Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

„პოეზია უპირველეს ყოვლისა“- წერდა გალაკტიონი და ამ სიტყვებით

მიანიშნებდა იმას, რომ პოეზია ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. მის გარეშე


წარმოუდგენელია ადამიანის სიცოცხლე, რადგან პოეზია ის „ფრთებია“, რომელსაც
ადამიანი ზეცაში, უჩვეულო პოეტურ განზომილებაში გადაჰყავს და უხილავ
მშვენიერებას აზიარებს. პოეზია ამოუხსნელი ფენომენია. ენა დაშრება მასზე
საუბრით, ყურიც დაიღლება, მაგრამ მისი არსი სრულყოფილად მაინც ვერ შეიცნობა.
პოეზია აკეთილშობილებს ადამიანს. მისთვის არ არსებობს მიუდგომელი, ბინდი
კუნჭულები, იგი ყველგან აღწევს და თავისი მადლით განწმენდს ყველაფერს.
პოეზია იქმნება ფერით, ბგერით, განწყობილებით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა,
სიტყვებით.
პაოლო იაშვილისათვის სიტყვაა „დიდი მადანი“, საიდანაც იგი „გამოჰკვეთს“
ლექსებს.
პოეტის თვალი, ხელი, გული ეხება ყოფითს, წარმავალს, უფერულს და ნაცნობი
საგნები იდუმალების ბურუსში ეხვევა, უცნაური, წარმტაცი ფერებით ნათებას
იწყებს. ასე იბადება პოეზია.
შემოქმედისათვის სიცოცხლის აზრი სიტყვასთან ჭიდილით იხატება. თუ
„სიტყვის მადანი“ დასრულდება, სიცოცხლეც ილევა.
ღვთისაგან ბოძებული ნიჭით შემოქმედი მზის ყოველ ამოსვლას ქებით უნდა
შეხვდეს. შოთას აზრით, მან არ უნდა შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-
მცირობა.
ლექსის ავტორი შემოქმედებით წვას დიდ ტანჯვასთან აიგივებს.
მართლაც, „დიდი გმირობაა“ საჭირო იმისთვის, რომ ჭეშმარიტი პოეზიის
ნიმუშები შექმნა.
პოეტობა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა. შემოქმედი ყველასაგან
გამორჩეულია და „დასნეულებულს“ ჰგავს.
პოეტს უამრავი რამის დანახვა, „გაჩხრეკა“, შერჩევა, მათი ერთმანეთთან
დაკავშირება და შემდეგ რეალური სამყაროს სულსა და გულში „გამოტანჯვა“
უხდება.
მკითხველი მხოლოდ დასრულებული სამუშაოს შედეგს ხედავს ლექსის სახით.
რთულია იმის წარმოდგენაც კი, თუ რა იმალება ამა თუ იმ სრულყოფილების
(ლექსის) მიღმა. რამდენი ტანჯვა, წვა და „ციებ-ცხელება“ გამოიარა შემოქმედის
სულმა, სანამ საოცნებო აზრს გამოხატავდა.
„პეპელასავით წმინდა ლექსი“ დიდი მსხვერპლის ფასად იქმნება. ეს „მსხვერპლია“
განუწყვეტელი ფიქრი, გათენებული ღამეები, უარყოფილი ყოფითობა.
„კვიატი სიტყვა“ აღარ ეშვება პოეტს, სანამ ლექსის სამოსს არ შეაქმნევინებს.
სიტყვის სამსახურში დგება პოეტის „სისხლი, აზრი და სული“. ამ შემოქმედებით
„აგონიაში“ დაათენდება პოეტს მშიერსა და მწყურვალს.
ყოველი ლექსი პოეტის სულის ნაწილია. მას მიაქვს მისი ენერგია, დრო, წლები.
საბოლოოდ, შემოქმედი აცხადებს, რომ ლექსის, შთაგონების გარეშე მისი
ცხოვრება არაფერია. ლექსია მისი სულიერი საზრდო. მისი აზრით, შთაგონება
კარნახობს სტრიქონებს და კალმის წვერი ქაღალდზე იწყებს „ბულბულივით
გალობას“. შთაგონება, მუზა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მწერლისათვის,
სულიწმინდის მადლით გადმოეფინება შემოქმედს. ამ თვალსაზრისით
საყურადღებოა აგიოგრაფი მწერლის გიორგი მერჩულის სტრიქონები იმასთან
დაკავშირებით, რომ ღმერთია ერთადერთი შემოქმედი. ადამიანის შემოქმედებითი
მოღვაწეობა სულიწმინდით არის შთაგონებული. მწერლის ხელი კი ამ სტრიქონების
ქაღალდზე გადმომტანია მხოლოდ. („აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი
სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოი იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ
არიან“)
პაოლო იაშვილს პოეზია წარმოუდგებოდა, როგორც დიდი სამსხვერპლო,
რომელზედაც შესაწირად მიჰქონდა საკუთარი თავი და არც ნანობდა, რადგან ეს
შეწირვა ერთდროულად მწარეც იყო და ტკბილიც. სწორედ იგი შეაგრძნობინებდა
სიცოცხლის ღირებულებას, რომლის გარეშეც მისი სხეული მხოლოდ „ყვავების
დასაჯიჯგნ“ მძორს ემსგავსებოდა.
ილიას აზრით, „პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა,
ღვთივრჩეულთა, მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი
მოვლენილია, რომ ჭრილობიდან სისხლის შეწყვეტილი დენა კაცთა სიცოცხლეს
შეუყენოს. ამ მადლს, ამ ტვირთს დიდი ძალ-ღონე უნდა სულისა და ხორცისა“.
პაოლო იაშვილს ჰქონდა ღვთივმომადლებული ნიჭი. აგრეთვე სულისა და
ხორცის დიდი ძალა ამ ნიჭის ღირსეულად სატარებლად.

You might also like