Art - 1005

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 20

ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის)


პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ
მიყენებული ზიანისათვის

1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე


განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის
სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო
(მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული
მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული
ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს
სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე
სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად
აგებს პასუხს.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ
დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ
შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების,
სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების,
ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან
გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის
არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს
სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და
სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები
სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

I. ზოგადი დებულებები................................................................................................. 1
II. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე...................................... 6
III. ზიანის ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევა ............................................... 17

I. ზოგადი დებულებები

1005 - ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას


სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული
ზიანისათვის, უფრო კონკრეტულად: თუ სახელმწიფო ან საჯარო
მოსამსახურე განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს

1
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო


ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობს, ვალდებულია
აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. თუმცა ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება გამოირიცხება თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან
აეცილებინა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას
სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც
მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე
კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით
მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად,
იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა,
სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება,
წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და
დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და
დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა
წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის
სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი
წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების
(უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის
მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი
თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული
ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის
207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი
პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების
გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც,
გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 04 ოქტომბრის №ბს-810(კ-18) გადაწყვეტილება.

2
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის


პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი
ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ
მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო,
რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე
სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე
კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი
ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს,
მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული
და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მითითებული მუხლის მეორე
ნაწილის შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის
ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს
ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც2.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2012 წლის 20 იანვრის #ას-
1156-1176-2011 განჩინებაში განმარტავს, რომ საკმაოდ დიდი
მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად
დადგენას. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა
ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ,
სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია
მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი
პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის
შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება
არაქონებრივი ზიანისათვის.
ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით
გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა
უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და
წესრიგი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის მიერ
დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად
დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური)
ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა,
კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის

2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019


წლის 04 ივნისის №ბს-141(კ-19) გადაწყვეტილება.

3
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში


დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი
ზიანისათვის. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო
აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის
აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის
ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი
ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი
ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის
ორგანიზმის შინაგან პროცესებს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ
განსახილველი ნორმის ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე,
არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული
სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა - ქონებრივი ზიანის გამო
სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის
შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის
მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი
ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად
ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის
შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას
სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც
მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე
კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით
მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი3. 412–ე
მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის
ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და
წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი,
ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 03 სექტემბრის №ბს-455-455 (კ-18) გადაწყვეტილება.

4
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის


უნდა არსებობობდეს მიზეზობრივი კავშირი. სახელმწიფო
მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას,
ასევე უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი
გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი
მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის
სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად,
რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებას4.
საკასაციო პალატა თავის გადაწყვეტილებებში მიუთითებს
საქართველოს კონსტიტუციაზე და განმარტავს, რომ ყველასთვის
გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და
თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ
მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება
შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და
ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ამასთანავე, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე,
მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის
მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას
მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
207-209-ე მუხლები.
მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი
საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლი, რომელიც ზიანის
ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს მისი მიმყენებლის ბრალის
მიუხედავად. ამ მუხლის მიზანია, გამართლებული პირისათვის
სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის
ანაზღაურება. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიემართება
პროკურატურის, როგორც სახელმწიფოს ინტერესების
წარმომადგენელი ორგანოს მიმართ, უშუალოდ სისხლის სამართლის
საქმის მწარმოებელი პროკურატურის ცალკეულ თანამდებობის პირთა
ბრალეულობის დადგენის გარეშე.5

4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 10 ივლისის №ბს-1171-1165 (კ-17) გადაწყვეტილება.
5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020
წლის 18 მარტის №ბს-86 (გ-20) გადაწყვეტილება.

5
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

II. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან


გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის
აუცილებელი არის შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი,
მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი
კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე
პირის მარეაბილიტერებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად
დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური,
ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფასა და
ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და
ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების
შელახვა.
მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების
დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში,
დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი
ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა
დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის
გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი
რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება
არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის
ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით6 (სკ-ის 413
მუხ.).
ზოგადი სტანდარტით გამამართლებელი განაჩენი უდავოდ
წარმოადგენს პირის რეაბილიტაციის საფუძველს. სკ-ის 1005-ე
მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია
აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული
პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას,
მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება
ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის
ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა7, საწინააღმდეგო
ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017


წლის 29 ივნისის №ბს-19-18(კ-17) გადაწყვეტილება.
7 იხ.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13
მუხლი.

6
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

აღიარებულ ადამიანისა და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი


ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.
აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის
მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც
ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად, დაუსაბუთებლად
არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და
თავისუფლებებს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ 1984
წლის 22 ნოემბრის ევროპული კონვენციის #7 ოქმის მესამე მუხლის
თანახმად, ,,თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებული
იყო სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს
მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა,
რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ
მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი
მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას
მიეკუთვნებოდა კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი
კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით“.
საქმეზე ,,პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ
უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი
მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა
უნდა მომხდარიყო ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული
დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§51). ამდენად,
მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული
უკანონო მსჯავრდება/ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის უკანონოდ შეფარდება) განაპირობებს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის
ღონისძიების შეფარდების მომენტში ფორმალურად მართლზომიერი
საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების
დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა
უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს
დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისათვის
სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის
ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას.
გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაცია სისხლის სამართლის
პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა,
რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა

7
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის


რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი
განაჩენი წარმოადგენს, რომელიც პირის არაბრალეულობასა და
უდანაშაულობას ადასტურებს.
გასათვალისწინებელია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების
დაკისრებისათვის კანონმდებლობით უფრო მაღალი სტანდარტი არის
დადგენილი (სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,
მორალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას მხოლოდ კანონით
ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, აღნიშნულის გათვალისწინებით
სკ-ის 1005.3 მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს რეაბილიტირებული
პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო ბრალდების
შემთხვევაში8). სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციის
თანახმად შეიძლება გავაკეთოთ განმარტება, რომ უკანონო
ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება
როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი. მატერიალური ზიანი
შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის
მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების
გაწევაში და ა.შ. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება იმაში
მდგომრეობს, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის
მიმყენებლის ბრალის მიუხედავად და მისი დაკმაყოფილებისათვის
საკმარისია ზიანის არსებობის დადგენა, ქმედების უკანონობა და
პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს
გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და
შესაგებელს. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ იმ შემთხვევაში,
როცა საუბარია მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე,
აუცილებელია დადგინდეს მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი,
მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის და
მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება კი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს,
შეიცავდეს შეფასებასა და დასაბუთებას თოთოეული გარემოებისა და
სამართლებრივი ნორმის მიმართ.

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017


წლის 29 ივნისის №ბს-19-18(კ-17) გადაწყვეტილება.

8
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი


პრაქტიკის თანახმად9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე
მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ზიანი
ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის
მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის არსებობა,
ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი
გარემოება. ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო
ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება
რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა,
ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს
უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა10. ქმედების
მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის
დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის
სამართლებრივ შეფასებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების
მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევით, აქვს აღსრულებადი
უფლება კომპენსაციაზე. ეს დებულება მე-13 მუხლით
გათვალისწინებული იმ ზოგადი ვალდებულების კონკრეტული
გამოვლინებაა, რომლის თანახმადაც, კონვენციით გარანტირებული
ამა თუ იმ უფლებისა და თავისუფლების დარღვევისას ხელმისაწვდომი
უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება.
ამასთანავე, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი დაცვის საშუალება მხოლოდ მაშინ მოითხოვება,
როდესაც შესაძლო მსხვერპლი მე-5 მუხლის 1-4 პუნქტების
დებულებების საწინააღმდეგოდ იყო დაკავებული ან დაპატიმრებული.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების
მიზნებისათვის რელევანტურია კონვენციის მე-5 მუხლის „C“
ქვეპუნქტი, რომელიც მოითხოვს, რომ დაპატიმრება მოხდეს
უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად,
როდესაც არსებობს იმ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის

9 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017


წლის 29 ივნისის №ბს-19-18(კ-17) გადაწყვეტილება.
10 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13
მუხლი

9
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ


სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის
აღკვეთის აუცილებლობა. იგივე საფუძვლებია გათვალისწინებული
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც,
კერძოდ: პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება
მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს
აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ
მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის
მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა (მუხ. 205). სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების
გამოყენებისას მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი,
რაც გულისხმობს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის
აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილება,
რაც ყველაზე მაღალი სტანდარტია და გულისხმობს სასამართლოს
მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო
მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს
დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა სანდოობასა
და მათ საკმარისობაზე პირის მსჯავრდებისათვის შეიძლება
მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეების
მონაწილეობით გამოიკვლევს მათ არსებითი განხილვის სხდომაზე.
შესაბამისად, წინასწარი გამოძიების ეტაპზე იმის ვარაუდი, თუ
როგორ წარიმართება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა
და საკმარისად მიიჩნევს თუ არა მათ მოსამართლე გამამტყუნებელი
განაჩენის დასადგენად, შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ასევე იგი
გამოყენებულია უფლებამოსილი ორგანოს - მოცემულ შემთხვევაში
სასამართლოს მიერ, პირის გამართლება არ ნიშნავს იმას, რომ
აღკვეთის ღონისძიება უკანონოდ იყო გამოყენებული.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ
მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება
აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს
კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5
პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის

10
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და


თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ
მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება
შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული
კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი
ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს,
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით
მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო
მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აღკვეთის ღონისძიება
კანონიერად იყო გამოყენებული, პირის შემდგომი გამართლება არ
წარმოშობს კომპენსაციის სრული ოდენობით ანაზღაურების
ვალდებულებას არც საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის და არც ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მიხედვით.
საქართველოს უზენაესის სასამართლოს არსებული პრაქტიკით11
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული
ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად
უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ
გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის
მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის
რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე
კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა
შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური
ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს
უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა.
პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს
ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის
უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ

11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 02 ოქტომბრის №ბს-1143-1137(2კ-17) გადაწყვეტილება.

11
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან


მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების
გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს
კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის ქმედებაშიც
სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა
მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი
უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამდენად, მსგავს შემთხვევებში, სახეზეა 1005-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემობა და
აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის
მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გაიგივებული მხარის მიერ დაკავების
გასაჩივრების აუცილებლობასთან.
პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით
დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის
აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც
ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ,
აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის
ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული
ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ
იქნეს აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ
შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური
შესაძლებლობა.
ამ ნაწილში დამატებით შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება, რომელმაც დაადგინა
ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე
თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის.
თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების
აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი
უფროა, ვიდრე მისი ბუნების ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის
წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და
ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ
იქნეს დეტალურად. ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი,
ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და
მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნეს განხილული.
ამდენად, ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ
პატიმრობას შორის განსხვავება არის მის ინტენსივობასა და
ხარისხში, ამასთან, ადმინისტრაციული დაკავება არის

12
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა


წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, თუმცა თავისი
არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების -
თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და დამდგარი
ნეგატიური შედეგებით, რაც გამოიხატება კონკრეტულ
დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებაში, პირის
რეპუტაციაზე გავლენის მოხდენაში, უარყოფითი განცდების
წარმოქმნაში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, არ უნდა
იქნეს გაზიარებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ
ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ შემადგენლობაში.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი
ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი
ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად
განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი
ანაზღაურების სახით. ამავგე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ
სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების
შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება
არაქონებრივი ზიანისთვისაც.
მსგავს დავებზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში
ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2
ნაწილს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური
ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების
საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის
შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას12.
ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ
წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც
გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო
კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი
განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო ცნობს და იცავს
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და

12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 02 ოქტომბრის №ბს-1143-1137(2კ-17) გადაწყვეტილება.

13
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ


ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და
სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და
თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება
ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი
ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის
გამოყენება.
კონსტიტუციის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი,
როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების
თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც
უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან
გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ
გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ
თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს
ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, მისი ჩამორთმევა და
შეზღუდვა დაუშვებელია. ხოლო ადმინისტრაციული დაკავებით ხდება
ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებათა შელახვა, რაც
წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის
მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების
შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე
მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევაში სასამართლო
მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი სახელმწიფო
მოსამსახურეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას
ითვალისწინებს მხოლოდ მათი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში,
ამასთან უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიული შინაარსი
სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ
უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას,
რომელიც უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, პიროვნების,
მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა და ობიექტური გარემოებების
ურთიერთშეჯერების საფუძველზე13. უხეში გაუფრთხილებლობა
გამოიხატება იმ ნორმათა და მითითებათა გაუთვალისწინებლობასა და

13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 02 ოქტომბრის №ბს-1143-1137(2კ-17) გადაწყვეტილება.

14
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

დარღვევაში, რომლებიც უნდა იცოდეს შესაბამისი ქმედების


განმახორციელებელმა პირმა.
საკასაციო ინსტანციის მიერ დადგენილი პრაქტიკით, რიგ
შემთხვევაში ადმინისტრაციული პალატა მიუთითებს, რომ
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი პირადი
არაქონებრივი უფლებების მატერიალური სახით ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზების საშუალებას
იძლევა მხოლოდ ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის
შემთხვევაში. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,
რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო
შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და
დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო
მიზეზობრივი კავშირი.
ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც
პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და
არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი
ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს
მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში,
ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს
პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ
ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს
ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და
სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება
არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს
არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის
ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი
კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად
არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია
პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ
შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ

15
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი


შედეგისათვის14.
სკ-ის 1005.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო მსჯავრდების,
პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად რეაბილიტირებული
პირისათვის ზიანის ანაზღაურებას, ითვალისწინებს რომ ზიანი
ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, ანიჭებს რა პირს ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავს
მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა
სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და
რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო
ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება
რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან
არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს
უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა („ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13
მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს
კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი
ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. ქმედების
მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული
ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე.
მსგავსი კატეგორიის დავისას, მოსარჩელე, როგორც წესი სარჩელით
მოითხოვს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის
ანაზღაურებას. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებათა დარღვევასთან.
არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ისეთ
ობიექტს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის
შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია.
ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის
საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება,
საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი.
პირისათვის ბრალის წარდგენა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების

14 სუს. საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ. გადაწყვეტილება

16
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

გამოყენება, გამატყუნებელი განაჩენის გამოტანა დაკავშირებულია


გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესულ მდგომარეობასთან,
რეპუტაციის შელახვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების
მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის
საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ
მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს
მიხედულებით წყდება, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს
სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით15.

III. ზიანის ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის


თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის
ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
დადგენილი წესი. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი
თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული
ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად,
პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან
გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია
აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას
სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც
მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე
სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. იმავე მუხლის
მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ
წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში

15 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019


წლის 02 თებერვლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება.

17
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან


აეცილებინა ზიანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ იმისათვის, რათა პირს (მათ შორის,
ადმინისტრაციულ ორგანოს) დაეკისროს სხვა პირის მიმართ ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობების
ერთობლიობა:
1. რეალურად უნდა არსებობდეს ზიანი; 2. ზიანი უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო; 3. ზიანის მიყენებაში ზიანის მიმყენებელს
უნდა მიუძღოდეს ბრალი; 4. პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს
შორის უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი, ანუ ზიანი გამოწვეული უნდა
იყოს ზიანის მიმყენებელი პირის ქმედების შედეგად.
ამასთანავე გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე
მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა იმის შესახებ, რომ ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა
სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი, რაც ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის
პრაქტიკით განმარტებულია16, რომ საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი
თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული
ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე
მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის
ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად,
თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას

16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017


წლის 18 ივლისის №ბს-92-91 (კ-17) გადაწყვეტილება

18
ბოლო დამუშავება: 17 იანვარი, 2023 ირაკლი ყანდაშვილი

სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს


მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე
სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე
მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან
უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა, სამართლებრივი გზებით
თავიდან აეცილებინა ზიანი.
ამდენად, ზიანის მიყენებისათვის კონკრეტული პირის
პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა
შეამოწმოს ისეთი აუცილებელი პირობების არსებობა, როგორიცაა
მართლწინააღმდეგობა, ზიანი, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამ
უკანასკნელი პირობის არსებობას კი გამორიცხავს ისეთი ვითარება,
როცა ზიანის მიყენებისათვის არსებითია არა კონკრეტული ქმედება,
არამედ ნებისმიერი სხვა ფაქტორის (სხვა პირის ბრალის,
ფორსმაჟორული გარემოების და ა.შ) არსებობა.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირს, ვისი
ქმედების გამოც დადგა კანონსაწინააღმდეგო შედეგი. თუ ზიანი
პირის უშუალოდ მოქმედებით ან უმოქმედობით არ იქნება
გამოწვეული, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა
გამორიცხულია.
მსგავსი კატეგორიის დავებზე, არაქონებრივი სახის ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის ანალიზის დროს გასათვალისწინებელია,
რომ როდესაც მოხელის ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელის
მდგომარეობას შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე
გამორიცხავს ამა თუ იმ უწყების პასუხისმგებლობის უარყოფის
შესაძლებლობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე დაყრდნობით
სასამართლომ უნდა მიიჩნიოს, რომ სხეულის დაზიანება,
ჯანმრთელობის მოშლა უდავოდ იწვევს არაქონებრივი (მორალური)
ზიანის მიყენებას, რის გამოც მოთხოვნა მორალური ზიანის
ანაზღაურების თაობაზე ექვემდებარება დაკმაყოფილებას17,

17 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018


წლის 17 ივლისის №ბს-976-972 (2კ-17) გადაწყვეტილება.

19
ირაკლი ყანდაშვილი მუხლი 1005

წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ვერ


განხორციელდება.

20

You might also like