Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1გ- 132 10 თებერვალი 2015 წელი
ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს


საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე

მანუჩარ კაპანაძემ

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე საქართველოს მთავარი პროკურატურის


დეპარტამენტის პროკურორ ვანო ოქროპირიძის საჩივარი თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლარისა
ლიპარტელიანის 2015 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე _ საგამოძიებო მოქმედების -
ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და

გ ა მ ო ვა რ კ ვ ი ე :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო


დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველის სამმართველოს
წარმოებაშია სისხლის სამართლის №XXXXXXXXXXXX საქმე, სხვადასხვა მეწარმე
სუბიექტების მიერ სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაზიანების ფაქტზე, დანაშაული
გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქმის მასალების მიხედვით:
2015 წლის 06 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის
დეპარტამენტის პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ და ითხოვა საგამოძიებო მოქმედების
- ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის გაცემა იმ მიზნით, რომ შპს „XX თ.-ს“, შპს „X. X.-ის”,
შპს „ბ. მ. გ.-ს“, შპს „ბ. მ. გ.-ს“, შპს „X&X ე. გ.-ს“, შპს „პ. გ.-ს“, შპს ,,ც. ფ. კ.-ს’’, შპს „გ.-ს“,
შპს "ზ.-ს", შპს „გ.-ს“, შპს ,,ე. პ.-ს", შპს ,,მ. ჰ.-ს’’, შპს ,,გ. XX-ის”, შპს ,,XXX.-ის”, შპს ,,გ.-ს“,
ი/მ „ი. ყ.-ს“, შპს ,,ნ.-ს’’, შპს „მ და კ.-ს“ იურიდიული მისამართებიდან და ბ. კ.-ს
საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ყოფილიყო აღნიშნული საწარმოების 2013 წლის 01
იანვრიდან, 2015 წლის 06 თებერვლამდე პერიოდის სამეწარმეო საქმიანობასთან

1
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია (საბუღალტრო, სადამფუძნებლო და


იურიდიული) და შავი ჩანაწერები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის 2015 წლის 06 თებერვლის განჩინებით,
შუამდგომლობა - ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის ნებართვის გაცემის შესახებ,
არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიაში გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის
პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე
მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, საგამოძიებო მოქმედების
ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, არის უკანონო და
დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე,
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სახეზეა პირთა ჯგუფის მიერ სავარაუდო
დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ამ გზით სახელმწიფოს ადგება დიდი ოდენობით
მატერიალური ზიანი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ
შუამდგომლობასთან ერთად წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებებისა,
რომლებიც ასაბუთებენ შუამდგომლობის მართებულობას და საკმარისია იმ
სტანდარტისათვის, რათა სასამართლოს მიერ გაიცეს განჩინება საგამოძიებო მოქმედების
- ჩხრეკის ჩასატარებლად (იხ: საჩივარი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა საჩივარში
მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების
შესაძლებლობას და არ არსებობს მისი ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.
სასამართლომ განიხილა საჩივარი, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია,
რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული
კონვენციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და პაქტებით გარანტირებულია
კერძო საკუთრების, მფლობელობის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
და დაუშვებელია ამ უფლებების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა,
გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად
და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში დანაშაულის გამოსავლენად ან
თავიდან ასაცილებლად. ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც
ზღუდავენ კონსტიტუციით დაცული უფლებების ხელშეუხებლობას, ხორციელდება
მკაცრი სასამართლო კონტროლის საფუძველზე.
საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის თანახმად, ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის
გაცემისათვის სახეზე უნდა იყოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი; საქართველოს
სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად კი, დასაბუთებული ვარაუდი არის
,,ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის
საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა
პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, საპროცესო კოდექსით პირდაპირ
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის გათვალისწინებული
მტკიცებულებითი სტანდარტი“.

2
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მიიჩნევს, რომ პირველი


ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უარი
უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, საგამოძიებო კოლეგია დამატებით
განმარტავს შემდეგს:
სასამართლო იზიარებს პროკურორის მითითებას იმის თაობაზე, რომ
წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, შესაძლოა მართლაც არსებობდეს
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. თუმცა
დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობა
ცალსახად არ ნიშნავს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ჩხრეკის
ჩასატარებლად ნებართვის გაცემისათვის საკმარისი საფუძველის არსებობას, ვინაიდან
საპროცესო კანონმდებლობის სპეციალური მუხლი აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარებისათვის აწესებს დამატებით მოთხოვნებს, კერძოდ: სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-4
ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება
ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ
ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ანუ, ამ შემთხვევაში
აუცილებელია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არა მარტო დანაშაულის ჩადენის
თაობაზე (რასაც პროკურორი უთითებს საჩივარში), არამედ იმის შესახებაც, რომ ნივთი
ინახება გარკვეულ ადგილზე, (გარკვეულ პირთან) და საჭიროა მისი ძებნა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია იზიარებს
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ძირითადად
ჩხრეკის ჩატარება მოთხოვნილია ისეთი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ამოსაღებად,
რომელთა ძებნა საწარმოში, როგორც წესი, აუცილებელი არ არის, რამეთუ საწარმოს
სამეწარმეო საქმიანობისა და საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია,
ინახება საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში, ბუღალტერთან. საქმის მასალებში არ
მოიპოვება არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია
შესაძლებელია იყოს გადამალული და რომ, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჩხრეკის
ჩატარება და გადამალული დოკუმენტაციის დაძებნა. სხვა შემთხვევაში, თუკი
გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება შესაძლებელია სხვა საგამოძიებო
მოქმედებით, ჩხრეკის ჩატარების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის
დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
რაც შეეხება შავი ჩანაწერების დაძებნას და ამოღებას, საქმის მასალები ასევე არ
იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ შუამდგომლობაში მითითებული
კომპანიები აწარმოებდნენ შავ ბუღალტერიას. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ
შესაძლებელია არსებობდეს შავი ჩანაწერები (დასაბუთებული ვარაუდის
სტანდარტისათვის საჭირო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე), შუამდგომლობის
დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.
გარდა ამისა, ბ. კ.-ს ბინის ჩხრეკის აუცილებლობას პროკურორი ასაბუთებს იმ
გარემოებაზე მითითებით, რომ 2015 წლის 17 იანვრის დათვალიერების ოქმიდან
გამომდინარე, აღნიშნული კომპანიების სახელით საბაჟო მოსაკრებელს ძირითადად
იხდიდა ბ. კ. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო მოსაკრებლის გადახდა თავისთავად არ
წარმოშობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ პირის საცხოვრებელ ბინაში
შესაძლებელია ინახებოდეს საწარმოს ესა თუ ის დოკუმენტაცია, სხვა რაიმე

3
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

დამადასტურებელი მასალა კი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად,


არ არსებობს საფუძველი ბ. კ.-ს ბინის ჩხრეკისათვის ნებართვის გასაცემად.
ამდენად, საგამოძიებო მოქმედების _ ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის
მიერ განჩინების გასაცემად სახეზე არ არის საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები,
ხოლო პროკურორის მიერ მოყვანილი არგუმენტები, ასევე წარმოდგენილი საქმის
მასალები არ ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს ჩხრეკის ჩასატარებლად
განჩინების გაცემისათვის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
განჩინება გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მისი გაუქმების
საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის 2015 წლის 06 თებერვლის განჩინება კანონიერია
და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო


კოდექსის მე-20, 112-ე, 119-121-ე,207-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვანო


ოქროპირიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის 2015 წლის 06 თებერვლის განჩინება,
საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
შესახებ - დარჩეს უცვლელად;
3. განჩინების ასლები გაეგზავნოს და გადაეცეს საქართველოს სსსკ-ის 207-ე
მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე

You might also like