Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

1

ამერიკის შეერთებული შტატები 1800-1877 წლებში

XIX საუკუნის I ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწრაფი ტემპით


ვითარდებოდა კაპიტალიზმი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ყალიბდებოდა
საფაბრიკო მრეწველობა და კაპიტალისტური ფერმერული მეურნეობა. აქ
თავმოყრილი იყო მუშათა დიდი რაოდენობა, დასავლეთში კი - წვრილი ფერმერები,
ხელოსნები და დაქირავებული მუშები. ქვეყნის სამხრეთში დამკვიდრდა
პლანტაციურ-მონათმფლობელური მეურნეობა.

XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის I ნახევარი აშშ-ს სწრაფი


ტერიტორიული ექსპანსიის პერიოდია. 1818 წლიდან 1857 წლამდე ინდიელებთან და
მექსიკასთან დაპყრობითი ომებისა და ახალი მიწების კოლონიზაციის შედეგად აშშ-ს
ტერიტორია მოიცავდა 3027,8 ათას კვ. მილს. ევროპიდან ასეულ ათასობით
კვალიფიციური ხელისნები და მუშები ჩამოდიოდნენ, რაც ზრდიდა მოსახლეობის
რაოდენობას. აშშ-სთვის დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარებასთან
ერთად მონობის არსებობა. ასევე, აბორიგენი მოსახლეობის - ინდიელების
შევიწროება და საკუთარი მიწებიდან აყრა.

ახალი ტერიტორიების შემოერთებასთან ერთად იქმნებოდა ახალი შტატები.


ისინი უერთდებოდნენ 13 შტატის კავშირს. XVIII საუკუნის ბოლოს შტატების
ჩრდილო-აღმოსავლეთში მსუბუქ მრეწველობაში გამოიყენებოდა მექანიკური
დაზგები. მეტალურგიაში იყენებდნენ ქვანახშირს. გაიზარდა რკინის წარმოება.
ინერგებოდა სასოფლო-სამეურნეო მანქანების წარმოება. 50-იანი წლებიდან
მრეწველობაში იყენებდნენ ორთქლის ძრავას. შეინიშნებოდა მიღწევები
ტრანსპორტის დარგში. 1807 წელს გამოსცადეს ფულტონის ორთქლმავლის გემი. 1838
წელს დაიწყო რეგულარული მიმოსვლა ორთქლის გემებით ატლანტის ოკეანეში. 1825
წელს გაიხსნა ერის არხი, რომელმაც დააკავშირა დიდი ტბები მდინარე ჰუდზონის
გავლით ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან. 20-იანი წლებიდან დაიწყეს რკინიგზის
მშენებლობა.

ჩრდილოეთისაგან განსხვავებით სამხრეთში ვითარდებოდა მონათა შრომაზე


დამყარებული პლანტაციური მეურნეობა. XIX საუკუნიდან თამბაქოსთან ერთად ბამბა
გახდა მონათმფლობელური სამხრეთის ძირითადი კულტურა. ბამბის დიდ ნაწილს
მოიხმარდა ინგლისი და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.

1800 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე თომას ჯეფერსონი აირჩიეს. მის დროს


შემცირდა გადასახადები, არმიის კონტინგენტი, სახელმწიფო აპარატი. დაადგინეს,
რომ 1808 წლიდან აღარ შემოიყვანდნენ მონებს. ჯეფერსონმა გაატარა აგრარული
რეფორმაც. შეამცირა მიწის ფართობის ზომაც, რომლის ყიდვა შეიძლებოდა
დასავლეთის მიწების ფონდიდან. დასწია ფასები მიწაზე და დაუშვა გადასახადების
განვადება. მაგრამ ფერმერებისათვის აგრარული საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩა.
1803 წელს ჯეფერსონის მთავრობამ ნაპოლეონისაგან 20 მილიონ დოლარად შეიძინა
ლუიზიანა.
2

1808-1817 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ჯეიმს მედისონს. მის დროს


ამერიკის ჯარებმა დაიკავეს დასავლეთი ფლორიდა. 1812-1814 წლებში
მიმდინარეობდა აშშ-ინგლისის ომი. ამერიკელებმა ვერ შეძლეს კანადის დაპყრობა.
ბრიტანელებმა 1814 წელს დაიკავეს ვაშინგტონი და გადაწვეს კაპიტოლიუმი. ზავი
დაიდო 1814 წელს. ინგლისმა უარი თქვა შეერთებული შტატების ვაჭრობის
შეზღუდვაზე, ხოლო ამერიკელებმა - ბრიტანეთის სამფლობელოების ხელყოფაზე.
1819 წელს კავშირის შემადგენლობაში შევიდა ახალი მონათმფლობელური შტატი
ალაბამა. კონგრესში შეიტანეს წინადადება იმის შესახებ, რომ მისურში აეკრძალათ
მონების შეყვანა და იქ დაბადებული მონის შვილი თავისუფალი ყოფილიყო 25 წლის
ასაკიდან. სენატმა ეს საკითხი უარყო. პირველად აშშ-ს ისტორიაში მონობის პრობლემა
განხილვის საგნად იქცა. 1820 წელს კავშირში მისურის ტერიტორიის ახალი
მონათმფლობელური შტატის სახით მიღებისას (იმავდროულად კავშირში მიიღეს
მენი, როგორც თავისუფალი შტატი) სამხრეთელებმა მიაღწიეს იმას, რომ დასავლეთის
ნაყოფიერი მიწები, რომლებიც მდებარეობდნენ 36◦ 30’-ის სამხრეთით,
გამოცხადდებოდნენ მონათმფლობელურად, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე მიწები -
თავისუფალ ტერიტორიად. გადაწყდა, რომ კავშირში ერთდროულად მიიღებდნენ ორ
შტატს: ერთს - მონათმფლობელურს და მეორეს - თავისუფალს. ამ შეთანხმებამ,
რომელსაც მისურის კომპრომისი ეწოდა, დროებით გადადო კონფლიქტი ორ
სოციალურ სისტემას შორის.

ამერიკის კონტინენტზე აშშ-ის ექსპანსიის მთავარი ეტაპი მონროს საგარეო


პოლიტიკის დოქტრინასთანაა დაკავშირებული. 1822 წელს ვერონის კონგრესზე
დაისვა საკითხი ესპანეთში რევოლუციის ჩახშობის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ
საღვთო კავშირის მონაწილე ქვეყნები - ავსტრია, პრუსია, საფრანგეთი და რუსეთი
აპირებდნენ აჯანყებული კოლონიების დასაწყნარებლად ესპანეთისადმი დახმარებას.
1823 წლის 2 დეკემბერს რიგით მეხუთე პრეზიდენტმა მონრომ წერილით მიმართა
კონგრესს, რომელშიც ნათქვამი იყო: ,,ამერიკის კონტინენტები, მიაღწიეს რა
თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ევროპის სახელმწიფოთა მხრივ ამიერიდან
არ უნდა განიხილებოდნენ, როგორც კოლონიზაციის ობიექტები“. მონროს მიმართვით
აშშ არ ჩაერეოდა არსებული კოლონიების საშინაო საქმეებში, მაგრამ არ დაუშვებდნენ
ახლად დაარსებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე ევროპელთა კონტროლს.
მონროს დოქტრინაში ჩადებული იყო ორი საწყისი: პირველი - თავდაცვითი -
მიმართული ევროპელთა ამერიკაში ინტერვენციის წინააღმდეგ, და მეორე -
შეტევითი, რომელიც ამერიკის კონტინენტზე აშშ-ის გაბატონებას გულისხმობდა. ასე,
რომ ფორმულა ,,ამერიკა ამერიკელებისათვის“ უფრო მიესადაგებოდა სურვილს -
,,ამერიკა შეერთებული შტატებისათვის“. აღნიშნული განცხადება მოგვიანებით
ცნობილი გახდა მონროს დოქტრინის სახელწოდებით.

1824 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯ. ადამსმა (1825-1828). მისი


მმართველობის დროს გაიზარდა შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადები. დიდი
დახმარება გაეწია მმართველ ფინანსისტებს, მრეწველებსა და მიწით სპეკულანტებს.
ფერმერები, ხელოსნები და მუშები იბრძვიან თავიანთი პოლიტიური უფლებების
3

მოპოვებისათვის, რის შედეგადაც ბევრ შტატში გაუქმდა საარჩევნო ცენზი და


ფერადკანიანი მამაკაცებისათვის შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება.

1828 წლის არჩევნებში იმავე წელს დაარსებულმა დემოკრატიულმა პარტიამ


პრეზიდენტად გაიყვანა გენერალი ენდრიუ ჯექსონი, რომლის დროსაც - 1829 წელს
შემცირდა უცხოურ სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადი. ჯექსონმა საგარეო
პოლიტიკის სფეროში მიაღწია ევროპის რამდენიმე სახელმწიფოსთან სადავო
საკითხების მოწესრიგებას, სახელმწიფო ვალების დაფარვას, საფინანსო პოლიტიკის
მოწესრიგებას, სახელმწიფო ბანკის მონოპოლიების გაუქმებას.

40-იან წლებსი აშშ-მა გააფართოვა თავისი ტერიტორია. 1845 წელს შემოიერთა


ტეხასი, ფლორიდა და აიოვა. 1846 წელს ინგლისმა ცნო აშშ-სთან ორეგონის შეერთება.
1848 წელს შეიერთა კალიფორნია და ახალი მექსიკა. XIX საუკუნის შუა წლებში
ტერიტორიული დაპყრობების შედეგად აშშ უკვე ფლობდა წყნარი ოკეანის სანაპიროს
კანადიდან სამხრეთ კალიფორნიამდე. 40-იანი წლების მიწურულს აშშ-ში მონობის
საკითხი კვლავ აქტიალური გახდა, რაც განაპირობა მონობის წინააღმდეგობის
გაძლიერებამაც. 1831 წელს მოხდა მონათა ყველაზე დიდი აჯანყება ზანგ ნატ
ტერნერის ხელმძღვანელობით. მთავრობამ ეს აჯანყება ჩაახშო.

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან აშშ-ში ფართოდ გავრცელდა


აბოლიციონისტური, ანუ მონობის აკრძალვის მომხრეთა მოძრაობა. ხელმძრვანელთა
შორის გამოირჩეოდა ჟურნალ ,,ლიბერეიტორის“ რედაქტორი უილიამ ლოიდ
ჰარისონი. აბოლიციონისტები კონგრესისაგან მოითხოვდნენ არა ძალით, არამედ
მორალური და რელიგიური ზემოქმედებით მონობის აკრძალვას. მონობის
გაუქმებისათვის მოძრაობის გააქტიურებას ხელი შეუწყო ამერიკელი მწერალი ქალი
ბიჩერ-სტოუს რომანმა ,,ბიძია თომას ქოხი“, რომელშიც აღწერილია მონების
ცხოვრების საშინელი პირობები. 1840 წელს ჩამოყალიბდა ,,თავისუფალი მიწების“,
ანუ ფრისოილერების პარტია, რომელიც მოითხოვდა მონობის აკრძალვას,
სკვატერებისათვის დასავლეთის მიწების უფასოდ დარიგებას.

XIX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო კაპიტალიზმის სწრაფი ზრდა.


დასავლეთის მიწების ფერმერული კოლონიზაცია ვერ ეგუებოდა მონობას. ამასთანავე,
ძალთა თანაფარდობა მკვეთრად შეიცვალა ჩრდილოეთის შტატების სასარგებლოდ. აქ
მონობა დიდი ხნის წინ აიკრძალა. კაპიტალიზმის განვითარების ძირითადი
შემაფერხებელი ფაქტორი მონათმფლობელობა იყო.

1850 წელს დადგა საკითხი მექსიკისაგან ახლადშემოერთებული კალიფორნიის


შტატის უფლებების განსაზღვრის თაობაზეკალიფორნიის შტატის კონსტიტუციით
მონობა ამ შტატში აკრძალული იყო. კონგრესში შეტანილი შესაბამისი კანონპროექტის
წინააღმდეგ გამოვიდნენ მონათფლობელები. დებატების შემდეგ მიღწეული იქნა
კომპრომისი შემდეგ პირობებზე: კალიფორნიაში იკრძალებოდა მონობა და იგი
კავშირში შედიოდა, როგორც თავისუფალი შტატი. ახალ მექსიკას და იუტას მიეცათ
ტერიტორიის უფლებები. დადგინდა ტეხასის საზღვრები. კოლუმბიის ოლქში
4

აიკრძალა მონებით ვაჭრობა. კიდევ უფრო განმტკიცდა 1787 წლის კონსტიტუციის ის


მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა გაქცეული მონების უკან დაბრუნებას.

მონათმფლობელებს სურდათ აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე დაეკანონებინათ


მონათმფლობელობა. 1850 წელს მათ შეძლეს კანონის მიღება გაქცეული მონების
შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობისა და მთავრობის ვალდებულებას -
გაქცეული მონის დაჭერისა და პატრონისათვის დაბრუნებას. მონათმფლობელების
დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო შეთანხმებებით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მას
მოჰყვებოდა მონათმფლობელობის თანდათანობითი ლიკვიდაცია. ამიტომ
სამხრეთში დაიწყო სეცესიონისტური პარტიის ჩამოყალიბება, რომლის მთავარ
მიზანს კავშირისაგან სამხრეთის შტატების გამოყოფა წარმოადგენდა. ამ მოძრაობის
ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ჯეფერსონ დევისი. 1850 წლის კანონები და 1854 წლის
ბილი ,,კანზას-ნებრასკა“, რომლის თანახმადაც ახალ ტერიტორიაზე მონობის საკითხი
ადგილობრივი მოსახლეობის ნების მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო,
ფაქტობრივად, აუქმებდა 1820 წლის მისურის კომპრომისს.

კანზასში გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომელიც მონობის მოწინააღმდეგეების -


ჩრდილოელების გამარჯვებით დასრულდა. ჩრდილოელები მოითხოვდნენ კავშირში
კანზასის მიღებას შტატის უფლებით იმ პირობით, თუ იქ მონობა არ იქნებოდა.
მონათმფლობელობის პრობლემამ გააერთიანა აბოლიციონისტები და მონობის
მოწინააღმდეგე სხვა ძალები და 1854 წელს შეიქმნა რესპუბლიკური პარტია. მასში ორი
მიმდინარეობა იყო: ზომიერი ფრთა უ. სიუარდის ხელმძღვანელობით, რომელიც არ
იყო წინააღმდეგი, რომ სამხრეთის შტატებში მონათმფლობელობა დარჩენილიყო და
რადიკალურ-დემოკრატიული მიმდინარეობა, რომელსაც სათავეში ედგა სენატორი
სამნერი. ის მოითხოვდა მონობის სრულ ლიკვიდაციას.

ქვეყანაში შეიქმნა რევოლუციური კრიზისი, რასაც ხელს უწყობდა აჯანყებები


მონობის წინააღმდეგ. მათ შორის გამოირჩეოდა კანზასელი აბოლიციონისტის ჯონ
ბრაუნის აჯანყება 1859 წელს. ვირჯინიის ხელისუფლებამ იგი დაიჭირა და
გასამართლების შემდეგ ჩამოახრჩო.

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკელების


კანდიდატმა - პოპულარულმა კონგრესმენმა აბრაამ ლინკოლნმა. თავის საარჩევნო
პროგრამაში იგი მოითხოვდა ახალ ტერიტორიებზე მონობის აკრძალვას. სამხრეთში
არსებული მონათმფლობელობის შესახებ მიანიშნებდა, რომ იგი არ იყო გამოსყიდვის
გარეშე მონების განთავისუფლების მომხრე და არ აპირებდა სამხრეთის შტატების
საშინაო საქმეებში ჩარევას.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამხრეთ კაროლინის სახალხო კონგრესმა


მიიღო კანონი სეცესიის (გამოყოფის) შესახებ 1860 წლის 20 დეკემბერს. მათ შეუერთდა
შვიდი შტატი: ფლორიდა, ჯორჯია, ალაბამა, ლუიზიანა, ტეხასი, ტენესი და მისისიპი.
1861 წლის 4 თებერვალს მონტგომერიში შეკრებილმა კონგრესმა დაამტკიცა ამერიკის
შტატების კონფედერაციის კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩია ჯეფერსონ
დევისი. კონფედერატების ცენტრი გახდა ქალაქი რიჩმონდი.
5

1861 წლის 4 მარტს ლინკოლნი შეუდგა საპრეზიდენტო მოღვაწეობას, მას არ


სურდა სამხრეთის კონფედერაციის წინააღმდეგ თვითონ დაეწყო საბრძოლო
მოქმედებები. 1861 წლის 12 აპრილს კონფედერატებმა სამხრეთ კაროლინაში მდებარე
ფორტის სამტერის დაბომბვით დაიწყეს სამოქალაქო ომი. ომის დასაწყისში
ჩრდილოელებს არმია არ ჰყავდათ, ხოლო ამბოხებულები კარგად იყვნენ
შეიარაღებულები და სათანადოდ მომზადებული ოფიცრობაც ჰყავდათ. ასევე, იმედი
ჰქონდათ, რომ ინგლისი და საფრანგეთი მხარს დაუჭერდნენ, რადგან სამხრეთის
შტატების ბამბის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ. ლინკოლნმა სულ მალე შექმნა
75 000 მოხალისისაგან შემდგარი ჯარი. ჩრდილოეთს სამხრეთთან შედარებით
უპირატესობა ჰქონდა ცოცხალი ძალისა და მატერიალური რესურსების მხრივ.
ჩრდილოეთის მოსახლეობა შეადგენდა 22 მილიონს, სამხრეთისა კი - 9 მილიონს (მათ
შორის 4 მილიონი ზანგი). ჩრდილოეთი უზრუნველყოფილი იყო სურსათით,
სავაჭრო-სამრეწველო განვითარების დონით, სარკინიგზო ქსელის განვითარებით,
სავაჭრო ფლოტის რაოდენობით, ფინანსური რესურსებით.

1861-1862 წლებში სამხრეთელებმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. პირველი


დიდი გამარჯვება მოიპოვეს ბალ-რანესთან 1861 წლის 21 ივლისს.

ომის დასაწყისში ჩრდილოეთი ბრძოლას აგებდა. 1861 წლის ივნისში მანასასთან,


ვაშინგტონის ახლოს, ჩრდილოეთის არმია დამარცხდა. 1861 წლის ნოემბრამდე
მთავარსარდალი იყო მოხუცი გენერალი სკოტი, შემდეგ კი - გენერალი მაკ-კლელანი.
1862 წელს მაკ-კლელანის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა
მდინარე პოტომაკის რაიონში პირდაპირი დარტყმით მოწინააღმდეგის
განადგურებას, აგრეთვე, სამხრეთის შტატების გარშემორტყმას (გეგმა ,,ანაკონდა“),
მარცხით დამთავრდა, რაც კარგად გამოიყენეს სამხრეთელებმა და 1862 წლის
ზაფხულში ფედერალურმა ჯარებმა მეორედ განიცადეს მარცხი. ამის შედეგად
ვაშინგტონს ხელახლა შეექმნა სამხრეთელების მიერ დაკავების საშიშროება.

ხალხის მოთხოვნების გათვალისწინებით ლინკოლნმა განახორციელა


მნიშვნელოვანი ღონისძიებები. 1862 წელს შემოიღეს ახალი გადასახადები
მდიდრებისათვის და მიიღეს კანონი მეამბოხეთა ქონების კონფისკაციაზე. 1862 წლის
20 მაისს მიღებული იქნა კანონი ჰომსტედების შესახებ, რომლის თანახმადაც
დასავლეთში 160 აკრის რაოდენობით მიწა უფასოდ ყველას შეეძლო მიეღო. იმავე
წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გამოსცა დეკლარაცია 1863 წლის 1 იანვრიდან
ზანგების განთავისუფლების შესახებ გამოსყიდვის გარეშე, მაგრამ უმიწოდ. მათ
მიეცათ არმიაში შესვლის ნება. პროკლამაციაზე ხელმოწერის შემდეგ ლინკოლნმა
ასეთი რამ განაცხადა: ,,თუკი ოდესმე ჩემი სახელი შევა ისტორიაში, ეს მხოლოდ ამ
აქტის გამო - მასში მთელი ჩემი სულია ჩადებული“.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, საომარი მოქმედებების მსვლელობაში


მოხდა ძირეული გარდატეხა და განმტკიცდა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა.
სამხრეთელებს გაუცრუვდათ ინგლისისა და საფრანგეთის დახმარების იმედი.
რუსეთი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას იჩენდა ლინკოლნის მთავრობის
მიმართ, რადგან ერთიან და ძლიერ აშშ-ში მეფის მთავრობა ხედავდა რუსეთისადმი
6

მტრულად განწყობილი ინგლისისა და საფრანგეთის საწინააღმდეგო ძალას. 1869


წელს სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში გამოჩნდა რუსეთის ორი ესკადრა, რომლებიც
ინგლისთან ომის შემთხვევაში კაპერობაზე უნდა გადასულიყო.

1863 წლის 3 ივლისს გეტისბერგთან ბრძოლაში ფედერალურმა ჯარებმა


გაიმარჯვა, ხოლო 4 ივლისს გენერალმა გრანტმა აიღო ქალაქი ვიკსბურგი და პორტი
ჰუდზონი, რამაც გარდატეხა შეიტანა საომარ მოქმედებათა მსვლელობაში
ჩრდილოეთის სასარგებლოდ. ინიციატივას მტკიცედ დაეუფლნენ ფედერალური
არმიები. 1863 წლის 19 ნოემბერს ლინკოლნმა გეტისბერგის ახალი სასაფლაოს გახსნის
დროს ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების შესახებ განაცხადა: ,,ჩვენ აქ
ვიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ მათი სიკვდილი არ იქნება ამაო, რომ ეს ერი
ღვთის შეწევნით ხელმეორედ აღსდგება თავისუფალ ერად და, რომ ეს მთავრობა -
შექმნილი ხალხისაგან, ხალხის მიერ და ხალხისათვის, არ გაქრება დედამიწის
ზურგიდან“.

1864 წელს მიღებული იქნა კონსტიტუციის მე-13 შესწორება, რომლის


მიხედვითაც მონობა იკრძალებოდა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე. 1864 წლის
დასაწყისში ფედერალური არმიების მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი გრანტი,
რომელმაც ჩრდილოეთიდან შეუტია ამბოხებულ შტატებს. ჩრდილო-დასავლეთიდან
დაიძრნენ ჯარები გენერალ შერიდანის ხელმძღვანელობით, სამხრეთ-დასავლეთიდან
კი - გენერალ შერმანის სარდლობით. მან განახორციელა რეიდი ჩატანუგადან
ატლანტამდე. 1865 წელს შერმანის ჯარებმა შეუტიეს სამხრეთიდან რიჩმონდს.
იმავდროულად კონფედერატების დედაქალაქს უტევდა გენერალი გრანტი. 3 აპრილს
დაიკავეს ქალაქი. კონფედერატების არმიის გენერალმა ლიმ კაპიტულაცია
გამოაცხადა.

1864 წლის ნოემბერში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 1865


წლის 4 მარტს ლინკოლნმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში მიმოიხილა საომარი
მოქმედებების მსვლელობა და შეაფასა მეომარ მხარეთა მდგომარეობა: ,,არავის
მიმართ გულღვარძლიანობა, ყველას მიმართ ლმობიერება, სამართლიანობა და
სიმტკიცე ისე, როგორც ღმერთს მოუნიჭებია ჩვენთვის სიმართლის აღქმის უნარი.
მოდით, ვისწრაფოთ, რომ დავამთავროთ საქმე, რომელიც წამოვიწყეთ. განვკურნოთ
ერის ჭრილობები. ვიზრუნოთ მათზე, ვინც იბრძოდა. ვუპატრონოთ დაღუპულთა
ქვრივებს და ობლებს... ვაკეთოთ ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ სამართლიანი და
ხანგრძლივი მშვიდობა ქვეყნის შიგნით და ყველა ერის მიმართ“. გამარჯვებულები
სულგრძელად მოიქცნენ, გაათავისუფლეს ტყვეები და გაუშვეს სახლებში. 1868 წელს
ყველა დაპატიმრებული მეამბოხე გაათავისუფლეს.

გამარჯვების აღსანიშნავად ჩრდილოეთში, საზეიმო ღონისძიების დროს


თეატრში, 1665 წლის 24 აპრილს მსახიობ ბუთსის მიერ მოკლული იქნა აბრაამ
ლინკოლნი.

დამარცხების შემდეგ სამხრეთის მონათმფლობელები არ თმობდნენ თავიანთ


პოზიციებს, რაც ნათლად გამოჩნდა რეკონსტრუქციის - სამხრეთის შტატების
7

პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნის პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა 1867


წლიდან 1877 წლამდე.

რეკონსტრუქციის პერიოდში გაიზარდა ზანგების პოლიტიკური აქტივობა. მათი


წარმომადგენლები სამხრეთის ზოგიერთი შტატის საკანონმდებლო და
აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროგრესულ საქმიანობას ეწეოდნენ. პრეზიდენტ
ჯონსინის მმართველობის პერიოდში ზანგების წინაარმდეგ საბრძოლველად შეიქმნა
შეიარაღებული ბანდები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ტერორისტული
ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანი. ასევე, სამხრეთის შტატების პლანტატორების მიერ
შემოღებული იქნა ,,შავი კოდექსი“, რომელიც ზანგებს უკრძალავდა საკუთრებაში
მიწის ქონას, გონებრივ შრომით საქმიანობას, თეთრკანიანზე დაქორწინებას და ა.შ.
1866 წელს მიიღეს კანონი ზანგების სამოქალაქო უფლებათა შესახებ. 1870 წელს
კონგრესმა მიიღო კონსტიტუციის მე-15 დამატება, რომლითაც საარჩევნო უფლებები
ეძლეოდა ყველა მამაკაცს განურჩევლად რასობრივი კუთვნილებისა.

1867 წელს კონგრესმა მიიღო სამხრეთის რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის


მიხედვითაც ყოფილ ამბოხებულ შტატებში მყარდებოდა სამხედრო ადმინისტრაცია
და სამხრეთი იყოფოდა 5 სამხედრო ოლქად. 1872 წელს პრეზიდენტ გრანტის დროს
(1869-1877) სამხრეთში სამხედრო მმართველობა შესუსტდა და ყოფილ მეამბოხეებს
მიეცათ პოლიტიკური უფლებები. 1877 წელს გამოიწვიეს ჯარები სამხრეთის
შტატებიდან.

ჩრდილოეთის გამარჯვებამ აშშ-ს შეუნარჩუნა ეროვნული ერთიანობა.


პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში დაიმკვიდრა სამრეწველო ბურჟუაზიამ.
პლანტატორებმა დაკარგეს პოლიტიკური ბატონობა სახელმწიფოში. სამოქალაქო
ომის მთავარი სოციალური მონაპოვარი იყო მონობის გაუქმება და კანონი
ჰომსტედების შესახებ. ომმა გზა გაუხსნა მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში
კაპიტალისტურ განვითარებას.

სავალდებულო ლიტერატურა

1. თვალავაძე ვ., ახალი ისტორია 1818-1871წწ., ნაკვეთი II, თბ., 2006.


2. კუბლაშვილი ჯ., ჭიღვარია ტ., ახალი ისტორია 1815-1870, ქ. 1998.
3. მენთეშაშვილი ა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის
ისტორია, ნაწ. II, 1789-1918, თბ., 2000.
4. История дипломатии, т.I, М., 1959.
5. Пономарев М.В., Новая и Новейшая История Зарубежных Стран, М., 2000.
8

დამატებითი ლიტერატურა

1. გეგეჭკორი დ., როშმორის ეროვნული მემორიალი, ქ. 2007.


2. ჯანდა ქ., გოლდმენი ჯ., ბერი ჯ., ამერიკული დემოკრატია, თბ. 1995.
3. Иванов Р., Авраам Линкольн и Гражданская война в США, М., 1964.
4. Иванов Р., Дипломатия Авраама Линкольна, М., 1961.

You might also like