Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

დიურენმატის დეტექტივი - რა არის ჩვეულებრივი და რა - არა

ქალაქ ბერნის პოლიციის ლეიტენანტს, ულრიჰ შმიდს კლავენ. მკვლელი


გამომძიებელია, ტშანცი, რომელსაც მისი მდგომარეობის შურს. კომისარი ბერლახი
ყველაფერს ხვდება და ამ შემთხვევას მარჯვედ იყენებს თავის ძველ მტერზე,
გასტმანზე შურისძიებისთვის. ბერლახი მოსამართლის ფუნქციას ითავსებს, ტშანცს
განზრახ ირჩევს მოადგილედ და დამნაშავეს ჯალათადაც აქცევს, რათა გასტმანი,
რომელიც ლამის მთელი ცხოვრებაა, რაც სიმართლის აღმოჩენის შეუძლებლობას
ამტკიცებს, საბოლოოდ გაანადგუროს. ასეთია ფრიდრიჰ დიურენმატის დეტექტიური
რომანის „მოსამართლე და მისი ჯალათი“ ძალიან მოკლე შინაარსი. რაც შეეხება
ავტორის მთავარ ოინს - ტექსტის დასასრულამდე გვგონია, რომ შმიდის მკვლელი ან
გასტმანია, ან მისი რომელიმე ხელქვეითი, ბოლოს კი აღმოვაჩენთ, რომ ვცდებით და
ერთადერთი, ვინც მთელი რომანის განმავლობაში იცოდა სიმართლე, ბერლახია.

მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივი, როგორც ჟანრი, ჩემთვის დიდად საინტერესო


არაა, აღსანიშნავი მგონია მისი სტრუქტურა. ჟანრის კანონები, რომელთა
დარღვევა/დაცვა განაპირობებს ტექსტის უნარს, გააკვირვოს მკითხველი.

მაგალითად, რონალდ ნოქსი გვთავაზობს დეტექტიური ლიტერატურის ათ მცნებას,


რომელთაგანაც ორს დიურენმატი არღვევს, რადგან, ერთი მხრივ, მაძებარი სჩადის
ბოროტმოქმედებას, მეორე მხრივ კი, მაძებარი სამხილების აღმოჩენისთანავე არ
გვიხსნის, რა სამხილები იპოვა (შმიდის საქაღალდეში რა საბუთებია, ამას
მოგვიანებით ვიგებთ, თავიდან კი მხოლოდ ის ვიცით, რომ რაღაცით
მნიშვნელოვანია მათი არსებობის ფაქტი).

როგორც ოსტინ ფრიმენი განსაზღვრავს, დეტექტიური რომანის სიუჟეტი ოთხი


ნაწილისგან შედგება: „1) პრობლემის ჩამოყალიბება; 2) მისი გადაწყვეტისთვის
საჭირო მონაცემების („სამხილების“) მითითება; 3) მაძებრის მიერ გამოძიების
დასრულება და დასკვნის გაცხადება; 4) ამ დასკვნის არგუმენტირება სამხილთა
(მტკიცებულებების) წარმოდგენის მეშვეობით“.
ამ შემთხვევაში, ოთხივე ეტაპს თანმიმდევრულად გავდივართ. პრობლემა მოკლული
შმიდია, სამხილებად მანქანა, მკვლელობის ადგილი, ტყვია გვევლინება,
გამომძიებელი დასკვნას მკითხველსა და ბრალდებულს ერთდროულად აცნობს და
ბოლოს არგუმენტაციასაც გვთავაზობს ვახშმის მიმდინარეობისას. დიურენმატი, ამ
თვალსაზრისით, ტრადიციულ დეტექტივს წერს.

ტრადიციულობის დასამტკიცებლად, კიდევ რამდენიმე ნიშნის გამოყოფაა


შესაძლებელი.

ვფიქრობ (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის), რომ დეტექტივის ძირითადი


პრინციპი ამოცნობის გაუთავებელი მცდელობები და საბოლოოდ, ამოცნობაა.
იმისთვის, რომ ამოცნობა ეფექტური და დამაკმაყოფილებელი იყოს, მწერალმა
კონკრეტული პრინციპები უნდა დაიცვას. თუ დეტექტივების მწერალს
ილუზიონისტს შევადარებთ, მაშინ გასტმანის დანაშაულებრივი ცხოვრების აღწერა
შეგვიძლია ყურადღების გადატანის გზად მივიჩნიოთ („ეს ყველაფერი წააგავს
ფოკუსს, რომლის დროსაც ილუზიონისტი ყურადღებას გადაგატანინებთ უხერხულ
ან შეუსაბამო მოქმედებებზე, რომლებიც გადაფარავენ კარტების გადანაცვლების
მომენტს, რაც მსუბუქად გაგაოცებთ და გაგართობთ“ (ედმუნდ უილსონი). გასტმანის
წარსულის ხაზგასმით, ავტორს სურს გვაფიქრებინოს, რომ სწორ კვლაზე ვდგავართ
და დამნაშავე ისაა. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე იგი, დამნაშავე,
რომელმაც კოლეგა შურისა თუ მისი ჩანაცვლების სურვილის გამო მოკლა, ნაკლებ
ყურადღებას იქცევს, გასტმანზე დაკვირვებაში გართულს გვიანღა გვახსენდება, რომ
ბერლახს იარაღი თავადაც ჰქონდა, როცა ძაღლი დაესხა თავს, მაგრამ მაინც ტშანცს
მოუწია იარაღის გამოყენება, რაც, წესით, მიანიშნეს უნდობლობაზე, რაღაცის
გადამოწმების სურვილზე და ა.შ.

ფრიმანს ეკუთვნის ბოროტმოქმედის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო


განსაზღვრება - ბოროტმოქმედი არის მოთამაშე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ
თამაშობს. დიურენმანტთან ამ თამაშში მკითხველი იმარჯვებს. არა მარტო იმიტომ,
რომ ტექსტში ნამდვილად მარცხდება ტშანცი, არამედ იმიტომაც, რომ მის მარცხს წინ
უსწრებს ზემოხსენებული ამოცნობა. მკითხველისთვის ყველაზე სასიამოვნო ხომ ის
მომენტია, როცა გამომძიებელი რჩება სცენაზე დამნაშავის პირისპირ და სანამ
დამნაშავე გაიგებს, რომ მისი დამნაშავეობა დამტკიცებულია, მკითხველმა უკვე იცის,
რომ მაძებარმა კვალს მიაგნო და წინასწარ ტკბება ამ მიგნების გაჟღერების
მოლოდინში.

თუმცა, სხვა ვერსიით, მოთამაშე არა ბოროტმოქმედი, არამედ გამომძიებელია.


ჩარლზ ჯეი ჯეპკას აზრით, დეტექტიური რომანი თამაშია, გამომძიებელი და
მკითხველი კონკურენტები არიან, ავტორი კი მსაჯია. ამ ლოგიკით, გასაგები ხდება,
რატომ უმალავს ხოლმე თავის ვარაუდებს გამომძიებელი მკითხველს. მას არ სურს,
რომ თავის „მეტოქეს“ დროზე ადრე შეატყობინოს ნამდვილი ბოროტმოქმედის
ვინაობა და ცდილობს, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს ის უპირატესობა,
რომელსაც მას სამხილებზე წვდომა და სიმართლის ცოდნა ანიჭებს. ავტორი კი
მკითხველისა და გამომძიებლის ურთიერთობას არეგულირებს, რათა ამბავი
მეტისმეტად ბუნდოვანი არ იყოს და ორივე „მოთამაშე“ თანაბარ პირობებში
აღმოჩნდეს.

ყველაფერთან ერთად, დეტექტიური ტექსტისთვის აუცილებელია დამაჯერებლობა.


გამაოგნებელი აღმოჩენები აზრს კარგავს, თუკი ამ აღმოჩენებს ლოგიკური
საფუძველი არა აქვს. მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ მკვლელი შტანცი
მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის გასტმანზე ეჭვობდა და ავტორმა მისი მოტყუება
განიზრახა. თავიდანვე ყველაფერი უნდა მიანიშნებდეს დამნაშავეზე, ოღონდ ეს
„ყველაფერი“ მხოლოდ მაშინ უნდა გახდეს ცხადი, როცა დამნაშავის ვინაობას
გავიგებთ. სწორედ ამაზე საუბრობს ფრიმენი, როცა აღნიშნავს, რომ საიდუმლო
ფაქტის განმარტებისთვის ყველა მონაცემს უნდა გვთავაზობდეს ავტორი, მაგრამ
არათანმიმდევრულად და შეუმჩნევლად. ისე, რომ ჭეშმარიტება შენიღბული დარჩეს.
თუმცა, ამ ფაქტებს, ცხადია, თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს, რომელიც დასასრულს
გახდება საცნაური, რისი დამსახურებითაც, კვანძის გახსნისას აღარ დაგვრჩება
შთაბეჭდილება, რომ ავტორმა სულ სხვა ძაფის ბოლოები შეგვაჩეჩა ხელში, რათა
როგორმე გავეოცებინეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „დასკვნა აუცილებლად და
გარდუვალად უნდა გამომდინარეობდეს წანამძღვრებიდან; ეს უნდა იყოს
ერთადერთი შესაძლო დასკვნა, რომლის უცილობლობაში კომპეტენტურ მკითხველს
ეჭვი არ შეეპარება“ (ფრიმენი).

გარდა წმინდად დეტექტიური ელემენტებისა, დიურენმატი გვთავაზობს საინტერესო


წყვილს: მდევარსა და დევნილს (ოღონდ არავინ იცის, რომელია მდევარი და რომელი
- დევნილი). ბერლახი და გასტმანი არიან ადამიანები, რომლებიც რომანს, რომელიც
მათ გარეშე არაფრით გამორჩეული დეტექტივი იქნებოდა, ეგზისტენციალურ
სიღრმეს ანიჭებენ. ვგულისხმობ იმას, რომ მათი ურთიერთობა ნათლად გვიჩვენებს,
როგორ შეიძლება გადაეჯაჭვოს ორი ადამიანის ეგზისტენცია ერთმანეთს და როგორ
გახდეს ერთის არსებობა დამოკიდებული მეორეზე. ესაა მტანჯველი კავშირი,
რომელიც ორივეს ცხოვრებას ერთმანეთის ცხოვრებაზე თვალთვალად აქცევს.
აიძულებს ორივეს, რომ იმოქმედონ და იცხოვრონ ერთმანეთის დასანახად და
ერთმანეთისთვის. სანაძლეო თუ მუქარა, რომელიც წლების წინ წარმოითქვა, მათი
პიროვნების განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი
არსებობენ მხოლოდ როგორც წყვილი და არა ცალკეული ადამიანები. მათი
ერთადერთი იდენტობა მდევრისა და დევნილის იდენტობაა.

როგორც დეტექტიური ტექსტი, ამოცნობებისა და ჟანრის კანონების


გათვალისწინების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ „მოსამართლე და მისი ჯალათი“
არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ხსენებული წყვილი, რომელიც მის ცენტრში დგას,
ცვლის კონტექსტს - გამოძიება და დამნაშავის ძებნა უკიდურესად დაძაბულ
ორთაბრძოლად იქცევა. თანაც, დეტექტივებისთვის დამახასიათებელი ე.წ „სულელი
მეწყვილის“ ნაცვლად, რომელიც ყველაფერს ყველაზე ბოლოს ხვდება და ნაკლებად
ჭკვიანია, ვიდრე მკითხველი, აქ გამომძიებლის თანაშემწე თავადაა მკვლელი, ხოლო
ის, ვისზეც თავდაპირველად გვქონდა ეჭვი, „უდანაშაულო დამნაშავეა“. ესე იგი,
ზოგადად ბოროტმოქმედია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიუძღვის
ბრალი.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ის, რაც დიურენმატის ტექსტს ორიგინალობას ანიჭებს,


მისი პერსონაჟებია, სიუჟეტურად კი ახალი არაფერი - ვიღაც მოკლეს, საქმე
გამოიძიეს, ბოლოს მკითხველებს ყველაფერი აგვიხსნეს და დამნაშავე დასაჯეს.
ფარდა.

ბიბლიოგრაფია:

Rzepka, Charles j. 2005, Detective Fiction, camridge: Polity Press

ფრიმენი, ოსტინ რ. 2021, დეტექტივების წერის ხელოვნება, https://bit.ly/3JgVaeS


(23.01.2023)

ნოქსი, რონალდ ნოქსი, 2021, დეტექტიური ლიტერატურის 10 მცნება,


https://bit.ly/3kzWvDB (23.01.2023)

უილსონი, ედმუნდ უილსონი, 2021, რატომ ვკითხულობთ დეტექტივებს?,


https://bit.ly/3QYGK50 (23.01.2023)

You might also like