Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მეცნიერული სიმართლისათვის

ქართულ ლიტერატურაში საყოველთაოდაა ცნობილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიახლოვე


ფოლკლორთან, მაგრამ სპეციალურ ლიტარატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს სიახლოვე და
გარეგნული მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა, თუ სად მთავრდება
ერთი და სად იწყება მეორე. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე გახდა მიზეზი შეცდომებისა, რაც საკმაოდ
ბევრი იყო ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევართა შრომებში. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები დღესაც
ხშირად მეორდება.

რა თქმა უნდა, ისეთი რთული საკითხის კვლევის დროს, როგორიცაა ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური
წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ საკითხის
ზერელე განხილვა, მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობა, გულუბრყვილობა, ტენდენციური და
არამეცნიერული მსჯელობა არავის ეპატიება.

შეცდომები, რომლებზედაც ქვემოთ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას რომელიმე რიგითი მწერლის


შემოქმედებას რომ ეხებოდეს და არა ვაჟას, იქნებ ასეთი ყურადღების ღირსიც არ ყოფილიყო, მაგრამ
რადგან საქმე ვაჟას შემოქმედებას შეეხება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემდეგშიც მოახდენს
თაობებზე, დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რადგან ეს შეცდომები მომავალ თაობებსაც მცდარ
ინფორმაციას მიაწვდიან. თანაც ამ შეცდომების გასწორება დღეს უფრო ადვილია, ხვალ კი იქნებ
შეუძლებელიც შეიქნეს.

რა თქმა უნდა, შეცდომები სხვადასხვა ავტორთან სხვადასხვა სახისა და ხასიათისაა. ამ წერილში


რამდენიმე კონკრეტულსა და ტიპურ შეცდომას გამოვიტან მკითხველთა სამსჯავროზე.

დავით გოგოჭურის წიგნში "ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები" სხვა ხევსურ სახალხო
გმირებთან ერთად განხილულია ხოშურაულის ვინაობაც (გვ. 150-164).

როგორც ვიცით ხოშარეული ვაჟას პოემის "ბახტრიონის" გმირია და წინამძღოლობს ხევსურთა ჯარს:
"გუდანელთ ჩამასძღოლია, ხოშარეული ხარია"...

მსგავსი ვითარებაა ხალხურ ლექსებშიც, მაგრამ მთავარი განსხვავება თვით გმირის გვარშია: ხალხურში
- ხოშურაული, ვაჟასთან – ხოშარეული ჯერ ხალხური ლექსების გმირ ხოშურაულის შესახებ:

არსებობს ე.წ. ხოშურაულის ციკლის ლექსები. ამ ლექსთა ვარიანტებში ხშირად ერთი და იგივე
მოქმედება სხვადასხვა გმირს მიეწერება - ხოშურაულს, ნადირას, საღირიშვილს, საღირაშვილებს,
გოგოლაურს: საქმე ეხება ბახტრიონის ციხის გალავანზე გადამსვლელ და ხანის კარვის ამჩეხ გმირს.
ლექსთა ვარიანტები ასეთ სურათს იძლევა:

1. "ნადირაის ხმლის ნამტვრევნი


კარავის კარში ხყრიანო
ხმალ ხოშურაულს გაუტყდა,
ხევსურნ სხვას გამუცვლიანო"

2. "მეტნი ხართ, საღირიშვილნო,


გიჭვრეტენთ ტალავარზედა.
ბახტრიონთ სულთქმის ციხესა,
გადახვალთ გალავანზედა,
ხმლითა სცემთ ხანის კარავსა,
ზედ მიხვალთ ფალავანზედა".

3. "ბიჭი ვარ გოგოლაური


რას მყურობ ტალავარზედა!
წინწინ მე გადავფრინდები
ბახტრიონს გალავანზედა;
ხმლითა ვცემ თათრის ბელადსა,
ზედ მივალ ფალავანზედა".
4. "თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ კახსაო,
ფეხს დავკრავ გადავფრინდევბი
ბახტრიონს გალავანსაო".

5. "მეტი ვარ საღირიშვილი


ნუ მიმზერთ ტალავარზედა".

და სხვ.

დ. გოგოჭური ამტკიცებს, რომ ეს არის ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც ლექსთა ვარიანტებში ხან
გვარით (ხოშურაული), ხან სახელით (ნადირა), ხან კი მამისახელით (საღირას შვილი) იხსენიება. ეს
მტკიცება თავის დროზე გააკრიტიკეს ა. შავხელიშვილმა და ლ. ჭრელაშვილმა. მათ თუშური მასალების
საფუძველზე უარყვეს მისი მტკიცება და მიუთითეს, რომ საღირაშვილი ხოშურაულის მამისახელი კი არ
არის, თუში გმირის გვარია. დ. გოგოჭურმა არ გაიზიარა ოპონენტების შენიშვნები და თავისი მოსაზრება
უცვლელად შეიტანა სარეცენზიო წიგნში.

ვინ არის მართალი?

ხოშურაულის ვინაობაზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არსებობს, ფიქრობენ, რომ ლექსთა
ვარიანტებში დასახელებული ერთი და იგივე პიროვნება კი არა, სხვადასხვა გმირია. მართლაც, ამ
ვარიანტებში რომ მხოლოდ ერთი პიროვნება დაინახო, ამ მხრივ განსაკუთრებული მონდომება უნდა
გამოიჩინო... ერთი რამ კი ცხადია: ეს არის ერთი ლექსის სხვადასხვა ვარიანტი, რომელსაც უეჭველია
თავდაპირველად ერთი ადრესატი ეყოლებოდა, გავრცელების შემდეგ კი სხვადასხვა კუთხეში იგი
ადგილობრივმა გმირმა შეცვალა. ხოლო თუ ვინ იყო თავდაპირველი ადრესატი ამის დადგენა დღეს
ალბათ შეუძლებელია.

მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა ხოშურაულის წარმოშობაზეც. ნ. ურბნელი ამ გვარის


წარმოშობას ფშავის სოფელ ხოშარას უკავშირებს, ს. ყუბანეიშვილიც თვლის, რომ "გვარი ხოშურაული
არაა ხევსურული წარმოშობისა" და ისიც ფშავს უკავშირებს. დ. გოგოჭური არ იზიარებს ამ
თვალსაზრისს და თვლის რომ ხოშურაული ხევსურია. თავის მტკიცებაში ის ეყრდნობა ხალხურ
ლექსებს და ზეპირგადმოცემებს. ამასთან იგი იმოწმებს მის მიერ მიკვლეულ ახალ მასალას. ის წერს, რომ
1951 წელს ხევსურეთში ბაცალიგოს თემში, სოფელ მისახში, მან თავად ნახა და ესაუბრა სახალხო გმირის
ხოშურაულის შთამომავალს ლაგაზა ხოშურაულს. საინტერესო ცნობაა, მაგრამ ამ გვარის ხალხი რომ
ხევსურები არ არიან?! დუშეთის რაიონულ არქივში დაცული ხევსურეთის სასოფლო საბჭოების
საკომლო წიგნების შესწავლამ ცხადყო, რომ არა თუ სოფელ მისახში, საერთოდ ხევსურეთში ამ წლებში,
(და არა მარტო ამ წლებში), ერთი კაციც არ ყოფილა ხოშურაულის გვარისა! სოფელ მისახში ამ წლებში
ცხოვრობდა მხოლოდ ლაგაზა არაბული და მისი ოჯახი, ხოშურაულის ხსენება კი არ ჩანს! რა მოხდა?

ერთ კომლიან სოფელში მცხოვრები კაცი რომ გამორჩენოდათ და საკომლო წიგნში არ შეეტანათ ასეთი
ვარაუდი თავიდანვე გამორიცხულად უნდა მივიჩნიოთ. მაშასადამე, ლაგაზა ხოშურაული დ.
გოგოჭურის გამონაგონია, რაც ალბათ იმისთვის დასჭირდა, რომ ხოშურაულის ხევსურობა როგორმე
დაემტკიცებინა. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ დ. გოგოჭურს "დაავიწყდა", რომ გვარი ხოშურაული
ფშაური წარმოშობისაა და ამ გვარის ხალხი დღესაც ცხოვრობს ფშავში. ამასთან ფშაურ ხალხურ
პოეზიაში მოიპოვება ფშაველი სახალხო გმირი ხოშურაულიც...

ახლა ვაჟას პოემა "ბახტრიონის" გმირი ხოშარეულიც გავიხსენოთ.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე ხოშურაული რატომღაც ვაჟა-ფშაველას


პოემა "ბახტრიონის" პერსონაჟ ხოშარეულთანაა გაიგივებული, რომელსაც დ. გოგოჭურიც უყოყმანოდ
იზიარებს. არა და ეს სრულიადაც არაა სწორი. სახალხო გმირი ხოშურაული არ არის ვაჟას ხოშარეული,
უფრო მეტიც, ხოშურაულის პროტოტიპიც კი არ არის იგი. ამის შემდეგ თავად ვაჟა გვაწვდის ნათელ და
უეჭველ ცნობას: "გმირები პოემისა – ლუხუმი, ხოშარეული, სუმელჯი, კვირია, სანათა, გარდა ზეზვასი,
ხალხურ ლექსებში ერთიც არ არის ნახსენები, რომ იმათ მიეღოს რაიმე მონაწილეობა ბახტრიონის
ბრძოლაში და არც კი არიან თანამედროვენი ამ ბრძოლისა, თუმცა კი გმირებად იხსენიებიან ხალხურ
ლექსებში სრულიად სხვა ბრძოლაში, სხვა დროს-ასეთები არიან ლუხუმი, ხოშარეული". როგორც
იტყვიან კომენტარი ზედმეტია! ამ ცნობის მიხედვით ვაჟას ხოშარეულს არაფერი აქვს საერთო
ხოშურაულთან. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ეჭვი მაინც ჩნდება - ვაჟას ხოშარეული ძალიან
ჰგავს ბახტრიონის გმირ ხოშურაულს. როგორც ვაჟას განცხადებიდან დავინახეთ, იგი არ იცნობს
ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე ხოშარეულს, ხოლო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა მკრეხელობა
იქნება, რადგან ვაჟა არსად არ ცრუობს, მითუმეტეს ამ შემთხვევაში მას ამის საჭიროება არა აქვს. მაშ
რატომ დაემსგავსნენ ერთმანეთს პოემის პერსონაჟი და სახალხო გმირი? ამ საკითხის ასე
სახელდახელოდ გარკვევა შეუძლებელია, იგი სპეციალური წერილის თემაა და საჭიროებს ღრმა და
საფუძვლიან ანალიზს. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ვარაუდით შემოვიფარგლები: პოემა "ბახტრიონი"
1892 წელს გამოქვეყნდა. პოემას დიდი რეზონანსი ჰქონდა მთის კუთხეებში და ზეპირი სახით სწრაფად
გავრცელდა მთიელებში. ადვილი შესაძლებელია პოემამ ხელი შეუწყო ხოშურაულის ციკლის ლექსების
შექმნას, გავრცობას და გავრცელებას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ციკლის ლექსების
უდიდესი ნაწილი პოემის გამოქვეყნების შემდეგაა ჩაწერილი.აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ვაჟას
მოჰყავს ბახტრიონის ბრძოლის ამსახველი ლექსები ერთერთ წერილში, მაგალითად ,,ბიჭი ვარ
გოგოლაური".მას რომ სცოდნოდა მსგავსი ლექსები, სადაც გოგოლაურის ნაცვლად სხვა გმირის სახელი
ფიგურირებს, ამის შესახებ ალბათ იტყოდა. ამის თქმის საბაბს მისივე განმარტება იძლევა: ,,ეს ლექსები
ფშავშია გაგონილი და როგორც კილო ამტკიცებს, ფშაურ ნიადაგზეა ამოცენებული და ადვილად
შესაძლებელია, ფშავებს თავისი თავი თუშებზე და ხევსურებზე სახელოვნად ჰყვანდეს
დასურათებული".მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს მკვლევარებს ვაჟას ცოდნასა და
ობიექტურობაში ეპარებათ ეჭვი და სურთ სამართლიანობა აღადგინონ...

მოტანილი საბუთების საფუძველზე დასკვნა ასეთ სახეს მიიღებს:

1. გვარი ხოშურაული ფშაური წარმოშობისაა და შეუძლებელია ამ გვარის კაცი ხევსური გმირი იყოს და
ამდენად გაუმართლებელია მისი შეტანა ხევსურ გმირთა სიაში. (ხოლო თუ რატომაა იგი ხევსურთა
მეთაური ესაც ცალკე საუბრის თემაა. განა შეუძლებელია, რომ გუდანელების წინამძღოლი არა ხევსური
ყოფილიყო? ეს სულაც არ არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ასეთი შემთხვევები
ლაშქრობებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

2. ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე სახალხო გმირი ხოშურაული არ არის ვაჟას პოემის პერსონაჟის
პროტოტიპი და ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც უნდა გასწორდეს...

ნაწილობრივ ამგვარი, ნაწილობრივ კი სრულიად სხვა ხასიათის შეცდომებია მეორე ავტორის ნიკო
გოგოჭურის წერილში "ვაჟა-ფშაველას პოეტურ სამყაროში". (ჟურნალი მნათობი" (15, 1979წ. გვ. 142-144).
წერილის ავტორი ცდილობს, ვაჟას ნაწარმოებთა პერსონაჟებს და პასაჟებს პროტოტიპები და
თანმხვედრი ადგილები მოუძებნოს ხალხურ ლექსებში. "ამ წერილს მხოლოდ იმის პრეტენზია აქვს, რომ
მკაფიოდ გამოავლინოს ის ნაკლებად შესწავლილი ფოლკლორული წყაროები, რომლებთანაც, ჩვენი
აზრით, გენეტიკურ კავშირშია ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, მიუთითოს მათ ურთიერთ მსგავსებაზე",
აცხადებს ის და ამ ანალოგების დასაძებნად იყენებს გამოცემას: "აკ. შანიძე - ქართული ხალხური
პოეზია, 1, 1931წ." ამ წიგნში დასტამბულია ლექსები თუშ სახალხო გმირ ლუის ლუხუმზე, რომელსაც ნ.
გოგოჭური ვაჟას პოემა "ბახტრიონის" გმირის ლუხუმის პროტოტიპად მიიჩნევს: "35, 142, 145, 314, 419 -
გვერდებზე გადმოცემულია თუში სახალხო გმირის, - ლუხუმის, ანუ ლუის (შვილი) ლუხუმის საგმირო
თავაგადასავალთა მთელი ციკლი. ლუხუმი ვაჟამ როგორც ცნობილია, პოემა "ბახტრიონში" შემოიყვანა
და მისგან ზოგადპატრიოტული სიმბოლური სახე შექმნა", წერს ნ. გოგოჭური.

მართლა ლუის ლუხუმია ვაჟას გმირის პროტოტიპი თუ უბრალოდ სახელის თანხვედრაა?

როგორც ვიცით, ვაჟა "ბახტრიონში" რამდენჯერმე მიუთითებს ლუხუმის ფშავლობაზე, ("ბერი სადღაა
ლუხუმი დამრიგებელი ფშავისა") უფრო მეტიც, მის მშობლიურ სოფელსაც ასახელებს:

"მოიდენ აფხუშელები
მცოდნენი თათრის ზნისაო,
წინადაც უცდავ თათრები
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი"...

როგორც ვხედავთ, აქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ აფხუშელებს ბერი ლუხუმი წინამძღოლობდა.


სოფელი აფხუშო კი, (ამჟამად ნასოფლარი) ვაჟას მშობლიური სოფლის ჩარგლის მაღლა მდებარეობს,
ამასთან ხალხური ლექსები და ზეპირგადმოცემები ადასტურებენ, რომ სახალხო გმირ ლუხუმს მართლა
უცხოვრია აფხუშოში.

თუნდაც ეს გადმოცემები რომ არ არსებობდეს, მაინც არ იქნებოდა გამართლებული პოემის გმირის


ლუხუმის პროტოტიპად თუში ლუის ლუხუმის მიჩნევა. იმ მიზეზით, რომ ვაჟა-ფშაველას მთელ
შემოქმედებაში ვერ იპოვით იმის მაგალითს, რომ ერთი კუთხის გმირი მეორე კუთხის შვილად
გაესაღებინოს. ყველა მისი პერსონაჟი რომელთა პროტოტიპებიც კი ხალხურ ლექსებში და
ზეპირგადმოცემებში იხსენიებიან იმავე კუთხის შვილებია, რომლისაც ზეპირგადმოცემებში. ვაჟას რომ
მხედველობაში თუში ლუის ლუხუმი ჰყოლოდა, ამას აუცილებლად აღნიშნავდა კიდეც. (.სხვათა შორის
ვაჟა-ფშაველა არც ,,ბახტრიონის" პერსონაჟ ხოშარეულზე არსად ამბობს რომ ის ხევსურია. ვაჟა
წერს: ,,გუდანელთ ჩამასძღოლია ხოშარეული ხარია".) წერილის ავტორს მოჰყავს ლუის ლუხუმის
ციკლის ლექსები:

გადმაუჩინდნენ ლეკები
თორმეტი, დაღესტნისაო,
არ შაშინდების ლუხუმი
ფერი დაიდვა მგლისაო...

"არ გინდ ლუხუმო, არ მაგკლავთ,


ბრალია კაის ყმისაო"...
აქიმად დააყენიან
დიაცი დუსურბნისაო...

"მოტანილი კოლიზია, - წერს ნ. გოგოჭური - ბევრი რამით" ალუდა ქეთელაურისა" და "სტუმარ-


მასპინძლის" კოლიზიების აშკარა ასოციაციას იწვევს: სასიკვდილოდ დაჭრილი მუცალის სიმამაცე და
ამით ალუდაზე შთაბეჭდილების მოხდენა; შემდეგ, - "მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა - ცოდვა
არიო". ან კიდევ ზვიადაურზე ქისტების ნათქვამი: "კარგი ვაჟკაცი ყოფილა, ყველა ალლახსა ჰფიცავდა".
ნ. გოგოჭურს კვლავ მოყავს ვრცელი ვარიანტი ლუის ლუხუმზე და განაგრძობს: "სტუმარ-მასპინძლის
ექსპოზიციური საფუძველი (მონადირეთა შეხვედრით დაწყება) იქნება აქედანაა შთაგონებული: "მთით
ლეკის მონადირემა ლუხუმს მახკიდა თვალია." ასევე ალუდა ქეთელაურის საბოლოო მონოლოგის
("მშვიდობით საჯიხვეებო"...) შექმნისათვის პოეტის შთამაგონებელ წყაროდ წარმოგვიდგენია ლუხუმის
დამშვიდობება თუშეთისადმი - "მშვიდობით, ჩემო თუშეთო"... ლეკის საფლავზე ლუხუმის ცეკვის
სურათი თითქმის ტოლს უდებს ზვიადაურის მოქმედებას სიკვდილის წინ. ტყვე თუშის ქალის ტირილი
და ლუხუმისადმი გამოქომაგება აღაზას სახის შტრიხია".

წერილის ავტორი ასევე ადვილად პოულობს "შიოლასა დ მთრეხელის" ხევსურული ციკლის ლექსების
ანალოგიურ პასაჟებს, პოეტურ სახეებს, მიგნებებს, შინაარსსაც კი, ვაჟას პოემებში -"გოგოთურ და
აფშინა", "სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური" ნ. გოგოჭურს ისე ადვილად და ისეთი
რაოდენობით დაუძებნია ხალხური ლექსების აშკარა და უცერემონიო ექსპლოატაცია ვაჟა-ფშაველას
მიერ, რომ უნებურად გაიფიქრებ: "აფსუს, რატომ ვაჟას სიცოცხლეში არ იყო გამოქვეყნებული აკ.
შანიძის ეს წიგნი, რომ დაედო წინ პოეტს და უფრო კარგად ესარგებლა ხალხური ლექსებით, რამდენად
გაიიოლებდა საქმეს"!..

ხუმრობა იქით იყოს და მართლა ასეა საქმე?

ვაჟა-ფშაველა თავად აღიარებს, რომ მასზე დიდი ზემოქმედება აქვს ხალხურ ლექსებს და
ზეპირგადმოცემებს. მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს პოეტი პირდაპირ სესხულობდა
ხალხურ მთქმელთა მონაპოვარს. არც ის არის სწორი რაც ვაჟასთან და ხალხურ ლექსებში ასე თუ ისე
მსგავსია, აუცილებლად ხალხურიდანაა აღებული პოეტის მიერ. აქ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ეს
ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს. როგორც ცნობილია, ვაჟას სტილი ზედმიწევნით ჰგავს
ხალხურს. ამასთან ვაჟა ხშირად მიმართავს ხალხურისთვის დამახასიათებელ შედარებას, ეპიტეთს,
მეტაფორას და სხვ. ყოველივე ეს იწვევს მსგავსებას და შესაძლოა ზოგჯერ ხალხურად მოგვეჩვენოს
პოეტის აღმოჩენა.

ნ. გოგოჭურის მიერ დაძებნილი ვაჟას ქმნილებების ხალხური წყაროები, ანდა მათი გენეტიკური
კავშირი, მოკლებულია ელემენტარულ მეცნიერულ ანალიზს, ლოგიკას. ქართული ლიტერატურის
კვლევის თანამედროვე ეტაპზე მიუტევებელია ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთ
მიმარების შესახებ ასეთი გულუბრყვილო, არა მეცნიერული, გარეგნულ მსგავსებაზე დაფუძნებული
მსჯელობა. ყველას კარგად მოეხსენება, რა რთული და ამოუცნობია შემოქმედებითი პროცესი,
მითუმეტეს გენიოსებისა, გვსურს თუ არა, მაინც უნდა შევურუგდეთ იმ აზრს, რომ მასში ჩახედვა,
ბოლომდე ამოცნობა და ზედმიწევნით გაანალიზება მოკვდავთა ხვედრი არაა. კვლევა, რა თქმა უნდა,
შეიძლება, მაგრამ ფრთხილად და ძირითადად იმის გათვალისწინებით, რაც უფრო თვალნათლივი და
უეჭველია, თორემ ისეთ კურიოზამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი მსჯელობა, როგორც ეს ნ. გოგოჭურს
დაემართა, როცა ხალხური ლექსის სტრიქონები - "მშვიდობით, ჩემო თუშეთო", ვაჟას პოემის გმირის
ქეთელაურის მონოლოგის "მშვიდობით საჯიხვეებო" პოეტის შთამაგონებელ წყაროდ წარმოიდგინა. რა
არის ამ ყოვლად უბრალო და ჩვეულებრივ სტრიქონებში ისეთი, რომ მის გარეშე გენიოსს ვერ
მოეფიქრებინა? ანდა როგორ არის "ტყვე თუში ქალის ტირილი და ლუხუმისადმი გამოქომაგება აღაზას
სახის შტრიხი". როცა აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციასთან და მხატვრულ სახესთან გვაქვს
საქმე? კომენტარების გაგრძელებას ვგონებ აზრი არა აქვს, რადგან არ არსებული მსგავსების უარყოფა
არაფრის მომცემია.

აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნ. გოგოჭურის მიერ მოხმობილი ხალხური წყაროები ვაჟას
პოემების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 20-25 წლის შემდეგ იქნა ჩაწერილი და გამორიცხული არ
არის, რომ ხალხური მთქმელები განიცდიდნენ ვაჟას გავლენას. წერილის დასაწყისში თვით ნ.
გოგოჭური სამართლიანად წერს: "იყო შემთხვევებიც, როცა ფოლკლორისტები ხალხში წიგნიდან გასულ
და გადასხვაფერებულ ამ სიუჟეტებს ხელახლა ჩაიწერდნენ და მერე იწყებდნენ ვაჟას ამა თუ იმ
ნაწერების გენეზისის ძიებას." სამწუხაროდ, წერილის ავტორმაც სხვათა შეცდომები გაიმეორა და
ვფიქრობ, ეს საკვლევი მასალისადმი ზერელე დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ამ საკითხის მკვლევართა შეცდომებს ხშირად ხალხური მასალისადმი ზედმეტი ნდობაც იწვევს.


კერძოდ, ასეთი უნებლიე შეცდომა მოუვიდა კიდევ ერთ ავტორს გიგი ხორნაულს წერილში: "ვინ იყო
ვაჟას "აფშინა"? (გაზეთი ლიტერატურული საქართველო, 1975წ. 8 აგვისტო). ფშავში არსებობს
გადმოცემა ვაჟა-ფშაველასა და მეტყევე გიორგი ხორნაულის დამოკიდებულებაზე. გიორგი ხორნაული
ხევსურეთიდან, სოფელ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსური იყო და ცხოვრობდა ფშავში სოფელ
კაწალხევში. ვაჟას და გიორგის უთანხმოება მოუვიდათ მჟავე წყლის გამო. ამ დავაში გამარჯვება ვაჟა-
ფშაველას დარჩა. ხალხმა ეს ინციდენტი პოემა "გოგოთურ და აფშინას" დაუკავშირა და შეიქმნა
გადმოცემა, თითქოს აფშინას პროტოტიპად ვაჟამ გიორგი ხორნაული გამოიყენა. ამ გადმოცემის
საფუძველზე გ. ხორნაულმა დაასკვნა "რომ აფშინას პროტოტიპად ვაჟას ჰყავდა კაწალხეველი (იგივე
ბლოელი) გიორგი ხორნაული". მაგრამ ეს სწორი არ არის. გიორგი ხორნაული 1916 წელს მოკლეს, იმ
დროს კი ის, მისი შვილის ვანო ხორნაულის, წერილის ავტორის მამის, მოწმობით, მხოლოდ 36 წლისა
იყო. ე.ი. დაბადებულა 1880 წელს. "გოგოთურ და აფშინა" დაიწერა 1887 წელს, ამ დროისათვის გიორგი
მხოლოდ შვიდი წლის ბავშვი იქნებოდა და ბუნებრივია, ვაჟა მას აფშინას პროტოტიპად ვერ
გამოიყენებდა. თანაც, ვაჟასა დ გიორგის ინციდენტი მჟავე წყლის გამო გვიან, ცხრაასიან წლებში მოხდა,
პოემის დაწერიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ...

გ. ხორნაულს თავის წერილებში მოჰყავს ხალხური ლექსი: "ლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნის
ჭალაის პირსაო" და მიუთითებს, რომ იგი გიორგი ხორნაულის სიკვდილთან დაკავშიებითაა შექმნილი,
მაგრამ არც ესაა სწორი. ამ ლექსის ვარიანტი გიორგი ხორნაულის სიკვდილამდე 29 წლით ადრე
გამოქვეყნებული აქვს დ. ხიზანაშვილს,

"ქორო, შე ქორის მოკლულო,


ხატხეურაის პირსაო,
ჩამსვლელო აფხუშოშია,
ამამყვანელო ტყვისაო"

და სხვ. (იხ. ფშაური ლექსები შეკრები;I დ. ხიზანაშვილის მიერ, 1887წ. გვ. 234), რომელიც მცირეოდნად
განსხვავდება გ. ხორნაულის მიერ დამოწმებული ლექსისაგან. ცხადია, ლექსი გიორგი ხორნაულის
სიკვდილთან დაკავშირებით ვერ შეიქმნებოდა. მისი ადრესატი სულ სხვა პიროვნებაა. ამის შესახებ
არსებობს ასეთი ზეპირგადმოცემა: ამბავი ხდება ძველად, ლეკების თარეშის დროს, ივრის ფშავში
ხატხევის ახლოს: - მთიდან, საზაფხულო ქოხიდან ბარში წამოვიდა ფშაველი ცოლ-ქმარი. ცოლი რაღაც
სქმის გამო უკან ჩამორჩა, ქმარმა კი გზა განაგრძო და უცებ შეეჩეხა ლეკთა რაზმის ბელადს, რომელიც
ხშირად თარეშობდა ფშავში და ტყვეებიც მიუდიოდა. ფშაველსა და ლეკს შორის გამართულ ორთა
ბრძოლაში გამარჯვება ფშაველს დარჩა და სწორედ ამ დროს უკან დარჩენილი ცოლი წამოადგა თავს
ხმლით აჩეხილ ლეკს. ქალს შეეცოდა მოკლული მშვენიერი ვაჟკაცი, (ქართველები, ხომ საერთოდ დიდ
პატივს სცემდნენ ღირსეულ მტერს), მაგრამ ქმრის ხათრით, რა თქმა უნდა, მაშინ მტერს ვერ
დაიტირებდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ამბავს ქალზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ შემდეგში
ეს ლექსი გამოუთქვამს.

ასეთია ამ ლექსის შექმნის ისტორია. რატომღაც ხალხს ეს ლექსი გიორგი ხორნაულის სიკვდილთან
დაუკავშირებია და აქედან მომდინარეობს გიგი ხორნაულის უნებლიე შეცდომაც. იგი რომ უფრო
კრიტიკულად მიდგომოდა ხალხურ მასალებს, ცხადია ეს შეცდომებიც არ მოუვიდოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რა დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე მართებს ვაჟა-


ფშაველასა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხთა მკვლევარებს, რომ სიმართლის
გზას არ აცდნენ და მკითხველი საზოგადოებაც შეცდომაში არ შეიყვანონ. ამ წერილში მოყვანილ
შეცდომებზე ყურადღების გამახვილებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ნებსით თუ უნებლიედ
ჩრდილში მოქცეული ჭეშმარიტების სინათლეზე გამოტანა და მეცნიერული სიმართლის დაცვა!

You might also like