Book 19212008

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 18

1921–2008 წლები

ზოგადი მიმოხილვა

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველო 70 წლის


განმავლობაში წარმოადგენდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე
დაუნდობელი და სისხლიანი სოციალისტური ექსპერიმენტის ნაწილს, 1937
წლამდე როგორც ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა
რესპუბლიკა (აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად), ხოლო შემდეგ (1991
წლამდე) როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს
ეკონომიკა წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ერთიანი ეკონომიკური სივრცის
ნაწილს და მისი მართვა ხდებოდა ,,ცენტრიდან“ (მოსკოვიდან) ისევე როგორც
სხვა ,,მოძმე“ საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკების. მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოს ისტორიის ამ პერიოდზე ყველაზე მეტი მოცულობის ეკონომიკური
ხასიათის ინფორმაცია არსებობს, ეს ინფორმაცია გამოუსადეგარია, რადგან ა)
სოციალისტურ ეკონომიკურ სისტემაში ეკონომიკური გათვლების გაკეთება
შეუძლებელია ფასების საბაზრო სისტემის არ არსებობის გამო. შესაბამისად ყველა
დაანგარიშებები საბჭოთა მანეთებში (იქნება ეს მშპ–ს ზრდა თუ ინფლაციის დონე)
არის ძალიან პირობითი და პრაქტიკულად შეუძლებელია რეალობას (ანუ იმას რა
სურათიც საბაზრო პირობებეში იქნებოდა) ასახავდეს. ამ მხრივ საინტერესოა, რომ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე ციტირებადი ეკონომისტი,
ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლ სამუელსონი, მე–20 საუკუნის შუა წლებში,
საბჭოთა სტატისტიკაზე დაყრდნობით, წინასწარმეტყველებდა, რომ საბჭოთა
სოციალისტური ეკონომიკა გაასწრებდა აშშ–ს ეკონომიკას 1980–იან წლების
ბოლოს – სწორედ იმ დროს, როდესაც საბჭოთა ეკონომიკამ არსებობა საერთოდ
შეწყვიტა; ბ) საბჭოთა პერიოდის ეკონომიკური ხასიათის სტატისტიკა
წარმოადგენდა პროპაგანდისტურ იარაღს, რომელსაც აქტიურად იყენებდა
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, რათა დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ
ქვეყანა დღითი დღე უახლოვდებოდა დაპირებულ სამოთხეს დედამიწაზე –
კომუნისტურ იდილიას, როდესაც ყველა ადამიანი გახდებოდა თანასწორი და
იცხოვრებდა ყოველდღიური პრობლემების გარეშე. შესაბამისად ეს სტატისტიკა
პირწმინდად გაყალბებულია და მისი გამოყენება საბჭოთა სისტემის
ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე სახის სურათის შესაქმნელად,
შეუძლებელია.

თუმცა მოხდა ის რასაც წინასწარმეტყველებდა მე–20 საუკუნის რამდენიმე


მოაზროვნე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ცენტრალურ დაგეგმარებაზე
დამყარებული სოციალისტური ეკონომიკური სისტემა არაეფექტურია და ის
შეუძლებელია იყოს სიცოცხლისუნარიანი. 1991 წელს საბჭოთა იმპერია დაიშალა
და საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში საქართველოში ტოტალური
ქაოსია. იმის გამო, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად 100%–ით
დამოკიდებული იყო საბჭოთა სისტემაზე, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა
ძალზედ ეცემა. ამას ემატება სამოქალაქო დაპირისპირება და ომები
ტერიტორიული მთლიანობისთვის, თანმდევი სახელმწიფო გადატრიალებითა და
აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ისედაც
განადგურებულ ეკონომიკას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში აგდებს.

1990–იანების მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს


სტაბილიზაციის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა იწყებს წინსვლას. ამ დროს
ეყრება საფუძველი გლობალური მასშტაბის ნავთობ და გაზსადენების
მშენებლობას ქვეყნის ტერიტორიაზე და მიმოქცევაში შემოდის ქართული ვალუტა
(ლარი). თუმცა უაზროდ გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი და
აბსოლუტურად ზედმეტი სახელმწიფო რეგულაციები ხელს უწყობს კორუფციის
ისეთ გავრცელებას, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ ახერხებს სწრაფად ზრდას.

2004 წლიდან, საქართველო იწყებს ეკონომიკის მკვეთრ ლიბერალიზაციას,


რასაც ბუნებრივად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის ტემპის მატება. მიუხედავად
რუსეთის ფედერაციის არაერთი მცდელობისა ხელი შეეშალა ქვეყნის
განვითარებისთვის, თავისუფალი ეკონომიკური გარემო და შეზღუდული
ბიუროკრატია მაინც მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

ვაჭრობა და წარმოება

სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საბჭოთა რუსეთმა მოახდინა


საქართველოს ოკუპაცია და დაიწყო კარლ მარქსისა და ვლადიმერ ლენინის
მოძღვრებებზე დაყრდნობით სოციალისტური ეკონომიკის მშენებლობა, რასაც
ადამიანები კომუნიზმამდე უნდა მიეყვანა. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად,
სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მარქსისა და ლენინის იდეებს წარმატება ვერ
მოჰქონდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ხელისუფლებამ და ე.წ. ინტელიგენციამ
გარკვეული კორექტივებიც კი შეიტანა აღნიშნულ იდეებში. საბოლოო ჯამში კი
საქართველოს მოსახლეობას მოუწია ცხოვრება სოციალისტური სისტემის ერთ–
ერთ, კერძოდ კი საბჭოთა, ნაირსახეობაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რამდენიმე
ასპექტის გამოყოფა.

საბჭოთა სოციალისტური სისტემის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო


მახასიათებელი იყო ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმარება. ეს ნიშნავს, რომ
ისეთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ გადაწყევეტილებებს, როგორიცაა რა უნდა
იქნეს ნაწარმოები, რა რაოდენობით, რა მეთოდებით/გზებით და ვისთვის –
იღებდნენ გარკვეული ბიუროკრატები მოსკოვის ,,გოსპლანში“ (სახელმწიფო
დაგეგმვის სპეციალური სტრუქტურა). სწორედ გოსპლანი, შეკრებილ
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, წყვეტდა რამდენი კარაქი ან
ფეხსაცმელი უნდა ეწარმოებინათ, რომელ რესპუბლიკებში, რომელ საწარმოებში,
და შემდეგ სად უნდა გაეყიდათ.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სისტემა ვერ იმუშავებდა ეფექტურად. ერთ–


ერთი მთავარი მიზეზი ამ სისტემის ჩავარდნისა მდგომარეობს ეკონომიკის
ე.წ. ,,პირველ კანონში“ – რომ არსებობს შეზღუდული რესურსები. ამ რესურსებთან
ერთად არსებობს უამრავი ადამიანის სხვადასხვაგვარი სურვილები და
მისწრაფებები. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე ცენრალიზებულმა
სახელმწიფო სტრუქტურამ შეძლოს ადამიანთა ყველა სურვილის
პრიორიტეტების მიხედვით კლასიფიცირება და შემდეგ შეზღუდული
რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოყენება ამ სურვილების
დაკმაყოფილების მიზნით. მაგალითად, შეუძლებელია წინასწარ გამოთვალო რა
ფასში რამდენ ძეხვს შეიძენს მომავალ წელს მოსახლეობა, რადგან არავინ იცის
როგორი იქნება ამ ადამიანების განწყობა, სურვილი, პრიორიტეტები და სხვა.
ამიტომ, გოსპლანის მიერ გადაწყვეტილებების მიღება უმეტესწილად ხდებოდა
გარკვეულ ,,მეცნიერულ“ არგუმენტებზე დაყრდნობით. მაგალითად,
დაადგენდნენ, რომ ადამიანს, ნორმალური და ჯანსაღი განვითარებისთვის, დღე–
ღამეში სჭირდება გარკვეული რაოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები,
და აქედან გამომდინარე დაიანგარიშებდნენ რა ოდენობით ხორცი, კარაქი თუ
ხილი უნდა მიეღო ერთ სულს. შედეგებს გადაამრავლებდნენ მოსახლეობის
რაოდენობაზე და ასე ადგენდნენ რამდენი კილოგრამი ხორცის, კარაქისა თუ
ხილის წარმოება იყო საჭირო მომავალი წლისთვის. ასეთი მექანიკური გათვლები
არ მუშაობდა (ლოგიკურად ვერც იმუშავებდა) და შესაბამისად უამრავ
ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის პრობლემას წარმოქმნიდა.

ნებისმიერ ცენტრალიზებულ სისტემაში შეუძლებელია თავისუფალი


სივრცის დიდხანს შენარჩუნება, რადგან თავისუფალი გარემო ყოველთვის უფრო
პროდუქტიულია და ეს სხვაობა დროთა განმავლობაში ძალზედ თვალსაჩინო
ხდება. სწორედ ამიტომ საბჭოთა სისტემამ მოყოლებული 1920–იანი წლებიდან
დაიწყო ეტაპობრივად ეკონომიკაზე სრული კონტროლის დაწესება. შედეგად
ვაჭრობა და წარმოება სრულად სახელმწიფოს ხელში გადავიდა, კერძო
ინიციატივები კი აიკრძალა. ნელ–ნელა კერძო სექტორის მიერ ნაწარმოები
პროდუქციისა თუ მომსახურების წილი მცირდებოდა და ბოლოს პრაქტიკულად
საერთოდ გაქრა.

შიდა ბაზარზე სრული კონტროლის დაწესების შემდეგ საბჭოთა სისტემა


სხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირს (და ვარშავის ბლოკის
სოციალისტური ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებს) ესაზღვრებოდა
რამდენიმე თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული სახელმწიფო. ათობით
წლების გავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ხუთწლედიან გეგმებზე დამყარებული
საბჭოთა ეკონომიკური სისტემა ვერანაირ კონკურენციას უწევდა თავისუფალ
ბაზარზე დამყარებულ კაპიტალისტურ სისტემას. საჭირო გახდა საზღვრების
ჩაკეტვა. თუმცა მიუხედავად საბჭოთა კავშირის მცდელობისა გამხდარიყო
თვითკმარი სახელწმიფო (რომელიც ყველა საჭირო პროდუქტსა თუ
მომსახურებას თავად აწარმოებდა), ამის მიღწევა პრაქტიკაში შეუძლებელი
აღმოჩნდა და, მიუხედავად უსაზღვროდ დიდი ტერიტორიისა, საბჭოთა კავშირს
ხშირად უწევდა ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიც კი,
როგორიც ხორბალია.

ცენტრალური დაგეგმარების სისტემა აგრეთვე მოითხოვდა იმის


განსაზღვრას თუ სად უნდა განთავსებულიყო სხვადასხვა ტიპის საწარმოები,
რომლებიც სწრაფი ტემპებით ჩატარებული ,,ინდუსტრიალიზაციის“ (სოფლის
მეორნეობაზე დამყარებული ეკონომიკიდან მრეწველობაზე დამყარებულ
ეკონომიკაზე გადასვლა) შედეგად იქმნებოდა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები
ხშირ შემთხვევაში მიიღებოდა არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თუ სხვა
მოსაზრებებიდან გამომდინარე. შესაბამისად ხელოვნურად ხდებოდა სხვადასხვა
რესპუბლიკებისა და რეგიონების ერთმანეთთან ეკონომიკურად დაკავშირება
საწარმოების მშენებლობის გზით, რომელთაც ნედლეული მეორე რესპუბლიკიდან
უნდა შემოეტანათ, ხოლო პროდუქცია მესამე რესპუბლიკაში გაეყიდათ.
თავისუფალი ბაზრის პირობებში მსგავსი შეცდომების დაშვება შეუძლებელი
იქნებოდა, რადგან მარტივი გათვლებით გამოჩნდებოდა, რომ საწარმოების ასეთი
დანაწილება უბრალოდ წამგებიანია და მხოლოდ და მხოლოდ რესურსების
გაფლაგვას იწვევს. მაგრამ საბჭოთა ეკონომიკურ სისტემაში, სადაც ფასების
სისტემა პრინციპში არ არსებობდა იმ სახით რა სახითაც ის თავისუფალ ბაზარზე
არსებობს, ესეთი შეცდომები უხილავი იყო. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგი
იყო საქართელოში მაგალითად რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონში
ფერო–შენადნობთა ქარხნების მშენებლობა.

ცენტრალური დაგეგმარების გამო საბჭოთა პერიოდში საქართველოს


ეკონომიკაში კვლავ დიდი წილი ეკუთვნოდა სოფლის მეურნეობას. ქართული ჩაი,
ღვინო და მინერალური წყლები გადიოდა მთელს საბჭოთა კავშირში. მაგრამ
სწორედ იმის გამო, რომ ეს ეკონომიკური კავშირები ხელოვნურად იყო შექმნილი
და შენარჩუნებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ პროდუქციის
გასაღების ბაზარი დრამატულად შემცირდა.

გრანდიოზული მოცულობის სახელმწიფო აპარატმა და სახელწიფოს


მხრიდან ნებისმიერ ეკონომიკურ ურთიერთობებზე სრული კონტროლის
დაწესებამ ბუნებრივად გამოიწვია დასაწყისში კორუფციის გაჩენა, ხოლო საბჭოთა
კავშირის ბოლო ათწლეულებში ადამიანთა ურთიერთობების ყველა შრის
კორუფციით გაჯერება. როგორც ნებისმიერი ცენტრალურ დაგეგმარებაზე
დამყარებული სისტემა, საბჭოთა კავშირიც ისწრაფვოდა ერთიანი მიზნისკენ –
კომუნიზმისკენ. ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ კურსს,
ტოტალიტარულმა სისტემამ უბრალოდ გაანადგურა. შესაბამისად, მათ ვინც
დარჩნენ სისტემის ნაწილად და გადაწყვიტეს კარიერული წინსვლა სახელმწიფო
აპარატისა და კომუნისტური პარტიის შიგნით, ან არ გააჩნდათ საკუთარი
პრინციპები ან უარს ამბობდნენ მათზე სარგებლის მიღების მიზნით. აქედან
გამომდინარე, ასეთი სისტემა ხელისუფლების სათავეში ბუნებრივად აქცევდა
ზნეობრივი საზოგადოებრივი ნორმებით ნაკლებად შეზღუდულ ადამიანებს, რაც
თავის მხრივ ხელს უწყობდა ზოგადად საბჭოთა სისტემის ხრწნას.

გარდა არაეფექტური და არაპროდუქტიული ეკონომიკური მოწყობისა,


საბჭოთა ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეორე მსოფლიო ომმა,
რომელმაც გარდა საწარმოო სიმძლავრებისა გაანადგურა ათობით მილიონი
ადამიანი. თუმცა ცენტრალიზებულმა სისტემამ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად
პოზიტიური როლიც ითამაშა, რადგან საკმაოდ სწრაფ ტემპში მოხდა საწარმოების
სამხედრო ინდუსტრიულ სისტემაში ჩართვა.

საბოლოო ჯამში, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, საბჭოთა ეკონომიკაში


ხდებოდა ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსული ახალი ლიდერის
სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახვდა მიზნად. მაგრამ
უცვლელი რჩებოდა ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემა, რომელიც
შეუძლებელს ხდიდა ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოზე, როგორც
საბჭოთა სოციალისტური სივრცის ნაწილზე, ამ სისტემამ ისეთივე ნეგატიური
გავლენა იქონია, როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელოვნურად შექმნილი სავაჭრო თუ


სამრეწველო კონტაქტები იწყებს რღვევას, საქართველოში ნაწარმოები სოფლის
მეურნეობისა და მრეწველობის პროდუქტებისთვის ქრება გასაღების ბაზრები
(ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში), რაც დრამატულ დარტყმას აყენებს ახლად
დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკას. იმ
დროინდელ პოლიტიკურ წრეებში მოარული მითი, რომ საქართველო მხოლოდ
ისეთი პროდუქტების ექსპორტით, როგორიც იყო ჩაი და მინერალური წყლები,
შესძლებდა ქვეყნის საჭიროებების დაკმაყოფილებას, სწრაფად დაინგრა. საბჭოთა
პერიოდში ქართულ პროდუქციაზე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა
თავისუფალ ბაზარზე გაქრა, რამაც ლოგიკურად გამოიწვია არსებული
საწარმოების გაჩერება და უმუშევრობის დონის ზრდა. საქართეველოს ეკონომიკა,
შეჩვეული ,,სასათბურე“ პირობებში არსებობას, არ იყო მზად კონკურენციისთვის.

1990–იანი წლების დასაწყისში საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომი


და ორი ომი ტერიტორიული მთლიანობისთვის (აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში). აღნიშნულმა კონფლიქტებმა, ისევე როგორც ყარაბაღის კონფლიქტმა,
მნიშვნელოვნი ზარალი მიაყენა საქართველოს, ისევე როგოროც ზოგადად
რეგიონის, ეკონომიკურ პოტენციალს.
1995 წლიდან საქართველოში პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციასთან
ერთად, ქვეყნის ეკონომიკაშიც შეიმჩნევა გარკვეული ძვრები. სწორედ ამ
პერიოდში იწყება ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება, თუმცა, გამომდინარე
იქიდან, რომ მრეწველობა პრაქტიკულად განადგურებულია, ვაჭრობის საგანს
ძირითადად წარმოადგენს ბუნებრივი რესურსები, ჯართი და სხვა. ამავე
პერიოდში საფუძველი ეყრება გლობალური მნიშვნელობის ნავთობ– და გაზ–
სადენების მშენებლობას, რაც, ევროპის ენერგომატარებლებზე მზარდი
მოთხვონის ფონზე, ხელახლა აჩენს სამხრეთ კავკასიის, როგორც აზიისა და
ევროპის დამაკავშირებელი რეგიონის პერსპექტივებს.

მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, საქართელოს ეკონომიკა მაინც


სავალალო მდგომარეობაში იყო. ეკონომიკასთან მიმართებაში ქვეყანამ გააგრძელა
საბჭოთა სოციალისტური ტრადიცია, რომელიც გულისხმობდა ეკონომიკის ყველა
ასპექტის ,,ფორმალურ“ კონტროლს; ფორმალურს იმიტომ, რომ უაზროდ
გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია, აურაცხელი რეგულაციები, წესები,
ნორმები და სხვა, სინამდვილეში მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკების პირადი
კეთილდღეობის ზრდას ემსახურებოდა. ნებისმიერი, თუნდაც ძალიან მარტივი,
ბიზნეს იდეის ხორცშესხმა შესაძლებელი იყო მხოლოდ ბიუროკრატიულ
იერარქიასთან ათასგვარ კორუფციულ გარიგებაში შესვლის გზით. შედეგად, 21
საუკუნის დასაწყისში, საქართველო კვლავ რჩებოდა სახელმწიფოდ ეკონომიკის
კვაზი–სოციალისტური მოდელით, რომელიც ქვეყანას არ აძლევდა განვითარების
საშუალებას.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სააქართველოში დაიწყო


კარდინალური რეფორმების გატარება რამდენიმე მიმართულებით. უპირველეს
ყოვლისა აღსანიშნავია სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.
ჩატარდა აღმასრულებელი ხელისუფლების ძირეული რეფორმა, რის შედეგადაც
გაუქმდა გარკვეული რაოდენობის საჯარო სტრუქტურები, სამსახურიდან
დათხოვნილი იქნენ არაკვალიფიციური კადრები, ხოლო მათ ადგილი დაიკავეს
შედარებით ახალგაზრდა მოტივირებულმა პროფესიონალებმა. არსებული 18
სამინისტროდან დარჩა მხოლოდ 13. ე.წ. სახელმწიფო დეპარტამენტებიდან,
რომელთა რაოდენობაც 50–მეტი იყო, შენარჩუნებულ იქნა მხოლოდ 34, ხოლო
აქედან 18 გადავიდა სხვადასხვა სამინისტროების დაქვემდებარებაში. 2005
წლიდან განხორციელდა საჯარაო მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურების
სისტემის რეფორმირება. ცვლილების ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ
მნიშვნელოვნად იზრდებოდა ანაზღაურების დონე და თითოეული უწყების
ხელმძღვანელს (მინისტრს) ეძლეოდა სრული თავისუფლება თავად განესაზღვრა
საკუთარი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთები (მანამდე არსებობდა
წინასწარ განსაზღვრული განაკვეთები კონკრეტული საჯარო თანამდებობისთვის,
რაც ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვას შეუძლებელს ხდიდა).
ხელფასის საშუალო დონის მატებამ საჯარო სექტორში კონკურენტული გახადა,
რის შედეგადაც შემცირდა კორუფცია და შედარებით იოლად მოხდა
კვალიფიციური კადრების მოზიდვა სახელმწიფო სამსახურში.

დებიუროკტარიზაციისა და ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო გარემოს


შექმნის კუთხით, უმნიშნელოვანესი იყო რევოლუციის შემდგომ პირველივე
წლებში დაწყებული სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა, როდესაც
საბჭოთა ყაიდის პოლიცია ჩაანაცვლა სრულიად ახალი ტიპის პოლიციამ.
რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გამოიცვალა პოლიციის კადრები, მათ
შორის 1 დღეში სამსახურიდან განთავისუფლებული იქნა 15.000 ადამიანი.
უკანასკნელ წლებში პოლიციის საზოგადოებრივი რეიტინგი ძალიან მაღალია,
რაც ცხადია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის
უსაფრთხო ქვეყნის, იმიჯის განმტკიცებას.

დებიუროკრატიზაციამ გამოიწვია სახელმწიფოს შედარებითი ჩამოშორება


ეკონომიკური პროცესებისგან. ქვეყნის მოქალაქეებს სულ უფრო ნაკლები შეხება
აქვთ საჯარო მოხელეებთან ეკონომიკური აქტივობის განხორციელების პროცესში,
რის გამოც კარდინალიურად შემცირდა კორუფციული გარიგებების ალბათობა.

რევოლუციის შემდგომი რეფორმების მეორე მნიშვნელოვან მიმართულებას


წარმოადგენდა ღია ბაზრის პრინციპების დანერგვა და ზოგადად ბაზრის
მაქიმალური ლიბერალიზაცია (გათავისუფლება). ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა
აღსანიშნავია საგადასახადო და საბაჟო რეფორმა, რომელთა შედეგად გაუქმდა
გადასახადებისა და მოსაკრებლების უდიდესი უმრავლესობა და შემცირდა
დარჩენილი გადასახადების განაკვეთები (დარჩა მხოლოდ 6 გადასახადი და 0, 5
და 12%–იანი საბაჟო განაკვეთები). განხორციელდა ანტიმონოპოლიური სისტემის
რეფორმა, რომელიც გულისხმობდა ფორმალურად არსებული
ანტიმონოპოლიური სამსახურის უფრო ქმედითი სტრუქტურით ჩანაცვლებას.
1990–იან წლებში შექმნილ ანტიმონოპოლიურ სამსახურს პრაქტიკულად არაფერი
ჰქონდა საერთო ბაზარზე დომინანტური პოზიციის მქონე მოთამაშეების მიერ
შექმნილი ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრასთან და
ექსკლუზიურად დაკავებული იყო ქვეყანაში არსებულ სავაჭრო თუ სამრეწველო
ობიექტებზე წვრილმანი ,,დარღვევების“ აღმოჩენითა და მათზე თვალის
დახუჭვაში გარკვეული საფასურის (ქრთამის) შემგროვებლობით. ამ
მიმართულებით ჩატარებული რეფორმა ეფუძნებოდა იმის გაცნობიერებას, რომ
თავისუფალ ბაზარზე შეუძლებელია მონოპოლიის არსებობა, რადგან ერთის
მხრივ ყველა პროდუქტისთვის მოიძებნება შემცვლელი, ხოლო მეორეს მხრივ, თუ
ბაზარზე დაშვება შეზღუდული არ არის, ყოველთვის გამოჩნდებიან ახალი
მომწოდებლები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ,,მონოპოლისტს“ და
იძულებულს გახდიან მას დაწიოს ფასები. შესაბამისად, რეფორმის შედეგად
შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომლის
ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს იმ შემთხვევების გამოვლენა, როდესაც ბაზრის
რომელიმე მოთამაშე ცდილობს სახელმწიფოს მხარდაჭერით მოიპოვოს ბაზარზე
დომინანტური პოზიცია.

ბაზრის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში განსაკუთრებული


მნიშვნელობა ჰქონდა მანამდე არსებული უამრავი ლიცენზიებისა და ნებართების
გაუქმებას, რომლებიც დაკავშირებული იყო სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ
საქმიანობასთან (მაგალითად მშენებლობა, ტყით სარგებლობა, მადნეულის
მოპოვება და სხვა). ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული
ერთ–ერთი კვლევის თანახმად, სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ მოთხოვნილი
დოკუმენტების 83% არავითარი შინაარსის მატარებელი არ იყო და უბრალოდ
გამოიყენებოდა ფულის გამოძალვის მიზნით. გატარებული რეფორმის შედეგად
არსებული 300–ზე მეტი ლიცენზიიდან დარჩა მხოლოდ 86, ხოლო 600–ზე მეტი
ნებართვიდან – მხოლოდ 50. გარდა რაოდენობის შემცირებისა, განისაზღვრა
ლიცენზიებისა და ნებართების გაცემის მკაცრი ვადები, რამაც მნიშვნელოვნად
დააჩქარა ბიზნესის მიერ მათი მოპოვების პროცედურა. შედეგად, მაგალითად
სამშენებლო ნებართვის მოპოვების სიმარტვით მსოფლიო ბანკის ბიზნესის
კეთების რეიტინგში რამდენიმე წელია საქართველო იკავებს მოწინავე ადგილს.

სრულად შეიცვლა სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემა.


რეფორმამდე საქართველო ამ სფეროებში იყენებდა არა მარტო საბჭოთა მიდგომას,
რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი პროდუქციისა თუ მომსახურების
სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებას ასევე
სავალდებულო სერტიფიკაციის გზით, არამედ სტანდარტებად იყენებდა ე.წ.
საბჭოთა ,,გოსტებს“ (საბჭოთა პერიოდში ყველა პროდუქტი სტანდარტიზებული
იყო და გააჩნდა საკუთარი გოსტი – ციფრებში გამოსახული დეტალური აღწერა იმ
კრიტერიუმებისა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქტი).
სტანდარტებთან შეუსაბამოს შემთხვევაში პროდუქტი ბაზარზე არ დაიშვებოდა.
ეს სისტემაც, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო სისტემები, ძალზედ შორს იყო
ფურცელზე დაწერილი მიზნების შესრულებისგან და სინამდვილეში
წარმოადგენდა ეკონომიკური აგენტებისგან ფულის გამოძავლის საკმაოდ კარგად
ჩამოყალიბებულ სტრუქტურას. საქსტანდარტის (სახელმწიფო სტრუქტურა,
რომელიც კურირებდა სტანდარტიზაციასა და სერტიფიკაციას)
თანამშრომლები ,,ამოწმებდნენ“ პრაქტიკულად ყველა სავაჭრო თუ სამრეწველო
ობიექტს, პროდუქტსა თუ მომსახურებას, და ,,დარღვევებზე“ თვალის დახუჭვის
სანაცვლოდ სძალავდნენ მათ ფულს. რეფორმის შედეგად უპირველეს ყოვლისა
შეიცვალა პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხისადმი მიდგომა და ციფრებში
გამოსახული კრიტერიუმები ჩაანაცვლა მომხმარებლის დამოკიდებულებამ. თუ
მომხმარებელი მზად არის რომელიმე პროდუქტში გადაიხადოს გარკვეული
თანხა, ეს ნიშნავს, რომ მისი ხარისხი ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის
მისაღებია. შესაბამისად შეიცვალა მთელი სისტემა და გაუქმდა სავალდებულო
სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია. თუ ბიზნესს აქვს ინტერესი დაარწმუნოს
პოტენციური კლიენტები საკუთარი პროდუქციის ,,ხარისხიანობაში“, მას აქვს
საშუალება თავად შეიმუშავოს სტანდარტი ან მოიპოვოს რომელიმე სტანდარტთან
შესაბამისობის სერტიფიკატი. თუმცა ასეთი ქმედება ნებაყოფლობითია.
იგულისხმება, რომ სწორედ ბიზნესის ინტერესებშია ისეთი პროდუქციის
მიწოდება მომხმარებლებისთვის, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ
მოთხოვნებს (ანუ იქნება ხარსიხიანი) და ეს მოტივაცია ბევრად უფრო ჯანსაღი და
ქმედითია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს
წარმოამდგენლის, რომელმაც შეიძლება ამოწმოს პროდუქციის ხარისხი.

რევოლუციის შემდეგ შეიცვალა სოცილური დახმარებების სისტემაც.


საქართველო ამ სფეროშიც აგრძელებდა საბჭოთა ტრადიციას, რომელიც
გულისხმობდა სოციალური დახმარების ერთგავრი ბადის არსებობას ქვეყნის
მოსახლეობისთვის. თუმცა რეალობაში ასეთი სოციალური დახმარების სისტემა
მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, რადგან 1. სჯარო სახსრებიდან გამოყოფილი
ფულადი დახმარება ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის ღარიბი ნაწილის
ელემნტარულს მოთხოვნებს 2. დახმარება ნაწილდებოდა მოსახლეობის იმ
ნაწილზეც, რომელიც ამას არ საჭიროებდა ქონებრივი მდგომარეობიდან ან
შემოსავლებიდან გამომდინარე 3. სახელმწიფო შემოსავლების მუდმივი
დეფიციტის პირობებში არსებული დახმარებების გაცემა იგვიანებდა თვეობით ან
წლობით 4. კანონმდებლობით გარანტირებული სპეციალური პრივილეგიების
ხარჯზე, ყოფილი ჩინოვნიკების ნაწილი (ძირითადად სამართალდამცავი
სისტემიდან) იღებდა უსამართლოდ დიდი ოდენობის პენსიას (ზოგი მათგანი
3,000 აშშ დოლარის ექვივალენტზე მეტს), მაშინ როდესაც მინიმალური პენსია
შეადგენდა 15 აშშ დოლარის ექვივალენტს. გატარებული რეფორმის შედეგად
ჩამოყალიბდა სოციალური უზრუნველყოფის სრულიად ახალი სისტემა,
რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ნაწილის
იდენტიფიცირებას და სახელმწიფო დახმარების მათთვის მიზანმიმართლად
გამოყოფას. ასეთი ტიპის სისტემა გამორიცხავს მოსახლეობის იმ ნაწილის მიერ
სახელმწიფო დახმარების მიღებას, რომელიც არ საჭიროებს მხარდაჭერას, რაც
საშუალებას იძლევა გაიზარდოს სწორედ გაჭირვებული ადამიანებისთვის
გამოყოფილი თანხები.

ცალკე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმა


არ ხორციელდებოდა ნორმალურ, სტაბილურ გარემოში როგორც ეკონომიკური
ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. 2006 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციის
სპეციალურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აიკრძალა
საქართელოდან ღვინის იმპროტი რუსეთის ტერიტორიაზე. შედეგად, პირველივე
წელს საქართველომ დაკარგა 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. აკრძალვის
მიზეზად დასახელდა დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ქართული
ღვინის არსებობა, რასაც გარკვეული საუძველი ნადმვილად ჰქონდა (გაეროს
გათვლებით 2006 წელს მსოფლიოში გაყიდული ,,ქართული“ ღვინის 90% არ იყო
ქართული წარმოშობის. თუმცა ცხადი იყო, რომ აკრძალვის გადაწყვეტილება
პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ღვინოსთან ერთად აიკრძალა ქართული
მინერალური წყლების რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტიც. საქართველო
აღმოჩნდა ფაქტობრივი ემბარგოს პირობებში და მოსწყდა საკმაოდ დიდი
მოცულობის გასაღების ბაზარს. მაგრამ ღია ეკონომიკის პრინციპების გამოყენებამ
საკმაოდ მალე მოიტანა პოზიტიური შედეგები. ემბარგომ იძულებული გახადა
ქართველი ღვინის მწარმოებლები დაემზადებინათ უფრო ხარსიხიანი
პროდუქცია, რათა კონკურენცია გაეწიათ მსოფლიოს სხვა ბაზრებზე უკვე
დამკვიდრებული ღვინოებისთვის. უკვე 2008 წელს (2 წელიწადში) ღვინის
ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი აღემატებოდა 2001–2002 წლის
შემოსავლებს და თითქმის გაუთანაბრდა 2003 წლის მონაცემებს (თუმცა
ჩამორჩებოდა 2004–2005 წლის მონაცემებს).

საერთო ჯამში, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოში გატარდა 70–


მდე რეფორმა სხვადასხვა სფეროებში, დაახლოებით 4–ჯერ შემცირდა
საგადასახადო ტვირთი, 90%–ით შემცირდა ლიცენზიებისა და ნებართვების
რაოდენობა, უკიდურესად გამარტივდა შრომითი კანონმდებლობა, რის
შედეგადაც დაახლოებით 4–ჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
შემოსვლა, ხოლო საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2004–2007 წლებში გადააჭარბა
9%–ს. საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში და ინარჩუნებს მსოფლიოს
წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯს, სადაც ბიზნესის კეთება ერთ–ერთი
ყველაზე მარტივია დედამიწაზე.

კერძო საკუთრება

საბჭოთა სოციალისტური იდეოლოგიის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან


მახასიათებელს წარმოადგენდა კერძო საკუთრების ჩანაცვლება საზოგადოებრივი
საკუთრებით. საბჭოთა ეკონომიკური სისტემა უარყოფდა კერძო საკუთრების
უფლებას, რომელიც წარმოადგენს თავისუფალი დასავლური სამყაროს
საფუძველს და ,,თანასოწორობის“ ლოზუნგის საფარველქვეშ, დაწყებული 1920–
იანი წლებიდან, ახდენდა საკუთრების (მიწის, საქონლის, საწარმოების და სხვა)
კონფისკაციას ნაციონალიზაციის მიზნით. საბოლოო მიზანს წარმოადგენდა
საწარმოო საშუალებების სრულად ,,საზოგადოებრივ საკუთრებაში“ გადასვლა.
მე–19 საუკუნეში ფეოდალიზმის რღვევასთან ერთად გაჩენილი ახალი მიწის
მესაკუთრები, რომელთაც შესძლეს რესურსების ოპტიმალურად გამოყენება და
გარკვეულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს, გამოაცხადეს კულაკებად,
ჩამოართვეს ქონება, მათ შორის მიწაც, და სახელმწიფოს გადასცეს. ჩატარდა
მასობრივი კოლექტივიზაცია, რომლის შედეგადაც სოფლების მოსახლეობას
პირად სარგებლობაში დაუტოვეს ძალიან მცირე ფართობის მიწა, ხოლო
დანარჩენი ტერიტორიები გამოცხადდა კოლმეურნეობების,
იგივე ,,საზოგადოებრივ“ საკუთრებად.

კერძო საკუთრების გაუქმებამ ბუნებრივად გააჩინა მთავარი პრობლემა,


რომელსაც აწყდება ნებისმიერი სოციალისტური სისტემა, რომელიც ეფუძნება
საზოგადოებრივი საკუთრების პრიმატს. კერძო საკუთრების გარეშე
შეუძლებელია ეკონომიკური გათვლები ემყარებოდეს ფასების სისტემას,
რომლებსაც ადგენს თავისუფალი ბაზარი. ხოლო ფასების სისტემის გარეშე
შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რა უნდა იქნეს ნაწარმოები, რა ოდენობით, რა
მეთოდით და ვისთვის. შესაბამისად, კერძო საკუთრების გარეშე შეუძლებელია
ეფექტურად მომუშავე ეკონომიკური სისტემის აგება. შეიძლება გარკვეული
წარმატებების მიღწევა რომელიმე კონკრეტულ სფეროში (საბჭოთა კავშირის
შემთხვევაში ასეთი იყო სამხედრო ინდუსტრია), მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი
ტიპის ეკონომიკა ან შეიცვლება ან განადგურდება.

გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ საკუთრებაზე დამყარებული სისტემა


არასიცოცხლისუნარიანია, ის იწვევს ადამიანთა მოტივაციების გაუკუღმართებას.
საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრება, შესაბამისად არ
ჰქონდათ რაიმე მოტივაცია ეზრუნათ საერთო საკუთრებაზე და ცდილობდნენ
პირადი სარგებლის მიღებას პარალეგალური გზებით. ამან კი ცხადია ხელი
შეუწყო კორუფციის გავრცელებასა და საკმაოდ მოზრდილი შავი ბაზრის შექმნას.

ის ფაქტი, რომ სავაჭრო თუ სამრეწველო ობიექტები სახელმწიფო


საკუთრებას წარმოადგენდა, ყოველგვარ მოტივაციას უკარგავდა ამ ობიექტების
ხელმძღვანელობას ეზრუნა პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხზე. და
მიუხედავად უკიდურესად რეგულირებული ბაზრისა, სადაც უამრავი
სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები, სტანდარტები და რეგულაციები
არსებობდა, პროდუქციის ხარისხი ძალზედ არასახარბიელო იყო. ამას ცხადია
შეზღუდული არჩევანი (ერთგვაროვანი პროდუქცია) და კონკურენციის არ
არსებობაც ხელს უწყობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990–იანი წლების დასაწყისში


საქართველოში იყო სახელმწიფო საკუთრების განკერძოების (პრივატიზაციის)
ერთგვარი მცდელობა. თუმცა ეს პროცესი არ ჩატარდა მართებულად და
შესაბამისად შედეგებიც არ იყო სახარბიელო. ადამიანების საკუთრებაში
გადავიდა საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მანამდე ასევე საბჭოთა
სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იყო,
რადგან შესაძლებელი გახდა უძრავი ქონების (ამ შემთხვევაში ბინის) გაყიდვა და
მიღებული თანხით, ეკონომიკური სარგებლის მიზნით, რაიმე საქმიანობის
დაწყება. თუმცა ამ პროცესს აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
მოქალაქეების მენტალიტეტის ცვლილების კუთხით – პირველად 70 წლის შემდეგ
ადამიანებს კვლავ დაუბრუნდათ ბუნებრივი უფლება, ჰქონოდათ საკუთრება და
საკუთარი შეხედულებებიდან განმომდინარე ესარგებლათ მისით. დაიწყო
მიწების გარკვეული ნაწილის განკერძოებაც, თუმცა ძირითადი ნაწილი კვლავ
რჩებოდა სახელმწიფო მფლობელობაში, რაც ცხადია ხელს უშლიდა ამ რესურსის
ეფექტურად ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების


პრივატიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ასეთი ობიექტები სახელმწიფოს უბრალოდ
გაეყიდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაურიგდა 30 აშშ დოლარად
შეფასებული ვაუჩერები (1 სულზე 1 ვაუჩერი) და ფორმალურად მიეცა საშუალება
ამ ვაუჩერის საშუალებით შეეძინა წილი რომელიმე საწარმოში. შედეგად,
აღნიშნული ვაუჩერები იყიდებოდა ბევრად უფრო დაბალ ფასში, ისინი შეიძინეს
ძირითადად მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც გარკვეული კაპიტალის
დაგროვება შესძლეს საბჭოთა პერიოდის ბოლოს, შესაბამისად ეკონომიკური
თვალსაზრისით მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტები გადავიდა სწორედ
მათ ხელში. ცხადია ეს არ მომხდარა უკვე არსებულ კვაზი–სახელმწიფო
ბიუროკრატებთან კორუფციული გარიგებების გარეშე. პრივატიზაციის პროცესის
თუნდაც დაწყება დრამატული მნიშვნელობის მქონე პროცესი იყო ახალი
სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა რესურსების ასეთი
არაეფექტური გადანაწილება, როდესაც საწარმოო საშუალებები მოხვდა
ძირითადად ყოფილ საბჭოთა ბიუროკრატთა ხელში, რომელთაც ,,საქმის კეთების“
მხოლოდ სოციალისტური გამოცდილება გააჩნდათ, მნიშვნელოვნად აუარესებდა
ქართული ეკონომიკის სასტარტო პოზიციებს. პრივატიზაციის პროცესისთვის
დაბრკოლებას წარმოადგენდა როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში
არსებული სტერეოტიპები დაკავშირებული სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივებთან.
მაგალითად ითვლებოდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარკვეული
აქტივები წარმოადგენდნენ ე.წ. ,,სტრატეგიულ ობიექტებს“ და მათი
პრივატიზაცია ზიანის მომტანი იქნებოდა ქვეყნისთვის. ასეთ ობიექტებში
როგორც წესი მოიაზრებოდა პორტები, რკინიგზა, ელ. ენერგიის სადგურები და
სხვა. გამომდინარე აქედან, ასეთი ტიპის საწარმოები რჩებოდა სახელმწიფო
საკუთრებაში, რაც ბუნებრივად ხელს უწყობდა მათ არაერფექტურ გამოყენებას და
კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას.

2004 წლიდან ქვეყანამ აირჩია ახალი, თავისუფალ ბაზარზე


ორიენტირებული ეკონომიკური კურსი, რაც სხვა რეფორმებთან ერთად
გამოიხატა სახელმწიფო საკუთრების ფართომასშტაბიან პრივატიზაციაში.
პრინციპული გასხვავება 1990–იან წლებში ჩატარებულ განკერძოების პროცესსა და
2004 წლიდან დაწყებულ პრივატიზაციის პროცესს შორის მდგომარეობდა იმაში,
რომ ამჯერად სახელმწიფო საკუთრება იყიდებოდა საჯაროდ, ღიად და რაც
მთავარია ნებისმიერ მსურველზე, ვინც გადაიხდიდა ყველაზე მაღალ ფასს.
სწორედ მაღალი ფასი წარმოადგენდა მყიდველის შერჩევის უმთავრესს
კრიტერიუმს, რადგან ეს მიუთითებდა ახალი მესაკუთრის მაღალ მოტივაციაზე
შეეძინა საკუთრება და ზრდიდა იმის ალბათობას, რომ პრივატიზებული ობიექტი
მაქსიმალურად ეფექტურად და პროდუქტიულად იქნებოდა ჩართული ქვეყნის
ეკონომიკაში.

,,სტრატეგიული ობიექტი“–ს ცნება თითქმის სრულად იქნა უარყოფილი.


პრივატიზაციის შედეგად მცირე ობიექტების მფლობელები ძირითადად გახდენენ
ადგილობრივი მეწარმეები, ხოლო მსხვილი ობიექტების – უცხოელი ივესტორები
აშშ–დან, ყაზახეთიდან, არაბეთიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან და სხვა.
რეფორმების შედეგად ახლად–შექმნილი მიმზიდველი ეკონომიკური გარემო
საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა სწორედ უცხოელი ინვესტორებისთვის, რამაც
მნიშვნელოვნად წაახალისა პრივატიზაციის პროცესი. 2007 წელს ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მსხვილი ობიექტების პრივატიზაციის
დონის მაჩვენებლი ინდიკატორი საქართველოსთვის აამაღლა 4–მდე (2003 წელს
ის 3.3–ს შეადგენდა), რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონებისა და სასოფლო–
სამეურნეო მიწების 50% გადავიდა კერძო საკუთრებაში.

პრივატიზაციის უმთავრეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს კორუფციის


დონის შემცირება და პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა. იმის გამო
რომ ქონების დიდი ნაწილი გადავიდა კერძო მესაკუთრის ხელში, შემცირდა
კორუფციული გარიგებების დადების შანსი. Transparency International-ის 2003
წლის მონაცემებით საქართველო, კორუფციის დონით, 133 ქვეყნიდან 124–ე
ადგილს იკავებდა, ხოლო 2009 წლისთვის იგივე რეიტინგში 66–ე ადგილი
დაიკავა. კორუფციის დონის მნიშვნელოვან შემცირებაზე აგრეთვე მიუთითებს
პრივატიზებული ობიექტებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების დონეც.
თუ 1996 წლიდან 2004 წლამდე ობიექტების პრივატიზაციით სახელმწიფომ
მთლიანობაში მიიღო 199.6 მილიონი აშშ დოლარი შემოსავალი, მხოლოდ 2005
წელს სახელმწიფო ქონმების განკერძოებამ ბიუჯეტი 231.4 მილიონი აშშ
დოლარით გაამდიდრა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ენერგო–ობიექტების პრივატიზაცია. საბჭოთა


კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო მუდმივად იყო დამოკიდებული
რუსეთზე ენერგომატარებლებით მომარაგების საკითხში. 1993 წლიდან
მოყოლებული ქვეყანაში პერმანენტული პრობლემები არსებობდა როგორც
მოქალაქეებისთვის, ისე საწარმოებისთვის გაზისა თუ ელ. ენერგიის მიწოდების
კუთხით. 2006 წლის იანვარში კი უცნაური დამთხვევის შედეგად ერთდროულად
ავარიულად დაზიანდა საქართველოში რუსეთიდან შემომავალი მაღალი ძაბვის
ელექტრო–გადამცემი ხაზი და ორი გაზსადენი. ამ გამოწვევების საპასუხოდ
ქვეყანამ დაიწყო ენერგო ბაზრის დერეგულააცია, ენერგო–ობიექტების
პრივატიზაცია (მათ შორის მოხდა თბილისი გაზის გამანაწილებელი კომპანიის
პრივატიზაციაც, რომელიც მანამდე ,,სტრატეგიულ“ ობიექტად ითვლებოდა) და
ენერგო–მომწოდებლების დივერსიფიკაცია. შედეგად, უკვე 2006 წლის
ბოლოსთვის, პირველად 10 წლის განმავლობაში, აღდგა 24 საათიანი ელ.
მომარაგება. 2009 წლიდან კი საქართელო ახორციელებს ელ. ენერგიის ექსპორტს
ოთხივე მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც.

2005 წლის ივლისიდან, ახალი კანონის მიღბასთან ერთად, დაიწყო მიწების


პრივატიზაციაც. მიწები დიდი ნაწილი (დაახლოებით 300,000 ჰექტარი) არენდით
იყო გაცემული. პრივატიზაციის პროცესი გულისხმობდა არენდატორებისთვის
საშუალების მიცემას გამოესყიდათ ეს მიწები საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად იაფ
ფასად, მათ შორის თანხის რამდენიმე წელიწადზე გადანაწილების გზით
(მაქსიმუმ 9 წელი). უკანასკბნელი მონაცემებით არენდატორთა დაახლოებით
85%–მა უკვე გამოისყიდა და საკუთრებაში დაიმტკიცა მიწის ნაკვეთები.

პრივატიზაციის პროცესის პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა


ჰქონდა საკუთრების გაფორმებისათვის საჭირო პროცედურების მაქსიმალურ
გამარტივებას. შესაბამისად ჩატარდა საჯარო რეესტრის რეფორმა, რომელიც
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მოხდა არსებული უამრავი პროცედურების
გამარტივება, ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა და ელექტრონულ
მომსახურებაზე გადასვლა. შედეგად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების
რეიტინგში (Doing Business), საკუთრების რეგისტრაციის მაჩვენებლით
საქართველო უკვე რამდენიმე წელია იკავებს მეორე ადგილს.

გადასახადები

საბჭოთა კავშირში საგადასახადო სისტემა ფორმალურად არსებობდა.


ფორმალურად არსებობდა საშემოსავლო, ქონების, საპენსიო თუ სოციალური
გადასახადებიც. ფორმალურად არ გულისხმობს, რომ ამ გადასახადების აკრეფა არ
ხდებოდა სახელმწიფოს მიერ, უბრალოდ ეს გადასახადები არ წარმოადგენდა
სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. სახელმწიფო ბიუჯეტის
ძირითადი ნაწილი ივსებოდა ყველა იმ შემოსავლებით, რომლებიც შედიოდა
ხაზინაში სახელმწიფო საწარმოებიდან თუ სავაჭრო ობიექტებიდან, რადგან ყველა
ასეთი ტიპის სტრუქტურა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.

სოციალისტური კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დაიწყო


საკუთარი საგადასახადო სისტემის მშენებლობა (ძირითადად 1990–იანი წლების
მეორე ნახევარში. ამ დროს ქვეყანას არ გააჩნდა გამოკვეთილი ეკონომიკური
კურსი და გადასახადებთან მიმართებაში ძრითადი აქცენტი კეთდებოდა
სახელმწიფო ხაზინაში მაქსიმალურად დიდი ოდენობით თანხების
აკუმულირებაზე. შესაბამისად იბეგრებოდა პრინციპში ყველაფერი რისი
დაბეგვრაც შესაძლებელი იყო. 2000–იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში
არსებობდა 21 გადასახადი (მაგალითად საშემოსავლო, მოგების, დივიდენდის,
პროცენტის, დამატებითი ღირებულების, აქციზი, სამი სახის სოციალური, მცირე
ბიზნესის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მავნე ნივთიერებებით გარემოს
დაბინძურების, ქონების, მიწის, საქართველოს ტერიტორიაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის და ზენორმატიული
დატვირთვის) სხვადასხვა განაკვეთებით. გადასახადების სიმრავლე ხელს
უწყობდა დიდი რაოდენობით კორუფციული სისტემების შექმნას და
უკუპროპორციულად აისახებოდა ქვეყნის ბიუჯეტზე, რომლის საშემოსავლო
ნაწილიც პრაქტიკულად ვერასოდეს სრულდებოდა. შესაბამისად, ხელისუფლება
ხშირ შემთხვევაში მიმართავდა ბიუჯეტის სეკვესტრირებას.

ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო მუშაობა ახალ საგადასახადო


კოდექსზე, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2004
წლის დეკემბერში და ძალაში შევიდა 2005 წლის იანვრიდან. ახალი კოდექსი
ითვალისწინებდა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას და გამარტივებას.

გამოცხადდა საგადასახადო ამნისტია რომლის საფუძველზე 2004 წლის 1


იანვრამდე გადაუხდელი გადასახადები ჩამოეწერათ ყველას ვის მიმართაც არ იყო
აღძრული სისხლის სამართლის საქმე. შედეგად მეწარმეებს გაუჩნდათ საკუთარი
ჩრდილოვანი ბიზნესის გათეთრების სტიმული.

შეიცვალა კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის წესი. რეფორმის


შედეგად შესაძლებელი გახდა აქტივის შესყიდვისთანავე კაპიტალური
დანახარჯის 100%–ით ხარჯებში გატარება. შესაბამისად, ივესტორებს, რომლებიც
საქართელოში დააბანდებენ საკუთარ კაპიტალს, საშუალება ეძლევათ ბიზნესის
საწყის ეტაპზე გაწეული კაპიტალური დანახარჯები ბუღალტრულად აასახონ
როგორც ხარჯი, შედეგად კომპანია წლის (ან რამდენიმე წლის) ბოლოს აჩვენებს
ზარალს და არ მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა.

შემოღებულ იქნა კაპიტალურ დანახარჯებზე გადახდილი დამატებითი


ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი, რომლის საფუძველზეც
ინვესტორს შეუძლია ბიზნესის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში
იხადოს მხოლოდ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები (მანამ სანამ
ჩადებული ინესტიცია არ გადაიფარება მოგებით).

შემცირდა გადასახადების ოდენობა და განაკვეთები. არსებული 21


გადასახადიდან დატოვებულ იქნა მხოლოდ 6 გადასახადი. საშემოსავლო
გადასახადის განაკვეთი განისაზღვრა ჯერ 25, ხოლო შემდეგ 20%–ით,
დამატებითი ღირებულების გადასახადი – 18%–ით, ხოლო მოგების – 15%–ით.
საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო ეკონომიკური
აქტივობის დრამატულ გააქტიურებას და შესაბამისად საგადასახადო
შემოსავლების ზრდას. თუ 2003 წლისთვის საგადასახადო შემოსავლები მთლიან
შიდა პროდუქტთან მიმართებაში 11.7%–ს შეადგენდა, 2008 წლისვის ამ
მაჩვენებელმა 24.9% შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 2003 წლისთვის
რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენდა, 2008 წლისთვის რამდენიმე
მილიარდამდე გაიზარდა.

შემცირდა საბაჟო მოსაკრებლები და გამარტივდა მათი დაანგარიშების წესი.


ნაცვლად უამრავი საბაჟო განაკვეთისა სხვადასხვა ტიპის პროდუქციის
იმპორტზე, დაწესდა სამი საბაჟო განაკვეთი 0%, 5% და 12% (ექსპორტი ისედაც
თავისუფალი იყო გადასახადისგან).

ფული

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში გარკვეული პერიოდი


გამოიყენებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ბონები, რომლებიც ჯერ
ჩაანაცვლა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის საბჭოთა
ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ბონებმა, ხოლო შემდგომში კი
საბჭოთა მანეთებმა.

საბჭოთა ხელისუფლებამ რამდენჯერმე გამოუშვა მანეთი. არასწორი


მონეტარული პოლიტიკის გამო, მხოლოდ 1920–იან წლებში 4–ჯერ ჩატარდა
ფულის რეფორმა, რის შედეგადაც გაუფასურებულ ფულს ანაცვლებდა ახალი
ფული (მაგალითად 1924 წელს 1 ახალი მანეთი ანაცვლებდა 50,000 ძველ მანეთს).
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს მოხდა დიდი რაოდენობის ფულის
ამოღება მიმოქცევიდან და ძველი 10 მანეთი ჩაანაცვლა ახალმა 1 მანეთმა. ბოლო
რეფორმა გატარდა 1961 წელს, რომელიც 1947 წლის ანალოგიური იყო.
ოფიციალურად 1 მანეთი წარმოადგენდა 0.99 გრამი ოქროს ღირებულებას, თუმცა
რეალურად ფულის ოქროში გადაცვლა შეუძლებელი იყო.

იმის გამო, რომ საბჭოთა ეკონომიკაში ფული არ ასრულებდა იმ როლს,


რასაც სტანდარტულად თავისუფალ ეკონომიკაში ასრულებს (მაგალითად
ინფორმაციის გადაცემის), სავალუტო კურსი კონტროლდებოდა, ხოლო მანეთების
გატანა საზღვარგარეთ აკრძალული იყო, მანეთი რეალურად წარმოადგენდა
მხოლოდ გაცვლის საშუალებას.

ფულთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეკონომიკაში სრულად


კონტროლდებოდა ფასები ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სპეციალური
სახელმწიფო სტრუქტურა ითვლიდა რა ფასი უნდა ჰქონოდა როგორც კიტრს, ისე
ავტომობილს. ფასების კონტროლი ცხადია უამრავ პრობლემას წარმოშობდა.
გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტებზე უფრო დაბალი ფასები იყო
დაფიქსირებული, ვიდრე თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში იქნებოდა, მათზე
მოთხვონა შედარებით მაღალი იყო. ხოლო მიწოდება, ცენტრალურად მართული,
არაეფექტურად მუშაობდა, რის გამოც ბაზარზე იქმნებოდა დეფიციტი. საბჭოთა
სახელმწიფო გასტრონომებში (სუპერმარკეტის იმ დროინდელი ნაირსახეობა)
მხოლოდ რამდენიმე ტიპის პროდუქტი არსებობდა. სხვა ყველაფერი ან არ იყო
გაყიდვაში ან მხოლოდ ჩრდილოვან (,,შავ“) ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი. საბჭთა
ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე დეფიციტი იმდენად საგრძნობი გახდა,
რომ ხელისუფლება იძულებული გახდა პირველადი მნიშვნელობის
პროდუქტებზე (კარაქი, შაქარი, ხორცი) შემოეღო რაციონიზაცია, რაც ნიშნავდა,
რომ ამ პროდუქტების შეძენა მხოლოდ სპეციალური ტალონებით იყო
შესაძლებელი, რომლებზეც მითითებული იყო თუ რა ოდენობის ამა თუ იმ
პროდუქტის ყიდვა შეეძლო ადამიანს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ე.წ. სახელმწიფო ბანკის


ბაზაზე შეიქმნა ეროვნული ბანკი, მაგრამ საქართველოში გარკვეული დროის
განმავლობაში მიმოქცევაში კვლავ რჩებოდა საბჭოთა მანეთები. 1993 წელს (5
აპრილს) ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა კუპონი,
რომელიც მაშინვე შემოვიდა მიმოქცევაში. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოს
არ გააჩნდა რაიმე სახის ფულად–საკრედიტო სისტემა, იმ დროინდელმა
ხელისუფლებამ დაიწყო კუპონების უკონტროლო ბეჭვა, რასაც მოჰყვა ლოგიკური
შედეგი – ჰიპერინფლაცია და კუპონის გაუფასურება. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან
მიმოქცევაში შემოვიდა ლარი, რომელმაც ჩაანაცვლა ბაზარზე არსებული
კუპონები (1 ლარი = 1 მილიონი კუპონი). საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ლარი წლების განმავლობაში
ინარჩუნებს მეტ–ნაკლებ სტაბილურობას. მონეტარული პოლიტიკა
ორიენტირებულია მიზნობრივ ინფლაციაზე და 2003–2008 წლებში ინფლაციის
მაჩვენებელი ვარირებდა 5–10%–ის ფარგლებში.

შრომის ბაზარი

საბჭოთა პერიოდში შრომის ბაზარი უკიდურესად რეგულირებული იყო.


ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო წყვეტდა თუ სად გაივლიდა
პრაქტიკას ადამიანი, ხოლო შემდეგ სად დასაქმდებოდა. საბჭოთა მოქალაქეთა
დიდი ნაწილი მთელი ცხოვრება მუშაობდა იქ სადაც თავიდან ,,გაანაწილებდნენ“.
დამქირავებლის როლში ყოველთვის გამოდიოდა სახელმწიფო.
ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელი შეზღუდლი როგორც კადრების
არჩევაში, ისე სამსახურიდან თანამშრომლის დათხოვნის დროს. თუმცა კადრების
არჩევას მაინც არ ქონდა პრინციპული მნიშვნელობა, რადგან არ არსებობდა საქმის
უკეთ და ეფექტურად კეთების მოტივაცია. ასეთ პირობებში კარიერული
წინსვლის მოტივაციას უმეტესწილად კორუფციულ გარიგეგებში მონაწილეობის
პერსპექტივა (და შესაბამისად პირადი სარგებელი) წარმოადგენდა. ხოლო ასეთი
წინსვლისთვის პირადი ნაცნობობა, მეგობრობა, ნათესაური კავშირები უფრო
გამოსადეგი იყო ვიდრე კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება.

შეზღუდვა არსებობდა ადამიანური რესურსების საზღვარგარეთ


გადინებასთან დაკავშირებითაც, რადგან საზღვრები ჩაკეტილი იყო. საბჭოთა
კავშირის დატოვება საკმაოდ რთული იყო და სახელმწიფო ნებართვის გარეშე ამის
გაკეთების მცდელობა მკაცრად ისჯებოდა. მკაცრად კონტროლდებოდა აგრეთვე
უცხოელი სპეციალისტების შემოსვლა სახელმწიფოში.

ასეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ფორმალურად აკონტროლებდა


ეკონომიკის ყველა ასპექტს, მათ შორის შრომის ბაზარზე თითოეული ადამიანის
გადაადგილებას, ბუნებრივია რომ ფართოდ ფეხგადგმული იყო კორუფცია და ვერ
ხდებოდა ადამიანური რესურსების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში
ეფექტურად გადანაწილება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წლების განმავლობაში შრომითი


ურთიერთობები კვლავ რეგულირდებოდა 1973 წელს საქართელოს საბჭოთა
რესპუბლიკის მიერ მიღებული შრომის კოდექსით. გარდა ამისა 1990–იან წლებში
დამატებით მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომლებსაც უნდა
დაერეგულირებინა დასაქმებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების საკითხები.
აღნიშნული საკანონმდებლო სისტემა წარმოადგენდა ტიპიური სოციალისტური
მიდგომების პირდაპირ გაგრძელებას, დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა
დამსაქმებლებს, ართულებდა საბაზრო ურთიერთობებს დამსაქმებელსა და
დასაქმებულს შორის და ზოგადად არაეფექტურსა და მოუქნელს ხდიდა შრომის
ბაზარს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2006 წლის მაისში საქართველოს


პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ახალი შრომის კოდექსი, რომელიც ემყარება
შრომის ბაზრის რეგულირების ლიბერალურ პრინციპებს და თანაბარ პირობებში
აყენებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტით
შრომითი ურთოერთობების მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს
წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულება, ხოლო
სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ მინიმალური სოციალური გარანტიებია
გათვალისწინებული, ისეთი როგორიცაა სამუშაო პირობების უსაფრთხოება, ორ–
კვირიანი შვებულება, დეკრეტული შვებულება, და შეზღუდვა
არასრულწლოვანებისა და ფეხმძიმეების მძიმე სამუშაოზე დაქირავებაზე.
შედეგად, ჰერითეჯ ფაუნდეიშენის (Heritage Foundation) რეიტინგში, შრომითი
ურთიერთობების თავისუფლების მაჩვენებლით 2007 წელს საქართველომ
პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში (2005 წლის მაჩვენებლი იყო 52–ე
ადგილი).

You might also like