Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 6

ხორხე ლუის ბორხესი

დიდი არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი და პუბლიცისტი, ხორხე ლუის ბორხესი


1899 წლის 24 აგვისტოს ბუენოს-აირესში დაიბადა. ბორხესი, უპირველეს ყოვლისა,
ცნობილია, როგორც ლაკონიური პროზაული ფანტაზიების ავტორი, რომელიც
ხშირად ნიღბავს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ პრობლემებს სათავგადასავლო და
დეტექტიური ამბებით. 1920-იან წლებში ბორხესი ლათინურამერიკულ პოეზიაში
ავანგარდიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

მწერალი ამტკიცებდა, რომ მასში ბასკური, ანდალუზიური, ებრაული, ინგლისური,


პორტუგალიური და ნორმანდიული სისხლი ჩქეფდა. შინ ინგლისურად და
ესპანურად საუბრობდნენ. ადრეული ბავშვობიდან გაიტაცა პოეზიამ, წერა-კითხვა 4
წლის ასაკში ისწავლა, ინგლისურის სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში კი მან
თავისი პირველი მოთხრობა დაწერა.

„ბავშვობიდან, როდესაც მამაჩემი დაბრმავდა, ოჯახში მიიჩნევდნენ, რომ


ლიტერატურაში ის უნდა გამეკეთებინა, რაც მან ვერ მოახერხა. ელოდნენ, რომ ჩემგან
მწერალი დადგებოდა“ - აღნიშნავდა ბორხესი მოგვიანებით.

1923 წელს, ხორხე ლუის ბორხესმა გამოაქვეყნა თავისი პირველი პოეზიის კრებული -
„ხვატი ბუენოს-აირესში“, რომელშიც მისი 33 ლექსი შევიდა. დროთა განმავლობაში
პოეზიამ ადგილი პროზას დაუთმო და გამოიცა მისი საუკეთესო მოთხრობების
კრებულები - „გამონაგონი“ (1944 წ.), „ლაბირინთები“ (1960 წ.), „ბროუდის
შეტყობინება“ (1971 წ.).

თავისი სამწერლო კარიერის განმავლობაში ბორხესს არაერთი ჯილდო აქვს


მიღებული, მათ შორის - არგენტინის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში
(1956 წ.), ფენტეზის მსოფლიო პრემია (1979 წ.), სერვანტესის პრემია (1979 წ.).

ხორხე ლუის ბორხესი 1986 წლის 14 ივნისს შვეიცარიაში გარდაიცვალა.

ღმერთის წერილი
თარგმნა დათო აკრიანმა
(ხორხე ლუის ბორხესი, მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2012 წელი)

საკანი ღრმაა და ქვით ნაგები. თითქმის უზადო ნახევარსფეროს ფორმა აქვს,


თუმცა იატაკი (ასევე ქვის) უფრო ნაკლებია, ვიდრე დიდი წრე, და ეს ფაქტი
რაღაცნაირად აღრმავებს დათრგუნვისა და უკიდეგანობის განცდას. კედელი შუაზე
ყოფს ცენტრს და ძალზე მაღალია, თუმცა ჭერის თაღს არ ებჯინება. კედლის ერთ
მხარეს ვარ მე, ცინაკანი, მღვდელი ქაოლომის პირამიდისა, რომელიც პედრ ო დე
ალვარადომ გადაწვა. მეორე მხარეს იაგუარია, რომელიც ფრთხილი, უცვლელი
ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს. იატაკის დონეზე კედელში
დატანებულია მსხვილი რკინისცხაურიანი მაღალი ფანჯარა. უჩრდილო საათებში
(შუადღისას) ჩვენ ზემოთ პატარა კარი იღება, წლებისგან ნაკვთებგადღაბნილი
მესაკნე ბორბალს ამოძრავებს და თოკით უშვებს ჩვენამდე წყლიან დოქებსა და
ხორცის დიდ ნაჭრებს. თაღქვეშ სინათლე შემოდის და ამ დროს მე ვხედავ იაგუარს.
აღარ მახსოვს, რამდენი წელიწადია, რაც ამ სიბნელეში ვწევარ. – მე ოდესღაც
ახალგაზრდა, რომელსაც შემეძლო ამ ციხის შემოვლა – ახლა აღარაფერს ვიქმ,
მხოლოდ ჩემი სიკვდილის პოზაში ველოდები იმ დასასრულს, ღმერთებმა რომ
განმიწესეს. პირბასრი კაჟით ვუხსნიდი მსხვერპლს მკერდს... ახლა კი, მაგიის
დაუხმარებლად, აღარ ძალმიძს სხეულის აწევა მტვრიდან.
პირამიდის დაწვის წინადღეს, მაღალი ცხენებიდან ჩამომხდარმა კაცებმა
გავარვარებული რკინებით დამშანთეს, რათა დამარხული განძის ადგილმდებარეობა
გამემხილა. ჩემ თვალწინ ამოაყირავეს ღვთაების კერპი. მაგრამ ღმერთმა მაინც არ
მიმატოვა და მეც ხმის ამოუღებლად გავუძელი ტანჯვა-წამებას. მათ დამისერეს
სხეული, დამნაყეს, დამასახიჩრეს, ბოლოს კი გავიღვიძე საკანში, რომლიდანაც
არასოდეს გავალ ცოცხალი.
გამომდინარე იმ გარდაუვალობიდან, რომ რაღაც უნდა მეკეთებინა, რამენაირად
გამეყვანა დრო, ვცადე, ამ სიბნელეში გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ვიცოდი. მთელი
ღამეები გავატარე იმის გახსენებაში, თუ როგორი და რამდენი ქვის გველი იყო, ან რა
ფორმა ჰქონდა სამკურნალო ხეს. ასე ნელ-ნელა გავიმარჯვე წლებზე, ასე ნელ-ნელა
დავიბრუნე საგნები, რომლებსაც აღარ ვფლობდი. ერთ ღამეს ვიგრძენი, რომ
რომელიღაც კონკრეტული მოგონება მიახლოვდებოდა. სანამ მოგზაური ოკეანეს
დაინახავს, მანამდე ჯერ სისხლი აუჩქამდება ხოლმე. რამდენიმე საათის შემდეგ
მოგონებას კონტურები გამოეკვეთა. ღმერთის ერთ-ერთი ლეგენდა აღმოჩნდა. რაკი
წინდაწინ განჭვრიტა, რომ დროის დასასრულისთვის უამრავი კატასტროფა და
უბედურება მოხდებოდა, შესაქმის პირველ დღეს ღმერთმა დაწერა მაგიური ფრაზა,
რომელსაც შეეძლო შორს განრიდებოდა ამ ბოროტებებს. ეს ფრაზა ისე იყო
დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა უშორეს თაობებს. არავინ იცის, სად
დაწერა ან რომელი ასოებით, მაგრამ ის ვიცით, რომ საიდუმლო ტექსტი ცოცხალია
და რომ ერთ-ერთი რჩეული მას ამოიკითხავს. ვფიქრობდი, რომ ჩვენ ახლა, როგორც
ყოველთვის, დროის მიწურულში ვიმყოფებოდით და რომ სწორედ მე, როგორც
ღვთის უკანასკნელ მღვდელს, მომეცემოდა ღვთაებრივი ტექსტის პოვნის
პრივილეგია. ასეთი იმედის ტარებაში ვერ მაბრკოლებდა ის ფაქტი, რომ საკანში
ვიყავი დამწყვდეული. იქნებ უკვე ათასჯერაც მენახა ქაოლომის ნაწერი და მხოლოდ
გაგებაღა მმართებდა.
ამ აზრმა ძალა შემმატა და რაღაცნაირად თავბრუ დამახვია. ქვეყნიერების ვრცელ
საუფლოში არსებობს ძველი ფორმები, უხრწნელი და მარადიული. ნებისმიერი
მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც მე ვეძებდი. იქნებ ეს მთა იყო
ღვთის სიტყვა, ეს მდინარე, ეს იმპერია ან ვარსკვლავთა ეს განლაგება. და მაინც:
საუკუნეთა განმავლობაში მთები თანდათანობით იშლება, მდინარის კალაპოტი
ბევრგზის იცვლის მიმართულებას, იმპერიები ინგრევა და ვარსკვლავთა წყობაც
იცვლება. ცის თაღზე ცვლილებაა. მთაცა და ვარსკვლავიც ინდივიდები არიან,
ინდივიდის ცხოვრება კი ადრე თუ გვიან მთავრდება. მე რაღაც უფრო გამძლეს,
უფრო ხელშეუხებელს ვეძებდი. ვფიქრობდი მარცვლების, ბალახის, ჩიტების,
ადამიანების თაობებზე. ეგებ შელოცვა ზედ სახეზე მეწერა? ეგებ მე თვითონ ვიყავი
ჩემი ძიების ობიექტი? აი, ამ ერთიმეორეზე მძაფრ წარმოდგენებში ვიყავი, როცა
გამახსენდა, რომ ღმერთის ერთ-ერთი სახელია იაგუარი: tigre.
ამის გაფიქრებაზე სული სიწმინდით ამევსო. წარმოვიდგინე პირველი დილა მას
შემდეგ, რაც დრო შეიქმნა, წარმოვიდგინე, როგორ მიანდო ჩემმა ღმერთმა თავისი
წერილი ცოცხალ სხეულებს იაგუარებისა, რომლებიც შეიყვარებდნენ და
დაუსრულებლად გააჩენდნენ ერთმანეთს გამოქვაბულებში, ლერწმის ველებზე,
კუნძულებზე, რათა, ბოლოს და ბოლოს, ღვთის წერილი უკანასკნელ ადამიანებს
მისვლოდათ. წარმოვიდგენდი ვეფხვების ამ ქსელს, ვეფხვების ცხელ ლაბირინთს,
შიშის ზარს რომ სცემდა მინდვრებს და საძოვრებს იმისათვის, რომ წერილი
შენახულიყო. მეორე საკანში იაგუარი იჯდა და მის სიახლოვეში ჩემი ჰიპოთეზის
დადასტურებას, იდუმალ დალოცვას შევიგრძნობდი.
მრავალი წელი მივუძღვენი ვეფხვის ტყავზე აღბეჭდილი შავი წერტილების
წყობის შესწავლას. ყოველი ჩაბნელებული დღის განმავლობაში მეძლეოდა
სინათლის წამი და ასე ვაფიქსირებდი გონებაში ყვითელი ტყავის დამწინწკლავ შავ
ლაქებს. ზოგიერთს წრის ფორმა ჰქონდა, ზოგი განივ ზოლებად მიჰყვებოდა
ფეხების შიდა მხარეს, ზოგიც მრავალგზის მეორდებოდა. ეს იქნებ იგივე ბგერა ან
იგივე სიტყვა იყო? ბევრ ლაქას წითელი კიდეები ჰქონდა.
არაფერს ვიტყვი ჩემი საქმის სირთულეებზე. არაერთგზის შემიძახია საკნის
თაღისთვის, ამ ტექსტის გაშიფვრა შეუძლებელია-მეთქი. უფრო და უფრო ნაკლებად
მტანჯავდა ჩემს გონებაში არსებული კონკრეტული ენიგმა, ვიდრე ღმერთის მიერ
დაწერილი ტექსტის საერთო ენიგმა. „რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური
გონება?“, ვეკითხებოდი ჩემს თავს. თვით ადამიანურ ენებშიც კი არ არსებობდა
წინადადება, რომელიც არ მოიცავდა მთელ სამყაროს. სიტყვა „იაგუარის“ წარმოთქმა
ნიშნავდა მისი წინაპარი ყველა იაგუარის, მის მიერ შეჭმული ყველა ირმისა და კუს,
ირმის გამომკვები ბალახის, ამ ბალახის მშობლის – დედამიწის და ამ
დედამიწისთვის სინათლის მიმცემი ცის წარმოთქმას. ვფიქრობდი, რომ ღვთაების
თითოეულ სიტყვაში იდებოდა მოვლენათა უსასრულო ჯაჭვი, – არა ფარულად,
არამედ გამოვლენილად, არა ლინეარულად, არამედ ერთბაშად. და უცებ ღვთაებრივი
გამონათქვამის იდეა ბავშვურად თუ მკრეხელურად მეჩვენა. ღვთაებამ ერთადერთი
სიტყვა უნდა თქვას და ამ სიტყვაში სრული სისავსე უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი.
ღმერთის მიერ ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა ვერ იქნება სამყაროზე უფრო ნაკლები, ან
უფრო მოკლე, ვიდრე ერთად აღებული მთელი დრო. ამბიციები და სიღატაკე
ადამიანური სიტყვებისა – მთელი ქვეყნიერება, სამყარო – მხოლოდ აჩრდილია
სიტყვისა, რომელიც უდრის ენას და ყოველივე იმას, რაც შეიძლება ენამ მოიცვას.
ერთ დღეს თუ ღამეს (რა განსხვავება შეიძლება იყოს ჩემს დღეებსა და ღამეებს
შორის?) დამესიზმრა, რომ ჩემი საკნის იატაკზე ქვიშის მარცვალი იდო. გულგრლად
გავაგრძელე ძილი. მესიზმრა, რომ გავიღვიძე და ქვიშის ორი მარცვალი დამხვდა.
ისევ დავიძინე და ამჯერად უკვე სამი მარცვალი მესიზმრა. ასე გამრავლდა ქვიშა,
სანამ საკანი გაავსო და მეც ვიხრჩობოდი, ქვიშის ნახევარსფეროში ჩაფლული.
მივხვდი, რომ სიზმარს ვხედავდი და ძალების დიდი დაძაბვით გამოვიღვიძე. თუმცა
გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა: უთვალავი ქვიშის მარცვლით უკვე დამხრჩვალი ვიყავი.
ვიღაცამ მითხრა: „შენ ძილიდან კი არ გამოფხიზლდი, არამედ წინა სიზმარში
გადახვედი, ის სიზმარიც სხვა სიზმარში ხდება და ა.შ. უსასრულოდ. მათი რიცხვი
იგივეა, რაც ქვიშის მარცვლებისა. ბილიკი, რომელსაც უნდა გაჰყვე, უსასრულოა, და
მანამდე მოკვდები, სანამ ჭეშმარიტად გამოიღვიძებ“.
თავი დაკარგულად ვიგრძენი. პირი ქვიშით მქონდა სავსე, მაგრამ მაინც შევძახე:
„მე ვერ მომკლავს ქვიშა, რომელიც მესიზმრება! და არც ისეთი რამე არსებობს,
როგორიცაა სიზმარი სიზმარში!“ კაშკაშა სინათლემ გამაღვიძა. ჩემ ზემოთ,
სიბნელეში, სინათლის წრე ლივლივებდა. დავინახე მესაკნის სახე და ხელები,
ბორბალი, თოკი, ხორცი და წყლის დოქები.
ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს. ფართო გაგებით, ადამიანი
მისივე გარემოებებია. უფრო მეტად, ვიდრე გამშიფრავი ან შურისმაძიებელი, მეტად,
ვიდრე ღვთის მღვდელმსახური, მე პატიმარი ვიყავი. სიზმრების იმ დაუღალავი
ლაბირინთიდან მე ისე დავბრუნდი ჩემს მძიმე საპყრობილეში, როგორც კაცი,
რომელიც შინ ბრუნდება. დავლოცე მისი სინესტე, დავლოცე მისი ვეფხვი, დავლოცე
მისი გაღება ზემოთ და იქიდან შემოსული სინათლე, დავლოცე ჩემი მოხუცი და
მტკივანი სხეული, დავლოცე ქვა და წყვდიადი.
და ამ დროს მოხდა რაღაც, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, თუმცა ვერც
გადმოვცემ: მოხდა კავშირი ღვთაებასთან, კავშირი სამყაროსთან (არ ვიცი, არის თუ
არა სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის). ექსტაზი არასოდეს იყენებს ორჯერ ერთსა და
იმავე სიმბოლოს: ერთ კაცს ღმერთი დამაბრმავებელი სინათლის სახით მოევლინა,
მეორემ იგი მახვილში ან ვარდის წრეებში იხილა. მე ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის
ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი თვალების უკან ან გვერდით, არამედ ყველგან
ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო შექმნილი და ცეცხლისგანაც, და
თუმცა მის კიდეებს ვხედავდი, მაინც უსასრულო იყო. შექმნილი იყო ყველაფრისგან,
რაც იყო, არის და იქნებოდა. ყველაფერი ერთმანეთს ჩაწვნოდა, მე კი მთელი ამ
ყოვლისმომცველი ქსოვილის ერთ-ერთი ძაფი ვიყავი, ხოლო პედრო ალვარადო –
ჩემი ჯალათი – მეორე ძაფი. ბორბალში იყო მიზეზები და შედეგები და მხოლოდ
მისმა შეხედვამ ყველაფრის გაგების უსასრულო უნარი მომანიჭა. ო, სიხარული
გაგების – წარმოსახვის სიხარულზე უფრო მეტი, შეგრძნების სიხარულზე უფრო
დიადი! მე დავინახე სამყარო და მისი ფარული ზრახვები; დავინახე საწყისები,
რომელზეც ლაპარაკია ხალხთა წიგნში; დავინახე წყლიდან ამოწვერილი მთები,
პირველი ხის კაცები, მათ წინააღმდეგ მიმართული წყლის დოქები, ძაღლები, სახეებს
რომ უფლეთდნენ ამ კაცებს. ვნახე უსახო ღმერთი – ღმერთების უკან. ვნახე
უსასრულო პროცესები, რომლებიც ერთ ბედნიერებას ქმნიდნენ. და რაკი ყველაფერი
მესმოდა, ამიტომ ვეფხვის სხეულზე გაკეთებული წარწერაც გავიგე.
ესაა ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი)
სიტყვისგან. და იმისთვის, რომ ყოვლისშემძლე გავხდე, მხოლოდ ამ ფორმულის
ხმამაღლა გამოთქმა მმართებს. მისი წარმოთქმა ამ ციხეს გააქრობდა, დღეს
შემოიყვანდა ჩემს ღამეში, გამაახალგაზრდავებდა და გამაუკვდავებდა, მიანიჭებდა
იაგუარს უნარს – გაენადგურებინა ალვარადო, წმინდა ფხა-პირით გაესერა ესპანური
მკერდები, ისევ აეგო პირამიდა, აეშენებინა იმპერია. ორმოცი მარცვალი, თოთხმეტი
სიტყვა და – მე, ცინაკანი, ვიმეუფებდი მიწებზე, რომლებზეც უწინ მოკტესუმა
მეფობდა.
მაგრამ ვიცი, რომ ვერასოდეს გამოვთქვამ ამ სიტყვებს, რადგან აღარ მახსოვს
ცინაკანი.
დე, იაგუარებზე წარწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ის, ვინც
თვალი მოჰკრა სამყაროს, ვინც თვალი მოჰკრა მის ზრახვებს, ვერ იფიქრებს
ადამიანზე, მის პრიმიტიულ სიხარულებზე თუ სატკივრებზე, თუნდაც თვითონ
იყოს ეს ადამიანი. ის იყო ეს ადამიანი, რომელიც ახლა აღარაფერს ნიშნავს მისთვის.
რაში აინტერესებს იმ მეორე კაცის ბედი, მისი ეროვნება, თუკი ის ახლა აღარავინ
არის? ამიტომაც არ ვამბობ ფორმულას. ამიტომაც ვწევარ წყვდიადში და უფლებას
ვაძლევ დღეებს, დამივიწყონ.

მოთხრობის გზამკვლევი

როგორ შეიძლება გაიმარჯვო დროზე, როდესაც სიბნელეში წევხარ და მტვრიდან სხეულის


აწევაც არ შეგიძლია? ამის ერთადერთი გზა არსებობს - უნდა მიხვდე და ამოიცნო, სად
დაწერა ღმერთმა ის ფრაზა, რომელიც უსაზღვროდ ძალმოსილს ხდის ადამიანს. ალბათ,
ყველა ფიქრობს იმაზე, რა არის ან სად არის ჭეშმარიტება. რა შეიძლება სამყაროსა თუ კაცში
იყოს ისეთი, რაც დემონურ ქაოსს დაამარცხებს და კაცობრიობას სამშვიდობოს გაიყვანს?

მოთხრობის გმირი, ქაოლომის პირამიდის მღვდელი ცინაკანი, ქვით ნაგებ ღრმა საკანში წევს
და საკუთარ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ეძებს პასუხს ამ კითხვაზე. მას სწამს, რომ
„რჩეულია“ და საიდუმლო ფრაზის შეცნობა შეუძლია. ეს ფრაზა, ლეგენდის თანახმად,
ღმერთმა დაწერა შესაქმის პირველ დღეს, რათა ადამიანს სამყაროს ბოროტებასთან
გამკლავება შეძლებოდა. „ეს ფრაზა ისე იყო დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა
უშორეს თაობებს“.

წლებია, ცინაკანი საკუთარ თავს ეკითხება: „რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური გონება?“
მეორე კითხვა ის არის, რას დააწერდა ან როგორ გააძლებინებდა საუკუნეთა განმავლობაში?

პასუხის ძიება იქამდე მიიყვანს, რომ „რაზეც“ შეიძლება ეს ფრაზა ეწეროს, თავად სიცოცხლეა.
ამ სიცოცხლეს კი იაგუარი გამოხატავს, რომელიც საკანში დატანებული კედლის მეორე
მხარეს დადის და „უცვლელი ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს“ -
დასახსნელიც და მხსნელიც ერთ საკანში იტანჯებიან და შეიძლება ერთი და იგივენიც არიან.

ცინაკანი იდუმალი პასუხის ძიებაში ჯერ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფრაზა შეიძლება სულ
ერთი სიტყვა იყოს (რომელიც, მისი თქმით, მთელ ენას უდრის), მერე კი ერთმანეთს
ტრაგიკულად გადაბმულ სიზმართა ლაბირინთში იხლართება და თითქოს მასში
ერთიანდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოდესმე უფიქრია ბოროტებისგან ხსნაზე. ამ
ლაბირინთიდან თავდახსნა თითქოს შეუძლებელია - წარმოსახული ქვიშის ერთი მარცვალი
იმდენად მრავლდება, რომ ადამიანს დაახრჩობს. ყველაზე რთული გადასატანი კი ის არის,
რომ „ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს“ და „ფართო გაგებით, ადამიანი
მისივე გარემოებებია“. ეს ყველაფერი მაინც გამაოგნებელი მიხვედრითა და აღქმით
სრულდება. ღმერთი „არასდროს იყენებს ორჯერ ერთსა და იმავე სიმბოლოს“ და ყველას
განსხვავებულად ევლინება. ცინაკანი სამყაროს ჭეშმარიტებას „მოძრავი ყველაფრის“ -
ბორბლის სახით აღიქვამს: „მე ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი
თვალების უკან ან გვერდით, არამედ ყველგან ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო
შექმნილი და ცეცხლისგანაც...შექმნილი იყო ყველაფრისგან, რაც იყო, არის და იქნებოდა“.
მოთხრობის გმირი მყისიერად და ერთბაშად ხედავს ყველაფერს - მიზეზებსაც და
შედეგებსაც. სწორედ ამ დროს აცნობიერებს ის იაგუარის სხეულის „წარწერას“ – „ესაა
ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი) სიტყვისგან“.
მისი წარმოთქმა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ყველანაირი დასაზღვრულობა
გადალახოს და ყველა მიზანს ერთბაშად მიაღწიოს. მაგრამ ამის მიმხვედრ ადამიანს
ავიწყდება... ადამიანი:

„...ვიცი, რომ ვერასოდეს გამოვთქვამ ამ სიტყვებს, რადგან აღარ მახსოვს ცინაკანი. დე


იაგუარებზე წარწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ის, ვინც თვალი მოჰკრა
სამყაროს, ვინც თვალი მოჰკრა მის ზრახვებს, ვერ იფიქრებს ადამიანზე, მის პრიმიტიულ
სიხარულებსა თუ სატკივრებზე - თუნდაც თვითონ იყოს ეს ადამიანი“.

სამყაროს დასაწყისიც აქვს და დასასრულიც - მისი იდუმალების შემცნობი ადამიანი


უსახურდება და კვდება.

რამდენად მართებულია ეს იდეა?ცინაკანი ასე ფიქრობს. ეს საინტერესო ხედვაა, მაგრამ ჩვენ


არაფერს გვავალდებულებს - ყოველი ადამიანი თავად ირჩევს, რა ირწმუნოს.

You might also like