Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ მოსწავლეები შესძლებენ იმსჯელონ შემდეგ

საკითხებზე:
 თვითმფრინავის გატაცება
 პოლონეთის და ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა
 ბაქოს და ერევნის გამოსვლები, ყარაბაღის კონფლიქტი
 პუტჩი
 საბჭოთა კავშირის დაშლა

თვითმფრინავის გატაცება
საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო
საზღვრის დაცვას. ამ საქმისთვის სპოეციალურად არჩევდნენ ახალგაზრდებს,
რომლებსაც შემდეგ შესაბამის სამხედრო ნაწილებში ანაწილებდნენ. გარდა იმისა, რომ
ამ ადამიანებს წინასწარ ამოწმებდნენ, ისინი, განსხვავებით რეგულარული არმიისა
მსახურობდნენ 3 წელი (2–ის ნაცვლად). სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგაც
კი ნებისმიერი ყოფილი მესაზღვრე შეიძლება დაეჭირათ, თუ უშიშროების სამსახურები
დაიჭერდნენ შემოპარულ მზვერავს და გამოძიება ,,დაადგენდა“, რომ ის ამ მესაზღვრის
მორიგეობის დროს და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საზღვრის მონაკვეთიდან
შემოიპარა. იგივე სასჯელი ელოდა მოქმედ ან ყოფილ მესაზღვრეს თუ ვინმე
შესძლებდა საბჭოთა კავშირის დატოვებას მისი მორიგეობის პერიოდში. სინამდვილეში
საბჭოთა საზღვრის დაცვა უფრო მეტად ემსახურებოდა მოქალაქეთა სახელმწიფოს
შიგნით შეკავებას, ვიდრე გარედან მომავალი საფრთხეების ნეიტრალიზაციას.
საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები დაყოფილი იყო სპეციალურ ზონებად,
რომლებშიც შესვლა მხოლოდ შესაბამისი საშვით იყო შესაძლებელი. საზღვართან
ყველაზე ახლოს მდებარე ზონაში შესვლა რიგითი მოქალქეებისთვის პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო, ხოლო იქ მცხოვრები მოსახლეობა მკაცრად იყო აღრიცხული და
მათი გადაადგილება ასევე მკაცრად კონტროლდებოდა. მესაზღვრეები ვალდებული
იყვნენ საზღვრის დამრღვევის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი.
თუმცა ასეთი მკაცრი რეჟიმის პირობებშიც კი, საბჭოთა მოქალქეების მხრიდან
იყო სიცოცხლის რისკის ფასად საზღვრის გადალახვის მცდელობები. ერთ–ერთი
ყველაზე გახმაურებული ფაქტი უკავშირდება 1983 წლის 18 ნოემბერს რამდენიმე
თბილისელი ახალგაზრდის მიერ თვითმფრინავის გატაცებას და თურქეთში
გადასვლის მცდელობას. გატაცებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა: გეგა კობახიძე, თინა
ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, ძმები, კახა და პაატა ივერიელები
და გია ტაბიძე. გაქცევის გეგმა გულისხმობდა გეგა კობახიძის ქორწილიდან ვითომ
საქორწინო მოგზაურობაში გაფრენას, სინამდვილეში კი ახალგაზრდებს განზრახული
ქონდათ თვითმფრინავის გატაცება და თურქეთში გადასვლა.
ამ ისტორიის გარშემო უამრავი მოსაზრება არსებობს. რეალური ფაქტების
დადგენა ძალზედ გართულდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლება საქმის დეტალებს
საგულდაგულოდ მალავდა წლების განმავლობაში. ის ინფორმაცია კი, რომელიც
შემორჩა, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ იქნა მრავალჯერ გაყალბებული.
ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით გაქცევის გეგმა ცნობილი გახდა საბჭოთა
უშიშროებისთვის. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა უშიშროების თანამშრომელი,
რომელმაც შტურმანთან ერთად სროლა დაიწყო. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა
ერთი და სასიკვდილოდ დაჭრა მეორე გამტაცებელი. თვითმფრინავი მოტრიალდა და
კვლავ თბილისში დაჯდა. აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმმა თვითმფრინავი
გარედან დაცხრილა, რასაც მგზავრებს შორის მსხვერპლი მოყვა. თვითმფრინავს
კორპუსზე გარედან 108 ნატყვიარი ჰქონდა.
გამტაცებლებიდან გადარჩნენ ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე და ფეხმძიმედ
მყოფი თინა ფეტვიაშვილი. მათთან ერთად დააპატიმრეს სასულიერო პირი, მამა
თეოდორე, რომელსაც თანამონაწილეობა დასდეს ბრალად. საბჭოთა სასამართლომ
თინა ფეტვიაშვილს 14 წლიანი პატიმრობა, ხოლო ყველა დანარჩენს დახვრეტა მიუსჯა.
განაჩენი სასამართლოს დამთავრებისთანავე მოიყვანეს სისრულეში.
წლების განმავლობაში ამ ახალგარზდების მშობლებმა არ იცოდნენ საკუთარი
შვილების ბედი. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ
ყველა მათგანი დახვრეტილი იყო.

პოლონეთის და ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა


1980–იანი წლებში ანტი–კომუნისტური მოძრაობები სულ უფრო იკრებდნენ
ძალას საბჭოთა იმპერიაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ვარშავის ბლოკისა და
ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, 1980 წელს შეიქმნა პროფკავშირული
გაერთიანება ,,სოლიდარნოსტ“, რომელიც ერთადერთი პროფკავშირული გაერთიანება
იყო, რომელსაც კომუნისტური პარტია ვერ აკონტროლებდა. დაახლოებით 1
წელიწადში ამ გაერთიანებაში 10 მილიონამდე ადამიანი
გაწევრიანდა. ,,სოლიდარნოსტ“ ეწინააღმდეგებოდა ტოტალიტარულ სისტემას და
ითხოვდა მეტ თავისუფლებას, მათ შორის თავისუფალ არჩევნებს. მოძრაობა იმდენად
გაძლიერდა, რომ პოლონეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა
გამოაცხადა 1981 წელს, რომელსაც შეეწირა 100–მდე ადამიანის სიცოცხლე და მოჰყვა
ათასობით აქტივისტის დაპატიმრება.
წლების განმავლობაში დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო
და ,,სოლიდარნოსტ“–სა და კომუნისტურ ხელისუფლებას შორის მიღწეული
შეთანხმების ბაზაზე 1989 წელს პოლონეთში ჩატარდა ნახევრად თავისუფალი
არჩევნები. შეთანხმების თანახმად, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების
გარკვეული რაოდენობა გარანტირებულად დარჩათ კომუნისტებს, ხოლო ადგილების
დანარჩენ ნაწილთან მიმართებაში წარმომადგენლების არჩევა მოხდა საყოველთაო
არჩევნების გზით. ასეთი ადგილების 99% მოიგო ,,სოლიდარნოსტ“–მა. საპარლამენტო
არჩენებს 1990 წელს მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც
გაიმარჯვა ,,სოლიდარნოსტ“–ის ლიდერმა – ლეჰ ვალენსამ, რითიც პოლონეთში
პრაქტიკულად დასრულდა კომუნისტური მმართველობის რეჟიმი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში პირველი ღიად ანტი–კომუნისტური მოძრაობა
დაფუძნდა ლატვიაში, 1986 წელს, სახელწოდებით ,,ჰელსინკი–86“. პირველი
დემონსტაციაც ამავე წელს მოეწყო, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება ახალგაზრდებსა
და პოლიციას შორის. 1987 წლის 23 აგვისტოს, სამივე ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში
მოსახლეობამ ღიად გააპროტესტა ე.წ. მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის 48
წლისთავი. აღნიშნული პაქტით, რომელიც გაფორმდა საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ
გერმანიას შორის 1939 წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნები მიეკუთვნა საბჭოთა
კავშირის ,,გავლენის სფეროს“. იმავე წელს, 5000–მდე ლატვიელმა ყვავილებით შეამკო
რიგაში არსებული თავისუფლების მონუმენტი.
1988 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა უცხოური რადიოსადგურების
სიგნალების ჩახშობა. საბჭოთა მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება მოესმინა
ინფორმაცია, რომელიც არ კონტროლდებოდა კომუნისტური პარტიის მიერ. იმავე წელს
სამივე ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობები
სახელწოდებით ,,სახალხო ფრონტი“. სწორედ სახალხო ფრონტის აქტიურობის
შედეგად სამივე რესპუბლიკაში ოფიციალურ ენად აღიარეს ესტონური, ლატვიური და
ლიტვური (შესაბამის რესპუბლიკებში) და მიიღეს ნებართვა აღემართათ ნაციონალური
დროშები. 1989 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის ხელმოწერიდან 50
წლისთავზე, დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა შეკრა ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც
გადაიჭიმა 600 კილომეტრზე სამივე ბალტიისპირეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
1989 წლის ლიტვის არჩევნებში 42 ადგილიდან 36 ადგილი მოიპოვა დამოუკიდებელმა
პოლიტიკურმა მოძრაობამ ,,საიუდის“–მა. ეს იყო კომუნისტური პარტიის პირველი
ოფიციალური მარცხი საბჭოთა კავშირის შიგნით, რასაც მოჰყვა ლიტვის კომუნისტური
პარტიის მიერ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისგან გამოყოფა.
1990 წელს, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში ნებადართული გახდა მულტიპარტიური
არჩევნები. იმავე წელს 15–ვე საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა არჩევნები. ლიტვაში
გაიმარჯვა ,,საიუდისმა“, ლატვიაში – ლატვიის ეროვნულმა ფრონტმა, ხოლო
ესტონეთში – ესტონეთის ეროვნულმა ფრონტმა. იმავე წელს სამივე რესპუბლიკის
საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნების დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბაქოს და ერევნის გამოსვლები, ყარაბაღის კონფლიქტი


1980–იანი წლების ბოლოს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო სომხეთსა და
აზერბაიჯანში. დასაწყისში ქუჩაში გამოსულ მოქალაქეთა რაოდენობა არ იყო დიდი და
არ იყო მიმართული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო მთიანი ყარაბაღის
ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკურად სომხები
წარმოადგენდნენ. მსგავსი ავტონომიური რესპუბლიკები არსებობდა საბჭოთა იმპერიის
არა ერთ რესპუბლიკაში (საქართველოს ჩათლით). საბჭოთა დროის ბევრი მკვლევარის
აზრით მათი შექმნა ხელოვნურად ხდებოდა – თუ რომელიმე რესპუბლიკა
გადაწყვეტდა კავშირის დატოვებას, ასეთი ავტონომიები მოითხოვდნენ
დამოუკიდებლობას, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა შეიარაღებული დაპირისპირება
და ისევ რუსეთის ჩარევა გახდებოდა საჭირო კონფლიქტის დასარეგულირებლად.
შესაბამისად რუსეთი ყოველთვის შეძლებდა ,,დაკარგულ“ რესპუბლიკებში დაბრუნებას
მშვიდობისმყოფელის როლში.
1988 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონის დედაქალაქ
სტეპანაკერტში დაიწყო მასიური დემონსტრაციები. სახალსო გამოსვლების ფონზე ამ
რეგიონის მმართველმა საბჭომ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის
აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკიდან გამოყოფასა და სომხეთის საბჭოთა
რესპუბლიკასთან შეერთებას. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა აზერბაიჯანელთა
დაპირისპირება მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან,
რომელსაც 2 აზერბაიჯანელი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა. დაპირისპირება
გაგრძელდა ე.წ. ,,სუმგაითის ჟლეტით“, როდესაც ქ. სუმგაითში 4–დღიანი ანტი–
სომხური გამოსვლები 32 ადამიანის სიკვდილით დამთავრდა. ქ.სუმგაითი სრულად
დატოვა 14,000–მა სომეხმა. რამდენიმე თვეში ქ. სტეპანაკერტიდან გამოდევნეს ყველა
აზერბაიჯანელი, ხოლო ქ. შუშადან ანალოგიურად გადევნეს ყველა სომეხი.
პარალელურად გამოსვლები ეწყობოდა ერევანსა და ბაქოში. ქუჩაში ასობით
ათასი ადამიანი იყო გამოსული. სომხეთში შეიქმნა 11 კაცისგან შემდგარი ყარაბაღის
კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავდა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანებას.
დაიწყო აზერბაიჯანელი მოსახლეობის გამოდევნა სომხეთიდან და პირიქით. სომხეთი
იძულებით დატოვა დაახლოებით 200,000 აზერბაიჯანელმა. ასამდე ადამიანი შეეწირა
ამ პროცესს. იმავე წლის ნოემბერ–დეკემბერში საბჭოთა სამხედრო ნაწილებმა ძალის
გამოყენებით დაშალეს დემონსტრაციები როგორც ერევენაში, ისე ბაქოში. ორივე
დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
1989 წელს აზერბაიჯანში სახალხო ფრონტი გააქტიურდა. მისი
წარმოამდგენლები აწყობდნენ დემონსტაციებს და ითხოვდნენ პოლიტიკური
პატიმრების განთავსიფულებას. სახალხო ფრონტმა მოახერხა სარკინიგზო მიმოსვლის
გადაკეტვა სომხეთისთვის, რომლისთვისაც რკინიგზა იმპორტის 75%–ის წყაროს
წარმოადგენდა. მთიან ყარაბაღში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდებოდა.
იზრდებოდა მსხვერპლის რაოდენობა.
1990 წლის იანვარში ათასობით აზერბაიჯანელმა დაამსხვრია საზღვრის დაცვის
ნაგებობები და გადალახა ირანთან საზღვარი. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა
იმპერიის ისტორიაში, როდესაც სახელწმიფომ დაკარგა კონტროლი საკუთარ
საზღვარზე. აზერბაიჯანში სულ უფრო ძლიერდებოდა სახალხო ფრონტი. იმავე თვეში
ბაქოს ქუჩებში ცემით მოკლეს ოცამდე ეთნიკურად სომეხი მოქალქე, რის შემდეგაც
აზერბაიჯანი დატოვა პრაქტიკულად ყველა სომეხმა. გორბაჩოვის ბრძანებით 26,000
საბჭოთა არმიელი შევიდა ბაქოში, სპეციალური ოპერაციის დროს გათიშა ცენტრალური
ტელევიზია, რადიო და სატელეფონო კავშირი, და ცეცხლი გაუხსნა სახალხო ფრონტის
დემონსტრანტებს. 130–მდე ადამიანი დაიღუპა და 700–მდე დაიჭრა. ათობით ადამიანი
დააპატიმრეს. ტრაგედია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ათასობით აზერბაიჯანელმა
საჯაროდ დაწვა კომუნისტური პარტიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა.
1991 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური
ოლქის სტატუსი. იმავე წლის დეკემბერში მთიანმა ყარაბაღმა რეფერენდუმის გზით,
რომელსაც ადგილობრივმა აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა,
დამოუკიდებელი სახელწმიფოს შექმნა გამოცხადა. ამას მოჰყვა სრულმასშტაბიანი
საომარი მოქმედებების დაწყება აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის, რომელიც
დახმარებას სომხეთისგან იღებდა. კონფლიქტი რამდენიმე წლის განმავლობაში
გაგრძელდა. ამ პერიოდში როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი შეიარაღებას რუსეთის
ფედერაციისგან იღებდა. 1994 წელს, რუსეთისვე შუამდგომლობით ხელი მოეწერა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

პუტჩი
1991 წლისთვის საბჭოთა ხელისუფლება ნელ–ნელა კარგავდა კონტროლს
სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე. გორბაჩოვს იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა
საბჭოთა იმპერიის ისე ტრანსფორმირებას, რომ ერთის მხრივ კავშირის წევრ
რესპუბლიკებს გაუზრდიდა უფლებებს, ხოლო მეორეს მხრივ არ დაშლიდა ერთიან
სახელმწიფოს. ამ მიზნით 1991 წლის 20 აგვისტოს დაგეგმილი იყო ახალი სამოკავშირეო
ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკებისთის ერთიანი პრეზიდენტის ინსტიტუტის, ერთიანი საგარეო
პოლიტიკისა და ერთიანი თავდავის სისტემის შექმნას. ცხადია პრეზიდენტად
გორბაჩოვი საკუთარ თავს მოიაზრებდა.
თუმცა კომუნისტური პარტიის ლიდერების ნაწილი არ ეგუებოდა საბჭოთა
სისტემის დაშლას და ინარჩუნებდა იმედს, რომ შესძლებდა ძველი, ტოტალიტარული
მოდელის აღდგენას. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ვიცე–
პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და უშიშროების
ხელმძღვანელმა გადაწყვიტეს ხელი შეეშალათ სამოკავშირეო ხელშეკრულების
გაფორმებისთვის და 1991 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.
ყირიმში მწოფი გორბაჩოვი შიდა პატიმრობაში აიყვანეს, აკრძალეს ნებისმიერი სახის
პოლიტიკური აქტივობა და ბლოკირება გაუკეთეს პრესის გამოცემას. მათ იმედი
ჰქონდათ, რომ ამ ღონისძიებების გატარების შედეგად შესძლებდნენ ძალაუფლების
ხელში ჩაგდებას.
თუმცა პუტჩის ამ მცდელობას მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის მოსახლეობაში.
ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ბარიკადებით გადაკეტა თეთრ სახლთან (ღუსეთის
ფედერაციის პარლამენტის შენობა) მისასვლელი. მიუხედავად ბრძანებისა, სამხედრო
შენაერთებმა არ მიიტანეს იერიში ბარიკადებზე მყოფ მოსახლეობაზე. პუტჩი მხოლოდ
3 დღე გაგრძელდა. მისი ინიციატორები დააპატიმრეს. საბჭოთა სახელწმიფოს
ხელმძღვანელი კვლავ გორბაჩოვი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლა


1991 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე ათმა საბჭოთა რესპუბლიკამ გამოაცხადა
დამოუკიდებლობა.
1991 წლის 1 დეკემბერს უკრაინაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც
მოსახლეობის 90%–მა მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას.
8 დეკემბერს სამი სლავური სახელმწიფოს, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის
ლიდერები შეხვდნენე ბელორუსში, ბელავეჟსკაია პუშჩაში, და ხელი მოაწერეს
ბელავეჟის შეთანხმებას, რომლითაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად გამოცხადდა
დაშლილად.
21 დეკემბერს, ყაზახეთის იმ დროინდელ დედაქალაქში, ალმაატაში, ყოფილი
საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებმა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და
საქართველოს გამოკლებით, ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლითაც შეიქმნა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
25 დეკემბერს გორბაჩოვი ფორმალურად გადადგა საბჭოთა კავშირის
პრეზიდენტის თანამდებობიდან.
26 დეკემბერს კრემლის თავზე მოფრიალე საბჭოთა დროშა უკანასკნელად
დაუშვეს.

You might also like