Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლუკა ქავთარაძე

17 წლის
599004475
თბილისის N 166-ე საჯარო სკოლა
12/3 კლასი
Qavtaradzeluka0@gmail.com

„თავისუფლება ისე არ მოდის”

ჩვენთან, სოფელში, თბილისთან ძალიან ახლოს, სადაც ყოველთვის მომაჯადოებელი


სილამაზეა არა მხოლოდ ბუნებისა, არამედ ხალხისაც, რომელთაც გამუდმებით
მომღიმარე და თბილი იერი აქვთ, ყველამ იცოდა, ვინ იყო ჭეშმარიტაანთ ნანა, ქალი,
რომელიც თავბრუდამხვევი სილამაზით ყვავილებსაც კი ათრობდა.
ნანა უკვე 34 წელია, წელს ქვემოთ ფაქტობრივად მოწყვეტილია, გადაადგილება
ოთხთვალა ჯოხის გარეშე არ შეუძლია. ყველას ძალიან სწყდებოდა გული.
მთელი ბავშვობა მაინტერესებდა, რატომ სტანჯავდა ეს დაავადება, რომელიც ცხოვრების
ხალისს უკლავდა და ფრთამოტეხილ ანგელოსს ამსგავსებდა, მაგრამ ვერავის
ვეკითხებოდი, ალბათ, მრცხვენოდა ან ვერ ვბედავდი. დაკვირვებული ვიყავი იმაზე, რომ,
როდესაც აპრილი დადგებოდა ხალისის ნაცვლად პირიქით, ნაცრისფერდებოდა.
დადგა ახალი აპრილიც…
კვლავ შევამჩნიე ნანას სევდისგან ამღვრეული თვალები, დავინტერესდი, თანაც, როგორ
მინდოდა მივსულიყავი და მეკითხა ის, რაც მთელი ბავშვობა მაინტერესებდა. ასეც
მოვიქეცი… გარეთ მჯდომი ნანა გაჰყურებდა იასამნის ბუჩქებს, რომელთაც კოკრები უკვე
გამოეტანათ, მობიბინე ტიტებს, რომლებიც დღე-დღეზე აყვავდებოდნენ. ნანა უკვე
მოტეხილი იყო, რაღაცას ელოდა... უეცრად გავვარდი მეც.
როგორც კი მივუახლოვდი, დავიყვირე:
-ნანა დეიდა, როგორ ხარ?
-ოო, ჩემო საყვარელო ბიჭო, მე არა მიშავს, შენ იყავი კარგად…
-მეც კარგად უნდა ვიყო და შენც, შენი სილამაზით კიდე უნდა გვათრო.
-უი! შენ გენაცვალე, აბა აქ რამ მოგიყვანა, იმდენი ბავშვია ქუჩაში და შენ ჩემნაირ
ბებრუხანასთან მორბიხარ? როგორ გეთამაშო?
-არა, არა, ნანა დეიდა, სათამაშოდ არ მოვსულვარ, რაღაც მაინტერესებს, ოღონდ არ
გეწყინოს ან არ გამიბრაზდე…
-ოჰ, აბა, გისმენ, ბიჭო, რა არის მასეთი.
-ნანა დეიდა, შეიძლება მომიყვე შენს ამბავს, რატომ ხარ ასე? რატომ ვერ გათხოვდი ან
რატომ ამბობენ „ისეთი ლამაზი და ტანადი იყოო” ახლაც ხომ ხარ?
-ჩემო ბიჭო, შენ თუ ინტერესს მოგიკლავ და ცოტას მაინც გასწავლი, ეს ხომ ჩემთვის
ბედნიერებაა…
და დაიწყო მოყოლა:
1989 წლის აპრილი დადგა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი გაზაფხული, როდესაც
წვიმის წვეთები მარგალიტებად ცვიოდა. მე მაშინ, უნივერსიტეტში ქართული
ფილოლოგიის ასპირანტურაში ვსწავლობდი, ყოველდღე ცხოვრების სილამაზით
ვტკბებოდი და თითქმის მთელ თბილისში დავბოდიალობდი, ხანდახან თავისუფლების
მოყვარულ თანაკურსელებთან და მეგობრებთან ერთადაც. როდესაც 4 აპრილს
გამოაცხადეს ქართული იდეისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, თავისუფლების
მოყვარულ სტუდენტებს სხვა რა გვინდოდა?! გამოვცვივდით ლექციებიდან,
სემინარებიდან და გავეშურეთ რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან ზღვა
დაგვხვდა ხალხისა. ისეთი სიძლიერე ვიგრძენით იმ მასაში, თითქოს ყველა
გავერთიანდით და სისხლიც ერთად გვიდუღდა… ოჯახებმა არ იცოდნენ, რომ
ლექციების ნაცვლად აქციებზე დავდიოდით. ის დღეები საოცარი განცდები გვქონდა.
ყოველ პატრიოტულ სიტყვაზე ეკლები გვაყრიდა. აქციებზე სიარული რომ დავიწყე,
თავდაპირველად დედამ შეიტყო, რადგან ყოველდღე ჩვეულზე გვიან მოვდიოდი და
დილით ადრე გავრბოდი. დედას ეშინოდა, უგრძნობდა გული, რომ რაღაც ცუდი უნდა
მომხდარიყი, როდესაც მამას უამბო ყოველივე და თან დაავალა, რომ ჩემთვის აეკრძალა
უნივერსიტეტის გარდა სხვაგან მისვლა, მამა შეტოკდა, გაინაბა, ვერ გაბედავდა იმის
აკრძალვას, რასაც თავად აკეთებდა სტუდენტობაში, 9 მარტს თავისუფლებისთვის
მებრძოლი ძლივს გადაურჩა წითელ ტყვიებს, მამამ იცოდა თავისუფლების ფასი,
რომელსაც ახალგაზრდა, მითუმეტეს, ქალი ატარებდა… მამა ჩუმად მაფრთხილებდა
ხოლმე, მაგრამ მე ვის მოწოდებას გავყვებოდი? თუ ჩემს ჟინს ვერ დავიოკებდი, ეს
ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა. ასე გავიდა აქციის რამდენიმე დღე, აქციაზეც ბევრი ვინმე
გავიცანი, ზოგი დღესაც შემომრჩა.
დადგა 8 აპრილი, ელვასავით გავარდა ხმა, რომ დილის საათებში რუსთაველზე გამოჩნდა
ტანკები, რომელთაც წინ ახალგაზრდა გოგო-ბიჭობა გადაუდგა, ამაზე ეროვნული მუხტი
გაძლიერდა, ყველა ლამობდა მიტინგზე წასვლას, მაგრამ, ამავდროულად, ყველამ კარგად
იცოდა, მძიმე შედეგებიც, ალბათ, ამანაც განაპირობა იმ დღეს ისეთი ხალხმრავლობა… მე
აღარც ვაპირებდი აქციაზე წასვლას, სანამ ჩემმა კურსელებმა არ მიამბეს ეს ამბები,
იმწუთასვე დაუფიქრებლად გადავწყვიტეთ წასვლა… სახლიდან 6 საათზე უნდა
გავსულიყავით, დედა მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, შეეშინდა, ამიტომაც მამასთან დამასმინა
და უთხრა, რომ ჩემი ოთახის კარები ჩაეკეტა. მამა ასეც მოიქცა, მაგრამ მე, თავხედი და
დაუოკებელი ახალგაზრდა როგორ გავბედავდი სახლში დარჩენას. გადავწყვიტე
ფანჯრიდან გადავმძვრალიყავი, ფანჯარასთან ჩამოდიოდა საწვიმარი მილი, რომელზეც
ჩამოვსრიალდი და გავიპარე. დედამ დამინახა როგორ მივრბოდი ჭიშკრისკენ და მამას
შესძახა, მამა დადინჯდა, არაფერი გაუკეთებია, თურმე ერთი ჩაიბუტბუტა: „ქვეყნისთვის
თუ ამდენს ბედავს, ჩემზე ბედნიერი არავინაა…” მთავრობის სახლამდე ფეხით ვიარე.
დაიწყო აქცია, ხალხის ტევა არ იყო, მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები, კაცები, ბავშვები,
ორსულები, ავადმყოფები და უამრავი სხვა-ყველა იქ ვიყავით თავმოყრილი… ასე
გადიოდა წამები, წუთები, საათები. საფრთხე რეალურად გახდა, გვაფრთხილებდნემ.
ჩამოწვა მდუმარების რული, ყველა გატრუნული იყო, წამოვიდა შეძახილები: „არა, არა, არ
დავიშლებით”, „ფიცი გვაქვს ნათქვამი”. ჩვენც ვყვიროდით… ამ სიმძიმისა და შიშის
სუნში უცაბედად გაისმა სამხიარულო სიმღერები, რომლებზეც გოგოებიც და ბიჭებიც
აცეკვდნენ, თითქოს შიშის სუნი დაითრგუნა.
მერე ეს სამხიარულო ნოტა წითელმა, ნიჩბიანმა-ფარიანმა კაცებმა ჩაკლეს, გამოჩნდნენ
ავი ტანკები, რომლებიც პირდაპირ ხალხში ვარდებოდნენ. რუსი ჯარისკაცები
უმისამართოდ იქნევდნენ ნიჩბებს. არსად არ გავრბოდით, მაგრამ ხალხის მასა გვათრევდა
იქით-აქეთ, მეგობრები ჩამომცილდნენ და უცაბედად კიბეებთან აღმოვჩნდი, ის საშინელი
ხმები ახლაც მთრგუნავს, ჩემს თვალწინ ბევრი სცემეს. ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა,
სად წავსულიყავი, თან მეშინოდა, თან-არა, მერე, არც ვიცი, რამ, ალბათ, ღმერთმა, ხელი
მკრა და ცენტრში გავვარდი. ვერაფერს ვცნობდი, გარშემო საშინელი სისხლის სუნი იდგა,
უცებ დავინახე, რომ პატარა გოგონა იყო წაქცეული, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა,
მივვარდი, ჯიბეში ნაჭერი მედო და სასწრაფოდ მოვწმინდე სისხლი, წამოვაყენე და
გავაქციე, რა დროსაც წელში მძიმე ნიჩბის ჩარტყმა ვიგრძენი, გამეთიშა ფეხები, ვერაფერს
ვგრძნობდი, მაგრამ ვხედავდი, რომ სისხლი გამდიოდა… ვიფიქრე, ეს თუ არის
სიკვდილი, ო, რა უმტკინვეულო ყოფილა, ნეტავ ჩემმა სისხლმა იხსნას ჩემი მიწათქო.
ორი თვე კომაში ვყოფილვარ, გამოფხიზლების შემდეგ მთლიანად უუნარო ვიყავი,
ვფიქრობდი- ნეტავ მომკვდარიყავი იმათთან ერთად, მაგრამ, ალბათ, ღმერთს ასე სურდა,
13 წელი ეტლში გავატარე, ასე ვწვალობ, ყველაფერზე პრობლემა მაქვს, ყველაფერი
მომეშალა, მაგრამ, იცი რა არის, რომ გამოვფხიზლი, არ ვფიქრობდი ფიზიკურ ტკივილზე
ან იმაზე, თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა ასე ცხოვრება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი
აზრი მიტრიალებდა - ჩემი ქვეყანა. ეს ჩემი დიდი ტრაგედია და დიდი გამარჯვებაა… აბა
თავისუფლება როდის მოსულა ისე?!
-აუ, ნანა დეიდა, ეს რა მიამბე, არასდროს დამავიწყდება შენ ყველაზე ლამაზი და ყველაზე
დიდი ქალი ხარ.
ბედნიერების ნაპერწკლებით აღვსილი და გაოგნებული წამოვედი.
მეორე დღეს გავიგე, რომ ნანა იმ ღამით ცუდად გამხდარა და 9 აპრილს, დილით,
გარდაცვლილა. ეს სიმბოლური იყო, წავიდა იმ დღეს, როცა თავად სურდა რომ
წასულიყო…

2023 წლის 9 აპრილი

You might also like