Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

ესსე

ავტორი - ციცი თევზაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტი

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

კურსის ხელმძღვანელი - სალომე დალაქიშვილი


თომას ჰობსი, ინგლისელი ფილოსოფოსია, რომელმაც დაწერა წიგნი „ლევიათანი“.
მასში მან ჩააქსოვა თავისი იდეები ზოგადად სამყაროზე, პოლიტიკის ფილოსოფიაზე.
განსაკუთრებით კარგად აღწერს, თუ რას ნიშნავს ბუნებით მდგომარეობაში ყოფნა. ეს
არის ადგილი, სადაც ადამიანი არ არის შეზღუდული, თუნდაც სახელმწიფოს ან
რელიგიის ნორმებით. სრულყოფილად თავისუფალია. არ არის ჩარჩოში მოქცეული,
როგორც ეს სახელმწიფოში ხდება. ჰობსის აზრით, სიტყვა თავისუფლება
დაკავშირებულია გარე იძულების არარსებობასთან, ბუნებით მდგომარეობაში კი
ადამიანს ვერაფერს აიძულებ. აქ ყველანი თანასწორნი არიან, რადგანაც უთანასწორობა,
ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმაა. როდესაც ადამიანები ბუნებით
მდგომარეობაში ითვლებიან თავისუფალნი და თანასწორნი, ეს მათ შორის კონფლიქტს
იწვევს. ბუნებამ ადამიანები თანასწორნი შექმნა, ფიზიკური და გონებრივი უნარების
მხრივ. შესაძლოა ადამიანმა სხვა მასზე ჭკვიანად, მჭერმეტყველად, გონიერად
ჩათვალოს, მაგრამ არ ამბობს, რომ ისიც მათნაირია, მასაც გააჩნია ის გონებრივი
შესაძლებლობები, რაც სხვებს. „საკუთარ ჭკუას უშუალოდ აღვიქვამთ, სხვებისას კი-
შორიდან.“ (ჰობსი, 2019, 185.) ადამიანის თავისუფლება, ფრთების გაშლას ჰგავს,
ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც თავად მოისურვებს. ხშირ შემთხვევაში, კი
ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, თავისი თავისუფლებით დაბრმავებულია,
უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე გააჩნია. ეს გარემო საშიშია. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ
სხვისი მიისაკუთროს, რადგან აბსოლუტური თავისუფლება აძლევთ მათ ამის
საშუალებას.

ადამიანის ბუნებაში კონფლიქტის სამი წყარო არსებობს: შეჯიბრი, შიში და


პატივმოყვარეობა. უნდობლობა და სახელის მოხვეჭის სურვილი. როდესაც ადამიანი
არის სრულყოფილად თავისუფალი, ეზრდება სურვილი, რომ ჰქონდეს უფრო მეტი და
მეტი. შეჯიბრის შემთხვევაში ადამიანი იყენებს ძალადობას, რომ რაც სურს მარტივად
მოიპოვოს. ძალადობა კი შიშს წარმოქმნის. ამ დროს ადამიანს დამცველობითი უნარი
უყალიბდება. იცავს სიცოცხლეს და პირობითად, თავის ქონებას. პატივმოყვარეობის
შემთხვევაში ადამიანი იყენებს წვრილმან ელემენტებს, როგორიც არის ღიმილი, სიტყვა,
განსხვავებული აზრი. სწორედ ამიტომ არის ინდივიდი დაუცველი და უსუსური
ბუნებით მდგომარეობაში, რადგან არ აქვს უსაფრთხოების გარანტია. როდესაც ასეთ
პრობლემებში ეხვევა, მას მხოლოდ სიკვდილის შიში ამოძრავებს. ეს ყველაფერი
წარმოქმნის კონფლიქტს. თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ეცილება ნებისმიერ რამეში და
ხდებიან მტრები, უკვე ეს ომია. აღარ არსებობს მშვიდობიანი თანასწორობა და არ აქვს
გარანტია, რომ გადარჩება. „ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ“ (ჰობსი,
2019, 187.) ომში არ იგულისხმება შერკინება, არამედ დროის კონკრეტული მონაკვეთი,
როდესაც ნათლად ჩანს ბრძოლის გზით დაპირისპირების სურვილი. ეს სამი წყარო
ქმნის კონფლიქტს, რაც ბუნებით მდგომარეობას მუდამ ომში ამყოფებს. ესეც არის ერთ-
ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ არის ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი
დაცული.

ინგლისელი ფილოსოფოსის აზრით, ბუნებითი უფლება არის იგივე ადამიანის


უფლება. საკუთარი ძალისა და უნარის გამოყენება თავისუფლად, შეზღუდვების
გარეშეა შესაძლებელი. ბუნებითი კანონი კი არის მოთხოვნა, გონებით მიკვლელული
წესი. ამ შემთხვევაში, ადამიანს ეკრძალება გააკეთოს ისეთი რაღაც, რამაც შესაძლოა
თავისი სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში ან რაიმის გაკეთებით უბრალოდ ვერ შეძლოს
საკუთარი თავის დაცვა. უფლება ადამიანს ათავისუფლებს, ყველანაირი მოქმედების
საშუალებას აძლევს. ხოლო კანონი, უდგენს დოგმებს, თუ რისი გაკეთება არის
სავალდებულო ან სასურველი. როგორც მოვალეობა და თავისუფლება განსხვავდება
ერთმანეთისგან, სწორედ ასე განსხვავდებიან ეს ორი ტერმინიც. გამოიყოფა სამი
ბუნებითი კანონი. პირველი არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ძიება, რასაც
საბოლოოდ ბრძოლის დასრულებამდე მიყავს საზოგადოება. მეორე არის თავიანთი
უფლებების შეზღუდვა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება. თუ ადამიანი
ზღვარს არ უწესებს თავის უფლებებს, მუდამ ომის პროცესში იქნება. ამიტომ საჭიროა
არა ერთმა, არამედ თითოეულმა ინდივიდმა შეზღუდოს საკუთარი უფლებები. რაც არ
უნდა რომ სხვამ გაუკეთოს, მანაც ის არ უნდა გაუკეთოს სხვას. როდესაც ინდივიდი
თმობს თავის უფლებებს, ის ავტომატურად უარს ამბობს აბსოლუტურ თავისუფლებაზე.
უფლებების შეზღუდვა მომგებიანია თითოეული ადამიანისთვის, რადგან ეს აღარ
ამყოფებს ომში საზოგადოებას და ამავდროულად უკეთესად შეეძლება ყველას თავისი
ძირეული უფლებების გამოყენება.

მესამე ბუნებითი კანონი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც ადამიანები


ერთმანეთში დებენ პირობას, რომ ემორჩილებიან სუვერენს, ანუ ხელისუფალს. ამ
ხელშეკრულებით, თითოეული ინდივი თმობს საკუთარ უფლებებს და ემორჩილება
ბუნებით კანონს. თუ დაუპირისპირდებიან სახელმწიფოს, ისინი ამით თავიანთ თავსაც
უპირისპირდებიან. რეალურად ეს ხელშეკრულება აყალიბებს ერთიანობის პრინციპს.
ასეთ მთლიანობას კი ეწოდება საზოგადოება, პოლიტიკური ერი. როდესაც ადამიანი
დებს ხელშეკრულებას, ის ავტომატურად ემორჩილება ყველა კანონს, რასაც აწესებს
სუვერენი, რომც არ მოსწონდეს, მაინც. მაგრამ სანაცვლოდ, ის იღებს უსაფრთხოებას. რა
თქმა უნდა, ეს დადებული პირობა ზღუდავს ინდივიდის უფლებებს, მაგრამ თუ უარს
განაცხადებს ხელშეკრულებაზე და სურს დადებული პირობის გაუქმება, ის უბრუნდება
ბუნებით მდგომარეობას, რასაც ჰობსის აზრით, ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს.
ადამიანები, რომლებიც თმობენ თავიანთი უფლებების ნაწილს, გადასცემენ სუვერენს.
როდესაც ინდივიდს გააჩნია შეუზღუდავი უფლებები, ეს ქაოსს იწვევს, რამაც შეიძლება
მთლიანი საზოგადოებრივი სტრუქტურა დაარღვიოს. სუვერენში იგულისხმება ძალა,
რომელსაც დედამიწაზე არ ჰყავს სხვა უფროსი. ეს შესაძლებელია იყოს ხელისუფალი, ან
როგორც ჰობსი ამბობს მეფე, ინდივიდი, რომელსაც მთლიანი საზოგადოება
ემორჩილება. ამ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება უფრო უსაფრთხო ხდება
სახელმწიფოში, ვიდრე ბუნებით მდგომარეობაში. სუვერენის ქმედება ხალხის ქმედებაა.
სწორედ ის წარმოაჩენს საზოგადოების სახეს. ხელშეკრულების დარღვევა სუვერენს არ
შეუძლია, რადგან ის არ არის ამის ნაწილი, არამედ შედეგია. ჰობსისთვის ხელისუფლება
არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან. ხაზგასმით ამბობს, რომ ხელშეკრულება იდება
ინდივიდებს შორის, რათა დაემორჩილონ ერთი და იმავე სუვერენს. თუ ხელისუფლება
იმოქმედებს ხალხთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლოა
საზოგადოებამ გატეხოს ეს პირობა და აუჯანყდეს სუვერენს. ამით კი ირღვევა სიმშვიდე,
ჰარმონია და იწყება ქაოსი, რასაც საბოლოოდ ბუნებით მდგომარეობაში მიყავს ხალხი.
ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება პირობას დაარღვევს. ინგლისელი
ფილოსოფოსის აზრით, ასეთი ხელშეკრულება არის სრული აცდენა. სუვერენი ხალხთან
ვერ დადებს პირობას, რადგან თუ არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს საზოგადოება,
ერთი მთლიანობა. ამის სრულყოფაში მოყვანას კი სჭირდება ინდივიდების შეთანხმება
და ხელშეკრულების პირობების დამორჩილება.

თითოეული ინდივიდი როგორც აქამდე აღინიშნა, თმობს თავის უფლებებს და


კარგავს აბსოლუტურ თავისუფლებას. ნათელია, არავინ დათმობს ამას ისე, რომ რაიმე
არ მიიღოს სანაცვლოდ. სუვერენი აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ხალხის
უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ბუნებით მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ
დაუცველობის გრძნობა, არ აქვთ გარანტია, რომ გადარჩებიან. არ არის მშვიდობა, მუდამ
ომი მძვინვარებს, არ არის ჰარმონია, არის სისასტიკე და ამბიციებით აღსავსე
საზოგადოება. სწორედ ეს პრობლემები უნდა გადაჭრას სუვერენმა, ანუ სახელმწიფომ,
მეფემ. ამას ამბობს ფილოსოფოსი ჰობსიც, ასეთ გაერთიანებას საბოლოოდ
მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ მიყავს ხალხი. „ერთ პიროვნებად გაერთიანებულ
სიმრავლეს ერქმევა სახელმწიფო, რომელსაც უკვდავი ღმერთის ხელში, მშვიდობასა და
უსაფრთხოებას ვუმადლით.“ (ჰობსი, 2019, 195.)

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჰობსი. „ლევიათანი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 170-198.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like