Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მეთოდი და ანალიზი მარკ ბლოკის მიხედვით

’’ანალების’’ ისტორიოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარკ ბლოკი,


მართებული იქნება, არა მხოლოდ ისტორიკოსის ხედვებით, არამედ მასების
ფსიქოლოგიაზე დაკვირვებებითც გამოვარჩიოთ. ასევე, ვფიქრობ, გადაჭარბებული
არ იქნება იმისი აღნიშვნაც, თუ რაოდენ დიდი დიაპაზონით გაისმის დღესაც
საფრანგეთში ’’ანალების’’ სკოლის სულისკვეთება. ბლოკის შემოქმედება
მნიშვნელოვანწილად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა - რატომ უნდა
ვისწავლოთ და როგორ უნდა ვისწავლოთ ისტორია, ისტორიული დროის გაგება, არა
როგორც უბრალოდ ქრონომეტრაჟის, არამედ, მისი განგრძობითობის ანალიზი,
რადგანაც, როგორც ბლოკი წერს ’’დრო არის პლაზმა, რომელშიც ფენომენები
ცურავენ და არის ის ადგილი სადაც მათი გაგება შესაძლებელია’’ და ასევე -
გლობალური ისტორია, კერძოდ კი ის თუ კვლევისა და ანალიზის იქით, როგორ
უნდა აღვიქვათ ისტორია. სწორედ აქ იჩენს თავს ბლოკის განსაკუთრებულობა,
რომელიც მულტიდისციპლინარულობის სახელითაც შეგვიძლია ვახსენოთ.
ისტორიის აღქმის ამ საფეხურზე ცხადი ხდება ბლოკის მიერ ისტორიის
ფილოსოფიური გაგება - წარსული უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა პროფესიების
’’თანამშრომლობით’’ ერთმანეთთან.

’’ისტორიული კრიზისის’’ ფონზე მისი ნაშრომი ’’ისტორიის აპოლოგია’’ კიდევ უფრო


დიდ ინტერესს აღძრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ისტორიას ცალსახად
როგორც მეცნიერებას ისე განიხილავდა, მასში ხელოვნებასაც ხედავდა. მისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ არა მხოლოდ ის, თუ რას წერს და რაზე
მოგვითხრობს ისტორიკოსი, არამედ ისიც, თუ რა მეთოდებითა და წყაროების
მიმართ რა მიდგომით ახერხებს სასურველს. იმ პერიოდში როცა არსებულ
ისტორიულ კრიზისს ბლოკი დიურკჰემს უკავშირებდა, მას ეხმიანება ინგლისში
მოღვაწე კოლინგვუდი, რომელიც ასევე მკაცრად აკრიტიკებდა დიურკჰემის
მიმდევართა ხედვას იმის შესახებ რომ ისტორია, როგორც მეცნიერება
უგულებელყოთ.

დავუბრუნდეთ ‘’ისტორიის აპოლოგიას’’, რომელიც ტერმინოლოგიური


განმარტებით ’’ისტორიის გამართლებას’’ ნიშნავს, თუმცა, ჩემი სუბიექტრური
აზრით, აქ არა მხოლოდ გამართლება, არამედ, ქებაც იკითხება. ტექსტში მრავლად
ვხვდებით მითითებებს იმის შესახებ, რომ ისტორიკოსი უნდა კონცენტრირდეს
ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების უნიკალურობაზე, მისი ფოკუსი უნდა იყოს
კონკრეტული. ბლოკისეული მეტაფორის დატვირთვა სწორედ ისაა, რომ გავიაზროთ,
რომ დრო არ არის წრფივი და სწორხაზოვანი, საჭიროა მისი მრავალდონიანობის
აღქმა. ამაში კი ბლოკი გულისხმობს შემდეგს - ყველანაირ მოვლენაზე, აწმყოს
ეკუთვნის ის თუ წარსულს, გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, რომლებიც
წარმოადგენენ სწორედ იმ დინებებს, რაზეც ავტორი მეტაფორულად საუბრობს. მისი
თქმით, კონკრეტული ფაქტისა და მოვლენის შესახებ შეიძლება ბევრი ვერაფერი
გავიგოთ, თუ მხოლოდ ერთი რაკურსით შევხედავთ მას, მაგრამ თუ კი ჩავალთ
სიღრმეებში, შევძლებთ გამომწვევი მიზეზების პოვნას - სწორედ ესაა ბლოკისეული
დეფიცინია ისტორიკოსის დროისა. უმნიშვნელოვანესია ფენომენის სივრცული
აღქმა, რომელიც, ვფიქრობ, ცალსახად მოიაზრებს აწმყოსა და წარსულის
რაციონალურ, ადეკვატურ გაგებას. ბლოკისეული ეს გლობალურობა კი უპირველეს
ყოვლისა ემსახურება იმას, რომ კვლევის ობიექტი არ შეფასდეს თავისი სიმცირით,
არამედ შეფასდეს სიღქმით.

მეთოდებისა და ანალიზის ფორმებიდან განსაკუთრებით მაინც შედარებთ მეთოდს


გამოვყოფდი. ცნობილია, რომ მისი კვლევა, რომელიც საფრანგეთში ფეოდალურ
საზოგადოებას ეხებოდა მან დააფუძნა შედარებით ტიპოლოგიას. მან ეს კვლევა
იაპონურ ანალოგზე დაყრდნობით აწარმოა, რისი საშუალებითაც უფრო ნათლად
დაინახა ფრანგული ფეოდალიზმის სპეციფიკა და თვისებურებანი. ისტორიკოსი
მუდმივად დგას იმ დილემის წინაშე, რაც გულისხმობს ნამდვილი და ყალბი
წყაროების ერთმანეთისგან გარჩევას. ეს ’’ხელოსნური’’ სამუშაო გარდა
თანდაყოლილი სირთულისა, მკითხველსაც უმზადებს უამრავ კითხვას: რა დგას
ისტორიული ტექსტების უკან? რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ აღიქვამს მათ
მკითხველი? შეიძლება თუ არა ეპოქების ცვლასთან ერთად მათი მნიშვნელობაც
შეიცვალოს? ისტორიული ფაქტის გაყალბების მაგალითად ბლოკი იშველიებს მე-8
საუკუნეში შექმნილ იმპერატორ კონსტანტინეს ანდერძს, რომლის თანახმადაც მან
რომის პაპს იმპერიის დიდი ნაწილი დაუტოვა, რითიც იგი საერო ხელისუფლად
აქცია. არსებული დოკუმენტი საუკუნეების მანძილზე პროტესტდებოდა და
საბოლოოდ იმპერატორმა ოტომმა ’’კონსტანტინეს ძღვენი’’ ყალბად გამოაცხადა.
ბლოკის თქმით, მსგავსი სახის დოკუმენტებთან ისტორიკოსს მუდმივად ექნება
შეხება, ის ყოველთვის წააწყდება ბარიერებს წყაროების ვალიდურობის დადგენისას
და სწორედ ესაა მისი ’’ხელოსნური’’ სამუშაოს სირთულეცა და მომხიბვლელობაც.
ისტორიკოსმა უნდა ’’აალაპარაკოს’’ დოკუმენტი და ამ გზით გამოიტანოს
ჭეშმარიტება დღის შუქზე. ბლოკისეული კრიტიკის ეს მეთოდი წარმოადგენს გზას
ისტორიკოსისთვის რომ დაჭვდეს და შემდეგ, თვითონვე იპოვოს გზა ეჭვის
მარწუხებიდან დასახსნელად. ბლოკს მოჰყავს ტამპლიერების დაკითხვის ოქმები
მაგალითად იმისთვის, რომ აგვიხსნას - ოქმებს შორის განსხვავება უტყუარი
დასტურია იმისა, რომ ამ ყველაფერს ვიღაც განაგებდა თავისი ინტერესებისამებრ.
ასევე ბლოკი აღნიშნავს იმასაც, რომ როცა კონკრეტული დოკუმენტი მიჰყვება
შესაბამისი ეპოქის კულტურასა და შეხედულებებს, თამამად შეიძლება ჩაითვალოს
ვალიდურად. ბლოკისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ
რეალობის საზღვრების დაცვაც. ხშირია პლაგიატის შემთხვევები, რასაც ნათელს
ხდის ორ სხვადასხვა წყაროში საეჭვო ტერმინოლოგიური მსგავსებები, თუმცა ბლოკი
გვაფრთხილებს, რომ ზემოთ აღნიშნული მსგავსებები ყოველთვის როდია ის რაც
ერთი შეხედვით ჩანს. შეიძლება ისტორიული პერსონაჟების სახელები და
მოვლენათა შინაარსი ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ ეპოქებს შორის იყოს
განსხვავება.

კიდევ ერთი მეთოდი რომელზეც ბლოკი საუბრობს არის რეტროსპექტულ-


რეგრესული მეთოდი. რა თქმა უნდა, ბლოკის ინტერესია წარსულის საშუალებით
აწმყოს გაგება, თუმცა, იგი ასევე აღნიშნავს იმას, რომ ხშირად დღევანდელობით
გვიწევს წარსულის დადგენა. დღევანდელი მოცემულობა და სახე მაპროვოცირებელი
უნდა იყოს იმისა, რომ დავუბრუნდეთ წარსულს, როგორც იმის გამომწვევ მიზეზს,
რამაც მოგვცა დღევანდელობა. ამის ნათლად გამომხატველია მისი მოგზაურობა
ბულგარელ ისტორიკოსთან ერთად სტოკჰოლმში, რომელიც შუასაუკუნეების
ქალაქების ისტორიას სწავლობდა, თუმცა სტოკჰოლმის თანამედროვე
არქიტექტურით დაინტერესდა. თავისი ინტერესი კი ახსნა იმითი, რომ მას უნდოდა
დაენახა სადამდე მივიდა სტოკჰოლმის განვითარება და სახეცვლა დრო და ჟამის
მსვლელობასთან ერთად, რათა მეტი გაეგო მის შესახებ ისტორიულ კონტექტში. აქ
სწორედ ვუბრუნდებით ისტორიის ბლოკისეულ გაგებას, რის მიხედვითაც ისტორია
მუდმივი საუბარია იმას შორის თუ რა იყო ადრე და რა არის ახლა.

ბლოკისთვის არსებითია მიზეზები და მათით გატაცება. ის გვთავაზობს საინტერესო


მეტაფორას და ამბობს, რომ უახლოესი მიზეზებით გატაცება იგივეა, რაც იმის თქმა
რომ დედამიწას მთვარე უფრო ათბობს, იმიტომ რომ ის უფრო ახლოსაა ვიდრე მზე.
ეს მიგვანიშნებს და მოგვიწოდებს შეფასების დროს სიფრთხილისკენ. საჭიროა
მიზეზების ძიება ყველგან და ყველაფერში და არა რომელიმე კონკრეტული მათგანის
დაპრიორიტეტება და მასზე კონცენტრირება, რადგანაც არ არის მართებული ერთის
მიჩნევა მეორეზე არსებითად. ქრისტიანობის მნიშვნელობისა და სიძლიერის
აღსაქმელად საკმარისი არ არის არგუმენტად იმისი მოყვანა რომ ორი ათასი წლის
წინათ ქრისტე ჯვარზე გააკრეს. მიზეზები უამრავია - იმ ეპოქის სოციალური და
ფსიქოლოგიური გარემო და ნიადაგი, პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელიც
განაპირობებდა ქრისტიანობის სიძლიერეს და ბევრი სხვა რამ. როგორც ბლოკი წერს
-’’ადამიანები ურო გვანან თავის დროს, ვიდრე თავის მამებს’’.

ამგვარად, ბლოკი საინტერესო არა მხოლოდ ისტორიკოსის ხედვებითაა, არამედ


მასებზე ფსიქოლოგიური დაკვირვებებითაც. შთამაგონებელია, როგორ ხედავს ის
’’ადამიანს დროში’’, როგორია ისტორიული დროის მისეული დეფიცინია. ვფიქრობ,
მისი წერის სტილიცა და მანერაც სათანადოდ იპყრობს მკითხველის ყურადღებას,
ხოლო ტექსტში მოცემული მაგალითები ავტორის სათქმელის სრულფასოვნად
აღქმაში გვეხმარება. სამწუხაროა, რომ მან ვერ მოასწრო დაესრულებინა ’’ისტორიის
აპოლოგია’’, თუმცა მჯერა, ბლოკის ხედვები ისტორიული მეთოდებისა და ანალიზის
შესახებ და ცალსახად, მისი დამოკიდებულება ისტორიის დანიშნულებისა და არსის
მიმართ აქტუალობას კიდევ უამრავი საუკუნის მანძილზე არ დაკარგავს.

You might also like