Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

აღნიშნული თავისებურებები ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა ნეოფროიდიზმის გამოჩენილი

თეორეტიკოსის ერიჰ ფრომის (1900- 1980) შემოქმედებაში. ფრომი დაიბადა გერმანიაში.


ფილოსოფიური და ფსიქოანალიტიკური განათლების მიღების შემდეგ ერთხანს მუშაობდა
ფრანკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტში, სადაც მოქმედებდა ერთ-ერთი ძლიერი
სოციოლოგიური სკოლა. 1933 წელს ფრომი გადასახლდა ამერიკაში. იგი ეწეოდა
ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკას და, ამავე დროს, მოღვაწეობდა კოლუმბიისა და იელის
უნივერსიტეტებში. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეხიკოს ფსიქოანალიზის
ინსტიტუტს, იყო ნიუ იორკის აკადემიის წევრი. ფსიქოლოგიის, ფილოსოფიური
ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, თეოლოგიის საკითხებზე შექმნილმა შრომებმა მას
საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ფრომის შემოქმედების ცენტრში ფსიქიკური და სოციალური ფაქტორების ურთიერთობის


საკითხია. თავის კონცეფციაში იგი ცდილობს გააერთიანოს ფროიდისა და მარქსის
შეხედულებები. ამგვარი გაერთანების საფუძველი იყო ფრომის რწმენა, რომ "სოციალური და
კულტურული ფონის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სწორად გავიგოთ ფსიქოლოგიური
პრობლემები; მაგრამ, ზუსტად ასევე, შეუძლებელია სოციალური მოვლენების გაგება იმის
ცოდნის გარეშე, თუ როგორ მოქმედებს მათ საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური
მექანიზმები". რაკი ფრომს უდიდეს ფსიქოლოგად ფროიდი მიაჩნდა, ხოლო უდიდეს
სოციალურ ფილოსოფოსად _ მარქსი, ბუნებრივია, რომ არჩევანი სწორედ მათზე შეჩერდა.
ფრომი თვლიდა, რომ მარქსმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, თუ როგორ გადადის ეკონომიკური
ბაზისი იდეოლოგიურ ზედნაშენში. მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსება, ფრომის
აზრით, შესაძლებელია ფსიქოანალიზის საშუალებით. ამ მიზნით მას შემოაქვს სოციალური
ხასიათის ცნება. იგი უნდა გაიმიჯნოს ინდივიდუალური ხასიათისაგან. სოციალურ ხასიათში
განსაზღვრულია ამა თუ იმ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურით
გაპირობებული ადამიანთა ქცევისა და აზროვნების საერთო წესი. იგი წარმართავს ამ
საზოგადოების წევრთა ენერგიას საჭირო მიმართულებით, აიძულებს მათ, იმოქმედონ და
იფიქრონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ამ
კოლტურისთვის დამახასიათებელი იდეები და იდეალები. მაგრამ საზოგადოება
განსაზღვრავს იმასაც, თუ რა გრძნობები და აზრებია დასაშვები ინდივიდების ცნობიერებაში.
მაშასადამე, არსებობს როგორც სოციალური ხასიათი, ისე სოციალური არაცნობიერი. ეს
უკანასკნელი გულისხმობს ისეთ შინაარსებს, რომლებიც განდევნილია საზოგადოების
წევრთა უდიდესი ნაწილის ცნობიერებიდან. ეს შინაარსები თუ ტენდენციები ეხება იმ
წინააღმდეგობებს, რომლებიც ამ საზოგადოებაში არსებობს და, რომელთა გაცნობიერებამ
შეიძლება დაარღვიოს ინდივიდისა და, შესაბამისად, მთელი საზოგადოების ნორმალური
ფუნქციონირება (ფრომის თქმით, საზოგადოება არაფერია, თუ არა ინდივიდების
ერთიანობა). ამიტომ, საზოგადოების მკურნალობა, ფრომის მიხედვით, მისი წევრების
მკურნალობას ნიშნავს. ეს ამოცანა კი ფსიქოანალიზმა უნდა შეასრულოს.

ფრომისთვის, ისევე როგორც ყველა ფსიქოანალიტიკოსისთვის, არაცნობიერი საყრდენი


ცნებაა. ფრომის შეფასებით, ფროიდის სხვა დიდ აღმოჩნებს შორის (ოიდიპოსის კომპლექსი,
სიკვდილის ინსტინქტი, ინფანტილური სექსუალობა და სხვა) არაცნობიერი ყველაზე
ფუნდამენტურია. უბედურება ის არის, რომ მას იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს _ მისი
რეალური სიდიადე და მნიშვნელობა ერთგვარად გააფერმკრთალა ფროიდის
ბიოლოგისტურ-მექანიცისტურმა თვალსაზრისმა. არაცნობიერი არ არის ბნელი
ინსტინქტური ძალების სათარეშო ასპარეზი, მანკიერებათა თავშესაფარი. მის შინაარსს
შეადგენს, როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვები და მისწრაფებები. ამავე დროს, არ უნდა
ვიფიქროთ, რომ არაცნობიერის სფერო მხოლოდ ირაციონალურ ემოციურ-მოტივაციურ
შინაარსებს შეიცავს. რაციონალური იდეები და რწმენები მასში ბევრად მეტია, ვიდრე
ცნობიერებაში. საქმე ისაა, რომ ჩვენი ცნობიერების რაციონალური შინაარსები თითქმის არ
შეიცავს ჭეშმარიტებებს _ ეს არის არასწორი ინფორმაციის, ცრურწმენების, ამოჩემებების,
რაციონალიზაციებისა და სხვა მსგავსი შინაარსების ნაზავი. აზროვნების პროცესში
ილუზიების ეს სამყარო თითქოს ლოგიკისა და სანდოობის პრინციპების თანახმად
ორგანიზდება. ითვლება, რომ ცნობიერების აღნიშნული დონე რეალობას ასახავს და ჩვენი
ცხოვრება ამ სურათის მიხედვით იგეგმება. მაგრამ სინამდვილეში ეს სურათი სრულებითაც
არ შეესაბამება რეალობას. სწორედ ამიტომ იგი არ ითრგუნება; პირიქით, ითრგუნება და
განიდევნება ჭეშმარიტი ცოდნა. აქედან გამომდინარე, კითხვაზე, რა არის არაცნობიერი,
ფრომი პასუხობს: "ირაციონალური ვნებების გარდა, ესაა თითქმის მთელი ჩვენი ცოდნა
რეალობის შესახებ". ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება, მაგრამ ვთრგუნავთ მას; არსებობს
არაცნობიერი ცოდნა, რომლის გაცნობიერებაც ცხოვრებას უაღრესად დაამძიმებდა და
სახიფათოდ აქცევდა. ამიტომ ადამიანის ენერგიის დიდი ნაწილი იმაზე იხარჯება, რომ
დაუმალოს საკუთარ თავს ის, რაც იცის.

მაინც რა შეადგენს ამ ესოდენ ძნელად მისაღები და სუბიექტურად გასაიდუმლოებული


ცოდნის შინაარსს? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძიოთ ფრომის შეხედულებაში
ეგზისტენციალური წინააღმდეგობების შესახებ. ფრომის თანახმად, ცხოველი გარემოსთან
ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იმყოფება, რასაც შეგუების ინსტინქტური მექანიზმები
განაპირობებს. ადამიანთან ინსტინქტების როლი პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი.
სამაგიეროდ მას აღმოუცენდა ახალი თვისებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია
თვითცნობიერება, გონება და წარმოსახვა. ამ უნარების განვითარებით დაირღვა ცხოველის
არსებობისთვის დამახასიათებელი ჰარმონია; ადამიანი გახდა ნორმიდან გადახვევა,
ანომალია, ბუნების ახირება. მისი არსებობა სავსეა წინააღმდეგობებით: ადამიანი ბუნების
ნაწილია, ემორჩილება მის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, იგი მუდმივად გადის ბუნების
სამყაროს ფარგლებს გარეთ, ტრანსცედენტირებს; იგი თავისთვადია და, ამასთან ერთად,
მთელის ნაწილიცაა; იგი მოკვდავია, იცის ამის შესახებ და ვერ ახერხებს თავისი
შესაძლებლობების სრულ განხორციელებას მისთვის განკუთვნილი მოკლე დროის
განმავლობაში; ადამიანი მარტოსულია, თავს ერთჯერად და თავისთავად არსებად განიცდის,
მაგრამ ვერ იტანს მარტოობას. მისი ბედნიერება სხვებთან კავშირში, მის თანამედროვე,
წარსულ და მომავალ თაობებთან თანაზიარებაშია. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს
ყველაფერი, მაგრამ საკუთარი არსებობა მისთვის აუცილებლად გააზრებული უნდა იყოს.
ფრომის თქმით, ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომლისათვისაც მისი არსებობა
პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს. ეგზისტენციალურ
წინააღმდეგობებს გვერდს ვერ აუვლი. ადამიანის არსი ამ ფუნდამენტურ წინააღმდეგობებშია
მოცემული და ყოველი სიცოცხლე მათზე ინდივიდუალურ პასუხს წამოადგენს.
ამრიგად, ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს ის გარემოება ქმნის, რომ გაწყვეტილია
ადამიანის კავშირი ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. ადამიანს აქვს
უნარი ამ ვითარების გაცნობიერებისა, მაგრამ ეს ცოდნა წინააღმდეგობათა გარდაუვალობის
გამო, მეტად მძიმე და მტკივნეულია. ამიტომ, ის ან განდევნილია ცნობიერებიდან, ან
შენიღბული და რაციონალიზირებულია.

ეგზისტენციალური წინააღმდეგობები აისახება არა მხოლოდ და არა იმდენად რაციონალურ,


რამდენადაც ემოციონალურმოტივაციურ ფორმაში. ეგზისტენციალური კონფლიქტი
წარმოშობს მუდმივი გაუწონასწორებლობის მდგომარეობას; ესაა წყარო ადამიანური
აქტივობის დინამიკისა. ადამიანს ცხოველისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური
მოთხოვნილებებიც გააჩნია, მაგრამ მათი დაკმაყოფილება სრულყოფილი ადამიანური
არსებობისათვის საკმარისი არ არის. ფრომი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქიკის
გაგება უნდა ემყარებოდეს იმ მოთხოვნილებების ანალიზს, რომლებიც ეგზისტენციის
პრობლემებიდან მომდინარეობს. ეს პრობლემები კი მისგან მოქმედებას მოითხოვენ;
ადამიანმა უნდა დაძლიოს უსუსურობა, განკერძოებულობა, დაკარგულობა, ე.ი. უპასუხოს
ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს. ასეთ პასუხად შეიძლება მოგვევლინოს როგორც
სიყვარული, მისწრაფება თავისუფლებისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სამართლიანობისკენ, ისე
სიძულვილი, სადიზმი, დესტრუქტულობა, ნარცისიზმი და სხვა. ყოველივე ეს
ეგზისტენციალური წინააღმდეგობებიდან ნაწარმოები მოთხოვნილებების გამოვლენაა და
ადამიანის ხასიათში მჟღავნდება. ფრომი მათ ხასიათში ფესვგადგმულ ვნებებსაც უწოდებს.
საერთოდ, ხასიათისა და მოთხოვნილების ცნებები მჭიდროდ არის ერთმანეთთან
დაკავშირებული. ხასიათი განისაზღვრება, როგორც ყველა არაინსინქტური მისწრაფების
"შედარებით მდგრადი სისტემა, რომლითაც ადამიანი მიმართებას ამყარებს ბუნებრივ და
ადამიანურ სამყაროსთან". ინდივიდებს შორის განსხვავებებს განსაზღვრავს ის, თუ რა
ეგზისტენციალური მოთხოვნილებებია გაბატონებული მათ ხასიათში.

ხასიათში მოცემულია ინდივიდისთვის ტიპური აღქმის, განცდისა და ქცევის სურათი.


ადამიანში ხასიათი ენაცვლება დაკარგულ ინსტინქტებს და ინსტინქტისმსგავსად მოქმედებს.
ხასიათის შესაბამისი რეაქციები პიროვნებისთვის მისაღები და ბუნებრივია. ხასიათი
კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი ქცევის მოდელია. მისი წყალობით ადამიანი
თანმიმდევრულად მოქმედებს და თავისუფლდება მძიმე ტვირთისაგან მუდმივად მიიღოს
ახალი და გააზრებული გადაწყვეტილებები; შესაბამისი მისწრაფებებიც უპირატესად
გაუცნობიერებელია. ინდივიდუალურ-ხასიათობრივი განსხვავებები ადამიანებს შორის
გაპირობებულია მშობლების პიროვნული თვისებებით, ფსიქიკური და მატერიალური
პირობებით, რომლებშიც იზრდება ბავშვი, აგრეთვე მისი კონსტიტუციისა და ტემპერამენტის
თავისებურებებით.
მიუხედავად იმისა, რომ ხასიათი ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებზე ინდივიდუალურ
პასუხია, მასში აუცილებლად არის მოცემული ნიშნები, რომლებიც საერთოა საზოგადოების
ამა თუ იმ ჯგუფისთვის (თემი, ერი, კლასი). ეს კი უკვე სოციალური ხასიათია, რომელზეც
ზემოთ იყო ლაპარაკი. იგი სხვადასხვა ქარაქტეროლოგიური სტრუქტურის ბირთვს
წარმოადგენს; ესაა ნიმუში, ნორმა, რომელსაც ინდივიდი აღზრდის, სოციალიზაციის
პროცესში ითვისებს.

ფრომი სოციალური ხასიათის შემდეგ ტიპებს გამოჰყოფს: რეცეფციული,


ექსპლოატატორული, დამგროვებელი, საბაზრო, პროდუქტიული.

რეცეფციული (პასიური) ხასიათის ადამიანს მიაჩნია, რომ ყოველივე მატერიალური თუ


სულიერი სიკეთე და სიამოვნება გარედან, სხვა ადამიანებისაგან მიიღება. ამიტომ, იგი
ძლიერაა დამოკიდებული სხვებზე, მოკლებულია სერიოზული, დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებისა და მოქმედების უნარს. არის მიმნდობი, პასიური, სენტიმენტალური.

ექსპლოატატორული ტიპიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გარედან მოდის, მაგრამ არ


სჯერა იმისა, რომ სხვებისაგან რაიმეს საჩუქრად მიღება შეიძლება; სასურველი უნდა
მოიპოვო ძალით ან ეშმაკობით. იგი იდეებს კი არ ქმნის, არამედ სესხულობს ან იპარავს.
წართმეული შექმნილს ურჩევნია, ექსპლუატაციას უწევს ყველას, ვისგანაც რაიმეს გამორჩენა
შეუძლია. ესაა ძლიერი, თვითდარწმუნებული, საკუთარი ღირსების მქონე პიროვნება. ამავე
დროს მტრულად განწყობილი, ცინიკური, ეჭვიანი და შურიანი.

დამგროვებელი ორიენტაციის ადამიანს არ სჯერა, რომ გარედან რაიმე ახალს მიიღებს,


ამიტომ საჭიროა არსებულის შენახვა და ეკონომია. მისი დევიზია: მაქსიმალური მოხვეჭა და
მინიმალური გაცემა – ჩემი ჩემია – შენი შენია. ესაა ხარბი, პედანტური, აკურატული, ჯიუტი,
არადამთმობი ადამიანი.

საბაზრო ტიპი თანამედროვე საბაზრო საზოგადოების პროდუქტია. ასეთი ადამიანისთვის


მთავარია თუ რა სასაქონლო, გასაყიდი ღირებულება აქვს მას. მთავარია რომ მასზე, როგორც
დაქირავების ობიექტზე, მოთხოვნა იყოს. ინდივიდუალობას, უნიკალობას ადამიანებში ფასი
დაკარგული აქვს, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ ვინ გაიმარჯვებს საბაზრო
კონკურენციაში. ასეთი ადამიანის დევიზია: "მე ისა ვარ, რასაც ინებებთ". ასეთი პიროვნება
ცარიელია, არა აქვს მდგრადი შეხედულებები, მისი განწყობები ცვალებადია და ბაზრის
მოთხოვნის შესაბამისი.

აღწერილი ხასიათის ოთხი ტიპი არაპროდუქტიულ ორიენტაციას მიეკუთვნება. მათ


უპირისპირდება პროდუქტიული ხასიათი. ეს უკანასკნელი, ფრომის აზრით, ადამიანის
განვითარების საბოლოო მიზანია. იგი არის დამოუკიდებელი, პატიოსანი, წყნარი,
მოსიყვარულე, კრეატიული და სოციალურად სასარგებლო. მისთვის დამახასიათებელია
მომართულობა საკუთარი ბუნებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციაზე. ესაა
აქტიური და შემომქმედი პიროვნება. სხვებისადმი ინტერესის, პატივისცემის, სიყვარულისა
და მეგობრობის გრძნობებით სავსე, იგი, ამავე დროს, რეალისტურად, კრიტიკულად და
ნაყოფიერად მოაზროვნეცაა.

ყოველი ინდივიდუალური ხასიათი სოციალურისა და ბუნებრივის სინთეზია. ამასთან,


ბუნებრივი გაგებულია არა იმდენად ბიოლოგიურად, რამდენადაც ეგზისტენციალურად.

ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების ისტორია იწყება იქიდან, რომ იგი გამოდის
ცხოველური მდგომარეობიდან, რითაც კარგავს ერთიანობას ბუნებასთან და იძენს
თავისუფლებას. თავისუფლების საკითხს ფრომი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან,
მისი აზრით, ადამიანური არსებობა და თავისუფლება თავიდანვე განუყოფელია.
თავდაპირველად თავისუფლება შეზღუდულია. ისტორიის ადრეულ საფეხურებზე ადამიანი
მჭიდროდ არის დაკავშირებული გვართან, თემთან. იგი სრულიად იკმაყოფილებს მოყვასთან
კავშირის, სხვასთან გაერთიანების წარმმართველ მოთხოვნილებას. ამასთან, სხვასთან
ურთიერთობა არ დაიყვანება ფიზიკურ კონტაქტზე. აქ მთავარია ერთიანობა საზოგადოებაში
მიღებულ ღირებულებებთან, ნორმებთან, იდეალებთან. ადამიანი შეიძლება სხვებთან ერთად
ცხოვრობდეს და მარტო იყოს, ვინაიდან იგი გაუცხოებულია საზოგადოების სულიერი
სამყაროსაგან. პირველყოფილ საზოგადოებაში ასეთი გაუცხოებისაგან მას მითოლოგია და
მაგია იცავს. შუა საუკუნეები ფრომის მიერ შეფასებულია სოლიდარობისა და უსაფრთხოების
ხანად; ადამიანის თავისუფლება შეზღუდულია მკაცრი სოციალური იერარქიით, მაგრამ ეს
წესრიგი მასში დაცულობისა და გულდაჯერებულობის განცდას იწვევს; ამას რელიგიაც
აძლიერებს. რენესანსის ეპოქაში საზოგადოების სტრუქტურა იცვლება, ირღვევა
ტრადიციული კავშირები, წინა პლანზე წამოიწევს სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვების
ჟინი; ქრება სოლიდარობა, ძლიერდება ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი. ადამიანი ხდება უფრო
თავისუფალი და დამოუკიდებელი, მაგრამ, ამავე დროს, იზოლირებულიც. სწორედ ასეთი
იზოლირების შედეგად იჩენს თავს დაურწმუნებლობა, დაუცველობა, შიში, მარტოობა.
კაპიტალიზმსა და თანამედროვე საზოგადოებაში ეს პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდა.
ადამიანის მდგომარეობა აუტანელი გახდა. მას აღარ სურს თავისუფლება, რომლისაც ეშინია.
ეს არის ნეგატიური თავისუფლება ანუ თავისუფლება რაიმესაგან, ამ შემთხვევაში
ტრადიციული კავშირებისაგან, ერთიანობისაგან, დაცულობისაგან. ადამიანი ცდილობს
გაექცეს ასეთ თავისუფლებას და ამისთვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს
მიმართავს.

უმწეობის და მარტოობის დაძლევა ორი გზით შეიძლება. ერთ გზას მივყავართ პოზიტიური
თავისუფლებისკენ, ესაა თავისუფლება რაიმესკენ. ადამიანს შეუძლია სპონტანურად
დაუკავშირდეს სამყაროს სიყვარულისა და შრომის საშუალებით, თავისი უნარებისა და
შესაძლებლობების სრული გამოვლინებით. ამ გზით მას შეუძლია დაიბრუნოს ერთიანობა
სხვა ადამიანებთან, სამყაროსთან და თავის თავთან ისე, რომ უარი არ თქვას
დამოუკიდებლობაზე და "მე"-ს მთლიანობაზე. მეორე გზა _ ესაა გზა უკან, უარის თქმა
თავისუფლებაზე იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას მარტოობა. ეს არის გაქცევა აუტანელი
სიტუაციიდან. მას იძულებითი ხასიათი აქვს და დაკავშირებულია ინდივიდუალობისა და
"მე"-ს მთლიანობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვასთან. მას არ მივყავართ ბედნიერებასთან;
იგი ამცირებს შფოთს, აქცევს ცხოვრებას ასატანად, მაგრამ პრობლემის არსებით გადაჭრას ვერ
უზრუნველყოფს

ფრომი თავისუფლებისაგან გაქცევის სამ ძირითად მექანიზმს გამოყოფს:

ავტორიტარიზმი, დესტრუქტივიზმი და ავტომატური კონფორმიზმი.

ავტორიტარიზმი მოიცავს სადიზმსა და მაზოხიზმს. მაზოხისტური პიროვნებისთვის


დამახასიათებელია უსუსურობის, უბადრუკობის, ნაკლოვანების გრძნობები. ასეთი ადამიანი
მიდრეკილია დააკნინოს თავისი თავი, დაექვემდებაროს რაიმეს ან ვინმეს. მაზოხისტური
ტენდენციების უკიდურესი გამოვლენაა საკუთარი თავისადმი ვნების, სულიერი ან
ფიზიკური ტკივილის მიყენების სურვილი. სადისტურ მისწრაფებებსაც მრავალი სახე აქვს:
სხვისი დათრგუნვა, მორჩილებაში ყოლა, ყოველგვარი ექსპლოატაცია და ბოლოს, სხვისთვის
ზიანისა და ტანჯვის მიყენება. სადიზმი და მაზოხიზმი ე.წ. სიმბიოზური განწყობის
რეალიზაციაა. სიმბიოზი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არის ისეთი კავშირი
ინდივიდებს შორის, როცა ორივე მხარე კარგავს "მე"-ს მთლიანობას და სრული
ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობაში ექცევა. სადისტსაც და მაზოხისტსაც
ერთნაირად ესაჭიროება სხვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი იმორჩილებს, მეორე კი
ექვემდებარება. პირველი არის სიმბიოზის აქტიური ფორმა, მეორე _ პასიური. ასეა თუ ისე,
ორივე შემთხვევაში ადამიანი მტკიცედ უკავშირდება სხვას და ინდივიდუალობისა და
თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე თავს აღწევს იზოლირებულობასა და მარტოობას.

დესტრუქტივიზმი განსხვავდება ავტორიტარიზმისაგან, რადგან მისი მიზანი სიმბიოზი კი არ


არის, არამედ ყოველგვარი ობიექტის განადგურება, რომელთანაც ინდივიდი მიმართებას
ამყარებს. განადგურებას ექვემდებარებიან როგორც სხვა ადამიანები, ისე მატერიალური თუ
სულიერი ფასეულობები. ამით ხდება უმწეობისა და უძლურების გრძნობის დაძლევა.
სადიზმის შემთხვევაში ადამიანი ძალას სხვისი დამორჩილების წყალობით იძენს, ხოლო
დესტრუქტივიზმის დროს გარე საშიშროების მოშორების, ლიკვიდაციის საშუალებით

გაუცხოებისა და მარტოობის დაძლევის ყველაზე გავრცელებული ხერხი ავტომატური


კონფორმიზმია. ამ შემთხვევაში ადამიანი მთლიანად ისეთი ხდება, როგორც სხვები.
ინდივიდი კარგავს თავისთავადობას, გადაიქცევა ავტომატად. განსხვავება საკუთარ "მე"-სა
და გარემოცვას შორის იშლება; ამასთან ერთად კი ქრება მარტოობისა და უსუსურობის შიში.
კონფორმიზმი წააგავს მიმიკრიის მექანიზმს, როცა ცხოველი საფრთხის სიტუაციაში
შეფერილობას იცვლის და ისე ემსგავსება გარემოს, რომ მისგან აღარ გაირჩევა. თავის "მე"-ზე
უარის თქმით ადამიანი გადაიქცევა მილიონების მსგავს რობოტად და აღარ განიცდის
მარტოობასა და შფოთს, მაგრამ ეს თავისი პიროვნების დაკარგვის ფასად უჯდება.

როგორც ითქვა, გაუცხოების გადალახვა, სამყაროსთან და სხვებთან ერთიანობის მიღწევა ამ


ნეგატიური შედეგების გარეშეც არის შესაძლებელი. ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს
პოზიტიურ თავისუფლებას, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა ბევრად უფრო რთულია; ამიტომ
უმრავლესობა თავისუფლებისაგან გაქცევას ამჯობინებს. მიუხედავად ამისა, ეს გზა არსებობს
და იგი თავისი თვითონის შესაძლებლობების სრულ და შეუზღუდავ გაშლასა და
განხორციელებაში, სპონტანურ შემოქმედებით საქმიანობასა და სიყვარულში მდგომარეობს.
ადამიანური არსებობის პრობლემის ნამდვილი გადაწყვეტა სიყვარულშია. "სიყვარული
ადამიანში მოქმედი ძალაა, რომელიც მას სხვებთან აერთიანებს; სიყვარული ეხმარება
ადამიანს იმაში, რომ გადალახოს მარტოობისა და გაუცხოების გრძნობა და, ამავე დროს,
დარჩეს უცვლელი, შეინარჩუნოს თავისი მთლიანობა". ასეთი სიყვარული არსებითად
განსხვავდება ფსიქოლოგიური სიმბიოზისაგან.

განიხილავს რა სიყვარულის სხვადასხვა ფორმებს (და-ძმური ანუ მოყვასის, დედობრივი,


ეროტიული, საკუთარი თავის, ღმერთის), ფრომი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ არის
უბრალოდ ფსიქიკური, სულიერი მდგომარეობა; სიყვარული მოქმედებაა, აქტივობაა და
ამიტომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ეგზისტენციალური პრობლემების
ჭეშმარიტი გადაწყვეტის საქმეში

ნამდვილი სიყვარული ადვილი არ არის. თავისი თავის რეალიზაცია სიყვარულსა და


შემოქმედებით შრომაში ცოტას თუ შეუძლია. ცხოვრების ასეთი სტილი და შესაბამისი
ხასიათი იშვიათობაა. პოზიტიური თავისუფლების მიღწევა უდიდეს თავდადებას და
სიმტკიცეს მოითხოვს. ამ მხრივ ფსიქოანალიზს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, ვინაიდან
იგი, პირველ რიგში, ხასიათის კორექციაა. ერთადერთი, რასაც შეუძლია შეარბილოს ან სულ
მოსპოს ის ბოროტება, რაც ხასიათში გამჯდარ დამანგრეველ, ავტორიტარულ თუ
კონფორმულ ტენდენციებშია, არის შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება, ადამიანის
უნარის განვითარება, პროდუქტიულად გამოიყენოს თავისი ძალები.

ადამიანის ბუნებისთვის იმთავითვე დამახასიათებელია მისწრაფება ბედნიერებისკენ,


სიყვარულისკენ, თავისუფლებისკენ, სხვებთან ურთიერთობისკენ. ეს ყოველივე ისევე
გამომდინარეობს ადამიანის არსიდან, როგორც დამანგრეველი ტენდენციები. ადამიანის
ბუნება თავისთავად არ არის არც კეთილი, არც ბოროტი. ადამიანის ბუნებას მისი არსებობის
პირობებიდან გამომდინარე წინააღმდეგობები შეადგენს. ეგზისტენციალურ
წინააღმდეგობებთან დაკავშირებული იმანენტური კონფლიქტი აუცილებლად მოითხოვს
გადაწყვეტას, რომელიც, პრინციპში, ორი სახის შეიძლება იყოს: რეგრესული ან პროგრესული.
პირველი, საბოლოო ჯამში, "მე"-ს განადგურებაა და, ამდენად, ბოროტებად უნდა
ჩაითვალოს. მეორე "მე"-ს შესაძლებლობების მაქსიმალური თვითრეალიზაციაა და, ამდენად,
სიკეთე. ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, როგორც ფრომი უწოდებს თავის მოძღვრებას, მხარში
უნდა ამოუდგეს ადამიანს, რათა იგი სწორედ ამ გზას დაადგეს.

ფრომს მტკიცედ სჯერა ფსიქოანალიტიკური მეთოდისა. მისი გამოყენებით პრინციპულად


ორი სხვადასხვა მიზანის მიღწევა შეიძლება, ესენია სოციალური ადაპტაცია და სულის
განკურნება. პირველ შემთხვევაში თერაპია ნევროტული სიმპტომების მოხსნაში
მდგომარეობს. გასული საუკუნის დასაწყისში პაციენტები მიმართავდნენ
ფსიქოანალიტიკოსს, ვინაიდან მათ აწუხებდათ მოტორიკის, სენსორიკის, სეკრეციისა და სხვა
ფუნქციების დარღვევები. ეს დარღვევები მათ ხელს უშლიდა, შეესრულებინათ ის როლები,
რომლებსაც საზოგადოება ჰკარნახობდა. ანალიტიკური მკურნალობა სოციალურ შეგუებას
ემსახურებოდა. მსგავსი სიმპტომების მქონე ავადმყოფები, ცხადია, დღესაც არიან, მაგრამ
ისინი უმცირესობას შეადგენენ. ახალი პაციენტები, ჩვეულებრივი მნიშვნელობით,
ავადმყოფებად ვერც ჩაითვლებიან; მათი საზოგადოებრივი ფუნქციონირება ნორმალურია,
მაგრამ ისინი ლაპარაკობენ ერთგვარ შინაგან სიკვდილზე, გარკვევით არც იციან, რა აწუხებთ.
ადამიანები უჩივიან უძილობას, დათრგუნულობას; ოჯახურ ცხოვრებას მათთვის
ბედნიერება არ მოაქვს, ხოლო სამსახურს _ კმაყოფილება და სიხარული. ისინი ვერ ხვდებიან,
რომ ეს სირთულეები მათი ძირეული, სიღრმისეული პრობლემის _ გაუცხოების გამოვლენის
ფორმებია. ჰუმანისტური ფსიქოანალიზი ამ ვითარების გაგებასა და გამოსწორებას
ემსახურება. მკურნალობის მიზანი ამ შემთხვევაში იმდენად შეგუებაში კი არ მდგომარეობს,
რამდენადაც ადამიანის შესაძლებლობების ოპტიმალურ განვითარებასა და
ინდივიდუალურობის მაქსიმალურ რეალიზაციაში. სულის განკურნება ავადმყოფობისა და
ნორმის ისეთ კონცეფციას გულისხმობს, რომელიც უპირატესობას აძლევს არა საზოგადოების
მოთხოვნებს, არამედ ინდივიდის ღირებულებებს და მოთხოვნილებებს

საქმე ისაა, რომ პიროვნების განვითარებისა და საზოგადოების ფუნქციონირების ინტერესები


ერთმანეთს არ ემთხვევა. ის, ვინც ნორმალურად არის მიჩნეული ადაპტირებულობის ნიშნის
მიხედვით, შეიძლება ნევროტიკზე ნაკლებად ჯანმრთელი აღმოჩნდეს ადამიანური
ღირებულებების თვალსაზრისით. კარგი შეგუება ხშირად საკუთარ პიროვნებაზე უარის
თქმის ხარჯზე მიიღწევა; ადამიანი ხდება ისეთი, როგორსაც საზოგადოება მოითხოვს,
ამიტომაც კარგავს ინდივიდუალურობას და უშუალობას. ამის საწინააღმდეგოდ, ნევროტიკი
შეიძლება ისეთ ადამიანად წარმოვიდგინოთ, რომელიც იბრძვის თავისი პიროვნების
შესანარჩუნებლად. მარცხის შემთხვევაში, პიროვნების შემოქმედებითი თვითრეალიზაციის
ნაცვლად, იგი გამოსავალს პოულობს ნევროტულ გამოვლინებებში ან ფანტაზიის სამყაროში.
მაგრამ, ადამიანური ღირებულებების კუთხით, იგი ნაკლებად არის დასახიჩრებული, ვიდრე
ის "ნომალური", რომელმაც საერთოდ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა. საზოგადოდ,
ფრომს მიაჩნია რომ ადამიანთა დაყოფა ნორმალურებად და ნევროტიკებად მართებული არ
არის. ნევროტულ ადამიანთან პრინციპულად იმავე მოვლენებს ვხვდებით, რასაც
ჩვეულებრივ ადამიანთან, ოღონდ ნევროტიკთან მათ უფრო გამოკვეთილი, მძაფრი და
გაცნობიერებული ხასიათი აქვს; ნორმალური ადამიანები ვერც აცნობიერებენ თავისი
არსებობის ძირეულ პრობლემებს.

You might also like