BA Thesis. L.Lobzhanidze

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 22

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
პოლიტიკის მეცნიერება

ლუკა ლობჟანიძე

ისლამური სახელმწიფოს გავლენა და პოლიტიკა


ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში

ნაშრომი შესრულებულია პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის


აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: გიორგი მელიქიძე

ხარისხი,თანამდებობა

თბილისი, 2020 წელი


შინაარსი
შინაარსი.....................................................................................................................................................2
შესავალი.........................................................................................................................................................3
ლიტერატურის მიმოხილვა....................................................................................................................4
კვლევის მეთოდი......................................................................................................................................6
თეორიული ჩარჩო....................................................................................................................................6
თავი 1. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა........................................................................................8
1.1 ორგანიზაციის იდეოლოგია..............................................................................................................8
1.2 სიმბოლოების გამოყენება..................................................................................................................9
1.3 ვიდეო პროპაგანდა...........................................................................................................................10
1.4 სოციალური მედია...........................................................................................................................12
1.5 ინტერნეტ პროპაგანდის შემაფერხებელი ფაქტორები...............................................................13
თავი 2. ჩრდილოეთ კავკასიიდან მებრძოლთა გადინება.....................................................................14
2.1 რეგიონიდან წასული მებრძოლების რაოდენობა........................................................................14
2.2 კავკასიის საამირო.............................................................................................................................15
2.3 რუსეთის პოლიტიკა.........................................................................................................................16
2.4 დაჯგუფების ლიდერები.................................................................................................................18
დასკვნა.........................................................................................................................................................19
გამოყენებული ლიტერატურა..................................................................................................................20
შესავალი

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო1 ტერორისტული ორგანიზაციაა,


რომელმაც განსაკუთრებულ სიძლიერეს 2014-2019 წლებში მიაღწია. 2014 წელს
დაჯგუფებამ თავი სახალიფოდ2 გამოაცხადა და სახელი ისლამურ სახელმწიფოდ
შეიცვალა. ორგანიზაციამ კონტროლირებადი ტერიტორიების გაზრდით, მილიარდიანი
ბიუჯეტითა და 30 ათასამდე მებრძოლით პროტო-სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაც კი
შეძლო (Tziarras, 2017; Gerges, 2017; Günther & Kaden, 2016). დაეშის პირველი
შეტევებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია,
რომელმაც 2019 წლის მარტისთვის ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული
ტერიტორიები მთლიანად გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა ორგანიზაციის მცირე
დაჯგუფებები კვლავ მოქმედებენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ჩრდილოეთ
კავკასიის რეგიონში (Najaar, 2019).

ისლამური სახელმწიფოს სამხედროების მნიშვნელოვან ნაწილს


საზღვარგარეთიდან რეკრუიტებული რადიკალიზებული მუსლიმები წარმოადგენენ.
საკმაოდ რთულია დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება თუ, რომელი ქვეყნიდან რა
რაოდენობის ადამიანები ირიცხებოდნენ დაეშის რიგებში, თუმცა რადიკალიზაციის
შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის მიხედვით (Cook & Vale, 2018) ყველაზე მეტი
უცხოელი მებრძოლი სწორედ რუსეთიდან (კერძოდ ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან) იყო
და მათი რიცხვი 5000 აღემატებოდა. იგივე მონაცემებით საქართველოდან წასული იყო
50-დან 200-მდე, ხოლო აზერბაიჯანიდან 900მდე ინდივიდი. უცხოელი მებრძოლების
მისაზიდად ისლამური სახელმწიფო პროპაგანდის არაერთ მეთოდს მიმართავდა. ალ-
ქაედა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მედია საშუალებების
აქტიური გამოყენებით სცადა საზღვარგარეთის მოსახლეობის რადიკალიზება. 2005-
2006 წლებში ორგანიზაცია 4500-ზე მეტ ვებგვერდს იყენებდა ვიდეოების
გასავრცელებლად (Riedel, 2007). 2010 წლიდან სოციალური ქსელების პოპულარიზების
1
ორგანიზაციას აგრეთვე მოიხსენიებენ როგორ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო, ან დაეში,
გამომდინე მისი არაბული აკრონიმიდან
2
ისტორიულად სახლიფო ისლამურ სახელმწიფოს გულისხმობს, რომლის ლიდერიც წინასწარმეტყველი
მუჰამედის მემკვიდრეა
გამო ისლამურმა სახელმწიფომ აქცენტი სწორედ ამ მეთოდზე გადაიტანა. ადგილობრივ
დონეზე ისინი კვლავ ტრადიციულ მედიასაშუალებებს იყენებდნენ და ცდილობდნენ
მოსახლეობა დაშინების გზით გადაებირებინათ, თუმცა საზღვარგარეთიდან
ინდივიდების მოსაზიდად, სოცილურ ქსელებში პირად მიმოწერას ამჯობინებდნენ.
Twitter-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2014-16 წლებში ადმინისტრაციამ
325000-ზე მეტი ანგარიში გააუქმა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს უწევდნენ
პოპულარიზაციას (Twitter Inc., 2016). დაეშმა თავისი ყურადღება კავკასიაზე 2015 წელს
გადაიტანა, როცა კავკასიის ვილაიეთის შექმნა გამოაცხადა( Wilayah al-Qawqaz).
მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ბრძოლების დასრულებისა რეგიონში კვლავ არის
ინდივიდუალური შეტევები საპოლიციო დანაყოფებსა თუ მოსახლეობაზე, როლებზე
პასუხიმგებლობასაც სწორედ კავკასიის ვილაიეთი იღებს.

ლიტერატურის მიმოხილვა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში უცხოელი მებრძოლების აქტიური


მონაწილეობა ახალ ფენომენს ნამდვილად არ წარმოადგენს. ავღანეთის ომში (1980-იანი
წლების) ან თუნდაც ერაყის ომში (2003-2011) უცხოელი მებრძოლების დიდი
რაოდენობა იყო ჩართული (Byman, 2019). ვინაიდან ჩემი კვლევა უმეტესწილად ეხება
ჩრდილოეთ კავკასიიდან წასულ მებრძოლებს საჭიროა განვმარტო თუ რას
გულისხომობ უცხოელი მებრძლის ფენომენი. თ.ჰეგჰამერი (Hegghammer, 2010/11)
თავის ნაშრომში უშუალოდ ისლამური ჯიჰადის3 მებრძოლების კატეგორიზაციას
ახდენს. იგი ოთხი კრიტერიუმით განსაზღვრავს მებრძოლებს: ისინი იბრძვიან
ამბოხებულის მხარეს; არ აქვთ მოქალაქეობრივი ან ნათესაური კავშირი
სახელმწიფოსთან; არ წარმოადგენენ რომელიმე სამხედრო ორგანიზაციის წევრებს; არ
იღებენ გასამრჯელოს. ეს განმარტება გამორიცხავს, როგორც დაქირავებულ სამხედრო
პირებს, ისე ჯარისკაცებს და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორი ტიპის
მებრძოლზეა საუბარი. ინტერნეტ საშუალებებით უცხოელი მებრძოლების

3
დასავლურ ენებში არსებული ნეოლოგიზმი, რომელიც აღწერს შეიარაღებულ, ექსტრემისტულ ისლამურ
მოძრაობას (Hammer, 2012)
რეკრტირების გზებზე არაერთი მეცნიერი საუბრობს და უმეტესობა თანხმდება
სოციალური ქსელებისა თუ ვებ-გვერდების მნიშვნელოვან როლზე ამ კუთხით
(Weimann, 2004; Jasmeet, 2018; Behr, Reding, Edwards, & Gribbon, 2013). რაც შეეხება
უშუალოდ კავკასიის რეგიონს, აღსანიშნავია ანა სეიბის კვლევა (Seib, 2018), სადაც
ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული ხუთი პროპაგანდული ვიდეოს
ანალიზია მოცემული. ნაშრომი კვლევისთვის ღირებულია, ვინაიდან ხსენებული
ვიდეობის ანალიზთან ერთად აღწერილია ის მიზეზები თუ რატომ შეიძლებოდა
გავლენა მოეხდინა პროპაგანდას რეგიონის მოსახლეობის რადიკალიზაციაზე.

ისტორიული წარსულის გავლენის უკეთ გასაგებად ევა კოპციკოვას კვლევაა


აღსანიშნავი (Kopčíková, 2017). ნაშრომი ჩეჩნეთის პირველი ომის ანალიზს ახდენს
კოლიერისა და ჰოეფლერის მოდელის მიხედვით (Collier & Hoeffler, 2000). ავტორები
ცდილობენ აფრიკაში არსებული ეკონომიკური პრობლემებით და პოლიტიკული
რეპრესიებით ახსნან მიმდინარე კონფლიქტები. კოპციკოვას ნაშრომი ხსენებულ ორ
ფაქტორს არგებს ჩეჩნეთის ომს. ნაშრომი ხსნის კონფლიქტების მიზეზებს და იმ
ფაქტორებს განსაზღვრავს, რაც ხელს უწყობს რეგიონის მოსახლეობაში კონფლიქტების
გაღვივებას. პრობლემატური საკითხია უცხოელ მებრძოლთა არა მხოლოდ გადინება,
არამედ ჩაბმა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშიც. ჟან-ფრანსუა რატლი დაღესტნის
მაგალითზე აღწერს მიზეზებს, თუ რატომ არჩიეს ახალგაზრდებმა შეერთებოდნენ
ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში, საკუთარ ტერიტორიაზე არსებული
რადიკალური ორგანიზაციების ნაცვლად (Ratelle J.-F. , 2020). მარკ იანგმენი შეისწავლის
ისლამური სახელმწიფოს მიერ კავკასიის ხალიფატის გამოცხადების ემოციურ გავლენას
და აგრეთვე საუბრობს რეგიონში ექსტრემიზმის იდეოლოგიურ საფუძვლებზე
(Youngman, 2016). ისლამური სახელმწიფოს და ჩრდილოეთ კავკასიის იდეოლოგიის
განსაზღვრა აუცილებელია, რათა დავინახოთ მათი ურთიერთკავშირი ისტორიასთან,
კულტურასთან და ავხსნათ ის მიზეზები თუ რატომ შეუწყო, ან არ შეუწყო ხელი
პროპაგანდამ რეგიონის იდეოლოგიურ რადიკალიზებას.
საკვლევი კითხვა: რა როლი შეასრულა ისლამური სახელმწიფოს მედია
პროპაგანდამ4 ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან დიდი რაოდენობით მებრძოლთა
გადინებაში.

ლიტერატურის შესწავლისა და კვლევის კითხვიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე


შემდეგი ჰიპოთეზა: ისლამური სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა პროპაგანდამ
მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი ჩრდილოეთ კავკასიიდან დიდი რაოდენობით
მებრძოლთა ჩარიცხვას ორგანიზაციის რიგებში.

კვლევის მეთოდი

ჰიპოთეზიდან გამომდინარე კვლევა არის კორელაციური. მე შევეცდები,


დავადგინო ორ ცვლადს შორის (ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა; ჩრდილოეთ
კავკასიიდან მებრძოლთა წასვლა) ურთიერთკავშირი პოზიტიურია, ნეგატიური თუ
ნულოვანი. ვინაიდან ჩემი კვლევის მიზანია საკითხის სიღრმისეული ანალიზი,
ჰიპოთეზის გამოსაცდელად გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები:
ლიტერატურის ანალიზი, მეორადი მონაცემებისა და ინფორმაციის შესწავლა,
კონკრეტული შემთხვევის ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუები რეგიონში
მცხოვრებ ინდივიდებთან. რესპოდენტების შერჩევა მოხდა განსახლების მიხედვით,
ვინაიდან რეგიონში მაცხოვრებლებს უკეთესი წარმოდგენა აქვთ მათ გარშემო
მიმდინარე პროცესებზე. გამოკითხული 4 რესპოდენტიდან 3 დაღესტანში, ხოლო ერთი
მათგანი ჩეჩნეთში ცხოვრობს. შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ასაკიც,
გამოკითხული პირები 20-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცები იყვნენ, ვინაიდან
ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა მიმართულია სწორედ ამ დემოგრაფიულ
ჯგუფზე.

თეორიული ჩარჩო

თეორია, რომელსაც კვლევა ეყრდნობა დაგ მაკადამის პოლიტიკური პროცესის


მოდელია (McAdam, 1982). მოდელი სოციალური მოძრაობის თეორიას მიეკუთვნება,

4
მედია პროპაგანდაში იგულისხმება, როგორც ტრადიციული(ტელევიზია, რადიო, გაზეთი), ისე
ინტერნეტ და სოციალური მედია
თუმცა განსხვავებულია მისი კლასიკური ვარიანტისგან. სოციალური მოძრაობის
თეორიები ცდილობენ, ახსნან ის მიზეზები, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს
საზოგადოების ნაწილის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. პოლიტიკური
პროცესის მოდელი განსხვავებით კლასიკური მოდელებისგან სოციალურ მოძრაობას
აღიქვამს როგორც პოლიტიკურ და არა ფსიქოლოგიურ ფენომენს. მაკადამსის
განმარტებით მოდელი კავშირშია ელიტების თეორიასთან: ორივე მათგანი მიიჩნევს,
რომ პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური სიმდიდრე მოქცეულია მცირე
ჯგუფებში და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს გავლენა ყოველდღიურ
ცხოვრებაზე. თუმცა განსხვავებით ელიტების თეორიისგან პოლიტიკური პროცესის
მოდელი ელიტ-ჯგუფების ძალაუფლებას არ მიიჩნევს აბსოლუტურად და დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს დანარჩენი ჯგუფების შესაძლებლობას მოიპოვონ ხსენებული
პოლიტიკური ძალაუფლება.

თეორიის მიხედვით სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს სოციალური


ამბოხების წარმატებას:

1. ადგილობრივი ორგანიზებულობის დონე: მოძრაობას უნდა გააჩნდეს


წევრები, რომელთა რეკრუტირებაც მუდმივად მიმდინარეობს; ლიდერები,
რომლებიც მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ წევრთა შერჩევას და აგრეთვე
დაწესებული აქვთ შესაბამისი „ჯილდოები“, რითაც წევრთა მოტივაციის
ამაღლებას შეძლებენ; აუცილებელია საკომუნიკაციო ქსელიც რითაც
მოძრაობას წევრთა შორის ექნება კავშირი და აგრეთვე შეძლებს
გაფართოებას.
2. პოლიტიკური შესაძლებლობები: თუკი არსებული სისტემა არ იძლევა
შესაძლებლობას მოძრაობის წევრები ვერ შეძლებენ მიაღწიონ სოციალურ
თუ პოლიტიკურ ცვლილებას. აქ აგრეთვე მოიაზრება მოძრაობის
შესაძლებლობა თავისი თავი დაუკავშიროს უფრო ფართო პოლიტიკურ
გარემოს5.

5
თუ ამას კვლევის კონტექსტში გადმოვიტანთ: ჩრდილოეთ კავკასიის რადიკალიზებული მოსახლეობა
ისლამურ სახელმწიფოში პოულობს პოლიტიკურ შესაძლებლობას
3. „კოგნიტური თავისუფლება“. აქ მაკადამი მოიაზრებს მოძრაობის წევრთა
უნარს შეამჩნიონ საკუთარი ძალა და გამოიყენონ ის პოლიტიკური
შესაძლებლობა რაც მათ წინაშე არსებობს. ავტორის თქმით ამ ფაქტორის
გარეშე შეუძლებელია მოძრაობამ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

შესაბამისად, პოლიტიკური შესაძლებლობები და ორგანიზებულობა აძლევს


ინდივიდებს პოტენციალს წარმატებული კოლექტიური მოქმედებისთვის. „კოგნიტური
თავისუფლების“ საშუალებით კი ეს პოტენციალი იქცევა რეალურ
მოძრაობად/ამბოხებად:

ორგანიზებუ
ლობის დონე

სოციალური მოძრაობა

პოლიტიკური კოგნიტური
შესაძლებლო თავისუფლებ
ბები ა

თავი 1. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა

1.1 ორგანიზაციის იდეოლოგია

რათა უკეთ შევძლოთ ისლამური სახელმწიფოს მიერ წარმოებული პროპაგანდის


განსაზღვრა, აუცილებელია ვიცოდეთ. თუ რა არის ორგანიზაციის იდეოლოგიური
საფუძველი. ორგანიზაცია ეყრდნობა ვაჰაბიზმს, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში
გაჩნდა, როგორც სუნიტური ისლამის მიმდინარეობა (Brown, 2009). თანამედროვე
კონტექსტში კი დაეში, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად, ჯიჰადიზმის
მიმდევარია. ბრაუნის განმარტებით, ეს ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. პირველი
მუსლიმური საძმოა ეგვიპტეში, რომელიც 1928 წელს წარმოიქმნა და მიზნად ისახავდა
სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას. მოძრაობა
წარმოიქმნა დასავლური იმპერიალიზმისა და საზოგადოებაში ისლამის მნიშვნელობის
დაკნინების გამო. 1924 წელს ოსმალთა იმპერიის დაშლის შემდგომ მუსლიმური
დაჯგუფებების ბევრმა ლიდერმა ყურადღება ხალიფატის ხელახლა წარმოქმნაზე
გადაიტანა. სწორედ ეს იყო თანამედროვე ისლამური სახელმწიფოს იდეური
საფუძველი, რომელმაც თავი სახალიფოდ 2014 წელს გამოაცხადა. საძმოს
დამაარსებლის განმარტებით სახალიფო უნდა შექმნილიყო, რათა მსოფლიოში
მცხოვრები მუსლიმები ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბებულიყვნენ. მეორე
ფაქტორი კი სალაფიზმია, რომელიც ასევე სუნიტურ ისლამს ეყრდნობა და მიზნად
„კერპთაყვანისმცემელთა“ განწმენდას ისახავს. იდეოლოგიის მიმდევარები მხოლოდ
თავიანთ თავს მიიჩნევენ ჭეშმარიტ მუსლიმებად და განსაკუთრებულად შიიტ
მუსლიმებს უპირისპირდებიან. მუსლიმური საძმოს აქტივიზმი და სალაფიზმის
კარჩაკეტილობა იქცა თანამედროვე ჯიჰადიზმის საფუძვლად. მაკკანტსის თქმით კი,
რაც ისლამურ სახელმწიფოს დანარჩენი რადიკალური-ჯიჰადისტური
ორგანიზაციებისგან გამოარჩევს, მათი აპოკალიფსური შეხედულებებია (McCants, 2016).
განკითხვის დღე და უკანასკნელი ჟამი ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის დიდ
ნაწილს შეადგენს. საზღვარგარეთიდან მებრძოლთა ნაწილი სწორედ ამიტომ მიდის
სირიასა და ერაყში, სადაც სამოქალაქო ომები და მუდმივი დაძაბულობაა: მათ სურთ,
რომ კაცობრიობის უკანსაკნელ რელიგიურ ბრძოლებში მიიღონ მონაწილეობა.

1.2 სიმბოლოების გამოყენება

რელიგია აქტიურად გამოიყენება სიმბოლოების სახითაც. ისლამური


სახელმწიფოს შავი ფერის დროშაზე არაბული წარწერები და ისლამის დამფუძნებლის,
მუჰამედის ბეჭედია გამოსახული. თავად შავი დროშა, რომელიც არაერთი
ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლოა, გადმოცემით მუჰამედი იყენებდა ომების
დროს; თუმცა აღნიშნული დროშა აბასიანთა სახალიფოს წარმოქმნას უკავშირდება
(Crone, 2012, გვ. 122-123). აბასიანთა დინასტიამ აჯანყებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება
და თავის დროშად შავი ფერის ბანერი დაიტოვა, რომელსაც ბრძოლების დროს
იყენებდა. მუსლიმებისთვის შავი დროშა მუჰამედის სახელს უკავშირდება და სწორედ
ამით ცდილობს მათ გადაბირებას ორგანიზაცია. იგი თავს წარმოაჩენს, როგორც
ისტორიული და რელიგიური ლიდერის (მუჰამედის) მემკვიდრე ინსტიტუტი.
აბასიანთა დინასტიის კონტექსტში კი დროშა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაეშის
მთავარ მიზანს: ახალი სახალიფოს ჩამოყალიბების სურვილს. დროშაზე გამოსახულია
მუჰამედის ბეჭედიც, სადაც არაბულად წერია, მუჰამედი ღვთის მოციქული. ბეჭდის
ქვემოთ კი ასევე არაბული წარწერაა: „არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ალაჰისა“
(Prusher, 2014). ამდენად, შავი დროშა იქცა პროპაგანდის მნიშვნელოვან ელემენტად,
ვინაიდან რელიგიური მიკუთვნებულობა მუსლიმ მოსახლეობაში საკმაოდ დიდია,
ხოლო ამ ასპექტზე გავლენის მოხდენა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავარეს
მიზანს წარმოადგენს.

1.3 ვიდეო პროპაგანდა

საკუთარი იდეოლოგიის გასავრცელებლად და დამატებითი პოლიტიკური


ძალების მოპოვების მიზნით ისლამური სახელმწიფო აქტიურად იყენებდა და იყენებს
პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდებს. პროპაგანდაში იგულისხმება ინფორმაციის
გავრცელება საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად (Smith, 2008). ისლამურმა
სახელმწიფომ ჩრდილოეთ კავკასიაზე აქტიური ყურადღება რუსეთის სირიისადმი
მხარდაჭერის გამოცხადების შემდგომ გადაიტანა. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა
არცთუ ისე დადებითად იყო განწყობილი რუსეთისადმი და ორგანიზაციამ აქ
პოტენციური მოკავშირე დაინახა. 2015 წელს კავკასიის ვილაიეთის გამოცხადების
შემდგომ დაეშმა დაიწყო აქტიური პროპაგანდა მედია საშუალებებით. პირველ რიგში,
აღსანიშნავია ფურატ-მედია, რომელიც 2015-2017 წლებში განსაკუთრებული
აქტიურობით ავრცელებდა ვიდეოებს (კვირაში საშუალოდ 1-3) (EU internet referral unit,
2015). ვიდეოები ან რუსულად იყო გადაღებული, ან არაბულიდან ხდებოდა თარგმნა.
სეიბის ნაშრომში წარმოდგენილი ვიდეომასალის ანალიზით (Seib, 2018), ნათელი
ხდება, თუ რა ტიპის პროპაგანდას ახორციელებდა ისლამური სახელმწიფო. მედია
ცდილობს, მებრძოლები წარმოაჩინოს, როგორც ერთიანი საძმო. ამას ახერხებს
ჯიჰადისტების ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებით, როგორც მეგობრებთან და
ოჯახთან ერთად, ისე ბრძოლის ველზე. საკმაოდ ხშირად ხდება/ხდებოდა
ვიდეომასალის ჩვენება, სადაც ახალგაზრდები დაეშსა და მის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-
ბაღდადის ერთუგლებაზე ფიცს დებენ. ეს ერთგვარი მეთოდია, რითაც მედია ცდილობს
არარადიკალიზებული ახალგაზრდების გადაბირებას. ფურატ-მედია ავრცელებდა
დოკუმენტურ ფილმებსაც, სადაც რეგიონის რუსეთთან ისტორიული დაპირისპირება
იყო ასახული. სპიკერები, რომლებიც სხვადასხვა ვიდეობში ჩნდებიან, როგორც წესი,
ორგანიზაციის ლიდერები არიან, თუმცა რიგ შემთხვევებში რელიგიური ავტორიტეტის
მქონე პირების ჩვენებაც ხდება. მედია ვიდეოებს უმეტესწილად სოციალური ქსელის
ტვიტერის საშუალებით ავრცელებს და ვინაიდან ხშირად ხდება მათი დაბლოკვა,
მუდმივად ცვალებადი სახელით მოქმედებენ.

სოციალური ქსელების გარდა, ფურატ მედია ქმნიდა CD, DVD დისკებს და


პოსტერებს. აღსანიშნავია, პროდუქციის მაღალი ხარისხიც, თუმცა ბოლო პერიოდში
შეინიშნება ხარისხის კლება: მედია თითქმის აღარ ავრცელებს ორიგინალ ვიდეოებს და
მხოლოდ თარგმანით შემოიფარგლება. VOANews-თან მიცემულ ინტერვიუში
ჯიჰადისტური ორგანიზაციების ექსპერტ ადამ რაისმანის თქმით, ფურატ-მედიის
პროპაგანდა ისლამური სახელმწიფოს მთავარ არხთან შედარებით ყოველთვის
არარეგულარული იყო. მედია აქცენტს, როგორც წესი, ინდივიდუალურ მებრძოლებზე
აკეთებს და მათი ჰუმანიზებით ცდილობს, გავლენის მოხდენას საზოგადოების
შეხედულებებზე. დასავლეთში გავრცელებულ ვიდეოებისგან განსხვავებით,
რუსულენოვანი პროპაგანდული ვიდეოები ნაკლები ძალადობით გამოირჩევა. ეს იმით
აიხსნება, რომ ისლამური სახელმწიფო დასავლური მოსახლეობის დაშინებას
ცდილობს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში მისი მიზანი მებრძოლთა გადაბირებაა.

კავკასიის ვილაიეთმა გავლენის გავრცელება ციფრული ჟურნალის


საშუალებითაც სცადა. ჟურნალ „ისტოკ“-ის მხოლოდ ოთხი ნომერი გამოიცა, სადაც
რუსულ ენაზე იყო აღწერილი დაეშის შეხედულებები და იდეოლოგია. თუმცა
განსხვავებით ისლამური სახელმწიფოს სხვა პუბლიკაციებისგან, აქ არ იყო აღწერილი,
თუ როგორ უნდა მომზადებულიყო მოსახლეობა ტერორისტული შეტევისთვის.
ჟურნალი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს ექსტრემისტული მასალების
სიაში შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის შემდგომ ახალი ნომრის გამოცემა
აღარ მომხდარა.

1.4 სოციალური მედია

პროპაგანდის გავრცელების საუკეთესო საშუალებად ისლამური


სახელმწიფოსთვის ინტერნეტი იქცა. ზემოთ ნახსენები ვიდეოებისა და ჟურნალების
გავრცელება სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა. 2014 წლიდან
ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა სოციალური ქსელი ტვიტერი, თუმცა 2016 წლისთვის
ტვიტერმა ნახევარ მილიონამდე ანგარიში გააუქმა და აქტიური ბრძოლა გამოუცხადა
ორგანიზაციის მხარდამჭერებს. მოგვიანებით, დაეშმა ტელეგრამის (telegram),
შეტყობინებების გასაგზავნი აპლიკაციის გამოყენება დაიწყო. აპლიკაციას აქვს
ყველანაირი მიმოწერის წაშლის ფუნქცია, რაც განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა
ისლამური სახელმწიფოს მომხრეებისთვის. გარდა ამისა, აპლიკაციას დამცავი
ფუნქციაც გააჩნია, რითაც გარეშე პირს პირადი შეტყობინების წაკითხვა არ შეუძლია.
აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ჩრდილოეთ კავკასიის
მებრძოლებს შორის. მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ტელეგრამს გადაეცა
ინფორმაცია აპლიკაციის შესახებ, ბრენდის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა
მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაცემაზე (Tan, 2017). ვინაიდან, დღემდე არ
მომხდარა ამ პრობლემის გადაჭრა, ორგანიზაციის მიერ კვლავ გრძელდება აღნიშნული
აპლიკაციის გამოყენება არა მხოლოდ ახალი წევრების რეკრუტირებისთვის, არამედ
შეტევების დასაგეგმადაც. ტელეგრამი ასევე შეეცადა ანგარიშების დაბლოკვას, თუმცა
მათი დიდი რაოდენობის გამო, სრულად პრობლემის აღმოფხვრა ვერ შეძლო (Al-Lami,
2018).

Facebook-ის რუსული ალტერნატივა vkontakte 600 მილიონზე მეტი ანგარიშით6


რუსეთის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. მიუხედავად ამისა, არც
ისლამურ სახელმწიფოს და არც კავკასიის ვილაიეთის წარმომადგენლებს არ ჰქონიათ

6
https://vk.com/catalog.php საიტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ
განსაკუთრებულად აქტიური მცდელობა, რომ საიტის დახმარებით ეწარმოებინათ
პროპაგანდა. ჩემს მიერ გამოკითხული რესპოდენტებიდან, მხოლოდ ერთ მათგანს
ჰქონდა უშუალო შეხება ორგანიზაციის მიერ შექმნილ ჯგუფთან, თუმცა მისივე
განმარტებით, არ უცდია ჯგუფში გაწევრიანება.

1.5 ინტერნეტ პროპაგანდის შემაფერხებელი ფაქტორები

ისლამური სახელმწიფოს მთავარი საინფორმაციო წყარო Amaq news agency-ია.


განსხვავებით ფურატ-მედიისგან სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები
გაცილებით პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში. თუკი Amaq-ის ვიდეოებს
ატვირთვიდან რამოდენიმე საათში 100 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, ჩრდილოეთ
კავკასიაზე ორიენტირებული ვიდეოები საშუალოდ 100-2000 ნახვას აგროვებდნენ (EU
internet referral unit, 2015, გვ. 11). ეს შეიძლება აიხსნას ორი მთავარი მიზეზით:
პირველი, Amaq-ი ორიენტირებული იყო საერთაშორისო საზოგადოებაზე და
ბუნებრივია, უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავდა არაბულენოვანი მოსახლეობის სახით,
როდესაც ფურატ-მედია მხოლოდ რუსულენოვან მუსლიმ მოსახლეობაზე ამახვილებდა
ყურადღებას. მეორე მიზეზი, ინტერნეტზე წვდომაა. ზოგადად რუსეთის ფედერაცია
ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით მეექვსე ადგილზეა 2020 წლის
მონაცემებით, თუმცა 66-ე ადგილს იკავებს მოსახლეობის ინტერნეტ მომხმარებელთა
პროცენტული მაჩვენებლით, რაც 76%-ია (Kemp, 2020). რაც შეეხება, ჩვენთვის
საინტერესო რეგიონებს, დაღესტანში თითქმის 80%-ია ჩართული ინტერნეტში, რაც
საშუალო მაჩვენებელს აღემატება, ხოლო ჩეჩნეთში 69%, რაც პირიქით, ერთ-ერთი
ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით (D-russia.ru, 2018). არცთუ ისე
მაღალია იგივე მაჩვენებელი ინგუშეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, 76% და 73%. ჩემს
მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა მიხედვით, მათი მეგობრებისა და ახლობლების
უმეტესი ნაწილი სიახლეს და ინფორმაციას კვლავ ტელევიზიის საშუალებით იღებს,
ხოლო ინტერნეტი, როგორც წესი, სოციალური ქსელების, ფილმებისა და ვიდეო
თამაშებისთვის გამოიყენება. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, ჩრდილოეთ
კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს მედია პროპაგანდის წარუმატებლობა იმ
რეგიონებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა შედარებით ნაკლებია. წარუმატებლობაზე
ვიდეო მასალის ნახვების მცირე რაოდენობასთან ერთად, ფურატ-მედიის აქტიურობის
შემცირებაც მეტყველებს უკანასკნელ პერიოდში. თუმცა ფურატ-მედიის ნაკლები
აქტიურობა 2019-2020 წლებში ისლამური სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე
მარცხითაც არის გამოწვეული. ინტერნეტ პროპაგანდის გამოყენებამ რეგიონის
მოსახლეობის ძირითად ნაწილზე შესაძლოა არცთუ ისე მასშტაბური შედეგები
მოუტანა ისლამურ სახელმწიფოს, თუმცა უკვე რადიკალიზებული მუსლიმი
მებრძოლების გადაბირებაში პროპაგანდა გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა.

თავი 2. ჩრდილოეთ კავკასიიდან მებრძოლთა გადინება

2.1 რეგიონიდან წასული მებრძოლების რაოდენობა

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით,


ქვეყნიდან 4000-ზე მეტი პირი იბრძოდა სირიაში. ეს სამწუხაროდ, დაზუსტებული
ინფორმაცია არ არის, ვინაიდან პრეზიდენტ პუტინს დამატებითი განმარტება არ
გაუკეთებია, თუ როგორ მოხდა მონაცემების მოპოვება (The Moscow times, 2017).
კონკრეტულად, რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი მებრძოლი დაღესტნიდან იყო
წასული. რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის აბდურაშიდ მაგუმედოვის
განცხადებით, 2017 წლისთვის სირიაში 1200-მდე ადამიანი იბრძოდა დაღესტნიდან.
მებრძოლთა რაოდენობა თითქმის 35%-ით გაიზარდა 2015 წლის მონაცემებთან
შედარებით (Кавказский узел, 2017). რაც შეეხება ჩეჩნეთს, მხოლოდ 500-600 ადამიანია
წასული, თუმცა, თუკი ჩეჩნეთის დიასპორასაც ჩავთვლით, მათი რაოდენობა 3000-ს
აღწევს (Suchkov, 2017). საინტერესოა, რომ საქართველოში მცხოვრები ჩეჩნების
გადინებაც მოხდა, კერძოდ, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების. სხვადასხვა
მონაცემებით 50-100 ქისტი მებრძოლი იმყოფებოდა სირიაში, თუმცა კი დღეს მათი
უმეტესობის ადგილმდებარეობა უცნობია (Civil Georgia, 2016). გარდა ამისა, ისლამური
სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა 100-მდე ინგუშეთიდან და 175 ყაბარდო-
ბალყარეთიდან წასული პირი (Hauer, 2018). როგორც ნაშრომის დასაწყისში ავღნიშნე,
2015 წელს კავკასიის ვილაიეთის გამოცხადების შემდგომ დაიწყო აქტიური
რუსულენოვანი პროპაგანდის წარმოება. დაღესტნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ,
რომ პროპაგანდამ გარკვეული როლი შეასრულა წლების მანძილზე რეგიონიდან
წასული მებრძოლების რაოდენობის ზრდაზე. თუკი 2015 წელს მათი რაოდენობა 800
იყო, 2017 წლისთვის 1200-ს მიაღწია. სამწუხაროდ, უცნობია ჩრდილოეთ კავკასიის
დანარჩენი რეგიონებიდან წასულ მებრძოლთა სტატისტიკა წლების მიხედვით.

ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიასა და ერაყში წასული


მებრძოლების რაოდენობა 2015-2017
ჩეჩნეთი დაღესტანი ინგუშეთი
ყაბარდო- ბალყარეთი პანკისის ხეობა

1200

600

175
100
50

2.2 კავკასიის საამირო

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ დიდი ხანია, კერძოდ მეოცე საუკუნის


90-იანი წლებიდან, არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა. მუდმივმა ბრძოლებმა
რეგიონი მძიმე ეკომიკურ-სოციალურ ვითარებაში დატოვეს, რამაც ხელი შეუწყო
მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი უნდობლობის ზრდას და ექსტრემალური
შეხედულებების გაჩენას. 90-იანი წლების შემდგომ ტერორისტული ორგანიზაციების
ხელახალი გააქტიურება 2009 წლიდან, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე, 10 წლიანი ომის
დასრულების შემდგომ დაიწყო. ჩეჩნეთის ორივე ომი დამოუკიდებლობისთვის
მიმდინარეობდა და იჩქერიის რესპუბლიკის ჩამოყალიბებას მოითხოვდა. 2007 წელს
არაღიარებული რესპუბლიკის იჩქერიის მთავრობის მეთაურმა დოკა უმაროვმა
ტერიტორია კავკასიის საამიროდ, ხოლო საკუთარი თავი ამირად გამოაცხადა. რუსეთის
ფედერაციამ 2010 წელს კავკასიის საამირო ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო.
ორგანიზაციამ არაერთი ტერორისტული აქტი მოაწყო, მათ შორის, მოსკოვის მეტროს
დაბომბვა (BBC, 2010) და ვოლგოგრადის 2013 წლის აფეთქება, რომელსაც ასეულობით
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორგანიზაციის არსებობა ფაქტობრივად 2015 წლიდან
შეწყვდა, მას შემდგომ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ სახალიფოს შექმნა გამოაცხადა.
2014 წელს საამიროს ლიდერებმა თანდათანობით დაიწყეს დაეშისადმი საკუთარი
ერთგულების გამოცხადა. კავკასიის ვილაიეთის შექმნის მიზეზი სწორედ ლიდერთა
მიერ დადებული ერთგულების ფიცი იქცა. შესაბამისად, მებრძოლთა აბსოლუტური
უმრავლესობა, რომლებმაც რეგიონი სირიაში საბრძოლველად დატოვეს, უკვე იყვნენ
ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. ვილაიეთის შექმნის შემდგომ კავკასიის
საამირომ განაგრძო დამოუკიდებლად ფუნქციონირება მცირე დაჯგუფებების სახით,
თუმცა 2015 წლის მიწურულს რეგიონში მყოფი მებრძოლების უმრავლესობა ისლამური
სახელმწიფოს ქვეშ იყო გაერთიანებული. ეს ერთ-ერთი მიზეზი გახდა 2017-2018
წლებში ისლამური სახელმწიფოს მიერ რეგიონში წარმოებული პროპაგანდის
შემცირების: ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ტერორისტთა უმრავლესობა მათ
მხარეზე იყო. ხოლო, როგორც უკვე ავღნიშნე, საზოგადოების აზრზე პროპაგანდა
არცთუ ისე ეფექტურად მოქმედებდა.

2.3 რუსეთის პოლიტიკა

მებრძოლთა წასვლას სირიაში რუსეთის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამაც


შეუწყო ხელი. არაერთი სტატია, თუ შეფასება გამოქვეყნდა, რომ რუსეთის
ფედერალური უსაფრთხოების სამსახური 2013 წლიდან აქტიურად უწყობდა ხელს და
აქეზებდა მებრძოლებს წასულიყვნენ სირიასა და ერაყში (Weiss, 2017). Novaya Gazeta-ს
მიერ დაღესტანის ერთ-ერთ სოფელ ჩატარებული გამოძიებით, რომლის 2500
მოსახლიდან 22 დატოვა ქვეყანა სირიაში წასასვლელად, აღმოჩნდა, რომ მებრძოლებსა
და ფედერალურ სამსახურს შორის შუამავლის საშუალებით ხდებოდა მოლაპარაკებები,
რის შემდგომაც ისინი ქვეყანას ტოვებდნენ და თურქეთის გავლით ხვდებოდნენ
სირიაში. ერთი შეხედვით, რუსეთმა თავიდან მოიშორა სახიფათო, რადიკალიზებული
პიროვნებები, თუმცა, რეალურად პრობლემის დროებით თავიდან არიდება მოხდა:
ისლამური სახელმწიფოს უკანასკნელ პერიოდში განცდილი მარცხის გამო უცხოელი
მებრძოლების უმრავლესობა სამშობლოში ბრუნდება (Hoffman & Furlan, 2020). ამ
მებრძოლებს კი დამატებითი გამოცდილება აქვთ შეძენილი, რაც ნამდვილად არ არის
მშვიდობის მომტანი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრებთათვის:
„ტრადიციული უცხოელი მებრძლებისგან განსხვავებით, მათ აგრეთვე გააჩნიათ
ადგილობრივი კავშირების, კულტურისა და რეგიონალური ენების ცოდნა“ (Ratelle J. F.,
2017, გვ. 4). გარდა ამისა, მრავალმა საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაციამ
დადო ბრალი რუსეთის ფედერალურ და რეგიონალურ მთავრობებს
განსაკუთრებულად მკაცრი პოლიტიკის გატარებაში, რამაც ხელი შეუწყო ჩრდილოეთ
კავკასიის მოსახლეობის რადიკალიზაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია-
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის რეკომენდაციით, აუცილებელია სახელმწიფომ
სირიაში წასულებს შესთავაზოს კონტროლირებადი გზები სამშობლოში
დასაბრუნებლად. ორგანიზაციის მიერ ჩატრაებული კვლევის მიხედვით, მრავალი
მებრძოლი ოჯახებთან ერთად წავიდა სირიაში, ხოლო მათი გარდაცვალების შემდგომ
მეუღლეებს და შვილებს უჭირთ უკან დაბრუნება. ისლამური სახელმწიფო მსგავს
პირებს პასპორტებს ართმევს და ფაქტობრივად მონობაში ჰყავს, ხოლო ისინი ვინც
ახერხებენ რუსეთში დაბრუნებას მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ (International Crisis
Group, 2016, გვ. 32-34). რადიკალიზებას ხელს უწყობს რეგიონის შიგნით არსებული
პოლიტიკაც. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აქტიური ბრძოლა გამოუცხადა
ისლამურ სახელმწიფოს და ორგანიზაციამ მასზე ჯილდოც კი დააწესა 5 მილიონი
დოლარის ოდენობით. ჩეჩნეთში, ისევე, როგორც მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში
მრავალი სალაფისტია, რომელიც არ გამოხატავს ექტრემისტულ შეხედულებებს, თუმცა
მაინც ხდება მკაცრი რეპრესიების მსხვერპლი: ხდება მათი სალოცავების დახურვა
გამოძიების გარეშე და რელიგიურო აღმსარებლების უკანონო დაკავებაც (International
Crisis Group, 2016, გვ. 33). ბუნებრივია, ამას ხელისუფლება ტერორისტული აქტების
თავიდან არიდებისთვის აკეთებს, თუმცა სამწუხაროდ, მსგავსი მოვლენები კიდევ
უფრო მეტად უწყობს ხელს რეგიონში ექსტრემიზმის გაღვივებას. ჟან-ფრანსუა რატლიმ
2010-2016 წლებში დაღესტანში მცხოვრები არაერთი სალაფიზმის მიმდევარი
გამოიკითხა. რესპოდენტთა მიხედვით მებრძოლები თავიანთი რელიგიური
მოვალეობის შესრულებას ცდილობდნენ, ხოლო, ამავდროულად რეგიონიდან წასვლით
სირიასა და ერაყში, ოჯახის წევრებს იცავდნენ უარყოფითი შედეგებისგან (Ratelle J.-F. ,
2020, გვ. 65-66).

2.4 დაჯგუფების ლიდერები

ნებისმიერი სახის აჯანყების, თუ სოციალური მოძრაობის წარმატებაში


განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ლიდერებს. ლიდერები ხელს უწყობენ მოძრაობის
სტრუქტურულ ორგანიზებულობას, რომლის არსებობის გარეშეც მოსახლეობას დიდი
ალბათობით აღარ აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს კოლექტიური ქმედება, მაშინაც კი,
როდესაც მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური შესაძლებლობები ჩნდება (McAdam,
1982, გვ. 47-48). მაგალითისთვის, ზემოთ განხილული კავკასიის საამიროს
დაჯგუფებებმა ლიდერების გარეშე ვეღარ მოახდინეს მობილიზება, მიუხედავად იმისა,
რომ მათთვის კარგი პოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდა ისლამური სახელმწიფოს
სახით. საბოლოო შედეგი კი ამ დაჯგუფებების განადგურება იყო. მას შემდგომ, რაც
კავკასიის საამიროს ლიდერებმა ერთგულება ისლამურ სახელმწიფოს შეფიცეს,
დაჯგუფების წევრთა უმეტესობა ლიდერთა კვალს დაადგა. ისლამურმა სახელმწიფომ
ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფურატ-მედია აქცენტს, სწორედ იმ
ინდივიდუალურ მებრძოლებზე აკეთებდა, რომლებიც წარმატებას აღწევდნენ
ბრძოლებში, რითაც კიდევ ერთხელ შეეცადა დანარჩენი მებრძოლების გადაბირებას.
საინტერესოა, რომ ორგანიზაციის რიგებში საკმაოდ სწრაფად მოხდა ჩრდილო
კავკასიელი მებრძოლების დაწინაურება. ერთ-ერთი მიზეზი თავისთავად პროპაგანდაა:
ორგანიზაცია შეეცადა წარმატებული ინდივიდების მაგალითზე კიდევ უფრო მეტი
მებრძოლების რეკრუტირებას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილო კავკასიელ
ლიდერებს საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. მათ დიდ ნაწილს პირადად
აქვს მონაწილეობა ჩეჩნეთის მეორე ომში, ხოლო დანარჩენს უშუალოდ უხდებოდა
რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირება. საინტერესო მაგალითი აბუ ომარ ალ-
შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილია. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც კი
მსახურობდა 2006-2010 წლებში და 2008 წლის აგვისტოს ომში აქვს მონაწილეობა
მიღებული. ბათირაშვილი პანკისის ხეობაში დაბადებული ქისტია და ბუნებრივია,
მისმა წარსულმა გავლენა მოახდინა რეგიონიდან წასულ 50-ზე მეტ მებრძოლზე.

დასკვნა

ისლამური სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა პროპაგანდამ მნიშვნელოვანი


გავლენა მოახდინა მებრძოლებს შორის ინფორმაციის გავრცელებაზე. რეგიონში
არსებული ყველაზე დიდი ტერორისტული გაერთიანება - კავკასიის საამირო დატოვეს
მისმა ლიდერებმა, რომლებმაც ისლამურ სახელმწიფოს შეფიცეს ერთგულება. 2015
წელს ჩამოყალიბდა კავკასიის ვილაიეთი და რეგიონიდან მებრძოლთა აქტიური
გადინება დაიწყო სირიასა და ერაყში საბრძოლველად. ორგანიზაციის რუსულენოვანი
პროპაგანდა აქცენტს აკეთებდა რეგიონიდან წასულ პირებზე, რომლებმაც დაეშის
რიგებში წარმატებას მიაღწიეს. ეს კი მაგალითი აღმოჩნდა კავკასიაში დარჩენილი
მებრძოლებისთვის, რომლებსაც გააჩნდათ ლიდერობის პრეტენზია. პროპაგანდის
გავლენა კარგად ჩანს დაღესტანის მაგალითზეც, სადაც კავკასიის ვილაიეთის შექმნის
შემდგომ 35%-ით გაიზარდა ქვეყნიდან წასული მებრძოლების რაოდენობა.

მიუხედავად ამისა, პროპაგანდა არ იყო ერთადერთი ფაქტორი, რამაც ხელი


შეუწყო რეგიონიდან დიდი რაოდენობით მებრძოლთა წასვლას. ისლამური
სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება საშუალებას
აძლევდა იმ პირებს, ვისაც სურვილი ჰქონდა, დაეტოვებინა ქვეყანა და თურქეთის
გავლით ახლო აღმოსავლეთში გადასულიყვნენ. ამას დაერთო რეგიონში არსებული
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაც და სალაფისტი მოსახლეობის სურვილი,
ბრძოლებით აღესრულებინათ რელიგიური ვალდებულებები. შედეგად კი მივიღეთ ის,
რომ საერთაშორისო მაშტაბით ჩრდილოეთ კავკასიიდან ყველაზე მეტი უცხოელი
იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში. კვლევის პროცესში ჩატარებული
ინტერვიუებისა და მეორადი ინტერვიუების საფუძველზე ჩანს, რომ მოსახლეობის
რადიკალიზაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია ორგანიზაციის პროპაგანდას. ამის
მიზეზი იყო როგორც ხელისუფლებისა და სოციალური ქსელების მიერ ანგარიშების
გაუქმება/შეზღუდვა, ისე მოსახლეობის დაბალი ინტერესი ინფორმაციის მოპოვებისა
ისლამურ სახელმწიფოზე.

საბოლოოდ ორ ცვლადს შორის (დაეშის მიერ წარმოებული პროპაგანდა და


ჩრდილოეთ კავკასიიდან დიდი რაოდენობით წასული მებრძოლები) კავშირი
პოზიტიურია, თუმცა პროპაგანდასთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილმა სხვა
ფაქტორებმაც იქონია გავლენა ისლამური სახელმწიფოს მიერ მებრძოლთა
რეკრუტირებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Al-Lami, M. (2018). Analysis: Wave of Telegram suspensions hits jihadist accounts. BBC Monitoring.
2. BBC. (2010 წლის 31 3). Chechen rebel says he ordered Moscow Metro attacks. მოპოვებული
BBC : http://news.bbc.co.uk/2/hi/8597792.stm-დან

3. Behr, I. V., Reding, A., Edwards, C., & Gribbon, L. (2013). Radicalisation in the Digital Era: The use of
the internet in 15 cases of terrorism and extremism. RAND Corporation.

4. Brown, D. D. (2009). A New Introduction to Islam. Wiley-Blackwell.

5. Byman, D. (2019). Road Warriors: Foreign Fighters in the Armies of Jihad. Oxford: Oxford University
Press.

6. Civil Georgia. (2016 წლის 29 3). Security Agency Reports Decline in Outflow of Georgians to IS
Group. მოპოვებული Civil georgia: https://old.civil.ge/eng/article.php?id=29070-დან

7. Collier, P., & Hoeffler, A. (2000). Greed and Grievance in Civil War. World Bank Policy Research
Working Paper No. 2355.
8. Cook, D., & Vale, G. (2018). From Daesh to ‘Diaspora’: Tracing the Women and Minors of Islamic
State. London: King’s College London.

9. Crone, P. (2012). The Nativist Prophets of Early Islamic Iran. Cambridge: Cambridge University
Press.

10. D-russia.ru. (2018 წლის 04 06). Рейтинг регионов России по активности пользования
Интернетом. მოპოვებული D-russia.ru: http://d-russia.ru/rejting-regionov-rossii-po-aktivnosti-
polzovaniya-internetom.html-დან

11. EU internet referral unit. (2015). North Caucasian fighters in Syria&Iraq. Hague: Europol.

12. France24. (2018 წლის 20 12). US allies in Syria say IS group not yet defeated. მოპოვებული
https://www.france24.com/: https://www.france24.com/en/20181220-trump-shocks-allies-
surprise-us-troops-withdrawal-syria-დან

13. Gerges, F. (2017). ISIS: A History. Princeton University Press.

14. Günther, C., & Kaden, T. (2016). Beyond Mere Terrorism: The Islamic State's Authority as a Social
Movement and as a Quasi-State. Nomos Verlagsgesellschaft mbH.

15. Hammer, O. (2012). The Cambridge Companion to New Religious Movements. Cambridge:
Cambridge University Press.

16. Hauer, N. (2018 წლის 18 1). Chechen and north Caucasian militants in Syria. მოპოვებული
Atlantic Council: https://www.atlanticcouncil.org/blogs/syriasource/chechen-and-north-caucasian-
militants-in-syria/-დან

17. Hegghammer, T. (2006). Terrorist recruitment and radicalization in Saudi Arabia. Middle East Policy
Council.

18. Hegghammer, T. (2010/11). The Rise of Muslim Foreign Fighters. International Security, 53-94.

19. Hoffman, A., & Furlan, M. (2020). Challenge Posed by returning foreign fighters. Seattle: George
Washington University press.

20. International Crisis Group. (2016). The North Caucasus Insurgency and Syria: An Exported Jihad?
Brussels: International Crisis Group.

21. Jasmeet, B. (2018). the online battleground: the use of online platforms . Okanagan: University of
Columbia.

22. Kemp, S. (2020). DIGITAL 2020: GLOBAL DIGITAL YEARBOOK. Datareportal.

23. Kopčíková, E. (2017). Application of the conflict theory of Collier and Hoeffler to.

24. McAdam, D. (1982). Political Process and the Development of Black Insurgency 1930-1970. London:
The University of Chicago Press.

25. McCants, W. (2016). The Isis Apocalypse. Picador Paper.

26. Najaar, F. (2019 წლის 23 03). ISIL defeated in final Syria victory: SDF. მოპოვებული
Aljazeera.com: https://www.aljazeera.com/news/2019/03/isil-defeated-syria-sdf-announces-final-
victory-190323061233685.html-დან
27. Prusher, I. (2014 წლის 9 9). What the ISIS Flag Says About the Militant Group. მოპოვებული
Time.com: https://time.com/3311665/isis-flag-iraq-syria/-დან

28. Ratelle, J. F. (2017). The North Caucasus Insurgency: a Potential Spillover into the Russian
Federation? Caucasus Analytical Digest, 2-5.

29. Ratelle, J.-F. (2020). Jihad at Home or Leaving for Syria and Iraq: Understanding the Motivations of
Dagestani Salafists. Terrorism Research Initiative, 57-68.

30. Riedel, B. (2007). Al Qaeda Strikes Back. Foreign Affairs.

31. Seib, A. (2018). Wilayat al-Qawkaz - The Islamic State in the North Caucasus.Frames, Strategies and
Credibility of Radical Islamist Propaganda Videos. Journal for deradicalization, 151-196.

32. Smith, B. L. (2008). Propaganda. Encyclopædia Britannica.

33. Suchkov, M. (2017 წლის 26 3). Russia is finding the Republic of Chechnya’s influence to be very
helpful in Syria. მოპოვებული al-monitor:
https://www.al-monitor.com/pulse/originals/2017/03/russia-syria-chechnya-ramzan-kadyrov-
fighters.html#-დან

34. Tan, R. (2017 წლის 30 06). Terrorists’ love for Telegram, explained. მოპოვებული
https://www.vox.com: https://www.vox.com/world/2017/6/30/15886506/terrorism-isis-telegram-
social-media-russia-pavel-durov-twitter-დან

35. The Moscow times. (2017 წლის 23 2). 4,000 Russians Now Fighting in Syrian Insurgency, Says
Putin. მოპოვებული The Moscow times: https://www.themoscowtimes.com/2017/02/23/4000-
russians-now-fighting-in-syrian-insurgency-says-putin-a57259-დან

36. Twitter Inc. (2016 წლის 16 08). An update on our efforts to combat violent extremism.
მოპოვებული Blog.Twitter.com: https://blog.twitter.com/en_us/a/2016/an-update-on-our-
efforts-to-combat-violent-extremism.html-დან

37. Tziarras, Z. (2017). Islamic Caliphate: A Quasi-State, a Global Security Threat.

38. Weimann, G. (2004). How Modern Terrorism Uses the Internet. Washington, DC: United States
Institute of Peace.

39. Weiss, M. (2017 წლის 12 07). Russia's Double Game with Islamic Terror. მოპოვებული The Daily
Beast: https://www.thedailybeast.com/russias-double-game-with-islamic-terror-დან

40. Youngman, M. (2016). Between Caucasus and caliphate: the splintering of the North Caucasus
insurgency. Informa UK Limited.

41. Кавказский узел. (2017 წლის 31 1). МВД насчитало более тысячи дагестанцев в рядах ИГ в
Сирии. მოპოვებული https://www.kavkaz-uzel.eu/:
https://www.kavkaz-uzel.eu/articles/296890/-დან

You might also like