Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

რენესანსი და ქრისტიანობა.

რენესანსი (XIV-XVI სს.)


უკვე დიდი ხანია, რაც სიტყვა „რენესანსი“ კულტურული აღორძინების
სინონიმად იქცა. ითვლება, რომ რენესანსი XIV საუკუნის იტალიაში, კერძოდ,
ფლორენციაში დაიბადა. რენესანსული მსოფლმხედველობა მთლიანად
ინდივიდუალიზმსა და ჰუმანიზმს ეფუძნება და ყველაზე მეტად ლიტერატურასა და
ფერწერაში შეიმჩნევა. რენესანსული მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო
წარმომადგენელია ფრანჩესკო პეტრარკა და მისი იდეები.
რენესანსული მოძრაობა ღიად არასოდეს დაპირისპირებია ეკლესიას, თუმცა
ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვნად დაშორდა შუა საუკუნეების ქრისტიანობის
მსოფლმხედველობრივ პრინციპებს.
ჩვენ სტატიის დასაწყისშივე გვინდა მოკლედ შევეხოთ რენესანსული
მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ასპექტებს; ჰუმანისტები1 არ ეთანხმებოდნენ
ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის დაცემული/ცოდვილი ბუნების შესახებ.
პირიქით, ჰიმანისტებს სწამდათ, რომ ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი სიკეთე,
ღირსება და ინტელექტუალური შესაძლებლობების რწმენა. ანტიკური ეპოქის
მოაზროვნეების მსგავსად, ჰუმანისტებს სწამთ, რომ ცოდვის ერთადერთი მიზეზი
გაუნათლებლობაა და თუ ადამიანი ცრურწმენებისაგან გათავისუფლდება, მის
გონებას ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ჰუმანისტები ადამიანის ღირსებას
ხედავდნენ ადამიანის განსაკუთრებულობასა და განუმეორებლობაში. ამგვარი
ხედვა აღორძინების ეპოქის ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
როგორც ცნობილია, ქრისტიანული სიწმინდე მიმბაძველობას ეფუძნება.
ქრისტიანი ქრისტეს ან წმინდანის მიბაძვას ცდილობს (შუშანიკი, აბო, გრიგოლი).
ამის საპირისპიროდ, ფრანჩესკო პეტრარკა თავის მიმდევრებს ურჩევდა,
არავისთვის მიებაძათ, რათა საკუთარი უნიკალური ინდივიდუალობა არ ჩაეკლათ.
აღორძინების ეპოქაში თვალში საცემია კლასიკური ანტიკური
ლიტერატურისა და ხელოვნების განსაკუთრებული თაყვანისცემა. ჰუმანისტები
მთელი არსებით/ძალიან ცდილობდნენ ანტიკური მსოფლმხედველობრივი და
კულტურული ღირებულებების აღორძინებას; დიდი ყურადღებით იკვლევდნენ და
ბაძავდნენ ანტიკური ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშებს.

1 ჰუმანიზმი (ლათ. humanus, ადამიანისეული, ადამიანური, განათლებული) — მიმდინარეობა


ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე
მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და
ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის
შეცვლით.
რენესანსის ეპოქაში შუა საუკუნეების შემდეგ პირველად ხდება, რომ
ინტელექტუალურ ცხოვრებას წარმართავენ არა საეკლესიო პირები, არამედ საერო
პირები; პირველი ჰუმანისტები იყვნენ მეცენატის (მაგალითად, მედიჩების ოჯახი)
გარშემო შემოკრებილი ანტიკურ ლიტერატურაზე შეყვარებული ახალგაზრდები,
რომლებიც უმეტესწილად კლასიკური ტექსტების თარგმნითა და შესწავლით იყვნენ
დაკავებულნი.
აღორძინების ეპოქაში პირველად გამოჩნდა ასევე ეკლესიისაგან
დამოუკიდებელი ისეთი საერო სკოლები, სადაც მოსწავლეები ჰუმანისტურ, ანუ
ანტიკურ ტექსტებზე (humanitas) დაფუძნებულ განათლებას იღებდნენ და არა
წმინდა წერილზე/ბიბლიაზე დაფუძნებულს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რენესანსი იტალიის ქალაქ ფლორენციაში
ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში. გვიანდელი შუა საუკუნეებიდან დაწყებული ის
ყველაზე განვითარებული რეგიონი იყო ევროპაში ურბანული და კომერციული
თვალსაზრისით. იმ დროს იტალიაში ყველაზე მეტად დასახლებული და
მრავალრიცხოვანი ქალაქები არსებობდა. ეს ურბანისტული ასპექტი ძალიან
აახლოვებდა მას ანტიკურ სამყაროსთან, რომლის ცივილიზაციაც ქალაქურ
ცხოვრებაზე იყო დაფუძნებული. იტალიის ქალაქებიდან ბევრი დიდ როლს
თამაშობდა ბიზანტიის იმპერიასა და დასავლეთ ევროპას შორის არსებულ
კომერციულ ურთიერთობებში; ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ვენეცია, თვით
ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლსაც კი ეჯიბრებოდა სიმდიდრითა და
კომერციული აქტიურობით. სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, იტალიის
ეკონომიკა უფრო მეტად იყო დამოკიდებული ფულზე, ვიდრე მიწათმფლობელობაზე,
რამაც მის ქალაქებს სხვებზე მეტი ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა
მოუტანა.
როგორც ვნახეთ, აღორძინების/რენესანსის მოძრაობაში წამყვანი როლი
ეჭირა საერო ფენას (და არა სასულიეროს). ამ საერო ფენას წარმოადგენდნენ
მოსამართლეები, ნოტარიუსები და რიტორიკის მასწავლებლები. ამას თავისი ახსნა
აქვს; მოსამართლეებსა და ნოტარიუსებს კანონებთან აქვთ საქმე. კანონის სწორი
ჩამოყალიბება და სასამართლო პროცესებზე კამათი დიდ ტერმინოლოგიურ
სიზუსტეს მოითხოვს. ამან მოსამართლეები და ნოტარიუსები იძულებული გახადა,
კარგად გაცნობოდნენ ძალიან მდიდარ და ტერმინოლოგიურად დახვეწილ ანტიკურ
იურისპრუდენციას2, რაც მათ ლათინური ენის კარგ ცოდნას აძლევდა და ანტიკური
ლიტერატურის კითხვისკენაც უბიძგებდა. შესაბამისად, ხალხს უფრო მეტი შეხება
ჰქონდა ლიტერატურასთან ახლა, ვიდრე შუა საუკუნეებში.
იტალია სხვა ასპექტითაც იყო მნიშვნელოვანი. ევროპაში არსად გვხვდება
ანტიკური სამყაროს კულტურული წარსულის იმდენი მატერიალური გადმონაშთი,
რამდენიც იტალიაში. ეს გარემოება გამუდმებით მოაგონებდა იტალიელებს
ანტიკური კულტურის მშვენიერებას და მათ ნაციონალურ სიამაყეს წარმოადგენდა.

2 სამართალმცოდნეობა, სამართლის შესახებ მეცნიერებათა ერთობლიობა.


იტალია ანტიკური სამყაროს არა მხოლოდ მატერიალური გადმონაშთებით
იყო მდიდარი; ბარბაროსების შემოსევებისა და ხალხთა დიდი გადასახლების
ეპოქაში, იტალიის გარდა თითქმის ყველგან დაიკარგა ანტიკური ლიტერატურის
ნიმუშები. იტალია, ახლოს იდგა არა მარტო ძველ ლათინურ ლიტერატურულ
სამყაროსთან, არამედ ბერძნულთანაც. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს,
იტალიაში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო შუა
საუკუნეების კულტურული და ესთეტიკური გავლენა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ
გოთური (ანუ ბარბაროსული) არქიტექტორული სტილით აგებული ტაძრები არსად
გვხვდება იტალიაში (მილანის გარდა).
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც რენესანსის
წარმოშობასა და მის შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი, XIV-XVI საუკუნეებში
ეკლესიის ავტორიტეტის მკვეთრი დაცემაა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი
იტალიაში. იმ ეპოქაში ეკლესიის ავტორიტეტის დაქვეითება არაერთმა ფაქტორმა
გამოიწვია, მათგან შეიძლება სამი უმთავრესი გამოვყოთ. პირველი
უმნიშვნელოვანესი მიზეზი უდავოდ კათოლიკური ეკლესიის ბევრი მაღალი
იერარქის წრეგადასული სიმდიდრე, ფუფუნებით ცხოვრება და თვალშისაცემი
გარყვნილება იყო. ბუნებრივია, რომ რომის საყდარი ყოველთვის გამოირჩეოდა
სიმდიდრითა და დიდებულებით, მაგრამ ინდულგენციებით3 ვაჭრობამ, რომლის
შედეგად მთელი კათოლიკური სამყაროდან კოლოსალური თანხა მიედინებოდა
იტალიაში და ამ ყველაფერმა რომის ეკლესიებს აურაცხელი სიმდიდრე მოუტანა;
სიმდიდრეს თან მოჰყვა ფუფუნებით ცხოვრება და გარყვნილება.
იტალიელების კათოლიკური ეკლესიისადმი უკმაყოფილებას
პოლიტიკურ-ნაციონალური მიზეზიც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ რომის პაპებმა
ნეგატიური როლი ითამაშეს იტალიის გაერთიანების მცდელობისას. იტალიური
ქალაქ-სახელმწიფოების პოლიტიკური ცხოვრებას ორი პოლიტიკური პარტია
მართავდა - გველფები და გიბელინები. გველფების პარტია მხარს უჭერდა პაპების
პოლიტიკურ ძალაუფლებას, გიბელინების პარტია კი — რომის წმინდა იმპერიის
იმპერატორს. საუკუნეების განმავლობაში პაპები ძალისხმევას არ იშურებდნენ,
რათა იტალიის ცენტრალური ტერიტორიები ეკლესიისთვის/წმინდა საყდრისთვის
დაექვემდებარებინათ. ამან, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა ქვეყნის პოლიტიკურად
გამაერთიანებელი ნაციონალური ძალისხმევის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
დასავლეთში კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის დაცემის მესამე მიზეზი
თავად პაპობის ინსტიტუტის იმდროინდელ პრობლემებს უკავშირდება. პაპები
ხშირად არ თაკილობდნენ პოლიტიკურ ინტრიგებს, რასაც შეუძლებელია მათ პირად
ავტორიტეტსა და, კათოლიკური ეკლესიის ბუნებიდან გამომდინარე, მთელი
ეკლესიის ავტორიტეტზე უარყოფითად არ ემოქმედა.

3ინდულგენცია — რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი. ინდულგენციებით


ვაჭრობა გავრცელებული იყო ძირითადად გერმანიაში, XV-XVI საუკუნეებში. გერმანული
კათოლიკური ეკლესია ირწმუნებოდა, რომ ვინც ინდულგენციას შეიძენდა, გათავისუფლდებოდა
როგორც წარსულში, ასევე მომავალში ჩადენილი ცოდვებისაგან. გარდაცვალების შემდეგ კი ღმერთი
მას ცოდვებისათვის პასუხს აღარ მოსთხოვდა. ბერები ამტკიცებდნენ, რომ ინდულგენციის
შესყიდვით შეიძლებოდა გარდაცვლილი ახლობელის დახსნა ჯოჯოხეთიდან.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რენესანსული ჰუმანიზმით განმსჭვალული
სასულიერო ფენის დიდი ნაწილიც ფიქრობდა, რომ შუა საუკუნეების ეკლესია
ზედმეტად ამახვილებდა ყურადღებას ადამიანის დაცემულ/ცოდვილ ბუნებაზე;
უქადაგებდა მორწმუნეებს, რომ აზრი არ ჰქონდა ამსოფლიურ ბედნიერებას,
ადამიანს მთელი ენერგია ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის უნდა
მოეხმარებინა. ჰუმანისტი ფრანჩესკო პეტრარკას აზრით, ასეთი მოწოდებები
ზღუდავდა ადამიანს და მისი შემოქმედებითი (კრეატიული) უნარის დათრგუნვას
იწვევდა. პეტრარკამ ამ ახალ ეპოქას Rinascimento დაარქვა, რაც იტალიურად
„ხელახლა დაბადებას“ ნიშნავს; ზუსტად იგივე აზრს გამოხატავს სიტყვა
„რენესანსი“, რომელიც ფრანგული renaissaance-დან მომდინარეობს. პატრარკა
ფიქრობდა, რომ შუა საუკუნეების მსოფლმხედველობრივი წნეხისაგან/პრესისგან
გათავისუფლების შედეგად კაცობრიობა „ხელახლა დაიბადა“. იგი იმედოვნებდა,
რომ კლასიკური ანტიკური ავტორების ხელახლა აღმოჩენის, მათი ფასეულობების
გაზიარების საშუალებით, კაცობრიობა ისევ დაიბრუნებდა ძველ ღირსებასა და
კრეატიულობას.
პეტრარკას კავშირი შუა საუკუნეების ქრისტიანობასთან იმდენად სუსტია,
რომ იგი არაფერს ამბობს საიქიო ცხოვრებაზე; მასთან არაფერია ასევე ნათქვამი
ლოცვის მნიშვნელობაზე, თვით ლოცვის აუცილებლობაზეც კი; პეტრარკას არ
მოსწონს შუა საუკუნეების ქრისტიანული ასკეტური ცხოვრების პრაქტიკა. მისი
აზრით, განდეგილური და მონასტრული ცხოვრების ტრადიცია სიწმინდის ძიების
სახელით ადამიანის ინდივიდუალურ თა ვისებურებებს თრგუნავს და მორწმუნეებს
წინა ეპოქებში მცხოვრები წმინდანების მიბაძვისკენ მოუწოდებს. მისი
შეხედულებით, განმარტოებული ცხოვრების მიზანი ქრისტიანული სიწმინდის
მოპოვება კი არ უნდა იყოს, არამედ ადამიანში ბუნებრივად არსებული
მიდრეკილებების სწორი და შეუფერხებელი განვითარება. პეტრარკა ფიქრობს, რომ
განმარტოებული ცხოვრება, რომელიც მეგობრებთან ურთიერთობას არ
გამორიცხავს, ადამიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სრულფასოვანი მსახურების
საშუალებას აძლევს. აქედან კარგად ჩანს, რომ პეტრარკასეული განმარტოებული
ცხოვრების მიზანი ინდივიდუალიზმია და არა ქრისტიანული სიწმინდე. ამ
წარმართული სწავლების კვლავ აღიარებით პეტრარკამ ჰუმანისტურ ოპტიმიზმს
დაუდო სათავე, რომლის თანახმად, დედამიწაზე სრული ბედნიერების, სიკეთის
საბოლოო გამარჯვების მიღწევაა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია ადამიანებს
სიკეთის მნიშვნელობა და სარგებლიანობა დაანახო და ისინი ბოროტებას აღარ
ჩაიდენენ. ასეთმა ოპტიმიზმა, ცხადია, დიდად შეუწყო ხელი ჰუმანიზმის სწრაფად
გავრცელებას.
რენესანსული მოძრაობის არსი ადამიანის სამყაროს ცენტრში დაყენების
სურვილია. ეს ანტროპოცენტრული მისწრაფება ღმერთის ადგილის დაკავების,
მასთან გატოლების. საეკლესიო გავლენისაგან ახლად გათავისუფლებულმა
ევროპელმა ადამიანმა საკუთარი ღირსების წარმოსაჩენად ანტიკური სამყაროსკენ
მიმართა მზერა.

You might also like