Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 577

ფრენკ ჰერბერტი

დიუნი
მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი ნათია მენაბდე
ყდის დიზაინერები ნატალია ავალიანი, ნათია ზარანდია
ტექნიკური რედაქტორი მალხაზ ფაღავა
დამკაბადონებელი გვანცა მახათაძე

წიგნი პირველი - დიუნი

1* * *
დასაწყისი ის დროა, როცა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იზრუნოთ წონასწორობასა
და სიზუსტეზე. ეს ყველა ბენე გესერიტმა დამ იცის. ამიტომ, მუად’დიბის ცხოვრების
აღწერაზე მუშაობას რომ შეუდგებით, უპირველესად მისი ჟამი განსაზღვრეთ: დაიბადა
ფადიშაჰ-იმპერატორ შადამ IV-ის შობიდან 57-ე წელს. და ყურადღებით მიადევნეთ თვალი,
რომ სწორად მიუთითოთ მუად’დიბის სამშობლო – პლანეტა არაკისი. ნუ შეგაცდენთ ის
ფაქტი, რომ იგი კალადანზე დაიბადა და სიცოცხლის პირველი თხუთმეტი წელი იქ გაატარა.
არაკისი, პლანეტა, რომელიც დიუნის სახელითაა ცნობილი, მისი მარადი სამშობლოა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“

არაკისზე გამგზავრების წინა კვირას, როცა საბოლოო სამზადისის ფუსფუსი ლამის აუტანელ
საყოველთაო შეშლილობაში გადაიზარდა, ბიჭის, პოლის, დედასთან მოხუცი ქალი მოვიდა.

კალადანის ციხესიმაგრეს თბილი ღამე ჩამოსწოლოდა და ქვით ამოყვანილ უძველეს


კედლებში, სადაც ატრეიდესების ოჯახის ოცდაექვსი თაობა ცხოვრობდა, ახლაც ის ნოტიო
სიგრილე იგრძნობოდა, ამინდის შეცვლის წინ რომ იცოდა ხოლმე.

მოხუცი ქალი გვერდითა კარიდან შეუშვეს, პოლის ოთახის წინ გამავალ თაღიან ტალანში
ჩაიყვანეს და ცოტა ხნით შეახედეს ბიჭთან, რომელიც საწოლში იწვა.
გაღვიძებულმა ბიჭმა იატაკთან დაკიდებული ტივტივა ნათურის ჩაწეულ შუქზე გაარჩია
ქალის ზორბა ფიგურა, დედაზე ერთი ნაბიჯით წინ რომ იდგა. დედაბერი ალქაჯის ლანდს
ჰგავდა: მოთელილი, აბლაბუდასავით თმა ჩაჩივით წამოჰხურვოდა ბნელ ჩრდილში
ჩაკარგულ სახეზე, თვალები სპეკალებივით უელავდა.

– თავისი ასაკისთვის პატარა ხომ არ არის, ჯესიკა? – იკითხა დედაბერმა. აუწყობელი


ბალისეტივით ხრინწიანი და გაბზარული ხმა ჰქონდა.

პოლის დედამ თავისი რბილი კონტრალტოთი უპასუხა:

– ცნობილია, რომ ატრეიდესები გვიან იწყებენ ტანის აყრას, ღირსო დედაო.

– მსმენია, მსმენია, – დაიქშინა დედაბერმა, – მაგრამ ეს ხომ უკვე თხუთმეტისაა.

– დიახ, ღირსო დედაო.

– ღვიძავს და ყურს გვიგდებს, – თქვა დედაბერმა, – ცბიერი პატარა ცუღლუტი, – ჩაიხითხითა


მან, – მაგრამ ხელმწიფეს ცბიერება სჭირდება. და თუ ის მართლაც კვიზაც ჰადერაქია... აბა...

საწოლის ჩრდილებში ჩაფლული პოლი ოდნავ გახელილი თვალებით იყურებოდა. ორი


ნათელი ოვალი – დედაბრის თვალები – თითქოს გაფართოვდა და გაღვივდა, ბიჭს რომ
ჩააცქერდა.

– ტკბილად იძინე, ცბიერო პატარა ცუღლუტო, – თქვა დედაბერმა, – ხვალ ჩემს გომ ჯაბართან
შესახვედრად მთელი შენი ძალა დაგჭირდება.

და წავიდა, დედასაც უბიძგა და გაიყვანა, კარი კი მაგრად გაიჯახუნა.

გამოფხიზლებული პოლი იწვა და ფიქრობდა: „ნეტავ, რა არის გომ ჯაბარი?“

მთელ ამ ცვლილების ჟამის ალიაქოთში ეს დედაბერი იყო ყველაფერზე უფრო უცნაური რამ,
რაც კი ენახა.

ღირსო დედაო...

და დედამისსაც როგორ მიმართა, ჯესიკაო, თითქოს უბრალო მოახლე გოგო ყოფილიყო და


არა ის, ვინც არის: ბენე გესერიტი ქალბატონი, ჰერცოგის თანამესარეცლე და მისი მემკვიდრის
დედა.

„ნეტავ, ეს რაღაც გომ ჯაბარი არაკისთანაა დაკავშირებული? ისეთი რამე ხომ არაა, რაც უნდა
ვიცოდე, სანამ იქ წავალთ?“

უხმოდ წარმოთქვა უცნაური სიტყვები: „გომ ჯაბარი... კვიზაც ჰადერაქი“.


რამდენი რამ იყო სასწავლი. არაკისი კალადანისგან ისე განსხვავებული ადგილი ჩანდა, რომ
პოლს დიდძალი ახალი ინფორმაციისგან თავი უბრუოდა. არაკისი – დიუნი – უდაბნო-
პლანეტა.

თუფეა ჰავატმა, მამამისის ასასინთა ოსტატმა, აუხსნა: მათმა მოსისხლე მტრებმა,


ჰარკონენებმა, არაკისზე ოთხმოცი წელი დაყვეს. გერიატრიული სუნელის, მელანჟის,
მოპოვებაზე გაერთიანება პუვმე-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პლანეტა მათი
საიჯარო ფეოდი იყო. ახლა ჰარკონენები მიდიოდნენ, მათ ჩაანაცვლებდა ატრეიდესების
გვარი და პლანეტა მათი მუდმივი ფეოდი ხდებოდა – რაც ჰერცოგ ლეტოს ცხადზე უცხადესი
გამარჯვება იყო. მაგრამო, თქვა ჰავატმა, ამ უცხადესობას უდიდესი საშიშროებაც ახლავს,
რადგანაც ჰერცოგ ლეტოს ლანდსრაადის წარჩინებული გვარები კარგად იცნობენო.

– ცნობილი კაცი ძლიერთა შურს აღძრავს, – თქვა ჰავატმა.

არაკისი – დიუნი – უდაბნო-პლანეტა.

პოლს დაეძინა და ესიზმრა, რომ არაკენის გამოქვაბულში იყო, მის გარშემო უხმოდ დადიოდა
ნათელბურთების ბუნდოვანი შუქით განათებული ხალხი. მწუხარე, ამაღლებული მდუმარება
იდგა, როგორც ტაძარში, და წყლის წვეთების ჩუმი წკაპუნი ისმოდა. პოლმა სიზმარშივე
იცოდა, რომ გაღვიძებულს ეს ყველაფერი ემახსოვრებოდა. წინასწარმეტყველური სიზმრები
ყოველთვის ახსოვდა ხოლმე.

სიზმარი გამკრთალდა და გაქრა.

პოლს გაეღვიძა, თავისი საწოლის სითბოთი და... ფიქრით, ფიქრით მოცულს. ციხესიმაგრე
კალადანის სამყარო, რომელშიც არ იყო თამაში, არ იყვნენ მისი ასაკის ამხანაგები, იქნებ არც კი
იმსახურებდა, მასთან გამომშვიდობებას რომ დაემწუხრებინა. ექიმმა იუემ, მისმა
მასწავლებელმა, მიანიშნა, რომ ფაუფრელუჩესის კლასობრივ სისტემას არაკისზე არცთუ
მტკიცედ იცავდნენ. პლანეტა ბინას აძლევდა ხალხს, რომელიც უდაბნოს განაპირას
ცხოვრობდა და მასზე არც კაიდი მბრძანებლობდა, არც ბაშარი: ეს ქვიშისნება ხალხია,
ფრემენები, რომლებიც იმპერიის ნუსხებში არსად არ არიან აღნიშნულნი.

არაკისი – დიუნი – უდაბნო-პლანეტა.

პოლმა იგრძნო, რომ დაძაბული იყო, და გადაწყვიტა, დედისგან ნასწავლი გონებისა და


სხეულის სავარჯიშო გაეკეთებინა. სამი სწრაფი ჩასუნთქვით გამოიწვია ნაცნობი შეგრძნება:
მოტორტმანე სიცხადეში ჩაცურდა... ცნობიერების ფოკუსირება... აორტის გაფართოება...
ცნობიერების გაფანტული მუშაობის თავიდან აცილება... ცნობიერად ყოფნა საკუთარი
არჩევანით... სისხლი გამდიდრებულია და სწრაფად მიმოიქცევა გადატვირთულ არეებში...
საკვებს-უსაფრთხოებას-თავისუფლებას მხოლოდ ინსტინქტით ვერ მოიპოვებ... ცხოველის
ცნობიერება არ ვრცელდება „ამ“ მომენტის იქით და ვერც იმას იაზრებს, რომ შეიძლება,
თავადვე საერთოდ გადააშენოს საკუთარი მსხვერპლი... ცხოველი ანადგურებს და არ ქმნის...
ცხოველური სიამე გრძნობად დონეზე რჩება და არ უახლოვდება შემეცნებითს... ადამიანს
სჭირდება საყრდენი სისტემა, რომლითაც თავის სამყაროს დაინახავს... საკუთარი არჩევანით
ფოკუსირებული ცნობიერება ამ სისტემას აყალიბებს... სხეულის ერთიანობა მოჰყვება
ნერვულ და სისხლის მიმოქცევას, რომელსაც უჯრედის საჭიროებათა უღრმესი სიცხადე
მართავს... ყოველი საგანი/უჯრედი/არსება ცვალებადი და არამარადიულია... იბრძოლე
შინაგანი მდინარების მარადიულობის მისაღწევად...

პოლის მოტორტმანე სიცხადეში კვლავ, კვლავ, კვლავ ტრიალებდა დედის გაკვეთილი.

როცა პოლის ფანჯრის რაფას განთიადი ყვითელი სხივით შეეხო, ბიჭმა ის დაშვებული
ქუთუთოების მიღმა იგრძნო, თვალები გაახილა, დაინახა თავისი საძინებლის ჭერის ნაცნობი,
ჩუქურთმიანი კოჭები და ციხესიმაგრეში განახლებული ფუსფუსისა და ალიაქოთის ხმაც
ჩაესმა.

დარბაზში გამავალი კარი გაიღო და დედამ შემოიხედა. ბრინჯაოსფერი თმა კეფაზე შავი
თასმით შეეკრა. ოვალური სახე უტყვი ჰქონდა, მწვანე თვალებში სერიოზული მზერა ედგა.

– გაგიღვიძია, – უთხრა პოლს, – კარგად გეძინა?

– დიახ.

პოლი დააკვირდა მის მაღალ ტანს, სანამ ქალი კარადის საკიდებზე მისთვის ტანსაცმელს
არჩევდა, და დაძაბული მხრები შენიშნა. სხვა ალბათ ვერც შეამჩნევდა, მაგრამ დედამ ბიჭი
გაწაფა ბენე გესერიტის ხელოვნებაში – წვრილმანებზე დაკვირვებაში. ქალი შემობრუნდა;
შვილისთვის ნახევრად ოფიციალური ქურთუკი შეერჩია, რომლის მკერდის ჯიბეზეც
ატრეიდესების გერბი – წითელი ქორი – იყო გამოსახული.

– ჩქარა ჩაიცვი, – უთხრა მან, – ღირსი დედა გელოდება.

– ეგ ერთხელ დამესიზმრა, – უთხრა პოლმა, – ვინაა?

– ჩემი მასწავლებელი იყო ბენე გესერიტის სკოლაში. ახლა იმპერატორის მართლისმცნობია.


და, პოლ... – დედა შეყოყმანდა, – შენს სიზმრებზე უნდა მოუყვე.

– კარგი. არაკისი მის გამო გვერგო?

– არაკისი არ გვრგებია, – ჯესიკამ შარვალს მტვერი ჩამოფერთხა და ქურთუკთან ერთად


გადაჰკიდა საწოლის გვერდით მდგარ ტანსაცმლის საკიდზე, – ღირს დედას ნუ ალოდინებ.

პოლი წამოჯდა და მუხლებზე მკლავები შემოიხვია.

– გომ ჯაბარი რა არის?

დედის ნასწავლის წყალობით ისევ დაინახა თითქმის თვალით შეუმჩნეველი ეჭვი, მოღალატე
შფოთვა, რომელიც შიშად შეიცნო.

ჯესიკა ფანჯრისკენ წავიდა, ფარდები გადასწია და მდინარისპირა ბაღების მიღმა მთა სიუბის
გახედა.
– ძალიან მალე... გაიგებ, რა არის გომ ჯაბარი, – უთხრა შვილს.

პოლმა მის ხმაში შიში გაიგონა და გაუკვირდა.

ჯესიკა არ შემობრუნებულა, ისე განაგრძო:

– ღირსი დედა ჩემს დილის ოთახში გიცდის. აჩქარდი, თუ შეიძლება.

ღირსი დედა გაიუს ჰელენ მოჰიამი გობელენის სავარძელში დაბრძანებულიყო და


მოახლოებულ დედა-შვილს უცქერდა. ფანჯრები, რომელთა შორისაც იჯდა, სამხრეთისკენ
შებრუნებული მდინარის მრუდე რკალს და ატრეიდესების ოჯახის ამწვანებულ მამულებს
გადასცქეროდა, მაგრამ ღირსი დედა სანახაობას არად აგდებდა. ამ დილით მას ასაკმა, ცოტა არ
იყოს, თავი შეახსენა. ამაში კი ადანაშაულებდა კოსმოსურ მგზავრობას და იმ საძაგელ
კოსმირების გილდიას, რომლებსაც ჰქონდათ მიდრეკილება, ყველაფერი
გაესაიდუმლოებინათ. მაგრამ აქ ელოდა მისია, რომელიც პირადად მჭვრეტელი ბენე
გესერიტის ყურადღებას მოითხოვდა. თავად ფადიშაჰ-იმპერატორის მართლისმცნობიც კი
ვერ წაუყრუებს, ეს ვალი რომ მოუხმობს.

„ჯანდაბა ამ ჯესიკასაც“, გაიფიქრა ღირსმა დედამ. „ნეტა, ამდგარიყო და გაეჩინა ჩვენთვის


გოგო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა!“

ჯესიკა სკამიდან სამი ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა და მარცხენა ხელი მსუბუქად ჩაიქნია
კაბის კალთის დაყოლებით – მცირე რევერანსი გააკეთა. პოლმა თავი დაუკრა, როგორც ცეკვის
ოსტატმა ასწავლა – ამ მისალმებას ერქვა: „როცა დარწმუნებით არ იცი შემხვედრის სტატუსი“.

ღირს დედას ეს ნიუანსები არ გამოჰპარვია .

– ფრთხილი ვინმეა, ჯესიკა.

ჯესიკას ხელი პოლის მხარზე დაეშვა და დაიძაბა. რამდენიმე წამს მის თითებს შიშის ფეთქვა
მოჰყვებოდა, მერე კი ქალმა თავი დაიმორჩილა.

– ასე ასწავლეს, ღირსო დედაო.

ნეტავ რის ეშინიაო, გაიფიქრა პოლმა.

მოხუცმა ქალმა ყოვლისდამნახველი თვალის ერთი შევლებით შეისწავლა პოლის სახე. სახის

მოყვანილობა ჯესიკასი აქვს, მაგრამ ყვრიმალები – უფრო გამოკვეთილი... თმა – ჰერცოგივით


კუნაპეტი, მაგრამ შუბლის ხაზი ბაბუასი აქვს, დედამისის მამის, რომლის ხსენებაც არ ეგების;
მისივეა ეს თხელი, ქედმაღლური ცხვირი; პირდაპირ მომზირალი მწვანე თვალების ფორმა
წინა ჰერცოგისა აქვს, მეორე ბაბუასი, რომელიც აგრეთვე მოკვდა.

„ვერაფერს იტყვი, წინა ჰერცოგი ის კაცი იყო, სიკვდილშიც კი თავზე ხელაღებული


გაბედულების დამფასებლად რომ დარჩა“, გაიფიქრა ღირსმა დედამ.
– სწავლება ერთია, – თქვა ხმამაღლა, – ის, რაც საფუძვლად დევს – მეორე. ვნახავთ, –
ბებრულმა თვალებმა მკაცრად გახედეს ჯესიკას, – დაგვტოვე. გავალებ, სიმშვიდის მედიტაცია
გააკეთო.

ჯესიკამ პოლის მხრიდან ხელი აიღო.

– ღირსო დედაო, მე...

– ჯესიკა, ხომ იცი, ეს უნდა გაკეთდეს.

პოლმა კითხვით ახედა დედას. ის წელში გაიმართა.

– დიახ. რა თქმა უნდა.

პოლმა ისევ ღირს დედას მიაპყრო მზერა. ზრდილობა და აშკარა მოწიწება, რომლითაც მოხუც
ქალს ჯესიკა ეპყრობოდა, მას მორიდებულად მოქცევას ავალებდა; მაგრამ დედისგან
მომდინარე შიშის გამო ბრაზნარევი ავი წინათგრძნობაც გაუჩნდა.

– პოლ, – ჯესიკამ ღრმად ჩაისუნთქა, – ეს გამოცდა, რომელიც ახლა უნდა გაიარო... ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.

– გამოცდა? – ბიჭმა დედას ახედა.

– გახსოვდეს, რომ ჰერცოგის ძე ხარ, – უთხრა ჯესიკამ, შეტრიალდა და კაბის შრაშუნით


გავიდა ოთახიდან. მის უკან მჭიდროდ მიიკეტა კარი.

პოლმა დედაბერს თვალი გაუსწორა; ბრაზი ალაგმული ჰქონდა.

– განა შეიძლება, ლედი ჯესიკა ისე დაითხოვო, თითქოს ის მოახლე ყოფილიყოს?

დანაოჭებული ბებრული პირის კუთხეებს ღიმილმა გაჰკრა.

– სკოლაში ყოფნის თოთხმეტი წლის განმავლობაში ლედი ჯესიკა ჩემი მოახლე იყო, ბიჭო, –
დედაბერმა თავი დაიქნია, – და კარგი მოახლეც იყო. ახლა კი აქ მოდი!

მათრახივით გადაჰკრა ბრძანება. პოლი უცებ მიხვდა: მანამ დამორჩილდა, სანამ ამაზე
დაფიქრებას მოასწრებდა. ხმას იყენებს ჩემზეო, გაიფიქრა. მისი ხელის ნიშანზე რომ გაჩერდა,
ქალის მუხლებთან იდგა.

– ამას ხედავ? – ჰკითხა მან. კაბის ნაკეცებიდან მწვანე ლითონის კუბი ამოიღო, რომლის ცალი
გვერდი ზომით თხუთმეტიოდე სანტიმეტრი იქნებოდა. ხელში მოატრიალა და პოლმა
დაინახა, რომ ცალი მხარე ღია ჰქონდა – შავი და უცნაურად შიშისმომგვრელი. იმ ღია
წყვდიადში სხივი საერთოდ არ ატანდა.

– მარჯვენა ხელი ყუთში ჩადე, – უთხრა ქალმა.


პოლს შიშმა გაჰკენწლა. უკან იწყო დახევა, მაგრამ დედაბერმა უთხრა:

– დედას ასე უჯერებ?

ბიჭმა ქალს ფრინველის ღია ფერის თვალებში ჩახედა. გრძნობდა იძულებას, რომელსაც ვერ
ეწინააღმდეგებოდა; ნელა ჩაყო ყუთში ხელი. თითები სიშავეში რომ ჩაეკარგა,
თავდაპირველად სიცივე შეიგრძნო, მერე პრიალა მეტალი მიედო და ჩხვლეტა იგრძნო,
თითქოს ხელი დაბუჟებოდა.

დედაბერს თვალებში მტაცებლური სხივი ჩაუდგა, მარჯვენა ხელი ყუთს უშვა, ასწია და პოლს
კისერთან ახლოს მიუტანა. ბიჭმა ლითონის გაელვებას მოჰკრა თვალი და მისკენ მიბრუნება
იწყო.

– გაჩერდი! – შეაჩერა მან.

„ისევ ხმას იყენებს!“ ყურადღება კვლავ ქალის სახეზე გადაიტანა.

– შენს კისერთან გომ ჯაბარი მიჭირავს, – უთხრა ქალმა, – გომ ჯაბარი, გულცივი მტერი. ეს
ნემსია, რომლის წვერზეც საწამლავია დაწვეთებული. აჰ-აჰ! არ გაიწიო, თორემ ამ შხამს იგემებ.

პოლმა სცადა, გამომშრალი ყელი ნერწყვით დაესველებინა. თვალი ვერ მოეცილებინა


დაღარული ბებერი სახისთვის, აპრიალებული თვალებისთვის, ბაც ღრძილებში ჩამჯდარი
ვერცხლისფერი ლითონის კბილებისთვის, ლაპარაკისას რომ უელვარებდა.

– ჰერცოგის ძემ საწამლავებზე, წესით, ბევრი რამ უნდა იცოდეს, – თქვა მან, – ჩვენს დროში
ეგრეა, ჰო? მასკი – სასმელში ჩასარევად, აუმასი – საჭმელში. სწრაფად მკვლელები, ნელა
მკვლელები და რაღაც შუალედურები. აი, ის, რომელზეც ჯერ არ გაგიგია: გომ ჯაბარი.
მხოლოდ ცხოველებს კლავს.

პოლის სიამაყემ შიში დაჯაბნა.

– ბედავ, ივარაუდო, რომ ჰერცოგის ძე ცხოველია? – მოსთხოვა პასუხი.

– მოდი, ასე ვთქვათ: ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ადამიანი იყო, – მიუგო მან, – წყნარად!
გაგაფრთხილე, გასხლტომა არ სცადო-მეთქი. ბებერი კი ვარ, მაგრამ, სანამ გამექცეოდე,
მოვასწრებ, ეს ნემსი კისერში გიჩხვლიტო.

– ვინ ხარ? – დაიჩურჩულა პოლმა, – როგორ მოატყუე დედაჩემი, შენთან მარტო რომ
დავეტოვებინე? ჰარკონენი ხარ?

– ჰარკონენი? არა, ღმერთმა დამიფაროს! ახლა იყუჩე, – გამომშრალი თითით კისერზე შეეხო
და პოლმა ძლივს შეიკავა თავი, უნებლიეთ გვერდზე რომ არ გამხტარიყო.
– კარგია, – თქვა ქალმა, – პირველი გამოცდა გაიარე. ახლა შემდეგის დრო დადგა: ყუთიდან
ხელს თუ ამოიღებ, მოკვდები. ეს ერთადერთი წესია. გქონდეს ხელი ყუთში და იცოცხლებ.
ამოიღებ და მოკვდები.

პოლმა ღრმად ჩაისუნთქა, რომ ცახცახი დაეოკებინა.

– საკმარისია, დავიძახო, წამში მსახურები შემოცვივდებიან და ვერ გადარჩები.

– მსახურები ვერ გამოსცდებიან დედაშენს, რომელიც კართან დგას და გვდარაჯობს. ეს


იცოდე. დედაშენმა ეს გამოცდა გაიარა. ახლა შენი ჯერია. პატივად ჩათვალე: ამას მამრ
ბავშვებს იშვიათად ვუკეთებთ.

ცნობისმოყვარეობამ პოლს შიში იმდენად დაუცხრო, რომ ბიჭს უკვე შეეძლო მისი მართვა.
დედაბრის ხმაში სიმართლე ესმოდა. თუ დედამისი კართან დგას და დარაჯობს... თუ ეს
მართლა გამოცდაა... და, რაც არ უნდა ყოფილიყო, იცოდა, რომ გაბმული იყო, მტკიცედ ეჭირა
კისერთან მოახლოებულ ხელს, გომ ჯაბარს. გაიხსენა პასუხი შიშის შელოცვიდან, ბენე
გესერიტის მსახურების ნაწილი, დედამ რომ ასწავლა:

„არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, სრული დავიწყება
რომ მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის,
შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ
მე“.

პოლმა იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სიმშვიდე, და თქვა:

– მიდი, ბებერო.

– ბებერო! – გაიკვირვა მან, – ვერ დაგიკარგავ, გაბედულება არ გაკლია. კარგი, ვნახოთ, ღლაპო,
– მისკენ დაიხარა და ლამის ჩურჩულით ალაპარაკდა, – ყუთში ჩაყოფილ ხელში ტკივილს
იგრძნობ. ტკივილს. მაგრამ! ხელს თუ ამოიღებ, კისერზე გომ ჯაბარს შეგახებ – და სიკვდილი
ჯალათის ნაჯახის მოქნევასავით სწრაფად მოვა. ხელს თუ ამოიღებ, გომ ჯაბარის მსხვერპლი
გახდები. გაიგე?

– რა არის ყუთში?

– ტკივილი.

ხელში ჩხვლეტა გაუძლიერდა და პირი მტკიცედ მოკუმა. ეს რა გამოცდააო, გაიკვირვა.


ჩხვლეტა ქავილად იქცა.

– თუ გსმენია, ცხოველები ხაფანგიდან გასაქცევად ფეხებს რომ იჭამენ? ეს ცხოველური


ხერხია. ადამიანი ხაფანგში დარჩებოდა, ტკივილს აიტანდა და თავს მოიმკვდარუნებდა, რათა
ხაფანგის დამდგმელს მისწვდენოდა, მოეკლა და ამით თავისნაირებისთვის ხიფათი
აერიდებინა.
ქავილი უმცირეს წვად იქცა.

– ამას რატომ აკეთებ? – ჰკითხა ბიჭმა.

– რომ გავიგო, ადამიანი ხარ თუ არა. ჩუმად იყავი.

მეორე ხელზე წვა რომ გაუძლიერდა, პოლმა მარცხენა ხელი მუშტად შეკრა. წვა ნელ-ნელა
მატულობდა: სიცხეს სიცხე ედებოდა, კვლავ სიცხე... კვლავ სიცხე. იგრძნო, თავისუფალი
ხელის ფრჩხილები ხელისგულში რომ ჩაესო. სცადა, ცხელში მოქცეული ხელის თითები
მოეკუმშა, მაგრამ ვერ გასძრა.

– მწვავს, – დაიჩურჩულა.

– ჩუმად!

ტკივილი ფეთქვით ამოუყვა მკლავზე. შუბლი ოფლმა დაუცვარა. სხეულის ყოველი ნერვი
უკიოდა, ხელი ამოეღო იმ მწველი ხაროდან... მაგრამ... გომ ჯაბარი. თავი არ მიუბრუნებია, ისე
დახარა მზერა, სცადა,

კისერთან მიტანილი ნემსი დაენახა. იგრძნო, რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა; სცადა,


სუნთქვა დაეწყნარებინა, მაგრამ ვერ შეძლო.

ტკივილი!

სამყარო დაცარიელდა, მასში მხოლოდ აგონიით მოცული ხელი და სულ ახლოდან


მოჩერებული ბებერი სახე დარჩა.

ტუჩები ისე გამოუშრა, ბაგის გაპობა უჭირდა.

წვა! წვა!

ეგონა, ვგრძნობ, როგორ მეჭმუჭნება შავად კანი ტკივილით აალებულ ხელზე, როგორ სკდება
და დნება ხორცი და დანახშირებული ძვლებიღა რჩებაო.

მორჩა!

ტკივილი ისე გაქრა, თითქოს გამომრთველი გადაატრიალესო.

პოლმა იგრძნო, რომ მკლავი უცახცახებდა, მთელი ტანი ოფლში ჰქონდა გაღვრილი.

– კმარა, – ჩაიბურტყუნა დედაბერმა, – კულ ვაჰად! ამდენისთვის არც ერთ მდედრ ბავშვს არ
გაუძლია. ვგონებ, მინდოდა, რომ ჩაჭრილიყავი. – სავარძლის საზურგეზე გადაწვა და გომ
ჯაბარი კისრიდან მოაცილა, – ამოიღე ხელი ყუთიდან, ახალგაზრდა ადამიანო, და შეხედე.
პოლმა მტკივნეული ცახცახი დაიოკა და შეხედა უშუქო სიცარიელეს, სადაც მისი ხელი
თითქოს საკუთარი ნებით რჩებოდა. ტკივილის ხსოვნა მცირე მოძრაობასაც უკრძალავდა.
წესით და რიგით, ყუთიდან მხოლოდ დანახშირებული ძვალი უნდა ამოჰყვეს.

– ამოიღე! – შეუტია ქალმა.

ბიჭმა ყუთიდან ძალით ამოიტაცა ხელი და გაოცებული დააცქერდა. საერთოდ არაფერი


ეტყობოდა. მთელ იმ ტკივილს ხორცზე უმცირესი ნიშანიც კი არ დაეტოვებინა. ხელი ასწია და
თითები ჯერ მომუჭა, მერე გაშალა.

– ნერვის ინდუქციით გამოწვეული ტკივილი, – თქვა დედაბერმა, – აბა, ხომ არ ვივლი და


„შესაძლო“

ადამიანებს ხომ არ დავასახიჩრებ. რამდენიც გინდა, ვიცი ისეთი, ბევრს რომ მისცემდა ამ
ყუთის საიდუმლოს ცოდნაში, – და კოლოფი კაბის ნაკეცებში ჩამალა.

– მაგრამ ტკივილი... – წამოიწყო ბიჭმა.

– ტკივილი, – აგდებით ჩაიფრუტუნა ქალმა, – ადამიანს თავისი სხეულის ყველა ნერვის


მართვა შეუძლია.

პოლმა მარცხენა ხელში იგრძნო ტკივილი, მომუჭული თითები გაშალა და დააცქერდა ოთხ
სისხლიან კვალს, საკუთარი ფრჩხილებით რომ დაეჩნია ხელისგულზე. ხელი ჩამოუშვა და
დედაბერს შეხედა.

– ეს ადრე დედაჩემსაც გაუკეთე?

– ოდესმე ქვიშა საცერში გაგიტარებია? – ჰკითხა ქალმა.

ამ კითხვის მოულოდნელობამ მის გონებას სიფრთხილე შემატა. ქვიშა საცერში. თავი


დაუქნია.

– ჩვენ, ბენე გესერიტი, ხალხს ვცრით ადამიანების საპოვნელად.

პოლმა მარჯვენა ასწია და ტკივილის ხსოვნას მოუხმო.

– და ამისთვის სულ ესაა საჭირო – ტკივილი?

– მე შენ გაკვირდებოდი ტკივილისას, ბიჭო. ტკივილი გამოცდის ღერძია მხოლოდ. დედაშენს


შენთვის მოუყოლია ჩვენი დაკვირვების ხერხების შესახებ, მე შენში ვამჩნევ მისი სწავლების
ნიშნებს. ჩვენი გამოცდა კრიზისი და დაკვირვებაა.

პოლს მის ხმაში დასტური ჩაესმა და თქვა:

– ეს მართალია!
ქალი ბიჭს მიაჩერდა. „სიმართლეს გრძნობს! შეიძლება, ის იყოს? შეიძლება, მართლაც ის
იყოს?“ აღტაცება დაიოკა და თავს შეახსენა: „იმედი დაკვირვებას აბუნდოვანებს“.

– შენ იცი, როდის სჯერა ვინმეს, სიმართლეს ვამბობო? – უთხრა მან.

– ვიცი.

მის ხმაში მრავალგზისი შემოწმებით დადასტურებული უნარი ჟღერდა. ქალს ჩაესმა იგი და
თქვა:

– შეიძლება, შენ კვიზაც ჰადერაქი იყო. ჩამოჯექი, პატარა ძმაო, აგერ, ჩემს ფერხთით.

– დგომა მირჩევნია.

– ოდესღაც დედაშენი იჯდა ჩემს ფერხთით.

– მე დედაჩემი არ ვარ.

– ცოტათი გძულვართ, ხომ? – დედაბერმა კარისკენ გაიხედა და დაიძახა, – ჯესიკა!

კარი მოფრიალდა და იქ მდგარი ჯესიკა გამოჩნდა; დაძაბული იყურებოდა ოთახში. პოლის


დანახვისას დაძაბულობა გაუქრა. ძლივძლივობით გაიღიმა.

– ჯესიკა, არ გაგიარა ჩემმა სიძულვილმა? – ჰკითხა მოხუცმა ქალმა.

– ერთდროულად მიყვარხარ და მძულხარ კიდეც, – უთხრა ჯესიკამ, – სიძულვილი იმ


ტკივილის გამოა, რომელიც არასოდეს არ უნდა დავივიწყო. სიყვარული კი...

– უბრალოდ, საწყისი მოცემულობაა, – თქვა დედაბერმა, მაგრამ ხმა ალერსიანი ჰქონდა, –


ახლა შეგიძლია, შემოხვიდე, მაგრამ ჩუმად იყავი. დაკეტე კარი, იცოდე, არავინ არ უნდა
შეგვაწყვეტინოს.

ჯესიკა ოთახში შემოვიდა, კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო. „ჩემი შვილი ცოცხალია“,
გაიფიქრა მან. „ჩემი შვილი ცოცხალია და... ადამიანია. ვიცოდი, რომ იყო... მაგრამ... ცოცხალია.
ახლა მეც შემიძლია, სიცოცხლე გავაგრძელო“. ზურგით გრძნობდა კარის სიმაგრეს და
სინამდვილეს. ოთახში ყველაფერი უცხადესი იყო და პირდაპირ შიშველ გრძნობებს ეხებოდა.

„ჩემი შვილი ცოცხალია“.

პოლმა დედას შეხედა. მან სიმართლე თქვა. ბიჭს უნდოდა, წასულიყო, მარტო დარჩენილიყო
და ეფიქრა იმაზე, რაც გამოსცადა, მაგრამ იცოდა, რომ ვერ წავიდოდა, სანამ ნებას არ
დართავდნენ. მოხუცმა ქალმა მასზე ძალაუფლება მოიპოვა. მათ მართალი თქვეს. დედამისს
გავლილი ჰქონდა ეს გამოცდა. ამას რაღაც საზარელი დანიშნულება უნდა ჰქონოდა... ასეთი
უზომო ტკივილისა და შიშის ფასად. ბიჭმა იცოდა საზარელი დანიშნულების ამბავი.
ტკივილი და შიში დაუკითხავად მიგაქანებდნენ და მათგან ვერაფერი დაგიფარავდა. თავადვე
იყვნენ საკუთარი გარდაუვალობა. პოლმა იგრძნო, რომ თვითონაც დაავადდა ამ საზარელი
დანიშნულებით. თუმცა ჯერ არ იცოდა, რა იყო ეს დანიშნულება.

– ერთ დღესაც, ბიჭი, შენც შეიძლება, ასევე მოგიხდეს კართან გარეთ დგომა. ძნელი საქმეა,
მართლაც.

პოლმა დაიხედა ხელზე, რომელსაც ტკივილი ენახა, მერე ღირს დედას ახედა. მის ხმაში
ისმოდა რაღაც, რაც აქამდე სმენილი ყველა სხვა ხმისგან განასხვავებდა. მისი სიტყვები
დიდებული სიცხადით იყო გამოკვეთილი. მათ რაღაც სიბასრე ახლდა. იგრძნო, რომ
ნებისმიერ კითხვას, რასაც კი ქალს დაუსვამდა, მოჰყვებოდა პასუხი, რომელსაც შეეძლო, ბიჭი
მისი სხეულებრივი სამყაროდან რაღაც უფრო დიადში აეტაცებინა.

– რატომ გამოსცდი ხალხს ადამიანობაზე? – ჰკითხა მან.

– იმისთვის, რომ გავათავისუფლო.

– გაათავისუფლო?

– ოდესღაც ხალხმა მანქანებისკენ მიმართა ფიქრი იმ იმედით, რომ ეს მას გაათავისუფლებდა.


მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა, რომ სხვა ხალხმა, მანქანიანმა, მისი დამონება შეძლო.

– „არა ჰქმნა მანქანა მსგავსად ადამიანის გონებისა“, – ზეპირად წარმოთქვა პოლმა.

– ეს ზუსტად მწდეთა ჯიჰადის და ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის მცნებაა, – თქვა ქალმა,


– მაგრამ ნარინჯისფერ კათოლიკე ბიბლიაში ასე უნდა ყოფილიყო ნათქვამი: „არა ჰქმნა
მანქანა ნაყალბევად ადამიანის გონებისა“. თქვენს სამსახურში მყოფი მენტატი გყავს
შესწავლილი?

– მე თუფეა ჰავატთან ვსწავლობდი.

– დიდმა ჯანყმა ყავარჯნები გამოგვაცალა, – თქვა დედაბერმა, – და ადამიანის გონებას


განვითარება აიძულა. ჩამოყალიბდა სკოლები, რომლებიც ადამიანების ნიჭს გაწვრთნიდნენ.

– ბენე გესერიტის სკოლები?

მოხუცმა თავი დაუქნია.

– იმ უძველესი სკოლებიდან ორი უმთავრესია შემორჩენილი: ბენე გესერიტი და მესუნელეთა


გილდია. გილდია, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ლამის წმინდა მათემატიკას შეისწავლის. ბენე
გესერიტს სხვა ფუნქცია ეკისრება.

– პოლიტიკა, – თქვა ბიჭმა.

– კულ ვაჰად! – წარმოთქვა დედაბერმა და მკაცრად გადახედა ჯესიკას.


– მისთვის ეს მე არ მითქვამს, ღირსო დედაო, – უთხრა ჯესიკამ.

ღირსი დედა ისევ პოლს მიუბრუნდა.

– ამის მისახვედრად საოცრად ცოტა მინიშნება დაგჭირდა. პოლიტიკა, მართალია. იმთავითვე


ბენე გესერიტის სკოლას ხელმძღვანელობდნენ ისინი, ვისაც მიაჩნდა, რომ საჭიროა,
ადამიანთა საქმიანობას განგრძობითობის ხაზი გასდევდეს. მათ განსაჯეს, რომ ასეთი
განგრძობითობა ვერ იარსებებდა, თუ ადამიანური მოდგმა ცხოველური მოდგმისგან არ
განცალკევდებოდა – გამრავლების მიზნით.

დედაბრის სიტყვებმა პოლისთვის ერთბაშად დაკარგა ადრინდელი უჩვეულო სიბასრე.


იგრძნო, რომ შეურაცხყვეს ის, რასაც დედამისი მის სიმართლის ალღოს ეძახდა. არა, ღირსი
დედა მას ტყუილს როდი ეუბნებოდა. აშკარა იყო, სჯეროდა ის, რასაც ამბობდა. მიზეზი იყო
რაღაც, უფრო ღრმა, რაღაც, ბიჭის საზარელ დანიშნულებასთან დაკავშირებული.

ქალს უთხრა:

– მაგრამ დედა მეუბნება, რომ სკოლებიდან გამოსულმა ბევრმა ბენე გესერიტმა არ იცის
საკუთარი წარმომავლობა.

– გენეტიკური ხაზი ჩანაწერებში ყოველთვის ინახება, – მიუგო დედაბერმა, – დედაშენმა იცის,


რომ ის ან ბენე გესერიტის შთამომავალია, ან მისი ჩამომავლობა თავისთავად მისაღები იყო.

– მაშინ რატომ არ შეიძლება იცოდეს, ვინ არიან მისი მშობლები?

– ზოგმა იცის... ბევრმა არა. მაგალითად, შეიძლებოდა, მოგვესურვებინა, რომ იგი ახლო
ნათესავთან შეგვეწყვილებინა, ამა თუ იმ გენეტიკური თავისებურების გასაძლიერებლად.
ბევრი მიზეზი არსებობს.

პოლმა ისევ იგრძნო, რომ სიმართლე შელახეს.

– ბევრს იღებ საკუთარ თავზე, – უთხრა ქალს.

ღირსი დედა ყურადღებით მიაჩერდა. გაოცებას იყო – ნუთუ მის ხმაში კრიტიკა გაისმა?

– მძიმე ტვირთი გვაწევს, – მიუგო ბიჭს.

პოლი გრძნობდა, რომ გამოცდით მოგვრილი ელდის მერე სწრაფად მოდიოდა გონს. ქალს
გამომცდელი მზერა მიაგება.

– შენ თქვი, რომ შეიძლება ვიყო... კვიზაც ჰადერაქი. ეს რა არის, ადამიანი-გომ ჯაბარია?

– პოლ, – უსაყვედურა ჯესიკამ, – ასე არ უნდა ელაპარაკო...


– მე თვითონ მივხედავ, ჯესიკა, – თქვა დედაბერმა, – აბა, ბიჭი, რა იცი მართლისმთქმელ
წამალზე?

– მას იღებენ სიცრუის ამოცნობის უნარის გასაძლიერებლად, – უპასუხა ბიჭმა, – დედამ


მიამბო.

– მართლის ტრანსი თუ გინახავს ოდესმე?

– არა, – თავი გააქნია მან.

– საშიში წამალია, – უთხრა ქალმა, – მაგრამ წვდომის უნარს იძლევა. როდესაც


მართლისმთქმელს წამალი აქვს მიღებული, მას შეუძლია, ხსოვნის მრავალ ადგილს ჩახედოს
– საკუთარი სხეულის ხსოვნისას. ჩვენ წარსულის იმდენ გზას გავდივართ და
ვათვალიერებთ... მაგრამ მხოლოდ ქალურ გზებს. – ხმაში სინანულის კილო გაერია, – დიახ,
არის ადგილი, რომლის დანახვაც არც ერთ მართლისმცნობს არ შეუძლია. ჩვენ ის იმგვარ
ძრწოლას გვგვრის, ახლოსაც ვერ ვეკარებით. ნათქვამია, რომ ოდესმე დაიბადება კაცი,
რომელსაც წამალი შინაგან ხედვას გაუხსნის. ის ჩაიხედავს იქ, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ:
ქალურ და მამაკაცურ წარსულებში.

– ეს თქვენი კვიზაც ჰადერაქი იქნება?

– დიახ, ის, ვისაც შეუძლია, ერთბაშად მრავალი ალაგი იყოს: კვიზაც ჰადერაქი. წამალი ბევრმა
კაცმა გამოსცადა თავზე... ძალიან ბევრმა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიაღწია.

– სცადეს და ვერ მოახერხეს? ვერც ერთმა?

– არა, – ქალმა თავი გაიქნია, – სცადეს და დაიხოცნენ.

2* * *
მცდელობა, შევიცნოთ მუად’დიბი მისი მოსისხლე მტრების, ჰარკონენების შეცნობის გარეშე,
იგივეა, ვცადოთ, დავინახოთ სიმართლე სიცრუის შეცნობის გარეშე. ეს იგივეა, ვცადოთ
სინათლის დანახვა სიბნელის შეცნობის გარეშე. ეს შეუძლებელია.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“

სანახევროდ ჩრდილში შემალულ რელიეფურ გლობუსს ბეჭდებით დახუნძლული სქელი


ხელი ატრიალებდა. გლობუსი მრუდე ფორმის სადგამს ეჭირა უფანჯრო ოთახის ერთი
კედლის სიახლოვეს, დანარჩენი კედლები კი ერთიანად აეჭრელებინა ფერადი გრაგნილების,
ფილმწიგნების, ფირებისა და კოჭების წყებებს. ოთახს შუქი მოძრავ ტივტივა ველებში
დაკიდებული ოქროს ბურთებიდან ეფინებოდა.
ოთახის ცენტრში იდგა ელიფსის ფორმის სამუშაო მაგიდა, გაქვავებული ელაკას ხის
ნეფრიტისფერ-ვარდისფერი ზედაპირით. მაგიდას გარშემო სხვადასხვა ფორმის ტივტივა
სავარძლები ჰქონდა შემოწყობილი. მათგან ორი დაკავებული იყო. ერთზე თექვსმეტიოდე
წლის მუქთმიანი ჭაბუკი იჯდა, მრგვალი სახე და კუშტი მზერა ჰქონდა. მეორეზე თხელი,
ტანდაბალი ქალურნაკვთებიანი კაცი დასკუპებულიყო.

ჭაბუკიც და კაციც თვალს არ აცილებდნენ გლობუსს და სანახევროდ ჩრდილით დაფარულ


კაცს, სფეროს რომ ატრიალებდა.

გლობუსის გვერდით ჩაცინება გაისმა. მერე სიცილიდან ბასმა დაიბუბუნა:

– აჰა, პიტერ – კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ხაფანგი. და ჰერცოგმა პირდაპირ შიგ


დურთა თავი. განა საოცრება არ არის, რასაც მე, ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი, ვაკეთებ?

– ნამდვილად, ბარონო, – თქვა კაცმა. საამო, მელოდიური ტენორი ჰქონდა.

სქელი ხელი გლობუსზე დაეშვა და გააჩერა. ყველამ მის უძრავ ზედაპირს მიაპყრო მზერა.
ახლა კარგად ჩანდა, რომ ეს ძვირფასი ნივთი იყო, მდიდარი კოლექციონერებისთვის ან
იმპერიის პლანეტარულ ხელისუფალთათვის დამზადებული. ზედ ხელობის იმპერიული
ბეჭედი დაესვათ. გრძედებისა და განედების ხაზები თმის სიმსხო პლატინის მავთულით იყო
გავლებული, პოლარული ქუდები უწვრილესი რძისფერი ალმასებით გამოესახათ.

სქელი ხელი ამოძრავდა, ზედაპირის დეტალებს გააყოლა თითი.

– გთხოვთ, დააკვირდეთ, – დაიბუბუნა ბოხმა ხმამ, – ყურადღებით დააკვირდი, პიტერ, და


შენც, ფეიდ-რაუთა, ძვირფასო: ამ ტურფად დატალღულ ადგილს ჩრდილოეთის სამოცი
გრადუსიდან სამხრეთის სამოცდაათ გრადუსამდე, მის ფერს. თაფლის სიტკბოს არ გაგონებთ?
და არსად ჩანს ტბების, მდინარეების ან ზღვების სილურჯე. და ეს მშვენიერი პოლარული
ქუდები – რა პატარებია, ნახეთ. განა შეიძლება, ვინმეს ეს ადგილი სხვაში აერიოს? არაკისი!
მართლაც რომ გამორჩეული, მშვენიერი გარემოა გამორჩეული გამარჯვებისთვის.

პიტერს ბაგეზე ღიმილმა გადაჰკრა.

– საფიქრალადაც. ბარონო, ფადიშაჰ-იმპერატორი დარწმუნებულია, რომ მან შენი სუნელების


პლანეტა ჰერცოგს გადასცა. რა გამჭრიახია.

– რა უაზრო განაცხადია, – დაიბუბუნა ბარონმა, – ამას ჭაბუკი ფეიდ-რაუთას დასაბნევად


ამბობ, მაგრამ ჩემი ძმისწულის დაბნევა სულაც არ არის საჭირო.

კუშტსახიანი ჭაბუკი სავარძელში შეინძრა და შავ რეიტუზზე ნაკეცი გაისწორა. მის უკან,
კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გაისმა, წელში გაიმართა.

პიტერი სავარძლიდან გადმოცოცდა, კართან მივიდა და იმდენზე გამოაღო, რომ წერილის


გრაგნილის ჩამორთმევა მოეხერხებინა. მერე კარი მიხურა, გრაგნილი გაშალა და
გადაათვალიერა. ჩაიცინა, მერე კიდევ.

– აბა? – დაეკითხა ბარონი.

– იმ ბრიყვმა გვიპასუხა, ბარონო!


– როდის იყო, ატრეიდესი ხელიდან უშვებდა ღირსეულად მოქცევის შანსს? – იკითხა ბარონმა,
– კარგი, აბა, რას ამბობს?

– ძალიან უხეშობს, ბარონო. მოგმართავს, როგორც „ჰარკონენს“ – არც „სირ“ და ჩჰერ ჩოუსინ,
არც ტიტული, არაფერი.

– მშვენიერი სახელი მაქვს, რა უჭირს, – დაიღრინა ბარონმა, მის ხმაში მოუთმენლობა გაისმა, –
რაო, ძვირფასმა ლეტომ?

– ამბობს: „შემოთავაზებულ შეხვედრაზე უარს ვამბობ. საკუთარ თავზეც ბევრჯერ მიწვნევია


შენი მოღალატეობა, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი“.

– მერე? – იკითხა ბარონმა.

– ამბობს: „ჯერ კიდევ მოიპოვებიან იმპერიაში კანლის ხელოვნების თაყვანისმცემლები“. და


ხელს აწერს: „ჰერცოგი ლეტო არაკისელი“, – პიტერს სიცილი აუტყდა, – არაკისელი! ოჰ,
მიშველეთ! ეს უკვე მეტისმეტია!

– წყნარად, პიტერ, – უთხრა ბარონმა და სიცილი ისე შეწყდა, თითქოს უცებ გამოთიშესო, – მაშ,
კანლიო, არა? – იკითხა ბარონმა, – ვენდეტა, ჰა? და ლამაზ ძველ სიტყვას ხმარობს, ადათით
დამძიმებულს, რათა მიმანიშნოს, სულაც არ ვხუმრობო.

– შემრიგებლური ნაბიჯი უკვე გადადგი, – უთხრა პიტერმა, – ფორმალური მხარე დაცულ


იქნა.

– მენტატის კვალობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობ, პიტერ, – უთხრა ბარონმა. და გაიფიქრა: „ეს
ტიპი მალე უნდა მოვიცილო. თითქმის ამოწურა, რა სარგებელიც მოჰქონდა“. ბარონი ოთახის
მეორე ბოლოში მდგარ თავის მენტატ ასასინს მიაჩერდა და დააკვირდა იმას, რასაც
ადამიანების უმეტესობა მასში უპირველეს ყოვლის ამჩნევდა: მის თვალებს, ჩამუქებულ
ლურჯ ჭრილებს ლურჯშივე, თვალებს, რომლებშიც თეთრი საერთოდ არ ჩანდა.

პიტერს სახეზე ფართო ღიმილმა გადაურბინა. ამ ხვრელების მსგავსი თვალების ქვეშ ღიმილი
ნიღბის მანჭვას მოგაგონებდათ.

– მაგრამ, ბარონო! შურისძიება არასოდეს ყოფილა ასეთი დახვეწილი. ნამდვილ აღტაცებას


მგვრის ღალატის ეს ნატიფი გეგმა: აიძულო ლეტო, კალადანიდან დიუნზე გადაბარგდეს და
თანაც სხვა გზა არც ჰქონდეს – იმპერატორის ბრძანება ხომ ასეთია! ნამდვილი ოხუნჯი ხარ!

ბარონმა ცივად შენიშნა:

– პირის ფაღარათი გჭირს, პიტერ.

– მე ხომ სიხარულით აღარ ვარ, ბარონო. შენ კი... შენ შური გღრღნის.

– პიტერ!

– აჰ-აჰ, ბარონო! რა სამწუხაროა, რომ ეს ბრწყინვალე ხრიკი შენ თვითონ ვერ მოიფიქრე, ჰო?

– ერთ მშვენიერ დღეს დაგახრჩობ, პიტერ.

– უეჭველად, ბარონო. საბოლოოდ! მაგრამ კარგიი ქენი, ქვაზე დადეო, ჰო?


– ვერიტე გაქვს ნაჭამი თუ სემუტა, პიტერ?

– ბარონს აოცებს უშიშრად მოხსენებული სიმართლე, – თქვა პიტერმა. სახე წარბშეკრული


ნიღბის კარიკატურად მოექცა, – ჰა, ჰა! მაგრამ რას გეტყვი, ბარონო: მე, როგორც მენტატმა,
ვიცი, ჩემს მოკვლას როდის ბრძანებ. ზუსტად იმდენ ხანს შეიკავებ თავს, სანამ სასარგებლო
ვიქნები. ამის უფრო ადრე გაკეთება მფლანგველობა იქნება, მე კი ჯერჯერობით ძალიანაც
გამოსადეგი ვარ. ვიცი, რა ისწავლე იმ ტურფა პლანეტა დიუნზე: არა გაფლანგო. ხომ, ბარონო?

ბარონი ისევ თვალმოუცილებლად უმზერდა პიტერს.

ფეიდ-რაუთა სავარძელზე შეწრიალდა. „რას კინკლაობენ, სულელები“, გაიფიქრა მან.


„ბიძაჩემი თავის მენტატს ისე ვერ ელაპარაკება, რომ არ ეკამათოს. ჰგონიათ, მათი კამათის
მოსმენის გარდა სხვა საქმე არ მაქვს?“

– ფეიდ, – მიმართა ბარონმა, – აქ რომ მოგიწვიე, გითხარი, ისმინე და ისწავლე-მეთქი. სწავლობ


რამეს?

– დიახ, ძია, – ფეიდ-რაუთა ფრთხილობდა და მორჩილი ხმა ჰქონდა.

– პიტერი ზოგჯერ მაკვირვებს, – უთხრა ბარონმა, – როცა საჭიროა, სხვის ტკენას არც მე
ვერიდები, მაგრამ ეგ... გეფიცები, ამით ნამდვილ სიამოვნებას იღებს. მე, ჩემდათავად, საწყალი
ჰერცოგი ლეტო კიდეც მებრალება. ექიმი იუე მალე იზამს, რაც საქნელია, და ატრეიდესებსაც
ბოლო მოეღებათ. ოღონდ ლეტო ნამდვილად შეიტყობს, ვისი ხელი მართავდა მის დამყოლ
ექიმს... და ამის ცოდნა შეაძრწუნებს.

– მაშ, რატომ არ უბრძანებ ექიმს, უჩუმრად და ეფექტურად შეუცუროს კინჯალი ნეკნებს


შორის? – ჰკითხა პიტერმა, – სიბრალულზე კი ლაპარაკობ, მაგრამ...

– როცა ჰერცოგის ბედს გადავწყვეტ, მან ეს უნდა გაიგოს, – თქვა ბარონმა, – და ამის შესახებ
სხვა დიდებულმა გვარებმაც უნდა შეიტყონ. ამის ცოდნა მათ შეაყოვნებს, რაც მე მოქმედების
ცოტა მეტ თავისუფლებას მომცემს. ამის გაკეთების აუცილებლობა ნათელია, მაგრამ სულაც
არაა აუცილებელი, ეს მომწონდეს.

– მოქმედების თავისუფლება, – ჩაიფრუტუნა პიტერმა, – იმპერატორს უკვე ისედაც თვალი


აქვს შენზე

დადგმული, ბარონო. ძალიან თამამ სვლებს აკეთებ. ერთ მშვენიერ დღეს იმპერატორი თავისი
სარდაუკარების ერთ-ორ ლეგიონს აქ, გიედი პრაიმში გამოგზავნის და ბარონ ვლადიმირ
ჰარკონენის აღსასრულიც დადგება.

– შენც ეს არ გინდა, პიტერ? – ჰკითხა ბარონმა, – რა სიხარულს მოგანიჭებდა იმის ნახვა,


როგორ არბევს სარდაუკარების კორპუსი ჩემს ქალაქებს და ძარცვავს ამ ციხესიმაგრეს.
მართლაც რომ გაიხარებდი.

– ბარონმა ეს ისედაც კარგად იცის, – დაიჩურჩულა პიტერმა.

– შენ კორპუსის ბაშარი უნდა ყოფილიყავი, – უთხრა ბარონმა, – ისე გიზიდავს სისხლი და
ტკივილი. შეიძლება, ძალიან ვიჩქარე, არაკისიდან ალაფს რომ შეგპირდი.
პიტერმა უცნაური ცუნცულით ხუთი ნაბიჯი გადადგა და ზუსტად ფეიდ-რაუთას უკან
გაჩერდა. ოთახში ჰაერი დაიძაბა. შემკრთალმა ჭაბუკმა პიტერს წარბშეკვრით ახედა.

– პიტერს ნუ ეთამაშები, ბარონო, – თქვა პიტერმა, – შენ მე ლედი ჯესიკას დამპირდი.


დამპირდი, ჰო.

– რად გინდა, პიტერ? – ჰკითხა ბარონმა, – რამე რომ ატკინო?

პიტერს პასუხი არ გაუცია, ისე მიაჩერდა. სიჩუმე გაიწელა.

ფეიდ-რაუთამ თავისი ტივტივა სავარძელი გვერდზე გასწია.

– ძია, კიდევ საჭიროა, დავრჩე? შენ თქვი, რომ...

– ჩემს ძვირფას ფეიდ-რაუთას მოთმინება ელევა, – ბარონი გლობუსთან ჩამდგარ ჩრდილებში


შეირხა, – მოთმინება იქონიე, ფეიდ, – და კვლავ მენტატს მიუბრუნდა, – ჰერცოგის ნაშიერზე
რაღას იტყვი, პატარა პოლზე, საყვარელო პიტერ?

– ეს ხაფანგი იმასაც ჩაგიგდებს ხელში, ბარონო, – ჩაიბურტყუნა პიტერმა.

– მაგას არ გეკითხები. გახსოვს, რომ იწინასწარმეტყველე, ის ბენე გესერიტი ალქაჯი ჰერცოგს


ასულს გაუჩენსო? შეგეშალა, ჰა, მენტატო?

– ხშირად ხომ არ მეშლება, ბარონო, – თქვა პიტერმა და ხმაში ახლა პირველად დაეტყო შიში, –
ამას ვერ უარყოფ: ხშირად არ მეშლება. და შენ თვითონაც იცი, რომ ეს ბენე გესერიტები უფრო
ხშირად გოგოებს აჩენენ. იმპერატორის მეუღლემაც კი მხოლოდ ქალები შვა.

– ძია, – თავი შეახსენა ფეიდ-რაუთამ, – შენ თქვი, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანს გავიგონებდი...

– ერთი უსმინე ჩემს ძმისწულს, – თქვა ბარონმა, – რომ ჰკითხო, ჩემი საბარონოს მართვა უნდა,
თვითონ კი საკუთარი თავი ვერ უმართავს, – ბარონი გლობუსის გვერდით შეირხა,
ჩრდილებში ჩაწოლილ ჩრდილად, – მაშ, კარგი, ფეიდ-რაუთა ჰარკონენო, მე აქ მოგიწოდე იმ
იმედით, რომ შენთვის ცოტაოდენი სიბრძნე მესწავლებინა. კარგად დააკვირდი ჩვენს კეთილ
მენტატს? ამ სიტყვა-პასუხიდან რაღაც უნდა გესწავლა.

– მაგრამ, ძია...

– უაღრესად გაწაფული მენტატია ეს პიტერი, არა, ფეიდ?

– დიახ, მაგრამ...

– აჰ! მართლაც რომ, მაგრამ! მაგრამ ის მეტისმეტად ბევრ სუნელს მოიხმარს, ისე ჭამს, თითქოს
კანფეტები იყოს. ერთი თვალებში ჩახედე! გეგონება, პირდაპირ არაკენის მუშათა ბაზრიდან
გამოსულაო. გაწაფულია პიტერი, მაგრამ ძალიან ემოციურია და ფეთქებადი. გაწაფულია
პიტერი, მაგრამ შეიძლება, შეეშალოს.

– აქ იმისთვის დამიძახე, რომ გაწაფულობა დამიწუნო და ამით შემასუსტო, ბარონო? –


ხმადაბლა და ბღვერით თქვა პიტერმა.

– შეგასუსტო? ხომ იცი, მაგის მქნელი არ ვარ, პიტერ. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემმა ძმისწულმა
გაიგოს, რა შეზღუდვები აქვს მენტატს.
– უკვე წვრთნი ჩემს შემცვლელს? – მიახალა პიტერმა.

– შენ შეგცვალო? არა, პიტერ, აბა, სად ვიპოვი კიდევ ასე ეშმაკ და გესლიან მენტატს?

– იქ, სადაც მე მიპოვე, ბარონო.

– შეიძლება, ხო იცი, – დაფიქრდა ბარონი, – ბოლო დროს რაღაც გაუწონასწორებელი


მეჩვენები. და იმდენ სუნელს ჭამ!

– ჩემი სიამენი ძალიან ძვირი ჯდება, ბარონო? მათი წინააღმდეგი ხარ?

– საყვარელო პიტერ, სწორედ ეგ სიამენია, ჩემზე რომ გაჯაჭვავს. როგორ უნდა ვიყო მაგის
წინააღმდეგი? მხოლოდ ის მინდა, ჩემი ძმისწული შენში ამას დააკვირდეს.

– მაშინ, აგერ ვარ, თქვენ თვალწინ, – თქვა პიტერმა, – ვიცეკვო? ვუჩვენო ჩემი სხვადასხვა
ფუნქცია კეთილშობილ ფეიდ-რაუ...

– ზუსტადაც, – უთხრა ბარონმა, – თვალწინ ხარ. ახლა გაჩუმდი, – მან გადახედა ფეიდ-რაუთას
და შენიშნა, რომ მის ძმისწულს ტუჩები, როგორც ყველა ჰარკონენს, სავსე და გაბუტული რომ
ჰქონდა, ახლა გაოცებისგან ოდნავ მოქცეოდა, – ეს მენტატია, ფეიდ. იგი გარკვეული
ვალდებულებების შესასრულებლად განსწავლეს და გაწვრთნეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს
ყველაფერი ადამიანურ სხეულშია მოქცეული, არ უნდა გამოგვრჩეს. ეს სერიოზული წუნია.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ძველები სწორ გზას ადგნენ, მოაზროვნე მანქანებს რომ
ქმნიდნენ.

– ისინი ჩემთან შედარებით სათამაშოები იყო და სხვა არაფერი, – ჩაიფრუტუნა პიტერმა, – იმ


მანქანებს შენ თვითონაც აჯობებდი, ბარონო.

– შეიძლება, – თქვა ბარონმა, – ჰო, კარგი... – ღრმად ჩაისუნთქა და დააბოყინა, – ახლა, პიტერ,
ჩემს ძმისწულს ზოგადად აუხსენი, როგორი ჩანაფიქრი გვაქვს ატრეიდესების გვარის
წინააღმდეგ. მენტატობა გაგვიწიე, თუ შეიძლება.

– ბარონო, მე გაგაფრთხილე, ეს ინფორმაცია ესოდენ ახალგაზრდა ადამიანისთვის არ


მიგენდო. ჩემი დაკვირვებით...

– მაგას მე გადავწყვეტ, – უთხრა ბარონმა, – მე გიბრძანებ, მენტატო. შეასრულე შენი ერთ-ერთი


ფუნქცია.

– ეგრე იყოს, – თქვა პიტერმა. წელში გაიმართა და უცნაური, ღირსეული პოზა მიიღო –
თითქოს ახლაც ნიღაბი გამოიცვალა, მაგრამ ამჯერად ნიღაბი მთელ სხეულზე ეკეთა, –
რამდენიმე სტანდარტულ დღეში ჰერცოგ ლეტოს მთელი სახლობა კოსმირების გილდიის
ლაინერზე ავა და არაკისისკენ გაემართება. უფრო სავარაუდოა, რომ გილდია მათ ქალაქ
არაკენში გადმოსხამს და არა ჩვენს ქალაქ კართაგში. ჰერცოგის მენტატი, თუფეა ჰავატი, სწორ
გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ არაკენი უფრო იოლი დასაცავია.

– ყურადღებით უსმინე, ფეიდ, – უთხრა ბარონმა, – დააკვირდი, როგორ ზის გეგმა გეგმაში და
კიდევ გეგმაში.
ფეიდ-რაუთამ თავი დაუქნია და გაიფიქრა: „როგორც იქნა, უფრო თბილა. ბოლოს და ბოლოს,
ბებერი ურჩხული საიდუმლოებებში მახედებს. ალბათ, მართლა აპირებს, თავის მემკვიდრედ
გამომაცხადოს“.

– არის რამდენიმე სხვა შესაძლებლობაც, – განაგრძო პიტერმა, – მე მიმაჩნია, რომ


ატრეიდესების ოჯახობა არაკისზე ჩავა. მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჰერცოგი
გილდიას შეუთანხმდა, და სისტემის გარეთ,

უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ. მომხდარა ისეც, რომ გვარი მსგავს გარემოებებში


რენეგატი გამხდარა, წაუღია საგვარეულო ატომური ავლადიდება, ფარები და იმპერიის
საზღვრებს გარეთ გაქცეულა.

– ჰერცოგი სამაგისოდ მეტისმეტად ამაყი კაცია, – თქვა ბარონმა.

– შესაძლებლობა მაინც არსებობს, – თქვა პიტერმა, – ოღონდ საბოლოო შედეგი ჩვენთვის


მაინც იგივე იქნება.

– არა, არ იქნება, – დაიღრინა ბარონმა, – მე მინდა, თავად მოკვდეს და მისი ხაზი დასრულდეს.

– მაგის დიდი ალბათობაა, – თქვა პიტერმა, – როცა გვარი მოღალატეობის გზაზე აპირებს
შედგომას, ამას წინ გარკვეული მზადება უძღვის. ჰერცოგის ქმედებებში არაფერი ასეთი არ
ჩანს.

– კარგი, – ამოიხვნეშა ბარონმა, – განაგრძე, პიტერ.

– არაკენზე ჰერცოგი და მისი ოჯახი დაბინავდებიან სასახლეში, რომელშიც მანამდე გრაფი და


ლედი ფენრინგები ცხოვრობდნენ.

– დესპანი კონტრაბანდისტებთან, – ჩაიცინა ბარონმა.

– დესპანი ვისთან? – იკითხა ფეიდ-რაუთამ.

– ბიძაშენი ხუმრობს, – თქვა პიტერმა, – გრაფ ფენრინგს კონტრაბანდისტების დესპანს რომ


უწოდებს, ამით ცხადყოფს, რომ იმპერატორი დაინტერესებულია არაკისზე
კონტრაბანდისტული ოპერაციების განხორციელებით.

ფეიდ-რაუთამ ბიძას კითხვით შეხედა.

– რატომ?

– გაანძრიე ტვინი, ფეიდ, – მოუჭრა ბარონმა, – სანამ გილდიაზე იმპერიული კონტროლი არ


ვრცელდება, სხვაგვარად ვერც იქნება. აბა, ისე რა გზებით იმოძრავებდნენ ჯაშუშები და
მკვლელები?

ფეიდ-რაუთამ უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ამოთქვა:

– ოო-ჰ-ჰ-ჰ.

– სასახლეში მომზადებული გვაქვს თავდასხმა ყურადღების გადატანის მიზნით, – თქვა


პიტერმა, – ატრეიდესის მემკვიდრეს მკვლელი დაესხმება თავს და ეს მცდელობა შეიძლება
წარმატებითაც დასრულდეს.
– პიტერ, – დაიბუხუნა ბარონმა, – შენ განსაზღვრე, რომ...

– მე განვსაზღვრე, რომ შემთხვევითობები ხდება ხოლმე, – თქვა პიტერმა, – და თავდასხმა


დამაჯერებელი უნდა ჩანდეს.

– აჰ, მაგრამ ბიჭს ისე მშვენიერი ქორფა სხეული აქვს, – თქვა ბარონმა, – რასაკვირველია,
პოტენციურად ის მამამისზე საშიში შეიძლება იყოს... იმ ალქაჯი დედამისის წვრთნის
წყალობით. წყეული ქალი! ჰო, კარგი, განაგრძე, პიტერ.

– ჰავატი გამოთვლის, რომ ჩვენ მათთან აგენტი გვყავს ჩანერგილი, – თქვა პიტერმა, –
უპირველესი ეჭვმიტანილი ექიმი იუეა, იუე, რომელიც მართლაც ჩვენი აგენტია; მაგრამ
ჰავატმა უკვე გამოიკვლია და დაადგინა, რომ ჩვენი ექიმი საკის სკოლის გამოშვებაა,
საიმპერატორო მომზადებით – შესაბამისად, შეუძლია, იმპერატორსაც კი ემსახუროს,
იმდენად უსაფრთხოდ ითვლება. მიიჩნევა, რომ საბოლოო მომზადებას ვერ აღმოფხვრი
თავად ობიექტის მოკვლის გარეშე. მაგრამ, როგორც ოდესღაც ვიღაცამ შენიშნა, სათანადო
ბერკეტით პლანეტასაც გადააბრუნებ. ჩვენ ვიპოვეთ ბერკეტი, რომელმაც ექიმი გადააბრუნა.

– როგორ? – იკითხა ფეიდ-რაუთამ. ეს ამბავი აჯადოებდა. ყველამ იცოდა, რომ იმპერიული


მომზადება ვერ ირღვევა.

– ამაზე სხვა დროს, – თქვა ბარონმა, – განაგრძე, პიტერ!

– იუეს ნაცვლად ჰავატს ცხვირწინ ძალიან საინტერესო ეჭვს დავუგდებთ. სწორედ ამ ეჭვის
თავხედურობა მიაპყრობინებს ჰავატს ქალზე ყურადღებას.

– ქალზე? – იკითხა ფეიდ-რაუთამ.

– თავად ლედი ჯესიკაზე, – თქვა ბარონმა.

– დიდებული არაა? – იკითხა პიტერმა, – ჰავატის გონება ისე იქნება მოცული ამ ვარაუდით და
ძიებით, რომ მისი, როგორც მენტატის, ფუნქციები გაუარესდება. შეიძლება, ქალის მოკვლაც კი
სცადოს, – პიტერი მოიღუშა, მერე დაამატა, – მაგრამ არ მგონია, მოახერხოს.

– შენ არ გინდა, რომ მოახერხოს, ხო? – ჰკითხა ბარონმა.

– ნუ მაბნევ, – უთხრა პიტერმა, – სანამ ჰავატი ლედი ჯესიკათი იქნება დაკავებული, ჩვენ მას
კიდევ უფრო გავუფანტავთ ყურადღებას რამდენიმე საგარნიზონო ქალაქში მოწყობილი
აჯანყებით და მსგავსი რამეებით. ჯანყები ჩაიხშობა: ჰერცოგმა უნდა ირწმუნოს, რომ შეუძლია
საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მერე კი, ხელსაყრელ დროს, იუეს ნიშანს
მივცემთ და ჩვენს მთავარ ძალას გამოვიყვანთ... ჰმ...

– მიდი, ყველაფერი უთხარი, – თქვა ბარონმა.

– გამოვიყვანთ სარდაუკარების ორ ლეგიონს, რომლებიც ჰარკონენების ფორმებში იქნებიან


გადაცმული.

– სარდაუკარები! – სუნთქვა შეეკრა ფეიდ-რაუთას. თვალწინ წარმოუდგა იმპერატორის


საზარელი ჯარები, დაუნდობელი მკვლელები, ფადიშაჰ-იმპერატორის ფანატიკოსი
ჯარისკაცები.
– ხედავ, როგორ გენდობი, ფეიდ, – უთხრა ბარონმა, – ამ ყველაფრიდან სიტყვაც არ უნდა
მივიდეს სხვა დიდი გვარების ყურამდე, თორემ ლანდსრაადი შეიძლება საიმპერატორო
ოჯახის წინააღმდეგ გაერთიანდეს და ქაოსი მერე ნახე.

– მთავარი კი ესაა, – თქვა პიტერმა, – რაკი იმპერია ჰარკონენების გვარს თავისი ბინძური
საქმეების გასაკეთებლად იყენებს, ჩვენ აქედან ხელშესახები სარგებელი მივიღეთ. უეჭველად,
სახიფათო სარგებელია, მაგრამ, ფრთხილად თუ გამოვიყენებთ, ის ჰარკონენებს იმპერიის
ნებისმიერ სხვა ოჯახზე უფრო მდიდარს გახდის.

– ვერც კი წარმოგიდგენია, რა სიმდიდრეზეა ლაპარაკი, ფეიდ, – უთხრა ბარონმა, – ყველაზე


თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენ. დავიწყოთ იმით, რომ პუვმე-ს კომპანიაში უცვლელად
გვერგება დირექტორის ადგილი.

ფეიდ-რაუთამ თავი დაუქნია. სიმდიდრე კარგი რამაა. სიმდიდრის გასაღები იყო, ყოველი
დიდებული გვარი, დირექტორის ადგილის გამოისობით, კომპანიის ჯამიდან მსუყე ლუკმებს
თავისკენ მიაცოცებდა, რამდენსაც კი შეძლებდა. პუვმე-ს დირექტორობა იმპერიაში
პოლიტიკური ძალის ფლობის ერთადერთი ნამდვილი დასტური იყო და გვარიდან გვარზე
ლანდსრაადში საარჩევნო ძალის ცვლილების კვალობაზე გადადიოდა. თავად ლანდსრაადი
კი მუდმივად უპირისპირდებოდა იმპერატორსა და მის მომხრეებს.

– ჰერცოგმა ლეტომ შეიძლება იმ ნაყარნუყარ ფრემენებთან გაქცევა მოიწადინოს, უდაბნოს


კიდეზე რომ ცხოვრობენ. ან შეიძლება, სცადოს, თავისი ოჯახი გახიზნოს იმ ვითომ-
სამშვიდობოს. მაგრამ მაგ საძრომს მისი უდიდებულესობის აგენტი კეტავს – პლანეტის
ეკოლოგი. შეიძლება, გახსოვს კიდეც – კაინსი.

– ფეიდს ახსოვს ის, – შეაწყვეტინა ბარონმა, – განაგრძე.

– თავაზიანობას ვერ დაგწამებ, ბარონო, – უთხრა პიტერმა.

– განაგრძე, გიბრძანებ! – უღრიალა ბარონმა.

პიტერმა მხრები აიჩეჩა.

– თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშინ ჰარკონენების გვარს ერთ სტანდარტულ


წელიწადში არაკისზე სუბფეოდი ექნება. ამ ფეოდის გამგებელი ბიძაშენი იქნება, არაკისზე
მმართველად საკუთარი პირადი აგენტი ეყოლება.

– შემოსავლები გაიზრდება, – თქვა ფეიდ-რაუთამ.

– ნამდვილად, – დაუდასტურა ბარონმა. და გაიფიქრა: „ასე სამართლიანი იქნება. არაკისი ხომ


ჩვენ მოვათვინიერეთ... თუ არ ჩავთვლით იმ ერთ მუჭა უჯიშო ფრემენებს, უდაბნოს განაპირას
რომ იმალებიან... და რამდენიმე მოშინაურებულ კონტრაბანდისტს, რომლებიც ლამის ისევე
არიან მიჯაჭვული პლანეტაზე, როგორც იქაური სამუშაო ძალა“.

– და დიდი გვარები შეიტყობენ, ატრეიდესები ბარონმა რომ გაანადგურა, – თქვა პიტერმა, –


დიახაც, შეიტყობენ.

– შეიტყობენ, – ამოიქოშინა ბარონმა.


– და, რაც ყველაზე გადასარევია, ამას ჰერცოგიც შეიტყობს. ახლაც კი იცის. უკვე გრძნობს
ხაფანგს.

– ჰერცოგმა რომ იცის, მართალია, – ბარონის ხმას სევდამ გაჰკრა, – ოღონდ ცოდნის მეტი არც
არაფერი შეუძლია... მით უფრო სამწუხაროა.

ბარონი არაკისის გლობუსს მოშორდა და ოთახის შუაგულისკენ დაიძრა. ჩრდილებიდან


გამოსულს მთელი სხეული გამოუჩნდა: მახინჯი, უზომოდ სქელი. მისი მუქი პერანგის
ნაკეცების ქვეშ დაჩნეული ოდნავ ამობურცული ადგილები მიგახვედრებდა, რომ მთელი ამ
ქონის წონის ნაწილი სხეულზე ქამრით მიმაგრებულ გადასატან ტივტივებს ეყრდნობოდა.
სინამდვილეში ალბათ ორას სტანდარტულ კილოგრამს იწონიდა, მაგრამ ფეხებს
ორმოცდაათზე მეტის ზიდვა არ უწევდა.

– მომშივდა, – დაიბუხუნა ბარონმა, დაბუშტული ტუჩები ბეჭდიანი ხელით შეიწმინდა და


ფეიდ-რაუთას

ქონში ჩაკარგული თვალებით დააცქერდა, – უბრძანე, საჭმელი მოგვართვან, საყვარელო.


გეახლებით, სანამ დავიშლებოდეთ.

3* * *
ამას იტყვის წმინდა ალია მახვილისა: „ღირს დედაში შერწყმული უნდა იყოს მეძავის
მაცდური ხრიკები და ქალწული ღმერთქალის მიუწვდომელი დიდებულება და დედამ ისინი
მუდმივ დაძაბულობაში უნდა ამყოფოს ერთმანეთთან, სანამ სიყმაწვილის ძალები ახლავს.
რადგან, როცა სიყმაწვილე და სილამაზე მიატოვებს, იგი აღმოაჩენს, რომ ადგილი მათ შორის,
ოდესღაც დაძაბულობას რომ ეჭირა, გამჭრიახობისა და საზრიანობის წყაროდ ქცეულა“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი, კომენტარები ოჯახის შესახებ“

– აბა, ჯესიკა, თავს რით იმართლებ? – ჰკითხა ღირსმა დედამ.

კალადანის ციხესიმაგრეში იყვნენ, მალე პოლის სასტიკი გამოცდის დღის დაისი დადგებოდა.
ქალები ჯესიკას დილის ოთახში განმარტოებულიყვნენ, პოლი კი მათ გვერდით ოთახში,
ხმაგაუმტარ სამედიტაციო სენაკში უცდიდა.

ჯესიკა სამხრეთის ფანჯრებისკენ შებრუნებულიყო. უყურებდა მდელოსა და მდინარეზე


დაფენილ საღამოს ალმაცერ ფერებს, მაგრამ ვერ ხედავდა; ესმოდა ღირსი დედის კითხვა,
მაგრამ მისი აზრი არ შეესმოდა.

იყო სხვა სასტიკი გამოცდაც – რამდენი წლის წინ... ბრინჯაოსფერთმიანი გამხდარი გოგონა,
რომლის სხეულსაც მომწიფების ასაკის ქარიშხლები აზანზარებდა, ღირსი დედა გაიუს ჰელენ
მოჰიამის, ვალაქ IX-ზე ბენე გესერიტის სკოლის პროქტორ-სუპერიორის, კაბინეტში შევიდა.
ჯესიკამ მარჯვენა ხელზე დაიხედა, თითები მომუჭა, მაშინდელი ტკივილი, შიში, ბრაზი
გაახსენდა.

– საბრალო პოლი, – დაიჩურჩულა.


– რაღაც გკითხე, ჯესიკა! – მკვახედ შეუტია დედაბერმა.

– რა? ოჰ, – ჯესიკა წარსულს მოსწყდა და თვალი გაუსწორა ღირს დედას, რომელიც ორ ფართო
ფანჯარას შორის, ქვის კედელზე ზურგმიყრდნობილი იჯდა, – რა გინდა, რომ გითხრა?

– რა მინდა, რომ მითხრა? რა მინდა, რომ მითხრა? – დამცინავად გამოაჯავრა დედაბერმა.

– დიახ, ვაჟი გამიჩნდა! – წამოენთო ჯესიკა. თან იცოდა, მისი ბრაზი მოსაუბრემ განზრახ
გამოიწვია.

– გითხრეს, ატრეიდესისთვის მხოლოდ გოგონები გაგეჩინა.

– მისთვის ძის ყოლა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, – ვედრებით წარმოთქვა ჯესიკამ.

– და შენ შენმა ამპარტავნებამ გაფიქრებინა, რომ კვიზაც ჰადერაქს შობდი!

ჯესიკამ თავი შემართა.

– ვგრძნობდი ამის შესაძლებლობას.

– შენ მხოლოდ იმას გრძნობდი, შენი ჰერცოგი ძეს რომ ნატრობდა, – მოუჭრა დედაბერმა, –
მისი სურვილები კი აქ არაფერ შუაში იყო. ატრეიდესის ასული შეიძლებოდა ჰარკონენის
მემკვიდრისთვის მიგვეთხოვებინა და ნაპრალი გაგვემთელებინა. შენ კი ყველაფერი
უიმედოდ გაართულე. ახლა შეიძლება, ორივე მემკვიდრული ხაზი დავკარგოთ.

– თქვენ შეუმცდარი არ ხართ, – უთხრა ჯესიკამ და მოხუცი ქალის თვალების დაჟინებულ


მზერას გაუძლო.

ცოტა ხანში მოხუცებულმა ჩაიბუტბუტა:

– რაც მოხდა, მოხდა.

– დავიფიცე, რომ ჩემს გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებდი, – თქვა ჯესიკამ.

– რა კეთილშობილური საქციელია, – ჩაიფრუტუნა ღირსმა დედამ, – არავითარი სინანული.


იმასაც ვნახავთ, ლტოლვილი რომ იქნები, შენი მოჭრილი თავისთვის ჯილდო იქნება
დაწესებული და ყოველი კაცი ხელს აღმართავს შენი და შენი ძის მოსაკლავად.

ჯესიკა გაფითრდა.

– სხვა გზა არ არის?

– სხვა გზა? ბენე გესერიტი ამას უნდა კითხულობდეს?

– მხოლოდ გეკითხები, რას ხედავ მომავალში შენი ძლიერი ჭვრეტის უნარით?

– მომავალში ახლაც იმას ვხედავ, რასაც ადრე ვხედავდი. შენ მშვენივრად იცი ჩვენი საქმის
ავან-ჩავანი, ჯესიკა. რასა აცნობიერებს თავის მოკვდავობას და მემკვიდრეობითობის ხაზის
შეჩერების შიში აქვს. ჰოდა, სისხლში აქვთ გამჯდარი: გენეტიკური ხაზების უწესრიგოდ
გადახლართვის მოთხოვნილება. იმპერია, პუვმე-ს კომპანია, ყველა დიდებული გვარი – სხვა
არაფერია, თუ არა ნაფოტები წარღვნაში.
– პუვმე, – ჩაიბუტბუტა ჯესიკამ, – მგონი, უკვე გადაწყვეტილი აქვთ, როგორ გადაანაწილებენ
არაკისის შემოსავლებს.

– პუვმე მხოლოდ ჩვენი დროის ფლუგერია, სხვა არაფერი, – თქვა მოხუცმა ქალმა, –
იმპერატორი და მისი მეგობრები ახლა პუვმე-ს დირექტორატის ხმების ორმოცდათერთმეტ
მთელ და სამოცდახუთ მეასედ პროცენტს ფლობენ. ნამდვილად მოგების სუნი სცემთ და,
სავარაუდოდ, რაკი ამ სუნს სხვებიც გრძნობენ, კენჭისყრაში იმპერატორის ძალა სულ უფრო
გაიზრდება. ისტორიის ქარგა ასეთია, გოგონი.

– ახლა ზუსტად ეგაა, რაც მჭირდება, – თქვა ჯესიკამ, – ისტორიის მიმოხილვა.

– მორჩი შაყირს, გოგონი! შენც ჩემსავით კარგად იცი, ჩვენ გარშემო რა ძალები ტრიალებს.
სამქიმა ცივილიზაცია გვაქვს: იმპერატორის ოჯახს ლანდსრაადის დიდებული გვარების
გაერთიანება უპირისპირდება, მათ შორის კი გილდიაა მოქცეული, ვარსკვლავთშორის
ტრანსპორტზე იმ წყეული მონოპოლიით. პოლიტიკაში სამფეხი ყველაზე უფრო არამყარი
კონსტრუქციაა. ისედაც ძნელია, და ამას ზედ ფეოდალური ვაჭრობის კულტურაც ემატება,
არანაირ მეცნიერებას რომ არ დაგიდევს.

ჯესიკამ მწარედ წარმოთქვა:

– ნაფოტები წარღვნაში – და ეგერ, ის ნაფოტი ჰერცოგი ლეტოა, ის, მეორე – მისი ძე, ხოლო აი,
ეს...

– ო, გაჩუმდი, გოგო. ამ გზას რომ დაადექი, მშვენივრად იცოდი, რა დანის პირზე უნდა გევლო.

– „მე ბენე გესერიტი ვარ და ვარსებობ, რათა ვიმსახურო“, – ზეპირად წარმოთქვა ჯესიკამ.

– მართალია. და ახლა მხოლოდ იმის იმედი შეგვიძლია, გვქონდეს, რომ ყველაფრის


გამანადგურებელი ხანძარი ავიცილოთ თავიდან და ძირითადი სამემკვიდრო ხაზებიდან
გადავარჩინოთ, რის გადარჩენაც შეიძლება.

ჯესიკამ თვალები დახუჭა, იგრძნო; ქუთუთოების შიგნიდან ცრემლები რომ აწვებოდა.


დაიოკა შინაგანი ცახცახი, გარეგანი ცახცახი, წყვეტილი სუნთქვა, არეული მაჯისცემა;
ხელისგულების ნამიც შეიშრო. ამის მერე თქვა:

– ჩემი შეცდომის საფასურს გადავიხდი.

– შენი ძეც შენთან ერთად გადაიხდის.

– მე მას დავიფარავ, რითაც კი შემეძლება.

– დაიფარავ! – მიახალა მოხუცმა, – ძალიან კარგად იცი, აქ რა ხინჯიცაა! ძალიან კარგად


დაიფარავ შვილს, ჯესიკა, და ვერ გაიზრდება ისე ძლიერი, ბედისწერის აღსრულება რომ
შეძლოს.

ჯესიკა მიბრუნდა, ფანჯარაში ჩამუქებულ ბინდს გახედა.

– ეს პლანეტა არაკისი მართლა ასე საშინელია?


– საკმაოდ ცუდია, მაგრამ არც მთლად. მისიონარია პროტექტივა მოღვაწეობდა იქ და, ასე თუ
ისე, მოამზადა იქაურობა, – ღირსი დედა მძიმედ წამოდგა და კაბის ნაკეცები ჩამოისწორა, –
დაუძახე ბიჭს. მალე უნდა წავიდე.

– უნდა წახვიდე?

დედაბერს ხმა მოულბა.

– ჯესიკა, გოგონი, ნეტა, შემეძლოს, ადგილი გაგიცვალო და ყველა შენი ტანჯვა ჩემს თავზე
ავიღო. მაგრამ თავისი გზა ყველა ჩვენგანმა თვითონ უნდა გაიაროს.

– ვიცი.

– შენ ჩემი საკუთარი ასულებივით მიყვარხარ, მაგრამ ამის გამო მოვალეობის დავიწყება არ
შემიძლია.

– მესმის... აუცილებლობა.

– ჩვენ ორივემ ვიცით, რაც ჩაიდინე და რატომაც ჩაიდინე, ჯესიკა. მაგრამ შენთვის კარგი რომ
მინდა, სწორედ ეს მაიძულებს, გითხრა, რომ მცირე შანსია, შენი ბიჭი ბენე გესერიტის
სისრულე იყოს. ამაზე დიდი იმედები არ უნდა დაამყარო.

ჯესიკამ თვალების კუთხეებიდან ცრემლები მოიწმინდა. მის ჟესტში ბრაზი მოჩანდა.

– შენ თავს ისევ პატარა გოგოდ მაგრძნობინებ, პირველ დავალებას რომ აბარებს, – თავი
აიძულა, წარმოეთქვა: – „ადამიანები არასოდეს არ უნდა დამორჩილდნენ ცხოველებს“, –
სხეული უცრემლო ქვითინმა შეურყია. ხმადაბლა წარმოთქვა: – ისე მარტო ვიყავი.

– მაგ განცდის მიხედვითაც კი შეიძლება ხალხის გაცრა, – უთხრა დედაბერმა, – ადამიანები


თითქმის ყოველთვის მარტოსულები არიან. ახლა დაუძახე ბიჭს. მისთვის ეს გრძელი,
შიშისმომგვრელი დღე იყო. მაგრამ ფიქრის და დახსომების დროც ჰქონდა, მე კი იმ
სიზმრებზე რაღაცები კიდევ უნდა ვკითხო.

ჯესიკამ თავი დაუქნია, სამედიტაციო ოთახის კართან მივიდა და გამოაღო.

– პოლ, შემოდი, თუ შეიძლება.

პოლი ჯიუტი აუჩქარებლობით შემოვიდა. დედას ისე მიაჩერდა, თითქოს უცხოს შეხვდაო.
ღირს დედას რომ შეხედა, თვალებში სიფრთხილე ჩაუდგა, მაგრამ ამჯერად თავი დაუქნია,
როგორც თანასწორს. გაიგონა, მის უკან დედამ კარი რომ მიხურა.

– ჭაბუკო, – მიმართა დედაბერმა, – მოდი, ისევ იმ სიზმრების ამბავს დავუბრუნდეთ.

– რა გსურს?

– სიზმარს ყოველღამ ხედავ?

– ისეთებს არა, დამახსოვრება რომ ღირდეს. ყველა სიზმრის დამახსოვრება შემიძლია, მაგრამ
ზოგი ღირს დასამახსოვრებლად, ზოგი არა.

– როგორ იგებ, ღირს თუ არა?


–უბრალოდ, ვიცი.

დედაბერმა ჯესიკას გადახედა, მერე ისევ პოლს მიუბრუნდა.

– წუხელ რა დაგესიზმრა? დასამახსოვრებელი სიზმარი იყო?

– კი, – პოლმა თვალები დახუჭა, – გამოქვაბული მესიზმრა... და წყალი... და იქ გოგონა –


ძალიან გამხდარი და დიდთვალება. მთლად ლურჯი თვალები აქვს, სითეთრე საერთოდ არ
ეტყობა. მას ველაპარაკე და შენ შესახებ მოვუყევი, ვუთხარი, კალადანზე ღირსი დედა ვნახე-
მეთქი. – პოლმა თვალები გაახილა.

– და ის, რაც იმ უცნაურ გოგოს უთხარი ჩემზე, დღეს აგიხდა?

პოლი დაფიქრდა, მერე თქვა:

– დიახ. გოგოს ვუთხარი, რომ შენ მოხვედი და უცხოობის ბეჭედი დამასვი.

– უცხოობის ბეჭედი, – დედაბერმა ღრმად ამოისუნთქა და ჯესიკას გადახედა, მერე ისევ პოლს
მიუბრუნდა, – ახლა კი მართალი მითხარი, პოლ, ხშირად გესიზმრება ისეთი რაღაცები, რაც
მერე ზუსტად ახდება ხოლმე?

– დიახ. და ის გოგო ადრეც დამსიზმრებია.

– ჰო? იცნობ?

– რომ ვნახავ, ვიცნობ.

– მომიყევი მასზე.

პოლმა ისევ დახუჭა თვალები.

– რაღაც კლდეებში შეფარებულ პატარა ადგილას ვართ. თითქმის ღამეა, მაგრამ ცხელა და
კლდის დაღებული პირიდან ქვიშნარის ნაგლეჯებს ვხედავ. ჩვენ... რაღაცას ვუცდით... უნდა
წავიდე, ვიღაც ხალხი ვნახო. გოგოს ეშინია, მაგრამ ცდილობს, ეს დამიმალოს, მე კი
აღტაცებული ვარ. და გოგო მეუბნება: „მიამბე, როგორ წყლებს აძლევს სახლს შენი სამშობლო,
უსული“. პოლმა თვალები გაახილა, – უცნაური არაა? ჩემი სამშობლო კალადანია. არც კი
გამიგია ეგეთი პლანეტა, უსული.

– მაგ სიზმარში კიდევ იყო რამე? – ჰკითხა ჯესიკამ.

– კი. მაგრამ შეიძლება, მე მეძახდა უსულს, – თქვა პოლმა, – ეს ახლა მომივიდა აზრად. – ისევ
დახუჭა თვალები, – გოგო მთხოვს, წყლებზე მიამბეო. მე მის ხელს ვიღებ ხელში და ვეუბნები,
ლექსად გეტყვი-მეთქი. და ლექსს ვუკითხავ, მაგრამ ზოგი სიტყვის ახსნა მიწევს – ნაპირი,
ტალღა, წყალმცენარე, თოლია.

– რა ლექსია? – ჰკითხა ღირსმა დედამ.

პოლმა თვალები გაახილა.

– გურნი ჰალეკის ერთ-ერთი სიმღერაა, სევდისას სათქმელი.


პოლის უკან მდგარმა ჯესიკამ ლექსი წამოიწყო:

– მახსოვს მლაშე კვამლი ზღვის ნაპირას, კოცონთან,


და ჩრდილები, ჩაწოლილი ფიჭვებთან –
დაწმენდილი, მყარი... გაუნძრეველი.
წყლის კიდეზე თოლიები სხდებოდნენ,
თეთრ ლაქებად ერეოდნენ სიმწვანეს...
ფიჭვებიდან ქარი დაიძვრებოდა
შეარყევდა გაყუჩებულ ჩრდილებს;
ფრთებს გაშლიდნენ თოლიები,
ჩხავილით
აავსებდნენ ზეცას კიდით კიდემდე.
ჩამესმოდა ქარის ხმობა,
ნაპირს გადაქროლილი,
ტალღებს გადაქროლილი,
და შევნიშნე: ჩვენი კოცონის ალმა
წყალმცენარეს ფოთლები მოუტრუსა.

– ეგაა, – თქვა პოლმა.

მოხუცი ქალი პოლს მიაჩერდა, მერე უცებ თქვა:

– ჭაბუკო, როგორც ბენე გესერიტის პროქტორი, მე დავეძებ კვიზაც ჰადერაქს, მამრს, რომელიც
შეძლებდა, მართლაც ერთი ჩვენგანი გამხდარიყო. დედაშენი შენში ამ შესაძლებლობას
ხედავს, მაგრამ ის დედის თვალით გიყურებს. შესაძლებლობას მეც ვხედავ, მაგრამ მეტს
არაფერს.

ქალი დადუმდა და პოლი მიხვდა, რომ მას სურდა, ბიჭს ეთქვა სათქმელი. ბიჭმა კი მას აცალა.

ბოლოს ისევ ქალი ალაპარაკდა:

– კეთილი, როგორც გინდა. მარტივი ვინმე რომ არ ხარ, ეგ უეჭველია.

– ახლა შეიძლება წავიდე? – ჰკითხა პოლმა.

– არ გინდა, მოისმინო, რას გეტყვის ღირსი დედა კვიზაც ჰადერაქზე? – ჰკითხა ჯესიკამ.

– მითხრა, ვინც სცადა, ყველა მოკვდაო.

– მაგრამ მე შემიძლია, ერთი-ორი მინიშნებით მიგახვედრო, რატომ დამარცხდნენ, – უთხრა


ღირსმა დედამ.

„მინიშნებებზე მელაპარაკება“, გაიფიქრა პოლმა. „დანამდვილებით არაფერი იცის“. ხმამაღლა


კი თქვა:

– მიმანიშნე მაშინ.

– ...ჯანდაბა ჩემს თავს, ხომ? – ცალყბად გაიღიმა და ბებერი სახე ნაოჭებით დაეღარა, – კარგი:
„ვინც ემორჩილება, ის მბრძანებლობს“.
პოლი გაოცდა: ღირსი დედა ისეთ უმარტივეს რაღაცებზე ლაპარაკობდა, როგორიცაა
მნიშვნელობის შიდა დაძაბულობა. ჰგონია, დედამ არაფერი ასწავლა?

– ესაა მინიშნება? – იკითხა მან.

– აქ იმისთვის არ ვართ, რომ სიტყვებით ვიბურთაოთ ან ნართაულობანა ვითამაშოთ, – უთხრა


დედაბერმა, – ტირიფი იდრიკება ქარის წინაშე და ხარობს, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც
მრავალ ტირიფად არ იქცევა – კედლად ქარის გზაზე. აი, ესაა ტირიფის დანიშნულება.

პოლმა თვალი გაუსწორა. „დანიშნულებაო“, თქვა ქალმა ბიჭმა იგრძნო, როგორ ეძგერა ეს
სიტყვა, კვლავ გამოაღვიძა მასში საზარელი დანიშნულება. უცებ გაბრაზდა მასზე: „სულელი
ბებერი ალქაჯი, დგას აქ და ლაპარაკობს გაცვეთილ ჭეშმარიტებებს“!

– შენ გგონია, რომ შეიძლება, მე ვიყო ეგ კვიზაც ჰადერაქი. სულ ჩემზე ლაპარაკობ, მაგრამ
ერთი სიტყვითაც არ გითქვამს, რით შეიძლება დავეხმაროთ მამაჩემს. გავიგონე, დედაჩემს
რომ ესაუბრებოდი. ისე ლაპარაკობ, თითქოს მამაჩემი უკვე მოკვდა. მაგრამ არ მომკვდარა!

– რომ შეიძლებოდეს მისთვის რამის გაკეთება, უკვე გაკეთებული გვექნებოდა, – ჩაიბუზღუნა


დედაბერმა, – შეიძლება, შენი გადარჩენა მოხერხდეს. საეჭვოა, მაგრამ შესაძლებელი. მამაშენს
კი არაფერი ეშველება. როდესაც ისწავლი, რომ ეს გარდაუვალ ფაქტად მიიღო, ნასწავლი
გექნება ნამდვილი ბენე გესერიტის გაკვეთილი.

პოლმა შენიშნა, როგორ შეძრა ამ სიტყვებმა დედამისი. ისევ მოხუც ქალს შეხედა. როგორ
შეუძლია, ასე ილაპარაკოს მამამისზე? საიდანაა ასე დარწმუნებული? გონება აღშფოთებისგან
ლამის უდუღდა.

ღირსმა დედამ ჯესიკას შეხედა.

– ვამჩნევ, ჩვენს სწავლებაში გიმეცადინებია. შენს ადგილას მეც ეგრე ვიზამდი და წესებს
ფეხებზე დავიკიდებდი.

ჯესიკამ თავი დაუქნია.

– ახლა კი გაფრთხილებ, – თქვა მოხუცმა, – ნუღარ მიჰყვები წვრთნის ჩვეულებრივ


თანმიმდევრობას. მისივე უსაფრთხოება მოითხოვს, ხმას ფლობდეს. ამისთვის უკვე აქვს
კარგი მონაცემები, მაგრამ ორივემ ვიცით, კიდევ რამდენი სჭირდება... ეს კი აუცილებელიცაა, –
პოლისკენ გადადგა ნაბიჯი და ზემოდან დააცქერდა, – ნახვამდის, ახალგაზრდა ადამიანო.
იმედი მაქვს, შეძლებ ამას. მაგრამ თუ ვერა – რას იზამ, ჩვენსას მაინც მივაღწევთ.

ისევ შეხედა ჯესიკას. მათ შორის ურთიერთგაგების ნაპერწკალმა გაირბინა. მერე კი მოხუცი
ქალი კაბის შარიშურით გავიდა ოთახიდან, უკან ერთხელაც აღარ მოუხედავს. ოთახი და
მასში მყოფნი უკვე გასულიყვნენ მისი ფიქრებიდან.

მაგრამ, სანამ მიტრიალდებოდა, ჯესიკამ ღირსი დედის სახეს უკანასკნელად მოჰკრა თვალი
და დაღარულ ლოყებზე ცრემლები შენიშნა. ამ ცრემლებმა უფრო მეტად შეძრა, ვიდრე იმ
დღეს მასთან გაცვლილმა ყველა სიტყვამ თუ ნიშანმა.
4* * *
თქვენ წაგიკითხავთ, რომ მუად’დიბს კალადანზე თავისი ასაკის ამხანაგები არ ჰყოლია.
ხიფათი მეტისმეტად დიდი იყო. მაგრამ მუად’დიბს გარს ჩინებული მასწავლებლები ეხვია.
მის გვერდით იყო გურნი ჰალეკი, ტრუბადური-მეომარი. ამ წიგნის კითხვისას გურნის
რამდენიმე სიმღერასაც შეხვდებით. მის გვერდით იყო თუფეა ჰავატი, მოხუცი მენტატი,
ასასინთა ოსტატი, რომელიც თავად ფადიშაჰ-იმპერატორსაც კი შიშს ჰგვრიდა. გვერდში
ჰყავდა დუნკან აიდაჰო, გინაზის ფარიკაობის ოსტატი; ექიმი ველინგტონ იუე, ვისი სახელიც
ღალატმა გააშავა, მაგრამ ცოდნით ბრწყინვალებს; ლედი ჯესიკა, რომელიც თავის ძეს ბენე
გესერიტის გზაზე მიუძღოდა, და, რასაკვირველია, ჰერცოგი ლეტო, ვისი მამობრივი
ღირსებებიც დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის ისტორია ბავშვებისთვის“

თუფეა ჰავატი ციხესიმაგრე კალადანის სავარჯიშო დარბაზში შესხლტა და უხმოდ მიხურა


კარი. წუთით ასე იდგა; გრძნობდა, რომ ბებერი იყო, დაღლილი და ქარტეხილებით
გალახული. მარცხენა ფეხი ტეხდა – წინა ჰერცოგის სამსახურისას მიღებული ჭრილობა
ახსენებდა თავს.

ეს უკვე მესამე თაობააო, გაიფიქრა.

ჭერის სარკმლებიდან გადმოღვრილი შუადღის შუქით გაჩირაღდნებულ ვრცელ ოთახს


გახედა და კარისკენ ზურგშექცევით მჯდარი ბიჭი დაინახა, გონიოს ფორმის მაგიდაზე
ქაღალდები და ცხრილები გაეშალა და ყურადღებით ჩასცქეროდა.

„რამდენჯერ უნდა ვუთხრა, კარისკენ ზურგშექცევით არასოდეს დაჯდეს?“ ჰავატმა ხმა


ჩაიწმინდა.

პოლი მაინც ქაღალდებზე იყო დახრილი.

ჭერის სარკმელზე ღრუბლის ჩრდილმა გადაიარა. ჰავატმა კვლავ ჩაახველა.

პოლი წელში გაიმართა და არ მობრუნებულა, ისე უთხრა:

– ვიცი. კარისკენ ზურგშექცევით ვზივარ.

ჰავატმა ღიმილი შეიკავა და ოთახი გადაჭრა.

პოლმა ახედა შეჭაღარავებულ მოხუც კაცს, მაგიდის კუთხესთან რომ დადგა. ჰავატის
თვალები სიფხიზლის ორი ტბორი იყო მუქსა და ღრმა ნაოჭებით დაღარულ სახეზე.

– მესმოდა, როგორ გამოიარე დარბაზი, – უთხრა პოლმა, – და გავიგონე, კარი რომ გააღე.

– ჩემს ხმებს შეიძლება სხვამ მიბაძოს.

– ვიცნობდი განსხვავებას.
ალბათ მართლაც იცნობდაო, გაიფიქრა ჰავატმა. ის ალქაჯი დედა წვრთნას რომ არ აკლებს,
ვერ დაუკარგავ. ნეტავ მისი ძვირფასი სკოლა რას ფიქრობს ამაზე? შეიძლება, მაგიტომაც
გამოგვიგზავნეს ბებერი პროქტორი – ჯესიკასთვის წესისა და რიგის შესახსენებლად?

ჰავატმა პოლის წინ სკამი გამოსწია და პირით კარისკენ დაჯდა. ეს ხაზგასმით ნელა გააკეთა,
საზურგეზე გადაწვა და ოთახი მოათვალიერა. უცებ უცნაურ ადგილად ეჩვენა, უცხო
ადგილად, რაკი აქაური დგამის უმეტესობა უკვე არაკისზე გაეგზავნათ. დარჩენილიყო
სავარჯიშო მაგიდა და საფარიკაო სარკე, რომლის კრისტალურ პრიზმებში ახლა არაფერი არ
ირეკლებოდა. მას გვერდით ედგა დაბებკილ-დაკერებული სამიზნე თოჯინა, ომებში ნაგვემ
და დასახიჩრებულ ბებერ ქვეით ჯარისკაცს რომ მოჰგავდა.

აი, ეგ ვარ მე, გაიფიქრა ჰავატმა.

– თუფეა, რაზე ფიქრობ? – ჰკითხა პოლმა.

ჰავატმა ბიჭს შეხედა.

– ვფიქრობდი, რომ მალე ყველა წავალთ და ალბათ აქაურობას ვეღარასოდეს ვნახავთ.

– ეს განაღვლიანებს?

– მანაღვლიანებს? რა სისულელეა. სანაღვლო მეგობრებთან განშორებაა. ადგილი კი ადგილია


და მეტი არაფერი, – მაგიდაზე გაშლილ რუკებს დახედა, – არაკისიც ერთ-ერთი ადგილია.

– მამაჩემმა ჩემს გამოსაცდელად გამოგგზავნა?

ჰავატმა შუბლი შეიკრა – ბიჭი ისეთი დაკვირვებულია! თავი დაუქნია.

– ფიქრობ, რომ აჯობებდა, თავად თუ მოვიდოდა, მაგრამ ხომ იცი, რა მოუცლელია. მერე
შემოგვიერთდება.

– არაკისის ქარიშხლებზე ვკითხულობდი.

– ქარიშხლებზე. ჰო.

– ცუდი რამე ჩანს.

– მაგას უბრალოდ ცუდი არ ეთქმის. ეგ ქარიშხლები ექვსი-შვიდი ათას კილომეტრზე


ვრცელდება ვაკეებზე და იკვებება ყველაფრით, რასაც კი შეუძლია, გააძლიეროს:
კორიოლისის ძალებით, სხვა ქარიშხლებით, ნებისმიერი რამით, რასაც ძალის ნასახი მაინც
მოეპოვება. ისინი შეიძლება საათში შვიდასი კილომეტრის სიჩქრით ქროდნენ და თან
მოჰქონდეთ ყველაფერი, რასაც კი გზად გადაეყრებიან: ქვიშა, მტვერი, ყველაფერი. მათ
შეუძლიათ, ძვალს ხორცი გააცალონ, ძვლები კი დაანაფოტონ.

– ამინდის კონტროლი რატომ არ აქვთ?

– არაკისზე განსაკუთრებული პრობლემები არსებობს. ფასები მაღალია, ტექნიკური


მომსახურება და მსგავსი რამეებიც ძნელი მოსაგვარებელია. გილდია სატელიტური
კონტროლისთვის საშინლად მაღალ ფასს ითხოვს, მამაშენის გვარი კი უმდიდრესთა შორის
არაა, ბიჭი, ეს შენც იცი.
– ფრემენი თუ გინახავს?

„დღეს ბიჭის გონება რამდენ რამეს მიმოედება“, გაიფიქრა ჰავატმა.

– ალბათ, კიდევაც მინახავს. ზუსტად ვერ იტყვი, იმიტომ, რომ თითქმის არაფრით
განსხვავდებიან გრაბენებისგან და დაბლობების მცხოვრებთაგან. ყველას ის ფართხუნა
სამოსი აცვია და ნებისმიერ დახურულ სივრცეში ისეთი სუნი უდით, ცხვირს წაგაძრობენ. ეს
იმ სკაფანდრების ბრალია, ზედ რომ აცვიათ – სარწყულებს ეძახიან. ისინი სხეულის წყალს
ხელახლა გამოყენებისთვის წმენდენ.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა, უცებ აღიქვა პირის სისველე და წყურვილის სიზმარი გაახსენდა.
იმის გაფიქრებამ, რომ შეიძლება, ადამიანს ისე უჭირდეს წყალი, რომ საკუთარი სხეულის
ტენის მოხმარება სჭირდებოდეს, სასოწარკვეთილება მოჰგვარა.

– წყალი იქ ძვირფასი რამაა, – თქვა.

ჰავატმა თავი დაუქნია და გაიფიქრა: „შეიძლება, კიდეც გამომდის და მის შეგნებაში ამ


პლანეტას მტრად წარმოვსახავ. სიგიჟეა იქ ჩასვლა, თუ გონებაში ამ სიფრთხილეს არ
ჩავიბეჭდავთ“.

პოლმა ჭერის სარკმლებს შეხედა, იცოდა, რომ გაწვიმდა. რუხ მეტამინაზე გადღაბნილი
სისველე დაინახა.

– წყალი, – წარმოთქვა.

– იქ წყალს დააფასებ, – უთხრა ჰავატმა, – ჰერცოგის ვაჟი ხარ და წყალი არ მოგაკლდება,


მაგრამ შენ გარშემო წყურვილის გასაჭირს ყველგან წააწყდები.

პოლმა ტუჩები მოილოკა და ერთი კვირის წინანდელი დღე და ღირსი დედის გამოცდა
გაახსენდა. მანაც უთხრა რაღაცები წყლის შიმშილზე.

– შეიტყობ სამარე-ველების შესახებ, – ასე უთხრა, – გაიცნობ უდაბურ, ცარიელ ადგილებს,


უდაბნოებს, სადაც სუნელის და ქვიშის მატლების მეტს ვერაფერს წააწყდები . თვალის უპეებს
მუქად შეიღებავ, მზის სიკაშკაშემ რომ არ დაგაბრმაოს. თავშესაფარი ქარისგან და სხვისი
თვალისგან მოფარებულ ღრმულს ერქმევა. მოგიწევს, საკუთარი ფეხით იარო, ტოპტერის,
მიწამავალის ან ცხენის გარეშე.

და პოლს მისმა წამღერებულმა და მოცახცახე კილომ მეტი უთხრა, ვიდრე თავად სიტყვებმა.

– არაკისზე რომ ცხოვრობ, – უთხრა მაშინ ღირსმა დედამ, – ხალა, უდაბურებაში ცხოვრობ.
მთვარეები შენი მეგობრები ხდებიან, მზე – მტერი.

პოლს ახსოვს, როგორ იგრძნო, რომ კართან დარაჯად მდგარი დედა მისკენ წამოვიდა და
გვერდით დაუდგა. ღირს დედას შეხედა და ჰკითხა:

– ვერანაირ იმედს ვერ ხედავ, ღირსო დედაო?

– მამისთვის ვერა, – დედაბერმა ჯესიკას ხელით ანიშნა, ჩუმად იყავიო, და პოლს დააცქერდა, –
დაიმახსოვრე, გონებაში ჩაიბეჭდე, ბიჭი: სამყარო ოთხ ბურჯს ეყრდნობა, – ოთხი
სქელსახსრიანი თითი აიშვირა, – ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა
ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭია... – თითები მუჭად შეკრა, – გარეშე
მმართველისა, რომელიც მართვის ხელოვნებას ფლობს. ამის ცოდნა შენს ძალად აქციე!

ღირს დედასთან იმ ლაპარაკის მერე ერთი კვირა გავიდა. მხოლოდ ახლაღა იწყებდა მისი
სიტყვების სრული მნიშვნელობის მიხვედრას. ახლა, თუფეა ჰავატთან ერთად სავარჯიშო
ოთახში მჯდომ პოლს შიშმა

ბასრი ეშვი გაჰკრა. მაგიდის გადაღმა მჯდარ შუბლშეკრულ მენტატს კითხვით მოპყრობილ
თვალებში შეხედა.

– სად ქროდა შენი გონება ამჯერად? – ჰკითხა ჰავატმა.

– შენ შეხვდი ღირს დედას?

– იმ იმპერატორის მართლისმცნობ ალქაჯს? – დაინტერესებულ ჰავატს თვალები წამოენთო, –


კი.

– მან... – პოლი შეყოყმანდა, მიხვდა, რომ ჰავატს გამოცდაზე ვერაფერს ეტყოდა. აკრძალვა
ძვალსა და რბილში გასჯდომოდა.

– ჰო? რა ქნა?

პოლმა ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა.

– რაღაც მითხრა, – თვალები დახუჭა, ზუსტი სიტყვები გაიხსენა და, რომ ალაპარაკდა,
უნებურად დედაბრის კილო გაიმეორა, – „შენ, პოლ ატრეიდესმა, მეფეთა შთამომავალმა,
ჰერცოგის ვაჟმა, მართვა უნდა ისწავლო. ეს შენს არც ერთ წინაპარს არ უსწავლია“, – პოლმა
თვალები გაახილა და განაგრძო: – ამან გამაბრაზა და ვთქვი, რომ მამაჩემი მთელ პლანეტას
მართავს. იმან კი მითხრა: „კარგავს მაგ პლანეტას“. მაშინ მე ვუთხარი, რომ მამაჩემს უფრო
მდიდარი პლანეტა გადაეცემოდა. მან კი მომიგო: „იმასაც დაკარგავს“. მინდოდა, მამაჩემთან
გავქცეულიყავი და გამეფრთხილებინა, მაგრამ იმან მითხრა, რომ უკვე გააფრთხილეს: შენ,
დედამ, ბევრმა ვინმემ.

– მართალია, – ჩაიბუტბუტა ჰავატმა.

– მაშინ რატომ მივდივართ? – პასუხი მოსთხოვა პოლმა.

– იმიტომ, რომ იმპერატორმა ბრძანა ასე. და იმიტომ, რომ იმედი მაინც არსებობს, იმის
მიუხედავად, თუ რა თქვა იმ მსტოვარმა ალქაჯმა. კიდევ რა დააფრქვია თავისი უძველესი
სიბრძნის შადრევნიდან?

პოლმა მაგიდის ქვეშ მუშტად შეკრულ თავის მარჯვენას დახედა. ნელა, ნელა აიძულა
კუნთებს მოდუნება. „დედაბერმა რაღაც ძალაუფლება მოიპოვა ჩემზე. როგორ?“

– მთხოვა, მეთქვა მისთვის, რას ნიშნავს, მართო, – თქვა პოლმა, – მე მივუგე, ეს ნიშნავს,
ბრძანო-მეთქი. და მან მომიგო, რაც იცი, იქიდან რაღაცების დავიწყება მოგიწევსო.

ეს საკმაოდ ზუსტად შეუნიშნავსო, გაიფიქრა ჰავატმა. მერე პოლს თავი დაუქნია, განაგრძეო.
– მითხრა, მმართველმა უნდა ისწავლოს დაყოლიება და არა იძულებაო. მითხრა, საუკეთესო
ყავით უნდა მასპინძლობდეს, საუკეთესო ხალხის მოზიდვა თუ უნდაო.

– რას ფიქრობს, როგორ მოიზიდა მამაშენმა ისეთი ხალხი, როგორიც დუნკანი და გურნია? –
ჰკითხა ჰავატმა.

პოლმა მხრები აიჩეჩა.

– მერე თქვა, კარგმა მმართველმა თავისი სამყაროს ენა უნდა იცოდეს, ენა ყველა სამყაროს
თავისი აქვსო. მე მეგონა, გულისხმობდა, რომ არაკისზე გალაქურად არ ლაპარაკობენ, მაგრამ
მან მითხრა, ეგ სულაც არ მითქვამსო. მითხრა, რომ გულისხმობდა ქვების და ცოცხალ
არსებათა ენას, ენას, რომელსაც მხოლოდ ყურით ვერ გაიგონებ. და მე ვუთხარი, ესაა, რასაც
ექიმი იუე სიცოცხლის საიდუმლოს ეძახის-მეთქი.

ჰავატმა ჩაიცინა.

– და იმან, რაო?

– მგონი, გაცეცხლდა. თქვა, რომ სიცოცხლის საიდუმლო გადასაჭრელი პრობლემა კი არაა,


არამედ რეალობა, რომელიც უნდა განიცადო. მაშინ მე მენტატის პირველი კანონი ვუთხარი:
„პროცესს ვერ ჩასწვდები მისი გაჩერებით. წვდომამ პროცესის მდინარებას უნდა მისდიოს,
შეერწყას მას და მასთან ერთად იდინოს“. ამან თითქოს დააკმაყოფილა.

„როგორც ჩანს, ეს ამბავი უკვე მოინელა“, გაიფიქრა ჰავატმა. „მაგრამ იმ ბებერმა ალქაჯმა ბიჭი
შეაშინა. რატომ ქნა ასე?“

– თუფეა, – უთხრა ბიჭმა, – არაკისზე მართლა ისე ცუდი იქნება, როგორც მან მითხრა?

– ეგეთი ცუდი სხვა ვერაფერი იქნება, – უთხრა ჰავატმა და ძალით გაიღიმა, – თუნდაც ის
ფრემენები ვთქვათ, უდაბნოს რენეგატი მცხოვრებლები. პირველადი მიახლოებითი
ანალიზის საფუძველზე შემიძლია, გითხრა, რომ იმაზე ბევრად, ბევრად მეტნი არიან, ვიდრე
იმპერატორის კარზე ჰგონიათ. იქ ხალხი ცხოვრობს, ბიჭი, უამრავი ხალხი, და... – ჰავატმა
ძარღვიანი თითი თვალთან მიიდო, – ... იმათ ჰარკონენები გააფთრებით სძულთ. ამაზე
სიტყვაც არ უნდა დაძრა, ბიჭი. მხოლოდ იმიტომ გეუბნები, რომ მამაშენის დახმარება მინდა.

– მამაჩემმა სალუსა სეკუნდუსზე მიამბო, – უთხრა პოლმა, – იცი, თუფეა, თითქოს ძალიან
ჰგავს არაკისს... შეიძლება, ისეთი ცუდი არაა, მაგრამ ძალიან ჰგავს.

– დღევანდელ სალუსა სეკუნდუსზე სინამდვილეში არაფერი ვიცით, – უთხრა ჰავატმა, –


მხოლოდ ის, რაც დიდი ხნის წინათ იყო... მეტწილად. მაგრამ რაც ცნობილია – მაგაში
მართალი ხარ.

– ფრემენები დაგვეხმარებიან?

– მაგის შესაძლებლობა არის, – ჰავატი წამოდგა, – დღეს არაკისზე მივდივარ. შენ კი ამასობაში
თავს მოუფრთხილდი იმ ბერიკაცის ხათრით, რომელსაც უყვარხარ, კარგი? მოდი ხოლმე აქ
და, როგორც კარგ ბიჭს შეჰფერის, პირით კარისკენ დაჯექი. კი არ მგონია, რომ სასახლეში რამე
გემუქრება; უბრალოდ, მინდა, რომ ჩვევა გამოგიმუშავდეს.

პოლიც ადგა, მაგიდას შემოუარა.


– დღეს მიდიხარ?

– კი, დღეს, და შენ ხვალ გამომყვები. ამის მერე უკვე შენი ახალი პლანეტის მიწაზე
შევხვდებით, – პოლს მარჯვენა მკლავზე მოავლო ხელი, – დანის სახმარი ხელი თავისუფალი
გქონდეს, ჰო? და ფარი – ბოლომდე დატენილი. – პოლს მკლავზე ხელი უშვა, მხარზე
მოუთათუნა, მიბრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

– თუფეა! – დაუძახა პოლმა.

ჰავატი ღია კარში შემობრუნდა.

– არც ერთ კართან ზურგშექცევით არ დაჯდე, – უთხრა პოლმა.

დაღარული ბებერი სახე ღიმილით გაიბადრა.

– მაგას კი არ ვიზამ, ბიჭი. გჯეროდეს, – და წავიდა, წყნარად გაიხურა კარი.

პოლი დაჯდა იქ, სადაც მანამდე ჰავატი იჯდა, ქაღალდები გაასწორა. ერთი დღე დარჩა. ოთახს
მოატარა მზერა. მივემგზავრებით. გადასახლება ახლა როგორღაც უფრო ცხადად გაიაზრა,
ვიდრე აქამდე. გაახსენდა, კიდევ რა თქვა მოხუცმა ქალმა პლანეტაზე: „ის ბევრი რაღაცის
ჯამია: ხალხის, მიწის, ცოცხალი არსებების, მთვარეების, დინებების, მზეების – უცნობი ჯამი,
რომელსაც ბუნება ჰქვია, და ამ ბუნდოვან ერთობას „ახლას“ არანაირი შეგრძნება არ ახლავს“.
და დაფიქრდა: რა არის „ახლა“?

პოლის პირდაპირ კარი ბრახუნით მოფრიალდა და ოთახში უშნო, ტლანქმა კაცმა შემოაბოტა,
თან გულზე ახუტებული მთელი ბღუჯა იარაღი მოჰქონდა.

– რაო, გურნი ჰალეკ, – დაუძახა პოლმა, –იარაღის ახალი ოსტატი ხარ?

ჰალეკმა კარს ქუსლი მისცხო და მიხურა.

– ვიცი, გერჩია, სათამაშოდ მოვსულიყავი, – ოთახი მოათვალიერა და შენიშნა, რომ ჰავატის


ხალხს უკვე შემოევლო აქ და შეემოწმებინა, რამდენად იქნებოდა დაცული ჰერცოგის
მემკვიდრის უსაფრთხოება. ყველაფერს მცირე კოდური ნიშანი აჩნდა.

პოლი უყურებდა, როგორ დარწეული ნაბიჯით გამოემართა მისკენ ეს უშნო კაცი, თავისი
იარაღის გროვითურთ, და დაინახა, რომ გურნის მხარზე ცხრასიმიანი ბალისეტი ეკიდა,
რომლის სიმებშიც, გრიფის თავთან ახლოს, ბევრთითა ჰქონდა გაჩხერილი.

ჰალეკმა იარაღი სავარჯიშო მაგიდაზე დაახვავა, გაამწკრივა – დაშნები, კინჯალები, რაპირები,


ნელამფრქვევი დამარეტიანებლები, ფარი-ქამრები. რომ მობრუნდა და ოთახს ღიმილი
მოჰფინა, მელნისვაზის მათრახისგან ყბაზე დაჩნეული ნაიარევი დაეგრიხა.

– გამოდის, ჩემთვის „დილა მშვიდობისაც“ არ გემეტება, შე პატარა ჭინკავ, – მიმართა პოლს, –


და ბებერ ჰავატს ეგეთი რა ეკალი შეურჭვე? დერეფანში ისე ჩამიქროლა, თითქოს მტრის
დაკრძალვაზე მიეჩქარებაო.

პოლს გაეცინა. მამამისის მსახურებიდან ყველაზე მეტად გურნი ჰალეკი უყვარდა, კარგად
იცნობდა მის ხასიათსა და ლაზღანდარობას, მის ოინებს, და მეგობრად უფრო მიაჩნდა, ვიდრე
დაქირავებულ ხმლოსნად.
ჰალეკმა მხრიდან ბალისეტი ჩამოიღო და აწყობას შეუდგა.

– არ მეტყვი და ნუ მეტყვი, – უთხრა ბიჭს.

პოლი ადგა, მისკენ დაიძრა და დაუძახა:

– რაო, გურნი, მუსიკისთვის მოვემზადოთ, როცა ბრძოლის დროა?

– ეგ ჩვენს უფროსობას მოჰკითხე, – უთხრა ჰალეკმა. საკრავზე სიმი მოსინჯა და მოწონებით


დაიქნია თავი.

– დუნკან აიდაჰო სადაა? – ჰკითხა პოლმა, – ახლა ხომ მასთან უნდა მემეცადინა ფარიკაობაში?

– დუნკანი წავიდა, არაკისზე მეორე ნაკადი წაიყვანა, – მიუგო ჰალეკმა, – შენ კი დაგრჩა მარტო
საწყალი გურნი, ბრძოლის ჟინი რომ გამოლევია და მუსიკა მოსწყურებია. – ისევ ჩამოჰკრა
სიმს, ყური მიუგდო და გაიღიმა, – საბჭოზე გადაწყვიტეს, რომ ისეთი უვარგისი მებრძოლი
ხარ, ჯობია, მუსიკის ხელობა შეგასწავლოთ, მთლად ტყუილად რომ არ გალიო ცხოვრება.

– მაშინ ჯობია, მიმღერო, – უთხრა პოლმა, – რომ ვიცოდე, როგორ არ უნდა ვიმღერო.

– ა-ჰა-ჰა-ჰა! – გაეცინა გურნის და „გალაქის ქალები“ წამოიწყო, მისი ბევრთითა ისე ათამაშდა
სიმებზე, თვალს ვერ შეასწრებდი:

– გალაქელი ქალი ყველა


მარგალიტზე იყიდება.
არაკელი – წყლისთვის კარგავს ნამუსს,
მაგრამ თუ გსურს ქალი-ალი,
ცეცხლოვანი და დამტკბარი,
მიაკითხე კალადანის ასულს.

– რა უჭირს, ეგეთი გაუწაფავი ხელის პირობაზე, – უთხრა პოლმა, – მაგრამ დედაჩემმა რომ
გაიგოს, სასახლეში რა უხამსობებს მღერი, შენი ყურებით გალავანს მორთავდა.

გურნიმ მარცხენა ყური მოიქაჩა.

– მოსართავი უვარგისი გამოვა, ყურები ისე დამილურჯდა გასაღების ჭუჭრუტანაში


მიყურადებისგან, როცა ერთი ჩემი ნაცნობი ყმაწვილი თავის ბალისეტზე რაღაც უცნაურ
სიმღერებს სწავლობდა.

– დაგავიწყდა, არა, როგორია, ლოგინში რომ ჩაწვები და იქ ქვიშა დაგხვდება, – უთხრა პოლმა.
მაგიდიდან ფარის ქამარი აიღო და მჭიდროდ შემოირტყა წელზე, – მაშ, მოდი, ვიბრძოლოთ!

ჰალეკმა მოჩვენებითი გაოცებით დაჭყიტა თვალები.

– აჰა! ესე იგი, ეგ შენმა ბოროტმა ხელმა ქნა! აბა, გაფრთხილდი დღეს, ახალგაზრდა ოსტატო,
გაფრთხილდი, – რაპირა აიტაცა და ჰაერს გადაუჭირა, – შურისძიების დემონად ვარ ქცეული!

პოლმა მეორე რაპირა აიღო, ხელში მოდრიკა და გვერდულად დადგა, ცალი ფეხით წინ. ექიმ
იუეს სასაცილო წაბაძვით მძიმედ, სერიოზულად ალაპარაკდა.
– რა ბოთე ვინმე მომიგზავნა მამაჩემმა იარაღის ოსტატად, – გაწელა სიტყვები, – ამ რეგვენ
გურნი ჰალეკს სულ დაავიწყდა ხმლიანი და ფარიანი მებრძოლის პირველი გაკვეთილი, –
პოლმა წელთან ჩასართავი ღილაკი გააჩხაკუნა და შუბლზე და ზურგის დაყოლებით დამცავი
ველის ოდნავი ჩხვლეტა იგრძნო, გარე ხმებსაც თავისებური, ფარში გატარებული სიბლაგვე
დაეტყო, – ფარის გამოყენებით ბრძოლაში სწრაფი უნდა იყო თავდაცვისას და ნელი –
შეტევისას, – განაგრძო პოლმა, – შეტევის მიზანია, მოწინააღმდეგეს შეცდომა აიძულოს,
ფიცხელ შეტევაზე გამოიწვიოს. ფარი სწრაფ დარტყმას ირეკლავს, მაგრამ დანის პირს ნელა
თუ შეუცურებ, გაატარებს, – პოლმა შხუილით გამართა რაპირა, სწრაფი ფანდი გააკეთა და
უკანვე მოიზიდა იარაღი, რათა ახლა ნელა, გამოზომილად ეძგერებინა, ისეთი დარტყმით,
რომელსაც ფარის უგუნური დაცვა გაატარებდა.

ჰალეკი მის მოძრაობას თვალს ადევნებდა; ბოლო წამს შებრუნდა და მკერდში დამიზნებული
ბლაგვი პირი აიცილა.

– სიჩქარე ჩინებულად იყო შერჩეული, – უთხრა ბიჭს, – მაგრამ სრულიად გახსნილი იყავი
ქვემოდან ჩხვლეტიას დარტყმისთვის.

გაწბილებულმა პოლმა უკან დაიხია.

– ასეთი გაუფრთხილებლობისთვის, წესით, უნდა მიმეტყიპე, – არ ცხრებოდა ჰალეკი.


მაგიდიდან გაშიშვლებული კინჯალი აიღო და ასწია, – მტრის ხელში ამან შეიძლება
სასიკვდილოდ დაგჭრას! ნიჭიერი მოსწავლე ხარ, უკეთესი რომ არ შეიძლება, მაგრამ ხომ
გაგაფრთხილე: თამაშის დროსაც კი არ შემოუშვა არავინ, სიკვდილით შეიარაღებული, დაცვის
ხაზს შიგნით.

– მგონი, დღეს მაგის გუნებაზე ვერ ვარ, – თქვა პოლმა.

– გუნებაზე ვერ ხარ? – ჰალეკს ფარის ფილტრში გამოტარებულ ხმაზეც კი დაეტყო გაბრაზება,
– რა შუაშია აქ გუნება? იბრძვი მაშინ, როცა საჭიროა – გუნების მიუხედავად! გუნების
მიხედვით ძროხები იქცევიან, ან, კი ბატონო, სიყვარულობა და ბალისეტზე დაკვრა შეიძლება
გუნების მიხედვით. ოღონდ არა ბრძოლა!

– ბოდიში, გურნი.

– ბოდიში არ შველის მაგას!

ჰალეკმა თავისი ფარი გაააქტიურა და დაბალ დგომში დაეშვა, მარცხენით წინ გაშვერილი
კინჯალი ეჭირა, მარჯვენით რაპირა შეემართა.

– ახლა კი, მითქვამს, მართლა დაიცავი თავი! – მაღალი ნახტომით გასხლტა გვერდით, მერე
წინ გაიჭრა და დაუნდობლად შეუტია.

პოლმა უკან დაიხია, მის დარტყმას თავისი რაპირა დაახვედრა. იგრძნო, როგორ ტკაცუნებდა
ველი, როცა ფარის პირები ერთმანეთს შეეხალნენ; კონტაქტისგან კანზე ელექტრული
ჩხვლეტა იგრძნო. რა დაემართა გურნისო, დაეკითხა თავის თავს. „ეს აღარ ხუმრობს!“ პოლმა
მარცხენა მტევანი შეაბრუნა და სადგისი მაჯის ქარქაშიდან ხელისგულში ჩაიცურა.

– მეორე მახვილიც დაგჭირდა, ჰა? – დაიხვნეშა ჰალეკმა.


„ნეტავ, ეს რა არის, ღალატია?“ გაიფიქრა პოლმა. არა, გურნი ამას არ იზამდა!

ოთახში ტრიალებდნენ და იბრძოდნენ: ძგერება და არიდება, ცრუ-ფანდი და საპასუხო ფანდი.


მათი ფარების ბუშტების შიგნით ჰაერი ჩაიხუთა, რადგანაც მხოლოდ ბარიერის კიდეების
გასწვრივ ნიავდებოდა, რაც საკმარისი არ იყო. ფარზე ყოველი დაძგერების მერე ოზონის სუნი
ძლიერდებოდა.

პოლი ისევ უკან იხევდა, მაგრამ ახლა უკან-უკან, სავარჯიშო მაგიდისკენ მიემართებოდა. „თუ
შევძლებ, მაგიდასთან მოვატრიალო, ვუჩვენებ სეირს“, გაიფიქრა პოლმა. „ერთი ნაბიჯიც,
გურნი“.

ჰალეკმა გადმოდგა ის ნაბიჯი.

პოლმა დაბლა მოქნევით მოიგერია, შებრუნდა და დაინახა, რომ ჰალეკის რაპირა მაგიდის
კიდეს გამოედო; გვერდით გახტა, მაღლა აძგერა რაპირა და ჰალეკის კისრის გასწვრივ
შეაცურა. ბასრი ფოლადი საუღლე ვენიდან ერთი გოჯის დაშორებით შეჩერდა.

– ეს გინდოდა? – წარმოთქვა ჩურჩულით.

– დაბლა დაიხედე, ბიჭი, – ამოიქოშინა გურნიმ.

პოლმა დაუჯერა და მაგიდის კიდის ქვემოდან გამოჩრილი ჰალეკის კინჯალი დაინახა,


რომლოს წვეტი თითქმის ეხებოდა პოლის საზარდულს.

– ერთად დავიხოცებოდით, – უთხრა ჰალეკმა, – მაგრამ, უნდა ვაღიარო, ცოტა უკეთ ჩხუბობ,
კაცი თუ დაგაძალებს. ჩანს, გუნებაზე მოხვედი, – მტაცებლურად გაიღიმა, მელნისვაზის
მათრახის ნაკვალევი ყბაზე დაეკლაკნა.

– როგორ მომდექი, – უთხრა პოლმა, – მართლა აპირებდი, სისხლი გედინა?

ჰალეკმა კინჯალი მოაცილა და გაიმართა.

– ჰო, სულ ოდნავ უარესად რომ გებრძოლა, ვიდრე შეგიძლია. კარგად გაგხაზავდი, ისეთ
ნაწიბურს დაგიტოვებდი, რომ არ დაგავიწყდებოდა. ეგღა მაკლია, ჩემი უსაყვარლესი
მოსწავლე პირველივე გზადშემოყრილმა მაწანწალა ჰარკონენმა გააგოროს.

პოლმა ფარი გამორთო და მაგიდას დაეყრდნო, სული რომ მოეთქვა.

– კი დავიმსახურე, გურნი. მაგრამ მამაჩემი გაბრაზდებოდა, რომ დაგეზიანებინე. ჩემი


შეცდომისთვის შენ რატომ უნდა დაისაჯო.

– მასე თუა, ეგ ჩემი შეცდომაც იყო. ვარჯიშისას მიღებულ ერთი-ორ ნაიარევს კი რა უჭირს.
ისედაც, იღბალი გქონია, ასე ცოტა რომ გაქვს. რაც შეეხება მამაშენს, ჰერცოგი მაშინ დამსჯიდა,
შენ საუკეთესო მებრძოლად თუ არ გამოგზრდიდი. ეგ კი არ გამომივიდოდა, თუ ვერ
აგიხსნიდი, როგორ გეშლებოდა, უცებ გუნებაზე რომ დაიწყე რაღაცები.

პოლი გაიმართა და სადგისი ისევ მაჯის ქარქაშში შეაცურა.

– ის, რასაც აქ ვაკეთებთ, თამაში სულაც არაა, – უთხრა ჰალეკმა.


პოლმა თავი დაუქნია. აოცებდა ჰალეკის საუბრის უჩვეულო სერიოზულობა, მისი სიტყვების
გამომაფხიზლებელი სიცხადე. მასწავლებლის ყბაზე ჭარხლისფრად დაჩნეულ მელნისვაზის
ნაიარევს შეხედა და გაახსენდა მონაყოლი, როგორ მიაყენა ეს ჭრილობა მხეცმა რაბანმა
ჰარკონენების მონათა მაღაროში, გიედი პრაიმზე. და პოლს უეცრად შერცხვა, რომ წამით
მაინც დაეჭვდა ჰალეკში. მერე უეცრად გაიაზრა, რომ ჰალეკის ნაჭრილობევის გაჩენას თან
ტკივილიც ახლდა – შესაძლოა, ისეთივე ძლიერი ტკივილი, როგორიც ღირსმა დედამ მას
განაცდევინა. თავიდან მოიშორა ეს ფიქრი – ძალიან ყინავდა და აუდაბურებდა სამყაროს.

– ეტყობა, დღეს წათამაშების იმედი მქონდა, – თქვა პოლმა, – ბოლო დროს ყველაფერი ისე
გასერიოზულდა.

ჰალეკი შებრუნდა, გრძნობები რომ დაეფარა. რაღაცამ თვალები აუწვა. მის არსებაში ტკივილი
ცხოვრობდა, დაფუფქული ბებერას მსგავსად, რომელშიც შეგროვილიყო ყველაფერი,
რომელიღაც დაკარგული „გუშინიდან“, დრომ დაუნდობლად რომ მოკვეთა მისგან.

„რა მალე მოუწევს ამ ბავშვს დაკაცება“, გაიფიქრა ჰალეკმა. „რა მალე მოუწევს, გონების
თვალით

წაიკითხოს ის სიგელი, ულმობელი წინდახედულების ეს ხელშეკრულება, აუცილებელი


ფაქტი შეიტანოს აუცილებელ რიგში: „გთხოვთ, დაასახელოთ თქვენი უახლოესი ნათესავი –
მემკვიდრე“.

ჰალეკი არ შემობრუნებულა, ისე წამოიწყო:

– ვიგრძენი, თამაშის ხასიათზე რომ იყავი, ბიჭი, და მეც სულით და გულით მინდოდა,
აგყოლოდი. მაგრამ აწი ეს თამაში ვეღარ იქნება. ხვალ არაკისზე მივდივართ. არაკისი
ნამდვილია. ჰარკონენები ნამდვილები არიან.

პოლმა ვერტიკალურად ამართული რაპირას პირი შუბლზე მიიდო.

ჰალეკი მიუბრუნდა და მხედრულ სალამზე თავის დაქნევით უპასუხა. მერე სავარჯიშო


ფიტულზე მიუთითა.

– ახლა სიჩქარეებზე ვივარჯიშებთ. მანახე, როგორ მოუვლი მაგ საძაგელს. მე აქედან ვმართავ,
საიდანაც ყველა მოძრაობას დავინახავ. და, გაფრთხილებ, დღეს ახალ ილეთებს მოვიხმარ.
ნამდვილი მტერი ასე კი არ გაგაფრთხილებს.

პოლი ფეხის ცერებზე აიწია, რომ კუნთები მოედუნებინა. ანაზდეული სერიოზულობით


გაიაზრა, რომ მისი ცხოვრება სწრაფი ცვლილებების ასპარეზი ხდებოდა. ოთახი გადაჭრა,
თოჯინასთან მივიდა, მის მკერდზე ჩამრთველს რაპირას წვეტი წაჰკრა და იგრძნო, დამცავმა
ველმა რომ მახვილი აიცილა.

– En garde! – დაიძახა ჰალეკმა და თოჯინამ შეტევა წამოიწყო.

პოლმა ფარი ჩართო, მოიგერია და შეუტია.

ჰალეკი უცქერდა. მისი გონება ორად გახლეჩილიყო: ერთი საწვრთნელ ბრძოლაში იყო
ჩართული, მეორე კი აქეთ-იქით აწყდებოდა.
„მე კარგად გამოწვრთნილი მსხმოიარე ხე ვარ“, გაიფიქრა. „გამოტენილი ვარ კარგად
გამოწვრთნილი შეგრძნებებითა და უნარ-ჩვევებით და ეს ყველაფერი დამყნობილია ჩემზე –
რომ მოვიდეს ვინმე და მოწყვიტოს“.

რატომღაც გაახსენდა თავისი უმცროსი და, მისი პაწია სახე ცხადად ჩარჩენოდა გონებაში.
მაგრამ ის მოკვდა: ჰარკონენების ჯარის სიამის სახლში. იები უყვარდა... თუ ზიზილები? ვერ
გაიხსენა. შეწუხდა, რომ ვერ გაიხსენა.

პოლმა თოჯინას ნელი გვერდული შემოქნევა მოიგერია და მარცხენა ხელით ანტრეტისე


გაუყვანა.

„რა მოხერხებული პატარა ჭინკაა!“ ჰალეკი პოლის მაჯის ჩაბრუნებულ მოძრაობას


დააკვირდა. „თვითონ, მარტოს უვარჯიშია და უსწავლია. ეს დუნკანის სტილი არაა და მე ხომ
ნამდვილად ეგეთი არაფერი მისწავლებია მისთვის“.

ამის გაფიქრებამ მხოლოდ სევდა შემატა. მეც გადამედო ეგ „გუნებაო“, გაივლო გულში. „ნეტავ,
ბიჭს ღამღამობით ოდესმე შიშით თუ მიუყურადებია საკუთარი ბალიშის ფეთქვისთვის“.

– „მინდა“ რომ თევზი იყოს, ყველა მებადური იქნებოდაო, – ჩაიბუტბუტა თავისთვის.

ეს დედამისის გამოთქმა იყო და ჰალეკი ყოველთვის ამას იმეორებდა, როდესაც ხვალინდელი


დღე მრუმე ჩრდილად წამოადგებოდა თავზე. მერე გაიფიქრა, რა ახირებული გამოთქმაა ისეთ
პლანეტაზე წასაყოლებლად, სადაც არც ზღვები, არც თევზები თვალითაც არ უნახავთო.

5* * *
იუე, ველინგტონ, სტნდ. 10,082-10,191; საკის სკოლის მედიცინის დოქტორი (დამთ. სტნდ.
10,112); მეუღ: ვანა მარკუსი, ბ.გ. (სტნდ.10,092-10,186?); ძირითადად ცნობილია, როგორც
ჰერცოგ ლეტო ატრეიდესის მოღალატე (შდრ: ბიბლიოგრაფია, VII დამატება [საიმპერატორო
მომზადება] და [ღალატი, დიდი]).

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის ლექსიკონი“

პოლმა გაიგონა, როგორ შემოვიდა ოთახში ექიმი იუე, შენიშნა მისი ნაბიჯის დაძაბული
გამოზომილობა, მაგრამ თავი არ აუწევია, ისევ პირქვე იწვა სავარჯიშო მაგიდაზე, მასაჟის
მერე. გურნი ჰალეკთან ვარჯიშის მერე საამო მოდუნება დაუფლებოდა.

– კმაყოფილი ჩანხარ, – თავისი მშვიდი, მაღალი ხმით მიმართა იუემ.

პოლმა თავი ასწია და დაინახა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი კაცის ჭოკივით
ფიგურა, ერთი შეხედვით აღიქვა მისი დაჭმუჭნილი შავი სამოსი, ოთხკუთხა თავი, მასზე –
იისფერი ტუჩები და დაშვებული ულვაშები, საიმპერატორო მომზადების რომბის ფორმის
სვირინგი შუბლზე, გრძელი შავი თმა, მარცხენა მხართან საკის სკოლის ვერცხლის რგოლით
შეკრული.
– გაგახარებ და გეტყვი, რომ დღეს ჩვეულებრივი გაკვეთილების დრო არ გვექნება, – უთხრა
იუემ, – მალე მამაშენი შემოვა.

პოლი წამოჯდა.

– მაგრამ მოგიმზადე ფილმწიგნის გამშვები და რამდენიმე გაკვეთილი, არაკისამდე


მგზავრობის დროს რომ გაიარო.

– ოჰ.

პოლმა ჩაცმა დაიწყო. უხაროდა, რომ მამა მოვიდოდა. მას მერე, რაც არაკისის ფეოდის
ჩაბარებაზე იმპერატორის ბრძანება მოვიდა, ერთად ძალიან ცოტა ხანს ატარებდნენ.

იუე გონიოს ფორმის მაგიდას მიუახლოვდა, თან ფიქრობდა, ბოლო რამდენიმე თვის
განმავლობაში ბიჭი როგორ შესამჩნევად დაიკუნთაო. „რა წყალში გადაყრილი შრომაა. რა
სამწუხაროდ გადაყრილი“. და თავს

შეახსენა: „უკან არ უნდა დავიხიო. რასაც ვაკეთებ, იმისთვის ვაკეთებ, რომ დარწმუნებული
ვიყო: ჩემს ვანას ჰარკონენი მხეცები ვეღარ დატანჯავენ“.

პოლიც ამოუდგა გვერდით, თან ქურთუკს იკრავდა.

– გზაში რა უნდა ვისწავლო?

– ჰმმმ... არაკისის სახმელეთო სიცოცხლის ფორმები. პლანეტამ, როგორც ჩანს, ბინა მისცა
გარკვეულ სახმელეთო სიცოცხლის ფორმებს. ბოლომდე ნათელი არ არის, რა გზით. რომ
ჩავალთ, პლანეტის ეკოლოგი უნდა ვნახო – დოქტორი კაინსი – და კვლევაში დახმარება
შევთავაზო.

და გაიფიქრა: „რას ვამბობ? საკუთარი თავის წინაშეც კი ვფარისევლობ“.

– ფრემენებზე რამე იქნება? – ჰკითხა პოლმა.

– ფრემენებზე? – იუემ მაგიდაზე თითები ააკაკუნა, დაინახა, როგორ უცქერდა პოლი მის
ნერვიულ მოძრაობას და ხელი უკან წაიღო.

– იქნებ, რამე გქონდეს არაკისის მთელ მოსახლეობაზე, – უთხრა პოლმა.

– კი, ნამდვილად, – მიუგო იუემ, – მოსახლეობა, ძირითადად, ორ ტიპად იყოფა: ერთი ჯგუფია
ფრემენები და მეორე – გრაბენის, დაბლობისა და ტაფობის მცხოვრებლები. როგორც ჩემთვის
უთქვამთ, შერეული ქორწინებებიც გვხვდება. ტაფობისა და დაბლობის სოფლების ქალებს
ქმრებად ფრემენები ურჩევნიათ; იქაურ კაცებს ცოლებად ფრემენი ქალები უნდათ. ასეთი
გამოთქმა აქვთ: „ქალაქიდან – ბრჭყვიალები, უდაბნოდან – სიბრძნეო“.

– მათი სურათები ხომ არ გაქვს?

– ვნახავ, რა შემიძლია, გიშოვო. ყველაზე უცნაური თავისებურება, რასაკვირველია, მათი


თვალებია: სრულიად ლურჯი, სითეთრის გარეშე.

– მუტაციაა?
– არა, ეს მათი სისხლის მელანჟით გაჯერების ბრალია.

– ფრემენები ალბათ უშიშრები არიან, უდაბნოს განაპირას რომ ცხოვრობენ.

– როგორც ჩანს, ასეა, – მიუგო იუემ, – ისინი თავიანთ მახვილებს ლექსებს უძღვნიან. მათი
ქალები მამაკაცებივით დაუნდობლები არიან. ფრემენებს ბავშვებიც კი შეუპოვრები და
საშიშები ჰყავთ. ვფიქრობ, მათთან ურთიერთობის ნებას არ დაგრთავენ.

პოლი იუეს მიაჩერდა, ფრემენების ამ გაკვრით აღწერაში დაინახა ძალა, რომელმაც სრულად
მიიპყრო მისი ყურადღება. ასეთი ხალხი მოკავშირეებად რომ გაგვეხადა!

– მატლები? – ჰკითხა ექიმს.

– რა?

– მინდა, მეტი გავიგო ქვიშის მატლებზე.

– ჰმმმ, რასაკვირველია. ფილმწიგნი მაქვს მომცრო ეგზემპლარებზე, სიგრძეში მხოლოდ ას ათი


მეტრი და დიამეტრში ოცდაორი მეტრი რომ არიან. ჩრდილო განედებზეა გადაღებული.
სანდო წყაროების მიერ ოთხას მეტრზე უფრო გრძელი მატლებია აღწერილი და არსებობს
მოსაზრება, რომ უფრო დიდებიც არსებობენ.

პოლმა მაგიდაზე გაშლილ არაკენის ჩრდილო განედების კონუსურ პროექციულ რუკას


დახედა.

– უდაბნოს სარტყელი და სამხრეთის პოლარული რეგიონები დაუსახლებლად არის


მონიშნული. ასე მატლების გამოა?

– და ქარიშხლების.

– მაგრამ ნებისმიერი ადგილი შეიძლება, დასახლებისთვის გამოსადეგი გახადო.

– კი, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ამის განხორციელება რეალურია. არაკისზე ბევრი


ხარჯიანი ხიფათია. – იუემ დაშვებული ულვაში ჩამოივარცხნა, – მალე მამაშენი მოვა. სანამ მე
წავიდოდე, ეს მინდა გაჩუქო. ამას ჩალაგებისას წავაწყდი. – ბიჭსა და თავის შორის მაგიდაზე
საგანი დადო: შავი, მოგრძო, ზომით პოლის ცერის ზედა ფალანგს რომ არ აღემატებოდა.

პოლმა დახედა. იუემ შენიშნა, რომ ბიჭს მისკენ ხელი არ გაუწვდია, და გაიფიქრა, რა
ფრთხილიაო.

– ეს უძველესი ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიაა, კოსმოსურ მგზავრობებში თან წასაღები.


ფილმწიგნი კი არაა, ნამდვილ ბოჭკოვან ქაღალდზეა დაბეჭდილი. თან ახლავს
გამადიდებელი და

ელექტროსტატიკური მუხტის სისტემა. – წიგნი აიღო და უჩვენა, – წიგნი დახურულია


მუხტით, რომელიც ზამბარით დაკეტილ ყდას ებჯინება. კიდეს რომ დააჭერ – აი, ასე –
შერჩეული გვერდები ერთმანეთს განიზიდავს და წიგნი იშლება.

– რა პატარაა.
– მაგრამ შიგ ათას რვაასი გვერდია. კიდეს აჭერ, ასე, და მერე... მუხტი ყოველ დაჭერაზე თითო
გვერდს გადაშლის, როცა კითხულობ. თვითონ გვერდებს თითით არასოდეს შეეხო,
ბოჭკოვანი ქსოვილი ძალიან ნაზია, – წიგნი დახურა და პოლს გაუწოდა, – სცადე.

იუე უცქერდა, პოლი გვერდის პოვნის სისტემას რომ შეისწავლიდა, და ფიქრობდა: „ამით
სინდისს ვიმშვიდებ. რელიგიის ნუგეშს ვთავაზობ, სანამ ვუღალატებდე. ამგვარად, საკუთარ
თავს შემიძლია ვუთხრა, რომ იგი წავიდა იქ, სადაც მე ვერ მოვხვდები“.

– ეს ალბათ ფილმწიგნებამდე შეიქმნა, – თქვა პოლმა.

– კი, ძალიან ძველია. მოდი, ეს ჩვენს საიდუმლოდ დარჩეს, ჰო? შენმა მშობლებმა შეიძლება
ჩათვალონ, რომ ეს შენი ასაკის ადამიანისთვის ზედმეტად ძვირფასი საჩუქარია.

და იუემ გაიფიქრა: „დედამისი ნამდვილად შეიძლება დაინტერესდეს ჩემი მოტივებით“.

– და... – პოლმა წიგნი დახურა და ხელში ეჭირა, – თუ ასე ძვირფასი რამაა...

– ასიამოვნე ბერიკაცს, – უთხრა იუემ, – მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ეგ რომ მაჩუქეს, – და
გაიფიქრა: „მისი გონებაც უნდა დავაინტერესო, მხოლოდ დახარბება არ კმარა, – გადაშალე
ოთხას სამოცდამეშვიდე კალიმაზე, სადაც ნათქვამია: „წყალია დასაბამი ყოველი ცოცხალისა“.
ყდის კიდეზე მცირე ნაჭდევია, მაგ ადგილის მოსანიშნად“.

პოლმა ყდა მოსინჯა და ორი ნაჭდევი იპოვა, რომელთაგან ერთი უფრო ნაკლებად
იგრძნობოდა. ამ, უფრო მცირეს, დააჭირა და წიგნი ხელისგულზე გადაეშალა, გამადიდებელი
კი თავის ადგილზე ჩაცურდა.

– ხმამაღლა წაიკითხე, – უთხრა იუემ.

პოლმა ტუჩები მოილოკა და წაიკითხა:

– „დაფიქრდი იმაზე, რომ ყრუს არ ესმის. მაშ, განა არ შეიძლება, ყველას გვჭირდეს ერთგვარი
სიყრუე? რა

გრძნობები გვაკლია, რომ არ შეგვიძლია, დავინახოთ და ვისმინოთ ჩვენ გარშემო არსებული


სხვა სამყაროსი? რა გვაკრავს გარს, რასაც ჩვენ ვერ...

– კმარა! – შეუყვირა იუემ.

პოლმა კითხვა შეწყვიტა და შეაცქერდა.

იუემ თვალები დახუჭა და შეეცადა, დამშვიდებულიყო. რამ აიძულა წიგნი, ჩემი ვანას
საყვარელ ადგილზე გადაშლილიყო? თვალები გაახილა და დაინახა, პოლი რომ უმზერდა.

– რამე მოხდა? – ჰკითხა პოლმა.

– ბოდიშს ვიხდი, – უთხრა იუემ, – ეს... ჩემი... გარდაცვლილი ცოლის საყვარელი ადგილი იყო.
არ ვაპირებდი, მაგის წაკითხვა მეთხოვა. მახსენებს რაღაცებს, რაც... ტკივილს მგვრის.

– აქ ორი ნაჭდევია, – თქვა პოლმა.


„რასაკვირველია“, გაიფიქრა იუემ. „ვანამ თავისი ადგილი მონიშნა. ბიჭის თითები ჩემსაზე
მგრძნობიარეა და მისი ნაჭდევი იპოვა. შემთხვევით მოხდა, ესაა და ეს“.

– მგონია, რომ ეს წიგნი დაგაინტერესებს, – უთხრა იუემ, – მასში ბევრია ისტორიული


სიმართლე და დახვეწილი ეთიკური ფილოსოფია.

პოლმა ხელისგულზე დადებულ წიგნს დახედა – რა პატარა რამაა. არადა, რამდენ


საიდუმლოებას შეიცავს... რაღაც მოხდა, სანამ ამ წიგნის სტრიქონებს კითხულობდა. იგრძნო,
რომ რაღაცამ მისი საზარელი დანიშნულება გამოაფხიზლა.

– მამაშენი ახლა წუთი წუთზე შეიძლება შემოვიდეს, – უთხრა იუემ, – შეინახე წიგნი და, დრო
რომ გექნება, წაიკითხე.

პოლი კიდეზე შეეხო, როგორც იუემ აჩვენა. წიგნი თავისით დაიხურა. ბიჭმა ის პერანგში
ჩაიდო. წამით, როცა იუემ უყვირა, პოლს შეეშინდა, ალბათ, წიგნის დაბრუნებას მომთხოვსო.

– მადლობა საჩუქრისთვის, ექიმო იუე, – მიმართა ოფიციალურად, – ეს ჩვენს საიდუმლოდ


დარჩება. თუ ჩემგან გსურს რამე საჩუქრის მიღება, გთხოვ, მითხრა, არ მოგერიდოს.

– მე... არაფერი არ მჭირდება, – უთხრა იუემ.

და გაიფიქრა: „რატომ ვდგავარ აქ და თავს ვიტანჯავ? და ამ საბრალო ბიჭსაც ვტანჯავ... თუმცა


თვითონ ეს არ იცის. ეეჰ! წყეული იყვნენ ის ჰარკონენი მხეცები! თავიანთი საზიზღარი
საქმისთვის მე რატომ ამირჩიეს?“

6* * *
როგორ შევუდგეთ მუად’დიბის მამის შესწავლას? გასაოცარ სითბოს და გასაოცარ სიცივეს
ასხივებდა ჰერცოგი ლეტო ატრეიდესი. დიახ, ბევრი ფაქტია ისეთი, რომლებზე
დაყრდნობითაც შეიძლება, ამ ჰერცოგზე ვიმსჯელოთ: თუ რა ერთგულად უყვარდა თავისი
ბენე გესერიტი ქალბატონი; რა მომავალზე ოცნებობდა თავისი ძისათვის; რა თავდადებით
ემსახურებოდნენ ადამიანები. აი, ისიც: ბედისწერის მახეში გაბმული კაცი, ეული ფიგურა,
რომლის სხივიც მისი ძის დიდებით იჩრდილება. და მაინც, ესეც უნდა ვიკითხოთ: რა არის ძე,
თუ არა მამის გაგრძელება?

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: კომენტარები ოჯახის შესახებ“

პოლი უყურებდა, როგორ შემოვიდა მამამისი სავარჯიშო ოთახში, დაინახა, მცველები გარეთ,
კართან რომ ჩადგნენ. ერთმა კარი მიხურა. როგორც ყოველთვის, პოლმა იგრძნო მამამისის
მთლიანად იქ მყოფობის სიმყარე.

ტანმაღალ ჰერცოგს ზეთისხილისფერი კანი ჰქონდა. თხელი სახის უხეშ, დაკუთხულ


ნაკვთებს მხოლოდ ღრმა ნაცრისფერი თვალები ურბილებდა. შავი უნიფორმა ეცვა, მკერდზე
წითელი საგვარეულო ქორი ეხატა. წვრილ წელზე ხანგრძლივი ხმარებისგან გაშავებული
მოვერცხლილი ფარი-ქამარი ერტყა.
– ბევრს მუშაობ, შვილო? – ჰკითხა ჰერცოგმა.

ის გონიოს ფორმის მაგიდას მიუახლოვდა, ზედ გაშლილ ქაღალდებს დახედა, ოთახს მოატარა
მზერა და ისევ პოლს შეხედა. დაღლილი იყო და მთელი ძალით ცდილობდა, დაქანცულობა
არ დასტყობოდა. „არაკისამდე მგზავრობისას დასვენების ყველა შესაძლებლობა უნდა
გამოვიყენო“, გაიფიქრა. „არაკისზე დასვენებას არავინ გვაცლის“.

– ძალიან ბევრს არა, – მიუგო პოლმა, – ყველაფერი ისე... – მხრები აიჩეჩა.

– ჰო. აბა, ხვალ უკვე მივემგზავრებით. კარგი იქნება, ახალ სახლში რომ დავბინავდებით და
მთელ ამ არეულობას უკან მოვიტოვებთ.

პოლმა თავი დაუქნია, უეცრად ისევ ჩაესმა ღირსი დედის სიტყვები: „...მამისთვის – ვერა“.

– მამა, – მიმართა პოლმა, – არაკისი მართლაც ისე სახიფათო იქნება, როგორც ყველა ამბობს?

ჰერცოგმა თავი აიძულა, არხეინად გაექნია ხელი, მაგიდის კუთხეს მიუჯდა და გაიღიმა.
გონებაში ამოუტივტივდა ოსტატურად დაწყობილი სიტყვები – რაღაც ისეთი, რაც შეიძლება
ბრძოლის წინ თავისი ჯარისკაცებისთვის ეთქვა მათი შიშის გასაფანტავად. ოღონდ ეს წყობა
წარმოთქმამდე ერთადერთმა ფიქრმა დაარღვია:

„ეს ჩემი ძეა“.

– სახიფათო იქნება, – აღიარა.

– ჰავატი მეუბნება, ფრემენების თაობაზე გეგმა გვაქვსო, – თქვა პოლმა. და გაიფიქრა: „ნეტავ,
რატომ არ ვეუბნები, რა თქვა დედაბერმა? რით დამიბა ენა?“

ჰერცოგმა შენიშნა, შვილს რაღაც რომ აწვალებდა, და უთხრა:

– როგორც ყოველთვის, ჰავატი უმთავრეს შესაძლებლობას ხედავს. მაგრამ არსებობს სხვებიც,


ბევრად მეტი. მე ვხედავ პატიოსან უსტაბაშ ვაჭარ მოღვაწეთა ერთობასაც – პუვმე-ს კომპანიას.
რაკი არაკისი მე გადმომცა, მისი უდიდებულესობა იძულებულია, გადმოგვცეს პუვმე-ს
დირექტორობაც... ესეც რაღაც მონაპოვარია.

– პუვმე სუნელის მოპოვებას აკონტროლებს, – თქვა პოლმა.

– და არაკისი, თავისი სუნელით, ჩვენთვის ის გზაა, პუვმე-ში რომ შეგვიყვანს, – თქვა


ჰერცოგმა, – პუვმე კი მეტია, ვიდრე მელანჟი.

– ღირსმა დედამ თუ გაგაფრთხილა? – წამოისროლა პოლმა. ხელები მომუშტა, იგრძნო, რომ


ხელისგულები გაუოფლიანდა და სლიპინა გაუხდა. ამ კითხვის დასმა დიდ ძალისხმევად
დაუჯდა..

– ჰავატი მეუბნება, რომ მან ათასი გაფრთხილებით დაგაშინა, აქაოდა, არაკისზე ესა და ეს
გელისო, – უთხრა ჰერცოგმა, – არ დაუშვა, რომ ქალის შიშმა გონება დაგიბინდოს. არც ერთ
ქალს არ უნდა, მისთვის საყვარელ ადამიანს საფრთხე დაემუქროს. იმ გაფრთხილებების უკან
დედაშენი იდგა. ეს მისი ჩვენდამი სიყვარულის ნიშნად მიიღე.

– ფრემენებზე მანაც იცის?


– კი, და ბევრი სხვა რამეც იცის.

– რა?

და ჰერცოგმა გაიფიქრა: „სიმართლე შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე მას წარმოუდგენია,
მაგრამ საშიში ფაქტების ცოდნაც კი შეიძლება მარგებელი იყოს, თუ იცი, მათ როგორ
გაუმკლავდე. და თუ რამის სწავლა არ დაგვიკლია ჩემი ძისთვის, ეს სახიფათო ფაქტებთან
გამკლავებაა. ოღონდ ცოტა უნდა შევარბილო სიმართლე: ჯერ ყმაწვილია“.

– ცოტა საქონელია, რასაც პუვმე-ს ხელი არ სწვდება, – თქვა ჰერცოგმა, – ხე-ტყე, სახედრები,
ცხენები, შეშა, ნაკელი, ზვიგენები, ვეშაპის ტყავები – სრულიად ჩვეულებრივი რამ იქნება ეს
თუ უჩვეულო... ჩვენი საწყალი პანდი ბრინჯიც კი კალადანიდან; ყველაფერი, რასაც კი
გილდია გადაზიდავს: ეკაზის ხელოვნების ნიმუშები, რიჩესის და იქსის მანქანები. მაგრამ
მელანჟის გვერდით ყველაფერი ფასს კარგავს. ერთი მუჭა სუნელით შეგიძლია, ტუპაილზე
სახლი იყიდო. მას ვერ დაამზადებ, არაკისის მაღაროებში უნდა მოიპოვო. მისი მსგავსი სხვა
არაფერია და ნამდვილი გერიატრიული თვისებები აქვს.

– და ახლა ის ჩვენს ხელშია?

– გარკვეულწილად, ჰო. მაგრამ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა ის ოჯახი,


რომლებიც პუვმე-ს მოგებაზე არიან დამოკიდებული. და დაფიქრდი, ამ მოგების რამხელა
წილია დამოკიდებული ერთადერთ საქონელზე – სუნელზე. წარმოიდგინე, რა მოხდება,
ვინმემ სუნელის მოპოვება რომ შეამციროს.

– ვისაც კი მელანჟის მარაგი ექნება, მან შეიძლება, არნახული მოგება ნახოს, – მიუგო პოლმა, –
დანარჩენები მშრალზე დარჩებიან.

ჰერცოგმა წამით თავს უფლება მისცა, კუშტი კმაყოფილება ეგრძნო, ძეს რომ უცქერდა და
ფიქრობდა, რა გამჭრიახად, როგორ მართლაცდა საქმის ცოდნით დაასკვნაო. თავი დაუქნია.

– ჰარკონენები ოც წელიწადზე მეტ ხანს ქმნიდნენ მარაგს.

– ისინი აპირებენ, სუნელის მოპოვება შეფერხდეს და ამაში შენ დაგდონ ბრალი.

– მათ უნდათ, ატრეიდესებს სახელი გაუფუჭონ, – თქვა ჰერცოგმა, – გაიხსენე ლანდსრაადის


ის გვარები, რომლებიც ისე შემომცქერიან, როგორც ერთგვარ ლიდერს, როგორც მათ
არაოფიციალურ წარმომადგენელს. დაფიქრდი, რას იზამდნენ, ჩემ გამო გვარიანად რომ
შეუმცირდეთ შემოსავალი. საბოლოო ჯამში, კაცი, უპირველეს ყოვლის, თავის მოგებაზე
ზრუნავს. ჯანდაბას დიდი ხელშეკრულება! არავის აქვს უფლება, გაგაღატაკოს! – ჰერცოგს
პირი უხეშმა ღიმილმა მოუქცია, – მაშინ, რაც არ უნდა დამმართონ, ისინი ამას თვალს
აარიდებენ.

– თუნდაც ატომური იარაღით რომ შემოგვიტიონ?

– ეგეთი საშინელიც არაფერი მოხდება. ხელშეკრულება ასე აშკარად არ დაირღვევა. მაგრამ,


ამის გარდა, თითქმის ყველაფერს იკადრებენ... იქნებ, რადიაქტიური მტვერი ან მიწის
მოწამვლაც კი სცადონ.

– მაშინ რატომ ვყოფთ ამაში თავს?


– პოლ! – ჰერცოგმა შვილს წარბშეკვრით შეხედა, – როცა იცი, სადაა ხაფანგი, ეს პირველი
ნაბიჯია მისთვის გვერდის ავლის გზაზე. ეს ერთი-ერთზე ბრძოლას ჰგავს, შვილო, ოღონდ
უფრო დიდ მასშტაბებში – ფანდი ფანდში და კიდევ ფანდში... რასაც ბოლო არ უჩანს. ჩვენი
ამოცანაა, ეს კვანძი გამოვხსნათ. რაკი ვიცით, რომ ჰარკონენები მელანჟს იმარაგებდნენ, ახლა
მეორე კითხვა დავსვათ: კიდევ ვინ იმარაგებდა? და მტრების სიასაც მივიღებთ.

– ვინ?

– გარკვეული გვარები, რომლებზეც ვიცოდით, რომ გვმტრობდნენ, და ზოგიც ისეთი,


მეგობრები რომ გვეგონა. მაგრამ ამჯერად მათ ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან არის ერთი,
სხვებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი: ჩვენი საყვარელი ფადიშაჰ-იმპერატორი.

პოლმა სცადა, უცებ გამშრალ ყელში ნერწყვი გადასვლოდა.

– არ შეგიძლია, ლანდსრაადის კრება მოიწვიო, ამხილო...

– და ჩვენი მტერი გავაფრთხილოთ, რომ ვიცით, რომელ ხელს უპყრია მახვილი? ახლა, პოლ –
ახლა ვხედავთ ამ მახვილს. ვინ იცის, მერე სად შეიძლება გადაინაცვლოს? თუ ამ ამბავს
ლანდსრაადს გავუმჟღავნებდით, ეს მხოლოდ დიდ დაბნეულობას გამოიწვევდა. იმპერატორი
ამას უარყოფდა. ვინ გაბედავდა, პირზე დასდგომოდა? მხოლოდ სულ ცოტა დროს
მოვიგებდით, და სრული ქაოსის საშიშროებას შევქმნიდით. და მერე საიდან დაგვესხმოდნენ
თავს?

– ყველა ოჯახს შეეძლო სუნელის მომარაგების დაწყება.

– ჩვენს მტრებს ეს უკვე დაწყებული აქვთ და იმდენად წინ არიან, რომ ვერ დაეწევი.

– იმპერატორი, – წარმოთქვა პოლმა, – ანუ ეს სარდაუკარებთან ბრძოლას ნიშნავს.

– უეჭველია, ჰარკონენების ფორმებში იქნებიან გადაცმული, მაგრამ მაინც ისინი იქნებიან –


ჯარისკაცი-ფანატიკოსები.

– ფრემენებს სარდაუკარების წინააღმდეგ ჩვენი დახმარება რით შეუძლიათ?

– ჰავატმა სალუსა სეკუნდუსზე გიამბო?

– იმპერატორის ციხე-პლანეტაზე? არა.

– და თუ ის, უბრალოდ, ციხე არაა, პოლ? ერთ რამეს არასოდეს კითხულობენ იმპერატორის
სარდაუკარების კორპუსზე: საიდან მოდიან ისინი?

– ციხე-პლანეტიდან?

– საიდანღაც ხომ მოდიან?

– მაგრამ შემავსებელი რეკრუტები, რომელთა გაწვევასაც იმპერატორი უბრძანებს...

– სწორედ მაქეთ გვიბიძგებენ, რომ დავიჯეროთ: ისინი, უბრალოდ, იმპერატორის რეკრუტები


არიან, რომლებსაც ადრეული ასაკიდან და ძალიან კარგად წვრთნიან. ხანდახან აქა-იქ
შეიძლება ყური მოჰკრა ერთი-ორ სიტყვას საიმპერატორო ჯარის მწვრთნელებზე, მაგრამ
ჩვენი ცივილიზაციის ბალანსი უცვლელი რჩება: ერთ მხარეს დგას ლანდსრაადის დიდი
გვარების სამხედრო ძალა, მეორე მხარეს – სარდაუკარები და მათი შემავსებელი რეკრუტები.
და მათი შემავსებელი რეკრუტები, პოლ. სარდაუკარი კი სარდაუკარად რჩება.

– მაგრამ სალუსა სეკუნდუსზე არსებული ნებისმიერი ცნობით, იქაურობა ნამდვილი


ჯოჯოხეთია!

– ნამდვილად. მაგრამ რომ გინდოდეს უდრეკი, ძლიერი, დაუნდობელი ჯარისკაცების


გამოზრდა, საცხოვრებლად როგორ გარემოს შეურჩევდი?

– მასეთი ჯარისკაცების ერთგულება როგორ უნდა მოიპოვო?

– ბევრი ნაცადი გზა არსებობს: სხვებზე აღმატებულობის შეგნებით მანიპულირება,


საიდუმლო შეთქმულების მისტიკა, ერთად გადატანილი ტანჯვით შეძენილი აზროვნებისა
და შეგრძნებების სიმკვეთრე. ამის გაკეთება შესაძლებელია. ეგ ბევრჯერ გაკეთებულა
სხვადასხვა პლანეტაზე, სხვადასხვა დროს.

პოლმა თავი დაუქნია, მამის სახეს თვალს არ აცილებდა. გრძნობდა, ახლა რაღაც უნდა
გაცხადებულიყო.

– რაც შეეხება არაკისს, – წარმოთქვა ჰერცოგმა, – როცა ქალაქებს და გარნიზონის დასახლებებს


გასცდები, ისიც ზუსტად სალუსა სეკუნდუსივით საშინელი ადგილია.

პოლს თვალები გაუფართოვდა.

– ფრემენები!

– მათში სარდაუკარებზე არანაკლებ მძლავრი და სახიფათო საბრძოლო პოტენციალია


დაფარული. საჭირო იქნება მოთმინება, რათა ფარულად მიიმხრო და შენს სამსახურში
ჩააყენო ისინი, და სიმდიდრე, სათანადოდ რომ შეაიარაღო. მაგრამ ფრემენები არიან... და
სუნელის განძიც არის. ახლა ხომ ხვდები, რატომ მივდივართ არაკისზე, თუმცა ვიცით, რომ იქ
ხაფანგია.

– ჰარკონენებმა არ იციან ფრემენებზე?

– ჰარკონენები ფრემენებს აბუჩად იგდებდნენ, გასართობად ნადირობდნენ მათზე, მათი


დათვლითაც კი არასოდეს შეუწუხებიათ თავი. კარგად ვიცით, ჰარკონენებს რა პოლიტიკა
ჰქონდათ პლანეტის მოსახლეობასთან დაკავშირებით: მათ შესანახად, რაც შეიძლება, ნაკლები
უნდა დაიხარჯოს. – ჰერცოგმა სკამზე გვერდი რომ შეინაცვლა, მის მკერდზე დაქარგული
ქორის ლითონის ძაფებმა გაიბზინა , – გასაგებია?

– ჩვენ ფრემენებთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, – თქვა პოლმა.

– მე გავგზავნე მისია დუნკან აიდაჰოს მეთაურობით, – თქვა ჰერცოგმა, – ამაყი და


შეუბრალებელი კაცია, მაგრამ სიმართლის მოყვარული. ვფიქრობ, ფრემენები მისით
აღტაცებული დარჩებიან. თუ გაგვიმართლა, ჩვენზე მის მიხედვით შეექმნებათ წარმოდგენა –
დუნკან ზნეობრივის მიხედვით.

– დუნკან ზნეობრივი, – თქვა პოლმა, – და გურნი მხნე.


და პოლმა გაიფიქრა: გურნი ერთი მათგანია, ვისაც ღირსი დედა გულისხმობდა, სამყაროს
ბურჯი – „...მამაცთა სიმხნე“.

– გურნიმ მითხრა, რომ დღეს ფარიკაობისას იყოჩაღე, – უთხრა ჰერცოგმა.

– ჩემთვის ეგ არ უთქვამს.

ჰერცოგმა ხმამაღლა გაიცინა.

– ასეც ვფიქრობდი, რომ გურნი ქებით არ გაგანებივრებდა. ამბობს, რომ აღქმის სიზუსტე
გახასიათებს – ეს მისი სიტყვებია – ხმლის პირსა და წვეტს შორის განსხვავებას აცნობიერებ.

– გურნი ამბობს, წვეტით მოკვლას დიდი ოსტატობა არ სჭირდება, რომ მთავარია, პირითაც
შეგეძლოს.

– გურნი რომანტიკოსია, – ჩაიბუზღუნა ჰერცოგმა. შვილის ლაპარაკმა მოკვლის შესახებ უცებ


შეაშფოთა, – ის მირჩევნია, მოკვლა არასოდეს დაგჭირდეს... მაგრამ, თუ გიწევს, ისე შვრები,
როგორც მოგიხერხდება – გინდ წვეტით, გინდ პირით. – ახედა ჭერის სარკმლებს, რომლებსაც
წვიმა უშხაპუნებდა.

პოლმა მამის მზერას გააყოლა თვალი და იფიქრა, ახლა იქ, გარეთ, ცას წყალი სდისო – ასეთ
რამეს, როგორც ჩანს, არაკისზე ვერასოდეს ნახავდი. მისი ფიქრები ცის მიღმა გაშლილ
კოსმოსს გადასწვდა.

– გილდიის ხომალდები მართლაც დიდებია? – ჰკითხა მამას.

ჰერცოგმა შვილს შეხედა.

– ეს შენი პირველი პლანეტათაშორისი მოგზაურობა იქნება. ჰო, დიდებია. ჩვენ ჰაილაინერით


წავალთ, იმიტომ რომ ხანგრძლივი მგზავრობა გველის. ჰაილაინერი მართლაც რომ დიდია.
ყველა ჩვენი ფრეგატი და ტრანსპორტი მის ერთ კუთხეში დალაგდება – ჩვენ ხომალდის
ტვირთის მხოლოდ მცირე ნაწილი ვიქნებით.

– და ჩვენი ფრეგატებიდან გასვლა არ შეგვეძლება?

– ესაა ფასის ნაწილი, რასაც შენ გილდიას უსაფრთხოებისთვის უხდი. ჩვენ გვერდით
შეიძლება ჰარკონენების ხომალდები იდგეს და ჩვენ მაინც შიში არაფრის გვქონდეს.
ჰარკონენები არაფრით არ იზამენ ისეთ რამეს, რაც მათ გადაზიდვას და მგზავრობას
გაურთულებდა.

– მე ვაპირებ, ჩვენს ეკრანებს დავაკვირდე და ვცადო, რომელიმე გილდიელს მოვკრა თვალი.

– ვერ მოჰკრავ. გილდიელი მათ აგენტებსაც კი თვალით არ უნახავთ. გილდია თავის


განკერძოებას ისევე გულმოდგინედ იცავს, როგორც მონოპოლიას. ნურაფერს იზამ ისეთს, რაც
მგზავრობას გაგვირთულებს, პოლ.

– როგორ გგონია, იმიტომ იმალებიან, რომ ისინი მუტაციამ შეცვალა და აღარ ჰგვანან...
ადამიანებს?
– ვინ იცის? – ჰერცოგმა მხრები აიჩეჩა, – ეს ის საიდუმლოა, რომელსაც, ალბათ, ვერ გავიგებთ.
თუმცა, ამაზე უფრო ადრე მოსაგვარებელი პრობლემებიც ბლომად გვაქვს, მაგალითად, შენ.

– მე?

– დედაშენს უნდოდა, რომ მე მეთქვა შენთვის, შვილო. იცი, შესაძლოა, მენტატის ტალანტი
გქონდეს.

პოლი მამას მიაშტერდა, წუთით ხმაც ვერ ამოიღო.

– მენტატი? მე? მაგრამ მე... – წარმოთქვა მერე.

– ჰავატიც ასე ფიქრობს, შვილო.

– მაგრამ მე მეგონა, რომ მენტატის წვრთნა ბავშვობაში უნდა დაიწყოს და თავად ობიექტს
არაფერი უნდა უთხრან, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს ადრეული... – სიტყვა გაუწყდა,
წარსულის ეპიზოდები უეცრად შეერთდა და ერთ საბოლოო პასუხად განათდა, – გასაგებია, –
თქვა.

– დგება დღე, – უთხრა ჰერცოგმა, – როცა შესაძლო მენტატმა უნდა გაიგოს, რა კეთდებოდა.
ამის მერე შესაძლოა, წვრთნა აღარ გაგრძელდეს. მენტატი უნდა ჩაერთოს გადაწყვეტილების
მიღებაში: განაგრძოს წვრთნა, თუ მიატოვოს. ზოგს შეუძლია, განაგრძოს; ზოგს ამის უნარი არა
აქვს. ამის თქმა თავის თავზე მხოლოდ შესაძლო მენტატს ხელეწიფება.

პოლმა ნიკაპი მოისრისა. მთელი ეს განსაკუთრებული წვრთნა, ჰავატისა და დედამისისგან


რომ ჰქონდა: მნემონიკა, აღქმის ფოკუსირება, კუნთების კონტროლი და მგრძნობელობის
გაფაქიზება, ენების სწავლა და ხმების ნიუანსები – მის გონებაში ყველაფერი ახლებურად
მიეწყო და მოერგო ერთმანეთს.

– ოდესმე ჰერცოგი იქნები, შვილო, – უთხრა მამამ, – მენტატი ჰერცოგი მართლაც


დაუძლეველი ვინმე იქნება. ახლავე გადაწყვეტ... თუ დრო გჭირდება?

პოლის პასუხში ყოყმანის ნასახიც არ იყო.

– განვაგრძობ წვრთნას.

– მართლაც დაუძლეველი, – ჩაიბუტბუტა ჰერცოგმა და პოლმა მამას სიამაყის ღიმილი


შენიშნა. ამ ღიმილმა შეძრა იგი: ღიმილმა ჰერცოგის ვიწრო ნაკვთები თავის ქალას დაამსგავსა.
პოლმა თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ საზარელი დანიშნულება კვლავ შეიძრა მის
არსებაში. იქნებ, მენტატად ყოფნაა საზარელი დანიშნულებაო, გაიფიქრა.

მაგრამ ეს ფიქრი ჯერ არც დაესრულებინა, რომ მისმა ახალმა ხედვამ უარყო იგი.

7* * *
ლედი ჯესიკას და არაკისის შემთხვევაში მისიონარია პროტექტივას მეშვეობით ლეგენდების
ჩანერგვის ბენე გესერიტისეული სისტემა სრულად განხორციელდა. ბენე გესერიტის წევრთა
დაცვის მიზნით ცნობილ სამყაროში წინასწარმეტყველური ქარგის თესლების ჩაგდების
გონივრული გზა უძველესი დროიდან იყო აღიარებული, მაგრამ არასოდეს გვინახავს ასეთ ut-
extremis ვითარებაში პიროვნებისა და მომზადების ესოდენ იდეალური შეწყვილება.
არაკისზე წინასწარმეტყველური ლეგენდები მიღებული ტერმინების დონეზე იქნა ჩატანილი
(მათ შორის: ღირსი დედა, კანტო და რესპონდუ და შარი-ას პანოპლია პროფეტიკუსის დიდი
წილი). და დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ლედი ჯესიკას ფარული
შესაძლებლობები სათანადოდ შეუფასებელი რჩებოდა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „ანალიზი: არაკისის კრიზისი“ [საიდუმლო მოხმარებისთვის:


ბ.გ. კარტოთეკის ნომერი არ-81088587]

ლედი ჯესიკას გარშემო მთელი მათი ცხოვრების ბარგს მოეყარა თავი – ზოგი არაკენის დიდი
დარბაზის კუთხეებში ელაგა, ზოგიც შუა გასასვლელში იყო დახორავებული, შეკრული თუ
უკვე სანახევროდ გახსნილი: ყუთები, სკივრები, კოლოფები, ჩანთები... ესმოდა, გილდიის
შატლის მტვირთავები კართან მორიგ ნაწილს რომ დებდნენ.

ჯესიკა შუა დარბაზში იდგა. ნელა შემობრუნდა წრეზე, მაღლა თვალაპყრობილმა მზერა
შემოატარა ჩრდილებში ჩაკარგულ ნაჩუქურთმევ ხეს, ბზარებს და ღრმად შესმულ
სარკმელებს. სიძველის ამ გოლიათურმა გადმონაშთმა, არაკენის დიდი დარბაზი რომ ერქვა,
ბენე გესერიტის სკოლის დების დარბაზი მოაგონა. მაგრამ სკოლაში დარბაზს სითბოს
შეგრძნება ახლდა. აქ კი გარემო შიშველი ქვისა იყო.

ამ კონტრფორსებიანი კედლების და მუქი ფარდების შესახამებლად ვიღაც არქიტექტორს


შორეულ წარსულში უჩხრეკიაო, გაიფიქრა. თაღოვანი ჭერი ორი სართულის სიმაღლიდან
დასცქეროდა, მისი ვეება განივი კოჭების არაკისზე ჩამოტანაში კი ნამდვილად საარაკო ფასი
იყო გადახდილი. აქეთა სისტემაში არც ერთ პლანეტაზე არ იზრდებოდა ხეები,
რომლებისგანაც ასეთ კოჭებს დაამზადებდი – თუ ეს ხის იმიტაცია არ იყო.

ჯესიკა ფიქრობდა, რომ არ იყო.

ეს სახლი ძველი იმპერიის დროს მთავრობის სასახლედ ააშენეს. მაშინ ფასს მნიშვნელობა არ
ჰქონდა. ის აქ მანამდე იდგა, სანამ ჰარკონენები მოვიდოდნენ და ააშენებდნენ თავიანთ
მეგაპოლისს, იაფფასიან,

უგემოვნო კართაგს აქედან ორასიოდე კილომეტრზე, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ,


ნამსხვრევების მხარის იქით. ლეტო ბრძნულად მოიქცა, თავისი მთავრობის სამყოფელად ეს
ადგილი რომ აირჩია. სახელი „არაკენი“ კარგად ჟღერდა, მას ტრადიციები უკავშირდებოდა.
თანაც, ეს უფრო პატარა ქალაქი იყო, მისი გაწმენდა და დაცვა უფრო იოლი იქნებოდა.

ისევ მოისმა შემოსასვლელთან ჩამოცლილი ყუთების ბრახუნი. ჯესიკამ ამოიოხრა.

მის მარჯვნივ, კოლოფზე, ჰერცოგის მამის პორტრეტი იყო მიყუდებული. შესაფუთი ბაწარი
ზედ გაცვეთილ მორთულობასავით ეკონწიალებოდა. ბაწრის ნაგლეჯს ჯესიკა ჯერაც
მარცხენა ხელში ბღუჯავდა. ნახატის გვერდით გაპრიალებულ ფიცარზე დაკრული შავი
ხარის თავი იდო. თავი მუქ კუნძულად მოჩანდა დაჭმუჭნილი ქაღალდების ზღვაში. ფიცარი
ბრტყლად იდო იატაკზე და ხარის პრიალა დრუნჩი ჭერისკენ იყო აპყრობილი, თითქოს
ცხოველი, საცაა, გამომწვევად შებღავლებდა ოთახს, რომლის კედლებიც ექოს გამოსცემდა.
ჯესიკამ გაიფიქრა, ნეტავ, რამ მაიძულა, პირველად ეს ორი რამ გამეხსნაო – თავი და სურათი.
ხვდებოდა, ამ საქციელში რაღაც სიმბოლური იდო. ასეთი შეშინებული და საკუთარ თავში
დაეჭვებული იმ დღის მერე არ ყოფილა, რაც ჰერცოგის მყიდველებმა სკოლიდან წამოიყვანეს.

თავი და სურათი.

ამათ შფოთი გაუძლიერეს. ჯესიკას გააჟრჟოლა და შორს, ჭერთან დატანებულ ვიწრო


ფანჯრებს ახედა. ჯერაც ადრიანი შუადღე იდგა და ამ განედებზე ცა მაინც შავი და ცივი ჩანდა
– კალადანის თბილ ლაჟვარდზე ბევრად უფრო მუქი. სახლის მონატრებამ გული დაუკოდა.

„რა შორსაა აქედან კალადანი“.

– კიდევაც ჩამოვედით! – ეს ჰერცოგ ლეტოს ხმა იყო.

ჯესიკა შეტრიალდა, დაინახა, როგორ მოუყვებოდა ჰერცოგი თაღებიან ტალანს სასადილო


დარბაზისკენ. შავი უნიფორმა, მკერდზე ამოქარგული წითელი ქორით, მტვრიანი და
დაჭმუჭნილი ჰქონდა.

– შენზე ვიფიქრე, ამ საშინელ ადგილას გზა არ დაებნეს-მეთქი, – უთხრა მან ჯესიკას.

– რა ცივი სახლია, – გაეპასუხა ჯესიკა. მის მაღალ სხეულს ააყოლა თვალი, შეხედა
ზეთისხილისფერ სახეზე, რომელმაც ჩრდილიანი კორომები და ლურჯ წყალზე არეკლილი
ოქროვანი მზე მოაგონა. თვალების ნაცრისფერში კოცონის კვამლის სილბო ედგა, მაგრამ სახე
მტაცებლური ჰქონდა: გამხდარი, მკვეთრი კუთხეებითა და ხაზებით.

ანაზდად შეეშინდა მისი. რა ველური, ფიცხელი გახდა მას მერე, რაც გადაწყვიტა,
იმპერატორის ბრძანებას დამორჩილებოდა.

– თითქოს მთელი ქალაქი ცივია, – უთხრა ჰერცოგს.

– ბინძური და მტვრიანი, გარნიზონის სადგომი ქალაქია, – დაეთანხმა ის, – მაგრამ ჩვენ


აქაურობას შევცვლით, – დარბაზში მიმოიხედა, – ეს ოფიციალური დანიშნულების საჯარო
ოთახებია. მე უკვე შევათვალიერე სამხრეთი ფრთა ოჯახის საცხოვრებლად. ის ოთახები
გაცილებით სასიამოვნოა, – მიუახლოვდა და მკლავზე შეეხო, ქალის დიდებულებით
ტკბებოდა.

და ისევ გაიფიქრა, ნეტავ, ვინ არიან მისი უცნობი მშობლებიო – იქნებ, რომელიმე მოღალატე
გვარის შვილია? რომელიმე განკიცხული სამეფო ოჯახის? იმპერატორის ჩამომავლებზე
უფრო მეფური გარეგნობა ჰქონდა.

მისი დაჟინებული მზერით შემკრთალი ჯესიკა ნახევრად შებრუნდა და მისკენ პროფილით


დადგა. და ჰერცოგი მიხვდა, რომ რომელიმე ერთი და განსაზღვრული ნაკვთი არ იყო მისი
სილამაზის მიზეზი. ოვალური სახე ჰქონდა, თმაზე გაპრიალებული ბრინჯაოს ფერი
დაჰკრავდა. კალადანის დილის ცასავით მწვანე და კრიალა თვალები შორიშორს ეჯდა, პატარა
ცხვირი და ფართო, მსხვილი ბაგე ჰქონდა. ტანადი იყო, მაგრამ თხელი, ფორმათა სისავსით
ვერ დაიკვეხნიდა.

ჰერცოგს გაახსენდა, რომ და-აღსაზრდელები მას გაჩხინკულს ეძახდნენ – ასე მოახსენეს


სკოლაში მის საყიდლად წარგზავნილებმა. მაგრამ ეს ძალიან გამარტივებული აღწერა იყო.
ჯესიკამ ატრეიდესების გვარში მეფური სილამაზე დააბრუნა. ჰერცოგს უხაროდა, რომ პოლი
დედას დაემსგავსა.

– სადაა პოლი? – ჰკითხა ქალს.

– სადღაც სახლშია, იუესთან მეცადინეობს.

– ალბათ, სამხრეთ ფრთაში იქნებიან, – თქვა ჰერცოგმა, – მგონი, იუეს ხმა გავიგონე, მაგრამ ვერ
მოვიცალე, რომ შემეხედა, – ჯესიკას დახედა და შეყოყმანდა, – აქაც მხოლოდ იმისთვის
შემოვედი, რომ სასადილო დარბაზში კალადანის ციხესიმაგრის გასაღები დავკიდო.

ჯესიკამ სუნთქვა შეიკრა და თავი შეიკავა, მისკენ ხელი რომ არ გაეწვდინა. გასაღების
დაკიდება – ეს საბოლოო გადაწყვეტილებას, წერტილის დასმას ნიშნავდა. მაგრამ აქ ნუგეშის
დრო და ადგილი არ იყო.

– რომ შემოვედით, სახლზე ჩვენი დროშა დავინახე, – თქვა ამის ნაცვლად.

ჰერცოგმა მამის სურათს დახედა.

– ამის დაკიდებას სად აპირებდი?

– სადმე აქ.

– არა, – ეს გადაჭრით და საბოლოოდ იყო ნათქვამი და ჯესიკა მიხვდა, რომ შეეძლო, მის
დასარწმუნებლად ეშმაკობა ეხმარა, მაგრამ შეუფარავი გადარწმუნების მცდელობა არ
გაჭრიდა. და მაინც უნდა ეცადა, თუნდაც ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეხსენებად
გამოსდგომოდა: „მასთან ხრიკებს არ მივმართავ“.

– მილორდ, – უთხრა, – შენ რომ...

– პასუხი მაინც „არა“ იქნება. ძალიან ბევრ რამეში სრულიად სამარცხვინოდ გითმობ, მაგრამ
ამაში არა. სწორედ ახლა გამოვედი სასადილო დარბაზიდან, სადაც...

– მილორდ! გთხოვ.

– არჩევანი ასეთია: ან შენი მადა, ან ჩემი გვარის ღირსება, ძვირფასო, – უთხრა ჰერცოგმა, –
ამათ სასადილო დარბაზში დავკიდებთ.

ჯესიკამ ამოიოხრა.

– დიახ, მილორდ.

– შეგიძლია, შენს ოთახებში სადილობის ჩვევა აქაც განაახლო, როგორც კი ეს შესაძლებელი


იქნება. მხოლოდ ოფიციალურ მიღებებზე მოველი,რომ სათანადო ადგილას იჯდე.

– მადლობა, მილორდ.

– და ნუ გახდები ჩემთან ასეთი ცივი და ოფიციალური! მადლობა თქვი, რომ შენზე არ


ვიქორწინე, ძვირფასო. მაშინ შენი მოვალეობა იქნებოდა, ყოველი წახემსებისას ჩემს მაგიდას
მოსჯდომოდი.
ჯესიკამ უძრავი გამომეტყველებით დაუქნია თავი.

– ჰავატმა სასადილო მაგიდაზე უკვე დააყენა ჩვენი შხამის დეტექტორი, – თქვა ჰერცოგმა, –
შენს ოთახში გადასატანი დეტექტორი იქნება.

– შენ მოელოდი ამ... უთანხმოებას.

– ძვირფასო, მე ხომ ვზრუნავ, შენთვის აქ ცხოვრება მოსახერხებელი იყოს. მსახურები


დავიქირავე. აქაურები არიან, მაგრამ ჰავატმა აარჩია – ყველანი ფრემენები არიან. ისინი
დაგვეხმარებიან, სანამ ჩვენები სხვა მოვალეობებისგან გათავისუფლდებიან.

– შეიძლება, ვინმე აქაური მართლა სანდო იყოს?

– ნებისმიერი, ვისაც კი ჰარკონენები ეჯავრება. შეიძლება, მოგინდეს, მთავარი მნეც კი


დაიტოვო: შედაუტ მეიპსი.

– შედაუტ, – გაიმეორა ჯესიკამ, – ფრემენული ტიტულია?

– როგორც მითხრეს, ეს ნიშნავს „ჭის ხაპიას“, ამ შინაარსს აქ საკმაოდ ღრმა დატვირთვა აქვს.
იქნებ, როგორც მსახურის ტიპაჟმა, დიდად ვერ მოგხიბლოს, მაგრამ ჰავატი, დუნკანის
ანგარიშზე დაყრდნობით, მას საუკეთესო შეფასებას აძლევს. ისინი დარწმუნებული არიან,
რომ ამ ქალს სურს, გვემსახუროს – კერძოდ, შენ გემსახუროს.

– მე?

– ფრემენებმა შეიტყვეს, რომ ბენე გესერიტი ხარ. აქ ბენე გესერიტზე ლეგენდები აქვთ.

„მისიონარია პროტექტივა“, გაუელვა ჯესიკას. ისინი ხომ ყველგან აღწევენ.

– ეს ნიშნავს, რომ დუნკანმა საქმეს თავი გაართვა? ფრემენები ჩვენი მოკავშირეები იქნებიან?

– დანამდვილებით ვერაფერს იტყვი, – მიუგო ჰერცოგმა, – დუნკანი ფიქრობს, რომ ისინი


ერთხანს დაგვაკვირდებიან. ოღონდ უკვე დაგვპირდნენ, რომ ზავის განმავლობაში ჩვენი
განაპირა დასახლებების რბევას შეწყვეტენ. ეს იმაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვიდრე
შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰავატი ამბობს, ფრემენები ჰარკონენებს დიდ ეკლად
ეჩხირებოდათ და მათგან მიყენებული ზიანის მოცულობა საიდუმლოდ ინახებოდაო. სულაც
არ იყო საჭირო, იმპერატორს შეეტყო, ჰარკონენების სამხედრო ძალა ფრემენებს ვერ
უმკლავდებაო.

– ფრემენი მნე ქალი, – დაფიქრდა ჯესიკა, ისევ შადაუტ მეიპსს მიუბრუნდა, – ერთიანად
ლურჯი თვალები ექნება.

– ამ ხალხის გარეგნობა ნუ შეგაცდენს. ულევი ძალა და ჯანსაღი სიცოცხლისუნარიანობა


მოსდგამთ. მგონი, სწორედ ისინი არიან, ჩვენ რომ გვჭირდება.

– სახიფათო თამაშია, – უთხრა ჯესიკამ.

– მოდი, მაგაზე ნუღარ დავიწყებთ, – გაეპასუხა ჰერცოგი.

ჯესიკამ ძალდატანებით გაიღიმა.


– მასში უკვე ჩართულები ვართ, ეს უეჭველია, – დამშვიდების სწრაფი სავარჯიშო გააკეთა:
ორი ღრმა ჩასუნთქვა, საჭირო გამონათქვამის გააზრება, და განაგრძო: – ოთახებს რომ
გავანაწილებ, არის რომელიმე, რომელიც გინდა, შენთვის დაიტოვო?

– ერთხელაც უნდა მასწავლო, მაგას როგორ აკეთებ. საფიქრალს გვერდზე გადადებ და


გასაკეთებელ საქმეს მიუბრუნდები. ალბათ, ბენე გესერიტის ილეთია?

– ქალის ილეთია, – მიუგო ჯესიკამ.

ჰერცოგმა გაიღიმა.

– კარგი, რაც შეეხება ოთახების განაწილებას... იზრუნე, რომ ჩემი საძინებლების გვერდით
დიდი კაბინეტი იყოს. აქ ქაღალდებთან მეტი სამუშაო მექნება, ვიდრე კალადანზე.
რასაკვირველია, მჭირდება მცველთა ოთახი. მგონი, მეტი არაფერი. სახლის უსაფრთხოებაზე
არ იდარდო, ჰავატის ხალხმა საგულდაგულოდ გადაჩხრიკა.

– დარწმუნებული ვარ, იზამდნენ.

მან მაჯის საათზე დაიხედა.

– და, იქნებ, შეგეხედა, რომ ყველა ჩვენი დროის აღმრიცხველი არაკენის ადგილობრივ დროზე
გასწორდეს. მაგ საქმისთვის ტექნიკოსი დავნიშნე, ისიც მალე გეახლება, – ქალს შუბლიდან
ჩამოშლილი თმა გადაუწია, – ახლა კი აეროდრომზე უნდა დავბრუნდე. წუთი წუთზე მეორე
შატლი უნდა დაჯდეს, ჩემი მომსახურეების ბარგით.

– ჰავატი ვერ დახვდებოდა, მილორდ? ძალიან დაღლილი ჩანხარ.

– კეთილი თუფეა ჩემზე მეტად მოუცლელია. ხომ იცი, ეს პლანეტა ჰარკონენების


ინტრიგებითაა მოცული. თანაც, უნდა ვცადო, რამდენიმე გაწაფულ სუნელის მაძიებელს
წასვლა გადავაფიქრებინო. ხომ იცი, ფეოდის მფლობელის შეცვლისას ისინი თვითონ წყვეტენ,
დარჩნენ თუ არა; ის პლანეტოლოგი კი, იმპერატორმა და ლანდსრაადმა რომ დანიშნეს
ცვლილების მსაჯულად, მოუსყიდავია. ჰოდა, ამ არჩევანის უფლებას იძლევა. ახლა
დაახლოებით რვაასი გაწაფული მუშახელი ელოდება კოსმოსურ შატლს, რომ აქედან
წავიდნენ, შორიახლო კი გილდიის სატვირთო ხომალდი დგას.

– მილორდ... – ყოყმანით წამოიწყო ჯესიკამ და სიტყვა გაწყვიტა.

– ჰო?

„მაინც ვერ დავაჯერებ, ნუღარ ცდილობს, ეს პლანეტა ჩვენთვის უხიფათო გახადოს“.

– რა დროისთვის გინდა, რომ სადილი მზად იყოს? – ჰკითხა ჯესიკამ.

ამის თქმას არ აპირებდაო, გაიფიქრა ჰერცოგმა ლეტომ. „აჰჰ, ჩემი ჯესიკა, ნეტავ, სადმე სხვაგან
ვიყოთ, სულერთია, სად, ოღონდ ამ საშინელი ადგილიდან შორს – მარტო მე და შენ,
უზრუნველები“.

– ოფიცრების სასადილოში შევჭამ, მოედანზე. გვიანობამდე ვერ დავბრუნდები. და... ჰო, პოლს
დაცვის მანქანას გამოვუგზავნი. მინდა, ჩვენს სტრატეგიის განმსაზღვრელ კონფერენციას
დაესწროს.
ხმა ჩაიწმინდა, თითქოს კიდევ რაღაც უნდა თქვასო, მერე უთქმელად შეტრიალდა და სწრაფი
ნაბიჯით გავიდა, გასასვლელისკენ გაემართა, საიდანაც ჯესიკას ყურს ახალი ყუთების
ჩამოტვირთვის ხმაური სწვდებოდა. ერთხელ იქიდანაც მოესმა მისი ხმა, მბრძანებლური და
ქედმაღალი – ჰერცოგი მსახურებს მუდამ ასე ელაპარაკებოდა, როცა ჩქარობდა:

– ლედი ჯესიკა დიდ დარბაზშია. ახლავე მიდი მასთან.

გარეთ გასასვლელი კარი გაჯახუნდა.

ჯესიკა შებრუნდა და ლეტოს მამის სურათის პირისპირ აღმოჩნდა. ის სახელგანთქმულმა


მხატვარმა, ელბიმ, დახატა, როცა წინა ჰერცოგი შუახნის იყო. პორტრეტზე ის მატადორის
კოსტიუმით იყო გამოსახული, მარცხენა მკლავზე ჟოლოსფერი მოკლე მოსასხამი ეფინა. სახე
ახალგაზრდისა ჰქონდა, ახლანდელ ლეტოზე ხნიერი არ ჩანდა, და იმავე ქორული ნაკვთებით,
იმავე რუხი მზერით შემოსცქეროდა. ჯესიკამ გვერდებზე დაშვებული ხელები მომუშტა,
ნახატს მიაჩერდა.

– წყეულიმც იყავ! წყეული! წყეული! – დაიჩურჩულა.

– რას მიბრძანებ, კეთილშობილო?

ქალის ხმა იყო, წვრილი, გაწელილი.

ჯესიკა შეტრიალდა და დახედა დაკორძილ, ჭაღარათმიან ქალს, ყმის შესაფერი ყავისფერი


ჯვალოს უფორმო კაბა რომ ეცვა. ეს ქალიც ისეთივე დაჭმუჭნილი და გამომშრალი იყო,
როგორიც ნებისმიერი იმ ბრბოდან, იმ დილით აეროდრომიდან მომავლებს გზად რომ
ესალმებოდა. ყველა აქაური, ვინც კი ენახა, დაჩამიჩებული და ნაშიმშილარი ჩანდა. მაგრამ
ლეტომ თქვა, ძლიერები და სიცოცხლისუნარიანები არიანო. და ეს თვალებიც ბევრ რამეს
ამბობდა: უძირო, ჩამუქებული სილურჯე, მისხალი სითეთრის გარეშე – იდუმალი,
გამოუცნობი. ჯესიკამ თავი შეიკავა, რომ არ მიშტერებოდა.

ქალმა სულ ოდნავ დაუკრა თავი და უთხრა:

– მე შადაუტ მეიპსს მეძახიან, კეთილშობილო. რას მიბრძანებ?

– შეგიძლია, მომმართო ასე: „მილედი“, – უთხრა ჯესიკამ, – კეთილშობილი არ ვარ. მე ჰერცოგ


ლეტოს თანამესარეცლე გახლავარ.

ქალმა იმავე უცნაური თავის დაკვრით უპასუხა, ჯესიკას ახედა და შემპარავად ჰკითხა:

– ანუ ცოლი სხვა ჰყავს?

– არა, არ ჰყავს, და არც ჰყოლია. მე ჰერცოგის ერთადერთი... პარტნიორი ვარ, მისი


აღიარებული მემკვიდრის დედა.

ჯერ ლაპარაკი არც კი დაემთავრებინა, რომ ჯესიკას გულში გაეცინა საკუთარი სიტყვების
მიღმა მიმალულ ამპარტავნებაზე. „როგორ ამბობდა წმინდა ავგუსტინე?“ ჰკითხა თავის თავს.
„გონება უბრძანებს სხეულს და ის ემორჩილება. გონება უბრძანებს თავის თავს და
წინააღმდეგობას აწყდება“. ჰო, ბოლო დროს სულ უფრო მეტი წინააღმდეგობა მხვდება. ჯობია,
მშვიდად დავიხიო უკან“.
გარედან უცნაური ძახილი მოისმა, რომელიც მეორდებოდა. ვიღაც გზაზე იძახდა:

– სუუ-სუუ-სუუკ! სუუ-სუუ-სუუკ! – მერე: – იკუტ-ეი! იკუტ-ეი! და კვლავ: – სუუ-სუუ-სუუკ!

– ეს რა არის? – ჰკითხა ჯესიკამ, – ამ დილით, ქუჩები რომ გამოვიარეთ, ეს ხმა რამდენჯერმე


გავიგონე.

– წყლის გამყიდველია, მეტი არაფერი, მილედი. მაგრამ ეგეთებთან საქმის დაჭერა არ


მოგიწევს. აქაურ ავზში ორმოცდაათი ათასი ლიტრი ეტევა და მუდამ სავსეა, – კაბაზე
დაიხედა, – ხედავ, მილედი, აქ სარწყულიც კი არ მაცვია?! – ჩაიხითხითა მან, – და მკვდარიც
არ ვარ!

ჯესიკა შეყოყმანდა. უნდოდა, ეს ფრემენი ქალი გამოეკითხა, მისგან მიეღო ცნობები,


რომლებიც გზის გაკვლევაში დაეხმარებოდა. მაგრამ არეული სასახლის მოწესრიგება უფრო
მნიშვნელოვანი იყო. და მაინც, ააფორიაქა ფიქრმა, აქ სიმდიდრის უმთავრესი საზომი
წყალიაო.

– ჩემმა ქმარმა მითხრა შენი წოდების შესახებ, შადაუტ, – უთხრა ჯესიკამ, – ვიცანი ეგ სიტყვა.
ძალიან ძველი სიტყვაა.

– ესე იგი, ძველი ენები იცი? – ჰკითხა მეიპსმა და უცნაურად დაძაბული დაელოდა პასუხს.

– ენებს ბენე გესერიტი უპირველეს ყოვლის შეისწავლის, – უთხრა ჯესიკამ, – ბოტანი ჯიბი და
ჩაკობსა ვიცი, ყველა მონადირული ენა.

მეიპსმა თავი დაუქნია.

– სწორედ ისე, როგორც ლეგენდა იუწყება.

და ჯესიკამ გაიფიქრა: „რატომ ვმონაწილეობ ამ თვალთმაქცობაში?“ მაგრამ მრუდე იყო ბენე


გესერიტის გზები და თავის ნებაზე გატარებდა.

– ვიცი ბნელ საგანთა მეტყველება და დიდი დედის სწავლება, – თქვა ჯესიკამ. მეიპსის
ქმედებასა და გარეგნობაში უფრო ცხადად შენიშნა რაღაც-რაღაცების გამცემი ნიშნები, –
მისეცეს პრეია, – წარმოთქვა ჩაკობსურად, – ანდრალ ტრე პერა! ტრადა ციკ ბუსკაკრი მისეცეს
პერაკრი...

მეიპსმა უკან გადადგა ნაბიჯი, თითქოს გაქცევას აპირებსო.

– ბევრი რამ ვიცი, – განაგრძო ჯესიკამ, – ვიცი, რომ შვილები შობე, რომ დაკარგე ისინი, ვინც
გიყვარდა, რომ შიშით შეპყრობილი იმალებოდი და გიძალადია, ისიც ვიცი, რომ კვლავაც
იძალადებ. ბევრი რამ ვიცი.

– შენი წყენინება არ მინდოდა, მილედი, – ხმადაბლა წარმოთქვა მეიპსმა.

– ლეგენდაზე მელაპარაკები და პასუხებს ეძებ, – უთხრა ჯესიკამ, – უფრთხილდი პასუხებს,


რომლებიც შეიძლება იპოვო. ვიცი, რომ აქ თავდასხმისთვის მზადმყოფი მოხვედი; რომ
გულისპირში დანა გაქვს ჩამალული.

– მილედი, მე...
– მცირე შესაძლებლობა არის იმისა, რომ სასიკვდილოდ დამჭრა, – უთხრა ჯესიკამ, – მაგრამ,
ამას თუ იზამ, ისე განადგურდებით, ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენ, ვერც სიტყვით აღწერ.
შენ იცი, რომ სიკვდილზე უარესი რამეებიც არსებობს – მთელი მოდგმისთვისაც კი.

– მილედი! – შეევედრა მეიპსი. ლამის იყო, დაეჩოქა, – იარაღი საჩუქრად გამოგიგზავნეს, თუ


ის აღმოჩნდებოდი, ვისაც ველით.

– და სასიკვდილოდ, თუ არ აღმოვჩნდებოდი, – თქვა ჯესიკამ. იდგა და იცდიდა, ვითომც


სრულიად მოდუნებული – სწორედ ეს მოჩვენებითი მოდუნება აქცევდა ბენე გესერიტის
წესით გაწვრთნილებს ასე სახიფათო მებრძოლებად.

„ახლა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, გაიფიქრა ჯესიკამ

მეიპსმა ნელა ჩაიყო ხელი კაბის საყელოში და მუქი ქარქაში ამოაძვრინა. მისგან გამოჩრილი
იყო შავი ტარი, ზედ დაჩნეული ღრმა მოსაჭიდი ღარებით. ცალ ხელში ქარქაში დაიჭირა, ტარი
– მეორეში, რძისფერი პირი გააშიშვლა და მაღლა ასწია. პირი თითქოს საკუთარი შუქისგან
კრთოდა და ციალებდა. ორლესული იყო კინჯალის დარად, ალბათ ოციოდ სანტიმეტრის
სიგრძის პირი ჰქონდა.

– ამას თუ იცნობ, მილედი? – ჰკითხა მეიპსმა.

ჯესიკა მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ერთადერთი რამ შეიძლებოდა, ყოფილიყო – არაკისის


საარაკო კრისდანა, იარაღი, რომელიც ამ პლანეტიდან არასოდეს გაუტანიათ და მხოლოდ
გადმოცემით და ვარაუდებით თუ იყო ცნობილი.

– კრისდანაა, – უთხრა.

– ეგ ასე უბრალოდ სათქმელი როდია, – უთხრა მეიპსმა, – იცი, რას ნიშნავს?

და ჯესიკამ გაიფიქრა: „კითხვას შეფარული მიზანიც აქვს. ეს ფრემენი სწორედ ამიტომ ჩადგა
ჩემს სამსახურში – ამ ერთადერთი კითხვის დასასმელად. პასუხმა შეიძლება გამოიწვიოს
თავდასხმა ან... რა? ჩემგან ელის პასუხს: დანის მნიშვნელობას. ამ ქალს ჩაკობსას ენაზე
„ჩრდილს“ ეძახიან. დანის სახელი ჩაკობსაზე ნიშნავს „სიკვდილის მოქმედს“. ცქმუტვას
იწყებს. ახლავე უნდა ვუპასუხო. დაყოვნება ისევე სახიფათოა, როგორც არასწორი პასუხი“.

ჯესიკამ თქვა:

– ეს არის მოქმედი...

– ე-ჰეეე! – იკივლა მეიპსმა. ამ ხმაში ერთდროულად ისმოდა მწუხარებაც და აღტაცებაც. ისე


ძალუმად აცახცახდა, რომ დანის პირიდან ასხლეტილი ათინათები ოთახში ათამაშდა.

ჯესიკა მოზიდული იცდიდა. აპირებდა, ეთქვა, რომ დანა იყო მოქმედი სიკვდილისა და მერე
უძველესი სიტყვაც მოეყოლებინა, მაგრამ ახლა ყოველი გრძნობა მის გასაფრთხილებლად
აღდგა, სიფხიზლის და მზადყოფნის მთელი მისი სიღრმისეული წვრთნა უნებურად
გამოვლინდა – სახის კუნთები გაუშეშდა.

მთავარი სიტყვა იყო... მოქმედი.

მოქმედი? მოქმედი.
მაგრამ მეიპსს დანა ჯერაც შემართული ეჭირა, თითქოს მოქნევას უპირებსო.

– გეგონა, მე, ვინც დიდი დედის მისტერიები ვიცი, მოქმედს ვერ ვიცნობდი?

მეიპსმა დანა დაუშვა.

– მილედი, როცა ასე დიდხანს ცხოვრობ წინასწარმეტყველებით, გაცხადების წამი


შემძვრელია.

ჯესიკა დაფიქრდა წინასწარმეტყველებაზე – შარი-ასა და მთელ პანოპლია პროფეტიკუსზე,


რომლებიც მისიონარია პროტექტივას ბენე გესერიტმა დამ ჩააგდო აქ საუკუნეების წინათ. ის
და, უეჭველია, დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ მისი მიზანი მიღწეულია: დამცავი ლეგენდები
ჩანერგილია ამ ხალხში და ელის დღეს, როდესაც ისინი ბენე გესერიტს დასჭირდება.

ჰოდა, ეს დღეც დადგა.

მეიპსმა დანა ქარქაშში ჩააგო და თქვა:

– ეს გაუმყარებელი დანაა, მილედი. თან ატარე ხოლმე. სხეულს ერთ კვირაზე დიდხანს თუ
მოსცილდება, დაშლას დაიწყებს. ეს შენია, შაი-ჰულუდის კბილი, სანამ ცოცხალი ხარ.

ჯესიკამ მარჯვენა ხელი გაუწოდა და გადაწყვიტა, გაერისკა:

– მეიპს, დანა ისე ჩააგე, რომ სისხლით არ შეგიღებავს.

მეიპსი შეკრთა, ქარქაშში ჩაგებული დანა ჯესიკას გამოწვდილ ხელში ჩაუგდო, ყავისფერი
კაბის გულისპირი ჩამოიგლიჯა და იკივლა:

– დაღვარე ჩემი სიცოცხლის წყალი!

ჯესიკამ დანა იშიშვლა. როგორ ელვარებდა! წვეტი მეიპსისკენ მიმართა და დაინახა, რომ ქალს
სიკვდილის შიშზე ძლიერი ძრწოლა იპყრობდა. ნეტავ, წვეტზე შხამი ხომ არ უსვია? წვეტი
დახარა და მეიპსს მარცხენა ძუძუს ზემოთ დანის პირით კანი გაუსერა. ჭრილობიდან სისხლი
წამოვიდა და თითქმის მაშინვე შეწყდა. „ზესწრაფი შედედება“, გაიფიქრა ჯესიკამ. „სითხის
დამზოგავი მუტაციაა?“

დანა ქარქაშში ჩააგო და წარმოთქვა:

– შეიკარი კაბა, მეიპს.

აცახცახებული მეიპსი დამორჩილდა. უთეთრო თვალები ჯესიკას მისჩერებოდნენ.

– ჩვენი ხარ, – ჩაიბუტბუტა, – შენ ის ხარ.

შესასვლელთან ისევ გაისმა ჩამოცლის ხმაური. მეიპსმა სწრაფად დასტაცა ხელი ქარქაშიან
დანას და ჯესიკას გულისპირში ჩაუმალა.

– დანას ვინც დაინახავს, უნდა განიწმინდოს, ან მოკვდეს, – მოკლედ მოუჭრა, – შენ ეს იცი,
მილედი.

ახლა ვიციო, გაიფიქრა ჯესიკამ.


მტვირთავები ისე წავიდნენ, რომ დიდ დარბაზში არ შემოსულან.

მეიპსმა მღელვარება დაიცხრო.

– განუწმენდელი, რომელიც კრისდანას იხილავს, არაკისიდან ცოცხალი ვერ წავა. ეს არ


დაგავიწყდეს, მილედი. შენ კრისდანა მოგანდეს, – ღრმად ჩაისუნთქა, – ახლა საქმე თავისი
წესითა და რიგით უნდა წავიდეს. ვერ დაჩქარდება, – გარშემო დაწყობილ ყუთებსა და
დახვავებულ ნივთებს მოავლო თვალი, – მანამდე კი აქ კარგა ბლომად საქმეა.

ჯესიკა შეყოყმანდა. „საქმე თავისი წესითა და რიგით უნდა წავიდეს“ – ეს განსაკუთრებული


ფრაზა იყო მისიონერია პროტექტივას საგალობლიდან „ღირსი დედის მოვლინება შენს
გასათავისუფლებლად“.

„მაგრამ მე ღირსი დედა არ ვარ“, გაიფიქრა ჯესიკამ. და უცებ! „დიდო დედაო! ეს ამბავი აქ
ჩანერგეს! ესე იგი, რა საშინელი ადგილია!“

მეიპსმა საქმიანი კილოთი იკითხა:

– უპირველესად რა გავაკეთო, მილედი?

ჯესიკას ინსტინქტმა უკარნახა, მის ჩვეულებრივ ტონს აჰყოლოდა, და მიუგო:

– ძველი ჰერცოგის ის სურათი სასადილო დარბაზის ერთ-ერთ კედელზე უნდა დაიკიდოს.


ხარის თავი მის მოპირდაპირე კედელზე დამაგრდება.

მეიპსი ხარის თავთან მივიდა.

– ეტყობა, რამხელა ცხოველი იყო, ასეთი თავი რომ ება, – დაიხარა და დააცქერდა, – ოღონდ
ჯერ გავწმინდო, ჰო, მილედი?

– არა.

– მაგრამ რქებზე ჭუჭყია მიმხმარი.

– ეგ ჭუჭყი არაა, მეიპს. ეგ ჩვენი ჰერცოგის მამის სისხლია. ეგ რქები გამჭვირვალე


ფიქსატორით დაფარეს რამდენიმე საათში მას მერე, რაც ამ მხეცმა ძველი ჰერცოგი მოკლა.

მეიპსი გაიმართა.

– აჰა, თურმე.

– ეს მხოლოდ სისხლია, – უთხრა ჯესიკამ, – თანაც, ძველი სისხლი. ვინმე დაიხმარე და


დაკიდე ესენი. მხეცის თავი მძიმეა.

– გგონია, სისხლმა შემაკრთო? – ჰკითხა მეიპსმა, – მე უდაბნოელი ვარ და სისხლი ბლომად


მინახავს.

– მე... ვატყობ, რომ ასეა, – უთხრა ჯესიკამ.

– და, სხვების გარდა, საკუთარი სისხლიც, – განაგრძობდა მეიპსი, – იმაზე მეტი, ვიდრე შენ
გამომადინე იმ პატარა ნაკაწრიდან.
– გერჩია, უფრო ღრმად გამეჭრა?

– არა, არა! სხეულის წყალი ძვირფასი რამეა, ტყუილად რატომ უნდა ვღვაროთ. ყველაფერი
სწორად გააკეთე.

ჯესიკამ შენიშნა მისი სიტყვები, მისი ტონი, და მის მიერ „სხეულის წყლის“ ხსენებაში უფრო
ღრმად ჩადებული აზრიც დაინახა. ისევ დათრგუნა იმის გააზრებამ, თუ რა მნიშვნელოვანი
რამ იყო წყალი არაკისზე.

– ამ სამშვენისებიდან რომელი რომელ მხარეს უნდა დავკიდო, მილედი? – ჰკითხა მეიპსმა.

რა საქმიანი ვინმეა ეს მეიპსიო, გაიფიქრა ჯესიკამ, ხმამაღლა კი უთხრა:

– შენ თვითონ ნახე, მეიპს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

– როგორც მეტყვი, მილედი, – მეიპსი დაიხარა, თავიდან შესაფუთი ქაღალდის და ბაწრების


შემოცლა დაიწყო. – მაშ, ძველი ჰერცოგი მოკალი, არა? – ჩაუღიღინა თავს.

– დამხმარეებს დავუძახო? – ჰკითხა ჯესიკამ.

– მოვახერხებ, მილედი.

„დიახაც მოახერხებს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „აი, რა მოსდგამს ამ ფრემენ არსებას – მოხერხების


ჟინი“.

ჯესიკამ გულისპირის ქვეშ კრისდანის ცივი ქარქაში იგრძნო და დაფიქრდა ბენე გესერიტის
ხლართების გრძელ ჯაჭვზე და მის ერთ-ერთ აქ გამოჭედილ რგოლზე. ამ ხლართების
წყალობით ის ახლა სასიკვდილო ხიფათს გადაურჩა. ვერ დაჩქარდებაო, თქვა მეიპსმა. მაგრამ
თავად ის ტემპი, თავქუდმოგლეჯით რომ გამოცვივდნენ აქ, ამ პლანეტაზე, ჯესიკას ავი
წინათგრძნობით ავსებდა. და ამ გრძნობას ვერ უფანტავდა ვერც მისიონარია პროტექტივას
საუკუნოვანი მზადება, ვერც ეს ციხესიმაგრის მსგავსი ლოდების გროვა, ჰავატის მიერ
საგულდაგულოდ გადაჩხრეკილ-გამოკვლეული.

– ამათ დაკიდებას რომ მორჩები, ყუთების გახსნას შეუდექი, – უთხრა ჯესიკამ, –


შემოსასვლელთან ერთ-ერთ მტვირთავს გასაღებები აქვს და იცის, რა სად უნდა დალაგდეს.
გასაღებები და სია იმას გამოართვი. თუ რამის კითხვა დაგჭირდა, სამხრეთ ფრთაში ვიქნები.

– როგორც გნებავს, მილედი, – მიუგო მეიპსმა.

ჯესიკა შეტრიალდა. ფიქრობდა: „ჰავატმა შეიძლება ეს სასახლე უსაფრთხო ადგილად


მიიჩნია, მაგრამ აქ რაღაც რიგზე მაინც ვერ არის. ვგრძნობ ამას“.

ჯესიკას შვილის ნახვის დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო. გაემართა თაღიანი კარისკენ,


რომელიც სასადილო დარბაზისა და ოჯახის ფრთისკენ მიმავალ დერეფანში გადიოდა. უფრო
და უფრო აუჩქარა ნაბიჯს, ბოლოს ლამის გარბოდა.

მარტოდ დარჩენილმა მეიპსმა წუთით თავი ანება ხარის თავიდან ქაღალდების შემოხსნას და
მიმავალ ზურგს გახედა.

– მართლაც ისაა, – ჩაიბუტბუტა, – საბრალო.


8* * *
„იუე! იუე! იუე!“ – გასდევს რეფრენად, – „მილიონი სიკვდილიც ცოტაა იუესთვის!“

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის საბავშვო ისტორია“

კარი შეღებული იყო, ჯესიკამ შევლო იგი და ყვითელკედლებიან ოთახში შევიდა. მარცხნივ
იდგა შავი ტყავის დაბალი დივანი და ორი ცარიელი წიგნის კარადა, მოჩანდა ჩამოკიდებული
წყლის მათარაც, გამობურცული გვერდები რომ დამტვერვოდა. მარჯვნივ მეორე კარი იყო, მას
აქეთ-იქიდან – ასევე ცარიელი წიგნის კარადები, იქვე იდგა კალადანიდან ჩამოტანილი
სამუშაო მაგიდა და სამი სკამი. მის პირდაპირ, ფანჯარასთან აწოწილიყო ექიმი იუე, ზურგი
ოთახისკენ მოექცია და გარეთ იცქირებოდა.

ჯესიკამ უხმოდ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი.

ხედავდა, იუეს დაჭმუჭნილი ტანსაცმელი ეცვა, მარცხენა იდაყვთან თეთრი ლაქა მოუჩანდა,
თითქოს სადღაც კირით შეფეთქილ კედელს მიეყუდაო.ზურგიდან ჩამომხმარ, მასზე დიდი
ზომის შავ ტანსაცმელში ჩაცმულ ხის თოჯინას მოჰგავდა, რაღაც კარიკატურას, რომელიც,
გეგონებოდა, საცაა, ხელ-ფეხს აიქნევს, თოჯინების ოსტატი ძაფებს რომ დაქაჩავსო. სიცოცხლე
ეტყობოდა მხოლოდ მის ოთხკუთხა თავს, რომელსაც მხართან საკის სკოლის ვერცხლის
რგოლით შეკრული შავი მზინავი თმა ფარავდა – ეს თავი ოდნავ მიტრიალდებოდა ხოლმე,
როცა გარეთ რაღაც მოძრაობას მიაყოლებდა თვალს.

ჯესიკამ ისევ მოათვალიერა ოთახი, შვილი ვერ დაინახა, მაგრამ იცოდა – მარჯვენა,
დახურული კარი გადიოდა პატარა საძინებელში, რომელზეც პოლმა თქვა, მომწონსო.

– დღე მშვიდობისა, ექიმო იუე. სად არის პოლი?

მან თითქოს ფანჯრის იქით მყოფ რაღაცას დაუქნია თავი და, არ მობრუნებულა,
უგულისყუროდ თქვა:

– თქვენი შვილი დაიღალა, ჯესიკა. გვერდით ოთახში გავუშვი, დასასვენებლად.

უცებ იუე დაიძაბა და შემოტრიალდა; იისფერ ტუჩებზე გადმოკიდებული ულვაშები


აუქანავდა.

– მომიტევეთ, მილედი! ჩემი ფიქრები სხვაგან ქროდა... მე... განზრახული არ მქონდა, ასე
ფამილარულად მომემართა.

ჯესიკამ გაიღიმა, მარჯვენა ხელი გაუწოდა. წამით შეეშინდა, ახლა მუხლებზე დაეცემაო.

– ველინგტონ, გთხოვთ.

– ასე სახელით მომართვა... მე...

– ჩვენ ერთმანეთს უკვე ექვსი წელია, ვიცნობთ, – უთხრა ჯესიკამ, – დიდი ხანია, დროა, კერძო
საუბრებისას ეს ფორმალობები გვერდზე გადავდოთ.
იუემ გაბედა, გაეღიმა, თან ფიქრობდა: „როგორც ჩანს, გაჭრა. ახლა, ჩემს მოქმედებაში რამე
უჩვეულოს თუ შენიშნავს, შეცბუნებას დააბრალებს. უფრო ღრმა მიზეზების ძებნას არ
მოჰყვება, რაკი დარწმუნებული იქნება, რომ პასუხი უკვე იცის“.

– სამწუხაროდ, ფიქრებში გავერთე, – უთხრა ქალს, – როცა კი... განსაკუთრებით ვდარდობ


თქვენზე, ვშიშობ, რომ ფიქრში მოგიხსენიებთ, როგორც... ჯესიკას.

– ჩემზე დარდობთ? რატომ?

იუემ მხრები აიჩეჩა. ჯერ კიდევ როდის მიხვდა, რომ ჯესიკას არ გააჩნდა მართლისცნობის
სრული ნიჭი, როგორიც მის ვანას ჰქონდა. და მაინც, ჯესიკასთან ყოველთვის სიმართლეს
ამბობდა, როცა კი ეს შეიძლებოდა. ასე უფრო უსაფრთხო იყო.

– ხომ ნახეთ, რა ადგილია, მი... ჯესიკა, – სახელის წარმოთქმაზე შებორძიკდა და სწრაფად


განაგრძო, – რა ხრიოკია, კალადანის მერე. და ხალხი! ის ქალები, აქეთ მომავლებმა რომ
ჩავუარეთ, როგორ გაჰკიოდნენ თავიანთი ჩადრების ქვეშიდან. ან როგორ გვიყურებდნენ.

ჯესიკამ მკლავები მკერდზე დაიკრიფა, საკუთარ მხრებს მოხვია და იგრძნო კრისდანა,


მახვილი, რომელიც, თუ ცნობებს დაეჯერებოდა, ქვიშის მატლის კბილისგან იყო
გამოკვეთილი.

– უბრალოდ, მათთვის უცნობები ვიყავით – სხვა ხალხია, სხვა ადათები აქვთ. აქამდე
მხოლოდ ჰარკონენებს იცნობდნენ, – მის უკან ფანჯარას გახედა, – იქ რას უცქერდით?

ექიმი ფანჯრისკენ შეტრიალდა.

– ხალხს.

ჯესიკამ ოთახი გაიარა, ექიმის გვერდით დადგა და გაიხედა მარცხნივ, სახლის წინა ეზოსკენ,
საითკენაც მანამდე ექიმი იყურებოდა. იქ მწკრივად დარგული ოცი პალმის ქვეშ ქვეშ ხრიოკი
მიწა სუფთად გამოეგავათ. ხეებს გზისგან, რომელზედაც ფართხუნა სამოსში ჩაცმული ხალხი
მიდი-მოდიოდა, ბრტყელი ღობე ჰყოფდა. ჯესიკამ თავისსა და ხალხს შორის ჰაერში სუსტი
ციმციმი შენიშნა – ეს სახლის ფარი იყო – და ისევ ხალხის ნაკადს დააკვირდა, აინტერესებდა,
იუეს მზერა ასე რამ მიიზიდა.

მიზეზიც გამოიკვეთა და ჯესიკამ ხელი ლოყაზე მიიდო. როგორ უყურებდა ჩავლილი ხალხი
პალმებს! ამჩნევდა შურს, ხან სიძულვილს... იმედის გაელვებასაც კი. ყოველი ჩავლილი
ადამიანი იმ ხეებს რაღაც გამოკვეთილი ემოციით აკვირდებოდა.

– იცით, რას ფიქრობენ? – ჰკითხა იუემ.

– აზრების კითხვა შეგიძლიათ? – კითხვა შეაგება ჯესიკამ.

– ამათი აზრების – კი, – მიუგო მან, – ეს ხალხი ხეებს უყურებს და ფიქრობს: „აი, ასი ჩვენგანი“.
ასე ფიქრობენ.

ჯესიკამ წარბშეკვრით შეხედა, ვერ გავიგეო.

– რატომ?
– ეგ ფინიკის პალმებია, – აუხსნა იუემ, – ერთ ფინიკის პალმას დღეში ორმოცი ლიტრი წყალი
სჭირდება. ადამიანს – მხოლოდ რვა. ესე იგი ერთი პალმა ხუთ კაცს უდრის. იქ ოცი პალმა
დგას – ანუ ასი კაცი.

– მაგრამ ზოგი იმ ხეებს იმედით შეჰყურებს.

– ალბათ იმედი აქვთ, ფინიკი ჩამოვარდებაო, მაგრამ ახლა მწიფობის სეზონი არაა.

– ჩვენ აქაურობას ძალიან ჩასაფრებული თვალით ვუყურებთ, – თქვა ჯესიკამ, – აქ კი, ხიფათის
გარდა, იმედიც არსებობს. სუნელმა შეიძლება გაგვამდიდროს. დიდი ხაზინით ამ პლანეტას
რადაც გინდა, იმად ვაქცევთ.

და ჯესიკამ გულში საკუთარ თავს თვითონვე დასცინა: „მაინც რომლის დარწმუნებას უფრო
ვცდილობ?“ სიცილი მის ბაგესაც გამოსცდა, მწარედ და უსიხარულოდ გაისმა.

– მაგრამ უსაფრთხოებას ვერ იყიდი, – თქვა მან.

იუე მიბრუნდა, მისგან სახე რომ დაემალა. „ნეტავ, შეეძლოს, სძულდეს ეს ხალხი სიყვარულის
ნაცვლად!“ ჯესიკა თავისებურად ბევრ რამეში ჰგავდა მის ვანას. მაგრამ ამ ფიქრმა კიდევ
უფრო მეტად გაუქვავა გული, განზრახვა განუმტკიცა. ჰარკონენების ბოროტებას საზღვარი არ
ჰქონდა. ვანა შეიძლება მკვდარი არ ყოფილიყო. უნდა დარწმუნდეს ამაში.

– ჩვენზე ნუ დარდობთ, ველინგტონ, – უთხრა ჯესიკამ, – ეს პრობლემები ჩვენია, თქვენი არა.

„ფიქრობს, რომ მე მასზე ვწუხვარ!“ იუემ მოწოლილი ცრემლები შეიკავა. „ვწუხვარ, რა თქმა
უნდა. მაგრამ უნდა დავდგე იმ შავი ბარონის წინაშე, როდესაც მას აღსრულებული ექნება
საწადელი, და გამოვიყენო დარტყმის ერთადერთი შანსი, როცა იგი ყველაზე მოწყვლადი
იქნება – მისი ბოროტი ტრიუმფის წამს!“

ექიმმა ამოიოხრა.

– პოლს შევაწუხებ, რომ შევხედო? – ჰკითხა ჯესიკამ.

– სრულიადაც არა. დამამშვიდებელი მაქვს მიცემული.

– ცვლილებას კარგად იტანს?

– კი, ოღონდ ცოტათი გადაიღალა. აფორიაქებულია, მაგრამ აბა, როგორ უნდა იყოს
თხუთმეტი წლის ბიჭი ასეთ ვითარებაში? – კართან მივიდა და გამოაღო, – აი, აქ არის.

ჯესიკა მიჰყვა, ჩაბნელებულ ოთახში შეიხედა.

პოლი ვიწრო ტახტზე იწვა, ცალი მკლავი მსუბუქი საბნის ქვეშ ედო, მეორე თავს უკან
გადაეგდო. საწოლი ფანჯრის გვერდით იდგა. მისი ლარტყებიანი დარაბები ბიჭის სახესა და
საბანზე ბუნდოვან ჩრდილებს აფენდა.

ჯესიკა დააცქერდა შვილის სახის ოვალს, ასე რომ ჰგავდა მისას. თმა კი ჰერცოგისა ჰქონდა –
ნახშირისფერი და ურჩი. გრძელი წამწამები მწვანე თვალებს უფარავდა. ჯესიკამ გაიღიმა,
იგრძნო, რომ მისმა ყველანაირმა შიშმა უკან დაიხია. უცებ დაფიქრდა შვილის ნაკვთებზე,
მშობლებისგან რომ გადასცემოდა: თვალები და სახის მოყვანილობა დედის ჰქონდა, მაგრამ ამ
მოყვანილობიდან მამის მკვეთრი ნაკვთები იმზირებოდნენ, როგორც ბავშვობიდან
გამომკრთალი მოწიფულობა.

ბიჭის ნაკვთები წარმოუდგა, როგორც მრავალი ერთმანეთში არეული ნიმუშის დახვეწილი


დისტილატი: უსასრულო რიგი შემთხვევითობებისა, რომლებიც სწორედ ამ ერთიანობად
ჩამოიქნა. ამ ფიქრმა სურვილი

მოჰგვარა, საწოლის გვერდით დაეჩოქა და შვილი გულში ჩაეკრა, მაგრამ იუეს იქ ყოფნა
აკავებდა. უკან გადმოდგა ნაბიჯი და კარი ფრთხილად მიხურა. იუე ფანჯარასთან
დაბრუნებულიყო – ვერ გაუძლო, ეცქირა, როგორ უყურებდა შვილს ჯესიკა. „ნეტავ, ვანამ
რატომ არ მაჩუქა შვილები?“, ჰკითხა თავის თავს. „როგორც ექიმმა, ვიცი, რომ ფიზიკური
მიზეზები ამაში ხელს არ უშლიდა. რამე ბენე გესერიტისეული ჩანაფიქრი იყო მიზეზი? იქნებ
სხვა მიზნის განხორციელება ჰქონდა დავალებული? რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? რომ
ვუყვარდი, უეჭველია“.

პირველად მოუვიდა აზრად, რომ შესაძლოა, თავად ყოფილიყო უფრო ჩახლართული და


რთული ქარგის ნაწილი, ვიდრე მის გონებას შეეძლო, გასწვდენოდა.

ჯესიკა მის გვერდით გაჩერდა.

– რა მშვენიერი უდარდელობა გამოსჭვივის ბავშვის ძილში.

იუემ მექანიკურად უპასუხა:

– ნეტავ, დიდებსაც შეეძლოთ ასე მოსვენება.

– ჰო.

– სად მიდის ჩვენი ეს უნარი? – ჩაილაპარაკა იუემ.

ჯესიკამ შეხედა, იგრძნო მისი უჩვეულო კილო, მაგრამ გონებით ჯერაც პოლს
დასტრიალებდა, ფიქრობდა ამ ახალ ადგილას მისი წვრთნის ახალ სიძნელეებზე, მის
ცხოვრებაში შემოსულ სიახლეებზე – რაც ასე განსხვავდებოდა ცხოვრებისგან, რომელსაც
ოდესღაც შვილისთვის გეგმავდნენ.

– მართლაც, რაღაცას ვკარგავთ, – გაეპასუხა ექიმს და ისევ ფანჯარაში გაიხედა, – ახლა


მარჯვნივ, ფერდობისკენ, რომელიც აქა-იქ დაბურცული იყო ქარისგან დაჩაგრული რუხ-
მწვანე ბუჩქებით, მტვრიანი ფოთლები და ხმელი ჭანგა-ტოტები რომ ჰქონდათ. ფერდობს
ლაქასავით აწვა მეტისმეტად მუქი ცა, არაკენის მზის რძიანა შუქი კი ვერცხლის ელფერად
ეკრა ყოველივეს – შუქი, რომელიც გულისპირში ჩამალული კრისდანის სხივს მოჰგავდა.

– რა მუქი ცაა, – თქვა.

– ეს ნაწილობრივ ტენის ნაკლებობითაა გამოწვეული, – უთხრა იუემ.

– წყალი! – მოჭრა ჯესიკამ, – აქ საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან წყლის ნაკლებობას


აწყდები.

– სწორედ ეგაა არაკისის საიდუმლო.


– რატომ არის აქ ასე ცოტა წყალი? პლანეტაზე ვულკანური წარმოშობის კლდეებია. ათი
ენერგიის წყარო შემიძლია ახლავე ჩამოვთვალო. პოლარული ყინული არსებობს. ამბობენ,
უდაბნოში ჭას ვერ გაბურღავო: ქარიშხლები და ქვიშის დინებები იქამდე ანადგურებენ
აღჭურვილობას, ვიდრე მისი დაყენება მოხერხდება, თუ მანამდე მატლებმა არ მოგაგნეს.
ისედაც, იქ წყლის კვალიც კი არასოდეს უნახავთ. მაგრამ საიდუმლო, ველინგტონ, ნამდვილი
საიდუმლო ის ჭებია, რომლებიც აქ დაბლობებსა და ხეობებში გათხარეს. ამათზე
წაგიკითხავთ?

– თავიდან წყალი მოწანწკარებს, მერე წყდება.

– მაგრამ, ველინგტონ, ეს გამოუცნობი რამაა. იმ ჭებში წყალი ამოდიოდა. ის დაშრა. და იქვე


აღარასოდეს ჩნდება. მაგრამ შორიახლო გაბურღული ახალი ჭა იმავე შედეგს იძლევა – სუსტი
ნაკადი, რომელიც მერე წყდება. ამით არასოდეს არავინ დაინტერესებულა?

– საინტერესო ნამდვილად არის, – უთხრა იუემ, – რამე ცოცხალი ფაქტორის ეჭვი გაქვთ? განა
ეს ქანის სვეტოვან ნიმუშებში არ გამოჩნდებოდა?

– რა გამოჩნდებოდა? უცხო მცენარეული წარმონაქმნი... თუ ცხოველური? ვინ მოახერხებდა


მის ამოცნობას? – ჯესიკა ისევ ფერდობისკენ მიტრიალდა, – წყალი წყდება. რაღაც კეტავს მას,
მე ასეთი ეჭვი მაქვს.

– შესაძლოა, მაგის მიზეზი ცნობილი იყოს, – უთხრა იუემ, – ჰარკონენებმა არაკისის შესახებ
ინფორმაციის ბევრი წყარო გადაკეტეს. იქნებ, მიჩუმათების მიზეზი ჰქონდათ.

– რა მიზეზი? – ჰკითხა ჯესიკამ, – თანაც, ატმოსფერული ტენი ხომ არსებობს? რასაკვირველია,


ძალიან ცოტაა, მაგრამ რაღაც ხომ მაინც არის. აქ წყლის უმთავრესი წყარო სწორედ ეგაა, ქარის
ფაცერებსა და ცვარის დამლექავებში დაჭერილი. საიდან ჩნდება ეს ტენი?

– პოლარული ქუდები?

– ცივ ჰაერს გასაჯერებლად უმნიშვნელო ტენიც ყოფნის, ველინგტონ. ჰარკონენების მიერ


ჩამოფარებული საბურველის მიღმა აქ ბევრი რამაა ისეთი, დეტალურ შესწავლას რომ
მოითხოვს, და მათგან ყველაფერი უშუალოდ სუნელს არც უკავშირდება.

– მართლაც რომ, ჰარკონენების საბურველის მიღმა მოვექეცით, – გაეპასუხა იუე, – შეიძლება,


ჩვენ... – სიტყვა გაწყვიტა, რომ შენიშნა, როგორ შესცქეროდა ჯესიკა, – რამე მოხდა?

– ჰარკონენებიო, ისე წარმოთქვით, – უთხრა ჯესიკამ, – ჩემი ჰერცოგის ხმაშიც კი არ იგრძნობა


ასეთი გესლი, როცა ამ საძულველ სახელს წარმოთქვამს. არ ვიცოდი, რომ მათი სიძულვილის
პირადი მიზეზი გქონდათ, ველინგტონ.

„დიდო დედაო“, გაიფიქრა იუემ. „ეჭვი აღვუძარი! ახლა უნდა მოვიხმარო ყველა ილეთი, რაც
კი ჩემმა ვანამ მასწავლა. ერთადერთი გამოსავალია: სიმართლე უნდა ვუთხრა, რამდენადაც კი
შემიძლია“.

და უთხრა:

– თქვენ არ იცით, რომ ჩემი ცოლი, ჩემი ვანა... – მხრები აიჩეჩა, ყელში გაჩრილმა ბურთმა ხმა
გაუწყვიტა. მერე განაგრძო: – იმათ... – სიტყვები არ ემორჩილებოდნენ. ძრწოლამ შეიპყრო,
თვალები მაგრად დახუჭა, მტანჯველად შეკუმშული მკერდის გარდა, თითქმის ვერაფერს
გრძნობდა, სანამ მკლავზე მსუბუქად არ შეეხო ხელი.

– მაპატიე, – უთხრა ჯესიკამ, – ძველი ჭრილობის შეხსენებას არ ვაპირებდი.

და გაიფიქრა: „მხეცები! ცოლად ბენე გესერიტი ჰყავდა: ეს ბევრ რამეზე ეტყობა. და, ჩანს,
ჰარკონენებმა მოკლეს იგი. აი, კიდევ ერთი საბრალო მსხვერპლი, ატრეიდესებთან
გაერთიანებული სიძულვილის ჩერემში.

– ბოდიში, – უთხრა ექიმმა, – ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია, – თვალები გაახილა და


დაუფარავად მიეცა ტკივილს, მისი არსება რომ მოეცვა. ეს მაინც ნამდვილად სიმართლე იყო.

ჯესიკა სახეში შეაცქერდა, დააკვირდა ღარებს მის პირთან, მუქად აბზინებულ ნუშისებრ
თვალებს, სახის მოყვითალო ფერს, ნართივით ულვაშებს, იისფერ ტუჩებსა და ვიწრო ნიკაპს
მრუდე ჩარჩოდ რომ ევლებოდა, და დაინახა, რომ მის ლოყებსა და შუბლზე ნაოჭები
მწუხარებასაც ისევე დაემჩნია, როგორც ასაკს. მის მიმართ თანაგრძნობით აღივსო.

– ველინგტონ, ბოდიში, რომ ამ სახიფათო ადგილას წამოგიყვანეთ, – უთხრა.

– მე ჩემი ნებით წამოვედი, – მიუგო მან. და ესეც სიმართლე იყო.

– მაგრამ მთელი ეს პლანეტა ჰარკონენების მიერ დაგებული მახეა. ეს უნდა იცოდეთ.

– ჰერცოგ ლეტოს დაჭერას მარტო ხაფანგი არ ეყოფა, – თქვა და ესეც სიმართლე იყო.

– შეიძლება, უფრო მეტად უნდა ვიყო მასში დარწმუნებული, – თქვა ჯესიკამ, – ის დიდებული
ტაქტიკოსია.

– შინიდან ვართ ამოძირკვულები, – ჩაილაპარაკა იუემ, – ამიტომ გვიჭირს ასე.

– ამოძირკვული მცენარის მოკვლა კი ძალიან ადვილია, – გაეპასუხა ჯესიკა, – მით უფრო,


მტრულ ნიადაგში თუ ჩარგავ.

– ნამდვილად ვიცით, რომ ნიადაგი მტრულია?

– აქ როცა შეიტყვეს, რამდენ ხალხს შემატებდა ჰერცოგი პლანეტის მოსახლეობას, წყლის


ჯანყები ატყდა, – თქვა ჯესიკამ, – ხალხი მხოლოდ მას მერე დაშოშმინდა, რაც გაიგო, რომ
დამატებით ქარის ფაცერებს და ცვრის დამლექავებს გავმართავდით ჩამოსულების
უზრუნველსაყოფად.

– აქ მხოლოდ იმდენი წყალია, რომ ადამიანმა როგორღაც შეძლოს თავის გატანა. ხალხმა იცის,
თუ ვინმე ჩამოდის და ამ შეზღუდული რაოდენობის წყლის სმას იწყებს, ფასები იზრდება და
ყველაზე ღარიბები იხოცებიან. მაგრამ ჰერცოგმა ეს სხვაგვარად გადაწყვიტა. ამ ჯანყებიდან
არ უნდა დავასკვნათ, რომ მის მიმართ მუდამ მტრულად იქნებიან განწყობილი.

– და მცველები, – თქვა ჯესიკამ, – ყველგან მცველები არიან. და ფარები. სადაც კი გაიხედავ,


მათი ციმციმი ჩანს. კალადანზე ასე არ ვცხოვრობდით.

– მიეცით შანსი ამ პლანეტასაც, – უთხრა იუემ.

მაგრამ ჯესიკას კვლავ ცივი მზერა მიეპყრო ფანჯრისთვის.


– სიკვდილის სუნი მცემს. – თქვა მან, – ჰავატმა აქ წინასწარ თავისი აგენტების მთელი
ბატალიონი გამოგზავნა. გარეთ ის მცველები მისი ხალხია. მტვირთავები მისი ხალხია.
ხაზინიდან განმარტების გარეშე გადიოდა მსხვილი თანხები. მათი მოცულობა მხოლოდ
ერთის მიმანიშნებელი იყო: ქრთამები გაიცა სადღაც ძალიან მაღლა. – ჯესიკამ თავი გააქნია, –
სადაც კი თუფეა ჰავატი დადგამს ფეხს, სიკვდილი და სიცრუეც იქვეა.

– რა აუგად იხსენიებთ.

– აუგად? ვაქებ. ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი სიკვდილი და სიცრუეა. უბრალოდ, თუფეას
მეთოდებზე თვალს არ ვხუჭავ.

– აჯობებდა... რამე საქმეს თუ გამონახავდით. დროს ნუ დაიტოვებთ ასეთ საშინელებებზე...

– საქმე! როგორ გგონიათ, ჩემი დროის უდიდესი წილი რაში მიდის? მე ჰერცოგის მდივანი ვარ
– ისეთი საქმიანი, რომ ყოველდღე ვიგებ ახალ-ახალ რამეებს, რისიც უნდა მეშინოდეს... ისეთ
რამეებს, ჰერცოგიც კი რომ არ ეჭვობს, რომ ვიცი, – ტუჩები მჭიდროდ მოკუმა, მერე
ჩაილაპარაკა: – ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, რამდენად განაპირობა მისგან ჩემი არჩევა იმან,
საქმისწარმოების ბენე გესერიტისეული წვრთნა რომ მქონდა მიღებული?

– რას გულისხმობთ? – ექიმს გულზე მოხვდა მისი ირონიული კილო, ეს ტკივილი, რომლის
გამჟღავნებას ადრე არასოდეს შესწრებია.

– როგორ გგონიათ, ველინგტონ, – საპასუხო კითხვა შეაგება მან, – მდივანი, რომელსაც შენთან
სიყვარული აკავშირებს, ბევრად უფრო საიმედო არაა?

– ეს ღირსეული ფიქრი არაა, ჯესიკა.

საყვედური ბუნებრივად დასცდა. თანამესარეცლის მიმართ ჰერცოგის გრძნობებში ვერ


დაეჭვდებოდი. საკმარისი იყო, დაგენახა, როგორ ადევნებდა ქალს მზერას.

ჯესიკამ ამოიოხრა.

– მართალი ბრძანდებით. არაა ღირსეული.

ისევ მოიხვია მხრებზე მკლავები, ქარქაშიანი კრისდანა კანზე მიიკრა, თან იმ დაუმთავრებელ
საქმეებზე ფიქრობდა, რომლებსაც ეს დანა განასახიერებდა.

– მალე დიდი სისხლისღვრები გველის, – უთხრა იუეს, – ჰარკონენები არ მოისვენებენ, სანამ ან


ისინი არ დაიხოცებიან, ან ჩემს ჰერცოგს არ გაანადგურებენ. ბარონი ვერ ივიწყებს, რომ ლეტო
სამეფო გვარის შთამომავალია – რაც არ უნდა შორეული იყოს ეს ნათესაობა – მაშინ, როცა
ჰარკონენების ტიტულები პუვმე-ს ფულებზე აღმოცენდა. მაგრამ მთავარი შხამი, რაც ბარონს
წამლავს და ღრმად აქვს გამჯდარი გონებაში – იმის ცოდნაა, რომ კორინის ბრძოლის მერე
ატრეიდესმა ჰარკონენი სიმხდალის გამო გააძევა.

– ძველი მტრობა, – ჩაიბუტბუტა იუემ და წამით სიძულვილის მწვავე ჩხვლეტა იგრძნო.


ძველმა მტრობამ გააბა იგი ბადეში, მოკლა მისი ვანა, ან, რაც უარესია, ჰარკონენების ხელში
ჩააგდო და სატანჯველად გაწირა, სანამ მისი ქმარი მათ დავალებებს არ შეასრულებს. ძველმა
მტრობამ მახეში მოამწყვდია იგი და ეს ხალხი ამ საზიზღარი ამბის ნაწილი იყო. ბედის
დაცინვა კი ისაა, რომ ასეთი მომაკვდინებელი მცენარე
არაკისზე უნდა გაფურჩქნილიყო, იმ ერთადერთ ადგილას მთელ სამყაროში, სადაც
მოიპოვებოდა მელანჟი – სიცოცხლის გამახანგრძლივებელი, სიჯანსაღის მომტანი.

– რაზე ფიქრობთ? – ჰკითხა ჯესიკამ.

– ვფიქრობ, რომ ამჟამად ოფიციალურ ბაზარზე დეკაგრამი სუნელი ექვსას ოცი ათასი
სოლარისი ღირს. ამ სიმდიდრით ბევრ რამეს იყიდი.

– თვით თქვენც დაგრიათ ხელი სიხარბემ, ველინგტონ?

– სიხარბემ არა.

– აბა, რამ?

ექიმმა მხრები აიჩეჩა.

– ამაოებამ, – ქალს შეხედა, – გახსოვთ, სუნელს რის გემო ჰქონდა, პირველად რომ გასინჯეთ?

– დარიჩინის.

– მაგრამ გემო არასოდეს მეორდება, – თქვა იუემ, – სიცოცხლეს ჰგავს – რამდენჯერაც კი


მიიღებ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახე აქვს. ზოგი მიიჩნევს, რომ სუნელი ასოცირებული
გემოს რეაქციას იწვევს. ორგანიზმი გრძნობს, რომ ეს ნივთიერება მისთვის სასარგებლოა და
მის გემოს აღიქვამს, როგორც სასიამოვნოს – და ცოტათი ეიფორიის მომგვრელს. სიცოცხლის
მსგავსად, ვერასოდეს ხერხდება მისი სინთეზირება.

– მგონი, უფრო ბრძნულად მოვიქცეოდით, რენეგატები თუ გავხდებოდით და იმპერიის


თვალსაწიერიდან გადავიხვეწებოდით, – თქვა ჯესიკამ.

იუე მიხვდა, რომ ქალი არ უსმენდა, გაიაზრა მისი სიტყვები და დაფიქრდა: „მართლაც. ნეტავ,
რატომ არ გააკეთებინა ეს ჰერცოგს? მას შეეძლო, ჰერცოგი ლამის რაზეც გინდა,
დაეყოლიებინა“.

სწრაფად გაეპასუხა – სწრაფად, რადგან ასე სიმართლესაც იტყოდა და სალაპარაკო თემასაც


შეცვლიდა:

– უტიფრობაში ხომ არ ჩამომართმევთ... ჯესიკა, პირად ცხოვრებაზე კითხვას თუ დაგისვამთ?

ჯესიკა ფანჯრის წირთხლს მიეყრდნო, აუხსნელი შფოთით მოცული.

– არა, რასაკვირველია. თქვენ ხომ... ჩემი მეგობარი ხართ.

– რატომ არ აიძულეთ ჰერცოგი, თქვენზე ექორწინა?

ქალი შემობრუნდა, თავი ასწია, შეაცქერდა.

– ვაიძულე, ექორწინა? მაგრამ...

– არ უნდა მეკითხა, – თქვა იუემ.

– არა, – ჯესიკამ მხრები აიჩეჩა, – ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს – სანამ ჩემს ჰერცოგს ცოლი
არ შეურთავს, ზოგ დიდებულ გვარს შესაძლოა, მასთან დამოყვრების იმედი ჰქონდეს. და... –
ამოიოხრა, – ხალხის წაქეზება, მათთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა ადამიანების მიმართ
ცინიკურ დამოკიდებულებას გიჩენს. ის აუფასურებს ყველაფერს, რასაც კი შეეხება. მე რომ
მეიძულებინა... ამის გაკეთება, ეს მისი ქმედება არ იქნებოდა.

– ჩემი ვანაც ალბათ იმავეს იტყოდა, – ჩაილაპარაკა იუემ. და ესეც სიმართლე იყო. პირზე ხელი
აიფარა და ყელი დაძაგრა, რომ ნერწყვი გადაეყლაპა. ასე ახლოს არასოდეს მდგარა
გამოტყდომასთან, თავისი საიდუმლო როლის აღიარებასთან.

ჯესიკამ ისევ დაილაპარაკა და ეს წამი გაფანტა.

– თანაც, ველინგტონ, ჰერცოგი მართლაც ორი ადამიანია. ერთი მათგანი უზომოდ მიყვარს. ის
მომხიბვლელია, გონიერი, მზრუნველი... ალერსიანი – უკეთესს ვერც ერთი ქალი ვერ
ინატრებს. მაგრამ მეორე ადამიანი... ცივია, უხეში, მბრძანებლური, თავკერძა – ზამთრის
ქარივით ულმობელი და ბოროტი. ეს ის კაცია, მამამისმა რომ გამოზარდა, – სახე მოექცა, –
ნეტავ, კი ეგ ბერიკაცი ჩემი ჰერცოგის დაბადებისთანავე მომკვდარიყო!

მათ შორის ჩამოწოლილ სიჩუმეში გაისმა, როგორ შრიალებდა ვენტილატორიდან მობერილი


ნიავი დარაბებზე.

ცოტა ხანში ჯესიკამ ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

– ლეტო მართალია: ეს ოთახები უფრო მყუდროა, ვიდრე დანარჩენი, სახლის სხვა ნაწილებში,
– შეტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო, – თქვენი ნებართვით, ველინგტონ, მინდა, კიდევ
ერთხელ მოვათვალიერო ეს ფრთა, სანამ ოთახებს გავანაწილებდე.

მან თავი დაუქნია.

– რასაკვირველია, – და გაიფიქრა: „ნეტავ, როგორმე შეიძლებოდეს, არ ჩავიდინო ის საქმე,


რომელიც უნდა გავაკეთო“.

ჯესიკამ მკლავები ჩამოუშვა, ოთახი გადაჭრა, დარბაზში გამავალ კართან მივიდა და წამით
ყოყმანით შედგა, მერე კი გავიდა. „მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომ მელაპარაკებოდა,
რაღაცას მიმალავდა, რაღაცას არ ამხელდა“, გაიფიქრა მან. „უეჭველია, რაღაცაში მზოგავდა.
კარგი ადამიანია“. ისევ შეყოყმანდა, ლამის შებრუნდა, რომ პირზე დასდგომოდა და
დაფარული სიმართლე ეთქმევინებინა. მაგრამ ეს მხოლოდ შეარცხვენდა მას, შეაშინებდა იმის
გაგება, რა იოლი იყო მისი ამოცნობა. „უფრო მეტად უნდა ვენდო ჩემს მეგობრებს“.

9* * *
ბევრს აღუნიშნავს, თუ რა სწრაფად აითვისა მუად’დიბმა არაკისზე ცხოვრებისთვის
აუცილებელი ცოდნა. ბენე გესერიტმა, რა თქმა უნდა, იცის, თუ რა იყო ამ სისწრაფის
საფუძველი. სხვებს კი შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ მუად’დიბი სწრაფად სწავლობდა,
რადგანაც უპირველესად ის აითვისა, თუ როგორ უნდა ესწავლა. და სულ პირველი
გაკვეთილი იყო ის ძირეული რწმენა, რომ მას შეეძლო, ესწავლა. გაგაოცებთ იმის გაგება, თუ
რამდენ ადამიანს არ სჯერა, რომ შეუძლია, ისწავლოს, და რამდენად მეტს სჯერა, რომ სწავლა
ძნელია. მუად’დიბმა იცოდა, რომ ნებისმიერი გამოცდილება რაღაცას გასწავლის.
პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის ადამიანური ბუნება“

პოლი საწოლზე იწვა და თავს იმძინარებდა. სულ იოლი იყო, ხელში ჩაემალა ექიმ იუეს ძილის
აბი, ვითომდა, გადავყლაპეო. პოლმა სიცილი შეიკავა. დედამისსაც კი მძინარე ეგონა.
უნდოდა, წამომხტარიყო და სახლის გამოსაკვლევად წასვლის ნებართვა ეთხოვა, მაგრამ
მიხვდა, რომ დედა არ დასთანხმდებოდა. ჯერ ყველაფერი ძალიან არეული იყო. არა. ასე
ჯობდა.

„თუ არ ვიკითხავ და ისე გავძვრები, ეს ურჩობა არ იქნება. თანაც, სახლიდან ხომ არ გავალ,
სახლი კი უსაფრთხოა“.

ესმოდა, დედამისი და იუე გვერდით ოთახში რომ ლაპარაკობდნენ. სიტყვები ბუნდოვნად


ისმოდა: რაღაცას ამბობდნენ სუნელზე... ჰარკონენებზე. საუბარი ხან აეწყობოდა, ხან
წყდებოდა.

პოლი თავისი საწოლის ნაჩუქურთმევ თავს დააკვირდა – ეს ვითომ-თავი სინამდვილეში


კედელზე იყო მიმაგრებული და ოთახის ფუნქციების სამართავ ღილაკებს ნიღბავდა. ხეზე
გამოჭრილი იყო ჰაერში შემხტარი თევზი, მის ქვეშ სქელი ლეგა ტალღები იგრაგნებოდა,
პოლმა იცოდა, თუ თევზის ცალ თვალს დააჭერდა, ოთახში ტივტივა ნათურები აინთებოდა.
ერთ-ერთ ტალღას რომ შეაბრუნებდი, ვენტილაციას არეგულირებდი, მეორე ტემპერატურას
ცვლიდა.

პოლი უხმოდ წამოჯდა ლოგინში. მის მარცხნივ, კედელთან, მაღალი წიგნის კარადა იდგა. ის
შეიძლებოდა გვერდით გაგეწია და გამოჩნდებოდა კედლის კარადა, ცალ მხარეს
დაყოლებული უჯრებით. დარბაზში გასასვლელი კარის სახელური ორნიტოპტერის ამძრავი
სახელურის მსგავსად იყო გამოთლილი.

ოთახი თითქოს მის მოსახიბლავად იყო შექმნილი.

ოთახიც და მთელი პლანეტაც.

გაახსენდა ფილმწიგნი, რომელიც იუემ უჩვენა: „არაკისი: მისი იმპერიული


უდიდებულესობის უდაბნოს ბოტანიკური საცდელი სადგური“. ძველი ფილმწიგნი იყო, ჯერ
კიდევ სანელებლის აღმოჩენამდე გაკეთებული. პოლის გონებაში სახელწოდებები ირეოდა,
ყველას ახლდა თავისი სურათი, წიგნის მნემონიკური შიფრით ამოტვიფრული: საგუარო,
საქსაული, ფინიკის პალმა, ქვიშის ცოცხი, საღამოს ფურისულა, კასრა კაქტუსი, საკმლის
ბუჩქი, თრიმლი, კრეოზოტის ბუჩქი... მელა ფენეკი, უდაბნოს ქორი, კენგურუსებრი თაგვი...

სახელები და სურათები, სახელები და სურათები ადამიანის მიწაზე მიბმული წარსულიდან –


და მათგან ბევრს მთელ სამყაროში ვეღარსად იპოვი, მხოლოდ აქ, არაკისზეა შემორჩენილი.

რამდენი ახალი რამ უნდა შეიტყოს... სუნელზე.

და ქვიშის მატლებზე.

მეორე ოთახში კარი მიიხურა. პოლმა გაიგონა, როგორ შორდებოდა დერეფანში მიმავალი
დედის ნაბიჯების ხმა. იცოდა, ექიმი იუე რამე საკითხავს აიღებდა და მეორე ოთახში
დარჩებოდა.
ახლა ის დრო იყო, სახლის გამოსაკვლევად წასულიყო.

პოლი საწოლიდან გადმოძვრა, გასწია წიგნის კარადის კარისკენ, კედლის კარადაში რომ
შედიოდა. უკნიდან გაგონილმა ჩქამმა შეაჩერა, შეტრიალდა. საწოლის ნაჩუქურთმევი თავი
დაბლა იკეცებოდა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც პოლს ეძინა. პოლი გაშეშდა და უძრაობამ
გადაარჩინა.

საწოლის თავის უკნიდან პაწაწინა მონადირე-მაძებარი გამოძვრა, ხუთ სანტიმეტრზე უფრო


გრძელი არ იქნებოდა. პოლმა მაშინვე იცნო: მკვლელობის ჩვეულებრივი იარაღი იყო, სამეფო
სისხლის ყველა ბავშვი მას პატარაობიდანვე იცნობდა. მაძიებელ ლითონის წვეტს ვიღაც
ახლომყოფის ხელი და თვალი მართავდა. მას შეეძლო, მოძრავ სხეულში შესობილიყო,
ნერვულ არხებს გაჰყოლოდა და უახლოეს სასიცოცხლო ორგანომდე მიეღწია.

მაძებარი წამოიწია, ჯერ ერთ მხარეს მოატარა წვეტი, მერე მეორე მხარეს, ოთახი
მოათვალიერა.

პოლს გონებაში გაუცოცხლდა, რაც კი იცოდა ამ იარაღზე, მის შეზღუდვებზე: იარაღს მისი
შეკუმშული ასატივტივებელი ველი გადამცემი თვალის ხედვას უმახინჯებდა. ოთახი ახლა
სუსტადაა განათებული და მიმმართველი მხოლოდ მსხვერპლის მოძრაობას თუ შენიშნავს –
საერთოდ, ნებისმიერი რამის მოძრაობას.

ფარს შეეძლო, მონადირე შეენელებინა, მისი განადგურებისთვის დრო მიეცა, მაგრამ პოლმა
თავისი ფარი საწოლზე დატოვა. ლაზთოფითაც შეიძლებოდა მისი ჩამოგდება, მაგრამ
ლაზთოფები ძვირი და მოუხერხებელი იყო, თანაც ყოველთვის არსებობდა პიროტექნიკის
აფეთქების საშიშროება, თუ ლაზერის სხივი ცხელ ფართან გადაიკვეთებოდა. ატრეიდესები
თავიანთ სხეულის ფარებს და საზრიანობას უფრო ენდობოდნენ.

პოლი ახლა ადგილზე გაქვავებულიყო, იცოდა, ამ საფრთხის პირისპირ ახლა სწორედ


საზრიანობის ამარა იყო დარჩენილი.

მონადირე-მაძებარი კიდევ ნახევარი მეტრით წამოიწია. ფანჯრის საჩრდილობლებიდან


შემოღწეულ შუქზე აციმციმდა, წინ და უკან ირხეოდა და ოთახს ჩხრეკდა.

„ხელი უნდა ვტაცო“, გაიფიქრა პოლმა. სატივტივო ველი მონადირეს ძირთან სლიპინას
გახდიდა. „მაგრად უნდა ჩავბღუჯო“.

მაძებარმა ნახევარი მეტრით დაბლა დაიწია, მარცხენა მხარე მოათვალიერა, შემობრუნდა და


საწოლის გარშემო შემოატარა მზერა. მისგან სუსტი ზუზუნი ისმოდა.

„ვინ მართავს ამას? ვინცაა, ახლოს უნდა იყოს. შემიძლია, იუეს დავუძახო, მაგრამ, როგორც კი
კარს გააღებს, იმას დაეძგერება“.

პოლის უკან დარბაზში გამავალმა კარმა გაიჭრიალა. გაისმა კაკუნი. კარი გაიღო.

მოძრაობისკენ გაჭრილმა მაძებარმა თავთან ჩაუქროლა.

პოლის მარჯვენა ხელი წინ გაიჭრა, სასიკვდილო იარაღი დაბღუჯა და დაბლა დაქაჩა.
ლითონი მის ხელში აზუზუნდა და დაიკლაკნა, მაგრამ ბიჭს მტკიცედ ეჭირა.
მთელი ძალდატანებით შემობრუნდა, მოქაჩა და მაძებრის ცხვირი კარზე აკრულ ლითონის
ფირფიტას მიაჯახა. იგრძნო, როგორ გაიღრჭიალა წვეტზე დამაგრებულმა თვალმა, დაიმსხვრა
და მკვდარი მაძებარი ხელში ჩამოეღვენთა.

ხელს მაინც არ უშვებდა – ყოველი შემთხვევისთვის.

პოლმა მზერა ამართა და შედაუტ მეიპსის სრულიად ლურჯ, დაჭყეტილ თვალებს წააწყდა.

– მამაშენმა გამომგზავნა შენს დასაძახებლად, – უთხრა ქალმა, – დარბაზში ხალხი გელოდება,


რომ მასთან გაგაცილონ.

პოლმა თავი დაუქნია. ახლა მზერაც, ყურადღებაც მიაპყრო ამ უცნაურ ქალს, მის
ტომარასავით კაბას, ყმის სამოსივით ყავისფერს. ახლა ის ბიჭის ხელში დაბღუჯულ საგანს
დაჰყურებდა.

– ამისთანებზე გამიგია, – თქვა ქალმა, – ეს მე მომკლავდა, ხო ასეა?

სანამ დალაპარაკებას მოახერხებდა, პოლმა ნერწყვი გადაყლაპა.

– მე... მიმიზნებდა.

– მაგრამ ჩემკენ მოდიოდა.

– იმიტომ, რომ მოძრაობდი, – უთხრა პოლმა და გაიფიქრა: „ნეტავ, ვინ არის ეს არსება?“

– ესე იგი, სიკვდილს გადამარჩინე, – თქვა ქალმა.

– ჩვენი, ორივეს სიცოცხლე გადავარჩინე.

– როგორც ჩანს, შეგეძლო, იმისთვის ჩემი თავი დაგეთმო და შენ გაქცეოდი.

– ვინ ხარ? – ჰკითხა პოლმა.

– შადაუტ მეიპსი, მნე ქალი.

– საიდან იცოდი, სად ვიქნებოდი?

– დედაშენმა მითხრა. დაბლა, დერეფანში შემხვდა, საოცრების ოთახში ამავალ კიბესთან, –


მარჯვნისკენ მიუთითა, – მამაშენის ხალხი ჯერაც იცდის.

„ჰავატის ხალხი იქნება“, გაიფიქრა პოლმა. „უნდა ვიპოვოთ, ვინც ამ ნესტარს მართავდა“.

– მიდი მამაჩემის ხალხთან, – უთხრა ქალს, – უთხარი, რომ სახლში მონადირე-მაძებარი


დავიჭირე. ისინი უნდა გაიფანტონ და იპოვონ, ვინ მართავდა მას. უთხარი, სახლი და მისი
ეზოები ჩაკეტონ. თავად იციან, როგორ მოიქცნენ. ამის გამკეთებელი ნამდვილად უცხო იქნება
ჩვენ შორის.

და გაიფიქრა: „ეს არსება ხომ არ შეიძლებოდა, ყოფილიყო? მაგრამ ეს ვერ იქნებოდა. მაძებარს
ჯერ კიდევ ვიღაც მართავდა, ქალი რომ შემოვიდა“.

– სანამ შენს დავალებას შევასრულებდე, პატარა კაცო, – უთხრა მეიპსმა, – ჯერ ჩვენ შორის გზა
უნდა გავწმინდო. შენ მე დამადე წყლის ტვირთი, რომელიც, არ ვარ დარწმუნებული, რომ
მინდა, ვზიდო. მაგრამ ჩვენ, ფრემენებმა, ვალების გადახდა ვიცით – გინდ თეთრი იყოს ეს
ვალი და გინდ შავი. და ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ შორის მოღალატეა. ვინ არის იგი, არ
ვიცით, მაგრამ რომ არის, ეს უეჭველია. იქნებ, ამ ნემსს მისი ხელი წარმართავდა.

პოლმა უხმოდ შეისრუტა მისი ნათქვამი: „მოღალატე“. სანამ რამეს თქმას მოასწრებდა,
უცნაური ქალი შებრუნდა და შემოსასვლელისკენ გაიქცა.

ბიჭმა დააპირა, უკან მოეხმო, მაგრამ ისეთი ვინმე ჩანდა, მიხვდა, რომ ამით გაანაწყენებდა. მან
უკვე უთხრა, რაც კი იცოდა და მისი დავალების შესასრულებლად წავიდა. ერთ წუთში მთელ
სახლს ჰავატის ხალხი მოედებოდა.

პოლს მათი უცნაური საუბრიდან კიდევ ერთი რამ გაახსენდა: საოცრების ოთახი. მარცხნივ
გაიხედა, სადაც ქალმა მიუთითა. ჩვენ, ფრემენებიო. ანუ ფრემენი იყო. პოლი შეყოვნდა,
მნემონიკური ხერხით რომ ჩაეკირა მისი სახის ანაბეჭდი ხსოვნაში: დაჩამიჩებული, მუქ-
ყავისფერი ნაკვთები, ლურჯი-ლურჯზე თვალები, სითეთრის გარეშე. და იარლიყიც მიაბა:
შადაუტ მეიპსი.

პოლი ოთახში შებრუნდა, დამსხვრეული მეძებარი ჯერაც ხელში ეჭირა. საწოლიდან მარცხენა
ხელით აიტაცა ფარის ქამარი, წელზე შემოირტყა და გზადაგზა შეიკრა, სირბილით გავიდა
კარში და დერეფანს მარცხნისკენ გაუყვა.

ქალმა უთხრა, რომ დედამისი სადღაც იქ იყო – კიბე... და საოცრების ოთახიო.

10* * *
რა ჰქონდა ლედი ჯესიკას საყრდენად განსაცდელის ჟამს? ჩაუფიქრდით ბენე გესერიტის ამ
ანდაზას და, იქნებ, მიხვდეთ: „ნებისმიერ გზას, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად გაჰყვები
ბოლომდე, ასეთივე სიზუსტით მიჰყავხარ... არსად. მთის კალთას ცოტაზე შეუყევი, რათა
იგრძნო და გამოსცადო, რომ ეს მთაა. მთის მწვერვალიდან მთას ვერ დაინახავ.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: კომენტარები ოჯახის შესახებ“

სამხრეთი ფრთის ბოლოში ჯესიკამ მიაგნო ლითონის კიბეს, რომელიც სპირალისებურად


ადიოდა ოვალურ კართან. გახედა გამოვლილ დერეფანს, მერე ისევ კარს.

„ოვალი? რა უცნაური ფორმაა სახლის კარისთვის“.

ხვეული კიბის ქვეშ გაჭრილი ფანჯრიდან ხედავდა, არაკისის დიდი თეთრი მზე დაისისკენ
რომ იხრებოდა. დერეფანს გრძელი ჩრდილები მსჭვალავდა. ისევ კიბეს მიაპყრო თვალი.
გვერდიდან შემომავალი მკვეთრი შუქი საფეხურების ლითონის გრეხილებზე შემხმარ მიწას
აჩენდა.

ჯესიკა კიბის მოაჯირს დაეყრდნო და ასვლა დაიწყო. ხელს მიაცურებდა და ლითონის


სიცივეს გრძნობდა. კართან შედგა, დაინახა, რომ სახელური არ ჰქონდა, მაგრამ ზედაპირზე,
იქ, სადაც სახელური უნდა ყოფილიყო, მცირე ჩაღრმავება ეტყობოდა.
„ეს ხელის კლიტე არ უნდა იყოს“, გაიფიქრა მან. „ის რომელიმე ერთი ადამიანის ხელისგულის
მოყვანილობასა და ხაზებზე უნდა იყოს მორგებული“. მაგრამ ხელის კლიტეს ჰგავდა. და
თანაც, ნებისმიერი ხელის კლიტის გაღება შეიძლებოდა – ეს მან სკოლაში ისწავლა.

ჯესიკამ უკან გაიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, და ხელი ჩაღრმავებას მიაბჯინა.
ფრთხილად მიაჭირა, ხაზები რომ შეეცვალა – მაჯა მოატრიალა, ისევ, ხელისგული
ზედაპირზე გადააცურა.

გატკაცუნება იგრძნო.

მაგრამ უკნიდან დერეფანში მომავალი აჩქარებული ფეხის ხმა მოესმა. ჯესიკამ კარს ხელი
მოაცილა, მოტრიალდა და კიბის ძირს მოახლოებული მეიპსი დაინახა.

– დიდ დარბაზში ჯარისკაცები არიან, ამბობენ, რომ ისინი ჰერცოგმა გამოგზავნა ახალგაზრდა
ბატონის, პოლის, წასაყვანად, – უთხრა მეიპსმა, – ჰერცოგის ბეჭედი აქვთ და მცველმაც იცნო
ისინი, – კარს შეხედა, მერე ისევ ჯესიკას.

ფრთხილია ეს მეიპსი, გაიფიქრა ჯესიკამ. კარგი ნიშანია.

– დერეფნის ამ ბოლოდან მეხუთე ოთახშია, პატარა საძინებელში, – მიასწავლა ჯესიკამ, – თუ


მისი გაღვიძება გაგიჭირდება, გვერდითა ოთახიდან ექიმ იუეს დაუძახე. პოლს შეიძლება
გასაღვიძებელი ნემსი დასჭირდეს.

მეიპსმა ისევ მიაპყრო გამჭოლი მზერა ოვალურ კარს და ჯესიკას მოეჩვენა, რომ მის
გამომეტყველებაში ზიზღი შენიშნა. სანამ ჰკითხავდა, ეს რა კარია და მის მიღმა რა
დამხვდებაო, მეიპსი შებრუნდა და უკან, დარბაზისკენ გაეშურა.

„ჰავატმა დაადასტურა, რომ აქაურობა უსაფრთხოა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „შიგნით ძალიან


საშიში ვერაფერი ვერ იქნება“.

ქალი კარს მიაწვა და პატარა ოთახში შეაღო; პირდაპირ მეორე კარი გამოჩნდა. იმ კარს
ბორბლისებრი სახელური ჰქონდა.

„წინაკამერა!“ გაუკვირდა ჯესიკას. დაბლა დაიხედა და პატარა ოთახის იატაკზე დაგდებული


კარის ბიჯგი შენიშნა. ბიჯგს ჰავატის პირადი ნიშანი ესვა. კარს საბიჯგი დაუყენეს და ღია
დატოვესო, მიხვდა ჯესიკა. ვიღაცამ, ეტყობა, შემთხვევით ბიჯგი წააქცია, ვერ მიხვდა, რომ
გარეთა კარს ხელის კლიტე ჩარაზავდა.

ამოწეულ ზღურბლს გადააბიჯა და პატარა ოთახში შევიდა.

რა საჭიროა სახლში წინაკამერა? და ჯესიკას უცებ საგანგებო კლიმატში გამომწყვდეული


ეგზოტიკური არსებები გაახსენდა.

საგანგებო კლიმატი!

არაკისზე, სადაც ყველაზე უფრო გვალვაგამძლე უცხოპლანეტურ მცენარეებსაც კი მორწყვა


სჭირდებოდა, ამის გაკეთებას აზრი ჰქონდა.

მის უკან კარმა მიხურვა იწყო. ჯესიკამ დაიჭირა იგი და ჰავატის დატოვებული ჯოხი
საიმედოდ დაუყენა, რომ არ დაკეტილიყო. ისევ ბორბლით დაკეტილი შიდა კარის პირდაპირ
დადგა და სახელურის ზემოთ ლითონზე ამოკაწრული მკრთალი წარწერა დაინახა. გალაქური
სიტყვები იცნო და წაიკითხა:

„ო, ადამიანო! აქ ღვთის ქმნილების ტურფა ნაწილი დაგხვდება. მაშ, დადექი მის წინაშე და
ისწავლე უზენაესი მეგობრის სრულყოფილების სიყვარული“.

ჯესიკა ბორბალს მიაწვა. ის მარცხნივ შებრუნდა და შიდა კარი გაიღო. ლოყაზე ნაზი სიო
მიელამუნა, თმა შეურხია. იგრძნო ჰაერის ცვლილება, მისი მდიდრული გემო. ფართოდ
გამოაღო კარი და შეიხედა ხშირ სიმწვანეში, რომელსაც ყვითელი მზის შუქი ეღვრებოდა.

„ყვითელი მზე?“ გაუკვირდა. მერე გაუელვა: „მინის ფილტრი!“

ზღურბლს გადააბიჯა და მის უკან კარი მიიხურა.

– ნოტიო პლანეტის ორანჟერეა! – სუნთქვას ამოაყოლა ჯესიკამ.

გარშემო ყველგან ქოთანში ჩარგული მცენარეები და გასხლული ხეები იდგა. იცნო მიმოზა,
მოყვავილე კომში, სონდაჯი, მწვანეყვავილიანი პლენისცენტა, თეთრ-მწვანედ დაზოლილი
აკარსო... ვარდები...

ვარდებიც კი!

უზარმაზარი ვარდისფერი ყვავილის დასაყნოსად დაიხარა, გაიმართა და ოთახი


მოათვალიერა.

მის შეგრძნებებში რიტმული ხმა შემოიჭრა.

ერთმანეთში გადახლართული ფოთლები გადასწია და მათ მიღმა ოთახის ცენტრისკენ


გაიხედა. იქ დაბალი შადრევანი იდგა, პატარა, ღარებიანი კიდეებით. რიტმულ ხმას
გამოსცემდა მისგან გადმოღვრილი წყლის რკალი, მოწყვეტით და თქარუნით რომ ეცემოდა
ლითონის თასში.

ჯესიკამ სწრაფი გრძნობათა გამწმენდი სავარჯიშო გააკეთა და მეთოდურად დაიწყო ოთახის


შესწავლა. ის დაახლოებით ათი მეტრის სიგრძის გვერდის მქონე კვადრატი აღმოჩნდა.
დარბაზის კიდის ზემოთ მისი განლაგების, აგრეთვე კონსტრუქციაში მცირე განსხვავებების
მიხედვით დაასკვნა, რომ ოთახი ამ ფრთის სახურავზე შენობის დასრულების შემდეგ ბევრად
უფრო გვიან დააშენეს.

ოთახის სამხრეთ კიდესთან ჯესიკა მინა-ფილტრის წინ გაჩერდა და მიმოიხედა. ოთახის


ყოველი გოჯი ტენიანი კლიმატის ეგზოტიკურ მცენარეებს ეკავა. სიმწვანეში რაღაცამ
გაიშრიალა. ჯესიკა დაიძაბა, მერე თვალი მოჰკრა მარტივ საათისმექანიზმიან სერვოკს,
მილისა და შლანგისგან რომ შედგებოდა. შლანგი აიწია და მისგან გამოფრქვეულმა წვრილმა
ცვარმა ჯესიკას ლოყები დაუნამა. შლანგი უკან შებრუნდა და ჯესიკა დააცქერდა, თუ რას
რწყავდა იგი – გვიმრის ხეს.

ამ ოთახში ყველგან წყალია – და ეს ხდებოდა პლანეტაზე, სადაც წყალი უძვირფასესი


სასიცოცხლო სითხე იყო. აქ წყალი ისე უტიფრად იხარჯებოდა, რომ ამან ჯესიკა მთელი
არსებით შეძრა.
გარეთ გაიხედა და ფილტრით გაყვითლებულ მზეს დააკვირდა. ის დაკბილული
ჰორიზონტის ახლოს ეკიდა, იმ ქედის თავზე, რომელიც მხოლოდ ერთი ნაწილი იყო
უზარმაზარი კლდოვანი ამაღლებისა, ფარკედელს რომ უწოდებდნენ.

მინის ფილტრი. იმისთვის, რომ თეთრი მზე უფრო რბილი და ახლობელი გახდეს. ნეტავ, ვინ
ააშენა ეს ოთახი? ლეტომ? სწორედაც რომ მისი ხასიათის შესაფერია ასეთი მოულოდნელი
საჩუქრით ჩემი გახარება, მაგრამ ვერ მოასწრებდა. თანაც, უფრო სერიოზული პრობლემები
აქვს მისახედი.

გაახსენდა, მათთვის წარდგენილ ანგარიშში ეწერა, არაკენის ბევრი სახლი წინაკამერიანი


კარით და ფანჯრებით იკეტება, სახლის შიგნით ტენის შენარჩუნება და ხელმეორედ
გამოყენება რომ შეიძლებოდესო. ლეტომ თქვა, სიმდიდრის და ძალაუფლების საგანგებო
ხაზგასმაა, ამ სახლში ასეთ ხერხს რომ არ მიმართესო. აქ კარები და ფანჯრები მხოლოდ
ყოვლისმომცველი მტვრის შესაკავებლად იკეტებოდა.

მაგრამ ეს ოთახი ბევრად მეტს ამბობდა, ვიდრე წყალგაუმტარი გარეთა კარის არარსებობა.
ჯესიკას შეფასებით, ეს სიამის ალაგი იმდენ წყალს ხარჯავდა, რაც არაკისზე ათას ადამიანს
მაინც ეყოფოდა – იქნებ, მეტსაც.

ჯესიკამ ფანჯარას ჩაუარა, თან ისევ ოთახს ათვალიერებდა. ერთგან, შადრევნის გვერდით,
მაგიდის სიმაღლეზე გამოჩნდა ლითონის ზედაპირი, ზედ გადმოკიდებული ფართო
ფოთლებით ნახევრად დაფარული თეთრი საწერი დაფა და სტილუსი შენიშნა. მაგიდისკენ
გაემართა, მასზე ჰავატის ბეჭედი შეამჩნია და დაფაზე დაწერილი ბარათი გულდასმით
წაიკითხა:

„ლედი ჯესიკას!

დაე, ამ ადგილმა იმდენივე სიამოვნება გაჩუქოს, რამდენიც მე მომიტანა. გეთაყვა, ყური უგდე
ამ ოთახს, რათა მან შეგახსენოს გაკვეთილი, რომელიც ერთი და იმავე მასწავლებლებისგან
მიგვიღია: სასურველი საგნის სიახლოვე გვაცდუნებს, ზედმეტად შემწყნარებლები ვიყოთ. ამ
გზაზე ხიფათი გელის.

მიიღე ჩემი საუკეთესო სურვილები.

ლედი მარგო ფენრინგი“

ჯესიკამ თავი დაიქნია, გაახსენდა, რომ ლეტომ იმპერატორის ყოფილი რწმუნებული


არაკისზე გრაფ ფენრინგად მოიხსენია. მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ მოითხოვდა ყურადღებას
წერილის ფარული შეტყობინება, რომელიც იმგვარად იყო გაფორმებული, რომ აუწყებდა,
დამწერიც ბენე გესერიტიაო. ჯესიკას მწარე ფიქრმა გაჰკრა: „გრაფმა თავისი ქალი ცოლად
შეირთო“.

მაგრამ ამასობაში უკვე დახრილიყო და დამალულ წერილს ეძებდა. სადმე აქ უნდა იყოს.
ხილულ ბარათში ჩართული იყო კოდური ფრაზა, რომლითაც ნებისმიერი ბენე გესერიტი, თუ
შეზღუდული არ იყო სკოლის ბრძანებით, მიმართავდა თავის ბენე გესერიტ დას, როცა
ვითარება ამას მოითხოვდა: „ამ გზაზე ხიფათი გელის“.
ჯესიკამ დაფის უკანა მხარე მოსინჯა, ზედაპირს გადაუსვა თითები დაშიფრული
წერტილების მოსაძებნად. აქ არაფერია. გაფაციცებული თითები გააყოლა დაფის კიდეებს.
არაფერია. დაფა გვერდზე გადადო, იმ ადგილს დააკვირდა, სადაც ის იპოვა.

„ნეტავ, დაფის მდებარეობა რამეზე მეტყველებს?“

მაგრამ ჰავატმა ეს ოთახი გასინჯა, უეჭველია, დაფაც გადასწია. ჯესიკამ დაფაზე


გადმოკიდებულ ფოთოლს შეხედა. ფოთოლი! თითი გაუსვა მის ქვედა ზედაპირს, კიდეს,
ყუნწს. აქ იყო! თითებით გაარჩია ოდნავ შესამჩნევი დაშიფრული წერტილები და ერთი
გასმით ამოიკითხა:

„შენს შვილსა და ჰერცოგს მყისიერი საფრთხე ემუქრებათ. საძინებელი ისე მოაწყვეს, რომ შენს
შვილს მოსწონებოდა. ჰ-მა მასში მოაწყო სასიკვდილო მახეები, რომლებიც, წესით, უნდა
აღმოეჩინათ, მაგრამ დატოვა ერთი, რომელიც მცველებს ალბათ გამოეპარებათ“.

ჯესიკამ დაიოკა სურვილი, მაშინვე პოლისკენ გაქცეულიყო; ჯერ წერილი სრულად უნდა
შეესწავლა. თითები აჩქარებით გააყოლა წერტილებს.

„ზუსტად არ ვიცი, საფრთხე რა სახისაა, მაგრამ რაღაცით უკავშირდება საწოლს. შენს ჰერცოგს
საფრთხე მოელის სანდო მხლებლის ან თანაშემწის გამცემლობით. ჰ აპირებს, შენი თავი
ჯილდოდ გადასცეს თავის მსახურს. რამდენადაც ვიცი, ეს ორანჟერეა უსაფრთხოა. მაპატიე,
რომ მეტს ვერაფერს გეუბნები. რაკი ჩემი გრაფი ჰ-ს თამაშში არაა ჩართული, მხოლოდ მწირ
წყაროებზე მიმიწვდება ხელი. ახლაც ვჩქარობ. მ. ფ.“.

ჯესიკამ ფოთოლი გვერდზე გასწია, შემობრუნდა, რომ პოლთან გავარდნილიყო. იმავ წამს
წინაკამერის კარი მოფრიალდა, მასში პოლი შემოხტა, რომელსაც მარჯვენა ხელით რაღაც
მოჰქონდა. ბიჭმა ზურგს უკან

კარი მიაჯახუნა; დაინახა დედა, ფოთლები გაარღვია დამისკენ გაიჭრა. მერე შადრევანს
გახედა და ხელი და ის ჩაბღუჯული რაღაც წყლის ნაკადს შეუშვირა.

– პოლ! – ჯესიკა მხარზე დაებღაუჭა და მის ხელს დააცქერდა, – ეს რა არის?

პოლმა სრულიად ჩვეულებრივი კილოთი უპასუხა, თუმცა დედამ ძალდატანება შენიშნა:

– მონადირე-მაძებარი. ჩემს ოთახში დავიჭირე და ცხვირი გავუჭეჭყე, მაგრამ მინდა,


დანამდვილებით მოვსპო. წყალმა, წესით, უნდა დაამოკლოს.

– მთლიანად ჩააგდე! – უბრძანა დედამ.

პოლი დამორჩილდა.

ცოტა ხანში უთხრა:

– ამოიღე ხელი, ეგ წყალში ჩატოვე.

პოლმა ხელი ამოიღო, წყალი ჩამოიფერთხა და შადრევანში უძრავად ჩაგდებულ ლითონს


დააცქერდა. ჯესიკამ მცენარეს ღერი შეაწყვიტა, სიკვდილის მომტან წვეტს იმით უბიძგა.

სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.


ღერი წყალში ჩააგდო და პოლს შეხედა. ბიჭი ოთახს ათვალიერებდა და ჯესიკამ იცნო ეს
გამომცდელი, შემსწავლელი მზერა – ბენე გესერიტისეული.

– აქ, რაც გინდა, შეიძლება დამალო, – თქვა პოლმა.

– მაქვს მიზეზი, რომ აქაურობა უსაფრთხოდ ჩავთვალო, – უთხრა დედამ.

– ჩემი ოთახიც თითქოს უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. ჰავატმა თქვა...

– ეგ მონადირე-მაძებარი იყო, – შეახსენა ჯესიკამ, – ეს ნიშნავს, რომ მას ვიღაც სახლში მყოფი
მართავდა. მაძებრის კონტროლის სხივები შეზღუდულ მანძილზე მოქმედებს. ეგ
შეიძლებოდა ჰავატის შემოწმების მერეც შემოეპარებინათ.

მაგრამ ფოთოლზე დატოვებული წერილი გაახსენდა: „სანდო მხლებლის ან თანაშემწის


გამცემლობით“. ეს ნამდვილად არაა ჰავატი. ო, ჰავატი არაა.

– ჰავატის ხალხი ახლაც ჩხრეკს სახლს, – უთხრა პოლმა, – ამ მეძებარმა კინაღამ მოკლა ის
მოხუცი ქალი, ჩემს გასაღვიძებლად რომ მოვიდა.

– შადაუტ მეიპსი, – უთხრა ჯესიკამ და გაახსენდა, ქალს კიბეზე რომ შეხვდა, – მამაშენი
გეძახის, რომ...

– ეგ საქმე მოიცდის, – თქვა პოლმა, – რატომ გგონია, რომ ეს ოთახი უსაფრთხოა?

ჯესიკამ ბარათზე მიუთითა და აუხსნა, რაც ნახა.

პოლს დაძაბულობა ოდნავ მოეშვა.

ჯესიკა კი შინაგანად დაძაგრული რჩებოდა, მისი გონება ერთ ფიქრს შეეპყრო: მონადირე-
მაძებარი! მოწყალე დედაო! მთელ თავის წვრთნას მოუხმო, ისტერიკულ ცახცახს რომ არ
აეტანა.

პოლი კი საქმიანად ალაპარაკდა:

– ეს ჰარკონენების გაკეთებულია, რა თქმა უნდა. იძულებული ვიქნებით, გავანადგუროთ


ისინი.

წინაკამერის კარზე კაკუნი გაისმა: ჰავატის ნაწილების ერთ-ერთი კოდური დაკაკუნება.

– შემოდით, – დაუძახა პოლმა.

კარი ფართოდ გამოიღო და გამოჩნდა ატრეიდესის ფორმაში ჩაცმული მაღალი კაცი, ქუდზე
ჰავატის ნიშანი რომ ჰქონდა მიმაგრებული. ოთახში შემოსვლისას თავი დახარა, ზედა
წირთხლს რომ არ წამოსდებოდა.

– აქ ბრძანდები, სერ, – თქვა მან, – მნე ქალმა გვითხრა, რომ აქ იქნებოდი, – ოთახში მიმოიხედა,
– სარდაფში ქვით ამოშენებული კუთხე ვნახეთ და მასში მჯდომი კაცი დავიჭირეთ. მაძებრის
პულტი ჰქონდა.

– მინდა, დაკითხვას მეც დავესწრო, – თქვა ჯესიკამ.


– ვწუხვარ, მილედი. დაჭერისას დავაშავეთ და მოკვდა.

არაფერია, რაც გაგვარკვევდა, ვინაა?

– ჯერ ვერაფერი ვიპოვეთ, მილედი.

– არაკენელი იყო, აქაური? – ჰკითხა პოლმა.

ჯესიკამ თავი დაიქნია – გონივრული კითხვა იყო.

– აქაურს ჰგავს, – თქვა კაცმა, – ერთი შეხედვით, თვეზე მეტია, რაც იმ ამოშენებულში ჩასვეს
და ჩვენს მოსვლამდე დატოვეს. ქვა და დუღაბი იქ, საიდანაც ის სარდაფში გამოვიდა,
ხელუხლებელი იყო, როცა გუშინ იქაურობა შევამოწმეთ. ამას მთელი პასუხისმგებლობით
გეუბნებით.

– არავის ეეჭვება, რომ, რაც საჭირო იყო, გააკეთეთ, – უთხრა ჯესიკამ.

– მე მეეჭვება, მილედი. იქ, დაბლა, ხმოვანი ზონდები უნდა გამოგვეყენებინა.

– სავარაუდოდ, ახლა შვრებით მაგას, – თქვა პოლმა.

– დიახ, სერ.

– მამაჩემს შეატყობინეთ, რომ მისვლა დაგვაგვიანდება.

– ახლავე, სერ, – მან ჯესიკას შეხედა, – ჰავატის ბრძანებაა, რომ ამ ვითარებაში ახალგაზრდა
ბატონი უხიფათო ადგილას ვამყოფოთ და მცველები ვაახლოთ, – ისევ მოათვალიერა ოთახი, –
ამ ადგილზე რას იტყვით?

– მაქვს მიზეზი, ვიფიქრო, რომ უსაფრთხო ადგილია, – უთხრა ჯესიკამ, – აქაურობა მეც
გამოვიკვლიე და ჰავატმაც.

– მაშინ გარეთ კართან მცველებს დავაყენებ, მილედი, სანამ კიდევ ერთხელ დავივლიდეთ
სახლს, – თავი დაუკრა, პოლს ქუდთან თითის მიტანით სალამი მისცა, უკან-უკან გავიდა და
კარი გაიხურა.

ერთბაშად ჩამოწოლილი სიჩუმე პოლმა დაარღვია:

– ხომ არ აჯობებს, მერე ჩვენ თვითონ დავიაროთ სახლი? შენ შეიძლება ისეთი რამეები
შენიშნო, რაც სხვებს გამორჩებათ.

– მხოლოდ ეს ფრთა არ შემიმოწმებია, – უთხრა დედამ, – ბოლოსთვის გადავდე, იმიტომ, რომ...

– იმიტომ, რომ ჰავატმა აქაურობა პირადად შეამოწმა. – დაასრულა პოლმა.

ჯესიკამ სწრაფი მზერა შეავლო სახეზე.

– ჰავატს არ ენდობი? – ჰკითხა.

– ვენდობი, მაგრამ ჰავატი ბერდება... და გადაღლილია. შეგვეძლო, მისთვის ტვირთი


შეგვემსუბუქებინა.
– ეს მხოლოდ შეარცხვენს და და მის ქმედუნარიანობას შეასუსტებს, – უთხრა ჯესიკამ, – ამ
ამბავს რომ გაიგებს, მერე აქეთ ფრთაში ბუზიც ვეღარ შემოფრინდება. შერცხვენილი იქნება,
რომ...

– ჩვენ, ჩვენი მხრივ, ზომები უნდა მივიღოთ, – არ გადათქვა პოლმა.

– ჰავატი ატრეიდესების სამ თაობას ღირსეულად ემსახურა, – შეეპასუხა ჯესიკა, – იგი ჩვენს
დიდ პატივისცემას და ნდობას იმსახურებს... და მეტსაც.

– როცა მამაჩემი უკმაყოფილო რჩება იმით, რასაც შენ აკეთებ, ამბობს ხოლმე: „ბენე გესერიტი!“
ისე, თითქოს ეს სალანძღავი სიტყვა იყოს.

– და მამაშენი ჩემი საქციელით როდის არის ხოლმე უკმაყოფილო?

– როცა ეკამათები.

– შენ მამაშენი არ ხარ, პოლ.

და პოლმა გაიფიქრა: „ეს დააღონებს, მაგრამ უნდა ვუთხრა, რა თქვა იმ ქალმა, მეიპსმა, ჩვენ
შორის მყოფ მოღალატეზე“.

– რას მიმალავ? – ჰკითხა ჯესიკამ, – ასე არ იცოდი, პოლ.

პოლმა მხრები აიჩეჩა და მოუყვა, რაზე ილაპარაკეს მან და მეიპსმა.

ჯესიკამ კი ფოთლის ბარათი გაიხსენა. უცებ მიიღო გადაწყვეტილება, პოლს ფოთოლი უჩვენა
და აუხსნა, რა ეწერა ზედ.

– ეს ახლავე უნდა შევატყობინოთ მამაჩემს, – თქვა პოლმა, – დაშიფრულ რადიოგრამას


გავუგზავნი.

– არა. მოიცდი, სანამ მასთან პირისპირ დარჩებოდე. ეს, რაც შეიძლება, ცოტამ უნდა შეიტყოს.

– ფიქრობ, რომ არავის არ უნდა ვენდოთ?

– სხვაგვარად შეხედე ამ ამბავს, – უთხრა დედამ, – გამიზნული იყო, რომ ეს შეტყობინება


მიგვეღო. ადამიანები, რომლებიც მას გადმოგვცემენ, შესაძლოა, დარწმუნებული იყვნენ, რომ
სიმართლეს გვეუბნებიან, მაგრამ შეიძლება, ყოველივე ამის ერთადერთი მიზანი ამ
გზავნილის ჩვენამდე მოტანა იყოს.

პოლს სერიოზული გამომეტყველება არ შეცვლია.

– ჩვენ შორის უნდობლობის და ეჭვის დასათესად, ამ გზით ჩვენს დასასუსტებლად, –


წარმოთქვა მან.

– მამაშენს პირადად უნდა უთხრა ამის შესახებ და გააფრთხილო, რომ ეს ვერსიაც დასაშვებია .

– მესმის.

ჯესიკა მაღალი და ფართო ფილტრი-ფანჯრისკენ მიბრუნდა, სამხრეთ-დასავლეთს გახედა,


სადაც არაკისის მზე ჩადიოდა – კლდეების თავზე დაკიდებული გაყვითლებული ბურთი.
პოლიც მის გვერდით შებრუნდა და თქვა:

– ჰავატი არც მე არ მგონია. შეიძლება, იუე იყოს?

– ის არც თანაშემწეა, არც მხლებელი. და, შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ჰარკონენები
მასაც ჩვენსავით სძულს.

პოლი კლდეებს უცქერდა და ფიქრობდა: „და ვერც გურნი იქნება... ან დუნკანი. იქნებ
რომელიმე ქვე-თანაშემწეა? შეუძლებელია. ისინი ყველანი ისეთი ოჯახებიდან არიან,
რომლებიც თაობების განმავლობაში ჩვენი ერთგულები იყვნენ – და ამის მიზეზიც ჰქონდათ“.

ჯესიკამ შუბლი მოისრისა, დაღლილობა იგრძნო. აქ იმდენი საფრთხეა! ფილტრით


გაყვითლებულ ლანდშაფტს გახედა, დააკვირდა. ჰერცოგის სახლის ტერიტორიის იქით,
მაღალი ღობის უკან, საწყობების ეზო მოჩანდა, მასში სუნელის სასილოსე შენობები იდგა, მათ
გარს ოჩოფეხა საგუშაგო კოშკები შემოხვეოდა, რომლებიც დამფრთხალ ობობებს მოჰგავდნენ.
ოც სასაწყობე ეზოს მაინც ხედავდა, ფარკედლის კლდეებამდე რომ იწელებოდა – საწყობი-
საწყობი-საწყობი, მთელ ქვიშის აუზზე გადაჭიმული, ენაბლუს ლაპარაკივით.

ფილტრში გატარებული მზე ნელა დაიძირა ჰორიზონტს იქით. ვარსკვლავები გამოეფინნენ.


ჯესიკამ ცისკიდურის ახლოს ერთი კაშკაშა ვარსკვლავი შენიშნა, ცხადი, ზუსტი რიტმით რომ
ციმციმებდა, თითქოს სხივი უცახცახებდა: ციმ-ციმ-ციმ-ციმ-ციმ...

ბინდიან ოთახში მის გვერდით მდგარი პოლი შეირხა.

მაგრამ ჯესიკა იმ ერთ კაშკაშა ვარსკვლავს აკვირდებოდა, მიხვდა, რომ მეტისმეტად დაბლა
იყო, ალბათ ფარკედელის კლდეებიდან ანათებდა.

„ვიღაც ნიშანს იძლეოდა!“

სცადა, გზავნილი წაეკითხა, მაგრამ ის მისთვის ცნობილ არც ერთ შიფრს არ ემთხვეოდა.

კლდეების ქვეშ გაშლილ ველზე სხვა შუქებიც აინთო – ლურჯ სიმუქეზე ციცქნა სიყვითლეები
გაიფანტა. და მათგან მარცხნივ ერთი შუქი აკაშკაშდა, კლდეს შესციმციმა პასუხად – ძალიან
სწრაფად: ციმციმის ჭავლი, ციალი, გაციმციმება!

და ჩაქრა.

კლდეს შერჩენილი ცრუ ვარსკვლავიც მაშინვე გაქრა.

სიგნალები... მათ ჯესიკა ავი წინათგრძნობით აავსეს.

რა საჭირო იყო, აუზის გაღმა სინათლით ენიშნებინათ? საკომუნიკაციო ქსელს ვითომ რატომ
ვერ გამოიყენებდნენ?

პასუხი ცხადი იყო: კომუნქსელს ახლა ნამდვილად უსმენდა ჰერცოგ ლეტოს ხალხი.
სინათლის სიგნალები ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ მისი მეშვეობით ლაპარაკობდნენ მტრები
– ჰარკონენების აგენტები.

უკნიდან კარზე კაკუნი და ჰავატის კაცის ხმა გაისმა:

– ყველაფერი სუფთაა, სერ... მილედი. დროა, ახალგაზრდა ბატონი მამამისთან წავიყვანოთ.


11* * *
ამბობენ, რომ ჰერცოგმა ლეტომ არ გაისიგრძეგანა არაკისის საფრთხეები, რომ გაუფრთხილებ-
ლად შეაბიჯა მახეში. განა უფრო სწორი არ იქნება, ვივარაუდოთ: ის იმდენ ხანს ცხოვრობდა
უდიდესი ხიფათით გარემოცული, რომ სრულად ვერ შეაფასა მისი ინტენსივობის
ცვლილება? ან იქნებ მან განზრახ შესწირა სიცოცხლე იმ მიზანს, რომ მის ძეს უკეთესი
ცხოვრება ჰქონოდა? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჰერცოგი არ იყო ადვილად
გასაცურებელი კაცი.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: კომენტარები ოჯახის შესახებ“

ჰერცოგი ლეტო ატრეიდესი არაკენის გარეთ მდებარე აეროდრომის საკონტროლო კოშკზე


პარაპეტს ჩამოყრდნობოდა. ღამის პირველი მთვარე, პოლუსებთან შეჭყლეტილი ვერცხლის
მონეტა,საკმაოდ ასცდენოდა სამხრეთ ჰორიზონტს. მის ქვეშ ფარკედელის დაკბილული
კლდეები შაქარყინულივით ციმციმებდნენ მტვრიანი ჯანღის მიღმა. მის მარცხნივ იმავე
ჯანღში ღვიოდა არაკენის შუქები – ყვითელი... თეთრი... ცისფერი.

ის ფიქრობდა იმ შეტყობინებაზე, ახლა, მისი ხელმოწერით დამშვენებული, პლანეტის ყველა


დასახლებულ ადგილას რომ იყო გავრცელებული: „ჩვენმა დიდებულმა ფადიშაჰ-
იმპერატორმა დამავალა, მფლობელობაში ჩავიბარო ეს პლანეტა და ბოლო მოვუღო
ყოველგვარ უთანხმოებას“.

ამ ფრაზის რიტუალურმა ფორმალობამ მარტოობა აგრძნობინა. განა ვინ მოტყუვდება ამ


ვითომ-კანონიერებით? ფრემენები ნამდვილად არა. არც წვრილი წარჩინებული გვარები,
არაკისის შიდა ვაჭრობას რომ აკონტროლებენ... და თითქმის ყველანი ჰარკონენების მონა-
მორჩილები არიან.

„მათ ჩემი შვილის მოკვლა სცადეს!“


ძნელი იყო ამ მრისხანების დაოკება.

არაკენიდან აეროდრომისკენ მომავალი ხომალდის შუქები შენიშნა. იმედია, ეს დაცვის და


სამხედრო ნაწილების ხომალდია, პოლი მოჰყავს. დაყოვნება აღიზიანებდა, თუმცა იცოდა,
რომ ის ჰავატის თანაშემწის სიფრთხილემ გამოიწვია.

„მათ ჩემი შვილის მოკვლა სცადეს!“

თავი გაიქნია, რომ მრისხანე აზრები მოეშორებინა; უკან, აეროდრომს გახედა, რომლის
გარშემო, მონოლითური გუშაგების მსგავსად, მისი ხუთი ფრეგატი იყო შემოწყობილი.

ჯობია სიფრთხილე და დაყოვნება, ვიდრე...

„ჰავატის თანაშემწე კარგი მსახურია“, შეახსენა თავს. „დაწინაურებასაც ვუპირებდით,


საიმედო და ერთგულია“.

„ჩვენმა დიდებულმა ფადიშაჰ-იმპერატორმა“...

ამ მივარდნილი საგარნიზონო ქალაქის მცხოვრებლებს ერთი ენახათ იმპერატორის პირადი


წერილი თავისი „კეთილშობილი ჰერცოგის“ მიმართ – ამ ჩადრიანი კაცებისა და ქალების
აგდებული ხსენება: „...მაგრამ განა სხვას რას უნდა ელოდეთ ამ ბარბაროსებისგან, რომელთაც
ოცნებად მხოლოდ ის აქვთ, როგორმე ფაუფრელუჩესის მოწესრიგებული უსაფრთხოების
გარეთ იცხოვრონ?“

ჰერცოგმა იმ წამს გაიფიქრა, რომ თავად ოცნებად ის ჰქონდა, მოესპო ყველანაირი


კლასობრივი განსხვავებულობა და აღარასოდეს ეფიქრა ამ მომაკვდინებელ წესრიგზე. მტვრის
მიღმა უძრავ ვარსკვლავებს გახედა და გაიფიქრა: იმ ციცქნა სინათლეებიდან ერთ-ერთის
გარშემო კალადანი ბრუნავს... მაგრამ მე ვეღარასოდეს ვიხილავ ჩემს სახლს“. კალადანის
მონატრება ანაზდეულ ტკივილად დააწვა მკერდზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
ტკივილი მასში კი არ დაიბადა, არამედ კალადანიდან მოსწვდა. ვერაფრით აიძულა თავი, ამ
ხრიოკი პარტახისთვის, არაკისი რომ ერქვა, მშობლიური სახლი ეწოდებინა; და არც ეგონა,
რომ ამას ოდესმე შეძლებდა.

„უნდა დავფარო ჩემი გრძნობები“, გაიფიქრა მან. ბიჭის გამო. „თუ უწერია, ოდესმე სახლი
ჰქონდეს, ის აქ ექნება. მე შეიძლება, არაკისი ჩავთვალო ჯოჯოხეთად, სადაც სიცოცხლეშივე
მოვხვდი, მაგრამ მან აქ უნდა იპოვოს ისეთი რამ, რაც აღაფრთოვანებს. ხომ უნდა იყოს რამე
ასეთი“.

გულში გაურბინა საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობამ, მაგრამ ის მყის მოიძულა და


ჩაახშო, და რატომღაც გაახსენდა ორი სტრიქონი ლექსიდან, რომელსაც ხშირად იმეორებდა
ხოლმე გურნი ჰალეკი:

„ჩემი ფილტვები დროს ჩაისუნთქავს,


ჩამოცრილ ქვიშით მონაბერს...“

„ჰოდა, გურნი აქ ჩამოცრილ ქვიშას იმდენს იპოვის, რამდენიც უნდა“, გაიფიქრა ჰერცოგმა.

იმ მთვარით დათრთვილული კლდეების იქით გაშლილი ცენტრალური ვაკე უდაბნო იყო:


გადახრუკული კლდეები, დიუნები და მტვრის ქარიშხლები, რუკაზე დაუტანელი ხმელი
უდაბურება, რომლის განაპირას აქა-იქ და, შეიძლება, მის სიღრმეშიც ფრემენების ჯგუფები
გაფანტულიყო. თუ რამეს შეეძლო, ატრეიდესების საგვარეულოსთვის აქ მომავალი
მოეპოვებინა, ეს ფრემენები იყვნენ.

ოღონდ, თუ ჰარკონენებმა ფრემენებიც კი არ მოწამლეს თავიანთი უგვანი ხრიკებით.

„მათ ჩემი შვილის მოკვლა სცადეს!“

კოშკი ღრჭიალა ლითონის გრუხუნმა შეაცახცახა, ლეტოს მკლავებქვეშ პარაპეტი შეურყია. მის
წინ დამცავი ტიხარი ჩამოეშვა და ხედი ჩაუკეტა.

შატლი ეშვებაო, გაიფიქრა. „დროა, ჩავიდე და მუშაობას შევუდგე“. უკან შებრუნდა, კიბისკენ,
დიდი საერთო ოთახისკენ გაემართა. საფეხურებზე დაეშვა, თან ცდილობდა, სიმშვიდე
მოეკრიბა, სახე მოემზადებინა შეხვედრებისთვის, წინ რომ ელოდა.

„მათ ჩემი შვილის მოკვლა სცადეს!“

ყვითელგუმბათიან ოთახს რომ მიაღწია, მოედნიდან მასში უკვე ადამიანების ნაკადი


შემოდიოოდა. მხრებზე თავიანთი კოსმოჩანთები შემოეგდოთ, ხმაურობდნენ და ერთმანეთს
გასძახოდნენ, თითქოს არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეები ყოფილიყვნენ.
– ჰეი! გრძნობთ, რაღაც რომ გაქვთ ფეხებში? ეგ გრავიტაციაა, იცი?

– რამდენი g აქვს ამ ადგილს? რაღაც, მძიმედ ვარ!

– წიგნში წერია, ცხრა მეათედი g აქვსო!

დიდი ოთახი გადაძახილებმა აავსო.

– არა, კარგად თუ შეხედეთ ამ სოროს, როცა ვეშვებოდით? სადაა ის ალაფი, რომელიც ვითომ
აქ უნდა მოგვეხვეტა?

– ჰარკონენებმა გაზიდეს!

– მე კიდე ცხელი შხაპი და რბილი საწოლი მინდა!

– ვერ გაიგე, შტერო? აქ შხაპებზე არც იოცნებო. ტრაკს ქვიშით გამოიხეხავ ხოლმე.

– ჰეი, მორჩით! ჰერცოგი!

ჰერცოგმა კიბეზე გასასვლელიდან უეცრად დადუმებულ ოთახში შემოაბიჯა.

ხალხის ტალღის წინ გურნი ჰალეკი მოაბიჯებდა, ცალ მხარზე ჩანთა შემოეგდო, მეორე
ხელით თავისი ცხრასიმიანი ბალისეტი მოჰქონდა. გრძელთითება ხელი ჰქონდა, დიდი
ცერები, ფაქიზ მოძრაობებს ნაჩვევი, რომლებითაც ბალისეტს ესოდენ ნატიფ ბგერებს
სტაცებდა.

ჰერცოგი ჰალეკს უყურებდა და აღტაცებას ჰგვრიდა ეს უშნო, ტლანქი კაცი, მისი შუშის
ნამსხვრევებივით თვალები, რომლებშიც ველური გამჭრიახობა უელავდა. ეს იყო კაცი,
რომელიც ფაუფრელუჩესიდან სრულიად ამოვარდნილი იყო, არადა, მის ყველა მცნებას
ასრულებდა. რა შეარქვა პოლმა?

„გურნი მხნე“.

ჰალეკს თხელი ქერა თმა მოშიშვლებულ კინკრიხოზე წაეფარებინა, ფართო პირი საამოდ
სანახავი აგდებული ღიმილით მოქცეოდა; მის ყბაზე გაყოლებული მელნისვაზის მათრახის
ნაკვალევი კი თითქოს თავის ჭკუაზე ცოცხლობდა. ეტყობოდა, თავისიშესაძლებლობები
კარგად უწყოდა, რაც მას თავდაჯერებულ იერს ანიჭ ებდა. ის ჰერცოგს მიუახლოვდა და თავი
დაუკრა.

– გურნი, – მიესალმა ლეტო.

– მილორდ, – გაეპასუხა გურნი. მან ბალისეტი ოთახში მყოფი ხალხისკენ გაიშვირა, – ესენი
ბოლო წყებაა. მერჩია, პირველ ნაკადს ჩამოვყოლოდი, მაგრამ...

– ჰარკონენები ცოტა შენთვისაც დარჩა, – უთხრა ჰერცოგმა, – აქეთ გამომყევი, გურნი, შენთან
დალაპარაკება მინდა.

– როგორც ბრძანებ, მილორდ.


ისინი წყლის მექანიზმის გვერდით მომცრო ნიშა-ოთახში შევიდნენ, დარბაზში დარჩენილები
კი მოუსვენრად აფუსფუსდნენ. ჰალეკმა ჩანთა კუთხეში მიაგდო, ბალისეტს კი ხელს არ
უშვებდა.

– რამდენი კაცი შეგიძლია გადასცე ჰავატს? – ჰკითხა ჰერცოგმა.

– თუფეას უჭირს, სირ?

– მხოლოდ ორი აგენტი დაკარგა, მაგრამ მისმა მეწინავეებმა მშვენივრად იმუშავეს


ჰარკონენების აქაური სისტემის მთელ პერიმეტრზე. სწრაფად თუ ვიმოქმედებთ, შევძლებთ,
გარკვეული უსაფრთხოება მოვიპოვოთ, იმდენი, სუნთქვის შესაძლებლობას რომ მოგვცემს.
რამდენი კაცის დათმობაც კი შეგიძლია, ყველა გამოადგება – ისეთები, ცოტათი დანის
ტრიალსაც რომ არ შეუშინდებიან.

– შემიძლია, ჩემი სამასი საუკეთესო კაცი მივცე, – მიუგო ჰალეკმა, – სად გავუგზავნო?

– მთავარ ჭიშკართან. იქ მათ ჰავატის აგენტი ელოდება და ის წაიყვანს.

– ახლავე მივხედო მაგ საქმეს, სირ?

– ერთი წამიც. სხვა პრობლემაც გვაქვს. აეროდრომის კომენდანტი აქ შატლს რამე საბაბით
მზის ჩასვლამდე დააყოვნებს. გილდიის ჰაილაინერი, რომელმაც ჩვენ მოგვიყვანა, თავის გზას
განაგრძობს, და შატლმა მასთან სუნელით დატვირთული სატვირთო ხომალდი უნდა
აიტანოს.

– ჩვენი სუნელით, მილორდ?

– ჩვენი სუნელით. მაგრამ შატლს ძველი რეჟიმის სუნელის მაძიებლებიც გაჰყვებიან. მათ
ამჯობინეს, რაკი ფეოდზე ახალი მმართველი მოვიდა, აქედან გამგზავრებულიყვნენ.
ცვლილების მსაჯული მათ ამის ნებას რთავს. ესენი საჭირო მუშახელია, გურნი, დაახლოებით
რვაასნი არიან. სანამ შატლი აფრინდებოდეს, ზოგი მათგანი მაინც უნდა დაარწმუნო, რომ
ჩვენს სამსახურში შემოვიდნენ.

– უნდა დავაძალო, სირ?

– მე მათი ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მინდა, გურნი. ამ ხალხს ის გამოცდილება და


ცოდნა აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება. რაკი მიემგზავრებიან, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ისინი
ჰარკონენების მანქანის ნაწილი არ ყოფილან. ჰავატი დარწმუნებულია, რომ მათ ჯგუფში
მტრებიც არიან ჩანერგილები, მაგრამ იმას ყველა ჩრდილი მკვლელი ჰგონია.

– ჰავატს თავის დროზე რამდენიმე ერთობ გამრჯე ჩრდილი ჰყავს გამოჭერილი, მილორდ.

– რამდენიმე კი ვერ გამოიჭირა. მაგრამ ასე მგონია, ამ გასამგზავრებლად გამზადებულ


ჯგუფში „მძინარე“ აგენტების ჩასანერგად ჰარკონენებს წარმოსახვის უნარი არ ეყოფოდათ.

– შეიძლება, სირ. სადაა ეგ ხალხი?

– დაბლა, ქვემო დონეზე, მოსაცდელ ოთახში. ალბათ აჯობებს, ჩახვიდე და ერთი-ორი სიმღერა
უმღერო, გული რომ მოუბრუნო, მერე კი დაყოლიებაზე გადახვიდე. შეგიძლია, მაღალი
თანამდებობები შესთავაზო იმათ, ვინც დაგთანხმდება. რასაც ჰარკონენები უხდიდნენ, იმაზე
ოცი პროცენტით მეტ ჯამაგირს დაჰპირდი.

– მეტს არა, სირ? ჰარკონენების ტარიფი ვიცი. მაგრამ თუ კაცს ბოლო ჯამაგირი ჯიბეში უდევს
და მოგზაურობის ჟინი შესჩენია... ასე რომ, სირ, ოცი პროცენტი დასარჩენად საკმარისი
არგუმენტი არ იქნება.

ლეტო მოუთმენლად გაეპასუხა:

– მაშინ, კერძო შემთხვევებში, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ მიიჩნევ. მხოლოდ გახსოვდეს,
რომ ხაზინა უძირო არაა. სადაც შეძლებ, ოც პროცენტზე შეჩერდი. განსაკუთრებით გვჭირდება
სუნელის გადასატანი სატვირთო მანქანების მძღოლები, ამინდის მცნობები, დიუნის მუშები –
ყველა, ვისაც კი ღია ქვიშაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

– გავიგე, სირ. „ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და


ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს“.

– ძალიან ამაღელვებელი ციტატაა, – უთხრა ჰერცოგმა, – შენი ხალხი რომელიმე ლეიტენანტს


ჩააბარე. წყლის მოხმარების წესების მოკლე კურსი ჩაუტაროს, მერე ღამის გასათევად
აეროდრომის გვერდით ყაზარმებში დააბინაოს. აეროდრომის პერსონალი უჩვენებს, სად და
როგორ წავიდნენ. და არ დაგავიწყდეს ჰავატისთვის ხალხის გაგზავნა.

– სამასი საუკეთესო, სირ, – თავის კოსმოჩანთას დასწვდა, – სად გნახო, რომ მოგახსენო, ყველა
დავალებას როცა შევასრულებ?

– აქ, ზედა სართულზე, სათათბირო ოთახი დავიკავე. შტაბი იქ გვექნება. მინდა, არეულობების
დაშლის ახალი პლანეტარული წესი დავნერგო, რომ პირველები ჯავშანტექნიკიანი ნაწილები
გადიოდნენ ხოლმე.

ჰალეკი უკვე წასასვლელად მიბრუნდა,მაგრამ შეჩერდა, ლეტოს თვალში თვალი გაუყარა.

– ასეთ სიძნელეებს მოელი, სირ? მეგონა, აქ ცვლილების მსაჯული მოქმედებდა.

– ღია ბრძოლებიც გველის და ფარულიც, – უთხრა ჰერცოგმა, – ბლომად სისხლი დაიღვრება,


სანამ საქმეს დავაბოლოებდეთ.

– „და იყოს წყალი იგი, რომელ მოიღო მდინარისა მისგან, სისხლ ქუეყანასა ზედა“, – ისევ
ციტატით გაეპასუხა ჰალეკი.

ჰერცოგმა ამოიოხრა.

– მიდი, გურნი.

– კეთილი, მილორდ, – მელნისვაზის მათრახით დაჩნეული ნაწიბური ფართო ღიმილით


დაეგრიხა, – „აჰა, ვით სახედარი გარეული, უდაბნოში გავდივარ სამუშაკოდ“, – შებრუნდა,
ოთახის ცენტრისკენ გაემართა, ბრძანების გასაცემად შეჩერდა, მერე კვლავ დაიძრა, და
ხალხში გაიარა.
ლეტომ თავი გაიქნია, მისგან მიმავლის ზურგს უცქერდა. ჰალეკი მუდამ აოცებდა:
სიმღერებით, ციტატებით, მოკაზმული ფრაზებით ჰქონდა სავსე თავი... და ასასინის გული,
როცა ჰარკონენებს უნდა გასწორებოდა.

ლეტომ აუჩქარებლად გადაჭრა დარბაზი დიაგონალზე და ლიფტისკენ გაემართა.


ჯარისკაცების სამხედრო მისალმებას ის უბრალო ხელის დაქნევით პასუხობდა. იცნო
პროპაგანდის კორპუსის თანამშრომელი, გაჩერდა და გადასცა გზავნილი, რომელიც
შეიძლებოდა, არხების დახმარებით მიეწვდინათ ჯარისკაცებისთვის: მათ, ვინც ქალები
წამოიყვანა თან, ისურვებდნენ, შეეტყოთ, რომ ეს ქალები საიმედოდ იყვნენ დაცული და მათი
ნახვა ამა და ამ ადგილას შეიძლებოდა. სხვებს ალბათ გაახარებდა იმის გაგება, რომ აქაურ
მოსახლეობაში ქალები კაცებს სჭარბობდნენ.

ჰერცოგმა პროპაგანდის თანამშრომელს მკლავზე მოუტყაპუნა ხელი, რითაც ანიშნა, რომ ეს


გზავნილი სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო და დაუყოვნებლივ უნდა გადაცემულიყო;
შემდეგ გზა განაგრძო. ჯარისკაცებს თავს უქნევდა, უღიმოდა, უმცროს ოფიცრებთან
ჩერდებოდა, რომ ორიოდ თავაზიანი სიტყვა ეთქვა და მათგანაც იგივე მოესმინა.

„უფროსობა ყოველთვის თავდაჯერებული უნდა ჩანდეს“, გაიფიქრა მან. „მათი რწმენის


საყრდენი შენ უნდა იყო – მაშინაც კი, როცა თავად ფეხქვეშ მიწა გეცლება, ამას ვერავინ უნდა
გამჩნევდეს“.

შვებით ამოისუნთქა, როცა ლიფტმა შთანთქა იგი, შემობრუნდა დამიაჩერდა კარს,


რომლისთვისაც ყველაფერი სულერთი იყო.

„მათ ჩემი შვილის მოკვლა სცადეს!“

12* * *
არაკენის აეროდრომის შესასვლელის თავზე თითქოს რაღაც პრიმიტიული იარაღით
ამოჩორკნილი წარწერა მოჩანდა, რომელსაც მუად’დიბი შემდგომში ბევრჯერ გაიმეორებდა.
ეს წარწერა არაკისზე ჩამოსვლის პირველსავე ღამეს დაინახა, როცა ჰერცოგის შტაბში
მიიყვანეს, მამის მეთაურთა პირველ საერთო შეკრებას რომ დასწრებოდა. წარწერა იყო
ვედრება არაკისიდან წამსვლელთა მიმართ, მაგრამ მისი ნაღვლიანი შინაარსი სამუდამოდ
ჩარჩა გულში ბიჭს, რომელიც, ის-ის იყო, გადარჩენოდა სიკვდილს, გვერდით რომ ჩაუქროლა.
წარწერა იუწყებოდა: „ო, თქვენ, ვინც იცით, რის გადატანა გვიწევს აქ დარჩენილებს,
მოგვიხსენიეთ თქვენს ლოცვებში“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“

– ომის მეცნიერების მთელი თეორია გათვლილი რისკია, – თქვა ჰერცოგმა, – მაგრამ როცა შენს
ოჯახს ემუქრება რისკის საფრთხე, გათვლითი ნაწილი გადაიფარება... სხვა რამეებით.

იცოდა, რომ ისე ვერ იკავებდა ბრაზს, როგორც საჭირო იყო, და შებრუნდა, გრძელი მაგიდის
გასწვრივ გაიარ-გამოიარა.
ჰერცოგი და პოლი მარტონი იყვნენ აეროდრომის სათათბირო ოთახში, რომლის კედლები
ექოს გამოსცემდა. აქ მხოლოდ ერთი გრძელი მაგიდა იდგა, გარს შემოწყობილი ძველებური
სამფეხა სკამებით; ბოლოში რუკების დაფა და პროექტორი ეკიდა. პოლი რუკების დაფის
ახლოს მისჯდომოდა მაგიდას. მან მამას უამბო, როგორ შეხვდა მონადირე-მაძებარს, და
გადასცა გაფრთხილება, რომ გვერდით მოღალატე ჰყავდა.

ჰერცოგი პოლის პირდაპირ გაჩერდა და მაგიდას ხელი დაჰკრა.

– ჰავატმა მითხრა, რომ სახლი უსაფრთხო იყო!

პოლმა ყოყმანით წამოიწყო:

– მეც გავბრაზდი – თავიდან. და ჰავატი დავადანაშაულე. მაგრამ საფრთხე სახლის გარედან


მოვიდა. მარტივი, ჭკვიანური და პირდაპირი დარტყმა იყო. და მიზანსაც მიაღწევდა, რომ არა
წვრთნა, შენგან და ბევრი სხვისგანაც რომ მაქვს მიღებული – მათ შორის, ჰავატისგანაც.

– შენ რა, იცავ მას? – პასუხი მოსთხოვა ჰერცოგმა.

– დიახ.

– ბერდება, ამაშია საქმე. ის უნდა...

– დიდმა გამოცდილებამ სიბრძნე შესძინა, – უთხრა პოლმა, – ჰავატის რამდენი შეცდომის


გახსენება შეგიძლია?

– ეს მე უნდა ვიცავდე მას, – უთხრა ჰერცოგმა, – შენ კი არა.

პოლს გაეღიმა.

ლეტო მაგიდის თავს მიუჯდა და შვილს ხელზე დაადო ხელი.

– ბოლო დროს... გაიზარდე, შვილო, – ხელი მოაცილა, – ეს ძალიან მახარებს. – შვილს


ღიმილითვე უპასუხა, – ჰავატი თავს თვითონ დაისჯის. იმაზე მეტ ბრაზს დაატეხს საკუთარ
თავს, ორივენი ერთად რომ ვერ შევძლებდით.

პოლმა გახედა ჩაბნელებულ ფანჯრებს რუკის დაფის იქით, ღამის სიშავეს ჩააცქერდა. გარეთ
აივნის მოაჯირი ოთახის სინათლეს ირეკლავდა. რაღაც მოძრაობა შენიშნა და ატრეიდესების
ფორმაში ჩაცმული მცველი გაარჩია. ისევ მამის უკან, თეთრ კედელზე გადაიტანა მზერა, მერე
მაგიდის პრიალა ზედაპირს დახედა და ზედ მუშტად შეკრული თავისი ხელები დაინახა.

ჰერცოგის მოპირდაპირე კარი ჯახანით გაიღო. მასში თუფეა ჰავატი შემოვიდა,


ჩვეულებრივზე უფრო ბებერი და გაძვალტყავებული ჩანდა. მაგიდას ჩაუარა, ლეტოს
პირისპირ სამხედრო წესისამებრ გაიჭიმა.

– მილორდ, – თქვა მან, თითქოს ლეტოს თავზემოთ ერთ წერტილს მიმართავდა, – ახლახან
შევიტყვე, როგორ მიმტყუნია შენთვის. გარდაუვალი შეიქნა, ვითხოვო გადადგ...

– დაჯექი ერთი და სულელივით ნუ იქცევი, – უთხრა ჰერცოგმა და პოლის წინ სკამზე ანიშნა,
– შეცდომა თუ მოგივიდა, იმიტომ, რომ ჰარკონენები ზედმეტად გამჭრიახებად ჩათვალე.
მათმა მარტივმა გონებამ მარტივი ხრიკი მოიფიქრა. ჩვენ კი მარტივი ხრიკები არ გავთვალეთ.
და ჩემი შვილი ძალიან ეცადა, დავერწმუნებინე, რომ ამ ხიფათს, ძირითადად, შენი წვრთნის
წყალობით დაუძვრა. ამაში კი არ გიმტყუნია, – ცარიელი სკამის საზურგეს დაჰკრა ხელი, –
დაჯექი-მეთქი!

ჰავატი სკამზე დაეშვა.

– მაგრამ...

– ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, – უთხრა ჰერცოგმა, – რაც მოხდა, უკვე წარსულშია. ახლა უფრო
საშური საქმეები გვაქვს. სხვები სად არიან?

– ვთხოვე, გარეთ დაეცადათ, სანამ მე...

– დაუძახე, შემოვიდნენ.

ჰავატმა ჰერცოგს თვალი გაუსწორა.

– სირ, მე...

– მე ვიცი, ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები, თუფეა, – უთხრა ჰერცოგმა, – დაუძახე,
შემოვიდნენ.

ჰავატმა ნერწყვი გადაყლაპა.

– ახლავე, მილორდ, – სკამზე შებრუნდა, ღია კარს გასძახა: – გურნი, შემოიყვანე!

ჰალეკი ოთახში შემოუძღვა კუშტად სერიოზულ შტაბის ოფიცრებს, რომლებსაც უფრო


ახალგაზრდა თანაშემწეები და სპეციალისტები მოჰყვებოდნენ. ყველას საქმიანი განწყობა
ეტყობოდა. შემოსულები რომ დასხდნენ, ოთახში სკამის იატაკზე გაჩოჩების ხმები ექოებად
გაისმა. ირგვლივ რაჩაგის გამამხნევებელი სასმელის მსუბუქი სურნელი გავრცელდა.

– შეგვიძლია, მსურველებს ყავა შევთავაზოთ, – თქვა ჰერცოგმა.

თავის ხალხს გადახედა, გაიფიქრა, კარგი გუნდიაო. ასეთ ომში შეიძლება ბევრად უარესადაც
იყოს საქმე. მან შეიცადა, სანამ გვერდითა ოთახიდან ყავას შემოიტანდნენ და ჩამოარიგებდნენ.
ზოგს სახეზე დაღლილობა შეატყო.

ამის მერე ლეტომ მშვიდი ენერგიულობის ნიღაბი მოირგო, წამოდგა და დამსწრეთა


ყურადღება მაგიდაზე მსუბუქი დაკაკუნებით მიიპყრო.

– კეთილი, ჯენტლმენებო. როგორც ჩანს, ჩვენი ცივილიზაცია ისე დაეჩვია დაპყრობებს და


თავდასხმებს, აღარც კი შეგვიძლია, იმპერიის ხელისუფლების უბრალო ბრძანებას ისე
დავემორჩილოთ, რომ ძველებური ამბები არ გამოგვიხტეს.

მაგიდის გარშემო ზოგან ჩუმად ჩაიცინეს და პოლი მიხვდა, რომ მამამისმა აქ მყოფთა
გასამხნევებლად

ზუსტად საჭირო რამ თქვა, ზუსტად საჭირო ტონით. მსუბუქი დაღლილობაც კი, მის ხმაში
რომ გაისმა, უადგილო არ იყო.
– ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თავდაპირველად თუფეას მოვუსმინოთ, რამე ხომ არ აქვს
დასამატებელი ფრემენებზე მოწოდებული ანგარიშისთვის, – თქვა ჰერცოგმა, – გთხოვ, თუფეა.

ჰავატმა ჰერცოგს ახედა.

– ჩემი ძირითადი ანგარიშის მერე მინდა, ყურადღება გავამახვილო ზოგიერთ ეკონომიკურ


საკითხზე, სირ, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ უფრო და უფრო ვრწმუნდები: ფრემენები
სწორედ ის მოკავშირეები არიან, ჩვენ რომ გვჭირდება. ისინი ჯერ იცდიან, გვაკვირდებიან,
რომ გაიგონ, შეიძლება თუ არა ჩვენი ნდობა, მაგრამ თვითონ თითქოს არ გაიძვერობენ. მათ
ძღვენი გამოგვიგზავნეს: მათივე დამზადებული სარწყულები... უდაბნოს ზოგიერთი ნაწილის
რუკები, ჰარკონენების მიერ დატოვებული საყრდენი პუნქტების გარშემო... – ჰავატმა მაგიდას
დახედა, – მათი დაზვერვის მონაცემები სრულიად სანდო აღმოჩნდა და დიდად დაგვეხმარა
ცვლილების მსაჯულთან მოლაპარაკებისას. სხვა წვრილმანებიც გამოგზავნეს:
ძვირფასეულობა ლედი ჯესიკასთვის, სუნელისგან დამზადებული სასმელი, ტკბილეული,
სამკურნალო ნაყენები. ჩემი ხალხი ახლა ამ ყველაფერს ამოწმებს. თითქოს არანაირი ხრიკი არ
ჩანს.

– მოგწონს ეს ხალხი, თუფეა? – ჰკითხა მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა კაცმა.

ჰავატმა მისკენ მიაბრუნა სახე.

– დუნკან აიდაჰო ამბობს, რომ ისინი აღტაცების ღირსნი არიან.

პოლმა მამას შეხედა, ისევ ჰავატს მიუბრუნდა და გაბედა, ეკითხა:

– გაქვთ ახალი ცნობა იმაზე, ფრემენები რამდენნი არიან?

ჰავატმა პოლს შეხედა.

– საკვების მიმოცვლის და სხვა მონაცემების მიხედვით, აიდაჰომ შეაფასა, რომ იმ


გამოქვაბულების სისტემაში, რომელშიც ის ცხოვრობდა, სულ ათი ათასი მცხოვრებია. მათმა
წინამძღოლმა თქვა, რომ მართავს სიეტჩს, რომელშიც ორი ათასი კერიაა. გვაქვს მიზეზი,
ვიფიქროთ, რომ ასეთი სიეტჩი-თემები ძალიან ბევრია. როგორც ჩანს, ყველა ერთგულებას
უცხადებს ვიღაცას, სახელად ლიეტს.

– ეს რაღაც ახალია, – თქვა ჰერცოგმა.

– შეიძლება, ეს შეცდომაც იყოს, სირ. ზოგი რამის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ
ლიეტი ადგილობრივი ღვთაებაა.

მაგიდასთან მჯდომთაგან ერთმა ხმა ჩაიწმინდა:

– დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი კონტრაბანდისტებთან იჭერენ საქმეს?

– აიდაჰოს იქ ყოფნისას იმ სიეტჩიდან კონტრაბანდისტების ქარავანი გამოვიდა, სუნელის


დიდი ტვირთი მიჰქონდათ. სასაპალნე პირუტყვს იყენებდნენ და ვარაუდობდნენ, წინ
თვრამეტდღიანი გზა გვაქვსო.

– როგორც ჩანს, ამ არეულ ხანაში კონტრაბანდისტები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, – თქვა


ჰერცოგმა, – ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე. ჩვენს პლანეტაზე მომუშავე
არალიცენზირებული ფრეგატების გამო დიდად არ უნდა შევწუხდეთ – ეგ ყოველთვის ასე
იყო. მაგრამ სულმთლად ყურადღების გარეშე დავტოვოთ, ესეც არ ივარგებს.

– რამე გეგმა გაქვს, სირ? – ჰკითხა ჰავატმა.

ჰერცოგმა ჰალეკს შეხედა.

– გურნი, მე მინდა, რომ უმეთაურო დელეგაციას, თუ გნებავს, დესპანების მისიას, რომელიც ამ


რომანტიკულ ბიზნესმენებს დაუკავშირდება. უთხარით, რომ მათ საქმიანობას თვალს
ავარიდებ, თუ საჰერცოგო მეათედს გადამიხდიან. ჰავატმა როგორც შეაფასა, აქამდე ქრთამები
და ქარავნების დამატებითი შეიარაღებული დაცვა ამაზე ოთხჯერ მეტი უჯდებოდათ.

– და თუ ეს ამბავი იმპერატორის ყურს მისწვდა? – ჰკითხა ჰალეკმა, – ის ძალიან


გულმოდგინედ იცავს პუვმე-დან მიღებულ სარგებელს, მილორდ.

ლეტომ გაიღიმა.

– ჩვენ კი მთელ მეათედს სრულიად დაუფარავად დავდებთ შადამ IV-ის სახელზე და, კანონის
შესატყვისად, მას გადასახადების აკრეფის ხარჯებად გავატარებთ. აბა, ჰარკონენები ამას
გაუმკლავდნენ! ასე ზოგ აქაურსაც გადავუკეტავთ შემოსავალს, ისეთებს, ჰარკონენების ხელში
რომ მოსუქდნენ. აღარავითარი ქრთამები!

ჰალეკს სახე ფართო ღიმილმა მოუბრიცა.

– ააჰ, მილორდ, შესანიშნავი დარტყმაა წელს ქვემოთ. ნეტავ, ერთი ბარონის სახე დამანახვა, ამ
ამბავს რომ გაიგებს.

ჰერცოგი ჰავატს მიუბრუნდა.

– თუფეა, ჩაიგდე ხელში ის საბუღალტრო წიგნები, რომლებზეც ამბობდი, ყიდვა შეიძლებაო?

– დიახ, მილორდ. ახლაც კი გრძელდება მისი დეტალური შესწავლა. ოღონდ მე უკვე


გადავხედე ნაჩქარევად და შემიძლია, წინასწარი შეფასება მოგახსენოთ.

– მოგვახსენე, მაშინ.

– ჰარკონენებს არაკისიდან ყოველ სტანდარტულ სამას ოცდაათ დღეში ათი მილიარდი


სოლარისი შემოსავალი ჰქონდათ.

მაგიდას გაოცების ყრუ ამოოხვრამ გადაურბინა. ახალგაზრდა თანაშემწეებიც კი, რომელთაც,


ცოტა არ იყოს, მობეზრება დასტყობოდათ, გაიმართნენ და ერთმანეთს გაფართოებული
თვალებით გადახედეს.

ჰალეკმა ჩაიბუტბუტა:

– „რადგან ზღვათა სიმდიდრეს სწოვენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულს“.

– აი, ჯენტლმენებო, – თქვა ლეტომ, – არის აქ ვინმე იმდენად გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს,
ჰარკონენებმა წყნარად ჩაალაგეს ბარგი და აქედან მიბრძანდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ
იმპერატორმა ასე ბრძანა?
ყველამ თავი დაიქნია, მის აზრს ბუტბუტით დაეთანხმნენ.

– ჩვენ მოგვიწევს, აქაურობა იარაღით მოვიპოვოთ, – თქვა ლეტომ და ჰავატს მიუბრუნდა, –


ახლა დროა, აღჭურვილობის შესახებ მოგვახსენო. რამდენი ქვიშამავალი, კომბაინი, სუნელის
ფაბრიკა და დამხმარე ტექნიკა დაგვიტოვეს?

– სრული კომპლექტი, როგორც იუწყება იმპერიული აღწერა, ცვლილების მსაჯულის მიერ


შემოწმებული, მილორდ, – ჰალეკმა ხელით ანიშნა თანაშემწეს, მისთვის საქაღალდე
მიეწოდებინა და ის თავის წინ, მაგიდაზე გადაშალა, – მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალეს,
ეხსენებინათ, რომ ქვიშამავალების მხოლოდ ნახევარია მუშა მდგომარეობაში, რომ მათგან
მხოლოდ დაახლოებით მესამედს აქვს გადამტანები,

სასუნელე ქვიშებთან რომ შეეძლოთ გადაფრენა; რომ ყველაფერი, რაც კი ჰარკონენებმა


დაგვიტოვეს, სადაცაა, დაიმტვრევა და დაიშლება. უნდა ჩავთვალოთ, რომ გაგვიმართლებს,
აღჭურვილობის ნახევარს მაინც თუ ავამუშავებთ და კიდევ უფრო გაგვიმართლებს, ექვსი
თვის მერე ამის მეოთხედი მაინც თუ იმუშავებს.

– როგორც ველოდით კიდეც, – თქვა ლეტომ, – ეს ყველაფერი ციფრებში რომ გადავიყვანოთ,


რას მივიღებთ?

ჰავატმა საქაღალდეს ჩახედა.

– უკვე რამდენიმე დღეში დაახლოებით ცხრაას ოცდაათი ფაბრიკა-კომბაინის გაყვანა


შეიძლება; დაახლოებით სამოცდაორი ათას ორმოცდაათი ორნიტოპტერი – საკვლევად,
დასაზვერავად და ამინდზე დასაკვირვებლად... გადამტანები – ათასზე ცოტა ნაკლები.

ჰალეკმა იკითხა:

– უფრო იაფი არ იქნებოდა, გილდიასთან განგვეახლებინა მოლაპარაკებები და მას ნება


დაერთო, ფრეგატი დაგვესვა ორბიტაზე, როგორც მეტეოროლოგიური თანამგზავრი?

ჰერცოგმა ჰავატს შეხედა.

– აქ ახალი არაფერია, ჰა, თუფეა?

– ჯერჯერობით სხვა გზები უნდა გამოვნახოთ, – უთხრა ჰავატმა, – გილდიის აგენტს ჩვენთან
მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, არც გაუმართავს. მან უბრალოდ გამაგებინა – როგორც
მენტატმა მენტატს – რომ ჩვენი სახსრები ამის საფასურს ვერ გასწვდება და მერეც ასე იქნება,
რაც არ უნდა გაიზარდოს ეს სახსრები. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, სანამ
ისევ თხოვნით მივმართავდეთ.

ჰალეკის ერთ-ერთი თანაშემწე მაგიდის ბოლოში სკამზე შემოტრიალდა და წამოიძახა:

– ეს რა სამართალია!

– სამართალი? – ჰერცოგმა ამის მთქმელს შეხედა, – განა სამართალს ვინმე ითხოვს? ჩვენს
სამართალს ჩვენვე ვამყარებთ. ჩვენ ვამყარებთ მას აქ, არაკისზე, და ვიმარჯვებთ ან
ვიხოცებით. ნანობ, რომ შენც ჩვენს ბედს იზიარებ, სერ?

კაცი ჰერცოგს შეაცქერდა, მერე უპასუხა:


– არა, სირ. შენ უკან ვერ დაიხევდი და მე კი არ შემეძლო, არ გამოგყოლოდი. მაპატიე ეს
წამოძახილი, მაგრამ... – მხრები აიჩეჩა, – ხანდახან ალბათ ყველა გავმწარდებით ხოლმე.

– გამწარება მესმის, – უთხრა ჰერცოგმა, – მაგრამ მოდი, სამართლიანობის იმედად ნუ


ვიქნებით, სანამ საკუთარი ხელები გვაბია და შეგვიძლია, თავისუფლად მოვიხმაროთ. კიდევ
რომელიმე თქვენგანს ხომ არ დაუგროვდა სიმწარე? თუ ასეა, გამოუშვით იგი. ეს მეგობრული
თათბირია და ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას.

ჰალეკი შეწრიალდა და თქვა:

– იცი, რაზე მეთანაღრება გული, სირ? იმაზე, რომ სხვა დიდებული გვარებიდან მოხალისეები
არ შემოგვიერთდნენ. ისინი შენ „ლეტო სამართლიანს“ გიწოდებენ და საუკუნო მეგობრობას
გეფიცებიან, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ ეს არაფერი უჯდებათ.

– მათ ჯერ არ იციან, ამ გადაცვლით ვინ დარჩება მოგებული, – თქვა ჰერცოგმა, – ამ გვარების
უმრავლესობას ზედმეტი ქონი მოედო ურისკო ცხოვრებისგან. მათ ვერც დაადანაშაულებ
ამაში; შეიძლება, მხოლოდ გებრალებოდეს, – ჰავატს შეხედა, – აღჭურვილობაზე
ვლაპარაკობდით. ხომ არ გვიჩვენებდი პროექტორით რამდენიმე ნიმუშს, აქ მყოფებისთვის
ტექნიკა რომ გაგვეცნო?

ჰავატმა თავი დაუქნია, პროექტორთან მდგარ დამხმარეს ანიშნა.

ჰერცოგისგან მაგიდის მთელი სიგრძის დაახლოებით ერთ მესამედ მანძილზე, მათ წინ
სამგანზომილებიანი სოლიდოპროექცია გამოჩნდა. მაგიდის ბოლოსკენ მჯდარი ზოგიერთი
კაცი წამოდგა, უკეთ რომ დაენახათ.

პოლი წინ გადაიხარა და მანქანას დააკვირდა.

მის გარშემო გაფანტული ადამიანების პაწაწინა პროექციების მიხედვით ჩანდა, რომ ეს მანქანა
სიგრძეში დაახლოებით ას ოცი და სიგანეში ორმოცამდე მეტრი იქნებოდა. ძირითადად,
წაგრძელებული, ხოჭოსმაგვარი სხეული ჰქონდა, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი
განიერი მუხლუხოებით გადაადგილდებოდა.

– ეს სამკელი ფაბრიკაა, – თქვა ჰავატმა, – ამ პროექციის გადასაღებად კარგად გამართული


მანქანა შევარჩიეთ. თუმცა აქ არის ერთი სათხრელი მანქანა, რომელიც იმპერატორის
ეკოლოგების პირველ გუნდს ჩამოჰყვა, და ჯერაც მუშაობს... თუმცა, არ მესმის, როგორ... ან
რატომ.

– თუ ეს ისაა, „ბებერი მარია“, ეგ სამუზეუმო ექსპონატია, – თქვა დამხმარემ, – მე მგონი,


ჰარკონენებს ეგ დასასჯელად ჰქონდათ დატოვებული, მუშებს აშინებდნენ მაგით: წესიერად
მოიქეცი, თორემ „ბებერ მარიაზე“ დაგსვამთო.

მაგიდას სიცილმა გადაურბინა.

პოლზე მათ ხალისს არ უმოქმედია, ყურადღება მთლიანად პროექციასა და გონებაში


ამოტივტივებულ კითხვაზე გადაეტანა. გამოსახულებაზე მიუთითა და იკითხა:

– თუფეა, არსებობენ იმხელა ქვიშის მატლები, ეს მთლიანად რომ ჩაყლაპონ?


მაგიდასთან ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა. ჰერცოგმა თავისთვის შეიკურთხა, მერე გაიფიქრა:
„არა, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ“.

– უდაბნოს სიღრმეში არიან მატლები, რომლებსაც შეუძლიათ, მთელი ეს ფაბრიკა ერთ


ლუკმაზე გადაყლაპონ, – მიუგო ჰავატმა, – აქეთ, ფარკედელთან უფრო ახლომდებარე
არეალში, რომლის ფარგლებსაც არ სცდება სუნელის მოპოვების ძირითადი სამუშაოები,
ბევრია მატლები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ფაბრიკა დაამსხვრიონ და მერე აუჩქარებლად
მიირთვან.

– არ შეიძლება, ფარები დავუყენოთ? – ჰკითხა პოლმა.

– როგორც აიდაჰო გვატყობინებს, უდაბნოში ფარის გამოყენება საშიშია. სხეულის ზომის


ფარიც კი გარშემო ასობით მეტრის მანძილიდან ყველა მატლს იზიდავს. როგორც ჩანს, ფარის
გამოისობით მთლად ცოფდებიან და გზად ყველაფერს ლეწავენ. ამას ფრემენები
გვიდასტურებენ და ჩვენ მიზეზი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ. აიდაჰოს სიეტჩში ფარის
არანაირი მოწყობილობისთვის არ მოუკრავს თვალი.

– საერთოდ არა აქვთ? – ჰკითხა პოლმა.

– რამდენიმე ათას ადამიანში ამის დამალვა ძნელი იქნებოდა, – უთხრა ჰავატმა, – აიდაჰო
სიეტჩში, სადაც უნდოდა, დადიოდა. ვერც ფარები ვერ ნახა, ვერც მათი გამოყენების კვალი.

– რა უცნაურია, – თქვა ჰერცოგმა.

– ჰარკონენები აქ ფარებს ნამდვილად ბლომად ხმარობდნენ, – განაგრძო ჰავატმა, – ყოველ


საგარნიზონო დასახლებასთან სარემონტო ბაზები ჰქონდათ და მათ ანგარიშებში ასახულია
დიდი ხარჯები ფარების აღსადგენად და საჭირო ნაწილების შესაძენად.

– შეიძლება, რომ ფრემენებმა ფარების განეიტრალების ხერხი იცოდნენ? – იკითხა პოლმა.

– არ მგონია, – უპასუხა ჰავატმა, – ეს თეორიულად შესაძლებელია, რასაკვირველია – ამის


გაკეთება, სავარაუდოდ, შეიძლება, მთელი არეალის ზომის სტატიკური საწინააღმდეგო
მუხტის შექმნით, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ ამის გამოცდა ვერავინ მოახერხა.

– რომ ჰქონდეთ, აქამდეც გავიგებდით, – თქვა ჰალეკმა, – კონტრაბანდისტებს ფრემენებთან


გაცხოველებული მისვლა-მოსვლა აქვთ და მაგ მოწყობილობას შეიძენდნენ, რომ არსებობდეს.
და რა დაუშლიდათ, ის სხვა პლანეტებზეც რომ გაეტანათ?

– არ მომწონს, ასეთი მნიშვნელოვანი კითხვა უპასუხოდ რომ გვაქვს, – თქვა ლეტომ, – თუფეა,
მინდა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა პრიორიტეტული იყოს.

– მაგაზე უკვე ვმუშაობთ, მილორდ, – ჰავატმა ხმა ჩაიწმინდა, – ჰმ-ჰ, აიდაჰომ კიდევ ერთი რამ
აღნიშნა. ასე თქვა, რომ შეუძლებელია, არ დაინახო ფრემენების დამოკიდებულება ფარების
მიმართ. სასაცილოდ არ ჰყოფნითო, მოგვახსენებს.

ჰერცოგი მოიღუშა და თქვა:

– ჩვენ სუნელის მოსაპოვებელ აღჭურვილობაზე ვმსჯელობდით.

ჰავატმა პროექტორთან მდგარ თანაშემწეს ანიშნა.


სამკელი ფაბრიკის სოლიდო-გამოსახულება ფრთებიანი აპარატის პროექციამ ჩაანაცვლა,
რომლის გარშემო შემოხვეული ადამიანებიც სულ პატარები ჩანდნენ.

– ეს გადამტანია, – თქვა ჰავატმა, – არსებითად, ეს დიდი ტოპტერია. მისი ერთადერთი


დანიშნულებაა, ფაბრიკა სუნელით მდიდარ ადგილას გადაიტანოს, მერე კი, როცა ქვიშის
მატლი გამოჩნდება, ფაბრიკის ევაკუაცია უზრუნველყოს. მატლები კი აუცილებლად
გამოჩნდებიან. სუნელის მოპოვება ნიშნავს, მიხვიდე და გამოიქცე, ოღონდ თან წამოიღო,
რამდენიც შეგიძლია.

– ზუსტად ჰარკონენების ზნეობაზეა ზედგამოჭრილი, – თქვა ჰერცოგმა.

ამას უცაბედი და ზედმეტად ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.

პროექტორის ფოკუსში გადამტანს ორნიტოპტერი ჩაენაცვლა.

– ესენი საკმაოდ გავრცელებული ტოპტერებია, – თქვა ჰავატმა, – გარკვეული


მოდიფიკაციების წყალობით, მათ უფრო მეტ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. განსაკუთრებული
ყურადღება მიექცა იმას, რომ საკვანძო ადგილები ქვიშისა და მტვრისგან დაცული იყოს.
ამათგან დაახლოებით ოცდაათიდან ერთია ფარით აღჭურვილი – შესაძლოა, ფარის
გენერატორი წონის გამო იქნა უარყოფილი, ფრენის მაქსიმალური მანძილის გასაზრდელად.

– არ მომწონს ფარების მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება, – ჩაილაპარაკა ჰერცოგმა.


და გაიფიქრა: „ეს ხომ არ არის ჰარკონენების მთავარი ხრიკი? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფარით
აღჭურვილი ფრეგატებითაც კი ვერ გავიქცევით, თუ არაფერი გამოგვივიდა?“ ამგვარი
ფიქრები რომ გაეფანტა, მან მკვეთრად გაიქნია თავი და თქვა:

მოდი, სამუშაო შეფასებაზე გადავიდეთ. როგორი იქნება ჩვენი მოგება?

ჰავატმა რვეულის ორი ფურცელი გადაშალა.

– მას მერე, რაც შევაფასეთ შეკეთების ხარჯები და მუშა აღჭურვილობა, სამუშაოთა წარმოების
ხარჯების პირველადი შეფასება მოვახერხეთ. ბუნებრივია, ის ეყრდნობა შემცირებულ
მოცულობას გარკვეული უსაფრთხოების ველის შესაქმნელად, – მენტატის ნახევარტრანსში
ჩაფლულმა ჰავატმა თვალები მილულა და განაგრძო: – ჰარკონენების ხელში ტექნიკური
მომსახურებასა და ხელფასებზე თოთხმეტი პროცენტი იხარჯებოდა. ჩვენ თუ მოვახერხებთ
და დასაწყისში ოცდაათ პროცენტში ჩავეტევით, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება. ხელახალი
ინვესტირების და გაფართოების ფაქტორების გათვალისწინებით, პუვმე-ს წილისა და
სამხედრო ხარჯების ჩათვლით, ჩვენი მოგების ზღვარი ექვს-შვიდ პროცენტამდე შემცირდება
– რაც ძალიან მცირეა – სანამ მოძველებულ ტექნიკას არ შევცვლით. ამის შემდეგ შევძლებთ,
მოგება თორმეტ ან თხუთმეტ პროცენტამდე გავზარდოთ, რაც არის კიდევაც რეალური
ზღვარი, – თვალები გაახილა, – თუ მილორდს არ სურს, ჰარკონენების მეთოდები გადმოიღოს.

– ჩვენ მტკიცე და მუდმივი პლანეტარული ბაზის შესაქმნელად ვმუშაობთ, – თქვა ჰერცოგმა, –


მაღალი პროცენტები რაშიც გვჭირდება, ეს ხალხის კეთილდღეობაა – განსაკუთრებით,
ფრემენების.

– უპირველეს ყოვლისა, ფრემენების, – დაეთანხმა ჰავატი.


– კალადანზე ჩვენს უპირატესობას საზღვაო და საჰაერო ძალები განაპირობებდა, – განაგრძო
ჰერცოგმა, – აქ უნდა განვავითაროთ ის, რასაც მე უდაბნოს ძალებს ვუწოდებდი. ეს, შესაძლოა,
საჰაერო ძალასაც მოიცავდეს, მაგრამ შეიძლება, ასე არც იყოს. მინდა, ყურადღება
მიგაქცევინოთ იმაზე, რომ ტოპტერებს ფარები არ გააჩნია. – მან თავი გაიქნია, – ჰარკონენები
თავიანთ ზოგ მნიშვნელოვან პოსტს პერსონალით უზრუნველყოფდნენ პლანეტის გარედან
შემოდინებული სპეციალისტების ხარჯზე. ჩვენ ამას ვერც გავბედავთ. ყოველ ახალ ჯგუფს
თავისი წილი პროვოკატორები მოჰყვებიან.

– მაშინ ბევრად ნაკლებ მოგებას და შემცირებულ მოსავალს უნდა დავჯერდეთ, – თქვა


ჰავატმა, – პირველი ორი სეზონის განმავლობაში ჰარკონენების საშუალო შემოსავლის
მესამედი თუ გვექნება.

– ეგრეა, – უთხრა ჰერცოგმა, – ზუსტად, როგორც ველოდით. ფრემენებთან საქმე სწრაფად


უნდა წავწიოთ წინ. პუვმე-ს პირველ რევიზიამდე მინდა, ფრემენ მებრძოლთა ხუთი სრული
ბატალიონი მყავდეს.

– ეს არც ისე დიდი დროა, სირ, – უთხრა ჰავატმა.

– დიდი დრო საერთოდ არ გვაქვს, ეს ყველამ კარგად იცით. პირველივე შესაძლებლობა რომ
მიეცემათ, ჰარკონენებად გადაცმული სარდაუკარები აქ გაჩნდებიან. როგორ გგონია, რამდენს
ჩამოიყვანენ, თუფეა?

– სულ ოთხ ან ხუთ ბატალიონს, სირ. მეტს არა. გილდიის ფასები ჯარების გადაყვანაზე
ისეთია, რომ...

– მაშინ ფრემენების ხუთი ბატალიონი და ჩვენი საკუთარი ძალები უნდა გვეყოს. რამდენიმე
ტყვე სარდაუკარს ლანდსრაადის საბჭოს თუ დავუყენებთ წინ, საქმე სულ სხვანაირად წავა –
იქ მოგება-არმოგებაზე ლაპარაკი აღარ იქნება.

– ცდას არ დავაკლებთ, სირ.

პოლმა შეხედა მამას, მერე ისევ ჰავატს, უცებ აღიქვა მენტატის ასაკი, გაიაზრა, რომ ბერიკაცი
ატრეიდესების სამ თაობას ემსახურა. დაბერდა. ეს ეტყობოდა თაფლისფერი თვალების
ცრემლიან კიაფზე, უცხო ქვეყნების ამინდებისგან დახეთქილ და დამწვარ ლოყებზე, მხრების
დაქანებასა და თხელ ტუჩებზე, საფოს წვენს ჭიაფრად რომ დაელაქავებინა.

„რამდენი რამეა დამოკიდებული ერთ ბერიკაცზე“, გაიფიქრა პოლმა.

– ჩვენ ახლა ასასინთა ომში ვართ ჩაბმული, – თქვა ჰერცოგმა, – მაგრამ ის ჯერ მთელი ძალით
არც კი გაჩაღებულა. თუფეა, ჰარკონენების სისტემა აქ რა დღეშია?

– ჩვენ გავანადგურეთ მათი ორას ორმოცდაცხრამეტი მთავარი აგენტი, მილორდ. ახლა


ჰარკონენების სამ უჯრედზე მეტი არაა დარჩენილი – შეიძლება, სულ ასამდე კაცი იყოს.

–ჰარკონენების ის ქვემძრომები, თქვენ რომ ამოხოცეთ, – თქვა ჰერცოგმა, – მდიდრები იყვნენ?

– უმრავლესობას არ უჭირდა, მილორდ – მწარმოებელთა რიგებიდან იყვნენ.

– მინდა, რომ თითოეული მათგანის ხელმოწერით ყალბი ქვეშევრდომობის სერტიფიკატი


შეიქმნას, – ბრძანა ჰერცოგმა, – ასლები ცვლილების მსაჯულს ჩაბარდეს. ჩვენი ოფიციალური
პოზიცია იქნება, რომ მათ ყალბი ქვეშევრდომობა ჰქონდათ. ქონება ჩამოართვით, ყველაფერი
წაართვით, მათი ოჯახები გამოყარეთ, შიშვლები დატოვეთ. და, არ დაგავიწყდეთ, რომ
იმპერატორს თავისი ათი პროცენტი გადაურიცხოთ. ყველაფერი სრულიად კანონიერად უნდა
მოხდეს.

თუფეამ გაიღიმა და ჭიაფერი ტუჩებიდან წითლად დალაქავებული კბილები გამოაჩინა.

– თავად შენი პაპის შესაფერი სვლაა, მილორდ. შერცხვენილი ვარ, შენამდე მე თვითონ რომ
ვერ მოვიფიქრე.

მაგიდის მეორე მხარეს მჯდარმა ჰალეკმა შუბლი შეიკრა, პოლის მოღუშული სახე რომ
შენიშნა. სხვები იღიმებოდნენ და თანხმობის ნიშნად თავს იქნევდნენ.

„ასე არასწორია“, გაიფიქრა პოლმა. „ასე დანარჩენები უფრო გაშმაგებით იბრძოლებენ.


დანებებით ვერაფერს მოიგებენ“.

იცოდა, რომ კანლიში აკრძალული ილეთები არ არსებობდა, მაგრამ ეს ისეთი სვლა იყო,
შეეძლო, თავად ისინი გაენადგურებინა. თუნდაც გამარჯვება მოეტანა.

– „რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა,“ – წარმოთქვა ჰალეკმა.

პოლი შეაცქერდა, იცნო ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის ციტატა და გაიფიქრა: „ნეტავ,


გურნისაც სურს, ბოლო მოეღოს ამ მრუდე ხრიკებს?“

ჰერცოგმა ფანჯარაში ჩამოწოლილ სიბნელეს გახედა, ისევ ჰალეკს დააცქერდა.

– გურნი, რამდენი უდაბნოს მუშა დაიყოლიე ჩვენთან დარჩენაზე?

– სულ ორას ოთხმოცდაექვსი, სირ. მგონია, რომ უნდა ავიყვანოთ ისინი და ჩავთვალოთ, რომ
გაგვიმართლა. ყველა საჭირო მუშაკია.

– მეტი არა? – ჰერცოგმა იმედგაცრუებით მოკუმა ტუჩები, – კარგი, გადაეცი მათ, რომ...

კართან ატეხილმა ჩოჩქოლმა სიტყვა გააწყვეტინა. იქ ჩამდგარ მცველებს დუნკან აიდაჰო


გამოსცდა, გაჩქარებით ჩაუარა მაგიდას და ჰერცოგის ყურთან დაიხარა.

ლეტომ ხელის გაქნევით ანიშნა, გაიმართეო.

– თქვი, დუნკან. ხომ ხედავ, აქ სტრატეგიული შტაბის კრებაა.

პოლი აიდაჰოს უყურებდა. ახლაც აკვირვებდა მისი კატის მოქნილობა, მისი რეაქციის
სისწრაფე, რაც იარაღის ოსტატს ასე ძნელად გასამკლავებელ მოწინააღმდეგედ აქცევდა.
აიდაჰომ მუქი მრგვალი სახე პოლისკენ მიაბრუნა, მის დანახვაზე ღრმად ჩამჯდარ თვალებში
ნაპერწკალიც არ გაკრთომია, მაგრამ პოლმა მღელვარებაზე აფარებული უშფოთველობის
ნიღაბი გაარჩია.

აიდაჰომ მაგიდას გააყოლა თვალი და თქვა:

– ფრემენებად გადაცმული ჰარკონენების დაქირავებული მებრძოლების რაზმი ავიყვანეთ.


ფრემენებმა თავად გამოგვიგზავნეს მაცნე, ამ ცრუ ბანდის შესახებ რომ ეუწყებინათ. მაგრამ
შეტაკებისას გამოირკვა, რომ ჰარკონენებს ფრემენების მაცნე დაუჭერიათ და მძიმედ
დაუჭრიათ. აქეთ მოგვყავდა, რომ მისთვის ჩვენს ექიმებს ემკურნალათ, მაგრამ გზაში
მოგვიკვდა. შევნიშნე, რა ცუდად იყო, და შევჩერდით, რომ როგორმე დავხმარებოდი. და
სწორედ იმ დროს წავასწარი, რაღაცის გადაგდებას რომ ცდილობდა, – აიდაჰომ ლეტოს
დახედა, – დანა იყო, მილორდ, ისეთი, რომლის მსგავსიც არასოდეს გექნება ნანახი.

– კრისდანა? – იკითხა ვიღაცამ.

– უეჭველია, ისაა, – მიუგო აიდაჰომ, – რძისფერია და საკუთარი შუქით ანათებს, – კიტელში


ხელი ჩაიყო და ამოიღო ქარქაში, რომლიდანაც შავი ტარი იყო გამოჩრილი, ზედ დატანებული
თითების ჩასაჭიდი ღარებით.

– არ გააშიშვლო!

ხმა ოთახის ბოლოში გამოღებული კარიდან გაისმა – მჟღერი, გამჭოლი ხმა, ყველა ფეხზე რომ
წამოაყენა და მისკენ გაახედა.

კარში მაღალი, მოსასხამში გახვეული კაცი იდგა, მას გზას მცველების გადაჯვარედინებული
ხმლები უღობავდა. ღია ყავისფერი მოსასხამი კაცს თავიდან ფეხებამდე ფარავდა, მხოლოდ
ჩაჩსა და პირსახვევს შორის დატოვებული ღიობიდან მოუჩანდა სრულიად ლურჯი თვალები
– უმცირესი სითეთრის გარეშე.

– შემოუშვან, – დაიჩურჩულა აიდაჰომ.

– გამოატარეთ, – თქვა ჰერცოგმა.

მცველები შეყოყმანდნენ, მერე ხმლები დაუშვეს.

კაცი ოთახში შემოიჭრა, ჰერცოგის პირისპირ დადგა.

– ეს სტილგარია, მე სადაც ვიყავი, იმ სიეტჩის ბელადი, და იმათი მეთაური, ცრუ ბანდაზე რომ
გაგვაფრთხილეს, – თქვა აიდაჰომ.

– მოგესალმები, სერ, – უთხრა ლეტომ, – და რატომ არ უნდა ამოვიღოთ დანა?

სტილგარმა აიდაჰოს შეხედა და წარმოთქვა:

– შენ დაიცავი განწმენდისა და ღირსების ჩვენეული ადათი. შენ კი დაგრთავდი ნებას, გენახა
იმ კაცის დანა, რომელიც მეგობრად გაიხადე, – მზერა სხვა იქ მყოფებს მოავლო, – მაგრამ
სხვებს არ ვიცნობ. განა დაუშვებ, მათ შებილწონ ეს პატივდებული იარაღი?

– მე ჰერცოგი ლეტო ვარ, – უთხრა ჰერცოგმა, – მე თუ დამრთავ ნებას, ეს დანა ვიხილო?

– მე ნებას დაგრთავ, დაიმსახურო მისი ამოღების უფლება, – მაგიდის გარშემო აღშფოთებული


ბუტბუტი რომ გაისმა, კაცმა გამხდარი, მუქად დაძარღვული ხელი ასწია, – შეგახსენებ, რომ ეს
მისი იარაღია, ვინც მეგობრად გაგიხდათ.

მომლოდინე სიჩუმე ჩამოწვა. პოლი კაცს აკვირდებოდა, მისგან წამოსულ ძალაუფლების


აურას გრძნობდა. ეს კაცი ლიდერი იყო – ფრემენების ლიდერი.

პოლის მოპირდაპირე მხარეს, მაგიდის ცენტრთან ახლოს მჯდომმა კაცმა ჩაილაპარაკა:


– ეს ვინ არის, რომ გვასწავლის, არაკისზე რა უფლებები გვაქვს?

– ამბობენ, ჰერცოგი ლეტო მართვისას ქვეშევრდომთა აზრს კითხულობსო, – თქვა ფრემენმა, –


ამიტომ უნდა გითხრათ, ჩვენში რა წესია: მას, ვინც კრისდანას იხილავს, გარკვეული
პასუხისმგებლობა ეკისრება, – მან აიდაჰოს გადახედა, – ისინი ჩვენ გვეკუთვნის. ისინი
არასოდეს არ უნდა გაიტანონ არაკისიდან ჩვენი თანხმობის გარეშე.

ჰალეკმა და კიდევ რამდენიმე კაცმა ასადგომად წამოიწიეს, სახეზე ბრაზი ეხატათ.

– ჰერცოგი ლეტო თავად წყვეტს, რა... – წამოიწყო ჰალეკმა.

– ერთი წამით, თუ შეიძლება, – წარმოთქვა ლეტომ და ამ ხმაში გაგონილი სილბო კმაროდა,


რომ მისიანები შეეჩერებინა. „არ შეიძლება, აქ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგო“, გაიფიქრა
მან და ფრემენს მიმართა: – სერ, მე ვაღიარებ და პატივს ვცემ პირად ღირსებას ნებისმიერი
ადამიანისა, რომელიც ჩემს ღირსებას სცემს პატივს. მე მართლა ვალში ვარ შენ წინაშე, ვალებს
კი ყოველთვის ვიხდი. თუ თქვენი წესია, რომ დანა აქ ქარქაშში უნდა დარჩეს, მაშინ მეც ამას
ვბრძანებ. და თუ სხვა გზითაც შეგვიძლია, პატივი მივაგოთ კაცს, რომელიც ჩვენს სამსახურში
მოკვდა, შენ მხოლოდ გვითხარი, როგორ ვქნათ ეს.

ფრემენი ჰერცოგს მიაჩერდა, მერე ნელა გადაიწია პირბადე, თხელი ცხვირი და მბზინავ შავ
წვერში ჩაფლული მსხვილბაგეებიანი პირი გამოუჩნდა. აუჩქარებლად, ყველას დასანახად
დაიხარა მაგიდის კიდისკენ და მის პრიალა ზედაპირზე დააფურთხა.

მაგიდასთან მსხდომნი წამოიშალნენ, აიდაჰოს ხმამ კი ოთახი ააგუგუნა:

– შეჩერდით!

უეცრად ჩამოწოლილ დაძაბულ სიწყნარეში აიდაჰოს მშვიდი ხმა გაისმა:

– მადლობას მოგახსენებთ, სტილგარ, რომ შენი სხეულის ტენი გვიძღვენი. ვიღებთ მას იმ
განწყობით, რომლითაც მოგვეცი, – და აიდაჰომ ჰერცოგის წინ მაგიდაზე დააფურთხა.

ჰერცოგს კი გადაულაპარაკა:

– გაიხსენე, აქ წყალი რა ძვირფასი რამეა, სირ. ეს პატივისცემის ნიშანი იყო.

ლეტო მოეშვა, სკამის საზურგეს გადააწვა, პოლის მზერა დაიჭირა, დაინახა მის სახეზე
გაშლილი სევდიანი ღიმილი და იგრძნო, როგორ იკლებდა დაძაბულობა მაგიდის გარშემო –
შეკრებილები ხვდებოდნენ, რაც მოხდა.

ფრემენმა აიდაჰოს შეხედა და უთხრა:

– შენ კარგად შეეფერები ჩემს სიეტჩს, დუნკან აიდაჰო. რამდენად გზღუდავს მოვალეობა, შენს
ჰერცოგს ემსახურო?

– ის მთხოვს, მის სამსახურში ჩავდგე, სირ, – ახსნა აიდაჰომ.

– ორმაგ მსახურებაზე თანახმა იქნება? – ჰკითხა ლეტომ.

– შენ გინდა, რომ წავყვე, სირ?


– მე მინდა, შენ თავად გადაწყვიტო, – ლეტოს გაუჭირდა, თავისი ნათქვამისთვის
დაჟინებული ტონი მოეცილებინა.

აიდაჰო ფრემენს მიაცქერდა.

– ამ პირობით თუ ამიყვან, სტილგარ? დროდადრო საჭირო იქნება, დავბრუნდე და ჩემს


ჰერცოგს ვემსახურო.

– შენ კარგად იბრძვი და ჩვენი მეგობრის დახმარებასაც ძალიან ეცადე, – თქვა სტილგარმა.
მერე ლეტოს შეხედა, – იყოს ასე: ეს კაცი, აიდაჰო, ამ კრისდანას დაიტოვებს, როგორც ჩვენდამი
მისი ერთგულების ნიშანს. რა თქმა უნდა, ის უნდა განიწმინდოს და რიტუალი შესრულდეს,
მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება. ის იქნება ფრემენი და ატრეიდესების ჯარისკაცი. ასე ადრეც
მომხდარა: ლიეტი ორი ბატონის მსახურია.

– დუნკან? – ჰკითხა ლეტომ.

– მესმის, სირ, – მიუგო აიდაჰომ.

– მაშ, შევთანხმდით, – თქვა ლეტომ.

– შენი წყალი ჩვენ გვეკუთვნის, დუნკან აიდაჰო, – თქვა სტილგარმა, – ჩვენი მეგობრის
სხეული შენს ჰერცოგთან რჩება. მისი წყალი ატრეიდესების წყალია. ჩვენ შორის ახლა
ვალდებულების კავშირია.

ლეტომ ამოიოხრა, ჰავატს გახედა, მოხუცი მენტატის მზერა დაიჭირა. მან თავი დაუქნია,
ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო.

– ქვემოთ დავიცდი, – თქვა სტილგარმა, – სანამ აიდაჰო მეგობრებს გამოეთხოვება. ჩვენს


მოკლულ მეგობარს ტუროკი ერქვა. გახსოვდეს ეს, როცა მისი სულის გათავისუფლების დრო
მოვა. შენ ტუროკის მეგობარი ხარ.

სტილგარი წასასვლელად შებრუნდა.

– ცოტა ხნით არ დარჩებოდი? – ჰკითხა ლეტომ.

ფრემენი ისევ მობრუნდა, ჩვეული ჟესტით აიფარა პირბადე და მის ქვეშ რაღაც მიიმაგრა. სანამ
ქსოვილი დაეშვებოდა, პოლმა თვალი მოჰკრა, რომ ეს ვიწრო მილის მსგავსი რაღაც იყო.

– მაქვს მიზეზი, რომ დავრჩე? – იკითხა ფრემენმა.

– ღირსეულად გიმასპინძლებდით, – მიუგო ჰერცოგმა.

– ღირსება მოითხოვს, რომ მალე სხვაგან ვიყო, – უთხრა ფრემენმა. ერთხელაც შეხედა
აიდაჰოს, შეტრიალდა და კარის მცველებს შორის გააბიჯა.

– თუ სხვა ფრემენებიც ამას ჰგვანან, მაშინ, ერთმანეთს გამოვადგებით, – თქვა ლეტომ.

აიდაჰომ მშვიდად მიუგო:

– ეს მათი ჩვეულებრივი ნიმუშია, სირ.


– ხომ გესმის, რა უნდა აკეთო, დუნკან?

– მე შენი დესპანი ვარ ფრემენებთან, სირ.

– შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, დუნკან. სანამ სარდაუკარები მოგვადგებიან, ამ


ხალხის ხუთი ბატალიონი უნდა მყავდეს.

– ამას ბლომად მუშაობა დასჭირდება, სირ. ფრემენები თავისნება ვინმეები არიან. – აიდაჰო
შეყოყმანდა, მერე დაამატა: – და, სირ, კიდევ ერთი რამ: ერთი დაქირავებული მებრძოლი, ჩვენ
რომ ავიყვანეთ, ცდილობდა, ჩვენი მკვდარი ფრემენი მეგობრისთვის ეს დანა აეცალა. ამბობს,
ჰარკონენებს მილიონი სოლარისი აქვთ დაწესებული ჯილდოდ იმისთვის, ვინც მათ ერთ
კრისდანას მაინც მიუტანსო.

ლეტომ გაოცებით ასწია ნიკაპი.

– დანა ასე რაში სჭირდებათ?

– ეს დანა ქვიშის მატლის კბილისგანაა გამოთლილი და ფრემენის ნიშანია, სირ. თუ ეს დანა


და ლურჯი თვალები აქვს, ვინც გინდა იყოს, შეძლებს, ნებისმიერ სიეტჩში შეაღწიოს. მე
მიცნობდნენ, თორემ არ შემიშვებდნენ. მე ფრემენს არ ვგავარ. მაგრამ...

– პიტერ დე ვრისი, – თქვა ჰერცოგმა.

– დემონურად საზრიანი კაცი, – დაურთო ჰავატმა.

აიდაჰომ ქარქაშიანი დანა კიტელში ჩაიცურა.

– მოუფრთხილდი მაგ დანას, – უთხრა ჰერცოგმა.

– მესმის, მილორდ, – ქამარზე ჩამობმულ რაციაზე დაიტყაპუნა ხელი, – როგორც კი შევძლებ,


სიახლეებს შეგატყობინებთ. თუფეამ იცის ჩემი გამოსაძახებელი კოდი. საბრძოლო ენა
გამოიყენეთ, – სამხედრო სალამი მისცა, შებრუნდა და ფრემენის კვალს მიჰყვა.

ესმოდათ, მისი ნაბიჯების ხმა დერეფანს რომ დაუყვა.

ლეტომ და ჰავატმა ურთიერთგაგების ნიშნად ერთმანეთს გადახედეს. ორივემ გაიღიმა.

– ბევრი საქმე გვაქვს, სირ, – შენიშნა ჰალეკმა.

– მე კიდევ გაცდენ აქ, – გაეპასუხა ლეტო.

– მეწინავე ბაზებზე ანგარიში მაქვს, – თქვა ჰავატმა, – განვაგრძო, სირ?

– დიდხანს მოუნდები?

– მოკლე ანგარიშს – არა. ფრემენები ამბობენ, რომ აქ, არაკისზე, უდაბნოს ბოტანიკური
საცდელი სადგურის პერიოდში ორასზე მეტი მეწინავე ბაზა აშენდა. სავარაუდოდ, ყველა ეს
სადგური მიატოვეს, მაგრამ არის ცნობები, რომ დატოვებამდე ისინი დაბეჭდეს.

– შიგნით აღჭურვილობაა? – იკითხა ჰერცოგმა.

– დუნკანის მოხსენებების მიხედვით – ჰო.


– სად არის განლაგებული? – იკითხა ჰალეკმა.

– ამაზე პასუხად მხოლოდ ერთს გეტყვიან: „ლიეტმა იცის“.

– ღმერთმა იცის. – ჩაილაპარაკა ლეტომ.

– შეიძლება არც ეგრეა, სირ, – უთხრა ჰავატმა, – ხომ გაიგონე, იმ სტილგარმა ახსენა მისი
სახელი. ხომ შეიძლება, არსებული პიროვნება ეგულისხმა?

– ორი ბატონის მსახურია, – თქვა ჰალეკმა, – რელიგიურ ციტატას ჰგავს.

– ეგ შენ უნდა იცოდე, – უთხრა ჰერცოგმა.

ჰალეკმა გაიღიმა.

– ეს ცვლილების მსაჯული, – წამოიწყო ჰერცოგმა, – იმპერატორის ეკოლოგი, კაინსი... იმას არ


ეცოდინება, სადაა ეგ ბაზები?

– სირ, – გააფრთხილა ჰავატმა, – ეს კაინსი იმპერატორის სამსახურში დგას.

– მაგრამ იმპერატორისგან შორსაა, – თქვა ჰერცოგმა, – მინდა ეგ ბაზები. იქ უნდა იყოს მასალა,
რომელიც შეგვიძლია, გამოვზიდოთ და ჩვენი სამუშაო აღჭურვილობის შესაკეთებლად
გამოვიყენოთ.

– სირ! – მიმართა ჰავატმა, – ის ბაზები კანონით ჯერაც მისი უდიდებულესობის ფეოდია.

– აქ ისეთი ამინდები იცის, რასაც გინდა, გაანადგურებს, – თქვა ჰერცოგმა, –შეგვიძლია,


ყველაფერი ამინდს დავაბრალოთ. ნახეთ ეს კაინსი და ის მაინც გაარკვიეთ, ბაზები არსებობს
თუ არა.

– მაინც სახიფათოა მაგათი მითვისება, – თქვა ჰავატმა, – დუნკანმა ერთი რამ გარკვევით
გვითხრა: იმ ბაზებს ან მათი არსებობის იდეას ფრემენებისთვის რაღაც ძალიან ღრმა
მნიშვნელობა უკავშირდება. იმ ბაზებს თუ დავიკავებთ, ამით შეიძლება ფრემენები
გავიუცხოოთ.

პოლმა გარშემო მყოფთა სახეებს გადახედა, დაინახა, რა გაფაციცებით უგდებდნენ ყურს


თითოეულ სიტყვას. ჩანდა, როგორ აღელვებდა მათ მამამისის განზრახვა.

– დაუჯერე, მამა, – ჩუმად უთხრა პოლმა, – სიმართლეს ამბობს.

– სირ, – განაგრძო ჰავატმა, – შეიძლება, იმ ბაზებში კიდეც იყოს მასალა, ჩვენთვის


დატოვებული აღჭურვილობის მთლიანად შეკეთებისთვის რომ იკმარებდა, მაგრამ
სტრატეგიული მიზეზებით შეუძლებელი იყოს მათი მოპოვება. წინდაუხედავი საქციელი
იქნება, თუ წინასწარ მეტს არ შევიტყობთ და ისე ვიმოქმედებთ. კაინსს იმპერატორისგან
არბიტრის ძალაუფლება აქვს მინიჭებული. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და ფრემენებთანაც
სიტყვა ეთქმის.

– მაშინ, წინდახედულად იმოქმედე, – უთხრა ჰერცოგმა, – მე მარტო იმის ცოდნა მინდა, ის


ბაზები არსებობს თუ არა.

– როგორც ინებებ, სირ, – ჰავატი სკამის საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახარა.


– მაშ, კეთილი, – წარმოთქვა ჰერცოგმა, – ჩვენ ვიცით, წინ რა გველის – სამუშაო. ამისთვის
მომზადება გავლილი გვაქვს. გარკვეული გამოცდილებაც დაგვიროვდა. ვიცით, რას მოვიგებთ
და ალტერნატივებიც საკმაოდ ცხადია. თქვენ-თქვენი დავალება ყველამ იცით. – ჰალეკს
შეხედა, – გურნი, უპირველესად ის კონტრაბანდისტების სიტუაცია გაარკვიე.

– „ხოლო ურჩნი მისნი ხრიოკზე რჩებიან“, – წაიმღერა ჰალეკმა.

– ერთხელაც დავიჭერ ამ კაცს, როცა საჭირო ციტატა არ ექნება მომარჯვებული, და მაშინ


ვნახავთ, შიშველს რომ ემგვანება, – თქვა ჰერცოგმა.

მაგიდას სიცილმა ჩაურბინა, მაგრამ პოლმა იგრძნო,რომ ეს მხიარულება ნაძალადევი იყო.

ჰერცოგი ჰავატს მიუბრუნდა.

– თუფეა, ამ სართულზე მეორე სამეთაურო პოსტიც გამართე, დაზვერვის და კომუნიკაციის.


როცა მაგას მორჩები, მნახე.

ჰავატი წამოდგა და ოთახში მიმოიხედა, თითქოს მხარდამჭერებს ეძებსო. შეტრიალდა და


გავიდა, თან სხვებიც გაიყოლა. სწრაფად მიჰყვნენ უკან, სკამები იატაკზე ხმაურით გააჩოჩეს;
პატარა შემცბარ ჯგუფებად მიედინებოდნენ კარში.

საერთოდაც, ეს კრებაც შეცბუნებით დამთავრდაო, გაიფიქრა პოლმა, თან ბოლოს გამავალი


ხალხის ზურგებს უყურებდა. ადრე შტაბის კრებები ყოველთვის შემართული განწყობით
მთავრდებოდა. ეს კრება კი თითქოს ნაკადულივით დაიშრიტა, თავისივე
არასრულფასოვნებით დაქანცული, და კამათმაც კიდევ უფრო დაამძიმა.

პოლმა პირველად დართო ნება საკუთარ თავს, დაფიქრებულიყო დამარცხების რეალურ


შესაძლებლობაზე – არა დამარცხების შიშის ან ღირსი დედის მსგავსთაგან მიღებული
გაფრთხილებების გამო, არამედ იმიტომ, რომ გარემოებები თავად შეაფასა, რის შედეგადაც ამ
შესაძლებლობის წინაშე დადგა.

„მამაჩემი სასოწარკვეთილია“, გაიფიქრა მან. „საქმეები ჩვენს სასიკეთოდ არ ეწყობა“.

და ჰავატი – პოლმა გაიხსენა, როგორ იქცეოდა თათბირზე მოხუცი მენტატი: მცირე ყოყმანი,
შფოთვის ნიშნები...

– ჯობია, დილამდე აქ დარჩე, შვილო, – უთხრა ჰერცოგმა, – ისედაც, მალე გათენდება.


დედაშენს მე შევატყობინებ, – ნელა, დუნედ წამოდგა ფეხზე, – შეგიძლია, რამდენიმე სკამი
ერთმანეთს მიადგა და წამოწვე, დაისვენო.

– არ ვარ ძალიან დაღლილი, სერ.

– როგორც გინდა.

ჰერცოგმა ზურგზე დაიწყო ხელები, მაგიდის გასწვრივ ბოლთის ცემა დაიწყო.

გალიაში გამომწყვდეული ნადირივით, გაიფიქრა პოლმა.

– აპირებ, ჰავატს დაელაპარაკო სავარაუდო მოღალატეზე? – ჰკითხა პოლმა.

ჰერცოგი შვილის პირდაპირ გაჩერდა, მაგიდის იქით, ბნელ ფანჯარას გაუშტერა მზერა.
– მაგაზე უკვე ბევრჯერ ვიმსჯელეთ.

– მოხუცი ქალი ისეთი დარწმუნებული ჩანდა, – თქვა პოლმა, – და წერილი, დედამ რომ...

– სიფრთხილის ზომები უკვე მივიღეთ, – გააწყვეტინა ჰერცოგმა. ოთახში მიმოიხედა და


პოლმა მამის მზერაში კუთხეში მიმწყვდეულის სიშლეგე შენიშნა. – შენ აქ დარჩი. მინდა,
სამეთაურო პოსტების რაღაც საკითხებზე ჰავატს დაველაპარაკო, – მიბრუნდა, ოთახიდან
გავიდა; კართან მდგარ მცველებს ოდნავ დაუქნია თავი.

პოლმა დახედა ადგილს, სადაც მანამდე მამამისი იდგა. ეს სივრცე მანამდეც ცარიელი იყო,
სანამ ჰერცოგი ოთახიდან გავიდოდა. და გაახსენდა დედაბრის გაფრთხილება: „...მამისთვის –
ვერა“.

13* * *
იმ პირველ დღეს, როცა მუად’დიბმა თავის ოჯახთან ერთად არაკენის ქუჩები ჩაიარა, გზის
გაყოლებაზე მდგართაგან ზოგს გაახსენდა ლეგენდა და წინასწარმეტყველება და გაბედეს,
ეყვირათ: „მაჰდი!“ მაგრამ მათი დაძახილი უფრო შეკითხვა იყო, ვიდრე მტკიცება, რადგან
ჯერჯერობით მხოლოდ იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ, რომ იგი იყო ნაწინასწარმეტყველები
ლისან ალ-გაიბი, ხმა სხვა სამყაროდან. გაფაციცებით აკვირდებოდნენ მის დედასაც, რადგანაც
გაეგოთ, რომ ქალი ბენე გესერიტი იყო და მათთვის ეს ცხადად ნიშნავდა: თითქოს ისიც მეორე
ლისან ალ-გაიბი ყოფილიყოს.

პრინცესა ირულანის წიგნიდან: „მუად’დიბის სახელმძღვანელო“

ჰერცოგმა თუფეა ჰავატი კუთხის ოთახში იპოვა, სადაც მცველმა მიასწავლა. ის მარტო იჯდა
ქაღალდებდახვავებულ მაგიდასთან. გვერდით საკომუნიკაციო აღჭურვილობას აყენებდნენ
და იქიდან ლაპარაკი ისმოდა, მაგრამ აქ შედარებით სიწყნარე იყო. ჰერცოგმა ოთახი
მოათვალიერა, ჰავატი წამოდგა. ამ მწვანეკედლებიან ოთახში, მაგიდის გარდა, იდგა სამი
ტივტივა სავარძელი, რომლებიდანაც ნაჩქარევად აეძროთ ჰარკონენების H და ამ ადგილებზე
განსხვავებული ფერის ლაქები ეტყობოდა.

– სავარძლები მტრის დანატოვარია, მაგრამ სრულიად უსაფრთხო, – უთხრა ჰავატმა, – პოლი


სადაა, სირ?

– სათათბირო ოთახში დავტოვე. იმედი მაქვს, ცოტას დაისვენებს, იქ რომ არ ვიქნები და ხელს
არ შევუშლი.

ჰავატმა თავი დაუქნია, მეორე ოთახში გამავალ კართან მივიდა, მიხურა და რადიოს შიშინისა
და ელექტრული განმუხტვის ხმები მიაჩუმა.

– თუფეა, – უთხრა ლეტომ, – იმპერატორისა და ჰარკონენების სუნელის მარაგებზე


ვფიქრობდი.

– რას გულისხმობ, მილორდ?


ჰერცოგმა პირი მოკუმა.

– საწყობები ისეთი რამეა, შეიძლება, განადგურდეს. – ხელი ასწია, ჰავატმა დალაპარაკება რომ
დააპირა, – იმპერატორის მარაგი კი – არა. თავად იმპერატორი გულში ნასიამოვნები დარჩება,
ჰარკონენებს თუ რამე გაუჭირდებათ. ან კი ბარონი როგორ იჩივლებს ისეთი რამის
დაზიანების გამო, რაზეც ვერც კი აღიარებს, ჩემიაო?

ჰავატმა თავი გაიქნია.

– ხალხი ცოტა გვყავს, სირ.

– ზოგი აიდაჰოს კაცებიდანაც დაასაქმე. და, იქნებ, ზოგმა ფრემენმაც მოისურვოს პლანეტის
გარეთ გასეირნება. რეიდი გიედი პრაიმზე... ასეთი დივერსია ტაქტიკურ სარგებელს
მოგვცემდა, თუფეა.

– როგორც ბრძანებ, მილორდ, – ჰავატი შებრუნდა და ჰერცოგმა დაინახა, რომ ბერიკაცს


აშკარად ეტყობოდა მღელვარების ნიშნები. გაიფიქრა: „შეიძლება, ეჭვი აქვს, რომ არ ვენდობი.
უნდა იცოდეს, რომ მოღალატეებზე პირადი შეტყობინებები მივიღე. მაშინ, ჯობია, ახლავე
გავუფანტო შიში“.

– თუფეა, – უთხრა ლეტომ, – რაკი შენ ხარ ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომლებსაც
მე სრულიად ვენდობი, კიდევ ერთ საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. ორივემ კარგად ვიცით,
როგორი განუწყვეტელი ყურადღებაა საჭირო, რომ ჩვენს ძალებში მოღალატე არ შემოიპაროს...
მაგრამ მე ორი ახალი ცნობა მივიღე.

ჰავატი შემოტრიალდა, შეაცქერდა.

და ლეტომ გაუმეორა, რაც პოლმა უამბო.

იმის ნაცვლად, რომ ამას მენტატის ყურადღების კონცენტრაცია მოჰყოლოდა, ცნობამ ჰავატს
მხოლოდ მღელვარება გაუძლიერა.

ლეტო ერთხანს უმზერდა ბერიკაცს, მერე უთხრა:

– რაღაცას არ მიმხელ, ძველო მეგობარო. თათბირზე ისე მოუსვენრად იყავი, მაშინვე უნდა
მივმხვდარიყავი. განა რა საკითხია ისეთი მწვავე, რომ მთელი კრების წინაშე არ ითქმოდა?

ჰავატს საფოთი დალაქავებული პირი მკაცრ, სწორ ხაზად ჰქონდა სახეზე გავლებული. მის
გარშემო სხივებად ეშლებოდა წვრილი ნაოჭები.

– მილორდ, არ ვიცი, როგორ დავიწყო.

– ერთმანეთის გულისთვის ბევრი ჭრილობა მიგვიღია, თუფეა, – უთხრა ჰერცოგმა, – ხომ იცი,
ჩემთან, რაზეც გინდა, ყველაფერზე შეგიძლია ლაპარაკი.

ჰავატი თვალს არ აცილებდა და ფიქრობდა: „აი, როგორი ჰერცოგი მომწონს. ეს ღირსების


კაცია და იმსახურებს ჩემს ერთგულებას და სამსახურს, რაც კი შემიძლია, მისთვის გავიღო.
ზიანს რატომ უნდა ვაყენებდე?“

– აბა? – პასუხი მოსთხოვა ლეტომ.


ჰავატმა მხრები აიჩეჩა.

– წერილის ნაგლეჯის ამბავია. ჩვენ ის ჰარკონენების შიკრიკს წავართვით. ბარათი უნდა


გადასცემოდა აგენტს, სახელად პარდის. ბევრი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ პარდი
ჰარკონენების ფარული ქსელის ერთ-ერთი უფროსთაგანია. ეს წერილი ისეთი რამაა, რასაც ან
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ან – საერთოდ არავითარი. მისი ახსნა სხვადასხვანაირად
შეიძლება.

– კერძოდ, რა წერია ამ ბარათში?

– ბარათის ნაგლეჯში, მილორდ. ის სრული არ არის. მიკფირზე იყო ჩაწერილი და, როგორც
არის ხოლმე, ამასაც გამანადგურებელი კაფსულა მოჰყვებოდა. მჟავის ზემოქმედება სრულ
განადგურებამდე ცოტათი ადრე შევაჩერეთ და წერილის მხოლოდ ფრაგმენტი გადარჩა.
თუმცა ეს ფრაგმენტი უაღრესად დამაფიქრებელია.

– მერე?

ჰავატმა პირი მოისრისა.

– შიგ წერია: „...ეტო მასზე ეჭვს ვერასოდეს მიიტანს. და როცა ზურგში საყვარელი ადამიანის
ხელი ჩასცემს დანას, მის გასანადგურებლად იკმარებს მხოლოდ იმის შეგნებაც კი, თუ ვინ
უღალატა“. წერილს ბარონის პირადი ბეჭედი ედო, ეს მე თვითონ შევამოწმე და ვადასტურებ.

– გასაგებია, ვისზედაც გაქვს ეჭვი, – ჰერცოგს ხმა ერთბაშად ყინულივით ცივი გაუხდა.

– მე უმალ ხელს მოვიჭრი, ვიდრე შენ დაგიშავებ რამეს, – უთხრა ჰავატმა, – მილორდ, თუ...

– ლედი ჯესიკა, – თქვა ლეტომ და იგრძნო, როგორ იპყრობდა მრისხანება, – ამ პარდის


ფაქტებს ვერ ამოგლეჯდით?

– საუბედუროდ, როცა შიკრიკი დავიჭირეთ, პარდი ცოცხალი აღარ იყო. შიკრიკმა კი,
დარწმუნებული ვარ, არ იცოდა, რა მიჰქონდა.

– გასაგებია.

ლეტომ თავი გაიქნია. გაიფიქრა: რა ბინძური საქმეა. შეუძლებელია, სიმართლე იყოს. მე


ვიცნობ ჩემს ქალს.

– მილორდ, თუ...

– არა! – მოუჭრა ჰერცოგმა, – აქ შეცდომაა, რომ...

– ვერ უგულებელვყოფთ, მილორდ.

– ის თექვსმეტი წელიწადია, ჩემთანაა! უამრავჯერ შეეძლო... შენ თავად შეამოწმე სკოლაც და


ეს ქალიც!

– როგორც ვიცით, ზოგი რამ გამომრჩენია ხოლმე, – მწარედ წარმოთქვა ჰავატმა.


– შეუძლებელია-მეთქი! ჰარკონენებს ატრეიდესების საგვარეულოს განადგურება სურთ – ანუ
პოლისაც. ერთხელ უკვე სცადეს კიდეც. როგორ შეიძლება, ქალი საკუთარი შვილის
წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდეს?

– შეიძლება, შვილის წინააღმდეგ არ მოქმედებდეს. და გუშინდელი მცდელობა მარჯვე


სიმულაცია იყო.

– სიმულაცია ვერ იქნებოდა.

– სირ, წესით მან არ უნდა იცოდეს საკუთარი წარმომავლობა, მაგრამ თუ მაინც იცის? თუ,
ვთქვათ, ობოლია და ატრეიდესების მიერ არის დაობლებული?

– მაშინ უკვე დიდი ხნის წინ იზამდა, რაც საქნელია. ჩემს სასმელში საწამლავი... ღამით
სტილეტი... რაც გინდა. მასზე მეტი შესაძლებლობა არც არავის ჰქონია.

– ჰარკონენებს შენი განადგურება უნდათ, მილორდ. მათი განზრახვა მხოლოდ მოკვლა არაა.
კანლიში ფაქიზი განსხვავებების მთელი სისტემაა. ეს ვენდეტა შეიძლება ხელოვნების
ნიმუშად იყოს ჩაფიქრებული.

ჰერცოგს მხრები ჩამოუცვივდა. თვალები დახუჭა, დაღლილ მოხუცს დაემსგავსა.


„შეუძლებელია“, გაიფიქრა მან. „ამ ქალმა მე გული გამიხსნა“.

– ჩემი განადგურების საუკეთესო გზა ისაა, საყვარელი ქალის მიმართ ეჭვი ჩამინერგონ
გულში.

– ეგ შესაძლებლობაც გავითვალისწინე, – უთხრა ჰავატმა, – და მაინც...

ჰერცოგმა თვალები გაახილა, ჰავატს შეხედა და გაიფიქრა: „დაე, ეჭვობდეს. ეჭვი მისი საქმეა,
ჩემი კი არა. იქნებ, თუ თავს მოვაჩვენებ, რომ დავიჯერე, იმ სხვა მოღალატემ სიფრთხილე
მოადუნოს“.

– რას მთავაზობ? – წარმოთქვა ჩურჩულით.

– ჯერჯერობით – მუდმივ თვალყურის დევნებას, მილორდ. განუწყვეტლივ უნდა


უთვალთვალონ. მე ვიზრუნებ, რომ ეს შეუმჩნეველი იყოს. ამ საქმისთვის აიდაჰო ყველაზე
უფრო გამოდგება. შეიძლება, ასე, ერთ კვირაში მისი დაბრუნება შევძლოთ. აიდაჰოს ნაწილში
ერთ ახალგაზრდა კაცს წვრთნიან. ფრემენებს აიდაჰოს შემცვლელად შეიძლება ის
გავუგზავნოთ, მშვენივრად ივარგებს. დიპლომატია კარგად გამოსდის.

– ისე არ ქნა, რომ ფრემენებთან მოლაპარაკებაში საყრდენი გამოგვეცალოს.

– რასაკვირველია, არა, სირ.

– პოლზე რას იზამ?

– იქნებ, ექიმი იუესთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვეთქვა.

ლეტომ ჰავატს ზურგი შეაქცია.

– შენთვის მომინდვია.
– ფრთხილად ვიქნები, მილორდ.

„ამაში მაინც არ მეპარება ეჭვი“, გაიფიქრა ლეტომ. ხმამაღლა კი თქვა:

– წავალ, გავივლი. თუ დაგჭირდი, აეროდრომის ტერიტორიაზე ვიქნები.

– მილორდ, სანამ წახვიდოდე, მოკლე ფილმი მაქვს, რომელიც უნდა წაიკითხო. ეს ფრემენების
რელიგიის პირველადი მიახლოებითი ანალიზია. გეხსომება, მთხოვე, რომ მომემზადებინა.

ჰერცოგი შეჩერდა, არ მოტრიალებულა, ისე თქვა:

– ეგ არ მოიცდის?

– როგორ არა, მილორდ. თუმცა ხომ იკითხე, რას გაიძახიანო. ისინი იმეორებდნენ: „მაჰდი!“ ამ
სახელით ახალგაზრდა ბატონს მიმართავდნენ. როცა ისინი...

– პოლს?

– დიახ, მილორდ. აქ ლეგენდა აქვთ, წინასწარმეტყველება, რომ მათ მოევლინება ლიდერი,


ბენე გესერიტის შვილი, და ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ გაუძღვება. ლეგენდა ცნობილ
მესიანურ ქარგას მიჰყვება.

– მათ ჰგონიათ, რომ პოლი არის ეს... ეს...

– მათი ერთადერთი იმედი, მილორდ, – ჰავატმა ფილმის კაფსულა გაუწოდა.

ჰერცოგმა გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.

– მერე ვნახავ.

– დიახ, მილორდ.

– ამწუთას დრო მინდა... ფიქრისთვის.

– დიახ, მილორდ.

ჰერცოგმა ღრმად, ამოისუნთქა, თითქოს ამოიოხრა, და გავიდა. მან დერეფანში მარჯვნივ


გაუხვია, ზურგზე ხელები დაიწყო და უმიზნოდ გაემართა წინ, არც კი აკვირდებოდა, სად იყო.
ხვდებოდა რაღაც დერეფნები, კიბეები, აივნები, ვესტიბიულები... ადამიანები, რომლებიც
ესალმებოდნენ და გვერდზე გადგომით გზას აძლევდნენ.

ცოტა ხნის მერე სათათბირო ოთახში დაბრუნდა; ნახა, რომ ოთახი ჩაბნელებული იყო, პოლს
კი მაგიდაზე ეძინა, მცველის მოსასხამი ეფარა და ბალიშად სამხედრო აფთიაქის ყუთი ედო.
ჰერცოგმა ფეხაკრეფით ჩაუარა გრძელ მაგიდას და გავიდა აივანზე, რომელიც ასაფრენ
მოედანს გადაჰყურებდა. აივნის კუთხეში მდგარმა მცველმა აეროდრომიდან მოღწეულ
ბუნდოვან სინათლეში ჰერცოგი იცნო და სამხედრო წესისამებრ გაეჭიმა.

– თავისუფლად, – ჩაილაპარაკა ჰერცოგმა და აივნის მოაჯირის ცივ ლითონს დაეყრდნო.

უდაბნოს აუზზე განთიადისწინა სიწყნარე ჩამოწვა. ჰერცოგმა ცას ახედა. მის თავზემოთ
მოშავო-მოლურჯო ცაზე ვარსკვლავები ოქროს კილიტებად მიმობნეულიყვნენ. დაბლა,
სამხრეთ ჰორიზონტთან თხელი მტვრის ჯანღის მიღმა ღამის მეორე მთვარე იცქირებოდა –
დაუჯერებელი იყო, მაგრამ მთვარე დამცინავი შუქით დაჰყურებდა.

სანამ ჰერცოგი უცქერდა, მთვარე ფარკედელის მიღმა ჩაესვენა და მისი ქიმები თეთრი შუქით
შეჭირხლა. უეცრად ჩამოწოლილ სიბნელეში ლეტოს შეამცივნა. გააჟრჟოლა.

და ბრაზი მოერია.

ბოლო დროს ჰარკონენები გზას მიღობავდნენ, მდევნიდნენ, მოსვენებას არ მაძლევდნენო,


გაიფიქრა. ისინი ნეხვის ტომრები არიან, სოფლის გზირის ტვინით! მე კი აქ დავუხვდები
მაგათ! სევდამ გაჰკრა, გაიფიქრა: „მახვილი თვალი და ჭანგები დამჭირდება აქაურობის
სამართავად – როგორც ქორს წვრილ ფრინველებს შორის. ანგარიშმიუცემლად გადაუსვა
ხელი ქორის ემბლემას ქურთუკის გულისპირზე.

აღმოსავლეთით ღამის ცას მანათობელი ნაცრისფერი სხივები შეეპარა; მერე სადაფისფრად ის


აელვარდა და ვარსკვლავები გააფერმკრთალა. განთიადი აუჩქარებლად, ზარ-ზეიმით დაიძრა
წინ და დაკბილულ ჰორიზონტს გადმოასკდა.

ისეთი ლამაზი იყო, ჰერცოგი ერთიანად მის ცქერაში დაინთქა.

ვერასოდეს წარმოიდგენდა, აქ საერთოდ რამე თუ იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორიც ის


დალეწილი ჰორიზონტი და მეწამულ-მოყვითალო კლდეები ჩანდა. აეროდრომის მიღმა, იქ,
სადაც ღამის მწირი ცვარი არაკისის თესლებში მომლოდინე აჩქარებულ სიცოცხლეს შეეხო,
დაინახა წითელი ყვავილების ვეება გუბეები, რომლებსაც დანაწევრებული იისფერი ზოლი
გასდევდა... გოლიათის ნაფეხურებივით.

– ლამაზი დილაა, სირ, – უთხრა მცველმა.

– ჰო, ლამაზია, – თავი დაუქნია ჰერცოგმა. და გაიფიქრა: „შეიძლება, ამ პლანეტამ კიდევაც


შეითვისოს ვინმე. შეიძლება, ჩემი შვილისთვის კარგი სახლი გამოდგეს“.

მერე დაინახა, რომ ყვავილების ველზე ადამიანები შედიოდნენ და უცნაური, ცელის მსგავსი
იარაღით მიხვეტავდნენ რაღაცას – ეს ცვრის მკრეფავები იყვნენ. წყალი იმდენად ძვირფასია,
რომ ცვარიც კი უნდა შეგროვდეს.

„და შეიძლება, საშინელი ადგილიც იყოს“, გაიფიქრა ჰერცოგმა.

14* * *
ალბათ, არ არსებობს გააზრების უფრო საშინელი წამი, ვიდრე ის, როცა აღმოაჩენ, რომ
მამაშენი კაცია – ადამიანის სხეულით.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

– პოლ, ახლა საზიზღარ რაღაცას ჩავდივარ, მაგრამ ასეა საჭირო, – თქვა ჰერცოგმა. ის იდგა
გადასატანი შხამის დეტექტორის გვერდით, რომელიც სათათბირო ოთახში მათი საუზმის
შესამოწმებლად შემოეტანათ. აპარატის სენსორული საცეცები მოღვენთილი ეკიდა მაგიდის
თავზე და პოლი მას რაღაც უცნაურ, ახლად მკვდარ მწერს ამსგავსებდა.

ჰერცოგი ფანჯრების მიღმა აეროდრომს და მისგან დილის ცის ფონზე აგრაგნილ მტვრის
ქულებს უყურებდა.

პოლს წინ ედო გამშვები მოკლე ფილმით, რომელიც ფრემენების რელიგიურ ადათებს
აღწერდა. ფილმი ჰავატის ერთ-ერთი ექსპერტის მიერ იყო შედგენილი. ბიჭი აეფორიაქებინა
იმას, რომ მასში თავადაც იყო ნახსენები.

„მაჰდი!“

„ლისან ალ-გაიბ!“

შეეძლო, თვალები დაეხუჭა და ისევ გაეგონა ბრბოს ძახილი. თურმე რის იმედი ჰქონიათო,
გაიფიქრა. და გაახსენდა, რა თქვა ბებერმა ღირსმა დედამ: „კვიზაც ჰადერაქ“. ამის გახსენებამ
საზარელი დანიშნულების გრძნობა შეურხია, რამაც ამ უცხო ქვეყანას მისთვის გაუგებარი
ნაცნობობის განცდა შესძინა.

– საზიზღარ რაღაცას, – გაიმეორა ჰერცოგმა.

– რას გულისხმობ, სერ?

ლეტო შემობრუნდა, შვილს დახედა.

– იმას, რომ ჰარკონენები აპირებენ, გამაცურონ და დედაშენის მიმართ უნდობლობა ჩამისახონ


გულში. მათ არ იციან, რომ უმალ საკუთარ თავს არ ვენდობი.

– არ მესმის, სერ.

ლეტომ ისევ გაიხედა ფანჯარაში. თეთრი მზე გვარიანად ამაღლებულიყო თავის დილის
კვადრანტში. რძისფერი სინათლე აჩენდა მტვრის აგრაგნილ ღრუბლებს, ფარკედელში
სოლივით შეჭრილხეობებში რომ იღვრებოდა.

ჰერცოგი ნელა, ბრაზი რომ შეეკავებინა, ხაზგასმული აუჩქარებლობით მოუყვა პოლს


უცნაური წერილის შესახებ.

– მაშინ არც მე უნდა მენდობოდე, – უთხრა პოლმა.

– მათ უნდა ეგონოთ, რომ მოახერხეს, რაც უნდოდათ, – თქვა ჰერცოგმა, – უნდა დაიჯერონ,
რომ ეგეთი სულელი ვარ. სიმართლეს უნდა ჰგავდეს. დედაშენმაც კი არ უნდა იცოდეს, რომ
მხოლოდ თავს ვაჩვენებ.

– მაგრამ, სერ! რატომ?

– დედაშენის პასუხი ამაზე არ უნდა იყოს ნათამაშევი. ო, თამაში კი მშვენივრად შეუძლია...


მაგრამ მეტისმეტად ბევრი რამაა ამაზე დამოკიდებული. ისე უნდა ჩანდეს, თითქოს
ბოლომდე გამაცურეს. სხვა გზა არ არის, ასე უნდა ეტკინოს გული, რომ უფრო მეტი ტკივილი
არ განიცადოს.

– ამას რატომ მეუბნები, მამა? მე რომ დამეტყოს?


– ამ მხრივ შენ არ დაგაკვირდებიან, – უთხრა ჰერცოგმა, – შენ კი საიდუმლოს შეინახავ. უნდა
შეინახო. – ფანჯარასთან მივიდა და არ მობრუნებულა, ისე განაგრძო, – ამგვარად, მე თუ რამე
მომივა, შენ შეგეძლება, დედას სიმართლე უთხრა: რომ მე მასში არასოდეს შემპარვია ეჭვი,
ერთი წამითაც კი. მინდა, რომ ეს იცოდეს.

პოლს მამის სიტყვებში სიკვდილზე ფიქრი ამოიცნო და სწრაფად შეაგება:

– არაფერი მოგივა, სერ. ის...

– ჩუმად, შვილო.

პოლმა მამის ზურგს შეხედა. კისრის დახრაზე, მხრების მოხაზულობაზე, ნელ მოძრაობაზე
დაქანცულობა შეატყო.

– დაღლილი ხარ, ესაა და ეს, მამა.

– დაღლილი ვარ, – დაეთანხმა ჰერცოგი, – მორალურად ვარ დაღლილი. შეიძლება, ბოლოს და


ბოლოს მეც დამჯაბნა დიდებულ გვართა ამ სავალალო დაკნინებამ. არადა, ოდესღაც რა
მედგარი ხალხი ვიყავით!

– ჩვენი გვარი არ დაკნინებულა! – ცხარედ შეეპასუხა პოლი.

– ვითომ?

ჰერცოგი შემობრუნდა და შვილს თვალი გაუსწორა; მკაცრი თვალების უპეები ჩამუქებოდა,


პირი დამცინავად მოქცეოდა.

– დედაშენი ცოლად უნდა მომეყვანა, ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო. მაგრამ... ჩემი
უცოლობა ზოგ გვარს იმედს უჩენს, რომ შეიძლება, მათი გასათხოვარი ასულების მეშვეობით
ჩემი მოკავშირეები გახდნენ, – მხრები აიჩეჩა, – ასე რომ, მე...

– დედამ ეს ამიხსნა.

– ლიდერს ერთგულებას ისე არაფერი მოუხვეჭს, როგორც უშიშრობის, გამბედაობის


შარავანდედი, – თქვა ჰერცოგმა, – ჰოდა, მეც ამ უშიშრობის შარავანდედს ვხვეწ და ვაძლიერებ.

– შენ კარგი ლიდერი ხარ, – შეედავა პოლი, – კარგად მართავ. ხალხი თავისი ნებით მოგყვება
და უყვარხარ.

– მე ერთ-ერთი საუკეთესო პროპაგანდის სამსახური მყავს, – უთხრა ჰერცოგმა. ისევ შებრუნდა


და ქვიშის აუზს გახედა, – აქ, არაკისზე, იმაზე მეტი შესაძლებლობა გველის, იმპერატორი რომ
ვერც კი იეჭვებდა. მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ აჯობებდა, გავქცეოდით ამ
შესაძლებლობებს, რენეგატები გავმხდარიყავით. ხანდახან ვნატრობ, რომ შეგვეძლოს, ისევ
უცნობები გავხდეთ და ხალხში გავითქვიფოთ, უფრო ნაკლებად ვჩანდეთ...

– მამა!

– ჰო, დავიღალე, – ისევ აღიარა ჰერცოგმა, – იცი, რომ სუნელის ნარჩენებს ნედლეულად
ვიყენებთ და უკვე გვაქვს ჩვენი ფაბრიკა, რომელიც ფილმებისთვის ფირებს დაამზადებს?

– მართლა?
– ფირები არ უნდა შემოგვაკლდეს, – თქვა ჰერცოგმა, – თორემ ისე როგორ ავავსებთ სოფელსა
თუ ქალაქს ჩვენი ინფორმაციით? ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა კარგად ვმართავ მათ. და
საიდან ეცოდინებათ, ჩვენ თუ არ ვეტყვით?

– ნამდვილად უნდა დაისვენო, – უთხრა პოლმა.

ჰერცოგმა ისევ გაუსწორა შვილს თვალი.

– კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა – არაკისს კიდევ ერთი სიკეთე აქვს. აქ სუნელი ყველაფერშია.
ისუნთქავ სუნელს, ჭამ სუნელს თითქმის ყველაფერთან ერთად. და, როგორც გამოვარკვიე, ეს
იძლევა გარკვეულ ბუნებრივ იმუნიტეტს ასასინის სახელმძღვანელოში ნახსენები ზოგიერთი
ყველაზე გავრცელებული საწამლავის მიმართ. და კიდევ, არსებობს იმის საჭიროება, რომ
წყლის ყოველ წვეთს უნდა უფრთხილდებოდე: ამიტომ მთელ საკვებ მრეწველობას –
საფუარის კულტურა იქნება ეს, ჰიდროპონიკა, ქიმიოვიტა, ყველაფერი – უმკაცრესად
ადევნებენ თვალყურს. ამის გამო ჩვენ არ შეგვეძლება, მოსახლეობის ერთბაშად დიდი
რაოდენობა ამოვხოცოთ საწამლავით – და ამ გზით ვერც ჩვენ დაგვესხმებიან თავს. არაკისი
ჩვენ ზნეობრივ და ეთიკურ ადამიანებად გვაქცევს.

პოლს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ჰერცოგმა შეაწყვეტინა:

– მე მჭირდება, მყავდეს ვინმე, ასეთ რაღაცებს რომ ვეტყვი, შვილო, – ამოიოხრა, ისევ გახედა
უწყლო ლანდშაფტს, სადაც ახლა ყვავილებიც კი აღარ ჩანდა – ისინი ცვრის მკრეფავებს
გაეთელა, დილის მზეს ჩამოეჭკნო.

– კალადანს საზღვაო და საჰაერო ძალებით ვმართავდით, – თქვა ჰერცოგმა, – აქ უდაბნოს


ძალები უნდა შემოვიკრიბოთ. ეს შენი მემკვიდრეობაა, პოლ. რა მოგივა, მე თუ რამე
დამემართება? შენ გვარი რენეგატი კი არა, პარტიზანიიქნება – ლტოლვილი, დევნილი.

პოლმა არ იცოდა, რა ეთქვა, სიტყვებს ვერ პოულობდა. ასე დათრგუნული მამა არასოდეს
ენახა.

– არაკისის შესანარჩუნებლად, – განაგრძო ჰერცოგმა, – ადამიანი დგება ისეთი


გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე, რის გამოც მან შეიძლება საკუთარი
თავის პატივისცემა დაკარგოს, – ფანჯრიდან აეროდრომის ბოლოში ჭოკზე უძრავად
ჩამოკიდებულ ატრეიდესების შავ-მწვანე დროშაზე მიუთითა, – იმ პატივდებულ დროშას
შეიძლება ბევრ ავ საქმეში მოუხდეს გასვრა.

პოლს ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა. მამამისის სიტყვებში ამაოება, ფატალურობის განცდა


ისმოდა, რაც ბიჭს მკერდში სიცარიელის გრძნობას უჩენდა.

ჰერცოგმა ჯიბიდან გამამხნევებელი აბი ამოიღო და უწყლოდ გადაყლაპა.

– ძალა და შიში, – თქვა მან, – აი, სახელმწიფოს სამართავი იარაღები. უნდა ვბრძანო,
განსაკუთრებული

ყურადღება მიექცეს შენს პარტიზანულ წვრთნას. ამ ფილმში, შენ რომ ნახე,„მაჰდის“, „ლისან
ალ-გაიბს“ გიწოდებენ – უკანასკნელ საშუალებად შეგიძლია, ესეც გამოიყენო.
პოლი მამას უყურებდა, ხედავდა, როგორ გაიმართა მხრებში – ეს აბმა იმოქმედა. მაგრამ ბიჭს
ახსოვდა შიშით და ეჭვით სავსე მისი სიტყვები.

– რატომ აგვიანებს ის ეკოლოგი? – ჩაილაპარაკა ჰერცოგმა, – თუფეას ვუთხარი, დილით


ადრევე მოეყვანა.

15* * *
მამაჩემმა, ფადიშაჰ-იმპერატორმა, ერთ დღეს ხელი ჩამკიდა. დედაჩემის ნასწავლი ხერხით
მივხვდი, რომ ის რაღაცას აეფორიაქებინა. პორტრეტების დარბაზში წამიყვანა და ჰერცოგ
ლეტო ატრეიდესის ეგო-სურათის წინ დამაყენა. მამაჩემსა და პორტრეტზე გამოსახულ კაცს
შორის ძალიან დიდი მსგავსება შევნიშნე: ორივეს თხელი, მოხდენილი სახე და მკვეთრი
ნაკვთები ჰქონდა, ორივე გამჭოლი ცივი თვალებით იცქირებოდა. „პრინცესა-ასულო“, მითხრა
მამამ, „როგორ მინდოდა, უფრო დიდი ყოფილიყავი, როცა ამ კაცს ქალის არჩევის დრო
დაუდგა“. მამაჩემი მაშინ 71 წლის იყო და პორტრეტზე გამოსახულ კაცზე უფროსს არ ჰგავდა,
მე კი ჯერ მხოლოდ თოთხმეტისა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მაშინვე რომ დავასკვენი: მამაჩემი
გულში ნატრობდა, ჰერცოგი მისი ძე ყოფილიყო, და სძულდა პოლიტიკური აუცილებლობა,
რომლებმაც ისინი მტრებად აქცია.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მამაჩემის სახლში“

დოქტორი კაინსი სრულიად შეძრა პირველმა შეხვედრამ იმ ადამიანებთან, რომელთა


ღალატიც ჰქონდა ნაბრძანები. მას სიამაყით მოჰქონდა თავი მეცნიერად, რომლისთვისაც
ლეგენდები, უბრალოდ, საინტერესო მინიშნებები იყო, კულტურულ ფესვებზე რომ
მიუთითებდა. მაგრამ ბიჭი უძველეს წინასწარმეტყველებას ძალიან ზუსტად შეესაბამებოდა.
მას ჰქონდა „მაძიებელი მზერა“ და „თავშეკავებული გულწრფელობის აურა“.

რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველებაში გარკვეული ბუნდოვანება რჩებოდა იმის შესახებ,


დედა-ქალღმერთი თან მოიყოლებდა მესიას თუ აქ, ადგილზევე შობდა. და მაინც,
წინასწარმეტყველებასა და ამ ბიჭს შორის ნამდვილად საოცარი შესაბამისობა იყო.

ისინი ერთმანეთს გვიან დილით შეხვდნენ, არაკენის აეროდრომის ადმინისტრაციული


შენობის გარეთ. შორიახლო უემბლემო ორნიტოპტერი იჯდა, ასაფრენად გამზადებული,
წყნარად ზუზუნებდა და მთვლემარე მწერს წააგავდა. გვერდით ატრეიდესების მცველი ედგა,
ხმალი გაშიშვლებული ეჭირა, მის გარშემო ფარს ოდნავ აეცახცახებინა ჰაერი.

კაინსმა რომ შენიშნა, ფარს იყენებენო, აგდებით ჩაიცინა და გაიფიქრა: „არაკისი ამათ უჩვენებს
სეირს!“

პლანეტოლოგმა ხელი ასწია, თავის მცველ ფრემენებს ანიშნა, ჩამორჩენოდნენ. თავად წინ
გასწია, შენობაში შესასვლელისკენ, რომელიც პლასტიკატით დაფარულ ქვაში დაჩნეულ ბნელ
ხვრელს წარმოადგენდა. „ეს მონოლითური შენობა რა დაუცველია“, გაიფიქრა მან,
„გამოქვაბულთან შედარებით რამდენად გამოუსადეგარია“.
შესასვლელში კაინსმა მოძრაობა შენიშნა. შეჩერდა, დრო იხელთა და მარცხენა მხარზე
მოსასხამი და სარწყული გაისწორა.

კარი ფართოდ გაიღო. სწრაფად გამოვიდა ატრეიდესების დაცვა, მძიმედ შეიარაღებული:


ნელამფრქვევი დამარეტიანებლებით, ხმლებითა და ფარებით. მათ მოჰყვა მაღალი კაცი. მას
ქორისებრი სახე ჰქონდა; შავგვრემანი იყო. მკერდზე ატრეიდესების გერბმიხატული ჯუბა-
მოსასხამი ეცვა, რომელიც, აშკარად, ეხამუშებოდა. მოსასხამი ცალ მხარეს მისი სარწყულის
ფეხებს ეკვროდა. ბუნებრივი ის იქნებოდა, ეს სამოსი სწრაფი სიარულის რიტმს რომ
აეფრიალებინა.

კაცს გვერდით მოჰყვებოდა ჭაბუკი, მასავით მუქთმიანი, მაგრამ უფრო პირმრგვალი. კაინსმა
იცოდა, რომ ბიჭი თხუთმეტი წლის იყო, თუმც უფრო პატარას ჰგავდა. ოღონდ ამ ჭაბუკ
სხეულს მბრძანებლობის, გაწონასწორებული თავდაჯერებულობის განცდა მოჰქონდა,
გეგონებოდა, გარშემო ისეთ რამეებს ხედავდა და ცნობდა, რაც სხვებისთვის უხილავი იყო. და
მასაც მამისნაირი მოსასხამი ეცვა, ოღონდ ისეთი ჩვეული სილაღით იხდენდა, იტყოდი,
მუდამ ასეთი სამოსით დადისო.

„მაჰდი შენიშნავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ“, იუწყებოდა წინასწარმეტყველება.

კაინსმა თავი გაიქნია და გაიფიქრა: „უბრალოდ, ადამიანები არიან“.

ამ ორს, უდაბნოში გასასვლელად რომ შემოსილიყვნენ, გამოჰყვა კაცი, რომელიც კაინსმა იცნო
– გურნი ჰალეკი. კაინსმა ღრმად ჩაისუნთქა, მისი დანახვით გაღვიძებული ბრაზი რომ
დაეოკებინა – ამან გაბედა, მოკლედ განემარტა მისთვის, როგორ მოქცეულიყო ჰერცოგთან და
მის მემკვიდრესთან.

„შეგიძლია, ჰერცოგს უწოდო „მილორდ“ ან „სირ“. „კეთილშობილოც“ სწორია, მაგრამ უფრო


ოფიციალურ შეხვედრებზე იხმარება. მის ვაჟს შეიძლება ასე მიმართო: „ახალგაზრდა ბატონო“
ან „მილორდ“. ჰერცოგი ძალიანაც შემწყნარებელი კაცია, მაგრამ ფამილიარობას არ მოითმენს“.

და კაინსმა გაიფიქრა, მოახლოებულ ჯგუფს რომ უცქერდა: „მალე შეიტყობენ, ვინაა ბატონი
არაკისზე. ნებავდათ, იმ მენტატს ნახევარი ღამის განმავლობაში შეკითხვებით არ
მოვესვენებინე, არა? ელით, რომ სანელებლის მოპოვების პროცესის დათვალიერებისას
გიმეგზურებთ, ხომ?“

კაინსს არ გამოჰპარვია ჰავატის შეკითხვების არსი. ამათ იმპერატორის ბაზები უნდოდათ. და


ცხადი იყო, ბაზებზე აიდაჰოსგან შეიტყვეს.

სტილგარს ამ ჰერცოგისთვის აიდაჰოს თავს გავაგზავნინებ, თავის თავს აღუთქვა კაინსმა.

ჰერცოგის ჯგუფს მისგან ახლა რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა. მათი უდაბნოს ჩექმები ქვიშას
ახრაშუნებდა.

კაინსმა თავი დაუკრა.

– მილორდ.. მოგესალმებით, ჰერცოგო.

ლეტო ორნიტოპტერთან მარტო მდგარ ფიგურას უახლოვდებოდა და აკვირდებოდა:


მაღალია, თხელი, უდაბნოს შესაფერისად აცვია: ფართო მოსასხამი, სარწყული, დაბალი
ჩექმები. კაპიუშონი უკან გადაეგდო, პირბადე ცალ მხარეს ეკიდა და ქერა თმა და მეჩხერი
წვერი მოუჩანდა. ხშირი წარბების ქვეშიდან ის უძირო ლურჯი-ლურჯზე თვალები
იცქირებოდნენ. უპეებში შავი ლაქები შერჩენოდა.

– ეკოლოგი ბრძანდებით, – უთხრა ჰერცოგმა.

– აქ ძველ ტიტულს ვამჯობინებთ, მილორდ, – გაეპასუხა კაინსი, – პლანეტოლოგი.

– როგორც ინებებთ, – მიუგო ჰერცოგმა. პოლს ჩამოხედა, – შვილო, ეს ცვლილების მსაჯულია,


დავების არბიტრი, კაცი, რომელიც აქ იმისთვის დანიშნეს, იზრუნოს, რომ ამ ფეოდზე
ძალაუფლების ჩვენთვის გადმოცემისას ყველა წესი დაცული იყოს, – მან კაინსს შეხედა, – ეს
კი ჩემი ვაჟია.

– მილორდ, – მიესალმა კაინსი.

– ფრემენი ბრძანდებით? – ჰკითხა პოლმა.

კაინსმა გაიღიმა.

– მე მიღებული კაცი ვარ სიეტჩშიც და სოფელშიც, ახალგაზრდა ბატონო. მაგრამ მე მისი


უდიდებულესობის სამსახურში ვარ, როგორც საიმპერატორო პლანეტოლოგი.

პოლმა თავი დაუქნია. მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა ძალის შეგრძნებას, ეს კაცი რომ
ასხივებდა. ჰალეკმა პოლს მანამდე ადმინისტრაციული შენობის ზედა ფანჯრიდან დაანახვა
კაინსი: „ის კაცი, ქვემოთ ფრემენების ესკორტით რომ დგას – აი, ის, ახლა ორნიტოპტერისკენ
რომ მოემართება“.

პოლმა კაინსს ბინოკლით შეხედა, შეუთვალიერა მკაცრი, სწორი პირი, მაღალი შუბლი.
ჰალეკმა ჩაულაპარაკა:

– უცნაური ტიპია. ძალიან ზუსტად ლაპარაკობს – გადაჭრით, მიკიბ-მოკიბვის გარეშე,


თითქოს სამართებლით კვეთსო.

და მათ უკან მდგარმა ჰერცოგმა მაშინ დაურთო:

– მეცნიერის ტიპია.

ახლა, ამ კაცს სულ რამდენიმე ფუტი რომ აშორებდა, პოლმა კაინსში იგრძნო ძალა,
პიროვნული გავლენა, თითქოს ძარღვებში სამეფო სისხლი უჩქეფდა და მბრძანებლად იყო
გაჩენილი.

– როგორც ვხვდები, ჩვენი სარწყულებისა და ამ მოსასხამების გამო მადლობა თქვენ უნდა


მოგახსენოთ, – უთხრა ჰერცოგმა.

– იმედია, კარგად მოგერგოთ, მილორდ, – გაეპასუხა კაინსი, – ისინი ფრემენების მიერ


გახლავთ დამზადებული და, რაც შეიძლება, ზუსტად შეესაბამება ზომებს, თქვენგან
გამოგზავნილმა ჰალეკმა რომ მიგვითითა.

– ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი, როდესაც შემოთვალეთ, რომ უდაბნოში ვერ გაგვიყვანდით,


ამ სამოსს თუ არ ჩავიცვამდით, – უთხრა ჰერცოგმა, – ჩვენ წყლის დიდი მარაგის წამოღება
შეგვეძლო. უდაბნოში დიდი ხნით დარჩენას არ ვაპირებთ და საჰაერო თავდაცვაც გვეყოლება
– ის ესკორტი, ახლა ჩვენ თავზემოთ რომ ხედავ. არა მგონია, დაჯდომა დაგვჭირდეს.

კაინსი შეაცქერდა, მისი წყლით გაჯერებული სხეული შეამჩნია. ცივად წარმოთქვა:

– არაკისზე „მგონია-არა მგონია“ არ ამართლებს. აქ მხოლოდ იმას თუ იტყვი, შესაძლებელიაო.

ჰალეკი დაიძაბა.

– ჰერცოგს ასე უნდა მიმართოთ: „მილორდ“ ან „სირ“! – თქვა მან.

ლეტომ ჰალეკი მათთვის ნაცნობი ნიშნით გააჩუმა და უთხრა:

– აქაურობისთვის ჩვენი წესები ახალი რამეა, გურნი. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ.

– როგორც იტყვი, სირ.

– თქვენთან ვალში ვართ, დოქტორო კაინს, – მიმართა ლეტომ, – ამ კომბინეზონებს და ჩვენს


კეთილდღეობაზე ზრუნვას არ დაგივიწყებთ.

პოლს უნებურად გაახსენდა ციტატა ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიიდან და წარმოთქვა:

– „ძღვენი მადლია მომძღვნელისთვის“.

მისმა ნათქვამმა ზედმეტად ხმამაღლა გაიჟღერა უძრავ ჰაერში. ფრემენი მხლებლები, კაინსმა
ადმინისტრაციული შენობის ჩრდილში რომ დატოვა, ჩაცუცქულები ისვენებდნენ. ახლა
ყველა ერთბაშად წამოხტა ზეზე, აშკარა აღელვებით გადაულაპარაკეს ერთმანეთს. ერთმა
წამოიძახა:

– ლისან ალ-გაიბი!

კაინსი შეტრიალდა, ხელის მოკლე, მკვეთრი დაქნევით ანიშნა, გასცლოდნენ. მცველებმა უკან
დაიხიეს, თან თავისთვის ბუზღუნებდნენ; მერე ერთმანეთის მიყოლებით მოეფარნენ შენობის
კუთხეს.

– ძალიან საინტერესოა, – წარმოთქვა ლეტომ.

კაინსმა კუშტად აათვალიერა ჰერცოგი და პოლი.

– აქ უდაბნოს მცხოვრებთა უმრავლესობა ძალიან ცრუმორწმუნეა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ.


ცუდს არაფერს განიზრახავენ, – ხმამაღლა ეს თქვა, მაგრამ გონებაში გაურბინა ლეგენდის
სიტყვებმა: „ წმინდა სიტყვით შეგეგებებიან ისინი და მადლს გიძღვნიან თქვენი
ძღვენისთვის“.

ლეტოს ერთბაშად ჩამოუყალიბდა აზრი კაინსზე – ნაწილობრივ, ჰავატის მოკლე სიტყვიერ


ანგარიშზე (რომელიც ფრთხილი და ეჭვებით სავსე იყო) დაყრდნობითაც: „ეს კაცი ფრემენი
იყო. კაინსი ფრემენების ესკორტით მოვიდა – ეს, შესაძლოა, უბრალოდ იმას მიანიშნებდა, რომ
ფრემენები მოსინჯავდნენ ახლად მოპოვებულ უფლებას, თავისუფლად შემოსულიყვნენ
ურბანულ არეში – მაგრამ ეს საპატიო დაცვას უფრო ჰგავდა. და კაინსს თავი ისე ეჭირა, რომ
ჩანდა: ამაყი კაცი გახლდათ, თავისუფლებას ჩვეული, მის ქცევასა და სიტყვებს მხოლოდ
მისივე ეჭვი ზღუდავდა. პოლის შეკითხვა პირდაპირი და სრულიად მართებული იყო“.
კაინსი აქაური გამხდარიყო.

– ხომ არ წავიდეთ, სირ? – იკითხა ჰალეკმა.

ჰერცოგმა თავი დაუქნია.

– ჩემს ტოპტერს მე ვმართავ. კაინსს შეუძლია, ჩემთან ერთად წინ დაჯდეს და მიმართულება
მიჩვენოს. შენ და პოლი უკან დასხდებით.

– ერთი წუთით, თუ შეიძლება, – უთხრა კაინსმა, – თქვენი ნებართვით, სირ, თქვენი


კომბინეზონების უსაფრთხოება უნდა შევამოწმო.

ჰერცოგმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ კაინსმა დაიჟინა:

– ამით მე საკუთარ სხეულსაც ვუფრთხილდები... მილორდ. ძალიან კარგად მაქვს შეგნებული,


ვის გამოსჭრიან ყელს, თქვენ ორს რამე რომ დაგემართოთ, სანამ ჩემთან ხართ.

ჰერცოგი მოიღუშა, დაფიქრდა: „რა უხერხული მომენტია! უარს თუ ვეტყვი, შეიძლება,


შეურაცხვყო. ეს კი ის კაცია, რომელიც შეიძლება, ჩემთვის უაღრესად საჭირო იყოს. არადა...
ფარის შიგნით შემოვუშვა, ხელი შევახებინო, როცა თითქმის არ ვიცნობ?“

ამ ფიქრებმა გაუელვა გონებაში და მათ მაშინვე გადაწყვეტილებაც მოჰყვა.

– თქვენს ხელთა ვართ, – უთხრა კაინსს. მან წინ წადგა ნაბიჯი და მოსასხამი გაიხსნა. დაინახა,
ჰალეკი ფეხის წვერებზე რომ წამოიწია, მოზიდული და მზადმყოფი იყო, თუმცა ადგილიდან
არ დაძრულა. – და, თუ შეიძლება, – განაგრძო ჰერცოგმა, – მადლობელი დავრჩებოდი, ამ
კომბინეზონის მოქმედება რომ ჩემთვის აეხსნა კაცს, რომელიც მას ასე კარგად იცნობს.

– რასაკვირველია, – უთხრა კაინსმა. მოსასხამის ქვეშ სამხრე საგდულები მოსინჯა, თან


ლაპარაკობდა, თან ამოწმებდა, – ძირითადად, ეს მიკროფენოვანი ქსოვილია, მაღალეფექტიანი
მფილტრავი და გამაგრილებელი სისტემა, – სამხრე საგდულები მოარგო, – კანთან შემხები
ფენა ფოროვანია. ოფლი მასში გადის და სხეულს აგრილებს... ჩვეულებრივ გაოფლიანებას
ჰგავს. შემდეგი ორი ფენა... – კაინსმა უფრო მჭიდროდ მოუჭიმა სამკერდული, – შეიცავს
სიცხის გამცემ ბოჭკოებს და მარილის დამლექავებს. მარილი ხელახლა გამოიყენება.

ჰერცოგმა მის ნიშანზე ხელები ასწია.

– ძალიან საინტერესოა.

– ღრმად ჩაისუნთქე, – უთხრა კაინსმა.

ჰერცოგი დამორჩილდა.

კაინსი იღლიის საგდულებს დააკვირდა, ერთ-ერთი მოარგო.

– სხეულის მოძრაობა, მით უფრო, სუნთქვა და ზოგიერთი ოსმოსური აქტივობა მტუმბავ


ძალას ქმნის, – სამკერდული ოდნავ მოუშვა, – შეგროვებული წყალი გადადის ჯიბაკებში,
რომლებიდანაც ქაჩავ ამ მილის მეშვეობით, კისერთან სამაგრს რომ უჭირავს.

ჰერცოგმა ნიკაპი შეიწია და დაბლა დაიხედა, მილის ბოლო რომ დაენახა.


– ეფექტიანი და მოხერხებულია, – თქვა მან, – მშვენივრადაა დაპროექტებული.

კაინსმა ჩაიმუხლა, ფეხის საგდულები შეამოწმა.

– შარდი და განავალი ბარძაყების სარჩულში გადამუშავდება, – თქვა და წამოდგა, შეამოწმა,


როგორ იჯდა საყელო, ნაწევარი აუწია, – ღია უდაბნოში ეს ფილტრი სახეზე გაქვს
აფარებული, ეს საცობებიანი მილი ნესტოებში მიდის, რომ მჭიდროდ იყოს მორგებული.
შეისუნთქავ პირის ფილტრიდან, ამოისუნთქავ ცხვირის მილით. კარგად გამართული
ფრემენის კომბინეზონი თუ გაცვია, დღეში ერთ ყლუპ წყალზე მეტს არ კარგავ – დიდ ერგშიც
რომ მოხვდე..

– დღეში ერთი ყლუპი, – გაიმეორა ჰერცოგმა.

კაინსმა კომბინეზონის შუბლის საფარს თითი მიაჭირა და უთხრა:

– ეს შეიძლება ცოტათი კანს გიხეხავდეთ. თუ შეგაწუხათ, მითხარით. შემიძლია, ცოტა უფრო


მჭიდროდ მოგარგოთ.

– მადლობა, – უთხრა ჰერცოგმა. კაინსმა მისგან უკან რომ დაიხია, ლეტომ კომბინეზონში
მხრები შეარხია; იგრძნო, რომ ახლა უკეთ ედგა – უფრო მჭიდროდ და ნაკლებადაც აწუხებდა.

კაინსი პოლს მიუბრუნდა.

– ახლა მოდი, შენი ვნახოთ, ბიჭი.

კარგი კაცია, ოღონდ უნდა ისწავლოს, როგორ მოგვმართოსო, გაიფიქრა ჰერცოგმა.

პოლი მორჩილად იდგა, სანამ კაინსი კომბინეზონს უსინჯავდა. ეს დანაოჭებული,


პრიალაზედაპირიანი სამოსი რომ ჩაიცვა, უცნაური შეგრძნება ჰქონდა. სრულიად
დარწმუნებული იყო, რომ სარწყული ადრე

არასოდეს სცმია; მაგრამ, გურნის გამოუცდელი ხელმძღვანელობით წებია თასმებს რომ


იკრავდა, ყოველი მოძრაობა ბუნებრივი და ინსტინქტური ეჩვენებოდა. როდესაც
სამკერდული მოიჭიმა, სუნთქვის მოძრაობას მაქსიმალურად მტუმბავი მოქმედება რომ
გამოეწვია, ზუსტად იცოდა, რას და რატომ აკეთებდა. როდესაც მჭიდროდ მოირგო კისრის და
შუბლის შესაკრავები, იცოდა, რომ ასე კანი არ გაეხეხებოდა.

კაინსი გაიმართა, შეფიქრიანებულმა უკან დაიხია.

– სარწყული ადრეც გცმია? – ჰკითხა ბიჭს.

– არა, პირველად მაცვია.

– მაშ, ვინმემ მოგარგო?

– არა.

– შენი უდაბნოს ჩექმები კოჭებთან ჩაჩაჩულია. ვინ გითხრა, ასე გექნა?

– ეს... მომეჩვენა, რომ ასე უნდა იყოს.


– ნამდვილად ასეა.

და კაინსმა ლოყა მოისრისა, ლეგენდის სიტყვები გაიხსენა: „ეცოდინება თქვენი წესები,


თითქოს მათთვის დაბადებულიყოს“.

– დროს ვკარგავთ, – თქვა ჰერცოგმა. მომლოდინე ტოპტერისკენ ანიშნა, დანარჩენებს წინ


გაუძღვა და მცველის სამხედრო სალამს თავის დაქნევით უპასუხა. შიგნით შეძვრა,
უსაფრთხოების ღვედები შეიკრა, ღილაკები და მაჩვენებლები შეამოწმა. როცა სხვებიც
ჩასხდნენ, ხომალდი აჭრიალდა.

კაინსმა ღვედი შეიკრა. კარი რომ დაიხურა და ვენტილატორები დატრიალდა, მას თვალში
მოხვდა საფრენი ხომალდის გადაჭარბებული კომფორტი: რუხ-მწვანე გადასაკრავიანი
კედლების მდიდრული სიფაფუკე, მბზინავი ინსტრუმენტები, გაწმენდილი და ცინცხალი
ჰაერის შეგრძნება.

რა რბილია ყველაფერიო, გაიფიქრა.

– ყველაფერი რიგზეა, სირ, – უთხრა ჰალეკმა.

ლეტომ ფრთები ჩართო, იგრძნო მათი მოქნევა: ერთხელ, მეორედ. ათი მეტრის სიმაღლეზე
აიჭრნენ ჰაერში, ფრთები უძრავად გაიწვართა და ამუშავებულმა რეაქტიულმა ძრავებმა
ხომალდი ერთბაშად, ზუზუნით აიტაცა მაღლა.

– სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აიღეთ გეზი, ფარკედელის გადაღმა, – მიუთითა კაინსმა, –


თქვენს ქვიშის ოსტატს დავავალე, ტექნიკური აღჭურვილობა იქ მიეყვანა.

– კეთილი.

ჰერცოგი ვირაჟით შევიდა საჰაერო დაცვის არეში, დაცვის ხომალდმაც საჭირო პოზიცია
დაიკავა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაემართნენ.

– ამ სარწყულების კონსტრუქცია და ხარისხი მაღალი დონის წარმოებაზე მეტყველებს, – თქვა


ჰერცოგმა.

– ოდესმე გაჩვენებთ სიეტჩის ფაბრიკას, – უთხრა კაინსმა.

– საინტერესო იქნება. შევამჩნიე, რომ ასეთ კომბინეზონებს ზოგიერთ საგარნიზონო ქალაქშიც


ამზადებენ.

– მდარე ასლებია, – გაეპასუხა კაინსი, – ყველა დიუნის მუშა, ვინც კი საკუთარ ტყავზე
ზრუნავს, ფრემენულ კომბინეზონს ატარებს.

– და მისი წყალობით წყლის დანაკარგი დღეში ერთი ყლუპი იქნება?

– თუ ისე გაქვს მორგებული, როგორც საჭიროა, საშუბლე მჭიდროდ გეკვრის და ყველა


საგდული გამართულია, მაშინ წყალს მეტწილად ხელისგულებიდან კარგავ, – აუხსნა კაინსმა,
– შეიძლება, კომბინეზონის ხელთათმანები ჩაიცვა, თუ რამე რთული სამუშაოს შესრულება
ხელებით არ გიწევს; მაგრამ ფრემენების უმრავლესობას ურჩევნია, ხელებში ღვიის წვენი
შეიზილოს. ის გაოფლიანებას აფერხებს.
ჰერცოგმა მარცხნივ ჩაიხედა და ფარკედელის დაკბილულ ლანდშაფტს გადაავლო თვალი:
დამსკდარი ტინის ნაპრალებს, უზარმაზარ ყვითელ-ყომრალ ნამსხვრევებს, რომლებსაც ქანის
ნასხლეტების შავი ზოლები კვეთდა. გეგონებოდა, ვიღაცას ეს კლდე კოსმოსიდან ჩამოუგდია
და სადაც დაილეწა, იქვე დაუტოვებიაო.

დაბალ აუზს გადაუფრინეს, რომლის ფსკერზეც მკაფიოდ იკვეთებოდა რუხი ქვიშის ზოლი,
რომელიც კანიონის კიდიდან სამხრეთისკენ იყო გაწვდილი. აუზში ქვიშის „თითები“
იღვრებოდა და ჩამუქებულ კლდეზე მშრალ დელტას ქმნიდა.

კაინსი საზურგეს გადააწვა; ფიქრობდა ამ წყლით გამძღარ სხეულებზე, სარწყულების ქვეშ


რომ მოსინჯა. სამოსის ზემოდან ფარის ქამრები ეკეთათ, წელზე ნელამფრქვევები
დაემაგრებინათ, ღილისხელა საავარიო გადამცემები ყელზე ღვედით ეკიდათ. ჰერცოგსაც და
მის შვილსაც მაჯის ქარქაშში დანები ჰქონდათ ჩაგებული და ეს ქარქაშები საკმაოდ
გაცვეთილი ჩანდა. ამ ხალხმა კაინსი გააკვირვა სისათუთისა და შეიარაღებული ძალის
უცნაური შეზავებით. მათ თავდაჭერაში იყო რაღაც, ჰარკონენებისგან სრულიად
განსხვავებული.

– როდესაც იმპერატორს აქ ხელისუფლების შეცვლაზე მოახსენებთ, იტყვით, რომ ჩვენ წესებს


მივსდევდით?

– ჰარკონენები წავიდნენ; თქვენ მოხვედით, – მიუგო კაინსმა.

– და ყველაფერი ისე თუ არის, როგორც უნდა იყოს? – ჰკითხა ლეტომ.

კაინსს ყბაზე კუნთი შეუთამაშდა და წამით შეეტყო, რომ დაიძაბა.

– როგორც პლანეტოლოგი და ცვლილების მსაჯული, მე იმპერატორის უშუალო ქვეშევრდომი


ვარ... მილორდ.

ჰერცოგმა პირქუშად ჩაიღიმა.

– მაგრამ ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება.

– შეგახსენებთ, რომ მისი უდიდებულესობა ჩემს მუშაობას მხარს უჭერს.

– მართლა? და თქვენი სამუშაო რაღაა?

ხანმოკლე სიჩუმეში, შეკითხვას რომ მოჰყვა, პოლმა გაიფიქრა: „მამა ამ კაინსს ზედმეტად
ჯიქურ აწვება“. ჰალეკს გადახედა, მაგრამ მენესტრელი-მეომარი ხრიოკ არემარეს
გადაჰყურებდა.

კაინსმა თავშეკავებულად წამოიწყო:

– რასაკვირველია, აქ იგულისხმება ჩემი, როგორც პლანეტოლოგის, მოვალეობანი.

– რასაკვირველია.

– ის, ძირითადად, უწყლო არეალის ბიოლოგიასა და ბოტანიკას შეეხება... გულისხმობს ზოგ


გეოლოგიურ სამუშაოსაც – სვეტოვან ბურღვას და სინჯების კვლევას. მთელი პლანეტის
შესაძლებლობებს ბოლომდე ვერასოდეს ამოწურავ.
– სუნელსაც იკვლევთ?

კაინსი მისკენ შებრუნდა. პოლმა შენიშნა, რომ კაცის ლოყას მკაცრი ნაოჭი მიუყვებოდა.

– უცნაური შეკითხვაა, მილორდ.

– დაიმახსოვრეთ, კაინს, ახლა აქაურობა ჩემი ფეოდია. ჩემი მეთოდები კი ჰარკონენების


მეთოდებისგან სრულიად განსხვავდება. რამდენიც გინდათ, იკვლიეთ სუნელი, არ
მენაღვლება – თუკი ყველაფერს, რასაც კი აღმოაჩენთ, მეც შემატყობინებთ. – პლანეტოლოგს
გადახედა, – ჰარკონენები სუნელის კვლევას აფერხებდნენ. ასე არ არის?

კაინსმა თვალი თვალში გაუყარა, არაფერი უპასუხია.

– შეგიძლიათ, პირდაპირ მითხრათ, – წააქეზა ჰერცოგმა, – ამის გამო საფრთხე არ გელით.

– მართლაც, საიმპერატორო კარი აქედან შორსაა, – ჩაიბუტბუტა კაინსმა. და გაიფიქრა: „რას


ელის ჩემგან ეს წყლით განებივრებული უცხოტომელი? ნუთუ ისეთი სულელი ვგონივარ,
რომ ფიქრობს, მის სამსახურში ჩავდგები?“

ჰერცოგმა ჩაიცინა, ყურადღება ფრენის გეზზე ჰქონდა გადატანილი.

– ხმაში კმაყოფილებას ვერ გატყობთ, სერ. შემოგეჭერით აქ ჩვენი მოთვინიერებული


მკვლელების ხროვით, ხომ? და გვინდა, მაშინვე მიხვდეთ, ჰარკონენებისნაირი კი არა, სულ
სხვანაირები რომ ვართ – ასეა, არა?

– გავეცანი პროპაგანდას, რომლითაც სიეტჩი და დასახლებები აავსეთ, – უთხრა კაინსმა, –


„გიყვარდეთ კეთილი ჰერცოგი!“ თქვენი პროპაგანდის სამს...

– აბა, ახლა! – შეუტია ჰალეკმა. თვალი ფანჯარას მოსწყვიტა, წინ გადაიხარა.

პოლმა გურნის მკლავზე დაადო ხელი.

– გურნი! – ჰერცოგმა მისკენ მოიხედა, – ამ კაცმა დიდხანს უყურა ჰარკონენებს.

ჰალეკი საზურგეს მიეყრდნო.

– ჰოო.

– ეს თქვენი კაცი, ჰავატი, თემას ფაქიზად ეხება, – თქვა კაინსმა, – მაგრამ საკმაოდ გასაგებად
მიმანიშნა, რას გულისხმობდა.

– ესე იგი, გაგვიხსნით იმ ბაზებს? – ჰკითხა ჰერცოგმა.

– ისინი მისი უდიდებულესობის საკუთრებაა, – მოუჭრა კაინსმა.

– ოღონდ არასოდეს გამოუყენებია.

– მაგრამ, შეიძლება, მომავალში გამოიყენოს.

– მისი უდიდებულესობაც ასე ფიქრობს?

კაინსმა ჰერცოგს კუშტად გადახედა.


– არაკისი შეიძლებოდა, ნამდვილ ედემად ქცეულიყო, მის მმართველებს, სუნელის თხრის
გარდა, კიდევ სხვა რამეზეც რომ ეფიქრათ.

„კითხვაზე არ მიპასუხა“, გაიფიქრა ჰერცოგმა. თქმით კი ეს თქვა:

– როგორ უნდა იქცეს პლანეტა ედემად ფულის გარეშე?

– რად გინდა ფული, – კითხვა შეუბრუნა კაინსმა, – თუ, რაც გინდა, იმ სამსახურს ვერ იყიდი?

„აი, თურმე რა“, გაიფიქრა ჰერცოგმა და თქვა:

– ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. ახლა კი, როგორც ჩანს, ფარკედელის იქითა კიდეს
ვუახლოვდებით. იმავე გეზს მივყვე?

– იმავეს, – ჩაიბურტყუნა კაინსმა.

პოლმა ფანჯრიდან გაიხედა. მათ ქვემოთ დაკბილული მთები ნელ-ნელა მოგლუვებულ


ნაკეცებად დაეშვა

ხრიოკი კლდოვანი ვაკისა და ბასრკიდიანი შელფისკენ. შელფის იქით, ჰორიზონტამდე,


ფრჩხილისხელა ნახევარმთვარეებად გაშლილიყო დიუნები, რომლებსაც შორს, აქა-იქ,
ბუნდოვანი ლაქები ეტყობოდა, რაც იმას მოწმობდა, რომ იქ ქვიშნარი არ იყო. შეიძლება,
კლდოვანი ქანებიც ყოფილიყო ამოშვერილი.

– იქ, დაბლა, რამე მცენარე ხარობს? – იკითხა პოლმა.

– კი, რაღაც-რაღაცები იზრდება, – მიუგო კაინსმა, – ამ განედზე ცოცხალი ზონა მოიცავს


მცენარეებს, რომლებსაც ჩვენ მცირე წყლის მპარავებს ვუწოდებთ – მათ გამოიმუშავეს უნარი,
ერთმანეთს ტენი წაართვან, უმცირესი ნამიც კი შეისრუტონ. უდაბნოს ზოგ ნაწილში
სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. მაგრამ ყოველ არსებას ნასწავლი აქვს, როგორ გადარჩეს ამ
პირობებში. თუ იქ, დაბლა, მოხვდი, შენც მათ ბაძავ, ან კვდები.

– ერთმანეთისთვის წყლის მოპარვას გულისხმობთ? – ჰკითხა პოლმა. ამის წარმოდგენამ


გააბრაზა და ეს ხმაზეც დაეტყო.

– ეგეც ხდება ხოლმე, – უპასუხა კაინსმა, – მაგრამ ახლა ამას არ ვგულისხმობდი. იცი, ჩემი
კლიმატი მოითხოვს, რომ წყლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდეს.
წყალი არასოდეს გავიწყდება. არაფერს კარგავ, რაც კი ტენს შეიცავს.

და ჰერცოგმა გაიფიქრა: „ჩემი კლიმატიო!..“

– ორი გრადუსით სამხრეთისკენ შებრუნდით, მილორდ, – მიმართა კაინსმა, – დასავლეთიდან


დაუბერა.

ჰერცოგმა თავი დაუქნია. ხედავდა, იქით მოყვითალო მტვერი რომ აბუქდა. ტოპტერი ცერად
მიაბრუნა და შეამჩნია, როგორ აირეკლა მის კვალდაკვალ შემობრუნებული ესკორტის
ფრთებმა ქვიშით გაფანტული, შებურული ნარინჯისფერი შუქი.

– ასე, წესით, ქარიშხლის კიდეს უნდა ავცდეთ, – თქვა კაინსმა.


– ეს ქვიშა ალბათ საშიშია, შიგ თუ შეფრინდები, – შენიშნა პოლმა, – მართალია, რომ ის
უმტკიცეს ლითონსაც კი ჭრის?

– ამ სიმაღლეზე ქვიშა კი არა, მტვერი იქნება, – მიუგო კაინსმა, – აქ შეიძლება დაგვემუქროს


მცირე ხილვადობა, ტურბულენცია, ჰაერშემწოვების გაჭედვა.

– დღეს ვნახავთ, სუნელს როგორ მოიპოვებენ? – იკითხა პოლმა.

– წესით, კი, – მიუგო კაინსმა.

პოლი საზურგეზე გადაწვა. ეს შეკითხვები და ჰიპერგაცნობიერების ხერხი გამოიყენა


იმისთვის, რასაც დედამისი პიროვნების „ჩაწერას“ ეძახდა. ახლა კაინსი აღბეჭდილი ჰყავდა:
მისი ხმა, მისი სახის და ხელის მოძრაობის ყოველი წვრილმანი. არაბუნებრივი ნაკეცი მის
მარცხენა სახელოზე მკლავის ქარქაშში ჩამალულ დანაზე მიუთითებდა. წელიც უცნაურად
ჰქონდა გამობურცული. ამბობდნენ, უდაბნოს მცხოვრებლებს ჯიბიანი ქამრები უკეთიათ,
რომლებითაც წვრილმანი საჭირო ნივთები დააქვთო. შეიძლება, ტანსაცმელი ასეთი ქამრით
ჰქონდა გამობერილი – ეს ნამდვილად არ იქნებოდა დამალული ფარის ქამარი. საყელო
შებნეული ჰქონდა სპილენძის ბროშით, რომელზეც რაღაც კურდღლისმაგვარი იყო
ამოტვიფრული. მეორე ასეთივე ბროში, ოღონდ უფრო პატარა, კაპიუშონის კიდეზე ეკეთა.
ახლა ეს კაპიუშონი ზურგისკენ ჰქონდა გადაგდებული.

პოლის გვერდით მჯდომი ჰალეკი შეტრიალდა, უკანა განყოფილებაში გადაყო ხელი და


თავისი ბალისეტი ამოიღო. საკრავის აწყობა რომ დაიწყო, კაინსი შემობრუნდა და შეხედა,
მერე ისევ გეზზე გადაიტანა ყურადღება.

– რის მოსმენას ისურვებდი, ახალგაზრდა ბატონო? – ჰკითხა პოლს.

– შენ თვითონ აირჩიე, გურნი.

ჰალეკმა ყური საკრავისკენ დახარა, სიმი გააჟღრიალა და წყნარად ამღერდა:

„ჩვენი მამები უდაბნოში ჭამდნენ მანანას,


ხრიოკ ქვიშებში, ქარბორბალებში ვლიდნენ.
დაგვხსენი, ღმერთო, ამ საზარელ და მკვლელ მხარეს!
გვიხსენი... ოოჰ, გვიხსენი!
დაგვხსენი უწყლო, მწყურვალ მხარეს“…

კაინსმა ჰერცოგს შეხედა და თქვა:

– მგზავრობისას მცველებს ცოტას იახლებთ, ვხედავ, მილორდ. ყველა მათგანი ასეთი


მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული?

– გურნი? – ჩაიცინა ჰერცოგმა, – გურნი ერთადერთი და განუმეორებელია. თან მისი თვალების


გამო დამყავს. მის თვალებს ცოტა რამ თუ გამოეპარება.

პლანეტოლოგმა შუბლი შეიკრა.

ჰალეკს ჰანგის რიტმი არ გაუწყვეტია, ისე ჩაურთო:


„და ვიქმენ მე, ვითარცა ბუი უდაბნოისასა, ო!
ე-ჰეე, ვიქმენ მე, ვითარცა ბუი უდაბნოისასა!“

ჰერცოგმა ხელი დაუშვა, ინსტრუმენტების პანელიდან მიკროფონი ამოიღო, ცერის დაჭერით


ჩართო და თქვა:

– მეწინავე – ესკორტ გემას. ცხრა საათის მიმართულებით, B სექტორში მფრინავი ობიექტია.


გაარკვევთ, რა არის?

– ეს, უბრალოდ, ფრინველია, – უთხრა კაინსმა და დაურთო: – მახვილი თვალი გქონიათ.

პანელის დინამიკი აშრიალდა, მერე გაისმა:

– ესკორტი გემა. ობიექტს სრული გადიდებით დავაკვირდით. ეს დიდი ფრინველია.

პოლმა მითითებული მიმართულებით გაიხედა და შორეული წერტილი დაინახა: პაწია ლაქა


წყვეტილი მოძრაობით მიიწევდა წინ. და მიხვდა, რა დაძაბული იყო მამამისი; ყოველი
გრძნობა მოზიდული, გამახვილებული ჰქონდა.

– არ მეგონა, თუ უდაბნოს ასეთ სიღრმეში ამხელა ფრინველი შეგვხვდებოდა, – თქვა


ჰერცოგმა.

– ეს ალბათ არწივია, – უთხრა კაინსმა, – ბევრი არსება შეეგუა ამ პირობებს.

ორნიტოპტერმა შიშველ კლდოვან ველს გადაუქროლა. პოლმა ორიათასმეტრიანი


სიმაღლიდან ჩაიხედა და თავიანთი ხომალდისა და ესკორტის დაბრეცილი ჩრდილები
დაინახა. დაბლა გაშლილი მიწა ბრტყელი ჩანდა, მაგრამ ჩრდილებს ეტყობოდა, რომ ასე არ
იყო.

– ვინმეს უდაბნოდან ფეხით თუ გამოუღწევია? – იკითხა ჰერცოგმა.

ჰალეკმა დაკვრა შეწყვიტა, წინ გადაიხარა, რომ პასუხი მოესმინა.

– ღრმა უდაბნოდან – არა, – მიუგო კაინსმა, – მეორე ზონიდან რამდენჯერმე გამოუღწევია


კაცს. იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კლდოვანი ადგილები გამოიარეს, იქ მატლები
იშვიათად ჩნდებიან.

კაინსის ხმის კილომ პოლის ყურადღება მიიქცია. იგრძნო, შეგრძნებები რომ გაუმახვილდა,
როგორც ნასწავლი ჰქონდა.

– ოო, მატლები, – თქვა ჰერცოგმა, – როგორმე ერთი მაინც უნდა ვნახო.

– შეიძლება, დღესაც ნახოთ, – უთხრა კაინსმა, – სადაც სუნელია, მატლებიც იქვე არიან.

– ყოველთვის ასეა? – ჰკითხა ჰალეკმა.

– ყოველთვის.

– მატლსა და სუნელს შორის რამე კავშირია? – ჰკითხა ჰერცოგმა.


კაინსი მობრუნდა და, სანამ ის რამეს იტყოდა, პოლმა დაინახა მისი მტკიცედ მოკუმული
პირი:

– ისინი სუნელის ქვიშებს იცავენ. ყოველ მატლს აქვს თავისი... ტერიტორია. ხოლო სუნელი...
ვინ იცის? მატლების ნიმუშები, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, ცხადყოფს, რომ მათში რთული
ქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს. კაპილარებში მარილმჟავა აღმოვაჩინეთ, კიდევ სხვაგან
– უფრო რთული მჟავები. ამ თემაზე დაწერილ ჩემს მონოგრაფიას მოგაწვდით.

– ფარი მათგან ვერ იცავს?

– ფარები! – დამცინავად ჩაიცინა კაინსმა, – ფარის გააქტიურება ზონაში, სადაც მატლები


იმყოფებიან, საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასია. მატლები ტერიტორიულ
საზღვრებს არად აგდებენ და შორიდანაც მოდიან ფარზე საიერიშოდ. მათ თავდასხმას არც
ერთი ფარიანი კაცი ჯერ არ გადარჩენია.

– მაშინ როგორ ებრძვიან?

– მაღალი ძაბვის ელექტრული შოკით ზემოქმედება მათი სხეულის ყოველ რგოლურ


სეგმენტზე – ეს მატლის მოკვლის და მისი სხეულის მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი
გზაა, – უპასუხა კაინსმა, – ასაფეთქებელი იარაღით შეიძლება მათი დარეტიანება ან დაგლეჯა,
მაგრამ თითოეულ რგოლურ სეგმენტს ცალკე სიცოცხლე შეუძლია. არ ვიცი, ატომური
იარაღის გარდა, სხვა რა აფეთქება შეიძლება იყოს იმდენად მძლავრი, დიდი მატლის
მთლიანად განადგურება რომ შეძლოს. წარმოუდგენლად ამტანები არიან.

– რატომ არ უცდიათ მათი ამოწყვეტა? – იკითხა პოლმა.

– ძალიან ძვირი ჯდება, – მიუგო კაინსმა, – და ძალიან დიდი ტერიტორია იქნება გასაწმენდი.

პოლი თავის კუთხეს მიეყრდნო. მისმა სიმართლის აღქმის გრძნობამ, მოპასუხის კილოს
ცვლილებაზე დაკვირვებამ მიახვედრა, რომ კაინსი ტყუოდა და ნახევარ სიმართლეს ამბობდა.
პოლმა გაიფიქრა: „თუ სუნელსა და მატლებს შორის კავშირი არსებობს, მაშინ მატლების
ამოწყვეტა სუნელსაც გააქრობს.

– მალე უდაბნოდან ფეხით გამოღწევა აღარავის დასჭირდება, – თქვა ჰერცოგმა, – ჩართავ ამ


პატარა გადამცემებს, კისერზე რომ გვიკიდია, და მაშველიც მაშინვე შენკენ გამოემართება.
ცოტა ხანში ჩვენს ყველა თანამშრომელს ექნება ასეთი. სპეციალურ სამაშველო სამსახურს
ვაარსებთ.

– ფრიად საქებარია, – წარმოთქვა კაინსმა.

– ისე ამბობთ, თითქოს არ მეთანხმებოდეთ, – უთხრა ჰერცოგმა.

– არ გეთანხმებით? ცხადია, გეთანხმებით, მაგრამ ეგ დიდად არაფერში გამოდგება. ქვიშის


მატლების სტატიკური ელექტრობა სიგნალების უმეტესობას ახშობს. გადამცემები მოკლდება.
იცით, ადრეც უცდიათ მათი გამოყენება. არაკისი აღჭურვილობას არ ინდობს. და თუ მატლი
ნადირობს შენზე, ბევრი დრო აღარ გრჩება. როგორც წესი, თხუთმეტ ან ოც წუთზე მეტი არ
გაქვს.

– თქვენ რას გვირჩევდით? – ჰკითხა ჰერცოგმა.


– რჩევას მეკითხებით?

– დიახ, როგორც პლანეტოლოგს.

– ჩემს რჩევას დაიჯერებთ?

– დიახ, თუ მივხვდები, რომ გონივრულია.

– კეთილი, მილორდ. უდაბნოში მარტო არასოდეს გახვიდეთ.

ჰერცოგმა სამართავ პულტს თვალი მოსწყვიტა.

– სულ ეგაა?

– სულ ესაა. უდაბნოში მარტო არასოდეს გახვიდეთ.

– თუ ქარიშხალმა სხვებს მოგწყვიტა და მიწაზე დაშვება მოგიხდა? – ჰკითხა ჰალეკმა, –


ვერაფერს იღონებ?

– „ვერაფერი“ ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს.

– თქვენ რას იზამდით? – ჰკითხა პოლმა.

კაინსი მკაცრად დააცქერდა ბიჭს, მერე ისევ ჰერცოგს შეხედა.

–ჩემი სარწყულის მთლიანობის შენარჩუნებაზე ვიზრუნებდი. მატლების სამყოფელის გარეთ


ან კლდეზე თუ ვიქნებოდი, მაშინ ხომალდის სიახლოვეს დავრჩებოდი. თუ ღია ქვიშაზე
აღმოვჩნდებოდი, რაც შეიძლება, სწრაფად მოვშორდებოდი ხომალდს. ათასი მეტრით
მოშორება იკმარებდა. მერე მოსასხამის ქვეშ დავიმალებოდი. მატლი ხომალდს
გადაყლაპავდა, მაგრამ შესაძლოა, მე ვერ შევემჩნიე.

– მერე? – ჰკითხა ჰალეკმა.

კაინსმა მხრები აიჩეჩა.

– დავიცდიდი, სანამ მატლი წავიდოდა.

– სულ ესაა? – ახლა პოლმა ჰკითხა.

– მატლი რომ წავა, მერე შეიძლება სცადო გამოღწევა. წყნარად უნდა იარო, დაფდაფა ქვიშებს
და მტვრისმოქცევიან აუზებს მოერიდო და გეზი უახლოესი კლდოვანი არეალისკენ აიღო.
უდაბნოში ბევრი ასეთი ზონაა. მაშინ იქნებ კიდევაც გამოაღწიო.

– დაფდაფა ქვიშა? – ჩაეკითხა ჰალეკი.

– ქვიშის გამკვრივებული მდგომარეობაა, – აუხსნა კაინსმა, – უმსუბუქესი ნაბიჯიც კი


ააგუგუნებს. მატლები ამ ხმაზე უეჭველად მოდიან.

– და მტვრის მოქცევიანი აუზი? – ახლა ჰერცოგმა ჰკითხა.


– უდაბნოს ფსკერზე გარკვეული ტიპის ჩაღრმავებები საუკუნეების განმავლობაში მტვრით
აივსო. ზოგი იმხელაა, შიგ დინებები და მიქცევა-მოქცევაც კი არსებობს. თუ მასში
გაუფრთხილებლად შეაბიჯე, პატარაც ჩაგყლაპავს და დიდიც.

ჰალეკი უკან გადაიწია, ისევ ბალისეტი ააჟღრიალა. მერე ამღერდა:

„ინადირებენ მუნ მხეცნი უდაბნოისი,


გზად ჩავლილ უცოდველთ ჩაუსაფრდებიან.
ოო, არა გამოსცადო ღმერთი უდაბნოისი,
მარტოსულ საფლავს თუ არ ეძებ.
საფრთხენი უდაბნოისა...“

მან სიმღერა შეწყვიტა, და წინ გადაიხარა.

– წინ მტვრის ღრუბელია, სირ.

– ვხედავ, გურნი.

– ჩვენც მაგას ვეძებთ, – თქვა კაინსმა.

პოლი სკამზე გაიჭიმა, წინ რომ გაეხედა. დაახლოებით ოცდაათი კილომეტრით წინ, დაბლა,
უდაბნოს ზედაპირზე დაგრაგნილ ყვითელ ღრუბელს მოჰკრა თვალი.

– ეს თქვენი ერთ-ერთი ფაბრიკა-ქვიშამავალია, – თქვა კაინსმა, – ქვიშის ზედაპირზეა, რაც


ნიშნავს, რომ სუნელს იღებს. ღრუბელი – ეს ქვიშაა, რომელიც ნიავდება და იყრება, მას მერე,
რაც სუნელი ცენტრიფუგის მეშვეობით გამოიყოფა. ეს ღრუბელი სხვა არაფერში აგერევა.

– მის ზემოთ, ჰაერში, ხომალდია, – თქვა ჰერცოგმა.

– მე ვხედავ ორ... სამ... ოთხ დამკვირვებელს, – შეუსწორა კაინსმა, – ისინი მატლის ნიშანს
აკვირდებიან.

– მატლის ნიშანს?

– ქვიშამავალისკენ დაძრულ ქვიშის ტალღას. ზედაპირიდან სეისმურ ანათვალებსაც იღებენ.


ზოგჯერ მატლები მიწის ქვეშ ძალიან ღრმად გადაადგილდებიან და ტალღა არ ჩანს. – კაინსმა
ცას მოავლო თვალი, – სადმე ახლომახლო გადამტანი ფრთაც უნდა ჩანდეს, მაგრამ მე ვერ
ვხედავ.

– მატლი უეჭველად მოდის, ჰა? – ჰკითხა ჰალეკმა.

– უეჭველად.

პოლი წინ გადაიხარა, კაინსს მხარზე შეახო ხელი.

– თითო მატლი რამხელა ფართობს იკავებს?

კაინსმა წარბი შეიკრა. ეს ბავშვი ისევ „სადიდო“ კითხვებს სვამს.

– გააჩნია, რამხელა მატლია.


– საიდან სადამდე მერყეობს? – ახლა ჰერცოგმა ჰკითხა.

– დიდებს შეუძლიათ, სამასი-ოთხასი კვადრატული კილომეტრი აკონტროლონ. პატარები... –


როცა ჰერცოგი რეაქტიული ძრავების მუხრუჭებს დააწვა, კაინსს სიტყვა გაუწყდა. ხომალდი
ყალყზე შედგა, მისი კუდის ძრავები შიშინით ჩაჩუმდა. მოკლე ფრთები გაგრძელდა და
ჰაერით აივსო. ხომალდი მთლიანად ორნიტოპტერად გადაიქცა. ჰერცოგმა ის ვირაჟში
დახარა, ფრთების აუჩქარებელ მოძრაობას მიჰყვა, მარცხენა ხელით კი აღმოსავლეთით,
ფაბრიკა-ქვიშამავალის იქით მიუთითა.

– ისაა მატლის ნიშანი?

კაინსი ჰერცოგისკენ გადაიხარა და შორს გაიხედა.

პოლი და ჰალეკი ერთმანეთს მიაწყდნენ, იმავე მხარეს იყურებოდნენ. პოლმა შენიშნა, რომ
მათი ესკორტი, ჰერცოგის მოულოდნელი მანევრის გამო რომ წინ მოექცა, ახლა უკან
ბრუნდებოდა. ფაბრიკა-ქვიშამავალი მათ წინ იყო, ჯერ კიდევ, ასე, სამი კილომეტრის
მოშორებით.

იქ, სადაც ჰერცოგი მიუთითებდა, უდაბნოს ზედაპირი ჰორიზონტამდე იყო დატალღული


ნახევარმთვარისებრი დიუნების მზით დაფერილი მრუდებით, და მათ შორის სწორ ხაზად
იძვროდა წაგრძელებული მოარული მთა – ქვიშის თხემი. ასე მსხვილი თევზი ჭრის წყალს,
ზედ ზედაპირის ქვეშ რომ ცურავსო, გაიფიქრა პოლმა.

– მატლია, – თქვა კაინსმა, – თანაც დიდი, – უკან გადაიწია, პანელიდან მიკროფონი აიტაცა,
უხეშად გადართო სხვა სიხშირეზე. თავზემოთ გორგოლაჭებზე დამაგრებულ ბადეში
ჩახაზულ რუკას ახედა და მიკროფონში ალაპარაკდა: – ვიძახებ ქვიშამავალს, დელტა აიაქს
ცხრას. აღმოჩენილია მატლის ნიშანი. ქვიშამავალი დელტა აიაქს ცხრაზე. აღმოჩენილია
მატლის ნიშანი. დამიდასტურეთ, – და შეიცადა.

პანელის დინამიკი აშიშინდა, მერე გაისმა:

– ვინ იძახებს დელტა აიაქს ცხრას? მიღება.

– რაღაც ნამეტანი მშვიდად არიან, – აზრი გამოთქვა ჰალეკმა.

კაინსმა მიკროფონს ჩასძახა:

– ლაპარაკობს არარეგისტრირებული ფრენა – თქვენგან ჩრდილო-აღმოსავლეთით,


დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილიდან. მატლის ნიშანი თქვენკენ მოემართება,
კონტაქტამდე, სავარაუდოდ, ოცდახუთი წუთია.

დინამიკიდან ახლა სხვა ხმაც გაისმა:

– ლაპარაკობს დამკვირვებელთა კოორდინატორი. ვადასტურებთ ნიშანს. ხაზზე იყავით,


შეგატყობინებთ კონტაქტის დროს, – პაუზის მერე ისევ გაისმა: – კონტაქტის დრო – ოცდაექვს
წუთზე ნაკლები. შეფასება ზუსტი იყო. ვინ ახორციელებს არარეგისტრირებულ ფრენას?
მიღება.

ჰალეკმა ღვედი შეიხსნა და ახლა წინ გაეჩხირა, ჰერცოგსა და კაინსს შორის.


– ეს ჩვეულებრივი სამუშაო სიხშირეა, კაინს?

– ჰო. რა იყო?

– ვინ ისმენს?

– ამ რეგიონში მომუშავე ეკიპაჟები. ეს სიხშირე დაბრკოლებებს ახშობს.

დინამიკი ისევ ატკაცუნდა, მერე ალაპარაკდა:

– ეს დელტა აიაქს ცხრაა. ამ ობიექტის ჯილდო ვისია?

ჰალეკმა ჰერცოგს შეხედა.

კაინსმა თქვა:

– სუნელის ყოველ მოსავალზე იძლევიან ჯილდოს მათთვის, ვინც პირველი გადასცემს


გაფრთხილებას მატლის შესახებ. ამათ უნდათ, იცოდნენ...

– უთხარით, პირველმა ვინ დაინახა ის მატლი, – თქვა ჰალეკმა.

ჰერცოგმა თავი დაუქნია.

კაინსი შეყოყმანდა; მერე მიკროფონი ასწია:

– დამკვირვებლის ჯილდო ეკუთვნის ჰერცოგ ლეტო ატრეიდესს. ჰერცოგ ლეტო ატრეიდესს.


მიღება.

დინამიკიდან თანაბარი, მაგრამ გადაცემის ხარვეზებით დამახინჯებული ხმა გაისმა:

– გვესმის. გმადლობთ.

– ახლა უთხარით, რომ ჯილდო ერთმანეთში გაიყონ, – უბრძანა ჰალეკმა, – ჰერცოგს ასე სურს.

კაინსმა ღრმად ჩაისუნთქა და გადასცა:

– ჰერცოგს სურს, რომ ჯილდო თქვენი ეკიპაჟის წევრებმა გაინაწილონ. გესმით? მიღება.

– მივიღეთ. გმადლობთ.

ჰერცოგი კაინსს მიუბრუნდა:

– დამავიწყდა, მეთქვა, რომ გურნი ძალიან ნიჭიერია პროპაგანდის გაწევაშიც.

კაინსმა წარბები შეყარა და კითხვით შეხედა ჰალეკს.

– ასე მომუშავეები გაიგებენ, რომ ჰერცოგს მათი უსაფრთხოება აღელვებს, – თქვა ჰალეკმა, –
ამაზე ხმა გავრცელდება. ცნობა რეგიონის სამუშაო სიხშირეზე გადაიცა – ჰარკონენების
აგენტები ალბათ ვერ გაიგებენ, – ფანჯრიდან საჰაერო დაცვას გახედა, – თანაც, საკმაოდ
ძლიერი დაცვა გვახლავს. არცთუ დიდი რისკი გავწიეთ.

ჰერცოგმა ხომალდი ფაბრიკა-ქვიშამავალიდან ამოსული მტვრის ღრუბლისკენ შეაბრუნა.


– ახლა რაღა ხდება?

– სადღაც ახლო გადამტანი ფრთაა, – მიუგო კაინსმა, – მოფრინდება და ქვიშამავალს აიტაცებს.

– თუ გადამტანი დაზიანდა? – იკითხა ჰალეკმა.

– აღჭურვილობა ხანდახან იკარგება ხოლმე, – მიუგო კაინსმა, – ქვიშამავალს მიუახლოვდი,


მილორდ; მგონი, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.

ჰერცოგი მოიღუშა, რეგულირების ღილაკები შეამოწმა და ქვიშამავალის თავზე არეულ


ჰაერში შეფრინდნენ.

პოლმა დაბლა ჩაიხედა, დაინახა, რომ მათ ქვეშ მჯდარი ლითონისა და პლასტმასის
ურჩხულიდან ქვიშა ჯერაც იყრებოდა. ის ვეებერთელა ყვითელ-ლურჯ ხოჭოს ჰგავდა,
გარშემო გაწვდილი მრავალი ფეხი ფართო მუხლუხებით უბოლოვდებოდა. უზარმაზარი
გადაბრუნებული ძაბრის ფორმის ხორთუმი თავის წინ ქვიშაში ჰქონდა ჩაყოფილი.

– ფერზე ეტყობა, სუნელის მდიდარი ფენა უნდა იყოს, – თქვა კაინსმა, – ბოლო წუთამდე
იმუშავებენ.

ჰერცოგმა ფრთებს სიმძლავრე მოუმატა, გაამაგრა ისინი, უფრო მკვეთრად რომ დაშვებულიყო
და ქვიშამავალის თავზე წრიულ პლანირებაზე გადავიდა. მარჯვნივ და მარცხნივ მოჩანდა,
როგორ მიჰყვნენ მას საჰაერო დაცვის ხომალდები და ისინიც მათ თავზემოთ ტრიალებდნენ.

პოლი დააკვირდა ყვითელ ღრუბელს, რომელიც ქვიშამავალის მილისებრი სანიავოებიდან


იფრქვეოდა, მერე უდაბნოს და მოახლოებული მატლის კვალს გახედა.

– არ უნდა გვესმოდეს, გადასატანს რომ იძახებენ? – იკითხა ჰალეკმა.

– როგორც წესი, ფრთა სხვა სიხშირეზე ჰყავთ, – მიუგო კაინსმა.

– არ ჯობია, ყოველ ქვიშამავალს ორ-ორი გადამტანი ელოდეს? – კითხვა დასვა ჰერცოგმა, –


ქვემოთ ამ მანქანაზე ოცდაექვსი კაცი უნდა იყოს, აღჭურვილობის ფასზე რომ არაფერი
ვთქვათ.

კაინსმა მიუგო:

– არ გვაქვს საკმარისი აღ...

სიტყვა გაუწყდა, რადგან დინამიკიდან ბრაზიანმა ხმამ იჭექა:

– ვინმე ხედავთ ფრთას? არ პასუხობს.

დინამიკიდან არეული, დამახინჯებული ხმები გადმოიღვარა – ერთბაშად გადმოცემულმა


სიგნალები ერთმანეთი გადაფარა. სიჩუმე გამეფდა. მერე ისევ პირველმა ხმამ ბრძანა:

– ნომრების მიხედვით გადმოეცით! მიღება.

– ლაპარაკობს დამკვირვებელთა კოორდინატორი. ბოლოს რომ დავინახე, ფრთას გვარიანი


სიმაღლე ჰქონდა აკრეფილი და ჩრდილო-დასავლეთისკენ უხვევდა. ახლა ვერ ვხედავ.
მიღება.
– პირველი დამკვირვებელი: ვერ ვხედავ. მიღება.

– მეორე დამკვირვებელი: ვერ ვხედავ. მიღება.

– მესამე დამკვირვებელი: ვერ ვხედავ. მიღება.

– მეოთხე დამკვირვებელი: ვერ ვხედავ. მიღება.

სიჩუმე ჩამოვარდა.

ჰერცოგმა დაბლა ჩაიხედა. მისი ხომალდის ჩრდილი სწორედ ქვიშამავალის თავზე


გადადიოდა.

– დამკვირვებელი მხოლოდ ოთხია, ხომ ასეა?

– სწორია, – უპასუხა კაინსმა.

– აქეთ ხუთნი ვართ. ჩვენი ხომალდები უფრო დიდია. თითოეულმა შეგვიძლია, სამ-სამი კაცი
დავიმატოთ. დამკვირვებლებს წესით ორ-ორის ჩასხმა უნდა შეეძლოთ.

პოლმა გონებაში გადათვალა:,

– სამი რჩება.

– რატომ არ ემსახურება თითო ქვიშამავალს ორ-ორი გადამტანი? – დაიღრიალა ჰერცოგმა.

– არ გვაქვს საკმარისი დამატებითი აღჭურვილობა, – უპასუხა კაინსმა.

– მით უფრო უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს!

– სად უნდა გამქრალიყო ის გადამტანი? – იკითხა ჰალეკმა.

– შეიძლება, იძულებითი დაჯდომა მოუხდა, ისე, რომ აქედან არ ჩანს.

ჰერცოგმა მიკროფონს სტაცა ხელი, ცერი ჩამრთველზე ედო, ყოყმანობდა.

– როგორ მოხდა, რომ თვალთახედვის არიდან დაკარგეს?

– ისინი დაბლა იყურებიან, მიწაზე, მატლის ნიშანს აკვირდებიან, – უპასუხა კაინსმა.

ჰერცოგმა ჩამრთველს დააჭირა და მიკროფონში თქვა:

– ლაპარაკობს თქვენი ჰერცოგი. ვსხდებით დელტა აიაქს ცხრის ეკიპაჟის ასაყვანად. ეს


ბრძანებაა ყველა დამკვირვებლისთვისაც. დამკვირვებლები დასხდებიან ფაბრიკის
აღმოსავლეთით, ჩვენ – დასავლეთით. მიღება. – ხელი ჩასწია, საკუთარ სამეთაურო
სიხშირეზე გადაერთო, ბრძანება თავის საჰაერო დაცვას გაუმეორა, მიკროფონი ისევ კაინსს
მიაწოდა.

კაინსი სამუშაო სიხშირეზე დაბრუნდა. დინამიკიდან ხმა გადმოსკდა:

– ... სუნელით ლამის სავსე საბარგული! თითქმის ბოლომდე ავივსეთ! იმ წყეულ მატლს ხომ
არ დავუტოვებთ! მიღება.
– ფეხებზე მკიდია სუნელი! – იღრიალა ჰერცოგმა. კაინსს ისევ გამოსტაცა მიკროფონი და
ჩასძახა: – სუნელს ყოველთვის ვიშოვით. ჩვენს ხომალდებში, სამი კაცის გარდა, მთელი
თქვენი ეკიპაჟისთვის გვაქვს ადგილი. კენჭი ყარეთ, ან როგორც გინდათ, გადაწყვიტეთ, ვინ
წამოვა. მაგრამ წამოხვალთ, და ეს ბრძანებაა! – მიკროფონი ისევ კაინსს შესჩარა ხელში, და,
ბოდიშიო, წაიბუტბუტა, იმან მოწეწკილი თითი რომ გაიქნია.

– დრო რამდენი გვაქვს? – იკითხა პოლმა.

– ცხრა წუთი, – მიუგო კაინსმა.

ჰერცოგი ისევ ალაპარაკდა:

– ჩვენი ხომალდი სხვებზე უფრო მძლავრია. რეაქტიული ძრავით და სამი მეოთხედი ფრთით
ავფრინდებით, დამატებით ერთ კაცსაც ავიყვანთ.

– ქვიშა რბილია, – გააფრთხილა კაინსმა.

– ოთხი კაცის დამატებამ და რეაქტიულმა აფრენამ შეიძლება ფრთები გატეხოს, სირ, – უთხრა
ჰალეკმა.

– ოღონდ არა ამ ხომალდზე, – დარწმუნებით თქვა ჰერცოგმა. სამართავი სახელური გამოქაჩა


და ტოპტერი ქვიშამავალის გვერდით შეცურდა. ფრთები გადაიზნიქა, ტოპტერი ფაბრიკიდან
ოც მეტრში დამუხრუჭდა.

ქვიშამავალი ახლა დუმდა, სანიავოებიდან ქვიშა აღარ იყრებოდა. მისგან მხოლოდ სუსტი
მექანიკური გუგუნი მოდიოდა, რაც უფრო მკაფიოდ გაისმა, როცა ჰერცოგმა კარი გამოაღო.

უმალვე ეცათ დარიჩინის მკვეთრი, მძიმე სუნი.

დამკვირვებელთა ხომალდები ფრთების ხმამაღალი ტყლაშუნით დაეშვნენ ქვიშამავალის


მეორე მხარეს. ჰერცოგის ესკორტიც მიწისკენ დაქანდა, მისი ტოპტერის გვერდით
გამწკრივდა.

პოლმა ფაბრიკას შეხედა. მის ახლოს ტოპტერები სულ ერთი ციდა ჩანდა – ქინქლები ირემა
ხოჭოს გვერდით.

– გურნი, შენ და პოლმა ის უკანა სკამები გადმოსწიეთ, – მიმართა ჰერცოგმა. ხელით გამოუშვა
ფრთები სამ მეოთხედ ზომაზე, კუთხე დააყენა, რეაქტიული ძრავების მაჩვენებლები შეამოწმა,
– რა ეშმაკად არ გამოდიან იმ მანქანიდან?

– იმედი აქვთ, რომ გადამტანი გამოჩნდება, – უთხრა კაინსმა, – რამდენიმე წუთი კიდევ
დარჩათ, – აღმოსავლეთისკენ გაიხედა.

ყველამ იქით მიაბრუნა თავი. მატლის კვალიც არ ჩანდა, მაგრამ გარშემო ჰაერი მღელვარების
მძიმე განცდით დამუხტულიყო.

ჰერცოგმა მიკროფონი აიღო, თავის სამეთაურო სიხშირეზე გადართო და თქვა:

– ორმა ფარის გენერატორები გადმოაგდეთ. ნომრების მიხედვით. ასე თითო კაცის


დამატებასაც შეძლებთ. იმ ურჩხულს ერთსაც არ დავუტოვებთ, – ისევ სამუშაო სიხშირეზე
გადაერთო, ჩაჰყვირა: – აბა ახლა, დელტა აიაქს ცხრიანზე! გარეთ! ახლავე! ეს თქვენი
ჰერცოგის ბრძანებაა! სირბილით! თორემ ამ ქვიშამავალს ლაზთოფით გადავჭრი!

ფაბრიკის წინა ნაწილში სარქველი-კარი გამოიხსნა, ერთი უკანა მხარეს გაიღო, ერთიც –
სახურავზე.

შიგნიდან ხალხი გამოიყარა; ისინი ქვიშაზე მოსრიალებდნენ და მოგორავდნენ. ბოლოს


დაბებკილ სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი გამოძვრა. ის ჯერ მუხლუხზე დახტა, იქიდან
– ქვიშაზე.

ჰერცოგმა მიკროფონი მართვის დაფაზე დაკიდა, ფრთის საფეხურზე გასხლტა და დაიყვირა:

– ორ-ორი კაცი თქვენს დამკვირვებლებში სხდებით!

დაბებკილსამოსიანმა კაცმა ეკიპაჟიდან წყვილები გამოყარა და მეორე მხარეს მომლოდინე


ხომალდებისკენ უბიძგა.

– ოთხი აქეთ! – დაუყვირა ჰერცოგმა, – ოთხი იმ უკანა ხომალდში! – პირდაპირ მის უკან
მდგარი ესკორტის ტოპტერისკენ გაიშვირა თითი. მცველებმა იქიდან სწორედ ამ დროს
გადმოაგორეს ფარის გენერატორი, – და ოთხიც იმ ხომალდში! – ესკორტის მეორე ხომალდზე
მიუთითა, საიდანაც ფარის გენერატორი გადმოაგდეს, – სამ-სამი დანარჩენებში! სირბილით,
თქვე ქვიშის ძაღლებო!

მაღალი კაცი ეკიპაჟის გადანაწილებას მორჩა და გაჩქარებით გამოარღვია ქვიშა მათკენ, უკან
სამი ამხანაგი მოსდევდა.

– მატლის ხმა მესმის, მაგრამ ვერ ვხედავ, – თქვა კაინსმა.

სხვებმაც გაიგონეს: ხეშეშ სრიალის ხმა, შორეული, მაგრამ აქეთ მომავალი.

– ჯანდაბა, ეს რა უდიერად მუშაობენ, – ჩაიბურტყუნა ჰერცოგმა.

მათ გარშემო ხომალდები ქვიშიდან აფრენას იწყებდნენ. ჰერცოგს ამან თავისი მშობლიური
პლანეტის ჯუნგლებში სიარული მოაგონა, უცებ რომ გახვალ მინდორზე, იქ კი გარეული
ხარის ნარჩენებიდან მძიმე ლეშიჭამია ფრინველები აიშლებიან.

სუნელის მომპოვებლებმა ტოპტერამდე მოაღწიეს და ჰერცოგის წინ ამოცოცება იწყეს. ჰალეკი


ეხმარებოდა, შემოსულებს უკანა განყოფილებისკენ მიათრევდა.

– შეძვერით, ბიჭებო! – შეუტია, – გაინძერით!

პოლი გაოფლილმა კაცებმა კუთხეში მიჭეჭყეს. ბიჭს მათგან შიშის ოფლის სუნი ეცა და
დაინახა, რომ ორ კაცს სარწყულების საყელოები ცუდად ჰქონდა მორგებული. ეს სამომავლოდ
დაიმახსოვრა: მამამისმა სარწყულების ტარების დისციპლინის დაცვა უფრო მკაცრად უნდა
მოითხოვოს. ასეთ რამეებს ყურადღებას თუ არ აქცევ, მუშები დაუდევრები ხდებიან.

უკანა სექტორში ბოლო კაცი გადაძვრა და სულშეხუთულმა ამოილაპარაკა:

– მატლი! ლამის აქაა! დავიძარით!

ჰერცოგი თავის სკამზე შემოსრიალდა, მოღუშულმა წარმოთქვა:


– კონტაქტის დროის წინასწარი მონაცემების მიხედვით, კიდევ თითქმის სამი წუთი გვაქვს.
ასეა, კაინს? – კარი მოკეტა, შეამოწმა.

– ზუსტად, მილორდ, – გაეპასუხა კაინსი, თავისთვის კი გაიფიქრა: „ეს შენი ჰერცოგი რა


თავდაჭერილია!“

– აქ ყველაფერი რიგზეა, სირ, – მოახსენა ჰალეკმა.

ჰერცოგმა თავი დაუქნია, თვალი გაადევნა, როგორ აფრინდა მისი ესკორტის ბოლო ხომალდი.
წვის კამერა ჩართო, ერთხელაც გადახედა ფრთებსა და მაჩვენებლებს და რეაქტიული ძრავის
ჩამრთველს დაჰკრა ხელი.

ჰერცოგი და კაინსი აფრენის ინერციით სკამების საზურგეებს მიეკრნენ, უკან მსხდომები


ერთმანეთს მიეჭეჭყნენ. კაინსი უყურებდა, როგორ მუშაობდა ჰერცოგი მოწყობილობებთან –
მშვიდად, თავდაჯერებით. ტოპტერი ახლა უკვე ბოლომდე აფრინდა და ჰერცოგი ისევ
დაფაზე გამოტანილ მაჩვენებლებს დააკვირდა, მარჯვნივ და მარცხნივ ფრთებსაც გახედა.

– ძალიან დამძიმდა, სირ, – შეეხმიანა ჰალეკი.

– ამ ხომალდისთვის დასაშვებ ზღვარში სრულიად ეტევა, – მიუგო ჰერცოგმა, – მართლა ხომ


არ გგონია, რომ ასეთ ტვირთს საფრთხეში ჩავაგდებ, გურნი?

ჰალეკი გაიკრიჭა.

– ეჭვიც არ მეპარება, სირ.

ჰერცოგმა ხომალდი ფართო, თანაბარი ვირაჟით მოაბრუნა – ქვიშამავალის თავზემოთ


სიმაღლე აკრიფა.

ფანჯრის გვერდით კუთხეში მიჭყლეტილმა პოლმა ქვიშაზე დარჩენილ დადუმებულ მანქანას


ჩახედა. მატლის კვალი ქვიშამავალიდან ოთხასიოდე მეტრის დაშორებით შეწყდა. ახლა
ფაბრიკის გარშემო ქვიშა თითქოს აქანავდა.

– მატლი ქვიშამავალის ქვეშაა, – აუხსნა მათ კაინსმა, – ახლა ისეთ რამეს ნახავთ, ცოტა ვინმე
თუ შესწრებია.

ფაბრიკის გარშემო ქვიშა მტვრის ლაქებით დაიბურა. უზარმაზარი მანქანა ნელ-ნელა


მარჯვნივ გადაიხარა. იქით, ქვიშამავალის, მარჯვნივ, უზარმაზარმა მორევმა იწყო გაჩენა,
რომელიც სულ უფრო სწრაფად დატრიალდა. ჰაერი უკვე ასობით მეტრის რადიუსზე აავსო
ქვიშამ და მტვერმა.

და უცებ დაინახეს ის!

ქვიშიდან ფართო ხვრელი ამოჩნდა. მის გარშემო შემოყოლებულ თეთრ სოლებზე მზის სხივმა
გაიბრწყინა. პოლმა მიხვდა, რომ ხვრელის დიამეტრი მანქანის სიგრძეს ორჯერ მაინც
აღემატებოდა. უცქერდა, როგორ ჩაცურდა ფაბრიკა ამ ღიობში და მტვრისა და ქვიშის ზვავი
ჩაიყოლა. ხვრელი ისევ მიწაში დაიძირა.

– ღმერთებო, რა ურჩხულია! – ჩაილაპარაკა პოლის გვერდით მჯდარმა კაცმა.


– მთელი ჩვენი მოპოვებული სუნელი ჩახეთქა, – ჩაიბუზღუნა მეორემ.

– ვიღაცას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, – განაცხადა ჰერცოგმა, – ამას მე გპირდებით.

მამის გადაჭრით ნათქვამმა პოლს აგრძნობინა, რომ ჰერცოგი საშინლად ბრაზობდა. ისიც
იგრძნო, რომ მამას თავადაც ეთანხმებოდა. ეს დანაშაულებრივი მფლანგველობა იყო!

ჩამოვარდნილ სიჩუმეში კაინსის ხმა გაისმა.

– კურთხეულ იყოს შემქმნელი და წყალი მისი, – ბუტბუტებდა იგი, – კურთხეულ იყოს


მოსვლა მისი და წასვლა მისი. დაე, მისმა გავლილმა გზამ განწმინდოს ქვეყანა. დაე,
შეუნარჩუნოს ქვეყანა თავის ხალხს.

– რას ამბობ? – ჰკითხა ჰერცოგმა.

მაგრამ კაინსს არ უპასუხია.

პოლმა მის გარშემო შემოკრებილ ხალხს გადახედა. ისინი შიშიც შესცქეროდნენ კაინსის კეფას.
ერთმა დაიჩურჩულა:

– ლიეტი.

კაინსი შემობრუნდა, შეუბღვირა. შემცბარმა კაცებმა უკან დაიხიეს, საზურგეებს გადააწვნენ.

ერთი გადარჩენილი კაცი ხველებას მოჰყვა – მშრალი, ხრინწიანი ხველება ისმოდა. ცოტა
ხანში სული მოითქვა:

– წყეული იყოს ეს ჯოჯოხეთის ხვრელი!

მაღალმა დიუნის მუშამ, ქვიშამავალიდან ბოლო რომ ამოძვრა, უთხრა:

– გაჩუმდი, კოს. ასე უარესად შემოგიტევს ხველა, – კაცებს შორის გაიწ-გამოიწია, ისე, რომ
ჰერცოგ ლეტოს კეფა დაენახა, – თქვენ ნამდვილად ჰერცოგი ლეტო იქნებით, – წარმოთქვა
მათ, – გადარჩენისთვის მადლობა თქვენ უნდა გითხრათ. იქვე მოგვეღებოდა ბოლო, რომ არ
მოგვშველებოდით.

– წყნარად, კაცო, აცალე ჰერცოგს, მართოს, – ჩაილაპარაკა ჰალეკმა.

პოლმა ჰალეკს შეხედა. მასაც შეენიშნა მამამისის დაძაბული ყბები. ჰერცოგი რომ
განრისხდებოდა, ჯობდა, მის ახლოს ფეხისწვერებზე გევლო.

ლეტომ დაიწყო ტოპტერის გამოყვანა ფართო ვირაჟიდან და, ქვიშაზე რაღაც ახალი მოძრაობა
რომ შენიშნა, შეყოვნდა. მატლი მიწის ქვეშ ჩამალულიყო და ახლა იმ ადგილის სიახლოვეს,
სადაც ადრე ქვიშამავალი იდგა, მოჩანდა ორი ფიგურა, რომლებიც ჩაქცეულ ქვიშას
შორდებოდნენ და ჩრდილოეთისკენ მიემართებოდნენ. თითქოს მისრიალებდნენ ზედაპირზე,
მათ ფეხქვეშ მტვერიც კი არ ბუქდებოდა.

– იქ, დაბლა ვინაა? – იყვირა ჰერცოგმა.

– ორი ბიჭია, ჩვენ გამოგვყვნენ, სირ, – თქვა მაღალმა დიუნის მუშამ.


– იმათზე რატომ არაფერი გვითხარით?

– გადაწყვიტეს, გავრისკავთო, სირ, – მიუგო დიუნის მუშამ.

– მილორდ, – მიმართა კაინსმა, – ამათ იციან, რომ არც ღირს, რამეს ეცადო კაცისთვის,
რომელიც მატლებიან უდაბნოში ჩარჩება.

– ამათ წამოსაყვანად ბაზიდან ხომალდს გამოვგზავნით, – მოჭრა ჰერცოგმა.

– როგორც ინებებთ, მილორდ, – უთხრა კაინსმა, – მაგრამ, სავარაუდოდ, ხომალდი აქ რომ


მოაღწევს, გადასარჩენი არავინ დახვდებათ.

– მაინც გამოვგზავნით, – არ დაიშალა ჰერცოგმა.

– ისინი ზუსტად იმ ადგილის გვერდით იყვნენ, საიდანაც მატლი ამოვიდა, – თქვა პოლმა, –
როგორ გადარჩნენ?

– ხვრელის გვერდები ჯდება და მანძილები სხვანაირად ჩანს, – უთხრა კაინსმა.

– ახლა საწვავს ტყუილად ხარჯავ, სირ, – გაუბედა ჰალეკმა.

– ჰო, გურნი.

ჰერცოგმა ხომალდი ფარკედელისკენ მიაბრუნა. მისი ესკორტიც წრიული ფრენიდან


გამოვიდა, ისევ მის ზემოთ, მარცხენა და მარჯვენა პოზიციები დაიკავეს.

პოლი ფიქრობდა იმაზე, რაც კაინსმა და დიუნის მუშამ თქვეს. გრძნობდა ნახევარსიმართლეს
და პირდაპირ ტყუილსაც. კაცები ისე თავდაჯერებით მისრიალებდნენ ქვიშის ზედაპირზე,
ცხადი ხდებოდა, მათი მოძრაობა გათვლილი იყო საიმისოდ, რომ მატლი მიწიდან ისევ არ
ამოეტყუებინათ.

ფრემენები არიანო, გაიფიქრა პოლმა. ასე თავდაჯერებით სხვა ვინ ივლიდა ქვიშაზე? სხვას ვის
მიატოვებდნენ ასე არხეინად, ვითომც არაფერიაო – იმიტომ, რომ მათ საფრთხე არ
ემუქრებოდათ? ამათ იციან, აქ როგორ იცხოვრონ! იციან, მატლს როგორ დაუძვრნენ!

– ქვიშამავალზე ფრემენებს რა უნდოდათ? – იკითხა პოლმა.

კაინსი ერთბაშად შემოუბრუნდა.

მაღალმა დიუნის მუშამ თვალებდაჭყეტილმა შეხედა პოლს – თვალები ჰქონდა ლურჯი-


ლურჯზე და კიდევ ლურჯზე.

– ეს ბიჭი ვინაა? – იკითხა.

ჰალეკი კაცსა და პოლს შორის გადაჯდა და მიუგო:

– ეს პოლ ატრეიდესია, ჰერცოგის მემკვიდრე.

– რატომ ამბობს, რომ ჩვენს გრუხუნაზე ფრემენები იყვნენ?

– აღწერა დაემთხვა, – მიუგო პოლმა.


კაინსმა ჩაიფრუტუნა.

– ფრემენს მარტო შეხედვით ვერ გამოარჩევ! – დიუნის მუშას შეხედა, – შენ, ეს მითხარი, ვინ
იყვნენ ისინი?

– იქით მსხდომებიდან ერთის ძმაკაცები, – მიუგო დიუნის მუშამ, – უბრალოდ, ძმაკაცები


იყვნენ დასახლებიდან, სუნელის ქვიშების ნახვა უნდოდათ.

კაინსი მიბრუნდა.

– ფრემენები კი არა!

მაგრამ ახსენდებოდა ლეგენდის სიტყვები: „ლისან ალ-გაიბს ვერანაირი ფანდი ვერ აუბამს
თვალებს“.

– ახლა ისინი ალბათ ცოცხლები აღარ იქნებიან, პატარა სერ, – უთხრა დიუნის მუშამ, – არ
ივარგებს, იმათზე ცუდი ვთქვათ რამე.

მაგრამ პოლმა მათ ხმას სიყალბე შეატყო, იგრძნო მუქარაც, რომელმაც ჰალეკს ინსტინქტურად
მცველის პოზიცია დააკავებინა. მან მშრალად თქვა:

– საშინელი უნდა იყოს ასეთ ადგილას სიკვდილი.

კაინსი არ მიბრუნებულა, ისე თქვა:

– როცა ღმერთი განსაზღვრავს, რომ ესა თუ ის არსება რომელიმე კონკრეტულ ადგილას


მოკვდეს, იგი ამ არსებას მოასურვებს, სწორედ იმ ადგილისკენ აიღოს გეზი.

ლეტომ კაინსისკენ მოაბრუნა თავი და დაჟინებით დააცქერდა.

კაინსმა თვალი თვალში გაუყარა და იგრძნო, რომ არ ასვენებდა ის ამბავი, რომლის მოწმეც
ახლა შეიქნა: ამ ჰერცოგს სუნელზე მეტად ადამიანები აღელვებდა. მან ამ ადამიანების
გადასარჩენად გარისკა საკუთარი სიცოცხლე, შვილის სიცოცხლე. სუნელის მოსაპოვებელი
ქვიშამავალის დაკარგვაზე ხელი ჩაიქნია; ადამიანების სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქრა,
ამან გაააფთრა. ამისთანა ლიდერი ქვეშევრდომების ფანატიკურ ერთგულებას მოიხვეჭს. მისი
დამარცხება ძნელი იქნება.

საკუთარი სურვილის და ყოველგვარი წინასწარი განსჯის საწინააღმდეგოდ, კაინსი თავის


თავს გამოუტყდა: „მომწონს ეს ჰერცოგი“.

16* * *
საკუთარი სიდიადის განცდა წარმავალია. ის არასოდეს არ არის მუდმივი. ნაწილობრივ, ეს
გრძნობა დამოკიდებულია ადამიანთა მოდგმის წარმოსახვაზე, რომლითაც მითები იქმნება.
ადამიანი, რომელსაც საკუთარი დიდების განცდა აქვს, უნდა შეიგრძნობდეს მითს, რომელშიც
იმყოფება; უნდა ირეკლავდეს იმას, რაც მასზე არის მისხივებული, პროეცირებული. და
აუცილებლად უნდა ჰქონდეს ირონიის ძლიერი გრძნობა. ეს დაიცავს მას და არ მისცემს
საშუალებას, სჯეროდეს, რომ მისი პრეტენზიები ყოველთვის მართებულია. ირონიაა
ერთადერთი რამ, რაც მას თავის თავში მოძრავს ამყოფებს. ამ თვისების გარეშე კაცს სიდიადის
შემთხვევითი განცდაც კი დაანგრევს.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

არაკენის სასახლის სასადილო დარბაზში ადრიანი ბინდის გასაფანტავად ტივტივა ნათურები


აანთეს. მათი მაღლა მიმართული ყვითელი სხივები ეცემოდა შავი ხარის თავს, მის სისხლიან
რქებს და წინა ჰერცოგის ზეთის საღებავებით დახატულ სურათს, მუქად რომ ბზინავდა.

ამ უცნაურ თილისმათა ქვეშ ქათქათა ტილოს სუფრას ეფინებოდა პრიალა ანარეკლების შუქი,
დაფრქვეული ატრეიდესების საგვარეულო ვერცხლეულიდან, უზადო სიზუსტით რომ
გაეწყოთ დიდი მაგიდის გასწვრივ – ყოველი მძიმე ხის სკამის ზუსტად წინ იდო ბროლის
ჭიქა, რომელსაც გარშემო ვერცხლეულის პატარა არქიპელაგი შემოხვეოდა. კლასიკური
ცენტრალური ჭაღი არ ენთო, მისი ჯაჭვი გრეხილად მიიწევდა მაღლა და იკარგებოდა
ჭერქვეშა ბინდში, სადაც შხამის დეტექტორის მექანიზმი იყო დაფარული.

ჰერცოგი კარში შედგა, გაწყობილ სუფრას გადახედა და შხამის დეტექტორზე დაფიქრდა.


მათი საზოგადოების რა სახეს ამჟღავნებდა იგი?

რა სახეს და, მთლიან მოდელსო, გაიფიქრა. ჩვენი აწონა და გაზომვა ხომ ჩვენი ენის მიხედვით
შეიძლება. რა ზუსტად და დეტალურად აღწერს ის მოღალატური მკვლელობის ხერხებს.
ვინმე ამ საღამოს ხომ არ გამოიყენებს ჩაუმარკის – სასმელში გარეულ საწამლავს? ან იქნებ
ჩაუმასი – საჭმელში ჩასაყრელი საწამლავი – ერჩიოს?

ჰერცოგმა თავი გაიქნია.

გრძელ მაგიდაზე ყველა თეფშის გვერდით წყლიანი ბრტყელი ბოთლი იდგა. გადათვალა. ამ
მაგიდაზე იმდენი წყალია, ერთ ღარიბ არაკენულ ოჯახს მთელი წელი შეინახავსო, გაივლო
გულში

კარს, რომელშიც ჰერცოგი იდგა, ორივე მხრიდან ედგა მოხატული ყვითელი და მწვანე
შორენკეცით მოპირკეთებულ ავზებში ჩადგმული ხელის საბანი ტაშტები. თითოეულ მათგანს
გვერდით პირსახოცებიანი თაროები ჰქონდა. როგორც მნე ქალმა აუხსნა, ადათი ასეთი იყო:
შემოსულ სტუმარს ცერემონიულად უნდა ჩაეყო ტაშტში ხელები, რამდენიმე პეშვი წყალი
იატაკზე დაეღვარა, ხელები პირსახოცით შეემშრალებინა და ის კართან გაჩენილ გუბეში
ჩაეგდო. სადილის მერე მთავარ შესასვლელთან მათხოვრები გროვდებოდნენ, რომ
პირსახოცებიდან გამოწურული წყალი მიეღოთ.

„ზუსტად ჰარკონენების ფეოდის შესაფერი ჩვეულებაა“, გაიფიქრა ჰერცოგმა. „მათ ხომ


ყველანაირი გახრწნილება უნდა მოიფიქრონ“. ღრმად ჩაისუნთქა, იგრძნო, რომ რისხვამ
მუცელი დაუძაგრა.

– მორჩა ეგ ადათი, – ჩაილაპარაკა მან.

მოსამსახურე ქალი დაინახა – ერთ-ერთი იმ მოხუც და დაკორძილ არსებათაგან, რომელთა


აყვანაც მნემ ურჩია. მაგიდის იქით, სამზარეულოში გამავალ კართან წრიალებდა. ჰერცოგმა
ხელი ასწია, მოიხმო. ის ჩრდილიდან გამოვიდა და ცუნცულით შემოურბინა მაგიდას, რომ
მასთან მისულიყო. ჰერცოგმა შენიშნა მისი ძვალტყავა სახე, ლურჯი-ლურჯზე თვალები.

– მილორდს რამე სურს? – თავმოდრეკილი, თვალებდახრილი გაჩერდა ქალი მის წინ.

ლეტომ მიუთითა.

– ეს ტაშტები და პირსახოცები მოაშორონ.

– მაგრამ... კეთილშობილო... – ახედა ქალმა. გაოცებით დაეღო პირი.

– ვიცი ეგ ადათი! – შეუტია ჰერცოგმა, – ეს ტაშტები შემოსასვლელ კართან გაიტანეთ. მთელი


სადილის განმავლობაში, სანამ ჭამას მოვრჩებით, ყოველ მოსულ მათხოვარს ერთი სავსე ჭიქა
წყლის დალევა შეეძლება. გასაგებია?

ძვალტყავა სახეს არეული გრძნობები ეწერა: შიში, ბრაზი...

ლეტოს ანაზდად გონება გაუნათდა. მიხვდა, რომ ეს ქალი ფეხით გათელილი


პირსახოცებიდან გამოწურულ წყალს გაყიდვას უპირებდა, კართან შეკრებილი უბედური
ხალხისთვის რამდენიმე გროშის დაცინცვლის იმედი ჰქონდა. შეიძლება, ესეც ადათი იყო.

სახე მოეღრუბლა და ჩაიღრინა:

– მცველს დავაყენებ, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ ჩემი მითითება ზედმიწევნით


შესრულდეს.

შეტრიალდა. დერეფანს უკან, დიდი დარბაზისკენ გაუყვა. გონებაში მოგონებებმა გაურბინა,


დედაბრის უკბილო პირით ბუტბუტის დარად. წყლის სივრცე და ტალღები გაახსენდა –
ქვიშის კი არა, ბალახის დღეები; მომნუსხველი ზაფხულები, ქარით გატაცებული
ფოთლებივით რომ ჩაიქროლეს.

გარდასულან, გამქრალან...

„ვბერდები“, გაიფიქრა ლეტომ. „საკუთარი მოკვდავობის სუსხი ვიგრძენი. როგორ? ეს ბებერი


ქალის სიხარბემ დამანახვა“.

დიდ დარბაზში, ბუხართან შეკრებილი ჭრელი ჯგუფის შუაში ლედი ჯესიკა ჩამდგარიყო. იქ
ღია ალი ტკაცუნებდა, ნარინჯისფერ ციმციმად ირეკლებოდა ძვირფას თვლებზე, მაქმანსა და
ძვირფას ქსოვილზე. ჰერცოგმა შეკრებილებს შორის იცნო სარწყულების მწარმოებელი
კართაგიდან, ელექტრონული მოწყობილობების შემომტანი, წყლის გადამზიდველი,
(რომელსაც საზაფხულო სამყოფელი პოლარულ ქუდზე მდგარი თავისივე ქარხნის
მახლობლად აეშენებინა), გილდიის ბანკის წარმომადგენელი (გამხდარი და განცალკევებით
მდგარი), სუნელის მოსაპოვებელი ტექნიკის სათადარიგო ნაწილების დილერი, ერთიც –
თხელი და მკაცრსახიანი ქალი, რომლის უცხოპლანეტელი სტუმრების გაცილების სერვისი,
სავარაუდოდ, იყო შირმა სხვადასხვა სახის კონტრაბანდისტული, ჯაშუშური და
გამომძალველური საქმიანობისთვის.

დარბაზში მყოფი ქალების უმრავლესობა ერთი ტიპისა ჩანდა: მორთულები, დახვეწილები,


რომლებშიც მიუწვდომლობა და ვნებიანობა უცნაურად შერწყმულიყო.
მასპინძელიც რომ არ იყოს, ჯესიკა ჯგუფში მაინც ყველაზე გამორჩეული იქნებოდაო,
გაიფიქრა ჰერცოგმა. მას სამკაულები არ ეკეთა და ამ საღამოსთვის თბილი ფერები აერჩია:
გრძელი კაბა ალის ელფერისა ჰქონდა, ბრინჯაოსფერ თმაზე ყავისფერი ზორტი გადაეკრა.

ლეტო მიხვდა, რომ ამ კაბის ჩაცმით ჯესიკა მსუბუქად იწვევდა, მისი ბოლოდროინდელი
სიცივის გამო კიცხავდა. ქალმა მშვენივრად იცოდა, რომ ჰერცოგს იგი ყველაზე მეტად ასეთ
კაბებში მოსწონდა, რომ ის თავის ქალს ამ თბილი ფერების შარიშურად აღიქვამდა.

შორიახლო მოელვარე მუნდირში გამოწყობილი დუნკან აიდაჰო იდგა – გარეშე უფრო


ეთქმოდა, ვიდრე ჯგუფის წევრი. უძრავი სახე უტყვი ჰქონდა, ხუჭუჭი შავი თმა – უნაკლოდ
დავარცხნილი. ის ფრემენებისგან გამოიხმეს და ჰავატისგან დავალება მიიღო: „მისი დაცვის
საბაბით, ლედი ჯესიკას გვერდიდან არ მოსცილდები და განუწყვეტლივ თვალყურს
ადევნებ“.

ჰერცოგმა ოთახი მოათვალიერა.

კუთხეში პოლი იდგა, მას გარს ეხვია მოლაქუცე არაკენელი რიშესი ახალგაზრდობა. მათგან
ოდნავ განზე სასახლის ჯარის სამი ოფიცერი მორიგეობდა. ჰერცოგმა ჯგუფში ყმაწვილი
ქალები გამოარჩია – მათთვის ჰერცოგის მემკვიდრე ნამდვილი ნადავლი იქნებოდა. მაგრამ
პოლი ყველას ერთნაირი თავდაჭერილი კეთილშობილებით ეპყრობოდა.

ტიტულს კარგად მოირგებსო, გაიფიქრა ჰერცოგმა და უცებ გააჟრჟოლა – მიხვდა, ესეც


სიკვდილზე ფიქრი იყო.

პოლმა კარში მდგარი მამა დაინახა და თვალი აარიდა. მან გადახედა ჯგუფებად თავმოყრილ
სტუმრებს, რომლებსაც ძვირფასეულობით დახუნძლულ ხელებში სავსე სასმისები ეჭირათ
(მათ დროდადრო ციცქნა დისტანციური დეტექტორებით ამოწმებდნენ). ლაპარაკში
გართული სახეების დანახვამ პოლს ანაზდეული ზიზღი მოჰგვარა. ისინი მხოლოდ
იაფფასიანი ნიღბები იყვნენ, ბილწ და ავადმყოფ ფიქრებზე მორგებული – მორატრატე ხმები,
ყოველ მკერდში მოგუგუნე მდუმარების ჩახშობას რომ ლამობდნენ.

ცუდ გუნებაზე ვარო, გაიფიქრა ბიჭმა და გაახსენდა: „ნეტავ, გურნი რას იტყოდა ამაზე?“

იცოდა, რამ დააყენა ამ ხასიათზე. აქ, საზეიმო მიღებაზე ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ მამამ
გადაჭრით მოსთხოვა: „შენ გარკვეული ადგილი გიჭირავს, პოზიცია, რომელიც უნდა
გაამყარო. ლამის კაცი ხარ უკვე“.

პოლმა დაინახა, მამამისი რომ შემოვიდა, ოთახი დაზვერა და ლედი ჯესიკას გარშემო
შეგროვილი ხალხისკენ გაემართა.

ჯგუფს რომ მიუახლოვდა, წყლის გადამზიდველი სწორედ მაშინ კითხულობდა:

– მართალია, რომ ჰერცოგი ამინდის კონტროლს დააყენებს?

მის უკან მდგარმა ჰერცოგმა მიუგო:

– ჯერ ასე გადაჭრით არაფერი დაგვიგეგმავს, სერ.

კაცი შემოტრიალდა. მზით გაშავებული უმარილო მრგვალი სახე ჰქონდა.


– ააჰ, ჰერცოგო, – უთხრა, – მოგისაკლისეთ.

ლეტომ ჯესიკას შეხედა.

– რაღაც საქმეებმა დამაყოვნა, – ისევ წყლის გადამზიდველს მიუბრუნდა, განუმარტა, რა


ბრძანება გასცა ხელსაბან ტაშტებზე და დაურთო: – მე თუ მკითხავთ, ამ ძველმა ადათმა დრო
მოჭამა.

– ეს ჰერცოგის ბრძანებაა, მილორდ? – ჰკითხა თანამოსაუბრემ.

– ეს თქვენი... ჰმ... სინდისისთვის მომინდვია, – მიუგო ჰერცოგმა. ჯგუფს მოახლოებული


კაინსი შეამჩნია და მისკენ მიბრუნდა.

ერთმა ქალმა წამოიწყო:

– მგონი, ეს ძალიან გულუხვი საქციელია: წყლის გაცემა... – ვიღაცამ იგი საჩქაროდ ჩააჩუმა.

ჰერცოგმა კაინსს შეხედა, შეამჩნია, რომ ძველებური მუქი ყავისფერი ფორმა ეცვა,
საიმპერატორო სამოქალაქო მოხელის ეპოლეტები ეკეთა, საყელოზე კი რანგის ნიშნად ციდა
წვეთი ებნია.

წყლის გადამზიდველმა გაბრაზებული ხმით წამოიწყო:

– ჰერცოგი გულისხმობს, რომ ჩვენი ადათი გასაკიცხია?

– ეს ადათი შეიცვალა, – მიუგო ლეტომ. კაინსს თავი დაუქნია, ჯესიკას მოღუშული სახე
შენიშნა და გაიფიქრა: „მოღუშვა არ უხდება, მაგრამ ჭორები ჩვენ შორის ჩამოვარდნილ
უთანხმოებაზე ასე უფრო გაძლიერდება“.

– თუ ჰერცოგიც ნებას დამრთავს, – თქვა წყლის გადამზიდველმა, – ვისურვებდი, ამ ადათებზე


მეტი შემეტყო.

ლეტოს მოესმა კაცის ხმაში გაჩენილი შემპარავი კილო, შენიშნა ჯგუფში ჩამოვარდნილი
დადარაჯებული სიჩუმე, ისიც, რომ ოთახში მყოფმა სხვა ადამიანებმაც მათ მიაპყრეს მზერა.

– მგონი, დროა, სუფრას მივუსხდეთ, – თქვა ჯესიკამ.

– მაგრამ ჩვენს სტუმარს კითხვები აქვს, – უკან არ დაიხია ლეტომ. ჯიქურ შეხედა წყლის
გადამზიდველს, მის მრგვალ სახეს, დიდ თვალებსა და მსხვილ ტუჩებს, გაიხსენა ჰავატის
ანგარიში: „და საჭიროა ამ წყლის გადამზიდველისთვის თვალყურის დევნება – ლინგარ
ბეუტი ჰქვია, სახელი გახსოვდეს. ჰარკონენები მას იყენებდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს
აკონტროლებდნენ“.

– წყალთან დაკავშირებული ადათები უაღრესად საინტერესო გახლავთ, – ბეუტს სახეზე


ღიმილი ეფინა, – მაინტერესებს, რას უპირებთ ამ სახლში არსებულ ორანჟერეას. აპირებთ, რომ
ის კვლავაც თვალწინ უფრიალოთ გაჭირვებულ ხალხს... მილორდ?

ლეტომ ბრაზი შეიკავა. კაცს მიაცქერდა. გონება გამალებით უმუშავებდა. ეს ხომ უნდა
გაგებედა – მისსავე საჰერცოგო ციხესიმაგრეში მასპინძელი გამოგეწვია, მით უფრო მას მერე,
რაც ბეუტს უკვე ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. ამის ჩადენას საკუთარი
ძალის შეგნებაც სჭირდებოდა. წყალი კი აქ მართლაც რომ ძალაუფლების მომცემი იყო. ხომ
შეიძლება, წყლით მომარაგების სისტემა დანაღმული იყოს, ნიშნის მიცემა კმაროდეს მის
დასანგრევად... ეს კაცი კი ჰგავდა ამის ჩამდენს. წყლის სისტემის განადგურებას მთელი
არაკისის განადგურება შეეძლო. შეიძლება, ამ ბეუტს სწორედ ეს კეტი ჰქონდა მუდმივად
შემართული ჰარკონენების თავზე.

– მილორდს და მე სხვა გეგმები გვაქვს ჩვენი ორანჟერეის თაობაზე, – თქვა ჯესიკამ და ლეტოს
გაუღიმა, – რასაკვირველია, ვაპირებთ, შევინარჩუნოთ იგი, ოღონდ – როგორც არაკისის
მცხოვრებლების საკუთრება. ჩვენ ვოცნებობთ, ოდესმე არაკისის კლიმატი ისე შეიცვალოს,
რომ ასეთმა მცენარებმა ღია ცის ქვეშაც გაიხარონ.

„ყოჩაღ!“ გაიფიქრა ლეტომ. „აბა, ჩვენმა წყლის გადამზიდველმა ახლა ეს მოინელოს“.

– თქვენი დაინტერესება წყლისა და ამინდის კონტროლით სრულიად გასაგებია, – უთხრა


ჰერცოგმა, – მე გირჩევდით, გაგემრავალფეროვნებინათ კაპიტალდაბანდების სფეროები. მოვა
დღე, როცა არაკისზე წყალი ძვირფასი საქონელი აღარ იქნება.

და გაიფიქრა: „ჰავატი გაორმაგებული ძალით უნდა შეეცადოს, ამ ბეუტის ორგანიზაციაში


ვინმე ჩანერგოს. და დაუყოვნებლივ უნდა გავმართოთ სათადარიგო წყალმომარაგების
სისტემა. ვერავინ დამადგება თავზე მოღერებული კეტით!

ბეუტმა თავი დაუქნია, ჯერაც იღიმებოდა.

– საქებარი ოცნებაა, მილორდ, – და ნაბიჯი უკან გადადგა.

ლეტოს ყურადღება კი კაინსის გამომეტყველებამ მიიზიდა. ის ჯესიკას მისჩერებოდა.


გარდასახულს ჰგავდა – შეყვარებულს... ან რელიგიურ ექსტაზში მყოფს.

კაინსის გონება კი ბოლოს და ბოლოს ერთიანად მოეცვა წინასწარმეტყველების სიტყვებს: „და


შენი სანუკვარი ოცნების თანაზიარნი იქნებიან ისინი“. მან პირდაპირ ჯესიკას მიმართა:

– თქვენ გზის შემოკლება მოგაქვთ ჩვენთვის?

– აჰ, დოქტორო კაინს, – მიმართა წყლის გადამზიდველმა, – ჩვენთან რომ მოსულიყავით,


ფრემენების ხროვასთან წანწალზეც კი უარი გითქვამთ. რა დიდი მსხვერპლია!

კაინსმა ბეუტს არაფრისმთქმელი მზერით გადახედა და წარმოთქვა:

– უდაბნოში ამბობენ, ბევრი წყლის ქონა კაცს საბედისწეროდ უზრუნველს ხდისო.

– ჰო, უდაბნოში ბევრი უცნაური ანდაზა აქვთ, – აჰყვა ბეუტი, მაგრამ ხმაზე აღელვება დაეტყო.

ჯესიკა ლეტოსთან მივიდა, ხელი მკლავზე გამოსდო, რომ დასამშვიდებლად დრო მოეგო.
კაინსმა, „გზის შემოკლებაო“, თქვა. ძველ ენაზე ეს ფრაზა „კვიზაც ჰადერაქად“
გადაითარგმნებოდა. პლანეტოლოგმა რომ უცნაური შეკითხვა დასვა, სხვებმა თითქოს ვერც
შენიშნეს. კაინსი ახლა ერთ-ერთი წვეული ქალბატონის მოსასმენად დახრილიყო, რომელიც
მას ხმადაბლა კეკლუცად ესაუბრებოდა ყურს.
„კვიზაც ჰადერაქი“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ჩვენმა მისიონარია პროტექტივამ ეს ლეგენდა აქაც
ჩანერგა?“ ამ ფიქრმა გაუღვივა იდუმალი იმედი, პოლზე რომ ამყარებდა. „შეიძლება, მართლაც
იყოს კვიზაც ჰადერაქი. შეიძლება, მართლაც იყოს“.

გილდიის ბანკის წარმომადგენელმა წყლის გადამზიდველს გაუბა ლაპარაკი. ბეუტის ხმამ აქა-
იქ განახლებული საუბრის ზუზუნი გადაფარა:

– არაკისის შეცვლაზე ბევრ ადამიანს უფიქრია.

ჰერცოგმა შენიშნა, რომ ეს სიტყვები კაინსს გულზე მოხვდა. პლანეტოლოგმა მოკეკლუცე


ქალს თავი ანება და წელში გაიმართა.

უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში გაისმა, როგორ ჩაიწმინდა ხმა ლეტოს უკან მდგარმა, ქვეითის
ფორმაში გამოწყობილმა სასახლის ძალების რაზმელმა და განაცხადა:

– სუფრა გაშლილია, მილორდ.

ჰერცოგმა ჯესიკას კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.

– აქაური ადათით, მასპინძლებს სუფრისკენ სტუმრები მიუძღვიან, – გაიღიმა ჯესიკამ, – ეს


ადათიც შევცვალოთ, მილორდ?

ჰერცოგმა ცივად მიუგო:

– ეს კარგი ადათი ჩანს. ჯერჯერობით შევინარჩუნოთ.

„საჭიროა, საფუძველი გავუმყარო ილუზიას, რომ ჯესიკა მოღალატე მგონია“, გაიფიქრა


ლეტომ. გვერდით ჩავლილ სტუმრებს გააყოლა თვალი. „აბა, თქვენ შორის რომელი
დაიჯერებს ამ სიცრუეს?“

ჯესიკამ იგრძნო, რომ ჰერცოგი გარკვეულ დისტანციას იცავდა და იუცხოვა ეს. ბოლო კვირის
განმავლობაში ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე. „ისე იქცევა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდეს“,
გაიფიქრა ქალმა. „რისი ბრალია – იმის, რომ ამ სადილის გამართვა ვიჩქარე? მაგრამ, ჰერცოგმა
ხომ თავადაც იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოხელეებსა და ჯარისკაცებს აქაურებთან
სოციალური ურთიერთობა დავაწყებინოთ. ჩვენ მათთვის აქ დედობილ-მამობილივით ვართ.
ამას ისე ვერაფერი შეუწყობს ხელს, როგორც ამგვარი ერთობლივი ღონისძიებები.

ლეტო ჯერ კიდევ ჩავლილ სტუმრებს აყოლებდა თვალს; გაახსენდა, რა უთხრა თუფეა
ჰავატმა, ამ საღამოს შესახებ როცა აცნობა: „სირ! გიკრძალავ!“

ჰერცოგს კუშტად ჩაეღიმა. რა სანახავი იყო! და როცა ჰერცოგი მტკიცედ დაუდგა და სადილის
გამართვა დაიჟინა, ჰავატმა თავი გაიქნია.

– ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მილორდ. არაკისზე რაღაც-რაღაცები ძალიან სწრაფად ხდება.


ჰარკონენების ჩვეულ ტემპს არ ჰგავს. ნამდვილად არა.

პოლმა მათ ჩაუარა, თავისზე ნახევარი თავით მაღალ ქალიშვილს მიაცილებდა. მამას
უკმაყოფილოდ გახედა, გოგონას რაღაც ნათქვამს თავის დაქნევით უპასუხა.
– ამ გოგონას მამა სარწყულებს ამზადებს, – თქვა ჯესიკამ, – ასე მითხრეს, სულელი უნდა იყო,
უდაბნოში ამ კაცის დამზადებული სარწყულით რომ დარჩეო.

– პოლის წინ რომ სახენაიარევი კაცი მიდის, ვინაა? – ჰკითხა ჰერცოგმა, – მე არ მომიწვევია.

– სიას მერე დაემატა, – უჩურჩულა ჯესიკამ, – გურნიმ მოიწვია. კონტრაბანდისტია.

– გურნიმ მოიწვია?

– ჩემი დავალებით. ჰავატს შევუთანხმეთ, თუმცა, მგონი, ჰავატი ამის გამო, ცოტა არ იყოს,
დაიძაბა.

კონტრაბანდისტს ტუეკი ჰქვია, ესმარ ტუეკი. თავისნაირებს შორის სიტყვა ეთქმის. აქ


მყოფნიც ყველანი იცნობენ. ბევრ მათგანთან ყოფილა სადილად.

– აქ რატომაა?

– ყველა აქ მოწვეული იმავეს იკითხავს, – მიუგო ჯესიკამ, – ტუეკის აქ ყოფნა საკმარისია,


გაუგებრობა და ეჭვი რომ გამოიწვიოს. მისი აქ ყოფნით იმასაც დაასკვნიან, რომ აპირებ,
მართლაც სისრულეში მოიყვანო შენი ბრძანებები ქრთამის აღებასთან დაკავშირებით – რაზეც
კონტრაბანდისტებიც თავის მხრივ იზრუნებენ. ჰავატს ეს მხარე, მგონი, მოეწონა.

– არ ვარ დარწმუნებული, რომ მე მომწონს, – ჩავლილ წყვილს თავი დაუკრა, შენიშნა, რომ
რამდენიმე სტუმარიღა დარჩა გასატარებელი, – ფრემენები რატომ არ მოიწვიე?

– კაინსი ხომ არის, – თავი იმართლა ჯესიკამ.

– კი, კაინსი არის. კიდევ რამე პატარა სიურპრიზი ხომ არ გაქვს ჩემთვის შემონახული? –
ლეტომ თან გაიყოლა ჯესიკა და სუფრისკენ დაძრულ სტუმრებს კვალში ჩაუდგნენ.

– სხვა ყველაფერი სრულიად ჩვეულებრივად იქნება, – დაამშვიდა ჯესიკამ. თავისთვის კი


გაიფიქრა: „ძვირფასო, განა ვერ ხვდები, რომ ამ კონტრაბანდისტს სწრაფი ხომალდები ჰყავს
და მისი მოსყიდვა შეიძლება? ხომ უნდა გვქონდეს თავდასაღწევი გზა, არაკისიდან გასაქცევი
კარი, სხვა ყველაფერმა თუ გვიმტყუნა?“

სასადილო დარბაზში შესულმა ლეტოს მკლავს ხელი უშვა. ჰერცოგმა იგი სუფრის თავში
დააბრძანა და თავისი ადგილისკენ გაემართა სუფრის მეორე თავში. ლაქიამ სკამი გამოუწია.
სხვები დასხდნენ, ისმოდა ტანსაცმლის შრიალი, სკამების ფხაკუნი, მაგრამ ჰერცოგი ისევ
იდგა. მის ნიშანზე მაგიდის მახლობლად მომლოდინე, ლაქიის ლივრეებში გამოწყობილი
სასახლის ძალების რაზმელები უკან გადგნენ და სამხედრო ყაიდაზე გაიჭიმნენ.

ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.

მაგიდის მეორე ბოლოდან ჯესიკამ დაინახა, რომ ლეტოს ოდნავ უცახცახებდა პირის
კუთხეები; სახეზე ღრუბლად მოწოლილი ბრაზიც შენიშნა. „ნეტავ, რატომ ბრაზობს?“,
დაეკითხა თავის თავს. „იმიტომ ნამდვილად არა, კონტრაბანდისტი რომ მოვიწვიე“.

– ზოგი შეიძლება არ ეთანხმებოდეს ჩემს გადაწყვეტილებას ხელის საბანი ტაშტების ადათის


შეცვლაზე, – თქვა ლეტომ, – მე ამით გეუბნებით, რომ აქ ბევრი რამ შეიცვლება.
მაგიდას უხერხული სიჩუმე ჩამოაწვა.

მთვრალი ჰგონიათო, გაიფიქრა ჯესიკამ.

ლეტომ თავისი წყლიანი ბოთლი ისე ასწია, რომ მინამ ტივტივა ნათურის სხივი აირეკლა.

– მაშ, როგორც იმპერატორის რაინდი სადღეგრძელოს წარმოვთქვამ.

სტუმრებმა თავიანთ ბრტყელ ბოთლებს მოჰკიდეს ხელი, ყველამ ჰერცოგს მიაპყრო თვალი.
უეცარი მდუმარება ჩამოწვა, სამზარეულოში გამავალი დერეფნიდან მობერილმა
გზადაბნეულმა სიომ ტივტივა ნათურა შეაქანა. ჰერცოგს ქორისებრ ნაკვთებზე ჩრდილებმა
გადაურბინა.

– აქ ვდგავარ და აქვე ვრჩები! – მოჭრა და დადუმდა.

სტუმრებმა ბოთლები პირისკენ წაიღეს – და შეაჩერეს, რადგან ჰერცოგს თავისი სასმისი კვლავ
მაღლა აწვდილი ეჭირა.

– ჩემი სადღეგრძელო იმეორებს ერთ-ერთ იმ გამონათქვამს, აგრერიგად რომ გვესალბუნება


გულზე: „საქმეს მოაქვს წინსვლა! იღბალი ყველგან გაგიტანს!“

თქვა და მოსვა.

სხვებმაც მიბაძეს. თან კითხვით გადახედეს ერთმანეთს.

– გურნი! – მოუხმო ჰერცოგმა.

ლეტოს მხარეს ოთახის ბოლოში ამოყვანილი ნიშიდან ჰალეკის ხმა გაისმა:

– აქ ვარ, მილორდ.

– დაგვიკარი, გურნი.

ნიშიდან ბალისეტის სევდიანი ჟღერა დაირხა. ჰერცოგის ნიშანზე მსახურებმა მაგიდაზე


კერძით სავსე თეფშები დაალაგეს – შემწვარი უდაბნოს კურდღელი კეპედას სოუსით,
სირიული აპლომაჟი, ჩუკა მინის თალფაქქვეშ, მელანჟიანი ყავა (სუნელისგან სუფრას
დარიჩინის მსუყე სურნელი მოედო), ნამდვილი პოტ-ა-ოი, კალადანურ შუშხუნა ღვინოსთან
ერთად.

ჰერცოგი მაინც ფეხზე იდგა.

სტუმრები იცდიდნენ, არ იცოდნენ, ყურადღება მათ წინ დალაგებული კერძებისთვის


დაეთმოთ თუ ფეხზე მდგარი ჰერცოგისთვის. ლეტომ განაგრძო:

– ძველ დროში მასპინძელს თავისი სტუმრები საკუთარი ნიჭის მეშვეობით უნდა გაერთო. –
ბოთლს ისე გაშმაგებით ბღუჯავდა, თითის სახსრები გაუთეთრდა, – სიმღერა მე არ შემიძლია,
მაგრამ გურნის სიმღერის სიტყვებს წაგიკითხავთ. მორიგ სადღეგრძელოდ ჩამითვალეთ – იმ
ადამიანების სადღეგრძელოდ, ვინც თავი გაწირა, რომ ჩვენ აქ და ასე გვეცხოვრა.

მაგიდის გარშემო უხერხულად შეიშმუშნენ.


ჯესიკამ მზერა დახარა, მის გვერდით მსხდარ ხალხს გადახედა – პირმრგვალ წყლის
გადამზიდველს და მის თანმხლებ ქალს, ფერმკრთალ და მკაცრ გილდიის ბანკის
წარმომადგენელს (სახეჩამოგრძელებულ საფრთხობელას რომ ჰგავდა და ლეტოს თვალს არ
აცილებდა), მოუხეშავ და სახენაიარევ ტუეკს, ლურჯი-ლურჯზე თვალები რომ დაეხარა.

– აღლუმია, ძმებო – დიდი ხნის წინ გარდასული ჯარის აღლუმი, – ჰანგს ლექსი ააყოლა
ჰერცოგმა, – ყველას წერად აქვს ტკივილის და დოლარის ტვირთი. მათ სულებს ამკობს ჩვენი
ვერცხლის საყელურები. აღლუმია, ძმებო – დიდი ხნის წინ გარდასული ჯარის აღლუმი.
დროის წერტილია ყოველი მათგანი, და არ იტევენ თვალთმაქცობას და მზაკვრობას. მათთან
ერთად გაგვცდება იღბლის საცდური. აღლუმია, ძმებო – დიდი ხნის წინ გარდასული ჯარის
აღლუმი. ჩვენი ჟამი რომ ჩაქრება, დაღრჭენილი ღიმილით გავცდებით იღბლის საცდურს.

ჰერცოგმა ბოლო ფრაზაზე ხმას დაუწია, მთლად მიანელა, წყლის დიდი ყლუპი მოსვა და
ბოთლი მაგიდაზე დაახეთქა . მისი ყელიდან წყალი სუფრაზე ამოიღვარა.

დანარჩენებმა უხერხულ სიჩუმეში შესვეს.

ჰერცოგმა ისევ ასწია თავისი ბრტყელი ბოთლი და ამჯერად შიგ ნახევრამდე ჩარჩენილი
წყალი იატაკზე დაასხა – იცოდა, სხვებიც იმავეს იზამდნენ.

ჯესიკამ პირველმა მიბაძა.

სანამ დანარჩენებიც დაიწყებდნენ წყლის გადმოსხმას, წამით ყველა გაირინდა. ჯესიკამ


შენიშნა, როგორ აკვირდებოდა მამის გვერდით მჯდარი პოლი გარშემომყოფთა რეაქციას.
იგრძნო, რომ თავადაც

მონუსხული ადევნებდა თვალს, თუ რას ამჟღავნებდა სტუმრების საქციელი –


განსაკუთრებით ქალების. ეს სუფთა, სასმელი წყალი იყო, დამბალი პირსახოცების
გამონაწური ნარეცხი კი არა. მისი ტყუილად გადაღვრა ენანებოდათ – ამას მოწმობდა
აცახცახებული ხელები, შენელებული მოძრაობა, ნერვიული სიცილი... და კიდევ ის, რომ
უსიტყვო ბრძანებას წვალებით, დიდი ძალისხმევის ფასად ემორჩილებოდნენ: ერთმა ქალმა
ბრტყელი ბოთლი გააგდო და გვერდზე გაიხედა. ჭურჭელი მისმა მხლებელმა მამაკაცმა აიღო.

მაგრამ კაინსმა ყველაზე მეტად მიიქცია მისი ყურადღება. პლანეტოლოგი შეყოყმანდა, მერე კი
ბოთლი ქურთუკის ქვეშ მოთავსებულ ჭურჭელში ჩაიცალა. ჯესიკას მზერა რომ შენიშნა,
გაუღიმა და ცარიელი ჭურჭელი მისკენ ასწია, თითქოს მდუმარედ წარმოთქვა სადღეგრძელო.
სრულიად არ გრძნობდა უხერხულობას იმის გამო, რაც ჩაიდინა.

ჰალეკის ჰანგი ჯერაც ავსებდა ოთახს, მაგრამ სევდიანად აღარ ჟღერდა; ახლა ცოცხალი და
მხიარული გამხდარიყო, თითქოს სუფრის გახალისებას ლამობდა.

– მიირთვით, – გამოაცხადა ჰერცოგმა და სკამზე დაეშვა.

„განრისხებული და დაეჭვებულია“, გაიფიქრა ჯესიკამ. „იმ ფაბრიკა-ქვიშამავალის დაკარგვა


უფრო მეტად განიცადა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ალბათ, მიზეზი მხოლოდ დანაკარგი
არაა. იმედდაკარგული კაცივით იქცევა“. ჯესიკამ ჩანგალი ასწია, ანაზდეულად შემოწოლილი
კაეშანი რაღაცის კეთებით მაინც რომ დაეფარა. „ჰო, არის კიდევაც იმედდაკარგული“.
სადილი დაიწყო. ის ჯერ დუნედ, მერე სულ უფრო გაცხოველებული ტემპით წარიმართა.
სარწყულების მწარმოებელმა ჯესიკას მზარეული და ღვინო შეუქო.

– მზარეულიც და ღვინოც კალადანიდან ჩამოვიყოლეთ, – უთხრა ჯესიკამ.

– დიდებულია! – გაეპასუხა ისიც, ჩუკა რომ გასინჯა, – უბრალოდ, დიდებული! და საერთოდ


არ აქვს მელანჟი. ისეთი მომაბეზრებელია, ყველაფერს ამ სუნელს რომ უმატებენ.

გილდიის ბანკის წარმომადგენელმა მის პირდაპირ მჯდარ კაინსს შეხედა.

– როგორც გავიგე, დოქტორო კაინს, მატლმა კიდევ ერთი ფაბრიკა-ქვიშამავალი წაიღო.

– ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება, – თქვა ჰერცოგმა.

– ანუ მართალია? – ბანკირმა ახლა ლეტოს მიაპყრო მზერა.

– რასაკვირველია, მართალია! – მოუჭრა ჰერცოგმა, – წყეული გადამტანი გაუჩინარდა. წესით,


შეუძლებელია, ამხელა რაღაც ადგეს და, უბრალოდ, გაუჩინარდეს!

– მატლი რომ მიადგა, იქ არაფერი იყო, ქვიშამავალი რომ წაეღო, – განმარტა კაინსმა.

– წესით, ასეთი რამე შეუძლებელი უნდა იყოს, – გაიმეორა ჰერცოგმა.

– არავის დაუნახავს, გადამტანი საით წავიდა? – იკითხა ბანკირმა.

– დამკვირვებლები, ჩვეულებრივ, ქვიშას უყურებენ, – თქვა კაინსმა, – მათ უპირველესად


მატლის ნიშნის გამოჩენა ანაღვლებთ. გადამტანში, როგორც წესი, ოთხი კაცი ზის – ორი
პილოტი და ორიც – სათადარიგო დამხმარე. თუ ეკიპაჟის ერთი – ან იქნებ ორიც – წევრი
ჰერცოგის მტრებმა მოისყიდეს...

– ააჰ, გასაგებია, – თავი დაუქნია ბანკირმა, – და თქვენ, როგორც ცვლილების მსაჯული, ამის
პასუხს მოითხოვთ?

– მე კარგად უნდა დავფიქრდე, რის გაკეთება შეიძლება, – უთხრა კაინსმა, – და,


რასაკვირველია, ამის შესახებ სუფრასთან არ ვიმსჯელებ, – და გაიფიქრა: „ამ გაფითრებულმა
ჩონჩხმა იცის, რომ მითითება მაქვს, ასეთ დარღვევებზე თვალი დავხუჭო“.

ბანკირმა გაუღიმა და საჭმელს მიუბრუნდა.

ჯესიკა იჯდა და ბენე გესერიტის სკოლის დროინდელ ლექციას იხსენებდა. საგანს „შპიონაჟი
და კონტრშპიონაჟი“ ერქვა. ლექციას პუტკუნა, გაბადრულსახიანი ღირსი დედა
კითხულობდა; მისი ხალისიანი ხმა საგნის თემასთან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა.

„ნებისმიერი შპიონაჟის თუ/და კონტრშპიონაჟის სკოლის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ


ყველა სკოლადამთავრებულს საერთო საბაზისო რეაქციის შაბლონი ერთნაირი აქვს. ყველა
მკაცრი სწავლება თავის მოსწავლეებს საკუთარ დაღს ასვამს, საკუთარ შაბლონს დებს მათში.
ეს შაბლონი შეიძლება ანალიზს და წინასწარ გათვლებს დაექვემდებაროს.

ამას გარდა, სამოტივაციო შაბლონი ყველა შპიონაჟის აგენტს ერთნაირი აქვს. შეიძლება, ასე
ვთქვათ: არსებობს მოტივაციის კერძო ტიპები, რომლებიც საერთოა განსხვავებული
სკოლებისთვის თუ ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნებისთვისაც. თქვენ, უპირველესად,
შეისწავლით, როგორ გამოარჩიოთ ეს ელემენტი, რომელსაც ანალიზისას დაეყრდნობით –
თავდაპირველად, გამოკითხვის სქემით მეშვეობით, რაც გამოკითხულის შინაგან
ორიენტაციას გაგაგებინებთ; ამის შემდეგ ანალიზის ობიექტის

ენობრივ-აზრობრივ ორიენტაციას ყურადღებით დააკვირდებით. თქვენ ნახავთ, რომ საკმაოდ


იოლი იქნება თქვენი ობიექტის ფუძე ენების განსაზღვრა – რა თქმა უნდა, როგორც ხმის
ინტონაციების, ასევე საუბრის მოდულის მეშვეობით“.

ახლა კი, თავის ჰერცოგთან და ვაჟიშვილთან, აგრეთვე მათ სტუმრებთან ერთად სუფრასთან
მჯდარი ჯესიკა გილდიის ბანკის წარმომადგენელს რომ უსმენდა, უცებ ძარღვებში სისხლი
გაეყინა, ისე ცხადად დაინახაა: – ეს კაცი ჰარკონენების აგენტი იყო. მას გიედი პრაიმის
საუბრის მოდული ჰქონდა – ოდნავ შენიღბული, მაგრამ ბენე გესერიტი დის გაწვრთნილი
ყურადღებისთვის ისე აშკარა, თითქოს თავისი სადაურობა დაუფარავად გამოუცხადებიაო.

„ნუთუ ეს ნიშნავს, რომ თავად გილდია ატრეიდესების მოწინააღმდეგე მხარეს დადგა?“


საგონებელში ჩავარდა ჯესიკა. ამ ფიქრმა შეძრა და ემოციების დასაფარავად ახალი კერძის
შემოტანა ბრძანა, ამასობაში ყურადღებით უსმენდა გილდიის ბანკის წარმომადგენელს,
ეძებდა ნიშნებს, რომლებითაც ის თავის განზრახვას გასცემდა. „ახლა საუბარს რაღაც
თითქოსდა უმნიშვნელო თემაზე გადაიტანს, მაგრამ მასში ავისმომასწავებელი ქვეტექსტები
გაისმება“, გაიფიქრა ქალმა. „მისი შაბლონი ხომ ასეთია“.

ბანკირმა ლუკმა გადაყლაპა, ღვინო მოსვა, მის მარჯვნივ მჯდარი ქალის ნათქვამზე გაიღიმა.
ცოტა ხანს თითქოს ყურს უგდებდა სუფრასთან მისგან მოშორებით მჯდარი კაცის ლაპარაკს,
რომელიც ჰერცოგს უხსნიდა, ადგილობრივ არაკისულ მცენარეებს ეკლები არა აქვსო.

– მე არაკისზე ფრინველების ფრენისთვის თვალყურის დევნება მიყვარს, – მიმართა ბანკირმა


ჯესიკას, – რასაკვირველია, ყველა აქაური ფრინველი ლეშიჭამიაა და მათგან ბევრს წყლის
გარეშე არსებობაც შეუძლია, რაკი სითხეს სისხლის სახით იღებენ.

სარწყულების მწარმოებლის ქალიშვილმა, მაგიდის მეორე ბოლოსკენ, პოლსა და მამამისს


შორის რომ იჯდა, ლამაზი სახე დამანჭა და თქვა:

– ოჰ, „სუ-სუ“, რა საძაგელ რამეებს ამბობთ!

ბანკირმა გაიღიმა.

– „სუ-სუს“ იმიტომ მეძახიან, რომ წყლის დამტარებელთა კავშირის ფინანსური მრჩეველი ვარ,
– და, რადგან ჯესიკა უცქერდა, მაგრამ არ გაეპასუხა, განუმარტა: – წყლის გამყიდველები კი
ასე იძახიან: „სუუ-სუუ-სუუკ!“ – და დამტარებლების ძახილი ისე ზუსტად გაიმეორა, რომ
ბევრმა სტუმარმა გაიცინა.

ჯესიკამ მის ხმაში ბაქია ტონი დაიჭირა, მაგრამ მისი ყურადღება იმან უფრო მიიპყრო, რომ
ქალიშვილმა

წინასწარ შერჩეულ მომენტში წინასწარ დათქმული სიტყვები თქვა – ეს საუბარი დადგმული


იყო. მან ბანკირს მისცა საბაბი, ეთქვა ის, რაც თქვა. ჯესიკამ ლინგარ ბეუტს გადახედა. წყლის
მაგნატს შუბლი შეეკრა და გამალებული ჭამდა. ჯესიკამ გაიაზრა, რა მნიშვნელობა იდო
ბანკირის სიტყვებში: „მეც ვფლობ უდიდესი ძალაუფლების წყაროს არაკისზე – წყალს“.
პოლმა თანამესუფრეების ლაპარაკში სიყალბე შენიშნა; დაინახა, რომ დედამისი საუბარს ბენე
გესერიტისეული დაკვირვებით ადევნებდა თვალყურს. ერთბაშად გადაწყვიტა, ჩარეულიყო
და საუბრის თემა შეეცვალა. მან ბანკირს მიმართა:

– ესე იგი, სერ, ის ფრინველები კანიბალები არიან?

– რა უცნაური შეკითხვაა, ახალგაზრდა ბატონო, – უპასუხა ბანკირმა, – მე მხოლოდ ის ვთქვი,


რომ ეს ფრინველები სისხლს სვამენ. სულაც არაა აუცილებელი, თავისიანის სისხლი იყოს, ასე
არაა?

– არ იყო უცნაური შეკითხვა, – შეედავა პოლი და ჯესიკამ მის ხმას მყიფე, ჩხვლეტია ბუნება
შეატყო– თავისივე წვრთნის კვალი, – განათლებულმა ადამიანებმა, როგორც წესი, იციან, რომ
ყველაზე მძიმე პოტენციური მეტოქეობა ნებისმიერ მზარდ ორგანიზმს მისივე მსგავსთა
მხრიდან მოელის, – მან ჩანგლით დემონსტრაციულად აიტაცა ლუკმა მის გვერდით მჯდომის
თეფშიდან და შეჭამა, – ისინი ერთი და იმავე გობიდან იკვებებიან. მათ ერთნაირი საბაზისო
მოთხოვნილებები აქვთ.

ბანკირი დაიძაბა, შუბლშეკრულმა შეხედა ჰერცოგს.

– შეცდომაა, ჩემი ვაჟი ბავშვად მიიჩნიო, – უთხრა ჰერცოგმა. და გაიღიმა.

ჯესიკამ მაგიდას გადახედა; შენიშნა, რომ ბეუტს სახე გაუბრწყინდა, რომ კაინსი და
კონტრაბანდისტი ტუეკი დაუფარავად იკრიჭებოდნენ.

– ეს ეკოლოგიის კანონია, – განმარტა კაინსმა, – რაც ახალგაზრდა ბატონს, როგორც აღმოჩნდა,


ძალიან კარგად ესმის. ბრძოლა ცოცხალ ორგანიზმებს შორის გახლავთ ბრძოლა სისტემის
თავისუფალი ენერგიის მოსაპოვებლად. სისხლი ენერგიის ეფექტიანი წყაროა.

ბანკირმა ჩანგალი დადო და გაბრაზებული ხმით წარმოთქვა:

– ამბობენ, ფრემენი ნაძირალები თავიანთი მკვდრების სისხლს სვამენო.

კაინსმა თავი გაიქნია და მენტორის ტონით ალაპარაკდა:

– სისხლი კი არა, სერ, ადამიანის მთელი წყალი საბოლოოდ მის ხალხს – მის ტომს – ეკუთვნის.
ეს აუცილებლობაა, როცა დიდი ვაკის მახლობლად ცხოვრობ. იქ წყლის ყველა წვეთი
ძვირფასია, ადამიანის სხეულის წონის სამოცდაათი პროცენტი კი წყალია. მკვდარ კაცს ეს
წყალი ნამდვილად აღარ სჭირდება.

ბანკირმა ორივე ხელი მაგიდის კიდეს მიაყრდნო, თავისი თეფშის აქეთ-იქით. ჯესიკამ
იფიქრა, ახლა სკამს უკან გაასრიალებს, განრისხებული ადგება და წავაო.

კაინსმა ჯესიკას შეხედა.

– მაპატიე, მილედი, სუფრასთან ასეთი უსიამოვნო თემა რომ განვავრცე, მაგრამ აქ ტყუილი
მოგახსენეს და ეს განმარტებას მოითხოვდა.

– იმდენი ხანია, ფრემენებში ტრიალებთ, რომ მორიდების გრძნობა დაგკარგვიათ, – ბანკირს


ხმაში ხრინწი გაერია.
კაინსმა აუღელვებლად შეხედა, დააცქერდა ამ ფერმკრთალ, აცახცახებულ სახეს.

– ჩემი გამოწვევა გნებავთ, სერ?

ბანკირი გაშეშდა. ნერწყვი გადაყლაპა, ძალდატანებით დაილაპარაკა:

– არა, რა თქმა უნდა. ჩვენს მასპინძლებს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებ.

ჯესიკამ მის ხმაში შიში იგრძნო, შენიშნა იგი მის სახეზე, მის სუნთქვაში, საფეთქლის ძარღვის
ფეთქვაში. ამ კაცს კაინსი თავზარს სცემდა!

– ჩვენს მასპინძლებს მშვენივრად შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ, შეურაცხყვეს ისინი თუ


არა, – უთხრა კაინსმა, – მამაცი ხალხია და ღირსების დაცვის საქმეც მშვენივრად გაეგებათ.
მათი გამბედაობა ჩვენთვის, ყველასთვის, ცხადია – თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, აქ რომ
არიან... ახლა... არაკისზე.

ჯესიკა ატყობდა, რომ ლეტო მათი ურთიერთშეპასუხებით ტკბებოდა. დანარჩენების


უმეტესობაზე იმავეს ვერ იტყოდი. სუფრასთან მსხდომები თითქოს გასაქცევად
მომზადებულიყვნენ, ხელები მაგიდის ქვეშ ჩაემალათ. ორი გამონაკლისი მათგან იყო ბეუტი,
რომელსაც ბანკირის გაწბილება დაუფარავ ღიმილს ჰგვრიდა, და კონტრაბანდისტი ტუეკი,
რომელიც თითქოს კაინსის ნიშანს ელოდა. ჯესიკამ დაინახა, რომ პოლი კაინსს აღტაცებული
შესცქეროდა.

– აბა? – ბანკირს მიმართა კაინსმა.

– მე არავის შეურაცხყოფა არ მინდოდა, – ჩაიბურტყუნა ბანკირმა, – თუ ვინმე შეურაცხვყავი,


გთხოვთ, მომიტევოთ.

– ზრდილი თხოვნა ზრდილადვე შესრულდება, – მიუგო კაინსმა, ჯესიკას გაუღიმა და,


ვითომც აქ არაფერიო, ჭამა გააგრძელა.

ჯესიკამ შენიშნა, რომ კონტრაბანდისტიც მოდუნდა. თავისთვის აღნიშნა: „ეს კაცი


ყველაფრით ჰგავდა დამხმარეს, რომელიც ყოველ წუთას მზად იყო, კაინსს მიშველებოდა.
კაინსსა და ტუეკს შორის რაღაც შეთანხმება არსებობდა“.

ლეტო ხელში ჩანგალს ათამაშებდა და დაფიქრებით უცქერდა კაინსს. გეოლოგის ქცევაში


ჩანდა, რომ მას ატრეიდესების მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. უდაბნოს თავზე
ფრენისას კაინსს თავი ბევრად უფრო ცივად ეჭირა.

ჯესიკამ მსახურებს ანიშნა, მორიგი კერძი და სასმელი შემოეტანათ. მსახურებმა სტუმრებს


მოართვეს langues de lapins de garenne; მას წითელი ღვინო და სოკოს საფუარის სოუსი მოჰყვა.

სუფრასთან მსხდომებმა ნელ-ნელა განაახლეს საუბარი, მაგრამ ჯესიკას ჩაესმოდა


მღელვარება, რაღაცნაირი სიმყიფე ამ ხმებისა; ხედავდა, ბანკირი მოღუშულიყო და
უსიტყვოდ ჭამდა. კაინსი თვალსაც არ დაახამხამებდა, ამ კაცს ისე მოკლავდაო, გაიფიქრა. და
გააცნობიერა, რომ კაინსის ქცევაში მოკვლის მიმართ უცერემონიო დამოკიდებულება
გამოსჭვიოდა. ეს კაცი იოლად კლავდა და ჯესიკა მიხვდა, რომ ეს, ზოგადად, ფრემენების
თვისება იყო.

ჯესიკა მისგან მარცხნივ მჯდომ სარწყულების მწარმოებელს მიუბრუნდა და უთხრა:


– ჯერ კიდევ ყოველ წუთს მაოცებს, თუ რა მნიშვნელოვანი რამაა არაკისზე წყალი.

– უაღრესად მნიშვნელოვანია, – დაეთანხმა ის, – ეს რა კერძია? ძალიან გემრიელია.

– გარეული ბოცვერების ენებია სპეციალური საწებლით, – მიუგო ჯესიკამ, – ძალიან ძველი


რეცეპტია.

– ეს რეცეპტი უნდა გავიგო, – უთხრა კაცმა.

ჯესიკამ თავი დაუქნია.

– ვიზრუნებ, რომ მოგართვან.

კაინსმა ჯესიკას შეხედა:

– ახლად ჩამოსულები ხშირად ზედმეტად აფასებენ არაკისზე წყლის მნიშვნელოვნებას. აქ


საქმე გაქვთ ეგრეთ წოდებულ მინიმუმის წესთან.

ჯესიკამ მის ხმაში გამომცდელი კილო შენიშნა და აჰყვა:

– ზრდას ზღვარს უდებს ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უმცირესი რაოდენობითაა


წარმოდგენილი. და, თავისთავად ცხადია, ზრდის ტემპს განსაზღვრავს ყველაზე ნაკლებად
ხელსაყრელი პირობები.

– იშვიათად თუ შეხვდები დიდებული გვარის წარმომადგენელს, პლანეტოლოგიურ


პრობლემებში ჩახედული რომ იყოს, – თქვა კაინსმა, – არაკისზე ასეთი ყველაზე ნაკლებად
ხელსაყრელი პირობა წყალია. და, ნუ დაგავიწყდებათ, რომ, თავისთავად, ზრდასაც შეუძლია
შექმნას არახელსაყრელი პირობები, თუ უდიდესი სიფრთხილით არ მივუდგებით.

ჯესიკამ კაინსის ნათქვამში დაფარული აზრი იგრძნო, მაგრამ ვერ ამოიცნო.

– ზრდა, – გაიმეორა მან, – იმის თქმა გსურთ, რომ არაკისზე შესაძლებელია გამართული წყლის
ციკლის არსებობა, რომელიც აქ ადამიანისთვის უფრო ხელსაყრელ სასიცოცხლო პირობებს
უზრუნველყოფდა?

– შეუძლებელია! – წამოიძახა წყლის მაგნატმა.

ჯესიკამ ახლა ბეუტს შეხედა.

– შეუძლებელი?

– არაკისზე – შეუძლებელია. – გადაჭრით მიუგო მან, – ამ მეოცნებეს ყურს ნუ უგდებთ.


ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მის საწინააღმდეგოს მეტყველებს.

კაინსმა ბეუტს შეხედა და ჯესიკამ შენიშნა, რომ მაგიდის გარშემო სხვა მოსაუბრეებიც
დადუმდნენ და ყველამ ამ ახლად წამოწყებულ დიალოგს მიაპყრო ყური.

– ლაბორატორიული კვლევების მონაცემები, როგორც წესი, ხელს გვიშლის ერთი ძალიან


უბრალო ფაქტის დანახვაში, – თქვა კაინსმა, – ეს ფაქტი შემდეგი გახლავთ: ჩვენ აქ საქმე გვაქვს
სისტემასთან, რომელიც წარმოიქმნა და არსებობს ღია პირობებში, სადაც მცენარეები და
ცხოველები ჩვეულებრივად, მათ ბუნებრივ გარემოში არსებობენ.
– ჩვეულებრივად! – ჩაიფრუტუნა ბეუტმა, – არაკისზე ჩვეულებრივი საერთოდ არაფერია!

– პირიქით, – შეედავა კაინსი, – აქ სრულიად შესაძლებელია გარკვეული ჰარმონიული


სისტემების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ არსებობას თავადვე უზრუნველყოფდნენ.
უბრალოდ, საჭიროა, განისაზღვროს პლანეტის შესაძლებლობების ზღვარი და მასზე
ზემოქმედების დონე.

– ეგ ვერასოდეს მოხერხდება, – განაცხადა ბეუტმა.

ჰერცოგმა უცებ გაიაზრა, განსაზღვრა მომენტი, როცა კაინსს განწყობა შეეცვალა – ეს მაშინ
მოხდა, როცა ჯესიკამ თქვა, ორანჟერეის მცენარეებს არაკისს შევუნახავთო.

– რა იქნება საჭირო ასეთი თვითკმარი სისტემის ჩამოსაყალიბებლად, დოქტორო კაინს? –


ჰკითხა ლეტომ.

– თუ არაკისის მწვანე მცენარეულობის სამ პროცენტს ჩავრთავთ საკვებად გამოყენებული


ნახშირბადული ნაერთების წარმოქმნაში, ციკლური სისტემა აეწყობა, – მიუგო კაინსმა.

– ამის დამაბრკოლებელი მხოლოდ წყლის არარსებობაა? – ჰკითხა ჰერცოგმა. იგი გრძნობდა


კაინსის აღგზნებას და მისი განწყობაც გადმოედო.

– წყლის პრობლემა სხვა პრობლემებს ჩრდილავს, – მიუგო კაინსმა, – ამ პლანეტაზე ბევრი


ჟანგბადია, მისი არსებობის ჩვეულებრივი თანმხლები პირობების გარეშე, როგორიცაა
ფართოდ გავრცელებული მცენარეული საფარი და თავისუფალი ნახშირორჟანგის მსხვილი
წყაროები, მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევა. აქ ზედაპირის დიდ ფართობზე შეიძლება
უჩვეულო ქიმიურ რეაქციებს დააკვირდე.

– საცდელი პროექტები თუ გაქვთ? – ჰკითხა ჰერცოგმა.

– დიდი ხანია, ვმუშაობთ და ავაწყვეთ ტანსლის ეფექტი – ეს მცირემასშტაბიანი


სამოყვარულო ექსპერიმენტებია, რომლებიდანაც ახლა ჩემი მეცნიერული
დაკვირვებებისთვის სამუშაო ფაქტებს ვიღებ, – უპასუხა კაინსმა.

– მაგისთვის საკმარისი წყალი აქ არ არსებობს, – თქვა ბეუტმა, – უბრალოდ, არ არის ამდენი


წყალი და მორჩა.

– ბატონი ბეუტი ექსპერტია წყლის საკითხში, – ჩაიღიმა კაინსმა და თავის კერძს მიუბრუნდა.

ჰერცოგმა მკვეთრი უარის ჟესტით გაიქნია მარჯვენა ხელი.

– არა, – განაცხადა მან გადაჭრით, – მე პასუხი მინდა! არსებობს თუ არა ამისთვის საკმარისი
წყალი, დოქტორო კაინს?

კაინსი თავის თეფშს ჩააჩერდა.

ჯესიკა მის სახეზე გრძნობათა ჭიდილს აკვირდებოდა. კარგად ინიღბებაო, გაიფიქრა, მაგრამ
კაინსი უკვე „ჩაწერილი“ ჰყავდა და ამოიკითხა, რომ ის ნათქვამს ნანობდა.

– არის საკმარისი წყალი? – პასუხი მოსთხოვა ჰერცოგმა.

– შესაძლოა... – შეყოყმანდა კაინსი.


„თავს გვაჩვენებს, რომ არ არის დარწმუნებული!“ გაიფიქრა ჯესიკამ.

პოლს სიმართლის ცნობის უნარი უფრო გაფაქიზებული ჰქონდა და ზუსტად გაიგო


დაფარული აზრი. მას თავშეკავების ყველა ნასწავლი ხერხის გამოყენება დასჭირდა, რომ
აღტაცება დაეფარა. „წყალი საკმარისია! მაგრამ კაინსს არ უნდა, ეს გამჟღავნდეს“.

– ჩვენს პლანეტოლოგს ბევრი საინტერესო ოცნება მოეპოვება, – თქვა ბეუტმა, – ფრემენებთან


ერთად ოცნებობს – თავში სულ წინასწარმეტყველებები და მესიები უტრიალებს.

სუფრასთან აქა-იქ სიცილი გაისმა. ჯესიკამ თავისთვის აღნიშნა: „კონტრაბანდისტი,


სარწყულების მწარმოებლის ქალიშვილი, დუნკან აიდაჰო, იდუმალი გაცილების სამსახურის
პატრონი ქალი“.

„ამ საღამოს დაძაბულობა უცნაურად არის გადანაწილებული“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ძალიან


ბევრი რამ ხდება ისეთი, რასაც მე ვერ ვაცნობიერებ. ახალი საინფორმაციო წყაროები უნდა
მოვიპოვო“.

ჰერცოგმა კაინსიდან ბეუტზე გადაიტანა მზერა, მერე ჯესიკას შეხედა. უცნაური


დათრგუნულობა დაუფლებოდა – თითქოს აქ ახლა რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
გამორჩა.

– შეიძლება, – ჩაილაპარაკა.

კაინსმა სწრაფად შეაგება:

– იქნებ სხვა დროს განვიხილოთ ეს, მილორდ. აქ იმდენი...

პლანეტოლოგი დადუმდა, რადგან მომსახურეთა კარიდან ატრეიდესების რაზმელი


შემოვიდა, რომელიც მცველებმა გამოატარეს. ის სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰერცოგს.
დაიხარა, ლეტოს რაღაც ჩასჩურჩულა ყურში.

ჯესიკამ მის ქუდზე ჰავატის რაზმის ნიშანი იცნო და ღელვა დაიოკა. სარწყულების
მწარმოებლის თანმხლებ ქალს მიმართა – ცეროდენა, შავგვრემან არსებას, თოჯინას სახე და
წვრილი, ირიბი თვალები რომ ჰქონდა.

– თითქმის არაფერი გაგისინჯავთ, საყვარელო. საგანგებოდ თქვენთვის რამე ხომ არ


შევუკვეთო?

ქალმა, სანამ ხმას ამოიღებდა, სარწყულების მწარმოებელს შეხედა და მერე უპასუხა:

– გმადლობთ, არ მშია.

ჰერცოგი უცებ თავისი ჯარისკაცის გვერდით წამოიმართა და მკაცრი, მბრძანებლური ტონით


გამოაცხადა:

– ყველანი სუფრასთან დარჩით. უნდა მომიტევოთ, მაგრამ რაღაც საკითხის გადაწყვეტა


პირადად ჩემს ყურადღებას მოითხოვს. – მან გვერდით გადგა ნაბიჯი, – პოლ, შემცვალე და
ჩვენს სტუმრებს მასპინძლობა ახლა შენ გაუწიე, თუ შეიძლება.
პოლი წამოდგა, ერთი სული ჰქონდა, მამისთვის ეკითხა, რატომ უნდა წახვიდეო, მაგრამ
იცოდა, რომ თავისი როლი უზადოდ უნდა შეესრულებინა. მამის სავარძელთან მივიდა და
დაჯდა.

ჰერცოგი მიბრუნდა ნიშისკენ, სადაც ჰალეკი იჯდა:

– გურნი, თუ შეიძლება, პოლის ადგილზე დაბრძანდი. სტუმრების რაოდენობა კენტი რატომ


უნდა იყოს. სადილი რომ დასრულდება, შეიძლება, აეროდრომის სამეთაურო პოსტზე პოლის
მოყვანა გთხოვო. ჩემს ზარს დაელოდე.

ნიშიდან ჰალეკი გამოჩნდა, მისი ტლანქი სიუშნოვე ამ მოციმციმე სინატიფის ზღვაში


სრულიად უადგილო მოჩანდა. მან ბალისეტი კედელს მიაყუდა, პოლის სკამთან მივიდა და
დაჯდა.

– საგანგაშო არაფერია, – თქვა ჰერცოგმა, – მაგრამ იძულებული ვარ, გთხოვოთ, შენობიდან


არავინ გავიდეს, სანამ დაცვა არ მოგახსენებთ, რომ ეს უსაფრთხოა. სანამ აქ რჩებით, სრულიად
დაცულები იქნებით, ჩვენ კი ამ მცირე უსიამოვნებას სულ მალე მოვაგვარებთ.

პოლმა მამამისის შეტყობინებაში გამოარჩია კოდური სიტყვები: დაცვა-უსაფრთხო-დაცული-


მალე. პრობლემა იყო უსაფრთხოება, არა თავდასხმა. დაი

ნახა, რომ იგივე შეტყობინება დედამისმაც მიიღო. ორივენი დამშვიდდნენ.

ჰერცოგმა მკვეთრად დაუკრა თავი დარჩენილებს, შებრუნდა და მომსახურეთა კარისკენ


გაემართა; ჯარისკაციც მიჰყვა.

პოლმა წარმოთქვა:

– გთხოვთ, სადილი განაგრძოთ. როგორც მახსოვს, დოქტორი კაინსი წყალზე ლაპარაკობდა.

– შეიძლება, ამაზე მსჯელობა სხვა დროისთვის გადავდოთ? – სთხოვა კაინსმა.

– რასაკვირველია, – დაეთანხმა პოლი.

და ჯესიკამ გულში სიამაყით აღნიშნა, რომ მის ძეს ღირსეულად ეჭირა თავი, ზრდასრულის
შესაფერი თავდაჯერებულობით.

ბანკირმა თავისი ბოთლი აიღო და ბეუტისკენ გაიშვირა.

– ბატონ ლინგარ ბეუტს აქ მყოფთაგან სიტყვაკაზმულობაში ვერც ერთი ვერ გავეჯიბრებით.


შეიძლება კაცს ისიც კი ეგონოს, დიდებული გვარის სტატუსის მოპოვებას მიელტვისო. მოდი,
ბატონო ბეუტ, სადღეგრძელო გვითხარი. იქნებ, შენ მაინც მოიფიქრო რამე ბრძნული, ამ ბიჭის
საკადრისი. მას ხომ კაცივით უნდა მოექცე.

ჯესიკამ მაგიდის ქვეშ მარჯვენა ხელი მომუშტა. დაინახა, ჰალეკმა ხელით აიდაჰოს რომ
ანიშნა, დაინახა ასევე, რომ კედლის გასწვრივ მდგარი მათი რაზმელები საბრძოლო
მზადყოფნის პოზიციაში ჩადგნენ.

ბეუტმა ბანკირს ბოღმით შეხედა.


პოლმა გახედა ჰალეკს, შენიშნა მცველების მოზიდული მზადყოფნა, თვალი შეავლო ბანკირს,
სანამ ის ბოთლს დადგამდა და თქვა:

– ერთხელ კალადანზე ვნახე, როგორ ამოიყვანეს წყლიდან დამხრჩვალი მეთევზე. ის...

– დამხრჩვალი? – იკითხა სარწყულების მწარმოებლის ქალიშვილმა.

პოლი შეყოყმანდა, მერე განუმარტა:

– დიახ. ანუ წყალში იმდენ ხანს ჩაძირული, რომ მოკვდა. დამხრჩვალი.

– რა საინტერესო სიკვდილია, – ჩაილაპარაკა გოგონამ.

პოლის ბაგეებს ღიმილმა გაჰკრა. იგი ისევ ბანკირს მიუბრუნდა.

– საინტერესო ის იყო, რომ ამ კაცს მხრებზე ჭრილობები ჰქონდა – მეორე მეთევზის


რკინისკბილებიანი ჩექმებით დაჩნეული. ეს დამხრჩვალი კაცი სხვებთან ერთად იჯდა ნავში –
წყალზე გადასაადგილებელ ხომალდში – რომელიც ჩაიძირა... ანუ წყლით დაიფარა. მეორე
მეთევზემ, რომელიც სხეულის ამოტანაში შველოდა სხვებს, თქვა, რომ ამგვარი ჭრილობები
რამდენჯერმე ადრეც ჰქონდა ნანახი. ისინი მიანიშნებდნენ, რომ სხვა დაძირული მეთევზე
ცდილობდა, ამ საბრალო კაცს მხრებზე შესდგომოდა და ზედაპირს მისწვდენოდა – ჰაერამდე
აეღწია.

– რატომაა ეს საინტერესო? – იკითხა ბანკირმა.

– იმ შენიშვნის გამო, რომელიც მაშინ მამაჩემისგან მოვისმინე. მან თქვა, რომ შეიძლება, გაუგო
დაძირულ კაცს, როცა ის თავის გადასარჩენად შენ აგაცოცდება მხრებზე – თუ არ ხედავ, რომ
ვიღაც დროსტარებისას იქცევა ასე. – პოლი მცირე ხნით შეყოვნდა, აცალა ბანკირს, მის
მინიშნებას მიმხვდარიყო, და დაურთო: – მე დავამატებდი: თუ არ ხედავ, რომ ვიღაც
სუფრასთან იქცევა ასე.

ოთახი ერთბაშად გაირინდა.

„ეს წინდაუხედაობა იყო“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ვაითუ, ამ ბანკირს თავისი სოციალური


მდგომარეობა საშუალებას აძლევდეს, ჩემი შვილი ბრძოლაში გამოიწვიოს“. ქალმა დაინახა,
რომ აიდაჰო მყისიერი მოქმედებისთვის მოემზადა. სასახლის რაზმელები დაიძაბნენ. გურნი
ჰალეკი თავის პირდაპირ მჯდომ კაცს თვალს არ აცილებდა.

– ჰო-ჰო-ჰოოოო! – ეს კონტრაბანდისტი იყო, ტუეკი, რომელსაც თავი გადაეგდო და


თავდავიწყებით ხარხარებდა.

სუფრასთან აქა-იქ დაძაბულად იღიმებოდნენ.

ბეუტის სახეს ფართო ღიმილი გადაჰფენოდა.

ბანკირი სკამით უკან გაჩოჩდა, თან პოლს თვალებით ჭამდა.

კაინსმა თქვა:

– ვინც ატრეიდესს უკბენს, მერე თავის თავს დააბრალოს.


– ატრეიდესებს სტუმრის შეურაცხყოფა სჩვევიათ? – აღშფოთდა ბანკირი.

სანამ პოლი პასუხს გასცემდა, ჯესიკა წინ გადაიხარა და წარმოთქვა:

– სერ! – თან ფიქრობდა: „ამ ჰარკონენის კაცის თამაშში უნდა გავერკვეთ. აქ პოლის
მოსასინჯავადაა? ნეტავ, დამხმარე თუ ახლავს?“

– სერ, ჩემი ვაჟი, უბრალოდ, მოსასხამს გვიჩვენებს, თქვენ კი მიიჩნევთ, რომ ის თქვენთვის
შეკერეს? რა ჩინებული გულახდილობაა, – ხელი დაბლა, ფეხისკენ ჩაიცურა, სადაც საწვივე
ქარქაშით კრისდანა ჰქონდა შებმული.

ბანკირმა მზერა ჯესიკაზე გადაიტანა. პოლს სხვებმაც მოაცილეს თვალი და დედამ შენიშნა,
რომ ბიჭი სკამით უკან გაჩოჩდა და სამოქმედო სივრცე გამოითავისუფლა. კოდურ სიტყვაზე
ჰქონდა სმენა გამახვილებული: მოსასხამი – „მოემზადე თავდასხმისათვის“.

კაინსი ჯესიკას დააკვირდა, ტუეკს ოდნავ ანიშნა ხელით.

კონტრაბანდისტი ფეხზე წამოხტა და ბოთლი ასწია.

– მე გეტყვით სადღეგრძელოს! – თქვა ხმამაღლა, – ჭაბუკ პოლ ატრეიდესს გაუმარჯოს,


შესახედავად ჯერაც ბავშვს რომ ჰგავს, მაგრამ მამაკაცის შესაფერად იქცევა.

„რატომ ჩაერივნენ?“ დაეკითხა საკუთარ თავს ჯესიკა.

ბანკირი ახლა კაინსს უყურებდა. ჯესიკამ დაინახა, რომ აგენტს თვალებში კვლავ შიში
დაეტყო.

სუფრასთან მსხდომებმა სადღეგრძელო აიტაცეს.

„კაინსი საითაც მიდის, ხალხიც იქით მიჰყვება“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მან ახლა გვითხრა, რომ
პოლის მხარეს დგას. რაშია მისი ძალის საიდუმლო? ცვლილების მსაჯული რომ არის,
არაფერს ნიშნავს. ეს დროებითი თანამდებობაა. და სამოქალაქო მოხელეობაც სინამდვილეში
ბევრს არაფერს მატებს“.

ჯესიკამ კრისდანის ტარს ხელი უშვა და ბოთლი კაინსისკენ ასწია. მანაც იმავე ჟესტით
უპასუხა.

მხოლოდ პოლს და ბანკირს არ აუღიათ სასმისები („სუ-სუ! რა შტერული მეტსახელია!“


გაიფიქრა ჯესიკამ). ბანკირი ისევ თვალმოუცილებლად უყურებდა კაინსს. პოლი თავის
თეფშს ჩასჩერებოდა.

„მშვენივრად ვმართავდი სიტუაციას“, გაიფიქრა პოლმა. „რატომ ჩამერივნენ?“ მალულად


გადახედა თავის ახლო მჯდომ მამაკაც სტუმრებს. „მოემზადე თავდასხმისათვის? ვისგან?
ნამდვილად არა იმ ბანკირი კაცისგან“.

ჰალეკი სკამზე შეწრიალდა, ალაპარაკდა, მაგრამ გამორჩევით არავისთვის მიუმართავს,


სადღაც, მის პირდაპირ მსხდარი სტუმრების თავების მიღმა სივრცეს უთხრა:

– ჩვენს სინამდვილეში ასე ხელაღებით არაფერი არ უნდა იწყინო კაცმა, თორემ ამას შეიძლება
შეაკვდე კიდეც. – იგი მის გვერდით მჯდარ სარწყულების მწარმოებლის ქალიშვილს
მიუბრუნდა, – არ მეთანხმებით, მის?– ო, დიახ. ნამდვილად გეთანხმებით, – მიუგო მან, –
ამქვეყნად იმდენი ძალადობაა. ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის. ძალიან ხშირად ადამიანის
წყენინებას არც არავინ ფიქრობს, ხალხი კი მაინც იხოცება. რა უაზრობაა.

– მართლაც, უაზრობაა, – დაუდასტურა ჰალეკმა.

ჯესიკამ შეაფასა გოგონას ლამის უზადოდ მორგებული როლი და გააცნობიერა: ეს


თავცარიელი პატარა მდედრი, უბრალოდ, თავცარიელი პატარა მდედრი როდია. მერე
ხიფათის მოდული ამოიცნო და მიხვდა, რომ ჰალეკსაც აღმოეჩინა იგი. ისინი პოლს ქალით
უპირებდნენ ცდუნებას. ჯესიკას გულზე მოეშვა. მისმა შვილმა ეს ალბათ მათზე ადრე
ამოიცნო – მის გაწვრთნილ გონებას ასეთი აშკარა ხრიკი არ გამოეპარებოდა.

კაინსმა ბანკირს მიმართა:

– მორიგი მობოდიშების დრო ხომ არაა?

ბანკირმა დამტკბარი ღიმილი შეაგება ჯესიკას და უთხრა:

– მილედი, ვშიშობ, ზედმეტად შემიყოლია თქვენმა ღვინოებმა. მაგარი ღვინოებით


გაგვიმასპინძლდით, რასაც მე ჩვეული არ ვარ.

ჯესიკამ მის ხმაში ბოღმა დაიჭირა და თბილად უპასუხა:

– როცა ერთმანეთს უცხო ადამიანები ხვდებიან, ბევრ დათმობაზე უწევთ წასვლა – ისინი ხომ
განსხვავებულ გარემოში აღიზარდნენ, ადათებიც სხვადასხვანაირი აქვთ. .

– მადლობა, მილედი, – უთხრა იმან.

სარწყულების მწარმოებლის შავგვრემანი მხლებელი ჯესიკასკენ გადმოიხარა:

– ჰერცოგმა თქვა, რომ აქ დაცული ვიქნებით. იმედი მაქვს, დაცვა არც გახდება საჭირო.

მას დაავალეს, საუბარი ამ მიმართულებით წარემართაო, გაიფიქრა ჯესიკამ.

– როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი არაფერია, – უთხრა ქალს, – მაგრამ ისეთი დროა, უამრავ
წვრილმან საქმეში პირადად ჰერცოგის ჩარევა ხდება აუცილებელი. სანამ ატრეიდესებსა და
ჰარკონენებს შორის შუღლი არსებობს, სიფრთხილე არასოდეს არის ზედმეტი. ჰერცოგმა
კანლის ფიცი დადო. რასაკვირველია, არაკისზე ჰარკონენის არც ერთ აგენტს ცოცხალს არ
დატოვებს, – გილდიის ბანკის აგენტს გადახედა, – და კონვენციაც, თავისთავად, ამაში მხარს
უჭერს. – ახლა კაინსისკენ გაიხედა, – ასე არაა, დოქტორო კაინს?

– ასეა, რა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა კაინსმა.

სარწყულების მწარმოებელმა თავის მხლებელს უკნიდან ფრთხილად დაქაჩა. ქალმა მას


შეხედა და თქვა:

– მგონი, ახლა კი გეახლებით რამეს. შეიძლება, ის ფრინველის კერძი გავსინჯო, ცოტა ხნის წინ
რომ მოგვართვეს?

ჯესიკამ მსახურს ანიშნა და ბანკირს მიუბრუნდა.


– ჰო, სერ, თქვენ გვიყვებოდით ფრინველებსა და მათ ქცევებზე. არაკისზე იმდენი საინტერესო
რამ გავიგე. მითხარით, სუნელს სად მოიპოვებენ? მაძიებლები უდაბნოს სიღრმეში შედიან?

– ო, არა, მილედი, – მიუგო მან, – ღრმა უდაბნოზე ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი. და ლამის
არაფერი ვიცით სამხრეთ რეგიონებზე.

– ამბობენ, სამხრეთ სამანებთან სუნელის უზარმაზარი დედა-საბადო უპოვიათო, – ჩაერია


კაინსი, – მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია, სიმღერების
შესათხზველად მოგონილი. ზოგი გაბედული სუნელის მაძიებელი დროდადრო
ცენტრალური სარტყელის კიდეზე შეაღწევს ხოლმე, მაგრამ ესეც უკიდურესად სახიფათოა:
ნავიგაცია არასაიმედოა, ქარიშხლები ხშირია. ფარკედელის ბაზებიდან რაც უფრო შორს
გადიხარ, ავარიების რიცხვი მით უფრო იზრდება. ძალიან შორს სამხრეთით შესვლა
მომგებიანი არ აღმოჩნდა. აი, ამინდის პროგნოზის თანამგზავრი რომ გვყოლოდა...

ბეუტმა ახედა და პირგამოტენილი ალაპარაკდა:

– ამბობენ, იქ ფრემენები დადიანო. ისინი, სადაც უნდათ, იქ მიდიან და სამხრეთ განედებზეც


კი იპოვეს ნაჟონები და საწრუპებიო.

– ნაჟონები და საწრუპები? – ჩაეკითხა ჯესიკა.

კაინსმა სწრაფად მიუგო:

– უსაფუძვლო ჭორებია, მილედი. ესენი სხვა პლანეტებზე მოიპოვება, არაკისზე კი – არა.


ნაჟონი – ეს ისეთი ადგილია, სადაც წყალი მიწის ზედაპირზე ან ზედაპირთან იმდენად ახლოს
ამოჟონავს, რომ გარკვეული ნიშნების მიხედვით შეიძლება გათხრა და მისი მოპოვება.
საწრუპი – ეს იმგვარი ნაჟონია, საიდანაც წყლის ამოქაჩვა ჩალის ღერით შეიძლება... ასე
ამბობენ.

„რაღაცას მალავს“, დაასკვნა ჯესიკამ.

„ნეტავ, რატომ ტყუის?“ გაიკვირვა პოლმა.

– უაღრესად საინტერესოა, – თქვა ჯესიკამ. და გაიფიქრა: „ასე ამბობენ... რა უცნაური


ფრაზებით ლაპარაკობენ აქ. რომ იცოდნენ, როგორ მეტყველებს ეს იმაზე, რომ აქაურები ასე
დამოკიდებული არიან ცრურწმენებზე!“

– გავიგე, ერთი ასეთი ანდაზა გქონიათ, – თქვა პოლმა, – „ქალაქიდან – ბრჭყვიალები,


უდაბნოდან – სიბრძნეო“.

– არაკისზე ბევრ ანდაზას გაიგონებ, – გაეპასუხა კაინსი.

სანამ ჯესიკა ახალ შეკითხვას ჩამოაყალიბებდა, მისკენ მსახური დაიხარა და ბარათი გადასცა.
გახსნა, ჰერცოგის ხელწერა და შიფრის ნიშნები დაინახა, ნაწერი გადაიკითხა.

– სასიხარულო შეტყობინება მივიღე, – უთხრა სტუმრებს, – ჩვენი ჰერცოგი დამამშვიდებელ


ამბავს გვაუწყებს. ის საკითხი, რის გამოც მას წასვლა მოუწია, მოგვარდა. დაკარგული
გადამტანი იპოვეს. ჰარკონენების აგენტმა, რომელიც ეკიპაჟის წევრი იყო, დაჯაბნა
დანარჩენები და მანქანა კონტრაბანდისტების ბაზისკენ გაიტაცა; იმედი ჰქონდა, იქ გაყიდდა.
კაციც და ხომალდიც ჩვენს ძალებს დაუბრუნდა.– მან ტუეკს თავი დაუქნია.
კონტრაბანდისტმაც იმავე ჟესტით უპასუხა.

ჯესიკამ ბარათი ისევ დაკეცა და სახელოში შეიცურა.

– მიხარია, საქმე შეტაკებამდე რომ არ მივიდა, – თქვა ბანკირმა, – ხალხს ისეთი იმედი აქვს,
რომ ატრეიდესები მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანენ.

– განსაკუთრებით კეთილდღეობის იმედი აქვთ, – თქვა ბეუტმა.

– ჩაროზზე ხომ არ გადავიდეთ? – იკითხა ჯესიკამ, – მზარეულს კალადანური ტკბილეული


მოვამზადებინე – პონგი ბრინჯი დოლსას სოუსით.

– დიდებულად ჟღერს, – განაცხადა სარწყულების მწარმოებელმა, – რეცეპტის გაგება


შეიძლება?

– ნებისმიერ რეცეპტს მოგართმევთ, რომელსაც კი ისურვებთ, – ჯესიკამ „ჩაიწერა“ იგი, მერე


ჰავატთან რომ გაერჩია. სარწყულების მწარმოებელი მშიშარა პატარა კარიერისტი იყო და მისი
მოსყიდვა ძნელი არ ჩანდა.

გარშემო არაფრისმთქმელი საუბრები განახლდა: „რა მშვენიერი ქსოვილია...“ „ახლა იმ


ძვირფასი თვლის შესაფერის ბუდეს ამზადებინებს...“ „შემდეგ კვარტალში შეიძლება
წარმოების გაზრდა ვცადოთ...“

ჯესიკა თავის თეფშს ჩააცქერდა და ლეტოს ბარათის დაშიფრულ ნაწილზე დაფიქრდა:


„ჰარკონენებმა ლაზთოფების შემოზიდვა სცადეს. ჩვენ ტვირთი დავაკავეთ, მაგრამ ეს
შეიძლება ნიშნავდეს, რომ მანამდე სხვა პარტიის შემოტანა მოახერხეს. და ნამდვილად
მიუთითებს იმაზე, რომ მათ ფარები დიდ დაბრკოლებად არ მიაჩნიათ. მიიღე შესაბამისი
ზომები“.

ჯესიკა ლაზთოფებზე დაფიქრდა. გამანადგურებელ თეთრ-ვარვარა სხივებს ნებისმიერ


მასალაში შეღწევა შეეძლო, თუ ეს მასალა ფარით არ იყო დაცული. ის ფაქტი, რომ ფართან
შეხლისას საპასუხო რეაქციამ შეიძლება ლაზთოფიც ააფეთქოს, ჩანს, ჰარკონენებს არ
აწუხებდათ. რატომ? ლაზერის სხივით ფარის აფეთქება სახიფათოდ ცვალებადი ბუნებისა
იყო: შეიძლება, ატომურ აფეთქებაზე მძლავრი გამომდგარიყო და შეიძლება მხოლოდ
მსროლელი და ფარით დაცული მისი სამიზნე დაეხოცა.

ეს შეუსაბამობები ქალს მოსვენებას უკარგავდა.

პოლმა თქვა:

– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადამტანს ვიპოვიდით. თუ მამაჩემი პრობლემის გადაჭრას


დაისახავს მიზნად, კიდევაც გადაჭრის. ჰარკონენები ახლა იწყებენ ამის გაგებას.

„ტრაბახობს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „კაცს, რომელიც ამაღამ ღრმა მიწისქვეშა სარდაფში


დაიძინებს, რომ ლაზთოფებს დაემალოს, ტრაბახის უფლება არა აქვს“.

17* * *
„ამას ვერსად წაუხვალ – ჩვენ წინაპართა ძალადობას ვზღავთ“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

ჯესიკას დიდი დარბაზიდან ხმაური მოესმა და საწოლის გვერდით სინათლე აანთო. ეს საათი
ადგილობრივ დროზე ზუსტად არ დაეყენებინათ და ოცდაერთი წუთი უნდა გამოეკლო – ანუ,
დაახლოებით ღამის ორი საათი გამოდიოდა.

ხმაური ძლიერი და გაურკვეველი იყო.

„ჰარკონენები დაგვესხნენ თავს?“

საწოლიდან გადმოსხლტა და მონიტორებს შეხედა, რომ ენახა, სად იყვნენ მისი ოჯახის
წევრები. ეკრანზე ჩანდა, რომ პოლს ეძინა, სარდაფის იმ ოთახში, ნაჩქარევად რომ მოუწყვეს
საძინებლად. ჰერცოგის ოთახში არავინ ჩანდა. მისი საწოლი ხელუხლებელი იყო. „ჯერ კიდევ
აეროდრომის სამეთაურო პოსტზეა?“

სახლის შესასვლელის მონიტორი ჯერ არ ჰქონდა.

ჯესიკა შუა ოთახში დადგა და ყური მიუგდო.

ვიღაც ხმამაღლა, გაურკვევლად ყვიროდა. მერე ექიმ იუეს დაუძახეს. ჯესიკამ ხალათი
მოძებნა, მხრებზე მოისხა, ფეხები ჩუსტებში წაყო, ფეხზე კრისდანა მიიბა.

ხმამ ისევ იუეს მოუხმო.

ჯესიკამ ხალათი ქამრით შეიკრა და დერეფანში გამოვიდა. უცებ გაუელვა: „ვაითუ, ლეტო
დაშავებულია?“

ქალი გარბოდა, ეჩვენებოდა, რომ დერეფანი უსასრულოდ გაიწელა. მის ბოლოს თაღიან კარში
შეუხვია, სასადილო დარბაზს ჩაუქროლა და დერეფანს მიჰყვა დიდი დარბაზისკენ, რომელიც
გაკაშკაშებული დახვდა. ყველა ტივტივა ნათურა მაქსიმალური სიმძლავრით ენთო.

მარჯვნივ, სადარბაზო შესასვლელის ახლოს, ჯესიკამ დაინახა ორი მცველი, რომლებსაც


შუაში დუნკან აიდაჰო ჩაეყენებინათ. მას თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა. უეცარი,
სულშეგუბებული მდუმარება იდგა.

ერთმა მცველმა აიდაჰოს საყვედურით მიმართა:

– ხედავ, რა ქენი? ლედი ჯესიკა გააღვიძე.

მათ უკან დიდი ფარდები იბერებოდა; ეტყობოდა, რომ სადარბაზო კარი ღია იყო. არც
ჰერცოგი ჩანდა სადმე, არც იუე. განზე მეიპსი იდგა და ცივად შესცქეროდა აიდაჰოს. ქალს
გრძელი ყავისფერი კაბა ეცვა, რომელსაც ქობაზე კლაკნილი ზოლი დაჰყვებოდა. ფეხები
თასმებშეხსნილ უდაბნოს ჩექმებში წაეყო.

– ანუ ლედი ჯესიკა გავაღვიძე, – ჩაიბურტყუნა აიდაჰომ. სახე ჭერისკენ ააპყრო და


დაიღრიალა: – ჩმი ხმალი სისსხლით პირველად გრამანზე შეიღება!

„დიდო დედაო! მთვრალია!“ გაიფიქრა ჯესიკამ.


აიდაჰოს მუქი, მრგვალი სახე მოჭმუხვნოდა. შავი ცხვრის მატყლის მსგავსი ხუჭუჭი თმა
დამტვეროდა. ჩახეულ კიტელში მოუჩანდა მუნდირის პერანგი, რომელიც მანამდე სადილზე
ეცვა.

ჯესიკა მისკენ გაემართა.

ერთ-ერთმა მცველმა თავი დაუქნია, ოღონდ აიდაჰოსთვის ხელი არ გაუშვია.

– არ ვიცოდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის, მილედი. სადარბაზოსთან ხმაურობდა და


შემოსვლაზე უარს ამბობდა. შეგვეშინდა, რომ ვინმე აქაური ჩაივლიდა და დაინახავდა. ეს კი
სახელს გაგვიტეხდა.

– სად იყო წასული? – იკითხა ჯესიკამ.

– ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი სადილის შემდეგ შინ გააცილა, მილედი. ჰავატის ბრძანებით.

– რომელი ახალგაზრდა ქალი?

– ერთ-ერთი მხლებელი ქალიშვილი. ხომ გესმით, მილედი? – მეიპსს გახედა და ხმას დაუწია,
– როდესაც რომელიმე ქალბატონს განსაკუთრებული თვალყურის დევნება სჭირდება, ამას
ყოველთვის აიდაჰოს ავალებენ.

„ნამდვილად“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მაგრამ რატომაა მთვრალი?“

შუბლი შეიკრა და მეიპსს მიუბრუნდა.

– მეიპს, რამე გამომაფხიზლებელი მოიტანე. ალბათ, კოფეინი გამოდგება. შეიძლება,


სუნელიანი ყავა დარჩა.

მეიპსმა მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ გაემართა. თასმებშეუკრავ უდაბნოს ჩექმებს ქვის


იატაკზე მიაფრატუნებდა.

აიდაჰომ, რომელიც თავს ვერ იჭერდა, ალმაცერად გახედა ჯესიკას.

– ერცოგის გამო სამასს კაცზე მეტი მყავს დაჰოცილი, – ჩაიბურტყუნა მან, – ნეტტა ვიცოდე, აქ
რა მინა? აშმიზლია აქ მიწისს ქვეშ ცხოვრება. მიწაზეც აშმიზლია. ესს რა ადგილია, ვერ გავიგე,
ჰა?

გვერდითა შემოსასვლელთან ხმა გაისმა. ჯესიკა იქით შებრუნდა და დაინახა, რომ მათკენ იუე
მოემართებოდა და მარცხენა ხელით სამედიცინო ჩანთას მოაქანავებდა. ჩაცმულ-დახურული
იყო და გაფითრებული, დაქანცული ჩანდა. შუბლზე მკვეთრად ეტყობოდა რომბის ფორმის
სვირინგი.

– კაიქიმი! – იყვირა აიდაჰომ, – აბა, რა ხარ, დოკ? წამმლები როიცის, ის კაცი არ ხარ? –
დაბინდული მზერა ჯესიკას მიაპყრო, – სსულელივით ვქცევი, ჰა?

ჯესიკამ წარბიი შეკრა, გაოცებას იყო. „რატომ დათვრა აიდაჰო? ან იქნებ რამე დაალევინეს?“

– ძაან ბევრი სუნელიანი ლუდი დავლიე, – აიდაჰო ცდილობდა, გამართულიყო.


მეიპსი დაბრუნდა, ხელში ორთქლადენილი ჭიქა ეჭირა. ის ყოყმანით გაჩერდა იუეს უკან და
ჯესიკას შეხედა. მან თავი გაუქნია.

იუემ ჩანთა იატაკზე დადო, ჯესიკას სალმის ნიშნად თავი დაუკრა და გაიმეორა:

– მაშ, სუნელიანი ლუდი?

– ეგგეთი გემიელი ააფერი დამილევია, – უთხრა აიდაჰომ. სცადა, სმენაზე გაჭიმულიყო, – ჩმი
ხმალი სისსხლით პირველად გრამანზე შეიღება! მოვკალი ჰარკონ... ჰარკონ... ერცოგისთვის
მოვკალი!

იუე მიტრიალდა, მეიპსის ფინჯანს შეხედა.

– ეს რა არის?

– კოფეინი, – მიუგო ჯესიკამ.

იუემ ფინჯანი გამოართვა და აიდაჰოს გაუწოდა.

– დალიე ეს, ბიჭი.

– ამინა მეტი დალევა.

– დალიე-მეთქი!

აიდაჰომ იუესკენ ჩაიქნია თავი, ერთი ნაბიჯი წადგა და მცველებიც თან გაითრია.

– მაგრა ყეშიამოიდა მპერატორული სამსახური, დოკ. ეთხელ მაინც ჩემჭკუაზე ვიზამთ.

– ამას რომ დალევ, მერე, – უთხრა იუემ, – კოფეინია, მეტი არაფერი.

– ეგეც ნეხვია,ოგორც ყველაფეი აქ! ეგ მზე ჰო ტვინსბურღავს, აფერსთავისი ფერი არააქ.


ყველაფეი სხვანაირია ან...

– ახლა ხომ ღამეა, – დაუყვავა იუემ, – დალიე, აბა, ჭკვიანად. უკეთ გახდები.

– ამინდა უკეთთ!

– მთელ ღამეს დავაში ხომ ვერ გავატარებთ, – თქვა ჯესიკამ. და გაიფიქრა: „აქ შოკით
მკურნალობაა საჭირო“.

– აუცილებელი არაა, თქვენ აქ დარჩეთ, მილედი, – უთხრა იუემ, – ეს მე მომანდეთ.

ჯესიკამ თავი გაიქნია, წინ წადგა ნაბიჯი და აიდაჰოს სილა გააწნა.

ის თავის მცველებიანად უკან გადაბარბაცდა და ქალს მიაშტერდა.

– შენი ჰერცოგის სახლში ასე არ უნდა იქცეოდე, – უთხრა ჯესიკამ. იუეს ხელიდან ისე
გამოსტაცა ფინჯანი, რომ ნაწილი დაეღვარა, და აიდაჰოს გაუწოდა, – აბა, დალიე! გიბრძანებ!

აიდაჰო წელში გასწორდა, დაბღვერილი დააცქერდა ზემოდან. ნელა, გამოზომილად და


სწორად წარმოთქვა:
– ჰარკონენების წყეული მსტოვრისგან ბრძანებას არ ვიღებ.

იუე გაშეშდა, მერე შებრუნდა და ჯესიკას შეხედა.

ქალს სახე გაუფითრდა, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა. ყველაფერი ცხადი გახდა
მისთვის – ახლა კი გაამთლიანა გარშემომყოფთა სიტყვებისა და ქცევის მნიშვნელობის
ნაკუწები და საერთო აზრი დაინახა. ლამის უმართავმა რისხვამ შეიპყრო. მთელი ბენე
გესერიტისეული წვრთნის მოხმობა დასჭირდა, გულისცემა რომ დაეოკებინა და სუნთქვა
დაწყნარებოდა. ამის მერეც კი გრძნობდა, რომ ბრაზის ალი ედებოდა.

„ქალბატონების თვალთვალს ყოველთვის აიდაჰოს აკისრებდნენ!“

იუეს გახედა. ექიმმა მზერა დახარა.

– იცოდით? – პასუხი მოსთხოვა ჯესიკამ.

– მე... ჭორები გავიგე, მილედი, მაგრამ არ მსურდა, თქვენთვის საფიქრალი მომემატებინა.

– ჰავატი! – მოჭრა ჯესიკამ, – მსურს, ახლავე თუფეა ჰავატი მომგვარონ!

– მაგრამ, მილედი...

– ახლავე!

სხვისი ბრალი ვერ იქნებოდა, ჰავატის გარდა. ნებისმიერი სხვა წყაროდან წამოსულ ასეთ ეჭვს
დაუყოვნებლივ უარყოფდნენ.

აიდაჰომ თავი გაიქნია.

– ჯანდაბას ყველაფერი, – ჩაილუღლუღა.

ჯესიკამ დახედა ფინჯანს, ხელში რომ ეჭირა და შიგ ჩარჩენილი ყავა აიდაჰოს სახეში შეასხა.

– აღმოსავლეთ ფრთაში, ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში ჩაკეტეთ, – ბრძანა მან, – იქ გამოიძინოს.

ორივე მცველი საწყალობელი სახით შეაცქერდა. ერთმა გაუბედა:

– ხომ არ ჯობია, სადმე სხვაგან წავიყვანოთ, მილედი. ჩვენ შეგვიძლია...

– აქ უნდა იყოს! – შეუტია ჯესიკამ, – აქ აქვს საქმე. – თქვა მწარედ, – ქალების თვალთვალში
ბადალი არ ჰყავს.

მცველმა ნერწყვი გადაყლაპა.

– იცით, ჰერცოგი სადაა? – იკითხა ჯესიკამ.

– სამეთაურო პოსტზეა, მილედი.

– ჰავატიც მასთანაა?

– ჰავატი ქალაქშია, მილედი.


– დაუყოვნებლივ მომიყვანეთ ჰავატი, – გაიმეორა ჯესიკამ, – რომ მოვა, ჩემს სასტუმრო
ოთახში დავხვდები.

– მაგრამ, მილედი...

– თუ აუცილებელი გახდება, ჰერცოგს დავურეკავ, – განაგრძო ჯესიკამ, – მაგრამ იმედი მაქვს,


აუცილებელი არ იქნება. არ მინდა, ამითაც ავაღელვო.

– დიახ, მილედი.

ჯესიკამ ცარიელი ფინჯანი მეიპსს მიაჩეჩა, ლურჯი-ლურჯზე თვალების კითხვიან მზერას


წააწყდა.

– შეგიძლია, ისევ დაწვე, მეიპს.

– ნამდვილად არ დაგჭირდებით?

– ნამდვილად, მეიპს, – მწარედ გაიღიმა ჯესიკამ.

– იქნებ ხვალამდე გადადება შეიძლებოდეს, – თქვა იუემ, – დამაწყნარებელს მოგცემდით და...

– თქვენ დაბრუნდებით თქვენს ოთახებში და დამაცდით, ეს ისე მოვაგვარო, როგორც მე


მიმაჩნია საჭიროდ, – უთხრა ჯესიკამ და ამ მკვახე ბრძანების შესარბილებლად ექიმს მკლავზე
მოუთათუნა ხელი, – სხვანაირად არ გამოვა.

მერე მკვეთრად შებრუნდა და თავაწეული გაემართა თავისი ოთახებისკენ. ცივი კედლები...


ტალანები... ნაცნობი კარი... კარი გამოაფრიალა, სწრაფი ნაბიჯით შევიდა და ზურგს უკან
მიიჯახუნა. შუა ოთახში დადგა და სასტუმრო ოთახის ფარით გამქრქალებულ ფანჯრებზე
გაუჩერდა მზერა. ჰავატი! შეიძლება, ისიც ჰარკონენებს ეყიდათ? მაგასაც ვნახავთ.

ჯესიკამ ოთახი გადაჭრა, მივიდა ძველებურ სავარძელთან, რომელსაც შლაგის მოქარგული


ტყავი ჰქონდა გადაკრული, ისე გამოსწია, რომ კარისთვის ეცქირა. უცებ ძალიან ცხადად
იგრძნო ფეხზე მიბმულ ქარქაშში ჩაცურებული კრისდანა. ქარქაში შეიხსნა და მკლავზე მიიბა;
მოსინჯა, როგორ ვარდებოდა იქიდან დანა. მან კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და
ყველაფერს ადგილი მიუჩინა გონებაში, რომ საშიშროების შემთხვევაში გამოეყენებინა:
კუთხესთან შეზლონგი დგას, კედლის გასწვრივ – სკამები, ორი დაბალი მაგიდა, საძინებელში
გასასვლელ კართან, სადგამზე – მისი ციტრა.

ტივტივა ნათურებიდან მკრთალი ვარდისფერი შუქი იღვრებოდა. ჯესიკამ შუქს ჩაუწია,


სავარძელში ჩაჯდა, გადასაკრავს ხელი გადაუსვა და კმაყოფილი დარჩა – სავარძლის მეფური
სიმძიმე ამჯერად მისთვის ხელსაყრელი იყო.

„ახლა კი მოვიდეს! აბა, ვნახოთ, ერთი, რა მოხდება“. და ბენე გესერიტული ხერხით


ლოდინისთვის შეიმზადა თავი – მოთმინებით აღიჭურვა, ძალებს ზოგავდა.

კარზე კაკუნი იმაზე ადრე გაისმა, ვიდრე მოელოდა. ჯესიკამ ნება დართო ჰავატს,
შემოსულიყო.

ქალი არ ამდგარა, ისე დააკვირდა შემოსულს. მის მოძრაობებში წამლით მოგვრილი შუშხუნა
ენერგია დაინახა და მის მიღმა დაქანცულობაც შენიშნა. ჰავატს აცრემლებული ბებრული
თვალები უბრწყინავდა, მის ხმელ კანს ოთახის შუქზე მოყვითალო ფერი დასდებოდა;
მარჯვენა სახელოზე ფართო სველი ლაქა აჩნდა.

ჯესიკამ სისხლი იცნო.

ერთ-ერთ სწორზურგიან სკამზე მიუთითა და უთხრა:

– ის სკამი მოიტანე და ჩემ პირდაპირ დაჯექი.

ჰავატმა თავი დაუკრა, დამორჩილდა. ის ლოთი ტუტუცი აიდაჰოო, გაივლო გულში. ჯესიკას
სახეზე დააკვირდა, ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა თავის დაძვრენა.

– კარგა ხანია, დროა, გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენ შორის, – უთხრა ჯესიკამ.

–რამ შეაწუხა მილედი? – ჰავატი დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.

– თავს ნუ იკატუნებ! – მიახალა ჯესიკამ, – იუეს თუ არ უთქვამს, რატომ დაგიბარე, ჩემს


სასახლეში ჩანერგილი რომელიმე შენი ჯაშუში მოგახსენებდა. იქნებ ამდენად გულახდილები
მაინც ვიყოთ ერთმანეთთან?

– როგორც ინებებ, მილედი.

– ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე: ახლა შენ ჰარკონენების აგენტი ხარ?

ჰავატი სანახევროდ წამოიწია სკამიდან, სახე რისხვით მოეღრუბლა და ჯესიკას შეუტია:

– როგორ მიბედავ ასეთ შეურაცხყოფას?

– დაჯექი, – გააფრთხილა ჯესიკამ, – შენ არ მოერიდე ჩემს ასეთ შეურაცხყოფას.

ჰავატი ისევ ნელა დაეშვა სკამზე.

და ჯესიკამ, მისთვის ასე კარგად ნაცნობ სახეზე ოდნავი მინიშნებები რომ ამოიკითხა, ბოლოს
და ბოლოს, შვებით ამოისუნთქა. მოღალატე ჰავატი არ იყო.

– ახლა ვიცი, რომ ჩემი ჰერცოგის ერთგული რჩები, – უთხრა თუფეას, – ამიტომ მზად ვარ,
გაპატიო, ტალახში რომ ამომსვარე.

– განა რამე მაქვს საპატიებელი?

ჯესიკა მოიღუშა და გაიფიქრა: „ვითამაშო ჩემი კოზირით? ვუთხრა ჰერცოგის ასულზე,


რომელიც, ეს რამდენიმე კვირაა, ჩემში ცოცხლობს? არა... ჯერ თვითონ ლეტომაც კი არ იცის.
ეს მას მხოლოდ გაურთულებს ცხოვრებას, ყურადღებას გაუფანტავს, მაშინ, როცა ჩვენს
გადარჩენაზე უნდა იფიქროს. ამის გამოყენების დროც მოვა“.

– ამას მართლისმცნობი გადაგვიწყვეტდა, – თქვა ჯესიკამ, – მაგრამ უმაღლესი კოლეგიის მიერ


დასახელებული მართლისმცნობი არ გვყავს.

– მართალს ბრძანებთ. არ გვყავს მართლისმცნობი.

– ჩვენ შორის არის მოღალატე? – ჰკითხა ჯესიკამ, – ჩვენიანები უდიდესი დაკვირვებით


შევისწავლე. ვინ შეიძლება იყოს? გურნი – არა. ნამდვილად ვიცი, რომ არც დუნკანი. მათ
მოადგილეებს არა აქვთ ისეთი სტრატეგიული პოზიცია, რომ ისინი განიხილო. შენ არ ხარ,
თუფეა. პოლი ვერ იქნება. მე რომ არ ვარ, ვიცი. აბა, მაშინ, ექიმი იუე? დავუძახო და
გამოვცადო?

– ხომ იცით, ფუჭი გარჯა იქნება. ის უმაღლესი კოლეჯის მომზადებულია. ეს


დანამდვილებით ვიცი.

– მას ბენე გესერიტი ცოლი ჰყავდა, რომელიც ჰარკონენებმა მოუკლეს.

– აი, თურმე რა დამართია იმ ქალს, – ჩაილაპარაკა ჰავატმა.

– ჩემზე ეგ ეჭვი რამ გაგიჩინა? – ჰკითხა ჯესიკამ.

ჰავატი მოიღუშა.

– მილედი თავის მსახურს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ჩემი უპირველესი ვალი


ჰერცოგის ერთგულებაა.– მე მზად ვარ, მაგ ერთგულების გამო ბევრი რამ შეგინდო, – მიუგო
ქალმა.

– და ისევ უნდა ვიკითხო: მაქვს განა რამე შესანდობი?

– ასე წრეზე ვიტრიალოთ?

ჰავატმა მხრები აიჩეჩა.

– მაშ, მოდი, ერთი წუთით სხვა რამეზე დავფიქრდეთ, – თქვა ჯესიკამ, – დუნკან აიდაჰოზე, ამ
დიდებულ მებრძოლზე, რომელიც მცველისა და მოთვალთვალის წარმოუდგენელი უნარით
არის აღჭურვილი. ამ საღამოს ზედმეტი მოუვიდა რაღაც სასმელი, სუნელიან ლუდს რომ
ეძახიან. როგორც მაცნობეს, ჩვენებს შორის სხვებიც გაუბრუებია ამ სასმელს. მართალია?

– თქვენ ხომ გაცნობეს, მილედი.

– დიახ. ამ სასმელზე მიძალებას სიმპტომად ვერ აღიქვამ, თუფეა?

– მილედი გამოცანებით ლაპარაკობს.

– მოუხმე შენს მენტატის უნარს! – შეუყვირა ჯესიკამ, – რა სჭირთ დუნკანს და სხვებს? ოთხი
სიტყვით გეტყვი: მათ სახლი არა აქვთ!

ჰავატმა იატაკს დააშვირა თითი.

– არაკისი – აი, მათი სახლი.

– არაკისი უცხოა! კალადანი იყო მათი სახლი, ჩვენ კი ამოვძირკვეთ ისინი. და ახლა სახლი არა
აქვთ. და შიშობენ, რომ ჰერცოგი მათ უმტყუნებს.

ჰავატი დაიძაგრა.

– ეს სიტყვები სხვას რომ ეთქვა, მოუწევდა...

– ოჰ, გეყოს, ჰავატ. ექიმს ფარ-ხმლის დაყრაში ან ღალატში ეთვლება, თუ დაავადებას სწორად
განსაზღვრავს? ჩემი მიზანი მხოლოდ დაავადების განკურნებაა.
– ასეთ რამეებს ჰერცოგი მე მავალებს.

– მაგრამ ხომ გესმის, რომ ამ დაავადების მიმდინარეობა, სრულიად ბუნებრივი მიზეზების


გამო, მეც მაფიქრებს. და შეიძლება, არც უარყო, რომ ამ საკითხში რაღაც-რაღაცები გამეგება.

„შოკის ხერხს ხომ არ მივმართო?“ გაიფიქრა ჯესიკამ. „კარგი შენჯღრევა სჭირდება – ისეთი
რამ, რაც ჩვეული რიტმიდან ამოაგდებს.– რის გამო გაფიქრებს, ამას შეიძლება ბევრი მიზეზი
მოეძებნოს, – მხრები აიჩეჩა ჰავატმა.

– ანუ უკვე დამდე ბრალი?

– რასაკვირველია, არა, მილედი. მაგრამ გარისკვას ვერ გავბედავ, იცი, რა სიტუაციაშიც ვართ.

– ჩემს შვილს შენ ცხვირწინ დაემუქრა სიკვდილი აქ, სწორედ ამ სახლში. ეს ვინღა გარისკა?

თუფეას სახე მოეღრუბლა.

– მე ჰერცოგს გადადგომა ვთხოვე.

– მე თუ მთხოვე, გადავდგებიო... ან პოლს?

ახლა ჰავატი აშკარად ბრაზობდა. ამას ამჟღავნებდა მისი აჩქარებული სუნთქვა, დაბერილი
ნესტოები, დაჟინებული მზერა. ჯესიკამ შენიშნა, როგორ უცემდა საფეთქელზე დაბერილი
ძარღვი.

– მე ჰერცოგის კაცი ვარ, – გამოსცრა კბილებში.

– მოღალატეს ტყუილად ვეძებთ, – უთხრა ჯესიკამ, – საფრთხე რომელიღაც სხვა მხრიდან


გვემუქრება. შეიძლება, ეს ლაზთოფებს უკავშირდება. შეიძლება, გაბედონ და სახლის ფარს
რამდენიმე შენიღბული, საათისმექანიზმიანი ლაზთოფი დაუმიზნონ. შეიძლება...

– და აფეთქების მერე ვინ დაამტკიცებს, რომ ის ატომური არ იყო? – ჰკითხა ჰავატმა, – არა,
მილედი. ასეთი უკანონობის ჩადენას ვერ გაბედავენ. რადიაცია დიდხანს რჩება. სამხილების
მოსპობა ძნელია. ისინი ძირითად კანონებს დაიცავენ . მოღალატეს დაეყრდნობიან.

– ჰერცოგის კაცი ხარ, – გესლიანად ჩაიცინა ჯესიკამ, – და ისე ეცდები მის დაცვას, რომ
დაღუპავ?

ჰავატმა ღრმად ჩაისუნთქა და უთხრა:

– თუ უდანაშაულო ხარ, უმორჩილესად შეგევედრები შენდობას.

– ერთი, საკუთარ თავს დააკვირდი, თუფეა, – უთხრა ჯესიკამ, – ადამიანები ყველაზე კარგად
მაშინ გრძნობენ თავს, როცა ყველას თავისი ადგილი აქვს, როცა ყველამ ზუსტად იცის, ამა თუ
იმ მოწესრიგებულ სისტემაში სადაა მისი ადგილი. მოსპე ეს ადგილი და ადამიანიც მოისპობა.
მე და შენ, თუფეა, იმ ადამიანებს შორის, რომლებისთვისაც ჰერცოგი ძვირფასია, ერთმანეთის
ადგილების გასანადგურებლად საჭირო იდეალური პოზიცია გვიჭირავს. განა არ შემეძლო,
ღამღამობით ჰერცოგისთვის შენზე რაღაც-რაღაცები ჩამეწვეთებინა ყურში? იმ სიტუაციაში,
როცა ის ასეთ ჩურჩულით ნათქვამს ყველაზე მეტად დაიჯერებდა? უფრო გარკვევით ხომ არ
გითხრა, თუფეა?
– მემუქრები? – ჩაიღრინა მან.

– რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მიგითითებ, რომ ვიღაც გვიტევს და ამისთვის ჩვენი
ცხოვრების მოწყობის სისტემას, მის საფუძველს იყენებს. ძალიან ჭკვიანური სვლაა,
დემონურად ჭკვიანური. მე გთავაზობ, ამ თავდასხმის მოსაგერიებლად ისე მოვაწყოთ ჩვენი
ცხოვრება, რომ მათი ეკლების შემოსაღწევად ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეს.

– შენ მაბრალებ, რომ ჰერცოგს უსაფუძვლო ეჭვები მე ჩავაწვეთე ყურში?

– დიახ, უსაფუძვლო.

– და ამის საპირისპიროდ შენ შენსას ჩააწვეთებ?

– ყურში ჩაწვეთება შენი ცხოვრებაა, თუფეა, ჩემი კი არა.

– ჩემს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებ?

ჯესიკამ ამოიოხრა.

– თუფეა, მე მინდა, დააკვირდე შენს ემოციურ ჩართულობას ამ ამბავში. ადამიანი თავისი


ბუნებით არის ცხოველი, რომელსაც ლოგიკა არა აქვს. ის, რომ შენ ყოველივეს ლოგიკას არგებ,
ბუნებრივი საქციელი არაა, მაგრამ დასაშვებია, რადგან სარგებელი მოაქვს. შენ ხარ ლოგიკის
განსახიერება – მენტატი, ოღონდ პრობლემის გადაჭრის შენეული კონცეფციები, პირდაპირი
მნიშვნელობით, შენ გარეთაა ფოკუსირებული, მათი შესწავლაც შეიძლება და გადაბრუნ-
გადმობრუნებაც, მათზე ყოველი მხრიდან დაკვირვება.

– ახლა გინდა, ჩემი საქმე მასწავლო? – ჰკითხა ჰავატმა და არც უცდია, აგდებული ტონი
დაეფარა.

– ყველაფერი, რაც შენ გარეთაა, შეიძლება დაინახო და ლოგიკა მოარგო მას, – უთხრა ჯესიკამ,
– მაგრამ ადამიანს ახასიათებს, რომ, როცა პირად პრობლემებს აწყდება, ყველაზე მეტად
უჭირს სწორედ ყველაზე სიღრმისეულად პირადი ამბების გარეთ გამოტანა, მათი
ლოგიკისთვის გადაცემა გასაჩხრეკად და გასარჩევად. ასეთ დროს გვირჩევნია, მივედ-
მოვედოთ, მიზეზი ვეძებოთ ყველგან, ოღონდ არ ვიპოვოთ ის ჭეშმარიტი, ჩვენს არსებაში
ღრმად ჩამჯდარი მიზეზი, რომელიც სინამდვილეში ყველაფრის გამომწვევია.

– შენ განზრახ ცდილობ, საკუთარი მენტატური შესაძლებლობების რწმენა შემირყიო, – ხმა


ჩაეხრინწა ჰავატს, – ვინმე სხვა ჩვენიანისთვის რომ შემეტყო, ამგვარად ცდილობს ჩვენი
არსენალის ნებისმიერი სხვა იარაღის დაზიანებას-მეთქი, არც შევყოყმანდებოდი, ისე
დავდებდი ბრალს და გავანადგურებდი.

– საუკეთესო მენტატი ისაა, ვინც საღი თვალით უყურებს თავის გამოთვლებში შეცდომის
დაშვების შესაძლებლობას, – თქვა ჯესიკამ.

– მეც მუდამ ამას ვამბობ!

– მაშინ გამოიყენე შენი უნარი იმ სიმპტომების გასაანალიზებლად, რომლებიც ორივემ კარგად


დავინახეთ: ჯარისკაცების ლოთობა, ჩხუბი; ისინი მითქმა-მოთქმას უგდებენ ყურს და
ერთმანეთს არაკისის შესახებ დაუჯერებელ ჭორებს უყვებიან; ყურადღებას არ აქცევენ
უმარტივეს...
– მაგაში დამნაშავეა უსაქმურობა, მეტი არაფერი, – არ დააცალა ჰავატმა, – ნუ ცდილობ, ჩემი
ყურადღება სხვა რამეზე იმით გადაიტანო, რომ სრულიად მარტივი რამეები გამოუცნობ
მოვლენებად მომაჩვენო.

ჯესიკა უსიტყვოდ მიაჩერდა და დაფიქრდა ჰერცოგის ჯარისკაცებზე, ყაზარმებში ერთმანეთს


თავიანთ ჭირ-ვარამს რომ უზიარებდნენ; იქ ლამის ძაბვას გრძნობდი ჰაერში, ლამის დამწვარი
იზოლაციის სუნი დამდგარიყო. „ისინი გილდიამდელი ჟამის ლეგენდის ჯარისკაცებს
ემსგავსებიან“, გაიფიქრა მან, „დაკარგული ვარსკვლავთმკვლევის, ამპოლიროსის
ჯარისკაცებს, რომლებიც უკვე ვეღარ იტანენ საკუთარ სამსახურსა და იარაღს; რომლებიც
მარად დაეძებენ, მარად მზადმყოფნი და მარად მოუმზადებლები.

– სრულად რატომ არასოდეს გამოგიყენებია ჩემი უნარი ჰერცოგის სამსახურში ყოფნისას? –


ჰკითხა ჯესიკამ, – მეტოქის ხომ არ გეშინოდა?

მან რისხვით შეხედა; ბებრული თვალები უკვესავდა.

– ვიცი რაღაც-რაღაცები, რასაც გასწავლიან თქვენ, ბენე გესერიტ... – სიტყვა გაწყვიტა და


შუბლი შეიკრა.

– მიდი, ბოლომდე თქვი, – წააქეზა ჯესიკამ, – ბენე გესერიტ ალქაჯებს.

– ვიცი, სინამდვილეში რასაც გასწავლიან, – განაგრძო ჰავატმა, – პოლში დავინახე ეგ. მე ვერ
მომატყუებთ იმით, რასაც თქვენი სკოლები ხალხს ეუბნებიან: „არსებობთ, რათა იმსახუროთ“.

შოკი ძლიერი უნდა იყოს და ამისთვის თითქმის მზადააო, გაიფიქრა ჯესიკამ.

– საბჭოზე ყოველთვის პატივისცემით მისმენ, – მიმართა მენტატს, – მაგრამ ჩემს რჩევას


იშვიათად ითვალისწინებ. რატომ?

– შენს ბენე გესერიტულ მოტივებს არ ვენდობი, – მიუგო მან, – გეგონოს, თუ გინდა, რომ კაცს
თავიდან ბოლომდე ხედავ; გეგონოს, რომ შეგიძლია, კაცს ზუსტად ის გააკეთებინო, რაც შენ...

– შე საწყალო ბრიყვო თუფეა! – იფეთქა ჯესიკამ.

ის მოიღუშა და სკამზე უკან მიიწია.

– რა ჭორებიც არ უნდა გსმენოდეს ჩვენს სკოლებზე, – უთხრა ჯესიკამ, – სიმართლე


გაცილებით მეტია. მე რომ ჰერცოგის განადგურების სურვილი მქონოდა... ან შენი, ან
ნებისმიერი სხვა ვინმესი ჩემ გარშემო, შენ მე ვერ შემაჩერებდი.

და გაიფიქრა: „რატომ ვაძლევ ნებას სიამაყეს, ასეთი სიტყვები წამომაცდენინოს? ჩემთვის ეს


არ უსწავლებიათ. შოკში ასე კი ვერ ჩავაგდებ“.

ჰავატმა ხელი შეიცურა კიტელში, სადაც მოწამლული ნემსების სატყორცნი პატარა იარაღი
ედო ხოლმე. „ჯესიკას ფარი არ უკეთია“, გაიფიქრა მან. „უბრალოდ, ტრაბახობს? ახლავე
შემიძლია მისი მოკვლა... მაგრამ, ოოჰჰ, რა ამბავი დატრიალდება, თუ ვცდები“.

ჯესიკამ შეამჩნია მისი ჯიბისკენ წაღებული ხელი და უთხრა:

– მოდი, ვილოცოთ, რომ ჩვენ შორის არასოდეს იქნება საჭირო ძალადობა.


– ღირს ლოცვად, – დაეთანხმა ჰავატი.

– ამასობაში კი ამ ავადმყოფობამ ჩვენც დაგვრია ხელი. ისევ უნდა გკითხო: განა უფრო
გონივრული არ არის, ვივარაუდოთ, რომ ეს ეჭვი ჰარკონენებმა დათესეს, ჩვენი
ერთმანეთისთვის დაპირისპირების მიზნით?

– როგორც ჩანს, ისევ წრეზე სიარულს ვიწყებთ, – თქვა ჰავატმა.

ჯესიკამ ამოიოხრა და გაიფიქრა: „თითქმის მზადაა“.

– მე და ჰერცოგი ჩვენი ქვეშევრდომების დედობილ-მამობილი ვართ, – უთხრა მენტატს, –


ჩვენი სტატუსი...

– მას შენზე არ უქორწინია.

ჯესიკამ თავი აიძულა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, და გაიფიქრა: „კარგი საპასუხო დარტყმა


იყო“.

– მაგრამ სხვასაც არავის შეირთავს, – უთხრა პასუხად, – არა, სანამ მე ცოცხალი ვარ. ჰოდა, იმას
ვამბობდი, დედობილ-მამობილი ვართ-მეთქი. გაწყვიტოს ეს ბუნებრივი კავშირი ჩვენ შორის,
დაგვაბრკოლოს, გაგვთიშოს და დაგვაბნიოს – რა უნდა იყოს ჰარკონენებისთვის ამ სამიზნეზე
უფრო სასურველი?

ჰავატი გრძნობდა, საით მიჰყავდა საუბარი ქალს, და წარბები შეყარა.

– ჰერცოგი? – განაგრძო ჯესიკამ, – დიახ, მიმზიდველი სამიზნეა, მაგრამ არავის, შეიძლება,


პოლის გარდა, მასზე უკეთ არ იცავენ. მე? ნამდვილად, მათთვის მეც მაცდური ლუკმა ვარ,
მაგრამ ალბათ იციან, რომ ბენე გესერიტი ძნელი მოსახელთებელი სამიზნეა. და თანაც,
არსებობს უკეთესიც, კაცი, რომლის მოვალეობები უცილობლად ქმნის უზარმაზარ ბნელ
ლაქას. ის, ვისთვისაც ეჭვი სუნთქვასავით ბუნებრივი რამეა. კაცი, რომლის მთელი ცხოვრება
დამყარებულია მინიშნებებსა და საიდუმლოებებზე, – მარჯვენა ხელი მკვეთრად გაიქნია
მისკენ, – შენ!

ჰავატმა სკამიდან წამოხტომა დააპირა.

– არ გამიშვიხარ, თუფეა! – შეუყვირა ქალმა რისხვით.

ბებერ მენტატს ისე ანაზდად უმტყუნეს კუნთებმა, სკამზე კინაღამ დაეცა.

ჯესიკამ სევდიანად გაიღიმა.

– ახლა შენ იცი ზოგი რამ ჩვენს ნამდვილ წვრთნაზე, – უთხრა მან მენტატს.

ჰავატმა სცადა, გამომშრალ ყელში ნერწყვი გადასვლოდა. ჯესიკას მოთხოვნა მბრძანებლური


იყო, კატეგორიული – იმგვარი კილოთი და სახით წარმოთქმული, რომ შეწინააღმდეგება
შეუძლებელი ხდებოდა. მოხუცის სხეული მანამდე დამორჩილდა ქალის ბრძანებას, სანამ ამას
მისი გონება გაიაზრებდა. ჰავატის პასუხს ვერაფერი შეაჩერებდა – ვერც ლოგიკა, ვერც ცხარე
ბრაზი... ვერაფერი. რაც ქალმა გააკეთა, მეტყველებდა იმაზე, რომ ის დამორჩილებულ
პიროვნებას ზუსტად გრძნობდა და სიღრმისეულად იცნობდა; ადამიანზე ამგვარი სრული
კონტროლის არსებობა თუ შესაძლებელი იყო, ჰავატს ვერც კი წარმოედგინა.
– ადრე მითქვამს შენთვის, ჩვენ ერთმანეთის უნდა გვესმოდეს-მეთქი, – განაგრძო ჯესიკამ, –
ანუ, ეს შენ უნდა გამიგო მე. მე შენ უკვე „გაგებული“ მყავხარ. და გეუბნები, რომ
ჰერცოგისადმი შენი ერთგულება ერთადერთი რამაა, რაც ჩემგან უსაფრთხოების გარანტიას
გაძლევს.

ჰავატი მიაჩერდა და ტუჩები მოილოკა.

– მე რომ მარიონეტთან ცხოვრება მნდომოდა, ჰერცოგი ცოლად შემირთავდა. შეიძლება ისიც


კი ეფიქრა, რომ ასე საკუთარი ნებით მოიქცა.

ჰავატმა თავი დახარა და მეჩხერი წამწამების იქიდან ამოხედა ქალს. მხოლოდ უმძლავრესმა
კონტროლმა შეაძლებინა, მცველების მოხმობისგან თავი შეეკავებინა. კონტროლმა... და ეჭვმა,
რომ ჯესიკას შეეძლო, ეს არ დაენებებინა. კანი დაეხორკლა იმის გახსენებაზე, როგორ
აღმოჩნდა მთლიანად ამ ქალის ხელში. იმ წამს, ჰავატი რომ შეყოყმანდა, ქალს შეეძლო, იარაღი
ამოეღო და მოეკლა იგი!

„ნეტავ, ეს ბნელი ლაქა ყველა ადამიანშია?“ გაიფიქრა მან. „შეიძლება, ნებისმიერ ჩვენგანს
უბრძანონ და გააკეთებინონ, რაც უნდათ, სანამ შეწინააღმდეგებას შევძლებდეთ?“ ამ აზრმა
შეძრა. „ვინ დაუდგება წინ ასეთი ძალის მქონე ადამიანს?“

– შენ ბენე გესერიტის ხელთათმანში მუშტს მოჰკარი თვალი, – უთხრა ჯესიკამ, – მისი
დამნახავი ცოტა თუ დარჩენილა ცოცხალი. თანაც ის, რაც მე გავაკეთე, ჩვენი შედარებით
იოლი ილეთი იყო. ჩემი სრული არსენალი ჯერ არ გინახავს. დაფიქრდი ამაზე.

– რატომ არ გამოხვალ, არ გაანადგურებ ჰერცოგის მტრებს? – ჰკითხა ჰავატმა.

– რა გსურს, რომ გავანადგურო? – კითხვითვე მიუგო ჯესიკამ, – თუ გინდა, ჩვენი ჰერცოგი


სუსტი და უძალო გავხადო, მუდამ ჩემზე იყოს დაყრდნობილი?

– მაგრამ, ასეთი ძალის მქონე...

– ძალა ორლესული იარაღია, თუფეა, – გააწყვეტინა ჯესიკამ, – შენ ახლა ფიქრობ: „რა იოლია
მისთვის, ადამიანი იარაღად გაიხადოს და ეს იარაღი მტერს გულში ჩასცეს“. მართალია,
თუფეა, ასეთი იარაღი შენც კი შემიძლია, ჩაგცე. მაგრამ ამით რას მივაღწევ? ცოტა უფრო მეტი
ბენე გესერიტი რომ ასე მოიქცეს, განა მერე ყველა ჩვენგანს ეჭვით არ დაუწყებენ ცქერას? ჩვენ
ეს არ გვინდა, თუფეა. არ გვსურს, საკუთარი თავი გავინადგუროთ, – თავი დაიქნია, – მართლა
იმისთვის ვარსებობთ, რათა ვიმსახუროთ.

– მე პასუხს ვერ გაგცემ, – უთხრა მან, – თავად იცი, რომ ვერ გაგცემ პასუხს.

– შენ არავის არაფერს ეტყვი იმაზე, თუ რა მოხდა აქ, – უთხრა ჯესიკამ, – მე შენ გიცნობ,
თუფეა.

– მილედი... – ბერიკაცმა ისევ სცადა ნერწყვის გადაყლაპვა.

და გაიფიქრა: „დიახ, უდიდეს ძალებს ფლობს. მაგრამ განა ამის გამო უფრო საზარელი იარაღი
არ იქნება ჰარკონენების ხელშიც“?

– ჰერცოგი შეიძლება მეგობრებმაც ისევე სწრაფად დაღუპონ, როგორც მტრებმა, – თქვა ქალმა,
– მჯერა, ახლა ძირისძირამდე ჩაჰყვები ამ ეჭვს და მოაშთობ.
– თუ უსაფუძვლო გამოდგა, – გაეპასუხა ჰავატი.

– თუ, – ჩაიფრუტუნა ჯესიკამ.

– თუ, – გაიმეორა ჰავატმა.

– რა ჯიუტი ხარ, – უთხრა ქალმა.

– ფრთხილი. და ვითვალისწინებ შეცდომის ფაქტორს.

– მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ: რას გეუბნება ის ამბავი, რომ მეორე ადამიანის წინ
დგახარ, ხელფეხშეკრული და უმწეო, იმ მეორეს შენთვის ყელზე დანა აქვს მობჯენილი,
მაგრამ არ მოგკლავს, ბორკილებს შეგხსნის და დანასაც მოგცემს, როგორც გინდა, ისე რომ
მოიხმარო?

ჯესიკა სკამიდან ადგა და ჰავატს ზურგი შეაქცია.

– ახლა კი შეგიძლია, წახვიდე, თუფეა.

მოხუცი მენტატი წამოდგა; შეყოყმანდა, ხელი კიტელის შიგნით ჩამალული სასიკვდილო


იარაღისკენ გაექცა. გაახსენდა ხართან ბრძოლის არენა და ჰერცოგის მამა (რომელიც, რამდენი
ნაკლიც არ უნდა ჰქონოდა, ნამდვილად მამაცი იყო),... დიდი ხნის წინანდელი კორიდას დღე:
მძვინვარე შავი მხეცი იდგა, თავი დაეხარა, საძრაობადაკარგული და შეშინებული იყო.
ჰერცოგმა რქებს ზურგი შეაქცია და ცალ მკლავზე ხასხასა მოსასხამი გადაიგდო.
მაყურებელთა მხრიდან კი აღტაცების ყიჟინა აწვიმდა.

მე ხარი ვარ, ის კი – მატადორიო, გაიფიქრა ჰავატმა. იარაღს ხელი მოაცილა და ცარიელ


ხელისგულზე დაიხედა, რომელიც ოფლისგან უბრწყინავდა.

და მიხვდა: საბოლოოდ რაც არ უნდა გარკვეულიყო, არასოდეს დაავიწყდებოდა ეს წამი, არც


ლედი ჯესიკათი უკიდეგანო აღტაცების გრძნობა გაუნელდებოდა.

ჰავატი წყნარად შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.

ჯესიკამ თვალი მოსწყვიტა ანარეკლებს ფანჯრის მინაზე, შემობრუნდა და მოხურულ კარს


მიაჩერდა.

– ახლა კი დაიწყება, რაც დაიწყება, – დაიჩურჩულა თავისთვის.

18* * *
თუ ეჭიდები ოცნებებს?
თუ ეჯიბრები აჩრდილებს?
დადიხარ ძილის მხარეში?
დრო გაპარულა მალულად,
სიცოცხლეც მოუპარიათ.
დაყოვნდი შენს წვრილმანებთან,
შენივ სიბრიყვის მსხვერპლი ხარ.

ჯემისის სიკვდილის ზარი სამარე-ველზე, პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის


სიმღერები“

ლეტო თავისი სასახლის ფოიეში იდგა და ერთადერთი ტივტივა ნათურის შუქზე ბარათს
აკვირდებოდა. გათენებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა. ჰერცოგმა ახლა კი
იგრძნო მთელი დღის დაღლილობა. სწორედ მაშინ, როცა ის სამეთაურო პოსტიდან
დაბრუნდა, ფრემენმა შიკრიკმა ბარათი გარე მცველს გადასცა.

წერილში ეწერა: „დღისით – კვამლის სვეტი, ღამით – ცეცხლისა“.

ხელს არავინ აწერდა.

„ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?“ გაიფიქრა ლეტომ.

შიკრიკი ისე წავიდა, პასუხს არ დალოდებია; ვერც მისი გამოკითხვა მოასწრეს. ღამეს შეერია
კვამლის დარად.

ლეტომ ქაღალდი კიტელის სახელოში შეიცურა, იფიქრა, მერე ჰავატს ვუჩვენებო. შუბლზე
ჩამოშლილი თმა გადაიწია და ამოიოხრა. დაღლილობის საწინააღმდეგო აბებს მოქმედების
დრო გასდიოდა. სტუმრებთან ერთად სადილობის მერე ორი გრძელი დღე გავიდა; კიდევ
მეტი – მას მერე, რაც უკანასკნელად ეძინა.

მთელ ამ სიძნელეებს სამხედრო სფეროში დაერთო ამაფორიაქებელი შეხვედრა ჰავატთან,


მისი მონაყოლი ჯესიკასთან საუბარზე.

„გავაღვიძო ჯესიკა? რა აზრი აქვს მასთან ამ ფარული თამაშის გაგრძელებას? თუ აქვს?

ჯანდაბა ამ დუნკან აიდაჰოს!“

ლეტომ თავი გაიქნია. „არა, დუნკანი რა შუაშია. მე შევცდი, რომ ჯესიკას თავიდანვე
ყველაფერი არ გავუმხილე. ახლა უნდა ვქნა ეს, სანამ უფრო მეტი რამ დაშავებულა“.

ეს რომ გადაწყვიტა, თავი უკეთ იგრძნო და ფოიედან გავიდა, დიდი დარბაზი გაიარა და
დერეფანს სასახლის იმ ფრთისკენ გაუყვა, სადაც მისი ოჯახი იყო დაბინავებული.

მოსახვევთან, სადაც დერეფანი იყოფოდა და ერთი განშტოება მოსამსახურეების ოთახებისკენ


მიემართებოდა, ჰერცოგი შედგა. სიბნელიდან უცნაური კნავილი მოესმა. ლეტომ მარცხენა
ხელი ფარის ქამრის ჩასართავზე დაიდო, მარჯვენაში კინჯალი ჩაიცურა. ხელში ფოლადის
შეგრძნება თავდაჯერებას მატებდა. იმ უცნაურმა ხმამ ჟრჟოლა მოჰგვარა.

ჰერცოგი უჩუმრად დაუყვა სამოსამსახურო ტალანს, თან გულში ცუდი განათების გამო
ბრაზობდა. დერეფნის გაყოლებაზე პაწაწინა ტივტივა ნათურები ერთმანეთისგან რვა მეტრის
მოშორებით იყო დაყენებული და შუქისთვის ბოლომდე ჩაეწიათ. მუქი ქვის კედლები
სინათლეს ისრუტავდნენ.

მის წინ სიბნელიდან იატაკზე გაწოლილი ბუნდოვანი ლაქა გამოიკვეთა.


ლეტო შეყოყმანდა, უნდოდა, გაეაქტიურებინა თავისი ფარი, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ეს
მოძრაობას და სმენას შეუზღუდავდა... და თანაც, ლაზთოფების ტვირთის დაკავებამ ეჭვებით
აავსო.

ლეტო უხმოდ დაიძრა რუხი ლაქისკენ და დაინახა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო – კაცი
პირქვე ეგდო ქვის იატაკზე. ფეხით გადააბრუნა იგი და ხელში დანამომარჯვებული დაიხარა,
რომ მკრთალ შუქზე მისი სახე გაერჩია. კონტრაბანდისტი იყო, ტუეკი! მკერდზე სველი ლაქა
ეტყობოდა. უსიცოცხლო თვალები ცარიელი წყვდიადით შემოაცქერდნენ. ლეტომ ლაქას
ხელი შეახო – თბილი იყო.

„როგორ მოხდა, რომ ეს კაცი აქ აღმოჩნდა?“ ჰკითხა ლეტომ საკუთარ თავს. „ვინ მოკლა?“

აქ კნავილი უფრო ხმამაღლა ისმოდა. ხმა ცენტრალური ოთახისკენ მიმავალ გვერდითა


ტალანს მოუყვებოდა – იმ ოთახში სახლის მთავარი ფარის გენერატორი ჰქონდათ
დაყენებული. ჰერცოგმა გვამს შემოუარა. ხელი ფარის ჩასართავზე ედო, კინჯალი
მომარჯვებული ეჭირა. ტალანი ფეხაკრეფით გაიარა, კუთხეში გაჩერდა და ფარის
გენერატორის ოთახისკენ გაიხედა.

რამდენიმე ნაბიჯის იქით იატაკზე კიდევ ერთი რუხი ლაქა დახვდა და ჰერცოგი მაშინვე
მიხვდა, რომ ხმაც აქედან მოდიოდა. სხეული მძიმედ, ზოზინით მოცოცავდა მისკენ,
ხვნეშოდა, ლუღლუღებდა.

ლეტომ შიშის უეცარი შემოტევა დაიოკა, დერეფანში გაქანდა და მცოცავი ფიგურის გვერდით
ჩაიმუხლა. ეს მეიპსი იყო, ფრემენი მნე ქალი, გაწეწილი თმა სახეზე შემოხვეოდა, ტანსაცმელი
აჩაჩვოდა. ზურგიდან გვერდისკენ მქრქალად მბზინავი მუქი ლაქა მიუყვებოდა. ჰერცოგმა
მხარზე მოჰკიდა ხელი. ქალი იდაყვებზე წამოიწია, თავი წვალებით აიქნია, რომ მისთვის
შეეხედა; თვალებში ჩაშავებული სიცარიელე ედგა.

– შენ ხარ, – ამოილუღლუღა, – მოკლა... მცველი... გავგზავნე... ტუეკის... მოსაყვანად... ეშველა...


მილედისთვის... შენ... შენ... აქ... ნუ... – წინ წაყირავდა და თავი ქვას დაარტყა.

ლეტომ საფეთქელი მოუსინჯა. ფეთქვა არ იგრძნობოდა. ლაქას დახედა. ვიღაცას ქალისთვის


დანა ზურგში ჩაეცა. „ვის უნდა ექნა?“ ჰერცოგს გონება გამალებით უმუშავებდა. „იმას
ამბობდა, რომ ვიღაცამ მცველი მოკლა? და ტუეკი – მას ჯესიკამ დაუძახა? რატომ?“

ლეტომ ადგომა დააპირა. მეექვსე გრძნობამ გააფრთხილა. ხელი ფარის ჩასართავისკენ გააქანა
– გვიანი იყო. მკლავი ყრუ დარტყმამ გვერდზე გადაუგდო. ხელში ტკივილი ეძგერა,
სახელოდან გამოჩრილი პატარა ისარი დაინახა; იგრძნო, რომ ის მკლავს უდამბლავებდა და ეს
შეგრძნება ზემოთაც მიუყვებოდა. ჰერცოგმა გაჭირვებით ასწია თავი და დერეფანს გახედა.

გენერატორის ოთახის ღია კარში იუე იდგა. კარის ზემოთ გაჩერებული, სხვებზე უფრო
კაშკაშა ტივტივა ნათურიდან მის სახეს ყვითელი შუქი ეფინებოდა. მის უკან, ოთახში
სიწყნარე მეფობდა – გენერატორების ხმა არ ისმოდა.

„იუე!“ გაიფიქრა ლეტომ. „სასახლის გენერატორები გათიშა! ახლა სრულიად დაუცველი


ვართ!“

იუე მისკენ გამოემართა და ისრისმტყორცნი ჯიბეში ჩაიდო.


ლეტომ მოსინჯა – ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო. წვალებით ამოთქვა:

– იუე! როგორ? – მერე დამბლამ ფეხებამდე ჩააღწია და ჰერცოგი იატაკზე ჩაცურდა, ზურგით
ქვის კედელს მიყრდნობილი.

იუე მწუხარე სახით დაიხარა მისკენ და ლეტოს შუბლი მოუსინჯა. ჰერცოგმა იგრძნო მისი
შეხება, მაგრამ ოდნავ... ყრუდ.

– ისარს სელექციური საწამლავი უსვია, – თქვა იუემ, – ლაპარაკი შეგიძლიათ, მაგრამ არ


გირჩევთ, – დარბაზს გახედა, მერე ისევ ლეტოსკენ დაიხარა, ისარი ამოაძრო და იქვე მიაგდო.
ქვაზე ისრის დაწკარუნება ჰერცოგის ყურს სუსტად, შორიდან მისწვდა.

„იუე ვერ იზამდა“, გაიფიქრა. „მას ხომ საიმპერატორო მომზადება აქვს გავლილი“.

– როგორ? – დაიჩურჩულა ლეტომ.

– ძალიან ვწუხვარ, ჩემო ძვირფასო ჰერცოგო, მაგრამ არის რაღაცები, ამაზე უფრო ძლიერი, –
შუბლზე ამოსვირინგებულ რომბზე მიიდო ხელი, – თავადაც უზომოდ მიკვირს – როგორ
გადავაბიჯე ჩემს კულტივირებულ სინდისს, მაგრამ მე კაცის მოკვლა მინდა. დიახ, მართლა
მინდა. ამის გასაკეთებლად არაფრის წინაშე უკან არ დავიხევ. – მან ჰერცოგს დახედა, – არა,
შენი კი არა, ჩემო ძვირფასო ჰერცოგო. ბარონ ჰარკონენის. ბარონის მოკვლა მინდა.

– ბარ...ონ ჰარ...

– წყნარად, გთხოვ, ჩემო საბრალო ჰერცოგო. ბევრი დრო არ გაქვს. ნარკალზე ჩამოვარდნის
შემდეგ წინა კბილი რომ ჩაგისვი – ის კბილი უნდა გამოვცვალო. ახლავე უგონო
მდგომარეობაში გადაგიყვან და ამ კბილს შეგიცვლი, – მუჭი გაშალა და ხელისგულზე
რაღაცას დააცქერდა, – ზუსტი ასლია, გული მთლად ნერვის მსგავსად აქვს გამოყვანილი.
ჩვეულებრივი დეტექტორები ვერ აღმოაჩენენ, სწრაფ სკანირებასაც კი გამორჩება. მაგრამ,
კბილებს მაგრად თუ დააჭერ, გარსი დაეფშვნება. ამის მერე, მკვეთრად თუ ამოისუნთქავ, შენ
გარშემო ჰაერი შხამიანი გაზით აივსება – სასიკვდილო შხამით.

ლეტომ იუეს ახედა, შენიშნა მისი შეშლილი მზერა, ოფლით დაცვარული შუბლი და ნიკაპი.

– შენ მაინც მოკვდები, ჩემო საბრალო ჰერცოგო, – უთხრა იუემ, – მაგრამ სიკვდილამდე
ბარონის სიახლოვეს აღმოჩნდები. მას ეგონება, რომ წამლებით ისე ხარ გაბრუებული,
ვერაფრით მოახერხებ, თავს დაესხა და რამე დაუშავო. კიდევაც იქნები წამლებით
დადამბლავებული – და შებორკილიც. მაგრამ თავდასხმა უცნაური ხერხებითაც შეიძლება. და
შენ კბილი გემახსოვრება. კბილი, ჰერცოგო ლეტო ატრეიდეს. კბილს დაიმახსოვრებ.

ბებერი ექიმი სულ ახლოს, ახლოს იხრებოდა მისკენ, სანამ ლეტოს შევიწროებულ ხედვის
არეს მარტო მისი სახე და დაშვებული ულვაში არ გადაეფარა.

– კბილი, – ბუტბუტებდა ეს სახე.

– რატომ? – დაიჩურჩულა ლეტომ.

იუე ჰერცოგის გვერდით ცალ მუხლზე დაეშვა.


– შაითანს მივყიდე სული და ბარონს გავურიგდი. და უნდა დავრწმუნდე, რომ ის თავის წილს
ჩამოვიდა. როცა დავინახავ, მივხვდები. ბარონს რომ შევხედავ, მერე გავიგებ. მაგრამ მის
სიახლოვეს საფასურის გადახდის გარეშე ვერ მოვხვდები. საფასური კი შენ ხარ, ჩემო
საბრალო ჰერცოგო. და ბარონს რომ დავინახავ, გავიგებ. ჩემმა საბრალო ვანამ ბევრი რამე
მასწავლა და მათ შორის – სიმართლის დანახვა დიდი სტრესის დროს. ყოველთვის არ
გამომდის, მაგრამ ბარონს რომ დავინახავ – მაშინ კი მივხვდები.

ლეტომ სცადა, დაეხედა კბილისთვის, რომელიც იუეს ეჭირა ხელში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს კოშმარულ სიზმარს ხედავდა – რაც ხდებოდა, სინამდვილე ვერ იქნებოდა.

იუეს იისფერი ტუჩები ნიღბის ღიმილად გაეწელა.

– მე ბარონთან საკმარისად ახლოს არ მიმიშვებენ, თორემ თვითონვე ვიზამდი. არა. მე


უსაფრთხო მანძილზე მამყოფებს. მაგრამ შენ... ჰო, შენ! ჩემი დიდებული იარაღი იქნები! ის
მოინდომებს, ახლოდან გნახოს – რომ იზეიმოს შენი დამცირებით, რომ წაიტრაბახოს.

ლეტო ლამის მონუსხული შესცქეროდა კუნთს იუეს მარცხენა ყბაზე – ექიმი რომ
ლაპარაკობდა კუნთი ხტოდა.

იუე მისკენ დაიხარა.

– და შენ, ჩემო კეთილო ჰერცოგო, ჩემო ძვირფასო ჰერცოგო, ეს კბილი კარგად უნდა
გახსოვდეს, – ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოქცეული კბილი ასწია და დაანახვა, – ახლა
ესღაა, რაც გაგაჩნია.

ლეტომ ტუჩები გააცმაცუნა, მაგრამ ხმა ვერ დაძრა. მერე ძლივს მოახერხა:

– უარს ვამბობ.

– ააჰ, არა! უარი აქ არ გამოგადგება. რადგან ამ პატარა სამსახურის ნაცვლად მეც რაღაცას
გაგიკეთებ. შენს ვაჟიშვილს და შენს ქალს ვიხსნი. ამას სხვა ვერავინ იზამს. ისეთ ადგილას
გადავიყვან, სადაც მათ ვერც ერთი ჰარკონენი ვერ მისწვდება.

– როგორ... იხსნი... მათ? – დაიჩურჩულა ლეტომ.

– ისე მოვაწყობ, ყველას ეგონოს, რომ დაიხოცნენ, სინამდვილეში კი დავმალავ იმ ადამიანებს


შორის, რომლებიც ჰარკონენების სახელის ხსენებაზეც კი იარაღს აშიშვლებენ, რომლებსაც
ბარონი ჰარკონენი ისე სძულთ, რომ მის ნაჯდომ სკამსაც კი დაწვავენ, მის დანაბიჯებ მიწასაც
კი მარილს მოაყრიან. – იუემ ლეტოს ყბაზე შეახო ხელი, – გრძნობა გაქვს ყბაში?

ჰერცოგი მიხვდა, რომ ვერ პასუხობდა. ბუნდოვნად იგრძნო მოქაჩვა და დაინახა, რომ იუემ
თვალებთან მიუტანა ხელი, რომელშიც ჰერცოგის ემბლემიანი ბეჭედი ეჭირა.

– ეს პოლს, – უთხრა ექიმმა, – ცოტა ხანში გონს დაკარგავ. მშვიდობით, ჩემო საბრალო
ჰერცოგო. აწი რომ შევხვდებით, დალაპარაკების დრო აღარ გვექნება.

ლეტოს ყბიდან გრილი უგრძნობლობა დაიძრა, რომელიც სახეზე მოედო. ბინდიანი დარბაზი
დავიწროვდა, დავიწროვდა და წყვდიადის ცენტრში მოქცეული იისფერი ტუჩებიღა დარჩა.

– კბილი გახსოვდეს! – დაისისინეს ტუჩებმა, – კბილი!


19* * *
საჭიროა, გასაჭირის მეცნიერება არსებობდეს. ხალხს ფიზიკური კუნთების განსავითარებლად
გასაჭირი და დევნა სჭირდება.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

ჯესიკას ბნელ ოთახში გაეღვიძა. ირგვლივ ჩამოწოლილმა გარინდებამ ავი წინათგრძნობა


მოჰგვარა. ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა ასე მოდუნებული გონება და სხეული. შიშმა დაბურძგლა,
თითქოს შიშველ ნერვებზე გადაურბინა. დააპირა, წამომჯდარიყო და სინათლე აენთო, მაგრამ
რაღაცამ შეაჩერა. პირზე რაღაც... უცნაურობა სჭირდა.

ლუმპ-ლუმპ-ლუმპ-ლუმპ!

ხმა ყრუდ ისმოდა, სიბნელიდან, უმისამართოდ. საიდანღაც.

ლოდინის წუთში ჩაეტია უზარმაზარი დრო, ფხაჭუნა, წვეტიანი მოძრაობები.

ჯესიკას ნელ-ნელა დაუბრუნდა საკუთარი სხეულის აღქმა, იგრძნო დაბორკილი მაჯები და


კოჭები, პირში ჩაჩრილი ჩვარი. გვერდზე იწვა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა გაკრული.
მოსინჯა, რით იყო შეკოჭილი და მიხვდა, რომ ეს იყო კრიმსკელის ბოჭკო, რომელიც, რაც
მეტად გამოქაჩავდა, უფრო მტკიცედ მოეჭირებოდა.

ახლა კი გაახსენდა:

რაღაც ამოძრავდა მისი საძინებლის სიბნელეში, რაღაც სველი და მწვავე დაეტყეპა სახეზე და
ცხვირ-პირი აუვსო. ვიღაცის ხელები ჩაეჭიდა. ჯესიკა შეკრთა, მკვეთრად ჩაისუნთქა და
სისველეში ნარკოტიკი იგრძნო. ცნობიერება გაუბუნდოვანდა და ძრწოლის ბნელ ხაროში
ჩავარდა.

„აი, ისიც“, გაიფიქრა ჯესიკამ. „რა იოლი აღმოჩნდა ბენე გესერიტის ხელში ჩაგდება. ღალატის
მეტი არც არაფერი დასჭირდა. ჰავატი მართალი იყო“.

საკუთარ თავი აიძულა, მაჯებზე შემოხვეული ღვედები არ მოექაჩა.

„ეს ჩემი საძინებელი არ არის“, გაიფიქრა ჯესიკამ, „სადღაც გადამიყვანეს“.

ნელ-ნელა მოუხმო შინაგან სიმშვიდეს.

საკუთარი აშმორებული ოფლის სუნი ეცა, რომელსაც შიშის ქიმიური მინარევი დაჰკრავდა.

„სად არის პოლი? ჩემი შვილი – რა უქნეს?“

სიმშვიდე.

უძველეს, დიდი ხნის წინ ნასწავლ მეთოდს მოუხმო და თავს დამშვიდება აიძულა.

მაგრამ ძრწოლა ხელის გაწვდენაზე რჩებოდა.

„ლეტო? სად ხარ, ლეტო?“


სიბნელეს გამკრთალება შეატყო. ჯერ ჩრდილები გამოჩნდა. განზომილებები დანაწევრდა და
ცნობიერებას ახალ ეკლებად დააჩნდა. თეთრი. ზოლი კარის ქვეშ.

„იატაკზე ვწევარ“.

გრძნობდა, რომ კარის მიღმა ვიღაცები დადიოდნენ.

ჯესიკამ ძრწოლის ხსოვნა ძალით გასწია განზე. „მშვიდი უნდა ვიყო, ფხიზელი და
მზადმყოფი. შესაძლოა, ერთი შანსის მეტი არ მომეცეს“. ისევ მოუხმო შინაგან სიმშვიდეს.

აბაგუნებული გული დაუწყნარდა, დრო განსაზღვრა; მერე გაიაზრა: „დაახლოებით ერთი


საათი ვიყავი უგონოდ“. თვალები დახუჭა და გულისყური მიაპყრო მოახლოებულ ნაბიჯებს.

„ოთხნი არიან“, განსაზღვრა ჯესიკამ მათი ნაბიჯების ხმის მიხედვით.

„თავი ისე უნდა მოვაჩვენო, თითქოს ჯერ კიდევ უგონოდ ვიყო“. ცივ იატაკზე მოდუნდა და
საკუთარი სხეულის მზადყოფნას დააკვირდა. კარის გაღების ხმა გაიგონა, დახუჭული
ქუთუთოებით იგრძნო, რომ სინათლემ იმატა.

ნაბიჯები მოახლოვდა – ვიღაც თავს ადგა.

– გამოფხიზლებული ხარ, – დაიბუბუნა ბასმა, – თავს ნუ იკატუნებ.

ჯესიკამ თვალები გაახილა.

თავს ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი წამოსდგომოდა. ჯესიკამ იცნო სარდაფის ოთახი, სადაც
პოლს საძინებელი მოუწყვეს. იქით დგას მისი საწოლი – ცარიელი. ოთახში ტივტივა
ნათურები შემოიტანეს და ღია კართან გაანაწილეს. კარს იქით დერეფანი ისე იყო
გაჩახჩახებული, რომ თვალებს სტკენდა.

ბარონს ახედა. მას ყვითელი მოკლე მოსასხამი გადასატან ტივტივა მოწყობილობაზე


გამობურცვოდა. შავი, მძივივით თვალების ქვეშ სქელი ლოყები ვარდისფრად უღაჟღაჟებდა.

– წამალი დოზირებული იყო, – დაიბუბუნა მან, – სულ წუთობით ვიცოდით, როდის


გამოფხიზლდებოდი.

„ეს როგორ?“ გაიკვირვა ჯესიკამ. „ამისთვის ჩემი ზუსტი წონა უნდა სცოდნოდათ, ჩემი
მეტაბოლიზმი, ჩემი... იუე!“

– რა დასანანია, პირში ჩვარი რომ უნდა გედოს, – უთხრა ბარონმა, – თორემ ისე საინტერესოდ
ვისაუბრებდით!

„იუეს გარდა, ამას ვერავინ იზამდა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „როგორ?“

ბარონმა ზურგს უკან კარს გახედა.

– შემოდი, პიტერ!

ჯესიკას არასოდეს ენახა კაცი, რომელიც შემოვიდა და ბარონს გვერდით დაუდგა, მაგრამ მის
სახეს იცნობდა – და კაცსაც: ეს იყო პიტერ დე ვრისი, მენტატი-ასასინი. ჯესიკა დააკვირდა:
მტაცებელი ფრინველის ნაკვთები, მელნისფერი თვალები, რის გამოც შეიძლებოდა,
არაკისელი გგონებოდა, მაგრამ მისი ნატიფი მოძრაობები და თავის დაჭერის მანერა
მეტყველებდა, რომ ასე არ იყო. თანაც, სხეული მეტისმეტად სავსე ჰქონდა წყლით. მაღალი
იყო, მაგრამ გამხდარი, და მასში რაღაც ქალური იგრძნობოდა.

– რა დასანანია, რომ არ შეგვიძლია, დავილაპარაკოთ, ლედი ჯესიკა, – თქვა ბარონმა, – მაგრამ


მე მსმენია შენი უნარ-ჩვევების შესახებ, – ასე არაა, პიტერ?

– მართალს ბრძანებ, ბარონო, – მიუგო იმან.

ტენორით ლაპარაკობდა. ეს ხმა ჯესიკას ხერხემალზე სიცივედ დაუყვა. ასეთი სუსხიანი ხმა
არასოდეს სმენოდა. ბენე გესერიტის გაწვრთნილ სმენას ეს ხმა პირდაპირ ჩასძახოდა:
„მკვლელი!“

– მე პიტერისთვის სიურპრიზი მაქვს, – განაგრძო ბარონმა, – მას ჰგონია, რომ აქ მოვიდა, რათა
მიიღოს თავისი ჯილდო – შენ, ლედი ჯესიკა. მაგრამ მე მსურს, მას რაღაც დავანახო – რომ
სინამდვილეში შენ კი არ უნდიხარ.

– მეხუმრები, ბარონო? – იკითხა პიტერმა და გაიღიმა.

ამ ღიმილის დამნახავ ჯესიკას გაუკვირდა, რომ ბარონი გვერდზე არ გახტა და პიტერისგან


თავდაცვას არ შეეცადა. მერე საკუთარ თავს განუმარტა: ბარონს არ შეეძლო ამ ღიმილის
წაკითხვა – საამისოდ გაწვრთნილი არ იყო.

– პიტერი ბევრ საკითხში სრულიად მიამიტია, – თქვა ბარონმა, – ის საკუთარ თავს არ უმხელს,
რა სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენ, ლედი ჯესიკა. მე შემეძლო, მეჩვენებინა მისთვის,
მაგრამ ეს უგუნური რისკი იქნებოდა, – ბარონმა გაუღიმა პიტერს, რომლიის სახეც
მომლოდინე ნიღბად გარდაიქმნა. – მე ვიცი, სინამდვილეში რა უნდა პიტერს. მას
ძალაუფლება სურს.

– დამპირდი, შენი იყოსო, – თქვა პიტერმა. მის ხმაში სუსხმა იკლო.

მინიშნებებმა, რომლებიც ამ ხმაში დაიჭირა, ჯესიკას შინაგანი ჟრჟოლა მოჰგვარა. „როგორ


მოახერხა ბარონმა, მენტატისგან ასეთი მხეცი გამოეყვანა?“

– არჩევანს გთავაზობ, პიტერ, – უთხრა ბარონმა.

– რა არჩევანს?

ბარონმა სქელი თითები გაატკაცუნა.

– ეს ქალი და იმპერიიდან გადახვეწა, ან არაკისზე ატრეიდესების საჰერცოგო – როგორც


გინდა, ისე მართე, ოღონდ ჩემი სახელით.

ჯესიკა უყურებდა, ბარონის მძივივით თვალები პიტერს რომ მისჩერებოდნენ.

– ყველანაირად ჰერცოგი იქნები, ოღონდ წოდება არ გექნება, – უთხრა მენტატს.

„ესე იგი, ჩემი ლეტო მოკვდა?“ საკუთარ თავს ჰკითხა ჯესიკამ. იგრძნო, სადღაც, მის არსებაში
უხმო მოთქმა რომ აყმუვლდა.

ბარონი მენტატს თვალს არ აცილებდა.


– გაერკვიე საკუთარ თავში, პიტერ. შენ ლედი ჯესიკა იმიტომ გინდა, რომ იგი ჰერცოგის ქალი
იყო, მისი ძალაუფლების სიმბოლო – ლამაზი, ყველაფერში დამხმარე, თავისი როლისთვის
საუკეთესოდ გამოწვრთნილი. მაგრამ მთელი საჰერცოგო, პიტერ! ეს ხომ სიმბოლოზე მეტია –
ეს სინამდვილეა. მისი წყალობით უამრავ ქალს მიიღებ... და ბევრ სხვა რამესაც.

– შენ პიტერს ხომ არ ეხუმრები?

ბარონი შემობრუნდა. მის სხეულს ტივტივები ცეკვის სიმსუბუქეს ანიჭებდა.

– ვხუმრობ? მე? გაიხსენე – მე ბიჭზე ვამბობ უარს. ხომ გაიგონე, მოღალატემ რა გვითხრა ბიჭის
წვრთნაზე. ისინი ერთნაირები არიან – დედა და შვილი – ორივე სასიკვდილო საფრთხეს
წარმოადგენს, – ბარონმა გაიღიმა, – ახლა უნდა წავიდე. მცველს გამოვგზავნი, რომელსაც ამ
წუთისთვის ვინახავდი. ის აბსოლუტურად ყრუა. ნაბრძანები ექნება, დევნილობაში წასვლის
პირველ ეტაპზე შენი გამცილებელი იყოს. თუ დაინახა, რომ ეს ქალი შენს მართვას იწყებს,
მაშინ თავად მიხედავს მას. პირში ჩატენილ ჩვარს ვერ ამოუღებ, სანამ არაკისიდან არ
წახვალთ. გამცილებელი ამის უფლებას არ მოგცემს. თუ გადაწყვეტ, რომ დარჩე... მაშინ სხვა
რამ აქვს ნაბრძანები.

– არ არის საჭირო, წახვიდე, – უთხრა პიტერმა, – უკვე ავირჩიე.

– ჰა, ჰაა! – ჩაიხითხითა ბარონმა, – ასე სწრაფად გადაწყვეტა მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება
ნიშნავდეს.

– საჰერცოგოს ავიღებ, – თქვა პიტერმა.

და ჯესიკამ გაიფიქრა: „ნუთუ პიტერმა არ იცის, ბარონი რომ ატყუებს? მაგრამ... საიდან
ეცოდინება? ის გარყვნილი მენტატია“.

ბარონმა ჯესიკას დახედა.

– მშვენიერია, არა, პიტერს ასე კარგად რომ ვიცნობ? ჩემს ორთაბრძოლის ოსტატთან ნაძლევი
მქონდა დადებული, რომ პიტერი ამას აირჩევდა. ჰაჰ! კაი, ახლა კი წავედი. აი, ასე გაცილებით
ჯობს. აჰჰ, ბევრად ჯობს. გესმის, ლედი ჯესიკა? შენ მიმართ არანაირ სიძულვილს არ ვგრძნობ.
ეს უბრალო აუცილებლობაა. ასე ბევრად აჯობებს. მე სინამდვილეში არც კი მიბრძანებია შენი
განადგურება. შენზე როცა მკითხავენ, რა დაემართაო, შემეძლება, მხრები ავიჩეჩო, რა ვიცი-
მეთქი, და ეს სიმართლე იქნება.

– ესე იგი, ამ საქმეს მე მომანდობ? – ჰკითხა პიტერმა.

– მცველი, რომელსაც გამოგიგზავნი, შენს ბრძანებას შეასრულებს, – უთხრა ბარონმა, – რა


უნდა გაკეთდეს – ეს უკვე შენზეა. – პიტერს გამომცდელად მიაშტერდა, – დიახ. მე არ მექნება
ხელი გასვრილი ამ სისხლში. გადაწყვეტილება შენ მიიღე. დიახ. მე ამაზე არაფერი ვიცი. შენ
დაიცდი, სანამ წავალ, და მერე იზამ, რასაც აპირებ. აბა... აჰ, ჰო. ჰო. კარგი.

„ეშინია, რომ მართლისმცნობი დაჰკითხავს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ვისი? აა, ღირსი დედის,
გაიუს ჰელენის, რა თქმა უნდა! თუ იცის, რომ მის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაშინ
ამ ამბავში ნამდვილად იმპერატორიც იქნება გარეული. ოჰ, ჩემი საბრალო ლეტო!“
ბარონმა უკანასკნელად დახედა ტყვეს და გავიდა. ჯესიკამ თვალი გაადევნა და გაიფიქრა:
„მართალი იყო ღირსი დედა, რომ მაფრთხილებდა: ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა“.

შემოვიდა ჰარკონენის ორი ჯარისკაცი. მათ მოჰყვა კიდევ ერთი, რომელსაც სახე ნაიარევ
ნიღბად ჰქონდა ქცეული, და მომარჯვებული ლაზთოფით კარში ჩადგა.

„ესაა ყრუ მცველი“, გაიფიქრა ჯესიკამ, ნაიარევი სახე რომ შეუთვალიერა. „ბარონმა იცის,
ნებისმიერ სხვაზე შემიძლია, ხმა გამოვიყენო“.

სახენაიარევმა პიტერს შეხედა.

– გარეთ საკაცეზე ბიჭი გვყავს. რას მიბრძანებ?

პიტერი ჯესიკას დაელაპარაკა:

– ვფიქრობდი, შენი შვილისთვის დამუქრებული საშიშროების მეშვეობით მყოლოდი


შებოჭილი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ეს არ გაჭრის. გრძნობას ნება მივეცი, ჩემთვის გონება
დაებინდა. მენტატს ეს არ უნდა მოუვიდეს, – ჯარისკაცების პირველ წყვილს შეხედა და ისე
შებრუნდა, რომ ყრუს მისი ტუჩების მოძრაობის ამოკითხვა შეძლებოდა, – უდაბნოში
წაიყვანეთ, როგორც მოღალატემ გვირჩია ბიჭზე. კარგად მოიფიქრა. მატლები ყველანაირ
სამხილს გაანადგურებენ. მათი სხეულები ვერასოდეს ვერ უნდა იპოვონ.

– არ გინდა, თვითონ წაიყვანო ისინი? – ჰკითხა სახენაიარევმა.

„ტუჩების მოძრაობა ამოიკითხა“, გაიფიქრა ჯესიკამ.

– მე მაგალითს ჩემი ბარონისგან ვიღებ, – თქვა პიტერმა, – წაიყვანეთ, სადაც მოღალატემ


მიგითითათ.

ჯესიკას პიტერის ხმაში მკვეთრი მენტატ-კონტროლი მოესმა და გაიფიქრა: „მასაც ეშინია


მართლისმცნობის“.

პიტერმა მხრები აიჩეჩა, შეტრიალდა და გავიდა. იქ წამით შეყოყმანდა. ჯესიკამ იფიქრა,


მობრუნდება და უკანასკნელად შემომხედავსო, მაგრამ ის უკანმოუხედავად გავიდა.

– მე... არა, სულ არ მინდა, ამღამინდელის მერე იმ მართლისმცნობს ჩავუვარდე ხელში, – თქვა
სახენაიარევმა.

– შენ ალბათ არასოდეს გადააწყდები იმ ბებერ ალქაჯს, – გაეპასუხა მეორე ჯარისკაცი. ჯესიკას
შემოუარა, მის თავთან დადგა და დაიხარა, – აქ დგომით და ქაქანით საქმე არ გაკეთდება.
წაავლეთ ფეხებში და...

– აქ რატო არ დავხოცოთ? – იკითხა სახენაიარევმა.

– აქაურობას ძალიან დავთხვრით, – მიუგო პირველმა, – თუ დახრჩობას არ უპირებ. მე, ხო,


ნაღდი საქმე მიყვარს. დაყარე უდაბნოში, როგორც მოღალატემ გვითხრა, ერთი-ორგან გასერე,
მატლებს სუნი რო მისცე. მერე ასალაგებელიც არაფერი გექნება.

– ხო... ალბათ, სწორი ხარ, – უთხრა სახენაიარევმა.


ჯესიკა უსმენდა, უყურებდა, „იწერდა“. მაგრამ ჩვარი ხმას უხშობდა და, თანაც, არ უნდა
დავიწყებოდა, რომ ერთი ყრუ იყო.

სახენაიარევმა ლაზთოფი ბუდეში ჩაიდო და ჯესიკას ფეხებში ჩაავლო ხელი. ფქვილის


ტომარასავით ასწიეს, კარში გაატარეს და ტივტივა-საკაცეზე დააგდეს, მეორე გაკოჭილი
სხეულის გვერდით. როცა მოაბრუნეს, რომ საკაცეზე უკეთ მოეთავსებინათ, მან გვერდით
მწოლის სახე დაინახა – პოლი! ბიჭი შეკრული იყო, მაგრამ პირში ჩვარი არ ჰქონდა
ჩაჩურთული. იქვე, დედის სახიდან ათიოდ სანტიმეტრში ესვენა მისი თავი; თვალები
დახუჭული ჰქონდა, სუნთქვა – თანაბარი.

„ნეტავ, წამალი აქვს გაკეთებული?“

რაზმელებმა საკაცე ასწიეს. პოლმა ქუთუთოების უმცირეს ღიობში გამოიჭვრიტა – ჯესიკას


მუქი ნაპრალები მიაჩერდა.

„ხმის გამოყენება არ უნდა სცადოს! ყრუ მცველი!“

პოლმა თვალები დახუჭა.

პოლმა ცნობიერ სუნთქვას მიმართა, გონებას იწყნარებდა, მათ დამტყვევებლებს უსმენდა.


ყრუ მცველი პრობლემა იყო, მაგრამ პოლი სასოწარკვეთას იოკებდა. გონების დამწმენდი ბენე
გესერიტისეული სავარჯიშო, რომელიც დედამ ასწავლა, მზადყოფნას უნარჩუნებდა,
ნებისმიერი შესაძლებლობა გამოეყენებინა.

პოლმა გაბედა, მილულული ქუთუთოებიდან ერთხელაც შეეთვალიერებინა დედის სახე.


„დაშავებული თითქოს არ არის. თუმცა პირი აქვს დახშული. ნეტავ ვინ შეძლო მისი
დატყვევება?“ უკვირდა ბიჭს. თვითონ ხელში საკმაოდ მარტივად ჩაიგდეს: იუეს დანიშნული
კაფსულა მიიღო და დაიძინა, გამოღვიძებული კი უკვე შეკოჭილი იყო და ამ საკაცეზე ეგდო.
შეიძლება, დედასაც ასევე დაემართა. ლოგიკის მიხედვით, მოღალატე იუე უნდა ყოფილიყო,
მაგრამ საბოლოო დასკვნის გამოტანას არ ჩქარობდა. ვერ გაეგო: საკის ექიმი – მოღალატე?

საკაცე ოდნავ დაიხარა, როცა ის ჰარკონენების ჯარისკაცებმა კარში გაატარეს და


ვარსკვლავიან ღამეში გავიდნენ. ტივტივა-დამჭერი კარის წირთხლს გაეხახუნა. ახლა ქვიშაზე
მიდიოდნენ, ხრაშუნის ხმა ისმოდა. მათ თავზე ტოპტერის ფრთა წამოადგა, რომელმაც
ვარსკვლავები გადაფარა. საკაცე მიწაზე დაეშვა.

პოლმა მკრთალ სინათლეს თვალი შეაჩვია. მიხვდა, რომ ყრუ მცველმა გამოაღო ტოპტერის
კარი და ინსტრუმენტების პანელით განათებულ მწვანე ბინდში შეიხედა.

– ესაა ის ტოპტერი, რომლითაც ჩვენ უნდა გავფრინდეთ? – იკითხა და მობრუნდა, რომ


ამხანაგის ტუჩები დაენახა.

– მოღალატემ ამაზე თქვა, უდაბნოს სამუშაოებისთვის შეაკეთესო. – უთხრა მეორე მცველმა.

სახენაიარევმა თავი დაუქნია.

– მარა ეს პატარაა, კავშირებზე სარბენი. ჩვენ ორზე მეტს ვერ ასწევს.

– ორიც საკმარისია, – უთხრა იმან, საკაცე რომ მოჰქონდა, თან ახლოს მივიდა, ტუჩები რომ
გამოსჩენოდა, – აქედან უკვე ჩვენც მივხედავთ, კინეტ.
– ბარონმა... ასე მითხრა, შენ ბოლომდე უყურე, ამ ორს რა მოუვაო, – თქვა სახენაიარევმა.

– ასე რამ შეგაშინა? – ჰკითხა მეორე რაზმელმა, საკაციანის უკან რომ იდგა.

– ეს ბენე გესერიტი ალქაჯია, – მიუგო ყრუმ, – მაგათ ძალები აქვთ.

– აჰჰ... – საკაცის მზიდავმა ყურთან მუშტი მიიტანა, რომ არ გათვალულიყო , – მაშ, ერთი
მათგანია? ვიცი, ეგ რაცაა.

მის უკან მდგარი რაზმელი გაიკრიჭა.

– მალე მატლის ლუკმა გახდება. არა მგონია, თუნდაც ბენე გესერიტ კუდიანს შეეძლოს მაგ
ზორბა ჭიების მოთვინიერება. ჰა, ზაიგო? – მუჯლუგუნი გაჰკრა საკაცის მზიდავს.

– დიახაც, – მიუგო მან. საკაცესთან დაბრუნდა, ჯესიკას მხრები წამოუწია, – მოდი, კინეტ. თუ
გინდა, წამო და ნახე, რა მოუვათ.

– მადლობა, რომ მეპატიჟები, ზაიგო, – უთხრა სახენაიარევმა.

ჯესიკამ იგრძნო, რომ ასწიეს – ფრთის ჩრდილი აღარ ეფარებოდადა. ვარსკვლავები გამოჩნდა.
ქალი ტოპტერის უკანა ნაწილში შეტენეს, კრიმსკელის თოკი შეუმოწმეს და ღვედით დააბეს.
მის გვერდით პოლი ჩაჭეჭყეს და ისიც მიაბეს. ჯესიკამ შენიშნა, რომ ბიჭი უბრალო ბაწრით
იყო შეკრული.

სახენაიარევი ყრუ მცველი, კინეტს რომ ეძახდნენ, წინ დაჯდა. საკაცის მზიდავმა, ზაიგომ,
ტოპტერს შემოუარა და მეორე წინა სკამზე მოთავსდა.

კინეტმა კარი მოკეტა და პანელზე დაიხარა. ტოპტერმა ფრთები აიქნია, მოსწყდა მიწას და
სამხრეთისკენ აიღო გეზი, ფარკედელის გადაღმა. ზაიგომ ამხანაგს მხარზე დაადო ხელი და
მოახედა:

– რომ შეტრიალდე და იმ ორს თვალი ადევნო...

– ზუსტად იცი, საით უნდა წახვიდე? – კინეტი ზაიგოს ტუჩებზე დააცქერდა.

– მოღალატეს მეც შენსავით ვუსმენდი.

კინეტმა სკამი შეატრიალა. ჯესიკამ დაინახა, როგორ ასხლტა ვარსკვლავების ციმციმა შუქი
ლაზთოფზე, რომელიც მას ეჭირა. თვალი რომ შეაჩვია, ტოპტერის თხელკედლება კაბინას
თითქოს სინათლე შეემატა, მაგრამ მცველის ნაიარევი სახე ბუნდოვანი რჩებოდა. ჯესიკამ
თავისი სკამის ქამარი მოსინჯა, ნახა, რომ მოშვებული იყო. მარცხენა მკლავით იგრძნო, რომ
ღვედი უსწორმასწორო იყო;მიხვდა, აქ ღვედი გაცვეთილია და მკვეთრი დაქაჩვით გაწყდებაო.

„ნეტავ, ვინმე ხომ არ შემოიპარა ამ ტოპტერში და ჩვენთვის მოამზადა?“ გაიფიქრა ჯესიკამ.


შეკრული ფეხები ნელ-ნელა გვერდზე გასწია და პოლის ფეხებს მოაშორა.

– მართლაც რომ სამარცხვინოა, ასეთი ლამაზი ქალის ასე ტყუილად გადაგდება, – თქვა
სახენაიარევმა, – ვინმე დიდებული გვარის ქალი გყოლია? – შებრუნდა და პილოტს შეხედა.

– ყველა ბენე გესერიტი დიდებული გვარის კი არაა, – უთხრა იმან.


– მაგრამ ყველა ეგრე გამოიყურება.

„საკმაოდ კარგად მხედავს“, გაიფიქრა ჯესიკამ. შეკრული ფეხები სკამზე შემოიწყო, კარგად
მოიკეცა და სახენაიარევს მიაჩერდა.

– მართლა ლამაზია, – თქვა კინეტმა და ტუჩები მოილოკა, – მართლაც სამარცხვინოა, ხო იცი, –


ზაიგოს შეხედა.

– შენ იმას ფიქრობ, რაც მე მგონია? – ჰკითხა პილოტმა.

– ვინ რას გაიგებს? – ჰკითხა მცველმა, – მერე... – მხრები აიჩეჩა, – უბრალოდ, დიდებული
გვარის ქალი არასოდეს მყოლია. ეგებ, ასეთი შემთხვევა ხელში აღარც ჩამივარდეს.

– ერთი დედაჩემს თითი დააკარე... – გამოსცრა პოლმა.

– ჰეი! – გაიცინა პილოტმა, – ლეკვმა ყეფა მორთო. ოღონდ ვერ იკბინება.

ჯესიკამ კი გაიფიქრა: „პოლი მეტისმეტად მაღლა იყენებს ხმას. თუმცა, შეიძლება, გაჭრას“.

უხმოდ განაგრძეს ფრენა.

„ეს საბრალო ბრიყვები“, ფიქრობდა ჯესიკა, მცველებს რომ აკვირდებოდა და ბარონის


სიტყვებს იხსენებდა. „იმწამსვე დახოცავენ, როგორც კი დავალების წარმატებით შესრულებას
უპატაკებენ. ბარონს მოწმეები არ სჭირდება“.

ტოპტერი ფარკედელის სამხრეთ კიდის თავზე ვირაჟით შევიდა. ჯესიკამ დაბლა მთვარით
დაფერილ ვრცელ ქვიშნარს მოჰკრა თვალი.

– ამსიშორე უკვე უნდა ეყოს, – თქვა პილოტმა, – მოღალატემ თქვა, ფარკედელის იქით, სადაც
გინდათ, იქ დაყარეთ ქვიშაზეო, – ხომალდი დიუნებისკენ გრძელი, მკვეთრი მოძრაობით
დააქანა და უდაბნოს ზედაპირის სიახლოვეს ჰაერში შეაყენა.

ჯესიკა ხედავდა, რომ პოლმა რიტმული სუნთქვა დაიწყო – დასამშვიდებელ ვარჯიშს


აკეთებდა. ბიჭმა თვალები დახუჭა, მერე ისევ გაახილა. ჯესიკა თვალმოუშორებლად უცქერდა
და ვერაფრით ეხმარებოდა. „ხმის გამოყენებაში ჯერ არ გაწაფულა“, გაიფიქრა მან, „და თუ არ
გამოუვა“...

ტოპტერი ქვიშას შეეხო და ოდნავ წაფერდდა. ჯესიკამ, რომელიც ჩრდილოეთისკენ,


ფარკედელისკენ იცქირებოდა, დაინახა, კლდეებზე როგორ გაკრთა და გაქრა ფრთების
ჩრდილი.

„ვიღაც მოგვყვება უკან! ვინ?“ და მიხვდა: „ისინი, ვისაც ბარონმა ამ ორის თვალთვალი
დაავალა“. და იმ მოთვალთვალეებსაც თავიანთი მოთვალთვალეები ეყოლებოდათ.

ზაიგომ ფრთის როტორები გამორთო. სიჩუმე ჩამოწვა.

ჯესიკამ თავი მიაბრუნა. სახენაიარევის მიღმა, ფანჯარაში ხედავდა ამომავალი მთვარის


მკრთალ ნათებას, უდაბნოდან ამოშვერილი კლდის შეთრთვილულ თხემს. კლდის ფერდები
ქვიშიანი ქარისგან დაჭმული ქიმებით დახაზულიყო.

პოლმა ხმა ჩაიწმინდა.


პილოტმა იკითხა:

– ახლა, კინეტ?

– აბა მე რა ვიცი, ზაიგო.

ზაიგო შეტრიალდა.

– აახ, ერთი ნახე, – ჯესიკას კალთას წაეტანა.

– ჩვარი მოაშორე! – უბრძანა პოლმა.

ჯესიკამ იგრძნო, როგორ გაიგრგვინა სიტყვებმა ჰაერში. „კილო, ტემბრი შესანიშნავია:


მომთხოვნი, გადამჭრელი. ცოტა უფრო დაბალი რეგისტრი აჯობებდა, მაგრამ ამ კაცის
დიაპაზონში ესეც შეიძლება ჯდებოდეს“.

ზაიგომ ჯესიკას პირზე შემოხვეული თასმისკენ წაიღო ხელი და ჩვრის კვანძი ჩააცურა.

– ნუ შვები! – მკაცრად უთხრა კინეტმა.

– ოო, მოკეტე, – უპასუხა ზაიგომ, – ხელები ხომ შეკრული აქვს, – კვანძი გამოხსნა და თასმა
ჩამოვარდა. ჯესიკას დასცქეროდა და თვალები უპრიალებდა.

კინეტმა პილოტს მკლავზე დაადო ხელი.

– მომხედე, ზაიგო, არ გინდა...

ჯესიკამ კისერი გადაიგდო და ჩვარი გადმოაფურთხა. ხმა დაბალ, ინტიმურ კილოზე დაიყენა.

– ბატონებო! რა საჭიროა ჩემ გამო ჩხუბი, – თან ისე მოიღრიცა, რომ კინეტსაც დაენახა, რას
ამბობდა.

ჯესიკამ შენიშნა, როგორ დაიძაგრნენ, და მიხვდა, რომ შეიგნეს, მის გამო ჩხუბია საჭიროო;
დარწმუნდნენ, რომ მათ უთანხმოებას სხვა მიზეზი არც ჰქონია. გონებაში უკვე იბრძოდნენ
მის გამო.

ჯესიკამ სახე მაღლა ასწია, პანელის შუქს მიუშვირა, რათა კინეტსაც ამოეკითხა მისი ნათქვამი:

– არ უნდა იდავოთ, – ისინი უფრო განცალკევდნენ და დადარაჯებულებმა გადახედეს


ერთმანეთს, – განა რომელიმე ქალი ღირს ბრძოლად? – იკითხა ჯესიკამ.

ამ სიტყვების წარმოთქმით, უბრალოდ, იქ ყოფნით ჯესიკა დაბეჯითებით შთააგონნებდა, რომ


მისთვის ბრძოლა ღირდა.

პოლმა პირი მაგრად მოკუმა და თავი აიძულა, ჩუმად ყოფილიყო. მან უკვე გამოიყენა ხმით
დამორჩილების თავისი შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო დედაზე, რომლის
გამოცდილებაც მისას ბევრად აღემატებოდა.

– ჰო, – თქვა სახენაიარევმა, – რად გვინდა ჩხუბი...

მან ხელი პილოტის კისრისკენ გაიქნია. დარტყმას ლითონის გაელვება შეეგება. იგივე
მოძრაობა... და იარაღი მკერდში ჩაესო კინეტს.
სახენაიარევმა დაიგმინა, უკან გადავარდა და კარს მიასკდა.

– თითქოს ვიღაც ბოთე ვიყო და ეგ ხრიკი არ ვიცოდე, – თქვა ზაიგომ. მან ხელი უკან წამოიღო
და გამოჩნდა დანა, რომლის პირი მთვარის სხივს ირეკლავდა.

– ახლა ლეკვი, – თქვა და პოლისკენ დაიხარა.

– არ გინდა, – ჩაიბუტბუტა ჯესიკამ.

ზაიგო შეყოყმანდა.

– არ გირჩევნია, მეც მოვინდომო? – ჰკითხა ჯესიკამ, – მიეცი შანსი ბიჭს, – პირი მწარე ღიმილმა
მოუბრიცა, – ან რა შანსი ექნება ამ უდაბნოში. მიეცი და... – გაუღიმა მცველს, – ჯილდოთი
ნასიამოვნები დარჩები.

ზაიგომ გაიხედა მარცხნივ, მარჯვნივ, მერე ისევ ჯესიკას შეხედა.

– გამიგია, ამ უდაბნოში კაცს რაც მოსდის. ბიჭისთვის დანა შეიძლება გულმოწყალება იყოს.

– განა ბევრს გთხოვ? – შეევედრა ჯესიკა.

– შენ ცდილობ, გამაცურო, – ჩაიბურტყუნა ზაიგომ.

– არ მინდა, შვილის სიკვდილს ვუყურო, – უთხრა ჯესიკამ, – ესაა გაცურება?

ზაიგო უკან გადაიწია და კარის რაზა იდაყვით ახსნა. პოლს ხელი ჩაავლო, სკამზე გადაითრია,
სანახევროდ გასვა გარეთ და დანა მოიმარჯვა.

– რას იზამ, ლეკვო, თოკი რომ შეგხსნა?

– მაშინვე იმ კლდეებისკენ წავა, – უპასუხა ჯესიკამ.

– ასე იზამ, ლეკვო? – ჰკითხა ზაიგომ.

პოლს ხმა სათანადოდ უხეში ჰქონდა.

– ჰო.

დანა დაბლა დაეშვა და ფეხებზე შემოხვეული თოკი გაჭრა. პოლმა იგრძნო ზურგზე
დადებული ხელი, რომელსაც ქვიშისკენ უნდა ებიძგებინა; თავი მოაჩვენა, ვითომც
წონასწორობა დაკარგა და კარის ჩარჩოს მიაწყდა, რომელიც საყრდენად გამოიყენა;
შემობრუნდა, თითქოს თავის შემაგრებას ცდილობდა, და მარჯვენა ფეხი გაიქნია.

ფეხის წვერი ისეთი სიზუსტით იყო დამიზნებული, რომ სავსებით ამართლებდა პოლის
მრავალწლიან

წვრთნას. თითქოს ყველა იმ ვარჯიშმა ამ ერთ წამში მოიყარა თავი. ფეხის წვერის საჭირო
ადგილამდე მიტანაში სხეულის თითქმის ყველა კუნთი ჩაერთო. ფეხის წვერი ზაიგოს
ზუსტად მკერდის ძვლის ქვეშ, რბილ ადგილზე მოხვდა, საშინელი ძალით აიჭრა ღვიძლის
ზემოთ, დიაფრაგმის მიღმა, და გულის მარჯვენა პარკუჭი გაგლიჯა.
მცველმა ერთი ამოიბუყბუყა და უკან, საზურგეზე გადავარდა. პოლი, რომელიც ხელებს ვერ
ხმარობდა, ქვიშაზე გაისე გადაკოტრიალდა, რომ ინერციით წამში წამოხტა ფეხზე. მან უკანვე,
კაბინაში შეყო თავი, იპოვა დანა და კბილებით ეჭირა, სანამ დედამისი მასზე მაჯის თასმას
გადაიხერხავდა. მერე დანა ჯესიკამ აიღო და პოლს ხელები გაუხსნა.

– მე მას თავადაც მოვუვლიდი, – უთხრა შვილს, – ჩემთვის ხელების გახსნა მოუწევდა.


სულელური რისკი იყო.

– შანსი შევნიშნე და გამოვიყენე, – მიუგო პოლმა.

დედას მის ხმაში მკაცრი თავშეკავების კილო მოესმა. მან შვილს უთხრა:

– კაბინის ჭერზე იუეს გვარის ნიშანია მიწერილი.

პოლმა აიხედა და ჩაგრეხილი ემბლემა დაინახა.

– გადადი და კარგად დავათვალიეროთ ეს ხომალდი, – თქვა ჯესიკამ, – პილოტის სკამის ქვეშ


ფუთა დევს. რომ ჩავსხედით, მაშინ მოვსინჯე.

– ბომბია?

– არ მგონია. რაღაც სხვანაირი რამეა.

პოლი ქვიშაზე ჩახტა, ჯესიკაც მიჰყვა. შემობრუნდა, სკამის ქვეშ უცნაურ ფუთას მისწვდა. იქვე,
თავისი სახის მახლობლად, ზაიგოს ფეხი დაინახა. ფუთას რომ იღებდა, ზედ სისველე იგრძნო.
მიხვდა, რომ ეს პილოტის სისხლი იყო.

„ტენის ფლანგვა“, გაუელვა ბიჭს. იცოდა, ეს არაკისულად აზროვნება იყო.

პოლმა მიმოიხედა და დაინახა უდაბნოში წამომართული ფრიალო კლდე, ზღვაში


ამოზიდულ ნაპირს რომ ჰგავდა, მის იქით – ქარისგან შეჭმული ქვის ზღუდე. დედამისმა
ტოპტერიდან ფუთა რომ გადმოიტანა,

პოლი მოტრიალდა და დაინახა, რომ ის დიუნების მიღმა ფარკედელს გასცქეროდა. თვალი


გააყოლა, ნეტავ, რამ მიიპყრო მისი მზერაო, დაინახა, მათკენ მეორე ტოპტერი რომ ეშვებოდა
და მიხვდა: ამ ტოპტერიდან გვამების გადმოყრას და გაქცევას ვერ ასწრებდნენ.

– გაიქეცი, პოლ! – იყვირა ჯესიკამ, – ჰარკონენები არიან!

20* * *
არაკისი გასწავლის მახვილის პრინციპს: მოკვეთო, რაც არასრულყოფილია და თქვა: „ახლა კი
ეს არის სრულყოფილი, რადგანაც აი, აქ სრულდება“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

ჰარკონენების ფორმაში ჩაცმული, სწრაფად მომავალი კაცი დარბაზის ბოლოს უეცრად შედგა
და იუეს მიაპყრო მზერა. მან ერთი შეხედვით აღიქვა მეიპსის ცხედარი, ჰერცოგის გაშოტილი
სხეული, იქვე მდგარი იუე. კაცს მარჯვენა ხელში ლაზთოფი ეჭირა. მისგან წამოსულმა
დაუნდობლობის აურამ, სიმტკიცისა და გაწონასწორებულობის შეგრძნებამ იუეს ჟრჟოლა
მოჰგვარა.

„სარდაუკარი!“ გაიფიქრა მან. „შესახედავად ბაშარს ჰგავს. შეიძლება, თავად იმპერატორის


გამოგზავნილი იყოს, აქაურ ამბებზე რომ თვალი ეჭიროს. რა მნიშვნელობა აქვს, რა აცვია –
ისინი სხვებში არ აგერევა.

– შენ იუე ხარ, – უთხრა კაცმა. მზერით შეაფასა საკის სკოლის რგოლი ექიმის თმაზე, ერთი
შეხედა რომბისებურ სვირინგს მის შუბლზე, მერე კი იუეს თვალი თვალში გაუყარა.

– იუე ვარ, – მიუგო ექიმმა.

– შეგიძლია, მოეშვა, იუე, – უთხრა კაცმა, – სახლს ფარი რომ მოხსენი, მაშინვე შემოვედით. აქ
ყველაფერს ვაკონტროლებთ. ეს ჰერცოგია?

– ეს ჰერცოგია.

– მკვდარია?

– უბრალოდ, უგონოდაა. ჯობია, შეკრათ.

– ამათაც შენ გაუხერხე? – უკან, დარბაზს გახედა, სადაც მეიპსის ცხედარი ეგდო.

– კი, სამწუხაროდ, – ჩაიბუტბუტა იუემ.

– სამწუხაროდ! – ჩაიცინა სარდაუკარმა. მერე ნაბიჯი წინ წადგა და ლეტოს დახედა. – ანუ ესაა
დიდი წითელი ჰერცოგი.

„თუ აქამდე ეჭვი მქონდა, ვინაა ეს კაცი, ამით საბოლოოდ გამიქარწყლა“, გაიფიქრა იუემ.
„ატრეიდესს წითელ ჰერცოგად მხოლოდ იმპერატორი მოიხსენიებს“.

სარდაუკარი დაიხარა და ლეტოს ფორმას წითელი ქორის ნიშანი ააჭრა.

– მცირე სუვენირი, – თქვა მან, – სად არის ჰერცოგის ემბლემიანი ბეჭედი?

– არ უკეთია, – უთხრა იუემ.

– ვხედავ! – შეუტია სარდაუკარმა.

იუე გაშეშდა, ნერწყვი გადაყლაპა. თავისებურად თუ დამკითხეს, ან მართლისმცნობი თუ


მომაყენეს, ბეჭედზეც გაიგებენ, ჩემ მიერ მომზადებულ ტოპტერზეც – ყველაფერი წყალში
ჩაიყრება.

– ჰერცოგი ბეჭედს ზოგჯერ შიკრიკს ატანდა ხოლმე – იმის ნიშნად, რომ ბრძანება უშუალოდ
მისგან მოდიოდა, – თქვა იუემ.

– ძაან სანდო შიკრიკი ჰყოლია, – ჩაიბურტყუნა სარდაუკარმა.

– არ შეკრავ? – გაბედა იუემ.

– რამდენ ხანს იქნება უგონოდ?


– ასე, ორიოდ საათს. მისი დოზა ისე ზუსტად არ გამითვლია, როგორც ქალის და ბიჭის.

სარდაუკარმა ჰერცოგს ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა.

– ეს გამოღვიძებულიც აღარ იქნება საშიში. ბიჭი და ქალი როდის გაიღვიძებენ?

– ათიოდ წუთში.

– ასე მალე?

– მითხრეს, ბარონი თავის ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ მოჰყვებაო.

– ასეც იზამს. გარეთ დაიცადე, იუე, – მკაცრად შეხედა, – ახლავე გადი!

იუემ ლეტოს შეხედა.

– ამაზე რა...

– ამას ბარონს მიართმევენ კოხტად შეკრულს, შამფურზე წამოსაგებ წიწილასავით, –


სარდაუკარმა ისევ იუეს რომბისებურ სვირინგს შეხედა, – შენზე ყველამ იცის; დერეფნებში
ალბათ არავინ არაფერს დაგიშავებს. ლაქლაქის დრო არ გვაქვს, მოღალატევ. მესმის, სხვებიც
მოდიან.

„მოღალატევ,“ გაიფიქრა იუემ. მზერა დახარა, სარდაუკარს გვერდი აუარა. აი, ასე დარჩება
ისტორიაში: მოღალატე იუე“.

სადარბაზო გასასვლელისკენ მიმავალმა სხვა ცხედრებსაც ჩაუარა და ყველას დახედა;


შიშობდა, რომელიმე პოლი ან ჯესიკა არ იყოსო. ყველანი სასახლის რაზმელები იყვნენ, ან
ჰარკონენების ფორმები ეცვათ.

როცა ექიმი სადარბაზოდან გავიდა და ცეცხლის ალით აგიზგიზებულ ღამეში გააბიჯა,


ჰარკონენ მცველებს საბრძოლო მზადყოფნა დაეტყოთ, დაიძაბნენ და მზერა მიაპყრეს მას.
სახლის გასანათებლად გზას ჩაყოლებული პალმებისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ. ხეებზე
საწვავი სითხე გადაესხათ და მისგან ავარდნილი კვამლი ნარინჯისფერ ცეცხლის ენებს შორის
შავად იგრაგნებოდა, ცისკენ მიიწევდა.

– ეს მოღალატეა, – თქვა ერთ-ერთმა.

– მალე ბარონი დაგიბარებს, – უთხრა მეორემ.

„ტოპტერთან უნდა მივაღწიო“, გაიფიქრა იუემ. „ჰერცოგის ბეჭედი ისე უნდა დავდო, რომ
პოლმა მიაგნოს“. უცებ შიშმა შეიპყრო: „თუ აიდაჰო არ დამიჯერებს, ან მოთმინება არ ეყოფა,
თუ არ დაიცდის და არ წავა ზუსტად იქ, სადაც მე ვუთხარი, მაშინ ჯესიკა და პოლი ამ
სასაკლაოს ვერ გადაურჩებიან. და ჩემი ქმედება იოტისოდენა შვებასაც კი ვერ მომანიჭებს“.

ჰარკონენმა მცველმა მკლავზე ხელი უშვა.

– გვერდზე გადექი და დაიცადე, შუა გზაზე ნუ დგახარ.


უცებ იუემ სხვა ადამიანის თვალით დაინახა თავისი თავი: ყველასგან განკიცხული დგას ამ
შუაგულ უბედურებაში, არავის ანაღვლებს, ოდნავაც არავის ებრალება. „აიდაჰომ უნდა
შეძლოს!“

სხვა მცველი ზედ შეეჯახა და დაუყვირა:

– ეი, შენ, გზიდან გამეცალე!

„ჩემგან სარგებელი აქვთ, მაგრამ მაინც აბუჩად მიგდებენ“, გაიფიქრა იუემ. განზე
მოსროლილი, წელში გაიმართა, ამით ცოტაოდენი ღირსება დაიბრუნა.

– ბარონს დაელოდე! – შეუღრინა მცველთა ოფიცერმა.

იუემ თავი დაუქნია. მოზომილი, ვითომც უმიზნო ნაბიჯით გაიარა სახლის წინ, მერე
კუთხეში შეუხვია, იქ, სადაც ალმოდებული პალმების შუქი ვეღარ სწვდებოდა. აქ კი აჩქარდა,
თითოეულ ნაბიჯს გადაეცა მღელვარება, მთელ მის არსებას რომ მოსდებოდა; იქით გაემართა,
სადაც ორანჟერეის ქვეშ ტოპტერი იცდიდა – ხომალდი, რომელიც პოლისა და დედამისის
წასაყვანად იყო გამზადებული.

სახლის ღია უკანა კართან მცველი იდგა. მას ყურადღება მიეპყრო განათებული ჰოლისა და იქ
მობრაგუნე ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რიგრიგობით ჩხრეკდნენ ყველა ოთახს.

„რა თავდაჯერებულები იყვნენ!“

იუე ჩრდილებს მოეფარა, ტოპტერს შემოუარა და ხომალდის კარი მცველის საპირისპირო


მხარეს გამოაღო. წინა სკამების ქვეშ ის ფრემაბგა მოსინჯა, რომელიც თავად ჩადო; ქსოვილის
სარქველი ახადა და შიგ ჰერცოგის ბეჭედი ჩააცურა. აბგაში სუნელის ქაღალდის შრაშუნი
იგრძნო – ეს იყო მის მიერ დაწერილი ბარათი; იუემ ბეჭედი ქაღალდს მიაჭირა, ხელი ამოიღო
და აბგა დაკეტა.

მან წყნარად მიხურა ტოპტერის კარი და ისევ უკან, სახლის კუთხისკენ გამოუყვა, აალებული
ხეებისკენ.

„მორჩა, გაკეთებულია!“ გულში თქვა მან.

იუე კვლავ აგიზგიზებული პალმების შუქზე გამოვიდა, მოსასხამი შემოიხვია და ალს


მიაჩერდა. „მალე გავიგებ. მალე ბარონს ვნახავ და გავიგებ. ბარონი... იმას პატარა კბილთან
შეხვედრა ელის“.

21* * *
არსებობს ლეგენდა: იმ წამს, როცა ჰერცოგი ლეტო ატრეიდესი მოკვდა, კალადანზე მისი
საგვარეულო ციხესიმაგრის თავზე ცა მეტეორმა გადასერა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის ისტორია ბავშვებისთვის, შესავალი“


ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი მიწაზე დაშვებული ლიხტერის ილუმინატორთან იდგა. ამ
ხომალდს იგი დროებით სამეთაურო პოსტად იყენებდა. სარკმლიდან არაკენის ხანძრით
აგიზგიზებული ღამე მოჩანდა. მან მზერა მიაპყრო შორეულ ფარკედელს, სადაც მისი
საიდუმლო იარაღი თავის საქმეს აკეთებდა.

ფუგასური არტილერია.

ზარბაზნები უშენდნენ გამოქვაბულებს, სადაც ჰერცოგის მებრძოლებმა უკან დაიხიეს – ისინი


უკანასკნელ გამაგრებასთან იბრძოდნენ. ნარინჯისფერი ელვა აუჩქარებლად, მოზომილად
დაჰკრავდა, წამიერად განათდებოდა, ქვებისა და მტვრის წვიმა ხილული ხდებოდა – და
ჰერცოგის ხალხი გამოქვაბულებში იქოლებოდა, შიმშილით სიკვდილისთვის განწირული,
მხეცებივით საკუთარ ბუნაგში მომწყვდეული.

ბარონი გრძნობდა შორ ზანზარს – დოლის ცემას, რომელიც ხომალდის ლითონში აღწევდა:
ბუუმ... ბუუმ... მერე: ბუუმ-ბუუმ!

„ვინ მოიფიქრებდა ამ ფარების ეპოქაში არტილერიის გაცოცხლებას?“ გულში ჩაიცინა მან.


„მაგრამ წინასწარვე შეიძლებოდა მიხვედრა, რომ ჰერცოგის ხალხი იმ გამოქვაბულებში
გაიქცეოდა. იმპერატორიც დამიფასებს საზრიანობას, ჩვენი საერთო ცოცხალი ძალები რომ
დავზოგე“.

ბარონმა ერთ-ერთი პატარა ტივტივა შეისწორა, რომელიც სქელ სხეულს უმსუბუქებდა. პირი
ღიმილმა მოუღრიცა, ყბების ოვალი მოუჭიმა.

„რა დასანანია ასეთი მებრძოლების დაკარგვა, ჰერცოგის ჯარისკაცები რომ არიან“, გაიფიქრა
მან. გულში რომ გაეცინა, სახე უფრო გაებადრა. „რა დასანანია, რომ სისასტიკე უნდა
გამოვიჩინო!“ საკუთარ ფიქრებს თავი დაუქნია. დამარცხება, თავისთავად, ხარჯიანი რამაა. აქ
მთელი სამყარო ელოდა, გახსნილი იყო იმ კაცისთვის, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების
მიღება შეეძლო. გაუბედავ კურდღლებს კი ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, გაიქცნენ და ჩაიმალონ
თავიანთ სოროებში. აბა, სხვანაირად როგორ მართავ, როგორ მოაშენებ მათ? თავისი
მებრძოლები წარმოიდგინა ფუტკრებად, კურდღლებს რომ არბევდნენ. და გაიფიქრა, „რა
ტკბილად ზუზუნებს დღე, როცა შენთვის ბლომად ფუტკარი მუშაობს“.

მის უკან კარი გაიღო. სანამ შემობრუნდებოდა, ბარონი ღამისგან ჩაშავებულ ილუმინატორზე
ანარეკლს დააკვირდა.

ოთახში პიტერ დე ვრისი შემოვიდა. მას შემოჰყვა ამან კუდუ, ბარონის პირადი დაცვის
კაპიტანი. იქვე, კართან სხვა მცველების ცხვრის სახეები მოჩანდა – მის სიახლოვეს ყოფნისას
წინდახედულობას იჩენდნენ და ასეთ ბენტერა გამომეტყველებას იღებდნენ ხოლმე.

ბარონი შებრუნდა.

პიტერმა შუბლთან მიიტანა თითი – ვითომც, სამხედრო წესით მიესალმა.

– კაი ამბებია, მილორდ. სარდაუკარებმა ჰერცოგი აქ მოგვართვეს.

– აბა რას იზამდნენ, – დაიბუბუნა ბარონმა.


ის დააკვირდა პიტერის ქალურ სახეზე გამოსახულ ავკაცობის პირქუშ ნიღაბს; და მის
თვალებს, იმ ბინდიან ნაპრალებს – ულურჯეს ლურჯს ლურჯზე.

„მალე უნდა მოვიცილო“, გაიფიქრა ბარონმა. „თითქმის ამოწურა თავისი სარგებლიანობა,


თითქმის მიაღწია იმ წერტილს, როდესაც უკვე საშიში ხდება ჩემთვის. ოღონდ მანამდე არა-
კისელებს თავი უნდა შეაძულოს. მერე კი ჩემს ძვირფას ფეიდ-რაუთას სიხარულით
შეეგებებიან, ვით მხსნელს“.

ბარონმა ყურადღება ახლა დაცვის კაპიტანს, ამან კუდუს, მიაპყრო: მის დაკუთხულ ყბებს,
ჩექმის ცხვირის მსგავს ნიკაპს. ამ კაცის ნდობა შეიძლებოდა, რადგან მის მანკიერებას კარგად
იცნობდა.

– უპირველესად, სადაა მოღალატე, რომელმაც ჰერცოგი ჩამაბარა? – იკითხა ბარონმა, –


კუთვნილი ჯილდო უნდა გადავცე.

პიტერი ცალ ფეხზე შემობრუნდა და გარეთ მდგარ მცველს ანიშნა.

იქ რაღაც შავი შეინძრა და კარში იუემ შემოაბიჯა. თითქოს გახევებული, მექანიკურად


მოძრაობდა. იისფერი ტუჩების აქეთ-იქით ულვაშები ეკიდა. სიცოცხლეს მხოლოდ ბებრულ
თვალებში თუ შეატყობდი. ოთახში სამი ნაბიჯი გადმოდგა და შეჩერდა, პიტერის ნიშანს
დაემორჩილა. იდგა და მოშორებით მდგარ ბარონს მისჩერებოდა.

– აჰჰ, ექიმო იუე.

– მილორდო ჰარკონენ.

– როგორც გავიგე, ჰერცოგი შენ ჩაგვიგდე ხელში.

– შეთანხმების ჩემი ნაწილი შევასრულე.

ბარონმა პიტერს შეხედა.

პიტერმა თავი დაუქნია.

ბარონმა ისევ იუეზე გადმოიტანა მზერა.

– მაშ, როგორც შეთანხმება გვქონდა, ჰო? და მე... – სიტყვები გადმოაფურთხა, – მე რა უნდა


მექნა სანაცვლოდ?

– თავადაც გახსოვთ, მილორდო ჰარკონენ.

და იუემ ახლა თავს ფიქრის ნება მისცა, თან საკუთარი გონების მექანიზმის ხმამაღალი
მდუმარება ჩაესმოდა. ბარონის თავის დაჭერის მანერაში მან უმცირესი მინიშნებები
გამოარჩია. ვანა მართლაც მკვდარი იყო – მას ვერანაირად ვეღარ მისწვდებოდნენ. ასე რომ არა,
საბრალო, სუსტი ექიმი ჯერაც ამათ ხელში იქნებოდა. ბარონის ქცევა მოწმობდა, რომ ის იუეს
ვერაფრით ვეღარ იჭერდა – მორჩა, გათავდა.

– მახსოვს? – ჰკითხა ბარონმა.

– დამპირდით, რომ ჩემს ვანას აღარ დატანჯავიდით.


ბარონმა თავი დაუქნია.

– ო, დიახ, ახლა კი მახსოვს. სწორედ ამას დაგპირდი. საიმპერატორო მომზადებას მაგით


ვძლიეთ. ვერ აიტანე, შენს ბენე გესერიტ ალქაჯს პიტერის ტკივილის გამაძლიერებლებში
ეკლაკნა. კი, ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი დანაპირებს ყოველთვის ასრულებს. მე გითხარი,
რომ მას აღარ დავტანჯავდი და შენ ნებას დაგრთავდი, ისევ მასთან ყოფილიყავი. დაე, ასეც
იყოს, – მან ხელი გაუქნია პიტერს.

პიტერის ლურჯ თვალებს თითქოს მინანქარი გადაეკრა. კატისებრი სწრაფი, მოქნილი


მოძრაობით მოიქნია ხელი, რომელშიც მოელვარე დანა ეჭირა და იუეს ზურგში ჩასცა.

ბერიკაცი გაშეშდა, ბარონისთვის თვალი არ მოუცილებია.

– ჰოდა, წადი მასთან! – მიუგდო ბარონმა.

იუე იდგა, ირწეოდა. მერე მისი ტუჩები ფაქიზი სიზუსტით ამოძრავდა და მისი სიტყვები
უცნაურად დაწყობილი რიტმით გაისმა:

– გგო... ნია... დამა... მარცხე. გგო... ნია... არ... ვიცო... დი... რა... ვიყიდე... ჩემი... ვანასთვის.

და წაიქცა. არც მოხრილა, არც მოღვენთილა. მოჭრილ ხესავით დავარდა.

– ჰოდა, წადი მასთან, – გაიმეორა ბარონმა. მაგრამ მისი სიტყვები სუსტ ექოს ჰგავდა.

იუემ ბარონს ცუდი წინათგრძნობა გაუღვიძა. პიტერს შეხედა, უყურა; როგორ წმენდდა ის
დანას ქსოვილის ნაკუწით; ლურჯი თვალები კმაყოფილებით უბრწყინავდა.

„ესეც ვნახეთ, როგორ კლავს საკუთარი ხელით“, გაიფიქრა ბარონმა. „კარგია, რომ ვიცი“.

– ჰერცოგი მართლა ჩაგვაბარა? – იკითხა ბარონმა.

– ნამდვილად, მილორდ, – მიუგო პიტერმა.

– მაშინ აქ შემომითრიეთ!

პიტერმა დაცვის კაპიტანს შეხედა, რომელიც ბრძანების შესასრულებლად გაბრუნდა.

ბარონმა იუეს დახედა. ისე წაიქცა, იტყოდი, ძვლების ნაცვლად მუხის ჯოხები აქვსო.

– ვერასოდეს ვენდობოდი მოღალატეს, – თქვა ბარონმა, – ჩემს შექმნილ მოღალატესაც კი.

მან ჩაბნელებულ ილუმინატორს გახედა. იცოდა, რომ ის შავი უძრაობა იქ, გარეთ, ახლა მას
ეკუთვნოდა. არტილერია აღარ უშენდა ფარკედელის გამოქვაბულებს – სორო-ხაფანგები უკვე
საიმედოდ ამოექოლათ. სრულიად მოულოდნელად ბარონის გონება ჩასწვდა, რომ ამქვეყნად
არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე შავის სრული სიცარიელე. რა შეედრება ამ მშვენიერებას!
ალბათ, მხოლოდ თეთრი შავზე. ვერცხლის თეთრი შავზე. ფაიფურის თეთრი.

მაგრამ ეჭვის გრძნობა ჯერ კიდევ რჩებოდა.

„რას გულისხმობდა ეს ბებერი მასხარა? რა თქმა უნდა, შეიძლება, იცოდა, რაც მოუვიდოდა
ბოლოს. მაგრამ თითქოს დამარცხებაზე რაო, რას ამბობდა? „გგონია, დამამარცხე“.
რას გულისხმობდა?“

ოთახში ჰერცოგი ლეტო ატრეიდესი შემოვიდა. მკლავები ჯაჭვით ჰქონდა შებორკილი,


არწივისებრი სახე ტალახით მოსვროდა. ფორმა გაგლეჯილი ჰქონდა – ვიღაცას ემბლემა აეჭრა.
კიტელი წელზეც ნაფლეთებად ეკიდა – ფარის ქამარი საქამრეებიდან კი არ გამოეცურებინათ,
პირდაპირ ამოეგლიჯათ. თვალებში გაშეშებული, შეშლილი მზერა ედგა.

– ესეც ასსსე, – წარმოთქვა ბარონმა. შეყოყმანდა, ღრმად ჩაისუნთქა. მიხვდა, ზედმეტად


ხმამაღლა გამოუვიდა. ამ დიდი ხნის ნანატრმა წუთმა თითქოს გემო დაკარგა.

„ჯანდაბა იმ წყეულ ექიმს უკუნისამდე!“

– ჩვენი კეთილი ჰერცოგი ნამდვილად წამლითაა გაბრუებული, – თქვა პიტერმა, – იუემ ასე
მოახერხა მისი დაჭერა ჩვენთვის, – მერე ჰერცოგს მიუბრუნდა, – წამალი გაქვს გაკეთებული,
ძვირფასო ჰერცოგო?

მისი ხმა შორიდან ისმოდა. ლეტო გრძნობდა ჯაჭვებს, კუნთების ტკივილს, დახეთქილ
ტუჩებს, ალმოდებულ ლოყებს, წყურვილის მშრალ გემოს, პირში რომ უღრჭიალებდა. მაგრამ
ხმები ყრუდ ჩაესმოდა, როგორც დაბამბული საბნის მიღმიდან. და ამ საბანში მხოლოდ
ბუნდოვან ფიგურებს ხედავდა.

– ქალსა და ბიჭზე რა ისმის, პიტერ? – ჰკითხა ბარონმა, – ამბავი ჯერ არ მოსულა?

პიტერის ენამ ტუჩებზე გადაისრიალა.

– რაღაც გაგიგია! – შეუტია ბარონმა, – რა?

პიტერმა შეხედა დაცვის კაპიტანს, ისევ ბარონს.

– ჯარისკაცები, ამ საქმეზე რომ გავგზავნეთ, მილორდ... ისინი... აჰ.. იპოვეს...

– რას ამბობენ, ყველაფერი რიგზეაო?

– მკვდრები არიან, მილორდ.

– მკვდრები, რა თქმა უნდა! მე ის მაინტერესებს...

– უკვე მკვდრები იყვნენ, როცა იპოვეს, მილორდ.

ბარონს სახე წამოუჭარხალდა.

– ქალი და ბიჭი?

– მათი კვალიც არ ჩანს, მილორდ, მაგრამ იქ მატლმა გაიარა. მაშინ მოვიდა, როცა იქაურობას
იკვლევდნენ. შეიძლება, ისე მოხდა, როგორც გვინდოდა – უბედური შემთხვევა. შესაძლოა...

– „შესაძლოა“ არ გამოდგება, პიტერ. დაკარგულ ტოპტერზე რას იტყვი? ჩემს მენტატს რაიმე
მოსაზრება არა აქვს?

– როგორც ჩანს, იმით ჰერცოგის ერთ-ერთი კაცი გაიქცა, მილორდ. ჩვენი პილოტი მოკლა და
გაიქცა.
– ჰერცოგის რომელი კაცი?

– სუფთად, უხმაუროდ მოკლა, მილორდ. ალბათ, ჰავატი იყო, ან ის ჰალეკი. შეიძლება, აიდაჰო.
ან რომელიმე მაღალი რანგის თანაშემწე.

– ისევ „ალბათები“, – ჩაიბურტყუნა ბარონმა. მან ჰერცოგის მოქანავე, წამლით გაბრუებულ


ფიგურას შეხედა.

– ყველაფერს ვაკონტროლებთ, მილორდ, – უთხრა პიტერმა.

– არაფერიც! სადაა ის შტერი პლანეტოლოგი? კაინსი სადაა?

– ვიცით, სადაც შეიძლება მისი პოვნა და მის მოსაყვანად კაცი გვყავს გაგზავნილი, მილორდ.

– არ მომწონს ამ იმპერატორის ქვეშევრდომის ქცევა. თითქოს უნდა დაგვხმარებოდა, –


ჩაიბურტყუნა ბარონმა.

სიტყვები ლეტოს დაბამბული საბნის იქიდან ჩაესმოდა, მაგრამ ზოგი მათგანი მის გონებაში
ამოიშანთა. ქალი და ბიჭი – კვალიც არ ჩანს. პოლი და ჯესიკა გაიქცნენ. და არ იციან, ჰავატს,
ჰალეკსა და აიდაჰოს რა ბედი ეწიათ. იმედი ჯერ კიდევ არის.

– სადაა საჰერცოგო ბეჭედი? – მოითხოვა ბარონმა, – თითზე არ უკეთია.

– სარდაუკარები ამბობენ, არ ჰქონდა, როცა ავიყვანეთო, მილორდ, – უთხრა დაცვის კაპიტანმა.

– ექიმი ნაადრევად მოკალი, – თქვა ბარონმა, – ეს შეცდომა იყო. უნდა გაგეფრთხილებინე,


პიტერ. შენი სულსწრაფობით საქმე დააზარალე, – წარბი შეიკრა, – „ალბათები“!

ფიქრი ლეტოს გონებაში რეზონირებულ ტალღასავით ირხეოდა: „პოლი და ჯესიკა გაიქცნენ!“


და რაღაც კიდევ ჩარჩენოდა ხსოვნაში: შეთანხმება. ლამის გახსენებოდა, ლამის...

კბილი!

ახლა კი ნაწილობრივ გაახსენდა: შხამიანი გაზის კაფსულა, კბილივით გაკეთებული.

ვიღაცამ უთხრა, კბილი გახსოვდესო. კბილი პირში ჰქონდა. ენით გრძნობდა მის ფორმას.
მხოლოდ ის იყო საჭირო, მაგრად შეეკრა კრიჭა.

„ჯერ არა!“

იმ ვიღაცამ უთხრა, რომ მოეცადა, სანამ ბარონის ახლოს აღმოჩნდებოდა. ვინ უთხრა? ვერ
იხსენებდა.

– რამდენ ხანს იქნება ასე გაბრუებული? – იკითხა ბარონმა.

– ალბათ, კიდევ ერთ საათს, მილორდ.

– ალბათ, – ჩაიბურტყუნა ბარონმა და ისევ ღამისგან ჩაშავებული ფანჯრისკენ მიბრუნდა, – მე


მშია.
„ის გაურკვეველი რუხი ჩრდილი ბარონია“, გაიფიქრა ლეტომ. ჩრდილი წინ და უკან
ქანაობდა, ისიც ოთახის ბარბაცს იყო აყოლილი. ოთახი კი იწელებოდა და მოკლდებოდა.
ნათდებოდა და ბნელდებოდა, ჩაშავდებოდა და ისევ გაიცრიცებოდა.

ჰერცოგისთვის დრო შრეთა რიგად იქცა. იგი ნელ-ნელა გადიოდა თითოეულ შრეს, მაღლა
მიიწევდა. „უნდა დავიცადო“.

იქ მაგიდა იდგა. ლეტო მას საკმაოდ გარკვევით ხედავდა. მაგიდის იქით ზორბა, სქელი კაცი
იჯდა, მის წინ საჭმლის ნარჩენები ჩანდა. ლეტომ აღიქვა, რომ სქელი კაცის პირისპირ სკამზე
იჯდა, იგრძნო ბორკილები, ღვედები, რომლებითაც სკამზე იყო მიბმული. ხვდებოდა, რომ
რაღაც დრო გავიდა, მაგრამ რამდენი ხანი, ვერ განსაზღვრა უჭირდა.

– მგონი, ფხიზლდება, ბარონო.

„რა შემპარავი ხმაა. ეს პიტერი იყო“.

– ვხედავ, პიტერ.

„მოგუგუნე ბასი – ბარონი“.

ლეტომ იგრძნო, რომ გარემოს სიცხადე ემატებოდა. სკამს, რომელზეც იჯდა, სიმტკიცე
დაეტყო; თავად მასაც ბორკილები უფრო მაგრად ჩაეჭირა.

ჰერცოგი ახლა გარკვევით ხედავდა ბარონს. მისი ხელების მოძრაობას მიადევნა თვალი –
უნებურად, გაუაზრებლად ეხებოდა ხან თეფშის კიდეს, ხან კოვზის ტარს, ხან თითს
ჩამოიტარებდა ღაბაბზე.

ლეტო მონუსხული უყურებდა ამ ამოძრავებულ ხელს.

– ახლა გესმის ჩემი სიტყვები, ჰერცოგო ლეტო, – უთხრა ბარონმა, – ვიცი, რომ გესმის. შენგან
გვინდა გავიგოთ, სად ვნახავთ შენს თანამესარეცლესა და ბავშვს, მისგან რომ გაგიჩნდა.

ლეტო აქამდე მინიშნებებს იჭერდა, ეს პირდაპირ ნათქვამი კი ნეტარ შვებად ჩაიღვარა მის
არსებაში. მაშ, მართალია – პოლი და ჯესიკა ხელში ვერ ჩაუგდიათ.

– აქ სათამაშოდ კი არ ვართ, – დაიბუბუნა ბარონმა, – და შენ ეს კარგად იცი, – ლეტოსკენ


დაიხარა და სახეში ჩააცქერდა. ბარონს სწყინდა, რომ ამ საქმის მოგვარებას განმარტოებით ვერ
ახერხებდა, ლეტოსთან პირისპირ დარჩენილი. სხვები ასეთ გასაჭირში მყოფი მტრის მეფურ
თავდაჭერას რომ ხედავენ, ეს ცუდი მაგალითია.

ლეტო გრძნობდა, რომ ძალები უბრუნდებოდა. ახლა ხელოვნური კბილის ხსოვნა ვაკე
ადგილზე აღმართულ სამრეკლოსავით ამოსჩროდა გონებაში. იმ კბილის ნერვის ფორმის
კაფსულა შხამიანი გაზით იყო სავსე... და გაახსენდა, ვინ ჩაუდო პირში ეს სასიკვდილო
იარაღი.

იუემ.

წამლით დაბინდული მოგონება – ამ ოთახიდან მის თვალწინ მიათრევენ უსიცოცხლო


სხეულს – მოლანდებასავით ჩადგა ლეტოს წარმოსახვაში. იცოდა, ის იუე იყო.
– გესმის ის ხმა, ჰერცოგო ლეტო? – ჰკითხა ბარონმა.

ლეტომ აღიქვა რაღაც მოყიყინე ხმა, ვიღაც ტანჯულის ხრინწიანი კნავილი.

–შენი ერთი კაცი დავიჭირეთ, ფრემენად გადაცმული, – უთხრა ბარონმა, – გადაცმული რომ
იყო, იოლად დავრწმუნდით – თვალებით, ხომ ხვდები. ამტკიცებს, ფრემენებთან ჯაშუშად
ვიყავი შეგზავნილიო. მე ამ პლანეტაზე კარგა ხანს ვიცხოვრე, cher cousin. ამ დაკონკილ
უდაბნოს მათხოვრებზე ჯაშუშობას არავინ დაიწყებს. მითხარი, მათი დახმარება იყიდე? შენი
ქალი და შვილი მათთან გაგზავნე?

ლეტომ იგრძნო, მკერდი შიშმა რომ დაუძაგრა. „თუ იუემ ისინი უდაბნოს დაბლობზე
გაგზავნა... არ მოეშვებიან, სანამ არ იპოვიან“.

– მიდი, მიდი, – უთხრა ბარონმა, – ბევრი დრო არ გვაქვს და ტკივილის მიყენების მეთოდზეც
მალე გადავალთ. გთხოვ, საქმეს აქამდე ნუ მიიყვან, ძვირფასო ჰერცოგო, – ბარონმა პიტერს
ახედა, რომელიც ლეტოს მხარს უკან იდგა, – პიტერს ყველა თავისი იარაღი აქ არა აქვს, მაგრამ,
დარწმუნებული ვარ, იმპროვიზება შეუძლია.

– ხანდახან იმპროვიზება უკეთესიცაა, ბარონ.

„ეს შემპარავი, სრიალა ხმა!“ ლეტოს ის ზედ ყურთან ჩაესმა.

– საგანგებო გეგმა გქონდა? – განაგრძო ბარონმა, – სად გაგზავნე ქალი და ბიჭი? – ლეტოს
ხელზე დახედა, – ბეჭედი არ გაქვს. ბიჭს მიეცი?

ბარონმა აიხედა და ლეტოს თვალებში ჩააცქერდა.

– არ მპასუხობ, – თქვა მან, – მაიძულებ, ის გავაკეთო, რაც არ მინდა? პიტერი მარტივ,


პირდაპირ მეთოდებს მიმართავს. ვეთანხმები, ზოგჯერ ისინი უფრო ამართლებს, მაგრამ ხომ
არ ივარგებს, რომ ასეთი მეთოდები შენზე გამოვიყენოთ.

– ადუღებული ზეთი ზურგზე, იქნებ... ან ქუთუთოებზე, – თქვა პიტერმა, – შეიძლება,


სხეულის სხვა ნაწილებზე. განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ობიექტმა არ იცის, ზეთი
შემდეგ ჯერზე სად დაეწვეთება. კარგი მეთოდია, თანაც თავისებურად ლამაზიცაა, შიშველი
კანი ჩირქიანი წყლულებით რომ მოიხატება, ჰა, ბარონო?

– რა სინატიფეა, – წარმოთქვა ბარონმა. მის ხმაში გაღიზიანება ისმოდა.

„ის აფათურებული თითები!“ ლეტო უყურებდა სქელ ხელებს, აციმციმებულ ძვირფას


თვლებს ჩვილივით პუტკუნა თითებზე; ხედავდა, უნებურად აქეთ-იქით რომ მიედ-
მოედებოდნენ.

მის უკან კარიდან შემოღწეული ტანჯვის ხმები ჰერცოგს ნერვებს უკაწრავდა. ნეტავ, ვინ
დაიჭირეს? შეიძლება, აიდაჰო იყოს?

– დამიჯერე, Cher Cousin, – უთხრა ბარონმა, – სულ არ მინდა, საქმე აქამდე მივიდეს.

– წარმოიდგინე, სხეულის ნერვული მაცნეები როგორ მიექანებიან მშველელის მოსახმობად,


რომელიც ვერ მოვა, – თავისას განაგრძობდა პიტერი, – ეს მართლაც ხელოვნებაა.
– შენ დიდებული ხელოვანი ხარ, – დაიღრინა ბარონმა, – ახლა კი ქენი სიკეთე და გაჩუმდი.

ლეტოს ანაზდად გაახსენდა, რა თქვა გურნი ჰალეკმა, ბარონის სურათი რომ ნახა: „და დავდეგ
მე ქვიშასა ზედა ზღვისასა, და ვიხილე მხეცი ერთი აღმომავალი ზღვით... და თავთა ზედა
მისთა სახელნი გმობისანი“.

– დროს ტყუილად ვკარგავთ, ბარონო, – თქვა პიტერმა.

– შეიძლება, – თავი დაიქნია ბარონმა, – ხომ იცი, ძვირფასო ლეტო, ბოლოს მაინც გვეტყვი, სად
არიან. არსებობს ისეთი ტკივილი, რომელსაც ვეღარ გაუძლებ.

„ალბათ, ასეა“, გაიფიქრა ლეტომ. „რომ არა კბილი... და ის, რომ მე მართლა არ ვიცი, სად არიან“.

ბარონმა ხორცის ნაჭერი აიღო, ლუკმა პირში შეიტენა, ნელა დაღეჭა და გადაყლაპა. სხვა გზას
უნდა მივმართოთო, გაიფიქრა.

– ერთი შეხედე ამ ღირსეულ კაცს, რომელიც ამტკიცებს, არ ვიყიდებიო, – თქვა ბარონმა, –


ერთი შეხედე, პიტერ!

და თავისთვის გაიფიქრა: „მართლაც! შეხედე აგერ, ამ კაცს, რომელსაც ჰგონია, რომ არ


იყიდება. არადა, სხვა რა აყოვნებს ამქვეყნად: საკუთარი თავის მილიონი წილი, საკუთარი
თავისა, რომელიც მისხალ-მისხალ იყიდება მისი სიცოცხლის ყოველ წამს! ახლა თუ აიღებ და
შეაჯანჯღარებ, შიგნიდან ჩხრიალს გაიგონებ. ცარიელია! გაიყიდა! აწი რა მნიშვნელობა აქვს,
როგორ მოკვდება?“

ყრუ ყიყინა ხმა მიწყდა.

ბარონმა დაინახა, კარში მცველთა კაპიტანი ამან კუდუ გამოჩნდა და თავი გაიქნია. ტყვეს
საჭირო ინფორმაცია არ გაუცია. „კიდევ ერთი მარცხი. დროა, მოვეშვათ ერთი ადგილის
ტკეპნას ამ ბრიყვ

ჰერცოგთან, ამ უტვინო, გულჩვილ ბრიყვთან ერთად, რომელიც ვერც ხვდება, რა ჯოჯოხეთი


ელის აქვე, სულ ახლოს – მისგან სულ ერთი ნერვის სისქის მანძილზე“.

ბარონი ამ ფიქრმა დააწყნარა, დააძლევინა ყოყმანი – მას ხომ არ სურდა, სამეფო გვარის
წარმომადგენელი ტკივილის მიყენებით გამოეტეხა. უცებ საკუთარი თავი წარმოუდგა
ქირურგად, რომელიც გაუთავებლად, ძალდაუტანებლად ჭრიდა და ჭრიდა მაკრატლით –
ბრიყვებს ნიღბებს აცლიდა და მათ ქვეშ ჯოჯოხეთს აშიშვლებდა.

„ყველანი კურდღლები არიან!

და როგორ დაფრთხნენ, მტაცებელი რომ დაინახეს!“

ლეტომ მაგიდის იქით ჰერცოგს გახედა და გაიფიქრა, ნეტავ, რაღას ვიცდიო. კბილი
ყველაფერს სწრაფად დაასრულებდა. და მაინც – ამ ცხოვრებაში უფრო მეტი კარგი იყო.
გაახსენდა კალადანის ლაჟვარდ ცაში აჭრილი რადიოფრანი და მისი შემყურე პოლის
ბედნიერი სიცილი. და გაახსენდა მზის ამოსვლა აქ, არაკისზე – მტვრის ჯანღით
აფერადებული ფარკედელის ჭრელი ქანები.
– ძალიან ცუდი, – ჩაიბუზღუნა ბარონმა. სკამი უკან გააჩოჩა, თავისი ტივტივებით მსუბუქად
წამოდგა და, ჰერცოგს ცვლილება რომ შეატყო, შეყოყმანდა. დაინახა, რომ ლეტომ ღრმად
ჩაისუნთქა, ყბა დაეძაბა და ზედ კუნთი ამოებურცა, როცა პირი მაგრად მოკუმა.

როგორ ეშინია ჩემიო, გაიფიქრა ბარონმა.

შიშით ატანილმა, ვაითუ ბარონი დამისხლტესო, ლეტომ მაგრად ჩაკბიჩა კაფსულიანი კბილი.
იგრძნო, რომ გატყდა. პირი გააღო, გამოდევნა მწვავე ოხშივარი, რომლის გემოც ენაზე
დაელექა. ბარონი დაპატარავდა, თითქოს ბოლოსკენ დავიწროებული გვირაბით დაშორდა
მას. ზედ ყურთან შეყვირება გაიგონა – ეს შემპარავხმიანია, პიტერი.

„ამასაც ერგო!“

– პიტერ! რა მოხდა?

მობუბუნე ხმა შორიდან გაისმა.

ლეტომ იგრძნო, გონებაში მოგონებები რომ წამოეშალა: როკაპების ბებრული, უკბილო


ჩლიფინი. ოთახი, მაგიდა, ბარონი, წყვილი შეშინებული თვალი – ლურჯი-ლურჯზე თვალები
– ყველაფერი მჭიდროდ შემოადგა გარს – დარღვეულ ჰარმონიად.

იქ იყო ჩექმისნიკაპა კაციც, რომელიც სათამაშო ჯარისკაცივით წაიქცა. იმ სათამაშო ჯარისკაცს


მარცხნივ მოღრეცილი გატეხილი ცხვირი ჰქონდა: რა უცნაური მეტრონომია, აქნევის
დასაწყისში სამუდამოდ გაშეშებული. ჰერცოგმა ფაიფურის მსხვრევის ხმა გაიგონა –
უშორესი, სმენას გრგვინვად რომ მოაწყდა. მისი გონება უძირო ზარდახშა იყო, ყველაფერს
თავის თავში იკრებდა. ყველაფერს, რაც კი ოდესმე ყოფილა: ყველა ყვირილს, ყველა
ჩურჩულს, ყველა... სიჩუმეს.

ერთი ფიქრიღა შერჩა. ლეტო მას სიშავის სხივთა უფორმო შუქში ხედავდა: დღე, როცა ხორცი
ფორმას იძენს და ხორცი, როცა დღე ფორმას იძენს. ამ ფიქრმა მოჰგვარა მძაფრი შეგრძნება
სისავსისა, რომელსაც, იცოდა, ვერაფრით ახსნიდა.

სიჩუმე.

ბარონი იდგა, ზურგით თავის საიდუმლო კარს მიყრდნობოდა, მაგიდის უკან მოწყობილი
ფარული გასასვლელის კარს. ის კარი მკვდარი ხალხით სავსე ოთახს მიუჯახუნა. გარშემო
მოფუსფუსე მცველები აღიქვა. „შევისუნთქე?“ ჰკითხა თავის თავს. „რაც არ უნდა ყოფილიყო,
მეც მომწვდა?“

ხმების აღქმა დაუბრუნდა... და საღი აზრი. ესმოდა, ვიღაც ბრძანებებს იძლეოდა:


„აირწინაღები... კარი დაკეტილი იყოს... ჩართეთ ვენტილატორები“.

„დანარჩენები უცბადვე დაეცნენ“, გაიფიქრა მან. „მე ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ. ჯერ კიდევ
ვსუნთქავ. დალახვროს ეშმაკმა! კინაღამ“...

ახლა შეეძლო, გაეანალიზებინა, რაც მოხდა. ფარი გააქტიურებული ჰქონდა, დაბალ


სიმძლავრეზე, მაგრამ კმაროდა, რომ ველის კიდესთან მოლეკულარული გაცვლა
შეენელებინა. და იმ დროს უკვე დგებოდა მაგიდიდან... ესეც, და კიდევ, პიტერმა
სუნთქვაშეკრულმა რომ შეჰყვირა, ამ ხმაზე კი მცველთა კაპიტანი საკუთარ ბედისწერასთან
შესახვედრად შემოიჭრა.

შემთხვევითობა და მომაკვდავი კაცის შეყვირება – აი, რამ გადაარჩინა.

ბარონი პიტერის მიმართ არანაირ მადლიერებას არ გრძნობდა. „იმ სულელმა თვითონვე


მოიკლა თავი. ან ის შტერი მცველთა კაპიტანი! ასე თქვა, ყველა მიკროსკოპით შევამოწმე, სანამ
ბარონთან შემოვიყვანდიო! ჰერცოგმა ეს როგორ მოახერხა? არაფერმა გასცა, მაგიდის თავზე
დამაგრებულმა შხამის დეტექტორმაც კი – სანამ უკვე გვიანი არ იყო. როგორ? კარგი, ახლა ამას
მნიშვნელობა აღარ აქვს“, გაიფიქრა ბარონმა; გონება ეწმინდებოდა. მცველების ახალი
კაპიტანი თავის საქმიანობას ამ კითხვებზე პასუხის მოძებნით დაიწყებს.

იქით, ვესტიბიულში, კიდევ რაღაც მოძრაობა შენიშნა – კუთხეში, იმ სიკვდილის ოთახში


შემავალ მეორე

კართან. ბარონი თავის კარს მოსცილდა და თავის გარშემო მდგარ ლაქიებს გადახედა. ისინი
იდგნენ და უყურებდნენ, ელოდნენ, რას მოიმოქმედებდა.

განრისხდება ბარონი?

და ბარონი მიხვდა, რომ იმ საშინელი ოთახიდან გამოქცევის მერე სულ რამდენიმე წამი
გასულიყო.

ზოგ მცველს იარაღი კარისთვის დაემიზნებინა. ზოგს ყურადღებაც და იარაღიც ცარიელი


ჰოლისკენ მიემართა, რომელიც მათ მარჯვნივ, კუთხის იქიდან მომავალი ხმებისკენ
გრძელდებოდა.

იმ კუთხიდან სწრაფი ნაბიჯით შემოუხვია კაცმა, აირწინაღი ღვედებით ეკიდა კისერზე,


თვალები დერეფნის ჭერს დაყოლებული შხამის დეტექტორებისთვის მიეპყრო. ყვითელი თმა
ჰქონდა, უძრავი სახე და მწვანე თვალები. ცხვირიდან სქელტუჩა პირისკენ მკვეთრი ნაოჭები
ეშვებოდა. რაღაც წყლის არსებას ჰგავდა, იტყოდი, ხმელეთზე მავალთა შორის შეცდომით
მოხვედრილაო.

ბარონი მოახლოებულ კაცს უყურებდა. მისი სახელიც გაიხსენა – ნეფუდი. იაკინ ნეფუდი.
დაცვის კაპრალი. ნეფუდი შემჯდარი იყო სემუტაზე – ეს ნარკოტიკისა და მუსიკის
კომბინაცია გახლდათ, რომელიც მომხმარებლის ცნობიერების სიღრმეებში ჟღერდა. ასეთი
რამეების ცოდნა სასარგებლოა.

კაცი ბარონის წინ გაჩერდა, სამხედრო სალამი მისცა.

– დერეფანი სუფთაა, მილორდ. გარედან ვუყურებდი და დავინახე, რომ შხამიანი გაზი უნდა
ყოფილიყო. თქვენს ოთახში ჰაერი ვენტილატორებს ამ დერეფნებიდან შეჰქონდათ, – ბარონის
თავზემოთ დეტექტორს ახედა, – მცველებიდან არავინ გაქცეულა. ოთახი უკვე გავწმინდეთ.
რას გვიბრძანებთ?

ბარონმა იცნო კაცის ხმა: ის იყო, ბრძანებებს რომ იძლეოდა. მარჯვეა ეს კაპრალიო, გაიფიქრა.

– იქ მყოფები ყველანი დაიხოცნენ? – იკითხა ბარონმა.

– დიახ, მილორდ.
„ვითარებას უნდა მოვერგოთ“, გაიფიქრა ბარონმა.

– უპირველესად, – უთხრა მცველს, – მინდა მოგილოცო, ნეფუდ. შენ ჩემი დაცვის ახალი
კაპიტანი ხარ. და, იმედი მაქვს, შენთვის გაკვეთილი იქნება შენი წინამორბედის ხვედრი.

ბარონი უყურებდა, დაწინაურებული მცველს ნელ-ნელა მიხვედრა რომ დაეტყო. ნეფუდმა


იცოდა: აწი თავისი სემუტა აღარასოდეს შემოაკლდებოდა.

მან ბარონს თავი დაუქნია.

– მილორდმა იცის, რომ მის დასაცავად თავს არ დავზოგავ.

– დიახ. კარგი, ახლა საქმეზე გადავიდეთ. ასე მგონია, ჰერცოგს პირში ედო რაღაც. შენ
გაარკვევ, რა იყო ეს რაღაც, როგორ გამოიყენა, ვინ დაეხმარა მის ჩადებაში. ყველა ზომას
მიიღებ...

ბარონი შეჩერდა, ფიქრის ძაფი გაუწყვიტა მის უკან დერეფანში ამტყდარმა ალიაქოთმა –
მცველები ცდილობდნენ, ფრეგატის ქვედა სართულებიდან ამომავალი ლიფტის კართან
შეეკავებინათ პოლკოვნიკ-ბაშარი, რომელიც, ის-ის იყო, ლიფტიდან გამოვიდა.

ბარონმა იცნო პოლკოვნიკ-ბაშარი: წვრილი სახე ჰქონდა, პირი ტყავზე განასერს მიუგავდა,
თვალების მაგივრად შავი მელნის ორი ლაქა ესვა.

– გასწით ხელები, თქვე ლეშიჭამია ტურებო! – იღრიალა კაცმა და მცველები განზე მიყარა.

„ოოჰ, სარდაუკარია“, გაიფიქრა ბარონმა.

პოლკოვნიკ-ბაშარი სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ბარონისკენ, რომელიც ავის მოლოდინით


მოწკურული თვალებით შეჰყურებდა. სარდაუკარი ოფიცრები მუდამ აშფოთებდნენ. ყველანი
ჰერცოგის ნათესავებს ჰგავდნენ... აწ განსვენებული ჰერცოგის. ან ბარონთან როგორ ეჭირათ
თავი!

პოლკოვნიკ-ბაშარი ბარონისგან ნახევარ ნაბიჯზე შეჩერდა და დოინჯი შემოიყარა. მცველები


ნერვიულად წრიალებდნენ მის უკან, არ იცოდნენ, რა ექნათ.

ბარონმა შენიშნა, რომ მან სამხედრო სალამი არ მისცა, სარდაუკარის აგდებული მოპყრობა
იგრძნო და შფოთვა გაუძლიერდა. აქ მათი მხოლოდ ერთი ლეგიონი იყო ჩამოსული – ათი
ბრიგადა – ჰარკონენების ლეგიონთა გასაძლიერებლად, მაგრამ ბარონი თავს არ იტყუებდა. იმ
ერთ ლეგიონს იოლად შეეძლო, ჰარკონენებს შემობრუნებოდა და კიდევაც დაეჯაბნა ისინი.

– უთხარი შენს ხალხს, რომ შენს ნახვას ვერ დამიშლიან, ბარონო, – შეუღრინა სარდაუკარმა, –
ჩემებმა ჰერცოგი ატრეიდესი მანამდე მოგიყვანეს, სანამ შენთან მის ბედზე დალაპარაკებას
მოვასწრებდი. ახლა დაგელაპარაკები.

„ჩემი ჯარისკაცების წინაშე არ უნდა შევრცხვე“, გაიფიქრა ბარონმა.

– აბა? – ცივად მოზომილი სიტყვა იყო. ბარონმა სიამაყეც კი იგრძნო.

– ჩემმა იმპერატორმა დამავალა, დავრწმუნდე, რომ მისი მეფური სისხლის კუზენი


ღირსეულად, წამების გარეშე მოკვდება, – თქვა პოლკოვნიკ-ბაშარმა.
– იმპერატორმა ასე მიბრძანა, – იცრუა ბარონმა, – ნუთუ იფიქრე, რომ არ დავემორჩილებოდი?

– მე უნდა ვუპატაკო ჩემს იმპერატორს, რასაც საკუთარი თვალით ვნახავ, – თქვა სარდაუკარმა.

– ჰერცოგი უკვე მკვდარია, – მიახალა ბარონმა და ხელი გაიქნია, თავისუფალი ხარო.

პოლკოვნიკ-ბაშარს ფეხი არ მოუცვლია, იდგა და ბარონს შეჰყურებდა. არც თვალი


დაუხამხამებია, არც სახის კუნთი არ გასტოკებია, ერთი სიტყვით, არ დასტყობია, რომ აღიქვა,
რაც ანიშნეს.– როგორ? – დაუღრინა.

„ეს მართლაც მეტისმეტია!“ გაიფიქრა ბარონმა.

– საკუთარი ხელით, თუ აუცილებლად უნდა იცოდე, – მიუგო სარდაუკარს, – საწამლავი


მიიღო.

– ახლავე ვნახავ მის სხეულს, – უთხრა პოლკოვნიკ-ბაშარმა.

ბარონმა თვალები მოჩვენებითი გაღიზიანებით აღაპყრო ჭერისკენ, თან გამალებით


ფიქრობდა. „ჯანდაბა! ეს გამჭრიახი სარდაუკარი იქამდე ნახავს ოთახს, სანამ იქ რაღაცებს
შეცვლიდნენ!“

– ახლავე, – არ ეშვებოდა სარდაუკარი, – ჩემი თვალით უნდა ვნახო.

„ამას ვერ წაუხვალ“, მიხვდა ბარონი. „სარდაუკარი ყველაფერს ნახავს. გაიგებს, რომ ჰერცოგმა
ჰარკონენის ხალხი დახოცა... რომ თავად ბარონიც, როგორც ჩანს, ბეწვზე გადაურჩა. მაგიდაზე
სადილის ნარჩენებია, მის აქეთ კი – მკვდარი ჰერცოგი და დახოცილი ხალხი“.

ამას ვერ ასცდება.

– თავიდან ვერ მომიცილებ, – შეუტია პოლკოვნიკ-ბაშარმა.

– არც გიცილებ, – უთხრა ბარონმა და სარდაუკარის ობსიდიანისებურ თვალებს მზერა


გაუსწორა, – მე ჩემს იმპერატორს არაფერს ვუმალავ, – თავი დაუქნია ნეფუდს, – პოლკოვნიკ-
ბაშარს ყველაფერი უჩვენეთ, ახლავე. შიგნით იმ კარით შეიყვანე, რომელთანაც დგახარ,
ნეფუდ.

– აქეთ, სერ, – მიმართა ნეფუდმა.

სარდაუკარი ნელა, უტიფრად დაიძრა, ბარონს შემოუარა და მხრით გაიკვალა გზა მცველებს
შორის.

„აუტანელია“, გაიფიქრა ბარონმა. „ახლა იმპერატორი შეიტყობს, როგორ წავიბორძიკე. და ამას


ჩემი სისუსტის ნიშნად მიიღებს“.

მტანჯველი იყო იმის გაფიქრება, რომ იმპერატორს და მის სარდაუკარებს ერთნაირად


სძაგდათ სისუსტე. ბარონმა ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და თავი ინუგეშა, იმპერატორს
გიედი პრაიმზე ატრეიდესების რეიდის და იქ ჰარკონენთა სუნელის საწყობების დარბევის
შესახებ მაინც არაფერი შეუტყვიაო.

„ჯანდაბა ამ მოუხელთებელ ჰერცოგს!“


ბარონი მისგან მიმავალთა ზურგებს უყურებდა – თავხედ სარდაუკარსა და ჩასკვნილ, მარჯვე
ნეფუდს.

„უნდა მოვერგო ვითარებას“, გაიფიქრა მან. „მომიწევს, ამ წყეულ პლანეტას კიდევ ერთხელ
დავაყენო თავს რაბანი და, დაე, თავის ჭკუაზე მართოს... ჩემი, საკუთარი, ჰარკონენის სისხლი
უნდა მივახარჯო არაკისის მომზადებას ფეიდ-რაუთას მისაღებად. ეშმაკმა დალახვროს ეს
პიტერი! მანამდე მოაკვლევინა თავი, სანამ მასთან ყველაფერს მოვათავებდი“.

ბარონმა ამოიოხრა.

„და ახლავე უნდა მივმართო ტლეილაქსს, ახალი მენტატი გამომიგზავნონ. უეჭველია, უკვე
მომზადებული ეყოლებათ ჩემთვის ვინმე ახალი“.

მის გვერდით ერთმა მცველმა ჩაახველა.

ბარონი მისკენ მიბრუნდა.

– მომშივდა.

– დიახ, მილორდ.

– და მინდა, გამართონ, სანამ თქვენ იმ ოთახს გამოწმენდთ და გამირკვევთ, რა ხდებოდა იქ.

მცველმა მზერა დახარა.

– რა გართობა ნებავს მილორდს?

– ჩემს საძინებლებში ვიქნები, – თქვა ბარონმა, – ის ყმაწვილი მომიყვანეთ, გამონთზე რომ


ვიყიდეთ, ის, ლამაზთვალება. წამალი მიეცით, კარგად გაბრუვდეს. ჭიდაობის თავი არ მაქვს.

– დიახ, მილორდ.

ბარონი შებრუნდა, თავისი მსუბუქი, ტივტივებით ატაცებული ნაბიჯით გაემართა


საძინებლისკენ. „ჰო, ის, ლამაზი თვალები რომ აქვს, ის, ასე ძალიან რომ ჰგავს ჭაბუკ პოლ
ატრეიდესს“.

22* * *
ო, ზღვანო კალადანისა,
ო, ჰერცოგ ლეტოს ხალხო,
დაიქცა ლეტოს სიმაგრე,
სამარადისოდ დაიქცა...

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სიმღერები“

პოლი გრძნობდა, რომ მთელი მისი წარსული, ყველა გამოცდილება, რაც კი იმ ღამემდე მიეღო,
ქვიშის საათში მბრუნავ ქვიშად ქცეულიყო. მუხლებზე მკლავებშემოხვეული იჯდა დედასთან
ერთად ქსოვილისა და პლასტიკატის პატარა ქოხში – სარწყულ-კარავში – რომელიც
ტოპტერში დატოვებულ აბგაში დახვდათ, იმ ფრემენულ სამოსთან ერთად, ახლა რომ ეცვათ.

პოლის გონებაში ეჭვის ნასახიც არ რჩებოდა იმაზე, თუ ვინ ჩადო იქ ფრემაბგა, ვინ განსაზღვრა
იმ ტოპტერის გეზი, რომელსაც ტყვეები უნდა წაეყვანა.

იუემ.

მოღალატე ექიმმა ისინი პირდაპირ დუნკან აიდაჰოს ხელში გაგზავნა.

პოლი სარწყული-კარვის გამჭვირვალე კალთიდან გასცქეროდა მთვარით დაფერილ


კლდეებს, რომლებიც გარს შემორტყმოდნენ ამ ადგილს, სადაც აიდაჰომ დამალა ისინი.

„ბავშვივით ვიმალები, არადა, ახლა ჰერცოგი მე ვარ“, გაიფიქრა პოლმა. გრძნობდა, როგორ
ღრღნიდა ეს ფიქრი, მაგრამ ვერც იმას უარყოფდა, რომ გონივრულად იქცეოდნენ.

იმ ღამით მის ცნობიერებას რაღაც დაემართა – ყველანაირ გარემოებას თავის გარშემო, ყველა
მოვლენას ბასრი სიცხადით აღიქვამდა. გრძნობდა, არ შეეძლო, შეეჩერებინა ინფორმაციის
მიღების პროცესი ან წინ აღდგომოდა იმ ცივ სიზუსტეს, რომლითაც ემატებოდა ყოველი
ახალი მონაცემი მის ცოდნას, მისი ცნობიერების ცენტრში მოთავსებულ გამოთვლებს. ეს
მენტატის ძალა იყო და რაღაც მასზე მეტიც კი.

პოლმა გაიხსენა, როგორი უმწეო ბრაზი დაეუფლა, როცა მათკენ მომქროლმა უცხო ტოპტერმა
ღამის სიბნელიდან ამოყვინთა, უდაბნოს თავზე მფრენი გიგანტური ქორის დარად. ფრთებში
ქარი უწიოდა.

პოლის გონებას მაშინ დაემართა რაღაც. ტოპტერმა ქვიშის ქედის თავზე მკვეთრად მოუხვია
გაქცეული ფიგურებისკენ – დედამისისა და მისკენ. პოლს ახსოვდა, როგორ ეძგერა მათ
დამწვარი გოგირდის სუნი, როცა სწრაფი დაჯდომის გამო მოსრიალებული ტოპტერის კავები
ქვიშას გაეხახუნა.

დედამისი მობრუნდა. პოლმა იცოდა, რომ იგი ჰარკონენების დაქირავებული ჯარისკაცის


ხელით მოშვერილ ლაზთოფთან შეხვედრას ელოდა; ამის მაგივრად კი დუნკან აიდაჰო იცნო,
ტოპტერის ღია კარიდან რომ გადმოხრილიყო და ეძახდა მათ:

– სწრაფად! თქვენგან სამხრეთით მატლის ნიშანია!

პოლი სანამ მოტრიალდებოდა, უკვე იცოდა, ვინც მართავდა ტოპტერს. მართვის


თავისებურებაში რაღაც წვრილმანების ერთობლიობამ, აჩქარებულმა დაშვებამ – ისეთმა
უმნიშვნელო მინიშნებებმა, თვით დედამისმაც რომ ვერ გამოარჩია – პოლს ზუსტად უკარნახა,
ვინ იჯდა საჭესთან.

სარწყულ-კარვის მეორე კიდესთან მჯდარი ჯესიკა შეინძრა და თქვა:

– ერთადერთი ახსნა არსებობს. ჰარკონენებს იუეს ცოლი ჰყავდათ ტყვედ. მას სძულდა
ჰარკონენები! შეუძლებელია, ეს მეშლებოდეს. ხომ წაიკითხე მისი წერილი. მაგრამ დახოცვას
რატომღა გადაგვარჩინა?
„ამას ახლაღა ხვდება და ისიც ასე ბუნდოვნად“, გაიფიქრა პოლმა. ამ ფიქრმა გააოგნა. თვითონ
ეს ფაქტი გაიაზრა, როგორც თავისთავად ცხადი რამ, როცა კითხულობდა ბარათს, რომელიც
ჰერცოგის ბეჭედთან ერთად იდო აბგაში.

„ნუ ეცდებით, შემინდოთ“, წერდა იუე, „თქვენი შენდობა არ მჭირდება. უკვე ისედაც
საკმარისად მძიმეა ჩემი ტვირთი. ის, რაც გავაკეთე, არ ჩამიდენია სიბოროტით, არც გაგების
და შენდობის იმედით. ეს მხოლოდ ჩემი ტაჰადი ალ-ბურჰანია, ჩემი საბოლოო და უმაღლესი
გამოცდა. გაძლევთ ატრეიდესის საჰერცოგო ბეჭედს, როგორც ნიშანს, რომ ნამდვილად მე
ვწერ. იმ დროს, თქვენ ამას რომ წაიკითხავთ, ჰერცოგი ლეტო მკვდარი იქნება. თავი იმით
ინუგეშეთ, რომ მარტო არ მოკვდება, არამედ მას მიჰყვება ისიც, ყველაზე მეტად ვინც
გვძულს“.

წერილს არ უძღოდა მიმართვა, არც ხელის მოწერა ერთვოდა, მაგრამ ეს ხელწერა ნამდვილად
იუესი იყო.

წერილის გახსენებაზე პოლმა ხელახლა იგრძნო მისი კითხვისას განცდილი ვარამი – ბასრი და
უცნაური, რომელიც თითქოს მისი მენტატური სიფხიზლის მიღმა იყო დაგუბებული.
წაიკითხა, რომ მამამისი მოკვდა, შეიცნო ამ სიტყვების სინამდვილე, მაგრამ მათ გრძნობდა,
როგორც მორიგ მონაცემს, გონებაში რომ უნდა შეენახა და გამოეყენებინა.

„მე მიყვარდა მამაჩემი“, გაიფიქრა პოლმა და იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. „უნდა
ვგლოვობდე მას. წესით, რაღაცას უნდა ვგრძნობდე“.

მაგრამ არაფერს გრძნობდა, იცოდა მხოლოდ: ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.

ისიც სხვა ფაქტებს შორის იყო, ერთ-ერთ ფაქტად.

მთელი ეს ხანი მისი გონება ისრუტავდა გრძნობად შთაბეჭდილებებს, ექსტრაპოლაციას


ახორციელებდა, ითვლიდა.

ჰალეკის სიტყვები მოაგონდა: „გუნების მიხედვით ძროხები იქცევიან, ან, კი ბატონო,


სიყვარულობა და ბალისეტზე დაკვრა შეიძლება გუნების მიხედვით. ოღონდ არა ბრძოლა!
იბრძვი მაშინ, როცა საჭიროა – გუნების მიუხედავად!“

„შეიძლება, ესაა“, გაიფიქრა პოლმა. „მამაჩემს მერე ვიგლოვებ... როცა დრო მექნება“.

მაგრამ მისი ყოფის ცივი სიზუსტე წამითაც არ მოდუნებულა. გრძნობდა, რომ ეს ახალი
ცნობიერება მხოლოდ დასაწყისი იყო, რომ ის სულ უფრო იზრდებოდა. პირთამდე აავსო
საზარელი დანიშნულების შეგრძნებამ, პირველად ღირს დედა გაიუს ჰელენ მოჰიამის მიერ
მოწყობილი გამოცდისას რომ შეეფეთა. მარჯვენა ხელში – ხელში, რომელსაც ტკივილი
ახსოვდა – ჩხვლეტა და წვა იგრძნო.

„ნეტავ, მაგათ კვიზაც ჰადერაქად ყოფნა ამას ნიშნავს?“ გაიფიქრა პოლმა.

– ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, რომ ჰავატს ისევ რაღაც გამორჩა, – თქვა ჯესიკამ, – ვიფიქრე,
იქნებ, იუე არ ყოფილა საკის ექიმი-მეთქი.
– იუე ზუსტად ის იყო, რაც გვეგონა... და რაღაც კიდევ, – თქვა პოლმა. და გაიფიქრა: „ასე ნელა
რატომ აცნობიერებს ამ რაღაცებს?“ თქმით კი ეს თქვა: – თუ აიდაჰო კაინსამდე არ მიაღწევს,
მაშინ ჩვენ...

– ის ჩვენი ერთადერთი იმედი როდია, – უთხრა ჯესიკამ.

– ეგ არ მითქვამს, ერთადერთია-მეთქი, – გაეპასუხა პოლი.

დედას მოესმა მის ხმაში გაჟღერებული ფოლადი, მბრძანებლის განწყობა, და სარწყულ-კარვის


რუხი ბინდის მიღმა შვილს მიაპყრო მზერა. კარვის გამჭვირვალე კალთაში მთვარის
მინანქრიანი კლდეები მოჩანდა და ზედ პოლის სილუეტი იკვეთებოდა.

– მამაშენის სხვა ხალხიც დააღწევს თავს, – თქვა ჯესიკამ, – უნდა შევკრიბოთ ისინი,
ვიპოვოთ...

– ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, – სიტყვა გააწყვეტინა შვილმა, – უპირველესად


საგვარეულო ატომურ იარაღზე უნდა ვიზრუნოთ. მანამდე უნდა ჩავიგდოთ ხელში, სანამ
ჰარკონენები მიაგნებდნენ.

– ისე დავმალეთ, არ მგონია, იპოვონ.

– „მგონიას“ არ უნდა მივენდოთ.

და ჯესიკამ გაიფიქრა: „განზრახული აქვს, საგვარეულო ატომური იარაღი შანტაჟისთვის


გამოიყენოს – პლანეტას და მის სუნელს დაემუქროს. მაგრამ ამის მერე სხვა იმედი აღარ
დარჩება, მხოლოდ რენეგატობა და უსახელო ცხოვრება“.

დედამისის სიტყვებმა პოლის ფიქრები სხვა მხარეს მიმართეს – გაახსენდა, როგორ წუხდა
ჰერცოგი მათი ხალხის გამო, რომელიც იმ ღამით დაკარგეს. „დიდებული გვარის ნამდვილი
ძალა მისი ხალხია“, გაიფიქრა მან და გაახსენდა ჰავატის სიტყვები: „ მეგობრებთან
განშორებაზე უნდა ინაღვლო. ადგილი კი ადგილია და მეტი არაფერი“.

– ისინი სარდაუკარებს იყენებენ, – თქვა ჯესიკამ, – უნდა მოვიცადოთ, სანამ სარდაუკარებს


უკან გაიწვევენ.

– გადაწყვეტილი აქვთ, უდაბნოსა და სარდაუკარებს შორის მოგვამწყვდიონ, – მიუგო პოლმა,


– აპირებენ, რომ ატრეიდესთაგან არც ერთი არ დატოვონ ცოცხალი – სრული განადგურება
აქვთ ჩაფიქრებული. ჩვენიანების გადარჩენის იმედი ნუ გექნება.

– აქ ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან, ვერ გარისკავენ, იმპერატორის თანამონაწილეობა


გამჟღავნდება.

– ვითომ?

– ზოგი ჩვენიანი აუცილებლად გადარჩება.

– ვითომ?

ჯესიკა მიბრუნდა, შვილის ხმაში გაჟღერებულმა მკაცრმა ძალამ დააფრთხო და ზუსტი


შეფასებაც გაიგონა იმისა, თუ რა შანსები ჰქონდათ. გრძნობდა, პოლის გონებას ნახტომი
გაეკეთებინა და მისთვის გაესწრო, რომ ზოგ რამეს ახლა ის დედაზე უკეთ ხედავდა. ხომ
თავადვე მონაწილეობდა ამის შემძლე ინტელექტის

გაწვრთნაში, მაგრამ ახლა შეატყო, რომ ამისთვის თვალის გასწორება აშინებდა. ფიქრი გაექცა,
დაკარგულ თავშესაფარს, თავის ჰერცოგს მიუბრუნდა... და თვალები ცრემლებმა აუვსო.

„ასეც უნდა ყოფილიყო, ლეტო“, გაიფიქრა. „ჟამი სიყვარულისა და ჟამი გლოვისა“. ხელი
მუცელზე დაიდო, იქ მყოფი ჩანასახი აღიქვა. „აი, ატრეიდესის ასული, რომლის შობაც მქონდა
ნაბრძანები, მაგრამ ღირსი დედა ცდებოდა: ასულის გაჩენა ვერ იხსნიდა ჩემს ლეტოს. ეს
ბავშვი მხოლოდ სიცოცხლეა, რომელიც სიკვდილის თარეშისას მომავლისკენ მიიწევს.
ინსტინქტის კარნახით ვიღე ის მუცლად და არა მორჩილების გამო“.

– აბა, კიდევ სცადე კომუნქსელის დაჭერა, – უთხრა პოლმა.

„გონება მაინც მუშაობს, რაც არ უნდა ვცადოთ მისი შეკავება“, გაიფიქრა ჯესიკამ.

აიდაჰოს მიერ მათთვის დატოვებული პატარა მიმღები მოძებნა და ჩართო. აპარატის


ზედაპირზე მწვანე შუქი აინთო. დინამიკებიდან ჩუმი წივილი გაისმა. ხმას ჩაუწია და
სხვადასხვა სიხშირე მოსინჯა. კარავში ატრეიდესების საბრძოლო ენაზე ლაპარაკი გაისმა.

– ...უკან და თხემთან გადავეწყოთ. ფედორი გვიპატაკებს, კართაგში არავინ გადარჩენილაო და


გილდიის ბანკი გაიძარცვა.

კართაგი! ეს ჰარკონენების ბუდე იყო.

– ეგენი სარდაუკარები არიან, – წარმოთქვა ხმამ, – ატრეიდესების ფორმაში ჩაცმულ


სარდაუკარებს უფრთხილდი. ისინი...

დინამიკები აღრიალდა და ხმა მიწყდა.

– სხვა სიხშირეები სცადე, – უთხრა პოლმა.

– გესმის, ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა ჯესიკამ.

– მოველოდი ამას. მაგათ უნდათ, გილდიამ ბანკის დარბევაში ჩვენ დაგვადანაშაულოს.


გილდია თუ დაგვიპირისპირდება, ეს ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე ვართ გამომწყვდეული.
სცადე სხვა სიხშირეები.

ჯესიკამ აწონ-დაწონა მისი სიტყვები: „მოველოდი ამას“. რა მოუვიდა პოლს? აუჩქარებლად


მიუბრუნდა მოწყობილობას. სიხშირეებს ჩამოუყვა. აქა-იქ ატრეიდესების საბრძოლო ენაზე
დაჭერილ სიტყვებში

ხოცვა-ჟლეტის სურათებს ხედავდნენ: „...უკან დახევა...“ „...ვცადოთ, გადავეწყოთ, სადაც...“


„...ამოვიქოლეთ გამოქვაბულში...“

და არც შეგეშლებოდა, ისე კარგად ისმოდა გამარჯვებით გამოწვეული აღტაცება ჰარკონენულ


რატრატში, დანარჩენი სიხშირეებიდან რომ იღვრებოდა. მკვეთრი ბრძანებები, ბრძოლის
პატაკები. ჯესიკა ვერ ასწრებდა, „ჩაეწერა“ და გაეშიფრა ენა, მაგრამ კილო ცხადი იყო.

გამარჯვება ჰარკონენებს დარჩათ.


პოლმა აიღო აბგა, გვერდით რომ ედო, და დაიქნია. მისგან წყლის ორი ლიტრიანის
ერთმანეთზე გაჩხაკუნების ხმა მოისმა. ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და კარვის გამჭვირვალე
კალთიდან ვარსკვლავების ფონზე აზიდულ კლდის ფრიალოებს ახედა. მარცხენა ხელით
კარავში შემოსასვლელის მრგვალი საგდული მოსინჯა.

– მალე გათენდება, – უთხრა დედას, – შეგვიძლია, აიდაჰოს მთელი დღე დაველოდოთ, მაგრამ
კიდევ ერთ ღამეს ვეღარ დავუცდით. უდაბნოში ღამით უნდა იარო, დღისით კი ჩრდილში
გაჩერდე.

ჯესიკას გონებაში ამოუტივტივდა ნასწავლი: სარწყულის გარეშე უდაბნოში ჩრდილში მჯდარ


კაცს სხეულის მასის შესანარჩუნებლად დღეში ხუთი ლიტრი წყალი სჭირდება. სხეულზე
მიკრული სარწყულის სრიალა, რბილი კანი იგრძნო და გაიფიქრა, რომ მათი სიცოცხლე ახლა
ამ სამოსზე იყო დამოკიდებული.

– აქედან თუ წავალთ, აიდაჰო ვერ გვიპოვის, – უთხრა შვილს.

– ნებისმიერი კაცის ალაპარაკების საშუალება არსებობს, – მიუგო მან, – აიდაჰო განთიადისას


თუ არ დაბრუნდება, უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, რომ ტყვედ ჩაიგდეს. როგორ გგონია,
რამდენ ხანს გაუძლებს?

კითხვა პასუხს არ მოელოდა და ჯესიკამაც სიჩუმე შეაგება.

პოლმა აბგას თავი ახადა, ამოიღო პაწაწინა მიკროსახელმძღვანელო თავისი სანათით და


გამადიდებლით, გვერდებზე მწვანე და ნარინჯისფერი ასოები გამოიკვეთა: ლიტრიანები,
სარწყული-კარავი, ენერგოკაფსულები, რეკათები, ქვიშნორკი, ბინოკლი, სარწყულის ნაკრები,
საღებავი პისტოლეტი, დაბლობის რუკა, ფილტრ-საცობი, პარაკომპასი, მოქმედის კავეები,
ბაგუნა, ფრემაბგა, ცეცხლის სვეტი...

„რამდენი რამეა და ყველაფერი უდაბნოში თავის გასატანად არის საჭირო“.

ცოტა ხნის შემდეგ პოლმა სახელმძღვანელო გვერდით, კარვის იატაკზე გადადო.

– სავარაუდოდ, სად შეგვიძლია, წავიდეთ? – ჰკითხა ჯესიკამ.

– მამაჩემი უდაბნოს ძალებს ახსენებდა, – მიუგო პოლმა, – ჰარკონენები მის გარეშე ამ


პლანეტას ვერ მართავენ. მათ არც არასოდეს უმართავთ ეს პლანეტა და ამას ვერც მომავალში
იზამენ, სარდაუკარების ათი ათასი ლეგიონიც რომ დარაზმონ.

– პოლ, შეუძლებელია, გეგონოს, რომ...

– ამის ყველა საბუთი ხელთ გვაქვს, – მიუგო პოლმა, – აქ, პირდაპირ ამ კარავში: ესაა თავად
კარავი, ეს ჩანთა და ის, რაც მასში დევს, ეს სარწყულები. ვიცით, რომ გილდია ამინდის
თანამგზავრისთვის წარმოუდგენელ თანხას ითხოვს. ვიცით, რომ...

– რა შუაშია აქ ამინდის თანამგზავრი? – ჰკითხა ჯესიკამ, – მათ შეიძლება ვერ... – სიტყვა


გაუწყდა მას.

პოლი გრძნობდა, როგორ კითხულობდა დედის რეაქციას მისი ზეფხიზელი გონება, როგორ
წამებში გამოითვლიდა დეტალებს.
– ახლა ხომ ხვდები, – უთხრა დედას, – სატელიტებიდან მთელი პლანეტის ტერიტორია
მოჩანს, უდაბნოს სიღრმეში არის რაღაც, რაზე ხშირი დაკვირვებაც მათ ხელს არ აძლევს.

– გგონია, გილდია თავად აკონტროლებს ამ პლანეტას?

„რა დუნედ აზროვნებდა!“

– არა! – მიუგო პოლმა, – ფრემენები! ისინი გილდიას უხდიან და მყუდროდ ყოფნას


ყიდულობენ. იმას კი, ვინც უდაბნოს ძალას – სუნელს – ფლობს, საფასურის გადახდა არ
უჭირს. ეს მეორეულ მიახლოებითზე უფრო ზუსტი პასუხია; ეს პირდაპირი გამოთვლაა.
შეგიძლია, ენდო.

– პოლ, – უთხრა ჯესიკამ, – შენ ჯერ მენტატი არ ხარ; ზუსტად ვერ გეცოდინება, როგორ...

– მე მენტატი არასოდეს ვიქნები, – თქვა პოლმა, – მე რაღაც სხვა ვარ... რაღაც გადახრა.

– პოლ! ასეთ რამეს როგორ...

– თავი დამანებე!

პოლმა დედას ზურგი შეაქცია, ღამეს ჩახედა. ნეტავ, რატომ არ შემიძლია გლოვაო, ჰკითხა
საკუთარ თავს. გრძნობდა, მისი არსების ყოველ უჯრედს როგორ სწყუროდა ეს შვება, მაგრამ
ვერასოდეს ეღირსებოდა.

ჯესიკას შვილის ხმაში ასეთი მწუხარება არასოდეს სმენოდა. უნდოდა, ხელები გაეწვდინა
მისკენ, გულში ჩაეკრა, დაემშვიდებინა, დახმარებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ უძლური იყო.
ეს პოლს თვითონ უნდა გადაელახა.

მათ შორის დადებული ფრემაბგის სახელმძღვანელოს მანათობელმა ფირფიტამ ჯესიკას


მზერა მოსტაცა. აიღო, თავფურცელს დახედა, წაიკითხა: „სახელმძღვანელო „შენი მეგობარი
უდაბნო“, სიცოცხლით სავსე ალაგი. აქ ძევს სიცოცხლის აიატი და ბურჰანი. ირწმუნე და ალ-
ლატი არასდროს დაგწვავს“.

„აჟარის წიგნივით იკითხება“, გაიფიქრა ჯესიკამ და დიდ საიდუმლოთა გაკვეთილები


გაახსენდა. ნეტავ, არაკისზე რელიგიების მანიპულატორს უმუშავია?“

პოლმა აბგიდან პარაკომპასი ამოიღო, მერე ისევ უკან ჩააბრუნა და თქვა:

– დაფიქრდი ამ სპეციალურ ფრემენულ მექანიზმებზე. რა უბადლო სირთულეა. აღიარე ეს.


კულტურაში, რომელმაც ესენი დაამზადა, ისეთ სიღრმეები ჩანს, ვერავინ რომ ვერ
წარმოვიდგენთ.

შვილის ხმაში გაჩენილი უხეში ნოტებით შეწუხებული ჯესიკა შეყოყმანდა, ისევ წიგნს
მიუბრუნდა, დააკვირდა არაკისის ცის თანავარსკვლავედის სურათს „მუად’დიბი – თაგვი“, და
შეამჩნია, რომ მისი კუდი ჩრდილოეთს მიუთითებდა.

პოლი კარვის სიბნელეში მიაცქერდა დედის ოდნავ შესამჩნევ მოძრაობას, რაც


სახელმძღვანელოს სანათის შუქზე ჩანდა. „ახლა კი დროა, მამაჩემის სურვილი შევასრულო“,
გაიფიქრა მან. „დანაბარები ახლა უნდა გადავცე, სანამ გლოვის დრო აქვს. მოგვიანებით გლოვა
ხელს შეგვიშლის“. და იგრძნო, როგორ გააოგნა საკუთარმა მკაფიო ლოგიკამ.
– დედა.

– ჰო?

ჯესიკამ გაიგონა ცვლილება მის ხმაში და მისმა კილომ გულ-მუცელი გაუთოშა. ასეთი
სრული კონტროლი არასოდეს სმენოდა.

– მამაჩემი მოკვდა, – თქვა პოლმა.

ჯესიკამ ჩაიხედა საკუთარ თავში, დაუკავშირა ფაქტები ფაქტებს და ფაქტებს – მონაცემების


შეფასების ბენე გესერიტის წესის მიხედვით – და მის შეგნებაში შემაძრწუნებელი დანაკარგის
შეგრძნება გაჩნდა.

შვილს თავი დაუქნია, ხმა ვერ დაძრა.

– მამაჩემა ერთხელ დამავალა, შენთვის რაღაც გადმომეცა, თუ მას რამე დაემართებოდა.


ეშინოდა, რომ შენ შეიძლება დაგეჯერებინა, ჰერცოგი არ მენდობაო.

„ფუჭი ეჭვია“, გაიფიქრა ჯესიკამ.

– მას სურდა, გცოდნოდა, რომ შენში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია, – განაგრძო პოლმა, აუხსნა
ლეტოს განზრახვა და დაუმატა: – სურდა, გცოდნოდა, რომ ყოველთვის ბოლომდე
გენდობოდა, ყოველთვის უყვარდი და გულით დაგატარებდა. ასე თქვა, უმალ საკუთარ თავს
არ ვენდობიო, და მხოლოდ ერთს ნანობდა: რომ შენზე არ დაქორწინდა.

ჯესიკამ ლოყებზე ჩამოდენილი ცრემლები მოიწმინდა და გაიფიქრა, სხეულის წყლის რა


უგუნური ხარჯვააო. მაგრამ კარგად იცოდა, სინამდვილეში რაც იყო ეს ფიქრი – მცდელობა,
მწუხარებიდან სიბრაზეში გადაენაცვლებინა. „ლეტო, ჩემო ლეტო“, გაიფიქრა. „როგორ
ვაწვალებთ მათ, ვინც გვიყვარს!“ ძლივს ჩააქრო პაწია სახელმძღვანელოს განათება.

ქვითინი სხეულს უცახცახებდა.

პოლს ესმოდა, როგორ გლოვობდა დედა და საკუთარ სიცარიელეს გრძნობდა. „მე მწუხარება
არ მეკარება“, გაიფიქრა მან. „რატომ? რატომ?“ გლოვა რომ არ შეეძლო, ამას თავის საშინელ
ნაკლად აღიქვამდა.

„ჟამი შეძენისა და ჟამი კარგვისა“, გაახსენდა ჯესიკას ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის


სიტყვები, „ჟამი შენახვისა და ჟამი განგდებისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა;
ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა“.

პოლის გონება კვლავ შემაძრწუნებელი სიზუსტით მუშაობდა. ბიჭი ამ მტრულ პლანეტაზე


მათ წინ გაშლილ გზებს ხედავდა. ისე, რომ სიზმრის უსაფრთხოების სარქველიც კი აღარ
იცავდა, მთელი ძალები თავისი წინასწარმჭვრეტი ცნობიერების ფოკუსირებისკენ მიმართა. ეს
ცნობიერება წარმოუდგებოდა, როგორც ყველაზე უფრო მოსალოდნელი მომავლების
გამოთვლა, მაგრამ ამას ახლდა კიდევ რაღაც, მისტერიის შეხება – თითქოს მისი გონება რაღაც
დროისგარეშე შრეში ჩაღრმავდა და მომავალი ქარტეხილების ნიმუშები აიღო.

უეცრად, თითქოს საჭირო გასაღები იპოვაო, პოლის გონებამ ცნობიერების ახალ საფეხურზე
ააბიჯა. იგრძნო, როგორ ებღაუჭებოდა ამ ახალ დონეს, ყანყალა მოსაჭიდს ბღუჯავდა და
გარშემო იხედებოდა. თითქოს სფეროს შიგნით იმყოფებოდა და მისგან ყველა
მიმართულებით იშლებოდა გზები... მაგრამ ეს მისი შეგრძნებების მხოლოდ მიახლოებითი
აღწერა იყო.

პოლს გაახსენდა ოდესღაც დანახული, ქარში მოფრიალე გაზის ხილაბანდი. ახლა მომავალს
ისე გრძნობდა, თითქოს ის რაღაც ზედაპირზე იტალღებოდა, იმ ქარს აყოლილი
ხილაბანდივით მოლივლივე და ცვალებადი.

ხალხი დაინახა.

იგრძნო აურაცხელ ალბათობათა სიცხე და სიცივე.

გაიგო სახელები და გაიცნო ადგილები, ურიცხვი ემოცია გამოსცადა, აურაცხელ


გამოუკვლეველ ნაპრალთა მონაცემები გადახარშა. ასწრებდა, გამოეკვლია, გამოეცადა და
მოესინჯა, მაგრამ დრო არ ჰქონდა, მათთვის ფორმა მიეცა.

ეს იყო ალბათობათა რიგი – უშორესი წარსულიდან უშორეს მომავლამდე, ყველაზე უფრო


მოსალოდნელიდან სრულიად დაუჯერებლამდე. იხილა საკუთარი სიკვდილი – ურიცხვი
სახით, ხედავდა ახალ პლანეტებს, ახალ კულტურებს.

ხალხს.

ხალხს.

თვლა არ ჰქონდა მათ რიცხვს, მაგრამ მისი გონება ახარისხებდა, ალაგებდა მათ.

გილდიელებიც კი აქ იყვნენ.

და გაიფიქრა: „გილდია – მათთან შეიძლება ჩვენი მომავლის დაკავშირება, ჩემს უცნაურობებს


ისინი ნაცნობ და დასაფასებელ თვისებებად მიიჩნევენ. მათთან თუ ვიქნებით, არასოდეს
მოგვაკლდება ჩვენთვის ახლა უკვე აუცილებელი სუნელი“.

მაგრამ პოლს თავზარს სცემდა აზრი, რომ მის გონებას მთელი სიცოცხლის მანძილზე
შესაძლო მომავლები ეჩხრიკა და ამით კოსმოსური ხომალდებისთვის მიეცა გეზი,. თუმცა ეს
გამოსავალი იყო. და იმ შესაძლო მომავლის დანახვით, რომელშიც გილდიელები იყვნენ
ჩართული, მან საკუთარი უცნაურობა გააცნობიერა.

„მე სხვანაირი ჭვრეტა მაქვს. ჩემი თვალი სხვა სანახებს წვდება – შესაძლო გზებს“.

ამის შეგნებამ დაამშვიდა და თან შეაშფოთა – იმ სხვა სანახებში იმდენი ბილიკი


მქრქალდებოდა ან თვალს ეფარებოდა...

ეს გრძნობა როგორც ეწვია, ისევე სწრაფად გაეცალა და პოლი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი
თვალის ერთ დახამხამებაში გამოსცადა.

ჰო, ეს საკუთრივ მისი ცნობიერება ამოყირავდა და შიშისმომგვრელი ნათელი მოეფინა. პოლმა


გარშემო მიმოიხედა.

კლდეებს შორის ჩამალულ სარწყულ-კარავს ჯერ კიდევ ღამე აწვა. დედის მწუხარება ჯერ ისევ
ხმით ტიროდა.
თავად გლოვის ნაცვლად კვლავ სიცარიელეს გრძნობდა... ეს ღრუ ადგილი განცალკევებული
იყო გონებისგან, რომელიც მტკიცე ნაბიჯით მიემართებოდა თავის გზაზე: მონაცემებს
იაზრებდა, აფასებდა, ითვლიდა, პასუხებს იძლეოდა – დაახლოებით მენტატის მუშაობის
დარად.

და ახლა ხედავდა, რომ ის ფლობდა მონაცემთა ისეთ სიუხვეს, რომლის დატევაც მანამდე
ცოტა ადამიანის გონებას თუ შეძლებია. მაგრამ ამით პოლის შიგნით გაჩენილი სიცარიელე
უფრო იოლი ასატანი არ ხდებოდა. გრძნობდა, რაღაც უნდა დამსხვრეულიყო. თითქოს მასში
ბომბის საათის მექანიზმი წიკწიკებდა, წიკწიკებდა და თავისას აკეთებდა – რა მნიშვნელობა
აქვს, პოლს რა უნდოდა. აღნუსხავდა უმცირეს ცვლილებებს მის გარშემო: ტენიანობის ოდნავ
ცვლილებას, ტემპერატურის უმნიშვნელო დაცემას, მათი კარვის სახურავზე მწერის ცოცვას,
განთიადის საზეიმო შემობრძანებას ვარსკვლავებით მოოჭვილი ცის ნაგლეჯზე, კარვის
გამჭვირვალე კალთაში რომ მოჩანდა.

სიცარიელე აუტანელი იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ იცოდა, თუ რამ აამუშავა საათის
მექანიზმი. პოლს შეეძლო, გაეხედა საკუთარ წარსულში და დაენახა, როგორ იწყებოდა ეს:
წვრთნა, სხვადასხვა სახის ნიჭის განვითარება, რთული დისციპლინების მოზომილი
მიწოდება, კრიტიკულ მომენტში ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის გამოჩენაც კი... და,
საბოლოოდ, სუნელის დიდი რაოდენობით მიღება. და შეეძლო, მზერა მიეპყრო წინ – ყველაზე
საშიში მიმართულებით – და დაენახა, თუ რაზე მიუთითებდა ეს ყველაფერი.

„ურჩხული ვარ!“ გაიფიქრა მან. „სიმახინჯე!“

– არა! – წარმოთქვა ხმამაღლა. და ისევ: – არა! არა! არა!

პოლმა გაიაზრა, რომ კარვის იატაკს მუშტებს უშენდა (მისი არსების შეუვალმა ნაწილმა
ჩაიწერა ეს, როგორც საინტერესო მონაცემი ემოციური მხარის შესახებ და თავის
გამოთვლებში ჩართო).

– პოლ!

გვერდით დედა ეჯდა, ხელებს უჭერდა, მისი სახე ნაცრისფერ ლაქასავით შემოსცქეროდა.

– პოლ, რა მოგდის?

– შენ! – თქვა პოლმა.

– აქ ვარ, პოლ, – შეაგება დედამ, – ყველაფერი რიგზეა.

– რა მიქენი? – პასუხი მოსთხოვა პოლმა.

სიცხადეში, რომელმაც მისი გონება მოიცვა, ჯესიკამ იგრძნო ამ კითხვის ფესვები და მიუგო:

– დაგბადე.

ეს იყო პასუხი, რომელიც ინსტინქტმა და მისმა გაწაფულმა ცოდნამ ერთნაირად უკარნახეს –


ის, რაც პოლს დაამშვიდებდა. ბიჭმა იგრძნო დედის ხელები, მისი ხელები რომ ეჭირა, მისი
სახის ბუნდოვან მოხაზულობას დააკვირდა. მისმა დაუოკებელმა გონებამ ახლებურად
გამოარჩია დედის სახის აგებულებაში მემკვიდრეობით მიღებული ნაკვთები, მინიშნება სხვა
მონაცემებს დაედო და საბოლოო შემაჯამებელი პასუხი გამოიყვანა.
– გამიშვი, – უთხრა დედას.

ჯესიკას მის ხმაში ფოლადის ჟღერა ჩაესმა. დამორჩილდა.

– პოლ, არ გინდა, მითხრა, რა მოგდის?

– იცოდი, რას აკეთებდი, როცა მწვრთნიდი? – კითხვა შეუბრუნა შვილმა.

„ხმაში ბავშვური აღარაფერი შერჩა“, გაიფიქრა ჯესიკამ. და უპასუხა:

– მეც ის იმედი მქონდა, რაც ყველა მშობელს ასულდგმულებს: რომ შენ იქნებოდი...
საუკეთესო, სხვანაირი.

– სხვანაირი?

დედას მის ხმაში სიმწარე მოესმა.

– პოლ, მე...

– შენ შვილი კი არ გინდოდა! – მიახალა პოლმა, – შენ კვიზაც ჰადერაქი გსურდა! მამრი ბენე
გესერიტი!

დედას მისი მწარე ხმისგან შორს გაქცევა უნდოდა.

– მაგრამ, პოლ...

– ოდესმე მამაჩემს დაეკითხე ამაზე?

ჯესიკას ხმას სულ სხვა, ახალმა მწუხარებამ სილბო შესძინა:

– ვინც არ უნდა იყო, პოლ, შენში იმდენივეა მამაშენისგან, რამდენიც ჩემგან.

– მაგრამ წვრთნა რომ არა, – თქვა პოლმა, – რომ არა ის, რამაც... გააღვიძა... მძინარე...

– მძინარე?

– ის აქაა, – პოლმა ხელი დაიდო თავზე, მერე გულზე, – ჩემში. ეს გრძელდება და გრძელდება
და გრძელდება და გრძელ...

– პოლ!

ჯესიკამ გაიგონა, შვილის ხმას ისტერიკა რომ შეეპარა.

– ყური მიგდე, – უთხრა პოლმა, – ხომ გინდოდა, ღირს დედას ჩემს სიზმრებზე შეეტყო? ახლა
შენ მომისმინე მის მაგივრად. ამწუთას თვალხილულმა ვნახე სიზმარი. იცი, რატომ?

– უნდა დამშვიდდე, – უთხრა ჯესიკამ, – თუ რამე...

– სუნელი, – განაგრძო პოლმა, – ის აქ ყველაფერშია – ჰაერში, ნიადაგში, საჭმელში.


გერიატრიული სუნელი. ის მართლისმცნობი წამალივითაა. შხამია!

ჯესიკა გაშრა.
პოლმა ხმას დაუწია და გაიმეორა:

– შხამია – ისეთი ფაქიზი, ისეთი შემპარავი... ისეთი შეუქცევადი. მოკვლითაც კი არ გკლავს –


თუ მის მიღებას არ შეწყვეტ. არაკისს ვეღარ მოვშორდებით, თუ არაკისის ნაწილი თან არ
წავიღეთ.

მისი ხმაში ისეთი შემაძრწუნებელი სიმტკიცე ისმოდა, ვერც შეედავებოდი.

– შენ და სუნელი ერთად, – თქვა პოლმა, – სუნელი ცვლის ყველას, ვინც კი ამ დოზით მიიღებს
მას, მაგრამ შენი წყალობით მე შემიძლია, ეს ცვლილება გავაცნობიერო. მე არ მიწერია,
ქვეცნობიერში დავტოვო ის, სადაც შეიძლება, მისგან ატეხილი ღელვა შეუმჩნეველი დარჩეს.
მე ვხედავ მას.

– პოლ, შენ...

– მე ვხედავ მას! – გაიმეორა პოლმა.

ჯესიკას ესმოდა სიგიჟე მის ხმაში და არ იცოდა, რა ექნა.

მაგრამ პოლმა კვლავ დაილაპარაკა და დედამ გაიგონა, რომ მას საკუთარი თავის
ფოლადისებრი კონტროლი დაბრუნებოდა:

– ჩვენ აქ ხაფანგში ვართ.

„ხაფანგში ვართ“, გულში დაეთანხმა ჯესიკა.

და აღიარა მისი სიტყვების სიმართლე: ბენე გესერიტის ვერანაირი ძალა, ვერა ხერხი თუ
გამოგონება მათ ბოლომდე თავს ვეღარ დააღწევინებდა არაკისისგან – სუნელმა შეჩვევა
იცოდა. ჯესიკას სხეულმა ეს იმაზე გაცილებით ადრე გაიგო, სანამ გონება დაინახავდა.

„ესე იგი, აქ უნდა გავლიოთ მთელი სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთ-პლანეტაზე“, გაიფიქრა მან. „ეს
ადგილი გვაქვს მოჩენილი, თუ მოვახერხეთ, ჰარკონენებს გადავურჩეთ. და ისიც ცხადია, რა
ვარ მე – საჯიშე ფაშატი, ბენე გესერიტის გეგმების აღსასრულებლად მნიშვნელოვანი
ჩამომავლობის მქონე და გადამცემი“.

– უნდა მოგიყვე, რა ხილვაც მქონდა, – უთხრა პოლმა. ხმაში ახლა მძვინვარება ჩაღვროდა, –
ჩემი ნათქვამი რომ დაიჯერო, ჯერ ამას გეტყვი: ვიცი, რომ ასულს შობ, ჩემს დას, აქ, არაკისზე.

ჯესიკა ხელებით კარვის იატაკს დაებჯინა, ზურგით გაზნექილ ქსოვილის კედელს მიეყრდნო,
რომ უეცარი შიში დაეცხრო. იცოდა, ფეხმძიმობა თვალით ჯერ ვერ შეეტყობოდა. მხოლოდ
ბენე გესერიტის ცოდნით აღიქვა საკუთარი სხეულის პირველი მკრთალი მინიშნებანი და
გაიგო, რომ მასში სულ ორიოდ კვირის წინ ახალმა სიცოცხლემ დაიდო ბინა.

– რათა ვიმსახურო, – დაიჩურჩულა ჯესიკამ, ბენე გესერიტის დევიზს ჩაეჭიდა, – ვარსებობთ,


რათა ვიმსახუროთ.

– ფრემენებთან ჩვენ სახლს ვიპოვით, – თქვა პოლმა, – მათი სახით შენმა მისიონარია
პროტექტივამ სათადარიგო კარი მოგვიმზადა.
„მათ ჩვენ უდაბნოში გზა გაგვიმზადეს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მაგრამ პოლმა საიდან იცის
მისიონარია პროტექტივაზე?“ პოლის უცნაურობებით მოგვრილ შიშთან გამკლავება სულ
უფრო უძნელდებოდა.

პოლმა შეათვალიერა მისი მუქი ლანდი, თავისი ახალი ცნობიერებით მის შიშს, მის ყველა
რეაქციას თვალისმომჭრელ სინათლეზე მოხაზულივით აღიქვამდა. გულში მისდამი
თანაგრძნობა შეეპარა.

– რაც აქ შეიძლება მოხდეს, იმის მოყოლას ვერც დავიწყებ, – უთხრა დედას, – საკუთარ თავსაც
კი ვერ მოვუყვები, თუმცა მე თვითონ ვიხილე. მომავლის ეს გრძნობა... როგორც ჩანს, მე მას
ვერ ვაკონტროლებ. რაღაცები უბრალოდ ხდება და მორჩა. უახლოეს მომავალს – ვთქვათ, ერთ
წელს – ასე თუ ისე, ვხედავ... ისეთ ფართო შარაგზად, როგორიც ჩვენი ცენტრალური ავენიუა
კალადანზე. ზოგ ადგილს ვერ ვხედავ – ბინდითაა მოცული... თითქოს გორაკის უკან უხვევს
(და ისევ გაფრიალებული ხილაბანდის ზედაპირი გაახსენდა...), ზოგან იტოტება...

იმ ხილვის მოგონება რომ მოეძალა, დადუმდა. არც წინასწარმეტყველურ სიზმრებს, მისი


ცხოვრების არც ერთ სხვა სახის გამოცდილებას არ შეუმზადებია იგი საბურველის ასე
ერთბაშად ჩამოგლეჯისთვის, მის მიღმა გაშიშვლებული დროის ხილვისთვის.

ეს განცდა რომ გაიხსენა, კვლავ იცნო თავისი საზარელი დანიშნულება – მისი ცხოვრება
თითქოს დაუოკებლად მიიწევდა და იშლებოდა ზემოთ, სულ უფრო გაფართოებული ბუშტის
დარად... მის წინაშე დრო უკან იხევდა...

ჯესიკამ ტენტის განათების სამართავი იპოვა და შუქი აანთო.

ბუნდოვანმა მწვანე სინათლემსიბნელე გაფანტა და ქალს შიში გაუნელა. მან პოლს სახეში,
თვალებში ჩახედა, მისი შიგნით მიმართული მზერა დაინახა. იცოდა, ადრე სად ენახა ამგვარი
გამომეტყველება: დიდ

ისტორიულ უბედურებათა ამსახველ ილუსტრაციებზე – ნაშიმშილარი ან საზარლად


ნაწვალები ბავშვების სახეებზე. ეს თვალები ჯურღმულებს ჰგავდა, პირი სწორ ხაზად
დაჩნეოდა, ლოყები ჩასცვენოდა.

„ეს გარდაუვალის გაცნობიერების გამომეტყველებაა“, გაიფიქრა, „ასე ის იყურება, ვისაც


საკუთარი მოკვდავობა ძალდატანებით გააცნობიერებინეს“.

მართლაც, მისი შვილი ბავშვი აღარ იყო.

ჯესიკამ პოლის სიტყვებში მოქცეული შინაარსის გააზრება იწყო და ამან სხვა ყველაფერი
განზე გასწია. ბიჭი ხედავდა მომავალს, მათი ხსნის გზას.

– ჰარკონენებისგან თავის დაღწევის გზა არსებობს, – წარმოთქვა ხმამაღლა.

– ჰარკონენები! – აგდებით გაიმეორა პოლმა, – გამოიყარე თავიდან ეგ მახინჯი ადამიანები. –


ის დედას მიაცქერდა, კარვის სანათურის შუქზე მის ნაკვთებს დააკვირდა. ნაკვთები
ამხელდნენ მას.

– ხალხი ადამიანებად არ უნდა მოიხსენიო, სანამ... – წამოიწყო ჯესიკამ.


– ასე დარწმუნებით ნუ იტყვი, რომ იცი, სად უნდა გაავლო საზღვარი, – მიუგო პოლმა, – ჩვენ
საკუთარ წარსულს თან დავატარებთ. და, დედაჩემო, არის რაღაც, რაც არ იცი, და საჭიროა,
შეიტყო: ჩვენ ჰარკონენები ვართ.

ჯესიკას გონებამ შემაძრწუნებელი რამ ჩაიდინა – უეცრად დაცარიელდა, თითქოს ყველა


გრძნობის დაბლოკვა სურდა. მაგრამ პოლის ხმა მაინც გრძელდებოდა, შეუვალი ნაბიჯით
მიიწევდა წინ და მასაც თან მიათრევდა.

– ამიერიდან, როცა სარკესთან მოხვდები, დააკვირდი შენს სახეს – ჯერჯერობით კი მე


დამაკვირდი. და დაინახავ ნაკვთებს, თუ ძალით არ დაიბრმავებ თავს. დახედე ჩემს ხელებს,
ჩემი ძვლების აღნაგობას. და თუ ეს ვერ დაგარწმუნებს, მაშინ, უბრალოდ, ჩემს ნათქვამს ენდე.
მე მომავალში ვიყავი, ჩანაწერი წავიკითხე, ადგილიც ვნახე, ყველანაირი მონაცემი მაქვს. ჩვენ
ჰარკონენები ვართ.

– ოჯახის... განდგომილი შტო? – ჰკითხა ჯესიკამ იმედით, – ხომ? ჰარკონენების გარე


ბიძაშვილები, ვინც...

– შენ ბარონის ღვიძლი შვილი ხარ, – მიუგო პოლმა; უყურებდა, როგორ მიიჭირა პირზე
ხელები დედამისმა, – ბარონი ახალგაზრდობაში მრავალნაირ სიამეს გამოსცდიდა ხოლმე.
ერთხელ თავს ნება მისცა, ეცდუნებინათ იგი. მაგრამ ეს ბენე გესერიტის გენეტიკური
მიზნებით მოხდა, ერთ-ერთმა თქვენგანმა ჩაიდინა.

„თქვენგანმაო“, ისე თქვა პოლმა, სილის გაწვნას ჰგავდა. მაგრამ ამით დედამისის გონება
აიძულა, ამუშავებულიყო, და ჯესიკა უკვე ვეღარ უარყოფდა მისი სიტყვების სისწორეს. მისი
წარსულიდან მრავალი გაუგებარი მნიშვნელობა ამოტივტივდა და შეერთდა. „ასული,
რომელიც ბენე გესერიტებს მისგან უნდოდათ, ატრეიდესებისა და ჰარკონენების ძველი
მტრობის დასასრულებლად კი არ იყო საჭირო, არამედ მათ მემკვიდრეობით ხაზებში რაღაც
გენეტიკური ფაქტორის დასაფიქსირებლად. რომლის?“ ჯესიკა პასუხის პოვნას ლამობდა.

პოლმა თითქოს მის ფიქრებში ჩაიხედა:

– მათ ეგონათ, რომ მე მეძებდნენ და მქმნიდნენ. მაგრამ მე ის არ ვარ, რასაც ისინი მოელოდნენ
და თანაც, ჩემთვის განსაზღვრულ დროზე ადრე მოვედი. მათ კი ეს არ იციან.

ჯესიკამ პირზე აიფარა ხელები.

„დიდო დედაო! ის კვიზაც ჰადერაქია!“

მის წინაშე თავს დაუცველად და გაშიშვლებულად გრძნობდა, ხვდებოდა, რომ შვილი ისეთი
მზერით შესცქეროდა, რომელსაც ცოტა რამ თუ დაემალებოდა. და ჯესიკამ იცოდა, რომ
სწორედ ეს იყო, რაც ყველაზე მეტად აშინებდა.

– შენ ფიქრობ, რომ მე კვიზაც ჰადერაქი ვარ, – უთხრა პოლმა, – დაივიწყე ეგ. მე სხვა რამ ვარ,
რაღაც მოულოდნელი.

„რომელიმე სკოლას სიტყვა უნდა მივაწვდინო“, გაიფიქრა ჯესიკამ. „შეწყვილების ინდექსი


უნდა ნახონ, იქნებ გამოჩნდეს, რა მოხდა“.

– ისინი ჩემზე ვერ შეიტყობენ, სანამ უკვე გვიანი არ იქნება, – უთხრა პოლმა.
ჯესიკამ იფიქრა, სხვა თემაზე გადავიყვანო. ხელები დაუშვა და ჰკითხა:

– ფრემენებთან ვიპოვით თავშესაფარს?

– ფრემენებს აქვთ ანდაზა, რომელსაც შაი-ჰულუდს, ძველ მამა-მარადისობას მიაწერენ, –


უთხრა პოლმა, – ასე ამბობენ: „მზად იყავი, დააფასო ის, რაც გზაზე შემოგეყრება“.

და გაიფიქრა: „ჰო, დედაჩემო, ფრემენებთან... იქ თვალები გაგილურჯდება, მაგ ლამაზ


ცხვირთან კი სარწყულის ფილტრის მილი კანს დაგიკოჟრებს... და გააჩენ ჩემს დას: წმინდა
ალია მახვილისას“.

– თუ კვიზაც ჰადერაქი არ ხარ, – მიმართა შვილს, – მაშ...

– შეუძლებელია, გცოდნოდა, – მიუგო პოლმა, – არც დაიჯერებ, სანამ თავად არ ნახავ.

და გაიფიქრა: „თესლი ვარ“.

უცებ დაინახა, რა ნოყიერი იყო მიწა, რომელშიც თვითონ ჩავარდა, და ამ მიხვედრის


კვალდაკვალ საზარელი დანიშნულების შეგრძნებამ შეიპყრო – მასში გაჩენილი
სიცარიელიდან შემოეპარა, დაემუქრა, რომ მწუხარებით დაახრჩობდა.

პოლი მის წინ გაწოლილი გზის ორ მთავარ განშტოებას ხედავდა: ერთზე ბოროტ ბებერ
ბარონს შეეყარა პირისპირ და უთხრა: „გამარჯობა, ბაბუა“. ამ ბილიკზე დაფიქრებამ, იმან, თუ
რა იდო ამ გზაზე, გულისრევა აგრძნობინა.

მეორე ბილიკზე რუხი გაურკვევლობის გრძელი ლაქები იყო გაწოლილი, მხოლოდ მათგან
ამოჩრილი შეტაკებებისა და სისხლისღვრის მწვერვალები მოჩანდა მკაფიოდ. მებრძოლი
რელიგია დაინახა იქ, სამყაროს მოდებული ხანძარი და ატრეიდესების შავ-მწვანე დროშა,
რომელიც სუნელის სასმელით მთვრალი ფანატიკოსების ლეგიონებს უძღოდა წინ. მათ შორის
იყვნენ გურნი ჰალეკი და მამამისის რამდენიმე ერთგული კაცი – სავალალოდ ცოტანი, და
ყველას მოუჩანდა ქორის სიმბოლო, როგორიც აღბეჭდილი იყო ჰერცოგ ლეტოს თავის ქალას
აკლდამაზე.

– ამ გზით წასვლა არ შემიძლია, – ჩაიბუტბუტა პოლმა, – შენი სკოლების ბებერ ალქაჯებს კი


სწორედ ეს უნდათ.

– არ მესმის შენი, პოლ, – უთხრა დედამ.

მას არ უპასუხია, თესლი იყო და თესლის ფიქრით ფიქრობდა, რასის იმ ცნობიერებით,


რომელსაც პირველად საზარელი დანიშნულების სახით წააწყდა და გამოსცადა. იგრძნო, რომ
აღარ შეეძლო, სძულებოდა ბენე გესერიტები, იმპერატორი ან თვით ჰარკონენებიც კი. ისინი
ყველანი მძევლად ჰყავდა საკუთარი რასის საჭიროებას, განეახლებინათ მისი ნაწილებად
დამსხვრეული და გაფანტული მემკვიდრეობა, საკუთარი ჩამომავლობა
ურთიერთგადაეკვეთათ, შეერიათ და გენების ახალ საერთო რეზერვუარში ჩაესხათ. და რასამ
ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი უტყუარი გზა იცოდა, უძველესი გზა, ნაცადი და ნაღდი გზა,
რომელიც ყველა შემხვედრ დაბრკოლებას ზედ გადაუვლიდა – ჯიჰადი.

„ამ გზას მე ნამდვილად ვერ ავირჩევ“, გაიფიქრა პოლმა.


მაგრამ გონების თვალით კვლავ დაინახა მამამისის თავის ქალას აკლდამა და ძალადობის
ზღვა, რომლის შუაშიც შავ-მწვანე დროშა ფრიალებდა.

ჯესიკამ ხმა ჩაიწმინდა.

– ანუ... ფრემენები თავშესაფარს მოგვცემენ?

პოლმა ახედა, კარვის მწვანე შუქზე დააკვირდა მის თანდაყოლილ არისტოკრატიულ


ნაკვთებს.

– ჰო, – უთხრა დედას, – ერთ-ერთი გზა ეგაა, – თავი დაიქნია, – ჰო. ისინი შემარქმევენ...
მუად’დიბს, „მას, ვინც გზას მიგვითითებს“. ჰო... აი, რას დამარქმევენ.

პოლმა თვალები დახუჭა და გაიფიქრა: „ახლა, მამაჩემო, შემიძლია, გიგლოვო“. და იგრძნო,


რომ ლოყებზე ცრემლები ჩამოსდინდა.

წიგნი მეორე - მუად’დიბი


1* * *
როცა მამაჩემმა, ფადიშაჰ-იმპერატორმა, ჰერცოგ ლეტოს სიკვდილის და მისი ბოლო წუთების
შესახებ შეიტყო, ისეთი მრისხანება დაეუფლა, როგორიც მანამდე არასოდეს გვენახა.
ადანაშაულებდა დედაჩემს და შეთანხმებას, რომელმაც აიძულა, ტახტზე ბენე გესერიტი
დაესვა. ადანაშაულებდა გილდიას და ბოროტ ბებერ ბარონს. ადანაშაულებდა ყველას, ვინც
კი თვალში მოხვდებოდა; არც მე გამოვუტოვებივარ, თქვა, რომ მეც მათსავით ალქაჯი ვიყავი.
და როცა მისი ნუგეშისცემა მოვინდომე და ვუთხარი, ასე მოხდა თვითგადარჩენის ძველი
კანონის შესაბამისად, რომელსაც უძველესი მბრძანებლებიც კი მორჩილებდნენ-მეთქი, მან
აგდებულად ჩაიფრუტუნა და და მითხრა, შენ ვინმე საცოდავი ხომ არ გგონივარო. და მაშინ
მივხვდი, რომ ასე მკვდარ ჰერცოგზე წუხილს კი გაეშმაგებინა, არამედ იმას, თუ რას უქადდა
ეს სიკვდილი მთელ სამეფო ოჯახს. ახლა, დღევანდელი გადასახედიდან რომ იმ ამბავს
ვიხსენებ, მგონია, რომ მამაჩემს გარკვეული წინასწარჭვრეტაც ჰქონდა, რადგან
დანამდვილებით ცნობილია, რომ მას და მუად’დიბს საერთო წინაპრები ჰყავდათ.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მამაჩემის სახლში“

– ახლა კი ჰარკონენმა ჰარკონენი უნდა მოკლას, – დაიჩურჩულა პოლმა.

როცა დაღამდა, მას მალევე გამოეღვიძა და დაგმანულსა და ჩაბნელებულ სარწყულ-კარავში


წამოჯდა. ხმა რომ ამოიღო, გაიგონა, როგორ შეინძრა დედამისი, რომელიც კარვის
მოპირდაპირე კედელთან იწვა.

პოლმა იატაკზე დადებულ სიახლოვის დეტექტორს დახედა, რომლის ციფერბლატებსაც გარს


შემოვლებული ფოსფორული რკალები ანათებდა.

– მალე დაღამდება, – თქვა ჯესიკამ, – კარვის საჩრდილობლებს ხომ არ ასწევ?


პოლი მიხვდა, რომ, უკვე რა ხანია, დედა სხვანაირად სუნთქავდა, რომ ეღვიძა და სიბნელეში
უჩუმრად იწვა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ მის ვაჟიშვილს გაეღვიძა.

– საჩრდილობლების აწევა არ უშველის, – მიუგო პოლმა, – გრიგალი იყო. კარავი ქვიშითაა


დაფარული. მალე ამოვთხრი.

– დუნკანი არ გამოჩენილა?

– არა.

პოლმა უგულისყუროდ გაუსვა თითი ცერზე წამოცმულ საჰერცოგო ბეჭედს და ერთბაშად


რისხვამ შეიპყრო: ბრაზისგან ცახცახებდა, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პლანეტა,
საერთოდ, არსებობდა, პლანეტა, რომელიც მამამისის მოსაკლავად გამოიყენეს.

– გავიგონე, ქარიშხალი რომ დაიწყო, – თქვა ჯესიკამ. პოლს მისი სიტყვების სასხვათაშორისო
სიცარიელე დაეხმარა, ასე თუ ისე, სიმშვიდე დაებრუნებინა. გონება გრიგალისკენ მიმართა:
გაიხსენა, როგორ უცქერდა მის დაწყებას სარწყულ-კარვის გამჭვირვალე კალთიდან. აუზს
ჯერ ქვიშის ცივმა წვეთებმა გადაურბინეს, მერე ცა ღვარებით დაიქსელა. კლდის წვეტს ახედა
და უყურა, როგორ შეიცვალა ქვიშიან ქარაშოტში მისი მოხაზულობა და ის დაბალ,
მოყვითალო სოლად გადაიქცა. მათ ტაფობშიც დატრიალდა ქვიშა და ცას ჭუჭყიანი ყვითელი
ფერი დაედო; მერე კი ჩამობნელდა – კარავი ქვიშაში ჩაიმარხა.

კარვის რკალები ერთხელ გაჭრაჭუნდა, სიმძიმე რომ დააწვა, მერე სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც
არღვევდა მხოლოდ მათი ქვიშის შნორკელების საბერველთა ჩუმი ქშენა, ზედაპირიდან ჰაერს
რომ ტუმბავდნენ.

– აბა, ისევ მოსინჯე მიმღები, – უთხრა ჯესიკამ.

– აზრი არა აქვს, – მიუგო პოლმა.

მან ხელით იპოვა კისერთან ჩამაგრებული წყლის მილაკი, თბილი ყლუპი შეიწოვა და
გაიფიქრა, რომ ახლა კი მართლა დაიწყო არაკისული ყოფა – საკუთარი სუნთქვის და
სხეულის გამონაყოფი ტენის გროვება საარსებოდ. ლუყე და უგემური წყალი იყო, მაგრამ
ყელი კი დაურბილა.

ჯესიკამ გაიგონა, როგორ დალია პოლმა, იგრძნო ტანზე მიკრული სრიალა სარწყული, მაგრამ
ჯერჯერობით თავს არ უტყდებოდა, რომ სწყუროდა. ამის აღიარება ნიშნავდა, ბოლომდე
თვალებში ჩაეხედა არაკისის საზარელი საჭიროებისთვის, სადაც უმცირეს ტენსაც კი უნდა
მოფრთხილებოდნენ, კარვის ჯიბაკებში ჩაგროვილი რამდენიმე წვეთიც კი შეესრუტათ, ღია
ჰაერზე სუნთქვა დანანებოდათ.

„უფრო იოლია, ძილი შევიბრუნო“.

მაგრამ წეღან სიზმარი ნახა და მისი გახსენებისას გააჟრჟოლა. დაესიზმრა, რომ ცდილობდა,
ხელებით შეეკავებინა ქვიშის ნაკადი, რომელიც მოედინებოდა წარწერისკენ: „ჰერცოგი ლეტო
ატრეიდესი“. სახელი ქვიშით იშლებოდა, ჯესიკა კი მის აღდგენას ლამობდა, მაგრამ პირველი
ასო იქამდე იშლებოდა, სანამ ბოლოს გამოყვანას შეუდგებოდა.

ქვიშა არ თავდებოდა.
სიზმარი მოთქმად იქცა, რომელიც უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა. უცნაური ქვითინი იყო
– ჯესიკას გონების ნაწილი ხვდებოდა, რომ ეს მისი, საკუთარი ხმა იყო – ადრინდელი,
ბავშვობის დროინდელი, ჩვილობიდან გამოსული ბავშვის ხმა. ვიღაც ქალი, რომელიც
მეხსიერებას კარგად ვერ გაერჩია, მისგან მიდიოდა.

„ჩემი უცნობი დედა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ბენე გესერიტი, რომელმაც დამბადა და დებს მისცა
ჩემი თავი, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები. ნეტავ, ახარებდა ჰარკონენი ბავშვის თავიდან
მოცილება?“

– სუნელზე უნდა დავარტყათ, მაგათთვის ხომ ეგაა მთავარი, – თქვა პოლმა.

„როგორ შეუძლია ასეთ დროს თავდასხმაზე ფიქრი?“ გაოცდა ჯესიკა.

– მთელი პლანეტა სუნელითაა სავსე, – უთხრა შვილს, – მაგას როგორ დაარტყამ?

გაიგონა, პოლმა როგორ იცვალა გვერდი; კარვის იატაკზე მათი აბგა გაცურდა.

– კალადანს საზღვაო და საჰაერო ძალებით ვმართავდით, – თქვა პოლმა, – აქ უდაბნოს ძალები


გვჭირდება. აქ გასაღები ფრემენები არიან.

მისი ხმა კარვის სპინქტერი-შესასვლელის მახლობლად გაისმა. ბენე გესერიტისეული


გაწვრთნილი გრძნობებით ჯესიკამ შვილის ხმაში მის მიმართ ჯერ კიდევ ბოლომდე
გაუნელებელი წყრომა გაიგონა.

„მთელი სიცოცხლე ასწავლიდნენ, რომ ჰარკონენები სძულებოდა“, გაიფიქრა მან. „ახლა კი


აღმოაჩინა, რომ თავადაც ჰარკონენია... ჩემ გამო. რა ცუდად მიცნობს! მე ჩემი ჰერცოგის
ერთადერთი ქალი ვიყავი. მისი ცხოვრება და მისი ფასეულობები იმდენად გავითავისე, რომ
მათ გამო ბენე გესერიტის ბრძანებებსაც კი. არ დავემორჩილე“.

პოლის ხელში კარვის სანათი აინთო, რომელმაც გუმბათოვან სივრცეს მწვანე შუქი მოჰფინა.
პოლი პირმოკრულ მრგვალ შესასვლელთან ჩაცუცქდა, სარწყულის კაპიუშონი ღია უდაბნოში
გასასვლელად ჰქონდა მორგებული: საშუბლე ჩამოწეული იყო, პირის ფილტრი – აფარებული,
ცხვირის საცობები – ჩასმული. მხოლოდ მუქი თვალები უჩანდა – სახის ვიწრო ზოლი,
რომელიც ერთხელ მოუტრიალდა დედას და ისევ მიბრუნდა.

– გარეთ გასასვლელად მოემზადე, – უთხრა ფილტრით დახშული ხმით.

ჯესიკამ ფილტრი პირზე აიფარა, კაპიუშონის მორგება დაიწყო. თან პოლს უცქერდა,
რომელმაც კარვის სარქველი ახსნა.

შესასვლელის სპინქტერი რომ გახსნა, ქვიშამ დაიჭრიალა და, სანამ პოლი ნაკადს სტატიკური
დამტკეპნით შეაჩერებდა, ის მოგუდული ხრიალით შემოცვივდა კარავში. ფხვიერ კედელში
ხვრელი გაჩნდა და გაიზარდა – დამტკეპნმა ქვიშის მარცვლები მისწი-მოსწია და
შეამჭიდროვა. პოლი გარეთ გასრიალდა. ჯესიკას ყურმა იგი ზედაპირამდე ააცილა.

„ნეტავ, რა დაგვხვდება იქ, გარეთ?“ გაიფიქრა ქალმა. „ჰარკონენების ჯარისკაცები და


სარდაუკარები ის ხიფათია, რომლის მოლოდინიც უნდა გვქონდეს. მაგრამ კიდევ რა
ხიფათები გველის ისეთი, რაც არც კი ვიცით?“
გაახსენდა დამტკეპნი და აბგაში ჩაწყობილი სხვა უცნაური ინსტრუმენტები. უცებ ყოველი
მათგანი გონებაში გამოუცნობი საფრთხის სიმბოლოდ წარმოუდგა.

მერე იგრძნო, რომ ლოყებზე, ფილტრის ზემოთ, ქვიშის ზედაპირიდან მონაბერი ცხელი ჰაერი
შეეხო.

– აბგა მომაწოდე, – მოესმა პოლის ხმადაბლა, ფრთხილად ნათქვამი.

ჯესიკა გადაიხარა და იატაკზე ჩანთა გადმოითრია. ლიტრიანებში წყლის შენჯღრევის ხმა


გაისმა. მაღლა აიხედა და პოლი დაინახა, რომლის სილუეტი ვარსკვლავიან ცაზე იკვეთებოდა.

– აქეთ, – უთხრა შვილმა და ხელი ჩამოიწოდა და აბგა ზემოთ აათრია.

ახლა ჯესიკა მხოლოდ ვარსკვლავების წრეს ხედავდა. ისინი მისკენ მოშვერილი ბევრი
იარაღის მოელვარე წვეტებს ჰგავდა. მის თვალთახედვაში მოქცეული ღამის ნაკუწი
მეტეორების წვიმამ გადასერა. ეს მეტეორები გაფრთხილებად მოეჩვენა, ვეფხვის ზოლებად,
საფლავის მანათობელ ცხაურად, რომელიც ძარღვებში სისხლს უდედებდა. და მათი თავების
საფასურად დაწესებული ჯილდოსგან მონაბერი სუსხი იგრძნო.

– მალე, – უთხრა პოლმა, – მინდა, კარავი დავკეცო.

ზედაპირიდან ჩამოღვრილი ქვიშის წვიმა მარცხენა ხელზე გაეხახუნა. „რამდენი ქვიშის


შეკავება შეუძლია ამ ხელს?“, ჰკითხა საკუთარ თავს.

– დაგეხმარო? – ჰკითხა პოლმა.

– არა.

ჯესიკამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა, ხვრელში შეძვრა და იგრძნო, როგორ ხრაშუნებდა


სტატიკით დატკეპნილი ქვიშა მის თითებქვეშ. პოლმა ხელი ჩამოაწოდა, მკლავზე მოეჭიდა.
ჯესიკა მის გვერდით გაიმართა და მიმოიხედა. ვარსკვლავებით განათებული უდაბნოს
მოტიტვლებულ ნაგლეჯზე იდგნენ. მათი ტაფობი ქვიშას თითქმის ამოევსო, მხოლოდ გარს
შემოხვეული კლდეების ბუნდოვანი კიდეღა დაეტოვებინა. გაწაფული შეგრძნებით მოსინჯა
უფრო მოშორებით ჩამდგარი სიბნელე.

პატარა ცხოველების ხმები.

ფრინველები.

ჩამოყრილი ქვიშის ხრაშუნი და მასში რაღაც არსებათა სუსტი ხმები.

პოლმა კარავი დაკეცა და ხვრელიდან ამოათრია.

ვარსკვლავების შუქი ღამეს სწორედ იმდენზე ანათებდა, რომ ყოველ ჩრდილს მუქარის იერი
დასდებოდა. ჯესიკამ წყვდიადის ნაფლეთებს ჩახედა.

„სიშავე ბრმა ხსოვნაა“, გაიფიქრა მან. „ყურს უგდებ ხროვის ხმებს, იმათ ძახილს, ვინც შენს
წინაპრებს მონადირეებად ედგა კვალში ისეთ ძველისძველ წარსულში, რომელიც მხოლოდ
შენს ყველაზე პრიმიტიულ უჯრედებსღა ახსოვთ. ყურები ხედავენ. ნესტოები ხედავენ“.

მალე გვერდით პოლი ამოუდგა და უთხრა:


– დუნკანმა მითხრა, რომ, თუ დაიჭერდნენ, დაახლოებით ამ დრომდე გაძლებდაახლა აქედან
უნდა წავიდეთ, – აბგა მხარზე მოიგდო, ტაფობის დაბალ კიდეს მიუახლოვდა და შვერილზე
აძვრა, რომელიც ღია უდაბნოს გადასცქეროდა.

ჯესიკა ავტომატურად მიჰყვა, თავისთვის შენიშნა, ახლა ჩემი შვილის ორბიტაზე ვცხოვრობო.

„ახლა კი ჩემი ვარამი ზღვათა ქვიშაზე უფრო მძიმეა“ გაიფიქრა მან. „სამყარომ მთლიანად
დამაცარიელა და მხოლოდ უძველესი მიზანი შემარჩინა – ხვალინდელი სიცოცხლე. ახლა
ჩემი ჭაბუკი ჰერცოგისა და ჯერ დაუბადებელი ასულისთვის ვცოცხლობ“.

პოლისკენ რომ მიდიოდა, გრძნობდა, როგორ ითრევდა ქვიშა მის ფეხებს.

ბიჭმა ჩრდილოეთისკენ კლდეების ზოლს გახედა, შორეულ ფრიალოებს დააკვირდა.

მოშორებით ამართული კლდის მოხაზულობა ვარსკვლავებით გარსმოვლებულ საბრძოლო


გემს მოჰგავდა. უხილავ ტალღას მძლავრად აექნია ბუმერანგის ფორმის ანტენებით
დანაწევრებული მისი სხეული, უკან მოხრილი საკვამურები, კიჩოს კუთხოვანი შვერილი.

გემის სილუეტის ზემოთ ნარინჯისფერმა ნათებამ იფეთქა და ზეციდან ამ ნათებისკენ


მბრწყინავი იისფერი ხაზი ჩამოიჭრა.

მორიგი იისფერი ზოლი!

და ისევ აღმავალი ნარინჯისფერი ნათება!

ეს უძველეს საზღვაო ბრძოლას, გადმოცემებით ცნობილ საარტილერიო ზალპებს ჩამოჰგავდა,


და მისთვის თვალი ვერ მოეწყვიტათ.

– ცეცხლის სვეტები, – დაიჩურჩულა პოლმა.

შორეული კლდის ზემოთ წითელმა თვალებმა ამოანათა. იისფერმა ზოლებმა ცას


გადაუქროლეს.

– რეაქტიული მაშხალები და ლაზთოფები, – თქვა ჯესიკამ.

არაკისის პირველი მთვარე მტვრით იყო შეწითლებული, როცა მათ მარცხნივ ჰორიზონტს
ამოსცდა და მის ქვეშ თვალი მოჰკრეს გადასული ქარიშხლის კუდს – უდაბნოს ზემოთ მოძრავ
ზორტს.

– ალბათ, ჰარკონენების ტოპტერები დაგვეძებენ, – თქვა პოლმა, – ლამის გადახნან უდაბნო...


თითქოს უნდათ, დარწმუნდნენ, რომ, რაც კი რამეა, ყველაფერი კარგად გასრისეს... როგორც
მწერების ბუდეს გასრესენ ხოლმე.

– ან ატრეიდესების ბუდეს, – გაეპასუხა ჯესიკა.

– საფარი უნდა ვიპოვოთ, – თქვა პოლმა, – სამხრეთისკენ გავემართებით და კლდეების


სიახლოვეს ვივლით. გაშლილ ველზე თუ დაგვიჭირეს... – შებრუნდა და მხრებზე აბგა
მოირგო, – რაც კი მოძრაობს, ყველაფერს ხოცავენ.

პოლმა ქიმის გასწვრივ ერთი ნაბიჯი გადადგა თუ არა, მფრინავი ხომალდის ხმადაბალი
სისინი გაიგონა და თავზემოთ ორნიტოპტერების მუქ ლანდებს ჰკიდა თვალი.
2* * *
ერთხელ მამაჩემმა მითხრა: შეიძლება ითქვას, რომ ყველა მორალური სისტემის საფუძველი
ჭეშმარიტების პატივისცემაა. „არაფრისგან რამე ვერ გამოვა“, ასე თქვა მან. ეს ძალიან ღრმა
აზრია, თუ გესმის, რამდენად ცვალებადი შეიძლება იყოს „ჭეშმარიტება“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „საუბრები მუად’დიბთან“

– მე ყოველთვის თავი მომქონდა იმით, რომ საგნებსა და მოვლენებს ვხედავდი ისეთებად,


როგორიც სინამდვილეში იყვნენ, – თქვა თუფეა ჰავატმა, – ეს მენტატად ყოფნის წყევლაა. არ
შეგიძლია, მონაცემთა გაანალიზება შეწყვიტო.

გაუხეშებული ბებრული სახე განთიადისწინა ბინდბუნდში თითქოს მშვიდი მოუჩანდა.


საფოთი დალაქავებული ტუჩები სწორ ხაზად მოეკუმა. მათი კუთხეებიდან სხივებივით
იშლებოდა ნაოჭები.

ჰავატის პირდაპირ ქვიშაზე უხმოდ დაცუცქულიყო მოსასხამში გახვეული კაცი, რომელიც,


როგორც ჩანს, მისმა სიტყვებმა ვერ შეძრა.

ორივენი შეყუჟულები იყვნენ თავზე წამომდგარი კლდის ქვეშ, რომელიც ფართო, გაშლილ
დაბლობს გადასცქეროდა. აუზის გასწვრივ გადაჭიმული კლდეების თავზე განთიადი
იშლებოდა და ყოველივეს ვარდისფრად ღებავდა. თავზე წამოხურული კლდის ქვეშ ციოდა,
ღამიდან შემორჩენილი მშრალი, სუსხი იდგა, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა.
განთიადის წინ თბილმა ქარმა წამოუქროლათ, მაგრამ ახლა ცივად უბერავდა. ჰავატს ესმოდა,
მისი რაზმებიდან დარჩენილ მცირერიცხოვან ჯარისკაცთაგან ზოგი სიცივით კბილებს რომ
აკაწკაწებდა.

ჰავატის წინ დაცუცქული კაცი ფრემენი იყო. მან აუზი რიჟრაჟის შუქზე გადმოიარა; ქვიშის
ზედაპირზე თითქოს მოსრიალებდა, ხან დიუნებს ისე შეერეოდა, მის მოძრაობას თვალს ვერ
შეასწრებდი.

ფრემენმა მათ შუაში ქვიშისკენ გაიწოდა თითი და ზედ რაღაც დახატა. ნახატზე თითქოს
გამოსახული იყო თასი, რომლიდანაც ისარი ვარდებოდა.

– ჰარკონენების პატრულები ბლომად არიან, – თქვა, თითი ასწია და მაღლა გაიშვირა, იმ


კლდეების გადაღმა, საიდანაც ჰავატი და მისი ხალხი ჩამოვიდნენ.

ჰავატმა თავი დაუქნია.

„ბლომად პატრული. ჰო“.

მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა, ამ პატრულს რა უნდოდა, და ეს აწვალებდა. წესით, მენტატის


წვრთნა ადამიანს მოტივების დანახვის უნარს აძლევდა.

გასული ღამე ჰავატის ცხოვრებაში ყველაზე უარესი იყო. ციმპოში იმყოფებოდა, საგარნიზონო
დასახლებაში, ყოფილ დედაქალაქ კართაგის საბუფერო ავანპოსტში, როცა თავდასხმის
შესახებ პირველი ცნობები მოვიდა. თავდაპირველად იფიქრა, ეს რეიდია, ჰარკონენები
ძალებს სინჯავენო.
მაგრამ ცნობა ცნობას მოსდევდა – სულ უფრო მალ-მალე.

ორი ლეგიონი კართაგში გადმოსხდა.

ხუთი ლეგიონი – ორმოცდაათი ბრიგადა! – არაკენში ჰერცოგის მთავარ ბაზას უტევდა.

ერთი ლეგიონი – არსანტში.

ორი საბრძოლო ჯგუფი – ნამსხვრევ კლდეში.

მერე პატაკები უფრო დეტალური გახდა: თავდამსხმელთა შორის იყვნენ საიმპერატორო


სარდაუკარები, სავარაუდოდ, ორი ლეგიონი. და ცხადი გახდა, რომ შემოჭრილებმა ზუსტად
იცოდნენ, სად რამდენი ჯარი გაეგზავნათ. ზუსტად! მათ დაზვერვას შესანიშნავად ემუშავა.

ჰავატის გაოგნება და რისხვა იმდენად ძლიერი იყო, მისი მენტატური უნარის გამართულ
ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქრა. თავდასხმის მასშტაბებმა ლამის ფიზიკურ
დარტყმასავით შეურყია გონება.

ახლა კი უდაბნოს კლდის ნამსხვრევის ქვეშ შეყუჟულიყო, საკუთარ ფიქრებს თავს


უკანტურებდა და დახეულ და დასერილ კიტელში იფუთნებოდა, თითქოს ცივ ლანდებს
იგერიებსო.

თავდასხმის მასშტაბები.

რა თქმა უნდა, მოელოდა, რომ მტერი სასინჯი რეიდებისთვის გილდიისგან ზოგჯერ


ლიხტერს დაიქირავებდა. გვარებს შორის ომის დროს ასე საკმაოდ ხშირად ხდებოდა ხოლმე.
არაკისზე ყოველდღე სხდებოდნენ და აფრინდებოდნენ ლიხტერები, რომლებიც
ატრეიდესების სუნელს ეზიდებოდნენ. ჰავატმა წინასწარ კიდევაც მიიღო ზომები ცრუ
სატვირთო ლიხტერების მოულოდნელი თავდასხმების წინააღმდეგ. სრულმასშტაბიანი
თავდასხმისას კი ათ ბრიგადაზე მეტს არ ელოდნენ.

მაგრამ, ბოლოს რომ დაითვალეს, არაკისზე ორი ათას ხომალდზე მეტი დაჯდა და არა
მხოლოდ ლიხტერები, არამედ ფრეგატებიც, მზვერავებიც, ჯავშნოსნებიც, სანაყები, ჯარის
გადამყვანები, საცლელები...

ას ბრიგადაზე მეტი – ათი ლეგიონი!

ასეთი ოპერაციის ხარჯებს ორმოცდაათი წლის განმავლობაში არაკისის სუნელიდან


მიღებული სრული შემოსავალი თუ დაფარავდა.

ისიც საკითხავია, თუ დაფარავდა.

„სათანადოდ ვერ შევაფასე, რამდენის დახარჯვას აპირებდა ბარონი ჩვენზე თავდასხმაში“,


გაიფიქრა ჰავატმა. „ვუმტყუნე ჩემს ჰერცოგს“.

და მოღალატის ფაქტორიც არსებობდა.

„იმდენს მაინც ვიცოცხლებ, რომ ის ქალი გაგუდული ვნახო“, გაიფიქრა მან.„უნდა მომეკლა ეს
ბენე გესერიტი ალქაჯი, როცა შანსი მქონდა“. მის გონებაში ეჭვის მისხალიც არ არსებობდა,
თუ ვინ გაყიდა ისინი – ლედი ჯესიკამ! ყველა არსებული ფაქტი მის მოღალატეობას მოერგო.
– თქვენი მეომარი გურნი ჰალეკი და მისი ძალების ნაწილი ჩვენს კონტრაბანდისტ
მეგობრებთან არიან შეფარებული, – თქვა ფრემენმა.

– კარგია.

ესე იგი, გურნი ამ ჯოჯოხეთური პლანეტიდან გააღწევს. ყველანი არ დავხოცილვართ.

ჰავატმა თავისიანების ჯგუფს გახედა. წუხელ ბრძოლაში თავის სამას საუკეთესო


მებრძოლთან ერთად ჩაება. ზუსტად ოცი გადარჩა და მათგან ნახევარი დაჭრილი იყო. ახლა
ზოგს ეძინა – ზეზეურად, კლდეზე მიყუდებულს, კლდის ქვეშ ქვიშაზე გაშოტილს. ბოლო
ტოპტერი, რომელსაც ეკრანოპლანად იყენებდნენ თავიანთ დაჭრილთა გადასაყვანად,
სწორედ განთიადის წინ გაუჩერდათ. ლაზთოფებით დაჭრეს და ნაწილები დამალეს, მერე კი
დაბლა ჩამოვიდნენ, ამ სამალავში, აუზის კიდესთან.

ჰავატს მხოლოდ მიახლოებით წარმოედგინა, სად იყვნენ ახლა – არაკენიდან დაახლოებით


ორას კილომეტრზე, სამხრეთით. ფარკედელის სიეტჩების დამაკავშირებელი მთავარი გზები
მათგან სადღაც სამხრეთით გადიოდა.

ჰავატის წინ მჯდარმა კაცმა სარწყულის კაპიუშონი და საშუბლე მოიხადა და ქერა თმა-წვერი
გამოუჩნდა. მაღალი, ვიწრო შუბლიდან თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. სუნელიან
საჭმელს დაჩვეულის სრულიად ლურჯ თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდი . პირის ცალ
მხარეს წვერი და ულვაში საცხვირე საცობებიდან წამოსული მილაკისგან ჰქონდა მოთელილი.

ფრემენმა საცობები მოიხსნა და თავიდან მოირგო. ცხვირის გვერდით გამაგრებული კანი


მოისრისა.

– თუ ამაღამ ამ დაბლობს გადაჭრით, – უთხრა ჰავატს, – ფარები არ უნდა გამოიყენოთ.


კედელში ღიობია, – ქუსლებზე შემოტრიალდა და სამხრეთისკენ მიუთითა, – იქ, და მერეც,
ერგამდე, გაშლილი ქვიშნარია. ფარები მოიზიდავს... – კაცი შეყოყმანდა, – მატლს. აქ ხშირად
არ ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ფარი აუცილებლად მოიზიდავს.

„მატლიო, თქვა“, გაიფიქრა ჰავატმა. „სხვა რაღაცის თქმა სურდა. რის? და ჩვენგან რა უნდა?“

ჰავატმა ამოიოხრა.

არ ახსოვდა, ოდესმე ასე დაღლილი ყოფილიყო. კუნთები ჰქონდა გამოფიტული, რასაც


ენერგეტიკული აბები ვეღარ შველოდა.

„წყეული სარდაუკარები!“

საკუთარი ბრალეულობის შეგნებით დაფიქრდა ფანატიკოს ჯარისკაცებსა და იმაზე, რასაც


მათი აქ ყოფნა ნიშნავდა – იმპერატორის ღალატზე. მენტატის თვალით აფასებდა მონაცემებს
და ხვდებოდა, რა მცირე იყო შანსი, ამ ღალატის სამხილები ლანდსრაადის უმაღლესი საბჭოს
წინაშე წარედგინა, სადაც შეიძლებოდა, სამართალი აღსრულებულიყო.

– გსურთ კონტრაბანდისტებთან მისვლა? – ჰკითხა ფრემენმა.

– შესაძლებელია?

– იქამდე გრძელი გზაა.


ფრემენებს „არას“ თქმა არ უყვართო, უთხრა ერთხელ აიდაჰომ.

– შენ ჯერ ისიც კი არ გითქვამს, თქვენებს ჩემი დაჭრილების დახმარება თუ შეუძლიათ.

– ისინი დაჭრილები არიან.

„ისევ ეს წყეული პასუხი!“

– ვიცით, დაჭრილები რომ არიან! – მოუჭრა ჰავატმა, – ეს არ არის...

– წყნარად, მეგობარო, – გააფრთხილა ფრემენმა, – რას ამბობენ შენი დაჭრილები? არიან მათ
შორის ისეთები, შენი ტომის წყლის საჭიროება რომ აქვთ შეგნებული?

– წყალზე არ ვლაპარაკობდით, – უთხრა ჰავატმა, – ჩვენ...

– მესმის, რომ არ გინდა, – თქვა ფრემენმა, – ისინი შენი მეგობრები არიან, შენი ტომელები.
წყალი გაქვთ?

– საკმარისად – არა.

ფრემენმა ჰავატის კიტელზე მიუთითა, რომლის ქვეშაც კანი უჩანდა.

– ვხედავ, სიეტჩში თავს დაგესხნენ, სარწყულები არ გაცვიათ. წყლის გადაწყვეტილება უნდა


მიიღო, მეგობარო.

– შეიძლება, საფასურის სანაცვლოდ დაგვეხმაროთ?

ფრემენმა მხრები აიჩეჩა.

– წყალი არ გაქვთ, – მან ჰავატის უკან ჯგუფს გახედა, – რამდენ დაჭრილს დათმობდით?

ჰავატი დადუმდა და კაცს მიაპყრო მზერა. როგორც მენტატი, ხვდებოდა, რომ მათი კითხვა-
პასუხი მიზანს აცდენილი იყო, სიტყვის ჟღერადობა და მნიშვნელობა ერთმანეთს ჩვეული
წესით არ ემთხვეოდა.

– მე თუფეა ჰავატი ვარ, – უთხრა ფრემენს, – შემიძლია, ჩემი ჰერცოგის სახელით ვილაპარაკო.
შენი დახმარების სანაცვლოდ ვალის ხელწერილს მოგცემ. ბევრს არ გთხოვ, მხოლოდ იქამდე
მჭირდება ძალების შენარჩუნება, სანამ მოღალატეს მოვკლავდე, რომელიც ფიქრობს, რომ
შურისძიება ვეღარ მისწვდება.

– შენ გსურს, ვენდეტაში დაგეხმაროთ?

– ვენდეტას მე თავად მივხედავ. მხოლოდ ის მინდა, ჩემს დაჭრილებზე პასუხისმგებლობისგან


გავთავისუფლდე, რომ შურისძიებას მივხედო.

ფრემენმა შუბლი შეიკრა.

– როგორ შეიძლება, შენს დაჭრილებზე პასუხისმგებლობა გეკისრებოდეს? პასუხისმგებლობა


მათ საკუთარი აქვთ. საქმე წყალია, თუფეა ჰავატ. გინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შენ
ნაცვლად მივიღო?

ამის თქმაზე კაცმა ხელი მოსასხამის ქვეშ ჩამალულ იარაღზე დაიდო.


ჰავატი დაიძაბა და გაიფიქრა: „ღალატია?“

– რის გეშინია? – ჯიქურ ჰკითხა ფრემენმა.

„ესენი კიდევ, თავიანთი შემაცბუნებელი პირდაპირობით!“

ჰავატმა ფრთხილად წამოიწყო:

– ჩემი თავის მიმტანისთვის ჯილდოა დაწესებული.

– აჰჰჰ, – ფრემენმა ხელი მოაცილა იარაღს, – გგონია, აქ ბიზანტიურ გახრწნილებას ნახავ? შენ
ჩვენ არ გვიცნობ. ჰარკონენებს იმდენი წყალიც კი არა აქვთ, ჩვენი ჩვილი ბავშვი რომ იყიდონ.

„მაგრამ იმდენი ჰქონდათ, გილდიისთვის ორი ათასი საბრძოლო ხომალდის გადაყვანაში რომ
გადაეხადათ“, გაიფიქრა ჰავატმა. ამ ფასის წარმოდგენისგან ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.

– ორივენი ჰარკონენებს ვებრძვით, – უთხრა ჰავატმა, – განა არ უნდა გავიზიაროთ


პრობლემები და ბრძოლის სიძნელეები?

– ვიზიარებთ, – უთხრა ფრემენმა, – ვნახე, როგორ ებრძვი ჰარკონენებს. მკლავი გერჩის.


ყოფილა ძნელი დრო, როცა ვისურვებდი, შენ ჩემ მხარდამხარ გეომა.

– თქვი, სად შეიძლება დაგჭირდეს ჩემი შველა, – უთხრა ჰავატმა.

– ვინ იცის? – მიუგო ფრემენმა, – ჰარკონენების ჯარები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. მაგრამ შენ
ჯერ კიდევ არ მიგიღია წყლის გადაწყვეტილება და არც შენი დაჭრილებისთვის მიგინდვია ის.

„სიფრთხილე მმართებს“, გაიფიქრა ჰავატმა. „აქ რაღაც არ მესმის“.

და ჰკითხა:

– მიჩვენებ თქვენს წესს, არაკისულ წესს?

– უცხოს აზროვნებაა, – უთხრა ფრემენმა და მის ხმაში აგდებულმა კილომ გაიჟღერა. მან
ჩრდილო-დასავლეთისკენ, კლდეების გადაღმა გაიშვირა ხელი: – ჩვენ გიყურებდით, წუხელ
ქვიშები რომ გადმოიარეთ, – მკლავი დაუშვა, – შენი ჯარი დიუნის ფერდზე გყავს. ცუდია. არც
სარწყულები გაქვთ, არც წყალი. ასე დიდხანს ვერ გაძლებთ.

– არაკისის გზები იოლი სავალი არაა, – თქვა ჰავატმა.

– მართალია. მაგრამ ჰარკონენებს მაინც ვხოცავდით.

– თქვენს დაჭრილებს რას უშვრებით? – ჩაეკითხა ჰავატი.

– განა კაცმა არ იცის, როდის ღირს მისი გადარჩენა? – ჰკითხა ფრემენმა, – შენმა დაჭრილებმა
იციან, რომ წყალი არ გაქვთ, – მან თავი გადახარა და გვერდულად შეხედა ჰავატს, – ცხადია,
წყლის გადაწყვეტილების მიღების დრო დგას. დაჭრილებმაც და უვნებლად დარჩენილებმაც
ტომის მომავალზე უნდა იფიქრონ.

„ტომის მომავალზე“, გაიფიქრა ჰავატმა. „ატრეიდესების ტომზე. ამას აქვს აზრი“. საკუთარი
თავი აიძულა, ეკითხა ის, რასაც აქამდე გაურბოდა.
– იცით რამე ჩემს ჰერცოგზე ან მის ვაჟზე?

გამოუცნობმა ლურჯმა თვალებმა ჰავატს ახედეს.

– რამე?

– რა ბედი ეწიათ? – მოჭრა ჰავატმა.

– ბედისწერა ყველას ერთი აქვს, – მიუგო ფრემენმა, – ამბობენ, შენი ჰერცოგი თავის
ბედისწერას უკვე შეხვდა. ხოლო მისი ძე, ლისან ალ-გაიბი... მისი ბედი ლიეტის ხელშია.
ლიეტს ჯერ არაფერი უთქვამს.

ეს უკითხავადაც ვიცოდიო, გაიფიქრა ჰავატმა.

მან უკან თავის მებრძოლებს გახედა. უკვე ყველას გაღვიძებოდა. მათი ლაპარაკი ესმოდათ.
გარეთ, ქვიშისთვის მიეპყროთ მზერა, რომელშიც ეწერა, რომ შეგნებული ჰქონდათ ერთი რამ:
კალადანზე დაბრუნება არ ეწერათ, ახლა კი არაკისიც დაკარგეს.

ჰავატი ისევ ფრემენს მიუბრუნდა.

– დუნკან აიდაჰოზე თუ იცი რამე?

– ფარი რომ გამორთეს, დიდ სახლში იყო, – მიუგო ფრემენმა, – ეს გავიგე... მეტი არაფერი.

„იმ ქალმა ფარი მოხსნა და ჰარკონენები შეუშვა“, გაიფიქრა ჰავატმა. „მე კი კარისკენ
ზურგშექცევით ვიჯექი. როგორ შეეძლო ამის ჩადენა, როცა იცოდა, რომ ამით შვილსაც
მტრობდა? მაგრამ... ვინ იცის, რას ფიქრობს ბენე გესერიტი ალქაჯი... თუ შეიძლება, ამას ფიქრი
დავარქვათ?“

ყელი გაშრობოდა. ნერწყვის გადაყლაპვა სცადა.

– ბიჭის ამბავს როდის გაიგებ?

– არაკენში რა ხდება, მაგაზე ბევრი არაფერი ვიცით, – მხრები აიჩეჩა ფრემენმა, – ვინ იცის?

– შეგიძლია, გაარკვიო?

– შეიძლება, – ფრემენმა ცხვირთან ნაწიბური მოისრისა, – მითხარი, თუფეა ჰავატ, თუ იცნობ


იმ დიდ იარაღს, ჰარკონენებმა რომ გამოიყენეს?

„არტილერიას“, სიმწრით გაიფიქრა ჰავატმა. „ვინ იფიქრებდა, რომ ამ ფარების ეპოქაში


არტილერიას გამოიყენებდნენ?“

– შენ გულისხმობ არტილერიას, რომელიც გამოიყენეს, რომ ჩვენები გამოქვაბულებში


ამოექოლათ, – უთხრა ფრემენს, – მე... ასეთ იარაღზე, რომელიც აფეთქების პრინციპით
მუშაობს, თეორიული ცოდნა მაქვს.

– კაცი თუ თავს შეაფარებს გამოქვაბულს, რომელსაც მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს,


კიდევაც იმსახურებს სიკვდილს, – განაცხადა ფრემენმა.

– იმ იარაღზე რატომ იკითხე?


– ლიეტს უნდა ისინი.

„ნეტავ, ეს უნდა ჩვენგან?“ გაიფიქრა ჰავატმა და ჰკითხა:

– აქ იმიტომ მოხვედი, რომ იმ ზარბაზნების ამბავი გაინტერესებდა?

– ლიეტმა მოისურვა, ერთი ასეთი იარაღი თავისი თვალით ენახა.

– მაშინ უნდა მიხვიდეთ და ერთი წამოიღოთ, ესაა და ეს, – დაცინვით მიმართა ჰავატმა.

– ჰო, – მიუგო ფრემენმა, – ერთი წამოვიღეთ. იქ დავმალეთ, სადაც სტილგარს შეეძლება,


ლიეტისთვის გამოიკვლიოს ის და სადაც ლიეტი თვითონაც ნახავს, თუ მოინდომებს. მაგრამ
არ მგონია, მოინდომოს: არც ისე კარგი იარაღია. არაკისისთვის დიდად ვერ გამოდგება.

– თქვენ... ერთი წამოიღეთ? – ჰკითხა ჰავატმა.

– მაგარი ბრძოლა იყო, – მიუგო ფრემენმა, – ორი კაცი დავკარგეთ, იმათგან კი ასზე მეტის
წყალი დავღვარეთ.

„ყველა ზარბაზანთან სარდაუკარებიც იდგნენ“, გაიფიქრა ჰავატმა. „ეს უდაბნოელი შეშლილი


კი, ვითომც აქ არაფერიო, ისე ლაპარაკობს, რომ სარდაუკარებთან შეტაკებაში მხოლოდ ორი
კაცი დაკარგეს!“

– იმ ორსაც არ დავკარგავდით, ჰარკონენების გვერდით იმ სხვა მეომრებსაც რომ არ


ებრძოლათ, – თქვა ფრემენმა, – მაგათგან ზოგი მართლა კარგად ჩხუბობს.

ჰავატის ერთი მებრძოლი კოჭლობით გამოვიდა წინ და ჩაცუცქულ ფრემენს დახედა.

– სარდაუკარებზე ამბობ?

– სარდაუკარებზე ამბობს, – უპასუხა ჰავატმა.

– სარდაუკარები! – გაიმეორა ფრემენმა და ხმაში აღტაცება შეეტყო, – აა, აი, თურმე ვინ
ყოფილან! ის ღამე მართლაც კარგი გამოდგა. სარდაუკარები. რომელი ლეგიონი? ეს იცით?

– ჩვენ... არ ვიცით, – მიუგო ჰავატმა.

– სარდაუკარები, – დაფიქრდა ფრემენი, – მაგრამ ჰარკონენებივით აცვიათ. უცნაური არაა?

– იმპერატორს არ უნდა, შეიტყონ, რომ ის დიდებული გვარის წინააღმდეგ იბრძვის, – თქვა


ჰავატმა.

– მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ესენი სარდაუკარები არიან.

– მე ვინ ვარ? – მწარედ დაეკითხა ჰავატი.

– შენ თუფეა ჰავატი ხარ, – მიუგო კაცმა ფაქტის დადასტურების კილოთი, – კარგი, თავის
დროზე გავიგებთ, რაშია საქმე. სამი ეგეთი ტყვედ ავიყვანეთ და ლიეტის ხალხს გავუგზავნეთ
დასაკითხავად.

ჰავატის თანაშემწემ ნელა წარმოთქვა:


– თქვენ... სარდაუკარები აიყვანეთ ტყვედ? – ყოველ სიტყვაში ისმოდა, რომ არ სჯეროდა.

– მარტო სამი, – დაუზუსტა ფრემენმა, – კარგად იბრძოდნენ.

„რომ დაგვცლოდა, ფრემენებთან შევკრულიყავით“, გაიფიქრა ჰავატმა. მისი გონება


სინანულით გოდებდა. „ნეტავ, მათი გაწვრთნა და შეიარაღება მოგვესწრო. დიდო დედაო, რა
მებრძოლი ძალა გვეყოლებოდა!“

– შეიძლება, გადაწყვეტას იმიტომ აყოვნებ, რომ ლისან ალ-გაიბის ბედი გაფიქრებს, – უთხრა
ფრემენმა, – თუ ის მართლაც ლისან ალ-გაიბია, მას არაფერი დაუშავდება. ტყუილად ნუ
იფიქრებ იმაზე, რაც დარწმუნებით ჯერ არ იცი.

– მე ვემსახურები... ლისან ალ-გაიბს, – უთხრა ჰავატმა, – მისი კეთილდღეობა ჩემი


საზრუნავია. ამის აღთქმა მაქვს დადებული.

– აღთქმა გაქვს მიცემული მისი წყლისთვის?

ჰავატმა თანაშემწეს შეხედა, რომელიც ჯერაც ფრემენს მიჩერებოდა, მერე ისევ ჩაცუცქულ
ფიგურას დააცქერდა.

– მისი წყლისთვის, ჰო.

– გინდა, არაკენში დაბრუნდე, მისი წყლის ალაგას?

– მისი... ჰო, მისი წყლის ალაგას.

– რატომ თავიდანვე არ თქვი, რომ წყლის საქმე იყო? – ფრემენი წამოდგა და ცხვირის საცობები
საიმედოდ დაიმაგრა. ჰავატმა თანაშემწეს თავით ანიშნა, დანარჩენებთან დაბრუნებულიყო.
კაცმა, რომელსაც დაღლილობა ეტყობოდა, მხრები აიჩეჩა და დამორჩილდა. ჰავატმა გაიგონა,
მისმა მებრძოლებმა ხმადაბლა რომ გადაულაპარაკეს ერთმანეთს.

ფრემენმა თქვა:

– წყალთან მისასვლელი გზა ყოველთვის არსებობს.

ჰავატის უკან ვიღაცამ შეიკურთხა:

– თუფეა! არკი მოკვდა!

ფრემენმა ყურზე მუშტი მიიდო.

– წყლის კავშირი! ეს ნიშანია, – მან ჰავატს შეხედა, – აქ შორიახლო წყლის მისაღები ადგილი
გვაქვს. დავუძახო ჩემებს?

თანაშემწე მოვიდა და ისევ ჰავატს დაუდგა გვერდით.

– თუფეა, ჩვენგან ორს არაკენში ცოლები დარჩათ. ისინი... ხომ იცი, როგორცაა ხოლმე.

ფრემენს მუშტი ჯერ კიდევ ყურზე ჰქონდა მიჭერილი.

– იდება წყლის კავშირი, თუფეა ჰავატ? – ჩაეკითხა ის.


ჰავატს გონება გამალებით უმუშავებდა. ახლა უკვე ხვდებოდა, რას გულისხმობდა ფრემენი,
მაგრამ შიშობდა, რას იზამდნენ გადმოხრილ კლდეს შეფარებული მისი დაღლილი
მებრძოლები, როცა ისინიც გაიგებდნენ, რა ხდებოდა.

– წყლის კავშირი, – დაუდასტურა ფრემენს.

– დაე, შეერთდნენ ჩვენი ტომები, – წარმოთქვა მან და მუშტი დაუშვა.

თითქოს ეს სიგნალი იყოო, მათ თავზემოთ კლდეებიდან ოთხი კაცი დაცურდა და ქვიშაზე
დახტა. მათ გადმოყუდებული კლდის სიღრმეში შეირბინეს, ცხედარი ფართო მოსასხამში
გაახვიეს, ასწიეს და კლდის კედლის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს სირბილით წაიღეს.

სანამ ჰავატის დაქანცული მებრძოლები გონს მოეგებოდნენ, ყველაფერი დასრულდა.


ფრემენების ჯგუფი და მათ შორის ტომარასავით ჩამოკიდებული, მოსასხამში გახვეული
ცხედარი კლდოვანი მოსახვევის უკან გაუჩინარდა.

ჰავატის ერთმა მებრძოლმა იყვირა:

– სად მიაქვთ არკი? ის იყო...

– მიჰყავთ, რომ... დამარხონ, – მიუგო ჰავატმა.

– ფრემენები თავიანთ მკვდრებს არ მარხავენ! – შეუყვირა კაცმა, – ნუ ცდილობ, მოგვატყუო,


თუფეა. ვიცით, რასაც შვრებიან ხოლმე. არკი ისეთი...

– კაცისთვის, რომელიც ლისან ალ-გაიბის სამსახურში მოკვდება, სამოთხე მზადაა, – თქვა


ფრემენმა, – თუ ლისან ალ-გაიბს ემსახურებით, როგორც თქვი, რა საჭიროა გლოვა და თავში
ცემა? ვინც ასე კვდება, მისი ხსოვნა იცოცხლებს, სანამ ადამიანთა მეხსიერება იარსებებს.

მაგრამ ჰავატის ჯარისკაცები წინ წამოდგნენ; სახეებზე მრისხანება ეწერათ. ერთს ნაალაფარი
ლაზთოფი ეკიდა და იარაღს ამოსაღებად წასწვდა.

– არ გაინძრეთ! – დაუყვირა ჰავატმა. სძლია სისუსტეს, მის კუნთებს რომ მორეოდა: – ეს ხალხი
ჩვენს მიცვალებულს პატივს სცემს. ადათები განსხვავდება, მაგრამ შინაარსი იგივეა!

– არკის წყლის გამოხდას აპირებენ, – ჩაიღრინა ლაზთოფიანმა კაცმა.

– შენები ცერემონიაზე დასწრებას ითხოვენ? – იკითხა ფრემენმა.

„ვერც კი ხვდება, რა არის პრობლემა“, გაიფიქრა ჰავატმა. ფრემენი საშინლად მიამიტი იყო.

– თავიანთი ღირსეული ამხანაგის ბედი აღელვებთ, – აუხსნა ჰავატმა.

– თქვენს ამხანაგს ისევე პატივით მოვეპყრობით, როგორც საკუთარს, – აღუთქვა ფრემენმა, –


წყლის კავშირი ამას გულისხმობს. ადათები ვიცით. კაცის ხორცი მისი საკუთრებაა; მისი
წყალი ტომს ეკუთვნის.

ჰავატი სასწრაფოდ გამოეპასუხა, რადგან ლაზთოფიანმა კაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

– ახლა დაეხმარებით ჩვენს დაჭრილებს?


– წყლის კავშირში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ, – უთხრა ფრემენმა, – თქვენთვის ვიზამთ იმას,
რასაც ტომი თავისიანებს უკეთებს. უპირველესად, უნდა ჩაგაცვათ და ვნახოთ, კიდევ რა
გჭირდებათ.

ლაზთოფიანი კაცი შეყოყმანდა.

ჰავატის თანაშემწემ იკითხა:

– დახმარებაში ვიხდით არკის... წყალს?

– კი არ ვიხდით, – მიუგო ჰავატმა, – ასე ამ ხალხს შევუერთდით.

– ადათები განსხვავდება, – ჩაიბურტყუნა ერთმა მისიანმა.

ჰავატს ცოტათი გულზე მოეშვა.

– და არაკენამდე მიღწევაში დაგვეხმარებიან?

– ჩვენ ჰარკონენებს დავხოცავთ, – უთხრა ფრემენმა და სახეზე ღიმილი გადაეფინა, – და


სარდაუკარებსაც, – უკან გადადგა ნაბიჯი, ხელისგულები ჯამივით მოიმრგვალა ყურებთან,
თავი უკან გადახარა და მიაყურადა. ცოტა ხანში ხელები ჩამოუშვა და თქვა:

– ხომალდი მოფრინავს. კლდის ქვეშ დაიმალეთ და არ გაინძრეთ.

ჰავატის ნიშანზე ჯარისკაცები მას დაემორჩილნენ.

ფრემენმა ჰავატს მკლავში ხელი ჩაავლო და ისიც სხვებთან ერთად დასწია უკან.

– ბრძოლის დროც მოვა და მაშინ ვიბრძოლებთ, – უთხრა მენტატს; მერე მოსასხამის ქვეშ ხელი
ჩაიყო, პატარა გალია ამოაძვრინა და შიგნიდან რაღაც არსება ამოსვა.

ჰავატმა პაწია ღამურა იცნო. ცხოველმა თავი მოაბრუნა და ლურჯი-ლურჯზე თვალები


გამოუჩნდა.

ფრემენი ღამურას მოეფერა, დაუყვავა, დაამშვიდა. მერე მისი თავისკენ დაიხარა და ენიდან
ჩამოდენილი ნერწყვი ცხოველს მისკენ აპყრობილ დაღებულ პირში ჩაუწვეთა. ღამურამ
ფრთები გაშალა, მაგრამ ფრემენის გაშლილი ხელისგულიდან არ აფრენილა. კაცმა აიღო ერთი
ციდა მილი, ღამურას თავთან მიუტანა და ჭიკჭიკით ჩაუსტვინა. მერე ცხოველი მაღლა ასწია
და ჰაერში შეაგდო.

ღამურა კლდისკენ დაეშვა და თვალს მიეფარა.

ფრემენმა გალია დაკეცა და ისევ მოსასხამში ჩაიდო. მერე კვლავ დახარა თავი და ყური
მიუგდო.

– მაღლობებს ჩხრეკენ, – უთხრა ჰავატს, – ნეტავ, რას დაეძებენ იქ?

– იციან, რომ იმ მიმართულებით დავიხიეთ უკან, – თქვა ჰავატმა.

– კაცმა არასოდეს არ უნდა იფიქროს, რომ მონადირე მხოლოდ მის კვალზე დგას, – უთხრა
ფრემენმა, – გახედე აუზის იქითა კიდეს. რაღაცას დაინახავ.
დრო გადიოდა.

ჰავატის მებრძოლთაგან ზოგი შეირხა, ერთმანეთს გადაუჩურჩულეს.

– გაიტრუნეთ, შეშინებული ცხოველებივით! – დაუსისინა ფრემენმა.

ჰავატმა გადაღმა მდებარე კლდის მახლობლად მოძრაობა შენიშნა – მოყვითალო ლაქა


მოყვითალო ფონზე მისრიალებდა.

– ჩემმა პატარა მეგობარმა წერილი მიიტანა, – თქვა ფრემენმა, – კარგი შიკრიკია – გინდა
დღისით, გინდა ღამით. მეწყინება, ეგ თუ დავკარგე.

აუზის მეორე მხარეს მოძრაობას უკვე ვეღარ ხედავდნენ. ქვიშის ოთხ თუ ხუთკილომეტრიან
სივრცეზე აღარაფერი მოჩანდა, მოძალებული დღის სიცხის გარდა – გახურებული ჰაერი
მოლივლივე სვეტებად მიიწევდა მაღლა.

– ახლა ხმა არ გაიღოთ, – დაიჩურჩულა ფრემენმა.

მოპირდაპირე კლდის ნაპრალიდან მძიმედ მომავალი ფიგურების მწკრივი გამოჩნდა,


რომელიც აუზის მიმართულებით მოდიოდა. ჰავატს ისინი ფრემენებად მოეჩვენა, თუმცა
უცნაურად ძალაგამოცლილები ჩანდნენ. დათვალა – დიუნებზე გაჭირვებით მოემართებოდა
ექვსი კაცი.

ჰავატის ჯგუფის უკან, მარჯვნიდან ორნიტოპტერის ფრთების ჩხაკუნი მოისმა. ხომალდი მათ
თავზემოთ გადმოაფრინდა კლდის კედელს – ატრეიდესების ტოპტერი იყო, ზედ
ჰარკონენების სამხედრო ფერები ჰქონდა შესხურებული. ტოპტერი აუზზე გადმომავალი
ადამიანებისკენ დაქანდა.

ჯგუფი დიუნის თხემზე შედგა. ხომალდს ხელი დაუქნიეს.

ტოპტერმა მათ თავზემოთ ერთი მკვეთრი წრე დაარტყა, დაჯდომისას ქვიშა ააბუქა და
ფრემენების წინ

შეჩერდა. ხომალდიდან ხუთი კაცი გადმოხტა. ჰავატმა შენიშნა მათი ფარების ველების
მტვრის ამრიდი ლივლივი და მათ მოძრაობაში სარდაუკარის მტკიცე სიმარჯვე იცნო.

– აიიჰ! ის თავიანთი სულელური ფარები უკეთიათ, – დაისისინა ფრემენმა მის გვერდით და


დაბლობის ღია სამხრეთ კედლისკენ გაიხედა.

– სარდაუკარები არიან, – დაიჩურჩულა ჰავატმა.

– კარგია.

სარდაუკარები ფრემენების მომლოდინე ჯგუფს თანდათან შევიწროებულ ნახევარწრედ


მიუახლოვდნენ. მომარჯვებულ ხმლებზე მზის ათინათი ასხლტა. ფრემენები მჭიდროდ
იდგნენ, აუღელვებლად.

უეცრად ამ ორი ჯგუფის გარშემო ქვიშიდან ფრემენები აღმოცენდნენ. ორნიტოპტერთან


გაჩნდნენ და შიგნით შეცვივდნენ. დიუნის თხემზე, იქ, სადაც ორი ჯგუფი შეიყარა,
ადამიანების ქარაშოტად დატრიალებული მოძრაობა კარგად აღარ ჩანდა, რადგან ის მტვრის
ღრუბელმა დაბურა.

ცოტა ხანში მტვერი გაიფანტა. ფეხზე მხოლოდ ფრემენები იდგნენ.

– ტოპტერში მხოლოდ სამი კაცი დატოვეს, – თქვა ფრემენმა ჰავატის გვერდით, –


გაგვიმართლა. მგონი, ხომალდის ასაყვანად მისი დაზიანება საჭირო არ გახდა.

ჰავატის უკან რომელიღაც მებრძოლმა დაიჩურჩულა:

– ეგენი სარდაუკარები იყვნენ!

– შეამჩნიეთ, რა კარგად იბრძოდნენ? – ჰკითხა ფრემენმა.

ჰავატმა ღრმად ჩაისუნთქა. დამწვარი მტვრის სუნი სცემდა და სიცხეს, სიმშრალეს გრძნობდა.
იმ სიმშრალის შესაფერისი ხმით წარმოთქვა:

– მართლაც, კარგად იბრძოდნენ.

მოტაცებულმა ტოპტერმა ფრთები აიქნია და გვერდულად აფრინდა, მერე გასწორდა, ფრთები


შეიკეცა და მკვეთრად აიღო გეზი სამხრეთისკენ.

„გამოდის, ამ ფრემენებმა ტოპტერის მართვაც იციან“, გაიფიქრა ჰავატმა.

შორეულ დიუნზე ფრემენმა ოთხკუთხა მწვანე ქსოვილი დაიქნია: ერთხელ... მეორედ.

– კიდევ მოდიან! – იყვირა ჰავატთან მყოფმა ფრემენმა, – მზად იყავით! იმედი მქონდა, ისე
გავაღწევდით, რომ მეტს აღარ შევფერხდებოდით.

„შევფერხდებოდითო!“ გაიფიქრა ჰავატმა.

მან დაინახა, რომ დასავლეთისკენ კიდევ ორი ტოპტერი გამოჩნდა და დიდი სიმაღლიდან
დააცხრნენ ქვიშას იქ, სადაც უცებ ყველა ფრემენი გაუჩინარდა. შეტაკების ადგილას მხოლოდ
რვა ლურჯი ლაქა დარჩენილიყო – ეს ჰარკონენების ფორმაში გამოწყობილი სარდაუკარები
იყვნენ.

ჰავატის თავზემოთ კიდევ ერთმა ტოპტერმა გადმოიფრინა. მენტატს სული შეუგუბდა მის
დანახვაზე – ეს დიდი საჯარისო ნაწილების გადამყვანი იყო. ფრთები გაეშალა და
აუჩქარებლად, მძიმედ მიფრინავდა (ეტყობოდა, მთლიანად დატვირთული იყო). ბუდეში
მობრუნებულ უზარმაზარ ფრინველს ჰგავდა.

შორს, დაბლა დაქანებული ერთ-ერთი ტოპტერიდან ლაზთოფის იისფერი ზოლი გამოკრთა,


რომელმაც ქვიშას გადაურბინა და მტვრის მკვეთრი კვალი გაავლო.

მებრძოლთა გადამყვანი ლურჯფორმიანი სხეულებისკენ დაეშვა. ფრთები სრულ სიგრძეზე


გაშალა და სწრაფად შეჩერებისთვის მოემზადა.ჰავატს სამხრეთით ლითონზე არეკლილმა
მზემ თვალი მოსტაცა. ის დააკვირდა და დაინახა ტოპტერი, რომელიც ჩართული ძრავით
პიკირებდა ქვიშისკენ; ფრთები გვერდების გასწვრივ მთლიანად შეკეცილი ჰქონდა. მისი
რეაქტიული ტურბინები ცის მუქ, მოვერცხლილ სირუხეზე ცეცხლოვან ოქროსფერ ზოლს
ტოვებდნენ. ტოპტერი ისარივით ჩამოიჭრა გადამყვანისკენ, რომლისთვისაც ფარი მოეხსნათ,
რადგან მის სიახლოვეს ლაზთოფის სხივი წრიალებდა. მოწყვეტით დაშვებული ტოპტერი
პირდაპირ გადამყვანს შეასკდა.

ტაფობი ცეცხლოვანმა გრგვინვამ შეაზანზარა. გარშემო კლდეების კედლიდან ნატეხები


ჩამოიფშვნა. ქვიშიდან, სადაც წამის წინ გადამყვანი და ორი ტოპტერი მოჩანდა, ცისკენ
წითელ-ნარინჯისფერი გეიზერი აიჭრა და გარშემო ყველაფერი ცეცხლში გახვია.

„ეს ხომ გატაცებული ტოპტერით გაფრენილი ფრემენი იყო“, გაიფიქრა ჰავატმა. „მან
შეგნებულად გაწირა თავი იმ გადამყვანის გასანადგურებლად. დიდო დედაო! რა ხალხია ეს
ფრემენები?!“

– მომგებიანი გაცვლაა, – თქვა ჰავატის გვერდით მყოფმა ფრემენმა, – იმ გადამყვანში სამასი


კაცი მაინც იქნებოდა. ახლა იმათ წყალს მივხედოთ და სხვა ხომალდის ხელში ჩაგდების გეგმა
მოვიფიქროთ, – ის კლდით დაჩრდილული თავშესაფრიდან გასასვლელად მოემზადა.

მათ ცხვირწინ ლურჯი უნიფორმების წვიმა წამოვიდა. ჯარისკაცების ვარდნას დაბალი


სიმძლავრის ტივტივები ანელებდა. ჰავატმა წამის გაელვებაში თვალი შეასწრო –
სარდაუკარები იყვნენ, სახეები ბრძოლის გიჟური ჟინით მოქცეოდათ, ფარები არ ეკეთათ და
ყოველ მათგანს ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორეში – დამარეტიანებელი.

გამოსროლილი დანა ჰავატის ფრემენ ამხანაგს ყელში ჩაერჭო. ის უკან წაბარბაცდა და,
შეტრიალებული, პირქვე ჩაემხო. ჰავატმა მახვილი იშიშვლა და ამ დროს დამარეტიანებლის
ჭურვმაც მოცელა.

3* * *
მუად’დიბს ჭეშმარიტად შეეძლო მომავლის ჭვრეტა, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ მისი ძალის
დასაზღვრულობა. შეადარეთ ეს მხედველობას. თვალები გვაქვს, მაგრამ სინათლის გარეშე
ვერ ვხედავთ. თუ ხეობის ფსკერზე ვდგავართ, მისი ნაპირის მიღმა ვერ დავინახავთ; ზუსტად
ამის მსგავსად, მუად’დიბს არ შეეძლო, ნებისმიერ დროს დაეხედა უცნობი ტერიტორიისთვის.
ის გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველების თუნდაც ერთ ბუნდოვან განმარტებას, ან მისი
აღწერისას ერთის ნაცვლად სხვა სიტყვის გამოყენებას მომავლის მთელი ასპექტის შეცვლა
შეუძლია. „დროის სურათი ფართოა, მაგრამ მასში გავლისას დრო ვიწრო კარად იქცევა“,
გვეუბნება იგი. მუად’დიბი ყოველთვის ებრძოდა ცდუნებას, აერჩია ნათელი, უხიფათო გეზი;
სულ გვაფრთხილებდა: „ის გზა მუდამ დაღმა, უძრაობისკენ მიემართება“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის გამოღვიძება“

ღამის სიბნელიდან მათ თავზემოთ ორნიტოპტერები რომ გამოსრიალდნენ, პოლმა დედას


მკლავში სტაცა ხელი და უბრძანა:

– არ გაინძრე!

მერე ბიჭმა მთვარის შუქზე მეწინავე ხომალდს მოჰკრა თვალი, შენიშნა მისი შესაჩერებლად
მოტრიალებული ფრთები, სამართავ პანელზე ხელების დაუდევარი მოძრაობა.
– აიდაჰოა, – ამოთქვა მან.

ხომალდი და მისი მომყოლები ტაფობზე დასხდნენ, ბუდეში ჩაფრენილი ჩიტებივით. ჯერ


მტვერი არც კი დამჯდარიყო, რომ ტოპტერიდან გადმომხტარი აიდაჰო უკვე მათკენ
მორბოდა. მას ფრემენების მოსასხამებიანი ორი კაცი მოსდევდა. პოლმა ერთი იცნო – მაღალი,
ქერაწვერიანი კაინსი.

– აქეთ! – იყვირა მან და მარცხნივ გაუხვია.

კაინსის უკან სხვა ფრემენები თავიანთ ორნიტოპტერებს ქსოვილის საბურველებს


აფარებდნენ. ხომალდები თვალსა და ხელს შუა დაბალი დიუნების რიგად იქცა.

აიდაჰო პოლის წინ დაერჭო და მხედრული სალამი მისცა.

– მილორდ, ფრემენებს აქ შორიახლო დროებითი სამალავი აქვთ, სადაც ჩვენ...

– იმაზე რას იტყვი, იქ რომ ჰქონდათ? – პოლმა შორეული კლდის თავზე შეტაკების ნიშანი
დაანახვა – რეაქტიული მაშხალები, ლაზთოფების იისფერი სხივებით დასერილი უდაბნო.

აიდაჰოს მრგვალ, უშფოთველ სახეზე ღიმილმა გადაურბინა, რაც მას არ სჩვეოდა.

– მილორდ... სირ, იმათ პატარა სიურპ...

უდაბნო თვალისმომჭრელმა თეთრმა ნათებამ აავსო, მზესავით კაშკაშამ, რომელმაც მათი


ჩრდილები შელფის კლდოვან ძირზე ამოტვიფრა. აიდაჰო ელვის სისწრაფით ამოქმედდა –
ცალი ხელი პოლს ჩაავლო მკლავზე, მეორე – ჯესიკას მხარში და ისინი კლდოვანი
შვერილიდან ტაფობში ისროლა. თავზე აფეთქების გრგვინვამ რომ გადაუქროლათ, ერთად
გაიშოტნენ ქვიშაზე. კლდოვან შვერილს, საიდანაც ჩამოხტნენ, დარტყმის ტალღამ ნაფოტები
ჩამოამტვრია.

აიდაჰო წამოჯდა და ქვიშა ჩამოიბერტყა.

– ეს საგვარეულო ატომური არსენალი არაა! – თქვა ჯესიკამ, – მეგონა...

– იქ ფარი გქონდა ჩართული, – თქვა პოლმა.

– დიდი ფარი, სრულ სიმძლავრეზე, – მიუგო აიდაჰომ, – ლაზთოფის სხივი შეეხო და... –
მხრები აიჩეჩა.

– სუბატომური სინთეზი, – თქვა ჯესიკამ, – სახიფათო იარაღია.

– იარაღი არა, მილედი, თავდაცვაა. ის ნაძირალები აწი კარგად დაფიქრდებიან, სანამ


ლაზთოფს გაისვრიან.

ორნიტოპტერებიდან გადმოსული ფრემენები მათ თავზე დაადგნენ. ერთმა ხმადაბლა უთხრა:

– თავი უნდა შევაფაროთ, მეგობრებო!

პოლი წამოდგა. აიდაჰო ჯესიკას მიეშველა.

– ის აფეთქება ყურადღებას ძალიან მიიზიდავს, სირ, – თქვა აიდაჰომ.


„სირ“, გაიფიქრა პოლმა.

სიტყვა ისე უცნაურად ჟღერდა, როცა მას მიმართავდნენ. „სირ!“ ყოველთვის მამამისი იყო.

წამით ისევ იგრძნო, როგორ შეეხო წინასწარჭვრეტის შეგრძნება და დაინახა საკუთარი თავი,
დასნებოვნებული ველური რასის ცნობიერებით, რომელიც კაცთა სამყაროს ქაოსისკენ
მიაქანებდა. ამ ხილვამ პოლი შეძრა და აიდაჰოს უსიტყვოდ მისცა ნება, იგი ტაფობის კიდის
გასწვრივ, კლდეების შვერილისკენ გაეყოლიებინა. აქ ფრემენები თავიანთი დამტკეპნი
ხელსაწყოთი დაბლა, ქვიშაში გზას ჭრიდნენ.

– აბგა ხომ არ წამოგიღო, სირ? – ჰკითხა აიდაჰომ.

– მძიმე არაა, დუნკან.

– ფარი არ გაქვს, – განაგრძო აიდაჰომ, – გინდა, ჩემი მოგცე? – მან შორეულ კლდეს გახედა, –
ალბათ, ლაზთოფებს აქეთ აღარავინ მომართავს.

– დაიტოვე, დუნკან. შენი მარჯვენა ფარზე მეტია ჩემთვის.

ჯესიკამ დაინახა, როგორ იმოქმედა შექებამ, როგორ დაუდგა აიდაჰო პოლს უფრო ახლოს, და
გაიფიქრა: „რა უტყუარად გრძნობს ჩემი ვაჟიშვილი, როგორ მოიქცეს თავის ხალხთან“.

ფრემენებმა ასწიეს ქვის სარქველი, რომლის მიღმაც გამოჩნდა შესასვლელი, ბუნებრივი


მიწისქვეშა ქვაბულებისკენ რომ ჩადიოდა. ღიობი საბურველით ოსტატურად იყო
შენიღბული.

– აქეთ, – მოუხმო მათ ერთმა ფრემენმა და კლდის საფეხურებით სიბნელეში ჩაუძღვა.

მათ უკან საბურველმა მთვარის შუქი ჩამოაბნელა. წინ ბუნდოვანმა მწვანე ციალმა დაიწყო
ბჟუტვა; მის შუქზე გამოიკვეთა საფეხურები და კლდის კედლები, მარცხნივ – შესახვევი. ახლა
მათ ყოველი მხრიდან მოსასხამიანი ფრემენები ერტყნენ გარს. ამ ადამიანების ტალღას ისინი
დაბლა მიჰყავდა. კუთხეში შეუხვიეს, იქაც დაღმა მიმავალ დერეფანს გაუყვნენ, რომელიც
ქვაში უხეშად ნაკვეთ ოთახს მიადგა.

მათ წინ კაინსი იდგა, ჯუბის კაპიუშონი უკან გადაეგდო. სარწყულის საყელო მწვანე შუქზე
უბზინავდა. გრძელი თმა და წვერი აბურდვოდა. უთეთრო ლურჯი თვალები მძიმე წარბების
ქვეშ წყვდიადად ჩასწოლოდა.

შეხვედრის წამს კაინსი თავის თავს დაეკითხა: „ნეტავ, რატომ ვეხმარები ამ ხალხს? ამაზე
უფრო სახიფათო არასოდეს არაფერი ჩამიდენია. ამას შეიძლება, შევეწირო“.

მერე პირდაპირ შეხედა პოლს და დაინახა ბიჭი, რომელსაც მამაკაცობა მოერგო, რომელიც
მწუხარებას ნებას არ აძლევდა, დასტყობოდა და თრგუნავდა თავის თავში ყველაფერს, იმ
პოზიციის გარდა, რომლის დაკავებაც ახლა ევალებოდა – ეს იყო ჰერცოგობა. და კაინსმა იმ
წუთს გაიაზრა, რომ ჰერცოგობა ჯერ კიდევ არსებობდა და ეს მხოლოდ ამ ჭაბუკის
დამსახურება იყო – ამას კი ზერელედ არ უნდა მოჰკიდებოდა.

ჯესიკამ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და ბენე გესერიტისეული ხერხით „ჩაიწერა“ ის:
„ლაბორატორიაა და არა სამხედრო ბაზა, ძველებურ ყაიდაზე მოწყობილი, კუთხეებითა და
სწორი ხაზებით სავსე“.– ეს საიმპერატორო ეკოლოგიური საცდელი სადგურია; ერთ-ერთია
იმათგან, მამაჩემს მეწინავე ბაზებად რომ უნდოდა, – თქვა პოლმა.

„თურმე ნუ იტყვი, უნდოდა!“ გაიფიქრა კაინსმა.

და ისევ დაეკითხა საკუთარ თავს: „უგნური ვარ, ამ ლტოლვილებს რომ ვეხმარები? რატომ
ვშვრები ამას? რა იოლია ახლა ამათი შეპყრობა და ამით ჰარკონენების ნდობის ყიდვა.

პოლმა დედას მიბაძა და ოთახი გონებაში აღიბეჭდა. მან დაინახა ერთ მხარეს სამუშაო მერხი,
უბრალო კლდის კედლები. მერხზე ხელსაწყოები ელაგა: პრიალა ციფერბლატები, მავთულის
ბადურა სიბრტყეები მათგან გამოჩრილი მინის მილებით. აქაურობა ოზონის სუნით იყო
გაჟღენთილი.

ზოგიერთი ფრემენი კუთხეს მოეფარა და იქიდან ახალი ხმები დაიძრა: მანქანის თუხთუხი,
გადამცემი ღვედებისა და მულტიძრავების ზუზუნი.

პოლმა ოთახის ბოლოს გახედა და კედელთან დალაგებული გალიები და შიგ ჩასმული პატარა
ცხოველები დაინახა.

– შენ მიხვდი, ეს რა ადგილია, – უთხრა კაინსმა, – რისთვის გამოიყენებდი მას, პოლ


ატრეიდეს?

– იმისთვის, რომ ეს პლანეტა ადამიანების საცხოვრებლად გამოსადეგი გამეხადა, – მიუგო


პოლმა.

„ალბათ, ამიტომ ვეხმარები“, გაიფიქრა კაინსმა.

ძრავების ხმა უცებ მიილია და მიწყდა. ამ სიცარიელეში გალიებიდან ჩუმმა წრიპინმა მოაღწია
და ისიც მიჩუმდა, თითქოს პატარა ცხოველებმა დაირცხვინეს.

პოლი ისევ გალიებს დააკვირდა და დაინახა, რომ იქ ყავისფერფრთიანი ღამურები ისხდნენ.


გვერდითა კედლიდან გალიების გასწვრივ საკვების ავტომატური მიმწოდებელი
გამოშვერილიყო.

ოთახის მოფარებული კუთხიდან ფრემენი გამოვიდა და კაინსს მიმართა:

– ლიეტ, ველის გენერატორის მოწყობილობა არ მუშაობს. ასე სიახლოვის დეტექტორებისგან


ვერ შევინიღბებით.

– შეკეთება შეგიძლია? – ჰკითხა კაინსმა.

– სწრაფად – არა. ნაწილები... – კაცმა მხრები აიჩეჩა.

– ჰო, – თქვა კაინსმა, – მაშინ მანქანების გარეშე უნდა გავიდეთ იოლას. ზემოთ ხელის
ტუმბოები აიტანეთ, ჰაერის ჩამოსაქაჩავად.

– ახლავე, – კაცი სწრაფად გავიდა.

კაინსი ისევ პოლს მიუბრუნდა.

– კარგი პასუხი იყო.


ჯესიკამ მის ხმაში მომთხოვნელობა შენიშნა, ძალდაუტანებლად რომ ისმოდა. მეფური ხმა
იყო, ბრძანებების გაცემას ჩვეული. და არც მიმართვა „ლიეტ“ გამოჰპარვია. ლიეტი
მოკრძალებული პლანეტოლოგის ფრემენული ალტერ ეგო იყო, მისი მეორე სახე.

– უზომოდ გემადლიერებით დახმარებისთვის, დოქტორო კაინს, – უთხრა მას.

– მმ-მ-მ, მაგასაც ვნახავთ, – უთხრა კაინსმა და ერთ-ერთ თავისიანს თავი დაუქნია, –


სუნელიანი ყავა შემოიტანონ ჩემს ოთახებში, შამირ.

– ახლავე, ლიეტ, – მიუგო კაცმა.

კაინსმა ოთახის გვერდითა კარში დატანებულ თაღიან გასასვლელზე მიუთითა:

– აქეთ, თუ შეიძლება.

ჯესიკამ თავს ნება მისცა, მეფური თავის დაკვრით მიეღო მიპატიჟება. მან დაინახა, რომ პოლმა
აიდაჰოს ხელით ანიშნა, მცველად დამდგარიყო.

ორი ნაბიჯის სიგრძის დერეფანი და მძიმე კარი გაიარეს და ოქროსფერი ნათელბურთებით


განათებულ კვადრატულ კაბინეტში შევიდნენ. შესვლისას ჯესიკამ კარს ხელი გადაუსვა და
გაოცებით შენიშნა, რომ პლასფოლადი იყო.

პოლმა ოთახში სამი ნაბიჯი გადადგა და აბგა იატაკზე დააგდო; გაიგონა, მის უკან კარი რომ
მიიხურა, და იქაურობას თვალი მოავლო: ბუნებრივი კლდის ყვითელი კედლები
დაახლოებით რვა მეტრის სიგრძისა იყო. მარჯვენასთან კატალოის უჯრებიანი რკინის
კარადები მოჩანდა. ოთახის ცენტრში იდგა დაბალი მაგიდა, რძის მინის ზედაპირით, რომლის
შიგნითაც ყვითელი ბუშტუკები მოჩანდა. მაგიდის გარშემო ოთხი ტივტივა სავარძელი
შემოედგათ.

კაინსმა პოლს შემოუარა და ჯესიკას სავარძელი დაუჭირა. ქალი დაჯდა. ამჩნევდა, მისი
შვილი ოთახს როგორ აკვირდებოდა.

პოლმა დაჯდომა წამით დააყოვნა. ოთახში ჰაერის მსუბუქმა რხევამ მიანიშნა, რომ მარჯვნივ,
რკინის უჯრების უკან, საიდუმლო გასასვლელი იყო.

– დაბრძანდი, პოლ ატრეიდეს, – მიმართა კაინსმა.

როგორ საგულდაგულოდ ერიდება ჩემი ტიტულის ხსენებასო, გაიფიქრა პოლმა. ის


შემოთავაზებულ სკამზე დაჯდა და ელოდებოდა, როდის დაჯდებოდა კაინსიც.

– შენ გრძნობ, რომ შესაძლოა, არაკისი სამოთხედ იქცეს, – უთხრა კაინსმა, – ოღონდ, როგორც
ხედავ, იმპერიის ხელისუფლება აქ მხოლოდ თავის გაწვრთნილ დაქირავებულ მკვლელებს,
თავის სუნელის მაძიებლებს გზავნის!

პოლმა ასწია და უჩვენა ცერი, რომელზეც საჰერცოგო ბეჭედი ეკეთა.

– ამ ბეჭედს ხედავ?

– დიახ.

– იცი მისი მნიშვნელობა?


ჯესიკა მკვეთრად მოტრიალდა და თავის ვაჟიშვილს შეხედა.

– მამაშენი მკვდარი წევს არაკენის ნანგრევებში, – თქვა კაინსმა, – ოფიციალურად ჰერცოგი შენ
ხარ.

– მე იმპერიის ჯარისკაცი ვარ, – უთხრა პოლმა, – ოფიციალურად – მათი დაქირავებული


მკვლელი.

კაინსს სახე მოეღრუბლა.

– იმის მიუხედავად, რომ მამაშენის ცხედარს თავზე იმპერატორის სარდაუკარი ადგას?

– სარდაუკარი სხვაა, ჩემი ხელისუფლების კანონიერი საფუძველი კი – სხვა. – მიუგო პოლმა.

– არაკისი თავის ნებაზე გადაწყვეტს, ვის ესხას ხელისუფლის მანტია, – უთხრა კაინსმა.

და ჯესიკამ, რომელიც ისევ შებრუნდა, რომ მისთვის შეეხედა, გაიფიქრა: „ამ კაცში არის
ფოლადი, რომელიც ჯერ კიდევ არავის მოურბილებია... ჩვენ კი ფოლადი გვჭირდება. პოლი
ბეწვის ხიდზე გადის“.

პოლმა განაგრძო:

– არაკისზე სარდაუკარების ყოფნა იმის მანიშნებელია, თუ როგორ ეშინოდა ჩვენს ძვირფას


იმპერატორს მამაჩემის. ახლა ფადიშაჰ-იმპერატორს მე მივცემ მიზეზს, ეშინოდეს...

– ყმაწვილო, – უთხრა კაინსმა, – არის რაღაცები, რასაც შენ ვერ...

– „სირ“ ან „მილორდ“ – ასე მომმართავ ხოლმე, – უთხრა პოლმა.

„უფრო ზომიერად“, გაიფიქრა ჯესიკამ.

კაინსმა პოლს თვალი გაუსწორა და ჯესიკამ პლანეტოლოგის სახეზე გამკრთალი აღტაცება,


ხალისის სხივი შენიშნა.

– სირ, – თქვა კაინსმა.

– მე იმპერატორისთვის დაბრკოლება ვარ, – განაგრძო პოლმა, – დაბრკოლება ვარ ყველასთვის,


ვინც აპირებს, არაკისი ალაფად გაინაწილოს. სანამ ცოცხალი ვარ, სულ ისეთ დაბრკოლებად
ვიქნები მათ ყელში გაჩხერილი, რომ საბოლოოდ დავახრჩობ კიდეც!

– ეს მხოლოდ სიტყვებია, – თქვა კაინსმა.

პოლმა თვალი თვალში გაუყარა. მერე კი თქვა:

– აქ, თქვენში, არსებობს ლეგენდა ლისან ალ-გაიბზე, გარე სამყაროდან მოსულ ხმაზე, მასზე,
ვინც ფრემენებს სამოთხეში გაუძღვება. შენს ხალხს აქვს...

– ეს მხოლოდ ცრურწმენაა, – უთხრა კაინსმა.

– შეიძლება, – დაეთანხმა პოლი, – მაგრამ შეიძლება, არც იყოს ასე. ცრურწმენებს ხშირად
უცნაური ფესვები და კიდევ უფრო უცნაური განშტოებები აქვთ.
– გეგმა გაქვს, – უთხრა კაინსმა, – ეს ცხადია... სირ.

– შეუძლიათ შენს ფრემენებს, მომიპოვონ უტყუარი საბუთი იმისა, რომ აქ ჰარკონენების


ფორმაში ჩაცმული სარდაუკარები იმყოფებიან?

– სრულიად შესაძლებელია.

– იმპერატორი აქ ხელისუფლებას ისევ ჰარკონენს ჩააბარებს, – თქვა პოლმა, – შეიძლება, ეს


ხელისუფალი მხეცი რაბანიც კი იყოს. როდესაც ისე ჩაეფლობა ამ ამბებში, რომ ბრალდებას
ვეღარ გაექცევა, დაე, იმპერატორი დადგეს საფრთხის წინაშე, რომ ლანდსრაადის საბჭოს მის
წინააღმდეგ სარჩელს წარუდგენენ. დაე, პასუხი აგოს იქ, სადაც...– პოლ! – ვეღარ მოითმინა
ჯესიკამ.

– დავუშვათ, ლანსრაადის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენი სარჩელი, – უთხრა კაინსმა, – ამას
მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – საყოველთაო შუღლი იმპერიასა და დიდებულ
გვარებს შორის.

– ქაოსი, – წარმოთქვა ჯესიკამ.

– მაგრამ მე სარჩელს იმპერატორს წარვუდგენ, – თქვა პოლმა, – და ქაოსის ალტერნატივას


შევთავაზებ.

ჯესიკამ ცივად დააზუსტა:

– შანტაჟი?

– სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი იარაღი, როგორც თავად გაქვს ნათქვამი, – თქვა პოლმა
და ჯესიკამ მის ხმაში ტკივილი იგრძნო, – იმპერატორს მხოლოდ ასულები ჰყავს,
ვაჟიშვილები – არა.

– ტახტს უმიზნებ? – ჰკითხა ჯესიკამ.

– იმპერატორი ვერ გარისკავს, იმპერია საყოველთაო ომში გახვიოს, – უპასუხა პოლმა, –


აფეთქებული პლანეტები, ყველგან არეულობა – ამას ვერ გაბედავს.

– თავზეხელაღებული თამაში გქონია განზრახული, – უთხრა კაინსმა.

– რის ეშინიათ ყველაზე მეტად ლანდსრაადის დიდებულ გვარებს? – ჰკითხა პოლმა, – იმის,
რაც ახლა, ამწუთას აქ, არაკისზე ხდება – იმის, რომ სარდაუკარები მათ სათითაოდ ჩაიგდებენ
ხელში. ლანდსრაადი სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს. დიდი კონვენციის
დუღაბი ესაა. მხოლოდ შეკავშირებულები თუ შეძლებენ, საიმპერატორო ძალებს
გაუმკლავდნენ.

– მაგრამ ისინი...

– მათ ამის ეშინიათ, – თქვა პოლმა, – არაკისის ამბები შეკავშირების მოწოდება იქნება. ყოველი
მათგანი მამაჩემში საკუთარ თავს დაინახავს – ფარას მოწყვეტილს და მოკლულს.

კაინსმა ჯესიკას მიმართა:

– ეს გეგმა გაჭრის?
– მე მენტატი არ ვარ, – მიუგო მან.

– სამაგიეროდ, ბენე გესერიტი ხარ.

ქალმა გამომცდელად შეხედა და მიუგო:

– ამ გეგმას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები... როგორც ექნებოდა ნებისმიერ გეგმას ამ ეტაპზე.
გეგმის წარმატება დამოკიდებულია მის აღსრულებაზე, ისევე, როგორც წინასწარ
შემუშავებულ იდეაზე.

– „კანონი უზენაესი მეცნიერებაა“, – ზეპირად წარმოთქვა პოლმა, – იმპერატორის სასახლის


კარის თავზე ასე წერია. მე გთავაზობთ, მას კანონი ვუჩვენოთ.

– არ ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია, ამ გეგმის შემმუშავებელს ვენდო, – თქვა კაინსმა, –


არაკისს აქვს თავისი გეგმა, რომელსაც ჩვენ...

– ტახტზე დამჯდარი, – უთხრა პოლმა, – არაკისის სამოთხედ ქცევას ერთი ხელის აქნევით
მოვახერხებ. თქვენი დახმარების საფასურად ამას გთავაზობთ.

კაინსს სახე გაუქვავდა.

– ჩემი ერთგულება არ იყიდება, სირ.

პოლი მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ კაინსს შეაცქერდა, მზერა გაუსწორა მისი ლურჯი-
ლურჯზე თვალების ელვარებას, დააკვირდა წვერიან სახეს, მბრძანებლურ თავდაჭერას;
მკაცრი ღიმილი დაეტყო სახეზე და უთხრა:

– კარგი ნათქვამია. ბოდიში მომიხსენებია.

კაინსმა პოლის მზერას თავისი შეაგება და მცირე დაყოვნების მერე უთხრა:

– არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ჰარკონენს თავისი შეცდომა ეღიარებინოს. შეიძლება, შენ


მათ არ ჰგავხარ, ატრეიდეს.

– ეს ალბათ მათი აღზრდის ხინჯია, – თქვა პოლმა, – შენ ამბობ, არ ვიყიდებიო, მაგრამ,
დარწმუნებული ვარ, მე მაქვს ის საფასური, რომელსაც მიიღებ. შენი ერთგულების
სანაცვლოდ მე გთავაზობ ჩემს ერთგულებას შენდამი... უპირობოდ.

„ჩემს შვილს ატრეიდესების გულწრფელობა დაჰყვა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მასაც აქვს ის


უსაშველო, ლამის მიამიტური ღირსების განცდა – არადა, ეს დაუმარცხებელი ძალაა“.

ქალმა დაინახა, რომ პოლის სიტყვებმა კაინსი შეძრა.

– უაზრობაა, – უთხრა კაინსმა, – შენ ჯერ კიდევ ბიჭი ხარ, და...

– მე ჰერცოგი ვარ, – გააწყვეტინა პოლმა, – და ატრეიდესი. არც ერთ ატრეიდესს არ უმტყუნია


ასეთი კავშირისთვის.

კაინსმა ნერწყვი გადაყლაპა.


– როცა ვამბობ, უპირობოდ-მეთქი, – უთხრა პოლმა, – ეს ნიშნავს „უპირობოს“. ეს ნიშნავს, რომ
შენთვის სიცოცხლესაც არ დავზოგავ.

– მილორდ! – კაინსს სიტყვა თითქოს პირიდან ამოგლიჯეს, მაგრამ ჯესიკა ხედავდა, რომ ის
ახლა თხუთმეტი წლის ბიჭს კი არ ელაპარაკებოდა, არამედ მამაკაცს, მასზე მაღლა მდგომს.
ახლა კაინსი ამ სიტყვას მისი ნამდვილი მნიშვნელობით წარმოთქვამდა.

„ამ წამს ის მზადაა, პოლს სიცოცხლე შესწიროს“, გაიფიქრა მან. „როგორ ახერხებენ ამას
ატრეიდესები ასე სწრაფად, ასე იოლად?“

– ვიცი, რომ არ ცრუობ, – უთხრა კაინსმა, – მაგრამ ჰარკონ...

პოლის უკან კარი მოფრიალდა. ის შებრუნდა და ხელჩართულ ბრძოლას ჰკიდა თვალი:


ისმოდა ყვირილი, ფოლადის ჩხაკუნი; შემოსასვლელთან დაღრჭენილი, ცვილის ნიღაბივით
სახეები მოჩანდა.

პოლი კარისკენ გაიჭრა, დედაც მიჰყვა. დაინახეს, რომ გასასვლელს აიდაჰო კეტავდა, ფარით
აცახცახებულ ჰაერში ჩასისხლიანებული თვალები უელვარებდა. მას უკნიდან ხელები
ეტანებოდნენ, მორკალული ფოლადის ხმლები უშენდნენ მის ფარს, მაგრამ ამაოდ. ფარმა
დამარეტიანებლის ნარინჯისფერი შემოტევა აიცილა. აიდაჰოს გასისხლიანებული მახვილები
ხან აქ გაიელვებდა, ხან იქ; ისმოდა მათი ჩახაჩუხი.

პოლის გვერდით კაინსი გაჩნდა, ერთად მიაწვნენ კარს და მიკეტეს.

პოლმა უკანასკნელად კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი ჰარკონენებისფორმებიანი ბრბოს


წინააღმდეგ მებრძოლ აიდაჰოს – ის მკვეთრად შებარბაცდა, თავი რომ შეემაგრებინა; გაიელვა
მისმა შავმა, მატყლივით თმამ, რომელშიც სიკვდილის წითელი ყვავილი გაფურჩქნოდა. მერე
კი ჩხაკუნი გაისმა – კაინსმა კარი გადარაზა.

– როგორც ჩანს, გადავწყვიტე, – თქვა კაინსმა.

– ვიღაცამ შენი მანქანები იქამდე იპოვა, სანამ გამორთავდით, – თქვა პოლმა. მან დედა კარს
რომ მოაშორა, მის თვალებში ჩამდგარი სასოწარკვეთილება შენიშნა.

– ყავა რომ არ მოგვიტანეს, უკვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, – თქვა
კაინსმა.

– აქედან სათადარიგო გასასვლელი გაქვს, – უთხრა პოლმა, – იმით გავიდეთ?

კაინსმა ღრმად ჩაისუნთქა:

– ეს კარი ოც წუთს მაინც გაუძლებს ყველაფერს, ლაზთოფის გარდა.

– ლაზთოფს არ გამოიყენებენ, შეეშინდებათ, აქედან ფარი არ დავუხვედროთ, – გაეპასუხა


პოლი.

– სარდაუკარები იყვნენ, ჰარკონენებად გადააცმულები, – დაიჩურჩულა ჯესიკამ.

ესმოდათ ბრახუნი, რიტმული ხეთქება კარზე.

კაინსმა მათ მარჯვენა კედელთან მდგარ კარადებზე მიუთითა:


– აქეთ, – პირველ

კარადას მიუახლოვდა, უჯრა გამოაღო და შიგნით სახელური მოატრიალა. მთელი


კარადებიანი კედელი გადმოიხსნა და გვირაბის ბნელი ხახა გამოჩნდა.

– ეს კარიც პლასფოლადია, – თქვა კაინსმა.

– კარგად ყოფილხართ მომზადებული, – უთხრა ჯესიკამ.

– ჰარკონენების ხელში ოთხმოცი წელი ვიცხოვრეთ, – განუმარტა კაინსმა. სიბნელეში გაატარა


ისინი, უკან მიჰყვა და კარი მიკეტა.

უეცრად ჩამოწოლილ წყვდიადში ჯესიკამ თავის წინ, იატაკზე მანათობელი ისარი შენიშნა.

უკნიდან კაინსის ხმა გაისმა:

– აქ დაგშორდებით. ის კედელი უფრო მტკიცეა, ერთ საათს მაინც გაძლებს. იატაკზე დახატულ
ისრებს მიჰყევით – როცა ჩაუვლით, ისინი გაქრება. გზა ლაბირინთს გაგატარებთ და
გაგიყვანთ მეორე შემოსასვლელთან, სადაც ტოპტერი მყავს დამალული. ამაღამ უდაბნოს
გრიგალი გადაუვლის. ერთადერთი, რაც გადაგარჩენთ, ისაა, რომ იმ გრიგალს გაედევნოთ, მის
მწვერვალში ჩაყვინთოთ და მასთან ერთად იფრინოთ. ჩემი ხალხი ტოპტერების გატაცებისას
ასე შვრება ხოლმე. თუ ამ ქარიშხლის ზედა ნაწილს არ ჩამოსცდებით, გადარჩებით.

– შენ რას იზამ? – ჰკითხა პოლმა.

– მე სხვა გზით ვეცდები გაქცევას. თუ დამიჭერენ... მე ხომ ჯერ კიდევ იმპერატორის


პლანეტოლოგი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ტყვედ გყავდით.

„მხდალებივით გავრბივართ“, გაიფიქრა პოლმა. „მაგრამ სხვაგვარად როგორ გადავრჩე, რომ


მამაჩემის გამო შური ვიძიო?“ ის მიბრუნდა და კარს შეხედა.

ჯესიკამ სმენით აღიქვა მისი მოძრაობა და უთხრა:

– დუნკანი მოკვდა, პოლ. ხომ დაუნახე ჭრილობა. ვერაფერს უშველი.

– ერთხელაც იქნება, ამას ყველაფერს ვაზღვევინებ, – თქვა პოლმა.

– ვერა, თუ ახლა არ იჩქარე, – დაარწმუნა კაინსმა.

პოლმა მხარზე მისი ხელი იგრძნო.

– სად შევხვდებით, კაინს? – ჰკითხა პოლმა.

– თქვენს მოსაძებნად ფრემენებს გამოვგზავნი. ქარიშხლის კვალს მიჰყვებიან. ახლა კი


იჩქარეთ, დიდმა დედამ გიწყალობოთ სისწრაფე და იღბალი.

გაიგონეს, როგორ გაშორდა მათ კაინსი სიბნელეში.

ჯესიკამ პოლის ხელი იპოვა და ნაზად მოქაჩა.

– ერთმანეთს არ უნდა მოვწყდეთ.


– ჰო.

დედამ პირველ ისარზე გადაიარა, შვილი უკან მიჰყვა. შეხებისას ისარი ჩაქრა, წინ კი სხვა
დალანდეს.

ისიც გადაიარეს, დაინახეს, როგორ გაქრა, და წინ კვლავ სხვა დაინახეს.

უკვე გარბოდნენ.

„გეგმებში ჩადებულ გეგმებში ჩადებული გეგმები“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ახლა სხვისი გეგმის
ნაწილი ხომ არ გავხდით?“

ისრები მიუძღვებოდა მათ მოსახვევებში; გვერდს უქცევდნენ განშტოებებს, ბუნდოვნად რომ


ილანდებოდა მკრთალ ნათებაში. ერთხანს მათი გზა დაღმა ეშვებოდა, მერე აღმა, სულ აღმა
წავიდა. ბოლოს კიბე აიარეს, კუთხეში შეუხვიეს და მალე მიადგნენ მანათობელ კედელს,
რომლის შუაგულშიც მუქი სახელური მოჩანდა.

პოლი სახელურს დააწვა.

კედელი განზე გაცურდა. დედა-შვილს სინათლე შემოეგება და გამოჩნდა კლდეში ნაკვეთი


გამოქვაბული, რომლის შუაგულში ორნიტოპტერი დაყუნცულიყო. ხომალდის მიღმა
ხედავდნენ ბრტყელ რუხ კედელს, რომელსაც ზედ კარის ნიშანი ესვა.

– სად წავიდა კაინსი? – იკითხა ჯესიკამ.

– ისე გააკეთა, როგორც ნებისმიერი კარგი პარტიზანი მეთაური იზამდა, – მიუგო პოლმა, – ორ
ნაწილად გაგვყო და ისე მოაწყო, ტყვედაც რომ ჩავარდეს, ვერც კი გაამხელს, სად ვართ.
თავადაც არ ეცოდინება.

პოლმა დედა ოთახში შეიყოლა და შენიშნა, რომ მათმა ნაბიჯებმა იატაკზე დაფენილი მტვერი
ააბუქა.

– აქ, დიდი ხანია, არავინ ყოფილა, – თქვა მან.

– კაინსი დარწმუნებული ჩანდა, რომ ფრემენები გვიპოვიან, – გაეპასუხა ჯესიკა.

– მაგაში მეც დარწმუნებული ვარ.

პოლმა დედას ხელი უშვა, ორნიტოპტერის მარცხენა კართან მივიდა, გააღო და მის უკანა
ნაწილში აბგა ჩადო.

– ამ ხომალდს სიახლოვის დეტექტორები ვერ დააფიქსირებენ,, – უთხრა დედას, – მართვის


პანელზე არის კარის დისტანციური მართვის ხელსაწყო, სინათლის მართვის ხელსაწყო.
ჰარკონენების ხელში გატარებულმა ოთხმოცმა წელიწადმა ამათ მეთოდური მუშაობა
ასწავლა.

ჯესიკა ხომალდს მეორე მხრიდან მიეყრდნო და სული მოითქვა.

– ჰარკონენები მთელ ამ არემარეს თავიანთ ჯარს შემოასევენ, – უთხრა შვილს, – ისინი


სულელები არ არიან, – თან მიმართულების შინაგან გრძნობას დააკვირდა და მარჯვნისკენ
გაიშვირა ხელი, – გრიგალი, ჩვენ რომ დავინახეთ, იქითაა.
პოლმა თავი დაუქნია, უცებ გაჩენილი უმოქმედობის სურვილი დაძლია. იცოდა, ეს გრძნობა
საიდანაც მოდიოდა, მაგრამ ცოდნა არაფერს შველოდა. ამ ღამით რაღაც მომენტში იგი გასცდა
გადაწყვეტილების კვანძს და უცნობ სიღრმეში შეაბიჯა. გარშემო არსებულ დროის არეალს
აღიქვამდა, მაგრამ „ახლა და აქ“ საიდუმლოებით მოცულ ადგილად რჩებოდა. თითქოს
შორიდან ხედავდა თავის თავს, რომელიც დაბლა, ველისკენ ეშვებოდა და თვალიდან
ეკარგებოდა. იმ ველიდან ამომავალ უთვალავ ბილიკთაგან ზოგს პოლ ატრეიდესი იქნებ ისევ
ამოეყვანა თვალსაწიერზე, მაგრამ ბევრს – არა.

– რაც მეტს დავაყოვნებთ, მით უკეთ მომზადებულები დაგვიხვდებიან, – თქვა ჯესიკამ.

– ჩაჯექი და ღვედი შეიკარი, – უთხრა პოლმა.

თავადაც ჩაჯდა. ჯერ კიდევ ვერ იშორებდა ფიქრს, რომ უნდა გაფრენილიყო თეთრ ლაქაში,
რომელიც არც ერთ წინასწარ ხილვაში არ ჩანდა. და უეცარი გაოგნების გრძნობით
გააცნობიერა, რომ სულ უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული წინასწარჭვრეტის ხსოვნაზე,
რამაც ამ კონკრეტული საშიშროების წინაშე უფრო უუნარო გახადა.

„თუ მხოლოდ თვალების ხედვას ეყრდნობი, სხვა გრძნობები გიჩლუნგდება“. – ეს ბენე


გესერიტის სწავლების აქსიომა იყო. ახლა ეს გონებაში ჩაიბეჭდა და საკუთარ თავს აღუთქვა,
აღარასოდეს მოხვედრილიყო ამ ხაფანგში... თუ ახლა ცოცხალი გადარჩებოდა.

პოლმა უსაფრთხოების ღვედი ტანზე მოიჭიმა, დარწმუნდა, რომ დედაც საიმედოდ


მიბმულიყო, და ხომალდი შეამოწმა. ფრთები მთელ სიგრძეზე იყო გაწვდილი, მათი ფაქიზი
ლითონის ტიხრები – გამოწეული. ბიჭმა შემკეცი სახელური დასწია და უცქერდა, როგორ
დამოკლდა ფრთები რეაქტიული ძრავით ასაფრენად – ეს გურნი ჰალეკმა ასწავლა.
სტარტერის ჩამრთავი იოლად დაჰყვა. ძრავები ამუშავდა და პანელზე ციფერბლატები აინთო.
ტურბინები ხმადაბლა აზუზუნდა.

– მზად ხარ? – ჰკითხა დედას.

– კი.

პოლი სინათლის დისტანციურ სამართავს შეეხო.

სიბნელე მათ საბანივით გადაეფარა.

მანათობელ ციფერბლატებზე ჩრდილად გადაირბინა პოლის ხელმა, რომელმაც კარის მართვა


ჩართო. მათ წინ ჭრიალი გაისმა. ქვიშის ჩამოყრის ხმამ გაიშრიალა და მიჩუმდა. პოლს
ლოყებზე მტვრიანი ნიავი შეეხო. თავის მხარეს კარი დაკეტა და უცებ გაზრდილი წნევა
იგრძნო.

გამოჩნდა კედელ-კარის ადგილას კუთხოვანი სიბნელის ჩარჩოში მოქცეული, მტვრით


გამკრთალებული ვარსკვლავები. მათ სხივზე გამოიკვეთა კლდის თარო, ალბათ, მის მიღმა
ქვიშა იტალღებოდა.

პოლი პანელზე მოციალე მიმდევრულ მოქმედებათა ღილაკს დააწვა. ფრთები მკვეთრად


დაეშვა უკან და ქვემოთ და ტოპტერი ბუდიდან ააფრთხიალა. ძრავებიდან ენერგია მოასკდა
და ფრთები ასაფრენ პოზიციაში ჩაიკეტა.
ჯესიკამ მსუბუქად გადაატარა ხელები მართვის ორმაგი სისტემის სახელურებზე და შვილის
უტყუარი მოძრაობები იგრძნო. შიში იპყრობდა, მაგრამ აღტაცებულიც იყო. „ახლა პოლის
გაწვრთნილობას ემყარება ჩვენი ერთადერთი იმედი“, გაიფიქრა მან, „მის ახალგაზრდობასა
და სისწრაფეს“.

პოლმა ძრავებს სიმძლავრე მოუმატა. ტოპტერი ვირაჟში შევიდა და მგზავრები სავარძლებს


მიაკრა. წინ ვარსკვლავების ფონზე მუქი კედელი აღიმართა. პოლმა ხომალდს ისევ მიუმატა
სიმძლავრე, ფრთებიც დაუგრძელა. რამდენიმე მოქნევაც და, კლდეების ზემოთ აიწიეს,
ვარსკვლავების შუქით მოვერცხლილ წვეტებსა და კუთხეებს დახედეს. მტვრით
შეწითლებული მეორე მთვარე მათ მარჯვნივ ამოიწვერა ჰორიზონტზე და ქარიშხლის ვიწრო
კუდი ხილული გახადაა.

პოლის ხელები მართვის პანელზე აცეკვდა. ფრთები დამოკლდა, შეიკეცა. ხომალდი მკვეთრ
ვირაჟში შევიდა და ისევ იგრძნეს დატვირთვის ზემოქმედება .

– ჩვენ უკან რეაქტიული ძრავის ნათება მოჩანს! – უთხრა ჯესიკამ.

– დავინახე.

პოლმა სიმძლავრის სახელური მკვეთრი მოძრაობით ბოლომდე გადასწია წინ.

მათი ტოპტერი დამფრთხალი ნადირივით შეხტა და სამხრეთ-დასავლეთისკენ, ქარიშხლისა


და უდაბნოს ვეება მრუდის მიმართულებით, აიჭრა მაღლა. იქვე, ქვემოთ, პოლმა დაინახა
გაფანტული ჩრდილები, რომლებიც მიანიშნებდა ადგილს, სადაც კლდეების მწკრივი
სრულდებოდა. მათი ძირი ქვიშაში იძირებოდა. ამის მიღმა კი მთვარით განათებული ნამგალა
ჩრდილები იშლებოდა: დიუნი დიუნს ერთვოდა, რაც უფრო შორდებოდნენ, ჰორიზონტისკენ
უფრო და უფრო პატარავდებოდნენ.

ჰორიზონტად კი ამართულიყო ქარიშხლის ვეებერთელა ფრიალო – ვარსკვლავებს


აფარებული კედელი.

ტოპტერზე რაღაცამ გაიჭრიალა.

– ჭურვები! – შეჰყვირა ჯესიკამ, – რაღაც სატყორცნ იარაღს იყენებენ!

პოლის სახეზე მოულოდნელი მტაცებლური ღიმილი დაინახა.

– ჩანს, ლაზთოფების გამოყენებას ერიდებიან.

– მაგრამ ჩვენ რომ ფარები არ გვაქვს!

– იმათ საიდან იციან?

ტოპტერი ისევ შეზანზარდა.

პოლმა კისერი მოიღრიცა, რომ უკან გაეხედა.

– ნახე, იმათგან მარტო ერთია იმდენად სწრაფი, რომ მოგვდიოს.

პოლმა ისევ ფრენის კურსს გახედა; უცქერდა, როგორ მაღლდებოდა მათ წინ ქარიშხლის
კედელი. რაღაც შეუვალი, მყარი სიმტკიცით წამომართულიყო.
– ყუმბარმტყორცნები, რაკეტები, ყველა ძველებური იარაღი – აი, რას მივცემთ ფრემენებს, –
დაიჩურჩულა პოლმა.

– გრიგალი, – უთხრა ჯესიკამ, – არ ჯობია, მობრუნდე?

– ის ხომალდი, ჩვენ უკან, რას შვრება?

– გვეწევა.

– აბა!

პოლმა ფრთები შეკეცა, მძლავრი ვირაჟით შევიდა მარცხნივ, ქარიშხლის კედლის ვითომცდა
აუჩქარებელ ბრუნვას შეერწყა, დატვირთვის ზემოქმედება ლოყებზეც კი იგრძნო.

ისინი შეცურდნენ მტვრის ნელ ბუქში, რომელიც სულ უფრო მძიმდებოდა, სანამ უდაბნოსა
და მთვარეს მთლიანად არ გადაეფარა. ხომალდი წყვდიადის გრძელ, ჰორიზონტალურ
შრიალად იქცა, რომელსაც მხოლოდ მართვის პანელის მწვანე ციალი ანათებდა.

ჯესიკას გონებაში გაუელვა ყველაფერმა, რაც ამგვარი ქარიშხლების საფრთხეებზე სმენოდა –


რომ ისინი ლითონს კარაქივით ჭრიდნენ, ხორცს ძვლებიდან აცლიდნენ და ძვლებსაც
ადნობდნენ. მან იგრძნო მტვერში გახვეული ქარის შემოტევები, რამაც ნაფოტივით
დააბზრიალა ხომალდი, სანამ პოლი სამართავ სახელურებს ებრძოდა. დაინახა, რომ პოლმა
სიმძლავრე გადართო; იგრძნო, ტოპტერი ყალყზე შედგა. მათ გარშემო ლითონი ზუზუნებდა
და ვიბრირებდა.

– ქვიშა! – იყვირა ჯესიკამ.

მან პანელის შუქზე დაინახა, რომ შვილმა უარის ნიშნად თავი გაიქნია.

– ამ სიმაღლეზე ბევრი ქვიშა არ იქნება.

მაგრამ ჯესიკა გრძნობდა, რომ მორევი მათ სულ უფრო ღრმად ითრევდა.

პოლმა ფრთები სრულ სიგრძეზე გაშალა, როგორც პლანირების დროს, და გაიგონა, როგორ
ატკაცუნდა ისინი დაძაბულობისგან. ბიჭი ხელსაწყოებს თვალს არ აშორებდა, ინსტინქტით
მიჰყვებოდა ქარს და სიმაღლის აკრეფას ცდილობდა.

მათი ფრენის ხმამ იკლო.

ტოპტერმა მარცხნივ იწყო გადაქანება. პოლმა მთელი ყურადღება მიაპყრო მანათობელ


სფეროს კუთხური მდებარეობის მანიშნებელ ხელსაწყოში, და შეძლო, ხომალდი თანდათან
გაესწორებინა.

ჯესიკას დაეუფლა უცნაური შეგრძნება, რომ ისინი ერთ ადგილას იდგნენ, და მთელი ეს
მოძრაობა მხოლოდ ხომალდის მიღმა იყო. ფანჯრებთან გაფრენილი ბუნდოვანი სიყვითლე,
მოცახცახე გუგუნი ახსენებდა, რა ძალები ბობოქრობდნენ გარშემო.

„ეს ქარები საათში შვიდასი-რვაასი კილომეტრის სიჩქარით ქრიან“, გაიფიქრა მან.


მღელვარებისგან გამოყოფილი ადრენალინი მთელ სხეულს უფორიაქებდა. „არ უნდა
მეშინოდეს“, უთხრა საკუთარ თავს; უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით წარმოთქვა ბენე გესერიტის
შელოცვის ეს სიტყვები: „შიში გონების მკვლელია“.

წვრთნის ხანგრძლივმა წლებმა ნელ-ნელა თავისი გაიტანა.

სიმშვიდე დაბრუნდა.

– ლომის ბუნაგს შევაფარეთ თავი, – დაიჩურჩულა პოლმა, – დაბლა ვერ დავეშვებით, ვერ
დავსხდებით... და არა მგონია, მოვახერხო, ქარიშხალს ავცდე და ისე გავაღწიოთ აქედან. უნდა
გავიაროთ მასში და ისე გავიდეთ.

ჯესიკას მთელი სიმშვიდე ერთბაშად დაიწრიტა. იგრძნო, კბილები უკაწკაწებდა და მაგრად


დააჭირა ერთმანეთს; მერე კი გაიგონა პოლის ხმა – ჩუმი, გაწონასწორებული, ლოცვის
სიტყვებს რომ იმეორებდა:

– „შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, რომელსაც სრული დავიწყება მოაქვს. მე
მას

დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის
კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე“.

4* * *
რა გეჯავრება? ჭეშმარიტად ამით იცნობი.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“

– ისინი დაიხოცნენ, ბარონო, – თქვა იაკინ ნეფუდმა, დაცვის კაპიტანმა, – ორივე, ქალიც და
ბიჭიც, ცოცხლები ნამდვილად აღარ არიან.

ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი პირადი ოთახების საძინებელ ტივტივებზე წამოჯდა. ამ


ოთახებს და თავად მას მრავალგარსიანიკვერცხივით ევლებოდა ირგვლივ კოსმოსური
ფრეგატა, რომელიც ბარონმა არაკისზე დასვა. თუმცა აქ, მის ოთახებში, ხომალდის უხეში
ლითონი შენიღბული იყო ფარდებით, ზედ გაკრული ქსოვილებით და იშვიათი
სამშვენისებით.

– უეჭველად დაიხოცნენ, – თქვა მცველთა კაპიტანმა.

ბარონმა ტივტივაზე თავის ვეება სხეულს გვერდი შეუნაცვლა და ოთახის ბოლოს ნიშაში
მდგარ ებოლინის ქანდაკებას მიაცქერდა, რომელიც გადამხტარ ბიჭს გამოსახავდა. ძილი
მთლად გაუფრთხა. სქელი ღაბაბის ნაკეცების ქვეშ რბილსარჩულიანი ტივტივა გაისწორა და
საძინებლის ერთადერთი ნათელბურთის იქით გახედა კარს, რომლის ღიობშიც კაპიტანი
ნეფუდი ჩამდგარიყო, მაგრამ მას პენტაფარი გზას უღობავდა.

– ნამდვილად დაიხოცნენ, ბარონო, – გაიმეორა კაცმა.


ბარონმა შენიშნა, რომ ნეფუდს სემუტათი დაბინდული მზერა ჰქონდა. ეს რაპორტი რომ
მიიღო, იგი ნამდვილად ღრმა ნარკოტიკულ ექსტაზში ნეტარებდა, და, აქეთ სანამ
გამოიქცეოდა, ფაცხაფუცხით მოესწრო ანტიდოტის გადაყლაპვა.

– სრული რაპორტი მაქვს, – განაგრძო კაცმა.

„არა უშავს, ცოტა ოფლი მოიწუროს“, გაიფიქრა ბარონმა. სახელმწიფოს მართვის იარაღი
მუდამ ალესილი და შემართული უნდა გქონდეს. ძალა და შიში – ალესილი და შემართული.

– ნახე მათი ცხედრები? – დაიბუბუნა ბარონმა.

ნეფუდი შეყოყმანდა.

– ჰა?

– მილორდ... ნახეს, ქვიშის გრიგალში რომ ჩაყვინთეს... ფრონტი რვაას კილომეტრზე


ვრცელდებოდა. ასეთი ქარიშხლიდან ცოცხალი ვერაფერი გამოაღწევს. ვერაფერი! მათ
დევნაში ერთი ჩვენი ხომალდიც დაილეწა.

ბარონი ნეფუდს მიაჩერდა. შეამჩნია, როგორ ებერებოდა ყბის კუნთები, როგორ შეუხტა
ნიკაპი, ნერწყვი რომ გადაყლაპა.

– ცხედრები ნახე? – ჰკითხა ისევ.

– მილორდ...

– რისთვის მომადექი აქ ასე რიხით? – დაუღრიალა ბარონმა, – რომ მითხრა, დანამდვილებით


ვიციო – ისეთ რამეზე, რაც არ იცი? გგონია, ასეთი სიშტერისთვის შეგაქებ, კიდევ
დაგაწინაურებ?

ნეფუდი გაფითრდა.

„ერთი ამ ქათამს შეხედე“, გაიფიქრა ბარონმა. „რა უმაქნისი ყეყეჩებით ვარ გარშემოტყმული. ამ
არსებას მუჭით იატაკზე ქვიშა რომ მოვუბნიო და ვუთხრა, ხორბალია-მეთქი, კენკვას
დაუწყებს“.

– ესე იგი მათთან იმ აიდაჰოს მიჰყევით? – იკითხა ბარონმა.

– დიახ, მილორდ.

„უყურე, როგორ აბრეხვებს ამ პასუხებს“, გაიფიქრა ბარონმა და თქვა:

– ფრემენებთნ აპირებდნენ გაქცევას, ხო?

– დიახ, მილორდ.

– კიდევ რამე არის ამ... რაპორტში?

– ამაში იმპერატორის პლანეტოლოგი, კაინსია გარეული, მილორდ. აიდაჰო კაინსს უცნაურ


ვითარებაში შეხვდა... იმასაც ვიტყოდი, საეჭვო ვითარებაში-მეთქი.

– მერე?
– ისინი... ჰმ, ერთად გაიქცნენ უდაბნოს ერთ ადგილას, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ბიჭი და
დედამისი იმალებოდნენ. ამ დევნისას ჩვენი რამდენიმე ჯგუფი ლაზთოფ-ფარის აფეთქებაში
მოხვდა.

– რამდენი დავკარგეთ?

– მე... ჰმ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, მილორდ.

„ტყუის“, გაიფიქრა ბარონმა. „ალბათ, საკმაოდ ცუდადაა საქმე“.

– იმპერატორის ლაქია, ეს კაინსი, – თქვა ბარონმა, – ორმაგ თამაშს თამაშობდა, ჰა?

– ჩემს რეპუტაციას დავდებ ამაზე, მილორდ.

„თავის რეპუტაციას!“

– მოკალით ეგ კაცი, – ბრძანა მოკლედ.

– მილორდ! კაინსი იმპერატორის პლანეტოლოგია, თავად მისი უდიდებულესობის მსახ...

– მაშინ ისე ქენი, რომ უბედურ შემთხვევას ჰგავდეს!

– მილორდ, ფრემენების ბუდის აღებაში ჩვენს ძალებთან ერთად სარდაუკარებიც


მონაწილეობდნენ. კაინსი ახლა მათ ჰყავთ ტყვედ.

– წამოიყვანე იმათგან. უთხარი, რომ მე მსურს, დავკითხო.

– უარზე თუ იქნებიან?

– არ იქნებიან, თუ საქმეს სწორად მიუდგები.

ნეფუდმა ნერწყვი გადაყლაპა.

– დიახ, მილორდ.

– ეგ კაცი უნდა მოკვდეს, – დაიგრგვინა ბარონმა, – ჩემი მტრების დახმარებას ცდილობდა.

ნეფუდმა ფეხი მოინაცვლა.

– აბა?

– მილორდ, სარდაუკარებს ტყვედ ჰყავთ... ორი ადამიანი, რომლებიც შეიძლება თქვენ


გაინტერესებდეთ. მათ ჰერცოგის ასასინთა ოსტატი ჩაიგდეს ხელში.

– ჰავატი? თუფეა ჰავატი?

– მე თავად ვნახე ტყვე, მილორდ. ჰავატია.

– არ მეგონა, თუ ეგ შესაძლებელი იყო!

– როგორც ამბობენ, დამარეტიანებლით გაუბრუებიათ, მილორდ. უდაბნოში, სადაც ფარს ვერ


ხმარობდა. შეიძლება ითქვას, რომ საღ-სალამათია. ხელში თუ მოვიგდეთ, შეიძლება, კარგად
გაგვართოს.
– ეგ კაცი მენტატია, – დაიღრინა ბარონმა, – მენტატის ასე ფუჭად დაკარგვა უგუნურებაა. თქვა
რამე? რას ამბობს თავის დამარცხებაზე? იცის, რამდენად... მაგრამ არა.

– მხოლოდ იმდენი თქვა, რომ ერთი რამ გავიგეთ – მას მოღალატე ლედი ჯესიკა ჰგონია.

– აჰჰჰ.

ბარონი უკან გადაწვა და დაფიქრდა.

– ნამდვილად? – იკითხა მერე, – მისი რისხვა ლედი ჯესიკასკენაა მიმართული?

– მან ეს ჩემი თანდასწრებით თქვა, მილორდ.

– მაშინ ეგონოს, რომ ქალი ცოცხალია.

– მაგრამ, მილორდ...

– ჩუმად. მინდა, ჰავატს კარგად მოეპყრონ. არაფერი უთხრან აწ განსვენებულ ექიმ იუეზე,
ნამდვილ მოღალატეზე. პირიქით, მოუყვნენ, რომ ექიმი იუე თავისი ჰერცოგის დაცვისას
მოკვდა. ეს თავისებურად სიმართლეც კი იქნება. სამაგიეროდ, ლედი ჯესიკას მიმართ ეჭვებს
გავუძლიერებთ.

– მილორდ, მე არ...

– მენტატის მართვა და გამოყენება, ნეფუდ, მისთვის მიწოდებული ინფორმაციით შეიძლება.


ცრუ ინფორმაცია – ცრუ შედეგებია.

– დიახ, მილორდ, მაგრამ...

– ჰავატს შია? სწყურია?

– მილორდ, ჰავატი ჯერ კიდევ სარდაუკარებს ჰყავთ!

– დიახ. მართლაც. მაგრამ სარდაუკარებს ისევე ენდომებათ ჰავატისგან ინფორმაციის მიღება,


როგორც მე. ჩვენს მოკავშირეებს ერთი რამ შევამჩნიე, ნეფუდ – ისინი არცთუ ისე გამჭრიახები
არიან... პოლიტიკის საკითხებში. დარწმუნებული ვარ, ეს განზრახ არის გაკეთებული:
იმპერატორს უნდა, რომ ასე იყოს. ჰო. ამაში დარწმუნებული ვარ. შენ კი სარდაუკარების
მეთაურს შეახსენებ, სახელი რომ მაქვს გავარდნილი, რა კარგად ვიცი მდუმარე ტყვეების
ალაპარაკება.

ნეფუდს ტანჯული სახე ჰქონდა.

– დიახ, მილორდ.

– სარდაუკარების მეთაურს ეტყვი, რომ მინდა, ჰავატი და ეს კაინსი ერთდროულად


დავკითხო, ერთს მეორის წინააღმდეგ გამოვიყენებ. მგონია, ამდენს კი გაიგებს.

– დიახ, მილორდ.

– და როცა ისინი ხელში გვეყოლებიან... – ბარონმა თავი დაიქნია.

– მილორდ, სარდაუკარები მოისურვებენ, მეთვალყურე დაგესწროთ ყველა... დაკითხვაზე.


– დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევის ორგანიზებას,
რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ არასასურველ მეთვალყურეს მოვიცილებთ, ნეფუდ.

– მესმის, მილორდ. მაშინ შეიძლება, კაინსიც ავარიაში მოყვეს.

– მაშინ ავარიაში მოყვებიან ორივენი, კაინსიც და ჰავატიც, ნეფუდ. მაგრამ ნამდვილი ავარია
ის მარტო კაინსისთვის იქნება. მე ჰავატი მჭირდება. დიახ. აჰ, დიახ.

ნეფუდმა თვალები დაახამხამა და ნერწყვი გადაყლაპა; თითქოს რაღაცის კითხვა დააპირა,


მაგრამ ხმა არ ამოუღია.

– ჰავატს მიეცით საჭმელიც და სასმელიც, – თქვა ბარონმა, – კარგად მოეპყრონ,


თანაგრძნობით. წყალში ჩაურიეთ ნაშთენი საწამლავი, განსვენებულმა პიტერ დე ვრისმა რომ
გამოიგონა. და იზრუნე, რომ ამიერიდან ჰავატის საკვები უეჭველად შეიცავდეს ანტიდოტს...
თუ სხვა მითითებას არ მოგცემ.

– დიახ, ანტიდოტი, დიახ, – ნეფუდმა თავი გაიქნია, – მაგრამ...

– ნუ დაჩლუნგდები ახლა, ნეფუდ. ჰერცოგმა კინაღამ მომკლა იმ შხამიანი კბილით. იმის


გაზმა – ჩემ სიახლოვეს რომ გამოისუნთქა – ფასდაუდებელი მენტატი, პიტერი, დამაკარგვინა.
მისი შემცვლელი მჭირდება.

– ჰავატი?

– ჰავატი.

– მაგრამ...

– ჰავატი სულით ხორცამდე ატრეიდესების ერთგულიაო, მეტყვი ახლა. მართალია, მაგრამ


ატრეიდესები აღარ არიან. ჩვენ მას დავიყოლიებთ. უნდა დავარწმუნოთ, რომ ჰერცოგის
სიკვდილი მისი ბრალი არ არის. ეს იმ ბენე გესერიტმა ალქაჯმა ჩაიდინა. მისი ბატონი კი
ერთი უუნარო კაცი აღმოჩნდა, რომელსაც გონება გრძნობებმა დაუბინდა. მენტატები თაყვანს
სცემენ ემოციების გარეშე გათვლის უნარს, ნეფუდ. ჩვენ გადმოვიბირებთ მრისხანე თუფეა
ჰავატს.

– გადმოვიბირებთ. დიახ, მილორდ.

– ჰავატს, საუბედუროდ, ჰყავდა ბატონი, რომელსაც არ გააჩნდა საკმარისი რესურსები,


რომელსაც არ შეეძლო, მენტატი აზროვნების უმაღლეს მწვერვალებზე აეშვა – რაც მენტატის
უფლებაა. ჰავატი ამაში სიმართლის გარკვეულ მარცვალს დაინახავს. ჰერცოგს არ შეეძლო,
გასწვდენოდა ყველაზე ეფექტიანი ჯაშუშების დაქირავებასა და აღჭურვას, რის გამოც თავის
მენტატს საჭირო ინფორმაციას ვერ აწვდიდა, – ბარონმა ნეფუდს თვალი გაუშტერა, – მოდი,
თავს ნუ მოვიტყუებთ, ნეფუდ. სიმართლე უმძლავრესი იარაღია. ჩვენ ვიცით, როგორ
მოვერიეთ ატრეიდესებს. ეს ჰავატმაც იცის. სიმდიდრით.

– სიმდიდრით. დიახ, მილორდ.

– ჩვენ ჰავატს გადმოვიბირებთ, – გაიმეორა ბარონმა, – და სარდაუკარებისგან დავმალავთ.


ყოველი შემთხვევისთვის, მომარჯვებული გვექნება შესაძლებლობა, საწამლავის ანტიდოტის
მიცემა შევუწყვიტოთ. ნაშთენი საწამლავის გამოდევნა შეუძლებელია. ნეფუდ, ჰავატმა ეს არც
კი უნდა იეჭვოს. ანტიდოტს შხამის დეტექტორი ვერ პოულობს. ჰავატს შეეძლება, რამდენიც
უნდა, ამოწმოს თავისი საჭმელი – შხამის კვალსაც ვერ იპოვის.

ნეფუდი მიხვდა და თვალები ფართოდ დააჭყიტა.

– რაიმეს დაკლება, – თქვა ბარონმა, – შეიძლება ისევე მომაკვდინებელი იყოს, როგორც მისი
დამატება. უჰაერობა, ვთქვათ, ჰა? უწყლობა? ნებისმიერი ისეთი რამის არქონა, რასაც
დაჩვეულები ვართ, – ბარონმა თავი დაიქნია, – გესმის ჩემი, ნეფუდ?

ნეფუდმა ნერწყვი გადაყლაპა.

– დიახ, მილორდ.

– მაშინ საქმეს მიხედე. სარდაუკარების მეთაური მონახე და დაიწყე, რაც საჭიროა.

– ახლავე, მილორდ, – ნეფუდმა თავი დაუკრა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

„ჰავატი ჩემ გვერდით!“ გაიფიქრა ბარონმა. „სარდაუკარები მას გადმომცემენ. თუ საერთოდ


რამე ეჭვს შეიტანენ, მხოლოდ ის თუ ეგონებათ, რომ მენტატის მოკვლა მინდა. და ამ ეჭვს
გავუმართლებ! ბრიყვები! მთელი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე
მენტატი, მენტატი, რომელიც მკვლელადაა გაწვრთნილი – და რაღაც სულელურ
სათამაშოსავით მომიგდებენ გასატეხად. მე მაგათ ვუჩვენებ, როგორ შეიძლება ასეთი
თოჯინის გამოყენება“.

ბარონმა თავისი ტივტივა საწოლის გვერდით ფარდის ქვეშ შეყო ხელი და ღილაკს დააჭირა,
რომ თავისი უფროსი ძმისწული, რაბანი მოეხმო. მერე ღიმილით გადაწვა საზურგეზე.

„და ატრეიდესები ყველანი დაიხოცნენ! რეგვენი დაცვის კაპიტანი, რასაკვირველია, მართალს


ამბობდა. არაკისის ქვიშის ქარიშხლის გზაზე მოხვედრილი ვერავინ და ვერაფერი
გადარჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, ორნიტოპტერი – ვერა... და ვერც მისი მგზავრები. ქალი და
ბიჭი ცოცხლები აღარ იყვნენ. საჭირო ადგილას გაცემული ქრთამები, წარმოუდგენელი
ხარჯები ერთ პლანეტაზე გაუგონარი რაოდენობის სამხედრო შენაერთების ჩამოსაყვანად...
და მზაკვრული მოხსენებები, მხოლოდ იმპერატორის გასაგონად რომ იყო შედგენილი –
ყველა ამ საგულდაგულოდ დაწყობილმა გეგმამ ბოლოს და ბოლოს ნაყოფი გამოიღო. ძალა და
შიში – შიში და ძალა!“

ბარონი მის წინ გაშლილ გზას ხედავდა. ერთ მშვენიერ დღეს იმპერატორი ჰარკონენი გახდება.
თვითონ ვერა, ვერც ვინმე მისი პირდაპირი შთამომავალი. მაგრამ ჰარკონენი. რასაკვირველია,
არც ეს რაბანი, ახლა რომ გამოიძახა, არამედ რაბანის უმცროსი ძმა, ფეიდ-რაუთა. ამ ბიჭს
ჰქონდა ხასიათში რაღაც ბასრი, ბარონს რომ მოსწონდა... რაღაც მძვინვარება.

„ლამაზი ბიჭია“, გაიფიქრა ბარონმა. „კიდევ ერთი-ორი წელიც – ვთქვათ, იმ დროს, ჩვიდმეტის
რომ იქნება – და ზუსტად მეცოდინება, მართლა თუ გამოდგება იარაღად, რომლითაც
ჰარკონენების გვარი ტახტს მოიპოვებს“.

– მილორდ.

ბარონის საძინებლის კართან ფარის მიღმა მდგარი კაცი დაბალი და ჩასკვნილი იყო, ფართო
სახე ჰქონდა, ჰარკონენების მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ახლო-ახლო ჩასმული
თვალები და განიერი მხარ-ბეჭი დაჰყოლოდა. მის ქონმოკიდებულ სხეულს ჯერ კიდევ
შერჩენოდა რაღაც სიმკვრივე, მაგრამ ცხადად ეტყობოდა, რომ ერთ დღეს თავისი ჭარბი წონის
სათრევად მასაც გადასატანი ტივტივები დასჭირდებოდა.

„კუნთებით ფიქრობს და იმდენივე ტვინი აქვს, რამდენიც ტანკს“, გაიფიქრა ბარონმა.


„მენტატიაო, ამ ჩემს ძმისწულს ვერ დააბრალებ... პიტერ დე ვრისი ვერაა, მაგრამ ახლა
გასაკეთებელი საქმისთვის შეიძლება უფრო შესაფერისიც იყოს. თუ დავაცალე და ნება მივეცი,
თავის გზაზე ყველაფერს ნაცარტუტად აქცევს. ო, როგორ შესჯავრდებათ აქ, არაკისზე!“

– საყვარელო რაბან, – გაეპასუხა ბარონი. მან კარის ფარი მოხსნა, მაგრამ მოსულის დასანახად
სხეულის ფარი სრულ სიმძლავრეზე ჩართული დატოვა – იცოდა, რომ მისი ციმციმი საწოლის
გვერდით ანთებული ნათელბურთის შუქზე გამოჩნდებოდა.

– ხომ დამიძახე, – უთხრა რაბანმა. ოთახში შემოაბიჯა, ერთი გადახედა სხეულის ფარისგან
აცახცახებულ ჰაერს, მიმოიხედა, რომ ტივტივა სავარძელი ეპოვა, მაგრამ ვერ ნახა.

– ახლოს დამიდექი, უკეთ რომ დაგინახო, – უთხრა ბარონმა.

რაბანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ფიქრობდა, ამ წყეულმა ბებერმა განზრახ გაატანინა
სკამები, რათა ყველა მომსვლელი ფეხზე დააყენოსო.

– ატრეიდესები დაიხოცნენ, – თქვა ბარონმა, – ყველა, ერთიანად. არაკისზე ამიტომ


ჩამოგიყვანე. ეს პლანეტა ისევ შენია.

რაბანმა თვალები აახამხამა.

– მე კი მეგონა, აპირებდი, პიტერი დაგეყენებინა...

– პიტერიც მოკვდა.

– პიტერი?

– პიტერი.

ბარონმა ისევ გაააქტიურა კარის ფარი, რომ არავითარ ენერგიას არ შემოეღწია.

– ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოგიყვანა, ჰა? – ჰკითხა რაბანმა.

ენერგიის საწინააღმდეგო ფარში მისი ხმა ცივად და უსიცოცხლოდ გაისმა.

– ახლა ერთ რამეს გეტყვი და მეტს აღარ გაგიმეორებ, – დაიბუხუნა ბარონმა, – შენ ახლა იმას
მეუბნები, ვითომც პიტერი რაღაც უსარგებლო ნივთივით მომესროლოს, – სქელი თითები
გაატკაცუნა მან, – აი, ასე, ხო? ეგეთი სულელი არ გახლავარ, ძმისწულო. არ მომეწონება, თუ
აწი კიდევ ოდესმე სიტყვით ან ქმედებით გამოხატავ, რომ ასეთი სულელი გგონივარ.

რაბანს აცეცებულ თვალებში შიში დაეტყო. მან, ასე თუ ისე, იცოდა, როგორ მკაცრად
ასწავლიდა ჭკუას ბარონი საკუთარი ოჯახის წევრებს. მოკვლაზე საქმე იშვიათად მიდგებოდა
ხოლმე, თუ ამით რაღაც ზღაპრული მოგება არ ელოდა, ან მოსაკლავი თვითონ არ ეჩრებოდა.
მაგრამ ოჯახური სასჯელი შესაძლოა, ძალიანაც მტკივნეული ყოფილიყო.
– ბოდიში, მილორდ, – უთხრა რაბანმა. მან თვალები დახარა – ასე ბრაზსაც დამალავდა და
მორჩილებასაც გამოავლენდა.

– მე ვერ გამასულელებ, რაბან, – უთხრა ბარონმა.

რაბანს თავი არ აუწევია, ისე გადაყლაპა ნერწყვი.

– კარგად დაიმახსოვრე, – უთხრა ბარონმა, – არასოდეს გაანადგურო კაცი დაუფიქრებლად,


ისე, როგორც ფეოდში საყოველთაოდ მიღებულია – რომელიმე კანონის მოხმობით. ეს
მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი განზრახვით გააკეთე – და იცოდე, რა განზრახვა გაქვს!

რაბანს ბრაზმა ათქმევინა:

– მაგრამ შენ ხომ გაანადგურე მოღალატე, იუე! წუხელ რომ ჩამოვედი, დავინახე, მისი გვამი
რომ გამოათრიეს.

რაბანი ბიძას მიაჩერდა; უცებ საკუთარი სიტყვების შეეშინდა.

მაგრამ ბარონს გაეღიმა.

– საშიშ იარაღთან ძალიან ვფრთხილობ ხოლმე, – უთხრა ძმისწულს, – ექიმი იუე მოღალატე
იყო. მან ჰერცოგი ჩამაბარა, – ბარონის ხმა ძალით აივსო, – მე საკის სკოლის ექიმი ჩავითრიე
ჩემს გეგმებში! შიდა სკოლის! გესმის, ბიჭი? მაგრამ ეს ისეთი მძვინვარე იარაღია, უჯრაში ვერ
ჩადებ და ვერ დაივიწყებ. დაუდევრობით კი არ გამინადგურებია.

– იმპერატორმა თუ იცის, საკის ექიმი რომ ჩაითრიე?

„მახვილი კითხვა იყო“, გაიფიქრა ბარონმა. „ნუთუ ეს ძმისწული სწორად ვერ შევაფასე?“

– იმპერატორმა ეს ჯერ არ იცის, – თქვა, – მაგრამ, უეჭველია, სარდაუკარები მოახსენებენ.


თუმცა, სანამ ამას იზამდნენ, მე მას პუვმე-ს კომპანიის არხებით საკუთარ ანგარიშს მივაწვდი;
განვუმარტავ, რომ გამიმართლა და აღმოვაჩინე ექიმი, რომელიც იბრალებდა, თითქოს
იმპერიული მომზადება ჰქონდა და სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ცრუ ექიმი იყო, გესმის?
რაკი ყველამ იცის, რომ საკის სკოლის მომზადებას ვერ შეარყევ, ამას დაიჯერებენ.

– ააა, გასაგებია, – ჩაილაპარაკა რაბანმა.

ბარონმა გაიფიქრა: „მართლაც, იმედი მაქვს, რომ გასაგებია. იმედი მაქვს, გესმის, თუ რა
მნიშვნელოვანია, რომ ეს საიდუმლოდ დარჩეს“. ბარონი უცებ საკუთარმა საქციელმა
გააკვირვა. „ნეტავ, ეს რატომ ვქენი? რატომ მოვყევი ბაქიბუქს ამ ჩემს რეგვენ ძმისწულთან,
რომელიც უნდა გამოვიყენო და გადავაგდო?“ ბარონი თავის თავზე გაბრაზდა. თითქოს
ვიღაცამ უღალატაო.

– ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, – თქვა რაბანმა, – მესმის.

ბარონმა ამოიოხრა.

– ამჯერად არაკისზე სხვანაირ დავალებას გაძლევ, ძმისწულო. ბოლოს აქაურობას რომ


მართავდი, მოკლე აღვირით მეჭირე. ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა მექნება.

– გისმენ.
– შემოსავალი.

– შემოსავალი?

– თუ წარმოგიდგენია, რაბან, რამდენი დავხარჯეთ იმისათვის, რომ ატრეიდესებს ასეთი


სამხედრო ძალით დავსხმოდით თავს? მიახლოებით მაინც თუ იცი, გილდია სამხედრო
ტრანსპორტირებისთვის რამდენს ითხოვს?

– ძვირს, ჰო?

– ძვირს!

ბარონმა სქელი მკლავი რაბანისკენ გაიშვირა.

– არაკისს რომ გამოსწურო ყოველი ცენტი, რის მოცემაც კი შეუძლია სამოცი წლის
განმავლობაში, დანახარჯს ძლივძლივობით თუ გაისტუმრებ!

რაბანმა პირი გააღო, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ისე დახურა.

– ძვირსო, – ჩაიფრუტუნა ბარონმა, – გილდიის წყეული მონოპოლია კოსმოსურ


მოგზაურობაზე გაგვაკოტრებდა, ამ ხარჯებისთვის დიდი ხნის წინ რომ არ დამეწყო მზადება.
უნდა იცოდე, რაბან, რომ მთელი ეს ხარჯი ჩვენ დაგვაწვა. სარდაუკარების გადმოყვანის
საფასურიც კი ჩვენ გადავიხადეთ.

„და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა“, გაიფიქრა ბარონმა, „ნეტავ, ოდესმე თუ მოვა დღე,
როცა გილდიის გაცურება მოხერხდება?“ ძალიან ეშმაკები იყვნენ – ჯერ იმდენს გწველიდნენ,
რომ არ შეწინააღმდეგებოდი, სანამ საბოლოოდ არ მოგიგდებდნენ ხელში და არ
გაიძულებდნენ, გეხადა, გეხადა და გეხადა.

სამხედრო ოპერაციებისთვის ხომ ყოველთვის უსაშველო ფასს ითხოვდნენ. „რისკის


დანამატები“ – განმარტავდნენ გილდიის ქლესა აგენტები. და თუ მაინც მოახერხებდი და ერთ
აგენტს მოთვალთვალედ ჩანერგავდი გილდიის ბანკის სტრუქტურაში, იმათ ამასობაში უკვე
ორი ჰყავდათ შენს სისტემაში.

„აუტანელია!“

– ესე იგი შემოსავალი, – გაიმეორა რაბანმა.

ბარონმა მკლავი დაუშვა და მუშტი შეკრა.

– უნდა გამოწურო!

– ანუ, ოღონდ კი გამოვწურო და შემიძლია, რაც მინდა, ის ვაკეთო?

– რაც გინდა, აკეთე.

– ზარბაზნები რომ ჩამოიტანე, – უთხრა რაბანმა, – შეიძლება, მე...

– იმათ დავშლი.

– მაგრამ შენ...
– ეგეთი სათამაშოები არ დაგჭირდება. ეს საგანგებო ინოვაცია იყო და თავისი დრო უკვე
მოჭამა. ლითონი გვინდა. ზარბაზნის ჭურვიი ფარში ვერ ატანს, რაბან. უბრალოდ,
მოულოდნელობა იყო და იმიტომ გაამართლა. წინასწარ შეიძლებოდა მიხვედრა, რომ
ჰერცოგის ხალხი ამ საზარელ პლანეტაზე სხვაგან ვერსად წავიდოდა, კლდეების
გამოქვაბულებს შეაფარებდნენ თავს. ჩვენმა ზარბაზნებმა, უბრალოდ, შიგ ამოქოლეს ისინი.

– ფრემენები ფარებს არ ხმარობენ.

– თუ გინდა, ლაზთოფები დაიტოვე.

– კი, მილორდ. და ხელ-ფეხი გახსნილი მაქვს.

– ოღონდ კი გამოწურე.

რაბანმა საძაგლად გაიღიმა.

– მშვენივრად მესმის, მილორდ.

– არაფერი ამქვეყანაზე შენ მშვენივრად არ გესმის, – დაიღრინა ბარონმა, – მოდი, ამაზე


თავიდანვე შევთანხმდეთ. მართლა კარგად რაც უნდა გესმოდეს – ეს ჩემი ბრძანებების
შესრულებაა. აზრად თუ მოგსვლია, ძმისწულო, რომ ამ პლანეტაზე, სულ ცოტა, ხუთი
მილიონი კაცი ცხოვრობს?

– მილორდს დაავიწყდა, რომ ადრე ამ პლანეტაზე მისი რეგენტი-სირიდარი ვიყავი? და,


მომიტევოს მილორდმა, მაგრამ შეიძლება რაოდენობას ვერ აფასებდეს. ძნელია, დათვალო
დაბლობებზე და ტაფობებში ასე გაფანტული მოსახლეობა. და თუ ჩათვლი იმ ფრემენებსაც,
რომლებიც...

– ფრემენები რა ჩასათვლელია!

– მომიტევე, მილორდ, მაგრამ სარდაუკარებს ასე არ მიაჩნიათ.

ბარონი შეყოყმანდა და ძმისწულს მიაშტერდა.

– რამე იცი?

– წუხელ, მე რომ ჩამოვედი, მილორდი მოსასვენებლად იყო წასული. მე... ჰმ, თავს უფლება
მივეცი, გამომეკითხა ჩემი რამდენიმე ლეიტენანტი... მმ, ადრინდელი თანაშემწეები. ისინი
სარდაუკარებს მეგზურებად ახლდნენ. მათ მაცნობეს, რომ ფრემენების ბანდა ჩაუსაფრდა
სარდაუკარების რაზმს აქედან სადღაც სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და ერთიანად ამოწყვიტა.

– სარდაუკარების რაზმი ამოწყვიტეს?

– დიახ, მილორდ.

– შეუძლებელია!

რაბანმა მხრები აიჩეჩა.

– თურმე ფრემენები სარდაუკარებს ჯაბნიან, – აგდებით ჩაიფრუტუნა ბარონმა.


– მე იმას ვიმეორებ, რაც მომახსენეს, – უთხრა რაბანმა, – ამბობენ, ფრემენების ჯგუფმა უკვე
აიყვანა ჰერცოგის მრისხანე მენტატი თუფეა ჰავატიო.

– ააა.

ბარონმა ღიმილით დაუქნია თავი.

– მე მაგ ცნობის მჯერა, – უთხრა რაბანმა, – ვერც კი წარმოიდგენ, რაები ჩაიდინეს ფრემენებმა.

– შესაძლოა, მაგრამ ისინი ფრემენები კი არ იყვნენ, შენმა თანაშემწეებმა ვინც ნახეს. ალბათ,
ატრეიდესების ხალხი იყო, ჰავატის გაწვრთნილები და ფრემენებად გადაცმულები. სხვა ახსნა
არ არსებობს.

რაბანმა ისევ აიჩეჩა მხრები.

– რა ვიცი, სარდაუკარებს ფრემენები ჰგონიათ. სარდაუკარებმა უკვე წამოიწყეს პროგრამის


განხორციელება ყველა ფრემენის გასაწყვეტად.

– კარგია!

– მაგრამ...

– ეს სარდაუკარებს საქმეს გაუჩენს. ჩვენ კი მალე ჰავატს ჩავიგდებთ ხელში. ვიცი! ვგრძნობ
ამას! აჰ, რა დღე იყო! სარდაუკარები უდაბნოში არიან გაჭრილი და ერთ მუჭა უმაქნის
ფრემენებს დასდევენ, ამასობაში ნამდვილ ნადავლს ჩვენ დავეპატრონებით!

– მილორდ, – რაბანი შეყოყმანდა, წარბი შეიკრა, – ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ
ფრემენებს სათანადოდ არ ვაფასებთ – რიცხობრივად თუ...

– ფეხებზე დაიკიდე ეგენი, ბიჭი! ეგენი ბრბოა, მეტი არაფერი. საფიქრალად ხალხმრავალი
ქალაქები და დასახლებებიც გვეყოფა. იქაც უამრავი ხალხია, არა?

– უამრავი, მილორდ.

– მე ეგენი მაწუხებენ, რაბან.

– გაწუხებენ?

– ოჰ... იმათგან ოთხმოცდაათი პროცენტი შეწუხებად არც ღირს. მაგრამ ყოველთვის გამოერევა
ხოლმე ზოგი... მცირე გვარები და ეგეთები, პატივმოყვარე ხალხი, რომლებმაც შეიძლება
საშიში რაღაცები სცადონ. თუ რომელიმე მათგანი არაკისიდან წავა და თან წაიღებს
არასასიამოვნო ამბავს იმაზე, თუ რა მოხდა აქ, მე ეს ძალიან მეწყინება. წარმოგიდგენია,
როგორ მეწყინება?

რაბანმა ნერწყვი გადაყლაპა.

– სასწრაფოდ უნდა მიიღო ზომები და ყოველი მცირე გვარიდან მძევალი მოიპოვო, – უთხრა
ბარონმა, – თუ არაკისის გარეთ ვინმე რამეს შეიტყობს, მხოლოდ ის უნდა იცოდეს, რომ ეს
პატიოსანი გვართაშორისი შუღლი იყო. სარდაუკარები ამ ამბავში არც გაჭაჭანებულან. გაიგე?
ჰერცოგს, როგორც წესია, შევთავაზეთ შეწყალება და განდევნა, მაგრამ, სანამ ის პირობის
მიღებას მოასწრებდა, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. თუმცა აპირებდა, ჩვენი პირობები
მიეღო. აი, როგორ იყო საქმე. და სასაცილოდ არ უნდა გვეყოს ყველანაირი მითქმა-მოთქმა
სარდაუკარების აქ ყოფნის შესახებ.

– როგორც იმპერატორი ინებებს. – თქვა რაბანმა.

– როგორც იმპერატორი ინებებს.

– კონტრაბანდისტებზე რაღა ვქნათ?

– კონტრაბანდისტების არსებობას ხომ არ აღიარებენ, რაბან. მათ არსებობას იტანენ, მაგრამ არ


აღიარებენ. ყოველი შემთხვევისთვის, ამ ამბებზე ქრთამებს დაარიგებ... და სხვა ზომებსაც
მიიღებ – კერძოდ, რას, დარწმუნებული ვარ, თავადაც მოიფიქრებ.

– დიახ, მილორდ.

– ანუ არაკისზე ორი რამ გევალება, რაბან – შემოსავალი და დაუნდობელი ხელი. აქ


გულმოწყალების დრო არ არის. დაინახე, რაც არის ეს ტლუ ხალხი სინამდვილეში: მონები,
რომლებსაც თავიანთი ბატონების შურთ და მხოლოდ ჯანყის შესაძლებლობას უცდიან. ამათ
სიბრალულის და ლმობიერების ნატამალიც არ დაანახვო.

– მთელი პლანეტის ამოწყვეტა შეიძლება? – ჰკითხა რაბანმა.

– ამოწყვეტა? – გაკვირვებულმა ბარონმა სწრაფად მოაბრუნა თავი, – ამოწყვეტაზე ვინ რას


ამბობს?

– ჰო, რა ვიცი, ვიფიქრე, რომ აპირებდი, ახალი მოსახლეობა შემოგეყვანა და...

– მე გითხარი, გამოწურე-მეთქი. ძმისწულო, ამოწყვიტე კი არა. მოსახლეობა


ტყუილუბრალოდ არ ამომიწყვიტო, უბრალოდ, სრულ მორჩილებაში გყავდეს. მტაცებელი
უნდა იყო, ჩემი ბიჭი, – მან გაიღიმა და ფოსოებიან სქელ სახეზე ჩვილის უმანკო
გამომეტყველება დაეფინა, – მტაცებელი არასოდეს ცხრება. დაუნდობელი იყავი. არასოდეს
დაცხრე. გულმოწყალება მოგონილი რამეა. მას ამარცხებს შიმშილით აბუყბუყებული
მუცელი, წყურვილი, გამომშრალი ყელი. მუდამ მშიერი, მუდამ მწყურვალი უნდა იყო, –
ბარონმა ტივტივების ქვემოთ გამობურცულ ქონის ნაკეცებზე მოისვა ხელი, – ჩემსავით.

– გავიგე, მილორდ.

რაბანმა თვალები აქეთ-იქეთ დააცეცა.

– ესე იგი ყველაფერი ნათელია, ძმისწულო?

– ერთის გარდა, ძია – პლანეტოლოგი, კაინსი...

– აჰ, ჰო, კაინსი.

– ის იმპერატორის მსახურია, მილორდ. როგორც და სადაც მოესურვება, ისე შეუძლია იაროს.


და ფრემენებთან ძალიან დაახლოებულია... ცოლადაც ფრემენი მოიყვანა.

– კაინსი ხვალ საღამოს ცოცხალი აღარ იქნება.

– სახიფათო საქმეა, ძია, იმპერატორის ქვეშევრდომის მოკვლა.


– როგორ გგონია, ამდენ რამეს ასე უცებ როგორ მივაღწიე? – ჯიქურ ჰკითხა ბარონმა. ბოხი ხმა
ჰქონდა, რომ ვერ აღწერდი, ისეთი, – თანაც, კაინსი არაკისიდან ვერსად წამივა. ხომ არ
გავიწყდება, რომ სუნელზეა შემჯდარი.

– რა თქმა უნდა!

– ისინი, ვინც რამე იცის, არაფერს იზამენ იმის შიშით, რომ სუნელი არ მოაკლდეთ, – თქვა
ბარონმა, – კაინსს ეს არ შეეშლება.

– აღარ გამახსენდა, – უთხრა რაბანმა.

ერთმანეთს უხმოდ გაუსწორეს თვალი.

ცოტა ხანში ბარონმა წარმოთქვა:

– სხვათა შორის, შენი ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი ჩემი საკუთარი მარაგის შევსება
იქნება. პირადი მოხმარებისთვის ბლომად მაქვს გადანახული, მაგრამ ჰერცოგის ხალხის
თავდასხმამ ჩემს საწყობებზე – რაც მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდა –
თითქმის მთლად შეიწირა, რაც კი გასაყიდად მქონდა.

რაბანმა თავი დაუქნია.

– დიახ, მილორდ.

ბარონს სახე გაებადრა.

– ჰოდა, ხვალ დილით შეკრებ ყველას, ვინც კი დარჩა აქ მომსახურეთაგან, და ეტყვი: „ჩვენმა

უდიდებულესობამ, ფადიშაჰ-იმპერატორმა დამავალა, დავესაკუთრო ამ პლანეტას და


ყველანაირ უთანხმოებას ბოლო მივუღო“.

– გავიგე, მილორდ.

– ამჯერად დარწმუნებული ვარ, რომ გაიგე. ხვალ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. ახლა
კი დამტოვე, რომ ძილი შევიბრუნო.

ბარონმა კარის ფარი გაააქტიურა და ძმისწულს უყურებდა, სანამ ის თვალს არ მიეფარა.

„ტანკისტვინა“, გაიფიქრა ბარონმა. „კუნთებით მოაზროვნე ტანკისტვინა. სანამ საქმეს


მოითავებდეს, აქაურებს სისხლს ადენს და ძვალ-რბილს გაუერთიანებს. მერე, როცა აქ ფეიდ-
რაუთას გამოვგზავნი, რომ საქმე გადაიბაროს, მას, როგორც მხსნელს, სიხარულის ყიჟინით
შეხვდებიან. საყვარელ ფეიდ-რაუთას. გულმოწყალე ფეიდ-რაუთას, თანამგრძნობს, რომელიც
მათ მხეცის ხელიდან დაიხსნის. ფეიდ-რაუთას, ვისაც გაჰყვებიან და მზად იქნებიან, მისთვის
თავი დადონ. ბიჭი კი მაგ დროისთვის ისწავლის, როგორ დათრგუნოს სხვა ისე, რომ თავს
არაფერი დაუშავოს. დარწმუნებული ვარ, ისაა, ვინც გვჭირდება. ბიჭი ისწავლის. და რა
მშვენიერი სხეული აქვს. მართლაც ლამაზი ბიჭია“.

5* * *
თხუთმეტი წლისას სიჩუმე უკვე ნასწავლი ჰქონდა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის ისტორია ბავშვებისთვის“

პოლი ტოპტერის სამართავ სახელურებს ებრძოდა. მან თანდათან გაიაზრა, რომ ამავე დროს
ქარიშხლის ჩახლართულ ძალებსაც ახარისხებდა; მენტატის ცნობიერებაზე აღმატებული მისი
გონება პაწაწინა წვრილმანებსაც იჭერდა და გამოთვლებს მათზე დაყრდნობით აწარმოებდა.
გრძნობდა მტვრის ამა თუ იმ ფრონტს, ატალღვას, ტურბულენციათა რიგს, დროდადრო
შემხვედრ ქარბორბალებს.

ვიწრო, ჩახუთულ კაბინას მხოლოდ ციფერბლატების მწვანე ციალი ანათებდა. გარეთ მტვრის
მოყვითალო ნაკადში არაფერი გაირჩეოდა, მაგრამ პოლის შინაგანმა გრძნობამ ფარდის მიღმა
ხედვა იწყო.

„საჭირო ქარბორბალა უნდა ვიპოვო“, გაიფიქრა მან.

უკვე დიდი ხნის წინ იგრძნო, გრიგალის მძვინვარებამ რომ იკლო, მაგრამ ის მათ ხომალდს
მაინც არყევდა. პოლმა დაიცადა, სანამ მორიგ ტურბულენციას გასცდებოდნენ.

საჭირო ქარბორბალა უეცარი ზვირთივით მოასკდა და ხომალდი ერთიანად შეაზანზარა.


პოლმა ყველანაირი შიში გადაივიწყა, რომ ტოპტერი მარცხნივ ვირაჟში შეეყვანა.

ჯესიკამ მისი მანევრი კუთხური მდებარეობის მანიშნებელი სფეროთი შენიშნა.

– პოლ! – იკივლა მან.

ქარბორბალამ ხომალდი მოაბრუნა, დააბზრიალა, ააყირავა. მერე გეიზერზე მოქცეული


ნაფოტივით აიტაცა მაღლა და განზე ამოანთხია – მორევივით დაბზრიალებული მტვრის
შუაგულში მოქცეული ფრთოსანი ნამცეცი მეორე მთვარის შუქმა გაანათა.

პოლმა დაბლა ჩაიხედა და დაინახა მტვრით გამოსახული ცხელი ქარის სვეტი, რომელმაც
მათი ხომალდი ამოტყორცნა, დაინახა, რომ ჩამცხრალი შტორმი უდაბნოს მშრალ
მდინარესავით მიიგრაგნებოდა მათგან – მთვარით მოვერცხლილი მოძრავი ზოლი, დაბლა
სულ უფრო რომ პატარავდებოდა, სანამ ისინი აღმავალ ნაკადს ასდევდნენ. – გამოვაღწიეთ, –
დაიჩურჩულა ჯესიკამ.

პოლმა ხომალდი მტვრიდან გაიყვანა და დაშვება იწყო, თან ღამის ცას ზვერავდა.

– იმათ დავუსხლტით, – უთხრა დედას.

ჯესიკა გრძნობდა, როგორ უცემდა გული. მან თავი აიძულა, დამშვიდებულიყო და


დაშრეტილ გრიგალს დახედა. დროის გრძნობა კარნახობდა, რომ ამ აზელილ სტიქიურ
ძალებში ოთხი საათი იფრინეს, მაგრამ მისი გონების ნაწილი ამ გზას მთელ სიცოცხლეს
უტოლებდა. თითქოს ხელახლა დაიბადა.

„როგორც შელოცვაშია“, გაიფიქრა. „პირისპირ დავუდექით და წინ არ აღვუდექით. გრიგალი


გაედინა ჩვენში და ჩვენ გარშემო. ის წავიდა, ჩვენ კი დავრჩით“.

– ფრთების მოძრაობის ხმა არ მომწონს, – თქვა პოლმა, – იქ რაღაც დაგვიზიანდა.


ხომალდის ჭრაჭუნს, მის დაზიანებას ფრენისას სამართავი სახელურებით გრძნობდა.
ქარიშხლიდან გამოაღწიეს, მაგრამ პოლის წინასწარჭვრეტის არეში ჯერ კიდევ არ
შესულიყვნენ. თუმცა გადარჩნენ, და პოლი გრძნობდა, როგორ თრთოდა გამოცხადების ზედ
კიდეზე.

გააჟრჟოლა.

ეს შეგრძნება იზიდავდა და აძრწუნებდა. აღიქვა, საკუთარ თავს რომ ეკითხებოდა: „რამ


გამოიწვია ეს მთრთოლარე გაცნობიერება, ეს სიფხიზლე?“ პასუხი არ ჰქონდა. გრძნობდა, რომ
ნაწილობრივ ამის მიზეზი არაკისის სუნელით გაჯერებული საკვები იყო; მაგრამ, მიაჩნდა,
რომ ნაწილობრივ ამის მიზეზი შელოცვა იყო, თითქოს სიტყვებს საკუთარი ძალა ჰქონდათ.

„არ შემეშინდება“...

მიზეზი და შედეგი: ცოცხალი იყო, ამ დამღუპველ ძალებში მოხვედრის მიუხედავად, და თავს


მე-ცნობიერების კიდეზე შემდგარად აღიქვამდა; ეს კი შელოცვის მაგიის გარეშე არ
მოხდებოდა.

ხსოვნაში გაიჟღერა ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის სიტყვებმა: „რა გრძნობები გვაკლია,


რომ არ შეგვიძლია, დავინახოთ და ვისმინოთ ჩვენ გარშემო არსებული სხვა სამყაროსი?“

– გარშემო სულ კლდეებია, – თქვა ჯესიკამ.

პოლმა მთელი ყურადღება ტოპტერის დასმისკენ მიმართა; თავი გააქნია, რომ გონება
დაეწმინდა. გაიხედა იქით, საითაც დედა უთითებდა; წინ და მარჯვნივ ქვიშაზე შავად
დაჩნეული, აზიდული კლდის კონტური

შენიშნა. კოჭებზე ქარი უბერავდა, კაბინაში ქვიშა ცვიოდა – სადღაც ნახვრეტი იყო, ქარიშხლის
კიდევ ერთი კვალი.

– ჯობია, ქვიშაზე დაგვსვა, – უთხრა ჯესიკამ, – ფრთებმა შეიძლება სრულ დამუხრუჭებას ვერ
გაუძლონ.

პოლმა თავის აქნევით მიანიშნა წინ, სადაც ქვიშისგან შეჭმული კლდეები მთვარის სხივებში
დიუნების ზემოთ წამომართულიყვნენ.

– იმ კლდეებთან დავჯდები. უსაფრთხოების ღვედები შეიმოწმე.

ჯესიკა დამორჩილდა და გაიფიქრა: „წყალი და სარწყულები გვაქვს. საკვებს თუ ვიპოვით, ამ


უდაბნოში დიდხანს გავძლებთ. ფრემენები აქ ცხოვრობენ. ისინი თუ ახერხებენ, ჩვენც
შევძლებთ“.

– როგორც კი დავსხდებით, იმ კლდეებისკენ გაიქეცი, – უთხრა პოლმა, – ჩანთას მე წამოვიღებ.

– გავიქცე... – ჯესიკა დადუმდა და თავი დაუქნია, – მატლები...

– ჩვენი მეგობარი მატლები, – შეუსწორა პოლმა, – ტოპტერს ისინი მოუვლიან. კვალიც არ


დარჩება, სად დავსხედით.

„როგორ ყველაფერზე ფიქრობს“, გაიფიქრა ჯესიკამ.


უფრო, უფრო დაბლა დასრიალდნენ.

მათ მოძრაობას უცებ დიდი სიჩქარის შეგრძნება დაერთო – დიუნების გადღაბნილი


ჩრდილები, ერთბაშად ამაღლებული კუნძულებივით კლდეები. ეს ადრე არ ჩანდა. ტოპტერი
დიუნის ქიმს შეეხო, ოდნავ გადაქანდა, ქვიშნარ ველს გადაახტა და მეორე დიუნს წაჰკრა
წვერზე.

სიჩქარეს ქვიშაზე ხახუნით აგდებსო, გაიფიქრა ჯესიკამ და თავს უფლება მისცა, შვილის
ოსტატობით აღტაცებულიყო.

– გამაგრდი! – გააფრთხილა პოლმა.

ბიჭმა ფრთის სამუხრუჭე ბერკეტები მოზიდა; ჯერ ფრთხილად, მერე – უფრო და უფრო
მტკიცედ. იგრძნო, როგორ აივსო ფრთები ჰაერით, სულ უფრო სწრაფად ეცემოდა მათი
წაგრძელების მაჩვენებელი. ქარი აწივლდა შეკეცილი ფრთების დიდ თუ პატარა ნაწილებში.

უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ქარიშხლისგან მორყეული მარცხენა ფრთა სულ ოდნავ


გადაიხარა გვერდზე, მერე მაღლა და შიგნით აიკეცა და ტოპტერის გვერდს მიეჯახა.
ხომალდი დიუნის ქიმზე მოსრიალდა, მარცხნივ გადაქანდა, დიუნის მეორე ფერდზე
ჩაგორდა და, დაცურებული ქვიშის ზვავში მოყოლილმა, ცხვირი მომდევნო დიუნში შერგო.
ის მოტეხილ ფრთაზე იყო წამოწოლილი; მარჯვენა ფრთა ვარსკვლავებისკენ აეშვირა.

პოლმა უშიშროების ღვედი მოიგლიჯა, დედამისის იქით გადაიწია და კარი ჯახანით გააღო.
მათ გარშემო კაბინაში ქვიშა შემოიღვარა და დამწვარი კაჟის სუნი შემოიყოლა. პოლმა
ხომალდის უკანა ნაწილიდან ჩანთა აიტაცა და დედას ღვედის შეხსნაში მიეხმარა. ჯესიკა
ტოპტერის მარჯვენა გვერდზე გაძვრა და ლითონის კორპუსზე გავიდა. პოლი მიჰყვა, ჩანთა
სამხრე ღვედებით მისთრევდა.

– გაიქეცი! – უბრძანა დედას. მან ხელი გაიშვირა დიუნის ფერდისკენ და მის მიღმა, სადაც
ქვიშიანი ქარებისგან დასერილი კლდის კოშკი მოჩანდა.

ჯესიკა ტოპტერიდან ჩახტა და გაიქცა; ფეხქვეშ დაცურებულ ქვიშაზე ბორძიკით მიიკვლევდა


გზას დიუნისკენ; ესმოდა მის უკან მომავალი პოლის ქოშინი. ბოლოს ისინი კლდეებისკენ
გაწოლილ ქვიშიან თხემზე გავიდნენ.

– თხემს გაჰყევი, – უბრძანა პოლმა, – ასე უფრო სწრაფად ვივლით.

კლდეებისკენ დაიძრნენ, ქვიშა მათ ფეხებს ითრევდა.

ახალმა ხმამ მიიპყრო მათი სმენა – ყრუ ჩურჩულმა, სისინმა, ხეშეშა სრიალმა.

– მატლი, – თქვა პოლმა.

ხმა ძლიერდებოდა.

– აჩქარდი! – იყვირა პოლმა.

ხრეშის პირველ კენჭებამდე, ქვიშიდან ზღვის ნაპირივით დაღმა რომ ფერდდებოდა, ათ


მეტრზე მეტი არ რჩებოდა, რომ უკნიდან ლითონის ჭრიალი და ხრაშუნი მოესმათ. პოლმა აბგა
მარჯვენა მკლავზე გადაიგდო, თან ისევ ღვედებით ეჭირა. სირბილისას ჩანთა ფერდზე
ეხლებოდა. მეორე ხელი დედას მკლავზე ჩაავლო. აზიდულ კლდეზე აძვრნენ, დაგრეხილი,
ქარის ნაკვეთი ნაპრალით აჰყვნენ მის ხრეშით მოფენილ ზედაპირს. სუნთქვა უჭირდათ.

– ამაზე ჩქარა ვეღარ გამოვიქცევი, – ამოიქოშინა ჯესიკამ.

პოლი შეჩერდა, დედა კლდის სიღრმისკენ მიაყენა, შემობრუნდა და უდაბნოს დახედა. მათი
კლდოვანი კუნძულის პარალელურად, ასე, ერთი კილომეტრის დაშორებით, მთვარით
დაფერილი ნაოჭები, ქვიშის ტალღები – მოძრავი ბორცვი – მისრიალებდა, რომლის
მოტორტმანე თხემი ლამის პოლის თვალების სიმაღლემდე უწევდა. მას კვალდაკვალ
მოსდევდა გაბრტყელებული დიუნების ზოლი, რომელიც ერთგან ოდნავ ცერად იყო წასული
– ოდნავ გადაეხვია იქით, სადაც მათ დალეწილი ტოპტერი დატოვეს.

იქ, სადაც მატლს გაევლო, ხომალდის ნიშანწყალიც არ ჩანდა.

ნაყარი ბორცვი უდაბნოსკენ გაემართა, მერე უკან წამოვიდა და საკუთარი ნაკვალევი


გადაკვეთა – რაღაცას დაეძებდა.

– გილდიის კოსმოსურ ხომალდზე უფრო დიდია, – დაიჩურჩულა პოლმა, – მითხრეს, ღრმა


უდაბნოში მატლები დიდები იზრდებიანო, მაგრამ არ მეგონა... თუ ასეთი დიდები იყვნენ.

– არც მე, – ქოშინს ამოაყოლა ჯესიკამ.

ბორცვმა ისევ გაუხვია და კლდეებს დაშორდა, მრუდე კვალი გაიყოლა და ჰორიზონტისკენ


აიღო გეზი. ყურს უგდებდნენ, სანამ მისი სრიალის ხმა მათ გარშემო ქვიშის წყნარ შრიალში არ
ჩაიკარგა.

პოლმა ღრმად ჩაისუნთქა, მთვარით დაფერილ ფრიალოებს ახედა და კიტაბ ალ-იბარის


სიტყვები გაიმეორა:

– „ღამით იარე და შავ ჩრდილს შეეფარე დღისით“, – მერე დედას შეხედა, – ღამის რამდენიმე
საათი კიდევ დაგვრჩა. შეგიძლია, იარო?

– ერთი წუთით.

პოლი კლდის კენჭებით მოფენილ მხარეს გამოვიდა, ჩანთა მხრებზე მოიგდო და ღვედები
მოირგო. ცოტა ხანს იდგა და პარაკომპასს დასცქეროდა.

– მოვიცადოთ, რამდენიც გინდა, – უთხრა დედას.

ჯესიკა კლდეს მოსწყდა, იგრძნო, რომ ძალები დაუბრუნდა.

– საით წავიდეთ?

– საითაც ქედი წაგვიყვანს, – ხელი გაიშვირა პოლმა.

– ღრმა უდაბნოში, – თქვა ჯესიკამ.

– ფრემენების უდაბნოში, – დაიჩურჩულა პოლმა.

და გაჩუმდა, უეცარ ელდად ეძგერა მოგონება ძალიან ცხადი სურათისა, წინასწარი ჭვრეტით
ჯერ კიდევ კალადანზე რომ იხილა. ეს უდაბნო ნანახი ჰქონდა. მაგრამ ხილვის აგებულება
ამჟამად ოდნავ განსხვავებული იყო; თითქოს ოპტიკური ხატი ოდესღაც ცნობიერებაში
ჩარჩენოდა, მის მეხსიერებას შეესრუტა და ახლა, ნამდვილ სცენაზე დაპროეცირებული,
რეალობას ზუსტად არ ემთხვეოდა. ხილვა თითქოს შებრუნდა და განსხვავებული კუთხით
დადგა მისგან, თავად კი უძრავი რჩებოდა.

„იმ ხილვაში აიდაჰო გვახლდა“, გაახსენდა პოლს. „მაგრამ ახლა აიდაჰო მკვდარია“.

– ხედავ გზას, საით უნდა წავიდეთ? – ჰკითხა ჯესიკამ, რომელმაც მისი ყოყმანი არასწორად
ახსნა.

– არა, – მიუგო შვილმა, – მაგრამ მაინც წავალთ.

პოლმა მხრებზე უფრო მჭიდროდ მოირგო ჩანთა და კლდეში ქვიშით გამოკვეთილ არხს
აუყვა. არხი მთვარით განათებულ კლდოვან სიბრტყეზე გავიდა, საიდანაც საფეხურებად
ამავალი კარნიზები სამხრეთისკენ მაღლა მიიწევდა.

პოლი პირველ კარნიზს მიუახლოვდა და ზედ აცოცდა. ჯესიკა მიჰყვა.

ცოტა ხანში ბიჭმა შეამჩნია, რომ მათი სვლა იმწამიერი და კონკრეტული ამოცანების
გადაჭრად იქცა. გზა – ეს იყო ქვიშით სავსე ჯიბაკები კლდეებს შორის, დედა-შვილის ნაბიჯს
რომ ანელებდა, ქარისგან წამახული კიდეები, ხელებს რომ უსერავდა მათ, დაბრკოლებები,
რომლებზეც უნდა დაფიქრებულიყვნენ: გადაევლოთ თუ შემოევლოთ? გზა მათ საკუთარ
რიტმს ჰკარნახობდა. დაძაბულობით ჩახრინწული ხმა მხოლოდ მაშინ დასცდებოდათ ხოლმე,
თუ აუცილებელი იყო:

– აქ ფრთხილად – ეს კარნიზი ქვიშიანია და სრიალებს.

– დაბალი შვერილია, თავი არ აარტყა.

– თხემს ჩამოსცდი და ისე იარე: მთვარე ზურგიდან გვანათებს და მაღლა ყველა დაგვინახავს.

პოლი კლდის შეღრმავებაში შეჩერდა და ჩანთა ვიწრო თაროზე ჩამოდო.

ჯესიკა მის გვერდით კედელს მიეყრდნო, მადლიერი იყო ამ წუთიერი სულის მოთქმისთვის.
მან გაიგონა, პოლმა სარწყულის მილი რომ მოწუწნა, და თავადაც მოსვა საკუთარი
გადამუშავებული წყალი. მომლაშო ეჩვენა და გაახსენდა კალადანის წყლები – მაღალი
შადრევნის რკალში მოქცეული ცის კამარა, წყლის იმგვარი სიუხვე, რომელსაც ვერც კი
ამჩნევდი, როგორც წყალს... როცა ჩაუვლიდი, მხოლოდ მის ფორმას, მის ციმციმს, მის ხმას
აღიქვამდი.

„გავჩერდეთ“, გაიფიქრა ჯესიკამ. „დავისვენოთ... მართლა დავისვენოთ.შვებაა, როცა


შეჩერების შესაძლებლობა გაქვს, თუნდაც წამით. სადაც შეჩერება შეუძლებელია, იქ შვება ვერ
იარსებებს“.

პოლი კლდის შვერილს მოსწყდა, შებრუნდა და დაფერდებულ კალთას აუყვა. ჯესიკამ


ამოიოხრა და მიჰყვა.

მალე დაეშვნენ ფართო თაროზე, რომელიც ციცაბო კლდის ზედაპირს გარს უვლიდა. ისევ
აუწყვეს ფეხი უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილების წყვეტილ რიტმს.
ჯესიკას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ღამე ერთიანად შედგებოდა მათი ტერფების ან
ხელების ქვეშ მოქცეული საყრდენის ზომათაგან: ეს იყო ლოდები თუ ქვები, კენჭები,
აქერცლილი კლდეები, ხრეში თუ ხოშორი, ფხვნილი და მტვერი.

მტვერი მათ ცხვირის ფილტრებს უცობდა და უნდა გამოებერათ ხოლმე. მსხვილი ქვიშა
კლდის ზედაპირზე ფეხქვეშ გორავდა და, ფრთხილად თუ არ დააბიჯებდი, შეიძლებოდა,
გადავარდნილიყავი. აქერცლილი კლდეები ხელებს სერავდა.

და ყველაფერს მოდებული ქვიშა მათ თითქოს ტერფებზე ექაჩებოდა.

პოლი უცაბედად კლდის თაროზე შედგა; დედამ თავი ვეღარ შეიკავა და ზედ მიეხალა.

შვილი მარცხნივ უთითებდა. ჯესიკამ მის მკლავს გააყოლა თვალი და დაინახა, რომ
კლდოვანი ფლატის პირას იდგნენ, დაბლა კი, ორასიოდე მეტრით ქვემოთ, უძრავი ოკეანის
მსგავსი უდაბნო იშლებოდა. და იწვა იქ, მთვარით მოვერცხლილი ტალღებით გადავსებული...
კლდის კუთხოვანი ჩრდილები მრუდებში ეშვებოდა და შორეთში მორიგი ფრიალო კლდის
ბუნდოვან რუხ ზოლად მაღლდებოდა.

– ღია უდაბნო, – თქვა ჯესიკამ.

– ფართო ზოლია გადასალახავი, – გაეპასუხა პოლი სახეზე აფარებული ფილტრისგან


მოგუდული ხმით.

ჯესიკამ ჯერ მარცხნივ გაიხედა, მერე – მარჯვნივ. დაბლა, ქვიშის გარდა, არაფერი იყო.

პოლი პირდაპირ იყურებოდა, გაშლილი დიუნების გადაღმა, და მთვარის მოძრაობას


გაყოლილ ჩრდილებს აკვირდებოდა.

– სამი თუ ოთხი კილომეტრის სიგანისაა, – თქვა მერე.

– მატლები, – გაეპასუხა ჯესიკა.

– ნამდვილად იქნებიან.

ჯესიკამ ყური მიუგდო საკუთარ სხეულს, დაქანცულობას, კუნთების ტკივილს, რომელიც


გრძნობებს უჩლუნგებდა.

– ხომ არ დაგვესვენა და გვეჭამა?

პოლმა სამხრეები ჩამოიცურა, დაჯდა და ჩანთას მიეყრდნო. ჯესიკა შვილს მხარზე დაებჯინა
და მის გვერდით კლდეზე მიესვენა. მან გაიგონა, პოლი რომ მიბრუნდა და ჩანთაში რაღაცას
დაუწყო ჩხრეკა.

– აი, – უთხრა დედას.

იგრძნო შვილის მშრალი ხელები, როცა მან ხელისგულში ორი ენერგეტიკული კაფსულა
ჩაუცურა.

ჯესიკამ კაფსულები პირში ჩაიდო და სარწყულის მილიდან ბუყბუყით ამოწრუპული წყალი


დააყოლა.
– მთელი შენი წყალი დალიე, – უთხრა პოლმა, – აქსიომაა: წყლის შესანახად საუკეთესო
ადგილი სხეულია. ძალებს შეგმატებს. უფრო ღონივრად იქნები. ენდე შენს სარწყულს.

ჯესიკამ დაუჯერა, ჯიბაკები გამოცალა და იგრძნო, როგორ უბრუნდებოდა ძალები. მერე


გაიფიქრა, რა სიმშვიდეა ახლა აქ, დაქანცულები დასასვენებლად რომ ვართ ჩამომსხდარნიო.
და გაახსენდა ერთხელ მენესტრელი-მეომრის, გურნი ჰალეკისგან გაგონილი: „უმჯობეს არს
ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგითა, და
შფოთითა“.

ჯესიკამ ეს სიტყვები პოლს გაუმეორა.

– ასე გურნი ამბობდა, – უთხრა მან.

დედამ მისი ხმის კილო დაიჭირა: ისე თქვა, თითქოს ვიღაც გარდაცვლილზე ლაპარაკობსო;
და გაიფიქრა:

„მართლაც, საბრალო გურნი შეიძლება მკვდარიც იყოს. ატრეიდესების ჯარისკაცები ან


დახოცეს და ტყვედ ჩაიგდეს, ან მათსავით ამ უწყლო უდაბურებაში იყვნენ დაკარგული“.

– გურნის ყოველთვის მოეძევებოდა შესაფერისი ციტატა, – თქვა პოლმა, – თითქოს ჩამესმის,


ახლა როგორ იტყოდა: „დავსხნე მდინარენი მათნი ოხრად და განვსცე ქუეყანაი ხელებსა
უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაი და სავსებაი მისი ხელებითა უცხოთაითა“.

ჯესიკამ თვალები დახუჭა, იგრძნო, ლამის ცრემლი მორეოდა შვილის ხმაში ჩაღვრილი
სევდისგან.

ცოტა ხანში პოლმა ჰკითხა:

– შენ... როგორ ხარ?

ჯესიკა მიხვდა, პოლი მის ფეხმძიმობას რომ გულისხმობდა, და უპასუხა:

– ჯერ კიდევ ბევრი თვე გავა, სანამ შენი და დაიბადებოდეს. მე ჯერ კიდევ... ფიზიკურად თავს
ჩვეულებრივად ვგრძნობ.

და გაიფიქრა: „რა შებოჭილად და მშრალად ველაპარაკები საკუთარ შვილს!“ მერე, რაკი ბენე
გესერიტის წესი ასწავლიდა, ყოველთვის ჩაეხედა სიღრმეში და ასეთი უცნაურობის მიზეზი
გაეგო, მან ეძება და იპოვა ამ სიმშრალის მიზეზი: „მე მეშინია ჩემი ძის; მაშინებს მისი
უცნაურობა; მაშინებს, თუ რას შეიძლება ხედავდეს ჩვენს მომავალში; რა შეიძლება, მითხრას“.

პოლმა თვალებზე ჩამოიფარა კაპიუშონი და ღამის მოფაჩუნე ხმებს მიაყურადა. ფილტვები


საკუთარი სიჩუმით დაჰბერვოდა. ცხვირი სტკიოდა. მოისრისა, ფილტრი ჩამოიხსნა და
დარიჩინის მსუყე სუნი ეცა.

– სადღაც ახლოს მელანჟის სუნელია, – უთხრა დედას.

პოლს ლოყებზე სიო ბუმბულივით მიელამუნა, ბურნუსის ნაკეცები შეურხია. მაგრამ ამ ქარს
გრიგალის მუქარა არ მოჰყოლია – პოლი განსხვავებას უკვე არჩევდა.

– მალე ინათებს, – თქვა მან.


ჯესიკამ თავი დაუქნია.

– შეიძლება იმ ღია ქვიშის უსაფრთხოდ გადავლა, – უთხრა პოლმა, – ფრემენები ხომ დადიან.

– მატლები?

– ფრემაბგაში ბაგუნა რომ გვიდევს, ამ კლდეებზე რომ დავამაგროთ, – თქვა პოლმა, – მატლს
ერთხანს თავისკენ მიიზიდავდა.

ჯესიკამ გახედა მთვარით განათებული უდაბნოს სივრცეს მათსა და შორეულ კლდეებს


შორის.

– იმდენ ხანს, ოთხი კილომეტრის გავლა რომ მოვასწროთ?

– შეიძლება. და თუ ისე ვივლით, მხოლოდ ბუნებრივი ხმები რომ გამოვცეთ – ისეთი, მატლებს
რომ არ მოუხმობს...

პოლი გაშლილ უდაბნოს აკვირდებოდა, თავის წინასწარმჭვრეტელ მეხსიერებაში


იჩხრიკებოდა, ისევ და ისევ უბრუნდებოდა გამოუცნობ მინიშნებებს ბაგუნასა და მოქმედის
კავებზე, რაც იმ სახელმძღვანელოში ამოიკითხა, ფრემაბგაში რომ იპოვა. უცნაური
ეჩვენებოდა, რომ ამ მატლებზე ფიქრისას მხოლოდ უსაშველო ძრწოლას გრძნობდა. არადა,
იცოდა, იქვე, მისი ცნობიერების ნაპირთან იდო აზრი, რომ მატლების მიმართ უნდა ეგრძნო
მოწიწება და არა შიში... თუ... თუ...

თავი გაიქნია.

– ესე იგი, არარიტმული ხმები უნდა იყოს, – თქვა ჯესიკამ.

– რა? აჰ, ჰო. ნაბიჯს თუ ავრევთ... დროდადრო ქვიშაც მოძრაობს ხოლმე. მატლები ყველა
გაფაჩუნებას ვერ გამოეკიდებიან. ოღონდ, მაგას სანამ ვცდიდეთ, კარგად უნდა დავისვენოთ.

პოლმა იმ შორეულ კლდეებს გახედა; მათ შვეულ, მთვარისგან დაფენილ ჩრდილებში დროის
დინებას მოჰკრა თვალი.

– ერთ საათში უკვე გათენდება.

– დღისით სად გავჩერდეთ? – ჰკითხა დედამ.

პოლი მარცხნივ მიბრუნდა და ხელი გაიშვირა.

– აი, იქ კლდე ჩრდილოეთისკენ უხვევს. ნახე, როგორაა გამოფიტული ქარისგან, ეტყობა, რომ
ქარის მხარეა. იქ ნამდვილად იქნება ქვაბულები, თანაც ღრმა.

– უკვე ხომ არ გავუდგეთ გზას? – ჰკითხა ჯესიკამ.

პოლი წამოდგა და დედა წამოაყენა.

– ისე თუ დაისვენე, რომ დაბლა ჩამოსვლა შეძლო? სანამ დავბანაკდებოდეთ, მინდა, რაც
შეიძლება, ახლოს მივიდეთ უდაბნოს ფსკერთან.

– საკმარისად დავისვენე, – უთხრა ჯესიკამ და თავის აქნევით ანიშნა, წინ წადიო.


პოლი შეყოყმანდა, მერე აბგა აიღო, მხრებზე მოიკიდა და კლდის გასწვრივ გაუყვა.

„ნეტავ, ტივტივები გვქონოდა“, იფიქრა ჯესიკამ. „რა იოლი იქნებოდა დაბლა ჩახტომა. მაგრამ,
იქნებ, ღია უდაბნოში არც ტივტივები არ უნდა გამოიყენო? იქნებ ისინიც, ფარების არ იყოს,
მატლებს იზიდავენ?“

ისინი დაბლა საფეხურებად ჩამავალ თაროებს მიადგნენ, მათ მიღმა კი შენიშნეს ნაპრალი,
რომლის კიდეც მთვარით მიფენილ ჩრდილს გამოეკვეთა და ის კლდეების პირამდე
ეშვებოდა.

პოლი პირველი დაიძრა, ფრთხილობდა, მაგრამ სწრაფად მიდიოდა, რადგან ხედავდა, რომ
მთვარის შუქი დიდხანს აღარ გასტანდა. ხვეული გზით ეშვებოდნენ სულ უფრო დაბლა,
უფრო და უფრო მუქი ჩრდილების სამფლობელოში. მათ გარშემო კლდეთა კონტურების
ლანდები ვარსკვლავებისკენ მიიწევდნენ. ნაპრალი დაახლოებით ათმეტრიან სიგანემდე
შევიწროვდა და მიადგა ბუნდოვან რუხი ქვიშის ფერდს, რომელიც სიბნელეში იკარგებოდა.

– შევძლებთ ჩასვლას? – დაიჩურჩულა ჯესიკამ.

– მგონი, კი.

პოლმა ფერდის ზედაპირი ცალი ფეხით მოსინჯა.

– შეგვიძლია, ჩავსრიალდეთ, – უთხრა დედას, – მე პირველი წავალ. დაიცადე, სანამ არ


გაიგონებ, რომ გავჩერდი.

– ფრთხილად, – უთხრა ჯესიკამ.

პოლმა ფერდზე გადააბიჯა, დაცურდა და მის რბილ ზედაპირს დატკეპნილი ქვიშის თითქმის
ბრტყელ ფსკერამდე სრიალით ჩაჰყვა. ეს ადგილი მაღალი კლდეების კედლებს შორის იყო
ჩამალული.

მის უკან დაცურებული ქვიშის ხმა გაისმა. პოლმა სცადა, სიბნელეში დაენახა, რა ხდებოდა
მაღლა, ფერდზე. ქვიშის ჩანჩქერი ბიჭს მიაწყდა და ლამის წააქცია, გასცდა მას და ჩაჩუმდა.

– დედა! – დაუძახა პოლმა.

პასუხი არ ისმოდა.

– დედა!

პოლმა ჩანთა დააგდო და ფერდობს ეცა; გაშმაგებული მიცოცავდა, ქვიშას თხრიდა, ფანტავდა.

– დედა! – ამოთქვა ქოშინით, – დედა, სად ხარ?

მას ქვიშის მორიგი ჩანჩქერი მიაწყდა და თეძომდე ჩამარხა. გაჭირვებით გაითავისუფლა თავი
და ამოძვრა.

„ქვიშის მეწყერში მოყვა“, გაიფიქრა პოლმა. „დაიმარხა. უნდა დავმშვიდდე და კარგად


დავფიქრდე. მაშინვე არ გაიგუდება. ბინდუ-შეყოვნების მდგომარეობაში გადავა, ჟანგბადის
მოხმარება რომ შეიმციროს. იცის, რომ ამოვთხრი“.
დედის ნასწავლები ბენე ბესერიტის წესით პოლმა გულის გამალებული ბრაგუნი დაიწყნარა
და გონება გაითავისუფლა, აქცია სუფთა დაფად, რომელზეც ბოლო რამდენიმე წუთი თავის
თავს თვითონ გამოწერდა. მის ხსოვნაში ხელახლა გამეორდა ქვიშის ფენების ყოველი
ცალკეული ცვლილება და გადაადგილება, და გამეორდა იმგვარი შინაგანი შენელებით, რაც
სრულიად არ ემთხვეოდა რეალური დროის წამებს, ამ გახსენებას რომ დასჭირდა.

ამის მერე პოლმა ირიბად გადაჭრა ფერდი, ფრთხილად სინჯავდა გზას, სანამ არ იპოვა
ნაპრალის კედელი, და მასზე ამოკუზული კლდე. აქ დაიწყო თხრა, ფრთხილად ყრიდა ქვიშას,
რომ ახალი მეწყერი არ გამოეწვია. ხელში ქსოვილის ნაკუწი მოხვდა. მიჰყვა და მკლავი იპოვა.
ფრთხილად გაუყვა მკლავს და დედას სახე გამოუჩინა.

– გესმის ჩემი ხმა? – დაიჩურჩულა.

პასუხი არ იყო.

პოლმა უფრო სწრაფად გათხარა, მხრები გაუთავისუფლა. ხელში მოღვენთილ სხეულს


გრძნობდა, მაგრამ ნელი გულისცემა გაარჩია.

ბინდუ-შეყოვნებაო, უთხრა საკუთარ თავს.

მან ჯესიკა წელამდე გამოათავისუფლა ქვიშიდან, მისი მკლავები მხრებზე გადაიწყო და


დაბლა, ფერდობისკენ დაქაჩა – ჯერ ნელა, მერე, რაც შეეძლო, სწრაფად გაათრია, რაკი იგრძნო,
რომ მათ ზემოთ ქვიშა დაიძრა. უფრო, უფრო სწრაფად მიათრევდა, ძალდატანებისგან
ქოშინებდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცდილობდა, წონასწორობა არ დაეკარგა. მერე
ნაპრალის დატკეპნილ ფსკერამდე ჩააღწია, აქ დედა მხარზე მოიგდო და ბარბაცით გაიქცა, მის
უკან კი მთელი ფერდობი ჩამოზვავდა ხმამაღალი სტვენით. კლდის კედლებში ეს ხმა ძლიერ
ექოდ დაირხა.

პოლი ნაპრალის პირთან შეჩერდა; აქედან ოცდაათიოდე მეტრის იქით უკვე უდაბნოს
დიუნები მისწყობოდა ერთმანეთს. ფრთხილად დააწვინა დედა ქვიშაზე და საღათას
ძილიდან გამოსაფხიზლებელი სიტყვა უთხრა.

ჯესიკა ნელ-ნელა მოვიდა გონს; სულ უფრო ღრმად დაიწყო სუნთქვა.

– ვიცოდი, რომ მიპოვიდი, – დაიჩურჩულა.

პოლმა ნაპრალს აღმა ახედა.

– იქნებ, შენთვის უკეთესი ყოფილიყო , რომ არ მეპოვე.

– პოლ!

– ჩანთა დავკარგე, – აცნობა პოლმა, – სულ ცოტა, ასობით ტონა ქვიშის ქვეშ ჩაიმარხა...

– ყველაფერი დაკარგე?

– წყლის მარაგი, სარწყული-კარავი – ყველაფერი, რაც კი ფასეულია. – ჯიბე მოისინჯა, –


პარაკომპასი დამრჩა, – მერე სარტყელის ჯიბეები გაქექა, – დანა და ბინოკლი. შეგვიძლია,
კარგად მოვათვალიეროთ ადგილი, სადაც უნდა დავიხოცოთ.
იმ წამს სადღაც მარცხნივ, ნაპრალის ბოლოს მიღმა, მზე ჰორიზონტს ამოსცდა. ღია უდაბნოს
ქვიშაზე ფერები აციმციმდა. კლდეებში შემალულმა ჩიტების გუნდებმა მრავალხმიანი
გალობა შეაგებეს.

მაგრამ ჯესიკა მხოლოდ პოლის სახეზე აღბეჭდილ სასოწარკვეთას ხედავდა. ხმა კიცხვით
გაიმკაცრა:

– განა ამას გასწავლიდნენ?

– არ გესმის? – ჰკითხა პოლმა, – ყველაფერი, რაც კი უდაბნოში გადასარჩენად გვჭირდება, იმ


ქვიშის ქვეშ მოექცა.

– მე ხომ მიპოვე, – უთხრა ჯესიკამ, ამჯერად მისი ხმა რბილად, შემაგონებლად ჟღერდა.

პოლი ჩაცუცქდა. ცოტა ხნის შემდეგ ნაპრალს ააყოლა თვალი და ახალ ფერდობს ახედა;
დააკვირდა, განსაზღვრა, რამდენად ფაშარი იყო ქვიშა.

– რომ შეგვეძლოს, უძრავი გაგვეხადა იმ ფერდობის პატარა ფართობი და ქვიშაში გათხრილი


ხვრელის ზედა მხარე, იქნებ ჩანთამდე შახტი ჩაგვეყვანა კიდეც. წყალი გამოდგებოდა, მაგრამ
ამდენი წყალი არ გვაქვს... – სიტყვა გაწყვიტა და უცებ წამოიძახა: – ქაფი!

ჯესიკა არც განძრეულა, რომ მისი გამალებით ამუშავებული გონება არ დაეფრთხო.

პოლმა გაშლილ დიუნებს გახედა, მზერის გარდა, ყნოსვითაც მოჩხრიკა, მიმართულება


განსაზღვრა და მერე ყურადღება მოშორებით ქვიშის გამუქებულ ლაქას მიაპყრო.

– სუნელი! – წარმოთქვა მან, – მას ძლიერი ტუტე რეაქცია აქვს. მე კი პარაკომპასი დამრჩა. მისი
ელემენტები მჟავაზე მუშაობს.

ჯესიკა გაიმართა და კლდეს მიეყრდნო.

პოლს დედისთვის ყურადღება არ მიუქცევია, წამოხტა და ქარით დატკეპნილ ზედაპირს


გაუყვა, რომელიც ნაპრალის პირიდან უდაბნოს სივრცეში გადიოდა.

ჯესიკა უცქერდა, როგორ მიდიოდა, წყვეტილი რიტმით: ნაბიჯი... შეყოვნება, ნაბიჯი, ნაბიჯი...
გაცურება... შეყოვნება...

მის სვლას არ ახლდა რიტმი, მშთანთქავ მატლს რომ აცნობებდა, აქ სადღაც უდაბნოსთვის
უცხო მოძრაობის ხმები ისმისო.

პოლმა მიაღწია სუნელიან ლაქას, მისი ნაწილი აკეცილ მოსასხამში ჩაიყარა და ნაპრალში
დაბრუნდა. მან სუნელი ჯესიკას წინ ქვიშაზე წამოყარა, დაცუცქდა და თავისი დანის
დახმარებით პარაკომპასის დაშლას მიჰყო ხელი. კომპასს ხუფი მოაძრო, სარტყელი მოიხსნა,
კომპასის ნაწილები მის ჯიბეში ჩაყარა, მკვებავი ელემენტების შეკვრა ამოაცალა. მერე
ციფერბლატის მექანიზმიც ამოიღო და ხელსაწყოში ცარიელი ჩაზნექილი ადგილი გაჩნდა.

– წყალი დაგჭირდება, – უთხრა ჯესიკამ.

პოლმა კისრიდან მილაკი მოიხსნა, წყალი მოწოვა და პირში ჩაიგუბა, მერე კომპასის ცარიელ
კორპუსში ჩაასხა.
თუ არ გამოუვა, ეს წყლის უსარგებლოდ ხარჯვააო, გაიფიქრა ჯესიკამ. მაგრამ, თუ არ
გამოუვიდოდა, ამას მნიშვნელობა აღარც ჰქონდა.

პოლმა დანით გახსნა ელემენტი და შიგნიდან კრისტალები წყალში ჩაყარა. მათ წყალი ოდნავ
ააქაფეს და დაილექნენ.

ჯესიკამ მათ თავზემოთ რაღაც მოძრაობა შენიშნა. აიხედა და დაინახა,რომ ნაპრალის პირზე
ძერები დამწკრივებულიყვნენ. ისხდნენ და თავღია წყალს ჩამოსცქეროდნენ.

„დიდო დედაო! წყალს ამსიშორეზეც კი გრძნობენ!“

პოლმა პარაკომპასს ისევ დაახურა ხუფი და სამართავი ღილაკი მოხსნილი დატოვა, რისგანაც
კორპუსში პატარა ნახვრეტი დარჩა. პოლმა ცალ ხელში ისევ შეკრული ხელსაწყო აიღო,
მეორეში – ერთი მუჭა სუნელი და ნაპრალს აუყვა, თან ფერდობის მდებარეობას
აკვირდებოდა. მოსასხამს სარტყელი რომ არ უჭერდა, ოდნავ ებერებოდა. ფერდობის რაღაც
ნაწილი აიარა, მისი ნაბიჯები ქვიშის რუებს, მტვრის ნაკადულებს აჩენდა.

ცოტა ხნის მერე შედგა, ერთი მწიკვი სუნელი პარაკომპასში ჩატენა და ხელსაწყოს კორპუსი
შეანჯღრია.

მოხსნილი ღილაკის ადგილას დარჩენილი ხვრელიდან მწვანე ქაფი ამოდუღდა. პოლმა ის


ფერდისკენ მიმართა, დაბალი ჯებირი ააგო და მის ქვეშ ფეხით ქვიშის გამოყრა იწყო,
ჩამოჭრილ ადგილს ისევ ქაფით ამაგრებდა.

ჯესიკა მივიდა, მის ქვემოთ დადგა და დაუძახა:

– რით დაგეხმარო?

– ამოდი და გათხარე, – მიუგო პოლმა, – დაახლოებით სამ მეტრზე უნდა ჩავიდეთ. წესით,
ახლოს უნდა იყოს, – სანამ ამას ამბობდა, ხელსაწყოდან ამომავალი ქაფი შეწყდა.

– ჩქარა, – უთხრა დედას, – არ ვიცი, რამდენ ხანს დაიჭერს ქვიშას ეს ქაფი.

ჯესიკა პოლის გვერდით აცოცდა; ბიჭმა ამასობაში სუნელის მეორე მწიკვი ჩაყარა ნახვრეტში
და პარაკომპასის კორპუსი შეანჯღრია. ისევ ამოდუღდა ქაფი.

პოლი ქაფის ბარიერს მიმართულებას აძლევდა, ჯესიკა ხელებით თხრიდა და ქვიშას დაღმა,
ფერდობზე ყრიდა.

– რამდენად ღრმად უნდა იყოს? – იკითხა ქოშინით.

– დაახლოებით სამი მეტრი, – მიუგო პოლმა, – ესეც, მხოლოდ მიახლოებით. შეიძლება, ამ


ხვრელის გაფართოება მოგვიხდეს, – მან ნაბიჯი გვერდზე გადგა, ფაშარ ქვიშაზე ფეხი
დაუცურდა, – ცოტა უკან დახარე, პირდაპირ ქვემოთ ნუ გათხრი.

ჯესიკამ დაუჯერა.

ხვრელი თანდათან გაღრმავდა, აუზის ფსკერის დონემდეც კი ჩააღწია, მაგრამ ჩანთა არსად
ჩანდა.
„ნუთუ, არასწორად გავთვალე?“ საკუთარ თავს დაეკითხა პოლი. „თავიდანვე პანიკაში
ჩავვარდი და ჩანთის დაკარგვაც ჩემი ბრალია. შეიძლება, ამას ჩემი უნარისთვის ზიანი
მიეყენებინა?“

მან პარაკომპასს დახედა. შიგ ორ უნციაზე ნაკლები მჟავა ხსნარი იყო დარჩენილი.

ჯესიკა თავის გათხრილ ორმოში გაიმართა და ქაფით დათხვრილი ხელი ლოყაზე მოისვა.
პოლმა და მან ერთმანეთს თვალებში ჩახედეს.

– ახლა ცოტა ზემოდან, – უთხრა პოლმა, – ფრთხილად, – კოლოფში კიდევ ჩაყარა ცოტა
სუნელი და ამოქაფული ჭავლი ჯესიკას ხელების გარშემო დაასხა, როცა მან ხვრელის
დაცერებულ გვერდში ვერტიკალურად დაიწყო ჩაღრმავება. მეორე მოსმაზე თითებით რაღაც
მაგარს წააწყდა. ნელ-ნელა გამოაძვრინა ღვედის ნაწილი და ზედ – პლასტიკატის აბზინდა.

– მეტი აღარ გამოთხარო, – უთხრა პოლმა ლამის ჩურჩულით, – ქაფი გაგვითავდა.

ჯესიკამ ღვედს ცალი ხელი მოავლო და შვილს ახედა.

პოლმა ცარიელი პარაკომპასი აუზის ფსკერზე დააგდო და დედას უთხრა:

– მეორე ხელი მომეცი. ახლა ყურადღებით მისმინე. განზე და დაღმა გაგქაჩავ. ღვედს ხელი არ
გაუშვა.

ზემოდან ახლა ძალიან ბევრი ქვიშა აღარ დაგვაცვივდება. ამ ფერდმა უკვე თავი შეიმაგრა.
მთავარია, თავი დაგრჩეს ქვიშის ზემოთ. ეს ორმო რომ ამოივსება, მერე ამოგთხრი და იმ
ჩანთასაც ამოვქაჩავთ.

– გავიგე, – უთხრა დედამ.

– მზად ხარ?

– მზად ვარ, – ჯესიკა ღვედს უფრო მაგრად ჩაეჭიდა.

ერთი მკვეთრი მოძრაობით პოლმა დედა ნახევრად ამოიტაცა ორმოდან და თავი ზედაპირზე
გაუჩერა. ამასობაში ქაფის შემაკავებელი ჩამოიშალა და ქვიშა დაიძრა. მოძრაობა რომ შეწყდა,
ჯესიკა წელამდე ჩაფლული აღმოჩნდა, მარცხენა ხელი და მხარი ისევ ქვიშაში ჰქონდა
ჩამალული, მის ნიკაპს პოლის მოსასხამის კალთა იცავდა. დაძაბულობისგან მხარი სტკიოდა.

– ღვედი ჯერაც მიჭირავს, – თქვა მან.

პოლმა ფრთხილად ჩაყო ხელი მის გვერდით ქვიშაში, მკლავს გაჰყვა და ღვედი მონახა.

– ერთად, – წარმოთქვა, – თანაბრად გამოვქაჩოთ, არ გაგვიწყდეს.

ჩანთას მაღლა რომ ეზიდებოდნენ, ზემოდან ისევ დაცურდა ქვიშა. ღვედი ზედაპირზე რომ
გამოჩნდა, პოლი გაჩერდა და დედა ქვიშიდან ამოსვა. მათ ერთად გაათრიეს ჩანთა დაღმა და
ამ ხაფანგიდან დაიხსნეს.

რამდენიმე წუთში ისინი ნაპრალის ფსკერზე იდგნენ და მათ შორის ჩამოკიდებული ჩანთა
აქეთ-იქიდან ეჭირათ.
პოლმა დედას შეხედა. სახეზე, მოსასხამზე ლაქებად ეცხო ქაფი. სადაც ქაფი შეახმა, იქ ქვიშაც
მიჰკვროდა. გეგონებოდა, მისთვის სველი, მწვანე ქვიშის გუნდები დაუშენიათო.

– რა მოთხვრილი ხარ, – უთხრა შვილმა.

– არც შენ ხარ მთლად ლამაზი, – მიუგო დედამ.

ორივეს სიცილი აუტყდა; მერე თანდათან დამშვიდდნენ.

– ეს არ უნდა მომსვლოდა, – თქვა პოლმა, – მოვდუნდი.

ჯესიკამ მხრები აიჩეჩა და იგრძნო, რომ მოსასხამიდან შემხმარი ქვიშა ჩამოუვარდა.

– მე კარავს გავშლი, – უთხრა შვილმა, – აჯობებს, ეგ მოსასხამი მოიხსნა და გაფერთხო, – ის


მიტრიალდა და ჩანთას წამოავლო ხელი.

ჯესიკამ თავი დაუქნია; უცებ ისეთი დაღლილობა მოეძალა, პასუხის გაცემაც უჭირდა.

– კლდეში პალოების ნახვრეტებია, – თქვა პოლმა, – აქ ვიღაცას ადრეც გაუშლია კარავი.

„რატომაც არა“, გაიფიქრა ჯესიკამ, თან მოსასხამს წმენდდა. „შესაფერისი ადგილია: კლდეების
კედელში ღრმად შედის და ოთხიოდე კილომეტრის მიღმა სხვა კლდეებს უყურებს – უდაბნოს
საკმაოდ აცილებულია, მატლები ვერ მისწვდებიან; თან საკმაოდ ახლოსაცაა – დიუნებზე
გასასვლელად შორს დაშვება არ დაგჭირდება“.

იგი მიბრუნდა და დაინახა, რომ პოლს კარავი უკვე გაეშალა. ეს ნაწიბურებიანი ნახევარსფერო
ნაპრალის კლდოვანი კედლისგან თითქმის არ გაირჩეოდა. პოლი დედას გვერდით დაუდგა
და ბინოკლი ასწია; სწრაფი მოტრიალებით დაარეგულირა ხელსაწყოს შინაგანი წნევა, ზეთის
ლინზების ფოკუსი გაასწორა და წინ აღმართული კლდეებისკენ მიმართა, რომლებიც დილის
შუქში გაღვრილ, ოქროვან ქარაფებად აზიდულიყვნენ ქვიშნარი სივრცის გადაღმა.

ჯესიკა უყურებდა, როგორ სწავლობდა მისი შვილი ამ აპოკალიფსურ ლანდშაფტს, მზერით


მიუყვებოდა ქვიშის მდინარეებსა და ხეობებს.

– იქით რაღაცები იზრდება, – უთხრა პოლმა.

ჯესიკამ კარვის გვერდით დადებულ ჩანთაში მეორე ბინოკლი იპოვა და პოლის გვერდით
დადგა.

– აი, იქ, – უთხრა შვილმა; ცალ ხელში ბინოკლი ეკავა, მეორით მიუთითებდა.

ჯესიკამ გაიხედა, საითაც შვილი მიანიშნებდა.

– საგუაროა. რა გალეულია.

– სადმე იმის ახლოს შეიძლება ხალხიც ვნახოთ, – თქვა პოლმა.

– შეიძლება, ყოფილი ბოტანიკური საცდელი სადგური იყოს, – გააფრთხილა დედამ.

– არა მგონია, უდაბნოს სამხრეთში კარგა შორს ვართ შესული, – მიუგო პოლმა. მან ბინოკლი
დაუშვა, ფილტრის ეკრანის ქვეშ სახე მოისრისა და გამშრალი, დახეთქილი ტუჩები მოისინჯა;
პირში მტვრის გემო, წყურვილის გემო იგრძნო. – აქაურობა ფრემენების სამყოფელს ჰგავს, –
უთხრა დედას.

– ნამდვილად ვიცით, რომ ფრემენები არაფერს დაგვიშავებენ? – ჰკითხა ჯესიკამ.

– კაინსი დაგვპირდა, დაგეხმარებიანო.

„მაგრამ ამ უდაბნოს ხალხს რაღაც თავზეხელაღებულობა მოსდგამს. დღეს ეს თავადაც


ვიგრძენი. თავზე ხელაღებულმა ხალხმა შეიძლება ჩვენი წყლის გამოც დაგვხოცოს“, გაიფიქრა
ქალმა.

მან თვალები დახუჭა და ამ ხრიოკი უდაბურების საპირისპიროდ გონებაში კალადანის


სურათი გაიცოცხლა. ერთხელ მან და ჰერცოგმა ლეტომ გასეირნება გადაწყვიტეს და
კალადანზე იმოგზაურეს. ეს იყო ჯერ კიდევ პოლის დაბადებამდე. სამხრეთის ჯუნგლებს
გადაუფრინეს, ატეხილ ლელიანებს და მდინარეების შესართავებთან მიწყობილ ბრინჯის
ნათესებს. ამ სიმწვანეში ჭიანჭველების ბილიკებსაც მოჰკრეს თვალი – ოღონდ მათზე
ადამიანები გამწკრივებულიყვნენ და სამხრე ჭოკებზე დაკიდებულ, ტივტივებით
ამსუბუქებულ ტვირთს ეზიდებოდნენ. ზღვის სივრცეზე კი თეთრი ვარდის ფურცლებივით
მიმოფანტულიყო ტრიმარანი დაუები.

ეს ყველაფერი გაქრა.

ჯესიკამ თვალები გაახილა და უდაბნოს გარინდებაში, დღის მოძალებულ სიცხეში


დაბრუნდა. მოუსვენარი სიცხის ეშმაკები გაშლილ ქვიშაზე ჰაერს აცახცახებდნენ.
მოპირდაპირე კლდე თითქოს იაფფასიან დაბრეცილ მინაში მოჩანდა.

ნაპრალის ღია პირს ზემოდან ქვიშა ჩამოეყარა და მკრთალ ფარდად ჩამოეფარა. ეს ქვიშა
ჩამოშალა დილის ნიავის შემობერვამ, ძერებმა, რომლებმაც კლდის პირიდან აფრენა იწყეს.
ქვიშის ნაკადი მიწყდა, მაგრამ ჯესიკას მაინც ესმოდა მისი სისინი. ხმა ძლიერდებოდა – ხმა,
რომელსაც, ერთხელ თუ გაიგონებდი, ვეღარასოდეს დაივიწყებდი.

– მატლი, – დაიჩურჩულა პოლმა.

მარჯვნიდან გამოჩნდა, იმ დაუდევარი დიდებულებით, უყურადღებოდ რომ ვერ


დატოვებდი. ქვიშის მორკალულმა ბორცვმა დიუნები მათი თვალსაწიერის არეში გადაჭრა.
ბორცვის წინა, აწეული ნაწილი დამრეც მოძრავ ფერდად ეშვებოდა მისი გადაადგილების
კვალობაზე და მტვრის კუდს მიიყოლებდა. მერე თვალთაგან დაიკარგა – მარცხნივ გავიდა.

ხმა მისუსტდა და მიწყდა.

– კოსმოსური ფრეგატები მინახავს, ამაზე პატარებია, – დაიჩურჩულა პოლმა.

ჯესიკამ თავი დაუქნია; ისევ უდაბნოს გასცქეროდა. იქ, სადაც მატლმა გაიარა, ის
თავზარდამცემი ღარი დარჩა. უსასრულო შორეთისკენ იყო გაწოლილი, უხმობდა მათ
ჰორიზონტისკენ, რომლის მიღმაც თავად იკარგებოდა.

– რომ დავისვენებთ, – უთხრა ჯესიკამ, – შენი გაკვეთილები უნდა განვაახლოთ.

პოლმა უცებ მოწოლილი ბრაზი დაიცხრო.


– დედა, არ გგონია, რომ შეგვიძლია, გავძლოთ...

– დღეს შენ პანიკამ შეგიპყრო, – უთხრა დედამ, – გონებას და ბინდუ-ნერვულ სისტემას


შეიძლება ჩემზე უკეთ ფლობდე, მაგრამ შენი სხეულის პრანა-მუსკულატურაზე ჯერ კიდევ
უამრავი რამ უნდა შეიტყო. სხეული ზოგჯერ რაღაც ქმედებას თავის ნებაზე სჩადის, პოლ, და
მე შემიძლია, ამის შესახებ გესაუბრო. შენი სხეულის ყოველი კუნთის, ყოველი ძარღვის
მართვა უნდა ისწავლო. გჭირდება, ხელახლა გაიარო ხელებზე კონცენტრირება. დავიწყებთ
თითების კუნთებით, ხელისგულის ძარღვებით და თითის წვერების მგრძნობელობით, –
ჯესიკა მიტრიალდა, – ახლა კი კარავში შემოდი.

პოლმა მარცხენა ხელის თითები მომუჭა და გაშალა, თან უყურებდა, როგორ მიძვრებოდა
დედამისი მრგვალ შესასვლელ სარქველში და იცოდა, ვერ გადაარწმუნებდა... რომ მის ნებას
უნდა დაჰყოლოდა.

რაც გამიკეთეს, ამაში მე თავადაც ვიყავი ჩართულიო, გაიფიქრა.

ხელებზე კონცენტრირება!

ხელზე დაიხედა. რა უძლური ჩანდა ისეთი არსების გვერდით, ის მატლი რომ იყო.

6* * *
ჩვენ მოვედით კალადანიდან – იქ ნამდვილი სამოთხეა ჩვენი სიცოცხლის ფორმისთვის.
კალადანზე არ გვჭირდებოდა, ჩვენი ხელით მოგვეწყო ფიზიკური სამოთხე, ან გონებით
წარმოგვედგინა იგი – მას რეალურად ვხედავდით ჩვენ გარშემო. და ამაში გადავიხადეთ ფასი,
რომელსაც კაცი მუდამ იხდის ამქვეყნიურ სამოთხეში ცხოვრებისთვის – ჩვენ მოვრბილდით,
ფხა დაგვიბლაგვდა.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: საუბრები“

– ესე იგი, ეს შენ ხარ დიდი გურნი ჰალეკი, – წარმოთქვა კაცმა.

ჰალეკი მრგვალ გამოქვაბულ-კაბინეტში იდგა და ლითონის მაგიდასთან მის პირდაპირ


მჯდარ კონტრაბანდისტს უყურებდა. ამ კაცს ფრემენული მოსასხამი ეცვა, მაგრამ თვალებში
არ ედგა მათსავით მუქი სილურჯე, რითაც მიხვდებოდი, რომ ის მხოლოდ არაკისული
საკვებით არ საზრდოობდა. კაბინეტი იმეორებდა კოსმოსური ფრეგატის მთავარი სამართავი
ცენტრის ინტერიერს – კედლის ოცდაათგრადუსიან რკალს კომუნიკაციები და ეკრანები
გასდევდა, მათ დისტანციური გადასატენი და სასროლი მოწყობილობის რიგები ერთვოდა,
მაგიდა კი კედლიდან გამოშვერილი ფილა იყო – რკალის დარჩენილი ნაწილი.

– მე სტაბან ტუეკი ვარ, ესმარ ტუეკის შვილი, – უთხრა კონტრაბანდისტმა.

– ესე იგი, შენ უნდა გითხრა მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც მივიღეთ, – გაეპასუხა
ჰალეკი.

– ააჰ, მადლიერება... დაჯექი.


ეკრანების გვერდით კედლიდან სახომალდო ტიპის ერთკაციანი სავარძელი გამოიწია,
ჰალეკმა ამოიოხრა და შიგ ჩაეფლო. დაღლილობას გრძნობდა. ის ახლა კონტრაბანდისტის
მახლობლად მუქ ზედაპირზე საკუთარ ანარეკლს ხედავდა. გურნიმ თავის მოუხეშავ სახეზე
დაქანცულობისგან გაჩენილი ღარები შენიშნა და შუბლი შეიკრა. ყბაზე გავლებული
მელნისვაზის მათრახის კვალი მის მიმიკას აჰყვა და დაიკლაკნა.

ჰალეკმა ანარეკლს თვალი მოაცილა და ტუეკს მიუბრუნდა. კონტრაბანდისტს ახლა შეამჩნია


მამასთან მსგავსება – მასავით მძიმე, წინ წამოწეული წარბები და ცხვირისა და ყვრიმალების
ქვაში ნაკვეთივით წახნაგები ჰქონდა.

– შენებმა მითხრეს, რომ მამაშენი მოკვდა, ჰარკონენებმა მოკლეს, – უთხრა ჰალეკმა.

– ჰარკონენებმა ან მოღალატემ თქვენ შორის, – მიუგო ტუეკმა.

ჰალეკის დაქანცულობას ბრაზმა ცოტათი სძლია. ის სავარძელში გაიმართა და ჰკითხა:

– შეგიძლიათ, თქვათ, ვინაა მოღალატე?

– დარწმუნებით არ ვიცით.

– თუფეა ჰავატს ეჭვი ლედი ჯესიკაზე ჰქონდა.

– აააჰ, ის ბენე გესერიტი ალქაჯი... შეიძლება. მაგრამ ჰავატი ახლა ჰარკონენების ტყვეა.

– გავიგე, – ჰალეკმა ღრმად ჩაისუნთქა, – ჩანს, წინ კიდევ გვარიანი ხოცვა-ჟლეტა გველის.

– ჩვენ ისეთს არაფერს ვიზამთ, რომ ყურადღება მივიპყროთ, – თქვა ტუეკმა.

ჰალეკი გაშეშდა.

– მაგრამ...

– შენ და იმ თქვენს ხალხს, შენთან ერთად რომ ვიხსენით, ჩვენთან თავშესაფარს გთავაზობთ, –
უთხრა ტუეკმა, – მადლიერებაზე ამბობდი – კეთილი და პატიოსანი, გადაგვიხადეთ ვალი.
კარგი მებრძოლები ყოველთვის გამოგვადგებიან. ოღონდ, ჰარკონენების წინააღმდეგ აშკარად
ერთი ნაბიჯიც რომ გადადგათ, ყველას ჩაგხოცავთ.

– მაგრამ იმათ ხომ მამაშენი მოკლეს!

– შეიძლება. და თუ ასეა, გეტყვი, რა პასუხი ჰქონდა მამაჩემს მათთვის, ვინც დაუფიქრებლად


მოქმედებდა: „ქვა მძიმეა და ქვიშაც, მაგრამ უგუნურის ბრაზი ორივეს გადაწონის“.

– ესე იგი, არაფერს მოიმოქმედებ? – აგდებით ჩაიფრუტუნა ჰალეკმა.

– მე ეს არ მითქვამს. მხოლოდ ის ვთქვი, რომ დავიცავ ჩვენს ხელშეკრულებას გილდიასთან.


გილდია მოითხოვს, რომ წინდახედული მოთამაშეები ვიყოთ. მტრის განადგურების ბევრი
ხერხი არსებობს.

– ააა.
– მართლაც რომ, ააა. თუ ალქაჯის მოძებნას აპირებ, ნება შენია. მაგრამ გაფრთხილებ, რომ
შეიძლება, უკვე დაგვიანდა... და, თანაც, გვეეჭვება, ეს ქალი ის იყოს, ვინც შენ გინდა.

– ჰავატს იშვიათად ეშლება.

– მან ჰარკონენების ხელში ჩაიგდო თავი.

– გგონიათ, ისაა მოღალატე?

ტუეკმა მხრები აიჩეჩა.

– რა მნიშვნელობა აქვსა... ჩვენ გვგონია, რომ ალქაჯი მკვდარია, ყოველ შემთხვევაში,


ჰარკონენებს ასე მიაჩნიათ.

– რაღაც ძალიან ბევრი იცით ჰარკონენებზე.

– მინიშნებები და ვარაუდები... ხმები და ეჭვები.

– ჩვენ სამოცდათოთხმეტნი ვართ, – თქვა ჰალეკმა, – თუ მართლა გინდათ, რომ თქვენ


შემოგიერთდეთ, დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ჰერცოგი მკვდარია.

– მისი სხეული ნახეს.

– და ბიჭიც – ახალგაზრდა ბატონი, პოლი? – ჰალეკმა სცადა, ნერწყვი გადაეყლაპა, ყელში კი


ბურთი დახვდა გაჩრილი.

– ბოლო ცნობის მიხედვით, ის დედამისთან ერთად უდაბნოს გრიგალში ჩაიკარგა. როგორც


ჩანს, მათ ძვლებსაც ვერასოდეს იპოვიან.

– მაშ, ალქაჯი მკვდარია... ყველა მკვდარია.

ტუეკმა თავი დაუქნია.

– და ამბობენ, აქ, დიუნზე, ხელისუფლად ისევ მხეც რაბანს დაგვისვამენო.

– გრაფი რაბანი, ლანკივეილი?

– დიახ.

ჰალეკს გარკვეული დრო დასჭირდა, რათა დაეოკებინა მრისხანება, წალეკვით რომ დაემუქრა.
მერე კი მძიმე სუნთქვას ამოაყოლა:

– მე რაბანთან ჩემი ანგარიშებიც მაქვს. ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე უნდა ვაზღვევინო... –
მან ყბაზე გაყოლებულ ნაიარევზე მოისვა ხელი, – და ეს...

– კაცმა ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაყაროს, მხოლოდ იმისთვის, რომ ანგარიშის გასწორებას
იჩქარებს, – უთხრა ტუეკმა. მოღუშული უყურებდა ჰალეკის ყბაზე ათამაშებულ კუნთებს
ქუთუთოებდაშვებულ თვალებზე უეცრად დაეტყო, რომ ჰალეკმა უკან დაიხია.

– ვიცი... ვიცი, – გურნიმ ღრმად ჩაისუნთქა.


– შენ და შენიანებს შეგიძლიათ, არაკისიდან გამგზავრების საფასური ჩვენთან სამსახურით
გამოიმუშაოთ. ბევრგანაა საჭირო...

– მე ჩემს ჯარისკაცებს ვათავისუფლებ ყოველგვარი ვალდებულებისგან, რაც ჩემ წინაშე აქვთ.


თავიანთი ბედი თავადვე გადაწყვიტონ. რაკი რაბანი აქაა – მე ვრჩები.

– ასეთი განწყობით, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ გვენდომება, დარჩე.

ჰალეკი კონტრაბანდისტს მიაჩერდა.

– ჩემი პირობა გეეჭვება?

– ა-რა-ა...

– შენ მე ჰარკონენებისგან გადამარჩინე. ჰერცოგ ლეტოსთვის ერთგულება სხვა მიზეზით კი არ


აღმითქვამს. მე არაკისზე დავრჩები – შენთან... ან ფრემენებთან.

– იმის მიუხედავად, ფიქრს ხმამაღლა გამოთქვამ თუ არა, ის მაინც არსებობს და ძალა აქვს, –
უთხრა ტუეკმა, – შეიძლება აღმოაჩინო, რომ ფრემენებთან სიცოცხლესა და სიკვდილს შორის
გავლებული საზღვარი ძალიან ბასრი და სწრაფად ცვალებადია.

ჰალეკმა წუთით თვალები დახუჭა, იგრძნო, როგორ მოეძალა დაქანცულობა.

– „სადა არს უფალი, რომელი გვიძღოდა ჩვენ უდაბნოსა, ქუეყანასა უცხოსა და უგზოსა,
აჩრდილსა სიკუდილისასა?“ – ჩაიბუტბუტა მან.

– აუჩქარებლად იარე და შენი შურისძიების დღე დადგება, – უთხრა ტუეკმა, – სისწრაფე


შაითანის მანქანებაა. დაიცხრე შენი ვარამი – გულის გადასაყოლებლები კი გვაქვს; სამი რამაა,
რაც კაცს გაართობს: წყალი, მწვანე ბალახი და ქალის მშვენება.

ჰალეკმა თვალები გაახილა.

– მაგეებს მაინც ჩემს ფეხებზე გადასხმული რაბან ჰარკონენის სისხლი მირჩევნია, – მან ტუეკს
თვალებში შეხედა, – ფიქრობ, ეგ დღეც მოვა?

– მე ბევრი არ მომეკითხება, როგორ შეხვდები ხვალინდელ დღეს, გურნი ჰალეკ. მხოლოდ ის


შემიძლია, დღევანდელ დღესთან შეხვედრაში დაგეხმარო.

– მაშინ მივიღებ მაგ დახმარებას და დავრჩები იმ დღემდე, როცა მეტყვი, შური ვიძიო
მამაშენსა და ყველა სხვაზე, ვინც...

– მისმინე, მებრძოლო კაცო, – უთხრა ტუეკმა. ის მაგიდაზე გადმოიხარა, მხრები ყურების


სიმაღლეზე ეჭირა, დაჟინებით უყურებდა. კონტრაბანდისტის სახე უცებ მზისგან და ქარისგან
დაშაშრულ ქვას დაემსგავსა, – მამაჩემის წყალი – მაგას მე თავად გამოვისყიდი, ჩემი საკუთარი
იარაღით.

ჰალეკმა მზერა გაუსწორა. იმწუთას კონტრაბანდისტმა ჰერცოგი ლეტი მოაგონა: მებრძოლთა


ლიდერი, უშიშარი, თავის ადგილსა და თავის მიზანში დარწმუნებული. ის ჰერცოგს ჰგავდა...
არაკისამდელს.

– გსურს, ჩემი მახვილი შენ გვერდით იყოს? – ჰკითხა ჰალეკმა.


ტუეკი საზურგეს მიეყრდნო, მოეშვა და უსიტყვოდ დააკვირდა ჰალეკს.

– ფიქრობ თუ არა, რომ მე მებრძოლი კაცი ვარ? – არ მოეშვა ჰალეკი.

– ჰერცოგის ლეიტენანტებიდან თავი მხოლოდ შენ დააღწიე, – უთხრა ტუეკმა, – მტერი


რიცხვით გჭარბობდა, მაგრამ დაუსხლტი... ისე დაამარცხე, როგორც ჩვენ ვამარცხებთ არაკისს.

– ჰა?

– ჩვენ აქ თმენაში ვცხოვრობთ, გურნი ჰალეკ, – უთხრა ტუეკმა, – ჩვენი მტერი არაკისია.

– ერთ ჯერზე ერთი მტერი, ამას ამბობ?

– ეგრეა.

– ფრემენები ამ წესით ცხოვრობენ?

– შეიძლება.

– შენ თქვი, რომ ფრემენებთან ცხოვრება შეიძლება ძალიან ძნელი მეჩვენოს. ეს იმიტომ, რომ
უდაბნოში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ?

– ვინ იცის, სად ცხოვრობენ ფრემენები? ჩვენთვის ცენტრალური პლატო არავისი მიწა არ არის.
მაგრამ მე მინდა, კიდევ დაგელაპარაკო...

– მსმენია, რომ გილდიის სუნელის ლიხტერები იშვიათად ფრენენ უდაბნოს თავზე, – თქვა
ჰალეკმა, – მაგრამ დადის ხმები, რომ ზოგან სიმწვანესაც კი მოჰკრავ თვალს, თუ იცი, საით
უნდა გაიხედო.

– ჭორები! – აგდებით გაიმეორა ტუეკმა, – ახლა შენ ფიქრობ: მე თუ ფრემენები? ჩვენ, ასე თუ
ისე, დაცულნი ვართ, გვაქვს კლდეში ნაკვეთი საკუთარი სიეტჩები, ჩვენი კუთვნილი ფარული
აუზები. ცივილიზებული ხალხივით ვცხოვრობთ. ფრემენები ჩამოფლეთილ მაწანწალათა
ბანდები არიან, რომლებსაც ჩვენ სუნელის მაძიებლებად ვიყენებთ.

– მაგრამ მათ ჰარკონენების ხოცვა იციან.

– და გინდა იცოდე, მაგას რა მოსდევს? ახლაც კი, ამწუთას, მათზე ცხოველებივით ნადირობენ
– ლაზთოფებით, იმიტომ, რომ მათ ფარები არა აქვთ. ახლა მათ ჟლეტენ. რატომ? იმიტომ, რომ
ჰარკონენების ხალხს ხოცავდნენ.

– ჰარკონენების ხალხს ხოცავდნენ? – ჰკითხა ჰალეკმა.

– რას გულისხმობ?

– არ გაგიგია, რომ შეიძლება, ჰარკონენებს სარდაუკარები ეხმარებოდნენ?

– ეგეც კიდევ ჭორები.

– მაგრამ დარბევა – ეგ ჰარკონენების ქცევას არ ჰგავს. მოსახლეობის ჟლეტა უაზრო


მფლანგველობაა.
– მე მჯერა იმის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ, – უთხრა ტუეკმა, – აირჩიე, მებრძოლო. ან
მე, ან ფრემენები. მე გპირდები თავშესაფარს და შანსს, დავღვაროთ სისხლი, რომელიც ორივეს
გვწყურია. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. ფრემენები მხოლოდ დევნილის ცხოვრებას თუ
შემოგთავაზებენ.

ჰალეკი შეყოყმანდა, ტუეკის სიტყვებში სიბრძნე და თანაგრძნობა ჟღერდა, მაგრამ რაღაც


აფორიაქებდა, რა – ვერ გაეგო.

– საკუთარ უნარს ენდე, – ურჩია ტუეკმა, – ვისი გადაწყვეტილებების წყალობით გამოაღწიეთ


ბრძოლას ცოცხლებმა? შენი. გადაწყვიტე.

– უნდა გადავწყვიტო, – მიუგო ჰალეკმა, – ჰერცოგი და მისი შვილი დაიხოცნენ?

– ჰარკონენები ამაში დარწმუნებულები არიან. აქ მეც კი იქით ვიხრები, რომ ვენდო


ჰარკონენებს, – ტუეკმა პირქუშად გაიღიმა, – მაგრამ სხვა ვერაფერში ჩემს ნდობას ვერ
ეღირსებიან.

– მაშ, უნდა გადავწყვიტო, – გაიმეორა ჰალეკმა. მარჯვენა გაუწოდა, ხელისგული


ამობრუნებული ჰქონდა, ცერი – ბრტყლად მიკრული გვერდზე. ეს ტრადიციული ჟესტი იყო. –
ჩემს ხმალს შენ გიძღვნი.

– მიღებულია.

– გსურს, რომ ჩემი მებრძოლებიც დავიყოლიო?

– ნებას მისცემ, თავად გადაწყვიტონ?

– აქამდე ისინი მე მომყვებოდნენ, მაგრამ მათგან უმრავლესობა კალადანელია. არაკისი ის არ


აღმოჩნდა, რასაც მოელოდნენ. აქ ჩამოვიდნენ და ყველაფერი დაკარგეს, სიცოცხლის გარდა.
მირჩევნია, ახლა თავად გადაწყვიტონ.

– ახლა ჭოჭმანის დრო არ არის, – უთხრა ტუეკმა, – აქამდე ხომ მოგყვნენ?

– ესე იგი, გჭირდება ისინი?

– გამოცდილი მებრძოლი ყოველთვის საჭიროა... მით უმეტეს, ასეთ დროში.

– ჩემი ხმალი უკვე მიიღე. გინდა, რომ ისინი დავიყოლიო?

– მე მგონია, ისინი შენ გამოგყვებიან, გურნი ჰალეკ.

– იმედი ვიქონიოთ.

– ნამდვილად.

– მაშ, შემიძლია, ეს მე გადავწყვიტო?

– გადაწყვიტე.

ჰალეკი სავარძლიდან წამოდგა, იგრძნო, რომ ახლა ესეც კი ძალიან გაუჭირდა.


– ჯერჯერობით მათ დაბინავებაზე და კარგად ყოფნაზე ვიზრუნებ, – უთხრა
კონტრაბანდისტს.

– ჩემს ინტენდანტს მიმართე. დრისქი ჰქვია. უთხარი, რომ მე ვავალებ, ყველაფრით


უზრუნველგყონ. მოგვიანებით მეც გნახავთ. ოღონდ ჯერ სუნელის ტვირთი მაქვს გასაგზავნი.

– იღბალი ყველგან გაგიტანს, – თქვა ჰალეკმა.

– ყველგან, – გაეპასუხა ტუეკი, – არეულობების ჟამს ჩვენი საქმიანობისთვის იშვიათი


შესაძლებლობები მოაქვს.

ჰალეკმა თავი დაუქნია. სუსტი შრიალი ჩაესმა, ჰაერის რხევა იგრძნო და დაინახა, რომ
გვერდით ლუკი გადმოიხსნა. ის მიბრუნდა და ლუკის გავლით კაბინეტი დატოვა.

გურნი აღმოჩნდა საერთო დარბაზში, რომელშიც მანამდე ის და მისი ხალხი ტუეკის


თანაშემწეებმა გამოატარეს. ეს გრძელი და ვიწრო სივრცე ბუნებრივ კლდეში იყო
გამოკვეთილი, გლუვ კედლებზე ეტყობოდა, რომ გამოთხრისას სხივმჭრელი სანათურები
გამოეყენებინათ. ჭერი საკმაოდ მაღალი იყო საიმისოდ, რომ კლდის ბუნებრივი საყრდენი
მრუდი გაგრძელებულიყო და შიგნით ჰაერს ემოძრავა. კედლებს იარაღის სადგამები და
კარადები მიუყვებოდა.

ჰალეკს სიამაყის გრძნობამ გაჰკრა, როცა დაინახა, რომ მის მებრძოლთაგან ისინი, ვისაც დგომა
შეეძლო, ჯერაც ფეხზე იყვნენ – დაღლის, დამარცხების მიუხედავად, არ დუნდებოდნენ. მათ
შორის კონტრაბანდისტთა ექიმები დადიოდნენ და დაჭრილებს უვლიდნენ. იქით, მარცხნივ,
საკაცე-საწოლები მოეწყოთ და ყოველ დაჭრილს გვერდით თავისიანი ამხანაგი ეჯდა.

ჰალეკმა შენიშნა, რომ მათ სისხლსა და ხორცში გასჯდომოდათ ატრეიდესული წვრთნა –


„ჩვენიანებზე ვზრუნავთ!“

ერთი ლეიტენანტი მისკენ წამოვიდა, თან ბუდიდან ამოღებული ცხრასიმიანი ბალისეტი


მოჰქონდა. მან მხედრული მისალმების შემდეგ უთხრა:

– სერ, ექიმებს მატაის გადარჩენის იმედი არა აქვთ. აქ ძვლის და ორგანოების ბანკი არ არის,
მხოლოდ საველე წამლები აქვთ. ამბობენ, მატაი დიდხანს ვერ გაატანსო, მას კი თქვენთან
თხოვნა აქვს.

– რა თხოვნა?

ლეიტენანტმა ბალისეტი გაუწოდა.

– მატაის უნდა, უმღეროთ, რომ წასვლა შეუმსუბუქდეს, სერ. ამბობს, რომ გეცოდინებათ,
რომელი... ადრეც ხშირად გთხოვდათ ხოლმე ეს გემღერათ, – ლეიტენანტმა ნერწყვი
გადაყლაპა, – „ჩემი ქალი“ რომ ჰქვია, სერ. თუ თქვენ...

– ვიცი, – ჰალეკმა ბალისეტი ჩამოართვა და გრიფზე დატანებული სამაგრიდან ბევრთითა


გამოაძრო. საკრავს წყნარი ბგერა მოსწყვიტა და ნახა, რომ ვიღაცას უკვე აეწყო. თვალები
მომდგარი ცრემლისგან ეწვოდა, მაგრამ, წინ რომ დაიძრა, თავი ხელში აიყვანა, სიმები
ააჟღრიალა და თავს დააძალა, უზრუნველად გაეღიმა.
ერთ-ერთი საკაცისკენ მისი რამდენიმე ჯარისკაცი და კონტრაბანდისტების ექიმი
დახრილიყვნენ. ჰალეკის მიახლოებისას ერთმა წყნარად წამოიწყო სიმღერა; კარგად ნაცნობი
ჰანგის რიტმი იოლად დაიჭირა:

ჩემი ქალი დგას თავის სარკმელთან:


ნაზ მრუდებად ჩანს ოთხკუთხ მინაზე.
აიწვდის მკლავებს... ისევ დაუშვებს,
ოქროს დაისის სხივი აშუქებს...
მომიახლოვდი...
სატრფოს მკლავების თბილო სინაზევ,
ჩემკენ, გეძახი...
სატრფოს მკლავების თბილო სინაზევ...

მომღერალი გაჩუმდა, შებანდული ხელი გაიწოდა და საკაცეზე მწოლი კაცს თვალები


დაუხუჭა.

ჰალეკმა ბოლო წყნარი აკორდი მოსწყვიტა სიმებს და გაიფიქრა: „ახლა სამოცდაცამეტნი


ვართ“.

7* * *
სამეფო ოჯახის ცხოვრების ნირი ბევრი ადამიანისთვის ძნელი გასაგებია, მაგრამ ვეცდები,
მოკლედ მაინც მიმოვიხილო იგი. ჩემი აზრით, მამაჩემს მხოლოდ ერთი ნამდვილი მეგობარი
ჰყავდა. ეს გახლდათ გრაფი ჰასიმირ ფენრინგი, გენეტიკური საჭურისი და იმპერიის ერთ-
ერთი უსასტიკესი მებრძოლი. გრაფმა, ამ ცქვიტმა და უშნო, ჩია კაცმა, ერთ დღეს მამაჩემს
ახალი მონა-ხარჭა მოუყვანა. მე დედაჩემმა გამგზავნა, რათა მეთვალთვალა, რა ხდებოდა.
მამაჩემს ყველანი ვუთვალთვალებდით, საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
რასაკვირველია, მონა-ხარჭა, რომლის ყოლის უფლებაც მამაჩემს ბენე გესერიტებსა და
გილდიას შორის დადებული ხელშეკრულებით ეძლეოდა, მეფეს მემკვიდრეს ვერ გაუჩენდა,
მაგრამ ინტრიგები მაინც არა და არ წყდებოდა და ეს ერთფეროვნება უკვე დამთრგუნველიც
კი იყო. დედაჩემი, ჩემი დები და მე უკვედავოსტატდით მკვლელობის დახვეწილი
ხერხებიდან თავის დაძვრენაში. შეიძლება, საშინელებად გეჩვენოთ ის, რასაც ახლა ვიტყვი,
მაგრამ სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მამაჩემის ხელი ამ მცდელობებში არ ერია. სამეფო
ოჯახი სხვა ოჯახებს არ ჰგავს. და აი, მოუყვანეს ახალი მონა-ხარჭა. გოგონა მამაჩემივით
ჟღალთმიანი იყო, მოქნილი და ტანკენარი. მოცეკვავის აღნაგობა ჰქონდა და ცხადად ჩანდა,
რომ მისი წვრთნა ნეიროცდუნების უნარის ფლობასაც გულისხმობდა. მამაჩემი დიდხანს
უცქერდა ქალს, შიშველი რომ ედგა წინ. ბოლოს კი თქვა: „მეტისმეტად ლამაზია. საჩუქრად
შევინახავთ“. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ თავშეკავებამ რა თავზარი დასცა ყველას სამეფო
ოჯახში. გამჭრიახობა და თვითკონტროლი ხომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე დიდი
ხიფათი იყო.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მამაჩემის სახლში“


შუადღე კარგახნის გადასული იყო. ნაპრალში, სადაც დილით კარავი დასცეს, ღრმა
ჩრდილები იწვა. პოლი სარწყული-კარვის გვერდით იდგა, გაშლილი ქვიშის გადაღმა
ამართულ კლდეს გასცქეროდა და ფიქრობდა, დედა უკვე ხომ არ გავაღვიძოო.

მათი თავშესაფრის პირიდან ერთმანეთზე მიკეცილი დიუნების წყება იშლებოდა. ჩამავალი


მზის საპირისპიროდ ქვიშაზე იმდენად შავი ჩრდილები გაწოლილიყო, იტყოდი, დიუნებს
შორის ღამის ნატეხები ჩაყრილაო.

და ეს ერთფეროვნება.

პოლის გონება ამ სანახებში რამე გამორჩეულს დაეძებდა. მაგრამ სიცხით გაბრუებულ ჰაერში
და ერთგვაროვან ჰორიზონტზე მზერას ვერაფერზე შეასვენებდი: არც მკვეთრი ფერი, არც
ნელა შერხეული

ღერი, ნიავის ქროლის მაუწყებელი... მოჩანდა მხოლოდ დიუნები და ის შორი კლდე


გაპრიალებული ვერცხლისფერი ცის ქვეშ.

„თუ იქამდე მივალთ და მიტოვებული საცდელი სადგური არ დაგვხვდება?“ ჰკითხა პოლმა


საკუთარ თავს.„თუ არც ფრემენები დაგვხვდებიან და ის მცენარეები შემთხვევით არის იქ
ამოსული?“

კარავში მწოლ ჯესიკას გაეღვიძა, გადაბრუნდა და კარვის გამჭვირვალე კალთიდან


გვერდულად გახედა პოლს. ბიჭს კარვისკენ ზურგი ჰქონდა მოქცეული და რაღაცამ მის
დგომაში ჯესიკას მამამისი მოაგონა. იგრძნო, როგორ მოიცვა მწუხარებამ, და თავი მიაბრუნა.

ცოტა ხანში ქალმა სარწყული მოირგო, კარვის ჯიბაკიდან წყალი მოსვა და გარეთ გაძვრა, რომ
გამართულიყო და კუნთები გამოეფხიზლებინა.

პოლი არ მობრუნებულა, ისე თქვა:

– ვატყობ, რომ აქაური სიწყნარე მომწონს.

გონება როგორ ეგუება გარემოსო, გაიფიქრა ჯესიკამ და გაახსენდა ბენე გესერიტის აქსიომა:
„სტრესისგან გონება შეიძლება გადაქანდეს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური
მიმართულებით: ჩართვისკენ ან გამორთვისკენ. წარმოიდგინეთ ეს სპექტრად, რომლის
საპირისპირო უკიდურესი ბოლოებია გონების დაკარგვა ნეგატიურ მხარეს და
ჰიპერგაცნობიერება პოზიტიურ მხარეს. იმაზე, თუ საით გადაიხრება გონება სტრესის
ზემოქმედებით, დიდ გავლენას ახდენს წვრთნა“.

– აქ შეიძლებოდა, კარგად ეცხოვრა კაცს, – თქვა პოლმა.

ჯესიკამ სცადა, უდაბნოსთვის მისი თვალით შეეხედა, მოინდომა, გაეთავისებინა ყველა ის


გასაჭირი, რაც ამ პლანეტას ჩვეულებრივ ყოფად მიაჩნდა, და გაიფიქრა: „ნეტავ, რა შესაძლო
მერმისებს ხედავს პოლი? „შეგიძლია, აქ მარტო იყო; არ გეშინოდეს, რომ ვიღაც გიდგას ზურგს
უკან, არ გქონდეს მონადირის შიში“.

პოლს ჩაუარა, თავისი ბინოკლი აიღო, ზეთის ლინზები გაასწორა და ქვიშის იქით ამართულ
ქარაფებს დააკვირდა. ჰო, საგუარო იზრდებოდა ნაღვარევში, კიდევ რაღაც ეკალბარდი... და
ჩრდილებში ყვითელ-მწვანედ მოჩანდა დაბალი ბალახის ფარდაგი.
– კარავს ავკეცავ, – თქვა პოლმა.

ჯესიკამ თავი დაუქნია, მივიდა ნაპრალის პირთან, საიდანაც შეეძლო, მთელი უდაბნოსთვის
მოევლო

თვალი, და ბინოკლი მარცხნივ მიაბრუნა. იქ თეთრად შემოეფეთა მარილიანი ტაფობი, კიდე


ჭუჭყიანი მრეშ-ყვითელი ზოლით რომ ჰქონდა მოხაზული – თეთრი მინდორი აქ, ამ
ადგილებში, სადაც თეთრი ფერი სიკვდილს ნიშნავდა. მაგრამ ტაფობმა სხვა რამ აუწყა: წყალი.
ამ თვალისმომჭრელ თეთრზე ოდესღაც წყალი მიედინებოდა. ჯესიკამ ბინოკლი ჩამოუშვა,
ბურნუსი მოიხვია და წუთით პოლს მიაყურადა.

მზე უფრო გადაიხარა. მარილიან ტაფობზე ჩრდილები გაიწელა. დაისის ჰორიზონტს


ველური ფერები მოედო და ქვიშაზე ფრთხილად გადაფენილი ბინდი შეფაკლა.
ნახშირისფერი ჩრდილები გაიზარდა და უდაბნო ერთბაშად ჩამოვარდნილ კუნაპეტ ღამეში
დაიძირა.

ვარსკვლავები!

ჯესიკა ვარსკვლავებს ასცქეროდა, პოლის მოახლოება რომ იგრძნო. უდაბნოს ღამე ზეცისკენ
იყო აპყრობილი, თითქოს ვარსკვლავებისკენ მიიწევდა. დღის სიმძიმე მინელდა. სახეზე სიო
მიელამუნა, რომელიც მაშინვე ჩადგა.

– მალე პირველი მთვარე ამოვა, – უთხრა პოლმა, – ჩანთა შევკარი. ბაგუნა დავაყენე.

„შეიძლება, სამუდამოდ ჩავიკარგოთ ამ ჯოჯოხეთურ ადგილას“, გაიფიქრა ჯესიკამ. „და ამას


ვერასოდეს ვერავინ შეიტყობს“.

ღამის ქარმა ჰაერში ქვიშის ნაკადულები დაძრა, რომლებმაც ჯესიკას უხეშად გადაურბინეს
სახეზე და დარიჩინის სუნი მოიყოლეს – სურნელთა შხაპი წყვდიადში.

– ნახე, რა სუნია, – უთხრა პოლმა.

– ფილტრშიც კი ვგრძნობ, – გაეპასუხა ჯესიკა, – მთელი საგანძურია. მაგრამ მაგით წყალს


ვიყიდით? – მან აუზის მიღმა მიუთითა, – იქით შუქები საერთოდ არ ანთია.

– ფრემენები კიდევაც რომ იყვნენ, იმ კლდეების უკან, სიეტჩში იქნებოდნენ შეფარებული, –


მიუგო პოლმა.

მარჯვნივ ჰორიზონტს ვერცხლის ზოლი ამოსცდა – პირველი მთვარე. ჯერ ამოიწია, მერე
მთლიანად გამოჩნდა; დისკოზე მკაფიოდ ეტყობოდა ხელის ანაბეჭდი. ჯესიკა მისი შუქით
განათებულ თეთრ-ვერცხლისფერ ქვიშრობს დააკვირდა.

– ბაგუნა ბზარში„ რაც შეიძლება, ღრმად ჩავამაგრე, – უთხრა პოლმა, – სანთელს რომ ავანთებ,
მერე დაახლოებით ოცდაათი წუთი გვექნება.

– ოცდაათი წუთი?

– სანამ... იმის... მატლის... მოხმობას დაიწყებდეს.

– აჰა. მე მზად ვარ.


პოლი მოსცილდა და ჯესიკამ გაიგონა, როგორ აუყვა უკან მათ ნაპრალს .

„ღამე გვირაბია“, გაიფიქრა ქალმა, „ხვალ-ში გამავალი ხვრელი... „ხვალ“თუ საერთოდ


გაგვითენდა“. თავი გაიქნია. „ასე უიმედო ფიქრები რატომ მომეძალა? ჩემი წვრთნა ამას კი არ
მასწავლის!“

პოლი დაბრუნდა, ჩანთა აიღო, დაწინაურდა და პირველ დიუნთან ჩავიდა; აქ გაჩერდა და


ყური მიუგდო დედის მოახლოებულ ნაბიჯებს. ის ფეხაკრეფით მოდიოდა. პოლს სხვა ხმაც
ესმოდა, რომელიც თითო ცივ ნამცეცად დანაწევრებული წვეთავდა – უდაბნო მათ
ჩურჩულით უმარცვლავდა თავის უსაფრთხოების შიფრს.

– ურიტმოდ უნდა ვიაროთ, – უთხრა პოლმა და გონებაში გაიცოცხლა ხსოვნა, როგორ


მიდიოდნენ კაცები ქვიშაზე... ორივე ხსოვნა – წინასწარჭვრეტისაც და რეალურიც.

– მიყურე, როგორ ვშვრები, – უთხრა დედას, – ფრემენები ქვიშაზე ასე დადიან.

ბიჭი დიუნის ქარისკენ მიქცეულ ფერდზე გავიდა და მის მრუდს ფეხათრევით გაჰყვა.

ჯესიკა აკვირდებოდა, სანამ ის ათ ნაბიჯს გაივლიდა; მერე მიჰყვა, ცდილობდა, მიებაძა.


მიხვდა პრინციპს: მათი სვლა ქვიშის ბუნებრივი მოძრაობის ხმას უნდა ჰგავდეს... ქარის ხმას.
მაგრამ კუნთები არ იყვნენ თანახმა, ამ არაბუნებრივ, წყვეტილ მაგალითს მიჰყოლოდნენ:
ნაბიჯი... ათრევა... ათრევა... ნაბიჯი... ნაბიჯი... შეჩერება... ათრევა... ნაბიჯი...

მათ გარშემო დრო თითქოს გაიწელა. წინ ამართული კლდის ფრიალო თითქოს არც
ახლოვდებოდა. უკან მოტოვებული ისევ მაღლიდან უბღვერდა მათ.

– ბრაგ! ბრაგ! ბრაგ! ბრაგ!

უკანა კლდიდან გუგუნი მოისმა.

– ბაგუნაა, – დაიჩურჩულა პოლმა.

მისი ცემა გრძელდებოდა და გრძელდებოდა; იგრძნეს, როგორ უჭირდათ, ნაბიჯი მისი


რიტმისთვის არ აეწყოთ.

– ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... ბრაგ...

იმ ყრუ ცემით დანაწევრებულ, მთვარით განათებულ ფიალაში შევიდნენ. დაღმა, მერე ისევ
აღმა მიუყვებოდნენ იმ ფშვნად დიუნებს: ნაბიჯი... ათრევა... შეჩერება... ნაბიჯი... ხვინჭაზე,
ფეხქვეშ რომ უგორავდათ: ათრევა... შეჩერება... ნაბიჯი...

ერთი წამითაც არ მოდუნებიათ გამახვილებული სმენა, რომ ის სხვანაირი სისინი არ


გამორჩენოდათ.

ეს ხმა, როცა გაისმა, ისეთი ჩუმი იყო, რომ მათი ათრეული ნაბიჯის შრიალიც კი ფარავდა.
მაგრამ იმატა... უფრო, უფრო გაძლიერდა... დასავლეთიდან მოდიოდა.

– ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... – აგუგუნებდა ბაგუნა.

მოახლოებული სისინი მათ უკან მთელ ღამეს მოედო. მიმავლებმა თავები მიაბრუნეს და
დადევნებული მატლის ბორცვი დაინახეს.
– არ გაჩერდე, – დაუჩურჩულა პოლმა, – უკან არ მიიხედო.

უკან მოტოვებული კლდეების ჩრდილიდან მრისხანე ღრჭიალა ხმა გამოიჭრა. განმეორებული


მიჯახებით გამოწვეული ხმაური ზვავივით მოასკდა.

– იარე, – გაუმეორა პოლმა.

მან დაინახა, რომ მიაღწიეს მოუნიშნავ წერტილს, სადაც ორი კლდე – წინ მომლოდინე და უკან
მოტოვებული – მათგან თანაბრად იყო დაშორებული.

მათ უკან ისევ გრძელდებოდა კლდის ცემის, გავეშებული ლეწვის ხმები, ღამეს რომ
აზანზარებდა.

მიდიოდნენ, მიდიოდნენ, მიდიოდნენ... კუნთების ტკივილი მექანიკურ შეგრძნებად ექცათ,


რომელიც თითქოს სამუდამოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ პოლი ხედავდა, რომ მათ წინ
ამართული ქარაფები, თავისკენ რომ უხმობდა მათ, კიდევ უფრო ამაღლდა.

ჯესიკა მისივე შექმნილ კონცენტრაციის სიცარიელეში მიაბიჯებდა; იცოდა, რომ მხოლოდ


ნებისყოფის

ძალა აიძულებდა, ევლო. პირში სიმშრალის ტკივილს გრძნობდა, მაგრამ უკნიდან


მოდევნებული ხმები არ ანებებდა, შეჩერებულიყო და სარწყულის ჯიბაკებიდან წყალი
ამოესრუტა.

– ბრაგ... ბრაგ...

შორეული კლდიდან ახალი ძალით იფეთქა შლეგი მრისხანების ხრიალმა და ბაგუნას ხმა
გადაფარა.

სიჩუმე!

– უფრო სწრაფად! – დაიჩურჩულა პოლმა.

ჯესიკამ თავი დაუქნია, იცოდა, შვილი ამას ვერ დაინახავდა, მაგრამ საკუთარი თავისთვის
სჭირდებოდა დადასტურება, რომ აუცილებელი იყო, კიდევ მეტი მოეთხოვა კუნთებისთვის,
რომლებსაც უკვე ისედაც უკიდურესობამდე ძაბავდა და აიძულებდა, არაბუნებრივად
ემოძრავათ...

უსაფრთხოების კლდოვანი ფლატე უკვე ვარსკვლავებს ასწვდა და პოლმა მისი ძირიდან


გამოშლილი ბრტყელი ქვიშის ველიც დაინახა. პოლმა ზედ შეაბიჯა, დაქანცულმა წაიბარბაცა
და თავის შესამაგრებლად უნებურად განზე გადგა ფეხი.

გუგუნა ხმამ მის გარშემო ქვიშა შეარყია.

პოლმა გვერდულად წაიბორძიკა და უნებურად ორი მოკლე ნაბიჯი გადადგა.

– ბუუმ! ბუუმ!

– დაფდაფა ქვიშა! – ჩურჩულით გამოსცრა ჯესიკამ.


პოლმა წონასწორობა აღიდგინა; სწრაფად მოავლო თვალი გარშემო გაშლილ ქვიშას, კლდის
ფრიალოს, რომელიც მისგან, ასე, ორასი მეტრის მოშორებით იყო.

უკნიდან სისინი შემოესმა – ქარის ხმა, ჩქერის ხმა, იქ, სადაც წყლის ნასახიც არ იყო.

– გაიქეცი! – იკივლა ჯესიკამ, – პოლ, გაიქეცი!

და გაიქცნენ.

ტერფების ქვეშ დაფდაფა ქვიშა უგუგუნებდათ. მერე მას გასცდნენ და ხვინჭაზე აირბინეს.
უჩვეულო, წყვეტილი მოძრაობით ატკიებულ კუნთებს ცოტა ხნით სირბილი შვებად ეჩვენა –
ეს მოძრაობა მათთვის გასაგები იყო. მას რიტმი ახლდა. მაგრამ ქვიშასა და კენჭებში ფეხი
ეფლობოდათ, მოახლოებული მატლის სისინი მათ გარშემო ყველაფრის წამლეკავ ხმად
იზრდებოდა.

ჯესიკა წაბორძიკდა და მუხლებზე დაეცა. მის გონებას მხოლოდ დაქანცულობა, ის ხმა და


შიში ავსებდა.

პოლმა გაჭირვებით წამოაყენა.

ახლა ხელჩაკიდებულები გაიქცნენ.

წინ ქვიშიდან ამოჩრილი ბოძი გამოჩნდა. ჩაურბინეს; მერე მეორე დაინახეს.

ჯესიკას გონებამ ბოძები ვერ აღიქვა, სანამ მათ არ გასცდნენ.

კიდევ გამოჩნდა ბოძი – კლდის ბზარიდან ამოზრდილი, ქარით ამოჭმული ზედაპირით.

კიდევ.

კლდე!

ჯესიკამ ტერფებით შეიგრძნო იგი – უეცრად ქვის ზედაპირს დაჰკრა ფეხი და ქვიშამ აღარ
შეარბილა ნაბიჯი. მყარმა საყრდენმა ძალა შესძინა.

მათ წინ კლდეს ღრმა ბზარის ვერტიკალური ჩრდილი მიუყვებოდა. მისკენ გაცვივდნენ და
ვიწრო ნაპრალში შეიჭეჭყნენ.

მათ უკან მატლის სვლის ხმა შეწყდა.

ჯესიკა და პოლი მიბრუნდნენ და უდაბნოს დახედეს.

იქ, სადაც დიუნები იწყებოდა, კლდოვანი ნაპირის ძირიდან ალბათ ორმოცდაათიოდე


მეტრში, უდაბნოდან რუხ-ვერცხლისფერი მრუდი ამოიზიდა, მისგან ყოველ მხარეს ქვიშისა
და მტვრის მდინარეებმა იხუვლა. მერე უფრო მაღლა აიწია, ვეებერთელა მაძებარი პირი
დააფჩინა. პირის მრგვალი, შავი ხვრელის კიდეები მთვარის შუქზე ბზინავდა.

პირმა ვიწრო ნაპრალისკენ წაიწია, რომელშიც პოლი და ჯესიკა შეყუჟულიყვნენ. დარიჩინის


სუნი ნესტოებში ეძგერათ. კრისტალის კბილებზე მთვარის სხივმა იელვა.

გიგანტური პირი ხან წინ გადაქანდებოდა, ხან – უკან.


პოლმა სუნთქვა დაიწყნარა.

ჯესიკა ჩაცუცქდა და ისე უყურებდა.

ას ბენე გესერიტული წვრთნით შეძენილი თავდაჭერის სრული დაძაბვა დასჭირდა, რომ


პირველყოფილი ძრწოლა დაეთრგუნა, ჩაეხშო მოდგმის ხსოვნაში ჩაბეჭდილი შიში, რომელიც
მის გონებას წალეკვით ემუქრებოდა.

პოლი კი რაღაც აღტაცებისმაგვარს განიცდიდა. ცოტა ხნის წინ გარდასულ რომელიღაც წამს
მან დროის საზღვარი გადალახა და უფრო უცნობ ტერიტორიაზე გავიდა. წინ სიბნელეს
გრძნობდა, მისი შინაგანი თვალი ვერაფერს ხედავდა. თითქოს, ნაბიჯი რომ უნდა გადაედგა,
ჩავარდა ჭაში... ან ტალღის ჩაზნექილ არეში, საიდანაც მომავალი არ მოჩანდა. არემარე
სრულიად შეიცვალა.

პოლი დროის ჩაბნელების შეგრძნებამ კი არ შეაშინა, პირიქით, ამან მისი სხვა გრძნობების
ჰიპერაქსელერაცია გამოიწვია. იგრძნო, როგორ „იწერდა“ მის საძებნელად ქვიშიდან
ამოზიდული ქმნილების ყოველ თვისებას, გამოვლინებას, რომელთა მოხელთებაც
შესაძლებელი იყო. პირი ოთხმოც მეტრამდე დიამეტრისა ჰქონდა... მისი კიდეების
გაყოლებაზე კრისდანის მრუდე ფორმის კრისტალის კბილები უელვარებდა... თითქოს
საბერველიდან მოდენილი დარიჩინის სუნი, ოდნავ ალდეჰიდების... მჟავების...

მატლი მათ ზემოთ კლდეებს გაეხახუნა და მთვარის შუქი ჩამოაბნელა. ვიწრო სამალავში
კენჭებისა და ქვიშის ჩანჩქერი ჩაცვივდა.

პოლი დედამისს მიაწვა და ნაპრალში უფრო ღრმად შესვა.

დარიჩინი!

სუნი ნიაღვარივით გადაევლო თავზე.

„რა საერთო ჰქონდა მატლს და სუნელს, მელანჟს?“ საკუთარ თავს ჰკითხა პოლმა. და
გაახსენდა, როგორ მინიშნებებით ლაპარაკობდა ლიეტ-კაინსი მატლსა და სუნელს შორის
რაღაც კავშირის არსებობაზე. – ბრუუუუმმ!

თითქოს მშრალმა მეხმა ჩამორეკა სადღაც შორს, მათგან მარჯვნივ.

ისევ:

– ბრუუუუმმ!

მატლი უკან, ქვიშაში ჩაიწია, წამით იქ ჩაწოლილი გაილურსა; კრისტალის კბილებზე მთვარის
ათინათი უკრთოდა.

– ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... ბრაგ...

„სხვა ბაგუნა!“ გაიფიქრა პოლმა.

მარჯვნივ ისევ გაისმა გუგუნი.

მატლს გააცახცახა. კიდევ უფრო ჩაიწია ქვიშაში. მის ადგილას პირდაღებული ხვრელის ზედა
მრუდი, დიუნებზე ამაღლებული გვირაბის პირის კამარა დარჩა.
ქვიშა ახრაშუნდა.

ეს არსება კიდევ უფრო დაიძირა, უკან დაიხია, მობრუნდა. ახლა ის ატალღულ ქვიშის
ბორცვად იქცა და დიუნებში დაიძრა, მათ გასცილდა.

პოლი ნაპრალიდან გამოვიდა, უყურებდა, როგორ შორდებოდა მათ ქვიშის ტალღა, როგორ
მიემართებოდა ახალი ბაგუნას ძახილისკენ.

ჯესიკა გამოჰყვა და ყური მიუგდო:

– ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... ბრაგ... ბრაგ...

ცოტა ხანში ხმა შეწყდა.

პოლმა სარწყულის მილი მონახა და გადამუშავებული წყალი მოსვა.

ჯესიკა უყურებდა მის ხელებს, სახეს, მაგრამ დაღლილობას და გამოყოლილ შიშს მისი
აზრები თითქოს ერთიანად წაეშალა.

– ნამდვილად წავიდა? – დაიჩურჩულა.

– ვიღაცამ დაუძახა, – მიუგო პოლმა, – ფრემენებმა.

ჯესიკა თანდათან გონს მოდიოდა.

– რამხელა იყო!

– იმხელა მაინც ვერა, როგორც ის, ჩვენი ტოპტერი რომ ჩასანსლა.

– დარწმუნებული ხარ, რომ ფრემენებმა დაუძახეს?

– ბაგუნა ჰქონდათ.

– ვითომ რატომ დაგვეხმარნენ?

– იქნებ, ჩვენ არ გვეხმარებოდნენ. შეიძლება, უბრალოდ, მატლს ეძახდნენ.

– რატომ?

პასუხი მისი ცნობიერების კიდეზე იდო, გამზადებული, მაგრამ არ ენახვებოდა. გონებაში


ამოუტივტივდა ხილვა – ეს რაღაცნაირად უკავშირდებოდა კაუჭიან დასაკეც ჯოხებს, მათ
ჩანთაში რომ ეწყო – „მოქმედის კავებს“.

– რისთვის უნდა ეძახდნენ მატლს? – ჰკითხა ჯესიკამ.

პოლის გონებას შიშის ქროლა მისწვდა. თავი აიძულა, მიბრუნებულიყო და კლდისთვის


აეხედა.

– ჯობს, ასასვლელი მოვნახოთ, სანამ გათენდებოდეს, – ხელი გაიშვირა მან, – გახსოვს, წეღან
იმ ბოძებს რომ ჩავუარეთ? იქითაც არის ეგეთები.
ჯესიკამ მის ხელს გააყოლა თვალი და დაინახა ბოძები – ქარით გამოფიტული ნიშნულები,
რომლებსაც მათ ზემოთ, კარგა მაღლა ნაპრალში შეგრეხილი ვიწრო თაროს ჩრდილიდან
გამოეყო თავები.

– ისინი კლდეზე ასასვლელ გზას გვიჩვენებენ, – უთხრა პოლმა. მხრები აბგის ღვედებში
მოაქცია, თაროს ძირთან მივიდა და მაღლა აუყვა.

ჯესიკა წამით შეყოვნდა – სულს ითქვამდა, ძალას იკრებდა; მერე მიჰყვა.

მაღლა მიცოცავდნენ, მანიშნებელ ბოძებს მიჰყვებოდნენ, თარო კი დავიწროვდა და


ბოლოსბნელი ნაპრალის პირთან მცირე შვერილად იქცა, სულ დაპატარავდა.

პოლმა თავი გადახარა და სიბნელეს ახედა. გრძნობდა, ფეხი არასაიმედოდ ჰქონდა


მოკიდებული ვიწრო კიდეზე, მაგრამ თავს ძალა დაატანა, სიფრთხილეზე ნაკლებად ეფიქრა.
ნაპრალში მხოლოდ სიბნელეს ხედავდა. ის წინ და მაღლა იყო წაწვდილი, თავზე კი
ვარსკვლავები წამოხურვოდა. მიაყურადა. მის სმენას მხოლოდ ის ხმები მისწვდა, რომლებსაც
მოელოდა: ქვიშის ჩუმი ცვენა, მწერის ზუილი, პატარა გაქცეული არსების თათების ფხაჭუნი.
ბიჭმა ნაპრალის სიბნელე ცალი ფეხით მოსინჯა; დანაბიჯები კლდე კარგი მოსაჭიდი
აღმოჩნდა. ნელა, თითო გოჯით წაიწია წინ, კუთხეს შემოუარა და დედას მოუხმო, გამომყევიო.
მერე ჯესიკას მოსასხამის გაფრიალებულ ბოლოზე ჩაეჭიდა და გადმოსვლაში დაეხმარა.

მათ კლდის ორი პირით შემოფარგლულ ვარსკვლავებს ახედეს. პოლი დედამისს, რომელიც
მის გვერდით იდგა, ბუნდოვან მოძრაობად აღიქვამდა.

– ნეტავ, სინათლის ანთება შეიძლებოდეს, – უჩურჩულა ჯესიკას.

– თვალების გარდა გრძნობის სხვა ორგანოებიც გვაქვს, – გაეპასუხა ის.

პოლმა ფეხი წინ გააჩოჩა, წონა მასზე გადაიტანა და კლდის ნაპრალი მეორე ფეხით მოსინჯა.
ამჯერად დაბრკოლებას წააწყდა. ტერფი ასწია, საფეხური იპოვა და ზედ შედგა. მერე ხელი
უკან გაიწოდა, დედის მკლავი მონახა და მოსასხამზე მოქაჩა, გამომყევიო.

კიდევ საფეხური.

– მგონი, ზედაპირამდე ადის, – უჩურჩულა დედას.

„დაბალი და თანაბარი საფეხურებია“, გაიფიქრა ჯესიკამ. „უეჭველად ადამიანის


გაკეთებულია“.

დედა წინ მიმავალ პოლს მიჰყვებოდა, რომელსაც ძლივს ხედავდა. მორიგ საფეხურს
მოსინჯავდა და ფეხს ისე ადგამდა. კლდის კედლები დავიწროვდა, ლამის მხრებით
გახახუნებოდა. კიბე ოციოდე მეტრის სიგრძის ვიწრო ხევში დასრულდა და მისი სწორი ძირი
დაბალ, მთვარით განათებულ აუზზე გავიდა.

პოლმა აუზის კიდეზე გადააბიჯა და დაიჩურჩულა:

– რა ლამაზი ადგილია!

ჯესიკას ხმა ვერ ამოეღო, ერთი ნაბიჯით მის უკან იდგა და უსიტყვო დასტურით უცქერდა
ადგილს, სადაც ამოვიდნენ.
დაღლილი იყო, რეკათები და ცხვირის საცობები აღიზიანებდა, სარწყული ბოჭავდა, შიში
იპყრობდა და სხეული დასვენებას ივედრებოდა, მაგრამ ამ აუზის მშვენიერებამ მოიცვა მისი
ყველა გრძნობა, აიძულა, შეჩერებულიყო და დამტკბარიყო.

– ჯადოსნურ ქვეყანას ჰგავს, – დაიჩურჩულა პოლმა.

ჯესიკამ თავი დაუქნია.

მის თვალწინ ყოველ მხარეს უდაბნოს მცენარეულობა ხარობდა: ბუჩქები, კაქტუსები, ციცქნა
გაფოთლილი ღერო ები; ყველაფერი მთვარის შუქში ცახცახებდა. კედელი, რომელიც კიდეს
მიუყვებოდა, მარცხნივ ჩაბნელებული მოჩანდა, მარჯვნივ – მთვარით მოვერცხლილი.

– აქ ფრემენების საცხოვრებელი უნდა იყოს, – თქვა პოლმა.

– ამდენი მცენარის გასახარებლად ადამიანის ხელია საჭირო, – დაეთანხმა ჯესიკა. სარწყულის


ჯიბაკთან შეერთებული მილი სამაგრიდან გამოიღო და წყალი მოსვა. ყელში თბილი, ოდნავ
სიცხარედაკრული სისველე ჩაეღვარა. იგრძნო, წყალმა როგორ გამოაცოცხლა. ისევ რომ
ჩაამაგრა, მილის თავი ქვიშის ნამცეცებს გაეხახუნა.

პოლის ყურადღება მოძრაობამ მიიქცია – მის მარჯვნივ და ქვემოთ, ფეხქვეშ მრუდედ


გაშლილი აუზის ფსკერზე. ბუჩქებისა და ბალახების მიღმა სიმუქეში მახვილ კუთხედ
შეჭრილ, მთვარის შუქით განათებულ ქვიშის ზედაპირს დააკვირდა და პაწია არსებათა სკუპ-
სკუპი, ხტუნვა, ცუნცული შენიშნა.

– თაგვები! – ჩურჩულით ამოთქვა.

სკუპ-სკუპ-სკუპ... არ ცხრებოდნენ ისინი, ჩრდილში მიიმალებოდნენ და ისევ ჩნდებოდნენ.

რაღაც უხმოდ დაქანდა მათ თვალწინ და თაგვებს დააცხრა. გაისმა წრიპინი, ფრთების
ფართქალი, რუხი ფრინველი მოჩვენებასავით აიჭრა მაღლა და აუზს გადაევლო; კლანჭებით
პატარა, მუქი ჩრდილი მიჰქონდა.

დროული შეხსენება არისო, გაიფიქრა ჯესიკამ.

პოლმა ისევ აუზს გახედა. ჩაისუნთქა და იგრძნო, ღამეში როგორ მიიწევდა ზევით სალბის
სურნელის მკვეთრი კონტრალტო. მტაცებელი ფრინველი ბიჭმა უდაბნოს
ყოველდღიურობად აღიქვა. მან აუზს ისეთი გარინდება შესძინა, რომ ლამის სმენას
მისწვდენოდა, როგორ ეღვრებოდა მთვარის სხივი გუშაგად მდგარ საგუაროებს და ეკალა
ბუსუსტანებს. სხივის ხმადაბალი წკრიალის ეს ჰარმონია სამყაროს ყველა სხვა ჰანგზე
უძველესი იყო.

– ჯობია, ახლა კარვის გასაშლელი ადგილი მოვნახოთ, – თქვა პოლმა, – ხვალ შეგვიძლია,
ფრემენების მოძებნა ვცადოთ და...

– აქ მოსული უცხოები, როგორც წესი, ნანობენ ფრემენების პოვნას!

ბოხმა მამაკაცურმა ხმამ სათქმელი გააწყვეტინა და ჯადოსნური წამი გაფანტა. ხმა ზემოდან
და მარჯვნიდან ისმოდა.

ის-ის იყო, პოლმა უკან დაიხია, რომ ნაპრალში შემალულიყო, ხმამ განაგრძო:
– გთხოვთ, არ გაიქცეთ, უცხოებო, რომ გაიქცეთ, მხოლოდ ტყუილად დახარჯავთ წყალს.

„ჩვენი სხეულის წყლის გამო ვუნდივართ!“ გაიფიქრა ჯესიკამ. შესახედად არაფერი


დასტყობია, მაგრამ მისმა კუნთებმა უცებ დაივიწყეს დაღლილობა და სამოქმედოდ
მოემზადნენ . ქალმა ხმის ადგილსამყოფელი მონიშნა და გაიფიქრა: „რა უჩუმრად მოგვეპარა!
არც კი გამიგონია“. და მიხვდა, რომ ამ ხმის პატრონი მოახლოებისას მხოლოდმცირე ჩქამს,
უდაბნოს ბუნებრივ ხმებს გამოსცემდა.

ახლა მარცხნიდან გაისმა სხვა ხმა, ისიც აუზის ნაპირიდან:

– სწრაფად მორჩი, სტილ. ავიღოთ მაგათი წყალი და ჩვენს გზას ვეწიოთ. გათენებამდე ბევრი
აღარ დარჩა.

პოლი დედაზე ნაკლებად იყო გაწვრთნილი მოულოდნელ ხიფათთან შესახვედრად და ახლა


გაწბილებას გრძნობდა ამ გახევების, უკანდახევის მცდელობის გამო; იმის გამო, რომ წამიერ
პანიკას თავისი უნარზე ზემოქმედების ნება მისცა. ახლა თავს ძალა დაატანა, ის ექნა, რაც
მისთვის დედას ესწავლებინა – მოდუნებულიყო, მერე კუნთების გარეგნული უმოქმედობა
შეენარჩუნებინა და მზად ყოფილიყო, ნებისმიერი მიმართულებით მყისიერად ემოქმედა.

მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გრძნობდა შიშის კვალს და მისი მიზეზიც იცოდა. ბრმა დროში
იმყოფებოდა, მომავლის ჭვრეტისას ეს არ ეხილა... და მომწყვდეულები იყვნენ ულმობელ
ფრემენთა შორის, რომელთაც მხოლოდ ორ დაუცველ სხეულში მდგარი წყალი
აინტერესებდათ.

8* * *
ამგვარად, ეს ფრემენული რელიგიური მიმდინარეობა გახლავთ წყარო იმისა, რაც დღეს
ჩვენთვის „სამყაროს სვეტებადაა“ ცნობილი და რომლის ქიზარა ტაფვიდები ახლა ჩვენ შორის
არიან, ნიშნებით, მტკიცებითა და წინასწარმეტყველებით გამორჩეულნი. მათ ჩვენამდე
მოაქვთ არაკისული მისტიკური ნაზავი, რომლის ყოვლისმომცველ მშვენებას კარგად
გადმოსცემს გულშიჩამწვდომი ჰანგი – ძველ ფორმებზე დაფუძნებული, მაგრამ ახალი
გამოღვიძებით აღბეჭდილი. ვის არ სმენია და გულის სიღრმემდე არ შეძრულა „ბერიკაცის
სიმღერით“?

ნაბიჯს მივათრევდი უდაბნოში,


გუნდად მეხვეოდა გარს მირაჟები.
დიდება მწყუროდა, ხიფათს მიველტვოდი,
დავლახე ალ-კულაბის ცისკიდურები,
ვუმზერდი, დრო მთებს როგორ ჩამოფშვნიდა,
როს მე მეძებდა, ჩემი დანთქმის მოწადინე.
მე დავინახე ბეღურათა მოფრენა მალიად,
თავდამსხმელ მგელზე უფრო ჯიქური.
ჩემი სიჭაბუკის ხეს შეეფინნენ,
მათი გუნდის ხმა ჩამესმა ჩემს შტოებში
და მომიქციეს ნისკარტ-კლანჭებში!
პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის გამოღვიძება“

დიუნის თხემზე ფორთხვით გადადიოდა კაცი – შუადღის მზის სხივში მოქცეული მტვრის
ნამცეცი. ტანს მხოლოდ ჯუბა-მოსასხამის დაფლეთილი ნარჩენები უფარავდა, ნახევებში
შიშველი, თაკარა მზისგან დაუცველი კანი მოუჩანდა. მოსასხამს კაპიუშონი მოგლეჯოდა,
მაგრამ კაცს ჩამოხეული ნაჭრით ჩალმა დაეხვია თავზე. მის ქვემოთ ქერა თმის ღერები
გამოსჩროდა, მეჩხერი თმა და სქელი წარბებიც ქერა ჰქონდა. ლურჯი-ლურჯზე თვალების
ქვეშ მუქი ლაქების ნარჩენი ეტყობოდა. ხშირად ნახმარ სარწყულის მილს მისთვის ულვაშსა
და წვერზე მოთელილი ღარი დაეტოვებინა.

კაცი შუა ფერდამდე ჩასული შეჩერდა. მკლავები დაცურებული ქვიშისკენ ჰქონდა


დაშვებული, ზურგზე, მკლავებსა და ფეხებზე სისხლი მიხმობოდა. ჭრილობებზე რუხ-
ყვითელი ქვიშის ქერქები ეკვროდა. ნელა მოიზიდა ხელები ტანისკენ, ძლივძლივობით
წამოდგა და ბარბაცით გაჩერდა. და მის ამ თითქმის უნებურ ქმედებაში ჯერ კიდევ
გამოსჭვიოდა ოდესღაც მოქნილი მოძრაობის კვალი.

– მე ლიეტ-კაინსი ვარ, – მიმართა უკაცურ ჰორიზონტს. მისი ოდესღაც ძალით ავსილი ხმიდან
საწყალობელი ხრინწიანი ნაფლეთებიღა დარჩენილიყო, – მე მისი საიმპერატორო
უდიდებულესობის პლანეტოლოგი ვარ, – დაიჩურჩულა, – არაკისის პლანეტარული
ეკოლოგი. მე ამ მიწის გამგებელი ვარ.

ის წაბარბაცდა და გვერდზე გადავარდა, ქარცემული ფერდის ქერქიან ზედაპირს დაეცა. მისი


ხელები უღონოდ ჩაეფლო ქვიშაში.

ამ ქვიშების გამგებელი ვარო, გაიფიქრა.

ხვდებოდა, სანახევროდ რომ ბოდავდა, რომ საჭირო იყო, ქვიშაში ჩამარხულიყო, გრილი
ქვედა ფენა ეპოვა და იმით დაეფარა სხეული; მაგრამ ჯერ კიდევ გრძნობდა სადღაც, ამ ქვიშის
ქვეშ ჩამალული სუნელამდელი ჯიბიდან ამომავალი ეთერების მყრალ, მოტკბო სუნს.
ნებისმიერ სხვა ფრემენზე უკეთ იცოდა, რა ხიფათის მომასწავებელი იყო ეს სუნი. რაკი
სუნელამდელი მასის სუნი სცემდა, ეს ნიშნავდა, რომ ღრმად ქვიშაში გაზების წნევა
აფეთქების დონეს უახლოვდებოდა. დროზე უნდა გასცლოდა აქაურობას.

კაცი უღონოდ აფათურებდა ხელებს დიუნის ზედაპირზე.

გონებაში აზრი გამოეკვეთა – ცხადი, მკაფიო: პლანეტის ნამდვილი სიმდიდრე მისი


ლანდშაფტია, ხოლო ის, თუ რა წვლილს ვდებთ ცივილიზაციის ამ საფუძველში –
აგროკულტურა.

და გაიფიქრა: „რა უცნაურია, რომ გონება, რომელიც დიდხანს მისდევდა ერთ რომელიმე გეზს,
მას ვეღარ იცვლის“. ჰარკონენების ჯარისკაცებმა აქ დატოვეს, უწყლოდ და უსარწყულოდ, იმ
ვარაუდით, რომ ან მატლი, ან თავად უდაბნო უეჭველად მოუღებდა ბოლოს. თავშესაქცევად
ეჩვენებოდათ ის ამბავი, რომ ცოცხალს მიუგდებდნენ მისივე პლანეტას და ისიც წამებით
ამოხდიდა სულს.

„ჰარკონენებს ფრემენების დახოცვა ყოველთვის უჭირდათ“, გაიფიქრა მან. „ჩვენ იოლად არ


ვიხოცებით. ახლა უკვე მკვდარი უნდა ვიყო... მალე კიდევაც მოვკვდები... მაგრამ არ შემიძლია,
ეკოლოგი არ ვიყო“.
– ეკოლოგიის უპირველესი დანიშნულებაა, შედეგებში ერკვეოდეს.

ამ ხმის გაგონებამ გააოგნა, რადგან იცნო და იცოდა, რომ მისი პატრონი მკვდარი იყო. ამ ხმით
ლაპარაკობდა მამამისი, ვინც მასზე ადრე იყო აქ პლანეტოლოგი და დიდი ხნის წინ ნაშალმა
ცოცხლად დამარხა კირის აუზში.

– კარგ ხათაბალაში ჩაიგდე თავი, შვილო, – უთხრა მამამ, – უნდა გცოდნოდა, რა შედეგი
მოჰყვებოდა იმას, რომ იმ ჰერცოგის შვილის დახმარება სცადე.

ვბოდავო, გაიფიქრა კაინსმა.

ხმა თითქოს მარჯვნიდან ესმოდა. სახე ქვიშაზე გაახახუნა, იქით მიაბრუნა – მხოლოდ თაკარა
მზის ქვეშ სიცხის ეშმაკებისგან აცეკვებული დიუნის მრუდე ხაზი მოჩანდა.

–რაც მეტი სიცოცხლეა სისტემაში, მით მეტ სასიცოცხლო ნიშას მოიცავს ის, – თქვა მამამ. ახლა
ხმა მარცხნიდან მოისმა, მის ზურგს უკან.

„რას დადის გარშემო“, გაიფიქრა კაინსმა. „არ უნდა, რომ დავინახო“?

– სიცოცხლე აუმჯობესებს გარემოს უნარს, უზრუნველყოს სიცოცხლის არსებობა, – თქვა


მამამ, –სიცოცხლე საჭირო საკვებ ნივთიერებებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ის სისტემაში
დებს და აყოვნებს მეტ ენერგიას – ორგანიზმებს შორის უზარმაზარი მასშტაბების მქონე
ქიმიურ ურთიერთქმედებათა გზით.

„რატომ მიჩიჩინებს ერთსა და იმავეს? ჯერ ათი წლისაც არ ვიყავი, ეს რომ ვიცოდი“.

უდაბნოს ქორებმა, რომლებიც, აქაურ გარეულ არსებათა უმრავლესობის მსგავსად,


ლეშიჭამიები იყვნენ, მის თავზე იწყეს ტრიალი. კაინსმა თვალი მოჰკრა ჩრდილს, რომელმაც
ხელზე გადაურბინა, და ძალისძალით კიდევ უფრო მიაბრუნა თავი, რომ მაღლა აეხედა.
ფრინველები ვერცხლისფერ ცაზე ბუნდოვან ლაქებად მოჩანდნენ – შორს, მის ზემოთ
მოფარფატე ჭვარტლის ნაფლეთები.

– ჩვენ განზოგადების სპეციალისტები ვართ, – უთხრა მამამ, – პლანეტარულ პრობლემებს


მკაფიო ხაზით ვერ შემოფარგლავ. პლანეტოლოგია ჭრის და მორგების მეცნიერებაა.

„რის თქმას ცდილობს ჩემთვის?“ გაიფიქრა კაინსმა. „რამე შედეგის დანახვა ვერ მოვახერხე?“

ლოყა ისევ ცხელ ქვიშაზე ჩამოუვარდა და სუნელამდელი გაზების მიღმა გაფიცხებული ქვის
სუნი იგრძნო. გონებაში ჩარჩენილი ლოგიკის რომელიღაც კუნჭულიდან აზრი გამოიკვეთა:
„ჩემ ზემოთ ლეშიჭამია ფრინველები ტრიალებენ. შეიძლება, რომელიმე ჩემმა ფრემენმა
დაინახოს ისინი და მოვიდეს გასაგებად, რა ხდებაო“.

– მოქმედი პლანეტოლოგისთვის უმნიშვნელოვანესი იარაღი ადამიანები არიან, – უთხრა


მამამ, – ხალხში ეკოლოგიური განათლება უნდა დანერგო. მე სწორედ ამიტომ შევქმენი
ეკოლოგიური ნოტაციის სრულიად ახალი ფორმა.

იმას მიმეორებს, რასაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდაო, გაიფიქრა კაინსმა.

სიგრილე იგრძნო, მაგრამ გონებაში ჩარჩენილი ლოგიკის ის კუნჭული კარნახობდა: „მაღლა


ცაზე მზე ანათებს. სარწყული არ გაქვს და გცხელა; მზე შენი სხეულის ნესტს აშრობს“.
თითებით საცოდავად მოფხოჭნა ქვიშა.

სარწყულიც კი არ დამიტოვეს!

– ჰაერში ტენის არსებობა საშუალებას არ აძლევს სითხეს, ცოცხალი სხეულებიდან ზედმეტად


სწრაფად აორთქლდეს, – თქვა მამამ.

„ნეტავ, რატომ იმეორებს თავისთავად ცხად რამეებს?“

სცადა, ჰაერში არსებულ ტენზე ეფიქრა – ამ დიუნს მოლი ფარავს... სადაც წევს, იმ ადგილის
ძირას ცისქვეშა წყალი მიედინება, გრძელ ქანატში ღია ცის ქვეშ წყალი მოჩანს და ეს ტექსტის
ილუსტრაცია არაა. ღიაცისქვეშა წყალი... სარწყავი წყალი... გაახსენდა: ზრდის ერთ სეზონზე
ერთი ჰექტარი მიწის მოსარწყავად ხუთი ათასი კუბური მეტრი წყალია საჭირო.

– არაკისზე ჩვენი უპირველესი მიზანი ბალახოვანი რეგიონების შექმნაა, – თქვა მამამისმა, – იმ


მუტაციით შეცვლილი, მწირი ბალახით დავიწყებთ. როცა ბალახოვან, ტენშენარჩუნებულ
ნიადაგს მივიღებთ, შემდეგ ნაბიჯს გადავდგამთ და ფერდობებზე ტყეების გაშენებას
შევუდგებით, მერე ღია წყლის რამდენიმე რეზერვუარს შევქმნით – თავდაპირველად
პატარებს, მუდმივი ქარების ზონების გასწვრივ, რომლებშიც ქარის ფაცერებს და დამლექავებს
დავაყენებთ, ქარის წაღებული უკანვე რომ მოვატანინოთ. ნამდვილი სიროკო უნდა შევქმნათ –
ნოტიო ქარი – მაგრამ ქარის ფაცერების აუცილებლობას თავს ვერასოდეს დავაღწევთ.

„სულ ჭკუას როგორ მასწავლის“, გაიფიქრა კაინსმა. „რატომ არ შეიძლება, გაჩუმდეს? ვერ
ხედავს, რომ ვკვდები?“

– შენც მოკვდები, – უთხრა მამამ, – თუ არ გადახვალ ამ ბუშტიდან, რომელიც ამწუთას შენ


ქვემოთ, სიღრმეში ყალიბდება. იქ ბუშტია და შენ ეს კარგად იცი. სუნელამდელი გაზების
სუნი გცემს. იცი, რომ პატარა მოქმედნი მასაში წყლის ჩამატებას იწყებენ.

მის ქვეშ არსებულ ამ წყალზე ფიქრი ჭკუაზე შლიდა. ახლა წარმოიდგინა კიდეც: ტყავისებურ
ნახევრადმცენარე-ნახევრადცხოველ პატარა მოქმედთა მიერ ფოროვანი კლდის შრეებში
დახშული წყალი... და წვრილი ნახეთქი, რომელიც წმინდა, კრიალა, თხევადი, საამო წყლის
გრილ ნაკადს ღვრიდა...

სუნელამდელ მასაში!

ჩაისუნთქა, მყრალი სიტკბო დაყნოსა. ახლა მის გარშემო ადრინდელზე ბევრად უფრო მძაფრი
სუნი იდგა.

კაინსი მუხლებზე წამოიწია, ფრინველის ყივილი და ფრთების აჩქარებული ფართქალი


გაიგონა.

„ეს სასუნელე უდაბნოა“, გაიფიქრა მან. „აქ ფრემენები აუცილებლად იქნებიან, თუნდაც დღის
მზისქვეშ. ნამდვილად დაინახავენ ფრინველებს და ამბის გასაგებად მოვლენ“.

– სიცოცხლის ცხოველური ფორმისთვის აუცილებელია ლანდშაფტში გადაადგილება, –


უთხრა მამამ, – მომთაბარე ხალხიც იმავე პრინციპს მისდევს. გადაადგილების ხაზებს
განსაზღვრავს ფიზიკური საჭიროება – წყლის, საკვების, მინერალების. ახლა ეს მოძრაობა
უნდა ვმართოთ, ჩვენს მიზნებს მოვარგოთ.
– მორჩი, ბერიკაცო, – ჩაიბუტბუტა კაინსმა.

– არაკისზე ის უნდა გავაკეთოთ, რის გაკეთებაც მთელი პლანეტის მასშტაბით არასოდეს


უცდიათ, – თქვა მამამ, – ადამიანი კონსტრუქციულ ეკოლოგიურ ძალად უნდა გამოვიყენოთ –
დავნერგოთ ადაპტირებული მიწიერი სიცოცხლის ფორმა: აქ მცენარე, იქ ცხოველი, სადღაც
ადამიანი – წყლის ციკლის შესაცვლელად, ახლებური ლანდშაფტის შესაქმნელად.

– მორჩი! – დაიხავლა კაინსმა.

– სულ პირველად სწორედ გადაადგილების ხაზებმა მიგვანიშნა, თუ რა დამოკიდებულებაა


მატლებსა და სუნელს შორის, – თქვა მამამ.

„მატლი“, გაიფიქრა კაინსმა უცებ მოზღვავებული იმედით. „ბუშტი რომ გასკდება, მოქმედი
უეჭველად მოვა. მაგრამ კავები არ მაქვს. კავების გარეშე დიდ მოქმედს როგორ შევაჯდები?“

გრძნობდა, იმედგაცრუებამ დარჩენილი ძალების ნასახიც როგორ გამოსწურა. წყალი ასე


ახლოა – მის ქვეშ სულ რაღაც ასიოდე მეტრის სიღრმეზე; მატლი ნამდვილად მოვა, მაგრამ
ზედაპირზე ვერაფრით შეიპყრობს და ვერ გამოიყენებს.

კაინსი ქვიშაში წაემხო და მისივე მოძრაობით გაჩენილ დაბალ ამოღრუტნულში ჩაწვა.


მარცხენა ლოყით ქვიშა იგრძნო, მაგრამ რაღაც შორეული შეგრძნება იყო.

– არაკისის გარემო ადგილობრივი სიცოცხლის ფორმების ევოლუციურ მოდელში ჯდება, –


თქვა მამამ, – რა უცნაურია, რომ ასე ცოტა ადამიანს მოუვიდა აზრად, ცოტა ხნით მაინც
მოეწყვიტა თვალი სუნელისგან და საკუთარი თავისთვის ეკითხა: ნეტავ, რა ქმნის აქაურ
ატმოსფეროში აზოტის, ჟანგბადისა და

ნახშირორჟანგის ლამის იდეალურ თანაფარდობას ვრცელი მცენარეული საფარის


არარსებობის პირობებში? აი, შენ წინაშეა პლანეტის ენერგეტიკული სფერო, დააკვირდი და
გაიგე: უშეღავათო, სასტიკი პროცესი მიდის, მაგრამ თავისთავად მაინც პროცესია. მასში
ცარიელ ადგილს ხედავ? მაშასადამე, ამ სიცარიელეს რაღაც აუცილებლად იკავებს.
მეცნიერება შედგება უამრავი მცირე საკითხისგან, რაც ყველასთვის თავისთავად ცხადი გახდა
მას მერე, რაც ისინი აიხსნა. იქ, ქვიშის სიღრმეში პატარა მოქმედები რომ ცხოვრობდნენ, ეს
გაცილებით ადრე ვიცოდი, სანამ მათ ვნახავდი.

– გეხვეწები, მამა, მორჩი ლექციებს, – დაიჩურჩულა კაინსმა.

მისი გაწვდილი ხელის ახლოს ქვიშაზე ქორი დაჯდა. კაინსმა დაინახა, როგორ შეიკეცა
ფრთები, როგორ გადახარა თავი და შემოაჩერდა. მწოლარემ ძალა მოიკრიბა და დაუხრიალა.
ფრინველი ორი ნაბიჯით უკან გადახტა, მაგრამ თვალს მაინც არ აშორებდა.

– დღემდე ადამიანები თავიანთი საქმიანობით მათი საცხოვრებელი პლანეტების ზედაპირს


მოდებული სნეულება იყო, – განაგრძობდა მამა, – ბუნების წესია, რაღაცით გადაწონოს ეს
სნეულებები, მოიშოროს ან კაფსულაში მოაქციოს ისინი, თავისებურად ჩასვას თავის
სისტემაში.

ქორმა თავი დასწია, ფრთები გაშალა, ისევ დაკეცა. ახლა ყურადღება კაინსის გაწვდილ ხელს
მიაპყრო.
კაინსი მიხვდა, რომ დახრიალების ძალაც აღარ ჰქონდა.

– ორმხრივი ძარცვის და მიტაცების ისტორიული სისტემა აქ, არაკისზე სრულდება, – თქვა


მამამ, – არ შეგვიძლია, ძველებურად მივიტაცოთ ის, რაც გვჭირდება – უნდა ვიზრუნოთ
იმათზე, ვინც ჩვენ მერე მოვა. პლანეტის ფიზიკური მონაცემები მის ეკონომიკურ და
პოლიტიკურ მატიანეშია ჩაწერილი. ეს მატიანე ჩვენ თვალწინაა და ჩვენი გეზიც სრულიად
ცხადია.

„არასოდეს მორჩებოდა ხოლმე ჩიჩინს“, გაიფიქრა კაინსმა. „მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა,


მიჩიჩინებდა – გაუთავებლად“.

ქორი ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს გადმოხტა კაინსის გაწვდილ ხელთან, თავი შეაბრუნა და
ჯერ ერთი თვალით დახედა შიშველ ხორცს, მერე – მეორით.

– არაკისი მონოკულტურული პლანეტაა, – განაგრძობდა მამა, – ერთი კულტურა. ის


ასაზრდოებს მმართველ კლასს, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ყოველთვისაც უცხოვრიათ
მმართველ კლასებს; უფრო ქვემო საფეხურზე კი მათი ნასუფრალით არსებობს
ნახევრადმონების ნახევრადადამიანური მასა. ჩვენ სწორედ ეს მასები და ნასუფრალი
გვაინტერესებს. ესენი გაცილებით ფასეული რამეებია, ვიდრე ვინმეს შეიძლებოდა ოდესმე
ევარაუდა.

– არ გისმენ, მამა, – დაიჩურჩულა კაინსმა, – წადი.

და გაიფიქრა: „სადმე ახლომახლო უეჭველად უნდა იყვნენ ჩემი ფრემენები. შეუძლებელია,


ვერ დაინახონ ფრინველები ჩემ თავზე. იმის სანახავად მაინც მოვლენ, აქ წყალი ხომ არ
იშოვებაო“.

– არაკისზე მცხოვრები მასები შეიტყობენ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რათა ამ მხარეში ღიაცისქვეშა
წყალი გავაჩინოთ. რასაკვირველია, მათ უმრავლესობას ნახევრად მისტიკური წარმოდგენა
შეექმნება იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას. რაკი მათთვის გაუგებარია მასის
პროპორციის პრობლემა, რომელიც შეზღუდვებს გვიწესებს, შეიძლება ისიც კი იფიქრონ, რომ
წყალს რომელიმე სხვა, წყლით მდიდარი პლანეტიდან ჩამოვიტანთ. რაც უნდათ, ის იფიქრონ,
ოღონდ კი ჩვენი სჯეროდეთ.

„ერთი წუთიც მაცალოს, მერე ავდგები და ვეტყვი ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ“,
გაიფიქრა კაინსმა. „დგას აქ და ლექციას მიკითხავს, იმის ნაცვლად, რომ მეხმარებოდეს“.

ფრინველი კაინსის გაწვდილი ხელისკენ უფრო ახლოს გადმოხტა. მის უკან, ქვიშაზე, კიდევ
ორი ქორი დაეშვა.

– ამ ჩვენს მასებში სარწმუნოება და კანონი ერთი და იგივე უნდა იყოს, – ამბობდა მამა, –
ურჩობა ცოდვად უნდა მიიჩნეოდეს და სარწმუნოებრივ სასჯელს ექვემდებარებოდეს. ამას
ორმაგი სარგებელი ექნება; ამის წყალობით გაიზრდება როგორც მორჩილების, ისე სიმამაცის
დონე. ჩვენი საყრდენი უნდა იყოს არა იმდენად ინდივიდთა, არამედ მთელი მოსახლეობის
სიმამაცე, ხომ გესმის.
„სადაა ჩემი მოსახლეობა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება?“ გაიფიქრა კაინსმა. მთელი
ძალა მოიკრიბა და ხელი ერთი თითის მანძილზე მისწია ქორისკენ. ის უკან გადახტა,
თავისიანებისკენ, და სამივე ასაფრენად მოემზადა.

– ჩვენი განრიგი ბუნებრივი ფენომენის თვისებებს შეიძენს, – ამბობდა მამა, – პლანეტის


ცხოვრება ვრცელი ქსოვილია, მჭიდროდ ჩაგრეხილი ძაფების ერთიანობა. მცენარეული თუ
ცხოველური ცვლილებები თავდაპირველად ჩვენ მიერ მოდებული უხეში ფიზიკური
ძალებით იქნება განპირობებული. მაგრამ შემდგომ, როდესაც ისინი დარეგულირდება, ჩვენი
ცვლილებები თავად შეასრულებს კონტროლირებული გავლენის როლს – და ამის
დარეგულირებაზე კიდევ ცალკე მოგვიწევს მუშაობა. მაგრამ გახსოვდეს, რომ აუცილებელია,
ენერგეტიკული სფეროს მხოლოდ სამი პროცენტი ვარეგულიროთ – სამად სამი პროცენტი –
რომ მთელი სტრუქტურა ერთი პატარა ბიძგით ჩვენს თვითრეგულირებად სისტემაში
ჩავრთოთ.

„რატომ არ მეხმარები?“ უკვირდა კაინსს.„სულ ასეა: როცა ყველაზე მეტად მჭირდები, მაშინ
მიმტყუნებ“. უნდოდა, თავი მიებრუნებინა, მამისკენ გაეხედა, მზერით მაინც დაედუმებინა;
მაგრამ კუნთები უარს ამბობდნენ, მისი ბრძანება შეესრულებინათ.

კაინსმა დაინახა, რომ ქორი ისევ დაიძრა. მის ხელს უახლოვდებოდა, ფრთხილად ადგამდა
თითოეულ ნაბიჯს. მისი მოძმეები კი მოჩვენებითი გულგრილობით იცდიდნენ. ქორი მისი
ხელიდან ერთი ნახტომის მოშორებით გაჩერდა.

კაინსის გონებამ სრული სიცხადე შეიძინა. სრულიად მოულოდნელად მან დაინახა არაკისის
ის პოტენციალი, რომელიც მამამისს არასოდეს განეხილა. ლამის წალეკა ამ განსხვავებულ
გზაზე არსებული შესაძლებლობების წარმოდგენამ.

– შენს ხალხს არ ემუქრება იმაზე უარესი განსაცდელი, ვიდრე ის, რომ გმირს ჩაუვარდეს
ხელში, – თქვა მამამ.

„ჩემს აზრებს კითხულობს!“ გაიფიქრა კაინსმა. „ჰო... რაც უნდა, ის უქნია“.

„ჩემი სიეტჩის სოფლებში წერილები უკვე გაგზავნილია“, გაიფიქრა მან. „იმათ ვეღარავინ
შეაჩერებს. თუ ჰერცოგის ძე ცოცხალია, მას იპოვიან და დაიცავენ, როგორც მე ვუბრძანე.
შეიძლება, ქალი მოიშორონ, მაგრამ ბიჭს გადაარჩენენ“.

ქორი იმ ბოლო ნახტომითაც მოუახლოვდა – ხელი რომ აექნია, მისწვდებოდა კიდეც.


ფრინველმა თავი გადახარა და უძრავ ხორცს დააკვირდა. უცებ გაიმართა, თავი ასწია,
ჩხავილით აიჭრა ჰაერში, მკვეთრად მოუხვია და თვალიდან დაიკარგა; სხვებიც მიჰყვნენ.

„მოვიდნენ!“ გაიფიქრა კაინსმა. „ჩემმა ფრემენებმა მიპოვეს!“

მერე ქვიშის გუგუნი ჩაესმა.

ამ ხმას ყველა ფრემენი ცნობდა, მაშინვე ასხვავებდა მატლების თუ უდაბნოს სხვა ხმაურისგან.
სადღაც მის ქვეშ სუნელამდელ მასად მოგროვდა საკმარისი რაოდენობის წყალი და პატარა
მოქმედთა ორგანული გამონაყოფები და ინტენსიური ზრდის კრიტიკულ ეტაპს მიაღწია.
ქვიშის სიღრმეში ნახშირორჟანგის გიგანტური ბუშტი ყალიბდებოდა და მაღლა მოიწევდა
საზარელ აფეთქებად, მის ცენტრში კი მტვრის მორევი ტრიალებდა. ის ქვიშის სიღრმეში
ფორმირებულ მასას ზემოთ ამოიტანდა და მის ადგილას ჩაიტაცებდა ყველაფერს, რაც კი
ზედაპირზე დახვდებოდა.

ქორები თავზე დასტრიალებდნენ და იმედგაცრუებულები ჩხაოდნენ. იცოდნენ, რაც


ხდებოდა. ამას უდაბნოს ყველა არსება მიხვდებოდა.

„მე უდაბნოს არსება ვარ“, გაიფიქრა კაინსმა. „მხედავ, მამა? უდაბნოს არსება ვარ“.

იგრძნო, როგორ ასწია ბუშტმა, იგრძნო, როგორ გასკდა ის და თავად როგორ ჩანთქა მტვრის
მორევმა, როგორ ჩაითრია გრილ სიბნელეში. წამით სიგრილისა და ტენის შეგრძნებამ
სანეტარო შვება მოჰგვარა. მერე კი, სანამ მისი პლანეტა კლავდა, კაინსს გაუჩნდა აზრი, რომ
მამამისიც და სხვა მეცნიერებიც ცდებოდნენ, რომ სამყაროს ყველაზე მუდმივი
პრინციპებიშემთხვევითობა და შეცდომა იყო.

ამის გაგებას ქორებიც კი შეძლებდნენ.

9* * *
წინასწარმეტყველება და წინასწარჭვრეტა – როგორ შეიძლება მათი შემოწმება, როცა არსებობს
უპასუხოდ დარჩენილი კითხვები? დავფიქრდეთ: რამდენია „ტალღურ ფორმაში“
(მუად’დიბი ასე მოიხსენიებდა თავის ხილვა-სურათს) რეალური წინასწარმეტყველება? თუ
წინასწარმეტყველი აძლევს მომავალს ფორმას, მომავალს მოარგებს წინასწარმეტყველებაზე?
რის თქმა შეიძლება ჰარმონიკაზე, რომელიც უეჭველად ახლავს წინასწარმეტყველების აქტს?
წინასწარმეტყველი მომავალს ჭვრეტს თუ ამჩნევს სუსტ შტრიხს, ბზარს თუ ნაპრალს,
რომელიც შეუძლია, დაამსხვრიოს სიტყვით თუ განზრახვით, როგორც ალმასის
დამწახნაგებელი ამსხვრევს ძვირფას თვალს დანის მოქნევით?

პრინცესა ირულანის წიგნიდან „პირადი ფიქრები მუად’დიბზე“

„მაგათი წყალი ავიღოთ“, ასე თქვა ხმამ, ღამეში რომ ისმოდა. პოლმა შიში დაძლია და დედას
შეხედა. შვილის გაწვრთნილმა თვალმა შენიშნა მისი ბრძოლისთვის მზადყოფნა –
მომლოდინედ მოზიდული კუნთები.

– დასანანი იქნება, თქვენს დასახოცად თქვენი ხელაღებით განადგურება თუ მოგვიწევს, –


წარმოთქვა ხმამ მათ ზემოთ.

„ეს ისაა, პირველი რომ დაგველაპარაკა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „სულ ცოტა, ორნი მაინც არიან –
ერთი ჩვენგან მარცხნივ, ერთი – მარჯვნივ“.

– სიგნორო ჰბრობოსა სუკარეს ჰინ მანჯე ლა პჩაგავას დოი მე კამავას ნა ბესლას ლელე პალ
ჰრობას!

ეს მარჯვენა კაცმა გადასძახა აუზს.


პოლისთვის ნათქვამი გაუგებარი იყო, მაგრამ ჯესიკამ ბენე გესერიტის წვრთნის წყალობით
იცნო ენა. ეს ჩაკობსა იყო, ერთ-ერთი უძველესი მონადირული ენა და მათ ზემოთ მდგომი კაცი
ამბობდა, შეიძლება ეს ის უცხოები არიან, ჩვენ რომ ვეძებთო.

გადაძახილს უცბად ჩამოვარდნილი სიჩუმე მოჰყვა და ამ სიჩუმეში აუზის გადაღმა კლდეებს


ამოსცდა მეორე პირბადრი მთვარე – მოცისფრო სპილოს ძვლის დისკო, კაშკაშა და
დაკვირვებით მომზირალი.

კლდეებიდან ქვების ხრიალის ხმები მოისმა – მაღლიდან, ორივე მხრიდან... ბნელი ლანდები
მთვარის შუქში – მრავალი ლანდი, ჩრდილებს შერეულნი.

„მთელი რაზმია!“ გულმა რეჩხი უყო პოლს.

ჯესიკას წინ დაუდგა მაღალი, ლაქებით მოხატული ბურნუსით შებურული კაცი. პირის
ეკრანი ჩამოეხსნა, გარკვევით რომ ელაპარაკა. მთვარის ალმაცერ სხივზე ხშირი წვერი
მოუჩანდა, მაგრამ სახეს და თვალებს ჩამოფხატული კაპიუშონი უფარავდა.

– აბა, ვინ გვყავს აქ – ჯინები თუ ადამიანები? – იკითხა მან.

ჯესიკას მის ხმაში ხალისი ჩაესმა და გულში იმედი გაუკრთა. მბრძანებლური ხმა იყო;
გარინდებული ღამიდან პირველ ელდად სწორედ ეს ხმა დაატყდათ თავს.

– ნამდვილად ადამიანები არიან, – დაასკვნა თვითონვე.

ჯესიკამ უფრო იგრძნო, ვიდრე დაინახა კაცის მოსასხამში ჩამალული დანა. წამიერად ინანა, მე
და პოლს ფარები რად არ გვიკეთიაო.

– ლაპარაკიც იცით? – ჰკითხა კაცმა.

ჯესიკამ ხმასა და კილოში მთელი თავისი მეფური ქედმაღლობა ჩადო. სასწრაფოდ უნდა
ეპასუხა, თუმცა ამ კაცზე ბევრი არაფერი იცოდა და დანამდვილებით ვერ „ჩაიწერდა“ მის
ქცევის წესს, მის სისუსტეებს.

– ვინ ხართ, ავაზაკებივით რომ დაგვადექით თავზე ღამის სიბნელიდან? – მოსთხოვა პასუხი.

კაცი დაიძაბა; ბურნუსით შებურული თავი მკვეთრად გასწია უკან, მერე ნელ-ნელა მოეშვა.
მრავლისმთქმელი ქმედება იყო – ეს კაცი მშვენივრად ფლობდა თავს.

პოლმა დედისგან განზე გაიწია, რათა მომხდურებისთვის თავდასხმის სამიზნეები


განეცალკევებინა, თავად კი უფრო თავისუფალი სამოქმედო არეალი ჰქონოდათ.

კაპიუშონიანი კაცი პოლის მოძრაობაზე მისკენ შებრუნდა და სახის ნაწილზე მთვარის სხივი
დაეცა. ჯესიკამ დაუნახა წვეტიანი ცხვირი, ერთი მოელვარე თვალი – ჩამუქებული, სრულიად
უთეთრო, და ყავისფერი, აპრეხილი ხშირი ულვაშები.

– ლეკვი კი წააგავს, – თქვა კაცმა, – ჰარკონენებს თუ გამოექეცით, შეიძლება, კარგადაც


მიგიღოთ. აბა, რას იტყვი, ბიჭო?

პოლს სხვადასხვა პასუხმა გაუელვა გონებაში. ტყუილი? ნამდვილი? სასწრაფოდ უნდა


გადაეწყვიტა.
– ლტოლვილებს კარგად რატომ მიიღებთ? – ჰკითხა.

– ბავშვი, რომელიც კაცივით ფიქრობს და ლაპარაკობს, – თქვა მაღალმა კაცმა, – კარგი, შენი
შეკითხვის პასუხად, ჩემო ჭაბუკო ვალი, გეტყვი, რომ მე ის ვარ, ვინც ჰარკონენებს ფაის, წყლის
ხარკს, არ ვუხდი. ამიტომაა, რომ შეიძლება, მისგან ლტოლვილები კარგად მივიღო.

„იცის, ვინც ვართ“, გაიფიქრა პოლმა. „ხმაზე ეტყობა, რაღაცას ბოლომდე არ ამბობს“.

– მე სტილგარი ვარ, ფრემენი, – თქვა მაღალმა კაცმა, – იქნებ, ამან აგალაპარაკოს, ბიჭო?

იგივე ხმააო, გაიფიქრა პოლმა. და გაახსენდა საბჭო, იქ მოსული ეს კაცი, ჰარკონენების მიერ
მოკლული მეგობრის ცხედრისთვის მოსული.

– მე გიცნობ, სტილგარ, – უთხრა პოლმა, – მეც ვიყავი მამაჩემის საბჭოზე, შენი მეგობრის
წყლის საძიებლად რომ მოხვედი. შენ მაშინ თან წაიყვანე მამაჩემის კაცი, დუნკან აიდაჰო –
მეგობრები გავცვალეთ.

– აიდაჰომ კი მიგვატოვა და თავის ჰერცოგთან დაბრუნდა, – თქვა სტილგარმა.

ჯესიკამ შენიშნა, მის ხმას ზიზღის კილო რომ გაერია და ისევ თავდასხმის მოლოდინში იყო.

ზედა კლდეებიდან ხმამ გადმოიძახა:

– აქ დროს ვკარგავთ, სტილ!

– ეს ჰერცოგის ვაჟია, – შესძახა სტილგარმა, – ნამდვილად ისაა, ვისი მოძებნაც ლიეტმა


დაგვავალა!

– მაგრამ... ბავშვია, სტილ.

– სამაგიეროდ, ჰერცოგი იყო კაცური კაცი. ამ ბიჭმა კი ბაგუნა გამოიყენა, – გაეპასუხა


სტილგარი, – ძალიანაც ვაჟკაცურად გადმოიარა შაი-ჰულუდის კვალი.

და ჯესიკას ჩაესმა, რომ კაცის ფიქრებში თავად აღარ იყო. ქალს უკვე განაჩენი გამოუტანა?

– გამოცდის დრო არ გვაქვს, – შეედავა ხმა ზემოდან.

– მაგრამ ეს შეიძლება ლისან ალ-გაიბი იყოს. – მიუგო სტილგარმა.

„ნიშანს ეძებს!“ მიხვდა ჯესიკა.

– მაგრამ ქალი... – გაისმა ზედა ხმა.

ჯესიკა ისევ მოემზადა შემოტევისთვის.

– ჰო, ქალი, – თქვა სტილგარმა, – და მისი წყალი.

– კანონი ხომ იცი, – განაგრძო ხმამ კლდეებიდან, – ვისაც უდაბნოსთან ერთად ცხოვრება არ
შეუძლია...

– წყნარად, – უთხრა სტილგარმა, – დროება იცვლება.

– ლიეტმა ეს გვიბრძანა? – არ შეეპუა ხმა კლდეებიდან.


– სიელაგოს ხმა ხომ გაიგე, ჯემის, – უთხრა სტილგარმა, – რას შემომიჩნდი?

და ჯესიკამ გულში გაიმეორარა: „სიელაგო!“ ენის გასაღებს მიაგნო, რამაც ფართო გზა გაუხსნა
მიხვედრისკენ: ეს ილმისა და ფიქის ენა იყო, „სიელაგო“ კი ნიშნავდა „ღამურას“, პატარა
ფრთოსან ძუძუმწოვარს. სიელაგოს ხმა – ფრემენებმა დისტრანს-წერილი მიიღეს, რომელიც
მათ პოლისა და ჯესიკას მოძებნას ავალებდა.

– მე მხოლოდ შენს მოვალეობას გახსენებ, სტილგარ, მეგობარო, – თქვა ხმამ ზემოდან.

– ჩემი მოვალეობა ტომის ძლიერებაა, – თქვა სტილგარმა, – ესაა ჩემი ერთადერთი ვალი.
არავისგან არ მჭირდება მისი შეხსენება. ეს ბავშვკაცა მაინტერესებს მე. გაჯერებული სხეული
აქვს, ბევრი წყლითაა გამოზრდილი. მამა-მზეს მოშორებული ცხოვრობდა. იბადის თვალები
არა აქვს. მაგრამ ტაფობის განაზებული მცხოვრებივით კი არ ლაპარაკობს, არც ქცევა არა აქვს
ისეთი. ასე იყო მამამისიც. ეს როგორ, საიდან?

– მთელი ღამე აქ ხომ ვერ ვიკამათებთ, – თქვა კლდეებიდან ჩამომავალმა ხმამ, – თუ


პატრული...

– ჯემის, მეტად კი აღარ გეტყვი, წყნარად-მეთქი, – უთხრა სტილგარმა.

მათ ზემოთ მდგარ კაცს ხმა აღარ ამოუღია, მაგრამ ჯესიკამ გაიგონა, როგორ დაიძრა, ნაპრალს
ნახტომით გადმოევლო და მათ მარცხნივ აუზის ფსკერზე იწყო დაშვება.

– სიელაგოს ხმამ გვითხრა, რომ თქვენ ორის გადარჩენა ღირდა, – თქვა სტილგარმა, – მეც
ვხედავ, რომ ეს ძლიერი ბავშვკაცა შეიძლება გამოგვადგეს – ახალგაზრდაა და შეუძლია,
ისწავლოს. მაგრამ შენზე რა ვთქვა, ქალო? – მან ჯესიკას დაუწყო ცქერა.

„უკვე „ჩავიწერე“ მისი ხმა და ლაპარაკის ნიმუში“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ახლა ერთი სიტყვით
შემიძლია მისი მართვა, მაგრამ ის ძლიერი კაცია... ბევრად უფრო გამოგვადგება
გაუბრუებელი, მოქმედების სრული თავისუფლება თუ ექნება. ვნახოთ“.

– მე ამ ბიჭის დედა ვარ, – უთხრა სტილგარს, – მისი ძალა, რომელიც ასე მოგწონთ,
ნაწილობრივ ჩემი წვრთნის ნაყოფია.

– ქალის ძალა შეიძლება უკიდეგანო იყოს, – დაუდასტურა სტილგარმა, – ის უეჭველად ექნება


ღირს დედას. შენ ღირსი დედა ხარ?

ჯესიკამ, იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლებოდა, ამას მოჰყოლოდა, სიმართლე უთხრა:

– არა.

– უდაბნოში ცხოვრებას ჩვეული ხარ?

– არა. მაგრამ ის, რაშიც ვარ გაწაფული, ბევრს ძვირფას ცოდნად მიაჩნია.

– რა არის ძვირფასი და რა – არა, ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, – უთხრა კაცმა.

– ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, – მიუგო ჯესიკამ.

– კარგია, რომ საღ აზრს ხედავ, – უთხრა სტილგარმა, – ახლა აქ შენს გამოსაცდელად ვერ
დავყოვნდებით, ქალო. გესმის, ჰო? არც ის გვინდა, შენი აჩრდილი გვდევნიდეს. ბიჭკაცას
წავიყვან, შენს შვილს, და მას დავეხმარები, ჩემს ტომში შევიფარებ. მაგრამ შენ, ქალო – ხომ
გესმის, რომ პირადად შენ არაფერს გერჩი? ასეთია წესი, ისტისლაჰი, საერთო საქმისთვის. განა
ეს არ კმარა?

პოლმა ნახევარი ნაბიჯი გადადგა წინ.

– რას ამბობ?

სტილგარმა ერთი კი გახედა პოლს, მაგრამ ჯესიკას თვალს არ აცილებდა.

– თუ ბავშვობიდან არ გწვრთნიდნენ აქ საცხოვრებლად, შეიძლება მთელი ტომი ჩააგდო


საფრთხეში. კანონი ესაა და ჩვენ არ შეგვიძლია, ვათრიოთ უსარგებლო...

ჯესიკას მოძრაობის დასაწყისი ჩაკეცვას, ვითომც უგონოდ მიწაზე დაშვებას ჰგავდა. სხვა რას
უნდა ელოდე უღონო უცხოელისგან; მოსალოდნელი ქმედება კი მოწინააღმდეგის რეაქციას
ანელებს. ნაცნობი რაღაცის გაგებას დრო სჭირდება, თუ მას ისე შემოგთავაზებენ, როგორც
რაღაც უცნობს. ქალმა დაინახა, კაცის მარჯვენა მხარი მოსასხამის ნაკეცებში ჩამალული
იარაღის ამოსაღებად რომ დაეშვა, და ახალ პოზიციაში დადგა. შებრუნება, მკლავის გაქნევა,
ერთმანეთში ახლართული მოსასხამები – და ჯესიკა კლდეზე ზურგმიყრდნობილი იდგა, მის
წინ კი უმწეო მოწინააღმდეგე იყო დაჩოქილი.

დედის პირველი მოძრაობისთანავე პოლმა ორი ნაბიჯით დაიხია უკან. ჯესიკამ შეტევა რომ
დაიწყო, ის ჩრდილისკენ გასხლტა. წინ წვეროსანი კაცი გადაუდგა, დაბლა წახრილი
მორბოდა, ცალ ხელში იარაღი მოემარჯვებინა. პოლმა კაცს გამართული თითებით უბიძგა
მკერდის ქვეშ, გვერდზე გადგა, კისრის ფუძესთან დაჰკრა და დაცემისას იარაღი აართვა.

მერე კი ბიჭი ჩრდილებს შეერია და კლდეებს შორის მაღლა აცოცდა; იარაღი სარტყელში
ჰქონდა ჩატანებული. უცხო ფორმის მიუხედავად, მაინც იცნო: რაღაც სატყორცნი იარაღი იყო
და ამან ბევრი რამ უთხრაა აქაურობაზე, კიდევ ერთი მინიშნება მისცა, რომ აქ ფარებს არ
იყენებდნენ.

„ისინი დედაჩემსა და იმ სტილგარზე იქნებიან ფოკუსირებული. ჯესიკა მას გაუმკლავდება. მე


კი დაცულ შემაღლებულ ადგილას უნდა გავმაგრდე, იქიდან დავემუქრო და დედას გაქცევის
დრო მივცე“.

აუზიდან სასროლი მექანიზმის შეყენების მკვეთრი ხმები მოისმა. პოლის გარშემო კლდიდან
ასხლეტილი ტყვიები წამოვიდა. ერთმა ბურნუსზე გაჰკრა. პოლი კუთხის მიღმა კლდეში
შეეჭედა; ნახა, რომ ვიწრო ვერტიკალურ ნაპრალში აღმოჩნდა, და ნელ-ნელა აუყვა ზემოთ:
ზურგი ერთ კედელზე ჰქონდა მიბჯენილი, ფეხები – მეორეზე და ნელა, რაც შეიძლება, ჩუმად
მიცოცავდა.

პოლს ექოდ მისწვდა სტილგარის ღრიალი:

– უკან, მატლისთავა ტილებო! კისერს მომიგრეხს, თუ მოახლოვდებით!

აუზში მდგარის ხმამ თქვა:

– ბიჭი გაიქცა, სტილ. რა უნდა...

– აბა რა, გაიქცა, თქვე ქვიშისტვინა... უუჰ! ფრთხილად, ქალო!


– უთხარი, ჩემს შვილს ნუ მისდევენ, – მოსთხოვა ჯესიკამ.

– უკვე აღარ მისდევენ, ქალო. გაიქცა, ეს არ გინდოდა? დიდო სიღრმის ღმერთებო! რატომ არ
თქვი, რომ საოცრება-ქალი და მებრძოლი ხარ?

– შენს ხალხს უთხარი, უკან დაიხიონ, – უთხრა ჯესიკამ, – უთხარი, აუზზე გავიდნენ, სადაც
ყველას დავინახავ... და გირჩევნია, დამიჯერო, რომ ზუსტად ვიცი, რამდენნი არიან.

თავისთვის კი გაიფიქრა: „საფრთხილო მომენტია, მაგრამ თუ ეს კაცი ისე გამჭრიახია, როგორც


მგონია, მაშინ შანსი გვაქვს“.

პოლი ნაპრალში ცოცდა, იპოვა ვიწრო თარო, რომელზეც შეჩერებას და აუზზე გადახედვას
შეძლებდა. ქვევიდან სტილგარის ხმა მოესმა:

– და უარს თუ ვამბობ? ან რა შეგიძლია... უუხხ! გეყო, ქალო! ახლა აღარაფერს გერჩით. დიდო
ღმერთებო! თუ შეგიძლია, ჩვენ შორის უძლიერესს ეს გაუკეთო, ათი შენი წონა წყალი ღირხარ.

„ახლა ის ვნახოთ, რამდენად გონიერია“, გაიფიქრა ჯესიკამ და უთხრა:

– ლისან ალ-გაიბის ამბავს კითხულობდით.

– შეიძლება, თქვენ იყოთ ისინი, ლეგენდები ვისზეც ყვებიან, – უთხრა სტილგარმა, – მაგრამ მე
მაგას მარტო გამოცდის მერე დავიჯერებ. ახლა თქვენზე მარტო ის ვიცი, რომ აქ იმ სულელ
ჰერცოგთან ერთად... აააა, ქალო! სულ არ მენაღვლება, თუ მომკლავ! ის ღირსეული და მამაცი
კაცი იყო, მაგრამ დიდი სისულელე ჩაიდინა, ჰარკონენების მუშტს რომ შეუშვირა თავი!

სიჩუმე ჩამოვარდა.

ცოტა ხანში ჯესიკამ თქვა:

– სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ. ახლა უთხარი იმ შენს კაცს, ეგერ
ბუჩქის უკან რომ დგას, ნუღარ ცდილობს, იარაღი დამიმიზნოს, თორემ სამყაროს ჯერ შენს
უმაქნის თავს მოვაშორებ და მერე იმაზე გადავალ.

– ეი, შენ! – იღრიალა სტილგარმა, – გააკეთე, რასაც ამბობს!

– მაგრამ, სტილ...

– ქენი, რასაც ამბობს, შე მატლთაგანო, მხოხავო, ქვიშისტვინა ხვლიკის ნეხვო! ქენი, თორემ
შენს აკუწვაში ამას მე თვითონ დავეხმარები! ვერ ხვდები ამ ქალის ფასს?

ბუჩქთან მდგარი კაცი გაიმართა თავის ვითომ-სამალავში და იარაღი ჩამოსწია.

– დაგმორჩილდა, – თქვა სტილგარმა.

– ახლა, – განაგრძო ჯესიკამ, – გასაგებად აუხსენი შენიანებს, რა შეიძლება გინდოდეს ჩემგან.


არ მინდა, რომელიმე ფიცხმა ახალგაზრდამ სულელური შეცდომა დაუშვას.

– როცა ჩვენ მალულად შევდივართ სოფლებსა და ქალაქებში, ჩვენი წარმომავლობა უნდა


დავმალოთ, ტაფობისა და გრაბენის მოსახლეობას შევერიოთ, – თქვა სტილგარმა, – იარაღს არ
ვატარებთ – კრისდანა სიწმინდეა და არა იარაღი. მაგრამ შენ, ქალო, ბრძოლის საოცარ ხერხს
ფლობ. ასეთი რამ მხოლოდ გვსმენია და ბევრი ეჭვობდა კიდეც, სიმართლე არ იქნებაო, მაგრამ
საკუთარი თვალით ნანახში ეჭვი აღარ შეგეპარება. შენ შეიარაღებული ფრემენი დაჯაბნე.
ასეთ იარაღს ვერანაირი ჩხრეკა ვერ იპოვის.

აუზში მდგომნი შეინძრნენ, რაკი სტილგარის სიტყვები გაიაზრეს .

– და თუ თანახმა ვიქნები, გასწავლოთ ბრძოლის... საოცარი ხერხი?

– შენ და შენს შვილს ჩემს მფარველობას გპირდებით.

– როგორ დავრწმუნდე, რომ პირობა შესრულდება?

სტილგარის ხმას ოდნავ მოაკლდა შეგონების მსუბუქი კილო და ოდნავ გაღიზიანება დაეტყო.

– აქ, უდაბნოში, ქალო, ხელშეკრულების დასადებად ქაღალდი არ დაგვაქვს. საღამოს პირობას


იმისთვის არ ვდებთ, რომ დილით გავტეხოთ. კაცი სიტყვას რომ ამბობს, ხელშეკრულებაც
ეგაა. მე ჩემი ხალხის წინამძღოლი ვარ და ჩემი სიტყვის შესრულება მათაც ევალებათ.
გვასწავლე ეს საოცარი ხერხი და იმდენ ხანს შეგიფარებთ, რამდენსაც მოისურვებ. შენი წყალი
ჩვენს წყალს შეერევა.

– შეგიძლია, ეს ყველა ფრემენის სახელით მითხრა?

– თავის დროზე შეიძლება ეგეც მოხდეს; მაგრამ ყველა ფრემენის სახელით მხოლოდ ჩემი ძმა,
ლიეტი, ლაპარაკობს. აქ მე მხოლოდ საიდუმლოს შენახვას შემიძლია, დაგპირდეთ. ჩემი
ხალხი თქვენ შესახებ არაფერს ეტყვის სხვა სიეტჩის ხალხს. ჰარკონენები დიუნზე ძალის
გამოყენებით დაბრუნდნენ და შენი

ჰერცოგი მკვდარია. ამბობენ, რომ თქვენ ორნი დედა-გრიგალში დაიხოცეთ. მონადირე მკვდარ
ნადირს აღარ მისდევს.

„ასე უსაფრთხოდ ვიქნებით“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მაგრამ ამ ხალხს კარგად გამართული


გადაცემის სისტემა აქვს და შეიძლება, ვინმემ წერილი გაგზავნოს“.

– სავარაუდოდ, ჩვენი მპოვნელისთვის ჯილდო იქნებოდა დაწესებული, – უთხრა სტილგარს.

სტილგარს არაფერი უთქვამს და ჯესიკას ლამის თვალით დაენახა, როგორ უტრიალებდა


თავში ფიქრები; ხელებით გრძნობდა მისი სახის კუნთების მოძრაობას.

ცოტა ხანში კაცმა თქვა:

– ერთხელაც გაგიმეორებ: მე ჩემი ტომის სიტყვა-პირობას გაძლევ. ჩემიანებმა ახლა იციან, რა


ფასი გაქვს ჩვენთვის. რის მოცემა შეუძლიათ ჩვენთვის ჰარკონენებს? თავისუფლების? ჰაჰ!
არა, შენ ტაქვა ხარ, ის, ვინც შეგვძენს მეტს, ვიდრე ჰარკონენების მთელი სუნელი.

– თუ ასეა, გასწავლით ჩემს ბრძოლის ხერხს, – თქვა ჯესიკამ და იგრძნო, რომ ამ სიტყვებს
უნებურად რიტუალის სიღრმე შესძინა.

– ახლა გამიშვებ?
– კეთილი, – თქვა ჯესიკამ, ხელი უშვა, განზე გააბიჯა და აუზის ნაპირას დადგა, ყველას
დასანახად. „ესეც გამოცდაში ჩათრევაა“, გაიფიქრა მან. „მაგრამ პოლმა უნდა იცოდეს მათზე,
თუნდაც სიცოცხლე შევწირო მის ამ ცოდნას“.

მომლოდინე მდუმარებაში პოლი ფრთხილად წაიწია წინ, უკეთ რომ დაენახა ის ადგილი,
სადაც დედამისი იდგა. უცებ ზემოდან, კლდის ვერტიკალური ნაპრალიდან მოესმა მძიმე
სუნთქვა, რომელიც ერთბაშად ჩაწყნარდა, და ვარსკვლავების ფონზე გამოსახულ მკრთალ
ლანდს შეასწრო თვალი.

აუზიდან სტილგარის ხმა ამოიჭრა:

– ეი, შენ, მანდ, მაღლა! მოეშვი ბიჭის დევნას. მალე თვითონვე ჩამოვა.

პოლის თავზემოთ სიბნელიდან მოზარდი ბიჭის თუ გოგოს ხმა გაისმა:

– მაგრამ, სტილ, ის შორს ვერ...

– გითხარი, შეეშვი-მეთქი, ჩანი! შე ხვლიკის ნაშიერო!

პოლის ზემოთ ვიღაცამ ჩურჩულით შეიკურთხა, მერე ხმადაბლა თქვა:

– ხვლიკის ნაშიეროო!

მაგრამ ჩრდილი გაქრა.

პოლმა ისევ აუზს გადახედა, დედის გვერდით რუხ ჩრდილად ამოძრავებული სტილგარი
გაარჩია.

– აქ მოდით, ყველანი! – დაიძახა სტილგარმა. მერე ჯესიკას მიუბრუნდა: – ახლა კი მე გკითხავ.


როგორ დავრწმუნდეთ, რომ შენ აასრულებ იმას, რაც ჩვენი შეთანხმებით გეკისრება? შენ ხომ
ისეთი ხარ, ქაღალდებში, ტყუილ ხელშეკრულებებში და ეგეთებში რომ...

– ჩვენ, ბენე გესერიტები, თქვენზე ნაკლებად როდი ვიცავთ პირობებს, – უთხრა ჯესიკამ.

ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა, მერე რამდენიმე ხმამ ხმადაბლა გადაულაპარაკა ერთმანეთს:

– ბენე გესერიტი ალქაჯი!

პოლმა თავისი ნაალაფარი იარაღი ქამრიდან ამოიძრო, სტილგარის ბნელ ფიგურას დაუმიზნა,
მაგრამ არც ის, არც მისი ამხანაგები არ დაძრულან, იდგნენ და ჯესიკას შესცქეროდნენ.

– ეგ ლეგენდაა, – თქვა ვიღაცამ.

– ამბობდნენ, რომ შადაუტ მეიპსმა შენზე სწორედ ეგ გადმოგვცა, – თქვა სტილგარმა, – მაგრამ
ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა უნდა შემოწმდეს. თუ შენ ის ლეგენდის ბენე გესერიტი ხარ,
რომლის ძეც სამოთხისკენ გაგვიძღვება... – მხრები აიჩეჩა.

ჯესიკამ ამოიოხრა და გაიფიქრა: „მაშ, ჩვენს მისიონარია პროტექტივას საიმედოდ


ჩაუმაგრებია რელიგიური უსაფრთხოების სარქველები მთელ ამ ჯოჯოხეთის ხაროში. რაცაა,
ესაა... ძალიანაც გამოგვადგება, და მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო.
ხმამაღლა კი თქვა:

– წინასწარმჭვრეტელმა დამ, რომელმაც თქვენ ეს ლეგენდა მოგიტანათ, გადმოგცათ ის კარამას


და იჯაზის – სასწაულის და უცვალებელი წინასწარმეტყველების – პირობით და მე ეს ვიცი.
ნიშანი გინდათ?

მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ დაებერა სტილგარს ნესტოები.

– რიტუალის დრო არ გვაქვს, – დაიჩურჩულა.

ჯესიკას გაახსენდა რუკა, რომელიც კაინსმა უჩვენა, როცა ხიფათისას გაქცევის გზებს არჩევდა.
თითქოს რამდენი ხნის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი! რუკაზე აღნიშნული იყო „სიეტჩი ტაბრი“
და გვერდით მიწერილი ჰქონდა: „სტილგარი“.

– იქნებ სამერმისოდ გადავდოთ, სიეტჩ ტაბრში რომ მივალთ, მერე, – უთხრა მან.

ამ სიტყვის ხსენებამ კაცი გააოგნა. ჯესიკამ გაიფიქრა: „რომ იცოდეს, რა ხრიკებს მივმართავთ!
მისიონარია პროტექტივას ის ბენე გესერიტი და, როგორც ჩანს, მარჯვე ვინმე იყო. ეს
ფრემენები მშვენივრად არიან მომზადებული, რომ გვირწმუნონ“.

სტილგარი შეწრიალდა.

– ახლა უნდა წავიდეთ.

ჯესიკამ თავი დაუქნია, გააგებინა, რომ ქალის ნებართვით მიდიოდნენ.

სტილგარმა კლდეს ახედა, თითქმის ზუსტად იმ ადგილს დააკვირდა, სადაც პოლი ვიწრო
შვერილზე შეყუჟულიყო: – შენ, მანდ, ბიჭი: ახლა კი შეგიძლია, ჩამოხვიდე, – ისევ ჯესიკას
მიუბრუნდა და მობოდიშებით უთხრა: – შენი შვილი აცოცებისას საშინლად ხმაურობდა.
ბევრი აქვს სასწავლი, თორემ ყველას საფრთხეში ჩაგვყრის... მაგრამ არა უშავს, ჯერ
ახალგაზრდაა.

– ნამდვილად, ერთმანეთისგან ბევრი რამ გვექნება სასწავლი, – უთხრა ჯესიკამ, – მანამდე კი


ჯობია, იმ თქვენს ამხანაგს მიხედოთ. ჩემი ხმაურიანი შვილი ცოტა უხეშად მოექცა, იარაღს
რომ ართმევდა.

სტილგარი მიტრიალდა, კაპიუშონიი აუფრიალდა.

– სადაა?

– იმ ბუჩქების უკან, – მიანიშნა ჯესიკამ.

სტილგარმა ორ თავისიანს დაადო ხელი.

– მიხედეთ, – ამხანაგებს გადახედა და გამოარჩია, – ჯემისი გვაკლია. – ისევ ჯესიკას


მიუბრუნდა, – შენმა ლეკვმაც კი იცის საოცარი ხერხი.

– ნახე, შენ უბრძანე, მაგრამ ჩემი შვილი ადგილიდანაც არ დაძრულა, – უთხრა ჯესიკამ.
სტილგარის გაგზავნილი ორი კაცი დაბრუნდა. მათ შუაში ჩაეყენებინათ მესამე, რომელიც
ბორძიკით მოდიოდა და თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყლაპავდა ჰაერს. სტილგარმა ერთი გადახედა
მათ და ისევ ჯესიკას მიმართა:

– შენი შვილი მარტო შენ გიჯერებს, არა? კარგია. სწორადაა გაზრდილი.

– პოლ, შეგიძლია, ჩამოხვიდე, – უთხრა ჯესიკამ.

პოლი ადგა, სამალავი ნაპრალიდან მთვარის შუქზე გამოვიდა და ფრემენის იარაღი ისევ
სარტყელში გაირჭო. როცა მიტრიალდა, კლდეს მეორე ფიგურა მოსწყდა და წინ დაუდგა.

მთვარის და ნაცრისფერი ქვებიდან არეკლილი სხივების შუქზე პოლმა გაარჩია ფრემენულ


მოსასხამში გახვეული პატარა ფიგურა; ჩრდილში შემალული სახე კაპიუშონის ქვემოდან
შემოსცქეროდა, კაბის ნაკეციდან გამოჩრილი რაღაც სატყორცნი იარაღის ლულა კი
ბიჭისთვის დაემიზნებინა.

– მე ჩანი ვარ, ლიეტის ასული.

მელოდიური ხმა ჰქონდა, ხალისიანი, წკრიალა.

– მე არ დაგანებებდი, რომ ჩემი ამხანაგებისთვის რამე დაგეშავებინა, – უთხრა პოლს.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა. მის წინ მდგარი ფიგურა მთვარის შუქზე გამოვიდა და ბიჭმა
დაინახა ელფის სახე, უძირო შავი თვალები. ეს სახე, ასე კარგად ნაცნობი ეს ნაკვთები
უამრავჯერ ენახა სულ უადრეს წინასწარმჭვრეტელურ ხილვებში და ახლა მასთან პირისპირ
შეყრამ გააშეშა, დაამუნჯა. გაახსენდა, ერთხელ ბრაზნარევი პირდაპირობით რომ აუწერა
ღირს დედას, გაიუს ჰელენ მოჰიამს, ეს სახე და დაბეჯითებით განაცხადა: „მე მას შევხვდები!“

და აი, ის სახეც, ოღონდ მასთან ასეთ შეხვედრას ვერასოდეს წარმოიდგენდა.

– გაცოფებული შაი-ჰულუდივით ხმაურობდი, – უთხრა გოგომ, – და აქ ამოსასვლელად


ყველაზე ძნელი გზა აირჩიე. წამომყევი, უფრო იოლი გზით ჩაგიყვან.

პოლი ნაპრალიდან გამოძვრა და ოღროჩოღრო დაღმართზე მისი მოსასხამის ფრიალს მიჰყვა.


გოგო ქურციკივით ჩარბოდა, ქვიდან ქვაზე ცეკვა-ცეკვით გადადიოდა. პოლი სახეზე
მოწოლილ სისხლს გრძნობდა და მადლობელი იყო სიბნელის.

ის გოგო! ბედისწერის შეხებას ჰგავდა. პოლი აიყოლია ტალღამ, ჰანგმა ემოციისა, რომელსაც
მთელი მისი სული, მთელი არსება აეტაცებინა.

ცოტა ხანში ორივე აუზის ფსკერზე იდგა, ფრემენებს შორის.

ჯესიკამ პოლს ოდნავ გაუღიმა და სტილგარს მიმართა:

– ცოდნის სასარგებლო გაცვლა გამოგვივა. იმედი მაქვს, შენ და შენი ხალხი არ წყრებით ჩვენი
უხეშობის გამო. მეჩვენება, რომ ეს... აუცილებელი იყო. თქვენ კინაღამ... შეცდომა ჩაიდინეთ.

– შეცდომისგან კაცის გადარჩენა სამოთხის ძღვენია, – მიუგო სტილგარმა. მარცხენა ხელი


ტუჩებზე მიიდო, მეორე ხელით პოლს წელიდან იარაღი ააცალა და თავის ამხანაგს
გადაუგდო, – შენს მაულა პისტოლეტს მაშინ მიიღებ, როცა დაიმსახურებ, ბიჭი.
პოლმა რაღაცის თქმა დააპირა და შეყოყმანდა, რადგან დედის სწავლება გაახსენდა:
„დასაწყისი ძალიან საფრთხილო დროა“.

– ჩემს შვილს ისედაც აქვს იარაღი, როგორიც სჭირდება, – თქვა ჯესიკამ. სტილგარს თვალი
თვალში გაუყარა და აიძულა, დაფიქრებულიყო, რა ხერხით მოიპოვა პოლმა პისტოლეტი.

მან შეხედა კაცს, პოლმა რომ დაჯაბნა – ჯემისს. ის განზე იდგა, თავი დაეხარა და მძიმედ
სუნთქავდა.

– ძნელი ქალი ხარ, – თქვა სტილგარმა, მარცხენა ხელი ამხანაგისკენ გაიშვირა და თითები
გაატკაცუნა, – კუშტი ბაკა ტე.

„ისევ ჩაკობსა“, გაიფიქრა ჯესიკამ.

იმან სტილგარს ხელში ორი ოთხკუთხა, თხელი ხილაბანდი ჩაუდო. სტილგარმა თითებში
გაიტარა ისინი, მერე კი ერთი ჯესიკას შემოავლო კისერზე, კაპიუშონის ქვეშ, მეორე – პოლს.

– ახლა თქვან ბაკას ხილაბანდები გიკეთიათ, – თქვა მან, – ერთმანეთს თუ დავშორდებით,


მაინც გიცნობენ, როგორც სტილგარის სიეტჩის წევრებს. იარაღზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

კაცი გაბრუნდა, თავისიანებს შორის გაიარა და შეამოწმა ისინი; მერე პოლის ფრემაბგა ერთ-
ერთ მათგანს მისცა წამოსაღებად.

„ბაკა“, თავისთვის გაიმეორა ჯესიკამ; იცნო რელიგიური ტერმინი: ბაკა – მტირალი. იგრძნო,
როგორ აერთიანებდა ამ ჯგუფს ხილაბანდში ჩადებული სიმბოლიკა. რატომ უნდა იყვნენ
ტირილით გაერთიანებულებიო, გაიფიქრა.

სტილგარი მივიდა გოგოსთან, პოლი რომ გააოგნა, და უთხრა:

– ჩანი, ეს ბავშვკაცა შენი ფრთის ქვეშ შეიფარე. ხიფათი არიდე.

ჩანი პოლს მკლავზე შეეხო.

– წამო, ბავშვკაცა.

პოლმა დაფარული ბრაზით უთხრა:

– მე პოლი მქვია. კარგი იქნებოდა, თუ შენ...

– სახელს ჩვენ დაგარქმევთ, პატარა კაცო, – უთხრა სტილგარმა, – მიჰნას დროს, აქლის
გამოცდაზე.

გონიერების გამოცდაზეო, გადათარგმნა ჯესიკამ. უეცრად ისეთი აუცილებელი მოეჩვენა,


პოლის უპირატესობა დაემტკიცებინა, რომ ამან ყველა სხვა მოსაზრება გადაწონა და
სტილგარს შეუტია:

– ჩემი ძე გომ ჯაბარით გამოსცადეს!

მის სიტყვებს ისეთი სიჩუმე მოჰყვა, რომ ჯესიკა მიხვდა – ნათქვამიმათ გულში მოხვდა.
– ბევრი რამაა, რაც ერთმანეთზე არ ვიცით, – თქვა სტილგარმა, – მაგრამ ძალიან ვაყოვნებთ.
დღის მზემ ცისქვეშ არ უნდა მოგვისწროს, – პოლმა რომ წააქცია, იმ კაცს მიუახლოვდა და
ჰკითხა: – ჯემის, ივლი?

იმან ბუზღუნით მიუგო:

– მოულოდნელად შემასკდა, აი, რა ქნა. შემთხვევით გამოუვიდა. შემიძლია სიარული.

– შემთხვევით არ ყოფილა, – გაეპასუხა სტილგარი, – ჩანისთან ერთად ბიჭის უსაფრთხოებაზე


ზრუნვას შენ გავალებ, ჯემის. ეს ხალხი ჩემი მფარველობის ქვეშაა.

ჯესიკა დააკვირდა ამ კაცს, ჯემისს. ეს მისი ხმა ეკამათებოდა სტილგარს კლდეებიდან. მისი
იყო ხმა, რომელშიც სიკვდილი ისმოდა. და სტილგარმა საჭიროდ ჩათვალა, ჯემისისთვის
ბრძანება უფრო დაბეჯითებით გაემეორებინა.

სტილგარმა ჯგუფი თვალის გადავლებით შეამოწმა და ორი კაცი ხელით გამოიხმო.

– ლარუს და ფარუხ, თქვენ ჩვენს ნაკვალევს დამალავთ. ყურადღება მიაქციეთ, არანაირი


კვალი არ დარჩეს. განსაკუთრებით იფრთხილეთ: ორი გაუწვრთნელი გვახლავს თან. –
მიტრიალდა და აწეული ხელით აუზის გადაღმა ხალხს ანიშნა: – მონაცვლე მწკრივად
მივდივართ, ფლანგებზე დაცვას ვაყენებთ – წავედით! ქიმის ქვაბულში გათენებამდე უნდა
მივიდეთ.

ჯესიკა სტილგარს დაუდგა გვერდით, ფეხი აუწყო და ხალხი გადათვალა. სულ ორმოცი
ფრემენი იყო, მისი და პოლის ჩათვლით ორმოცდაორნი გამოდიოდნენ. და გაიფიქრა:
„სამხედრო რაზმივით მიდიან, ის გოგოც კი, ჩანი“.

პოლი მწკრივში ჩანის უკან ჩადგა. უკვე მოეშორებინა უსიამო შეგრძნება იმის გამო, გოგომ
რომ მისი გამოჭერა მოახერხა. ახლა მისი ფიქრები დაეპყრო მოგონებას, დედამისის
შეძახილმა რომ გამოიხმო ხსოვნიდან: „ჩემი ძე გომ ჯაბარით გამოსცადეს!“ იგრძნო, რომ
ხელში ტკივილის ხსოვნა ჩხვლეტდა.

– უყურე, სად მიდიხარ! – ჩაუსისინა ჩანიმ, – ბუჩქს არ გაეხახუნო, რამე ძაფი არ შეატოვო იმის
ნიშნად, რომ აქ გავიარეთ.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუქნია.

ჯესიკა რაზმის ხმებს უგდებდა ყურს, ესმოდა თავისი და პოლის ნაბიჯების ხმა და
ფრემენების სიარულის მანერა აოცებდა. ორმოცი კაცი გადადიოდა აუზზე და მხოლოდ
გარემოს ბუნებრივ ხმებს გამოსცემდნენ: მოჩვენებებივით, პატარა ნავებივით
მისრიალებდნენ, მათი მოსასხამები ჩრდილებს ერეოდა. სიეტჩ ტაბრში მიემართებოდნენ –
სტილგარის სიეტჩში.

ჯესიკა გონებაში ამ სიტყვას უტრიალებდა – სიეტჩი. ჯაკობსას სიტყვა იყო, ძველი


მონადირული ენისა, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე უცვლელი რჩებოდა. სიეტჩი –
ხიფათის ჟამს შეხვედრის ადგილი. ახლა, ფრემენებთან შეტაკების დროინდელი დაძაბულობა
რომ მოეხსნა, ამ სიტყვის და ამ ძველი ენის გამოყენების მრავლისმთქმელი მნიშვნელობის
„ჩაწერას“ იწყებდა.
– კარგად მივდივართ, – თქვა სტილგარმა, – შაი-ჰულუდის წყალობით, ქიმის ქვაბულს
განთიადამდე მივაღწევთ.

ჯესიკამ თავი დაუქნია – ძალებს იზოგავდა. სხეულში ჩაღვრილ საშინელ დაღლილობას


ნებისყოფის ძალით თრგუნავდა... და, უნდა ეღიარებინა: ამაში აღფრთოვანების გრძნობაც
ეხმარებოდა. აქ მისთვის ბევრი ახალი რამ გაცხადდა ფრემენების კულტურაზე და მისი
გონება ამ რაზმის მხედრულ უნარს აფასებდა.

„ყოველი მათგანი მეომარია“, გაიფიქრა, „მთელ ამ კულტურაში წვრთნა სამხედრო წესებს


მისდევს. რა ფასდაუდებელი განძია დევნილი ჰერცოგისთვის!“

10* * *
ფრემენებს ბადალი არ ჰყავდათ იმ უნარში, რომელსაც ძველები უწოდებდნენ
spannungsbogen-ს – ეს არის საკუთარი თავისთვის რაღაცის ნდომასა და სასურველის
დაუფლებას შორის დაყოვნების იძულება.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სიბრძნე“

ქიმის ქვაბულს რიჟრაჟზე მიუახლოვდნენ – აუზს კედლად შემოვლებულ კლდეში


დატანებული ისეთი ვიწრო ნაპრალით, რომ მის გასავლელად გვერდულად სიარული
სჭირდებოდათ. დილის ბინდბუნდში ჯესიკამ დაინახა, რომ სტილგარმა გუშაგები გამოყო.
წამით თვალი მოჰკრა, როგორ იწყეს მათ შეცოცება კლდეზე.

მიმავალმა პოლმა მაღლა აღაპყრო მზერა: ვიწრო ნაპრალი ვერცხლისფერი ცისკენ იხსნებოდა
და პლანეტის ჭრილის ფერად ნახატს აჩენდა.

ჩანიმ მოსასხამზე დაქაჩა და ააჩქარა:

– დროზე. უკვე ინათა.

– ის კაცები, მაღლა რომ აცოცდნენ, სად მიდიან?

– დღის პირველი გუშაგია, – მიუგო გოგომ, – დროზე!

„გარე გუშაგი“, გაიფიქრა პოლმა. „ჭკვიანურია. მაგრამ კიდევ უფრო ჭკვიანური იქნებოდა, ამ
ადგილს დაცალკევებულ გუნდებად რომ მოვახლოებოდით“. მაშინვე მიხვდა, რომ ეს
პარტიზანის ფიქრები იყო, და გაახსენდა მამამისის შიში, ვაითუ, ატრეიდესები პარტიზანი
გვარი გახდესო.

– უფრო სწრაფად, – უჩურჩულა ჩანიმ.

პოლს უკნიდან მოსასხამის შრაშუნი მოესმა და ნაბიჯს აუჩქარა. მას იუეს ნარინჯისფერი
კათოლიკე ბიბლიიდან სირატის სიტყვები გაახსენდა:

„ჩემ მარჯვნივ სამოთხეა, ჩემ მარცხნივ – ჯოჯოხეთი და სიკვდილის ანგელოზია ჩემ უკან“.
ისევ და ისევ იმეორებდა: „ჩემ მარჯვნივ...“
კუთხეს შემოუარეს და გასასვლელი გაფართოვდა. სტილგარი ერთ მხარეს იდგა და მათ
ანიშნებდა, დაბალ, კედელში მართი კუთხით შეჭრილ ხვრელში შემძვრალიყვნენ.

– ჩქარა! – დაუსისინა მომავლებს, – აქ პატრული რომ წამოგვადგეს, გალიაში დამწყვდეული


კურდღლებივით ჩაგვიგდებს ხელში.

პოლი ღიობში შესასვლელად დაიხარა და ჩანის გამოქვაბულში შეჰყვა, რომელსაც სადღაც


ზემოდან ბაცი ნაცრისფერი შუქი ანათებდა.

– შეგიძლია, დადგე, – უთხრა გოგომ.

პოლი გაიმართა, ადგილი მოათვალიერა – ღრმა და ფართო ქვაბული იყო, მის თაღოვან ჭერს
კაცი შეიძლება ხელით მისწვდენოდა. რაზმი გაიფანტა, მისი წევრები ჩრდილებში ჩაიკარგნენ.
პოლმა ცოტა მოშორებით მდგარი დედა დაინახა, შენიშნა, როგორ აკვირდებოდა იგი მათი
რაზმის ხალხს. და ისიც შენიშნა, რომ დედამისი ფრემენებში ვერავის აერეოდა, თუმცა კი
მათსავით ეცვა – ჯესიკას მიხრა-მოხრა ძალითა და გრაციით იყო სავსე.

– იპოვე ადგილი, სადაც დაისვენებ, და ფეხებში ნურავის მოედები, ბავშვკაცავ, – უთხრა ჩანიმ,
– აი, საჭმელი, – ხელისგულზე ფოთლებში გახვეული ორი ნაჭერი დაუდო. პოლს მაშინვე
სუნელის მძაფრი სუნი ეცა.

სტილგარი ზურგიდან მიუახლოვდა ჯესიკას და მარცხნივ მდგარ ჯგუფს უბრძანა:

– კარის სარქველი დააყენეთ და წყლის უსაფრთხოებას მიხედეთ! – მერე ერთ-ერთ ფრემენს


მიუბრუნდა: – ლემილ, ნათელბურთები მოიტა, – ჯესიკას მკლავზე მოჰკიდა ხელი: – რაღაც
მინდა გიჩვენო, საოცრება-ქალო, – კლდის კუთხე შემოატარა და შუქის წყაროს
მიმართულებით გაუძღვა.

ადგილი, სადაც გავიდნენ, ქვაბულში მეორე შემოსასვლელის ფართო პირი აღმოჩნდა. ეს


შემოსასვლელი მიწიდან მაღლა, ფრიალო კლდის კედელში იყო გაჭრილი და სხვა აუზს
გადასცქეროდა, რომელიც ათი-თორმეტი კილომეტრის სიგანეზე იქნებოდა გადაშლილი. ეს
აუზი კლდის მაღალი კედლებით იყო შემოსაზღვრული. ზედ მცენარეულობა მეჩხრად
გაბნეულიყო.

სანამ ჯესიკა განთიადისგან ნაცრისფრად განათებულ აუზს უცქერდა, მზე შორეულ ქარაფებს
ამოსცდა და კლდეებისა და ქვიშის ნაზუქისფერი გარემო გაანათა. ჯესიკამ შენიშნა –თურმე
რა ერთბაშად ამოასკდებოდა ჰორიზონტს არაკისის მზე...

ეს იმიტომ, რომ ჩვენ მისი შეყოვნება გვინდაო, გაიფიქრა. ღამე ხომ დღეზე უფრო უსაფრთხო
ჟამია. და უცებ ცისარტყელა მოენატრა – აქ, ამ ადგილას, რომელიც ვერასოდეს იხილავდა
წვიმას. „ასეთი მონატრებები უნდა ჩავიხშო“, გაუელვა მას, „ეს სისუსტეა, მე კი სისუსტის
უფლება აღარ მაქვს“.

სტილგარმა მკლავზე ჩაავლო ხელი, აუზის გადაღმა მიუთითა:

– აი! იქ ჭეშმარიტ დრუსებს ხედავ.

ჯესიკამ მის ხელს თვალი გააყოლა და მოძრაობა შენიშნა: აუზის ფსკერზე მყოფი ხალხი დღის
შუქში მოპირდაპირე კლდეების ჩრდილებში გაფანტულიყო. სიშორის მიუხედავად,
ისინისუფთა ჰაერში გარკვევით ჩანდნენ. ჯესიკამ მოსასხამის ქვეშიდან ბინოკლი გამოიღო და
ზეთის ლინზები იმ ხალხზე გაასწორა. მათი ხილაბანდები ფერადი პეპლების ფრთებივით
ფართქალებდა.

– იქ ჩვენი სახლია, – თქვა სტილგარმა, – ამაღამ იქ მივალთ, – აუზს გადახედა და ულვაში


მოიწიწკნა, – ჩემი ხალხი გვიანობამდე დარჩენილა სამუშაოდ. ეს ნიშნავს, რომ ახლომახლო
პატრული არსად არაა. მოგვიანებით ნიშანს მივცემ, რომ ჩვენს დასახვედრად მოემზადონ.

– კარგად გაწვრთნილი ხალხი გყავს, – უთხრა ჯესიკამ. მან ბინოკლი ჩამოსწია და შენიშნა, რომ
სტილგარი სწორედ მის სათვალთვალო ხელსაწყოს აკვირდებოდა.

– ისინი ტომის მოფრთხილების წესს ემორჩილებიან, – თქვა ფრემენმა, – ლიდერს სწორედ მაგ
წესით ვირჩევთ. ლიდერი ყველაზე ძლიერია, ლიდერი თავისიანებს წყალს და უსაფრთხოებას
აძლევს, – თავი ასწია და ჯესიკას შეხედა.

ქალმა თვალი გაუსწორა, დააკვირდა უთეთრო თვალებს, შეღებილ უპეებს, მტვრის ჩარჩოში
მოქცეულ წვერ-ულვაშს, მილაკის ზოლს, ნესტოებიდან სარწყულში რომ ეშვებოდა.

– შენ, როგორც მეთაურს, ჩრდილი მოგაყენე იმით, რომ გაჯობე, სტილგარ?

– შენ ხომ არ გამოგიწვევივარ, – მიუგო მან.

– ლიდერს თავისი რაზმი პატივს უნდა სცემდეს, – თქვა ჯესიკამ.

– ამ ქვიშის ტილებში არც ერთი არაა ისეთი, მე რომ ვერ ვერეოდე, – თქვა სტილგარმა, – მე რომ
მაჯობე, ამით ჩვენ ყველას გვაჯობე. ახლა კი იმედი აქვთ, შენგან ისწავლონ... საოცარი ხერხი...
და ზოგს აინტერესებს, ჩემს გამოწვევას ხომ არ აპირებ.

ჯესიკამ მისი სიტყვები გაიაზრა.

– ანუ, ოფიციალურ ბრძოლაში ჯობნას?

სტილგარმა თავი დაუქნია და უთხრა:

– მე ამას არ გირჩევდი, იმიტომ რომ ისინი შენ არ გამოგყვებიან. შენ ქვიშნარის ამბები არ იცი.
ეს ამღამინდელი სიარულისას კარგად დაინახეს.

– პრაქტიკული ხალხია, – გაეპასუხა ჯესიკა.

– სწორედაც რომ, – ისევ აუზს გახედა კაცმა, – ჩვენ ვიცით, როდის რის გაკეთებაა საჭირო.
მაგრამ შინიდან ასე ახლოს როცა ვართ, ბევრი ამდენს აღარ ფიქრობს. ძალიან დიდხანს
ვიყავით წასულები, სუნელის ჩვენი წილი თავისუფალ ვაჭრებთან მიგვქონდა წყეული
გილდიისათვის... სამარადჟამოდ ჩაშავებოდეთ სახეები!

ჯესიკამ მიბრუნება დააპირა, მაგრამ შეჩერდა და ისევ სახეში შეხედა.

– გილდიისთვის? გილდიას თქვენს სუნელთან რა ხელი აქვს?

– ლიეტმა გვიბრძანა ასე, – თქვა სტილგარმა, – მიზეზი ვიცით, მაგრამ ამის საფასური მაინც
გვამწარებს. გილდიას ქრთამს ვაძლევთ, უზარმაზარ საფასურს ვუხდით სუნელით, ოღონდ
ჩვენს ცაზე სატელიტები არ გაჭაჭანდეს და ვერავინ დაინახოს, რას ვუშვრებით არაკისის
ზედაპირს.

ჯესიკა მის სიტყვებზე დაფიქრდა, გაახსენდა პოლის ნათქვამი, შეიძლება სწორედ ეს იყოს
მიზეზი, არაკისის ცაზე თანამგზავრები რომ არ დაფრინავენო.

– და ისეთს რას უშვრებით არაკისს, რაც სხვამ არ უნდა დაინახოს?

– ვცვლით... ნელა, მაგრამ უცილობლად... იმისთვის, რომ ის ადამიანის საცხოვრებლად


შესაფერისი გავხადოთ. ჩვენი თაობა ამას ვერ მოესწრება, ვერც ჩვენი შვილები, ვერც
შვილიშვილები, ვერც მათი შვილები... მაგრამ ეს დრო მაინც დადგება. – სტილგარმა
დაბინდული თვალებით გახედა აუზს, – ღია წყალი, მაღალი მწვანე მცენარეები და
თავისუფლად, სარწყულების გარეშე მოარული ხალხი.

აი, რა ყოფილა ლიეტის ოცნებაო, გაიფიქრა ჯესიკამ. თქმით კი ეს თქვა:

– ქრთამი სახიფათო რამაა; გაზრდა იცის ხოლმე.

– იზრდება კიდეც, – მიუგო სტილგარმა, – მაგრამ აუჩქარებელი სვლა უხიფათო სვლაა.

ჯესიკა შებრუნდა, აუზს გადახედა და შეეცადა, ისეთად დაენახა იქაურობა, როგორიც


სტილგარს ოცნებებში წარმოედგინა. მაგრამ დაინახა მხოლოდ შორი კლდეების
მდოგვისფერი ლაქა და ქარაფების თავზე – უეცარი ბუნდოვანი მოძრაობა.

– აჰჰჰ, – ამოიქშინა სტილგარმა.

ჯესიკამ ჯერ იფიქრა, პატრულის ხომალდს ვხედავო, მერე კი მიხვდა, რომ ეს მირაჟი იყო:
უდაბნოს ქვიშაზე სხვა არემარე მოჩანდა, შორს მწვანე მცენარეულობა ირხეოდა, იქამდე შუა
მანძილზე კი ქვიშის ზედაპირზე გრძელი მატლი მიცოცავდა, მის ზურგზე რაც ჩანდა,
თითქოს ფრემენული მოსასხამის ფრიალს ჰგავდა.

მირაჟი განქარდა.

– ფეხით წასვლას ამხედრება ჯობდა, – თქვა სტილგარმა, – მაგრამ ამ აუზში მოქმედს ვერ
შემოვუშვებთ. ასე რომ, ამაღამ ისევ ფეხით ვივლით.

„მოქმედი – ასე მატლს ეძახიან“, გაიფიქრა ჯესიკამ; გაიაზრა სტილგარის სიტყვების


მნიშვნელობა, მისი განცხადება, ამ აუზში მატლს ვერ შემოვუშვებთო. მირაჟში ხომ თავისი
თვალით ნახა, რაც ნახა: გიგანტური მატლის ზურგზე ამხედრებული ფრემენები. უდიდესი
თავშეკავება დასჭირდა, არ დასტყობოდა, რომ ამის მიხვედრამ გააოგნა.

– სხვებთან უნდა დავბრუნდეთ, – უთხრა სტილგარმა, – თორემ ჩემები იფიქრებენ, რომ


გეარშიყები. ზოგს უკვე ისიც კი შურს, რომ ჩემმა ხელებმა მოსინჯეს შენი მშვენებანი, წუხელ
ტუონოს აუზში როცა ვჭიდაობდით.

– კმარა ამაზე! – მოუჭრა ჯესიკამ.

– საწყენად არ მითქვამს, – შემრიგებლური ტონით უთხრა სტილგარმა, – ჩვენში ქალებს მათი


სურვილის გარეშე არ ეუფლებიან... შენთან კი... – მხრები აიჩეჩა, – ეს პირობაც კი არ არის
საჭირო.
– კარგად დაიმახსოვრებ, რომ მე ჰერცოგის ქალი ვიყავი, – უთხრა ჯესიკამ, ახლა უფრო
მშვიდად.

– როგორც ინებებ, – მიუგო სტილგარმა, – დროა, ეს ღიობიც დავგმანოთ, სარწყულის შეხსნა


რომ შეიძლებოდეს. ჩემს ხალხს დღეს კარგად მოსვენება სჭირდება. აბა, ხვალ ოჯახები აღარ
დაასვენებენ.

სიჩუმე ჩამოწვა.

ჯესიკამ მზით განათებულ აუზს გახედა. სტილგარის სიტყვებში კარგად გაიგონა ის, რაც იყო
ნათქვამი – მფარველობაზე მეტის უსიტყვო შეთავაზება. ცოლი სჭირდება? მიხვდა, რომ
მართლაც შეიძლებოდა, მის გვერდით დამდგარიყო. ამით ტომის ლიდერობაზე დავაც
გადაწყდებოდა: შესაფერისი ქალი შესაფერის კაცს შეუკავშირდებოდა.

მაგრამ მაშინ პოლის საქმე როგორ იქნება? ჯერ არ იცოდა, აქ მშობლობის რა კანონები
ჰქონდათ. და ჯერ კიდევ დაუბადებელი ასული, უკვე რამდენიმე კვირა რომ ზარდა წიაღში?
რა მოუვიდოდა დაღუპული ჰერცოგის ასულს? ჯესიკამ თავს ნება მისცა, ბოლომდე
გაესწორებინა თვალი სიმართლისთვის, თუ რას ნიშნავდა მის სხეულში ჩასახლებული ეს
ახალი ბავშვი: დაენახა, თუ რამ უბიძგა, ჩასახვა დაეშვა. იცოდა, რაც იყო ეს: ჯესიკა
დამორჩილდა დაუძლეველ სწრაფვას, რომელიც საერთოა სიკვდილის წინაშე მდგარი ყველა
არსებისათვის – სწრაფვას, შთამომავლობის დატოვებით მოიპოვოს უკვდავება. სახეობის
გამრავლებისკენ სწრაფვამ დაიმორჩილა ისინი.

ჯესიკამ სტილგარს შეხედა, დაინახა, რომ ის აკვირდებოდა, უცდიდა. როცა აქ ამისთანა კაცის
ცოლს გოგონა გაუჩნდება, რა ბედი ეწევა ბავშვს? თუ შეეცდება კაცი, წინ აღუდგეს
საჭიროებებს, რომლებსაც ბენე გესერიტმა უნდა მისდიოს?

სტილგარმა ხმა ჩაიწმინდა და დაეტყო, რომ კარგად ესმოდა ჯესიკას ზოგი ფიქრი.

– ლიდერისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ხდის კიდევაც მას ლიდერად – ეს მისი ხალხის
საჭიროებაა. შენ თუ მასწავლი შენს ილეთებს, შეიძლება, დადგეს დღე, როცა ერთ-ერთ
ჩვენგანს მეორის გამოწვევა მოუწევს. მე სხვა გამოსავალს ვისურვებდი.

– რამდენიმე გამოსავალი არსებობს? – ჰკითხა ჯესიკამ.

– საიადინა, – მიუგო მან, – ჩვენი ღირსი დედა მოხუცია.

„მათი ღირსი დედა?!“

სანამ ჯესიკა ამაზე დაფიქრებას მოასწრებდა, სტილგარმა განაგრძო:

– კი არ ვიჩემებ, მაინცდამაინც მე ვიქნები შენი კაცი-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ არ მომწონხარ;


შენ მართლაც ლამაზი და სასურველი ხარ. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ქალი რომ გახდე, შეიძლება
ზოგმა ახალგაზრდა მებრძოლმა ჩემზე იფიქროს, რომ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ხორცის
სიამეებზე და ცოტას – ტომის საჭიროებებზე. ახლაც კი ისინი ყურს გვიგდებენ და
გვითვალთვალებენ.

ეს კაცი, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ყველაფერს აწონ-დაწონის და შედეგებზეც


ფიქრობსო, დაასკვნა ჯესიკამ.
– ჩემს ახალგაზრდა მებრძოლებს შორის არიან ისეთები, სიფიცხის ასაკში რომ შევიდნენ, –
განაგრძო სტილგარმა, – ამ პერიოდში სადავეები ცოტათი უნდა მიუშვა. დიდად არ უნდა
მივცე მიზეზი, ჩემი გამოწვევა მოინდომონ, თორემ ზოგ-ზოგის დასახიჩრება და დახოცვა
მომიწევს. ეს კი ლიდერს არ შეჰფერის, თუ შეუძლია, ღირსებაც უნდა შეინარჩუნოს და ამასაც
თავი აარიდოს. ხომ სწორედ ლიდერი განასხვავებს ხალხს ბრბოსგან. ლიდერი ხალხში
პიროვნებების რაოდენობასა და დონეს ინარჩუნებს. ძალიან ცოტა პიროვნება თუ ეყოლა,
ხალხი ბრბოდ იქცევა.

მისმა სიტყვებმა, საკითხის გაცნობიერების სიღრმემ, იმან, რომ ლაპარაკობდა არა მხოლოდ
ჯესიკას, არამედ მოყურადეების გასაგონადაც, ქალი აიძულა, სხვა თვალით შეეხედა მისთვის.

„მყარი საყრდენი აქვს“, გაივლო გულში ქალმა. „სად ისწავლა შინაგანი წონასწორობის ასე
შენარჩუნება?“

– კანონი, რომელიც ლიდერის არჩევას გულისხმობს, სამართლიანი კანონია, – უთხრა


სტილგარმა, – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს ყოველთვის სამართლიანობა სჭირდება. ახლა
ნამდვილად რაც გვინდა, ესაა დრო – რომ გავიზარდოთ და გავმრავლდეთ, ჩვენი ძალებით
უფრო და უფრო მეტ მიწას მოვედოთ.

„ნეტავ, რა ჩამომავლობა აქვს ამ კაცს?“ გაიფიქრა ჯესიკამ. „საიდან მოდის ასეთი


მემკვიდრეობა?“

– სტილგარ, სათანადოდ ვერ შეგაფასე, – უთხრა ფრემენს.

– ასეც ვეჭვობდი, – მიუგო მან.

– როგორც ჩანს, ვერც ერთმა ვერ შევაფასეთ ერთმანეთი, როგორც საჭიროა.

– ჰოდა, მინდა, რომ ამას ბოლო მოეღოს, – უთხრა სტილგარმა, – გულით ვისურვებდი შენთან
მეგობრობას... და შენი ნდობის მოპოვებას. ვისურვებდი ისეთ ურთიერთპატივისცემას,
რომელიც მკერდში აღმოცენდება და ხვევნა-კოცნას არ მოითხოვს.

– მესმის, – თქვა ჯესიკამ.

– გჯერა ჩემი?

– შენს გულწრფელობას ვგრძნობ.

– ჩვენთან საიადინებს მაშინაც კი, როცა აღიარებული ლიდერები არ არიან, განსაკუთრებული


პატივისცემით ეპყრობიან. ისინი ასწავლიან. ისინი მიწაზე ღმერთის ძალას ატარებენ, –
სტილგარმა მკერდზე მიიდო ხელი.

„ახლა კი ამ ღირსი დედის საიდუმლო უნდა მოვსინჯო“, გაიფიქრა ჯესიკამ და თქვა:

– თქვენს ღირს დედაზე რომ ამბობდი... მე კი აქაური ლეგენდა და წინასწარმეტყველება


შევიტყვე.

– ნათქვამია, რომ ჩვენი მომავალი ბენე გესერიტისა და მისი შვილის ხელშია.

– გჯერათ, რომ მე ვარ ის ბენე გესერიტი?


ჯესიკა კაცს სახეში უცქერდა და ფიქრობდა: „ნორჩი ლერწამი ისე ადვილად კვდება.
დასაწყისი ისეთი დიდი ხიფათის დროა“.

– არ ვიცით, – მიუგო მან.

ჯესიკამ თავი დაუქნია და გაიფიქრა: „ღირსეული კაცია. ჩემგან ნიშანს ელოდება, მაგრამ არ
იკადრებს, ბედისწერას უბიძგოს და მითხრას, რა არის ნიშანი“.

ქალმა თავი მიაბრუნა, დააცქერდა აუზის ოქროსფერ ჩრდილებს, იისფერ ჩრდილებს, მტვრით
დაწინწკლული ჰაერის რხევას მათი ქვაბულის პირას. მისმა გონებამ უეცრად კატის
სიფრთხილე შეიძინა. კარგად იცოდა მისიონარია პროტექტივას საიდუმლო ენა, იცოდა,
როგორ უნდა მოერგო ლეგენდის ტექნიკა, სხვების შიში და იმედი თავის აუცილებელ
საჭიროებაზე, მაგრამ აქ ისეთ ცვლილებებს გრძნობდა, ყველანაირ წესს რომ არღვევდა...
თითქოს ამ ფრემენებს შორის ვიღაც ისეთს ეცხოვრა, ვისაც თავისებურად გადაეწერა
მისიონარია პროტექტივას ანაბეჭდები.

სტილგარმა ხმა ჩაიწმინდა.

ჯესიკა გრძნობდა მის მოუთმენლობას, იცოდა, რომ დღე ძალას იკრებდა და ხალხი უცდიდა
მათ, რომ ეს შესასვლელიც დაეგმანათ. ახლა ჟამი მისგან სიმამაცეს მოითხოვდა და ჯესიკა
მიხვდა, რაც სჭირდებოდა: რამე დარ ალ-ჰიკმანი, თარგმანების სკოლის სწავლება, რომელიც
მისცემდა...

– ადაბ, – დაიჩურჩულა.

ქალის არსების სიღრმეში მისმა გონებამ თითქოს გვერდი იცვალა. იცნო ეს შეგრძნება და
გული აუჩქარდა.

ბენე გესერიტის მთელ სწავლებაში სხვა არაფერს ახლდა ცნობის ასეთი ნიშანი. ეს მხოლოდ
ადაბი შეიძლებოდა ყოფილიყო: მეხსიერება, რომელსაც თვალს ვერ აარიდებდი, რომელიც
თავის ნებაზე გსტუმრობდა. ჯესიკა მიჰყვა მას, სიტყვებს აცალა, თავისთავად ედინათ მისი
ბაგიდან.

– იბნ ქირთაიბა, – წარმოთქვა მან, – იმ შორ ადგილას, სადაც ქვიშა სრულდება, – მოსასხამიდან
მკლავი გამოითავისუფლა და წინ გაიშვირა. დაინახა, როგორ გაუფართოვდა თვალები
სტილგარს. უკნიდან ბევრი მოსასხამის შრიალი მოესმა, – მე ვხედავ... ფრემენს მაგალითთა
წიგნით, – წარმოთქვა წამღერებით, – ის უკითხავს ალ-ლატს, მზეს, რომელიც ბრძოლაში
გამოიწვია და დაიმორჩილა. სამსჯავროს სადუსებს უკითხავს და, აი, რას კითხულობს იგი:

„მოჰგვანან მტერნი ჩემნი გათელილ ლორთქო ბალახს,


ქარიშხლის კვალში მოხვედრილს.
ნუთუ ვერ იხილეთ ჩვენი უფლის საქმენი?
ჭირს დაატეხს მათ საცხოვრისებს,
ვინც ხლართავს ხრიკებს ჩვენს დასაღუპად.
მონადირისგან გაფანტულ ჩიტებს მოჰგვანან,
მათი ხრიკები – შხამის ნამცეცია,
რომელსაც უარობს ყოველი პირი“.
ჯესიკას გააჟრჟოლა. მკლავი ჩამოუვარდა.

ზურგსუკნიდან, ქვაბულის სიღრმის ჩრდილებიდან, მრავალი ხმა გაეპასუხა:

– დაემხო მათი ნამუშაკარი.

– ღვთის ცეცხლი აენთო შენს გულში, – თქვა ჯესიკამ და გაიფიქრა: ახლა უკვე ყველაფერი
საჭირო კალაპოტში მიედინება.

– მგზნებარე ცეცხლი ღვთისა, – მოესმა პასუხი.

ჯესიკამ თავი დაიქნია.

– დაეცემიან მტერნი შენნი, – თქვა მან.

– ბი-ლა კაიფა, – მიუგეს მათ.

უცებ ჩამოწოლილ სიჩუმეში სტილგარი მიუბრუნდა და თავი დაუკრა.

– საიადინა, – მიმართა, – თუ შაი-ჰულუდის ნება იქნა, იქნებ, კიდევაც შევლო შიგნით, რომ
ღირსი დედა გახდე.

„შევლო შიგნით“, თავისთვის გაიმეორა ჯესიკამ. „რა უცნაურად ამბობს“. მაგრამ სხვა
ყველაფერი საკმაოდ ზუსტად ჯდებოდა საიდუმლო ენაში. და ჯესიკას იმედგაცრუება
დაეუფლა იმის გამო, ახლა რაც ჩაიდინა. ცინიკურად გაიფიქრა: „იშვიათად ხდება, რომ ჩვენმა
მისიონარია პროტექტივამ განზრახული ვერ შეასრულოს. ამ ველურ მხარეში ადგილი
გაგვიმზადეს. სალატის ლოცვამ თავშესაფარი მოგვიპოვა. ახლა... მე უნდა შევასრულო როლი
აალიასი, ღმერთის დობილის... საიადინა ვიქნები და გავაცურებ ხალხს, რომელსაც ისე
მტკიცედ ჩაუბეჭდავს გულში ჩვენი ბენე გესერიტისეული წინასწარმეტყველება, რომ
უმაღლეს ქურუმ ქალებს „ღირს დედებს“ უწოდებს“.

პოლი შიდა ქვაბულის ბინდში იდგა ჩანის გვერდით. პირში ჯერ კიდევ არ გაქრობოდა მისი
მოცემული საჭმლის გემო. ეს იყო ფოთლებში გახვეული, სუნელიანი თაფლით შეზავებული
ფრინველის ხორცი და რაღაც მარცვლეული. ლუკმა რომ გასინჯა, მიხვდა, რომ ადრე
არასოდეს ეჭამა ასეთი კონცენტრირებული სუნელი და გულში შიშმა გაჰკრა. იცოდა, რა
შეიძლებოდა ექნა მისთვის ამ ესენციას – სუნელით გამოწვეული ცვლილება მის გონებას
წინასწარმჭვრეტ ცნობიერებაში გადაიყვანდა.

– ბი-ლა კაიფა, – დაიჩურჩულა ჩანიმ.

პოლმა გოგოს შეხედა და მასაც შეატყო მოწიწება, რომლითაც ფრემენები დედამისს


უსმენდნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ ჯემისი არ ერეოდა ამ ცერემონიაში, გულხელდაკრეფილი
იდგა განზე.

– დუი იაკჰა ბინ მანჯე, – დაიჩურჩულა ჩანიმ, – დუი პურნა ბინ მანჯე. ორი თვალი მაქვს. ორი
ფეხი მაქვს.

და გაოცებით შეხედა პოლს.


პოლმა ღრმად ჩაისუნთქა, სცადა, მის არსებაში მობობოქრე ქარიშხალი ჩაეწყნარებინა.
დედამისის სიტყვები სუნელის ესენციის ზემოქმედებას შეერწყა და ახლა გრძნობდა, ჯესიკას
ხმა მის შიგნით როგორ მიიწევდა ზემოთ, მერე კი კვლავ ეცემოდა დაბლა, კოცონისგან
გაჩენილი ჩრდილების დარად. გრძნობდა ასევე დედამისის ქმედებაში შერეულ ცინიზმის
წვეთს – დედას ხომ ასე კარგად იცნობდა! – მაგრამ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა იმას, რასაც
მასში სუნელიანმა საჭმელმა გაუხსნა გზა.

საზარელი დანიშნულება!

გრძნობდა მას, რასულ ცნობიერებას, რომელსაც ვერსად გაექცეოდა. გრძნობდა ბასრ


სიცხადეს, მონაცემთა უწყვეტ ნაკადს, საკუთარი აზროვნების სიზუსტეს. იატაკზე დაეშვა,
ზურგით კლდეს მიეყრდნო, მთელი არსებით მიეცა იმას, რაც ემართებოდა. სიცხადე ჩაიღვარა
იმ დროისგარეშე შრეში, სადაც შეეძლო, დრო ეხილა – იგრძნო შესაძლო ბილიკები, მომავლის
ქარები... წარსულის ქარები. ცალი თვალით დანახული წარსული, ცალი თვალით დანახული
აწმყო და ცალი თვალით დანახული მომავალი ერთმანეთს შეერწყა ტრინოკულარულ
ხილვაში, რომლითაც სივრცედ გარდაქმნილი დროის ჭვრეტა შეეძლო.

გრძნობდა საკუთარი თავიდან გასვლის, გადაკარგვის საშიშროებას და აწმყოს აღქმას


მოეჭიდა. გრძნობდა განცდის გადღაბნილ, ჩვეულიდან გადახრილ ცახცახს, დენად წამს,
როდესაც „ის-რაც-არის“ უწყვეტად მყარდება და მარად-ნამყოდ ჩამოიქნება.

აწმყოს მთლიანად აღქმისას პირველად იგრძნო დროის მოძრაობის მასიური სტაბილურობა,


რომელსაც ყოველი მხრიდან ერეოდა ცვალებადი ნაკადები, ტალღები, მოქცევები და
მიქცევები, კლდეზე ზვირთცემის მსგავსი. ამით ახლებურად ჩასწვდა თავისი
წინასწარჭვრეტის ბუნებას, დაინახა მისი „ბრმა დროების“ წყარო, მისი უზუსტობის წყარო და
ამ წვდომამ თან შიში მოიყოლა.

პოლი მიხვდა, რომ წინასწარჭვრეტა იყო ნათელი, რომელიც ხორცშესხმულ საზღვრად


ექცეოდა იმას, რასაც ანათებდა – ერთბაშად იყო წყარო სიზუსტისაც და მრავლისმთქმელი
უზუსტობისაც. საქმე ჰქონდა ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპის მსგავს
რაღაცასთან: დანახულისთვის საბურველის ასახდელად საჭირო ენერგიის ხარჯი ცვლიდა
იმას, რასაც თავად ხედავდა. .

ხოლო ხედავდა იგი დროის კვანძებს ამ ქვაბულში, ხედავდა ამ ადგილას შეყრილ


შესაძლებლობათა დუღილს, რომელშიც სულ უმცირესი ქმედებაც კი – თვალის დახამხამება,
დაუფიქრებლად წარმოთქმული სიტყვა, ქვიშის მარცვლის გადაადგილება – მთელ ხილულ
სამყაროზე მოქმედ გიგანტურ ბერკეტს ამოძრავებდა. ხედავდა ძალადობას, რომლის შედეგს
იმდენი ცვლადი განსაზღვრავდა, რომ პოლის უმცირესი მოძრაობაც კი სრულიად
ასხვაფერებდა მოდელს.

ხილვამ აიძულა, უძრავად გაშეშებულიყო, მაგრამ ესეც ქმედება იყო და თავისი შედეგები
მოსდევდა.

ამ შედეგებს თვლა არ ჰქონდა, ისინი ურიცხვ სხივად იშლებოდნენ ამ ქვაბულიდან და


თითქმის ყველა შედეგი-სხივის ბოლოში პოლი ხედავდა საკუთარ უსულო ცხედარს,
რომელსაც დანით მიყენებული პირღია ჭრილობიდან სისხლი სდიოდა.
11* * *
იმ წელიწადს, როცა მამაჩემმა, ფადიშაჰ-იმპერატორმა, ჰერცოგი ლეტო მოაკვლევინა და
არაკისი ისევ ჰარკონენებს გადასცა, ის 72 წლის იყო, მაგრამ 35-ზე მეტისას არ ჰგავდა. ხალხში
გამოჩენისას თითქმის ყოველთვის სარდაუკარის ფორმა ეცვა და ბურსეგის შავი მუზარადი
ეხურა, რომლის თხემზე საიმპერატორო ოქროს ლომი იყო გამოსახული. ფორმა დაუფარავად
შეახსენებდა ყველას, თუ რას ეყრდნობოდა მისი ძალაუფლება. თუმცა ყოველთვის ასეთი
მოურიდებელი არ იყო ხოლმე. თუ მოისურვებდა, შეეძლო, მომხიბვლელობა და
გულწრფელობა ეფრქვია, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ და ვერ გამიგია: საერთოდ,
მართლა იყო თუ არა მასში რამე იქიდან, რაც ჩანდა? ახლა ვფიქრობ, რომ ის იყო კაცი,
რომელიც მუდმივად ცდილობდა, უხილავი გალიიდან თავი დაეღწია. არ უნდა
დაგავიწყდეთ, რომ ის იმპერატორი იყო, ჩამომავალი და გამგრძელებელი დინასტიისა,
რომლის სათავეც უხსოვარ წარსულში ჩაკარგულიყო. მაგრამ ბენე გესერიტებმა მას კანონიერი
ძე არ ვაღირსეთ. განა ეს არ არის ყველაზე სასტიკი დამარცხება, რაც კი შეიძლება მმართველმა
იგემოს? დედაჩემი დაემორჩილა თავის წინამძღვარ დებს იმაში, რაშიც ლედი ჯესიკა ეურჩა.
ამათგან რომელი იყო უფრო ძლიერი? ისტორიამ უკვე გასცა პასუხი ამ კითხვას.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მამაჩემის სახლში“

ჯესიკას გამოქვაბულის სიბნელეში გაეღვიძა; გრძნობდა, მის გარშემო ძილისგან


გამოფხიზლებული ფრემენები იშმუშნებოდნენ, მათი სარწყულების მძაფრ სუნს გრძნობდა.
შინაგანმა დროის გრძნობამ უკარნახა, რომ დაღამებამდე ცოტა ხანი რჩებოდა, მაგრამ
გამოქვაბულში უკვე ბნელოდა, რადგან მას უდაბნოსგან და დღის შუქისგან პლასტიკატის
სარქველები ზღუდავდა, რომლებიც ადამიანების სხეულის ტენს ამ დახშულ სივრცეში
აკავებდა.

ჯესიკამ გაიაზრა, რომ თავის თავს ნება მისცა, სრულიად მოდუნებულიყო და


გადაქანცულობისგან მოგვრილი ღრმა ძილით დაესვენა. ეს კი იმას მოწმობდა, რომ
ქვეცნობიერი შეფასებით, სტილგარის რაზმელებს შორის თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ის
თავისივე მოსასხამით გაკეთებულ ჰამაკში შებრუნდა, ფეხები ქვის იატაკზე დაუშვა და მერე
უდაბნოს ჩექმებში ჩაყო.

„არ დამავიწყდეს, ჩექმები ცოტა ჩაწეული შევიკრა, რომ სარწყულის ტუმბოებს მუშაობა
გაუადვილდეს“, გაიფიქრა მან. რამდენი რამ იყო დასამახსოვრებელი!

პირში ჯერაც გრძნობდა დილანდელი ხემსის გემოს – ფოთლებში შეხვეული სუნელიანი


თაფლით შეზავებული ფრინველის ხორცის ნაჭერი და ბურღული ჭამა. აქ დროს პირიქით
იყენებენო, გაუელვა: ღამე სამოქმედოდ ჰქონდათ, დღე კი – დასასვენებლად.

ღამე დაგმალავს; ღამე ყველაზე უსაფრთხო დროა.

ჯესიკამ ქვის ნიშაში ჩამაგრებული ჰამაკის კავებიდან მოსასხამი ჩამოხსნა; ხელის ცეცებით
მოსინჯა ქსოვილი, ზედა ნაწილი იპოვა და შეიმოსა.

„როგორ გადავცე წერილი ბენე გესერიტებს?“ დაეკითხა საკუთარ თავს. „აუცილებლად უნდა
შეიტყონ არაკისის მღვიმეებს შეფარებული დის ასავალ-დასავალი“.
მოშორებით გამოქვაბულში ნათელბურთები აინთო. ჯესიკამ დაინახა იქ ამოძრავებული
ადამიანები. მათ შორის იდგა პოლიც, უკვე ჩაცმული იყო, კაპიუშონი ზურგზე გადაეგდო და
დედისკენ ატრეიდესების არწივისებრი პროფილით შემობრუნებულიყო.

„რა უცნაურად იქცეოდა, სანამ დასაძინებლად მოვეწყობოდით. ერთიანად საკუთარ ფიქრებში


იყო წასული. თითქოს სიკვდილის მხრიდან მობრუნებულა და ჯერაც ვერ გაუაზრებია ეს
უკან დაბრუნებაო; მზერა შიგნით ჰქონდა ჩაბრუნებული და ნახევრად მილულული თვალები
შუშისას უგავდა“. ჯესიკას ამან გაახსენა პოლის გაფრთხილება: სუნელიანმა საკვებმა მიჩვევა
იცის, მასზე დამოკიდებული ხდებიო.

ესეც სუნელის გვერდითი მოვლენები ხომ არ არისო, გაიფიქრა. პოლმა უთხრა, რომ მისი
წინასწარჭვრეტის უნარი რაღაცით სუნელს უკავშირდებოდა, მაგრამ უცნაურად დუმდა
იმაზე, თუ რას ხედავდა.

მარჯვნივ სიბნელეს სტილგარი გამოეყო და ნათელბურთების ქვეშ მდგარ ჯგუფს


მიუახლოვდა. ჯესიკამ შეამჩნია, როგორ ისვამდა წვერზე თითებს, მისი ფხიზელი, კატისებრი
მზერა შენიშნა.

ჯესიკას უეცარმა შიშმა მოუწურა გული, როცა მისმა გრძნობებმა ერთბაშად აღიქვა
დაძაბულობა პოლის გარშემო მოგროვილ ხალხში: დაძაბული მოძრაობები, რიტუალური
პოზები.

– ისინი ჩემი მფარველობის ქვეშ არიან! – დაიგრგვინა სტილგარმა.

ჯესიკამ იცნო კაცი, სტილგარი რომ ედავებოდა – ჯემისი! დაძაბულად აწურულ ბეჭებზე
მრისხანება შეატყო.

„ჯემისი, ის კაცი, პოლმა რომ აჯობა!“ გაუელვა ჯესიკას.

– წესი შენც იცი, სტილგარ, – უთხრა ჯემისმა.

– ჩემზე უკეთ არც არავინ იცის, – და ჯესიკამ მის ხმას შემრიგებლური კილო შეატყო –
სტილგარი მშვიდობის ჩამოგდებას ცდილობდა.

– მე ორთაბრძოლას ვამჯობინებ, – დაიღრინა ჯემისმა.

ჯესიკამ სწრაფად გადაჭრა ქვაბული და სტილგარს მკლავში ჩაავლო ხელი.

– რა ხდება?

– ამტალის წესი ეგეთია, – მიუგო სტილგარმა, – ჯემისი მოითხოვს უფლებას, შეამოწმოს,


მართლა ლეგენდიდან ხარ თუ არა.

– ამ ქალმა ფალავანი უნდა გამოიყვანოს, – თქვა ჯემისმა, – მისი ფალავანი თუ მოიგებს, ეს


ნიშნავს, რომ მართალი ყოფილა. მაგრამ ნათქვამია... – მან შეკრებილ ხალხს გადაავლო თვალი,
– რომ ფრემენთაგან ფალავანი არ დასჭირდება – რაც მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ
თავის ფალავანს თან მოიყოლებს.

„პოლთან ორთაბრძოლას გულისხმობს!“ გაიფიქრა ჯესიკამ.


სტილგარს ხელი უშვა და ნახევარი ნაბიჯი წადგა წინ.

– საკუთარი თავის ფალავანი ყოველთვის მე ვარ ხოლმე, – თქვა მან, – ამ წესის მნიშვნელობა
საკმაოდ იოლად გასაგებია...

– ჩვენს წესებს შენ ნუ გვასწავლი! – შეუტია ჯემისმა, – სანამ, რაც ვნახე, იმაზე მეტით არ
დაგვარწმუნებ, რომ ის ხარ, ვისაც ყური უნდა ვუგდოთ. დილით, ეგებ, სტილგარმა გასწავლა,
რა უნდა გეთქვა. ეგებ, თვალი დაგადგა, ჩაგიდო თავში, რა უნდა გეთქვა, და შენც ჩაგვიჭიკჭიკე
ყველაფერი ზეპირად, იმ იმედით, რომ ჩვენ შორის იმ გზას გაიკაფავდი, რომელიც არ
გეკუთვნის.

„ამას კი მოვუვლიდი“, გაიფიქრა ჯესიკამ, „მაგრამ ეს შეიძლება ლეგენდის მათეულ ახსნაში არ


ჯდებოდეს“. და კიდევ ერთხელ გააოცა იმან, ამ პლანეტაზე მისიონარია პროტექტივას
ნაკეთები საქმე როგორ შეცვლილიყო.

სტილგარმა ჯესიკას შეხედა და ხმადაბლა უთხრა, მაგრამ ისე, რომ მისი სიტყვები შეგროვილი
ხალხის წინა რიგს მისწვდენოდა:

– ჯემისი დაბოღმილია, საიადინა. შენმა შვილმა აჯობა მას და...

– შემთხვევით! – იღრიალა ჯემისმა, – ტუონოს აუზში კუდიანის ძალა მოქმედებდა და მე ამას


დავამტკიცებ!

– ...მას მეც მოვრევივარ, – განაგრძო სტილგარმა, – ამ ტაჰადიგამოწვევით აპირებს, მერე მეც


მომდგეს ისევ. ჯემისს ზედმეტად ბევრი აქვს სისასტიკე და ამის გამო კარგი ლიდერი
ვერასოდეს იქნება – ძალიან ბევრი ღაფლა აქვს, სიშლეგე. ენაზე წესები აკერია, გულში კი
საფრა უდევს, პირის მიქცევა. არა, კარგი მეთაური ვერასოდეს იქნება. ამდენ ხანს ვიტოვებდი,
იმიტომ, რომ უშუალოდ ბრძოლაში გამოსადეგია, მაგრამ, როცა ბრაზი ასე ფლეთს,
თავისიანებისთვისაც კი საშიში ხდება.

– სტილგარ-რ-რ! – დაიბრდღვინა ჯემისმა.

და ჯესიკა მიხვდა, რას აკეთებდა სტილგარი: ჯემისს აცოფებდა, რათა გამოწვევა პოლისთვის
აეცილებინა და თავად მიეღო.

სტილგარმა ჯემისს თვალი გაუსწორა და ჯესიკამ მის ბოხ ხმაში შემრიგებლური კილო
გაიგონა:

– ჯემის, ის ხომ ჯერ ბავშვია. ის...

– შენ უწოდე მას კაცი! – სიტყვა არ აცალა ჯემისმა, – დედამისი ამბობს, გომ ჯაბარშია
გამოვლილიო. ტანი არ აკლია და წყალი ზედმეტიც აქვს. ისინი, მათი აბგა ვინც ატარა,
ამბობენ, შიგ წყალი ლიტრიანებით უდევთო. ლიტრიანები! ჩვენ კი ჯიბაკებში წვეთი რომ
გაგვიჩნდება, მაშინვე ვწუწნით.

სტილგარმა ჯესიკას შეხედა.

– მართალია? აბგაში წყალი გაქვთ?

– კი.
– ლიტრიანით?

– ორი ლიტრიანით.

– ამ სიმდიდრეს რას უპირებდით?

„სიმდიდრეს?“ გულში გაიმეორა ჯესიკამ; თავი გაიქნია, კაცის ხმაში სუსხი რომ იგრძნო.

– იქ, სადაც მე დავიბადე, წყალი ციდან ცვივა და ფართო მდინარეებად მიედინება მიწაზე, –
მიუგო სტილგარს, – წყლის ოკეანეები დგას, ისეთი ფართო, რომ მეორე ნაპირამდე თვალს ვერ
გააწვდენ. მე თქვენს წყლის წესში არ ვარ განსწავლული. ადრე არასოდეს მომწევია, წყალზე
ასე მეფიქრა.

გარშემო შეგროვილ ადამიანებს გაოცებული ოხვრა აღმოხდათ.

– წყალი ციდან ცვივა... მიწაზე მიედინება.

– იცოდით, რომ ჩვენ შორის არიან ისეთები, რომლებმაც ჯიბაკებიდან შემთხვევით დაკარგეს
წყალი და შავ დღეში იქნებიან, სანამ ამაღამ ტაბრს მივაღწევდეთ?

– საიდან უნდა მცოდნოდა? – ჯესიკამ თავი გაიქნია, – თუ გასაჭირი ადგათ, მიეცით წყალი,
აბგაში რომ გვიდევს.

– ეს წყალი ამიტომ გინდოდათ?

– სიცოცხლის გადასარჩენად მინდოდა, – მიუგო ჯესიკამ.

– მაშინ ჩვენ მივიღებთ შენს დალოცვას, საიადინა.

– ჩვენ წყლით ვერ გვიყიდით, – დაუღრინა ჯემისმა, – ვერც ჩემს ბრაზს გადაიზიდავ შენკენ,
სტილგარ. ვხედავ, რომ ცდილობ, მანამდე გამომაწვევინო თავი, სანამ ჩემს სიტყვებს
დავამტკიცებდე.

სტილგარმა ჯემისს თვალი თვალში გაუყარა.

– მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, აუცილებლად შეება ბავშვს,


ჯემის? – ხმადაბალი, მუქარით სავსე ხმა ჰქონდა.

– ამ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ფალავანი.

– თუნდაც რომ ჩემი მფარველობის ქვეშ იყოს?

– მე ამტალის წესის აღსრულებას ვითხოვ, – მიუგო ჯემისმა, – ამის უფლება მაქვს.

სტილგარმა თავი დაუქნია.

– მაშინ, თუ ეს ბიჭი ვერ აგკუწავს, მის შემდეგ ჩემს დანასთან გექნება საქმე. და ამჯერად დანის
პირს ადრინდელივით კი აღარ შევაკავებ.

– ამას ვერ იზამ, – თქვა ჯესიკამ, – პოლი ხომ...


– არ უნდა ჩაერიო, საიადინა, – უთხრა სტილგარმა, – კი ვიცი, შეგიძლია, მე მაჯობო და,
შესაბამისად, აჯობო ნებისმიერ ჩვენგანს, მაგრამ ყველას ერთად ვერ მოგვერევი. ეს უნდა
აღსრულდეს – ასეთია ამტალის წესი.

ჯესიკა დადუმდა, ნათელბურთების მწვანე შუქში სტილგარს მიაპყრო მზერა. ხედავდა,


როგორ დემონურად გაუშეშდა ნაკვთები. ახლა ჯემისს დააკვირდა, შეყრილ წარბებზე
აკვიატებული ფიქრი შეატყო და გაიფიქრა: „ეს ადრეც უნდა დამენახა. აკვიატება სჩვევია. ჩუმი
ტიპია, ისეთი, ბოღმა შიგნით რომ უდუღს. მომზადებული უნდა დავხვედროდი“.

– ჩემს ძეს თუ რამეს დაუშავებ, – მიმართა მას, – მერე ჩემთან მოგიწევს შებრძოლება. ახლავე
გიწვევ. სულ ნაწილ-ნაწილ...

– დედა, – პოლმა წინ წამოდგა ნაბიჯი, სახელოზე დაადო ხელი, – იქნებ, ჯემისს რომ ავუხსნა,
როგორ...

– ამიხსნას! – დაცინვით ჩაიფრუტუნა ჯემისმა.

პოლი გაჩუმდა, კაცს მიაცქერდა. მისი არ ეშინოდა. ხედავდა, ჯემისი ტლანქად რომ
მოძრაობდა და მათი ღამეული შეტაკებისას ძალიან იოლად წაიქცა ქვიშაზე. მაგრამ პოლი ჯერ
კიდევ გრძნობდა დროის კვანძებს ამ ქვაბულში, ჯერაც ახსოვდა წინასწარმჭვრეტი ხილვა –
თვითონ, დანით მოკლული. იმ ხილვაში გადარჩენის ისე ცოტა გზა ჩანდა...

სტილგარმა წარმოთქვა:

– საიადინა, ახლა კი უკან დაიხიე, სადაც...

– ნუ ეძახი საიადინას! – შეუძახა ჯემისმა, – ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. ხო, ლოცვა იცის! მერე
რა? ჩვენში ეგ ყველა ბავშვმა იცის.

„საკმარისად ვუსმინე მის ლაპარაკს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „შემიძლია, ერთი სიტყვით გავაშეშო“.
შეყოყმანდა. „მაგრამ ყველას ვერ შევაჩერებ“.

– მერე კი მე გამცემ პასუხს, – უთხრა მან. ხმას ოდნავ განსხვავებული ტონი შესძინა, სულ
მცირე მოთქმა გაურია და ბოლოში ერთბაშად მოჭრა.

ჯემისი მიაშტერდა; სახეზე შიში გამოესახა.

– მე გასწავლი, რა არის ტანჯვა, – განაგრძო ჯესიკამ იმავე ხმით, – ეს გახსოვდეს, როცა


იბრძოლებ. ისეთ ტანჯვას იგემებ, მასთან შედარებით გომ ჯაბარი ტკბილ მოგონებად
მოგეჩვენება. კრუნჩხვას დაიწყებ მთელი...

– ცდილობს, მომაჯადოვოს! – შეჰყვირა ჯემისმა. მომუშტული მარჯვენა ხელი ყურთან


დაიდო, – მოვითხოვ, დადუმდეს!

– დაე, ეგრე იყოს, – თქვა სტილგარმა და ჯესიკას გამაფრთხილებლად გადახედა, – თუ კიდევ


ამოიღებ ხმას, საიადინა, მივხვდებით, რომ კუდიანობ და პასუხს მოგთხოვთ, – მერე თავით
ანიშნა, უკან დაეხია.
ჯესიკას უკნიდან ხელები ჩაეჭიდნენ, თავისკენ დაახევინეს, მაგრამ იგრძნო, რომ მტრულად
არ ეხებოდნენ. დაინახა, პოლი შეჯგუფებულ ხალხს რომ გამოეყო; ელფისსახიანი ჩანი
რაღაცას ჩასჩურჩულებდა ყურში და თავის აქნევით ჯემისისკენ ანიშნებდა.

რაზმის შუაში წრე გამოთავისუფლდა. დამატებითი ნათელბურთები მოიტანეს და ყვითელი


შუქის რეჟიმში ჩართეს.

ჯემისი წრეში შევიდა, მოსასხამი შემოიხსნა და გარშემო მდგომთაგან რომელიღაცას


გადაუგდო. ახლა იდგა, კვამლისფერი პრიალა სარწყული მოსავდა, რომელსაც აქა-იქ
საკერებლები ედო და ხმარებისგან სახსრებთან ნაკეცები და ნაოჭები აეყარა. მან წამით პირი
მხრისკენ წაიღო და ჯიბაკის მილით წყალი დალია; მერე გაიმართა, სარწყული შემოიძრო და
ფრთხილად გადასცა ვიღაცას. იდგა და იცდიდა, თეძოს სახვევი ემოსა და ტერფებზე რაღაც
მტკიცე ქსოვილი ამოეცვა. მარჯვენა ხელში კრისდანა ეჭირა.

ჯესიკამ დაინახა, რომ გოგონა-ბავშვი ჩანი პოლს ეხმარებოდა, დაინახა, თითებში კრისდანის
ტარი რომ ჩაუდო, პოლმა კი ის ხელში აწონა, სიმძიმე და ბალანსი შეუმოწმა. და ჯესიკას
გაახსენდა, რომ პოლი გაწვრთნილი იყო პრანასა და ბინდუში – კუნთოვანი და ნერვული
სისტემის მართვაში, რომ მომაკვდინებელი ორთაბრძოლის სკოლა ჰქონდა გავლილი, მისი
ოსტატები კი იყვნენ დუნკან აიდაჰო და გურნი ჰალეკი – კაცები, რომლებიც სიცოცხლეშივე
ლეგენდებად იქცნენ. ბიჭი ბენე გესერტების ხრიკებსაც იცნობდა და მოქნილი,
თავდაჯერებული ჩანდა.

„მაგრამ ის ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლისაა“, გაიფიქრა ჯესიკამ. „და ფარიც არა აქვს. უნდა
შევწყვიტო ეს ამბავი. როგორღაც უნდა შეიძლებოდეს ამის მოხერხება“... ჯესიკამ აიხედა და
დაინახა, რომ სტილგარი უმზერდა.

– ამას ვერ შეწყვეტ, – უთხრა იმან, – ხმა არ უნდა ამოიღო.

ჯესიკამ პირზე ხელი მიიფარა და გაიფიქრა: „მე ჯემისს გონებაში შიში ჩავუნერგე. ეს ცოტათი
შეანელებს მას... ალბათ. ნეტავ, ლოცვა შემძლებოდა – მართლა ლოცვა“.

პოლი მარტო იდგაა წრეში; ეცვა საფარიკაო ტრუსი, რომელსაც სარწყულის ქვეშ ატარებდა.
მარჯვენა ხელში კრისდანა ეჭირა, ქვიშაწაყრილ ქვაზე შიშველი ფეხებით იდგა. აიდაჰო სულ
ამას უმეორებდა ხოლმე: „როცა გეეჭვება, ფეხს როგორ მოიკიდებ, უმჯობესია, ფეხშიშველი
იყო“. და ჩანის დარიგება ჯერ კიდევ ცნობიერების ზედაპირზე უტრიალებდა: „ჯემისი
დარტყმის აცილების მერე თავის დანიანად მარჯვნივ ტრიალდება – ასეთი ჩვევა აქვს, ეგ
ყველას გვინახავს. და სამიზნედ შენი თვალები ექნება; რომ დაახამხამებ, დროს იხელთებს და
გადაგისერავს. ბრძოლა ორივე ხელით შეუძლია: ყურადღებით იყავი, შეიძლება, დანა ერთი
ხელიდან მეორეში გადაიტანოს“.

მაგრამ პოლში სხვა ყველაფერზე უფრო ძლიერი იყო ის წვრთნა და ინსტინქტური რეაქციის
მექანიზმი, რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობდა; რომელსაც დღითიდღე, მრავალი
საათის განმავლობაში გამოიმუშავებდა სავარჯიშო მოედანზე.

კარგად ახსოვდა გურნი ჰალეკის სიტყვები: „კარგი მოფარიკავე ერთდროულად ფიქრობს


წვეტზეც, პირზეც და ვადაზეც. წვეტითაც შეიძლება, გასერო; პირიც შეგიძლია, აძგერო;
ვადითაც შეიძლება, მოწინააღმდეგის მახვილი დაიჭირო“.
პოლმა კრისდანას დახედა. ამას ვადა არ ჰქონდა; ხელის დასაცავად მხოლოდ ტარისავე
მრგვალი, კიდეებაწეული რგოლი დაეტოვებინათ. და, ასეც რომ არ ყოფილიყო, მიხვდა, რომ
მაინც არ იცოდა ამ დანის სიმყიფის ხარისხი, ისიც კი არ იცოდა, საერთოდ შესაძლებელი იყო
თუ არა მისი გატეხა.

ჯემისი გვერდულად დაიძრა მარჯვნისკენ, პოლის მოპირდაპირე მხარეს, წრის განაპირას.

პოლი დაბალ დგომში ჩაჯდა და მაშინღა გაიაზრა, რომ ფარი არ ჰქონდა. არადა, ნაჩვევი იყო
ბრძოლას მისი მსუბუქი ველის შეგრძნებით; მისი წვრთნა გულისხმობდა, დაცვისას, რაც
შეიძლება, სწრაფად ემოქმედა, ხოლო შეტევა ისე უნდა შეენელებინა, რომ იარაღს
მოწინააღმდეგის ფარში გაეღწია. მისი ოსტატები მუდამ აფრთხილებდნენ, არ მინდობოდა
ფარის სწორხაზოვან თვისებას, შეენელებინა მოწინააღმდეგის შემოტევის სისწრაფეს; მაგრამ
პოლმა იცოდა, რომ ფარის გათვალისწინება სისხლში ჰქონდა გამჯდარი. ჯემისმა
რიტუალური გამოწვევა დასჭექა:

– დაე, დაიმსხვრეს და დაილეწოს შენი დანა!

„ესე იგი, ეს დანა ტყდება“, გაიფიქრა პოლმა.

მან თავს შეახსენა, ჯემისიც ფარის გარეშეაო, მაგრამ ის არც იყო ჩვეული მის გამოყენებას,
ფარით მებრძოლის შენელებული მოძრაობები არ ექნებოდა.

პოლი წრის მეორე მხარეს მდგარ ჯემისს დააკვირდა. მისი სხეული გამხმარ ჩონჩხზე
დახვეულ დაკვანძულ ბაწარს წააგავდა. კრისდანა ნათელბურთების შუქზე ნაღებისფრად
უელვარებდა.

პოლს სხეულში შიში ჩაეღვარა. უცებ იგრძნო, რომ მარტო, შიშველი იდგა ამ ბუნდოვან
ყვითელ შუქსა და წრედ შეკრულ ხალხში. წინასწარჭვრეტა მის ცოდნას აურაცხელ გზას
უშლიდა თვალწინ, მიუთითებდა მომავლის ყველაზე მძლავრ მდინარებას და მათ
მიმმართველ გადაწყვეტილებათა რიგს, მაგრამ ეს, რაც ხდებოდა, ნამდვილი „ახლა-რეალობა“
იყო. ეს სიკვდილი იყო, უსასრულო რაოდენობის ქვიშის ნამცეცისხელა უიღბლობებზე რომ
ეკიდა.

აქ ნებისმიერ რამეს შეეძლო, მომავლისთვის სულ ოდნავ წაეკრა თითი და შეეცვალა –


რომელიმე მაცქერალის ხველას ყურადღების უმცირესი ნაწილი მიეზიდა; ნათელბურთის
შუქი შებრუნებულიყო და მკრთალი მატყუარა ჩრდილი გამოქცეოდა.

მეშინიაო, უთხრა პოლმა საკუთარ თავს.

და ფრთხილად შემობრუნდა ჯემისის მოძრაობის კვალდაკვალ, თან უხმოდ იმეორებდა ბენე


გესერიტის შიშის გასაქარვებელ შელოცვას: „შიში გონების მკვლელია...“ თითქოს თავით
ფეხამდე ჩამობანა გრილმა შხაპმა. იგრძნო, კუნთები რომ გაეხსნა, მოზიდული და მზადმყოფი
გაუხდა.

– დანას შენს სისხლში ჩავაგებ, – დაიღრინა ჯემისმა. ბოლო სიტყვა არც კი დაემთავრებინა, ისე
ეძგერა.

ჯესიკამ თვალი შეასწრო მის ნახტომს და ყელში მოწოლილი ყვირილი ჩაიხშო.


ჯემისმა დანა ჰაერსღა ჩასცა, პოლი კი უკვე მის უკან იდგა; ახლა შეეძლო, მტრისთვის
დაუცველ ზურგში ეძგერებინა.

„მიდი, პოლ, მიდი!“ გონებაში გაჰკიოდა ჯესიკა.

პოლის მოზომილი, ჩინებულად დენადი მოძრაობა ისეთი ნელი იყო, რომ ჯემისმა მოასწრო,
გასცლოდა – უკან-უკან წავიდა და მარჯვნივ შებრუნდა.

პოლმაც დაიხია და დაბალ დგომში გაჩერდა.

– ჯერ იპოვე ჩემი სისხლი!

ჯესიკამ იცნო შვილის მოძრაობაში ფარით მებრძოლის შენელებული შეტევა და უცებ მიხვდა,
როგორ იყო განაწილებული მისი ქმედებები ორნაირ დროში: ბიჭს ისედაც ახალგაზრდულად
სხარტი რეაქცია ისეთ ოსტატობამდე გაევარჯიშებინა, ამ ხალხს თვალითაც რომ არ ენახა.
შეტევის ხელოვნებასაც ფლობდა , ოღონდ თავისებურად: მის მოძრაობას ახსოვდა, რომ ფარის
დაბრკოლება ჰქონდა გადასალახავი. ფარში შეღწევა კი აუჩქარებლობასა და ხერხს
მოითხოვდა.

„ნეტავ, პოლი თუ ხვდება ამას?“, ჰკითხა ჯესიკამ საკუთარ თავს. „უნდა ხვდებოდეს!“

ჯემისმა ისევ შეუტია, მელნისფერი თვალების კვესებით. მისი სხეული ნათელბურთების ქვეშ
ყვითელ გადღაბნილ მოძრაობად გაკრთა.

პოლი კი ისევ გაუსხლტა და ისევ ზედმეტად შეანელა შეტევა.

ისევ.

და ისევ.

პოლის საპასუხო დარტყმა ყოველ ჯერზე წამით აგვიანებდა.

და ჯესიკამ შენიშნა რაღაც, რასაც, იმედი ჰქონდა, ჯემისი ვერ დაინახავდა. პოლის რეაქციებს
თვალს ვერ შეასწრებდი, ისეთი სწრაფი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ზუსტ
კუთხეს იმეორებდა, იმ გათვლით, თითქოს ჯემისის დარტყმის ნაწილს ფარი აარიდებდა.

– რას შვრება შენი ვაჟიშვილი, ეთამაშება ამ საწყალ ბრიყვს? – ჰკითხა სტილგარმა. მერე, სანამ
ჯესიკა უპასუხებდა, ხელის გაქნევით ანიშნა, გაჩუმდიო: – ბოდიში, შენ ხმა არ უნდა ამოიღო.

ახლა ქვის იატაკზე მდგარი ორი ფიგურა ერთმანეთის გარშემო წრეზე მოძრაობდა – ჯემისს
იარაღიანი ხელი წინ გაეშვირა და დანის წვერი ოდნავ მაღლა ჰქონდა შემართული; პოლი
ღრმად იყო ჩამჯდარი, დანა დაბლა ეკავა.

ჯემისი ისევ ეძგერა და ამჯერად მარჯვნივ უმიზნა, იქით, საითკენაც პოლი აქამდე
უსხლტებოდა ხოლმე.

იმის ნაცვლად, რომ უკან დაეხია და გასცლოდა, პოლმა კაცის დანიან ხელს თავისი დანის
წვეტი შეაგება და მოსცილდა – მარცხნივ გასხლტა. მადლიერი იყო ჩანის, რომელმაც დროზე
გააფრთხილა.
ჯემისმა წრის ცენტრისკენ დაიხია, თან ისრესდა ხელს, რომელშიც დანა ეჭირა. ჭრილობიდან
წამით

სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მაშინვე შეწყდა. ფართო თვალები – ორი მუქ-ლურჯი ხვრელი –
ნათელბურთების ბუნდოვან შუქში კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით აკვირდებოდნენ პოლს.

– აჰ, ესეც ერთი ჭრილობა, – ჩაიბუტბუტა სტილგარმა.

პოლი ისევ მზადყოფნის დგომში გაჩერდა და ისე მოიქცა, როგორც ასწავლეს – სისხლის
დანახვისთანავენ მან მოწინააღმდეგეს დაუძახა:

– მნებდები?

– ჰაჰ! – იღრიალა ჯემისმა.

შეგროვილ ხალხს ბრაზიანმა დრტვინვამ გადაურბინა.

– გაჩერდით! – დაიძახა სტილგარმა, – ბიჭი ჩვენს წესებს არ იცნობს, – მერე კი პოლს მიმართა:
– ტაჰადი-გამოწვევაში დანებება არ არსებობს. ის სიკვდილით უნდა შემოწმდეს.

ჯესიკამ დაინახა, რომ პოლმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და გაიფიქრა: „არასოდეს მოუკლავს
კაცი ასე... პირდაპირ დანებით ჩხუბში. შეძლებს?“

პოლი წრეზე ნელა დაიძრა მარჯვნივ – ასე ჯემისის მოძრაობამ აიძულა. ისევ თავს დაატყდა ამ
ქვაბულში დროის დუღილის ცვლადების წინასწარმეტყველური ცოდნა. ახალმა მიხვედრამ
უკარნახა, რომ ამ ბრძოლას ბევრი ზედიზედ მიწყობილი გადაწყვეტილება უძღოდა, რაც ხელს
უშლიდა, წინ, ასე თუ ისე, ცხადი მიმართულება დაენახა.

ცვლადი ცვლადს ედებოდა – ამიტომ იყო, რომ ეს ქვაბული მის გზაზე გადღაბნილ კვანძად
მოჩანდა. პოლი ნიაღვარში მდგარ უზარმაზარ კლდეს ჰგავდა, რომელიც ნაკადს თავის
გარშემო მორევებად ატრიალებდა.

– მოამთავრე, ბიჭი, – ჩაიბუტბუტა სტილგარმა, – ნუ ეთამაშები.

პოლი უფრო ღრმად შევიდა წრეში, სისწრაფეში თავის უპირატესობას ენდო.

ჯემისმა უკან დაიხია – ახლა კი მიმხვდარიყო, რომ ტაჰადის წრეში არ იდგა ვიღაც
უხერხემლო სხვაპლანეტელი, ფრემენული კრისდანის იოლი საკბილო.

ჯესიკამ შეამჩნია, რომ კაცს სახეზე სასოწარკვეთის ჩრდილმა გადაჰკრა. „ყველაზე უფრო
საშიში ახლაა“, გაიფიქრა ქალმა. „უკვე იმედი გადაეწურა და ნებისმიერი რამ შეიძლება
მოიმოქმედოს. ხედავს, რომ მისი მოწინააღმდეგე არ არის მისი ხალხის ბავშვების მსგავსი; ის
მებრძოლ მანქანადაა დაბადებული და ბავშვობიდან გაწვრთნილია ორთაბრძოლაში. ახლა კი
იმატა ჩემგან მასში ჩანერგილმა შიშმა“.

და გულში ჯემისის სიბრალული გაუღვივდა – გრძნობა, რომელსაც მის შვილს დამუქრებული


ამწუთიერი ხიფათის შეგნება უნელებდა.

ჯემისს შეიძლება ნებისმიერი რამ ჩაედინა... ნებისმიერი გაუთვლელი ნაბიჯი გადაედგა. მერე
საკუთარ თავს ჰკითხა: „ნეტავ, პოლს ეს მომავალი ნანახი აქვს? ნეტავ, განმეორებით თუ გადის
იმას, რაც ხდება?“ მაგრამ შენიშნა, როგორ მოძრაობდა მისი შვილი, დაუნახა ოფლით
დაცვარული სახე და მხრები, მოუდუნებელი სიფრთხილე მოზიდულ კუნთებში, და
პირველად იგრძნო, გააზრების გარეშე, რომ პოლს თავისი ნიჭი უეჭველ, უცვლელ პასუხებს
არ აძლევდა

პოლი ახლა უფრო მიეძალა ბრძოლას, არ ჩერდებოდა, მაგრამ არ უტევდა. მან მოწინააღმდეგეს
შიში შეატყო. თავში დუნკან აიდაჰოს სიტყვები უტრიალებდა: „როცა მოწინააღმდეგეს შენი
ეშინია, მაშინ ეს შიში ნებაზე უნდა მიუშვა, დრო მისცე, შენი მტერი ხელში მოიგდოს. აცადე,
ძრწოლად იქცეს. შეძრწუნებული კაცი თავის თავს თვითონ ებრძვის. ბოლოს და ბოლოს, ის
სასოწარკვეთილი შემოგიტევს. ეს ყველაზე სახიფათო მომენტია, მაგრამ სასოწარკვეთილი
კაცი, როგორც წესი, აუცილებლად უშვებს საბედისწერო შეცდომას. აქ შენ ამ შეცდომების
ამოცნობას და მათ გამოიყენებას გასწავლით“.

ქვაბულში შეგროვილებმა ბუზღუნი დაიწყეს.

„ჰგონიათ, რომ პოლი ჯემისს ეთამაშება“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ჰგონიათ, რომ უმიზნო
სისასტიკით ეპყრობა“.

მაგრამ ის გრძნობდა მაყურებლების შეფარულ აღტაცებასაც; ხედავდა, როგორ ტკბებოდნენ


სანახაობით. და ხედავდა, როგორ მატულობდა ჯემისის დაძაბულობა. წამი, როცა ეს
დაძაბულობა იმდენად გაიზარდა, რომ შეკავება შეუძლებელი გახდა, ისევე ცხადი იყო
ჯესიკასთვის, როგორც ჯემისისთვის... ან პოლისთვის.

ჯემისი მაღლა შეხტა, ცრუმოძრაობით დაიქნია მარჯვენა, მაგრამ ამ ხელში არაფერი ეჭირა.
კრისდანა უკვე მარცხენაში გადაეტანა.

ჯესიკას სული შეუგუბდა.

მაგრამ პოლი ჩანის გაფრთხილებული ჰყავდა, ჯემისი ორივე ხელით იბრძვისო, და


ჩინებული წვრთნის

წყალობით ეს ილეთი სულ იოლად, თითქოს სხვათა შორის შენიშნა. „იფიქრე მახვილზე და
არა ხელზე, რომელსაც ის უჭირავს“, უმეორებდა გურნი ჰალეკი, „დანა ხელზე უფრო
სახიფათოა და თანაც, რომელ ხელშიც გინდა, დაიჭერენ“.

და პოლმა ჯემისის შეცდომაც შენიშნა: ფეხები არასაკმარისად ჰქონდა გავარჯიშებული და


ზედმეტი წამი დასჭირდა, მტკიცედ დამდგარიყო იმ ნახტომის მერე, რომელიც პოლის
დასაბნევად და დანის გადანაცვლების დასაფარავად იყო გამიზნული.

ნათელბურთების ყვითელი შუქი და მაყურებელთა მელნისფერი თვალები რომ არა,


ყველაფერი ზუსტად სავარჯიშო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის ნაწილს ჰგავდა. ფარს
მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა მის წინააღმდეგ მთელი სხეულის წონას იყენებ. პოლმა
თავადაც თვალშეუსწრები მოძრაობით გადაიტანა იარაღი მეორე ხელში, გვერდით გადგა და
დანა აღმართა – იქ, სადაც ჯემისის მკერდი ეშვებოდა; მერე კი გაეცალა და მზერა მიადევნა
იატაკზე ზღართანით დავარდნილ კაცს.

ჯემისი ჩვარივით მოდუნებული დაეცა, ერთი დაიგმინა და სახე პოლისკენ მიაბრუნა, მერე კი
ქვის იატაკზე უძრავად გაშეშდა. უსიცოცხლო თვალები მუქი მინის მძივებს მიუგავდა.
„წვეტით მოკვლას არტისტიზმი აკლია“, უთხრა ერთხელ აიდაჰომ პოლს, „მაგრამ მაგის გამო
ხელი ძალით არ შეაჩერო, როცა მოწინააღმდეგე გაგეხსნება“..

რაზმელები წინ გამოიჭრნენ, წრე აავსეს, პოლი გვერდით გასწიეს. ჯემისი მათ გამალებულ,
მოფუთფუთე მოძრაობაში ჩაიკარგა. ცოტა ხანში ერთი ჯგუფი ქვაბულის სიღრმისკენ
გაეშურა, თან მოსასხამში გამოხვეული ტვირთი მიჰქონდათ.

ქვის იატაკზე ცხედარი აღარ იწვა.

ჯესიკამ ხალხი გაარღვია; შვილისკენ მიიწევდა; ის გრძნობდაეგონა, რომ მოსასხამიანი,


სუნიანი ზურგების ზღვაში მიცურავდა, უცნაურად დადუმებულ ბრბოში.

„ახლა კი საზარელი წამი დგას“, გაიფიქრა მან. „პოლმა კაცი მოკლა, აშკარად დაჯაბნა,
გონებით თუ ღონით. ასეთი გამარჯვებით ტკბობა არ უნდა ისწავლოს“.

ჯესიკა ბოლოს მდგარ ადამიანებსაც გასცდა და პატარა, ხალხისგან გამოთავისუფლებულ


ადგილზე გავიდა, სადაც ორი წვეროსანი ფრემენი პოლს სარწყულის ჩაცმაში ეხმარებოდა.

ქალი შვილს მიაჩერდა. პოლს თვალები უბრწყინავდა, მძიმედ სუნთქავდა. ფრემენებს,


უბრალოდ, ჩაცმაში კი არ იხმარებდა, თითქოს მათ თავისი სხეულის მომსახურების ნებას
აძლევდა.

– ჯემისთან იჩხუბა და ერთი ნაკაწრიც არა აქვს, – ჩაიბურტყუნა ერთმა.

გვერდით ჩანი იდგა. პოლს თვალს არ აცილებდა. ჯესიკამ შენიშნა, გოგონა ღელავდა, ელფის
სახეზე აღტაცება ეწერა.

„ეს ახლავე უნდა გავაკეთო და თანაც სწრაფად“, გაიფიქრა ჯესიკამ.

მან ხმას, რაც შეიძლება, დამცინავი კილო შესძინა და უთხრა:

– აბა-ა, როგორი ყოფილა, მკვლელი რომ ხარ?

პოლი დაიძაგრა, თითქოს სილა გააწნესო. დედის ცივ მზერას თვალი გაუსწორა და სახე
მოწოლილი სისხლისგან ჩაუმუქდა. უნებურად გახედა იმ ადგილს ქვაბულის იატაკზე, სადაც
მანამდე ჯემისი იწვა.

სტილგარი, რომელიც ჯემისის ცხედარს ქვაბულის სიღრმეშიგაჰყვა, ახლა უკან


მობრუნებულიყო. მან ხალხი გამოარღვია და ჯესიკას დაუდგა გვერდით. მერე შეუვალი,
მოზომილი ხმით მიმართა პოლს:

– როცა დრო მოგივა, გამომიწვიო და ჩემს ბურკას შემეცილო, ნუ გგონია, მეც ისე მათამაშო,
როგორც ჯემისი.

ჯესიკამ იგრძნო, როგორ მოხვდა გულზე პოლს დედის ნათქვამიც და სტილგარისაც და ამ


სიტყვებმა თავისი მკაცრი საქმე გააკეთეს. ამ ხალხის შეცდომა ახლა მათ მიზანს
ემსახურებოდა კიდეც. პოლის მსგავსად, ისიც გარშემო მდგართა სახეებს დააკვირდა და
დაინახა ის, რასაც მისი შვილი ხედავდა. აღტაცება, დიახ, და შიში... ზოგან – ზიზღიც.
სტილგარსაც შეავლო თვალი, ბედისწერისადმი მისი მორჩილება შენიშნა და მიხვდა, როგორც
აღიქვა მან ეს ბრძოლა.
პოლმა დედას გაუსწორა მზერა.

– შენ იცი, ეს რაც იყო, – უთხრა.

ჯესიკამ მიხვდა, რომ მისი შვილი ჩვეულ საღ მდგომარეობაში დაბრუნდა – მის ხმაში
სინდისის ქენჯნა მოესმა. მან შეგროვილ რაზმელებს გადახედა და თქვა:

– პოლს აქამდე არასოდეს მოუკლავს კაცი ასე, იარაღის ბასრი პირით.

სტილგარი სახეში ჩააცქერდა; ეტყობოდა, ნათქვამის დაჯერება უჭირდა.

– არ ვეთამაშებოდი, – თქვა პოლმა. მის წინ ჩამდგარ ხალხს გვერდი აუქცია, დედას დაუდგა
პირისპირ, მოსასხამი გაისწორა და ქვაბულის იატაკზე მუქად დაღვრილ ჯემისის სისხლს
შეხედა, – არ მინდოდა მისი მოკვლა.

ჯესიკამ დაინახა, ნელ-ნელა როგორ იჯერებდა სტილგარი პოლის ნათქვამს; დაინახა, როგორ
მოეშვა კაცს გულზე, და დაძარღვული ხელი წვერზე ჩამოისვა. ქალმა გაიგონა, რაზმს
ბუტბუტმა რომ გადაურბინა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრემენებიც მიხვდნენ.

– დანებებაც ამიტომ მოსთხოვე, – თქვა სტილგარმა, – მესმის. ჩვენი წესები ერთმანეთისგან


განსხვავდება, მაგრამ შენ მათ აზრს მიხვდები. მე კი მეგონა, მორიელს მივეცით ბინა უბეში, –
შეყოყმანდა და დაამატა: – და, ბიჭი-მეთქი, ასე აღარ მოგმართავ.

ხალხიდან ვიღაცამ დაიძახა:

– სახელი უნდა დავარქვათ, სტილ!

სტილგარმა თავი დაიქნია და წვერზე ხელი ჩამოისვა.

– მე შენში ვხედავ ძალას... იმგვარს, როგორიც სვეტის საფუძველში დევს. – ისევ დადუმდა,
მერე წარმოთქვა: – ჩვენ შორის შენ გერქმევა უსული, ანუ სვეტის საფუძველი. ეს შენი
საიდუმლო სახელია, რაზმის წევრის სახელი. ჩვენ, სიეტჩ ტაბრის მცხოვრებლები, ასე
გიწოდებთ, მაგრამ სხვა ვერავინ შეიტყობს... უსულ.

რაზმს ბუტბუტმა გადაურბინა:

– ეს კარგად შეარჩია... ძლიერია... იღბალს მოგვიტანს...

და ჯესიკამ იგრძნო, რომ მიიღეს, რომ, თავის ფალავანთან ერთად, თვითონაც მათი წევრი
გახდა. ახლა მართლაც საიადინა იყო.

– ახლა გვითხარი, რა მამაკაცურ სახელს აირჩევ, დაუფარავად რომ დაგიძახოთ? – ჰკითხა


სტილგარმა.

პოლმა დედას შეხედა, მერე – ისევ სტილგარს. წინასწარმჭვრეტ მეხსიერებაში აღბეჭდილი


ჰქონდა ამ წუთის ნაკუწები და ნაწილები, მაგრამ სინამდვილესთან მათ განსხვავებას ისე
გრძნობდა, თითქოს რაღაც ფიზიკური, ხელშესახები რამ ყოფილიყო, თითქოს რაღაც ძალა
აწმყოს ვიწრო კარში ტენიდა.

– იმ პატარა ხტუნია თაგუნას თქვენში რა ჰქვია? – იკითხა პოლმა; ტუონოს აუზში ნანახი
სკუპიები გაახსენდა. ცალი ხელით აჩვენა, ასე რომ ხტისო.
რაზმში ხითხითი გაისმა.

– მაგას მუად’დიბს ვეძახით, – მიუგო სტილგარმა.

ჯესიკამ ხმამაღლა ჩაისუნთქა. ეს სახელი ახსენა პოლმა, როცა უთხრა, რომ ფრემენები
მიიღებდნენ მათ და ამას დაარქმევდნენ. უცებ შეეშინდა თავისი შვილის და შეეშინდა მის
გამოც.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა. თითქოს ახლა თამაშობდა როლს, რომელიც უთვალავჯერ


გაემეორებინა გონებაში... მაგრამ... განსხვავებებიც იყო. საკუთარ თავს ხედავდა,
თავბრუდამხვევი სიმაღლის მწვერვალზე მჯდარს, უამრავი რამ გამოეცადა და ცოდნის
უკიდეგანო საგანძურს ფლობდა, მაგრამ მის გარშემო ყოველ მხარეს უფსკრული იშლებოდა.

ბიჭს ისევ გაახსენდა ხილვა ფანატიკოსთა ლეგიონებისა, ატრეიდესების შავ-მწვანე დროშას


რომ მისდევდნენ, მთელ სამყაროს მოდებულნი, ცეცხლით და მახვილით მიიკაფავდნენ გზას
მათი წინასწარმეტყველი მუად’დიბის სადიდებლად.

ეს არ უნდა მოხდესო, უთხრა საკუთარ თავს.

– ეს სახელი გსურს, მუად’დიბ? – ჰკითხა სტილგარმა.

– მე ატრეიდესი ვარ, – დაიჩურჩულა პოლმა, მერე კი ხმამაღლა წარმოთქვა: – სწორი არ იქნება,


თუ მამაჩემის დარქმეულ სახელზე საერთოდ უარს ვიტყვი. შეიძლება, თქვენთვის პოლ
მუად’დიბი მერქვას?

– შენ გქვია პოლ მუად’დიბი, – წარმოთქვა სტილგარმა.

და პოლმა გაიფიქრა: „ეს ჩემს არც ერთ ხილვაში არ ყოფილა. განსხვავებული რამ გავაკეთე“.

მაგრამ გრძნობდა, მის გარშემო ისევ უფსკრულს დაეღო პირი.

ჯგუფი ისევ ბუტბუტით გამოეპასუხა:

– სიბრძნე და ძალა ერთად... მეტი რაღა გინდა... ნამდვილად მასზეა ლეგენდა... ლისან ალ-
გაიბ... ლისან ალ-გაიბ...

– რაღაცას გეტყვი შენს ახალ სახელზე, – უთხრა სტილგარმა, – მოგვეწონა შენი არჩევანი.
მუად’დიბმა კარგად იცის უდაბნოს წესი. მუად’დიბი თავის წყალს თავად ქმნის. მუად’დიბი
მზეს ემალება და გრილ ღამეში დადის. მუად’დიბი ნაყოფიერია და ყველგან მრავლდება.
მუად’დიბს ჩვენ „ყრმათა მასწავლებელს“ ვუწოდებთ. ეს მტკიცე საძირკველია, რომელზეც
შენს ცხოვრებას ააგებ, პოლ მუად’დიბ, ვისაც ჩვენ უსულს ვუწოდებთ. კეთილი იყოს შენი
ფეხი!

სტილგარმა პოლს ხელისგული მიადო შუბლზე, მერე მოაცილა, გადაეხვია და ჩაულაპარაკა:

– უსულ.

სტილგარმა ხელი რომ უშვა, პოლს სხვა რაზმელი გადაეხვია და მისი ახალი სახელი
გაიმეორა. მერე პოლს რიგრიგობით ყველა რაზმელი იკრავდა გულში, ესმოდა ხმები, ესმოდა
სხვადასხვა კილოთი ნათქვამი:
– უსულ... უსულ... უსულ...

პოლმა ზოგის სახელი უკვე იცოდა. მერე ჩანიც მიეკრა ლოყით ლოყაზე, გადაეხვია და მისი
სახელი წარმოთქვა.

ბოლოს პოლი ისევ სტილგარის წინ აღმოჩნდა, რომელმაც უთხრა:

– ახლა შენ ჩვენი ბედუინი ხარ, ჩვენი ძმათაგანი, – სახე გაუმკაცრდა და ხმაში ბრძანების კილო
გაერია, – ახლა კი, პოლ მუად’დიბ, კარგად შემოიჭირე ეგ სარწყული, – მან ჩანის გადახედა, –
ჩანი! ჯერ არ მინახავს, ვინმეს ცხვირის საცობები პოლ მუად’დიბივით ცუდად ჰქონოდა
მორგებული! მგონი, დაგავალე, მისთვის მიგეხედა!

– ფორმები არ მქონდა, სტილ, – მიუგო მან, – ჯემისის კი დაგვრჩა, მაგრამ...

– მორჩი მაგას!

– მაშინ ერთ ცალს ჩემსას მივცემ, – თქვა ჩანიმ, – ერთითაც გავძლებ, სანამ...

– არ გაძლებ, – მოუჭრა სტილგარმა, – ვიცი, სამარქაფოც გვექნება ვინმეს. სად არის


სამარქაფოები? რაზმი ვართ თუ ველურების ხროვა?

რამდენიმე ფრემენმა ხელი გამოიწოდა და მაგარი, ბოჭკოვანი საგნები შესთავაზა მას.


სტილგარმა ოთხი ცალი შეარჩია და ჩანის მისცა.

– ესენი უსულს და საიადინას მოარგე.

რაზმის ბოლოდან ხმა გაისმა:

– წყლის საქმე როგორ იქნება, სტილ? ჩანთაში რომ ლიტრიანები უდევთ?

– მახსოვს შენი გასაჭირი, ფაროკ, – უთხრა სტილგარმა და ჯესიკას შეხედა. მან თავი დაუქნია.

– გახსენით ერთი და დაურიგეთ, ვისაც სჭირდება, – განაგრძო სტილგარმა – წყლის გამრიგე...


სადაა წყლის გამრიგე? აა, შიმუმ, გაარკვიე, ვის რამდენი სჭირდება და გადაუსხი. მხოლოდ
აუცილებელი, მეტი არა. ეს წყალი საიადინას საქვრივო მემკვიდრეობაა და სიეტჩში საველე
ნიხრით აუნაზღაურდება, ოღონდ ჩანთის ტარების საფასური გამოაკლდება.

– საველე ნიხრი როგორია? – ჰკითხა ჯესიკამ.

– ათი ერთთან, – მიუგო სტილგარმა.

– მაგრამ...

– ეს ბრძნული წესია და მალე თავადაც აღიარებ ამას, – უთხრა სტილგარმა.

რაზმის ბოლოში მოსასხამები აშრიალდა – მებრძოლები წყლის მისაღებად მიტრიალდნენ.

სტილგარმა ხელი ასწია და სიჩუმე ჩამოვარდა.

– ხოლო ჯემისზე, – წარმოთქვა მან, – სრული ცერემონიის ჩატარებას ვბრძანებ. ჯემისი ჩვენი
ამხანაგი და იჩვან ბედუინის ძმა იყო. სათანადო პატივის მიგების გარეშე არ გავშორდებით
იმას, ვინც ჩვენი ბედი თავისი ტაჰადი-გამოწვევით დაამტკიცა. მე აღვასრულებ რიტუალს...
მზის ჩასვლისას, როცა ბნელი დაფარავს მას.

ამ სიტყვების გაგონებისას პოლი მიხვდა, რომ ისევ ჩაქანდა უფსკრულში... ბრმა დროში. მის
გონებაში მომავალი აღარ იყო წარსულით შევსებული... გარდა... გარდა... ჯერ კიდევ გრძნობდა
ატრეიდესების შავ-მწვანე დროშის ფრიალს... სადღაც წინ... ჯერაც ხედავდა ჯიჰადის
სისხლით დაფერილ ხმლებსა და ფანატიკოსთა ლეგიონებს.

„ეს არ მოხდება“, დაჰპირდა საკუთარ თავს. „ამას ვერ დავუშვებ“.

12* * *
ღმერთმა შექმნა არაკისი, რათა ერთგულნი გამოეწრთო.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სიბრძნე“

გამოქვაბულის სიწყნარეში ჯესიკას ესმოდა ადამიანის ფეხქვეშ ქვაზე ქვიშის ფხაკუნი და


ფრინველების შორეული ძახილი, რაზედაც სტილგარმა უთხრა, ჩემი გუშაგები ამით ნიშანს
გვაძლევენო.

ქვაბულის შესასვლელს პლასტიკატის დიდი სარქველი-საგდულები მოხსნეს. ჯესიკა


ხედავდა თავის წინ კლდის კიდეზე გადაცოცებულ საღამოს ჩრდილებს და გაშლილ აუზს მის
მიღმა. გრძნობდა, რომ დღის შუქი მალე გაქრებოდა – ამას ატყობდა ჩრდილებსაც და მშრალ
სიცხესაც. იცოდა, რომ თავისი გავარჯიშებული ცნობიერება მალე შესძენდა იმას, რაც ამ
ფრემენებს აშკარად ჰქონდათ – ჰაერის ტენიანობის უმცირესი ცვლილების შემჩნევის უნარს.

„როგორ აჩქარებით შეიკრეს სარწყულები, ქვაბული რომ გაიხსნა!“

სიღრმიდან ვიღაცამ წამღერებით წამოიწყო:

– იმა ტრავა ოკოლო! აი კორენჯა ოკოლო!

ჯესიკამ უხმოდ გადათარგმნა: „აჰა ფერფლი! და აჰა ფესვნი!“

ჯემისის დაკრძალვის ცერემონია იწყებოდა.

მან არაკისულ დაისს გახედა, ცაზე დასტა-დასტად მინამქრულ ფერებს. შორი კლდეებიდან და
დიუნებიდან ღამემ ჩრდილებად დაიწყო დაფენა.

მაგრამ სიცხე არ კლებულობდა.

სიცხის გამო ჯესიკას ფიქრები წყალს გადასწვდა... და ფაქტს, რომლის მოწმეც თავად გახდა: ეს
ადამიანები, როგორც ჩანს, ისე იყვნენ გაწვრთნილი, რომ წყურვილი მხოლოდ განსაზღვრულ
დროს ეგრძნოთ.

წყურვილი.
ახსოვდა კალადანის მთვარით განათებული ტალღები, ქვებზე ქაფის თეთრ არშიებს რომ
აფენდნენ... და ნესტით დამძიმებული ქარი. ახლა კი ის ნიავი, მოსასხამს რომ ურხევდა,
ლოყებისა და შუბლის კანს უხმობდა, სხეულის იმ ადგილს, რომელიც დაფარული არ ჰქონდა.
ახალი ცხვირის საცობები აღიზიანებდა; ყოველ წამს ახსოვდა მილი, რომელიც სახეზე
ჩასდევდა, სარწყულში ეშვებოდა და მისი სუნთქვისგან წარმოქმნილ ტენს აგროვებდა.

სარწყული ხომ ნამდვილი საკირე იყო.

– სარწყული უფრო მოსახერხებელი მოგეჩვენება, როდესაც სხეულში წყლის ნაკლებ


შემცველობას მიეჩვევი, – უთხრა სტილგარმა.

ჯესიკამ იცოდა, რომ ის მართალს ეუბნებოდა, მაგრამ ცოდნა მის იმჟამინდელ მოუხერხებელ
მდგომარეობას ვერაფერს შველოდა. მუდმივი ქვეცნობიერი ფიქრი წყალზე გონებას
უმძიმებდა. „არა“, შეუსწორა საკუთარ თავს, „წყალზე კი არა, ტენზე ფიქრი“.

და ეს უფრო ფაქიზი და ყოვლისმომცველი ცნება იყო.

მან მოახლოებული ნაბიჯის ხმა გაიგონა, მიბრუნდა და ქვაბულის სიღრმიდან მისკენ


მომავალი პოლი დაინახა. მას ელფისსახიანი ჩანი მოსდევდა.

„და კიდევ ესეც, გაიფიქრა ჯესიკამ, „პოლი აქაური ქალების შესახებ უნდა გავაფრთხილო.
რომელიმე უდაბნოელი ქალი ჰერცოგს ცოლად არ გამოადგება. თანამესარეცლედ კი, მაგრამ
ცოლად – არა“.

ეს რომ გაიფიქრა, თვითონაც გაუკვირდა და გაუელვა: „მეც ჰერცოგის გეგმებით მოვიწამლე?“


და მიხვდა, რა კარგად მოამზადეს ბენე გესერიტის სკოლაში. „შემიძლია, მმართველის
საქორწინო საჭიროებებზე ისე ვიფიქრო, წუთითაც არ გავითვალისწინო, თავად მე
თანამესარეცლე რომ ვიყავი. მაგრამ... მე მეტი ვიყავი, ვიდრე თანამესარეცლე“.

– დედა.

წინ პოლი ედგა, რომელსაც ჩანი გვერდიდან არ სცილდებოდა.

– დედა, იცი, იქ რას აკეთებენ?

ჯესიკამ მის ამომუქებულ უპეებს შეხედა, კაპიუშონის ქვემოთ რომ მოუჩანდა.

– მგონი, კი.

– ჩანიმ მიჩვენა... იმიტომ, რომ წესით უნდა ვნახო ეს და მივცე... წყლის აწონის ნებართვა.

ჯესიკამ ჩანის შეხედა.

– იქ ჯემისის წყალს იბრუნებენ, – თქვა ჩანიმ. საცობების გამო მის წვრილ ხმას ცხვირისმიერი
ჟღერადობა ჰქონდა, – წესი ასეთია. ხორცი ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ მისი წყალი ტომისაა...
თუ ის ორთაბრძოლაშია მოკლული, მაშინ საქმე სხვანაირადაა.

– მეუბნებიან, ეს წყალი შენიაო, – თქვა პოლმა.

ჯესიკას ვერ გაეგო, რატომ დაიძაბა ამის გაგონებაზე და სიფრთხილეს მოუხმო.


– ორთაბრძოლის წყალი გამარჯვებულისაა, – თქვა ჩანიმ, – იმიტომ, რომ ბრძოლა ცის ქვეშ და
სარწყულის გარეშე გიწევს. გამარჯვებულმა უნდა დაიბრუნოს წყალი, რომელსაც ბრძოლისას
კარგავს.

– არ მინდა მისი წყალი, – ჩაიბუტბუტა პოლმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უამრავი
დაგლეჯილი სურათხატის ნაწილი იყო, ერთდროულად რომ უტრიალებდნენ შინაგანი
თვალის წინ და აბნევდნენ. ზუსტად არ უწყოდა, რას მოიმოქმედებდა, მაგრამ ერთი რამ
დანამდვილებით იცოდა: ჯემისის სხეულისგან გამოხდილი წყალი არ უნდოდა.

– ეს ხომ... წყალია, – უთხრა ჩანიმ.

ჯესიკას ენიშნა, როგორ წარმოთქვა გოგომ ეს სიტყვა – „წყალი“. „რამდენ მნიშვნელობას იტევს
ეს უბრალო ბგერები“. ჯესიკას ბენე გესერიტის აქსიომა გაახსენდა: „თავის გადარჩენის უნარი
უცხო წყლებში ცურვის უნარია“. და გაიფიქრა: „მე და პოლმა ამ უცხო წყლებში დინებები და
კანონზომიერებები უნდა ვიპოვოთ... თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ.

– მიიღებ ამ წყალს, – თქვა ჯესიკამ.

საკუთარი ხმის კილო ეცნო. ერთხელ ლეტოსაც მიმართა ამ კილოთი. მაშინ თავის აწ
განსვენებულ ჰერცოგს უთხრა, რომ აიღებდა დიდ თანხას, საეჭვო, სარისკო საქმეში
დახმარებისთვის რომ შესთავაზეს – რადგან ფული ატრეიდესების ძალაუფლებას
განამტკიცებდა.

არაკისზე წყალი ფული იყო. ამას ცხადად ხედავდა.

პოლს არაფერი უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ისე იზამდა, როგორც დედამ უბრძანა – არა
იმიტომ, რომ

უბრძანა, არამედ იმიტომ, რომ მისმა კილომ აიძულა, მომხდარი სხვაგვარად შეეფასებინა.
წყალზე უარის თქმა მიღებულ ფრემენულ ადათთან დაპირისპირებას ნიშნავდა.

მერე კი პოლს გაახსენდა იუეს ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის 467-ე კალიმას სიტყვები
და თქვა:

– „წყალია დასაბამი ყოველი ცოცხალისა“.

ჯესიკა გაოცებული შეაცქერდა. „საიდან იცის ეს ფრაზა?“ ჰკითხა საკუთარ თავს. „მისტერიები
მას არ შეუსწავლია“.

– ასეა ნათქვამი, – თქვა ჩანიმ, – ჯუდიშარ მანტინი: შაჰ-ნამაში წერია, რომ ყოველ ნივთთაგან
უპირველესად წყალი შეიქმნა.

ჯესიკას სრულიად უმიზეზოდ გააჟრჟოლა (და ეს გაურკვევლობა თავად ჟრჟოლაზე უფრო


მეტად აწუხებდა).მიტრიალდა, აღელვება რომ დაეფარა, და სწორედ მზის ჩასვლას მიუსწრო.
მზე ჰორიზონტის უკან რომ დაიძირა, ცაზე ფერთა დაუოკებელი სტიქია გადაიღვარა.

– დროა!

სტილგარის ხმა ქვაბულში ზარის რეკვასავით გაისმა.


– ჯემისის იარაღი მოკლულია. ჯემისს მოუხმო შაი-ჰულუდმა, მან, ვინც დაუწესა მობრუნება
მთვარეებს, რომლებიც დღითიდღე იკლებენ და საბოლოოდ მოხრილ და ჩამომჭკნარ ღეროებს
ემსგავსებიან, – სტილგარმა ხმას დაუწია, – ასეა ჯემისიც.

ქვაბულს საბანივით გადაეფარა სიჩუმე.

ჯესიკა რუხ ლანდად ხედავდა სტილგარის მოძრაობას ქვაბულის ბნელ სიღრმეში. ქალმა ისევ
აუზს გახედა და იქიდან მომავალი სიგრილე იგრძნო.

– მოახლოვდნენ ჯემისის მეგობრები, – თქვა სტილგარმა.

ჯესიკას უკან კაცები აიშალნენ და ღიობს ფარდა ჩამოაფარეს. შორს, ქვაბულის სიღრმეში,
ეული ნათელბურთი აანთეს. მისი ყვითელი ციალი იქით დაძრული ადამიანების მწკრივს
ანათებდა. ჯესიკას მოსასხამების შრიალი ჩაესმოდა.

ჩანიმაც იქით გადადგა ნაბიჯი, თითქოს შუქი იზიდავსო.

ჯესიკა პოლის ყურთან დაიხარა და ოჯახური შიფრით ჩაულაპარაკა:

– მიჰყევი ამათ; ის გააკეთე, რასაც ისინი იზამენ. უბრალო ცერემონია იქნება, ჯემისის
აჩრდილის დასაშოშმინებლად.„რაღაც მეტი იქნება“, გაიფიქრა პოლმა. ცნობიერების სიღრმეში
გრძნობდა რაღაცას, გულის მომწურავს, ამაფორიაქებელს, თითქოს რაღაც გაუთავებლად
მოძრავის მოხელთებას და ერთ ადგილზე გაჩერებას ცდილობდა.

ჩანი უკან გამოსრიალდა, ისევ ჯესიკასთან მოვიდა და ხელი ჩაჰკიდა.

– წამოდი, საიადინა. ჩვენ ცალკე უნდა დავსხდეთ.

პოლმა თვალი გააყოლა, როგორ შეერივნენ ქალები ბინდს. თვითონ მარტო დარჩა. თავი
მიტოვებულად იგრძნო.

ისინი, ვინც ფარდა რომ ჩამოაფარა, ახლა გვერდში ამოუდგნენ პოლს.

– წამო, უსულ.

პოლი გაჰყვა მათ ტალღას. მერე ფრემენებმა ის სტილგარის გარშემო შეკრულ ხალხის წრეში
ჩააყენეს. სტილგარი ნათელბურთის ქვეშ იდგა, მის გვერდით კი, ქვის იატაკზე, მოსასხამით
შემოფუთული უსწორმასწორო, კუთხეებგამოჩრილი გროვა იდო.

რაზმელები სტილგარის ნიშანზე მოსასხამების შრაშუნით ჩაცუცქდნენ. პოლიც მათთან


ერთად ჩაჯდა; ამჩნევდა, ნათელბურთის შუქზე თვალები ღრმულებად რომ მოუჩანდათ,
კისერზე შემოხვეული მწვანე ქსოვილის ფერი კი მკვეთრდებოდა. პოლმა სტილგარის
ფერხთით დადებულ, მოსასხამით დაფარულ ბორცვზე გადაიტანა გულისყური და ქსოვილის
ქვეშ გამოჩრილი ბალისეტის ტარი შენიშნა.

– სული ტოვებს სხეულის წყლებს მაშინ, როცა პირველი მთვარე ამოდის, – წამღერებით
წარმოთქვა სტილგარმა, – ასეა ნათქვამი. როცა ამაღამ პირველი მთვარის ამოსვლას ვიხილავთ,
ვის მოუწოდებს იგი?

– ჯემისს, – მიუგეს შემოკრებილებმა.


სტილგარი ცალ ქუსლზე შემოტრიალდა და გარშემო მდგომთა სახეებს მოატარა მზერა.

– მე ჯემისის მეგობარი ვიყავი, – თქვა მან, – როცა კლდისხვრელის მახლობლად ქორი-


ხომალდი დაგვაცხრა თავს, ჯემისმა შემითრია უსაფრთხო ადგილას.

ის იატაკზე დაწყობილი ნივთებისკენ დაიხარა და მოსასხამი აიღო, – ამ მოსასხამს ვიღებ,


როგორც ჯემისის მეგობარი – მეთაურის უფლებით, – მოსასხამი მხრებზე მოიგდო და
გაიმართა.

პოლმა ახლა დაინახა, რა იყო გროვაში: ბაც ნაცრისფრად მბზინავი სარწყული, ჩაჭყლეტილი
ლიტრიანი, ხილაბანდი და ზედ დადებული პატარა წიგნი, კრისდანის უპირო ტარი, ცარიელი
ქარქაში, დაკეცილი აბგა, პარაკომპასი, დისტრანსი, ბაგუნა, მუშტისხელა ლითონის კაუჭების
გროვა, ქსოვილში გამოხვეული სხვადასხვა ზომის კენჭების მსგავსი რაღაცების ნაკრები,
ბუმბულების კონა... და დაკეცილი აბგის გვერდით დადებული ბალისეტი.

„ესე იგი, ჯემისი ბალისეტზე უკრავდა“, გაიფიქრა პოლმა. საკრავმა გაახსენა გურნი ჰალეკი და
ყველაფერი, რაც ოდესმე დაეკარგა. პოლმა თავისი მომავლის მეხსიერებით იცოდა, რომ
ზოგიერთ სავარაუდო მიმართულებას შეიძლებოდა, ჰალეკთან შეეხვედრებინა, მაგრამ ეს
შეხვედრები ცოტა გზაზე მოელოდა და ბუნდოვნად მოჩანდა. მათი შეგრძნება ბიჭს
საგონებელში აგდებდა. გაურკვევლობის ფაქტორი კითხვებს უჩენდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ
რაღაცამ, რასაც გავაკეთებ... რაც შეიძლება გავაკეთო, შესაძლოა, გურნი დაღუპოს... ან
გააცოცხლოს... ან...

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი გაიქნია.

სტილგარი ისევ გროვისკენ დაიხარა.

– ჯემისის ქალისთვის და გუშაგებისთვის, – თქვა მან. კენჭები და წიგნი მოსასხამის ნაკეცებში


ჩაიცურა.

– მეთაურის უფლებით, – გაეხმაურა რაზმი.

– ჯემისის ყავის სერვიზის ნიშანი, – თქვა სტილგარმა და მწვანე ლითონის ბრტყელი დისკო
აიღო, – ვიღებ იმის დასტურად, რომ, როცა სიეტჩში დავბრუნდებით, ის, სათანადო წესების
დაცვით, უსულს გადაეცემა.

– მეთაურის უფლებით, – გაეხმაურა რაზმი.

ბოლოს კრისდანის ტარი აიღო და გაიმართა.

– სამარე-ველისთვის, – თქვა ხმამაღლა.

– სამარე-ველისთვის, – მიუგო რაზმმა.

წრეში პოლის მოპირდაპირე მხარეს ჩამჯდარმა ჯესიკამ თავი დაიქნია, რაკი რიტუალის
უძველესი წყარო

იცნო, და გაიფიქრა: „უცოდინრობასა და განსწავლულობას, სიმხეცესა და კულტურას შორის


ზღვარს ავლებს ის, თუ როგორ მივაგებთ პატივს ჩვენს მიცვალებულს. მან წრის იქითა მხარეს
პოლს შეხედა და გაიფიქრა: „დაინახავს ამას? მიხვდება, რა უნდა ქნას?“
– ჩვენ ჯემისის მეგობრები ვართ, – თქვა სტილგარმა, – ჩვენს მკვდრებს გარვარგებივით კი არ
დავყმუით.

პოლის მარცხნივ წვერში ჭაღარაგარეული კაცი წამოდგა.

– მე ჯემისის მეგობარი ვიყავი, – თქვა მან, დაგროვილ ნივთებთან მივიდა და დისტრანსი


აიღო, – როცა ორი ფრინველის ალყისას წყალი გაგვითავდა, ჯემისმა თავისი გვიწილადა, –
კაცი წრეში თავის ადგილს დაუბრუნდა.

„უნდათ, რომ მეც ვთქვა, ჯემისის მეგობარი ვიყავი-მეთქი?“ ვერ გაეგო პოლს. „ელიან, რომ იმ
ნივთებიდან რამე ავიღო?“ ხედავდა, სახეები ხან მისკენ რომ მოტრიალდებოდნენ, ხან ისევ
იქით მიბრუნდებოდნენ. ამას ელოდებიან!

წრის საპირისპირო კიდიდან ახლა სხვა კაცი წამოდგა, გროვას მიუახლოვდა და პარაკომპასი
აიღო.

– მე ჯემისის მეგობარი ვიყავი, – თქვა, – როცა სალისყურესთან პატრულმა გამოგვიჭირა და მე


დავიჭერი, ჯემისმა ჩემს გადასარჩენად მტერი თავისკენ გაიტყუა, – ის წრეში თავის ადგილზე
დაბრუნდა.

ისევ მიტრიალდნენ პოლისკენ სახეები. რომლებზეც ბიჭმა მოლოდინი ამოიკითხა და მზერა


დახარა. გვერდიდან იდაყვი წაჰკრეს და ჩაუსისინეს:

– გინდა, ყველა დაგვღუპო?

„როგორ უნდა ვთქვა, მისი მეგობარი ვიყავი-მეთქი?“ უკვირდა პოლს.

პოლის პირდაპირ წრეს კიდევ ვიღაც გამოეყო და, კაპიუშონიან სახეს შუქი რომ დაეცა, პოლმა
დედა იცნო. მან გროვიდან ხილაბანდი აიღო.

– მე ჯემისის მეგობარი ვიყავი, – წარმოთქვა ჯესიკამ, – როცა მასში მცხოვრებმა სულთა სულმა
დაინახა, რა იყო სიმართლისთვის საჭირო, მან დატოვა სხეული და ჩემი შვილი დაიფარა, – და
ისევ უკან დაბრუნდა.

პოლს გაახსენდა ბრძოლის მერე მის წინ დამდგარი დედის ხმაში ჩაღვრილი ზიზღი: „აბა-ა,
როგორი ყოფილა, მკვლელი რომ ხარ?“

ისევ დაინახა მისკენ მობრუნებული სახეები და რაზმში დაძრული ბრაზი და შიში იგრძნო.
გონებაში გაურბინა ნაწყვეტმა ოდესღაც დედის ნაჩვენები ფილმწიგნიდან, „მიცვალებულის
კულტი“ რომ ერქვა. ახლა იცოდა, რა უნდა ექნა.

ნელა წამოდგა ფეხზე.

წრეს ამოხვნეშამ გადაურბინა.

წრის ცენტრისკენ დაძრული პოლი „მეს“ დაპატარავებულად შეიგრძნობდა. თითქოს


საკუთარი თავის ნაწილი დაეკარგა და აქ ეძებდა. ჯემისის ნივთების გროვაზე დაიხარა და
ბალისეტი აიღო. სიმი რაღაცას გამოედო და წყნარად გაიჟღრიალა.

– მე ჯემისის მეგობარი ვიყავი, – დაიჩურჩულა პოლმა.


გრძნობდა, რომ თვალები ცრემლებმა აუწვა. თავს ძალა დაატანა და ხმას აუწია.

– ჯემისმა მასწავლა, რომ... როცა კლავ... ამაში საფასურს იხდი. ნეტავ, უკეთ მცნობოდა ჯემისი.

პოლმა ბრმასავით გამოიკვლია გზა წრეში, თავისი ადგილისკენ, და ქვის იატაკზე დაეშვა.

ვიღაცამ დაიჩურჩულა:

– ცრემლები სდის!

წრის გარშემო გაიტაცეს სიტყვები:

– უსული მკვდარს ტენს სწირავს!

პოლმა იგრძნო, რომ სველ ლოყაზე თითები შეეხო და მოკრძალებული ჩურჩული ჩაესმა.

ამ ხმების გამგონე ჯესიკამ იგრძნო მათი განცდის სიღრმე; მიხვდა, ალბათ როგორ
ეკრძალვოდნენ აქ ადამიანები ცრემლის ღვრას. დააკვირდა სიტყვებს: „მკვდარს ტენს
სწირავს!“ ცრემლები ლანდების ქვეყნისთვის მირთმეული ძღვენი იყო. უეჭველია,
ფრემენებისთვის ეს წმინდა ცრემლები იქნებოდა.

ამ პლანეტაზე ასე დამაჯერებლად ჯერ არაფერს აეხსნა მისთვის წყლის ფასი და მნიშვნელობა
– არც წყლის გამყიდველებს, არც აქაურების გამომხმარ კანს, არც სარწყულებს თუ წყლის წესს.
ეს იყო ყველა სხვა

ნივთიერებაზე უფრო ფასეული რამ – ის თავად სიცოცხლე იყო და თავის გარშემო ყველაფერს
სიმბოლიკისა და რიტუალის მნიშვნელობას სძენდა.

წყალი.

– ლოყაზე შევეხე, – დაიჩურჩულა ვიღაცამ, – მოვსინჯე ძღვენი.

თავიდან სახეზე თითების შეხებამ პოლი შეაშინა. მან ბალისეტის ცივი ტარი ჩაბღუჯა და
იგრძნო, როგორ ჩაეჭირა ხელისგულში სიმები. აფათურებული ხელების მიღმა თანდათან
დაინახა სახეებიც – ფართო, გაოცებული თვალები.

მერე ხელები გასწიეს. დაკრძალვის ცერემონია გაგრძელდა. მაგრამ ახლა პოლის გარშემო
მცირე სივრცე გაჩნდა. რაზმელები დასცილდნენ და თითქოს საპატიო განმარტოების ველში
მოაქციეს. ცერემონია ნელი გალობით დასრულდა:

სავსე მთვარე მოგაბრუნებს,


შაი-ჰულუდი შემოგყურებს.
წითელ ღამეს, ბნელი ცის ქვეშ
სისხლიანი სიკვდილი წევს.
შევულოცავთ სავსე მთვარეს
ის კი იღბალს თავს დაგვაფრქვევს.
იმას ვპოვებთ, რასაც ვეძებთ,
მტკიცე მიწას დავაბიჯებთ.
წრის ცენტრში გაბერილი ტომარა დარჩა. სტილგარი ჩაჯდა და მის ფეხებთან დადებულ
ტომარას ხელისგულები დაადო. ვიღაც მიუახლოვდა და მის გვერდით ჩაცუცქდა – პოლმა
კაპიუშონის ჩრდილში ჩანის სახე იცნო.

– ჯემისში ოცდაცამეტი ლიტრი და შვიდი მთელი და სამი ოცდამეთორმეტედი დრაჰმი


ტომის წყალი იყო, – თქვა ჩანიმ, – ახლა მე ამ წყალს საიადინას წინაშე დავლოცავ. ეკერი-
აკაირი, არის ეს წყალი, ფოლისინ-ფოლასი პოლ მუად-დიბისა! კივი ა-კავი, მეტად ის აღარ,
ნაკალას! ნაკელას! აწყას და დათვალოს, უკაირ-ან! გულისცემამ ჯან-ჯან-ჯან ჩვენი მეგობრის...
ჯემისისა.

უეცარ და სრულ მდუმარებაში ჩანი შებრუნდა და პოლს მიაპყრო მზერა. მერე კი უთხრა:

– როს მე ალი ვარ, შენ იყავ ნახშირი. როს მე ცვარი ვარ, იყავ შენ წყალი.

– ბი-ლალ კაიფა, – გამოეპასუხნენ რაზმელები.

– ეს წილი მუად-დიბს გადაეცემა, – თქვა ჩანიმ, – დაე, მოუფრთხილდეს მას ტომისთვის,


დაიცვას უდიერი ხარჯვისგან. გულუხვი ყოფილიყოს მის გაცემაში საჭიროების ჟამს. დრო
რომ მოუვა, თავადაც გადასცეს სხვას ტომის სასიკეთოდ.

– ბი-ლალ კაიფა, – გამოეპასუხნენ რაზმელები.

უნდა მივიღო ეს წყალიო, გაიფიქრა პოლმა. ნელა წამოდგა, წავიდა და ჩანის დაუდგა
გვერდით. სტილგარმა უკან გადადგა ნაბიჯი, ადგილი დაუთმო და ხელიდან ფრთხილად
გამოაცალა ბალისეტი.

– დაიჩოქე, – უთხრა ჩანიმ.

პოლმა დაიჩოქა.

გოგომ მისი ხელები აიღო და წყლის ტომარაზე დაადებინა, მის მკვრივ ზედაპირზე დააყოვნა.

– ტომი ამ წყალს შენ გაბარებს, – უთხრა, – მისგან ჯემისი გასულია. მშვიდობაში მოიხმარე, –
ის წამოდგა და პოლიც აზიდა, წამოაყენა.

სტილგარმა ბალისეტი დაუბრუნა და გაუწოდა ხელისგული, რომელზეც ლითონის


რგოლების პატარა გროვა ეყარა. პოლმა დახედა, შენიშნა, რგოლები სხვადასხვა ზომის იყო’
დაინახა, როგორ ირეკლავდნენ ისინი ნათელბურთის შუქს.

ჩანიმ ყველაზე დიდი რგოლი აიღო და თითზე ჩამოიცვა.

– ოცდაათი ლიტრი, – თქვა მან. სათითაოდ აიღო სხვებიც, ყველა დაანახვა პოლს, თან
ითვლიდა, – ორი ლიტრი; ერთი ლიტრი; შვიდი წყლისმთვლელი, თითო ერთი დრაჰმის
ფასისა; ერთი წყლისმთვლელი სამი ოცდამეთორმეტედი ფასისა. სულ – ოცდაცამეტი ლიტრი
და შვიდი და სამი ოცდამეთორმეტედი დრაჰმი.

გოგომ რგოლებწამოცმული თითი ასწია და პოლს დაანახვა.

– იღებ ამას? – ჰკითხა სტილგარმა.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუქნია.


– კი.

– მერე, – უთხრა ჩანიმ, – მე გიჩვენებ, როგორ უნდა გამოკრა ისინი ხილაბანდში, რომ არ
იჩხრიალონ და არ გაგცენ, როცა შენთვის სიჩუმე იქნება საჭირო, – მან ხელი პოლს გაუწოდა.

– ხომ არ... შემინახავ? – ჰკითხა პოლმა.

ჩანიმ გაოცებით გახედა სტილგარს.

მან გაიღიმა და თქვა:

– პოლ მუად’დიბმა, ვინც არის უსული, ჯერ არ იცის ჩვენი წესები, ჩანი. გქონდეს მისი
წყლისმთვლელები ვალდებულების მიღების გარეშე, სანამ დროს არ გამონახავ, რომ უჩვენო,
როგორ უნდა მათი ტარება.

გოგომ თავი დაუქნია. მოსასხამის ქვემოდან ქსოვილის ზორტი გამოაძვრინა, ის რგოლებში


ეშმაკურად გაატარ-გამოატარა; ყველა რომ ააცვა ზორტზე, შეყოყმანდა, მერე კი ეს რგოლები
მოსასხამის ქვეშ, სარტყელში ჩაიცურა.

რაღაც არასწორად ვქენიო, გაიფიქრა პოლმა. გრძნობდა, გარშემო განწყობას რაღაც უწყინარი
დაცინვა შეერია და მისმა გონებამ ამ შეგრძნებას წინასწარჭვრეტის მეხსიერება დაუკავშირა:
ქალისთვის წყლისმთვლელის შეთავაზება გაარშიყებას ნიშნავდა.

– წყლის გამრიგეებო, – წარმოთქვა სტილგარმა.

რაზმი მოსასხამების შარიშურით წამოდგა ფეხზე, ორი კაცი წინ გამოვიდა და წყლის ტომარა
ასწია. სტილგარმა ნათელბურთი ჩამოიღო და სხვებს ქვაბულის სიღრმისკენ გაუძღვა.

პოლი ჩანის უკან მოხვდა; მიდიოდა და უყურებდა კლდის პრიალა კედლებს, მათზე
აცეკვებულ ჩრდილებს და ჩამოწოლილ მდუმარე მოლოდინში რაზმის ამაღლებულ
განწყობას გრძნობდა.

ჯესიკა ვიღაცის მომთხოვნმა ხელმა დაჟინებით გაიყოლა მიმავალი რაზმის ბოლოს. ახლა
ყოველი მხრიდან მჭიდროდ ჩამდგარი მოძრავი სხეულები ერტყა გარს. მან უნებლიე
ძრწოლის შემოტევა დაიოკა. იცნო რიტუალის ფრაგმენტები, წარმოთქმულ სიტყვებში
ჯაკობსასა და ბოტანი-ჯიბის ფრაგმენტები გამოარჩია და კარგად იცოდა, რა დაუოკებელ
სისასტიკედ შეიძლებოდა ეფეთქა ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ვითარებას.

„ჯან-ჯან-ჯან“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მიდი, მიდი, მიდი“.

ეს რაღაც ბავშვურ თამაშს ჰგავდა, უფროსების ხელში ყოველგვარი „აკრძალულია“ რომ


ჩამოსცილებოდა.

სტილგარი ყვითელ ქვის კედელთან შეჩერდა, გაშიშვლებულ ქანს ხელი დააჭირა და კედელი
უხმოდ შეიხსნა შიგნით, უსწორმასწორო ნაპრალში. სტილგარი მას გაუყვა, გასცდა
ფიჭისმაგვარ ცხაურს, საიდანაც მის გვერდით ჩავლილ პოლს გრილი ჰაერი გადაევლო.

პოლმა კითხვით შეხედა ჩანის და მკლავზე მოქაჩა.

– ის ჰაერი ნოტიო იყო, – უთხრა მან.


– ჩ-ჩ-ჩ-ჩ! – ჩააჩუმა გოგომ.

მაგრამ მის უკან მომავალმა კაცმა უთხრა:

– ამაღამ ფაცერში ბევრი ტენია. ასე ჯემისი გვეუბნება, რომ კმაყოფილია.

ჯესიკამ საიდუმლო კარი შევლო და ზურგს უკან მისი მიხურვის ხმა გაიგონა. დაინახა,
ფრემენები ფიჭა-ცხაურთან ჩავლისას ნაბიჯს რომ ანელებდნენ, ხოლო როცა თვითონ მოხვდა
მის წინ, ნესტიანი ჰაერი იგრძნო.

„ქარის ფაცერი! ჩანს, სადღაც ზედაპირზე ფარული ქარის ფაცერი აქვთ, ჰაერს აქ, უფრო გრილ
ადგილებში ტვირთავენ და მისგან ტენს ხდიან“.

გაიარეს კიდევ ერთი ქვის კარი, მის თავზე დატანებული ცხაურით, და ისიც მათ უკან
მიიხურა. ქარმა რომ მოუბერა, ჯესიკამაც და პოლმაც ზურგებით შეიგრძნეს ნესტი.

ნათელბურთი, სტილგარს რომ ეჭირა ხელში და რაზმს მიუძღოდა, პოლის წინ მიმავალთა
თავების ქვემოთ დაეშვა. მერე პოლმა ფეხქვეშ საფეხურები იგრძნო, რომლებიც ირიბად
ეშვებოდნენ მარცხნივ. შუქი ახლა სხივებად იჭრებოდა ხვეულ კიბეზე ჩამავალთა
კაპიუშონებს შორის.

ჯესიკა მის გარშემო მიმავალ ადამიანებში გრძნობდა სულ უფრო მზარდ დაძაბულობას,
სიჩუმის ზეწოლას, რომელიც თავისი დაჟინებით ნერვებს უკაწრავდა.

საფეხურები ჩათავდა და რაზმმა კიდევ ერთ დაბალ კარში გაიარა. ნათელბურთის შუქი
ფართოდ გაშლილ სივრცეში ჩაიკარგა, მაღალი თაღოვანი სახურავის ქვეშ.

პოლმა იგრძნო, ჩანიმ მკლავზე ხელი რომ დაადო; ცივ ჰაერში ჩუმი წვეთვის ხმა მოესმა,
იგრძნო, რა მდუმარება ჩამოვარდა ფრემენებს შორის, რომლებიც წყლის სიახლოვეს ტაძარში
მყოფთა მოწიწებით აღიქვამდნენ.

ეს ადგილი სიზმრად მინახავსო, გაიფიქრა.

ეს ფიქრი თან ამხნევებდა, თან უიმედობას ჰგვრიდა. სადღაც წინ, ამ გზაზე, ფანატიკოსთა
ურდოები მისი სახელით მთელ სამყაროს შესეოდნენ და სისხლიან კვალს ტოვებდნენ.
ატრეიდესების შავ-მწვანე ბაირაღი ძრწოლის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. გავეშებული
ლეგიონები ბრძოლაში გადაეშვებოდნენ საომარი ყიჟინით: „მუად’დიბ!“

„ეს არ უნდა მოხდეს“, გაიფიქრა მან. „მე ამას ვერ დავუშვებ“.

მაგრამ პოლი მთელი არსებით გრძნობდა მომთხოვნ რასის ცნობიერებას, მის საზარელ
დანიშნულებას და იცოდა, დაძრულ ზვავს მცირე დაბრკოლება ვეღარ შეაჩერებდა, ის სულ
უფრო იკრებდა წონას და სიჩქარეს. თვითონ ამწამსვე რომ მომკვდარიყო, ის სვლას მაინც
განაგრძობდა და დედის და ჯერ დაუბადებელი დის ხელით იზამდა საქმნელს. მას მხოლოდ
აქ და ახლა შეკრებილი მთელი რაზმის – და მათთან პოლისა და დედამისის – დახოცვა თუ
შეაჩერებდა.

პოლმა მიმოიხედა, დაინახა, რომ რაზმი მწკრივად გაიშალა. მას წინ უბიძგეს და ბუნებრივ
კლდეში გამოკვეთილ დაბალ ზღუდეს მიაყენეს, რომლის მიღმა, სტილგარის ბურთის შუქზე,
პოლმა წყლის უძრავი ზედაპირი დაინახა. ბნელი და ღრმა ტბა ბინდში იკარგებოდა –
მოპირდაპირე კედელი ძლივს გაირჩეოდა, ალბათ, ასე, ასიოდე მეტრში.

ჯესიკამ იგრძნო, ტენიანმა ჰაერმა როგორ დაუამა ლოყებსა და შუბლზე სიმშრალისგან


გადაჭიმული კანი. ხვდებოდა, რომ ტბორი ღრმა იყო, და ძლივს შეიკავა სურვილი, მასში
ხელები ჩაეყო.

მარცხნიდან ჩხრიალი მოესმა. ფრემენების ბუნდოვან მწკრივს გახედა და დაინახა სტილგარი.


მას გვერდით პოლი ედგა, იქვე კი წყლის გამრიგეები თავიანთ ტვირთს წყალმზომის გავლით
ტბორში ცლიდნენ. მზომი მრგვალ რუხ თვალად მოჩანდა ტბორის ზედაპირზე. ქალმა
დაინახა, როგორ დაიძრა მანათობელი მანიშნებელი ისარი, როცა მზომში წყალი გაედინა;
თვალი მოჰკრა, როგორ შეჩერდა ოცდაცამეტ ლიტრსა და შვიდსა და სამ ოცდამეთორმეტედ
დრაჰმზე.

რა ზუსტები არიან წყლის აწყვაშიო, გაიფიქრა ჯესიკამ. მანშენიშნა, რომ მზომის ღარის
კედლებს მასში წყლის გავლის მერე სისველის ნასახიც არ შერჩენოდა. ზედაპირული
დაჭიმულობა წყალს იმ კედლებზე არ აჩერებდა. ამ უბრალო ფაქტმა მინიშნება მისცა მთელი
ფრემენული ტექნოლოგიების დასახასიათებლად – ისინი პერფექციონისტები იყვნენ.

ჯესიკა ზღუდის გასწვრივ გაუყვა, რომ სტილგართან მისულიყო. ყველა ბუნებრივი თავაზით
უთმობდა გზას. დედამ პოლის თვალებში ისევ მიღმური მზერა დაიჭირა, მაგრამ ქალის
ფიქრები ახლა ამ დიდი ტბორის საიდუმლოს დაეპყრო.

სტილგარმა ჯესიკას შეხედა.

– ჩვენ შორის იყვნენ ისეთები, ვისაც წყალი უჭირდა, – უთხრა ქალს, – მაგრამ აქ ჩამოსულები
ამ წყალს ხელსაც არ ახლებდნენ. იცი ეს?

– მჯერა, – მიუგო ჯესიკამ.

სტილგარმა ტბორს შეხედა.

– აქ ოცდათვრამეტ მილიონ დეკალიტრზე მეტი წყალი გვაქვს, – თქვა მან, – პატარა


მოქმედთაგან მოზღუდული, დამალული და შენახული.

– საგანძური, – გაეპასუხა ჯესიკა.

სტილგარმა ბურთი ასწია, რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა.

– ეს საგანძურზე მეტიცაა. ჩვენ ათასობით ასეთი სამალავი გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე


ჩვენგანმა თუ იცის მათგან ყველა. – კაცმა თავი ცალ მხარეს გადახარა და ბურთმა სახეზე
ყვითელი, ჩრდილებიანი შუქი მიაფინა, – გესმის?

სხვებიც უსმენდნენ.

ქარის ფაცერებში დალექილი ტენის წვეთვის ხმა დარბაზს წყლის სიახლოვის შეგრძნებით
ავსებდა. ჯესიკა ხედავდა, რომ მთელი რაზმი სმენის ექსტაზში იყო გარინდული. მხოლოდ
პოლს ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერს მოწყვეტილი იყო.
ის ამ ხმას გასული წუთების წიკწიკად აღიქვამდა. გრძნობდა, როგორ გაედინებოდა მასში
დრო, წამები, რომლებსაც ხელახლა ვეღარასოდეს მოიხელთებდა. გრძნობდა, რომ საჭირო
იყო, გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმის ღონე არ გააჩნდა.

– ზუსტად არის დათვლილი, – ჩურჩულით წარმოთქვა სტილგარმა, – მილიონი დეკალიტრის


სიზუსტით ვიცით, თუ რამდენი გვჭირდება. როცა სრულად მოვაგროვებთ, არაკისს სახეს
ვუცვლით.

რაზმი მოგუდული ჩურჩულით გაეპასუხა:

– ბი-ლალ კაიფა.

– დიუნებს ბალახოვანი მცენარეულობით გავამაგრებთ, – თქვა სტილგარმა, ხმა თანდათან


გაუძლიერდა, – ნიადაგში წყალს ხეებითა და ბუჩქებით შევაკავებთ.

– ბი-ლალ კაიფა, – გამოეხმაურნენ ფრემენები.

– პოლარული ყინული წლითიწლობით უკან იხევს, – თქვა სტილგარმა.

– ბი-ლალ კაიფა, – წაიმღერეს სხვებმა.

– ჩვენ არაკისისგან შევქმნით ჩვენს მშობლიურ პლანეტას – პოლუსებზე ყინული თანდათან


დადნება, ზომიერ სარტყლებში ტბები გაჩნდება და მოქმედისა და მისი სუნელისთვის
მხოლოდ ღრმა უდაბნო დარჩება.

– ბი-ლალ კაიფა.

– და არავის აღარ მოაკლდება წყალი, ყველას თავისუფლად შეეძლება, ამოხაპოს იგი ჭიდან,
გუბურიდან, ტბიდან თუ ნაკადულიდან. ქანატებში იდენს იგი და ჩვენს მცენარეებს მორწყავს.
ყველგან იქნება და ყველას შეეძლება მისი აღება, მხოლოდ ხელის გაწვდენა დასჭირდება.

– ბი-ლალ კაიფა.

ჯესიკამ იგრძნო ამ სიტყვებში ჩაქსოვილი რელიგიური რიტუალი, შეამჩნია, როგორი


თრთოლით პასუხობდა თავადაც. „ისინი საკუთარ მომავალთან არიან შეკრულები“, გაიფიქრა
მან. „საკუთარი მწვერვალი აქვთ დასაპყრობი. ეს იმ მეცნიერის ოცნებაა... და ეს უბირი ხალხი,
გლეხობა, იმავე ოცნებით გამსჭვალა“.

ფიქრებით გადასწვდა ლიეტ-კაინსს, იმპერატორის პლანეტარულ ეკოლოგს, კაცს, აქაური რომ


გახდა – და გაოცდა მისით. ეს ადამიანთა სულების დამპყრობი ოცნება იყო და ჯესიკა ამაში
ეკოლოგის ხელს ხედავდა. ეს გახლდათ ოცნება, რომელსაც კაცი საკუთარი ნებით შესწირავდა
სიცოცხლეს. აი, კიდევ ერთი აუცილებელი რამ, რაც მის შვილს სჭირდებოდა – მიზნის მქონე
ადამიანები. ასეთ ადამიანებს იოლად შთააბერავდი ჟინსა და ფანატიზმს. პოლს შეეძლებოდა,
ხმალივით ეშიშვლა ისინი საკუთარი ადგილის დასაბრუნებლად.

– ახლა კი წავედით, – თქვა სტილგარმა, – და პირველი მთვარის ამოსვლას დავუცადოთ. როცა


ჯემისს უსაფრთხოდ დავაყენებთ გზაზე, შინ წავალთ.

რაზმს ჩურჩულმა გადაურბინა – ეტყობოდათ, რომ უწადინოდ ტოვებდნენ იქაურობას. ისინი


წინამძღოლს უკან მიჰყვნენ, წყლის ზღუდის გაყოლებით, და კიბეზე ასვლას შეუდგნენ.
და პოლმა, ჩანის კვალში მიმავალმა, იგრძნო, რომ საბედისწერო წამმა ჩაუარა და გასცდა, რომ
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების მომენტი გაუშვა ხელიდან და ახლა საკუთარ
მითში იყო გამომწყვდეული. იცოდა, რომ ეს ადგილი ადრეც ენახა, წინასწარმეტყველური
სიზმრის ნაწილად ეხილა იგი შორეულ კალადანზე, მაგრამ ახლა ეს ადგილი შევსებული იყო
დეტალებით, რომლებსაც სიზმარში არ შეხვედროდა. თავისი ნიჭის შეზღუდულობის
მიხვედრამ ახლებურად გააოცა. თითქოს დროის ტალღაზე ამხედრებული მიჰქროდა – ხან
თხემზე, ხანაც ჩაღრმავებაში – მის გარშემო კი სხვა ტალღები იზრდებოდა და ეშვებოდა,
აჩენდნენ და კვლავ მალავდნენ იმას, რაც თან მოჰქონდათ.

და ყველაფერ ამას განუშორებლად სდევდა თავზე ჩრდილად წამომდგარი ძალადობა და


სისხლისღვრა, როგორც ტალღების თავზე მოგდებული ქაფი.

რაზმმა მწკრივად განვლო ბოლო კარიც და მთავარ ქვაბულში შევიდა. კარი დახშეს. შუქები
ჩააქრეს, ქვაბულის შესასვლელებს სარქველები ახსნეს. უდაბნოს თავზე გამოჩნდა ღამე და
ვარსკვლავები .

ჯესიკა ქვაბულის კიდის გამომშრალ შვერილზე დადგა და ვარსკვლავებს ახედა. ისინი ისე
კაშკაშებდნენ, გეგონებოდა, ახლოდან ანათებენო. გრძნობდა, მის გარშემო რაზმელები რომ
მოძრაობდნენ, ესმოდა, უკან ვიღაც ბალისეტს აწყობდა, და პოლის ხმა, რომელიც ბგერის
სიმაღლეს წაღიღინებით ამოწმებდა. მის კილოში ისმოდა ნაღველი, რაც ჯესიკას არ მოეწონა.

ქვაბულის სიღრმის სიბნელიდან ჩაესმა ჩანის ხმა:

– მიამბე შენი მშობლიური პლანეტის წყლებზე, პოლ მუად’დიბ.

და პოლის პასუხი:

– სხვა დროს იყოს, ჩანი. გპირდები.

„რა ნაღველი ისმის“.

– ეს კარგი ბალისეტია, – უთხრა ჩანიმ.

– ძალიან კარგია, – დაეთანხმა პოლი, – როგორ გგონია, ჯემისი წინააღმდეგი იქნება, რომ
გამოვიყენო?

„მკვდარზე აწმყო დროში ლაპარაკობს“, გაიფიქრა ჯესიკამ. აშფოთებდა იმაზე ფიქრი, თუ რის
გამო იყო ასე.

მათ საუბარში კაცის ხმა ჩაერთო:

– ჯემისს დაკვრა და სიმღერა ყოველთვის უყვარდა.

– მაშინ რამე თქვენებური მიმღერე, – შეევედრა ჩანი.

„რამდენი ქალური მომხიბვლელობაა ამ ბავშვის ხმაში“, გაიფიქრა ჯესიკამ. „პოლი უნდა


გავაფრთხილო ფრემენ ქალებზე... თან მალე“.

– ეს სიმღერა ჩემმა მეგობარმა შეთხზა, – თქვა პოლმა, – ასე მგონია, ის ცოცხალი აღარ არის,
გურნი. მან ამ სიმღერას „მწუხრისა“ დაარქვა.
რაზმი დაჩუმდა, ყური მიუგდო ბიჭის ტკბილ ტენორად აჟღერებულ ხმას, რომელსაც
ბალისეტის ჟღერა აჰყვა:

ღადარის ცქერის კრიალა წამი –


ოქროს მზე პირველ ბინდში გამკრთალდა...
შლეგი გრძნობები მუშკთა და ამბრთა
ხსოვნასთან თუა შეუღლებული?..

ჯესიკამ მთელი მკერდით შეიგრძნო ეს მოსაუბრე ჰანგი – პირველყოფილი და ხმებით


დახუნძლული, რომელმაც ანაზდად და მძაფრად აგრძნობინა საკუთარი თავი, საკუთარი
სხეული და მისი საჭიროებანი. დაძაბული გარინდებით უგდებდა ყურს.

ღამე სადაფის რექვიემია...


ის ხომ ჩვენია!
რა სიხარული აგიციმციმებს
სხივით მაგ თვალებს?
რა

ყვავილებით ნაქარგი ტრფობა


დაგვაწვა გულზე...
რა ყვავილებით ნაქარგი ტრფობა
გვივსებს სურვილებს?

სიმღერა მიწყდა. ჯესიკამ ბოლო ბგერას მიდევნებული სიჩუმის თრთოლა გაიგონა. „რატომ
უმღერის ჩემი შვილი ამ გოგონა-ბავშვს სიყვარულის სიმღერას?“ დაეკითხა საკუთარ თავს.
ანაზდად შიშმა შეიპყრო. გრძნობდა, მის გარშემო მიედინებოდა ცხოვრება, რომელსაც თავად
ვერაფრით მართავდა. „რატომ აირჩია ეს სიმღერა? ინსტინქტები ზოგჯერ სწორად
გვკარნახობენ. რატომ ქნა ეს?“

პოლი უსიტყვოდ იჯდა სიბნელეში და მისი ცნობიერება ერთ ჩაქვავებულ ფიქრს


დასტრიალებდა: „დედაჩემი ჩემი მტერია. თავად არ იცის ეს, მაგრამ ასეა. მას ჯიჰადი მოაქვს.
მან მშობა მე, მან გამომწვრთნა. ის ჩემი მტერია“.

13* * *
პროგრესის ცნება დამცავი მექანიზმის როლს ასრულებს და მომავლის საშინელებათაგან
გვიფარავს.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

თავის მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე ფეიდ-რაუთამ ოჯახურ თამაშებში საკუთარი მეასე


მონა-გლადიატორი მოკლა. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად საიმპერატორო კარის
წარმომადგენლები – გრაფი და ლედი ფენრინგები – ჰარკონენების მშობლიურ პლანეტაზე,
გიედი პრაიმზე იმყოფებოდნენ და ორთაბრძოლის საყურებლად ოჯახის უახლოეს
ნათესავებთან ერთად სამკუთხა არენის თავზე, ოქროს ლოჟაში იყვნენ მიწვეული.
ნა-ბარონის დაბადების პატივსაცემად და ყველა ჰარკონენისა თუ ქვეშევრდომისთვის იმის
შესახსენებლად, რომ მემკვიდრედ ფეიდ-რაუთა იყო გამიზნული, გიედი პრაიმზე ეს დღე
უქმედ გამოცხადდა. ბარონმა მერიდიანიდან მერიდიანამდე დასვენება ბრძანა. საგვარეულო
ქალაქ ჰარკოში ხალისიანი განწყობის ილუზიის შესაქმნელადაც კი გაისარჯნენ: შენობებზე
დროშები ფრიალებდა, სასახლის ქუჩის გაყოლებაზე სახლების ფასადები ხელახლა
გადაღებეს.

მაგრამ მთავარი ქუჩის მიღმა გრაფ ფენრინგსა და მის ქალბატონს არ გამოჰპარვიათ ნაგვის
გროვები, ქუჩებში მდგარ მუქ გუბეებში არეკლილი საღებავაქერცლილი რუხი კედლები და
აქა-იქ აჩქარებით, ქურდულად მიმავალი გამვლელები.

ბარონის ცისფერკედლებიან ციტადელში შიშისმომგვრელი უნაკლოება სუფევდა, მაგრამ


გრაფმა და მისმა მეუღლემ შენიშნეს, რა საფასური იყო გადახდილი ამაში – ყოველ ფეხის
ნაბიჯზე მცველები იდგნენ, რომელთა იარაღის ბზინვა გაწაფულ თვალს აუწყებდა, რომ მას
მუდმივად იყენებდნენ. თავად ციტადელშიც კი ერთი ნაწილიდან მეორეში გასასვლელად
დაცვის პოსტები უნდა გაგევლო. მსახურებს სამხედრო წვრთნას შეატყობდი სიარულზე,
მხრების დაჭერის მანერაზე... და იმაზე, თუ როგორ გითვალთვალებდნენ,
გითვალთვალებდნენ, გითვალთვალებდნენ – განუწყვეტლივ.

– დაძაბულობა მომატებულია, – ჩუმად გადაულაპარაკა გრაფმა მეუღლეს მათ საიდუმლო


ენაზე, – ბარონი ახლაღა იწყებს მიხვედრას, სინამდვილეში რა ფასის გადახდა მოუწია ჰერცოგ
ლეტოს მოსაცილებლად.

– ოდესმე ფენიქსის ლეგენდას მოგიყვები, – გაეპასუხა ქალი.

ისინი ციხესიმაგრის მისაღებ დარბაზში იცდიდნენ, რომ საოჯახო თამაშებზე შესულიყვნენ.


დარბაზი დიდი არ იყო; ასე, ორმოც მეტრამდე სიგრძე ექნებოდა, სიგანე კი – ამის ნახევარი;
მაგრამ მის გვერდებზე გაყოლებული დეკორატიული სვეტებისთვის ციცაბო კონუსების
ფორმა მიეცათ, ჭერი კი ოდნავ თაღისებურად გამოეყვანათ და ეს გაცილებით დიდი სივრცის
ილუზიას ქმნიდა.

– ააა, აგერ, ბარონიც, – თქვა გრაფმა.

ბარონი დარბაზს თავისებური მოქანავე-სრიალა ნაბიჯით მოუყვებოდა, რაც ტივტივებით


ამსუბუქებული წონის მართვას უიოლებდა. ლოყები უთიმთიმებდა, სტაფილოსფერი
პერანგის ქვეშ ტივტივები უხტოდა და ებურცებოდა. თითებზე ბეჭდები უბრჭყვიალებდა,
პერანგზე კი – ქსოვილში ჩამაგრებული ცეცხლოვანი ოპალინები.

ბარონის მხარდამხარ ფეიდ-რაუთა მოდიოდა. მუქი თმა წვრილ კულულებად დაეხვია. ეს


ვარცხნილობა მისი კუშტი მზერის ფონზე მეტისმეტად ქარაფშუტული ჩანდა. ეცვა ტანზე
მომდგარი შავი ქურთუკი და ვიწრო შარვალი, რომელიც კოჭებთან ოდნავ ფართოვდებოდა.
პატარა ტერფები რბილლანჩიანი მაშიებით შეემოსა.

ლედი ფენრინგმა, შენიშნა რა ჭაბუკის აღნაგობა და ქურთუკის ქვეშ ათამაშებული ძლიერი


კუნთები, გაიფიქრა: „აი, ეს კი თავს გასუქების უფლებას არ მისცემს“.

ბარონი მათ წინ შეჩერდა, მესაკუთრესავით ჩაავლო ხელი მკლავზე ფეიდ-რაუთას და თქვა:
– ჩემი ძმისწული, ნა-ბარონი, ფეიდ-რაუთა ჰარკონენი, – მერე ჩვილის პუტკუნა სახე ფეიდ-
რაუთასკენ მიაბრუნა და უთხრა: – გრაფი და ლედი ფენრინგები, რომლებზეც გიყვებოდი.

ფეიდ-რაუთამ თავი სათანადო თავაზით დახარა და ლედი ფენრინგს დაკვირვებით მიაჩერდა.


ქალი ოქროსთმიანი და წერწეტა იყო, უზადოდ აღნაგ ტანზე ეკრუს ფრიალა კაბა ეცვა –
უბრალო თარგისა, მოსართავების გარეშე. ქალმა რუხ-მწვანე თვალები მიაპყრო ჭაბუკს,
რომელსაც მისი ბენე გესერიტისეული აუმღვრეველი სიმშვიდე ოდნავ აშფოთებდა.

– ჰმ-მ-მ-ა-მ-მ-მ, – წამოიწყო გრაფმა, თან ფეიდ-რაუთას აკვირდებოდა, – ჰმ-მ-მ... ჩინებული


ჭაბუკია, არა, ჩემო... ჰმ-მ-მ-მ... ძვირფასო? – გრაფმა ბარონს შეხედა, – ძვირფასო ბარონო, თქვენ
ბრძანეთ, რომ ამ ჩინებულ ჭაბუკს ჩვენზე ელაპარაკეთ? რა უთხარით?

– ჩემს ძმისწულს ვაუწყე, როგორ გაფასებთ ჩვენი იმპერატორი, გრაფო ფენრინგ, – უთხრა
ბარონმა. თავისთვის კი გაიფიქრა: „კარგად დაიმახსოვრე ეს კაცი, ფეიდ! მკვლელი ბაჭიას
ქცევით – ყველაზე საშიშია“.

– რა თქმა უნდა, – თქვა გრაფმა და მეუღლეს გაუღიმა.

ფეიდ-რაუთას კი გრაფის სიტყვები და ქცევა ლამის შეურაცხმყოფელი ეჩვენა ის


მიახლოებული იყო იმ ზღვარს, რომლის იქითაც უტიფრობის შემჩნევა და საკადრისი პასუხის
გაცემა უკვე გარდაუვალი იქნებოდა. ჭაბუკი ყურადღებით დააკვირდა გრაფს: ჩია კაცია,
თითქოს უღონო. სახე თრიას მიუგავს და უზომოდ დიდი მუქი თვალები აქვს. საფეთქლებთან
ჭაღარა შეჰპარვია. ხოლო მოძრაობა... ერთ მხარეს თუ გაშლიდა ხელს ან თავს მიაბრუნებდა,
სიტყვით სხვა მხარეს მიმართავდა. მისთვის თვალის მიდევნება და მისი ნათქვამის გაგება
ძნელი იყო.

– უმ-მ-მ-მ-აჰ-ჰ-ჰმ-მ-მ... ასეთ, მმ-მ-მ... მშვენებას იშვიათად თუ გადააწყდები, – თქვა გრაფმა,


დაახლოებით ბარონის მხარს მიმართავდა, – მე... აჰ... მოგილოცავთ, რომ ასეთი ჰმ-მ-მ უნაკლო
აჰ-ჰ-ჰ... მემკვიდრე გყავთ. თავისი წინამორბედის ჰმ-მ-მ... ღირსეული მემკვიდრე, შეიძლება
ითქვას.

– უაღრესად კეთილი ბრძანდებით, – მიუგო ბარონმა და თავი დაუკრა, მაგრამ ფეიდ-რაუთამ


შენიშნა, რომ ბიძამისის მზერა ამ თავაზიანობას არ შეესაბამებოდა.

– ირონიული მეტყველება, მმ-მ-მ... მიანიშნებს, რომ, ჰმ-მ-მ-მ, რომ საკითხს ღრმად


უფიქრდებით, – თქვა გრაფმა.

„თავისას კიდევ არ იშლის“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. „თითქოს შეურაცხგყოფს, მაგრამ თან


ვერაფერზე აუხირდები, რომ პასუხი მოსთხოვო.

ამ კაცის ყურისგდებამ ფეიდ-რაუთას ისეთი გრძნობა მოჰგვარა, ამდენი... უმ-მ-მ-აჰ-ჰ-ჰმ-მ-მ-მ-


ებით თითქოს თავი უსივდებოდა. მან ისევ ლედი ფენრინგს შეხედა.

– ჩვენ აჰ-ჰ-ჰ, ძალიან ვაცდენთ ამ ახალგაზრდას, – თქვა ქალმა, – როგორც ვხვდები, დღეს ის
არენაზე აპირებს გამოსვლას.

„საიმპერატორო ჰარამხანის ჰურიებს ვფიცავ, მშვენიერი ვინმეა!“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. და


უთხრა:
– დღეს ჩემ მიერ მოკლულ კაცს თქვენ მოგიძღვნით, მილედი. თქვენი ნებართვით, ამ
მოძღვნის შესახებ არენიდან გამოვაცხადებ.

ქალმა უშფოთველი მზერა მიაპყრო, მაგრამ ხმა შოლტის გადაკვრას მიუგავდა:

– არ გაძლევთ ამის ნებას.

– ფეიდ! – შეუტია ბარონმა. თავისთვის კი გაიფიქრა: „აი, გადარეული! უნდა, რომ ამ


მკვლელმა გრაფმა გამოიწვიოს?“

მაგრამ გრაფმა მხოლოდ გაიღიმა და, ჰმ-მ-მ-მ-უმ-მ-მ-ო, თქვა.

– მართლაც, უკვე არენაზე გასასვლელად უნდა ემზადებოდე, ფეიდ, – უთხრა ბარონმა, –


დასვენებული უნდა იყო და უგუნური რისკი არ გასწიო.

ფეიდ-რაუთამ თავი დაუკრა; სახე წყენით მოღრუბლვოდა.

– დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე ჩაივლის, შენ რომ გინდა, ძია, – მან ჯერ გრაფ ფენრინგს
დაუკრა თავი: – სერ, – მერე ქალბატონს: – მილედი, – ამის შემდეგ მიბრუნდა და დარბაზიდან
გავიდა, ორმაგ კართან შეგროვილ წვრილ დიდებულებს ერთი შეხედვა ძლივს აღირსა.

– ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, – ამოიოხრა ბარონმა.

– უმ-მ-მ-მ-აჰ, მართლაც, ჰმმმმ... – მიუგო გრაფმა.

ლედი ფენრინგმა კი გაიფიქრა: „ნუთუ ღირსი დედა ამ ჭაბუკს გულისხმობდა? ეს


მემკვიდრული ხაზი უნდა შევინარჩუნოთ?“

– არენაზე შესვლამდე კიდევ ერთი საათი გვაქვს, – თქვა ბარონმა, – იქნებ ახლა გვესაუბრა იმ
პატარა საქმეზე, გრაფო ფენრინგ, – დიდი თავით მარჯვნივ მიანიშნა, – საკმაოდ ბევრი რამ
მოხდა ისეთი, რაზეც უნდა მოვილაპარაკოთ.

და გაიფიქრა: „ახლა კი ვნახოთ, იმპერატორის ხელის ბიჭი როგორ გადმომცემს ზუსტად იმ


გზავნილს, რაც დააბარეს, თანაც პირდაპირ არაფერს იტყვის“.

გრაფმა მეუღლეს მიმართა:

– უმ-მ-მ-აჰ-ჰ-ჰ-მ-მ-მ... ხომ მმ-მ გვაპატიებ, აჰ-ჰ... ძვირფასო?

– ყოველ დღეს, ზოგჯერ კი ყოველ საათსაც, ცვლილება მოსდევს, – გაეპასუხა ქალი, – მმ-მ-მ... –
და, სანამ შებრუნდებოდა, ბარონს ტკბილად გაუღიმა. ის წელში გამართული, მეფური
ნაბიჯით, კაბის გრძელი კალთების შრიალით გაემართა დარბაზის ბოლოს, ორმაგი კარისკენ.

ბარონმა შენიშნა, როგორ შეწყვიტეს საუბარი იქ შეკრებილმა წვრილმა დიდებულებმა მისი


მიახლოებისას, და როგორ გაადევნეს თვალი. „ბენე გესერიტი!“ გაიფიქრა ბარონმა. „რამდენად
უკეთესი იქნებოდა სამყარო, ეგენი ყველა რომ მოეცილებინა!“

– იქით, მარცხნივ, ორ სვეტს შორის სიჩუმის კონუსია, – თქვა ბარონმა, – იქ შეგვიძლია


ვილაპარაკოთ და მოყურადის არ გვეშინოდეს, – ის თავისი მოქანავე ნაბიჯით გაემართა ხმის
ჩამხშობი ველისკენ, მასში შესულმა კი იგრძნო, რომ ციხის ხმები მოგუდული და შორეული
გახდა.
გრაფი ბარონს დაუდგა გვერდით და მერე ორივე კედლისკენ შებრუნდა, რომ მათი ტუჩების
მოძრაობა არავის ამოეკითხა.

– ჩვენ არ მოგვწონს, არაკისიდან სარდაუკარების გამოხმობა რომ ბრძანეთ, – უთხრა გრაფმა.

„პირდაპირ ამბობს!“ გაიფიქრა ბარონმა.

– სარდაუკარები უკვე ვეღარ დარჩებოდნენ იქ, თორემ შესაძლო იყო, სხვებსაც შეეტყოთ,
იმპერატორი რომ მეხმარებოდა, – უთხრა გრაფს.

– მაგრამ შენი ძმისწული რაბანი, როგორც ჩანს, ისე არ ცდილობს ფრემენების პრობლემის
გადაწყვეტას, როგორც საჭიროა.

– რა სურს იმპერატორს? – ჰკითხა ბარონმა, – არაკისზე ერთი მუჭა ფრემენები თუ იქნებიან


დარჩენილი. უდაბნოს სამხრეთი დაუსახლებელია. უდაბნოს ჩრდილოეთს რეგულარულად
წმენდს ჩვენი პატრული.

– ვინ ამბობს, უდაბნოს სამხრეთი დაუსახლებელიაო?

– ეს თქვენმა პლანეტოლოგმა თქვა, ძვირფასო გრაფო.

– მაგრამ დოქტორი კაინსი მოკვდა.

– აჰ, ჰო... რა დასანანია.

– ჩვენ სამხრეთ სარტყლების თავზე ფრენის მონაცემები გვაქვს, – თქვა გრაფმა, – იქ ცოცხალი
მცენარეულობა შენიშნეს.

– ე.ი. გილდიამ კოსმოსურ დაკვირვებებზე თანხმობა განაცხადა?

– ძალიან კარგად იცი, ბარონო, რომ იმპერატორს არ შეუძლია, არაკისზე ლეგალური


თვალყურის დევნება დააწესოს.

– აბა, მე მაგას ვერ გავწვდები, – თქვა ბარონმა, – ვინ იფრინა?

– ერთმა... კონტრაბანდისტმა.

– ვიღაცას მოუტყუებიხართ, გრაფო, – უთხრა ბარონმა, – კონტრაბანდისტები სამხრეთ


სარტყლებს რაბანის ჯარისკაცებზე უკეთ ვერ მიაღწევენ. ქარიშხლებიო, ქვიშის სტატიკაო,
სხვაც ბევრი რამ, ხომ იცით. სანავიგაციო ნიშნულების დაყენებას ვერ ასწრებენ, რომ
წაქცეული ხვდებათ.

– სტატიკური მუხტების ტიპებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, – უთხრა გრაფმა.

„აჰ-ჰ-ჰ-ჰ“, გაიფიქრა ბარონმა.

– მაშ, ჩემს ანგარიშში რამე შეცდომა იპოვეთ? – პასუხი მოსთხოვა მან თანამოსაუბრეს.

– შეცდომებზე თუ იფიქრეთ, თავდაცვა შეუძლებელი გახდება, – უთხრა გრაფმა.


„ცდილობს, გამაბრაზოს“, გაიფიქრა ბარონმა. დასამშვიდებლად ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა.
საკუთარი ოფლის სუნი სცემდა; პერანგის ქვეშ ტივტივების ღვედებისგან გაღიზიანებული
კანი უცებ მოექავა.

– იმპერატორი ქალის და ბიჭის სიკვდილის გამო უკმაყოფილო ვერ იქნება, – თქვა ბარონმა, –
ისინი უდაბნოში გაიქცნენ. ქარიშხალი იყო.

– ჰო, უამრავი ძალიან ხელსაყრელი უბედური შემთხვევა მოხდა, – დაეთანხმა გრაფი.

– თქვენი კილო არ მომწონს, გრაფო, – მიმართა ბარონმა.

– ბრაზი ერთია, ძალადობა – მეორე, – უთხრა გრაფმა, – ნება მომეცით, გაგაფრთხილოთ: აქ


რამე უბედურ შემთხვევაში რომ მოვყვე, ყველა დიდებული გვარი შეიტყობს, რა ჩაიდინეთ
არაკისზე. ისინი დიდი ხანია, ეჭვობენ, რას და როგორ საქმიანობთ.

– ჩემი ბოლოდროინდელი საქმიანობიდან მხოლოდ ის მახსოვს, – უთხრა ბარონმა, – რომ


არაკისზე რამდენიმე ლეგიონი სარდაუკარები გადავიყვანე.

– ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, ამით იმპერატორს დაემუქროთ?

– ამაზე არ მიფიქრია.

გრაფს გაეღიმა.

– შეიძლება, მოინახოს სარდაუკარი მეთაურები, რომლებიც აღიარებენ, რომ ისინი ბრძანების


გარეშე მოქმედებდნენ, უბრალოდ, იმ ავაზაკ ფრემენებთან ომი უნდოდათ.

– ასეთი აღიარება ბევრს შეიძლება საეჭვო ეჩვენოს, – შეედავა ბარონი, მაგრამ ამ მუქარამ
თავზარი დასცა. „ნუთუ სარდაუკარები მართლა ასე არიან გამოწვრთნილი?“

– იმპერატორს თქვენი ხარჯთაღრიცხვის შემოწმება სურს, – თქვა გრაფმა.

– როცა ინებებს.

– თქვენ... აჰ... არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო?

– არაფერი. ჩემი, როგორც პუვმე-ს დირექტორის, ანგარიშები, უმკაცრეს შემოწმებას გაუძლებს,


– და გაიფიქრა: „დაე, უდანაშაულოდ დამდოს ბრალი! მე კი დავდგები, ვითარცა პრომეთე,
ყველას წინაშე, და ვიტყვი: „აჰა, მიხილეთ, ცილი დამწამეს“. მერე კი, დაე, სხვა ბრალიც
დამდონ, თუნდაც დამსახურებულად. დიდებული გვარები აღარ დაუჯერებენ ხელახალ
შემოტევას ერთხელ გამტყუნებული ბრალმდებლისგან“.

– ეჭვგარეშეა, თქვენი ანგარიშები ყველაზე საგულდაგულო შემოწმებასაც გაუძლებს, –


ჩაიბუტბუტა გრაფმა.

– რატომ არის იმპერატორი ასე დაინტერესებული ფრემენების განადგურებით? – ჰკითხა


ბარონმა.

– გსურთ, თემა შევცვალოთ, ჰა? – გრაფმა მხრები აიჩეჩა, – ეგ იმპერატორს კი არა,


სარდაუკარებს სურთ. მათ ხოცვაში ვარჯიში სჭირდებათ... და ვერ იტანენ, როცა დავალება
შეუსრულებელი რჩებათ.
„ჰგონია,იმის შეხსენებით შემაშინებს, რა სისხლს მოწყურებული მკვლელები ეხმარებიან?“
გაიფიქრა ბარონმა.

– გარკვეული რაოდენობით მკვლელობები მუდამ იყო და არის ბიზნესის განუყოფელი


ნაწილი, – თქვა ბარონმა, – მაგრამ ეს ოდესმე უნდა დასრულდეს. სუნელის დასამუშავებლად
ვინმე ხომ უნდა დარჩეს.

გრაფმა ისე გაიცინა, თითქოს დაიყეფაო.

– გგონიათ, ფრემენებს შეაბამთ უღელში?

– ისინი საამისოდ ყოველთვის ცოტანი იყვნენ, – მიუგო ბარონმა, – მაგრამ ამდენმა ხოცვა-
ჟლეტამ ჩემი დანარჩენი მოსახლეობა შეაშფოთა. ყველაფერი ისე დაიძაბა, რომ მე არაკისის
პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზებზე დავიწყე ფიქრი, ძვირფასო ფენრინგ. და, უნდა
ვაღიარო, რომ შთაგონების გამო იმპერატორს უნდა ვუმადლოდე.

– ა-ა-ა?

– საქმე ისაა, გრაფო, რომ მე იმპერატორის ციხე-პლანეტამ, სალუსა სეკუნდუსმა, შთამაგონა.

გრაფი სახეში ჩააშტერდა, თვალები უელავდა.

– რა კავშირი შეიძლება იყოს არაკისსა და სალუსა სეკუნდუსს შორის?

ბარონმა ფენრინგს მზერაში შფოთი შენიშნა და უთხრა:

– ჯერჯერობით არავითარი.

– ჯერჯერობით?

– დამეთანხმებით, არაკისის გამოყენება ციხე-პლანეტად იქ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას


შექმნიდა.

– პატიმრების რიცხვის გაზრდას მოელით?

– არეულობები იყო, – აღიარა ბარონმა, – იძულებული გავხდი, მოსახლეობა დაუნდობლად


გამომეწურა, ფენრინგ. ბოლოს და ბოლოს, ხომ იცით, რაც გადავუხადე იმ წყეულ გილდიას
არაკისზე ჩვენი საერთო ძალების გადასაყვანად. ის ფული საიდანმე ხომ უნდა მომეტანა.

– სავარაუდოდ, არაკისს ციხე-პლანეტად იმპერატორის ნებართვის გარეშე არ გამოიყენებ,


ბარონო.

– არა, რასაკვირველია, – მიუგო ბარონმა. ფენრინგის ხმაში მოულოდნელად ჩაღვრილმა


სუსხმა გააოცა.

– კიდევ ერთი რამ. – უთხრა გრაფმა, – გავიგეთ, რომ ჰერცოგ ლეტოს მენტატი, თუფეა ჰავატი,
კი არ მომკვდარა, ახლა თქვენს სამსახურში ყოფილა.

– ასეთი ფასეული კაცის გადასაგდებად ხელი არ მომიბრუნდა, – თქვა ბარონმა.

– ჩვენი სარდაუკარი მეთაური მოატყუე, ჰავატი მკვდარიაო.


– უწყინარი სიცრუე იყო, ძვირფასო გრაფო. იმ კაცთან დიდხანს დავის თავი არ მქონდა.

– ნამდვილი მოღალატე ჰავატი იყო?

– ო, ღმერთო, არა! მოღალატე ცრუ ექიმი იყო, – ბარონმა კისრიდან ოფლი მოიწმინდა, – უნდა
გამიგოთ, ფენრინგ, მე მენტატის გარეშე დავრჩი. ხომ იცით. მე მენტატის გარეშე არასოდეს
ვყოფილვარ. ეს ძალიან მიშლიდა ხელს.

– ჰავატის დაყოლიება როგორ მოახერხეთ?

– მისი ჰერცოგი მკვდარი იყო, – ბარონმა ძალით გაიღიმა, – ჰავატისგან ხიფათს არ უნდა
მოველოდეთ, ძვირფასო გრაფო. მენტატს ორგანიზმში ლატენტური საწამლავი შევუყვანეთ.
ანტიდოტს საჭმელში ვურევთ. მის გარეშე შხამი მოქმედებას დაიწყებს და ჰავატი რამდენიმე
დღეში მოკვდება.

– შეუწყვიტეთ ანტიდოტის მიცემა, – თქვა გრაფმა.

– მაგრამ ის საჭირო კაცია!

– და იცის უამრავი ისეთი რამ, რაც კაციშვილმა არ უნდა იცოდეს.

– თქვენ თქვით, იმპერატორს მხილების არ ეშინიაო.

– ზედმეტს ბედავთ, ბარონო!

– როდესაც ვნახავ ამ ბრძანებას, იმპერატორის ბეჭდით დამოწმებულს, მაშინ დავემორჩილები,


– უთხრა ბარონმა, – მაგრამ იმას არ ვიზამ, რაც თქვენ მოგეხუშტურებათ.

– ეს ჩემი ხუშტური გგონიათ?

– სხვა რა უნდა იყოს? წესით, იმპერატორი ჩემი მადლობელი უნდა იყოს, ფენრინგ. ის აბეზარი
ჰერცოგი მე მოვაშორე.

– მგონი, სარდაუკარებიც წაგეხმარნენ.

– სხვაგან სად იშოვიდით გვარს, რომელიც დათანხმდებოდა, ამ საქმეში იმპერატორის


მონაწილეობის შესანიღბად უნიფორმებში გადაცმულთ ემოქმედათ?

– იმპერატორმა თავადაც დაუსვა საკუთარ თავს ეს კითხვა, ბარონო, მაგრამ ოდნავ სხვა
აზრით.

ბარონი ფენრინგს დააცქერდა, შენიშნა დაძაბული ყბის კუნთები, მიხვდა, როგორ


საგულდაგულოდ აკონტროლებდა ის საკუთარ თავს.

– აჰ-ჰ-ჰ, მორჩით, – უთხრა ბარონმა, – იმედი მაქვს, იმპერატორს არ ჰგონია, ჩემ წინააღმდეგ
წამოვიდეს და ეს სრულიად საიდუმლოდ დარჩეს.

– მას იმედი აქვს, რომ ეს აუცილებელი არ გახდება.


– შეუძლებელია, იმპერატორს ეგონოს, რომ მე მას ვემუქრები! – ბარონმა ხმაში ბრაზი და
მწუხარება გამოურია, თან გაიფიქრა: „ერთი ეს დამაბრალოს! მე ხომ შემიძლია, სულაც
ტახტზე ავიდე, და თან მკერდში მჯიღს ვიცემდე, აქაოდა, რა ცილს მწამებენ-მეთქი“.

გრაფის ხმა ცივად და შორიდან გაისმა:

– იმპერატორს იმის სჯერა, რასაც საკუთარი გრძნობები კარნახობს.

– იმპერატორი გაბედავს, მთელი ლანდსრაადის საბჭოს წინაშე ღალატში დამდოს ბრალი? –


ბარონს ამის იმედით სუნთქვაც კი შეეკრა.

– არაფერია ისეთი, რის ჩასადენადაც იმპერატორს გაბედვა დასჭირდება.

ტივტივებში ჩასმული ბარონი მიბრუნდა, რომ თავისი გამომეტყველება დაეფარა. „ამას


შეიძლება მოვესწრო კიდეც! დაე, დამწამოს ცილი! ამას, ქრთამების თუ იძულების
დახმარებით, დიდებული გვარების გაერთიანება მოჰყვება: ჩემი დროშის ქვეშ ისინი
თავშესაფრისკენ გაქცეული გლეხებივით შეიკრიბებიან. მათ ხომ ყველაზე მეტად იმის
ეშინიათ, რომ იმპერატორმა თავისი სარდაუკარები რიგრიგობით არ მიუქსიოს ყველას.

– იმპერატორს გულწრფელად სწამს, რომ არასოდეს მოუწევს, ღალატში დაგდოთ ბრალი, –


მიუგო გრაფმა.

ბარონს გაუჭირდა, პასუხის გაცემისას თავისი ხმისთვის ირონია ჩამოეცილებინა და მხოლოდ


წყენა დაეტოვებინა, მაგრამ მოახერხა.

– მე ყოველთვის უერთგულესი ქვეშევრდომი ვიყავი. არც კი შემიძლია, გამოვთქვა, როგორ


მტკენს გულს ეს სიტყვები.

– უმ-მ-მ-აჰ-ჰ-ჰ-მ-მ-მ, – ჩაიზმუვლა გრაფმა.

ბარონი გრაფისკენ არ მიბრუნებულა, ისე დაუქნია თავი. მერე თქვა:

– არენაზე წასვლის დროა.

– მართლაც, – გაეპასუხა გრაფი.

ისინი სიჩუმის კონუსიდან გამოვიდნენ და ერთმანეთის მხარდამხარ გასწიეს დარბაზის


ბოლოს მდგარი წვრილი დიდებულების ჯგუფისკენ. სადღაც ციხესიმაგრეში ზარმა
აუჩქარებლად იწყო რეკვა – დამსწრეებს აფრთხილებდა, რომ არენაზე შეკრებამდე ოცი წუთი
რჩებოდა.

– წვრილი დიდებულები თქვენ გელიან, რომ გაუძღვეთ, – უთხრა გრაფმა ბარონს და თავით
ანიშნა ხალხზე, რომელსაც უახლოვდებოდნენ.

„ორაზროვნება... სულ ორაზროვნება“, გაიფიქრა ბარონმა.

მან დარბაზის შესასვლელის აქეთ-იქით დაკიდებულ თავის ახალ თილისმებს ახედა: დაფაზე
დაკრულ ხარის თავს და ჰერცოგ ატრეიდესის, ლეტოს მამის, ზეთის საღებავებით დახატულ
სურათს, რომლებმაც ბარონს უცნაური ავი წინათგრძნობა მოჰგვარეს. მან გულში გაივლო:
„ნეტავ, რა ფიქრებს აღუძრავდნენ ისინი ჰერცოგ ლეტოს, როცა მათ კალადანის დარბაზში
დაკიდებულს ხედავდა, მერე კი არაკისზეც – თავზე ხელაღებულ მამას და მისი მკვლელი
ხარის თავს“.

– კაცობრიობას მხოლოდ ერთი მმ-მ-მ... მეცნიერება გააჩნია, – თქვა გრაფმა, როცა უკან
მიდევნებული ჯგუფის თავში ჩამდგარნი დარბაზიდან გამოვიდნენ და მოსაცდელ ოთახში
აღმოჩნდნენ – ვიწრო სივრცეში, რომელსაც მაღალი ფანჯრები და თეთრი და მეწამული
ფილებით მოგებული იატაკი ჰქონდა.

– და რა მეცნიერებაა ეგ? – ჰკითხა ბარონმა.

– ეს არის უმ-მ-მ-აჰ... მეცნიერება აჰ-ჰ... დაუკმაყოფილებლობისა, – მიუგო გრაფმა.

წვრილმა დიდებულებმა, მათ ცხვრის სახეებით რომ მოსდევდნენ უკან და გაფაციცებით


ცდილობდნენ, როგორმე ეამებინათ, ზუსტად მოზომილი მოწონების კილოთი გაიცინეს,
მაგრამ ამ ხმებში დისონანსი

შემოიტანა მოტორების უეცარმა ღმუილმა, როცა ლაქიებმა გარეთ გასასვლელი კარი გააღეს.
გამოჩნდა მიწამავალების მწკრივი და მათზე დამაგრებული, ნიავისგან აფრიალებული
სამკუთხა ალმები.

ბარონმა უეცარი ხმაურის გადასაფარავად ხმა აიმაღლა:

– იმედი მაქვს, დღეს ჩემი ძმისწულის გამოსვლით უკმაყოფილო არ დარჩებით, გრაფო


ფენრინგ.

– მე აჰ-ჰ-ჰ... ერთი სული მაქვს უმ-მ-მ... ვიხილო, დიახ, – თქვა გრაფმა, – ხომ ასეა, აჰ-ჰ-ჰ, პროცეს
ვერბალში უმ-მ-მ აჰ-ჰ-ჰ... ყოველთვის უნდა გაითვალისწინო აჰ-ჰ-ჰ... წარმომავლობის ამბები.

ბარონი გაოცებამ ლამის იქვე გააშეშა და ეს რომ დაეფარა, სადარბაზოდან ჩამავალი კიბის
პირველ საფეხურზე მოსაჩვენებლად წაიბორძიკა. პროცეს ვერბალი! ეს იყო მოხსენება
იმპერიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ!

მაგრამ გრაფმა ჩაიცინა, ვითომც, ვიხუმრეო, და ბარონს მკლავზე მოუტყაპუნა ხელი.

მაგრამ არენისკენ მიმავალ გზაზე თავისი მანქანის ტყვიაგაუმტარ ბალიშებზე მიყრდნობილი


ბარონი მის გვერდით მჯდარ გრაფს ფარული მზერით ზომავდა და საგონებელს ეძლეოდა,
ნეტავ, ამ იმპერატორის ხელის ბიჭმა რატომ ჩათვალა აუცილებლად, ასეთი განსაკუთრებული
ხუმრობა წვრილი დიდებულების გასაგონად წარმოეთქვაო. ყველასთვის ცხადი იყო, რომ
ფენრინგი იშვიათად აკეთებდა იმას, რაც აუცილებლად არ მიაჩნდა; იშვიათად იტყოდა ორ
სიტყვას იქ, სადაც ერთითაც გავიდოდა ფონს; ხოლო ნათქვამ ფრაზას ერთი მნიშვნელობის
ამარა თითქმის არასოდეს ტოვებდა.

ისინი სამკუთხა არენის თავზე გამოდგმულ ოქროს ლოჟაში ისხდნენ (საყვირები ჭექდა, მათ
გარშემო იარუსები მოგუგუნე ხალხითა და მოფრიალე ალმებით იყო გადაჭედილი), როცა
ბარონმა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო.

– ძვირფასო ბარონო, – უთხრა მისი ყურისკენ დახრილმა გრაფმა, – იცით ხომ, რომ
იმპერატორს თქვენ მიერ მემკვიდრის არჩევაზე ოფიციალური სანქცია ჯერ არ გაუცია?
ბარონი თითქოს უცებ მისივე ელდით შექმნილ პერსონალურ სიჩუმის კონუსში მოექცა. ის
ფენრინგს მიაშტერდა, ლამის ვერც კი შენიშნა გრაფის მეუღლე, რომელიც მის უკან მცველებს
გამოსცდა, ოქროს ლოჟაში მსხდომებს რომ შეერთებოდა.

– სინამდვილეში სწორედ ამისთვის ვარ აქ, – თქვა გრაფმა, – იმპერატორს სურს, მოვახსენო,
ღირსეული მემკვიდრე გყავთ არჩეული თუ არა. არენაზე უკეთ ვერაფერი ახდის კაცს ნიღაბს
და ვერ გამოაჩენს მის ნამდვილ სახეს, არა?

– იმპერატორი დამპირდა, რომ მემკვიდრეს ჩემს ნებაზე ავირჩევდი! – ამოიხრიალა ბარონმა.

– ვნახოთ, – მიუგო ფენრინგმა და მეუღლის რომ შესაგებებლად მიბრუნდა. ის დაჯდა, ბარონს


გაუღიმა, მერე კი ყურადღება მათ ქვემოთ გაშლილ ქვიშიან არენაზე გადაიტანა, რომელზეც,
ის-ის იყო, ჟილეტსა და რეიტუზში გამოწყობილი ფეიდ-რაუთა გამოდიოდა. ჭაბუკს მარჯვენა
ხელზე შავი ხელთათმანი ეცვა და გრძელი დანა ეჭირა, მარცხენა, თეთრთათმანიან ხელში კი
მოკლე დანა ეპყრა.

– თეთრით საწამლავი აღინიშნება, შავით – სისუფთავე, – თქვა ლედი ფენრინგმა, –


საინტერესო ადათია. ასე არაა, ჩემო სიყვარულო?

– უმ-მ-მ-მ-მ, – მიუგო გრაფმა.

ოჯახისთვის გამოყოფილი გალერეიდან მისალმების ყიჟინა გაისმა. ფეიდ-რაუთა შეჩერდა,


რომ ეს ოვაციები შეეფერებინა, აიხედა და სახეები შეათვალიერა. ხედავდა თავის კუზენებსა
და შორეულ ნათესავებს, ნახევარძმებს, თანამესარეცლეებსა და გარე-ფრეინ ნათესავებს.
მოჩანდა უამრავი ვარდისფერი საყვირის პირი, ფერადი ქსოვილებისა და ალმების ფრიალში
ჩაკარგულები, გაუთავებლად რომ ხმიანობდნენ.

ფეიდ-რაუთამ უცებ გაიფიქრა, ეს მიჯრით მიწყობილი სახეების რიგები ისევე ხარბად


იხილავენ ჩემს სისხლს, როგორც ამ მონა-გლადიატორისასო. რასაკვირველია, ზუსტად
იცოდა, რა იქნებოდა ამ ბრძოლის ბოლო. ეს ბრძოლა ხიფათის უშინაარსო ფორმა იყო
მხოლოდ – და მაინც...

ფეიდ-რაუთამ მზისკენ ასწია თავისი დანები და, უძველესი ადათისამებრ, არენის სამ კუთხეს
მოესალმა. მოკლე დანა, რომელიც თეთრთათმანიან ხელში ეჭირა (თეთრი – საწამლავის
ნიშანი), პირველი ჩააცურა ქარქაშში. მერე, შავთათმანიან მარჯვენაში რომ ჰქონდა, ის გრძელი
დანა ჩააგო – სუფთა დანა, რომელიც ამჯერად არ იყო სუფთა და მის საიდუმლო იარაღად
ქცეულიყო, რათა ამ დღეს მხოლოდ მისი უტყუარი გამარჯვება მოეტანა: შავ პირს საწამლავი
ეცხო.

სხეულის ფარის მორგებას ერთი წუთიღა დასჭირდა და ჭაბუკი შეჩერდა, რათა შუბლზე
გადაჭიმული კანი ეგრძნო, რაც დაარწმუნებდა, რომ სათანადოდ იყო დაცული.

ამ მომენტსაც, თავისებურად გამოკვეთილი და განსაკუთრებული შინაარსის მქონე რომ


გახლდათ, ფეიდ-რაუთა გამოცდილი შოუმენის თავდაჯერებით აჭიანურებდა: მან თავი
დაუქნია დამხმარეებს: ასაბიებსა და ყურადღების მიმზიდველებს, და შემფასებლის თვალით
შეუმოწმა აღჭურვილობა: სამაჯურები ადგილზეა, წამახული ეკლები უბრწყინავთ; ბარჯებსა
და კაუჭებზე გამობმული ცისფერი ლენტები ფრიალებს.
ფეიდ-რაუთამ მუსიკოსებს ნიშანი მისცა.

დაიწყო ნელი მარში, რომლის ჟღერადობა უძველესი ჰანგების დიდებულებას მოგაგონებდათ.


ფეიდ-რაუთა თავის ჯგუფს არენის კიდისკენ გაუძღვა და მისასალმებლად ბიძის ლოჟის ქვეშ
შეჩერდა. ცერემონიის სიმბოლური გასაღები, რომელიც ზემოდან გადმოუგდეს, ჰაერშივე
დაიჭირა.

მუსიკა შეწყდა.

უეცრად ჩამოწოლილ მდუმარებაში მდგარმა ფეიდმა ორი ნაბიჯით დაიხია უკან და დაიძახა:

– ამ სიმართლის წამს ვუძღვნი... – და შეყოვნდა; იცოდა, რომ ახლა ბიძამისი ფიქრობდა: „ეს
სულელი ღლაპი აპირებს, მაინც ლედი ფენრინგს მიუძღვნას ბრძოლა და აყალმაყალი
გამოიწვიოს!“

– ...ჩემს ბიძასა და მფარველს, ბარონ ვლადიმირ ჰარკონენს! – შესძახა ფეიდ-რაუთამ.

და კმაყოფილმა შენიშნა, როგორ ამოისუნთქა ბიძამისმა.

მუსიკოსებმა ახლა სწრაფი მარში დასცხეს და ფეიდ-რაუთამ თავისი დამხმარეები სირბილით


გაიყოლია არენის მეორე მხარეს, უსაფრთხოების კარისკენ, რომელიც მხოლოდ საგანგებო
საიდენტიფიკაციო სამაჯურის მქონე ადამიანს გაატარებდა. ფეიდ-რაუთას თავი მოჰქონდა,
რომ უსაფრთხოების კარი არასოდეს გამოუყენებია და იშვიათად თუ დასჭირვებია
გლადიატორის ყურადღების მიმზიდველები. მაგრამ მაინც კარგი იყო, რომ დღეს ასეთი
მშველელების იმედი ჰქონდა – განსხვავებულ გეგმებს ზოგჯერ განსხვავებული საფრთხეებიც
ახლავს.

არენაზე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

ფეიდ-რაუთა შებრუნდა და სახით არენის მოპირდაპირე მხარეს დატანებული დიდი წითელი


კარისკენ დადგა – გლადიატორი აქედან უნდა შემოსულიყო.

განსაკუთრებული გლადიატორი.

რა დიდებულად მარტივი და პირდაპირია თუფეა ჰავატის მიერ შემუშავებული გეგმაო,


გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. მონა არ იქნებოდა წამლით გაბრუებული. ამის ნაცვლად
ქვეცნობიერში ჩანერგილი ჰქონდა კოდური სიტყვა, რომელიც კრიტიკულ მომენტში კუნთებს
დაუდამბლავებდა. ფეიდ-რაუთამ ეს საბედისწერო სიტყვა გონებაში გაიმეორა, უხმოდ,
მხოლოდ ტუჩებით წარმოთქვა: „არამზადა!“ მაყურებლის თვალისთვის ყველაფერი ისე
გამოჩნდებოდა, თითქოს არენაზე გაუბრუებელი მონა

შემოეპარებინათ, ნა-ბარონის მოსაკლავად. და გულდასმით მომზადებული სამხილები


მონათა ზედამხედველზე მიუთითებდა.

წითელი კარის გასაღებად დაქოქილი სერვომოტორები ხმადაბლა აზუზუნდნენ.

ფეიდ-რაუთამ მთელი ყურადღება კარს მიაპყრო. პირველი შეხვედრა ბრძოლის


მნიშვნელოვანი წამი იყო. ის, თუ როგორ შემოდიოდა გლადიატორი არენაზე, გაწაფულ
თვალს უამრავ საჭირო რამეს აუწყებდა. წესით და რიგით, ყველა გლადიატორს ელაკათი
ბანგავდნენ, არენაზე ვითომც ბრძოლას მოწყურებულები, მაგრამ მოსაკლავად
გამზადებულები რომ გამოსულიყვნენ, მაგრამ მაინც საჭირო იყო, არ გამოგპარვოდა, თუ
როგორ სწევდნენ მახვილს, თავდაცვისას საით ტრიალდებოდნენ, საერთოდ, აღიქვამდნენ
მაყურებელს თუ არა. იმას, თუ როგორ ხრიდა გვერდზე თავს მონა, შეიძლება აუცილებელი
მინიშნება მოეცა, როგორი მოგერიება თუ ფანდი გახდებოდა საჭირო.

წითელი კარი ერთბაშად მოფრიალდა.

იქიდან შემოაგდეს მაღალი, დაკუნთული კაცი, რომელსაც გადაპარსული თავი და მუქად


შეღებილი თვალები ჰქონდა. კანზე სტაფილოსფერი ედო – სხეულს ასე ელაკა ფერავს – მაგრამ
ფეიდ-რაუთამ იცოდა, რომ ეს საღებავი იყო. მონას მწვანე ტრიკო და ნახევარფარის წითელი
ქამარი ეკეთა: ქამრის მაჩვენებელი მარცხნივ მიუთითებდა, იმის ნიშნად, რომ მონას მარცხენა
გვერდი ჰქონდა დაცული. დანა ხმალივით ეჭირა, ოდნავ გარეთ გადახრილი, გაწაფული
მებრძოლის დგომში მოზიდულიყო. ის ნელა გამოვიდა შუა არენაზე. ფარით დაცული
გვერდით უსაფრთხოების კართან მდგარი ფეიდ-რაუთასა და მისი ჯგუფისკენ
შებრუნებულიყო.

– არ მომწონს ამის შესახედაობა, – თქვა ფეიდ-რაუთას ერთ-ერთმა ბარჯისკაცმა, – ნამდვილად


დაბანგულია, მილორდ?

– ფერი ისეთი აქვს, როგორიც საჭიროა, – მიუგო ფეიდ-რაუთამ.

– მაგრამ მებრძოლივით დგას, – თქვა მეორე დამხმარემ.

ფეიდ-რაუთამ ქვიშაზე ორი ნაბიჯი წადგა და მონას დააკვირდა.

– მკლავზე რა სჭირს? – იკითხა ერთ-ერთმა ყურადღების გადამტანმა.

ფეიდ-რაუთამ შენიშნა სისხლიანი ნაკაწრი კაცის მარცხენა მკლავზე, მერე თვალი ჩამოაყოლა
მტევნამდე, რომელიც მწვანე ტრიკოს მარცხენა ბარძაყზე სისხლით დახატულ ფიგურაზე
უთითებდა: იქ ქორის სილუეტი იყო მოხაზული.

ქორი!

ფეიდ-რაუთამ ახედა შავად ამოღამებულ თვალებს და შენიშნა, რა უჩვეულო სიფხიზლით


შემოსცქეროდნენ ისინი.

„ეს არაკისზე ტყვედ ჩაგდებული ატრეიდესების მებრძოლია!“ გაუელვა ფეიდ-რაუთას. „ეს


უბრალო გლადიატორი არაა!“ ტანში გააცივა, როცა იფიქრა, ნეტავ, ჰავატს ამ წარმოდგენის
სხვა გეგმაც ხომ არ აქვსო: ფანდი ფანდში და კიდევ ფანდში. მაგრამ ბრალის დადება მხოლოდ
მონების ზედამხედველისთვისაა გამიზნული!

ფეიდ-რაუთას მთავარმა ასაბიამ ყურში ჩასჩურჩულა:

–რაღაც, არ მომწონს, როგორ იყურება, მილორდ. ნება მომეცი, დანიან მკლავში ერთი-ორი
ბარჯი გავუყარო.

– მე თვითონაც გავუყრი, – უთხრა ფეიდ-რაუთამ. მან დამხმარეს წყვილი გრძელი,


დაკბილული შუბი გამოართვა და ხელში აწონა, ბალანსი შეუმოწმა. წესით ეს ბარჯებიც
მოწამლული უნდა ყოფილიყო – მაგრამ არა ამჯერად, და მთავარ ასაბიას ეს შეიძლება
სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო.
– ამ ბრძოლიდან გმირად გამოხვალ, – აუხსნა მას ჰავატმა, – შენს გლადიატორს ერთი-ერთზე
ბრძოლაში მოკლავ, თანაც – ღალატის მიუხედავად. მონების ზედამხედველი სიკვდილით
დაისჯება, მის ადგილს კი შენი კაცი დაიჭერს.

ფეიდ-რაუთამ არენაზე კიდევ ხუთი ნაბიჯით წაინაცვლა; მისი თითოეული მოძრაობა


მაყურებლისთვის იყო გამიზნული. მონას აკვირდებოდა. იცოდა, მის ზემოთ, იარუსებზე
მსხდარი გაწაფული მაყურებლები უკვე ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.
გლადიატორს დაბანგული კაცის კანის ფერი ჰქონდა, მაგრამ მყარად იდგა და არ ცახცახებდა.
მაყურებლები ალბათ უკვე უჩურჩულებდნენ ერთმანეთს: „უყურე, როგორ დგას. წესით, ვერ
უნდა ისვენებდეს: უნდა თავს ესხმოდეს ან უკან იხევდეს. ნახე, როგორ იზოგავს ძალებს,
როგორ იცდის. არ უნდა იცდიდეს“.

ფეიდ-რაუთა გრძნობდა, თავად მას როგორ ემატებოდა აღგზნება. „დაე, ჰავატს ღალატი
ჰქონდეს განზრახული“, გაიფიქრა მან, „ამ მონას მაინც მოვერევი. და ამჯერად საწამლავი ჩემს
გრძელ დანას უსვია და არა მოკლეს. ეს ჰავატმაც კი არ იცის“.

– ჰეი, ჰარკონენ! – დაუძახა მონამ, – მზად ხარ სიკვდილისთვის?

არენა სამარისებურმა მდუმარებამ მოიცვა. მონისგან ამგვარი გამოწვევა გაუგონარი იყო!

ახლა ფეიდ-რაუთა ცხადად ხედავდა გლადიატორის თვალებს, ამჩნევდა მათში ანთებულ


თავგანწირულ, ცივ მრისხანებას. შენიშნა, როგორ იდგა კაცი, ლაღი და მომზადებული,
კუნთები გამარჯვებისთვის ჰქონდა მომართული. მონების პირით ამ მებრძოლს ჰავატის
გზავნილი მიუვიდა: „ნა-ბარონის მოკვლის ნამდვილი შანსი გექნება“. ესეც მათი გეგმის
ნაწილი იყო.

ფეიდ-რაუთას ბაგეზე დაძაბულმა ღიმილმა გადაჰკრა და ბარჯები ასწია. გლადიატორის


დგომის მანერა მისი ზრახვის ასრულების მომასწავებელი იყო.

– ჰე! ჰე! – გამოიწვია მონამ და ორი ნაბიჯი გადმოდგა.

გალერეებზე მსხდომთაგან ახლა ეჭვი აღარავის დარჩებოდაო, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. ეს


მონა წამლით გამოწვეული ძრწოლით სანახევროდ დადამბლავებული უნდა ყოფილიყო.
ყოველ მოძრაობას უნდა გამოემჟღავნებინა მისი სხეულის რწმენა, რომ იმედი აღარ
არსებობდა, რომ ვერაფერი გაამარჯვებინებდა. ყურები გამოჭედილი უნდა ჰქონოდა ამბებით,
თუ რა საწამლავებში ავლებდა ნა-ბარონი დანას, რომელიც თეთრთათმანიან ხელში ეჭირა. ნა-
ბარონი მსხვერპლს სწრაფ სიკვდილს არასოდეს აღირსებდა. მას უყვარდა იშვიათი
საწამლავების მოქმედების დემონსტრირება; ზოგჯერ არენაზე დადგებოდა ხოლმე,
ტკივილით დაკრუნჩხული მსხვერპლი ნიმუშად ჰქონდა და მაყურებელს საინტერესო
გვერდით ეფექტებზე მიუთითებდა. ამ მონას ეშინოდა, კი, მაგრამ შეძრწუნებული არ იყო.

ფეიდ-რაუთამ ბარჯი მაღლა ასწია, და მონას თავი დაუქნია – თითქმის მიესალმა.

გლადიატორი ეძგერა.

მისი ფანდი და თავდაცვითი საპასუხო შემოტევა ფეიდ-რაუთას არც ერთი ადრინდელი


მოწინააღმდეგის სვლას არ ჩამოუვარდებოდა. დროში სწორად მოზომილმა გვერდულმა
მოქნევამ ნა-ბარონს კინაღამ მარცხენა ფეხის ძარღვები დაუზიანა.
ფეიდ-რაუთა მონას გაეცალა და დაკბილული ბარჯი მარჯვენა წინამხარში ჩაუტოვა. კავები
მთლიანად იყო შეჭრილი ხორცში, გლადიატორი მათ ისე ვერ ამოიძრობდა, რომ ძარღვები არ
ამოეგლიჯა.

იარუსებიდან ხმაშეწყობილი შეყვირება გაისმა.

ამ ხმამ ფეიდ-რაუთას აღტაცება მოჰგვარა.

ახლა იცოდა, რას განიცდიდა ბიძამისი, მაღალ ლოჟაში რომ იჯდა და გვერდს ფენრინგები,
საიმპერატორო კარის დამკვირვებლები, უმშვენებდნენ. ამ ბრძოლაში ის ვეღარაფრით
ჩაერეოდა. მოწმეების წინაშე ფორმალობა დაცული უნდა ყოფილიყო. ბარონს არენაზე
გათამაშებული მოვლენები შეიძლებოდა აღექვა ერთადერთ მინიშნებად – თავად მისთვის
დამუქრებულ საფრთხედ. მონამ უკან დაიხია, დანა კბილებით დაიჭირა და კაუჭებიანი ბარჯი
მკლავზე მისივე ლენტით მიიკრა.

– შენი ნემსის ჩხვლეტა ვერც ვიგრძენი! – დაუყვირა მოწინააღმდეგეს. ისევ წინ დაიძრა, დანა
მომარჯვებული ეჭირა, მარცხენა გვერდით წინ მოდიოდა, ტანი უკან გადაზნექილი
მოჰქონდა, რომ ნახევარფარის დაცვის ველში, რაც შეიძლება, მეტად მოქცეულიყო.

გალერეებზე მსხდომთ არც ეს გამოჰპარვიათ. ოჯახის ლოჟებიდან ხმამაღალი შეძახილები


გაისმა. ყურადღების მიმზიდველები ფეიდ-რაუთას ყვირილით ეკითხებოდნენ, ხომ არ
გჭირდებითო.

ფეიდ-რაუთამ ხელის აქნევით ანიშნა, უსაფრთხოების კართან დარჩენილიყვნენ.

„ისეთ წარმოდგენას ვუჩვენებ, ადრე რომ არასოდეს უნახავთ“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. „ეს არ
იქნება მოსაწყენი მკვლელობა, როცა შესაძლებელია, მოდუნებული იჯდე და ბრძოლის
სტილზე მსჯელობდე. ეს ისეთი რამ იქნება, რაც მათ გულ-ღვიძლს ამოუტრიალებს და
შეაზანზარებს. ბარონი რომ გავხდები, ეს დღე ემახსოვრებათ და მათგან ვერავინ დააღწევს
თავს ჩემს შიშს – ამ დღის წყალობით“.

ფეიდ-რაუთამ კიბორჩხალას მსგავსად მომავალი გლადიატორის წინაშე აუჩქარებლად


დაიხია უკან. მის ფეხქვეშ არენის ქვიშა ხრაშუნებდა. ესმოდა მონის ქოშინი, საკუთარი
ოფლისა და ჰაერს ოდნავ შერეული სისხლის სუნი სცემდა.

ნა-ბარონი კვლავ უკან იხევდა, ნელა ბრუნდებოდა მარჯვნივ, მეორე ბარჯი მომარჯვებული
ეჭირა. მონა გვერდულად უახლოვდებოდა. ფეიდ-რაუთამ ვითომც წაიბორძიკა. იარუსებიდან
კივილი გაისმა.

მონა კვლავ ეძგერა.

„ღმერთო, რა მებრძოლია!“ გაიოცა ფეიდ-რაუთამ, გვერდზე რომ გახტა. მხოლოდ ჭაბუკურმა


სიმკვირცხლემ იხსნა, თუმცა მონას მარჯვენა მკლავის დელტისებურ კუნთში მეორე ბარჯი
მაინც ჩაუტოვა.

იარუსებიდან ყურისწამღები ყიჟინა მოასკდა.

„როგორ მესალმებიან“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. ამ ხმებში რაღაც სიველურე ესმოდა – ჰავატმა


ზუსტად
უთხრა, ასე იქნებაო. ოჯახის ფალავანი ასე ადრე არასოდეს გაუმხნევებიათ. და პირქუში
სიამოვნებით გაიხსენა, რას ეუბნებოდა ჰავატი: „მტერი, რომელიც აღტაცებას გგვრის, უფრო
იოლად დაგცემს თავზარს“.

ფეიდ-რაუთამ სწრაფად დაიხია არენის ცენტრისკენ, სადაც მას ყველა გარკვევით დაინახავდა.
გრძელი მახვილი იშიშვლა, დაბალ დგომში გაჩერდა და მისკენ მომავალ მონას დაელოდა.

ის მხოლოდ იმისთვის შეყოვნდა, რომ მეორე ბარჯიც მკლავზე მიება, და მაშინვე გამოედევნა.

„დაე, ოჯახმა ნახოს, როგორ ვშვრები ამას“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. „მე მათი მტერი ვარ: დაე,
მათ წარმოსახვაში ისეთი ვიყო, როგორსაც ახლა მხედავენ“.

მან მოკლე მახვილი იშიშვლა.

– შენი არ მეშინია, ჰარკონენო ღორო, – მიახალა გლადიატორმა, – შენი ყველა სატანჯველი


მკვდარს ფეხებზე ჰკიდია. საკუთარი დანით მოვკვდები, სანამ შენი დამხმარე თითს
დამაკარებდეს. და შენ თან გაგიყოლებ!

ფეიდ-რაუთამ ავად გაიღიმა და ახლა გრძელი მახვილი მიუშვირა – ის, საწამლავი რომელსაც
ესვა.

– აბა, ეს მოსინჯე, – უთხრა და მეორე, მოკლედანიანი ხელის ცრუმოძრაობით შეუტია.

მონამ დანა მეორე ხელში გადაიტანა, გასცდა მოწინააღმდეგის დახვედრებულ ხმალს, მის
ფანდსაც გაუმკლავდა და ნა-ბარონის მოკლედანიანი ხელი დაბღუჯა – ის, რომელსაც
მოწამლული იარაღი უნდა სჭეროდა.– ჩაძაღლდები, ჰარკონენო, – ამოიქშინა გლადიატორმა.

ერთმანეთს დაჭიდებულები, გან-გან გაჩოჩდნენ ქვიშაზე. იქ, სადაც ფეიდ-რაუთას ფარი მონის
ნახევარფარს ეხებოდა, ცისფერი ციალი კრთებოდა. მათ გარშემო ჰაერი ფარებს ადენილი
ოზონით გაიჟღინთა.

– შენივე შხამით ჩაძაღლდი! – კბილები გააღრჭიალა მონამ.

თეთრთათმანიან ხელს შიგნითკენ მიაწვა და მოაბრუნა დანა, მოწამლული რომ ეგონა.

„აბა, ახლა ნახონ!“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ, გრძელი მახვილი დაბლა დაუშვა და იგრძნო,
როგორ ფუჭად გაიჩხაკუნა მან მონის მკლავზე შებმული ბარჯის ტარზე.

ფეიდ-რაუთას წამით სასო წარეკვეთა. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მკლავში გაჩრილი


ბარჯები მონას რამეში გამოადგებოდა. მაგრამ ისინი მოწინააღმდეგეს დამატებით ფარად
ექცა. „და რა ღონიერია!“ მოკლე დანა მისკენ მოიწევდა და ფეიდ-რაუთა ახლა იმასღა
ფიქრობდა, რომ კაცი შეიძლება მოუწამვლელმა დანამაც მოკლას.

– არამზადა! – ამოთქვა ფეიდ-რაუთამ.

გლადიატორის კუნთები კოდურ სიტყვას მყისიერი მოდუნებით დამორჩილდნენ. ფეიდ-


რაუთასთვის ეს კმაროდა. მონას იმდენად დასცილდა, გრძელი დანის მომარჯვება რომ
მოეხერხებინა. გაიელვა მოწამლულმა წვეტმა და მონას წითლად გადაუსერა მკერდი. შხამი
ადამიანს მაშინვე მტანჯველ ტკივილს ჰგვრიდა. კაცმა თავი გაითავისუფლა, უკან
წაბარბაცდა.
„ახლა კი მიყუროს ჩემმა ძვირფასმა ოჯახმა“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. „დაფიქრდნენ ამ
მონაზე, რომელმაც სცადა, ჩემკენ მოემართა დანა, მოწამლული რომ ეგონა. დაე, საგონებელს
მიეცნენ, ნეტავ, რა გზით გამოაღწია არენაზე მონამ, რომელიც ასეთი მცდელობისთვის იყო
მზად. და დაე, შეიგნონ, რომ დანამდვილებით ვერასოდეს ეცოდინებათ, რომელ ხელში
მიჭირავს საწამლავი“.

ფეიდ-რაუთა უხმოდ იდგა და მოდუნებულ მონას უყურებდა. მისი მოძრაობა ყოყმანზე


მეტყველებდა, მერე კი მიხვედრა დაეტყო. ახლა ნებისმიერი იოლად ამოიკითხავდა, რა
ნიშანი იყო მოხაზული მის სახეზე: იქ სიკვდილი ეწერა. მონამ იცოდა, რაც დამართეს და ისიც
იცოდა, როგორ დამართეს. საწამლავი სხვა მახვილს ესვა.

– შენ! – დაიგმინა კაცმა.

ფეიდ-რაუთამ უკან დაიხია, სიკვდილს ადგილი გაუთავისუფლა. დამადამბლავებელ შხამს


ჯერ ბოლომდე არ ემოქმედა, მაგრამ კაცის შენელებული მოძრაობა მოწმობდა, როგორ
ვრცელდებოდა ის მთელ სხეულში.

მონა წვალებით დაიძრა წინ. თოკზე გამობმულს ჰგავდა: ნაწყვეტ-ნაწყვეტ დგამდა თითო
ათრეულ ნაბიჯს. ყოველი მომდევნო ნაბიჯი ერთადერთი რამ იყო, რაც კი მის სამყაროში
არსებობდა. ჯერ კიდევ ბღუჯავდა დანას, მაგრამ იარაღს წვეტი უცახცახებდა.

– ერთ... დღესაც... ვინმე... ჩვენგანი... ჩაგაძაღლებს, – ამოთქვა წვალებით.

ოდნავ, ნაღვლიანად დაეღრიჯა პირი. ჩაჯდა, ჩაიშალა, მერე დაიძაბა, ფეიდ-რაუთასგან განზე
გადაქანდა და პირქვე ჩაემხო ქვიშაზე.

ფეიდ-რაუთა დადუმებულ არენაზე დაიძრა, გლადიატორს ფეხის წვერი ამოსდო და ზურგზე


გადმოაბრუნა, რათა იარუსებზე მსხდომთ კარგად დაენახათ მისი სახე, როცა საწამლავი
ნაკვთებს დაუბრეცდა და დაუმახინჯებდა. მაგრამ ამოტრიალებულ გლადიატორს
მკერდიდან საკუთარი დანის ტარი ჰქონდა ამოჩრილი.

ფეიდ-რაუთას დიდად გაუცრუვდა იმედი, მაგრამ მან ერთგვარი აღტაცებაც კი იგრძნო, როცა
წარმოიდგინა, რა ძალისხმევად დაუჯდა მონას ამის გაკეთება დადამბლავებული კუნთებით.
თანაც მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო, რისიც მართლა უნდა შინებოდა.

„ის, რაც ადამიანს ზეკაცად ხდის, თავზარდამცემია“.

ამ ფიქრით შეპყრობილმა ფეიდ-რაუთამ უცებ აღიქვა, რომ მის გარშემო ტრიბუნებიდან და


იარუსებიდან იხუვლეს. მაყურებლები თავაწყვეტილი ყიჟინით ესალმებოდნენ.

ფეიდ-რაუთა მიბრუნდა და მათ ახედა.

ყველა, ყველა ესალმებოდა და ამხნევებდა, ბარონის გარდა, ხელი ნიკაპზე რომ წაევლო და
რაღაც ღრმა ფიქრს მისცემოდა. გრაფსა და მის მეუღლეს სახეზე ნიღბებად აეფარებინათ
ღიმილი და ისე ჩამოსცქეროდნენ.

გრაფი ფენრინგი მეუღლეს მიუბრუნდა:

– აჰ-ჰ-ჰ-უმ-მ-მ... მარჯვე ჭაბუკია. ჰა, მმ-მ-მ... ძვირფასო?


– ძლიერ სწრაფი აჰ-ჰ-ჰ... სინაპტიკური რეაქცია აქვს, – მიუგო ქალმა.

ბარონმა მას და გრაფს შეხედა, მერე ისევ არენას მიუბრუნდა, თან ფიქრობდა: „ვიღაცამ თუ
რომელიმე ჩემიანთან ასე ახლოს მიღწევა შეძლო!“ მის შიშს ახლა მრისხანება ენაცვლებოდა.
„მონების ზედამხედველს ამაღამ ნელ ცეცხლზე შევწვავ... და თუ ამაში გრაფისა და მისი
ქალბატონის ხელი ურევია“...

ბარონის ლოჟაში გადალაპარაკება ფეიდ-რაუთამ მხოლოდ შორეულ მოძრაობად აღიქვა.


ხმები დაინთქა ფეხების ბაკუნსა და ხმაშეწყობილ ყვირილში, ახლა ყოველი მხრიდან რომ
იღვრებოდა მისკენ:

– თა-ვი! თა-ვი! თა-ვი! თა-ვი!

ბარონი მოიღუშა, როცა დაინახა, როგორ მოტრიალდა მისკენ ფეიდ-რაუთა. მრისხანებას


ძლივს იკავებდა,

როცა დუნე მოძრაობით გაიქნია ხელი ჭაბუკისკენ, არენაზე გაშოტილი მონის გვამის
გვერდით რომ იდგა. ეს ნიშნავდა: „მიეცით ბიჭს თავი. დაიმსახურა, მონების ზედამხედველის
გამოაშკარავებით“.

ფეიდ-რაუთამ თანხმობის ჟესტი დაინახა და გაიფიქრა: „ამათ ჰგონიათ, რომ პატივს


მომაგებენ. ნახონ ახლა, რას ვფიქრობ ამაზე!“

დაინახა, მიმწოდებლები რომ უახლოვდებოდნენ, თან ხერხი-დანა მოჰქონდათ მისთვის


საპატიო ძღვენის მისართმევად. მან ხელით ანიშნა, გაბრუნებულიყვნენ. ყოყმანი რომ შეატყო,
ნიშანი გაუმეორა. „ჰგონიათ, თავს მომართმევენ და ამას პატივად ჩავთვლი!“ დაიხარა,
გლადიატორს მკერდიდან ამოჩრილი ტარის ქვეშ დაუკრიფა მტევნები, მერე დანა ამოაძრო და
მოღვენთილ ხელში ჩაუდო.

ფეიდ-რაუთამ ეს წამში გააკეთა, მერე გაიმართა, ასაბიებს მოუხმო და გამოაცხადა:

– ეს მონა ასევე დამარხეთ, თავის დანიანად. მან ეს დაიმსახურა.

ოქროს ლოჟაში მჯდომი გრაფი ბარონისკენ დაიხარა და უთხრა:

– დიდებული ჟესტია, ნამდვილად გაბედული. თქვენს ძმისწულს სიმამაცესთან ერთად არც


გემოვნება ღალატობს.

– თავზე უარს რომ ამბობს, ამით ბრბოს შეურაცხყოფს, – ჩაიბუზღუნა ბარონმა.

– სულაც არა, – შეედავა ლედი ფენრინგი, შემობრუნდა და მათ ზემოთ იარუსებს ახედა.

და ბარონმა შენიშნა, რა მომხიბლავად გამოეკვეთა კისრის კუნთები – მთლად ნორჩი ბიჭივით.

– მოსწონთ, რაც თქვენმა ძმისწულმა გააკეთა, – თქვა ქალმა.

ფეიდ-რაუთას საქციელის შინაარსმა ახლა უშორეს მაყურებლამდეც მიაღწია. ხალხმა დაინახა,


როგორ გაჰქონდათ ასაბიებს გლადიატორის დაუზიანებელი ცხედარი და მათი შემხედვარე
ბარონი მიხვდა, რომ ქალმა სწორად გაიგო მაყურებლების განწყობა. შეშლილებს ჰგავდნენ,
ერთმანეთს ხელებს უბრაგუნებდნენ, გაჰკიოდნენ და ფეხებს აბაკუნებდნენ.
– სხვა გზა არ არის, ზეიმი უნდა გამოვაცხადო. ამ ხალხს ახლა ასე დაუხარჯავი ენერგიით შინ
ვერ გავუშვებ. უნდა დავანახვო, რომ მათ აღტაცებას მეც ვიზიარებ, – მცველებს ხელით ანიშნა
და მათ მაღლა მდგარმა მსახურმა ჰარკონენების ნარინჯისფერი ალამი ლოჟისკენ დახარა;
ერთხელ, მეორედ, მესამედ – ზეიმის ნიშანი მისცა.

ფეიდ-რაუთამ არენა გადაჭრა და ოქროს ლოჟის ქვეშ დადგა. დანები ჩაეგო, მკლავები
ჩამოშვებული ჰქონდა. მან შეშლილი ბრბოს დაუოკებელ გუგუნში იყვირა:

– ზეიმი, ძია?

ხმაური ნელ-ნელა ჩაცხრა, ხალხმა რომ დაინახა, ლაპარაკობსო; ყველანი მოლოდინში


ჩაჩუმდნენ.

– შენს პატივსაცემად, ფეიდ! – ჩამოსძახა ბარონმა. და ისევ ანიშნა, ალმით ზეიმის ნიშანი
მიეცათ.

არენის მოპირდაპირე მხარეს უსაფრთხოების ზღუდეები მოეხსნათ და ახალგაზრდები


არენაზე ხტებოდნენ, ფეიდ-რაუთასკენ მირბოდნენ.

– უსაფრთხოების ზღუდეების დაშვება ბრძანეთ, ბარონო? – ჰკითხა გრაფმა.

– ბიჭს არაფერს დაუშავებენ, – მიუგო ბარონმა, – ის ახლა გმირია.

გამოქანებული ბრბოს პირველმა რიგებმა ფეიდ-რაუთას მიაღწიეს, მხრებზე შეისვეს იგი და


არენა საზეიმო მსვლელობით შემოატარეს.

– ამაღამ შეუძლია, ჰარკოს უღატაკეს უბნებში უიარაღოდ და უფაროდ იაროს, – თქვა ბარონმა,
– უკანასკნელ ლუკმას და სასმელს გაუყოფენ, ოღონდ კი მის გვერდით იყვნენ.

მან სკამიდან წამოიწია და წონა ტივტივებზე გადაიტანა.

– ახლა კი მაპატიეთ, თუ შეიძლება. გარკვეული საქმეები დაუყოვნებლივ მოითხოვს ჩემს


ყურადღებას. მცველები ციტადელამდე მიგაცილებენ.

გრაფი წამოდგა და თავი დაუკრა.

– რა თქმა უნდა, ბარონო. მოუთმენლად ველით ზეიმს. მე აჰ-ჰ-ჰ-მმ-მ-მ... არასოდეს მინახავს


ჰარკონენების ზეიმი.

– დიახ, – მიუგო ბარონმა, – ზეიმი, – ის შებრუნდა, გარს მცველები შემოეხვივნენ და ლოჟიდან


პირადი გასასვლელით გაიყვანეს.

მცველების კაპიტანმა გრაფს თავი დაუკრა.

– რას მიბრძანებთ, მილორდ?

– ჩვენ აჰ-ჰ-ჰ... დავიცდით, სანამ მმ-მ-მ... ეს ჭყლეტა უმ-მ-მ... გაივლის, – თქვა გრაფმა.

– დიახ, მილორდ, – თავდადრეკილმა მცველმა სამი ნაბიჯით დაიხია უკან.

გრაფმა ფენრინგმა მეუღლეს შეხედა და თავიანთ საიდუმლო ზმუილა ენაზე უთხრა:


– დაინახე, ხომ?

ქალმა იმავე ენაზე მიუგო:

– ბიჭმა იცოდა, რომ გლადიატორი გაბრუებული არ იქნებოდა. რაღაც წამს შეშინდა, კი, მაგრამ
არ გაჰკვირვებია.

– წინასწარ იყო დაგეგმილი, – თქვა გრაფმა, – მთელი წარმოდგენა.

– უეჭველად.

– ჰავატის ხელი ჩანს.

– ნამდვილად.

– მანამდე ბარონს ჰავატის განადგურება მოვთხოვე.

– შეცდომა დაგიშვია, ძვირფასო.

– ახლა მეც ვხვდები.

– ჰარკონენებს ცოტა ხანში შეიძლება ახალი ბარონი ჰყავდეთ.

– კი, თუ ჰავატის გეგმა ესაა.

– მართლაც, გასარკვევია, – უთხრა ქალმა.

– ახალგაზრდა უფრო ადვილი სამართავი იქნება.

– ჩვენთვის... ამ ღამის მერე.

– როგორ გგონია, მისი ცდუნება არ უნდა გაძნელდეს, ხომ, ჩემო პატარა საჯიშე დედიკო?

– არა, სიყვარულო. ხომ ნახე, როგორ მიყურებდა.

– კი. და ახლა ვხედავ, რატომ უნდა დავიტოვოთ ეგ მემკვიდრული ხაზი.

– ნამდვილად, და ისიც ცხადია, რომ მასზე ზემოქმედება უნდა შეგვეძლოს. მისი არსების
უღრმეს შრეებში მის სამართავად აუცილებელ პრანა-ბინდუ ფრაზებს ჩავნერგავ.

– აქედან, რაც შეიძლება, მალე წავალთ – როგორც კი დარწმუნებული იქნები, – უთხრა გრაფმა.

ქალს გააჟრჟოლა.

– აუცილებლად. სულ არ მინდა, ბავშვი მუცლით ამ საშინელ პლანეტაზე ვატარო.

– რას არ იზამ კაცობრიობის სიკეთისთვის, – თქვა გრაფმა.

– შენ რა გიჭირს, – მიუგო ქალმა.

– რაღაც-რაღაც უძველესი ცრურწმენები კი გადავლახე, – უთხრა გრაფმა, – მთლად


ოდინდელი, ხომ იცი.
– ჩემი საბრალო, ძვირფასი, – ქალმა ლოყაზე მოუთათუნა ხელი, – ხომ იცი, რომ ეს ამ
მემკვიდრული ხაზის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

– ძალიან კარგად მესმის, რასაც ვაკეთებთ, – ცივად მიუგო ქმარმა.

– ყველაფერი გამოგვივა, – უთხრა ქალმა.

– დანაშაულის გრძნობა ხელის მოცარვის გრძნობით იწყება, – შეახსენა გრაფმა.

– დანაშაულის გრძნობა არ იქნება, – თქვა ქალმა, – ამ ფეიდ-რაუთას ფსიქიკის


ჰიპნოლიგირება, მისი ბავშვი მუცელში – და შინისკენ მოვუსვათ.

– ეს ბიძა, – თქვა ჰერცოგმა, – ასეთი დამახინჯებული რამე საერთოდ გინახავს?

– ერთობ საზარელია, – მიუგო ქალმა, – მაგრამ ძალიანაც შესაძლებელია, რომ ძმისწული


უარესი გახდეს.

– ბიძის წყალობით. იცი, როცა გაიფიქრებ, რა იქნებოდა ეს ჭაბუკი, სხვანაირი აღზრდა რომ
მიეღო – ვთქვათ, ატრეიდესების ზნეობას რომ მიჰყოლოდა...

– სევდა შეგიპყრობს, – თქვა ლედი ფენრინგმა.

– ნეტავ, ორივე გადაგვერჩინა – ყმაწვილი ატრეიდესიც და ესეც. რაც იმ ჭაბუკ პოლზე მსმენია,
ჩინებული ყმაწვილი ყოფილა, მასში დიდებულად იყო გაერთიანებული მემკვიდრეობით
მიღებული და წვრთნით შეძენილი თვისებები. – გრაფმა თავი გაიქნია, – მაგრამ არ ღირს,
ფუჭად ვღვაროთ ცრემლი ხელმოცარულ არისტოკრატიაზე.

– ერთი ბენე გესერიტული ანდაზაა, – თქვა ქალმა.

– თქვენ ყველაფერზე გაქვთ ანდაზები! – გაუპროტესტა ქმარმა.

– ეს მოგეწონება, – უთხრა ცოლმა, – ასე ჟღერს: „გვამის ნახვამდე კაცს მკვდრად ნუ ჩათვლი.
და მერეც კი შეიძლება, გეშლებოდეს“.

14* * *
მუად’დიბი თავის „დაფიქრების ჟამში“ გვეუბნება, რომ მისი ნამდვილი სწავლა-განათლება
არაკისულ გაჭირვებასთან პირველი შეხვედრის მერე დაიწყო. მაშინ ისწავლა ქვიშის
მდგომარეობის გაგება ჭოკების ჩასობით; ისწავლა კანზე ქარის ნემსების ჩხვლეტის ენა.
ისწავლა, როგორ შეიძლება გეწვოდეს ცხვირი ქვიშისგან გამოწვეული ქავილით და როგორ
უნდა მოაგროვო სხეულის ძვირფასი ტენი მის გარშემო, დაიცვა და შეინახო იგი. როცა მისმა
თვალებმა იბადის სილურჯე შეიძინეს, მან შეიტყო ჩაკობსას წესი.

სტილგარის წინათქმა პრინცესა ირულანის წიგნისა „მუად’დიბი, ადამიანი“

სტილგარის რაზმი, რომელიც უდაბნოში დაკარგულ ორ უცხოსთან ერთად სიეტჩში


ბრუნდებოდა, აუზიდან ამომავალ აღმართს პირველი მთვარის მკრთალ შუქთან ერთად
აუყვა. მოსასხამიანი ფიგურები აჩქარდნენ, როცა მათ ნესტოებს სახლის სუნი ეცა. მათ უკან
ცაზე გავლებული განთიადის რუხი ზოლი ყველაზე ნათელი იყო მათი ჰორიზონტის
კალენდრის იმ ნიშნულთან, რომელიც შუა შემოდგომას, კლდისქუდის თვეს აღნიშნავდა.

კლდის ძირას ქარისგან მიხვეტილი ხმელი ფოთლები იყო მოფენილი – სიეტჩის ბავშვები
სწორედ აქ აგროვებდნენ ხოლმე მათ. რაზმის ნაბიჯების ხმა (პოლისა და დედამისის
შემთხვევითი შეცდომების გარდა) ღამის ბუნებრივი ხმებისგან არ გაირჩეოდა.

პოლმა შუბლიდან ოფლში შეზელილი და მიმხმარი მტვერი რომ მოიწმინდა, ვიღაცამ მაშინვე
მკლავზე დაქაჩა და ჩანის ბრაზიანი ჩურჩული გაიგონა:

– მე როგორც გითხარი, ისე ქენი: შუბლზე კაპიუშონის ნაკეცი წამოიფარე! მარტო თვალები
გიჩანდეს. ასე ტენს კარგავ.

უკნიდან ჩურჩულით უბრძანეს გაჩუმება:

– უდაბნოს ესმის თქვენი ხმები!

მათ თავზემოთ, მაღალ კლდეებზე, ჩიტი აჭიკჭიკდა.

რაზმი შეჩერდა და პოლმა უეცარი დაძაბულობა იგრძნო.

კლდეებიდან ყრუ ბაგუნი მოისმა, ქვიშაზე მოხტუნავე თაგვის ჩქამზე უფრო ხმამაღალი არ
იქნებოდა.

ისევ აჭიკჭიკდა ჩიტი.

რაზმელებმა ერთმანეთს გადახედეს. თაგვის სკუპ-სკუპმა ისევ გადაურბინა ქვიშას.

ჩიტმა კვლავ დაიჭიკჭიკა.

რაზმი ისევ აუყვა კლდის ნაპრალს, მაგრამ ფრემენები ახლა რაღაცნაირად


სუნთქვაშეკრულები აბიჯებდნენ, რაც პოლს სიფრთხილეს მატებდა. მან შენიშნა, რა
ალმაცერად უცქერდნენ ჩანის, ის კი თითქოს თავის თავში ჩაიკეტა.

ახლა ფეხქვეშ კლდე ჰქონდათ, გარშემო მოსასხამების რუხი შრიალი იდგა. პოლმა იგრძნო,
როგორ მოდუნდნენ ფრემენები, მაგრამ ჩანიც და სხვები ჯერ კიდევ უჩვეულოდ მიჩუმებული
იყვნენ. პოლი მის წინ მიმავალ ლანდს მიჰყვებოდა – საფეხურები აიარეს, მოუხვიეს, ისევ
კიბე... გვირაბში შევიდნენ, განვლეს ორი ნესტის შემაკავებელი კარი და ნათელბურთებით
განათებულ ვიწრო დერეფანში შევიდნენ, რომელსაც ყვითელი კლდის კედლები და ჭერი
ჰქონდა.

პოლი ხედავდა, მის გარშემო ფრემენები კაპიუშონებს რომ იხდიდნენ, იძრობდნენ ცხვირის
საცობებს და ღრმად სუნთქავდნენ. ვიღაცამ ამოიხვნეშა. პოლმა თვალებით მოძებნა ჩანი და
ნახა, რომ გვერდით აღარ ედგა. მოსასხამიანი სხეულები გარშემო მჭიდროდ ეხვივნენ. ვიღაც
მიეჯახა და უთხრა:

– ბოდიში, უსულ. რა ჭყლეტაა! სულ ეგრეა ხოლმე.


მარცხნივ მდგომმა კაცმა, ფაროკი რომ ერქვა, პოლისკენ ვიწრო წვერიანი სახე მოაბრუნა.
დალაქავებული უპეები და თავად თვალების მუქი სილურჯე ყვითელი ბურთების ქვეშ
კიდევ უფრო ჩაშავებული უჩანდა.

– მოიხადე კაპიუშონი, უსულ, – უთხრა პოლს, – შინ ხარ, – და პოლს მიეხმარა, კაპიუშონის
სამაგრი მოხსნა, თან გარშემო იდაყვებით ცოტაოდენი ადგილი გაათავისუფლა.

პოლმა ცხვირის საცობები გამოიძრო, პირის ეკრანი მოიშორა და აქაურობის სუნი დაატყდა
თავს: დაუბანელი სხეულების, გადამუშავებული ნარჩენებიდან გამონახადი რთული
ეთერების, ყველაფერს მოდებული ადამიანთა ოხშივარის სიმყრალე და ყველაფერ ამას
დამატებული სუნელის და მისი მონათესავე ნივთიერებების სუნი.

– რას ვუცდით, ფაროკ? – ჰკითხა პოლმა.

– მგონი, ღირს დედას. გზავნილი ხომ გაიგონე? საწყალი ჩანი.

„საწყალი ჩანი?“ ვერ გაიგო პოლმა. გარშემო მიმოიხედა, რომ გაეგო, სად იყო გოგო, ან
დედამისი სად მოხვდა ამ ჭყლეტაში.

ფაროკმა ღრმად ჩაისუნთქა.

– სახლის სუნები, – თქვა მან.

პოლმა მიხვდა, რომ კაცი მართლა ტკბებოდა ამ ჰაერის სუნით, რომ მის ნათქვამში ირონია
სულაც არ იგრძნობოდა. მერე გაიგონა, როგორ ჩაახველა დედამისმა და მჭიდროდ ჩამდგარი
ადამიანების იქიდან მისმა ხმამ მოაღწია:

– რა მსუყე სურნელია შენს სიეტჩში, სტილგარ. ვხვდები, რომ ბევრს მუშაობთ სუნელზე...
ამზადებთ ქაღალდს... პლასტმასს... და, მგონი, ქიმიურ ასაფეთქებლებს?

– ეს სუნით შეიტყვე? – ჰკითხა ვიღაც სხვა კაცმა.

და პოლი მიხვდა, რომ დედა მის გასაგონად ლაპარაკობდა, რომ სურდა, პოლი სწრაფად
შეგუებოდა ამ თავდასხმას მის ყნოსვაზე.

რაზმის თავში ხალხი ამოძრავდა და აზუზუნდა, ჩუმი შეცხადების ხმა თითქოს ფრემენიდან
ფრემენს გადაეცემოდა, და პოლმა გაიგონა, წინა მწკრივშიც რომ ხმადაბლა გადაულაპარაკეს
ერთმანეთს:

– ესე იგი, მართალია: ლიეტი მოკვდა.

„ლიეტი“, გაიფიქრა პოლმა. მერე კი: „ჩანი, ლიეტის ასული“. მის გონებაში განცალკევებული
ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირდა. ლიეტი პლანეტოლოგის ფრემენული სახელი იყო.

პოლმა ფაროკს შეხედა და ჰკითხა:

– ეს ის ლიეტია, კაინსად რომ იცნობდნენ?

– ლიეტი ერთია, – მიუგო ფაროკმა.


პოლი შებრუნდა და მის წინ მდგარი ფრემენის მოსასხამის ზურგს მიაჩერდა. ესე იგი, ლიეტ-
კაინსი მოკვდაო, გაიფიქრა.

– ჰარკონენებმა იმსხვერპლეს, – დაისისინა ვიღაცამ, – ისე მოაწყვეს, ვითომც უბედური


შემთხვევა იყო... თითქოს უდაბნოში დაიკარგა... ტოპტერი დაიმსხვრა...

პოლს ბრაზი მოაწვა. ეს ის კაცი იყო, ვინც მათ უმეგობრა, ვინც მათ ჰარკონენების მდევრისგან
თავის დახსნაში დაეხმარა, ვინც ფრემენების რაზმებს უდაბნოში დაკარგულების მოძებნა
დაავალა... ისიც ჰარკონენების მსხვერპლი შეიქნა.

– უსულს შურისძიება სწყურია? – ჰკითხა ფაროკმა.

სანამ პოლი უპასუხებდა, წინიდან ხმადაბალი ძახილი მოისმა და რაზმი ნელ-ნელა უფრო
ფართო ოთახში შევიდა. პოლიც თან გაიტაცეს. ახლა ის აღმოჩნდა ღია სივრცეში, სადაც
შესულებს მათკენ სახით მდგარი სტილგარი და ვიღაც ქალი დახვდათ. ქალს ტანზე
მბრწყინავი ნარინჯისფერი და მწვანე, ფრიალა ქსოვილი ეხვია, მკლავები მხრებამდე
მოეშიშვლებინა და ჩანდა, სარწყული რომ არ ეცვა. ღია-ზეთისხილისფერი კანი ჰქონდა. შავი
თმა მაღალი შუბლიდან უკან გადაეყარა, რაც მის წამოწეულ ყვრიმალებს და ჩამუქებულ
თვალებს შორის ამოზიდულ არწივის ცხვირს უფრო გამოკვეთდა.

ქალი მისკენ მობრუნდა და პოლმა დაინახა, რომ ყურებზე წყლის ნიშნებასხმული ოქროს
რგოლები ეკიდა.

– ჩემს ჯემისს ამან აჯობა? – იკითხა მან.

– წყნარად, ჰარა, – უთხრა სტილგარმა, – ჯემისის ბრალი იყო, მან მოითხოვა ტაჰადი ალ-
ბურჰანი.

– მაგრამ ეს ხომ პატარა ბიჭია! – შეედავა ქალი, თავი აქეთ-იქით გადაიქნია და წყლის ნიშნები
აუჟღრიალდა, – ჩემი ბავშვები უმამოდ სხვა ბავშვმა დატოვა? ნამდვილად შემთხვევით
მოხდა!

– უსულ, რამდენი წლის ხარ? – ჰკითხა სტილგარმა.

– თხუთმეტი სტანდარტულის, – მიუგო პოლმა.

სტილგარმა რაზმს გადახედა.

– რომელიმე თქვენგანს ჩემი გამოწვევა ხომ არ უნდა?

პასუხად სიჩუმე შეეგება.

სტილგარმა ქალს შეხედა.

– სანამ მის საოცარ ბრძოლის წესს არ ვისწავლი, მე ამას არ გამოვიწვევდი.

ქალმა თვალი გაუსწორა.

– მაგრამ...
– დაინახე ის უცხო ქალი, ჩანისთან ერთად ღირს დედასთან რომ წავიდა? – ჰკითხა
სტილგარმა, – ის გარე-ფრეინი საიადინაა, ამ ბიჭის დედა. დედაც და შვილიც ბრძოლის
საოცარი წესის ოსტატები არიან.

– ლისან ალ-გაიბი, – დაიჩურჩულა ქალმა; პოლისკენ კვლავ რომ გაიხედა, მზერაში მოწიწება
ედგა.

ისევ ლეგენდებიო, გაიფიქრა პოლმა.

– შესაძლოა, – თქვა სტილგარმა, – თუმცა ჯერ არ გამოგვიცდია, – მან ისევ პოლს მიმართა: –
უსულ, ჩვენი წეს-ჩვეულებით, ახლა ჯემისის ქალსა და მის ორ ვაჟიშვილზე პასუხისმგებლობა
შენ გეკისრება. მისი იალი... მისი ბინა, შენია. მისი ყავის სერვიზი შენია... და ესეც, მისი ქალი.

პოლმა ქალი შეათვალიერა. უკვირდა: „ნეტავ, რატომ არ გლოვობს თავის კაცს? რატომ არ
ეტყობა ჩემდამი სიძულვილი?“ უცებ დაინახა, რომ ფრემენები მას შემოსცქეროდნენ,
იცდიდნენ.

ვიღაცამ დაიჩურჩულა:

– საქმეები გვაქვს. თქვი ახლა, როგორ იღებ მას.

სტილგარმა ჰკითხა:

– მიიღებ ჰარას, როგორც ქალს, თუ როგორც მსახურს?

ჰარამ მკლავები ასწია და ცალ ქუსლზე ნელა შემოტრიალდა.

– მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, უსულ. ამბობენ, რომ ისევე ახალგაზრდულად


გამოვიყურები, როგორც ჯეოფთან ყოფნისას... სანამ ჯემისი აჯობებდა.

„ჯემისმა მის მოსაპოვებლად სხვა კაცი მოკლა“, გაიფიქრა პოლმა და იკითხა:

– მსახურად თუ მივიღებ, მაინც შემეძლება, მერე გადავიფიქრო?

– ერთი წელი გექნება, რომ გადაწყვეტილება შეიცვალო, – უთხრა სტილგარმა, – ამის მერე ის
უკვე თავისუფალ ქალად ჩაითვლება და შეეძლება, თავად აირჩიოს, ვინც უნდა. მაგრამ, რაც არ
უნდა მოხდეს, ერთი წელი მასზე შენ იზრუნებ... და ჯემისის შვილებზე პასუხისმგებლობის
ნაწილი ყოველთვის დაგეკისრება.

– მე მას მსახურად ვიღებ, – თქვა პოლმა.

ჰარამ ფეხი დააბაკუნა და ბრაზით შეარხია მხრები.

– მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ!

სტილგარმა პოლს შეხედა და წარმოთქვა:

– წინდახედულობა კარგი თვისებაა კაცისთვის, რომელიც მეთაური უნდა იყოს.

– მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ! – გაიმეორა ჰარამ.


– წყნარად! – უბრძანა სტილგარმა, – რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. მიაცილე უსული თავის
ბინაში და მიხედე, რომ ყოველთვის ჰქონდეს სუფთა სამოსი და დასასვენებელი ადგილი.

– ოჰ-ჰ-ჰ, – უკმაყოფილოდ ამოისუნთქა ქალმა.

პოლმა საკმარისი მონაცემები „ჩაიწერა“ ქალზე, პირველი შეფასება რომ მოეხერხებინა.


გრძნობდა შინ დაბრუნებული რაზმის მოუთმენლობას და იცოდა, რომ ამ ამბების გამო ბევრი
საქმე ყოვნდებოდა. აინტერესებდა, თუ შეიძლებოდა, ეკითხა, თუ სად იყვნენ ჩანი და ჯესიკა,
მაგრამ სტილგარს დაძაბულ განწყობაზე შეატყო რომ ეკითხა, – შეცდომას დაუშვებდა.

პოლმა თვალი გაუსწორა ჰარას, თავის ხმას იმგვარი კილო და ჟღერადობა შესძინა, რაც ქალს
შიშსა და მოწიწების გრძნობას გაუმძაფრებდა, და უთხრა:

– მიჩვენე ჩემი ბინა, ჰარა! შენს ახალგაზრდობაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

მან ორი ნაბიჯით უკან დაიხია და შიშით გადახედა სტილგარს.

– რა საოცარი ხმა აქვს, – ხმაში ხრინწი გაერია.

– სტილგარ, – მიმართა პოლმა, – ჩანის მამამ დიდი ვალი დამდო. თუ რამე...

– ეს საბჭოზე გადაწყდება, – უთხრა სტილგარმა, – მაშინ შეგეძლება, თქვა, რაც გინდა, – მერე
თავი დაუქნია გამოთხოვების ნიშნად, შებრუნდა, წავიდა და დანარჩენებიც გაიყოლა.

პოლმა ჰარას მკლავზე წაავლო ხელი; იგრძნო, რა გრილი ჰქონდა კანი; ცახცახი შეატყო.

– მე არაფერს დაგიშავებ, ჰარა, – უთხრა ქალს, – მიჩვენე ჩვენი ბინა, – ბიჭმა ხმას
დამამშვიდებელი ტონი შესძინა.

– წელიწადი რომ გავა, არ მომისვრი? – ჰკითხა მან, – სინამდვილეში კარგად ვიცი, ისეთი
ახალგაზრდა აღარ ვარ, როგორიც ოდესღაც.

– სანამ ცოცხალი ვარ, ჩემ გვერდით ადგილი გექნება, – მიუგო პოლმა. მერე მკლავზე ხელი
უშვა: – ახლა წამოდი, სადაა ჩვენი ბინა?

ქალი მიბრუნდა, დერეფანს დაუყვა და მარჯვნივ, ფართო გადამკვეთ გვირაბში შეუხვია,


რომელიც თანაბარ მანძილზე განლაგებული, ზემოთ დაკიდებული ყვითელი
ნათელბურთებით იყო განათებული. ქვის გლუვი იატაკი სუფთად დაეგავათ, ქვიშა არსად
ეყარა.

პოლი ქალს წამოეწია და მის არწივისებურ პროფილს შეაცქერდა.

– არ გძულვარ, ჰარა?

– რატომ უნდა მძულდე?

ქალმა თავი დაუქნია შეგროვილ ბავშვებს, გვერდითა დერეფნის მომაღლო ზღურბლზე რომ
შეგროვილიყვნენ და მათ შემოჰყურებდნენ. ბავშვების უკან პოლმა თვალი მოჰკრა
გამჭვირვალე ფარდებით სანახევროდ დაფარულ უფროსების სილუეტებსაც.

– მე... ჯემისს ვაჯობე.


– სტილგარმა თქვა, რომ ცერემონია ჩატარდა და შენ ჯემისის მეგობარი ხარ, – მან
გვერდულად გამოხედა პოლს, – სტილგარმა თქვა, რომ შენ მკვდარ ჯემისს ტენი შესწირე.
მართალია?

– კი.

– ეს იმაზე მეტია, რასაც მე გავუკეთებდი... რაც შემიძლია, გავუკეთო.

– არ გლოვობ მას?

– გლოვის დროს ვიგლოვებ.

თაღიან გასასვლელს ჩაუარეს. პოლმა შეიხედა და დიდ, ნათელ ოთახში სადგამებზე


დაყენებულ მექანიზმებთან მომუშავე ქალები და კაცები დაინახა. შეატყო, გამალებით რომ
ირჯებოდნენ.

– იქ რას აკეთებენ? – იკითხა მან.

უკვე ჩავლილმა ჰარამ მოიხედა და უთხრა:

– ჩქარობენ, რომ პლასტმასის სახელოსნოში საჭირო ნორმის შესრულება მოასწრონ, სანამ


გავიქცევით. ნარგავებისთვის ბევრი ცვრის შემგროვებელი გვჭირდება.

– გავიქცევით?

– სანამ ის ჯალათები ჩვენზე ნადირობას არ შეეშვებიან, ან მათ ჩვენი მიწებიდან არ გავყრით.

პოლი წაბორძიკდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. დროის დატყვევებული წამი იგრძნო,


წინასწარჭვრეტის ერთი ვიზუალური პროექცია გაახსენდა – მაგრამ ის წანაცვლებული იყო,
ბოლომდე დაუმონტაჟებელი კადრების მსგავსი. მისი წინასწარმჭვრეტი მეხსიერების
ნაწილები მთლად ისე არ ცხადდებოდა, როგორც ახსოვდა.

– სარდაუკარები ჩვენზე ნადირობენ, – თქვა მან.

– ისინი ერთი-ორი ცარიელი სიეტჩის მეტს ვერაფერს იპოვიან, – უთხრა ქალმა, – და ქვიშაში
აუცილებლად ნახავენ თავიანთ წილ სიკვდილს.

– ამ ადგილს მოაგნებენ? – ჰკითხა პოლმა.

– ალბათ.

– და ჩვენ მაინც დროს ვკარგავთ... – ბიჭმა ახლა უკან, შორს მოტოვებული თაღისკენ გაიქნია
თავი, – ...ცვრის შემგროვებლების... დასამზადებლად?

– რგვა გრძელდება.

– ცვრის შემგროვებელი რაღაა? – იკითხა პოლმა.

ქალმა გაოცებით შეხედა.

– სულ არაფერს გასწავლიან... იქ, რა ვიცი, საიდანაც მოხვედი?


– ცვრის შემგროვებლებზე – არაფერს.

– ჰაჰ, – თქვა მან და ამ ერთ სიტყვაში მთელი საუბარი ჩაატია.

– ჰო, კარგი, მითხარი, რა არის?

– ყოველმა ბუჩქმა, ყოველმა ბალახმა, რომელსაც აქ, ამ ერგში ხედავ, – უთხრა ქალმა, – როგორ
გგონია, რანაირად უნდა იარსებოს, ჩვენ რომ წავალთ? ყოველი მათგანი რუდუნებით არის
ჩარგული საკუთრივ მის პატარა ორმოში. ორმოები ქრომოპლასტიკის გლუვი ოვალებითაა
სავსე. შუქი მათ ათეთრებს. მაღლიდან რომ გადმოიხედო, დაინახავ, როგორ ელავენ
განთიადისას. თეთრი ირეკლავს. მაგრამ, როცა ბებერი მამა-მზე გადავა, ქრომოპლასტიკი
სიბნელეში გამჭვირვალე ხდება და დიდი სისწრაფით ცივდება. ზედაპირი ჰაერიდან ტენს
აკონდენსირებს, ის ტენი დაბლა მიწანწკარებს და ჩვენს მცენარეებს აცოცხლებს.

– ცვრის შემგროვებლები, – ჩაილაპარაკა ამ სქემის მარტივი მშვენიერებით მოჯადოებულმა


პოლმა.

– მე ჯემისს თავის დროზე ვიგლოვებ, – თქვა ჰარამ, თითქოს მისი ის კითხვა ჯერ კიდევ
გონებაში უტრიალებდა, – ჯემისი კარგი კაცი იყო, თუმცა ფიცხი. კარგი მშოვნელი იყო, და
სასწაული მამა ბავშვებისთვის. ჯეოფის ბიჭს, ჩემს პირმშოს, და საკუთარს ერთმანეთისგან არ
არჩევდა. ორივეზე ერთნაირად ზრუნავდა, – პოლს კითხვით შეხედა: – შენც ასე იქნები,
უსულ?

– ჩვენ ასეთი პრობლემის წინაშე არ დავდგებით.

– მაგრამ თუ...

– ჰარა!

მისი ხმის ბასრმა კილომ ქალი მაშინვე დაადუმა.

ჩაუარეს კიდევ ერთ განათებულ ოთახს, მარცხნივ, თაღოვან გასასვლელში რომ გამოჩნდა.

– იქ რას ამზადებენ? – იკითხა პოლმა.

– სართავ დაზგების შეკეთებაზე მუშაობენ, – უთხრა ქალმა, – მაგრამ ამაღამ უკვე უნდა
დაშალონ, – მერე მარცხნივ გამავალი გვირაბისკენ მიუთითა: – იმის გაგრძელებაზე საკვების
დასამუშავებელი და სარწყულების შესაკეთებელი საამქროებია, – პოლს შეხედა, – ჩანს, შენი
სარწყული ახალია. მაგრამ, შეკეთება თუ დასჭირდა, იცოდე, მე კარგად გამომდის. სხვათა
შორის, სარწყულების ფაბრიკაში ვმუშაობ.

ახლა მათ ჯგუფებად ხვდებოდნენ ადამიანები და გვირაბის აქეთ-იქიდან უფრო ხშირად


იხსნებოდა გვერდითი გასასვლელები. ჩაიარა კაცებისა და ქალების მწკრივმა, მძიმედ
მობუყბუყე ფუთებით იყვნენ დატვირთული, თან სუნელის ძლიერი სუნი სდევდათ.

– ჩვენს წყალს ხელში ვერ ჩაიგდებენ, – თქვა ჰარამ, – არც სუნელი ერგებათ. დარწმუნებული
იყავი.

პოლი უცქერდა გვირაბის კედლებში დატანებულ შესასვლელებს, ხედავდა მათ ამაღლებულ


იატაკზე დაფენილ მძიმე ხალიჩებს, ოთახების კედლებზე გაკრულ ფერად ქსოვილებს,
ბალიშების გროვებს. იქ მყოფი ხალხი მათი მიახლოებისას ჩუმდებოდა და პოლს
მოურიდებელი მზერით მიაცილებდა.

– ხალხს უკვირს, ჯემისს შენ რომ აჯობე, – უთხრა ჰარამ, – როგორც ჩანს, ახალ სიეტჩში რომ
დავფუძნდებით, ამის დამტკიცება მოგიწევს.

– არ მომწონს, როცა ვკლავ, – უთხრა პოლმა.

– სტილგარიც ამბობს, ასეაო, – მიუგო ქალმა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ არ სჯეროდა.

წინიდან უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა გუნდურად წარმოთქმული სიტყვები. გვერდითა


გასასვლელი, რომელსაც ახლა მიადგნენ, ყველა აქამდე ნანახზე უფრო ფართო იყო. პოლმა
ნაბიჯი შეანელა და შეიხედა: ეს ოთახი სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ფეხმორთხმით
ისხდნენ იატაკზე დაფენილ მუქ წითელ ხალიჩაზე.

შესასვლელის მოპირდაპირე კედელთან მოთავსებული დაფის გვერდით იდგა ქალი; ტანზე


ყვითელი ქსოვილი ჰქონდა მოხვეული, ცალ ხელში საჩვენებელი პროექტორი-ჯოხი ეჭირა.
დაფა სხვადასხვანაირი ფიგურებით იყო დაფარული: წრეებით, სოლებითა და მრუდებით,
კლაკნილებითა და მართკუთხედებით, პარალელური ხაზებით გაყოფილი ღია რკალებით.
ქალი რიგრიგობით უთითებდა ფიგურებზე, რაც შეეძლო, სწრაფად გადააადგილებდა
საჩვენებელს, ბავშვები კი მის ხელის მოძრაობას გუნდურად აყოლებდნენ ხმას.

პოლი ჰარასთან ერთად სიეტჩის სიღრმისკენ მიემართებოდა, თან უსმენდა. ბავშვების ხმები
მათ უკან სულ უფრო გაურკვევლად ისმოდა.

– ხე, – იმეორებდნენ ბავშვები, – ხე, ბალახი, დიუნი, ქარი, მთა, ბორცვი, ცეცხლი, ელვა, კლდე,
ქვები, მტვერი, ქვიშა, სიცხე, საფარი, სიცხე, სავსე, ზამთარი, სიცივე, ცარიელი, გამოფიტვა,
ზაფხული, გამოქვაბული, დღე, ძაბვა, მთვარე, ღამე, კლდისქუდი, ქვიშის მოქცევა, ფერდობი,
ნარგავი, დუღაბი...

– გაკვეთილებს ასეთ დროსაც კი ატარებთ? – ჰკითხა პოლმა.

ქალს სახე მოეღუშა და ხმაში მწუხარება გაერია:

– იმის კეთებას, რაც ლიეტმა გვასწავლა, წამითაც კი ვერ შევწყვეტთ. ლიეტი, ვინც ახლა
მკვდარია, დავიწყებული არ უნდა იქნეს. ჩაკობსას წესი ასეთია.

ქალმა გვირაბი მარცხნივ გადაჭრა, ამაღლებულ ზღურბლზე შეაბიჯა, გამჭვირვალე


ნარინჯისფერი ფარდები გადასწია და გვერდზე გადგა:

– შენი იალი გამზადებულია შენთვის, უსულ.

პოლი შეყოყმანდა, სანამ ზღურბლს გადაივლიდა. უცებ იგრძნო, რომ არ უნდოდა, ამ ქალთან
მარტო დარჩენილიყო. გაიფიქრა, რომ ახლა ისეთი ცხოვრებით იყო გარშემორტყმული,
რომლის გაგებაც შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მისი იდეებისა და ფასეულობების
ეკოსისტემას მოცემულობად მიიღებდი. გრძნობდა, რომ ეს ფრემენული სამყარო მის
მონადირებას ლამობდა, ცდილობდა, თავისი წესების მახეში გაება იგი. და იცოდა, რა ელოდა
იმ მახეში: მხეცური ჯიჰადი, რელიგიური ომი, რომელიც, გრძნობდა, რომ უნდა აერიდებინა,
რადაც არ უნდა დასჯდომოდა.
– ეს შენი იალია, – უთხრა ჰარამ, – რატომ ყოყმანობ?

პოლმა თავი დაუქნია, თავადაც შეაბიჯა შემაღლებულზე. ქალის გვერდით ფარდა რომ
გადასწია, ქსოვილში ლითონის მკედი იგრძნო. ჰარას უკან გაჰყვა, მოკლე შესასვლელი
გაიარეს და უფრო დიდ ოთახში შევიდნენ. ოთახი კვადრატული იყო, ცალი გვერდი ექვსი
მეტრის სიგრძისა ექნებოდა, იატაკზე სქელი ლურჯი ხალიჩები ეფინა, ქვის კედლებს
ცისფერი და მწვანე ფარდები ფარავდა, ყვითლად ანთებული ნათელბურთები თავზემოთ
ჭერის ყვითელ ქსოვილს ეხლებოდნენ.

გეგონებოდა, ძველებურ კარავში იდექი.

ჰარა პოლს წინ დაუდგა, მარცხენა ხელი თეძოზე შემოედო, სახეში აცქერდებოდა.

– ბავშვები თავიანთ მეგობართან არიან, – უთხრა, – მერე გაგეცნობიან.

პოლმა მღელვარება ოთახის სწრაფი შესწავლით დაფარა. დაინახა, რომ მარჯვნივ ფარდები
ნაწილობრივ ფარავდა უფრო მოზრდილ ოთახს, რომლის კედლების გასწვრივაც ბალიშები
ელაგა. ჰაერის მილიდან ნელი ქროლვა იგრძნო, დაინახა, რომ მისი გამოსავალი მარჯვედ იყო
მიმალული ფარდების ნახატში, ზუსტად მის თავზემოთ.

– გინდა, სარწყულის გახდაში მოგეხმარო? – ჰკითხა ჰარამ.

– არა... მადლობა.

– საჭმელი მოვიტანო?

– დიახ.

– გადასამუშავებელ ოთახში შესასვლელი იქიდანაა, – მიუთითა ჰარამ მეორე ოთახზე, –


შეგიძლია, საჭიროებები იქ მოითავო, სარწყულს რომ გაიხდი.

– რომ თქვი, ამ სიეტჩიდან უნდა წავიდეთო, – უთხრა პოლმა, – არ უნდა ჩავლაგდეთ ან რამე
ეგეთი?

– თავის დროზე ვიზამთ, – უთხრა ქალმა, – იმ ჯალათებმა ჯერ ჩვენს რეგიონში უნდა
შემოაღწიონ.

პოლს შეაცქერდა, წასვლას არ ჩქარობდა.

– რა იყო? – პასუხი მოსთხოვა პოლმა.

– იბადის თვალები არ გაქვს, – უთხრა ქალმა, – უცნაურია, მაგრამ ძალიანაც მიმზიდველი.

– საჭმელი მომიტანე, – უთხრა პოლმა, – მშია.

მან გაუღიმა – მიხვედრილი, ქალური ღიმილით, რამაც პოლი ააფორიაქა.

– მე შენი მსახური ვარ, – თქვა ჰარამ, შებრუნდა და ერთი მოქნილი მოძრაობით შეცურდა
მძიმე კედლის ფარდის უკან, რომლის მიღმაც კიდევ ერთი დერეფანი გამოჩნდა, სანამ ისევ
ჩამოეშვებოდა.
საკუთარ თავზე ბრაზმორეულმა პოლმა ჯიქურ გაიარა თხელ ფარდებში და მეორე, უფრო
დიდ ოთახში შევიდა. წუთით გაუნძრევლად იდგა, ეჭვები იპყრობდა. და გაიფიქრა, ნეტავ,
ჩანი სად არისო. ჩანი, რომელსაც ახლახან მამა დაეღუპა.

ამით ერთმანეთს ვგავართო, გაიფიქრა.

გარეთა დერეფნიდან გაგრძელებული ძახილი მოისმა, ხმას ნაწილობრივ ახშობდა რამდენიმე


ფენა ფარდები. დაძახილი გამეორდა, ახლა ცოტა უფრო შორიდან. და ისევ გამეორდა. პოლი
მიხვდა, ვიღაც ასე დროს გვამცნობსო, და გაიხსენა, რომ საათი არსად დაუნახავს.

დამწვარი კრეოზოტის ბუჩქის სუნი ეცა, რომელიც სიეტჩის ყველაფერს მოდებულ სიმყრალეს
შეერია. პოლმა იგრძნო, რომ ყნოსვაზე შემოტევა უკვე აღარ აწუხებდა.

და ისევ გაიფიქრა: „ნეტავ, სად არის დედაჩემი? ნეტავ, მომავლის კადრების დაუმთავრებელ
მონტაჟში როგორ ჩაჯდება... ისიც და მისი მუცლად მყოფი ასულიც?“ მის გარშემო დროის
ცვალებადი აღქმა აცეკვდა. პოლმა მკვეთრად გაიქნია თავი და ყურადღება გადაიტანა იმ
ფაქტებზე, რომლებიც ფრემენული კულტურის არნახულ სიღრმესა და მოცულობას აუწყებდა
– კულტურისა, რომელმაც ისინი ჩანთქა.

და რომელსაც, ცოტა არ იყოს, უცნაურობები ახასიათებდა.

მღვიმეებსა და ამ ოთახში იგი გადააწყდა ისეთ რამეს, რაც გაცილებით ღრმა განსხვავებას
მოწმობდა, ვიდრე ყველაფერი, რასაც კი აქამდე შეხვედროდა.

აქ შხამის დეტექტორები არ უნახავს, არც მათი გამოყენების კვალი შეუნიშნავს სადმე, ამ


კლდოვან დასახლებაში. თუმცა სიეტჩის სიმყრალეში შხამების სუნიც ერეოდა – ძლიერი
საწამლავების, გავრცელებული საწამლავების.

ფარდების შრიალი მოესმა; იფიქრა, ჰარა დაბრუნდა და საჭმელი მოიტანაო, და მიბრუნდა.


მის ნაცვლად გადაწეული ფარდების ქვეშ ორი ყმაწვილი დაინახა – ასე, ცხრა და ათი წლისანი.
იდგნენ და ხარბი მზერით შემოსცქეროდნენ. ორივეს წელზე კინჯალის ფორმის კრისდანა
ეკიდა, ხელი ტარზე ჩამოედოთ.

და პოლს ფრემენებზე მონაყოლი გაახსენდა: მათი ბავშვები უფროსებივით მძვინვარედ


იბრძვიანო.

15* * *
ხელები იძვრის, ბაგენი იძვრის,
მოღელავს აზრი მისი სიტყვების,
მისი თვალები დანთქმას გიქადის,
მეობის კუნძული – აი, ის ვინ არის.

აღწერა პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის სახელმძღვანელო“


მღვიმის ზედა, შორეულ კიდეებს მოყოლებული ფოსფორული მილაკები ხალხით სავსე
დარბაზს მკრთალ სინათლეს ჰფენდა და კლდეებით მოზღუდული სივრცის ვეებერთელა
განზომილებებს ცხადყოფდა. ჯესიკა ხედავდა, აქაურობა მისი ბენე გესერიტის სკოლის
შეკრებათა დარბაზზე უფრო დიდი იყო. მისი შეფასებით, ამ შემაღლებული შვერილის ძირას,
რომელზედაც თითონ სტილგართან ერთად იდგა, ხუთი ათას კაცზე მეტი შეკრებილიყო.

და კიდევ ემატებოდნენ და ემატებოდნენ.

ჰაერი ხალხის ბუტბუტს აევსო.

– შენი ძე დასვენებას მოსწყვიტეს და აქ მოიხმეს, საიადინა, – უთხრა სტილგარმა, – გსურს, რომ


იგი შენს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს?

– შეუძლია, შეცვალოს ჩემი გადაწყვეტილება?

– რასაკვირველია, ჰაერი, რომლითაც სიტყვებს წარმოთქვამ, შენი ფილტვებიდან ამოდის,


მაგრამ...

– გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება, – უთხრა ჯესიკამ.

მაგრამ გულმა რეჩხი უყო. გულში გაივლო, ნეტავ, ხომ არ შეიძლებოდა, პოლი
მომემიზეზებინა და ამ სახიფათო გზიდან უკან დამეხიაო. მუცლად მყოფ ასულზეც უნდა
ეფიქრა. ის, რაც დედის სიცოცხლეს ემუქრება, შვილსაც დაემუქრება.

მოვიდნენ კაცები და დახვეული ხალიჩები მოიტანეს. მძიმე ტვირთის ქვეშ ხვნეშოდნენ და,
შემაღლებულზე რომ დააგდეს, მტვერი ააბუქეს.

სტილგარმა ჯესიკას მკლავზე მოჰკიდა ხელი და უკან გაიყვანა, აკუსტიკურ ძაბრთან,


რომელიც შემაღლებას საზურგედ ჰქონდა, და მასში გამოკვეთილ ქვის მერხზე მიუთითა:

– აქ ღირსი დედა დაჯდება, მაგრამ მის მოსვლამდე შეგიძლია, შენ დაისვენო.

– მირჩევნია, ვიდგე, – უთხრა ჯესიკამ.

უყურა, როგორ გაშალეს კაცებმა ხალიჩები და შემაღლების იატაკი დაფარეს; მერე შეკრებილ
ხალხს გახედა. ახლა ქვის იატაკზე ათი ათასი ადამიანი მაინც იდგა.

და ჯერ კიდევ ემატებოდნენ.

იცოდა, გარეთ, უდაბნოში, ახლა წითლად ღამდებოდა, მაგრამ აქ, მღვიმე-დარბაზში, მუდმივი
ბინდბუნდი იდგა; მისი რუხი სივრცე ავსებულიყო ხალხით, რომელიც მოსული იყო იმის
სანახავად, თუ როგორ შეაგდებდა ჯესიკა სასწორზე თავის სიცოცხლეს.

მის მარჯვნივ ბრბოში გზა გაიხსნა და ჯესიკამ დაინახა მოახლოებული პოლი, რომელსაც
აქეთ-იქიდან ორი პატარა ბიჭი ამოსდგომოდა. ბავშვებს საკუთარი საქმის მნიშვნელოვნება
ჰქონდათ შეგნებული და ამით გამოწვეული მედიდურობა ეტყობოდათ, ხელები ხმლებზე
ედოთ და ორივე მხარეს კედლად ამართულ ხალხს უბღვერდნენ.
– აი, ჯემისის ძეები, ახლა უსულის ძეები რომ არიან, – უთხრა სტილგარმა, – როგორც
მცველები, თავიანთ მოვალეობას მართლაც სერიოზულად მოეკიდნენ, – მან ჯესიკას
გაუბედავად გაუღიმა.

ქალი მიხვდა, სტილგარი მის გახალისებას რომ ცდილობდა, და მადლობელი დარჩა, მაგრამ
მოსალოდნელი საფრთხე გონებიდან მაინც ვერ მოეშორებინა.

„სხვა გზა არ მქონდა, ეს უნდა გამეკეთებინა“, გაიფიქრა მან. „სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუ
გვინდა, ფრემენებს შორის ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ“.

პოლი შემაღლებაზე ამოვიდა, ბავშვები დაბლა დატოვა. ის დედის წინ გაჩერდა; შეხედა
სტილგარს, ისევ ჯესიკას.

– რა ხდება? მეგონა, საბჭოზე დამიძახეს.

სტილგარმა ხელი ასწია, გაჩუმდიო, მერე კი მიუთითა მარცხნივ, სადაც ხალხში კიდევ ერთი
გასასვლელი

გახსნილიყო. იმ გზას ჩანი მოუყვებოდა, მისი ელფის სახე მწუხარებას დაეღარა. სარწყული
გაეხადა და მოხდენილი ცისფერი მოსახვევი კაბა ემოსა, რომელშიც წვრილი მკლავები
მოუჩანდა. მარცხენა მკლავზე, მხართან ახლოს, მწვანე ხილაბანდი ჰქონდა შებმული.

მწვანე გლოვის ფერიაო, გაიფიქრა პოლმა.

ეს ადათი უნებურად აუხსნეს ჯემისის შვილებმა, როცა უთხრეს, მწვანეს არ ვატარებთ,


რადგან მეურვე-მამად მიგიღეთო.

– შენ ლისან ალ-გაიბი ხარ? – ჰკითხეს ბიჭებმა და პოლს მათ სიტყვებში ჯიჰადი ჩაესმა. პასუხს
სამაგიერო კითხვებით აარიდა თავი და გაიგო, რომ კალეფი, მათგან უფროსი, ათისა იყო და
ჯეოფისგან იყო შობილი, უმცროსი კი, რვა წლის ორლოპი, ჯემისისგან გაჩნდა.

უცნაურმა დღემ ჩაიარა: ეს ორი ბიჭი მცველად ედგა, რადგან ეს პოლმა სთხოვა მათ; ისინი
ცნობისმოყვარეებს იგერიებდნენ და დრო მისცეს, თავის ფიქრებსა და წინასწარმჭვრეტელურ
მოგონებებს ჩაღრმავებოდა, ჯიჰადის თავიდან აცილების გზები დაეგეგმა.

ახლა, დედის გვერდით რომ იდგა შემაღლებაზე და შეკრებილ ხალხს უყურებდა, აღარ იცოდა,
რა გეგმა აღუდგებოდა წინ ფანატიკოსთა ლეგიონების თარეშს.

შემაღლებისკენ მომავალ ჩანის უკან, ცოტა მოშორებით, კიდევ ოთხი ქალი მოსდევდა,
რომლებსაც ტახტრევნით მეხუთე ქალი მოჰყავდათ.

ჯესიკამ მოახლოებულ ჩანის ზედაც არ შეხედა, მთელი ყურადღება ტახტრევანში


მჯდომისკენ ჰქონდა მიპყრობილი – დედაბერს, ერთ დანაოჭებულ და ჩამომხმარ მოხუც
არსებას, შავი მოსასხამი ეცვა, კაპიუშონი უკან გადაეგდო და ჭაღარა თმის მაგრად შეკრული
კვანძი და გაწვრილებული კისერი მოუჩანდა.

ქალებმა ფრთხილად დაუშვეს თავიანთი ტვირთი შემაღლების კიდეზე, თავად კი დაბლა


დარჩნენ. ჩანი მოხუც ქალს წამოდგომაში მიეხმარა.

„ესე იგი, ესაა მათი ღირსი დედა“, გაიფიქრა ჯესიკამ.


დედაბერი მძიმედ დაეყრდნო ჩანის და ჯესიკასკენ გაფრატუნდა. შავ მოსასხამებში
გამოხვეულ ძვლების კონას ჰგავდა. წინ გაუჩერდა და ხანგრძლივი მზერით ახედა, სანამ
ხრინწიანი ჩურჩულით წარმოთქვამდა:

– ესე იგი, შენ ხარ ის, – ბებერი თავი სახიფათოდ შეუქანდა წვრილ კისერზე, – შადაუტ მეიპსი
მართალი იყო, რომ ებრალებოდი.

ჯესიკამ სწრაფად, ქედმაღლურად მიუგო:

– მე არავის სიბრალული არ მჭირდება.

– ეგ ჯერ კიდევ სანახავია, – დაიჩურჩულა დედაბერმა; გასაკვირი სისხარტით შებრუნდა და


შეკრებილების პირისპირ დადგა: – უთხარი ამათ, სტილგარ.

– უნდა ვუთხრა? – ჰკითხა მან.

– ჩვენ მისრის ხალხი ვართ, – ჩაიხიხინა ბებერმა, – მას მერე, რაც ჩვენი სუნიტი წინაპრები
ნილოტიკ ალ-ოუროუბადან გამოიქცნენ, მას მერე ლტოლვილება და სიკვდილი არ
დაგვკლებია. ახალგაზრდები გზას აგრძელებენ, რათა ჩვენი ხალხი არ დაიღუპოს.

სტილგარმა ღრმად ჩაისუნთქა და ორი ნაბიჯი წადგა წინ.

ჯესიკამ აღიქვა, რა მდუმარება ჩამოაწვა ხალხით სავსე მღვიმეს – აქ უკვე ოცი ათასამდე
ადამიანი იდგა ხმაგაკმენდილი, ლამის უძრავად. ამან თავი უცებ პატარად აგრძნობინა და
სიფრთხილით აავსო.

– ამაღამ ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს სიეტჩი, რომელიც დიდხანს გვაძლევდა თავშესაფარს, და


სამხრეთისკენ დავიძრათ, უდაბნოში, – თქვა სტილგარმა. მისმა ხმამ მაღლა აღპყრობილ
სახეებს გადაუგუგუნა, შემაღლებულის უკან მოთავსებული აკუსტიკური ძაბრით
გაძლიერებული გამოძახილი მოიყოლა.

ხალხი მაინც უხმოდ იდგა.

– ღირსი დედა მეუბნება, რომ კიდევ ერთ ჰარჯს ვერ გადაიტანს, – თქვა სტილგარმა, – ჩვენ
ადრეც გვიცხოვრია ღირსი დედის გარეშე, მაგრამ არ ვარგა, ხალხი ახალი სახლის საძიებლად
ასეთი ნაკლულოვნებით გაემგზავროს.

ახლა კი ხალხი შეირხა, ჩურჩულისა და შფოთვის ნაკადებმა დაურბინა.

– მაგრამ შესაძლოა, ამ განსაცდელის გადატანა არ მოგვიხდეს, – თქვა სტილგარმა, – ჩვენი


ახალი საიადინა ჯესიკა საოცარისა დათანხმდა, ასეთ ჟამს შევიდეს რიტუალში. იგი ეცდება,
შევლოს შიგნით, რათა ჩვენი ღირსი დედის ძალა არ დაგვეკარგოს.

„ჯესიკა საოცარისა“, გაიფიქრა ჯესიკამ. დაინახა, პოლი რომ შემოსცქეროდა, მზერა კითხვით
ჰქონდა სავსე, მაგრამ ბაგე მდუმარე რჩებოდა, გარშემო ამდენ უცნაურობას რომ ხედავდა.

„ამ მცდელობისას თუ მოვკვდები, მას რაღა მოუვა?“ ჰკითხა ჯესიკამ საკუთარ თავს. გულმა
ისევ რეჩხი უყო.
ჩანიმ მოხუცი ღირსი დედა აკუსტიკური ძაბრის სიღრმეში მდგარ მერხთან მიიყვანა, მერე
გამობრუნდა და სტილგარს დაუდგა გვერდით.

– და იმისათვის, რათა არ დავკარგოთ ყოველივე, თუ ჯესიკა საოცარისა დამარცხდება, –


განაგრძო სტილგარმა, – ჩანი, ლიეტის ასული, ახლა საიადინად იქნება ხელდასხმული, – მან
ერთი ნაბიჯი გადადგა გვერდზე.

აკუსტიკური ძაბრის სიღრმიდან მათთან დედაბრის ხმამ მოაღწია – ხრინწიანი და


გულშიჩამწვდომი ჩურჩულის გაძლიერებულმა ხმამ:

– ჩანი დაბრუნდა თავისი ჰაჯრადან – ჩანიმ წყლები იხილა.

ხალხს შრიალივით გადაურბინა ჩურჩულმა:

– მან წყლები იხილა!

– ლიეტის ასულისთვის საიადინად დამისხამს ხელი, – ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა ბებერმა.

– მიღებულია, – მიუგო ხალხმა.

პოლი ცერემონიას წესიერად არც კი უგდებდა ყურს, გონებაში ჯერ კიდევ ის უტრიალებდა,
რაც დედამისზე ითქვა.

„თუ დამარცხდება?“

მობრუნდა და შეხედა ქალს, რომელსაც ღირს დედას უწოდებდნენ, დააკვირდა ჩამომხმარ


დედაბრულ ნაკვთებს, მისი თვალების უძირო, ლურჯ უძრაობას. მის შემხედვარეს
გეგონებოდა, ქარის წამოქროლება გაიტაცებსო, მაგრამ რაღაც ისეთიც ჰქონდა, რაც
გაფიქრებინებდა, კორიოლისის ქარიშხალს ისე დაუდგება, თმის ღერიც არ შეერხევაო. გარს
ისეთივე ძალის შარავანდედი შემოსდგომოდა, პოლს ღირსი დედა გაიუს ჰელენ მოჰიამისგან
რომ ახსოვდა – მისგან, ვინც პოლი გომ ჯაბარის წესით და ტანჯვით გამოსცადა.

– მე, ღირსი დედა რამალო, ვისი ხმაც მრავალთა სახელით ლაპარაკობს, ამას გეტყვით თქვენ:
ჯერ არს, რომ ჩანი საიადინას გზას შეუდგეს, – თქვა დედაბერმა.

– ჯერ არს, – გაეპასუხა ხალხი.

დედაბერმა თავი დააკანტურა და დაიჩურჩულა:

– მიმიცია მისთვის ვერცხლის ცა, ოქროს უდაბნო და მისი მბრწყინავი კლდეები, მწვანე
მინდვრები, ოდესმე რომ იქნება. ყოველივე ეს საიადინა ჩანისთვის მიმიცია. და, რათა არ
დაავიწყდეს, რომ ის ყველა ჩვენგანის მსახურია, ეკისრება მხევლის როლი თესლის ამ
ცერემონიაში. დაე, აღსრულდეს ნება შაი-ჰულუდისა, – მუქი, ჩხირივით მკლავი ასწია და ისევ
მოწყვეტით დაუშვა.

ჯესიკამ იგრძნო, როგორ შემოეჭდო გარს ცერემონია, მისმა ნაკადმა გაიტაცა იქ, საიდანაც უკან
უკვე ვეღარ მობრუნდებოდა. ერთხელაც შეხედა პოლის კითხვით მოპყრობილ სახეს და
განსაცდელისთვის მოემზადა.
– წინ წამოდგნენ წყლის გამრიგეები, – ჩანის ბავშვურ ხმას სულ ოდნავ დაეტყო საკუთარ
თავში დაეჭვების თრთოლა.

ახლა ჯესიკამ იგრძნო, საფრთხის სამიზნე რომ გამხდარიყო – ამას ამცნობდა ხალხის
გაფაციცებული ყურადღება, ჩამოწოლილი მდუმარება.

ბრბოში გახსნილ მიმოხვეულ გასასვლელს კაცების ჯგუფი გამოუყვა, წყვილად დამდგარნი


ახლოვდებოდნენ უკანა რიგებიდან. ყოველ წყვილს მომცრო ტყავის ტომარა მოჰქონდა,
ადამიანის თავზე დაახლოებით ორჯერ უფრო დიდი. ტომრები მძიმედ თიმთიმებდა.

ორმა მეწინავემ ტვირთი შემაღლებაზე ჩანის ფეხებთან დადო და უკან დაიხია.

ჯესიკამ შეხედა ტომარას, მერე – კაცებს. მათ კაპიუშონები გადაეხადათ და კისერთან კვანძად
დახვეული გრძელი თმა მოუჩანდათ. ჯიქურ შეხედეს შავად ამოღამებული თვალებით.

ტომარას დარიჩინის მძაფრი სურნელი აუვიდა, ჯესიკას გადაევლო. „ნეტავ, სუნელია?“

– არის წყალი? – იკითხა ჩანიმ.

მარცხნივ მდგარმა წყლის გამრიგემ, რომელსაც ცხვირი იისფერი ნაიარევით ჰქონდა


გადასერილი, ერთხელ დაუქნია თავი.

– წყალი არის, საიადინა, – მიუგო, – მაგრამ ჩვენ მას ვერ დავლევთ.

– არის თესლი? – იკითხა ჩანიმ.

– თესლი არის, – მიუგო კაცმა.

ჩანიმ დაიჩოქა და ხელები თიმთიმა ტომარაზე დააწყო.

– კურთხეულია წყალი და თესლი მისი.

ჯესიკა რიტუალს ცნობდა. მან ღირს დედა რამალოს გახედა. მოხუცს თვალები დაეხუჭა და
მობღუნძული იჯდა, თითქოს დაეძინაო.

– საიადინა ჯესიკა, – მიმართა ჩანიმ.

ჯესიკა მობრუნდა, დაინახა, რომ გოგონა მას ამოსცქეროდა.

– თუ გაქვს ნაგემები კურთხეული წყალი? – ჰკითხა ჩანიმ.

სანამ ჯესიკა უპასუხებდა, ჩანიმ თავადვე წარმოთქვა:

– შეუძლებელია, ნაგემები გქონდეს კურთხეული წყალი. რადგან ხარ შენ სხვა პლანეტიდან და
არ ხარ რჩეული.

ბრბოს ამოხვნეშის ხმამ გადაურბინა, მოსასხამები აშრაშუნდა. ჯესიკას კისერზე დაბურძგლა.

– მოსავალი უხვი იყო და მოქმედი მოკვდა, – თქვა ჩანიმ და მოთახთახე ტომრის თავზე
ჩამაგრებული დახვეული ტუჩის შემოხსნას შეუდგა.
ჯესიკა ახლა გრძნობდა, რომ მის გარშემო ხიფათი დუღდა. პოლს შეხედა, დაინახა, რომ ის
რიტუალის იდუმალებას გაეტაცებინა და ჩანის თვალმოუშორებლად შეჰყურებდა.

„ნეტავ, მომავლის ეს მომენტი ნანახი აქვს?“ გაიფიქრა ჯესიკამ. ხელი მუცელზე დაიდო, ჯერ
არდაბადებული ასული გაიხსენა და საკუთარ თავს დაეკითხა: „მაქვს უფლება, მისი
სიცოცხლეც ჩავაგდო საფრთხეში?“

ჩანიმ ტომრის ტუჩი ჯესიკასკენ ასწია და წარმოთქვა:

– აქაა წყალი სიცოცხლისა, წყალი, რომელიც მეტია წყალზე – კანი, წყალი, რომელიც სულს
ათავისუფლებს. თუ ღირსი დედა უნდა იყო, იგი მთელი სამყაროს კარს გაგიხსნის. დაე,
განგსაჯოს შაი-ჰულუდმა.

ჯესიკა გრძნობდა, როგორ იხლიჩებოდა ორი შვილის, მუცლადმყოფი ასულისა და პოლის


წინაშე მოვალეობებს შორის. იცოდა, პოლისთვის უნდა მიეღო ეს ტუჩი და ტომრის შიგთავსი
დაელია, მაგრამ, გამოწვდილი მილისკენ რომ დაიხარა, გრძნობებმა უკარნახა, ეს სახიფათოაო.

ტომრის შიგთავსს მომწარო სუნი უდიოდა, რაც მისთვის ნაცნობი ბევრი საწამლავის სუნს
წააგავდა, მაგრამ კიდევაც განსხვავდებოდა მათგან.

– ახლა უნდა დალიო, – უთხრა ჩანიმ.

„უკან ვეღარ დავიხევ“, შეახსენა ჯესიკამ საკუთარ თავს. მაგრამ ბენე გესერიტის წვრთნიდან
ახლა არაფერი ახსენდებოდა ისეთი, რაც ამ წამს დაეხმარებოდა.

„ეს რა არის? მათრობელა სასმელი? ბანგი?“

ტომრის ტუჩისკენ დაიხარა, დარიჩინის ეთერები შეისუნთქა და დუნკან აიდაჰოს სიმთვრალე


გაახსენდა. სუნელის ლიქიორია? მილს პირი მოავლო, სულ ერთი ბეწო ყლუპი მოსვა.
სუნელის გემო ჰქონდა, მკრთალ სიცხარედ დაედო ენაზე.

ჩანი ტყავის ტომარას დააწვა. შიგთავსის დიდი ყლუპი ჯესიკას პირში ჩაეღვარა და, სანამ
რამეს მოიფიქრებდა, გადაყლაპა, თან სიმშვიდის და სიდარბაისლის შენარჩუნებას ლამობდა.

– მცირე სიკვდილის მიღება თავად სიკვდილზე უარესია, – თქვა ჩანიმ. ჯესიკას უცქერდა და
იცდიდა.

ჯესიკაც მიაჩერდა გოგოს, მილი ჯერ კიდევ პირში ედო. ახლა ტომრის შიგთავსის გემოს
გრძნობდა ნესტოებით, სასაზე, ლოყებზე, თვალებში – ამჯერად ცხარე სიტკბოს.

გრილია.

ჩანიმ ჯესიკას პირში ისევ ჩაუღვარა ყლუპი.

ნაზი.

ჯესიკა ჩანის სახეს აკვირდებოდა, მის ელფისებურ ნაკვთებში ხედავდა ლიეტ-კაინსთან


მსგავსებას, რომელიც დროს ჯერ არ გაემკვეთრებინა.

წამალს მაძლევენო, გაიფიქრა ჯესიკამ.


მაგრამ ასეთი რამ ადრე არასოდეს ეგემა, ბენე გესერიტის წვრთნა კი მრავალი წამლის გემოს
გასინჯვას გულისხმობდა.

ჩანის ნაკვთები ისეთი მკაფიო იყო, სინათლით მოხაზულს ჰგავდა.

წამალი.

ჯესიკას გარს მდუმარების ქარბორბალა შემოერტყა. სხეულის ყოველი ძარღვი აღიარებდა


ფაქტს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაემართა. იგრძნო, რომ თავად ცნობიერი მტვრის
ნამცეცი იყო, ნებისმიერ ელემენტარულ ნაწილაკზე უფრო მცირე, თუმც მოძრაობა და გარემოს
აღქმა შეეძლო. უეცარი გასხივოსნებით – თითქოს ფარდა გადასწიესო – გაიაზრა, რომ
საკუთარი თავის ფსიქოკინესთეტიკურ გაფართოებას აღიქვამდა. მტვრის ნამცეცი იყო, და არ
იყო ნამცეცი.

მის გარშემო ისევ იყო მღვიმე, მასში – ხალხი. გრძნობდა მათ: პოლს, სტილგარს, ღირს დედას
რამალოს.

ღირს დედას!

სკოლაში დადიოდა ხმები, რომ ღირს დედად ხელდასხმას ცოცხალი ყველა ვერ გადარჩენია,
რომ წამალმა წაიყვანა ისინი.

ჯესიკამ მთელი ყურადღება ღირს დედა რამალოს მიაპყრო. ახლა იაზრებდა, რომ ეს
ყოველივე დროის ერთ გაყინულ წამში ხდებოდა – მხოლოდ მისთვის შეჩერებულ წამში.

„რატომ გაჩერდა დრო?“ თავის თავს ჰკითხა ჯესიკამ. ირგვლივ ხედავდა სახეებს, ერთი და
იგივე გამომეტყველება რომ შეჰყინვოდათ, ხედავდა ჩანის თავზემოთ გაშეშებულ მტვრის
ნამცეცს.

მომლოდინეს.

ამ წამის პასუხმა ერთბაშად იფეთქა მის ცნობიერებაში: მისი საკუთარი დრო შეყოვნდა, რათა
მისი სიცოცხლე ეხსნა.

თავისი არსების ფსიქოკინესთეტიკურ გაფართოებას ჩაუკვირდა, შიგნით ჩაიხედა და მაშინვე


წააწყდა მის უჯრედოვან ბირთვს – წყვდიადის უფსკრულს, რომლისგანაც ძრწოლით
უკუდგა.

„ეს ის ადგილია, რომელშიც ვერ ვიხედებით“, გაიფიქრა მან. „ეს ის ადგილია, რომლის
ხსენებაც ასე არ უყვართ ღირს დედებს – ადგილი, სადაც მხოლოდ კვიზაც ჰადერაქს შეუძლია,
ჩაიხედოს“.

ამის გააზრებამ ცოტაოდენი თავდაჯერებულობა დაუბრუნა და ისევ გაბედა, დაკვირვებოდა


ფსიქოკინესთეტიკურ გაფართოებას. მისი „მე“ ისევ მტვრის ნამცეცად იქცა, რომელიც
საკუთარი თავის შიგნით საფრთხეს ეძებდა.

საფრთხე კი წამალში იპოვა, რომელიც შესვა.

წამალი აცეკვებულ ნაწილაკებად იფანტებოდა მის არსებაში და ეს მოძრაობა იმდენად სწრაფი


იყო, რომ გაყინული დროც კი ვერ აჩერებდა. ნაცნობი სტრუქტურების, ატომური ბმების
ამოცნობა იწყო: აი, ნახშირბადის ატომი, სპირალური რხევა... გლუკოზის მოლეკულა.
მოლეკულების მთელი ჯაჭვი ედგა თვალწინ და იცნო პროტეინი... მეთილ-პროტეინის
კონფიგურაცია.

აჰ-ჰ-ჰ!

უხმო მენტალური ამოოხვრა დასცდა, შხამის ბუნება რომ დაინახა.

ფსიქოკინესთეტიკური მოსინჯვის გზით გადაინაცვლა მასში, ჟანგბადის ნამცეცი გადასწია,


დამატებითი ნახშირბადის ნაწილაკს მისაერთებლად გზა გაუხსნა, ისევ მიაბა ჟანგბადის
ნაერთი... წყალბადის.

ცვლილება გავრცელდა... უფრო, უფრო სწრაფად, კატალიზებული რეაქციის საკონტაქტო


ზედაპირის ზრდის კვალობაზე.

ჩაყინული დრო მოდუნდა და ჯესიკამ მოძრაობა იგრძნო. ტომრის მილაკი-ტუჩი ბაგეზე


შეეხო – ფრთხილად ჩამოართვა ნერწყვის წვეთი.

„ჩანი ჩემი სხეულიდან კატალიზატორს იღებს ტომარაში ჩასხმული შხამის შესაცვლელად“,


გაიფიქრა ჯესიკამ. „რატომ?“

ვიღაცამ ფრთხილად დასვა. დაინახა, ბებერი ღირსი დედა რამალო რომ მოიყვანეს და მის
გვერდით, ამაღლებულ ადგილას დააბრძანეს, ხალიჩაზე. კისერზე მშრალი ხელისგული
შეეხო.

და მის ცნობიერებაში სხვა ფსიქოკინესთეტიკური ნამცეცი შემოიჭრა! ჯესიკამ განრიდება


სცადა, მაგრამ ნამცეცი ქროლით უახლოვდებოდა... უახლოვდებოდა.

შეეხნენ!

ეს ჰგავდა უკიდურეს ურთიერთშეთავსებას, ერთდროულად ორ ადამიანად ყოფნას – ეს არ


იყო ტელეპათია, არამედ – საერთო ცნობიერება.

მოხუც ღირს დედასთან!

მაგრამ ჯესიკამ დაინახა, რომ ღირსი დედა თავის თავს მოხუცად არ აღიქვამდა. საერთო
გონების თვალს წარმოუდგა მკვირცხლი და ხალისიანი, სათუთი ბუნების მქონე ახალგაზრდა
გოგონა.

საერთო ცნობიერებაში გოგონამ წარმოთქვა:

– ჰო, ასეთი ვარ.

ჯესიკას შეეძლო, მხოლოდ აღექვა სიტყვები, ვერ პასუხობდა.

– მალე ყველაფერი ეს შენიც იქნება, ჯესიკა, – აღუთქვა შინაგანმა სახებამ.

„ჰალუცინაციაა“, გაიფიქრა ჯესიკამ.

– თავადაც იცი, რომ ასე არაა, – უთხრა შინაგანმა სახებამ, – მალე ახლა, ნუ მებრძვი. ბევრი
დრო არ გვაქვს. ჩვენ... – კარგა ხნით გაჩუმდა, მერე კი: – უნდა გეთქვა, ორსულად რომ იყავი!
ჯესიკამ მიაგნო ხმას, რომლითაც საერთო ცნობიერებაში დაილაპარაკებდა:

– რატომ?

– ეს ხომ ორივეს გცვლით! წმინდა დედაო, რა ჩავიდინეთ?

ჯესიკამ იგრძნო საერთო ცნობიერების იძულებითი წანაცვლება, შინაგანი თვალით კიდევ


ერთი მტვრის ნამცეცის არსებობა შენიშნა. ის ნამცეცი გამალებით აწყდებოდა აქეთ-იქით,
ტრიალებდა. ნამდვილ ძრწოლას ასხივებდა.

– ძლიერი უნდა იყო, – უთხრა მოხუცი ღირსი დედის მასთანმყოფმა სახებამ, – მადლობელი
იყავი, რომ გოგონაა. მამრ ჩანასახს ეს მოკლავდა. ახლა... ფრთხილად, ნაზად... შეეხე შენი
ასულის აქმყოფობას. იყავი შენი ასულის აქმყოფობა. შეისრუტე მისი შიში... დაუყვავე...
მოიხმარე შენი სიმამაცე და ძალა... ახლა კი ნაზად... სათუთად...

იმ სხვა მოტრიალე ნამცეცმა ახლოს ჩაუქროლა და ჯესიკამ საკუთარი თავი აიძულა,


შეხებოდა მას.

შიშის ზაფრამ ლამის დაჯაბნა.

ძრწოლას ერთადერთი მისთვის ნაცნობი ხერხით შეებრძოლა: „არ შემეშინდება. შიში გონების
მკვლელია...“

შელოცვამ რაღაც სიმშვიდის მსგავსი გრძნობა მოჰგვარა. ის მეორე ნამცეცი უძრავად


დანდობოდა ზედ.

„სიტყვები ვერაფერს იზამენ“, გაიფიქრა ჯესიკამ.

პირველად ემოციურ ზემოქმედებას დასჯერდა, სიყვარული, ნუგეში მიაფრქვია, თბილი


მფარველობით მიიკრა ახლოს.

ძრწოლამ იკლო.

ისევ იძალა მოხუცი ღირსი დედის იქყოფნის შეგრძნებამ, მაგრამ ახლა საერთო ცნობიერება
სამმაგი გახდა: ორი აქტიური იყო, ერთი კი, მიწყნარებული, მხოლოდ ისრუტავდა მომხდარს.

– დრო არ ითმენს, – თქვა ღირსმა დედამ მის ცნობიერებაში, – ბევრი რამ მაქვს მოსაცემი. და არ
ვიცი, შენი ასული თუ შეძლებს, ეს ყველაფერი მიიღოს და საღი დარჩეს. მაგრამ საჭიროება
ყველაფერს აღემატება.

– რა...

– იყუჩე და მიიღე!

ჯესიკას წინაშე გამოცდილებამ იწყო გაშლა. ის ბენე გესერიტის სკოლის ქვეცნობიერი


წვრთნის პროექტორის სალექციო ლენტს ჰგავდა... მაგრამ უფრო სწრაფს...ისეთ სწრაფს, თვალს
რომ ვერ შეასწრებდი.

მაგრამ... ცხადს და გარკვეულს.


ყოველ გამოვლილ და განცდილ ამბავს სცნობდა: იყო საყვარელი – ძლიერი, წვეროსანი,
ფრემენული თვალებით, და ჯესიკამ მისი ძალა და სინაზე, მთელი მისი ვინაობა ერთ
გამკრთალ წამს შეიცნო, ღირსი დედის მეხსიერებიდან.

ახლა დრო აღარ ჰქონდა, ეფიქრა, რა შეიძლებოდა ამით მოსვლოდა გოგონას ჩანასახს,
მხოლოდ მიღებას და „ჩაწერას“ ასწრებდა. ჯესიკაში სრულად გადმოიღვარა სხვისი
განცდილი: დაბადება, ცხოვრება, სიკვდილი – მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენები,
ერთ კადრად დანახული დროის ნიაღვარი.

„ხსოვნაში რატომ უნდა ჩარჩენილიყო კლდის წვერიდან ჩამოყრილი ქვიშა?“ ჰკითხა თავის
თავს.

ჯესიკამ ძალიან გვიან დაინახა, თუ რა ხდებოდა: მოხუცი ქალი კვდებოდა და სიკვდილისას


მთელ თავის გამოცდილებას ჯესიკაში ღვრიდა – როგორც წყალი ისხმება ჭიქაში. ის, სხვა
ნამცეცი ისევ დაბადებამდელ ცნობიერებაში განქარდა, სანამ ჯესიკა მას აკვირდებოდა.
ჩასახვაში გარდაცვლილმა მოხუცმა ღირსმა დედამ კი თავისი ცხოვრება ჯესიკას ხსოვნაში
ჩატოვა და უკანასკნელად, ერთმანეთში გადღაბნილი სიტყვების ამოოხვრით თქვა:

– დიდხანს გელოდე. აი, მიიღე ჩემი ცხოვრება.

მართლაც აქ იყო, მთლიანად, შენივთებული.

სიკვდილის მომენტის ჩათვლით.

„ახლა მე ვარ ღირსი დედა“, გააცნობიერა ჯესიკამ.

და განზოგადებული ცნობიერებით იცოდა, რომ სინამდვილეში ზუსტად ის გახდა, რასაც ბენე


გესერიტის ღირსი დედობა ნიშნავდა. წამალმა შეცვალა იგი.

იცოდა, რომ ბენე გესერიტის სკოლაში ზუსტად ასე არ ხდებოდა. მისთვის არასოდეს არავის
გაუცნია ეს მისტერია, მაგრამ იცოდა.

საბოლოო შედეგი იგივე იყო.

ჯესიკა გრძნობდა, ასული-ნამცეცი ჯერაც რომ ეხებოდა მის შინაგან ცნობიერებას, მოსინჯა
იგი, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

მარტოობის საზარელი გრძნობა შეეპარა ჯესიკას, როცა გაიაზრა, თუ რა დაემართა. საკუთარი


ცხოვრება

დაინახა ქარგად, რომელიც შენელებულიყო, ხოლო მის გარშემო მთელი ქვეყნიერება აჩქარდა,
ისე, რომ აცეკვებული ურთიერთგავლენა უფრო ცხადი შეიქნა.

მტვრისნამცეცა ცნობიერება ნელ-ნელა განქარდა, სხეულს შხამის საფრთხემ რომ გადაუარა,


მისი მოძალება შენელდა. მაგრამ ჯერაც გრძნობდა იმ სხვა ნამცეცს; შეეხო და დანაშაულის
გრძნობამ აავსო იმის გაფიქრებაზე, თუ რა მოუვიდა მას დედის ნებართვით.

„მე ჩავიდინე ეს, ჩემო საბრალო, ჯერაც ჩამოუყალიბებელო, ძვირფასო პატარა გოგონა, მე
მოგავლინე ამ სამყაროში და შენი ცნობიერება სრულიად დაუცველად გავუხსენი მის მთელ
მრავალფეროვნებას“.
იმ ნამცეციდან დაიძრა სიყვარულისა და ნუგეშის პაწია ნაკადი, ჯესიკას მიერ მასში ჩასხმული
გრძნობის ანარეკლის მსგავსი.

სანამ ჯესიკა პასუხს მოასწრებდა, მომთხოვნი ხსოვნის ადაბი იგრძნო. რაღაცის გაკეთება იყო
საჭირო. ფიქრი მოაფათურა მის საპოვნელად, მაგრამ მიხვდა, რომ მის გრძნობებში შეღწეული
შეცვლილი წამალი აბრუებდა და ხელს უშლიდა.

„შემეძლო, ესეც შემეცვალა“, გაიფიქრა მან. „შემეძლო, წამლისთვის ზემოქმედების უნარი


მომეცილებინა და უვნებელი გამეხადა“. მაგრამ იგრძნო, რომ ეს შეცდომა იქნებოდა. „მე
შეერთების რიტუალში ვიმყოფები“.

და უცებ მიხვდა, რომ იცოდა, რა უნდა ექნა.

ჯესიკამ თვალები გაახილა და ანიშნა წყლის ტომარაზე, რომელიც ჩანის ახლა მის თავზემოთ
ეჭირა.

– ის ახლა კურთხეულია, – წარმოთქვა მან, – შეურიეთ წყლები, დაე, ყველასთან მივიდეს


ცვლილება, რათა ხალხს შეეძლოს, კურთხევის მონაწილე და ზიარი იყოს.

„დაე, კატალიზატორმა გააკეთოს თავისი საქმე“, გაიფიქრა მან. „დაე, შესვან ადამიანებმა ამ
ჭურჭლიდან და ერთხანს უფრო მძაფრად იგრძნონ ერთმანეთი. წამალი ახლა უსაფრთხოა...
ახლა, როცა ღირსმა დედამ შეცვალა იგი“.

მომთხოვნი ხსოვნა მაინც არ ცხრებოდა, უბიძგებდა. კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოო, მიხვდა,
მაგრამ წამლის გამო კონცენტრირება ძნელი იყო.

„აა-ა-ა-ა... მოხუცი ღირსი დედა“.

– მე შევხვდი ღირს დედა რამალოს, – თქვა ჯესიკამ, – ის მოკვდა, მაგრამ ჩვენთან რჩება. დაე,
მის ხსოვნას რიტუალით მიეგოს პატივი.

„ნეტავ, სად მოვიძიე ეს სიტყვები?“ თავისთვის გაიკვირვა ჯესიკამ.

და მიხვდა: ისინი მოვიდნენ სხვა ხსოვნიდან, იმ ცხოვრებიდან, რომელიც მას გადასცეს და


ახლა მისი ნაწილი იყო. თუმცა ამ ძღვენში რაღაც დაუმთავრებელი იგრძნობოდა.

– დაე, ჰქონდეთ მათ თავიანთი ორგია, – უთხრა მასში ჩასახლებულმა სხვა მეხსიერებამ, –
ცხოვრება მათ საკმაოდ მცირე სიამეს აძლევს. ჰო, მე და შენ კი ეს ცოტა დრო გასაცნობად
გვჭირდება, სანამ მე უკან დავიხევდე და მერე შენს ხსოვნად გადმოვიღვრებოდე. უკვე
ვგრძნობ, როგორ ვეჯაჭვები შენს ნაწილებს. აჰ-ჰ-ჰ, რა საინტერესო რამეებით გაქვს სავსე
გონება! რამდენი რამაა აქ ისეთი, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი!

და მასში შენივთებული ხსოვნა-გონება ჯესიკას გაეხსნა, შეახედა ფართო ტალანში სხვა ღირს
დედებთან, რომელთა რიგს თითქოს ბოლო არ ჰქონდა.

ჯესიკა უკუიქცა, შეიპყრო შიშმა, არ ჩაკარგულიყო ერთობის ამ ოკეანეში. მაგრამ ტალანი


არსად გამქრალა და ჯესიკას შეატყობინა, რომ ფრემენული კულტურა ბევრად უფრო ძველი
იყო, ვიდრე თავად იეჭვებდა.
დაინახა, როგორ ცხოვრობდნენ ფრემენები პორიტრინზე, როგორ გაენაზებინა ისინი ამ
პლანეტას, რომელზეც ისე ძნელი არ იყო ცხოვრება, მაგრამ ეს პლანეტა იოლად
მოსახელთებელ ნადავლად ქცეულიყო იმპერატორის მარბიელებისთვის; აქ ისინი ადამიანთა
მოსავალს იღებდნენ და აღებულით ბელა ტეგეუსისა და სალუსა სეკუნდუსის კოლონიებს
ანაშენიანებდნენ.

ო, რა მოთქმა-გოდებას გრძნობდა ჯესიკა მათ განშორებაში!

შორს, ტალანში, სახება-ხმამ იკივლა:

– მათ ჰაჯი წაგვართვეს!

ჯესიკამ შინაგანი თვალისთვის გახსნილ ტალანში დაინახა მონების ქოხმახები ბელა


ტეგეუსზე, დაინახა, როგორ გამოხშირავდნენ და ჯიშები გამოჰყავდათ მათგან, რის
შედეგადაც როსაკი და ჰარმონთეპი ადამიანებით დასახლებული ხდებოდა. საზარელი
ყვავილის ფურცლებივით ეფურჩქნებოდა ჯესიკას თვალწინ ერთმანეთს მიდევნებული
მხეცური სისასტიკის სურათები. და დაინახა წარსულის ძაფი, საიადინასგან საიადინასთვის
გადაცემული – თავიდან ზეპირი სიტყვით, გუნდურად შესასრულებელ

უდაბნოს სიმღერებში ჩამალული, შემდეგ კი, როსაკზე შხამიანი წამლის აღმოჩენის კვალად,
მათი ღირსი დედების მიერ დახვეწილი ხერხით ერთმანეთისთვის მიწოდებული... და ახლა,
სიცოცხლის წყლის პოვნით არაკისის გამაძლიერებლად მოვლენილიყო.

შორს, შინაგანი ტალანის სიღრმეში ახლა სხვა ხმამ იყვირა:

– არასდროს ვაპატიებთ! არასდროს დავივიწყებთ!

მაგრამ ჯესიკას ყურადღება სიცოცხლის წყლის აღმოჩენას დაეპყრო. ხედავდა, საიდან


მოდიოდა იგი: ეს მომაკვდავი ქვიშის მატლის, მოქმედის, თხევადი გამონაყოფი იყო. და,
თავის ახალ ხსოვნაში რომ დაინახა, როგორ კლავდნენ მას, გაოცებით კინაღამ შეჰკივლა.

არსებას წყალში ახრჩობდნენ!

– დედა, ხომ კარგად ხარ?

მასში პოლის ხმა შემოიჭრა. ჯესიკამ გაჭირვებით მოსწყვიტა თვალი თავის შინაგან
ცნობიერებას და შვილს ახედა. გააზრებული ჰქონდა თავისი მოვალეობა მის წინაშე, მაგრამ
ახლა მისი სიახლოვე აღიზიანებდა.

„მე ვგავარ იმას, ვისაც ხელები დადუნებული ჰქონდა, მისი ცნობიერების გამოღვიძების
პირველი წუთებიდანვე ხელებში მგრძნობელობა არ გააჩნდა – სანამ ერთ დღესაც ძალით არ
შესძინეს შეგრძნების უნარი.

ეს ფიქრი გონებაში გაეჩხირა, გაცნობიერებულ აზრად შემოეზღუდა სხვებს.

და მე ვამბობ: „ნახეთ! ხელები მაქვს!“ მაგრამ ხალხი ყოველი მხრიდან მპასუხობს: „რა არის
ხელები?“

– ხომ კარგად ხარ? – გაუმეორა პოლმა, – არაფერი დამიშავდება, მე რომ დავლიო? – ტომარაზე
მიუთითა, ჩანის რომ ეჭირა – უნდათ, რომ დავლიო ეს.
ჯესიკამ მის სიტყვებში დაფარული აზრი ამოიცნო, მიხვდა, რომ შვილმა საწამლავი აღმოაჩინა
თავდაპირველ, შეუცვლელ სუბსტანციაში, რომ დედის გამო ღელავდა. მაშინ ქალი პოლის
წინასწარჭვრეტის საზღვრებზე დაფიქრდა. მისმა შეკითხვამ ბევრი რამ გააგებინა.

– შეგიძლია, დალიო, – უთხრა შვილს, – შეცვლილია, – მზერა მის მიღმა გადაიტანა და


დაინახა, სტილგარი ჩამოსცქეროდა, მუქზე მუქი თვალებით აკვირდებოდა.

– ახლა კი ვიცით, რომ შეუძლებელია, შენ ნამდვილი არ იყო, – უთხრა მან.

ამ სიტყვებშიც დაინახა ჯესიკამ შეფარული მნიშვნელობა, მაგრამ წამლით მოგვრილი


გაბრუება გრძნობებს ჯაბნიდა. „რა თბილი და მანუგეშებელია. რა მოწყალენი არიან ეს
ფრემენები, ასეთი თემის კალთაში რომ ჩამისვეს“.

პოლი ხედავდა, რომ დედამისზე წამალი მოქმედებდა.

ბიჭმა თავის ხსოვნას ჩახედა – გამყარებულ წარსულს, შესაძლო მომავლის ცვალებად


ზოლებს. თითქოს ათვალიერებდა დროის შეპყრობილ წამებს, მისი შინაგანი თვალის ხედვას
რომ ბრეცდა. ძნელი იყო ფრაგმენტების გაგება, თუ ნაკადიდან ამოგლეჯდი.

წამალი – პოლს შეეძლო, მის შესახებ ცოდნა შეეგროვებინა, გაეგო, რას უშვრებოდა ის
დედამისს, მაგრამ ამ ცოდნას აკლდა ბუნებრივი რიტმი, დედასთან გაზიარებული გააზრების
სისტემა.

და უცებ მიხვდა: ერთია, დაინახო წარსული, აწმყოდ რომ იქცევა, მაგრამ წინასწარჭვრეტის
ნამდვილი გამოცდა მომავალში წარსულის დანახვაა.

საგნები და მოვლენები ჯიუტად ჩანდნენ სულ სხვა რამედ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ.

– დალიე, – უთხრა ჩანიმ და წყლის ტომრის ტუჩი ცხვირის ქვეშ გაუქნია.

პოლი გაიმართა და ჩანის მიაცქერდა. გარშემო სადღესასწაულო აღტაცება იგრძნო. იცოდა, რა


მოხდებოდა, თუ ამ სუნელის წამალს დალევდა – მისი არსი ხომ ის ნივთიერება იყო, რამაც
პოლში ცვლილება გამოიწვია. ის კვლავ დაუბრუნდებოდა სუფთა, სხვა ყველაფრისგან
გამოცალკევებული დროის ხილვას, სივრცედქმნილი დროის ხილვას. წამალი
თავბრუდამხვევ მწვერვალზე შესვამდა, გაგებას, ჩაწვდომას კი არ აღირსებდა.

ჩანის უკან მდგარმა სტილგარმაც წააქეზა:

– დალიე, ბიჭი. რიტუალს აფერხებ.

პოლმა მაშინ ყური მიუგდო ბრბოს, მის ხმებში აღტყინება ჩაესმა. „ლისან ალ-გაიბ!“ ამბობდნენ
ისინი; „მუად’დიბ!“ დედას დახედა. მას, თითქოს მჯდომარეს, მშვიდად დასძინებოდა,
თანაბრად და ღრმად სუნთქავდა. გონებაში ამოუტივტივდა ფრაზა მომავლიდან, რომელიც
მისი ეული წარსული გამხდარიყო: „სძინავს დედას წყლებში სიცოცხლისა“.

ჩანიმ სახელოზე მოქაჩა.

პოლმა რქის მილი პირში ჩაიდო და გაიგონა, ხალხი რომ აყვირდა. იგრძნო, როგორ მიაწყდა
ყელში სასმელი, ჩანიმ ტომარას რომ მოუჭირა, მისმა სუნმაც კი თავბრუ დაახვია. ჩანიმ მილი
მოაშორა და ტომარა ქვემოდან გამოწვდილ ხელებს გადასცა. პოლის მზერა გოგონას მკლავზე,
ზედ შებმულ გლოვის მწვანე ზორტზე შეჩერდა.

ჩანი რომ გაიმართა, დაინახა, რას უცქერდა პოლი, და უთხრა:

– მე შემიძლია, წყლის ნეტარებისასაც კი ვიგლოვო იგი. ეს მან თავად მოგვცა, – ხელი ჩაჰკიდა
და შემაღლების გასწვრივ გაიყოლია, – ერთ რამეში ერთმანეთს ვგავართ, უსულ: ჰარკონენებმა
ორივეს წაგვართვეს მამები.

პოლი გაჰყვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავი სხეულიდან მოაშორეს და ისევ
დაადგეს, ოღონდ რაღაც უცნაურად მიაბეს. მორბილებულ ფეხებს სადღაც შორიდან
აღიქვამდა.

ისინი ვიწრო გვერდით გასასვლელში შევიდნენ. მის კედლებსაჩრდილის მსგავსი


ნათელბურთები მკრთალად ანათებდა. პოლი გრძნობდა, რა უჩვეულოდ მოქმედებდა მასზე
წამალი, ყვავილივით შლიდა დროს. მეორე დაბინდულ გვირაბში რომ შეუხვიეს, ჩანიზე
მიყრდნობა დასჭირდა, რომ არ წაბორძიკებულიყო. გოგონას მოსასხამის ქვეშ შეზავებულმა
სიმკვრივემ და სილბომ სისხლი აუჩქროლა. ეს შეგრძნება წამლის მოქმედებას დაერთო,
მომავალი და წარსული აწმყოდ შეკრა და ტრინოკულარული ფოკუსის უწვრილესი ველი
დაუტოვა.

– მე გიცნობ შენ, ჩანი, – დაიჩურჩულა, – ქვიშის ზემოთ შვერილზე ვისხედით და მე


ვცდილობდი, შენთვის შიში გამეფანტა. სიეტჩის სიბნელეში ვეალერსებოდით ერთმანეთს.
ჩვენ... – იგრძნო, რომ ფოკუსი დაეკარგა, სცადა, თავი გაექნია, წაიბორძიკა.

ჩანიმ შეამაგრა და სქელი ფარდის მიღმა განმარტოებული ბინის ყვითელ სითბოში შეუძღვა –
მოჩანდა დაბალი მაგიდები, ბალიშები, ნარინჯისფერი გადასაფარებლის ქვეშ გაშლილი
ლოგინი.

პოლმა შეიგრძნო, რომ შეჩერდნენ, რომ ჩანი პირისპირ ედგა და შემოჰყურებდა. თვალებში
ფარული ძრწოლა ედგა.

– უნდა მითხრა, – დაიჩურჩულა გოგომ.

– შენ სიჰაია ხარ, – მიუგო პოლმა, – უდაბნოს გაზაფხული.

– როცა ტომი წყალს ინაწილებს, – უთხრა გოგომ, – ჩვენ ერთად ვართ – ყველანი. ჩვენ...
ერთმანეთს ვუზიარებთ. მე... ვგრძნობ სხვებს ჩემთან, მაგრამ შენთან გაზიარების მეშინია.

– რატომ?

პოლი ცდილობდა, მკაფიოდ დაენახა იგი, მაგრამ წარსული და მომავალი აწმყოს ერეოდა და
სურათს დღაბნიდა. ხედავდა ჩანის უამრავნაირად, უთვალავ პოზაში, ვითარებაში.

– შენში არის რაღაც შიშისმომგვრელი, – უპასუხა ჩანიმ, – როდესაც სხვებს მოგაცილე... ასე
იმიტომ მოვიქეცი, რომ ვგრძნობდი, იმათ ასე უნდოდათ. შენ... ხალხს აიძულებ. შენ...
გვაიძულებ, რაღაცები დავინახოთ.

პოლმა თავს დააძალა, გარკვევით წარმოეთქვა:


– რას ხედავ?

ჩანიმ ხელებზე დაიხედა.

– ვხედავ ბავშვს... ჩემს მკლავებში. ის ჩვენი შვილია, შენი და ჩემი, – პირზე ხელი მიიფარა, –
საიდან ვიცნობ შენს ყველა თვისებას?

„ამ ნიჭის ნაწილი მათაც აქვთ“, უთხრა პოლს გონებამ. „მაგრამ თრგუნავენ, იმიტომ, რომ ის
თავზარს სცემთ“.

სიცხადის ერთ წამს შენიშნა, როგორ ცახცახებდა ჩანი.

– რა გინდა, მითხრა? – ჰკითხა გოგოს.

– უსულ, – დაიჩურჩულა მან, მაგრამ მაინც ცახცახებდა.

– მომავალში უკან ვერ დაიხევ, – უთხრა პოლმა.

მისმა სიბრალულმა ერთიანად გამსჭვალა. გულზე მიიკრა, თავზე ხელი გადაუსვა.

– ჩანი, ჩანი, ნუ გეშინია.

– უსულ, დამეხმარე, – იყვირა მან.

პოლმა სწორედ მაშინ იგრძნო, რომ წამალმა ბოლომდე იმოქმედა, ჩამოგლიჯა საბურველები
და მისი მომავლის შორეული რუხი მღელვარებანი გამოუჩინა.

– რა მშვიდი ხარ, – უთხრა ჩანიმ.

პოლმა გაცნობიერებულ მდგომარეობაში გაიწონასწორა თავი და დაინახა, როგორ


გაწვდილიყო დრო თავის უცნაურ განზომილებებში, უზუსტესად დაბალანსებული, მაგრამ
მაინც მბრუნავი; ვიწრო, მაგრამ ბადესავით გაშლილი და უთვალავი პლანეტის თუ ძალის
შემომკრები; დაჭიმული ბაგირი, რომელზეც უნდა გაევლო, მაგრამ ის აიწონა-დაიწონასავით
აქეთ-იქით აქანავებდა.

ერთ მხარეს ხედავდა ერთპიროვნულ მმართველს, ჰარკონენს, სახელად ფეიდ-რაუთას,


რომელიც სიკვდილის მომტანი მახვილივით ელავდა მის წინ; სარდაუკარებს, რომლებიც
გააფთრებით იწევდნენ თავიანთი პლანეტიდან, მთელი არაკისის დასარბევად. აქ გილდია
თვალს ხუჭავდა და თავის გეგმებს აწყობდა, ბენე გესერიტები თავიანთი შეჯვარების
სქემებზე მუშაობდნენ. ისინი მეხის ღრუბელივით შეკრულიყვნენ ჰორიზონტზე და მათ
მხოლოდ ფრემენები და მათი მუად’დიბი აკავებდა – მძინარე გოლიათი ფრემენები, მთელ
სამყაროზე მხეცური გალაშქრებისთვის რომ იყვნენ მომართული.

პოლი თავს გრძნობდა ამ ყველაფრის ცენტრში, ბრუნვის წერტილში, რომელზეც მთელი ეს


სტრუქტურა ტრიალებდა, და მშვიდობის წვრილ მავთულს მიუყვებოდა, ცოტაოდენი
ბედნიერებაც ახლდა და გვერდში ჩანი ჰყავდა. ხედავდა ამ გზას, მის წინ გაწოლილს, ხედავდა
შედარებითი სიმშვიდის დღეებს ფარულ სიეტჩში, მშვიდობის წამებს ძალადობის დროებათა
შორის.

– მშვიდობა სხვანაირად არც არის ხოლმე, – თქვა მან.


– უსულ, შენ ტირი, – ჩაუბუტბუტა ჩანიმ, – უსულ, ჩემო ძალავ, მკვდარს სწირავ ტენს? ვის
მკვდარს?

– მათ, ვინც ჯერ არ მომკვდარა, – მიუგო პოლმა.

– მაშ, დაე, იცოცხლონ მანამდე, – უთხრა გოგომ.

წამლის ბურუსის მიღმა იგრძნო, რა დიდ სიმართლეს ეუბნებოდა გოგო, და იგი გაშმაგებით
მიიკრა მკერდზე.

– სიჰაია! – უთხრა ბიჭმა.

გოგომ ლოყაზე ხელისგული მიადო.

– აღარ მეშინია, უსულ. შემომხედე. ასე რომ მიკრავ გულში, მეც ვხედავ იმას, რასაც შენ ხედავ.

– რას ხედავ? – აუცილებლად უნდა გაეგო.

– ვხედავ, როგორ ვუძღვნით ერთმანეთს სიყვარულს ქარიშხლებს შორის ჩამოვარდნილი


სიწყნარის ჟამს. ჩვენი დანიშნულება ესაა.

წამალმა ისევ დაიპყრო და პოლმა გაიფიქრა: „ო, რამდენჯერ მომეცი ნუგეში და დავიწყება“.
ხელახლა იგრძნო ჭარბი სინათლე და დროის რელიეფური სახება მასში; იგრძნო, მისი
მომავალი როგორ იქცეოდა ხსოვნად: სხეულებრივი სიყვარულის ნაზი დამდაბლება,
თითოეულისგან საკუთარი არსების მეორისთვის გაზიარება, შეერთება, სილბო და სისასტიკე.

– შენ ძლიერი ხარ, ჩანი, – ჩაიბუტბუტა, – იყავი ჩემთან.

– ყოველთვის, – მიუგო გოგომ და ლოყაზე აკოცა.

წიგნი მესამე - წინასწარმეტყველი

1* * *
არა ქალი, არც კაცი, არც ბავშვი არასოდეს ყოფილა მამაჩემის მართლაც ახლო მეგობარი.
ჩვეულებრივი მეგობრობა ფადიშაჰ-იმპერატორთან ყველაზე მეტად შეიძლებოდა,
დარქმეოდა ურთიერთობას, რომელსაც მას სთავაზობდა გრაფი ჰასიმირ ფენრინგი, მისი
ბავშვობის კომპანიონი. გრაფ ფენრინგის მეგობრული გრძნობის სიღრმე უპირველესად
შეიძლება დავინახოთ მის პოზიტიურ საქციელში: არაკისის მოვლენების მერე სწორედ მან
დააშოშმინა ლანდსრაადის ეჭვები. როგორც დედაჩემმა თქვა, მას ეს მილიარდ სოლარისზე
მეტი დაუჯდა, მარტო სუნელით გაცემულ ქრთამებს თუ დავთვლით, და სხვა საჩუქრებიც
ბლომად დაარიგა: მხევლები, თანამდებობები სამეფო კარზე, ტიტულები. გრაფის
მეგობრობის მეორე უმთავრესი დასტური უარყოფითი ხასიათისა იყო: მან უარი თქვა,
მოეკლა კაცი, თუმცა ამის ძალა შესწევდა და მამაჩემმაც ასე უბრძანა. ამას შემდგომ გიამბობთ.
პრინცესა ირულანის წიგნიდან „გრაფი ფენრინგი: მოკლე ბიოგრაფია“

ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი თავისი პირადი ოთახებიდან დერეფანში გამოიჭრა. სქელ


სხეულზე მაღალი ფანჯრებიდან შემოღვრილი გადახრილი მზის ლაქები უთამაშებდა,
გამალებული მოძრაობისგან ტივტივებში მოქცეული სხეული უხტოდა და უთიმთიმებდა.

მან ჩაუქროლა პირად სამზარეულოს, ბიბლიოთეკას, პატარა მისაღებ ოთახს და შევარდა


მსახურების წინა ოთახში, სადაც უკვე საღამოს დასვენების საათს ჩამოეკრა.

მცველთა კაპიტანი, იაკინ ნეფუდი, ოთახის მეორე ბოლოში ტახტზე დაცუცქულიყო, უტყვი
სახე სემუტას სიჩლუნგით გაშეშებოდა, მის გარშემო სემუტას მუსიკის ჟრჟოლისმომგვრელი
ყმუილი ისმოდა. იქვე ესხდნენ დაახლოებული ქვეშევრდომები, რომლებიც მზად იყვნენ მისი
მითითების შესასრულებლად.

– ნეფუდ! – იღრიალა ბარონმა.

მცველები ბორძიკით წამოხტნენ და ერთმანეთს მიაწყდნენ.

ნეფუდი ადგა. ნარკოტიკი მის სახეს უმეტყველოს ხდიდა, მაგრამ სიფითრემ გადაჰკრა და
შიში ამით შეეტყო. სემუტას მუსიკა მიწყდა.

– მილორდო ბარონო, – მიესალმა ნეფუდი. ხმა რომ არ უცახცახებდა, ეს მხოლოდ ნარკოტიკის


წყალობა იყო.

ბარონმა გარშემო მდგარი ადამიანების სახეებს გადახედა და მათზე გამოსახული ჩლუნგი


უშფოთველობა შენიშნა. ისევ ნეფუდს მიუბრუნდა და დამტკბარი ხმით ჰკითხა:

– რამდენი ხანია, ჩემი დაცვის კაპიტანი ხარ, ნეფუდ?

ნეფუდმა ნერწყვი გადაყლაპა.

– არაკისის მერე, მილორდ. ორი წელია.

– და ყოველთვის აგირიდებია ჩემთვის საფრთხე, რომელიც მემუქრებოდა?

– ჩემი ერთადერთი სურვილი ეს გახლდათ, მილორდ.

– მაშინ, სადაა ფეიდ-რაუთა? – იღრიალა ბარონმა.

ნეფუდი შეკრთა.

– მილორდ?

– ფეიდ-რაუთა ჩემს საფრთხედ არ მიგაჩნია? – ისევ დაიტკბო ხმა.

ნეფუდმა ტუჩები ენით გაისველა. თვალებიდან სემუტას სიჩლუნგე ოდნავ გადასცილდა.

– ფეიდ-რაუთა მონების ყაზარმებშია, მილორდ.

– ისევ ქალებთან, ჰა? – ბარონი შეკავებული ბრაზისგან ცახცახებდა.

– სერ, შესაძლოა, ის...


– ჩუ!

ბარონმა ოთახში კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და შენიშნა, როგორ დაიხიეს უკან
მცველებმა და ნეფუდის გარშემო მცირე სივრცე შექმნეს, მისი რისხვის ობიექტისგან თავი
გაიცალკევეს.

– გიბრძანე თუ არა, ყოველთვის ზუსტად გცოდნოდა, სადაა ნა-ბარონი? – ჰკითხა ბარონმა.


ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა, – ვთქვი თუ არა, რომ სიტყვასიტყვით გცოდნოდა, რას
ამბობდა ნა-ბარონი და ვის

ეუბნებოდა – ყოველთვის? – ერთი ნაბიჯიც, – გითხარი თუ არა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი
მონა-ქალების ყაზარმაში წავიდოდა, უნდა მოგეხსენებინა?

ნეფუდმა ნერწყვი გადაყლაპა. შუბლზე ოფლმა დაასხა.

ბარონის თანაბარ ხმას არანაირი კილო არ ეტყობოდა:

– გითხარი თუ არა ეს ყველაფერი?

ნეფუდმა თავი დაუქნია.

– და გითხარი თუ არა, შეგემოწმებინა ყველა მონა ბიჭი, რომელსაც კი დავიბარებდი, და შენ


თვითონ უნდა გექნა ეს... პირადად?

ნეფუდმა ისევ დაუქნია თავი.

– შემთხვევით ხომ არ შეგიმჩნევია ლაქა იმ ბიჭის ბარძაყზე, ამ საღამოს რომ გამოგზავნეს


ჩემთან? – ჰკითხა ბარონმა, – ან იქნებ შენ...

– ძია.

ბარონი შებრუნდა და კარში ჩამდგარ ფეიდ-რაუთას მიაჩერდა. ძმისწულის ახლა აქ ყოფნა,


აჩქარების ნიშნები, რომლებსაც ჭაბუკი ბოლომდე ვერ მალავდა – ბევრ რამეზე მეტყველებდა.
ფეიდ-რაუთას ჰქონდა საკუთარი საჯაშუშო სისტემა, რომელიც ბარონს უთვალთვალებდა.

– ჩემს ოთახში არის გვამი, რომელიც, მინდა, რომ გაიტანონ, – თქვა ბარონმა, ხელი პერანგის
ქვეშ ჩამალულ სატყორცნ იარაღზე ედო და ბედს ჰმადლობდა, რომ საუკეთესო ფარი ჰქონდა.

ფეიდ-რაუთამ მარჯვენა კედელთან მდგარ ორ მცველს შეხედა და თავი დაუქნია. ისინი


კედელს მოსწყდნენ, სწრაფად გავიდნენ და აჩქარებით გაუყვნენ დერეფანს ბარონის
ოთახებისკენ.

„ანუ ეს ორნი?“ გაიფიქრა ბარონმა. „აჰ, ამ ჭაბუკ ურჩხულს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი
კონსპირაციის შესახებ“.

– იმედია, მონების ყაზარმებში ყველაფერი რიგზეა, ფეიდ, – უთხრა ბარონმა.

– მონების ზედამხედველს ხეოფსს ვეთამაშებოდი, – თქვა ფეიდ-რაუთამ და გაიფიქრა:


„როგორ არ გამოგვივიდა?! ბიჭი, ბიძაჩემს რომ მივუგზავნეთ, როგორც ჩანს, მოკლეს. მაგრამ
ის იდეალურად შეეფერებოდა ამ საქმეს. უკეთესს ჰავატიც კი ვერ აარჩევდა. ბიჭი უნაკლო
იყო!“
– პირამიდულ ჭადრაკს თამაშობდი, – თქვა ბარონმა, – დიდებულია. მოიგე?

– მე... აჰ, კი, ძია, – ფეიდ-რაუთა ცდილობდა, შფოთვა დაეფარა.

ბარონმა თითები გაატკაცუნა.

– ნეფუდ, გინდა, ისევ მოიგო ჩემი გული?

– სერ, რა დავაშავე? – დაიწრიპინა ნეფუდმა.

– ახლა მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, – უთხრა ბარონმა, – ფეიდმა მონების ზედამხედველს
ხეოფსი მოუგო. გაიგონე?

– დიახ... სერ.

– მინდა, სამი კაცი წაიყვანო და მონების ზედამხედველთან წახვიდე, – უთხრა ბარონმა, –


გაროტ ზედამხედველთან. რომ მორჩები, მისი გვამი მომიტანე, რათა დავრწმუნდე, რომ
ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა. ასეთ უნიჭო ჭადრაკის მოთამაშეებს ჩვენს სამსახურში ვერ
გავაჩერებთ.

ფეიდ-რაუთა გაფითრდა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

– მაგრამ, ძია, მე...

– მერე, ფეიდ, – ბარონმა ხელი გაუქნია, – მერე.

წინა ოთახის კართან ბორძიკით ჩაიარა ორმა მცველმა, რომლებიც ბარონის ოთახებში იყვნენ
წასული მონა ბიჭის გვამის წამოსაღებად. მათ შუაში დაკიდებულ ტვირთს მკლავები დაბლა
ეთრეოდა. ბარონი უყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარნენ.

ნეფუდი ბარონს დაუდგა გვერდით.

– გნებავთ, მონების ზედამხედველი დაუყოვნებლივ მოვკლა, მილორდ?

– დაუყოვნებლივ, – მიუგო ბარონმა, – და, რომ მორჩები, ახლა რომ ჩაგვიარეს, ის ორიც
დაურთე შენს სიას. არ მომეწონა, როგორ მიათრევდნენ იმ ცხედარს. ასეთი რამეები უფრო
სუფთად უნდა აკეთონ. მათი გვამების ნახვაც მინდა.

– მილორდ, თუ შემიძლია, რამე... – წამოიწყო ნეფუდმა.

– გააკეთე, რაც ბატონმა გიბრძანა, – უთხრა ფეიდ-რაუთამ. და გაიფიქრა: „ახლა საკუთარი


ტყავის გადარჩენაზე მეტის იმედი არ უნდა მქონდეს“.

„კარგია“, გაიფიქრა ბარონმა. „დროზე გაჩერება მაინც იცის“. მერე ფიქრში ჩაიცინა: „ისიც იცის,
რა მასიამოვნებს და ყველაზე უკეთ რა ააცილებს ჩემს რისხვას. იცის, რომ იძულებული ვარ,
დავინდო იგი. სხვა ვინ მყავს, რომელიც ერთ დღესაც ჩემგან მიტოვებულ მართვის სადავეებს
აიღებს ხელში? ამასავით შესაფერისი არავინ გამაჩნია. მაგრამ უნდა ისწავლოს! მე კი თავს
უნდა მოვუფრთხილდე, სანამ ის სწავლობს“.

ნეფუდმა მცველებს ანიშნა, დახმარებოდნენ, ოთახდან გავიდა და ისინიც გაიყოლია.


– ჩემს ოთახებში ხომ არ წამომყვებოდი, ფეიდ? – ჰკითხა ბარონმა.

– მიბრძანე, რაც გსურს, – მიუგო ფეიდ-რაუთამ. ბიძას თავი დაუკრა, თან ფიქრობდა,
გამომიჭირაო.

– ჯერ შენ გადი, – უთხრა ბარონმა და ხელით კარისკენ ანიშნა.

ფეიდ-რაუთას შიში სულ უმცირეს შეყოყმანებაზე დაეტყო. „მთლად ჩავფლავდი?“ ჰკითხა


თავის თავს. „მოწამლულ ხანჯალს ხომ არ გამიყრის ზურგში... ნელა, ფარის გავლით? ჰყავს ჩემ
გარდა სხვა მემკვიდრე?“

„დაე, განიცადოს ეს წუთიერი შიში“, გაიფიქრა ბარონმა, ძმისწულს რომ მიჰყვა. „ის ჩემი
მემკვიდრე გახდება, მაგრამ ჩემ მიერ არჩეულ დროს. არ დავუშვებ, გვერდზე მოისროლოს ის,
რაც ამდენ ხანს მიშენებია!“

ფეიდ-რაუთა ცდილობდა, ძალიან სწრაფად არ წასულიყო. გრძნობდა, ზურგზე რომ


ბურძგლავდა; თითქოს მისი სხეული თავისთავად ელოდა და არ იცოდა, როდის ეძგერებოდა
მახვილი. კუნთები უნებურად ხან ეძაბებოდა, ხან უდუნდებოდა.

– არაკისიდან ბოლო ცნობები თუ შეიტყვე? – ჰკითხა ბარონმა.

– არა, ძია.

ფეიდ-რაუთამ თავს დააძალა, უკან არ მიეხედა. მან მსახურების ფრთიდან გამავალ


დერეფანში გაუხვია.

– ფრემენებს ახალი წინასწარმეტყველი თუ რაღაც რელიგიური ლიდერი ჰყავთ, – თქვა


ბარონმა, – მუად’დიბს ეძახიან. მართლაც სასაცილოა. „თაგვს“ ნიშნავს. რაბანს ვუთხარი,
აცალე, ჰქონდეთ თავიანთი რელიგია-მეთქი. ეს საქმეს გაუჩენთ.

– რა საინტერესოა, ძია, – უთხრა ფეიდ-რაუთამ. ბიძამისის სამყოფელისკენ მიმავალ პირად


დერეფანში გაუხვია, თან თავს იმტვრევდა: „რელიგიაზე რატომ მელაპარაკება? რამე
მინიშნებას მაძლევს?“

– მართლაც, არა? – გაეპასუხა ბარონი. მისი სამყოფელის მისაღები სალონი გაიარეს და


საძინებელში შევიდნენ. იქ ბრძოლის მცირე კვალი დახვდათ: ტივტივა ნათურა
გადაადგილებული იყო, იატაკზე ბალიში ეგდო, საწოლის მაგიდაზე დამამშვიდებელი
წამალი დაპნეულიყო.

– ჭკვიანური გეგმა იყო, – თქვა ბარონმა. სხეულის ფარი ისევ მაქსიმუმზე ჰქონდა ჩართული.
გაჩერდა და ძმისწულს პირისპირ დაუდგა, – მაგრამ არც ისე. მითხარი, ფეიდ, რატომ შენ
თვითონ არასოდეს დამსხმიხარ თავს? შესაძლებლობა ბლომად გქონდა.

ფეიდ-რაუთამ ტივტივა სავარძელი მოძებნა და, მიპატიჟების გარეშე რომ ჯდებოდა, გუნებაში
მხრები აიჩეჩა.

ახლა თავი მამაცურად უნდა მეჭიროსო, გაიფიქრა.

– შენ მასწავლიდი, რომ მე თვითონ ხელი არ უნდა გავისვარო, – უთხრა მან.


– აჰ, მართლაც, – უთხრა ბარონმა, – იმპერატორის წინაშე რომ წარდგები, უნდა შეგეძლოს,
გულწრფელად თქვა, ეს მე არ ჩამიდენიაო. იმპერატორს გვერდით ალქაჯი რომ უდგას, ის
მოისმენს შენს სიტყვებს და ეცოდინება, ტყუილს ამბობ თუ მართალს.

– რატომ არასოდეს გიყიდია ბენე გესერიტი, ძია? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ, – მართლისმცნობი


რომ გყოლოდა...

– შენ იცი, მე რაც მიყვარს, – მოუჭრა ბარონმა.

ფეიდ-რაუთა ბიძას დააკვირდა, მერე უთხრა:

– მაინც, ის გამოდგებოდა...

– მე მაგათ არ ვენდობი, – დაიღრინა ბარონმა, – და ნუ ცდილობ, თემა შეცვალო!

ფეიდ-რაუთა თვინიერად დაეთანხმა:

– როგორც გინდა, ძია.

– ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, არენაზე რომ გამოდიოდი, – უთხრა ბარონმა, – იმ დღეს ისე
ჩანდა, თითქოს მონა შენს მოსაკლავად მოამზადეს. მართლა ასე იყო?

– ეგ როდის იყო, ძია? ბოლოს და ბოლოს, მე...

– თავს ნუ იძვრენ, თუ შეიძლება, – უთხრა ბარონმა და დაძაბულ ხმაზე შეეტყო, რომ ბრაზს
იკავებდა.

ფეიდ-რაუთამ ბიძას შეხედა და გაიფიქრა: „იცის. ისე არ მკითხავდა“.

– ეგ მოგონილი იყო, ძია. შენი მონების ზედამხედველის გასაფუჭებლად მოვაწყვე ასე.

– ჭკვიანური იყო, – უთხრა ბარონმა, – და მამაცურიც. იმ მონა-გლადიატორმა ორთაბრძოლაში


კინაღამ მოგიგო, ასე არაა?

– ჰო.

– ასეთი სიმამაცის შესაფერისი გამჭრიახობა და სიზუსტეც რომ გქონდეს, შეუდარებელი


იქნებოდი, – ბარონმა თავი გაიქნია. ახლაც ინანა მენტატ პიტერის დაკარგვა, როგორც
ბევრჯერ იმ საშინელი არაკისული დღის შემდეგ. „აი, ვის ჰქონდა მართლაც უფაქიზესი,
დემონური სიზუსტე. თუმცა ამან ვერ უშველა“. ბარონმა ისევ გაიქნია თავი. „ბედისწერა
ზოგჯერ გამოუცნობი რამ არის“.

ფეიდ-რაუთამ საძინებელს მოავლო თვალი, ბრძოლის ნიშნებს დააკვირდა და გაიფიქრა,


ნეტავ მაინც როგორ მოერია ბიძაჩემი ასე საგულდაგულოდ მომზადებულ მონასო.

– როგორ ვაჯობე? – ჰკითხა ბარონმა, – ააჰ, გეყოფა, ფეიდ – დამიტოვე რამე იარაღი, სიბერეში
რომ დამიცვას. ჯობია, ეს დრო გარიგების დადებას მოვახმაროთ.

ფეიდ-რაუთა ბიძას მიაჩერდა. „გარიგება! თუ ასეა, აპირებს, ნამდვილად მემკვიდრედ


დამიტოვოს. აბა, ისე გარიგება რად უნდა. კაცი გარიგებას თავის თანასწორთან ან თითქმის
თანასწორთან დებს!“
– რა გარიგება, ძია? – ფეიდ-რაუთამ სიამაყე იგრძნო, რომ ხმა დინჯი და საქმიანი ჰქონდა;
საერთოდ არ ამჟღავნებდა, რა აღტაცება დაეუფლა.

ეს თავდაჭერა ბარონმაც შენიშნა. თავი დაუქნია.

– შენ კარგი მასალა ხარ, ფეიდ. მე კარგ მასალას არ ვფლანგავ. ოღონდ დაჟინებით უარს ამბობ,
შეიგნო ჩემი ნამდვილი ფასი შენთვის. ძალიან ჯიუტი ხარ. არ გინდა, დაინახო, რატომ უნდა
მომიფრთხილდე, როგორც შენთვის უაღრესად საჭირო ვინმეს. ეს... – ხელით ანიშნა
საძინებელში ბრძოლის კვალზე, – დიდი სისულელე იყო. სისულელეებს კი არ ვწყალობ.

„თქვი, ბოლოს და ბოლოს, რა გინდა, ბებერო შტერო!“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ.

– შენ მე ერთ ბებერ სულელად მიგაჩნივარ, – უთხრა ბარონმა, – უნდა გადაგარწმუნო.

– გარიგებაო, ამბობდი.

– აჰ, ეს ჭაბუკური მოუთმენლობა, – წარმოთქვა ბარონმა, – კეთილი, აი, რა გარიგებაა: შენ


შეწყვეტ ამ სულელურ მკვლელობის მცდელობებს. მე კი, როცა საამისოდ მზად იქნები,
გვერდზე გავდგები და ჩემს ნაცვლად დაგტოვებ. მრჩევლის ადგილზე გადავდგები და
ძალაუფლებას შენ დაგითმობ.

– გადადგები, ძია?

– ახლაც სულელი გგონივარ, – უთხრა ბარონმა, – და ჩემი ნათქვამი მხოლოდ გიდასტურებს,


რომ სწორადაც, ჰო? გგონია, გეხვეწები! უფრო წინდახედულად, ფეიდ! ამ ბებერმა სულელმა
დაინახა შენიღბული ნემსი, რომელიც იმ მონა ბიჭს ბარძაყში ჩაუნერგეთ. ზუსტად იქ, სადაც
ხელს დავადებდი, ჰო? სულ მცირე დაჭერა და – წკაპ! მოწამლული ნემსი ბებერ სულელს
ხელში ერჭობა! ააჰ, ფეიდ!

ბარონმა თავი გაიქნია და გაიფიქრა: „არადა, გაჭრიდა, ჰავატს რომ არ გავეფრთხილებინე. არა
უშავს, სჯეროდეს ბიჭს, რომ მისი შეთქმულების საიდუმლო მე თვითონ ამოვიცანი. რაღაც
აზრით, ასეც იყო. ჰავატი არაკისის დაპყრობისას მე გადავარჩინე. ეს ბიჭი კი, ჯობია, მეტ
პატივს სცემდეს ჩემს უნარს.

ფეიდ-რაუთა ხმას არ იღებდა, საკუთარ ეჭვებს ებრძოდა. „გულწრფელად ამბობს? მართლაც


აპირებს გადადგომას? რატომაც არა? ფრთხილად თუ ვიმოქმედე, ერთ დღესაც მე შევცვლი
მას. უკვდავი ხომ არ არის. შეიძლება, სისულელე ვქენი, მოვლენების დაჩქარება რომ ვცადე“.

– გარიგებაზე ამბობდი, – უთხრა ფეიდ-რაუთამ, – თავდებად რა გვექნება, დასამტკიცებლად?

– როგორ ვქნათ, რომ ერთმანეთს ვენდოთ, ჰა? – ჰკითხა ბარონმა, – რაც შეგეხება შენ, აი, რას
ვიზამ, ფეიდ: თუფეა ჰავატს მოგიჩენ, რომ თვალყური გადევნოს. ამაში ჰავატის მენტატის
უნარს ვენდობი. გესმის ჩემი? ჩემთან დაკავშირებით კი, სხვა გზა არ გაქვს, უბრალოდ უნდა
დამიჯერო. მაგრამ მე უკვდავი კი არ ვარ, ასე არაა, ფეიდ? და იქნებ, დაიწყე მიხვედრა, რომ
ისეთი რამეები ვიცი, არ გაწყენდა, შენც რომ იცოდე.

– კარგი, მე გპირდები და შენ სამაგიეროდ რას მაძლევ? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ.

– მე ცოცხალს გტოვებ, – მიუგო ბარონმა.


ფეიდ-რაუთა ისევ დააკვირდა ბიძას. „ჰავატს მომიჩენს! რას იზამდა, რომ ვუთხრა, ჰავატმა
დადგა ის წარმოდგენა, რომელმაც შენი მონათა ზედამხედველი შეიწირა-მეთქი? ალბათ,
იტყოდა, ტყუი, ჰავატის გაფუჭება გინდაო. არა, ჩვენი კარგი თუფეა მენტატია და
ზემოხსენებულის დაშვების შესაძლებლობაც გათვალისწინებული ექნება“.

– აბა, რას იტყვი? – ჰკითხა ბარონმა.

– რა შემიძლია, ვთქვა? ყაბულს ვარ, რა თქმა უნდა.

და ფეიდ-რაუთამ გაიფიქრა: „ჰავატი! ერთმანეთის წინააღმდეგ გვაქეზებს... ასეა, არა?


ბიძაჩემის ბანაკში გადავიდა, ეს მონა ბიჭის ამბავი მასთან რომ არ შევათანხმე?“

– მეთვალყურედ ჰავატი რომ მინდა, მოგიჩინო, ამაზე არაფერი გითქვამს, – უთხრა ბარონმა.

ფეიდ-რაუთას ნესტოები ბრაზით დაებერა. ჰარკონენების გვარში ჰავატის სახელი იმდენ ხანს
იყო ხიფათის მომასწავებელი... და ახლა მას ახალი მნიშვნელობა შეეძინა: ჯერ კიდევ
სახიფათოა.

– ჰავატი სახიფათო სათამაშოა, – თქვა ფეიდ-რაუთამ.

– სათამაშოო! ნუ ხარ ბრიყვი. ვიცი, ჰავატის სახით რა მაქვს, და როგორ უნდა ვმართო. ჰავატი
ძლიერი ემოციების პატრონია, ფეიდ. საშიში უემოციო კაცია. მაგრამ ძლიერი ემოციები... აჰ,
მათზე თამაში და შენ სასარგებლოდ გამოყენება იოლია.

– ძია, ვერ გაგიგე.

– ჰო, გეტყობა.

ფეიდ-რაუთას ქუთუთოები შეუთრთოლდა და მხოლოდ ამაზე დაეტყო, ბრაზმა რომ გაჰკრა.

– და ვერც ჰავატის გაგიგია ვერაფერი, – თქვა ბარონმა.

„ვერც შენ!“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ.

– ვის ადანაშაულებს ჰავატი თავისი ამჟამინდელი ყოფის გამო? – ჰკითხა ბარონმა, – მე?
უეჭველად. მაგრამ ის ატრეიდესების იარაღი იყო და წლების განმავლობაში მამარცხებდა,
სანამ იმპერიის ხელისუფალმა არ გამოიღო ხელი. აი, როგორ აღიქვამს ამას. ჩემი სიძულვილი
მისთვის ჩვეული ამბავია. ჰგონია, როცა კი მოინდომებს, მაშინვე მაჯობებს. ასე სანამ სჯერა,
თავადაა ნაჯობნი, რადგანაც მის ყურადღებას, საითაც მე მინდა, იქით მივმართავ – იმპერიის
მმართველის წინააღმდეგ.

ახალი ამბის გააზრებას რომ ცდილობდა, დაძაბულობისგან ფეიდ-რაუთას შუბლზე ნაოჭები


აესხა, პირი გაუწვრილდა.

– იმპერატორის წინააღმდეგ?

„ვაცალოთ, ჩემმა ძვირფასმა ძმისწულმა კარგად დააგემოვნოს ეს“, გაიფიქრა ბარონმა.


„ვაცალოთ, უთხრას თავის თავს: „იმპერატორი ფეიდ-რაუთა ჰარკონენი!“ ვაცალოთ,
გააანალიზოს, რამდენად ფასეულია ეს მისთვის. ნამდვილად უნდა ღირდეს ერთი ბებერი
ბიძის სიცოცხლედ, თუ იმას ამ ოცნების ასრულება შეუძლია!
ფეიდ-რაუთამ ნელა გაისვა ენა ტუჩებზე. შეიძლება, მართალი ყოფილიყო, რასაც ბებერი
სულელი ამბობდა? ამაში იდო მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

– და ჰავატი ამ ყველაფერში რა შუაშია? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ.

– იმას ჰგონია, ჩვენ გვიყენებს, რომ იმპერატორს თავისი შურისძიება დაატეხოს თავს.

– და ამას რომ მიაღწევს, მერე?

– შურისძიების მერე რა იქნება, აღარ ფიქრობს. ჰავატი ის კაცია, რომელიც ვიღაცას უნდა
ემსახურებოდეს, ოღონდ თვითონ არც იცის ეს.

– მე ჰავატისგან ბევრი რამ ვისწავლე, – დაეთანხმა ფეიდ-რაუთა და ამ სიტყვების


წარმოთქმისას იგრძნო, რა სიმართლეს ამბობდა, – მაგრამ, რაც მეტს ვსწავლობ, მით უფრო
ვგრძნობ, რომ ჯობია, თავიდან მოვიშოროთ... და მალე.

– არ მოგწონს, რომ თვალყურს გადევნებს?

– ჰავატი ყველას ადევნებს თვალყურს.

– და შეუძლია, შენ ტახტზე დაგსვას. ჰავატი ძალიან ბასრი იარაღია. ის სახიფათოა, ცბიერი.
მაგრამ ანტიდოტს ჯერ არ შევუწყვეტ. ასე, ხმალიც კი საშიშია, ფეიდ. ოღონდ ამ ხმლისთვის
ჩვენ ქარქაში გვაქვს: მის სხეულში შხამია ჩადებული. ანტიდოტს რომ მოვუხსნით, სიკვდილი
მას ქარქაშში ჩააგებს.

– ეს რაღაცით არენას ჰგავს, – თქვა ფეიდ-რაუთამ, – ფანდი ფანდში და კიდევ ფანდში.


ყურადღებით აკვირდები, საით იხრება გლადიატორი, საით იყურება, მახვილი როგორ
უჭირავს.

საკუთარ აზრს დასტურით დაუქნია თავი, შენიშნა, რომ ბიძამისსაც მოეწონა მისი სიტყვები,
და გაიფიქრა: „დიახ! არენასავითაა! და ხმლის ბასრი პირი გონებაა!“

– ახლა ხომ ხედავ, როგორ გჭირდები, – უთხრა ბარონმა, – ჯერაც გამოსადეგი ვარ, ფეიდ.

„ხმალი, რომელსაც ვხმარობ, სანამ ისე არ დაბლაგვებულა, რომ გამოუსადეგარი გამხდარა“,


გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ.

– დიახ, ძია, – თქვა.

– ახლა კი, – უთხრა ბარონმა, – ჩვენ ორნი მონების ყაზარმებში ჩავალთ. და მე გიყურებ, შენ
საკუთარი ხელით როგორ დახოცავ ყველა ქალს სიამის ფრთაში.

– ძია!

– ქალები სხვებიც იქნებიან, ფეიდ. მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩემთან დაშვებული შეცდომა ასე
იოლად არ ჩაგივლის.

ფეიდ-რაუთას სახე მოეღრუბლა.

– ძია, შენ...
– შენ მიიღებ სასჯელს, რომელიც დაიმსახურე, და აქედან რაღაცას ისწავლი, – უთხრა ბარონმა.

ფეიდ-რაუთამ ნიშნის მოგებით მომზირალ ბიძას თვალი გაუსწორა. „და მე უნდა მახსოვდეს
ეს ღამე“, გაიფიქრა მან. „და, მისი ხსოვნით, უნდა მახსოვდეს სხვა ღამეებიც“.

– უარს არ იტყვი, – უთხრა ბარონმა.

„და განა რა შეგიძლია ქნა, თუ უარს ვიტყვი, ბებერო?“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. მაგრამ იცოდა,
რომ შეიძლებოდა, რამე სხვა სასჯელი მიეღო – შეიძლება, უფრო დახვეწილი რამ, უფრო
დაუნდობელი ბერკეტი მის მოსადრეკად.

– გიცნობ, ფეიდ, – უთხრა ბარონმა, – არ იტყვი უარს.

„მაშ, კარგი“, გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. „ჯერ მჭირდები. ვხედავ ამას. გარიგება დადებულია.
მაგრამ ყოველთვის კი აღარ დამჭირდები. და... ერთხელაც“...

2* * *
ადამიანს ღრმა ქვეცნობიერში უდევს ყოვლისმომცველი მოთხოვნილება ლოგიკური
სამყაროსი, რომელიც გასაგებია მისთვის. მაგრამ ნამდვილი სამყარო ყოველთვის ერთი
ნაბიჯით სცდება ლოგიკას.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

„დიდებული გვარის ბევრი მმართველის პირისპირ მივჯდომივარ მაგიდას, მაგრამ ამასავით


გასიებული და სახიფათო ღორი არსად მინახავს“, გაიფიქრა თუფეა ჰავატმა.

– შეგიძლია, მე პირდაპირ მელაპარაკო, ჰავატ, – დაიბუბუნა ბარონმა. თავის ტივტივა


სავარძელში გადაწვა, თან ქონის ნაკეცებში ჩაფლული თვალებით ჰავატს ბურღავდა.

მოხუცი მენტატი მასა და ბარონ ჰარკონენს შორის მდგარ მაგიდას დააცქერდა, ზედაპირის
ძვირფასი ფაქტურა შეამჩნია. ბარონის შეფასებისას ესეც კი გასათვალისწინებელი დეტალი
იყო, ისევე, როგორც მისი პირადი სათათბირო ოთახის წითელი კედლები და ჰაერს შერეული
სუსტი, მოტკბო ბალახის სურნელი, უფრო მკვეთრ მუსკუსს რომ ნიღბავდა.

– რაბანისთვის იმ გაფრთხილებას უბრალო ახირების გამო არ გამაგზავნინებდი, – უთხრა


ბარონმა.

ჰავატს გამხდარი ბებერი სახე უტყვი ჰქონდა, არ ამჟღავნებდა ზიზღს, რომელსაც გრძნობდა.

– ბევრი რაღაცის ეჭვი მაქვს, მილორდ, – უთხრა მან.

– ჰო. კარგი, ახლა ის მინდა, ვიცოდე, არაკისს რა ადგილი უჭირავს შენს ეჭვებში სალუსა
სეკუნდუსის შესახებ. ის არ კმარა, რომ მეუბნები, იმპერატორი სულ შფოთავს, როცა არაკისს
რაიმე კუთხით მის იდუმალ ციხე-პლანეტას უკავშირებენო. ახლა რაბანს გაფრთხილება ასე
ფაცხაფუცხით იმიტომ გავუგზავნე, რომ შიკრიკი იმ ლაინერს უნდა გაჰყოლოდა. შენ თქვი,
დაყოვნება დაუშვებელიაო. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ახლა ამიხსენი კიდეც.
„რამდენს ლაქლაქებს“, გაიფიქრა ჰავატმა. „ლეტოს კი არ ჰგავს, რომელსაც შეეძლო, წარბის
აწევით ან ხელის გაქნევით მიეხვედრებინა, რა უნდოდა. არც წინა ჰერცოგს ჰგავს, რომელიც
მთელ ფრაზას იტყოდა იმით, თუ რა კილოთი წარმოთქვამდა ერთადერთ სიტყვას. ეს რა
ლენჩია! მისი განადგურება კაცობრიობისთვის გაწეული სამსახური იქნება“.

– აქედან ვერსად წახვალ, სანამ სრულ და მთლიან განმარტებას არ მივიღებ, – თქვა ბარონმა.

– სალუსა სეკუნდუსზე ძალიან არხეინად ლაპარაკობთ, – უთხრა ჰავატმა.

– ეგ სადამსჯელო კოლონიაა, – თქვა ბარონმა, – გალაქტიკაში ყველაზე უარეს ამრევებს იქ


გზავნიან. სხვა რა უნდა ვიცოდე?

– ის, რომ ციხე-პლანეტაზე ბევრად უფრო მძიმე პირობებია, ვიდრე სადმე სხვაგან, – უპასუხა
ჰავატმა, – გსმენიათ, რომ ახალ პატიმრებს შორის სიკვდილიანობა სამოც პროცენტს
აღემატება. გსმენიათ, რომ იმპერატორი იქ მყოფებს ყველანაირად თრგუნავს. ეს ყველაფერი
გსმენიათ და კითხვები არ გიჩნდებათ?

– იმპერატორი დიდებულ გვარებს თავისი ციხის შემოწმების უფლებას არ აძლევს, – ჩაიღრინა


ბარონმა, – მაგრამ არც ჩემს დილეგებში ყოფს ცხვირს.

– და სალუსა სეკუნდუსით დაინტერესებას... მ-მმ... – ჰავატმა გაძვალტყავებული თითი


ტუჩებზე მიიდო, – არ მოიწონებენ.

– ესე იგი, დიდად არ ტრაბახობს იმით, რასაც იქ აკეთებს!

ჰავატს მუქ ტუჩებზე სულ ოდნავ დაეტყო ღიმილი. მან ბარონს შეხედა და ნათელმილის
შუქზე თვალები აუელვარდა.

– არასოდეს დაინტერესებულხართ, იმპერატორი თავის სარდაუკარებს სად შოულობსო?

ბარონმა თავისი სქელი ტუჩები მოპრუწა. მისი სახე ჭირვეული ჩვილისას დაემსგავსა. ოდნავ
ხმაშიც გამოერია ჭირვეული კილო:

– რა ვიცი... ახალწვეულები... როგორც ამბობენ, დროდადრო რეკრუტებს იწვევს და ისინი


სამხედრო სამსახურში აჰყავს...

– ფააა! – გააწყვეტინა ჰავატმა, – ის, რასაც სარდაუკარების გმირობაზე გაიგებ, უკვე „ამბობენ“
აღარაა, არა? ამას ჰყვებიან უშუალოდ ის თითო-ოროლა გადარჩენილები, რომლებსაც
სარდაუკარებთან უბრძოლიათ, ხომ?

– სარდაუკარები ჩინებული მებრძოლები არიან, ეს უეჭველია, – თქვა ბარონმა, – მაგრამ,


ვფიქრობ, ჩემი ლეგიონებიც...

– სარდაუკარებთან შედარებით, ისინი პიკნიკზე საკოტრიალოდ წასული დამსვენებლები


არიან,! – მოუჭრა ჰავატმა, – გგონიათ, არ ვიცი, რატომ წავიდა იმპერატორი ატრეიდესის
ოჯახის წინააღმდეგ?

– შენს ვარაუდებს ამ საკითხთან არაფერი ესაქმება, – გააფრთხილა ბარონმა.


„შესაძლებელია, რომ ამანაც კი არ იცოდეს, რამ უბიძგა ამისკენ იმპერატორს?“ გაიფიქრა
ჰავატმა.

– ჩემს ვარაუდებს ესაქმება ყველა საკითხთან, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება იმას,


რისთვისაც დამიქირავეთ, – უთხრა ჰავატმა, – მე მენტატი ვარ. მენტატს არ შეიძლება, მოაკლო
ინფორმაცია ან შეუზღუდო გათვლების მიმართულება.

ბარონი ერთხანს თვალმოუშორებლად უცქერდა, მერე კი უთხრა:

– თქვი, რაც უნდა მითხრა, მენტატო.

– ფადიშაჰ-იმპერატორი ატრეიდესების გვარის წინააღმდეგ წავიდა იმიტომ, რომ ჰერცოგის


სარდლებმა, გურნი ჰალეკმა და დუნკან აიდაჰომ, გამოწვრთნეს საბრძოლო ძალა –
მცირერიცხოვანი საბრძოლო ძალა – რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა სარდაუკარებს.
ზოგი მათზე უკეთესიც კი იყო. და ჰერცოგს განზრახული ჰქონდა, გაეზარდა თავისი ძალები
და ისინი ყველაფერში იმპერატორის ძალების თანასწორი გაეხადა.

ბარონმა აწონ-დაწონა ეს სიახლე, მერე წარმოთქვა:

– არაკისი ამასთან რა შუაშია?

– მასზე მოიპოვება ბაზარი რეკრუტებისა, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ თვითგადარჩენის


უმკაცრესი წვრთნა.

ბარონმა თავი გაიქნია.

– ფრემენებს ხომ ნამდვილად არ გულისხმობ?

– სწორედ ფრემენებს ვგულისხმობ.

– ჰაჰ! მაშინ, რა საჭიროა რაბანის გაფრთხილება? სარდაუკარების დარბევისა და რაბანის


რბევების მერე იქ ერთ მუჭა ფრემენებზე მეტი აღარც იქნება დარჩენილი!

ჰავატი უხმოდ შეაცქერდა.

– ერთ მუჭაზე მეტი არ იქნებიან! – გაიმეორა ბარონმა, – რაბანმა მარტო გასულ წელს ექვსი
ათასი დახოცა!

ჰავატი თვალს არ აცილებდა.

– იმის წინა წელს ცხრა ათასი იყო დახოცილი, – თქვა ბარონმა, – და წასვლამდე სარდაუკარები
ოცი ათასს მაინც მოუთავებდნენ ხელს.

– ბოლო ორი წლის განმავლობაში რაბანის სამხედრო ძალის დანაკარგი როგორი? – ჰკითხა
ჰავატმა.

ბარონმა ყბა მოისრისა.

– ჰო, გვარიანად ავსებდა რიგებს, კაცმა რომ თქვას. მისი აგენტები საკმაოდ უჩვეულო
დაპირებებს იძლეოდნენ და...
– რომ დავამრგვალოთ, ოცდაათი ათასიო, შეიძლება ითქვას? – ჰკითხა ჰავატმა.

– ეგ რიცხვი ცოტა გადაჭარბებული მგონია, – მიუგო ბარონმა.

– სწორედ რომ პირიქით, – თქვა ჰავატმა, – რაბანის ანგარიშების სტრიქონებს შორის მეც
თქვენსავით კარგად ვკითხულობ. და თქვენ, უეჭველია, ყველაფერი გაიგეთ ჩემს ანგარიშებში,
ჩვენი აგენტების მონაცემებზე დაყრდნობით რომ შევადგინე.

– არაკისი სასტიკი პლანეტაა, – თქვა ბარონმა, – ქარიშხლით გამოწვეული დანაკარგები


შეიძლება...

– ქარიშხლის შემოტევების რაოდენობა ორივემ კარგად ვიცით, – თქვა ჰავატმა.

– და ოცდაათი ათასი თუ დაკარგა, მერე? – ჰკითხა ბარონმა და სახე მოწოლილმა სისხლმა


წამოუჭარხლა.

– თქვენივე გამოთვლებით, – უთხრა ჰავატმა, – მან ორ წელიწადში თხუთმეტი ათასი დახოცა


და ორჯერ ამაზე მეტი თვითონ დაკარგა. თქვენ ამბობთ, რომ სარდაუკარებმა კიდევ ოცი
ათასის დახოცვა უპატაკეს, შეიძლება, ცოტა მეტის. მე კი ვნახე მათი ტრანსპორტირების
დეკლარაციები არაკისიდან წამოსვლისას. ოცი ათასი თუ დახოცეს, საკუთრივ მათი
დანაკარგები ლამის ხუთი ერთზეა. რატომ არ გინდათ, ამ ციფრებს თვალი გაუსწოროთ,
ბარონო, და გაიგოთ, რასაც ნიშნავს ისინი?

ბარონმა ცივი, მოზომილი ხმით უთხრა:

– ეს შენი საქმეა, მენტატო. რას ნიშნავს?

– მე მოგაწოდე აიდაჰოს მიერ დათვლილი მოსახლეობის მონაცემები, იმ სიეტჩისა, რომელშიც


იცხოვრა, – უთხრა ჰავატმა, – ყველაფერი შესაბამისობაშია. თუ მათ ორას ორმოცდაათი ასეთი
სიეტჩური თემი აქვთ, მთელი მოსახლეობა დაახლოებით ხუთი მილიონი იქნება. ჩემი
ყველაზე მიახლოებითი შეფასებით, მათ ორჯერ ამაზე მეტი თემი ჰყავთ. ასეთ პლანეტაზე
მოსახლეობამ გაფანტულად უნდა იცხოვროს.

– ათი მილიონი? – ბარონს გაოგნებისგან ყბა აუცახცახდა.

– სულ ცოტა.

ბარონმა სქელი ტუჩები მოპრუწა. ფრინველის თვალები ჰავატს ჯიქურ შესცქეროდნენ. „ეს
მართლაც მენტატის მეთოდით გამოთვლაა? „როგორ შეიძლება, ასე იყოს და ეჭვადაც არავის
სცოდნოდა?“

– ჩვენ დიდად მათი შობადობის მაჩვენებელიც კი ვერ შევამცირეთ, – თქვა ჰავატმა, – მხოლოდ
გამოვხშირეთ ცოტაოდენი ნაკლებად წარმატებული ეგზემპლარები და ძლიერები კიდევ
უფრო გავაძლიერეთ – ზუსტად ისე, როგორც სალუსა სეკუნდუსზე ხდება.

– სალუსა სეკუნდუსი! – ბრაზით ამოთქვა ბარონმა, – და რა შუაშია აქ იმპერატორის ციხე-


პლანეტა?

– კაცი, რომელიც სალუსა სეკუნდუსს გადაურჩება, უკვე ბევრ სხვაზე ძლიერია, – თქვა
ჰავატმა, – ამას თუ დაუმატებ საუკეთესო სამხედრო წვრთნას...
– სისულელეა! შენი მსჯელობით, მე შემიძლია, ფრემენი ახალწვეულები ავიყვანო, იმის მერე,
რაც ჩემმა ძმისწულმა ასე ჩაგრა და დევნა ისინი?

ჰავატმა ხმა დაირბილა:

– თქვენ არასდროს დაგიჩაგრავთ თქვენი ლეგიონერები?

– აბა... მე... მაგრამ...

– ჩაგვრა შედარებითი რამაა, – თქვა ჰავატმა, – თქვენი მებრძოლები ბევრად უკეთ ცხოვრობენ,
ვიდრე დანარჩენები მათ ირგვლივ, ჰო? ისინი ხედავენ, ბარონის ჯარისკაცად ყოფნას რა
არასახარბიელო ალტერნატივა აქვს, არა?

ბარონი გაჩუმდა, მზერა გაუშტერდა. „რა შესაძლებლობებია... ნუთუ რაბანმა უნებურად


მართლაც მისცა ჰარკონენების გვარს მათთვის საჭირო, დაუმარცხებელი იარაღი?“

მერე კი თქვა:

– როგორ შეიძლება, ასეთი რეკრუტების ერთგულებაში დარწმუნებული იყო?

– მე მათ მცირე ჯგუფებად ავიყვანდი, არაუმეტეს ერთი რგოლის შემადგენლობისა, – მიუგო


ჰავატმა, – გამოვაცილებდი ჩვეულ ჩაგრულ ვითარებას და გავაცალკევებდი მწვრთნელების
ისეთ შემადგენლობასთან ერთად, რომლებსაც კარგად ესმით საწვრთნელთა წარმომავლობის
ხასიათი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები; სასურველია, ეს ხალხი თავად იყოს
გამოსული იმავე ჩაგრული სიტუაციიდან. მერე კი თავებს გამოვუტენიდი მისტიკური
ცოდნით იმაზე, რომ მათი პლანეტა სინამდვილეში საიდუმლო საწვრთნელი პოლიგონია
მათნაირ ზეარსებათა გამოსაყვანად. და საქმით ვუჩვენებდი, თუ რას იმსახურებენ ასეთი
ზეარსებანი: ფუფუნებას, ლამაზ ქალებს, სრა-სასახლეებს... რასაც კი მოისურვებენ.

ბარონი თავის ქნევას მოჰყვა.

– როგორც სარდაუკარები ცხოვრობენ შინ.

– რეკრუტები მერე და მერე კიდევაც იჯერებენ, რომ სალუსა სეკუნდუსისნაირი ადგილის


არსებობა გამართლებულია, რადგან მან წარმოშვა თავად ისინი – ელიტა. ჩვეულებრივი
რიგითი სარდაუკარი ჯარისკაცი, ბევრი ნიშნით, ისევე დალხენილი ცხოვრობს, როგორც
დიდებული გვარის წარმომადგენელი.

– რა დიდებული იდეაა! – დაიჩურჩულა ბარონმა.

– უკვე იწყებთ ჩემი ეჭვების გაზიარებას, – უთხრა ჰავატმა.

– ეს ამბავი სად დაიწყო? – ჰკითხა ბარონმა.

– აჰ, ჰო: საიდან წარმოიშვა კორინოს გვარი? ცხოვრობდა თუ არა ხალხი სალუსა სეკუნდუსზე,
სანამ იმპერატორი იქ თავის პირველ პატიმრებს გაგზავნიდა? ეს ზუსტად ჰერცოგმა ლეტომაც
კი არ იცოდა, თუმცა ამ გვარის კუზენი იყო, დედის ხაზით. ასეთი შეკითხვები იქ არ მოსწონთ.

ბარონი რაღაც ფიქრს გაჰყოლოდა, თვალები შუშისას უგავდა.

– ჰო, ძალიან მკაცრად დაცული საიდუმლოა. იყენებენ ყველა ხერხს, რათა...


– თანაც, განა რა არის დასამალი? – ჰკითხა ჰავატმა, – ის, რომ ფადიშაჰ-იმპერატორს ციხე-
პლანეტა აქვს? ეს ყველამ იცის. ის, რომ მას აქვს...

– გრაფი ფენრინგი! – წამოიძახა ბარონმა.

ჰავატმა სიტყვა გაწყვიტა, შეფიქრიანებულმა შუბლშეკვრით შეხედა ბარონს.

– რა გრაფი ფენრინგი?

– ჩემი ძმისწულის დაბადების დღეზე, რამდენიმე წლის წინ, – უთხრა ბარონმა, – ეს


იმპერატორის ჩიტბატონა, გრაფი ფენრინგი, ჩამოვიდა, როგორც ოფიციალური
დამკვირვებელი და... აჰ, იმისათვის, რომ იმპერატორსა და ჩემ შორის საქმიანი შეთანხმება
დაედო.

– მერე?

– მე... აჰ, ჩვენი ერთ-ერთი საუბრისას, როგორც მახსოვს, რაღაც ვთქვი არაკისის ციხე-
პლანეტად ქცევაზე. ფენრინგი...

– ზუსტად რა თქვით? – დაეკითხა ჰავატი.

– ზუსტად? დიდი ხნის წინ იყო და...

– მილორდო ბარონო, თუ გსურთ, ჩემი სამსახური მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს


თქვენთვის, შესაბამისი ინფორმაციით უნდა უზრუნველმყოთ. ეს საუბარი არ ჩაწერილა?

ბარონს ბრაზით მოექუშა სახე.

– შენც პიტერივით აუტანელი ხარ! არ მომწონს ეს...

– პიტერი აღარ გყავთ, მილორდ, – უთხრა ჰავატმა, – სიტყვამ მოიტანა და, რა მოუვიდა
პიტერს?

– მეტისმეტად მოურიდებელი და მომთხოვნი გახდა, – მიუგო ბარონმა.

– თქვენ მარწმუნებთ, რომ საჭირო კაცს ტყუილუბრალოდ არ აფუჭებთ, – უთხრა ჰავატმა, –


გნებავთ, ჩემს უნარს მიაყენოთ ზიანი მუქარით და პასუხებისთვის თავის არიდებით? ჩვენ
იმაზე ვმსჯელობდით, თუ რა უთხარით გრაფ ფენრინგს.

ბარონმა ნელ-ნელა დაიწყნარა სახე. დრო რომ მოვა და გავიხსენებ, რა კილოთი


მელაპარაკებოდა. დიახ, გავიხსენებ“, გაივლო გულში

– ერთი წუთით, – თქვა ბარონმა და თავის სეფედარბაზში შეხვედრა გაიხსენა. ამაში დაეხმარა
ვიზუალიზაცია სიჩუმის კონუსისა, რომელშიც მაშინ იდგნენ.

– დაახლოებით ასეთი რამ ვთქვი, – განაგრძოა ბარონმა, – „იმპერატორმა იცის, რომ


გარკვეული რაოდენობით მკვლელობები მუდამ იყო და არის ბიზნესის განუყოფელი
ნაწილი“. მე ჩვენი სამუშაო ძალის დანაკარგებს ვამართლებდი. მერე დავძინე რაღაც იმაზე,
რომ არაკისის პრობლემის სხვაგვარ გადაწყვეტას განვიხილავდი და აღვნიშნე, რომ
იმპერატორის ციხე-პლანეტამ მისთვის მიბაძვა შთამაგონა.
– დასწყევლოს ალქაჯმა! – წამოსცდა ჰავატს, – ფენრინგმა ამაზე, რაო?

– ამის მერე დამიწყო შენზე გამოკითხვა.

ჰავატი საზურგეს გადააწვა, თვალები დახუჭა და ჩაფიქრდა.

– აი, თურმე რატომაა, რომ არაკისს თვალს არ აშორებენ, – თქვა მერე, – კეთილი, რაც მოხდა,
მოხდა, – თვალები გაახილა, – ახლა ალბათ უკვე მთელ არაკისზე ჰყავთ გაფანტული
ჯაშუშები. ორი წელი!

– მაგრამ ჩემი უწყინარი შენიშვნა ნამდვილად ვერ...

– იმპერატორისთვის უწყინარი არ არსებობს! რაბანს რა მითითებები მიეცით?

– უბრალოდ, დავავალე, არაკისისთვის ესწავლებინა, რომ ჩვენი უნდა ეშინოდეს.

ჰავატმა თავი გაიქნია.

– ახლა მხოლოდ ორი გზა გაქვთ, ბარონო. შეგიძლიათ, არაკისელები ამოწყვიტოთ, სულ
ერთიანად გაჟუჟოთ, ან...

– მთელი სამუშაო ძალა გავფლანგო?

– აბა, გირჩევნიათ, იმპერატორი და ის დიდებული გვარები, რომლებიც ჯერ კიდევ შეუძლია,


აიყოლიოს, აქ მოგიხტნენ და ცოტა წაიმუშაონ, გიედი პრაიმი ყამირივით გადაგიხნან?

ბარონი მენტატს მიაშტერდა და მერე წარმოთქვა:

– ვერ გაბედავს!

– ვითომ?

ბარონს ტუჩები აუცახცახდა.

– ის უნდა გაწირო, სხვა გზა არ გაქვს.

– რა?

– უნდა მიატოვო შენი ძვირფასი ძმისწული, რაბანი.

– გავწ... – ბარონს სიტყვა გაუწყდა და ჰავატს მიაჩერდა.

– აღარ გაუგზავნო ჯარები, არც რამე სხვა დახმარება. მის წერილებზე პასუხად მხოლოდ ის
აღირსე, რომ შეიტყვე, თურმე რა საშინელებებს სჩადის არაკისზე და აპირებ, რამე იღონო,
რათა ამას ბოლო მოეღოს... როგორც კი მოახერხებ. მე ისე მოვაწყობ, რომ ზოგიერთი შენი
წერილი იმპერატორის ჯაშუშებმა ჩაიგდონ ხელში.

– მაგრამ სუნელი, შემოსავალი, სხვა...

– მოითხოვე შენი საბარონო სარგებელი, მაგრამ ყურადღებით შეარჩიე ფორმა – რაბანს


მოჭრილი თანხა მოსთხოვე. ჩვენ შეგვიძლია...

ბარონმა ხელისგულები ჭერისკენ აატრიალა.


– მაგრამ როგორ დავრწმუნდე, რომ ჩემი გველაძუა ძმისწული არ...

– არაკისზე ჯერ კიდევ მყავს მსტოვრები. უთხარი რაბანს, რომ ან დაყაბულდება სუნელის
კვოტას, რომელსაც უწესებ, ან მის ადგილზე სხვას დააყენებ.

– ვიცნობ ჩემს ძმისწულს, – თქვა ბარონმა, – ასე უფრო მეტად დაუწყებს რბევას მოსახლეობას.

– დაუწყებს, აბა რა! – შეუტია ჰავატმა, – არც გინდა, ახლა ეს ამბავი შეწყდეს! მხოლოდ ის
გინდა, შენ გქონდეს ხელები სუფთა. აცალე რაბანს, შენ ნაცვლად შექმნას შენი სალუსა
სეკუნდუსი. პატიმრების გაგზავნაც კი არ უნდა. საჭირო მოსახლეობა უკვე ჰყავს. თუ რაბანი
თავის ხალხს შოლტით მიერეკება,

სუნელის შენი კვოტა რომ ჩაგაბაროს, მაშინ იმპერატორი სხვა მიზეზს არც იეჭვებს.
პლანეტაზე ჯოჯოხეთის მოსაწყობად ესეც კმარა. და თქვენ, ბარონო, არც სიტყვით, არც
მოქმედებით არ გაამჟღავნებთ, რომ საამისოდ სხვა მიზეზი გაქვთ.

ბარონის ხმას მის უნებურად აღტაცების ქლესა კილო შეერია.

– აჰ, ჰავატ, დიდი ცბიერი რამ ხარ. ახლა, როგორ გადავიდეთ არაკისზე და გამოვიყენოთ,
რასაც რაბანი მოამზადებს?

– ეს უმარტივესი რამაა, ბარონო. თუ ყოველ წელს წინა წელზე ცოტათი მაღალ კვოტას
დააწესებ, იქ სიცხე მალე მიაღწევს აალების ნიშნულს. წარმოება დაეცემა. მერე შეგიძლია,
რაბანი მოაშორო და პლანეტას შენ თვითონ მიხედო... ჩაფლავებული საქმის
გამოსასწორებლად.

– გამოდგება, – თქვა ბარონმა, – მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი მღლის. სხვას ვამზადებ,
არაკისს ჩემ ნაცვლად რომ მიხედოს.

ჰავატი ჩააცქერდა სქელ მრგვალ სახეს მაგიდის მეორე მხარეს. მოხუცმა ჯარისკაცმა-
მსტოვარმა ნელა დააქნია თავი.

– ფეიდ-რაუთა, – წარმოთქვა მან, – ე.ი. ახლანდელი რეპრესიების მიზეზი ეგაა. თქვენც კარგი
ცბიერი ვინმე ხართ, ბარონო. შეიძლება, მოვახერხოთ ამ ორი სქემის შეერთება. დიახ. თქვენს
ფეიდ-რაუთას შეეძლება, არაკისს მხსნელად მოევლინოს. შეიძლება, ხალხი მიიმხროს კიდეც.
დიახ.

ბარონს გაეღიმა. და, ღიმილის მიღმა, კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: „ახლა ეს ყველაფერი
როგორ ჯდება ჰავატის პირად გეგმებში?“

და ჰავატი, რომელიც მიხვდა, რომ დაითხოვეს, წამოდგა და წითელკედლებიანი ოთახიდან


გავიდა. მიდიოდა და ფიქრიდან ვერ მოეშორებინა შფოთის მომგვრელი უცნობი სიდიდეები,
რომლებიც არაკისზე ყველა გამოთვლაში ეჩხირებოდა. ან ფრემენების ეს ახალი წინამძღვარი,
რომელზეც კონტრაბანდისტებს შორის დამალული გურნი ჰალეკი მიანიშნებდა, ეს
მუად’დიბი...

შეიძლება, ბარონისთვის არ უნდა მეთქვა, მიუშვი, ეს ახალი რელიგია გავრცელდეს, სადაც


უნდა, თუნდაც ტაფობისა და გრაბენის მცხოვრებლებშიო, უთხრა საკუთარ თავს. მაგრამ
ყველასთვის ცნობილია, რომ რეპრესიების დროს რელიგია ყოველთვის ძლიერდება.
გაახსენდა ფრემენული ბრძოლის ტაქტიკის შესახებ ჰალეკისგან მიღებული ანგარიშები. ამ
ტაქტიკას თავად ჰალეკის ხელი ეტყობოდა... და აიდაჰოსი... ჰავატისაც კი.

„იქნებ, აიდაჰო გადარჩა?“

მაგრამ ამ კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა. აზრადაც არ მოსვლია კითხვა, შესაძლებელია თუ


არა, პოლი გადარჩენილიყოო. იცოდა, რომ ბარონი დარწმუნებული იყო, ატრეიდესები
ყველანი დაიხოცნენო. თავად აღიარა, ჩემი იარაღი ბენე გესერიტი ალქაჯი იყოო. და ეს
მხოლოდ ერთს ნიშნავდა: ყველა დაიღუპა, თავად ქალის ვაჟიშვილიც კი.

„რა გესლიანი სიძულვილით უნდა სძულებოდა ატრეიდესები იმ ქალს“, გაიფიქრა ჰავატმა.


„ალბათ, დაახლოებით ისე, როგორც მე მძულს ეს ბარონი. ჩემი დარტყმაც ისევე საბოლოო და
სრული აღმოჩნდება, როგორიც მისი იყო?“

3* * *
ყველა საგანსა და მოვლენაში დევს მოდელი, რომელიც ჩვენი სამყაროს ნაწილია. მას აქვს
სიმეტრია, სინატიფე, მოხდენილობა – თვისებები, რომლებსაც ყოველთვის იპოვით
ნამდვილი ხელოვანის ნამოქმედარში. თქვენ ეს შეგიძლიათ დაინახოთ წლის დროების
მონაცვლეობაში, დიუნის თხემს გაყოლილ ქვიშაში, საქსაულის ტოტების განლაგებაში ან
მისი ფოთლების ხაზებში. ჩვენ ვცდილობთ, ეს მოდელები ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენს
საზოგადოებაში გადმოვიტანოთ, ვეძიებთ რიტმებს, ცეკვებს, ფორმებს, რომლებსაც ნუგეში
მოაქვს. დიახ, შეიძლება, უკიდურესი სრულყოფილების პოვნაში ხიფათი დავინახოთ.
ცხადია, რომ სრულყოფილი მოდელი საკუთარ თავში გაქვავებას შეიცავს. ასეთ
სრულყოფილებაში ყველაფერი სიკვდილისკენ მიექანება.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

პოლ-მუად’დიბს გაახსენდა, რომ სუნელით გაჯერებულ საჭმელს ჭამდა. ამ ხსოვნას მოეჭიდა,


რადგანაც ეს სამაგრი წერტილი იყო და მასზე დაყრდნობით შეეძლო, ეთქვა, რომ მისი
ამწუთიერი განცდა სიზმარი უნდა ყოფილიყო.

„მე მოვლენათა სცენა ვარ“, უთხრა საკუთარ თავს. „მე არასრული ხედვის მსხვერპლი ვარ,
რასის ცნობიერებისა და მისი საზარელი დანიშნულების მსხვერპლი“.

ჰო, ვერსად გაურბოდა შიშს, რომ როგორღაც გადაასწრო თავის თავს, დროში თავისი ადგილი
დაკარგა, ისე, რომ წარსული, მომავალი და აწმყო განურჩევლად აიზილა ერთმანეთში. ეს
ერთგვარი ვიზუალური დაქანცულობა იყო და იცოდა, მას იწვევდა მუდმივი აუცილებლობა,
წინასწარჭვრეტით დანახულ მომავალს მოპყრობოდა, როგორც ხსოვნას – რაც, თავისთავად,
წარსულის თვისებაა.

ის საჭმელი ჩანიმ მომიმზადაო, გაივლო გულში.

მაგრამ ჩანი შორეულ სამხრეთში იყო – ცივ მხარეში, სადაც მზე ცხელია – ახალი სიეტჩის ერთ-
ერთ სიმაგრეს საიმედოდ შეჰფარებოდა მათ შვილთან, ლეტო II-სთან ერთად.
თუ ეს მომავალში უნდა მომხდარიყო?

„არა“, დააჯერა საკუთარი თავი „რადგან ალია-უცნაური, მისი და, წავიდა იქ მათ დედასთან
და ჩანისთან ერთად – ოცბაგუნიან გზაზე სამხრეთისკენ, ღირსი დედის ტახტრევნით,
რომელიც ველური მოქმედის ზურგზე იყო დამაგრებული.“

გიგანტური მატლის გახედვნაზე ფიქრს გაექცა და თავს დაეკითხა: „თუ ალია აწი უნდა
დაიბადოს?“

„რეიდზე ვიყავი“, გაახსენდა პოლს. „არაკენს უნდა დავსხმოდით თავს , ჩვენი მკვდრების
წყლის დასაბრუნებლად. და მე დასაკრძალი კოცონის ადგილას მამაჩემის ნეშტი ვიპოვე.
მამაჩემის თავის ქალა ლუსკუმაში ჩავასვენე, ფრემენულ კლდის ყორღანში, ჰარგის
უღელტეხილს რომ გადმოჰყურებს“.

თუ ეს აწი უნდა მომხდარიყო?

„ჩემი ჭრილობები სინამდვილეა“, თავის თავს უთხრა პოლმა. „ჩემი ნაიარევები სინამდვილეა.
მამაჩემის თავის ქალას აკლდამა სინამდვილეა“.

ჯერ კიდევ სიზმრისებრ ბურანში მყოფ პოლს გაახსენდა, როგორ შემოეჭრა ერთხელ ჰარა,
ჯემისის ცოლი, რომ ეთქვა, სიეტჩის დერეფანში ჩხუბი იყოო. ეს დროებითი სიეტჩი იყო,
ქალები და ბავშვები ჯერ არ გაეგზავნათ შორეულ სამხრეთში. ჰარა შიდა ოთახში
შესასვლელთან იდგა, შავი თმა ძეწკვზე ასხმული წყლის რგოლებით შეეკრა. ოთახის
ფარდები გაწეული ეჭირა და ეუბნებოდა, ჩანიმ ამწუთას ვიღაც მოკლაო.

„ეს მოხდა“, გულში თქვა პოლმა. „ეს სინამდვილე იყო, არ იყო ამოგლეჯილი თავისი დროიდან
და შეცვლას არ ექვემდებარებოდა“.

პოლს გაახსენდა, როგორ გამოვარდა გარეთ და დაინახა დერეფნის ყვითელი ბურთების


შუქში მდგარი ჩანი, მბრწყინავი ცისფერი, ტანზე შემოხვეული კაბა ეცვა, კაპიუშონიი უკან
გადაეგდო, ელფისებური სახე დაძაბულობისგან წამონთებოდა. თავის კრისდანას ქარქაშში
აგებდა. შემჭიდროებული ჯგუფი დერეფანში ტვირთს მიარბენინებდა.

და პოლს გაახსენდა, როგორ გაიფიქრა: „ყოველთვის შეატყობ, ცხედარი რომ მიაქვთ“.

როცა ჩანი მისკენ შემობრუნდა, გოგონას წყლის რგოლები, რომლებსაც, კისერზე ჩამობმულ
ღვედზე აცმულებს, სიეტჩში დაუფარავად ატარებდა, აჟღრიალდა.

– ჩანი, ეს რაა? – ჰკითხა პოლმა.

– ერთი კაცი გავისტუმრე, ორთაბრძოლაში შენს გამოსაწვევად იყო მოსული.

– მოკალი?

– კი. მაგრამ შეიძლებოდა, ჰარასთვისაც მეცლია.

და პოლს გაახსენდა, გარშემო მდგარ ადამიანებს სახეზე დაეტყოთ, რომ მისი ნათქვამი
მოსწონდათ. ჰარამაც კი გაიცინა.

– მაგრამ ის ჩემს გამოსაწვევად მოვიდა!


– შენ ხომ თვითონ მასწავლე ბრძოლის საოცარი ხერხი, უსულ.

– მართალია! მაგრამ შენ არ უნდა...

– მე უდაბნოში დავიბადე, უსულ. კრისდანის ხმარება ვიცი.

პოლმა ბრაზი დაიოკა, სცადა, დალაგებულად დალაპარაკებოდა.

– ეს ყველაფერი მართალია, ჩანი, მაგრამ...

– ბავშვი აღარ ვარ, სიეტჩში ხელისბურთის შუქზე მორიელებს რომ დასდევს, უსულ. კი არ
ვთამაშობ.

პოლმა ბრაზით შეხედა, მისმა ვითომცდა არხეინი განწყობით შეფარულმა მძვინვარებამ


გააოცა.

– ის ამად არ ღირდა, უსულ, – უთხრა ჩანიმ, – მაგისთანებს არ დავანებებ, ფიქრს მოგაცდინონ,


– მიუახლოვდა, თვალის კუთხით გახედა და ხმა ისე დაიდაბლა, რომ მხოლოდ პოლს გაეგონა,
– და, საყვარელო, როცა გაიგებენ, რომ ბრძოლაში გამომწვევი შეიძლება მე გადამეყაროს და
მუად’დიბის ქალის ხელით სამარცხვინო სიკვდილი ელოდებათ, ამის მსურველები უფრო
ცოტანი დარჩებიან.

„ჰო“, გაიფიქრა პოლმა, „მართლაც ასე მოხდა. ეს ნამდვილი-წარსული იყო“. და მუად’დიბის


ახალი მახვილის გამოცდის მსურველთა რიცხვიც ერთბაშად შემცირდა.

სადღაც არა-სიზმრის სამყაროს მოძრაობის ნასახი დააჩნდა, ღამის ფრინველმა დაიძახა.

„სიზმარს ვხედავ“, თავი გაიმხნევა პოლმა. „სუნელიანი საჭმლის ბრალია“.

მიტოვებულობის განცდა მაინც არ ეშვებოდა. გაიფიქრა, შეიძლება მისი რუჰ-სული


როგორღაც გადასულიყო იმ სამყაროში, რომელშიც, ფრემენების რწმენით, იყო კიდევაც მისი
ჭეშმარიტი სამყოფელი – ალამ ალ-მითალში, იგივეობათა სამყაროში, იმ მეტაფიზიკურ
სამეფოში, სადაც ყველა ფიზიკური შეზღუდვა უქმდებოდა. პოლი იცნობდა შიშს, ამგვარ
ადგილზე ფიქრი რომ ჰგვრიდა, რადგან ყველა შეზღუდვის გაუქმება ყველა საყრდენის
გაუქმებასაც ნიშნავდა. მითის არემარეში არ შეეძლო, განესაზღვრა თავისი ადგილსამყოფელი
და ეთქვა: „მე მე ვარ, რადგანაც მე აქ ვარ“.

დედამ ერთხელ უთხრა: „ადამიანები – მათი ნაწილი – იყოფიან იმის მიხედვით, თუ რას
ფიქრობენ შენზე“.

„როგორც ჩანს, სიზმრისგან ვფხიზლდები“, გაიფიქრა პოლმა. „იმიტომ, რომ ეს მომხდარია –


დედის ეს სიტყვები, ლედი ჯესიკას, ახლა ფრემენების ღირსი დედის, ეს სიტყვები რეალობაში
იყო გადასული“.

პოლმა იცოდა, რომ ჯესიკას შიშს ჰგვრიდა შვილის მიმართ ფრემენების რელიგიური
დამოკიდებულება. არ მოსწონდა, რომ როგორც სიეტჩის, ასევე გრაბენის მცხოვრებლები
მუად’დიბს, „იგიო“, ასე მოიხსენიებდნენ. ის გამოჰკითხავდა ხოლმე სხვადასხვა ტომის
ფრემენებს, გზავნიდა თავის საიადინა მსტოვრებს, კრებდა მათ პასუხებს და მერე იჯდა
ფიქრობდა მათზე, აანალიზებდა.
ერთხელ პოლს ბენე გესერიტის ანდაზა უთხრა: „როცა რელიგია და პოლიტიკა ერთ ეტლში
სხედან, მათ ჰგონიათ, რომ წინ ვეღარავინ დაუდგებათ. მაშინ ისინი თავაწყვეტით მიაჭენებენ
– სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. დაბრკოლებაზე აღარც ფიქრობენ და
ავიწყდებათ, რომ უკანმოუხედავად მიმქროლავი კაცი ხრამს როცა შენიშნავს, უკვე გვიანია“.

პოლს გაახსენდა, რომ დედის ბინაში იჯდა, შიდა ოთახში. კედლებს მუქი ფარდაგები
ფარავდა, რომლებზედაც ფრემენების მითოლოგიის სცენები იყო ამოქსოვილი. იქ იჯდა,
უსმენდა დედის ხმას და ამჩნევდა, როგორ გამუდმებით აკვირდებოდა ის ყველაფერს –
მაშინაც კი, როცა მზერა დახრილი ჰქონდა. ოვალურ სახეზე პირის კუთხეებთან ახალი
ნაოჭები დასტყობოდა, მაგრამ თმა ჯერაც გაპრიალებულ ბრინჯაოს უგავდა. თუმცა შორი-
შორ ჩასმული თვალების სიმწვანე ზედ გადაკრულ სუნელის სილურჯეს დაეფარა.

– ფრემენებს მარტივი, პრაქტიკული რელიგია აქვთ, – თქვა პოლმა.

– რელიგიაში სიმარტივე არ არსებობს, – გააფრთხილა დედამ.

მაგრამ პოლმა, რომელიც ხედავდა საავდრო მომავალს, რომელიც ჯერ კიდევ წამოსდგომოდა
თავზე, იგრძნო, რომ ბრაზი იპყრობდა. მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:

– რელიგია ჩვენს ძალებს აერთიანებს. ის ჩვენი მისტიკური შემაკავშირებელია.

– შენ განზრახ აძლიერებ ამ განწყობას, ამ თავაწყვეტილობას, – ბრალი დასდო დედამ, – სულ


მუდამ ამას ჩააგონებ, განუწყვეტლივ.

– შენ თვითონ მასწავლე ასე, – უთხრა პოლმა.

მაგრამ დედა იმ დღეს გაუთავებლად ედავებოდა. პატარა ლეტოს წინადაცვეთის დღე იდგა.
პოლს ნაწილობრივ ესმოდა მისი წყრომის მიზეზი. ჯესიკა არ შეურიგდა მისი და ჩანის
კავშირს – ამ „ახალგაზრდულ გატაცებას“. მაგრამ ჩანიმ ატრეიდესი ძე შობა და ჯესიკამ ვერ
შეძლო, დედასთან ერთად ბავშვზეც ეთქვა უარი.

პოლი დაჟინებით უყურებდა. ჯესიკა შეიშმუშნა და თქვა:

– ფიქრობ, რომ უსულგულო დედა ვარ.

– არა, რასაკვირველია.

– ვხედავ, როგორ მიყურებ, როცა შენს დასთან ვარ. შენ არ გესმის, რა ხდება შენი დის თავს.

– მე ვიცი, რატომაა ალია განსხვავებული, – უთხრა პოლმა, – ჯერ არც კი დაბადებულიყო, შენი
სხეულის ნაწილი იყო, როცა შენ სიცოცხლის წყალი შეცვალე. ის...

– არაფერიც არ გესმის!

და პოლმა, რომელმაც უცებ ვერ შეძლო, გამოეთქვა, სიტყვით გამოეხატა ცოდნა, რომელიც
დროიდან ამოვარდნილმა შეიძინა, მხოლოდ ეს უთხრა:

– არ მგონიხარ უსულგულო დედა.

ჯესიკამ შენიშნა მისი ნაღველი.


– ერთი რამ იცოდე, შვილო.

– ჰო?

– მე მართლა მიყვარს შენი ჩანი. მე მას ვიღებ.

„ეს ყველაფერი მართლა მოხდა“, გაიფიქრა პოლმა. ეს არ იყო არასრულყოფილი ხილვა,


რომელიც დროიდან დაბადებისას, მისგან ამოგლეჯისას მოიბრიცებოდა.

ამაში რომ დარწმუნდა, სამყაროზე კიდევ ერთი მოსაჭიდი მიეცა. მყარი რეალობის ნაწყვეტები
გამოსცდნენ მის ბურანს და ცნობიერებაში იწყეს შემოდენა. უცებ აღიქვა, რომ ჰიერეგში იყო,
უდაბნოს

ბანაკში. ჩანიმ მათი სარწყული-კარავი ქვიშაზე გაშალა, იატაკი რბილი რომ ყოფილიყო. ეს კი
ნიშნავდა, რომ ჩანი სადღაც ახლოს იყო; ჩანი, მისი სულისდგმა, ჩანი, მისი სიჰაია, უდაბნოს
გაზაფხულივით ტკბილი ჩანი, რომელიც შორეული სამხრეთის პალმოვანიდან მოსულიყო.

ახლა გაახსენდა, როგორ უმღერდა გოგო ქვიშის სიმღერას, ძილის დრო რომ დადგა:

„ო, სულო ჩემო,


ნუ მოინატრებ სამოთხეს ამ ღამით,
და, ვფიცავ შაი-ჰულუდს,
შენ იქ მოხვდები,
ჩემი სიყვარულის დამყოლი“.

კიდევ უმღერა სვლის სიმღერა, მიჯნურები რომ მღერიან ხოლმე ერთად, უდაბნოში რომ
მიაბიჯებენ, და მისი რიტმი ისევე ჩაგითრევდა, როგორც ტერფებს მოდებული დიუნის ქვიშა:

„მიამბე შენს თვალებზე


და მე შენ გეტყვი შენი გულისას.
მიამბე შენს ტერფებზე
და მე გეტყვი შენი თითებისას.
მიამბე შენს სიზმრებზე
და მე გეტყვი შენი ღვიძილისას.
მიამბე შენს სურვილზე
მე გეტყვი შენი საჭიროებისას“.

ისიც გაიგონა, როგორ აჟღარუნებდა ვიღაც ბალისეტს გვერდითა კარავში. და მაშინ გურნი
ჰალეკი გაახსენდა. ნაცნობმა საკრავმა მოაგონა გურნი, რომლის სახეს ერთხელ თვალი მოჰკრა
კონტრაბანდისტთა ჯგუფში, მაგრამ იმას არ დაუნახავს; არ შეიძლებოდა, დაენახა ან,
საერთოდ, რამე სცოდნოდა პოლზე, რომ უნებურად ჰარკონენები მათ მიერ მოკლული
ჰერცოგის ძის კვალზე არ დაეყენებინა.

მაგრამ ღამეში გაჟღერებული ჰანგის დაკვრის მანერამ, ბალისეტის სიმებზე უცნაურად


ამოძრავებულმა თითებმა პოლს გაახსენა ის, ვინც ახლა მართლა უკრავდა. ეს ჩატ ხტუნია იყო,
ფედაიკინების კაპიტანი, მეთაური იმ სიკვდილის კომანდოსებისა, რომლებიც მუად’დიბს
იცავდნენ.
„უდაბნოში ვართ“, გაახსენდა პოლს „ცენტრალურ ერგში, იქ, სადაც ჰარკონენების პატრული
ვეღარ აღწევს. აქ იმისთვის ვარ, რომ ქვიშა გადავიარო, მოქმედი მოვიტყუო და მარტომ
გავხედნო, რათა მთლიანად ფრემენი გავხდე“.

ახლა იგრძნო ქამარზე დაკიდებული მაულა პისტოლეტიც, კრისდანაც. იგრძნო გარს


შემორტყმული მდუმარება.

ის განსაკუთრებული გარიჟრაჟამდელი სიჩუმე იდგა, როდესაც ღამის ფრინველები უკვე


დაბუდებულიყვნენ, დღის ქმნილებებს კი ჯერ არ ეცნობებინათ თავიანთი სიფხიზლის
შესახებ მათი მტრისთვის – მზისთვის.

– ამხედრებულმა ქვიშა დღის შუქზე უნდა გადაიარო, რათა შაი-ჰულუდმა დაგინახოს და


გაიგოს, რომ არაფრის შიში არ გაქვს, – უთხრა სტილგარმა, – ამიტომ დროს შევაბრუნებთ და
დასაძინებლად ღამით მოვეწყობით.

პოლი წყნარად წამოჯდა. სხეულზე მოშვებული სარწყული იგრძნო, გარშემო ბინდიანი


კარავი გაარჩია. ჩუმად მოძრაობდა, მაგრამ ჩანიმ მაინც გაიგონა.

კარვის სიბნელიდან გამოეხმაურა, ჩრდილად მოჩანდა ბნელში:

– ჯერ არ გათენებულა, საყვარელო.

– სიჰაია, – პოლის ხმას სიცილი ერთვოდა.

– შენ კი მეძახი შენი უდაბნოს გაზაფხულს, მაგრამ დღეს მე შენი სახრე ვარ. მე ვარ საიადინა,
ვინც თვალყურს ადევნებს, რომ ყველა წესი დაცული იყოს.

პოლმა სარწყულის მორგება დაიწყო.

– შენ ერთხელ კიტაბ ალ-იბარის სიტყვები მითხარი, – უთხრა ჩანის, – ასე თქვი: „ქალი შენი
სათესია; მაშ, გადი შენს სათესში და თესე“.

– მე შენი პირმშოს დედა ვარ, – დაეთანხმა ის.

ბინდბუნდში ხედავდა, როგორ იმეორებდა გოგო მის მოძრაობებს, ღია უდაბნოში


გასასვლელად სარწყულს ირგებდა.

– ამღამინდელი დასვენების წუთიც არ უნდა მოგეკლო, – უთხრა ჩანიმ.

პოლს ჩაესმა, რომ ამას მის მიმართ სიყვარული ათქმევინებდა, და ნაზად დატუქსა:

– მეთვალყურე საიადინა კანდიდატს არ აფრთხილებს.

ჩანი მის გვერდით მიცურდა და ხელისგული ლოყაზე მიადო.

– დღეს მე მეთვალყურეც ვარ და ქალიც.

– ეს მოვალეობა ვინმე სხვისთვის უნდა გადაგელოცა, – უთხრა პოლმა.

– ლოდინი კიდევ უარესია, – უთხრა ჩანიმ, – მირჩევნია, შენ გვერდით ვიყო.


პოლმა, სანამ სახეს სარწყულით დაიფარავდა, ჩანის ხელისგულზე აკოცა, მერე მიტრიალდა
და კარვის სარქველი გაატკაცუნა. გარედან შემოჭრილი სუსხიანი ჰაერი მთლად გამომშრალი
არ იყო, მისგან გარიჟრაჟზე მცირეოდენი ცვარი დაჯდებოდა. ჰაერს მოჰყვა სუნელამდელი
მასის სუნი, იმისა, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით რომ იპოვეს, და რომლის მიხედვითაც
დაასკვნეს, რომ სადღაც შორიახლო მოქმედიც იქნებოდა.

პოლი კარვის მრგვალ კარში გაძვრა, ქვიშაზე დადგა, გაიზმორა და კუნთები გამოაღვიძა.
აღმოსავლეთის ჰორიზონტზე მკრთალი სადაფისებრი სიმწვანე ამოტვიფრულიყო. გარშემო,
ბინდბუნდში, მის რაზმელთა კარვები პატარა ცრუ დიუნებად ამობურცულიყვნენ. მარცხნივ
მოძრაობა შენიშნა – ეს მცველები იყვნენ. მიხვდა, რომ მათაც დაინახეს.

იცოდნენ, დღეს მას რა ხიფათიც ელოდა. ამ ხიფათს ყველა ფრემენი პირისპირ შეყროდა. ახლა
ბოლო რამდენიმე წუთით განმარტოებას აცდიდნენ, თავი რომ შეემზადებინა.

ეს დღეს უნდა მოხდესო, საკუთარ თავს უთხრა პოლმა.

ფიქრობდა ძალაუფლება, რომელიც მისი იყო დარბევის მძვინვარებისას; ფიქრობდა ასაკოვან


კაცებზე, თავიანთ ვაჟებს მას რომ უგზავნიდნენ ბრძოლის საოცარი ხერხის სასწავლად, იმ
ასაკოვან ხალხზე, რომლებიც თათბირისას ყურს უგდებდნენ და მის გეგმას მისდევდნენ,
მათზე, ვინც ბრძოლიდან ბრუნდებოდა და უმაღლეს ფრემენულ შექებას იმეტებდა მისთვის:
„შენმა გეგმამ გაჭრა, მუად’დიბ“.

მაგრამ ყველაზე სუსტ და უმნიშვნელო ფრემენ მებრძოლსაც კი შეეძლო, გაეკეთებინა ის, რაც
მას ჯერ

არასოდეს ჩაედინა. და პოლმა იცოდა, რომ მისი, როგორც მეთაურის, სახელს ბევრი
აკლდებოდა მათგან ამ განსხვავების გამო, რომლის შესახებ ყველას მშვენივრად
მოეხსენებოდა.

პოლს მოქმედი არ გაეხედნა.

კი, სხვებთან ერთად კი ამხედრებულიყო, საწვრთნელ ლაშქრობებსა და რეიდებზე რომ


მიდიოდნენ, მაგრამ მარტოს არასოდეს ემოგზაურა. სანამ ამას არ იზამდა, მისი სამყაროს
სამანს სხვისი უნარი აწესებდა. ამას არც ერთი ნამდვილი ფრემენი არ დაუშვებდა. სანამ ეს
დამოუკიდებლად არ გაეკეთებინა, დიდი სამხრეთიც კი – ერგს ასე, ოცი ბაგუნათი
დაშორებული არეალი – მიუწვდომელი იყო მისთვის, თუ ტახტრევნის მორთმევას არ
ბრძანებდა და ისე არ გაემგზავრებოდა, რაც მხოლოდ ღირს დედას ან ავადმყოფსა და
დაჭრილს შეეფერებოდა.

გაახსენდა, როგორ ებრძოდა საკუთარ შინაგან ცნობიერებას იმ ღამით. უცნაური პარალელი


შენიშნა: თუ მოქმედს დაიმორჩილებდა, მისი მმართველობა გაძლიერდებოდა; თუ შინაგან
ხედვას დაიმორჩილებდა, ესეც თავის წილ ძალაუფლებას მოუტანდა. მაგრამ ამ ორივეს მიღმა
ბურუსით მოცული არე მოჩანდა, დიდი შფოთი, რომელშიც ალბათ მთელი სამყარო იყო
ჩართული.

განსხვავება იმაში, თუ რა გზით აღიქვამდა იგი სამყაროს, განუშორებლად თან სდევდა და


აშფოთებდა – სიზუსტე იმდენივე იყო, რამდენიც უზუსტობა. პოლი მათ in situ ხედავდა. და
მაინც, როდესაც დაიბადებოდა, როდესაც რეალობის წნეხში მოექცეოდა, „ახლას“ თავისი
საკუთარი სიცოცხლე ჰქონდა და „საკუთრივ მისი“ ოდნავი განსხვავებებით იზრდებოდა.
საზარელი დანიშნულება რჩებოდა. რასის ცნობიერება რჩებოდა. და ყველაფერ ამას თავს
წამოსდგომოდა ჯიჰადი, სისხლიანი და დაუოკებელი.

ჩანიც გამოძვრა კარვიდან და გვერდით დაუდგა, თავისივე მკლავებს მოეხვია და პოლს


თვალის კუთხით გახედა, როგორც იცოდა ხოლმე, როცა მის განწყობას აკვირდებოდა.

– კიდევ მომიყევი შენი სამშობლო პლანეტის წყლებზე, უსულ, – უთხრა მან.

პოლი ხედავდა, რომ გოგო ცდილობდა, მისი ყურადღება რამეზე გადაეტანა, სამკვდრო-
სასიცოცხლოდ სახიფათო გამოცდის წინ მისი გონებისთვის დაძაბულობა მოეხსნა. ნათელი
მატულობდა და პოლმა შენიშნა, რომ ზოგი მისი ფედაიკინი უკვე კარვებს კეცავდა.

– მირჩევნია, შენ მომიყვე სიეტჩსა და ჩვენს ვაჟზე, – უთხრა პოლმა, – ჩვენი ლეტო უკვე
ატარებს დედაჩემს თავის ჭკუაზე?

– ალიასაც კი ატარებს, – მიუგო ჩანიმ, – და სწრაფად იზრდება. მაღალი კაცი დადგება.

– როგორია სამხრეთი? – ჰკითხა პოლმა.

– მოქმედს რომ გახედნი, მერე შენ თვითონაც ნახავ, – მიუგო გოგომ.

– მაგრამ მე მინდა, პირველად შენი თვალებით დავინახო.

– ძალიან მარტოსულია, – უთხრა ჩანიმ.

პოლი მას შუბლზე შემოკრულ ნეჟონი ხილაბანდზე შეეხო, სარწყულის კაპიუშონის ქვემოდან
რომ მოუჩანდა.

– რატომ არ გინდა, სიეტჩზე მელაპარაკო?

– უკვე გელაპარაკე. სიეტჩი მარტოსული ადგილია ჩვენი კაცების გარეშე. მუშაობის ადგილია.
საამქროებსა და სათუნუქეებში ვმუშაობთ. იარაღი უნდა ვამზადოთ, ჭოკები უნდა ჩავასოთ,
ამინდის წინასწარმეტყველება რომ შეგვეძლოს, სუნელი უნდა ვაგროვოთ, რომ ქრთამებად
დავარიგოთ. დიუნები მცენარეებით უნდა გავამაგროთ. ქსოვილები უნდა ვამზადოთ,
საწვავის ელემენტები დავტენოთ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რათა ტომის ძალა არასოდეს
დაიკარგოს.

– ესე იგი, სიეტჩში სიხარული არაფერს მოაქვს? – ჰკითხა პოლმა.

– ბავშვებს მოაქვთ სიხარული. ჩვენ რიტუალებს ვასრულებთ. საკმარისი საკვები გვაქვს.


ზოგჯერ რომელიმე ჩვენგანს შეუძლია, ჩრდილოეთში წამოვიდეს და თავის კაცს შეხვდეს.
ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

– რას შვრება ჩემი და, ალია – ხალხმა მიიღო ის?

მოძალებულ დილის ნათელში ჩანი მისკენ მიბრუნდა და დაჟინებული მზერა მიაპყრო.

– ეს ისეთი რამაა, ჯობს, სხვა დროს ვილაპარაკოთ, საყვარელო.

– ახლა ვილაპარაკოთ.
– შენ მთელი ენერგია გამოცდისთვის უნდა შეინახო, – უთხრა ჩანიმ.

ახლა პოლი ატყობდა, რომ რაღაც მგრძნობიარეს შეეხო, ჩანის ხმაში უკანდახევას გრძნობდა.

– რაც გაურკვეველია, იმას კიდევ თავისი საფიქრალი მოაქვს, – უთხრა გოგოს.

ის ცოტა შეყოყმანდა, მერე თავი დაუქნია.

– ჯერ კიდევ არის... გაუგებრობები ალიას უცნაურობის გამო. ქალებს ეშინიათ, რადგან ბავშვი,
ჩვილობიდან ეს-ესაა წამოზრდილი, უკვე ლაპარაკობს... ისეთ რამეებზე, რაც, წესით, მხოლოდ
მოზრდილმა შეიძლება იცოდეს. მათ არ ესმით... როგორ შეიცვალა ის მუცლად ყოფნისას, რამ
გახადა ალია... განსხვავებული.

– ამის გამო სირთულეებია? – ჰკითხა პოლმა. და გაიფიქრა: „ალიას გამო სირთულეები


ჭვრეტისას მინახავს“.

ჩანიმ გახედა, როგორ ფართოვდებოდა მზის ამოსვლის მაუწყებელი ზოლი.

– რამდენიმე ქალი შეიკრა და ღირს დედას მიმართეს; მოითხოვდნენ, მისი ასულიდან დემონი
გამოედევნა. წმინდა წერილის სიტყვებს იმეორებდნენ: „ნუ აცხოვრებთ ჯადოქარს თქვენ
შორის“.

– და რა უთხრა მათ დედაჩემმა?

– მან კანონი გაუმეორა და ქალები დაბნეულები გაუშვა. უთხრა: „თუ ალია სირთულეების
მომტანია, ეს მმართველების ბრალია, რადგან მათ წინასწარ ვერ განსაზღვრეს და თავიდან ვერ
აიცილეს ის“. ღირსმა დედამ სცადა, აეხსნა, როგორ იმოქმედა ცვლილებამ მუცლადმყოფ
ალიაზე, მაგრამ ქალები გაბრაზდნენ, იმიტომ, რომ ასე შეცბუნებულები დარჩნენ, და
ბუზღუნით წავიდნენ.

„ალიას გამო სირთულეები გვექნება“, გაიფიქრა პოლმა.

ქვიშის ჩხვლეტია შემოქროლება მისი სახის შიშველ ნაწილებს შეეხო და სუნელამდელი მასის
სუნი მოიყოლა.

– ელ საიალი, ქვიშის წვიმა, დილა რომ მოაქვს, – თქვა მან.

ნაცრისფერ შუქში უდაბნოს ლანდშაფტს გახედა – ულმობელ ლანდშაფტს, ქვიშის თავის


თავში დანთქმულ ფორმას. სამხრეთით ჩარჩენილი მუქი კუთხე მშრალმა ელვამ გახაზა –
გრიგალს იქ სტატიკური მუხტი დაეგროვებინა. ქუხილი კარგა ხნის მერე გაისმა.

– ხმა, მიწას რომ ამკობს, – თქვა ჩანიმ.

კარვებიდან სულ უფრო მეტი ხალხი გამოიშალა. ბანაკის კიდეზე მოარული გუშაგები
მოახლოვდნენ. პოლის გარშემო ყველაფერი ძალდაუტანებლად ხდებოდა, უძველესი
ყოველდღიურობის წესით და რიგით, რასაც ბრძანებების გაცემა არ სჭირდებოდა.

„რაც შეიძლება, ცოტა ბრძანება გაეცი“, – არიგებდა მამა... ოდესღაც... დიდი ხნის წინ... „თუ
ოდესმე რამე ბრძანე, მერე იმის შესრულების მისაღწევად ყოველთვის მოგიწევს თავიდან
ბრძანება“.
ფრემენებმა ეს წესი ინსტინქტურად იცოდნენ.

რაზმის წყლის გამრიგემ დილის სიმღერა წამოიწყო; ახლა მას უდაბნოს მხედრის ხელდასხმის
რიტუალისთვის საჭირო მოწოდებაც დაურთო.

– სამყარო გვამია, – წამღერებით ამბობდა იგი, მისი ხმა დიუნებს ედებოდა, – ვის ძალუძს
სიკვდილის ანგელოსის ხელის არიდება? აღსრულდება, რაც შაი-ჰულუდს განუგია.

პოლი უსმენდა და ცნობდა სიტყვებს – ასე იწყებოდა მისი ფედაიკინების სასიკვდილო


სიმღერაც, ამას იმეორებდნენ სიკვდილის კომანდოსები, ბრძოლის ქარცეცხლში რომ
გადაეშვებოდნენ ხოლმე.

„ნეტავ, დღეს აქ ახალი ქვის აკლდამა ხომ არ აღიმართება კიდევ ერთი სულის
გარდაცვალების აღსანიშნავად?“ გაუელვა პოლს. „ნეტავ, მომავალში თუ გაჩერდებიან ხოლმე
მასთან ფრემენები, რათა თითო ქვა დაამატონ და გაიხსენონ მუად’დიბი, რომელიც აქ
მოკვდა?“

იცოდა, რომ დღეის სავარაუდო შესაძლებლობათა შორის ესეც იყო, ერთ-ერთ ფაქტად
გასდევდა მომავლის სხვადასხვა გეზს, სხივებად რომ იშლებოდნენ დრო-სივრცის ამ
ადგილიდან. არასრულყოფილი ჭვრეტა ტანჯავდა. რაც უფრო უძალიანდებოდა თავის
საზარელ დანიშნულებას და ჯიჰადის მოსვლას ებრძოდა, მით უფრო მატულობდა შფოთი,
რომელიც მის წინააღმდეგობაში აღწევდა. მისი მთელი მომავალი ემსგავსებიდა ნაპრალისკენ
გაქანებულ მდინარეს – იმ მძვინვარე კვანძის იქით კი ყველაფერი ჯანღსა და ღრუბლებში იყო
გახვეული.

– სტილგარი გვიახლოვდება, – თქვა ჩანიმ, – ახლა კი გვერდზე უნდა გავდგე, საყვარელო.


ახლა მხოლოდ საიადინა უნდა ვიყო და დავაკვირდე რიტუალს, სწორად რომ ჩაიწეროს იგი
ქრონიკებში, – პოლს ახედა და წამით თავდაჭერამ უმტყუნა, მერე ისევ მოერია თავს, – ეს რომ
ჩათავდება, მე თვითონ მოგიმზადებ საუზმეს, – უთხრა და გატრიალდა.

სტილგარი ფქვილისებრ ქვიშაზე მოაბიჯებდა და მტვრის პაწია გუბეებს აბუქებდა.


ჩამუქებული უპეებიდან პოლს გაბედული, მოუცილებელი მზერით შემოსცქეროდა; შავი
წვერი, რომელიც სარწყულის

ნიღბის ზემოთ მოუჩანდა, და ჯაგარა ლოყების ნაკვთები ისეთი უძრავი ჰქონდა, იტყოდი,
კლდისგან ქარს გამოუკვეთავსო.

მას ტარზე დაგებული პოლის დროშა მოჰქონდა – შავ-მწვანე ველზე გამოსახული წყლის
მილაკი – დროშა, რომლის შესახებაც არაკისზე უკვე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. პოლს
სიამაყენარევმა ფიქრმა გაჰკრა: „სულ უბრალო რამესაც ვერ გავაკეთებ ისეთს, ლეგენდად რომ
არ იქცეს. შეამჩნევენ და დაიმახსოვრებენ, როგორ დავშორდი ჩანის, როგორ მივესალმე
სტილგარს – ყველა ჩემს დღევანდელ მოძრაობას. ვიცოცხლებ თუ მოვკვდები – ლეგენდა
ვიქნები. ოღონდ არ უნდა მოვკვდე. თორემ დარჩება მხოლოდ ლეგენდა და სხვა არაფერი, რაც
ჯიჰადს შეაჩერებდა“.

სტილგარმა დროშის ტარი პოლის გვერდით ქვიშაში ჩაარჭო. ლურჯი-ლურჯზე თვალებში


უშფოთველი და მტკიცე მზერა ედგა. და პოლმა გაიფიქრა იმაზე, რომ უკვე თავადაც
ეკვრებოდა თვალებზე სუნელიგან მოგვრილი ფერი.
– მათ ჰაჯი წაგვართვეს, – წარმოთქვა სტილგარმა რიტუალური ზეიმურობით.

პოლმა უპასუხა, როგორც ჩანიმ ასწავლა:

– ვის შეუძლია, წაართვას ფრემენს უფლება, წავიდეს იქ, სადაც მოისურვებს?

– მე ნაიბი ვარ, – თქვა სტილგარმა, – მტერი ცოცხალს ხელში ვერასოდეს ჩამიგდებს. მე ვარ
ფეხი სიკვდილის სამფეხისა, რომელიც ჩვენს მტრებს მოსპობს.

სიჩუმე ჩამოაწვათ.

პოლმა შეხედა სხვა ფრემენებს, სტილგარის უკან ქვიშაზე გაფანტულებს, შეამჩნია, რა


უძრავად იდგნენ ამ წამს, ყველა თავის ლოცვაში რომ დანთქმულიყო. და გაიფიქრა, რომ
ფრემენები ის ხალხი იყო, ვის ცხოვრებასაც შეადგენდა მოკვლა, ისინი მუდამ რისხვასა და
მწუხარებაში ცხოვრობდნენ და ერთხელაც არ დაფიქრებულან, რით შეიძლებოდა
ჩანაცვლებულიყო ან რისხვა, ან მწუხარება – თუ არ ჩავთვლით იმ ოცნებას, რომლითაც ლიეტ-
კაინსმა დააავადა ისინი, ვიდრე მოკვდებოდა.

– სადა არს უფალი, რომელი გვიძღოდა ჩვენ უდაბნოსა, ქუეყანასა უცხოსა და უგზოსა,
აჩრდილსა სიკუდილისასა? – იკითხა სტილგარმა.

– ის მუდამ ჩვენ შორისაა, – წამღერებით გამოეპასუხნენ ფრემენები.

სტილგარი მხრებში გაიშალა, პოლს მიუახლოვდა და ხმას დაუწია:

– ახლა კი გახსოვდეს, რაც გითხარი. ყველაფერი მარტივად, პირდაპირ გააკეთე – ახალი


არაფერი გამოიგონო. ჩვენი ბავშვები მოქმედს, თორმეტი წლის რომ ხდებიან, მაშინ ხედნიან.
შენ მათზე ექვსი წლით უფროსი ხარ და ჩვენში არ ხარ დაბადებული. სულაც არაა საჭირო,
ვინმე შენი სიმამაცით გააოცო. უშიშარი რომ ხარ, ისედაც ვიცით. საჭიროა მხოლოდ, მოქმედს
მოუხმო და გახედნო.

– დავიმახსოვრებ, – უთხრა პოლმა.

– ყურადღებით გააკეთე ყველაფერი. არ შემარცხვინო, როგორც მასწავლებელი.

სტილგარმა მოსასხამიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის პლასტიკის ჯოხი გამოიღო.


მას ცალი ბოლო წაწვეტებული ჰქონდა, მეორე ბოლოზე კი ზამბარისმექანიზმიანი რაკუნა იყო
მიბმული.

– ეს ბაგუნა მე თვითონ დავამზადე. კარგი ბაგუნაა. აიღე.

პოლმა გამოართვა და პლასტიკატის თბილი სიგლუვე იგრძნო.

– შენი კავები შიშაკლის აქვს, – უთხრა სტილგარმა, – ეგერ, იმ დიუნზე რომ შეაბიჯებ, მაშინ
მოგცემს, – მარჯვნისკენ მიუთითა, – დიდ მოქმედს მოუხმე, უსულ. გვიჩვენე გზა.

პოლმა შენიშნა სტილგარის კილო – სანახევროდ რიტუალური, სანახევროდ – აღელვებული


მეგობრისა.

იმავ წამს მზე თითქოს ამოხტა ჰორიზონტზე. ცას იმგვარი ვერცხლისფერი გადაეკრა, რაც
არაკისისთვისაც კი უჩვეულოდ ცხელ და მშრალ დღეს მოასწავებდა.
– დადგა მწველი დღის ჟამი, – წარმოთქვა სტილგარმა და ახლა მის ხმაში მხოლოდ
რიტუალური კილო ჟღერდა, – გასწი, უსულ, გახედნე მოქმედი, მებრძოლთა მეთაურად
გადავლე ქვიშები.

პოლმა თავის დროშას სამხედრო სალამი მისცა, თან შენიშნა, როგორ მომჩვარული ეკიდა შავ-
მწვანე ალამი, რაკი განთიადის ქარი ჩამდგარიყო. მერე მიბრუნდა დიუნისკენ, სტილგარმა
რომ უჩვენა – ყომრალი მოყვითალო ფერდისკენ, რომელსაც კლაკნილი თხემი მოჰყვებოდა.
რაზმელების უმრავლესობა უკვე საპირისპირო მხარეს მიემართებოდა, სხვა დიუნის ფერდს
აუყვებოდნენ, რომელიც მათ ბანაკს ედგა თავს.

პოლის წინ ერთი მოსასხამში გამოხვეული ფიგურა დარჩა – შიშაკლი, ფედაიკინების


ბრიგადის მეთაური, მასაც სარწყულის ქუდსა და ნიღაბს შორის მხოლოდ ირიბად აჭრილი
თვალები უჩანდა.

პოლი რომ მიუახლოვდა, შიშაკლიმ ორი წვრილი, შოლტივით ღერო გაუწოდა. ისინი
დაახლოებით მეტრ-ნახევრის სიგრძისა იყო და ცალ ბოლოში მოელვარე პლასფოლადის
კაუჭი ება, მეორე ბოლო კი გახეხილი ჰქონდა, ხელის უკეთ მოსაჭიდებლად.

პოლმა ორივე კავი მარცხენა ხელით ჩამოართვა, როგორც ამას რიტუალი მოითხოვდა.

– ეს საკუთრივ ჩემი კავებია, – ხრინწიანი ხმით უთხრა შიშაკლიმ, – ჩემთვის არასოდეს


უმტყუნიათ.

პოლმა თავი დაუქნია, ხმა არ დაუძრავს, როგორც მოეთხოვებოდა; კაცს გვერდი აუარა და
დიუნის ფერდს აუყვა. თხემზე შეჩერდა და უკან მოიხედა. დაინახა, მისი რაზმი მწერების
გუნდივით გაფანტულიყო, მოსასხამები უფრიალებდათ. ახლა მარტოკა იდგა ქვიშიან ქიმზე
და თვალწინ მხოლოდ ჰორიზონტი ჰქონდა – ბრტყელი, უძრავი ჰორიზონტი. სტილგარს
კარგი დიუნი შეერჩია, სხვებზე უფრო მაღალი იყო და აქედან არემარე უკეთ მოჩანდა.

პოლი დაიხარა და ბაგუნა ღრმად ჩაარჭო ქარისკენ მიმართულ ფერდში, სადაც ქვიშა
დატკეპნილი იყო და გუგუნს უკეთ გაავრცელებდა. მერე შეყოყმანდა, გაიხსენა, რა ესწავლა,
გაიხსენა აუცილებლობები, ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ შეეძინათ.

სამაგრს რომ მოაცლიდა, ბაგუნა მოხმობას დაიწყებდა. ეს ხმა დიუნების მიღმა ჩაესმებოდა
გიგანტურ მატლს – მოქმედს – და გუგუნისკენ გამოსწევდა. პოლმა იცოდა, რომ შოლტისებრი
კავი-ღეროთი მოქმედის მაღალ, მრუდე ზურგზე აცოცება შეიძლებოდა. სანამ მატლის
რგოლური სეგმენტის წინა კიდე კავით აწეული გეჭირებოდა, ისე, რომ უხეშ ქვიშას
მგრძნობიარე შიდა ნაწილში შეღწევა შეძლებოდა, ქმნილება უკან, უდაბნოს ზედაპირის ქვეშ,
აღარ ჩაძვრებოდა. სამაგიეროდ, თავის უზარმაზარ სხეულს ისე მოატრიალებდა, რომ ღია
ნაწილი ქვიშიანი ზედაპირიდან, რაც შეიძლება, შორს ჰქონოდა.

მე უდაბნოს მხედარი ვარო, უთხრა თავის თავს პოლმა.

მარცხენა ხელში დაჭერილ კავებს დახედა და გაიფიქრა, რომ მერე ისღა დარჩებოდა, ეს კავები
მოქმედის ვეება გვერდის ნაკეცზე ჩამოენაცვლებინა, ამგვარად, მატლი იძულებული გაეხადა,
მობრუნებულიყო, გადატრიალებულიყო და მერე მას იქით მიემართა, საითაც თავად
უნდოდა. ნანახი ჰქონდა, ამას როგორ აკეთებდნენ. სხვისი დახმარებით თავადაც ასულიყო
მატლის ზურგზე ხანმოკლე სასწავლო მგზავრობისას. შეპყრობილი მატლი შეგეძლო,
გეტარებინა, სანამ მას ძალა არ გამოელეოდა და უძრავად არ გაიშოტებოდა ქვიშაზე, ამის მერე
კი სხვა მოქმედისთვის უნდა მოგეხმო.

გამოცდას რომ ჩააბარებდა, პოლმა იცოდა, რომ ნება მიეცემოდა, სამხრეთში ოცბაგუნიან
მოგზაურობაში წასულიყო – დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, სამხრეთში, სადაც
ქალები და ოჯახები ჰყავდათ გადამალული დარბევისგან გასარიდებლად, ახალ
პალმოვანებსა და სიეტჩის დასახლებებში.

მან მზერა ზემოთ აღაპყრო და გახედა სამხრეთს, თავს შეახსენა, რომ ერგიდან გამოხმობილი
ველური მატლი უცნობი სიდიდე იყო და ამ გამოცდის ასევე უცნობი შემადგენელი
გამოდიოდა ისიც, ვინც მას მოუწოდებდა.

– მოახლოებული მოქმედი დაკვირვებით უნდა შეაფასო, – ახსნილი ჰქონდა სტილგარს


მისთვის, – საკმაოდ ახლოს უნდა დაუდგე, რომ ჩავლილზე ამხედრება მოახერხო, მაგრამ არც
ისე ახლოს, რომ გადაგყლაპოს.

პოლმა ერთბაშად გადაწყვიტა და ბაგუნას სამაგრი შეხსნა. რაკუნამ ბრუნვა იწყო და ქვიშას
მოედო მოხმობის ხმები, გამოზომილი „ბრაგ.. ბრაგ... ბრაგ...“

პოლი გაიმართა, ჰორიზონტი მოათვალიერა და სტილგარის სიტყვები გაიხსენა:


„მოახლოების ზოლი გულდასმით შეაფასე. დაიმახსოვრე, მატლი ბაგუნას უჩინრად იშვიათად
უახლოვდება. მაინც უგდე ყური. ხშირად მისი ხმა იქამდე გესმის, სანამ დაინახავდე“.

და მისი ფიქრები დაეპყრო ჩანის გაფრთხილების სიტყვებს, ყურში რომ ჩასჩურჩულებდა იმ


ღამით, როცა გოგო მის გამო შიშმა დაჯაბნა: „როცა მოქმედს გზაზე გადაუდგები, სრულიად
უძრავი უნდა იყო. ქვიშის ნაგლეჯივით უნდა ფიქრობდე. ჩაიმალე მოსასხამის ქვეშ და შენი
არსება პატარა დიუნად აქციე“.

პოლი ჰორიზონტს ნელა აყოლებდა თვალს, ყურს უგდებდა, აკვირდებოდა ნიშნებს,


რომლებიც ესწავლებინათ.

ის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოვიდა – შორეული სისინი, ქვიშის ჩურჩული. მერე დაინახა


ქმნილების კვალის შორი მოხაზულობა აისის ფონზე და მიხვდა, რომ ადრე არასოდეს ენახა
ამხელა მოქმედი, არც კი სმენოდა ამ ზომის მატლზე. ნახევარი ლიგის სიგრძის მაინც
იქნებოდა და მისი თავისგან დაძრული ქვიშის ტალღა მთის მოახლოებას ჰგავდა.

არც ხილვაში, არც ცხოვრებაში ეს არ მინახავსო, საკუთარი თავი გააფრთხილა პოლმა.


აჩქარდა, რომ მისკენ მომავალი არსებისთვის გზია გადაეჭრა; ახლა მხოლოდ ერთიანად
იმწუთიერ საჭიროებებათა ნიაღვარში იყო დანთქმული.

4* * *
„აკონტროლე ფულის გამოშვება და სასამართლო – დანარჩენი ბრბოსი იყოს“. – ასე გვირჩევს
ფადიშაჰ-იმპერატორი. ამასაც გეუბნებათ: „თუ შემოსავალი გინდა, მმართველი უნდა იყო და
მართო“. ამ სიტყვებში სიმართლე დევს, მაგრამ მე საკუთარ თავს ვეკითხები: „ვინ არის ბრბო
და ვინ არიან მართულნი?“
მუად’დიბის საიდუმლო წერილი ლანდსრაადს, პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის
გამოღვიძება“

ჯესიკას ფიქრებში უნებლიეთ შემოიჭრა აზრი: „ახლა, ამწუთას პოლი უდაბნოს მხედრის
გამოცდას გადიოდა. ცდილობენ, ეს ამბავი დამიმალონ, მაგრამ ხომ ისედაც ცხადია“.

ჩანიც რაღაც იდუმალ საქმეზე წავიდა.

ჯესიკა თავის მოსასვენებელ ოთახში იჯდა, საღამოს გაკვეთილებს შორის წყნარი წუთი
მოეხელთებინა. სასიამოვნო ოთახი იყო, მაგრამ არც ისე დიდი, როგორც ის, სიეტჩ ტაბრში
რომ ჰქონდა, სანამ იქიდან დარბევას გამოექცეოდნენ. მაგრამ იატაკზე სქელი ხალიჩები ეფინა
და რბილი ბალიშები ეწყო, იქვე დაბალი ყავის მაგიდა იდგა, კედლებს ფერადი ქსოვილი
ფარავდა, თავზემოთ წყნარად ენთო ყვითელი ნათელბურთები. ოთახი გაჟღენთილი იყო
ფრემენული სიეტჩისთვის დამახასიათებელი ცხარე, გამჯდარი სუნით, რომელიც
ჯესიკასთვის ახლა უსაფრთხოების განცდასთან ასოცირდებოდა.

მაგრამ იცოდა, რომ ვერასოდეს დაძლევდა უცხო ადგილას ყოფნის შეგრძნებას. აქაურ
სიუხეშეს ხალიჩები და ფარდები ვერ ფარავდნენ.

მოსასვენებელ ოთახში ხმადაბალმა წკრიალ-ბრაგუნ-ტყლაშუნმა შემოაღწია. ჯესიკამ იცნო


დაბადების ცერემონიის ხმები, ალბათ, სუბიაი მშობიარობდა – მისმა დრომ მოაწია. და
ჯესიკამ იცოდა, რომ ბავშვსაც მალე ნახავდა – ლურჯთვალა ქერუბიმს ღირს დედას
მოუყვანდნენ დასალოცავად. ისიც იცოდა, რომ მისი ასული, ალია, ზეიმს დაესწრებოდა და
მოუყვებოდა, რა ხდებოდა იქ.

ჯერ ღამის გამოსათხოვარი ლოცვის დრო არ დამდგარიყო. დაბადების ზეიმს არ


დაამთხვევდნენ იმ ცერემონიას, რომლის დროსაც პორიტრინის, ბელა ტეგეუსის, როსაკის და
ჰარმონთეპის მონათა რეიდებში აყვანილებს იგლოვებდნენ.

ჯესიკამ ამოიოხრა. იცოდა, რომ ასე ცდილობდა, არ ეფიქრა შვილზე და მის წინაშე მდგარ
ხიფათზე: მახე-ხაროებსა და მათში – მოწამლულ ეკლებზე, ჰარკონენების რეიდებზე (თუმცა
ესენი სულ უფრო იშვიათი ხდებოდა მას მერე, რაც ფრემენებმა თავისი წილი ხარკი აიღეს
საჰაერო ხომალდებითა თუ თავად მარბიელებით, რომლებიც პოლის მიცემული იარაღით
გაანადგურეს), უდაბნოს ბუნებრივ საფრთხეებზე – მოქმედებზე, წყურვილზე, მტვრის
ნაპრალებზე.

გაიფიქრა, ყავა ხომ არ მოვითხოვოო, და ამ ფიქრმა ცნობიერებაში ფრემენული ცხოვრების


წესის მუდმივი პარადოქსი ამოუტივტივა: გრაბენის პეონებთან შედარებით რამდენად უკეთ
ცხოვრობდნენ ისინი სიეტჩების ქვაბულებში; ხოლო ჰარჯის დროს ღია ცის ქვეშ როგორ
უწევდათ ისეთი გაჭირვების ატანა, ჰარკონენის მონებიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ.

ჯესიკას გვერდით ფარდიდან მუქი ხელი შემოცურდა, მაგიდაზე ფინჯანი დადო და ისევ
გაუჩინარდა. ფინჯნიდან სუნელიანი ყავის სუნი დაიფრქვა.

„დაბადების ზეიმიდან მომართვეს“, გაიფიქრა ჯესიკამ.

ყავა აიღო და მოსვა, თან თავისთვის ჩაიღიმა. „ჩვენი სამყაროს რომელ სხვა თემში იქნებოდა
შესაძლებელი, ჩემი სტატუსის ადამიანს უცნობისგან მორთმეული სასმელი მიეღო და
უშიშრად გადაეკრა?“ ჰკითხა საკუთარ თავს. „რა თქმა უნდა, ახლა შემეძლო, ნებისმიერი შხამი
მანამდე შემეცვალა, სანამ რამე ზიანს მომაყენებდა, მაგრამ მომრთმევმა ხომ ეს არ იცის“.

ფინჯანი გამოცალა, მისგან მოგვრილი ენერგია და სიმხნევე იგრძნო – ცხელი, გემრიელი.

ისიც გაიფიქრა, ნეტავ, სხვა რომელ თემში ექნებოდათ ჩემი განმარტოების და მყუდროების
დარღვევისას ასეთი თანდაყოლილი მორიდების გრძნობა, რომ მომწოდებელი მხოლოდ
იმდენად შემოჭრილიყო, რამდენიც ძღვენის მისართმევად იყო საჭირო, ისე, რომ არც
დამნახვებოდაო. ეს ძღვენი მოწიწებას და სიყვარულს მოერთმია – მათში სულ ოდნავ
გარეული შიშით.

მომხდარის კიდევ ერთი თავისებურება შემოეჭრა ცნობიერებაში: ჯესიკამ ფიქრად გაივლო,


ყავას დავლევდიო, და ისიც მაშინვე გაჩნდა. იცოდა, ეს ტელეპათია სულაც არ იყო. ეს ტაუ იყო,
სიეტჩის თემის ერთობა, ყველასთვის საერთო სუნელიან საკვებში შემავალი სუსტი შხამისგან
მოძღვნილი ნიჭი. ამ ხალხის უმრავლესობას ვერასოდეს ექნებოდა იმედი, მიეღწია იმ
გასხივოსნებისთვის, რაც სუნელის თესლმა ჯესიკას მისცა – ისინი არ იყვნენ საამისოდ
გაწვრთნილი და მომზადებული. მათი გონება უარყოფდა ყველაფერს, რაც არ ესმოდა ან რასაც
ვერ მოიცავდა. და მაინც, ზოგჯერ ისინი ერთი ორგანიზმივით გრძნობდნენ და იქცეოდნენ.

და არასოდეს მიიჩნევდნენ ამას დამთხვევად.

„ნეტავ თუ გაიარა პოლმა გამოცდა უდაბნოში? მას უნარი არ აკლია, მაგრამ შემთხვევამ
შეიძლება ყველაზე უფრო უნარიანიც კი დასცეს“.

ლოდინი.

რა უღიმღამოა. მხოლოდ გარკვეული ხანს თუ შეგიძლია, ელოდო. მერე ლოდინის


უღიმღამობა გჯაბნის.

მათ ცხოვრებაში ყველანაირი ლოდინი იყო.

„ორ წელიწადზე მეტია, რაც აქ ვართ“, გაიფიქრა მან, „და, სულ ცოტა, ორჯერ მეტმა ხანმა უნდა
გაიაროს, სანამ შევეცდებით, ან თუნდაც გავიფიქრებთ, არაკისი ხელიდან გამოვგლიჯოთ
ჰარკონენ მმართველს, მუდირ ნაჰიას, მხეც რაბანს.

– ღირსო დედაო.

ხმა, ფარდის იქიდან რომ მოესმა, ჰარასი იყო, პოლის სახლობის მეორე ქალის.

– ჰო, ჰარა.

ფარდა გადაიწია და ჰარა თითქოს შემოსრიალდა შიგნით. ეცვა სიეტჩის სანდლები და


წითელ-ყვითელი ტანზე შემოხვეული კაბა, რომელშიც ლამის მხრებამდე მოშიშვლებული
მკლავები უჩანდა. შავი თმა შუაზე გადაეყო უკან გადაეტკიცა ხოჭოს ბრტყელი, პრიალა
ფრთებივით. გამოკვეთილი, მტაცებლური ნაკვთები ძლიერ მოეჭმუხნა.

ჰარას უკან ალია მოსდევდა, ორიოდე წლის გოგონა.

შვილი რომ დაინახა, ჯესიკას, როგორც ხშირად ხდებოდა, თვალი მოსტაცა ალიას მსგავსებამ
ამავე ასაკის პოლთან – ფართო თვალების დაკვირვებულ მზერაში იგივე სერიოზულობა ედგა,
იგივე მუქი თმა და მტკიცე პირი ჰქონდა. მაგრამ ამჩნევდა მცირე განსხვავებებსაც, და ეს
გამოიხატებოდა სწორედ იმით, რაც მოზრდილების უმრავლესობას ასე აშფოთებდა ალიაში.
ბავშვს, რომელსაც ლამის ახალფეხადგმული ეთქმოდა, ასაკისთვის შეუფერებელი
სიმშვიდით და გონიერებით ეჭირა თავი. უფროსები გაოგნებული რჩებოდნენ, როდესაც
გოგონას ეცინებოდა, კაცები და ქალები ერთმანეთს გადაკრული სიტყვით რომ
შეეხუმრებოდნენ; ან გაოცებით უგდებდნენ ხოლმე ყურს მის მოჩლექილ ხმას, ჯერაც
ღუღუნად რომ ისმოდა ჩამოუყალიბებელი სასის გამო, და მის სიტყვებში აღმოაჩენდნენ
მახვილ შენიშვნებს, ისეთ გამოცდილებას რომ ამჟღავნებდა, რაც შეუძლებელი იყო, ორი წლის
ბავშვს ჰქონოდა.

ჰარამ ბრაზით ამოიხვნეშა, ბალიშზე დაეშვა და ბავშვს შუბლშეკრულმა შეხედა.

– ალია, – ჯესიკამ შვილს მოუხმო.

ბავშვი მოვიდა, მის გვერდით ბალიშზე დაჯდა და დედის ხელი ჩაბღუჯა. სხეულებრივმა
კონტაქტმა აღადგინა ის საერთო ცნობიერება, რომელიც დედა-შვილს ჯერ კიდევ ალიას
დაბადებამდე ჰქონდა საზიარო. ეს არ იყო საერთო ფიქრები, თუმცა დროდადრო ესეც
მოსდიოდათ, თუ ალია დედას მაშინ შეეხებოდა, როცა ის ცერემონიისათვის სუნელის
საწამლავს ცვლიდა. ეს რაღაც უფრო მეტი ყო, ეს იყო მეორე ცოცხალი ნაპერწკლის მყისიერი
აღქმა, ბასრი და მკვეთრი, ნერვული ერთგვაროვნება, რაც მათ ემოციურად ერთ არსებად
აქცევდა.

ჯესიკამ წარმოთქვა ოფიციალური მისალმება მისი ძის სახლობის წევრისადმი:

– სუბახ ულ კუჰარ, ჰარა. ამ ღამემ კარგად მოგასვენა?

მან იმავე ტრადიციული ფორმალობით მიუგო:

– სუბახ უნ ნარ. კარგად გახლავარ, – სიტყვებს თითქმის არანაირი კილო არ ახლდა. და ისევ
ამოიხვნეშა.

ჯესიკამ იგრძნო, როგორ ერთობოდა ალია.

– ჩემი ძმის განიმა მიბრაზდება, – თქვა მან თავისი მოჩლექილი ენით.

ჯესიკამ შენიშნა, რა სიტყვით მოიხსენია ალიამ ჰარა – განიმა. ნიუანსებით სავსე ფრემენულ
ენაზე ეს სიტყვა ნიშნავდა „ბრძოლაში საჭირო რამეს“ და ემატებოდა მინიშნება, რომ ეს რამე
მისი თავდაპირველი დანიშნულებით აღარ გამოიყენებოდა. მოსართავადღა დარჩენილიყო,
შუბისპირად, რომელსაც ფარდის დასამძიმებლად იყენებდნენ.

ჰარამ ბავშვს დაუბღვირა.

– ნუ ცდილობ, დამამცირო. მე ჩემი ადგილი კარგად ვიცი.

– ამჯერად რა ჩაიდინე, ალია? – ჰკითხა ჯესიკამ.

პასუხი ჰარამ გასცა:

– ის არ იკმარა, სხვა ბავშვებთან თამაშზე რომ უარი თქვა, ადგა და შეიპარა...


– ფარდების უკან დავიმალე და ვუყურე, როგორ იბადებოდა სუბიაის ბავშვი, – თქვა ალიამ, –
ბიჭია. ტიროდა და ტიროდა. რა ფილტვები აქვს! კარგა ხანს რომ იტირა...

– მერე გამოვიდა და ბავშვს შეეხო, – თქვა ჰარამ, – და იმან ტირილი შეწყვიტა. ყველამ იცის,
რომ ფრემენი ბავშვი მთელ თავის ტირილს დაბადებისას უნდა მორჩეს, თუ ამ დროს სიეტჩში
არიან – რათა მერე აღარასოდეს იტიროს და ჰარჯის დროს არ გაგვცეს.

– საკმარისად იტირა, – თქვა ალიამ, – მე, უბრალოდ, მინდოდა, მის ნაპერწკალს, მის
სიცოცხლეს შევხებოდი. იმას კი, მე რომ მიგრძნო, ტირილი აღარ მოუნდა.

– ამან ხალხი კიდევ უფრო მეტად აალაპარაკა, – თქვა ჰარამ.

– სუბიაის ბავშვი ჯანმრთელია? – ჰკითხა ჯესიკამ. ხედავდა, რომ ჰარას რაღაც ძალიან
ანაღვლებდა და სურდა გაეგო – რა.

– ჯანმრთელია, უკეთესს დედა ვერც ინატრებს, – მიუგო ჰარამ, – იციან, რომ ალიას მისთვის
არაფერი დაუშავებია. დიდად არც ანაღვლებთ, რომ შეეხო. ბიჭი მაშინვე დაწყნარდა და
მხიარულად იყო. ყველაფერი... – ჰარამ მხრები აიჩეჩა.

– ჩემი შვილის უცნაურობის ბრალია, ჰო? – ჰკითხა ჯესიკამ, – იმის ბრალია, დიდივით რომ
ლაპარაკობს, ისეთ რამეებზე, მისი ასაკის ბავშვმა რომ არ შეიძლება, იცოდეს – წარსულის
ამბებზე.

– საიდან უნდა იცოდეს, როგორი იყო ვიღაც ბავშვი ბელა ტეგეუსზე? – იკითხა ჰარამ.

– მაგრამ ეგრეა! – შეედავა ალია, – სუბიაის ბიჭი ძალიან ჰგავს მითას ბიჭს, განშორებამდე რომ
დაიბადა.

– ალია! – მიმართა ჯესიკამ, – ხომ გაგაფრთხილე.

– მაგრამ, დედა, მე ხომ ვნახე, მართლა ასე იყო და...

ჯესიკამ თავი გაიქნია, ჰარას სახეზე შეშფოთება რომ შეატყო. „რა დავბადე?“ საკუთარ თავს
ჰკითხა მან. „ასული, რომელმაც დაბადებისთანავე იცოდა ყველაფერი, რაც კი მე ვიცი... და
მეტიც: ყველაფერი, რაც კი გაუცხადეს მას ჩემში მყოფმა ღირსმა დედებმა წარსულის
ტალანებიდან“.

– საქმე მარტო ის კი არაა, რას ამბობს, – წარმოთქვა ჰარამ, – ახლა კიდევ ეს სავარჯიშოები: ზის
და კლდეს მისჩერებია, ერთადერთ კუნთს ამოძრავებს ცხვირთან, ან თითის ფალანგაზე, ან...

– ეს ბენე გესერიტის წვრთნაა, – უთხრა ჯესიკამ, – ხომ იცი ეს, ჰარა. ჩემს შვილს ხომ აქვს
უფლება იმაზე, რაც მემკვიდრეობით ერგო?

– ღირსო დედაო, ხომ იცი, ეგეთი რამეები მე არ მანაღვლებს, – უთხრა ჰარამ, – მაგრამ ხალხი
რას ამბობს? მე ამაში ხიფათს ვგრძნობ. ამბობენ, რომ შენი გოგო დემონია, რომ სხვა ბავშვებს
არ უნდათ მასთან თამაში, რომ ის...

– ის სხვა ბავშვებს ძალიან ცოტა რამით ჰგავს, – მიუგო ჯესიკამ, – ოღონდ დემონი არ არის,
უბრალოდ...
– რა თქმა უნდა, არ არის!

ჯესიკას გაუკვირდა ჰარას მღელვარე კილო, ალიას დახედა. გოგონა ფიქრებში ჩაფლულს
ჰგავდა, თითქოს... რაღაცას უცდიდა. ჯესიკამ ისევ ჰარას შეხედა.

– მე პატივს ვცემ იმას, რომ შენ ჩემი ვაჟის სახლობის წევრი ხარ, – თქვა ჯესიკამ (ხელით
იგრძნო, რომ ალია შეიშმუშნა), – შეგიძლია, დაუფარავად მითხრა, რამე თუ გაწუხებს.

– შენი ვაჟის სახლობის წევრად დიდხანს აღარ დავრჩები, – უთხრა ჰარამ, – ამდენ ხანს ჩემი
შვილების გამო გავჩერდი, ისინი, როგორც უსულის შვილები, განსაკუთრებულ წვრთნას
იღებდნენ. მე მათთვის ბევრის მიცემას ვერ შევძლებდი, რაკი ყველამ იცის, რომ შენს შვილთან
სარეცელს არ ვიყოფ.

ალია ისევ შეინძრა მის გვერდით, რულმოკიდებული, თბილი.

– თუმცა, ჩემს შვილს კარგ მეწყვილედ გამოადგებოდი, – უთხრა ჯესიკამ. და თავისთვის


მაშინვე დაუმატა, რადგან ეს ფიქრი არასოდეს შორდებოდა: „მეწყვილედ... და არა ცოლად“.
ამის მერე ჯესიკას ფიქრი მთლად გულისგულს მიადგა, იმ ხინჯს, რომელიც სიეტჩში
დარხეული ხმებმა გაუჩინა: ყველა ამბობდა, რომ მისი ძის და ჩანის თანამეწყვილეობა
მუდმივი გახდა, ქორწინებად იქცა.

„ჩანი კი მიყვარს“, გაიფიქრა ჯესიკამ, მაგრამ თავს შეახსენა, რომ სიყვარულს გზა სამეფო
საჭიროებისთვის უნდა დაეთმო. სამეფო ქორწილს სხვა მიზეზები აქვს, არა სიყვარული.

– გგონია, არ ვიცი, რას უპირებ შენს შვილს? – ჰკითხა ჰარამ.

– რას გულისხმობ? – კითხვითვე უპასუხა ჯესიკამ.

– აპირებ, ტომები მისი მმართველობის ქვეშ გააერთიანო.

– მერე, ეს ცუდია?

– მე ვხედავ საფრთხეს მისთვის... და ალია ამ საფრთხის ნაწილია.

ალია დედას უფრო მიეკრა, ახლა თვალები გაეხილა და ჰარას აკვირდებოდა.

– მე ვხედავ, როგორ ხართ ხოლმე ერთად, – უთხრა ჰარამ, – როგორ ეხებით ერთმანეთს. და
ალია საკუთარ სისხლად და ხორცად მიმაჩნია, რადგან ის დაა მისი, ვინც ჩემთვის ძმასავითაა.
მე მას მთლად ჩვილობიდან ვუვლიდი და ვიცავდი, რაზიადან მოყოლებული, რის მერეც
გამოვიქეცით აქ. მისი ბევრი ამბის მომსწრე ვარ.

ჯესიკამ თავი დაუქნია, თან გრძნობდა, რომ მის გვერდით მჯდარ ალიას მღელვარება
ემატებოდა.

– იცით, რასაც ვგულისხმობ, – განაგრძობდა ჰარა, – იმას, თუ როგორ თავიდანვე ესმოდა, რას
ვეუბნებოდით. ვის უნახავს სხვა ბავშვი, ასე პატარას რომ სცოდნოდა წყლის წესი? სხვა
რომელ ბავშვს უთქვამს ძიძისთვის პირველად ასეთი სიტყვები: „მიყვარხარ, ჰარა“?

ჰარა ალიას მიაჩერდა.


– როგორ გგონია, რატომ ვითმენ მისგან ამ დამამცირებელ სიტყვებს? ვიცი, რომ ღვარძლით არ
მეუბნება.

ალიამ დედას ახედა.

– დიახ, მაქვს განსჯის უნარი, ღირსო დედაო, – თქვა ჰარამ, – მე შემეძლო, ერთ-ერთი საიადინა
ვყოფილიყავი. რაც ნანახი მაქვს, ნანახი მაქვს.

– ჰარა, – ჯესიკამ მხრები აიჩეჩა, – არც ვიცი, რა ვთქვა, – და საკუთარმა ნათქვამმა გააკვირვა,
რადგან ეს სრული სიმართლე იყო.

ალია გაიმართა, მხრებში გაიშალა. ჯესიკამ იგრძნო, რომ მოლოდინის განცდა დასრულდა; ის
გადაწყვეტილებისა და სევდის ნაზავმა შეცვალა.

– შეცდომა დავუშვით, – თქვა ალიამ, – ახლა ჰარა გვჭირდება.

– თესლის ცერემონიის ბრალია, – თქვა ჰარამ, – მაშინ, სიცოცხლის წყალი რომ შეცვალე,
ღირსო დედაო, როცა ალია ჯერაც მუცლად გყავდა.

„ჰარა გვჭირდება?“ საკუთარ თავს დაეკითხა ჯესიკა.

– სხვას ვის შეუძლია, ხალხს ელაპარაკოს და დაარწმუნოს, ჩემი გაგება დაიწყონ? – იკითხა
ალიამ.

– რა გინდა, რომ ქნას? – ჰკითხა დედამ.

– მან უკვე იცის, რა უნდა ქნას, – უთხრა ალიამ.

– სიმართლეს ვეტყვი ყველას, – თქვა ჰარამ. სახე უცებ მობერებული და მწუხარე გაუხდა,
წარბშეკრულს ზეთისხილისფერ კანზე ღარები დააჩნდა, წაწვეტებულ ნაკვთებს კუდიანის
იერი დაედო, – ვეტყვი, რომ ალია მხოლოდ თავს გვაჩვენებს პატარა გოგოდ, რომ ის არასოდეს
ყოფილა პატარა გოგო.

ალიამ თავი გაიქნია და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. ჯესიკას ისე მოაწყდა შვილისგან
წამოსული სევდის ტალღა, თითქოს საკუთრივ მისი გრძნობა ყოფილიყო.

– ვიცი, რა სიმახინჯეც ვარ, – დაიჩურჩულა ალიამ. ბავშვის პირით წარმოთქმული ეს


„უფროსული“ დასკვნა ნათქვამის მწარე დადასტურებად გაისმა.

– არაფერი სიმახინჯე არ ხარ! – შეუტია ჰარამ, – ვინ გაბედა, შენზე ეთქვა, სიმახინჯეაო?

ჯესიკა ისევ გააოცა მფარველობის ცხარე კილომ, ჰარას ხმაში რომ იგრძნობოდა. და მაშინ
დაინახა, რომ ალიამ სწორად შეაფასა: მათ ჰარა სჭირდებოდათ. ტომისთვის ჰარა გასაგები
იქნებოდა – მისი სიტყვებიც, მისი გრძნობებიც – რადგან ცხადი იყო, მას ალია საკუთარი
შვილივით უყვარდა.

– ვინ გითხრა? – გაიმეორა ჰარამ.

– არავინ.
ალიამ ცრემლები ჯესიკას კაბაზე შეიწმინდა. მერე დასველებული და დაჭმუჭნილი
ქსოვილის კიდე გაასწორა.

– ჰოდა, მაშინ შენც ნუ იტყვი! – უბრძანა ჰარამ.

– კარგი, ჰარა.

– ახლა, – უთხრა ჰარამ, – მომიყევი, როგორ იყო, რომ მე სხვებისთვის შემეძლოს მოყოლა.
მომიყევი, რა იყო, რა დაგემართა.

ალიამ ნერწყვი გადაყლაპა და დედას ახედა.

ჯესიკამ თავი დაუქნია.

– ერთ დღეს გამეღვიძა, – თქვა ალიამ, – ძილისგან გამოფხიზლებას ჰგავდა, თუმცა არ


მახსოვდა, როდის დამეძინა. თბილ, ბნელ ადგილას ვიყავი. და მეშინოდა.

ჯესიკას ესმოდა შვილის ნახევრად მოჩლექილი ხმა. გაახსენდა ის დღე დიდ მღვიმეში.

– ჰოდა, რომ მეშინოდა, – განაგრძობდა ალია, – გაქცევა ვცადე, მაგრამ გასაქცევი არსად იყო.
მერე ნაპერწკალი დავინახე... მაგრამ ზუსტად დანახვას კი არ ჰგავდა. ნაპერწკალი„ უბრალოდ,
იქ იყო, ჩემთან, და მე მისი ემოციები ვიგრძენი... მამშვიდებდა, მანუგეშებდა, ამით
მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ის დედაჩემი იყო.

ჰარამ თვალები მოისრისა და გამამხნევებლად გაუღიმა ალიას. მაგრამ ფრემენი ქალის


მზერაში ისეთი მგზნებარება მოჩანდა, თითქოს თვალებითაც ცდილობდა ალიას სიტყვების
გაგონებას.

და ჯესიკამ გაიფიქრა: „განა რა ვიცით იმაზე, თუ რას ფიქრობს ასეთი ადამიანი... მისი
განუმეორებელი გამოცდილებიდან, ცოდნიდან, მემკვიდრეობიდან გამომდინარე?“

– როგორც კი თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი და დავწყნარდი, – თქვა ალიამ, – ჩვენთან კიდევ


სხვა ნაპერწკალი გამოჩნდა... და ყველაფერი ერთბაშად მოხდა. ის მეორე ნაპერწკალი მოხუცი
ღირსი დედა იყო. ის... ცხოვრებას ცვლიდა დედაჩემთან... ყველაფერს... და მეც იქ ვიყავი,
მათთან, ყველაფერს ვხედავდი... სულ ყველაფერს. და ყველაფერი დასრულდა, მე კი ვიყავი
ისინიც, ყველა დანარჩენიც და მეც... ოღონდ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, ისევ რომ მეპოვა
ჩემი თავი. ძალიან ბევრი სხვა იყო.

– სასტიკად მოგექეცით, – თქვა ჯესიკამ, – არც ერთი არსების ცნობიერება არ უნდა


იღვიძებდეს ასე. საოცარი ისაა, რომ შეძელი, მიგეღო ყველაფერი, რაც კი გადაგხდა.

– სხვას ვერც ვერაფერს ვიზამდი! – უთხრა ალიამ, – არ ვიცოდი, იქაურობას როგორ


გავცლოდი ან როგორ დამემალა ჩემი ცნობიერება... ან ჩამეკეტა... ყველაფერი ადგა და მოხდა...
ყველაფერი...

– ჩვენ არ ვიცოდით, – ჩაიბუტბუტა ჰარამ, – როცა დედაშენს წყალი მივეცით შესაცვლელად,


არ ვიცოდით, მასში რომ ცხოვრობდი.

– ნუ დარდობ ამაზე, ჰარა, – უთხრა ალიამ, – მეც არ უნდა მეცოდებოდეს ჩემი თავი. ბოლოს და
ბოლოს, ამაში სასიხარულოც კია რაღაც: მე ღირსი დედა ვარ. ტომს ჰყავს ორი ღირ...
სიტყვა გაწყვიტა, თავი გადახარა და მიაყურადა.

ჰარა უკან გადაქანდა, ქუსლებზე დაჯდა და ბალიშს მიეყრდნო; ალიას დააცქერდა, მერე
მზერა ჯესიკას სახეზე გადაიტანა.

– ვერ ხვდებოდი? – ჰკითხა ჯესიკამ.

– ჩჩ-ჩ-ჩ, – ჩააჩუმა ალიამ.

ფარდების მიღმიდან, რომელიც მათ სიეტჩის დერეფნებისგან ჰყოფდა, რიტმული გალობის


ხმებმა შემოაღწია. ხმა გაძლიერდა, მასში სიტყვების გარჩევაც შეიძლებოდა:

– ია! ია! იავმ! ია! ია! იავმ! მუ ზეინ, ვალლაჰ! ია! ია! იავმ! მუ ზეინ, ვალლაჰ!

მგალობლებმა გასასვლელთან ჩაიარეს და მათი ხმები გუგუნით ასხლტა შიდა კედლებზე. ხმა
ნელ-ნელა მიწყდა.

გალობა რომ სათანადოდ მიჩუმდა, ჯესიკა რიტუალის აღსრულებას შეუდგა; მის ხმაში
მწუხარება ერია:

– რამადანი და აპრილი იდგა ბელა ტეგეუსზე.

– ჩემი ოჯახი თავის ტბორისპირა ეზოში იჯდა, – თქვა ჰარამ, – შადრევნების შხეფებიდან
ადენილი ტენით გაჯერებულ ჰაერში. იქ იდგა ხე პორტოგალისა, მრგვალი და ფეროვანი
ნაყოფი ხელის გაწვდენაზე ეკიდა. იყო კალათი, სავსე მიშმიშითა და ბაქლავათი, და იდგა
კათხები სავსე ლიბანით – ყველანაირი დოვლათი საჭმელად. ჩვენს ბაღებში, ჩვენი საქონლის
სადგომებში მშვიდობა იყო... მშვიდობა იდგა სრულიად ქვეყნად.

– ცხოვრება სიხარულით იყო სავსე, სანამ მარბიელები არ მოვიდნენ, – წარმოთქვა ალიამ.

– მეგობრების კივილმა სისხლი გაგვიყინა ძარღვებში, – განაგრძო ჯესიკამ და იგრძნო, როგორ


იხუვლა მასში მოგონებებმა იმ წარსულთაგან, სხვებმა რომ გაუზიარეს.

– ლა, ლა, ლა, ტიროდნენ ქალები, – ჩაურთო ჰარამ.

– მუშტამალი გამოიქროლეს მხედრებმა, მოგვცვივდნენ მახვილებით, რომლებსაც წითლად


სწვეთავდა ჩვენი კაცების სიცოცხლეები, – თქვა ჯესიკამ.

ამ სამს შორის სიჩუმე ჩამოწვა. მდუმარება იდგა სიეტჩის ყველა სხვა ბინაშიც, სიჩუმე,
რომლის დროსაც იხსენებდნენ და ამგვარად ცოცხლად ინახავდნენ თავიანთ მწუხარებას.

ბოლოს ჰარამ ცერემონია დაასრულა. მან რიტუალური ფრაზა იმგვარი ულმობლობით


წარმოთქვა , როგორიც ჯესიკას ამ სიტყვებში ადრე არასოდეს სმენოდა:

– არასოდეს ვაპატიებთ და არასოდეს დავივიწყებთ!

ფიქრით სავსე სიჩუმეში, ამ სიტყვებს რომ მოჰყვა, გაიგონეს ხალხის ბუტბუტი, მრავალი
მოსასხამის შრიალი. ჯესიკამ იგრძნო, რომ მისი ოთახის შესასვლელთან დაკიდებული
ფარდის იქით ვიღაც იდგა.

– ღირსო დედაო.
ქალის ხმა იყო და ჯესიკამ იცნო იგი: სტილგარის ერთ-ერთი ცოლის, თართარის ხმაა.

– რა იყო, თართარ?

– ცუდი ამბებია, ღირსო დედაო,

ჯესიკამ იგრძნო, უეცარმა შიშმა როგორ მოუწურა გული.

– პოლ, – წარმოთქვა სულშეგუბებულმა.

თართარმა ფარდები გადასწია და ოთახში შემოაბიჯა. სანამ ფარდა ჩამოეშვებოდა, ჯესიკამ


გარე ოთახში შეკრებილი ხალხი დაინახა. თართარს შეხედა – პატარა, შავგვრემანი ქალი იყო,
წითლით მოხატული შავი კაბა ეცვა, მისი თვალების სრული სილურჯე მოუშორებლად
შესცქეროდა ჯესიკას; ციცქნა ცხვირის ნესტოები გაფართოებოდა და მათ ქვეშ საცობებისგან
გაუხეშებული კანი მოუჩანდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა ჯესიკამ.

– უდაბნოდან ამბავი მოვიდა, – თქვა თართარმა, – უსული გამოცდისთვის მოქმედს ხვდება...


ეს დღეს იქნება. ახალგაზრდები ამბობენ, შეუძლებელია, დამარცხდესო; საღამოს უკვე
უდაბნოს მხედარი იქნებაო. ახალგაზრდები რაზიასთვის ირაზმებიან. ჩრდილოეთისკენ
გასწევენ და იქ უსულს შეხვდებიან. ამბობენ, იქ კი ყვირილს ავტეხთო. ამბობენ, ვაიძულებთ,
სტილგარი გამოიწვიოს და ტომებს სათავეში ჩაუდგესო.

„წყლის გროვება, დიუნებზე მცენარეების გაშენება, მთელი პლანეტის ნელა, მაგრამ


დანამდვილებით

შეცვლა – ეს აღარ ჰყოფნით“ გაიფიქრა ჯესიკამ. „პატარა რეიდები, უეჭველი რეიდები – ეს


აღარ ჰყოფნით’ მათ ხომ პოლისგან და ჩემგან ამდენი რამ ისწავლეს. საკუთარ ძალას გრძნობენ
და ბრძოლაში მკლავის მოსინჯვა უნდათ“.

თართარმა ფეხი მოინაცვლა და ყელი ჩაიწმინდა.

„ჩვენ ვიცით ფრთხილი მოლოდინის სარგებელი და საჭიროება“, გაიფიქრა ჯესიკამ, „მაგრამ ეს


ჩვენი იმედგაცრუების ღერძიცაა. ისიც ვიცით, ხანგრძლივმა ლოდინმა რა ზიანი შეიძლება
მოგვიტანოს. ლოდინი თუ გაგრძელდება, მიზნის შეგრძნებას ვკარგავთ“.

– ახალგაზრდები ამბობენ, თუ უსული სტილგარს არ გამოიწვევს, ესე იგი, ეშინიაო, – თქვა


თართარმა.

და მზერა დახარა.

– აჰა, ასეა საქმე, – ჩაილაპარაკა ჯესიკამ. და გაიფიქრა: „რას იზამ, ვხედავდი, რომ ადრე თუ
გვიან ასე მოხდებოდა. სტილგარიც ხედავდა“.

თართარმა ისევ ჩაიწმინდა ხმა.

– ჩემი ძმა, შოაბიც კი ასე ამბობს, – თქვა მან, – უსულს სხვა გზას არ დაუტოვებენ.

„ესე იგი, მოხდა კიდევაც“, გაიფიქრა ჯესიკამ. „და პოლმა ეს თავად უნდა მოაგვაროს. ღირსი
დედა ვერ გაბედავს, მმართველობის შეცვლის საქმეში ჩაერიოს“.
ალიამ ჯესიკას თითებიდან ხელი გამოითავისუფლა და თქვა:

– თართარს გავყვები და ახალგაზრდებს მოვუსმენ. შეიძლება, რამე გამოსავალი ვიპოვოთ.

ჯესიკამ თართარს გაუსწორა თვალი, მაგრამ ალიას დაელაპარაკა:

– წადი მაშინ. და, როგორც კი შეძლებ, მაშინვე მომიყევი, რა ხდება.

– ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ღირსო დედაო, – უთხრა თართარმა.

– არ გვინდა, – დაეთანხმა ჯესიკა, – ტომს მთელი თავისი ძლიერება სჭირდება. – ჰარას შეხედა:
– გაჰყვები შენც?

ჰარამ კითხვის იმ ნაწილს უპასუხა, ხმამაღლა რომ არ თქმულა:

– თართართან ალიას არაფერი დაუშავდება. მან იცის, რომ მალე ჩვენ ერთად ვიქნებით
ცოლები, ის და მე, საერთო კაცი გვეყოლება. მე და თართარს ამაზე ერთმანეთთან
გვილაპარაკია, – ჰარამ თართარს ახედა, მერე ისევ ჯესიკას მიაპყრო მზერა: – ჩვენ გვესმის
ერთმანეთის.

თართარმა ალიას ხელი გაუწოდა და უთხრა:

– უნდა ვიჩქაროთ. ახალგაზრდები უკვე მიდიან.

ისინი ფარდებს შორის გაძვრნენ. პატარა ქალს ბავშვისთვის ხელი ჩაეკიდებინა, მაგრამ
იტყოდი, ქალი ბავშვს მიჰყავსო.

– პოლ მუად’დიბი თუ სტილგარს მოკლავს, ეს ტომს არ წაადგება, – თქვა ჰარამ, – მეთაურის


ადგილს ყოველთვის ასე იკავებდნენ, მაგრამ დროება შეიცვალა.

– შენთვისაც შეიცვალა დროება, – უთხრა ჯესიკამ.

– ხომ არ გგონია, ეჭვი მეპარებოდეს, ეს ბრძოლა თუ შედგა, როგორ დასრულდება, – უთხრა


ჰარამ, – უსული აუცილებლად გაიმარჯვებს.

– მეც ეგ ვიგულისხმე, – უთხრა ჯესიკამ.

– შენ გგონია, ჩემს ვარაუდებზე ჩემი გრძნობები ახდენს გავლენას?! – თქვა ჰარამ. თავი
გაიქნია, კისერზე ჩამოკიდებული წყლის რგოლები აუწკრიალდა, – როგორ გეშლება. იქნებ
ისიც გგონია, რომ გული მწყდება, რომ უსულმა მე არ ამირჩია, რომ ვეჭვიანობ ჩანიზე?

– შენ, როგორც შეგიძლია, ისე აკეთებ არჩევანს, – თქვა ჯესიკამ.

– მე ჩანი მებრალება, – უთხრა ჰარამ.

ჯესიკა დაიძაბა.

– რას გულისხმობ?

– მე ვიცი, რას ფიქრობ ჩანიზე, – თქვა ჰარამ, – ფიქრობ, რომ ის შენს შვილს ცოლად არ
შეეფერება.
ჯესიკა უკან გადაჯდა და ბალიშებს მიეყრდნო. მხრები აიჩეჩა.

– შეიძლება.

– იქნებ, მართალიც იყო, – უთხრა ჰარამ, – და თუ ასეა, გაგიკვირდება, ვინ შეიძლება იყოს შენი
მოკავშირე – თავად ჩანი. მას ის უნდა, რაც უსულისთვის უმჯობესი იქნება.

ჯესიკამ ყელში ანაზდად მოწოლილი ბურთი გადაყლაპა.

– ჩანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, – თქვა, – ის ვერ...

– ეს შენი ფარდაგები ძალიან ჭუჭყიანია, – თქვა ჰარამ. იატაკს მოატარა მზერა, ჯესიკას თვალს
არიდებდა, – აქ იმდენი ხალხი დადის. უფრო ხშირად უნდა გააწმენდინო ხოლმე.

5* * *
ორთოდოქსულ რელიგიაში მის ურთიერთქმედებას პოლიტიკასთან თავს ვერ აარიდებ. ეს
ბრძოლა ძალაუფლებისთვის მსჭვალავს ორთოდოქსი თემის მთელ წვრთნას, განათლებას და
მომზადებას. ამ წნეხის გამო, ამგვარი თემის ლიდერები უცილობლად აღმოჩნდებიან
დილემის პირისპირ: მინებდნენ სრულ ოპორტუნიზმს ძალაუფლების საფასურად, თუ მზად
იყვნენ, ორთოდოქსულ ეთიკას საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირონ...

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: რელიგიის საკითხები“

პოლი ქვიშაზე იდგა, გიგანტური მოქმედის მოახლოების ხაზისგან განზე, და ელოდა.


„კონტრაბანდისტის მსგავსად კი არ უნდა ველოდე, მოუთმენლად და შფოთით“, შეახსენა
თავის თავს. „უდაბნოს ნაწილი უნდა ვიყო“.

არსებასთან შეხვედრამდე ახლა რამდენიმე წუთი თუ აშორებდა, დილას მისი სვლის ხახუნ-
სისინი ავსებდა. მისი გრძელი კბილები პირის მრგვალ ღრუში რაღაც საზარელ, ვეება
ყვავილად გაშლილიყო. ჰაერს მისგან წამოსული სუნელის სუნი მოსდებოდა.

პოლს სარწყული ტანზე მოხერხებულად ეჯდა და მხოლოდ ოდნავ გრძნობდა ცხვირის


საცობებს, სასუნთქ ნიღაბს. სტილგარის სწავლება, უდაბნოში გატარებული გულმოდგინე
მეცადინეობის საათები სხვა ყველაფერს გადაჰფარებოდა.

– მოქმედის რადიუსიდან რა მანძილზე უნდ დადგე ხოშორ ქვიშაზე? – ჰკითხა მაშინ


სტილგარმა.

და პოლმა სწორად უპასუხა:

– ნახევარ მეტრზე, მოქმედის დიამეტრის ყოველი მეტრისთვის.

– რატომ?

– მისი სვლის მორევში რომ არ მოხვდე და იმის დროც გქონდეს, რომ მიირბინო და შეაჯდე.
– შენ მჯდარხარ პატარა მოქმედებზე, თესლის და სიცოცხლის წყლის მისაღებად რომ
ვამრავლებთ, – უთხრა მაშინ სტილგარმა, – მაგრამ გამოცდისთვის მოხმობილი იქნება
ველური მოქმედი, უდაბნოს ბერიკაცი. ასეთს სათანადო პატივისცემით უნდა მოეპყრო.

ახლა ბაგუნას ხმადაბალი გუგუნი მოახლოებული მატლის სისინს ერეოდა. პოლი ღრმად
სუნთქავდა და ფილტრებშიც კი სცემდა ქვიშის მინერალური სიმწარის სუნი. ველური
მოქმედი, უდაბნოს ბერიკაცი, ლამის მის თავზემოთ წამოიმართა. მისი ქვიშის
ქიმმოგდებული წინა ნაწევარებით აყენებული ტალღა პოლს მუხლამდე შემოსწვდებოდა.

„ამოდი ზემოთ, ჩემო ლამაზო ურჩხულო“, გაიფიქრა პოლმა. „ხომ გესმის ჩემი ძახილი? ამოდი.
ამოდი“.

ტალღა პოლს ტერფების ქვეშ აებურცა და ასწია. მთლიანად გაეხვია ზედაპირის მტვერში.
თავი შეიმაგრა. მისი სამყარო ახლა თითქმის მთლიანად დაეპყრო ამ ქვიშისფერი მრუდე
კედლის სვლას, ამ ნაწევრებიან კლდეს, მასზე მკვეთრად გამოსახულ რგოლის ხაზებს.

პოლმა კავები ასწია, მათ სიგრძივ გახედა მიზანს, მოიხარა და ასე მოხრილი გაიჭრა წინ.
იგრძნო, როგორ გამოედო კავები და გაქაჩეს. მაღლა შეხტა, ფეხები იმ კედელს მიაბჯინა,
მობღაუჭებულ კავებზე გადმოეკიდა. გამოცდის უმთავრესი წამი ეს იყო: თუ რგოლური
ნაწევარის წინა კიდესთან ზუსტად ჩასვამდა კავებს და სეგმენტს პირს დააღებინებდა, მატლი
არ გადმობრუნდებოდა და ქვეშ არ მოიყოლებდა.

მატლმა სვლა შეანელა. ბაგუნაზე გადაცურდა და დაადუმა. ნელა იწყო მობრუნება – მაღლა,
მაღლა – ის აბეზარი ეკლები, რაც შეიძლება, ზემოთ ასწია, მოაშორა ქვიშას, რომელიც
რგოლური სეგმენტის ნაზ შიდა ნაკეცებს უღიზიანებდა.

პოლი მატლზე ზემოდან მოქცეული აღმოჩნდა, წელში გამართული იდგა და მიქროდა.


აღტაცება ათრობდა, თავს გრძნობდა იმპერატორად, რომელიც თავის სამფლობელოს
გადასცქეროდა. ძლივს დაიოკა უეცარი სურვილი, სიხარულით აცეკვებულიყო, მატლი
მოებრუნებინა, ყველასათის ეჩვენებინა, რა ოსტატურად იმორჩილებდა ამ ქმნილებას.

უცებ მიხვდა, რატომ გააფრთხილა ერთხელ სტილგარმა და უამბო თავხედ ახალგაზრდებზე,


რომლებიც ცეკვავდნენ და თამაშობდნენ ამ ურჩხულთან, ზურგზე რომ მოექცეოდნენ,
ხელებზე დგებოდნენ, ორივე კავს იღებდნენ და ისევ არჭობდნენ, სანამ მათ მატლი არ
გადმოყრიდა.

პოლმა ერთი კავი მატლში ჩატოვა, მეორე ამოაძრო და უფრო ქვემოთ ჩაასო გვერდში. მეორე
კავი საიმედოდ რომ ჩამაგრდა, პირველი ამოაძრო და ქვემოთ გადაიტანა, და ამგვარად
დაუყვა გვერდს ქვემოთ-ქვემოთ. მოქმედი გადაბრუნდა, გადაბრუნებისას მოუხვია და წმინდა
ქვიშის ნამქერს შემოუარა, სადაც ფრემენები უცდიდნენ.

პოლმა დაინახა, როგორ ამოდიოდნენ ისინი, კავებს ამოსაცოცებლად ხმარობდნენ, მაგრამ


არიდებდნენ

რგოლის მგრძნობიარე კიდეებს, და ამგვარად მოექცნენ მატლს ზურგზე. ბოლოს ყველანი,


კავებით საიმედოდ შემაგრებულნი, სამ რიგად გამწკრივდნენ პოლის უკან.
სტილგარმა რიგებს შორის გამოიარა და მოუახლოვდა, პოლის კაუჭების განლაგება შეამოწმა,
მოსწავლეს მოღიმარ სახეში ჩახედა.

– მაშ, მოახერხე, არა? – სტილგარმა ხმას აუწია, სვლის შრაშუნი რომ გადაეფარა, – ასე ფიქრობ,
ჰო? შენ ეს გააკეთე, ხომ? – ის წელში გაიმართა, – მაშ, ახლა გეტყვი, რომ ძალიან უსუფთაოდ
იყო გაკეთებული. თორმეტი წლის ბავშვები გვინახავს, უკეთ რომ უმუშავიათ. იმ ადგილის
მარცხნივ, სადაც იცდიდი, დაფდაფა ქვიშა იყო. მატლი იქით რომ მობრუნებულიყო, დასახევი
ადგილი არ გქონდა.

პოლს სახიდან ღიმილი ჩამოსცილდა.

– ვხედავდი დაფდაფა ქვიშას.

– მაშინ, რატომ არ გვანიშნე რომელიმეს, შემცვლელად დაგდგომოდით? ამის გაკეთება


გამოცდის დროსაც კი შეიძლება.

პოლმა ნერწყვი გადაყლაპა, სიოს მიუშვირა სახე.

– შენ ფიქრობ, რომ ავი ვარ, ახლა რომ გეუბნები ამას, – უთხრა სტილგარმა, – მაგრამ ეს ჩემი
ვალია. მე შენ რაზმისთვის საჭირო კაცი მგონიხარ. იმ დაფდაფა ქვიშაზე ფეხი რომ
გადაგცდენოდა, მოქმედი შენკენ მობრუნდებოდა.

პოლი ბრაზს შეეპყრო, მაგრამ იცოდა, რომ სტილგარი სიმართლეს ეუბნებოდა. გარკვეული
დრო და დედისგან მიღებული მთელი წვრთნის მოხმობა დასჭირდა, რომ სიმშვიდის
შეგრძნება მოეხელთებინა.

– ბოდიშს ვიხდი, ეს აღარ გამეორდება.

– რთულ ვითარებაში, – უთხრა სტილგარმა, – ყოველთვის იყოლიე შემცვლელი, ვინმე, ვინც


მოქმედს შეიპყრობს, შენ თუ ვერ შეძელი. გახსოვდეს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ასე უფრო
ნაღდია. ერთად ვმუშაობთ, ხომ?

და მხარზე შემოჰკრა ხელი.

– ერთად ვმუშაობთ, – დაეთანხმა პოლი.

– ახლა, – სტილგარის ხმა ამჯერად მკვახედ გაისმა, – მიჩვენე, რომ იცი, როგორ მართო
მოქმედი. რომელ გვერდზე ვართ?

პოლმა ფეხქვეშ ქერცლებიან, ნაწევარა ზედაპირს დახედა, დააკვირდა ქერცლების ზომას და


ფორმას, შენიშნა, როგორ იზრდებოდნენ მარჯვნა მხარეს, მარცხნივ კი მცირდებოდნენ.
იცოდა, რომ გადაადგილებისას ყველა მატლს, როგორც წესი, ზემოთ ერთი და იგივე გვერდი
ჰქონდა მიქცეული. უფრო ხშირად ასე აკეთებდა; ხანი რომ ემატებოდა – ეს ჩვევაში
გადასდიოდა. ქვედა ნაწილის ქერცლი უფრო მსხვილი, სქელი, უფრო გადაგლუვებული
უხდებოდა. დიდ მატლზე ზედა ქერცლის გამორჩევა მხოლოდ ზომის მიხედვითაც კი
შეიძლებოდა.

პოლმა კავები მოინაცვლა და მარცხნივ გადაადგილდა. ფლანგებზე მდგომებს ანიშნა, რომ


გვერდის გასწვრივ სეგმენტები გაეხსნათ და გადაბრუნებული მატლი პირდაპირ გეზზე
დაეტოვებინათ. როცა გადმოაბრუნეს, მან მწკრივიდან ორი მესაჭე გამოიხმო და წინ დააყენა.
– აჩ, ჰაიიიი-იოჰ! – აღმოხდა ტრადიციული შეძახილი. მარცხენა მესაჭემ რგოლის სეგმენტს
პირი გაუხსნა.

მოქმედმა დიდებულ რკალად მოუხვია, გახსნილი კანი ქვიშისთვის რომ მოერიდებინა. სრულ
წრეზე შემოტრიალდა და, როცა კვლავ სამხრეთისკენ აიღო გეზი, პოლმა დაიძახა:

– გეირატ!

მესაჭემ კავი ამოაძრო. მოქმედი პირდაპირ გეზზე გაიჭიმა.

– მშვენიერია, პოლ მუად’დიბ. ბევრს თუ ივარჯიშებ, იქნებ კიდევაც გახდე უდაბნოს მხედარი.

პოლმა შუბლი შეიკრა და გაიფიქრა: „განა პირველი მე არ შევაჯექი?“

უკნიდან უეცრად სიცილი გაისმა. ფრემენები ხმაშეწყობით აჰყვნენ ერთმანეთს, ცას შეახალეს
მისი სახელი:

– მუად’დიბ! მუად’დიბ! მუად’დიბ! მუად’დიბ!

და შორიდან, მატლის ბოლოდან, პოლს მოესმა, როგორ უბრაგუნებდნენ მარეკები კუდის


ნაწევარებს. მატლმა სისწრაფის აკრეფა დაიწყო. მხედრებს მოსასხამები აუფრიალდათ, სვლის
ხახუნა ხმა გაძლიერდა.

პოლმა თავის რაზმს გახედა, მათ შორის ჩანის სახე გამოარჩია. გოგოს უყურებდა, თვითონ
სტილგარს რომ გამოელაპარაკა:

– მაშ, მე უდაბნოს მხედარი ვარ, სტილ?

– ჰალ იაუმ! დღეს შენ უდაბნოს მხედარი ხარ.

– მაშ, შემიძლია, გადავწყვიტო, საით წავიდეთ?

– წესი ასეა.

– და მე ფრემენი ვარ, დღეს დაბადებული აქ, ჰაბანია ერგში. დღემდე ჩემი სიცოცხლე
სიცოცხლე არ ყოფილა. დღევანდლამდე ბავშვი ვიყავი.

– მთლად ბავშვიც არა, – გაეპასუხა სტილგარი. ქარში აფრიალებული კაპიუშონის კუთხე


ჩაიმაგრა.

– მაგრამ ჩემს სამყაროს საცობი გმანავდა, და ახლა ის საცობი ამოვარდა.

– საცობი აღარაა.

– მე სამხრეთისკენ წავალ, სტილგარ – ოცბაგუნაზე. ვნახავ პლანეტას, რომელიც შევქმენით,


მხარეს, რომელიც მხოლოდ სხვების თვალებით მაქვს ნანახი.

„და ვნახავ ჩემს შვილს და ოჯახს“, გაიფიქრა პოლმა. „ახლა დრო მჭირდება, რომ ავწონ-
დავწონო მომავალი, ჩემს გონებაში წარსულად რომ არსებობს. მღელვარება გვიახლოვდება
და, იქ თუ არ ვიქენი, სადაც შემეძლება მისი დაცხრობა, ყველაფერი აირევა“.
სტილგარმა მტკიცე, შემფასებელი მზერა მიაპყრო. პოლი კი ჩანის უცქერდა, მის
დაინტერესებულ, ცოცხალ სახეს ხედავდა; ამჩნევდა იმ აღტაცებასაც, რომელიც მისმა
სიტყვებმა ააგზნო რაზმში.

– მებრძოლებს სწყურიათ, შენთან ერთად ჰარკონენების ტაფობები დაარბიონ, – უთხრა


სტილგარმა, – ტაფობები მხოლოდ ერთი ბაგუნას იქითაა.

– ფედაიკინები ჩემთან ერთად ადრეც ყოფილან სარბევად, – მიუგო პოლმა, – და კვლავაც


ვილაშქრებთ ერთად, სანამ ერთი ჰარკონენი მაინც სუნთქავს არაკისის ჰაერს.

მატლი ისევ მიაქროლებდა მათ, სტილგარი აკვირდებოდა და პოლი მიხვდა, რომ ამ მომენტს
ის აღიქვამდა იმის ხსოვნის თანხლებით, თუ როგორ გახდა თვითონ სიეტჩ ტაბრის
მმართველი და ლიდერების საბჭოს მეთაური მას მერე, რაც ლიეტ-კაინსი მოკვდა.

ახალგაზრდა ფრემენების მღელვარებაზე აცნობესო, გაიფიქრა პოლმა.

– ლიდერების შეკრება გსურს? – ჰკითხა სტილგარმა.

ახალგაზრდა რაზმელებს თვალები აენთოთ. მიმავალი მატლის ზურგზე მდგარნი ირხეოდნენ


და უყურებდნენ, რა მოხდებოდა. პოლმა დაინახა ჩანის შეშფოთებული გამოხედვა, შენიშნა,
როგორ გადაჰქონდა მზერა სტილგარიდან, რომელიც ბიძამისი იყო, პოლ-მუად’დიბზე, თავის
მეწყვილეზე.

– ვერ მიხვდები, მე რა მსურს, – მიუგო პოლმა.

და გაიფიქრა: „უკან დახევა არ შემიძლია. ეს ხალხი მე უნდა მომყვებოდეს“.

– შენ დღეს უდაბნოს მხედრობის მუდირი ხარ, – უთხრა სტილგარმა. მის ხმაში ცივმა
ოფიციალურობამ გაიჟღერა, – როგორ მოიხმარ ამ ძალაუფლებას?

„დასვენება გვჭირდება, ცივი გონებით დაფიქრების დრო“, გაიფიქრა პოლმა.

– სამხრეთისკენ წავალთ, – თქვა მან.

– მაშინაც, თუნდაცმე ვთქვა, რომ უკან, ჩრდილოეთისკენ უნდა გავბრუნდეთ, დღე რომ
გასრულდება?

– სამხრეთისკენ წავალთ, – გაიმეორა პოლმა.

სტილგარის სახეს, საკუთარი ღირსების განუშორებელი შეგნება ეტყობოდა. ტანზე მოსასხამი


მჭიდროდ შემოიხვია.

– შეკრება მოეწყობა, – თქვა მან, – წერილებს დავგზავნი.

„ჰგონია, რომ გამოვიწვევ“, გაიფიქრა პოლმა. „და იცის, რომ მე ვერ მომერევა“.

პოლმა სამხრეთს მიუშვირა სახე, შიშველი ლოყებით ქარი იგრძნო. ფიქრობდა იმ


საჭიროებებზე, მის გადაწყვეტილებებს რომ განაპირობებდა.

მათ არ იციან, საქმე როგორააო, გაიფიქრა.


მაგრამ იცოდა, რომ დასახული გზიდან ვერავითარი მოსაზრება ვერ გადაახვევინებდა. იმ
გრიგალის

მთავარ ნაკადში უნდა დარჩენილიყო, რომელსაც მომავალში ხედავდა. ერთხელაც


დადგებოდა წამი, როცა ამ ნაკადის დარღვევა შესაძლებელი გახდებოდა, მაგრამ მხოლოდ
მაშინ, თუ პოლი იქნებოდა იქ, სადაც მისი ცენტრალური კვანძის გადაჭრას მოახერხებდა.

„მას არ გამოვიწვევ, სხვანაირად თუ მოვახერხე“, გაიფიქრა პოლმა. „თუ ჯიჰადის თავიდან


აცილების სხვა გზა გამოჩნდა“...

– სავახშმოდ და საღამოს ლოცვისთვის ჩიტების ქვაბულში დავბანაკდებით, ჰაბანია ქედის


ქვეშ, – თქვა სტილგარმა. მოქმედის დარწეულ ზურგზე ცალი კავით შეიმაგრა თავი და მეორე
ხელი დაბალი კლდოვანი ზღუდისკენ გაიშვირა, რომელიც თანდათანობით უკეთ მოჩანდა.

პოლი დააკვირდა კლდეს, მასზე ტალღებად გავლებულ ფართო ზოლებს. უძრავ ჰორიზონტს
არც სიმწვანე, არც რამ ყვავილი არ არბილებდა. მის მიღმა სამხრეთის უდაბნოსკენ მიმავალი
გზა იშლებოდა – სულ ცოტა, ათი დღის და ღამის სავალი, იმის მიხედვით, რამდენად
სწრაფად შეძლებდნენ მოქმედის გარეკვას.

ოცი ბაგუნა.

ეს გზა ჰარკონენების პატრულის სარტყელზე ბევრად შორს იყო. იცოდა, ეს როგორც


მოხდებოდა – სიზმრებს ეჩვენებინათ მისთვის. ერთ დღესაც მიმავალნი შორეულ
ჰორიზონტზე ფერის მკრთალ ცვლილებას დალანდავდნენ – ისეთ ძლივს შესამჩნევს, რომ
შეიძლებოდა, გგონებოდა, რის იმედიც მაქვს, ის მომეჩვენაო, – და იქ ახალი სიეტჩი
დახვდებოდათ.

– ჩემი გადაწყვეტილება ხელს აძლევს მუად’დიბს? – ჰკითხა სტილგარმა. მის ხმას სარკაზმი
მხოლოდ სულ ოდნავ დაჰკრავდა, მაგრამ ფრემენებმა, რომლებსაც ყური ჰქონდათ გაჩვეული
ფრინველის დაძახილსა თუ სიელაგოს წრიპინა წერილში ყოველი ტონის დასაჭერად,
გაიგონეს ის და პოლს შეხედეს, რომ ენახათ, რას იზამდა.

– სტილგარმა მოისმინა, როგორ შევფიცე ერთგულება ფედაიკინების ხელდასხმისას, – თქვა


პოლმა, – ჩემმა სიკვდილის კომანდოსმა იცის, რომ მას პატივით მივმართავ. ნუთუ სტილგარს
ეს ეეჭვება?

პოლის ხმაში გულწრფელი ტკივილი გაისმა. სტილგარს მოესმა ის და მზერა დახარა.

– უსულში, ჩემი სიეტჩის თანამობინადრეში, ეჭვი არასოდეს შემეპარება, – თქვა სტილგარმა, –


მაგრამ შენ პოლ მუად’დიბი ხარ, ჰერცოგი ატრეიდესი, და ხარ აგრეთვე ლისან ალ-გაიბი, ხმა
გარე სამყაროდან. ესენი კი არც არასოდეს მცნობია.

პოლი შებრუნდა და უცქერდა, როგორ იზრდებოდა ჰაბანიას მთაგრეხილი უდაბნოდან. მათი


მოქმედი ჯერაც ღონივრად და გამალებით მიქროდა. მას შეეძლო, ლამის ორჯერ მეტ
მანძილზე ეტარებინა თავისი მხედრები, ვიდრე რომელიმე სხვა მატლს, რომელიც ოდესმე
ფრემენს გაეხედნა. პოლმა ეს იცოდა. ბავშვებისთვის მოყოლილ ზღაპრებს თუ არ
ჩავთვლიდით, სხვაგან არსად არსებობდა რამე, ამ უდაბნოს ბერიკაცის ბადალიი რომ
ყოფილიყო. ეს ახალი ლეგენდის წყაროაო, მიხვდა პოლი.
ვიღაცამ ხელი ჩაავლო მხარში.

პოლმა ხელს შეხედა, მკლავს სახემდე ააყოლა მზერა – ფილტრის ნიღაბსა და სარწყულის
კაპიშონს შორის სტილგარის მუქი თვალები მოჩანდა.

– ის, ვინც სიეტჩ ტაბრს ჩემამდე მეთაურობდა, – უთხრა სტილგარმა, – ჩემი მეგობარი იყო.
ფათერაკები ერთად გადაგვხდენია თავს. ბევრჯერ გადამირჩენია მისი სიცოცხლე... მას კი –
ჩემი.

– მე შენი მეგობარი ვარ, სტილგარ, – უთხრა პოლმა.

– ეს არავის ეეჭვება, – მიუგო სტილგარმა. ხელი მოაცილა და მხრები აიჩეჩა, – წესია ასეთი.

პოლმა დაინახა, სტილგარი იმდენად იყო ჩაფლული ფრემენული ცხოვრების წესში, რომ არც
უფიქრდებოდა, სხვაგვარად თუ შეიძლებოდა, ყოფილიყო. აქ მეთაური სადავეებს მკვდარი
წინამორბედის ხელიდან იღებდა, ან, თუ წინა მეთაური უდაბნოში მოკვდებოდა, თავისი
ტომის უძლიერესებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით მოიპოვებდა. სტილგარი ნაიბი.

– ჯობია, ეს მოქმედი უდაბნოში მოშორებით დავტოვოთ, – თქვა პოლმა.

– ჰო, – დაეთანხმა სტილგარი, – აქედან გამოქვაბულამდე ჩვენ თვითონ წავიდოდით.

– კარგა ბევრი ვატარეთ, ახლა ერთი-ორი დღით ქვიშაში ჩაძვრება დასასვენებლად,


ცხოვრებაზე გულაყრილი, – თქვა პოლმა.

– შენ უდაბნოს მხედრობის მუდირი ხარ, – უთხრა სტილგარმა, – თქვი, როდის... – სიტყვა
გაწყვიტა და აღმოსავლეთის ცას შეაცქერდა.

პოლი იქით შეტრიალდა. თვალებზე გადაკრული სილურჯის გამო ცა უფრო მუქად


ეჩვენებოდა. მსუყე ლაჟვარდზე მკვეთრად გამოირჩეოდა შორეული რიტმული გაელვებები.

ორნიტოპტერი!

– ერთი ცალი მომცრო ტოპტერია, – თქვა სტილგარმა.

– შეიძლება, მზვერავია, – გაეპასუხა პოლი, – გგონია, დაგვინახეს?

– ამსიშორედან მხოლოდ ზედაპირზე ამოსულ მატლს შენიშნავენ, – თქვა სტილგარმა. მან


მარცხენა ხელით მოუხმო დანარჩენებს: – ჩავდივართ. ქვიშაზე გაიფანტეთ.

რაზმმა მატლის გვერდებზე ჩაცოცება იწყო. ქვიშაზე ხტებოდნენ, მოსასხამების ქვეშ


იყუჟებოდნენ და დიუნებს ერეოდნენ. პოლმა დაიმახსოვრა, სად ჩახტა ჩანი. ბოლოს მხოლოდ
თვითონ და სტილგარი დარჩნენ.

– პირველად ასული სულ ბოლოს ჩადის, – თქვა პოლმა.

სტილგარმა თავი დაუქნია, კავებით ჩასრიალდა გვერდზე და ქვიშაზე გადახტა. პოლმა


დაიცადა, სანამ მოქმედი უსაფრთხო მანძილზე დაშორდებოდა გაფანტულ რაზმელებს, მერე
კავები ამოაძრო. ეს საფრთხილო მომენტი იყო, თუ მატლი მთლად ძალაგამოცლილი არ ეგდო
ქვიშაზე.
სარეკებისგან და კავებისგან რომ თავი დაიხსნა, მატლმა ქვიშაში იწყო ჩაძრომა. პოლმა
მსუბუქად გაირბინა უკან, მისი გრძელი ზურგის გასწვრივ, დაკვირვებით გათვალა მომენტი
და ჩახტა. ქვიშაზე სირბილი არ შეუწყვეტია, როგორც ასწავლეს, ისე მიეჭრა დიუნის ფხვიერ
ზედაპირს და მოსასხამზე გადმოყრილი ქვიშის ნაკადის ქვეშ ჩაიმალა.

ახლა კი ლოდინი...

პოლი შებრუნდა, მოსასხამი ოდნავ ასწია და ფრთხილად გამოაჩინა ცის ვიწრო ზოლი.
წარმოიდგინა, რომ მათი მატლის კვალის გასწვრივ დანარჩენებიც ასევე იქცეოდნენ.

ტოპტერის ფრთების ხმა იქამდე გაიგონა, სანამ დაინახავდა. რეაქტიული ძრავების სისინი
გაისმა, ხომალდი მისი თვალსაწიერის არეში შემოვიდა და ფართო რკალზე შებრუნდა
მთაგრეხილისკენ.

უნიშნო ტოპტერიაო, გაიფიქრაა პოლმა.

ის ჰაბანიას ქედს გადასცდა და თვალს მიეფარა.

უდაბნოში ფრინველის ძახილი მოისმა. მერე ისევ.

პოლმა თავზე დაყრილი ქვიშა მოიშორა და დიუნზე აძვრა. გახედა დანარჩენების მწკრივად
მომავალ ფიგურებს – ქედისკენ ყველაზე ახლოს თავად იდგა; მათ შორის ჩანი და სტილგარი
გამოარჩია.

სტილგარმა ხალხს ქედისკენ წასვლა ანიშნა.

შეგროვდნენ და უდაბნოს ნაბიჯით დაიძრნენ, ქვიშას წყვეტილი რიტმით გაუყვნენ, რაც


მოქმედს მყუდროებას არ დაურღვევდა. სტილგარი დიუნის ქარით დატკეპნილ თხემზე
მიმავალ პოლს გვერდში ამოუდგა.

– კონტრაბანდისტების ხომალდი იყო, – უთხრა მან.

– ეტყობა, – გაეპასუხა პოლი, – მაგრამ კონტრაბანდისტები ასე ღრმად არ შემოდიან.

– პატრული არც მაგათ ასვენებს, – თქვა სტილგარმა.

– ამსიშორეზე თუ შემოვიდნენ, შეიძლება, უფრო სიღრმეშიც შეფრინდნენ, – უთხრა პოლმა.

– მართალია.

– არ ივარგებს, რომ ნახონ, რასაც ნახავენ, თუ სამხრეთში ასე შორს შებედავენ.


კონტრაბანდისტები ინფორმაციასაც კი ყიდიან.

– არ გგონია, რომ სუნელს ეძებდნენ? – ჰკითხა სტილგარმა.

– სადმე აქ იქნება იმ ტოპტერის მომლოდინე გადამტანი ფრთა და ქვიშამავალი – თქვა პოლმა,


– სუნელი ხომ გვაქვს. მოდი, ქვიშაზე სატყუარა გავაკეთოთ და რამდენიმე კონტრაბანდისტი
დავიჭიროთ. უნდა შეიგნონ, რომ ეს ჩვენი მიწებია, ჩვენმა მებრძოლებმა კი ახალი იარაღის
გამოყენებაში უნდა ივარჯიშონ.

– ეს კი უკვე უსულის სიტყვებია, – უთხრა სტილგარმა, – უსული ფიქრობს, როგორც ფრემენი.


„მაგრამ უსულმა უნდა დათმოს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საზარელ
დანიშნულებას შეესაბამება“, გაიფიქრა პოლმა.

გრიგალი ახლოვდებოდა.

6* * *
თუ კანონი და მოვალეობა შერწყმულია, გაერთიანებულია რელიგიით, მაშინ ბოლომდე
საკუთარ თავს ვერასოდეს შეიცნობ, ვერ გაიცნობიერებ მას. შენ ყოველთვის პიროვნებაზე
ცოტათი ნაკლები იქნები.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბი: სამყაროს ოთხმოცდაცხრამეტი საოცრება“

კონტრაბანდისტების სუნელის ფაბრიკა თავის გადამტანთან და ბზუილა ორნიტოპტერებთან


ერთად ისე ამოსცდა დიუნებს, ამალით გარშემორტყმული დედა ფუტკარი გეგონებოდა. ამ
გუნდის წინ ამართულიყო ერთ-ერთი იმ დაბალ კლდოვან მთაგრეხილთაგან, რომლებიც
ფარკედელის პატარა ასლებად ამოზრდილიყვნენ უდაბნოს ფსკერიდან. ქედის გამომშრალი
მისადგომები ცოტა ხნის წინ გადავლილ ქარიშხალს მოეპრიალებინა.

ფაბრიკის სამზერ გუმბათოვან კაბინაში მჯდარი გურნი ჰალეკი წინ გადაიხარა, ბინოკლის
ზეთის ლინზები გაასწორა და გარემოს დააკვირდა. ქედის გადაღმა ხედავდა მუქ ლაქას, რაც
შეიძლება, სუნელის ამონაფრქვევი ყოფილიყო, და გვერდითა ორნიტოპტერს ანიშნა,
დასაზვერად წასულიყო.

ტოპტერმა იმის ნიშნად, სიგნალი მივიღეო, ფრთები დაიქნია. ის გუნდს მოსწყდა,


გამუქებული ქვიშისკენ დაექანა და წრე დაარტყა მუქ ლაქას. დეტექტორები ზედაპირის
სიახლოვეს ჰქონდა ჩაშვებული.თითქმის მაშინვე შეიკეცა ფრთა, ტყვიასავით დაეშვა ქვემოთ
და წრე დაარტყაა, რითაც მომლოდინე ფაბრიკას ანიშნა, სუნელი ნაპოვნიაო.

გურნიმ ბინოკლი შალითაში ჩადო. იცოდა, სიგნალი სხვებმაც რომ დაინახეს. ეს ადგილი
თვალში მოსდიოდა. მთაგრეხილი ერთგვარ საფარად და სამალავად გამოადგებოდათ.
უდაბნოს სიღრმეში იყვნენ და, სავარაუდოდ, აქ ვერავინ ჩაუსაფრდებოდათ... და მაინც...
გურნიმ თავის ეკიპაჟს ანიშნა, ქედის თავზე დაყოვნებულიყვნენ და ადგილი კარგად
დაეთვალიერებინათ. მან ტოპტერები საგანგებო წესით განალაგა სუნელიანი ქვიშის
მახლობლად – არცთუ მაღლა, ჰარკონენების დეტექტორებს შორიდან რომ არ შეემჩნიათ.

თუმცა ეჭვი ეპარებოდა, ჰარკონენების პატრული უდაბნოში ასე შორს შემოსულიყო.


აქაურობა ჯერ კიდევ ფრემენების სამფლობელო იყო.

გურნიმ იარაღი შეიმოწმა და ერთიშეიკურთხა, რაკი ფარის გამოყენება არ შეეძლო. რაც კი


მატლს მოიზიდავდა, იმას ნებისმიერ ფასად უნდა მორიდებოდი. ყბაზე ნაიარევი მოისრისა,
ადგილი

დაკვირვებით შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე უფრო უსაფრთხო იქნებოდა, მიწაზე


მომუშავე ჯგუფი ქედის გავლით წაეყვანა. ქვეითად ყოფნა გამოკვლევისას მაინც ყველაზე
უფრო საიმედო იყო. როცა ფრემენები და ჰარკონენები ერთმანეთს ყელში არიან ჩაფრენილი,
არანაირი სიფრთხილე არაა ზედმეტი.

აქ ფრემენების შიში უფრო ჰქონდა. რამდენსაც გინდოდა, იმდენ სუნელს მოგყიდდნენ, მაგრამ
იარაღასხმულ დემონებად იქცეოდნენ, თუ მათგან აკრძალულ ადგილას დადგამდი ფეხს.
ბოლო ხანებში მართლაც რომ დემონურად გამჭრიახები გახდნენ.

გურნის აშფოთებდა ამ ადგილობრივ მცხოვრებთა გამჭრიახობა და ბრძოლაში გაწაფულობა.


მათი ბრძოლის ხერხები დახვეწილობით არ ჩამოუვარდებოდა არაფერს, რაც კი გურნის ენახა;
გურნი კი ჯერ სამყაროს საუკეთესო მებრძოლებს გაეწვრთნათ, მერე კი ისეთ შეტაკებებს
გამოეწრთო, რომლებსაც მხოლოდ საუკეთესოები თუ გადაურჩებიან ხოლმე.

ჰალეკმა ისევ მოათვალიერა არემარე, ვერ გაეგო, რა აშფოთებდა. ეს იმ მატლის ბრალი ხომ
არაა, შორიდან რომ დაინახეს... მაგრამ ის მთაგრეხილის გადაღმა მოჩანდა.

გურნის გვერდით სამზერ კაბინაში ვიღაცამ თავი ამოყო – ეს ფაბრიკის კაპიტანი იყო,
ცალთვალა მოხუცი პირატი, ფართოწვერიანი, ლურჯთვალა, სუნელიანი საჭმლისგან
გაქათქათებული კბილებით.

– მდიდარ ადგილს ჰგავს, სერ, – უთხრა ფაბრიკის კაპიტანმა, – შევიყვანო, უკვე დავსხდეთ?

– იმ ქედის პირზე დასვი, – უბრძანა გურნიმ, – მე და ჩემი ხალხი გადმოვსხდებით. შენ


შეგიძლია, იქიდან სუნელამდე ქვიშაზე სვლით მიხვიდე, მუხლუხოებით. ჩვენ იმ კლდეს
დავათვალიერებთ.

– დიახ.

– რამე თუ მოხდა, – უთხრა გურნიმ, – ფაბრიკა გადაარჩინე. ჩვენ ტოპტერებით ავფრინდებით.

ფაბრიკის კაპიტანმა სამხედრო სალამი მისცა.

– დიახ, სერ, – თავი კვლავ ლიუკში გაუჩინარდა.

გურნიმ ისევ მოათვალიერა ჰორიზონტი. არ შეიძლებოდა იმის უგულებელყოფა, რომ


შესაძლოა, აქ ფრემენებს გადაჰყროდა და ეს აკრძალული ზონა ყოფილიყო. ფრემენები
მოსვენებას უკარგავდნენ მას, აშფოთებდა მათი გაუტეხელობა; წინასწარ ვერასდროს
განსაზღვრავდი, რას მოიმოქმედებდნენ. საერთოდ, ეს დიდად რისკიანი საქმე იყო, მაგრამ
ანაზღაურება ხიფათს გადასწონიდა. ისიც აწუხებდა, რომ არ

შეეძლო, დამკვირვებლები მაღლა აეშვა. მისი მღელვარების მიზეზებს რადიოსიჩუმის დაცვის


აუცილებლობაც ერთვოდა.

ქვიშამავალი ფაბრიკა შემობრუნდა და დაშვება დაიწყო. აუჩქარებლად მიუახლოვდა მშრალ


სანაპიროს ქედის ძირას. მუხლუხოები ქვიშას შეეხო.

გურნიმ კაბინის გუმბათი ასწია და უსაფრთხოების ღვედები შეიხსნა. ფაბრიკის


შეჩერებისთანავე გადმოხტა, ზურსუკან ჯახანით ჩამოკეტა გუმბათოვანი სახურავი,
მუხლუხოების დამცველებზე გადაცოცდა და საავარიო ბადის იქით ქვიშაზე დახტა. ცხვირის
ლიუკიდან ჰალეკის ხუთი პირადი მცველი გამოჩნდა და მას მიჰყვა. სხვები ფაბრიკას
გადამტან ფრთას აშორებდნენ. ფრთა ჩაიხსნა, ოდნავ ზემოთ აიწია და იქვე, მათ თავზემოთ
წრეზე იწყო ფრენა.

ვეება ფაბრიკა მაშინვე წინ გაბობღდა, კლდეებს მოსწყდა და ქვიშაზე გაშლილი მუქი
ლაქისკენ დაიძრა.

შორიახლო ტოპტერი დაქანდა, დაამუხრუჭა და გაჩერდა. მას სხვაც მოჰყვა, კიდევ, კიდევ. მათ
გურნის ოცეული გადმოსხეს, აფრინდნენ და მათ ზემოთ ჰაერში დაეკიდნენ.

გურნი სარწყულში გაიზმორა, კუნთები შეიგრძნო. სახეზე ფილტრის ნიღაბი არ აუფარებია –


მართალია, ასე ტენს კარგავდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხმა არ ექნებოდა დახშული,
განკარგულების გაცემა რომ დასჭირვებოდა. მერე კლდეზე აცოცება იწყო, გარემოს ამოწმებდა,
იმახსოვრებდა ფეხქვეშ ახრაშუნებულ ხრეშს თუ ხოშორს, სუნელის სუნს.

„კარგი ადგილია საავარიო ბაზისთვის“, გაიფიქრა მან. ჭკვიანური იქნება, აქ გარკვეული


მარაგი რომ დავმარხოთ.

უკან გაიხედა, დაინახა, როგორ გაიშალნენ მებრძოლები, რომლებიც მას გამოჰყვნენ. კარგი
მებრძოლები არიან, ის ახლებიც კი, რომელთა გამოცდის დრო ჯერ არ ჰქონია. გაწვრთნილი
ჯარისკაცები არიან, არ სჭირდებათ ყოველ წუთას თქმა, რა უნდა გააკეთონ. ვერც ერთის
ფარის ველის ლივლივს ვერ მოჰკრავ თვალს. ამ ჯგუფში არ არიან მხდალები, რომ უდაბნოში
ფარი ჩაერთოთ, სადაც მატლი ველს იგრძნობდა, მოვიდოდა და მათ ნაპოვნ სუნელს
წაართმევდა.

ამ მცირე კლდოვანი ამაღლებიდან გურნი ხედავდა სუნელის ლაქას დაახლოებით ნახევარი


კილომეტრის მოშორებით, და ქვიშამავალს, რომელსაც, ის-ის იყო, მიეღწია მის აქეთა
კიდემდე. მერე საჰაერო დაცვას ახედა, სიმაღლე შეამოწმა – ზედმეტად ზემოთ არ არიან.
კმაყოფილმა თავი დაიქნია და შებრუნდა, რომ ისევ აღმართს აჰყოლოდა.

იმ წამს ქედის თხემმა იჭექა.

ჰაერში დაკიდებული ტოპტერებისა და გადამტანი ფრთისკენ გამაყრუებელი გრუხუნით


აიჭრა ცეცხლის თორმეტი კვალი. ქვიშამავალი ფაბრიკიდან ლითონის ზრიალი მოისმა და
გურნის გარშემო კლდეებს კაპიუშონიანი მებრძოლი ადამიანები მოედვნენ.

„დიდო დედაო! რაკეტები! ბედავენ, რაკეტები გამოიყენონ!“ გაფიქრება მოასწრო გურნიმ.

მერე კი კაპიუშონიანი ფიგურის პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც დაბალ დგომში


ჩამუხლულიყო და დანა მოემარჯვებინა. მის ზემოთ კლდეზე ორი სხვა კაცი იდგა და
იცდიდა. გურნი დანიანი კაცის მხოლოდ თვალებს ხედავდა თავსაბურავსა და ქვიშისფერ
ბურნუსს შორის, მაგრამ დგომის მანერა და მზადყოფნა აუწყებდა, რომ მის წინ გაწვრთნილი
მებრძოლი იყო, რომელსაც უდაბნოს სიღრმეში მცხოვრები ფრემენის ლურჯი-ლურჯზე
თვალები ჰქონდა.

გურნიმ ცალი ხელი თავისი დანისკენ წაიღო; მოწინააღმდეგის იარაღს თვალს არ აშორებდა.
რაკეტების გამოყენება თუ გაბედეს, სხვა სატყორცნი იარაღიც ექნებოდათ. უდიდესი
სიფრთხილე იყო საჭირო. ხმითაც კი ხვდებოდა, რომ მისი საჰაერო დაცვის ნაწილი ჩამოყარეს.
ხვნეშაც ისმოდა, მის უკან რამდენიმე ადგილას შეტაკებები გაჩაღებულიყო.
გურნის წინ მდგარი მებრძოლის მზერა დანისკენ დაძრულ ხელს გაედევნა, მერე ისევ გურნის
თვალებს მოუბრუნდა.

– დანა არ იშიშვლო, გურნი ჰალეკ, – უთხრა კაცმა.

გურნი შეყოყმანდა. სარწყულის ფილტრის მიღმიდანაც კი ხმა უცნაურად ნაცნობი ეჩვენა.

– ჩემი სახელი იცი? – ჰკითხა მან.

– ჩემთან დანა არ გჭირდება, გურნი, – წარმოთქვაა მოსულმა. ის გაიმართა და კრისდანა


მოსასხამის ქვეშ დაკიდებულ ქარქაშში ჩააგო, – უთხარი შენებს, შეწყვიტონ ეს ფუჭი
წინააღმდეგობა.

მან კაპიუშონი გადაიხადა და ფილტრი გადაიწია.

დანახულმა ისე გააოგნა, გურნის კუნთები გაუშეშდა. თავიდან იფიქრა, ჰერცოგ ლეტო
ატრეიდესის მოჩვენებას შევყურებო. კარგა ხანი დააგვიანდა, სანამ საბოლოოდ იცნობდა.

– პოლ, – დაიჩურჩულა. მერე უფრო ხმამაღლა წარმოთქვა: – მართლა პოლი ხარ?

– საკუთარ თვალებს არ უჯერებ? – ჰკითხა პოლმა.

– მითხრეს, რომ მოკვდი, – გურნის ხმა ჩაეხრინწა. ნახევარი ნაბიჯი გადადგა წინ.

– უთხარი შენებს, დანებდნენ, – უბრძანა პოლმა და ხელის გაქნევით ანიშნა ქედის ქვედა
კალთებისკენ.

გურნი შეტრიალდა, პოლისთვის თვალის მოწყვეტა ეძნელებოდა. ბრძოლის მხოლოდ


რამდენიმე კერა დალანდა, გარშემო ყველა მხრიდან თითქოს მხოლოდ
კაპიუშონიანიუდაბნოელები შემოხვეოდნენ. ქვიშამავალი დადუმებული იდგა და მის
სახურავზე ფრემენი იდგა. თავზემოთ არც ერთი ხომალდი აღარ ჩანდა.

– შეწყვიტეთ ბრძოლა! – დაიღრიალა გურნი ჰალეკმა. ღრმად ჩაისუნთქა და ხმის


გასაძლიერებლად პირთან ხელისგულები მოიმრგვალა: – გურნი ჰალეკი ვარ! შეწყვიტეთ
ბრძოლა!

მებრძოლი ფიგურები ნელა, ზანტად გაშორდნენ ერთმანეთს. მათი თვალები კითხვით


მიაჩერდნენ გურნის.

– ესენი ჩვენი მეგობრები არიან! – იყვირა მან.

– კარგი მეგობრები ყოფილან! – შემოსძახა ვიღაცამ, – ჩვენების ნახევარი ამოხოცეს.

– შეცდომა იყო, – მიუგო გურნიმ, – ნუღა დაუმატებთ.

ის ისევ პოლისკენ მიბრუნდა, ჭაბუკის ლურჯზე-ლურჯ თვალებს ჩააცქერდა.

პოლს ბაგეზე ღიმილი დააჩნდა, მაგრამ მის გამომეტყველებაში ჩანდა რაღაც სიმკაცრე, რამაც
გურნის წინანდელი ჰერცოგი, პოლის ბაბუა, მოაგონა. და კიდევ, პოლში შენიშნა ისეთი
სიუხეშე, რაც ატრეიდესებს არასოდეს ჰქონიათ – ტყავივით გამომშრალი კანი, მოჭუტული
თვალები და გამომთვლელი მზერა, რომელიც თითქოს ყველაფერს აწონ-დაწონიდა, რასაც კი
ხედავდა.

– მითხრეს, რომ მოკვდი, – თქვა გურნიმ.

– და ალბათ, საუკეთესო თავდაცვა იყო, ასე ეფიქრათ, – უთხრა პოლმა.

გურნი მიხვდა, რომ ეს იყო ერთადერთი მობოდიშება, რასაც კი ოდესმე ეღირსებოდა იმის
გამო, რომ საკუთარი თავის ამარა მიატოვეს, დააჯერეს, რომ მისი ჭაბუკი ჰერცოგი... რომ მისი
მეგობარი მოკვდა. გაიფიქრა, ნეტავ, საერთოდ, რამე თუ დარჩა აქ იმ ბიჭისგან, რომელსაც
ვიცნობდი და მებრძოლად ვწვრთნიდიო.

პოლი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გურნის, მისი ტკივილიანი თვალები შენიშნა.

– გურნი...

მერე თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა – ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ, ზურგზე


უტყაპუნებდნენ ხელებს, მომხდარის რეალობაში ძლიერ სხეულებზე შეხებით
რწმუნდებოდნენ.

– შე ლეკვო! შე ლეკვო! – ერთსა და იმავეს იმეორებდა გურნი.

და პოლი:

– ეს შენ ხარ, გურნი! შენ, გურნი!

მერე ერთმანეთს დაშორდნენ, ერთიმეორეშეათვალიერეს. გურნიმ ღრმად ჩაისუნთქა.

– ესე იგი, შენი ბრალია, ფრემენები ასეთ ბრძოლის ტაქტიკას რომ დაეუფლნენ. წესით, უნდა
მივმხვდარიყავი. სულ ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც შეიძლება, მე თვითონვე სწორედ ასე
დამეგეგმა. რომ მცოდნოდა... – თავი გაიქნია, – ერთი სიტყვა რომ მოგეწვდინა, ბიჭი. ვერაფერი
შემაჩერებდა. სულ უკანმოუხედავად გამოვიქცეოდი და...

პოლის მზერამ გააჩუმა... მკაცრმა, შემფასებელმა.

გურნიმ ამოიოხრა.

– ნამდვილად, და გამოჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც იკითხავდნენ, ასე


უკანმოუხედავად სად გავარდა გურნი ჰალეკიო, და ზოგი მარტო კითხვის დასმას არ
დასჯერდებოდა. პასუხების გასაგებად დაიძრებოდნენ.

პოლმა თავი დაუქნია, გარშემო მომლოდინე ფრემენებს გადახედა – ფედაიკინები


ცნობისმოყვარედ, მუშტრის თვალით იყურრებოდნენ. ჭაბუკმა სიკვდილის კომანდოსებს
მოსწყვიტა მზერა და ისევ გურნისკენ მიბრუნდა. თავისი ყოფილი ფარიკაობის ოსტატის
პოვნა აღტაცებით ავსებდა. ეს სასიკეთო ნიშნად მიიღო, ნიშნად, რომ ისეთი მომავლისკენ
ჰქონდა აღებული გეზი, სადაც ყველაფერი კარგად იქნებოდა.

„გურნი თუ ჩემ გვერდით იქნა“...

პოლმა კლდის ფერდს ჩახედა, დააკვირდა ფედაიკინების იქით მდგარ კონტრაბანდისტებს,


რომლებიც გურნის მოჰყოლოდნენ.
– რას იტყვი შენს ხალხზე, გურნი, რომელ მხარეს არიან? – ჰკითხა მან.

– ყველანი კონტრაბანდისტები არიან, – მიუგო გურნიმ, – სადაც სარგებელია, იქითკენ დგანან.

– ჩვენს საქმეში სარგებელი ბევრი არაა, – თქვა პოლმა და შენიშნა, რომ გურნიმ მარჯვენა
ხელის თითით ძლივს შესამჩნევი ნიშანი მისცა – ხელის ნიშნების ძველი ენაზე, წარსულიდან
გადმოყოლილ ენაზე. „კონტრაბანდისტების გუნდში იყვნენ სახიფათო ადამიანებიც,
რომელთა ნდობა არ უნდა ჰქონოდა“.

პოლმა ტუჩი გამოიქაჩა, რომ ეჩვენებინა, გავიგეო, და მათ ზემოთ კლდეებზე მცველებად
მდგარ მებრძოლებს ახედა. სტილგარიც იქ დაინახა. გაახსენდა, რომ სტილგართან საქმე ჯერ
არ მოეგვარებინა, რამაც აღტაცება ნაწილობრივ გაუნელა.

– სტილგარ, – წარმოთქვა მან, – ეს გურნი ჰალეკია, რომელზეც ჩემგან გსმენია. მამაჩემის


ორთაბრძოლის ოსტატია, ერთ-ერთი მოფარიკავე, მე რომ მწვრთნიდა, ძველი მეგობარი. მას
ყველა საქმეში შეიძლება ენდო.

– გავიგონე, – უპასუხა სტილგარმა, – შენ მისი ჰერცოგი ხარ.

პოლმა მის ჩამუქებულ სახეს ახედა და დაფიქრდა, ნეტავ, რამ აიძულა სტილგარს, ზუსტად
ასე ეთქვაო. „მისი ჰერცოგი“. სტილგარის ხმაში უცნაური, ოდნავ შესამჩნევი ინტონაცია
შენიშნა, თითქოს სხვა რამის თქმას უფრო აპირებდა. და ეს არ ჰგავდა სტილგარის საქციელს,
სტილგარისა, ვინც ფრემენთა წინამძღოლი იყო და რასაც ფიქრობდა, იმასვე ამბობდა ხოლმე.

„ჩემი ჰერცოგი!“ გაიფიქრა გურნიმ. პოლს ახალი თვალით შეხედა. ჰო, ახლა, ლეტო რომ
მოკვდა, მისი ტიტული პოლს დააწვა მხრებზე.

არაკისზე ფრემენების ბრძოლის წესმა გურნის წარმოსახვაში ახალი ფორმა შეიძინა. „ჩემი
ჰერცოგი!“ ადგილი, რომელიც მის არსებაში აქამდე მკვდარი იყო, გაცოცხლებას იწყებდა. მისი
ცნობიერების მხოლოდ მცირე ნაწილი აღიქვამდა, როგორ გასცემდა პოლი ბრძანებას,
კონტრაბანდისტები განეიარაღებინათ, სანამ მათ დაკითხვას შეძლებდნენ.

გურნის გონება ისევ მეთაურის რეჟიმზე გადაერთო, როცა გაიგონა, როგორ გამოთქვამდა
პროტესტს ზოგიერთი მისიანი. თავი გაიქნია და შებრუნდა.

– თქვენ რა, დაყრუვდით? – შეუძახა თავისიანებს, – ეს არაკისის კანონიერი ჰერცოგია.


გააკეთეთ, რასაც გიბრძანებთ!

კონტრაბანდისტები ბუზღუნით დაემორჩილნენ.

პოლი გურნის დაუდგა გვერდით და ხმადაბლა უთხრა:

– არ მეგონა, თუ ამ მახეში გაებმებოდი, გურნი.

– დამსახურებული კიცხვაა, – მიუგო მან, – ნაძლევს დავდებ, იმ თქვენს სუნელის ლაქას


სიღრმე ქვიშის მარცვლის ზომაზე მეტი არა აქვსა, ჩვენი დასაჭერი სატყუარაა.

– ეს ნაძლევი მოიგე, – უთხრა პოლმა. მერე კონტრაბანდისტებს დახედა, როგორ ყრიდნენ


იარაღს, – შენს გუნდში მამაჩემის სხვა მებრძოლებიც არიან?
– არა. ძალიან გავიფანტეთ. რამდენიმე თავისუფალ ვაჭრებთანაა. უმრავლესობამ მთელი
თავისი შემოსავალი დახარჯა, რომ აქედან წასულიყო.

– შენ კი დარჩი.

– მე დავრჩი.

– იმიტომ, რომ აქ რაბანია, – უთხრა პოლმა.

– მეგონა, შურისძიების გარდა, აქ სხვა აღარაფერი მესაქმებოდა, – მიუგო გურნიმ.

ქედის თხემიდან უცნაური, წყვეტილი ყვირილი მოისმა. გურნიმ აიხედა და დაინახა, რომ
ფრემენი ხელსახოცს იქნევდა.

– მოქმედი მოდის, – თქვა პოლმა. ის კლდის შვერილზე ავიდა, გურნიც მიჰყვა და სამხრეთ-
დასავლეთისკენ გაიხედეს. მატლის ნაყარი ბორცვი ცისკიდურამდე შუა მანძილზე მოჩანდა,
მტვერადენილი კვალი პირდაპირ ჭრიდა დიუნებს და ქედისკენ მოემართებოდა.

– კარგა დიდია, – თქვა პოლმა.

მათ ქვემოთ ქვიშამავალი არახრახდა, ვეება მწერივით შემობრუნდა მუხლუხებზე და


კლდეებისკენ გამოიზლაზნა.

– ცუდია, რომ გადამტანის შენარჩუნება რომ ვერ მოვახერხეთ, – თქვა პოლმა.

გურნიმ მას თვალი შეავლო, მერე გახედა უდაბნოში გაფანტულ კვამლისა და ნამსხვრევების
ლაქებს – ფრემენების მიერ დალეწილი გადამტანისა და ორნიტოპტერების ნარჩენებს. იქ
დაღუპული ხალხის, თავისი ხალხის გამო გული მოეწურა და თქვა:

– მამაშენი იმაზე უფრო ინაღვლებდა, ხალხის შენარჩუნება რომ ვერ შეძლო.

პოლმა ჯიქურ შეხედა და მზერა დახარა. მერე უთხრა:

– შენ მეგობრებს დარდობ, გურნი. მესმის. მაგრამ ჩვენთვის ისინი ჩვენს მიწებზე შემოჭრილი
ადამიანები იყვნენ, რომლებსაც შეიძლება ისეთი რამ ენახათ, რის ნახვაც საჭირო არაა. ეს უნდა
გესმოდეს.

– კარგად მესმის, – მიუგო გურნიმ, – ახლა კი მაინტერესებს, ვნახო, რის ნახვაც საჭირო არაა.

პოლმა ახედა და დაინახა კარგად ნაცნობი მგლური ღიმილი გურნის სახეზე, მის ყბაზე
დაგრეხილი მელნისვაზის მათრახის კვალი.

ჰალეკმა დაბლა გაშლილი უდაბნოსკენ გაიქნია თავი. დიუნებს საქმიანად მოფუსფუსე


ფრემენები მოსდებოდნენ. გაოგნდა, რომ არც ერთი აინუნშიაც არ აგდებდა მატლის
მოახლოებას.

სუნელის სატყუარას იქით გაშლილი დიუნებიდან ბაგუნა ხმა გაისმა – დაბალი გუგუნი,
რომელიც თითქოს ფეხებით ესმოდათ. გურნიმ დაინახა, როგორ გაიშალნენ ფრემენები
ქვიშაზე მომავალი მატლის გეზის პირისპირ.
მატლი რაღაც დიდი თევზივით ამოჩნდა, ზედაპირზე ამოიზიდა, რგოლები ულივლივებდა
და ებრიცებოდა. უდაბნოს შემაღლებაზე მდგარმა გურნიმ დაინახა, როგორ დაიჭირეს მატლი
– როგორ გაბედულად ისკუპა პირველმა მეკავემ, როგორ მობრუნდა უდაბნოს ქმნილება,
როგორ აცოცდა მთელი ჯგუფი მატლის გვერდის ქერცლიან, პრიალა მრუდზე.

– აი, ერთი ისეთი რამ, რის ნახვაც საჭირო არაა, – უთხრა პოლმა.

– ზღაპრები და ჭორები კი დადიოდა, – უთხრა გურნიმ, – მაგრამ ადვილი არაა, ეს დაიჯერო,


სანამ შენი თვალით არ ნახავ. – გურნიმ თავი გაიქნია, – არსებას, რომლის ხსენებაზეც კი ყველა
არაკისელი შიშით ცახცახებს, თქვენ სასაპალნე ცხოველივით ექცევით.

– ხომ გახსოვს, მამაჩემი უდაბნოს ძალებზე რომ ლაპარაკობდა, – უთხრა პოლმა, – აი, ესაა. ამ
პლანეტის ზედაპირი ჩვენია. ვერც გრიგალი, ვერც მატლები, ვერც ბუნებრივი პირობები ვერ
შეგვაჩერებენ.

„ჩვენ“, გაიფიქრა გურნიმ. „ფრემენებს გულისხმობს. თავის თავზე ისე ლაპარაკობს, როგორც
ერთ მათგანზე“. გურნიმ ისევ ჩახედა პოლს სუნელის სილურჯეგადაკრულ თვალებში. იცოდა,
რომ თვითონაც დაჰკრავდა თვალებზე ეს ფერი, მაგრამ კონტრაბანდისტებს სხვა
პლანეტებიდან ჩამოტანილი საკვების შოვნაც შეეძლოთ და მათთვის თვალების ელფერი
ერთგვარ კასტურ მიკუთვნებულობასაც განსაზღვრავდა. როცა ამბობდნენ, „სუნელის ფერი
დაიკრაო“, იგულისხმებოდა, „ეს კაცი მეტისმეტად არაკისელი გამხდარაო“, და ამ ნათქვამს,
გარკვეულწილად, უნდობლობაახლდა .

– იყო დრო, როდესაც დღის შუქზე ამ განედებზე მოქმედით არ დავდიოდით, – უთხრა პოლმა,
– მაგრამ რაბანს საჰაერო დაცვის ხომალდები ცოტაღა დარჩა და ვეღარ ახერხებს, ქვიშაში
ჩაყრილი ყველა ნამცეცი ეძებოს, – მან გურნის შეხედა, – შენი ხომალდების გამოჩენა ჩვენთვის
ძალიან მოულოდნელი იყო.

„ჩვენთვის... ჩვენთვის“...

გურნიმ თავი გაიქნია, რომ ეს ფიქრები გაეფანტა.

– ჩვენი დანახვა ისეთი მოულოდნელი ვერ იქნებოდა, როგორიც თქვენ აღმოჩნდით ჩვენთვის,
– უპასუხა მან.

– რას ამბობენ რაბანზე დაბლობებსა და სოფლებში? – ჰკითხა პოლმა.

– როგორც ამბობენ, გრაბენის სოფლები იმდენად გაუმაგრებია, რომ თქვენ ვეღარაფერს


დაუშავებთ. შეუძლიათ, სიმაგრეებში ისხდნენ, სანამ თქვენ უსარგებლო შეტევებით ძალები
არ გამოგეცლებათ.

– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ ადგილს არიან მიჯაჭვულები, – თქვა პოლმა.

– თქვენ კი შეგიძლიათ, იაროთ, სადაც გინდათ, – უთხრა გურნიმ.

– ეს ტაქტიკა შენგან მაქვს ნასწავლი, – უთხრა პოლმა, – მათ დაკარგეს ინიციატივის გამოჩენის
უნარი, რაც ნიშნავს, რომ ომი წააგეს.

გურნიმ ზანტი, გამგები ღიმილით ჩაიღიმა.


– ჩვენი მტერი ზუსტად იქ იმყოფება, სადაც მე მინდა, რომ იყოს, – თქვა პოლმა და გურნის
შეხედა, – აბა, გურნი, დადგები ჩემ გვერდით, რომ ეს ბრძოლა დავასრულოთ?

– შენ გვერდით თუ დავდგები? – ჰკითხა გურნიმ, – მილორდ, მე შენი სამსახურიდან


არასოდეს წამოვსულვარ. ეს შენ დამტოვე... მე მკვდარი მეგონე. და მე, სამსახურიდან
დათხოვნილს, განაჩენის აღსრულებამდე თავი ისე გამქონდა, როგორც შემეძლო – ვუცდიდი
მომენტს, როცა მოვახერხებდი, ჩემი სიცოცხლე იმ ფასად გამეყიდა, რადაც ღირდა – რაბანის
სიკვდილად.

პოლი უხერხულად დადუმდა.

კლდეებზე მათკენ ქალი ამოცოცდა, რომელსაც სარწყულის კაპიუშონსა და სახის ნიღაბს


შორის თვალები უჩანდა. ის ხან პოლს აკვირდებოდა, ხან – მის თანამოსაუბრეს. როცა პოლის
წინ გაჩერდა, გურნიმ შეატყო, როგორ მესაკუთრულად ეჭირა თავი, შეამჩნია, რა ახლოს
დაუდგა პოლს.

– ჩანი, – მიმართა პოლმა, – ეს გურნი ჰალეკია. გიყვებოდი ხოლმე მასზე.

გოგომ ჯერ ჰალეკს შეხედა, მერე ისევ პოლს.

– გავიგე.

– ჩვენები იმ მოქმედით სად წავიდნენ? – ჰკითხა პოლმა.

– უბრალოდ, განზე გაიტყუეს, აღჭურვილობის გაყვანის დრო რომ მოეცათ.

– მაშ, კარგი, – პოლმა სიტყვა გაწყვიტა და ჰაერი დაყნოსა.

– ქარი გვიახლოვდება, – უთხრა ჩანიმ.

ქედის თხემიდან ვიღაცამ დაიძახა:

– ჰეი, მანდ – ქარი!

გურნიმ დაინახა, რომ ფრემენები უფრო სწრაფად ამოძრავდნენ – დარბოდნენ, აჩქარებით


ფუსფუსებდნენ. ის, რაც მათ მატლმა ვერ აიძულა, ახლა ქარის შიშმა ქნა. ფაბრიკა-ქვიშამავალი
მათ ქვემოთ მშრალ ნაპირზე ამოცოცდა და მის წინ კლდეებში შესასვლელი გაიხსნა... და ისე
დაიკეტა მის უკან, პირი პირს ისე ზუსტად მიედო, რომ გურნიმ შესასვლელი ვეღარ გაარჩია.

– ასეთი სამალავი ბევრი გაქვთ? – ჰკითხა პოლს.

– ბევრზე ბევრი, – მიუგო პოლმა და ჩანის შეხედა, – კორბა მოძებნე. უთხარი, რომ გურნიმ
გამაფრთხილა, კონტრაბანდისტების გუნდში არიან ისეთები, ვისი ნდობაც არ შეიძლებაო.

იმან შეხედა გურნის, მერე ისევ პოლს, თავი დაუქნია და კლდეებზე ქურციკის
სიმკვირცხლით დაეშვა.

– ეს შენი ქალია, – თქვა გურნიმ.

– ჩემი პირმშოს დედა, – მიუგო პოლმა, – ატრეიდესებში ისევ გაჩნდა ლეტო.


გურნის არაფერი უთქვამს, ოღონდ თვალები გაუფართოვდა.

პოლი მათ გარშემო გაჩაღებულ საქმიანობას შეფასების თვალით უმზერდა. სამხრეთის ცას
ახლა ლეგა-ყვითელი ფერი მოსდებოდა და იქიდან დროდადრო, ნაწყვეტ-ნაწყვეტად
მოასკდებოდა ხოლმე ქარი, რომელიც მათ თავებზე მტვრის ბუქებს დაატრიალებდა.

– სარწყული დაიგმანე, – უთხრა პოლმა და სახეზე თავად დაიმაგრა ნიღაბი და კაპიუშონი.

გურნი დამორჩილდა, მადლიერებით შეისუნთქა ფილტრით გაწმენდილი ჰაერი.

– შენი გუნდიდან ვის არ ენდობი, გურნი?

– რამდენიმე ახალი აყვანილი მყავს, – მიუგო გურნიმ, – სხვაპლანეტელები... – შეყოყმანდა,


უცებ გაუკვირდა, ეს სიტყვა რა იოლად მომწყდა ენიდანო.

– რა? – ჩაეკითხა პოლი.

– ისინი არ ჰგვანან ჩვეულებრივ ბედისმაძიებელ მაწანწალებს, ჩვენ რომ აგვყავს ხოლმე, –


უთხრა გურნიმ, – უფრო მაგრები არიან.

– ჰარკონენების ჯაშუშები? – ჰკითხა პოლმა.

– ვფიქრობ, მილორდ, ისინი ჰარკონენებს კი არ უპატაკებენ. ასე მგონია, იმპერატორის


სამსახურში მდგარი ჯარისკაცები არიან. რაღაც სალუსა სეკუნდუსის იერი დაჰკრავთ.

პოლმა ბასრი მზერა მიაპყრო.

– სარდაუკარები?

გურნიმ მხრები აიჩეჩა.

– შეიძლება კიდევაც იყვნენ, მაგრამ ეს ამბავი კარგადაა შენიღბული.

პოლმა თავი დაუქნია, თან ფიქრობდა: „რა იოლად მოირგო გურნიმ ისევ ატრეიდესის
სამსახურში მდგარი ჯარისკაცის როლი... მაგრამ ოდნავ სიფრთხილით... განსხვავებებით.
არაკისმა ისიც შეცვალა“.

მათ ქვემოთ გაპობილი კლდიდან ორი კაპიუშონიანი ფრემენი გამოჩნდა, რომლებმაც მაღლა
დაიწყეს აცოცება. ერთ მათგანს მხარზე შემოგდებული დიდი შავი ფუთა მოჰქონდა.

– ჩემი რაზმელები ახლა სად არიან? – იკითხა გურნიმ.

– საიმედოდ არიან შეფარებული კლდეებს, ჩვენ ქვემოთ, – მიუგო პოლმა, – იქ მღვიმე გვაქვს –
ჩიტების ქვაბული. გრიგალის მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვექცეთ.

მაღლიდან ხმამ ჩამოსძახათ:

– მუად’დიბ!

პოლი დაძახილზე შეტრიალდა, დაინახა ფრემენი მცველი, რომელიც მათ ხელის ქნევით
მღვიმისკენ მოუხმობდა. პოლმა ანიშნა, გავიგონეო.
გურნიმ გაოცებით გაუყარა თვალში თვალი.

– შენ ხარ მუად’დიბი? – ჰკითხა, – შენ ხარ ქვიშისნება?

– ეგ ჩემი ფრემენული სახელია.

გურნი შებრუნდა, ავი წინათგრძნობა თრგუნავდა. მისი გუნდის ნახევარი უდაბნოში ჩახოცეს,
დანარჩენები ტყვედ აიყვანეს. ახალაყვანილების, იმ საეჭვო გუნდელების დარდი არ ჰქონდა,
მაგრამ ჰყავდა კარგი კაცებიც, მეგობრები, ხალხი, რომელთა გამოც პასუხისმგებლობას
გრძნობდა. „გრიგალის მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვექცეთო“, ასე თქვა პოლმა, მუად’დიბმა
თქვა ასე. და გურნის გაახსენდა, რა სმენოდა მუად’დიბზე, ლისან ალ-გაიბზე: როგორ გააძრო
მან ტყავი ჰარკონენების ოფიცერს დოლის გასაკეთებლად, როგორ დადიოდა სიკვდილის
კომანდოსებით გარშემორტყმული, როგორ გადაეშვებოდნენ მისი ფედაიკინები ხოლმე
ბრძოლაში სიკვდილის სიმღერით.

მის სახელს გაჰყვიროდნენ.

ორი ფრემენი, კლდეებს მაღლა რომ მოუყვებოდა, მსუბუქად შემოხტა თაროზე, ზედ პოლის
წინ. შავგვრემანმა უთხრა:

– ყველგან სიმშვიდეა, მუად’დიბ. ჯობია, ახლა დაბლა ჩავიდეთ.

– მართალია.

გურნის არ გამოჰპარვია კაცის ხმის კილო: ნახევრად მბრძანებლური, ნახევრად – მთხოვნელი.


ეს ის კაცი იყო, სტილგარი რომ ერქვა – ახალი ფრემენული ლეგენდების კიდევ ერთი გმირი.

პოლმა შეხედა ფუთას, მეორეს რომ მოჰქონდა, და ჰკითხა:

– კორბა, რა მოიტანე?

სტილგარმა მიუგო:

– ეს ქვიშამავალში იყო. ზედ ამ შენი მეგობრის ინიციალებია და შიგ ბალისეტიც დევს.


ბევრჯერ მსმენია შენი მონაყოლი გურნი ჰალეკსა და მის უბადლო ბალისეტზე.

გურნი მოლაპარაკეს თვალს არ აშორებდა, ხედავდა სარწყულის ნიღბის ზემოთ შავი წვერის
კიდეს, ქორულ მზერას, თლილ ცხვირს.

– შენ მზრუნველი ამხანაგი გყავს, მილორდ, – უთხრა გურნიმ, – გმადლობ, სტილგარ.

სტილგარმა თავის ამხანაგს ანიშნა, ფუთა გურნისთვის გადაეცა, და უთხრა:

– მადლობა შენს ლორდ ჰერცოგს უთხარი. აქ მისი ხათრით ხარ მიღებული.

გურნიმ ფუთა გამოართვა, თან იმ მძიმე კილოზე ეფიქრებოდა, საუბარს რომ დაჰკრავდა. ამ
კაცს რაღაც გამომწვევი განწყობა ეტყობოდა და გურნის გაუელვა, ნეტავ, ხომ არ ეჭვიანობსო.
აი, ვიღაც, სახელად გურნი ჰალეკი, რომელიც პოლს არაკისამდეც კი იცნობდა, რომელსაც
მასთან იმგვარი მეგობრობა აკავშირებდა, როგორიც სტილგარს ვერასოდეს ექნებოდა.

– ვისურვებდი, თქვენ ორნი მეგობრები ყოფილიყავით, – თქვა პოლმა.


– ფრემენი სტილგარის სახელი განთქმულია, – თქვა გურნიმ, – პატივად ჩავთვლი, მეგობრად
ვიგულო ჰარკონენების ნებისმიერი მკვლელი.

– ხელს არ ჩამოართმევ ჩემს მეგობარ გურნი ჰალეკს, სტილგარ? – ჰკითხა პოლმა.

სტილგარმა ნელა გაიწოდა ხელი და გურნის ქვასავით მტკიცე, ხმლის ჭერისგან დაკოჟრილ
ხელს შეაგება.

– ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, გურნი ჰალეკის სახელი რომ არ სმენოდეს, – თქვა და თითები
უშვა. მერე პოლს მიუბრუნდა: – ქარიშხალი ძალიან სწრაფად გვიახლოვდება.

– ნუღა დავაყოვნებთ, – უთხრა პოლმა.

სტილგარი შებრუნდა, კლდეებს შორის მიმოხვეულ ბილიკზე გაუძღვა მათ და გაიყვანა


ჩრდილიან ვიწრო ნაპრალში, საიდანაც გამოქვაბულის დაბალ შესასვლელში გაატარა. მათ
უკან მეომრებმა საჩქაროდ დაგმანეს კარის სარქველი. ნათელბურთების შუქი ანათებდა
გუმბათისებრი ჭერით გადახურულ ფართო სივრცეს, რომლის ცალ მხარეს შემაღლება და
მისგან სიღრმისკენ მიმავალი გასასვლელი მოჩანდა.

პოლი უკან მოდევნებულ გურნისთან ერთად შემაღლებაზე შეხტა, დანარჩენები სხვა,


შესასვლელის პირდაპირ გახსნილი დერეფნისკენ, გაემართნენ. პოლმა წინაოთახი გაიარა და
შევიდა მისაღებში, რომლის კედლებსაც მუქი ღვინისფერი ქსოვილი ფარავდა.

– აქ ერთხანს არავინ შეგვაწუხებს, – თქვა პოლმა, – მოერიდებიან ჩემს...

გარეთა ოთახიდან განგაშის მაუწყებელი ხმა გაისმა, რასაც ყვირილი და იარაღის ჟღრიალი
მოჰყვა. პოლი შეტრიალდა, წინა ოთახი გაირბინა, ატრიუმის კიდეზე შედგა და გარე ოთახს
გადახედა. გურნი ფეხდაფეხ მიჰყვა, იარაღი გაშიშვლებული მიჰქონდა.

მათ ქვემოთ, გამოქვაბულის იატაკზე, ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. პოლი წამით
უძრავად იდგა, დანახულს აფასებდა, ფრემენების მოსასხამებსა და ბურკებს მათთან
შებმულების სამოსისგან გამოარჩევდა. გრძნობებმა, რომლებიც დედამისის წვრთნამ სულ
უმნიშვნელო მინიშნებების დაჭერაში გაუვარჯიშა, უკარნახა: ფრემენები ებრძოდნენ
კონტრაბანდისტების მოსასხამებიან ადამიანებს; ეს უკანასკნელნი კი სამ-სამად იყვნენ
შეჯგუფულნი და, ერთმანეთისკენ ზურგმიქცეულები, სამკუთხად მდგარნი ომობდნენ.

ბრძოლის ეს წესი იყო ნიშანი, რომელიც იმპერატორის სარდაუკარებს სხვებისგან


გამოარჩევდა.

მებრძოლთაგან ერთმა ფედაიკინმა პოლს მოჰკრა თვალი და მისი საბრძოლო ძახილი ექოებად
აისხლიტა ქვაბულმა:

– მუად’დიბ! მუად’დიბ! მუად’დიბ!

პოლი სხვა თვალმაც შენიშნა. მისკენ შავი დანა გამოიჭრა. პოლმა ელვის სისწრაფით დასწია
თავი, გაიგონა, დანა მის უკან კლდეს რომ მიეჯახა, მოიხედა და დაინახა, რომ ძირს
დავარდნილს გურნი იღებდა.

სამკუთხა კვანძებს უკან ახევინებდნენ.


გურნიმ დანა პოლს მიუტანა თვალებთან, მიუთითა იმპერატორის ფერით გამოყვანილ
ბეწვივით წვრილ ნაყშზე, ქიმზე ამოტვიფრულ ოქროსფერ ლომზე, კოხტად ჩასმულ
მრავალწახნაგა თვლებზე.

ნამდვილად სარდაუკარის იყო.

პოლი ამაღლების კიდეს მიადგა. სამი სარდაუკარიღა დარჩენილიყო. მთელ ოთახში არეულ
ნახაზად გაფანტულიყო სარდაუკარების და ფრემენების სხეულთა სისხლიანი ბორცვები.

– შეწყვიტეთ! – იყვირა პოლმა, – ჰერცოგი პოლ ატრეიდესი გიბრძანებთ, შეწყვიტოთ ბრძოლა!

ბრძოლა შედრკა, შენელდა.

– სარდაუკარებო! – დაუყვირა პოლმა დარჩენილ ჯგუფს, – ვისი ბრძანებით უპირისპირდებით


მმართველ ჰერცოგს? – და როცა მისი მებრძოლები სარდაუკარებს მჭიდროდ შემოადგნენ
გარშემო, სწრაფად დაამატა: – შეჩერდით-მეთქი!

კუთხეში მიმწყვდეული სამეულიდან ერთ-ერთი მებრძოლი წელში გაიმართა.

– ვინ ამბობს, რომ სარდაუკარები ვართ? – იკითხა მან.

პოლმა გურნის დანა გამოართვა და მაღლა ასწია.

– ეს ამბობს, რომ სარდაუკარები ხართ.

– იმას ვინღა ამბობს, რომ შენ მმართველი ჰერცოგი ხარ? – ახლა ეს ჰკითხა კაცმა.

პოლმა ხელით ანიშნა ფედაიკინებზე.

– აი, ეს მებრძოლები ამბობენ, რომ მე ვარ მმართველი ჰერცოგი. თქვენმავე იმპერატორმა


გადასცა არაკისი ატრეიდესების გვარს. მე ატრეიდესების გვარისა ვარ.

სარდაუკარს აღარაფერი უთქვამს, მოუსვენრად მოინაცვლა ფეხი.

პოლი კაცს აკვირდებოდა – მაღალი იყო, უძრავი სახე ჰქონდა, მარცხენა ლოყის ნახევარს
ფერმკრთალი ნაიარევი უფარავდა. მისი მიმოხრა ბრაზსა და დაბნეულობას ამჟღავნებდა,
მაგრამ მაინც ასხივებდა იმ ამპარტავნებას, ურომლისოდაც სარდაუკარი შიშველს
ემგვანებოდა, და რომლის მეშვეობით დედიშობილაც ჩაცმულ-დახურულს ჰგავდა.

პოლმა თავის ერთ-ერთ ფედაიკინ ლეიტენანტს გადახედა:

– კორბა, როგორ მოხდა, რომ იარაღი აღმოაჩნდათ?

– დანები დაიტოვეს, სარწყულების ფარულ ჯიბეებში ჰქონიათ ჩამალული, – მიუგო მან.

პოლმა გადახედა ოთახში გაფანტულ მკვდრებსა და დაჭრილებს, და ისევ ლეიტენანტს


გაუსწორა მზერა. სათქმელი არაფერი იყო. კორბამ მზერა დახარა.

– ჩანი სადაა? – ჰკითხა პოლმა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.

– სტილგარმა აქაურობას გააშორა. – კორბამ მეორე დერეფნისკენ გაიქნია თავი, მერე


მკვდრებსა და დაჭრილებს გადახედა, – ეს შეცდომა ჩემი ბრალია, მუად’დიბ.
– რამდენი იყვნენ სარდაუკარები, გურნი? – ჰკითხა პოლმა.

– ათი.

პოლი მსუბუქად ჩახტა გამოქვაბულის იატაკზე, ოთახი გადაჭრა და სარდაუკარების


სახელით მოლაპარაკე კაცს ხელმისაწვდომ მანძილზე დაუდგა.

ფედაიკინები დაიძაბნენ. არ მოეწონათ, მუად’დიბი საფრთხეს ასე მოურიდებლად რომ


დაუდგა პირისპირ. მათ ხომ სწორედ ამის თავიდან აცილების აღთქმა ჰქონდათ დადებული,
რადგან ფრემენებს მუად’დიბის სიბრძნის შენარჩუნება სურდათ.

პოლი არ შემობრუნებულა, ისე ჰკითხა ლეიტენანტს:

– რამდენი გვყავს დაშავებული?

– ოთხი დაჭრილია, ორი – მკვდარი, მუად’დიბ.

პოლმა სარდაუკარების უკან მოძრაობა შენიშნა – მეორე დერეფნის პირას ჩანი და სტილგარი
იდგნენ. ისევ სარდაუკარებს მიხედა, მათი სახელით მოლაპარაკეს სხვაპლანეტელის თეთრ
თვალებში ჩახედა.

– რა გქვია? – ჰკითხა მან.

კაცი დაიძაგრა, გაიხედ-გამოიხედა.

– ტყუილად ცდილობ თავის დაძვრენას, – უთხრა პოლმა, – ჩემთვის ცხადია, რომ მუად’დიბის
მოძებნა და განადგურება გქონდა ნაბრძანები. ზუსტად ვიცი, რომ უდაბნოს სიღრმეში
სუნელის ძებნა შენი შეთავაზებული იყო.

უკნიდან გურნიმ გაოცებისგან ამოიხვნეშა. ამის გაგონებაზე პოლს ოდნავ გაეღიმა.

სარდაუკარს სისხლი მოაწვა სახეზე.

– ოღონდ ის, რასაც ახლა ხედავ, მუად’დიბზე მეტია, – უთხრა პოლმა, – შვიდი თქვენიანი
დაიხოცა ჩვენი ორის სანაცვლოდ. სამი ერთზე. სარდაუკარების წინააღმდეგ კარგი ანგარიშია,
ჰა?

კაცი ფეხის წვერებზე წამოიწია, მაგრამ ისევ დაეშვა, რადგან ფედაიკინებმა მისკენ გადადგეს
ნაბიჯი.

– სახელი გკითხე, – გაუმეორა პოლმა და ხმის ხერხს მიმართა: – მითხარი, რა გქვია!

– კაპიტანი არამშამი, იმპერატორის სარდაუკარი! – მიუგდო სარდაუკარმა და გაოცებისგან


პირი დააღო. პოლს დაბნეული მიაშტერდა. ერთბაშად ჩამოსცილდა ქედმაღლური იერი,
აქაოდა, ეს რა ბარბაროსების ბუნაგში ვიმყოფებიო.

– კეთილი, კაპიტანო არამშამ, – მიმართა პოლმა, – ჰარკონენები ძვირს გაიღებენ იმის


გასაგებად, რაც ახლა თქვენ იცით. იმპერატორი კი – რას არ მისცემდა, ოღონდ კი შეეტყო, რომ
ატრეიდესი მის ღალატს გადაურჩა.
კაპიტანმა თავის ორ გადარჩენილ თანამებრძოლს გახედა, რომლებიც აქეთ-იქიდან ედგნენ.
პოლს ლამის დაენახა მის თავში მოტრიალე აზრები. სარდაუკარი მტერს ცოცხალი არ
ნებდება, მაგრამ იმპერატორმა ხომ უნდა შეიტყოს ამ საფრთხის შესახებ.

პოლმა ისევ ხმა გამოიყენა:

– დაგვნებდი, კაპიტანო.

კაპიტნის მარცხნივ მდგომმა კაცმა მოულოდნელად ისკუპა პოლისკენ. წამსვე გაიელვა მისივე
კაპიტნის დანამ და მკერდში ეძგერა თავდამსხმელს. ის მოიღვენთა და იატაკზე ჩაიკეცა – დანა
სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი.

კაპიტანმა ერთადერთ თანამებრძოლს გადახედა.

– აქ მე ვწყვეტ, რით გავუწევთ უკეთეს სამსახურს მის უდიდებულესობას, – უთხრა მან, –


გასაგებია?

მეორე სარდაუკარს მხრები ჩამოუცვივდა.

– დააგდე იარაღი, – უბრძანა კაპიტანმა.

სარდაუკარი დამორჩილდა.

კაპიტანმა ისევ პოლს შეხედა:

– მე შენ გამო მეგობარი მოვკალი, ნურასოდეს დავივიწყებთ ამას.

– თქვენ ჩემი ტყვეები ხართ, – უთხრა პოლმა, – თქვენ დამნებდით. იცოცხლებთ თუ


მოკვდებით, მნიშვნელობა არა აქვს, – მცველებს ანიშნა, წაეყვანათ ორი სარდაუკარი, მერე კი
ხელით მოუხმო იმ ლეიტენანტს, რომელმაც ტყვეები გაჩხრიკა.

მცველი მოვიდა და სარდაუკარები ხელის კვრით გაიყვანა.

პოლი ლეიტენანტისკენ გადაიხარა.

– მუად’დიბ, – უთხრა იმან, – მე გიმტყუნე ამ...

– ჩემი შეცდომა იყო, კორბა, – მიუგო პოლმა, – უნდა გამეფრთხილებინე, რა გეძებნა.


მომავალში, სარდაუკარის ჩხრეკისას, ეს ამბავი არ დაივიწყო. ისიც გახსოვდეს, რომ
თითოეულს ექნება ერთი-ორი ცრუ ფრჩხილი ფეხის თითებზე, რომლებითაც მათ, სხეულზე
მიკრულ სხვა ნაწილებთან შეერთებით, ეფექტიანი გადამცემის გაკეთება შეუძლიათ. არაერთი
ყალბი კბილიც ექნებათ. თმაში ჩიგასინას ხვეულები აქვთ ჩამალული – ისეთი წვრილი, რომ
მათი პოვნა ჭირს, არადა, ისე მტკიცეა, იმით შეიძლება კაცი მოახრჩო და თავიც მოსჭრა.
სარდაუკარს რომ ჩხრეკ, უნდა დაათვალიერო თხემიდან ტერფამდე და კუთხე-კუნჭულ,
გააშუქო ამრეკლავი თუ გამჭოლი სხივებით, მთელი ტანი გაპარსო – და, ამას რომ მორჩები,
დარწმუნებული იყავი, ყველაფერი ნაპოვნი მაინც არ გექნება.

პოლმა გურნის შეხედა, რომელიც ყურის დასაგდებად ახლოს მოსულიყო.

– მაშინ ჯობია, დავხოცოთ, – უთხრა ლეიტენანტმა.


პოლმა თავი გაიქნია; ისევ გურნის უყურებდა.

– არა. მინდა, რომ გაიქცნენ.

გურნი გაოცებით მისჩერებოდა.

– სირ... – ამოთქვა მან.

– ჰო?

– შენი თანაშემწე მართალს ამბობს. დაუყოვნებლივ დახოცე ის ტყვეები. მათი არსებობის


ყველა სამხილი მოსპე. შენ ხომ იმპერატორის სარდაუკარს თავს ლაფი დაასხი! იმპერატორი
ამას რომ გაიგებს, არ მოისვენებს, სანამ ნელ ცეცხლზე არ შეგხრაკავს.

– ალბათ, იმპერატორი ამას ვერ მოახერხებს, – აუჩქარებლად, ცივად წარმოთქვა პოლმა.


სარდაუკართან დაპირისპირებისას მასში რაღაც მოხდა. მის ცნობიერებაში
გადაწყვეტილებათა გარკვეული ჯამი დაგროვდა. – გურნი, – მიმართა მან, – რაბანის
ახლომახლო ბევრი გილდიელი ტრიალებს?

გურნი წელში გაიმართა, თვალები მოჭუტა.

– ამ კითხვას რა...

– არიან? – შეუტია პოლმა.

– არაკისზე გილდიის აგენტები ფუთფუთებენ. სუნელს ისე შეისყიდიან, თითქოს სამყაროში


ამაზე ძვირფასი არაფერი იყოს. აბა, როგორ გგონია, რატომ შემოვბედეთ ასე ღრმა...

– ეს მართლაც სამყაროში უძვირფასესი რამაა, – გაეპასუხა პოლი, – მათთვის.

მერე ჩანის და სტილგარს გახედა, რომლებიც ახლა მისკენ მოემართებოდნენ.

– ჩვენ კი მას ვაკონტროლებთ, გურნი.

– ჰარკონენები აკონტროლებენ, – შეედავა გურნი.

– აკონტროლებს ის, ვისაც მისი განადგურება შეუძლია, – უთხრა პოლმა. ხელით ანიშნა, ამაზე
ლაპარაკს მოვრჩითო, და თავი დაუქნია სტილგარს, რომელიც წინ გაუჩერდა. გვერდით ჩანი
ედგა.

პოლმა სარდაუკარის დანა მარცხენა ხელში დაიჭირა და სტილგარს გაუწოდა.

– შენ ტომის სასიკეთოდ ცხოვრობ, – უთხრა ფრემენს, – შეგიძლია, ამ დანით სიცოცხლეს


გამომასალმო?

– ტომის სასიკეთოდ – კი, – ჩაიღრინა სტილგარმა.

– მაშ, გამოიყენე ეს დანა.

– მიწვევ? – ჯიქურ ჰკითხა სტილგარმა.

– რომ გიწვევდე, – უთხრა პოლმა, – აქ უიარაღოდ დავდგებოდი და გაცლიდი, მოგეკალი.


სტილგარმა სწრაფად, მკვეთრად ჩაისუნთქა.

– უსულ! – წარმოთქვა ჩანიმ; მან გურნის შეხედა, მერე – ისევ პოლს.

სანამ სტილგარი ჯერ კიდევ მის ნათქვამს უფიქრდებოდა, პოლმა მიმართა:

– შენ სტილგარი, ხარ, მებრძოლი. როცა სარდაუკარებმა აქ იარაღი იშიშვლეს, შენ


საბრძოლველად წინა რიგებში არ დამდგარხარ. უპირველესად ჩანის დაცვა მოინდომე.

– ჩანი ჩემი ძმისწულია, – მიუგო სტილგარმა, – მცირე ეჭვიც რომ მქონოდა, შენი ფედაიკინები
იმ ნაძირალებს ვერ გაუმკლავდებიან-მეთქი...

– უპირველესად ჩანიზე რატომ იფიქრე? – პასუხი მოსთხოვა პოლმა.

– არ მიფიქრია მასზე!

– აბა?

– შენზე ვიფიქრე, – გამოტყდა სტილგარი.

– და გგონია, შეძლებ ჩემზე ხელის აღმართვას? – ჰკითხა პოლმა. სტილგარი აცახცახდა.

– წესი ასეთია, – ჩაიბურტყუნა.

– ისიც წესია, დახოცო უდაბნოში შემოხეტებული უცხოები და აიღო მათი წყალი, ვით ძღვენი
შაი-ჰულუდისგან, – უთხრა პოლმა, – მაგრამ ერთ ღამეს შენ დაინდე ორი ასეთი უცხო – მე და
დედაჩემი.

სტილგარი უხმოდ, აცახცახებული შესცქეროდა, პოლმა კი განაგრძო:

– წესები იცვლება, სტილ. შენ თვითონ შეცვალე ისინი.

სტილგარმა ყვითელ ემბლემას დახედა დანაზე, რომელიც ხელში ეჭირა.

– როდესაც არაკენში ჰერცოგად ვიჯდები და გვერდში ჩანი მეყოლება, გგონია, მექნება დრო,
სიეტჩ ტაბრის მართვის დეტალებში ჩავიხედო? – ჰკითხა პოლმა, – შენ თავად არჩევ სიეტჩის
ყოველი ოჯახის შიდა საქმეებს?

სტილგარი ისევ დანას დასცქეროდა.

– გგონია, მინდა, მარჯვენა მოვიჭრა? – ჰკითხა პოლმა.

სტილგარმა ნელა ახედა.

– მითხარი! – უთხრა პოლმა, – გგონია, მინდა, საკუთარ თავს და ტომს შენი სიბრძნე და ძალა
ხელიდან გამოვაცალო?

სტილგარმა ჩუმად მიუგო:

– შემეძლო, გამომეწვია და მომეკლა ჩემი ტომის ნებისმიერი ჭაბუკი, რომელსაც ვიცნობ, თუ


შაი-ჰულუდი ინებებდა. ლისან ალ-გაიბს კი ზიანს ვერ მივაყენებ. შენ ეს იცოდი, დანა რომ
მომაწოდე.
– ვიცოდი, – დაეთანხმა პოლი.

სტილგარმა თითები გაშალა. დანამ იატაკის ქვაზე გაიწკარუნა.

– წესები იცვლება, – თქვა მან.

– ჩანი, – მიმართა პოლმა, – გასწი დედაჩემთან და აქ გამოგზავნე, რათა რჩევით დაგვეხმაროს,


როცა...

– მაგრამ შენ ხომ თქვი, სამხრეთისკენ წავალთო! – შეედავა გოგო.

– შემეშალა, – უპასუხა პოლმა, – ჰარკონენები იქ არ არიან. ომი იქ არაა.

ჩანიმ ღრმად ჩაისუნთქა და ესეც აღიქვა, როგორც მხოლოდ უდაბნოელ ქალს შეეძლო: მიეღო
ყველაფერი სიცოცხლის ფერხულისა, რომელსაც განუყრელად ახლდა სიკვდილი.

– დედაჩემს გადასცემ გზავნილს, რომელიც მხოლოდ მან უნდა გაიგოს, – უთხრა პოლმა, –
უთხარი, რომ სტილგარი მე არაკისის ჰერცოგად მაღიარებს, მაგრამ უნდა გამოინახოს
საშუალება, ახალგაზრდებმა ეს ბრძოლის გარეშეც მიიღონ.

ჩანიმ სტილგარს შეხედა.

– გააკეთე, რასაც გეუბნება, – ჩაუღრინა სტილგარმა, – ორივემ ვიცით, რომ ის ჩემს მორევას
შეძლებდა... და რომ მე მასზე ხელს ვერ აღვმართავდი... ტომის საკეთილდღეოდ.

– მეც დედაშენთან ერთად დავბრუნდები.

– მხოლოდ ის გამოგზავნე, – უთხრა პოლმა, – სტილგარისთვის ინსტინქტს არ უმტყუნია. მე


უფრო ძლიერი მაშინ ვარ, როცა შენ უსაფრთხოდ მეგულები. შენ სიეტჩში დარჩები.

ჩანიმ დააპირა, შედავებოდა, მაგრამ მერე უკან დაიხია.

– სიჰაია, – დაუყვავა პოლმა მხოლოდ მისი საალერსო სახელით. მერე მარჯვნივ შებრუნდა და
გურნის ელვარე თვალებს წააწყდა.

პოლსა და უფროს ფრემენს შორის საუბარი გურნისთვის თითქოს ბურუსში დაიძირა მას მერე,
რაც პოლმა დედა ახსენა.

– დედაშენი, – წარმოთქვა გურნიმ.

– რეიდის ღამეს აიდაჰომ გადაგვარჩინა, – უთხრა ჩანისთან განშორებით დამწუხრებულმა


პოლმა, – ამჟამად ჩვენ...

– დუნკან აიდაჰოს რა მოუვიდა, მილორდ? – ჰკითხა გურნიმ.

– მოკვდა – მდევრის შეკავებას შეეწირა, რომ ჩვენ გაქცევა მოგვესწრო.

„მაშ, ის ალქაჯი ცოცხალია!“ გაიფიქრა გურნიმ. „ის, ვისზე შურისძიების ფიციც დავდე,
ცოცხალია! და, აშკარაა, რომ ჰერცოგმა პოლმა არ იცის, რა არსებამ შვა იგი. ბოროტების
ჭურჭელმა! ვინც მამამისი ჰარკონენებს მიჰყიდა!“
პოლმა გურნის გვერდი აუქცია და შემაღლებაზე შეხტა. უკან მიიხედა, დაინახა, რომ
დაჭრილები და დახოცილები უკვე გაეტანათ, და მწარედ გაიფიქრა: „ეს პოლ-მუად’დიბის
ლეგენდაში მორიგ თავს ჩაწერს. მახვილი ქარქაშიდან არც კი ამომიღია, მაგრამ იტყვიან, რომ
ამ დღეს ოცი სარდაუკარი საკუთარი ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს“.

გურნიც მას მიჰყვა, სტილგართან ერთად; ფეხქვეშ მიწას ვერც კი გრძნობდა.


ქვაბულშინათელბურთებისგან მოფენილი ყვითელი შუქი მის მრისხანებას
გაებუნდოვანებინა. „ალქაჯი ცოცხალია, მაშინ, როცა მისგან გაცემულები ძვლებად იქცნენ
ეულ სამარეებში. ისე უნდა მოვახერხო, რომ, სანამ მოვკლავდე, პოლმა მასზე სიმართლე
გაიგოს“.

7* * *
ხშირად გაბრაზებული კაცის რისხვა უარყოფს, რასაც მას საკუთარი შინაგანი მე ეუბნება.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „მუად’დიბის გამონათქვამთა კრებული“

გამოქვაბულის შეკრების დარბაზში შეგროვილი ხალხი ისეთსავე გრძნობათა ნაზავს


ასხივებდა, როგორსაც ჯესიკა გრძნობდა იმ დღეს, პოლმა რომ ჯემისი მოკლა. ხმებში
მობუტბუტე შფოთვა ისმოდა.

ჯესიკა პოლის პირადი ოთახებიდან შემაღლებაზე რომ გამოვიდა, მომცრო გრაგნილად


დახვეული წერილი თავისი მოსასხამის ქვეშ ჩამალა. სამხრეთიდან გრძელი მოგზაურობის
მერე უკვე დაესვენა, მაგრამ ჯერ კიდევ აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ პოლი ტყვედ
ჩაგდებული ორნიტოპტერების გამოყენების ნებას არ იძლეოდა.

– ჰაერს სრულად ვერ ვაკონტროლებთ, – თქვა მან, – და არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული


გარედან შემოტანილ საწვავზე. საწვავიც და ხომალდებიც უნდა მოვაგროვოთ და, ერთბაშად
რომ გადავალთ იერიშზე, მაშინ გამოვიყენოთ.

პოლი უფრო ახალგაზრდა მებრძოლების ჯგუფთან ერთად შემაღლების მახლობლად იდგა.


ნათელბურთების ბაცი შუქი იქაურობას ოდნავ არარეალურობის ელფერს ჰფენდა. თითქოს
გაცოცხლებულ ნახატს უყურებდი, რომელსაც ფრემენული საცხოვრებლის სუნის,
ჩურჩულის, ფეხის მონაცვლების ხმის დამატებითი განზომილება ერთვოდა.

ჯესიკამ შვილს შეხედა; უკვირდა, ჯერ რატომ არ გამოუჩინა ამხელა სიახლე – გურნი ჰალეკი.
გურნიზე ფიქრი ბედნიერი წარსულის მოგონებას უღვიძებდა – პოლის მამასთან გატარებულ
სიყვარულისა და სილამაზის დღეებს უცოცხლებდა.

სტილგარი თავის პატარა გუნდთან ერთად შემაღლების მეორე ბოლოსთან იდგა. მის
დგომაში, მის მდუმარებაში მუდამ თანმდევი ღირსება გამოსჭვიოდა.

„ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ“, გაიფიქრა ჯესიკამ. „პოლის გეგმამ უნდა გაჭრას. სხვა
ყველაფერი უდიდესი ტრაგედია იქნება“.
მან შემაღლებიდან ჩამოაბიჯა და ხალხს შეერია. პოლისკენ რომ გასწია, გზა მისცეს. უკან
სიჩუმე აედევნა.

იცოდა ამ სიჩუმის მნიშვნელობა – ხალხის უსიტყვო შეკითხვა და ღირსი დედის წინაშე


მოწიწება.

მისი მიახლოებისას ახალგაზრდებმა უკან დაიხიეს. ჯესიკამ პატივისცემის ამ ახალი ნიშნის


გამო წამით იმედგაცრუება იგრძნო. ბენე გესერიტის აქსიომა აუწყებდა: „ყველას, ვინც კი
შენზე დაბლა დგას, შენი ადგილი სწყურია“. მაგრამ ამ სახეებს ეს წყურვილი არ ეწერა –
ადამიანებს თავი მისგან მოშორებით ეჭირათ და ეს პოლის ლიდერობის რელიგიური
საფუძვლის შედეგი იყო. და ბენე გესერიტის სხვა თქმაც გაახსენდა: „წინასწარმეტყველები არ
კვდებიან – მათ კლავენ“.

პოლმა დედას შეხედა.

– დროა, – უთხრა ჯესიკამ და წერილის გრაგნილი გადასცა.

პოლის ერთმა მხლებელმა, სხვებზე უფრო გაბედული რომ იყო, სტილგარს გახედა:

– აპირებ, რომ გამოიწვიო, მუად’დიბ? ახლა ნამდვილად დროა. იტყვიან, რომ მხდალი ხარ,
თუ...

– ვინ ბედავს, მხდალი მიწოდოს? – შეუტია პოლმა და ხელი კრისდანის ტარზე იტაცა.

ჯგუფს მძიმე სიჩუმე ჩამოაწვა, რომელიც დანარჩენ შეკრებილებზეც გავრცელდა.

– საქმეა გასაკეთებელი, – თქვა პოლმა, მებრძოლებმა მისგან უკან რომ დაიხიეს. შებრუნდა,
მჭიდროდ მდგარ ხალხში გზა გაიკაფა, მსუბუქად შეხტა შემაღლებაზე და შეკრებილებისკენ
მოტრიალდა.

– ჰოდა, გააკეთე! – იყვირა ვიღაცამ.

ყვირილმა ბუტბუტი და ჩურჩული მოიყოლა.

პოლმა დაიცადა, რომ სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. ისიც ნელ-ნელა ჩამოდგა ფეხის ჩქამისა და
ჩახველებების გაფანტულ ხმებს შორის. მღვიმე რომ დაჩუმდა, პოლმა ნიკაპი შემართა და ისე
დაილაპარაკა, რომ მისი ხმა უშორეს კუთხეებსაც მისწვდენოდა.

– თქვენ ლოდინმა დაგღალათ.

ისევ შეიცადა, სანამ საპასუხო შეძახილები არ მიწყდა.

ისინი მართლაც დაღალა ლოდინმაო, გულში გაივლო პოლმა. წერილის გრაგნილი ასწია,
იმაზე

ფიქრობდა, რაც მასში ეწერა. დედამ ადრევე უჩვენა და მოუყვა, როგორ წაართვეს ის
ჰარკონენების შიკრიკს.

წერილში გარკვევით ეწერა: რაბანი თავისი ძალების ანაბარა იყო მიტოვებული აქ, არაკისზე!
ვერავის სთხოვდა დახმარებას ან მომარაგებას!
პოლმა ისევ აუწია ხმას:

– თქვენ ფიქრობთ, რომ დროა, სტილგარი გამოვიწვიო და ჯარის მეთაური შეიცვალოს! – სანამ
უპასუხებდნენ, პოლმა ბრაზით შეუტია: – ლისან ალ-გაიბი ასეთი სულელი გგონიათ?

სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

„რელიგიურ მანტიას ირგებს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ეს არ უნდა ქნას!“

– წესი ასეთია! – დაიყვირა ვიღაცამ.

პოლი მათი გრძნობების ფარულ მდინარებას სინჯავდა. მერე აუღელვებლად მიუგო:

– წესები იცვლება.

მღვიმის კუთხიდან ბრაზიანმა ხმამ მოაღწია:

– რა უნდა შეიცვალოს, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ!

ხალხში კანტიკუნტად გაისმა თანხმობის შეძახილები.

– როგორც გინდათ, – გაეპასუხა პოლი.

და ჯესიკამ ნათქვამში სუსტი ინტონაცია დაიჭირა – პოლი ხმის ძალას იყენებდა, როგორც
მისგან ესწავლა.

– იტყვით, რასაც გინდათ, – განაგრძო პოლმა, – მაგრამ მანამდე მე მომისმენთ.

სტილგარი შემაღლების კიდეს გამოუყვა. მისი წვერით მოსილი სახე გრძნობებს არ


ამჟღავნებდა.

– ესეც წესია, – თქვა მან, – საბჭოზე ყველა ფრემენს შეუძლია, თავისი სიტყვა თქვას. პოლ-
მუად’დიბი კი ფრემენია.

– ტომის სიკეთე, ესაა მთავარი, არა? – ჰკითხა პოლმა.

სტილგარმა იმავე თანაბარი ხმით და უცვლელი ღირსების გრძნობით მიუგო:

– ჩვენს ყველა ნაბიჯს ეგ განსაზღვრავს.

– ძალიანაც კარგი, – თქვა პოლმა, – აბა, ვინ სარდლობს ჩვენი ტომის ამ რაზმეულს – და ვინ
სარდლობს ყველა ტომსა და რაზმეულს ბრძოლის ინსტრუქტორების მეშვეობით, რომლებიც
ჩვენ საოცარი ბრძოლის წესებში გავწვრთენით?

პოლმა შეიცადა, შეკრებილთა თავებს გადახედა. არავის უპასუხია.

ცოტა ხნის მერე განაგრძო:

– იქნებ, სტილგარი სარდლობს ამათ? თვითონ ამბობს, არაო. თუ მე ვსარდლობ? ზოგჯერ


სტილგარიც კი ჩემს დავალებებს ასრულებს, ხოლო საბჭოს შეკრებებზე ბრძენთაბრძენი
კაცები მისმენენ და ყურად იღებენ ჩემს ნათქვამს.

ხალხს სიჩუმე ჩამოსწოლოდა, რომელსაც მხოლოდ ფეხის მონაცვლების ხმა არღვევდა.


– მაშ, – განაგრძო პოლმა, – დედაჩემი მართავს? – ხელით მიუთითა დაბლა, ხალხში მდგარ
ჯესიკაზე, ღირსი დედის შავი მოსასხამი რომ ემოსა, – სტილგარი და ყველა სხვა სარდალი
თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მას რჩევას ეკითხება. ეს თქვენც
კარგად იცით. მაგრამ განა ღირს დედას გადაულახავს უდაბნო ან მიუძღვება რაზიას
ჰარკონენების წინააღმდეგ?

პოლი, სადამდეც თვალი გაუწვდებოდა, ხედავდა შეჭმუხნილ შუბლებს, მაგრამ ჯერ კიდევ
ისმოდა ჯავრიანი ბურტყუნიც.

სახიფათო ხერხი აირჩიაო, გაიფიქრა ჯესიკამ, მაგრამ ისიც ახსოვდა, რა ეწერა მის მოტანილ
გრაგნილში. და ხედავდა პოლის განზრახვასაც: მათ ყოყმანს და დაეჭვებას ძირისძირამდე
ჩაჰყოლოდა, გაენადგურებინა იგი და დანარჩენი ამას თავისთავად მოჰყვებოდა.

– ლიდერობა კი გამოწვევისა და ორთაბრძოლის გარეშე არავის გაუგია, არა? – იკითხა პოლმა.

– წესი ეგრეა! – დაიძახა ვიღაცამ.

– რა არის ჩვენი მიზანი? – განაგრძო პოლმა, – ჩამოვაგდოთ რაბანი, ეს ჰარკონენი მხეცი, და


ჩვენი პლანეტა ვაქციოთ ისეთ ადგილად, სადაც ბედნიერად ვაცხოვრებდით ჩვენს ოჯახებს
და ყველას სამყოფი წყალი ექნებოდა – არის ეს ჩვენი მიზანი?

– ძნელად მისაღწევ მიზნებს მკაცრი წესები ახლავს, – იყვირა ვიღაცამ.

– ბრძოლის წინ მახვილს ვინ ამტვრევს? – პასუხი მოსთხოვა პოლმა, – ამას ვამბობ, როგორც
ფაქტს, ქადილის ან ვინმეს გამოწვევის გამო კი არა: აქ არ არის არავინ ისეთი, სტილგარის
ჩათვლით, ვინც ორთაბრძოლაში გამიმკლავდებოდა. ამას სტილგარიც აღიარებს. მან ეს იცის,
ისევე, როგორც თქვენ – ყველამ.

ხალხის მხრიდან პოლს კვლავ მოაწყდა ჯავრიანი ბურტყუნი.

– თქვენგან ბევრი შემხვედრია სავარჯიშო მოედანზე, – თქვა პოლმა, – იცით, რომ ეს არ არის
უსაფუძვლო ბაქიაობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ჩვენთვის, ყველასთვის, ცნობილი ფაქტია
და სისულელე იქნებოდა, მე თავადაც რომ არ ვხედავდე ამას. ამ ხერხებით ბრძოლაში გაწაფვა
თქვენზე ბევრად ადრე დავიწყე და ჩემი მასწავლებლები უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე
რომელიმე მათგან, ვისაც კი თქვენ შეხვედრიხართ. აბა, სხვაგვარად როგორ ვაჯობებდი
ჯემისს იმ ასაკში, როცა თქვენი ბიჭები ჯერ მხოლოდ თავშესაქცევად ებრძვიან ერთმანეთს?

„ხმას კარგად იყენებს“, გაიფიქრა ჯესიკამ, „მაგრამ ამ ხალხთან ეს არ კმარა. ხმის


კონტროლისთვის შეწინააღმდეგება კარგად შეუძლიათ. ლოგიკითაც უნდა გაიყოლოს თან“.

– ახლა კი, – თქვა პოლმა, – ამაზეც გადავიდეთ, – წერილის გრაგნილი აიღო და თასმის
ნაგლეჯი შემოხსნა, – ეს ჰარკონენების შიკრიკს წაართვეს. ეს წერილი რომ ყალბი არაა,
უეჭველია. ის რაბანისთვისაა განკუთვნილი და ატყობინებს, რომ ახალი სამხედრო ძალის
გამოგზავნის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან; რომ მისი მოპოვებული სუნელის რაოდენობა
კვოტაზე ბევრად დაბალია; რომ მან არაკისს მეტი სუნელი უნდა გამოსწუროს იმ ადამიანების
საშუალებით, ვინც გადარჩა.

სტილგარი პოლს გვერდით დაუდგა.


– თქვენგან რამდენი ხვდება, რას ნიშნავს ეს? – იკითხა პოლმა, – სტილგარი მაშინვე მიხვდა.

– მომწყვდეულები არიან! – დაიყვირა ვიღაცამ.

პოლმა წერილი სარტყელში ჩაიდო. დაწნული ჩიგასინას თასმა კისრიდან მოიხსნა, ზედ
დაკიდებული ბეჭედი გამოაძრო და მაღლა ასწია.

– ეს მამაჩემის საჰერცოგო ბეჭედი იყო, – თქვა მან, – დავიფიცე, რომ არასოდეს გავიკეთებდი,
სანამ მზად არ ვიქნებოდი, ჩემი რაზმები დამეძრა მთელ არაკისზე და პლანეტა ჩემს კანონიერ
ფეოდად გამომეცხადებინა, – პოლმა ბეჭედი თითზე წამოიცვა და მუშტი შეკრა.

მღვიმეში სრული სიჩუმე გამეფდა.

– ვინ არის აქ მმართველი? – იკითხა პოლმა, – მე ვარ მმართველი! არაკისის ყოველი გოჯი ჩემი
მმართველობის ქვეშაა! ეს ჩემი საჰერცოგო ფეოდია, სულერთია, იმპერატორი ამაზე თანახმა
იქნება თუ არა! მან მამაჩემს გადასცა იგი, მამისგან კი მე გადმომეცა!

პოლი ფეხის წვერებზე წამოიწია, მერე ისევ დაეშვა ქუსლებზე. შეკრებილებს დააცქერდა,
მათი განწყობა შეიგრძნო.

თითქმისო, გაიფიქრა.

– აქ არიან ისინი, ვინც მაღალ პოსტებს დაიკავებს არაკისზე, როცა მე ჩემს კუთვნილ
საიმპერატორო უფლებებს მოვითხოვ, – განაგრძო პოლმა, – ერთ-ერთი ამგვარი კაცი
სტილგარია. იმიტომ კი არა, რომ მე მისი მოსყიდვა მინდა! არც მადლიერების გამო, თუმცა მე
ერთი მათგანი ვარ აქ მყოფ მრავალთაგან, ვინც მას სიცოცხლეს უმადლის. არა! არამედ
იმიტომ, რომ ის ბრძენი და ძლიერია. იმიტომ, რომ ის თავის რაზმს მართავს საკუთარი ჭკუით
და არა მხოლოდ წესებით. იქნებ, მე სულელი გგონივართ? იქნებ, გგონიათ, მარჯვენა მკლავს
მოვიჭრი და სისხლში მოთხვრილს დავაგდებ ამ მღვიმის იატაკზე, მხოლოდ იმისთვის, რომ
თქვენ თვალის სეირი ნახოთ?

პოლმა შეკრებილებს მკაცრი მზერა მოავლო.

– ვინ არის აქ ისეთი, ვინც იტყვის, თითქოს მე არ ვიყო არაკისის კანონიერი მმართველი? ამის
დასამტკიცებლად ერგში ყოველი ფრემენული ტომი მეთაურის გარეშე უნდა დავტოვო?

პოლის გვერდით მდგარი სტილგარი შეინძრა და კითხვის თვალით შეხედა მას.

– მაშინ უნდა მოვაკლო ჩვენს ძალას, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება იგი? – იკითხა პოლმა, –
მე თქვენი მმართველი ვარ და მე გეუბნებით: დროა, მოვრჩეთ ჩვენი საუკეთესო მებრძოლების
ხოცვას და ჩვენი ნამდვილი მტრების – ჰარკონენების – ხოცვა დავიწყოთ!

სტილგარმა ერთი თვალშეუსწრები მოძრაობით იშიშვლა კრისდანა, წვეტით ბრბოს თავების


ზემოთ მიმართა და დაიყვირა:

– გაუმარჯოს ჰერცოგ პოლ-მუად’დიბს!

მღვიმე გამაყრუებელმა ღრიალმა აავსო, გამოძახილი გამოძახილს ერთვოდა. ყვიროდნენ,


ყიჟინებდნენ, ხმაშეწყობით გაიძახოდნენ:
– ია ჰია ჩოუჰადა! მუად’დიბ! მუად’დიბ! მუად’დიბ! ია ჰია ჩოუჰადა!

ჯესიკამ გულში გადათარგმნა მათი სიტყვები: „გაუმარჯოს მუად’დიბის მებრძოლებს!“


გეგმამ, რომელიც მან, პოლმა და სტილგარმა ერთად შეიმუშავეს, ისე გაჭრა, როგორც
ვარაუდობდნენ.

ალიაქოთი ნელ-ნელა მიწყდა.

ისევ სიჩუმე რომ ჩამოვარდა, პოლმა სტილგარს გაუსწორა თვალი და უთხრა:

– დაიჩოქე, სტილგარ.

სტილგარი შემაღლებულზე მუხლებით დაეშვა.

– შენი კრისდანა მომაწოდე, – უთხრა პოლმა.

სტილგარი დაემორჩილა.

ეს არ დაგვიგეგმავსო, გაიფიქრა ჯესიკამ.

– გაიმეორე, რასაც ვიტყვი, სტილგარ, – უთხრა პოლმა და გაიხსენა ოფიციალურ პოსტზე


დანიშვნისას წარმოსათქმელი სიტყვები, რომლებიც მამისგან სმენოდა: – „მე, სტილგარი,
ვიღებ ამ დანას ჩემი ჰერცოგის ხელიდან“.

– „მე, სტილგარი, ვიღებ ამ დანას ჩემი ჰერცოგის ხელიდან“, – გაიმეორა სტილგარმა და პოლს
რძისფერი დანა ჩამოართვა.

– „ეს მახვილი იქ გაჰკვეთს, სადაც ჩემი ჰერცოგი მიბრძანებს“, – თქვა პოლმა.

სტილგარმა გაიმეორა – ნელა, საზეიმოდ.

ჯესიკას გაახსენდა, ვისგან მოდიოდა ეს რიტუალი, და თავი გაიქნია, რომ ცრემლები


შეეკავებინა. „ჩემთვის ხომ ცნობილია ამის მიზეზები“, გაიფიქრა მან. „მაგრამ გული ასე არ
უნდა ამჩუყებოდა“.

– „ეს მახვილი ჩემი ჰერცოგის საქმეთათვის და მის მტერთა დასახოცად გაირჯება მანამ, სანამ
სისხლი გვიდგას ძარღვში“, – თქვა პოლმა.

სტილგარმა ესეც გაიმეორა.

– აკოცე დანას, – უბრძანა პოლმა.

სტილგარი მის ნებას დაჰყვა, მერე კი, ფრემენული ჩვეულებისამებრ, სახმლე მკლავზე აკოცა.
პოლმა თავი დაუქნია, სტილგარმა დანა ჩააგო და წამოდგა.

ხალხსს მსუბუქ ხვნეშასავით გადაურბინა მოწიწებით აღსავსე ჩურჩულმა და ჯესიკამ გაიგონა


სიტყვები:

– წინასწარმეტყველება – „ბენე გესერიტი გვიჩვენებს გზას, რომელსაც ღირსი დედა


დაინახავს“...

და შემდეგ, ცოტა მოშორებით:


– მისი ძის ხელით გვიჩვენებს!

– ამ ტომის მეთაური სტილგარია, – თქვა პოლმა, – ის ჩემი პირით ბრძანებს. რასაც ის გეტყვით,
იგივეა, მე რომ მეთქვა.

„ბრძნული ნათქვამია“, გაიფიქრა ჯესიკამ. „ტომის მეთაურს ღირსება არ უნდა აეყაროს იმათ
წინაშე, ვინც მას უნდა მორჩილებდეს“.

პოლმა ხმას დაუწია და წარმოთქვა:

– სტილგარ, ამ ღამით მინდა, გზას გაუდგნენ უდაბნოს მავალები და გაფრინდნენ


სიელაგოები, რომ საბჭოს წევრებს შეკრებაზე მოვუწოდოთ. როდესაც მათ გაგზავნი, მოიხმე
ჩატი, კორბა და ოთეიმი, კიდევ ორი ლეიტენანტი, რომლებსაც შენ თავად შეარჩევ, და ჩემს
ოთახებში მოდით ბრძოლის გეგმის შესადგენად. გამარჯვების გეგმა გვჭირდება. ლიდერთა
საბჭოს წევრებისთვის საჩვენებლად, იმ დროისთვის, როცა აქ მოვლენ.

პოლმა დედას თავის დაქნევით ანიშნა, გამომყევიო, ამაღლებიდან ჩაუძღვა, შეკრებილთა


შორის გაიარა და ცენტრალური დერეფნისკენ, იქ მომზადებული საცხოვრებელი
ოთახებისკენ გაემართა. ბრბოში გზას რომ მიიკვლევდა, მისკენ ხელები მოიწევდნენ, შეხებას
ლამობდნენ, ხმები ეძახდნენ:

– ჩემი მახვილი იქ იქნება, სადაც სტილგარი ბრძანებს, პოლ-მუად’დიბ!

– მალე გაგვგზავნე საომრად, პოლ-მუად’დიბ!

– პლანეტის ქვიშა ჰარკონენების სისხლით დაგვალბობინე!

ჯესიკა გრძნობდა შეკრებილთა ემოციას, მათ საბრძოლო შემართებას. მართლაც რომ მზად
იყვნენ. ჩვენ კი ისე ვაკეთებთ, რომ ისინი ამ განწყობის ტალღას თავზე მოექცნენო, გაიფიქრა.

შიდა ოთახში პოლმა დედას ანიშნა, დამჯდარიყო, უთხრა, აქ დაიცადეო, და ფარდის მიღმა
მდებარე გვერდითა დერეფანში გაუჩინარდა.

პოლის წასვლის მერე ოთახში სრული სიწყნარე ჩამოდგა. ფარდების იქიდან სიეტჩში ჰაერის
ამამოძრავებელი ქარის ტუმბოების შრიალიც კი არ აღწევდა.

გურნი ჰალეკის მოსაყვანად წავიდაო, გაიფიქრა ჯესიკამ და გაკვირვებით მიაყურადა


საკუთარ ნარევ ემოციებს. არაკისზე გადმოსახლებამდე გურნი და მისი მუსიკა კალადანზე
გატარებული ბევრი საამო წუთის განუყრელი ნაწილი იყო. ეჩვენებოდა, თითქოს კალადანი
ვიღაც სხვას გადახდომოდა თავს. გურნისთან შეყრა მას აიძულებდა, ცვლილებებისთვის
გადაეხედა.

პოლის ყავის სერვიზი, ჯემისისგან რომ დარჩა (ვერცხლისა და ჯასმიუმის შენადნობისგან


დამზადებული, ღარებდაყოლილი ცილინდრები), ხელმარჯვნივ დაბალ მაგიდაზე ელაგა.
ჯესიკამ დახედა, გაიფიქრა, რამდენი ხელი შეხებია ამ ლითონსო. უკვე ერთი თვე იყო, ჩანი
პოლს ამ ჭიქებით მიართმევდა ხოლმე ყავას.

„განა რას მისცემს ჰერცოგს მისი უდაბნოს ქალი, ყავის მირთმევის გარდა?“ ჰკითხა ჯესიკამ
საკუთარ თავს. „ვერც ძალაუფლებას შესძენს, ვერც გავლენიან ოჯახს. პოლის ერთადერთი,
მთავარი შანსი იყო, ძლიერ დიდებულ გვარს დამოყვრებოდა, იქნებ, თავად საიმპერატორო
ოჯახსაც კი. ბოლოს და ბოლოს, ხომ არიან გასათხოვარი პრინცესები, და ყოველ მათგანს ბენე
გესერიტის სწავლება აქვს გავლილი“.

ჯესიკამ წარმოიდგინა, როგორ მოიტოვებდა უკან დუხჭირ არაკისს და ძალაუფლებითა და


უსაფრთხოებით მოცული იცხოვრებდა, ვით იმპერატორ-კონსორტის დედა. მან სქელი
ქსოვილით დაფარულ ქვაბული-სენაკის კედლებს შეხედა და გაიხსენა, რა გზით მოაღწია
აქამდე – მატლების მთელი ჯოგით იმგზავრეს, მერე ტახტრევნებით: სასაპალნე ბაქნები
მომავალი ლაშქრობისთვის საჭირო ნივთებით იყო დატვირთული.

„სანამ ჩანი ცოცხალია, პოლი თავის მოვალეობას ვერ დაინახავს“, გაიფიქრა ჯესიკამ. „გოგომ
მას ძე გაუჩინა და კმარა“.

უცებ წალეკა შვილიშვილის მონატრებამ, გაახსენდა მისი სახე, ასე ძლიერ რომ ჩამოჰგავდა
ბაბუის – ლეტოს – ნაკვთებს. ჯესიკამ ლოყები ხელისგულებში მოიქცია და შეუდგა
რიტუალურ სუნთქვას, რომელიც ემოციებს უმშვიდებდა და გონებას უწმენდდა, მერე წელში
გადაიხარა – ეს მეტანია სხეულს გონების მოთხოვნათა შესასრულებლად გაამზადებდა.

გუნებაში მოუწონა შვილს სამეთაურო პოსტად ჩიტების ქვაბულის არჩევა – აქაურობა


საამისოდ იდეალური ადგილი გახლდათ. აქედან ჩრდილოეთით მდებარეობდა ქარის
უღელტეხილი, კლდეების გალავანს შორის მოქცეული, დაცული დასახლებისკენ რომ
იხსნებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოფელი იყო, ხელოსნებისა და სხვა სპეციალისტების
ბინა, ჰარკონენების მთელი თავდაცვითი სექტორის ტექნიკური მომსახურების ცენტრი.

ოთახის ფარდების იქით ჩახველება მოისმა. ჯესიკა გაიმართა, ღრმად ჩაისუნთქა და ნელა
ამოისუნთქა.

– შემობრძანდით.

ფარდები გადაიწია და ოთახში გურნი ჰალეკი შემოიჭრა. ჯესიკამ გაელვებასავით მოჰკრა


თვალი მის უცნაურად დაღმეჭილ სახეს და აი, ის უკვე ზურგსუკან მოექცა, ნიკაპქვეშ ამოსდო
ძარღვიანი ხელი და ფეხზე წამოახტუნა.

– გურნი, სულელო, აბა, რას შვრები?! – შეუყვირა ჯესიკამ.

და ზურგზე მობჯენილი დანის წვერი იგრძნო. იმ ბასრი წვერიდან სხეულში სისხლის


გამყინავი შეგნება გადმოეღვარა: იმ წამს მიხვდა, რომ გურნი მართლაც აპირებდა მის
მოკვლას. რატომ? არც ერთი მიზეზი არ აგონდებოდა, რადგან გურნი ის კაცი არ იყო,
მოღალატედ ქცეულიყო. მაგრამ მისი განზრახვა არ ეეჭვებოდა. ამას რომ მიხვდა, გონება
გამალებით აუმუშავდა. მას იოლად დასაძლევი კაცი როდი ემუქრებოდა. ეს იყო მკვლელი,
რომელმაც იცოდა ხმის შესახებ, იცოდა ყველა საბრძოლო სტრატეგია, სიკვდილისა და
ძალადობის ყოველი ხრიკი. ეს იყო იარაღი, რომლის გამოწრთობაში თავადაც მიუძღოდა
წვლილი ფაქიზი მინიშნებებითა და რჩევებით.

– გგონია, გაიქეცი, ჰა, ალქაჯო? – ჩაუღრინა გურნიმ.

სანამ ჯესიკა კითხვას გაიაზრებდა, ან პასუხის გაცემას შეეცდებოდა, ფარდა გადაიწია და


პოლი შემოვიდა.

– აი, ისიც, დე... – სიტყვა გაუწყდა, აღიქვა, რომ რაღაც რთული ამბავი ხდებოდა.
– იდექი, სადაც დგახარ, მილორდ, – უთხრა გურნიმ.

– რა... – პოლმა თავი გაიქნია.

ჯესიკამ რაღაცის თქმა დააპირა და იგრძნო, რომ ყელზე მკლავი უფრო ძლიერად შემოეჭდო.

– მე რომ დაგრთავ ნებას, მერე დაილაპარაკებ, ალქაჯო, – წარმოთქვა გურნიმ, – შენგან


ერთადერთი სიტყვა მჭირდება, ოღონდ ისე, შენმა შვილმაც რომ გაიგონოს, და მზად ვარ,
დაუფიქრებლად გაგიყარო გულში ეს დანა, თუ წინააღმდეგობის გაწევის უმცირეს ნიშანს
შეგატყობ. მონოტონურად ილაპარაკებ. კუნთებს არ დაძაბავ, არ გაძრავ. რაც შეიძლება,
ფრთხილად იქნები, თუ გინდა, სიცოცხლე ორიოდ წამითაც გაიხანგრძლივო. და, მერწმუნე,
მეტი სიცოცხლე არც დაგრჩენია.

პოლმა წინ გადადგა ნაბიჯი.

– გურნი, მისმინე, ეს რა...

– გაჩერდი, სადაც დგახარ! – შეუტია გურნიმ, – ერთი ნაბიჯიც და, მოვკლავ.

პოლმა ხელი დანის ტარისკენ გააცურა და ურყევი სიმშვიდით წარმოთქვა:

– ჯობია, ამიხსნა, რა ხდება, გურნი.

– დავიფიცე, რომ მამაშენის გამცემს მოვკლავდი, – უთხრა გურნიმ, – გგონია, შემიძლია,


დავივიწყო ადამიანი, რომელმაც ჰარკონენების მონათა ხაროდან დამიხსნა, მომცა
თავისუფლება, სიცოცხლე, პატივი... მიძღვნა თავისი მეგობრობა, ის, რაც ჩემთვის
ყველაფერზე მეტად ძვირფასი იყო... ახლა მისი მოღალატისთვის დანა მაქვს მიბჯენილი.
ვერავინ დამიშლის...

– სამწუხაროდ, სასტიკად გეშლება, გურნი, – უთხრა პოლმა.

ჯესიკამ კი გაიფიქრა: „აი, თურმე რა! რა ბედის დაცინვაა!“

– მაშ, მეშლება, ხომ? – უკან არ დაიხია გურნიმ, – მაშ, მოდი, თავად გვითხრას. და ახსოვდეს,
რომ ქრთამებს გავცემდი, ვუთვალთვალებდი, ვცრუობდი, ამ ბრალდების ჭეშმარიტება რომ
დამედასტურებინა. ჰარკონენის დაცვის კაპიტანს სემუტათიც კი ვამარაგებდი, ზოგ-ზოგი
რამე რომ გამეგო.

ჯესიკამ იგრძნო, რომ ყელზე შემოჭერილი მკლავი ოდნავ შეეშვა, მაგრამ, სანამ რამეს თქმას
მოახერხებდა, პოლმა დაასწრო:

– მოღალატე იუე იყო. თავის დროზე ყველაფერს მოგიყვები, გურნი. ამის დამადასტურებელი
საბუთი უტყუარია, ვერაფრით უარყოფ. ეს იუე იყო. არ მაინტერესებს, საიდან გაგიჩნდა ეს
ეჭვი – რადგან შეუძლებელია, ეს ეჭვის გარდა რამე იყოს – მაგრამ, დედაჩემს თუ რამეს
დაუშავებ... – პოლმა კრისდანა ქარქაშიდან ამოაძრო და წინ მიმართული დაიჭირა, – შენს
სისხლს დავღვრი.

– იუე მომზადებული ექიმი იყო, საიმპერატორო ოჯახისთვისაც კი შესაფერისი, – დაიღრინა


გურნიმ, – ის მოღალატე ვერ გახდებოდა!
– მე ვიცი, როგორ შეიძლება მაგ მომზადების მოხსნა, – უთხრა პოლმა.

– საბუთი, – დაიჟინა გურნიმ.

– საბუთი აქ არ მაქვს, – უთხრა პოლმა, – სიეტჩ ტაბრშია, შორს, სამხრეთში, მაგრამ თუ...

– ხრიკია, გინდა, გამაცურო, – გამოსცრა გურნიმ და მკლავი ჯესიკას უფრო მტკიცედ მოუჭირა.

– ხრიკი არაა, გურნი, – უთხრა პოლმა. მის ხმაში ისეთი უსაშველო სევდა ისმოდა, რომ
ჯესიკას გული დაუფლითა.

– მე ჰარკონენების აგენტისთვის წართმეული წერილი მაქვს ნანახი, – თქვა გურნიმ, – მასში


პირდაპირ იყო დასახელებული...

– ეგ წერილი მეც მაქვს ნანახი, – გაეპასუხა პოლი, – მამაჩემმა მიჩვენა იმ საღამოს, როცა
ამიხსნა, რატომ მიაჩნდა, რომ ეს ჰარკონენების ხრიკი იყო, რომლითაც სურდათ, საყვარელ
ქალში დაეეჭვებინათ.

– ვაჰ! – წარმოთქვა გურნიმ, – შენ არ...

– გაჩუმდი, – უთხრა პოლმა და მისი სიტყვების მონოტონურ ერთგვაროვნებას ბრძანების


ისეთი ძალა ახლდა, როგორიც ჯესიკას ჯერ არ სმენოდა.

დიდ თვითკონტროლს ფლობსო, გაიფიქრა.

გურნის მის ყელზე შემოჭდობილი მკლავი აუცახცახდა. ზურგზე მიბჯენილი დანის წვერი
ყოყმანით შექანდა.

– შენ არ გსმენია, როგორ დასტიროდა დედაჩემი ღამღამობით თავის დაღუპულ ჰერცოგს. არ


გინახავს, რა ცეცხლს აფრქვევენ მისი თვალები, ჰარკონენების დახოცვაზე რომ ლაპარაკობს.

„ესე იგი, ესმოდა“, გაიფიქრა ჯესიკამ. ცრემლებმა დაუბინდა მზერა.

– და კიდევ, კარგად არ დაგიმახსოვრებია ჰარკონენების მონათა ხაროში მიღებული


გაკვეთილი, – განაგრძო პოლმა, – შენ ამბობ, რომ მამაჩემის მეგობრობით ამაყობ! ჯერ კიდევ
ვერ ისწავლე, რა განსხვავებაა ჰარკონენებსა და ატრეიდესებს შორის – ისე, რომ ჰარკონენების
ხრიკი მისი სიმყრალით იცნო? ვერ ისწავლე, რომ ატრეიდესი ერთგულებას სიყვარულით
ყიდულობს, მაშინ, როცა ჰარკონენების მონეტა სიძულვილია? ნუთუ ვერ განჭვრიტე, ვერ
დაინახე ამ ღალატის ბუნება?

– მაგრამ იუე? – ჩაიბურტყუნა გურნიმ.

– დამადასტურებელი საბუთი იუეს ხელით დაწერილი წერილია, რომელშიც ღალატს


აღიარებს, – თქვა პოლმა, – ამას შემოგფიცავ იმ სიყვარულის სახელით, რომელიც შენ მიმართ
მაქვს, გურნი, იმ სიყვარულის, რომელიც მერეც არსად გაქრება, თუნდაც მომიწიოს, რომ აქვე
იატაკზე დაგაკლა.

ჯესიკა შვილს უსმენდა და უკვირდა მისი სიფხიზლე, მისი გონების სიბასრე და გამჭრიახობა.

– მამაჩემს მეგობრების შერჩევის ალღო ჰქონდა, – ამბობდა პოლი, – სიყვარულს ძუნწად


გასცემდა, მაგრამ არასოდეს შეშლია. მისი სისუსტე ის იყო, რომ სიძულვილის ბუნება არ
ესმოდა. ფიქრობდა, რომ ადამიანი, რომელსაც ჰარკონენი სძულდა, მას ვერ გასცემდა, –
ჯესიკას შეხედა, – დედაჩემმა ეს იცის. მე გადავეცი მამაჩემის დანაბარები, რომ მას თავის
ქალში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია.

ჯესიკამ იგრძნო, რომ თავშეკავება ღალატობდა, და ქვედა ტუჩზე იკბინა. პოლის გაშეშებული,
ოფიციალური კილო კარნახობდა, რად უღირდა მას ამ სიტყვების წარმოთქმა. სურდა, მასთან
მიერბინა, გულში ჩაეკრა მისი თავი – რაც არასოდეს ჩაედინა. ყელზე შემოჭდობილი მკლავი
აღარ ცახცახებდა, მაგრამ ზურგზე ჯერ კიდევ ბასრად მიბჯენოდა დანის წვეტი.

– ბიჭის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი დგება მაშინ, როცა იგი
აღმოაჩენს, რომ მისი დედა და მამა ადამიანები არიან და მათ შორის არსებობს ის სიყვარული,
რომელსაც თავად ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. ეს დანაკარგია, იმ ფაქტის გააზრებაა, რომ
შენ გარშემო ყველგან სამყაროა და შენ მასში მარტო ხარ. ამ წუთს თავისი სიმართლე ახლავს
თან და მასზე თვალს ვერ დახუჭავ. მე მომისმენია, მამაჩემი როგორ ლაპარაკობდა დედაჩემზე.
ის მოღალატე არ არის, გურნი.

ჯესიკამ ხმის ამოღება შეძლო:

– გურნი, გამიშვი.

ამ სიტყვებს არ სდევდა განსაკუთრებული ბრძანების კილო, არც რამე ხრიკი, მის სისუსტეზე
რომ ითამაშებდა, მაგრამ გურნის ხელი ჩამოუვარდა. ჯესიკა პოლთან მივიდა, წინ დაუდგა, არ
შეხებია.

– პოლ, – უთხრა შვილს, – ამქვეყნად სხვა გააზრებებიც არსებობს. უცებ დავინახე, როგორ
გიყენებდი, როგორ გგრეხდი და მანიპულაციებს მივმართავდი, რომ ჩემს არჩეულ გეზზე
დამეყენებინე... გეზზე, რომელიც უნდა ამერჩია – თუ ეს გამართლებად გამოდგება –
საკუთარი წვრთნის მოთხოვნით. – მან ყელში გაჩრილი ბურთის გადაყლაპვა სცადა, შვილს
თვალებში ჩახედა, – პოლ... მინდა, რომ ჩემი ხათრით რაღაც გააკეთო: ბედნიერების გზა
აირჩიე. შეირთე ცოლად შენი უდაბნოელი ქალი, ასე თუ გსურს. დაუპირისპირდი ყველას და
ყველაფერს, თუ საჭირო გახდება. მაგრამ შენი საკუთარი გეზი აირჩიე. მე...

ჯესიკას სიტყვა გაუწყდა, რადგან უკნიდან ხმადაბალი ლუღლუღი მოესმა.

გურნი!

დაინახა, რომ პოლმა მის ზურგსუკან გადაიტანა მზერა და თვითონაც შებრუნდა.

გურნის ფეხი არ მოეცვალა, იქვე იდგა, მაგრამ დანა ქარქაშში ჩაეგო და ახლა ორივე ხელით
მოსასხამს იწევდა მკერდიდან, რომელსაც პრიალა რუხი სარწყული უფარავდა – ასეთებს
კონტრაბანდისტები სიეტჩის დასახლებებში ყიდულობდნენ ხოლმე.

– შიგ გულში დამკარი დანა, – ჩაიბუტბუტა გურნიმ, – გეუბნები, მომკალი და მოვრჩეთ ამით.
ჩემი სახელი ლაფში ამოვსვარე. საკუთარ ჰერცოგს ვუღალატე! ყველაზე...

– გაჩუმდი! – უთხრა პოლმა. გურნი თვალებში შეაცქერდა.

– შეიკარი ეგ მოსასხამი და სულელივით ნუღარ იქცევი, – განაგრძო პოლმა, – დღეისთვის


სისულელეები საკმარისზე მეტიც ვნახე.
– მომკალი-მეთქი! – გაცხარდა გურნი.

– ასე ცუდად მიცნობ? – ჰკითხა პოლმა, – როდემდე უნდა გეგონოთ, რომ მთლად
უტვინოსავით მოვიქცევი? ყველა კაცს, რომელიც კი მჭირდება, ცალ-ცალკე ვუმტკიცო
ყველაფერზე, ასე არაა-მეთქი?

გურნიმ ჯესიკას შეხედა და მისთვის სრულიად უჩვეულო საბრალობელი, მავედრებელი


კილოთი მიმართა:

– მაშინ, შენ, მილედი... შენ მომკალი.

ჯესიკა მიუახლოვდა და ხელები მხრებზე დააწყო.

– გურნი, რატომ დაგიჟინია, რომ ატრეიდესებმა ისინი დახოცონ, ვინც უყვართ? – ფრთხილად
გამოაცალა თითებიდან გადახსნილი მოსასხამი, მკერდი დაუფარა და ქსოვილი ყელთან
შეუკრა.

– მაგრამ... მე... – ენა დაებორკა გურნის.

– შენ გეგონა, ამას ლეტოს გამო აკეთებდი, – უთხრა ჯესიკამ, – ამის გამო კი პატივს გცემ.

– მილედი, – წამოთქვა გურნიმ. ნიკაპი მკერდზე ჩამოუვარდა, თვალები მაგრად დახუჭა, რომ
ცრემლები შეეკავებინა.

– მოდი, ეს ძველ მეგობრებს შორის მომხდარ გაუგებრობად ჩავთვალოთ, – უთხრა ჯესიკამ და


პოლს მის ხმაში დამამშვიდებელი ტონი ჩაესმა, – მორჩა, ამან ჩაიარა და შეგვიძლია, ბედის
მადლობელი ვიყოთ, რომ ამგვარი გაუგებრობა ჩვენ შორის აღარასოდეს იქნება.

გურნიმ თვალები გაახილა და ცრემლისგან დაბინდული მზერა ჯესიკას მიაპყრო.

– ის გურნი ჰალეკი, მე რომ ვიცნობდი, ხმლის და ბალისეტის ოსტატი იყო, – თქვა ჯესიკამ, –
მე მისი ბალისეტი უფრო აღმაფრთოვანებდა. იქნებ ახსოვს იმ მუსიკოს გურნი ჰალეკს, როგორ
გაუთავებლად შემეძლო მისი მოსმენა, როცა ის ჩემთვის უკრავდა? ბალისეტი ახლაც გაქვს,
გურნი?

– ახალი მაქვს, – მიუგო გურნიმ, – ჩუსუკიდანაა ჩამოტანილი, ტკბილხმოვანი რამაა. ისე


ჟღერს, მართლა ვაროტას დამზადებული გეგონება, თუმცა ზედ მისი დამღა არ აზის. მე
მგონია, რომ ის ვაროტას მოსწავლის დამზადებულია, ვინც... – უეცრად სიტყვა გაწყვიტა, – აბა,
რა გითხრა, მილედი? ვდგავარ აქ და ვქაქანებ, როცა...

– ეს ქაქანი არაა, გურნი, – უთხრა პოლმა. ის მოვიდა და დედას დაუდგა გვერდით, გურნის
თვალი თვალში გაუყარა, – ქაქანი კი არაა, ესაა, რასაც მეგობრებისთვის ბედნიერება მოაქვს.
ქენი სიკეთე, დაუკარი ახლა მისთვის. ბრძოლის დაგეგმვა ცოტა ხნით მოიცდის. ასეა თუ ისე,
ხვალამდე საომრად მაინც არ გავალთ.

– მე... ჩემს ბალისეტს მოვიტან, – თქვა გურნიმ, – დერეფანში მიდევს, – მათ გვერდი აუქცია და
ფარდებს შორის გაიარა.

პოლმა დედას მკლავზე დაადო ხელი და იგრძნო, რომ ცახცახებდა.


– მორჩა, დედა, – უთხრა მან.

მას თავი არ მოუბრუნებია, შვილს გვერდულად ახედა.

– მორჩა?

– რა თქმა უნდა. გურნი...

– გურნი? აა... ჰო, – ჯესიკამ თვალები დახარა.

ფარდებმა გაიშრიალა – გურნი დაბრუნდა და ბალისეტი მოიტანა. საკრავის აწყობას შეუდგა,


თან მათთვის თვალი ვერ გაესწორებინა. კედელზე გაკრული ქსოვილი ექოს ახშობდა და
საკრავის ჟღერა უფრო ხმადაბლა, უფრო გულითადად გაისმოდა.

პოლმა დედა ბალიშთან მიიყვანა, ისე დასვა, რომ კედლის სქელ ფარდაგებს მიყრდნობოდა.
უცებ გულდაწყვეტით შენიშნა, რა მობერებული ჩანდა, სახეზე უკვე უდაბნოს გამომშრალი
ღარები დასჩენოდა, ლურჯგადაკრული თვალების კუთხეებში ნაოჭები ასხმოდა.

„დაღლილიაო. როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ტვირთი შევუმსუბუქოთ“.

გურნიმ სიმს გამოჰკრა თითი.

პოლმა შეხედა და თქვა:

– მე... რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. აქ დამიცადეთ.

გურნიმ თავი დაუქნია. ეტყობოდა, მისი გონება ახლა შორს ქროდა, თითქოს კალადანის
გაშლილი ცის ქვეშ გადაენაცვლებინა, რომლის ჰორიზონტზე შეგროვილი ღრუბლის
ფთილები გაწვიმებით იქადნებოდნენ.

პოლმა თავს დააძალა, შებრუნებულიყო, სქელ ფარდებს შორის გაიარა და გვერდითა


დერეფანში გავიდა. გაიგონა, მის უკან გურნიმ ჰანგს რომ ააყოლა ხმა, და წუთით შეჩერდა
ოთახის კართან, რომ მოგუდული სიმღერისთვის მიეგდო ყური.

მწვანობს ვენახები,
მკერდსავსე

ტურფები
ტკბილ ღვინოს მაწვდიან თასით.
რად ვფიქრობ ომებზე,
მტვრად ჩამოშლილ მთებზე,
ცრემლები რად მიწვავს თვალებს?

გახსნილა ცის კარი,


საუნჯით მდიდარი,
და ხელის გაწვდენა კმარა...
მე რად მელანდება
შხამი და მახვილი,
წლები რად მიმძიმებს ნაბიჯს?
მიმელის მიჯნურის
შიშველი მშვენება,
მპირდება ზღვა ნეტარებას.
რად ვგრძნობ ძველ იარებს?
რად ვნანობ ძველ ცოდვებს?
შიში რად მიშფოთებს სიზმრებს?

პოლის წინ დერეფნის კუთხეს მოსასხამში გამოხვეული ფედაიკინი შიკრიკი გამოსცდა. მას
კაპიუშონი ზურგზე გადაეგდო და ყელზე სარწყულის შესაბნევები შეეხსნა, რაც მოწმობდა,
რომ ღია უდაბნოდან სულ ახლახან მოსულიყო.

პოლმა ანიშნა, გაჩერებულიყო, კარის ფარდებს ხელი უშვა და დერეფანში მისკენ გაემართა.

შიკრიკმა თავი დაუკრა და ხელისგულები მკერდთან შეატყუპა – ასე მიესალმებოდა ღირს


დედას ან საიადინასაც რიტუალის შესრულებისას.

– მუად’დიბ, მეთაურები საბჭოსთვის შეკრებას იწყებენ.

– უკვე?

– ეს ისინი არიან, ვისაც სტილგარმა ადრევე მოუწოდა, როცა გვეგონა, რომ... – შიკრიკმა მხრები
აიჩეჩა.

– გასაგებია, – პოლმა უკან გაიხედა, ბალისეტის მკრთალი ხმებისკენ, დაფიქრდა იმ ძველ


სიმღერაზე, დედამისს რომ უყვარდა – მისი ხალისიანი ჰანგისა და სევდიანი სიტყვების
უცნაურ შერწყმაზე, – მალე აქ სტილგარი მოვა სხვებთან ერთად. უჩვენე, დედაჩემი სად
უცდით.

– აქ დავუცდი, მუად’დიბ, – უთხრა შიკრიკმა.

– ჰო... ჰო, ეგრე ქენი.

პოლმა მას გვერდი აუქცია და მღვიმის სიღრმისკენ, იმ ადგილისკენ გაემართა, რომელიც


ყველა ასეთ მღვიმეში იყო – წყლის აუზის სიახლოვეს. იქ ჩია შაი-ჰულუდი დახვდებოდა,
არაუმეტეს ცხრა მეტრის სიგრძისა, რომელსაც გარშემო შემოყოლებული წყლის არხები არც
გაზრდის, არც გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. ეს უცნაური ქმნილება, მას მერე, რაც პატარა
მოქმედად ყოფნის სტადიიდან გამოვიდოდა, წყალს გაურბოდა, რადგან ის მისთვის შხამი
იყო. ხოლო მოქმედის დახრჩობა ფრემენების უდიდეს საიდუმლოდ იქცა, რადგან ის
იძლეოდა მათი კავშირის სუბსტანციას – სიცოცხლის წყალს, საწამლავს, რომლის შეცვლაც
მხოლოდ ღირს დედას შეეძლო.

გადაწყვეტილება პოლმა მაშინ მიიღო, როცა დედამისს დამუქრებული საფრთხის წინაშე


დადგა. მომავლის არც ერთი ხაზი, რომელიც კი ენახა, არ აუწყებდა ამ მომენტს, არ უჩვენებდა
გურნი ჰალეკისგან მომავალ ხიფათს. მომავალი, ნაცრისფერი ღრუბლებით შებურული, და
გრძნობა, რომ მთელი სამყარო რაღაც გადახლართული, მოთუხთუხე მორევისკენ
მიექანებოდა, სიზმრისეულ ბურანად შემოსდგომოდა გარშემო.

აუცილებლად უნდა დავინახოო, გაიფიქრა.


მისმა სხეულმა ნელ-ნელა შეიძინა გარკვეული ამტანობა სუნელის მიმართ და ამის გამო
წინასწარმეტყველური ხილვები სულ უფრო იშვიათი... სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა.
ახლა კი ცხადად ხედავდა, ამისთვის როგორ მოევლო.

მე დავახრჩობ მოქმედს. ახლა ვნახავთ, ვარ თუ არა კვიზაც ჰადერაქი, რომელიც შეძლებს,
ცოცხალი გადაურჩეს გამოცდას, ღირსი დედები რომ გადიან.

8* * *
და იყო ასე: უდაბნოს ომის მესამე წელს პოლ-მუად’დიბი მარტო იწვა ჩიტების ქვაბულში,
შიდა სენაკის კისვათი მოხატული ფარდების ქვეშ. და იდო იგი, ვითარცა მკვდარი,
სიცოცხლის წყლის გამოცხადებაში ჩაძირული, მისი არსება დროის საზღვრებს მიღმა
გადაეყვანა საწამლავს, სიცოცხლეს რომ იძლევა. ასე ასრულდა წინასწარმეტყველება, რომ
ლისან ალ-გაიბს შეუძლია, ერთდროულად მკვდარიც იყოს და ცოცხალიც.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის ლეგენდების კრებული“

ჩანი ჰაბანიას აუზიდან განთიადისწინა ბინდში ამოვიდა. ზურგსუკან ესმოდა, რომ


ორნიტოპტერი, რომელმაც ის სამხრეთიდან მოიყვანა,ზუზუნით დასცილდა და უდაბნოს
სამალავისკენ გაფრინდა. ამალა მოშორებით მოჰყვებოდა, ქედის კლდეებზე გაშლილიყო და
ხიფათის უმცირეს ნიშნებს ზვერავდა – თან მუად’დიბის მეწყვილეს, მისი პირმშოს დედას,
აძლევდა იმას, რაც მან ითხოვა: მარტო სიარულის შესაძლებლობას.

„რატომ დამიძახა? ადრე მითხრა, რომ სამხრეთში უნდა დავრჩენილიყავი პატარა ლეტოსთან
და ალიასთან ერთად“.

ჩანიმ მოსასხამის კალთა აიკრიფა, მსუბუქად გადაახტა ქვას და აღმართზე ამავალ ბილიკზე
გავიდა, რომელსაც ამ სიბნელეში მხოლოდ უდაბნოში სიარულს ნაჩვევი ადამიანი თუ
გამოარჩევდა. ფეხქვეშ ხვინჭა დაუცურდა და ჩანიმ სხარტი გარბენით შეიმაგრა თავი, არც კი
გაუაზრებია, ამას რა სიმარჯვე სჭირდებოდა.

ეს სწრაფი ასვლა ახალისებდა, ავიწყებდა შიშს, გულში რომ შეჰპარვოდა – მხლებლების


უცნაური ჩაკეტილობის და კიდევ იმის გამოც, რომ მის წამოსაყვანად ძვირფასი ტოპტერი
გამოგზავნეს. სული უმღეროდა პოლ-მუად’დიბთან, თავის უსულთან მალე შეხვედრის
სიხარულით. კი, მისი სახელი საბრძოლო ყიჟინად ედებოდა მთელ ქვეყანას: „მუად’დიბ!
მუად’დიბ! მუად’დიბ!“ მაგრამ ჩანი მასში სხვა ადამიანს იცნობდა, სხვა სახელით – თავისი ძის
მამას, ალერსიან სატრფოს.

მის ზემოთ ლოდებს ზორბა ბუნდოვანი ფიგურა გამოსცდა და ჩანის ხელით ანიშნა,
სწრაფადო. მან ნაბიჯს აუჩქარა. განთიადის ჩიტები უკვე ხმიანობდნენ და ცისკენ მიიწევდნენ.
აღმოსავლეთის ჰორიზონტს მქრქალი შუქი ეპარებოდა.

ზემოთ მდგარი კაცი მის მხლებელთაგანი არ იყო. „ნეტავ, ოთეიმია?“ გაიფიქრა, რადგან მის
მოძრაობასა და თავის დაჭერაში ნაცნობი ნიშნები გამოარჩია. მიუახლოვდა, მომძლავრებულ
შუქში ფედაიკინების ლეიტენანტის ფართო, უძრავი ნაკვთები გაარჩია, დაინახა, რომ
კაპიუშონი გადახდილი ჰქონდა, პირის ფილტრი კი მჭიდროდ არ ეფარა – ზოგჯერ,
უდაბნოში ცოტა ხნით გამოსვლისას, ასე იმაგრებდნენ ხოლმე.

– სწრაფად, – დაისისინა და საიდუმლო ნაპრალის გავლით ფარულ ქვაბულში შეუძღვა, –


მალე ინათებს, – განაგრძო ჩურჩულით, თან კარის ლიუკი გამოაღო და დაუჭირა, – ბოლო
დროს ჰარკონენების პატრული აქეთ ძალიან მოხშირდა. ახლა არაფრით არ შეიძლება, რომ
გვიპოვონ.

ისინი ჩიტების ქვაბულის ვიწრო გვერდითა შესასვლელში შევიდნენ. ნათელბურთები აინთო.


ოთეიმმა გვერდი აუარა, დაწინაურდა და ჩანის მოხედა:

– გამომყევი. სწრაფად.

დერეფანს დაუყვნენ, გაიარეს კიდევ ერთი სარქველიანი კარი, ისევ დერეფანი და


ფარდაჩამოფარებული კარით შევიდნენ ოთახში, რომელიც საიადინას სენაკი იყო მაშინ, როცა
აქაურობას ერთ-ერთ ჩვეულებრივ მოსასვენებელ მღვიმედ ხმარობდნენ. ახლა იატაკს
ხალიჩები და ბალიშები ეფინა. ქვის კედლებს ფარავდა ნაქსოვი ფარდაგები, რომლებზეც
წითელი ქორი იყო გამოსახული. ცალ მხარეს იდგა დაბალი საველე მაგიდა, ზედ გაშლილი
იყო ქაღალდები და მათგან წამოსული სურნელი მოწმობდა, რომ ესეც სუნელის პროდუქტი
იყო.

ღირსი დედა ზუსტად შესასვლელის პირდაპირ მარტო იჯდა. შემოსულებს თავის თავში
ჩაღრმავებული მზერით ახედა, რომელიც არაადეპტებს შიშის ცახცახს ჰგვრიდა.

ოთეიმმა ხელისგულები შეატყუპა და მიმართა:

– ჩანი მოვიყვანე, – თავი დაუკრა და ისევ ფარდებჩამოფარებული კარიდან გავიდა.

ჯესიკამ კი გაიფიქრა: „ჩანის როგორ ვუთხრა?“

– როგორ არის ჩემი შვილიშვილი? – ჰკითხა გოგოს.

„ესე იგი, მისალმება რიტუალური იქნება“, გაიფიქრა ჩანიმ და ისევ მოეძალა შიში. „სადაა
მუად’დიბი? რატომ არ მოვიდა ჩემს შესახვედრად?“

– ჯანმრთელი და მხიარულია, დედა, – მიუგო ჩანიმ, – ჰარას დავუტოვე ალიასთან ერთად.

„უბრალოდ, დედაო“, გაიფიქრა ჯესიკამ. „დიახ, აქვს უფლება, ფორმალური მისალმებისას ასე
მომმართოს, მან ხომ შვილიშვილი გამიჩინა“.

– გავიგე, სიეტჩ ქოანუადან ქსოვილები გამოუგზავნიათ, – უთხრა ჯესიკამ.

– ლამაზი ქსოვილებია, – მიუგო ჩანიმ.

– ალიას ჩემთან არაფერი დაუბარებია?

– დაბარებით არაფერი. მაგრამ ახლა სიეტჩში უფრო ნაკლებად შფოთავენ, ხალხი მის
სასწაულით მიღებულ სტატუსს ეჩვევა.

„ნეტავ, ასე რატომ აჭიანურებს?“ გაიფიქრა ჩანიმ. „რაღაც ისეთი საჩქარო იყო, რომ ჩემს
მოსაყვანად ტოპტერი გამოგზავნეს. ახლა კი ამ ფორმალობებს გადავყევით!“
– ზოგიერთი ახალი ქსოვილისგან პატარა ლეტოსთვის ტანსაცმელი უნდა შევაკერვინოთ, –
თქვა ჯესიკამ.

– როგორც ისურვებთ, დედა, – უთხრა ჩანიმ და მზერა დახარა, – ბრძოლებზე ახალი ხომ
არაფერია? – უმეტყველო სახეს ინარჩუნებდა, რომ ჯესიკასთვის არ გაემხილა –
სინამდვილეში პოლ მუად’დიბზე ეკითხებოდა.

– ახალი გამარჯვებების ამბები მოგვდის, – მიუგო ჯესიკამ, – რაბანმა ფრთხილი ნაბიჯები


გადმოდგა ზავის შემოსათავაზებლად. შიკრიკები სიცოცხლის წყლის გარეშე დაუბრუნდნენ
უკან. რაბანმა დაბლობის ზოგიერთ სოფელს შრომაც კი შეუმსუბუქა, მაგრამ ძალიან გვიანია.
ხალხმა იცის, რომ ამას ჩვენი შიშით აკეთებს.

– ისე ხდება, როგორც მუად-დიბი ამბობდა, – წარმოთქვა ჩანიმ. ჯესიკას შეაცქერდა, თან
ცდილობდა, შიში არ დასტყობოდა. „მისი სახელი ვახსენე, მაგრამ არ გამომეპასუხა. ამ
მინანქრიან ქვას, მისი სახე რომ ჰქვია, გრძნობას ხომ ვერ შეატყობ... მაგრამ მეტისმეტად
გაყინულია. რამ გააშეშა ასე? რა მოუვიდა ჩემს უსულს?“

– ნეტავ, ახლა სამხრეთში ვიყოთ, – უთხრა ჯესიკამ, – მე რომ წამოვედი, ოაზისები ძალიან
ლამაზი იყო. არ ნატრობ იმ დღეს, როცა მთელი პლანეტა ასე იქნება აყვავებული?

– ამ მიწაზე მართლაც რომ ბევრი სილამაზეა, – მიუგო ჩანიმ, – მაგრამ ბევრ მწუხარებასაც
იტევს.

– მწუხარება გამარჯვების საფასურია, – უთხრა ჯესიკამ.

„მწუხარებისთვის მამზადებს?“ თავის თავს ჰკითხა ჩანიმ. თქმით კი ეს უთხრა:

– იმდენი ქალია კაცის გარეშე. ჩემი შეშურდათ, როცა გაიგეს, რომ ჩრდილოეთში მიბარებდნენ.

– მე დაგიბარე, – უთხრა ჯესიკამ.

ჩანიმ იგრძნო, როგორ აუფართხალდა გული. მოუნდა, ხელები ყურებზე აეფარებინა, ისე
აშინებდა ის, რაც შეიძლებოდა, გაეგონა. ხმაზე მაინც არაფერი დასტყობია:

– წერილს ხელს მუად’დიბი აწერდა.

– მე მოვაწერე ასე ხელი, მისივე ლეიტენანტების თანდასწრებით. აუცილებლობამ გვაიძულა,


ეს ხერხი გამოგვეყენებინა, – უთხრა ჯესიკამ და გაიფიქრა: „მამაცია ჩემი პოლის ქალი.
როგორც წესია, ისე უჭირავს თავი მაშინაც კი, როცა შიშისგან გათანგულია. ჰო. შეიძლება,
მართლაც ისაა, ვინც ახლა გვჭირდება“.

ჩანის ხმას სულ ოდნავ შეეპარა ბედისადმი მორჩილების კილო:

– ახლა შეგიძლია, მითხრა, რაც უნდა ითქვას.

– შენი აქ ყოფნა საჭირო იყო. უნდა დამეხმარო, პოლი აღვადგინოთ, – უთხრა ჯესიკამ და
გაიფიქრა: „აი! ზუსტად ვთქვი. აღვადგინოთ. ასე გაიგებს, რომ პოლი ცოცხალია და თან
მიხვდება, რომ საფრთხე ემუქრება – სულ ერთი სიტყვით“.

ჩანის სულ ერთი წუთი დასჭირდა, რომ თავი დაეწყნარებინა; მერე იკითხა:
– მე რის გაკეთება შემიძლია?

უნდოდა, ჯესიკას მივარდნოდა, შეენჯღრია და ეკივლა: „მიმიყვანე მასთან!“ მაგრამ უძრავად,


უხმოდ იჯდა და პასუხს ელოდა.

– ეჭვი მაქვს, – უთხრა ჯესიკამ, – რომ ჰარკონენებმა მოახერხეს, ჩვენ შორის პოლის
მოსაწამლავად აგენტი შემოეპარებინათ. სხვა შესაძლო ახსნას ვერ ვპოულობ. სრულიად უცხო
შხამია. მისი სისხლი საგულდაგულოდ გამოვიკვლიე და ვერაფერი ვიპოვე.

ჩანი წინ გადაქანდა და მუხლებზე დაემხო.

– შხამი? ტკივილი ტანჯავს? შემიძლია, რამე...

– უგონოდაა, – უთხრა ჯესიკამ, – მისი სასიცოცხლო პროცესები ისეა შენელებული, რომ


მხოლოდ უფაქიზესი მეთოდით შეიძლება მათი აღმოჩენა. გაფიქრებაც კი მზარავს, რა
მოხდებოდა, ჩემამდე ვინმე სხვას რომ ეპოვა. გაუწაფავი თვალისთვის ის მკვდარს ჰგავს.

– აქ ჩემთვის თავაზიანობის გამო არ დაგიძახია, – უთხრა ჩანიმ, – გიცნობ, ღირსო დედაო.


როგორ გგონია, რის გაკეთება შემიძლია – ისეთის, შენ რომ ვერ იზამ?

„მამაცია, ლამაზი და... ძალიან დაკვირვებული“, გაიფიქრა ჯესიკამ. „მისგან კარგი ბენე
გესერიტი დადგებოდა“.

– ჩანი, – უთხრა ჯესიკამ, – ალბათ, ძნელი დასაჯერებელი მოგეჩვენება, მაგრამ ზუსტად არც
ვიცი, რისთვის დაგიბარე. ინსტინქტმა მიკარნახა... პირველადმა ალღომ. თავისთავად გაჩნდა
აზრი: „დაიბარე ჩანი!“

ჩანიმ ჯესიკას სახეზე ახლა პირველად შენიშნა სევდა, შეუფარავი ტკივილი, რომელმაც მისი
შიგნით მიმართული მზერა შეცვალა.

– ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ვიცოდი, – თქვა ჯესიკამ, – ეს ყველაფერი... წარმოდგენაც


გაგიჭირდება, რამდენად აღემატება იმას, რასაც, ჩვეულებრივ, „ყველაფერში“ გულისხმობენ.
მაგრამ... ვერაფერს გავხდი.

– ძველი ამხანაგი, ჰალეკი, – ჰკითხა ჩანიმ, – შეიძლება, ის იყოს მოღალატე?

– გურნი არა, – უთხრა ჯესიკამ.

ამ ორ სიტყვაში ჩადებული იყო მთელი აღწერა, და ჩანის თვალწინ დაუდგა ყველა ის


დაკვირვება, გამოცდა... ყველა ძველი ხელის მოცარვის ხსოვნა, რაც ამ უბრალო უარყოფაში
იდო.

დაჩოქილი ჩანი ისევ ქუსლებზე დაჯდა, უდაბნოს ფერებით დალაქავებული მოსასხამი


დაიფერთხა.

– წამიყვანე მასთან, – თქვა გოგომ.

ჯესიკაც ადგა და მარცხენა კედელზე ჩამოფარებული ფარდის უკან შევიდა.

ჩანიც მიჰყვა და აღმოჩნდა ოთახში, რომელიც, ეტყობა, ადრე საკუჭნაო იყო, ახლა კი მის ქვის
კედლებს სქელი ფარდაგები ფარავდა. პოლი მოპირდაპირე კედელთან იწვა, საველე
ქვეშაგებზე. მის ზემოთ დაკიდებული ერთადერთი ნათელბურთი სახეს უნათებდა.
მკერდამდე ფარავდა შავი მოსასხამი,

მკლავები მის ზემოდან ეწყო, სხეულის გასწვრივ. ეტყობოდა, მოსასხამის ქვეშ არაფერი ეცვა.
შიშველი, რაღაცნაირად გაქვავებული კანი ცვილისას უგავდა. სრულიად უძრავი ჩანდა.

ჩანიმ დაიოკა სურვილი, მისკენ გაქანებულიყო და მკერდზე დამხობოდა. ამის ნაცვლად


იგრძნო, რომ ფიქრებით თავის ვაჟიშვილს – ლეტოს – გადასწვდა. იმ წამს გაიაზრა, რომ
ჯესიკას ოდესღაც გადატანილი ჰქონდა ამგვარი წუთი: მისი კაცი სასიკვდილო საფრთხის
წინაშე იდგა, თავად კი იძულებული იყო, ეფიქრა, რა მოემოქმედა შვილის გადასარჩენად. ამის
რომ მიხვდა, უფროს ქალთან უეცრად ისეთი კავშირი იგრძნო, რომ ხელები გაიწოდა და
ჯესიკას ხელები დაბღუჯა. მანაც პასუხად ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ატკინა კიდეც.

– ცოცხალია, – უთხრა ჯესიკამ, – გარწმუნებ, ცოცხალია. მაგრამ მისი სიცოცხლის ძაფი


იმდენად წვრილია, რომ ძნელია დანახვა. ზოგი მეთაური უკვე იმაზეც ბუზღუნებს, რომ ჩემში
ლაპარაკობს დედა და არა ღირსი დედა, რომ ჩემი ძე სინამდვილეში მოკვდა, მე კი არ მინდა,
მისი წყალი ტომს დავუთმო.

– რამდენი ხანია, რაც ასეა? – ჰკითხა ჩანიმ. ჯესიკას თითები უშვა და ოთახის სიღრმეში
შეაბიჯა.

– სამი კვირა, – მიუგო ჯესიკამ, – ლამის ერთი კვირის განმავლობაში მის აღდგენას
ვცდილობდი. იყო კრებები, მსჯელობა... გამოძიება. მერე შენს მოსაყვანად შიკრიკი
გამოვგზავნე. ფედაიკინები ჩემს ბრძანებებს ასრულებენ, თორემ იქნებ ვერც მომეხერხებინა,
გადამედო... – ტუჩები ენით გაისველა და პოლის უძრავი სხეულის იქით ჩანის შეაცქერდა.

ჩანი ახლა პოლისკენ დახრილიყო, უყურებდა მის სახეზე შემოყოლებულ ჭაბუკურ რბილ
წვერს, თვალებს აყოლებდა მისი მაღალი შუბლის ხაზს, ძლიერ ცხვირს, დახუჭულ თვალებს –
ამ უძრავ მოსვენებაში ნაკვთები ისე მშვიდი უჩანდა.

– საკვებს როგორ იღებს? – იკითხა ჩანიმ.

– მის სხეულს ისე ცოტას მოთხოვნილება აქვს, რომ საკვები ჯერ არ სჭირდება, – მიუგო
ჯესიკამ.

– რამდენმა იცის, რაც მოხდა? – ჰკითხა ჩანიმ.

– მხოლოდ მისმა უახლოესმა მრჩევლებმა იციან, რამდენიმე სხვა მეთაურმა, ფედაიკინებმა


და, რასაკვირველია, იმან, ვინც ეს საწამლავი შეაპარა.

– მომწამვლელზე ვარაუდითაც არაფერი იცით?

– არაფერი, ოღონდ არა იმიტომ, რომ არ გამოვიძიეთ, – მიუგო ჯესიკამ.

– ფედაიკინები რას ამბობენ? – ჰკითხა ჩანიმ.

– მათ სწამთ, რომ პოლი წმინდა ტრანსშია, რომ ბოლო ბრძოლების წინ თავის წმინდა ძალებს
იკრებს. მე ვცდილობდი, ეს აზრი განმემტკიცებინა მათთვის.
ჩანი ქვეშაგების გვერდით მუხლებზე დაეშვა და პოლის სახისკენ დაიხარა. იქ ჰაერს უმალ
შენიშნა განსხვავება... მაგრამ ეს მხოლოდ სუნელი იყო, ყველაფერს მოდებული სუნელი,
რომლის სუნიც განუყრელად თან სდევდა ფრემენების ცხოვრებას. და მაინც...

– თქვენ, ჩვენგან განსხვავებით, სუნელის გარემოცვაში არ დაბადებულხართ, – უთხრა ჩანიმ, –


ხომ არ დაუშვი შესაძლებლობა, რომ მისი სხეული საკვებში ჭარბ სუნელს აუჯანყდა?

– ალერგიულ რეაქციებზე პასუხი უარყოფითია, – მიუგო ჯესიკამ.

თვალები დახუჭა – უნდოდა, გაექრო სურათი, თვალწინ რომ ედგა, თან იმიტომაც, რომ უცებ
სისუსტე იგრძნო. „რამდენი ხანია, არ მიძინია?“ დაეკითხა თავს. „ძალიან დიდი ხანია“.

– სიცოცხლის წყალს რომ ცვლი, – უთხრა ჩანიმ, – ამას აკეთებ საკუთარ სხეულში, შინაგანი
ცნობიერებით. ეს ცნობიერება თუ მოიხმარე მისი სისხლის შესამოწმებლად?

– ჩვეულებრივი ფრემენული სისხლი აქვს, – მიუგო ჯესიკამ, – სრულიად შეეფერება აქაურ


საჭმელსა და ცხოვრების ნირს.

ჩანი ქუსლებზე დაეშვა, ფიქრებით გადასძალა შიში, თან პოლს სახეზე აკვირდებოდა. ეს
ხერხი მას ღირს დედებზე დაკვირვებით ესწავლა. შესაძლო იყო, დრო გონების სამსახურში
ჩაგეყენებინა. ყურადღება სრულად კონცენტრირებულს ხდებოდა.

ცოტა ხანში იკითხა:

– აქ მოქმედი გყავთ?

– რამდენიმე, – მიუგო ჯესიკამ ოდნავ დაღლილი ხმით, – ამ ბოლო დროს მათ გარეშე
არასოდეს ვრჩებით. ყოველ გამარჯვებას წინასწარ დალოცვა სჭირდება. რეიდის წინ ყოველი
ცერემონია...

– მაგრამ მუად’დიბი ამ ცერემონიებისგან თავს შორს იჭერდა ხოლმე, – უთხრა ჩანიმ.

ჯესიკა ფიქრში მის სიტყვებს თავის დაქნევით გაეპასუხა – გაახსენდა, როგორი


წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა მის შვილს სუნელის ნარკოტიკთან და მისგან
მოგვრილ წინასწარმეტყველურ ცნობიერებასთან.

– საიდან იცი? – ჰკითხა ჩანის.

– ამბობენ.

– ძალიან ბევრ რამეს ამბობენ, – მწარედ წარმოთქვა ჯესიკამ.

– მომიტანე მოქმედის გადაუმუშავებელი წყალი, – უთხრა ჩანიმ.

ჯესიკა დაიძაბა, ჩანის ხმაში გაჟღერებული ბრძანების კილო რომ ჩაესმა, მერე კი ყმაწვილ
ქალს ყურადღების ძლიერი კონცენტრაცია შეატყო და უთხრა:

– ახლავე.

ფარდებში გაიარა, რომ მეწყლე ეპოვა და გაეგზავნა.


ჩანი იჯდა და პოლს დასცქეროდა. „ამის გაკეთება თუ სცადა...“ გაიფიქრა. ეს ისეთი რამაა, რომ
შეიძლებოდა, ეცადა...

ჯესიკამ ჩანის გვერდით დაიჩოქა და ჩვეულებრივი საბანაკე დოქი მიაწოდა. ჩანის შხამის
დამბანგველი, მკვეთრი სურნელი ეცა. სითხეში თითი ჩააწო და პოლს ცხვირთან მიუტანა.

მას თვალებს შორის კანი ოდნავ მოეჭმუხნა. ნელა გაუფართოვდა ნესტოები.

ჯესიკას სუნთქვა შეუგუბდა.

ჩანი სველი თითით პოლს ზედა ტუჩზე შეეხო.

მან გრძლად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად შეისუნთქა.

– რა ხდება? – იკითხა ჯესიკამ.

– ჩუ, – დაადუმა ჩანიმ, – გარდაქმენი ცოტა ეს წმინდა წყალი. ჩქარა!

ჯესიკამ ჩანის ხმას შეატყო, რომ გოგომ იცოდა, რას აკეთებდა, ამიტომ აღარაფერი უკითხავს,
დოქი ბაგესთან მიიტანა და მოსვა.

პოლმა თვალები გაახილა. ჩანის ახედა.

– აუცილებელი არ არის, წყალი გარდაქმნას, – წარმოთქვა სუსტად, მაგრამ გამართულად.

ჯესიკას ენაზე წყლის ყლუპი მოედო და იგრძნო, როგორ იკრებდა ძალებს მისი სხეული,
როგორ ლამის ავტომატურად გარდაქმნიდა შხამს. იმ მსუბუქი აღმაფრენით, რომელიც
ყოველთვის ახლდა ამ ცერემონიას, პოლისგან მომავალი სიცოცხლის ბჟუტვა იგრძნო –
გამოსხივება, მისმა გრძნობებმა რომ „ჩაიწერა“.

და იმავ წამს ცოდნაც მოვიდა.

– შენ წმინდა წყალი დალიე! – ამოთქვა ერთი ამოსუნთქვით.

– სულ ერთი წვეთი, – მიუგო პოლმა, – სულ ცოტა... ერთადერთი წვეთი.

– ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინე?

– ის შენი შვილია, – უთხრა ჩანიმ.

ჯესიკამ რისხვით შეხედა.

პოლის ბაგეს მისთვის იშვიათი ღიმილი შეეხო – თბილი, გამგები.

– უსმინე ჩემს სატრფოს, – თქვა მან, – ყური უგდე მას, დედა. მან იცის.

– ის, რის გაკეთებაც სხვებს შეუძლიათ, მანაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, – თქვა ჩანიმ.

– როცა ის წვეთი ენაზე შემეხო, როცა ვიგრძენი მისი გემო, სუნი, როცა გავიგე, რას მმართებდა,
მაშინ მივხვდი იმასაც, რომ მეც შემეძლო, გამეკეთებინა ის, რაც შენ შეძელი, – უთხრა პოლმა, –
შენი ბენე გესერიტი პროქტორები კვიზაც ჰადერაქზე კი ლაპარაკობენ, მაგრამ მათ
ვარაუდითაც კი არ იციან ის მრავალი ადგილი, რაც მე ვიყავი. სულ რამდენიმე წუთში მე...
ლაპარაკი გაწყვიტა, ჩანის ფიქრისგან წარბშეკრულმა შეხედა, – ჩანი? აქ რანაირად მოხვდი?
შენ უნდა იყო... აქ რატომ ხარ?

პოლმა სცადა, იდაყვებზე წამოწეულიყო. ჩანიმ ისევ ნაზად დააწვინა.

– გთხოვ, ჩემო უსულ.

– თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ, – წარმოთქვა პოლმა. ოთახს მოატარა მზერა, – რამდენი
ხანია, აქ ვარ?

– სამი კვირა ისეთ ღრმა კომაში გაატარე, რომ გვეგონა, სიცოცხლის ნაპერწკალი მთლად ჩაქრა
შენში, – უპასუხა ჯესიკამ.

– მაგრამ ეს... სულ ერთი წუთის წინ დავლიე და...

– შენთვის ერთი წუთი გავიდა, ჩემთვის – შიშით სავსე სამი კვირა, – უთხრა ჯესიკამ.

– სულ ერთი წვეთი იყო, მაგრამ მე გარდავქმენი იგი, – თქვა პოლმა, – მე სიცოცხლის წყალი
შევცვალე, – და, სანამ ჩანი ან ჯესიკა მის შეჩერებას მოასწრებდნენ, ხელი ჩაყო გვერდით,
იატაკზე მდგარ დოქში, მერე წვეთებჩამოდენილი ხელი პირთან მიიტანა და მომრგვალებული
ხელისგულით ამოხაპული სითხე გადაყლაპა.

– პოლ! – შეჰკივლა ჯესიკამ.

მან კი ხელზე სტაცა ხელი, თავის ქალასავით გაკრეჭილი სახე მიუტანა სახესთან და თავისი
ცნობიერების ტალღაში გახვია.

კავშირი არ იყო ისე სათუთი, ისე ურთიერთმცნობი, ისე მზრუნველი, როგორც ალიასთან და
მოხუც ღირს დედასთან იქ, გამოქვაბულში... მაგრამ კავშირი იყო: გრძნობათა საერთოობა
მთელი არსებით. ამან ჯესიკა შეძრა, ძალები გამოაცალა და ის, პოლისგან შეშინებული, თავის
გონებაში შეიხიზნა.

ხმამაღლა პოლმა ეს უთხრა:

– იმ ადგილზე რომ ამბობთ, სადაც ვერ შედიხართ... მიჩვენე ის ადგილი, რომლის წინაშეც
ღირსი დედა ვერ დგება.

ჯესიკამ თავი გაიქნია, ამის გაფიქრებაც კი ზარავდა.

– მიჩვენე! – უბრძანა შვილმა.

– არა!

მაგრამ ვეღარსად გაურბოდა. მისი საზარელი ძალით დარეტიანებულმა, თვალები დახუჭა და


მზერა საკუთარი არსების შიგნით მიმართა – მუნ-სად-ბნელა.

პოლის ცნობიერება გაედინა ჯესიკაში, მის გარშემო, და წყვდიადში ჩაეშვა. ქალმა ბუნდოვნად
მოჰკრა თვალი იმ ადგილს, სანამ გონება შიშისგან თავდასაღწევად თავად გაითიშებოდა. ვერ
გაეგო, რატომ, მაგრამ მთელი მისი არსება ცახცახებდა იმის წინაშე, რაც ენახა: ადგილი, სადაც
ქარი ქროდა და ნაპერწკლები ღვიოდნენ, სადაც სინათლის წრეები ფართოვდებოდნენ და
იკუმშებოდნენ, სადაც დაბერილ თეთრ ფორმათა გუნდიწყვდიადისგან და ქარისგან
არსაიდან მოტანილი სინათლეების გარშემო რიალებდა.

მერე ჯესიკამ თვალები გაახილა და დაინახა, რომ პოლი ამოსცქეროდა. მისი ხელი ჯერ კიდევ
ხელში ეჭირა, მაგრამ თავზარდამცემი კავშირი გამქრალიყო. ჯესიკამ ცახცახი დაიოკა. პოლმა
ხელი უშვა – თითქოს რაღაც ყავარჯენი გამოაცალეს. ჯესიკა ბარბაცით წამოდგა და უკან
გადაქანდა. დაეცემოდა, მის დასაჭერად ჩანი რომ არ წამომხტარიყო.

– ღირსო დედაო! რა მოხდა?

– დავიღალე, – დაიჩურჩულა ჯესიკამ, – ისე დავიღალე...

– აქეთ, – უთხრა ჩანიმ, – აქ დაჯექი, – და კედელთან დადებულ ბალიშზე დასვა.

ჯესიკას ეამა ძლიერი, ახალგაზრდა მკლავების საყრდენი, ჩანის მიეკრა.

– მართლა ნახა მან სიცოცხლის წყალი? – ჰკითხა ჩანიმ და ჯესიკას ხელებიდან თავი
გამოითავისუფლა.

– ნახა, – დაიჩურჩულა ჯესიკამ. პოლთან შეხებისგან გონება ჯერაც უღელავდა და


უტორტმანებდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბობოქარ ზღვაზე გატარებული თვეების მერე
მყარ მიწას დაადგა ფეხი. თავის თავში გრძნობდა მოხუც ღირს დედას... და ყველა დანარჩენს,
რომლებსაც გაეღვიძათ და ეკითხებოდნენ: „ეს რა იყო? რა მოხდა? სად იყო ეს ადგილი?“

ყოველივე ამას ძაფად გასდევდა შეგნება, რომ მისი ძე იყო კვიზაც ჰადერაქი, ის, ვისაც შეეძლო,
ერთდროულად მრავალი ალაგი ყოფილიყო. ის ბენე გესერიტთა აცხადებული ოცნება
გახლდათ. მაგრამ ამ აცხადებას ჯესიკასთვის შვება და სიმშვიდე როდი მოჰქონდა.

– რა მოხდა? – დაეკითხა ჩანი.

ჯესიკამ თავი გაიქნია.

პოლმა კი თქვა:

– ყოველ ჩვენგანში არის უძველესი ძალა მიმღები და უძველესი ძალა გამცემი. კაცს არ უჭირს,
საკუთარ თავში დადგეს იმ ადგილის წინაშე, სადაც მიმღები ძალა სუფევს, მაგრამ მისთვის
ლამის შეუძლებელია, ჩახედოს გამცემ ძალას ისე, რომ კვლავ კაცად დარჩეს და სხვად არ
იქცეს. ქალისთვის კი პირიქითაა.

ჯესიკამ აიხედა და დაინახა, რომ ჩანი პოლს კი უსმენდა, მაგრამ მას უყურებდა.

– გამიგე, დედა? – ჰკითხა პოლმა.

მან მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო.

– ეს ძალები ჩვენში ისე უძველესია, – განაგრძო პოლმა, – რომ ჩვენი სხეულის ყოველ
ცალკეულ უჯრედში აქვთ ფესვი გადგმული. ჩვენ ამ ძალების მიერ ვართ ჩამოქნილი.
შეიძლება, საკუთარ თავს უთხრა: „ჰო, მესმის, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს“,
მაგრამ, როცა შიგნით ჩაიხედავ და საკუთარი სიცოცხლის შიშველ ძალას ფარჩამოხსნილი
შეხვდები, მაშინ ხიფათსაც დაინახავ. დაინახავ, რომ ამან, შესაძლოა, დაგძლიოს და
დაგჯაბნოს. გამცემისთვის უდიდესი საშიშროება მიმღები ძალაა. მიმღებისთვის კი უდიდესი
საშიშროება გამცემი ძალაა. ისევე იოლია, დაგჯაბნოს გაცემამ, როგორც – მიღებამ.

– ხოლო შენ, ჩემო ძეო, – ჰკითხა ჯესიკამ, – ვინ ხარ შენ – ის, ვინც გასცემს, თუ ის, ვინც იღებს?

– მე საყრდენი წერტილი ვარ, – მიუგო მან, – მე არ შემიძლია, გავცე მიღების გარეშე და არ


შემიძლია, მივიღო... – ლაპარაკი შეწყვიტა და მარჯვნივ კედელს შეხედა.

ჩანიმ ლოყაზე სიო იგრძნო, შებრუნდა და დაინახა, რომ ფარდები ჩამოეშვა.

– ოთეიმი იყო, – თქვა პოლმა, – ყურს გვიგდებდა.

ამ სიტყვებით ჩანის ნაწილობრივ შეეხო წინასწარჭვრეტა, რომელიც პოლს თან სდევდა, და


მიეცა რაღაც მოსახდენის ცოდნა ისე, თითქოს ის უკვე მომხდარიყო. ოთეიმი მოყვება იმას,
რაც ნახა და გაიგონა. სხვები მის ნათქვამს ერთმანეთს გადასცემენ, სანამ ამბავი ხანძრად არ
მოედება მთელ ქვეყნიერებას. პოლ მუად’დიბი სხვა კაცებს არ ჰგავსო, იტყვიან ისინი. ეჭვი
აღარაა – ის კაცია, მაგრამ ღირს დედასავით ჭვრეტს სიცოცხლის წყლის მეშვეობით. ის
ჭეშმარიტად ლისან ალ-გაიბია.

– შენ მომავალი იხილე, პოლ, – უთხრა ჯესიკამ, – იტყვი, რა ნახე?

– მომავალი არა, – უთხრა შვილმა, – მე ახლა ვნახე. – ძალდატანებით წამოჯდა, ხელის


გაქნევით გააჩერა ჩანი, რომელიც მისაშველებლად დაიძრა, – არაკისის თავზე სივრცე
გილდიის ხომალდებითაა სავსე.

ჯესიკას გააჟრჟოლა, ისეთი დარწმუნებულობა ისმოდა მის ხმაში.

– თავად ფადიშაჰ-იმპერატორია აქ, – თქვა პოლმა და თავისი სენაკის ქვის ჭერს ახედა, – თან
თავისი საყვარელი მართლისმცნობი და სარდაუკარების ხუთი ლეგიონი ახლავს. იქაა ბებერი
ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი, თან ჰყავს მოყვანილი თუფეა ჰავატი და შვიდი ხომალდი,
რომლებიც სავსეა ყველა ახალწვეულით, ვისი შოვნაც კი შეძლო. ყველა დიდებულ გვარს ჩვენ
თავზემოთ თავისი რაზმი ჰყავს და... იცდიან.

ჩანიმ თავი გაიქნია, პოლისთვის თვალი ვერ მოეშორებინა. მისი უცნაურობა, ხმის
ერთგვაროვანი კილო, მისი მიღმური მზერა მოწიწებით ავსებდა.

ჯესიკამ სცადა, ნერწყვი გადაეყლაპა; მერე იკითხა:

– რას უცდიან?

პოლმა ახედა.

– გილდიის ნებართვას დასხდომაზე. გილდია აღარ მოემსახურება და არაკისზე დატოვებს


ყველა ძალას, რომელიც ნებართვის გარეშე დაჯდება.

– გილდია ჩვენ გვიცავს? – ჰკითხა ჯესიკამ.

– გვიცავსო? გილდია ხომ თავადაა ამ ყველაფრის მიზეზი: ხმა გაავრცელა, თუ რას ვაკეთებთ
აქ, და ტრანსპორტირების ფასები ისე შეამცირა, რომ უღარიბესმა გვარებმაც კი მოაღწიეს
აქამდე და ახლა ელოდებიან, რომ ჩვენი ძარცვისას თავიანთი წილი მიიღონ.
ჯესიკას მის ხმაში სიმწარე არ ესმოდა და უკვირდა. მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი არ
ეპარებოდა – პოლი ისევე დარწმუნებით ლაპარაკობდა, როგორც იმ საღამოს, როდესაც
გაუმხილა მომავალი, ფრემენებს შორის რომ ელოდათ.

პოლმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

– დედა, წყალი უნდა შეცვალო ჩვენთვის – კატალიზატორი გვჭირდება. ჩანი, მზვერავები


გაგზავნე, რათა...

სუნელამდელი მასა იპოვონ. თუკი ამ სიცოცხლის წყლის რაღაც რაოდენობას სუნელამდელი


მასის ზემოთ მოვათავსებთ, იცით, რა მოხდება?

ჯესიკამ მისი სიტყვები აწონ-დაწონა და უცებ მიხვდა, რას ამბობდა.

– პოლ! – შესძახა მან.

– სიკვდილის წყალს მივიღებთ, – განაგრძო პოლმა, – ჯაჭვური რეაქცია დაიწყება – იატაკს


მიაშვირა თითი, – ეს პატარა მოქმედთა შორის სიკვდილს გაავრცელებს, გაანადგურებს ერთ
სტადიას სიცოცხლის ციკლში, რომელიც სუნელსა და მოქმედსაც მოიცავს. არაკისი მართლაც
უდაბნოდ იქცევა – მასზე აღარ იქნება არც სუნელი, აღარც მოქმედი.

ჩანიმ პირზე აიფარა ხელი, ენა ჩაუვარდა, ისეთ მკრეხელობას ამბობდა პოლი.

– რაიმეზე ნამდვილ კონტროლს ფლობს ის, ვისაც ამ რაიმეს განადგურება შეუძლია, – თქვა
პოლმა, – ჩვენ შეგვიძლია სუნელის განადგურება!

– ახლა რა აკავებს გილდიას? – დაიჩურჩულა ჯესიკამ.

– მე მეძებენ, – უთხრა პოლმა, – დაფიქრდი, რას ნიშნავს ეს! გილდიის საუკეთესო


ნავიგატორები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დროის მიღმაც კი დაძებნონ და
უსწრაფესი ჰაილაინერებისთვის ყველაზე უხიფათო გეზი იპოვონ, ყველა მე მეძებს... და ვერ
მპოულობენ. ო, როგორ ცახცახებენ! მათ იციან, რომ აი, ასე მიჭირავს მათი საიდუმლო! –
პოლმა პეშვი გაიწოდა წინ, – საიდუმლო, რომ სუნელის გარეშე ისინი ბრმები არიან!

ჩანიმ ხმის ამოღება შეძლო:

– შენ თქვი, „ახლას“ ვხედავო!

პოლი უკან გადაწვა, თვალწინ გადაშლილ აწმყოს აკვირდებოდა, მის წარსულსა თუ


მომავალში გავლებულ საზღვრებს, უჭირდა ცნობიერებაში მისი შენარჩუნება, რადგან
სუნელით მოგვრილმა სიცხადემ გამკრთალება იწყო.

– წადი, გააკეთე, რაც გიბრძანე, – უთხრა ჩანის, – მომავალი გილდიისთვისაც ისეთი


გაურკვეველი ხდება, როგორიც ჩემთვისაა. ხედვის ზოლები ვიწროვდება. ყველაფერი თავს
იყრის აქ, სადაც სუნელია... სადაც აქამდე შემოჭრას ვერ ბედავდნენ... რადგან შემოჭრა
ნიშნავდა, დაეკარგათ ის, რის ქონაც მათთვის აუცილებელია. მაგრამ ახლა სასო წარეკვეთათ.
მომავლის ყველა მიმართულება წყვდიადში იკარგება.
9* * *
და ინათა დღემ, როცა არაკისი იდო სამყაროს ცენტრში, და სამყაროს ბორბალი ამ ცენტრის
გარშემო მოსაბრუნებლად გამზადებულიყო.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის გამოღვიძება“

– ერთი ამას შეხედე! – დაიჩურჩულა სტილგარმა.

პოლი მის გვერდით იწვა კლდის ნაპრალში, ფარკედელის მაღალ კიდეზე, და თვალი
ფრემენული ტელესკოპის სამზერისთვის მიებჯინა. ზეთის ლინზა მიემართა მათ ქვემოთ,
აუზზე მდგარი ვარსკვლავთმფრენი ლიხტერისკენ, რომელიც დილის შუქზე გამოჩნდა.
ხომალდის უფრო მაღალი მხარე, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული, მზის თანაბარ
შუქზე ბრწყინავდა, მაგრამ დაჩრდილულ მხარეს ჯერ კიდევ მოჩანდა ღამის
ნათელბურთებით გაყვითლებული ილუმინატორები. ხომალდის იქით, ჩრდილოეთის მზის
შუქზე, ცივად ბზინავდა ქალაქი არაკენი.

პოლმა იცოდა, რომ სტილგარს აოგნებდა არა ლიხტერი, არამედ ის ნაგებობა, რომელსაც
ხომალდი მხოლოდ ცენტრად ედგა. ლიხტერის ძირიდან უზარმაზარ წრედ იშლებოდა
ერთიანი მეტალის შენობა, რამდენიმე სართულის სიმაღლისა – კარავი, რომელიც
ერთმანეთზე გადაფარებული ლითონის ფურცლებისგან შედგებოდა. ეს იყო დროებითი
საცხოვრებელი სარდაუკარების ხუთი ლეგიონისა და თავად მისი საიმპერატორო
უდიდებულესობის, ფადიშაჰ-იმპერატორ შადამ IV-ისთვის.

პოლის გვერდით მიწაზე გაწოლილმა გურნი ჰალეკმა თქვა:

– ცხრა დონე დავუთვალე. ალბათ ბლომად სარდაუკარები იქნებიან შიგ.

– ხუთი ლეგიონი, – გაეპასუხა პოლი.

– თენდება, – ხმადაბლა ჩაუსისინა სტილგარმა, – არ ვარგა, ასე რომ ეჩვენები მტერს, მუად’დიბ.
წამოდი, კლდეებში შევბრუნდეთ.

– აქ ძალიანაც უსაფრთხოდ ვარ, – თქვა პოლმა.

– ის ხომალდი სატყორცნ იარაღს აყენებს, – თქვა გურნიმ.

– იმათ ჰგონიათ, რომ ფარებით ვიქნებით დაცულები, – გაეპასუხა პოლი, – კიდევაც რომ
დაგვინახონ, ჭურვს არ დახარჯავენ ვიღაც სამ კაცზე.

პოლმა აუზის გაღმა კედელს გახედა, დაინახა დაწერტილი კლდეები და ნაშალი, მამამისის
უამრავ მებრძოლს საფლავის ქვებად რომ ქცეოდა. და უცებ შეიგრძნო: სწორად იქცეოდა, იმ
მებრძოლთა ზემოდან მომზირალ აჩრდილებს რომ ამ წამის მოწმეებად აქცევდა. ფარით
მოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ, რაც კი ჰარკონენებს ფორტები და ქალაქები ჰქონდათ,
ყველა ან ფრემენებს ჩაეგდოთ ხელში, ან მოწყვეტილი იყვნენ თავისიანებს და ყველანაირ
მომარაგების წყაროს; ისინი დასაჭკნობად განწირულნი ეყარნენ, მცენარიდან მოსხეპილი
რტოების მსგავსად. მტერს მხოლოდ ფარკედელით მოსაზღვრული აუზი და მასში
განლაგებული ქალაქი რჩებოდა.
– შეიძლება, ტოპტერით გამოგვიხტნენ, თუ დაგვინახეს, – თქვა სტილგარმა.

– სცადონ, – მიუგო პოლმა, – დღეს მაინც ტოპტერების დაწვის დღე გვაქვს... თანაც ვიცით, რომ
გრიგალი ახლოვდება.

მან ტელესკოპი ახლა არაკენის საფრენი მოედნის გაღმა კიდისკენ მიმართა, იქ


ჩამწკრივებული ჰარკონენების ფრეგატებისკენ, რომელთა ქვემოთაც მიწაზე წყნარად
ფრიალებდა მაღალ ტარზე დაგებული პუვმე-ს კომპანიის დროშა. პოლმა გაიფიქრა, რა
სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო გილდია, რომ ამ ორი ჯგუფისთვის დასხდომის ნება
დაერთო, როცა სხვას ყველას აცდევინებდაო. გილდია ჰგავდა კაცს, რომელიც, სანამ კარავს
დადგამდეს, ფეხის წვერით სინჯავს ქვიშას მისი სიმხურვალის შესამოწმებლად.

– აქედან ახალს მეტს რას დავინახავთ? – იკითხა გურნიმ, – თავი უნდა შევაფაროთ. გრიგალი
ახლოვდება.

პოლმა მზერა ისევ უზარმაზარ ბანაკს მიაპყრო.

– თავიანთი ქალებიც კი ჩამოიყვანეს, – თქვა მან, – მსახურებიც, ლაქიებიც. ააჰ, ძვირფასო


იმპერატორო, რა თავდაჯერებული ხარ!

– საიდუმლო გზაზე ვიღაცები ამოდიან, – უთხრა სტილგარმა, – შეიძლება, ოთეიმი და კორბა


ბრუნდებოდნენ.

– კარგი, სტილ, – გაეპასუხა პოლი, – შევედით.

მაგრამ ტელესკოპით იქაურობას ერთხელაც მოავლო თვალი – დააკვირდა ვაკეზე მდგარ


მაღალ ხომალდებს, მოელვარე ლითონის ბანაკს, მდუმარე ქალაქს, ჰარკონენების
დაქირავებულ მებრძოლთა

ფრეგატებს. მერე დაიხია და კლდის ნაყარის უკან შევიდა. მისი ადგილი ტელესკოპთან
ფედაიკინმა მცველმა დაიჭირა.

პოლი ფარკედელის ზედაპირზე ამოღრუტნულ დაბალ ჩაღრმავებაში აღმოჩნდა. ეს


დაახლოებით ოცდაათი მეტრის დიამეტრის მქონე და სამიოდე მეტრის სიღრმის ადგილი
იყო, კლდის ბუნებრივი ღრმული, რომელიც ფრემენებს ნახევრად გამჭვირვალე შესანიღბავი
ქსოვილით დაეფარათ. მარჯვნივ კედელში მოჩანდა ხვრელი, მის გარშემო გადამცემი
აპარატურა მოექუჩებინათ. ჩაღრმავებაში განლაგებული ფედაიკინი მცველები
მუად’დიბისგან შეტევის ბრძანებას ელოდნენ.

გადამცემი აპარატურის გვერდით მდებარე ხვრელიდან ორი კაცი გამოჩნდა და იქ მდგომ


მცველებს გამოელაპარაკა.

პოლმა სტილგარს შეხედა და იმ ორი კაცისკენ გაიქნია თავი.

– გაიგე, რა ამბავი აქვთ, სტილ.

სტილგარი მისი ბრძანების შესასრულებლად დაიძრა.

პოლი კლდეზე ზურგმიყრდნობილი ჩაცუცქდა, კუნთები დაჭიმა, გაიმართა. დაინახა,


სტილგარმა ახალმოსულები ისევ იმ ბნელ ხვრელში რომ ჩაგზავნა, და წარმოიდგინა,
რამსიგრძე გზა ელოდათ კაცის ხელით გამოკვეთილ გვირაბში, სანამ აუზის ძირამდე
მიაღწევდნენ.

სტილგარი პოლისკენ წამოვიდა.

– ისეთი მნიშვნელოვანი რა ამბავი მოიტანეს, რომ სიელაგოს ვერ ანდეს? – ჰკითხა პოლმა.

– სიელაგოებს ბრძოლისთვის ინახავენ, – მიუგო სტილგარმა, გადამცემ აპარატურას შეხედა,


მერე ისევ პოლს მოუბრუნდა: – ფოკუსირებული სხივითაც კი არ ღირს მათი გამოყენება,
მუად’დიბ. შეიძლება, გამოსხივების დროს აზიმუტი აიღონ და ისე გიპოვონ.

– მალე ჩემს საძებრად აღარ ეცლებათ, – გაეპასუხა პოლი, – ქვემოდან ამოსულებმა, რაო?

– ჩვენი საყვარელი სარდაუკარები ძველი ღიობის ახლოს გავუშვით, ფარკედელის ძირში, და


ახლა თავიანთი ბატონისკენ მიიჩქარიან. სარაკეტეები და სხვა სატყორცნი იარაღი
მომზადებულია. ხალხი ისეა განლაგებული, შენ როგორც ბრძანე – ჩვეულებრივი პატაკი
მოიტანეს.

პოლმა თვალი მოავლო დაბალ კლდოვან ჩაღრმავებას; შესანიღბავ საფარში შემოღწეულ


შუქზე თავისიანებს დააკვირდა. გრძნობდა, როგორ მიცოცავდა დრო შიშველ კლდეს
აყოლილი მწერის დარად.

– ჩვენს სარდაუკარებს ცოტა გავლა დასჭირდებათ, სანამ ჯარის გადამყვანისთვის ნიშნის


მიცემას მოახერხებენ, – თქვა პოლმა, – ადევნებენ თვალს?

– კი, – უპასუხა სტილგარმა.

პოლის გვერდით მდგარმა ჰალეკმა ხმა ჩაიწმინდა.

– ხომ არ აჯობებს, უსაფრთხო ადგილას გადავინაცვლოთ?

– ეგეთი ადგილი არ არსებობს, – მიუგო პოლმა, – როგორია ცნობები: ამინდი ჯერ კიდევ
ისეთია, ჩვენ რომ გვინდა?

– კაი დედა-გრიგალი გვიახლოვდება, – გაეპასუხა სტილგარი, – ვერ გრძნობ, მუად’დიბ?

– ჰაერი მართლაც კარგ რამეებს გვპირდება, – დაეთანხმა პოლი, – მაგრამ მე უტყუარი,


ჭოკებით გაზომილი მონაცემები მინდა.

– გრიგალი აქ ერთ საათში იქნება, – სტილგარმა თავი გაიქნია ღიობისკენ, რომელიც


იმპერატორის ბანაკს და ჰარკონენების ფრეგატებს გადასცქეროდა, – ეს იქაც იციან. ცაში ერთი
ტოპტერიც კი არაა. ყველაფერი შიგნით აქვთ შეზიდული და დაბმული. მოსალოდნელი
ამინდი მეგობრებმა მათ კოსმოსიდან შეატყობინეს.

– დასაზვერად კიდევ გამოძვრნენ? – ჰკითხა პოლმა.

– წუხელ რაც დასხდნენ, მას მერე – აღარ, – მიუგო სტილგარმა, – იციან, აქ რომ ვართ. მე
მგონია, ახლა იცდიან, რომ თავად შეარჩიონ დრო.

– დროს ჩვენ ვარჩევთ, – უთხრა პოლმა.


გურნიმ მაღლა აიხედა და ჩაიღრინა:

– კი, თუ აგვარჩევინეს.

– ის ფლოტი კოსმოსში დარჩება, – დაბეჯითებით თქვა პოლმა.

გურნიმ თავი გაიქნია.

– სხვა გზა არა აქვთ, – უთხრა პოლმა, – ჩვენ სუნელის განადგურება შეგვიძლია. გილდია ამას
ვერ გარისკავს.

– ყველაზე საშიში სასოწარკვეთილი კაცია, – გაეპასუხა გურნი.

– ჩვენ რა, სასოწარკვეთილები არ ვართ? – ჰკითხა სტილგარმა.

გურნიმ წარბშეკვრით შეხედა.

– შენ ფრემენული ოცნება არ გაგითავისებია, – უთხრა პოლმა, – სტილგარი ფიქრობს იმ


წყლებზე, რაც ჩვენ ქრთამებში დავხარჯეთ, ასე ხომ არაკისის ბაღნარად ქცევამდე ლოდინის
წლებს დრო დაემატა. ის არ...

– აახხხ, – მოიღრუბლა გურნი.

– რატომაა ასე დაღვრემილი? – იკითხა სტილგარმა.

– ბრძოლის წინ ყოველთვის ასეა ხოლმე, – მიუგო პოლმა, – სხვანაირი კარგ ხასიათზე ყოფნა
მაგან არც იცის.

გურნის სახეს ნელი, მტაცებლური ღიმილი მოეფინა, სარწყულის პირის საფარის ზემოთ
კბილებმა თეთრად გაიელვეს.

– როგორ არ ვიყო დაღვრემილი, როცა გავიხსენებ, რამდენ საცოდავ ჰარკონენს ცოდვების


მოუნანიებლად გავისტუმრებთ გაღმა, – თქვა მან.

– რა ფედაიკინივით ლაპარაკობს, – ჩაიცინა სტილგარმა.

– გურნი სიკვდილის კომანდოსადაა დაბადებული, – თქვა პოლმა და გაიფიქრა: „დაე,


გაერთონ ლაზღანდარობით, სანამ იმ ვაკეზე შეკრებილ ძალას დავუდგებით წინ“. კლდეში
ღიობს გახედა, მერე ისევ გურნის, და დაინახა, რომ მენესტრელ-მეომარს ისევ ფიქრიანად
შეეკრა შუბლი.

– მწუხარება ძალას გვაცლის, – ჩაიბუტბუტა პოლმა, – ეს შენ მითხარი ერთხელ, გურნი.

– ჩემო ჰერცოგო, – მიუგო გურნიმ, – ახლა ყველაზე მეტად ატომური იარაღი მაწუხებს. თუ
მისი დახმარებით ფარკედელში ხვრელის გაკეთებას აპირებ...

– ისინი, ზემოთ მყოფნი, ჩვენ წინააღმდეგ ატომურ იარაღს არ გამოიყენებენ, – უთხრა პოლმა, –
ვერ გაბედავენ... მიზეზი იგივეა: ვერ ბედავენ, ვაითუ, ჩვენ საპასუხოდ სუნელი
გავანადგუროთ.

– მაგრამ აკრძალვა, რომ...


– აკრძალვა! – გააწყვეტინა პოლმა, – აკრძალვა კი არა, შიში აჩერებს დიდებულ გვარებს,
ერთმანეთს ატომურ ბომბებს რომ არ აყრიან. დიდ კონვენციაში საკმაოდ გარკვევით წერია:
„ადამიანების წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება სრულიად პლანეტის
განადგურებით ისჯება“. ჩვენ ვაპირებთ, ფარკედელი ავაფეთქოთ, ადამიანები კი არა.

– ძალიან სადავო ზღვარია, – უთხრა გურნიმ.

– ის მეწვრილმანეები, მაღლა, ნებისმიერ ზღვარს სიხარულით ჩაეჭიდებიან, – უთხრა პოლმა, –


მოდი, ამაზე მეტი ლაპარაკი აღარ გვინდა.

მან გურნის ზურგი აქცია და ინატრა, ნეტავ, მართლაც ასე თავდაჯერებული ვიყოო. ცოტა
ხანში წარმოთქვა:

– ქალაქელებზე რაღა თქვეს? პოზიციები დაკავებული აქვთ?

– კი, – ჩაიბურტყუნა სტილგარმა.

პოლმა შეხედა.

– რა არის, მოსვენებას რომ არ გაძლევს?

– არასოდეს მიმაჩნდა, რომ შეიძლებოდა, ქალაქელს ბოლომდე ნდობოდი.

– იყო დრო, მეც ქალაქელი ვიყავი, – უთხრა პოლმა.

სტილგარი გაშეშდა, სახეზე სისხლი მოაწვა.

– მუად’დიბმა იცის, რომ არ ვგულისხმობდი...

– ვიცი, რასაც გულისხმობდი, სტილ. მაგრამ კაცს ის კი არ გამოსცდის, შენ რომ გგონია, ასე და
ასე ჩაიდენსო. არა, ის გამოსცდის, რასაც სინამდვილეში იზამს. იმ ქალაქელებს ფრემენული
სისხლი აქვთ. უბრალოდ, მათ ჯერ არ უსწავლიათ, როგორ დააღწიონ თავი ბორკილებს. ჩვენ
კი ვასწავლით.

სტილგარმა თავი დაუქნია და მწუხარე ხმით უთხრა:

– მთელი სიცოცხლე სხვა რამეს ვიყავით ჩვეული, მუად’დიბ. სამარე-ველებზე ვისწავლეთ,


ქალაქელებისთვის აგდებით გვეცქირა.

პოლმა შეხედა გურნის, დაინახა, რომ ის სტილგარს აკვირდებოდა.

– გვითხარი, გურნი, იქ, დაბლა, რატომ გამოყარეს სარდაუკარებმა ქალაქელები თავიანთი


სახლებიდან?

– ძველი ხერხია, ჩემო ჰერცოგო. გუმანში ჰქონდათ, ჩვენთვის ლტოლვილები აეკიდებინათ


ტვირთად.

– იმდენი ხანია, პარტიზანებს დიდად აღარ შეუწუხებიათ ისინი, რომ კიდევაც დაავიწყდათ,
მათ როგორ ებრძოლონ, – თქვა პოლმა, – სარდაუკარებმა ჩვენ საქმე გაგვიკეთეს. ქალაქელ
ქალებს გასართობად იტაცებდნენ, იმ კაცებს, ვინც ამას აპროტესტებდა, თავებს სჭრიდნენ და
სარებზე აგებდნენ. ასე სიძულვილის ტალღა ააგორეს მათშიც, ვინც, ეს რომ არა, ამ ომს,
უბრალოდ, ერთ დიდ არეულობად ჩათვლიდა... და იმის შესაძლებლობად, ბატონების ერთი
წყება მეორით შეეცვალა. სარდაუკარებმა კი ჩვენი ჯარისთვის ახალწვეულები გვიშოვეს,
სტილგარ.

– ქალაქელები მართლაც ძალიან მოწადინებულები ჩანან, – გაეპასუხა სტილგარი.

– მათი სიძულვილი ახალი და შეუფარავია, – უთხრა პოლმა, – ამიტომაც ვიყენებთ საშტურმო


ჯგუფად.

– საშინელ ხოცვა-ჟლეტაში ყოფენ თავს, – თქვა გურნიმ.

სტილგარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– იციან, რა უთანასწორო ბრძოლაა წინ, – თქვა პოლმა, – და იციან, რომ მათ მიერ მოკლული
ყოველი სარდაუკარი ჩვენთვის საქმის შემსუბუქება იქნება. აი, რა, ჯენტლმენებო:
ქალაქელებს აქვთ ის, რისთვისაც სიკვდილი უღირთ. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები არიან.
იღვიძებენ.

უცებ ტელესკოპში მზირალი კაცის მოგუდული შეძახილი გაისმა. პოლი კლდის ნაპრალს
მიუახლოვდა და ჰკითხა:

– რა ხდება იქ?

– დიდი მღელვარებაა, მუად’დიბ, – ჩურჩულით უპასუხა მან, – იმ უშველებელ ლითონის


კარავთან.

დასავლეთის კიდეკედელიდან მიწამავალი მოვიდა. ისე არიან, გეგონება, კლდის კაკბების


ბუდეში ქორი შეფრენილიყოს.

– იქ ჩვენი ტყვე სარდაუკარები მივიდნენ, – თქვა პოლმა.

– ახლა მთელ დასაფრენ მოედანს ფარი აკრავს, – თქვა მზირმა, – ჰაერის ლივლივს ვხედავ
სასაწყობე ეზოს კიდესთანაც კი, იქ, სადაც სუნელს ინახავდნენ.

– ახლა უკვე იციან, ვის ეომებიან, – თქვა გურნიმ, – ახლა კი იცახცახონ და იდრტვინონ
ჰარკონენმა მხეცებმა, რამეთუ ცოცხალია ატრეიდესი!

პოლმა ტელესკოპთან მდგარ ფედაიკინს მიმართა:

– იმპერატორის ხომალდზე აღმართულ დროშის ჭოკს დააკვირდი. იქ თუ ჩემი დროშა


აღიმართება...

– ეგ არ მოხდება, – უთხრა გურნიმ.

პოლმა სტილგარის კითხვით შეკრული წარბები დაინახა და აუხსნა:

– თუ იმპერატორი ჩემს უფლებებს აღიარებს, არაკისზე ატრეიდესების დროშის აღდგენით


მომცემს ნიშანს. მაშინ მეორე გეგმას ავამუშავებთ, მხოლოდ ჰარკონენებს შევუტევთ.
სარდაუკარები გვერდზე გადგებიან და გვაცლიან, ჩვენ ერთმანეთში გავარკვიოთ საქმე.
– მაგ უცხოპლანეტურ წესებში გამოცდილი არ ვარ, – თქვა სტილგარმა, – კი მსმენია მაგათზე,
მაგრამ არ მგონია, რომ...

– გამოცდილება არაა საჭირო, რომ იცოდე, რას იზამენ, – თქვა გურნიმ.

– მაღალ ხომალდზე დროშას ცვლიან, – თქვა მზირმა, – დროშა ყვითელია... ცენტრში შავი და
წითელი წრეებით.

– რა ეშმაკურია, – თქვა პოლმა, – პუვმე-ს კომპანიის დროშა.

– სხვა ხომალდებზეც იგივე დროშაა, – მოახსენა ფედაიკინმა მცველმა.

– ვერ ვხვდები, – თქვა სტილგარმა.

– მართლაც რომ ეშმაკურია, – დაეთანხმა გურნი, – ატრეიდესების დროშა რომ აღემართა, მერე
უკვე კიდევაც უნდა ექნა, რასაც ეს ავალებს. მეტისმეტად ბევრი დამკვირვებელი ასევია თავს.
შეეძლო, ჰარკონენის დროშა გამოეკიდა – ძალიან მოურიდებელი განცხადება გამოვიდოდა.
მაგრამ არა: ის პუვმე-ს ძონძს ფენს. იქ, მაღლა დარჩენილებს ეუბნება... – გურნიმ კოსმოსისკენ
აიშვირა თითი, – თუ სადაა მოგება. ამბობს, რომ არ ენაღვლება, აქ ატრეიდესი იქნება თუ არა.

– რამდენ ხანში მოაწყდება გრიგალი ფარკედელს? – იკითხა პოლმა.

სტილგარი შებრუნდა, ქვის ჩაღრმავებაში განლაგებულთაგან ერთ-ერთ ფედაიკინს


გამოელაპარაკა. ცოტა ხანში დაბრუნდა და მოახსენა:

– სულ მალე, მუად’დიბ. იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. დედა კი არა, დიდი-დიდედა-
გრიგალი ჩანს... შეიძლება იმაზე დიდიცაა, ვიდრე ისურვებდი.

– ეს ჩემი გრიგალია – მიუგო პოლმა და ფედაიკინებს, რომლებმაც მისი ნათქვამი გაიგონეს,


სახეზე უტყვი მოწიწება შეატყო, – მთელი პლანეტაც რომ შეარყიოს, მე რომ ვისურვებდი,
იმაზე დიდი ვერ იქნება. პირდაპირ ფარკედელს შეასკდება?

– შეიძლება ითქვას, კი, – მიუგო სტილგარმა.

მათ აუზისკენ ჩამავალი ხვრელიდან შიკრიკი მოუახლოვდა.

– სარდაუკარები და ჰარკონენების პატრული უკან შედიან, მუად’დიბ.

– მოელიან, რომ გრიგალი აუზში იმდენ ქვიშას შემოყრის, ხედვა შეუძლებელი იქნება, – თქვა
სტილგარმა, – ჰგონიათ, ჩვენც მაგათ დღეში ვიქნებით.

– ჩვენს მეზარბაზნეებს უთხარით, სამიზნეები კარგად დააფიქსირონ, სანამ ხედვა


გაუარესდებოდეს, – თქვა პოლმა, – როგორც კი გრიგალი ფარებს გაანადგურებს, ყოველ
ხომალდს ცხვირი უნდა წაამტვრიონ, – პოლმა ჩაღრმავების კიდისკენ გადადგა ნაბიჯი,
შესანიღბავი საფარის კალთა გადასწია და ცას ახედა. მუქ ფონზე კარგად მოჩანდა ქარისგან
დატრიალებული ქვიშა. პოლმა საფარი გაასწორა და თქვა: – დაიწყე ჩვენების დაბლა ჩაშვება,
სტილ.

– შენ არ წამოგვყვები? – ჰკითხა სტილგარმა.

– მე ცოტა ხანს ფედაიკინებთან დავრჩები, – უპასუხა პოლმა.


სტილგარმა მხრები აიჩეჩა, გურნის მრავალმნიშვნელოვნად გახედა, ქვის კედელს დაჩნეული
ხვრელისკენ გაემართა და მის სიბნელეში ჩაიკარგა.

– ფარკედელის გასაწევ სასხლეტს შენ მოგანდობ, გურნი, – უთხრა პოლმა, – ხომ იზამ?

– ვიზამ.

პოლმა ფედაიკინების ლეიტენანტს ანიშნა და უთხრა:

– ოთეიმ, აფეთქების ზონიდან ჩვენი პატრულის გაყვანა დაიწყე. იქაურობას ქარიშხლის


მოვარდნამდე უნდა მოსცილდნენ.

იმან თავი დაუკრა და სტილგარს მიჰყვა.

გურნი ნაპრალისკენ გადაიხარა და ტელესკოპთან მდგომ კაცს უთხრა:

– სამხრეთ კედელს დააკვირდი. სანამ ავაფეთქებდეთ, იქ დაცვა საერთოდ არ გვეყოლება.

– გაუშვით სიელაგო დროის სიგნალით, – ბრძანა პოლმა.

– რამდენიმე მიწამავალი სამხრეთის კედლისკენ მიემართება, – თქვა ტელესკოპთან მდგომმა,


– ზოგი სატყორცნ იარაღს სცდის. ჩვენები სხეულის ფარებს იყენებენ, როგორც შენ უბრძანე.
მიწამავალები გაჩერდნენ და დგანან.

უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში პოლმა გაიგონა, როგორ ტრიალებდნენ მათ თავზემოთ პატარა
ქარბორბალები – გრიგალის წინამორბედები. საფარის ღრიჭოებიდან მათ კლდოანვ
ჩაღრმავებაში ქვიშამ იწყო ცვენა. მერე ქარაშოტი მთლიანად საფარს დაეძგერა და მოგლიჯა.

პოლმა ფედაიკინებს ხელი დაუქნია, საფარში შედითო, და თავად გვირაბის პირას


განლაგებულ გადამცემ აპარატურასთან მდგარ კაცებთან მივიდა. გურნი გვერდიდან არ
სცილდებოდა. პოლი მესიგნალეებისკენ დაიხარა.

ერთმა უთხრა:

– ყველა გრიგალის დიდი-დიდი-დიდი-დიდედა მოდის, მუად’დიბ.

პოლმა ჩაბნელებულ ცას ახედა და თქვა:

– გურნი, სამხრეთ კედლის დამკვირვებლებმა დატოვონ პოსტები და თავი შეაფარონ, –


გრიგალის მომძლავრებული ღრიალის გამო იძულებული გახდა, ნათქვამი ყვირილით
გაემეორებინა.

ჰალეკი ბრძანების შესასრულებლად წავიდა.

პოლმა სახის ფილტრი დაიმაგრა და სარწყულის კაპიუშონი მჭიდროდ მოირგო.

ამასობაში გურნი დაბრუნდა.

პოლი მხარზე შეეხო და გვირაბის პირას, მესიგნალეთა თავზემოთ ჩასმულ აფეთქების


სასხლეტზე ანიშნა. ჰალეკი გვირაბში შევიდა და იქ დადგა; ცალი ხელი სასხლეტზე ეჭირა,
პოლს თვალს არ აშორებდა.
– გზავნილებს ვერ ვიღებთ, – უთხრა პოლს გვერდით მდგომმა მესიგნალემ, – სტატიკური
მუხტი ძალიან ძლიერია.

პოლმა თავი დაუქნია, თან მათ წინ წამმზომის ციფერბლატს დასცქეროდა. მერე გურნის
შეხედა, ხელი ასწია და ისევ ციფერბლატს დააჩერდა. ისარი ბოლო წრის შემოვლას შეუდგა.

– მიდი! – იყვირა პოლმა და ხელი დაიქნია.

გურნი სასხლეტს დააწვა.

თითქოს მთელმა წამმა გაიარა, სანამ ფეხქვეშ მიწის შერყევას იგრძნობდნენ. გრიგალის
ღრიალს მგრგვინავი ხმა დაერთო.

პოლის გვერდით ტელესკოპთან გამწესებული მზირი გამოჩნდა; ტელესკოპი იღლიაში


ამოეჩარა.

– ფარკედელი გარღვეულია, მუად’დიბ! – იყვირა, რომ მისთვის ხმა მიეწვდინა, – ქარიშხალი


უკვე დაატყდათ თავს და ჩვენი მეზარბაზნეებიც უშენენ.

პოლმა წარმოიდგინა, როგორ მიქროდა გრიგალი აუზზე, როგორ არღვევდა ქვიშის კედელში
დაგროვებული სტატიკური მუხტი ყველა დამცავ ფარს მტრის ბანაკში.

– გრიგალი! – იყვირა ვიღაცამ, – უნდა შევეფაროთ, მუად’დიბ!

პოლი ფიქრისგან გამოფხიზლდა. იგრძნო, როგორ ჩხვლეტდნენ ქვიშის ნემსები შიშველ


ლოყებზე. ახლა კი უკან დასახევი გზა აღარ გვაქვსო, გაიფიქრა. მესიგნალეს მხრებზე მოჰხვია
მკლავი და ყურში ჩასძახა:

– დატოვე აპარატურა! გვირაბში არის კიდევ გადამცემი!

იგრძნო, რომ ქარს მიჰქონდა. იგრძნო, ქარი როგორ ქაჩავდა, ეზიდებოდა. ფედაიკინები გარს
შემოეწყვნენ, რომ დაეცვათ. გვირაბში შეაღწიეს, აქ უკვე ნაკლები ხმაური დახვდათ. კუთხეში
შეუხვიეს და შევიდნენ ნათელბურთებით განათებულ პატარა ოთახში, საიდანაც სხვა გვირაბი
გადიოდა.

აქ თავის აპარატურასთან კიდევ ერთი მესიგნალე იჯდა.

– სტატიკური ელექტრობა მაღალია, – თქვა კაცმა.

მათ გარშემო ჰაერი ქვიშის ბუქმა აავსო.

– დაგმანეთ გვირაბი! – დაიძახა პოლმა. უცბად ჩამოწოლილი სიჩუმე მოწმობდა, რომ ბრძანება
შეასრულეს, – აუზზე ჩასასვლელი გზა ჯერ კიდევ თავისუფალია?

ფედაიკინი შესამოწმებლად წავიდა და, უკან მობრუნებულმა, მოახსენა:

– აფეთქებამ ცოტაზე ჩამოშალა კლდე, მაგრამ მემანქანეები ამბობენ, გზა არ ჩახერგილაო.


ლაზერის სხივებით წმენდენ.

– უთხარი, ხელით იმუშაონ! – შეუტია პოლმა, – იქ, დაბლა, ჩართული ფარები ხომაა?
– ფრთხილად მუშაობენ, – შეეპასუხა ის, მაგრამ ბრძანების შესასრულებლად მიბრუნდა.

გვირაბში შემოსულმა მესიგნალეებმა ჩაიარეს, თან თავისი აპარატურა მოჰქონდათ.

– ამათ ხომ ვუთხარი, აპარატურა დაეტოვებინათ, – თქვა პოლმა.

– ფრემენებს არ უყვართ აპარატურის მიტოვება, მუად’დიბ, – ჩაიბუზღუნა ერთმა ფედაიკინმა.

– ახლა აპარატურაზე მეტად ადამიანი ფასობს, – თქვა პოლმა, – მალე ან იმდენი ტექნიკა
გვექნება, რომ არ გვეცოდინება, სად წავიღოთ, ან აპარატურა საერთოდ აღარ დაგვჭირდება.

უკნიდან გურნი ჰალეკი მიუახლოვდა და უთხრა:

– გავიგონე, რომ თქვეს, დაბლა ჩასასვლელი გზა გახსნილიაო. აქ ზედაპირთან ძალიან ახლოს
ვართ, მილორდ, ჰარკონენები პასუხის გაცემას თუ დააპირებენ.

– მათ პასუხის გაცემისთვის არ სცხელათ, – მიუგო პოლმა, – ახლა ხვდებიან, რომ ფარები აღარ
აქვთ და არაკისიდან გაფრენა არ შეუძლიათ.

– ახალი სამეთაურო პოსტი კი ბოლომდე გამზადებულია, მილორდ, – უთხრა გურნიმ.

– სამეთაურო პოსტზე მე ჯერჯერობით საჭირო არ ვარ, – მიუგო პოლმა, – გეგმა უჩემოდაც


განხორციელდება. ჩვენ უნდა დავუცადოთ...

– გზავნილს ვიღებ, მუად’დიბ, – თქვა გადამცემ აპარატურასთან მჯდომმა მესიგნალემ. თავი


გაიქნია, მიმღების ყურმილი ყურზე მიიჭირა, – დიდი სტატიკური მუხტია, სიგნალი ძნელად
მოდის, – წინ დადებულ ფურცელზე წერა დაიწყო. თავს გაიქნევდა, შეიცდიდა, დაწერდა...
შეიცდიდა.

პოლი მესიგნალესთან მივიდა. ფედაიკინებმა უკან დაიხიეს, ადგილი გაუთავისუფლეს. მან


ნაწერს დახედა და წაიკითხა:

„რეიდი... სიეტჩ ტაბრზე... ტყვეები... ალია (გამოტოვებული) ოჯახები (გამოტოვებული) არიან


დახოცილები... მათ (გამოტოვებული) მუად’დიბის შვილი...“

მესიგნალემ ისევ გაიქნია თავი.

პოლმა აიხედა და დაინახა, რომ გურნი უყურებდა.

– გზავნილი დამახინჯებულია, – უთხრა გურნიმ, – დაბრკოლებებით მოდის. ზუსტად ვერ


გაიგებ...

– ჩემი შვილი მოკლეს, – თქვა პოლმა და წარმოთქმისას დარწმუნებით იცოდა, რომ ეს


მართალი იყო, – ჩემი შვილი მოკლეს... ალია კი ტყვედ ჰყავთ... მძევლად, – უცბად თითქოს
დაიცალა, უემოციო ნაჭუჭად იქცა. ყველაფერს, რასაც კი ეხებოდა, სიკვდილი და მწუხარება
მოჰქონდა. და ეს ჰგავდა ავადმყოფობას, რომელიც შეიძლებოდა, მთელ სამყაროს მოსდებოდა.

გრძნობდა ბერიკაცის შესაფერის სიბრძნეს, უთვალავ შესაძლო ცხოვრებათა


გამოცდილებებით დაგროვილ ცოდნას. მის არსებაში თითქოს რაღაც ქირქილებდა და ხელებს
იფშვნეტდა.
და პოლმა გაიფიქრა: „რა ცოტა რამ იცის სამყარომ ნამდვილი ბოროტების ბუნებაზე!“

10* * *
და მუად’დიბი წარდგა მათ წინაშე და თქვა: „თუმცა კი ჩვენ ტყვე გოგო მკვდარი გვგონია,
ცოცხალია იგი. რადგან მისი თესლი ჩემი თესლია და მისი ხმა ჩემი ხმაა. და ჭვრეტს იგი
შესაძლებლის უკიდურეს საწიერებს. ჭეშმარიტად, შეუცნობადის სანახებს ჭვრეტს იგი ჩემ
გამო“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის გამოღვიძება“

ბარონი ვლადიმირ ჰარკონენი თვალებდახრილი იდგა იმპერატორის მისაღებ პალატაში,


ფადიშაჰ-იმპერატორის ბანაკის შუაში განლაგებულ ოვალური ფორმის სელამლიკში.
ქურდული მზერით უკვე შეესწავლა ლითონისკედლებიანი ოთახი და მასში მყოფები:
ნოუკერები, პაჟები, მცველები, შინა რაზმელები, სარდაუკარები, რომლებიც კედლის გასწვრივ
გაფანტულიყვნენ, სისხლიანი და დაფხრეწილი ნაალაფარი საბრძოლო დროშების ქვეშ,
რომლებიც ოთახის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენდა.

ოთახის მარჯვენა მხრიდან ხმები მოისმა, მაღალი დერეფნიდან ექოებად დარხეული:

– გზა! გზა მიეცით მის მეფურ უდიდებულესობას!

ფადიშაჰ-იმპერატორი შადამ IV დერეფნიდან მისაღებ პალატაში შემოვიდა, უკან ამალა


მოსდევდა. იდგა და იცდიდა, სანამ მის ტახტს შემოიტანდნენ; ბარონს ზედაც არ უყურებდა,
ისევე, როგორც სხვა იქ მყოფებს.

ბარონმა კი იგრძნო, რომ თავად უყურადღებოდ ვერ დატოვებდა მის მეფურ


უდიდებულესობას, და იმპერატორს დააკვირდა – რამე მინიშნებას ეძებდა, რაც ამ შეხვედრის
მიზანზე აუწყებდა. იმპერატორი თავდაჭერილი, მომლოდინე იდგა, თხელ, მოხდენილ
სხეულზე სარდაუკარის ნაცრისფერი ფორმა ეცვა, რომელიც ოქროს და ვერცხლის
დეტალებით იყო გაწყობილი. მისმა თხელმა სახემ და ცივმა გამოხედვამ ბარონს დიდი ხნის
წინ მკვდარი ჰერცოგი ლეტო მოაგონა – ესეც იმნაირი მტაცებელი ფრინველის მზერით
იყურებოდა. მაგრამ იმპერატორს შავის ნაცვლად წითელი თმა ჰქონდა და ამ თმასაც
მეტწილად უფარავდა ბურსეგის შავი მუზარადი, რომელსაც თხემზე საიმპერატორო ოქროს
გერბი მოუჩანდა.

პაჟებმა ტახტი შემოიტანეს. ეს იყო ჰაგალის კვარცის მთლიანი ლოდისგან გამოთლილი


მასიური სავარძელი – მოცისფრო-მომწვანო, ნახევრად გამჭვირვალე ქვა ყვითელი ცეცხლის
ხაზებს დაეძარღვა. ტახტი შემაღლებულზე დადგეს. იმპერატორიც ავიდა და დაბრძანდა.

მოხუცი ქალი, შავი აბა რომ ეცვა და კაპიუშონი შუბლზე ჰქონდა ჩამოფხატული,
იმპერატორის ამალას გამოეყო და ტახტის უკან დადგა; ცალი გაძვალტყავებული ხელი
კვარცის საზურგეზე ჩამოდო. კაპიუშონის ქვემოდან მომზირალი მისი სახე ქვაზე დახატულ
ალქაჯს მიუგავდა – ჩაცვენილი ლოყები და თვალები, ზომაზე მეტად გრძელი ცხვირი,
დალაქავებული და ძარღვებამობერილი კანი.
ბარონმა მისი დანახვით მოგვრილი უნებლიე ცახცახი დაიოკა. ღირსი დედა გაიუს ჰელენ
მოჰიამის, იმპერატორის მართლისმცნობის იქ ყოფნა ამ შეხვედრის მნიშვნელოვნებას
მოწმობდა. ბარონმა ქალს მზერა მოაშორა, მინიშნების ძებნაში ახლა ამალა შეათვალიერა. იქ
იყო გილდიის ორი აგენტი: ერთი – მაღალი და სქელი, მეორე – დაბალი და სქელი; ორივეს
შემპარავი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. და მსახურებს შორის იდგა იმპერატორის ერთ-
ერთი ასული, პრინცესა ირულანი – ქალი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ბენე გესერიტის
სწავლების უაღრესად საიდუმლო მეთოდებით არის გაწვრთნილი და ღირსი დედა გახდებაო.
მაღალი და ქერა იყო, ნატიფი სახე ნაქანდაკარს მიუგავდა; მისი მწვანე თვალებისგან
დაფარული კი თითქოს არაფერი რჩებოდა, გულის სიღრმეში გწვდებოდნენ.

– ძვირფასო ბარონო.

იმპერატორმა ინება მისი შემჩნევა. ბარიტონით ლაპარაკობდა და ხმას უაღრესად


დახვეწილად ფლობდა. მოახერხა, ბარონს მისალმებოდა და, ამავე დროს, აბუჩადაც აეგდო.

ბარონმა მდაბლად დაუკრა თავი და წინ წაიწია, შემაღლებიდან სათანადო ათ ნაბიჯზე


გაჩერდა.

– თქვენგან დაბარებული გეახელით, სირ.

– თქვენგან დაბარებული, – ჩაიცინა ბებერმა ალქაჯმა.

– კმარა, ღირსო დედაო, – უსაყვედურა იმპერატორმა, მაგრამ ბარონის შეცბუნებაზე გაეღიმა


და თქვა: – უპირველესად, მითხარი, სად გაგზავნე ის შენი რჩეული, თუფეა ჰავატი.

ბარონმა თვალები აქეთ-იქით დააცეცა, გულში შეიკურთხა, რომ საკუთარი დაცვის გარეშე
მოვიდა. სარდაუკარების წინააღმდეგ დიდად ვერაფერში წაადგებოდნენ, მაგრამ მაინც...

– აბა? – ჩაეკითხა იმპერატორი.

– ეს ხუთი დღეა, რაც წასულია, სირ, – ბარონმა გილდიის აგენტებისკენ გააპარა მზერა, მერე
ისევ იმპერატორს შეხედა, – კონტრაბანდისტების ბაზაზე უნდა დამჯდარიყო და იმ ფრემენი
ფანატიკოსის, მუად’დიბის, ბანაკში შეპარვა ეცადა.

– წარმოუდგენელია! – თქვა იმპერატორმა.

ალქაჯის ჭანგივით ხელმა იმპერატორს მხარზე დაუტყაპუნა. ქალი წინ გადმოიხარა და ყურში
რაღაც ჩასჩურჩულა.

იმპერატორმა თავი დაუქნია და თქვა:

– ხუთი დღე, ბარონო. მითხარი, რატომ არ ღელავ, ამდენ ხანს რომ არ ჩანს?

– კი ვღელავ, სირ!

იმპერატორი თვალს არ აცილებდა, იცდიდა. ღირსმა დედამ ისევ ჩაიქირქილა.

– მე იმის თქმა მინდა, სირ, – თქვა ბარონმა, – რომ ჰავატი რამდენიმე საათში მაინც მოკვდება, –
და ლატენტური შხამისა და ანტიდოტის შესახებ უამბო.
– რა ჭკვიანურად გიქნია, ბარონო, – უთხრა იმპერატორმა, – და სად არიან შენი ძმისწულები,
რაბანი და ჭაბუკი ფეიდ-რაუთა?

– გრიგალი გვიახლოვდება, სირ. ისინი ბანაკის პერიმეტრის შესამოწმებლად გავგზავნე,


ფრემენებმა ქვიშის საფარქვეშ რომ არ შემოგვიტიონ.

– მაშ, პერიმეტრზე, – გაიმეორა იმპერატორმა. ისე წარმოთქვა, თითქოს ამ სიტყვის წარმოთქმა


უჭირსო, – აქ, აუზში, გრიგალი ძლიერი არ იქნება, ფრემენების ჯოგი კი შემოტევას ვერ
გაბედავს, როცა მე აქ ვარ ხუთ ლეგიონ სარდაუკარებთან ერთად.

– ნამდვილად ვერა, სირ, – უთხრა ბარონმა, – მაგრამ გადამეტებული სიფრთხილის გამო ხომ
არ დამძრახავ.

– აჰ-ჰ-ჰ-ჰ, – ამოიხვნეშა იმპერატორმა, – მაშ, არ დაგძრახო? არც ის ვთქვა, ამ არაკისულმა


უაზრობამ რამდენი დრო წამართვა? არ ვთქვა, პუვმე-ს კომპანიის მოგება მთლიანად ამ
ვირთხის სოროში რომ ჩაიქცა? არ ვახსენო, ამ სულელური ამბების გამო რომ მომიწია,
გადამედო – ან, ზოგ შემთხვევაში, საერთოდაც გამეუქმებინა – სამეფო კარის გეგმები და
სახელმწიფო საქმეები?

იმპერატორის რისხვით დამფრთხალმა ბარონმა მზერა დახარა. შიგნიდან ღრღნიდა თავისი


მდგომარეობის სიმყიფის შეგნება: მარტო იყო და მისი ბედი კონვენციასა და დიდებული
გვარების

დიქტუმ ფამილიაზე ეკიდა. „ჩემს მოკვლას აპირებს?“ ჰკითხა ბარონმა თავის თავს. „ვერ
გაბედავს! ახლა, როცა სხვა დიდებული გვარები ზემოდან დასცქერიან და იცდიან, ნებისმიერ
საბაბს ჩაეჭიდონ და არაკისის არეულობაზე ხელი მოითბონ“.

– მძევლები თუ აიყვანეთ? – ჰკითხა იმპერატორმა.

– მძევლების აყვანას აზრი არა აქვს, სირ, – მიუგო ბარონმა, – ეს შეშლილი ფრემენები ტყვედ
ჩავარდნილებს სამგლოვიარო წესს უგებენ და ამის მერე ისე იქცევიან, თითქოს უკვე მკვდარი
იყოს.

– მერე? – ჩაეკითხა იმპერატორი.

ბარონმა პასუხი დააყოვნა. სელამლიკის ლითონის კედლებს გახედა მარჯვნივ და მარცხნივ


და მათ გარშემო წამომართული უშველებელი მარაოიუმის კარავი წარმოიდგინა. ის იმგვარ
უკიდეგანო სიმდიდრეს მოწმობდა, რომ თავად ბარონიც კი გაოგნებული იყო. „პაჟები მოჰყავს
თან“, გაიფიქრა ბარონმა, „უმაქნისი კარის ლაქიები, თავისი ქალები და მათი მხლებლები –
მოახლეები, მკერავები, ყველაფერი... კარის პარაზიტების მთელ შლეიფს მოიყოლებს. ყველა
აქაა: პირფერობენ, ქვეშქვეშობენ, ინტრიგებს ხლართავენ, „სიძნელეებს უმკლავდებიან“
იმპერატორთან ერთად... აქ არიან, რომ უყურონ, როგორ მოაგვარებს ის საქმეებს, რომ
ბრძოლების ამსახველი ეპიგრამები შეთხზან და დაჭრილები განადიდონ.

– იქნებ, უბრალოდ, ყოველთვის არასწორად აგყავდა მძევლები; ვერ არჩევდი, ვინ უნდა
აგეყვანა, – უთხრა იმპერატორმა.

რაღაც იცისო, გაიფიქრა ბარონმა. შიში ლოდივით ედო მუცელში და ჭამაზე ფიქრი ლამის
გაუსაძლისი გამხდარიყო. კი, ეს შიში შიმშილს ჰგავდა და რამდენჯერმე კიდევაც შეწრიალდა
თავის ტივტივა სარტყელში, ლამის საჭმლის მოტანა ებრძანებინა. მაგრამ აქ მის ბრძანებას
არავინ დაემორჩილებოდა.

– როგორ გგონია, ვინ შეიძლება იყოს ეს მუად’დიბი? – ჰკითხა იმპერატორმა.

– ნამდვილად ვინმე უმაა, – მიუგო ბარონმა, – ფრემენი ფანატიკოსი, რელიგიური


ავანტიურისტი. ეგეთები ყოველთვის აღმოცენდებიან ხოლმე ცივილიზაციის მიყრუებულ
კუნჭულებში. თქვენს უდიდებულესობას ეს თავადაც მოეხსენება.

იმპერატორმა თავის მართლისმცნობს შეხედა, მერე წარბშეკრული ისევ ბარონს მობრუნდა.

– და ამ მუად’დიბზე მეტი არაფერი იცი?

– ვიღაც გიჟია, – მიუგო ბარონმა, – მაგრამ ყველა ფრემენი ცოტას წაუგიჟებს.

– გიჟი?

– ფრემენები მის სახელს გაიძახიან, ბრძოლაში სანამ გადაეშვებიან. ქალები თავიანთ ჩვილებს
გვესვრიან და თავად ჩვენს ხმლებს ზედ ეგებიან, თავიანთ კაცებს შეტევისთვის გზა რომ
გაუხსნან. არანაირი... წესი და რიგი არ გააჩნიათ!

– რა საშინელებაა, – ჩაიბუტბუტა იმპერატორმა და ბარონს არ გამოჰპარვია მისი დამცინავი


კილო, – მითხარი, ძვირფასო ბარონო, არაკისის სამხრეთ პოლუსის რეგიონები თუ
გამოგიკვლევია?

ბარონმა იმპერატორს ახედა; თემის შეცვლამ გააოცა.

– მაგრამ... ხომ იცით, სირ, მთელი ის მხარე დაუსახლებელია, გრიგალებისა და მატლების


სათარეშოდაა ქცეული. იმ განედებზე სუნელიც კი არ მოიპოვება.

– სუნელის ლიხტერებისგან არ მიგიღიათ პატაკები, რომ იქ მწვანე საფარი მოჩანდა?

– ამგვარი პატაკები ყოველთვის იყო ხოლმე. ზოგიერთი მათგანი შემოწმდა – დიდი ხნის წინ.
ერთი-ორი მცენარე კი ნახეს. ბევრი ტოპტერი დაიკარგა. ძალიან ძვირი ჯდება, სირ. იმ
ადგილებში ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობს.

– მაშ, ასეა, – წარმოთქვა იმპერატორმა. თითები გაატკაცუნა და მის მარცხნივ, ტახტის უკან
კარი გაიღო. შემოვიდა ორი სარდაუკარი, შუაში ჩაეყენებინათ პატარა გოგონა, ოთხი წლისას
რომ ჰგავდა. გოგოს შავი აბა ეცვა, კაპიუშონი მოეხადა და ყელთან ჩამოკონწიალებული
სარწყულის ნაწილები მოუჩანდა. სათუთი, მრგვალი სახიდან ფრემენის ლურჯი თვალები
იცქირებოდნენ. სრულიად არ ეტყობოდა შიში. მისმა გამოხედვამ კი ბარონი ააფორიაქა –
ოღონდ ვერ გაეგო, რატომ.

ბენე გესერიტმა მართლისმცნობმაც კი უკან დაიხია და ბავშვის მხარეს ხელით დამცავი


ნიშანი გამოსახა. თვალნათლივ ეტყობოდა, როგორ გააოგნა ბებერი ალქაჯი ბავშვის
გამოჩენამ.

იმპერატორმა ხმა ჩაიწმინდა, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ ბავშვმა დაასწრო – წკრიალა ხმით,
რომელშიც ჯერ კიდევ ერეოდა რბილი სასის გამო მოჩლექილი ბგერები, ეს თქვა:
– აი, ისიც აქ ყოფილა, – წინ წამოვიდა, შემაღლების კიდისკენ, – არ ისე დიდი ვინმე ჩანს, არა?
ერთი დამფრთხალი ბერიკაცია, რომელსაც იმის ძალაც არ მოსდევს, საკუთარი წონა
ტივტივების გარეშე ათრიოს.

ბავშვის ბაგეთაგან ამის გაგონება ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ბარონს ენა ჩაუვარდა,
თუმცა კი ბრაზით დუღდა, და გოგონას მიაჩერდა. „ქონდრისქალია?“ ჰკითხა საკუთარ თავს.

– ძვირფასო ბარონო, – მიმართა იმპერატორმა, – გაიცანი მუად’დიბის და.

– და... – ბარონმა მზერა ახლა იმპერატორს მიაპყრო, – არ მესმის.

– ზოგჯერ მეც კი გამოვიჩენ ხოლმე გადამეტებულ სიფრთხილეს, – უთხრა იმპერატორმა, – მე


მომახსენეს, რომ იმ შენს დაუსახლებელ სამხრეთ პოლარულ რეგიონებში ადამიანის
საქმიანობის ნიშნები ჩანს.

– ეს შეუძლებელია! – შეედავა ბარონი, – მატლები... ქვიშა... შიშველი უდაბნოა, სადამდეც კი...

– ამ ხალხმა, როგორც ჩანს, ისწავლა, როგორ დაიცვას თავი მატლებისგან, – თქვა იმპერატორმა.

ბავშვი ტახტის გვერდით შემაღლებაზე დაჯდა, ფეხები კიდეზე გადმოკიდა და ააქანავა. მან
ოთახს მოავლო მზერა, რომელშიც უჩვეულოდ მტკიცე თავდაჯერება იგრძნობოდა.

ბარონი აქანავებულ ფეხს მიაჩერდა, მათგან აფრიალებულ შავ კაბას, ქსოვილის ქვეშ –
სანდლებს.

– საუბედუროდ, – უთხრა იმპერატორმა, – პირადი შემადგენლობა მხოლოდ ხუთი


გადამყვანით გავგზავნე, მსუბუქი შემტევი ტექნიკით, რათა მათ დასაკითხად ტყვეები
აეყვანათ. სამი ტყვედ აყვანილი ფრემენითა და ერთი გადამყვანით ძლივს გამოვაღწიეთ უკან.
არ დაგავიწყდეს, ბარონო, ჩემს სარდაუკარებს კინაღამ მოერია ქალების, ბავშვებისა და
ბერიკაცებისგან შემდგარი რაზმი. ეს ბავშვი ერთ-ერთ შემტევ ჯგუფს მეთაურობდა.

– ხომ ხედავთ, სირ! – ჩაურთო ბარონმა, – ხომ ხედავთ, რაც არიან!

– მე ძალით ჩავვარდი ტყვედ, – თქვა ბავშვმა, – არ მინდოდა, ჩემს ძმას შევხვედროდი და


მეთქვა, რომ მისი შვილი მოკლეს.

– ჩვენებიდან სულ რამდენიმემ გამოასწრო, – თქვა იმპერატორმა, – გამოასწრო! გესმის ეს?

– იმათაც მოვუვლიდით, – თქვა ბავშვმა, – ცეცხლი რომ არა.

– ჩემმა სარდაუკარებმა გადამყვანი ხომალდის ამძრავი რეაქტიული ძრავები


ცეცხლმტყორცნებად გამოიყენეს, – თქვა იმპერატორმა, – სასოწარკვეთით ნაკარნახევი
ქმედებაა და თან – ერთადერთი გზა,

რითაც გამოღწევა და ტყვეების წამოყვანა შეძლეს. დააკვირდი, ძვირფასო ბარონო:


სარდაუკარები კუდამოძუებულები გამოაქციეს ქალებმა, ბავშვებმა და ბერიკაცებმა!

– მთელი სამხედრო ძალით უნდა შევუტიოთ, – დაიხრიალა ბარონმა, – დედაწულიანად უნდა


აღვგავოთ პირისაგან მიწის...
– ხმა ჩაიგდე! – დაიგრგვინა იმპერატორმა და ტახტზე წინ წამოიხარა, – ჩემს გონებრივ
შესაძლებლობებს ასე აბუჩად ნუღარ იგდებ! დგახარ აქ, უცოდველი მიამიტობით და...

– სირ, – მიმართა ბებერმა მართლისმცნობმა.

იმპერატორმა ხელი გაუქნია, გაჩუმდიო.

– ამბობ, რომ არაფერი იცოდი ადამიანების იმ კვალზე, ჩვენ რომ ვნახეთ, არც ამ დიდებული
ხალხის საბრძოლო უნარზე! – იმპერატორმა ტახტიდან სანახევროდ წამოიწია, – ვინ
გგონივარ, ბარონო?

ბარონმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, თან ფიქრობდა: „რაბანის ბრალია. ეს მან მიქნა. რაბანმა...“

– ან ეს ვითომ-უთანხმოება ჰერცოგ ლეტოსთან! – ჩაიკრუტუნა იმპერატორმა და ისევ ტახტში


ჩაეშვა, – რა დიდებულად მოაწყვე.

– სირ, – შეევედრა ბარონი, – რა გგონიათ...

– ხმა ჩაიგდე!

ბებერმა ბენე გესერიტმა იმპერატორს მხარზე დაადო ხელი, დაიხარა და ყურში რაღაც
ჩასჩურჩულა.

შემაღლებაზე მჯდომმა ბავშვმა ფეხების ქნევა შეწყვიტა და თქვა:

– კიდევ შეაშინე, რა, შადამ. კი არ უნდა მიხაროდეს, მაგრამ ისე მსიამოვნებს, ვერ ვითმენ.

– წყნარად, ბავშვო, – იმპერატორი წინ გადაიხარა, გოგონას თავზე დაადო ხელი და ბარონს
მიაჩერდა: – განა ეს შესაძლებელია, ბარონო? მართლა ისეთი უტვინო ხარ, როგორც ჩემს
მართლისმცნობს ჰგონია? მართლა ვერ ცნობ ამ ბავშვს, შენი მოკავშირის, ჰერცოგ ლეტოს,
შვილს?

– მამაჩემი მაგის მოკავშირე არასოდეს ყოფილა, – თქვა ბავშვმა, – მამაჩემი მოკვდა, ამ ჰარკონენ
მხეცს კი ადრე არასოდეს ვუნახივარ.

ბარონი მხოლოდ ჩლუნგი მზერით მიშტერებოდა და ვერაფერს ამბობდა. ხმის ამოღება რომ
შეძლო, ესღა ამოიხრიალა:

– ვის?

– მე ალია ვარ, ჰერცოგ ლეტოს და ლედი ჯესიკას შვილი, ჰერცოგ პოლ მუად’დიბის და, – თქვა
ბავშვმა. შემაღლებას ბიძგით მოსცილდა და მისაღები პალატის იატაკზე ჩამოხტა, – ჩემმა ძმამ
აღთქმა დადო, რომ შენს თავს საბრძოლო დროშის ტარზე დააგებდა და, მგონია, იზამს კიდეც.

– გაჩუმდი, ბავშვო, – უთხრა იმპერატორმა და ისევ ჩაეფლო სავარძელში, ნიკაპით ხელს


დაეყრდნო და ბარონს მიაჩერდა.

– იმპერატორის ბრძანებებს არ ვემორჩილები, – თქვა ალიამ. მერე მიბრუნდა და ბებერ ღირს


დედას ახედა, – ამან იცის.

იმპერატორმა თავის მართლისმცნობს ახედა.


– რას გულისხმობს?

– ეს ბავშვი საზიზღრობაა, – თქვა ბებრუხუნამ, – დედამისი ისეთ სასჯელს იმსახურებს, ჯერ


რომ არავის რგებია წილად. სიკვდილი? ამ ბავშვს და მის ამქვეყნად მომვლინებელს ის დიდი
ხნის წინ უნდა სწვეოდა! – დედაბერმა თითი მიაშვირა ალიას, – გაეთრიე ჩემი გონებიდან!

– ტელეპათია? – დაიჩურჩულა იმპერატორმა და ალიას მიაჩერდა, – დიდი დედის სახელით!

– ვერ მიხვდით, სირ, – უთხრა მოხუცმა, – ეს ტელეპათია არაა. ეგ ბავშვი ჩემს გონებაში ზის.
ჩემი წინამორბედების მსგავსად, რომლებმაც თავიანთი მეხსიერება გადმომცეს. ის ჩემს
გონებაშია! წესით, ვერ უნდა იყოს, მაგრამ არის!

– ვინ სხვების? – ჰკითხა იმპერატორმა, – რა უაზრობებს ლაპარაკობ?

დედაბერი გაიმართა და წინ გაშვერილი ხელი დაუშვა.

– ზედმეტები ვთქვი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ეს ბავშვი, რომელიც ბავშვი არ არის, უნდა
განადგურდეს. დიდი ხანია, გვაფრთხილებდნენ ასეთი ვინმეს გამოჩენის შესაძლებლობაზე
და გვასწავლიდნენ, თავიდან როგორ აგვეცილებინა ასეთი ბავშვის შობა, მაგრამ ერთ-ერთმა
ჩვენიანმა გვიღალატა.

– რას ბჟუტურებ, ბებერო, – უთხრა ალიამ, – არც კი იცი, რა და როგორ მოხდა. არადა, მოგიღია
პირი და ბეცი რეგვენივით ყბედობ, – ალიამ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და სუნთქვა
შეიკავა.

ბებერმა ღირსმა დედამ დაიგმინა და წაბარბაცდა.

ალიამ თვალები გაახილა.

– აი, როგორ მოხდა, – თქვა მან, – კოსმოსური შემთხვევითობა... და ამაში შენც შენი როლი
ითამაშე.

ღირსმა დედამ ორივე ხელი წინ გაიშვირა და ხელისგულებით მიდენა ჰაერი ალიასკენ.

– რა ხდება აქ? – იკითხა იმპერატორმა, – ბავშვო, მართლა შეგიძლია, შენი აზრები სხვის
გონებაში ჩანერგო?

– ეგრე სულაც არაა, – უთხრა ალიამ, – თუ შენსავით არ დავბადებულვარ, შენსავით ვერ


ვიფიქრებ.

– მოკალით, – ჩაილუღლუღა დედაბერმა და თავის შესამაგრებლად ტახტის საზურგეს


ჩაეჭიდა, – მოკალი! – ჩაცვენილი ბებრული თვალებით ალიას მიშტერებოდა.

– ჩუმად! – უბრძანა იმპერატორმა და ალია აათვალიერა, – ბავშვო, შენს ძმასთან დაკავშირება


შეგიძლია?

– ჩემმა ძმამ იცის, რომ აქ ვარ, – უთხრა ალიამ.

– შეგიძლია, უთხრა, რომ დამნებდეს, შენი სიცოცხლის სანაცვლოდ?

ალიამ ყოვლად უცოდველი ღიმილით შესცინა.


– არ ვიზამ მაგას, – უთხრა მან.

ბარონი წინ წამობარბაცდა და ალიას დაუდგა გვერდით.

– სირ, – მიმართა ვედრებით, – მე არაფერი ვიცოდი...

– ერთხელაც ჩამეჩრები, ბარონ, – უთხრა იმპერატორმა, – და ჩარევის უნარს დაკარგავ კიდეც...


სამუდამოდ, – ალიას თვალს არ აცილებდა, მოჭუტული ქუთუთოების მიღმიდან
აკვირდებოდა, – მაშ, არ იზამ, ჰა? შეგიძლია, ამოიკითხო ჩემი ფიქრები, რას ვიზამ, თუ არ
დამემორჩილები?

– უკვე გითხარი, ფიქრებს არ ვკითხულობ-მეთქი, – უთხრა მან, – მაგრამ ტელეპათია საჭირო


არაა, რომ მიხვდე, რას აპირებ.

იმპერატორი მოიღუშა.

– ბავშვო, შენი საქმე წასულია. კმარა, უნდა დავრაზმო ჩემი ჯარები და ეს პლანეტა მტვრად...

– ეგრე იოლიც არაა, – უთხრა ალიამ და ორ გილდიელს გადახედა, – იმათ ჰკითხე.

– ჭკვიანური საქციელი არაა, ჩემს სურვილებს ეურჩო, – უთხრა იმპერატორმა, – ასეთ მცირე
რამეზე უარი არ უნდა მითხრა.

– აწ კი მოვალს ჩემი ძმა, – თქვა ალიამ, – დაე, თავად იმპერატორი ძრწოდეს მუად’დიბის
წინაშე, რამეთუ ახლავს მას სიმართლის ძალა და ზეცა უღიმის მაღლით.

იმპერატორი ზეზე წამოიჭრა.

– ეს თამაში ძალიან გაგვიგრძელდა. ხელში ჩავიგდებ შენს ძმას, ამ პლანეტასაც დავიპყრობ და


ორივეს მტვრად...

მათ გარშემო ოთახი აგუგუნდა და აზანზარდა. ტახტის უკნიდან, იქ, სადაც იმპერატორის
ხომალდი ბანაკის კედელს უერთდებოდა, უცებ ქვიშა ჩამოშვავდა. იქ მყოფთ კანი ოდნავ
ჩხვლეტია შეხებამ დაუძაბა – ამან მათ ფართო არეალის ფარის გააქტიურება აუწყა.

– ხომ გითხარი, – მიმართა ალიამ, – ჩემი ძმა მოდის.

იმპერატორი ტახტის წინ იდგა, ხელი მარჯვენა ყურზე მიეჭირა და სერვოგადამცემს უსმენდა,
რომელშიც სწრაფი რატრატით მოახსენებდნენ საქმის ვითარებას. ბარონმა ორი ნაბიჯი
გადადგა და ალიას ზურგსუკან მოექცა. სარდაუკარები სწრაფად იკავებდნენ პოზიციებს
კართან.

– კოსმოსში დავიხევთ უკან და გადავეწყობით, – თქვა იმპერატორმა, – ბარონო, ბოდიში


მომიხსენებია. ეს შეშლილები მართლაც ქარიშხალს ამოფარებულები გვიტევენ. ჰოდა, მაშინ
ვუჩვენებთ მაგათ, რას ნიშნავს იმპერატორის რისხვა, – ალიას მიაშვირა თითი, – ეს კი
გრიგალში გასვით.

ამის გაგონებაზე ყასიდად დამფრთხალი ალია უკან-უკან გაიქცა.

– დაე, გრიგალს ის დარჩეს, რასაც მოერევა! – იკივლა და პირდაპირ ბარონს ჩაუვარდა


მკლავებში.
– დავიჭირე, სირ! – იყვირა ბარონმა, – ახლა ვის გადავცე-ე-ე-ე-ე-ე! – გოგო ხელიდან გააგდო და
თავის მარცხენა მკლავს ჩაებღაუჭა.

– ბოდიში, ბაბუა, – უთხრა ალიამ, – შენ ატრეიდესების გომ ჯაბარს გადაეყარე, – ფეხზე
წამოდგა და ხელიდან მუქი ნემსი გააგდო.

ბარონი უკან გადაქანდა. გადმოქაჩული თვალებით დააჩერდა მარცხენა ხელისგულზე წითელ


ნაკაწრს.

– შენ... შენ... – გვერდზე გადაბრუნდა თავის ტივტივებზე, მისი მომჩვარული ზონზროხა


სხეული მიწიდან რამდენიმე გოჯის აცილებით გაჩერდა, თავი გადაგდებული დარჩა, პირი –
დაღებული.

– ეს ხალხი მართლა შეშლილია, – დაიღრინა იმპერატორმა, – სწრაფად! ხომალდში! ამ


პლანეტას გავწმენდთ უკანასკნელი...

მის მარცხნივ რაღაცამ იელვა. იქ კედლიდან ასხლტა სფერული ელვა, ლითონის იატაკს შეეხო
და გაიტკაცუნა. სელამლიკს დამწვარი იზოლაციის სუნი მოედო.

– ფარი! – იღრიალა ერთ-ერთმა სარდაუკარმა, – გარე ფარი მოხსნილია! ისინი... მისი ხმა
ლითონის გრგვინვამ გადაფარა – იმპერატორის უკან ხომალდის კედელი აზანზარდა და
შეირყა.

– ჩვენს ხომალდს ყუმბარით ცხვირი მოაგლიჯეს! – დაიძახა ვიღაცამ.

ოთახში მტვერი აიგრაგნა. ალიამ მტვერი იფარა, მაღლა ახტა და გარეთ გამავალი კარისკენ
გაიქცა.

იმპერატორი შებრუნდა, თავისიანებს ხელის გაქნევით ანიშნა, სათადარიგო კარისკენ


წასულიყვნენ, რომელიც ტახტის უკან, ხომალდის კედელში იყო დატანებული და ახლა
მოფრიალებული იდგა. ჟესტით მოუხმო მტვრის ბუღში გამომხტარ სარდაუკარ ოფიცერს.

– აქ გავმაგრდებით! – ბრძანა იმპერატორმა.

ბანაკი მორიგმა დარტყმამ შეაზანზარა. ქარისგან ატაცებული ქვიშის, ყვირილისა და ძახილის


ალიაქოთში პალატის მეორე ბოლოს ორსაგდულიანი კარი გამოფრიალდა. სინათლის ფონზე
წამით გამოიკვეთა პატარა შავმოსასხამიანი ფიგურა – ეს ალია გაიჭრა გარეთ, რათა მახვილი
ეპოვა და, როგორც ამას მისი ფრემენული აღზრდა მოითხოვდა, ჰარკონენები და დაჭრილი
სარდაუკარები დაეხოცა. სასახლის სარდაუკარები მომწვანო-ყვითელ ბუღში ღიობისკენ
გაიჭრნენ, იარაღები მომარჯვებული ეჭირათ. კართან რკალად განლაგდნენ, უკანდახეული
იმპერატორი რომ დაეცვათ.

– თავს უშველეთ, სირ! – იყვირა სარდაუკარმა ოფიცერმა, – ხომალდზე ადით!

მაგრამ იმპერატორი ახლა თავის შემაღლებაზე მარტო იდგა და მათ კარისკენ მიუთითებდა.
იქ ბანაკის ლითონის კედლიდან ორმოცმეტრიანი ნაწილი აგლეჯილიყო და ახლა
სელამლიკის კარები ჰაერში მორიალე ქვიშისკენ იღებოდა. გარესამყარო მტვრის ჯანღში
გახვეულიყო, გაბუნდოვანებული შორეთიდან ისევ მტვერი მოქროდა. ამ ჩამოწოლილ
ღრუბელში სტატიკურ ელექტრობას ტკაცუნი გაუდიოდა და გრიგალის მუხტით
დამოკლებული და გათიშული ფარების ნაპერწკლები მოჩანდა. მთელ ველს ბრძოლაში
ჩაბმული ფიგურები ავსებდა – სარდაუკარები და ბზრიალით ჩამომხტარი მოსასხამიანი
მებრძოლები, რომლებიც თითქოს ქარიშხლიდან წვიმდნენ.

და ყოველივე ეს თითქოს ჩარჩოდ შემოვლებოდა იმას, რაზეც იმპერატორის გაშვერილი ხელი


მიუთითებდა.

ქვიშის ბუღიდან მოელვარე სხეულების მწყობრი მასა გამოიგრაგნა – ვეება აღმავალი


მრუდები, მათზე შემოყოლებული ბროლის ეშვები ქვიშის მატლების დაფჩენილ ხახებად
იქცა, ერთმანეთზე მიწყობილნი, ერთიან კედლად მოტორტმანებდა, და ყოველ მატლს
ზურგზე შეტევაზე წამოსული ფრემენების რაზმი ესხდა. მოსისინე სოლად მოიწევდნენ წინ,
ქარში ფრიალებდა მოსასხამები; ველზე გაჩაღებულ ხელჩართულ ბრძოლაში ისე
მოცურავდნენ, როგორც ტალღებში.

პირდაპირ იმპერატორის ბანაკისკენ მოიწევდნენ, სასახლის სარდაუკარები კი ცხოვრებაში


პირველად, სარდაუკართა ლაშქრის ისტორიაში პირველად, გაოგნებულები იდგნენ და
მისჩერებოდნენ წარმოუდგენელ შემოტევას, რომლის აღქმას და აღიარებას მათი გონება ვერ
შეჰგუებოდა.

მაგრამ მატლების ზურგებიდან ჩამომხტარი არსებები ადამიანები იყვნენ, იმ


ავისმომასწავებელ ყვითელ შუქზე აელვარებული ხმლები კი ის იარაღი იყო, რომელსაც
სარდაუკარები კარგად იცნობდნენ და რომელთან საბრძოლველადაც იწვრთნებოდნენ. ისინი
ბრძოლაში გადაეშვნენ. და ველზე მებრძოლი მებრძოლს შეერკინა, ხოლო რჩეულმა
სარდაუკარმა მცველებმა იმპერატორი ისევ ხომალდში შეიყვანეს, კარი დაუგმანეს და
მოემზადნენ, დახოცილიყვნენ, როგორც მისი ცოცხალი ფარის ნაწილი.

ხომალდში ჩამოწოლილი შედარებითი სიჩუმით დარეტიანებული იმპერატორი თავისი


ამალის თვალებდაჭყეტილ სახეებს შეჰყურებდა და ხედავდა: მის უფროს ასულს სახე
დაძაბულობით წამოსწითლებოდა, ბებერი მართლისმცნობი შავ მოჩვენებასავით იდგა და
სახის გარშემო კაპიუშონი შემოვლებოდა... ბოლოს და ბოლოს, იპოვა ის სახეები, რომლებსაც
ეძებდა – ორი გილდიელი. მათ გილდიის ნაცრისფერი სადა სამოსი ეცვათ, რომელიც თითქოს
ეხამებოდა იმ სიმშვიდეს, გარშემო აბობოქრებული ემოციების მიუხედავად რომ
ინარჩუნებდნენ.

მაგრამ მათგან უფრო მაღალს ხელი თვალზე ჰქონდა აფარებული. იმპერატორის თვალწინ
გილდიელს

ვიღაც მკლავზე წამოედო, იმას ხელი შეუხტა და თვალი გამოუჩნდა. თურმე შემნიღბავი
კონტაქტური ლინზა დაჰკარგვოდა და ახლა სრულიად ლურჯი, ლამის სიშავემდე მუქი
თვალით იცქირებოდა.

მათგან უფრო დაბალმა მუჯლუგუნებით გამოიკვლია გზა, იმპერატორის სიახლოვეს დადგა


და თქვა:

– ჩვენ არ ვიცით, რა და როგორ მოხდება.

მისმა მაღალმა ამხანაგმა კი, ხელი ისევ თვალზე რომ მიედო, ცივი ხმით დაუმატა:
– მაგრამ ეს ვერც მუად’დიბს ეცოდინება.

ამ სიტყვებით მოგვრილმა შოკმა იმპერატორი გაოგნებისგან გამოაფხიზლა. ჩანდა, რა


გაჭირვებით შეიკავა თავი, აგდებით არ გამოპასუხებოდა, რადგან ნათელხილვის უნარი
სულაც არ სჭირდებოდა იმას, რომ გარეთ, ველზე გაჩაღებული ბრძოლის უახლოესი
მომავალი დაგენახა. „ნუთუ ეს ორი ისეა დამოკიდებული თავის უნარზე, რომ დაავიწყდათ,
როგორ უნდა საკუთარი თვალებისა და გონების გამოყენება?“ გაიფიქრა იმპერატორმა.

– ღირსო დედაო, – მიმართა თავის მართლისმცნობს, – გეგმა უნდა შევიმუშაოთ.

იმან სახიდან კაპიუშონი გადაიწია და იმპერატორს თვალი გაუსწორა. ამ ორმხრივ მზერას


სრული ურთიერთგაგება ახლდა. მათ ერთადერთი იარაღი დარჩენოდათ და ორივემ იცოდა,
რა იყო ეს – ღალატი.

– მოუხმე გრაფ ფენრინგს მისი ოთახებიდან, – უთხრა ღირსმა დედამ.

ფადიშაჰ-იმპერატორმა თავი დაუქნია და ერთ-ერთ თანაშემწეს ხელით ანიშნა, ეს ბრძანება


შეესრულებინა.

11* * *
იგი იყო მეომარი და მისტიკოსი, ეშმა და წმინდანი, ცბიერი და მიამიტი, რაინდული და
უმოწყალო, ღმერთზე ნაკლები, კაცზე მეტი. მუად’დიბის მოტივებს ჩვეულებრივი საზომით
ვერ განსაზღვრავ. თავისი ტრიუმფის წამს მან დაინახა მისთვის გამზადებული სიკვდილი,
მაგრამ მიიღო ეს ღალატი. იქნებ თქვათ, რომ იგი ასე სამართლიანობის გრძნობის გამო
მოიქცა? მაგრამ ვისი სამართლიანობის გამო? გაიხსენეთ, რომ ეს ის მუად’დიბია, რომელიც
ბრძანებდა, მისი მტრის ტყავით საბრძოლო დოლები დაემზადებინათ, მუად’დიბი,
რომელმაც თავისი საჰერცოგო წარსულის პირობითობები ხელის ერთი გაქნევით უარყო და,
უბრალოდ, თქვა: „მე კვიზაც ჰადერაქი ვარ. მიზეზად ესეც კმარა“.

პრინცესა ირულანის წიგნიდან „არაკისის გამოღვიძება“

გამარჯვების დღის ბოლოს პოლ-მუად’დიბი არაკენის გუბერნატორის სასახლეში მიაბრძანეს,


სწორედ იმ რეზიდენციაში, რომელშიც დიუნზე ახალჩამოსული ატრეიდესები შესახლდნენ.
შენობა რაბანს შეეკეთებინა და ისევე დაუზიანებლად იდგა, თუმცა ქალაქის მცხოვრებლებს
გაეძარცვათ. მთავარ დარბაზში გადაყირავებული და დალეწილი ავეჯეულობა ეყარა.

პოლი შენობაში სადარბაზო კარიდან შევიდა. გურნი ჰალეკი და სტილგარი ერთი ნაბიჯით
უკან მისდევდნენ. მათი ესკორტი დიდ დარბაზში გაიშალა, იქაურობას აწესრიგებდნენ და
მუად’დიბს გზას უწმენდდნენ. ერთი ათეული ამოწმებდა, სახლში რამე ეშმაკური მახე არ
ყოფილიყო მოწყობილი.

– მახსოვს ის დღე, მე და მამაშენი პირველად რომ შემოვედით აქ, – უთხრა გურნიმ. ჭერის
კოჭებს და მაღალ, ვიწრო ფანჯრებს ახედა, – აქაურობა არც მაშინ მომეწონა და ახლა უფრო
ნაკლებად მომდის თვალში. ჩვენი რომელიმე გამოქვაბული უფრო საიმედო იქნებოდა.
– ნამდვილი ფრემენის სიტყვებია, – თქვა სტილგარმა და შენიშნა, მის სიტყვებზე მუად’დიბის
ბაგეს ცივი ღიმილი რომ დაეტყო, – ხომ არ გადაიფიქრებ, მუად’დიბ?

– ეს ადგილი სიმბოლოა, – თქვა პოლმა, – აქ რაბანი ცხოვრობდა. აქ შემოსახლებით ყველას


გასაგებად ვაცხადებ, რომ გავიმარჯვე. შენობაში ხალხი დაგზავნე. ხელი არაფერს ახლონ.
უბრალოდ, დავრწმუნდეთ, რომ ჰარკონენების არც ხალხი, არც სათამაშოები აქ აღარ დარჩა.

– როგორც ბრძანებ, – უთხრა სტილგარმა და ბრძანების შესასრულებლად შებრუნდა, თუმცა


მის ხმაში აშკარად უკმაყოფილება ისმოდა.

ოთახში გაჩქარებით შემოვიდნენ მესიგნალეები. აპარატურა შემოზიდეს და დიდი ბუხრის


მახლობლად მათ აწყობას შეუდგნენ. ფრემენი მცველები, რომლებიც გადარჩენილი
ფედაიკინების რიგებს აძლიერებდნენ, კედლების გასწვრივ განლაგდნენ. ერთმანეთში
უკმაყოფილოდ ბუზღუნებდნენ, ეჭვით სავსე მზერით ათვალიერებდნენ იქაურობას – ეს
სასახლე მეტისმეტად დიდხანს იყო მტრის სახლი და ახლა მასში თავს უზრუნველად ვერ
გრძნობდნენ.

– გურნი, ესკორტმა დედაჩემი და ჩანი შემოაცილოს, – თქვა პოლმა, – ჩანიმ უკვე გაიგო ჩვენი
შვილის ამბავი?

– წერილი გაგზავნეს, მილორდ.

– მოქმედები აუზიდან უკვე გაიყვანეს?

– დიახ, მილორდ. გრიგალი თითქმის ჩადგა.

– გრიგალისგან მიყენებული ზიანი როგორია? – ჰკითხა პოლმა.

– უშუალოდ მის გზაზე – აეროდრომისა და ველის სუნელის საწყობების გასწვრივ – ზიანი


დიდია, – მიუგო გურნიმ, – იმდენივეა, რამდენიც ბრძოლისგან.

– ალბათ, ისეთი არაფერია, ფულმა რომ ვერ აღადგინოს, – თქვა პოლმა.

– სიცოცხლეთა გარდა, ჰო, მილორდ, – უპასუხა გურნიმ. მის ხმაში ისმოდა კიცხვა, თითქოს
ამბობდა: „როდის იყო, რომ ატრეიდესები უპირველესად ნივთებზე ფიქრობდნენ, როცა
ხალხის სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი?“

მაგრამ პოლს მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა თავის შინაგან ხედვაზე, იმ ღიობებზე,
რომლებიც მის წინ აღმართულ დროის კედელში გახსნილი მოჩანდა. ყოველი ღიობიდან
მომავლის დერეფნებში ბობოქარი ჯიჰადი მიიგრაგნებოდა.

მან ამოიოხრა, დარბაზი გადაჭრა და კართან მიმდგარი სავარძელი დაინახა. ის ოდესღაც


სასადილო დარბაზში იდგა და, შესაძლოა, ოდესღაც მასზე მამამისიც კი ჯდებოდა. ოღონდ ამ
წამს ეს იყო უბრალო ნივთი, რომელზედაც შეიძლებოდა, ჩამოესვენა და თავისი
დაქანცულობა ჯარისკაცებისგან დაემალა. დაჯდა, ფეხებზე მოსასხამი შემოიხვია და ყელთან
სარწყული შეიხსნა.

– იმპერატორი ჯერ კიდევ თავისი ხომალდის ნარჩენებშია გამომწყვდეული, – უთხრა გურნიმ.

– ჯერჯერობით იქვე გყავდეს, – გაეპასუხა პოლი, – ჰარკონენები უკვე იპოვეს?


– დახოცილებს ჯერ კიდევ ათვალიერებენ.

– ხომალდებიდან რა პასუხია? – ჭერისკენ აიშვირა ნიკაპი.

– პასუხი ჯერ არაა, მილორდ.

პოლმა ამოიოხრა, სკამის საზურგეს გადააწვა და თქვა:

– რომელიმე ტყვე სარდაუკარი მომიყვანე. ჩვენს იმპერატორს წერილი უნდა გავუგზავნოთ,


დროა, პირობებზე შევთანხმდეთ.

– დიახ, მილორდ.

გურნი შეტრიალდა და ხელის ჩაქნევით ნიშანი მისცა ერთ-ერთ ფედაიკინს, რომელიც პოლს
ახლო დისტანციაზე დაუდგა მცველად.

– გურნი, – დაიჩურჩულა პოლმა, – მას მერე, რაც ხელახლა შევხვდით ერთმანეთს, ჯერაც არ
გამიგონია შენგან გარემოების შესაფერისი ციტატა, – ის გურნის მიუტრიალდა, დაინახა,
როგორ გადაყლაპა იმან ნერწყვი და, უეცრად მოღუშულს, როგორ დაეძაგრა ყბები.

– როგორც ინებებ, მილორდ, – უთხრა, ყელი ჩაიწმინდა და ხრინწიანი ხმით წარმოთქვა: – „და
შეექმნა სიხარული იგი მის დღედ გლოვისად და ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას,
ვითარმედ ტირს და იგლოვს მეფე ძისა თვისისათვის“.

პოლმა თვალები დახუჭა, მწუხარება და ვარამი გონებიდან გამოაძევა, გადადო, როგორც


ოდესღაც მამის გლოვა გადადო სამერმისოდ. ახლა ფიქრი მიაპყრო იმდღევანდელ დაგროვილ
აღმოჩენებს: ერთმანეთში არეულ მომავლებს და მის ცნობიერებაში ალიას ფარულ ყოფნას.

დროის ჭვრეტის ხერხთა შორის ეს ყველაზე საოცარი ეჩვენებოდა. „მე წინ გადავეღობე
მომავალს, რათა ჩემი სიტყვები იქ მომეთავსებინა, სადაც მათ მხოლოდ შენ მოისმენდი“,
უთხრა ალიამ, „ამის გაკეთება შენც კი არ შეგიძლია, ძმაო. ძალიან საინტერესო თამაშად
მომეჩვენა. და... ჰო, მართლა: ბაბუაჩვენი მოვკალი, ჭკუაზე შეშლილი ბებერი ბარონი.
ტკივილი თითქმის არ უგრძნია“.

სიჩუმე. პოლის დროის გრძნობამ დაინახა, როგორ დაშორდა ალია.

– მუად’დიბ.

პოლმა თვალები გაახილა და დაინახა, რომ სტილგარის შავწვერა სახება დასდგომოდა თავს,
მუქ თვალებში ბრძოლის ცეცხლი უკვესავდა.

– ბებერი ბარონის გვამი იპოვე, – უთხრა პოლმა.

სტილგარს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა.

– საიდან გაიგე? – დაიჩურჩულა მერე, – გვამი ახლახან ვიპოვეთ ლითონის იმ დიდ გროვაში,
იმპერატორმა რომ ააგო.

პოლს პასუხი არ გაუცია, უყურებდა, როგორ დაბრუნდა გურნი, მას მოჰყვებოდა ორი
ფრემენი, რომლებსაც შუაში ტყვე სარდაუკარი ჩაეყენებინათ.
– აი, ერთი მათგანი, მილორდ, – უთხრა გურნიმ. მან მცველებს ანიშნა, ტყვე პოლიდან ხუთი
ნაბიჯის მოშორებით შეეჩერებინათ.

პოლმა შენიშნა, სარდაუკარს მზერა რომ გაჰყინვოდა – გადატანილი ელდისგან ჯერ კიდევ
ვერ გამორკვეულიყო. ცხვირის კეხიდან პირის კუთხემდე ლურჯი სისხლჩაქცევა მოუჩანდა.
ქერა იყო, ქვისგან გამოთლილი ნაკვთები ჰქონდა – იმ მოდგმისა გახლდათ, რომლის
შესახედაობაც თითქმის პირდაპირ მიუთითებდა სარდაუკარების ოფიცრის რანგზე; თუმცა
დაგლეჯილ ფორმაზე რანგის აღმნიშვნველი ნიშნები არ მოუჩანდა, თუ იმპერატორისგერბიან
ოქროს ღილებს და შარვალზე ჩამოგლეჯილ ზორტს არ ჩათვლიდით.

– მგონი, ეს ოფიცერი უნდა იყოს, მილორდ, – უთხრა გურნიმ.

პოლმა თავი დაუქნია და მიმართა:

– მე ჰერცოგი პოლ ატრეიდესი ვარ. გესმის, რას ნიშნავს ეს?

მებრძოლი უძრავი სახით შესცქეროდა.

– ხმა ამოიღე, – უთხრა პოლმა, – თორემ შენი იმპერატორი შეიძლება მოკვდეს.

კაცმა თვალები დაახამხამა და ნერწყვი გადაყლაპა.

– ვინ ვარ? – პასუხი მოსთხოვა პოლმა.

– შენ ხარ ჰერცოგი პოლ ატრეიდესი, – დაიხრიალა კაცმა.

პოლს ის ზედმეტად მორჩილი ეჩვენა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სარდაუკარები
არასოდეს არაფერს მოუმზადებია ამგვარი დღისთვის. ისინი მხოლოდ გამარჯვებას იყვნენ
ჩვეულნი – რაც, შეიძლება, თავისთავად, სისუსტე იყოსო, მიხვდა პოლი. ეს აზრი დროებით
გვერდზე გადადო, რათა მერე საკუთარი საწვრთნელი პროგრამის შემუშავებისას
გაეთვალისწინებინა.

– გზავნილი მაქვს შენთვის, რომ იმპერატორს გადასცე, – უთხრა პოლმა და უძველესი წესის
თანახმად დაწყობილი სიტყვები წარმოთქვა: – „მე, ჰერცოგი დიდებული გვარისა, ნათესავი
იმპერატორისა, კონვენციის თანახმად, ვდებ პირობას: თუ იმპერატორი და მისი ხალხი
დაყრიან იარაღს და აქ მეახლებიან, მე მათ სიცოცხლეს დავიფარავ თუნდაც საკუთარი
სიცოცხლის ფასად“. – პოლმა მარცხენა ხელი ასწია და სარდაუკარს საჰერცოგო ბეჭედი
დაანახვა, – ამით ვიფიცებ და ვამტკიცებ პირობას.

სარდაუკარმა გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა და გურნის შეხედა.

– დიახ, – უთხრა პოლმა, – გურნი ჰალეკის ერთგულება სხვას ვის შეიძლება ეკუთვნოდეს, თუ
არა ატრეიდესს.

– წავიღებ ამ გზავნილს, – თქვა სარდაუკარმა.

– წაიყვანეთ ჩვენს მოწინავე სამეთაურო პოსტზე და ხომალდში შეგზავნეთ, – თქვა პოლმა.

– დიახ, მილორდ, – გურნიმ მცველებს ანიშნა, ბრძანებას დამორჩილებოდნენ და დარბაზიდან


გაუძღვა.
პოლი ისევ სტილგარს მიუბრუნდა.

– ჩანი და დედაშენი მოვიდნენ, – უთხრა სტილგარმა, – ჩანიმ ითხოვა, ცოტა ხნით მაინც
მარტო დარჩეს თავის მწუხარებასთან. ღირსმა დედამ ამჯობინა, საოცრების ოთახში
შესულიყო – რატომ, არ ვიცი.

– დედაჩემს ტანჯავს იმ პლანეტის მონატრება, რომელიც შეიძლება ვეღარასოდეს იხილოს, –


უთხრა პოლმა, – იქ წყალი ციდან ცვივა და მცენარეები ისეთი ხშირია, რომ ვერც კი გაივლი
მათ შორის.

– წყალი ციდან ცვივა, – დაიჩურჩულა სტილგარმა.

პოლმა იმ წამს შენიშნა, როგორ გადაქცეულიყო სტილგარი ფრემენი ნაიბიდან ლისან ალ-
გაიბის ქვეშევრდომად, მოწიწებისა და მორჩილების ჭურჭლად. ეს ამ კაცს აკნინებდა და
პოლმა ამაში ჯიჰადის სიოს მობერვა იგრძნო.

ისიც ვნახე, როგორ მექცა მეგობარი თაყვანისმცემლადო, გაიფიქრა.

პოლს მარტოსულობის გრძნობა შემოაწვა. ოთახს მოავლო თვალი და დაინახა, რა უზადო


ხდებოდნენ მისი დაცვის წევრები, როცა მის სიახლოვეს მოხვდებოდნენ, როგორ
ცდილობდნენ, თვალში მოხვედროდნენ. მათ შორის მცირეოდენ სიამაყით აღბეჭდილ
მეტოქეობას ამჩნევდა: თითოეულს იმედი ჰქონდა, რომ მუად’დიბიმას შეამჩნევდა და
სხვებისგან გამოარჩევდა.

მუად’დიბი, ვისგანაც მოდის ყოველი წყალობაო, გაიფიქრა და ეს მისი ცხოვრების ყველაზე


მწარე ფიქრი იყო. „ისინი გრძნობენ, რომ ტახტზე მე უნდა ავიდე. მაგრამ ის არ ეცოდინებათ,
რომ ამას ჯიჰადის თავიდან ასაცილებლად ვაკეთებ“.

სტილგარმა ხმა ჩაიწმინდა და უთხრა:

– რაბანიც მკვდარია.

პოლმა თავი დაუქნია.

მარჯვნივ მდგარი მცველები ერთბაშად აქეთ-იქით გადგნენ, გაიწვართნენ და ჯესიკას გზა


მისცეს. მას თავისი შავი აბა ეცვა; მის ნაბიჯს ქვიშაზე სიარულის ოდნავ საგრძნობი რიტმი
დაჰკრავდა, მაგრამ პოლმა შენიშნა, როგორ აღადგინა ამ სახლმა მასში რაღაც იმისა, რაც კი
ჯესიკა ოდესღაც ყოფილიყო – მმართველი ჰერცოგის თანამესარეცლე. მის გარეგნობაში
ძველებური მბრძანებლურობა გამოსჭვიოდა.

ჯესიკა პოლის წინ გაჩერდა, შვილს დახედა. ხედავდა, რა დაღლილი იყო იგი და როგორ
მალავდა დაქანცულობას, მაგრამ ეს ქალს ვერანაირ თანაგრძნობას ვერ აღუძრავდა. თითქოს
შვილის მიმართ რაიმეს გრძნობის უნარი სრულიად დაეკარგა.

მანამდე, დიდ დარბაზში რომ შევიდა, ჯესიკა გაოცდა. ვერ გაეგო, რატომ უარობდა იქაურობა,
ზუსტად დამთხვეოდა მის მეხსიერებაში აღბეჭდილ ადგილს. უცხო სივრცედ ჩანდა, თითქოს
ჯესიკა ადრე არასოდეს შემოსულიყო აქ, არ გადაეჭრა იგი თავისი საყვარელი ლეტოს
მხარდამხარ, არ შეხვედროდა აქ მთვრალ დუნკან აიდაჰოს – არასოდეს, არასოდეს, არასოდეს...
„უნდა არსებობდეს სიტყვა, ადაბის, ანუ „მომთხოვნი და აქტიური ხსოვნის“, ზუსტად
საპირისპირო

მნიშვნელობა რომ ექნება“, გაიფიქრა ჯესიკამ. „უნდა იყოს სიტყვა იმ ხსოვნის აღსანიშნავად,
საკუთარ თავს რომ უარყოფს“.

– სად არის ალია? – ჰკითხა შვილს.

– გარეთ, იმას აკეთებს, რასაც ასეთ დროს ყველა წესიერი ფრემენი ბავშვი უნდა აკეთებდეს, –
მიუგო პოლმა, – დაჭრილ მტრებს ხოცავს და მათ გვამებს ნიშანს ადებს წყლის მიმღები
გუნდებისთვის.

– პოლ!

– უნდა ხვდებოდე, რომ ამას სიკეთით შვრება, – უთხრა პოლმა, – უცნაური არაა, როგორ არ
გვესმის სიკეთისა და ბოროტების ფარული ერთიანობა?

ჯესიკა შვილს კიცხვით დააცქერდა, გაოგნდა, რომ დაინახა, როგორ სრულიად შეცვლილიყო
იგი. „ნეტავ, ეს მისი ბავშვის სიკვდილმა გამოიწვია?“ გაივლო გულში , ხმამაღლა კი ეს უთხრა:

– ხალხი შენზე უცნაურ რამეებს ყვება, პოლ. ამბობენ, რომ ლეგენდებში ნახსენები ყველა ძალა
შენ ხელთაა, რომ არაფერია შენგან დაფარული, რომ ხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

– ბენე გესერიტი განა რამეს უნდა კითხულობდეს ლეგენდის შესახებ? – ჰკითხა პოლმა.

– რაც შენ ხარ, იმაში ჩემი ხელიც ურევია, – აღიარა ჯესიკამ, – მაგრამ არ უნდა მოელოდე, რომ
მე...

– როგორ მოგეწონებოდა, მილიონობით, მილიარდობით სიცოცხლით რომ გეცხოვრა? –


ჰკითხა პოლმა, – ინებე, ლეგენდების მთელი ფაბრიკაა მათში! დაფიქრდი, რამდენი
გამოცდილება, რა სიბრძნე მომიტანეს. სიბრძნე კი სიყვარულს აცხრობს, ასე არაა? და
სიძულვილს ახლებურ ელფერს ანიჭებს. როგორ შეგიძლია, უმოწყალობაზე რამე თქვა, თუ
ძირისძირობამდე არ გიჩხრეკია ბოროტებისა და სიკეთის სიღრმეები? წესით, ჩემი უნდა
გეშინოდეს, დედა. მე კვიზაც ჰადერაქი ვარ.

ჯესიკამ სცადა, გამშრალი ყელი ნერწყვით გაესველებინა. მერე კი უთხრა:

– იყო დრო, რომ უარობდი, არ ვარ კვიზაც ჰადერაქიო.

პოლმა თავი გაიქნია.

– ამიერიდან ვეღარაფერს უარვყოფ, – დედას ახედა, თვალი თვალში გაუყარა, – ახლა


იმპერატორი და მისი

მხლებლები მოვლენ. უკვე ყოველ წამს შეიძლება, გამოგვეცხადონ. იყავი ჩემ გვერდით. მინდა,
კარგად შევათვალიეროთ ისინი. მათ შორის ჩემი მომავალი ცოლი იქნება.

– პოლ! – შეუტია ჯესიკამ, – ნუ ჩაიდენ მამაშენის შეცდომას!


– ის მემკვიდრე პრინცესაა, – მიუგო პოლმა, – ის ჩემი გასაღებია ტახტთან მისასვლელად და
ჩემთვის მეტი ვერასოდეს ვერაფერი გახდება. შეცდომა? გგონია, იმის გამო, რომ ის ვარ, რაც
შენ გამხადე, არ შეიძლება, შურისძიება მწყუროდეს?

– უცოდველებზეც კი? – ჰკითხა დედამ და გაიფიქრა: „არ უნდა ჩაიდინოს ის შეცდომები, მე


რომ დავუშვი.

– უცოდველი აღარავინაა, – მიუგო პოლმა.

– აბა, ჩანის უთხარი ეს, – უთხრა ჯესიკამ და სასახლის სიღრმიდან მომავალი დერეფნისკენ
მიუთითა.

იქიდან დიდ დარბაზში ჩანი შემოდიოდა. ისე მოდიოდა ფრემენ მცველებს შორის, თითქოს
მათ ვერც კი ამჩნევდა. კაპიუშონი და სარწყულის ქუდი ზურგზე გადაეგდო, სახის საფარი
გვერდზე მიემაგრებინა. უღონოდ, თავდაჯერების გარეშე მოაბიჯებდა; ოთახი გადმოჭრა,
მოვიდა და ჯესიკას დაუდგა გვერდით.

პოლმა მის ლოყებზე ცრემლების კვალი შენიშნა. მკვდარს სწირავს წყალსო, გაიფიქრა. იგრძნო,
როგორ გამსჭვალა მწუხარებამ, მაგრამ ამ ტკივილს თითქოს მხოლოდ იქ მყოფი ჩანის
გამოისობით შეიგრძნობდა.

– მოკვდა, საყვარელო, – მიმართა ჩანიმ, – ჩვენი შვილი მოკვდა.

პოლმა უმკაცრესად მოიზღუდა თავი და ფეხზე წამოდგა. ხელი გაიწოდა, ჩანის ლოყაზე
შეეხო და მისი ცრემლების სისველე იგრძნო.

– მას ვერავინ შეცვლის, – უთხრა გოგოს, – მაგრამ სხვა ვაჟიშვილები გვეყოლება. ამას უსული
გპირდება, – ნაზად გასწია განზე და სტილგარს ანიშნა ხელით.

– მუად’დიბ, – გამოეხმაურა სტილგარი.

– იმპერატორი და მისი მხლებლები მოვიდნენ ხომალდიდან, – თქვა პოლმა, – მე აქ ვიდგები.


ტყვეები ოთახის ცენტრში, ღია სივრცეში შეაჯგუფეთ. ჩემგან ათი მეტრის მოშორებით
დადგნენ, თუ მე სხვა ბრძანებას არ გავცემ.

– როგორც ბრძანებ, მუად’დიბ.

სტილგარი ბრძანების შესასრულებლად რომ მიბრუნდა, პოლს მოესმა, ფრემენი მცველები


მოწიწებით რომ ჩურჩულებდნენ:

– ხედავთ? იცის! მისთვის არავის უთქვამს, მაგრამ მაინც იცის!

უკვე ისმოდა, როგორ ახლოვდებოდნენ იმპერატორი და მისი მხლებლები, სარდაუკარები


მხნეობის მოსაკრებად თავიანთ სალაშქრო სიმღერას ღიღინებდნენ. შემოსასვლელთან
გადალაპარაკების ხმები გაისმა. გურნი ჰალეკმა მცველებს შორის გამოიარა, სტილგარს
მიუახლოვდა და რაღაცაზე მოეთათბირა. მერე პოლის გვერდით გადაინაცვლა, თვალებში
უცნაური მზერა ედგა.

„ნეტავ, გურნისაც დავკარგავ?“ გაიფიქრა პოლმა. „ისე, როგორც სტილგარი დავკარგე –


მეგობარი გამომეცალა და ქვეშევრდომი შევიძინე“
– სატყორცნი იარაღი არა აქვთ, – უთხრა გურნიმ, – ეს მე თავად შევამოწმე, – ოთახს მოავლო
თვალი, დაინახა პოლის სამზადისი, – ფეიდ-რაუთაც მათ ახლავთ. ცალკე გავიყვანო?

– იყოს.

– ვიღაც გილდიელებიც არიან, განსაკუთრებულ პრივილეგიებს ითხოვენ, არაკისისთვის


ემბარგოს დაწესებით გვემუქრებიან. ვუთხარი, რომ მათ სიტყვებს გადმოგცემდი.

– მაგათი მუქარის არავის ეშინია.

– პოლ, – ხმადაბლა უთხრა უკან მდგომმა ჯესიკამ, – გილდიელები არიანო, ხომ გაიგონე!

– ჰოდა, მაგათ მალე ეშვებს დავაძრობ, – უთხრა პოლმა.

და დაფიქრდა გილდიაზე – ძალაზე, რომელიც, ერთი მიმართულებით ხანგრძლივად


სპეციალიზების შედეგად, საბოლოოდ იქცა პარაზიტად, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო,
თავისი გამომკვებავი სიცოცხლის გარეშე ეარსება. გილდიელებს არასოდეს გაებედათ ხმლის
ხელში აღება... და ახლა ამას უკვე ვეღარც მოახერხებდნენ. შეიძლებოდა, ეცადათ, დაეპყროთ
არაკისი მაშინ, როცა მიხვდნენ, რომ ცნობიერებაზე მოქმედ მელანჟის ნარკოტიკზე მათი
ნავიგატორების სპეციალიზაცია შეცდომა იყო. იმ დროს, იქნებ, მოეხერხებინათ კიდეც ეს,
შეეცნოთ ტრიუმფის დღე და დახოცილიყვნენ. ამის ნაცვლად არჩიეს, წუთიდან წუთამდე
ეცხოვრათ და იმედი ჰქონოდათ, რომ ზღვები, რომლებშიც ნაოსნობდნენ, მათ ახალ პატრონს
გამოუჩენდა, ძველი რომ მოკვდებოდა.

გილდიის ნავიგატორებმა, რომლებსაც წინასწარჭვრეტის შეზღუდული უნარი ჰქონდათ,


საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს: ისინი ყოველთვის ირჩევდნენ ცხად, უსაფრთხო გზას,
რომელიც ყოველთვის დაბლა, უძრაობაში ეშვება.

ჰოდა, ახლა ახლოდან შეხედონ თავიანთ ახალ პატრონსო, გაიფიქრა პოლმა.

– იქ არის ბენე გესერიტი ღირსი დედაც, რომელიც ამბობს, რომ დედაშენის მეგობარია, –
უთხრა გურნიმ.

– დედაჩემს ბენე გესერიტი მეგობრები არ ჰყავს.

გურნიმ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი დარბაზს და პოლის ყურისკენ დაიხარა.

– მათთან თუფეა ჰავატია, მილორდ. მისი ცალკე ნახვის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ
ჩვენი ძველი ხელის ნიშნების გამოყენებით მითხრა, რომ ჰარკონენებთან მუშაობდა, რაკი შენ
მკვდარი ეგონე. ამბობს, მათ შორის უნდა დამტოვოთო.

– შენ თუფეა დატოვე ამ...

– თავად სურდა ასე... და ვიფიქრე, ასეც აჯობებს-მეთქი. თუ... რამე ისე არაა, როგორც საჭიროა,
იქ იქნება, სადაც მისი გაკონტროლება შეგვეძლება. თუ არა და – მტრის მხარეს თვალი და
ყური გვეყოლება.

პოლმა გაიხსენა, რომ წინასწარი ხილვით თვალი მოეკრა ამ მომენტის სხვადასხვა


შესაძლებელი ვარიანტისთვის – და მათ შორის იყო ერთ-ერთი დროითი ხაზი, რომელშიც
თუფეა შეიარაღებული იყო მოწამლული ნემსით და იმპერატორისგან ნაბრძანები ჰქონდა, ის
„ამ მეტიჩარა ჰერცოგის“ წინააღმდეგ გამოეყენებინა.

შესასვლელთან მცველები განზე გადგნენ და შუბებად აჯაგრული მოკლე დერეფანი


წარმოქმნეს. გაისმა ძვირფასი სამოსის შრიალი, ნაბიჯებმა აახრაშუნა სასახლეში ქარის
შემოტანილი ქვიშა.

ფადიშაჰ-იმპერატორი შადამ IV თავის ხალხს დარბაზში შემოუძღვა. ბურსეგის მუზარადი


დაჰკარგვოდა და წითური თმა გაბურძგვნოდა. სამხედრო ფორმის მარცხენა სახელო შიდა
ნაკერის გასწვრივ ჩახეული ჰქონდა, უქამროდ და უიარაღოდ იყო, მაგრამ ნირუცვლელი
თავდაჭერა ძალის ფარის ბუშტივით სდევდა და მის უშუალო სიახლოვეს არავის უშვებდა.

ფრემენების შუბები მის წინ გადაჯვარედინდა, გზა გადაუკეტეს იქ, სადაც პოლმა ბრძანა.
დანარჩენები მის უკან შეჯგუფდნენ – ფერების, ფუსფუსის, მომზირალი სახეების ნაზავად.

პოლმა ჯგუფს გადახედა, დაინახა ქალები, ნამტირალევ სახეებს რომ მალავდნენ, დაინახა
ლაქიები, რომლებსაც ეგონათ, სარდაუკარების გამარჯვების წარმოდგენაზე ტრიბუნების წინა
რიგებში დასასხდომად მოდიოდნენ, ახლა კი დამარცხების ელდას ენა ჩაეგდო მათთვის.
დაინახა ღირსი დედა გაიუს ჰელენ მოჰიამის კაპიუშონის ქვემოდან მომზირალი
ფრინველივით კაშკაშა თვალები, მის გვერდით კი – აწურული ფეიდ-რაუთა ჰარკონენი.

ეს სახე დრომ მაჩვენაო, გაიფიქრა პოლმა.

მერე ფეიდ-რაუთას იქით გაიხედა, რადგან მოძრაობამ მიიზიდა მისი მზერა, და დაინახა
ვიწრო, სინდიოფალას სახე, რომელიც ადრე არასოდეს შეხვედროდა – არც დროში, არც მის
მიღმა. ეს იყო სახე, რომელზედაც გრძნობდა, რომ უნდა სცნობოდა, და ამ გრძნობას შიში
დაჰკრავდა.

ნეტავ, რატომ უნდა მეშინოდეს ამ კაცისო, გაიფიქრა.

პოლი დედისკენ გადაიხარა და ჩაუჩურჩულა:

– ღირსი დედის მარცხნივ რომ დგას კაცი, ავი შესახედაობა რომ აქვს – ვინაა?

ჯესიკამ შეხედა და თავისი ჰერცოგის დოსიეების მიხედვით იცნო.

– გრაფი ფენრინგია, – მიუგო შვილს, – ის, ვინც ამ სახლში ჩვენამდე ცხოვრობდა. გენეტიკური
საჭურისია... და მკვლელი.

იმპერატორის ხელის ბიჭიო, გაიფიქრა პოლმა. და ეს ფიქრი თითქოს ელდის შოლტად


გადაჰკრეს მის ცნობიერებას, რადგან უთვალავჯერ ენახა შესაძლო მომავლებში იმპერატორი
და მისი გარემოცვა – მაგრამ ამ წინასწარმეტყველურ ხილვებში გრაფი ფენრინგი არასოდეს
გამოჩენილა.

მერე პოლს აზრად გაუელვა, რომ მას ნანახი ჰქონდა საკუთარი უსიცოცხლო სხეული დროის
აბლაბუდის უთვალავი სხივის ბოლოს, მაგრამ ერთხელაც არ ეხილა სიკვდილის წამი.

„ნეტავ, იმიტომ ხომ არ მიმალავდა ამ კაცს ჩემი ხილვები, რომ სწორედ ისაა, ვინც მკლავს?“
გაიფიქრა მაშინ პოლმა.
ამ ფიქრმა ავ წინათგრძნობად გაჰკრა გულზე. ძალით მოსწყვიტა მზერა ფენრინგს, შეხედა
მათ, ვინც სარდაუკარი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან დარჩენილიყო, მათ გამწარებულ,
სასოწარკვეთილ სახეებს დააკვირდა. მათ შორის აქა-იქ ზოგმა წამით მიიზიდა მისი
ყურადღება: სარდაუკარი ოფიცრები ოთახში

ძალების განლაგებას აფასებდნენ, ახლაც კი გეგმებს აწყობდნენ და ვარაუდობდნენ, როგორ


შეიძლებოდა, დამარცხება გამარჯვებად ექციათ.

პოლის ყურადღება ბოლოს მიიპყრო მაღალმა ქერა ქალმა, რომელსაც მწვანე თვალები და
არისტოკრატულად მშვენიერი სახე ჰქონდა, დახვეწილად ქედმაღალს, ცრემლის კვალიც არ
აჩნდა, დამარცხებულს არაფრით ჰგავდა. პოლს თქმაც არ სჭირდებოდა, ისე იცნო: ეს იყო
შადამის ასული, მემკვიდრე პრინცესა, საუკეთესოდ განსწავლული ბენე გესერიტი, რომლის
სახეც დროით ხილვებს მრავალი მხრიდან ეჩვენებინათ მისთვის – ირულანი.

ესეც ჩემი გასაღებიო, გაიფიქრა.

მერე შეგროვილ ხალხში მოძრაობა შენიშნა, მას გამოეყო სახე, ფიგურა – თუფეა ჰავატი; პოლმა
შეამჩნია მისი დაღარული, ბებრული ნაკვთები და მუქად დალაქავებული პირი, ჩამოყრილი
მხრები, უძალო ხნიერების ნიშანი რომ ესვა.

– ეს თუფეა ჰავატია, – თქვა პოლმა, – არ შეაკავო, გურნი.

– მილორდ, – დააპირა შედავება გურნიმ.

– არ შეაკავო, – გაიმეორა პოლმა.

გურნიმ თავი დაუქნია.

ჰავატი ბორძიკით დაიძრა წინ, ფრემენების შუბებმა გზა მისცა და მის უკან ისევ
გადაჯვარედინდა. მოწყლიანებული თვალები პოლს მიაჩერდნენ, წონიდნენ, ჩხრეკდნენ.

პოლმა ერთი ნაბიჯი წადგა წინ და იმპერატორისა და მისი მხლებლების ჯგუფში დაძაბული,
მომლოდინე წრიალი აღიქვა.

ჰავატის მზერა პოლს გასცდა და ბერიკაცმა წარმოთქვა:

– ლედი ჯესიკა, მე მხოლოდ დღეს გავიგე, რა უსაფუძვლოდ დაგწამე ცილი ჩემს ვარაუდებში.
არ გთხოვ, მაპატიო, ამით არ შეგაწუხებ.

პოლი იცდიდა, მაგრამ დედამისს არაფერი უთქვამს.

– თუფეა, ძველო მეგობარო, – უთხრა პოლმა, – ხომ ხედავ, კარისკენ ზურგი არ მაქვს
შექცეული.

– სამყარო კარებით არის სავსე, – მიუგო ჰავატმა.

– ვარ თუ არა მე მამაჩემის ძე? – ჰკითხა პოლმა.

– პაპაშენის უფრო ხარ, – უპასუხა ჰავატმა, – მასავით გიჭირავს თავი და თვალებშიც მისი
მზერა გიდგას.
– მაგრამ მაინც მამაჩემის ძე ვარ, – უთხრა პოლმა, – რამეთუ გეტყვი შენ, თუფეა, რომ ჩემი
ოჯახისთვის მრავალი წლის მანძილზე გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ახლა შეგიძლია,
მთხოვო, რაც გინდა. ნებისმიერი რამ. ჩემი სიცოცხლე გჭირდება, თუფეა? ის შენია, – პოლმა
წინ წადგა ბიჯი, ხელები ჩამოშვებული ჰქონდა. დაინახა, როგორ აენთო ჰავატის თვალებში
მიხვედრის სხივი.

„მიხვდა, რომ ღალატის შესახებ ვიცი“, გაიფიქრა პოლმა.

ხმას ისე დაუწია, რომ მხოლოდ ჰავატს შეძლებოდა მისი სიტყვების გაგონება, და უთხრა:

– ყასიდად როდი ვამბობ, თუფეა. თუ აპირებ, მომკლა, ახლა მომკალი.

– მე მხოლოდ ის მსურდა, ერთხელაც დავმდგარიყავი შენ წინაშე, ჩემო ჰერცოგო, – უთხრა


ჰავატმა. და პოლმა ახლაღა შენიშნა, რა ძალისხმევად უჯდებოდა ბერიკაცს, რომ არ
დაცემულიყო. პოლმა ხელები გაიწოდა, ჰავატს მხრებში ჩაეჭიდა, რომ შეემაგრებინა, და
თითებით იგრძნო, როგორ უცახცახებდა კუნთები ბებერ მენტატს.

– გტკივა, ძველო მეგობარო? – ჰკითხა პოლმა.

– მტკივა, ჩემო ჰერცოგო, – მიუგო მან, – მაგრამ ჩემი სიხარული ტკივილს ამეტებს. – პოლის
მკლავებში ნახევრად შებრუნდა, მარცხენა ხელი ამობრუნებული ხელისგულით გაიწოდა
იმპერატორისკენ და გამოაჩინა თითებს შორის ჩამალული ციდა ნემსი, – ხედავ, სირ? – ჰკითხა
ჰავატმა, – ხედავ შენს მოღალატის ნემსს? გეგონა, მე, ვინც მთელი სიცოცხლე ატრეიდესების
სამსახურს შევწირე, ახლა მათ ნაკლებს შევთავაზებდი?

პოლი შებარბაცდა, რადგან ბერიკაცი მის მკლავებში მოიღვენთა. სრულიად მოდუნებულ


სხეულში სიკვდილი შეიგრძნო. ფრთხილად დაუშვა ჰავატი იატაკზე, გაიმართა და მცველებს
ანიშნა, სხეული გაეტანათ.

დარბაზში ჩქამი არ ისმოდა, სანამ მის ბრძანებას ასრულებდნენ.

იმპერატორის სახეს ახლა მტანჯველი მოლოდინის დაღი ესვა. თვალებმა, რომელთაც


არასოდეს დასტყობოდათ შიში, ბოლოს და ბოლოს, გაამჟღავნეს იგი.

– სირ, – წარმოთქვა პოლმა და პრინცესას გაოცების შეკრთომა შეატყო. ეს სიტყვები ბენე


გესერიტისეული მოზომილი ინტონაციით იყო წარმოთქმული და მასში იდო ყველა მისხალი
ზიზღისა და დაცინვისა, რაც კი პოლს იმპერატორისკენ მიემართა.

მართლაც ბენე გესერიტის აღზრდა აქვს მიღებულიო, გაიფიქრა პოლმა.

იმპერატორმა ხმა ჩაიწმინდა და პოლს მიმართა:

– შესაძლოა, ჩემი ღრმად პატივცემული თვისტომი ახლა დარწმუნებული იყოს, რომ


ამიერიდან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თავად მოისურვებს. ვერაფერი იქნება
სიმართლისგან ასე შორს. თქვენ დაარღვიეთ კონვენცია, გამოიყენეთ ატომური იარაღი...

– მე ატომური იარაღი უდაბნოს ბუნებრივი ლანდშაფტის წინააღმდეგ გამოვიყენე, – თქვა


პოლმა, – ის ჩემ წინ დაბრკოლებად იდგა, მე კი თქვენთან შეხვედრა მეჩქარებოდა, სირ. თქვენი
ზოგიერთი უცნაური ქმედების ახსნა უნდა მეთხოვა.
– არაკისის თავზე, კოსმოსში ამჟამად დიდებულ გვართა დიდი არმადა იმყოფება, – თქვა
იმპერატორმა, – საკმარისია, ერთი სიტყვით ვანიშნო და ისინი...

– ჰო, მართლა, – თქვა პოლმა, – ისინი კინაღამ დამავიწყდა, – იმპერატორის მხლებლებს


მოავლო თვალი და მოძებნა ორი გილდიელი, მერე კი გვერდით მდგომ გურნის
გადაულაპარაკა: – აი, ისინი, ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი სქელი კაცი, ხომ
გილდიის აგენტები არიან, გურნი?

– დიახ, მილორდ.

– თქვენ, ორივე, – თითი გაიშვირა მათკენ პოლმა, – ახლავე აქეთ მობრძანდით და გაგზავნეთ
წერილი, რომელიც მთელ იმ ფლოტს შინისაკენ გაუყენებს გზას. ამის მერე თქვენ ჩემს
ნებართვას დაელოდებით, სანამ...

– გილდია შენგან ბრძანებებს არ იღებს! – შემოუტია ორთაგან უფრო მაღალმა. მან და მისმა
ამხანაგმა ჯგუფში გზა გამოიკვლიეს და სამანად დადებულ შუბებს მოადგნენ, რომლებიც
მცველებმა პოლის თავის დაქნევაზე ასწიეს. ორმა გილდიელმა წრიდან გამოაბიჯა, უფრო
მაღალმა ხელი პოლისკენ გაიშვირა და უთხრა: – ძალიანაც შესაძლებელია, ემბარგო
დაიმსახურო შენი...

– თუ რომელიმე თქვენგანისგან კიდევ გავიგონებ რამე ასეთ უაზრობას, – უთხრა პოლმა, –


გავცემ ბრძანებას, რომლითაც არაკისზე მთელ სუნელის წარმოებას მოვსპობ... სამუდამოდ.

– შეიშალე? – შეძრწუნებულმა მაღალმა გილდიელმა ნახევარი ნაბიჯით დაიხია უკან.

– ანუ დასაშვებად მიგაჩნია, რომ ამის ჩადენის შესაძლებლობა მაქვს? – ჰკითხა პოლმა.

გილდიელმა წამით სივრცეს გაუშტერა თვალი, მერე უთხრა:

– დიახ, შეგიძლია, მაგრამ არ უნდა გააკეთო.

– აჰ-ჰ-ჰ, – პოლმა თითქოს თავის აზრებს დაუქნია თავი, – თქვენ, ორივენი, გილდიის
ნავიგატორები ხართ, არა?

– დიახ!

ორთაგან უფრო დაბალმა თქვა:

– შენ საკუთარ თავსაც დაიბრმავებ და ყველას ერთად ნელი სიკვდილისთვის გაგვწირავ.


ამბად მაინც თუ იცი, რას ნიშნავს სუნელიანი სასმელის მოკლება, როდესაც უკვე მიჩვეული
ხარ?

– თვალი, რომელიც წინ იცქირება და უსაფრთხო კურსს ჭვრეტს, სამუდამოდ დაიხუჭება, –


თქვა პოლმა, – გილდია ხერხემალში გადატყდება. კაცობრიობა განცალკევებულ პლანეტებზე
მომწყვდეულ მცირე იზოლირებულ გროვებად იქცევა. ხომ იცით, ამის ჩადენა, უბრალოდ,
ბოროტების გამო შემიძლია... ან თუნდაც მოწყენილობით.

– მოდი, ამაზე ცალკე, პირისპირ დავილაპარაკოთ, – უთხრა უფრო მაღალმა გილდიელმა, –


დარწმუნებული ვარ, შევძლებთ რაღაც კომპრომისის მიღწევას, რომელიც...
– არაკისის თავზე მყოფ თქვენიანებს შეტყობინება გაუგზავნეთ, – უთხრა პოლმა, – ეს დავა
უკვე მღლის. თუ ის საჰაერო ფლოტი აქედან არ მოშორდება, მალე ლაპარაკიც აღარაფერზე
იქნება საჭირო, – მან თავი გაიქნია დარბაზის კიდისკენ, სადაც მისი მესიგნალეები გადამცემ
აპარატურას მისხდომოდნენ, – ჩვენი გადამცემების გამოყენება შეგიძლიათ.

– ჯერ უნდა მოვითათბიროთ, – უთხრა მაღალმა გილდიელმა, – არ შეგვიძლია, ავდგეთ და...

– დროზე! – შეუყვირა პოლმა, – რამეს განადგურება თუ შეგიძლია, ნიშნავს, რომ სრულად


აკონტროლებ მას. აქ სათათბიროდ, ან შესათანხმებლად და კომპრომისების საძიებლად კი არ
ვართ. ჩემს ბრძანებას დაემორჩილებით, ან დაუყოვნებლივ იწვნევთ ურჩობის შედეგებს!

– მართლა ასე იზამს, – თქვა უფრო დაბალმა გილდიელმა და პოლმა დაინახა, როგორ შეიპყრო
ისინი შიშმა.

ორივე ნელა გაემართა ფრემენების საკომუნიკაციო აპარატურისკენ.

– იზამენ, რასაც უბრძანებ? – ჰკითხა გურნიმ.

– მათ დროის ვიწრო ზოლის ხედვა შეუძლიათ, – მიუგო პოლმა, – ახლა წინ ხედავენ მხოლოდ
ცარიელ კედელს, რაც დაუმორჩილებლობის შედეგებს აღნიშნავს. ჩვენ თავზემოთ გაჩერებულ
ყოველ ხომალდზე გილდიის ყოველი ნავიგატორიც წინ იხედება და იმავე კედელს აწყდება.
შეასრულებენ ბრძანებას.

პოლი ისევ შემობრუნდა, იმპერატორს შეხედა და თქვა:

– როდესაც მათ მამაშენის ტახტზე დაჯდომის ნება დაგრთეს, ეს მხოლოდ იმ პირობით


გააკეთეს, რომ შენ სუნელის შეუფერხებელ მოპოვებას უზრუნველყოფდი. შენ მათ უმტყუნე,
სირ. იცი, ამას რა შედეგი მოჰყვება?

– არავის ჩემთვის უფლება...

– გეყოფა თავის მოსულელება, – შეუყვირა პოლმა, – გილდია მდინარის პირას გაშენებული


სოფელივითაა. მათ წყალი სჭირდებათ, მაგრამ შეუძლიათ, მხოლოდ სხვადასხვანაირი
ჭურჭლით გაზიდონ ის. არ შეუძლიათ, კაშხლით გადაღობონ და ისე აკონტროლონ, რადგან
მაშინ ყველა ყურადღებას მიაპყრობს იმას, რასაც იღებენ, და ეს მათ საბოლოოდ დაღუპვამდე
მიიყვანს. სუნელის ნაკადი – ეს მათი მდინარეა და მე მასზე კაშხალი ავაშენე. მაგრამ ჩემი
კაშხალი იმგვარია, რომ მას ისე ვერ გაანადგურებ, მდინარეც რომ არ მოსპო.

იმპერატორმა წითური თმა თითებით გადაივარცხნა და ორი გილდიელის ზურგებს


მიაჩერდა.

– შენი ბენე გესერიტი მართლისმცნობიც კი შიშით ცახცახებს, – თქვა პოლმა, – არის სხვა
საწამლავებიც, რომლებიც შეიძლება, ღირსმა დედებმა თავიანთი ფოკუსებისთვის
გამოიყენონ; მაგრამ თუ ერთხელაც სუნელის სასმელს გასინჯავენ, მერე სხვა წამლები უკვე
აღარ მოქმედებს.

დედაბერმა თავისი უფორმო შავი მოსასხამი ტანზე შემოიხვია, შეჯგუფებულ ხალხს გამოეყო
და სამანის შუბებთან შეჩერდა.
– ღირსო დედაო გაიუს ჰელენ მოჰიამ, – მიმართა პოლმა, – კალადანის მერე დიდი დრო
გავიდა, არა?

იმან პოლის უკან მის დედას გახედა და თქვა:

– ჰო, ჯესიკა, ახლა კი ვხედავ, რომ შენი ძე მართლაც იგია. ამის გამო შეიძლება, შენი ასულის
სიმახინჯეც კი შეგენდოს.

პოლმა ცივი, გამჭოლი ბრაზი დაიოკა და ღირს დედას მიმართა:

– შენ არასოდეს გქონია არც უფლება, არც მიზეზი, დედაჩემისთვის რამე შეგენდო!

დედაბერმა თვალი თვალში გაუყარა.

– მოსინჯე ჩემზე შენი ილეთები, ბებერო ალქაჯო, – უთხრა პოლმა, – სადაა შენი გომ ჯაბარი?
სცადე, ჩაიხედო იქ, სადაც ჩახედვას ვერ ბედავთ! მაშინ ნახავ, რომ იქიდან მე შემოგცქერი!

დედაბერმა მზერა დახარა.

– არაფერი გაქვს სათქმელი? – ჰკითხა პოლმა.

– მე პირველი მოგესალმე ადამიანთა რიგებში, – ჩაილაპარაკა იმან, – ამის არაფრად ჩაგდება


სწორი არ იქნება.

პოლმა ხმას აუწია:

– იხილეთ იგი, მეგობრებო! ეს გახლავთ ბენე გესერიტი ღირსი დედა, მოთმინებით


აღჭურვილი და ხანგრძლივ საქმეს შეჭიდებული. მას შეეძლო, თავის დებთან ერთად
ოთხმოცდაათი თაობის განმავლობაში ეცადა გენებისა და გარემოებების სათანადო
კომბინაციისთვის, რათა ეშვათ ის ერთადერთი ადამიანი, თავიანთი გეგმებისთვის რომ
გამოადგებოდათ. იხილეთ იგი! ახლა მან უწყის, რომ ოთხმოცდაათმა თაობამ შვა ეს ადამიანი.
აგერ ვარ... მაგრამ... მე... არასოდეს... არ... შევასრულებ... მის... მოთხოვნებს!

– ჯესიკა! – იკივლა დედაბერმა, – დაადუმე!

– თავად დაადუმე, – მიუგო ჯესიკამ.

პოლმა დედაბერს მრისხანე მზერა მიაპყრო.

– იმის გამო, რა როლიც შეასრულე ყველაფერ ამაში, სიამოვნებით მოგახრჩობდი, – უთხრა მან,
– და შენ ვერ შემეწინააღმდეგებოდი! – შეუტია, როცა დაინახა, რომ დედაბერი მრისხანებისგან
დაიძაგრა, – მაგრამ მგონია, უკეთესი სასჯელი იქნება, იცოცხლო და ისე გალიო შენი წლები,
რომ ვერასოდეს მოახერხო, შემეხო, ან დამიყოლიო სულ უმცირეს რამეზეც, რასაც კი თქვენს
გეგმებში განიზრახავდით!

– ჯესიკა, ეს რა ჩაიდინე? – შეუტია დედაბერმა.

– ერთადერთ რამეს კი ვერ უარვყოფ, – განაგრძო პოლმა, – თქვენ დაინახეთ ნაწილი იმისა, თუ
რა სჭირდებოდა ადამიანთა მოდგმას, მაგრამ ვაი, რა ცუდად დაინახეთ! ფიქრობთ,
აკონტროლოთ ადამიანების შეჯვარება და მცირედ რჩეულთა სისხლი თქვენი მთავარი გეგმის
თანახმად შეურიოთ! რა ცუდად გესმით, თუ რა...
– ამაზე არ უნდა ილაპარაკო! – შეუსისინა დედაბერმა.

– ჩუმად! – დაიგრგვინა პოლმა. ამ სიტყვამ თითქოს ხორცი შეისხა და მათ შორის ჰაერში
ისარივით გაიჭრა, პოლის მიერ გატყორცნილი.

დედაბერმა ბარბაცით დაიხია უკან და იქ მდგომებს მკლავებში ჩაუვარდა.

– ჯესიკა, – დაიჩურჩულა მან, – ჯესიკა.

– მე მახსოვს შენი გომ ჯაბარი, – უთხრა პოლმა, – შენც გახსოვდეს ჩემი. მე შემიძლია, ერთი
სიტყვით მოგკლა.

დარბაზში მდგარმა ფრემენებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. განა ამას არ


ამბობდა ლეგენდაც? „და სიტყვა მისი საუკუნო სიკვდილის მომტანი იქნება ყველასთვის,
ვინც მართალთ წინ აღუდგება“.

პოლმა მზერა მიაპყრო მემკვიდრე პრინცესას, რომელიც თავისი მამა-იმპერატორის გვერდით


იდგა. ქალისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე წარმოთქვა:

– სირ, ჩვენ ორივემ ვიცით, როგორ შეიძლება ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლა.

იმპერატორმა ჯერ თავის ასულს შეხედა, მერე – ისევ პოლს.

– როგორ ბედავ? შენ! უგვარო ავანტიურისტი, არავინ, ვინც...

– შენ უკვე აღიარე, ვინ ვარ მე, – უთხრა პოლმა, – მეფის თვისტომიო, თქვი. მოვუღოთ ბოლო ამ
უაზრობას.

– მე შენი მმართველი ვარ, – უთხრა იმპერატორმა.

პოლმა შეხედა გილდიელებს, საკომუნიკაციო აპარატურასთან რომ იდგნენ და ახლა მას


შემოსცქეროდნენ. ერთმა მათგანმა თავი დაუქნია.

– ხომ შემიძლია, გაიძულო კიდეც, – უთხრა პოლმა.

– ვერ გაბედავ! – გამოსცრა იმპერატორმა.

პოლმა უსიტყვოდ გაუსწორა მზერა.

პრინცესამ მამას მკლავზე დაადო ხელი.

– მამა, – მიმართა აბრეშუმივით რბილი, დამამშვიდებელი ხმით.

– ნუ სცდი შენს ილეთებს ჩემზე, – უთხრა იმპერატორმა და შვილს შეხედა, – არ არის


აუცილებელი, ეს გააკეთო, შვილო. სხვა საშუალებებიც გვაქვს, გარდა...

– მაგრამ ესაა კაცი, რომელიც ძედ შეგეფერება, – უთხრა ქალმა.

ბებერმა ღირსმა დედამ, რომელსაც თავი უკვე ხელში აეყვანა, ხალხში გზა გაიკაფა და
იმპერატორს გვერდით დაუდგა, მისი ყურისკენ დაიხარა და აჩურჩულდა.

– შენს საქმეს ცდილობს, – წარმოთქვა ჯესიკამ.


პოლი ისევ ოქროსთმიან მემკვიდრე პრინცესას უცქერდა. დედის მხარეს იკითხა:

– ეს ირულანია, უფროსი, არა?

– ჰო.

ჩანი პოლს მეორე მხრიდან ამოუდგა და ჰკითხა:

– გინდა, წავიდე, მუად’დიბ?

პოლმა გოგოს შეხედა.

– წახვიდე? მე შენ გვერდიდან აღარასოდეს მოგიშორებ.

– ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს, – უთხრა ჩანიმ.

პოლმა დახედა, ერთხანს უსიტყვოდ უცქერდა და მერე უთხრა:

– მხოლოდ სიმართლე მითხარი ხოლმე, ჩემო სიჰაია, – მან პასუხის გაცემა რომ წამოიწყო,
ტუჩებზე თითი მიადო და დაადუმა, – ამქვეყნად ვერაფერი გაწყვეტს იმას, რაც ჩვენ
გვაკავშირებს. ახლა კი ყურადღებით უცქირე, რა მოხდება, რადგან მინდა, მერე ეს ოთახი შენი
სიბრძნის თვალით დავინახო.

იმპერატორი და მისი მართლისმცნობი ხმადაბლა, გაცხარებით დავობდნენ.

პოლმა დედას მიმართა:

– ახლა ღირსი დედა ახსენებს, რომ მათი შეთანხმების ნაწილია, ტახტზე ბენე გესერიტი
დაჯდეს; რომ ირულანია ის, ვინც საამისოდ აღზარდეს.

– მათი გეგმა ეს იყო? – ჰკითხა ჯესიკამ.

– განა ცხადი არაა? – მიუგო პოლმა.

– მეც კი ვხედავ ნიშნებს! – შეუტია ჯესიკამ, – ამ შეკითხვით მინდოდა, შემეხსენებინა შენთვის,


რომ არ უნდა ცდილობდე, ჭკუა დამარიგო იმ საკითხებში, რომლებიც მე თვითონ გასწავლე.

პოლმა დედას შეხედა და მის ბაგეზე გამკრთალი ცივი ღიმილი შენიშნა.

მათ შორის გურნი ჰალეკი გადმოიხარა და თქვა:

– მინდა გაგახსენო, მილორდ, რომ იმ ჯგუფში ჰარკონენი დგას, – თავი გაიქნია შავგვრემანი
ფეიდ-რაუთასკენ, რომელიც მარცხენა მხარეს შუბების ზღუდეს მიჭყლეტოდა, – აი, ისაა,
მარცხნივ, ელამი. ზედვე ეტყობა, რა ბოროტიცაა. ოდესღაც დამპირდი, რომ...

– მადლობა, გურნი, – უთხრა პოლმა.

– ეგ ნა-ბარონია... უკვე ბარონი, რაკი ბებერი ჩაძაღლდა, – უთხრა გურნიმ, – მე კი გამომადგება


იმისთვის, რაც...

– მოერევი, გურნი?

– მილორდი ხუმრობს!
– იმპერატორისა და მისი ალქაჯის დავა ძალიან გაიწელა, არა, დედა?

ჯესიკამ თავი დაუქნია.

– მართლაც.

პოლმა ხმამაღლა გასძახა იმპერატორს:

– სირ, თქვენ შორის ჰარკონენი არის?

იმპერატორი პოლისკენ შებრუნდა. მის ყოველ მოძრაობაში მეფური ქედმაღლობა


გამოსჭვიოდა.

– როგორც მახსოვს, ჩემი მხლებლები შენი, როგორც ჰერცოგის, პირობით არიან დაცული.

– კითხვა მხოლოდ იმისთვის დავსვი, რომ გამეგო – ჰარკონენი შენი ამალის ოფიციალური
წევრია, თუ დამფრთხალი ჰარკონენი, უბრალოდ, თქვენ შორის იმალება და თავს გაფარებთ.

იმპერატორს ღიმილზე დაეტყო, რომ გონებაში რაღაცას ანგარიშობდა.

– ყველა, ვინც კი იმპერატორის სიახლოვეს დაიშვება, ჩემი ამალის წევრია.

– ჰერცოგმა პირობა კი მოგცა, – უთხრა პოლმა, – მაგრამ მუად’დიბი სხვა საქმეა. მან შეიძლება,
არ ცნოს შენი განმარტება, თუ ვინ ჩაითვლება ამალის წევრად. ჩემს მეგობარ გურნი ჰალეკს
ჰარკონენის მოკვლა სურს. თუკი ის...

– კანლი! – შესძახა ფეიდ-რაუთამ და სამანად დადებულ შუბებს მოაწვა, – ამას ვენდეტა


მამაშენმა დაარქვა, ატრეიდეს. მე მხდალს მეძახი, თავად კი შენს ქალებს შორის იმალები და
მეტოქედ ლაქიას მთავაზობ!

ბებერმა მართლისმცნობმა ცხარედ ჩასჩურჩულა რაღაც ყურში იმპერატორს, მაგრამ მან ქალი
განზე გასწია და თქვა:

– მაშ, კანლი? კანლის თავისი მკაცრი წესები აქვს.

– პოლ, ბოლო მოუღე ამას, – მიმართა ჯესიკამ.

– მილორდ, – უთხრა გურნიმ, – შენ დამპირდი, ერთ დღესაც ჰარკონენებზე ჯავრს იყრიო.

– უკვე იყარე მათზე ჯავრი, – უთხრა პოლმა და იგრძნო, დამცინავმა განწყობამ როგორ
გადაამეტა მის სხვა ემოციებს. კაპიუშონიანი მოსასხამი მხრებიდან ჩამოიცურა, დედას
გადასცა ქამართან და კრისდანასთან ერთად და სარწყულის შეხსნა დაიწყო. ახლა ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი სამყარო ამ წამს შემოსჩერებოდა.

– ეს არაა აუცილებელი, პოლ, – უთხრა ჯესიკამ, – უფრო მარტივი ხერხებიც არსებობს.

პოლმა სარწყული გაიძრო და ქარქაშიდან, რომელიც დედამისს ეჭირა ხელში, სწრაფად


ამოიღო კრისდანა.

– ვიცი, – უთხრა მან, – საწამლავი, მკვლელი, ყველა ეს ძველი და კარგად ნაცნობი ხერხი.
– შენ მე ჰარკონენს შემპირდი! – გამოსცრა გურნიმ და პოლმა გამუქებულ, ამობურცულ
მელნისვაზის ნაწიბურზე შეატყო, გურნის რა რისხვაც იპყრობდა, – ეგ გმართებს ჩემი,
მილორდ!

– მათგან შენ მეტი ტანჯვა მოგადგა, ვიდრე მე? – ჰკითხა პოლმა.

– ჩემი და, – ხმა ჩაეხრინწა გურნის, – მონათა ხაროში გატარებული წლები...

– მამაჩემი, – გაეპასუხა პოლი, – ჩემი ერთგული მეგობრები და ამხანაგები, თუფეა ჰავატი და


დუნკან აიდაჰო, ლტოლვილებაში გატარებული წლები, წოდებისა და შემწეების გარეშე.. და
კიდევ ერთი რამ: ახლა ეს კანლია და შენ ჩემსავით კარგად იცი წესები, რომლებიც უნდა
დავიცვათ.

გურნის მხრები ჩამოუცვივდა.

– მილორდ, თუ ეს ღორი... ის ხომ მხოლოდ უწმინდური პირუტყვია, რომელსაც წიხლით


მოიშორებდი და ამის მერე შებილწულ ფეხსაცმელსაც კი გადააგდებდი. დაუძახე ჯალათს,
თუ საჭიროა, ან მე მომეცი ამის გაკეთების ნება, მაგრამ საკუთარ თავს ნუ სთავაზობ...

– მუად’დიბისთვის არაა აუცილებელი ამის გაკეთება, – უთხრა ჩანიმ.

პოლმა გოგოს შეხედა და თვალებში მის გამო გაჩენილი შიში შეატყო.

– მაგრამ ჰერცოგ პოლისთვის აუცილებელია, – უთხრა მან.

– ეს ხომ ჰარკონენი პირუტყვია! – ჩაიხრიალა გურნიმ.

პოლი შეყოყმანდა – ლამის იყო, გაამხილა თავისი ჰარკონენული ჩამომავლობა, მაგრამ დედის
ბასრმა მზერამ შეაჩერა და მხოლოდ ეს თქვა:

– მაგრამ ამ არსებას ადამიანის სახე აქვს, გურნი, და ადამიანურ სამართალს იმსახურებს.

გურნიმ თქვა:

– მაგან ოდნავადაც რომ ...

– თუ შეიძლება, გვერდზე გადექი, – უთხრა პოლმა, კრისდანა შემართა და გურნი ფრთხილად


გასწია განზე.

– გურნი! – მიმართა ჯესიკამ და მკლავზე შეახო ხელი, – ასეთ ხასიათზე როცაა, პაპამისს ჰგავს.
ყურადღებას ნუ უფანტავ. ახლა ამაზე უკეთ ვერაფრით დაეხმარები, – და გაიფიქრა: „დიდო
დედაო! ბედის რა ირონიაა!“

იმპერატორი ფეიდ-რაუთას აკვირდებოდა, ხედავდა მის მძლავრ ბეჭებს, დაბერილ კუნთებს.


მერე შებრუნდა და პოლს შეხედა – შოლტივით თხელი და ძარღვიანი, ჭაბუკური სხეული
ჰქონდა, მთლად არაკისელებივით გამომშრალი არ იყო, მაგრამ ნეკნები დაეთვლებოდა,
შევარდნილ მუცელზე კი კანქვეშ ათამაშებული კუნთები მოუჩანდა.

ჯესიკა პოლისკენ დაიხარა და ხმას დაუწია, რომ მხოლოდ მას გაეგონა:


– ერთ რამეს გეტყვი, შვილო. ზოგჯერ ამა თუ იმ საშიშ პიროვნებას ბენე გესერიტები
დაამუშავებენ და ძველი სიამე-ტკივილის მეთოდით ცნობიერების უღრმეს შრეებში რამე
სიტყვას ჩაუნერგავენ. ყველაზე ხშირად იყენებენ სიტყვაა „უროშნორ“. თუ ეს
დამუშავებულია, რაც დიდი ალბათობით ასე უნდა იყოს, მის გასაგონად ნათქვამი ეს სიტყვა
კუნთებს მოუდუნებს და...

– ამასთან გასამკლავებლად არანაირი დამატებითი უპირატესობა არ მჭირდება, – უთხრა


პოლმა, – გზიდან გამეცალე.

გურნიმ ჯესიკას შეხედა:

– რატომ აკეთებს ამას? აპირებს, რომ თავი შეაკლას და წამებული გახდეს? შეიძლება, მიზეზი
ეს ფრემენული რელიგიური ლაყბობა იყოს?

ჯესიკამ სახე ხელებში ჩარგო – მიხვდა, რომ ბოლომდე არ იცოდა, პოლმა რატომ არჩია, ასე
მოქცეულიყო. ოთახში სიკვდილის სიახლოვეს გრძნობდა და იცოდა, რომ შეცვლილ პოლს
მართლაც შეეძლო, ჩაედინა ის, რასაც გურნი ეჭვობდა. თუკი რამ ნიჭი ჰქონდა, ახლა ყველა
შვილის დასაცავად ჰქონდა მიმართული, მაგრამ ვერაფერი ეღონა.

– იმ რელიგიური ლაყბობის ბრალია? – არ ეშვებოდა გურნი.

– იყუჩე, – დაიჩურჩულა ჯესიკამ, – და ილოცე.

იმპერატორს სახეზე ღიმილმა გაჰკრა.

– თუ ფეიდ-რაუთა ჰარკონენი... ჩემი ამალიდან... ისურვებს, – თქვა მან, – მე მას მოვუხსნი


ყველა შეზღუდვას და ვაძლევ ნებას, თავად აირჩიოს, როგორ მოიქცევა. – იმპერატორმა
პოლის ფედაიკინი მცველებისკენ გაიქნია ხელი, – ამ ბრბოში ვიღაცას ჩემი ქამარი და
ხანჯალი უნდა ჰქონდეს. თუ ფეიდ-რაუთა ისურვებს, შეუძლია, ორთაბრძოლაში ჩემი
ხანჯლით ჩაებას.

– ვისურვებ, – თქვა ფეიდ-რაუთამ და პოლმა მის სახეზე აღტაცება შენიშნა.

„ზედმეტად თავდაჯერებულია“, გაიფიქრა პოლმა, „ეს უპირატესობა თავისთავად მეძლევა და


შემიძლია, მივიღო“.

– მოიტანეთ იმპერატორის ხანჯალი, – თქვა პოლმა და თვალი გააყოლა მისი ბრძანების


შესასრულებლად დაძრულ ფედაიკინებს, – აი, იქ, იატაკზე დადეთ, – ადგილი მიუთითა, –
იმპერატორის ხალხი კედელს მიაყენეთ და ჰარკონენი მარტო დატოვეთ.

პოლის ბრძანებას დამორჩილდნენ. ფრიალებდა მოსასხამები, ისმოდა ნაბიჯების ჩქამი,


ხმადაბალი ბრძანებები და საპასუხო მოკლე ფრაზები. გილდიელები ისევ საკომუნიკაციო
აპარატურის მახლობლად იდგნენ, პოლს პირქუშად შემოსცქეროდნენ და სახეზე აშკარა
ყოყმანი ეწერათ.

„ისინი მიჩვეული არიან, რომ მომავალს ხედავენ“, გაიფიქრა პოლმა. „აქ და ახლა კი ბრმები
არიან... ისევე, როგორც თუნდაც მე“. და დროის ქარები მოსინჯა, იგრძნო შფოთი,
ქარიშხლების კვანძი, რომელიც ახლა ამ მომენტსა და ამ ადგილზე იყო მოქცეული. ახლა სულ
უმცირესი საჭვრეტებიც კი დახშულიყო. იცოდა: აი, ისიც, ჯერარშობილი ჯიჰადი. ეს იყო
რასის ცნობიერება, რომელიც მან ოდესღაც საკუთარ საზარელ დანიშნულებად შეიცნო. აქ იყო
მიზეზი, რაც გაამართლებდა კვიზაც ჰადერაქსა თუ ლისან ალ-გაიბს, ან თუნდაც ბენე
გესერიტის კოჭლ გეგმებსაც კი. ადამიანთა მოდგმას ეგრძნო საკუთარი უმოძრაობა, ეგრძნო,
როგორ მყაყდებოდა და ახლა მხოლოდ ერთი რამ იცოდა, ერთს ესწრაფოდა: სჭირდებოდა,
გამოეცადა ღელვა, რომელიც გენებს გადახლართავდა და ძლიერი ახალი ნარევი
გადარჩებოდა. ამ წამს ყველა ადამიანი ერთ არაცნობიერ ორგანიზმად ცოცხლობდა და
შეპყრობილი იყო ერთგვარი სქესობრივი ჟინით, რაც ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავდა.

და პოლმა დაინახა, რა უძლური იყო მისი ყველა მცდელობა, ამ ყველაფერში თუნდაც


უმცირესი რამ შეეცვალა. განზრახული ჰქონდა, საკუთარ თავში ჯიჰადს დაპირისპირებოდა –
მაგრამ ჯიჰადი მაინც იქნება. მისი ლეგიონები მის გარეშეც კი იხუვლებენ არაკისიდან. მათ
სჭირდებოდათ მხოლოდ ლეგენდა, რაც პოლი უკვე გამხდარიყო კიდეც. გზა უჩვენა მათ,
გააბატონა გილდიაზეც კი, რომელსაც საარსებოდ აუცილებლად სჭირდება სუნელი.

ჭაბუკი დამარცხებულის უმწეობამ შეიპყრო და ამ გრძნობის მიღმა დაინახა, როგორ გაიხადა


ფეიდ-რაუთა ჰარკონენმა დახეული ფორმა და დარჩა საბრძოლო სარტყელში, რომელშიც
აბჯარი იყო დატანებული.

„ეს კულმინაციაა“, გაიფიქრა პოლმა. „ამის მერე მომავალი გამეხსნება, ღრუბლები გადაიყრება
და დიდებაისმაგვარ სხივს მომფენს. თუ აქ მოვკვდები, იტყვიან, რომ მე მსხვერპლად გავიღე
საკუთარი თავი, რათა ჩემს სულს ეწინამძღვრა მათთვის; ხოლო თუ ცოცხალი დავრჩები,
იტყვიან, რომ მუად’დიბს წინ ვერაფერი აღუდგება.

– ატრეიდესი მზადაა? – შემოსძახა ფეიდ-რაუთამ; კანლის რიტუალის უძველეს სიტყვებს


წარმოთქვამდა.

პოლმა ამჯობინა, მისთვის ფრემენული წესით ეპასუხა:

– დაე, დაიმსხვრეს და დაილეწოს შენი დანა! – მერე კი იატაკზე დადებულ ხანჯალზე


მიუთითა, რაც ნიშნავდა, რომ ფეიდ-რაუთას შეეძლო, მოსულიყო და აეღო იგი.

ისე, რომ პოლისთვის თვალი არ მოუცილებია, ფეიდ-რაუთამ ხანჯალი აიღო, წუთით ხელში
აწონა, მოსინჯა, იგრძნო. აღტაცება იპყრობდა. აი, ასეთ ბრძოლაზე ოცნებობდა: კაცი-კაცზე,
უნარი-უნარზე, ფარების ჩარევის გარეშე. ხედავდა, როგორ იხსნებოდა მის წინ
ძალაუფლებისკენ მიმავალი კარი – იმპერატორი ხომ უეჭველად დააჯილდოებდა იმას, ვინც
ამ აბეზარ ჰერცოგს მოაშორებდა. ჯილდო შეიძლება ის ქედმაღალი ასული და ტახტის
გაზიარებაც კი გამომდგარიყო. და ეს გაუთლელი ჰერცოგი,

შავი სამყაროს ეს ავანტიურისტი ნამდვილად ვერ იქნებოდა ჰარკონენის ბადალი, ვინც არენის
უამრავ ორთაბრძოლას ყველა იარაღის ხმარებასა და ყველანაირი ხრიკის მოწყობაში
დაეოსტატებინა. და ამ გაუთლელს ნამდვილად ვერ ეცოდინებოდა, რომ აქ ხანჯლის გარდა
სხვა იარაღთანაც მოუწევდა შეხვედრა.

„აბა, ვნახოთ, შხამს როგორ მოინელებ!“ გაიფიქრა ფეიდ-რაუთამ. პოლს იმპერატორის


ხანჯლით სამხედრო სალამი მისცა და უთხრა:

– შეეგებე სიკვდილს, ბრიყვო!


– მაშ, ვიბრძოლოთ, კუზენ? – ჰკითხა პოლმა. ის კატის ნაბიჯით დაიძრა წინ, თვალს
მომლოდინე ხანჯალს არ აშორებდა, დაბალი დგომით მიიწევდა, თავისი რძისფერი კრისდანა
ხელის გაგრძელებასავით ეჭირა, წვეტით წინ.

ერთმანეთს გარშემო უვლიდნენ, შიშველი ფეხები იატაკზე ხრაშუნებდა, თვალები


გაფაციცებით ელოდნენ, როდის გაიხსნებოდა მოწინააღმდეგე, თუნდაც სულ ოდნავ...

– რა ლამაზად ცეკვავ, – უთხრა ფეიდ-რაუთამ.

„მოლაპარაკეა“, გაიფიქრა პოლმა. „ესეც მისი კიდევ ერთი სისუსტე. სიჩუმის პირისპირ
დარჩენილი თავს მოუსვენრად გრძნობს“.

– აღსარება თუ თქვი? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ.

პოლი მაინც უხმოდ უტრიალებდა გარშემო.

ხოლო ბებერმა ღირსმა დედამ, რომელიც ორთაბრძოლას იმპერატორის მჭიდროდ


შეჯგუფული ამალიდან ადევნებდა თვალყურს, იგრძნო, როგორ უცახცახებდა სხეული.
ჭაბუკმა ატრეიდესმა ჰარკონენს „კუზენი“ უწოდა. ეს მხოლოდ ერთზე მეტყველებდა – მან
იცოდა, საერთო წინაპრები რომ ჰყავდათ. ეს იოლად აიხსნებოდა, რაკი პოლი კვიზაც
ჰადერაქი იყო. მაგრამ მისმა სიტყვებმა დედაბერი აიძულეს, ეფიქრა იმ ერთადერთ რამეზე,
რასაც აქ მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა.

ეს შესაძლოა, ბენე გესერიტის შეჯვარების გეგმებისთვის უდიდეს კატასტროფად ქცეულიყო.

ღირსი დედა ნაწილობრივ ხედავდა იმას, რაც აქ პოლმა დაინახა: რომ ფეიდ-რაუთას
შეიძლებოდა, მოეკლა, მაგრამ ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ქალს სხვა ფიქრი ზარავდა. ამ
ხანგრძლივი და

ძვირადღირებული პროგრამის ორი საბოლოო პროდუქტი ერთმანეთს უპირისპირდებოდა


სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელსაც, იოლი შესაძლებელია, ორივეს სიცოცხლე
მოესპო. თუ ახლა აქ ორივე დაიხოცებოდა, დარჩებოდა მხოლოდ ფეიდ-რაუთას ბუში გოგონა,
ჯერ კიდევ ჩვილი რომ იყო, და ალია – ის სიმახინჯე.

– თუმცა, შეიძლება, აქ მარტო წარმართული რიტუალები იცით, – თქვა ფეიდ-რაუთამ, – ხომ


არ გინდა, შენი სული გზაზე იმპერატორის მართლისმცნობმა დააყენოს?

პოლმა გაიღიმა, მარჯვნივ დაიძრა წრეზე, მისი შავი ფიქრები ამწუთიერ გარდაუვალ
საჭიროებას გაეფანტა.

ფეიდ-რაუთამ ისკუპა, მარჯვენა ხელით ფანდი გააკეთა, მაგრამ დანა თვალშეუსწრები


მოძრაობით გადაიტანა მარცხენაში.

პოლი იოლად გაეცალა და მეტოქის მოქნევას ფარით ბრძოლაში ნავარჯიშევის დაყოვნება


შეატყო. და მაინც, ეს არ იყო იმდენად გამოკვეთილი დაყოვნება, როგორიც სხვა დროს ენახა,
და მიხვდა, რომ ფეიდ-რაუთას ადრეც ებრძოლა უფარო მოწინააღმდეგეებთან.

– ატრეიდესი ასე ირბენს, თუ დადგება და შემებრძოლება? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ.


პოლმა კვლავ განაგრძო უხმოდ ტრიალი. აიდაჰოს სიტყვები გაახსენდა, კალადანის შორეულ
სავარჯიშო მოედანზე გაგონილი დამოძღვრის სიტყვები: „პირველი წუთები შესწავლისთვის
გამოიყენე. ასე შეიძლება სწრაფი გამარჯვების ბევრი შესაძლებლობა გამოგეცალოს ხელიდან,
მაგრამ შესწავლაში დახარჯული წუთები წარმატების გარანტიაა. არ აჩქარდე და გამარჯვება
სათუო არ გაგიხდება“.

– ან, იქნებ, გგონია, რომ ასე ცეკვა რამდენიმე წუთით გაგიხანგრძლივებს სიცოცხლეს? – არ
ჩუმდებოდა ფეიდ-რაუთა, – კეთილი, მაშინ... – ის წელში გაიმართა.

პოლმა უკვე საკმარისად დიდხანს უყურა, რომ პირველი დასკვნები გაეკეთებინა. ფეიდ-
რაუთა მარცხნივ იძვროდა, წინ მარჯვენა თეძოს ტოვებდა, თითქოს ჯავშნიანი საბრძოლო
სარტყელი მთელ გვერდს უფარავდა. ეს იყო ფარზე ნავარჯიშევი კაცის მოქმედება, რომელსაც
ორივე ხელში მახვილი ეჭირა.

ან... და პოლი შეყოყმანდა... სარტყელი არ იყო მარტო სარტყელი.

ჰარკონენი მეტისმეტად თავდაჯერებული ჩანდა იმ კაცის პირისპირ, რომელიც იმ დღეს


სარდაუკარების ლეგიონებზე გამარჯვებულ ლაშქარს სარდლობდა.

ფეიდ-რაუთამ ყოყმანი შეატყო და უთხრა:

– რატომ ვწელოთ დროში ის, რაც გარდაუვალია? ცოტა ხნით კიდევ გადამივადებ, რომ ეს
ტალახის ბურთი ვმართო, როგორც საჭიროა და რის უფლებაც მაქვს – ესაა და ეს.

„თუ ეს ღილაკიანი ისარია, მარჯვე მოწყობილობა ჩანს. სარტყელს გარედან არაფერი ეტყობა“.

– ხმას რატომ არ იღებ? – შეუტია ფეიდ-რაუთამ.

პოლი ისევ განაგრძობდა საცდელად მის გარშემო ტრიალს. მხოლოდ ცივი ღიმილი დააჩნდა
ბაგეზე, ფეიდ-რაუთას ხმას აღელვებული კილო რომ შეატყო – ეს უდასტურებდა, რომ სიჩუმე
მეტოქეს მართლაც თრგუნავდა.

– იღიმები, ხო? – ჰკითხა ფეიდ-რაუთამ და, სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ისკუპა.

პოლმა, რომელიც სულ უმცირეს შეყოყმანებას მაინც ელოდა, ძლივს მოასწრო მისი ხანჯლის
თავიდან აცილება და იგრძნო, როგორ გაუკაწრა იარაღის წვეტმა მარცხენა მკლავი. უეცარი
ტკივილი ჩაახშო და გონებას ერთბაშად მოაწყდა მიხვედრა, რომ ადრინდელი ყოყმანი ხრიკი
იყო – ზეფანდი. ეს მეტოქე იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. როგორც ჩანს, მისგან ელოდა
ფანდები ფანდში და კიდევ ფანდში.

– ზოგი რამე შენმა ჰავატმა მასწავლა, – უთხრა ფეიდ-რაუთამ, – მისი წყალობით პირველი
სისხლიც დაგადინე. რა ცუდია, სულელი ბებერი ამას რომ ვერ მოესწრო.

და პოლს გაახსენდა ერთხელ დუნკან აიდაჰოს ნათქვამი: „ელოდე მხოლოდ იმას, რაც
ბრძოლისას ხდება. მაშინ არასოდეს არაფერი გაგიკვირდება“.

ორმა მეტოქემ ისევ გარს დაუარა ერთმანეთს – ორივე ჩამჯდარი იყო, სიფრთხილით
მოძრაობდნენ.
პოლმა დაინახა, რომ მის მოწინააღმდეგეს ისევ აღტაცება ეუფლებოდა, და გაიფიქრა, ნეტავ,
რატომო. „ნუთუ ერთი ნაკაწრი მისთვის ამდენს ნიშნავდა? ან ხანჯლის პირი მოწამლული
იყო! მაგრამ რანაირად? იარაღი ჰარკონენს მისმა მებრძოლებმა მიაწოდეს, მანამდე კი შხამზე
შეამოწმეს. მათსავით გამოცდილ და გაწვრთნილ ჯარისკაცებს ასეთი ცხადი საშიშროება არ
გამორჩებოდათ.

– ის ქალი, წეღან რომ ელაპარაკებოდი, – უთხრა ფეიდ-რაუთამ, – აი, ის, გახვლიკული. ვინმე
განსაკუთრებულია შენთვის? შენი რჩეული ხომ არაა? ჩემს საგანგებო ყურადღებას
იმსახურებს თუ არა?

პოლი ხმას არ იღებდა, თავისი შინაგან შეგრძნებებს აყურადებდა, ჭრილობიდან გამოსულ


სისხლს აკვირდებოდა და იმპერატორის ხანჯლიდან შემოჭრილი დამაძინებელი ნივთიერება
შენიშნა. საკუთარი ნივთიერებათა ცვლა გადააწყო, რომ ამ საფრთხეს სათანადოდ
დახვედროდა და თავად დამაძინებელი წამლის მოლეკულები შეეცვალა, მაგრამ ეჭვმა მაინც
ააფორიაქა. მათ მახვილი დამაძინებელი წამლით მოამზადეს. დამაძინებლით. შხამის
დეტექტორი ამაზე განგაშს არ ატეხდა, მაგრამ წამალი საკმარისად ძლიერი იყო საიმისოდ,
რომ კუნთების მოძრაობა შეენელებინა, თუ სხეულს შეეხებოდა. მის მტრებს გეგმებში
ჩასმული გეგმები ჰქონდათ გამზადებული, ღალატთა მთელი წყება.

ფეიდ-რაუთამ ისევ ისკუპა და მახვილი აძგერა.

პოლი, სახეზე შეყინული ღიმილით, მოჩვენებითი, თითქოსდა წამლით მოგვრილი სიზანტით


ამოძრავდა და ბოლო წამს გაეცალა, მტრის დაბლა გამოქანებულ მკლავს კრისდანის წვეტი
დაუხვედრა.

ფეიდ-რაუთა გვერდზე გასხლტა, გაეცალა. მახვილი მარცხენა ხელში გადაიტანა. მის


ამტანობაზე მეტყველებდა ის, რომ პოლის იარაღით მიყენებული მწველი ტკივილი მხოლოდ
ყბების ოდნავ გაფითრებაზე დაეტყო.

„დაე, მანაც იწვნიოს თავისი წილი ეჭვი“, გაიფიქრა პოლმა. „დაე, ეგონოს, რომ საწამლავით
დავჭერი“.

– ღალატია! – წამოიყვირა ფეიდ-რაუთამ, – მომწამლა! მკლავში საწამლავს ვგრძნობ!

პოლმა დუმილის აბჯარი ჩამოიხსნა და თქვა:

– მხოლოდ ცოტაოდენი მჟავაა – იმპერატორის მახვილზე წასმული დამაძინებლის


საპირისპიროდ.

ფეიდ-რაუთამ პოლს მისივე მსგავსი ცივი ღიმილი შეაგება და მარცხენა ხელით მახვილი
დამცინავ სალმად აღმართა. იარაღის მიღმიდან მისი თვალები რისხვას აფრქვევდნენ.

პოლმა კრისდანა მარცხენა ხელში გადაიტანა – თავისი მოწინააღმდეგის მსგავსად. ისევ წრეზე
დატრიალდნენ, ერთმანეთის მოსინჯვას აგრძელებდნენ.

ფეიდ-რაუთამ მათ შორის მანძილის შემცირება დაიწყო, გვერდულად მოიწევდა წინ, მახვილი
მაღლა აწეული ეჭირა, მის მოჭუტული თვალები და წინ წამოწეული ყბა ბრაზს ამჟღავნებდა.
ფეიდ-რაუთა დაბლიდან მარჯვნივ ელვისებური სისწრაფით გაექანა; ისინი ერთმანეთს
მიეჭრნენ, დანიანი ხელები დაუჭირეს და დაეჭიდნენ.
პოლი უფრთხოდა ფეიდ-რაუთას მარჯვენა თეძოს, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ
მოწინააღმდეგეს იქ შხამიანი ისარი ჰქონდა ჩამაგრებული. ამიტომ მას მარჯვნივ შეტრიალება
აიძულა. და ლამის იყო, გამოეპარა ქამრის ქვემოდან გამოჩრილი ნემსის წვეტი. ფეიდ-რაუთას
მოძრაობის ცვლილებამ გააფრთხილა – მტერი უცნაურად დაჰყვა მის მიწოლას. პაწაწინა
წვეტი პოლის სხეულს სულ ოდნავ ასცდა.

მარცხენა თეძოზე!

ღალატი ღალატში და კიდევ ღალატშიო, შეახსენა პოლმა საკუთარ თავს. ბენე გესერიტის
წესით გაწვრთნილი კუნთები მოადუნა, მოიღვენთა, რათა ფეიდ-რაუთას რეფლექსური
მოძრაობა გამოეწვია, მაგრამ მოწინააღმდეგის თეძოდან გამოჩრილი პაწია წვეტი რომ
აერიდებინა, ოდნავ გადაქანდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა წონასწორობის დასაკარგავად და ის
მაგრად დაეცა იატაკზე, ფეიდ-რაუთა კი ზემოდან მოექცა.

– დაინახე, ხომ, თეძოზე რა მაქვს? – ჰკითხა ჰარკონენმა ჩურჩულით, – ეს შენი სიკვდილია,


უგუნურო, – და მობრუნება იწყო, მოწამლული ნემსი სულ უფრო ახლოს, ახლოს მიჰქონდა, –
ეს კუნთებს გაგიშეშებს, ბოლოს კი ჩემი დანა მოგიღებს. სისხლში კვალიც არ დარჩება, ვინმემ
რომ აღმოაჩინოს!

პოლი დაიძაბა, შეეწინააღმდეგა. გონებაში უხმოდ გაჰკიოდნენ ურიცხვი წინაპრები, რომელთა


ხსოვნა, რომელთა არსებაც პოლის უჯრედებს შემოენახათ: მოითხოვდნენ, ეთქვა ის
საიდუმლო სიტყვა, შეებორკა ფეიდ-რაუთა, თავი გადაერჩინა.

– არ ვიტყვი! – ამოიქშინა პოლმა.

ფეიდ-რაუთა გაოცებით შეაჩერდა, ყოყმანის სულ უმცირესი ნამცეცი ჩადგა მათ შორის.
პოლისთვის ეს კმაროდა, რომ მოწინააღმდეგის ერთი ფეხის კუნთებში წონასწორობის
სისუსტე აღმოეჩინა და თავად მოქცეოდა ზემოდან. ახლა იატაკზე ფეიდ-რაუთა იწვა,
სანახევროდ მის ქვეშ განრთხმული, მარჯვენა თეძოთი ზემოთ, და ვერ ტრიალდებოდა,
რადგან მის ქვეშ ციცქნა ნემსი იატაკზე იყო დაბჯენილი.

პოლმა მარცხენა ხელი ქვეშიდან გამოაძრო (მკლავიდან ჩამოდენილმა სისხლმა ხელი


გაუპოხა და ამიტომ ეს უფრო გაუიოლდა) და ერთხელ მკვეთრად აიქნია ფეიდ-რაუთას ყბის
ქვეშ. კრისდანის წვეტი შესრიალდა და ტვინში შეჩერდა. ფეიდ-რაუთა შეტოკდა, უკან
გადაქანდა და მოიღვენთა; მაინც გვერდზე მწოლარე დარჩა, რადგან იატაკში ჩასობილი ნემსი
აკავებდა.

პოლი ღრმად სუნთქავდა, რომ სიმშვიდე აღედგინა. გვამისგან განზე გაიწია და ფეხზე
წამოდგა. უსიცოცხლო სხეულს ხელში დანით დაადგა თავზე, ხაზგასმით ნელა ასწია თავი და
ოთახის მოპირდაპირე მხარეს მდგარ იმპერატორს შეხედა.

– სირ, – წარმოთქვა მან, – შენი ძალები კიდევ ერთი კაცით შემცირდა. ისევ განვაგრძოთ თავის
მოჩვენება და ხრიკები? თუ იმაზე ვიმსჯელოთ, რაც გარდაუვალია? შენს ასულზე ვიქორწინებ
და ატრეიდესს ტახტისკენ გზა გაეხსნება.

იმპერატორი შებრუნდა და გრაფ ფენრინგს შეხედა. გრაფმა მზერა გაუსწორა – ნაცრისფერი


თვალები მწვანეს შეეჩეხა. ცხადი იყო, რა აზრი გაიბა მათ შორის – იმდენი ხანი გაეტარებინათ
ერთად, რომ ერთმანეთის გასაგებად უსიტყვო შეხედვაც ჰყოფნიდათ.
„მოკალი ეს მეტიჩარა ჩემი ხათრით“, ამბობდა იმპერატორის მზერა. „კი, ატრეიდესი
ახალგაზრდა და ძლიერია, სამაგიეროდ, დაღლილია და შენ მაინც ვერ გაგიმკლავდება.
გამოიწვიე ახლა... შენ იცი, როგორ მოახერხო ეს. მოკალი“.

ფენრინგმა ნელა იწყო თავის მოტრიალება, ზოზინით, აუჩქარებლად მოიხედა, სანამ პოლის
თვალებს არ წააწყდა.

– მიდი! – წაუსისინა იმპერატორმა.

გრაფი პოლს დააკვირდა, თავისი ლედი მარგოსგან ნასწავლი ბენე გესერიტის მზერით
შეაფასა და ამ ჭაბუკ ატრეიდესში შენიშნა საიდუმლო, შენიშნა ფარული დიდებულება.

შემეძლო, მომეკლაო, გაიფიქრა ფენრინგმა – და მიხვდა, რომ ეს სიმართლე იყო.

რაღაცამ, მისი არსების სიღრმიდან მომავალმა, შეაჩერა მაშინ გრაფი და მან წამით, სრულიად
აუხსნელად, თვალი მოჰკრა, რა უპირატესობანი ჰქონდა პოლის წინაშე – ის, რასაც
ახალგაზრდა მზერა ვერ განჭვრეტდა, ფარული ხასიათი და მოტივები, რომლებიც სხვა
თვალისთვის უჩინარი რჩებოდა.

პოლს ეს ყველაფერი ნაწილობრივ გაცნობიერებული ჰქონდა – რაკი ხედავდა, როგორ


ბობოქრობდა და იხლართებოდა დროის კვანძი, და, ბოლოს და ბოლოს, ჩასწვდა, რატომ
მოხდა, რომ არასოდეს მოეკრა თვალი ფენრინგისთვის წინასწარჭვრეტის აბლაბუდაში.
ფენრინგი იყო ერთ-ერთი „შესაძლო ვარიანტი“, ლამის კვიზაც ჰადერაქი, რომელიც
გენეტიკური მოდელის ხარვეზს დაესახიჩრებინა – საჭურისი, რომლის ნიჭიც ფარულობასა
და შინაგან განმარტოებაზე იყო კონცენტრირებული. პოლს გრაფის მიმართ ღრმა
თანაგრძნობამ აუვსო გული, პირველად იგრძნო, რას ნიშნავს ძმის ყოლა, რის გამოცდილებაც
არასოდეს ჰქონია.

ფენრინგმა პოლის გრძნობები ამოიკითხა და თქვა:

– სირ, იძულებული ვარ, უარი ვთქვა.

შადამ IV მრისხანებამ შეიპყრო. ორი მოკლე ნაბიჯი გაიარა მხლებლებს შორის და ფენრინგს
გაანჩხლებით გააწნა სილა.

გრაფს ლოყაზე მუქად მოაწვა სისხლი და მთელ სახეზე მოედო. იმპერატორს თვალი თვალში
გაუყარა და საგანგებო გულგრილობით წარმოთქვა:

– ჩვენ მეგობრები ვიყავით, სირ. ის, რასაც ახლა ვაკეთებ, მეგობრობის გამო ვაკეთებ.
დავივიწყებ, რომ შემომკარი.

პოლმა ხმა ჩაიწმინდა:

– ტახტზე ვლაპარაკობდით, სირ.

იმპერატორი მრისხანე მზერით მიუბრუნდა.

– ტახტზე მე ვზივარ! – მიუგდო ბრაზით.

– ტახტი გექნება, ოღონდ სალუსა სეკუნდუსზე, – უთხრა პოლმა.


– მე იარაღი დავყარე და, შენს სიტყვას მონდობილი, აქ გეახელი! – უყვირა იმპერატორმა, –
ბედავ და მემუქრები...

– შენს სიცოცხლეს ჩემ გვერდით საფრთხე არ ემუქრება, – უთხრა პოლმა, – ატრეიდესს ამის
პირობა აქვს დადებული. მუად’დიბმა კი შენს ციხე-პლანეტაზე ცხოვრება მოგისაჯა. მაგრამ
ნუ გეშინია, სირ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმ პლანეტის მკაცრი ჰავის შესაცვლელად. ის
ბაღნარად იქცევა, საამო ალაგებით აივსება.

იმპერატორმა თანდათან შეიგნო პოლის სიტყვების დაფარული მნიშვნელობა და ოთახის


მეორე ბოლოდან შემოაცქერდა.

– ახლა გასაგებია, რა არის ნამდვილი მოტივები, – ჩაიფრუტუნა აგდებით.

– სწორედ, – მიუგო პოლმა.

– და არაკისზე რას იტყვი? – ჰკითხა იმპერატორმა, – კიდევ ერთი ბაღნარი იქნება, საამო
ალაგებით სავსე?

– ფრემენებს მუად’დიბმა სიტყვა მისცა, – თქვა პოლმა, – აქ ღია ცის ქვეშ წყალი იდენს და
მწვანე ოაზისებში ხეები ნაყოფით დაიხუნძლება. მაგრამ სუნელზეც უნდა ვიფიქროთ. ამიტომ
არაკისზე მუდამ იარსებებს უდაბნოც... მძვინვარე ქარებიც, სიძნელეებიც... ადამიანის
გამოსაწრთობად. ფრემენებს ასეთი ანდაზა აქვთ: „ღმერთმა შექმნა არაკისი, რათა ერთგულნი
გამოეწრთო“. კაცი ღმერთის სიტყვას ვერ ეურჩება.

ბებერმა მართლისმცნობმა, ღირსმა დედამ, გაიუს ჰელენ მოჰიამმა პოლის სიტყვების


დაფარული მნიშვნელობა ახლა თავისებურად გაიგო. მან ჯიჰადს ჰკიდა თვალი და თქვა:

– არ შეიძლება, ეს ხალხი სამყაროს შეასიო!

– გიჯობს, სარდაუკარები და მათი სათუთი მოპყრობა გაიხსენო! – შეუტია პოლმა.

– არ შეიძლება... – ხმა ჩაუწყდა მას.

– შენ მართლისმცნობი ხარ, – უთხრა პოლმა, – შეაფასე საკუთარი სიტყვები, – პრინცესას


შეხედა, მერე – ისევ იმპერატორს, – ჯობია, სწრაფად გაკეთდეს, რაც საჭიროა, სირ.

იმპერატორმა ასულს გაოგნებული მზერა მიაპყრო. მან კი მამას მკლავზე ჩამოსდო ხელი და
დაუყვავა:

– მე ხომ ამისთვის აღმზარდეს, მამა.

მან ღრმად ჩაისუნთქა.

– ამას ვერ წაუხვალ, – ჩაიბუტბუტა ბებერმა მართლისმცნობმა.

იმპერატორი წელში გაიმართა, დაზეპირებული ღირსების გრძნობით გაიჯგიმა.

– ვინ აწარმოებს მოლაპარაკებას შენი სახელით, თვისტომო? – ჰკითხა მან პოლს.

პოლი შებრუნდა, დაინახა დედა, ის იდგა ჩანისთან ერთად ფედაიკინი მცველების ჯგუფში
და დაჟინებით შემოსცქეროდა. მათთან მივიდა და ჩანის დახედა.
– მე მესმის ამის მიზეზი, – დაიჩურჩულა ჩანიმ, – თუ ასეა საჭირო... უსულ.

პოლს მის ხმაში დაფარული ცრემლი ჩაესმა და ლოყაზე შეახო თითები.

– ჩემს სიჰაიას არასოდეს არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს, – წარმოთქვა ჩურჩულით. მერე
მკლავი დაუშვა და დედას შეხედა, – ჩემი სახელით მოლაპარაკებას შენ აწარმოებ, დედა, და
ჩანიც შენ გვერდით იქნება. მას სიბრძნე და მახვილი თვალი აქვს. და სწორად უთქვამთ,
ფრემენზე ჯიუტად ვაჭრობა არავინ იცისო. ჩემდამი მისი სიყვარულის და თავის მომავალ
ვაჟიშვილებზე ფიქრის თვალს გაახელს და მათ საჭიროებაზე იზრუნებს. ყური უგდე მის
რჩევებს.

ჯესიკამ შვილის სიტყვებში მკაცრი ანგარიში იგრძნო და ჟრჟოლა შეიკავა.

– რას დაგვავალებ? – ჰკითხა მან.

– მზითევად მოსთხოვთ იმპერატორის მთელ წილს პუვმე-ს კომპანიაში, – მიუგო პოლმა.

– მთელს? – ჯესიკას გაოცებისგან ლამის ენა ჩაუვარდა.

– ყველაფერი უნდა წავგლიჯოთ. გურნი ჰალეკისთვის გრაფის ტიტული და პუვმე-ში


დირექტორის ადგილი მინდა, და კალადანის ფეოდსაც მას ჩავაბარებ. ყველა ცოცხლად
დარჩენილ ატრეიდესის მებრძოლს ტიტული და შესაბამისი ძალაუფლება ერგება,
თითოეული რიგითი ჯარისკაცის ჩათვლით.

– და ფრემენები? – ჰკითხა ჯესიკამ.

– ფრემენები ჩემია, – მიუგო პოლმა, – იმას, რასაც ისინი მიიღებენ, მუად’დიბი დაარიგებს.
დავიწყებთ იმით, რომ სტილგარი არაკისის გუბერნატორი იქნება, მაგრამ ამის გადადება
შეიძლება.

– მე? – ისევ ჰკითხა ჯესიკამ.

– რამე თუ გსურს?

– შეიძლება, კალადანი, – მიუგო დედამ და გურნის შეხედა, – ზუსტად არ ვიცი. ძალიან


ფრემენი გავხდი... და ღირსი დედა. მჭირდება, მშვიდად და უმოქმედოდ გავატარო
გარკვეული დრო და დავფიქრდე.

– ეს გექნება, – უთხრა პოლმა, – და სხვაც ყველაფერი, რაც კი მე და გურნის შეგვიძლია,


მოგცეთ.

ჯესიკამ თავი დაუქნია, უცებ დაბერებულად და დაქანცულად იგრძნო თავი. ჩანის შეხედა.

– მეფის თანამესარეცლეს რა ერგება?

– მე ტიტული არ მინდა, – დაიჩურჩულა ჩანიმ, – არაფერი არ მინდა. გევედრები.

პოლმა თვალებში ჩახედა და გაახსენდა, როგორ იდგა იგი ერთხელ და ხელში ატატებული
ჰყავდა პატარა ლეტო – მათი ძე, ომის სისასტიკემ რომ შეიწირა.
– გეფიცები, არანაირი ტიტული არ დაგჭირდება, – უთხრა გოგოს ჩურჩულით, – იქ რომ ქალი
დგას, ჩემი ცოლი იქნება, შენ კი – მხოლოდ თანამესარეცლე, რადგან პოლიტიკა ასე მოითხოვს,
ჩვენ კი ამ მომენტიდან მშვიდობაზე უნდა ვიზრუნოთ და ლანდსრაადის დიდებული გვარები
მოკავშირეებად გავიხადოთ. ფორმალობა უნდა დავიცვათ. მაგრამ იმ პრინცესას, ჩემი სახელის
გარდა, ჩემგან არაფერი ეღირსება. არც ჩემი შვილი, არც შეხება ან ნაზი მზერა, ჟინის ერთი
წამიც კი არა.

– ახლა ასე ამბობ, – უთხრა ჩანიმ და ოთახის მეორე ბოლოში მდგარ აშოლტილ პრინცესას
გახედა.

– ჩემს ძეს ასე ცუდად იცნობ? – ჩაუჩურჩულა ჯესიკამ, – შეხედე იმ პრინცესას, რა ქედმაღალი
და თავდაჯერებული დგას. ამბობენ, თითქოსდა ლიტერატურული ნიჭი ჰქონდეს. იმედია,
ისევ ლიტერატურა მოუტანს ნუგეშს; სანუგეშოს სხვას ბევრს ვერაფერს ნახავს, – ჯესიკას
მწარედ გაეცინა, – დაფიქრდი, ჩანი: იმ პრინცესას სახელი ექნება, მაგრამ თანამესარეცლეზე
უარესი ცხოვრება ერგება – ვერასოდეს შეიცნობს სინაზეს კაცისგან, რომელსაც შეუუღლდება.
ხოლო ჩვენ, ჩანი, ჩვენ, ვისაც სახელად თანამესარეცლეები გვქვია – ისტორია ცოლებად
მოგვიხსენიებს.

დანართი I: დიუნის ეკოლოგია


შეზღუდულ სივრცეში კრიტიკული წერტილის მიღწევის მერე, რიცხობრიობის გაზრდის
კვალობაზე, თავისუფლება მცირდება. ეს ისევე მიესადაგება შეზღუდულ სივრცეში მოქცეულ
ადამიანებს, როგორც – მოხუფულ ქილაში მოთავსებულ აირის მოლეკულებს. ადამიანის
წინაშე არ დგას კითხვა: „ამ სისტემაში რამდენს შეუძლია, გადარჩეს?“ კითხვა, რომელსაც მან
პასუხი უნდა გასცეს, ასეთია: „რა გამოცდილება შეიძლება მიიღოს იმან, ვინც გადარჩება?“

პარდოტ კაინსი, არაკისის პირველი პლანეტოლოგი

არაკისზე ახლად ჩამოსულს ეს პლანეტა, როგორც წესი, დამთრგუნველ და უსიცოცხლო


ხრიოკად წარმოუდგება. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებს, რომ აქ ღია ცის ქვეშ
ვერაფერი იცოცხლებს ან იხარებს, რომ ეს ნამდვილი უდაბნოა, რომელიც არასოდეს ყოფილა
ნაყოფიერი და ვერც ვერასოდეს იქნება.

პარდოტ კაინსისთვის კი ეს პლანეტა, უბრალოდ, ენერგიას ასხივებდა; ეს აქაური მზით


მომუშავე მანქანა იყო. ისღა სჭირდებოდა, სახე გეცვალა მისთვის და ადამიანის საჭიროებებზე
მოგერგო. მისი აზრი თავისთავად გადასწვდა აქაურ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც
თავის ნებაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ – ფრემენებს. რა გამოწვევაა! რა იარაღად
შეიძლებოდა, ისინი გამოსდგომოდნენ! ფრემენები – ეს ლამის შეუზღუდავი შესაძლებლობის
მქონე ეკოლოგიური და გეოლოგიური ძალა იყო.

პარდოტ კაინსი ბევრ რამეში პირდაპირი და მარტივი კაცი გახლდათ. ჰარკონენების მიერ
დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაა საჭირო? შესანიშნავია. მაშასადამე, ფრემენ
ქალს მოიყვან ცოლად. როცა ის ფრემენ ძეს გაგიჩენს, მას, ანუ ლიეტ-კაინსს, და მასთან ერთად
სხვა ბავშვებსაც, ეკოლოგიის საფუძვლებს შეასწავლი, შექმნი ახალ ენას ახალი სიმბოლოებით,
რომელიც გონებას მთელი ლანდშაფტის, მისი კლიმატის, სეზონური ცვლის სამართავ
იარაღად გამოადგება და, საბოლოოდ, შესაძლებელს გახდის, ის ძალის შესახებ ყველა იდეის
მიღმა გაიჭრას – წესრიგის თავბრუდამხვევ აღქმასა და გაცნობიერებაში.

„ყველა პლანეტას, რომელიც არ არის დასნებოვნებული ადამიანის მიერ, მოძრაობისა და


ბალანსის შინაგანად აღქმადი სილამაზე აქვს“, ამბობდა კაინსი, „ამ სილამაზეში შეგიძლია,
დაინახო დინამიკური მასტაბილიზებელი ეფექტი, რომელიც ყველანაირი სიცოცხლის
აუცილებელი პირობა გახლავთ. მისი მიზანი მარტივია: შეინარჩუნოს და წარმოქმნას უფრო
და უფრო მრავალფეროვანი კოორდინირებული მოდელები. სიცოცხლე აუმჯობესებს
დახურული სისტემის უნარს, ხელი შეუწყოს სიცოცხლის არსებობას. სიცოცხლე –
ყველანაირი სიცოცხლე – ისევ სიცოცხლის სამსახურში დგას. სიცოცხლეს მისთვის

აუცილებელი საკვები ნივთიერებები სხვა სიცოცხლისგან მით უფრო უხვად და


მრავალფეროვნად მიეწოდება, რაც უფრო იზრდება ცოცხალი ფორმების მრავალფეროვნება.
და ცოცხლდება მთელი ლანდშაფტი, ივსება ურთიერთობებითა და ურთიერთობებით
ურთიერთობების შიგნით.

ამას ასწავლიდა პარდოტ კაინსი სიეტჩის დასახლების საკლასო ოთახებში.

თუმცა, სანამ სწავლებას დაიწყებდა, ფრემენების დარწმუნება მოუხდა. იმის გასაგებად, თუ ეს


როგორ მოხერხდა, ჯერ უნდა გაისიგრძეგანოთ ის არანორმალური მიზანსწრაფულობა, ის
ერთგულება, რომლითაც ეს კაცი ნებისმიერ პრობლემას უდგებოდა. მიამიტი და
პრიმიტიული არ იყო, უბრალოდ, არაფერს ზედმეტს ნებას არ აძლევდა, მისი ყურადღება
დაეპყრო.

ერთხელ, როცა ის ერთკაციანი მიწამავალით იყო გასული არაკისის ლანდშაფტის საკვლევად,


სამწუხაროდ, ჩვეულ სცენას წააწყდა. ფარკედელის იქით, სოფელ ქარის ხალთის მახლობლად,
ექვს ჰარკონენ ბანდიტს, ფარებით დაცულებს და თავით ფეხამდე შეიარაღებულებს, შუაში
მოემწყვდია სამი ფრემენი მოზარდი. კაინსს თავიდან ეს უხეშ კინკლაობად მოეჩვენა, უფრო
გართობის მიზნით ჩხუბად, ვიდრე ნამდვილ ბრძოლად, სანამ არ შენიშნა, რომ ჰარკონენები
ფრემენებს დახოცვას უპირებდნენ. ამასობაში ერთი მოზარდი უკვე ძირს დაეცა, არტერია
ჰქონდა დაზიანებული, ორი ჰარკონენი შარისთავიც ძირს ეგდო, მაგრამ ორი მოზარდის
წინააღმდეგ ჯერ კიდევ ოთხი შეიარაღებული კაცი რჩებოდა.

კაინსი მამაცი არ იყო; მას, უბრალოდ, მიზანსწრაფულობა და სიფრთხილე ჰქონდა ბლომად.


ჰარკონენები ფრემენებს ხოცავდნენ. ისინი ამტვრევდნენ იარაღს, რომლითაც თავად
პლანეტის გადაკეთებას აპირებდა! მან ჩართო თავისი ფარი, მოჩხუბრებს მიეჭრა და ორი
ჰარკონენი ჩხვლეტიათი მოკლა, სანამ ისინი მიხვდებოდნენ, რომ უკნიდან ვიღაც მიადგათ.
აიცილა დარჩენილთაგან ერთის მოქნეული ხმალი, ზუსტი კონტრშეტევით გამოსჭრა მტერს
ყელი და ერთადერთი გადარჩენილი შარისთავი ორ ფრემენს დაუტოვა მისახედად, თავად კი
მთელი ყურადღება მიწაზე მწოლი ბიჭის გადარჩენაზე გადაიტანა. და გადაარჩინა კიდეც...
ამასობაში ფრემენებმამეექვსე ჰარკონენიც გაისტუმრეს გაღმა.

აი, აქ კი აირია მონასტერი! ანუ, აქ იტყოდნენ, ქვიშის საკალმახე აირიაო! ფრემენებს ვერ
გაეგოთ, რა ექნათ ამ კაინსისთვის. რასაკვირველია, ის კი იცოდნენ, ვინ იყო. არაკისზე კაცი ვერ
ჩამოვიდოდა ისე, მისი სრული დოსიე ფრემენების სიმაგრეებში რომ არ მოხვედრილიყო.
ძალიან კარგად იცნობდნენ: ის იმპერატორის სამსახურში იდგა.
მაგრამ მან ჰარკონენები დახოცა!

მოზრდილები ალბათ მხრებს აიჩეჩავდნენ და, ცოტა კი დაენანებოდათ, მაგრამ მის სულსაც
მიწაზე დაყრილი ექვსი კაცის გზას გაუყენებდნენ. მაგრამ ეს ფრემენები გამოუცდელი
ღლაპები იყვნენ და მხოლოდ იმას ხვდებოდნენ, რომ ამ იმპერატორის მსახურის წინაშე
სამკვდრო-სასიცოცხლო ვალი

ჰქონდათ.

ორი დღის მერე კაინსი ხვეულ ბილიკს აუყვა სიეტჩში, რომელიც ქარის უღელტეხილს
გადმოჰყურებდა. მისთვის ეს ყველაფერი ძალიანაც ბუნებრივი იყო. ის ფრემენებს
ელაპარაკებოდა წყალზე, ბალახით გამაგრებულ დიუნებზე, ფინიკის პალმებით სავსე
ადგილებზე – პალმოვანებზე, უდაბნოში ღია ცის ქვეშ მომდინარე არხებზე. ლაპარაკობდა,
ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა...

მის გარშემო ბობოქრობდა და ღელავდა დავა და აზრთა სხვადასხვაობა, რაც კაინსს არც კი
შეუმჩნევია. „რა უნდა ვუყოთ ამ შეშლილ კაცს?“ „მან მთავარი სიეტჩის ადგილსამყოფელი
გაიგო!“ „რა უნდა ვქნათ?“ „გესმის, რას ამბობს არაკისულ ედემზე?“ „ცარიელი სიტყვებია და
მეტი არაფერი.“ „ზედმეტად ბევრი რამ იცის!“ „მაგრამ ჰარკონენები რომ დახოცა?!“ „წყლის
ტვირთს რა ვუყოთ?“ „როდის იყო, იმპერატორის რამე ვალი გვქონია?“ „მან ჰარკონენები
დახოცა!“ „ჰარკონენების ხოცვა ყველას შეუძლია. მე თვითონაც მიქნია ეგ“.

„მაგრამ იმას რა ვუყოთ, რასაც არაკისის აყვავებაზე ამბობს?“

„რა უნდა ვუყოთ: მაგის წყალი სადაა?“

„ამბობს, არის წყალიო! და სამი ჩვენიანი გადაარჩინა“.

„ანუ გადაარჩინა სამი სულელი, ჰარკონენების მუშტს რომ შეუშვირეს თავი! და კრისდანებიც
ნახა!“

საჭირო გადაწყვეტილება რამდენიმე საათით ადრე მიიღეს, სანამ მას გამოაცხადებდნენ.


სიეტჩის ტაუ თავის წევრებს ეუბნება, რა უნდა გაკეთდეს; უსასტიკესი აუცილებლობაც კი
გაცხადებულია ხოლმე. საქმის გაკეთება გამოცდილ მებრძოლს დაავალეს და ხელში
ნაკურთხი დანაც მისცეს. მას გაჰყვა ორი მეწყლეც, სხეულიდან წყლის ასაღებად. სასტიკი
აუცილებლობაა.

სავარაუდოდ, კაინსმა მისთვის მიჩენილ ჯალათს ზედაც არ შეხედა. თავის გარშემო ფრთხილ
დისტანციაზე შემოკრებილ ჯგუფს ელაპარაკებოდა, ლაპარაკისას ბოლთას სცემდა – მოკლე
წრეზე დადიოდა, ხელებს შლიდა. ღიაცისქვეშა წყალიო, ამბობდა. მიწის ზედაპირზე
სარწყულების გარეშე სიარულიო. წყალი, რომლებსაც გუბურიდან ამოხაპავთ! პორტოგალები!

დანიანი კაცი წინ გადაეღობა.

– მომცილდი გზიდან, – უთხრა კაინსმა და საიდუმლო წყლის ფაცერებზე ალაპარაკდა. კაცს


გვერდი აუარა და გასცდა – ახლა მისი ზურგი სრულიად გახსნილი იყო ცერემონიული
დარტყმისთვის.
რა მოხდა მაშინ ჯალათად გამწესებული კაცის გონებაში, ახლა ვეღარავინ გაიგებს. ბოლოს და
ბოლოს, ყური მიუგდო კაინსს და დაუჯერა? ვინ იცის? მაგრამ ის, რაც ჩაიდინა, მატიანეებშია
შესული. მას ულიეტი ერქვა, უფროსი ლიეტი. ულიეტმა სამი ნაბიჯი გადადგა და განზრახ
დაეცა საკუთარ დანაზე, ასე „მოსცილდა გზიდან“. თავი მოიკლა? ზოგი ამბობს, მის ხელს შაი-
ჰულუდი მართავდაო.

ესეც შენი ზეგარდმო მინიშნება!

ამ წამიდან კაინსისთვის კმაროდა, თითი გაეშვირა, ეთქვა: „იქით წადით!“ და მთელი


ფრემენული ტომები მიდიოდნენ. იხოცებოდნენ კაცები, იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები.
მაგრამ მიდიოდნენ.

კაინსი თავის საიმპერატორო სამსახურს დაუბრუნდა და ბიოლოგიური საცდელი


სადგურების გამართვას ჩაუდგა სათავეში. სადგურების მომსახურე პერსონალში ნელ-ნელა
გამოჩნდნენ ფრემენები . თავიდან ისინი ერთმანეთს აკვირდებოდნენ. მერე დაიწყეს
„სისტემაში“ შეღწევა – ამ შესაძლებლობის არსებობას ადრე ვერც კი წარმოიდგენდნენ.
სადგურებიდან სამუშაო იარაღებმა ნელ-ნელა სიეტჩ-დასახლებებში იწყო გადანაცვლება –
განსაკუთრებით სხივმჭრელებმა, რომლებსაც მიწისქვეშა ავზებისა და ფარული ქარის
ფაცერების გამოსაკვეთად იყენებდნენ.

აუზებში წყალმა იწყო მოგროვება.

ფრემენებმა ცხადად დაინახეს, რომ კაინსი არ იყო სრულიად შეშლილი; უბრალოდ,


საკმარისად „შეშლილი“ იყო საიმისოდ, რომ წმინდანი ყოფილიყო. ის იყო ერთ-ერთი
უმათაგან – წინასწარმეტყველთა საძმოდან. ულიეტის სული შერაცხეს სადუსად, ზეციურ
მსაჯულთა ტახტზე მჯდომად.

კაინსმა – შეუპოვარმა, უკიდურესად მიზანსწრაფულმა კაინსმა – იცოდა, რომ მკაცრად


ორგანიზებული კვლევა ახალს ვერაფერს მისცემდა. მან დაგეგმა მცირემასშტაბანი
ექსპერიმენტები, რომელთა მონაწილენიც ერთმანეთს რეგულარულად აწვდიდნენ
მონაცემებს სწრაფი ტანსლის ეფექტის მისაღებად; ყოველ ჯგუფს საკუთარი გეზის პოვნის
შესაძლებლობა მისცა. მათ მილიონობით პაწაწინა ფაქტი უნდა შეეგროვებინათ. თავად
მხოლოდ ცალკეულ და უხეშ ზოგად ტესტებს ატარებდა, რომ სიძნელეები თვალსაჩინო
გაეხადა.

მთელ ბლედზე იღებდნენ ქანის სვეტოვან ნიმუშებს, შეიმუშავეს ამინდის ხანგრძლივ


ტენდენციებზე, ანუ კლიმატზე, დაკვირვების ცხრილები. კაინსმა დაადგინა, რომ
ჩრდილოეთისა და სამხრეთის 70-გრადუსიან განედებს შორის მოქცეულ ფართო სარტყელში
უკვე ათასობით წელიწადი იყო, ტემპერატურა არ გასცდენოდა 254-332 გრადუსს
აბსოლუტური სკალით; რომ ამ სარტყელზე არსებობდა ხანგრძლივი ვეგეტაციური სეზონები,
რომელთა დროსაც ტემპერატურა აბსოლუტური სკალის 284-302 გრადუსის ფარგლებში
რჩებოდა – რაც სახმელეთო სიცოცხლისთვის საუკეთესო ამპლიტუდაა... მხოლოდ წყლის
პრობლემა რჩებოდა გადასაჭრელი.

მაგას როდისღა გადავჭრითო, ჰკითხეს ფრემენებმა. „როდის ვნახავთ ედემივით აყვავებულ


არაკისს?“
კაინსმა კი ისეთი სახით უპასუხა, თითქოს მასწავლებელია და ბავშვმა ჰკითხა, რამდენი
იქნება, ორს რომ ორი მივუმატოთო:

– ასე, სამას ან ხუთას წელიწადში.

უფრო უნებისყოფო ხალხი ალბათ სასოწარკვეთით აყმუვლდებოდა, მაგრამ ფრემენებს


შოლტებმომარჯვებული კაცებისგან მოთმინება ესწავლათ. ეს იმაზე უფრო ხანგრძლივი ვადა
იყო, ვიდრე ისინი მოელოდნენ, მაგრამ ყველა თავისი თვალით ხედავდა, რომ ის დალოცვილი
დღე ახლოვდებოდა. მათ უფრო მჭიდროდ შემოიჭირეს ქამრები და მუშაობას მიუბრუნდნენ.
ამ იმედგაცრუებამ ედემის მოლოდინი როგორღაც უფრო რეალური გახადა.

არაკისზე საქმე წყალს კი არა, ტენს ეხებოდა. შინაური ცხოველები თითქმის არ ჰყავდათ,
საქონელი – იშვიათად. ზოგჯერ კონტრაბანდისტები მოშინაურებულ უდაბნოს სახედრებს,
კულონებს, იყენებდნენ, მაგრამ მათში ძალიან ძვირი წყლის ფასი იყო გადასახდელი, მაშინაც
კი, როცა ცხოველებს მათზე მორგებულ სარწყულებს აცმევდნენ.

კაინსმა დააპირა, საგანგებო ქარხნები აეწყო ბუნებრივ კლდეში მოქცეული წყალბადისა და


ჟანგბადისგან წყლის მისაღებად, მაგრამ ენერგიის ხარჯის ფაქტორი ძალიან მაღალი იყო.
პოლარული ქუდები (იმის მიუხედავად, რომ მათზე იყო დამყარებული პიონების ცრუ
რწმენა, წყლით უზრუნველყოფილი ვართო) ამ პროექტისთვის სრულიად არასაკმარის წყალს
შეიცავდა... და კაინსი ვარაუდით უკვე ხვდებოდა, სად უნდა ყოფილიყო წყალი. ამას
აგებინებდა შუა განედებზე და ზოგიერთ კონკრეტული სახეობის ქარში გაზრდილი ტენის
შემცველობა; ამას აუწყებდა, უპირველესად, ჰაერის შემადგენლობის პროპორციები: 23
პროცენტი ჟანგბადი, 75,4 პროცენტი აზოტი და 0,23 პროცენტი ნახშირორჟანგი, დანარჩენი კი
ნასახი აირებით იყო შევსებული.

ამას მიანიშნებდა იშვიათი ბოლქვოვანი მცენარეებიც, რომლებიც ჩრდილოეთის


ტემპერატურულ ზონაში ბუნებრივ პირობებში არსებობდნენ და 2,5 მეტრზე მეტი სიმაღლის
იზრდებოდნენ. მათი ორი მეტრის სიგრძის ტუბერები ნახევარ ლიტრ წყალს შეიცავდნენ.
ამასვე უდასტურებდა უდაბნოს მიწისზედა მცენარეულობა: მათგან ყველაზე გამძლეები
მშვენივრად ხარობდნენ, ცვრის დამლექავებით გარშემოვლებულ ჩაღრმავებებში თუ
დარგავდი.

მერე კი კაინსმა მარილის ტაფობიც ნახა.

ის შორეულ ბლედში განლაგებული ერთი სადგურიდან მეორისკენ მიფრინავდა და მისი


ტოპტერი

ქარიშხალმა გეზს ააცდინა. ქარიშხალი რომ ჩადგა, გამოჩნდა ტაფობი – უზარმაზარი


ოვალური ჩაღრმავება, რომელიც გრძელი ღერძის გასწვრივ სამასიოდე კილომეტრზე იყო
გადაჭიმული – ღია უდაბნოდან მას თეთრი მოულოდნელობა შემოსჩერებოდა. კაინსი დაეშვა
და ტაფობის გრიგალით გადაწმენდილი ზედაპირი გალოკა.

მარილი.

ახლა კი დარწმუნებული იყო.


ოდესღაც არაკისზე ღიაცისქვეშა წყალი არსებობდა. იგი შეუდგა მშრალი ჭების ხელახლა
გამოკვლევას – ამ ჭებში თავის დროზე წყალმა გამოჟონა, მერე კი დაშრა და მათში ტენი
აღარასოდეს გამოჩენილა.

კაინსმა თავისი ახალგაწვრთნილი ფრემენი ლიმნოლოგები სამუშაოდ დასხა: მათთვის


მთავარი მინიშნება იყო რაღაც ტყავისებური ნივთიერების ნაკუწები, რომლებსაც ზოგჯერ
აფეთქების მერე სუნელის მასაში პოულობდნენ. ფრემენების ხალხურ ზღაპრებს თუ
დაუჯერებდით, ისინი გამოგონილი ზღაპრული არსებების – „ქვიშის კალმახებისგან“ –
რჩებოდა. ფაქტებმა რომ იმატა და მტკიცებულებად იქცა, ამ ტყავის ნაკუწების
წარმომავლობის ასახსნელად ერთი არსების შემოყვანა გახდა საჭირო: ეს იყო ქვიშაში
მოცურავე რაღაც ქმნილება, რომელიც წყალს აჩერებდა ქვედა ფოროვან ფენაში, მის ნაყოფიერ
ჯიბაკებში, აბსოლუტური ტემპერატურის 280 გრადუსზე.

ყოველი სუნელის ამოფრქვევისას ეს „წყლის მპარავები“ მილიონობით იჟუჟებოდნენ. მათ


ტემპერატურის ხუთგრადუსიანი ცვლილებაც კი ხოცვდა. მცირე რაოდენობის გადარჩენილი
ინდივიდები ნახევრად მთვლემარე ცისტა-ჰიბერნაციის მდგომარეობაში გადადიოდნენ და
ექვს წელიწადში იქცეოდნენ პატარა (სამ მეტრამდე სიგრძის) ქვიშის მატლებად. ამათგანაც
სულ ცოტანი თუ გადაურჩებოდნენ თავიანთ უფროს ძმებს ან სუნელამდელ წყლის ჯიბაკებს
და გოლიათ შაი-ჰულუდებად იქცეოდნენ (წყალი რომ შაი-ჰულუდისთვის საწამლავია, ეს
ფრემენებმა მანამდეც იცოდნენ. ისინი პატარა ერგის იშვიათ „ჩია მატლს“ ახრჩობდნენ, რათა
მიეღოთ ცნობიერების სპექტრის ნარკოტიკი, „სიცოცხლის წყალს“ რომ უწოდებდნენ. „ჩია
მატლი“ – ეს შაი-ჰულუდის პირველადი ფორმაა, რომელიც ცხრა მეტრზე მეტი სიგრძის არაა.)

ახლა უკვე ხელთ ჰქონდათ წრიული ურთიერთდამოკიდებულება: პატარა მოქმედი იქცეოდა


სუნელამდელ მასად; პატარა მოქმედი იქცეოდა შაი-ჰულუდად; შაი-ჰულუდი ფანტავდა
სუნელს, რომლითაც იკვებებოდნენ ქვიშის პლანქტონად წოდებული მიკროსკოპული
ქმნილებები; ქვიშის პლანქტონი, შაი-ჰულუდის საკვები, იზრდებოდა, ჭუპრდებოდა და
პატარა მოქმედი ხდებოდა.

კაინსმა და მისმა ხალხმა ამ დიდი ურთიერთდამოკიდებულების აღმოჩენის მერე ყურადღება


მიკროეკოლოგიაზე გადაიტანა – უპირველესად, კლიმატზე. ქვიშის ზედაპირი ხშირად
აბსოლუტური სკალით 344-350 გრადუსამდე ცხელდებოდა. ერთი ფუტით მიწისქვეშა
სიღრმეში ტემპერატურა შესაძლოა,

55 გრადუსით ნაკლები ყოფილიყო, ერთი ფუტით მიწის ზემოთ – 25 გრადუსით ნაკლები.


ფოთლებს ან შავ ჩრდილს შეეძლო, სიცხისთვის დამატებით 18 გრადუსი მოეკლო. ამის მერე
საკვების საკითხი იყო გასარკვევი: არაკისის ქვიშა მეტწილად მატლის საჭმლის მონელების
პროდუქტია; მტვერს (აქაურობის მართლაც საყოველთაო პრობლემას) წარმოქმნის
ზედაპირის ქვიშის მუდმივი ცოცვა თუ სალტაცია. დიუნების ქარზურგა მხარეს უფრო
მსხვილი მარცვალი შეადგენს. ქარისკენ მიმართული მხარე გლუვი და მაგრად დატკეპნილია.
ძველი დიუნები ყვითელია (დაჟანგულია), უფრო ახალგაზრდა დიუნები მათი ძირითადი
ქანის ფერისაა – როგორც წესი, რუხი.

პირველი ნათესები ძველი დიუნების ქარზურგა მხარეს გაზარდეს. ფრემენები


თავდაპირველად განიზრახავდნენ, განრთხმული, წამწამა ბალახი მოეყვანათ, რომლის
ღეროებიც ერთმანეთში გადაიხლართებოდა, დიუნებს გადაეფარებოდა, გაამაგრებდა და ქარს
მის უდიდეს იარაღს – მოძრავ ნამცეცებს – გამოსტაცებდა.
საადაპტაციო ზონები შორეულ სამხრეთში, ჰარკონენ მზვერავთა სარტყლის მიღმა გააშენეს.
მუტაციით შეცვლილი განრთხმული ბალახი თავდაპირველად დათესეს იმ არჩეული
დიუნების ქარისკენ ზურგშექცეულ (საყრელ) კალთებზე, რომლებიც ყველაზე მუდმივი
დასავლეთის ქარების გზებზე მდებარეობდა. როცა ქარზურგა ფერდები დაფიქსირდა,
ქარისკენ მიქცეულმა კალთამ ამაღლება იწყო და მას კვალდაკვალ მიჰყვა ბალახის ნათესებიც.
ამგვარად აღიმართა გიგანტური, 1500 მეტრზე მაღალი, სიფები (მაღალი დიუნები კლაკნილი
თხემით).

როცა ბარიერის დიუნებმა საკმარის სიმაღლეს მიაღწია, ქარისკენ მიმართული კალთაც


დათესეს – უფრო გამძლე ხმალა ბალახით. ასე გამაგრდა – „დაფიქსირდა“ – ყოველი
სტრუქტურა, რომლის საფუძვლის სიგანეც დაახლოებით ექვსჯერ აჭარბებდა მის სიმაღლეს.

ახლა უფრო ღრმა განაშენიანების დროც დადგა: დარგეს ეფემერები (დასაწყისისთვის –


აბზინდა, ღიჭა, ჯიჯილაყები), მერე – კურდღლისცოცხა, დაბალი ლოპინარი, ლერწა
ევკალიპტი (ეს მცენარე კალადანის ჩრდილო სარტყლებს იყო შეგუებული), ჯუჯა იალღუნი,
სანაპიროს ფიჭვი; მერე ნამდვილი უდაბნოს მცენარეულობა გაახარეს: რძიანა, საგუარო და
ბის-ნაგა, ანუ კასრა კაქტუსი. სადაც ესენი გაიხარებდნენ, იქ შეურევდნენ აქლემის სალბს,
ხახვა ბალახს, გობის ფრთაბალახს, ველურ იონჯას, ამბროზიას, ქვიშის ცოცხანას, საღამოს
ფურისულას, საკმლის ბუჩქს, თრიმლს, კრეოზოტის ბუჩქს.

მერე სიცოცხლის ცხოველური ფორმების მოშენებას მიჰყვეს ხელი – სოროსმთხრელ არსებებს


ნიადაგი უნდა გაეფხვიერებინათ და გაენიავებინათ. გაჩნდა მელა ფენეკი, კენგურუსებრი
თაგვი, უდაბნოს კურდღელი, ქვიშის კუ... და მტაცებლებიც, მათი რიცხოვნობის
რეგულირებისთვის: უდაბნოს ქორი, ჯუჯა ბუ, არწივი და უდაბნოს ბუ; აგრეთვე – მწერები,
ის ნიშები რომ შეევსოთ, სადაც ეს მტაცებლები ვერ სწვდებოდნენ: მორიელი, ათასფეხა,
ქტენიზიდი, გესლია კრაზანა და მაწუხელა... და უდაბნოს ღამურა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი
მწერები მთლად ყველაფერს არ მოსდებოდნენ.

ამის მერე კი მთავარი გამოცდის დრო დადგა: ფინიკის პალმები, ბამბა, ნესვები, ყავა,
სამკურნალო მცენარეები – შერჩეული საკვები მცენარეების ორასზე მეტი სახეობა, რომლებიც
უნდა გამოეცადათ და ახალ პირობებთან შეეგუებინათ.

– რასაც ეკოლოგიურად განუსწავლელი ადამიანი ეკოსისტემის შესახებ ვერ იაზრებს, –


ამბობდა კაინსი, – გახლავთ ის, რომ ეს სისტემაა. სისტემა! სისტემა ინარჩუნებს გარკვეულ
მოძრავ სტაბილურობას, რომელიც შეიძლება სულ ერთ ნიშაში შეცდომით გადადგმული
ნაბიჯმაც კი დაარღვიოს. სისტემას აქვს თავისი წესრიგი, თავისი ნაკადები ერთი
შემადგენლიდან მეორემდე. თუ ამ ნაკადს რამე შეაგუბებს, წესრიგი ირღვევა. გაუწაფავ თვალს
შეიძლება ეს დარღვევა გამოეპაროს, სანამ უკვე მეტისმეტად გვიანი არ აღმოჩნდება. ამიტომ
ეკოლოგიის უმაღლესი ფუნქცია შედეგების გააზრებაა.

მოახერხეს თუ არა მათ სისტემის შექმნა?

კაინსი და მისი ხალხი აკვირდებოდა და იცდიდა. ფრემენებმა ახლა კი გაიგეს, რას


გულისხმობდა ეკოლოგი, როცა ხუთასწლიანი ლოდინის მიახლოებულ ვადებზე
ლაპარაკობდა.

პალმოვანებიდან ანგარიში მიიღეს:


ნარგავებისა და უდაბნოს საზღვარზე ქვიშის პლანქტონი იწამლება სიცოცხლის ახალ
ფორმებთან შეხების გამო. ამის მიზეზია ცილოვანი შეუთავსებლობა. იქ წარმოიქმნებოდა
შხამიანი წყალი, რასაც არაკისული სიცოცხლე ახლოსაც არ ეკარებოდა. ნარგავებს ხრიოკი
ერტყმოდა გარს და მასში შაი-ჰულუდიც კი ვერ აღწევდა.

კაინსი თავად წავიდა პალმოვანებში – ოცბაგუნა გზაზე (ტახტრევნით, დაჭრილის თუ ღირსი


დედის მსგავსად, რადგანაც უდაბნოს მხედარი არასოდეს გამხდარა). მან გამოიკვლია ხრიოკი
ზონა (რომლის სიმყრალეც ცას სწვდებოდა) და უკან საჩუქრით, არაკისისგან მორთმეული
ძღვენით დაბრუნდა.

გოგირდისა და მყარი აზოტის დამატებამ ხრიოკი ზონა სახმელეთო სიცოცხლის


არსებობისთვის მდიდარ ნიადაგად აქცია. ნარგავებს, საითაც გინდოდა, გააფართოებდი!

– ეს დროს თუ შეამცირებს? – ჰკითხეს ფრემენებმა.

კაინსი თავის პლანეტარულ ფორმულებს მიუბრუნდა. ამ დროისთვის ქარის ფაცერების


მონაცემები უკვე საკმაოდ საიმედო იყო. ითვლიდა მეტობით, დიდი დაშვებებით, რაკი
იცოდა, რომ ეკოლოგიური პრობლემა ზუსტ საზღვრებში ვერ მოექცეოდა. ნარგავების
გარკვეული რაოდენობა დიუნების გამაგრებას სჭირდებოდა; გარკვეული რაოდენობა
საკვებად უნდა გამოეყენებინათ (ადამიანებისა თუ

პირუტყვისთვის); რაღაც რაოდენობას ფესვთა სისტემაში ტენი უნდა დაეკავებინა და გარშემო


ამომწვარი არეალი წყლით მოემარაგებინა. ამ დროისთვის უკვე მონიშნული ჰქონდათ
მოხეტიალე ცივი ლაქები ღია ბლედში – ფორმულებში ესენიც უნდა შესულიყო. მათში შაი-
ჰულუდსაც კი მოეძებნებოდა ადგილი; ის არ უნდა გაენადგურებინათ, თორემ სუნელის
წარმოქმნა შეწყდებოდა. თანაც, მისი შინაგანი საჭმლის მომნელებელი „ფაბრიკა“, რომელშიც
არნახული კონცენტრაციის ალდეჰიდები და მჟავები მოიპოვებოდა, ჟანგბადის უზარმაზარი
წყარო გახლდათ. საშუალო ზომის მატლი (დაახლოებით 200 მეტრის სიგრძისა)
ატმოსფეროში აფრქვევდა იმდენსავე ჟანგბადს, რამდენსაც ათი კვადრატული კილომეტრის
ფართობზე მოდებული მწვანე მცენარეულობის ფოტოსინთეზი.

გილდიაც უნდა გაეთვალისწინებინა. ძალიან გაიბერა გილდიისთვის სუნელით გადახდილი


ქრთამები – იმისათვის, რომ მათ არაკისის ცაში მეტეოროლოგიური თანამგზავრების და სხვა
დამკვირვებლების ფრენა არ დაეშვათ.

ვერც ფრემენებს გამოტოვებდა. უპირველეს ყოვლისა, ფრემენებს ვერ გამოტოვებდა – მათ


ქარის ფაცერებსა და წყლის მარაგის გარშემო მოწყობილ უწესრიგო დასახლებებს; ფრემენებს,
ახალი ეკოლოგიური შეგნებით და ოცნებით, არაკისის ვრცელი ველები ჯერ პრერიებად, მერე
კი ტყეებად ექციათ.

ცხრილებიდან ციფრი გამოიკვეთა. კაინსმა ის ფრემენებს მოახსენა. სამი პროცენტი. თუ


მოახერხებენ, რომ არაკისზე ნახშირბადული ნაერთების ფორმირებაში სამი პროცენტი მწვანე
მცენარეულობის წილი იყოს, მიიღებენ თავიანთ მდგრად სისტემას.

– მაგრამ ამას რამდენი ხანი დასჭირდება? – კითხულობდნენ ფრემენები.

– აა, ეგ გაინტერესებთ? დაახლოებით სამას ორმოცდაათი წელიწადი.


ასე რომ, მართალი გამოდიოდა, სწორედ ისე, როგორც ამ უმამ სულ თავიდანვე უთხრა მათ: ამ
დღეს ახლა მცხოვრებთაგან ვერავინ მოესწრებოდა. ვერ მოესწრებოდნენ ვერც მათი შვილები,
ვერც შვილიშვილები მერვე თაობამდე... მაგრამ ის დღე დადგებოდა.

მუშაობა კი გრძელდებოდა: შენება, რგვა, თხრა, ბავშვების სწავლება.

მერე უმა-კაინსი კირის აუზში ნაშალის ჩამოქცევამ იმსხვერპლა.

ამ დროს მისი ძე, ლიეტ-კაინსი, უკვე ცხრამეტი წლის იყო, ნამდვილი ფრემენი და უდაბნოს
მხედარი გახლდათ და მის მიერ დახოცილი ჰარკონენების ჯარისკაცების რიცხვი ასს
აჭარბებდა. იმპერატორის განკარგულება მისი დანიშვნის შესახებ, რის თაობაზეც უფროსს
კაინსს უკვე მიემართა თავისი ძის

სახელით, ისე მოვიდა, როგორც თავისთავად ნაგულისხმევი. ეს უზრუნველყო


ფაუფრელუჩესის მკაცრმა კლასობრივმა სისტემამ. ძე მამის შემცვლელად აღიზრდებოდა და
განისწავლებოდა.

ამ დროისთვის მუშაობა უკვე გამართულად მიედინებოდა, ეკოლოგიური შეგნების მქონე


ფრემენები თავიანთ საქმეს გულდაგულ მისდევდნენ. ლიეტ-კაინსს მხოლოდ უნდა ეცქირა,
მცირე სტიმული მიეცა და ჰარკონენებზე ეჯაშუშა... სანამ ერთ მშვენიერ დღესაც პლანეტას
გმირი არ დაატყდა თავს.

დანართი II: დიუნის რელიგია


მუად’დიბის მოსვლამდე არაკისელი ფრემენები მისდევდნენ რელიგიას, რომლის ფესვების
მოძიებაც მაომეთ საარიში ყველა დაინტერესებულ მკვლევარს შეუძლია. ბევრი შენიშნავს სხვა
რელიგიებიდან აღებულ მოტივებსაც. ამის ყველაზე უფრო ხშირად მოხმობილი მაგალითია
„წყლის ჰიმნი“, ნარინჯისფერი კათოლიკე ლიტურგიული სახელმძღვანელოს ტექსტის
უცვლელი ასლი. მასში მოუხმობენ წვიმის ღრუბლებს, რომლებიც არაკისზე თვალით არავის
უნახავს. მაგრამ ფრემენული კიტაბ ალ-იბარი უფრო საფუძვლიან საკითხებშიც ემთხვევა
ბიბლიის, ილმისა და ფიქის სწავლებებს.

მუად’დიბის დრომდე იმპერიაში გავრცელებულ გავლენიან რელიგიურ რწმენათა შედარება


უნდა დაიწყოს იმ ძირითადი ძალების განხილვით, რომლებმაც ეს რწმენები ჩამოაყალიბა:

1. თოთხმეტი ბრძენის მიმდევარნი, რომელთა წიგნი იყო ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლია


და რომელთა შეხედულებანი სამყაროზე გამოთქმულია კომენტარებში და ეკუმენურ
მთარგმნელთა კომისიის (ე.მ.კ.) მიერ გამოცემულ სხვა ლიტერატურაში.

2. ბენე გესერიტი, რომლის წევრებიც თავდაპირველად უარყოფდნენ, რომ ისინი რელიგიურ


ორდენს წარმოადგენდნენ, მაგრამ ვინც მოქმედებდა რიტუალური მისტიციზმის ლამის
შეუღწევადი შირმის მიღმა და ვისი წვრთნაც, ვისი სიმბოლიკაც, ორგანიზაცია და სწავლების
შიდა მეთოდები თითქმის მთლიანად რელიგიური ხასიათისა იყო.
3. აგნოსტიკური მმართველი კლასი (გილდიის ჩათვლით), რომლისთვისაც რელიგია
თავისებური თოჯინების თეატრი იყო, მას ხალხი უნდა გაერთო და მორჩილებაში ჰყოლოდა;
ამ კლასს სჯეროდა, რომ ყველანაირი მოვლენა – თუნდაც რელიგიური ხასიათისა –
შეიძლებოდა ტექნიკურ ახსნამდე დაგეყვანა.

4. ე.წ. უძველესი სწავლებები – მათ შორის ისინიც, რომლებიც ძენსუნიტმა ყარიბებმა


შემოინახეს პირველი, მეორე და მესამე ისლამური მოძრაობიდან; ჩუსუკის ნავაქრისტიანობა;
ლანკივეილსა და სიკუნზე გაბატონებული ბუდისლამური ვერსიები; მაჰაიანა ლანკავატარას
„შეთავსებათა წიგნები“; III დელტა პავონისზე გავრცელებული ძენ ჰეკიგანშუ; სალუსა
სეკუნდუსზე შემორჩენილი ტაურაჰი და თალმუდური ზაბური; ყველგან მოდებული ობეაჰ
რიტუალი; მუადის ყურანი თავისი შეურყვნელი ილმითა და ფიქით, კალადანის პანდი
ბრინჯის მომყვან გლეხებს რომ შემოენახათ; ჰინდუს გამოვლინებები, მთელ სამყაროში რომ
შეიძლებოდა, წასწყდომოდი, სადაც კი პიონთა ყველასგან მოწყვეტილი პაწია თემები
არსებობდა; და ბოლოს, მწდეთა ჯიჰადი.

არსებობს მეხუთე ძალაც, რომელმაც რელიგიური რწმენის ჩამოყალიბებაზე იმოქმედა, მაგრამ


მისი გავლენა ისეთი საყოველთაო და ღრმაა, რომ ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი.

ეს, რასაკვირველია, გახლავთ კოსმოსში მოგზაურობა – და რელიგიურ საკითხებზე


ნებისმიერი მსჯელობისას ის ამ სახით უნდა დაიწეროს:

კოსმოსში მოგზაურობა!

ადამიანის გადაადგილებამ კოსმოსის სიღრმეებში განსაკუთრებული ბეჭედი დაასვა


რელიგიას იმ ას ათი საუკუნის განმავლობაში, რომლებიც მწდეთა ჯიჰადს უძღოდა წინ.
დავიწყოთ იმით, რომ ადრეული კოსმოსური მოგზაურობები, თუმცა საკმაოდ
გავრცელებული იყო, მეტწილად არარეგულარული, ნელი და არასაიმედო რამ გახლდათ და
გილდიის მონოპოლიამდე მის მეთოდებშიც სრული დომხალი იყო გამეფებული. პირველი
კოსმოსური გამოცდილებების ამბები სულ სხვადასხვა გზით ვრცელდებოდა, უსაშველოდ
მახინჯდებოდა და მისტიკური თეორიების ნამდვილ ქარიშხლებს იწვევდა.

კოსმოსმა შესაქმის იდეები დაუყოვნებლივ ახლებურად აღქმული და გააზრებული გახადა. ეს


განსხვავება იმ პერიოდის უმაღლეს რელიგიურ მიღწევებსაც კი ეტყობა. ზოგადად,
რელიგიაში სიწმინდის შეგრძნებას გარე წყვდიადის ბინადარი ანარქია შეეხო.

თითქოს თავად იუპიტერი და მთელი მისი შთამომავალი ფორმები ისევ დედურ წყვდიადში
დაიძირა და მათ ჩაენაცვლა ქალური არსობრიობა, ორაზროვნებით სავსე და მრავალი
საზარელი სახით მომზირალი.

უძველესი ფორმულები დაიგრიხა, ერთმანეთში გადაიხლართა, ახალ დაპყრობებს და ახალ


ჰერალდიკურ სიმბოლოებს რომ მისადაგებოდა. ეს იყო ჟამი, როცა ერთმანეთს ერკინებოდნენ
ერთ მხარეს მხეცი-დემონები და მეორე მხარეს – ძველი მლოცველები და ვედრების
აღმვლენელნი.

გადაწყვეტილება თავისთავად ცხადი არასოდეს იყო.

ამბობენ, რომ ამ დროს დაბადების წიგნი ახლებურად იქნა წაკითხული.


„აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას. და მთავრობდით
ყოველ უცნაურ ნადირთა და ცოცხალ არსებათა ურიცხვ ჰაერთა შინა, ურიცხვ მიწათა ზედა
და მათ ქვეშე“.

ეს იყო ჟამი ჯადოქართა, რომელთა ძალაც მაშინ რეალური იყო. ამის დასტურად გამოდგება
ფაქტი: ისინი არასოდეს იკვეხნიდნენ, რომ მუგუზლის ხელში დაჭერა შეეძლოთ.

მერე მოვიდა მწდეთა ჯიჰადი – ქაოსის ორი თაობა. მანქანური ლოგიკის ღმერთი დაამხეს
მასათა შორის და ახალი მცნება აღორძინდა:

„დაე, ნურაფრით ჩანაცვლდეს ადამიანი“.

ძალადობის ეს ორი თაობა მთელი კაცობრივი მოდგმისთვის გადააზრების ჟამი გამოდგა.


ადამიანებმა შეხედეს თავიანთ ღმერთებს და მათ რიტუალებს და დაინახეს, რომ ისინი
ამქვეყნად ყველაზე საშინელ განტოლებას ეფუძნებოდა: შიში მეტია მისწრაფებაზე.

თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოყმანით, მილიონთა გამჟლეტი რელიგიების ლიდერებმა


ერთმანეთისთვის თვალსაზრისის გასაზიარებლად შეხვედრები იწყეს. ამ შეხვედრებს დიდად
აქეზებდა კოსმირების გილდია, რომელიც იწყებდა მონოპოლიის მოპოვებას ყველა
სავარსკვლავთაშორისო ფრენაზე, და ბენე გესერიტები, რომლებიც გარშემო იკრებდნენ
ჯადოქარ ქალებს.

ამ პირველი ეკუმენური შეხვედრებიდან ორი ძირითადი სახეირო რამ გამოდნა:

1. დასკვნა, რომ ყველა რელიგიას, სულ ცოტა, ერთი საერთო მცნება აქვს: „არა განრჰყვნა
სული“;

2. ეკუმენურ მთარგმნელთა კომისია (ე.მ.კ.).

ე.მ.კ. შეიკრიბა ძველი დედამიწის ნეიტრალურ კუნძულზე – პლანეტაზე, რომელზეც ყველა


დედა-რელიგიას მიეცა დასაბამი. მათ აერთიანებდა „საერთო რწმენა, რომ სამყაროში
არსებობს ღვთაებრივი არსი“. შეკრებას ესწრებოდა ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელი,
რომელიც კი მილიონზე მეტ წევრს მოიცავდა და მათ მიაღწიეს გასაკვირად მყისიერ
შეთანხმებას თავიანთი უმთავრესი მიზნის ფორმულირებაში:

„აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მოდავე რელიგიებს ხელიდან გამოვაცალოთ მათი


უმთავრესი იარაღი – კერძოდ, პრეტენზია, რომ იგია ერთადერთი ღვთაებრივი გამოცხადების
მფლობელი“.

ამ „სრული თანხმობის ნიშნის“ გამო ატეხილი ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. ერთ სტანდარტულ
წელიწადზე მეტი ისე გავიდა, რომ ეს ფორმულირება ე.მ.კ.-ს ერთადერთ განაცხადად
რჩებოდა. ადამიანები მწარე სიტყვებს არ იშურებდნენ მათ სიზანტეზე. ტრუბადურები
თხზავდნენ გონებამახვილურ და დამცინავ სიმღერებს ას ოცდაერთ „ბებერ კუანაზე“,
როგორც ე.მ.კ.-ს დელეგატებს შეერქვათ (ეს სახელი წარმოქმნა ე.მ.კ. ასოების მოურიდებელი
სახუმარო გაშიფვრით, რომლის მოხედვითაც დელეგატებს „ერთი მრწამსის კუანები“
შეერქვათ. ერთ-ერთი სიმღერა, „მყაყე თვლემა“ პერიოდულად გაცოცხლდებოდა ხოლმე და
დღესაც კი კარგადაა ცნობილი:
„რა ამინდია!
მყაყეა თვლემა
და ტრაგედია
ერთად

სულ ყველა
კუანებისა!
და დაზარება – ოჰ, დაზარება
ყველა ამ დღისა!
მოვალს დიდებით
მილორდ პურყველი!

ე.მ.კ.-ს სხდომებიდან დროდადრო რაღაც-რაღაც ჭორები გამოაღწევდა ხოლმე. ამბობდნენ,


ისინი ტექსტების შედარებით არიან დაკავებულებიო და, სრულიად უპასუხისმგებლოდ, ამ
ტექსტებს ასახელებდნენ კიდეც. ასეთი ჭორები გარდაუვლად იწვევდნენ ანტიეკუმენისტურ
მღელვარებებს და, რასაკვირველია, ოხუნჯებს ახალ-ახალ სიმღერებს შთააგონებდნენ.

გავიდა ორი წელი... სამი წელი.

კომისიის წევრებმა, რომელთაგან ცხრა თავდაპირველი წევრი გარდაიცვალა და ახლებით


შეიცვალა, შესვენება აიღეს – რათა დაკვირვება ეწარმოებინათ შეცვლის ფორმალურ მხარეზე
და გამოაცხადეს, რომ მუშაობდნენ ერთი წიგნის შედგენაზე, რომელიც რელიგიური
წარსულის „ყველა ავადმყოფურ სიმპტომს“ ამოშანთავდა.

– ჩვენ ვქმნით სიყვარულის ინსტრუმენტს, რომელზეც ყველანაირი ხერხით იქნება დაკვრა


შესაძლებელი, – ამბობდნენ ისინი.

ბევრს უცნაურად ეჩვენებოდა, რომ ამ განცხადების გამო ეკუმენიზმის წინააღმდეგ უარესი


ძალადობის ტალღა აზვირთდა. ოცი დელეგატი თავიანთმა საძმოებმა უკანვე გაიწვიეს. ერთმა
თავი მოიკლა – კოსმოსური ფრეგატი გაიტაცა და მზეში შეფრინდა.

ისტორიკოსთა შეფასებით, მღელვარებებმა ოთხმოცი მილიონი სიცოცხლე შეიწირა – ანუ


ლანდსრაადის ლიგის ყოველ პლანეტაზე დახლოებით ექვსი ათასი კაცი მოდიოდა. თუ
გავიხსენებთ, რა მშფოთვარე დრო იდგა, ეს შეფასება გადაჭარბებული არ უნდა იყოს, თუმცა
ყველანაირი პრეტენზია ციფრის სიზუსტეზე მხოლოდ აპრეტენზიადვე შეიძლება დარჩეს. იმ
დროს პლანეტებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი უდაბლესი მაჩვენებელი გვაქვს.

ბუნებრივია, ტრუბადურებს მოსავლიანი დრო დაუდგათ. იმ დროის ერთ-ერთ პოპულარულ


მუსიკალურ კომედიაში ე.მ.კ.-ის დელეგატები ზღვის პირას, თეთრ ქვიშაზე ისხდნენ პალმის
ქვეშ და მღეროდნენ:

„ღმერთის, ქალის და სიყვარულისთვის


აქ ვუსაქმურობთ უზრუნვ-უდარდოდ.
ო, ტრუბადურო! აღარ გადადო,
ისევ გვიმღერე ჰანგი სალაღო
ღმერთის, ქალის და სიყვარულისთვის!“
მღელვარებები და კომედიები იმ დროის ძალიან მრავლისმთქმელი სიმპტომებია. ისინი
ამხელენ ფსიქოლოგიურ ფონს, ღრმა ეჭვებს... და რაღაც უკეთესის დაუოკებელ წყურვილს,
მასთან კი – შიშს, რომ აქედან, საბოლოოდ, არაფერი გამოვა.

იმ დროს ანარქიას გზას უმთავრესად უღობავდნენ ახალჩასახული გილდია, ბენე გესერიტები


და ლანდსრაადი. ეს უკანასკნელი, ამ უმკაცრეს დაბრკოლებათა მიუხედავად, მაინც
აგრძელებდა შეკრებათა 2000-წლიან მატიანეს. გილდიის როლი გასაგებია: ის უსასყიდლოდ
უზრუნველყოფდა ტრანსპორტით ლანდსრაადისა თუ ე.მ.კ.-ის მთელ საქმეებს. ბენე
გესერიტის როლი უფრო ბუნდოვანია. დანამდვილებით ცნობილია, რომ ამ პერიოდში ისინი
განიმტკიცებდნენ გავლენას ჯადოქარ ქალებზე, შეისწავლიდნენ სხვადასხვა მოქმედების
ნარკოტიკებს, ამუშავებდნენ პრანა-ბინდუ წვრთნის მეთოდებს და იწყებდნენ მისიონარია
პროტექტივას – ცრურწმენების ამ საიდუმლო იარაღის – შექმნას. მაგრამ ეს, ამავე დროს,
გახლავთ ის პერიოდი, რომელიც მოესწრო, როგორ შეიქმნა შიშის საწინააღმდეგო შელოცვა და
შედგა აჟარის წიგნი – ეს ბიბლიოგრაფიული საოცრება, რომელიც უძველეს რწმენათა უდიდეს
საიდუმლოებებს შეიცავს.

ინგსლის კომენტარს ამ დროის შესახებ ალბათ ვეღარაფერს დაამატებ:

„ეს ღრმა პარადოქსთა ხანა იყო“.

ასე და ამგვარად, ე.მ.კ.-მ თითქმის შვიდი წელიწადი იღვაწა. და, მისი არსებობის შვიდი
წლისთავი რომ მოახლოვდა, მისმა წევრებმა ადამიანთა მოდგმა უმნიშვნელოვანესი უწყების
მისაღებად შეამზადეს. ამ მეშვიდე წლისთავზე მათ სამყაროს ნარინჯისფერი კათოლიკე
ბიბლია წარუდგინეს.

– აი, ღირსებითა და აზრით აღბეჭდილი ნამუშევარი, – თქვეს მათ, – აი, გზა, რომელიც
კაცობრიობას შეაცნობინებს საკუთარ თავს, ვით ღვთის აბსოლუტურ ქმნილებას.

ე.მ.კ.-ის მუშაკებს უწოდებდნენ იდეების არქეოლოგებს, ღვთისგან შთაგონებულებს და


ხელახალი აღმოჩენის დიდებით მოსილებს. ამბობდნენ, რომ მათ დღის სინათლეზე
გამოიტანეს „დიდ იდეალთა სიცოცხლისუნარიანობა, საუკუნეთა მტვრიან საწყობებში რომ
ჩაკარგულიყო“, რომ მათ „ჟანგი გააცალეს რელიგიური შეგნებიდან წამოსულ მორალურ
იმპერატივებს“.

ნარინჯისფერ კათოლიკე ბიბლიასთან ერთად ე.მ.კ.-მ წარმოადგინა ლიტურგიული


სახელმძღვანელო და კომენტარები – ბევრი თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი
ნაშრომი, და არა მარტო მისი ლაკონიურობის გამო (ის ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის
ნახევარზე ნაკლები მოცულობისაა), არამედ მისი პირუთვნელობის, აგრეთვე – საკუთარი
თავის სიბრალულისა და საკუთარი სიმართლის შეგნების შეზავების გამოც.

მისი დასაწყისი აშკარად მიმართავს აგნოსტიკოს მმართველებს:

„ადამიანებმა, რომლებმაც პასუხი ვერ პოვეს სუნანზე (ათი ათასი რელიგიური კითხვა შარი-
აჰიდან), ახლა საკუთარ განსჯის უნარს მიმართეს. ყველა კაცს სწყურია გასხივოსნება.
რელიგია მხოლოდ უძველესი და ყველაზე უფრო პატივდებული საშუალებაა, რომლითაც
ადამიანები ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს აზრის შეცნობას ლამობენ. მეცნიერები
მოვლენათა კანონზომიერებებს იკვლევენ. ამ კანონზომიერებაში ადამიანის მოთავსება
რელიგიის ვალია“.
თუმცა კომენტარების დასკვნაში გაისმის მკაცრი კილო, რამაც, სავარაუდოდ, კიდევაც
გადაწყვიტა მისი ბედი.

„ბევრ რამეს იმისგან, რასაც რელიგია ეწოდებოდა, სიცოცხლის მიმართ გაუცნობიერებლად


მტრული დამოკიდებულება ახასიათებდა. ნამდვილი რელიგია უნდა ასწავლიდეს, რომ
სიცოცხლე სავსეა სიხარულით, რომელიც ღმერთს ესათნოება, რომ ცოდნა ქმედების გარეშე
ფუჭია. ყველა ადამიანს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ რელიგიის სწავლება წესებითა და
ზუთხვით, მეტწილად, შეცდომაა. მართებული სწავლების გამოცნობა და გამორჩევა ადვილია.
მას შეუცდომლად იცნობ, რადგან ის შენში აღძრავს გრძნობას, რომელიც გკარნახობს, რომ ეს
ისაა, რაც შენ ყოველთვის იცოდი“.

და აი, ნაბეჭდი თუ ჩიგასინაზე ჩაწერილი ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლია მოედო ყველა


პლანეტას და სიმშვიდის უცნაური გრძნობა მოიყოლა. ზოგი ამას ღვთიურ ნიშნად,
ერთიანობის მომასწავებლად აღიქვამდა.

მაგრამ ამ სიმშვიდის მოჩვენებითობა ისევ თავ-თავიანთ მრევლში დაბრუნებულმა


დელეგატებმა დაადასტურეს. მათგან თვრამეტი პირველ ორ თვეში გაუსამართლებლად
დახოცეს. ერთი წელიც არ დასჭირდა იმას, რომ ორმოცდაცამეტს ეკუმენიზმზე უარი ეთქვა და
მოენანიებინა.

ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლია „გონების ამპარტავნების“ ნაყოფად გამოცხადდა.


ამბობდნენ, რომ მისი გვერდები სავსე იყო ლოგიკის მაცდური სატყუარებით. გამოჩნდა
გადამუშავებული გამოცემები, რომლებიც პოპულარულ ფანატიკურ მიმართულებებს
უგორებდნენ კოჭს. ეს გამოცემები ეყრდნობოდა მიღებულ სიმბოლიკას (ჯვარი,
ნახევარმთვარე, ფრთიანი ჩხარუნა, თორმეტი წმინდანი, გამხდარი ბუდა და ამგვარები) და
მალე ცხადი გახდა, რომ უძველესი ცრურწმენები და თაყვანისცემის ფორმები ახალ

ეკუმენიზმს თავის თავში ვერ მოექცია და ვერ შეეერთებინა.

ე.მ.კ.-ის შვიდწლიანი მუშაობისთვის ჰალოვეის მიერ მიკრული იარლიყი – „უნოფაზური


დეტერმინიზმი“ – ხალისით აიტაცეს მილიონებმა და მილიარდებმა და მისი პირველი ასოები
უ.დ. განმარტეს, როგორც „უფლისგან დაწყევლილები“.

ე.მ.კ.-ის თავმჯდომარემ, ტოურ ბომოკომ, ძენსუნიზმის ულემამ და ერთ-ერთმა იმ


თოთხმეტთაგან, რომლებიც არასოდეს განდგომიან ეკუმენიზმს (პოპულარულ ისტორიაში
ისინი ცნობილი არიან „თოთხმეტი ბრძენის“ სახელით), საბოლოოდ, როგორც ჩანს, აღიარა,
რომ ე.მ.კ.-მ შეცდომა დაუშვა.

– არ უნდა გვეცადა ახალი სიმბოლოების შექმნა, – თქვა მან, – უნდა მივმხვდარიყავით, რომ
უფლებას არავინ მოგვცემდა, ეჭვი გაგვეჩინა აღიარებულ რწმენათა მიმართ, არ
გვაპატიებდნენ ღმერთის მიმართ ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას. ჩვენ ყოველდღიურად
ვაწყდებით თავზარდამცემ არასტაბილურობას ყველაფრისა, რასაც კი ადამიანური ჰქვია,
მაგრამ ნებას ვაძლევთ ჩვენს რელიგიებს, ისინი სულ უფრო გაქვავებული და შეზღუდული
გახდეს, უფრო შემგუებლური და მჩაგვრელი. ეს რა ჩრდილი აფენია შარაზე, რომლითაც
უფლის სუფევა უნდა მოვიდეს? ესაა ნიშანი, გაფრთხილება, რომ ინსტიტუციები რჩება, რომ
სიმბოლოები რჩება – მაშინ, როცა მათი მნიშვნელობა დაკარგულია; რომ არ არსებობს ისეთი
რამ, რაც მთელი ხელმისაწვდომი ცოდნის შემაჯამებელი იქნებოდა.
ამ „აღიარების“ მწარე ორაზროვნება ბომოკოს კრიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ და ტოურ
ბომოკო მალევე იძულებული გახდა, გაქცეულიყო. მისი სიცოცხლე ახლა გილდიის მიერ
დაპირებულ კონფიდენციალობის შენარჩუნებაზე იყო დამოკიდებული. როგორც იუწყებიან,
ის გარდაიცვალა ტუპაილზე, პატივისცემით და სიყვარულით გარემოცული. მისი
უკანასკნელი სიტყვები იყო: „რელიგია უნდა დარჩეს გამოსავლად იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც საკუთარ თავს ეუბნებიან: „მე არ ვარ ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო“. ის
არასოდეს უნდა დაეცეს ისე, რომ საკუთარი თავით კმაყოფილთა კრებულად იქცეს“.

სასიამოვნოა, ვიფიქროთ, რომ ბომოკოს შეგნებული ჰქონდა თავისი სიტყვების


წინასწარმეტყველურობა: „ინსტიტუციები რჩება“. ოთხმოცდაათი თაობის შემდგომ
ნარინჯისფერმა კათოლიკე ბიბლიამ მთელი რელიგიური სამყარო განმსჭვალა.

როცა პოლ-მუად’დიბი იდგა და მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა ქვის აკლდამას, რომელიც


მამამისის თავის ქალას გარშემო იყო აღმართული (მარჯვენა, კურთხეულის, ხელით, არა
მარცხენა, დაწყევლილის, ხელით), მან სიტყვასიტყვით გაიმეორა ციტატა „ბომოკოს
მე.მ.კ.ვიდრეობიდან“:

„თქვენ, რომელთაც დაგიმარცხებივართ, იკვეხნით თქვენთვის: დაეცა ბაბილონი და დაემხო


მისი საქმენიო. მე გეტყვით თქვენ, რომ კაცი მაინც აგრძელებს ცდას, ყოველი კაცი თავისი
თავის ნავსაყუდარია.

ყოველი კაცი მცირე ომია“.

ფრემენები მუად’დიბზე ამბობდნენ, რომ ის ჰგავდა აბუ ზაიდს, რომლის ფრეგატმაც დაჯაბნა
გილდია და ერთ დღესაც გაცურა „იქით“ და უკან. ამგვარად ხმარებული სიტყვა „იქით“
ფრემენული მითოლოგიიდან პირდაპირ გადმოითარგმნება, როგორც რუჰ-სულის მხარე,
ალამ ალ-მითალი, სადაც ყველანაირი შემზღუდველი სამანი წაშლილია.

აქ იოლია, დავინახოთ პარალელი კვიზაც ჰადერაქთან. კვიზაც ჰადერაქი, რომლის მიღებასაც


ლამობდნენ ბენე გესერიტი დები თავიანთი შეჯვარების პროგრამით, ითარგმნებოდა,
როგორც „გზის შემმოკლებელი“, ან „იგი, ვისაც შეუძლია, ორი ადგილი ერთდროულად იყოს“.

მაგრამ შეიძლება მოვიძიოთ, რომ ორივე ეს თარგმანება პირდაპირ კომენტარებიდან


მომდინარეობს: „როცა კანონი და რელიგიური ვალდებულება ერთია, შენი მეობა მთელ
სამყაროს მოიცავს“.

თავის თავზე კი მუად’დიბმა თქვა: „მე ვარ ბადე დროის ზღვაში და შემიძლია, გავცხრილო
მომავალი თუ წარსული. მოძრავი სათხეველი ვარ, რომელსაც ვერა შესაძლებლობა ვერ
დაუსხლტება“.

ეს აზრები სულ ერთი და იგივეა და ეხმიანება ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის 22-ე


კალიმას, სადაც ნათქვამია: „სულერთია, აზრი გამოითქმის თუ არა, ის მაინც რეალობაა და
რეალობის ძალები ახლავს“.

როდესაც გავეცნობით თავად მუად’დიბის კომენტარებს წიგნში „სამყაროს სვეტები“, მისი


წმინდა მოციქულების, ქიზარა ტაფვიდების ინტერპრეტაციაში, მაშინ დავინახავთ,
სინამდვილეში რამდენად იყო იგი დავალებული ე.მ.კ.-სა და ფრემენული ძენსუნიზმისგან.
მუად’დიბი: „კანონი და მოვალეობა ერთია; დაე, ასე იყოს. მაგრამ გახსოვდეს ეს შეზღუდვაც:
ასე შენ ვერასოდეს ხარ სრულად თვით-ცნობიერი. ასე შენ დანთქმული ხარ თემურ ტაუში. ასე
შენ მუდამ უფრო ნაკლები ხარ, ვიდრე ინდივიდი“.

ნ. კ. ბიბლია: მეორდება სიტყვასიტყვით (61 გამოცხადება)

მუად’დიბი: „რელიგია ხშირად იყენებს მითს პროგრესის შესახებ, და ასე დაგვიფარავს


გაურკვეველი მომავლის წინაშე ძრწოლისგან“.

ე.მ.კ.-ს კომენტარები: მეორდება სიტყვასიტყვით (აჟარის წიგნი ამ გამონათქვამს მიაკუთვნებს


პირველი საუკუნის რელიგიურ მწერალს, ნიშოუს, მიიჩნევს მისი აზრის პარაფრაზირებად).

მუად’დიბი: „თუ ბავშვის, გაუწაფავი ადამიანის, უვიცი ადამიანის ან სულით ავადმყოფი


ადამიანის გამო რამე შავდება, ბრალი ედება ხელისუფალს, რადგან მან არ განჭვრიტა და არ
აიცილა მათი ეს პრობლემები“.

ნ. კ. ბიბლია: „ყველა ცოდვა ნაწილობრივ მაინც შეიძლება დაეკისროს ბუნებრივ ცუდ


მიდრეკილებებს, რაც უფლის თვალში გამამართლებელი გარემოებაა“ (აჟარის წიგნი ამ
გამონათქვამს მიაკუთვნებს ძველ სემიტურ ტაურაჰს).

მუად’დიბი: „გაიწოდე ხელი და ჭამე, რაც კი ღმერთმა გიბოძა; და როცა გაძღები, ადიდე
უფალი“.

ნ. კ. ბიბლია: ანალოგიური მნიშვნელობის მქონე პარაფრაზი (აჟარის წიგნი ამ ფრაზას ოდნავ


შეცვლილი ფორმით პირველი ისლამიდან მომდინარედ მიიჩნევს).

მუად’დიბი: „სიკეთე ბოროტების დასაწყისია“.

ფრემენული კიტაბ ალ-იბარი: „კეთილი ღმერთის ტვირთი შემაძრწუნებელი რამაა. განა


ღმერთმა არ მოგვცა ჩვენ მწველი მზე (ალ-ლატი)? განა ღმერთმა არ მოგვცა ტენის დედანი
(ღირსი დედები)? განა ღმერთმა არ მოგვცა ჩვენ შაითანი (იბლისი, სატანა)? განა შაითანისგან
არ მივიღეთ დამღუპველი სისწრაფე?“

(აქედან იღებს სათავეს ფრემენული ანდაზა: „სისწრაფე შაითანისეულიაო“. დაფიქრდით:


ფიზიკური დატვირთვით (აჩქარების გამო) გამოყოფილი სიცხის ყოველ ას კალორიაზე
ორგანიზმი დაახლოებით ექვს უნცია ოფლს აორთქლებს. ოფლის აღმნიშვნელი ფრემენული
სიტყვაა „ბაკა“ ანუ „ცრემლი“ და მისი ერთ-ერთი წარმოთქმა ასე გადაითარგმნება:
„სიცოცხლის სითხე, რომელსაც შაითანი შენი სულიდან გამოწურავს“.

მუად’დიბის მოსვლას კონიველი „რელიგიურად დროულს“ უწოდებდა, მაგრამ დროულობა


აქ არაფერ შუაში იყო. როგორც მუად’დიბი თავად ამბობდა: „მე აქ ვარ; ასე, რომ...“

თუმცა, მუად’დიბის რელიგიური გავლენის გასაგებად აუცილებელია, ყოველთვის


გაითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ფრემენები უდაბნოს მცხოვრებლები იყვნენ და მათი ყველა
წინაპარი ჩვეული იყო მტრულ გარემო პირობებს. მისტიციზმი იოლად მისაღები ხდება, როცა
ყოველ წამს შენ გარშემო არსებული აშკარად მტრული გარემოსგან თავის გადარჩენა გიხდება.
„შენ აქ ხარ – ასე რომ...“
ასეთი ტრადიციის არსებობისას ტანჯვა საყოველთაოდ მიღებული რამ ხდება – შეიძლება,
ქვეცნობიერად სასჯელად აღიქმებოდეს, მაგრამ მიღებულია. და, უნდა აღინიშნოს, რომ
ფრემენული რიტუალი დანაშაულის გრძნობისგან ლამის სრულ გათავისუფლებას იძლევა.
სულაც არაა აუცილებელი, ამის

მიზეზი იყოს კანონისა და რელიგიის ერთიანობა, რაც წესებისთვის დაუმორჩილებლობას


ცოდვად აქცევდა. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი იოლად
განიწმინდავდნენ თავს დანაშაულისგან, რადგანაც მათი ყოველდღიური არსებობა
მოითხოვდა სასტიკ განაჩენებს (ხშირად, სასიკვდილოსაც), რაც უფრო ლმობიერ პლანეტაზე
ადამიანს აუტანელი დანაშაულის გრძნობით დაამძიმებდა.

ალბათ, ფრემენების ცრურწმენისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი მიზეზი აქ უნდა ვეძიოთ


(თუნდაც მისიონარია პროტექტივას მცდელობები არ ჩავთვალოთ). რატომაა მსტვინავი
ქვიშები ავის მომასწავებელი? პირველი მთვარის დანახვისას ხელი რატომ უნდა მომუშტო?
კაცის სხეული მისია, წყალი კი ტომს ეკუთვნის – და სიცოცხლის საიდუმლო რებუსი კი არაა,
რომელიც უნდა ამოხსნა, არამედ – რეალობაა, რომელიც უნდა იცხოვრო და განიცადო.
ნიშნები გეხმარებიან, გახსოვდეს ეს. და, რადგან შენ აქ ხარ, რადგან შენ გაქვს რელიგია,
საბოლოოდ გამარჯვება ვერსად წაგივა.

როგორც ბენე გესერიტები ასწავლიდნენ საუკუნეების განმავლობაში, ბევრად ადრე, სანამ


ფრემენებს შეეტაკებოდნენ:

„როცა რელიგია და პოლიტიკა ერთ ეტლში სხედან, როცა იმ ეტლს მართავს ცოცხალი
წმინდანი (ბარაკა), მათ წინ ვეღარაფერი გადაეღობება“.

დანართი III: ანგარიში ბენე გესერიტის


მოტივებსა და მიზნებზე
აქ წარმოდგენილია ამონაკრები შემაჯამებელი ანგარიშიდან, რომელიც ლედი ჯესიკას
პირადმა აგენტებმა მისივე მოთხოვნით მოამზადეს უშუალოდ არაკისული მოვლენების
შემდეგ. ამ ანგარიშის მიუკერძოებლობა მას ჩვეულებრივ საბუთებზე ბევრად უფრო ფასეულს
ხდის.
რადგანაც ბენე გესერიტები საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდნენ ნახევრად მისტიკური
სკოლის საბურველის მიღმა, ახორციელებდნენ რა ადამიანებში თავიანთ შერჩევითი
შეჯვარების პროგრამას, ჩვენ, როგორც წესი, მათ ვანიჭებთ უფრო მნიშვნელოვან სტატუსს,
ვიდრე ისინი, როგორც ჩანს, იმსახურებენ. არაკისულ ამბებზე მათეული „მომხდარის
განხილვის“ ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლას საერთოდ არ ჰქონია გაცნობიერებული თავისი
როლი.
შეიძლება, ვიდავოთ, რომ ბენე გესერიტებს შეეძლოთ მხოლოდ იმ ფაქტებზე დაკვირვება,
რაზეც ხელი მიუწვდებოდათ; რომ წინასწარმეტყველ მუად’დიბს პიროვნულად ვერ
შეისწავლიდნენ. მაგრამ სკოლას სხვა დროს ამაზე მეტი დაბრკოლებაც გადაულახავს და ამ
შემთხვევაში მის შეცდომას უფრო ღრმა საფუძვლები აქვს.

ბენე გესერიტის პროგრამა მიზნად ისახავდა, გამოეყვანათ პიროვნება, რომელსაც მათ უწოდეს
„კვიზაც ჰადერაქი“ – ეს ტერმინი ნიშნავს „მას, ვისაც შეუძლია, ბევრი ადგილი ერთდროულად
იყოს“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ეძებდნენ ადამიანს, ვისაც თავისი მენტალური
ძალები უფრო მაღალი რიგის განზომილებათა გაგების და გამოყენების შესაძლებლობას
მისცემდა.

მათ გამოჰყავდათ ზე-მენტატი, ადამიანი-კომპიუტერი, რომელსაც გარკვეული


წინასწარმეტყველური უნარები ექნებოდა, გილდიის ნავიგატორების მსგავსად. ახლა
ყურადღებით დაუკვირდით ამ ფაქტებს:

მუად’დიბი, დაბადებით პოლ ატრეიდესი, ჰერცოგ ლეტოს ძე იყო, მის სამე.მ.კ.ვიდრო ხაზს
უკვე ათას წელიწადზე მეტ ხანს ყურადღებით აკვირდებოდნენ. წინასწარმეტყველის დედა,
ლედი ჯესიკა, ბარონ ვლადიმირ ჰარკონენის უკანონო ასული იყო და ატარებდა გენურ
მახასიათებლებს, რომელთა უდიდესი მნიშვნელობა შეჯვარების პროგრამისთვის უკვე ლამის
ორი ათასი წლის მანძილზე იყო ცნობილი. იყო ბენე გესერიტად დაბადებული და აღზრდილი
ჯესიკა საკუთარი ნებით და წადილით უნდა გამხდარიყო ამ პროექტის იარაღი.

ლედი ჯესიკას ნაბრძანები ჰქონდა, ატრეიდესი ასული გაეჩინა. გეგმის მიხედვით, ეს ასული
უნდა

შეჯვარებულიყო ფეიდ-რაუთა ჰარკონენთან, ბარონ ჰარკონენის ძმისწულთან, და ამ


კავშირიდან დიდი ალბათობით შეიძლებოდა შობილიყო კვიზაც ჰადერაქი. ამის ნაცვლად,
ჰერცოგის თანამესარეცლე ლედი ჯესიკა ბრძანებას ეურჩა და შვა ძე – როგორც თავად
აღიარებდა, მისთვის ბოლომდე ცხადი არასოდეს გამხდარა, რა მიზეზით მოიქცა ასე.

ბენე გესერიტები ჯერ მხოლოდ ამასაც უნდა დაედარაჯებინა და დაეშვათ შესაძლებლობა,


რომ მათ სქემებში განუსაზღვრელი ცვლადი შემოვიდა. მაგრამ არსებობდა ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი მინიშნებებიც, რაც მათ, ფაქტობრივად, უგულებელყვეს:
1. პოლ ატრეიდესი ბავშვობიდან ამჟღავნებდა მომავლის წინასწარმეტყველების უნარს.
ცნობილი იყო, რომ მას ჰქონდა წინასწარმეტყველური ხილვები, რომლებიც იყო ზუსტი,
მახვილი და არ ექვემდებარებოდა ოთხგანზომილებიან ახსნას.

2. ღირსი დედა გაიუს ჰელენ მოჰიამი, ბენე გესერიტის პროქტორი, რომელმაც პოლ
ატრეიდესის ადამიანობა გამოსცადა, როდესაც ის თხუთმეტი წლისა იყო, ადასტურებს, რომ
ბიჭმა ამ გამოცდისას დაძლია უფრო მეტი ტკივილი, ვიდრე მათთვის ცნობილმა ნებისმიერმა
სხვა ადამიანმა. მაგრამ ღირსმა დედამ თავის ანგარიშში ამაზე ყურადღება არ გაამახვილა!

3. როდესაც ატრეიდესების ოჯახი საცხოვრებლად პლანეტა არაკისზე გადავიდა, იქაური


ფრემენი მოსახლეობა პოლს მიესალმა, როგორც წინასწარმეტყველს, „ხმას გარე სამყაროდან“.
ბენე გესერიტებმა მშვენივრად უწყოდნენ, რომ ისეთ პლანეტაზე, როგორიც არაკისია,
ცხოვრების უმძიმესი პირობები – მთლიანად უდაბნო ზედაპირი, ღიაცისქვეშა წყლების
სრული არარსებობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი, სრულიად მარტივი საჭიროებების
მოსაპოვებლად მუდმივი ბრძოლა – გარდაუვლად ამძაფრებს მგრძნობელობას. და მაინც,
ფრემენების ეს რეაქცია, ის ცხადი დეტალი, რომ არაკისზე საკვები დიდი რაოდენობით
სუნელს შეიცავს და თავისი ეფექტი აქვს, ბენე გესერიტმა დამკვირვებელებმა მიაჩუმათეს.

4. როცა ჰარკონენებმა და ფადიშაჰ-იმპერატორის ფანატიკოსმა ჯარისკაცებმა ხელახლა


დაიპყრეს არაკისი, მოკლეს პოლის მამა და ატრეიდესების ჯარის უდიდესი ნაწილი
ამოხოცეს, პოლი და დედამისი გაუჩინარდნენ. მაგრამ ლამის მაშინვე გაჩნდა ცნობები
ფრემენების ახალ რელიგიურ ლიდერზე, კაცზე, სახელად მუად’დიბზე, რომელსაც აგრეთვე
უწოდებდნენ „ხმას გარე სამყაროდან“. ანგარიშები ცხადად იუწყებოდნენ, რომ მას გვერდში
ედგა ახალი ღირსი დედა, საიადინას რიტუალით ხელდასხმული, „ქალი, რომელმაც შვა იგი“.
ბენე გესერიტებს ხელი მიუწვდებოდათ ჩანაწერებზე, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ,
რომ ფრემენული ლეგენდები წინასწარმეტყველის შესახებ შეიცავდა ამ სიტყვებს: „იგი ბენე
გესერიტი ალქაჯისგან იქნება ნაშობი“.

(აქ შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ ბენე გესერიტებმა არაკისზე საუკუნეებით ადრე
გაგზავნეს თავიანთი მისიონარია პროტექტივა, რათა მას სწორედ ამის მსგავსი ლეგენდა
დაენერგა აქ, მაშველი რგოლი
მოემზადებინა იმ შემთხვევისთვის, თუ სკოლის რომელიმე წევრი აქ გასაჭირში ჩავარდებოდა
და თავშესაფარი და მშველელი დასჭირდებოდა; რომ ეს ლეგენდა „ხმაზე გარე სამყაროდან“
სწორად იყო უგულებელყოფილი, რაკი ის ბენე გესერიტის სტანდარტულ ილეთს იმეორებდა.
მაგრამ ეს შედავება მხოლოდ მაშინ იქნება მართებული, თუ დავუშვებთ, რომ ბენე გესერიტებს
არ ეშლებოდათ, პოლ-მუად’დიბზე სხვა მინიშნებებსაც რომ უგულებელყოფდნენ).

5. როცა არაკისული მოვლენები აზვირთდა, კოსმირების გილდიამ ბენე გესერიტებს მიმართა.


გილდია გადაკვრით მიანიშნებდათ, რომ მისი ნავიგატორები, რომლებიც არაკისის სუნელს
იღებდნენ და ამით შეზღუდული წინასწარმეტყველური უნარი ეძლეოდათ (კოსმოსში
ხომალდების უსაფრთხო გეზის განსასაზღვრავად აუცილებელი), „ღელავდნენ მომავლის
გამო“ ან ხედავდნენ „პრობლემებს ჰორიზონტზე“. ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ
ისინი ხედავდნენ კვანძს, ურიცხვი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთად შეყრის
ადგილს, რომლის მიღმაც მჭვრეტელი თვალისთვის ბილიკები დაფარული იყო. ეს ცხადი
ნიშანი იყო იმისა, რომ საქმეში ერეოდა რაღაც ფაქტორი, უფრო მაღალი რიგის
განზომილებების მახასიათებლებით!

(ბენე გესერიტ დათაგან ზოგი უკვე დიდი ხანია, ხვდებოდა, რომ გილდიას არ შეეძლო,
უშუალოდ ჩარეულიყო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუნელის წყაროს ბედ-
იღბალში, რადგან გილდიის ნავიგატორები, მართალია, მოუხეშავი უნარით, მაგრამ უკვე
მუშაობდნენ უფრო მაღალი რიგის განზომილებებთან – იმდენად მაინც, რომ შეგნებული
ჰქონოდათ: არაკისზე სულ უმცირესი შეცდომის დაშვებაც კი შეიძლება კატასტროფად
ქცეოდათ. ცნობილი ფაქტი იყო, რომ გილდიის ნავიგატორები ვერ ჭვრეტდნენ სუნელზე
კონტროლის მოპოვების ვერანაირ ხერხს ისე, რომ ხილვებში ამ კვანძს არ გადასწყდომოდნენ.
შესაბამისად, იკვეთებოდა თავისთავად ცხადი დასკვნა: ვიღაც, უფრო მაღალი რიგის ძალის
მქონე, იღებდა ხელში სუნელის წყაროს კონტროლს – მაგრამ ბენე გესერიტებს ეს მომენტი
სრულიად გამორჩათ!).

ამ ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ, გარდაუვლად გამოიკვეთება დასკვნა, რომ ამ


მოვლენებში ბენე გესერიტების მოუქნელი ქმედებები გამოწვეული იყო კიდევ უფრო მაღალი
საფეხურის გეგმის მიერ, რომელზედაც მათ სრულიად არაფერი უწყოდნენ!
დანართი IV: ალმანაკ ენ-აშრაფი
(შერჩეული ამონარიდები „კეთილშობილ
გვართაგან“)
შადამ IV (10 134 – 10 202)
ფადიშაჰ-იმპერატორი, თავისი გვარიდან (კორინის გვარი) 81-ე, ვინც ოქროს ლომის ტახტზე
იჯდა, მეფობდა 10 156 წლიდან (ეს ის თარიღია, როცა მამამისი, ელრუდ IX, ჩაუმარკიმ
შეიწირა) 10 196 წლამდე, სანამ მისი უფროსი ასულის, ირულანის სახელით შექმნილი
რეგენტობით ჩანაცვლდებოდა. მისი მეფობის პერიოდი, ძირითადად, ცნობილია არაკისის
ჯანყის გამო და ბევრი ისტორიკოსი მას ბრალად სდებს, რომ ის არასათანადო
გულმოდგინებით ეკიდებოდა კარის ვალდებულებებს და გადამეტებულ ფუფუნებაში
ჩაეფლო. მისი მეფობის პირველი თექვსმეტი წლის განმავლობაში ბურსეგების რიცხვი ორჯერ
გაიზარდა. სარდაუკარების მომზადებაზე გამოყოფილი თანხები არაკისის ჯანყამდე ბოლო
ოცდაათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მცირდებოდა. ჰყავდა ხუთი ასული (ირულანი,
ჩალისი, ვენსიცია, ჯოსიფა და რუჯი), კანონიერი ძე არ ჰყოლია. გადასახლებაში თან გაჰყვა
ოთხი ასული. მისი ცოლი, ანირული, ფარული წოდების მქონე ბენე გესერიტი, 10 176 წელს
გარდაიცვალა.

ლეტო ატრეიდესი (10 140 – 10 191)


კორინოების კუზენი დედის მხრიდან, მას ხშირად უწოდებდნენ წითელ ჰერცოგს.
ატრეიდესების გვარი ოცი თაობის განმავლობაში მართავდა კალადანს, როგორც სასირიდარო
ფეოდს, სანამ არაკისზე გადასვლა არ აიძულეს. ძირითადად, ცნობილია, როგორც ჰერცოგ
პოლ მუად’დიბის მამა, უმა-რეგენტი. ჰერცოგ ლეტოს ნეშტი განისვენებს „თავის ქალას
აკლდამაში“, არაკისზე. მისი სიკვდილის მიზეზად ითვლება საკის ექიმის ღალატი და ბრალი
ამაში სირიდარ-ბარონს, ვლადიმირ ჰარკონენს, ედება.

ლედი ჯესიკა (საპ. ატრეიდესი) (10 154 – 10 256)


სირიდარ-ბარონ ვლადიმირ ჰარკონენის უკანონო ასული (ბენე გესერიტების ცნობით).
ჰერცოგ პოლ-მუად’დიბის დედა. ვალაქ IX-ის ბ.გ. სკოლის გამოშვება.

ლედი ალია ატრეიდესი (10 191 –)


ჰერცოგ ლეტო ატრეიდესისა და მისი ოფიციალური თანამესარეცლის, ლედი ჯესიკას,
კანონიერი ასული.

ლედი ალია დაიბადა არაკისზე ჰერცოგ ლეტოს სიკვდილიდან დაახლოებით რვა თვის მერე.
მუცლად ყოფნისას ცნობიერების სპექტრის ნარკოტიკის მიღება გახდა მიზეზი, რის გამოც
ბენე გესერიტები მას „დაწყევლილად“ მოიხსენიებდნენ. პოპულარულ გადმოცემებში ის
ცნობილია, როგორც წმინდა ალია ან წმინდა ალია მახვილისა (უფრო დაწვრილებითი
ისტორიის გასაცნობად იხილე პანდერ ოულსონის „წმინდა ალია, მილიარდი პლანეტის
მონადირე ქალი“).

ვლადიმირ ჰარკონენი (10 110 – 10 193)


ჩვეულებრივ, მოიხსენიება, როგორც ბარონი ჰარკონენი, მისი ოფიციალური ტიტულია
სირიდარ (პლანეტის მმართველი) ბარონი. ვლადიმირ ჰარკონენი მამაკაცური ხაზით
პირდაპირი შთამომავალია ბაშარ აბულურდ ჰარკონენისა, რომელიც კორინის ბრძოლის მერე
გაძევებულ იქნა სიმხდალის გამო. ჰარკონენების გვარის მიერ ძალაუფლების ხელახალი
მოხვეჭა ძირითადად, მიეწერება ვეშაპის ბეწვის ბაზარზე მარჯვე მაქინაციებს და
მოგვიანებით – არაკისის მელანჟის საბადოებით მოხვეჭილ სიმდიდრეს. სირიდარ-ბარონი
მოკვდა არაკისზე ჯანყის დროს. მისი ტიტული მცირე ხნით გადავიდა ნა-ბარონ ფეიდ-რაუთა
ჰარკონენზე.

გრაფი ჰასიმირ ფენრინგი (10 133 – 10 225)


ჰასიმირ ფენრინგი კორინოს გვარის დედის ხაზის კუზენი და შადამ IV-ის ბავშვობის ამხანაგი
იყო („კორინოთა პირატული ისტორია“, რომელიც ხშირად არასანდოდ მიიჩნევა,
მოგვითხრობს საინტერესო ამბავს იმაზე, რომ სწორედ ფენრინგს აწევს კისრად ის ჩაუმარკი,
ელრუდ IX რომ შეიწირა). ყველა ჩანაწერი გვიდასტურებს, რომ ის შადამ IV-ის უახლოესი
მეგობარი იყო. გრაფ ფენრინგის მიერ დაკავებულ საიმპერატორო ვალდებულებებს შორის
იყო არაკისზე ჰარკონენების რეჟიმის დროს საიმპერატორო აგენტის თანამდებობა და
მოგვიანებით – კალადანის სირიდარ-აბსენტიას თანამდებობები. ის შადამ IV-ს
გადასახლებაში გაჰყვა სალუსა სეკუნდუსზე.

გრაფი გლოსუ რაბანი (10 132 – 10 193)


გლოსუ რაბანი, ლანკივეილის გრაფი, ვლადიმირ ჰარკონენის უფროსი ძმისწული იყო.
გლოსუ რაბანი და ფეიდ-რაუთა რაბანი (რომელმაც მას მერე, რაც სირიდარ-ბარონმა
თავისთან დაუძახა საცხოვრებლად, ჰარკონენის გვარი მიიღო) სირიდარ-ბარონის უმცროსი
ნახევარძმის, აბულურდის, კანონიერი ძეები იყვნენ. აბულურდმა უარი თქვა ჰარკონენის
გვარზე და ყველა უფლებაზე, ასევე ბარონის ტიტულზე, როცა რაბან-ლანკივეილის
სუბდისტრიქტის მმართველის ადგილი მიიღო. „რაბანი“ დედის ხაზის გვარი იყო.

იმპერიის ტერმინოლოგია
იმპერიის, არაკისის და მთელი იმ კულტურის შესწავლისას, რომელმაც მუად’დიბი წარმოშვა,
ბევრ უცნობ სიტყვას გადააწყდებით. წვდომის და გაგების გაუმჯობესება საქებარი წადილია,
ამიტომ ქვემოთ მოყვანილია ახსნა-განმარტებანი.

აბა: ფრემენი ქალების სამოსი, თავისუფალი კაბა, ჩვეულებრივ – შავი ფერისა

ადაბ: მეხსიერება, რომელსაც თვალს ვერ აარიდებ, რომელიც თავისთავად გეწვევა

აიატი: სიცოცხლის ნიშატი (იხ. ბურჰანი)

აკარსო: მცენარე, რომელიც ბუნებრივად იზრდება სიკუნზე (70 გველმჭერის A); აქვს თითქმის
წაგრძელებული ფოთლები. მათზე ერთმანეთის მონაცვლედ მუდმივად განლაგებულია
პარალელურ რეჟიმში არსებული ქლოროფილის აქტიური და მთვლემარე რეგიონები, რაც
მცენარეს მწვანედ და თეთრად დახაზულ შეფერილობას აძლევს.

ალამ ალ-მითალ: მსგავსებათა მისტიკური სამყარო, სადაც ყველა ფიზიკური შეზღუდვა


მოხსნილია

ალია: ძენსუნიტ ყარიბთა რელიგიის მიხედვით, ღმერთის მარცხნივ მდგომი ქალი; ღმერთის
მოახლე

ალ-ლატი: ადამიანთა თავდაპირველი მზე; გამოიყენება ნებისმიერი პლანეტის პირველი


მნათობის აღსანიშნავად.

ამინდის მცნობი: ადამიანი, რომელიც გაწაფულია არაკისზე ამინდის წინასწარმეტყველების


საგანგებო მეთოდებში, მათ შორის, შეუძლია ჭოკების ჩასობა და ქარის ტვიფრის ამოკითხვა.

ამპოლიროსი: კოსმოსის ლეგენდარული „მფრინავი ჰოლანდიელი“

ამტალი ან ამტალის წესი: პრიმიტიულ საზოგადოებებში მიღებული წესი, რომლის


თანახმადაც, რამე გამოიცდება მისი შესაძლებლობების ზღვრის ან დეფექტების
განსასაზღვრავად გავრცელებული მნიშვნელობით: გამოცდა განადგურებაზე
არაკენი: პირველი დასახლება არაკისზე, დიდი ხნის განმავლობაში იყო პლანეტის მთავრობის
სამყოფელი

არაკისი: პლანეტა, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი, კანოპუსის მესამე პლანეტა

ასასინთა ომი: ომის წარმოების შეზღუდული ფორმა, რომელიც ნებადართულია დიდი


კონვენციითა და გილდიის მშვიდობის პირობით. მისი მიზანია, შეამციროს ომში
უდანაშაულო შემსწრეთა ჩათრევა. მისი წესები მოითხოვს ფორმალურ განაცხადს
განზრახვაზე და განსაზღვრავს ნებადართული იარაღის სახეებს.

ასასინის ცნობარი: მესამე საუკუნის კრებული, რომელშიც აღწერილია ასასინთა ომში


ხმარებული შხამები. შემდგომში შეივსო და მასში შევიდა იმ სასიკვდილო მოწყობილობების
აღწერებიც, რომლებიც ნებადართული იყო გილდიის მშვიდობისა და დიდი კონვენციის
პირობებით

აუმასი: საჭმელში ჩასარევი შხამი

აქლი: გონიერების გამოცდა. თავდაპირველად ეს იყო „შვიდი მისტიკური შეკითხვა“,


რომელიც ასე იწყებოდა: „ვინ არის ის, ვინც ფიქრობს?“

აჩ: მარცხნივ მოხვევა: მატლის მესაჭის დაძახილი

ბ.გ. იგივეა, რაც „ბენე გესერიტი“

ბაგუნა: მოკლე ჯოხი, რომელსაც ბოლოში ზამბარისმექანიზმიანი ხმაურა აქვს დამაგრებული.


მას ქვიშაში ასობენ და აწყებინებენ „ბაგუნს“ შაი-ჰულუდის მოსაზიდავად (იხ. მოქმედის
კავები).

ბადურა სიბრტყე: დიფერენციალური მუხტის მქონე სეპარატორი, რომელსაც მელანჟის


სუნელის მასიდან ქვიშის გამოსაყოფად იყენებენ – სუნელის გაწმენდის მეორე საფეხურზე
საჭირო მოწყობილობა

ბაკა: ფრემენული ლეგენდის თანახმად, მოტირალი, რომელიც გლოვობს სრულიად


კაცობრიობას

ბალისეტი: ცხრასიმიანი მუსიკალური საკრავი, ციტრას პირდაპირი შთამომავალი,


აწყობილია ჩუსუკის სკალით. იმპერიის ტრუბადურთა საყვარელი საკრავი.

ბარაკა: მაგიური ძალების მქონე ცოცხალი წმინდა კაცი

ბაქლავა: ფინიკის ვაჟინით დამზადებული მძიმე ტკბილეული

ბაშარი (ხშირად – პოლკოვნიკ-ბაშარი): სარდაუკარების ოფიცერი, სტანდარტიზებულ


სამხედრო კლასიფიკაციაში პოლკოვნიკზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი. ჩინი შექმნილია
პლანეტა-სუბდისტრიქტის მმართველის აღსანიშნავად („კორპუსის ბაშარი“ მხოლოდ
სამხედრო გამოყენების ტერმინია)

ბედუინი: იხ. იჩვან ბედუინი


ბელა ტეგეუსი: კვენსტინგის მეხუთე პლანეტა, ძენსუნიტების (ფრემენების) იძულებითი
გადასახლების მესამე გაჩერების ადგილი

ბენე გესერიტი: გონებრივი და ფიზიკური წვრთნის უძველესი სკოლები, რომლებიც


დაარსებული იყო, ძირითადად, მდედრი მოსწავლეებისთვის მას მერე, რაც მწდეთა ჯიჰადმა
ე.წ. „მოაზროვნე მანქანები“ და რობოტები გაანადგურა

ბი-ლა-კაიფა: ამენ (სიტყვასიტყვით: „ამის მერე აღარაფრის ახსნა არაა საჭირო“)

ბინდუ: ადამიანის ნერვულ სისტემასთან, განსაკუთრებით – ნერვული სისტემის წვრთნასთან


დაკავშირებული. ხშირად გამოითქმის, როგორც ბინდუ-ნერვი (იხ. პრანა).

ბინდუ-შეყოვნება: კატალეფსიის განსაკუთრებული ფორმა, საკუთარი ნებით გამოწვეული

ბლედი: ბრტყელი, ღია უდაბნო

ბნელი საგნები: სალაპარაკო ენაში აღნიშნავს გავრცელების თვისების მქონე ცრურწმენებს,


რომლებსაც მისიონარია პროტექტივა შესაბამისი მიდრეკილების მქონე ცივილიზაციებში
ნერგავდა

ბოტანი-ჯიბი: იხ. ჩაკობსა

ბურკა: მოსასხამი, რომელსაც ფრემენები ღია უდაბნოში იცვამენ

ბურსეგი: სარდაუკარების სარდალი-გენერალი

ბურჰანი: სიცოცხლის სამტკიცები (ჩვეულებრივ, ითქმის: „სიცოცხლის აიატი და ბუჰრა“. იხ.


აიატი)

გადამტანი: მფრინავი ფრთა (ჩვეულებრივ, უწოდებდნენ „ფრთას“), არაკისის სასაპალნე


ხომალდი, იყენებდნენ სუნელის მომპოვებელი, საძიებელი და გამწმენდი დიდი
აღჭურვილობის გადასაზიდად

გადამყვანი: გილდიის ნებისმიერი ხომალდი, რომელიც პლანეტებს შორის სამხედრო


შენაერთების გადასაყვანადაა განკუთვნილი

გალაქი: იმპერიის ოფიციალური ენა, ინგლო-სლავურის ჰიბრიდი, რომელშიც უხვადაა


ჩართული

სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ტერმინები, ენაში შესული


ადამიანთა მიგრაციის გრძელ თანმიმდევრობათა შედეგად

გამონთი: ნიუშეს მესამე პლანეტა; ცნობილია თავისი ჰედონიკური კულტურითა და


ეგზოტიკური სექსუალური ადათების გამო

განიმა: ის, რაც ომში ან ორთაბრძოლაშია მოპოვებული. ჩვეულებრივ, ბრძოლის სახსოვარი,


რომელსაც მხოლოდ მოსაგონრად ინახავენ

გარე-ფრეინი: გალაქურად ნიშნავს „უშუალოდ უცხოს“, ანუ არა უშუალოდ შენი თემის წევრს,
არა რჩეულთაგანს.
გეირატ: პირდაპირი გეზით: მატლის მესაჭის დაძახილი.

გვარი: აღნიშნავს პლანეტის ან პლანეტათა სისტემის მმართველ კლანს.

გიედი პრაიმი: გველმჭერის B-ს პლანეტა (36), ჰარკონენების გვარის სამშობლო. საშუალო
სიცოცხლისუნარიანობის, აქტიური ფოტოსინთეზის დაბალი რიგის მქონე პლანეტა

გილდია: კოსმირების გილდია, დიდი კონვენციის საყრდენი პოლიტიკური სამფეხის ერთ-


ერთი ფეხი. გილდია მწდეთა ჯიჰადის მერე გონებრივ-ფიზიკური წვრთნის სკოლათაგან (იხ.
ბენე გესერიტი) მეორე იყო. გილდიის მონოპოლიის დამყარება კოსმოსში მოგზაურობასა და
ტრანსპორტირებაზე, აგრეთვე – საერთაშორისო საბანკო მომსახურებაზე იმპერიის
კალენდრის ათვლის წერტილადაა აღებული.

გილდიამდე: იხმარება თარიღთან ერთად და აღნიშნავს იმპერიის თარიღების სისტემას,


რომელიც კოსმირების გილდიის მონოპოლიის წარმოქმნაზეა დაფუძნებული.

გინაზების გვარი: ოდესღაც ჰერცოგ ლეტო ატრეიდესის მოკავშირეები. დამარცხდნენ


გრამანთან, ასასინთა ომში.

გომ ჯაბარი: ხელმაღალი მტერი; ესაა განსაკუთრებული მოწამლული ნემსი, რომელსაც


წვეტზე მეტა-ციანიდი უსვია და მას ბენე გესერიტი პროქტორები ადამიანური ცნობიერების
გამოცდისას იყენებენ. ის, ვინც გამოცდას ვერ აბარებს, კვდება.

გრაბენი: მიწის ქერქის ქვედა ფენების მოძრაობის გამო მიწის ჩავარდნის შედეგად
წარმოქმნილი გრძელი გეოლოგიური თხრილი

გრამანი: ნიუშეს მეორე პლანეტა, მეტწილად ცნობილია მისი მმართველი გვარის (მორიტანი)
შუღლით გინაზის გვართან

დაბლობი: არაკისზე საცხოვრებლად გამოსადეგი დაბლობი რეგიონი, რომელიც


გარშემორტყმულია ამაღლებული მიწით, რაც მას ხშირი ქარიშხლებისგან იცავს

დაბლობის რუკა: არაკისის ზედაპირის რუკა, რომელზეც დატანილია ყველაზე უფრო


საიმედო პარაკომპასული მიმართულებები თავშესაფრებს შორის (იხ. პარაკომპასი)

დამარეტიანებელი: ნელი ჯერის მქონე სატყორცნი იარაღი, რომელიც საწამლავით ან წამლით


დამუშავებულ ნემსს ისვრის. მის ეფექტიანობას ზღუდავს ფარის ესა თუ ის მახასიათებლები
და მიზანსა და მსროლელს შორის შეფარდებითი მოძრაობა.

დამკვირვებელთა კოორდინატორი: მსუბუქი ორნიტოპტერი სუნელის მომპოვებელ გუნდში,


რომელსაც თვალყურის დევნების და დაცვის მართვა ევალება.

დარ ალ-ჰიკმანი: რელიგიური თარგმანის ან განმარტების სკოლა

დაფდაფა ქვიშა: იმგვარად დატკეპნილი ქვიშა, რომ მის ზედაპირზე უმნიშვნელო დარტყმაც
კი ხმამაღალ დოლის ხმას გამოსცემს

დერჩ: მარჯვნივ მოხვევა; მატლის მესაჭის დაძახილი


დეტექტორი, შხამის: რადიაციული ანალიზის ხელსაწყო, რომელსაც აქვს ფართო ყნოსვითი
სპექტრი; გამოიყენება მომწამვლელი ნივთიერებების აღმოსაჩენად

დიდებული გვარები: პლანეტური ფეოდის მფლობელები; აწარმოებენ საპლანეტათაშორისო


საქმიანობას (იხ. „გვარი“ ზემოთ).

დიდი დედა: რქოსანი ქალღმერთი, კოსმოსის ქალური საწყისი (ხალხური სახელი: დედა-
კოსმოსი), ქალური სახე მამრულ-მდედრულ-უსქესო ტრიადისა, რომელსაც იმპერიის ბევრი
რელიგია უზენაეს არსებად მიიჩნევს.

დიდი კონვენცია: სამყაროს მასშტაბის ზავი, რომელიც ხორციელდება გილდიას, დიდებულ


გვარებსა და იმპერატორს შორის ძალაუფლების დაბალანსებით. მისი მთავარი კანონი
კრძალავს ატომური იარაღის

მოხმარებას სამიზნე ადამიანზე. დიდი კონვენციის ყოველი კანონი იწყება სიტყვებით:


„წესრიგი დაცული უნდა იყოს“...

დიდი ჯანყი: ხალხში ასე მოიხსენიებენ მწდეთა ჯიჰადს (იხ. ჯიჰადი, მწდეთა)

დისტრანსი: მოწყობილობა, რომელიც ხელფრთიანის ან ფრინველის ნერვულ სისტემას ასვამს


დროებით ნეიროანაბეჭდს. შედეგად, ამ არსების ჩვეულებრივი დაძახილი შეიცავს
გზავნილის ჩანაწერს, რომლის ამოკითხვა მომტანი ტალღიდან ასევე დისტრანსის
საშუალებითაა შესაძლებელი

დიუნის მუშა: არაკისზე ღია უდაბნოში მომუშავე ადამიანების – სუნელის მომპოვებელთა და


ა.შ. – ზოგადი სასაუბრო დასახელება (უდაბნოს მუშები, სუნელის მუშები)

დიქტუმ ფამილია: დიდი კონვენციის კანონი, რომელიც კრძალავს იმპერატორის ოჯახის ან


დიდებული გვარის ჩამომავლის მოკვლას არაფორმალური ღალატით. ის ადგენს
ოფიციალურ წესებს და ზღუდავს მოკვლის საშუალებებს.

ეგოსურათი: პორტრეტი, რომელიც გამოისახება ჩიგასინას პროექტორის საშუალებით და


შეუძლია, ასახოს ოდნავი მოძრაობა – რითაც, როგორც ამბობენ, ეგოს არსის გადმოცემა
ხერხდება

ეკაზი: ალფა ცენტავრის B-ს მეოთხე პლანეტა, მოქანდაკეთა აღთქმული ქვეყანა. ასე იმის გამო
მოიხსენიებენ, რომ მასზე ხარობს ნისლისხე, მცენარე, რომლისთვის სასურველი ფორმის
მისაცემად მხოლოდ ადამიანის ფიქრის ძალაც კმარა

ელაკა წამალი: ნარკოტიკი, რომელიც მიიღება წვენგამოშვებული ელაკას ხის (მოიპოვება


ეკაზაზე) დაწვის შედეგად. მისი ზემოქმედებით ადამიანს თითქმის სრულიად ეთრგუნება
თვითგადარჩენის ნება. ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფს კანი დამახასიათებელი
ნარინჯისფერი უხდება. ჩვეულებრივ, იყენებენ მონა-გლადიატორების დასამუშავებლად
არენაზე გასვლის წინ

ელ-საიალი: „ქვიშის წვიმა“ – კორიოლისის გრიგალით საშუალო სიმაღლეზე (დაახლ. 2 000 მ)


ატაცებული მტვრის ცვენა. ელ-საიალს მიწის ზედაპირზე ხშირად ტენი ჩამოაქვს.

ერგი: დიუნების ვრცელი ველი, ქვიშის ზღვა


ვალაქ IX: ლაოუჯინის მეცხრე პლანეტა, ბენე გესერიტთა დედასკოლის ადგილსამყოფელი

ვალი: გაუწაფავი ფრემენი ყმაწვილი

ვაროტა: ლეგენდარული ბალისეტების ოსტატი ჩუსუკიდან

ვერიტე: ერთ-ერთი ნების დამთრგუნველი ნარკოტიკი, რომელიც ეკაზაზე მოიპოვება. მისი


ზემოქმედებით ადამიანი თვალთმაქცობის უნარს კარგავს.

ზეთის ლინზები: ჰუფუფის ზეთი, რომელიც გარემომცველი ძალის ველის ზემოქმედებით


იმყოფება სტატიკურ დაძაბულობაში და ჩასმულია სამზერ მილში ან სინათლეზე მომუშავე
რაიმე სხვა სისტემაში. რაკი შესაძლებელია, ყოველი ლინზა მორგებული იქნეს მიკრონის
სიზუსტით, ითვლება, რომ ზეთის ლინზები საუკეთესოა ხილულ სინათლეზე მუშაობისას,
მათი განსაკუთრებული სიზუსტის გამო.

თავისუფალი ვაჭრები: სალაპარაკო ენაში აღნიშნავს კონტრაბანდისტებს.

ია ჰია ჩოუჰადა: „გაუმარჯოს მებრძოლებს!“ – ფედაიკინების საომარი ძახილი. „ია“ (ახლა) ამ


დაძახილში გაძლიერებულია „ჰია“ ფორმით (ახლა და უკუნისამდე). „ჩოუჰადას“
(მებრძოლები) ახლავს დამატებითი მნიშვნელობა, რაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას
გულისხმობს. ამ სიტყვას ახლავს ნიუანსი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მებრძოლები არ
იბრძვიან ნებისმიერი რამისთვის, არამედ ფოკუსირებული არიან ერთ გარკვეულ მიზანზე –
და მხოლოდ მასზე.

ია! ია! იაუმ!: ფრემენული სამღერი რიტმი, რომელსაც უაღრესად მნიშვნელოვანი


რიტუალებისას იყენებენ. „იას“ ძირითადი მნიშვნელობაა „აწ კი გულისხმაყავ!“ „იაუმ“ – ესაა
ფორმაცვლილი ტერმინი, რომელიც რაღაცის სასწრაფოდ, გადაუდებლად გაკეთებას ითხოვს.
მთლიანი წარმოთქმა, ჩვეულებრივ, ითარგმნება, როგორც „ახლა კი ისმინე!“

იალი: ფრემენის პირადი ბინა სიეტჩში

იბადის თვალები: მელანჟის მაღალი შემცველობის საკვების მიღების დამახასიათებელი


ნიშანი, როცა თვალების გუგებიც და თეთრი გარსიც მუქ ლურჯ ფერს იღებს (მიანიშნებს
მელანჟის მიმართ ძლიერ ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე)

იბნ ქირთაიბა: „წმინდა სიტყვაში ითქმის“... ფრემენული რელიგიური ციტატების მიღებული


დასაწყისი (მომდინარეობს პანოპლია პროფეტიკუსისგან)

იკუტ-ეი!: არაკისზე წყლის გამყიდველების დაძახილი (ეტიმოლოგია გაურკვეველია). იხ.


სუუ-სუუ-სუუკ!

ილმი: თეოლოგია; მეცნიერება რელიგიური ტრადიციის შესახებ; ერთ-ერთი ნახევრად


ლეგენდარული წყარო, რომლისგანაც სათავეს იღებს ძენსუნიტ ყარიბთა რელიგია

ისტისლაჰი: საერთო კეთილდღეობის წესი; ჩვეულებრივ, ნახსენებია სასტიკი


აუცილებლობის გასამართლებლად

იქსი: იხ. რიჩესი.

იჩვან ბედუინი: ყველა არაკისელ ფრემენთა საძმო


იჯაზი: წინასწარმეტყველება, რომლის უარყოფაც შეუძლებელია თავად მისი ბუნების გამო;
წინასწარმეტყველება, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება

კაიდი: სარდაუკარების ოფიცრის წოდება; ენიჭებოდა სამხედრო მოსამსახურეს, რომლის


ვალდებულებაც, ძირითადად, სამოქალაქო მოსახლეობის საქმეების მოგვარება იყო;
სამხედრო მმართველი მთელი პლანეტარული დისტრიქტისა; ბაშარზე უფრო მაღალი
წოდებაა, მაგრამ ბურსეგს არ უტოლდება.

კალადანი: დელტა პავონისის მესამე პლანეტა, პოლ-მუად’დიბის დაბადების ადგილი

კანლი: ოფიციალური შუღლი ან ვენდეტა, რომელიც დიდი კონვენციის წესებს ემორჩილება


და უმკაცრესი შეზღუდვებით მიმდინარეობს (იხ. ცვლილების მსაჯული) თავდაპირველად
წესები შემუშავებული იყო უცოდველი, შუღლის ახლომახლო შემთხვევით მოხვედრილი
ხალხის დასაცავად.

კანტო და რესპონდუ: ვედრების რიტუალი, მისიონარია პროტექტივას პანოპლია


პროფეტიკუსის ნაწილი

კარამა: სასწაული – ქმედება, რომელიც სულიერი სამყაროს ჩაგონებითაა გამოწვეული

კარის სარქველი: პლასტიკატის გადასატანი ჰერმეტული სარქველი, რომლებსაც ფრემენები


დროებითი გამოქვაბულის ბანაკებში ტენის უსაფრთხოების დასაცავად იყენებდნენ

კვიზაც ჰადერაქი: „გზის შემოკლება“. ეს არის ბენე გესერიტების მიერ მინიჭებული წოდება
მავანისათვის, რომლის დაბადებასაც ცდილობდნენ გენეტიკური პროგრამის მეშვეობით. ეს
იქნებოდა მამრი ბენე გესერიტი, რომელიც თანდაყოლილი მენტალური ძალების წყალობით
სივრცისა და დროის გაერთიანებას შეძლებდა.

კიდეკედელი: არაკისის ფარკედელის დამცავი ფრიალოების მეორე, ზედა საფეხური (იხ.


ფარკედელი)

კინჯალი: ორლესული მოკლე ხმალი (ან გრძელი დანა) დაახლოებით 20 სანტიმეტრის


სიგრძის, ოდნავ გაღუნული პირით

კისვა: ფრემენული მითოლოგიური თემატიკის ნებისმიერი ფიგურა ან ნახაზი

კიტაბ ალ-იბარ: არაკისელი ფრემენების მიერ შედგენილი გაერთიანებული ცნობარი,


უდაბნოში გადარჩენის ხერხების და რელიგიური წესების სახელმძღვანელო

კომბაინი ან კომბაინ-ფაბრიკა: დიდი (ხშირად 120X40 მ) სუნელის მომპოვებელი მანქანა,


რომელიც, როგორც წესი, მუშაობს მდიდარი, დაუზიანებელი მელანჟის ამონაფრქვევზე.
ხშირად უწოდებენ „ქვიშამავალს“; აქვს ხოჭოსებური სხეული და რამდენიმე
დამოუკიდებელი მუხლუხით გადაადგილდება.

კორინის ბრძოლა: კოსმოსური ბრძოლა, რომლისგანაც მომდინარეობს კორინოთა


საიმპერატორო გვარის დასახელება. სიგმა დრაკონისის მახლობლად გილდიამდე 88 წელს
გამართულმა ამ ბრძოლამ სალუსა სეკუნდუსის მმართველი გვარის ბატონობა დაამყარა.
კორიოლისის გრიგალი: ნებისმიერი დიდი ქვიშის გრიგალი არაკისზე, რომლის დროსაც
ვაკეებზე აღძრული ქარები ძლიერდება პლანეტის ბრუნვითი მოძრაობით და მისი სიჩქარე
აღწევს 700 კილომეტრს საათში

კოსმირების გილდია: იხ. „გილდია“

კრიმსკელის ბოჭკო ან კრიმსკელის ბაწარი: ეკაზის ჰუფუფ-ლერწისგან დაგრეხილი „კლანჭი-


ბოჭკო“. კრიმსკელით შეკრულ კვანძს თუ გაქაჩავ, ის უფრო და უფრო მჭიდროვდება წინასწარ
მიცემულ ზღვრამდე (უფრო დეტალური ცნობებისთვის იხ. ჰოლჯანს ვონბრუკის „ეკაზის
მახრჩობელა ლერწები“)

კრისდანა: არაკისელ ფრემენთა წმინდა დანა. ის მკვდარი ქვიშის მატლის კბილისგან


მზადდება და ორი სახისაა: „გამაგრებული“ და „გაუმაგრებელი“. გაუმაგრებელი დანისთვის
საჭიროა ადამიანის სხეულის ელექტრული ველის სიახლოვე, რომ არ დაიშალოს.

კულ ვაჰად!: „სრულიად შეძრული ვარ!“ იმპერიაში გავრცელებული გულწრფელი გაოცების


შეძახილი. ზუსტი შინაარსი კონტექსტზეა დამოკიდებული (როგორც ამბობენ, ერთხელ
მუად’დიბმა უცქირა, როგორ გამოიჩეკა უდაბნოს ქორის მართვე კვერცხიდან, და
დაიჩურჩულა: „კულ ვაჰად!“).

კულონი: ტერას აზიური სტეპების ბინადარი გარეული სახედარი, არაკისის პირობებს


შეგუებული

კულტივირებული სინდისი: ე.წ. „ცეცხლოვანი სინდისი“, საიმპერატორო მომზადებით


შეძენილი ამკრძალავი ხარისხი (იხ. საიმპერატორო მომზადება)

ლა, ლა, ლა: ფრემენული გლოვის შორისდებული („ლა“ ითარგმნება, როგორც გადაჭრით
ნათქვამი უარი, „არა“, რომელსაც ვედრება ვერ შეცვლის.)

ლაზმტყორცნი (ლაზთოფი): უწყვეტი სხივის ლაზერული პროექტორი. მისი გამოყენების არე


ველოვანი ფარის კულტურაში შეზღუდულია, რადგან მისი სხივის ფართან შეხება იწვევს
აფეთქებას (ტექნიკურად, სუბატომურ სინთეზს).

ლეგიონი, საიმპერატორო: ათი ბრიგადა (დაახლოებით 30 000 კაცი)

ლიბანი: ფრემენული ლიბანი – ესაა სუნელიან წყალში გარეული იუკას ფქვილი.


თავდაპირველად ეს მჟავე რძის სასმელი იყო.

ლისან ალ-გაიბი: „ხმა გარე სამყაროდან“. ფრემენულ მესიანურ ლეგენდებში, ესაა სხვა
პლანეტიდან მოსული წინასწარმეტყველი. ხანდახან ითარგმნება, როგორც „წყლის მომცემი“
(იხ. მაჰდი).

ლიტრიანი: ერთი ლიტრის ტევადობის სითხის გადასატანი ჭურჭელი არაკისზე.


დამზადებულია მაღალი სიმკვრივის, არამსხვრევადი პლასტიკატისგან და აქვს საიმედო
ხუფი.

მანტინი: საფუძველში მდებარე სიბრძნე, საყრდენის მიმცემი საბუთი, პირველადი პრინციპი


(იხ. ჯუდიშარი).
მარაოიუმი: ლითონი, რომელიც დურალუმინში ჯასმიუმის კრისტალების გაზრდით
მიიღება. განთქმულია გამძლეობისა და სიმსუბუქის საუკეთესო კომბინაციით. სახელი
დაერქვა იმის გამო, რომ ხშირად გამოიყენება დასაშლელ შენობებში, რომლებიც შეიძლება
„მარაოსავით გაიშალოს“ აწყობისას.

მართლის ტრანსი: ნახევრადჰიპნოზური ტრანსი, რომელსაც იწვევს „ცნობიერების სპექტრის“


ნარკოტიკთა რამდენიმე სახეობისგან რომელიმეს მიღება; ამგვარი ტრანსის დროს
განზრახული ტყუილის მცირე მინიშნებები მართლის ტრანსში მყოფი დამკვირვებლისთვის
ცხადი ხდება (შენიშვნა: „ცნობიერების სპექტრის“ ნარკოტიკი, როგორც წესი, სასიკვდილოა
და გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია, საკუთარ ორგანიზმში საწამლავის კონფიგურაცია
შეცვალოს).

მართლისმცნობი: ღირსი დედა, რომელსაც შეუძლია მართლის ტრანსში შესვლა და


ტყუილისა და არაგულწრფელობის გამორჩევა

მასკი: სასმელში გარეული საწამლავი (იხ. ჩაუმარკი)

მაულა პისტოლეტი: მოწამლული ისრების სასროლი ზამბარიანი იარაღი; მისი სროლის


მანძილი დაახლოებით ორმოცი მეტრია.

მაულა: მონა

მაშადი-გამოცდა: ნებისმიერი გამოცდა, რომელშიც სასწორზე დევს ღირსება (განსაზღვრული,


როგორც სულიერი მდგომარეობა)

მაჰდი: ფრემენული მესიანური ლეგენდის მიხედვით, „იგი, ვინც სამოთხისკენ გაგვიძღვება“.

მეკავე: მოქმედის კავებით შეიარაღებული ადამიანი, რომელიც მზადაა მოქმედის დასაჭერად

მელანჟი: „სუნელთა სუნელი“, ნივთიერება, რომელიც მხოლოდ არაკისზე მოიპოვება.


სუნელი, რომელიც უპირველესად მისი გერიატრიული თვისებებითაა ცნობილი; მცირე
რაოდენობით მიღებისას იწვევს სუსტ მიჩვევას, მაგრამ ხდება უკიდურესად მძიმე
დამოკიდებულების გამომწვევი, თუ მისი დოზა გადააჭარბებს დღეში ორ გრამს სხეულის
წონის სამოცდაათ კილოგრამზე (იხ. „იბადი“, „სიცოცხლის წყალი“ და „სუნელამდელი მასა“).
მუად’დიბი თავისი წინასწარმეტყველური ძალის გამომწვევად სუნელს მიიჩნევდა. გილდიის
ნავიგატორებიც ამავეს ადასტურებდნენ. მისი ფასი იმპერიის ბაზარზე აღწევდა 620 000
სოლარისს დეკაგრამისთვის.

მელნისვაზი: ხვიარა მცენარე, რომელიც გიედი პრაიმზე ხარობს და ხშირად გამოიყენება


შოლტად მონათა ყაზარმებში. მისგან მსხვერპლს აჩნდება ჭარხლისფერი სვირინგისებური
ნაიარევი და მრავალი წლის განმავლობაში ტანჯავს ნარჩენი ტკივილები.

მენტატი: იმპერიის მოქალაქეთა კლასი, რომელიც გაწვრთნილია ლოგიკაში; „ადამიანი-


კომპიუტერები“

მეორე მთვარე: არაკისის ორ თანამგზავრთაგან უფრო მომცრო. აღსანიშნავია, რომ მისი


ზედაპირის ლაქებით კენგურუსებური თაგვია გამოსახული.
მეტამინა: მინა, რომელიც მიიღება ჯასმიუმის კვარცის ფირფიტებში გაზის მაღალტემპერატუ-
რული შერევით. გამოირჩევა ძლიერ მაღალი გამძლეობით (დაახლ. 450 000 კილოგრამი
კვადრატულ სანტიმეტრზე, ორი სანტიმეტრის სისქისას) და შერჩევითი რადიაციული
ფილტრის თვისებებით.

მეწყლე: ფრემენი, რომელიც შესაბამისად ხელდასხმულია და ევალება წყალთან და


სიცოცხლის წყალთან დაკავშირებული რიტუალების მომსახურება

მიკფირი: ერთი მიკრონის დიამეტრის მქონე ჩიგასინა, რომელსაც ხშირად ჯაშუშური და


კონტრჯაშუშური მონაცემების გადასატანად იყენებენ

მისიონარია პროტექტივა: ბენე გესერიტის ორდენის განყოფილება, რომელსაც ევალებოდა


პრიმიტიული კულტურის მქონე პლანეტებზე გავრცელების თვისების მქონე ცრურწმენების
დანერგვა და ამ გზით ბენე გესერიტებისთვის იქ სამოქმედოდ ხელ-ფეხის გახსნა (იხ.
პანოპლია პროფეტიკუსი).

მისრი: ისტორიული ძენსუნიტების (ფრემენების) სახელი საკუთარი თავისთვის: „ხალხი“

მიშმიში: გარგარი

მიჰნა: გამოცდის სეზონი იმ ფრემენი ჭაბუკებისთვის, რომლებსაც სურთ, ზრდასრულ


მამაკაცად იყვნენ აღიარებული

მონადირე-მაძებარი: ტივტივა ველზე დაყრდნობილი მსხვერპლის მძებნელი ლითონის


ხიწვი, რომელიც იარაღად გამოყენების მიზნით მახლობელი სამართავი პულტით იმართება.
მკვლელობის გავრცელებული მოწყობილობაა.

მოქმედი: იხ. შაი-ჰულუდი

მოქმედის კავები: კაუჭები, რომლის დახმარებითაც იჭერენ, ზურგზე ექცევიან და მართავენ


არაკისულ ქვიშის მატლს

მტვრის ნაპრალები: უდაბნოში ნებისმიერი ღრმა ნაპრალი ან ჩაღრმავება, რომელიც


მტვრითაა სავსე, მაგრამ შესახედავად არ გაირჩევა გარემოსგან. სასიკვდილო ხაფანგია,
რადგან მასზე მოხვედრილი ადამიანი ან ცხოველი იძირება და იხრჩობა (იხ. მტვრის
მოქცევიანი აუზი)

მტვრისმოქცევიანი აუზი: არაკისის ზედაპირზე ნებისმიერი ვრცელი ჩაღრმავება, რომელიც


საუკუნეების განმავლობაში მტვრით აივსო და რომელშიც ქვიშის ნამდვილი მიქცევა და
მოქცევა შეინიშნება.

მუ ზეინ ვალლაჰ!: „მუ ზეინ“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „კარგი არაფერი“, ხოლო
„ვალლაჰ“ – უკუთქმითი დამასრულებელი შეძახილია. ესაა ფრემენების მიერ მტრის
მისამართით წარმოთქმული წყევლის ტრადიციული დასაწყისი და მასში „ვალლაჰ“ მახვილს
სვამს სიტყვებზე „მუ ზეინ“ და წარმოქმნის მნიშვნელობას: „კარგი არაფერი, უვარგისი,
გამოუსადეგარი“.

მუად’დიბი: არაკისზე ცხოვრებას შეგუებული კენგურუსებრი თაგვი, არსება, რომელსაც


ფრემენების
მითოლოგია მიწის სულის შესახებ აკავშირებს ნახატთან, პლანეტის მეორე მთვარეზე რომ
მოჩანს. ამ არსებას ფრემენები თაყვანს სცემენ ღია უდაბნოში ცხოვრების უნარის გამო.

მუდირ ნაჰია: ფრემენები ასე უწოდებდნენ მხეც რაბანს (გრაფ რაბან ლანკივეილელს),
ჰარკონენის ძმისწულს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო არაკისის სირიდარ-
ხელისუფალი. ეს სახელი ხშირად გადაითარგმნება „დემონ-მმართველად“.

მუშტამალი: სახლზე მოშენებული პატარა ბაღი ან ბაღი-ეზო

მცირე გვარები: ერთი პლანეტის მასშტაბით მოქმედ საქმოსანთა კლასი (გალაქურად:


„რიშესი“)

მწდეთა ჯიჰადი: იხ. ჯიჰადი, მწდეთა (აგრეთვე – დიდი ჯანყი)

ნა-: პრეფიქსი, რომელიც ნიშნავს „დანიშნულს“ ან „რიგში შემდეგს“; შესაბამისად, „ნა-ბარონი“


ნიშნავს ბარონის მე.მ.კ.ვიდრეს, მომავალ ბარონს.

ნათელბურთი: ჰაერში ტივტივებით გაჩერებული მანათობელი თვითმკვებავი მოწყობილობა


(ჩვეულებრივ, ორგანულ ბატარეებზე)

ნაიბი: ის, ვინც ფიცი დადო, რომ მტერს ცოცხალი არასოდეს ჩაუვარდება ხელში – ეს ფრემენ
ლიდერთა ტრადიციული ფიცია.

ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლია: „ამოკრეფილი წიგნი“, ეკუმენისტ მთარგმნელთა


კომისიის მიერ შედგენილი რელიგიური ტექსტი. მასში შესულია უმეტეს ძველ რელიგიათა,
მათ შორის – მაომეთ საარის, მაჰაიანა ქრისტიანობის, ძენსუნიტური კათოლიციზმის და
ბუდისლამის სწავლებები. მის უზენაეს მცნებად მიჩნეულია: „არა განრჰყვნა სული“.

ნაშთენი საწამლავი: ეს გამოგონება მიეწერება მენტატ პიტერ დე ვრისს: ორგანიზმში შეჰყავთ


ნივთიერება, რომელიც მოითხოვს ანტიდოტის რეგულარულ მიღებას,; ანტიდოტის მიღების
შეჩერება სიკვდილს იწვევს.

ნახევარძმები: თანამესარეცლეთა ძეები ერთსა და იმავე ოჯახში, რომლებსაც დადასტურებუ-


ლად ერთი და იგივე მამა ჰყავთ

ნეჟონი ხილაბანდი: წასაკრავი ხილაბანდი, რომელიც გათხოვილ ან „კავშირში მყოფ“ ქალს


სარწყულის კაპიუშონის ქვეშ უკეთია ძის გაჩენის მერე

ნოუკერები: იმპერატორის პირადი დაცვის წევრები, რომლებიც იმპერატორის სისხლით


ნათესავები არიან; სამეფო ოჯახის თანამესარეცლეთა ძეების ტრადიციული რანგი

ორნიტოპტერი (სასაუბრო: „ტოპტერი“): ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც


ფრინველის მსგავსად ფრთების ქნევით ფრენა შეუძლია

პანდი ბრინჯი: მუტაციით მიღებული, ბუნებრივი შაქრით მდიდარი ბრინჯი, რომელიც ოთხ
სანტიმეტრამდე სიგრძეს აღწევს. კალადანის მთავარი საექსპორტო პროდუქტი

პანოპლია პროფეტიკუსი: ეს ტერმინი მოიცავს ყველა იმ გავრცელების თვისების მქონე


ცრურწმენას, რომლებსაც ბენე გესერიტები იყენებდნენ პრიმიტიული კულტურების
დასამუშავებლად (იხ. მისიონარია პროტექტივა).
პარაკომპასი: ნებისმიერი კომპასი, რომელიც მიმართულებას ადგილობრივი მაგნიტური
ანომალიის მიხედვით განსაზღვრავს. გამოიყენება იქ, სადაც ხელმისაწვდომია შესაბამისი
რუკები და სადაც პლანეტის საერთო მაგნიტური ველი არასტაბილურია, ან გადაფარულია
ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებით.

პატარა მოქმედი: ნახევრად მცენარე, ნახევრად ცხოველი, ქვიშის ქვეშ მცხოვრები არსება,
არაკისული ქვიშის მატლის სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთი სტადია. პატარა მოქმედის
გამონაყოფი სუნელამდელ მასას ქმნის.

პენტაფარი: ფარის გენერატორით მიღებული ხუთფენიანი ველი, რომელიც გამოიყენება


კარის, დერეფნის და მსგავსი მომცრო არეების ჩასახერგად (დიდი გამაგრებული ფარები
ყოველი შემდეგი ფენის დამატებისას სულ უფრო არასტაბილური ხდება) და, ფაქტობრივად,
შეუღწევადია ყველასთვის, ვისაც არ უკეთია ფარის კოდზე მორგებული კონტრფარი.

პიონები: პლანეტაზე დაფუძნებული გლეხები ან მუშები, ფაუფრელუჩესის ერთ-ერთი


მდაბიო კლასი. სამართლებრივად – პლანეტის ხელისუფლების მეურვეობის ქვეშ მყოფი

პირველი მთვარე: არაკისის მთავარი თანამგზავრი, ღამის განმავლობაში ცაზე პირველად ის


ჩნდება; ცნობილია იმით, რომ მის ზედაპირზე ცხადად გაირჩევა ადამიანის მუშტის
გამოსახულება

პლასფოლადი: ფოლადი, რომელიც გამაგრებულია მის კრისტალურ სტრუქტურაში


ჩაზრდილი სტრავიდიუმის ბოჭკოებით

პლენისცენტა: სასიამოვნო სურნელით განთქმული ეგზოტიკური მწვანე ყვავილი ეკაზიდან

პორიტრინი: ეპსილონ ალანჯის მესამე პლანეტა, რომელსაც ბევრი ძენსუნიტი ყარიბი თავის
სამშობლო პლანეტად მიიჩნევს, თუმცა მათი ენის და მითოლოგიის ელემენტები ბევრად
ძველ პლანეტარულ წარმოშობაზე მიანიშნებს.

პორტოგალი: ფორთოხალი

პრანა (პრანა-მუსკულატურა): სხეულის კუნთები, რომლებიც ცალკეულ ერთეულებად


განიხილება მათ მაქსიმალურად განსავითარებელ სავარჯიშო სისტემაში

პროქტორ სუპერიორი: ბენე გესერიტი ღირსი დედა, რომელიც ამავე დროს ბ.გ. სკოლის
რეგიონული დირექტორია (როგორც წესი: მჭვრეტელი ბენე გესერიტი)

პროცეს ვერბალი: ნახევრად ოფიციალური პატაკი, რომელიც იმპერიის წინააღმდეგ


დანაშაულს ამხელს. სამართლებრივი თვალსაზრისით – ქმედება, რომელიც შუალედურია
ტრიბუნალის წინაშე თავისუფალ სიტყვიერ განცხადებასა და ოფიციალურ სარჩელს შორის.

პუვმე: „პატიოსან უსტაბაშ ვაჭარ მოღვაწეთა ერთობის“ აკრონიმი. ესაა საპლანეტათაშორისო


განვითარების კორპორაცია, რომელსაც აკონტროლებენ იმპერატორი და დიდებული გვარები,
ხოლო გილდია და ბენე გესერიტი მისი ხმის უფლების არმქონე წევრები არიან.

რაზია: ნახევრად მეკობრული პარტიზანული რეიდი

რამადჰანი: ძველთაგან დადგენილი რელიგიური პერიოდი, როცა ადამიანები ნადიმობენ და


ლოცულობენ. ტრადიციულად, იგი სოლარ-ლუნარული კალენდრის მეცხრე თვეს ემთხვევა.
ფრემენები მის დადგომას განსაზღვრავენ პირველი მთვარის მიერ მეცხრე მერიდიანის
გადაკვეთის ციკლის მიხედვით.

რაჩაგი: აკარსოს ყვითელი კენკრისგან დამზადებული კოფეინისებური მასტიმულირებელი


სასმელი (იხ. აკარსო)

რეკათები: მილები, რომლებიც სხეულის მოძრაობის ძალით ადამიანის გამონაყოფთა


გადამუშავების სისტემას აკავშირებს სარწყულის ცირკულაციურ ფილტრებთან

რიჩესი

: ერიდანი A-ს მეოთხე პლანეტა, მოიხსენიება იქსთან ერთად, როგორც საუკეთესო მანქანური
კულტურის მქონე. განთქმულია მინიატურული მექანიზმებით (უფრო დაწვრილებითი
ცნობებისთვის იმის შესახებ, თუ რიჩესს და იქსს რა გზით ასცდა მწდეთა ჯიჰადის უფრო
სასტიკი შედეგები, იხ. სამერისა და კაუტმანის „უკანასკნელი ჯიჰადი“)

რუჰ-სული: ფრემენული რწმენით, პიროვნების ის ნაწილი, რომელსაც ფესვები მუდამ


გადგმული აქვს მეტაფიზიკურ სამყაროში და შეუძლია, შეიგრძნოს ის (იხ. ალამ ალ-მითალი)

საბრძოლო ენა: ნებისმიერი სპეციალური ენა, რომელიც ვიწრო მნიშვნელობის სიტყვებისგან


შედგება; ომის დროს ცხადი, არაორაზროვანი კომუნიკაციისთვის შექმნილი

სადუსები: მსაჯულები; ეს ფრემენული წოდება აღნიშნავს წმინდა მსაჯულებს, იგივე


წმინდანებს.

საიადინა: ქალი-მორჩილი ფრემენულ რელიგიურ იერარქიაში

საიმპერატორო მომზადება: საკის სამედიცინო სკოლის მიერ შემუშავებული მეთოდი:


უკიდურესი მომზადება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ. ინიცირებულ ექიმს
შუბლზე ახატავენ რომბის ფორმის სვირინგს და ეძლევა უფლება, გაიზარდოს თმა და საკის
ვერცხლის რგოლით შეიკრას.

სალუსა სეკუნდუს: გამა ვაიპინგის მესამე პლანეტა; საიმპერატორო ციხედ განკუთვნილი


პლანეტა მას მერე, რაც სამეფო კარი კაიტაინზე გადავიდა. სალუსა სეკუნდუსი არის
კორინოების გვარის სამშობლო პლანეტა და ყარიბი ძენსუნიტების მიგრაციის მეორე
შეჩერების ადგილი. ფრემენული გადმოცემების თანახმად, სალუსა სეკუნდუსზე მათმა ცხრა
თაობამ იცხოვრა მონობაში.

სანაყი: სამხედრო კოსმოსური ხომალდების ნაკრები, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული


ბევრი მომცრო ხომალდისგან შედგება: განზრახულია მტრის პოზიციებზე ჩამოსავარდნად და
ამ გზით მის გასანადგურებლად

საოცარი: ლაპარაკში: ის, რაც დაკავშირებულია მისტიკასთან ან გრძნეულებასთან

სარდაუკარი: ფადიშაჰ-იმპერატორის ჯარისკაცი-ფანატიკოსები. გაზრდილი იყვნენ სასტიკ


გარემო პირობებში, რომელშიც თერთმეტ წლამდე ყოველი ცამეტიდან ექვსი ბავშვი
იღუპებოდა. მათი სამხედრო წვრთნა ავითარებდა დაუნდობლობას და პირადი
უსაფრთხოების ლამის თვითმკვლელობასთან მიახლოებულ არად ჩაგდებას. ბავშვობიდან
ასწავლიდნენ სისასტიკის, როგორც ჩვეულებრივი იარაღის, გამოყენებას, მოწინააღმდეგის
დასუსტებას შიშით. მაშინ, როცა სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე მათი

გავლენა მაქსიმუმს აღწევდა, ამბობდნენ, რომ ხმლის ფლობის მათი ოსტატობა გინაზის მეათე
დონეს შეესაბამებოდა, ხოლო ხელჩართული ბრძოლის მათეული უნარი ბენე გესერიტის
ადეპტებისას არ ჩამოუვარდებოდა. ყოველი მათგანი ლანდსრაადის ნებისმიერი ჯარის ათ
მებრძოლს უდრიდა. შადამ IV-ის დროს (თუმცა კი მაინც უბადლონი რჩებოდნენ) მათი
ძლიერება შეასუსტა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ; მათი საყრდენი საბრძოლო რელიგიის
მისტიკას კი ცინიზმმა გამოუთხარა ძირი.

სარწყული: არაკისზე გამოგონებული ტანზე მომდგარი სამოსი. მისი ქსოვილი შედგება


მიკროფენებისგან და აქვს გაგრილების და სხეულის გამონაყოფების გაფილტვრის ფუნქცია.
სხეულის გამოყოფილი ტენი გროვდება ჯიბაკებში, საიდანაც მათი ამოღება შეიძლება
მოსაწუწნი მილის საშუალებით.

სარწყული-კარავი: მიკროფენოვანი ქსოვილისგან დამზადებული პატარა დასაკეცი კარავი,


რომლითაც შესაძლებელია, მასში მყოფთა ამონასუნთქის კონდენსანტი შეგროვდეს სასმელად
გამოსადეგ წყლად.

სარწყულის ნაკრები: სარწყულის შესაკეთებელი საშუალებები და სათადარიგო ნაწილები

საფო: ენერგეტიკული სასმელი, რომელიც მიიღება ეკაზის ბარიერული ფესვებისგან. როგორც


წესი, მას მოიხმარენ მენტატები, რადგან ითვლება, რომ ის გონებრივ შესაძლებლობებს
აძლიერებს. მის მომხმარებელს პირსა და ტუჩებზე მუქი ალისფერი ლაქები უჩნდება.

საფრა: ღმერთისგან პირის მიქცევა

საცლელი: ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერ სატვირთო კონტეინერს,


რომელსაც არასწორი ფორმა აქვს და აღჭურვილია დამცლელი ზედაპირებით და ტივტივა
დამშვები სისტემებით. განკუთვნილია კოსმოსიდან პლანეტის ზედაპირზე ტვირთის
ჩამოსაცლელად

სელამლიკი: იმპერატორის აუდიენციის ოთახი

სემუტა: კიდევ ერთი ნარკოტიკი, რომელიც მიიღება (გამოკრისტალების გზით) ელაკას ხის
ფერფლისგან. მის ზემოქმედებას (აღწერენ, როგორც დროისგარეშე, უწყვეტ ექსტაზს) იწვევს
სემუტას მუსიკის სახელით ცნობილი გარკვეული ტიპის ხმოვანი ვიბრაციები.

სერვოკი: მარტივ მოქმედებათა შესასრულებელი საათის მექანიზმი, მწდეთა ჯიჰადის


შემდგომ ნებადართული შეზღუდული „ავტომატური“ მოწყობილობებიდან ერთ-ერთი

სიელაგო: არაკისზე გავრცელებული ნებისმიერი სპეციალურად გამოყვანილი


ხელფრთიანების რიგის ცხოველი, რომელიც მომზადებულია გზავნილების შორ მანძილზე
წასაღებად

სიეტჩი: ფრემენულად: „ხიფათის ჟამს შეკრების ადგილი“. იმის გამო, რომ ფრემენები ძლიერ
დიდხანს ცხოვრობდნენ მუდმივ ხიფათში, ეს სიტყვა ხშირი ხმარების გამო გადაიქცა,
ზოგადად, ფრემენული თემის სამოსახლო გამოქვაბულის აღმნიშვნელად
სიკვდილის სამფეხი: თავდაპირველად: სამფეხი, რომელზეც უდაბნოს ჯალათები მსხვერპლს
ჰკიდებდნენ. გამოიყენება ჩერემის სამი წევრის აღსანიშნავად, რომლებსაც ერთი და იმავე
მიზანი ამოძრავებთ; ისინი შურის საძიებლად არიან შეფიცულები

სირატი: ნარინჯისფერი კათოლიკე ბიბლიის ნაწილი, რომელშიც ადამიანის ცხოვრება


აღწერილია, როგორც ვიწრო ხიდის (სირატის) გადავლა. „ჩემ მარჯვენით სამოთხეა, ჩემ
მარცხენით – ჯოჯოხეთი და სიკვდილის ანგელოზია ჩემ უკან“.

სიჩუმის კონუსი: ამრევი ველი, რომელიც ზღუდავს ხმის და ნებისმიერი სხვა რხევის
გადატანის ძალას – ჩასახშობი რხევის ფაზას აქრობს 180 გრადუსით აცდენილი მსგავსი
რხევის საშუალებით

სიცოცხლის წყალი: „გასხივოსნების“ მომტანი შხამი (იხ. „ღირსი დედა“). კერძოდ, ესაა
დახრჩობით მოკლული ქვიშის მატლის (იხ. შაი-ჰულუდი) თხევადი გამონაყოფი სიკვდილის
მომენტში, რომელიც შემდეგ შეცვლილია ღირსი დედის სხეულში და ქცეულია სიეტჩის ტაუ
ორგიებისას გამოიყენებულ ნარკოტიკად.

სიჰაია: ფრემენულად: უდაბნოს გაზაფხულის ჟამი. სიტყვას დაჰკრავს რელიგიური ელფერი


და გულისხმობს სიუხვის ხანას და „სამოთხეს, რომელიც იქნება“.

სოლარი: იმპერიის ოფიციალური ფულის ერთეული, მისი მსყიდველობითი ღირებულება


დადგინდა კვატრიცენტენურ შეთანხმებაზე გილდიას, ლანდსრაადსა და იმპერატორს შორის.

სოლიდო: სოლიდო-პროექტორით მიღებული სამგანზომილებიანი სურათი, რომელიც


იყენებს ჩიგასინაზე ჩაწერილ 360-გრადუსიან გამოსახულებით სიგნალს. საუკეთესოდ
მიიჩნევა იქსური სოლიდო.

სონდაჯი: ტუპაილზე გავრცელებული გვიმროვანი ტიტა

სტატიკური პისტოლეტი: სტატიკურ ძაბვაზე მომუშავე, ფხვნილის ტყვიებით მომუშავე


იარაღი, ქვიშაზე მოსანიშნი დიდი შეღებილი ლაქების დასატანად

სუბახ ულ კუჰარ: „ხომ კარგად ხარ?“ – ფრემენული მისალმება.

სუბახ უნ ნარ: „მე კარგად ვარ. შენ?“ – მისალმებაზე ტრადიციული პასუხი.

სუნელამდელი მასა: ზრდის სტადია, როდესაც პატარა მოქმედების გამონაყოფში წყალი


ჩაედინება. ამ სტადიაზე არაკისის სუნელი იწვევს დამახასიათებელ აფეთქებას, რის
შედეგადაც სიღრმეში მოქცეული ნივთიერება ადგილს უცვლის ზედაპირის ქვიშას. ეს მასა
მზესთან და ჰაერთან შეხების მერე მელანჟად იქცევა (იხ. აგრეთვე „მელანჟი“ და „სიცოცხლის
წყალი“).

სუნელი: იხ. „მელანჟი“

სუნელის მძღოლი: ნებისმიერი დიუნის მუშა, რომელიც მართავს გადასაადგილებელ


მანქანებს არაკისის ზედაპირზე

სუნელის ფაბრიკა: იხ. „ქვიშამავალი“


სუუ-სუუ-სუუკ!: არაკისელი წყლის გამყიდველების დაძახილი. სუუკი ბაზრობის ადგილია
(იხ. იკუტ-ეი).

სხივმჭრელი: ლაზთოფის ახლო მანძილზე მოქმედი ვარიანტი, რომელიც უმეტესად საჭრელ


იარაღად და ქირურგის სკალპელად გამოიყენება

ტაუ: ფრემენული ტერმინოლოგიით, სიეტჩის თემის ერთობა, რაც გამძაფრებულია


სუნელიანი საკვებით და, განსაკუთრებით, ერთობის ტაუ ორგიით, რომელიც სიცოცხლის
წყლის დალევით მიიღება.

ტაფობი: არაკისზე აღნიშნავს ნებისმიერ დაბალ რეგიონს ან ჩაღრმავებას, რომელიც


საძირკვლის ფენების დაწევითაა გამოწვეული (პლანეტაზე, სადაც წყლის საკმარისი
რაოდენობა არსებობს, ტაფობი აღნიშნავს არეს, რომელიც ოდესღაც ღიაცისქვეშა წყლით იყო
დაფარული. მიჩნეულია, რომ არაკისზე ერთი ასეთი არეალი მაინც არსებობს, თუმცა ეს
კამათის საგნად რჩება)

ტაქვა: სიტყვასიტყვით: „თავისუფლების საფასური“, რაღაც, ძალიან ფასეული რამ; ის, რასაც
ღვთაება მოკვდავისგან ითხოვს (და ამ მოთხოვნით გამოწვეული შიში).

ტაჰადი ალ-ბურჰანი: საბოლოო, უმთავრესი გამოცდა, რომელიც აპელაციას არ ექვემდებარება


(როგორც წესი, იმიტომ, რომ წარუმატებლობა სიკვდილს ან განადგურებას იწვევს).

ტაჰადი-გამოწვევა: ფრემენული გამოწვევა სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, როგორც


წესი, რამე მნიშვნელოვანი დავის გადასაწყვეტად

ტივტივა: ჰოლცმანის ველის გენერატორის მეორადი (მცირე ხარჯის) ფაზა. ის აბათილებს


გრავიტაციის ძალას გარკვეულ ფარგლებში, რომელსაც მასისა და ენერგიის მოხმარების
შეფარდება განაპირობებს.

ტლეილაქსი: თალიმის ერთადერთი პლანეტა, ცნობილია, როგორც მენტატთა წვრთნის


რენეგატული ცენტრი; „სახიჩარი“ მენტატების „დამამზადებელი“.

ტუპაილი: ე.წ. „თავშესაფარი პლანეტა“ (ან პლანეტები), რომელზედაც იმპერიის


დამარცხებული გვარები არიან გახიზნული. მათი ადგილმდებარეობა ცნობილია მხოლოდ
გილდიისთვის და საიდუმლოდ რჩება გილდიის მშვიდობის პირობით

უდაბნოს მავალი: ნებისმიერი ფრემენი, რომელმაც იცის ღია უდაბნოში გადაადგილების და


თავის გადარჩენის წესები.

უდაბნოს მხედარი: ფრემენული სახელი მათ აღსანიშნავად, ვისაც ქვიშის მატლის დაჭერა,
ზედ შეჯდომა და თავის ნებაზე წაყვანა შეუძლია

ულემა: ძენსუნიტი თეოლოგიის დოქტორი

უმა: წინასწარმეტყველთა ერთ-ერთი საძმო (იმპერიაში დამცინავი შინაარსით გამოიყენება და


ნიშნავს „ველურ“ ადამიანს, რომელსაც ფანატიკური ცრურწმენებით აქვს თავი გამოტენილი).

უმაღლესი საბჭო: ლანდსრაადის შიდა წრე, რომელიც უფლებამოსილია, გვარებს შორის


დავაში უმაღლესი სასამართლოს როლი შეასრულოს
უროშნორ: ერთ-ერთი იმ სიტყვათაგან, რომელსაც მნიშვნელობა არ გააჩნია და რომელსაც ბენე
გესერიტები არჩეული მსხვერპლის ფსიკიკაში ნერგავენ მისი კონტროლის მიზნით. ასე
დამუშავებული ადამიანი ამ სიტყვის გაგონებისას დროებით საძრაობას კარგავს.

უსაფრთხოების კარი ან უსაფრთხოების ბარიერი: ნებისმიერი პენტაფარი, რომელიც


დაყენებულია იმისათვის, რომ შერჩეულმა პირმა მდევრისგან გაქცევა შეძლოს.

უსული: ფრემენულად: „სვეტის საფუძველი“

ფაი: წყლის ხარკი, არაკისზე გადასახადის მთავარი სახეობა

ფარი, დამცავი: ჰოლცმანის გენერატორით შექმნილი დამცავი ველი. ეს ველი წარმოიქმნება


ტივტივა-გამაბათილებელი ეფექტის ფაზა 1-დან. ფარი ატარებს მხოლოდ დაბალი სიჩქარით
(რეგულირების

შესაბამისად, ექვსიდან ცხრა სანტიმეტრამდე წამში) მოძრავ ობიექტებს და თეორიულად


შეიძლება დამოკლდეს მხოლოდ ძალიან დიდ არეალზე სტატიკური საწინააღმდეგო მუხტის
შექმნით (იხ. ლაზთოფი, ლაზმტყორცნი).

ფარკედელი: არაკისის ჩრდილო განედებზე არსებული მთათა სისტემა, რომელიც მცირე


ტერიტორიას იცავს პლანეტის კორიოლისის გრიგალების სრული ძალით ზემოქმედებისგან

ფაუფრელუჩესი: იმპერიის კანონებით თავს მოხვეული მკაცრი კლასობრივი განსხვავების


წესები. „ადგილი ყოველი ადამიანისთვის და ყოველი ადამიანი თავის ადგილას“

ფედაიკინი: ფრემენი სიკვდილის კომანდოსი; ისტორიულად: ჯგუფი, რომელიც შეკრულია


ფიცით, სიცოცხლე შესწიროს მრუდის მართლად ქცევას

ფილმწიგნი: ნებისმიერი ჩიგასინას ჩანაწერი, რომელიც გამოიყენება სასწავლებლად და


მნემონიკური იმპულსის შემცველია

ფილტრ-საცობი: საცხვირე ფილტრი, რომელსაც სარწყულთან ერთად ატარებენ და რომლის


დანიშნულებაც ამონასუნთქი ტენის მოგროვებაა

ფიქი: ცოდნა, რელიგიური კანონი; ერთ-ერთი ნახევრად ლეგენდარული წყარო, რომლიდანაც


ძენსუნიტ ყარიბთა რელიგია იღებს სათავეს

ფრეგატი: უდიდესი ხომალდი მათგან, რომლებსაც ერთ მთლიან ნაჭრად შეუძლია


პლანეტაზე დაჯდომა და აფრენა

ფრემაბგა: უდაბნოში გადასარჩენად აუცილებელ საგანთა კომპლექტი, ფრემენული


წარმოებისა

ფრემენები: არაკისზე მცხოვრები თავისუფალი ტომები, უდაბნოს ბინადრები, ძენსუნიტ


ყარიბთა შთამომავალნი (იმპერიის ლექსიკონის თანახმად – „უდაბნოს მეკობრეები“)

ქანატი: ღია არხი კონტროლირებულ პირობებში უდაბნოში სარწყავი წყლის გადასატანად


ქარის ფაცერი: მოწყობილობა, რომელსაც აყენებენ მუდმივი ქარების გზაზე და რომლითაც
შესაძლებელია ჰაერიდან მასში მოხვედრილი ტენის დალექვა; როგორც წესი, ეს მიიღწევა
იმით, რომ ფაცერის შიგნით ტემპერატურა მკვეთრად და საგრძნობლად არის დაცემული.

ქვიშამავალი: არაკისის ზედაპირზე სუნელის საძიებელი და მოსაპოვებელი მანქანების


საერთო დასახელება

ქვიშის მატლი: იხ. შაი-ჰულუდი

ქვიშის მოქცევა: იგივეა, რაც მტვრის მოქცევა: არაკისზე მტვრით სავსე ვრცელ აუზებში
მტვრის სიმაღლის ცვლილება მზის და თანამგზავრთა მიზიდულობის შედეგად (იხ. მტვრის
მოქცევიანი აუზი)

ქვიშის ოსტატი: სუნელის მოპოვების ოპერაციების მთავარი ხელმძღვანელი

ქვიშნორკი: სასუნთქი მოწყობილობა, ქვიშით დაფარულ სარწყულ-კარავში ზედაპირიდან


ჰაერის მისაწოდებელი

ქიზარა ტაფვიდი: ფრემენი ქურუმები (მუად’დიბის შემდგომ)

ქირთაიბა: იხ: იბნ ქირთაიბა

ღაფლა: გარე გამაღიზიანებლებზე აყოლა. აქედან: მერყევი ადამიანი, რომელსაც ვერ


მიენდობი

ღირსი დედა: თავდაპირველად: ბენე გესერიტი პროქტორი, ის, ვინც „განმასხივოსნებელი


საწამლავი“ გარდაქმნა საკუთარ სხეულში და ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია.
ეს წოდება აღებული აქვთ ფრემენებს თავიანთი რელიგიური ლიდერებისთვის, რომლებიც
ასეთივე „გასხივოსნებას“ აღწევენ (იხ. აგრეთვე „ბენე გესერიტი“ და „სიცოცხლის წყალი“).

შადაუტ: „ჭის ხაპია“, ფრემენული საპატიო სახელდება

შაიტან: სატანა

შაი-ჰულუდი: არაკისული ქვიშის მატლი, „უდაბნოელი ბერიკაცი“, „მამა-მარადისობა“ და


„უდაბნოელი პაპა“. აღსანიშნავია, რომ ეს სახელი, როცა სათანადო კილოთი წარმოითქმის ან
ასომთავრულით იწერება, კერიასთან დაკავშირებულ ფრემენულ ცრურწმენებში მიწის
ღვთაებას აღნიშნავს. ქვიშის მატლი უზარმაზარი იზრდება (უდაბნოს სიღრმეში 400 მეტრზე
უფრო გრძელი ეგზემპლარებიც უნახავთ) და თითქმის უსასრულოდ ცოცხლობენ, თუ
რომელიმე თვისტომმა არ მოკლა, ან არ დაახრჩვეს წყალში, რაც მისთვის შხამია. არაკისის
ქვიშის უდიდესი წილი მატლის ცხოველქმედების პროდუქტია (იხ. „პატარა მოქმედი“).

შარი-ა: პანოპლია პროფეტიკუსის ის ნაწილი,რომელიც ცრურწმენულ რიტუალს აწესებს (იხ.


„მისიონარია პროტექტივა“)

შაჰ-ნამა: ძენსუნიტ ყარიბთა ნახევრად ლეგენდარული პირველი წიგნი

შეკრება: განსხვავდება საბჭოს შეკრებისგან. ეს არის ფრემენ ლიდერთა ოფიციალური


თავშეყრა, რათა დაესწრონ ტომის მეთაურობისთვის გამართულ ბრძოლას (საბჭოს შეკრება
ეწყობა ისეთი საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ყველა ტომს შეეხება)
შეწყვილების ინდექსი: ბენე გესერიტების უმთავრესი დავთარი, რომელშიც მოცემულია
კვიზაც ჰადერაქის გამოსაყვან ადამიანთა შეჯვარების პროგრამის მონაცემები

შლაგი: ტუპაილზე გავრცელებული ცხოველი, რომელიც ერთხანს ლამის ამოწყვიტეს მისი


თხელი და მტკიცე ტყავის გამო

შორეული ნათესაობა: ნებისმიერი ბიძაშვილზე უფრო შორეული ნათესავი

ჩაკობსა: ე.წ. „მაგნიტური ენა“, ნაწილობრივ განვითარებული ძველი ბოტანი-ჯიბიდან – „ჯიბ“


ნიშნავს „დიალექტს“. ეს გახლავთ საიდუმლო მოხმარების მიზნით გადაკეთებული ძველი
დიალექტების კრებული, რომელიც, ძირითადად, მაინც ეფუძნება ბოტანების, ასასინთა
პირველ ომებში ქირით მებრძოლი ასასინების, მონადირულ ენას.

ჩაუმარკი (ზოგ დიალექტზე მასკი ან მარკი): სასმელში გარეული საწამლავი

ჩაუმასი (ზოგ დიალექტზე აუმასი): მყარ საკვებში გარეული საწამლავი, განსხვავებით რამე
სხვა გზით მიცემული საწამლავისგან

ჩერემი: სიძულვილის საძმო (ჩვეულებრივ, შურის საძიებლად გაერთიანებული)

ჩიგასინა: მიწის ვაზის (Narvi narviium) ლითონის ლერწი. იზრდება მხოლოდ სალუსა
სეკუნდუსსა და III დელტა კაისინგზე. განთქმულია თავისი არნახული სიმტკიცითა და
გამძლეობით.

ჩუსუკი: თეტა შალიშის მეოთხე პლანეტა, ე.წ. „მუსიკალური პლანეტა“, ცნობილია მასზე
დამზადებული ხარისხიანი მუსიკალური საკრავებით (იხ. ვაროტა)

ჩხვლეტია

: ყველა წვრილი, მოკლე მახვილი (ხშირად შხამწასმული), ფარებით ბრძოლისას მარცხენა


ხელით გამოსაყენებელი

ცეცხლის სვეტი: მარტივი პიროკეტა, ღია უდაბნოში სიგნალის მისაცემად

ცეცხლოვანი ოპალინები: ჰაგალზე მოპოვებული სპეკალ ოპალინის ერთ-ერთი იშვიათი


ნაირსახეობა

ცვლილების მსაჯული: მოხელე, რომელიც დანიშნულია ლანდსრაადის უმაღლესი საბჭოსა


და იმპერატორის მიერ ფეოდის მმართველობის ცვლილებაზე, კანლი-მოლაპარაკებებზე თუ
ასასინთა ომში ოფიციალურ ბრძოლაზე დასაკვირვებლად. მსაჯულის საარბიტრო
უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინაშე,
იმპერატორის თანდასწრებით.

ცვრის მკრეფავები: მუშები, რომლებიც არაკისის მცენარეებისგან წყალს იმკიან ცელისმაგვარი


ცვრის სამკალი იარაღით

ცვრის შე.მ.კ.რებები ან ცვრის დამლექავები: არ უნდა აგერიოთ ცვრის მკრეფავებში. ცვრის


შე.მ.კ.რებები, ასე, ოთხი სანტიმეტრის სიგრძის კვერცხის ფორმის სამარჯვებია. ისინი
დამზადებულია ქრომოპლასტიკისგან, რომელიც სინათლის ამრეკლავი თეთრი ფერისაა,
სიბნელეში კი გამჭვირვალე ხდება. შე.მ.კ.რების ზედაპირი გარემოზე საგრძნობლად მეტად
ცივდება და მასზე განთიადის ნამი ილექება. ფრემენები მათ ჩაზნექილი სანერგე
ჩაღრმავებების გასწვრივ აყოლებენ, როგორც წყლის მცირე, მაგრამ საიმედო წყაროს.

ძენსუნიტები: სქიზმატური სექტის მიმდევრები, რომლებიც მაომეთის (ე.წ. „მესამე


მაომეთის“) სწავლებას გილდიამდე 1381 წელს განუდგნენ. ძენსუნიზმს, ძირითადად,
გამოარჩევს მისტიკური მხარის წინ წამოწევა და „მამათა წესზე“ დაბრუნება. სწავლულთა
უმრავლესობა თავდაპირველი სქიზმის ლიდერად მიიჩნევს ალი ბენ ოჰაშის, მაგრამ არსებობს
საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ოჰაში მხოლოდ თავისი მეორე ცოლის, ნისაის, მამაკაცი-
წარმომადგენელი და მისი სიტყვების ხმამაღლა წარმომთქმელი იყო.

წესი, ბენე გესერიტის: წვრილმანებზე დაკვირვებით მიღებული ცოდნის გამოყენება

წვრთნა: ბენე გესერიტთან მიმართებით ეს (სხვა ადგილას ჩვეულებრივი მნიშვნელობით


ნახმარი), ტერმინი განსაკუთრებულ შინაარსს იძენს და გულისხმობს ნერვული და
კუნთოვანი სისტემის ისეთ მომზადებას (იხ. ბინდუ და პრანა), რომელიც ბუნებრივი,
ფიზიკური შესაძლებლობის ზღვარს უახლოვდება.

წყლის მილაკი: სარწყულის ან სარწყული-კარვის ნებისმიერი მილი, რომლითაც გაწმენდილი


წყალი მიდის ჯიბაკებამდე, ან რომლითაც ეს წყალი ჯიბაკებიდან ამოიწუწნება

წყლის ტვირთი: ფრემენულად: სამკვდრო-სასიცოცხლო ვალდებულება

წყლის წესი: მკაცრი წვრთნა, რომელიც არაკისელებს ასწავლის, როგორ იარსებონ ტენის
მინიმალური დანაკარგებით

წყლისმთვლელები: სხვადასხვა ზომის ლითონის რგოლები, თითოეული მათგანს შეესაბამება


წყლის გარკვეულ რაოდენობა, რომლის მიღებაც შეიძლება ფრემენთა საცავებიდან.
წყლისმთვლელებს მრავალგვარი დანიშნულება აქვთ, მათი მნიშვნელობა ბევრად სცდება
უბრალო ფულად მოხმარებას და გამოიყენება დაბადების, სიკვდილის თუ სასიყვარულო
რიტუალებში.

ჭოკების ჩასობა: არაკისის უდაბნოებში პლასტმასის და ბოჭკოვანი ჭოკების ჩამაგრების და


მათზე ქვიშის გრიგალით ამოტვიფრული ნახატის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველების
ხელოვნება

ხალა: ტრადიციული ვედრება ადგილის იმ სულების მრისხანების დასაშოშმინებლად,


რომლის სახელიც ახსენე

ხელის კლიტე: ნებისმიერი საკეტი, რომელიც იხსნება იმ ადამიანის ხელის შეხებით, ვისი
ხელის მიხედვითაც დამზადდა

ხეოფსი: პირამიდული ჭადრაკი; ცხრადონიანი ჭადრაკი, რომლის მოთამაშესაც ორი ამოცანა


აქვს: დააყენოს საკუთარი დედოფალი პირამიდის მწვერვალზე და მოწინააღმდეგის მეფეს
ქიში გამოუცხადოს.

ხმა: ბენე გესერიტთა მიერ შემუშავებული კომბინირებული წვრთნა, რომელიც მოსწავლეს


აძლევს უნარს, შერჩეული კილოთი წარმოთქმული სიტყვით მართოს და დაიმორჩილოს
ადამიანი
ჯავშნოსანი: ათნაწილიანი კოსმოსური საომარი ხომალდი, მძიმე ჯავშნით და დამცავი ფარით
აღჭურვილი. გათვლილია, რომ პლანეტაზე დაჯდომის შემდეგ შემადგენელ ნაწილებად
დაიშალოს.

ჯიბაკი: სარწყულის ნებისმიერი ჯიბე, რომელშიც გაფილტრული წყალი გროვდება და


ინახება

ჯიჰადი

, მწდეთა: (იხ. აგრეთვე „დიდი ჯანყი“) – ჯვაროსნული ომი კომპიუტერების, მოაზროვნე


მანქანების და გონიერი რობოტების წინააღმდეგ. დაიწყო 201 წ. გილდიამდე და დასრულდა
108 წ. გილდიამდე. მისი უმთავრესი მცნება შეტანილია ნარინჯისფერ კათოლიკე ბიბლიაში
და ჟღერს ასე: „არა ჰქმნა მანქანა მსგავსად ადამიანის გონებისა“.

ჯიჰადი: ფანატიკოსთა რელიგიური ომები; ჰაზავათი, ჯვაროსნული ომები

ჯუბა-მოსასხამი: მრავალი დანიშნულების მქონე მოსასხამი (შეიძლება, გამოყენებულ იქნეს


სხივური ენერგიის ამრეკლავად ან შთანმთქმელად, შეიძლება, მისგან გაკეთდეს ჰამაკი ან
თავშესაფარი), რომელსაც არაკისზე, როგორც წესი, სარწყულის ზემოდან იცვამენ

ჯუდიშარ: წმინდა სიმართლე (ჩვეულებრივ, გვხვდება გამოთქმაში „ჯუდიშარ მანტინი“ –


თავდაპირველი, საყრდენის მომცემი სიმართლე)

ჰაგალი: „სპეკალების პლანეტა“ (II თეტა შაოვეი), რომლის მაღაროებს შადამ I-ის დროს
ამუშავებდნენ.

ჰაიიიი-იოჰ!: მოძრაობის ბრძანება: მატლის მესაჭის დაძახილი.

ჰაილაინერი: კოსმირების გილდიის სატრანსპორტო სისტემის ტვირთის გადამზიდველი


მთავარი ხომალდი

ჰალ იაუმ: „როგორც იქნა!“ „ბოლოს და ბოლოს!“ – ფრემენული შეძახილი

ჰარმონთეპი: ინგსლის თუ ვერწმუნებით, ეს იყო ძენსუნიტთა გადასახლებისას მეექვსე


გაჩერების პლანეტის სახელი. არსებობს მოსაზრება, რომ ის დელტა ფარშავანგის აწ
არარსებული თანამგზავრი უნდა ყოფილიყო.

ჰარჯი: უდაბნოში მოგზაურობა, გადასახლება

ჰაჯი: წმინდა მოგზაურობა

ჰაჯრა: ძიების მოგზაურობა

ჰიერეგი: ფრემენების დროებითი ბანაკი ღია უდაბნოში

ჰოლცმანის ეფექტი: ფარის გენერატორის არასასურველი ამრეკლავი ეფექტი

You might also like