Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

საერთაშორისო ურთიერთობები ცივი ომის პერიოდში

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება


მოკავშირეებს – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი – შორის. ნათელი ხდებოდა, რომ აშშ და
სსრკ ფიქრობდნენ მსოფლიოში ჰეგემონობის მოპოვებაზე. იწყებოდა ე.წ. „ცივი ომი“.1
დღესაც კი ძნელი დასადგენია „ცივი ომის“ დაწყების ზუსტი თარიღი. საბჭოური
ისტორიოგრაფია ათვლის წერტილად მიიჩნევდა უ. ჩერჩილის 1946 წლის 5 მარტის
ფულტონის სიტყვას, რომელშიც მან მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მოეწყოთ
ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნიზმის წინააღმდეგ. თავის მხრივ, დასავლეთში ცივი ომის
დასაწყისად თვლიან სტალინის 1946 წლის 9 თებერვლის სიტყვას, რომელშიც მან აუცი-
ლებლობად გამოაცხადა ყველა საშუალების გამოყენება მთელ მსოფლიოში კომუნიზმის
დასამყარებლად. პრინციპში, ზუსტ თარიღს ალბათ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, 1946
წელი კი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის ოფიციალურად გაფორმების წლად.
§1. გფრ-სა და გდრ-ს შექმნა. დაპირისპირება პირველად გამოვლინდა გერმანიის
საკითხით. გერმანია ომის შემდეგ დაყოფილი იყო ოთხ საოკუპაციო – საბჭოთა, ამერიკულ,
ბრიტანულ და ფრანგულ – ზონად. მათ განაგებდნენ მოკავშირეთა საოკუპაციო ჯარების
მთავარსარდლები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ საოკუპაციო ჯარების
მთავარსარდალთა საბჭოში. პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა დავალებული იყო
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთვის, რომელიც პოტსდამის კონფერენციის
დადგენილებით შეიქმნა და რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მსოფლიოს
ომისშემდგომი მოწყობა. 1946 წლის შუახანებიდან უკვე წავიდა დიდი ბრძოლა გერმანიის
მომავალი მოწყობის გამო. 1946 წლის შუახანებში ამერიკული და ბრიტანული ზონები
გაერთიანდა და ამ გაერთიანებას „ბიზონია“ ეწოდა. ამით სათავე დაედო გერმანიის ორ
ნაწილად დაშლას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის უკვე არავის უნდოდა
გერმანიის ორ ან მეტ ნაწილად დაშლა, უბრალოდ მხარეები (აშშ და სსრკ) ცდილობდნენ,
რომ ერთიანი გერმანია მოქცეულიყო მათი გავლენის სფეროში. სწორედ ამ მიზნით მოხდა
ბიზონიის შექმნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი დასავლური სახელმწიფოების ოკუპაციის ქვეშ
მყოფი გერმანული მიწების ტერიტორიაზე ერთიანი ადმინისტრაციის შექმნისაკენ. 1948
წელს ბიზონიას შეუერთდა ფრანგული ზონაც, რის შემდეგაც ამ ტერიტორიას „ტრიზონია“
უწოდეს. ფრანგებმა ამის სანაცვლოდ მიიღეს კონტროლის უფლება საარის ოლქში და
გარკვეული დივიდენდები რურის საკითხში, რომელსაც მანამდე ერთპიროვნულად
განაგებდნენ ბრიტანელები (რურის ოლქი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადავიდა).
საკითხი განსაკუთრებულად გამწვავდა სწორედ 1948 წელს, როდესაც დადგა
გერმანიაში ფინანსური გაჯანსაღების საკითხი, რადგანაც „მარშალის გეგმა“ დახმარების
წინაპირობად ითვალისწინებდა გერმანიაში სავალუტო სისტემის სტაბილიზაციას. ამ
პერიოდისათვის გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი მარკა იმდენად იყო გაუფასურებული,
რომ აუცილებელი გახდა მისი შეცვლა. ამ მიზნით დასავლურმა სახელმწიფოებმა 1948
წლის მარტში გაატარეს ფულადი რეფორმა: ძველი რაიხსმარკები გაიცვალა ახალ
დოიჩმარკებზე (ე.წ. „მარკა ბ“) კურსით 100:6,5; ფულადი მასის 93,5% განადგურდა.

1
ტერმინი „ცივი ომი“ პირველად მოიხსენია ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა (ნამდვილი
სახელი ერიკ ართურ ბლერი) 1945 წელს, თანამედროვე მნიშვნელობით მისი პირველი გამოყენება კი
მიეწერება ბერნარდ ბარუხს (ამერიკელი ფინანსისტი და აშშ-ს პრეზიდენტების – ვუდრო უილსონისა და
ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი) 1947 წლის აპრილში. ტერმინი ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც
ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა 1947 წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა ასეთი
სახელწოდების მქონე სტატიების კრებული.

1
რეფორმამ მკვეთრად გააუმჯობესა მოსახლეობის მდგომარეობა, რადგანაც მათი
ხელფასები და პენსიები უკვე სავსებით ფარავდა საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ
ხარჯებს. ყოველივე ამან გამოიწვია საბჭოთა მხარის დიდი უკმაყოფილება და
პროტესტები. საბჭოთა მხარე მოითხოვდა, რომ რეფორმა გატარებულიყო მთლიანად
გერმანიის ტერიტორიაზე და ერთობლივი ძალებით, მაგრამ რეალურად არაფერი
გაუკეთებია ამ მიზნით. ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როდესაც ახალი
მარკის მოქმედების არეალი გავრცელდა დასავლეთ ბერლინზეც (1948 წლის 23 ივნისი).
ამან უბრალოდ გააცოფა საბჭოთა მხარე, რომელმაც ბრალი დასდო დასავლეთის
სახელმწიფოებს საბჭოური ზონის ეკონომიკის დეზორგანიზაციის მცდელობაში. საპასუხო
ზომად საბჭოთა მხარემ გადაწყვიტა დასავლეთ ბერლინის ბლოკადაში მოქცევა. ასე
დაიწყო 1948 წლის ზაფხულში ე.წ. „ბერლინის კრიზისი“.
საბჭოთა მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად შეიზღუდა (უფრო სწორად,
პრაქტიკულად აიკრძალა) აღმოსავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს შორის
მიმოსვლა, გამკაცრდა კონტროლი საერთოდ ზონებს შორის ურთიერთობაზე,
პრაქტიკულად არ არსებობდა სახმელეთო გზით დასავლეთ ბერლინში პროდუქტებისა და
სხვა აუცილებელი ნაწარმის შეტანის შესაძლებლობა (მიუხედავად საბჭოთა მხარის
დემაგოგიური განცხადებისა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა დასავლეთ ბერლინის
მოსახლეობის ინტერესების დასაცავად და უზრუნველყოფდა მათ ყოველივე
აუცილებლით). საბჭოთა მხარე ფიქრობდა, რომ ამ მეთოდებით ის შეძლებდა დასავლეთ
ბერლინის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა. დასავლურმა
სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. „საჰაერო ხიდი“ დასავლეთ ბერლინსა და ტრიზონიას შორის
და შეძლეს ქალაქის ამ გზით მომარაგება, მიუხედავად საბჭოთა მხარის წინააღმდეგობისა
(საბჭოთა მხარე რეგულარულად ცდილობდა ამ ხიდის ფუნქციონირების შეწყვეტას და ამ
მიზნით არ ერიდებოდა ბინძური მეთოდების გამოყენებასაც, კერძოდ, ჰაერში უშვებდა
წვრილად დაჭრილ მავთულებს, რომლებსაც შეეძლოთ თვითმფრინავების ძრავების
სერიოზულად დაზიანება და თვითმფრინავების ჩამოგდებაც კი). გარდა ამისა,
დასავლურმა სახელმწიფოებმა შემოიღეს შეზღუდვები აღმოსავლეთ ბერლინისა და
საბჭოთა ზონის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი რეფორმის საკითხი ამ შემთხვევაში უბრალოდ
პრელუდია იყო გერმანიის ორ ნაწილად დაყოფისა. 1948 წლის პირველ ნახევარში
ლონდონში მცირე შესვენებებით მიმდინარეობდა დასავლური სახელმწიფოების
წარმომადგენლების შეხვედრები, რომლებზეც 1948 წლის ივნისში მიიღეს
გადაწყვეტილება ტრიზონიაში გერმანული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელშიც
კონსტიტუციასთან ერთად იმოქმედებდა საოკუპაციო სტატუტიც. ამიტომ როდესაც დღის
წესრიგში დადგა ბერლინის კრიზისის მოგვარების საკითხი, საბჭოთა მხარემ დაჟინებით
მოსთხოვა დასავლურ სახელმწიფოებს ლონდონის გადაწყვეტილებების გაუქმება, თუნდაც
მხოლოდ კონფიდენციალური წერილების სახით.
1948 წლის აგვისტოს ბოლოს თითქოს მოხერხდა კონფლიქტის მოგვარება, როდესაც
მხარეები მორიგდნენ ბერლინის ტერიტორიაზე ერთადერთი ვალუტის სახით საბჭოთა
ზონის გერმანული მარკის გამოყენებასა და ბერლინსა და დასავლურ ზონებს შორის
მიმოსვლის შეზღუდვაზე აკრძალვების მოხსნაზე, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა,
რადგანაც მთავარსარდლების შეხვედრაზე ეს გადაწყვეტილება არ დამტკიცდა. 7
სექტემბერს მათი მოლაპარაკებები შეწყდა და აღარ განახლებულა. პარალელურად, 1
სექტემბერს შეიქმნა დასავლური ზონების საპარლამენტო საბჭო, რომელსაც უნდა შეექმნა
კონსტიტუცია. 6 სექტემბერს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, ლიბერალურ-

2
დემოკრატიული პარტიისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის
წარმომადგენლებმა დატოვეს ბერლინის რატუშა და გადავიდნენ ინგლისურ სექტორში. 13
ოქტომბერს დაიშალა ბერლინის მაგისტრატიც, ხოლო 21 დეკემბერს შეიქმნა ცალკე
დასავლეთ ბერლინის კომენდატურა ამერიკულ სექტორში. ვითარება კიდევ უფრო
დაიძაბა.
საბოლოო ჯამში, ბერლინის კრიზისის დარეგულირება მოხერხდა მხოლოდ 1949
წლის მაისში, როდესაც საბჭოთა მხარემ დაიხია უკან და მოხსნა მოთხოვნა დასავლეთ
ბერლინის ტერიტორიაზე საბჭოთა ზონის გერმანული მარკის გავრცელების შესახებ. 4
მაისს საბჭოთა წარმომადგენელი გაეროში იაკოვ მალიკი და აშშ-ს წარმომადგენელი
ფილიპ ჯესაპი შეთანხმდნენ, რომ 12 მაისს მოიხსნებოდა ყველა შეზღუდვა, რომელიც
დაწესებული იყო ორივე მხარის მიერ, ხოლო 23 მაისს პარიზში მოწვეული იქნებოდა
საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სხდომა, რომელიც განიხილავდა გერმანიის
გარშემო არსებულ ყველა საკამათო საკითხს და მათ შორის ბერლინის ვალუტის
პრობლემასაც.
ამასობაში, 1949 წლის 8 მაისს დასავლური ზონების საპარლამენტო საბჭომ მიიღო
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი (ტერმინები „დამფუძნებელი
კრება“ და „კონსტიტუცია“ თვითონ გერმანელების მიერ იქნა უარყოფილი, როგორც
„სეპარატიზმის მაგულისხმებელი“), რომელსაც დროებითი ხასიათი უნდა ჰქონოდა, თუმცა
მაისის ბოლოს ფედერალური მიწების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (ბავარიის გარდა,
თუმცა მანაც დაადასტურა თავისი გფრ-ში შესვლა) მან პრაქტიკულად მუდმივი სტატუსი
მიიღო. არც საბჭოთა მხარე იჯდა გულხელდაკრეფილი. 30 მაისს გერმანიის III სახალხო
კონგრესმა აირჩია გერმანიის სახალხო საბჭო.
რასაკვირველია, ყოველივე ეს სულაც არ უწყობდა ხელს პარიზის სხდომების მშვიდ
ატმოსფეროში ჩატარებას. მართალია, საბჭოთა მხარე უკვე შეურიგდა დასავლურ ზონებში
ცალკე სახელმწიფოს ჩამოყალიბების ფაქტს, მაგრამ მას სულაც არ სურდა, რომ მის
შემადგენლობაში დასავლეთ ბერლინიც შესულიყო. თავის მხრივ, დასავლურმა
სახელმწიფოებმა მოინდომეს თავიანთი კონტროლის მთელ გერმანიაზე გავრცელება და
გამოვიდნენ წინადადებით, რომ საბჭოთა ზონის მიწებიც შეერთებოდნენ ბონის
კონსტიტუციას. საპასუხოდ, საბჭოთა მხარემ შესთავაზა მათ, რომ გერმანიის ტერიტორია
დაეტოვებინა ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამშვიდობო ხელშეკრულების
მიღებიდან 1 წელიწადში, მაგრამ ეს წინადადება უარყვეს დასავლურმა სახელმწიფოებმა,
საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, იყო მალიკისა და ჯესაპის
შეთანხმების ძალაში დატოვება. ყველა დანარჩენ საკითხზე უნდა გაგრძელებულიყო
კონსულტაციები. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ახალი სხდომის
მოწვევის შესახებ უნდა მიეღოთ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე,
1949 წლის სექტემბერში.
20 სექტემბერს გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, მაგრამ ამ
დროისათვის გერმანიის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 14 აგვისტოს
დასავლეთ გერმანიაში შედგა ბუნდესტაგის არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას მიაღწია
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირის
კოალიციამ. 15 სექტემბერს ბუნდესტაგმა ფედერალურ კანცლერად აირჩია კონრად
ადენაუერი, რომელმაც პირველსავე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა ვერ
დაიკავებდა მეგობრულ პოზიციას სსრკ-ს მიმართ. რასაკვირველია, ეს სულაც არ
მოსწონდათ მოსკოვში, სადაც გადაწყდა, რომ შეექმნათ ცალკე სახელმწიფო თავის
ზონაშიც (სხვა გამოსავალი საბჭოთა მხარეს არც დარჩენოდა). 7 ოქტომბერს გერმანიის

3
სახალხო საბჭომ თავი დროებით სახალხო პალატად გამოაცხადა, ერთხმად მიიღო
კონსტიტუცია და დაამტკიცა მთავრობა. 11 ოქტომბერს კი შეიკრიბა მიწების დროებითი
პალატაც და ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ
იქნა ვილჰელმ პიკი. ამით ფაქტობრივად დასრულდა გერმანიის ორ ნაწილად დაყოფა.
გერმანიის ტერიტორიაზე უკვე ოფიციალურად არსებობდა ორი სახელმწიფო – გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
§2. მსოფლიოს დაყოფა ორ დაპირისპირებულ ბანაკად. სოციალისტური სისტემის
შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაწყებული დაპირისპირება
მხოლოდ გერმანიის საკითხით არ შემოფარგლულა და ის პრაქტიკულად ყველაფერში
მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა
საბჭოთა ჯარების მიერ აღმოჩნდა დაკავებული და სტალინმაც სწრაფად მოახერხა იქ
თავისთვის სასურველი რეჟიმების მოყვანა ხელისუფლების სათავეში, თუმცა საბჭოთა
ხელმძღვანელობის საბოლოო მიზნად კვლავინდებურად რჩებოდა მთელი მსოფლიოს
გაერთიანება ერთ სოციალისტურ სახელმწიფოში (სტალინის საახალწლო მიმართვა
პოლიტბიუროსადმი 1946 წელს). საპასუხოდ აშშ-ში შეიმუშავეს ე.წ. „შეკავების დოქტრინა“,
რომლის ავტორადაც იქცა ჯორჯ კენანი – საბჭოთა კავშირში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი
1945-1947 წლებში, რომელმაც 1946-1947 წლებში გამოაქვეყნა მთელი რიგი სტატიებისა
საბჭოთა საფრთხის შესახებ. სწორედ კენანის იდეებს ემყარებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი
ტრუმენის 1947 წლის 12 მარტის მიმართვა კონგრესისადმი, რომელიც „ტრუმენის
დოქტრინად” იქცა. ამ მიმართვის დამტკიცების შემდეგ ამერიკული ნაწილები და
შეიარაღება გაიგზავნა თურქეთსა და საბერძნეთში, რომლებსაც, ამერიკელების
თვალსაზრისით, გაწითლების საფრთხე ემუქრებოდათ. სტალინს ამ დროს მართლაც
განზრახული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დაკავება, შემდეგ კი ალბათ დაეხმარებოდა
ბერძენ კომუნისტებსაც, მაგრამ ამერიკული ჯარების თურქეთში განლაგების შემდეგ ეს
პრაქტიკულად გამოირიცხა, რადგანაც ეს აშშ-სთან ომის დაწყებას ნიშნავდა, იმ დროს კი
ბირთვული იარაღი მხოლოდ აშშ-ს გააჩნდა, რაც მას გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა.
1947 წლის 5 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა კემბრიჯის
კოლეჯში (ჰარვარდის უნივერსიტეტში შემავალი ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული
სასწავლებელი) გამოსვლისას წამოაყენა ევროპის ეკონომიკური აღორძინების გეგმა,
რომელიც ისტორიაში „მარშალის გეგმის“ სახელით შევიდა. ამ გეგმის თანახმად,
ამერიკული ფინანსური დახმარება (ეს არ იყო სესხი, ეს იყო უბრალოდ საჩუქარი) შეეძლო
მიეღო ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის, საბჭოთა კავშირსაც, და ამის სანაცვლოდ მას
არანაირი ვალდებულება არ დაეკისრებოდა. უნდა შექმნილიყო ხელმძღვანელი კომიტეტი,
რომელიც გაარკვევდა ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების საჭიროებებს და განსაზღვ-
რავდა მათ წილს. სწორედ ეს პუნქტი არ მოეწონა საბჭოთა ხელმძღვანელობას და უარი
განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე. საბჭოთა ხელმძღვანელობის პირდაპირი მითი-
თებით უარი განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე ე.წ. „სახალხო დემოკრატიების“
ქვეყნებმა: ალბანეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა,
იუგოსლავიამ და ბულგარეთმა. ასევე უარი თქვა ფინეთმაც, რომელიც მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ თავის საგარეო პოლიტიკას თითქმის მთლიანად მოსკოვის ნება-სურვილზე
აგებდა. ასე რომ, 1947 წლის 12-15 ივლისს პარიზში გამართულ კონფერენციაზე თავისი
თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე გამოთქვა 16-მა ევროპულმა სახელმწიფომ:
ინგლისმა, საფრანგეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, თურქეთმა, შვედეთმა,
დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ბელგიამ, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა,
ავსტრიამ და შვეიცარიამ. პოლიტიკური მიზეზებით (რათა არ მიეცათ სტალინისათვის

4
დამატებითი ბრალდებების საფუძველი) კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ
გერმანიის დასავლური ზონების წარმომადგენლებს. ამერიკული დახმარების
კოორდინაცისათვის 1948 წელს შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა.
უმოქმედოდ არც საბჭოთა მხარე დარჩენილა. მარშალის გეგმის საპასუხოდ საბჭოთა
კავშირმა შეიმუშავა ანალოგიური ეკონომიკური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო
სოციალისტური ქვეყნებისათვის. ასე შეიქმნა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო,
რომელშიც შევიდნენ სოციალისტური ქვეყნები.
ეკონომიკური აღორძინების გარდა, ამერიკელებს სჭირდებოდათ ევროპაში
სამხედრო ბლოკის შექმნაც. ჯერჯერობით მათი ევროპაში ყოფნა გამოიხატებოდა
საოკუპაციო სტატუსით. საჭირო იყო შექმნა ქმედითი ორგანიზაციისა, რომელიც
უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოებას საბჭოთა შემოტევისაგან იმ ხნით მაინც, რაც
დასჭირდებოდა ამერიკული ძალების გადმოსროლას ევროპაში. თავის მხრივ, საფრანგეთი
დამოუკიდებლადაც ცდილობდა მსგავსი საფრთხისათვის მომზადებას. 1947 წლის 4 მაისს
დიუნკერკში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ
ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1948 წლის 17 მარტს კი ბრიუსელში შეიქმნა ე.წ.
დასავლეთ ევროპის კავშირი – სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც
გაწევრიანდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჰოლანდია და ლუქსემბურგი.
მონაწილე მხარეები ვალდებული იყვნენ, აღმოეჩინათ ერთმანეთისათვის სამხედრო
დახმარება მათი ინტერესებისათვის რაიმე სახიფათო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში.
ოფიციალურად კავშირი მიმართული უნდა ყოფილიყო გერმანიის მხრიდან მომავალი
ხიფათის თავიდან ასაცილებლად. დასავლეთ ევროპის კავშირის შექმნას ვაშინგტონში
აღფრთოვანებით სრულიადაც არ შეხვდნენ, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირეს მას.
სამაგიეროდ, ამ კავშირის შექმნას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოთა მხარისაგან,
რომ ნათელი იყო – დასავლეთ ევროპის კავშირი საბჭოთა კავშირს ხელს უშლიდა.
დასავლეთის კავშირის შექმნის შემდეგ ამერიკელებმა დააჩქარეს სამხედრო ბლოკის
შექმნა. წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მარშალის გეგმაში მონაწილე ყველა
სახელმწიფოსთან, მაგრამ რამდენიმე ნეიტრალურმა სახელმწიფომ – ავსტრია, შვეიცარია,
შვედეთი, ირლანდია – უარი განაცხადეს სამხედრო ბლოკში მონაწილებაზე, საბერძნეთისა
და თურქეთის მიღება კი დროებით მიზანშეუწონლად ჩაითვალა. შედეგად, 1949 წლის 4
აპრილს ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას ხელი 12-მა სახელმწიფომ
მოაწერა (აშშ, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, დანია, ნორვეგია,
ისლანდია, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი). ასე შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაცია (North Atlantic Treaty Organization – NATO).
ევროპაში სამხედრო ბლოკის შექმნის შემდეგ აშშ-მ და ინგლისმა გადაწყვიტეს
მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც შეექმნათ მსგავსი ორგანიზაციები. ამას ხელს უწყობდა 1954
წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ფოსტერ დალესის მიერ წამოყენებული ე.წ.
„უკუგდების დოქტრინა“. გადაწყდა ბლოკების შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და
მახლობელ აღმოსავლეთში. 1954 წლის 6-8 სექტემბერს მანილაში გაიმართა კონფერენცია,
რომელზეც შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (South
East Asian Treaty Organization – SEATO). სეატო-ში შევიდნენ აშშ, ინგლისი, საფრანგეთი,
ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ტაილანდი და პაკისტანი. 1955 წელს კი ხელი
მოეწერა „ბაღდადის პაქტს“. თავდაპირველად, ეს იყო თურქეთ-ერაყის ხელშეკრულება
თანამშრომლობისა და თავდაცვის შესახებ (ხელი მოეწერა 1955 წლის 24 თებერვალს),
შემდეგ მას შეუერთდა დიდი ბრიტანეთი (1955 წლის 4 აპრილი), 23 სექტემბერს –
პაკისტანი, 3 ნოემბერს კი – ირანი.

5
ახალი ბლოკების შექმნის პარალელურად გრძელდებოდა ნატო-ს გაძლიერება და
ახალი წევრების მიღება. 1954 წლის 23 ოქტომბერს პარიზში მიაღწიეს შეთანხმებების
მთელ წყებას გფრ-სთან ურთიერთობების შესახებ: გფრ-ში საოკუპაციო რეჟიმის დასრუ-
ლების შესახებ; გფრ-სა და სამ დასავლურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შესახებ
გფრ-ს ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალებისა და მათი პერსონალის ყოფნისა
და უფლებების განხრით; ბრიუსელის 1948 წლის ხელშეკრულების გადასინჯვისა და
გაფართოების შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ
და ა.შ. პარიზში გადაწყდა გფრ-სა და იტალიის შეყვანა დასავლეთ ევროპის კავშირში. გფრ-
ს ნება დაერთო, ჰყოლოდა არმია 12 სახმელეთო დივიზიის შემადგენლობით, სამხედრო-
საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ფლოტები, თუმცა აეკრძალა ბირთვული და მასობრივი
განადგურების სხვა სახის იარაღების წარმოება. 1955 წლის 8 მაისს, ევროპაში ომის
დამთავრების 10 წლისთავზე, გფრ ოფიციალურად გახდა ნატო-ს წევრი.
ბუნებრივია, საბჭოთა მხარის რეაქცია ამ გადაწყვეტილებებზე ძალიან მძაფრი იყო.
1954 წლის ოქტომბრიდან 1955 წლის მაისამდე საბჭოთა კავშირი ყველანაირად
ცდილობდა, გადაეთქმევინებინა დასავლური სახელმწიფოებისათვის გფრ-ს ნატოში
შეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა ეს. მაისში კი სსრკ უკვე აქტიურ დიპლომატიურ დემარშებზე
გადავიდა. 1955 წლის 7 მაისს სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოახდინა 1942 წლის
სსრკ-ინგლისისა და 1944 წლის სსრკ-საფრანგეთის ხელშეკრულებების დენონსირება, 11-14
მაისს კი ვარშავაში გაიმართა სსრკ-ს, ალბანეთის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის,
ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და გდრ-ს წარმომადგენლების თათბირი,
რომელზეც 14 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და
ურთიერთდახმარების შესახებ. ასე შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
§3. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და პირველი ებრაულ-არაბული ომი. მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელმაც
დიდი გავლენა იქონია მთლიანად მსოფლიო პოლიტიკაზე, იყო პალესტინის საკითხი.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის ხელთ აღმოჩნდა და
1922 წელს ერთა ლიგამ მას გადასცა მანდატი. ინგლისელების მმართველობის პერიოდში
ტერიტორიაზე მკვეთრად გაიზარდა ებრაელ მოსახლეთა რიცხვი, რამაც გამოიწვია
პალესტინელებისა და არაბების წინააღმდეგობა. საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაული მოსახლეობის
ნაწილი ასევე პალესტინაში, აღთქმულ მიწაზე გადასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ყველა სამანდატო ტერიტორია, პალესტინის გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.
1947 წლისთვის ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა
პალესტინა, სადაც ამ დროისთვის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და შეიარაღებული
თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შედეგად, საკითხი განსახილველად გადაეცა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი კომიტეტი შექმნა.
ბრიტანელებს სურდათ პალესტინაში ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც
ებრაელებსაც და პალესტინელებსაც თანაბარი უფლებები ექნებოდათ, თუმცა კომიტეტმა
დაასკვნა, რომ უმჯობესი იყო ტერიტორიის ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაყოფა
(ამასთან, იერუსალიმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა აღმოჩენილიყო) ერთიანი
ეკონომიკური ზონით. საზღვრების შემდგომი დაზუსტების შემდეგ, 1947 წლის 29 ნოემბერს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ჩატარდა კენჭისყრა,
რომლის დროსაც ამ გეგმას ხმა მისცა 33-მა სახელმწიფომ (მათ შორის, აშშ-მ, სსრკ-მ და
საფრანგეთმა), 13 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 10-მა ან საერთოდ არ მიიღო
მონაწილეობა, ან თავი შეიკავა (მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა). ვინაიდან

6
ესიყო ხმების საჭირო რაოდენობა (2/3 კენჭისყრაში მონაწილე არათავშეკავებული
სახელმწიფოთაგან), გეგმა დამტკიცდა. რამდენიმე დღეში კი დიდი ბრიტანეთის
მთავრობამ განაცხადა, რომ მანდატი შეწყდებოდა 1948 წლის 15 მაისს.
რეზოლუციის მიღებისთანავე პალესტინაში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება,
რომელიც 1948 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. მიმდინარეობდა მოსახლეობის
განდევნა საკუთარი სახლებიდან, რაც ხშირად იმით იყო გამოწვეული, რომ გაყოფის
შედეგად პალესტინელების დიდი ნაწილი ებრაულ ზონაში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი
მხოლოდ უფრო დიდი დაპირისპირების პრელუდია აღმოჩნდა. ფართომასშტაბიანი
საბრძოლო მოქმედებები დაიწყო უკვე 1948 წლის მაისში. 14 მაისს, ბრიტანეთის მანდატის
შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, ებრაელთა ლიდერმა დავიდ ბენ-გურიონმა გამოაცხადა
ისრაელის დამოუკიდებლობა, მეორე დღეს კი ყოფილ სამანდატო ტერიტორიაზე შევიდნენ
ტრანსიორდანიის,1 ეგვიპტის, სირიის, ერაყისა და ლიბანის2 ჯარები (მცირე ხანში მათ
შეუერთდნენ მოხალისეები საუდის არაბეთისა და იემენიდან). ასე დაიწყო ისრაელ-
არაბების პირველი ომი („ისრაელის ომი დამოუკიდებლობისათვის“), რომელშიც, ერთი
შეხედვით, არაბულ სახელმწიფოებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ. თავდაპირველად,
ისინი ებრაელებს აღემატებოდნენ როგორც სამხედრო ძალების რაოდენობით, ისე მათი
გაწვრთნითა და შეიარაღებით. არაბების მიზანი იყო ებრაული სახელმწიფოს უბრალოდ
განადგურება. ებრაელებს პირველ ეტაპზე მხოლოდ მოწინააღმდეგის მოგერიებაზე
ჰქონდათ აქცენტი გადატანილი, თუმცა, თანდათანობით, ვითარება შეიცვალა. ომის
დაწყების შემდეგ მოიხსნა პალესტინაში ებრაელების მიგრაციასთან დაკავშირებული
შეზღუდვები, რომლებიც ბრიტანელებს ჰქონდათ დაწესებული მანდატის მოქმედების
პერიოდში. ამის შედეგად, სულ მალე ისრაელის არმიამ რაოდენობით გადააჭარბა არაბულ
შენაერთებს. ივნისიდან მოყოლებული კი ებრაელები იღებდნენ შეიარაღებას
ჩეხოსლოვაკიიდან, რამაც მათი შანსები მკვეთრად გაზარდა.
ომის განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა და გაერთი-
ანებული ერების ორგანიზაციის შვედი წარმომადგენელი გრაფი ფოლკე ბერნადოტი
ცდილობდა შეთანხმების მიღწევას, მაგრამ მისი გეგმა ორივე მხარისთვის მიუღებელი
აღმოჩნდა. 17 სექტემბერს კი ბერნადოტი იერუსალიმში ებრაულმა დაჯგუფებამ მოკლა.
წარმატებას ვერც მისმა შემცვლელმა მიაღწია. ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებები
განახლდა და ინიციატივა უკვე თითქმის მთლიანად ებრაელთა მხარეს გადავიდა. მათ არა
მარტო თავის კუთვნილ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, არამედ ხელთ იგდეს
პალესტინისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დიდი ნაწილი და დასავლეთ იერუსალიმი
(ჯამში, ყოფილი სამანდატო ტერიტორიის 78%). თავის მხრივ, ეგვიპტემ დაიკავა ღაზას
სექტორი, ხოლო იორდანიამ – პალესტინელთა სახელმწიფოსთვის განკუთვნილი დარჩე-
ნილი ტერიტორია (ე.წ. მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირი) და აღმოსავლეთ იერუსალიმი.
ყოველივე ეს დადასტურებულ იქნა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის 1949
წლის თებერვალ-ივლისში გაფორმებული დაზავებებით. ომის დასკვნით ეტაპზე ებრაელ
სამხედროებში არსებობდა გეგმა, რომ გასულიყვნენ მდ. იორდანეზე, რომელიც თავდაც-
ვისთვის ბუნებრივი ზღუდე იყო, მაგრამ ბენ-გურიონმა უარი თქვა მასზე, რათა არ გაეფუ-
ჭებინა ურთიერთობები აშშ-სთან და თავიდან აეცილებინა ისედაც ისრაელის წინააღმდეგ
განწყობილი დიდი ბრიტანეთის ჩარევა. ეს გეგმა მოგვიანებით, ისრაელ-არაბების III ომის

1
1946 წელს დამოუკიდებლობის მიღებიდან 1949 წლამდე იორდანიას ოფიციალურად ტრანსიორდანიის
სამეფოს სახელით ეწოდებოდა.
2
ლიბანის ჯარები მონაწილეობა ომში შეზღუდული იყო და 1948 წლის ივნისის შემდეგ შეწყდა.

7
(ე.წ. „ექვსდღიანი ომი“) დროს განხორციელდა. ამ პერიოდში კი ებრაელებმა თავისი
მიზნები შეასრულეს: შეინარჩუნეს სახელმწიფო და განავრცეს კიდეც ის.
§4. კორეის ომი. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში შექმნილი მძიმე
სიტუაცია სულაც არ გამორიცხავდა იმას, რომ დაწყებულიყო ომი აშშ-სა და საბჭოთა
კავშირს შორის, მაგრამ 1949 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის მიღებამ
პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნებს შორის უშუალო სამხედრო
დაპირისპირება. სამაგიეროდ, მათ მალე მოახერხეს ლოკალური კონფლიქტის მოწყობა.
„ექსპერიმენტისათვის“ გამოყენებული იქნა კორეა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონური ოკუპაციისაგან განთავისუფლებული
კორეა, ფაქტობრივად, ორ ნაწილად აღმოჩნდა გაყოფილი: ჩრდილოეთს აკონტროლებ-
დნენ პროკომუნისტური ძალები კიმ ირ სენის მეთაურობით, სამხრეთში კი მთავრობაში
მოვიდნენ პროდასავლური ძალები, რომელთაც ლი სინ მანი ხელმძღვანელობდა. ქვეყანა
გაყოფილი იყო 38 პარალელის გასწვრივ და ორივე მხარეს, რასაკვირველია, სურდა ქვეყნის
გაერთიანება, ოღონდ თავისი ხელმძღვანელობით. 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის
შეიარაღებულმა ნაწილებმა გადალახეს საზღვარი და შეიჭრნენ სამხრეთ კორეაში. ამ
აქციას წინ უძღოდა კიმ ირ სენის ვიზიტი მოსკოვში, სადაც მან სრული თანხმობა და
მხარდაჭერა მიიღო სტალინისაგან ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩრდილოკორეელთა
შეტევა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სამხრეთელებმა მათ ვერანაირი წინააღ-
მდეგობა ვერ გაუწიეს. სულ რაღაც ორ კვირაში ჩრდილოელებმა თითქმის მთელი სამხრეთ
კორეა დაიკავეს საპორტო ქალაქ პუსანის გარდა. 1950 წლის 27 ივნისს გაეროს უშიშროების
საბჭომ მიიღო დადგენილება სამხრეთ კორეისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის
შესახებ, 7 ივლისს კი რეგიონში გაგზავნილ ამერიკულ ჯარებს მიენიჭათ „გაეროს ჯარების“
სტატუსი. მათ მთავარსარდლად დაინიშნა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური.
ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა წარმომადგენელი
გაეროში ახდენდა უშიშროების საბჭოს სხდომების ბოიკოტირებას, რისი მიზეზიც იყო
უშიშროების საბჭოში ტაივანის წარმომადგენლის ყოფნა (საბჭოთა მხარე მოითხოვდა, რომ
ეს ადგილი გადასცემოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელს, აშშ კი
გამოდიოდა ტაივანზე გახიზნული ჩინეთის გომინდანის მთავრობის დაცვით).
ოპერაცია სამხრეთ კორეაში დესანტირების შესახებ ამერიკელების მიერ უმაღლეს
დონეზე ჩატარდა. მათ შეძლეს მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა და 1 ოქტომბრისათვის
გაათავისუფლეს სამხრეთ კორეის მთელი ტერიტორია. ამავე დღეს მათ გადალახეს 38-ე
პარალელი, ხოლო 7 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მისცა მათ ჩრდილო
კორეის დაკავების უფლება. ამერიკელებმა მალე აიღეს ფხენიანი და რამდენიმე ადგილას
გავიდნენ კორეა-ჩინეთის საზღვარზე. კიმ ირ სენმა თავი ტყეებს შეაფარა, მაგრამ ამ დროს
მოსკოვში უკვე იპოვეს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. საბჭოთა კავშირი და ჩინეთი
შეთანხმდნენ, რომ სსრკ უზრუნველყოფდა ჩინეთის არმიას აუცილებელი სახსრებით, ეს
უკანასკნელი კი უშუალოდ ჩაებმებოდა ომში ამერიკელების წინააღმდეგ. მართლაც, 25
ოქტომბერს 300 ათ. ჩინელი ჯარისკაცი ჩაება ამ კონფლიქტში. ჩინელების ჩართვამ ომში
შეცვალა ძალების თანაფარდობა და 1951 წლის იანვრისათვის მათ არათუ დაატოვებინეს
ამერიკელებს ჩრდილოეთ კორეა, არამედ სეულიც კი აიღეს. ამის შემდეგ ომის
მსვლელობაში კიდევ რამდენიმეჯერ მოხდა ცვლილება, საბოლოო ჯამში, აღდგა
ომამდელი სტატუს-ქვო და საზღვარი კვლავ 38-ე პარალელზე დაფიქსირდა. 1953 წლის 27
ივლისს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც პრაქტიკულად
დააკანონა არსებული ვითარება. ეს კონფლიქტი დღესაც კი არ არის საბოლოოდ
გადაწყვეტილი და კორეის ნახევარკუნძული ორ ნაწილად არის დაყოფილი.

You might also like