Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ


ნებისმიერ დროს.

2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო


ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს
საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი
შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების
მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.

I. ნორმის მიზანი
კომენტირებული მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშსწორების 1
ხელშეკრულების შეწყვეტა 859-ე მუხლის კომენტარის შინაარსის პარალელურად უნდა
გავაანალიზოთ, რაც მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ აღნიშნული შეწყვეტა სხვა არაფერია
თუ არა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საბანკო ანგარიშის მომსახურების
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშის დახურვა. საბანკო მომსახურების
ხელშეკრულებათა უმრავლესობისგან განსხვავებით, საბანკო ანგარიშისწორება,
როგორც წესი, მხარეთათის ნაკლები ფინანსურ ვალდებულებების შემცველია. სწორედ
ამიტომ, ზოგადად, საბანკო ანგარიშის გახსნა მარტივია და ასევე ბევრი სირთულის
გარეშე შესაძლებელია მისი დახურვაც. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ნორმის
მიზანია დაამკვიდროს ანგარიშსწორების ხელშეკრულების დახურვის მინიმალური
სტანდარტი, დაიცვას კლიენტი ბანკის მხრიდან ანგარიშის დახურვის შემზღუდველი
პირობების დაწესებისგან და ამავდროულად მაქსიმალურად უზუნველყოს, რომ
საკრედიტო დაწესებულების ინიციატივით გარიგების შეწყვეტისას კლიენტი
საანგარიშსწორებო მომსახურების გარეშე არ დარჩეს.

II. ნორმის შინაარსი


თუ 864-ე მუხლი ანგარიშის დახურვის ზოგად საფუძვლებზე საუბრობს, „ინსტრუქცია“ 2
გაცილებით მეტად კონკრეტულია და საბანკო ანგარიშის დახურვის ყველა შესაძლო
შემთხვევას ითვალისწინებს. ამრიგად, „ინსტრუქციით“ დადგენილია numerus clausus
პრინციპით ფორმულირებული ამომწურავი ჩამონათვალი იმ გარემოებებისა, რომელთა
არსებობისასაც იხურება საბანკო ანგარიში, კერძოდ, „ბანკში პირის ანგარიში
დაიხურება:

ა) ანგარიშის მფლობელის განცხადებით;

1
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

ბ) ლიკვიდატორის განცხადებით (გარდა ეროვნულ ბანკში გახსნილი


სალიკვიდაციო ანგარიშებისა) და/ან პირის ლიკვიდაციის პროცესის
დასრულების შემთხვევაში;
გ) ეროვნულ ბანკში გახსნილი კომერციული ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშის
შემთხვევაში – ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
დ) ფილიალის შემთხვევაში – მისი სათავო საწარმოს (ორგანიზაციის)
განცხადებით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – ანგარიშის
გახსნაზე თანხმობის გამცემი ორგანოს განცხადებით;
ე) ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის
შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
ვ) დადგენილი წესით პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირის)
გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;
ზ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;
თ) ანგარიშზე ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან დახურვისათვის ბანკში
განსაზღვრული საკომისიოს ოდენობის ნაშთის და არანაკლებ ერთი წლის
განმავლობაში ოპერაციების არარსებობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ
ითვალისწინებს;
ი) მოქმედი კანონმდებლობისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად.“

3 კანონმდებელი არსებითად ორივე მხარეს ნებისმიერ დროს ანიჭებს ხელშეკრულების


შეწყვეტის უფლებას. კომენტირებული მუხლის მეორე ნაწილი ერთგვარ შეზღუდვას
აწესებს საკრედიტო დაწესებულების შეწყვეტის უფლებასთან მიმართებით - მისი
რეალიზება მხოლოდ იმგვარადაა შესაძლებელი, რომ ანგარიშის მფლობელმა
სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო
დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული. ამ
დათქმის შინაარსის სიღრმისეულად გასააზრებლად უპრიანი იქნება ნორმის
უმნიშვნელოვანესი ელემენტების იდენტიფიცირება. ანგარიშის მფლობელის მიერ
საანგარიშსწორებო მომსახურების სხვაგვარად მიღება, ხელმისაწვდომი
სასამართლოსეული ახსნა-განმარტების არარსებობის პირობებში, უნდა, სავარაუდოდ,
გავაიგივოთ კლიენტის შესაძლებლობასთან იმავე ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში
გახსნას ახალი საბანკო ანგარიში. გამომდინარე იქედან, რომ: 1) „ინსტრუქციის“
თანახმად პირს უფლება აქვს ერთსა და იმავე ბანკში რამდენიმე ანგარიში გახსნას; და 2)

2
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

დღეის მდგომარეობით საქართველოში 15 კომერციული ბანკია1 რომელთა


უმრავლესობაც ფილიალების ან განყოფილებების (სერვის-ცენტრების) სახით
წარმოდგენილია ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფაქტიურად ყველა
მეტ-ნაკლებად მსხვილ დასახლებულ პუნქტში, ვგონებ, კლიენტს, როგორც წესი, არ
უნდა გაურთულდეს საანგარიშსწორებო მომსახურების სხვაგვარად მიღება.

ნორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გარემოებები, როცა ხელშეკრულების 4


შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს. რა უნდა მივიჩნიოთ ასეთ
გარემოებად? ბუნებრივია, რომ ისეთი აბსტრაქტული განსაზღვრებები როგორიცაა
„გონივრული ვადა“, “გონივრული მზრუნველობა“ ან „მნიშვნელოვანი საფუძველი“
სწორედ იმისთვის არის შესაბამის ნორმატიულ აქტებში განსაზღვრული, რომ
უფლებამოსილ პირს ან ორგანოს მისი ინტერპრატაციის ფართო ასპარეზი ჰქონდეს.
ამიტომ ლოგიკურია, რომ ზუსტად დეფინირება იმ მნიშვნელოვანი საფუძვლებისა,
რომლებიც საკრედიტო დაწესესებულებას ანგარიშის დახურვასთან მიმართებით
შეიძლება წარმოეშვას, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამავდროულად, ხელთ გვაქვს რა
„ინსტრუქციით“ განსაზღვრული ამომწურავი ჩამონათვალი ანგარიშის დახურვის
გარემოებებისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საფუძველს
წარმოადგენს თუნდაც ანგარიშზე ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან
დახურვისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობის ნაშთის და არანაკლებ
ერთი წლის განმავლობაში ოპერაციების არარსებობა. ნიშანდობლივია, რომ ასეთ
შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ანგარიშის (ანგარიშების)
არდახურვის შესახებ თუ ამავე კლიენტს ბანკში გახსნილი აქვს სხვა ანგარიში
(ანგარიშები), რომლებზეც იმავე პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა კლიენტის
ოპერაციები.2 ამგვარად, ნახსენები გარემოებების არსებობისას ე.წ. „არააქტიური“
საბანკო ანგარიშის დახურვა-არდახურვის საკითხი სწორედ კომერციული ბანკის
დისკრეციაშია. ანგარიშის დახურვისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა
დეფინირებისთვის საინტერესოა გერმანული სასამართლოს შეხედულებაც, რომლის
მიხედვითაც ამგვარ გარემოებად მიჩნეულია ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტი
მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არასწორ მონაცემებს აწვდის საბანკო
დაწესებულებას ან ეს ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდება, ასევე თუ
კლიენტი მის ანგარიშს დანაშაულებრივი ან აკრძალული აქტივობებისთვის იყენებს.3

საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ანგარიშსწორების შეწყვეტის კანონით 5


განსაზღვრულ შემთხვევად შეგვიძლია, მაგალითად, შესაბამისი სასამართლო

1 <https://www.nbg.gov.ge/index.php?m=403>, [23.1.2019].
2 „ინსტრუქციის“ მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი.
3 შეად. OLG Hamm, Beschluss vom 13.10.2008 - 31 W 38/08, <https://openjur.de/u/30671.html>, [1.09.2019].

3
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

გადაწყვეტილების არსებობა მივიჩნიოთ. იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად საბანკო


ანგარიში დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენება, მისი მეშვეობით ხდება
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ან ტერორიზმის დაფინანსება, ლოგიკურია, რომ
ასეთ ვითარებაში მართებული არ იქნებოდა ამგვარი საბანკო ანგარიშის დახურვა
ანგარიშის მფლობელის ან თუნდაც საკრედიტო დაწესებულების ნებას დავუკავშიროთ.
შესაბამისად, ქართული კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკა,
გარკვეული გარემოებების არსებობისას იმპერატიულად განსაზღვრავს საბანკო
ანგარიშის იძულებითი წესით დახურვის შესაძლებლობებსაც.

4
ლევან გოთუა

You might also like