Professional Documents
Culture Documents
ბორხესის მეორე მოთხრობა
ბორხესის მეორე მოთხრობა
1923 წელს, ხორხე ლუის ბორხესმა გამოაქვეყნა თავისი პირველი პოეზიის კრებული -
„ხვატი ბუენოს-აირესში“, რომელშიც მისი 33 ლექსი შევიდა. დროთა განმავლობაში
პოეზიამ ადგილი პროზას დაუთმო და გამოიცა მისი საუკეთესო მოთხრობების
კრებულები - „გამონაგონი“ (1944 წ.), „ლაბირინთები“ (1960 წ.), „ბროუდის
შეტყობინება“ (1971 წ.).
ღმერთის წერილი
თარგმნა დათო აკრიანმა
(ხორხე ლუის ბორხესი, მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2012 წელი)
მოთხრობის გზამკვლევი
მოთხრობის გმირი, ქაოლომის პირამიდის მღვდელი ცინაკანი, ქვით ნაგებ ღრმა საკანში წევს
და საკუთარ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ეძებს პასუხს ამ კითხვაზე. მას სწამს, რომ
„რჩეულია“ და საიდუმლო ფრაზის შეცნობა შეუძლია. ეს ფრაზა, ლეგენდის თანახმად,
ღმერთმა დაწერა შესაქმის პირველ დღეს, რათა ადამიანს სამყაროს ბოროტებასთან
გამკლავება შეძლებოდა. „ეს ფრაზა ისე იყო დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა
უშორეს თაობებს“.
წლებია, ცინაკანი საკუთარ თავს ეკითხება: „რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური გონება?“
მეორე კითხვა ის არის, რას დააწერდა ან როგორ გააძლებინებდა საუკუნეთა განმავლობაში?
პასუხის ძიება იქამდე მიიყვანს, რომ „რაზეც“ შეიძლება ეს ფრაზა ეწეროს, თავად სიცოცხლეა.
ამ სიცოცხლეს კი იაგუარი გამოხატავს, რომელიც საკანში დატანებული კედლის მეორე
მხარეს დადის და „უცვლელი ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს“ -
დასახსნელიც და მხსნელიც ერთ საკანში იტანჯებიან და შეიძლება ერთი და იგივენიც არიან.
ცინაკანი იდუმალი პასუხის ძიებაში ჯერ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფრაზა შეიძლება სულ
ერთი სიტყვა იყოს (რომელიც, მისი თქმით, მთელ ენას უდრის), მერე კი ერთმანეთს
ტრაგიკულად გადაბმულ სიზმართა ლაბირინთში იხლართება და თითქოს მასში
ერთიანდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოდესმე უფიქრია ბოროტებისგან ხსნაზე. ამ
ლაბირინთიდან თავდახსნა თითქოს შეუძლებელია - წარმოსახული ქვიშის ერთი მარცვალი
იმდენად მრავლდება, რომ ადამიანს დაახრჩობს. ყველაზე რთული გადასატანი კი ის არის,
რომ „ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს“ და „ფართო გაგებით, ადამიანი
მისივე გარემოებებია“. ეს ყველაფერი მაინც გამაოგნებელი მიხვედრითა და აღქმით
სრულდება. ღმერთი „არასდროს იყენებს ორჯერ ერთსა და იმავე სიმბოლოს“ და ყველას
განსხვავებულად ევლინება. ცინაკანი სამყაროს ჭეშმარიტებას „მოძრავი ყველაფრის“ -
ბორბლის სახით აღიქვამს: „მე ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი
თვალების უკან ან გვერდით, არამედ ყველგან ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო
შექმნილი და ცეცხლისგანაც...შექმნილი იყო ყველაფრისგან, რაც იყო, არის და იქნებოდა“.
მოთხრობის გმირი მყისიერად და ერთბაშად ხედავს ყველაფერს - მიზეზებსაც და
შედეგებსაც. სწორედ ამ დროს აცნობიერებს ის იაგუარის სხეულის „წარწერას“ – „ესაა
ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი) სიტყვისგან“.
მისი წარმოთქმა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ყველანაირი დასაზღვრულობა
გადალახოს და ყველა მიზანს ერთბაშად მიაღწიოს. მაგრამ ამის მიმხვედრ ადამიანს
ავიწყდება... ადამიანი: