოქალაქოტანსაცმლიანმა, ძალიან მაღალმა და ოდნავ წელში
მოხრილმა, ხელი ჩამომართვა და გამეცნო, როგორც დეტექტივ-ინსპექტორი გასკილი. პოლიციის
კონსტებლის გვარიც მითხრა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. გონებადაბინდული ვიყავი, ძლივს ვსუნთქავდი.

- რაშია საქმე? - შევუყეფე მე, - რა მოხდა? დედაჩემი? ტომი?

- ყველა კარგად არის, მის უოთსონ. უბრალოდ, გვინდოდა, გაგვეგო, რას აკეთებდით შაბათ საღამოს, - თქვა
გასკილმა.

ასეთი რამ ტელევიზორში მინახავს. თითქოს ეს სინამდვილეში არ ხდებოდა. მათ უნდათ იცოდნენ, რას
ვაკეთებდი შაბათ საღამოს. რა ჯანდაბა ჩავიდინე შაბათ საღამოს?

- დაჯდომა მჭირდება, - ვთქვი მე და დეტექტივი გაიწია, რომ ტახტზე მის ადგილას, ქერტლიანი საყელოს
გვერდზე დავმჯდარიყავი. ქესი ხან ერთ ფეხს ეყრდნობოდა, ხან მეორეს, თან ქვედა ტუჩს ღეჭავდა.
გაცოფებული იყო.

- კარგად ხართ, მის უოთსონ? - მკითხა გასკილმა და წარბს ზევით ჭრილობაზე მიმითითა.

- ტაქსი დამეჯახა, გუშინ ნაშუადღევს, ლონდონში. საავადმყოფოში მოვხვდი, შეგიძლიათ, შეამოწმოთ.

- კარგი, - თქვა მან და თავი ოდნავ დააქნია, - და შაბათ საღამოზე რას იტყვით?

- უითნიში ვიყავი, - ვუპასუხე და შევეცადე, არ შეემჩნიათ, ხმა რომ მიკანკალებდა.

- რისთვის?

ქერტლიანმა საყელომ ბლოკნოტი და ფანქარი მოიმარჯვა.

- ქმართან შეხვედრა მინდოდა.

- ოჰ, რეიჩელ! - წამოიძახა ქესიმ.

დეტექტივმა მას ყურადღება არ მიაქცია.

- ქმართან? პ - თქვა მან, პ - ყოფილ ქმარს გულისხმობთ? ტომ უოთსონს?

ჰო, მას ვგულისხმობდი. ჯერ კიდევ მის გვარს ვატარებ. ასე უფრო მოხერხებული იყო, საკრედიტო
ბარათების, იმეილის მისამართის შეცვლა, ახალი პასპორტის აღება და ასეთი რაღაცები არ მჭირდებოდა.

- დიახ, მისი ნახვა მინდოდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ეს ცუდი იდეა იყო და სახლში წამოვედი.
- რომელ საათზე იყო ეს? - გასკილს მშვიდი ხმა ჰქონდა, სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა, ლაპარაკის
დროს ტუჩებს თითქმის არ ამოძრავებდა. მესმოდა, როგორ წრიპინებდა ქერტლიან საყელოიანის ფანქარი
ფურცელზე, მესმოდა, როგორ პულსირებდა სისხლი ყურებში.

- რომელ საათზე... მმ... დაახლოებით შვიდის ნახევარი იქნებოდა. იმას ვგულისხმობ, რომ ვფიქრობ,
მატარებელში დაახლოებით ექვს საათზე ჩავჯექი.

- და შინ დაბრუნდით...

- ალბათ, რვის ნახევარზე, - ქესის შევხედე თვალებში და მისი გამომეტყველებით მივხვდი, მან იცოდა, რომ
ვტყუოდი, - იქნებ ცოტა უფრო გვიანაც. შეიძლება თითქმის რვა საათიც იყო. ჰო, ახლა გამახსენდა, სახლში
რომ დავბრუნდი, რვას გადაცილებული იყო, - ვგრძნობდი, როგორ ვწითლდებოდი. თუ ეს კაცი ვერ
მიხვდა, რომ ვტყუი, მაშინ პოლიციაში მუშაობას არ იმსახურებს.

დეტექტივი შემობრუნდა, სკამს ხელი მოჰკიდა, ჯერ კუთხეში მდგარი მაგიდის ქვეშ შესწია, მერე სწრაფი,
უხეში მოძრაობით თავისკენ მოატრიალა, ჩემგან ერთი-ორი ნაბიჯის დაშორებით, ზუსტად წინ დამიდგა
და დაჯდა. ხელები მუხლებზე დააწყო და თავი გვერდზე გადახარა.

- კარგი, - თქვა მან, - იქიდან დაახლოებით ექვსი საათისათვის წამოხვედით. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდის
ნახევრისათვის უითნიში უნდა ყოფილიყავით, სახლში კი დაახლოებით რვა საათისათვის დაბრუნდით,
რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან რვის ნახევარზე უნდა წამოსულიყავით, სწორია?

- დიახ, სწორია, - ხმა ისევ ამიკანკალდა, რაც ნერვიულობის დაფარვას შეუძლებელს ხდიდა. ვიცოდი, რომ
ამის შემდეგ აუცილებლად მკითხავდა, რას ვაკეთებდი დარჩენილი ერთი საათის განმავლობაში. ეს
თვითონაც არ ვიცოდი და მისთვის რა უნდა მეთქვა.

- საბოლოოდ ყოფილი ქმრის სანახავად მაინც არ წახვედით, მაშინ იმ ერთი საათის მანძილზე რას
აკეთებდით უითნიში?

- ცოტა გავისეირნე.

დამელოდა, აინტერესებდა, გავაგრძელებდი თუ არა. დავაპირე, მეთქვა, რომ პაბში ვიყავი, მაგრამ ეს
სისულელე იქნებოდა, ადვილად შეამოწმებდნენ. ჯერ მკითხავდა, რომელ პაბში, მერე - ველაპარაკე ვინმეს
თუ არა. სანამ იმაზე ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა, თავში არც კი მომსვლია, მეთხოვა, აეხსნა, რატომ
აინტერესებდათ, სად ვიყავი შაბათ საღამოს. ეს შეიძლებოდა წაგებიანი ყოფილიყო ჩემთვის, ჩათვლიდნენ,
რომ რაღაცაში დამნაშავე ვარ.

- ვინმეს ელაპარაკეთ? - თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო, მკითხა მან, - რომელიმე მაღაზიაში ან ბარში ხომ
არ შესულხართ?

- სადგურზე ვიღაც კაცს ველაპარაკე, - ისე ხმამაღლა და გამარჯვებულის ტონით ვთქვი, თითქოს ეს რაიმეს
ნიშნავდა, - რატომ მეკითხებით ამას? საერთოდ, რა ხდება?

დეტექტივ-ინსპექტორი გასკილი სკამზე უკან გადაწვა.


- ალბათ, გაიგებდით, უითნიდან ქალი დაიკარგა. ქალი, რომელიც ბლენიმ-როუდზე, თქვენი ყოფილი
მეუღლისაგან რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობდა. ყველა იქაური მცხოვრები მოვიარეთ. ყველას
ვეკითხებოდით, იმ ღამეს რაიმე უჩვეულო ხომ არ გაუგონიათ ან დაუნახავთ. ამ გამოკითხვების დროს
თქვენმა გვარმა გაიჟღერა, - გაჩუმდა. ეტყობა, დრო მომცა, რომ ყველაფერი გამეცნობიერებინა.

- თქვენ დაგინახეს ბლენიმ-როუდზე იმ საღამოს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მისის ჰიფველი, ეს


დაკარგული ქალის გვარია, სახლიდან გამოვიდა. მისის ანა უოთსონმა გვითხრა, რომ მისის ჰიფველის
სახლთან, თავისი სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე დაგინახათ. მან გვითხრა, ისე
უცნაურად იქცეოდა, რომ შევშფოთდი, იმდენად, რომ პოლიციაში დარეკვას ვაპირებდიო.

გული მახეში გაბმული ჩიტივით მიფართხალებდა. ვერ ვლაპარაკობდი, რადგან ამ მომენტში მხოლოდ
საკუთარ თავს ვხედავდი, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაკუზულს, სისხლში მოთხვრილი ხელებით.
საკუთარ სისხლში მოთხვრილი ხელებით. ნამდვილად ჩემი სისხლი იყო. გასკილს შევხედე, მისი თვალები
დავინახე და მივხვდი, რომ ძალიან სწრაფად უნდა მომეფიქრებინა რაღაც. როგორმე ხელი შემეშალა
მისთვის, ჩემი აზრები წაეკითხა.
- მე არაფერი გამიკეთებია, - ვთქვი მე, - არ გამიკეთებია. მე უბრალოდ... უბრალოდ, ჩემი ქმრის ნახვა
მინდოდა...

- თქვენი ყოფილი ქმრის, - ისევ გამისწორა გასკილმა. პიჯაკის ჯიბიდან ფოტო ამოიღო და მაჩვენა. ეს
მეგანის ფოტო იყო.

- ეს ქალი შაბათ ღამეს ნახეთ? - მკითხა მან.

კარგა ხანს მივშტერებოდი. იყო რაღაც სიურრეალისტური იმაში, რომ ამ სრულყოფილი გარეგნობის ქერა
ქალის სურათს ასეთ სიტუაციაში მიჩვენებდნენ. მე ხომ მას ვუთვალთვალებდი, მის ცხოვრებას საკუთარ
წარმოსახვაში ვაშენებდი და ვანგრევდი. სურათზე მისი მხოლოდ თავი იყო, პროფესიონალის მიერ
ახლოდან გადაღებული. სახის ნაკვთები ცოტა უფრო მძიმე ჰქონდა, ვიდრე წარმომედგინა. ისეთი
დახვეწილი სახე არ ჰქონდა, როგორიც ჯესს.

- მის უოთსონ, შეხვედრიხართ ამ ქალს?

არ ვიცოდი, შევხვდი თუ არა, სრულიად გულწრფელად, არ ვიცოდი. არც ახლა ვიცი.

- არა მგონია, - ვუპასუხე მე.

- არა გგონიათ? ესე იგი, შეიძლება შეხვდით?

- დარწმუნებული არა ვარ.

- შაბათ საღამოს დალიეთ? - მკითხა მან, - სანამ უითნიში წახვიდოდით, დალიეთ?

უცებ ისევ წამომახურა.

- დიახ.

- მისის უოთსონი, ანა უოთსონი, სახლთან ახლოს რომ დაგინახათ, ამბობს, რომ მთვრალი იყავით. ასე იყო?
- არა, - ვუთხარი და დეტექტივს თვალებში შვხედე, ამიტომ ქესის მზერა არ შემინიშნავს, - ერთი-ორი ჭიქა
დავლიე ნაშუადღევს, მაგრამ მთვრალი არ ვიყავი.

გასკილმა ამოიოხრა. ეტყობა, იმედი გავუცრუე. “ქერტლიან საყელოს” გადახედა, მერე ნელა, ძალიან ნელა
წამოდგა და სკამი ისევ მაგიდის ქვეშ შესწია.

- თუ შაბათ ღამის შესახებ რაიმეს გაიხსენებთ, ნებისმიერ რაიმეს, რაც შეიძლება გამოძიებას დაეხმაროს,
ძალიან გთხოვთ, დამირეკეთ, - თქვა მან და თავისი სავიზიტო ბარათი მომცა.

როდესაც გასკილმა ქესის თავი პირქუშად დაუკრა და წასასვლელად მოემზადა, ტახტზე უღონოდ დავეცი.
ვგრძნობდი, როგორ დგებოდა ნორმაში გულისცემა, მაგრამ მერე ისევ მკითხა:

- თქვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობთ, არა? „ჰანთინგდონ უაითლიში“? -


გული ისევ ამიჩქარდა.

- დიახ, ასეა.

შეამოწმებს და გაიგებს, რომ მოვატყუე. ვერ დავუშვებ, რომ მან თვითონ გაიგოს, მე უნდა ვუთხრა.

მოკლედ, აი, რას ვაპირებ ამ დილით: პოლიციაში წავალ და ყველაფერს მე თვითონ მოვყვები: რომ
სამსახური თვეების წინ დავკარგე, რომ შაბათ ღამეს უგონოდ მთვრალი ვიყავი და წარმოდგენა არა მაქვს,
როდის მოვედი სახლში. ყველაფერს მოვყვები, რაც გუშინ საღამოს უნდა მეთქვა: რომ გამოძიება არასწორი
მიმართულებით მიდის, რომ მეგან ჰიფველს რომანი ჰქონდა, რომ ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.

საღამო

პოლიციას ჰგონია, რომ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, რომ თვალთვალი მიყვარს, რომ გიჟი ვარ
არასტაბილური ფსიქიკით. პოლიციის განყოფილებაში არ უნდა წავსულიყავი. ჩემი მდგომარეობა კიდევ
უფრო გავართულე და ვფიქრობ, ვერც სკოტს დავეხმარე, ჩემი პოლიციაში წასვლის უპირველესი მიზეზი კი
სწორედ ეს იყო. მას ჩემი დახმარება სჭირდება. აშკარაა, რომ პოლიციისათვის ის არის ეჭვმიტანილი. ისინი
ფიქრობენ, მან რაღაც დაუშავა მეგანს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ტყუილია. კარგად ვიცნობ. შეიძლება
გიჟურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ მინახავს, როგორ ექცეოდა ცოლს, არასოდეს არაფერს დაუშავებდა.

მოკლედ, სკოტის დახმარება პოლიციაში წასვლის ერთადერთი მიზეზი არ იყო. საქმე ეხებოდა ტყუილს,
რომელიც რაღაცნაირად უნდა გამომესწორებინა. „ჰანთინგდონ უაითლიში“ ჩემი მუშაობის შესახებ
ტყუილს ვგულისხმობ.

მეჩვენება, თითქოს პოლიციის განყოფილებაში წასვლისთვის გამბედაობის მოსაკრებად საუკუნე


დამჭირდა. რამდენჯერმე კინაღამ გადავიფიქრე და სახლისკენ გამოვბრუნდი, მაგრამ ბოლოს მაინც შევედი.
მორიგე სერჟანტს ვკითხე, როგორ მენახა დეტექტივ-ინსპექტორი გასკილი. ის გამიძღვა დახუთული
მოსაცდელი ოთახისაკენ, სადაც ერთ საათზე მეტხანს ვიცდიდი, სანამ ვინმე მომაკითხავდა. ამ ხნის
განმავლობაში ეშაფოტისაკენ მიმავალი ქალივით ოფლი მასხამდა და მაკანკალებდა. სხვა ოთახში
შემიყვანეს, უფრო პატარაში, კიდევ უფრო დახუთულში, უფანჯროში და უჰაეროში. იქ კიდევ ათ წუთს
ვიცდიდი, სანამ გასკილი და ვიღაც ქალი, ისიც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, გამოჩნდებოდნენ.
გასკილმა თავაზიანად გამიღიმა, ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია. თავისი კომპანიონი გამაცნო, როგორც
დეტექტივ-სერჟანტი რაილი. ის ჩემზე ახალგაზრდა, მაღალი, თხელი, მუქთმიანი და საკმაოდ ლამაზი იყო,
მკაფიოდ გამოკვეთილი მელიისებური ნაკვთებით. ჩემს ღიმილზე ღიმილითვე არ მიპასუხა.

დავსხედით. არავინ არაფერს ამბობდა. ისინი მომლოდინე გამომეტყველებით მიყურებდნენ.

- ის კაცი გამახსენდა, - ვთქვი მე, - რომ გითხარით, სადგურში ვიღაც კაცს ველაპარაკე-მეთქი. მისი აღწერაც
შემიძლია.

რაილიმ წარბები ოდნავ შესამჩნევად ასწია და სკამზე შეირხა.

- დაახლოებით საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის იყო და მოწითალო თმა ჰქონდა. კიბეზე ფეხი
ამისრიალდა და მან ხელი შემაშველა, მკლავით დამიჭირა.

გასკილი წინ გადმოიხარა, იდაყვები მაგიდაზე დააწყო, ხელები კი სახის წინ ერთმანეთს გადააჭდო.

- მას... მგონი... ცისფერი პერანგი ეცვა.

ეს მთლად სიმართლე არ იყო. კაცი კარგად მახსოვს და მოწითალო თმა რომ ჰქონდა, დარწმუნებული ვარ.
ისიც მახსოვს, მატარებელში რომ ვისხედით, გამიღიმა თუ სულელურად დამეჯღანა, ვერ მივხვდი. მგონი,
უითნიში ჩამოვიდა და შეიძლება დამელაპარაკა კიდეც. შესაძლებელია, კიბეზე ფეხი მართლა
დამისრიალდა. ეს ჩემს მეხსიერებაში დარჩა, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს შაბათ საღამოს მოხდა თუ
რომელიმე სხვა დღეს. ბევრ კიბეზე დამცდენია ბევრჯერ ფეხი... და წარმოდგენა არა მაქვს, რა ეცვა.

ჩემს მონათხრობს დეტექტივებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. რაილიმ თითქმის შეუმჩნევლად


გააქნია თავი. გასკილმა ხელები გაშალა და წინ გამოსწია, ხელისგულებით ზევით.

- კარგი, მართლა მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედით, მის უოთსონ? - მკითხა მან. მის ხმაში სიბრაზე არ
იგრძნობოდა, პირიქით, თითქოს მამხნევებდა. ვინატრე, რომ რაილი გასულიყო. გასკილთან ლაპარაკს
შევძლებდი. მისი ნდობა შეიძლებოდა.

- „ჰანთინგდონ უაითლიში“ აღარ ვმუშაობ, - ვთქვი მე.

- ოჰ, - სკამზე გადაწვა, ახლა უკვე დაინტერესდა.

- უკვე სამი თვეა, წამოვედი, ჩემი მეგობრისთვის, რომელთან ერთადაც ბინას ვქირაობ, უფრო სწორად, ის
არის ბინის პატრონი, ეს არ მითქვამს. სხვა სამუშაოს ვეძებ. მას იმიტომ არ ვუთხარი, რომ ბინის
გადასახადზე ინერვიულებდა. ცოტა ფული მაქვს. ოთახის საფასურის გადახდა შემიძლია, მაგრამ ამას
მნიშვნელობა არა აქვს. გუშინ მოგატყუეთ და ამისთვის ბოდიშს გიხდით.

რაილი წინ გადმოიხარა და ყასიდად გამიღიმა.


- გასაგებია, თქვენ „ჰანთინგდონ უაითლიში“ აღარ მუშაობთ, არსად არ მუშაობთ, ასეა? უმუშევარი ხართ?

მე თავი დავუქნიე.

- კარგი, ესე იგი... თქვენ შემოსავალი არა გაქვთ? არანაირი?

- არა.

- და თქვენს მეგობარ გოგონას არ შეუმჩნევია, რომ ყოველდღე სამსახურში არ დადიხართ?

- დიახ, არა, იმის თქმა მინდა, რომ ოფისში არ დავდივარ, მაგრამ ლონდონში, როგორც ადრე, ყოველდღე
მივდივარ, ერთსა და იმავე დროს, ასე რომ... ასე რომ, ვერ შეამჩნევდა.

რაილიმ გასკილს გადახედა, ის კი ამ დროს სახეზე წარბშეჭმუხნილი მაკვირდებოდა.

- უცნაურად ჟღერს, ვიცი, - ვთქვი მე და გავჩუმდი, რადგან მივხვდი, რომ როდესაც ასეთ რამეს ხმამაღლა
ამბობ, უცნაურად კი არა, არანორმალურად ჟღერს.

- გასაგებია. მოკლედ, თქვენ ყოველდღე, თითქოს სამსახურში წასასვლელად, სახლიდან გადიხართ? -


მკითხა რაილიმ. წარბები მანაც შეჭმუხნა, თითქოს ჩემზე დარდობდა. ეტყობა, იფიქრა, რომ არანორმალური
ვარ. არაფერი მითქვამს, არც გავნძრეულვარ, უბრალოდ, ჩუმად ვიყავი.

- ნება მომეცით, გკითხოთ, რატომ წამოხვედით სამსახურიდან, მის უოთსონ?

ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა. თუ ჩემი სამსახურის შესახებ ჩანაწერები აქამდე არ შეუმოწმებიათ, ახლა
ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.

- გამათავისუფლეს, - ვუპასუხე მე.

- გამოგიშვეს? - თქვა რაილიმ. მის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა. ეს მისთვის აშკარად მისაღები პასუხი
იყო.

- რატომ?

ამოვიოხრე და გასკილს მუდარით შევხედე.

- მართლა ასე მნიშვნელოვანია, რატომ დავკარგე სამსახური?


გასკილს არაფერი უთქვამს, რაილის მიერ მის წინ დადებულ ჩანაწერს კითხულობდა. მერე თავი ოდნავ
გააქნია. რაილიმ ტაქტიკა შეცვალა.

- მის უოთსონ, შაბათ ღამის შესახებ მინდოდა, მეკითხა.

გასკილს გავხედე, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ის ჩემკენ არ იყურებოდა.

- კარგი, - ვთქვი მე და ხელი ჭრილობისკენ გამექცა. თავი ვერ შევიკავე.


- მითხარით, რა მიზნით წახვედით ბლენიმ-როუდზე შაბათ ღამით, რაზე გინდოდათ, თქვენს ყოფილ
ქმართან გელაპარაკათ?

- არა მგონია, ეს თქვენი საქმე იყოს, - ვთქვი და უცებ, სანამ კიდევ რამეს მეტყოდა, დავამატე:

- ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებთ?

გასკილი ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი მიზანი. რაილის ერთი სიტყვაც
კი არ უთქვამს. უბრალოდ, მიყურებდა. ტუჩებზე ღიმილის მსგავსი რაღაც შერჩენოდა. მის მზერას ვერ
გავუძელი. ხან მაგიდას დავყურებდი, ხან კი ოთახს ვათვალიერებდი. ვიცოდი, რომ ასეთი ტაქტიკა
არსებობს: სიჩუმეს მანამდე შეინარჩუნებდა, სანამ ისე უხერხულად არ ვიგრძნობდი თავს, რომ რაღაცას
მაინც ვიტყოდი, ძალიანაც რომ არ მნდომოდა, მაინც.

- რაღაც საკითხზე მინდოდა მასთან საუბარი, ძალიან პირადულზე, - მაღალფარდოვნად და ამიტომ


სასაცილოდ გამომივიდა.

რაილიმ ამოიოხრა, მე კი ტუჩი მოვიკვნიტე და გადავწყვიტე, რომ გასკილის ოთახში დაბრუნებამდე ერთ
სიტყვასაც არ ვიტყოდი. როდესაც ის ოთახში დაბრუნდა და მღვრიეწყლიანი ჭიქა წინ დამიდგა, ლაპარაკი
ისევ რაილიმ დაიწყო.

- პირადი საქმეები? - თითქოს საუბრის გაგრძელებისკენ მიბიძგა.

- სწორედ ასეა.

რაილიმ და გასკილმა ერთმანეთს შეხედეს, ვერ მივხვდი, გაღიზიანდნენ თუ გაერთნენ. ზედა ტუჩიდან
ჩამოსული ოფლის გემო ვიგრძენი. წყალი მოვსვი, მყრალი იყო. გასკილმა თავის წინ დალაგებული
ფურცლები გადაათვალიერა და მერე გვერდზე გასწია, თითქოს მათზე მუშაობა დაამთავრა, ან იმან, რაც იქ
წაიკითხა, არ დააინტერესა.

- მის უოთსონ, თქვენი... ეე... თქვენი ყოფილი ქმრის ახლანდელი ცოლი, მისის ანა უოთსონი, თქვენი
ქცევის გამო შეშფოთებულია. მან გვითხრა, რომ მას და მის ქმარს მუდმივად აწუხებდით, დაუპატიჟებლად
მიდიოდით მათთან სახლში. ასევე თქვა, რომ ერთხელ... - გასკილმა ჩანაწერებს ჩახედა, მაგრამ რაილიმ
შეაწყვეტინა.

- ერთხელ მისტერ და მისის უოთსონების სახლში შეიჭერით და მათი ბავშვი წაიყვანეთ, მათი
ახალდაბადებული ბავშვი.

ოთახის ცენტრში დიდი შავი ხვრელი გაიხსნა და ჩამყლაპა.

- ეს ტყუილია, არ წამიყვანია. ეს არ მომხდარა. არასწორია, მე არ... არ წამიყვანია.

საშინლად გავნერვიულდი, თავის ქნევა და ტირილი დავიწყე, ვყვიროდი, რომ სასწრაფოდ წასვლა
მინდოდა. რაილიმ სკამი უკან გასწია და ფეხზე წამოდგა, გასკილისკენ მიტრიალდა, მხრები აიჩეჩა და
ოთახიდან გავიდა, მან კი „კლინექსის“ ცხვირსახოცი მომაწოდა.
- თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წახვიდეთ, მის უოთსონ. ჩვენთან სალაპარაკოდ თვითონ მოხვედით, -
თქვა მან და გამიღიმა, თითქოს მიბოდიშებდა. იმ მომენტში ძალიან მომეწონა, მომინდა, მისი ხელი ამეღო
ხელში და მაგრად მომეჭირა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ძალიან უცნაური იქნებოდა.

- მეჩვენება, თითქოს რაღაც კიდევ გაქვთ ჩემთვის სათქმელი, - მითხრა მან და კიდევ უფრო მეტად
მომეწონა, ჩემთვის, და არა ჩვენთვის სათქმელიო, რომ თქვა.

- ალბათ, - განაგრძო მან, ფეხზე წამოდგა და კარისაკენ გამიძღვა, - იქნებ შესვენება გჭირდებათ, ფეხების
გამართვა, წახემსება. მერე, როდესაც მზად იქნებით, დაბრუნდით და ყველაფერი მითხარით.

მე კი ყველაფრის დავიწყებასა და სახლში დაბრუნებას ვგეგმავდი. სადგურისაკენ წავედი, ყველაფერზე


უარის თქმას ვაპირებდი. მერე გამახსენდა, როგორ დავდიოდი მატარებლით წინ და უკან მეგანისა და
სკოტის სახლის გავლით, ყოველდღე. საერთოდ რომ ვერ იპოვონ? ვერასოდეს რომ ვერ გავიგო, რა
დაემართა? იქნებ ჩემი ისტორია რაღაცით დაეხმაროს. ხომ შეიძლება, სკოტი დამნაშავედ მხოლოდ იმიტომ
ჩათვალონ, რომ ბი-ს არსებობის შესახებ არაფერი იციან. იქნებ ახლა სწორედ მის სახლში, სარდაფში ზის
ხელფეხშეკრული, დაჭრილი და დასისხლიანებული, ან იქნებ უკვე დამარხულია ბაღში.

ისე მოვიქეცი, როგორც გასკილმა მირჩია: კუთხის მაღაზიაში ერთი ბოთლი წყალი, ლორიანი და ყველიანი
სენდვიჩი ვიყიდე და უითნის ერთადერთ პარკში წავიღე. ეს უფრო მიწის პატარა საცოდავი ნაგლეჯია,
რომელსაც გარშემო გასული საუკუნის 30-იანი წლების სახლები აკრავს და მისი უდიდესი ნაწილი
ასფალტირებულ სათამაშო მოედანს უჭირავს. მის განაპირა ბაღის სკამზე დავჯექი და დედებსა და ძიძებს
ვათვალიერებდი, რომლებიც ფხიზლად ადევნებდნენ თვალს, რომ ბავშვებს სათამაშოდ შემოფარგლული
ქვიშა არ ეჭამათ. რამდენიმე წლის წინ აქ მოსვლაზე ხშირად ვოცნებობდი. ვოცნებობდი, პოლიციაში
დაკითხვებს შორის შესვენებისას ლორიანი და ყველიანი სენდვიჩით კი არა, რა თქმა უნდა. საკუთარი
ბავშვით მოსვლაზე ვოცნებობდი. ვფიქრობდი ბავშვის მსუბუქ ეტლზე, რომელსაც ვიყიდდი. მთელ დროს
„ტროტერსა“ და „ადრეული სწავლების ცენტრში“ გავატარებდი, რომ არაჩვეულებრივი ტანსაცმელი და
ბავშვების განვითარებისათვის აუცილებელი სათამაშოები მეთვალიერებინა. ვფიქრობდი, როგორ
ვიჯდებოდი აქ ბედნიერების ფუმფულა მორგვით კალთაში.

არაფერ ამას ასრულება არ ეწერა. ვერც ერთმა ექიმმა ვერ ამიხსნა, რატომ არ ვფეხმძიმდებოდი. ჯერ კიდევ
ახალგაზრდა ვიყყავი, ჯანმრთელი და მაშინ ასე ბევრს არ ვსვამდი. ჩემი ქმრის სპერმა აქტიური და
ნაყოფიერი იყო. უბრალოდ, არ გამოვიდა. მუცლის მოშლის აგონიაც კი არ გამომიცდია. უბრალოდ, არ
დავფეხმძიმდი. ხელოვნური განაყოფიერებაც ვცადეთ, მხოლოდ ერთხელ. მეტის საშუალება არ გვქონდა.
ეს, როგორც ყველა გვაფრთხილებდა, უსიამოვნო და უშედეგო გამოდგა. არავის გავუფრთხილებივართ,
რომ ეს დაგვანგრევდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. უფრო სწორად, მე დამანგრია და მერე მე ჩვენი
ურთიერთობა დავანგრიე. უშვილობა იმას ნიშნავს, რომ ამას თავს ვერასოდეს დააღწევ, ვერც მაშინ,
როდესაც ოცდაათის ხარ. ჩემი მეგობრები აჩენდნენ ბავშვებს, ჩემი მეგობრების მეგობრებიც აჩენდნენ
ბავშვებს. ჩემ გარშემო გაუთავებლად ფეხმძიმობა, ბავშვების გაჩენა და პირველი დაბადების დღეები იყო.
მეც სულ მეკითხებოდნენ დედაჩემი, მეგობრები, კოლეგები, ჩემი ჯერი როდის დადგებოდა. ერთხანს ჩვენი
უშვილობა საკვირაო სადილებზე მიღებული თემა გახდა. არა მხოლოდ ჩემსა და ტომს შორის, არამედ
ზოგადად. რას ვცდილობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და იქვე: „კიდევ ერთ ჭიქა ღვინოს ხომ არ
მიირთმევთ?“ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დრო ჯერ კიდევ ბევრი მქონდა, მაგრამ ამ წარუმატებლობამ
თითქოს გამტეხა, მომერია, ჩამითრია და იმედი დავკარგე. იმ პერიოდში იმან აღმაშფოთა, რომ ყველაფერი
მე მბრალდებოდა, მე ვიყავი ის მხარე, რომელმაც იმედი ვერ გავამართლე. თუმცა სისწრაფემ, რომლითაც
ტომმა ანას დაფეხმძიმება მოახერხა, აჩვენა, რომ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ვცდებოდი, როდესაც
ვამბობდი, რომ ეს პასუხისმგებლობა ორივეს თანაბრად უნდა გაგვენაწილებინა; ყველაფერი ჩემი ბრალი
აღმოჩნდა.

ლარამ, ჩემმა უნივერსიტეტელმა საუკეთესო მეგობარმა, ორი წლის მანძილზე ორი ბავშვი გააჩინა: ჯერ
ბიჭი და მერე - გოგონა. ისინი არ მიყვარდა, არაფრის გაგონება არ მინდოდა მათ შესახებ. მათთან ახლოს
ყოფნაც არ მინდოდა. გარკვეული დროის შემდეგ ლარამ ჩემთან ლაპარაკი შეწყვიტა.

ჩემთან ერთი გოგო მუშაობდა, რომელმაც მითხრა, სრულიად შემთხვევით, აპენდოქტომიისა თუ სიბრძნის
კბილის ამოღების შესახებ ლაპარაკისას, რომ ცოტა ხნის წინ აბორტი გაიკეთა, სამედიცინო აბორტი, და ის
ბევრად ნაკლებად ტრავმული იყო, ვიდრე ქირურგიული, რომელიც უნივერსიტეტში ყოფნის დროს
დასჭირდა. ამის შემდეგ მასთან ლაპარაკი აღარ შემეძლო, ვერც კი ვუყურებდი. ამის გამო ოფისში
უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ამას ყველა ამჩნევდა.

ტომს ისეთი განცდა არ ჰქონია, როგორიც მე. ეს მისი წარუმატებლობა არ იყო. მას ბავშვი ისე ძალიან არ
სჭირდებოდა, როგორც მე. უნდოდა, მამა ყოფილიყო, მართლა უნდოდა, დარწმუნებული ვარ, ოცნებობდა,
რომ თავის ვაჟიშვილთან ერთად ჩვენს ბაღში ბურთი ეთამაშა ან მხრებზე შესმული თავის ქალიშვილთან
ერთად პარკში ესეირნა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ჩვენი ცხოვრება ბავშვების გარეშეც მშვენიერი იქნებოდა.
ბედნიერები ვართო, მეუბნებოდა, რატომ არ შეგვიძლია, ასე ცხოვრება გავაგრძელოთო. ჩემით
იმედგაცრუებული იყო. ვერასოდეს იგებდა, როგორ შეიძლება, მოგენატროს ის, რაც არასოდეს გქონია, ან
იდარდო მასზე.

ჩემს განცდებში ჩავიკეტე. მარტოხელა გავხდი და ცოტ-ცოტა სმა დავიწყე. მერე ცოტა მოვუმატე და კიდევ
უფრო მარტოდ ვიგრძენი თავი, რადგან მთვრალის გვერდით ყოფნა არავის უნდა. დავმარცხდი და ვსვამდი
და ვსვამდი და ვსვამდი და დავმარცხდი. ჩემი საქმე მომწონდა, მაგრამ ბრწყინვალე კარიერა არ მქონია,
რომც მქონოდა, მოდი, გულწრფელად ვთქვათ, ქალი სინამდვილეში ორი რამით ფასდება: გარეგნობითა და
დედის როლით. მე ლამაზი არა ვარ და ბავშვის ყოლა არ შემიძლია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არანაირი ფასი
არა მაქვს.

ამ ყველაფერს ჩემს გალოთებაში ვერ დავადანაშაულებ: ვერც მშობლებს, ვერც ჩემს ბავშვობას, მოძალადე
ბიძას ან რაიმე საშინელ ტრაგედიას. ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მსმელი ყოველთვის ვიყავი, დალევა
მიყვარდა, მაგრამ თანდათან ნაღვლიანი გავხდი, ნაღვლიანობა კი გარკვეული დროის შემდეგ მოსაწყენი
ხდება თვითონ ნაღვლიანი ადამიანისთვისაც და ყველასთვის მის გარშემო. მერე მსმელიდან ლოთად
ვიქეცი, ამაზე უფრო მოსაწყენი კი არაფერია.

***

ახლა ბავშვის საკითხთან დაკავშირებით უკეთესად ვგრძნობ თავს. უკეთ მას შემდეგ გავხდი, რაც საკუთარ
თავთან მარტო დავრჩი. სხვა გამოსავალი არ იყო. წიგნები და სტატიები წავიკითხე და მივხვდი, რომ
ამასთან შეგუება მომიწევდა. არსებობს სხვადასხვა მეთოდიკა, არსებობს იმედი, რომ თუ ამ
მდგომარეობიდან გამოვალ და სმას თავს დავანებებ, ბავშვის აყვანას შევძლებ. ოცდათოთხმეტი წლის არა
ვარ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც
ტროლეიბუსიდან ჩამოვდიოდი და სუპერმარკეტიდან გამოვრბოდი, თუ იქაურობა დედებითა და
ბავშვებით იყო გატენილი. მაშინ ასეთ პარკში ვერც კი შევიდოდი, სათამაშო მოედნის გვერდით ვერ
დავჯდებოდი იმის საყურებლად, როგორ სრიალებდნენ ლოყაწითელი პატარები სასრიალოზე. იყო დრო,
ყველაზე უარესი დრო, როდესაც შიმშილის გრძნობა პიკს აღწევდა, როდესაც მეგონა, რომ ვგიჟდებოდი.
შეიძლება, არც მეგონა და მართლაც ასე იყო. იმ დღეს, რომლის შესახებაც პოლიციის განყოფილებაში
მეკითხებოდნენ, ალბათ, სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. რაღაცამ, რაც ერთხელ ტომმა თქვა, უფრო სწორად,
დაწერა, სრულიად შემარყია. იმ დილით ფეისბუქზე წავიკითხე. ჩემთვის ეს შოკი არ ყოფილა. ვიცოდი, რომ
ბავშვს ელოდებოდნენ, ტომმა მითხრა. მე თვითონაც დავინახე ანა, ოთახის ფანჯარაზე კი, რომელიც მე
ბავშვისთვის მქონდა გამიზნული, ვარდისფერი ფარდები შევამჩნიე. ამიტომ კარგად ვიცოდი, რა იყო
მოსალოდნელი, მაგრამ ბავშვს მხოლოდ ანას შვილად აღვიქვამდი. ეს მანამდე იყო, სანამ ერთ დღეს
ფეისბუქზე მისი სურათი არ ვნახე. ახალდაბადებული ბავშვი ეჭირა, დაჰყურებდა და უღიმოდა, ქვევით კი
წარწერა იყო: „აი, ამისთვის იყო ეს ამდენი ფაციფუცი! ამის მსგავსი სიყვარული არასოდეს განმიცდია!
უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში“.

***

წარმოვიდგინე, როგორ წერდა ამას, იცოდა, რომ ვნახავდი. იცოდა, რომ ამ სიტყვებს წავიკითხავდი და ეს
მომკლავდა. მაინც წერდა. არაფრად ენაღვლებოდა. მშობლებს ხომ არაფერი ანაღვლებთ თავიანთი
ბავშვების გარდა. ისინი მათთვის სამყაროს ცენტრია. ერთადერთი რამაა ნამდვილად ღირებული. არავინ
სხვა მნიშვნელოვანი არ არის. სხვა არავის მწუხარებას ან სიხარულს მნიშვნელობა არა აქვს. ისინი
უბრალოდ არ არსებობენ.
ძალიან გავბრაზდი. ჭკუიდან გადავედი. ალბათ, შურისძიების გრძნობა დამეუფლა. ალბათ, მინდოდა,
მეჩვენებინა, რომ ჩემი უბედურება რეალურია. არ ვიცი, მაგრამ სისულელე კი გავაკეთე.

რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში დავბრუნდი.

ვიკითხე, ხომ არ შეიძლებოდა, მხოლოდ გასკილს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან თქვა, რომ რაილის
დასწრება აუცილებელი იყო. ამის შემდეგ უკვე ნაკლებად მომწონდა.

- მათ სახლში არ შევჭრილვარ, - ვთქვი მე, - იქ ნამდვილად მივედი, მაგრამ იმისათვის, რომ ტომს
დავლაპარაკებოდი. ზარი დავრეკე და არავინ გამომეხმაურა...

- მაშინ როგორ შეხვედით? - მკითხა რაილიმ.

- კარი ღია იყო.

- შესასვლელი კარი ღია იყო?

- არა, რა თქმა უნდა, არა, - ამოვიოხრე მე, - გვერდითა, გასაწევი კარი, რომელიც ბაღში გადის.

- უკანა ბაღში როგორღა აღმოჩნდით?

- ღობეზე გადავძვერი, გზა კარგად ვიცოდი.

- ესე იგი, ყოფილი ქმრის სახლში შესაღწევად ღობეზე გადაძვერით?

- დიახ, ასე ვაკეთებდით ხოლმე... სათადარიგო გასაღები იქვე იყო. მის შესანახად სპეციალური ადგილი
გვქონდა, იმ შემთხვევისათვის, თუ რომელიმე ჩვენგანი გასაღებს დაკარგავდა, სადმე დარჩებოდა ან რაღაც
ასეთი. შეჭრას არ ვაპირებდი, არც შევჭრილვარ. უბრალოდ, ტომთან დალაპარაკება მინდოდა. ვიფიქრე,
იქნება ზარი გაფუჭებულია ან რაღაც ასეთი-მეთქი.
- ეს შუა კვირა და შუადღე იყო, არა? რატომ იფიქრეთ, რომ თქვენი ყოფილი ქმარი სახლში იქნებოდა? ამის
გასაგებად წინასწარ დარეკეთ? - მკითხა ისევ რაილიმ.

- ღმერთო ჩემო, მომცემთ საშუალებას თუ არა, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა? - ვიყვირე მე, მან კი თავი გააქნია
და ისე გამიღიმა, თითქოს კარგად მიცნობდა და ჩემს აზრებს კითხულობდა.

- ღობეზე გადავძვერი, - ვთქვი მე და შევეცადე, საკუთარი ხმის ძალა გამეკონტროლებინა, - დავაკაკუნე


შუშის კარზე, რომელიც ნაწილობრივ ღია იყო. არავინ გამომეპასუხა. თავი შევყავი და ტომს დავუძახე. ისევ
არავინ მიპასუხა, მაგრამ ამ დროს გავიგონე, რომ ბავშვი ტიროდა. სახლში შევედი და დავინახე, რომ ანა...

- მისის უოთსონი?

- დიახ, მისის უოთსონი ტახტზე იწვა და ეძინა, ბავშვი კი გადასატან საწოლში იწვა და ტიროდა, ჩხაოდა,
სახე სულმთლად ასწითლებოდა, ეტყობოდა, რომ კარგა ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში.

დავამთავრე თუ არა ეს სიტყვები, მივხვდი, რომ სხვანაირად უნდა მომეყოლა. უნდა მეთქვა, ბავშვის
ტირილი ქუჩიდან გავიგონე და ამიტომ შემოვუარე სახლს გარშემო-მეთქი. მაშინ, ალბათ, მანიაკად არ
ჩამთვლიდნენ.

- ესე იგი, ბავშვი ტირის, დედაც იქვეა და არ იღვიძებს? - მეკითხება რაილი.

- დიახ.

იდაყვები მაგიდაზე ეწყო, ხელები კი ისე ეჭირა, სახეს ნახევრად უფარავდა. ამიტომ მისი გამომეტყველება
ბოლომდე ვერ ამოვიცანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, არ დამიჯერა.

- ბავშვი ამოვიყვანე, რომ დამეწყნარებინა, რომ თავი უკეთესად ეგრძნო. სულ ეს არის.

- არა, სულ ეს არ არის. როდესაც ანამ გაიღვიძა, თქვენ უკვე ქვევით, ღობესთან იყავით, რკინიგზისკენ
მიდიოდით.

- ბავშვი ტირილს განაგრძობდა, - ვთქვი მე, ვარწევდი, მაგრამ მაინც კრუსუნებდა. ამიტომ გარეთ
გამოვიყვანე.

- რკინიგზისაკენ?

- არა, ბაღში.

- უოთსონების ბავშვისათვის რაიმე ზიანის მიყენებას აპირებდით?

ფეხზე წამოვხტი. ვიცი, მელოდრამატულად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა, დაენახათ, მინდოდა, გასკილს
დაენახა, როგორი აღმაშფოთებელი იყო ის, რაც რაილიმ ივარაუდა.

- ამის მოსმენას არ ვაპირებ! აქ იმ კაცის შესახებ სალაპარაკოდ მოვედი, თქვენს დასახმარებლად მოვედი და
თქვენ... ზუსტად მითხარით, რაში მდებთ ბრალს? რაში მადანაშაულებთ?
გასკილი აუღელვებლად იჯდა. ჩემმა სიტყვებმა მასზე შთაბეჭდილება არ მოახდინა. მანიშნა, რომ
დავმჯდარიყავი.

- მისის უოთსონმა, მეორე... ანუ... მისის უოთსონმა თქვენ მეგან ჰიფველის თაობაზე გამოკითხვის დროს
გახსენათ. მან თქვა, რომ ადრეც უცნაურად, არასტაბილურად იქცეოდით და ამასთან დაკავშირებით
გვიამბო ბავშვის ისტორია. მან ასევე გვითხრა, რომ მას და მის ქმარს მუდმივად აწუხებდით, გაუთავებლად
ურეკავდით, - ჩანაწერებს ჩახედა, - ძირითადად, ღამით. ვერაფრით ეგუებით იმას, რომ თქვენი ქორწინება
დასრულდა...

- ეს სიმართლე არ არის! - დაჟინებით ვიმეორებდი მე, - და არც ყოფილა. დიახ, ტომს ვურეკავდი,
პერიოდულად და არა ყოველღამე. ეს ნამდვილად გადაჭარბებული ნათქვამია, - თანდათან ვგრძნობდი,
რომ ყველაფერ ამის შემდეგ გასკილი ჩემს მხარეზე აღარ იყო და ისევ ტირილის სურვილი მეუფლებოდა.

- გვარი რატომ არ გამოიცვალეთ? - მკითხა რაილიმ.

- უკაცრავად?

- დღესაც ყოფილი ქმრის გვარს ატარებთ. რატომ? კაცს სხვა ქალის გამო რომ მივეტოვებინე, ვფიქრობ, მისი
გვარის მოშორება მომინდებოდა. ნამდვილად არ მენდომებოდა, ჩემს შემცვლელთან საერთო გვარი
მეტარებინა...

- იცით? ალბათ, ამდენად არ დავწვრილმანებულვარ, - სინამდვილეში ძალიანაც წვრილმანი აღმოვჩნდი.


ვერაფრით ვეგუები, რომ ანა უოთსონია.

- გასაგებია, და ძეწკვით ყელზე რომ გკიდიათ, თქვენი საქორწინო ბეჭედია?

- არა, - მოვიტყუე მე, - ეს... ეს ბებიაჩემისაა.

- მართლა ასეა? კარგი, მინდა გითხრათ, რომ თქვენი საქციელიდან გამომდინარე, როგორც მისის უოთსონი
ამბობდა, თქვენ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების სურვილი არა გაქვთ. უარს ამბობთ, შეეგუოთ იმ ფაქტს,
რომ თქვენს ყოფილ ქმარს ახალი ოჯახი აქვს.

- არ მესმის...
- რა კავშირშია ეს ყველაფერი მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან? - ჩემ მაგივრად დაასრულა წინადადება
რაილიმ, - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც მეგანი სახლიდან გავიდა და დაიკარგა, თქვენ,
არასტაბილური საქციელის მსმელი ქალი, გნახეს ქუჩაზე, რომელზედაც ის ცხოვრობდა. თუ იმასაც
გავითვალისწინებთ, რომ მეგანსა და მისის უოთსონს შორის ფიზიკური მსგავსებაა...

- ისინი სულ არ ჰგვანან ერთმანეთს! - საშინლად გავბრაზდი მე. ჯესი ანას საერთოდ არ ჰგავს. მეგანი ანას
საერთოდ არ ჰგავს.

- ორივე ქერათმიანი, გამხდარი, პატარა ტანისა და ფერმკრთალი ქალები არიან...


- ესე იგი, მეგან ჰიფველი ანა მეგონა და თავს დავესხი? ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ოდესმე მსმენია,
- ვთქვი მე. თავზე ჭრილობა ისევ პულსირებდა და ყველაფერი, რაც შაბათ ღამეს მოხდა, წყვდიადით იყო
მოცული.

- იცოდით, რომ ანა უოთსონი მეგან ჰიფველს იცნობდა? - მკითხა გასკილმა და ყბა ჩამომივარდა.

- მე... რა? არა, არა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

რაილიმ უცებ გაიღიმა, მაგრამ სახე მალე შეეცვალა.

- დიახ, იცნობდნენ. მეგანი უოთსონებთან ბავშვის ძიძად მუშაობდა... - ჩანაწერებში ჩაიხედა, - გასული
წლის აგვისტოსა და სექტემბერში.

არ ვიცი, რა ვთქვა. ამის წარმოდგენაც კი არ შემიძლია. მეგანი ჩემს სახლში ანასთან, ანას ბავშვთან ერთად.

- ჭრილობა ტუჩზე ავარიის შედეგია? - მკითხა გასკილმა.

- დიახ, ვფიქრობ, დაცემის დროს ტუჩზე ვიკბინე.

- ეს შემთხვევა სად მოხდა?

- ლონდონში, თეობალდ-როუდზე, ჰოლბორნთან ახლოს.

- იქ რას აკეთებდით?

- უკაცრავად?

- ლონდონის ცენტრში რატომ იყავით?

მხრები ავიჩეჩე.

- როგორც უკვე გითხარით, ჩემმა მეგობარმა არ იცის, რომ სამსახური დავკარგე. ამიტომ ყოველდღე
დავდივარ ლონდონში. იქ ბიბლიოთეკებში შევდივარ, რომ სამსახური მოვძებნო და ჩემს CV-ზე ვიმუშაო.

რაილიმ თავი გააქნია, ალბათ, არ დაიჯერა ან გაუკვირდა. ვერ მივხვდი, რატომ.

სკამი უკან გავწიე და წასასვლელად მოვემზადე. საკმარისად მარწმუნეს, რომ ვტყუი. სულელად
გამომიყვანეს, გიჟად ჩამთვალეს. დროა, კოზირი გავათამაშო.

- ნამდვილად არ მესმის, ამ ყველაფერზე რატომ ვლაპარაკობთ. მე მეგონა, ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები


გქონდათ, მაგალითად, მეგან ჰიფველის გაუჩინარება. იმედია, მის საყვარელს უკვე ელაპარაკეთ.

არც ერთს არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მომაშტერდნენ. ამას ნამდვილად არ ელოდნენ. მის შესახებ
არაფერი იცოდნენ.
- ალბათ, არ იცით, რომ მეგან ჰიფველს რომანი ჰქონდა, - ვთქვი და კარისაკენ წავედი. გასკილმა გამაჩერა.
მშვიდად, მაგრამ გასაოცრად სწრაფად მოქმედებდა. სანამ კარის სახელურს ხელს მოვკიდებდი, ჩემ წინ
აღმოჩნდა.

- მეგონა, მეგან ჰიფველს არ იცნობდით, - თქვა მან.

- არც ვიცნობ, - ვუპასუხე და შევეცადე, მისთვის გვერდი ამევლო.

- დაჯექით, - თქვა მან და გზა გადამიღობა.

მერე მოვყევი ყველაფერს, რასაც მატარებლიდან ვხედავდი. ვუთხარი, როგორ ხშირად დამინახავს მეგანი,
ტერასაზე მზის ჩასვლისას რომ ირუჯებოდა ან დილაობით ყავას სვამდა, უკანასკნელი კვირის მანძილზე
კი ვხედავდი კაცთან, რომელიც მისი ქმარი ნამდვილად არ იყო. დავინახე, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს
ბაღში.

- როდის იყო ეს? - მოკლედ და უხეშად იკითხა გასკილმა. ეტყობა, იმიტომ გაღიზიანდა, რომ ამის შესახებ
თავიდანვე არ ვუთხარი და მთელი დღე ჩემ შესახებ საუბარში დავაკარგვინე.

- პარასკევს, ეს პარასკევ დილას იყო.

- ესე იგი, გაუჩინარების წინა დღეს სხვა კაცთან ერთად დაინახეთ? - მკითხა რაილიმ, გაღიზიანებულმა
ამოიხვნეშა და თავის წინ, მაგიდაზე ფაილი დაკეცა. გასკილი სკამზე უკან გადაწვა და სახეზე
მაკვირდებოდა. რაილი აშკარად დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერ ამას ვიგონებდი, გასკილი კი - არა.

- შეგიძლიათ აღწეროთ?

- მაღალი, მუქი...

- სიმპათიურია? - შემაწყვეტინა რაილიმ.

ლოყები გავბერე.

- სკოტ ჰიფველზე მაღალია, ვიცი იმიტომ, რომ ისინი ერთად მინახავს, ჯესი და... მაპატიეთ, მეგანი და
სკოტ ჰიფველი, ის კაცი კი განსხვავებული იყო: უფრო კარგი აღნაგობის, თხელი, მუქი კანით.
სავარაუდოდ, აზიელი უნდა იყოს.

- მისი ეთნიკური წარმომავლობის დადგენა მატარებლიდან შეძელით? ჰო, შთამბეჭდავია. სხვათა შორის,
ჯესი ვინ არის?

- უკაცრავად?

- ამწუთას ჯესი ახსენეთ.

ვიგრძენი, რომ ისევ ვწითლდებოდი და თავი გავაქნიე.

- არა, მსგავსი არაფერი მითქვამს.


გასკილი წამოდგა და ხელი გამომიწოდა.

- ვფიქრობ, ეს საკმარისია.

ხელი ჩამოვართვი, რაილისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, ისე შევტრიალდი კარისკენ.


- ბლენიმ-როუდთან ახლოს არ მიხვიდეთ, მის უოთსონ, - თქვა გასკილმა, - ყოფილ ქმარს არ
დაუკავშირდეთ, თუ ამის უკიდურესი საჭიროება არ იქნება, ხოლო მისის უოთსონსა და მის შვილს არ
გაეკაროთ.

მატარებელში მთელი დღის განმავლობაში მომხდარს ვაანალიზებ, რომ გავარკვიო, რა გავაკეთე არასწორად
და ვხვდები, რომ თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მგონი, ვიცი, რატომ: გუშინ
საღამოს არ დამილევია და დღესაც არანაირი სურვილი არა მაქვს. პირველად წლების მანძილზე, საკუთარი
უბედურების გარდა, რაღაცამ დამაინტერესა. მიზანი გამიჩნდა, ყოველ შემთხვევაში - ყურადღების სხვა
რაღაცაზე გადატანის საშუალება.

ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2013


დილა

მატარებელში ჩაჯდომამდე სამი გაზეთი ვიყიდე. უკვე ოთხი დღე და ხუთი ღამეა, რაც მეგანი დაკარგულია
და ამ ისტორიის შესახებ ბევრად მეტს წერენ. „დეილი მეილმა“, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიკინიში
გამოწყობილი მეგანის სურათების პოვნა მოახერხა და მის ყველაზე დეტალურ პორტრეტს იძლევა, ყოველ
შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რაც აქამდე წამიკითხავს.

მეგან მილსი, დაიბადა 1983 წელს როჩესტერში. ათი წლის ასაკში მშობლებთან ერთად კინგს-ლინსში,
ნორფოლკში, გადავიდა საცხოვრებლად. ის გამორჩეული ბავშვი იყო, კომუნიკაბელური, ნიჭიერი მხატვარი
და მომღერალი. როგორც მისი სკოლის მეგობარი ამბობს: „ის ძალიან დამცინავი, ლამაზი და უკონტროლო
იყო“. უკონტროლობა, როგორც ეტყობა, დაკავშირებული იყო მისი ძმის, ბენის სიკვდილთან, რომელთანაც
ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ის მოტოციკლეტით ავარიაში დაიღუპა, როდესაც ცხრამეტი წლის
იყო, მეგანი კი - თხუთმეტის. ძმის დაკრძალვიდან მესამე დღეს სახლიდან გაიქცა. დაპატიმრებული იყო
ორჯერ: ერთხელ ქურდობისა და მეორედ მათხოვრობისთვის.

მშობლებთან ურთიერთობა, როგორც „მეილი“ მატყობინებს, საბოლოოდ დაინგრა. ისინი რამდენიმე წლის
წინ ისე გარდაიცვალნენ, რომ ქალიშვილს არ შერიგებიან (ეს რომ წავიკითხე, მეგანი ძალიან შემეცოდა.
მივხვდი, რომ ჩემგან არც ისე განსხვავდება, ისეთივე ჩაკეტილი და მარტოხელაა).

თექვსმეტი წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა მეგობარ ბიჭთან, რომელსაც სოფელ ჰოლკემთან ახლოს,
ჩრდილოეთ ნორფოლკში სახლი ჰქონდა. სკოლის მეგობარი ამბობს: „ის ბიჭი უფროსი იყო, მუსიკოსი თუ
რაღაც ამის მსგავსი. ნარკოტიკებზეც არ ამბობდა უარს. მასთან გადასვლის შემდეგ მეგანს თითქმის ვერ
ვხედავდით“. მეგობარი ბიჭის გვარს არ ახსენებენ. სავარაუდოდ, ჯერ არ უპოვიათ. შესაძლებელია, არც
არსებობს. არც ისაა გამორიცხული, რომ სკოლის მეგობარი ყველაფერ ამას გაზეთებში თავისი გვარის
მოხვედრის მიზნით იგონებს.

სტატიაში შემდეგ ნახტომია. მეგანი უცებ ოცდაოთხი წლისაა, ლონდონში ცხოვრობს და ჩრდილოეთ
ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. იქ ხვდება სკოტ ჰიფველს, დამოუკიდებელ
ინტერნეტკონსულტანტს, რომელიც რესტორნის მენეჯერთან მეგობრობს. მათ შორის ურთიერთობა იწყება.
ერთხანს ერთმანეთს ინტენსიურად ხვდებიან და ბოლოს ქორწინდებიან. ამ დროს მეგანი ოცდაექვსი
წლისაა, ხოლო სკოტი - ოცდაათის.
სტატიაში მოყვანილია კიდევ რამდენიმე მეგობრის სიტყვები, მათ შორის ტარა ეფშტაინის, რომელთანაც
მეგანი, სავარაუდოდ, გაუჩინარების ღამეს უნდა დარჩენილიყო. მისი თქმით, მეგანი შესანიშნავი,
უდარდელი გოგო იყო და ძალიან ბედნიერი ჩანდა. სკოტი მას არაფერს დაუშავებდა. ტარა ამბობს, რომ
სკოტს მეგანი ძალიან უყვარს. ტარას ნათქვამი ყოველი სიტყვა უბრალოდ კლიშეა. სიტყვები, რომლებმაც
დამაინტერესა, ერთ-ერთ მხატვარს ეკუთვნის, რომელსაც თავისი ნამუშევრები ჰქონდა გამოფენილი
გალერეაში, სადაც მეგანი მენეჯერად მუშაობდა. მისი სახელი და გვარია რაჯეშ გუჯრალი და ამბობს, რომ
მეგანი არაჩვეულებრივი ქალია: საინტერესო, მხიარული და ლამაზი, ძალიან სანდო და გულთბილი.
მეჩვენება, რომ რაჯეშდს მაგრად უყვარს მეგანი. ერთადერთი მამაკაცი მის გარდა, რომლის სიტყვებიც
სტატიაშია მოყვანილი, დეივიდ კლარკია, სკოტის ყოფილი კოლეგა. მისი თქმით, მეგანი და სკოტი
არაჩვეულებრივი წყვილია, ისინი ძალიან ბედნიერები და შეყვარებულები არიან.

გაზეთში მოკლე ინფორმაცია იყო გამოძიების შესახებაც, მაგრამ ძალიან მწირი: რამდენიმე მოწმე
დაჰკითხეს; გამოკითხვა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთადერთი, რამაც დამაინტერესა,
დეტექტივ-ინსპექტორ გასკილის კომენტარი იყო, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციას გამოძიებაში ორი
კაცი ეხმარება. თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ეჭვმიტანილია. ერთი,
ალბათ, სკოტია და მეორე? ბი ხომ არა? საინტერესოა, ამ ჩემს ბი-ს რაჯეში ხომ არ ჰქვია?

გაზეთების კითხვით ისე გავერთე, რომ მგზავრობის დროს ყურადღება მოვადუნე. ეტყობა, როგორც კი
ჩავჯექი, მატარებელი წითელ შუქზე ჭრიალით გაჩერდა. სკოტის ბაღში ხალხია. უკანა კართან ორი
პოლიციელი დგას. თავბრუ მესხმის. ნეტავ რამე იპოვეს? მეგანი ხომ არ იპოვეს? მეგანის გვამი ხომ არ არის
ბაღში დამარხული ან იატაკის ფიცრების ქვეშ შეტენილი? სულ ის ტანსაცმლის გროვა მახსენდება,
ლიანდაგთან რომ დავინახე. ვიცი, სისულელეა, ის გროვა მეგანის დაკარგვამდე ვნახე, ბევრად ადრე. ყველა
შემთხვევაში, თუ მეგანს ვინმემ რაიმე დაუშავა, ეს სკოტი არ იქნებოდა, შეუძლებელია, ის ყოფილიყო,
მეგანი სიგიჟემდე უყვარდა, ამას ყველა ამბობს.

დღევანდელ დღეს ნათელს ვერ დაარქმევ. ამინდი შეიცვალა, ცა ტყვიისფერი, ავდრის მომასწავებელია.
სახლის შიგნით ვერაფერს ვხედავ, ვერ ვხედავ, რა ხდება იქ. სასოწარკვეთილება მეუფლება. შორიდან ამის
ყურება აუტანელია. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ახლა მთელი ამ ამბის ნაწილი ვარ და უნდა
ვიცოდე, რა ხდება.

ყოველ შემთხვევაში, გეგმა უკვე მაქვს. პირველი: უნდა გავარკვიო, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რაც
გამახსენებს, რა მოხდა შაბათ ღამეს. ბიბლიოთეკაში რომ მივალ, ჰიპნოზთან დაკავშირებით პატარა კვლევა
უნდა ჩავატარო, გავიგო, ამ გზით დავიწყებულის გახსენება, დაკარგული დროის აღდგენა თუ შეიძლება.
მეორე, და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან არა მგონია, პოლიციაში დამიჯერეს, როდესაც
მეგანის საყვარლის შესახებ მოვუყევი, ამიტომ სკოტ ჰიფველს უნდა დავუკავშირდე და ყველაფერი ვუამბო.
ამის ცოდნას ნამდვილად იმსახურებს.
საღამო

მატარებელი წვიმაში გაწუწული ხალხითაა სავსე. მათ ტანსაცმელს ორთქლი ასდის და ფანჯრების მინებზე
გროვდება. მათი სხეულის არომატი, სუნამოებისა და სარეცხი საშუალებების სურნელი, ერთმანეთში
არეული, მძიმე, დახუთულ ღრუბლად ადგას მათ დახრილ გაწუწულ თავებს. ღრუბლები, რომლებიც
მთელი დღე გვაშინებდნენ, თანდათან დამძიმდნენ, ბოლოს თითქოს გასკდნენ და საღამოს, ზუსტად
სამუშაო საათების დამთავრებისთვის, ხალხი ოფისებიდან რომ გამოდიოდა, პიკის საათი იწყებოდა, ქუჩები
საცობებით ივსებოდა, მუსონივით წვიმა წამოვიდა. მეტროს სადგურების შესასვლელები ქოლგიანი
ხალხით გაივსო.

მე ქოლგა არა მაქვს და სულმთლად გავიწუწე. ისეთი ვარ, თითქოს ვიღაცამ თავზე ერთი სათლი წყალი
გადამასხა. ბამბის შარვალი ფეხებზე მიმეწება და გახუნებული ცისფერი პერანგი უხერხულად
გამჭვირვალე გახდა. ბიბლიოთეკიდან მეტროს სადგურისაკენ სირბილით მიმავალს ჩანთა მკერდთან
მეჭირა, რომ რამდენსაც შეძლებდი, დამეფარა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ამან გამამხიარულა. ასეთ
წვიმაში მოხვედრა რატომღაც სახალისოა ხოლმე და გრეის-ინ-როუდის თავამდე ისეთი ხარხარით
მივრბოდი, რომ სუნთქვა მიჭირდა. არც კი მახსოვს, უკანასკნელად როდის ვიცინე ასე.

ახლა აღარ ვიცინი. როგორც კი ადგილზე დავჯექი, ტელეფონში მეგანის შესახებ ახალი ინფორმაციის ძებნა
დავიწყე და აღმოვაჩინე ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: „მეგან ჰიფველის, რომელიც შაბათ საღამოს
სახლიდან გავიდა და დაიკარგა, გაუჩინარებასთან დაკავშირებით უითნის პოლიციის განყოფილებაში
დაჰკითხეს ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი, რომელსაც მისი უფლებები გააცნეს“.

დარწმუნებული ვარ, ეს სკოტია. იმედია, სანამ აიყვანდნენ, ჩემი იმეილის წაკითხვა მოასწრო, რადგან
დაპატიმრების შემდეგ დაკითხვა სერიოზული საქმეა. ესე იგი, თვლიან, რომ ეს მან გააკეთა. თუმცა ჯერ
დასადგენია, რა გააკეთა. შეიძლება ეს საერთოდ არ მომხდარა და მეგანი თავს მშვენივრად გრძნობს.
პერიოდულად ჩემს წარმოსახვაში ჩნდება სრულიად აშკარა სურათი: ის ცოცხალია, კარგად არის,ზის
სასტუმროს აივანზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, ფეხები მოაჯირზე უწყვია და იქვე ცივი სასმლით
სავსე ჭიქა უდგას.

ამის წარმოდგენისას აღელვებასა და იმედგაცრუებას ერთდროულად ვგრძნობ. მერე იმედგაცრუების გამო


ცუდად ვხდები. არაფერს ცუდს ნამდვილად არ ვუსურვებ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი გაბრაზებული
ვიყავი მასზე სკოტის ღალატისა და იდეალური წყვილის შესახებ ჩემი ილუზიის დანგრევის გამო. ეს,
ალბათ, იმიტომ, რომ თავი იმ საიდუმლოების ნაწილად მიმაჩნია, რომელთანაც დაკავშირებული
აღმოვჩნდი. უკვე აღარა ვარ უბრალოდ გოგონა მატარებლიდან, რომელიც წინ და უკან დადის, არც აზრი
აქვს და არც მიზანი, მაგრამ ნამდვილად მინდა, მეგანი ცოცხალი და ჯანმრთელი აღმოჩნდეს. მართლა
მინდა, ოღონდ, ჯერჯერობით, არა.

დღეს დილით სკოტს იმეილი გავუგზავნე. მისი მისამართის პოვნა არ გამჭირვებია. გუგლში მისი სახელი
ჩავწერე და ვიპოვე საიტი, სადაც ის რეკლამას ათავსებს: „კონსულტაციების სპექტრი, ქლაუდ და
ვებმომსახურება ბიზნესისა და წაგებიანი ორგანიზაციებისთვის“. ბიზნესმისამართი სახლისას ემთხვეოდა
და მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო.
საიტზე მოცემულ ინტერნეტმისამართზე მოკლე მესიჯი გავუგზავნე.

ძვირფასო სკოტ,

ჩემი სახელი და გვარი რეიჩელ უოთსონია. თქვენ მე არ მიცნობთ. მინდა თქვენი ცოლის შესახებ
დაგელაპარაკოთ. მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ
მჯერა, რომ ვიცი რაღაც, რაც დაგეხმარებათ.

შეიძლება ჩემთან საუბარი არ მოისურვოთ და ჩემთვის ეს გასაგები იქნება, მაგრამ, თუ მოისურვებთ, ამ


მისამართზე მომწერეთ.

გულწრფელად თქვენი

რეიჩელი

არ ვიცი, დამიკავშირდება თუ არა. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ეჭვი მეპარება, ეს მომესურვებინა.
პოლიციის მსგავსად, მანაც, ალბათ, ჩათვალა, რომ ვიღაც გიჟი, გაუწონასწორებელი ადამიანი ვარ და ამ
საქმის შესახებ გაზეთებში წავიკითხე. ამას, ალბათ, ვეღარ გავიგებ, რადგან, თუ დააპატიმრეს, ჩემს მესიჯს
ვეღარასოდეს წაიკითხავს. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელები თუ წაიკითხავენ, რაც ჩემთვის
კარგი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ხომ უნდა მეცადა.

ახლა სასოწარკვეთილი ვარ, ვეღარაფერს გავაკეთებ. ვაგონში ხალხის რაოდენობის გამო რკინიგზის იქით
ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, კოკისპირული წვიმა ხელს მიშლის, რკინიგზის ღობის იქით
რაიმე დავინახო. ნეტავ ამ წვიმამ ყველანაირი მტკიცებულება ხომ არ გადარეცხა, სწორედ ამ მომენტში
სამუდამოდ ხომ არ ქრება საქმის გახსნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასაღებები: სისხლის
კვალი, ფეხის ანაბეჭდები, სიგარეტის ნამწვები, რომლებზედაც დნმ-ის კვალია დარჩენილი?
დალევა ისე ძალიან მინდა, რომ ღვინის გემოს ენაზე ვგრძნობ. წარმოვიდგენ, როგორი შეგრძნება იქნება,
ალკოჰოლი სისხლში რომ შეერევა და თავბრუ დამესხმება.

დალევა ძალიან მინდა, მაგრამ თან არ მინდა, რადგან დღეს თუ არ დავლევ, ეს უკვე მესამე დღე იქნება, მე
კი აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი სამი დღის მანძილზე ფხიზელი. კიდევ სხვა რაღაცის გემო მაქვს
პირში - ჩვეული სიჯიუტის. იყო დრო, როდესაც ნებისყოფა მქონდა, როდესაც შემეძლო, ყოველდღე
საუზმემდე 10 კილომეტრი გამერბინა და რამდენიმე კვირა დღეში 1300 კალორიაზე მეარსება. ეს იყო ის,
რაც ტომს ჩემში ძალიან მოსწონდა, ამბობდა ხოლმე, რომ „ჩემი სიჯიუტე ჩემი ძალაა“. მახსოვს, უკვე სულ
ბოლოს, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად იყო და ჩემი გაძლება უჭირდა, ერთი-ერთი კამათისას
მკითხა: „რა დაგემართა, რეიჩელ? ასეთი სუსტი როდის გახდი?“

არ ვიცი. არ ვიცი, სად წავიდა ჩემი ძალა, არ მახსოვს, როგორ ვკარგავდი მას. ვფიქრობ, დროთა
განმავლობაში ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაწილები ჩამოტყდა და ბოლოს დაიმსხვრა.

მატარებელი მუხრუჭების გამომაფხიზლებელი ჭრიალით უცებ ჩერდება შუქნიშანზე, უითნის ლონდონის


მხარეს რომაა. ვაგონში მობოდიშებები ისმის, რადგან ფეხზე მდგარი მგზავრები ერთმანეთს ეჯახებიან და
ფეხებზე აბიჯებენ. ზევით ვიხედები და ჩემს შაბათის კაცს პირდაპირ თვალებში ვუყურებ: წითურთმიანს,
იმას, რომელიც ადგომაში დამეხმარა. ისიც პირდაპირ მე მიყურებს, გასაოცრად ცისფერი თვალებით
მომჩერებია. უცებ ისეთი შიში მიპყრობს, რომ ტელეფონი ხელიდან მივარდება, ვიღებ და ისევ ზევით,
ამჯერად უკვე ფრთხილად ვიხედები. პირდაპირ მას არ ვუყურებ, ვაგონს ვათვალიერებ, ფანჯრის
დანისლულ მინას იდაყვით ვწმენდ და გარეთ ვიყურები. მერე ნელ-ნელა ისევ მისკენ ვაპარებ მზერას, მას
კი თავი ოდნავ გვერდზე გადაუხრია და მიღიმის.

ვგრძნობ, როგორ ამდის ალმური სახეზე. არ ვიცი, მის ღიმილს როგორ ვუპასუხო, რადგან ვერ ვხვდები, რას
ნიშნავს: „ოჰ, გამარჯობა, იმ ღამიდან მახსოვხართ“ თუ „ეს ის გოგო არ არის, იმ ღამეს გამომთვრალი კიბეზე
რომ დავარდა და რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა“, ან კიდევ რაიმე სხვას? არ ვიცი, მაგრამ როდესაც
ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ კიბეზე ჩემი დაცემის სცენის კომენტარის რაღაც ნაგლეჯი მახსოვს. ასე
მითხრა: „კარგად ხარ, საყვარელო?“ ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები, გარეთ ვიყურები და ისევ მის მზერას
ვგრძნობ. მინდა უბრალოდ დავიმალო, გავქრე. მატარებელი ჯანჯღარით განაგრძობს გზას და რამდენიმე
წუთში უითნის სადგურში შევდივართ. მგზავრები ერთმანეთს ეჯახებიან, გაზეთებს კეცავენ, ქინდლებსა
და აიპედებს ინახავენ, მოკლედ, ჩასასვლელად ემზადებიან. ისევ ზევით ვიყურები და შემიძლია შვებით
ამოვისუნთქო. ის შეტრიალებულია, მატარებლიდან ჩადის.

მერე უცებ მომდის თავში, რა იდიოტივით მოვიქეცი. უნდა ავმდგარიყავი და უკან გავყოლოდი,
დავლაპარაკებოდი. მას შეუძლია მითხრას, რა მოხდა, ან რა არ მოხდა; ყოველ შემთხვევაში, იქნებ შეუძლია
ჩემი მეხსიერების რომელიმე ცარიელი ხვრელი ამოავსოს. ფეხზე ვდგები, ვყოყმანობ, ვიცი, რომ უკვე
გვიანია, კარი საცაა დაიკეტება, მე კი ვაგონის შუაში ვარ, ამდენი ხალხის გარღვევასა და კართან მისვლას
ვერ მოვასწრებ. კარი გამაფრთხილებელ ნიშანს გამოსცემს და იკეტება. ვდგავარ, ფანჯრისკენ ვბრუნდები
და გარეთ ვიყურები, მატარებელი კი დაიძრა. ის, კაცი შაბათ ღამიდან, პლატფორმის ნაპირზე დგას წვიმაში
და მიყურებს, როგორ განვაგრძობ გზას.

რაც უფრო ვუახლოვდები სახლს, საკუთარ თავზე მით უფრო მეტად ვღიზიანდები. ნორთქოთში სხვა
მატარებელზე გადაჯდომისას მის მოსაძებნად უითნიში დაბრუნების ცდუნებას ვგრძნობ. აშკარად
სასაცილო იდეაა, თანაც სულელურობამდე სარისკო. გუშინ არ იყო, გასკილმა რომ გამაფრთხილა,
იქაურობას არ გაეკაროო? თავს ძალიან დათრგუნვილად ვგრძნობ. ასე მგონია, ვერასოდეს გავიხსენებ, რა
მოხდა შაბათ ღამეს. რამდენიმესაათიანმა (სავარაუდოდ, არაყოველმხრივმა) ინტერნეტკვლევამ დღეს
ნაშუადღევს დამიდასტურა ჩემი ეჭვები იმის შესახებ, რომ ჰიპნოზი მეხსიერებაში ამოვარდნებისას,
როგორც წესი, შედეგიანი არ არის, რადგან, როგორც ადრე წავიკითხე, ასეთ დროს ჩვენ არაფერს
ვიმახსოვრებთ. დასამახსოვრებელი არაფერია. ეს არის და ყოველთვის იქნება შავი ხვრელი ჩემი დროის
სკალაზე.

მეგანი
ხუთშაბათი, 7 მარტი, 2013
შუადღე

ოთახი ბნელია, ჰაერი - დახუთული, ჩვენი სურნელით გაჟღენთილი. ისევ „სვონში“ ვართ, სულ ზევით,
სახურავქვეშ ოთახში. თუმცა არის რაღაც განსხვავებული, რადგან ის ჯერ კიდევ აქ არის და მიყურებს.

- სად გინდა წასვლა? - მეკითხება.

- კოსტა დე ლა ლუზში, სახლში, პლაჟზე, - ვპასუხობ.

- იქ რას გავაკეთებთ? - იღიმება.


- გულისხმობ, ამის გარდა? - ვიცინი მე.

- ჰო, ამის გარდა, - თითებს ნელა მისვამს მუცელზე.

- კაფეს გავხსნით, ხელოვნების ნიმუშებს გამოვფენთ, სერფინგს ვისწავლით.

თეძოს ძვალზე მკოცნის.

- ტაილანდზე რას იტყვი? - მეკითხება.

ცხვირს ვჭმუხნი.

- ძალიან ბევრი ახალსკოლადამთავრებულია იქ. სიცილია, ეგადის კუნძულები. იქ პლაჟზე ბარს


გავხსნიდით, ვითევზავებდით.

ისევ იცინის, მერე ზევიდან მაწვება და მკოცნის.

- წარმოუდგენელი, - ბუტბუტებს, - წარმოუდგენელი ხარ.

მინდა გავიცინო, მინდა ხმამაღლა ვთქვა: „ხედავ? მე გავიმარჯვე! ხომ გითხარი, რომ ის შეხვედრა
უკანასკნელი არ იქნებოდა, არასოდეს იქნება უკანასკნელი“. საკუთარ ტუჩს ვკბენ და თვალებს ვხუჭავ.
მართალი ვიყავი, ვიცი, რომ ვიყავი, მაგრამ ამის თქმა არაფერს მარგებს. საკუთარი გამარჯვებით
სიამოვნებას ჩუმად ვიღებ; ეს თითქმის ისეთივე სიამოვნებაა, როგორიც მისი შეხება.

ყველაფრის შემდეგ ისე მიწყებს ლაპარაკს, როგორც ადრე არასოდეს ულაპარაკია.


ყოფილიყო. ასე წლების განმავლობაში ვფიქრობდი. ჩემი მისდამი სიყვარული სრულყოფილი იყო. ახლაც
მიყვარს, მაგრამ მეტი აღარ მინდა. ერთადერთი დრო, როდესაც მე მე ვარ, გუშინდლისნაირი საიდუმლო და
აგზნებული დღეებია. იმ სიცხესა და სიბნელეში ვცოცხლდები. ვინ თქვა, რომ თუ ახლა გავრბივარ,
მომავალში არ აღმოვაჩენ, რომ არც ის არის საკმარისი? იქნებ ყველაფერი ასევე დასრულდეს, ისევ ვერ
ვიგრძნო თავი უსაფრთხოდ და სული არ შემეხუთოს?

იქნებ გაქცევა მომინდეს ისევ და ისევ და ისევ. საბოლოოდ, ალბათ, ამ ძველი რკინიგზის ლიანდაგებთან
დავბრუნდები, რადგან სხვა წასასვლელი არსად იქნება. შეიძლება კი... შეიძლება არა, მაგრამ გარისკვა
ღირს, არა?

ქვევით ჩავდივარ, რომ დავემშვიდობო, სამსახურში მიდის. ხელებს წელზე მხვევს და თავზე მკოცნის.

- მიყვარხარ, მეგს, - ჩურჩულებს და თავს საშინლად ვგრძნობ, როგორც ყველაზე უარესი ადამიანი
დედამიწის ზურგზე. მას ვერ დაველოდები, კარი თვითონ უნდა ჩავკეტო, იმიტომ, რომ ვიცი, უნდა
ვიტირო.

რეიჩელი
პარასკევი, 19 ივლისი, 2013

დილა

8:04-იანი მატარებელი თითქმის ცარიელია. ფანჯრები ღიაა და გუშინდელი ქარიშხლის შემდეგ გრილა.
მეგანი დაახლოებით 113 საათის განმავლობაში დაკარგულია, მე კი თავს უკეთესად ვგრძნობ, ისე, როგორც
თვეებია, არ მიგრძნია. დილით სარკეში რომ ჩავიხედე, სახეზე ცვლილებები უკვე შევამჩნიე: კანი უფრო
სუფთა მაქვს, თვალები დაწმენდილი და საერთოდ თავს გაცილებით მსუბუქად ვგრძნობ. დარწმუნებული
ვარ, რომ ერთი უნციაც არ დამიკლია, მაგრამ სიმძიმე თითქოს მომეხსნა. მოკლედ, მე მე ვარ, ისეთი,
როგორიც ადრე ვიყავი.

სკოტს არც ერთი სიტყვა არ მოუწერია. ინტერნეტი დავლაშქრე, მაგრამ მისი დაპატიმრების შესახებ
ინფორმაცია არსადაა, ამიტომ ვიფიქრე, ჩემი იმეილისთვის უბრალოდ ყურადღება არ მიუქცევია.
იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო. დილით, სახლიდან რომ გამოვდიოდი
სწორედ მაშინ გასკილმა დარეკა და მკითხა, დღეს სადგურთან ხომ ვერ მივიდოდი. წამით ძალიან
შევშინდი, მაგრამ მან თავისი მშვიდი, აუღელვებელი ხმით მითხრა, რომ რაღაც სურათების ჩვენება
უნდოდა.

ვკითხე, სკოტ ჰიფველი ხომ არ დაგიპატიმრებიათ-მეთქი.

- არავინ დაგვიპატიმრებია, მის უოთსონ, - მიპასუხა მან.

- ის კაცი, რომელიც დააკავეთ...

- ამის შესახებ ლაპარაკის უფლება არა მაქვს.

ლაპარაკის სტილი ისეთი დამაწყნარებელი, დამამშვიდებელი აქვს, რომ თანდათან ისევ მომწონს.

გუშინდელი საღამო ტახტზე წამოწოლილმა გავატარე, სარბენი შარვალი და მაისური მეცვა და


გასაკეთებელი საქმეებისა და შესაძლებელი სტრატეგიების სიას ვწერდი. მაგალითად, პიკის საათის დროს
უითნის სადგურზე მეყიალა და დავლოდებოდი, იქნებ ჩემი წითურთმიანი კაცი გამოჩენილიყო, შაბათ
საღამოდან რომ მახსოვდა. შემეძლო, დასალევად დამეპატიჟებინა და მენახა, სად მიგვიყვანდა ეს
ყველაფერი. გავიგებდი, რაიმე ხომ არ დაუნახავს ან რა იცის შაბათ საღამოს შესახებ. სახიფათო ის იყო, რომ
შეიძლებოდა ტომს ან ანას გადავყროდი, მათ კი ჩემ შესახებ პოლიციაში განეცხადებინათ. ასეთ
შემთხვევაში, პოლიციასთან პრობლემები (უფრო მეტი პრობლემა) შემექმნებოდა. კიდევ ერთი სახიფათო
ის იყო, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჩემთვის საშიში აღმოჩენილიყო. ჩხუბის შედეგები თავსა და
ტუჩზე ჯერ კიდევ მეტყობა. იქნებ სწორედ მან ჩამაგდო ასეთ დღეში. გაღიმება და ხელის დაქნევა არაფერს
ნიშნავს. იქნებ ფსიქოპათია, მაგრამ მას ასეთად ვერ აღვიქვამ. ახსნა მიჭირს, არ ვიცი რატომ, მაგრამ მის
მიმართ სითბოსაც კი ვგრძნობ.

შემეძლო, ისევ სკოტს დავკავშირებოდი, მაგრამ რაიმე მიზეზი უნდა დამესახელებინა, რომ მოესმინა.
ვფიქრობ, სულერთია, რას ვეტყვი, მის თვალში მაინც გიჟი გამოვჩნდები. ისიც კი შეიძლება იფიქროს, რომ
მეგანის გაუჩინარებასთან რაღაც კავშირი მაქვს და ამის შესახებ პოლიციაში განაცხადოს. ეს კი სერიოზულ
პრობლემებს მომიტანს.

იქნებ ჰიპნოზი ვცადო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ მაინც
ძალიან მაინტერესებს. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს მავნებს, არა?

ისევ იქვე ვიჯექი, ჩანაწერებს ვაკეთებდი და ვათვალიერებდი ინფორმაციას, რომელიც ქესის სახლში
დაბრუნების შემდეგ ინტერნეტიდან ამოვბეჭდე. ის დემიენთან ერთად კინოში იყო წასული. სასიამოვნოდ
გაკვირვებული იყო, ფხიზელი რომ დავხვდი, მაგრამ თან ნერვიულობდა, რადგან პოლიციის ოთხშაბათის
ვიზიტის შემდეგ მე და ქესის ამ თემაზე, ფაქტობრივად, არ გვილაპარაკია. რომ ვუთხარი, სამი დღეა,
წვეთიც არ დამილევია-მეთქი, მაგრად ჩამეხუტა.

- ძალიან მიხარია, რომ ისევ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდები, - ისე ჟღურტულებდა, გეგონებოდა, ჩემი
ნორმალური ცხოვრების შესახებ რამე იცოდა.

- პოლიციას რაც შეეხება, - ვუთხარი მე, - გაუგებრობა იყო. ტომსა და ჩემ შორის არანაირი პრობლემა არ
არის, იმ დაკარგული გოგოს შესახებ კი არაფერი ვიცი. ამაზე არ ინერვიულო.

კიდევ ერთხელ ჩამეხუტა და ორივესთვის ჩაი დაასხა.

ერთი კი ვიფიქრე, მისი კეთილგანწყობით ხომ არ მესარგებლა და ბარემ სამსახურის შესახებაც მეთქვა,
მაგრამ არ მინდოდა, მისთვის საღამო გამეფუჭებინა.

დღეს დილას ისევ კარგ ხასიათზე იყო. სახლიდან გასასვლელად რომ ვემზადებოდი, კიდევ ერთხელ
მომეხვია.

- ძალიან მიხარია, რეიჩ, ცხოვრება წესრიგში რომ მოგყავს, ეს საშინლად მადარდებდა, - მერე მითხრა, რომ
შაბათ-კვირას დემიენთან დარჩებოდა და პირველი, რაც მაშინვე გავიფიქრე, დღეს საღამოს შინ რომ
დავბრუნდები, დავლევ და არც არავინ გამაკრიტიკებს-მეთქი.

საღამო

ცივ ჯინ-ტონიკში ყველაზე მეტად ქინაქინის მომწარო გემო მომწონს. ტონიკი შვეფსის წარმოების უნდა
იყოს და აუცილებლად შუშის ბოთლში, პლასტმასისაში - არა. ეს წინასწარ შერეული სასმელები კარგი
ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არა გაქვს. ვიცი, არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ამისთვის
მთელი დღე ვემზადებოდი, თანაც ამჯერად მარტოობა არ მაიძულებს ამას, აღელვებისა და ადრენალინის
გამო ვაკეთებ. აფორიაქებული ვარ, კანზე თითქოს ჩხვლეტას ვგრძნობ. კარგი დღე იყო.

ამ დილით დეტექტივ-ინსპექტორ გასკილთან ერთად მთელი საათი გავატარე. სადგურზე როგორც კი


ჩამოვედი, დამხვდნენ და მასთან წამიყვანეს. ამჯერად დაკითხვების ოთახში კი არა, მის ოფისში ვისხედით.
ყავა შემომთავაზა, დავთანხმდი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ადგა და თვითონ გამიკეთა. კუთხეში,
მაცივრის თავზე, ჩაიდანი და „ნესკაფეს“ ქილა იდგა. მომიბოდიშა, რომ შაქარი არ ჰქონდა.

მასთან ყოფნა მომეწონა. სულ ვუყურებდი, ხელებს როგორ ამოძრავებდა. ექსპრესიული ადამიანი არ არის,
მაგრამ თავის გარშემო ნივთებს მუდმივად ადგილს უცვლის. ეს აქამდე არ შემიმჩნევია, რადგან
დაკითხვების ოთახში ბევრი არაფერი იყო გადასაადგილებელი. თავის ოფისში კი ყავის ფინჯანს,
სტეპლერს, კალმისტრების ჭიქას გაუთავებლად ერთი ადგილიდან მეორეზე აწყობს, ფურცლებსაც
მუდმივად აშრიალებს და უფრო მოწესრიგებულ დასტებად აწყობს. დიდი ხელები აქვს, გრძელი თითებით
და კარგი მანიკიურით. ბეჭდები არ უკეთია.

დღეს დილით განსხვავებული სიტუაცია იყო. თავს ეჭვმიტანილად, ისეთ ადამიანად არ ვგრძნობდი,
რომლის გამოტეხასაც ცდილობენ. თითქოს საჭირო ვიყავი. თავი კიდევ უფრო გამოსადეგად ვიგრძენი,
როდესაც ერთ-ერთი ფოლდერი ამოიღო, წინ დამიდო და რამდენიმე ფოტო მაჩვენა: სკოტ ჰიფველი, სამი
მამაკაცი, რომლებიც ადრე არასოდეს მინახავს, და ბი.

თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, სურათს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მეხსიერებაში იმ კაცის სახე


აღმედგინა, რომელიც იმ დღეს მეგანთან ერთად დავინახე. რომ ეხვეოდა, თავი დახრილი ჰქონდა.

- ის არის, - ვთქვი ბოლოს, - ვფიქრობ, ის არის.

- დარწმუნებული არა ხართ?

- ვფიქრობ, ის არის.

სურათი გამომართვა და ერთხანს აკვირდებოდა.

- თქვენ თქვით, რომ დაინახეთ, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს, ასე არ თქვით? წინა პარასკევს, ესე იგი,
ერთი კვირის წინ?

- დიახ, ასეა. პარასკევ დილას, გარეთ იყვნენ, ბაღში.

- ხომ არ შეიძლება, არასწორად გაგეგოთ ის, რაც დაინახეთ? იქნებ უბრალოდ გადაეხვივნენ ერთმანეთს ან
პლატონური კოცნა იყო?

- არა, ნამდვილი კოცნა იყო, რომანტიკული.

დავინახე, როგორ შეერხა ტუჩი, თითქოს გაღიმებას აპირებდა.

- ვინ არის? - ვკითხე გასკილს, - ფიქრობთ, მასთან ერთად არის?

არაფერი მიპასუხა, მხოლოდ თავი გააქნია, ოდნავ.


- იცით, რა... დაგეხმარეთ? რაიმეთი მაინც დაგეხმარეთ?

- დიახ, მის უოთსონ, ძალიან დაგვეხმარეთ, დიდი მადლობა, რომ მოხვედით.

ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მან მარცხენა ხელი წამით მარჯვენა მხარზე მსუბუქად დამადო.
მომინდა, მოვტრიალებულიყავი და ამ ხელზე მეკოცნა. კარგა ხანია, ასეთი სინაზით არავინ შემხებია, ქესის
თუ არ ჩავთვლით.

გასკილი ჯერ კარისკენ გამიძღვა და მერე ოფისის ძირითად ნაწილში გამიყვანა. აქ, ალბათ, ათი
პოლიციელი მაინც იქნებოდა. ერთი-ორმა ცერად გამომხედა. ეს შეიძლებოდა წამიერი ინტერესიც
ყოფილიყო და არაკეთილგანწყობაც, ზუსტად ვერ ვიტყვი. ოფისი გავიარეთ, კორიდორში გავედით და
სწორედ ამ დროს ის დავინახე: მთავარი შესასვლელის მხრიდან რაილისთან ერთად ჩემკენ სკოტ ჰიფველი
მოდიოდა. თავი დახრილი ჰქონდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იყო. მერე თავი ასწია,
გასკილს თავი დაუკრა და მე შემომხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს სულ წამით შეხვდა და შემიძლია
დავიფიცო, რომ მიცნო. ის დილა გამახსენდა, როდესაც დავინახე, როგორ იდგა ტერასაზე და რკინიგზისკენ
იყურებოდა, როდესაც გამიჩნდა შეგრძნება, რომ მე მიყურებდა. კორიდორში ერთმანეთს გვერდი ავუარეთ.
ის იმდენად ახლოს იყო, რომ შეხება შემეძლო. გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო, რაღაცნაირად
დაცარიელებული და თითქოს ზამბარასავით დაკლაკნილი. ნერვიულ ენერგიას ასხივებდა. უკვე მთავარ
ჰოლში რომ გავედით, უკან მივიხედე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემკენ მომართულ მის მზერას
დავიჭერდი, მაგრამ ხელში რაილი შემრჩა, რომელიც თვალს მადევნებდა.

ლონდონში მატარებლით ჩავედი და ბიბლიოთეკაში წავედი. წავიკითხე ყველაფერი, რაც ამ საქმის შესახებ
იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგე. მერე ეშბერიში ჰიპნოთერაპევტის ძებნა დავიწყე და
იქვე დავამთავრე. ძალიან ძვირი აღმოჩნდა და თან გაუგებარია, შველის მეხსიერებაში ამოვარდნებს თუ
არა. როდესაც იმ ადამიანების კომენტარები წავიკითხე, რომლებსაც ჰიპნოთერაპია მეხსიერების აღდგენაში
დაეხმარა, მივხვდი, რომ წარმატების უფრო მეშინოდა, ვიდრე მარცხისა. იმის კი არ მეშინია, რასაც იმ შაბათ
ღამის შესახებ გავიგებ, არამედ ბევრად უფრო მეტის. დარწმუნებული არა ვარ, რომ იმ საშინელი
სისულელეების გაცოცხლებას ავიტანდი, რაც, ალბათ, იმ ღამეს გავაკეთე, რაც, უბრალოდ, ჯიბრზე ვთქვი,
და ჩემს სიტყვებზე ტომის რეაქციის გახსენებას. სიბნელეში შესვლის ძალიან მეშინია.

ვიფიქრე, რომ სკოტს კიდევ ერთ იმეილს გავუგზავნიდი, მაგრამ ამის საჭიროება ნამდვილად არ
არსებობდა. ინსპექტორ გასკილთან ამ დილით შეხვედრამ დამარწმუნა, რომ პოლიციაში სერიოზულად
აღმიქვამენ, მაგრამ სხვას ჩემგან არაფერს ელიან და ამას უნდა შევეგუო. ყოველ შემთხვევაში, ისეთი
გრძნობა მაქვს, რომ მათ რაღაცით დავეხმარე. ვერ ვიჯერებ, რომ მეგანის სწორედ იმის მეორე დღეს
გაუჩინარება, როდესაც სხვა კაცთან ერთად დავინახე, უბრალო დამთხვევაა.

„ჯი-ენდ-თის“ მეორე ქილა სასიამოვნო შიშინით გაიხსნა და სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ მთელი
დღე ტომზე არც მიფიქრია, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე. ვფიქრობდი სკოტზე, გასკილზე, ბი-სა და
კაცზე მატარებლიდან. ტომმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. სასმელს ვწრუპავ და ვგრძნობ, რომ ბოლოს
და ბოლოს რაღაც მაქვს აღსანიშნავი. ვიცი, რომ უკეთ გავხდები, ვიცი, რომ ბედნიერი ვიქნები და ეს დრო
შორს არ არის.
შაბათი, 20 ივლისი, 2013

დილა

ჭკუას ვერასოდეს ვისწავლი. რაღაც დანაშაულის, სირცხვილის გამანადგურებელი გრძნობით გავიღვიძე და


მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სისულელე ჩავიდინე. ისევ ჩემი საშინელი, ტკივილამდე ნაცნობი რიტუალის
გავლა მიწევს, რომლის დროსაც ვცდილობ, გავიხსენო, რა ჩავიდინე. იმეილი გავგზავნე, აი, რა გავაკეთე.

გუშინ ღამე რაღაც მომენტში ტომი ისევ იმ კაცების სიის სათავეში მოექცა, რომელთა შესახებაც ვფიქრობდი
და იმეილი გავუგზავნე. ლეფთოფი საწოლის გვერდზე, იატაკზე დევს. მისი იქ დანახვა უკვე ბრალდებაა
ჩემთვის. ვდგები, გვერდს ვუვლი და სააბაზანოსკენ მივდივარ. წყალს პირდაპირ ონკანიდან ვსვამ და
საკუთარ თავს წამით სარკეში ჩახედვის უფლებას ვაძლევ.

კარგად ნამდვილად არ გამოვიყურები, მაგრამ სამი დღე ფხიზლად ყოფნა ცუდი მაინც არ არის. დღეს
თავიდან დავიწყებ. შხაპის ქვეშ ძალიან დიდხანს ვდგავარ, წყლის ტემპერატურას თანდათან ვაკლებ. ჯერ
უფრო გრილია, მერე, კიდევ უფრო გრილი და ბოლოს სულ ცივ წყალს ვივლებ. პირდაპირ ცივი შხაპის ქვეშ
ვერ დადგები, შოკის მომგვრელი და აუტანელია, მაგრამ, თუ წყალს ნელ-ნელა გააგრილებ, შეიძლება ვერც
კი შეამჩნიო. ეს ბაყაყის მოხარშვას ჰგავს, ოღონდ, პირიქით. გრილი წყალი ჩემს კანს ამშვიდებს, თავზე და
თვალს ზემოთ ჭრილობების მწველ ტკივილს აყუჩებს.
ლეფთოფი ქვევით ჩამაქვს და ჩაის ვისხამ. არსებობს შანსი, მართალია, ძალიან მცირე, რომ ტომს იმეილი
მივწერე, მაგრამ აღარ გავგზავნე. ღრმად ვისუნთქავ და იმეილს ვხსნი. ვხედავ, რომ მესიჯები არა მაქვს და
კარგ ხასიათზე ვდგები, მაგრამ როდესაც გაგზავნილი იმეილების ფოლდერს ვხსნი - იქ არის. მე მიმიწერია,
უბრალოდ, მას არ უპასუხია, ჯერ. იმეილი გუშინ ღამე, თერთმეტის შემდეგაა გაგზავნილი. იმ დროისათვის
უკვე კარგა ხანი ვსვამდი. ადრენალინი და თავში გუგუნი კარგა ხნით ადრე უნდა გამსვლოდა. მესიჯს
ვხსნი.

„შენს ცოლს ხომ ვერ ეტყვი, რომ პოლიციაში ჩემ შესახებ ტყუილების ლაპარაკი შეწყვიტოს? არ თვლი, რომ
ჩემთვის დამატებითი უსიამოვნების მოტანა უღირსი საქციელია?

პოლიციაში განცხადება, რომ მისით და მისი აუტანელი ბავშვით შეპყრობილი ვარ. როგორმე თავს უნდა
მოერიოს. უთხარი, თავი დამანებოს, მაგის დედაც...“

თვალებს ვხუჭავ და ლეფთოფის თავსახურს წკაპუნით ვხურავ. მთლიანად ვიკრუნჩხები, ამ სიტყვის


სრული მნიშვნელობით. მთელი ჩემი სხეული თითქოს შიგნით იკეცება. მინდა დავპატარავდე, გავქრე.
შეშინებულიც ვარ, რადგან თუ ტომმა გადაწყვიტა, ეს მესიჯი პოლიციას აჩვენოს, შეიძლება ნამდვილი
პრობლემები შემექმნას. თუ ანა მასალებს აგროვებს იმის დასამტკიცებლად, რომ შურისძიების გრძნობით
ვარ შეპყრობილი, ეს მესიჯი მის დოსიეში ღირსეულ ადგილს დაიკავებს. რა ჯანდაბად ვახსენე პატარა
ბავშვი?! რა ადამიანი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, რომ ასე იფიქრო! მისთვის ცუდი არასოდეს მისურვებია.
ბავშვს ცუდს ვერასოდეს ვერაფერს ვუსურვებ, ვერც ერთ ბავშვს და მით უმეტეს, ტომისას.
საკუთარი თავის არ მესმის, ვერ ვიგებ, როგორ ადამიანად ვიქეცი. ღმერთო, მას, ალბათ, ვძულვარ. მე
თვითონ მძულს საკუთარი თავი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორიც გავხდი. მძულს ის, ვინც ასეთი
იმეილი დაწერა წუხელ. მე და მას საერთო არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ მე ასეთი არა ვარ, ჩემში
სიძულვილი არ არის.

ნუთუ არის? ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარეს დღეებზე არ ვიფიქრო, მაგრამ ასეთ დროს
მოგონებები მომაწვება ხოლმე. კიდევ ერთი ჩხუბი ჩვენი ურთიერთობის დასასრულს. გაღვიძება და გონზე
მოსვლა წვეულების შემდეგ, შემდეგ. ტომი მიყვება, როგორი ვიყავი წუხელ, რომ ისევ რცხვენოდა ჩემ გამო,
რომ მისი კოლეგის ცოლს შეურაცხყოფა მივაყენე, ვუყვიროდი და ჩემს ქმართან ფლირტში ვდებდი ბრალს.
„შენთან ერთად წასვლა აღარსად აღარ მინდა, - მითხრა ტომმა, - რომ მეკითხები, რატომ აღარ ვპატიჟებ
მეგობრებს სახლში, პაბში შენთან ერთად რატომ აღარ დავდივარ, მართლა გაინტერესებს? ეს შენ გამო
ხდება, იმიტომ, რომ მარცხვენ“.

ჩანთასა და გასაღებს ვიღებ. ქუჩის ბოლოს, „ლონდისში“ მივდივარ. სულ არ მენაღვლება, რომ ჯერ დილის
ცხრა საათიც კი არ არის. შეშინებული ვარ და არ მინდა, ამაზე ვიფიქრო. ახლა თუ ტკივილგამაყუჩებლებს
მივიღებ და თან დავლევ, გავითიშები და მთელი დღე ვიძინებ. ყველაფერ ამაზე კი მოგვიანებით ვიფიქრებ.
შემოსასვლელი კარისკენ მივდივარ, ხელით სახელურის ცოტა ზევით ვეყრდნობი და უცებ ვჩერდები. ხომ
შემიძლია, ბოდიში მოვიხადო? ახლავე თუ მოვიხდი ბოდიშს, იქნებ შევძლო, რაიმე მაინც გადავარჩინო.
იქნებ შევძლო, დავარწმუნო, რომ ეს მესიჯი ანას ან პოლიციელებს არ აჩვენოს. ეს ანასაგან ჩემი დაცვის
პირველი შემთხვევა არ იქნება.

იმ დღეს, წინა ზაფხულს, ანასა და ტომის სახლში რომ წავედი, ყველაფერი ისე არ მომხდარა, მე რომ
პოლიციელებს მოვუყევი. კარზე ზარი არ დამირეკავს. არ ვიცოდი, რა მინდოდა. ახლაც არა ვარ
დარწმუნებული, რის გაკეთებას ვაპირებდი. ბილიკით ღობემდე მივედი და გადავძვერი. სიჩუმე იყო.
არაფერი მესმოდა. გასაწევ კართან მივედი და შიგნით შევიხედე. ანას მართლა ტახტზე ეძინა. არც მისი
სახელი დამიძახია და არც ტომის. ანას გაღვიძება არ მინდოდა. ბავშვი არ ტიროდა. დედამისის გვერდზე,
გადასატან საწოლში ღრმად ეძინა. საწოლიდან სწრაფად ამოვიყვანე. მახსოვს, როგორ გავრბოდი მასთან
ერთად ღობისკენ. ბავშვმა გაიღვიძა და ცოტა წუწუნი დაიწყო. წარმოდგენა არა მაქვს, რა მეგონა, რას
ვაკეთებდი. მისთვის ზიანის მიყენება ნამდვილად არ მინდოდა. ღობესთან მივედი, ბავშვი მკერდზე
მაგრად მივიკარი, ტიროდა და ეს ტირილი უკვე ჩხავილში გადადიოდა. ვარწევდი და ვაწყნარებდი. მერე
სხვა ხმაურიც გავიგე. მატარებელი მოდიოდა. ღობისკენ ზურგით შევტრიალდი და დავინახე ანა, რომელიც
ჩემკენ მორბოდა. მისი ღია პირი გახსნილ ჭრილობას ჰგავდა, ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ არ მესმოდა, რას
ყვიროდა.
ბავშვი წამართვა, მე კი შევეცადე, გავქცეულიყავი, მაგრამ წავბორძიკდი და დავეცი. თავზე მედგა, მიკიოდა,
მეუბნებოდა, არ გაინძრე, თორემ პოლიციაში დავრეკავო. ტომს დაურეკა, ისიც მაშინვე მოვიდა და მერე
სასტუმრო ოთახში ტახტზე ერთად ისხდნენ. ანა ისტერიკულად ტიროდა, ჯერ კიდევ პოლიციაში დარეკვას
აპირებდა, უნდოდა, ბავშვის მოტაცებისთვის დავეპატიმრებინე. ტომი ამშვიდებდა და ეხვეწებოდა, თავი
დაენებებინა და გავეშვი. მაშინ ტომმა გადამარჩინა. მერე სახლში მანქანით წამიყვანა და რომ უნდა
გადმოვსულიყავი, ხელი ხელზე მომიჭირა. თავიდან მეგონა, ეს კეთილგანწყობის ჟესტი იყო, მაგრამ მერე
კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა, კიდევ და კიდევ, სანამ არ დავიყვირე. სახეზე სულმთლად აწითლდა და
მითხრა, კიდევ ერთხელ ჩემს ქალიშვილს რაიმეს თუ დაუშავებ, მოგკლავო.

არ ვიცი, რის გაკეთებას ვაპირებდი იმ დღეს. ახლაც არ ვიცი. კართან ვჩერდები, ვყოყმანობ, სახელურს
თითებს მაგრად ვუჭერ, ქვედა ტუჩს მთელი ძალით ვკბენ. ვიცი, რომ თუ ახლა დალევას დავიწყებ, ერთი-
ორი საათი თავს კარგად ვიგრძნობ და ცუდად - ექვსი ან შვიდი. სახელურს ხელს ვუშვებ, ოთახში
ვბრუნდები და ლეფთოფს ისევ ვხსნი. ბოდიში უნდა მოვიხადო, პატიება უნდა ვითხოვო. იმეილს ვხსნი და
ვხედავ, რომ ერთი ახალი მესიჯი მაქვს. ის ტომისგან არ არის. სკოტ ჰიფველისგან არის.

ძვირფასო რეიჩელ,

გმადლობ, რომ დამიკავშირდი. არ მახსოვს, ოდესმე მეგანს შენი სახელი ეხსენებინოს ჩემთან, მაგრამ
გალერეაში ბევრი მუდმივი მყიდველი ჰყავდა, მე კი სახელებს ცუდად ვიმახსოვრებ. ძალიან მინდა
გელაპარაკო იმაზე, რაც შენ იცი. ძალიან გთხოვ, რაც შეიძლება მალე დამირეკე ნომერზე: 07583 123657

საუკეთესო სურვილებით

სკოტ ჰიფველი

წუთით ეჭვი მეპარება, რომ ეს მესიჯი სწორ მისამართზეა გამოგზავნილი, რომ ვიღაც სხვისთვისაა
გამიზნული, მაგრამ ეს სულ ერთი-ორი წამი გრძელდება, მერე კი მახსენდება. მახსენდება, როგორ ვიჯექი
ტახტზე, ალბათ, უკვე მეორე ბოთლზე ვიყავი გადასული, როცა მივხვდი, რომ არ მინდოდა, ამ საქმეში ჩემი
მონაწილეობა დამთავრებულიყო. მის შუაგულში მინდოდა ყოფნა. ამიტომ ისევ მივწერე:

ძვირფასო სკოტ,

მაპატიე, ისევ რომ გიკავშირდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი დალაპარაკება მნიშვნელოვანია.

დარწმუნებული არა ვარ, რომ მეგანს ჩემი სახელი ოდესმე უხსენებია შენთან. მე მას გალერეაში
დავუმეგობრდი, უითნიში ვცხოვრობდი. ვფიქრობ, მაქვს ინფორმაცია, რომელიც შენ დაგაინტერესებს.
გთხოვ, პასუხი ამ მისამართზე მომწერე.

რეიჩელ უოთსონი

ვგრძნობ, როგორ მიხურს სახე, კუჭი კი სიმჟავით მაქვს სავსე.

გუშინ, როდესაც საღ გონებაზე ვიყავი, თავი გაბრუებული არ მქონდა და საღად ვაზროვნებდი,
გადავწყვიტე, შევგუებოდი, რომ ამ ისტორიაში ჩემი როლი ამოიწურა. მაგრამ ჩემი საუკეთესო ანგელოზები
ისევ გაუჩინარდნენ, დაამარცხა სასმელმა და ადამიანმა, ისეთმა, როგორიც მე დალევის შემდეგ ვხდები.
მთვრალი რეიჩელი ვერასოდეს განსაზღვრავს, რას რა შეიძლება მოჰყვეს. ის ან უკიდურესად ექსპანსიური
და ოპტიმისტურია, ან სიძულვილში გახვეული. არც წარსული აქვს და არც მომავალი, მხოლოდ აწმყოში
არსებობს. მთვრალ რეიჩელს ამ ისტორიის ნაწილად დარჩენა უნდა და ეძებს გზას, რომ დაარწმუნოს
სკოტი, მოუსმინოს. ის ტყუის. მე ვტყუი.

კანი დანით მინდა დავისერო, რომ, სირცხვილის გარდა, რაიმე სხვა ვიგრძნო, მაგრამ ამის გამბედაობაც არ
მყოფნის. ტომისათვის მესიჯის მიწერას ვიწყებ. ვწერ და ვშლი, ვწერ და ვშლი. ვცდილობ, მოვიფიქრო,
როგორ ვთხოვო პატიება ყველაფერი იმისათვის, რაც წუხელ მივწერე. რომ ჩამოვწერო, რამდენჯერ მქონია
ტომისათვის პატიება სათხოვნელი, ალბათ, ერთი წიგნი გამოვიდოდა.

საღამო
ერთი კვირის, თითქმის ზუსტად ერთი კვირის წინ, მეგან ჰიფველი ბლენიმ-როუდის ნომერი თხუთმეტი
სახლიდან გამოვიდა და გაუჩინარდა. იმ დღის შემდეგ არავის უნახავს, არც ტელეფონი გამოუყენებია და
არც საბანკო ბარათები. დღეს დილით ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, ავტირდი. ახლა იმ ფარული აზრების
მრცხვენია, რომლებიც ადრე მქონდა. მეგანი ხომ საიდუმლო არ არის, რომ ამოიცნო, არც ის ფიგურაა,
რომელიც ფილმის დასაწყისში მოძრავი კამერის წინ დადის, ლამაზი, არამიწიერი და უსხეულო, არც
ფიქციაა, ის ნამდვილია.

მატარებელში ვზივარ და მის სახლში მივდივარ, მის ქმარს უნდა შევხვდე.

უნდა დამერეკა, მაგრამ ამას ვეღარ გამოვასწორებ. მისი იმეილის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლებოდა.
იმის მიუხედავად, პოლიციაში იტყოდა თუ არა. უცნობი ადამიანი რომ დამკავშირებოდა და ეთქვა, რომ
ჩემთვის ინფორმაცია აქვს და მერე გამქრალიყო, მის ადგილას მე ვიტყოდი. იქნებ პოლიციაში უკვე დარეკა
და, რომ მივალ, იქ დამხვდებიან.

აქ, ჩემს ჩვეულ ადგილზე რომ ვზივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გულზე ლოდი მაწევს. როცა დღეს
დილით მის ნომერზე ვრეკავდი, იმავეს ვგრძნობდი. მეგონა, სიბნელეში ვვარდებოდი და არ ვიცოდი,
მიწაზე როდის დავეცემოდი. ჩუმად ლაპარაკობდა. ეტყობა, ოთახში კიდევ ვიღაც იყო, ვიღაც ისეთი, ვისაც
ჩვენი ლაპარაკი არ უნდა გაეგონა.

- შეგვიძლია პირადად ვილაპარაკოთ, - მკითხა მან.

- მე... არა. არა მგონია.

- ძალიან გთხოვთ.

სულ ერთი წუთი ვყოყმანობდი და დავთანხმდი.

- შეგიძლიათ ჩემთან სახლში მოხვიდეთ? ახლა არა, ჩემი... ჩემიანები არიან ახლა, ამ საღამოს, -

მისამართი მომცა და მეც ვითომ ჩავიწერე.

- გმადლობთ, რომ დამიკავშირდით, - მითხრა და ტელეფონი დაკიდა.

როგორც კი დავთანხმდი, მივხვდი, რომ ეს კარგი აზრი არ იყო. რა ვიცი სკოტის შესახებ? გაზეთებიდან? ესე
იგი, თითქმის არაფერი. ჩემი საკუთარი დაკვირვებით რა ვიცი? არც არაფერი. მოკლედ, სკოტის შესახებ
არაფერი ვიცი. რაღაცები ვიცი ჯეისონზე, რომელიც (ამას საკუთარ თავს მუდმივად ვახსენებ) არ არსებობს.
ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ სკოტის ცოლი
ერთი კვირაა დაკარგულია. ვიცი, რომ ეჭვმიტანილი, ალბათ, სკოტია და მას ცოლის მოკვლის მოტივი აქვს.
მე ხომ ის კოცნა დავინახე. რა თქმა უნდა, მან შეიძლება არც იცის, რომ მოტივი აქვს, მაგრამ... უჰ, ამაზე
ფიქრში ტვინი გავიჭყლიტე, მაგრამ იმ სახლში მისვლის შესაძლებლობა როგორ უნდა გავუშვა ხელიდან? ეს
ხომ ის სახლია, რომელსაც მატარებლიდან, ქუჩიდან მუდმივად ვუყურებდი. ახლა კი შესაძლებლობა
მეძლევა, მის შესასვლელ კართან მივიდე, შიგნით შევიდე, დავჯდე მის სამზარეულოში, ტერასაზე, სადაც
ისინი ისხდნენ, სადაც მე მათ ვხედავდი ხოლმე.
ნამდვილად დიდი ცდუნება იყო. ახლა კი ვზივარ მატარებელში, ხელები საკუთარ მხრებზე მაქვს
შემოხვეული და მაგრად ვუჭერ, რომ როგორმე კანკალი გავიჩერო. რაღაც მიუღებლის ჩადენაში გამოჭერილ
ცელქ ბავშვს ვგავარ. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ მიზანი გამიჩნდა. რეალობაზე ფიქრი საერთოდ
შევწყვიტე, მეგანზეც აღარ ვფიქრობდი.
ახლა მასზე ვფიქრობ. სკოტი უნდა დავარწმუნო, რომ მეგანს ვიცნობდი, ძალიან ახლოს არა, ისე. მაშინ
უფრო დამიჯერებს, რომ სხვა კაცთან ერთად დავინახე. პირდაპირ ტყუილით თუ დავიწყებ, მერე
აღარაფერს დამიჯერებს, ამიტომ ვცდილობ, წარმოვიდგინო, რა იქნება, თუ ვიტყვი, რომ უბრალოდ
გალერეაში შევიარე, მერე ერთად ყავა დავლიეთ. ნეტავ ყავას სვამს? ალბათ, ხელოვნებაზე ვილაპარაკეთ ან
იოგაზე, ან ჩვენს ქმრებზე. ხელოვნების არაფერი გამეგება, არც იოგაზე მაქვს წარმოდგენა. ქმარიც არ მყავს,
ის კი თავისას ღალატობდა.

ვიხსენებ, რას ამბობდნენ მისი ნამდვილი მეგობრები: არაჩვეულებრივი, სასაცილო, ლამაზი, გულთბილი,
საყვარელი. შეცდომა დაუშვა. მერე რა, ხდება ხოლმე, სრულყოფილი არავინაა.

ანა

შაბათი, 20 ივლისი, 2013

დილა

ივი ექვსი საათისთვის იღვიძებს. საწოლიდან ვდგები, ბავშვის ოთახში გავდივარ, ხელში ვიყვან, ვაჭმევ და
მერე ჩემს ლოგინში ვაწვენ.

ისევ რომ ვიღვიძებ, ტომი ჩემ გვერდზე არ წევს, მაგრამ კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა მესმის. მღერის ჩუმად
და უსმენოდ: „დაბადების დღეს გილოცავ, დაბადების დღეს გილოცავ...“ ამაზე არც მიფიქრია, სულ
დამავიწყდა; საერთოდ არაფერზე მიფიქრია ჩემი პატარა შვილის კვებისა და ისევ საწოლში ჩაწვენის გარდა.

ჯერ ბოლომდე არც გამიღვიძია და უკვე ჩემთვის ვხითხითებ. თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ივიც
იღიმება. მერე ზევით ვიყურები, ტომი საწოლთან დგას და ხელში სინი უჭირავს, მხოლოდ ჩემი „ორლა
კილის“ წინსაფარი უკეთია და სხვა არაფერი აცვია.

- საუზმე საწოლში დღეს დაბადებულ გოგოს, - ამბობს, სინს საწოლის ბოლოში დებს და საკოცნელად იწევს.
საჩუქრებს ვხსნი. ივისგან მშვენიერი, ონიქსისთვლიანი ვერცხლის სამაჯური მივიღე, ტომისგან კი - შავი
აბრეშუმის პერანგი და იმავე ფერის ბიკინი. თავს ვერ ვიკავებ და ვიღიმები. ტომი ისევ ლოგინში ძვრება.
ვწევართ ასე, შუაში ივი გვიწევს. პატარა თითუნებს ტომის საჩვენებელ თითს უჭერს, მე კი მისი
არაჩვეულებრივი, პატარა, ვარდისფერი ფეხი მიჭირავს ხელში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემს
მკერდში ფეიერვერკი გაუშვეს. ეს შეუძლებელია - ამდენი სიყვარული.

ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ივის წოლა სწყინდება, ხელში ამყავს და ქვევით ჩავდივართ, ტომს კი
ვტოვებთ, რომ თვლემა განაგრძოს, ამას იმსახურებს. სამზარეულოში ვფუსფუსებ, რომ იქაურობა ცოტა
მოვაწესრიგო. ყავას გარეთ, პატიოში ვსვამ, თან ნახევრად ცარიელ მატარებლებს ვუყურებ, ჩემი სახლის წინ
რომ დაგრიხინებენ და სადილზე ვფიქრობ. შემწვარი ხორცისთვის ძალიან ცხელა, მაგრამ მაინც უნდა
გავაკეთო, ტომს როსტბიფი ძალიან უყვარს. გასაგრილებლად ნაყინს დავაყოლებთ. მაღაზიაში უნდა
წავიდე, რომ ტომის საყვარელი „მერლო“ ვიყიდო. ევას ვამზადებ, მერე ეტლში ვსვამ, ვაბამ და ერთად
მივდივართ.

ყველა მეუბნებოდა, რომ ტომის სახლში გადასვლაზე დათანხმება სიგიჟე იყო. მერე ყველა მეუბნებოდა,
რომ ცოლიან კაცთან ურთიერთობა სიგიჟე იყო, რომ თავი დამენებებინა კაცისთვის, რომლის ცოლიც
უკიდურესად არასტაბილურია. ახლა ყველა დარწმუნდა, რომ მეორე საკითხში ცდებოდნენ. რამდენი
პრობლემაც უნდა შეგვიქმნას რეიჩელმა, ტომი და ევა ყველაფერს გადაწონიან. თუმცა სახლთან
დაკავშირებით მართლები იყვნენ. ასეთ დღეებში, როდესაც მზე ანათებს და ჩვენს პატარა, სუფთა, ორივე
მხრიდან ხეებით შემოფარგლულ ქუჩაზე მიდიხარ (რომელიც მთლად ჩიხი არ არის, მაგრამ სიმყუდროვის
შეგრძნებას მაინც გიქმნის), ყველაფერი შესანიშნავად გეჩვენება. მისი ტროტუარები ჩემნაირი დედებით,
ძაღლებითა და სკუტერებზე შემომსხდარი მოზარდებით არის სავსე. ყველაფერი ეს შეიძლებოდა
იდეალური ყოფილიყო, შეიძლებოდა, მატარებლების მუხრუჭების ღრჭიალი რომ არა, შეიძლებოდა, უკან
მოხედვისას ნომერ თხუთმეტ სახლს თუ არ დაინახავდი.

უკან რომ ვბრუნდები, ტომი სასადილო მაგიდასთან ზის და კომპიუტერში რაღაცას უყურებს, შორტი აცვია,
მაგრამ მაისური - არა და მოძრაობისას მის კანქვეშ კუნთებს კარგად ვხედავ, ასეთ დროს ჯერ კიდევ
ჟრუანტელი მივლის ხოლმე. გამარჯობას ვეუბნები, მაგრამ ის თავის საკუთარ სამყაროშია და არ ესმის.
მხარზე ხელს ვუსვამ და ისე ხტება, რომ ლეფთოფი ხმაურით იხურება.

- ჰაი, - ამბობს და ფეხზე დგება, იღიმება, მაგრამ დაღლილი და შეშფოთებული ჩანს. ივის რომ მართმევს,
თვალებში არ მიყურებს.

- რა? - ვეკითხები, - რა ხდება?

- არაფერი, - მპასუხობს და ფანჯრისკენ ბრუნდება, თან ივის არწევს.

- ტომ, რა ხდება?

- არაფერი, - ჩემკენ ტრიალდება, მიყურებს და სანამ რამეს იტყვის, უკვე ვიცი, რა უნდა მითხრას.

- რეიჩელი, კიდევ ერთი იმეილი.

თავს აქნევს, მაგრამ ძალიან გულნატკენი და განერვიულებული ჩანს, მე კი ამას ვერ ვიტან, ზოგჯერ მზად
ვარ, ის ქალი მოვკლა.
- რაო, რას ამბობს?

ისევ თავს აქნევს

- მნიშვნელობა არა აქვს, როგორც ყოველთვის, ბოდავს.

- კარგი, მაპატიე, - ვეუბნები და აღარ ვეკითხები, კონკრეტულად, რა ბოდვას სწერს, რადგან ვიცი, არ
მეტყვის. ვერ იტანს, როდესაც მისი ყოფილი ცოლის გამო ვიძაბებით.

- ყველაფერი წესრიგშია, არაფერია... უბრალოდ, მორიგი მთვრალი ბოდვაა.

- ღმერთო, ნეტავ ოდესმე აქედან წავა? ნეტავ ოდესმე მოგვცემს საშუალებას, რომ ბედნიერები ვიყოთ?

მიახლოვდება და ისე, რომ ჩვენი ქალიშვილი ჩვენ შორისაა, მკოცნის.

- ჩვენ ბედნიერები ვართ, - ამბობს, - ვართ.

საღამო

ბედნიერები მართლა ვართ. ვისადილეთ და გაზონზე ვწევართ. მერე, როცა ძალიან, ძალიან დაცხა, სახლში
შემოვედით და ნაყინი მივირთვით. ტომი თან „გრან პრის“ უყურებს. მე და ივიმ კი საძერწი თიხით
ვითამაშეთ, ცოტა შეჭამა კიდეც. ვფიქრობ, ნეტავ ქუჩაში რა ხდება, თან იმაზეც, როგორ გამიმართლა, რომ
მაქვს ყველაფერი, რაც მინდოდა. ტომს რომ ვუყურებ, ღმერთს მადლობას ვუძღვნი, რომ მიპოვა, მის
გვერდით აღმოვჩნდი, რომ იმ ქალისაგან გადამერჩინა. საბოლოოდ ნამდვილად გააგიჟებდა, ამაში
დარწმუნებული ვარ. დატანჯა, ისეთად გადააქცია, როგორიც სინამდვილეში არ არის.

ტომს ივი ზევით, საბანაოდ აჰყავს. აქაც მესმის, როგორ ჭყივის სიამოვნებისგან და ისევ მეღიმება. ღიმილი
მთელი დღის განმავლობაში სახიდან არ მშორდება. ჭურჭელს ვრეცხავ, მისაღებ ოთახს ვალაგებ, ვახშამზე,
რაიმე მსუბუქზე ვფიქრობ. სასაცილოა, რადგან რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ
საკუთარ დაბადების დღეზე სახლში დავრჩებოდი და საჭმლის მომზადებას დავიწყებდი, მაგრამ ახლა ეს
ძალიან მომწონს. ასეც უნდა იყოს ყველაფერი, ჩვენ ხომ სამნი ვართ.

სასტუმრო ოთახის იატაკზე მოფანტულ ივის სათამაშოებს ვკრეფ და ყუთში ვაწყობ. მინდა, ივი ადრე
დავაწვინო. ერთი სული მაქვს, ტომის ნაჩუქარ პერანგს როდის ჩავიცვამ. ჯერ რამდენიმე საათი კიდევ არ
დაბნელდება, მაგრამ ბუხრის თაროზე სანთლებს მაინც ავანთებ და მეორე ბოთლ „მერლოს“ გავხსნი, რომ
ისუნთქოს.

ტახტს ვაწვები, რომ ფარდები ჩამოვაფარო და სწორედ ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს, ტროტუარზე, ქალს
ვხედავ, თავი ჩაღუნული აქვს და სწრაფი ნაბიჯით მიდის. ზევით არ იყურება, მაგრამ ვხვდები, რომ ის
არის, დარწმუნებული ვარ. ტახტს კიდევ უფრო ვაწვები, გულს ბაგაბუგი გააქვს, წინ ვიწევი, რომ უკეთ
დავინახო, მაგრამ ამ კუთხიდან არაფერი ჩანს.
კარისკენ ვბრუნდები, მზად ვარ, ქუჩაში გავიდე და შევხედო, სად მიდის, მაგრამ კარში ტომი დგას
პირსახოცში გახვეულ ივისთან ერთად.

- კარგად ხარ? - მეკითხება, - რა მოხდა?

- არაფერი, - ვპასუხობ მე და ხელებს ჯიბეებში ვიწყობ, რომ ვერ დაინახოს, როგორ მიკანკალებს.

- არაფერი არ მოხდა, არაფერი.

რეიჩელი

კვირა, 21 ივლისი, 2013

დილა

ვიღვიძებ და მასზე ვფიქრობ, თავში მხოლოდ მასზე ფიქრი მიტრიალებს. რეალურად არაფერი მეჩვენება,
სრულებით არაფერი. კანზე ჩხვლეტებს ვგრძნობ. ერთი დალევა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ არ
შემიძლია, საღი გონება მჭირდება, მეგანისთვის, სკოტისთვის.

გუშინ თავს ძალა დავატანე, თავი დავიბანე და მაკიაჟი გავიკეთე. ჩავიცვი ერთადერთი ჯინსი, რომელშიც
ვეტევი, კოტონის მოჩითული ბლუზა და დაბალქუსლიანი სანდლები. მშვენივრად გამოვიყურებოდი.
საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ გარეგნობაზე ზრუნვა სასაცილოა, რაში აინტერესებს ეს სკოტს, მაგრამ
თავი მაინც ვერ შევიკავე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მასთან ახლოს უნდა მივსულიყავი და ამას
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ბევრად დიდი, ვიდრე უნდა ჰქონოდა.

მატარებელში ჩავჯექი, ეშბერიდან დაახლოებით შვიდის ნახევარზე გავედი და უითნიში რომ ჩავედი,
შვიდს ოდნავ გადაცილებული იყო. როზბერი-ავენიუთი, მიწისქვეშა გადასასვლელის გვერდის ავლით
წავედი. იქით არც კი გამიხედავს, ამას ვერ ავიტანდი. ნომერ ოცდასამს, ტომისა და ანას სახლს, სწრაფად
ჩავუარე, ნიკაპი მკერდზე მქონდა მიჭერილი და შავი სათვალე მეკეთა. ვლოცულობდი, რომ მათ არ
დავენახე. გარშემო სიწყნარე იყო, გზის სავალი ნაწილის ცენტრში, აქეთ-იქით გაჩერებულ ავტომობილებს
შორის, რამდენიმე მანქანა მოძრაობდა. ეს, თითქოს მძინარე, სუფთა პატარა ქუჩაა, შეძლებული
ახალგაზრდა ოჯახებით დასახლებული. შვიდი საათისათვის ან ვახშმობენ, ან ტელევიზორთან სხედან:
დედიკო და მამიკო, შუაში კი პატარა უზით და „X-ფაქტორს“ უყურებენ.
ნომერი ოცდასამიდან ნომერ თხუთმეტამდე ორმოცდაათ-სამოც ნაბიჯზე მეტი არ იქნება, მაგრამ ეს
მანძილი ისე გაიწელა, თითქოს ერთი საუკუნე მივდიოდი. ფეხები დამძიმებული მქონდა და მთვრალივით
მერეოდა, თითქოს ტროტუარიდან სადაცაა ჩავვარდებოდი.

დაკაკუნება დამთავრებული არ მქონდა, სკოტმა რომ კარი გააღო. აკანკალებული ხელი ჯერ კიდევ ჰაერში
მქონდა, კარში რომ გამოჩნდა, თავზე დამადგა და მთელი სივრცე შეავსო.

- რეიჩელი? - ღიმილის გარეშე მკითხა და ჩემკენ დაიხარა. მე თავი დავუქნიე. ხელი გამომიწოდა და
ჩამოვართვი. მერე ჟესტით მანიშნა, შევსულიყავი, მაგრამ რაღაც წამების მანძილზე ვერ გავინძერი. მისი
შემეშინდა. ახლოდან ფიზიკურად საშიშია: მაღალი, მხარბეჭიანი, კარგად გამოკვეთილი მკლავები და
მკერდი აქვს, ხელის მტევნები კი უზარმაზარი. თავში გამიელვა, რომ ჩემი გასრესა, კისრისა და ნეკნების
დამტვრევა დიდად არ გაუჭირდებოდა.

გვერდი ავუარე და ჰოლში შევედი. ჩემი მკლავი მისას შეეხო და სახეზე ალმური მომედო. დაძველებული
ოფლის სუნი ასდიოდა და თმა თავზე ისე ჰქონდა მიგლესილი, თითქოს კარგა ხანია შხაპის ქვეშ არ მდგარა.

სასტუმრო ოთახში რომ შევედი, უცებ ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს აქ უკვე ვიყავი და ამან შემაშინა.
ვიცანი ბუხარი, რომლის გვერდით, იმ მხარეს, საიდანაც, ჩამოფარებული ფარდების მიუხედავად, ქუჩიდან
შუქი შემოდიოდა, ნიშა იყო. ვიცოდი, რომ მარცხნივ თუ გავიხედავდი, გამჭვირვალე შუშას დავინახავდი,
რომლის იქით მწვანე ეზო და უფრო მოშორებით კი რკინიგზა იქნებოდა. მოვტრიალდი და დავინახე
სამზარეულოს მაგიდა, მის უკან ფრანგული კარი და იმის იქით კი გადამწვანებული პატარა გაზონი. ეს
სახლი კარგად ვიცოდი. თავბრუ დამესხა, დაჯდომა მინდოდა. უცებ გასული შაბათის შავი ხვრელი, მთელი
ის დაკარგული საათები გამახსენდა.

რა თქმა უნდა, არაფერს ისეთს არ ვგულისხმობ. ეს სახლი ვიცი, მაგრამ არა იმიტომ, რომ აქ ნამყოფი ვარ. ის
ზუსტად ისეთია, როგორიც ნომერი ოცდასამი: ჰოლიდან კიბე მეორე სართულზე ადის, ხოლო მარჯვენა
მხარეს მისაღები ოთახია, რომლის გავლით სამზარეულოში შეიძლება შესვლა. პატიო და ბაღი იმიტომ არის
ჩემთვის ნაცნობი, რომ მატარებლიდან ყოველდღე ვხედავდი. ზევით არ ავსულვარ, მაგრამ ვიცი, რომ იქ
კიბის უჯრედი და დიდი ასაწევი ფანჯარა დამხვდებოდა. ამ ფანჯრიდან თუ გადაძვრებოდი
სამზარეულოს სახურავზე, საკუთარი ხელით გაკეთებულ ტერასაზე აღმოჩნდებოდი. იქ კიდევ ორი
საძინებელია. ერთი მთავარი, ქუჩაზე გამავალი ორი დიდი ფანჯრით, და მეორე უფრო პატარა, რომელიც
სახლის გვერდით ბაღს გადაჰყურებს. მხოლოდ ის, რომ სახლი შიგნიდანაც ვიცი და გარედანაც, სულაც არ
ნიშნავს, რომ ოდესმე აქ ვყოფილვარ. სკოტი სამზარეულოში რომ შემიძღვა, სულმთლად ვკანკალებდი. ჩაი
შემომთავაზა. სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი. ჩაიდანი აადუღა, დიდ ტოლჩაში ჩაის პაკეტი ჩადო და
მდუღარე წყალს რომ ასხამდა, ნახევარი სამზარეულოს კარადის დახლზე დააქცია და თავისთვის რაღაც
ჩაიბურდღუნა. ოთახში ანტისეპტიკის ძლიერი სუნი იდგა, მაგრამ თვითონ სკოტი ძალიან
მოუწესრიგებელი იყო. მის მაისურს ზურგზე ოფლის დიდი ლაქა ეტყობოდა. ჯინსები თეძოების ქვევით
ისე ეკიდა, თითქოს დიდი ჰქონდა. გავიფიქრე, ნეტავ როდის ჭამა უკანასკნელად-მეთქი. ჩაით სავსე ტოლჩა
წინ დამიდგა და სამზარეულოს მაგიდას ჩემ პირდაპირ მიუჯდა. ხელები თავის წინ, მაგიდაზე დააწყო.
სიჩუმე გაიწელა, ჯერ ჩვენ შორის სივრცე შეავსო და მერე - მთელი ოთახი. ის თითქოს ყურებში მიწუოდა.
სიცხე და უხერხულობა ვიგრძენი, გონება უცებ თითქოს გამეთიშა. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი აქ. რა
ჯანდაბამ მომიყვანა? შორიდან გუგუნის ხმა გავიგონე, მატარებელი მოდიოდა. ამ დიდი ხნის ნაცნობმა ხმამ
ცოტა დამამშვიდა.

- თქვენ მეგანის მეგობარი ხართ? - მკითხა მან ბოლოს.


მისი პირიდან ამ სახელის გაგონებისას ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა. მაგიდას დავაშტერდი და
ტოლჩას ხელები მთელი ძალით მოვუჭირე.

- დიახ, - ვუპასუხე, - მას ვიცნობ... მაგრამ ძალიან ახლოს - არა, გალერეიდან.

მიყურებდა, მელოდებოდა. კბილები ერთმანეთს ისე დააჭირა, რომ მის ყბაზე კუნთის მოძრაობა დავინახე.

სიტყვებს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი.

- არის რაიმე სიახლე? - ვკითხე მე. თვალი თვალში გამიყარა და წამით შიში ვიგრძენი. ამის კითხვა
არასწორი იყო. რა ჩემი საქმეა, რაიმე სიახლე არის თუ არა. ნამდვილად გაბრაზდება და მთხოვს, წავიდე.

- არა. რა გინდოდათ გეთქვათ ჩემთვის?

გარეთ მატარებელმა ნელა ჩაიარა და რკინიგზისკენ გავიხედე. თავბრუ დამესხა. თითქოს სხეულიდან
გამოვედი და საკუთარ თავს გარედან ვხედავდი.

- თქვენ იმეილში მწერდით, რომ მეგანის შესახებ რაღაცის თქმა გინდოდათ ჩემთვის, - ცოტა ხმას აუწია მან.

ღრმად ჩავისუნთქე, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ის, რის თქმასაც ვაპირებდი, ყველაფერს
კიდევ უფრო დაამძიმებდა, გულს ატკენდა.
- ვიღაცასთან ერთად დავინახე, - ვთქვი მე, უბრალოდ წამოვაყრანტალე, უხეშად და ხმამაღლა, არანაირი
მომზადება, არანაირი კონტექსტი.

გაოგნებული მომაჩერდა.

- როდის? შაბათ ღამეს დაინახეთ? პოლიციას უთხარით?

- არა, ეს პარასკევ დილას იყო, - ვუთხარი და მან მხრები უცებ ჩამოუშვა.

- მაგრამ... პარასკევს მშვენივრად იყო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მის ყბაზე კუნთი ისევ ამოძრავდა. თანდათან ბრაზდებოდა.

- თქვენ ის დაინახეთ... დაინახეთ... ვისთან? მამაკაცთან ერთად?

- დიახ, მე...

- როგორ გამოიყურებოდა? - ფეხზე წამოდგა, მისი სხეული სინათლეს მთლიანად მიჩრდილავდა, -


პოლიციას უთხარით? - მკითხა ისევ.

- კი, მაგრამ არა მგონია, რომ სერიოზულად მიიღეს.

- რატომ?
- უბრალოდ... არ ვიცი... მეგონა, თქვენ გეცოდინებოდათ.

წინ გადმოიხარა, მუშტებად შეკრული ხელები მაგიდაზე დააწყო.

- რა გინდათ, რომ მითხრათ? ის დაინახეთ? სად? რას აკეთებდა?

კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე.

- ის აქ, თქვენს გაზონზე იყო, აი, იქ, - ვთქვი და ხელი ბაღისკენ გავიშვირე, - მატარებლიდან დავინახე.

მის სახეზე აშკარა უნდობლობა გამოიხატა.

- ეშბერიდან ლონდონში მატარებლით ყოველდღე დავდივარ და ყოველდღე ამ სახლს ჩავუვლი ხოლმე.


დავინახე. ვიღაცასთან ერთად იყო და ეს თქვენ... თქვენ არ იყავით.

- რა იცით?.. პარასკევ დილას? პარასკევს, მისი დაკარგვის წინადღეს?

- დიახ.

- მე აქ არ ვიყავი, - თქვა მან, - წასული ვიყავი, კონფერენციაზე, ბირმინგემში. პარასკევ საღამოს დავბრუნდი,
- სახეზე ნელ-ნელა წითელი ლაქები გამოსდიოდა. მისი სკეპტიციზმი რაღაც სხვა გრძნობით იცვლებოდა.

- მოკლედ, თქვენ ის დაინახეთ გაზონზე ვიღაცასთან ერთად და...

- მეგანმა მას აკოცა, - ვთქვი მე. ყველაფერი ნელ-ნელა უნდა მიმეწოდებინა, მაგრამ აუცილებლად უნდა
მეთქვა, - ერთმანეთს კოცნიდნენ.

უცებ გასწორდა, ხელები, ჯერ კიდევ მუშტებად შეკრული, ტანის გასწვრივ უღონოდ დაეკიდა. სახეზე
ლაქები უფრო გაუმუქდა, უფრო ბრაზიანი გახდა.
- ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. ვიცი, ამის მოსმენა საშინელებაა.

ხელი ასწია, რაღაცნაირად ქედმაღლურად გაიქნია, მანიშნა, წავსულიყავი. ჩემი თანაგრძნობა არაფერში
სჭირდებოდა.

ვიცი, ეს როგორია. იქ რომ ვიჯექი, სრულიად ნათლად გამახსენდა, როგორი იყო, საკუთარ სამზარეულოში
რომ ვიჯექი, აქედან ხუთი სახლის იქით, და ჩემ წინ ლარა, ჩემი ყოფილი საუკეთესო მეგობარი იჯდა.
კალთაში მსუქანი ბავშვი ეჯდა, არ ისვენებდა. მახსოვს, მეუბნებოდა, როგორ წუხდა იმის გამო, რომ ჩემი
ქორწინება დასრულდა. მახსოვს, როგორ გამომიყვანა წყობიდან მისმა ბანალურმა ფრაზებმა. მან ჩემი
ტკივილის შესახებ არაფერი იცოდა. ვუთხარი, გაეთრიე-მეთქი. მან კი მითხრა, ბავშვის თანდასწრებით ასე
ნუ ლაპარაკობო. მას შემდეგ აღარ მინახავს.

- როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, რომელთან ერთადაც მეგანი დაინახეთ? - მკითხა სკოტმა. ჩემკენ
ზურგით იდგა და გაზონს გაჰყურებდა.

- მაღალი იყო, შეიძლება, თქვენზე უფრო მაღალიც კი. მუქი კანი ჰქონდა. ვფიქრობ, აზიელი უნდა
ყოფილიყო, ინდოელი ან რაღაც ასეთი.
- და ისინი აქ, ბაღში, ერთმანეთს კოცნიდნენ?

- დიახ.

ღრმად ჩაისუნთქა.

- ღმერთო, დალევა მჭირდება, - ჩემკენ შემობრუნდა, - ლუდი გინდათ?

მინდოდა, ისე მინდოდა დალევა, სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ უარი ვუთხარი. ვუყურებდი, როგორ
გამოიღო ბოთლი მაცივრიდან, გახსნა და სულმოუთქმელად დალია. რომ ვუყურებდი, თითქმის
ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ სრიალით ჩადიოდა ცივი სითხე ჩემს საყლაპავში. ხელი ამტკივდა, ისე
მომინდა, ჭიქა მჭეროდა. სკოტი დახლს დაეყრდნო. თავი მკერდზე ჩამოეკიდა. საშინელი გრძნობა იყო,
ვერაფრით ვშველოდი. კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავაგდე, ტკივილს ტკივილი დავამატე, ახლა კი მის
მწუხარებაში ვიჭრებოდი. ეს არასწორი იყო. მასთან არ უნდა მოვსულიყავი. ტყუილი არ უნდა მეთქვა.
ტყუილი აშკარად არასოდეს არ უნდა მეთქვა.

უკვე ადგომა დავაპირე, როდესაც ისევ ალაპარაკდა:

- შეუძლებელია... არ ვიცი. შეიძლება ეს კარგი ინფორმაციაა, შეიძლება - არა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ
ის კარგად არის. უბრალოდ... - ყრუდ გაიცინა, - უბრალოდ, ვიღაცასთან ერთად გაიქცა, - ხელის ზურგით
ლოყიდან ცრემლი მოიწმინდა და ჩემი გული თითქოს პაწაწინა მკვრივ ბურთად იქცა.

- მაგრამ საქმე ის... არ მჯერა, რომ არ დარეკავდა, - ისე შემომხედა, თითქოს მე პასუხები გამზადებული
მქონდა, თითქოს რაიმე ვიცოდი.

- ნამდვილად დამირეკავდა, არა? ხომ იცოდა, როგორ პანიკაში ჩავვარდებოდი, როგორი სასოწარკვეთილი
ვიქნებოდი? ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა.

ისე მელაპარაკებოდა, როგორც ადამიანს, რომელსაც ენდობოდა, როგორც მეგანის მეგობარს. ვიცოდი, რომ
არასწორი იყო, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა. ლუდი ისევ მოსვა და ბაღისკენ გაიხედა. მის მზერას თვალი
გავაყოლე და ღობესთან ქვების პატარა გროვა დავინახე. ბოთლი ისევ ასწია და ხელი შუა გზაზე გაუშეშდა,
მერე მობრუნდა და პირდაპირ თვალებში შემხედა.

- თქვენ მეგანი მატარებლიდან დაინახეთ? - თქვა მან, - ესე იგი, უბრალოდ მატარებლის ფანჯრიდან
იყურებოდით და უცებ დაინახეთ ქალი, რომელსაც იცნობდით?
ოთახში ატმოსფერო შეიცვალა. უკვე დარწმუნებული აღარ იყო, რომ მეგობარი ვიყავი, რომ ჩემი ნდობა
შეიძლებოდა. ეჭვმა სახეზე ჩრდილივით გადაუარა.

- დიახ, ვიცი, სად ცხოვრობს ის, - როგორც კი ეს სიტყვები პირიდან ამოვუშვი, მაშინვე ვინანე, - მინდოდა,
მეთქვა, სად ცხოვრობთ თქვენ. აქ ადრეც ვარ ნამყოფი, დიდი ხნის წინ, და როდესაც მატარებელი ამ
ადგილს უახლოვდებოდა, ვიხედებოდი ხოლმე, რომ დამენახა.

ისე მომჩერებოდა, ვიგრძენი, როგორ წამომახურა სახეზე.

- ის გარეთ ხშირად იჯდა ხოლმე.


ცარიელი ბოთლი დახლზე დადგა, ჩემკენ წამოვიდა და მაგიდასთან, ჩემ გვერდით სკამზე დაჯდა.

- ალბათ, მეგანს კარგად იცნობდით? მინდა ვთქვა, საკმარისად კარგად იმისათვის, რომ სახლშიც ხართ
ნამყოფი.

ვიგრძენი, როგორ პულსირებდა სისხლი კისერში, ხერხემლის გასწვრივ კი ოფლი გამომივიდა. ეტყობა,
ადრენალინის ამოფრქვევა იყო და ცუდად გავხდი. ეს არ უნდა მეთქვა, ტყუილი კიდევ უფრო არ უნდა
გამერთულებინა.

- ეს მხოლოდ ერთხელ იყო, მაგრამ ეს სახლი ვიცი იმიტომ, რომ ადრე მეც აქვე, ახლოს ვცხოვრობდი, -
წარბები ასწია, - ამ ქუჩაზე, ქვევით, ნომერ ოცდასამში.

თავი ნელა დააქნია.

- უოთსონი, - თქვა მან, - ესე იგი, თქვენ ტომის ყოფილი ცოლი ხართ?

- დიახ, აქედან რამდენიმე წლის წინ გადავედი.

- მაგრამ, მეგანის გალერეაში მაინც დადიოდით?

- ზოგჯერ.

- როდესაც შეხვდით, რაზე ლაპარაკობდით: პირად ცხოვრებაზე, ჩემზე, ვინმე სხვაზე? ამბობდა რაიმეს? -
ხმა ხრინწიანი ჰქონდა.

თავი გავაქნიე.

- არა, არა, ჩვეულებრივ, უბრალოდ... დრო გაგვყავდა, ხომ გესმით.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ ოთახში კიდევ უფრო დაცხა. ყველა ზედაპირს ანტისეპტიკის სუნი
ასდიოდა. ვიგრძენი, რომ გული მიმდიოდა. ჩემ მარჯვნივ პატარა მაგიდა იდგა, სადაც ჩარჩოებში ჩასმული
სურათები ეწყო. იქიდან მეგანი მიღიმოდა, თითქოს თან მამხნევებდა და თან მადანაშაულებდა.

- ახლა უნდა წავიდე, - ვთქვი მე, - ბევრი დრო წაგართვით, - ადგომა დავაპირე, მაგრამ ხელი მაჯაზე
დამადო და გამაჩერა, თან თვალს არ მაშორებდა.

- ჯერ არ წახვიდეთ, - თქვა რბილად. აღარ ავდექი, მაგრამ ხელი მისი ხელისგან გავითავისუფლე.
უხერხულად ვგრძნობდი თავს, თითქოს შეზღუდული ვიყავი.

- ის კაცი, კაცი, რომელთანაც მეგანი დაინახეთ... ისევ რომ ნახოთ, იცნობთ?

ვერ ვუთხარი, რომ პოლიციაში ის უკვე ამოვიცანი. აქ მოსვლის მოტივად ის დავუსახელე, რომ პოლიციამ
ჩემი მონაყოლი სერიოზულად არ მიიღო. სიმართლეს თუ ვიტყოდი, ნდობას სულ დავკარგავდი, ამიტომ
ისევ მოვატყუე.
- დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ვიცნობ, - წამით გავჩუმდი და მერე ისევ განვაგრძე, -
გაზეთში მეგანის ერთი მეგობრის კომენტარი წავიკითხე. მისი სახელი რაჯეშია და ვიფიქრე...

სკოტმა თავი გააქნია.

- რაჯეშ გუჯრალი? არა, შეუძლებელია. ის ერთ-ერთი მხატვარია, რომელიც მის გალერეაში თავის
გამოფენას აწყობდა, ძალიან სასიამოვნო კაცია, მაგრამ... ის ცოლიანია და ბავშვები ჰყავს.

ისე თქვა, თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.

- ერთი წუთი დამელოდეთ, - თქვა და წამოდგა, - მგონი, სადღაც მისი სურათი უნდა გვქონდეს.

ზევით ავიდა, მე კი მხრები ცოტა ჩამოვუშვი, მოვადუნე და მივხვდი, რომ აქ მოსვლის შემდეგ
დაძაბულობისაგან გაშეშებული ვიჯექი. ისევ სურათებს გავხედე: მეგანი პლაჟზე, მსუბუქ კაბაში
გამოწყობილი; კიდევ ერთი - მისი სახის მსხვილი პლანი, თვალები - გასაოცრად ცისფერი, მხოლოდ მეგანი.
მათი ერთად გადაღებული სურათი საერთოდ არ იყო.

სკოტი ისევ გამოჩნდა, ხელში პროსპექტი უჭირავს, მერე მე მიწვდის. გალერეაში შოუს სარეკლამო ერთი
ფურცელია. გადმოაბრუნა და მითხრა:

- აი, ეს არის რაჯეში.

ჭრელი, აბსტრაქტული ტილოს ფონზე დგას კაცი. ის უფრო ასაკოვანია, წვერიანი, დაბალი, და ჩასკვნილი.
ეს ის კაცი არ არის, რომელიც მე დავინახე, რომელიც პოლიციაში ამოვიცანი.

- არა, ეს არ არის.

სკოტი ჩემ გვერდით იდგა და პროსპექტს დაჰყურებდა. მერე უცებ ადგილს მოსწყდა, ოთახიდან გავიდა და
ისევ კიბეს აუყვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ლეფთოფით ხელში დაბრუნდა და სამზარეულოს მაგიდას
მიუჯდა.

- მგონი...- თქვა მან, ლეფთოფი გახსნა და ჩართო, - მგონი... მგონი, შევძლებ... - გაჩუმდა.

ყურადღებით ვაკვირდებოდი, მისი სახე კონცენტრაციის განსახიერება იყო, ყბაზე კუნთი არ უმოძრავებდა.

- მეგანი თერაპევტთან დადიოდა, აბდიკი ჰქვია, ქამალ აბდიკი, აზიელი არ არის, სერბიიდან, ბოსნიიდან
თუ რაღაც ამდაგვარიდან არის, მუქი კანი აქვს და შორიდან შეიძლება ინდოელი გეგონოს, - კომპიუტერში
რაღაცას ხელი დააჭირა, - მგონი, აქ ვებსაიტი უნდა იყოს, მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, სურათიც
იქნება.

ლეფთოფი ისე მოატრიალა, რომ ეკრანი მეც დამენახა. წინ გადავიწიე.

- ის არის, ნამდვილად ის არის, - ვთქვი მე.

სკოტმა ლეფთოფი ხმაურით დახურა. კარგა ხანს არაფერი უთქვამს. მაგიდასთან იჯდა, იდაყვები ზედ ედო,
შუბლით თითებს ეყრდნობოდა, მკლავები კი უკანკალებდა.
- ღელვის შეტევები ჰქონდა, - თქვა ბოლოს, - ძილის პრობლემები და რაღაც ასეთები. შარშან დაეწყო, არ
მახსოვს, ზუსტად როდის, - ლაპარაკის დროს არ მიყურებდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა,
თითქოს ჩემი იქ ყოფნა საერთოდ დაავიწყდა.

- თვითონ შევთავაზე, ვინმეს დალაპარაკებოდა. სწორედ მე ვითანხმებდი დიდი ხნის მანძილზე, რომ
წასულიყო. მე თვითონ ვერ ვეხმარებოდი, - თქვა მან გაბზარული ხმით, - მისი დახმარება არ შემეძლო.
მითხრა, რომ ასეთი პრობლემები წარსულშიც ჰქონდა და ყველაფერმა თვითონ გაიარა, მაგრამ ვაიძულე,
დაბეჯითებით ვთხოვდი, ექიმთან წასულიყო. ის კაცი ურჩიეს, - ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა, - თერაპიამ
თითქოს ნაყოფი გამოიღო, ბედნიერი ჩანდა, - სევდიანად ჩაიცინა, - ახლა ვხვდები, რაში იყო საქმე.

ხელი გავიწოდე, რომ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე დამერტყა, მაგრამ უცებ გაიწია და ფეხზე წამოხტა.

- უნდა წახვიდეთ, - თქვა მშრალად, - სადაცაა დედაჩემი მოვა. ბოლო ხანებში ერთი-ორ საათზე მეტი ხნით
არ მტოვებს ხოლმე, - უკვე კართან რომ ვიყავით, მკლავზე ხელი მომკიდა და მკითხა, - შეიძლებოდა სადმე
ადრეც მენახეთ?

წამით გავიფიქრე, ხომ არ მეთქვა, შეიძლება, პოლიციის განყოფილებაში ან აქ, ამ ქუჩაზე-მეთქი. აქ შაბათ
ღამეს ვიყავი.

- არა, არა მგონია.

სადგურისკენ რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი. ნახევარი ქუჩა რომ გავიარე, უკან მოვიხედე. ისევ იქ,
კართან იდგა და მიყურებდა.

საღამო

იმეილს გიჟივით ვათვალიერებდი, მაგრამ ტომისგან არაფერი იყო. რამდენად უკეთესი უნდა ყოფილიყო
ცხოვრება ეჭვიანი ლოთებისათვის, სანამ იმეილებს და მობილურ ტელეფონებს გამოიგონებდნენ. სანამ
გაჩნდებოდა ელექტრონიკა, რომელიც ამდენ კვალს ტოვებს.

დღეს მეგანის შესახებ გაზეთებში თითქმის არაფერი ეწერა. ეს თემა უკვე მოინელეს. პირველი გვერდები
თურქეთის პოლიტიკურ კრიზისს, უიგანში ძაღლების მიერ დაკბენილ ოთხი წლის გოგონასა და ინგლისის
საფეხბურთო გუნდის მონტენეგროსთან დამამცირებელ წაგებას ეთმობოდა. მეგანი უკვე ყველას
დაავიწყდა, ის კი სულ ერთი კვირაა, რაც დაკარგულია.

ქესიმ სადილად დამპატიჟა. დემიენი დედამისის მოსანახულებლად წავიდა ბირმინგემში და თავისუფალი


იყო. ის არავის დაუპატიჟებია. უკვე თითქმის ორი წელია, ერთმანეთს ხვდებიან და დემიენის დედას ჯერ
არ შეხვედრია. ჰაი-სთრითზე წავედით, „ჟირაფში“, რომელსაც ვერ ვიტან. დარბაზის ცენტრში დავსხედით
და ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებით აღმოვჩნდით გარშემორტყმულნი. ქესი ცდილობდა, გამოვეტეხე,
რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ახალი. ძალიან აინტერესებდა, სად ვიყავი წინაღამეს.
- ვინმე გაიცანი? - მკითხა და თვალები იმედის შუქით აენთო. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. კინაღამ
მივახალე, კი-მეთქი, რადგან ეს მართალი იყო, მაგრამ ტყუილი უფრო ადვილი სათქმელი იყო და ვუთხარი,
რომ ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე ვიყავი, უითნიში.

- ოჰ, - თქვა და თავის ბერძნულ სალათს დაბნეული ჩააშტერდა, - მე კი მეგონა, პარასკევს ისევ თავი ვერ
შეიკავე და...

- კი, აქედან გამოძრომა არც ისე ადვილი იქნება, ქესი, - ვუთხარი და თავი საშინლად ვიგრძენი, რადგან
ვფიქრობ, ჩემს ლოთობაზე მართლა ძალიან ნერვიულობს. რა ვქნა, რაც შემიძლია, ვცდილობ.

- თუ დაგჭირდება, რომ წამოგყვე, ხომ იცი...

- ჯერჯერობით, არა, მაგრამ გმადლობ.


- კარგი, იქნებ რაიმე სხვა გაგვეკეთებინა ერთად, მაგალითად, სპორტულ დარბაზში წავსულიყავით.

გამეცინა, მაგრამ მივხვდი, სერიოზულად ამბობდა და დავპირდი, რომ ამაზე ვიფიქრებდი.

ახლახან წავიდა. დემიენმა დარეკა და უთხრა, რომ დედამისისგან დაბრუნდა და მაშინვე გაიქცა.
ვაპირებდი, მეთქვა, პირველივე დაძახებაზე რატომ გარბიხარ-მეთქი, მაგრამ იმ მდგომარეობაში არა ვარ,
ნათესაური ან თუნდაც ნებისმიერი, რჩევა მივცე. ყველა შემთხვევაში, დალევა მინდა (ამაზე იქიდან
მოყოლებული ვფიქრობ, რაც „ჟირაფში“ მაგიდას მივუსხედით და ჟირაფივით ლაქებიანმა ოფიციანტმა
გვკითხა, თითო ჭიქა ღვინოს ხომ არ დალევთო, ქესიმ კი მტკიცე უარი უთხრა). მოკლედ, გავისტუმრე თუ
არა, კანზე გამაფრთხილებელი ჩხვლეტები ვიგრძენი და ყველა კარგი აზრი (ამას ნუ იზამ, უკვე ისე კარგად
გრძნობ თავს) გვერდზე გადავდე. მაღაზიაში წასასვლელად უკვე ფეხზე ვიცვამდი, როდესაც ტელეფონმა
დარეკა. ტომი. ტომი იქნება. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.

- ჰაი, - სიჩუმეა, - კარგად ხართ?- ვეკითხები.

მცირე პაუზის შემდეგ სკოტი ამბობს:

- ჰო, კარგად, ნორმალურად ვარ, უბრალოდ დაგირეკეთ, რომ მადლობა გითხრათ გუშინდლისთვის,
იმისთვის, რომ დრო დახარჯეთ და ამ ყველაფრის სათქმელად ჩემთან მოხვედით.

- ოჰ, არაფრის. მადლობა რა საჭიროა.

- ხომ არ გაწუხებთ?

- არა, არა, რას ამბობთ, - ყურმილში სიჩუმეა და ისევ მე განვაგრძობ, - ყველაფერი ნორმალურად არის.
თქვენ... მოხდა რამე? პოლიციას ხომ არ ელაპარაკეთ?

- ოჯახებთან კავშირის ოფიცერი იყო დღეს, - მეუბნება და მე გულისცემა მიჩქარდება, - დეტექტივ-


სერჟანტი რაილი. მე ქამალ აბდიკის შესახებ მოვუყევი. ვუთხარი, რომ მასთან ლაპარაკი ღირს.

- თქვენ უთხარით... ჩემთან ლაპარაკის შესახებ უთხარით რამე? - პირი სულმთლად გამომიშრა.
- არა, არ მითქვამს. ვიფიქრე, იქნებ... არ ვიცი. ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა, მისი სახელითა და გვარით მე
თვითონ მივსულიყავი პოლიციაში. ვუთხარი... ვიცი, ტყუილია, მაგრამ ვუთხარი, რომ მთელი ამ დღეების
განმავლობაში ტვინს ვიჭყლეტდი, ვცდილობდი, რაიმე მნიშვნელოვანი გამეხსენებინა და ბოლოს ვიფიქრე,
რომ ღირდა მის ფსიქოთერაპევტს დალაპარაკებოდნენ. ვთქვი, რომ მათი ურთიერთობა წარსულში ცოტა
მანერვიულებდა.

ისევ თავისუფლად ამოვისუნთქე და ვკითხე:

- რა გითხრათ?

- მითხრა, რომ უკვე ელაპარაკნენ, მაგრამ კიდევ დაელაპარაკებიან. უამრავი კითხვა დამისვა.
აინტერესებდა, რატომ არ ვუთხარი ამის შესახებ ადრე. რაღაცნაირი... არ ვიცი... მოკლედ, არ ვენდობი.
თითქოს ჩემს მხარეს უნდა იყოს, მაგრამ მუდმივად ვგრძნობ, რომ ჩემი რაღაცაში გამოტეხა უნდა. თითქოს
სულ ჩემს გამოჭერას ცდილობს.

სულელივით მიხარია, რომ რაილი მასაც არ მოსწონს. კიდევ ერთი რამ, რაც საერთო გვაქვს. კიდევ ერთი
ძაფი, რომელიც გვაკავშირებს.

- მისმინეთ, მინდოდა, მადლობა მეთქვა დახმარებისთვის. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ


ვიღაცასთან დალაპარაკება ნამდვილად მჭირდებოდა, ვიღაცასთან, ვისთანაც ახლოს არა ვარ. ასე მგონია,
მას შემდეგ უფრო რაციონალურად დავიწყე აზროვნება. თქვენი წასვლის შემდეგ სულ იმაზე ვფიქრობდი,
როგორი სხვანაირი მოვიდა მეგანი აბდიკთან პირველი შეხვედრის შემდეგ, თითქოს უფრო მსუბუქად
გრძნობდა თავს, - ისე თქვა, გეგონებოდა, ეს სიტყვები ხმამაღალ სუნთქვას ამოაყოლა, - არ ვიცი, იქნებ
მეჩვენება.

ისევ ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორიც გუშინ, თითქოს მე აღარ მელაპარაკებოდა, უბრალოდ
ლაპარაკობდა. მე მხოლოდ ხმის ამრეკლავი მოწყობილობა ვიყავი და ეს მიხაროდა. მიხაროდა, რომ
რაღაცაში გამოვადექი.

- მთელი დღე მეგანის ნივთების თვალიერებაში გავატარე, - განაგრძო მან, - ჩვენი ოთახი, მთელი სახლი
ათჯერ მაინც გადავაბრუნე, ვეძებდი რაღაცას, რაიმეს, რაც მიმანიშნებდა, სად შეიძლება იყოს; ვეძებდი
რაიმეს, ალბათ, იმ კაცისგან, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე - არც იმეილები, არც წერილები, არაფერი. ვიფიქრე,
აბდიკს ხომ არ დავკავშირებოდი, მაგრამ მისი პრაქტიკა დღეს შეწყდა, მისი მობილურის ნომერი კი ვერ
ვიპოვე.

- გგონიათ, ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა? - ვუთხარი მე, - ხომ არ აჯობებს, თავი დაანებოთ და მასთან
ლაპარაკი პოლიციას დაუთმოთ?

ხმამაღლა თქმა არ მინდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ჩვენ ორივეს მოგვიწევს: აბდიკი საშიშია. ყოველ
შემთხვევაში, შეიძლება საშიში იყოს.

- არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი, - ხმა სასოწარკვეთილი აქვს და მისი მოსმენა გულს მტკენს, მაგრამ ვერაფერს
ვთავაზობ, რაც მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

ყურმილში მისი სუნთქვა მესმის, მოკლე-მოკლედ და აჩქარებით სუნთქავს, თითქოს რაღაცის ეშინია. მინდა
ვკითხო, ვინმე არის მასთან თუ არა, მაგრამ არ ვეკითხები, თავხედობად მეჩვენება.
- დღეს თქვენი ყოფილი შემხვდა, - მეუბნება და ვგრძნობ, ბუსუსები მკლავებზე ყალყზე როგორ მიდგება.

- ჰოო?

- ჰო, გაზეთების საყიდლად გავედი და ქუჩაში შემხვდა. მომიკითხა და მკითხა, რაიმე სიახლე ხომ არ
არისო.

- ჰოო? - ისევ ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია. სიტყვებს ვერ ვაყალიბებ. არ
მინდა, ტომს ელაპარაკოს, მან ხომ იცის, რომ მეგან ჰიფველს არ ვიცნობ და თან, რომ მეგანის გაუჩინარების
ღამეს ბლენიმ-როუდზე ვიყავი.

- თქვენ არ მიხსენებიხართ. არაფერი მითქვამს თქვენზე. დარწმუნებული არ ვიყავი, უნდა მეთქვა თუ არა,
რომ შეგხვდით.

- არა, არა მგონია, რომ უნდა გეთქვათ. უხერხული გამოვიდოდა.

- ძალიან კარგი.

ამის შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმეა. ველოდები, როდის შემინელდება გულისცემა. მგონია, უკვე დაასრულა
საუბარი, მაგრამ უცებ მეკითხება:

- მართლა არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემზე?

- როგორ არა... როგორ არა, მართალია, ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ...

- მაგრამ თქვენ ჩვენთან სახლში ხართ ნამყოფი, მეგანს კი ხალხის სახლში დაპატიჟება არ უყვარდა.
საკუთარ... პირად სივრცეს ძალიან უფრთხილდებოდა.

მიზეზის ძებნას ვიწყებ. ნეტავ არ მეთქვა, რომ მათ სახლში ნამყოფი ვარ.
- მხოლოდ ერთხელ შემოვიარე, წიგნის სათხოვნელად.

- მართლა? - აშკარად არ დამიჯერა. ეტყობა, მეგანი წიგნების დიდი მოყვარული არ იყო. სახლი მახსენდება,
იქ წიგნების თაროები საერთოდ არ დამინახავს.

- რას ამბობდა ხოლმე? ჩემზე?

- ძალიან ბედნიერი იყო - თქვენ გგულისხმობთ და თქვენს ურთიერთობას.

ეს ვთქვი თუ არა, მივხვდი, როგორ უცნაურად ჟღერს, მაგრამ განსაკუთრებულობაზე პრეტენზია კი არა
მაქვს, საკუთარი თავის გადარჩენას ვცდილობ.

- მინდა გულწრფელად გითხრათ, ქორწინებაში ძალიან მძიმე პერიოდები მქონია. ამიტომ ვადარებ და
კონტრასტს ვხედავ. თქვენზე რომ ლაპარაკობდა, თითქოს ენთებოდა.

რა საშინელი კლიშეა.
- მართლა? - ეტყობოდა, რომ ეს ვერ შეამჩნია. მის ხმაში სევდა იგრძნობოდა.

- რა სასიამოვნო მოსასმენია, - პაუზა. მისი სწრაფი და ზერელე სუნთქვა მესმის, - საშინლად ვიჩხუბეთ,
სწორედ იმ ღამეს. რომ გამახსენდება... ჩემზე გაბრაზებული იყო, როდესაც... - აღარ აგრძელებს.

- დარწმუნებული ვარ, გაბრაზება დიდხანს არ გაჰყვებოდა. წყვილები ჩხუბობენ ხოლმე, სულ ჩხუბობენ.

- მაგრამ ამაში კარგი არაფერია, საშინელება იყო. არ შემიძლია... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამის თქმა
არავისთან არ შეიძლება. თუ ვიტყვი, ისე შემხედავენ, როგორც დამნაშავეს.

ახლა მის ხმას განსხვავებული ელფერი აქვს: გატანჯული, დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილი.

- არც კი მახსოვს, როგორ დაიწყო, - ამბობს და მაშინვე ეჭვი მეპარება, რომ ეს სიმართლეა, - მერე ვფიქრობ,
რამდენი ჩხუბი დამვიწყებია მე თვითონ და ლამის ენაზე ვიკბინო, - ძალიან ცხარე კამათი გამოგვივიდა. მე
ძალიან... მოკლედ, ცუდად მოვექეცი, როგორც ნაბიჭვარი, ნამდვილი ნაბიჭვარი. ძალიან ნაწყენი იყო.
ზევით ავიდა და ჩანთაში რაღაცები ჩაალაგა. მაშინ არ ვიცოდი, რა? მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ მისი
კბილის ჯაგრისი არ იყო და მივხვდი, სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. ვიფიქრე, ღამე ტარასთან
დარჩებოდა. ადრეც დარჩენილა, მხოლოდ ერთხელ. არ მეგონა, რომ ეს ხშირად განმეორდებოდა... არც კი
გავყევი, - განაგრძობს ის და კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რომ მე არ მელაპარაკება, უბრალოდ, აღსარებას
ამბობს. ის სააღსარებოს ერთ მხარესაა და მე, უსახო და უჩინარი - მეორე.

- უბრალოდ, გავუშვი.

- ეს შაბათ ღამეს იყო?

- ჰო, მას შემდეგ აღარ მინახავს.

არსებობდა მოწმე, რომელმაც ის ან ქალი, რომლის გარეგნობა მეგანის აღწერილობას ემთხვეოდა, უითნის
სადგურისაკენ მიმავალი დაახლოებით რვის თხუთმეტ წუთზე დაინახა. ეს გაზეთებიდან ვიცი. მერე
აღარავის უნახავს. პლატფორმაზე ან მატარებელში არავის ახსოვს. უითნიში ვიდეოკამერები არ არის,
ხოლო ქორლიში კამერებს არ დაუფიქსირებია. გაზეთების სტატიების მიხედვით ეს არ ნიშნავს, რომ ის იქ
არ ყოფილა, რადგან ქორლის სადგურის მნიშვნელოვანი ნაწილი კამერებში არ ხვდება.

- რა დრო იყო, როდესაც მასთან დაკავშირება სცადეთ?

ისევ ხანგრძლივი პაუზა.

- მერე... მერე პაბში წავედი, „როუზში“, იცით ალბათ, აქვე კუთხეშია, ქინგლი-როუდზე. დამშვიდება, თავში
რაღაცების დალაგება მჭირდებოდა. რამდენიმე პინტი დავლიე და სახლში წავედი. დაახლოებით ათი
საათი იყო. ვფიქრობდი, იმედი მქონდა, უკვე სახლში იქნებოდა. დასამშვიდებლად საკმაო დრო იყო
გასული, მაგრამ არ დამხვდა.

- ესე იგი, დაახლოებით ათ საათზე სცადეთ მასთან დაკავშირება.


- არა, - ახლა მისი ლაპარაკი ჩურჩულზე ცოტა ხმამაღალია, - არ მიცდია. სახლში კიდევ რამდენიმე ლუდი
დავლიე, ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე.

ყველა ჩხუბს ვიხსენებ ტომთან, მთელ იმ საშინელებებს, რასაც ვეუბნებოდი, ზედმეტს რომ დავლევდი,
როგორ გადავდიოდი ჭკუიდან, ქუჩიდან ვუყვიროდი, რომ მისი დანახვა აღარ მინდა. ის ყოველთვის
მაწყნარებდა. ლაპარაკით მამშვიდებდა და სახლში დაბრუნებაზე მითანხმებდა.

- იცით, წარმოვიდგინე, როგორ იჯდა ტარას სამზარეულოში და ჰყვებოდა, როგორი მძღნერი ვარ. ამიტომ
თავი დავანებე.

თავი დაანება, საშინლად უგულოდ და ეგოისტურად ჟღერდა და სულ არ გამკვირვებია, რომ ეს ისტორია
სხვა არავისთვის მოუყოლია. ის კი გამიკვირდა, ვიღაცას მაინც რომ უამბო. ეს ის სკოტი არ არის, რომელიც
მე მყავდა წარმოდგენილი, სკოტი, რომელსაც მე ვიცნობდი, ის, რომელიც მეგანის ზურგს უკან იდგა
ტერასაზე, თავისი უზარმაზარი ხელები მის მხრებზე ეწყო და თითქოს მზად იყო, ყველაფრისგან დაეცვა.

მზად ვარ, ტელეფონი გავთიშო, მაგრამ ის ლაპარაკს აგრძელებს.

- ადრე გამეღვიძა. ტელეფონში მესიჯები არ მქონდა, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. ჩავთვალე, რომ
ტარასთან დარჩა და ჩემზე ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. დავურეკე, მაგრამ ავტომოპასუხე ჰქონდა
ჩართული. მაინც არ შემშინებია. ვიფიქრე, ალბათ, ჯერ სძინავს ან უბრალოდ, არ მპასუხობს-მეთქი. ტარას
ნომერი ვერ ვიპოვე, მაგრამ მისამართი მქონდა, მისი ბიზნესბარათი მეგანის საწერ მაგიდაზე იყო. მოკლედ,
ავდექი და წავედი.

გამიკვირდა, თუ არ ნერვიულობდა, ტარასთან წასვლა რატომ ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ არ შევაწყვეტინე,


საშუალება მივეცი, ელაპარაკა.

- ტარასთან რომ მივედი, ცხრას ოდნავ გადაცილებული იყო. კარი კარგა ხნის შემდეგ გააღო და რომ გააღო,
ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა. აშკარა იყო, ასე ადრე თავის კართან ჩემს დანახვას არ ელოდა. სწორედ
მაშინ... მაშინ გავიგე, რომ მეგანი იქ არც ყოფილა და ფიქრი დავიწყე... დავიწყე.

სიტყვები ვეღარ მოძებნა, მე კი თავი საშინლად ვიგრძენი, მასში ეჭვი რომ შემეპარა.

- ტარამ მითხრა, რომ მეგანი უკანასკნელად პარასკევ ღამეს პილატესის გაკვეთილზე ნახა. აი, მაშინ კი
პანიკამ შემიპყრო.

ტელეფონი რომ გავთიშე, ვფიქრობდი, მას თუ არ იცნობდი, თუ ჩემსავით არ გინახავს, როგორი იყო ის
მეგანთან, ბევრი რამ მისი მონაყოლიდან შეიძლებოდა, სიმართლედ არ ჩაგეთვალა.

ორშაბათი, 22 ივლისი, 2013


დილა
გარეტებული ვარ. ჯანმრთელად მეძინა, მაგრამ ამ დილით საკუთარ თავს ვებრძვი, რომ ბოლომდე
გავიღვიძო. ცხელი ამინდები დაბრუნდა. ვაგონი ნახევრად ცარიელია, მაგრამ მაინც საშინელი
დახუთულობაა. დილით გვიან ავდექი და გაზეთების ყიდვა ვერ მოვასწარი. ვერც ინტერნეტში შევედი,
სახლიდან გამოსვლამდე ახალი ამბები რომ მენახა. ამიტომ ტელეფონში ბი-ბი-სის საიტის გახსნას
ვცდილობ, მაგრამ რატომღაც საუკუნე სჭირდება შესვლას. ნორთქოთში კაცი ამოდის აიპედით ხელში და
ზუსტად ჩემ გვერდით ჯდება. მას ახალი ამბების გახსნის არანაირი პრობლემა არა აქვს, პირდაპირ „დეილი
ტელეგრაფის“ საიტზე შედის და ვხედავ, მესამე ამბად დიდი, მუქი ასოებით წერია:

„მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააპატიმრეს“.

ისეთ შიშს ვგრძნობ, რომ ყველაფერი მავიწყდება. უკეთ წაკითხვა რომ შევძლო, ამ კაცს ლამის ზედ ვაწვები.
გაბრაზებული და გაოგნებული მიყურებს.

- მაპატიეთ, - ვეუბნები, - ვიცნობ ქალს, რომელიც დაიკარგა, ვიცნობ.

- ოჰ, რა საშინელებაა, - მპასუხობს. შუახნის კაცია, განათლებული ადამიანის მეტყველებითა და კარგად


ჩაცმული, - გნებავთ, წაიკითხოთ?

- თუ შეიძლება, ჩემს ტელეფონში ვერაფერი გავხსენი.

კეთილად მიღიმის და აიპედს მაწვდის. სათაურს თითით ვეხები და ინფორმაცია იხსნება.

„დაახლოებით ოცდაათი წლის მამაკაცი დააპატიმრეს მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან დაკავშირებით


(მეგან ჰიფველი, 29 წლის, უითნის მცხოვრები, რომელიც შაბათის, 13 ივლისის, შემდეგ დაკარგულია).
პოლიცია ვერ ადასტურებს, რომ დაპატიმრებული მეგან ჰიფველის ქმარი სკოტ ჰიფველია, რომელიც
პარასკევს თავის უფლებების გაცნობის შემდეგ დაჰკითხეს. პოლიციის წარმომადგენელმა დღეს დილით
განაცხადა: „ვადასტურებთ, რომ მეგანის დაკარგვასთან დაკავშირებით დავაპატიმრეთ მამაკაცი, მაგრამ
მისთვის ბრალდება არ წაგვიყენებია. მეგანის ძებნა გრძელდება. ამასთანავე, ვეძებთ მისამართს, რომელიც,
ჩვენი აზრით, დანაშაულის ადგილი უნდა იყოს“.

სწორედ ამ დროს მეგანისა და სკოტის სახლს ვუახლოვდებით. რატომღაც მატარებელი წითელ შუქზე არ
ჩერდება, თავს ვაბრუნებ, მაგრამ გვიანაა, უკვე ჩავიარეთ. აიპედს პატრონს რომ ვუბრუნებ, ხელები
მიკანკალებს.

- ძალიან ვწუხვარ, - მეუბნება და ნაღვლიანად აქნევს თავს.

- არ მომკვდარა, - ვეუბნები. ხმა ხრინწიანი მაქვს და საკუთარი თავის თვითონაც არ მჯერა. ცრემლები
თვალებს მწვავს. მის სახლში ვიყავი. მაგიდასთან სკოტის პირდაპირ ვიჯექი, თვალებში ვუყურებდი,
რაღაცას ვგრძნობდი. ვფიქრობ უზარმაზარ ხელებსა და იმაზე, რომ მათ ჩემი გასრესა შეუძლიათ, პატარა და
სუსტი მეგანის, მით უმეტეს-მეთქი.

უითნის სადგურში მუხრუჭების ღრჭიალით ვჩერდებით და ფეხზე ვდგები.

- უნდა წავიდე, - ვეუბნები ჩემ გვერდზე მჯდომ მამაკაცს, რომელიც გაკვირვებულია, მაგრამ
დაფიქრებული მიქნევს თავს და მეუბნება:
- წარმატებას გისურვებთ.

გავრბივარ პლატფორმის გასწვრივ და მერე -კიბით ქვევით. ხალხის ნაკადის საწინააღმდეგო


მიმართულებით მივდივარ და უკვე თითქმის კიბის ბოლოს ვარ. ვბორძიკობ და ვიღაც კაცი მეუბნება:
„ფრთხილად“. მისკენ არც ვიყურები, რადგან ერთი კონკრეტული, ბოლოდან მეორე საფეხურის კიდეს
ვუყურებ. მასზე სისხლის ლაქაა. ნეტავ რამდენი ხანია, ეს ლაქა აქაა? ნეტავ თუ შეიძლება, ერთი კვირის
იყოს? შეიძლება, რომ ეს ჩემი სისხლი იყოს? ან მისი? მისი სისხლის კვალი სახლშიც თუ იპოვეს? იმიტომ
ხომ არ დააპატიმრეს სკოტი? ვცდილობ, წარმოვიდგინო სამზარეულო, სასტუმრო ოთახი. და სუნი: ძალიან
სუფთა, ანტისეპტიკური. ნეტავ მათეთრებელი ხომ არ იყო? არ ვიცი, ახლა აღარ მახსოვს. ერთადერთი, რაც
მახსოვს, ოფლის ლაქაა მის ზურგზე და ლუდის სუნი - პირიდან. მიწისქვეშა გადასასვლელის გვერდის
ავლით გავრბივარ, ბლენიმ-როუდის კუთხეში ისევ ვბორძიკობ. ტროტუარზე სუნთქვაშეკრული,
თავჩაღუნული მივიჩქარი. ზევით ახედვის მეშინია, მაგრამ, როდესაც მაინც ვიხედები, დასანახი არაფერია.
სკოტის სახლთან ფურგონები არ დგას, არც პოლიციის მანქანები. ასე უცებ სახლის ჩხრეკას როგორ
დაამთავრებდნენ? რაიმე თუ იპოვეს, ჯერ კიდევ იქ უნდა იყვნენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფრის
დათვალიერებასა და სამხილების გაფორმებას საათები სჭირდება. ნაბიჯს ვაჩქარებ. როდესაც მის
სახლამდე მივდივარ, ვჩერდები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ. ფარდები ორივე სართულზე ჩამოფარებულია.
მეზობლის სახლის ფანჯარაზე ფარდა ირხევა. მითვალთვალებენ. შესასვლელ კართან მივდივარ, ხელს
ზარისკენ ვწევ. არ უნდა მოვსულიყავი. არც კი ვიცი, რას ვაკეთებ აქ. უბრალოდ, მინდოდა, მენახა, გამეგო.
ჩემი ინსტინქტის საწინააღმდეგოდ კარზე დაკაკუნებასა და უკან გამობრუნებას შორის წუთით ვიჭედები.
გამობრუნებას ვაპირებ და სწორედ ამ დროს კარი იღება.

სანამ განძრევას მოვასწრებ, მკლავზე მკიდებს ხელს, შიგნით მიმათრევს და თავისკენ მიზიდავს.

პირი სასტიკი და ერთ წვრილ ხაზად ქცეული აქვს, თვალები კი - ველური. ის სასოწარკვეთილია.
შეძრწუნებულია და თან აშკარად ადრენალინი მოზღვავებია. ვხედავ, როგორ მიახლოვდება სიბნელე. პირს
ვაღებ, რომ დავიყვირო, მაგრამ უკვე გვიანია. მკვეთრი მოძრაობით მიმათრევს სახლში და კარს ხმაურით
კეტავს.

მეგანი

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2013

დილა
მე არასოდეს ვაგებ. მან ეს უნდა იცოდეს. ასეთ თამაშებს არასოდეს ვაგებ.

ჩემი ტელეფონის ეკრანი ცარიელია, ჯიუტად, თავხედურად ცარიელი. არც მესიჯებია, არც გამოტოვებული
ზარები. ყოველ ჯერზე, როცა დავხედავ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სილა გამაწნეს და თანდათან უფრო
ვბრაზდები. სასტუმროს იმ ოთახში რა დამემართა? რაზე ვფიქრობდი? რომ ჩვენ შორის კავშირი იყო? რომ
ჩვენ შორის რაღაც ნამდვილი იწყებოდა? მას ჩემთან ერთად წამოსვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მე
კი წამით, არა, წამზე მეტით ვენდე, და სწორედ ეს მაგიჟებს ახლა. სასაცილო, გულუბრყვილო ვიყავი.
მთელი ამ ხნის მანძილზე დამცინოდა.

თუ ჰგონია, რომ დავჯდები და მთელი დღეების მანძილზე ვიტირებ, ძალიან ცდება. მის გარეშეც მარტივად
შევძლებ ცხოვრებას, მაგრამ წაგებას ვერ ვიტან. ეს ჩემი არ არის. არაფერი ეს ჩემი არ არის. ჩემზე უარის
თქმა არ შეიძლება. მე თვითონ ვამბობ ხოლმე უარს.

ასე სიგიჟემდე შეიძლება მივიყვანო თავი, მაგრამ ვერ ვჩერდები. არ შემიძლია, იმ დღეზე არ ვიფიქრო,
სასტუმროში, და ისევ და ისევ არ დავატრიალო თავში ყველაფერი, რასაც ამბობდა, რასაც მაგრძნობინებდა.

ნაბიჭვარი.

თუ ჰგონია, უბრალოდ ავდგები და გავქრები, ჩუმად წავალ, ცდება. სულ მალე თუ არ გამოჩნდება,
მობილურზე რეკვას შევწყვეტ და სახლში დავურეკავ. არ ვაპირებ, ვუყურო, როგორ არაფრად მაგდებენ.

საუზმისას სკოტმა მთხოვა, თერაპიის სეანსი გამეუქმებინა. არაფერი მითქვამს, თავი ისე მოვაჩვენე,
თითქოს არ გამიგონია.

- დეივმა სადილად დაგვპატიჟა, - მეუბნება ის, - მათთან საუკუნეა არ ვყოფილვართ. სეანსის გადატანა
მაინც არ შეგიძლია?

მსუბუქად ამბობს, თითქოს ამაში არასერიოზული არაფერია, მაგრამ ვგრძნობ, რომ სახეზე მაკვირდება.
ჩხუბის პირას ვართ და ფრთხილად უნდა ვიყო.

- ვერა, სკოტ, უკვე გვიანია, - ვეუბნები, - იქნებ დეივი და კარენი დაგვეპატიჟებინა ჩვენთან შაბათს? კარენსა
და დეივთან ერთად შაბათის გატარების გაფიქრებაც კი დამღლელია, მაგრამ ახლა კომპრომისი
აუცილებელია.

- არა, არ არის გვიანი, - მეუბნება და თავის ყავის ჭიქას ჩემ წინ მაგიდაზე დგამს. მხარზე ხელს ერთი
წუთით მადებს, - გააუქმე, კარგი? - მეუბნება და ოთახიდან გადის.

როგორც კი შემოსასვლელი კარი იკეტება, ყავის ფინჯანს ვიღებ და კედელს ვესვრი.

საღამო
შემიძლია, საკუთარ თავს ვუთხრა, რომ არ მივუტოვებივარ, რომ უბრალოდ ცდილობს, სწორად მოიქცეს,
მორალურად და პროფესიონალურად, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. ყოველ შემთხვევაში,
მთელი სიმართლე. თუ ადამიანი ძალიან გინდა, მორალი და, მით უმეტეს, პროფესიონალიზმი არაფერ
შუაშია. იმ ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებ. უბრალოდ, მას ძალიან არ ვუნდოდი.

სკოტის ზარებს მთელი დღე არ ვპასუხობ. სეანსზე დაგვიანებით მივედი და პირდაპირ მისი ოფისისკენ
წავედი ისე, რომ მიმღებში ქალისთვის არაფერი მითქვამს. მაგიდასთან იჯდა, რაღაცას წერდა. რომ შევედი,
თავი ასწია, ღიმილის გარეშე შემხედა და ისევ ქაღალდებს დაუბრუნდა. მისი მაგიდის წინ ვიდექი და
ველოდებოდი, როდის შემხედავდა. მეგონა, საუკუნე გავიდა.

- კარგად ხარ? - მკითხა ბოლოს და გამიღიმა, - დაიგვიანე.

სუნთქვა ყელში გამეჩხირა. ვერ ვლაპარაკობდი. მაგიდას გარშემო შემოვუარე და ზედ გადავწექი. ფეხით
თეძოზე ვეხახუნებოდი. ოდნავ უკან გაიწია.

- მეგან, კარგად ხარ?

თავი გავაქნიე, ხელი გავუწოდე.

- მეგან, - თქვა ისევ და თავი გააქნია.

არაფერი მითქვამს.

- ამას ნუ იზამ... დაჯექი! მოდი, ვილაპარაკოთ.

ახლა მე გავაქნიე თავი.

- მეგან.

ჩემს სახელს ყოველ ჯერზე უფრო უსიამოვნოდ ამბობდა. ადგა, მაგიდას შემოუარა და ჩემგან მოშორებით,
ოთახის შუაგულში დადგა.

- მოდი, - თქვა მან საქმიანი, მჭახე, მაგრამ მშვიდი კილოთი, - დაჯექი.

მეც ოთახის შუაში, მასთან მივედი, ცალი ხელი წელზე მოვხვიე, მეორე - მკერდზე. მაჯები დამიჭირა, ჩემი
ხელები მოიშორა და გამშორდა.

- ნუ, მეგან. არ შეიძლება... ამას ვერ ვიზამთ... - თქვა და გატრიალდა.

- ქამალ, - ხმა ისეთი მქონდა, რომ საკუთარი თავი მძულდა, - ძალიან გთხოვ.
- ეს... აქ... მიუღებელია. დამიჯერე, ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ...

მე ვუთხარი, რომ მასთან ყოფნა მინდოდა.

- ეს ტრანსფერია, მეგან, და ხდება ხოლმე, - თქვა მან, - მეც დამემართა. ამ საკითხზე წინა შეხვედრაზე უნდა
გვესაუბრა და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ გავაკეთეთ.
მისი პირიდან ეს ისე ბანალურად, უემოციოდ და ჩვეულებრივად ჟღერდა, რომ კივილი მომინდა.

- გინდა მითხრა, რომ ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ? ყველაფერი ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო?

თავი გააქნია.

- მინდა სწორად გამიგო, მეგან, ყველაფერი ასე შორს არ უნდა წასულიყო, ეს არ უნდა დამეშვა.

მასთან უფრო ახლოს მივედი, თეძოებზე ხელები მოვკიდე და ჩემკენ შემოვაბრუნე. ისევ მკლავებზე
მომკიდა ხელები, მერე მაჯებზე თავისი გრძელი თითები შემომაჭდო.

- სამსახურს ვერ დავკარგავ, - მითხრა და აქ უკვე წყობიდან გამოვედი.

გაბრაზებული გავშორდი, უხეშად. ჩემს დაჭერას ისევ შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

ვუყვიროდი, ვეუბნებოდი, რომ მისი სამსახური ფეხებზე მკიდია. ცდილობდა, დავემშვიდებინე.


ნერვიულობდა და, როგორც მივხვდი, იმაზე, რას იფიქრებდა მიმღების თანამშრომელი, სხვა პაციენტები.
მხრებით დამიჭირა, მისი ცერები მკლავის ზედა ნაწილში მერჭობოდა და მითხრა, დავწყნარებულიყავი,
ბავშვივით აღარ მოვქცეულიყავი. მაგრად შემანჯღრია და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ სახეში
გამარტყამდა კიდეც.

ტუჩებში ვაკოცე და ქვედა ტუჩზე ისე ვუკბინე, პირში მისი სისხლის გემო ვიგრძენი.

სახლში დაბრუნებისას ვფიქრობდი შურისძიებასა და ყველაფერ იმაზე, რისი გაკეთებაც მისთვის შემეძლო.
შემეძლო, სამსახური დამეკარგვინებინა, ან კიდევ, რაიმე უარესი. თუმცა ამას არ გავაკეთებდი, რადგან
მაინც ძალიან მომწონდა. მისთვის გულის ტკენა არ მინდოდა და თანაც იმაზე, რომ მიმატოვა, უკვე ისე
ძალიან აღარ ვბრაზობდი. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ეს ისტორია ჩემთვის დამთავრებული არ იყო
და ამიტომ სხვასთან ახალს ვერ დავიწყებდი, ეს კი ძალიან მძიმე იყო.

სახლში წასვლა არ მინდოდა. არ ვიცოდი, მკლავებზე სისხლჩაქცევები როგორ ამეხსნა.

რეიჩელი

ორშაბათი, 22 ივლისი, 2013


საღამო

ახლა ველოდები. ძალიან მძიმეა, როდესაც არ იცი. ძალიან მძიმეა, როდესაც ყველაფერი ასე ნელა მიდის,
თან ვერაფერს აკეთებ.

ამ დილით საშინელი შიშის გრძნობა ტყუილად არ დამეუფლა. უბრალოდ, არ ვიცოდი, რისი უნდა
მშინებოდა.

სკოტის - არა. სახლში რომ შემათრია, ეტყობა, ჩემს თვალებში ისეთი შეძრწუნება დაინახა, რომ მაშინვე
ხელი გამიშვა. თვალები შეშლილის ჰქონდა, თმა - აწეწილი. სასწრაფოდ შეეცადა, სინათლეს მორიდებოდა
და კარი მიაჯახუნა.

- რას აკეთებ აქ? ყველგან ჟურნალისტები და ფოტოგრაფები არიან. არ მინდა, ჩემთან ვინმე მოვიდეს, ჩემს
სახლთან იყურყუტონ. რაღაცებს ამბობენ... ცდილობენ... ცდილობენ ყველაფერს: სურათების გადაღებას
და...

- გარეთ არავინაა, - ვუთხარი მე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, გარშემო არც ვიყურებოდი. შეიძლება
ვიღაცები მანქანებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა.

- აქ რას აკეთებ? - უფრო მკაცრად მკითხა.

- გავიგე... ახალ ამბებში იყო... უბრალოდ მინდოდა, გამეგო... ის არის? ის დაიჭირეს?

თავი დამიქნია.

- დღეს დილით, ადრე. ოჯახებთან ურთიერთობის წარმომადგენელი იყო ჩემთან. ამის სათქმელად მოვიდა,
მაგრამ ვერ მითხრა, რატომ დააპატიმრეს. ეტყობა, რაღაც იპოვეს, მაგრამ არ მითხრეს, რა. ყოველ
შემთხვევაში, მეგანი არ უპოვიათ. ვიცი, რომ არ უპოვიათ.

კიბეზე ჯდება და მკლავებს თავის სხეულს ხვევს. მთელი ტანით ცახცახებს.

- ამას ვერ ავიტან. ვეღარ ავიტან ტელეფონის ზარის ლოდინს. რომ რეკავს, იმაზე ფიქრს, რას მეტყვიან, რომ
ყველაზე უარესს შემატყობინებენ.

აღარ აგრძელებს. მერე ზევით იყურება და ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს პირველად მხედავს.
- რატომ მოხვედი? - მეკითხება.

- მინდოდა... მეგონა, მარტო ყოფნა არ გინდოდა.

ისე შემხედა, როგორც გიჟს.

- მარტო არა ვარ, - თქვა, ადგა, ჩამიარა და სასტუმრო ოთახში გავიდა. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, არ
ვიცოდი, გავყოლოდი თუ წავსულიყავი, მაგრამ მერე დაიძახა:
- ყავა გინდა?

გარეთ, გაზონზე, ქალი დასეირნობდა და სიგარეტს ეწეოდა. მაღალი იყო, ფერფლისფერი თმა ჰქონდა. შავი
შარვალი და თეთრი, დახურულყელიანი ბლუზა ეცვა. პატიოში წინ და უკან დასეირნობდა. როგორც კი
თვალი მომკრა, გაჩერდა, სიგარეტი ქვის იატაკზე დააგდო და ქუსლით ჩააქრო.

- პოლიციიდან ხართ? - დაეჭვებით მკითხა, სამზარეულოში რომ შემოვიდა.

- არა. მე...

- ეს რეიჩელ უოთსონია, დედა, - უთხრა სკოტმა, - ქალი, რომელიც აბდიკის თაობაზე დამიკავშირდა.

თავი ნელა დააქნია, თითქოს სკოტის სიტყვებმა ბევრი არაფერი უთხრა. შემომხედა, თავიდან ფეხებამდე
სწრაფად შემათვალიერა და თქვა:

- ოჰ.

- მე უბრალოდ... - აქ ყოფნის გასამართლებელი მიზეზი არ მქონდა. ხომ ვერ ვიტყოდი, უბრალოდ,


მინდოდა მცოდნოდა, უბრალოდ, მინდოდა მენახა-მეთქი.

- სკოტი ძალიან მადლობელია თქვენი, რომ გამოჩნდით და დაეხმარეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაინც
ველოდებით, გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში.

ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ხელი იდაყვზე მომკიდა და შემოსასვლელი კარისაკენ თავაზიანად მიმატრიალა.
სკოტს შევხედე, მაგრამ ის ჩემკენ არ იყურებოდა. მისი მზერა სადღაც გარეთ, რკინიგზის იქით იყო
მიმართული.

- დიდი მადლობა, რომ შემოგვიარეთ, მისის უოთსონ. მართლა ძალიან მადლობელი ვართ თქვენი.

კარს გარეთ, საფეხურზე აღმოვჩნდი. შესასვლელი კარი ჩემ უკან მყარად დაიკეტა და ზევით რომ ავიხედე,
ისინი დავინახე: ტომი ბავშვის ეტლს მიაგორებდა, ანა კი გვერდით მიჰყვებოდა. ჩემს დანახვაზე გაშეშდნენ.
ანამ ხელი პირზე აიფარა და მერე ეტლიდან ბავშვის ამოსაყვანად დაიხარა. ლომი, რომელიც თავის ბოკვერს
იცავდა. მინდოდა, მის დასანახად გამეცინა, მეთქვა, რომ აქ მისთვის არა ვარ და მისი ქალიშვილი საერთოდ
არ მაინტერესებს.

სახლიდან, ფაქტობრივად, გამომაგდეს. სკოტის დედამ ეს სრულიად ნათლად მაგრძნობინა. გამომაგდეს და


ამით გულგატეხილი ვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ქამალი დააკავეს. ის
დაპატიმრებულია და ამაში მე დავეხმარე. რაღაც მაინც გავაკეთე სწორად. ის დაკავებულია. ახლა, ალბათ,
მეგანს იპოვიან და სახლში დააბრუნებენ.

ანა
ორშაბათი, 22 ივლისი, 2013

დილა

ტომმა დილით ადრე კოცნითა და ნაზი ღიმილით გამაღვიძა. დღეს შეხვედრა გვიან აქვს დანიშნული და
შემომთავაზა, სასაუზმოდ ქუჩის კუთხეში ივისთან ერთად წავსულიყავით. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი
ურთიერთობის დასაწყისში ერთმანეთს ვხვდებოდით. ფანჯარასთან ვისხედით ხოლმე. რეიჩელი
ლონდონში, სამსახურში იყო და არანაირი საშიშროება იმისა, რომ კაფესთან ჩაივლიდა და დაგვინახავდა,
არ იყო. მართალია, მაინც ვნერვიულობდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ ვოცნებობდი, რაიმე
მიზეზით ადრე დაბრუნებულიყო, ავად გამხდარიყო ან რაიმე მნიშვნელოვანი ქაღალდები დარჩენოდა
სახლში. მინდოდა, ერთ მშვენიერ დღეს გამოჩენილიყო და ტომთან ერთად დავენახე. მინდოდა,
მიმხვდარიყო, რომ მისი აღარ არის. ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ იყო დრო, როდესაც მის გამოჩენაზე
ვოცნებობდი.

მეგანის დაკარგვის შემდეგ ამ გზით გავლას მაქსიმალურად ვერიდები. იმ სახლის წინ ჩავლისას
ჟრუანტელი მივლის, მაგრამ კაფესკენ ეს ერთადერთი გზაა. ტომი რამდენიმე ნაბიჯით წინ მიდის და
ბავშვის ეტლს მიაგორებს; ივის რაღაცას უმღერის და აცინებს. ძალიან მიყვარს, როდესაც ასე ერთად
გამოვდივართ გარეთ, სამნი. ვხედავ, ხალხი როგორ გვიყურებს, ალბათ, ფიქრობენ, რა ლამაზი ოჯახიაო. ეს
სიამაყით მავსებს. ასეთი ამაყი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მივდივარ ასე, ბედნიერებით სავსე. თითქმის
ნომერ თხუთმეტ სახლთან ვართ, როდესაც კარი იღება. წამით მეჩვენება, რომ ჰალუცინაცია მაქვს.
სახლიდან ის გამოდის, რეიჩელი. გამოდის, წამით ჩერდება, გვხედავს და შეშდება. საშინელებაა. უცნაურად
გვიღიმის, ღიმილი კი არა, უფრო გრიმასაა. თავს ვერ ვიკავებ, წინ გავრბივარ, ივის ეტლიდან,
ფაქტობრივად, ვგლეჯ. ის კი გაოგნებული მიყურებს და ტირილს იწყებს.

რეიჩელი სასწრაფოდ ჩვენს საწინააღმდეგო მიმართულებით, სადგურისკენ მიდის. ტომი უძახის: „რეიჩელ!
აქ რას აკეთებ? რეიჩელ!“ მაგრამ ის ფეხს თანდათან უჩქარებს და ბოლოს გარბის. ჩვენ ადგილზე ვრჩებით,
მერე ტომი ჩემკენ ტრიალდება და მისი სახის გამომეტყველება მეუბნება: „წამოდი, სახლში წავიდეთ“.

საღამო
სახლში დაბრუნების შემდეგ გავიგეთ, რომ მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვიღაც
დააპატიმრეს. ვიღაც კაცი, რომლის შესახებ არასოდეს მსმენია - ფსიქოთერაპევტი, რომელთანაც მეგანი
დადიოდა. შვებით ამოვისუნთქე, რადგან უამრავი საშინელი რამ წარმოვიდგინე.
- ხომ გეუბნებოდი, უცხო არ იქნება-მეთქი, - მეუბნება ტომი, ყოველთვის ასე ხდება. ყოველ შემთხვევაში,
ჩვენ არც კი ვიცით, რა მოხდა. ალბათ, თავს მშვენივრად გრძნობს. ეტყობა, ვიღაცასთან ერთად გაიქცა.

- მაშინ ის კაცი რატომ დააპატიმრეს?

მხრები აიჩეჩა. დაბნეული იყო, პიჯაკს იცვამდა, ჰალსტუხს ისწორებდა, იმ დღის უკანასკნელ კლიენტთან
შესახვედრად ემზადებოდა.

- რა უნდა ვქნათ? - ვკითხე მე.

- ვქნათ? - უაზროდ შემომხედა.

- მას, რეიჩელს რა ვუყოთ? რატომ იყო აქ? ჰიფველების სახლში რას აკეთებდა? ვითომ... ვითომ მეზობლების
ბაღების გავლით ჩვენს ბაღში მოხვედრას აპირებდა?

რაღაცნაირად, დაუნდობლად გაიცინა.

- ეჭვი მეპარება, კარგი რა, რეიჩელზე არ ვლაპარაკობთ? თავის სქელ უკანალს ამდენ ღობეზე ვერაფრით
გადაათრევდა. წარმოდგენა არა მაქვს, იქ რას აკეთებდა. შეიძლება გამომთვრალი იყო და კარი აერია.

- ვითომ აქ მოსვლა ჰქონდა გადაწყვეტილი?

თავი გააქნია.

- არ ვიცი. მისმინე, მაგაზე ნუღარ ნერვიულობ, კარგი? კარი ჩაკეტე. დავურეკავ და გავიგებ, რა უნდოდა.

- მგონი, პოლიციას უნდა დავურეკოთ.

- და რა ვუთხრათ? მას, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.

- ბოლო ხანებში არ გაუკეთებია არაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ მეგან ჰიფველის გაუჩინარების დღეს აქ
იყო. მის შესახებ პოლიციისათვის დიდი ხნის წინ უნდა შეგვეტყობინებინა.

- ანა, კარგი რა, - მკლავები წელზე მომხვია.

- ვერ წარმომიდგენია, რომ მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან რეიჩელს რაიმე კავშირი აქვს, მაგრამ
აუცილებლად დაველაპარაკები, კარგი?

- წინა ჯერზეც იგივე მითხარი.

- ვიცი, - მითხრა ნაზად, - ვიცი, რომ ასე გითხარი, - მაკოცა, ჯინსის სათავეში ხელი ჩამიყო და მითხრა, -
მოდი, ნუ ჩავრთავთ პოლიციას, თუ მართლა ძალიან არ დაგვჭირდება.
ვფიქრობ, ახლა ნამდვილად გვჭირდება. იმ ღიმილზე, ცინიკურ ღიმილზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ.
რაღაც ტრიუმფალური იყო მასში. აქედან უნდა წავიდეთ. მისგან რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ.

რეიჩელი

სამშაბათი, 23 ივლისი, 2013

დილა

რომ ვიღვიძებ, დრო მჭირდება, რომ გავარკვიო, რას ვგრძნობ. ამაღლებული განწყობის შემოტევა მაქვს
კიდევ რაღაცასთან, გაუგებარ შიშთან ერთად. ვიცი, რომ სიმართლის გაგებასთან ახლოს ვართ, მაგრამ სულ
ვფიქრობ, რომ ეს სიმართლე საშინელი იქნება.

საწოლში ვზივარ, კალთაში ლეფთოფი მიდევს. ვრთავ და ველოდები, როდის ჩაიტვირთება. მერე
ინტერნეტში შევდივარ. მთელი ეს პროცესი უსასრულოდ მეჩვენება. მესმის, როგორ დადის ქესი სახლში.
საუზმის ჭურჭელს რეცხავს და ზევით, კბილების გასახეხად ამორბის. ერთხანს ჩემი კარის წინ ჩერდება.
თითქოს ვხედავ კიდეც, როგორ აქვს ხელი გამზადებული დასაკაკუნებლად. მერე შესაძლებელიდან
საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს და ისევ ქვევით ჩარბის.

ბი-ბი-სის ახალი ამბები იხსნება. პირველი სათაური შეღავათების შემცირებას ეხება. მეორე ისტორია - 1970-
იანი წლების ტელევარსკვლავს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მეგანის შესახებ
აღარაფერია, არც ქამალის შესახებ. საშინლად იმედგაცრუებული ვარ. ვიცი, რომ ეჭვმიტანილისათვის
ბრალის წასაყენებლად პოლიციას ოცდაოთხი საათი აქვს. ეს დრო უკვე გავიდა, მაგრამ არის სიტუაციები,
როდესაც ადამიანის დაკავება დამატებითი თორმეტი საათის მანძილზე შეუძლიათ.

გუშინ მთელი დღე ამ ინფორმაციის მოძიებაში გავატარე. სკოტის სახლიდან რომ გამომისტუმრეს, შინ
დავბრუნდი, ტელევიზორი ჩავრთე, ახალ ამბებს იქაც ვუყურებდი და სტატიებს ინტერნეტშიც
ვკითხულობდი. ველოდებოდი.

შუადღისათვის პოლიციამ ეჭვმიტანილი დაასახელა. ახალ ამბებში თქვეს, რომ დოქტორ აბდიკის სახლში
და მანქანაში სამხილები აღმოაჩინეს, მაგრამ არ უთქვამთ, რა. ალბათ, სისხლი? ან ტელეფონი, რომელიც
დღემდე გამქრალია? ტანსაცმელი, ჩანთა, კბილის ჯაგრისი? სულ ქამალის ფოტოებს აჩვენებდნენ, მისი
მუქკანიანი, ლამაზი სახის ახლოდან გადაღებულ ფოტოებს. ეს ჩვეულებრივი სურათები იყო, ისეთი არა,
რომლებსაც ადამიანს პოლიცია დაკავების შემდეგ უღებს. ქალაქგარეთ დასვენებისას გადაღებული, სადაც
ის არც მთლად იღიმება, მაგრამ - თითქმის. მკვლელისთვის ზედმეტად რბილი და ლამაზი ჩანს. თუმცა
გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. ამბობენ, რომ ტედ ბანდი კერი გრანტივით გამოიყურებოდა.

მთელი დღე უფრო მეტ ახალ ამბავს ველოდებოდი. მაინტერესებდა, ბრალს რაში დასდებდნენ: გატაცებაში,
გაუპატიურებაში თუ კიდევ უარესში. ველოდებოდი, გამეგო, სად იყო მეგანი, სად მალავდა. აჩვენებდნენ
ბლენიმ-როუდს, სადგურს, სკოტის სახლის შესასვლელ კარს. კომენტატორები იმაზე საუბრობდნენ, თუ რა
სავარაუდო დასკვნების გაკეთება შეიძლებოდა იმ ფაქტიდან, რომ მეგანის არც ტელეფონი და არც საბანკო
ბარათები ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა.

ტომმა დარეკა, არაერთხელ. არ ვუპასუხე. ვიცი, რაც უნდა. მკითხავს, რას ვაკეთებდი სკოტ ჰიფველის
სახლში გუშინ დილას. იმარჩიელოს. ამას მასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ყველაფერი მას ხომ არ
დაუკავშირდება. დარწმუნებული ვარ, თავისი ცოლის მოთხოვნით რეკავს, მე კი ვალდებული არ ვარ, ანას
რამე ავუხსნა.

ველოდებოდი და ველოდებოდი, მაგრამ ბრალდების შესახებ ისევ არაფერს ამბობდნენ. სამაგიეროდ,


ქამალის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. ახასიათებდნენ როგორც ფსიქოთერაპიის სანდო პროფესიონალს,
რომელიც მეგანის საიდუმლოებებსა და პრობლემებს ისმენდა, მისი ნდობა მოიპოვა და მერე ამით
ბოროტად ისარგებლა, მოხიბლა და მერე, ვინ იცის?

გავიგე, რომ მუსლიმანია, ბოსნიელი, ბალკანეთის კონფლიქტს გადაურჩა და ბრიტანეთში თხუთმეტი წლის
ასაკში ლტოლვილად ჩამოვიდა. მისთვის ძალადობა უცხო არ არის. მამა და ორი უფროსი ძმა
სრებრენიცაში დაეღუპა. რაც მეტს ვისმენდი მასზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, მის შესახებ პოლიციას რომ
შევატყობინე და სკოტს რომ დავუკავშირდი, სწორად მოვიქეცი.

ლოგინიდან ვდგები, ხალათს ვიხურავ, ქვევით ჩავრბივარ და ტელევიზორს ვრთავ. დღეს არსად წასვლას
არ ვაპირებ. თუ ქესი მოულოდნელად დაბრუნდება, შემიძლია, ვუთხრა, რომ ავად გავხდი. ყავას ვისხამ,
ტელევიზორის წინ ვჯდები და ველოდები.

საღამო

სამი საათისათვის ყველაფერი ეს მომწყინდა. შეღავათებისა და სამოცდაათიანი წლების პედოფილების


შესახებ მოსმენა ყელში ამოვიდა. იმედგაცრუებული ვიყავი, რომ არც მეგანის შესახებ ამბობდნენ რამეს და
არც ქამალის, ამიტომ მაღაზიაში წავედი და ორი ბოთლი ღვინო ვიყიდე.

პირველი ბოთლის ძირში ვარ ჩასული, როდესაც ეს ხდება. ახალ ამბებში ახლა რაღაც სხვას გადმოსცემენ.
არც ისე მყარი კამერით გადაღებული მასალა ნახევრად აშენებული (თუ ნახევრად დანგრეული) შენობიდან,
მოშორებით - აფეთქებები. სირიაა თუ ეგვიპტე; იქნებ სუდანი? ხმას ვუკლებ და ყურადღებას აღარ ვაქცევ.
მერე ეკრანის ძირში მორბენალ სტრიქონს ვხედავ და ვკითხულობ, რომ მთავრობა სახელმწიფო
დახმარებების შემცირების აუცილებლობის წინაშე დგას; რომ მუხლის მყესის დაჭიმვის გამო, ფერნანდო
ტორესი თითქმის ოთხი კვირა უმოქმედოდ იქნება და რომ მეგან ჰიფველის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი
ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

ჭიქას ვდებ, პულტს ვიღებ და ღილაკით ხმას ვუწევ და ვუწევ და ვუწევ. შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს.
მიდის რეპორტაჟი ომის შესახებ, გრძელდება და გრძელდება, პარალელურად წნევა მიწევს, მაგრამ ბოლოს
რეპორტაჟი მთავრდება, ისევ სტუდიაში ვბრუნდებით და დიქტორი ამბობს:

„ქამალ აბდიკი, რომელიც გუშინ მეგან ჰიფველის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დააპატიმრეს, ბრალის
წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. აბდიკი, მეგან ჰიფველის ფსიქოთერაპევტი, გუშინ ჯერ კიდევ
დაპატიმრებული იყო, დღეს დილას კი გაათავისუფლეს. პოლიციის განმარტებით, მისთვის ბრალის
წასაყენებლად საკმარისი სამხილები არ აღმოჩნდა“.

ამის შემდეგ რას ამბობს, აღარ მესმის. თვალებდაბნელებული ვზივარ, ყურებში რაღაც ხმაურობს და
ვფიქრობ: დაჭერილი ჰყავდათ, უკვე ჰყავდათ და გაუშვეს.

მოგვიანებით, ზევით რომ ავდივარ, იძულებული ვარ, ძალიან ბევრი დავლიო. კომპიუტერის ეკრანს
გარკვევით ვერც კი ვხედავ, ყველაფერი ორმაგდება, სამმაგდება. წაკითხვა მხოლოდ მაშინ შემიძლია, თუ
ცალ თვალზე ხელს დავიფარებ, ეს კი თავს მტკენს. ქესი სახლში ბრუნდება. დამიძახა და მე ვუთხარი, რომ
უკვე ვწევარ და რომ თავს ცუდად ვგრძნობ. იცის, რომ ვსვამ.

მუცელი ალკოჰოლით მაქვს გამორეცხილი. ცუდად ვარ. ფიქრიც არ შემიძლია. ასე ადრე დალევა არ უნდა
დამეწყო, საერთოდ არ უნდა დამეწყო. ერთი საათის წინ სკოტს დავურეკე, რამდენიმე წუთის წინაც
დავურეკე. ესეც არ უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა, რა ტყუილები უთხრა მათ
ქამალმა. რა სულელები იყვნენ, რომ ეს ტყუილები დაიჯერეს. პოლიციამ ყველაფერი აურია. იდიოტები. ის
ქალბატონი რაილი, მისი ბრალი იქნება, დარწმუნებული ვარ. გაზეთებიც ვერაფერში მეხმარება. ახლა
წერენ, რომ ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რომ ეს შეცდომა იყო. აბდიკზე ახლა, როგორც
დაზარალებულზე, ისე წერენ.

მეტის დალევა აღარ მინდა, ვიცი, რომ დარჩენილი სასმელი პირსაბანში უნდა ჩავასხა, რადგან დილით რომ
ავდგები, თუ დამხვდება, კიდევ დავლევ. თუ დავიწყე, მერე გაგრძელებაც მომინდება. პირსაბანში უნდა
ჩავასხა, მაგრამ ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ. დილისთვის ხომ უნდა მქონდეს რაღაც, რისთვისაც ადგომა
ღირს.

ბნელა და მესმის, როგორ იძახის ვიღაც მის სახელს. ხმა ჯერ დაბალია, მერე მატულობს. გაბრაზებული და
სასოწარკვეთილი იძახის მეგანის სახელს. ეს სკოტია. ის მეგანთან ბედნიერი არ არის. ისევ და ისევ უძახის.
ვფიქრობ, ეს სიზმარია. ვცდილობ, ჩავეჭიდო, გავაჩერო, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიბრძვი ამისთვის, მით
უფრო მშორდება.

ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2013


დილა

კარზე ჩუმი კაკუნი მაღვიძებს. წვიმა ფანჯრებს უკაკუნებს. რვას გადაცილებულია, მაგრამ ეტყობა, გარეთ
ჯერ ისევ ბნელა. ქესი ფრთხილად აღებს კარს და შიგნით იხედება.

- რეიჩელ, კარგად ხარ? - უცებ ჩემი საწოლის გვერდით ბოთლს ხედავს და მხრებს უღონოდ უშვებს ქვევით.

- ოჰ, რეიჩელ, - ამბობს, საწოლთან მოდის და ბოთლს იღებს.

ვერაფერს ვამბობ, დარცხვენილი ვარ.

- სამსახურში არ მიდიხარ? გუშინ იყავი?

პასუხს არც კი ელოდება, ტრიალდება და სანამ ოთახიდან გავა, მეუბნება:

- ასე თუ განაგრძობ, აუცილებლად გამოგაგდებენ.

ახლა სწორედ კარგი დროა, რომ ყველაფერი ვუთხრა, უკვე გაბრაზებულია ჩემზე. უნდა გავყვე და ვუთხრა,
რომ უკვე თვეებია, რაც გამომაგდეს, რომ კლიენტთან ლანჩის შემდეგ, რომელიც სამ საათს გაგრძელდა,
სამსახურში უაზროდ მთვრალი დავბრუნდი, კლიენტთან კი ისე უხეშად და არაპროფესიონალურად
მოვიქეცი, რომ ეს ფირმას მისი ბიზნესის დაკარგვის ფასად დაუჯდა. თვალებს ვხუჭავ, ჯერაც კარგად
მახსოვს ამ ლანჩის ბოლო, ოფიციანტი ქალის სახე, ჩემს ჟაკეტს რომ მაწვდის,
ოფისში ბარბაცით შესვლა, ხალხი, რომელიც ჩემკენ ტრიალდება, რომ კარგად დამინახოს, მარტინ მაილსი,
რომელსაც გვერდზე გავყავარ და მეუბნება, რომ კარგი იქნება, ახლავე სახლში თუ წავალ.

ჭექა-ქუხილია, ელვა ანათებს ცას. საწოლიდან ნახტომით ვდგები და მინდა გავიხსენო, რაზე ვფიქრობდი
წუხელ. ჩემს პატარა შავ წიგნაკს ვათვალიერებ, მაგრამ იქ გუშინ შუადღის შემდეგ არაფერი ჩამიწერია და ეს
ქამალის მონაცემებია: ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, ძალადობაში ბრალდება. კალმისტარს ვიღებ და
უკანასკნელ შენიშვნას ვხაზავ.

ქვევით ჩავდივარ, ყავას ვიმზადებ და ტელევიზორს ვრთავ. გუშინ ღამე პოლიციამ პრესკონფერენცია
გამართა. „Sky News“-ზე ნაწყვეტებს აჩვენებენ. დეტექტივ-ინსპექტორ გასკილს ვხედავ. ფერმკრთალი,
მაღალი და თითქოს დარცხვენილია. დამნაშავესავით დგას. ქამალის სახელს არც კი ახსენებს, ამბობს, რომ
ეჭვმიტანილი დააკავეს და დაჰკითხეს, მაგრამ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს და რომ
გამოძიება გრძელდება. კამერა მისგან სკოტზე გადადის. მოხრილი ზის, თავს უხერხულად გრძნობს. მისკენ
მიმართული კამერების შუქის გამო თვალებს ხშირ-ხშირად ახამხამებს. სახეზე ტანჯვა აქვს ასახული. მისი
დანახვა გულს მტკენს. ჩუმად ლაპარაკობს, თვალები დახრილი აქვს. ამბობს, რომ იმედს არ კარგავს, რომ
მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვის პოლიცია, ის მაინც ფიქრობს, რომ მეგანი დაბრუნდება.

სიტყვები ყრუდ ისმის, მათში სიყალბე იგრძნობა, მაგრამ მის თვალებში ჩახედვის გარეშე ვერ ვხვდები,
რატომ: ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ამბების გამო, აღარ სჯერა, რომ მეგანი მართლა
დაბრუნდება, თუ დანამდვილებით იცის, რომ მეგანი სახლში აღარასოდეს დაბრუნდება?
სწორედ მაშინ მახსენდება, რომ გუშინ მასთან დავრეკე, ერთხელ? ორჯერ? ტელეფონის ასაღებად ზევით
ავრბივარ და ლოგინის თეთრეულში ვპოულობ. სამი გამოტოვებული ზარი მაქვს: ერთი - ტომისგან და ორი
- სკოტისგან. მესიჯები არ არის. ტომის, ისევე როგორც სკოტის, პირველი ზარი გუშინ ღამე იყო, მაგრამ
მეორე უფრო გვიან, თითქმის შუაღამეს არის დაფიქსირებული. მეორედ სკოტს დღეს დილით, რამდენიმე
წუთის წინ დაურეკავს.

თავს ცოტა უკეთესად ვგრძნობ. ეს კარგი ამბავია. დედამისის სრულიად შეუნიღბავი ქცევის (დიდი
მადლობა დახმარებისთვის, ახლა კი აქედან დაიკარგეთ) მიუხედავად, სკოტს ჩემთან ლაპარაკი მაინც
უნდა. მას ვჭირდები. ქესის მიმართ მაშინვე სიმპათიას ვგრძნობ. ძალიან მადლობელი ვარ მისი იმისათვის,
რომ დარჩენილი ღვინო გადააქცია. ნათელი გონება უნდა მქონდეს, სკოტისათვის. მას ჩემი საღი აზროვნება
სჭირდება.

შხაპს ვიღებ, ვიცვამ, კიდევ ერთ ფინჯან ყავას ვიმზადებ და სასტუმრო ოთახში ვჯდები. გვერდით ჩემს
პატარა შავ წიგნაკს ვიდებ და სკოტთან ვრეკავ.

- უნდა გეთქვა, - მეუბნება ის, როგორც კი ყურმილს იღებს, - რას წარმოადგენ, - მისი ხმა უინტონაციო და
ცივია. მუცელში რაღაც შემეკუმშა. მივხვდი, რომ იცის.

- დეტექტივ-სერჟანტი რაილი მელაპარაკა მას შემდეგ, რაც ქამალი გაათავისუფლეს. მან მეგანთან რომანის
შესახებ ინფორმაცია უარყო, ხოლო მოწმე, რომელმაც თქვა, რომ მათ შორის რაღაც ურთიერთობა იყო,
სანდო არ არისო, მითხრა რაილიმ, ის ალკოჰოლიკია და შესაძლოა, ფსიქიკურად არასტაბილურიც კიო.
მოწმის სახელი არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ შენ გგულისხმობდა.

- მაგრამ... არა, არა. არა ვარ. ისინი რომ დავინახე, ფხიზელი ვიყავი, დილის ცხრის ნახევარი იყო, - ვთქვი მე.
თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, - თან ახალ ამბებში თქვეს, რომ მის სახლში რაღაც სამხილები
იპოვეს.

- არადამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები, - თქვა მან და ტელეფონი გათიშა.

პარასკევი, 26 ივლისი, 2013


დილა

ჩემს წარმოსახვით ოფისში აღარ დავდივარ. თვალთმაქცობას თავი დავანებე. ლოგინიდან ადგომითაც კი არ
ვიწუხებ თავს. კბილები უკანასკნელად, მგონი, ოთხშაბათს გავიხეხე. თავის მოავადმყოფებას ჯერ კიდევ
განვაგრძობ, მაგრამ ვერავის ვატყუებ.

თავს ვერაფრით ვაიძულებ, რომ ლოგინიდან ავდგე, ჩავიცვა, მატარებელში ჩავჯდე, ლონდონში წავიდე და
ქუჩებში ვიხეტიალო. მზიან ამინდში ეს ძალიან მძიმეა, ასეთი წვიმის დროს კი - შეუძლებელი. მესამე დღეა,
რაც აცივდა და საშინელი, გადაუღებელი თქეშია.
ისევ მშფოთვარედ მძინავს. ამის მიზეზი მარტო სმა აღარ არის. ახლა კოშმარები დამეწყო: ჩაკეტილი ვარ
სადღაც და ვიცი, რომ ვიღაც მოდის. ისიც ვიცი, რომ სადღაც გასასვლელია, ნამდვილად ვიცი, რომ არის,
მაგრამ იქამდე გზას ვერ ვპოულობ და, როდესაც ის ვიღაც მიახლოვდება, ყვირილს ვერ ვახერხებ. ძალიან
ვცდილობ, ფილტვებით ჰაერს ვისუნთქავ, მინდა უკან მთელი ძალით გამოვუშვა, მაგრამ ხმა არ ამომდის,
მხოლოდ - ხრიალი, როგორსაც მომაკვდავი ადამიანი უშვებს, როდესაც სუნთქვას ცდილობს. ზოგჯერ
ღამის კოშმარების დროს ბლენიმ-როუდზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ვხედავ საკუთარ თავს. უკან
გამოსასვლელი გზა ჩახერგილია, წინ კი ვერ მივდივარ, რადგან ვიცი, იქ რაღაც არის, ვიღაც მელოდება და
გულგახეთქილი ვიღვიძებ.

მას ვერასოდეს იპოვიან, ყოველი გასული დღე და ყოველი გასული საათი ამაში უფრო მარწმუნებს. ეს ერთ-
ერთი იმ სახელთაგანი იქნება, მისი ისტორია კი ერთ-ერთი იმ ისტორიათაგანი, რომლებზედაც წერენ:
„დაიკარგა, ცხედარი ნაპოვნი არ არის“.

სკოტი სამართალს ვერასოდეს იპოვის და ამიტომ ვერასოდეს დამშვიდდება. არასოდეს ექნება ცხედარი,
რომელიც უნდა იგლოვოს, არასოდეს ეცოდინება, რა დაემართა მის ცოლს. დასასრული არასოდეს დადგება
და კვანძი არასოდეს გაიხსნება. უძილო ვწევარ, ამაზე ვფიქრობ და გული მტკივა. არ შეიძლება, არსებობდეს
იმაზე მეტი ტანჯვა, ვიდრე არცოდნაა, რომელიც არასოდეს დასრულდება.

მას მივწერე. ჩემი პრობლემა ვაღიარე და ისევ ვიცრუე. ვთქვი, რომ ამას ვაკონტროლებ, რომ დახმარებას
ვეძებდი. მივწერე, რომ ფსიქიკურად არასტაბილური არა ვარ. სინამდვილეში, უკვე აღარც ვიცი, მართალია
ეს თუ არა; რომ ის, რაც ვუამბე, სრულიად ნათლად დავინახე, და რომ იმ დროს აბსოლუტურად ფხიზელი
ვიყავი. ეს მაინც ხომ სიმართლეა. მან არ მიპასუხა. არც ველოდი. მისგან მოკვეთილი ვარ, ჩაკეტილი.
ვერასოდეს ვეტყვი იმას, რის თქმაც ძალიან მინდა. მიწერა კი არ შემიძლია, ასე მგონია, დაწერილი
სხვანაირად აღიქმება. მინდა იცოდეს, როგორ ვწუხვარ, რომ ქამალზე ხელის დადება და თქმა: „შეხედეთ,
აი, ის არის“, საკმარისი არ აღმოჩნდა. იმ შაბათ ღამეს რაღაც უნდა დამენახა, თვალები უნდა გამეხილა.

საღამო

მთლიანად გაწუწული ვარ, ვიყინები, თითის წვერები გათეთრებული და დანაოჭებული მაქვს.


ნაბახუსევისგან თავში სისხლი პულსირებს. ეს დაახლოებით ექვსის ნახევარზე დაიწყო. სწორედ ასე უნდა
ყოფილიყო, რადგან სმა შუადღემდე დავიწყე. მეორე ბოთლის საყიდლად გარეთ გავედი, მაგრამ ხელი
ბანკომატმა შემიშალა, რომელმაც სრულიად მოსალოდნელი პასუხი დამიწერა: „თქვენს ანგარიშზე
საკმარისი თანხა არ არის“.

ამის შემდეგ უბრალოდ სეირნობა დავიწყე. ერთ საათზე მეტხანს კოკისპირულ წვიმაში უმიზნოდ
დავხეტიალებდი. ეშბერის ფეხით მოსიარულეთა ცენტრი მხოლოდ ჩემი იყო. სწორედ ამ სეირნობის დროს
გადავწყვიტე, როგორმე გამომესწორებინა ის, რომ ჩემი ჩვენება არასაკმარისად ჩათვალეს.

ახლა, გაწუწული და თითქმის ფხიზელი, ტომთან დარეკვას ვაპირებ. სულ არ მინდა, ვიცოდე, რას
ვამბობდი ან ვაკეთებდი იმ შაბათ ღამეს, მაგრამ მაინც უნდა დავადგინო. ამან შეიძლება ბიძგი მომცეს.
რაღაც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მრჩება მხედველობიდან, რაღაც
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს თავის მოტყუება და კიდევ ერთი მცდელობაა, საკუთარ თავს
დავუმტკიცო, რომ რაღაცად ვღირვარ, თუმცა, ვინ იცის,იქნებ მართლა ასეა.

- ორშაბათის შემდეგ ვცდილობ, დაგიკავშირდე, - ამბობს ტომი, როგორც კი ტელეფონზე მპასუხობს, - შენს
ოფისშიც ვიყავი, - აგრძელებს და ამის გადახარშვის დროს მაძლევს. დაბნეული და დარცხვენილი თავის
დასაცავად მოვემზადე.

- შენთან სალაპარაკო მაქვს, - ვეუბნები, - შაბათ ღამის, იმ შაბათ ღამის შესახებ.

- რაზე ლაპარაკობ? მე ორშაბათის შესახებ უნდა დაგლაპარაკებოდი, რეიჩელ. რა ჯანდაბას აკეთებდი სკოტ
ჰიფველის სახლში?

- ეგ მნიშვნელოვანი არ არის, ტომ...

- სწორედაც რომ არის. იქ რას აკეთებდი? ალბათ, აცნობიერებ, რომ ის შეიძლება... იმის თქმა მინდოდა...
ჩვენ ხომ არ ვიცით, არა? შეიძლება სწორედ მან გაუკეთა რაღაც თავის ცოლს.

- მას არაფერი გაუკეთებია, - დაბეჯითებით ვამბობ მე, - მას - არა.

- შენ საიდან იცი? რეიჩელ, რა ხდება?

- უბრალოდ... დამიჯერე. შენთან ამისთვის არ დამირეკავს. იმ შაბათზე მინდოდა ლაპარაკი. იმ მესიჯზე,


შენ რომ დამიტოვე. ისეთი გაბრაზებული იყავი და ამბობდი, რომ ანა შევაშინე.

- ჰო, ასე იყო. დაგინახა, ქუჩაში რომ მიდიოდი ბარბაცით, რაღაც შეურაცხმყოფელი უთხარი. ივისთან
დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ მართლა გაცოფებული იყო.

- მართლა? რამე გამიკეთა?

- რამე გაგიკეთა?

- ჰო, მე.

- რაო?

- თავზე ჭრილობა მქონდა, ტომ, სისხლი მდიოდა.

- ამაში ანას ადანაშაულებ? - უკვე ყვირის, გაცეცხლებულია, - სერიოზულად გეუბნები, რეიჩელ, საკმარისია.
ანა არაერთხელ დავარწმუნე, რომ შენ შესახებ პოლიციაში არ განეცხადებინა, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება,
არ მოგვეშვები და ასეთი ისტორიების მოგონებას განაგრძობ...

- ანას ბრალს არაფერში ვდებ, ტომ. უბრალოდ, მინდა გავერკვე. მე...

- შენ არ გახსოვს, რა თქმა უნდა. რეიჩელს არ ახსოვს, - ხვნეშის, - მისმინე, ანამ დაგინახა, მთვრალი და
აგრესიული იყავი. სახლში რომ მოვიდა, ყველაფერი მიამბო. საშინლად განერვიულებული იყო. სახლიდან
შენს საძებნელად გამოვედი. ქუჩაში იყავი და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, დაცემულიყავი.
ძალიან აგრესიული იყავი, ხელი შეიძლება თვითონ გაიჭერი.

- მე არ მითქვამს...

- მაშინ რომ გიპოვე, ხელზე სისხლი გქონდა, არ ვიცი, საიდან. სახლში წაყვანა შემოგთავაზე, მაგრამ არ
მომისმინე. უკონტროლო იყავი, გონდაკარგული, გზა განაგრძე, მე კი მანქანის გამოსაყვანად წავედი. უკან
რომ დავბრუნდი, იქ აღარ დამხვდი. ცოტა ხანი ვიარე, სადგურს ჩავუარე, მაგრამ ვერ დაგინახე. ცოტა კიდევ
ვიარე ქუჩებში... ანა ნერვიულობდა, რომ სადღაც ახლომახლო იქნებოდი. ჩვენთან დაბრუნებას და სახლში
შემოჭრას გადაწყვეტდი. მე კი ვფიქრობდი, სადმე არ დაცემულიყავი ან რაიმე უბედურებაში არ
გახვეულიყავი... ეშბერიმდე ჩავედი, ზარი დავრეკე, მაგრამ სახლში არ იყავი. რამდენჯერმე დაგირეკე, მერე
მესიჯი დაგიტოვე და ჰო, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჭკუიდან ვიყავი გადასული.

- ვწუხვარ, ტომ, მართლა ძალიან ვწუხვარ.

- ვიცი, შენ ყოველთვის წუხხარ.

- შენ ამბობ, რომ ანას ვუყვიროდი, - ვეუბნები და თან ამის გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, - ხომ
არ იცი, რას ვუყვიროდი?

- არ ვიცი, - მოკლედ მპასუხობს, - ხომ არ გინდა, წავიდე და მოგიყვანო, იქნებ ამაზე მასთან გინდა
ლაპარაკი?

- ტომ...

- კარგი, გულახდილად მითხარი, ახლა ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- იმ ღამეს მეგან ჰიფველი ნახე?

- არა, - საკმაოდ შეშფოთებული ჩანს, - რატომ? შენ ნახე? შენ ხომ არ უქენი რამე?

- არა, რა თქმა უნდა, არა.

- კარგი, მაშინ რატომ მეკითხები? რეიჩელ, თუ შენ რამე იცი...

- მე არაფერი ვიცი, არაფერი დამინახავს.

- ჰიფველების სახლში რატომ იყავი ორშაბათს? ძალიან გთხოვ, მითხარი, რომ ანა დავამშვიდო, ძალიან
ღელავს.

- რაღაც მქონდა მისთვის სათქმელი. რაღაც, რაც, ჩემი აზრით, დაეხმარებოდა.

- მეგანი არ გინახავს, მაგრამ მისი ქმრისათვის რაღაც გქონდა სათქმელი, რაც დაეხმარებოდა?

ცოტა ხანს ვყოყმანობ. არ ვიცი, რისი თქმა შეიძლება მისთვის და რისი - არა. თუ ყველაფერი სკოტისთვის
სათქმელად შევინახო.
- ეს მეგანს ეხება, მას რომანი ჰქონდა.

- მოიცა, მას იცნობდი?

- სულ ცოტათი.

- საიდან?

- გალერეიდან.
- აა, და საყვარელი ვინ არის?

- მისი ფსიქოთერაპევტი, ქამალ აბდიკი, მე დავინახე ისინი ერთად.

- მართლა? ის კაცი, რომელიც დაპატიმრებული ჰყავდათ? რამდენადაც ვიცი, გაათავისუფლეს.

- ჰო, ეგრეა და ეს ჩემი ბრალია, რადგან არასანდო მოწმე აღმოვჩნდი.

ტომი იცინის რბილად, მეგობრულად. არ დამცინის.

- კარგი რა, რეიჩელ! სწორად მოიქეცი, რომ მოჰყევი ის, რაც ნახე. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ შენზე
არ იყო ნათქვამი, - მესმის ბავშვის ჭყლოპინი და ტომი რაღაცას ყურმილს იქით ამბობს, მაგრამ რას - არ
მესმის.

- უნდა წავიდე, - მეუბნება და თვალწინ მიდგება, ტელეფონის გათიშვის მერე, როგორ აჰყავს ხელში თავისი
პატარა ქალიშვილი, კოცნის მას და ცოლს ეხვევა. ჩემს გულში ჩარჭობილი ხანჯალი ტრიალებს და
ტრიალებს და ტრიალებს.

ორშაბათი, 29 ივლისი, 2013

დილა

8 საათი და 7 წუთია, მატარებელში ვზივარ და ჩემს წარმოსახვით ოფისში მივდივარ. ქესიმ მთელი უიქენდი
დემიენთან გაატარა და გუშინ ღამით რომ დაბრუნდა, ჩემი დატუქსვის შანსიც კი არ მივეცი, პირდაპირ
მობოდიშებით დავიწყე. ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ ასეთი საქციელის გამო, მაგრამ მართლა ძალიან
ჩაშვებულად ვგრძნობდი თავს. დავპირდი, რომ ცხოვრების ამ ფურცლის გადასაშლელად ძალას
მოვიკრებდი. მან დამიჯერა, ან თავი მომაჩვენა, რომ დამიჯერა, და მომეხვია. აშკარად უსაზღვრო სიკეთის
ადამიანია.

მეგანის ამბავი ახალი ამბებიდან თითქმის მთლიანად ამოვარდა. „სანდი თაიმსში“ პოლიციის
არაკომპეტენტურობის შესახებ იყო სტატია, სადაც ეს შემთხვევაც იყო ნახსენები. წყარო, სამეფო
პროკურატურის წარმომადგენელი, რომელსაც არ ასახელებენ, ამბობს, რომ ეს საქმე იმ მრავალ
საქმეთაგანია, რომელშიაც პოლიციამ სუსტი და დაუსაბუთებელი სამხილების საფუძველზე დააპატიმრა
ადამიანი.

წითელ შუქნიშანს ვუახლოვდებით. ნაცნობ ღრჭიალსა და ყანყალს ვგრძნობ, მატარებელი სვლას ანელებს
და ზევით ვიყურები, რადგან უნდა ავიხედო. არ შემიძლია, ეს არ გავაკეთო, მაგრამ დასანახი იქ
აღარაფერია. კარი დაკეტილია და ფარდები ჩამოფარებული. აღარაფერი ჩანს წვიმის, მისი ნაკადებისა და
ბაღის ბოლოს დაგროვილი ტალახის გუბის გარდა. უეცარი ახირების გამო მატარებლიდან უითნიში
ჩამოვდივარ. ტომი ვერ დამეხმარა და იქნებ მეორე კაცმა, წითურმა, შეძლოს. მატარებლიდან ჩამოსულ
მგზავრებს ვათვალიერებ, რომლებიც კიბეს მიუყვებიან. მერე პლატფორმაზე, ერთადერთ გადახურულ
მერხზე ვჯდები. იქნებ გამიმართლოს, იქნებ დავინახო, მატარებელში როგორ ჯდება. გავყვებოდი,
დაველაპარაკებოდი. ეს ერთადერთიღა დამრჩენია; კამათლის ბოლო გაგორებაა. ესეც თუ არ გამოვიდა,
თავი უნდა დავანებო, უბრალოდ, დავანებო. ნახევარი საათი გადის. ყოველი ფეხის ხმის გაგონებაზე
პულსი მიჩქარდება, მაღალი ქუსლების კაკუნის გაგონებისას კი კანკალი მეწყება. ანა თუ დამინახავს, დიდი
პრობლემები შემექმნება. ტომმა გამაფრთხილა. ანა დაარწმუნა, რომ პოლიციას არ დაჰკავშირებოდა, მაგრამ,
თუ ისევ გავაგრძელებ...

ათის თხუთმეტი წუთია. ეტყობა, ვეღარ ვნახავ, თუ სამსახური გვიან არ ეწყება. არა, ვეღარ ვნახავ. უფრო
მაგრად წვიმს და კიდევ ერთ უმიზნო დღეს ლონდონში ვეღარ გავუძლებ. ქესისგან ნასესხები
ათგირვანქიანის გარდა, ფული არა მაქვს. ეს უკანასკნელად გავაკეთე, სანამ გამბედაობას მოვიკრებ და
დედაჩემს ვთხოვ, მასესხოს. კიბეზე ჩავდივარ, რომ მეორე პლატფორმაზე გადავიდე და ეშბერიში
დავბრუნდე, როდესაც უცებ ახალი ამბების სააგენტოდან, სადგურის შესასვლელის პირდაპირ რომ არის,
სწრაფი ნაბიჯით გამომავალ სკოტს ვხედავ. პიჯაკი ზევით აწეული და სახეზე შემოხვეული აქვს.

უკან მივდევ და კუთხეში, ზუსტად მიწისქვეშა გადასასვლელის პირდაპირ, ვიჭერ. მკლავში ვკიდებ ხელს
და ჩემკენ ვატრიალებ. გაოგნებული მიყურებს.

- ძალიან გთხოვთ, შეიძლება დაგელაპარაკოთ?

- ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა გინდათ?

უკან ვიხევ და ხელებს ზევით ვწევ.

- ბოდიშს გიხდით, - ვეუბნები, - ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ, მინდოდა, მხოლოდ მომებოდიშა,
ამეხსნა...

წვიმა წარღვნაში გადადის. ქუჩაში ჩვენ გარდა არავინაა. ორივე ერთიანად გაწუწულები ვართ. სკოტი
სიცილს იწყებს. ხელებს ცისკენ იშვერს და ხარხარებს.

- სახლში წავიდეთ, - ამბობს ის, - აქ დახრჩობის დიდი შანსი გვაქვს.


სკოტი ზევით ადის, რომ სანამ ჩაიდანი ადუღდება, პირსახოცი ჩამომიტანოს. სახლი ერთი კვირის წინ
ბევრად სუფთა და დალაგებული იყო. დეზინფექციის სუნი რაღაც სხვამ, ბევრად ჩვეულებრივმა შეცვალა.
ოთახის კუთხეში გაზეთების დასტა დევს. ყავის მაგიდასა და ბუხრის თაროზე ჭუჭყიანი ყავის ფინჯნები
აწყვია.

უცებ სკოტი ჩემ გვერდით ჩნდება და პირსახოცს მაწვდის.

- ნაგვის ბუდეა, ვიცი. დედაჩემმა გაუთავებელი დალაგებითა და დასუფთავებით კინაღამ ჭკუიდან


შემშალა. ვიჩხუბეთ და რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა.

მისი ტელეფონი რეკავს.

- ძაღლი ახსენეო. არასოდეს ისვენებს.

სამზარეულოში მიდის და მეც უკან მივყვები.

- ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც მოხდა, - ვეუბნები.

- ვიცი, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის, - ამბობს და მხრებს იჩეჩს, - იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ეგ
შეიძლებოდა, დაგვხმარებოდა, შენ რომ...

- მე რომ მთვრალი არ ვყოფილიყავი?

ჩემკენ ზურგით ტრიალდება და ყავას ასხამს.

- ჰო, ასეა, მაგრამ მისი დაპატიმრებისთვის საკმარისი სამხილი მაინც არ ჰქონდათ.


ყავას მაწვდის და მაგიდასთან ვსხდებით. ვამჩნევ, რომ კუთხეში მდგარ პატარა მაგიდაზე ერთ-ერთი ჩარჩო
სურათით ქვევით დევს. სკოტი ლაპარაკს განაგრძობს.

- რაღაცები იპოვეს - თმა, კანის უჯრედები - მის სახლში, მაგრამ ის არ მალავს, რომ მეგანი იქ იყო. თავიდან
უარყოფდა, მერე კი აღიარა, რომ მეგანი მის სახლში ნამყოფია.

- რატომ ტყუოდა?

- სწორედ ეგ არის საქმე. აღიარა, რომ მასთან სახლში ორჯერ იყო, უბრალოდ, სალაპარაკოდ. არ უთქვამს,
რაზე ილაპარაკეს. პაციენტთან საუბრის კონფიდენციალურობას აწვება. თმა და კანის უჯრედები პირველ
სართულზე იპოვეს. საძინებელში ვერაფერი ნახეს. იფიცება, რომ მათ შორის რომანი არ ყოფილა, მაგრამ
მატყუარაა... - ხელებს თვალებზე ისვამს. სახე ისეთი აქვს, თითქოს ფიქრებში ჩაიძირა. მხრები უღონოდ
აქვს დაშვებული და მთლიანად დაპატარავებული ჩანს.

- მის მანქანაზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

- ოჰ, ღმერთო ჩემო.

- ჰო, მეგანის სისხლის ჯგუფს ემთხვევა. ნიმუშისათვის იმდენად მცირეა, რომ არც კი იციან, დნმ-ის
ანალიზისათვის გამოდგება თუ არა. ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდესო, ამბობენ. როგორ შეიძლება,
მანქანაზე მეგანის სისხლის კვალი არაფერს ნიშნავდეს? - თავს აქნევს, - შენ მართალი იყავი. რაც უფრო
მეტი მესმის ამ ტიპის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდები, - მიყურებს, პირდაპირ მიყურებს, პირველად მას
შემდეგ, რაც აქ მოვედით.

- მეგანს ხმარობდა, მას კი ამის გაგრძელება აღარ უნდოდა... და რაღაც გაუკეთა. ასე იყო, ამაში
დარწმუნებული ვარ.

იმედი საბოლოოდ დაკარგა. ვერც ვამტყუნებ. ორ კვირაზე მეტი გავიდა და არც ტელეფონი გამოუყენებია,
არც საკრედიტო ბარათი და არც ბანკომატიდან გამოუტანია ფული. არავის უნახავს. აშკარად ცოცხალი
აღარ არის.

- პოლიციას უთხრა, რომ შეიძლება თვითონ გაიქცა, - ამბობს სკოტი.

- ექიმმა აბდიკმა უთხრა?

თავს მიქნევს.

პოლიციაში განაცხადა, რომ მეგანი ჩემთან ბედნიერი არ იყო და შეიძლება უბრალოდ გაიქცა.

- ეჭვის შენზე გადმოტანას ცდილობს. უნდა, რომ პოლიციამ შენზე იფიქროს.

- ვიცი, თანაც, როგორც შევატყვე, ყველაფერს ჭამენ, რასაც ის ნაბიჭვარი ამბობს. ის ქალბატონი რაილი,
აბდიკზე რომ ლაპარაკობს, მაშინვე ვხვდები, რომ მოსწონს. ლტოლვილია, დაჩაგრული, - თავს საცოდავად
კიდებს, - შეიძლება მართალიც არის. წინადღეს საშინლად ვიჩხუბეთ, მაგრამ არ მჯერა... ის ჩემთან
უბედური არ იყო. არ იყო, არ იყო.

უკვე მესამე თქმისას ვფიქრობ, რომ ამაში საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს.

- თუმცა, თუ სხვასთან ჰქონდა რომანი, ჩემთან, ალბათ, უბედური იყო, არა?

- აუცილებელი არ არის, - ვეუბნები, - შეიძლება ის შემთხვევა იყო, რას ეძახიან? ჰო, ტრანსფერი თუ რაღაც
ასეთი. ამ სიტყვას იყენებენ ხოლმე, როდესაც პაციენტს ფსიქოთერაპევტის მიმართ გრძნობა უჩნდება, ან
ეჩვენება, რომ უჩნდება. ამისათვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ თვითონ ფსიქოთერაპევტმა უნდა
შეძლოს და პაციენტს აუხსნას, რომ ეს გრძნობა ნამდვილი არ არის. მიყურებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ
ესმის, რას ვამბობ.

- რა მოხდა? - მეკითხება მერე, - ქმარი რატომ მიატოვე? ვინმე სხვა გყავდა?

თავს ვაქნევ.

- სულ პირიქით იყო. ანა მოხდა.

- მაპატიე.

პაუზას აკეთებს. სანამ გააგრძელებს, ზუსტად ვიცი, რისი კითხვა უნდა და მე თვითონ ვამბობ:
- მანამდე დავიწყე სმა, სანამ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით. ამის გაგება გინდოდა, არა?

თავს მიქნევს.

- ბავშვის გაჩენას ვცდილობდით, - ვეუბნები და ხმა მიწყდება. ამდენი ხანი გავიდა და როგორც კი ამაზე
ლაპარაკს ვიწყებ, თვალებზე ცრემლები მადგება.

- მაპატიე.

- არა უშავს.

დგება, ნიჟარასთან მიდის და ერთ ჭიქა წყალს მისხამს. მერე ჭიქას ჩემ წინ, მაგიდაზე დებს.

ყელის ჩაწმენდა მჭირდებოდა. ვცდილობ, რაც შეიძლება უემოციო ვიყო და ფაქტებზე ვილაპარაკო.

- ბავშვის ყოლა გვინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. ძალიან დეპრესიული გავხდი და სმა დავიწყე. ჩემთან
ერთად ცხოვრება ძალიან ძნელი გახდა. ტომმა ნუგეშის ძებნა სხვაგან დაიწყო, ანამ კი ეს სიხარულით
გამოიყენა.

- მართლა ძალიან ვწუხვარ, საშინელებაა. ეს კარგად ვიცი. ბავშვი მეც ძალიან მინდოდა. მეგანი კი ამბობდა,
რომ ამისათვის ჯერ მზად არ არის.

მისი ჯერი დგება, ცრემლების მოწმენდის მისი ჯერია.

- ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო... ამის გამო ხანდახან ვჩხუბობდით.

- მისი წასვლის დღესაც ამაზე იჩხუბეთ?

ოხრავს, სკამს უკან სწევს და ფეხზე დგება.

- არა, - ამბობს და სადღაც შორს იხედება, - მაშინ სხვა მიზეზი იყო.

საღამო

სახლში დაბრუნებულს ქესი მელოდება. სამზარეულოში დგას და წყალს აგრესიულად სვამს.

- ოფისში კარგი დღე გქონდა? - მეკითხება და ტუჩებს კუმავს. ყველაფერი იცის.


- ქესი...
- დღეს დემიენს კლიენტთან შეხვედრა იუსტონთან ახლოს ჰქონდა. იქიდან რომ გამოდიოდა, მარტინ
მაილსს შეეჩეხა. ისინი ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ. გახსოვს, დემიენი „ლეინგ ფონდ მენეჯმენტში“ რომ
მუშაობდა? მარტინი მათ პიარს აკეთებდა.

- ქესი...

ხელი ასწია, კიდევ ერთი ყლუპი წყალი დალია.

- უკვე თვეებია, იქ აღარ მუშაობ, თვეები. იცი, როგორ იდიოტად ვგრძნობ თავს? იცი, რა იდიოტურ
მდგომარეობაში ჩავარდა დემიენი? ძალიან გთხოვ, მითხარი, რომ სხვა სამსახური იშოვე, რომლის
შესახებაც ჩემთვის ჯერ არაფერი გითქვამს. ძალიან გთხოვ, მითხარი, რომ არ მატყუებდი, ყოველ დილას
სამსახურში რომ მიდიოდი, რომ ყოველდღე არ მატყუებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში.

- არ ვიცოდი, როგორ მეთქვა...

- არ იცოდი, როგორ გეთქვა? იქნებ ასე: ქესი, სამსახურიდან გამომაგდეს, იმიტომ, რომ იქ მთვრალი მივედი.

კანკალი მეწყება და ქესის სახის გამომეტყველება უფრო რბილი ხდება. მართლა საოცრად კარგი ადამიანია.

- მაპატიე, რეიჩელ, მაგრამ გულწრფელად მითხარი, რას აკეთებდი, ყოველ დილას სად მიდიოდი? მთელი
დღეები რას აკეთებდი?

- ვსეირნობდი, ბიბლიოთეკაში დავდიოდი, ზოგჯერ...

- პაბში მიდიოდი?

- ზოგჯერ, მაგრამ...

- რატომ არ მითხარი? - მიახლოვდება, ხელებს მხრებზე მაწყობს, - უნდა გეთქვა.

- ძალიან მრცხვენოდა, - ვეუბნები და ტირილს ვიწყებ. საშინლად გამაღიზიანებელია, მაგრამ სლუკუნს


მაინც ვაგრძელებ. ვქვითინებ და ვქვითინებ და საწყალი ქესი მხრებზე მეხვევა, თმაზე ხელს მისვამს და
მეუბნება, რომ კარგად ვიქნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავს განადგურებულად ვგრძნობ,
საკუთარი თავი ისე მეზიზღება, როგორც არასდროს ჩემს ცხოვრებაში.

მოგვიანებით, როდესაც ქესისთან ერთად ტახტზე ვზივარ და ჩაის ვსვამ, მეუბნება, როგორ უნდა მოვიქცე:
სმა უნდა შევწყვიტო, ჩემი CV მოვაწესრიგო; მარტინ მაილსს უნდა დავუკავშირდე და ძალიან ვთხოვო,
რეკომენდაცია დამიწეროს; ლონდონში და ლონდონიდან მატარებლით უმიზნო მოგზაურობაში ფულის
გადაყრას თავი დავანებო.

- გულახდილად გეტყვი, რეიჩელ: ამდენი ხნის განმავლობაში ეს მარტომ როგორ გადაიტანე?

მხრებს ვიჩეჩ.

- დილას 8:04-იანი მატარებლით მივდიოდი, საღამოს კი უკან - 17: 56-იანით ვბრუნდებოდი. ეს ჩემი
მატარებელია. ყოველთვის ასე ვმგზავრობდი. ასე იყო ყველაფერი.
ხუთშაბათი, 1-ლი აგვისტო, 2013

დილა

სახეზე რაღაც მაფარია და ვერ ვსუნთქავ. ვიხრჩობი. ბოლოს, როდესაც ვფხიზლდები, ჰაერს ისეთი ძალით
ვისუნთქავ, რომ მკერდი მტკივა. საწოლში ვჯდები, თვალებს ფართოდ ვახელ და ვხედავ, რომ ოთახის
კუთხეში რაღაც მოძრაობს, რაღაც შავი და მკვრივი, რომელიც იზრდება. ყვირილს ვაპირებ და სწორედ ამ
დროს ბოლომდე ვფხიზლდები, ოთახის კუთხეში კი არაფერია. ლოგინში ვზივარ და ლოყები
ცრემლებისგან მაქვს სველი.

თითქმის გათენდა. გარეთ სინათლეს ნაცრისფერი ედება. წვიმა, რომელსაც რამდენიმე დღეა, არ გადაუღია,
ისევ ფანჯრის მინებს უკაკუნებს. დაძინებას ვეღარ შევძლებ. გული მკერდში ისე მიცემს, თითქოს ჩაქუჩებს
აკაკუნებენ და ძალიან მტკივა.

მგონი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ქვევით ცოტა ღვინო უნდა მქონდეს. არ მახსოვს, მეორე ბოთლი
ბოლომდე დავლიე თუ არა. ალბათ, თბილი იქნება, რადგან მაცივარში ვერ ვინახავ. ქესი გადამიღვრის.
ძალიან უნდა, უკეთ გავხდე, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ვერ მიდის. ჰოლში
პატარა კარადაა, რომელშიც გაზის მრიცხველია დამალული. თუ ცოტა ღვინო მაინც დამრჩა, იქ
დავმალავდი. კიბის უჯრედზე ჩუმად გამოვდივარ და ნახევრად სიბნელეში საფეხურებზე უხმაუროდ
ჩავდივარ. პატარა კარადის კარს ვაღებ და ბოთლს ვიღებ, იმედგამაცრუებლად მსუბუქია. ერთ ჭიქაზე მეტი
არ იქნება, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობია. ტოლჩაში ვასხამ (უცებ რომ ქესი შემოვიდეს, ვეტყვი, რომ ჩაის
ვსვამ) და ბოთლს ნაგვის ვედროში ვდებ, ზევიდან რძისა და ხრაშუნა კარტოფილის პაკეტებს ვაფარებ.
სასტუმრო ოთახში შევდივარ, ტელევიზორს ვრთავ, ხმას ვთიშავ და ტახტზე ვჯდები.

არხიდან არხზე გადავდივარ - სულ საბავშვო არხები და რეკლამებია, სანამ რაღაც ნაცნობი არ გაიელვებს
ეკრანზე. ჩემ თვალწინ ქორლის ტყეა, რომელიც ქუჩის გადაღმა იწყება. მისი დანახვა მატარებლიდანაც
შეიძლება. ქორლის ტყე კოკისპირულ წვიმაში. ხეების ზოლსა და მატარებლის ლიანდაგს შორის მინდორი
წყლითაა დატბორილი.

არ ვიცი, ამდენი დრო რატომ დამჭირდა იმის მისახვედრად, რა ხდებოდა. ათი, თხუთმეტი, ოცი წამი
ვუყურებ უკანა პლანზე მანქანებს, ცისფერ და თეთრზოლიან ლენტს და თეთრ კარავს. თანდათან უფრო
მოკლედ და მოკლედ ვსუნთქავ და ბოლოს საერთოდ ვიკავებ სუნთქვას.

ის არის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტყეში, რკინიგზის ლიანდაგის გადაღმა იყო. ამ მინდვრების
გასწვრივ ყოველდღე, დილა-საღამოს ვმგზავრობდი და ვერაფერს ვამჩნევდი.
ტყეში. წარმოვიდგინე დაბალი ბუჩქნარის ძირას გათხრილი სამარე, სასწრაფოდ მიყრილი მიწით.
ყოველთვის ყველაზე უარესს, წარმოუდგენელს წარმოვიდგენ ხოლმე: ვხედავ თოკზე ჩამოკიდებულ მის
სხეულს სადღაც სიღრმეში, იქ, სადაც არავინ დადის.

შეიძლება ის არც კია. იქნებ საერთოდ რაღაც სხვა ხდება. თუმცა ვიცი, რომ ასე არ არის.

ახლა ეკრანზე რეპორტიორი ჩნდება, მუქი თმა სველი და თავზე მიგლესილი აქვს. ხმას ვუწევ და ვუსმენ. ის
იმას მეუბნება, რაც უკვე ვიცი, რასაც ვგრძნობ. ეს მე კი არ ვიყავი. ვინც ვერ სუნთქავდა, მეგანი იყო.

- დიახ, - ეუბნება ის ვიღაცას სტუდიაში და ხელი ყურზე აქვს მიდებული.


- პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ქალის სხეული ჩამომდინარე წყალში ჩაფლული
ქორლის ტყის პირას პატარა მინდორზე აღმოაჩინეს. ეს ადგილი მეგან ჰიფველის სახლიდან ხუთ მილზე
ნაკლებით არის დაშორებული. მეგან ჰიფველი, როგორც იცით, ივლისის დასაწყისში, უფრო სწორად, ცამეტ
ივლისს დაიკარგა და აქამდე მისი ადგილსამყოფელი ვერ აღმოაჩინეს. პოლიცია ამბობს, რომ ცხედარი,
რომელიც დილაადრიან ძაღლების პატრონებმა გასეირნების დროს იპოვეს, ოფიციალურად ამოცნობილი
არ არის, თუმცა სჯერათ, რომ ეს მეგან ჰიფველია. მის მეუღლეს უკვე შეატყობინეს.

რეპორტიორი მცირე პაუზას აკეთებს. სტუდიიდან შეკითხვას უსვამენ, რომელიც მე არ მესმის, რადგან
სისხლი ყურებში მიკაკუნებს. ტოლჩა პირთან მიმაქვს და ბოლო წვეთებსაც ვსვამ.

რეპორტიორი განაგრძობს:

- დიახ, ქეი, სწორედ ასეა. ეტყობა, ცხედარი აქ, ტყეში, კარგა ხნის წინ დამარხეს და ამ დღეებში ძლიერმა
წვიმამ მიწა გადარეცხა.

ეს უარესია, ბევრად უარესი, ვიდრე წარმომედგინა. ახლა მას უკვე ვხედავ. ვხედავ მის გახრწნილ, ტალახით
დაფარულ სახეს. ფერმკრთალი მკლავები ზევით აქვს აშვერილი, თითქოს სამარიდან ამოსასვლელ გზას
ფრჩხილებით კაწრავდა. პირში ცხელი სითხის - ნაღვლისა და მწარე ღვინის - გემოს ვგრძნობ და ზევით
ავრბივარ, რომ გული ავირიო.

საღამო

დღის უმეტესი ნაწილი საწოლში გავატარე. ვცდილობდი, თავში ყველაფერი რიგის მიხედვით
დამელაგებინა; ვცდილობდი, ერთად შემეკოწიწებინა მოგონებები, გაელვებები, სიზმრები და
გამეხსენებინა, რა ხდებოდა შაბათ ღამეს. აზრის ჩამოსაყალიბებლად და მკაფიო სურათის გამოსაკვეთად,
ყველაფრის ფურცელზე ჩამოწერა დავიწყე. ფურცელზე კალმისტრის წრიპინი რომ მესმოდა, ასე მეგონა,
ვიღაც მეჩურჩულებოდა. ამან უკიდურეს ზღვარზე მიმიყვანა, ისევ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს
ბინაში, ჩემ გარდა ვიღაც იყო და ზუსტად ჩემი კარის უკან იდგა. გარდა ამისა, თვალწინ სულ მეგანის სახე
მედგა.
ძალიან შეშინებული ვიყავი, საძინებლის კარის გაღებას ვერ ვბედავდი, მაგრამ, როცა მაინც გავბედე, იქ, რა
თქმა უნდა, არავინ იყო. ქვევით ჩავედი და ტელევიზორი ჩავრთე. ისევ ის სურათები დამხვდა. ტყე წვიმაში,
ტალახიან გზებზე მოძრავი პოლიციის მანქანები, საშინელი თეთრი კარავი და ყველაფერი ეს რაღაც რუხი
ფერით დაბინდული. მერე, უცებ, მეგანის მოღიმარი, ჯერ ისევ ლამაზი და ხელუხლებელი მეგანის ფოტო.
მერე სკოტი ჩნდება, თავი ჩაღუნული აქვს, სახლიდან გამოსვლისას ფოტორეპორტიორებს რომ აერიდოს,
რაილი მის გვერდითაა. მერე ქამალის ოფისს აჩვენებენ, თუმცა თვითონ არ ჩანს.

ხმის ჩართვა არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან სიჩუმე, რომელიც ყურებში რეკავდა,
რაღაცით უნდა გადამეფარა. პოლიცია ამბობს, რომ ქალი, რომელიც ჯერ ოფიციალურად ამოცნობილი არ
არის, კარგა ხნის, შესაძლოა, რამდენიმე კვირის, მკვდარია. ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერ
დაუდგენელია და რომ მკვლელობის სექსუალური მოტივის მტკიცებულება არ მოეპოვებათ.

ასეთი სისულელისაგან გაოგნებული ვრჩები. ვიცი, რასაც გულისხმობენ, არ ფიქრობენ, რომ


გაუპატიურებულია. ეს, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ სექსუალური მოტივის არსებობას სულაც არ
გამორიცხავს. მე როგორც ვფიქრობ, ქამალს მეგანი უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ის ურთიერთობის
დასრულებას აპირებდა, ეს კი მისთვის აუტანელი იქნებოდა. განა ეს სექსუალური მოტივი არ არის?

ახალი ამბების ყურებას ვეღარ ვიტან, ამიტომ ისევ ზევით ავდივარ და ბუმბულის საბნის ქვეშ ვძვრები.
ხელჩანთას ვცლი და ქაღალდის ნაგლეჯებზე გაკეთებულ ჩანაწერებს ვათვალიერებ. მათი თვალის
გადავლებისას მოგონებები, როგორც აჩრდილები, ცვლიან ერთმანეთს, მე კი მაინტერესებს, რისთვის
ვაკეთებ ამას, რა მიზანი მაქვს?

მეგანი

ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2013

დილა

ასეთ სიცხეში ვერ ვიძინებ. კანზე თითქოს უხილავი ჭიები დაცოცავენ. მკერდზე გამონაყარი მაქვს,
ვერაფრით მოვეწყვე. სკოტი კი თითქოს სითბოს ასხივებს, მის გვერდით წოლა ცეცხლის გვერდით წოლის
ტოლფასია. თუ საკმარისად შორს გავიწევი, საწოლის კიდეზე აღმოვჩნდები და თეთრეული უკან მომრჩება.
აუტანელია. ვიფიქრე, ცარიელ ოთახში ბამბის მატრასზე ხომ არ დავწოლილიყავი-მეთქი, მაგრამ ვერ იტანს,
როდესაც იღვიძებს და გვერდით არ ვხვდები, ამას ყოველთვის სხვადასხვა საბაბით ჩხუბამდე მივყავართ:
ჩვეულებრივ, ცარიელი ოთახის ალტერნატიული დანიშნულების თაობაზე, ან ვისზე ვფიქრობდი, იქ
მარტო რომ ვიწექი. ზოგჯერ საშინელი სურვილი მიჩნდება, დავიყვირო: უბრალოდ, გამიშვი, გამიშვი,
მომეცი საშუალება, ვისუნთქო.
მოკლედ, ვერ ვიძინებ და გაბრაზებული ვარ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უკვე რაღაცაზე ვჩხუბობთ,
თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ჩემს წარმოსახვაშია.

თავში ფიქრები მიტრიალებს და მიტრიალებს და მიტრიალებს.

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიხრჩობი.

როდის გახდა ეს სახლი ასეთი პატარა, როდის გახდა ჩემი ცხოვრება ასეთი მოსაწყენი? ნუთუ ეს არის ის,
რაც მინდოდა? არც კი მახსოვს. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ თავს უკეთესად
ვგრძნობდი. ახლა კი არც ლაპარაკი შემიძლია, არც ძილი, არც ხატვა და გაქცევის აუცილებლობა თანდათან
უფრო მერევა. ღამით, როცა უძილოდ ვწევარ, ჩუმი, მაგრამ უსასრულო და დაუძლეველი ჩურჩული მესმის,
რომელიც მეუბნება: „შეუმჩნევლად გაიპარე“. როდესაც თვალებს ვხუჭავ, გონება სავსე მაქვს წარსულისა და
მომავლის სახეებით, იმით, რაზედაც ვოცნებობდი, მინდოდა, რაც მქონდა და ვერ შევინარჩუნე. თავს
მშვიდად ვერ ვგრძნობ, რადგან საითაც უნდა წავიდე, ჩიხში ვხვდები: დაკეტილი გალერეა, სახლები ამ
ქუჩაზე, პილატესის კურსების მოსაწყენი ქალების დაჟინებული ყურადღება, რომელიც თითქოს მახრჩობს;
რკინიგზის ლიანდაგი ბაღის ბოლოს თავისი მატარებლებით, რომლებსაც ვიღაც სხვა სადღაც სხვაგან
მიჰყავს და ისევ და ისევ და ისევ, დღეში ასჯერ, მახსენებს, რომ მე ადგილზე ვრჩები.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვგიჟდები.

და მაინც, რამდენიმე თვის წინ თავს უკეთესად ვგრძნობდი, სულ უფრო უკეთესად, მშვენივრად ვიყავი,
მეძინა, ღამის კოშმარების მოლოდინში არ ვიყავი, სუნთქვა შემეძლო. გაქცევა მაშინაც კი მინდოდა, მაგრამ
ხანდახან და არა - ყოველდღე.

ქამალთან ლაპარაკი დამეხმარა. ამის უარყოფა არ შემიძლია. მომწონდა ლაპარაკიც და ისიც. უფრო
ბედნიერი გამხადა, ახლა კი ყველაფერი დაუმთავრებელი ჩანს. ჩემი ბრალია. ბავშვივით სულელურად
მოვიქეცი, იმიტომ, რომ არ მომწონდა, უარყოფილად რომ ვგრძნობდი თავს. უნდა ვისწავლო, წაგებას
როგორ შევურიგდე. ახლა თავს უხერხულად ვგრძნობ, მრცხვენია. ამის გაფიქრებაზე სახეზე ალმური
მედება. არ მინდა, ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დარჩეს. მინდა ისევ მნახოს, უკეთესი მნახოს. ისეთი განცდა
მაქვს, მასთან რომ მივიდე, დამეხმარება. ის ხომ ასეთია.

ისტორიის ბოლოში გასვლა მჭირდება, ბოლომდე უნდა მივიდე,უნდა დავამთავრო. მინდა ვინმეს ვუთხრა,
მხოლოდ ერთხელ. უბრალოდ, სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვა. ყველაფერ ამას თუ არ ამოვიღებ, შიგნიდან
შემჭამს.

სიცარიელე ჩემში, ის, რაც ამ სიტყვების უთქმელობამ დამიტოვა, თანდათან უფრო გაიზრდება, სანამ არ
გამანადგურებს.

სიამაყე და სირცხვილი უნდა დავძლიო და მასთან წავიდე.

იძულებული გახდება, მომისმინოს. მე ვაიძულებ.


საღამო

სკოტი ფიქრობს, რომ ტარასთან ერთად კინოში ვარ. ქამალის სახლის წინ თხუთმეტი წუთი ვიდექი. თავს
ფსიქოლოგიურად ვამზადებდი, რომ კარზე დამეკაკუნებინა. ბოლო შეხვედრის შემდეგ როგორ შემხედავს?
ძალიან მეშინია. უნდა დავანახვო, რომ ვნანობ. შესაბამისად ჩავიცვი: უბრალოდ, სადად: ჯინსები და
მაისური. მაკიაჟი თითქმის არ გამიკეთებია. მის ცდუნებას არ ვაპირებ, ეს უნდა დაინახოს.

გული მიჩქარდება, როდესაც კიბეზე ავდივარ და ზარის ღილაკს თითს ვაჭერ. არავინ აღებს. შუქი ანთია,
მაგრამ კარს არავინ აღებს. იქნებ დამინახა, გარედან რომ ვუთვალთვალებდი, იქნებ ზევით არის და იმედი
აქვს, რომ, თუ კარს არ გამიღებს, წავალ. არ წავალ. მან ხომ არ იცის, როგორი შეუპოვარი შემიძლია ვიყო.
თუ რაიმეს გადავწყვეტ, ის ძალა ვხდები, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ.

ისევ ვრეკავ, მერე ისევ და ისევ; ბოლოს კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის და კარი იღება. სპორტული შარვალი
და თეთრი მაისური აცვია. ფეხშიშველია, თმა სველი აქვს, სახე კი - აწითლებული.

- მეგან, - ამბობს გაკვირვებული, მაგრამ გაბრაზებული არა. კარგი დასაწყისია, - კარგად ხარ? ყველაფერი
კარგად არის?

- მაპატიე, - ვამბობ და ნაბიჯს უკან დგამს, რომ შიგნით შემიშვას. მადლიერების გრძნობა მეუფლება, რაც
თითქმის ისეთივე ძლიერია, როგორიც სიყვარული.

სამზარეულოსკენ მივყავარ. იქ საშინელი არეულობაა. გასარეცხი ჭურჭელი სამზარეულოს დახლზე და


ნიჟარაშია დახვავებული. ცარიელი მუყაოს ყუთები ნაგვის ვედროდან გადმოყრაზეა. ნეტავ თვითონაც
დეპრესია ხომ არა აქვს? კარში ვდგავარ, ის კი მოპირდაპირე მხარეს სამზარეულოს დახლს ეყრდნობა.
ხელები მკერდთან აქვს გადაჭდობილი.

- რით შემიძლია დაგეხმარო? - მეკითხება. სახეზე სრულიად ნეიტრალური გამომეტყველება აქვს.


ფსიქოთერაპევტის სახე. სურვილი მიჩნდება, შევუღიტინო, იქნებ გავაცინო.

- მინდოდა, მეთქვა, - ვიწყებ და ვჩერდები, რადგან პირდაპირ სათქმელზე გადასვლა არ შემიძლია,


შესავალი მჭირდება. ამიტომ ტაქტიკას ვცვლი.

- მინდა ბოდიში მოგიხადო იმისათვის, რაც წინა შეხვედრისას მოხდა.


- ამას მნიშვნელობა არა აქვს, - ვეუბნები და ხელს ვაქნევ, - მაგრამ, არა. ჩრდილოეთ ნორფოლკში
ყოფილხარ? ეს ადრიატიკა არ არის. იქ ზღვა მუდამ მღელვარე და სასტიკად ნაცრისფერია.

ხელებს ზევით სწევს და იღიმება.

- კარგი.

თავს უცებ უკეთესად ვგრძნობ. კისერსა და მხრებში დაძაბულობამ გამიარა. კიდევ ერთ ყლუპ ღვინოს
ვსვამ. ახლა უკვე ისეთი მწარე აღარ მეჩვენება.
- მაკთან ბედნიერი ვიყავი. ვიცი, ეს არც ის ადგილი და არც ის ცხოვრება იყო, რომელიც უნდა
მომწონებოდა, მაგრამ ბენის სიკვდილის და ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მერე მოხდა, მართლა ბედნიერი
ვიყავი. მაკმა გადამარჩინა. მიმიღო, შემიყვარა. მასთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი და არც მოსაწყენი
იყო. გულახდილად რომ ვთქვა, უამრავ ნარკოტიკს ვიღებდით და ასეთ მდგომარეობაში მოსაწყენი ვერ
იქნებოდა. ბედნიერი ვიყავი, ნამდვილად ბედნიერი, - ქამალი თავს მიქნევს.

- გასაგებია, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ბედნიერება იყო, ის
ბედნიერება, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და საყრდენად გამოგადგეს.

ვიცინი.

- ჩვიდმეტი წლის ვიყავი და ვცხოვრობდი კაცთან, რომელიც მაღელვებდა, რომელიც მაღმერთებდა.


გაქცეული ვიყავი მშობლებისგან და სახლიდან, რომელშიც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემს
დაღუპულ ძმას მაგონებდა. ამის არც სამუდამოდ გაგრძელება მადარდებდა და არც საყრდენზე
ვფიქრობდი. მაშინ ასე მჭირდებოდა.

- მოკლედ, მერე რა მოხდა?

მეჩვენება თითქოს ოთახში სიბნელე ისადგურებს. აი, მოვედით იმასთან, რაც არასოდეს არავისთვის
მითქვამს.

- დავორსულდი.

თავს მიქნევს და ელოდება, რომ გავაგრძელებ. ჩემს ერთ ნაწილს უნდა, რომ ქამალმა შემაწყვეტინოს, მეტი
კითხვა დამისვას, მაგრამ ის უბრალოდ მელოდება და სიბნელე მატულობს.

- როდესაც მივხვდი, ბავშვის, გოგონას, მოშორება უკვე ძალიან გვიან იყო, მე კი ეს უნდა გამეკეთებინა,
ასეთი სულელი და უყურადღებო რომ არ ვყოფილიყავი. სიმართლე ის არის, რომ ეს ბავშვი არც ერთს არ
გვინდოდა.

ქამალი ფეხზე დგება, სამზარეულოში გადის და ქაღალდის ხელსახოცების რულონით ხელში ბრუნდება.
მაწვდის, რომ თვალები მოვიწმინდო, და ჯდება. სანამ გაგრძელებას შევძლებ, კარგა ხანი გადის. ქამალი
ზის, ზუსტად ისე, როგორც სეანსების დროს იჯდა ხოლმე. პირდაპირ თვალებში მიყურებს, ხელები
მუხლებზე უწყვია, მომთმენი და უძრავი. ასეთ სიმშვიდესა და პასიურობას, ალბათ, წარმოუდგენელი
თვითკონტროლი სჭირდება. ეს კი როგორი დამღლელია. ფიტავს ადამიანს.

ფეხები მიკანკალებს, მუხლები კი ისე მიხტის, როგორც ძაფებზე დამაგრებულ თოჯინას. ეს რომ შევაჩერო,
ფეხზე ვდგები, სამზარეულოს კარამდე მივდივარ და უკან ვბრუნდები, თან ხელებს ვისრეს.

- ორივე ისეთი სულელები ვიყავით, ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა, უბრალოდ, ვცხოვრობდით.


ექიმთან არ წავსულვარ. სწორად არ ვიკვებებოდი და არც დამატებით ვიღებდი რაიმეს. მოკლედ, არაფერს
ვაკეთებდი, რაც უნდა მეკეთებინა. უბრალოდ, ცხოვრებას განვაგრძობდით. იმასაც კი ვერ
ვაცნობიერებდით, რომ რაღაც შეიცვალა. გავსუქდი, უფრო ნელი გავხდი და ადვილად ვიღლებოდი. ორივე
უფრო ადვილად ვღიზიანდებოდით და ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ მის მოსვლამდე რეალურად
არაფერი შეცვლილა.
დროს მაძლევს, რომ ვიტირო. სანამ ამას ვაკეთებ, ის ჩემთან ყველაზე ახლო სკამთან მოდის და გვერდით
მიჯდება, ისე, რომ მისი მუხლები ჩემს თეძოებს თითქმის ეხება. წინ იხრება, არ მეხება, მაგრამ ჩვენი
სხეულები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. მის სურნელს ვგრძნობ, ჭუჭყიანი ოთახისათვის ზედმეტად
სუფთას, მძაფრსა და მკაცრს.

ჩემი ხმა უკვე ჩურჩულს მიუახლოვდა. ვგრძნობ, რომ ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა არასწორია, - ბავშვი
სახლში გავაჩინე, - ვაგრძელებ მე, - ეს სისულელე იყო, მაგრამ იმ დროისათვის ჰოსპიტლებზე ის
წარმოდგენა მქონდა, რომელიც ჩემი იქ უკანასკნელად ყოფნის დროს მივიღე, როდესაც ბენი მოკლეს.
გარდა ამისა, არანაირი გამოკვლევები არ მქონია ჩატარებული. ვეწეოდი, ცოტას ვსვამდი და არანაირი
ჭკუის დარიგების ატანა არ შემეძლო, საერთოდ არ შემეძლო. ვფიქრობ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით,
რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა, რომ რეალური იყო.

მაკს მეგობარი ჰყავდა, რომელიც მედდად მუშაობდა, კურსები ჰქონდა დამთავრებული, სამედიცინო დის
თუ რაღაც მსგავსის. ის მოვიდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოკლედ, არც ისე მძიმე იყო. იმის თქმა
მინდა, რომ საშინელება იყო, რა თქმა უნდა, მტკივნეული და საშიში, მაგრამ... მერე უცებ ის გაჩნდა. ძალიან
პატარა იყო. ახლა არც კი მახსოვს ზუსტად, რამდენს იწონიდა, საშინელებაა, არა?

ქამალს არაფერი უთქვამს, არც განძრეულა.

- მშვენიერი იყო, მუქი თვალები და ქერა თმა ჰქონდა. ბევრს არ ტიროდა, კარგად ეძინა, სულ თავიდანვე.
ძალიან კარგი იყო, კარგი გოგონა იყო, - აქ ცოტა ხანს შესვენება დამჭირდა, - ველოდებოდი, რომ
ყველაფერი ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

ისევ ძალიან ბნელა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ზევით ვიყურები და ქამალს ვხედავ, თვალებში
მიყურებს, კეთილგანწყობილია. მისმენს, უნდა, რომ ყველაფერი ვუამბო. პირი მიშრება, კიდევ ერთ ყლუპ
ღვინოს ვსვამ. ყლაპვა ტკივილს მაყენებს.

- ელისაბედი, ლიბი დავარქვით. ისეთი უცნაური გრძნობაა მისი სახელის ხმამაღლა გამოთქმა ამდენი წლის
შემდეგ, ლიბი, - ვამბობ კიდევ ერთხელ და ეს შეგრძნება სიამოვნებას მანიჭებს. კიდევ და კიდევ მინდა ამ
სახელის თქმა. ქამალი, ბოლოს და ბოლოს, ხელს მიწვდის და ჩემს ხელს იღებს, ცერს მაჯაზე მადებს,
პულსზე.

- ერთხელ ვიჩხუბეთ, მაკმა და მე. არ მახსოვს, რის გამო. იმ დროს უკვე ხშირად ვჩხუბობდით. პატარა
კამათი დიდ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე, ფიზიკურად ერთმანეთს არ ვეხებოდით, არაფერი მსგავსი,
მაგრამ მაგრად ვყვიროდით და ხან მე ვიმუქრებოდი, რომ წავალ, ხან ის პირდაპირ მიდიოდა და რამდენიმე
დღე აღარ ჩანდა.

მისი დაბადების შემდეგ ეს პირველად მოხდა, საერთოდ პირველად მოხდა, რომ წავიდა და აღარ
დაბრუნდა, მიმატოვა. ბავშვი ამ დროს სულ რამდენიმე თვის იყო. სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა.
სამზარეულოში დადგმულ ვედროებში წყლის წვეთების ხმა კარგად მახსოვს. საშინლად ციოდა, ქარი
უბერავდა და ზღვა ღელავდა; რამდენიმე დღე წვიმდა. სასტუმრო ოთახში ცეცხლი დავანთე, მაგრამ სულ
ქრებოდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, გასათბობად ცოტას ვსვამდი, მაგრამ არ მშველოდა და გადავწყვიტე,
აბაზანაში ჩავწოლილიყავი, ლიბიც თან მყავდა, მკერდზე დავიწვინე, თავი ჩემი ნიკაპის ქვეშ ედო...

ოთახში კიდევ უფრო ბნელდება, თითქოს ისევ იმ აბაზანაში ვწევარ, ბავშვის სხეული ზედ მაწევს, ზუსტად
ჩემს თავს უკან სანთელი ციმციმებს, მესმის, როგორ იღვენთება, ცვილის სუნი მომდის და კისრისა და
მხრების გარშემო სიცივეს ვგრძნობ. ჩემი სხეული დამძიმებულია და სითბოში ჩაძირული. დაქანცული ვარ.
მერე უცებ სანთელი ქრება და სიცივეს ვგრძნობ, ნამდვილ სიცივეს. კბილს კბილზე ვარტყამ, მთელი
სხეულით ვძაგძაგებ. ისეთი გრძნობაა, თითქოს სახლიც ირყევა. ქარი ზუზუნებს და სახურავიდან შიფერს
გლეჯს.

- დამეძინა, - ვთქვი და მეტს ვეღარ ვამბობ, იმიტომ, რომ მას ისევ ვგრძნობ, ოღონდ ჩემს მკერდზე - არა.
მისი სხეული ჩემს მკლავსა და აბაზანის ნაპირს შორისაა, სახით წყალში. ორივეს ძალიან გვციოდა.
რამდენიმე წუთი ორივე გაშეშებულები ვართ. მის შეხედვას ვერ ავიტან, მაგრამ, როცა თავს მაინც ზევით
ვწევ, უკან არ იხევს. არაფერს ამბობს, მკლავს მხრებზე მხვევს და თავისკენ მიზიდავს, ჩემი სახე მისი
მკერდის სიმაღლეზეა. მის სურნელს ვისუნთქავ და ველოდები, რომ თავს უკეთესად ვიგრძნობ, უფრო
მსუბუქად. სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, უკეთესად ვიქნები თუ უარესად. მთავარია,
არსებობს კიდევ ერთი სულიერი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის. ვმშვიდდები. მისი რეაქციით ვხვდები,
რომ სწორად მოვიქეცი, რომ მოვუყევი. არ მიბრაზდება, მონსტრად არ მთვლის. აქ უსაფრთხოდ ვარ, მასთან
ერთად სრულიად უსაფრთხოდ ვარ.

არ ვიცი, რამდენი ხანი ვარ ასე, მის მკლავებში, მაგრამ, როდესაც აზრზე მოვდივარ, ჩემი ტელეფონი რეკავს.
არ ვპასუხობ, მაგრამ ცოტა ხანში სიგნალს მაძლევს, რომ მესიჯი მივიღე. სკოტისგან არის: „სად ხარ?“
რამდენიმე წამის შემდეგ ტელეფონი ისევ რეკავს. ამჯერად, ტარაა. ქამალის მკლავებიდან თავს
ვითავისუფლებ და ვპასუხობ.

- მეგან, არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებ, მაგრამ სკოტს უნდა დაურეკო. აქ ოთხჯერ დარეკა, ვუთხარი, რომ
ეს წუთია, მაღაზიაში გახვედი ღვინის საყიდლად, მაგრამ არა მგონია, დაეჯერებინა. ამბობს, რომ მის
ზარებს არ პასუხობ, - ტარა გაღიზიანებული ჩანს. ვიცი, უნდა დავამშვიდო, მაგრამ ამის თავი არა მაქვს.

- კარგი, - ვეუბნები, - გმადლობ, ახლა დავურეკავ.

- მეგან, - განაგრძობს ის ლაპარაკს, მაგრამ სანამ შემდეგ სიტყვას იტყვის, ტელეფონს ვთიშავ.

- ათს გადასცდა. უკვე ორ საათზე მეტია, რაც აქ ვარ, - ტელეფონს ვთიშავ და ქამალისკენ ვბრუნდები, -
სახლში წასვლა არ მინდა, - ვეუბნები.

თავს მიქნევს, მაგრამ დარჩენას არ მთავაზობს, ამის ნაცვლად მეუბნება:

- თუ გინდა, შეგიძლია სხვა დროს კიდევ მოხვიდე.

ნაბიჯს მისკენ ვდგამ, ჩვენს სხეულებს შორის მანძილს ვამცირებ, ფეხის წვერებზე ვიწევი და ტუჩებში
ვკოცნი. ის უკან არ იხევს.
რეიჩელი

შაბათი, 3 აგვისტო, 2013


დილა

წუხელ დამესიზმრა, რომ ტყეში მარტო ვსეირნობდი. შებინდებული იყო ან განთიადი, ზუსტად არ ვიცი.
ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ. მათ ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ იყვნენ და მეწეოდნენ. არ
მინდოდა, რომ მათ დავენახე. გაქცევა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, კიდურები დამძიმებული მქონდა.
დაყვირება ვცადე და ხმა არ ამომივიდა.

როდესაც ვიღვიძებ, ჟალუზების ფირფიტებს შორის შუქი შემოდის. წვიმამ საბოლოოდ გადაიღო, თავისი
საქმე უკვე გააკეთა. ოთახში თბილა; საშინელი სუნი დგას, მყრალი და მჟავე. გარედან მტვერსასრუტის
გუგუნისა და კრუსუნის ხმა მესმის. ქესი ალაგებს. დღეს სახლიდან გვიან წავა, მხოლოდ ამის შემდეგ
გავბედავ ოთახიდან გასვლას. არც კი ვიცი, რას გავაკეთებ. არა მგონია, გამოვკეთდე. ალბათ, კიდევ ერთი
დღე დალევა და, მერე პირდაპირ ხვალინდელ დღეში აღმოვჩნდები.

ტელეფონი მოკლე სიგნალს მაძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასატენია. ხელში ვიღებ, რომ დამტენში
ჩავრთო და ვხედავ, რომ გუშინ ღამე ორი ზარი მაქვს გამოტოვებული. ხმოვან ფოსტაში ვრეკავ. ერთი
ხმოვანი მესიჯი მაქვს მიღებული:

- რეიჩელ, ჰაი, დედა ვარ. მომისმინე, ხვალ, შაბათს, ლონდონში ჩამოვდივარ. რაღაცები მაქვს საყიდელი.
ყავის დასალევად ხომ ვერ შევხვდებოდით? ძვირფასო, რაც შეეხება შენს ჩამოსვლასა და დარჩენას. ვშიშობ,
ახლა შესაფერისი დრო არ არის. იცი... მოკლედ, ახალი მეგობარი მყავს და, ალბათ, გესმის, როგორ ხდება
ხოლმე ადრეულ სტადიაზე, - ხითხითებს, - ყველა შემთხვევაში, სიამოვნებით გასესხებ ფულს, რომ
რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი გაიტანო. ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი, ძვირფასო? კარგად.

ვაპირებ, ყველაფერი პირდაპირ გადმოვულაგო. ზუსტად ვუთხრა, როგორ ცუდად არის საქმე. ეს ის
საუბარი არ იქნება, რომლის დროსაც აბსოლუტურად ფხიზელი უნდა ვიყო. ლოგინიდან ძლივს ვდგები.
შემიძლია, ახლავე ჩავიდე მაღაზიაში და გასვლამდე ერთი-ორი ჭიქა ღვინო დავლიო, რომ მდგომარეობა
შევიმსუბუქო. ისევ ტელეფონზე ვიხედები. ორი გამოტოვებული ზარიდან მხოლოდ ერთია დედაჩემისგან,
მეორე სკოტისგან არის. ღამის პირველ საათზე. ისევ ვჯდები, ხელში ტელეფონი მიჭირავს და ვფიქრობ,
დავურეკო თუ არა. არა, ჯერ არა, ძალიან ადრეა. იქნებ უფრო გვიან? ერთი ჭიქის შემდეგ, ორის - არა.

ტელეფონს დამტენთან ვაერთებ, ფარდებს ვხსნი და ფანჯარას ვაღებ. მერე სააბაზანოში მივდივარ და ცივ
შხაპს ვიღებ. ტანს ვიხეხავ, თავს ვიბან და ვცდილობ, ჩავაყუჩო ხმა, რომელიც მეუბნება, რომ უცნაურია,
როდესაც ცოლის გვამის აღმოჩენის შემდეგ ორმოცდარვა საათიც არ გასულა, შენ კი შუაღამისას სხვა ქალს
ურეკავ.
საღამო
მიწა ჯერ არ გამშრალა, მაგრამ მზე სქელი თეთრი ღრუბლიდან მაინც იჭყიტება. ერთი პატარა ბოთლი
ღვინო ვიყიდე, მხოლოდ ერთი. დედასთან ერთად ლანჩი საერთოდ არამსმელი ადამიანის
ნებისყოფისთვისაც კი მძიმე გამოცდა იქნებოდა. თუმცა დედაჩემი დამპირდა, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე
300 გირვანქას ჩარიცხავს. ამიტომ მასთან შეხვედრა დროის უაზროდ ხარჯვა მაინც არ გამოვიდა.

არ მითქვამს, რამდენად ცუდად არის ყველაფერი. არც ის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, არ ვმუშაობ, ან რომ
სამსახურიდან გამომაგდეს (ჰგონია, მისი ფული დამატებითი თანხის ჩარიცხვამდე დამეხმარება). არც ის
მითქვამს, რომ ვლოთობ, მას კი არაფერი შეუმჩნევია. ქესიმ შეამჩნია. დღეს დილით ოთახიდან რომ
გამოვედი, შემხედა და თქვა: „ოჰ, ღმერთო ჩემო, უკვე?“ არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს, მაგრამ ყოველთვის
ამჩნევს. ნახევარი ჭიქა რომ დავლიო, ერთს შემომხედავს და უკვე ხვდება.

- თვალებზე გატყობ ხოლმე, - მეუბნება, მაგრამ მე თვითონ რომ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, ვერანაირ
განსხვავებას ვერ ვხედავ. მისი მოთმინება აშკარად ილევა - თანაგრძნობაც. უნდა შევწყვიტო, ოღონდ დღეს
არა. დღეს არ შემიძლია. დღეს ძალიან მძიმე დღეა.

ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, ამის მოლოდინი უნდა მქონოდა, მაგრამ რატომღაც არ მქონდა.
მატარებელში ჩავჯექი და ის ყველგან იყო, მისი სახე ყველა გაზეთიდან მიღიმოდა: ლამაზი, ქერათმიანი,
ბედნიერი მეგანი, რომელიც პირდაპირ კამერაში იყურება, პირდაპირ მე მიყურებს.

ვიღაცას „თაიმსი“ დარჩენია და მეგანის შესახებ რეპორტაჟს ვკითხულობ. პირის ამოცნობის შედეგი
ოფიციალურად გუშინ ღამე გამოცხადდა, გაკვეთის შედეგები კი - დღეს დილას. პოლიციის
წარმომადგენელი ამბობს, მეგან ჰიფველის სიკვდილის მიზეზის დადგენა გაძნელდება, რადგან ცხედარი
დიდხანს იყო გარეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში წყლით დაფარულიო. ამის გაფიქრებაც კი
საშინელებაა, როდესაც მისი ფოტო გიდევს წინ. როგორი იყო მაშინ და როგორია ახლა.

მოკლედ, წერენ ქამალზე, მის დაკავებასა და შემდეგ გათავისუფლებაზე. მერე მოჰყავთ ციტატა დეტექტივ-
ინსპექტორ გასკილის კომენტარიდან, სადაც ამბობს, რომ პოლიცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს,
რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ. გაზეთს ვკეცავ და ფეხებთან, იატაკზე ვდებ.
მისი ყურება აღარ შემიძლია. ფუჭი, ცარიელი სიტყვების კითხვაც აღარ მინდა.

თავს ფანჯარას ვაყრდნობ. მალე ნომერ ოცდასამს ჩავუვლით. ვიყურები, მაგრამ მხოლოდ წამით შემიძლია
მოვკრა თვალი, რადგან გზის ამ მხარეს ძალიან სწრაფად მივდივართ და რაიმეს კარგად დანახვა
შეუძლებელია. ისევ იმ დღეზე ვფიქრობ, ქამალი რომ დავინახე, იმაზე ვფიქრობ, როგორ კოცნიდა მეგანს,
როგორი გაბრაზებული ვიყავი და როგორ მინდოდა, პირისპირ შევხვედროდი. ნეტავ რა მოხდებოდა, ეს
რომ გამეკეთებინა? რა მოხდებოდა, მაშინ მის სახლთან რომ მივსულიყავი, კარზე დამეკაკუნებინა და
მეკითხა, რას ფიქრობდა იმაზე, რასაც აკეთებდა და რა ჯანდაბას აპირებდა? ახლა ისევ იქ, თავის ტერასაზე
იქნებოდა?

თვალებს ვხუჭავ. ნორთქოთში ვიღაც ამოდის და ჩემ გვერდით ჯდება. თვალებს არ ვახელ, რომ შევხედო,
ვინ არის, მაგრამ უცნაურად მეჩვენება, რადგან ვაგონი თითქმის ცარიელია. კეფაზე თმა ყალყზე მიდგება.
სიგარეტის ბოლთან ერთად გაპარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონის სუნსაც ვგრძნობ და ვხვდები, რომ ის
ადრეც მიგრძნია.

- სალამი.
გვერდზე ვიხედები და წითურთმიან მამაკაცს ვხედავ, იმას, რომელიც იმ შაბათ ღამეს სადგურში იყო.
მიღიმის და ხელს მიწვდის. ისეთი გაკვირვებული ვარ, რომ ხელს ვართმევ. მისი ხელი ძლიერი და უხეშია.
- გახსოვარ?

- დიახ, - ვამბობ და თან თავს ვაქნევ, - რამდენიმე კვირის წინ, სადგურში.

თავს მიქნევს და თან იღიმება.

- ცოტა გადაკრულში ვიყავი, - ამბობს და იცინის, - მგონი, შენც, არა, საყვარელო?

უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, ალბათ, ოცდაათ წლამდე. სასიამოვნო სახე აქვს, ლამაზი -
არა, უბრალოდ, სასიამოვნო, კეთილი და ფართო ღიმილით. აქცენტის მიხედვით, საკმაოდ დაბალი
ფენიდანაა ან აღმოსავლეთ ლონდონიდან, ან რაღაც ასეთი. ისე მიყურებს, თითქოს ჩემ შესახებ რაღაც იცის,
თითქოს მაღიზიანებს, თითქოს შელაზღანდარებული ვართ. ასე არ არის. თვალს ვარიდებ. რაღაც უნდა
ვთქვა, ვკითხო, გავიგო, რა დაინახა.

- კარგად ხარ?

- დიახ, მშვენივრად, - ისევ ფანჯარაში ვიწყებ ყურებას, მაგრამ ვგრძნობ, რომ მაკვირდება და უცნაური
სურვილი მიჩნდება, მივუტრიალდე, მისი ტანსაცმელსა და სუნთქვაში სიგარეტის სურნელი შევიგრძნო.
სიგარეტის ბოლის სუნი მომწონს. პირველად რომ შევხვდით, ტომიც ეწეოდა. ზოგჯერ მეც მოვწევდი
ხოლმე, როდესაც დასალევად ვიყავით სადმე და კიდევ, სექსის შემდეგ. ეს სურნელი ეროტიკულად
მეჩვენება; იმ დროს მახსენებს, როცა ბედნიერი ვიყავი. კბილებს ტუჩს მაგრად ვაჭერ. მაინტერესებს, როგორ
მოიქცევა, უცებ რომ შევტრიალდე მისკენ და ტუჩებში ვაკოცო. ვგრძნობ, როგორ მოძრაობს მისი სხეული.
წინ იხრება, თავს დაბლა ხრის და იატაკიდან გაზეთს იღებს.

- საშინელებაა, არა? საწყალი გოგო. უცნაურია, რომ იმ ღამეს ჩვენ იქ ვიყავით. ის ღამე არ იყო, როცა
დაიკარგა?

თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს, გასაოცარია. მისკენ ვბრუნდები, რომ კარგად შევხედო. მისი თვალების
გამომეტყველების დანახვა მინდა.

- უკაცრავად?

- იმ ღამეს, მატარებელში რომ შეგხვდი, ის ღამე იყო, ის გოგო რომ დაიკარგა, აი, ის, ახლა რომ იპოვეს.
ამბობენ, უკანასკნელად სადგურის შორიახლოს ნახესო. სულ ვფიქრობ და იცი, მგონია, რომ შეიძლება მეც
ვნახე, თუმცა ვერ ვიხსენებ. მაგარი მთვრალი ვიყავი, - მხრებს იჩეჩს, - შენც არაფერი გახსოვს, არა?

ამას რომ ამბობს, თავს უცნაურად ვგრძნობ, ასეთი გრძნობა ადრე არასოდეს მქონია. პასუხს ვერ ვცემ,
რადგან გონებით უკვე სულ სხვაგან ვარ და ეს მისი სიტყვებით არ არის გამოწვეული. მიზეზი მისი
ლოსიონია. სიგარეტის ბოლთან შერეული ეს სურნელი - სუფთა, ლიმონის არომატით - მოგონებას
აღვიძებს და მახსენდება, როგორ ვზივარ მატარებელში მის გვერდით, ზუსტად ისე, როგორც დღეს, მაგრამ
მაშინ საპირისპირო მიმართულებით მივდიოდით და ვიღაც ძალიან ხმამაღლა იცინოდა. ხელს მკლავზე
მკიდებს და მეკითხება, ხომ არ მინდა სადმე დასალევად წავიდეთ, მაგრამ უცებ რაღაც ხდება. შიშსა და
უხერხულობას ვგრძნობ. ვიღაც აპირებს დამარტყას. ჩემკენ მოქნეულ მუშტს ვხედავ, სწრაფად ვიხრები და
ხელებს თავზე ვიფარებ. მატარებელში აღარ ვარ. უკვე ქუჩაში ვარ. ისევ სიცილი თუ ყვირილი მესმის.
კიბეზე ვარ, მერე - ტროტუარზე, სირცხვილი მწვავს. გული აჩქარებით მიცემს. ამ კაცთან ახლოს ყოფნა არ
მინდა. უნდა გავეცალო.

ვდგები, ვეუბნებილ: „მაპატიეთ“, - ხმამაღლა ვეუბნები, ისე, რომ სხვებმაც გაიგონონ, თუმცა ვაგონში
თითქმის არავინაა. კაცი გაკვირვებული მიყურებს და მუხლებს ერთ მხარეს ატრიალებს, რომ გამატაროს.

- მაპატიე, საყვარელო! შენი განერვიულება არ მინდოდა.

რაც შემიძლია, სწრაფად მივდივარ, მაგრამ მატარებელი ირყევა და ზანზარებს და წონასწორობას თითქმის
ვკარგავ. ჩემ უკან სკამს ვეჭიდები, რომ არ დავვარდე. ხალხი მიყურებს. შემდეგი ვაგონისკენ მივიჩქარი,
მერე შემდეგისკენ და მივდივარ მანამ, სანამ მატარებლის ბოლოს არ მივაღწევ. ძლივს ვსუნთქავ და
შეშინებული ვარ. ამის ახსნა არ შემიძლია, არ მახსოვს, რა მოხდა, მაგრამ ვგრძნობ, შეშინებული და
აფორიაქებული ვარ. ვჯდები და იქით ვიყურები, საიდანაც მოვედი, რომ დავინახო, უკან ხომ არ გამომყვა.

ხელისგულებს თვალებზე ვიჭერ და კონცენტრირებას ვცდილობ. მინდა ყველაფერი უკან დავიბრუნო,


დავინახო ის, რასაც რამდენიმე წუთის წინ ვხედავდი. საკუთარ თავს ვწყევლი იმისათვის, რომ ვსვამ.
ფხიზელი გონება რომ მქონოდა... მაგრამ, აი, ისევ ბნელა და ვხედავ კაცს, რომელიც ჩემგან იქით მიდის, და
ქალს, რომელიც ასევე ჩემგან მიდის. ქალი, რომელიც ჩემგან მიდის? ქალს ცისფერი კაბა აცვია. ეს ანაა.
თავში სისხლი პულსირებს, გული მისკდება. არ ვიცი, ყველაფერი, რასაც ვხედავ და ვგრძნობ,
სინამდვილეში ხდება თუ არა. წარმოსახვაა თუ მოგონება. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ, ისევ
ვიგრძნო, ისევ დავინახო, მაგრამ არა, ყველაფერი ისევ დაიკარგა.
ანა

შაბათი, 3 აგვისტო, 2013

საღამო

ტომი თავის ჯარის დროინდელ მეგობრებთან ერთად დასალევად მიდის, ივი კი წევს და თვლემს.
სამზარეულოში ვზივარ. სიცხის მიუხედავად, კარი და ფანჯრები დაკეტილია. წინა კვირის გადაუღებელი
წვიმა, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდა. ახლა შემაწუხებელი დახუთულობაა.

მოწყენილი ვარ. ვერ მოვიფიქრე, რა გავაკეთო. ვიფიქრე, იქნებ საყიდლებზე წავსულიყავი და ჩემი
ფულიდან ცოტა დამეხარჯა, მაგრამ ივისთან ერთად ეს უიმედოა. ის ღიზიანდება, მე კი ვიძაბები. მოკლედ,
სახლში უაზროდ დავბორიალებ. არც ტელევიზორის ყურება შემიძლია და არც გაზეთებში ჩახედვა. ამის
შესახებ წაკითხვა არ მინდა, მეგანის სახის დანახვა არ მინდა, ამაზე ფიქრი არ მინდა, მაგრამ როგორ გინდა,
ეს გააკეთო, როდესაც აქვე ვარ, სულ ოთხი სახლის მოშორებით?

ვიღაც-ვიღაცებს ჩამოვურეკე, იქნებ ვინმესთან შევთანხმებულიყავი, რომ ბავშვები სათამაშო მოედანზე


ერთად წაგვეყვანა, მაგრამ ყველას სხვა რაღაც აქვს დაგეგმილი. ჩემს დასაც კი დავურეკე, მაგრამ მას ერთი
კვირით ადრე მაინც უნდა შეუთანხმდე. მეუბნება, რომ ძალიან დაკავებულია და ივისთან ვერ დაჯდება.
საშინელი შურის შემოტევა მქონდა. ძალიან მომენატრა შაბათ დღეს გაზეთით ხელში ტახტზე წამოწოლა და
კლუბში გატარებული წინა საღამოს გახსენება. სისულელეა, რა თქმა უნდა. ის, რაც ახლა მაქვს, მილიონჯერ
უკეთესია. და ამის შესანარჩუნებლად რაღაცებზე უარი ვთქვი. უბრალოდ, ახლა ამის დაცვა მჭირდება.

ამიტომ ახლა აქ, ჩემს დახუთულ სახლში ვზივარ და ვცდილობ, მეგანზე არ ვიფიქრო. ვცდილობ, მასზე არ
ვიფიქრო და ყოველ ხმაურზე წამოვხტები ხოლმე, ვკრთები, როდესაც ფანჯარას რაიმე ჩრდილი
გადაუვლის, აუტანელია.

არაფრით არ შემიძლია, არ ვიფიქრო იმაზე, რომ მეგანის დაკარგვის ღამეს რეიჩელი აქ იყო, ახლომახლო
დახეტიალებდა, უაზროდ მთვრალი და მერე მეგანი გაქრა. ტომი რეიჩელს დიდხანს ეძებდა, მაგრამ ვერ
იპოვა. ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში. რეიჩელსა და მეგან ჰიფველს შორის
არანაირი კავშირი არ არის. მას შემდეგ, რაც რეიჩელი ჰიფველების სახლიდან გამოსული დავინახეთ,
პოლიციის ოფიცერს, დეტექტივ-სერჟანტ რაილის ველაპარაკე ამის შესახებ და მან თქვა, რომ სანერვიულო
არაფერია.

- ის, უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანია, მარტოხელა, ცოტა თავზე ხელაღებული, ძალიან უნდა,
რაღაცაში იყოს ჩართული.

ალბათ, ის მართალია, მაგრამ მერე ვფიქრობ, როგორ მოვიდა ჩვენთან და ჩემი ბავშვი აიყვანა; მახსენდება,
რა შიში ვჭამე, ის და ივი ქვევით, ღობესთან რომ დავინახე. მერე ვფიქრობ იმ საშინელ, სისხლის გამყინავ
ღიმილზე, მის სახეზე რომ დავინახე, ჰიფველების სახლის კართან რომ იდგა. დეტექტივ-სერჟანტმა რაილიმ
არც კი იცის, როგორი საშიში შეიძლება იყოს რეიჩელი.

რეიჩელი

კვირა, 4 აგვისტო, 2013

დილა
წუხელ სხვანაირი კოშმარი მესიზმრა. მასში რაღაც ცუდი მე თვითონ გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი - რა.
მხოლოდ ის ვიცი, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ერთადერთი, რაშიც ახლა დარწმუნებული ვარ, ის
არის, რომ ტომს ვეზიზღები, აღარასოდეს დამელაპარაკება. ყველას, ვისაც ვიცნობ, უთხრა, რომ რაღაც
საშინელება ჩავიდინე და ყველამ ზურგი შემაქცია: ძველმა კოლეგებმა, მეგობრებმა, დედაჩემმაც კი. ახლა
ყველა ზიზღითა და სიძულვილით მიყურებს და არავინ მისმენს, არავინ მაძლევს საშუალებას, ავუხსნა,
როგორ ვწუხვარ. როგორ ცუდად, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ, რა ჩავიდინე.
ვიღვიძებ და ვიცი, რომ სიზმარი ძველი მოგონებიდან მოდის, ძალიან დიდი ხნის წინ ჩადენილი ცუდი
საქციელიდან და ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა საქციელი იყო ეს.

გუშინ მატარებლიდან რომ ჩამოვედი, ეშბერის სადგურის წინ მთელი თხუთმეტი ან ოცი წუთი დავდიოდი.
მინდოდა, მენახა, ისიც ჩამოვიდა ჩემთან ერთად თუ არა, წითურთმიანი კაცი, მაგრამ არსად ჩანდა.
ვიფიქრე, ალბათ, გამომრჩა, ალბათ, ახლა ისიც სადღაც ახლოს არის და ელოდება, სახლისკენ როდის
წავალ, რომ უკან გამომყვეს-მეთქი. ვიფიქრე, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა რომ სახლში გავრბოდე და იქ
ტომი მელოდებოდეს. ნეტავ მყავდეს ვინმე, ვინც მელოდება.

სახლში მაღაზიის გავლით წავედი და რომ მივედი, იქ არავინ დამხვდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ქესი
ეს-ესაა წავიდა და ავცდი, მაგრამ სამზარეულოს დახლზე წერილი დამხვდა, რომელშიც ქესი
მატყობინებდა, რომ დემიენთან ერთად „ჰენლიში“ წავიდა ლანჩზე და რომ სახლში კვირა ღამემდე არ
დაბრუნდება. მოუსვენრობა და შიში ვიგრძენი, ოთახიდან ოთახში დავდიოდი, რაღაცებს ვკრებდი, მერე
ისევ ვდებდი. ბინაში ვიღაცის ყოფნას ვგრძნობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მე ვიყავი.

და მაინც სიჩუმე, რომელიც ყურებში ხმაურობდა, ვიღაცების ხმებად მეჩვენებოდა. ამიტომ ერთი ჭიქა
ღვინო დავისხი, მერე - კიდევ ერთი და მერე სკოტს დავურეკე. ტელეფონში პირდაპირ ხმოვანი ფოსტა
ჩაირთო: მისი ეს მესიჯი სხვა ცხოვრებიდან იყო. ხმა საქმიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს
ეკუთვნოდა, რომელსაც სახლში ლამაზი ცოლი ჰყავს. რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრეკე,
ტელეფონი აიღეს, მაგრამ არავინ მიპასუხა.

- ალო?

- ვინ არის?

- რეიჩელი ვარ, რეიჩელ უოთსონი.

- ოჰ, - უკან ხმაური ისმოდა, ხმები, ვიღაც ქალი, ალბათ, დედამისი.


- შენ... შენი ზარი გამოვტოვე, - ვუთხარი მე.

- არა... არა... მე დაგირეკე? ოჰ, ალბათ, შეცდომით, - დაბნეული ჩანდა, - არა, ეგ დადე, - თქვა მან და
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს ჩემთვის არ უთქვამს.

- ძალიან ვწუხვარ, - ვუთხარი მე.

- დიახ, - მისი ხმა უემოციო და მშვიდი იყო.

- ძალიან ვწუხვარ.
- გმადლობ.

- ჩემთან... ჩემთან ლაპარაკი ხომ არ გჭირდება?

- არა, ალბათ, შეცდომით დაგირეკე, - ამჯერად უფრო დაბეჯითებით თქვა მან.

- ოჰ, - მივხვდი, რომ საუბრის დამთავრება ძალიან ეჩქარებოდა. ვიცოდი, რომ თავი უნდა დამენებებინა,
თავის ოჯახთან ყოფნისა და გლოვის საშუალება მიმეცა. ვიცოდი, რომ ასე უნდა მექნა, მაგრამ ვერ ვქენი.

- ანას იცნობ? - ვკითხე, - ანა უოთსონს?

- ვის? შენი ყოფილის ახალ ცოლს გულისხმობ?

- ჰო.

- არა, მინდა ვთქვა, კარგად - არა. მეგანი... მეგანი იცნობდა, ბავშვის ძიძად მუშაობდა მასთან, შარშან. რატომ
მეკითხები?

არ ვიცი, რატომ ვკითხე. არ ვიცი.

- შეიძლება შევხვდეთ? შენთან რაღაც მაქვს სალაპარაკო.

- რა თემაზე? - გაღიზიანებული ჩანდა, - ახლა ნამდვილად არ არის მაგის დრო.

მისი სარკაზმი ნესტარივით ჩამესო, უკვე გათიშვას ვაპირებდი, როდესაც მითხრა:

- ჩემი სახლი ხალხით არის სავსე. ხვალ? ხვალ რომ მოხვიდე ჩემს სახლთან?

საღამო

გაპარსვისას ლოყა გაიჭრა. ლოყაზეც და საყელოზეც სისხლი აქვს. მისი თმა სველია და საპნისა და
ლოსიონის სურნელი ასდის. თავს მიკრავს და გვერდზე გადის, თან ხელით მანიშნებს, რომ შევიდე, მაგრამ
არაფერს ამბობს. სახლი ჩაბნელებული და დახუთულია. სასტუმრო ოთახში ფანჯრებზეც და ფრანგულ
კარზეც, რომელიც ბაღში გადის, ფარდებია ჩამოფარებული. სამზარეულოს დახლზე პლასტმასის
კონტეინერები აწყვია.

- ყველას საჭმელი მოაქვს, - მეუბნება სკოტი და სკამზე მითითებს, რომ დავჯდე, თვითონ კი ფეხზე დგას,
მკლავები სხეულის გასწვრივ უღონოდ აქვს ჩამოშვებული.

- რაღაცის თქმა გინდოდა? - ისე იქცევა, როგორც ავტოპილოტზე მიშვებული, ჩემკენ საერთოდ არ იყურება.
განადგურებული ჩანს.
- მინდოდა, ანა უოთსონის შესახებ მეკითხა. იმის შესახებ... არ ვიცი. რა ურთიერთობა ჰქონდა მეგანთან?
მოსწონდათ ერთმანეთი?

შუბლს ჭმუხნის და ხელებს თავის წინ სკამის ზურგზე აწყობს.

- არა. იმის თქმა მინდოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი. ერთმანეთს
კარგად არც კი იცნობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

მხრებს კიდევ უფრო ქვევით უშვებს. გამოფიტული ჩანს.

- ამას რატომ მეკითხები?

ყველაფერი უნდა ვუთხრა.

- ანა დავინახე, მგონი, სადგურთან, მიწისქვეშა გასასვლელთან დავინახე. ეს იმ ღამეს იყო, მეგანი რომ
დაიკარგა.

თავს ოდნავ აქნევს, თითქოს ცდილობს, გააცნობიეროს, რაზე ველაპარაკები.

- მაპატიე? ის დაინახე. შენ იქ... შენ სად იყავი?

- აქ ვიყავი. ტომის... ტომის სანახავად მივდიოდი, ჩემი ყოფილი ქმრის, მაგრამ...

თვალებს მაგრად ხუჭავს, ხელს შუბლზე ისვამს.

- მოიცა... შენ აქ იყავი და ანა უოთსონი დაინახე? მერე, რა? ანა უოთსონი რომ აქ იქნებოდა, ვიცი. რამდენიმე
სახლის იქით ცხოვრობს. პოლიციას უთხრა, რომ დაახლოებით შვიდი საათისათვის სადგურისკენ
მიდიოდა, მაგრამ ვერ იხსენებს, რომ მეგანი დაინახა.

ხელებს სკამის ზურგს მაგრად უჭერს და ვხვდები, რომ მოთმინებას კარგავს.

- ზუსტად რისი თქმა გინდა?

- ნასვამი ვიყავი, - ვამბობ და სახეზე ასეთ სიტუაციებში ჩვეული ალმური მედება.

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა...

სკოტი ხელებს მაღლა სწევს.

- საკმარისია. ამის მოსმენა აღარ მინდა. შენს ყოფილ ქმართან, მის ახალ ცოლთან პრობლემები გაქვს, ეს
აშკარაა. ამას არანაირი კავშირი არა აქვს ჩემთან და არანაირი კავშირი არა აქვს მეგანთან, ასე არ არის?
ღმერთო, ნუთუ არ გრცხვენია? წარმოდგენა თუ გაქვს, რა გამოვიარე ამ ხნის განმავლობაში? იცი, რომ დღეს
დილით პოლიციაში დაკითხვაზე ვიყავი? - ისეთი ძალით ეხეთქება სკამზე, რომ მეშინია, არ გატყდეს.
ვცდილობ, რაც შემიძლია, გავმაგრდე, მტვრევის ხმისათვის ვემზადები.
- მოდიხარ აქ ამ სისულელით... ძალიან ვწუხვარ, რომ შენი ცხოვრება ასეთი უბედურებაა, მაგრამ,
დამიჯერე, ჩემსასთან შედარებით - პიკნიკია. ასე რომ, თუ წინააღმდეგი არ იქნები... - კარზე თავით
მანიშნებს.

ფეხზე ვდგები. თავს სულელურად ვგრძნობ, სასაცილოდ და ძალიან მრცხვენია.


- დახმარება მინდოდა. მინდოდა...

- არ შეგიძლია, გაიგე? შენ ვერ დამეხმარები. ვერავინ დამეხმარება. ჩემი ცოლი მკვდარია და პოლიცია
ფიქრობს, რომ მე მოვკალი, - ხმას უწევს, ლოყებზე წითელი ლაქები გამოსდის.

- ფიქრობენ, რომ მეგანი მე მოვკალი.

- და... ქამალ აბდიკი...

სკამი სამზარეულოს კედელს ისეთი ძალით ეხეთქება, რომ ერთი ფეხი სძვრება. შიშისგან გვერდზე ვხტები,
მაგრამ სკოტი არც კი ინძრევა. მუშტებად შეკრული ხელები წელზე უკანა მხრიდან უწყვია, კანქვეშ მის
ვენებს ვხედავ.

- ქამალ აბდიკი, - ამბობს ის და კბილებს აღრჭიალებს, - ეჭვმიტანილი აღარ არის, - მშვიდად ლაპარაკობს,
მაგრამ თავის შეკავება აშკარად დიდ ძალისხმევად უჯდება. ვგრძნობ, სიბრაზის ტალლღები როგორ
ვიბრირებს მასში. შემოსასვლელი კარისკენ მინდა წავიდე, მაგრამ გზას მიღობავს, ოთახში არსებულ მცირე
განათებასაც კი მიჩრდილავს.

- იცი, რას ამბობდა? - მეკითხება და სკამის ასაღებად უკან ბრუნდება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ
კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სინამდვილეში მე არ მელაპარაკება.

- ქამალი ათასნაირ ისტორიას ჰყვება. ამბობს, რომ მეგანი უბედური იყო, რომ ეჭვიანი ქმარი ვიყავი და
მუდმივად ვაკონტროლებდი, რომ... რა სიტყვა იხმარა? ჰო, რომ ემოციური მოძალადე ვიყავი, - ამ სიტყვებს
ისეთი სიძულვილით ამბობს, გეგონება, აფურთხებს, - ამბობს, რომ მეგანს ჩემი ეშინოდა.

- მაგრამ, ის ხომ...

- ამას მარტო ის არ ამბობს. მეგანის მეგობარი ტარა... ამბობს, რომ მეგანი ხანდახან სთხოვდა, ჩემგან
რაღაცების დამალვაში დახმარებოდა, რომ მოვეტყუებინე, სად იყო და რას აკეთებდა.

სკამის ისევ მაგიდასთან დადგმას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, ვარდება. ჰოლისკენ ვდგამ ნაბიჯს, ის კი
მიყურებს.

- მე დამნაშავე ვარ, - ამბობს, სახე ტანჯვისაგან დეფორმირებული აქვს, - ფაქტობრივად, ბრალდებული ვარ.

გატეხილ სკამს ფეხით გვერდზე აგდებს და დარჩენილი სამიდან ერთ-ერთზე ჯდება. მე ვყოყმანობ, არ
ვიცი, რა გავაკეთო, გავჩერდე თუ დავახვიო. ის ისევ იწყებს ლაპარაკს, ისე ჩუმად, რომ ძლივს მესმის:

- ტელეფონი ჯიბეში ჰქონდა, - ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.


- მასზე ჩემი ბოლო მესიჯია დარჩენილი. უკანასკნელი სიტყვები, რაც ვუთხარი, უკანასკნელი სიტყვები,
რაც ცხოვრებაში წაიკითხა, იყო: „ჯანდაბამდე გზა გქონია, შე მატყუარა ძუკნა“.

ნიკაპს მკერდს აყრდნობს, მხრები უკანკალებს. საკმაოდ ახლოს ვდგავარ, შემიძლია, შევეხო. ხელს ვწევ და
აკანკალებულ თითებს კეფაზე ვადებ. ის მოცილებას არ ცდილობს.

- ძალიან ვწუხვარ, - ვეუბნები და ეს მართლა ასეა. მართალია, ამ სიტყვების გაგონებამ, იმის წარმოდგენამ,
რომ მეგანთან ასე შეეძლო ლაპარაკი, თავზარი დამცა. ვიცი. როგორია, როდესაც ადამიანი გიყვარს და
სიბრაზის ან ტკივილისგან ყველაზე საშინელი რამეები შეგიძლია უთხრა.

- მესიჯი, - ვეუბნები, - საკმარისი არ არის, თუ სხვა არაფერი აქვთ.

- ჰო, თუმცა მათთვის საკმარისია, - მერე წელში სწორდება და ჩემს ხელს იცილებს. უკან ვბრუნდები,
მაგიდას გარშემო ვუვლი და მის პირდაპირ ვჯდები. არ მიყურებს, - მე მოტივი მაქვს. არ მოვიქეცი... მის
წასვლაზე სწორი რეაქცია არ მქონია. პანიკა ძალიან გვიან დამეწყო, დროზე არ დავურეკე, - მწარედ იცინის,
- ქამალ აბდიკის თქმით, ძალადობრივი ქცევის შემთხვევები გვქონდა, - სწორედ ამ დროს სწევს თავს და
მიყურებს, სწორედ ამ დროს მხედავს პირველად და თითქოს გონება უნათდება. იმედი ჩნდება.

- შენ... შენ შეგიძლია პოლიციას დაელაპარაკო. შეგიძლია უთხრა, რომ ეს ტყუილია, რომ ის ტყუის. ყოველ
შემთხვევაში, შეგიძლია ჩვენი ურთიერთობა სხვა მხრიდან დაანახვო. უთხრა, რომ მეგანი მიყვარდა, რომ
ჩვენ ბედნიერები ვიყავით.

ვიგრძენი, როგორ იზრდება პანიკა ჩემს მკერდში. სკოტს ჰგონია, რომ დახმარება შემიძლია. იმედს ჩემზე
ამყარებს, მე კი ერთადერთი, რაც შემიძლია შევთავაზო, ტყუილია, წყეული ტყუილი.

- არ დამიჯერებენ, - ძლივს გასაგონად ვეუბნები, - არ დამიჯერებენ, მე არასანდო მოწმე ვარ.

სიჩუმე ჩვენ შორის იზრდება და მთელ ოთახს ავსებს. ფრანგულ კარზე ბუზი ბრაზიანად ბზუის. სკოტი
ლოყიდან გამხმარ სისხლს იგლეჯს. ფრჩხილით კანის ფხეკის ხმა მესმის. ფეხების ფილებზე ფხაკუნით ვწევ
სკამს უკან, ის თავს ზევით სწევს და მიყურებს.

- შენ აქ იყავი? - ისე მეკითხება, თითქოს ინფორმაციამ, რომელიც თხუთმეტი წუთის წინ მივაწოდე,
მხოლოდ ახლა შეაღწია მის გონებაში.

- იმ ღამეს მეგანი რომ დაიკარგა, უითნიში იყავი?

ყურებში სისხლის პულსაციას ისე ვგრძნობ, რომ მისი ხმა თითქმის არ მესმის, თავს ვუქნევ.

- ეს პოლიციას რატომ არ უთხარი? - მეკითხება და ვხედავ, როგორ უკრთის კუნთი ყბაზე.

- ვუთხარი, ვუთხარი, მაგრამ მე არ... მე არაფერი დამინახავს, არაფერი მახსოვს.

ის ფეხზე დგება, ფრანგულ კართან მიდის, ფარდას ისევ აფარებს. მზის სხივი უცებ ქრება. სკოტი ჩემკენ
ზურგით დგას და მკლავები მკერდზე აქვს გადაჭდობილი.
- მთვრალი იყავი, - ისე თქვა, როგორც უდავო ფაქტი, - მაგრამ რამე ხომ უნდა გახსოვდეს? უნდა გახსოვდეს,
ამიტომ მოდიხარ აქ ისევ და ისევ, ასე არ არის? ამიტომ დამიკავშირდი, რაღაც იცი, - ამას ისე ამბობს,
როგორც ფაქტს, არა როგორც შეკითხვას, ბრალდებას ან ვარაუდს.

- მისი მანქანა დაინახე? გაიხსენე, ცისფერი „ვოქსჰოლ კორსა“, დაინახე?

თავს ვაქნევ და სასოწარკვეთილი ხელებს ზევით სწევს.

- პირდაპირ უარს ნუ ამბობ, იფიქრე, რა დაინახე? ანა უოთსონი დაინახე, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს, შენ
დაინახე... გაიხსენე, ვინ დაინახე?

მზის შუქზე თვალებს ვჭუტავ, მთელი ძალით ვცდილობ, ერთად შევაკოწიწო ის, რაც დავინახე, მაგრამ
არაფერი გამომდის. არაფერი რეალური, არაფერი, რაც დაგვეხმარება, არაფერი, რის თქმასაც შევძლებ. ვიცი,
რომ ჩხუბში ვმონაწილეობდი, ან შეიძლება ჩხუბის მოწმე ვიყავი. სადგურის კიბის საფეხურზე
წავიბორძიკე, ერთი კაცი, წითურთმიანი კაცი, ადგომაში დამეხმარა. ვფიქრობ, გულში ცუდი არაფერი ედო,
თუმცა ახლა მისი მეშინია. ვიცი, რომ თავზე ჭრილობა მქონდა, ტუჩზეც და სისხლჩაქცევები მკლავებზე.
მგონი, მიწისქვეშა გადასასვლელში ყოფნა მახსოვს, ბნელოდა, შეშინებული ვიყავი, დაბნეული, რაღაც
ხმები მესმოდა, გავიგონე, რომ ვიღაცა მეგანის სახელს იძახდა. არა, ეს სიზმარი იყო. არა, ეს სინამდვილეში
არ მომხდარა. სისხლი მახსოვს, სისხლი ჩემს თავზე, ხელებზე. მახსოვს ანა. ტომი არ მახსოვს. არც ქამალი ან
სკოტი, ან მეგანი.

ის დაკვირვებით მიყურებს, მელოდება, რომ რამეს ვიტყვი, იმედის ნამცეცს შევთავაზებ, მაგრამ რაც არა
მაქვს, რა შევთავაზო.
- იმ ღამეს... ეს საკვანძო დროა, - ისევ მაგიდასთან ჯდება, ჩემთან უფრო ახლოს და ფანჯრისკენ ზურგით,
შუბლი და ზედა ტუჩი ოფლისაგან უპრიალებს, ისე კანკალებს, თითქოს ციებ-ცხელება აქვს.

- ამ დროს მოხდა ყველაფერი, ისინი ფიქრობენ, რომ იმ ღამეს მოხდა, მაგრამ დარწმუნებულები ვერ
იქნებიან, - ჩუმდება და მერე ისევ აგრძელებს, - ცხედრის... მდგომარეობის გამო დარწმუნებულები არ
არიან, - ჰაერს ღრმად ისუნთქავს, - მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ იმ ღამეს, ან ცოტა ხნის შემდეგ, მოხდა
ყველაფერი.

ისევ ავტოპილოტზე გადადის, ოთახს ელაპარაკება, მე - არა. ვუსმენ, როგორ ეუბნება ოთახს, რომ
სიკვდილის მიზეზად თავის ტრავმა მიაჩნიათ, რომ მისი თავის ქალა რამდენიმე ადგილასაა ჩამტვრეული,
რომ სექსუალური ძალადობა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, დაბეჯითებით ამის თქმა არ შეუძლიათ,
ცხედრის მდგომარეობის გამო, სრულიად განადგურებულია.

როდესაც საკუთარ თავს უბრუნდება, მეც მიბრუნდება, მის თვალებში შიშსა და სასოწარკვეთილებას
ვხედავ.

- რაიმე მაინც თუ გახსოვს? - მეკითხება, - უნდა დამეხმარო, ძალიან გთხოვ, შეეცადე გაიხსენო, რეიჩელ.

მისი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონებაზე მუცელში რაღაც მიტრიალებს და თავს უბედურად
ვგრძნობ.

მატარებლით შინ რომ ვბრუნდები, მის ნათქვამზე ვფიქრობ და მაინტერესებს, მართლა ასეა თუ არა. ნუთუ
მიზეზი, რომლის გამოც ამ ისტორიისგან ვერ ვთავისუფლდები, ჩემს თავშია ჩაკეტილი? ნუთუ მართლა
ვიცი რაღაც, რის გამხელასაც თავგანწირულად ვცდილობ. ვიცი, რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ,
რაღაცას, რასაც სახელს ვერ ვარქმევ და რასაც არ უნდა ვგრძნობდე, მაგრამ იქნებ სულ ეს არ არის, იქნებ
ჩემს გონებაში მართლა იმალება რაღაც. მაშინ იქნებ ვინმე დამეხმაროს გახსენებაში. მაგალითად,
ფსიქიატრი ან ფსიქოთერაპევტი. ვიღაც, ქამალ აბდიკის მსგავსი.

სამშაბათი, 6 აგვისტო, 2013

დილა

თითქმის არ მიძინია. მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი, გონებაში ისევ და ისევ ვატრიალებდი. ნუთუ
ყველაფერი ეს სისულელეა, უსაფუძვლო და უაზრო? ან იქნებ საშიშია? წარმოდგენა არა მაქვს, რას ვაკეთებ.
გუშინ დილას ექიმ ქამალ აბდიკთან ჩავეწერე. მის კლინიკაში დავრეკე, მიმღების თანამშრომელს
ველაპარაკე და სახელით ვიკითხე. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ, მგონი, გაუკვირდა. მერე მითხრა, რომ
ქამალი ჩემს მიღებას დღეს ოთხის ნახევარზე შეძლებს. ასე მალე? ჩემი გული თითქოს ნეკნებს ეხეთქება,
პირი გამომშრალი მაქვს. ვუთხარი, რომ ეს დრო მაწყობს. ერთი სეანსი 75 გირვანქა ღირს. დედაჩემის
მოცემული 300 გირვანქა, ეტყობა, დიდხანს არ მეყოფა.

მას შემდეგ, რაც სეანსის დრო დამინიშნეს, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ცოტა მეშინია, მაგრამ
აფორიაქებულიც ვარ. რაღაც ნაწილი ჩემში ქამალ აბდიკთან შეხვედრაზე ღელავს, რადგან ყველაფერი
მისით დაიწყო. მას შემდეგ, რაც მას თვალი მოვკარი, ჩემმა ცხოვრებამ გეზი შეიცვალა, ლიანდაგიდან
გადავარდა. იმ წუთიდან, როდესაც დავინახე, რომ მეგანს კოცნიდა, ყველაფერი შეიცვალა.

ამიტომ მისი ნახვა მჭირდება. რაღაც უნდა გავაკეთო, რადგან პოლიციას მარტო სკოტი აინტერესებს. გუშინ
კიდევ ჰყავდათ დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, ამას არ ადასტურებენ, მაგრამ ინტერნეტში დაიდო
გადაღებული მასალა, როგორ შედის სკოტი დედამისთან ერთად პოლიციის განყოფილებაში. ჰალსტუხი
ისე ჰქონდა წაჭერილი, რომ გეგონებოდა, იხრჩობაო.

ამ თემაზე უამრავი სპეკულაციაა. გაზეთები წერენ, რომ პოლიცია ძალიან ფრთხილობს, რადგან თავს
კიდევ ერთი ნაჩქარევი დაპატიმრების უფლებას ვერ მისცემს. ლაპარაკობენ უშედეგო გამოძიებაზეც და
ვარაუდობენ, რომ პოლიციის პირად შემადგენლობაში ცვლილებები გახდება საჭირო. ინტერნეტში სკოტის
შესახებ წარმოუდგენელი და საზიზღარი რამეები იწერება. აჩვენებენ ნაგლეჯებს სკოტის პირველი
გამოჩენიდან, როდესაც ის მეგანს დაბრუნებას ცრემლმორეული ევედრებოდა. იქვეა ფოტოები
მკვლელებისა, რომლებიც თავიანთი საყვარელი ადამიანების ბედის შესახებ ასევე თვალცრემლიანები
ლაპარაკობენ და უბედურებისაგან განადგურებულებს თამაშობენ. ეს საშინელი და არაჰუმანურია.
ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ ვილოცო, რომ ეს საზიზღრობა არ ნახოს. გული გაუსკდება.
მოკლედ, შეიძლება სულელი და დაუფიქრებელი ვარ, მაგრამ ქამალის ნახვას მაინც ვაპირებ, რადგან, ყველა
ამ თემაზე მოლაპარაკე ადამიანებისაგან განსხვავებით, სკოტი იმ პერიოდში ნანახი მყავს, მასთან ისე
ახლოს ვყოფილვარ, რომ შემეძლო, შევხებოდი. ვიცი, რას წარმოადგენს და ნამდვილად ვიცი, რომ
მკვლელი არ არის.

საღამო

ქორლის სადგურის კიბეზე ასვლისას ფეხები მიკანკალებს, რამდენიმე საათია, ვერ გავიჩერე. ალბათ,
ადრენალინია, გულისცემაც ვერა და ვერ შენელდა. მატარებელი გადატვირთულია, დაჯდომის შანსი არ
არის. იუსტონში რომ მიდიხარ, სულ სხვანაირად არის. მოკლედ, იძულებული ვარ, ვაგონის შუაში ფეხზე
ვიდგე. კარცერივით არის. ვცდილობ, ნელა ვისუნთქო, თვალები ქვევით, ფეხებისკენ მაქვს დახრილი.
უბრალოდ, ვცდილობ, გავაცნობიერო, რას ვგრძნობ: სიხარულს, შიშს, დაბნეულობასა და დანაშაულს,
ყველაზე მეტად - დანაშაულს.

ეს ის არ არის, რასაც ველოდი.

სეანსზე მისვლის დროისათვის საკუთარი თავი სრულ, აბსოლუტურ ტერორამდე მივიყვანე.


დარწმუნებული ვიყავი, დამინახავდა და რაღაცნაირად მიხვდებოდა, რომ მე ყველაფერი ვიცი, რომ ჩემში
საფრთხეს დაინახავდა. მეშინოდა, რომ რაღაცას არასწორად ვიტყოდი, რომ მეგანის სახელის ხსენებისაგან
თავს ვერ შევიკავებდი. მერე ექიმის უსახურ და მოსაწყენ მისაღებში შევედი, მიმღების შუახნის
თანამშრომელს დაველაპარაკე, რომელმაც მონაცემები ისე გამომართვა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს.
დავჯექი, „ვოგის“ ნომერი ავიღე და აკანკალებული თითებით დავიწყე გადაფურცვლა, ვცდილობდი,
მოსალოდნელი შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავი და თან მოწყენილი გამოვჩენილიყავი, როგორც
ნებისმიერი პაციენტი.

მისაღებში კიდევ ორი ადამიანი იყო: ერთი ოც წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ტელეფონში რაღაცას
კითხულობდა, და უფრო ხნიერი ქალი, რომელიც საკუთარ ფეხებს პირქუში გამომეტყველებით
დაჰყურებდა. ზევით ერთხელაც არ აუხედავს, მაშინაც კი, როდესაც მისი გვარი გამოაცხადეს, უბრალოდ,
ადგა და ფეხების ფრატუნით კაბინეტისაკენ წავიდა. იცოდა, სად მიდიოდა. ხუთი წუთი ვიცდიდი, ათი...
ვგრძნობდი, რომ ზერელედ ვსუნთქავდი. მისაღები ოთახი თბილი და უჰაერო იყო. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს ფილტვებში საკმარისი ჟანგბადი არ ჩადიოდა და შემეშინდა, გული არ წამსვლოდა.

მერე კარი გაიღო და კაცი გამოვიდა. სანამ მის წესიერად დანახვას მოვასწრებდი, ვიცოდი, რომ ის იყო.
როგორც მაშინ მივხვდი, რომ სკოტი არ იყო, როდესაც პირველად დავინახე, როდესაც ის მეგანის უკან
მოძრავი ჩრდილი იყო და მეტი არაფერი, ახლაც მის სიმაღლესა და თავისუფალ, შენელებულ მოძრაობაზე
ჩემი შთაბეჭდილება დამეხმარა.

- მის უოთსონ?
ზევით ავიხედე, შევხედე და ვიგრძენი, როგორ დამიარა დენმა მთელი ხერხემლის სიგრძეზე. ხელი
ჩამოვართვი. მისი ხელი თბილი, მშრალი და უზარმაზარი აღმოჩნდა, ჩემსას გარშემო მთლიანად
შემოეხვია.

- მობრძანდით, - მითხრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოფისისკენ უნდა გავყოლოდი. მეც ასე მოვიქეცი, მთელი
გზა გული მიმდიოდა და თავბრუ მესხმოდა. მის ნაფეხურებს მივყვებოდი. ყველაფერი ეს მანაც გაიარა.
ქამალის პირდაპირ, იმ სკამში იჯდა, რომელში ჩაჯდომაც ახლა მე შემომთავაზა. ხელები, ალბათ, მაშინაც
ზუსტად ასე ჰქონდა ნიკაპს ქვევით დაწყობილი, როგორც დღეს, თავსაც ისევე უქნევდა და ეუბნებოდა: „აბა,
რაზე გინდათ დღეს ჩემთან ლაპარაკი?“

მასში ყველაფერი თბილი იყო: ხელები, ხელი რომ ჩამოვართვი; თვალები, ხმის ტემბრი. მის სახეში რაიმე
ხელჩასაჭიდს, იმ სასტიკი მხეცის ნიშანს ვეძებდი, რომელმაც მეგანის თავი დაამსხვრია; ვეძებდი
ტრავმირებული ლტოლვილის ნიშანწყალს, რომელმაც ოჯახი დაკარგა. მსგავსს ვერაფერს ვხედავდი. წამით
თვითონაც დამავიწყდა, რომ მისი მეშინოდა. ვიჯექი და ვერანაირ პანიკას ვერ ვგრძნობდი. ნერწყვს ძნელად
ვყლაპავდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა უნდა მეთქვა, და ვთქვი. ვუთხარი, რომ ოთხი წლის
განმავლობაში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა, რომ სმა ქორწინებისა და სამსახურის
ფასად დამიჯდა. ახლა უკვე აშკარად ჯანმრთელობის ფასად მიჯდებოდა და მეშინია, ამას ჩემი ფსიქიკური
ჯანმრთელობაც არ შესწირვოდა.

- რაღაცები არ მახსოვს ხოლმე, - ვუთხარი მე, - ვითიშები და აღარ მახსოვს, სად ვიყავი და რა გავაკეთე.
ხანდახან ვფიქრობ, რაიმე საშინელება ხომ არ გავაკეთე ან ვთქვი-მეთქი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. თუ... თუ
ვინმე მეუბნება, რომ ასე მოვიქეცი, თითქოს ეს მე არ ვიყავი. თითქოს ვიღაც სხვა აკეთებდა ამას. ისეთი
ძნელია, იყო პასუხისმგებელი რაღაცაზე, რაც არ გახსოვს. ამიტომ თავს ძალიან ცუდად არასოდეს ვგრძნობ.
ცუდად, რა თქმა უნდა, ვგრძნობ, მაგრამ ის, რაც გავაკეთე, თითქოს ჩემგან შორს, ცალკეა. თითქოს ჩემი არ
არის.

ყველაფერი ეს ამოვანთხიე, მთელი სიმართლე მასთან ყოფნის პირველივე წუთებში გადმოვღვარე.


ამისათვის ისე მზად ვიყავი, მომენტს ველოდებოდი, რომ ვინმესთვის მეთქვა, მაგრამ ეს ქამალი არ უნდა
ყოფილიყო. მისმენდა, მისი ნათელი, ქარვისფერი თვალები მიყურებდა, ხელები ერთმანეთში
გადაჭდობილი და უმოძრაო ჰქონდა. ის არც ოთახს ათვალიერებდა და არც ჩანაწერებს აკეთებდა, მხოლოდ
მისმენდა. მერე თავი ოდნავ შესამჩნევად დამიქნია და მითხრა:

- თქვენ გინდათ, იმაზე, რაც გააკეთეთ, სრული პასუხისმგებლობა აიღოთ, მაგრამ გიძნელდებათ ამის
გაკეთება. პასუხს სრულად ვერ აგებთ იმაზე, რაც არ გახსოვთ?

- დიახ. ზუსტად ასეა.

- პასუხისმგებლობის აღება რაში გამოიხატება? თქვენ ბოდიშის მოხდა იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ


თქვენი ცუდი საქციელი არ გახსოვთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი მობოდიშება და მის უკან მდგარი
ემოცია გულწრფელი არ არის.

- მაგრამ მინდა ეს ვიგრძნო. მინდა თავი... უარესად ვიგრძნო... ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამაზე
მუდმივად ვფიქრობ. საკმარისად ცუდად არ ვგრძნობ ხოლმე თავს. ვიცი, რაზე ვარ პასუხისმგებელი, ვიცი,
უამრავი საშინელი რამ, რაც გამიკეთებია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ამ
საქმეებიდან თავს დისტანცირებულად ვგრძნობ. ყველა ეს ქმედება ჩემგან თითქოს ჩამოშორებულია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თავი უფრო უარესად უნდა იგრძნოთ, ვიდრე გრძნობთ? რომ თქვენი შეცდომების
გამო საკმარისად ცუდად არ ხართ?

- დიახ. ქამალი თავს აქნევს.

- რეიჩელ, თქვენ მითხარით, რომ ოჯახი დაკარგეთ, სამსახური დაკარგეთ... არ გგონიათ, რომ ეს საკმარისი
სასჯელია?

თავი გავაქნიე.

სკამზე ოდნავ უკან გადაწვა.

- ვფიქრობ, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ხართ.

- არა, ასე არ არის.

- კარგი. შეიძლება ოდნავ უკან გადავინაცვლოთ? ის დრო გავიხსენოთ, როდესაც ეს პრობლემები დაიწყო.
თქვენ თქვით, რომ... ეს ოთხი წლის წინ მოხდა? შეგიძლიათ იმ დროზე ცოტა მეტი მიამბოთ?

ვეწინააღმდეგები. მისმა ხმამ, მისი თვალების სითბომ ბოლომდე ვერ გამაბრუა. სრულიად უიმედო არ
ვყოფილვარ. არ ვაპირებდი, მისთვის სრული სიმართლე მეთქვა. არ ვაპირებდი, მისთვის მეამბო, როგორ
ძალიან მინდოდა ბავშვი. უკვე ვუთხარი, რომ ჩემმა ქორწინებამ კრახი განიცადა და ამიტომ დეპრესია
დამემართა, რომ მსმელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მერე უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.

- თქვენი ქორწინება დაინგრა, ამიტომ ქმარი მიატოვეთ თუ იმან მიგატოვათ, თუ ერთმანეთი მიატოვეთ?

- მას რომანი ჰქონდა, - ვუთხარი მე, - სხვა ქალი შეუყვარდა.

თავი დამიქნია და მელოდებოდა, როდის გავაგრძელებდი.

- თუმცა ეს მისი ბრალი არ იყო, ჩემი ბრალი იყო.

- ამას რატომ ამბობთ?

- სმა უფრო ადრე დავიწყე.

- მოკლედ, თქვენი ქმარი არ იყო ამის მიზეზი?

- არა. მე უფრო ადრე დავიწყე. ჩემმა სმამ დამაშორა ის, ამიტომ მას...

ქამალი მელოდებოდა, ისიც კი არ უთქვამს, რომ გამეგრძელებინა. უბრალოდ, საშუალებას მაძლევდა, იქ


ვმჯდარიყავი; მელოდებოდა, როდის ამოვთქვამდი სიტყვებს.

- ამიტომ აღარ ვუყვარდი.


საკუთარი თავი მეზიზღება, მის წინ ტირილი რომ დავიწყე. ვერ ვხვდები, თავი როგორ ვერ შევიკავე.
ნამდვილ რაღაცებზე არ უნდა მელაპარაკა. იქ თავიდან ბოლომდე გამოგონილი პრობლემებით უნდა
მივსულიყავი, როგორც ვიღაც წარმოსახვითი პიროვნება. უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი. მას ვუყურებდი
და წუთით დავიჯერე, რომ თანამიგრძნობდა. საკუთარი თავი მძულს. ერთი წუთითაც კი როგორ
დავიჯერე, რომ თანამიგრძნობდა, ის კი არა, რომ ვეცოდებოდი, რომ ჩემი ესმოდა . თითქოს ის ადამიანი
ვიყავი, ვისი დახმარებაც უნდოდა.

- მოკლედ, რეიჩელ, თქვენ ამბობთ, რომ სმა ოჯახის დანგრევამდე დაიწყეთ. შეგიძლიათ მითხრათ, რა იყო
ამის მიზეზი? იმის თქმა მინდა, რომ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ზოგიერთი ადამიანი ლოთობამდე
და ნარკომანობამდე უმიზეზოდ ეშვება. თქვენ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი გქონდათ, მძიმე დანაკარგი
ან რაიმე სხვა?
თავი გავაქნიე და მხრები ავიჩეჩე. ამის თქმას არ ვაპირებდი. ამას არ ვეტყოდი. ცოტა ხანს ვიცდიდი, მერე
მის საწერ მაგიდაზე საათს სწრაფად შევხედე.

- იქნებ დარჩენილი დრო შემდეგი შეხვედრისათვის დაგვემატებინა? - თქვა მან, გაიღიმა და ამ


ღიმილისაგან მთელი სხეული გამიცივდა.

მასში ყველაფერი თბილია: მისი ხელები, თვალები, ხმა, ყველაფერი, ღიმილის გარდა. როდესაც ის კბილებს
აჩენს, მასში მკვლელს დაინახავ. მუცელში თითქოს მაგარი ბურთი დაგორავდა, პულსი კი ისევ
მიერეკებოდა. ოფისი ისე დავტოვე, რომ მისთვის ხელიც არ ჩამომირთმევია, თუმცა მან გამომიწოდა. მის
შეხებას ვერ ავიტანდი.

მესმის, ნამდვილად მესმის. ვხედავ, რასაც ხედავდა მეგანი მასში. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ
დამატყვევებლად სიმპათიურია, ის მშვიდია და სხვისი დამშვიდება შეუძლია. ის პაციენტის წინაშე
სიკეთედ იღვრება. ვინმე გულუბრყვილო ან მიმნდობი, ან სერიოზული პრობლემების მქონე, ალბათ, ამ
სიმშვიდის უკან ვერ დაინახავდა, რომ ის მგელია. ამას სულ ერთი საათის განმავლობაში მივხვდი, მაგრამ
მეც ჩათრეული აღმოვჩნდი. თავს უფლება მივეცი, მისთვის გული გადამეშალა, სულ დამავიწყდა, ვისთან
მქონდა საქმე. სკოტს ვუღალატე, მეგანს ვუღალატე და ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

თუმცა ყველაზე მეტად თავს იმის გამო ვადანაშაულებდი, რომ მასთან მისვლა ისევ მინდოდა.

ოთხშაბათი, 7 აგვისტო, 2013

დილა
ის სიზმარი კიდევ დამესიზმრა, რომელშიც რაღაც ცუდი გავაკეთე და ყველა ამიმხედრდა, ყველა ტომის
მხარესაა, რომელშიც არც ახსნა შემიძლია და არც ბოდიშის მოხდა, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა ჩავიდინე.
ძილ-ღვიძილში ვფიქრობ ნამდვილ ჩხუბზე, რომელიც დიდი ხნის, ოთხი წლის წინ იყო, როდესაც
ხელოვნური განაყოფიერების პირველი და უკანასკნელი მცდელობა უშედეგო გამოდგა. მე კიდევ ერთხელ
მინდოდა მეცადა, ტომმა კი თქვა, ფული არა გვაქვსო. მამაში ეჭვი არ შემპარვია, რადგან ვიცოდი, რომ
ფული მართლა არ გვქონდა. იპოთეკის ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელი იყო, ტომს კი საეჭვო
ბიზნესგარიგებისგან, რომელიც მამამისის რჩევით დადო, ვალები ჰქონდა დარჩენილი. უბრალოდ, ამას
უნდა შევგუებოდი. იმედი უნდა მქონოდა, რომ ერთ დღეს ფული გაგვიჩნდებოდა, მანამდე კი ცრემლები
უნდა შემეკავებინა, ცრემლები - ცხელი და სწრაფი, რომელიც ყოველი გამობერილმუცლიანი ქალის
დანახვაზე ან ვინმეს შვილის შეძენის ამბის გაგებაზე მომდიოდა თვალებიდან.

ხელოვნური განაყოფიერების უარყოფითი შედეგის შეტყობიდან სულ რამდენიმე თვეში მითხრა ტომმა,
რომ ოთხი ღამით ლას-ვეგასში დიდი ბრძოლის საყურებლად და ორთქლის გამოსაშვებად აპირებდა
წასვლას. მხოლოდ ის და რამდენიმე ძველი მეგობარი, რომლებსაც ადრე არასოდეს შევხვედროდი. ეს
დიდი ფული ჯდებოდა, კარგად ვიცი, რადგან ბრძოლაზე ბილეთებისა და ოთახის დაჯავშნის ქვითარი
ვნახე მის იმეილში. წარმოდგენა არა მაქვს, რა ღირს ბილეთები ბოქსის მატჩზე, მაგრამ ვერაფრით
დავიჯერებ, რომ იაფია. ეს ფული კიდევ ერთი ხელოვნური განაყოფიერებისათვის საკმარისი არ იქნებოდა,
მაგრამ დასაწყისისათვის გამოდგებოდა. ამის გამო საშინლად ვიჩხუბეთ. დეტალები არ მახსოვს, რადგან
მთელი დღე ვსვამდი, მასთან პირისპირ სალაპარაკოდ ვემზადებოდი და, როდესაც ეს ლაპარაკი შედგა,
ყველაზე საშინელი ფორმა მიიღო. მახსოვს, როგორი ცივი იყო მეორე დღეს.
ამ თემაზე ლაპარაკი აღარ უნდოდა. მახსოვს, როგორ მითხრა, უემოციო, იმედგაცრუებული კილოთი, რას
ვაკეთებდი და ვამბობდი, რომ ჩარჩოში ჩასმული ჩვენი ქორწილის ფოტო ფეხსაცმლით გავსრისე, რომ
ვუყვიროდი, ეგოისტსა და უსარგებლო ქმარს ვეძახდი. მახსოვს, როგორ ვერ ვიტანდი საკუთარ თავს იმ
დღეს.

ვცდებოდი, რა თქმა უნდა, რომ ასეთ რაღაცებს ვეუბნებოდი, მაგრამ დღეს უკვე მეჩვენება, რომ ჩემი
გაგიჟება უსაფუძვლო არ იყო. ამის ყველანაირი უფლება მქონდა, არა? ბავშვის გაჩენას ვცდილობდით და
ამის გამო მსხვერპლის გაღებისათვის მზად არ უნდა ვყოფილიყავით? მე მზად ვიყავი, ერთი კიდური
მომეკვეთა, თუ მეცოდინებოდა, რომ ამის შედეგად ბავშვის გაჩენას შევძლებდი. მას ვეგასში უიკენდზე
უარი არ უნდა ეთქვა?

ცოტა ხანი ლოგინში ვწევარ და ამაზე ვფიქრობ. მერე ვდგები და სასეირნოდ წასვლას ვაპირებ, იმიტომ, რომ
თუ რაღაც არ გავაკეთე, აუცილებლად კუთხის მაღაზიაში ჩასვლა მომინდება. კვირის შემდეგ არ
დამილევია და ვგრძნობ, როგორი ბრძოლა მიმდინარეობს ჩემში: დათრობისა და ყველაფრისაგან გათიშვის
სურვილი ეჯახება ბუნდოვან გრძნობას, რომ რაღაც უკვე მიღწეულია და ამის ახლა გადაგდება სირცხვილი
იქნება.

ეშბერი სეირნობისათვის საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის. აქ მხოლოდ მაღაზიები და გარეუბანია.


ერთი წესიერი პარკიც კი არ არის. მივდივარ ქალაქის ცენტრში, რომელიც არც ისე ცუდია, როდესაც
გარშემო არავინაა. ეშმაკობა უნდა იხმარო და თავი მოიტყუო, თითქოს რაღაც მიმართულებას ირჩევ, ერთი
ადგილი აირჩიო და იქით წახვიდე. მე პლეზანს-როუდის თავში მდებარე ეკლესია ავირჩიე. ის ქესის
სახლიდან დაახლოებით ორ მილზეა. იქ ანონიმი ალკოჰოლიკების შეხვედრაზე ვარ ნამყოფი. საკუთარ
უბანში შეხვედრებზე არ დავდივარ, რადგან არ მინდა, შევხვდე ვინმეს, ვისაც, ჩვეულებრივ, ქუჩაში,
სუპერმარკეტსა და მატარებელში ვხვდები.
ეკლესიასთან რომ მივედი, გარშემო შემოვუარე და უკან წამოვედი. სახლისაკენ მიზანდასახულად
მივაბიჯებდი, როგორც ქალი, რომელსაც რაღაცები აქვს გასაკეთებელი, სადღაც არის წასასვლელი,
მოკლედ, ნორმალური ქალია. ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც გზაზე მხვდებიან: ორი კაცი
ზურგჩანთებაკიდებული მირბის, ეტყობა, მარათონისათვის ვარჯიშობენ; ახალგაზრდა ქალი შავ
ქვედაკაბასა და თეთრ ბოტასებში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ალბათ, ჩანთაში უწყვია და სამსახურში
მიდის. მაინტერესებს, მათ რა აქვთ დასამალი, მოძრაობენ, რომ სმას თავი დაანებონ? დარბიან, რომ
მშვიდად იყვნენ? იმ მკვლელზე ფიქრობენ, რომელიც გუშინ შეხვდათ და რომლის ნახვასაც ისევ გეგმავენ?

არა, მე ნორმალური არა ვარ.

ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე, უკვე თითქმის სახლთან ვიყავი. ვფიქრობდი იმაზე, სინამდვილეში რის
მიღწევას ვაპირებ ქამალთან შეხვედრებით: მართლა ვგეგმავ, რომ მისი საწერი მაგიდის უჯრები გავჩხრიკო,
თუ ის ოთახიდან გავა? შევეცადო, რაღაცაში გამოვიჭირო, რაღაც ისეთი ვათქმევინო, რაც მის ნამდვილ
სახეს გამოააშკარავებს? სახიფათო ტერიტორიისაკენ წავიყვანო?

დიდი შანსია, რომ ის ჩემზე ბევრად ჭკვიანია და თან აშკარად ძალიან ფრთხილად იქნება, ბოლოს და
ბოლოს, ხომ იცის, რომ მისი სახელი და გვარი გაზეთებში იყო. ახლა, ალბათ, ელის, რომ ვიღაცები მასზე
ისტორიების გაგებას ან მისგან ინფორმაციის გამოტყუებას შეეცდებიან.

აი, ამაზე ვფიქრობ, თავი დახრილი მაქვს, ტროტუარს ვუყურებ, მარჯვენა მხარეს „ლონდისის“ პატარა
მაღაზია მოვიტოვე უკან. ვცდილობდი, არ შემეხედა, რომ ცდუნება ამერიდებინა, მაგრამ თვალის კუთხით
მის სახელს ვხედავ. ზევით ვიხედები და აი, ის იქ არის, უზარმაზარი ასოებით ტაბლოიდის პირველ
გვერდზე: „მეგანი ბავშვის მკვლელი იყო?“

ანა

ოთხშაბათი, 7 აგვისტო, 2013

დილა

„შვილოსნობის ნაციონალური საქველმოქმედო ორგანიზაციის“ გოგოებთან ერთად „სთარბაქსში“ ვიყავი,


როდესაც ეს მოხდა. ჩვენს ჩვეულებრივ ადგილას, ფანჯარასთან ვისხედით, ბავშვებს მთელ იატაკზე ლეგო
ჰქონდათ გაშლილი. ბეტი ისევ ცდილობდა, მისი „წიგნების კლუბში“ წევრობაზე დავეთანხმებინე. მერე
დაიანა გამოჩნდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც მნიშვნელოვან ადამიანს, რომელმაც
მეტისმეტად მსუყე ჭორი მოიტანა. აშკარად ერთი სული ჰქონდა, როდის გააკეთებდა ამას და სანამ კარში
თავისი ორადგილიანი ეტლის შემოტევას ცდილობდა, თავს ძლივს იკავებდა.

- ანა, - მეძახის მწუხარე სახით, - ეს ნახე? - და მაწვდის გაზეთს, სათაურით პირველ გვერდზე: „მეგანი
ბავშვის მკვლელი იყო?“

მეტყველების უნარი დავკარგე. გაზეთს მივაჩერდი და სასაცილოა, მაგრამ ცრემლები წამსკდა. ივის
შეეშინდა და კრუსუნი დაიწყო. საშინელება იყო.

თავი (და ივიც) რომ მომეწესრიგებინა, ტუალეტში გავედი; უკან რომ დავბრუნდი, ისინი დაბალ ხმაზე
ლაპარაკობდნენ, ყველანი ძალიან შეშფოთებულები იყვნენ და მეუბნებოდნენ, ალბათ, როგორი
საშინელებაა ეს ჩემთვის, მაგრამ მათ სახეებზე ცუდად შენიღბულ სხვა ემოციას ვხედავდი. ისინი აშკარად
მამტყუნებდნენ და ფიქრობდნენ, როგორ შემეძლო ბავშვი ასეთ მონსტრთან დამეტოვებინა და რომ
მსოფლიოში ყველაზე უარესი დედა ვარ.

შინ დაბრუნებისას გზიდან ტომთან დარეკვა ვცადე, მაგრამ ტელეფონში მაშინვე ხმოვანი ფოსტა ჩაირთო.
მესიჯი დავუტოვე, როგორც კი შეძლებდა, დაერეკა. ვცდილობდი, მსუბუქად და მშვიდად მელაპარაკა,
მაგრამ ვკანკალებდი და ფეხზეც მყარად ვერ ვიდექი.

გაზეთი არ მიყიდია, მაგრამ კომპიუტერში ამ ამბის წაკითხვის სურვილს ვერ მოვერიე. ყველაფერი ძალიან
ბუნდოვნად ეწერა:

„ჰიფველის საქმის გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, რომელიც ჯერჯერობით


მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, შესაძლებელია მეგანი ათი წლის წინ საკუთარი შვილის
უკანონო მკვლელობის მონაწილე იყო. იგივე წყაროები ასევე ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება მისი
მკვლელობის მოტივიც არის. დეტექტივი გასკილი, რომელიც ამ გამოძიებას ხელმძღვანელობს და
რომელმაც მეგანის გაუჩინარებისთანავე პოლიციის სახელით საჯარო განცხადება გააკეთა, ახლა
კომენტარისგან თავს იკავებს“.

ტომმა დამირეკა, შეხვედრებს შორის დრო გამონახა, შინ მოსვლას ვერ ახერხებდა და შეეცადა, როგორმე
დავემშვიდებინე. ამ დროს საჭირო ყველანაირი ბგერა გამოსცა. მითხრა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა.

- ხომ იცი, რომ გაზეთებში რასაც ბეჭდავენ, ნახევარი დასაჯერებელი არ არის.

ზედმეტი აურზაური არ ამიტეხია, რადგან სწორედ მისი წინადადებით ავიყვანეთ მეგანი ივის ძიძად და
ახლა, ალბათ, თავს საშინლად გრძნობდა.

ტომი მართალია. შეუძლებელია, ყველაფერი ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ვის შეიძლებოდა, ასეთი ისტორია
მოეფიქრებინა? რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? თავიდან ვერ ვიშორებ აზრს, რომ ეს ვიცოდი. ყოველთვის
ვიცოდი, რომ ამ ქალს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა. თავიდან ვიფიქრე, ცოტა უმწიფარია-მეთქი, მაგრამ
არა, რაღაც ამაზე მეტი სჭირდა. რაღაცნაირი გათიშული, საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. ვერ მოვიტყუებ,
მიხარია, რომ აღარ არის, გზაც იქით ჰქონია.
საღამო

ზევით, საძინებელში ვარ. ტომი ევასთან ერთად ტელევიზორს უყურებს. ერთმანეთს არ ველაპარაკებით.
ჩემი ბრალია. როგორც კი კარში შემოვიდა, მაშინვე დავეტაკე.

მთელი დღე ვემზადებოდი. თავს ვერ ვერეოდი, ამას ვერსად დავემალე, საითაც გავიხედავდი, მეგანი
მელანდებოდა, აქ, ჩემს სახლში, ჩემი შვილით ხელში. მასთან თამაშობდა, როცა მე ცოტა ჩავთვლემდი
ხოლმე. მთელი დღე ვიხსენებდი, რომ ივის მასთან მარტო ვტოვებდი ხოლმე და ცუდად ვხდები.

მერე, ალბათ, პარანოია დამემართა, გრძნობა, რომელიც ამ სახლში გადმოსვლის დღიდან მუდმივად თან
მდევს, გრძნობა, რომ მუდმივად ვიღაც მითვალთვალებს. დასაწყისში მატარებლებს ვაბრალებდი. ეს უსახო
სხეულები, რომლებიც ფანჯრებიდან იყურებოდნენ და პირდაპირ ჩვენ მოგვჩერებოდნენ. ამის გამო ტანზე
თითქოს ჭიანჭველებს ვგრძნობდი. ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რომლის გამოც ამ სახლში
გადმოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ტომმა აქედან წასვლა არ მოინდომა, თქვა, რომ სახლის გაყიდვით ფულს
დავკარგავდით.

ჯერ მატარებლები და მერე - რეიჩელი. რეიჩელი სულ გვითვალთვალებდა, ქუჩაში ვითომ შემთხვევით
გვხვდებოდა, მუდმივად გვირეკავდა. მერე მეგანიც. როდესაც აქ ივისთან იყო, ყოველთვის ვგრძნობდი,
რომ ცალი თვალით მე მიყურებდა, თითქოს მაფასებდა; მაფასებდა, როგორი მშობელი ვარ, მამტყუნებდა
იმის გამო, რომ საკუთარ შვილს სხვის დაუხმარებლად ვერ ვუვლიდი. სასაცილოა, ვიცი. მერე იმ დღეზე
ვფიქრობ, რეიჩელი რომ მოვიდა, ივი წაიყვანა და მთელი სხეული მიცივდება, საკუთარი თავი სასაცილოდ
სულაც არ მეჩვენება.

მოკლედ, ტომი მოვიდა თუ არა, მაშინვე ჩხუბზე გადავედი და ულტიმატუმი წავუყენე, აქედან უნდა
გადავიდეთ-მეთქი. ვუთხარი, რომ მას შემდეგ, რაც აქ დატრიალდა, ამ სახლში და ამ ქუჩაზე ერთი დღეც
აღარ გავჩერდებოდი, რომ საითაც გავიხედავ, ახლა უკვე მხოლოდ რეიჩელს კი არა, მეგანსაც ვხედავ. სულ
იმაზე ვფიქრობ, რას ეხებოდა, ეს კი მეტისმეტია. სულ არ მადარდებს, კარგ ფასს მოგვცემენ ამ სახლში თუ
არა.

- ბევრად უარეს პირობებში რომ მოგვიწევს ცხოვრება და იპოთეკას რომ ვერ გადავიხდით, მერე რას იტყვი?
- თქვა მან.

მეც ვიცი, რომ ეს საღი აზრია და ამიტომ ვკითხე, მშობლებს ხომ არ სთხოვდა დახმარებას. მათ უამრავი
ფული აქვთ, მან კი მიპასუხა, ვერაო, რომ თავის მშობლებს აღარასოდეს აღარაფერს სთხოვს. მერე ძალიან
გაბრაზდა და თქვა, რომ ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა. როდესაც ჩემ გამო რეიჩელი მიატოვა, მშობლები
ძალიან ცუდად მოექცნენ. ისინი არც უნდა მეხსენებინა, ეს ყოველთვის აგიჟებს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ,
სრულიად სასოწარკვეთილი ვარ. როგორც კი თვალებს დავხუჭავ, მეგანს ვხედავ, სამზარეულოს
მაგიდასთან რომ ზის და ჩემი შვილი კალთაში უზის. ეთამაშებოდა, უცინოდა და ელაპარაკებოდა, მაგრამ
ეს ბუნებრივად არ გამოსდიოდა. ყოველთვის ეტყობოდა, რომ ივისთან ყოფნა არ უნდოდა. ისეთი
ბედნიერი იყო, წასვლის დრო რომ დადგებოდა და ივი ჩემთვის უნდა გადმოებარებინა. სულ მეჩვენებოდა,
რომ არ სიამოვნებდა, როდესაც ბავშვი ხელში ეჭირა.

რეიჩელი
ოთხშაბათი, 7 აგვისტო, 2013

საღამო

აუტანელი სიცხეა, თანდათან მატულობს. ბინის ფანჯრები ღიაა და ქუჩიდან შემოსული ნახშირჟანგის
გემოსაც კი იგრძნობს კაცი. ყელი მეწვის. შხაპს უკვე მეორედ ვიღებ, როდესაც ტელეფონი რეკავს.
ყურადღებას არ ვაქცევ. ისევ რეკავს, მერე ისევ. შხაპიდან რომ გამოვდივარ, უკვე მეოთხედ რეკავს და მეც
ვპასუხობ.

ის აშკარად პანიკაშია, წყვეტილად სუნთქავს და ხმაც ნაწყვეტებად მოდის ჩემამდე.

- სახლში წასვლა არ შემიძლია, - მეუბნება, - ყველგან კამერებია.

- სკოტ...

- ვიცი, ეს... ეს მართლა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მჭირდება წასვლა სადმე, სადაც არავინ
მელოდება. ვერც დედაჩემთან მივდივარ, ვერც მეგობრებთან. უბრალოდ, მანქანით დავდივარ და ასე ვარ
მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებიდან წამოვედი. უბრალოდ, ერთი-ორი საათი მჭირდება, რომ
დავჯდე, ვიფიქრო, მათ გარეშე, პოლიციის გარეშე და იმ ხალხის გარეშე, ვინც ამ წყეულ კითხვებს მისვამს.
ბოდიშს გიხდი, მაგრამ შეიძლება შენთან მოვიდე?

ვეუბნები, შეიძლება-მეთქი და არა იმიტომ, რომ მის ხმაში პანიკა და სასოწარკვეთა იგრძნობა, უბრალოდ,
მისი ნახვა მინდა, მინდა, დავეხმარო. მისამართს ვეუბნები, ის კი ამბობს, რომ თხუთმეტ წუთში აქ იქნება.

ათ წუთში ზარი მოკლედ, მჭახედ და დაჟინებით ირეკება.

- ბოდიშს გიხდი, რომ ამის გაკეთება მიწევს, - მეუბნება, როგორც კი კარს ვაღებ, - არ ვიცოდი, სხვაგან სად
წავსულიყავი, - გატანჯული ჩანს, გაოგნებული, ფერმკრთალი და ოფლისგან გაპრიალებული სახე აქვს.

- არა უშავს, - ვეუბნები და გვერდზე ვიწევი, რომ სახლში შემოვუშვა. მერე სასტუმრო ოთახში შემყავს,
დაჯდომას ვთავაზობ და სამზარეულოდან ერთი ჭიქა წყალი მომაქვს. სულმოუთქმელად სვამს, წელში
მოხრილი ჯდება, იდაყვებს მუხლებზე იყრდნობს და თავს დაბლა ხრის.
ვყოყმანობ, არ ვიცი, ლაპარაკი დავიწყო თუ ჯერ ენას კბილი დავაჭირო. მის ჭიქას ვიღებ და ისევ ვავსებ.
ისევ არაფერს ვამბობ. ცოტა ხანში ის თვითონ იწყებს ლაპარაკს.

- გგონია, ყველაფერი, ყველაზე უარესი უკვე მოხდა, - ამბობს წყნარად, - უფრო სწორად, მინდოდა, მეთქვა,
ალბათ, ასე უნდა მგონებოდა, არა? - თავს ზევით სწევს და მიყურებს, - ჩემი ცოლი მკვდარია და პოლიცია
თვლის, რომ მე მოვკალი. ამაზე უარესი რა უნდა იყოს?

ეტყობა, უკვე იცის, რას წერენ მისი ცოლის შესახებ. ბავშვის სიკვდილში მეგანის მონაწილეობის შესახებ
ტაბლოიდებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვგულისხმობ, რომელმაც, ალბათ, პოლიციიდან გამოჟონა.
ბნელი, საეჭვო ისტორიაა - ბინძური კამპანია გარდაცვლილი ქალის წინააღმდეგ. საცოდაობაა.

- ეს ხომ ტყუილია? შეუძლებელია, მართალი იყოს.

გათიშული მიყურებს, თითქოს არც ესმის, რას ვეუბნები.

- დეტექტივ-სერჟანტმა რაილიმ დღეს დილით მითხრა... - ამბობს, ახველებს, თითქოს ყელი ჩაიწმინდა.

- ამბავი, რომლის გაგებას სულ ველოდებოდი, ვერც კი წარმოიდგენ, - თითქმის ჩურჩულით განაგრძობს ის,
- როგორ მთელი გულით მინდოდა, როგორ ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი იქნებოდა,
როგორ გამიღიმებდა, მორცხვად და გაგებიანად, როგორ აიღებდა ჩემს ხელს და ტუჩებზე მიიდებდა... -
დაბნეულია, თითქოს ახლაც ოცნებაშია წასული. წარმოდგენა არა მაქვს, რაზე მელაპარაკება.

- დღეს... - განაგრძობს ის, - დღეს გავიგე, რომ მეგანი ფეხმძიმედ იყო.

ტირილს იწყებს, მეც შოკირებული ვარ და მეც ვტირი ბავშვის გამო, რომელიც არ არსებობს, იმ ქალის
ბავშვის გამო, რომელსაც არც კი ვიცნობდი, მაგრამ ეს ამბავი ისეთი საშინელი, აუტანელია. ისიც კი
მიკვირს, რომ სკოტს სუნთქვა შეუძლია. ასე მგონია, ამ ამბავს უნდა მოეკლა, მისი სხეულიდან სიცოცხლე
უნდა გამოეწოვა, მაგრამ ის ისევ აქ არის.

არც ლაპარაკი შემიძლია, არც განძრევა. სასტუმრო ოთახში ცხელა, მიუხედავად ღია ფანჯრებისა, ჰაერი
საერთოდ არ არის. ქუჩიდან ხმები მესმის: პოლიციის მანქანის სირენა, გოგონების ყვირილი და სიცილი,
მიმავალი მანქანიდან მუსიკის ჰანგები. ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება, მაგრამ აქ, ჩვენთან, თითქოს
სამყაროს დასასრულია. სკოტისათვის სამყაროს დასასრული დადგა, მე კი ვერაფერს ვამბობ, ვდგავარ ასე
დამუნჯებული, უსუსური და უსარგებლო.

მერე გარედან ნაბიჯების ხმა მესმის, ნაცნობი ჩხაკუნი, ასე ქესი თავის უზარმაზარ ჩანთაში სახლის
გასაღებს ეძებს ხოლმე. უცებ ვბრუნდები რეალობაში. რაღაც უნდა გავაკეთო, სკოტს ხელს ვკიდებ.
შეშფოთებული მიყურებს.

- წამოდი, - ვეუბნები და ფეხზე ვაყენებ. სანამ ქესი კარს გააღებს, ჰოლში და მერე კიბით ზევით მიმყავს,
ისიც მორჩილად მომყვება. საძინებელში შევდივართ და კარს ვხურავ.

- ჩემი მეზობელია, ბინაში ერთად ვცხოვრობთ, - ვცდილობ, ახსნას, - შეიძლება უამრავი კითხვა დასვას და
ახლა ეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად გჭირდება.
თავს მიქნევს და ოთახს ათვალიერებს. უყურებს დაულაგებელ ლოგინს, საწერი მაგიდის სკამზე გროვად
დაყრილ ერთმანეთში არეულ სუფთა და ჭუჭყიან ტანსაცმელს, შიშველ კედლებს და იაფფასიან ავეჯს. თავს
უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ასეთია ჩემი ცხოვრება: არეული, საწყალი, პატარა. აშკარად არავის
შეშურდება. ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, უცებ ვხვდები, როგორი სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ სკოტს
ამწუთას შეიძლება ჩემი ცხოვრება ადარდებდეს. ხელით ვანიშნებ, რომ საწოლზე დაჯდეს, ისიც მორჩილად
ჯდება, თვალებს ხელით იწმენდს და მძიმედ სუნთქავს.

- რამე მოგიტანო?

- ლუდი.

- ალკოჰოლიან სასმელებს სახლში არ ვინახავ, - ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ ვწითლდები. სკოტი


ვერაფერს ამჩნევს, საერთოდ არ მიყურებს.
- შემიძლია ჩაი გაგიკეთო, - თავს მიქნევს, - დაწექი, დაისვენე, - ვეუბნები და ისიც მორჩილად იხდის
ფეხზე, საწოლზე წვება, ავადმყოფი ბავშვივით დამჯერი.

ქვევით სანამ ჩაიდანს ვადუღებ, ქესის ვუსმენ. ის მიყვება, რომ დღეს ნოთქოთში ახალი ადგილი აღმოაჩინა,
სადაც სადილად იყო, სადაც ნამდვილად კარგი სალათები აქვთ, მაგრამ იქაური მიმტანი საშინლად
გამაღიზიანებელია. ვუღიმი და თავს ვუქნევ, მისი სიტყვები ნახევრად არც კი მესმის. დაძაბული ვარ, ყური
ჩემი ოთახისკენ მაქვს მიპყრობილი. ვუსმენ, რაიმემ არ გაიჭრაჭუნოს, ნაბიჯის ხმა არ ჩამოვიდეს. ის აქ,
ჩემთან, ზევით, ჩემს საწოლშია. არარეალურად მეჩვენება. თავბრუ მესხმის, თავი სიზმარში მგონია. ქესი
ლაპარაკს წყვეტს და წარბშეჭმუხნილი მიყურებს.

- კარგად ხარ? - მეკითხება, - თითქოს გათიშული მეჩვენები.

- უბრალოდ, ცოტა დაღლილი ვარ. მთლად კარგად ვერ ვარ. ალბათ, ჯობია დავწვე.

ისევ მაკვირდება. იცის, რომ არ დამილევია (ამას ყოველთვის ამჩნევს), მაგრამ ბოლოს ეტყობა ასკვნის, რომ
დაწყებას ახლა ვაპირებ. ეს სულ არ მანაღვლებს, ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. სკოტის ჩაის ვიღებ და
ქესის ვეუბნები, რომ ხვალ დილით შევხვდებით.

საძინებლის კართან ვჩერდები და ვუსმენ. სიჩუმეა. სახელურს ძალიან ფრთხილად ვაწვები და კარს ვაღებ.
ლოგინზე ზუსტად ისევე წევს, როგორც დავტოვე, მკლავები სხეულის გასწვრივ უწყვია, თვალები
დახუჭული აქვს. მისი სუნთქვა მესმის, ჩუმი და წყვეტილი. მის სხეულს საწოლის ნახევარი უჭირავს.
საშინელ ცდუნებას ვგრძნობ, მის გვერდით დავწვე და ხელი მკერდზე დავადო, რომ რაღაცნაირად
დავამშვიდო. ამის ნაცვლად მოკლედ ვახველებ და ჩაის ჭიქას ვუწვდი.

ჟდება, - გმადლობ, - პირქუშად მეუბნება და ჩაის ჭიქას მართმევს.

- დიდი მადლობა, რომ შემიფარე, ეს... იყო... ვერც კი აღვწერ, რა გადავიტანე იმ ისტორიის გამოქვეყნების
შემდეგ.

- წლების წინ მომხდარი ამბის შესახებ?

- ჰო.
ყველა იმაზე ლაპარაკობს, ვისგან შეიძლებოდა, მოეპოვებინათ ტაბლოიდებს ეს ინფორმაცია. ზოგი
პოლიციისკენ იშვერს ხელს, ზოგი ქამალ აბდიკისკენ და ზოგიც სკოტისაკენ.

- ეს ტყუილია, - ვეუბნები, - არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცისათვის ეს მოტივია, ასე არ არის? ისინიც სწორედ ამას ამბობენ. მეგანმა
თავისი ბავშვი მოკლა, რაც ვიღაცისათვის, სავარაუდოდ, ბავშვის მამისათვის, მეგანის მკვლელობის
მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო წლების შემდეგ.

- ეს სასაცილოა.

- მაგრამ, ხომ იცი, ამბობენ, რომ მთელი ეს ისტორია მე მოვიგონე. მხოლოდ ყველას თვალში მეგანის ცუდ
ადამიანად წარმოსაჩენად კი არა, არამედ საკუთარი თავიდან ეჭვის სხვა, უცნობ ადამიანზე გადასატანად,
ვიღაც ყმაწვილზე მისი წარსულიდან, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის.

საწოლზე მის გვერდით ვჯდები, ჩვენი თეძოები ერთმანეთს თითქმის ეხება.

- პოლიცია რას ამბობს ამაზე?

მხრებს იჩეჩს.
- პრინციპში არაფერს. მეკითხებიან, რა ვიცოდი ამის შესახებ. ვიცოდი თუ არა, რომ მას ადრე შვილი ჰყავდა.
ვიცოდი თუ არა, რა მოხდა. ვიცოდი თუ არა, ვინ იყო ბავშვის მამა. მე ვუთხარი, რომ ეს ბოდვაა, რომ ის
ფეხმძიმედ არასდროს ყოფილა... - ხმა ისევ უწყდება, ჩერდება, ჩაის წრუპავს.

- ვიკითხე, საიდან წამოვიდა ეს ისტორია, როგორ მოხვდა ის გაზეთებში-მეთქი? მიპასუხეს, რომ ამის
შესახებ ვერაფერს მეტყვიან, მე კი დავასკვენი, რომ ეს იმისგან, აბდიკისგან მოდის, - მძიმედ ოხრავს, - არ
მესმის, რატომ... არ მესმის, რატომ უნდა ამბობდეს მეგანზე ასეთ რაღაცებს. არ ვიცი, რის გაკეთებას
ცდილობს. აშკარად მაგარი აგზნებულია.

მახსენდება ადამიანი, რომელსაც ამას წინათ შევხვდი: მშვიდი ქცევა, წყნარი ხმა, თვალებში სითბო.
წარმოუდგენელია მას აგზნებული დაარქვა, მაგრამ ის ღიმილი!

- აღმაშფოთებელია, რომ ასეთი რამ დაიბეჭდა. რაღაც წესები უნდა არსებობდეს.

- რომ გარდაცვლილი ადამიანის ცილისწამების უფლება არავის ჰქონდეს? - მეკითხება, ჩუმდება და მერე
განაგრძობს:

- მარწმუნებდნენ, ამ ინფორმაციას არ გავავრცელებთო... მისი ფეხმძიმობის შესახებ. ჯერჯერობითო,


შეიძლება, საერთოდაცო, მაგრამ სანამ დარწმუნებული არ ვიქნებით, ნამდვილადო.

- სანამ არ ეცოდინებათ?

- ეს აბდიკის ბავშვი არ არის, - ამბობს ისევ.

- დნმ-ის ტესტი გააკეთეს?


თავს აქნევს.

- არა, უბრალოდ, ვიცი. არ ვიცი, საიდან, მაგრამ ვიცი. ბავშვი ჩემია, ჩემი იყო.

თუ მას ბავშვი თავისი ეგონა, ეს შეიძლება მოტივიც ყოფილიყო, არა?

ის არ იქნება პირველი მამაკაცი, რომელმაც არასასურველი ბავშვი დედის მოკვლით მოიშორა, თუმცა ამას
ხმამაღლა არ ვამბობ. იმასაც ხომ არ ვიტყვი, რომ ეს სკოტისთვისაც შეიძლება მოტივი იყოს. თუ იფიქრა,
რომ მისი ცოლი სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ... მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა. შოკი, სულიერი ტანჯვა
ნამდვილი იყო. შეუძლებელია, ასეთი კარგი მსახიობი არსებობდეს.

შევატყვე, სკოტი აღარ მისმენდა. საძინებლის კარს შუშის თვალებით მიშტერებია და ლოგინში ისეა
ჩაძირული, როგორც ქვიშის მორევში.

- რაღაც ხანს უნდა დარჩე, შეეცადე დაიძინო.

უცებ ჩემკენ იხედება და თითქმის მიღიმის.

- წინააღმდეგი არ იქნები? - მეკითხება, - ძალიან... ძალიან მადლობელი ვიქნები. სახლში დაძინება მიჭირს
და არა მარტო გარეთ შეგროვილი ხალხის გამო, ის, რომ გარეთ მუდმივად ვიღაც მელოდება, ვისაც ჩემთან
ლაპარაკი უნდა, მარტო ეს არ არის. მეგანი თითქოს ყველგანაა, თავს ვერ ვერევი, ყველგან მას ვხედავ.
კიბეზე რომ ჩავდივარ, წინ არც კი ვიყურები, თავს ძალას ვატან, რომ არ გავიხედო, მაგრამ ფანჯარას რომ
ჩავუვლი, უკან ვბრუნდები და ვამოწმებ, იქ ხომ არ არის, ტერასაზე.

თვალებს ცრემლები მწვავს, როცა მეუბნება:

- იცი, მას ტერასაზე ჯდომა ძალიან უყვარდა, იმ ჩვენს პატარა ტერასაზე, იქ იჯდა ხოლმე და მატარებლებს
უყურებდა.
- ვიცი, - ვეუბნები და მკლავზე ხელს ვადებ, - ხანდახან ვხედავდი ხოლმე.

- სულ მისი ხმა მესმის, მესმის, როგორ მეძახის. საწოლში ვწევარ, გარედან მისი ხმა მესმის და ვფიქრობ
ხოლმე, რომ გარეთ არის, - კანკალებს.

- დაწექი, - ვეუბნები და ჩაის ჭიქას ვართმევ, - დაისვენე.

როდესაც ვრწმუნდები, რომ იძინებს, მის გვერდით ვწვები, ჩემი სახე მისი მხრისგან სულ რამდენიმე
სანტიმეტრშია. თვალებს ვხუჭავ და საკუთარ გულისცემას, ყელში სისხლის პულსაციას ვუსმენ. მის
სევდიან, არც ისე სუფთა სურნელს ვისუნთქავ.

როდესაც ვიღვიძებ, უკვე წასულია.

ხუთშაბათი, 8 აგვისტო, 2013


დილა

თავს მოღალატედ ვგრძნობ. სულ რამდენიმე საათია, რაც სკოტი ჩემგან წავიდა, მე კი ქამალთან
შესახვედრად მივდივარ. კიდევ ერთხელ უნდა შევხვდე ადამიანს, რომელსაც სკოტი მისი ცოლისა და
შვილის მკვლელად თვლის. ვფიქრობ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მისთვის ჩემი გეგმა გამემხილა, ამეხსნა,
რომ ყველაფერ ამას მისთვის ვაკეთებ? მაგრამ დარწმუნებული სულაც არა ვარ, რომ ამას მხოლოდ მისთვის
ვაკეთებ და სინამდვილეში არც არანაირი გეგმა არა მაქვს.

რაღაც ჩემი ნაწილი უნდა გავცე. აი, ჩემი გეგმა დღეისათვის: ვილაპარაკებ რაღაც ნამდვილზე. ვილაპარაკებ,
როგორ მინდოდა ბავშვი და დავაკვირდები, გამოიწვევს თუ არა ჩემი სიტყვები რაიმეს - არაბუნებრივი
პასუხის ან რაიმე სახის რეაქციის - პროვოცირებას. ვნახავ, სად მიმიყვანს ეს ყველაფერი.

არსადაც არ მივყავარ.

მეკითხება, როგორ ვგრძნობ თავს, როდის დავლიე უკანასკნელად.

- კვირას, - ვეუბნები მე.

- კარგია, ეს ძალიან კარგია, - ხელებს კალთაზე იწყობს.

- კარგად გამოიყურებით, - მიღიმის და ამ ღიმილში მკვლელს ვეღარ ვხედავ. ახლა უკვე მიკვირს, რა
დავინახე წინა შეხვედრისას, ნუთუ, მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო?

- წინა შეხვედრაზე მკითხეთ, რატომ დავიწყე სმა, - თავს მიქნევს, - დეპრესიაში ვიყავი, - ვეუბნები, - ჩვენ
ვცდილობდით... მე ვცდილობდი, დავფეხმძიმებულიყავი. არ გამომდიოდა და დეპრესიაში ჩავვარდი. აი,
მაშინ დავიწყე, - ვამბობ და მაშინვე ტირილს ვიწყებ. უცხო ადამიანების სიკეთის ატანა შეუძლებელია.
შეუძლებელია, გაუძლო, როდესაც ვიღაც გიყურებს, ვიღაც, ვინც არც კი გიცნობს, და გეუბნება, რაც უნდა
გქონდეს გაკეთებული, რაც უნდა გქონდეს ჩადენილი, არა უშავს. შენ ბევრი გადაიტანე, გული ძალიან
გატკინეს და პატიებას იმსახურებ.
ამ ადამიანს ვენდობი და კიდევ ერთხელ მავიწყდება, რას ვაკეთებ აქ. მისი რეაქციის გასარკვევად სახეზე
აღარ ვაკვირდები, მის თვალებში დანაშაულის ან რაიმე საეჭვოს ნიშნის დანახვას აღარ ვცდილობ. ნებას
ვაძლევ, თანამიგრძნოს.

ის კეთილი და რაციონალურია. ჩემი პრობლემის დაძლევის სტრატეგიებზე საუბრობს და მახსენებს, რომ


ახალგაზრდა ვარ და ეს ძალიან დამეხმარება.

ამიტომ ვფიქრობ, ამ შეხვედრამ ის ნაყოფი არ გამოიღო, რომელსაც ვგეგმავდი. ქამალის ოფისს რომ ვტოვებ,
თავს უფრო მსუბუქად და იმედიანად ვგრძნობ. აშკარად დამეხმარა. მატარებელში რომ ვჯდები, ვცდილობ,
ისევ წარმოვიდგინო მკვლელი, რომელიც ერთხელ უკვე დავინახე მასში, მაგრამ აღარ გამომდის. თავს
ძალას ვატან, რომ მასში ის ადამიანი დავინახო, ვისაც ქალის ცემა, მისთვის თავის გატეხა შეუძლია.

საშინელ, სამარცხვინო რაიმეს წარმოვიდგენ: ქამალს, მისი დახვეწილი ხელებით, დამაჯერებელი ქცევით,
მეტყველებით, (ბგერა „ს“-ს ზედმეტად რბილად წარმოთქვამს) ვადარებ სკოტს, უზარმაზარსა და ძლიერს,
დაუოკებელსა და სასოწარკვეთილს. მიწევს, თავს ისევ შევახსენო, რომ სკოტი ასეთი ახლაა, რომ ადრე
სხვანაირი იყო. ვცდილობ, გავიხსენო, როგორი იყო, სანამ ყველაფერი ეს მოხდებოდა. ბოლოს, იძულებული
ვარ, ვაღიარო, რომ საერთოდ არ ვიცი, როგორი იყო ის ადრე.

პარასკევი, 9 აგვისტო, 2013

საღამო

მატარებელი შუქნიშანზე ჩერდება. ქილიდან ცივ ჯინ-ტონიკს ვწრუპავ და მის სახლს, მეგანის ტერასას
ვუყურებ. თავს დიდხანს ვიკავებდი, მაგრამ ახლა ეს ნამდვილად მჭირდება. დალევა იმისთვის მინდა, რომ
ძალა მოვიკრიბო. სკოტთან შესახვედრად მივდივარ. სანამ მასთან მივალ, ბლენიმ-როუდის რისკები მაქვს
გასავლელი: ტომი, ანა, პოლიცია, პრესა, მიწისქვეშა გადასასვლელი შიშისა და სისხლის მოგონებებით,
მაგრამ სკოტმა მისვლა მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი.

გუშინ ღამე პატარა გოგონა იპოვეს, უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩა. აღმოსავლეთ ინგლისის
სანაპიროზე, ფერმის სახლთან ახლოს აღმოაჩინეს. ეს ზუსტად ის ადგილია, რომელიც ვიღაცამ პოლიციას
მიუთითა. დღეს დილით გაზეთებში ეწერა:

„მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ნორფოლკში, ჰოლკამთან ახლოს, სახლის ბაღში დამარხული ადამიანის
სხეულის ნარჩენები იქნა აღმოჩენილი, პოლიციამ ბავშვის სიკვდილის გარემოებათა გამოძიება დაიწყო.
ბავშვის მკვლელობის ფაქტი პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რაც წინა
კვირას ქორლის ტყეში ნაპოვნი მეგან ჰიფველის მკვლელობის გამოძიებას უკავშირდება“.

დილით ეს ამბავი რომ წავიკითხე, სკოტს დავურეკე. მან არ მიპასუხა და დავუტოვე მესიჯი, რომელშიც
ვწერდი, ძალიან ვწუხვარ-მეთქი.

დღისით დამირეკა.

- კარგად ხარ? - ვკითხე მე.

- არა, ნამდვილად არა, - ხმა სიმთვრალისგან დამძიმებული ჰქონდა.


- ძალიან ვწუხვარ... რაიმე ხომ არ გჭირდება?

- მჭირდება ვინმე, ვინც არ მეტყვის, ხომ გეუბნებოდიო.

- ვერ გავიგე?

- დედაჩემი იყო აქ მთელი დღე. მან, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ იცოდა: „ამ გოგოს რაღაც წესრიგში
არა აქვს, რაღაცაშია საქმე, არც ოჯახი, არც მეგობრები, საიდანაა, გაუგებარია“. უცნაურია, აქამდე რატომ
არაფერი უთქვამს.

შუშის მტვრევის ხმა და გინება მესმის.

- რა ხდება, კარგად ხარ? - ვკითხე მე.

- შეგიძლია მოხვიდე? - მეკითხება.

- შენთან სახლში?

- ჰო.

- მე... პოლიცია, ჟურნალისტები... დარწმუნებული არა ვარ...

- ძალიან გთხოვ, უბრალოდ, ვინმეს უნდა დაველაპარაკო, ვინმეს, ვინც მეგს იცნობდა, ვისაც ის მოსწონდა,
ვისაც ამ ყველაფრის არ სჯერა.

მთვრალი იყო, ჩემთვის კი ეს ნაცნობი სიტუაციაა და ბოლოს დავთანხმდი.

ახლა, მატარებელში რომ ვზივარ, მის სიტყვებზე ვფიქრობ: „ვიღაც, ვინც მეგს იცნობდა, ვისაც ის
მოსწონდა“. მე მეგანს არ ვიცნობდი და ახლა უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, რომ მომწონს. სასმელი
სასწრაფოდ გადავკარი და მეორე ქილა გავხსენი.

უითნიში მატარებლიდან ჩამოვედი და მგზავრებში გავერიე, როგორც კიდევ ერთი ხელფასზე მცხოვრები
ადამიანი დაღლილ მასაში, ვისაც ერთი სული აქვს, შინ დაბრუნდეს, გარეთ დაჯდეს ცივი ლუდით და
ბავშვებთან ერთად ივახშმოს. იქნებ ჯინმა იმოქმედა ასე, რომ ხალხის ამ ტალღის ნაწილად ყოფნა
წარმოუდგენლად სასიამოვნოდ მეჩვენება. ყველა ტელეფონს ამოწმებს ან ჯიბეებში ბილეთს ეძებს.
გონებით წარსულში ვბრუნდები, უკან - ბლენიმ-როუდზე ცხოვრების პირველ ზაფხულში. მახსენდება,
როგორ მივრბოდი სახლში სამსახურის შემდეგ ყოველ საღამოს, ერთი სული მქონდა, სადგურიდან
გამოსასვლელი კიბე ჩამეთავებინა და ქუჩა გამერბინა. ტომი იმ დროს სახლში მუშაობდა და კარში შესული
არ ვიყავი, ჩემს გახდას რომ იწყებდა. უცებ ვხვდები, ამის გახსენებაზე ახლაც კი მეღიმება. ვაცნობიერებ,
როგორ მიხურს სახე, ისევ იმ ქუჩაზე რომ ვარ, ტუჩს ვიკვნეტ, რომ ისევ არ გავიკრიჭო, სუნთქვა
მიჩქარდება, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ტომი ისევ მელოდება მოუთმენლად, რომ ჩემს მისვლამდე ისევ
წუთებს ითვლის.

გონება ისე მაქვს დაკავებული ამ მოგონებებით, მავიწყდება, რომ ტომსა და ანას, პოლიციასა და
რეპორტიორებს უნდა მოვერიდო. სანამ ამას გავიფიქრებ, უკვე სკოტის სახლის შესასვლელ კართან
ვდგავარ და ზარს ვრეკავ. კარი იღება და საშინელ აღელვებას ვგრძნობ. ვიცი, რომ ეს არასწორია, მაგრამ
ამის გამო თავს დამნაშავედ მაინც არ ვგრძნობ, რადგან მეგანი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ის
არც ლამაზი და უდარდელი გოგო იყო ტერასიდან და არც მოყვარული ცოლი. კარგი პიროვნებაც კი არ
აღმოჩნდა. მატყუარა იყო და მოღალატე. ამასთან, მკვლელიც.

მეგანი

ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013

საღამო

მის სასტუმრო ოთახში ტახტზე ვზივარ და ხელში ჭიქა ღვინო მიჭირავს. სახლი ისევ ნაგვის ბუდეა. ნეტავ
ყოველთვის ასე, თინეიჯერი ბიჭივით ცხოვრობს? მერე მახსენდება, რომ ოჯახი სწორედ ამ ასაკში დაკარგა
და, ალბათ, მას შემდეგ ასე ცხოვრობს. ძალიან მეცოდება. სამზარეულოდან გამოდის და ჩემ გვერდით,
სასიამოვნოდ ახლოს, ჯდება. რომ შემეძლოს, ერთი-ორი საათით აქ ყოველდღე მოვიდოდი, რომ უბრალოდ
ვმჯდარიყავი, ერთი ჭიქა ღვინო დამელია და მეგრძნო, როგორ მისვამს ხელზე ხელს.

მაგრამ არ შემიძლია. მას თავისი წესები აქვს და ითხოვს, რომ დავიცვა.

- კარგი, მეგან, - მეუბნება, - მზად ხარ, რომ განაგრძო ის, რასაც წინა შეხვედრაზე მიყვებოდი?

ცოტა უკან ვიხრები, მის თბილ სხეულს ვეყრდნობი, ისიც არ მეწინააღმდეგება. თვალებს ვხუჭავ და
წარსულში, იმ სააბაზანოში ადვილად ვბრუნდები. უცნაურია, იმდენი დრო დავხარჯე, რომ დამევიწყებინა,
იმ დღეებზე, ღამეებზე აღარ მეფიქრა. ახლა კი თვალებს დავხუჭავ თუ არა, ყველაფერი ისევ ბრუნდება,
თითქოს ვიძინებ და პირდაპირ სიზმრის შუაგულში ვხვდები.

ბნელოდა და ძალიან ციოდა. სააბაზანოში აღარ ვიყავი.

- ზუსტად არც კი ვიცი, რა მოხდა. მახსოვს, როგორ გავიღვიძე, მახსოვს, როგორ მივხვდი, რომ რაღაც ისე არ
იყო, მერე მაკის სახლში დაბრუნება მახსოვს, მეძახდა, ქვევიდან ყვიროდა ჩემს სახელს, მაგრამ მე განძრევა
არ შემეძლო. სააბაზანოს იატაკზე ვიჯექი, ბავშვი მკლავებზე მესვენა. სახურავზე წვიმა აკაკუნებდა და
ჭერის ძელები ჭრაჭუნებდა. ძალიან მციოდა. მაკი კიბეზე ამოვიდა, ჯერ კიდევ მეძახდა. კართან მოვიდა და
სინათლე აანთო.

ახლაც ვგრძნობ, როგორ მჭრის თვალებს სინათლე, ყველაფერი საშინლად მკაფიო და თეთრია.
- მახსოვს, როგორ ვუყვიროდი, რომ შუქი ჩაექრო. დანახვა არ მინდოდა, არ მინდოდა, ის ასეთი მენახა. არ
ვიცი... არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ. მაკი მიყვიროდა, სახეში მიყვიროდა. ბავშვი მივეცი და გავიქეცი.
სახლიდან წვიმაში გამოვიქეცი. პლაჟზე ჩავედი. არ მახსოვს, რა მოხდა მერე. დიდი დრო გავიდა, სანამ
ჩემთან მოვიდოდა. ისევ წვიმდა. ვფიქრობ, ეს დიუნებში ხდებოდა. მაშინ წყალში შესვლა ვიფიქრე, მაგრამ
ძალიან შეშინებული ვიყავი. მერე მან მომაკითხა და შინ წამიყვანა.

- ბავშვი დილით დავმარხეთ. მე რაღაც ქსოვილში გავახვიე, მაკმა კი საფლავი ამოთხარა. მაკის მამულის
განაპირას, გაუქმებული რკინიგზის სიახლოვეს დავმარხეთ. საფლავზე ნიშანი ქვებით გავაკეთეთ. ამაზე
აღარ გვილაპარაკია. საერთოდ არაფერზე აღარ გვილაპარაკია, ერთმანეთს ვერ ვუყურებდით. იმ ღამეს მაკი
წავიდა. თქვა, რომ ვიღაცას უნდა შეხვედროდა. ვიფიქრე, ალბათ, პოლიციაში წავიდა-მეთქი. არ ვიცოდი, რა
გამეკეთებინა. უბრალოდ, მაკს ველოდებოდი, ველოდებოდი, რომ ვინმე მოვიდოდა. ის აღარ დაბრუნდა,
აღარასოდეს.

ქამალის თბილ სასტუმრო ოთახში ვზივარ, ჩემ გვერდზე მის თბილ სხეულს ვგრძნობ და მაინც
მაკანკალებს.

- ყველაფერ ამას ახლაც ყოველღამე ვგრძნობ. ეს ის არის, რაც ძალიან მაშინებს, და ღამით არ მაძინებს -
სახლში მარტო ყოფნის განცდა. ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ დასაძინებლად წასვლა არ შემეძლო, ბნელ
ოთახებში დავდიოდი და სულ ბავშვის ტირილი მესმოდა, მისი კანის სურნელს ვგრძნობდი. რაღაცები
მეჩვენებოდა. ღამე მეღვიძებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლში ჩემთან ერთად ვიღაც თუ რაღაც
იყო. მეგონა, ვგიჟდებოდი, მეგონა, მოვკვდებოდი. ვფიქრობდი, იქნებ უბრალოდ დავრჩენილიყავი და ერთ
მშვენიერ დღეს ვინმე მიპოვიდა. მისი მიტოვება არ შემეძლო.

ვსრუტუნებ. წინ ვიხრები, რომ მაგიდაზე ყუთიდან ქაღალდის ცხვირსახოცი ავიღო. ქამალის ხელი ჩემი
ხერხემლის გასწვრივ ეშვება და იქ, ქვევით ჩერდება.

- საბოლოოდ, დარჩენის ვაჟკაცობა არ აღმომაჩნდა. დაახლოებით ათი დღე მოვიცადე და მერე, როდესაც
საჭმელი არაფერი დარჩა, ერთი ქილა ლობიოც კი, ნივთები ჩავალაგე და წამოვედი.

- მას შემდეგ მაკს შეხვდი?

- არა, აღარასოდეს. უკანასკნელად იმ ღამეს ვნახე. არც უკოცნია და წესიერად არც კი დამმშვიდობებია.
უბრალოდ, თქვა, რომ ცოტა ხნით უნდა წასულიყო და მორჩა, - მხრებს ვიჩეჩ.

- დაკავშირება სცადე?

- არა, - თავი გავაქნიე მე, - თავიდან ძალიან შეშინებული ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა, რომ
დავკავშირებოდი. არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო, მობილურიც კი არ ჰქონდა. იმ ადამიანებთან
ურთიერთობა აღარ მქონდა, ვინც მას იცნობდა. მისი მეგობრები, ყველანი, მოხეტიალე ტიპები იყვნენ:
ჰიპები, მოგზაურები. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მასზე პირველად ვილაპარაკეთ, გუგლში შევედი მის
მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ, უცნაურია...

- რა არის უცნაური?
- დასაწყისში მას თითქმის ყოველდღე ვხედავდი - ქუჩაში ან ბარში დავინახავდი ვიღაც კაცს და
დარწმუნებული ვიყავი, რომ მაკია. გული საშინლად მიჩქარდებოდა. მისი ხმა ხალხის ბრბოში მესმოდა
ხოლმე, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ შეწყდა. ახლა ვფიქრობ, იქნებ ცოცხალიც არ არის.

- ასე რატომ გგონია?

- არ ვიცი, უბრალოდ, ასე ვგრძნობ.

ქამალი წელში სწორდება და გვერდზე მორიდებულად იწევა. ისე ჯდება, რომ სახეში მიყუროს.

- ვფიქრობ, ეს უბრალოდ შენი წარმოსახვის შედეგია, მეგან. ბუნებრივია, რომ გეჩვენებიან ადამიანები,
რომლებიც ერთ დროს შენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდნენ და მერე დაშორდი. ადრე მეც სულ
მეჩვენებოდა, რომ ჩემს ძმებს მოვკარი თვალი. შეგრძნება, თითქოს ის მკვდარია, იმის შედეგი უნდა იყოს,
რომ შენი ცხოვრებიდან ძალიან დიდი ხნის წინ წავიდა. გარკვეული თვალსაზრისით ის შენთვის
რეალურიც აღარ არის.

ისევ თერაპიის სტილს დაუბრუნდა. ტახტზე ორი მეგობარივით აღარ ვსხედვართ. მინდა ხელი მოვკიდო
და ჩემკენ მოვიზიდო, მაგრამ საზღვრების დარღვევა არ მინდა. ვიხსენებ, როგორი სახე ჰქონდა წინა
შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას რომ ვაკოცე - მასში სურვილიც იკითხებოდა, იმედგაცრუებაც და
ბრაზიც.
- მაინტერესებს, ყველაფერ ამაზე ლაპარაკი, შენი ისტორიის ბოლოს და ბოლოს ვიღაცისთვის მოყოლა,
მაკთან დაკავშირების გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება? წარსულის ამ ფურცლის საბოლოოდ
გადაშლაში დაგეხმარება თუ არა?

ამ შეკითხვას ველოდი.

- არა, არ შემიძლია, - ვამბობ, - არ შემიძლია.

- და მაინც, წუთით დაფიქრდი ამაზე.

- არა, არ შემიძლია. თუ ისევ ვძულვარ? ჩემთან შეხვედრა ყველაფერს თუ განუახლებს, ან პოლიციაში


წასვლას ახლა თუ გადაწყვეტს. და კიდევ, რომ... ამის ხმამაღლა თქმა არ შემიძლია, ჩურჩულითაც კი არ
შემიძლია... სკოტთან დალაპარაკება რომ გადაწყვიტოს და უთხრას, რას წარმოვადგენ სინამდვილეში.

ქამალი თავს აქნევს.

- იქნებ სულაც არ სძულხარ, მეგან. შესაძლებელია, არც არასდროს სძულდი. იქნებ თვითონაც შეშინებული
იყო. იქნებ თავს ახლაც დამნაშავედ გრძნობს. ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც შენ მიამბე, არც ის
მოიქცა სწორად. თავისთან მიიყვანა ძალიან ახალგაზრდა, უსუსური გოგონა და მიატოვა სწორედ მაშინ,
როდესაც მხარდაჭერა სჭირდებოდა. იქნებ ფიქრობს, რომ მომხდარი თქვენი საერთო პასუხისმგებლობა
იყო? იქნებ სწორედ ამას გაექცა?

არც კი ვიცი, მართლა სჯერა ყველაფერ ამის თუ მხოლოდ იმისათვის ამბობს, რომ თავი უკეთესად
მაგრძნობინოს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. ყველაფრის მასზე გადაბრალება არ შემიძლია.
ეს ის ერთადერთი რამაა, რაც უნდა მივიღო, როგორც მხოლოდ ჩემი.
- არ მინდა, იმის გაკეთებისკენ გიბიძგო, რაც შენ თვითონ არ გინდა, - მეუბნება ქამალი, - მინდა უბრალოდ
იმაზე იფიქრო, რომ მაკთან შეხვედრა შეიძლება დაგეხმაროს, იმიტომ კი არა, რომ ჩემი აზრით, მასთან
ვალში ხარ, ხომ გესმის? ის არის შენთან ვალში. შენს ბრალს კარგად ვაცნობიერებ, მართლა, მაგრამ მან
მიგატოვა. შენ მარტო დარჩი, შეშინებული, პანიკურ მდგომარეობაში, მგლოვიარე. მან იმ სახლში მარტო
დაგტოვა. გასაკვირი არ არის, რომ არ გძინავს. რა თქმა უნდა, თვითონ ძილის იდეაც კი გაშინებს, რომ
დაიძინე, რაღაც საშინელება დაგემართა. ერთადერთმა ადამიანმა, რომელიც ამ დროს უნდა დაგხმარებოდა,
მარტო დაგტოვა.

ასეთი რაღაცები ქამალის პირიდან არც ისე ცუდად ჟღერს. როგორც კი ეს დამამშვიდებელი და დამტკბარი
სიტყვები მის ენას სწყდება, მაშინვე თითქმის ვიჯერებ, ვიჯერებ, რომ ამ ყველაფრის წარსულში დატოვების
გზა არსებობს, რომ შემიძლია, სამუდამოდ დავივიწყო, სახლში, სკოტთან წავიდე, ვიცხოვრო ისე, როგორც
ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ, აღარც მუდმივად უკან ვიხედებოდე და რაღაც უკეთესის
მოლოდინში ვიყო. ასე არ ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები?

- იფიქრებ ამაზე? - მეკითხება და ხელზე მეხება. ფართოდ ვუღიმი და ვპირდები, რომ ვიფიქრებ. შეიძლება
მართლაც ასე მგონია, არ ვიცი. კარამდე მაცილებს, მხრებზე მკლავს მხვევს, სურვილი მიჩნდება,
მოვბრუნდე და ისევ ვაკოცო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. სამაგიეროდ, ვეკითხები:

- ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა?

თავს მიქნევს.

- იქნებ...

- არა, მეგან. არ შეიძლება. სწორად უნდა მოვიქცეთ.

ვუღიმი.
- აი, ეგ ნამდვილად არ გამომდის, - ვეუბნები, - არასოდეს გამომდიოდა.

- გამოგივა. გააკეთებ. ახლა შინ წადი. შენს ქმართან წადი, სახლში.

მას შემდეგ, რაც კარს კეტავს, სახლის წინ ტროტუარზე დიდხანს ვდგავარ. თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ,
უფრო თავისუფლად, მაგრამ უფრო ნაღვლიანადაც. სრულიად მოულოდნელად, უბრალოდ, სახლში,
სკოტთან წასვლა მინდება.

სადგურში წასასვლელად რომ ვტრიალდები, ტროტუარზე ჩემკენ კაცი მორბის, ყურსასმენები უკეთია და
თავი ჩაღუნული აქვს. პირდაპირ ჩემკენ მორბის. დაჯახება რომ თავიდან ავირიდო, განზე ვდგები,
ტროტუარის ნაპირზე ფეხი მიცურდება და ვვარდები.

კაცი ბოდიშსაც არ იხდის, ჩემკენ არც კი იხედება, მე კი ისეთი შოკირებული ვარ, რომ დაყვირებაც არ
შემიძლია. ფეხზე ვდგები, მანქანას ვეყრდნობი, ვცდილობ, სული მოვითქვა. სიმშვიდე, რომელსაც ქამალის
სახლში ვგრძნობდი, უეცრად ქრება.

მხოლოდ შინ მისვლის შემდეგ ვხვდები, რომ დაცემისას ხელი გავიჭერი და რაღაც მომენტში სახეზე
მოვისვი, ტუჩები სისხლით მაქვს მოთხვრილი.
რეიჩელი
შაბათი, 10 აგვისტო, 2013
დილა

ადრიანად ვიღვიძებ. მესმის, როგორ მიგრიხინებს ნაგვის მანქანა ქუჩაზე და როგორ მსუბუქად უკაკუნებს
წვიმა ფანჯრებს. ფარდები ნახევრად ღიაა, წუხელ მათი დახურვა დაგვვიწყებია. ჩემთვის მეღიმება. მას ჩემ
უკან ვგრძნობ, თბილს, მძინარესა და მკვრივს. თეძოებს ვარხევ, რომ უფრო მივუახლოვდე. ბევრი დრო არ
დასჭირდება, ამოძრავდეს, ხელები მომხვიოს და ზურგზე გადამაწვინოს.

- რეიჩელ, - მეუბნება ის, - არა, - მთელი ტანი მეყინება. სახლში არა ვარ. ეს სახლი არ არის. ყველაფერი ეს
არასწორია.

ზურგზე ვბრუნდები. სკოტი უკვე ზის. ფეხები საწოლიდან გადმოწყობილი აქვს და ჩემკენ ზურგითაა
მობრუნებული. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ, გავიხსენო, მაგრამ ყველაფერი ძალიან
ბუნდოვანია. თვალებს რომ ვახელ, აზრზე მოვდივარ, რადგან ეს ოთახი ზუსტად ისეთია, როგორშიაც
ათასჯერ ან მეტჯერ გამიღვიძია. საწოლიც ისე დგას, ხედიც ზუსტად ისეთივეა და, თუ წამოვჯდები, ქუჩის
მოპირდაპირე მხარეს მუხის ხეების კენწეროებს დავინახავ. იქ, მარცხნივ, სააბაზანოში შესასვლელია, ხოლო
მარჯვნივ - ჩაშენებული კარადები. ეს ზუსტად ისეთი ოთახია, რომელშიც მე და ტომი ვცხოვრობდით.

- რეიჩელ, - ამბობს ისევ, მე კი ხელს ვიწვდი, რომ მის ზურგს შევეხო, მაგრამ სწრაფად დგება და სახით
ჩემკენ ტრიალდება. ერთიანად გამოფიტული ჩანს, ისე, როგორც მაშინ, პირველად რომ ვნახე ახლოდან,
პოლიციის განყოფილებაში, ისე, თითქოს ვიღაცამ შიგნეული გამოაცალა და მხოლოდ ნიჟარა დატოვა. ეს
ოთახი ზუსტად ისეთია, როგორშიც მე და ტომი ვცხოვრობდით, მაგრამ ამ ოთახში ის მეგანთან ერთად
ცხოვრობდა. ეს ოთახი. ეს საწოლი.

- ვიცი, - ვამბობ მე, - ძალიან ვწუხვარ, ისე ძალიან ვწუხვარ, ეს არასწორი იყო.

- ჰო, არასწორი იყო, - ამბობს და თვალებში ვერ მიყურებს. სააბაზანოში გადის და კარს კეტავს.

ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ისევ იმ საშინელებაში ვიძირები, რომელიც შიგნიდან მთლიანად მღრღნის. რა
გავაკეთე? მახსოვს, მასთან რომ მოვედი, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, სიტყვების უშრეტი ნაკადი მოდიოდა
მისგან. გაბრაზებული იყო: გაბრაზებული დედამისზე, რომელსაც მეგანი არასოდეს მოსწონდა;
გაბრაზებული გაზეთებზე, რომლებიც მეგანის შესახებ წერდნენ, რომ ის მიიღო, რაც დაიმსახურა;
გაბრაზებული პოლიციაზე, რომელმაც ასე ცუდად იმუშავა, მეგანს იმედი გაუცრუა, სკოტს იმედი გაუცრუა.
სამზარეულოში ვისხედით, ლუდს ვსვამდით და ვუსმენდი. როდესაც ლუდი გათავდა, გარეთ, პატიოში
დავსხედით და თითქოს გაბრაზებამ გადაუარა. ვსვამდით, აქეთ-იქით მიმავალ მატარებლებს
ვუყურებდით და ვლაპარაკობდით, ფაქტობრივად, არაფერზე: ტელევიზიაზე, სამსახურზე. მიყვებოდა, სად
დადიოდა სკოლაში. უბრალოდ, როგორც ნორმალური ადამიანები ლაპარაკობენ ხოლმე.
არც კი მახსოვს, რა იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ, სახლში დაბრუნება და ტომის ნახვა
მინდოდა. მგონი, კვირა იყო, მე კი პარასკევს გადავედი, ასე რომ, ორმოცდარვა საათიც კი არ იყო გასული.
ქუჩაში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ეზიდებოდა თავის ნივთებს მანქანიდან სახლში. ის უკვე იქ
საცხოვრებლად გადადიოდა, ჩემი წასვლიდან ორი დღის შემდეგ. ჩემი ლოგინი ჯერ გაცივებული არ იყო.
ულამაზო აჩქარებად ჩავთვალე. დამინახა თუ არა, მისკენ წავედი. წარმოდგენა არა მაქვს, რის თქმას
ვაპირებდი, დარწმუნებული ვარ, არაფერი რაციონალურის. ვტიროდი, ეს კარგად მახსოვს. ის კი გაიქცა,
ზუსტად ისე, როგორც ახლა. მაშინ ჯერ ყველაფერი არ ვიცოდი. ის არ ჩანდა ხოლმე, მადლობა ღმერთს.
ვფიქრობ, ეს მომკლავდა.

პლატფორმაზე რომ ვდგავარ და მატარებელს ველოდები, გულისრევის შეგრძნება მაქვს. მერხზე ვჯდები
და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს შესვენების ბრალია. ხუთი დღის მანძილზე არაფერი დამილევია და
უცებ - ამდენი. აბა, რას მიზამდა. თუმცა ვიცი, რომ სხვა მიზეზიც არის - ანა. როდესაც დავინახე, როგორ
მიდიოდა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა - შიში.

ანა

შაბათი, 10 აგვისტო, 2013

დილა

დღეს დილით ნორთქოთში, სპორტულ დარბაზში წავედი მანქანით, მერე „მეთჩისის“ მაღაზიაში შევიარე
და საკუთარ თავს „მაქს მარას“ მშვენიერი მინიკაბა ვუყიდე (ტომი რომ ამ კაბაში დამინახავს, მაშინვე
ყველაფერს მაპატიებს). არაჩვეულებრივი დილა მქონდა, მაგრამ მანქანა რომ გავაჩერე, დავინახე, რომ
ჰიფველების სახლთან რაღაც ხდებოდა. ფოტოგრაფები იქ ბოლო ხანებში სულ არიან. ისიც იქ იყო, ისევ!
ვერც კი ვიჯერებდი. რეიჩელმა ფოტოგრაფებს ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა, არეული ჩანდა. დარწმუნებული ვარ,
სკოტის სახლიდან იმ წუთის გამოსული იყო.

არც კი გავნერვიულებულვარ. უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი და, როდესაც ეს ტომს მოვუყევი მშვიდად,
საქმიანად, ისიც ჩემსავით აღელდა.

- აუცილებლად დავუკავშირდები და გავარკვევ, რა ხდება.

- ეგ ხომ უკვე სცადე და რა, რას მიაღწიე? - რაც შემეძლო, რბილად ვუთხარი. მერე ვკითხე, იურიდიული
რჩევის მიღებისა და აკრძალვის ორდერზე ფიქრის დრო ხომ არ დადგა.

- პრინციპში, ხომ აღარ გვაწუხებს, არა? სატელეფონო ზარები შეწყდა, ახლოსაც არ გაგვკარებია, არც სახლში
მოსულა. ამაზე ნუ იღელვებ, ძვირფასო, მოვაგვარებ.

შეწუხების თაობაზე მართალი თქვა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. რაღაც ნამდვილად ხდება
და არ შემიძლია, ყურადღება არ მივაქციო.
დავიღალე. სულ მეუბნება, არ იღელვოო, მოვაგვარებო, დაველაპარაკები და თანდათან თავს დაგვანებებსო.
ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ამ საქმეს თავად უნდა მივხედო. კიდევ ერთხელ თუ დავინახავ, მაშინვე იმ
პოლიციის ოფიცერს დავურეკავ, ქალს, დეტექტივ-სერჟანტ რაილის. ძალიან სიმპათიური ადამიანი ჩანს.
ვიცი, ტომს რეიჩელი ეცოდება, მაგრამ გულწრფელად ვთვლი, რომ ამ ძუკნას ერთხელ და სამუდამოდ
უნდა მოვერიო.

რეიჩელი

ორშაბათი, 12 აგვისტო, 2013

დილა

უილსონ-ლეიქზე ვართ, მანქანების სადგომზე. როცა ძალიან ცხელოდა, აქ საცურაოდ ხშირად მოვდიოდით
ხოლმე. დღეს ტომის მანქანაში ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ, ფანჯრები ჩამოწეულია და თბილი
ნიავი შემოდის. თავი უკან მინდა გადავწიო, სავარძელს დავაყრდნო, თვალები დავხუჭო, ნაძვების
სურნელი ვიყნოსო და ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმინო. მინდა, მისი ხელი ხელში მეჭიროს და ასე ვიჯდე აქ
მთელი დღე.

გუშინ ღამე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ვკითხე, იმიტომ ხომ არა, რომ ბლენიმ-როუდზე ანას შევხვდი.
ვუთხარი, რომ ამას მათთან არანაირი კავშირი არა აქვს, რომ იქ მათ შესაწუხებლად არ მივსულვარ.
დამიჯერა. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ ცოტა ფრთხილად, შეშფოთებით
ლაპარაკობდა. მითხრა, შენთან დალაპარაკება მინდაო.

- ძალიან გთხოვ, რეიჩ, - ზუსტად ისე მომმართა, როგორც ადრე. მეგონა, გული გამისკდებოდა, - მანქანით
გამოგივლი, კარგი?

გათენებამდე გამეღვიძა და სამზარეულოში დილის ხუთ საათზე ყავას ვიკეთებდი. თავი დავიბანე, ფეხები
გავიპარსე, მაკიაჟი გავიკეთე და ტანსაცმელი ოთხჯერ გამოვიცვალე. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ვიცი,
სისულელეა, მაგრამ სკოტზე ვფიქრობდი, იმაზე, რაც გავაკეთეთ. არ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ეს
ღალატს ჰგავდა, ტომის ღალატს, კაცის, რომელმაც ორი წლის წინ სხვა ქალის გამო მიმატოვა. რა ვქნა, თავს
ვერ ვერევი, მაინც ასე ვგრძნობ.
ცხრა საათი ხდებოდა, რომ მოვიდა. ქვევით ჩავედი და იქ დამხვდა. თავის მანქანას მიჰყრდნობოდა, ჯინსი
და ძველი ნაცრისფერი მაისური ეცვა, იმდენად ძველი, რომ გამახსენდა, როგორ ვგრძნობდი მის ქსოვილს
ლოყაზე, როდესაც ტომის მკერდზე მედო თავი.

- სამსახურიდან მთელი დილით გავთავისუფლდი, - მითხრა, როგორც კი დამინახა, - ვიფიქრე, იქნებ


მანქანით გაგვესეირნა.

ტბისკენ მიმავალ გზაზე ბევრი არაფერზე გვილაპარაკია. მკითხა, როგორ ხარო და მითხრა, კარგად
გამოიყურებიო. სანამ მანქანების სადგომზე მივიდოდით და მის მანქანაში იმაზე ფიქრს დავიწყებდი, რა
კარგი იქნებოდა, მისი ხელი რომ ხელში მჭეროდა, ანა არ უხსენებია. მერე...

- ჰო, ისა... ანამ თქვა, რომ დაგინახა და იფიქრა, სკოტ ჰიფველის სახლიდან ხომ არ მოდიოდი. ასე იყო? -
პირით ჩემკენ მობრუნდა, მაგრამ სინამდვილეში მე არ მიყურებდა. ამას რომ მეკითხებოდა, თავს აშკარად
უხერხულად გრძნობდა.
- ტყუილად ნერვიულობთ. სკოტს ვხვდებოდი, იმის თქმა მინდოდა... კი არ ვხვდებოდი, უბრალოდ,
დავმეგობრდით. სულ ესაა. ძნელი ასახსნელია. მდგომარეობიდან გამოსვლაში ვეხმარებოდი. შენ ხომ იცი,
თუმცა, რა თქმა უნდა, იცი, რომ ძალიან მძიმე პერიოდი აქვს.

ტომი თავს მიქნევს, მაგრამ ისევ არ მიყურებს. თავისი მარცხენა საჩვენებელი თითის ფრჩხილს იკვნეტს,
აშკარა ნიშანი იმისა, რომ ნერვიულობს.

- მაგრამ, რეიჩ...

ნეტავ ასე აღარ მომმართო. ეს თავბრუს მასხამს, გაღიმების სურვილს მიჩენს. მას შემდეგ, რაც ასე მეძახდა,
იმდენი დრო გავიდა, ახლა კი ისევ იმედი მიჩნდება. იქნებ ანასთან აქვს პრობლემები და ისევ გაახსენდა
ყველაფერი კარგი, რაც ჩვენ შორის იყო. იქნებ მის რაღაც ნაწილს ვენატრები კიდეც.

- მე, უბრალოდ... ეს ძალიან მაღელვებს.

ბოლოს და ბოლოს, თავს ზევით სწევს და თავისი დიდი, თაფლისფერი თვალებით მიყურებს. ხელს ოდნავ
სწევს, თითქოს ჩემი ხელის აღებას აპირებს, მაგრამ მერე ფიქრობს, რომ ჯობია, ეს არ გააკეთოს და ჩერდება.

- ვიცი... თუმცა დანამდვილებით არაფერი ვიცი, მაგრამ სკოტი... ერთი შეხედვით წესიერი კაცი ჩანს, მაგრამ
ამაში დარწმუნებული ვერ იქნები, არა?

- გგონია, ეს მან გააკეთა?

თავს აქნევს, ნერწყვს ძნელად ყლაპავს.

- არა, არა, ამას არ ვამბობ. ვიცი... მოკლედ, ანა ამბობს, რომ ისინი ხშირად ჩხუბობდნენ, რომ მეგანს ცოტა
ეშინოდა კიდეც მისი.

- ანა ამბობს?

ინსტინქტი მკარნახობს, ყურადღება არ მივაქციო იმას, რასაც ის ძუკნა ამბობს, მაგრამ ვერაფრით ვერევი
შეგრძნებას, რომელიც შაბათს სკოტთან ყოფნისას მქონდა, რომ იქ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ის თავს მიქნევს.

- მეგანი ცოტა ხანს ჩვენთან ივის ძიძად მუშაობდა, როცა ივი სულ პატარა იყო. ღმერთო, მას შემდეგ, რაც
გაზეთებში ბოლო ხანებში იწერებოდა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ
როდესაც გგონია, ვიღაცას კარგად იცნობ, მერე... - მძიმედ ხვნეშის, - ძალიან არ მინდა, რაიმე ცუდი
მოხდეს, ცუდი რამ დაგემართოს, - მიღიმის, მერე მხრებს იჩეჩს, - შენ მიმართ ჯერ კიდევ გულგრილი არა
ვარ, რეიჩ, - მეუბნება და გვერდზე გახედვა მიწევს, რადგან ძალიან არ მინდა, ჩემს თვალებში ცრემლები
დაინახოს. რა თქმა უნდა, მაშინვე ხვდება, ხელს მხარზე მადებს და მეუბნება:

- ისე ძალიან ვწუხვარ...

ცოტა ხანი ჩვენ შორის მყუდრო სიჩუმე ისადგურებს. ტუჩს მაგრად ვკბენ, რომ არ ვიტირო. არ მინდა, ეს
ყველაფერი მისთვის კიდევ უფრო მძიმე გავხადო, ნამდვილად არ მინდა.

- მე კარგად ვარ, ტომ, თანდათან უკეთესად ვგრძნობ თავს, მართლა.

- მიხარია ამის გაგონება. ხომ არ...

- ვსვამ? ნაკლებს. თანდათან უფრო ნაკლებს.


- ძალიან კარგი, კარგად გამოიყურები, მშვენიერი ხარ.

მიღიმის და ვგრძნობ, როგორ ვწითლდები. სწრაფად მარიდებს თვალს.

- მართლა... მმ... მართლა ნორმალურად ხარ? ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ.

- მშვენივრად.

- მართლა? არა, მართალი მითხარი, რეიჩელ. არ მინდა, შენ...

- კარგად ვარ.

- ცოტა ფულს ხომ არ... ჯანდაბა, არ მინდა იდიოტივით გამოვიყურებოდე, მაგრამ ცოტას ხომ არ
გამომართმევდი? უბრალოდ, ცოტა ხანს რომ შეგეშველოს.

- მართალს გეუბნები, მართლა კარგად ვარ.

ის წინ იხრება და სუნთქვა მეკვრება, ისე ძალიან მინდა მისი შეხება. მინდა მისი კისრის სურნელი ვიგრძნო,
მინდა მის ბეჭებს შორის ფართო დაკუნთულ ღარში ჩავრგო სახე. ხელთათმანების უჯრას აღებს.

- მინდა ჩეკი გამოგიწერო, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, შეგიძლია არც კი გაანაღდო.

სიცილს ვიწყებ.

- ჩეკების წიგნაკს ისევ ხელთათმანების უჯრაში ინახავ?


ისიც სიცილს იწყებს.

- ყოველი შემთხვევისთვის. არასოდეს იცი, როდის მოგიწევს შენი არანორმალური ყოფილი ცოლის მძიმე
სიტუაციიდან გამოხსნა.

ცერს ყვრიმალზე მისვამს. ხელს ვწევ, მის ხელს ჩემსაში ვიღებ და ხელისგულზე ვკოცნი.

- დამპირდი, - ამბობს პირქუშად, - რომ სკოტ ჰიფველს არ გაეკარები. დამპირდი, რეიჩ.

- გპირდები, - ვეუბნები სრულიად გულწრფელად და სიხარულისგან თვალებში მიბნელდება, რადგან


ვხვდები, რომ მარტო კი არ ღელავს ჩემზე, ეჭვიანობს კიდეც.

სამშაბათი, 13 აგვისტო, 2013

დილაადრიან

მატარებელში ვზივარ და ლიანდაგთან ახლოს ტანსაცმლის გროვას ვუყურებ, მუქ ლურჯ ტანსაცმელს.
მგონი, კაბაა. შავი ქამრით. ვერაფრით წარმომიდგენია, იქ როგორ მოხვდა. ინჟინრების დატოვებული
ნამდვილად არ არის. ნელა მივდივართ და მათი დათვალიერებისათვის ბევრი დრო მაქვს. მეჩვენება,
თითქოს ეს ლურჯი კაბა ადრე მინახავს. მინახავს, როგორ ეცვა ვიღაცას. არ მახსოვს, როდის. ცივა, ასეთი
კაბის სატარებლად ძალიან ცივა. ალბათ, მალე თოვლი წამოვა.

ერთი სული მაქვს, ტომის სახლს, ჩემს სახლს, როდის დავინახავ. ვიცი, რომ იქ იქნება, გარეთ. ვიცი, მარტო
იქნება, ჩემს მოლოდინში. რომ ჩავუვლით, ფეხზე წამოდგება, ხელს დამიქნევს და გამიღიმებს. ყველაფერი
ეს ვიცი.

თუმცა პირველად ნომერი თხუთმეტის წინ ვჩერდებით. ჯეისონი და ჯესი ტერასაზე ღვინოს სვამენ, რაც
უცნაურად მეჩვენება, რადგან ჯერ დილის ცხრის ნახევარიც არ არის. ჯესს წითელი ყვავილებით
მოჩითული კაბა აცვია, პატარა ვერცხლის საყურე უკეთია, რომელზედაც ჩიტები ჰკიდია, ვხედავ, ჯესის
ლაპარაკისას როგორ მოძრაობენ ისინი წინ და უკან. ჯეისონი უკან დგას და ხელები მის მხრებზე უწყვია.
ვუღიმი, მინდა ხელიც დავუქნიო, მაგრამ არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ გავგიჟდი. უბრალოდ, ვუყურებ
და ვოცნებობ, რომ ერთი ჭიქა ღვინო მეც მქონდეს.

საუკუნეა ვდგავართ და მატარებელი ჯერაც არ იძვრება. მინდა მალე წავიდეთ, თორემ ტომი იქ აღარ იქნება
და ვერ დავინახავ. ჯესის სახეს ახლა უფრო მკაფიოდ ვხედავ, ვიდრე სხვა დროს. სინათლეს სჭირს რაღაც,
ზედმეტად კაშკაშაა და პირდაპირ მისი სახისკენ მიმართული, როგორც პროჟექტორი. ჯეისონი ისევ მის
უკან დგას, მაგრამ ხელები მხრებზე აღარ უწყვია, ახლა ყელზე აქვს შემოჭდობილი. ჯესი უხერხულად
გამოიყურება, თითქოს იტანჯება. ახრჩობს. ვხედავ, როგორ უწითლდება ჯესს სახე, ყვირის. ფეხზე ვდგები,
ხელებს ფანჯარაზე ვაბრახუნებ და ვუყვირი, შეწყვიტოს, მაგრამ მას ჩემი არ ესმის. ვიღაცა ხელზე მკიდებს
ხელს, წითურთმიანი კაცი. მეუბნება, დაჯექიო, შემდეგი გაჩერებიდან შორს აღარ ვართო.

- იმ დროისთვის უკვე ძალიან გვიან იქნება.

- უკვე ძალიან გვიანია, რეიჩელ, - მეუბნება. ტერასისკენ ვიხედები და ვხედავ, რომ ჯესი ისევ ფეხზე დგას,
ჯეისონს კი ხელში მისი ქერა თმის მთელი ბღუჯა უჭირავს და თავით მის კედელზე მიხეთქებას აპირებს.

დილა

უკვე რამდენიმე საათია გავიღვიძე, მაგრამ ჯერ კიდევ ვცახცახებ, სკამზე რომ ვჯდები, ფეხები მიკანკალებს.
სიზმარმა ძალიან შემაშინა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყველაფერი, რაც მეგონა, რომ ვიცოდი, არასწორი
იყო. არაფერს, რასაც სკოტსა და მეგანში ვხედავდი, რაც მათ შესახებ წარმოვიდგინე, რეალობასთან
არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ, თუ ჩემი გონება ასეთ უცნაურობებს ახტუნებს, უფრო სწორი არ
იქნება, ვიფიქრო, რომ სწორედ სიზმარია ილუზია. სიზმარი იმას ნიშნავდა, რომ სკოტთან ურთიერთობის
გამო დანაშაულის გრძნობასა და იმას რაც ტომმა მანქანაში მითხრა ჩემი ტვინი არ იღებდა.

როცა მატარებელი შუქნიშანზე ჩერდება, შიშის ნაცნობი გრძნობა კიდევ უფრო იზრდება და ზევით
ახედვისაც კი მეშინია. ფანჯარა დაკეტილია, იქ არაფერია. სიწყნარე და სიმშვიდეა, ან სახლი
მიტოვებულია. მეგანის სკამი ჯერ კიდევ ტერასაზე დგას, ცარიელი. დღეს თბილა, მაგრამ კანკალს
ვერაფრით ვიჩერებ.

სულ უნდა მახსოვდეს, რომ ის, რაც ტომმა სკოტისა და მეგანის შესახებ მითხრა, ანას მონაყოლს
ეყრდნობოდა და ჩემზე კარგად არავინ იცის, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.

დოქტორი აბდიკი ამ დილას ცოტა ნაკლებად გულიანად შემხვდა. წელში მოხრილიც მომეჩვენა, ისე
გამოიყურებოდა, თითქოს რაღაცით ძალიან გულნატკენი იყო. ხელის ჩამორთმევაც ისეთი ძლიერი არ
გამოუვიდა, როგორიც ადრე. სკოტმა მითხრა, რომ მეგანის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას პოლიცია არ
გაახმაურებდა. ახლა დავეჭვდი, ქამალს ხომ არ შეატყობინეს ამის შესახებ და მეგანის ბავშვზე ხომ არ
დარდობს.
მინდა ჩემი სიზმრის შესახებ ვუამბო, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ ჩემი ხელის
ჩვენება არ მომიხდეს. ამიტომ მეხსიერების აღდგენასა და ჰიპნოზზე ვუწყებ ლაპარაკს.

- კარგი, - ამბობს ის და თითებს საწერ მაგიდაზე გაშლილად აწყობს, - არიან ფსიქოთერაპევტები,


რომლებიც თვლიან, რომ დათრგუნვილი მოგონებების ჰიპნოზის მეშვეობით აღდგენა შესაძლებელია,
მაგრამ ეს მაინც ძალიან სადავო საკითხია. მე ამას არ ვაკეთებ და არც ჩემს პაციენტებს ვურჩევ.
დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს მართლა ეხმარება. გარდა ამისა, მგონია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში
შეიძლება ზიანიც მოიტანოს.
ოდნავ შესამჩნევად მიღიმის.

- ძალიან ვწუხვარ, ვიცი, ეს ის არ არის, რის გაგონებასაც ელოდით, მაგრამ, როცა საქმე გონებას ეხება,
სწრაფი შედეგის იმედი არ შეიძლება გვქონდეს.

- იცნობთ თერაპევტებს, რომლებიც ამას აკეთებენ?

თავს აქნევს.

- ვწუხვარ, მაგრამ ვერავის გირჩევთ. საქმე ის არის, რომ ჰიპნოზის ქვეშ ადამიანი ადვილად ექვემდებარება
ჩაგონებას. ამიტომ აღდგენილი მოგონებების ნდობა ყოველთვის არ შეიძლება. ისინი ხშირად ნამდვილი არ
აღმოჩნდება ხოლმე.

ვერ გავრისკავ, ვერ ავიტან, რომ გონებაში კიდევ ახალი სახეები დამემატოს, კიდევ უფრო მეტი არასანდო
მოგონება, რომლებიც ერთმანეთს ერევა, ტრანსფორმირდება, იცვლება, მაიძულებს, დავიჯერო ის, რაც
სიმართლეს არ შეეფერება, და კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წამიყვანოს.

- მაშინ, რას მთავაზობთ? დაკარგულის აღსადგენად რა შემიძლია გავაკეთო?

გრძელ თითებს ტუჩებზე ისვამს.

- ეს შესაძლებელია, დიახ. ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარებათ კონკრეტულ მოგონებაზე დაწვრილებით


ლაპარაკი და დეტალების დაზუსტება, ოღონდ - მშვიდ და უსაფრთხო სიტუაციაში.

- მაგალითად, აქ?

იღიმება.

- მაგალითად, აქ. თუ, რა თქმა უნდა, აქ თავს მართლა მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ... - აღმავალი
ინტონაციით ამბობს ამას, შეკითხვას მისვამს, რომელზეც პასუხს არ ვცემ. სახიდან ღიმილი უქრება.

- შეგრძნებებსა და არა იმაზე, რასაც ხედავ, ფოკუსირებასაც შეუძლია ხშირად შედეგის მოტანა. ხმები,
საგნების შეგრძნება... როდესაც საქმე გახსენებას ეხება, სუნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუსიკაც
ძლიერი ფაქტორია. თუ კონკრეტულ გარემოებაზე, კონკრეტულ დღეზე დაიწყებთ ფიქრს, ნაბიჯ-ნაბიჯ
დაბრუნდებით უკან, დანაშაულის ადგილზე. შეძლებთ გაიხსენოთ, როგორ მოხდა ყველაფერი.

საკმაოდ ჩვეულებრივად არის ნათქვამი, მაგრამ კეფაზე თმა ყალყზე მიდგება და თავში თითქოს ჩხვლეტას
ვგრძნობ.

- გინდათ, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე ვილაპარაკოთ, რეიჩელ?

მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ვერ ვეტყვი, ამიტომ გოლფის ჯოხთან დაკავშირებული ისტორიის
მოყოლას ვიწყებ, ჩხუბის შემდეგ ტომს რომ დავეტაკე.
მახსოვს, იმ დილით აფორიაქებულმა გავიღვიძე და უკვე ვიცოდი, რაღაც საშინელება მოხდა. ტომი
საწოლში ჩემ გვერდით არ იყო და ცოტა გულზე მომეშვა. ზურგზე ვიწექი და თავში ყველაფერს ხელახლა
ვატრიალებდი. მახსოვს, ვუყვიროდი და ვეუბნებოდი, რომ მიყვარს. გაბრაზებული იყო და მეუბნებოდა,
წადი, დაწექიო, ამის მოსმენა აღარ მინდაო.

შევეცადე, გამეხსენებინა, ჩხუბი როგორ დავიწყეთ. კარგ დროს ვატარებდით. გრილში ხამანწკები
მოვამზადე. უამრავი ჩილითა და ქინძით შევაზავე. გემრიელ „შენენ ბლანს“ ვსვამდით, რომელიც ტომს
მადლიერმა კლიენტმა მიართვა. გარეთ, პატიოში ვისხედით, „კილერებს“ და „ქინგს ოფ ლეონს“
ვუსმენდით. ამ ალბომებს ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისში ვუსმენდით ხოლმე.

მახსოვს, როგორ ვიცინოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს. მახსოვს, რომ რაღაც ისტორიას ვუყვებოდი,
რომელიც ისე სასაცილოდ არ მოეჩვენა, როგორც მე. ისიც მახსოვს, რომ მეწყინა. მერე ერთმანეთს
ვუყვიროდით. შიგნით შესვლისას გასაწევი კარის დირეს გამოვედე და გაცეცხლებული ვიყავი, რომ
წამოსაყენებლად მაშინვე არ მოვიდა. მაგრამ მერე...

იმ დილით რომ ავდექი და ქვევით ჩავედი, ხმას არ მცემდა. არც კი მიყურებდა. ვეხვეწებოდი, ეთქვა, რა
ჩავიდინე ასეთი. გაუთავებლად ვიმეორებდი, რომ ძალიან ვწუხვარ. სასოწარკვეთილი ვიყავი და ვერ ვხსნი,
რატომ. ვიცი, უაზრობაა, მაგრამ, თუ არ გახსოვს, რა ჩაიდინე, გონება ცარიელ ადგილს ავსებს და
ყოველთვის ყველაზე უარესს ფიქრობ.

ქამალი თავს მიქნევს.

- ვერც მე წარმომიდგენია. განაგრძეთ.

- დრო რომ გავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ გავჩუმებულიყავი, მითხრა. მისი ნათქვამიდან რაღაც ისევ
მეწყინა და ეს ჩავიხვიე, არაფრით არ მოვეშვი, შეეცადა, გავეჩუმებინე, უნდოდა, ეკოცნა და ამით
დაესრულებინა ყველაფერი, მაგრამ მე არ მოვინდომე. მერე, უბრალოდ, გადაწყვიტა წასულიყო, ზევით
ასულიყო და დაწოლილიყო. სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი. გოლფის ჯოხი ავიღე და უკან გავედევნე,
მინდოდა, იმ ჯოხით თავი წამეცალა მისთვის. საბედნიეროდ, ავაცილე, მხოლოდ ბათქაში ჩამოვტეხე
ჰოლში.

ქამალს გამომეტყველება არ შესცვლია. შოკირებული სულ არ ჩანს. უბრალოდ თავს, მიქნევს.

- ესე იგი, თქვენ იცით, რა მოხდა, მაგრამ ამას ვერ გრძნობთ, ასეა? გინდათ, თქვენ თვითონ გახსოვდეთ ეს
ყველაფერი, მკაფიოდ დაინახოთ და საკუთარ მოგონებად აღიქვათ, ისე, რომ ეს თქვენი იყოს და
მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა იგრძნოთ?

- ალბათ, - მხრებს ვიჩეჩ მე, - იმის თქმა მინდა, რომ ნაწილობრივ მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს კიდევ
რაღაც და ეს უფრო გვიან, ბევრად უფრო გვიან, მოხდა, რამდენიმე კვირის, შეიძლება თვის შემდეგაც. იმ
ღამეზე ხშირად ვფიქრობდი. რამდენჯერაც ამოტეხილ კედელს ჩავუვლიდი, იმდენჯერ ამაზე ვიწყებდი
ფიქრს. ტომი დამპირდა, რომ ამოავსებდა, მაგრამ არ გააკეთა, მე კი არ მინდოდა, ამაზე ლაპარაკით თავი
მომებეზრებინა. ერთ მშვენიერ დღეს სწორედ იქ ვიდექი. საღამო იყო, საძინებლიდან გამოვდიოდი და იქ
გავჩერდი, რადგან უცებ გამახსენდა. იატაკზე ვიჯექი, ზურგით კედელს ვეყრდნობოდი და ვქვითინებდი.
ტომი თავზე მედგა და მეხვეწებოდა, დაწყნარდიო. გოლფის ჯოხი ხალიჩაზე ეგდო, ზუსტად ჩემს
ფეხებთან და მაშინ ვიგრძენი. მაშინ ვიგრძენი. საშინლად შემეშინდა. ჩემი მოგონება რეალობას არ ემთხვევა,
რადგან სიბრაზე, განრისხება არ მახსოვს, მხოლოდ - შიში.
საღამო

ქამალის ნათქვამზე ვფიქრობდი, დანაშაულის ადგილზე დაბრუნების შესახებ რომ მითხრა. ამიტომ შინ
დაბრუნების ნაცვლად უითნიში ჩამოვედი და მიწისქვეშა გასასვლელიდან შორს გაქცევის ნაცვლად ნელა
და გამიზნულად მისი ყელისკენ მივდივარ. მის შესასვლელში ცივ, უხეშ აგურებს ვადებ ხელებს, თვალებს
ვხუჭავ და თითებს ნელა ვუსვამ. არაფერი. თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები. გზაზე სიჩუმეა,
რამდენიმე იარდის მოშორებით ვიღაც ქალი მოდის ჩემკენ, მეტი არავინაა. არც მანქანები მოძრაობენ, არც
ბავშვები ყვირიან, მხოლოდ პოლიციის სირენის ხმა ისმის ძალიან შორიდან. მზე ღრუბლის უკან იმალება
და სიცივეს ვგრძნობ. გვირაბის შესასვლელთან უმოძრაოდ ვდგავარ, წინ წასვლა არ შემიძლია. უკვე უკან
დაბრუნებას ვაპირებ. ქალი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩემკენ მოდიოდა, კუთხეში უხვევს. მას ტანზე
მუქი ლურჯი რაღაც აცვია. ახლოს რომ მოდის, თავს ზევით სწევს და მიყურებს. სწორედ მაშინ მოდის
ყველაფერი. ქალი... ლურჯი... განათების ხარისხი... და მახსენდება. ანა. მას მუქი ლურჯი, შავქამრიანი კაბა
ეცვა და ჩემგან მიდიოდა, სწრაფად მიდიოდა, სწორედ ისე, როგორც იმ დღეს, ოღონდ მაშინ უკან მოიხედა
და გაჩერდა. მის გვერდით ტროტუარზე მანქანა ამოვიდა, წითელი მანქანა. ტომის მანქანა. ის დაიხარა, რომ
ფანჯრიდან დალაპარაკებოდა. მერე კარი გააღო, ჩაჯდა და მანქანა წავიდა.

ეს მახსოვს. შაბათ ღამეს აქ ვიდექი, მიწისქვეშა გადასასვლელის შესასვლელთან და ვუყურებდი, როგორ


ჯდებოდა ანა ტომის მანქანაში, ოღონდ ეს მოგონება სწორი არ არის, რადგან უაზრობა გამოდის. ტომი
მანქანით ჩემს საძებნელად გამოვიდა. ანა მანქანაში მასთან ერთად არ იყო. ის სახლში იყო. ასე მითხრეს
პოლიციაში. უაზრობა გამოდიოდა და იმედგაცრუების, არცოდნისა და საკუთარი გონების უსარგებლობის
განცდამ კინაღამ კივილი დამაწყებინა.

ქუჩას ვკვეთ და ბლენიმ-როუდის მარცხენა მხარეს მივუყვები. რამდენიმე ხანს ნომერი ოცდასამის
პირდაპირ ხეების ძირას ვდგავარ. შესასვლელი კარი გადაუღებავთ. მე რომ იქ ვცხოვრობდი, მუქი მწვანე
იყო. ახლა შავია. არ მახსოვს, რომ ეს ადრე შემემჩნიოს. მე მწვანე მერჩივნა. ნეტავ შიგნით თუ არის კიდევ
რაიმე შეცვლილი? ბავშვის ოთახი - აშკარად, მაგრამ ნეტავ ისევ ჩვენს საერთო საწოლში სძინავთ, პომადას
იმ სარკის წინ ისვამს, რომელიც მე დავკიდე? ნეტავ სამზარეულო გადაღებეს ან ზევით, კორიდორში
ამოტეხილი ბათქაში ამოავსეს?

მინდა ქუჩაზე გადავიდე და დასაკაკუნებელი რგოლი შავ კარს მაგრად მივარტყა. მინდა ტომს
დაველაპარაკო, იმ ღამის შესახებ ვკითხო, როდესაც მეგანი დაიკარგა. გუშინდლის შესახებაც მინდა
ვკითხო, მანქანაში რომ ვისხედით და ხელზე რომ ვაკოცე, მაინტერესებს, რა იგრძნო. მაგრამ ამის ნაცვლად
რამდენიმე წუთი უბრალოდ ვდგავარ, ჩემი ძველი საძინებლის ფანჯარას ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ
მწვავს ცრემლები თვალებს. მაშინ კი ვხვდები, რომ წასვლის დროა.

ანა
სამშაბათი, 13 აგვისტო, 2013

დილა

დღეს დილით ტომს ვუყურებდი, სამსახურში წასასვლელად რომ ემზადებოდა, პერანგს რომ იცვამდა და
ჰალსტუხს იკეთებდა. დაბნეული ჩანდა, შეიძლება მთელი დღის განრიგს იხსენებდა - შეხვედრები,
მოლაპარაკებები, ვინ, რა, სად. ეჭვი ვიგრძენი. მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად შემშურდა, რომ ყოველ
დილას შესაბამისად ჩაცმის, სახლიდან გასვლის, მთელი დღე საქმეებზე სირბილის ფუფუნება აქვს და ეს
ყველაფერი იმისათვის, რომ გვარჩინოს.

სამსახური კი არ მენატრება, უძრავი ქონების უბრალო აგენტი ვიყავი, ნეიროქირურგი ხომ არა. თვითონ
სამსახურზე ისე ვერ იოცნებებ, როგორც ბავშვზე, მაგრამ მდიდრულ სახლებში სიარული, მაშინ როდესაც
პატრონები შინ არ იყვნენ, ნამდვილად მომწონდა. თითებს სამზარეულოს მარმარილოს დახლებს
ვუსვამდი. საგარდერობე ოთახებში ჩუმად ვიჭყიტებოდი. ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი ცხოვრება
მექნებოდა, ასეთი სახლი რომ მქონოდა, როგორი ადამიანი ვიქნებოდი. ძალიან კარგად მესმის, რომ ბავშვის
გაზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დაფასება არა აქვს.
ყოველ შემთხვევაში, იმ აზრით, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ფინანსურით.
მინდა მეტი ფული გვქონდეს, რომ ამ სახლიდან და ამ ქუჩიდან გადავიდეთ. აი, ასე მარტივად არის
ყველაფერი.

თუმცა შეიძლება არც ისე მარტივად. ტომის სამსახურში წასვლის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან
დავჯექი და მოვემზადე ბრძოლისათვის, რომელსაც ივის საუზმე ჰქვია.

შემიძლია, დავიფიცო, რომ ორი თვის წინ არაფერზე უარს არ ამბობდა, ახლა მარწყვის იოგურტის გარდა,
არაფერს ჭამს. ვიცი, რომ ეს ნორმალურია. სულ ამას ვეუბნები საკუთარ თავს. თმიდან კვერცხის გულს რომ
ვიწმენდ, იატაკზე დაყრილი კოვზებისა და ამოტრიალებული ჯამების ასაკრეფად რომ დავფორთხავ, თავს
ვარწმუნებ, რომ ეს ნორმალურია.

და მაინც, როდესაც საუზმე დამთავრებული იყო და ის თავისთვის ბედნიერად თამაშობდა, ცოტა


წავიტირე. ამის უფლებას საკუთარ თავს ძალიან იშვიათად ვაძლევ და ისიც მაშინ, როცა ტომი შინ არ არის.
სულ რამდენიმე წუთი, რომ გული გადავაყოლო. პირს რომ ვიბანდი და დავინახე, როგორი დაღლილი
ვჩანვარ, დალაქული, მოუწესრიგებელი და საშინელი, ისევ კაბისა და მაღალი ქუსლების ჩაცმის სურვილი
ვიგრძენი. მომინდა თმის ფენით დავარცხნა, მაკიაჟის გაკეთება და ქუჩაზე ისე გავლა, რომ კაცებს თავები
მოეტრიალებინათ და თვალი გამოეყოლებინათ.

სამსახური მენატრება, მაგრამ ისიც მენატრება, რასაც სამსახური ნიშნავდა ჩემთვის დასაქმების ბოლო,
მოგებიან წელს, როდესაც ტომს შევხვდი. საყვარლად ყოფნა მომენატრა.

ანა
სამშაბათი, 13 აგვისტო, 2013

დილა

დღეს დილით ტომს ვუყურებდი, სამსახურში წასასვლელად რომ ემზადებოდა, პერანგს რომ იცვამდა და
ჰალსტუხს იკეთებდა. დაბნეული ჩანდა, შეიძლება მთელი დღის განრიგს იხსენებდა - შეხვედრები,
მოლაპარაკებები, ვინ, რა, სად. ეჭვი ვიგრძენი. მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად შემშურდა, რომ ყოველ
დილას შესაბამისად ჩაცმის, სახლიდან გასვლის, მთელი დღე საქმეებზე სირბილის ფუფუნება აქვს და ეს
ყველაფერი იმისათვის, რომ გვარჩინოს.

სამსახური კი არ მენატრება, უძრავი ქონების უბრალო აგენტი ვიყავი, ნეიროქირურგი ხომ არა. თვითონ
სამსახურზე ისე ვერ იოცნებებ, როგორც ბავშვზე, მაგრამ მდიდრულ სახლებში სიარული, მაშინ როდესაც
პატრონები შინ არ იყვნენ, ნამდვილად მომწონდა. თითებს სამზარეულოს მარმარილოს დახლებს
ვუსვამდი. საგარდერობე ოთახებში ჩუმად ვიჭყიტებოდი. ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი ცხოვრება
მექნებოდა, ასეთი სახლი რომ მქონოდა, როგორი ადამიანი ვიქნებოდი. ძალიან კარგად მესმის, რომ ბავშვის
გაზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დაფასება არა აქვს.
ყოველ შემთხვევაში, იმ აზრით, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ფინანსურით.
მინდა მეტი ფული გვქონდეს, რომ ამ სახლიდან და ამ ქუჩიდან გადავიდეთ. აი, ასე მარტივად არის
ყველაფერი.

თუმცა შეიძლება არც ისე მარტივად. ტომის სამსახურში წასვლის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან
დავჯექი და მოვემზადე ბრძოლისათვის, რომელსაც ივის საუზმე ჰქვია.

შემიძლია, დავიფიცო, რომ ორი თვის წინ არაფერზე უარს არ ამბობდა, ახლა მარწყვის იოგურტის გარდა,
არაფერს ჭამს. ვიცი, რომ ეს ნორმალურია. სულ ამას ვეუბნები საკუთარ თავს. თმიდან კვერცხის გულს რომ
ვიწმენდ, იატაკზე დაყრილი კოვზებისა და ამოტრიალებული ჯამების ასაკრეფად რომ დავფორთხავ, თავს
ვარწმუნებ, რომ ეს ნორმალურია.

და მაინც, როდესაც საუზმე დამთავრებული იყო და ის თავისთვის ბედნიერად თამაშობდა, ცოტა


წავიტირე. ამის უფლებას საკუთარ თავს ძალიან იშვიათად ვაძლევ და ისიც მაშინ, როცა ტომი შინ არ არის.
სულ რამდენიმე წუთი, რომ გული გადავაყოლო. პირს რომ ვიბანდი და დავინახე, როგორი დაღლილი
ვჩანვარ, დალაქული, მოუწესრიგებელი და საშინელი, ისევ კაბისა და მაღალი ქუსლების ჩაცმის სურვილი
ვიგრძენი. მომინდა თმის ფენით დავარცხნა, მაკიაჟის გაკეთება და ქუჩაზე ისე გავლა, რომ კაცებს თავები
მოეტრიალებინათ და თვალი გამოეყოლებინათ.

სამსახური მენატრება, მაგრამ ისიც მენატრება, რასაც სამსახური ნიშნავდა ჩემთვის დასაქმების ბოლო,
მოგებიან წელს, როდესაც ტომს შევხვდი. საყვარლად ყოფნა მომენატრა.
ეს მდგომარეობა ძალიან მომწონდა, სიამოვნებასაც კი მგვრიდა. დანაშაულის გრძნობა სულ არ მქონდა,
მაგრამ იძულებული ვიყავი, გათხოვილი მეგობრებისათვის, რომლებიც მომხიბლავი მოსამსახურე
გოგონების გამო მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ, ან მშვენიერი, სასაცილო გოგონასათვის ჩემი ოფისიდან,
რომელიც სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდა და ცხოვრების უდიდეს ნაწილს სპორტულ დარბაზში
ატარებდა, მეჩვენებინა, როგორ ძალიან განვიცდიდი. ვეუბნებოდი, რომ თავს საშინლად ვგრძნობდი, რომ,
რა თქმა უნდა, მისი ცოლის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რომ ასეთ რამეს ჩემს ცხოვრებაში ვერ
წარმოვიდგენდი, მაგრამ ერთმანეთი შეგვიყვარდა და რა გვექნა.

სინამდვილეში, რეიჩელის წინაშე თავს დამნაშავედ არასოდეს ვგრძნობდი, მაშინაც კი, როცა ჯერ
წარმოდგენა არ მქონდა, რომ ბევრს სვამდა და საკუთარი ცხოვრება საცოდაობად აქცია.

უბრალოდ, ის ჩემთვის რეალური არ იყო, თან იმისათვის, რომ ამაზე მეფიქრა, ზედმეტად ბედნიერი
ვიყავი. როცა ამ უზარმაზარ ორომტრიალში ის, სხვა ქალი ხარ, უარის თქმა არ შეიძლება. შენ ის ხარ, ვის
გამოც ის იძულებულია, ცოლს უღალატოს, მაშინაც კი, თუ ის უყვარს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შენზე
უარის თქმა შეუძლებელია.

კრენემ-როუდზე ოცდასამ ნომერ სახლს ვყიდდი. საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან უკანასკნელ
დაინტერესებულ მყიდველს სესხის გარანტია არ აღმოაჩნდა, რაღაც პრობლემა ჰქონდა მსესხებელთან.
ამიტომ გადავწყვიტეთ, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაგვერთო, რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო.
გამყიდველი იქ აღარ ცხოვრობდა და სახლი ცარიელი იყო. ამიტომ ექსპერტს იქ მე უნდა დავხვედროდი.
როგორც კი კარი გავუღე, მივხვდი, რომ ეს მოხდებოდა. ამის მსგავსი ადრე არაფერი გამიკეთებია. არც კი
მიოცნებია, მაგრამ ისე შემომხედა, ისე გამიღიმა... თავი ვერ შევიკავეთ და ყველაფერი იქვე, სამზარეულოს
მაგიდაზე მოხდა. ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ასე მოხდა და... ყოველთვის მეუბნებოდა: „ნუ ელი, რომ
ნორმალურად მოვიქცევი, ანა, შენთან ეს არ გამომდის“.

ივი ხელში ამყავს და ბაღში ერთად გავდივართ. ის თავის სათამაშო ურიკას წინ და უკან აგორებს და
თავისთვის ხითხითებს. დღეს დილით არ ჭირვეულობს. ყოველ მის გაღიმებაზე მგონია, რომ ახლა გული
გამისკდება. როგორც უნდა მიჭირდეს სამსახურის გარეშე, ამის გარეშე უფრო გამიჭირდება. თანაც, ვიცი,
რომ ძიძასთან, რაც უნდა კვალიფიცირებული იყოს და როგორი რეკომენდაციებიც უნდა ჰქონდეს,
ვეღარასოდეს დავტოვებ, ვეღარავისთან ვეღარ დავტოვებ, მეგანის შემდეგ.

საღამო

ტომმა მომწერა, რომ დღეს ცოტა დააგვიანდება. კლიენტი უნდა წაიყვანოს დასალევად. მე და ივი საღამოს
გასეირნებისათვის ვემზადებოდით, საძინებელში ვიყავით, ტომისა და ჩემს საძინებელში და ივის ტანზე
ვუცვლიდი. სახლში საოცარი სინათლე იყო, მკვეთრი ნარინჯისფერი, მაგრამ უცებ მზე ღრუბელს მოეფარა
და განათებაც მოცისფრო ნაცრისფერი გახდა. ფარდა უნდა ჩამომეფარებინა, ოთახში უკვე ძალიან
ცხელოდა. ფანჯარასთან მივედი და სწორედ ამ დროს დავინახე რეიჩელი. ის ქუჩის მეორე მხარეს იდგა და
ჩვენს სახლს უყურებდა. მერე უცებ ადგილს მოსწყდა და სადგურისაკენ წავიდა.

საწოლზე ვზივარ და სიბრაზისაგან ვცახცახებ, ფრჩხილები ხელისგულებში მაქვს ჩარჭობილი. ივი ზის და
ფეხებს ჰაერში აქნევს. მისი ხელში აყვანა არ შემიძლია, მეშინია, სიბრაზისაგან რაიმე არ ვატკინო.

ტომმა მითხრა, ყველაფერი მოვაგვარეო, კვირას დავურეკე და ვილაპარაკეთო. ამბობს, რომ სკოტ ჰიფველს
დაუმეგობრდა, მაგრამ მასთან შეხვედრას აღარ აპირებს და ჩვენს ქუჩაზე აღარ გამოჩნდება. კიდევ მითხრა,
დამპირდა და მისი მჯერაო, სრულიად საღად გამოიყურებოდაო, არც ნასვამი იყო და არც ისტერიკული, არ
იმუქრებოდა და არც დაბრუნებას მთხოვდაო, ბევრად უკეთესადააო.

რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ და ივის კალთაში ვისვამ, მერე ფეხებს ვშლი და ზურგზე ვაწვენ, ხელებით
ვიჭერ და ვეუბნები:
- მე მეტის ატანა არ შემიძლია, შენ, ძვირფასო?

უბრალოდ, ეს ძალიან დამღლელია. ყოველ ჯერზე მგონია, რომ ყველაფერი გამოსწორდება, რომ რეიჩელის
პრობლემას საბოლოოდ გადავლახავთ და აი, ისევ აქაა. ზოგჯერ მგონია, რომ თავს არასოდეს დაგვანებებს.

სადღაც ჩემ შიგნით თითქოს დამპალი მარცვალი ღვივდება. ტომი რომ მეუბნება, ყველაფერი კარგადააო,
აღარ შეგვაწუხებსო და მერე ის მაინც ჩნდება, როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ საკმარისად არ ცდილობს მის
ჩამოშორებას, ან გულის სიღრმეში მოსწონს, რომ რეიჩელი თავს არ ანებებს.

ქვევით ჩავდივარ და სამზარეულოს კარადაში ვეძებ სავიზიტო ბარათს, რომელიც დეტექტივ-სერჟანტმა


რაილიმ დამიტოვა. მის ნომერს სწრაფად ვკრეფ, რომ არ გადავიფიქრო.

ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2013

დილა

საწოლში ვწევართ, მას ხელები ჩემს თეძოებზე უწყვია, კისერზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. მისი
ოფლიანი კანი მეწებება.

- ამას საკმარისად ხშირად აღარ ვაკეთებთ.

- ვიცი.
- საკუთარ თავს მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

- ჰო.

- მენატრები, ეს მენატრება, მეტი მინდა.

მისკენ ვტრიალდები და ტუჩებში ვკოცნი. თვალები მაგრად მაქვს დახუჭული, ვცდილობ, მოვერიო
დანაშაულის გრძნობას, მის ზურგს უკან პოლიციაში წასვლის გამო რომ მაქვს.

- სადმე უნდა წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ, - ბუტბუტებს ის, - ცოტა ხნით წავიდეთ.

მინდა ვკითხო, ივი ვის დავუტოვოთ, შენს მშობლებს, რომლებსაც არ ელაპარაკები, თუ დედაჩემს,
რომელიც ისე ავადაა, რომ საკუთარ თავს ძლივს უვლის.

ამას არ ვამბობ, საერთოდ არაფერს ვამბობ, უბრალოდ, უფრო მაგრად ვკოცნი. ხელს ჩემს თეძოზე ქვევით
აცურებს და მაგრად მიჭერს.

- აბა, რას ფიქრობ, სად გინდა წასვლა, მავრიკის კუნძულზე? ბალიზე?

ვიცინი.
- სერიოზულად ვამბობ, - მეუბნება და უკან იწევა, თვალებში მიყურებს, - ჩვენ ამას ვიმსახურებთ, შენ
იმსახურებ. მძიმე წელი იყო, არა?

- მაგრამ...

- მაგრამ, რა? - თავისი განუმეორებელი ღიმილით მიღიმის, - ივიზე რაიმეს მოვიფიქრებთ, არ ინერვიულო.

- ტომ, ფული...

- ყველაფერი კარგად იქნება.

- მაგრამ...- ამის თქმა არ მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა, - ამ სახლიდან გადასასვლელად საკმარისი ფული არა
გვაქვს და მავრიკის კუნძულზე ან ბალიზე დასასვენებლად გვაქვს?

ლოყებს ბერავს, მერე ჰაერს ნელა უშვებს და გვერდზე გორდება. არ უნდა მეთქვა. ბავშვის მონიტორი რაღაც
ხმას გამოსცემს, ივი იღვიძებს.

- მე ავიყვან, - ამბობს, დგება და ოთახიდან გადის.

საუზმეზე ივი ისევ იმავეს აკეთებს. ახლა ეს თამაშად გადაიქცა - საჭმელზე უარს ამბობს, თავს აქნევს,
ნიკაპს წინ სწევს და პირს მაგრად კუმავს. თავის წინ მდგარ ჯამს პატარა მუშტებით უკან სწევს. ტომის
მოთმინება მალე ილევა.

- ამის დრო არა მაქვს, თვითონ მოგიწევს მასთან გამკლავება, - დგება და ივის კოვზს მაწვდის. სახეზე
თითქოს ტკივილი ესახება.
ღრმად ვისუნთქავ.

არა, ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ, დაღლილია, უამრავი სამუშაო აქვს და დასასვენებლად წასვლის
ენთუზიაზმი რომ არ გავიზიარე ამ დილით, გაღიზიანდა. თუმცა არა, ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არ
არის. მეც დაღლილი ვარ და მეც მინდოდა ფულსა და ამ სახლში ცხოვრებაზე ისე გველაპარაკა, რომ
ყველაფერი მისი გაქცევით არ დამთავრებულიყო. რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ, სამაგიეროდ, საკუთარი
თავისათვის მიცემულ პირობას ვარღვევ და ისევ რეიჩელზე ვიწყებ ლაპარაკს.

- ისევ აქ ტრიალებდა. მოკლედ, რამდენჯერაც უნდა დაელაპარაკო, მეორე დღეს მაინც რაღაცას
გამოახტუნებს.

- რას გულისხმობ ? - მეკითხება და მკაცრი სახით მიყურებს.

- წუხელ აქ იყო, ზუსტად ჩვენი სახლის წინ იდგა.

- ვინმესთან ერთად იყო?

- არა, მარტო იყო. რატომ მეკითხები?

- მაგის დედაც, - ამბობს და სახე ისეთი პირქუში უხდება, რომ ვხვდები, ძალიან გაბრაზდა.

- ვუთხარი, რომ აღარ გაგვკარებოდა. წუხელვე რატომ არ მითხარი?

- შენი განერვიულება არ მინდოდა, - ვეუბნები რბილად და უკვე ვნანობ, რომ ამაზე ლაპარაკი დავიწყე, - არ
მინდოდა, აღელვებულიყავი.

- ღმერთო ჩემო, - ამბობს და ყავის ფინჯანს ნიჟარაში ხმაურით აგდებს. ივი ტირილს იწყებს, მაგრამ ეს
არაფერს ცვლის.

- არ ვიცი, რა გითხრა, მართლა არ ვიცი. როდესაც ველაპარაკე, მშვენივრად გამოიყურებოდა. მომისმინა და


დამპირდა, რომ აქ აღარასოდეს გამოჩნდებოდა. მშვენივრად გამოიყურებოდა, ჯანმრთელად, თითქმის
ნორმალურად...

- მშვენივრად გამოიყურებოდა? - ვეკითხები და სანამ ზურგს შემაქცევს, სახეზე ვატყობ, იცის, რომ
გამოვიჭირე, - შენ ხომ მითხარი, რომ ტელეფონით ელაპარაკე?

მძიმედ სუნთქავს, მერე ისევ ჩემკენ ტრიალდება, სახეზე აღარაფერი ეტყობა.

- ჰო, კარგი, ძვირფასო, ასე გითხარი, იმიტომ, რომ ვიცოდი ინერვიულებდი, თუ გაიგებდი, რომ შევხვდი.
მოკლედ, გნებდები, მოგატყუე. რას არ გააკეთებ კაცი მშვიდი ცხოვრებისთვის.

- მაშაყირებ?

მიღიმის, თავს აქნევს და ჩემკენ დგამს ნაბიჯს. მისი, ისევ აწეული, ხელები მუდარას გამოხატავს.
- ბოდიში, ბოდიში, მას პირადად უნდოდა ლაპარაკი და ვიფიქრე, ამით არაფერი დაშავდება-მეთქი.
ბოდიშს გიხდი, კარგი? უბრალოდ ვილაპარაკეთ. საშინელ კაფეში შევხვდით, ეშბერიში, და ოცი წუთი,
ყველაზე ბევრი ნახევარი საათი, ვილაპარაკეთ.

ხელებს მხრებზე მხვევს და მკერდისკენ მიზიდავს. ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ ჩემზე
ბევრად ძლიერია და გარდა ამისა, ისეთი არაჩვეულებრივი სურნელი მოდის მისგან, რომ წინააღმდეგობის
სურვილი მიქრება. მინდა ერთმანეთის გვერდით ვიყოთ.

- ძალიან ვწუხვარ, - ბუტბუტებს, სახე ჩემს თმაში აქვს ჩარგული.

- კარგი, არა უშავს.

თავს ვანებებ, რადგან ეს საქმე უკვე საკუთარ ხელში ავიღე. გუშინ საღამოს დეტექტივ-სერჟანტ რაილის
ველაპარაკე. როგორც კი საუბარი დავიწყეთ, მივხვდი, მასთან დარეკვა სწორი ნაბიჯი იყო. როდესაც
ვუთხარი, რომ რეიჩელი სკოტ ჰიფველის სახლთან რამდენიმეჯერ ვნახე (ცოტა გავბუქე), ძალიან
დაინტერესდა. მთხოვა, დღე და საათი დამეზუსტებინა (ორ შემთხვევაზე შევძელი ზუსტი ინფორმაციის
მიწოდება, დანარჩენებზე დარწმუნებული არ ვიყავი). აინტერესებდა, მეგანის გაუჩინარებამდე ხომ არ
ჰქონდათ ურთიერთობა, ვფიქრობდი თუ არა, რომ მათ შორის ინტიმური კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო.
მე ვუპასუხე, ასეთი რამ თავში არასოდეს მომსვლია, რადგან მეგანის შემდეგ რეიჩელი ვერ წარმომიდგენია-
მეთქი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც მისი ცოლი მიწაში ჯერ კიდევ არ გაცივებულა.

მერე ისევ ივის გატაცების მცდელობას მივუბრუნდი, ყოველი შემთხვევისათვის, იქნებ აღარ ახსოვდა.

- ძალიან არასტაბილურია, - ვუთხარი, - შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტად ემოციურად ვრეაგირებ,


მაგრამ როდესაც საქმე ჩემს ოჯახს ეხება, არანაირი რისკის დაშვება არ შემიძლია.

- ასე სულაც არ ვფიქრობ. დიდი მადლობა, რომ დამიკავშირდით. თუ რაიმეს კიდევ შეამჩნევთ, რასაც
საეჭვოდ ჩათვლით, აუცილებლად შემატყობინეთ.

წარმოდგენა არა მაქვს, რას გააკეთებენ. ალბათ, კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ. ალბათ, აკრძალვის
ორდერზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი, მაგრამ კარგი იქნება, თუ საქმე აქამდე არ მივა, უბრალოდ, ტომის გამო.

ტომის სამსახურში წასვლის შემდეგ, ივი პარკში მიმყავს. იქ საქანელებსა და პატარა ხის ცხენებზე
ვთამაშობთ. მერე, როდესაც ისევ ეტლში ვსვამ, მაშინვე იძინებს, რაც საყიდლებზე წასვლის საშუალებას
მაძლევს. უკანა ქუჩების გავლით დიდ „სეინსბერიში“ მივდივართ. მართალია, ცოტა შორი გზიდან მოვლა
გამოგვივიდა, მაგრამ ეს ქუჩები წყნარია, იქ ნაკლები მოძრაობაა და გარდა ამისა, კრენემ-როუდის ოცდასამ
ნომერ სახლთან მოგვიწევს გავლა.

ამ სახლის ახლოს გავლისას დღესაც კი ჟრუანტელი მივლის, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ,
სახეზე უნებლიეთ ღიმილი მეფინება და ლოყები მიწითლდება. მახსოვს, როგორ სწრაფად ავრბოდი ამ
სახლის კიბეზე, ვცდილობდი, მეზობლებს არ დავენახე, როგორ შევდიოდი იქ. სააბაზანოში ვემზადებოდი,
სუნამოს ვისხამდი და ვიცვამდი საცვლებს, რომლებსაც ქალი მხოლოდ იმისათვის იცვამს, რომ კაცმა
გახადოს. მერე მესიჯს ვიღებდი და ვიცოდი, რომ უკვე კართან იდგა. ზევით, საძინებელში ერთი-ორი
საათი დრო გვქონდა.

რეიჩელს ეუბნებოდა, რომ კლიენტს ხვდებოდა ან მეგობრებს - ლუდის დასალევად.


- რომ შეგამოწმოს?- ვეკითხებოდი, ის კი თავს აქნევდა, თითქოს ამ აზრის თავიდან გამოფერთხვას
ცდილობდა.

- მე ძალიან კარგად ვტყუი, - მითხრა ერთხელ და გაიღრიჭა.

- რომც შემამოწმოს და გამომიჭიროს, ხვალ მაინც არაფერი ემახსოვრება.

მაშინ პირველად მივხვდი, როგორ ცუდად ჰქონდა საქმე.

ამ საუბრებზე რომ ვფიქრობ, სახიდან ღიმილი მიქრება.

როდესაც ვიხსენებ, შეთქმულივით რომ იცინოდა ტომი და თან თითებს ჩემი მუცლის ქვევით აცურებდა.
მიღიმოდა და მეუბნებოდა, კარგად ვტყუიო. მართლაც კარგად ტყუის, ბუნებრივად. ბევრჯერ მინახავს,
როგორ აკეთებდა ამას: მაგალითად, როგორ არწმუნებდა სასტუმროს რეგისტრატორებს, რომ თაფლობის
თვე გვქონდა, ან სამსახურიდან ოჯახური პრობლემების საბაბით რამდენიმე საათით როგორ
თავისუფლდებოდა. ამას, რა თქმა უნდა, ალბათ, ყველა აკეთებს, მაგრამ ტომისგან ამას იჯერებ.

დღევანდელ საუზმეზე ვფიქრობ. ტყუილში დავიჭირე და მანაც მაშინვე აღიარა. სანერვიულო არაფერი
მაქვს. ჩემს ზურგს უკან რეიჩელს ნამდვილად არ ხვდება. ეს ხომ სასაცილოა. შეიძლება ერთ დროს
მომხიბლავი იყო... მართლა ფანტასტიკური იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
სურათები მაქვს ნანახი - უზარმაზარი შავი თვალები და მსუყე ფორმები, მაგრამ ახლა გასივებულია. ესეც
რომ არ იყოს, ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მის ხელში გადაიტანა, გადავიტანეთ, მას აღარასოდეს
დაუბრუნდება - მთელი ეს აგრესია, ზარები შუაღამისას, ჩვენი სახლის წინ სიარული, მესიჯები.

კონსერვების განყოფილებასთან ვდგავართ, ივის თავის ეტლში ისევ დიდსულოვნად სძინავს და მე ისევ იმ
ზარებსა და იმ დროზე ვფიქრობ, როცა ღამე მეღვიძებოდა და სააბაზანოდან გამოსულ შუქს ვხედავდი.
დახურულ კარს მიღმა ტომის ლაპარაკი მესმოდა - ხმადაბალი და საკმაოდ ნაზი. აწყნარებდა ხოლმე, ვიცი,
რომ ასე იყო. მეუბნებოდა, რეიჩელი ზოგჯერ ისეთი გამწარებული იყო, რომ სახლში მოსვლით და ტომთან
სამსახურში მივარდნით იმუქრებოდა. ამბობდა, რომ მატარებელს ჩაუვარდებოდა. შეიძლება ძალიან
კარგადაც ტყუის, მაგრამ ყოველთვის ვიცი, როდის მეუბნება სიმართლეს. მე ვერ მატყუებს.

საღამო

თუმცა, ამაზე რომ ვფიქრობ, ვხვდები, რომ ძალიან კარგადაც მომატყუა, არა? როდესაც მითხრა, რომ
რეიჩელს ტელეფონით ელაპარაკა, რომ ბევრად უკეთესი ხმა ჰქონდა, რომ თითქმის ბედნიერად მოეჩვენა,
წუთით ეჭვი არ შემპარვია, რომ სიმართლეს მეუბნებოდა. როდესაც ორშაბათ საღამოს მოვიდა შინ და
ვკითხე, დღე როგორ გაატარა, დიდხანს მიყვებოდა, როგორი დამღლელი შეხვედრა ჰქონდა იმ დილით.
თანაგრძნობით ვუსმენდი და წუთითაც არ მიფიქრია, რომ არანაირი საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია, რომ
თავის ყოფილ ცოლთან ერთად კაფეში იჯდა ეშბერიში.
ამაზე ვფიქრობ, როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან ჭურჭელს ძალიან ფრთხილად ვალაგებ, რადგან
ივის სძინავს და დანა-ჩანგლისა და თეფშების კაკუნზე შეიძლება გაეღვიძოს. ჰო, ნამდვილად მატყუებს.
ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერში ასი პროცენტით გულწრფელი არც შეიძლება იყოს, მაგრამ მერე მისი
მშობლების ისტორიაც მახსენდება. მითხრა, რომ ისინი ჩვენს ქორწილში დაპატიჟა, მაგრამ მოსვლაზე უარი
თქვეს, რეიჩელთან ტომის დაშორების გამო იყვნენ გაბრაზებულები. ეს ყოველთვის უცნაურად
მეჩვენებოდა, რადგან დედამისს ორჯერ ველაპარაკე და მომეჩვენა, რომ ჩემთან საუბრით ნასიამოვნები იყო.
კეთილგანწყობილი და ჩემით და ივით დაინტერესებული ჩანდა.

- დიდი იმედი მაქვს, რომ ივის მალე ვნახავთ, - მითხრა მან და როდესაც ეს ტომს ვუთხარი, მიპასუხა:

- ასე ცდილობს, თავი დამაპატიჟებინოს და მერე უარი მითხრას. ასე თავისი უფლებების დემონსტრირებას
ახდენს.

მე ასე არ მომეჩვენა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აღარ გავაგრძელე. სხვისი ოჯახების სიტუაციებში გარკვევა
ყოველთვის ძალიან რთულია. მათთან დისტანციის შენარჩუნების მიზეზები, ალბათ, ტომსაც აქვს.

მაშინ ახლა რატომ დავეჭვდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ისევ აქა ვარ, იმავე სახლში, იმავე
სიტუაციაში, მაგრამ რაღაც, რაც აქ ხდება, მაიძულებს, ეჭვი შემეპაროს ჩემში, ჩვენში. თუ ფრთხილად არ
ვიქნები, ეჭვები გამაგიჟებს და ისევე დავამთავრებ, როგორც რეიჩელი.

ახლა უბრალოდ ვზივარ და ველოდები ტანსაცმლის საშრობი მუშაობას როდის დაამთავრებს, რომ
თეთრეული გამოვიღო. ვფიქრობ, ტელევიზორი ხომ არ ჩავრთო და სერიალ „მეგობრების“ ახალ ეპიზოდს
ვუყურო. საუკუნეა, არ მინახავს. მერე ვფიქრობ, იოგას გაჭიმვები ხომ არ გავაკეთო, ვფიქრობ რომანზე,
რომელიც ჩემს სასთუმლის მაგიდაზე დევს და რომლის მხოლოდ თორმეტი გვერდი წავიკითხე ორი
კვირის მანძილზე. ტომის ლეფთოფზე ვფიქრობ, რომელიც სასტუმრო ოთახის პატარა მაგიდაზე დევს.

მერე ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი თავისაგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ვიღებ წითელი ღვინის ბოთლს,
რომელიც გუშინ სადილზე გავხსენით, და ერთ ჭიქას ვისხამ. ვიღებ მის ლეფთოფს, ვრთავ და ვცდილობ,
პაროლი გამოვიცნო.

იმას ვაკეთებ, რასაც რეიჩელი აკეთებდა: ვსვამ და მის ლეფთოფში ვიქექები. ტომი ვერ იტანდა, რეიჩელი
ამას რომ აკეთებდა, მაგრამ უკანასკნელ ხანებში, უფრო სწორად, დღეს დილით, ყველაფერი შეიცვალა. თუ
ის მატყუებს, მეც შევამოწმებ. ხომ სამართლიანია?

ვგრძნობ, რომ ცოტაოდენ სამართლიანობას მეც ვიმსახურებ. მოკლედ, პაროლის გატეხას ვცდილობ.
სახელებით ვიწყებ, სხვადასხვა კომბინაციაში: ჩემი და ტომის, ტომის და ივის, ჩემი და ივის, სამივე ერთად,
წაღმაც და უკუღმაც. მერე ჩვენი დაბადების დღეებზე გადავდივარ, სხვადასხვა კომბინაციაში; მერე
აღსანიშნავ თარიღებზე: პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, პირველად რომ გვქონდა სექსი; მერე -
მისამართებზე: გრემ-როუდის ოცდაოთხი ნომერი, ოცდასამი ნომერი (ეს სახლი). მერე ოჯახის გარეთ
გავდივარ. მამაკაცების უმრავლესობა პაროლად თავისი საყვარელი ფეხბურთის გუნდის სახელს იყენებს,
მაგრამ ტომი ფეხბურთის მოყვარული არ არის. მას კრიკეტი უყვარს, ამიტომ ვცდი „ბოიკოტს“, „ბოტამს“ და
„ეშიზს“. უფრო ახალი გუნდების სახელები აღარ ვიცი. ერთ ჭიქა ღვინოს ვცლი და მეორეს ვისხამ. სხვათა
შორის, სიამოვნებასაც ვიღებ, თითქოს ფაზლის ამოხსნას ვცდილობ. ვფიქრობ მუსიკალურ ჯგუფებზე,
რომლებიც ტომს უყვარს, ფილმებზე, რომლებსაც სიამოვნებით უყურებს, მსახიობ ქალებზე, რომლებზეც
ოცნებობს. მერე ვწერ სიტყვა „პაროლს“, მერე - „1234“-ს.
გარედან საშინელი ღრჭიალი მესმის, თითქოს დაფაზე ლურსმანი გაუსვესო, შუქნიშანზე ლონდონის
მატარებელი ჩერდება. კბილებს ერთმანეთს ვაჭერ და კიდევ ერთ ყლუპ ღვინოს ვსვამ. მერე საათზე
ვიხედები და, ღმერთო, უკვე თითქმის შვიდი საათია. ივის ჯერ კიდევ სძინავს, ტომი კი წუთი-წუთზე მოვა.
ამის გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ კარში გასაღების გადატრიალების ხმა მესმის. გული მიჩერდება.

ლეფთოფს ვკეტავ, ფეხზე ვხტები და სკამი ხმაურით ვარდება. ივი იღვიძებს და ტირილს იწყებს.
ოთახში ტომის შემოსვლამდე ლეფთოფს ისევ მაგიდაზე ვდებ, მაგრამ როგორც კი შემოდის, ხვდება, რომ
რაღაც მოხდა. გაკვირვებული მიყურებს და მეკითხება:

- რა ხდება?

- არაფერი, არაფერი, უბრალოდ, შემთხვევით სკამი გადავაყირავე.

ივი საწოლიდან აჰყავს და მაგრად იკრავს გულში. ჰოლის სარკეში საკუთარ თავს ვხედავ: სახე
ფერმკრთალი მაქვს, ტუჩები კი ღვინისაგან - მუქი წითელი.
რეიჩელი

ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2013

დილა

ქესიმ, მგონი, სამსახური მიშოვა. მისმა მეგობარმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა ჩამოაყალიბა,
ასისტენტი სჭირდება და მასთან გასაუბრებაზე ვარ დაბარებული. თანამდებობის დასახელება ცოტა
შელამაზებულია, სინამდვილეში, მდივნის სამუშაოა, რომელშიც თითქმის არაფერს იხდიან. მაგრამ
ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს ქალი მზად არის, გასაუბრებაზე ყოველგვარი რეკომენდაციების
გარეშე მიმიღოს. ქესიმ უამბო, რომ მძიმე მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ახლა სრულ წესრიგში ვარ.
გასაუბრება ხვალ ნაშუადღევს მის სახლში მაქვს დანიშნული. ბიზნესს ის საკუთარ ბაღში მდებარე პატარა
ფარდულიდან უძღვება, ეს ბაღი კი, როგორც აღმოჩნდა, უითნიშია. მოკლედ, მთელი დღე ჩემი CV-ისა და
საქმიანი საუბრის წარმართვის უნარის დახვეწაში უნდა გამეტარებინა. სწორედ ამას ვაკეთებდი, როდესაც
სკოტმა დარეკა.

- იმედი მქონდა, დალაპარაკებას შევძლებდით.


- საჭირო არ არის... იმას ვგულისხმობ, რომ არაფრის თქმა აღარაა საჭირო. ეს ხომ... ორივემ ვიცით, რომ ეს
შეცდომა იყო.

- ვიცი, - თქვა მან ძალიან სევდიანად. ჩემი ღამის კოშმარების ბრაზიან სკოტს სულ არ ჰგავდა.
განადგურებული იყო, როგორც მაშინ, ჩემს საწოლზე რომ იჯდა და თავის დაღუპულ შვილზე
მელაპარაკებოდა, - მაგრამ, მართლა ძალიან მინდა შენთან ლაპარაკი.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, დავილაპარაკოთ.

- პირადად?

- ოჰ, - ვთქვი მე. ისევ იმ სახლში მისვლას ყველაფერი მერჩივნა დედამიწის ზურგზე, - ვწუხვარ, მაგრამ
დღეს არ შემიძლია.

- ძალიან გთხოვ, რეიჩელ, ეს მნიშვნელოვანია, - ისეთი სასოწარკვეთილი ჩანდა, რომ, საკუთარი სურვილის
მიუხედავად, ძალიან შემეცოდა. ვფიქრობდი, რა მეთქვა, რომ ისევ იქ მისვლისთვის თავი ამერიდებინა და
სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ მითხრა, - ძალიან გთხოვ, - მოკლედ დავთანხმდი და მაშინვე ვინანე.

გაზეთებში მეგანის ბავშვზე წერენ, მის პირველ, მკვდარ ბავშვზე. ეტყობა, ყველაფერი იმ ბავშვის მამის
გამოა. ვინაობა უკვე დაადგინეს, მისი სახელი და გვარი კრეიგ მაკკენზია და ოთხი წლის წინ ჰეროინის
გადამეტებული დოზისგან ესპანეთში გარდაიცვალა. ასე რომ, ეჭვმიტანილების სიიდან ავტომატურად
ამოვარდა. მისი მოტივი თავიდანვე ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენებოდა. თუ ვინმეს მეგანის დასჯა იმის
გამო უნდოდა, რაც დიდი ხნის წინ ჩაიდინა, ამას წლების წინ გააკეთებდა.

ესე იგი, ვინ რჩება? ისევ ძველი ეჭვმიტანილები: ქმარი და საყვარელი - სკოტი და ქამალი. ან ვიღაც
შემთხვევითი ადამიანი, რომელმაც ქუჩიდან გაიტაცა - დამწყები სერიული მკვლელი. იქნებ ის სერიის
პირველი ნომერია, როგორც ვილმა მაკკანი ან პოლინ რიდი? ბოლოს და ბოლოს, ვინ თქვა, რომ მკვლელი
აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო? ის, მეგან ჰიფველი, პატარა ტანის ქალი იყო, ჩიტივით პაწაწინა.
მისი მოკვლა დიდ ძალას არ მოითხოვდა.

ნაშუადღევი

კარს რომ აღებს, პირველი, რასაც ვამჩნევ, სუნია, ოფლისა და ლუდის, მყრალი და მჟავე. მაგრამ არის კიდევ
რაღაც უარესი, თითქოს რაღაც დალპა. სპორტული შარვალი და დალაქული ნაცრისფერი მაისური აცვია.
თმა გაწებილი აქვს, კანი უპრიალებს, თითქოს სიცხე აქვს.

- კარგად ხარ? - ვეკითხები და ის გაღიმებას ცდილობს, ეტყობა, ნასვამია.

- მშვენივრად, შემოდი, შემოდი, - ნამდვილად არ მინდა, მაგრამ მაინც შევდივარ.


ქუჩის მხარეს ფანჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული და სასტუმრო ოთახს მოწითალო ელფერი ადევს, რაც
თითქოს ამ სიცხესა და სუნს შეეფერება.

სკოტი სამზარეულოში გადის და მაცივრიდან ლუდს იღებს.

- მოდი, დაჯექი, - მეუბნება, - დალიე, - სახე უცვლელი აქვს, უსიხარულო და პირქუში. არის მის სახეში
რაღაც ბოროტი. ზიზღი, რომელიც შაბათ დილას შევამჩნიე, ერთად რომ გავიღვიძეთ, არ გამქრალა.

- დიდხანს ვერ დავრჩები, - ვეუბნები, - მუშაობის დაწყება მინდა და გასაუბრება მაქვს. მომზადება
მჭირდება.

- მართლა? - წარბებს მაღლა სწევს. ჯდება და სკამს მეც მიწვდის.

- დაჯექი და დალიე, - ამბობს და ეს უფრო ბრძანებაა, ვიდრე შეთავაზება. მის პირდაპირ ვჯდები, ლუდის
ბოთლს ჰკრავს ხელს და ჩემკენ აცურებს. ვიღებ და ერთ ყლუპს ვსვამ. გარედან ყვირილის ხმა ისმის.
სადღაც უკანა ეზოში ბავშვები თამაშობენ. იმის იქით კი, შორიდან, მატარებლის ნაცნობი გრუხუნი ისმის.

- გუშინ დნმ-ის შედეგები მიიღეს, - მეუბნება, - ღამე დეტექტივ-სერჟანტი რაილი იყო მოსული ჩემ
სანახავად, - რეაქციას ელოდება, მაგრამ ხმას არ ვიღებ, მეშინია, რაიმე არასწორი არ ვთქვა.

- ჩემი არ არის, ჩემი არ იყო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ არც ქამალის აღმოჩნდა, - იცინის, - ასე რომ,
კიდევ ვიღაც ჰყავდა. მოკლედ, აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. შეგიძლია ამის დაჯერება? - მის სახეზე ის
საშინელი ღიმილი ბრუნდება.

- ამის შესახებ არ იცოდი? ასეა? კიდევ ერთი კაცის შესახებ არაფერი უთქვამს? ამდენად არ გენდობოდა?

სახიდან ღიმილი უქრება და სადღაც, შიგნით ცუდი შეგრძნება მიჩნდება, ძალიან ცუდი. ფეხზე ვდგები და
კარისკენ ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ უცებ ჩემ წინ ჩნდება, მკლავებში ხელებს მაგრად მკიდებს და ისევ სკამისკენ
მისვრის.
- დაეგდე, - მხრიდან ჩანთას მგლეჯს და ოთახის კუთხისაკენ ისვრის.

- სკოტ, ვერ ვხვდები, რა ხდება...

- მოიცა, რა, - ყვირის და ჩემკენ იხრება, - შენ და მეგანი ისეთი კარგი მეგობრები იყავით, მისი ყველა
საყვარლის შესახებ უნდა გცოდნოდა.

ყველაფერი იცის. გაფიქრებისთანავე ვხვდები, რომ ამას ჩემს სახეზე კითხულობს. უფრო მიახლოვდება და
მისი პირიდან საშინელ ოხშივარს ვგრძნობ.

- კარგი რა, რეიჩელ, მითხარი.

თავს ვაქნევ, ის კი ხელს გვერდზე სწევს, ლუდის ბოთლს ჩემ წინ იჭერს, მერე ბოთლი მაგიდაზე მიგორავს
და ბოლოს იატაკის ფილებზე იმსხვრევა.

- შენ მას არასოდეს შეხვედრიხარ, - ყვირის, - ყველაფერი, რაც მითხარი, ყველაფერი ტყუილი იყო.
თავს დაბლა ვხრი, ფეხზე ვდგები, ვბუტბუტებ: „ძალიან ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ“ და თან ვცდილობ,
მაგიდას გარშემო შემოვუარო, რომ ჩემი ჩანთა და ტელეფონი დავიბრუნო, მაგრამ ისევ მკლავზე მტაცებს
ხელს.

- რატომ გააკეთე ეს? - მეკითხება, - რამ გაიძულა ამის გაკეთება, რა ჯანდაბა გჭირს?

თვალებში მიყურებს და შიში მიპყრობს, მაგრამ, იმავე დროს, ვიცი, რომ მისი შეკითხვა უსაფუძვლო
ნამდვილად არაა. ვალდებული ვარ, ყველაფერი ავუხსნა. ამიტომ მკლავის წართმევას არ ვცდილობ,
უფლებას ვაძლევ, სხეულში თითები ჩამასოს, და ლაპარაკს ვიწყებ, რაც შეიძლება მკაფიოდ და წყნარად.
თავს ვიკავებ, რომ არ ვიტირო და პანიკა არ დამეწყოს.

- მინდოდა, ქამალის შესახებ გცოდნოდა, - ვეუბნები, - როგორც გითხარი, ისინი ერთად დავინახე, მაგრამ
მეშინოდა, თუ გეტყოდი, რომ მათ მატარებლიდან ვხედავდი, სერიოზულად არ აღმიქვამდი.
მჭირდებოდა...

- შენ გჭირდებოდა! - ხელს მიშვებს და ჩემკენ ზურგით ტრიალდება.

- მეუბნები, შენ რა გჭირდებოდა... - ხმა უფრო წყნარი უხდება, თანდათან მშვიდდება. ღრმად ვსუნთქავ,
რომ გულისცემა შემინელდეს.

- შენი დახმარება მინდოდა, - ვეუბნები, - ვიცოდი, რომ პოლიციას ყოველთვის ქმარზე მიაქვს ეჭვი და
მინდოდა, გცოდნოდა, გცოდნოდა, რომ იყო ვიღაც სხვაც...

- და ამიტომ მოიგონე მთელი ისტორია იმის შესახებ, რომ ჩემს ცოლს იცნობდი? წარმოდგენა თუ გაქვს,
როგორ არანორმალურად ჟღერს ეს ყველაფერი?

- ვიცი.

სამზარეულოს დახლს გარშემო ვუვლი, რომ ჩაის ტილო ავიღო, მერე მუხლებზე დავდგე და იატაკზე
დაღვრილი ლუდი მოვწმინდო. სკოტი ზის, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა, თავი ჩაქინდრული აქვს.

- ის არ იყო, ვინც მე მეგონა, წარმოდგენაც კი არა მაქვს, ვინ იყო.

ტილოს ჭურჭლის ნიჟარაში ვწურავ და ხელებზე ცივ წყალს ვივლებ. ჩემი ჩანთა რამდენიმე ნაბიჯით იქით,
ოთახის კუთხეში დევს. იქით ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ სკოტი თავს სწევს და მეც ვჩერდები. ასე ვდგავარ,
ზურგით დახლს მიყრდნობილი, ხელებით მის ნაპირს ვეჭიდები, რომ წონასწორობა არ დავკარგო, მყარად
რომ ვიდგე.
- დეტექტივ-სერჟანტმა რაილიმ მითხრა... შენზე მეკითხებოდა, რაიმე ურთიერთობა ხომ არა მაქვს შენთან, -
იცინის, - შენთან ურთიერთობა, ღმერთო, ვკითხე, გინახავთ, როგორი იყო ჩემი ცოლი-მეთქი, და ვუთხარი,
რომ სტანდარტები ასე უცებ არ ეცემა.

სახე მიხურს, იღლიებში და ხერხემლის ძირში ცივი ოფლი მასხამს.

- როგორც ეტყობა, ანას დაუჩივლია შენზე, უთქვამს, რომ სულ მისი სახლის გარშემო ტრიალებ. აი, ასე
ამოტივტივდა ყველაფერი. დეტექტივს ვუთხარი, რომ შენთან არანაირი კავშირი არა მაქვს, რომ უბრალოდ
მეგანის ძველი მეგობარი ხარ, - ისევ იცინის, ხმადაბლა და დაუნდობლად - მან კი მითხრა, მეგანს
არასოდეს იცნობდაო. ერთი საცოდავი პატარა მატყუარაა, რომელსაც თავისი ცხოვრება არ გააჩნიაო.

სახიდან ღიმილი უქრება.

- თქვენ, ყველანი, მატყუარები ხართ, ყოველი თქვენგანი.

ტელეფონი სიგნალს მაძლევს, ჩანთისკენ ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ სკოტი მასწრებს.

- ერთი წუთი მოიცადე, - მეუბნება და ტელეფონს იღებს, - ჯერ არ დაგვიმთავრებია.

ჩანთას აპირქვავებს და ყველაფერს მაგიდაზე ყრის: ტელეფონს, საფულეს, გასაღებებს, პომადას, ტამპაქსს,
საკრედიტო ბარათებს.

- მინდა ვიცოდე, შენი მონაყოლიდან რამდენი იყო ტყუილი, - ზარმაცად იღებს ტელეფონს და ეკრანს
უყურებს, უცებ თვალებში მიყურებს და მზერა ძალიან ცივი აქვს. ხმამაღლა კითხულობს:

„გიდასტურებთ, რომ დოქტორ აბდიკთან თქვენი შეხვედრა დანიშნულია ორშაბათს, 19 აგვისტოს, 4:30
წუთზე. თუ ეს დრო არ გაწყობთ, გთხოვთ 24 საათით ადრე შეგვატყობინოთ“.

- სკოტ...

- რა ჯანდაბა ხდება? - მეკითხება ჩურჩულზე ოდნავ ხმამაღლა, - რა ჯანდაბას აკეთებდი მთელი ამ ხნის
მანძილზე? რას ეუბნებოდი მას?

- არაფერს არ ვეუბნებოდი... - ტელეფონს მაგიდაზე აგდებს და ჩემკენ მოდის, ხელები მუშტებად აქვს
შეკრული. უკან ვიხევ, ოთახის კუთხისკენ, კედელსა და შუშის კარს შორის ვეტენები.

- ვცდილობდი, გამერკვია... ვცდილობდი, დაგხმარებოდი, - ხელს ზევით სწევს, მე კი თავს ვხრი,


ტკივილისათვის ვემზადები და ზუსტად ამ დროს მახსენდება, რომ ეს ადრეც გამიკეთებია, ადრეც
მიგრძნია, მაგრამ ვერ ვიხსენებ, როდის და ახლა ამაზე ფიქრის დრო არა მაქვს, რადგან კი არ მირტყამს,
ხელებს მხრებზე მაწყობს, მერე ნელ-ნელა მიჭერს, ცერებს ლავიწის ძვლებზე მაჭერს. ეს ისეთი
მტკივნეულია, რომ ყვირილს ვიწყებ.

- მთელი ეს დრო, - ცრის კბილებს შორის, - მთელი ეს დრო ვფიქრობდი, რომ ჩემს მხარეს იყავი, მაგრამ შენ
ჩემს წინააღმდეგ მუშაობდი. მას ინფორმაციას აწვდიდი, არა? ჩემსა და მეგანის შესახებ უყვებოდი
რაღაცებს. შენ, სწორედ შენ ცდილობდი, პოლიციას ეჭვი ჩემზე აეღო.

- არა, ძალიან გთხოვ, არა. ყველაფერი სხვანაირად იყო. მე შენი დახმარება მინდოდა, - ხელს სწევს,
კეფასთან ახლოს თმაში მავლებს და მიგრეხს.

- არა, სკოტ, გთხოვ, არა, მტკივა, - ახლა შემოსასვლელი კარისაკენ მიმათრევს, იმედით ვივსები. ალბათ,
ქუჩაში გაგდებას მიპირებს, მადლობა ღმერთს.

მაგრამ ქუჩაში არ მაგდებს, ისევ მიმათრევს, იფურთხება და ილანძღება. ახლა ზევით მიმათრევს და
ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ ის ისეთი ძლიერია, ვერაფერს ვხდები. მხოლოდ ვტირი.
- ძალიან გთხოვ, არა, გთხოვ, - ვიცი, რომ რაღაც საშინელი უნდა მოხდეს. ვცდილობ, დავიკივლო, მაგრამ არ
შემიძლია, ხმა არ ამომდის.

ცრემლებისა და შიშის გამო ვერაფერს ვხედავ. ხელს მკრავს, ოთახში მაგდებს და კარს აჯახუნებს. საკეტში
გასაღების გადატრიალების ხმა მესმის. ყელში ცხელი ნაღველი ამომდის და ხალიჩაზე ვარწყევ. ველოდები,
ყურს ვუგდებ, მაგრამ არაფერი ხდება, არავინ მოდის.

თავისუფალ ოთახში ვარ. ჩემს სახლში ეს ოთახი ტომის კაბინეტი იყო. ახლა მათი ბავშვის ოთახია და მის
ფანჯრებზე ნაზი ვარდისფერი ფარდები კიდია. აქ კი ოთახი საწყობად არის გამოყენებული. ის სავსეა
ქაღალდებითა და ფაილებით. აქვეა აკეცილი სარბენი ბილიკი და ძველისძველი „ეფლის“ კომპიუტერი,
ფურცლებით სავსე ყუთი, რომელსაც რიცხვები აწერია, ეტყობა, შიგნით ქვითრებია და სკოტის
სამსახურისაა. არის კიდევ მეორე ყუთი, რომელშიაც ძველი საფოსტო ბარათები აწყვია, ცარიელები,
ზოგიერთ მათგანს უკანა მხარეს ცისფერი წებო აქვს შერჩენილი. ეტყობა, ერთ დროს კედელზე იყო
გაკრული. ამ ბარათებზეა: პარიზის სახურავები, ბავშვები სქეითბორდზე, ხავსით დაფარული ძველი
რკინიგზის საძილე ვაგონები, გვირაბიდან გადაშლილი ზღვის ხედი. ბარათების დათვალიერებას ვიწყებ,
არც კი ვიცი, რატომ ან რას ვეძებ. მხოლოდ პანიკის დაცხრობას ვცდილობ. არ მინდა, ახალი ამბების იმ
რეპორტაჟზე ვიფიქრო, სადაც აჩვენეს, როგორ ამოათრიეს მეგანის სხეული ტალახიდან, არ მინდა ვიფიქრო
იმ ჭრილობებზე, რომლებიც მეგანს ჰქონდა მიყენებული, იმაზე, როგორი შეშინებული უნდა ყოფილიყო,
როდესაც მიხვდა, რა ბედი ეწეოდა. ბარათებში ვიქექები, მერე რაღაც ჩხვლეტას ვგრძნობ და უცებ ფეხზე
ვდგები, ყვირილს ვერ ვიკავებ. საჩვენებელი თითის წვერი თხლად მაქვს გადასერილი და სისხლი ჯინსზე
წვეთავს. სისხლდენას მაისურის კიდით ვიჩერებ და ბარათების თვალიერებას უფრო ფრთხილად
განვაგრძობ. დამნაშავეს უცებ ვპოულობ: ჩარჩოში ჩასმული სურათი დამსხვრეული შუშით. ზედა კუთხეში
პატარა ნატეხი აკლია, ჩამოტეხილ ნაპირზე კი ჩემი სისხლია.

ეს ის ფოტო არ არის, რომელიც ადრე ვნახე. აქ მეგანი და სკოტი ერთად, მსხვილი პლანით არიან
გადაღებული. მეგანი იცინის, სკოტი კი აღფრთოვანებული უყურებს, მის მზერაში ეჭვიანობაც იკითხება.
შუშა სხივისებურად არის დაბზარული და კუთხე ზუსტად სკოტის თვალს ემთხვევა, ამიტომ მისი
გამომეტყველების გამოცნობა ძნელია. იატაკზე ვჯდები, წინ სურათს ვიდებ და იმაზე ვფიქრობ, როგორ
ხდება ხოლმე, რომ ნივთები ყოველთვის შემთხვევით ტყდება და მერე მათ შესაკეთებლად დროსაც ვერ
პოულობ. გამახსენდა თეფშები, რომლებიც ჩემი და ტომის ჩხუბის დროს იმტვრეოდა, და ამოტეხილი
ბათქაში ზედა კორიდორში.

სადღაც, ჩაკეტილ კარს მიღმა, სკოტის სიცილი მესმის და მთელი ტანი მეყინება. ფეხზე ძლივს ვდგები,
ფანჯარასთან მივდივარ, ვაღებ და ისე ვიხრები გარეთ, რომ იატაკზე მხოლოდ ფეხის წვერებით ვდგავარ.
ყვირილს ვიწყებ, დახმარებას ვითხოვ. ტომს ვეძახი, მაგრამ ამას აზრი არა აქვს. ამ დროს შემთხვევით
ბაღშიც რომ იყოს, მისი სახლი საკმაოდ შორსაა რომ ჩემი ხმა გაიგონოს. ქვევით ვიყურები და
წონასწორობას ვკარგავ, მერე ისევ უკან ვიხრები, ოთახისკენ, ნაწლავები თითქოს ათქვეფილი მაქვს და
ყელში ქვითინი მეჩხირება.

- ძალიან გთხოვ, სკოტ! - ვეძახი, - ძალიან გთხოვ... - მეზიზღება საკუთარი ხმა, ფარისევლობა და
სასოწარკვეთილება მასში. მერე სისხლით დალაქავებულ მაისურზე ვიხედები და ვხვდები, რომ არჩევანის
გარეშე არ დავრჩენილვარ. სურათს ვიღებ და ხალიჩაზე წინ ვიდებ. მერე გაბზარული შუშის ყველაზე
გრძელ ნაწილს ვარჩევ და უკანა ჯიბეში ფრთხილად ვიდებ.

კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის. კარის პირდაპირ კედელს ვეყრდნობი. საკეტში გასაღები ტრიალებს.
სკოტს ერთ ხელში ჩემი ჩანთა უჭირავს, მეორეში კი - ქაღალდის ნაგლეჯი. ჩანთას ფეხებთან მიგდებს.

- აბა, რას იტყვი, ეს ნენსი დრიუა? - მეკითხება ღიმილით. მერე პატარა გოგონას ხმით იწყებს კითხვას:
„მეგანი თავის მეგობართან ერთად გაიქცა, რომელსაც ამას იქით „ბი“-დ მოვიხსენიებ. „ბი“-მ მეგანს რაღაც
ავნო... სკოტმა ავნო“.

მერე ფურცელს ჭმუჭნის და ფეხებთან მიგდებს.


- ღმერთო, შენ მართლა საცოდაობა ხარ.

ოთახს ათვალიერებს, იატაკზე ნარწყევს ამჩნევს, ჩემს მაისურზე კი სისხლის ლაქებს.

- შენი დედაც, რა ჯანდაბას აკეთებდი აქ? თავის მოკვლას ცდილობდი? ჩემი საქმე შენ გინდოდა
გაგეკეთებინა? - ისევ იცინის, - კისერი უნდა გადამემტვრია შენთვის, მაგრამ, იცი რა? ამდენადაც არ
ღირხარ.

გვერდზე იწევა.

- გაეთრიე ჩემი სახლიდან.

ჩანთას ვიღებ და კარისაკენ გავრბივარ, მაგრამ უცებ მოკრივის სიმკვირცხლით მისწრებს წინ. წამით
მეჩვენება, რომ ისევ დაჭერას მიპირებს. ეტყობა, ჩემს თვალებში ისეთ შიშს ხედავს, რომ ისევ სიცილს
იწყებს, გიჟივით ხარხარებს. იქიდან რომ გამოვრბივარ და შესასვლელ კარს ჯახუნით ვკეტავ, სიცილი ისევ
მესმის.

პარასკევი, 16 აგვისტო, 2013

დილა

თითქმის არ მიძინია. ბოთლ-ნახევარი ღვინო დავლიე, რომ იქნებ ჩამძინებოდა, იქნებ ხელების კანკალი
გამეჩერებინა, შეკრთომის რეფლექსი ცოტათი მაინც დამემშვიდებინა, მაგრამ არაფერმა მიშველა. როგორც
კი ჩავთვლემდი, მაშინვე მეღვიძებოდა, თითქოს ვიღაც მირტყამდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას
ჩემთან ერთად ოთახში ვგრძნობდი. შუქს ვანთებდი, ვჯდებოდი, ქუჩიდან შემომავალ და შენობაში
ადამიანების მოძრაობის ხმებს ვუსმენდი. მხოლოდ გამთენიისას დავმშვიდდი და ჩამეძინა. დამესიზმრა,
რომ ისევ ტყეში ვიყავი. ტომიც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა.
გუშინ ღამით ტომს წერილი დავუტოვე. სკოტისაგან როგორც კი გამოვედი, ნომერ ოცდასამ სახლთან
მივედი და კარზე ბრახუნი ავტეხე. ისეთ პანიკაში ვიყავი, სულ არ მენაღვლებოდა, ანა სახლში იქნებოდა
თუ არა, ჩემს დანახვაზე გაგიჟდებოდა თუ არა. კარი არავინ გააღო. ქაღალდის ნაგლეჯზე რამდენიმე
სიტყვა დავუწერე და წერილების ყუთში ჩავაგდე. არ მაინტერესებს, ანა ნახავს თუ არა. მეტიც, გულის
სიღრმეში მინდოდა კიდეც, რომ ენახა. წერილი საკმაოდ ბუნდოვანი გამომივიდა. ვწერდი, რომ წინა
შეხვედრასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გველაპარაკა. სკოტის სახელი არ მიხსენებია. არ
მინდოდა, ტომი მასთან მისულიყო და საქმის გარჩევა დაეწყო, ღმერთმა უწყის, რა შეიძლებოდა
მომხდარიყო.

შინ მისვლისთანავე პოლიციაში დავრეკე, ოღონდ ჯერ რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიე დასამშვიდებლად.
დეტექტივ-ინსპექტორი გასკილი ვიკითხე, მაგრამ მითხრეს, ადგილზე არ არისო და ბოლოს, რაილისთან
მომიწია ლაპარაკმა. ეს ნამდვილად არ მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გასკილი უფრო
კეთილგანწყობილი იქნებოდა.

- თავის სახლში დამატყვევა, - ვუთხარი, - მემუქრებოდა.


მკითხა, რამდენ ხანს ვიყავი დატყვევებული. ტელეფონიდანაც კი მივხვდი, რომ სიტყვა „დატყვევებული“
ბრჭყალებში ჩასვა.

- არ ვიცი, შეიძლება ნახევარი საათი.

ხანგრძლივი პაუზა.

- და გემუქრებოდათ? შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ, რა სახის მუქარა იყო?

- მეუბნებოდა, კისერს გადაგიმტვრევო. მითხრა... მითხრა, რომ კისერი უნდა გადაემტვრია ჩემთვის.

- კისერი უნდა გადაემტვრია?

- მითხრა, ამას გავაკეთებდი, ამდენად რომ მიღირდეო.

ისევ სიჩუმე. მერე:

- დაგარტყათ? რაიმე ზიანი მოგაყენათ?

- სილურჯეები მაქვს.

- დაგარტყათ?

- არა, ხელებს მიჭერდა.

კიდევ სიჩუმე.

- მის უოთსონ, სკოტ ჰიფველის სახლში რას აკეთებდით?

- თვითონ მთხოვა მისვლა, მითხრა, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა.


ღრმად ჩაისუნთქა.

- ხომ გაგაფრთხილეს, რომ ამ საქმეში აღარ ჩარეულიყავით. ატყუებდით, ეუბნებოდით, რომ მისი ცოლის
მეგობარი ხართ, უამრავ ისტორიას უყვებოდით... დამამთავრებინეთ... ეს პიროვნება ძალიან დიდი სტრესის
ქვეშაა და საშინლად იტანჯება, ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესში კი, შეიძლება საშიშიც იყოს.

- ის საშიშია, ღმერთო ჩემო, მეც სწორედ ამას გეუბნებით.

- ამის თქმა არაფერში დაგვეხმარება. მასთან მიდიხართ, ატყუებთ, პროვოკაციას უწყობთ. ჩვენ დანაშაულის
გამოძიების შუაგულში ვართ, ეს ხომ უნდა გესმოდეთ? ამით შეგეძლოთ, ჩვენი პროგრესი რისკის ქვეშ
დაგეყენებინათ, თქვენ შეგეძლოთ...

- რომელი პროგრესი? - უხეშად ვუთხარი, - არანაირი პროგრესი დღემდე არ გქონიათ. მან თავისი ცოლი
მოკლა, გეუბნებით. იქ ვნახე სურათი, რომელზედაც ორივე ერთად არიან. ფოტო ჩარჩოშია ჩასმული, შუშა
კი - დამსხვრეული. ის ბრაზიანი და გაუწონასწორებელია.

- დიახ, ფოტო ჩვენც ვნახეთ. სახლში ჩხრეკა ჩავატარეთ, მაგრამ ეს მკვლელობის სამხილად ვერ გამოდგება.

- მოკლედ, მის დაპატიმრებას არ აპირებთ?

ისევ ღრმად ჩაისუნთქა.

- ხვალ განყოფილებაში მობრძანდით, განცხადება დაწერეთ და საქმეს აღვძრავთ. და კიდევ ერთი, მის
უოთსონ, სკოტ ჰიფველს აღარ გაეკაროთ!

ქესი სახლში რომ დაბრუნდა, ვსვამდი. რა თქმა უნდა, არ გახარებია. რა უნდა მეთქვა? ვერანაირად ვერ
ავუხსნიდი. უბრალოდ, მოვუბოდიშე და ზევით, ჩემს ოთახში გაბუტული თინეიჯერივით ავედი. მერე
დაძინებას ვცდილობდი. არ გამომივიდა. ტომის ზარს ველოდებოდი, მაგრამ არ დარეკა.

დილით ადრე გავიღვიძე, ტელეფონი შევამოწმე (არავის დაურეკავს), თავი დავიბანე და გასაუბრებისათვის
მოვემზადე. ხელები მიკანკალებდა, მუცელში რაღაც მიტრიალებდა. სახლიდან ადრე გავედი, პოლიციის
განყოფილებაში უნდა შემევლო და განცხადება დამეტოვებინა, თუმცა კარგს არაფერს ველოდი ამისგან.
სერიოზულად არასოდეს აღმიქვამდნენ და ახლაც დარწმუნებული ვიყავი, საქმეს არ აღძრავდნენ.
მაინტერესებდა, ნუთუ ასეთი დიდი შეცდომა იქნებოდა, ყველაფერი, რასაც ვეუბნებოდი, ჩემი ფანტაზიის
ნაყოფად რომ არ ჩაეთვალათ.

სადგურისკენ მიმავალი სულ უკან ვიყურები. პოლიციის სირენის უეცარ ხმაზე შიშისაგან ჰაერში ვხტები.
სადგურის პლატფორმაზე მოაჯირთან მაქსიმალურად ახლოს მივდივარ, ხელებს მეტალის ღობეს ვუსვამ,
საჭიროების შემთხვევაში მაგრად რომ მოვეჭიდო. ვხვდები, რომ ეს სასაცილოა, მაგრამ მას შემდეგ, რაც
დავინახე, რას წარმოადგენს სკოტი, მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის დაფარული არაფერია, თავს საშინლად
უსუსურად ვგრძნობ.

ნაშუადღევი
ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ რაღაც
მქონდა გასახსენებელი, რაღაც, რაც დამავიწყდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სინამდვილეში, მნიშვნელოვანი
არაფერი დამინახავს და საშინელი არაფერი ჩამიდენია. უბრალოდ, შემთხვევით იმ ქუჩაზე აღმოვჩნდი.
წითურთმიანი კაცის დიდსულოვნების წყალობით ახლა ეს უკვე ვიცი. და მაინც, სადღაც, ტვინის
სიღრმეში, თითქოს მეფხანება და ვერ ვიფხან.

პოლიციის განყოფილებაში არც გასკილი დამხვდა და არც რაილი. განცხადება მოწყენილსახიან ფორმიან
ოფიცერს გადავეცი. მივხვდი, რომ გააფორმებენ და დაივიწყებენ, თუ, რა თქმა უნდა, სადმე თხრილში
მკვდარს არ აღმომაჩენენ. ადგილი, სადაც გასაუბრება მაქვს დანიშნული, სკოტის სახლის საპირისპირო
მხარეს არის, ქალაქის მეორე ბოლოში, მაგრამ პოლიციის განყოფილებიდან მაინც ტაქსით წავედი. ეჭვი
მეპარება, რომ რაიმე შანსი მქონდეს. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს. თვითონ სამუშაო
ჩემს კვალიფიკაციაზე ბევრად ნაკლებია, თუმცა ბოლო ერთი თუ ორი წლის განმავლობაში მე თვითონაც
საკუთარ თავზე დაბლა დავეშვი. სასწორი ხელახლა უნდა მოვიყვანო წონასწორობაში. გარდა დაბალი
ანაზღაურებისა და თვითონ სამუშაოს არაკვალიფიციურობისა, სისტემატურად უითნიში ჩამოსვლა და
ქუჩაში სიარული, სადაც შეიძლება სკოტს ან ანასა და ბავშვს გადავეყარო, დიდ უხერხულობას მიქმნის.

როგორც ეტყობა, ერთადერთი, რასაც ტყის ამ მონაკვეთში ვაკეთებ, ისაა, რომ ადამიანებს მოულოდნელად
გადავეყრები ხოლმე. ეს ადგილი სწორედ ლონდონის განაპირას მდებარე სოფლის შეგრძნების გამო
მომწონდა ადრე. აქ შეიძლება ყველას არ იცნობდე, მაგრამ ყველა სახე ნაცნობია.

თითქმის სადგურში ვარ, სწორედ „ქრაუნს“ გავდივარ, როდესაც მკლავზე ვიღაცის ხელს ვგრძნობ, უცებ
ვტრიალდები, ტროტუარზე ფეხი მიცურდება და გზის სავალ ნაწილზე ვეცემი.

- ოჰ, ოჰ, მაპატიე, მაპატიე, - ისევ ის არის, წითურთმიანი კაცი. ერთ ხელში სასმელი უჭირავს, მეორე ჰაერში
აქვს აწეული, თითქოს პატიებას ითხოვს.

- ასე ხშირად ხტუნაობ, არა? - მეკითხება და იღრიჭება, მაგრამ, ეტყობა, მართლა შეშინებული ვჩანვარ,
რადგან მისი სახიდან „ღიმილი“ ქრება.
- კარგად ხარ? შენი შეშინება არ მინდოდა.

მერე მეუბნება, რომ დღეს სამუშაო ადრე დაამთავრა და დალევას მთავაზობს. უარს ვეუბნები, მაგრამ უცებ
აზრს ვიცვლი.

- ბოდიში უნდა მოგიხადო, - ვეუბნები, როდესაც მას, ენდის (სახელი მერე გავიგე) ჩემთვის ჯინ-ტონიკი
მოაქვს, - მატარებელში ცუდად მოგექეცი. წინა შეხვედრას ვგულისხმობ. ცუდი დღე მქონდა.

- არა უშავს, - ამბობს ენდი და ზარმაცად იღიმება. როგორც ეტყობა, ეს მისთვის პირველი ბოთლი არ არის.
ფაბის უკან, ლუდის ბაღში ერთმანეთის პირდაპირ ვსხედვართ. აქ თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ,
ვიდრე ქუჩაში. ეტყობა, უსაფრთხოების გრძნობა მაძლევს გამბედაობას და ვეკითხები:

- მინდოდა, მეკითხა, რა მოხდა, - ვეუბნები, - იმ ღამეს, შენ რომ შეგხვდი. იმ ღამეს მეგი, ის ქალი რომ
დაიკარგა.
- ოჰ, ჰო. რატომ? რას გულისხმობ?

ღრმად ვისუნთქავ, ვგრძნობ, როგორ მიწითლდება სახე. რამდენჯერაც უნდა მოგიწიოს ამის აღიარებამ,
თავს ყოველ ჯერზე უხერხულად, უსუსურად გრძნობ.

- ძალიან მთვრალი ვიყავი და არ მახსოვს. რაღაცების გარკვევა მჭირდება. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რაიმე
ხომ არ დაგინახავს. ვინმე სხვას ხომ არ ველაპარაკებოდი ან რაიმე ასეთი, - მაგიდას ვაშტერდები, თვალებში
ვერ ვუყურებ.

ფეხს ფეხზე ოდნავ მკრავს.

- ყველაფერი კარგადაა, შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია.

თავს ვწევ, ვუყურებ, ის კი იღიმება.

- მეც მაგარი მთვრალი ვიყავი, მატარებელში ცოტა ვილაპარაკეთ, არც კი მახსოვს, რაზე. მერე ორივე აქ,
უითნიში ჩამოვედით. შენ ფეხზე მთლად მყარად ვერ იდექი. კიბეზე ფეხი დაგიცდა. გახსოვს? მე ადგომაში
დაგეხმარე და შენ კი შეგრცხვა. ისეთივე აწითლებული იყავი, როგორიც ახლა, - იცინის, - ერთად გავედით
და მე გკითხე, პაბში ხომ არ წამოხვალ-მეთქი, მაგრამ შენ თქვი, ქმარს უნდა შევხვდეო.

- სულ ეს არის?

- არა. მართლა არ გახსოვს? ცოტა უფრო გვიან იყო, არ ვიცი, შეიძლება ნახევარი საათის შემდეგ. „ქრაუნში“
ვიყავი, მაგრამ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რკინიგზის ლიანდაგის გადაღმა ბარში ვსვამო, მოკლედ,
მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი. შენ მიწაზე იწექი. ძალიან ცუდ დღეში იყავი. ჭრილობა გქონდა. ცოტა
შევწუხდი, სახლში გაცილება შემოგთავაზე, მაგრამ შენ გაგონებაც არ გინდოდა. ძაააალიან... მოკლედ,
ძალიან გაბრაზებული იყავი. მგონი, შენს კაცთან იჩხუბე. ის ამ დროს ქუჩაზე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.
შემოგთავაზე, თუ გინდა, გავეკიდები-მეთქი. ამის შემდეგ მანქანით სადღაც წავიდა. ის... ის ვიღაცასთან
ერთად იყო.

- ქალთან?

თავს მიქნევს, უბრალოდ, ოდნავ დაბლა ხრის.

- ჰო, მანქანაში ერთად ჩასხდნენ. მე დავასკვენი, რომ ჩხუბის მიზეზი ეს იყო.

- მერე?

- მერე შენ წახვედი, შეწუხებული ჩანდი... თუ რაღაც... და წახვედი. სულ იმეორებდი, არავის დახმარება არ
მჭირდებაო. როგორც უკვე გითხარი, თვითონაც კარგა მაგარი მთვრალი ვიყავი, ამიტომ თავი დაგანებე.
მიწისქვეშა გადასასვლელი გავიარე და პაბში ჩემს მეგობარს შევხვდი. სულ ეს იყო.

სახლის კიბეზე რომ ავდივარ, დარწმუნებული ვარ, ჩემ ზევით ვიღაც არის. ნაბიჯების ხმა მესმის. კიბის
უჯრედზე ვიღაც მელოდება. რა თქმა უნდა, იქ არავინაა და ბინაც ცარიელია: თითქოს ხელუხლებელია,
სუნიც სიცარიელის დგას, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ყველა ოთახი შევამოწმო, ჩემი და ქესის ლოგინების
ქვეშ შევიხედო, კარადები გამოვაღო და შევიჭყიტო სამზარეულოს განჯინაში, სადაც ბავშვიც კი ვერ
დაიმალება.

სამჯერ შემოვლის შემდეგ ვჩერდები. ზევით ავდივარ, საწოლზე ვჯდები და ენდისთან ჩემს საუბარზე,
უფრო სწორად, იმაზე ვფიქრობ, რომ მისი ნაამბობი ჩემს მოგონებებს სრულად ემთხვევა. ეს დიდი
აღმოჩენა არ არის. მე და ტომმა ქუჩაში ვიჩხუბეთ, მე დავეცი და რაღაც ვიტკინე, ის გაიქცა და ანასთან
ერთად მანქანაში ჩაჯდა. მოგვიანებით ჩემს სანახავად დაბრუნდა, მაგრამ მე უკვე წასული ვიყავი, ტაქსი
გავაჩერე, ასე ვფიქრობ, ან ისევ სადგურში დავბრუნდი და მატარებელში ჩავჯექი.

საწოლზე ვზივარ, ფანჯრიდან ვიყურები და ვფიქრობ, რომ თავს უკეთესად სულაც არ ვგრძნობ. შეიძლება,
პასუხები არა მაქვს და, ალბათ, იმიტომ, ან იქნებ იმის გამო, რომ ჩემი მოგონებებისა და სხვა ადამიანების
მონაყოლის დამთხვევის მიუხედავად, რაღაც მაინც გაურკვეველი რჩება. უცებ გონება მინათდება... ანა.
საქმე მარტო ის კი არ არის, რომ ტომს ანასთან ერთად მანქანით სადმე წასვლა არასოდეს უხსენებია, მე ხომ
დავინახე, მანქანაში ჩაჯდომის დროს ბავშვი თან არ ჰყავდა. სად იყო ივი, როდესაც ყველაფერი ეს
ხდებოდა?

შაბათი, 17 აგვისტო, 2013


საღამო

ტომს უნდა დაველაპარაკო, რომ ყველაფერი თანამიმდევრულად დამილაგდეს. რაც უფრო მეტს ვფიქრობ
ყველაფერ ამაზე, მით უფრო უაზრობად მეჩვენება, მაგრამ ამ ამბავს ისევ და ისევ ვატრიალებ თავში. თანაც
ძალიან ვღელავ, უკვე ორი დღე გავიდა, რაც ის წერილი დავუტოვე და არ გამომხმაურებია. გუშინ ღამიყთ
ტელეფონის ზარზეც არ მიპასუხა, მთელი დღე არ მპასუხობდა. ნამდვილად რაღაც ხდება და აშკარად
ანასთან არის დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც გაიგო, რა მოხდა სკოტთან, ვიცი, ჩემთან ლაპარაკი თვითონაც ენდომება. ისიც ვიცი, რომ
ჩემი დახმარება ენდომება. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორი იყო იმ დღეს, მანქანაში რომ ვისხედით, როგორ
ვგრძნობდით თავს. მოკლედ, ტელეფონს ვიღებ და მის ნომერს ვკრეფ. მისი ხმის, ისეთივესი, როგორიც
წლების წინ იყო, გაგონების მოლოდინში, ზუსტად ისე, როგორც ადრე, მუცელში რაღაც მიტრიალებს.

- დიახ?

- ტომ, მე ვარ.

- ჰო.

ალბათ, ანა იქვე, მასთან არის. ჩემი სახელის თქმა არ უნდა. ცოტა ხანს ვიცდი, რომ სხვა ოთახში გასვლის
დრო მივცე, მას რომ მოშორდეს. მესმის, როგორ ხვნეშის.

- რაშია საქმე?

- მმ... შენთან ლაპარაკი მინდოდა, როგორც ჩემს წერილში მოგწერე, მე...


- რაო? - გაღიზიანებული ჩანს.

- რამდენიმე დღის წინ წერილი დაგიტოვე, ვფიქრობდი, რომ უნდა გველაპარაკა...

- წერილი არ მიმიღია, - კიდევ ერთი ამოხვნეშა, - ამის დედაც, აი, თურმე რატომაა ჩემზე გაბრაზებული.

ეტყობა, ანამ ნახა და მისთვის არ მიუცია.

- რა გინდა?

მინდა დავკიდო, ხელახლა დავრეკო და თავიდან დავიწყო, ვუთხრა, რა კარგი იყო ორშაბათს, ტბაზე რომ
ვიყავით.

- უბრალოდ, რაღაცის კითხვა მინდოდა.

- რისი? - ძალიან გაღიზიანებულია.

- ყველაფერი კარგადაა?

- რა გინდა, რეიჩელ? - ყველაფერი გამქრალია, მთელი სინაზე, რაც ერთი კვირის წინ იყო. თავბედს
ვიწყევლი, რომ ის წერილი დავუტოვე. სახლში აშკარად პრობლემები შევუქმენი.

- იმ ღამეზე მინდოდა მეკითხა, ღამეზე, როცა მეგან ჰიფველი დაიკარგა.

- ოჰ, ღმერთო ჩემო, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, შეუძლებელია, ასე მალე დაგვიწყებოდა.

- უბრალოდ...

- შენ ნასვამი იყავი, - ამბობს, უხეშად და ხმამაღლა, - გთხოვე, სახლში წასულიყავი. შენ არ მომისმინე და
საბოდიალოდ წახვედი. მანქანით გამოვედი საძებნელად, მაგრამ ვერ გიპოვე.

- ანა სად იყო?

- სახლში.

- ბავშვთან?

- ჰო, ივისთან.

- შენთან ერთად მანქანაში არ იყო?

- არა.

- მაგრამ...
- ღმერთო ჩემო, ანა აპირებდა გასვლას, ბავშვთან მე უნდა დავრჩენილიყავი. მერე შენ გამოჩნდი და მანაც
გადაიფიქრა. მე კი ჩემი ცხოვრების კიდევ რამდენიმე საათი ისევ შენს ძებნას მოვანდომე.
ნეტავ არ დამერეკა. იმედი რომ გაგიჩნდება და მერე უცებ დაგემსხვრევა, ისეთი გრძნობაა, თითქოს
სხეულში ცივ მეტალს გიტრიალებს ვიღაც.

- კარგი, - ვეუბნები, - უბრალოდ, მე ყველაფერი სხვანაირად მახსოვს... ტომ, როდესაც დამინახე,


დაშავებული ვიყავი? მე... თავზე ჭრილობა მქონდა?

ისევ ოხრავს.

- მიკვირს, რომ საერთოდ რაღაც გახსოვს, რეიჩელ. გალეწილი მთვრალი იყავი, საზიზღრად მთვრალი და
აყროლებული. ძლივს დაბარბაცებდი.

მისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თითქოს ყელი გადამეკეტა. მისგან ასეთები ადრეც მომისმენია, ჩვენი
ურთიერთობის ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ, როდესაც ჩემგან საშინლად დაღლილი იყო, ვეღარ
მიტანდა, თავი შევაძულე.

ზარმაცად განაგრძობს:

- ქუჩაში დაეცი, ყვიროდი, საშინელ დღეში იყავი. შეგიძლია მითხრა, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

სიტყვებს უცებ ვერ ვპოულობ, პასუხის გასაცემად საკმაოდ დიდი დრო მჭირდება, ის კი განაგრძობს:

- მისმინე, უნდა წავიდე. აღარ დამირეკო, ძალიან გთხოვ. ყველაფერი ეს უკვე გავლილი გვაქვს. რამდენჯერ
უნდა გთხოვო? ნუ რეკავ, წერილებს ნუ მიტოვებ, აქ ნუ მოდიხარ, ანა ამაზე ძალიან ბრაზდება, გესმის?

ტელეფონს თიშავს.

კვირა, 18 აგვისტო, 2013


დილაადრიან

მთელი ღამე ქვევით, სასტუმრო ოთახში გავატარე, ტელევიზორი ჩართული მქონდა. ხან შიში მომერეოდა,
ხან კი თავს მხნედ ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დროში უკან დავბრუნდი. ჭრილობა,
რომელიც მან წლების წინ მომაყენა, ისევ გაიხსნა, ისეთი ახალი იყო. ვიცი, სისულელეა. იდიოტი ვიყავი,
როცა ერთი საუბრის შემდეგ ჩავთვალე, რომ მასთან ურთიერთობის შანსი კიდევ მქონდა. სულ რაღაც
რამდენიმე მომენტის გამო, რომლებიც სინაზედ ჩავთვალე, სინამდვილეში კი სენტიმენტალობისა და
დანაშაულის გრძნობის გარდა არაფერი იყო. მაინც ძალიან მტკივნეულია. უნდა გავუძლო და ეს ტკივილი
ბოლომდე შევიგრძნო. ამას თუ არ გავაკეთებ, არასოდეს გაყუჩდება.

იდიოტი ვიყავი იმიტომაც, რომ ვიფიქრე, ჩემსა და სკოტს შორის რაღაც კავშირი იყო, რომ მის დახმარებას
შევძლებდი. ნამდვილად იდიოტი ვარ, ამას უკვე მივეჩვიე. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ვწევარ აქ
და საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ ყველაფრის კონტროლს შევძლებ. აქედან გადავალ, შორს, ახალ
სამსახურს ვიშოვი, ქალიშვილობის გვარს დავიბრუნებ, ტომთან კავშირს საბოლოოდ გავწყვეტ. ვერავინ
მიპოვის. ნეტავ ვინმე თუ დამიწყებს ძებნას.
ნეტავ არ დამერეკა. იმედი რომ გაგიჩნდება და მერე უცებ დაგემსხვრევა, ისეთი გრძნობაა, თითქოს
სხეულში ცივ მეტალს გიტრიალებს ვიღაც.

- კარგი, - ვეუბნები, - უბრალოდ, მე ყველაფერი სხვანაირად მახსოვს... ტომ, როდესაც დამინახე,


დაშავებული ვიყავი? მე... თავზე ჭრილობა მქონდა?

ისევ ოხრავს.

- მიკვირს, რომ საერთოდ რაღაც გახსოვს, რეიჩელ. გალეწილი მთვრალი იყავი, საზიზღრად მთვრალი და
აყროლებული. ძლივს დაბარბაცებდი.

მისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თითქოს ყელი გადამეკეტა. მისგან ასეთები ადრეც მომისმენია, ჩვენი
ურთიერთობის ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ, როდესაც ჩემგან საშინლად დაღლილი იყო, ვეღარ
მიტანდა, თავი შევაძულე.

ზარმაცად განაგრძობს:

- ქუჩაში დაეცი, ყვიროდი, საშინელ დღეში იყავი. შეგიძლია მითხრა, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

სიტყვებს უცებ ვერ ვპოულობ, პასუხის გასაცემად საკმაოდ დიდი დრო მჭირდება, ის კი განაგრძობს:

- მისმინე, უნდა წავიდე. აღარ დამირეკო, ძალიან გთხოვ. ყველაფერი ეს უკვე გავლილი გვაქვს. რამდენჯერ
უნდა გთხოვო? ნუ რეკავ, წერილებს ნუ მიტოვებ, აქ ნუ მოდიხარ, ანა ამაზე ძალიან ბრაზდება, გესმის?

ტელეფონს თიშავს.

კვირა, 18 აგვისტო, 2013


დილაადრიან

მთელი ღამე ქვევით, სასტუმრო ოთახში გავატარე, ტელევიზორი ჩართული მქონდა. ხან შიში მომერეოდა,
ხან კი თავს მხნედ ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დროში უკან დავბრუნდი. ჭრილობა,
რომელიც მან წლების წინ მომაყენა, ისევ გაიხსნა, ისეთი ახალი იყო. ვიცი, სისულელეა. იდიოტი ვიყავი,
როცა ერთი საუბრის შემდეგ ჩავთვალე, რომ მასთან ურთიერთობის შანსი კიდევ მქონდა. სულ რაღაც
რამდენიმე მომენტის გამო, რომლებიც სინაზედ ჩავთვალე, სინამდვილეში კი სენტიმენტალობისა და
დანაშაულის გრძნობის გარდა არაფერი იყო. მაინც ძალიან მტკივნეულია. უნდა გავუძლო და ეს ტკივილი
ბოლომდე შევიგრძნო. ამას თუ არ გავაკეთებ, არასოდეს გაყუჩდება.

იდიოტი ვიყავი იმიტომაც, რომ ვიფიქრე, ჩემსა და სკოტს შორის რაღაც კავშირი იყო, რომ მის დახმარებას
შევძლებდი. ნამდვილად იდიოტი ვარ, ამას უკვე მივეჩვიე. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ვწევარ აქ
და საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ ყველაფრის კონტროლს შევძლებ. აქედან გადავალ, შორს, ახალ
სამსახურს ვიშოვი, ქალიშვილობის გვარს დავიბრუნებ, ტომთან კავშირს საბოლოოდ გავწყვეტ. ვერავინ
მიპოვის. ნეტავ ვინმე თუ დამიწყებს ძებნას.
ბევრი ნამდვილად არ მიძინია. ტახტზე რომ ვიწექი, გეგმებს ვაწყობდი და ყოველ ჯერზე, როცა ძილი
მომერეოდა, ტომის ხმა მესმოდა, ისე მკაფიოდ, თითქოს იქვე, გვერდით იყო და ტუჩები ჩემს ყურზე
ჰქონდა მოდებული: „გალეწილი მთვრალი იყავი, საზიზღრად მთვრალი და აყროლებული“. მაშინვე
მეღვიძებოდა. სირცხვილი ტალღასავით გადამივლიდა. სირცხვილი და მასთან ერთად დეჟავიუს
უძლიერესი შეგრძნება. დარწმუნებული ვიყავი, ეს სიტყვები ადრეც მქონდა გაგონილი, ზუსტად ეს
სიტყვები.

მერე თავში ისევ ის სცენები მიტრიალებს: ვიღვიძებ და ბალიშზე სისხლის ლაქებია, პირი შიგნიდან მტკივა,
ისე, თითქოს ლოყაზე ვიკბინე. ფრჩხილები საშინლად ჭუჭყიანი მაქვს, თავი - გაბრუებული. ტომი
სააბაზანოდან გამოდის, გამომეტყველება ნახევრად ტკივილიანი და ნახევრად გაბრაზებული აქვს. შიში ისე
მატულობს ჩემში, როგორც წყალდიდობის დროს წყალი.

- რა მოხდა?

ტომი მკლავებსა და მკერდზე სისხლჩაქცევებს მაჩვენებს, თითქოს ეს მე გავაკეთე.

- არ მჯერა, ტომ. მე შენთვის არ დამირტყამს, მე არავისთვის არ დამირტყამს ცხოვრებაში.

- გალეწილი მთვრალი იყავი, რეიჩელ. სულ არაფერი გახსოვს, რაც გუშინ ღამე გააკეთე, რაიმე, რაც თქვი?

მერე მიყვება, მაგრამ ისევ ვერ ვიჯერებ, რადგან არაფერი, რასაც ის მეუბნება, მე არ მგავს, არაფერი. მერე ეს
გოლფის ჯოხისა და ჩამოტეხილი ბათქაშის ისტორია. ეს ხვრელი, ნაცრისფერი და ცარიელი, თითქოს
ჩემკენ მომართული გამოთხრილი თვალი, რომელიც ყოველ გავლაზე მახსენებს თავს. მე კი ძალადობას,
რომლის შესახებაც მიყვება, ვერაფრით ვიხსენებ. მხოლოდ შიში მახსოვს, თუ მგონია, რომ მახსოვს. ცოტა
დრო რომ გავიდა, ვისწავლე, აღარ მეკითხა, რა ჩავიდინე და აღარ შევკამათებოდი, როდესაც ის თავისი
სურვილით მაწვდიდა ინფორმაციას, დეტალების ცოდნა არ მინდოდა. არ მინდოდა, იმ საშინელების
მოსმენა, რასაც გალეწილი მთვრალი და აყროლებული ვამბობდი ან ვაკეთებდი. ზოგჯერ მემუქრებოდა,
რომ ყველაფერს ჩაიწერდა და მერე მაჩვენებდა, მაგრამ ეს არასოდეს გაუკეთებია. როგორი
დიდსულოვნებაა.

დრო რომ გადის, სწავლობ, როცა ასეთ მდგომარეობაში იღვიძებ, არ იკითხო, რა მოხდა, პირდაპირ ბოდიში
მოიხადო. ბოდიში მოიხადო ყველაფრისათვის, რაც გააკეთე, როგორიც ხარ და პირობა დადო, რომ
აღარასოდეს ასე არ მოიქცევი.

ახლა ასეთი აღარ, მართლა აღარ ვარ და ამას სკოტს უნდა ვუმადლოდე. ძალიან მეშინია, მეშინია,
შუაღამისას გავიდე და სასმელი ვიყიდო. დაძინებისაც მეშინია, რადგან სწორედ მაშინ ვარ დაუცველი.

უბრალოდ, გადავწყვიტე ძლიერი ვიყო, ეს არის და ეს.

ქუთუთოები ისევ დამძიმებას იწყებს და თავი მკერდზე მივარდება. ტელევიზორს ხმას ვუკლებ, თითქმის
არ ისმის, პირით ტახტის ზურგისაკენ ვტრიალდები, ვეყრდნობი და ბუმბულის საბანს ვიხურავ. თითქმის
ვიძინებ. ვერც ვგრძნობ, ისე ვიძინებ და მერე - ბახ, თითქოს ქვევიდან მიწა მეცლება, ისე ვხტები, რომ გული
ყელში მიცემს. დავინახე. მე დავინახე.

მიწისქვეშა გასასვლელში ვიყავი და ის ჩემკენ მოდიოდა. ერთხელ ტუჩებში გამარტყა, მერე მუშტი ასწია,
ხელში გასაღები უჭირავს. მძაფრი ტკივილი, დაკბილული მეტალი ჩემს თავის ქალას ხვდება.
ანა
შაბათი, 17 აგვისტო, 2013
საღამო

საკუთარი თავი მძულს იმის გამო, რომ ვტირი. ისეთი საცოდაობაა, მაგრამ საშინლად გადაღლილი ვარ. ეს
უკანასკნელი რამდენიმე კვირა ძალიან მძიმე იყო. მე და ტომს კიდევ ერთი ჩხუბი გვქონდა და, რა თქმა
უნდა, რეიჩელის გამო.

ვფიქრობ, მოსალოდნელიც იყო. ვიტანჯებოდი იმ წერილის გამო, იმის გამო, რომ მატყუებდა და მას
ხვდებოდა. თავს ვარწმუნებდი, რომ ეს სრული სისულელეა, მაგრამ ვერაფრით ვერეოდი შეგრძნებას, რომ
მათ შორის რაღაც ხდებოდა. ამაზე ისევ და ისევ ვფიქრობდი, წრეზე დავდიოდი. როგორ შეეძლო ყველაფერ
იმის შემდეგ, რაც მან გაუკეთა, გაგვიკეთა? აზრადაც კი როგორ მოუვიდა, რომ ისევ მასთან იქნებოდა. იმის
თქმა მინდა, რომ ჩვენ ორივეს გვერდიგვერდ თუ დაგვაყენებს ადამიანი, უბრალოდ, არ არსებობს მამაკაცი
დედამიწის ზურგზე, რომელიც მას აირჩევს. და ეს იმ შემთხვევაშიც კი, მის პრობლემებს თუ
გამოვრიცხავთ.

მერე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ასეც ხდება, არა? ადამიანები, რომლებთანაც წარსული გაკავშირებს, არ
გიშვებენ ხოლმე და როგორც უნდა ეცადო, თავს ვერ ითავისუფლებ, მათგან ვერ თავისუფლდები. დრო
გადის და მერე აღარც ცდილობ.

ხუთშაბათს ისევ გამოჩნდა. კარზე აბრახუნებდა და ტომს ეძახდა. საშინლად გავბრაზდი, მაგრამ კარის
გაღება ვერ გავბედე. ბავშვთან ერთად ყოფნა უსუსურს, სუსტს გხდის. მარტო რომ ვყოფილიყავი,
დაპირისპირებას შევძლებდი. მასთან გამკლავება პრობლემა არ იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ აქ ივი მყავდა და
გარისკვა არ შემეძლო. წარმოდგენა არ მქონდა, რას გააკეთებდა. ვიცი, რატომაც მოვიდა. გაცეცხლებული
იყო, რომ მის შესახებ პოლიციას ველაპარაკე. შემიძლია ნაძლევი დავდო, ტომთან იმისათვის მოვიდა, რომ
ჩემთვის ეთქმევინებინა, თავი დამენებებინა. მერე წერილი დატოვა: „უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ,
დამირეკე, ძალიან მნიშვნელოვანია“ (სიტყვა „მნიშვნელოვანი“ სამჯერ იყო ხაზგასმული). წერილი მაშინვე
ნაგვის ყუთში გადავაგდე. მოგვიანებით ისევ ამოვიღე და ჩემი სასთუმლის მაგიდის უჯრაში, მისი
გამოგზავნილი უზნეო იმეილის ამონაბეჭდთან, სატელეფონო ზარებისა და ჩვენს სახლთან მისი
დაფიქსირების თარიღების ჩანაწერებთან ერთად ჩავდე. ყველაფერს ვინახავ, ყოველი შემთხვევისთვის,
იქნებ მერე მტკიცებულებად დამჭირდეს. დეტექტივ-სერჟანტ რაილის დავურეკე და მესიჯი დავუტოვე,
რომ რეიჩელი ისევ მოვიდა. ჯერ არ დაურეკავს.

ტომისათვის დატოვებული წერილიც უნდა მეხსენებინა, მაგრამ არ მინდოდა, პოლიციასთან დაკავშირების


გამო ტომი გაღიზიანებულიყო და ამიტომ უბრალოდ უჯრაში ჩავაგდე იმ იმედით, რომ რეიჩელს აღარ
გაახსენდებოდა. რა თქმა უნდა, არ დავიწყებია. დღეს ღამით დაურეკა. ლაპარაკი რომ დაამთავრა, ტომს
სიბრაზისაგან ბოლი ასდიოდა.
- რა დედამო... წერილზეა ლაპარაკი? - წამოიყვირა მან.

ვუთხარი, გადავაგდე-მეთქი. მეგონა, წაკითხვა არ მოგინდებოდა-მეთქი. მეგონა, რომ შენც ისევე გინდოდა,
თავი დაენებებინა ჩვენი ოჯახისათვის, როგორც მე.

თვალები აატრიალა.
- საქმე ეგ არ არის და ეს ძალიან კარგად იცი. რა თქმა უნდა, მინდა, რეიჩელი ჩვენი ცხოვრებიდან წავიდეს.
უბრალოდ, არ მინდა, ტელეფონზე ლაპარაკის მოსმენა და ჩემი იმეილების გადაყრა დაიწყო. შენ...

- რა მე?

- არაფერი, უბრალოდ, ამას ის აკეთებდა ხოლმე.

თითქოს მუცელში დამარტყეს. წელს ქვევით დარტყმა იყო. სასაცილოა. უცებ ცრემლები წამსკდა და ზევით
სააბაზანოში გავიქეცი. ველოდი, რომ ჩემს დასამშვიდებლად, საკოცნელად ამოვიდოდა, როგორც
ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე, მაგრამ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დამიძახა, ერთი-ორი საათით
სპორტულ დარბაზში მივდივარო და სანამ პასუხს გავცემდი, შემოსასვლელი კარის ჯახუნი გავიგონე.

ახლა ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც რეიჩელი: გუშინდელი სადილის შემდეგ დარჩენილი ნახევარი
ბოთლი წითელი ღვინო დავცალე და მის კომპიუტერში ვიქექები. როცა თავს ისე გრძნობ, როგორც ახლა მე,
მისი გაგებაც უფრო ადვილია. არაფერია ისეთი მტკივნეული, ისეთი გამანადგურებელი, როგორიც ეჭვი.

ბოლოს და ბოლოს, ლეფთოფის პაროლი გავტეხე, „ბლენიმი“ აღმოჩნდა, ისეთივე უვნებელი და მოსაწყენი,
როგორიც თვითონ ქუჩა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ვერანაირი მამხილებელი იმეილები, ბინძური სურათები ან ვნებიანი წერილები ვერ ვნახე. დაახლოებით
ნახევარი საათის განმავლობაში ვკითხულობ საქმიან იმეილებს, რომლებიც ისეთი უინტერესოა, რომ
ეჭვიანობის გრძნობასაც კი თრგუნავს. მერე ლეფთოფს ვხურავ და გვერდზე ვდებ. საკმაოდ მხიარულად
ვარ, ალბათ, ღვინისა და ტომის კომპიუტერში ნაპოვნი მოსაწყენი წერილების წყალობით. შვება ვიგრძენი
და ვიფიქრე, როგორი სულელი ვარ-მეთქი.

ზევით კბილების გასახეხად ავდივარ, არ მინდა, მიხვდეს, რომ ისევ ღვინოს ვსვამდი. მერე ლოგინის
თეთრეულის გადაძრობა და ახლის გადაკვრა გადავწყვიტე. ბალიშებზე რამდენიმე წვეთი „აკვა დი პარმას“
დავაწვეთებ და ჩავიცვამ იმ შავ აბრეშუმის პერანგს, რომელიც შარშან დაბადების დღეზე მაჩუქა. ყველაფერ
ამას მისთვის მოვამზადებ.

ლოგინის თეთრეულის გადაძრობისას ფეხით შავ ჩანთას ვედები, მის სპორტულ ჩანთას, რომელიც
საწოლის ქვეშ დევს. დარჩენია. თითქმის ერთი საათია, რაც წავიდა და მის წასაღებად არ მობრუნებულა.
მუცელში ისევ რაღაც მიტრიალებს. შეიძლება, უბრალოდ, იფიქრა, ჯანდაბასო, და პაბში წავიდა. იქნებ
სპორტულ დარბაზში სათადარიგო ტანსაცმელი აქვს თავის კარადაში, მაგრამ შეიძლება ზუსტად ახლა
მასთან ერთად არის საწოლში.

თავს ცუდად ვგრძნობ, მუხლებზე ვდგები და ჩანთას საგულდაგულოდ ვათვალიერებ. ყველაფერი


სპორტული იქ არის, გარეცხილი და წასაღებად გამზადებული, და კიდევ რაღაც - მობილური ტელეფონი,
რომელიც ადრე არასოდეს მინახავს.

საწოლზე ვჯდები, ხელში ტელეფონი მიჭირავს, თავს ვერაფრით შევიკავებ, თუმცა ვიცი, ამას რომ
გავაკეთებ, აუცილებლად ვინანებ, რადგან ეს შეიძლება მხოლოდ რაღაც ცუდის მომასწავებელი იყოს.
სათადარიგო მობილურს სპორტულ ჩანთაში არ ჩატენი, თუ რაღაც დასამალი არა გაქვს. შინაგანი ხმა
მეუბნება: „უბრალოდ, უკან ჩადე, უბრალოდ, დაივიწყე“, მაგრამ არ შემიძლია. ჩამრთველ ღილაკს მთელი
ძალით ვაწვები და ეკრანის ანთებას ველოდები, და ველოდები, და ველოდები. გათიშულია. შვებამ ისე
დამიარა, როგორც მორფინმა.

ამოვისუნთქე, ახლა ვერაფერს გავიგებ. გარდა ამისა, გათიშული ტელეფონი გამოუყენებელ, არასაჭირო
ტელეფონს ნიშნავს. კაცი, რომელსაც ვნებიანი რომანი აქვს, გათიშულ ტელეფონს არ შეინახავს, მუდმივად
თან ატარებს. იქნებ მის ჩანთაში თვეებია დევს და გადასაგდებად ვერ მოიცალა. შეიძლება მისიც კი არ არის.
შეიძლება დარბაზში იპოვა, მიმღებში ჩაბარებას აპირებდა და მერე დაავიწყდა.

ლოგინს ნახევრად გაშიშვლებულს ვტოვებ და ქვევით სასტუმრო ოთახში ჩავდივარ. ყავის მაგიდას
რამდენიმე უჯრა აქვს, რომლებშიც დროთა განმავლობაში დაგროვილი საოჯახო ნაგავი ინახება: წებოვანი
ლენტის რულონები, უცხოეთში მოგზაურობისას გამოსაყენებელი ადაპტერები, სანტიმეტრები, საკერავი
ნაკრები და ტელეფონის ძველი დამტენები. სამივე დამტენს ვიღებ და მეორე მათგანი ერგება. საწოლის ჩემს
მხარეს დენში ვრთავ, დამტენსაც და ტელეფონსაც მაგიდის უკან ვმალავ და ველოდები.

ძირითადად, თარიღები და საათებია დაფიქსირებული. თარიღები კი არა, დღეები. ორშაბათს 3-ზე?


პარასკევი, 4:30. მერე წერია: „ხვალ არ შემიძლია, ოთხშაბათს - არა“. მეტი არაფერია, არც სიყვარულის ახსნა,
არც რაიმე შეთავაზებები. მხოლოდ ტექსტური მესიჯებია, ათზე მეტი და ყველა - დაფარული ნომრიდან.
ტელეფონის წიგნაკში არანაირი კონტაქტები არ არის და დარეკილი ზარების ჩამონათვალი წაშლილია.

თარიღები არ მჭირდება, რადგან ტელეფონი მათ თვითონ იწერს. შეხვედრები თვეების, თითქმის ერთი
წლის წინ არის დაწყებული. როდესაც ამას მივხვდი, როდესაც ვნახე, რომ პირველი მათგანი გასული წლის
სექტემბერში იყო, ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა. სექტემბერი, ივი, მხოლოდ ექვსი თვის იყო. ჯერ
კიდევ მსუქანი ვიყავი, გამოფიტული, არეული, სექსზე არც ვფიქრობდი, მაგრამ მერე სიცილს ვიწყებ,
რადგან ეს უბრალოდ სასაცილოა, შეუძლებელია, მართალი იყოს. სექტემბერში ნეტარები და ბედნიერები
ვიყავით, ერთმანეთსა და ჩვენს პატარა შვილში შეყვარებულები. წარმოუდგენელია, რომ იმ პერიოდში
მასთან დაძვრებოდა, წარმოუდგენელია, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მას ხვდებოდა. აუცილებლად
გავიგებდი. შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს. ტელეფონი მისი არ არის.

და მაინც, სასთუმლის მაგიდიდან რეიჩელის დარეკილი ზარების სიას ვიღებ და შეხვედრების თარიღებს
ვადარებ. ზოგიერთი მათგანი ემთხვევა. ზოგი ზარი ერთი-ორი დღით ადრეა, ზოგი კი ერთი-ორი დღით
გვიან. ზოგი საერთოდ არანაირ კავშირში არ არის.

ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მასთან ერთად ყოფილიყო? ჩემთვის
ეთქვა, რომ თავიდან ვერ იშორებს, სინამდვილეში კი შეხვედრები დაეგეგმათ და ჩემს ზურგს უკან ჩუმად
შეხვედროდნენ ერთმანეთს. მაგრამ თუ ეს ტელეფონი ამისთვის ჰქონდათ, სახლში რატომღა ურეკავდა?
უაზრობა გამოდის. თუ ამას სპეციალურად აკეთებდა, რომ მე ყველაფერი გამეგო და ჩემსა და ტომს შორის
უსიამოვნების პროვოცირება მოეხდინა?

უკვე თითქმის ორი საათია, რაც ტომი წასულია. სადაც უნდა იყოს, მალე მოვა. საწოლებს ვასწორებ, სიასა
და ტელეფონს მაგიდაში ვაწყობ, ქვევით ჩავდივარ, უკანასკნელ ჭიქა ღვინოს ვისხამ და სწრაფად ვსვამ.
შემიძლია, რეიჩელს დავურეკო, დავუპირისპირდე, მაგრამ რა ვუთხრა? ამ შემთხვევაში მორალურ
უპირატესობას დავკარგავ. გარდა ამისა, დარწმუნებული არა ვარ, რომ გავუძლებ სიამოვნებას, რომლითაც
ის დამიდასტურებს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მასულელებდნენ. თუ ტომი ამას აკეთებს, არაფერი
შეუშლის ხელს, რომ ისევ გააკეთოს.
გარეთ, ტროტუარზე, ნაბიჯების ხმა მესმის და ვიცი, რომ ის არის. ღვინის ჭიქას სასწრაფოდ ნიჟარაში ვდებ
და სამზარეულოს დახლს მიყრდნობილი ველოდები. ყურებში სისხლის პულსაციას ვგრძნობ.

- ჰაი, - მეუბნება თითქოს დამორცხვებული, ცოტა ბარბაცებს.

- ახლა სპორტულ დარბაზებში ლუდით უმასპინძლდებიან?

იჭყანება.

- ჩანთა დამრჩა და პაბში წავედი.


ზუსტად ისე, როგორც ვიფიქრე, ან როგორც მან იფიქრა, რომ მე ვიფიქრებდი. მიახლოვდება.

- რას აკეთებდი? - მეკითხება და თან იღიმება, - ისე გამოიყურები, თითქოს რაღაც დანაშაული ჩაიდინე, -
ხელებს წელზე მხვევს და თავისკენ მიზიდავს. მისი პირიდან ლუდის სუნს ვგრძნობ.

- რაიმე ცუდს აკეთებდი?

- ტომ...

- შშშ, - ამბობს, ტუჩებში მკოცნის და ჩემი ჯინსის გახსნას იწყებს. მერე მატრიალებს. მე არ მინდა, მაგრამ არ
ვიცი, უარი როგორ ვუთხრა. ამიტომ თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, მასზე და რეიჩელზე ერთად არ
ვიფიქრო. ვცდილობ, ძველი დღეები გავიხსენო, როცა კრენემ-როუდზე ცარიელი სახლისკენ მივრბოდით,
სუნთქვაშეკრულები, სურვილით შეპყრობილები, თითქოს დამშეულები.

კვირა, 18 აგვისტო, 2013


დილაადრიან

შიშით ვიღვიძებ, ჯერ კიდევ ბნელა. მეჩვენება, თითქოს ივი ტირის, მაგრამ როცა გავდივარ
შესამოწმებლად, ვხედავ, რომ ღრმად სძინავს, საბანი შეკრულ მუშტებს შორის უჭირავს. საწოლში
ვბრუნდები, მაგრამ ვეღარ ვიძინებ. მარტო ტელეფონზე შემიძლია ფიქრი, ჩემი მაგიდის უჯრაში რომ დევს.
ტომს ვუყურებ, რომელიც გვერდით მიწევს, მარცხენა ხელი ზევით აქვს აწეული, თავი კი უკან
გადაგდებული. მისი თანაბარი სუნთქვის მიხედვით ვხვდები, რომ ღრმად სძინავს. საწოლიდან ვდგები და
მაგიდიდან ტელეფონს ვიღებ.

ქვევით, სამზარეულოში, ისევ და ისევ ხელში ვატრიალებ, ვემზადები. თან მინდა ვიცოდე და თან - არა.
მმინდა, დარწმუნებული ვიყო და თან ისე ძალიან მინდა, ვცდებოდე. ვრთავ. „ერთს“ ვაჭერ ხელს და
მიჭირავს. ხმოვანი ფოსტის მოსალმება მესმის. მეუბნება, რომ ახალი მესიჯები არ მიმიღია და არც
შენახული მესიჯები მაქვს და მისალმების შეცვლა ხომ არ მინდა? ვთიშავ, მაგრამ უცებ მიპყრობს
ირაციონალური შიში, რომ ტელეფონმა შეიძლება დარეკოს, შეიძლება ტომმა ზევით გაიგონოს. გასაწევ კარს
ვაღებ და გარეთ გავდივარ.
ფეხქვეშ ნამიან ბალახს ვგრძნობ. გრილა, ჰაერი წვიმისა და ვარდების სურნელით არის დამძიმებული.
შორიდან მატარებლის ხმა მესმის, ნელი გრუხუნი. ძალიან შორს არის. ღობესთან ჩავდივარ და ისევ ხმოვან
ფოსტაზე ვრეკავ. მისალმების შეცვლა ხომ არ მინდა? დიახ, მინდა. სიგნალს მაძლევს, შემდეგ პაუზა და
მერე მისი ხმა მესმის, მისი, ტომის - არა.

„ჰაი, მე ვარ, მესიჯი დამიტოვე“.

გული აღარ მიცემს.

ეს ტომის ტელეფონი კი არა, მისი ტელეფონია.

თავიდან ვრთავ.
„ჰაი, მე ვარ, მესიჯი დამიტოვე“.

მისი ხმაა.

ვერ ვინძრევი, ვერ ვსუნთქავ. ვრთავ ისევ და ისევ და ისევ. ყელში რაღაც მეჩხირება. ისეთი გრძნობა მაქვს,
რომ ახლა გული წამივა. სწორედ ამ დროს ზევით შუქი ინთება.

რეიჩელი
კვირა, 18 აგვისტო, 2013
დილაადრიან

მოგონების ერთ ნაგლეჯს მეორე ცვლის. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დღეების, კვირების, თვეების
მანძილზე სიბნელეში ხელების ფათურით დავდიოდი და ბოლოს რაღაცას ჩავეჭიდე. თითქოს კედელს
ხელებს ვუსვამდი და ერთი ოთახიდან მეორეში ასე ვიკვლევდი გზას, მერე მოძრავი ჩრდილები
გაერთიანდნენ, თვალი სიბნელეს შეეჩვია და დავინახე.

თავიდან - არა. თუმცა თავიდანვე მოგონებად მეჩვენებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს სიზმარი იყო.
ვიჯექი იქ ტახტზე, შოკისგან თითქმის პარალიზებული და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს პირველი
შემთხვევა არ იქნება, როდესაც რაღაცები არასწორად მახსოვს, როდესაც მგონია, რაღაც ასე ხდებოდა,
სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად იყო.

ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ტომის კოლეგასთან ვიყავით წვეულებაზე და ძალიან დავთვერი, მაგრამ
კარგი დრო გავატარეთ. მახსოვს, რომ დამშვიდობებისას კლარას ვაკოცე. კლარა კოლეგის ცოლი იყო,
მშვენიერი ქალი, თბილი და კეთილი. მახსოვს, მეუბნებოდა, რომ ერთმანეთს კიდევ უნდა შევხვედროდით,
მახსოვს, როგორ ეჭირა ჩემი ხელი.

ეს ისე ნათლად მახსოვდა, მაგრამ სიმართლე არ იყო. ეს რომ სიმართლე არ იყო, მეორე დილით გავიგე,
როცა ტომთან დალაპარაკება მინდოდა, მან კი ზურგი შემაქცია. ვიცი, რომ ეს სიმართლე არ იყო, იმიტომ,
რომ ტომმა მითხრა, როგორი იმედგაცრუებული იყო და როგორ უხერხულად გრძნობდა თავს, რომ კლარა
ჩემს ქმართან ფლირტში დავადანაშაულე, რომ ისტერიკული ვიყავი და შეურაცხყოფას ვაყენებდი.
თვალები რომ დავხუჭე, კლარას თბილი ხელი ვიგრძენი, მაგრამ ეს სინამდვილეში არ მომხდარა.
სინამდვილეში, ტომს სახლიდან ჩემი გამოტანა ხელით მოუხდა. მე კი მთელი გზა ვტიროდი და ვყვიროდი.
საწყალი კლარა ამ დროს სამზარეულოში იმალებოდა.

როცა თვალებს ვხუჭავ, ვთვლემ და საკუთარ თავს მიწისქვეშა გადასასვლელში ვხედავ, შესაძლოა, მყრალ
ჰაერს ვგრძნობ, შესაძლოა, ვხედავ ვიღაცას, ვინც მუშტშეკრული და გამხეცებული ჩემკენ მოდის, მაგრამ ეს
სიმართლე არ არის. შიში, რომელსაც ვგრძნობდი, რეალური არ არის. როდესაც ვიღაცის ჩრდილმა
დამარტყა და იქ, მიწაზე მტირალი და სისხლში მოსვრილი დამტოვა, ესეც რეალური არ იყო.

მაგრამ... ირკვევა, რომ იყო და მე ეს ყველაფერი დავინახე. ეს ისეთი შოკია, დაჯერება მიჭირს, მაგრამ მზე
რომ ამოდის, თითქოს ნისლიც იფანტება. ყველაფერი, რაც მან მითხრა, ტყუილი იყო. მან რომ დამარტყა,
ჩემი წარმოსახვის შედეგი არ არის. ეს მახსოვს. ზუსტად ისე, როგორც მახსოვს, როგორ დავემშვიდობე
კლარას იმ წვეულების შემდეგ და როგორ ეჭირა ჩემი ხელი ხელში. ზუსტად ისე, როგორც მახსოვს შიში,
რომელიც განვიცადე, იატაკზე რომ ვიწექი, გოლფის ჯოხის გვერდით, და ახლა ვიცი, ახლა დარწმუნებული
ვარ, რომ ის ჯოხი მე არ მომიქნევია.
არ ვიცი, რა გავაკეთო. ზევით ავრბივარ, ჯინსსა და მაისურს ვიცვამ და ისევ ქვევით ჩამოვრბივარ. მათ
ნომერს ვკრეფ, სახლის ნომერს, ველოდები, ერთი-ორჯერ დარეკოს და ვკიდებ. არ ვიცი, რა გავაკეთო. ყავას
ვაკეთებ, ვაცლი, რომ გაცივდეს, დეტექტივ-სერჟანტ რაილის ნომერს ვკრეფ და მაშინვე ვკიდებ. არ
დამიჯერებს, ვიცი, რომ არ დამიჯერებს.

სადგურში მივდივარ. დღეს კვირაა და პირველი მატარებელი კიდევ ნახევარ საათს არ იქნება. ისღა
დამრჩენია, იქვე სკამზე დავჯდე, ისევ წრეებზე ვიარო, ეჭვებიდან სასოწარკვეთილებამდე, და - უკან.

ყველაფერი ტყუილია. ჩემი წარმოსახვა არ არის, რომ დამარტყა, ჩემი წარმოსახვა არ არის, რომ სწრაფად
გარბოდა ჩემგან მუშტებშეკრული. დავინახე, როგორ მოტრიალდა, ყვიროდა. დავინახე, როგორ მიდიოდა
ქუჩაზე ქალთან ერთად. დავინახე, როგორ ჩაჯდა მასთან ერთად მანქანაში. ეს ჩემი წარმოსახვა არ არის.
მერე ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია, ისე ძალიან მარტივი. ნამდვილად მახსოვს,
უბრალოდ, ორი მოგონება ავურიე ერთმანეთში. ლურჯ კაბაში ჩაცმული ჩემგან მიმავალი ანას ფიგურა
ჩავსვი სხვა სცენარში, რომელშიც ტომი და ვიღაც ქალი მანქანაში სხდებოდნენ. იმ ქალს ლურჯი კაბა, რა
თქმა უნდა, არ სცმია, ჯინსი და წითელი მაისური ეცვა. ეს მეგანი იყო.

ანა
კვირა, 18 აგვისტო, 2013
დილაადრიან

ტელეფონს ღობის იქით ვაგდებ, რაც შეიძლება შორს. ის სადღაც დამბის თავზე ნაყარი ხრეშის ნაპირზე
ვარდება. მერე მეჩვენება, რომ მისი ქვევით, ლიანდაგისკენ ჩამოცურების ხმა მესმის. მგონი, ისევ მისი ხმა
მესმის: „ჰაი, მე ვარ, მესიჯი დამიტოვე“. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამ ხმას კიდევ დიდხანს გავიგონებ.

სახლში რომ ვბრუნდები, ის კიბის ძირში დგას და მიყურებს, ნახევრად მძინარე თვალებით. ძილს ებრძვის.

- რა ხდება?

- არაფერი, - ვეუბნები და მესმის, როგორ მიკანკალებს ხმა.


- გარეთ რას აკეთებდი?

-თითქოს ხმა შემომესმა, - ვეუბნები, - ვიღაცამ გამაღვიძა. ვეღარ დავიძინე.

- ტელეფონი რეკავდა, - თქვა მან თვალების ფშვნეტით.

ხელები ერთმანეთს მოვუჭირე, კანკალი რომ შემეჩერებინა.

- რა? რა ტელეფონი?

- ტელეფონი, - იმეორებს და ისე მიყურებს, როგორც გიჟს, - ტელეფონი რეკავდა. ვიღაცამ დარეკა და
დაკიდა.

- ჰოო? არ ვიცი, არ ვიცი, ვინ იყო.

იცინის.

- რა თქმა უნდა, არ იცი. კარგად ხარ? - ახლოს მოდის და მკლავებს წელზე მხვევს, - უცნაურად
გამოიყურები, - ცოტა ხანი ასე დგას ჩემზე ხელებშემოხვეული და ჩემს მკერდზე თავდადებული.

- რაღაც რომ გაიგონე, უნდა გაგეღვიძებინე, - მეუბნება, - გარეთ მარტო არ უნდა გასულიყავი, ეს ჩემი
საქმეა.
- მშვენივრად ვარ, - პირს მაგრად ვმუწავ, რომ ვერ გაიგოს, როგორ მაცემინებს კბილს კბილზე.

ტუჩებში მკოცნის, პირში ენას მიყოფს.

- წამოდი, საწოლში დავბრუნდეთ.

- ყავის დალევას ვაპირებდი, - ვეუბნები და მისგან გაწევას ვცდილობ.

არ მიშვებს. მკლავებს მაგრად მხვევს და ერთ ხელს კისერზე მიჭერს.

- წამო, რა. ჩემთან წამოდი, უარს ვერ მივიღებ.

რეიჩელი
კვირა, 18 აგვისტო, 2013
დილა

ნამდვილად არ ვიცი, რა ვქნა, ამიტომ, უბრალოდ, კარზე ზარს ვრეკავ, თან ვფიქრობ, ჯერ ხომ არ უნდა
დამერეკა. კვირა დილით წინასწარ დარეკვის გარეშე თავზე დადგომა უტაქტობაა, არა? ხითხითს ვიწყებ.
მგონი, ისტერიკა მემართება. მართლა არ ვიცი, რას ვაკეთებ.
კართან არავინ მოდის. სახლს გარშემო რომ ვუვლი და პატარა ბილიკით მივდივარ, ისტერიკული გრძნობა
მატულობს. კვლავ დეჟავიუს უძლიერესი შეგრძნება მაქვს. იმ დილით ამ სახლთან მოვედი, პატარა გოგონა
ავიყვანე. მისთვის რაიმე ზიანის მიყენება არასოდეს მიფიქრია. ახლა ამაში დარწმუნებული ვარ.

ბილიკზე, სახლის ჩრდილიანი მხარისკენ რომ მივდივარ, ბავშვის ტიტინი მესმის. იმაზე ვიწყებ ფიქრს,
მართლა ხომ არ მეჩვენება ხოლმე რაღაცები, მაგრამ არა, აი, ის ანასთან ერთად პატიოში ზის. ვუძახი და
ღობეზე ვიწევი. ის მიყურებს. ველი, რომ ელდა ეცემა ან გაბრაზდება, მაგრამ გაკვირვებულიც კი არ ჩანს.

- გამარჯობა, რეიჩელ, - მეუბნება, ფეხზე დგება, ბავშვს ხელს ჰკიდებს და თავისკენ სწევს. ღიმილის გარეშე,
მშვიდად მიყურებს. თვალები წითელი აქვს, სახე - ფერმკრთალი, თითქოს გამორეცხილი, მაკიაჟის გარეშე.

- რა გინდა? - მეკითხება.

- კარზე ზარი დავრეკე.

- არ გამიგონია, - ამბობს, ბავშვს თეძოს ზევით იკრავს და ჩემგან ნახევრად ტრიალდება, თითქოს სახლში
შესვლას აპირებს, მაგრამ მერე უცებ ჩერდება. ვერ გამიგია, რატომ არ მიყვირის.

- ტომი სად არის, ანა?

- წასულია, ჯარის მეგობრები იკრიბებიან.

- უნდა წავიდეთ, ანა, - ვეუბნები და ის სიცილს იწყებს.

ანა
კვირა, 18 აგვისტო, 2013
დილა

რაღაც გაუგებარი მიზეზით უცებ ყველაფერი ძალიან სასაცილო ხდება. საწყალი სქელი რეიჩელი ჩემს
ბაღში დგას, აწითლებული, ოფლიანი და მეუბნება, რომ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა წავიდეთ.

- სად მივდივართ? - ვეკითხები, სიცილით გულს რომ ვიჯერებ, ის კი უაზრო თვალებით მიყურებს და
ვერაფერს მეუბნება, სიტყვებს ვერ პოულობს.

- შენთან ერთად არსად წასვლას არ ვაპირებ, - ივი წრიალებს და წუწუნებს, ამიტომ ისევ ძირს ვსვამ. კანი იმ
ადგილებში, სადაც დილას შხაპში გავიხეხე - პირი შიგნიდან, ლოყები, ენა - ჯერ კიდევ მიხურს, მეწვის.

- როდის დაბრუნდება? - მეკითხება.

- არა მგონია, მალე.

სინამდვილეში, წარმოდგენა არა მაქვს, როდის დაბრუნდება. ზოგჯერ მთელ დღეს საცოცავ კედელზე
ატარებს. ახლა - არ ვიცი.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, თავისი სპორტული ჩანთა წაიღო. მალე, ალბათ, აღმოაჩენს, რომ ტელეფონი იქ
აღარ არის.

ივისთან ერთად ცოტა ხნით ჩემს დასთან წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ტელეფონის საკითხი
მანერვიულებს. ვინმემ რომ იპოვოს? რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ სულ მუშები არიან. რომელიმემ
შეიძლება იპოვოს და პოლიციას გადასცეს. მასზე ხომ ჩემი თითის ანაბეჭდებია.

მერე ვიფიქრე, რომ მისი უკან დაბრუნება არც ისე ძნელი საქმეა, მაგრამ ღამეს უნდა დაველოდო, რომ
არავინ დამინახოს.

უცებ ვხვდები, რომ რეიჩელი ისევ ლაპარაკობს, რაღაც კითხვებს მისვამს. კარგა ხანია, აღარ ვუსმენ. ძალიან
დაღლილი ვარ.

- ანა, - მეუბნება ის და ჩემთან ახლოს მოდის, ცდილობს, თვალი თვალში გამიყაროს, - ოდესმე რომელიმე
მათგანს შეხვედრიხარ?

- ვის შევხვედრივარ?
- მისი ჯარის მეგობრებს. ოდესმე რომელიმე მათგანი გაგაცნო?

თავს ვაქნევ.

- ეს უცნაურად არ გეჩვენება?

უცნაურად ის მეჩვენება, რომ კვირა დილას ჩემს ბაღში რეიჩელი გამოჩნდა.

- არც ისე, - ვეუბნები, - ისინი მისი სხვა ცხოვრების ნაწილია, ისევე როგორც შენ. როგორც შენ უნდა
ყოფილიყავი, მაგრამ შენგან თავის დაღწევას ვერაფრით ვახერხებთ, - ვატყობ, როგორ შეკრთა. გული
ეტკინა.

- აქ რას აკეთებ, რეიჩელ?

- მშვენივრად იცი, რატომ ვარ აქ. ისიც იცი, რომ... რომ რაღაც ხდება, - სახეზე ისეთი გულწრფელი
გამომეტყველება აქვს, თითქოს ჩემზე ნერვიულობს. სხვა სიტუაციაში ეს გულის ამაჩუყებელი შეიძლებოდა
ყოფილიყო.

- ფინჯანი ყავა ხომ არ გინდა? - ვეკითხები და ის თავს მიქნევს.

ყავას ვამზადებ და პატიოში ერთმანეთის გვერდით ჩუმად ვსხედვართ. ყველაფერი ისე გამოიყურება,
თითქოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- რისი თქმა გინდოდა? - ვეკითხები, - რომ ტომის ჯარის მეგობრები არ არსებობენ? რომ ისინი გამოიგონა?
და რომ სინამდვილეში ახლა სხვა ქალთან არის?

- არ ვიცი, - ამბობს.
- რეიჩელ, - მიყურებს და მის თვალებში შიშს ვხედავ, - რაღაცის თქმა გინდა?

- ტომის ოჯახს ოდესმე შეხვედრიხარ? - მეკითხება, - მის მშობლებს?

- არა, ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მას მერე, ერთად რომ გავიქეცით, ურთიერთობა გაწყვიტეს.

თავს აქნევს.

- ეგ სიმართლე არ არის, - მეუბნება, - მეც არასოდეს შევხვედრივარ მათ. არც კი მიცნობენ და რა


ენაღვლებოდათ, მიმატოვებდა თუ არა.

თავში უცებ სიბნელე ისადგურებს, თავის უკანა ნაწილში. მის შეკავებას მას შემდეგ ვცდილობ, რაც
ტელეფონზე რეიჩელის ხმა გავიგონე, მაგრამ ახლა უფრო იზრდება და იფურჩქნება.

- შენი არ მჯერა, - ვეუბნები, - ამას რატომ უნდა ტყუოდეს?

- იმიტომ, რომ ყველაფერს ტყუის.

ფეხზე ვდგები, მისგან მოშორებით ყოფნა მინდა. მაღიზიანებს, ასეთ რამეებს რომ მეუბნება. საკუთარ
თავზეც ვღიზიანდები, რადგან ვხვდები, რომ მჯერა. ვფიქრობ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ტომი ტყუოდა.
უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ადრე მისი ტყუილები მაწყობდა.

- ის ოსტატურად ტყუის, - ვეუბნები, - მთელი საუკუნე ვერ ხვდებოდი ვერაფერს, არა? თვეების მანძილზე
ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთად ვიწექით, საოცარი სექსი გვქონდა კრენემ-როუდზე, შენ კი ეჭვი არც
შეგპარვია.
ნერწყვს ყლაპავს, საკუთარ ტუჩს ჰკბენს, მაგრად.

- მეგანი, - ამბობს, - მეგანზე რას იტყვი?

- ვიცი, რომანი ჰქონდათ, - ვამბობ და ეს სიტყვები თვითონვე მეჩვენება უცნაურად. ეს პირველი


შემთხვევაა, როცა ამას ხმამაღლა ვამბობ. მღალატობდა, მე მღალატობდა, - დარწმუნებული ვარ, ეს
გსიამოვნებს, მაგრამ ის აღარ არის და ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, არა?

- ანა...

სიბნელე უფრო იზრდება, უკვე თავის ქალას შიგნიდან აწვება და თვალებს მიბინდავს. ივის ხელს ვკიდებ
და ვცდილობ, შიგნით შევიყვანო. ის ხმამაღლა აპროტესტებს.

- მათ რომანი ჰქონდათ. სხვა არაფერი. რა აუცილებელია, ეს ნიშნავდეს...

- რომ მეგანი მოკლა?

- ნუ ამბობ! - ვხვდები, რომ ვუყვირი, - ჩემი ბავშვის თანდასწრებით ნუ ამბობ ამას.

ივის შუადღის საუზმეს ვაძლევ, რასაც მორჩილად ჭამს ბოლომდე, პირველად რამდენიმე კვირის
მანძილზე. თითქოს ხვდება, რომ სხვა რაღაცები მაქვს სადარდებელი. ვგიჟდები მასზე. განუსაზღვრელად
უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა ისევ გარეთ გამოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ რეიჩელი იქ არის,
ქვევით, ღობესთან დგას და მიმავალ მატარებელს უყურებს. მერე, როცა ხვდება, რომ გარეთ გამოვედი,
ჩემკენ მოდის.

- გიყვარს, არა? მატარებლებს ვგულისხმობ, - ვეუბნები, - მე კი მძულს, საშინლად მძულს.

ნახევრად მიღიმის და ვამჩნევ, რომ სახის მარცხენა მხარეს ღრმული აქვს, რომელიც აქამდე არასოდეს
შემინიშნავს, ალბათ, იმიტომ, რომ გაღიმებულიც არასოდეს მინახავს.

- კიდევ ერთი ტყუილი, - ამბობს, - მეუბნებოდა, რომ ეს სახლი გიყვარს, მის გარშემოც ყველაფერი გიყვარს,
მატარებლებიც კი. მეუბნებოდა, რომ სხვა სახლში გადასვლაზე არც კი იოცნებებდი, რომ სწორედ აქ
გინდოდა მასთან ერთად ცხოვრება, იმის მიუხედავადაც კი, რომ აქ ადრე მე ვცხოვრობდი.

თავს ვაქნევ.

- ასეთ რამეს როგორ გეტყოდა, სრული ბოდვაა. ორი წელია, ვცდილობ, ეს სახლი გავაყიდვინო.

მხრებს იჩეჩს.

- იმიტომ, რომ სულ ტყუის, ყველაფერს ტყუის.

სიბნელე ისევ იფურჩქნება. ივის კალთაში ვისვამ და იქ ძალიან კმაყოფილი ზის, მზეზე ძილი მოერია.

- ესე იგი, მთელი ეს სატელეფონო ზარები... - ვამბობ და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებს აზრის შეძენას, -
ისინი შენგან არ იყო? იმის თქმა მინდა, რომ ზოგი მათგანი ვიცი, რომ შენგან იყო, მაგრამ ზოგი...

- მეგანისგან იყო. მეც ასე მგონია.

უცნაურია, რადგან ახლა ვხვდები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სხვა ქალი მძულდა, თუმცა ამის ცოდნა
რეიჩელის მიმართ ჩემს გრძნობას სულაც არ ცვლის, მის მიმართ ჩემში არსებულ სიძულვილს არაფერი
აკლდება. სხვა რომ არაფერი, როდესაც ასეთს ვხედავ, წყნარს, მაგრამ აღელვებულსა და ფხიზელს, ვხვდები,
როგორი იქნებოდა ადრე. ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს, ვხვდები, რას ხედავდა მასში ტომი და რა უყვარდა.
საათზე ვიყურები. თერთმეტს გადაცილებულია. ის რომ წავიდა, დაახლოებით რვა საათი იქნებოდა,
შეიძლება უფრო ადრეც კი იყო. ტელეფონის შესახებ ამ დროისათვის უკვე ეცოდინება. კარგა ხნის წინ
გაიგებდა. იქნებ ფიქრობს, რომ ჩანთიდან გადმოუვარდა. ალბათ, ჰგონია, რომ ზევით, საწოლის ქვეშ არის.

- რამდენი ხანია, რაც იცი? მათ რომანს ვგულისხმობ.

- არ ვიცოდი, - მეუბნება, - დღემდე. იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ ახლა
გავიგე... - გაჩუმდა. მადლობა ღმერთს, რადგან დარწმუნებული არა ვიყავი, რომ მისგან ჩემი ქმრის
ღალატის შესახებ ლაპარაკს ავიტანდი. სრულიად აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ ეს ნაღვლიანი და სქელი
რეიჩელი და მე ახლა ერთ ნავში ვსხედვართ.

- როგორ ფიქრობ, მისგან იყო? ბავშვი მისი იყო?


ვუყურებ, მაგრამ ვერ ვხედავ, ვერაფერს - სიბნელის გარდა. არაფერი მესმის ყურებში ხმაურის გარდა -
ზღვის ან თვითმფრინავის, რომელიც ზუსტად შენს თავზე მიფრინავს, ხმაურის გარდა.

- რა თქვი?

- ისა... ძალიან ვწუხვარ, - წითლდება, აღელვებულია, - იქნებ არ უნდა ვამბობდე... ის როცა მოკლეს,
ფეხმძიმედ იყო, მეგანი ფეხმძიმედ იყო... ძალიან ვწუხვარ.

მაგრამ სულაც არ წუხს, დარწმუნებული ვარ. ძალიან არ მინდა, მის თვალწინ დავიშალო ნაწილებად. მერე
ქვევით ვიყურები. ივის ვუყურებ და ვგრძნობ, რომ მწუხარება, რომლის მსგავსი ადრე არასოდეს
განმიცდია, ტალღასავით თავზე მევლება, თითქოს ჰაერს მაცლის. ივის ძმა, ივის და, დაიღუპა. რეიჩელი
ჩემ გვერდით ჯდება და მკლავს მხრებზე მხვევს.

- ვწუხვარ, - მეუბნება ისევ და სურვილი მიჩნდება, დავარტყა. მისი კანის შეხებისაგან ტანზე თითქოს
ჭიანჭველებს ვგრძნობ. მინდა ხელი ვკრა და მოვიშორო, მინდა ვუყვირო, მაგრამ არ შემიძლია. ის ჯერ
ტირილს მაცლის და მერე ძალიან მკაფიოდ და დაბეჯითებით მეუბნება:

- ანა, ვფიქრობ, უნდა წავიდეთ. რაღაცები უნდა ჩაალაგო, შენი და ივის ნივთები და მერე უნდა წავიდეთ.
რაღაც დროით, სანამ ყველაფერი გაირკვევა, შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე.

თვალებს ვიმშრალებ და მისგან ვიწევი.

- მე მას არ დავტოვებ, რეიჩელ, რომანი ჰქონდა, მას... ეს პირველად არ ხდება, არა? - სიცილს ვიწყებ და ივიც
იცინის.

რეიჩელი ხვნეშით დგება.

- ძალიან კარგად იცი, რომ საქმე რომანში არ არის, ანა. ვიცი, რომ იცი.

- ჩვენ არაფერი ვიცით, - ამას თითქმის ჩურჩულით ვამბობ.

- ის მანქანაში ტომთან ერთად ჩაჯდა, იმ ღამეს. მე ის დავინახე. ადრე არ მახსოვდა, მეგონა, შენ დაგინახე,
მაგრამ ახლა მახსოვს, ახლა გავიხსენე.

- არა, - ივი ოფლიან ხელს პირზე მისვამს.

- პოლიციაში უნდა განვაცხადოთ, ანა, - მეუბნება და ნაბიჯს ჩემკენ დგამს, - ძალიან გთხოვ, აქ მასთან
ერთად ვერ დარჩები.

მზე ანათებს, მაგრამ მაინც მაკანკალებს. ვცდილობ, ის დღე გავიხსენო, მეგანი რომ უკანასკნელად მოვიდა
ჩვენს სახლში, მისი გამომეტყველება გავიხსენო, როცა თქვა, თქვენთან ვეღარ ვიმუშავებო.
ვცდილობ, გავიხსენო, ნასიამოვნები იყო თუ გულგატეხილი. სრულიად მოულოდნელად კიდევ ერთი რამ
მახსენდება. ივისთან მისი მუშაობის ერთ-ერთი პირველი დღე იყო. მე გოგოებთან შესახვედრად
ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ზევით დასაძინებლად ავედი. ტომი, ეტყობა,
სწორედ ამ დროს მოვიდა, რადგან ქვევით რომ ჩამოვედი, ისინი ერთად იყვნენ. მეგანი სამზარეულოს
დახლს იყო მიყრდნობილი, ტომი კი მასთან ზედმეტად ახლოს იდგა. ივი თავის სკამში იჯდა და ტიროდა,
არც ერთი მათგანი მისკენ არ იყურებოდა.

უცებ საშინელ სიცივეს ვგრძნობ. ნეტავ მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ის უნდოდა? მეგანი ქერა და ლამაზი იყო,
მე მგავდა. მოკლედ, კი, ალბათ, ვიცოდი, რომ უნდოდა, ზუსტად ისე, როგორც ქუჩაში რომ მივდივარ და
ცოლიანი კაცები მხვდებიან, რომლებსაც ცოლები გვერდზე ჰყავთ, ხელში ბავშვები უჭირავთ და ისე
მიყურებენ, რომ ვიცი, იმაზე ფიქრობენ. ალბათ, ვიცოდი, რომ უნდოდა, ჰქონდა კიდეც ურთიერთობა,
მაგრამ ეს - არა. ამას ვერ გააკეთებდა.

ოღონდ ტომი არა, საყვარელი, ქმარი - უკვე ორჯერ, მამა - კარგი მამა, მარჩენალი, რომელიც არასოდეს
წუწუნებს.

- შენ ხომ გიყვარდა, - ვეუბნები, - ჯერ კიდევ გიყვარს, არა?

თავს აქნევს, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.

- კი, გიყვარს და იცი, რომ ეს შეუძლებელია.

ვდგები, ივი ხელში ამყავს და მასთან ახლოს მივდივარ.

- ამას ვერ იზამდა, რეიჩელ. შენც ხომ იცი, რომ ამის გამკეთებელი არ არის. ამის გამკეთებელი კაცი არ
გეყვარებოდა, არა?

- მაგრამ, მიყვარდა, ჩვენ ორივეს გვიყვარდა.

ლოყებზე ცრემლები ჩამოსდის. იწმენდს და სწორედ ამ დროს მისი გამომეტყველება იცვლება. სახე
სრულიად უთეთრდება. მე არ მიყურებს, ჩემს მიღმა იყურება. როდესაც ვტრიალდები, რომ მის მზერას
თვალი გავაყოლო, ტომს ვხედავ. სამზარეულოს ფანჯარასთან დგას და გვიყურებს.

მეგანი
პარასკევი, 12 ივლისი, 2013
დილა

ჩემს შვილს, გოგონას, ვგრძნობ, თუ ბიჭია? შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გოგონაა, იქნებ ჩემი გული მეუბნება
ამას, არ ვიცი. მას ვგრძნობ, ისე როგორც ადრე ვგრძნობდი, დახვეულს, თესლს ქოთანში. ოღონდ ეს თესლი
იღიმება, თავის დროს ელოდება. არ შემიძლია, მძულდეს, მისი მოცილება არ შემიძლია. არ შემიძლია...
ვფიქრობდი, რომ შევძლებდი, იმდენად სასოწარკვეთილი ვიქნებოდი, რომ მის გამოფხეკას შევძლებდი,
მაგრამ მასზე რომ ვფიქრობ, მხოლოდ ლიბის სახეს, მის მუქ თვალებს ვხედავ, მისი კანის სურნელს
ვგრძნობ, ვგრძნობ, როგორი ცივი იყო ბოლოს. არა, მას ვერ მოვიცილებ, არ მინდა. მინდა მიყვარდეს.

არ შემიძლია, მძულდეს, მაგრამ მაშინებს, არ ვიცი, რას გამიკეთებს ან მე რას გავუკეთებ. ამ შიშმა გამაღვიძა
დღეს დილის ხუთ საათზე. ოფლში გაწუწული ვიყავი, თუმცა ფანჯრები ღია იყო და ლოგინში მარტო
ვიწექი. სკოტი კონფერენციაზეა, სადღაც ჰართფორდშირში ან ესექსში, თუ სადღაც. დღეს ღამით ბრუნდება.
არ ვიცი, რა მემართება, როცა აქ არის, მარტო ყოფნა მინდა, და ვერ ვიტან, როცა წასულია. სიჩუმის გაძლება
არ შემიძლია, საკუთარ თავს ხმამაღლა ველაპარაკები ხოლმე, რომ ის გადავფარო. დღეს დილით ლოგინში
ვფიქრობდი, ისევ იგივე რომ მოხდეს? რა იქნება, ჩემს შვილთან ერთად მარტო რომ დავრჩე? ჩემთან,
ჩვენთან ერთად ყოფნა რომ არ მოინდომოს? რომ მიხვდეს, რომ მისი შვილი არ არის?

თუმცა შეიძლება მისიცაა, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ვგრძნობ, რომ არ არის. ისევე, როგორც ვგრძნობ, რომ
გოგონაა. მისი შვილიც რომ არ იყოს, როგორ უნდა მიხვდეს. ვერ მიხვდება, რა სულელი ვარ, ძალიან
ბედნიერი იქნება. ცას ეწევა სიხარულით, როცა ვეტყვი. აზრი, რომ შეიძლება ბავშვი მისი არ იყოს, თავშიც
კი არ გაუელვებს. მისთვის სიმართლის თქმა სისასტიკე იქნება. გული გაუსკდება. მისთვის ტკივილის
მიყენება ნამდვილად არ მინდა.

თავს ვერ ვერევი.

- თავის მორევა ყოველთვის შეგიძლია, - ამას ქამალი მეუბნებოდა.

მას ექვს საათზე დავურეკე. სიჩუმემ გამაგიჟა და პანიკაში ჩავვარდი. ტარასთან დარეკვა ვიფიქრე, ვიცოდი,
მაშინვე მოირბენდა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ ავიტანდი. ვეღარ მოვიშორებ და მისი ზედმეტი
მზრუნველობა გამაგიჟებს. ქამალი ერთადერთი ადამიანი იყო, თავში მომივიდა. სახლში დავურეკე.
ვუთხარი, რომ უსიამოვნება მქონდა და არ ვიცოდი, რა მექნა. ცოტა თავს ვისულელებდი. მაშინვე მოვიდა.
ვერ ვიტყვი, რომ არაფერი უკითხავს, მაგრამ - თითქმის. ალბათ, ყველაფერი ბევრად უარესად აღვუწერე,
ვიდრე სინამდვილეშია. ეტყობა, იფიქრა, რომ რაღაც სისულელის გაკეთებას ვაპირებდი.
სამზარეულოში ვსხედვართ. ჯერ კიდევ ადრეა. რვის ნახევარზე ცოტა მეტია. მალე უნდა წავიდეს, რომ
თავის პირველ სეანსზე არ დააგვიანდეს. ვუყურებ, ჩემი სამზარეულოს მაგიდის მეორე მხარეს რომ ზის, წინ
დაწყობილი ხელებით, თვალებში მიყურებს და სიყვარულს ვგრძნობ. მართლა ვგრძნობ. ის ისეთი
კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ასე საზიზღრად მოვიქეცი.

ყველაფერი, რაც ადრე იყო, დავიწყებული აქვს. სწორედ ამის იმედი მქონდა. ყველაფერი ამოშლილია მისი
მეხსიერებიდან, ყველა ჩემი ცოდვა. მითხრა, რომ, თუ საკუთარ თავს თვითონ არ ვაპატიებ, ეს ყველაფერი
უსასრულოდ გაგრძელდება და მთელი ცხოვრება სირბილში უნდა გავატარო. მეტი გაქცევა არ შემიძლია.
ახლა აღარ, როცა ის მყავს.

- მეშინია, - ვეუბნები, - ყველაფერი რომ ისევ არასწორად გავაკეთო? იქნებ პრობლემა ჩემშია? სკოტთან
ურთიერთობა რომ ამერიოს და ისევ მარტო დავრჩე? არც კი ვიცი, გადავიტან თუ არა ამას. მარტო დარჩენის
ძალიან მეშინია. ბავშვთან ერთად მარტო დარჩენას ვგულისხმობ.

წინ იხრება და ხელზე ხელს მადებს.

- ყველაფერს სწორად გააკეთებ. ახლა განაწყენებული და დაბნეული ბავშვი აღარ ხარ. სრულიად სხვა
პიროვნება ხარ. უფრო ძლიერი, ზრდასრული ადამიანი. მარტო დარჩენის არ უნდა გეშინოდეს. ეს ყველაზე
უარესი რამ არ არის ამ ქვეყანაზე. არა?

არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ასეა თუ არა, რადგან, როგორც კი თვალებს დავხუჭავ, შემიძლია
გამოვიწვიო გრძნობა, რომელიც ძილის ზღვარზე მოდის და მაშინვე მაფხიზლებს. ეს ბნელ სახლში ყოფნის
შეგრძნებაა, მისი ტირილი, ხის იატაკზე მაკის ნაბიჯების ხმის მოლოდინი და ცოდნა, რომ მათ
ვეღარასოდეს გაიგონებ.
- მე ვერ გეტყვი, როგორ მოიქცე სკოტთან. თქვენი ურთიერთობა... მოკლედ, მე უკვე გითხარი, რომ ეს ცოტა
მაფიქრებს, მაგრამ ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტო. გადაწყვიტო, ენდობი თუ არა, გინდა თუ არა,
რომ შენზე და შენს შვილზე მან იზრუნოს. ეს შენი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ვფიქრობ, საკუთარი თავის
ნდობა შეგიძლია, დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად მოიქცევი.

გარეთ, გაზონზე რომ ვსხედვართ, ერთი ფინჯანი ყავა მოაქვს ჩემთვის. ფინჯანს მიწაზე ვდგამ, ხელებს
ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ. ჩვენ უკან წითელ სიგნალზე მატარებელი გრუხუნით ჩერდება. ეს ხმაური
ბარიერივითაა, ჩვენ გარშემო შემოვლებული კედელივით და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მართლა
მარტო ვართ. ისიც ხელებს მხვევს და მკოცნის.

- გმადლობ, დიდი მადლობა, რომ მოხვედი და აქა ხარ.

იღიმება, ოდნავ უკან იწევა და ცერს მისვამს ყვრიმალზე.

- ყველაფერი კარგად იქნება, მეგან.

- იქნებ მე და შენ უბრალოდ გავიქცეთ? შენ და მე... არ შეიძლება, რომ უბრალოდ გავიქცეთ?

იცინის.

- შენ მე არ გჭირდები და გაქცევაც აღარ გჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება. შენ და შენი ბავშვი კარგად
იქნებით.

შაბათი, 13 ივლისი, 2013


დილა

ვიცი, რა უნდა გავაკეთო. გუშინ მთელი დღე და მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი. თითქმის არ მიძინია.
სკოტი დაქანცული დაბრუნდა, საზიზღარ ხასიათზე იყო. არაფერი არ უნდოდა, ჭამის, სექსის და ძილის
გარდა, სხვა არაფრისთვის დრო აღარ დარჩა. ამაზე ლაპარაკისათვის შესაფერისი დრო ნამდვილად არ იყო.

თითქმის მთელი ღამე არ მეძინა, ვიწექი და გვერდით მას, ცხელსა და მოუსვენარს ვგრძნობდი.
გადაწყვეტილება მივიღე. სწორად უნდა მოვიქცე, ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთო. თუ ყველაფერს
სწორად გავაკეთებ, ცუდი არაფერი მოხდება. თუ მოხდება, ჩემი ბრალი არ იქნება. ეს ბავშვი მეყვარება და
მას იმ რწმენით გავზრდი, რომ დასაწყისიდანვე ყველაფერი სწორად გავაკეთე. კარგი, შეიძლება სულ
დასაწყისიდან არა, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა გავიგე, რომ ის უნდა გაჩენილიყო. ვალდებული ვარ, ასე
მოვიქცე, ამ ბავშვთანაც ვარ ვალდებული და ლიბისთანაც. ვალდებული ვარ, ამჯერად ყველაფერი
სხვანაირად გავაკეთო.

ვიწექი და იმ მასწავლებლის ნათქვამზე და იმაზე ვფიქრობდი, რაც ვიყავი - ბავშვი, ამბოხებული


თინეიჯერი, გაქცეული, ბოზი, საყვარელი, ცუდი დედა, ცუდი ცოლი. დარწმუნებული არა ვარ, რომ კარგ
ცოლად ქცევას შევძლებ, მაგრამ კარგ დედად - უნდა ვცადო.
ეს ძნელი იქნება, შეიძლება ყველაზე მძიმე რამე, რაც ოდესმე გამიკეთებია, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა.
მეტი არანაირი ტყუილი, არაფრის დამალვა, არანაირი გაქცევა და არანაირი სისულელე. ყველაფერი უნდა
ვთქვა და მერე ვნახოთ. თუ აღარ ვეყვარები, ესე იგი, ასეც უნდა ყოფილიყო.

საღამო

ხელი მის მკერდზე მიდევს და რაც შემიძლია, ვაწვები, მაგრამ ვეღარ ვსუნთქავ, ის კი ჩემზე ბევრად
ძლიერია. მკლავით ხორხზე მაწვება. საფეთქლებში სისხლის პულსირებას ვგრძნობ. თვალებში
მიბნელდება. ვცდილობ, ვიყვირო, ზურგით კედელს ვეყრდნობი, მაისურზე ვებღაუჭები და ის ხელს
მიშვებს. ჩემკენ ზურგით ტრიალდება და სამზარეულოს იატაკზე სრიალით ვეშვები.

ვახველებ და ვიფურთხები, სახეზე ცრემლები ჩამომდის. ის ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგას
და, ისევ ჩემკენ რომ ტრიალდება, ინსტინქტურად ხელს ყელზე ვიდებ, დასაცავად. მის სახეზე ვხედავ,
რცხვენია. მინდა ვუთხრა, არა უშავს, მე არა მიშავს. პირს ვაღებ, მაგრამ სიტყვები არ ამომდის, მხოლოდ
ხველება. დაუჯერებელი ტკივილია. რაღაცას მეუბნება, მაგრამ არ მესმის, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს
წყალში ვართ. ხმა მოგუდულია და ჩემამდე გაბნეულ ტალღებად აღწევს. ვერაფერს ვიგებ.

ვფიქრობ, მიბოდიშებს.

ფეხზე ვხტები, გვერდს ვუვლი, კიბეზე ავრბივარ, საძინებლის კარს ბრახუნით ვხურავ და გასაღებით
ვკეტავ. საწოლზე ვჯდები და ველოდები, მაგრამ ის არ მოდის. ისევ ვდგები, საწოლის ქვევიდან სამგზავრო
ჩანთას ვიღებ, სკივრთან მივდივარ, რაღაც ტანსაცმელს ვავლებ ხელს და უცებ სარკეში ვხედავ თავს. ხელი
სახესთან მიმაქვს და ვამჩნევ, რა გასაოცრად თეთრია ის ჩემს აწითლებულ სახესთან, მუქ წითელ ტუჩებსა
და ჩასისხლიანებულ თვალებთან შედარებით.
ჩემი რაღაც ნაწილი შოკირებულია, რადგან არასოდეს დაუკარებია ჩემთვის ხელი. მაგრამ არის კიდევ ჩემი
მეორე ნაწილი, რომელიც ამას ელოდა. სადღაც შიგნით, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო,
რომ სწორედ ეს არის ის, საითაც სულ მივდიოდით, საითაც მე მიმყავდა ყველაფერი. ძალიან ნელა
კარადიდან ნივთების - საცვლების, რამდენიმე მაისურის გამოლაგებას ვიწყებ და ჩანთაში ვალაგებ.

მისთვის ჯერ ნათქვამიც კი არაფერი მქონდა. მხოლოდ დავიწყე. ჯერ ცუდი ამბების თქმა მინდოდა და მერე
- სასიხარულოსი. არ შემეძლო, ჯერ ბავშვის შესახებ მეთქვა და მერე დამემატებინა, რომ შესაძლებელია,
მისი არ არის. ეს სისასტიკე იქნებოდა.

გარეთ, პატიოში ვისხედით. თავის სამსახურზე მელაპარაკებოდა და შემამჩნია, რომ არ ვუსმენდი.

- თავი მოგაბეზრე?

- არა... კარგი, სულ ოდნავ, - არ გაუცინია, - არა, უბრალოდ, ცოტა დაბნეული ვარ, რაღაცის თქმას ვაპირებ
შენთვის. არის რაღაცები, რაც მინდა, რომ გითხრა. ზოგი რამ არ მოგეწონება, მაგრამ რაღაცები...

- რა არ მომეწონება?
მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ლაპარაკის დასაწყებად ცუდი დრო შევარჩიე. ცუდ ხასიათზე იყო
და მაშინვე ეჭვი გაუჩნდა. სახეზე მაკვირდებოდა, რომ რამეს მიმხვდარიყო. მაშინვე უნდა მეფიქრა, რომ ეს
სწორი არ იყო. მგონი, ვიფიქრე კიდეც, მაგრამ ძალიან გვიან. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა,
რომ სწორად უნდა მოვქცეულიყავი. მის გვერდით დავჯექი და ხელი ხელში ჩავუცურე.

- რა არ მომეწონება, - მკითხა, ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.

ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ-მეთქი და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა მისი სხეულის ყველა კუნთი, თითქოს
იცოდა, ამას რა მოჰყვებოდა და ემზადებოდა. როდესაც ვინმე ასე გეუბნება, მიყვარხარო, ნამდვილად
მიყვარხარო, მაგრამ... მაგრამ...

მერე ვუთხარი, რომ რაღაც შეცდომები დავუშვი და ხელი მაშინვე გამიშვა. ფეხზე წამოდგა და
რკინიგზისკენ წავიდა. სანამ უკან მოიხედავდა და შემხედავდა, რამდენიმე იარდი გაიარა.

- რა შეცდომები? - მკითხა. ხმა თითქოს მშვიდი ჰქონდა, მაგრამ მივხვდი, რა დაძაბვის ფასად დაუჯდა ეს.

- მოდი, ჩემთან დაჯექი, გთხოვ.

თავი გააქნია.

- რა შეცდომები, მეგან? - ამჯერად უფრო ხმამაღლა მკითხა.

- იყო... უკვე ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ იყო სხვა...

თვალები დახრილი მქონდა, მისთვის შეხედვა არ შემეძლო.

რაღაც ჩაილაპარაკა, მაგრამ ვერ გავიგონე, რა.

ახლა უკვე შევხედე, მაგრამ ისევ რკინიგზისკენ გატრიალდა. ხელები საფეთქლებზე მიიდო. ავდექი, მასთან
მივედი და ხელები თეძოებზე შემოვხვიე, მაგრამ გამეცალა. სახლში შესასვლელად შებრუნდა და ისე, რომ
ჩემთვის არც შეუხედავს, გაბოროტებულმა მომაძახა:

- არ შემეხო, შე პატარა ბოზო.

უნდა გამეშვა, დრო მიმეცა, რომ გადაეხარშა, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა, უსიამოვნო ლაპარაკი
მომემთავრებინა და კარგ ამბავზე გადავსულიყავი, ამიტომ უკან გავყევი.
- ძალიან გთხოვ, სკოტ, მომისმინე, ყველაფერი ისე საშინლად არ არის, როგორც ფიქრობ. ყველაფერი
დამთავრებულია, საბოლოოდ დამთავრებული, ძალიან გთხოვ, მომისმინე, ძალიან გთხოვ.

აიღო ფოტო, რომელზედაც ერთად ვიყავით გადაღებული, რომელიც უყვარდა, რომელიც ჩარჩოში ჩავსვი,
რომ ჩვენი ქორწინების მეორე წლისთავზე მეჩუქებინა, და თავში მთელი ძალით მესროლა. როდესაც ის ჩემ
უკან კედელს მოხვდა და დაიმსხვრა, სიცილი დაიწყო, ხელები მკლავებში ჩამავლო, მთელი ოთახის
გასწვრივ გამათრია და კედელს მიმახეთქა. თავი უკან გადამივარდა და ბათქაშს მივარტყი. მერე წინ
გადმოიხარა, მკლავი ყელზე მომაჭირა და მთელი ძალით მომაწვა. არაფერს ამბობდა. თვალები დახუჭა,
რომ არ დაენახა, როგორ ვიხრჩობოდი.
როგორც კი ჩანთის ჩალაგებას მოვრჩი, უკან ამოლაგება დავიწყე. ყველაფერი ისევ კარადებში შევაწყვე.
ჩანთით რომ დამინახავს, არ გამიშვებს. ხელცარიელი უნდა წავიდე, მხოლოდ ხელჩანთა და ტელეფონი
უნდა წავიღო. მერე ისევ გადავიფიქრე და ისევ ჩალაგება დავიწყე. არც კი ვიცი, სად მივდივარ, მაგრამ ვიცი,
რომ აქ დარჩენა არ შემიძლია. თვალებს ვხუჭავ და ყელზე ისევ მის ხელებს ვგრძნობ.

ვიცი, გადავწყვიტე, აღარასოდეს გავიქცე, აღარასოდეს დავიმალო, მაგრამ დღეს აქ დარჩენა არ შემიძლია.
კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის, ნელი და ტყვიასავით მძიმე. ასე მგონია, საუკუნე გადის, სანამ ის ბოლომდე
ამოვა. ჩვეულებრივ ხტუნვა-ხტუნვით ამოდის ხოლმე, მაგრამ დღეს თითქოს ეშაფოტზე ადის. უბრალოდ,
არ ვიცი, სიკვდილმისჯილია თუ ჯალათი.

- მეგან, - კარის გაღებას არ ცდილობს, - მეგან, ძალიან ვწუხვარ, ტკივილი მოგაყენე. ისე ძალიან ვწუხვარ,
რომ გატკინე, - მის ხმაში ცრემლები იგრძნობა. ძალიან ვბრაზდები, მინდა გავუვარდე და სახე ჩამოვუხოკო.
არ გაბედო ტირილი იმის შემდეგ, რაც გააკეთე. გაცეცხლებული ვარ, მინდა ვუყვირო, ვუთხრა, რომ კარს
მოშორდეს, თავი დამანებოს, მაგრამ ენას კბილს ვაჭერ, სულელი ხომ არა ვარ. მას გაბრაზების მიზეზი აქვს.
რაციონალურად უნდა ვიფიქრო, მკაფიოდ ჩამოვყალიბდე. ახლა ხომ ორი ადამიანი ვარ. ამ
დაპირისპირებამ ძალა მომცა. უფრო გაბედული გამხადა. კარს მიღმა მისი ხმა მესმის, პატიებას მთხოვს,
მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. ახლა სხვა საქმეები მაქვს გასაკეთებელი.

კარადის უკანა ნაწილში ფეხსაცმლის ყუთების სამი რიგის ძირში მუქი ნაცრისფერი ყუთი დევს,
რომელშიაც ძველი მობილური ტელეფონი მაქვს შენახული, რომლის გადასახადიც წინასწარ გადავიხადე.
წლების წინ ვიყიდე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის. დიდი ხანია არ გამომიყენებია, მაგრამ დღეს სწორედ ის
შემთხვევაა. მინდა გულახდილი ვიყო. ყველაფრის თქმას ვაპირებ. აღარანაირი ტყუილი, აღარანაირი
დამალვა. დადგა დრო, როდესაც მამიკო თავისი პასუხისმგებლობის პირისპირ უნდა დადგეს.

საწოლზე ვზივარ, ტელეფონს ვრთავ და ვლოცულობ, რომ დაცლილი არ იყოს. ეკრანი ინთება და სისხლში
ადრენალინს ვგრძნობ. ამის გამო თავბრუ მესხმის, ცოტა გულიც მერევა, თითქოს სიმაღლეზე ვარ.
სიამოვნების მიღებას ვიწყებ, სიამოვნების იმისაგან, რომ ყველაფერს გადმოვულაგებ, დავუპირისპირდები
მას და ყველას. ყველას გავაგებინებ, რა ვართ და საით მივდივართ. დღის ბოლოსთვის ყველას თავისი
ადგილი ეცოდინება.

მის ნომერს ვკრეფ. როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე ხმოვანი ფოსტა ირთვება. ვკიდებ და მესიჯს ვწერ:
„უნდა ვილაპარაკოთ, ეს სასწრაფოა. დამირეკე“. მერე ვზივარ და ველოდები.

დარეკილი ზარების სიას ვუყურებ. ეს ტელეფონი უკანასკნელად აპრილში გამოვიყენე. მარტის ბოლოს და
აპრილის დასაწყისში უამრავი ზარია და ყველა - უპასუხოდ დატოვებული. ვურეკავდი და ვურეკავდი და
ვურეკავდი, ის კი ყურადღებასაც არ მაქცევდა. მაშინაც კი არ მპასუხობდა, როცა ვემუქრებოდი, რომ
სახლში მივუვარდებოდი და მის ცოლს დაველაპარაკებოდი. ვფიქრობ, ახლა მაინც მიპასუხებს. ახლა
ნამდვილად ვაიძულებ, მომისმინოს.

თავიდან ეს ყველაფერი თამაშივით იყო. უბრალოდ, დროდადრო ვხვდებოდით. უცებ გალერეაში


გამოჩნდებოდა, მიღიმოდა, მეარშიყებოდა, უწყინარი ჩანდა. უამრავი კაცი აკეთებდა იმავეს. მერე გალერეა
დაიკეტა და სულ სახლში ვიჯექი. მოწყენილი ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი. უბრალოდ, რაღაც
მჭირდებოდა, რაღაც განსხვავებული. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სკოტი წასული იყო, ქუჩაში
შევეჩეხე. ვილაპარაკეთ და ყავაზე დავპატიჟე. ისე მიყურებდა, რომ მაშინვე მივხვდი, რაზე ფიქრობდა და
ეს ყველაფერი უბრალოდ მოხდა. მერე კიდევ მოხდა. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს რაღაცამდე მიგვიყვანდა.
არც მინდოდა. უბრალოდ, მსიამოვნებდა, როდესაც ვგრძნობდი, რომ ვუნდოდი. კონტროლის შეგრძნება
მხიბლავდა. აი, ასე მარტივად და სულელურად იყო ყველაფერი. არასოდეს მიფიქრია, რომ ცოლი
მიეტოვებინა. უბრალოდ, მინდოდა, ძალიან ვნდომოდი, და მისი მიტოვების სურვილი გასჩენოდა.

არც კი მახსოვს, მეტის მოლოდინი როდის გამიჩნდა. როდის ვიფიქრე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით
შექმნილები, მაგრამ როგორც კი ეს ვიფიქრე, დავინახე, როგორ მშორდებოდა. მესიჯებს აღარ მწერდა, ჩემს
ზარებს აღარ პასუხობდა. მანამდე არავის უთქვამს უარი ჩემზე, არასოდეს. ამიტომ ძალიან გავღიზიანდი
და ეს ყველაფერი სხვა რაღაცად იქცა. აკვიატებული აზრი გახდა. ახლა ამას კარგად ვხედავ. ბოლოს
ვიფიქრე, რომ ამის დამთავრებას შევძლებდი, ცოტა ნაწყენი, მაგრამ ნამდვილი ტკივილის გარეშე. ახლა
საქმე ასე მარტივად აღარ არის.

სკოტი ჯერ კიდევ კართანაა. მისი ხმა არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ. სააბაზანოში გავდივარ და ისევ ვრეკავ.
ისევ ხმოვანი ფოსტა ირთვება. ვკიდებ და ვრეკავ ისევ და ისევ და ისევ. ჩურჩულით ვამბობ ხმოვან მესიჯს:
„ტელეფონი აიღე, თორემ ახლა შენთან სახლში მოვალ. ამჯერად ამას მართლა გავაკეთებ. სალაპარაკო
გვაქვს. ასე უბრალოდ თავიდან ვერ მომიშორებ“.

სააბაზანოში ვდგავარ, ტელეფონი პირსაბანის ნაპირზე მიდევს და ვნატრობ, რომ დარეკოს. ეკრანი ჯიუტად
ნაცრისფერი და ცარიელია. თმას ვივარცხნი და კბილებს ვიხეხავ. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. სახის ფერი
ნორმალური ხდება. თვალები ჯერ კიდევ წითელი მაქვს, ყელი ისევ მტკივა, მაგრამ მაინც კარგად
გამოვიყურები. დათვლას ვიწყებ. თუ სანამ ორმოცდაათამდე დავითვლი, ტელეფონი არ დარეკავს,
პირდაპირ წავალ და კარზე დავუკაკუნებ. არ რეკავს.

ტელეფონს ჯინსის ჯიბეში ვიდებ. საძინებელში სწრაფად შევდივარ და კარს ვაღებ. სკოტი კიბის თავზე
ზის. მკლავები მუხლებზე შემოხვეული და თავი ჩაქინდრული აქვს. არ მიყურებს. გვერდს ვუვლი და
კიბეზე ჩავრბივარ, გული ყელში მიცემს. მეშინია, რომ უკნიდან ჩამავლებს ხელს და კიბეზე დამაგორებს.
მესმის, როგორ დგება და მეძახის: „მეგან, სად მიდიხარ, მასთან?“

კიბის ბოლოში ვჩერდები და ვტრიალდები.

- ის აღარ არსებობს, გაიგე? ყველაფერი დამთავრებულია.

- გთხოვ, მოიცადე, მეგან, გთხოვ, არ წახვიდე.

არ მსიამოვნებს, რომ მეხვეწება. მის ხმაში მუდარა და საკუთარი თავის სიბრალულის გაგონება არ
მსიამოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყელი ისე მტკივა, თითქოს ვიღაცამ მჟავა ჩამასხა.

- არ გამომყვე, - ვუღრენ, - თუ გამომყვები, აღარასოდეს დავბრუნდები, გაიგე? თუ მოვიხედავ და უკან


იქნები, ჩემს სახეს ვეღარასოდეს დაინახავ.

კარს რომ ვიჯახუნებ, მესმის, როგორ მეძახის ისევ. გარეთ ტროტუარზე ცოტა ხნით ვჩერდები, მინდა
დავრწმუნდე, რომ არ მომდევს. ბლენიმ-როუდს სწრაფად მივუყვები, მერე ნაბიჯს ვანელებ, უფრო და
უფრო ნელა მივდივარ. ნომერ ოცდასამს რომ ვუახლოვდები, ნერვები მღალატობს. სცენის მოწყობისთვის
ჯერ მზად არა ვარ. დრო მჭირდება, რომ გონება მოვიკრიბო. სახლს გვერდს ვუვლი. მერე მიწისქვეშა
გადასასვლელისა და სადგურის გავლით მივდივარ. პარკში რომ შევდივარ, მის ნომერს კიდევ ერთხელ
ვკრეფ. ვეუბნები, რომ პარკში ვარ, ველოდები და, თუ არ მოვა, მე მივალ მასთან, რომ ეს მისი უკანასკნელი
შანსია.
მშვენიერი საღამოა, შვიდზე ცოტა მეტია, მაგრამ ჯერ კიდევ სინათლეა და თბილა. ბავშვების ერთი ჯგუფი
საქანელებსა და სასრიალოებზე თამაშობს. მშობლები იქვე დგანან და ენერგიულად ჭორაობენ. სასიამოვნო
საყურებელია, ნორმალურია. მათ რომ ვუყურებ, საზიზღარი გრძნობა მეუფლება. მე და სკოტი ჩვენს
ქალიშვილს აქ სათამაშოდ არასოდეს მოვიყვანთ. ჩვენს თავს დამშვიდებულსა და ბედნიერს, უბრალოდ,
ვერ წარმოვიდგენ. ყოველ შემთხვევაში, ახლა, მას შემდეგ, რაც ეს-ესაა გავაკეთე. ამ დილით
დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფრის გულწრფელად თქმა საუკეთესო გზაა. უბრალოდ, საუკეთესო კი
არა - ერთადერთი. აღარანაირი ტყუილი, აღარანაირი დამალვა. მერე, როცა სკოტმა ასეთი ტკივილი
მომაყენა, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ახლა, როცა აქ მარტო ვზივარ და ვიცი, რომ სკოტი არა
მხოლოდ გაცეცხლებული, გულგატეხილიცაა, ჩემს სიმართლეში უკვე ეჭვი მეპარება. ძლიერი კი არა,
უგუნური აღმოვჩნდი და ვერც კი გადმოვცემ, როგორ გავაფუჭე ყველაფერი.

იქნებ გამბედაობა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა, სიმართლის თქმას კი არა, ისევ გაქცევას უკავშირდება.
ეს დაუდეგრობა არ არის, მეტია. ჩემთვის და ჩემი შვილის გულისათვის ახლა საუკეთესო დროა, რომ
წავიდე. ორივესგან წავიდე, ყველაფერ ამას გავშორდე. იქნებ გაქცევა და დამალვა ზუსტად ის არის, რაც
ახლა მჭირდება.

ფეხზე ვდგები და პარკს გარშემო ვუვლი. უკვე ისე ძალიან აღარ მინდა, რომ ტელეფონმა დარეკოს. მეტიც,
მეშინია, რომ დარეკავს. ბოლოს, ტელეფონის დუმილის გამო კმაყოფილი ვარ, რაღაცის მინიშნებად ვთვლი.
სახლისკენ იმავე გზით მივდივარ, რომლითაც მოვედი.

სწორედ სადგურთან ვარ, როცა მას ვხედავ. მიწისქვეშა გადასასვლელიდან სწრაფი ნაბიჯით ამოდის.
მხრები ჩამოყრილი და მუშტები შეკრული აქვს. თავს ვერ ვიკავებ და ვეძახი. ჩემკენ იყურება.

- მეგან, რა ჯანდაბა... - სახეზე გაცეცხლებული გამომეტყველება აქვს. მანიშნებს, რომ მივიდე.

- წამო, - მეუბნება, როცა ახლოს მივდივარ, - აქ ხომ არ ვილაპარაკებთ, მანქანა იქ მიდგას.

- უბრალოდ, მინდოდა...

- აქ ვერ ვილაპარაკებთ, - მიღრენს, - წამოდი, - მკლავზე ხელს მადებს და მერე უფრო რბილად მეუბნება, -
სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ, კარგი? სადმე, სადაც ლაპარაკს შევძლებთ.

მანქანაში რომ ვჯდები, უკან ვიყურები, იმ გზისკენ, საიდანაც მოვიდა. მიწისქვეშა გადასასვლელში ბნელა,
მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს იქ, ჩრდილებს შორის, ვიღაცას ვხედავ, ვიღაცას, ვინც გვხედავს,
როგორ მივდივართ.

რეიჩელი
კვირა, 18 აგვისტო, 2013
ნაშუადღევი

როგორც კი ტომს ხედავს, ანა ქუსლებზე ტრიალდება და სახლში შერბის. გული, როგორც ჩაქუჩი, ისე
მიბრაგუნებს ნეკნებზე. ფრთხილად მივყვები და გასაწევ კართან ვჩერდები. შიგნით ისინი ერთმანეთს
ეხუტებიან, მისი მკლავები ანას ეხვევა. ბავშვი მათ შორისაა. ანას თავი დახრილი აქვს, მხრები უცახცახებს.
ტომი თავზე კოცნის, მაგრამ ჩემკენ იყურება.
- აბა, რა ხდება აქ? - მის ტუჩებზე ღიმილის მსგავს რაღაცას ვამჩნევ, - მინდა გითხრათ, ქალბატონებო, რომ
სახლში დაბრუნებისას ბაღში შუა ჭორაობაში თქვენს დანახვას არ ველოდი.

მსუბუქად ამბობს, მაგრამ მე ვერ მომატყუებს. მეტს ვეღარ მომატყუებს. პირს ვაღებ, რომ რაღაც ვთქვა,
მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, საიდან დავიწყო.

- რეიჩელ? არ მეტყვი, რა ხდება აქ? - ანას თავისი მკლავებიდან უშვებს და ჩემკენ დგამს ნაბიჯს. მე უკან
ვიხევ, ის კი იცინის.

- რა გჭირს? მთვრალი ხარ? - მეკითხება, მაგრამ მის თვალებში ვხედავ, იცის, რომ ფხიზელი ვარ და
შემიძლია ნაძლევი დავდო, ცხოვრებაში პირველად ურჩევნია, მთვრალი ვიყო. ხელს ჯინსის უკანა ჯიბეში
ვიყოფ, ტელეფონი იქ არის, მკვრივი, კომპაქტური და საიმედო, მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ აქამდე
უნდა დამერეკა. მნიშვნელობა არა აქვს, დამიჯერებდნენ თუ არა. როგორც კი ვეტყოდი, რომ ანასა და მის
ბავშვთან ვარ, პოლიცია მაშინვე მოქანდებოდა.

ტომი ახლა სულ რამდენიმე ნაბიჯით არის ჩემგან დაშორებული. გასაწევი კარის შიგნით ის დგას, გარეთ კი
- მე.

- მე შენ დაგინახე, - ვეუბნები ბოლოს და როგორც კი ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ, წამიერ, მაგრამ
ნამდვილ ეიფორიას ვგრძნობ.

- შენ გგონია, არაფერი მახსოვს, მაგრამ ასე არ არის, მე დაგინახე. დამარტყი და იქ, მიწისქვეშა
გადასასვლელში დამტოვე...

სიცილს იწყებს, მაგრამ ყველაფერს აშკარად ვხედავ და მიკვირს, ადრე ასე ადვილად რატომ ვერ
ვკითხულობდი მის აზრებს. მის თვალებში პანიკაა. ანასკენ სწრაფად ტრიალდება, მაგრამ ის არ უყურებს.

- რაზე ლაპარაკობ?
- მიწისქვეშა გადასასვლელში, იმ დღეს, მეგან ჰიფველი რომ დაიკარგა.

- ოჰ, რა სისულელეა, - ამბობს და ხელს თვალწინ მიქნევს, - მე შენთვის არ დამირტყამს. შენ თვითონ დაეცი,
- ანას უწვდის ხელს და თავისკენ იზიდავს.

- ძვირფასო, ამიტომ ხარ ასე განერვიულებული? ნუ უსმენ, აბსოლუტურ სისულელეს ამბობს. მე არ


დამირტყამს. ცხოვრებაში ხელი არ დამიკარებია. ყოველ შემთხვევაში, ასე - არა, - ანას მკლავს ხვევს
მხრებზე და კიდევ უფრო ახლოს იზიდავს.

- კარგი, რა! ხომ გითხარი, როცა ნასვამია, ვერ ხვდება, რა ხდება, ძირითადად...

- შენ მანქანაში მასთან ერთად ჩაჯექი, მე გიყურებდი, როგორ მიდიოდი, - ის ჯერ კიდევ იცინის, მაგრამ
უკვე ნაკლებად დამაჯერებლად. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ფერი დაკარგა. ანას კიდევ ერთხელ
უშვებს ხელს. ის მაგიდასთან ჯდება, ქმრისკენ ზურგით. ბავშვი მის კალთაში წრიალებს.

ტომი ხელს პირზე ისვამს და სამზარეულოს დახლს ეყრდნობა, ხელები მკერდზე აქვს
გადაჯვარედინებული.
- დამინახე, როგორ ვჯდებოდი მანქანაში, ვისთან ერთად?

- მეგანთან.

- ო, გასაგებია, - ისევ სიცილს იწყებს, ხმამაღლა, ძალდატანებით ხარხარებს.

- ბოლოს, როცა ამაზე ვილაპარაკეთ, შენ მითხარი, რომ დამინახე, როგორ ვჯდებოდი მანქანაში ანასთან
ერთად. ახლა - მეგანი, არა? მომავალ კვირას ვინ იქნება, პრინცესა დაიანა?

ანა მიყურებს. მის გამომეტყველებაში ეჭვსა და იმედს ვხედავ.

- დარწმუნებული არა ხარ?

ტომი მის გვერდით მუხლებზე ეცემა.

- რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ არის, ყველაფერს თხზავს. ყოველთვის ამას აკეთებს, საყვარელო.
ძალიან გთხოვ, ცოტა ხნით ზევით ადი, კარგი? მე და რეიჩელი ყველაფერს გავარკვევთ და ამჯერად, -
ჩემკენ იყურება, - პირობას გაძლევ, რომ აღარასოდეს შეგვაწუხებს.

ანა აშკარად ყოყმანობს. თავის ქმარს ისე უყურებს, თითქოს მის სახეზე სიმართლის წაკითხვა უნდა, ისიც
თვალს არ აცილებს.

- ანა, - ვეძახი, რომ ისევ ჩემკენ მოვაბრუნო, - შენ ხომ იცი... შენ იცი, რომ ტყუის? შენ იცი, რომ მასთან იწვა.

რამდენიმე წამის განმავლობაში არავინ არაფერს ამბობს. ანას მზერა ტომიდან ჩემზე გადმოაქვს და მერე
ისევ ტომს უყურებს, რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ სიტყვები არ ამოსდის.

- ანა, რას გულისხმობს? ჩემსა და მეგან ჰიფველს შორის არაფერი არ არის... არ ყოფილა.

- ტელეფონი ვიპოვე, ტომ, - ძლივს გასაგონად ამბობს ის, - ამიტომ, გთხოვ, არ გინდა, ნუ ტყუი, უბრალოდ,
ნუ მატყუებ.

ბავშვი ჯაჯღანსა და ზუზუნს იწყებს. ტომს ანას მკლავებიდან ის ძალიან ნაზად აჰყავს. ფანჯარასთან
მიდის, ბავშვს აქეთ-იქით არწევს და თან სულ რაღაცას ეჩურჩულება. არ მესმის, რას ეუბნება. ანა
თავდახრილი ზის, მისი ლოყებიდან ცრემლები სამზარეულოს მაგიდას ეწვეთება.
- სად არის? - კითხულობს ტომი, ჩვენკენ ტრიალდება და ვხედავ, რომ მისი სახიდან ღიმილი გამქრალია, -
ტელეფონი, ანა, მაგას მიეცი? - თავით ჩემზე ანიშნებს, - შენ გაქვს? - მეკითხება.

- ტელეფონის შესახებ არაფერი ვიცი, - ვეუბნები და თან ვფიქრობ, ნეტავ ანას ეს ადრე ეთქვა.

ტომი ყურადღებას არ მაქცევს და ისევ ანას ეკითხება:

- მაგას მიეცი?

ანა თავს აქნევს.


- აბა, სად არის?

- გადავაგდე, ღობის იქით, რკინიგზის ლიანდაგისკენ.

- ყოჩაღ, ყოჩაღ, - ამბობს დაბნეულად. აშკარად თავში ალაგებს, აქედან სად წავიდეს. ჯერ მიყურებს და მერე
თვალს მარიდებს. რამდენიმე წამით გალახულს ჰგავს.

მერე ისევ ანასკენ ბრუნდება.

- შენ სულ ისეთი დაღლილი იყავი, არაფერი გაინტერესებდა. ასე არ არის? ყველაფერი ბავშვის გარშემო
ტრიალებდა, შენ გარშემო ტრიალებდა, - ასე განაგრძობს, უკვე გონზე მოსული და ჩვეულ ამპლუაშია.
ბავშვს ეჭყანება, მუცელში უღიტინებს, აცინებს, - მეგანი კი ისეთი... მოკლედ, ადვილი ლუკმა იყო...
თავიდან მასთან ვხვდებოდით, მაგრამ ისე ეშინოდა, სკოტს არ გაეგო, რომ „სვონში“ დავიწყეთ შეხვედრა.
ეს... მოკლედ, შენ ხომ გახსოვს, როგორ ხდება ხოლმე ეს? არა? ხომ გახსოვს, დასაწყისში კრენემ-როუდზე, იმ
სახლში რომ ვხვდებოდით? - თავს ჩემკენ ატრიალებს, მხარს ზევიდან მიყურებს, თვალს მიკრავს და
მეუბნება:

- ეს ის ადგილია, სადაც მე და ანა ძველ, კარგ დროს ერთმანეთს ვხვდებოდით.

ბავშვი ერთი მკლავიდან მეორეზე გადაჰყავს და მხარზე იყრდნობს.

- ალბათ, ფიქრობ, რომ სასტიკად ვიქცევი, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ. ეს არ
გინდოდა, ანა? შენ არ მთხოვე, სიმართლე მეთქვა?

ანა თავს არ სწევს. ხელებით მაგიდის ნაპირს ეჭიდება, მთელი სხეული დაძაბული აქვს.

ტომი ხმამაღლა ოხრავს.

- ყველაფრის გულახდილად თქმა დიდი შვებაა, - მე მეუბნება, პირდაპირ თვალებში მიყურებს.

- წარმოდგენა არა გაქვს, როგორი დამღლელია შენნაირი ადამიანის ატანა, შენი დედაც... მაგრამ
ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი, დაგხმარებოდი. ორივეს დაგხმარებოდით. ორივე... მინდა ვთქვა,
ორივე მიყვარდით, მართლა, მაგრამ ორივე წარმოუდგენლად სუსტები აღმოჩნდით.

- შენი დედაც, ტომ, - ამბობს ანა და მაგიდიდან დგება, - ამას მადარებ?

ვუყურებ და ვხვდები, როგორი ერთნაირები არიან. ის ბევრად შეეფერება ტომს, ვიდრე მე. აი, თურმე რა
ადარდებს. ის კი არა, რომ მისი ქმარი მატყუარა და მკვლელია, არამედ მე რომ შემადარა.

ტომი მასთან მიდის და უყვავებს.

- მაპატიე, ძვირფასო, ეს ნამდვილად უსამართლობა იყო.

ის ხელს ჰკრავს და ტომი მე მიყურებს.


- შენ ხომ იცი, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. კარგი ქმარი ვიყავი შენთვის, რეიჩ. ბევრ რამეს
ვუძლებდი: შენს ლოთობას, დეპრესიას. ყველაფერ ამას დიდხანს ვიტანდი და ბოლოს ვეღარ შევძელი.
- შენ მატყუებდი, - ვეუბნები და გაკვირვებული მიყურებს, - მეუბნებოდი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
სულ მარწმუნებდი, რომ ჩემი ფასი კაპიკია და მიყურებდი, როგორ ვიტანჯებოდი, შენ...

მხრებს იჩეჩს.

- წარმოდგენა თუ გაქვს, როგორი აუტანელი გახდი? როგორი საზიზღარი? დილას ლოგინიდან ადგომა
გეზარებოდა, შხაპის მიღების თავი არ გქონდა, შენი წყეული თმის დაბანა არ შეგეძლო. ღმერთო, რა
გასაკვირია, რომ მოთმინება დავკარგე? რა გასაკვირია, რომ გულის გადასაყოლებლად გზებს ვეძებდი.
არავის ბრალი არ არის, მხოლოდ შენი, - მერე, ცოლისკენ რომ მიბრუნდა სალაპარაკოდ,ზიზღი
თანაგრძნობით შეეცვალა, - ანა, შენთან ყველაფერი სხვანაირად იყო, გეფიცები. მეგანთან ისტორია...
უბრალოდ, ცოტა გავერთე, მეტი არაფერი. ვაღიარებ, რომ ეს ჩემი საუკეთესო საქციელი არ იყო, მაგრამ
ცოტა ამოსუნთქვა მჭირდებოდა. ასე აღარ გაგრძელდება. ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ოჯახს არაფერი
შეხებია. ეს კარგად უნდა გესმოდეს.

- შენ... - ანა ცდილობს, რაღაც თქვას, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს.

ტომი მხარზე ხელს ადებს და უჭერს.

- რა, საყვარელო?

- შენ ის ივის მომვლელად მოიყვანე, - ამბობს, - მაშინაც ხმარობდი, როდესაც აქ მუშაობდა? როდესაც ჩვენს
ბავშვს უვლიდა?

ანას მხრიდან ხელს იღებს, სახეზე „სინანული“ და სირცხვილი ესახება.

- ეს საშინელება იყო... ვფიქრობდი... თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ მაშინ საერთოდ ვფიქრობდი. ეს
არასწორი იყო. ეს საშინლად არასწორი საქციელი იყო, - ნიღაბი ისევ იცვლება. ახლა ის უმანკოებას
გამოხატავს და ფართოდ გახელილი თვალებით ემუდარება თავის ცოლს.

- მაშინ არ ვიცოდი, ანა, უნდა დამიჯერო, რომ მაშინ არ ვიცოდი, რას წარმოადგენდა. არ ვიცოდი, რომ
ბავშვი ჰყავდა მოკლული. ეს რომ მცოდნოდა, ივის მოსავლელად როგორ მოვიყვანდი. უნდა დამიჯერო.

ანა მოულოდნელად ფეხზე წამოხტება, სკამს უკან აგდებს, ის კი სამზარეულოს იატაკზე ხმაურით ვარდება
და ბავშვს აღვიძებს.

- აქ მომეცი, - ეუბნება ტომს და ხელებს უწვდის. ტომი ოდნავ უკან იხევს.

- ახლავე, ტომ, აქ მომეცი, ბავშვი მომეცი.

ტომი არ აძლევს, მისგან მიდის და ბავშვს არწევს, რაღაცას ეჩურჩულება, ცდილობს, ისევ დააძინოს და
სწორედ ამ დროს ანა კივილს იწყებს. ჯერ ისევ იმავეს იმეორებს: „ბავშვი მომეცი, ბავშვი მომეცი“, მაგრამ
მერე განრისხებისა და ტკივილის გაურკვეველ ყმუილზე გადადის.

ბავშვიც ყვირის, ტომი მის დამშვიდებას ცდილობს და ანას ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ მე ვცდილობ,
ხელი შევაშველო. გარეთ გამყავს, ვცდილობ, ხმადაბლა, მაგრამ დამაჯერებლად დაველაპარაკო.
- უნდა დამშვიდდე, ანა, გესმის ჩემი? მინდა, რომ დამშვიდდე. მინდა, რომ დაელაპარაკო, ცოტა ხნით
დააკავო, სანამ მე პოლიციაში დავრეკავ. კარგი?

თავს აქნევს, მერე მთელი ტანით იწყებს ცახცახს. მკლავებზე მავლებს ხელებს. მისი ფრჩხილები კანში
მერჭობა.

- როგორ შეეძლო ამის გაკეთება?

- ანა, მომისმინე, ცოტა ხანი უნდა დააკავო.

ბოლოს და ბოლოს, მიყურებს, უკვე მართლა მიყურებს და თავს მიქნევს.

- კარგი.

- უბრალოდ... არ ვიცი. შეეცადე, ამ კარს მოაშორო, ცოტა ხანი რაღაცით დააკავო.

ანა ისევ სახლში შედის. ღრმად ვისუნთქავ და გასაწევ კარს რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები, ძალიან შორს
არ მივდივარ, იქვე გაზონზე ვდგები. მერე უკან ვიხედები. ისინი ისევ სამზარეულოში არიან. ცოტა კიდევ
უფრო შორს მივდივარ. ქარი უბერავს, სიცხემ უკვე ძალა დაკარგა. ნამგალები დაბლა დაფრინავენ და
წვიმის სუნი იგრძნობა. ძალიან მიყვარს ეს სუნი.

უკანა ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ, ხელები მიკანკალებს. მისი ბლოკის მოხსნას ვერც პირველ და ვერც
მეორე ჯერზე ვერ ვახერხებ. მესამე ჯერზე ვხსნი. თავიდან ვფიქრობ, დეტექტივ-სერჟანტ რაილის
დავურეკო, ის მიცნობს, მაგრამ მის ნომერს ვერ ვნახულობ, ამიტომ თავს ვანებებ და მინდა უბრალოდ 999
დავრეკო. მეორე ცხრიანზე ვარ, როდესაც ზურგში მისი ფეხი მხვდება და წინ, ბალახზე ვეცემი. ტელეფონი
ხელიდან მივარდება და სანამ მუხლებზე დადგომასა და ამოსუნთქვას მოვახერხებ, ის იღებს.

- ახლა, ახლა, რეიჩ, - ამბობს, მკლავზე ხელს მკიდებს და მარტივად მაყენებს ფეხზე, - მოდი, სისულელეს
ნუ გავაკეთებთ.

ისევ სახლში შევყავარ. წინააღმდეგობას არ ვუწევ, რადგან ვიცი, მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს, აქ თავს
ვერ დავაღწევ. გასაწევ კარში შევყავარ, მერე კარს ხურავს და კეტავს. გასაღებს სამზარეულოს მაგიდაზე
დებს. ანა იქვე დგას, ოდნავ შესამჩნევად მიღიმის და ვფიქრობ, უთხრა თუ არა ტომს, რომ პოლიციაში
დარეკვას ვაპირებდი.

ანა ბავშვისათვის საუზმის მომზადებას იწყებს და ჩაიდანს დგამს, რომ ჩაი გაგვიკეთოს. რეალობის ამ
უცნაურ იმიტაციაში ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს შემიძლია თავაზიანად დავემშვიდობო, ოთახი
გადავჭრა და ქუჩაში უსაფრთხოდ გავიდე. ეს ისეთი ცდუნებაა, რომ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ კიდეც
კარისკენ, მაგრამ ტომი გზას მიკეტავს. ხელს მხარზე მადებს, მერე ყელისკენ აცურებს და ოდნავ მიჭერს.

- რა უნდა გიქნა, რეიჩ?

მეგანი
შაბათი, 13 ივლისი, 2013
საღამო
მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომისას ვამჩნევ, რომ ხელზე სისხლი აქვს.

- ხელი გაიჭერი?

არ მპასუხობს, საჭეს რომ ჰკიდებს ხელს, ვხედავ, რომ თითების სახსრები გათეთრებული აქვს.

- ტომ, უნდა გელაპარაკო, - ვეუბნები. ვცდილობ, შემრიგებლურად, მოზრდილი ადამიანისათვის


შესაფერისად ვილაპარაკო, მაგრამ, მგონი, ცოტა გვიანაა.

- მაპატიე, თუ დაგძაბე და გულს გიწყალებ, მაგრამ, ღვთის გულისათვის... შენ ისე უცებ ჩამომიცილე, შენ...

- კარგი, - რბილად მეუბნება, - ყველაფერი კარგადაა, სხვა რაღაცაზე ვარ განერვიულებული, შენ არაფერ
შუაში ხარ, - ჩემკენ იყურება, ცდილობს, გამიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის.

- ყოფილთან მაქვს პრობლემები. ხომ იცი, როგორ ხდება ხოლმე.

- ხელზე რა დაგემართა? - ვეკითხები.

- ყოფილთან მაქვს პრობლემები, - ამბობს ისევ და ეტყობა, რომ ზღვარზეა.

ქორლის ტყემდე დარჩენილ გზას სიჩუმეში გავდივართ.

მანქანების სადგომზე შევდივართ და თითქმის ბოლოში ვჩერდებით. აქ ადრეც ვყოფილვართ. საღამოობით


აქ თითქმის არავინ არის, ზოგჯერ თინეიჯერების ჯგუფი იკრიბება ხოლმე ლუდის დასალევად და მეტი
არავინ. დღეს მარტონი ვართ.

ტომი ძრავას თიშავს და ჩემკენ ბრუნდება.

- კარგი, აბა, რაზე გინდოდა ლაპარაკი? - ჯერ კიდევ გაბრაზებულია, მაგრამ უკვე აღარ დუღს. თუმცა იმის
შემდეგ, რაც დღეს მოხდა, გაბრაზებულ კაცთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნა არ მსიამოვნებს, ამიტომ
ცოტა გასეირნებას ვთავაზობ. თვალებს ზევით ატრიალებს, ოხრავს, მაგრამ მთანხმდება.

ჯერ კიდევ თბილა. ხეების ქვეშ ქინქლებისა და კოღოების ღრუბლებია, მზე ფოთლებს შორის აღწევს და
ბილიკს უცნაურად, თითქოს მიწისქვეშიდან ანათებს. ჩვენ ზევით კაჭკაჭები გაბრაზებულები ჭახჭახებენ.
ერთხანს მდუმარედ მივდივართ, მე - წინ, ტომი რამდენიმე ნაბიჯით ჩამომრჩება.

ვცდილობ, მოვიფიქრო, რა ვთქვა და როგორ. არ მინდა, ყველაფერი კიდევ უფრო გავაფუჭო. საკუთარ თავს
სულ ვახსენებ, რომ სწორად უნდა მოვიქცე.

ვჩერდები და მისკენ ვტრიალდები. ძალიან ახლოს დგას. ხელებს თეძოებზე მკიდებს.

- აქ? - მეკითხება, - ეს გინდა? - ისე, მეუბნება, თითქოს ეს ყველაფერი მოჰბეზრდა.

- არა, - ვეუბნები და განზე ვიწევი, - ეგ არა, - ბილიკი ცოტა ქვევით ეშვება, ნაბიჯს ვანელებ და ისიც ფეხს
მიწყობს.
- მაშინ რა?

ღრმად ვისუნთქავ, ყელი ჯერ კიდევ მტკივა.

- ფეხმძიმედ ვარ.

არანაირი რეაქცია. სახეზე საერთოდ არაფერი ეტყობა. ასეთივე წარმატებით შემეძლო მეთქვა, რომ გზად
სახლისკენ „სეინსბერიში“ უნდა შევიარო ან რომ დანტისტთან მაქვს ვიზიტი.

- გილოცავ, - მეუბნება ბოლოს.

კიდევ ერთხელ ღრმად ვისუნთქავ.

- ტომ, ამას იმიტომ გეუბნები, რომ... მოკლედ, შესაძლოა, ეს შენი ბავშვი აღმოჩნდეს.

რამდენიმე წამი მოჩერებულია და მერე სიცილს იწყებს.

- ოჰ, როგორ გამიმართლა. და რა? გავიქცეთ? ჩვენ სამნი ერთად გავიქცეთ? მე, შენ და ბავშვი? და სად
ვაპირებთ წასვლას, ესპანეთში?

- ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა, რადგან...

- აბორტი გაიკეთე, - მეუბნება, - იმის თქმა მინდა, თუ შენი ქმრისგან არის, რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ, თუ
ჩემია, მოიცილე. სერიოზულად გეუბნები, სისულელეებს თავი დაანებე. კიდევ ერთი ბავშვი არაფერში
მჭირდება.

თითებს სახეზე მისვამს.

- მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ არა მგონია, დედობისთვის იყო შექმნილი. არა, მეგს?

- შეგიძლია იმდენად იყო ჩართული, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი.

- ვერ გაიგონე, რა გითხარი ამწუთას? - უხეშად მეუბნება, ტრიალდება და ბილიკს ზევით, მანქანისაკენ
მიუყვება.

- შენ საშინელი დედა იქნები, მეგან, მოიცილე.

უკან მივყვები. ჯერ სწრაფად მივდივარ, მერე კი მივრბივარ და როცა ვეწევი, ზურგში ვურტყამ. ვუყვირი,
ვუკივი, ვცდილობ, წყეული, თვითკმაყოფილი სახე დავუკაწრო, ის კი იცინის და თავიდან ადვილად
მიცილებს. ვამბობ ყველაფერ საშინელებას, რაც თავში მომდის. შეურაცხყოფას ვაყენებ მის მამაკაცურ
ღირსებას, მის მოსაწყენ ცოლსა და მახინჯ ბავშვს.

არც კი ვიცი, ასე რამ გამაბრაზა, სხვას რას ველოდი?


ალბათ, გამწარებას, წუხილს, განერვიულებას, მაგრამ ამას - არა. ეს, უბრალოდ, უარყოფაც კი არ არის, ეს
ფეხებზე დაკიდებაა. მხოლოდ ჩემი მოცილება უნდა, ჩემი და ჩემი შვილის მოცილება, მეტი არაფერი,
ამიტომ ვეუბნები, უფრო სწორად, ვუყვირი:

- არსადაც არ წავალ, ამისათვის პასუხს გაგებინებ. მთელი შენი წყეული ცხოვრების ბოლომდე აგებ პასუხს.

აღარ იცინის, ჩემკენ მოდის, ხელში რაღაც უჭირავს. ვეცემი, ეტყობა, ფეხი დამიცურდა. თავს რაღაცას
ვურტყამ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გონებას ვკარგავ. ყველაფერს წითლად ვხედავ, ვერ ვდგები.

ერთი - მწუხარებისთვის, ორი - სიხარულისთვის, სამი - გოგონასთვის, სამი - გოგონასთვის... სამზე


გავჩერდი. ვეღარ ვაგრძელებ. თავი რაღაც ხმებით მაქვს დამძიმებული, პირი - სისხლით სავსე. სამი -
გოგონასთვის... კაჭკაჭების ხმა მესმის, თითქოს იცინიან, დამცინიან, ხრინწიანად ჭახჭახებენ. ტალღა
მოდის, ცუდი ტალღა. მზის ფონზე შავ ლაქად ჩანს. ეს ჩიტები არ არიან, რაღაც სხვაა, ვიღაც მოდის. ვიღაც
მელაპარაკება. აბა, შეხედე, შეხედე, რა გამაკეთებინე!

რეიჩელი
კვირა, 18 აგვისტო, 2013
ნაშუადღევი

სასტუმრო ოთახში პატარა სამკუთხედად ვსხედვართ. ტომი ტახტზე ზის, როგორც მოყვარულ მამასა და
ცოლის პატივისმცემელ ქმარს, ბავშვი კალთაში უზის, გვერდს ცოლი უმშვენებს, ყოფილი ცოლი კი მათ
მოპირდაპირე მხარესაა და ყველანი ერთად ჩაის სვამენ. ძალიან ცივილიზებული ურთიერთობაა. მე
ვზივარ ტყავის სავარძელში, რომელიც ქორწინების შემდეგ „ჰილსში“ შევიძინეთ. ეს პირველი რამ იყო
ავეჯიდან, რაც ჩვენ, როგორც დაქორწინებულმა წყვილმა, ვიყიდეთ. სასიამოვნო კარაქისფერი ტყავი,
ძვირფასად და მდიდრულად გამოიყურება. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მოიტანეს.
მახსოვს, როგორ ვჯდებოდი მასში მოკეცილი. თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. მაშინ მეგონა,
ქორწინებაც სწორედ ამას ნიშნავს - უსაფრთხოებას, სითბოსა და კომფორტს.

ტომი მიყურებს, წარბები შეჭმუხნილი აქვს. აშკარად ფიქრობს, რა გააკეთოს, როგორ დაალაგოს ყველაფერი.
ანას გამო შეწუხებული არ არის. ამას ნამდვილად ვხედავ. მისი პრობლემა მე ვარ.

- ის ცოტა შენ გგავდა, - მოულოდნელად ამბობს, ტახტზე ოდნავ უკან იხრება, თავის ქალიშვილს კალთაზე
უფრო მოხერხებულად ისვამს, - გგავდა კიდეც და არც გგავდა. მასაც ჰქონდა ის... მოკლედ, ისიც ფეთხუმი
იყო, დაუდევარი. მე კი ამას ვერ ვიტან, მე - ბრწყინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდი.

- შენ არავის რაინდი არა ხარ.

- ოჰ, რეიჩელ, კარგი რა. აღარ გახსოვს? ყველანი დადარდიანებულები იყავით, მამა რომ მოგიკვდა, ვიღაც
გჭირდებოდათ, ვინც სახლში მოვიდოდა და ეყვარებოდი. მე ეს ყველაფერი მოგეცი, თავი უსაფრთხოდ
გაგრძნობინე. შენ კი ყველაფერი გააფუჭე. ამაში მე ვერ დამადანაშაულებ.

- უამრავ რამეში შემიძლია დაგადანაშაულო, ტომ.

- არა, არა, - თითს ჩემ ცხვირწინ აქნევს, - მოდი, ისტორიის გადაწერას ნუ დავიწყებთ. მე შენთვის კარგი
ვიყავი. ზოგჯერ იმას მაკეთებინებდი, რაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც კარგად გექცეოდი. შენზე
ვზრუნავდი, - ამბობს და მხოლოდ მაშინ გახდა ყველაფერი გასაგები: ის საკუთარ თავსაც ისევე ატყუებს,
როგორც მე. თავისი ტყუილის სჯერა, მართლა სჯერა, რომ ჩემთვის კარგი იყო.

ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს და ანა სწრაფად დგება ფეხზე.

- გამოსაცვლელი აქვს, - ამბობს.

- ახლა არა.
- სველია, ტომ, უნდა გამოვუცვალო, რა გემართება?

გაბრაზებული უყურებს, მაგრამ ბავშვს მაინც აწვდის. ანას მზერის დაჭერას ვცდილობ, მაგრამ ის ჩემკენ არ
იყურება. გული ყელში მიწყებს ცემას, როცა ვხედავ, რომ ზევით ასასვლელად ემზადება, მაგრამ უცებ თავის
ადგილზე ბრუნდება, როცა ტომი მკლავზე ადებს ხელს და ეუბნება:

- აქ გააკეთე, აქაც ხომ შეგიძლია გააკეთო?

ანა სამზარეულოში შედის და ბავშვს საფენს მაგიდაზე უცვლის. განავლის სუნი ოთახს ავსებს. გულისრევის
შეგრძნება მაქვს.

- შეგიძლია გვითხრა, რატომ? - ვეკითხები ტომს. ანა საფენის გამოცვლას წყვეტს და ჩვენკენ იყურება.
ოთახში სიჩუმე და სიმშვიდეა, ბავშვს აქ თავისუფლად შეუძლია იტიტინოს.

ტომი თავს აქნევს, თითქოს საკუთარი თავის არ სჯერა.

- ის ზუსტად შენსავით იქცეოდა, რეიჩ, დაუოკებელი იყო. ვერ ხვდებოდა, რომ ყველაფერი
დამთავრებულია. ის, უბრალოდ... უბრალოდ, არ გისმენდა. გაიხსენე, შენ როგორ იქცეოდი, უკანასკნელი
სიტყვა ყოველთვის შენი უნდა ყოფილიყო. მეგანიც ასეთი იყო, არასოდეს გისმენდა.

სავარძელში წრიალებს, წინ იხრება და იდაყვებს მუხლებზე აყრდნობს, თითქოს რაღაც ამბავს მიყვება.

- დასაწყისში ეს მხოლოდ გართობა იყო, მხოლოდ - სექსი. მარწმუნებდა, რომ მხოლოდ ეს უნდოდა, მაგრამ
მერე აზრი შეიცვალა. არ ვიცი, რატომ, ეს გოგო ყველგან იყო. ხან სკოტთან უსიამოვნება ჰქონდა; ხან
უბრალოდ მოწყენილი იყო და ჩვენს ერთად გაქცევაზე, ყველაფრის თავიდან დაწყებაზე იწყებდა ლაპარაკს.
მეუბნებოდა, რომ ანა მიმეტოვებინა, თითქოს ამას ოდესმე გავაკეთებდი. თუ მისი პირველი
მოთხოვნისთანავე ადგილზე არ გავჩნდებოდი, გიჟდებოდა. აქ იწყებდა რეკვას, მემუქრებოდა, რომ სახლში
მომივარდებოდა, რომ ანას მოუყვებოდა ყველაფერს. მაგრამ უეცრად ეს შეწყდა. შვებით ამოვისუნთქე,
ვიფიქრე, მიხვდა, რომ აღარ მაინტერესებდა. მერე იმ შაბათს ისევ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა
გველაპარაკა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა ჩემთვის სათქმელი. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ისევ
მუქარა დაიწყო, სახლში მოსვლასა და რაღაც ასეთებს აპირებდა. თავიდან მაინცდამაინც არ
შევწუხებულვარ, რადგან ანა გასვლას აპირებდა. ხომ გახსოვს, ძვირფასო? შენ გოგოებთან შეხვედრაზე
აპირებდი წასვლას და ბავშვთან მე უნდა დავრჩენილიყავი. ვიფიქრე, ყველაფერი კარგად გამოვიდოდა. ის
აქ მოვიდოდა და საბოლოოდ გავარკვევდი მასთან ყველაფერს. ბოლოს და ბოლოს, გავაგებინებდი... მაგრამ
მერე შენ გამოჩნდი, რეიჩელ, და ყველაფერს დედა...

ტახტზე უკან გადაწვა, ფეხები ფართოდ გაშალა - დიდი კაცია და დიდი სივრცე სჭირდება.
- შენი ბრალია, რეიჩელ, ყველაფერი მარტო შენი ბრალია. ანამ თავის მეგობრებთან სადილი ვერ დაამთავრა
და ხუთ წუთში სახლში გაბრაზებული და განერვიულებული დაბრუნდა, რადგან იქ შენ გამოჩნდი,
როგორც ყოველთვის, უგონოდ მთვრალი, ვიღაც ტიპთან ერთად სადგურის გარეთ დაბარბაცებდი. ანას
შეეშინდა, რომ აქ აპირებდი მოსვლას და ივის გამო აღელდა. მოკლედ, მეგანთან ყველაფრის გარკვევის
ნაცვლად, იძულებული გავხდი, გარეთ გამოვსულიყავი და მომეძებნე. ღმერთო ჩემო, - ტუჩები დაპრანჭა, -
რას ჰგავდი! საზიზღარი იყავი, ღვინით აყროლებული, საკოცნელად მოძვრებოდი, გახსოვს? -
განასახიერებს, თითქოს გული ერევა, და მერე სიცილს იწყებს. ანაც იცინის, მაგრამ ვერ ვხვდები, მართლა
სასაცილოდ ეჩვენება ეს თუ, უბრალოდ, მის დამშვიდებას ცდილობს.

- იძულებული ვიყავი, გამეგებინებინა შენთვის, რომ ჩვენთან ახლოს შენი დანახვა აღარასოდეს აღარ
მინდოდა. ამიტომ მიწისქვეშა გადასასვლელში შეგიყვანე, რომ სცენა ქუჩაში არ მოგეწყო. იქ გითხარი,
ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგვანებე-მეთქი. ტიროდი, ყმუოდი და მომიწია ერთი გამერტყა, რომ
დამემშვიდებინე, შენ კი უფრო ხმამაღლა დაიწყე ტირილი და ყმუილი, - დაძაბული ლაპარაკობს, ვხედავ,
როგორ მოძრაობს კუნთი მის ყბაზე.
- გაგიჟებული ვიყავი, მინდოდა, უბრალოდ თავი დაგენებებინა ჩვენთვის. შენ და მეგანს თავი
დაგენებებინათ. მე ჩემი ოჯახი მაქვს, კარგი ცხოვრება, - ამბობს და უყურებს ანას, რომელიც ბავშვის მაღალ
სკამში ჩასმას ცდილობს. სახეზე არანაირი გამომეტყველება არა აქვს.

- ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის კარგი ცხოვრება შევქმენი შენი მცდელობის, მეგანის მცდელობის
მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად.

ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა მეგანი გამოჩნდა. ბლენიმ-როუდისაკენ მიაბიჯებდა. სახლში მისვლის
და ანასთან ლაპარაკის უფლებას ვერ მივცემდი. ამიტომ სალაპარაკოდ სადმე სხვაგან წასვლა შევთავაზე.
მართლა მხოლოდ ამას ვგულისხმობდი. სხვა არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. მოკლედ, მანქანაში
ჩავსხედით და ქორლიში წავედით, ტყეში. ეს ის ადგილია, სადაც ხანდახან დავდიოდით ხოლმე, როცა სხვა
ადგილი არ გვქონდა და მანქანაში ვაკეთებდით ყველაფერს.

ტახტზე მჯდომარემაც კი ვიგრძენი, როგორ შეხტა ანა.

- უნდა დამიჯერო, ანა, სულ არ ვაპირებდი იმას, რაც მერე მოხდა, - მისკენ იყურება, წინ იხრება და
საკუთარ ხელისგულებს დახედავს, - ბავშვზე დაიწყო ლაპარაკი. არც კი იცოდა, ჩემგან იყო თუ ქმრისგან.
ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას აპირებდა. თუ ბავშვი ჩემი აღმოჩნდებოდა, თანახმა იქნებოდა, რომ
მენახა ხოლმე. ვეუბნებოდი, შენი ბავშვი არ მაინტერესებს, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი, -
თავს აქნევს.

- ამან გაანაწყენა და თუ მეგანი განაწყენებულია... რეიჩელს სულაც არ ჰგავს. არ ტირის და არ წუწუნებს. ისე
მიკიოდა, ილანძღებოდა, საზიზღრობებს ამბობდა. მეუბნებოდა, რომ პირდაპირ იქიდან ანასთან
წამოვიდოდა. ამბობდა, რომ მისი და მისი ბავშვის იგნორირების უფლებას არავის მისცემდა. არ
ჩერდებოდა. ამიტომ... არ ვიცი, უბრალოდ, მისი გაჩუმება მინდოდა. ქვა ავიღე... - თავის მარცხენა ხელს ისე
უყურებს, თითქოს იმ ქვას ჯერაც იქ ხედავს, - და უბრალოდ... - თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს, -
მხოლოდ ერთი დარტყმა იყო, მაგრამ ის... - ლოყებს ბერავს და მერე ჰაერს ნელა უშვებს გარეთ.

- მართლა არ ვაპირებდი, უბრალოდ, მინდოდა გამეჩუმებინა. სისხლი ღვარად წამოუვიდა, ტიროდა,


საშინლად ყვიროდა. ჩემგან გაცოცებას აპირებდა. სხვას გზა არ მქონდა. უნდა დამემთავრებინა.
მზე ჩასულია, ოთახში ბნელა, სიჩუმეა, მხოლოდ ტომის სუნთქვა ისმის, წყვეტილი და ზერელე. ქუჩიდან
ხმა არ შემოდის. ისიც კი არ მახსოვს, უკანასკნელად როდის გავიგონე მატარებლის ხმა.

- მანქანის საბარგულში ჩავდე, - განაგრძობს, - ტყეში ცოტა უფრო ღრმად შევედი, გზიდან მოშორებით.
გარშემო არავინ იყო. მიწა უნდა გამეთხარა, - ისევ ზერელედ სუნთქავს, მაგრამ უფრო აჩქარებულად.

- მიწა შიშველი ხელებით უნდა ამომეთხარა. შეშინებული ვიყავი, - ჩემკენ იყურება, თვალის გუგები
უზარმაზარი აქვს, - მეშინოდა, რომ ვინმე გამოივლიდა. საშინლად მტკივნეული იყო, ფრჩხილები მიწაში
მეფცქვნებოდა. ძალიან დიდი დრო დამჭირდა. უნდა გავჩერებულიყავი, რომ ანასთვის დამერეკა და
მეთქვა, რომ ისევ შენ გეძებდი, - ახველებს.

- მიწა რბილი იყო, მაგრამ ისე ღრმად მაინც ვერ ამოვთხარე, როგორც მინდოდა. მეშინოდა, რომ ვინმე
გამოივლიდა. ვიფიქრე, ყველაფერი რომ მიწყნარდება, დავბრუნდები-მეთქი და სადმე უფრო უკეთეს
ადგილას... მერე წვიმები დაიწყო და ამის შესაძლებლობა აღარ მომეცა.

წარბშეჭმუხნილი მიყურებს.

- თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიცია სკოტს დაადანაშაულებდა. ყოველთვის მიყვებოდა,


როგორი პარანოიდული დამოკიდებულება ჰქონდა მეგანისადმი, როგორ უმოწმებდა ყველაფერს, მის
იმეილებს კითხულობდა. ვიფიქრე... მოკლედ, ვაპირებდი, როგორც კი შემთხვევა მომეცემოდა, ის
ტელეფონი როგორმე სკოტთან სახლში დამედო. არ ვიცი... ვფიქრობდი, შემევლო, მეზობლურად ლუდის
დასალევად... არ ვიცი, მკაფიო გეგმა არ მქონდა, არც - მოფიქრებული არაფერი. ამ ამბავში
წინასწარგანზრახული არაფერი ყოფილა, უბრალოდ, საშინელი უბედური შემთხვევა იყო.
მერე მისი ქცევის სტილი ისევ იცვლება, ცაზე ღრუბლების სწრაფად მოძრაობასავითაა, ხან სინათლეა, ხან
ბნელა. დგება, ნელა მიდის სამზარეულოსკენ, სადაც ანა მაგიდასთან ზის, ბავშვს აჭმევს, ცოლს თავზე
კოცნის და ბავშვი სკამიდან აჰყავს.

- ტომ... - გაპროტესტებას ცდილობს ანა.

- დაწყნარდი, - ეუბნება და უღიმის, - უბრალოდ, მინდა ჩავეხუტო, არა, ჩემო კარგო? - ბავშვით ხელში
მაცივართან მიდის და ლუდს იღებს. მერე მე მიყურებს, - გინდა? - თავს ვაქნევ.

- მეც ვფიქრობ, ჯობია, არა.

მისი ხმა ძლივს მესმის. ვცდილობ, გამოვითვალო, მოვასწრებ თუ არა შემოსასვლელ კართან მირბენას, სანამ
დამიჭერს. თუ კარი გასაღებით ჩაკეტილი არ არის, მგონი, შევძლებ. მაგრამ თუ ჩაკეტილია, უბედურებას
გადავეყრები. წინ ვიხრები და უცებ გავრბივარ, უკვე ჰოლში ვარ, უკვე კარის სახელურს ვკიდებ ხელს,
როდესაც თავში ბოთლი მხვდება. ტკივილი აფეთქებასავითაა, თვალწინ ყველაფერი თეთრდება და
მუხლებზე ვეცემი. თმაში მკიდებს ხელს და ასე მიმათრევს ისევ სასტუმრო ოთახში, სადაც უკვე ხელს
მიშვებს. თავზე მადგება, ფეხები გაშლილი აქვს და ჩემს თეძოებთან უდგას. ბავშვი ისევ ხელში უჭირავს,
მაგრამ ანაც იქვეა და ბავშვს ექაჩება.

- მომეცი, ტომ, გეხვეწები, რაღაცას ატკენ, გთხოვ, მომეცი.

მტირალ ივის ანას აწვდის.


მესმის, როგორ ლაპარაკობს ტომი, მაგრამ თითქოს ძალიან შორიდან, თითქოს წყალში ვარ და იქ მესმის
მისი ხმა. სიტყვების გარჩევაც შემიძლია, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ისინი მე არ მეხება. არც იმას,
რაც ჩემს თავს ხდება. ყველაფერი შორიდან მესმის.

- ზევით ადი, - ეუბნება ანას, - საძინებელში ადი და კარი ჩაკეტე. არავის დაურეკო, ხომ გაიგე, ანა.
არავისთან დარეკვა არ გინდა, როდესაც ივი აქ არის. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ ყველაფერი ცუდად
დამთავრდეს.

ანა ქვევით არ იყურება, არ მიყურებს, ბავშვს მკერდზე იკრავს, ზედ მაბიჯებს და ზევით გარბის.

ტომი იხრება, ჯინსის სათავეში მავლებს ხელს და ასე მიმათრევს სამზარეულოში. ფეხებს ვიქნევ,
ვცდილობ, რამეს მოვეჭიდო, მაგრამ ვერ ვახერხებ. გარკვევით ვერაფერს ვხედავ, თვალებს ცრემლები
მწვავს. ყველაფერი ბუნდოვანია. იატაკზე თავის ყოველი დარტყმა აუტანელ ტკივილს მაყენებს და ისეთი
გრძნობა მაქვს, თითქოს ახლა გული ამერევა. ცხელი, თეთრი ტკივილია, თითქოს საფეთქლებზე რაღაც
მეხება და მერე... არაფერი.

ანა
კვირა, 18 აგვისტო, 2013
საღამო

ის სამზარეულოში იატაკზე წევს. სისხლი სდის, მაგრამ არა მგონია, რაიმე სერიოზული იყოს. ტომს ჯერ არ
დაუმთავრებია. სინამდვილეში, ვერ ვხვდები, რას ელოდება. ეტყობა, მისთვის ეს ადვილი არ არის. ის ხომ
ერთ დროს უყვარდა.

ზევით ვიყავი, ივის ვაწვენდი და ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს მინდოდა, არა? რეიჩელი გაქრება, ერთხელ
და სამუდამოდ და აღარასოდეს დაბრუნდება. სწორედ ამაზე ვოცნებობდი. არა, ზუსტად ამაზე არა, რა თქმა
უნდა, მაგრამ ძალიან მინდოდა, გამქრალიყო. რეიჩელის გარეშე ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ახლა თითქოს
ეს შესაძლებელი გახდა. მხოლოდ სამნი ვიქნებით: მე, ტომი და ივი. სწორედ ასე არ უნდა იყოს?

რაღაც მომენტში ამ ფანტაზიისაგან სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ მერე ჩემს მძინარე ქალიშვილს ვუყურებ და
ვხვდები, რომ ეს მართლაც მხოლოდ ფანტაზიაა. საკუთარ თითს ვკოცნი, მერე მის ლამაზ ტუჩებს ვადებ და
ვხვდები, რომ მე და ჩემი შვილი უსაფრთხოდ აღარასოდეს ვიქნებით. მე უსაფრთხოდ ვერასოდეს ვეღარ
ვიქნები, რადგან უკვე ყველაფერი ვიცი და ტომი ვეღარასოდეს მენდობა. გარდა ამისა, ვინ თქვა, რომ კიდევ
ერთი მეგანი არ გაჩნდება მის ცხოვრებაში? ან უარესი, კიდევ ერთი ანა, კიდევ ერთი მე?

ისევ ქვევით ჩამოვედი. ის სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ლუდს სვამდა. თავიდან რეიჩელი ვერ
დავინახე, მაგრამ მერე მისი ფეხები შევამჩნიე და ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრებულია, თუმცა ტომმა
მითხრა, მშვენივრად არისო.

- ცოტა წავარტყი, - თქვა მან.

ამას უბედურ შემთხვევას ვერ დაარქმევდა.


მოკლედ, ვისხედით და ველოდით. ლუდი ჩემთვისაც ავიღე და ერთად დავლიეთ. მითხრა, რომ მეგანის
გამო ნამდვილად წუხდა. რომანს გულისხმობდა. მერე მაკოცა და მითხრა, ყველაფერს მოვაგვარებ და
ყველაფერი კარგად გვექნებაო.

- აქედან გადავალთ, როგორც ყოველთვის გინდოდა. სადაც იტყვი, იქ წავალთ. ნებისმიერ ადგილას, - მერე
მკითხა, ჩემს პატიებას თუ შეძლებო. ვუპასუხე, დრო რომ გავა, შევძლებ-მეთქი, მანაც დამიჯერა. მგონი,
დამიჯერა.

ჭექა-ქუხილი დაიწყო, როგორც გამოცხადებული იყო. ქუხილის ხმა რეიჩელს აღვიძებს, გონზე მოჰყავს.
ხმაურს იწყებს, იატაკზე გორაობს.

- უნდა წახვიდე, - მეუბნება ტომი, - ისევ ზევით ადი.

ტუჩებში ვკოცნი და ვტოვებ, მაგრამ ზევით აღარ ავდივარ. ჰოლში ტელეფონს ვიღებ, ქვედა საფეხურზე
ვჯდები და ვუსმენ. ტელეფონი ხელში მიჭირავს, შესაფერის მომენტს ველოდები.

მესმის, როგორ ელაპარაკება რეიჩელს, დაბალ ხმაზე და ნაზად. მერე მისი ხმაც მესმის. მგონი, ტირის.

რეიჩელი
კვირა, 18 აგვისტო, 2013
საღამო

რაღაც მესმის, შიშინის ხმა. ელვა ანათებს და ვხვდები, რომ ეს წვიმაა, თავსხმა. გარეთ ბნელა. ჭექა-
ქუხილია. ელავს. არ მახსოვს, როდის დაბნელდა. ტკივილს ისევ გონზე მოვყავარ. გული თითქოს ყელში
მიცემს. იატაკზე ვწევარ, სამზარეულოში. დიდი ძალისხმევით თავის აწევასა და ცალ იდაყვზე წამოწევას
ვახერხებ. ის სამზარეულოს მაგიდასთან ზის და გარეთ იყურება, წვიმას უყურებს, ხელებს შორის ლუდის
ბოთლი უდგას.

- ახლა რა უნდა ვქნა, რეიჩ? - მეკითხება, როცა მხედავს, რომ თავი წამოვწიე, - აქ თითქმის ნახევარი საათია
ვზივარ და საკუთარ თავს ამ შეკითხვას ვუსვამ. რა უნდა გიყო? რა არჩევანი დამიტოვე? - ლუდის დიდ
ყლუპს სვამს და დაფიქრებული მათვალიერებს. თავს ძალას ვატან და ვჯდები, ზურგით სამზარეულოს
კარადას ვეყრდნობი. თავბრუ მესხმის, პირი ნერწყვით მაქვს სავსე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახლა
ვარწყევ. საკუთარ ტუჩს ვკბენ და ფრჩხილებს ხელისგულებში ვირჭობ. თავი ამ მდგომარეობიდან უნდა
გამოვიყვანო. სისუსტის უფლება არა მაქვს. ვერავის იმედი ვერ მექნება, ეს კარგად ვიცი. ანა პოლიციაში
დარეკვას არ აპირებს. საკუთარი ქალიშვილის უსაფრთხოებას ჩემი გულისთვის რისკის ქვეშ ვერ დააყენებს.

- უნდა აღიარო, - მეუბნება ტომი, - ყველაფერი ეს შენ თვითონ მოსწიე საკუთარ თავს. იფიქრე ამაზე:
ჩვენთვის რომ თავი დაგენებებინა, ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდი, ამ სიტუაციაში არ იქნებოდი. არც
ერთი არ ვიქნებოდით. იმ ღამეს იქ რომ არ ყოფილიყავი, ანას რომ სახლში არ მოერბინა მას შემდეგ, რაც
სადგურში დაგინახა, მეგანთან ყველაფრის გარკვევას და დალაგებას შევძლებდი. ასე არ გავგიჟდებოდი,
მოთმინებას არ დავკარგავდი, მას ტკივილს არ მივაყენებდი. არაფერი ეს არ მოხდებოდა.

ვგრძნობ, რომ ყელში, უკანა მხარეს, ბურთივით რაღაც იზრდება, მაგრამ ნერწყვს ვყლაპავ და ქრება. აი, რას
აკეთებს ხოლმე. ყოველთვის ამას აკეთებდა. ამის ოსტატია. მარწმუნებს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
მაგრძნობინებს, რომ არაფერს წარმოვადგენ.
ლუდს ცლის და ცარიელ ბოთლს მაგიდაზე აგორებს. თავს მწუხარედ აქნევს, დგება, ჩემთან მოდის, ხელს
მიწვდის.

- წამო, ხელი მომკიდე, წამოდი, რეიჩ, ადექი.

არ ვეწინააღმდეგები, როდესაც ფეხზე მაყენებს. ზურგით სამზარეულოს დახლს ვეყრდნობი. ის ჩემ წინ
დგას, თეძოებით მაწვება. სახეზე მეხება, ცრემლებს ყვრიმალებიდან ცერებით მწმენდს.

- რას ელი, რა უნდა გიქნა, რეიჩ? როგორ ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო?


- არაფერი არ უნდა გააკეთო, - ვეუბნები და გაღიმებას ვცდილობ, - შენ მშვენივრად იცი, რომ მიყვარხარ,
ისევ მიყვარხარ და ისიც იცი, რომ არავის არაფერს ვეტყვი. ამას ვერ გაგიკეთებ.

იღიმება, იმ ფართო, ლამაზი ღიმილით, რომლის დანახვაზე ერთ დროს ვდნებოდი. ქვითინს ვიწყებ, არ
მჯერა, არ მჯერა, რომ აქამდე მოვედით, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელიც კი ოდესმე განმიცდია
- მასთან ერთად ცხოვრება - ილუზია იყო.

ერთხანს ტირილს მაცლის, მერე კი, როგორც ეტყობა, სწყინდება, რადგან მისი სახიდან თვალისმომჭრელი
ღიმილი ქრება და ტუჩები უცნაურად ემანჭება.

- წამო, რეიჩ, საკმარისია, - მეუბნება, - მორჩი ზლუქუნს, - ნაბიჯს გვერდზე დგამს და მაგიდაზე ყუთიდან
მთელ ბღუჯა ქაღალდის ცხვირსახოცებს იღებს, - ცხვირი მოიწმინდე, - მეუბნება და მეც მაშინვე
ვემორჩილები, ის კი მიყურებს, ზიზღით მაკვირდება.

- იმ დღეს ტბაზე რომ ვიყავით, იფიქრე, რომ შანსი გაგიჩნდა, არა? - მეუბნება და სიცილს იწყებს, - მართლა
იფიქრე, არა? ისეთი გულუბრყვილო და მუდარით სავსე თვალებით მიყურებდი... შემეძლო მეხმარე, არა?
ისეთი მარტივი ხარ.

საკუთარ ტუჩს მთელი ძალით ვკბენ. ის ისევ ჩემკენ დგამს ნაბიჯს.

- ძაღლს ჰგავხარ, ისეთ ძაღლს, რომელიც არავის უნდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ცუდად ექცევიან,
შეგიძლია ფეხი ურტყა და ურტყა, ის კი ისევ გიბრუნდება თავჩაღუნული და კუდის ქიცინით, ვედრებით,
იმედით, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება, რომ ამჯერად კარგად მოიქცევა და შენც
შეგიყვარდება. შენც ზუსტად ასეთი ხარ. შენ ძაღლი ხარ, - ხელს წელზე მხვევს და ტუჩებში მკოცნის. არ
ვეწინააღმდეგები, რომ ენა ტუჩებს შორის ჩამიყოს და თეძოებით მის თეძოებს ვაწვები. ვგრძნობ, როგორ
მკვრივდება.

არ ვიცი, ყველაფერი ისევ იქ აწყვია, სადაც მაშინ, როცა მე აქ ვცხოვრობდი? არ ვიცი, იქნებ ანამ კარადები
თავიდან დაალაგა, სპაგეტი სხვა ქოთანში ჩააწყო, სასწორი მარცხენა ქვედა თაროდან მარჯვენაზე გადადო,
არ ვიცი. უბრალოდ, როდესაც ხელს ჩემ უკან უჯრაში ვაცურებ, იმედი მაქვს, რომ ეს არ გაუკეთებია.

- იქნებ მართალიც ხარ,- ვეუბნები, როდესაც კოცნა მთავრდება, - იქნებ იმ ღამეს ბლენიმ-როუდზე რომ არ
მოვსულიყავი, მეგანი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

თავს მიქნევს, მე კი უჯრაში ნაცნობ საგანს ვკიდებ ხელს. ვიღიმები და უფრო და უფრო ვაწვები, მარცხენა
ხელს წელზე ვხვევ და ყურში ჩურჩულით ვეუბნები:
- მაგრამ, ნუთუ გულწრფელად ფიქრობ, შენ, რომელმაც მეგანს თავი გაუხეთქე, რომ ამაზე პასუხისმგებელი
მე ვარ?

თავს უკან სწევს და სწორედ ამ დროს წინ ვიწევი, მთელი სხეულით ვაწვები და წონასწორობას ვაკარგვინებ.
უკან, სამზარეულოს მაგიდას ეჯახება. ფეხს ვწევ და ფეხზე მთელი ძალით ვურტყამ. როდესაც
ტკივილისაგან წინ იხრება, კეფაზე, თმაში ვკიდებ ხელს და ჩემკენ ვხრი, მუხლს ზევით ვწევ და სახეში
ვურტყამ. მესმის, როგორი ტკაცუნით ტყდება მისი ცხვირის ხრტილი, ის კი ტკივილისაგან ყვირის.
იატაკზე ვაგდებ, სამზარეულოს მაგიდიდან გასაღებების შეკვრას ვიღებ და სანამ მუხლებზე წამოდგომას
მოახერხებს, ფრანგული კარით გარეთ გასვლას ვასწრებ.

ღობისკენ გავრბივარ, მაგრამ ტალახში ფეხი მიცურავს, საყრდენს ვკარგავ და ვვარდები. სანამ წამოდგომას
მოვასწრებ, ისევ თავზე მადგას და ისევ უკან მიმათრევს, თმაზე მექაჩება, სახეს მიკაწრავს, ილანძღება და
სისხლს აფურთხებს.

- შე სულელო, სულელო ძუკნა, თავს რატომ არ დაგვანებებ, რატომ არ მომეშვები?!

მისგან თავის დაღწევას ისევ ვახერხებ, მაგრამ გასაქცევი არსადაა. შემოსასვლელი კარიდან ვეღარ გავალ და
ღობეზე გადაძრომასაც ვეღარ მოვასწრებ. ყვირილს ვიწყებ, მაგრამ არავის ესმის. ან ვინ გაიგებს ამ წვიმაში,
ქუხილსა და მოახლოებული მატარებლის გრუხუნში. ბაღის ბოლოსკენ ლიანდაგისკენ მივრბივარ. ჩიხია.
ზუსტად იმ ადგილას ვდგავარ, სადაც ერთ წელზე მეტის წინ მათი ბავშვით ხელში ვიდექი. ღობისკენ
ზურგით ვტრიალდები და ვუყურებ, როგორ მიზანდასახულად მოაბიჯებს ჩემკენ, პირს მკლავით იწმენდს
და სისხლს მიწაზე აფურთხებს. ლიანდაგიდან ვიბრაციას ვგრძნობ, მატარებელი უკვე თითქმის ჩვენ
უკანაა, მისი ხმა კივილს ჰგავს. ტომის ტუჩების მოძრაობას ვხედავ, რაღაცას მეუბნება, მაგრამ მე არაფერი
მესმის. ვუყურებ, როგორ მოდის, ვუყურებ და არ ვინძრევი, სანამ პირდაპირ ჩემ წინ არ დგება. სწორედ ამ
დროს ხელს ზევით ვწევ და კორპსაძრობის საშინელ ხრახნს ყელში ვურჭობ.

მიწაზე თვალებგაფართოებული, უხმოდ ეცემა. ხელები ყელთან მიაქვს და თვალებში მიყურებს. ისე
გამოიყურება, თითქოს ტირის. ვუყურებ, სანამ ამის ატანა შემიძლია და მერე ზურგს ვაქცევ. მატარებლის
განათებულ ფანჯრებში სახეებს, წიგნებისა და ტელეფონებისაკენ დახრილ თავებს ვხედავ. ვხედავ
მგზავრებს, რომლებიც თბილ და უსაფრთხო ვაგონებში სხედან, სახლისაკენ მიიჩქარიან.

სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2013


დილა

შეუძლებელია, ეს არ იგრძნო. მატარებელი რომ წითელ შუქზე ჩერდება, ატმოსფერო მაშინვე იცვლება,
ელექტროგანათების ზუზუნივით არის. ახლა ერთადერთი არა ვარ, ვინც ფანჯრიდან იყურება, ალბათ, არც
არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, ამას ყოველთვის ყველა აკეთებდა. მატარებელში ჯდომის დროს
ფანჯრიდან იყურებოდნენ და სახლებს უყურებდნენ, ოღონდ ამ სახლებს ყველა განსხვავებულად ხედავდა.
ახლა ყველა ერთსა და იმავე რამეს ხედავს. გესმის კიდეც, როგორ ლაპარაკობენ ამის შესახებ.

- აი, აი, ის არის. არა, არა, ის, უფრო მარცხნივ, ღობესთან რომ ვარდებია. იქ მოხდა ყველაფერი.

თვითონ სახლები ახლა ცარიელია, ნომერი თხუთმეტიც და ნომერი ოცდასამიც. ერთი შეხედვით არც
ეტყობა. სქელი ფარდები გადაწეულია და კარი - ღია, მაგრამ მე ვიცი, რადგან ამის შესახებ გამოცხადებული
იყო. ორივე სახლი იყიდება. ალბათ, დიდი დრო გავა, სანამ რომელიმე მათგანს ნამდვილი მყიდველი
გამოუჩნდება. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ დაჰყვებიან უძრავი ქონების აგენტები ამ ოთახებში
მოჩვენებებს. ცნობისმოყვარე ადამიანებს ერთი სული აქვთ, ახლოდან ნახონ ადგილი, სადაც ის დაეცა და
სადაც მიწა მისი სისხლით გაიჟღინთა.

ტკივილს მაყენებს იმის წარმოდგენა, როგორ დადიან ისინი სახლში, ჩემს სახლში, სადაც ერთ დროს
იმედით სავსე ვიყავი. ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რაც მერე მოხდა. ვცდილობ, იმ ღამეზე არ ვიფიქრო,
ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.

მე და ანა მის სისხლში ამოთხვრილები ტახტზე გვერდიგვერდ ვისხედით. ცოლები, რომლებიც სასწრაფო
დახმარებას ელოდებიან. ანამ დაურეკა. პოლიციასაც დაურეკა, ყველაფერი მან გააკეთა, ყველაფერი
საკუთარ ხელში აიღო.

პარამედიკოსები რომ მოვიდნენ, ტომისათვის ყველაფერი დამთავრებული იყო. უნიფორმიანი


პოლიციელები და დეტექტივები ფეხდაფეხ მოჰყვნენ. გასკილი და რაილიც მოვიდნენ. ჩვენ რომ
დაგვინახეს, პირი დარჩათ ღია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კითხვებს გვისვამდნენ, მაგრამ მე
სიტყვები არ მესმოდა. ძლივს ვმოძრაობდი, ძლივს ვსუნთქავდი. ანა ლაპარაკობდა მშვიდად და
დაბეჯითებით.

- ეს თავდაცვა იყო, - უთხრა მათ, - ყველაფერი დავინახე, ფანჯრიდან. ტომი კორპსაძრობით გაეკიდა,
მოკლავდა, რეიჩელს არჩევანი არ ჰქონდა. მე შევეცადე... - ეს ერთადერთი მომენტი იყო, როცა ენა დაება,
როცა ატირდა,- შევეცადე, სისხლდენა შემეჩერებინა, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ შევძელი.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ივი მოიყვანა. გასაოცარია, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მას მშვიდად ეძინა.
ყველანი პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. მე და ანა სხვადასხვა ოთახში მოგვათავსეს და კიდევ
ბევრი კითხვა დამისვეს, რომლებიც ახლა სულ არ მახსოვს. თავს ვებრძოდი, რომ მეპასუხა, გონების
კონცენტრირება მომეხერხებინა, თავს ვებრძოდი, რომ საერთოდ სიტყვები გამომეთქვა. ვუთხარი, რომ თავს
დამესხა, თავში ბოთლი ჩამარტყა, მერე კორპსაძრობით გამომეკიდა. როგორღაც მოვახერხე, იარაღი
წამერთმია და საკუთარი თავის დასაცავად გამომეყენებინა. მათ ჩემი სხეული დაათვალიერეს, თავზე
ჭრილობაც ნახეს, ხელებიც დამითვალიერეს, ფრჩხილებიც.
- თავდაცვის დროს მიყენებული ჭრილობებისათვის საკმაოდ ცოტაა, - დაეჭვებით თქვა რაილიმ. მერე
წავიდნენ და პოლიციელთან მარტო დამტოვეს. ეს ის კაცი იყო, რომელსაც საყელო ქერტლით ჰქონდა
გადათეთრებული და რომელიც ეშბერიში, ქესის სახლში იყო მოსული საუკუნის წინ. კართან იდგა და
ცდილობდა, ჩემთვის არ შემოეხედა. მოგვიანებით რაილი დაბრუნდა.

- მისის უოთსონი თქვენს სიტყვებს სრულად ადასტურებს, რეიჩელ, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, - ისიც
თვალს მარიდებდა. პოლიციელმა ჰოსპიტალში წამიყვანა, სადაც თავზე ჭრილობა გამიკერეს.

ტომის შესახებ გაზეთებში ბევრი იწერებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ჯარში არასდროს ყოფილა. იქ მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ ორჯერ უთხრეს უარი.
მამამისის შესახებ ისტორიაც ტყუილი აღმოჩნდა. ყველაფერი გამოიგონა. თავის მშობლებს მთელი
დანაზოგი გამოართვა და პირწმინდად დაკარგა. მათ აპატიეს, მაგრამ მათთან ყოველგვარი კავშირი მას
შემდეგ გაწყვიტა, რაც მამამისმა უარი თქვა, სახლი გადაეგირავებინა, რათა მისთვის კიდევ მიეცა ფული. ის
სულ ტყუოდა, ყველაფერს ტყუოდა, მაშინაც კი, როცა ეს არაფერში სჭირდებოდა, მაშინაც კი, როცა ამ
ტყუილს არანაირი აზრი არ ჰქონდა.
კარგად მახსოვს, სკოტმა რომ მითხრა მეგანის შესახებ: ისიც კი არ ვიცი, ვინ არისო. მეც ზუსტად ამას
ვგრძნობ ახლა. ტომის მთელი ცხოვრება ტყუილზე, სიყალბესა და ნახევრად სიმართლეზე იყო აგებული.
ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკეთესი, უფრო ძლიერი და უფრო საინტერესო გამოჩენილიყო. მე
კი ამას ვჭამდი, ყველაფერი მჯეროდა, ანაც ასე იყო. ჩვენ ის გვიყვარდა. ახლა მაინტერესებს, უფრო სუსტი,
ბევრი ნაკლის მქონე და შეულამაზებელი თუ გვეყვარებოდა? მე, ალბათ, კი. შეცდომებსა და
წარუმატებლობებს ვაპატიებდი. ასეთი რამეები არც მე მაკლია.

საღამო

ნორფოლკის სანაპიროზე პატარა ქალაქის სასტუმროში ვარ. ჩრდილოეთისაკენ მივემგზავრები, შეიძლება


ედინბურგში, ან კიდევ უფრო შორს. ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. უბრალოდ, მინდა დარწმუნებული
ვიყო, რომ უკან დიდი მანძილი მოვიტოვე. ცოტაოდენი ფულიც მაქვს. დედაჩემმა რომ გაიგო, რაც
გადავიტანე, ხელგაშლილი გახდა. ასე რომ, სანერვიულო არაფერი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ერთხანს.

დღეს ნაშუადღევს მანქანა ვიქირავე და ჰოლკამში წავედი. სოფლის გარეთ ეკლესიაა, სადაც მეგანის
ფერფლია დამარხული მისი ქალიშვილის, ლიბის ძვლების გვერდით. ამის შესახებ გაზეთში წავიკითხე.
ბავშვის გარდაცვალებაში სავარაუდო როლის გამო მეგანის დაკრძალვის ირგვლივ დიდი კამათი იყო,
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ნება დართეს და ჩემი აზრით, სწორიც იყო. რაც უნდა გაეკეთებინა,
ყველაფრისათვის საკმარისად დაისაჯა.

რომ მივედი, წვიმა იწყებოდა და გარშემო სულიერი არავინ იყო, მაგრამ მანქანა გავაჩერე და სასაფლაოზე
მაინც შევედი. მისი საფლავი შორეულ კუთხეში ვიპოვე, ნაძვის ხეების რიგებს შორის თითქმის არ ჩანდა.
ვერასოდეს მიაგნებდი, თუ არ იცოდი, სად უნდა გეძებნა. საფლავის ქვაზე მისი სახელი, გვარი და
დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ეწერა. არანაირი „სიყვარულით“, „გვახსოვხარ“, არც „საყვარელი
ცოლი“ ან „ქალიშვილი“, ან „დედა“. მისი შვილის ქვაზე მხოლოდ „ლიბი“ წერია, მაგრამ ახლა ის ხომ მაინც
ჩანს, რომ იქ მისი საფლავია და რკინიგზის ლიანდაგის გვერდით სულ მარტო აღარ არის.

წვიმამ მოიმატა და, როდესაც ეკლესიის ეზოს გავლით მივდიოდი, სამლოცველოს კარში კაცი დავინახე.
წამით მომეჩვენა, რომ სკოტი იყო. ვგრძნობდი, როგორ მიცემდა ყელში გული. თვალებიდან წვიმის
წვეთები მოვიწმინდე და ისევ შევხედე, მღვდელი ყოფილა. მან მოსალმების ნიშნად ხელი ამიწია.
მანქანისაკენ თითქმის სირბილით მივდივარ, უაზრო შიში მიპყრობს. სკოტთან უკანასკნელი შეხვედრის
დროს ძალადობა გამახსენდა, გამახსენდა, როგორი იყო ბოლოს - ველური, პარანოიკი და სიგიჟის ზღვარზე.
ახლა მშვიდობას ვერასოდეს მოიპოვებს, ან როგორ უნდა დამშვიდდეს. იმაზე ვფიქრობ, როგორები იყვნენ,
როგორებად წარმომედგინნენ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაც დავკარგე. მათ დაკარგვას ვგრძნობ.

სკოტს გავუგზავნე იმეილი, რომელშიაც მისთვის ნათქვამი ყველა ტყუილისათვის ბოდიშს ვუხდიდი,
ტომის მაგივრადაც ვუბოდიშებდი, რადგან მე, ალბათ, უნდა მცოდნოდა. მთელი ამ წლების მანძილზე
ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, მეცოდინებოდა. ალბათ, მშვიდობას მეც ვერასოდეს მოვიპოვებ.

მესიჯზე არ მიპასუხა, არც ველოდი.


მანქანას ვატრიალებ, სასტუმროში მივდივარ და ნომერს ვიფორმებ. მერე ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა,
ჭიქა ღვინით ხელში აქაურ მყუდრო ბარში ტყავის სავარძელში დაჯდომა. ცდუნებას რომ მოვერიო, პორტში
მივდივარ სასეირნოდ.

წარმოვიდგენ, როგორ კარგად ვიგრძნობდი თავს პირველი ჭიქის შემდეგ. ვცდილობ, არც ამ შეგრძნებაზე
ვიფიქრო და ვიწყებ დათვლას, რამდენი დღეა, არ დამილევია: ოცი, ოცდაერთი, დღევანდელი დღის
ჩათვლით ზუსტად სამი კვირაა. ეს წლების მანძილზე ჩემი სიფხიზლის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
უცნაურია, რომ უკანასკნელი სასმელი ქესიმ მომიმზადა. როდესაც პოლიციამ სახლში მიმიყვანა,
ფერმკრთალი, სისხლიანი, და მოუყვა, რა მოხდა, მან თავისი ოთახიდან ერთი ბოთლი „ჯეკ დენიელსი“
გამოიტანა. ორივესთვის სავსე ჭიქები დაასხა. ტირილისგან თავს ვერ იკავებდა, სულ იმეორებდა, როგორ
საშინლად წუხს, თითქოს ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო. ვისკი დავლიე თუ არა, მაშინვე ვარწყიე. მას
შემდეგ სასმელს არ მივკარებივარ, თუმცა სურვილი მაინც მაქვს ხოლმე.
პორტამდე რომ მივედი, მარცხნივ გავუხვიე და წავედი პლაჟისაკენ, რომლის გავლით, თუ მომინდებოდა,
ისევ ჰოლკამში დაბრუნება შემეძლო. თითქმის ბნელა და წყალთან ახლოს ცივა, მაგრამ მე გზას განვაგრძობ.
მინდა მანამდე ვიარო, სანამ ისე არ დავიღლები, რომ ფიქრს ვეღარ შევძლებ. მაშინ იქნებ დაძინება შევძლო.

პლაჟი ცარიელია და ისე ცივა, იძულებული ვარ, პირი მაგრად მოვკუმო, რომ კბილების ერთმანეთზე
კაკუნი შევწყვიტო. წვრილ ქვებზე მივდივარ პლაჟის ქოხების გავლით, რომლებიც დღის სინათლეზე ისეთი
ლამაზებია, მაგრამ ახლა შიშისმომგვრელია. თითოეული მათგანი დასამალი ადგილი შეიძლება იყოს. ქარი
რომ დაუბერავს, ისინი თითქოს ცოცხლდებიან. მათი ფიცრები ერთმანეთს ეხახუნება და ზღვის ხმაურის
ფონზე ისეთი ხმაა, თითქოს ვიღაც ან რაღაც გიახლოვდება.

უკან ვბრუნდები და გავრბივარ.

ვიცი, იქ არაფერი არ არის, არაფერი, რისიც შეიძლება გეშინოდეს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის შიშს, რომ
მუცლიდან ზევით, მკერდში და იქიდან ყელში ამოვიდეს. რაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ და არ
ვჩერდები, სანამ ისევ ქუჩის სინათლეებით განათებულ პორტში არ ვბრუნდები.

ისევ ოთახში ვარ, საწოლზე ვზივარ, ხელებზე ვზივარ, რომ მათი კანკალი გავაჩერო. მინიბარს ვაღებ, წყლის
ბოთლსა და მაკადამიას თხილს ვიღებ. ღვინოსა და ჯინს ხელს არ ვკიდებ. დაძინებაშიც რომ დამეხმაროს,
გამათბოს, მომადუნოს და თავდავიწყებაში გადამაცუროს, მაინც არ მოვკიდებ, რომც დამეხმაროს,
დავივიწყო, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, უკან რომ მოვიხედე და დავინახე, რომ კვდებოდა.

მატარებელმა გაიარა. ხმაური გავიგონე, მოვიხედე და დავინახე, რომ სახლიდან ანა გამოდიოდა. ჩვენკენ
სწრაფად მოდიოდა. მერე მასთან მივიდა, მუხლებზე დაეშვა და ხელები ყელზე დაადო. ტომს სახეზე შოკი
და ტკივილი ჰქონდა ასახული. მმინდოდა, ანასთვის მეთქვა: აზრი არა აქვს, უკვე ვეღარაფრით
დაეხმარები-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სისხლდენის შეჩერებას სულაც არ აპირებდა. პირიქით,
რწმუნდებოდა, კორპსაძრობს ხელს აჭერდა და უფრო და უფრო ღრმად ურჭობდა, თან ელაპარაკებოდა
რბილად, ნაზად. რას ამბობდა, არ მესმოდა.

უკანასკნელად პოლიციის განყოფილებაში ვნახე, სადაც ორივე ჩვენების მისაცემად წაგვიყვანეს. ის ერთ
ოთახში შეიყვანეს, მე - მეორეში, მაგრამ, სანამ დავშორდებოდით, მკლავზე ხელი მომკიდა: „თავს
გაუფრთხილდი, რეიჩელ“, - მითხრა. უცნაურად თქვა, ისე გამოდიოდა, თითქოს მაფრთხილებდა. ჩვენ
ახლა უკვე ის ისტორიები გვაკავშირებს, რომლებსაც პოლიციაში მოვყევით, რომ მე სხვა არჩევანი არ
მქონდა და მისთვის ყელში უნდა დამერტყა, ანამ კი მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.
ლოგინში ვწვები და შუქს ვაქრობ. ვიცი, ვერ დავიძინებ, მაგრამ უნდა ვცადო. დროთა განმავლობაში,
ალბათ, ღამის კოშმარები გაქრება და ყველაფერ ამას გონებაში ისევ და ისევ და ისევ აღარ დავატრიალებ,
მაგრამ ახლა ვიცი, რომ წინ გრძელი ღამეა და დილით ადრე უნდა ავდგე, რომ მატარებელს მივუსწრო.

You might also like