გაკვეთილი დაიწყო ძია თომა ფეხზე წამოდგა, კუს მოზრდილი ბაკანი
ზარივით აარაკუნა და ის-ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაეწყო, რომ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, პირველკლასელი ტყუპები - ბიბო და ბუბა ერთიმეორეს დაეძგერნენ. ისეთი მუშტი-კრივი გააჩაღეს, რომ დამფრთხალმა ნუკრმა, ციყვმა და კატუნიამ კინაღამ შინისკენ მოკურცხლეს. წერომ და ყანჩამ ფრთა ფრთას შემოჰკრეს, ცაში აფრენა დააპირეს, მაგრამ ძია თომამ ბუები გააშველა და კლასიც დაშოშმინდა. - რა გაჩხუბებთ, შე კაცო, ძმები არა ხართ? - ძმები ვართ! - ერთხმად თქვეს ტყუპებმა. - მერე რა გაქვთ გასაყოფი? - რა გვაქვს გასაყოფი და, ბიბო ამბობს, უფროსი მე ვარო.
- მერედა, არ იცით, რომელი ხართ უფროსი?
- ეჰ, ეგ რომ ვიცოდეთ! - თითქმის ერთდროულად თქვეს ძმებმა და თავები ჩაქინდრეს, - ჩვენ ხომ ტყუპები ვართ... ძია თომა ამ ამბავმა ღრმად ჩააფიქრა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ეს უთხრა ტყუპებს: - თქვენს შორის ის იქნება უფროსი, ვინც ახლა ყველაზე კარგ ლექსს იტყვის! ბიბომ ბუბას გადახედა, ბუბამ - ბიბოს, აღმოჩნდა, რომ არც ბიბომ იცოდა ლექსები და არც ბუბამ. ძია თომა სიის ამოკითხვას შეუდგა. - შვლის ნუკრი! შვლის ნუკრი თვალების ფახულით წინ წამოდგა და წყნარად თქვა: - აქ ვარ, პატივცემულო! - მგელუკა! ხმა არავის ამოუღია. - მგელუკა! ხმა არავის ამოუღია. - მგელუკა არ არის! კარგი და პატიოსანი, - თქვა დათუნიამ ჯირკზე ხავსიანი ქვა დადო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძია თომა მგელს „არას” უწერდა. - კურდღელი! - აქ ვარ. - წერო! - ავად არის, - დაიძახა ყანჩამ. კლასი აწრიალდა. ძია თომას თავი არ აუწევია, ისე თქვა: - ცნობას მომიტანს ექიმისაგან!.. - ექიმიც ავად არის! - ჩაიქირქილა ყანჩამ. ძია თომას არც ახლა აუწევია თავი და წყნარად თქვა: - ყანჩა გამოვა და ტყუილის თქმისთვის ცალ ფეხზე დადგება! - ბიბო! კრინტი არავის დაუძრავს. - ბუბა! ხმა არც ახლა ამოუღია ვინმეს. - არ გესმით? - იკითხა ძია თომამ. - ჩვენ ძმები ვართ - წამოდგნენ ტყუპები, - ამიტომ სიაშიც ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ!.. დათუნიამ სათვალე მოიხსნა და ტყუპებს ღიმილით გახედა. თვალებგაბრწყინებულმა ბიბომ და ბუბამ ლექსივით ჩაარაკრაკეს. - აქ ვართ! აქ ვართ! ძია თომამ არყის ხის თეთრი ქერქის ჟურნალი დახურა და გაკვეთილის ახსნა დაიწყო.
გაიხსენეთ, პერსონაჟები ბუბა და ბიბო როგორ საკლასო ოთახში
შეიყვანა ძია თომამ? სად იყო სკოლა, საკლასო ოთახი? როგორი მერხები და სკამები იდგა კლასში? ვინ სწავლობდა მათთან ერთად? უხაროდათ ბიბოსა და ბუბას სკოლაში ყოფნა თუ არა? რატომ იჩხუბეს ტყუპებმა?
დავალებაზე მუშაობა და პრეზენტაცია (ორშაბათისთვის)
· როგორ გამოიყურებიან ისინი, როგორი გარეგნობა აქვთ მათ? წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და დახატეთ, როგორი იქნებოდა ბიბოსა და ბუბას პირველი დღე სკოლაში.