Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია-

ოკუპაციის შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ

***
პირველი ტალღის ემიგრანტებმა სამშობლო 1921 წლის ოკუპაციის, 1924 წლის აჯანყების დამარცხების ან
რეპრესიების გამო დატოვეს. ესენი იყვნენ: მთავრობის, დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის,
პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და თვალსაჩინო წევრები, ქართული არმიისა და გვარდიის
შტაბების წარმომადგენლები, კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლი სამხედრო პირები, იუნკერთა სკოლის
კურსანტები, მათი ოჯახები. უკან ვეღარ დაბრუნდნენ უცხოეთში მოღვაწე დიპლომატები, საელჩოებისა და
საკონსულოების თანამშრომლები, მეცნიერები, ხელოვნების დარგის მოღვაწეები, სტუდენტები.
საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ 1922-23 წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ გასახლებული 90-მდე
ინტელიგენტი და ისინი, ვინც საზღვარი საიდუმლოდ გადალახეს და საბჭოეთს თავი დააღწიეს. მათ
ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა განსხვავებული ჰქონდათ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ყველა
თავისებურად ეძებდა. მაგრამ ემიგრაციის ამ მრავალფეროვან და ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ
სპექტრს აერთიანებდა სამშობლოს დიდი სიყვარული და სურვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა.
ლტოლვილების პირველი დიდი ნაკადი სტამბოლმა მიიღო. მამაკაცები ქართველ კათოლიკეთა
მონასტრის სენაკებში დააბინავეს, მათი ოჯახები - საკონსულოში.
პარიზში ვიქტორ ჰიუგოს ქ.N44-ში მდებარე საქართველოს საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა,
სრულუფლებიანი ელჩი აკაკი ჩხნკელი სრულუფლებიანი მინისტრი გახდა. სხვა ქვეყნებში საელჩოები და
საკონსულოები ლეგაციის ფილიალებად გადაკეთდა. ქართველ ლტოლვილებს პასპორტებს და იურიდიული
სტატუსს ლეგაცია აძლევდა, მათ სამუშაოზე მოწყობაში “შრომის საერთაშორისო ბიურო“ და მისი
დირექტორი ალბერტ ტომასი ეხმარებოდა. სტამბოლში მყოფი 400 ქართველს დახმარება “ერთა ლიგის
ლტოლვილთა დამხმარე ამერიკულმა კომიტეტმა“ ითავა. 1921 წლის ბოლოს საქართველოს საელჩომ
სამოქალაქო ომის ალში გახვეული სტამბოლიდან ევროპაში ლტოლვილთა გაყვანა და კონტრაქტების
საფუძველზე ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლინეთი, ბელგია, შვეცია)
დასაქმება “შრომის საერთაშორისო ბიუროს“ საშუალებით დაიწყო. ამის შემდეგ საკონსულოსა და აკაკი
ხოშტარიას “თურქულ-სპარსული ბანკის“ თანამშრომელთა გარდა, რომელსაც ივანე ზურაბიშვილი
ხელმძღვანელობდა, სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში ლტოლვილი ქართველები კიდევ მრავლად
დარჩნენ. სტამბოლში ჩასული 69 იუნკერიდან 14 სამშობლოში დაბრუნდა. 5 იუნკერი საფრანგეთის სან-
მიქსენის, 20 - საბერძნეთის, 30 - პოლონეთის სამხედრო სკოლებში გაიგზავნა. პოლონეთმა მიიღო ქართველ
ოფიცერთა უმეტესობაც.
1924 წლის აგვისტოში ქართველ პატრიოტთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხებისა და რეპრესიების გამო თურქეთს
და ირანს მეორე დიდი ნაკადი მიაწყდა. სექტემბრის ბოლოს თურქეთში აჯანყების გმირის ქაქუცა
ჩოლოყაშვილის შეფიცულთა ჯგუფიც გადავიდა. მათთან ერთად იყვნენ: დამკომის სამხედრო საბჭოს
ხელმძღვანელი სპირიდონ ჭავჭავაძე, პოლკოვნიკები დავით მხეიძე და სიმონ ყრუაშვილი. ხოფაში მათ
შეუერთდა ჭიათურელ მეამბოხეთა ჯგუფი. მალე მათ მაგალითს აჯანყების მონაწილეთა გადარჩენილმა და
რეპრესიებს გარიდებულმა ნაწილმაც მიბაძა. 9 კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის შალვა ამირეჯიბმა, სოლომონ
ზალდასტანიშვილმა, ელისე პატარიძემ, მიხეილ ნადაშვილმა, ესე სარჯველაძემ საზღვარი ოქტომბერში
გადალახეს. 1924-1930 წლებში საქართველო აჯანყების სხვა მონაწილეებმაც დატოვეს: დავით ვაჩნაძემ,
გიორგი ყიფიანმა, ვალიკო ჩუბინიძემ, ალექსანდრე ცომაიამ, ჯაბა ხაბულიანმა, ალექსანდრე შათირიშვილმა,
მიხეილ ქავთარაძემ, ფილიპე შარაძემ, შოთა ბერეჟიანმა, ნიკიტა იმნაიშვილმა და სხვებმა.
1920-იანი წლების ბოლომდე არა მარტო თურქეთისა და ირანის, არამედ ჩინეთის საზღვრის გადალახვა და
მანჯურიაში გადასვლა ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი, სადაც დიდი ქართული კოლონია არსებობდა. 1908
წელს ხარბინში დაარსებულ სათვისტომოს, რომელსაც 30 წელი ივლიანე ხაინდრავა ხელმძღვანელობდა,
ჰქონდა ქართული სკოლა, კლუბი, ბიბლიოთეკა. ურთიერთდამხმარე საზოგადოება ახლადჩასულებს
დაბინავებასა და სამსახურის შოვნაში შველოდა. მათ პარიზის ლეგაციასთან, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში
მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირი დაამყარეს. შეძლებული ხარბინელი ქართველები ლეგაციას
ფულით ეხმარებოდნენ.
1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობამ და დაწყებულმა რეპრესიებმა ევროპა დიდად აღაშფოთა.
აჯანყების მხეცური ანგარიშსწორების შესახებ 11 სექტემბერს ერთა ლიგის მე-15 სხდომაზე საფრანგეთის
დელეგატმა ჟან პოლბონკურმა ბელგიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების მიერ
შეიმუშავებული პროექტი შეიტანა, რომელიც 1922 წლის 22 სექტემბრის რეზოლუციას იმეორებდა. კამათში
გამოსულმა დელეგატებმა: ინგლისელმა მაკდონალდმა და მურეიმ, იტალიელმა ბონინ-ლონგარმა,
ბელგიელმა დე ბრუკერმა და ფრანგმა ბონემ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. მეორე დღეს საქართველოს
მთავრობის დელეგაციამ ერთა ლიგას ნოტაც გადასცა.
24-28 სექტემბერს ლონდონში ჩატარებულ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე,
რომელსაც ირაკლი წერეთელი ესწრებოდა, მიღებული რეზოლუცია საქართველოში აჯანყების დროს
ბოლშევიკთა მიერ ჩადენილი მხეცური ანგარიშსწორებას გმობდა. 30 ნოემბერს საქართველოში მთავრობის
მიერ ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია იყო მიწვეული, რომლის ტენდენციური განცხადებების
საპასუხოდ სდმპ საზღვარგარეთულმა ბიურომ დეკემბრის დამლევს ინგლისურ ენაზე გამოსცა ბროშურა
“ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია საქართველოში ქართული ბოლშევიკური გაზეთების გადმოცემით“.
1925 წლის 29 იანვარს პიერ რენოდელის მიერ საფრანგეთის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვას
საქართველოს მდგომარეობისა და ქართველ პატრიოტთა აჯანყების შესახებ, ევროპის პრესაში დიდი
გამოხმაურება მოჰყვა. სიტყვა შემდეგ ფრანგულ ენაზე ბროშურად დაიბეჭდა “საქართველოს
დამოუკიდებლობა და ბოლშევიზმის ინტერნაციონალური პოლიტიკა“. როცა 1925 წლის თებერვალში
ლონდონში გამოვიდა “ოფიციალური ანგარიში ინგლისის ტრედუნიონების დელეგაციისა“, ნოე ჟორდანიამ,
კარლო ჩხეიძემ და ნოე რამიშვილმა სდმპ საზღვარგარეთულ ბიუროს პრეზიდიუმის სახელით (ინგლისურ,
ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული ბროშურით “ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია და
საქართველო“) აპრილში ამ “ანგარიშს“ პასუხი გასცეს. ივლისში ირაკლი წერეთელმა ინტერნაციონალის
სამდივნოს და ყველა ქვეყნის სოციალისტურ პარტიას წერილით მიმართა, რომელშიც იგი პარიტეტული
კომიტეტის სასამართლო პროცესსა და აჯანყების შემდეგ დატრიალებულ რეპრესიებს ეხებოდა. ინგლისის
ტრედუნიონების დელეგაციის მიწვევის შემდეგ ბოლშევიკებმა ინგლისელი მუშა ქალების, ფრანგებისა და
ბელგიელების, აგრეთვე გერმანელი მუშათა დელეგაციები მიიპატიჟეს. ამ უკანასკნელთ საქართველოს სდმპ
ცენტრალურმა კომიტეტმა და არალეგალურმა პროფკავშირების ბიურომ ფარულად მემორანდუმი გადასცა,
რომელშიც რეალური ვითარება იყო ახსნილი, მაგრამ მათ ამ მემორანდუმისათვის მსვლელობა არ მიუციათ.
ისევ საზღვარგარეთულ ბიუროს მოუწია მათი ევროპულ ენებზე ბროშურად გამოცემა: “საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული პარტიის დოკუმენტები“, რომელშიც პარტიის 3 არალეგალური კონფერენციის
რეზოლუციებიც იყო შეტანილი.
პრესის ქართული ბიურო ჟენევაში, უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს საქართველოზე ინფორმაციას
რეგულარულად აწვდიდა და მნიშვნელოვან პუბლიკაციებსაც ეხმაურებოდა. 1925 წლის თებერვალში,
საქართველოს დაპყრობის 15 წლისთავზე, ბიურომ მსოფლიოს 147 უმთავრეს გაზეთს მოწოდება დაუგზავნა,
რომელშიც წარმოჩენილი იყო სინამდვილეში რა მოხდა. აღწერილი იყო 1921 წლის საქართველოს ოკუპაცია,
ერის ბრძოლა და 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზოგიერთმა
გაზეთმა ინფორმაცია მთლიანად გადაბეჭდა, ზოგმა - საქართველს ცალკე წერილიც უძღვნა.
1925 წელს ქართველი ერის სახელით, 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით, ერთა ლიგის მე-5
ყრილობას ა. ჩხენკელმა და ხ. შავიშვილმა მიმართეს. საქართველოს დასაცავად ბონკური, მაკდონალდი,
მორეი, დე ბრიუკერი გამოვიდნენ და რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც 1922 წლის აპრილის ყრილობის
რეზოლუცია დაადასტურეს.
1924 წელს აჯანყების დამარცხების პასუხად “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ლიგის“
მდივნის, ალისა მენარ-დორანისა და ვიცე-პრეზიდენტ ალფონს ოლარის მხარდაჭერით, კონსტანტინე
გვარჯალაძის თავმჯდომარეობით “ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული სექცია“ შეიქმნა. 1925 წელს
საერთაშორისო ლიგის საბჭომ პარიზის სხდომაზე ქართული ლიგის დელეგატის დავით შარაშიძის გამოსვლა
მოისმინა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. რეზოლუციის მიხედვით: თუ რუსეთი
საერთაშორისო ლიგაში შესვლას მოინდომებდა, საქართველოსთან უნდა შეეთანხმებინათ. თუ საქართველოს
მიმართ ერთა თვითგამორკვევას მოითხოვდა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში სხვა სახელმწიფოთა
მხრიდან დათმობები არ დაეშვათ.
1924 წელს ჟენევაში, სადაც ქართველები ცოტა იყვნენ, მაგრამ მრავალი მეგობარი და მხარდამჭერი
ჰყავდათ, ერთა ლიგასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილისა და “Journale de
Geneve“-ს რედაქტორის ჟან მარტენის ინიციატივით დაარსდა “საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური
კომიტეტი“. კომიტეტმა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებისა და მიმართულების პოლიტიკოსებს და გაზეთების
თანამშრომლებს აერთიანებდა, საქართველოს საკითხის გახმაურებაში მართლაც დიდი როლი შეასრულა.
პრეზიდენტად ჟან მარტენი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად - ალბერ მალში. კომიტეტი ყოველწლიურად
იწვევდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს: 1924 წელს მიიწვიეს კარლო ჩხეიძე და 11 აპრილს საჯარო
ასამბლეა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ედგარ მილომ, ჟან მარტენმა და ფრანკ ტომასმა, 1925
წლის ოქტომბერში კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს ნოე ჟორდანია, სიტყვით გამოვიდა ჟან მარტენი.
ოქტომბრის ბოლოს ჩაატარეს საქართველოს კვირეული: 27 ოქტომბერს ინტერნაციონალურ კლუბში
შეხვედრა მოუწყვეს ჟორდანიას, მეორე დღეს, 28 ოქტომბერს პრესცენტრისათვის გამართულ ბანკეტს 30
სახელმწიფოს წარმომადგენელი, დიპლომატი და ჟურნალისტი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ: ნოე
ჟორდანია, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორები - ჟორჟ ვერნერი (ჟენევის უნივერსიტეტის ყოფილი
რექტორი), ბერნარ ბუვიე, ედგარ მილო და ალბერ მალში ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციისა და 1924 წლის
აჯანყების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ რეპრესიულ გარემოზე. 29 ოქტომბერს გამართული ქართული
კონცერტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა წიგნის “მოსკოვი და წამებული საქართველო“ ავტორი რაიმონდ
დიუგე.
საერთაშორისო თანამეგობრობის გარდა 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობამ დიდი გამოხმაურება
ჰპოვა მთელ ემიგრაციაში, განსაკუთრებით კავკასიელებში. იმავე წლის ნოემბერში სტამბოლში
კონფედერაცის საფუძვლზე შეიქმნა “კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტი“. აქტზე ხელი მოაწერეს
ქართველებმა: მიხეილ წერეთელმა, დავით ვაჩნაძემ, ალექსანდრე ასათიანმა; აზერბაიჯანელებმა: ხოსროვ
სულთან-ზადემ, აბდულა ალი ემირჯანმა, შეიხულ ისლამ-ზადემ; ჩრდილოკავკასიელებმა: ვასან გირეიმ,
ჯაბაგიმ (ჩეჩენი), ალიხან კანტემირმა (ოსი), ჰაიტეკ ნამიტოვმა (ჩერქეზი). 1925 წელს კავკასიის
კონფედერაციაში მონაწილეობაზე სომხებმა უარი განაცხადეს. “ოთხთა საბჭო“ “სამთა საბჭომ“ შეცვალა.
ზაფხულში თურქეთში პოლონეთის ელჩის რომან კნოლის ფინანსური დახმარებით კონფედერაციის
კომიტეტის 3 წევრი სამუშაოდ კავკასიის საზღვრებისაკენ გაიგზავნა: დავით ვაჩნაძე - არდაგანში, ალიხან
კანტემირი - ყარსში, ხოსროვ სულთან-ზადე - სპარსეთში. კონფედერაციაში არ შედიოდნენ ქართველი
მენშევიკები და აზერბაიჯანელი მუსავატელები, ამიტომ პოლონელებმა მას დახმარება მალე შეუწყვიტეს და
მის ნაცვლად ნოე რამიშვილის მონაწილეობით ახალი “კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“ შექმნეს.
ემიგრაციაში ბრძოლის გასაგრძელებლად შეიქმნა ახალი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციები:
წამყვანი პოლიტიკური პარტიების საზღვარგარეთული ბიუროები და მათი ადგილობრივი
წარმომადგენლობები, მოხერხდა ყველა ქართული პოლიტიკური ძალის გაერთიანება. დაარსდა
“ინტერპარტიული საზღვარგარეთის ბიურო“, საერთოქართული პოლიტიკური ორგანიზაციები: საიდუმლო
“სტამბოლის პოლიტიკური კომისია“ და მასთან არსებული “სამხედრო კომისია“, “საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტი“, “პრომეთეს ფრონტი“, რომლებმაც წმინდა პოლიტიკურის გარდა სამხედრო,
ეკონომიკური და დიდი კულტუროლოგიური მისიაც შეასრულეს კავკასიელების, საბჭოთა კავშირის მიერ
დამონებული ხალხების პრობლემებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების გასახმაურებლად. 1924 წლის
აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ გაერთიანება კიდევ უფრო აქტუალური გახდა, თუმცა მარცხის
გამო ურთიერთბრალდებები კარგა ხანს გაგრძელდა. 1925 წელს შეიქმნა საერთო ფრონტი, რომელშიც
სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ტფედერალისტები და სოციალისტ-
რევოლუციონერები შედიოდნენ. უმთავრესად მასში ყოფილი მთავრობის წევრები გაერთიანდნენ, თუმცა
ბევრი მათგანი ვერ მოხვდა, ამიტომ წინააღმდეგობა თავიდანვე დაჰყვა ამ ორგანიზაციას. ამასთან, 1924 წლის
ჯანყების მარცხი ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა ქართული ემიგრაციისათვის - ბოლშვიკთა იოლი
დამარცხებისა და საერთაშორისო ძალისხმევით საქართველოს სწრაფი გამოხსნის იმედების გაცრუებას
ეროვნული ალიანსის დაშლა მოჰყვა. დაშლის პროცესი თვით წამყვან ქართულ პოლიტიკურ პარტიებშიც
დაიწყო. “სხიველები“ ნოე რამიშვილის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატებს ადრევე გამოეყვნენ, განზე იდგა
ირაკლი წერეთელიც. ყველაზე მეტად დაშლა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შეეხო, რომელიც სპირიდონ
კედიას, გიორგი გვაზავას და ალექსანდრე ასათიანის ჯგუფებად დაიყო. შ. ამირეჯიბი, ზ. ავალიშვილი, გ.
კვინიტაძე, რ. გაბაშვილი ჟურნალ “კავკასიის“ გარშემო შემოკრებილ ე.წ. “ბამატის ჯგუფში“ შედიოდნენ.
მენშევიკებთან თანამშრომლობდნენ: ფედერალისტები სამსონ ფირცხალავას, ესერები ილია ნუცუბიძისა და
ივანე გობეჩიას მეთაურობით და ეროვნულ-დემოკრატთაგან გვაზავა-ზურაბიშვილის ჯგუფი. თუმცა შეიქმნა
სხვა ახალი გაერთიანებებიც: ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატთა, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა
ორგანიზაციები, ზეპარტიული პატრიოტული ორგანიზაცია “მომავალი“, რომელსაც მერე “თეთრი გიორგი“
ეწოდა და “ქართული ფაშისტური დარაზმულობა“.
ქართული ემიგრაციის დარაზმვაში დიდი როლი შეასრულა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნამ.
რელიგიური და ეროვნული დღეობების გარდა - შობა-ახალი წელი, ნინოობა, აღდგომა, თამარობა, 26 მაისი -
აღინიშნებოდა ცნობილ მოღვაწეთა იუბილეები და სამგლოვიარო, ტრაგიკული თარიღები. მათი აღნიშვნის
ბიძგი გახდა საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლების რეპრესიები და 1923 წელს დამკომის სამხედრო
ცენტრის დახვრეტა, რომელსაც “ქართველ მხედართა კავშირმა“ სტამბოლის კათოლიკეთა მონასტრის
სტამბაში გამოცემული წიგნი მიუძღვნა „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას“.
ემიგრაციაში თავდაპირველად აღინიშნებოდა საქართველოს ოკუპაციის წლისთავი, როგორც
სამგლოვიარო დღე. იხდიდნენ ცალკეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებსა და ხსოვნის
დღეებს. პრესაში იბეჭდებოდა ნეკროლოგები არა მარტო ემიგრაციაში, არამედ საქართველოში გარდაცვლილ
მოღვაწეებზე.
გლოვის დღედ იქცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების თარიღიც. ქართულ ემიგრანტულ
ჟურნალ-გაზეთებში დაწვრილებით აშუქებდნენ ამ თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას.
პირველად ეს დღე პრაღის ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებამ აღნიშნა და აჯანყების წლისთავზე, 1925
წლის 31 აგვისტოს კრებაზე რეზოლუცია მიიღო, სტუდენტებმა კი აჯანყების დროს დაღუპულებს
სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს და სიტყვებით გამოვიდნენ.
1926 წლის თებერვალში პარიზის ქართული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა აგვისტოს
აჯანყების დროს დაღუპულთა “გლოვის დღე“ ყოველი წლის 29 აგვისტოს მომდვნო პირველ კვირაში
აღენიშნათ. იმავე წლის აპრილში ბერლინის ქართველთა კოლონიაში აჯანყებისადმი მიძღვნილი კრება
დავით საღირაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: ტიტე მარგველაშვილი, მიხეილ წულუკიძე, იოსებ
ირემაშვილი, რომან მკურნალი. რუსეთის იმპერიის წინაღმდეგ მებრძოლ ქართველ ხალხს კრება
რეზოლუციით მიესალმა. იმავე წლის 29 აგვისტოს, დღის 3 საათზე პარიზის ქართულმა კოლონიამ
დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდი “სოსიეტე სავანის“ დარბაზში გადაუხადა. კრება კოლონიის
თავმჯდომარე შალვა აბდუშელმა გახსნა. სომონ სტყვით გამოვიდნენ სიმონ ბერეჟიანი და სხვები. სამოქალაქო
პანაშვიდი ოდენკურშიც გადაიხადეს და გამოსვლების შემდეგ რეზოლუცია მიიღეს. ბერლინის ქართულ
კოლონიაში სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვა ჯერ თავმჯდომარე ალექსანდრე ფაჩულიამ წარმოსთქვა, შემდეგ
ვლადიმერ ახმეტელმა და აზერბაიჯანელმა - ჯაფარ-ოღლუმ. რაფიელ ივანიცკი-ინგილო მას მიესალმა და
ერთობლივი ბრძოლისაკენ მოუწოდა. გამოვიდნენ აგრეთვე ტიტე მარგველაშვილი და დავით საღირაშვილი.
კრება დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. 30 აგვისტოს პრაღაში საგანგებო კრება ქართული
საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ვასო ქარცივაძემ გახსნა. ფეხზე ადგომით დაღუპულებს პატივი
სცეს და რეზოლუცია მიიღეს. კრება იქაც ”დიდებით“ დასრულდა.
1927 წლის 28 აგვისტოს პარიზის ქართულმა კოლონიამ დაღუპულებს პანაშვიდი ბერძენთა ეკლესიაში
გადაუხადა. დენფორტის ქუჩაზე არსებულ დარბაზში სამგლოვიარო სხდომა ვახტანგ ღამბაშიძემ გახსნა.
შალვა ამირეჯიბმა თავისი ელეგია წაიკითხა. სამგლოვიარო მუსიკის ფონზე, რომელსაც ორკესტრი
ასრულებდა, ლექსები სხვებმაც წაიკითხეს. სხდოის ბოლოს ჰიმნი ”დიდება” შეასრულეს. იმავე დღეს
სამგლოვიარო სიტყვები და რეზოლუცია ოდენკურშიც მოისმინეს, პრაღაში კი ქართულმა საზოგადოებამ
აჯანყების სამი წლისთავის აღსანიშნავი სამგლოვიარო კრება 29 აგვისტოს სასტუმრო ”კოლხიდაში” გამართა.
არზაყან ემუხვარის გამოსვლის შემდეგ, რეზოლუციაც მიიღეს.
1928 წლის 2 სექტემბერს საფრანგეთის ქართული საზოგადოების გამგეობამ აგვისტო-სექტემბერში
დაღუპულთა ხსოვნის დღე ვახტანგ ღამბაშიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: იოსებ ნუცუბიძე, დავით
ვაჩნაძე, სტუდენტი რ. თალაკვაძე, შეფიცული ლელო ჩიქოვანი და ვლადიმერ მელაძე. გერმანიაში
ქართველთა გლოვის დღეს კავკასიელებიც დაესწრნენ. სიტყვით გამოვიდნენ: ქართული კოლონიის
თავმჯდომარე სიმონ გეგელაშვილი, სომეხი ა. შაგინიანი, გიორგი კერესელიძე, ვახტანგ ღამბაშიძე და მიხეილ
წულუკიძე. კრებამ ნოე ჟორდანიას მისალმება გაუგზავნა. პარიზში, ოდენკურში და სხვაგან დაღუპულთა
მოსაგონარი კრებები ჩატარდა 1929 წლის 29 აგვისტოს და რეზოლუციებიც მიიღეს.
1931 წლის 30 აგვისტოს პარიზში ”Alliance Française” ის დარბაზში მთელი ქართული კოლონიის
თანდასწრებით გრიგოლ ფერაძემ აგვისტოს აჯანყების დროს დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადა. გალობდა
ქართული გუნდი. შემდეგ გაიმართა ასოციაციის საზოგადოებრივი კრება ნოე ცინცაძის თავმჯდომარეობით.
შალვა ამირეჯიბმა ისაუბრა აჯანყებაზე. 31 აგვისტოს დავით სხირტლაძის თავმჯდომარეობით საფრანგეთში
მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების კრება გაიმართა. სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს
და აჯანყების ეპიზოდები მოიგონეს. ასეთივე კრება პრაღაშიც გაიმართა და რეზოლუციაც მიიღეს. აგვისტოს
აჯანყების მე-7 წლისთავი გერმანიის ქართველთა საზოგადოების გამგეობამაც აღნიშნა. კრება თავმჯდომარე
მიხეილ წულუკიძემ გახსნა, შემდეგ ისაუბრეს: გრიგოლ დიასამიძემ, ნიკო ნაკაშიძემ, ერეთეოზ რამიშვილმა,
აკაკი ხოშტარიამ. ბოლოს თავისი ლექსები წაიკითხა გელაზანიამ.
1932 წლის 23 ოქტომბერს ქართული კოლონიის სხდომა პარიზში საქართველოში აჯანყებების დროს
დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. სხდომა გიორგი ჟურულმა გახსნა, 1922 წელს ხევსურეთის აჯანყებაზე
მოგონებით დავით ვაჩნაძე გამოვიდა.
1934 წელს პოლონეთში კოტე იმნაძის ხელმძღვანელობით ქართულმა და კავკასიურმა კოლონიებმა
აჯანყების 10 წლისთავი აღნიშნეს. სიტყვებით გამოვიდნენ ჩრდილოკავკასიელი გირეი სუნში,
აზერბაიჯანელი მირზა ბალა, უკრაინელი კოვალსკი და პოლონელები. ბრიუსელში ქართულმა კოლონიამ
პანაშვიდი უკრაინელთა ეკლესიაში გადაიხადა, ქართველებისა და უკრაინელების გარდა პანაშვიდს ყაზახები
და ბელგიელებიც დაესწრნენ.
1935 წლის 1 სექტემბერს პარიზელმა ქართველებმა აგვისტოს აჯანყების მე-11 წლისთავი კვლავ ”Alians
Francese“ დარბაზში აღნიშნეს. სიტყვით გამოვიდნენ: დავით სხირტლაძე, შალვა ამირეჯიბი, სამსონ
ფირცხალავა, მოგონებით ქაქუცა ჩოლოყაშვილზე - შალვა ბერიძე.
1937 წლის 29 აგვისტოს ბერლინის კოლონიის კრებაზე სიტყვით დავით საღირაშვილი გამოვიდა, 1938
წლის 4 სექტემბერს კი - კოლონიის ახალი თავმჯდომარე კოკი კიზირია.
ევროპაში გაჩაღებულმა მეორე მსოფლიო ომმა, დიდი ხნით შეაჩერა ქართული ემიგრაციის საქმიანობა
ევროპაში. მეტიც, ომმა მთელ ქართულ ემიგრაციას დიდი დარტყმა მიაყენა: როგორც ანტიგერმანულ ბანაკში,
ასევე გერმანიის მხარეს მებრძოლთა სახით ომში ქართველმა ემიგრანტებმა დიდ მსხვერპლი გაიღეს და ომის
დამთავრების შემდეგ დიდი დრო დაჭირდათ, რომ ომამდე არსებული პოზიციები ნაწილობრივ მაინც
დაებრუნებინათ.

***
1922 წელს საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ
ადამიანის უფლებათა ლიგის პრეზიდენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: «ჩვენ
გვინდა, ჩვენ ვთხოულობთ, რომ საქართველოდან რუსის ჯარების გაყვანა წამოყენებულ იქნას ევროპის
მთავრობების მიერ, როგორც წინასწარი პირობა მოსკოვის მთავრობის ცნობის. ჩვენ გთხოვთ ბატონო
პრეზიდენტო, რომ ადამიანის უფლებათა ლიგის მთელი ავტორიტეტი და მორალური ძალა მოახმაროთ
საქართველოს სამართლიანი მოთხოვნების დაცვას“.
საქართველოს ეროვნულ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ევროპის პოლიტიკური
წრეებისთვის საქართველოში არსებული რეალური სიტუაცია გაეცნო. ამ მიზნით, 1922 წლის იანვარში,
საქართველოს ეროვნული მთავრობის დავალებით, საერთაშორისო მუშათა ორგანიზაციებში, საქართველოს
საკითხის დასაყენებლად, ცნობილი სოციალ-დემოკრატი ირაკლი წერეთელი გაგზავნეს. მან იქ ინახულა
ინგლისის მუშათა პარტიის ხელმძღვანელი ჰენდერსონი, ასევე, შეხვდა საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც
სათანადო დახმარება აღუთქვეს. ინგლისის გაერთიანებული ნაციონალური საბჭო, რომელიც წარმოადგენდა
მუშათა პარტიის, ტრედუნიონების (პროფესიული კავშირების) და თემთა პალატის მუშათა ფრაქციას,
ადასტურებდა დიდი ბრიტანეთის მუშათა კონფერენციის მიერ მრავალგზის გამოტანილ დადგენილებას,
რომლის თანახმად ტერიტორიული საკითხების დადებითად გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, მხოლოდ
დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების საშუალებით. ინგლისის ეროვნული საბჭო მიიჩნევდა, რომ
აღნიშნული პრინციპი გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საკითხის განხილვისას. საბჭო
დაბეჯითებით მოითხოვდა ინგლისის მთავრობისგან, რომელმაც თავის დროზე «დე იურე“ აღიარა
საქართველოს დამოუკიდებლობა, გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ისეთი
დადგენილების მიღებას, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა დემოკრატიულ პრინციპებთან. ინგლისის
მუშათა კლასი, რომლებზეც თვით რუსი ბოლშევიკებიც კი დიდ იმედებს ამყარებდნენ, მოითხოვდა რუსი
აგრესორებისგან საქართველოს გათავისუფლებას.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ხალისუფლება ევროპის
სახელმწიფოების პირისპირ გენუის (1922 წლის 10 აპრილი-19 მაისი), შემდეგ ლოზანის კონფერენციებზე
აღმოჩნდა. 1920-1921 წლებში კაპიტალისტური სახელმწიფოები ომისშემდგომმა პირველმა ეკონომიკურმა
კრიზისმა მოიცვა. ამ გარემოებამ ანტანტის ქვეყნები აიძულა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებზე
კონფერენცია მოეწვიათ. ამერიკის მთავრობამ უარი განაცხადა კონფერენციაში მონაწილეობაზე, მაგრამ იქ
გაგზავნა თავისი მეთვალყურე. კონფერენციაზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა 34 სახელმწიფოს
წარმომადგენელი, საბჭოთა რუსეთიც მიიწვიეს. რუსეთი ცდილობდა თავისი ნაცადი დიპლომატიური
ხრიკებით ერთმანეთისთვის გადაეკიდებინა ევროპის სახელმწიფოები. საფრანგეთს, რომელიც
თავდაპირველად, რუსეთის მკაცრი კრიტიკით გამოდიოდა, რუსეთის მიმართ ორჭოფული პოზიცია ეკავა.
თავის მხრივ, რუსეთი ცდილობდა დაეყოლიებინა საფრანგეთის ხელისუფლება, რისთვისაც მას პირდებოდა
ვალების ცნობას, ძველი მეგობრობის განახლებას, კავკასიის და სპარსეთის ნავთის საბადოებში წილის
მიღებას და ვერსალის ხელშეკრულების გადასინჯვაზე დროებით გაჩუმებას. რუსეთის ხელისუფლება
წინააღმდეგობის შემთხვევაში საფრანგეთს ემუქრებოდა კიდეც, ვერსალის ზავის გადასინჯვით, ასევე
გერმანიასთან ერთად მის წინააღმდეგ გაბედული ნაბიჯების გადადგმით. რუსეთის ხელისუფლების ბინძურ
პოლიტიკას ასეთ შეფასებას აძლევდა ემიგრაციული გაზეთი «თავისუფალი საქართველო“: «… მთავარი ის
არის, რომ სწორედ ის, რასაც მოსკოვის კომისრები სთავაზობენ ევროპის ხელისუფალთ პრობლემატურია,
ხოლო რასაც ემუქრებიან უფრო მოსალოდნელი. ამით კი ცხადია მეგობრობა არ შეიძინება“.
გენუის კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, პარიზიდან,
არაოფიციალური დელეგაცია გაგზავნა. მასში შედიოდნენ: აკ. ჩხენკელი, ირ. წერეთელი, ს. მდივანი, გ.
ვეშაპელი და ზ. ავალიშვილი. გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხის წამოწევას გამოხმაურება
მოჰყვა საფრანგეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან. საფრანგეთის რადიკალური პარტიის გაზეთი: «ახალი
ერა“ წერდა: «საბჭოთა მთავრობა თავს დაესხა საქართველოს, დაიპყრო იგი, გააუქმა საყოველთაო არჩევნები
და შემოიღო საბჭოთა რეჟიმი. მოსკოვმა საქართველოში შექმნა ეგრეთწოდებული მთავრობა და ამით ფეხქვეშ
გათელა ქართველი ხალხის უფლება. ამიტომ გენუის კონფერენცია ვალდებული იქნება შეასრულოს კანის
რეზოლუციის მეექვსე მუხლი და მოსთხოვოს ბოლშევიკებს საქართველოდან ჯარის გაყვანა, თუ ასე არ
მოიქცა იგი, მაშინ მოხდება დაკანონება ისეთი მდგომარეობის, რომელიც ძირიანად ეწინააღმდეგება ამ
მუხლს. თავისთავად ცხადია, აგრეთვე ისიც, რომ გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლად
ვერ იქნება დაშვებული ხელოვნურად შექმნილი «საქართველოს მთავრობის“ დელეგატი, რომელიც მოსკოვს
სურს მოიყვანოს. საფრანგეთი, როგორც ტრადიციული დამცველი დემოკრატიული პრინციპებისა, არ მისცემს
არავის დემოკრატიის ჩახშობის ნებას“.
გენუის კონფერენციაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს წარმომადგენლად ბუდუ მდივნის წარდგენა,
დიდ უკმაყოფილებას იწვევდა საფრანგეთის მმართველ წრეებში. საფრანგეთის მმართველი პარტიის _
რადიკალების მემარცხენე ფრთის ლიდერი, ედვარდ ერიო, რომელიც კარგად იყო ინფორმირებული
საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აღნიშნავდა, რომ “1920-1921 წლებში,
საბჭოთა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდა გერმანიის მილიტარიზმს. რუსეთი,
რომელიც უმტკიცებდა მსოფლიოს, რომ არავითარი აგრესიული განზრახვა არ ჰქონდა, ომის
გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს, რომლის მთავრობა იძულებული გახდა ბათუმისაკენ დაეხია,
სადაც მას თურქები დახვდნენ. საქართველოს ეროვნული მთავრობა არ დანებდა არც თურქებს, არც რუსებს
და გაემგზავრა ევროპაში“. ინგლისის მთავრობისაგან განსხვავებით, ე. ერიო კატეგორიულად მოითხოვდა
გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული მთავრობის დელეგაციის დაშვებას.
საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა რაიმონდ პუანკარემ, გენუის
კონფერენციაზე საფრანგეთის დელეგაციის თავმჯდომარეს ლუი ბარტუს წერილობითი ინსტრუქცია
გადასცა, სადაც მოუწოდებდა მას, რათა მთელი ძალ-ღონით შებრძოლებოდა რუსეთის პრეტენზიებს,
რომელიც ცდილობდა მის მიერ დაპყრობილი საქართველოს წარმომადგენლად გამოსულიყო. იგივე მოხდა
ლოზანის კონფერენციაზე, სადაც რუსეთის ხელისუფლებას სურდა საქართველოს სახელით ესაუბრა.
პუანკარემ იქაც მტკიცე პოზიცია დაიკავა და განაცხადა: “ვერ დავუშვებთ, რომ მოძალადე საოკუპაციო
ხელისუფლებამ კანონიერი, მის მიერ განდევნილი ეროვნული მთავრობის ადგილი დაიჭიროს, ჩვენი
სამინისტროს კარი ღია არის საქართველოს ელჩისთვის”.
საქართველოს ეროვნული მთავრობის დელეგაცია იმედს იტოვებდა, რომ ევროპის მმართველი წრეები
შეეცდებოდნენ გენუის კონფერენციაზე დაესვათ საქართველოს საკითხი. თვით ევროპის სახელმწიფოები
განსაკუთრებული და ერთიმეორის საწინააღმდეგო მიზნებით მიემგზავრებოდნენ გენუაში: ინგლისს
საკუთარი ინტერესები ჰქონოდა რუსეთში; ინგლისის მმართველი წრეები მიისწრაფვოდნენ გავლენა
მოეხდინათ რუსეთის ნავთზე, რომელიც მსოფლიოში ბატონობის უძლიერეს იარაღად მიაჩნდათ. თავის
მხრივ, საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია პირველ რიგში გერმანია
და ბოლშევიკური რუსეთი, რათა თავიდან აეცილებინა ვერსალის ხელშეკრულების გადასინჯვა. საბჭოთა
რუსეთი გენუის კონფერენციაზე, საკუთარი ხელისუფლების იურიდიული ცნობის მისაღწევად, ასევე,
წამყვანი სახელმწიფოებისგან სესხის მისაღებად მიემგზავრებოდა, რომელიც საბჭოთა ძალაუფლების
შენარჩუნების და გახანგრძლივების ერთადერთი საშუალება იყო. თავის მხრივ, გერმანია სწორედ გენუაში
აპირებდა ევროპის ოჯახში დაბრუნების დამოუკიდებელი პოლიტიკისთვის გზის გაკაფვას, ასევე ვერსალის
მძიმე ტვირთის შემსუბუქებას. შედარებით პატარა სახელმწიფოები ამა თუ იმ დიდ სახელმწიფოს
ეკედლებოდნენ. პოლონეთი უფრო საფრანგეთისკენ იხრებოდა. იტალია კი ინგლისის მხარეზე იყო. 10
აპრილს, კონფერენციის გახსნის პირველივე სხდომაზე, რომელსაც იტალიის მინისტრი ლ. ფაქტა
თავმჯდომარეობდა, თავი იჩინა სასტიკმა წინააღმდეგობამ. ინგლისის წარმომადგენლის ლოიდ ჯორჯის
ლამაზი და პოეტური სიტყვის შემდეგ, მშვიდობიანობის, საერთო თანხმობის და კეთილდღეობის შესახებ,
საფრანგეთის დელეგაციის სახელით, ლ. ბარტუმ განაცხადა, რომ ის მზად იყო ეთანამშრომლა და ხელი
შეეწყო კონფერენციის ნაყოფიერი მუშაობისათვის ერთი აუცილებელი პირობის დაცვით, კერძოდ, მან
გადაჭრით მოითხოვა არ გადაეხვიათ კანის კონფერენციის დადგენილებისგან და იქ მიღებული
გადაწყვეტილებები სადავოდ არ გაეხადათ. ეს შეეხებოდა ვალების ცნობას, ხელშეკრულებათა
ხელუხლებლად დატოვებას და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ მოქმედებაზე უარის თქმას.
საბჭოთა დელეგაციის წარმომადგენელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გ. ჩიჩერინმა თავის
გამოსვლაში, პირველ დღესვე ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც უფრო დემაგოგიის მიზნით, ვიდრე
რეალური მოქმედებისთვის, კონფერენციაზე პირდაპირ განიარაღების საკითხი წამოაყენა. მან განაცხადა:
«აზრად გვაქვს, კონფერენციაზე შევიტანოთ წინადადება, შეიარაღების საერთო შემცირების შესახებ და ხელი
შევუწყოთ ყოველივე ზომას, რომელიც მილიტარიზმის სიმძიმეს შეამსუბუქებს“. ამ განცხადებით, მას სურდა:
გავლენა მოეხდინა ევროპის საზოგადოებრივ აზრზე, ამავე დროს საფრანგეთი, რომელიც აშკარად ამხელდა
მოსკოვის საოკუპაციო რეჟიმს, უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. სინამდვილეში, თავადაც კარგად იცოდა,
რომ განიარაღების შემთხვევაში, წითელი არმიის გარეშე, მოსკოვის კომისრები საკუთარი ხალხის რისხვასაც
ვერ გადაურჩებოდნენ. გ. ჩიჩერინის განცხადებაზე ლ. ბარტუმ სასტიკი პროტესტი განაცხადა, რადგან მისი
აზრით, დღის წესრიგში არ იდგა განიარაღების საკითხი და არც შეიძლებოდა მასზე საუბარი. კამათში ჩაერთო
ლოიდ ჯორჯი, რომელიც თავიდანვე ინიციატორი იყო გენუის კონფერენციის მოწვევის. მან ნახევრად
დამცინავი, ნახევრად მფარველობითი კილოთი მიმართა ჩიჩერინს და მას ზომიერების დაცვისაკენ მოუწოდა.
გენუის კონფერენციის მუშაობის პერიოდში, 1922 წლის 16 აპრილს რაპალოში ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობის
დამყარების შესახებ. ამ ფაქტმა აღაშფოთა თვით გერმანიის პოლიტიკური წრეები. აღნიშნულმა
ხელშეკრულებამ, განსაკუთრებით საფრანგეთის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. რაც შეეხება
ლოიდ ჯორჯს, მას შესაძლოა წინდაწინ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ.
თავდაპირველად მან აღშფოთება გამოთქვა ხელშეკრულების გამო, ხოლო როცა საფრანგეთის დელეგაციამ
კატეგორიულად მოითხოვა მისი გაუქმება, ინგლისმა მაშინ პოზიციები შეარბილა და გერმანიას მოსთხოვა ან
რაპალოს ხელშეკრულების პირობების გაუქმება, ან რუსეთის კომისიიდან გასვლა. რუსეთის დელეგაცია,
როგორც უპასუხისმგებლო წარმომადგენლობა, სასჯელს გადაურჩა. რაც შეეხება გერმანიას, მან რაპალოს
ხელშეკრულებით მიაღწია ძველი, ომისდროინდელი ვალების გაუქმებას და რუსეთის ეკონომიკურ
აღდგენაზე მიიღო უფლება. რაპალოს ინციდენტის გამო, გენუის კონფერენციამ შემდგომი მუშაობა გერმანიის
დელეგაციის გარეშე განაახლა.
გენუის კონფერენციაზე დაიბადა ერთგვარი ეჭვიც იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისი თავის
მოკავშირე საფრანგეთს გვერდზე განუდგა. აღსანიშნავია, რომ რაპალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,
ლოიდ ჯორჯი, წინასწარ მოეთათბირა, როგორც გერმანელებს, ასევე რუსებს. ცხადია, ლოიდ ჯორჯს ევროპის
კონტინენტზე საფრანგეთის გაბატონება არ სურდა. მან ეს აზრი საფრანგეთის პრესისათვის მიცემულ
განცხადებაში გააჟღერა, სადაც აღიარა, რომ «დასაშვებად არ მიაჩნდა ვინმეს ჰეგემონობა ევროპაში, რადგან ეს
ეწინააღმდეგებოდა მშვიდობიანობის იდეას და რომ ინგლისი მოწოდებული იყო მშვიდობიანობისათვის
საჭირო თანამშრომლობა დაეცვა ერთა შორის“.
გერმანია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხში და
ერთ-ერთმა პირველმა იცონ მისი იურიდიული დამოუკიდებლობა, სწორედ მანვე უღალატა პირველმა,
რუსეთთან რაპალოს ხელშეკრულების გაფორმებით.
რუსეთის თავხედური პოლიტიკით აღშფოთებულმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა, ღია წერილით მიმართა
გენუაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გ. ჩიჩერინს. მხცოვანი ქართველი რევოლუციონერის, ვ.
ჩერქეზიშვილის მიმართვის ტექსტი დაიბეჭდა ფრანგულენოვან გაზეთში _ «Peuple“. იგი ასე მიმართავს
რუსეთის ხელისუფლებას: «ეს ბარბაროსული შემოსევა საქართველოში, მისი ეკონომიკური განადგურებით,
პოლიტიკური შევიწროებით და კომუნისტური წყობილების იძულებით დამყარებით, შავ და საშინელ
ფურცლად დარჩება ბოლშევიკების ისტორიის ანალებში _ ეს არის თქვენი გადამწყვეტი ნაბიჯი
მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის გზაზე… რასაც თქვენ ეძებთ გენუაში რუსეთისთვის, ნუ წაართმევთ სხვა
ერებს: გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოდან და აღუდგინეთ ქართველ ხალხს უფლება იცხოვროს და
იმუშაოს თავისუფლებისა და მშვიდობიანობის პირობებში“.

***

You might also like