Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

სოლომონ ტაბუცაძე

ლიტერატურისმცოდნეობა და

მისი შემადგენელი დისციპლინები

ლიტერატურისმცოდნეობა მხატვრული ლიტერატურის შემ¬სწავ¬ლელი მეცნიერებაა. ტერმინი


„ლიტერატურისმცოდნეობა“ შედარებით ახალი დროის წარმონაქმნია; მანამდე ფართოდ გამოიყენებოდა ცნება
„ლიტერატურის ისტორია“ (ფრანგ. histoire de la literature და გერმანული Literaturgeschichte). ტერმინმა
„ლიტერატუ¬რისმცოდნეობამ“ პირველად პოპულარობა მოიპოვა გერმანიაში, ხოლო გასული საუკუნის 20-იანი
წლებიდან რუსულ ლიტერატუ¬რისმცოდნეობით სივრცეშიც დამკვიდრდა.

ლიტერატურისმცოდნეობა ეყრდნობა განსხვავებულ მეცნიერულ დისციპლინებს. ზოგიერთ მათგანს „დამხმარე“


დისციპლინადაც მოიხსენიებენ, მაგრამ როგორ „დამხმარედაც“ უნდა მოვიხსენიოთ, ისინი გვევლინებიან
ფუნდამენტურ სამეცნიერო დისციპლინებად, რომლებიც ანიჭებენ ლიტერატურისმცოდნეობას ფაქტოგრაფიულ
და ემპირიულ სიმყარეს. ეს დისციპლინებია: ბიბლიოგრაფია, წყაროთმცოდნეობა (მათ შორის არქივმცოდნეობა)
და ტექსტოლოგია (რიგ შემთხვევაში პალეოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით). ლიტერატურათმცოდნემ უნდა
იცოდეს ამ დისციპლინების პრაქტიკული მხარეები, რადგან პროფესიონალიზმი, პირველ რიგში, ხელობის (ამ
სიტყვის მაღალი გაგებით) და ტექნიკის ფლობას გულისხმობს.

თავად ლიტერატურისმცოდნეობის მეცნიერებამ, საკვლევი ამოცანების გაღრამვებასთან ერთად, განიცადა


მკვეთრი დიფერენციაცია და მის წიაღში გამოიკვეთა შემდეგი სამეცნიერო ქვედისციპლინები: ლიტერატურის
ისტორია, ლიტერატურის თეორია და ლიტერატურული კრიტიკა.

ლიტერატურის ისტორია

ლიტერატურის ისტორია არის აკადემიური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში და


„ფილოლოგიის“, "scholarship”-ის, "wissenschaft”-ის, „ლიტერატურისმცოდნეობის“ სახელწოდებით
მოიხსენიებოდა.

ლიტერატურის ისტორია ლიტერატურული ტექსტისა და წაკითხვის აქტის მიღმა, გარე ფაქტორებზე


ორიენტირებული დისკურსია. ლიტერატურის ისტორია შეისწავლის ლიტერატურის განვითარების ისტორიულ
კანონზომიერებას. მას აინტერესებს ნაწარმოების ფორმირების პირობები, სოციალურ-პოლიტიკური და
კულტურული კონტექსტი, ნაწარმოების შემქმნელ-შემოქმედის პიროვნება ანუ ავტორი, როგორც ბიოგრაფიული
ფიგურა. ლიტერატურის ისტორიის ამოცანა ტექსტის ახსნაა.

ლიტერატურის ისტორია არის ისტორიულ-ლიტერატურული ფაქტების კონკრეტული კვლევისა და ამ ფაქტებს


შორის კავშირის ფართო სფერო. ეს თვით საგნის კომპოზიტურ სახელდებაშიც (ლიტერატურის ისტორია) ჩანს,
რადგან იგი მოიცავს: ა) თავისი შესწავლის საგანს ანუ ლიტერატურის სვლისა და დინების ისტორიულ პროცესს; ბ)
ამ პროცესის შესწავლის გზას. პირველი გულისხმობს ლიტერატურულ მოვლენათა ერთმანეთზე
დამოკიდებულებას, ესე იგი გარდასულ მოვლენათა ერთიანობას (ლიტერატურულ თხზულებათა გამოცემა,
წიგნის გასაღების ბაზარი, ავტორის ცხოვრებისეული მოვლენები), ხოლო მეორე _ ლიტერატურული პროცესის
კონტექსტთა ასახვას.


სამეცნიერო ლიტერატურაში მხატვრული ლიტერატურის ცნების რამდენიმე განმარტება არსებობს.
კლასიკური განმარტებით, მხატვრული ლიტერატურა არის წერილობითი ფორმით გადმოცემული
ესთეტიკურად ღირებული ინფორმაციის ნაკადო.
ქრესტომათული გაგებით, ლიტერატურის ისტორია არის ლიტერატურული მეცნიერების ცენტრალური
დისციპლინა.

ლიტერატურის თეორია

თეორიული ლიტერატურისმცოდნეობა ანუ ლიტერატურის თეორია ლიტერატურული პროცესის ზოგად


კანონზომიერებებს იკვლევს. ლიტერატურის თეორია განაზოგადებს ლიტერატურის ისტორიის სფეროში
მოპოვებული კვლევის შედეგებს, სტიმულს აძლევს კონკრეტულ ლიტერატურისმცოდნეობით გამოკვლევებს და
სახავს მათ შემეცნებით პერსპექტივას. თეორიის ინტერესის სფეროში შემოდის: ტექსტის სტრუქტურის ანალიზი,
მისი ჟანრული კუთვნილების დადგენა, ლიტერატურული მიმართულებებისა და მიმდინარეობების განხილვა.
როგორც მაქსიმალურ განზოგადოებათა სფერო, ლიტერატურის თეორია შუქსა ჰფენს მხატვრული ლიტერატურის
არსს. ამ თვალსაზრისით იგი გადაკვეთის ბევრ წერტილსა ჰპოვებს ხელოვნების თეორიებთან და
ფილოსოფიასთან წილდებულ დისციპლინებთან _ ესთეტიკასთან, კულტუროლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან,
ჰერმენევტიკასთან და სემიოტიკასთან _ მაგრამ მას, ცხადია, თავისი საკუთარი სფერო და ასპექტებიც აქვს.

ლიტერატურის თეორიის ცენტრალური რგოლია ზოგადი პოეტიკა, რომელსაც თეორიულ პოეტიკასაც უწოდებენ.
თეორიული პოეტიკა არის მოძღვრება ლიტერატურულ ტექსტზე, მის შედგენილობაზე, სტრუქტურასა და
ფუნქციებზე, აგრეთვე ლიტერატურულ გვარებსა და ჟანრებზე. ზოგადი პოეტიკის პრობლემებთან ერთად
ლიტერატურის თეორია სწავლობს ლიტერატურის _ როგორც ხელოვნების სახეობის _ არსს, იკვლევს იმ
კანონზომიერებებს, რომელთა მიხედვითაც ლიტერატურა „ცხოვრობს“ და მოძრაობს ისტორიაში.

პოეტიკის ცნება და თვით ტერმინი „პოეტიკა“ უძველესი დროიდან _ არისტოტელედან მოყოლებული და


კლასიციზმის თეორეტიკოს ნიკოლა ბუალოთი დამთავრებული _ აღნიშნავდა ზოგადად მოძღვრებას სიტყვიერ
ხელოვნებაზე. იგი იყო სინონიმი იმისა, რასაც დღეს ლიტერატურის თეორიას ვუწოდებთ. XX საუკუნეში ამ
ტერმინმა დამატებითი მნიშვნელობაც შეიძინა და აღნიშნავს და აფიქსირებს ლიტერატურული პროცესის
გარკვეულ საზღვრებს, მიჯნებს, უფრო კონკრეტულად კი _ ცალკეული მწერლის თხზულებაში განხორციელებულ
და რეალიზებულ პრინციპებსა და განწყობებს. ცნობილია, მაგალითად, რუსულ ლიტერატურათმცოდნეობით
სივრცეში, მონოგრაფიები ძველი რუსული ლიტერატურის, ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკაზე;
აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მიმდინარეობის _ რომანტიზმის პოეტიკაზე; ცალკეული
ავტორების _ გოგოლის, დოსტოევსკისა და ჩეხოვის პოეტიკაზე; სახელგანთქმულ თანამედროვე მწერალსა და
მკვლევარს, უმბერტო ეკოს აქვს ნაშრომი სათაურით _ „ჯოისის პოეტიკები“.

XX საუკუნის განმავლობაში ზოგადი პოეტიკა ინტენსიურად ვითარდებოდა დასავლეთის ქვეყნებში. 1910-იანი


წლებიდან, გერმანულ ტრადიციაზე დაყრდნობით, იგი დამკვიდრდა, ხოლო 1920-იან წლებში საბოლოოდ
განმტკიცდა რუსულ ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეშიც. ამ პერიოდში ლიტერატურისმცოდნეობაში
ეპოქალური ძვრები მოხდა. საქმე ის არის, რომ XIX საუკუნეში შესწავლის საგანს წარმოადგენდა არა იმდენად
ტექსტი, რამდენადაც ის, რაც მასში გარდატყდებოდა და განხორციელდებოდა, ანუ ის, რასაც საზოგადოებრივი
ცნობიერება ჰქვია; ყურადღება ექცეოდა აგრეთვე გადმოცემებსა და მითებს, სიუჟეტებსა და მოტივებს როგორც
კულტურის საერთო მონაპოვარს, მწერლის ბიოგრაფიასა და სულიერ გამოცდილებას. ერთი სიტყვით,
მკვლევარნი კონცენტრირებას ახდენდნენ არა უშუალოდ თხზულებაზე, არამედ მის მიღმა არსებულ სამყაროსა და
მისი შექმნის პირობებზე. ამერიკელი მკვლევრების _ რენე უელეკისა და ოსტინ უორენის მითითებით, ამგვარი
დისპროპორცია XIX ს-ის ლიტერატურისმცოდნეობაში გამოწვეული იყო რომანტიკულ მოძრაობაზე მისი
დამოკიდებულებითა და მჭიდრო კავშირით. ლიტერატურისმცოდნეობა დაკავებული იყო ლიტერატურული
ნაწარმოების შექმნის გარემოებათა შესწავლით და უშუალოდ ტექსტის ანალიზზე გაცილებით ნაკლები ენერგია
ეხარჯებოდა. არადა, გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ კაიზერის მართებული შენიშვნით, ლიტერატურული
მეცნიერებისათვის მთავარი თვით თხზულება უნდა იყოს და სხვა დანარჩენი (ფსიქოლოგია, ავტორის ბიოგრაფია
და შეხედულებანი, ლიტერატურული შემოქმედების გენეზისი და ნაწარმოების მკითხველზე ზემოქმედება)
ფაკულტატური ანუ დამხმარე და მეორეხარისხოვანია.

თეორიული მიდგომა, ანუ ლიტერატურულ მოვლენათა განზოგადება და განხილვა, ხორციელდება


ლიტერატურული ტექსტის აგების ზოგადი კანონების მიხედვით. კერძოდ, ტექსტი გააზრებულად დანაწევრდება
შემადგენელ ნაწილებად _ მისი აღნაგობიდან გამოცალკევდება აგების ხერხები ანუ სიტყვიერი მასალის ერთ
მხატვრულ მთლიანობად კომბინირების საშუალებები. სწორედ ეს ხერხები და საშუალებებია ლიტერატურის
თეორიის ანუ პოეტიკის ინტერესის ობიექტი. მაგრამ, თუ ყურადღება მიექცევა ამ ხერხების წარმომავლობას ანუ
ისტორიულ გენეზისს, მაშინ საქმე ისტორიულ პოეტიკასთანა გვაქვს. ისტორიული პოეტიკა ცალკე დისციპლინაა,
რომლის შესწავლის საგანსაც წარმოადგენს მხატვრული (პოეტური) ფორმებისა და მწერლის შემოქმედებითი
პრინციპების ევოლუცია (განვითარება) მსოფლიო ლიტერატურის მასშტაბით. ისტორიული პოეტიკა თვალს
გაადევნებს გამოცალკევებული და იზოლირებულად შესასწავლი ხერხებისა და საშუალებების განვითარების
მთლიან გზას.

ამრიგად, თეორიული პოეტიკა შეისწავლის მხატვრულ-პოეტური ფორმების ფუნქციას და იკვლევს მათი


გამოყენების მიზანშეწონილობას, ანუ აანალიზებს იმას თუ რატომ გამოიყენება მოცემული ხერხი და რა
მხატვრული ეფექტს იძლევა იგი. ლიტერატურული ხერხის ფუნქციური შესწავლა არის აღწერისა და
კლასიფიკაციის უმთავრესი პრინციპი. თუმცა აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისტორიული
პოეტიკის ევოლუციური ხედვის წერტილიც, რათა მხატვრული ეფექტის შესწავლა და ინტერპრეტაცია მოცემული
ხერხის ისტორიულად ჩამოყალიბებული გამოყენების ფონზე მოხდეს. საქმე ის არის, რომ ერთი და იგივე ხერხი
იცვლის ხოლმე მხატვრულ ფუნქციას და ამიტომ ყოველთვის გასარკვევია _ ტრადიციის დამრღვევი, ესე იგი
ლიტერატურული მოდერნიზმის ნიშანია იგი თუ „ძველი სკოლის“ (ანუ იმავე ტრადიციის) შემადგენელი
ელემენტი.

ლიტერატურული ნაწარმოებისადმი კიდევ ერთი, ნორმატიული პოეტიკის პოზიციიდან მიდგომა არსებობს.


ნორმატიული პოეტიკის ამოცანაა არსებული ხერხების არა ობიექტური აღწერა, არამედ მათი შეფასება, განსჯა და
იმ კანონზომიერი ხერხის მითითება და სწავლება თუ როგორ უნდა დაიწეროს ლიტერატურული ნაწარმოები.
ყველა ლიტერატურულ სკოლას თავის შეხედულება აქვს ლიტერატურაზე, თავისი წესები და შესაბამისად _
თავისი ნორმატიული პოეტიკა. ლიტერატურული კოდექსები, რომლებსაც სხვადასხვა ლიტერატურული წრეები
აღიარებენ და რომლებიც ლიტერატურული მანიფესტებით, დეკლარაციებითაა გამოხატული, არის სწორედ
ნორმატიული პოეტიკის სხვადასხვა ფორმები (ამის ნიმუშებია ანტიკური და კლასიციზმის ეპოქის პოეტიკები).

XIX საუკუნეში არსებული პოეტიკა იყო ზოგადი და ნორმატიული პოეტიკის პრობლემათა ნაზავი, ერთგვარი
სიმბიოზი. „წესები“ არა მხოლოდ აღიწერებოდა, არამედ წესდებოდა კიდეც . ეს ფაქტობრივად იყო XVII საუკუნეში
დადგენილი და ორი ასეული წლის განმავლობაში ლიტერატურაში გაბატონებული ფრანგული კლასიციზმის
პოეტიკა. მდორე ლიტერატურული ევოლუციის პირობებში, _ როდესაც ცვალებადობის დინამიკა ნაკლებ
შესაგრძნობი იყო, _ ამ პოეტიკის მოთხოვნები ადამიანებს სიტყვიერი ხელოვნების განუყოფელ თვისებად
ესახებოდათ. მაგრამ კლასიცისტებსა და რომანტიკოსებს შორის მომხდარმა ლიტერატურულმა განხეთქილებამ XIX
საუკუნის დასაწყისში, ახალ, რომანტიზმის პოეტიკას დაუდო სათავე; რომანტიზმს მოჰყვა ნატურალიზმი; შემდეგ
_ სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და ა.შ. ლიტერატურულ სკოლათა რევოლუციურმა ცვლილებებმა დაამსხვრია
საყოველთაო ნორმატიული პოეტიკის შექმნის შესაძლებლობის ილუზია: რომელიმე მიმდინარეობის მიერ
წამოყენებულ ლიტერატურულ ნორმებს პირწმინდად უარყოფდნენ საპირისპირო ლიტერატურული სკოლის
წარმომადგენლები. ყველა ლიტერატურულ სკოლას საკუთარი ესთეტიკური პრინციპების საყოველთაობის
პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ მისი ლიტერატურული გავლენის დაქვეითებასთან ერთად მისი პრინციპებიც
დევალვაციას განიცდიდა და უფასურდებოდა. სწორედ ასეთია ლიტერატურის განვითარების შინაგანი კანონი.

ლიტერატურული კრიტიკა

ლიტერატურული კრიტიკა არის ლიტერატურული მოღვაწეობის _ ლიტერატურული ნაწარმოების განმარტებისა


და შეფასების _ სახეობა. იგი არის ლიტერატურულ ნაწარმოებზე მიმართული იმგვარი დისკურსი, რომელიც
აქცენტს აკეთებს ნაწარმოების წაკითხვის გამოცდილებაზე _ ის აღწერს, ინტერპრეტაციას უკეთებს და აფასებს
ნაწარმოების საზრისსა და ეფექტს. ლიტერატურული ნაწარმოების განსჯისა და შეფასებისას კრიტიკული
ანალიზის საშუალებებად გვევლინება სიმპათია-ანტიპათია, თვითიგივეობა, თვითპროექცია; თუ ლიტერატურის
ისტორიისა და თეორიისათვის იდეალური ადგილი უნივერსიტეტი იყო, კრიტიკა სალონში უკეთ გრძნობდა თავს,
რადგან მისი დასაბამიერი ფორმა მაღალი წრის ადამიანთა შორის მსჯელობა იყო. კრიტიკამ კარგა ხანია
სალონიდან ბეჭდურ პერიოდულ გამოცემათა სივრცეში გადაინაცვლა.

კრიტიკა თვით ლიტერატურის თანატოლია, რადგან ლიტერატურული ნაწარმოების ავკარგიანობა მისი


გამოჩენისთანავე განისჯებოდა. თუმცაღა ასაკით ლიტერატურის კბილაა, მაგრამ სტატუსით, ძალიან დიდხანს,
ლიტერატურული კრიტიკა დამხმარე და გამოყენებითი ხასიათისა იყო, რომელიც ნაწარმოების ზოგად შე¬ფასებას
და შემდგომი წაკითხისათვის რეკომენდაციას ან გაკიცხვას გულისხმობდა. ჟამთა სვლაში მისი ფუნქცია
გამოიკვეთა, გამოცალკევდა როგორც ლიტერატურის თეორიისაგან, ისე _ ლიტერატურის ისტორიისაგან. ამ
უკანასკნელისაგან განსხვავებით, ლიტერატურულ კრიტიკას აინტერესებს თანამედროვე ლიტერატურული
პროცესი და ამიტომ წარსულის მოვლენებსაც აწმყოსთან მიმართებით განიხილავს. საკვლევი მასალა
ლიტერატურისმცოდნეობის ყველა დარგისთვის ერთია, მაგრამ ლიტერატურული კრიტიკა მასალისადმი
მიდგომით გამოირჩევა: მისი მიზანი და ამოცანა ძალზე ახლოა თვით ლიტერატურის მიზანსა და ამოცანასთან
და, რაც უმთავრესია, თანამედროვე მკითხველის ცოცხალ აღქმასთან; ეს უკანასკნელი ასპექტი ძალმოსილია
მაშინაც, როდესაც საუბარია თანამედროვეობის კულტურულ მიმოქცევაში შემავალ კლასიკურ მემკივდრეობაზე.

დისკურსი, რომელიც უძველესი დროიდან დამკვიდრდა კულტურაში და რომელიც წინ უსწრებს კრიტიკას, არის
რიტორიკა. არისტოტელეს თანახმად, თუ ფილოსოფია საჭიროა ჭეშმარიტების მისაწვდომად, რიტორიკას
აზრებით მუშაობს, რაც იძლევა ამ ორი დარგის ერთმანეთისგან გამიჯნვის საშუალებას. რიტორიკას როგორც
დარწმუნების ხელოვნებასა და შესაბამისად მსმენელთან და მკითხველთან კომუნიკაციის უზრუნველყოფის
ფორმას, აქტიურად მიმართავს და იყენებს არა მხოლოდ პოეტი და მწერალი, არამედ პედაგოგი, ადვოკატი,
პოლიტიკოსი და საერთოდ ყველა, ვისაც უწევს ვინმეს რაიმეში დარწმუნება. რიტორიკისაგან განსხვავებით,
კრიტიკა განეკუთვნება საზოგადოებრივი აზრის თავისუფალ სფეროს და ამიტომაც არის მასში მოჭარბებული
ინდივიდუალური, ორიგინალური საწყისი. თანამედროვე ეპოქაში კრიტიკოსი არის ტექსტის თავისუფალი
ინტერპრეტატორი, „მწერლის“ ნაირსახეობა. ლიტერატურულ კრიტიკა ადამიანის ინტუიციური უნარის
განსაკუთრებულ როლსაც მიანიშნებს. საგანთა და მოვლენათა ოდენ რაციონალური წვდომა არ არის მათი
სრულფასოვანი აღწერის გარანტი და არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მათ ინტუიციურ აღქმას. ამ უნარისადმი
გამორჩეულმა ყურადღებამაც აქცია კრიტიკა ლიტერატურის ნაწილად. დღეს ვერავინ იტყვის, რომ კრიტიკა
ლიტერატურის მიღმა დგას და მას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურულ ცხოვრებაში, მაგრამ
ილიასეული კითხვა _ რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს _ კვლავაც აქტუალურია: „ჩვენს განათლებულს
საზოგადოებაში ხშირად ისმის გულისტკივილი, რომ ჩვენს ლიტერატურას კრიტიკა აკლიაო. მართალიც არის, _ ეს
დიდი და ფრიად დიდი დანაკლისია“ (ჭავჭავაძე 1958: 152). ილია ჭავჭავაძის აზრით, მისი თანამედროვე ეპოქა
„თვითმსჯელობისა“ და „თვითმხედველობის“ გონებრივ უნარს მოისაკლისებდა და ამ მიზეზითო „ჩვენს საკუთარ
საქმეში, ჩვენს საკუთარ ავ-კარგიანობაში ვერაფერი გაგვიგნია, თავი და ბოლო ერთმანეთზე ვერ გადაგვიბამს“-ო
(ჭავჭავაძე 1958: ). ერის კულტურული თვითდადგინება და იდენტობათა ფორმირება მუდმივი პროცესია და
საბჭოური ლიტერატურულ-კრიტიკული კოლაფსის შემდეგ, ილიასივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენს იმედს არ
ვკარგავთ, რომ ეგ კრიტიკა ჩვენც გვეღირსება ოდესმე, და მაგის მოვლენა, ვითა შვილი თვითმსჯელობისა, ჩვენი
სულიერი ძალღონის აღმატების და განდიდების ნიშანი იქნება“ (ჭავჭავაძე 1958).

სწორედ ილია ჭავჭავაძე დგას ქართული კრიტიკული სკოლის სათავეებთან, ტრადიციას კი ღირსეულად
აგძელებენ მე-19 და მე-20 საუკუნის სხვა ქართველი კრიტიკოსები.

ლიტერატურაზე ორიენტირებული დისციპლინები _ ისტორია, თეორია, კრიტიკა _ ტექსტის ანალიზის პროცესში


იყენებენ გარკვეულ ხერხებს. მათგან ცალკე უნდა გამოვყოთ და „ჟანრულად“ გავმიჯნოთ ტექსტის ანალიზის ორი
ტიპი _ კომენტარი და ინტერპრეტაცია.

კომენტარი ერთგვარად აფართოებს ტექსტს და მისთვის ეს ტიპიური ქმედებაა _ ტექსტის კომენტირებისას


ანალიზის სივრცეში შემოდის და აღიწერება იმგვარი ტექსტსგარე ფაქტები და მოვლენები, როგორიცაა: ავტორის
ბიოგრაფიის ან ტექსტის ისტო¬~რიის ფაქტები, სხვა ადამიანთა გამოხმაურებანი ტექსტზე; ტექ¬~სტში ნახსენები
გარემოებანი, _ მაგალითად, ისტორიული მოვლე¬~ნები; ტექსტის გამოგონებულობის ხარისხი; ტექსტის
ურთიერთ¬~მიმართება ეპოქის ენობრივი და ლიტერატურული ნორმებისადმი, რომლებიც ჩვენთვის, სიტყვათა
მოძველებულობისა გამო, შესაძ¬ლოა ნაკლებ გასაგებიც კი იყოს ხოლმე; ნორმისგან გადახრის საზრისი, რომელიც
შეიძლება განპირობებული იყოს ავტორის უუნარობით, სხვა ნორმისადმი მიმდევრობით ან ნორმის შეგნებული
რღვევით და ა.შ. კომენტირებისას ტექსტი ნაწევრდება უამრავ ელემენტად, რომლებიც გვაგზავნის კონტექსტთან
ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.

ინტერპრეტაციისას ვლინდება და თავს იჩენს ტექსტის მეტ-ნაკლებად შეკავშირებული და მთლიანი საზრისი,


რომელიც კერძო საზრისად უნდა მივიჩნიოთ ტექსტის მთელთან მიმართებით; იგი ყოველთვის ამოდის რაღაც
გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი იდეური წანამძღვრებიდან და ყოველთვის არის ანგაჟირებული _
პოლიტიკურად, ეთიკურად, ესთეტიკურად, რელიგიურად და ა.შ. იგი ამოდის რაღაც ნორმიდან და სწორედ ამ
ნორმატიული ხედვის კუთხით ანალიზი არის კრიტიკოსის ტიპიური საქმიანობა.

ლიტერატურისმცოდნეობითი დისციპლინები კვლევის პროცესში იყენებენ კვლევის ზოგად და შედარებით


მეთოდებს, აგრეთვე, დესკრიფციულ, კომპილაციურ და ანალიზურ ხერხებს. შედარებითი კვლევების მეთოდს
ეფუძნება შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა (ლიტერატურული კომპარატივისტიკა), რომელიც ადგენს
მხატვრული ტექსტის მიმართეEბას სხვა კულტურულ კონტექსტში ჩართულ მხატვრულ ტექსტებთან.
„ლიტერატურული და კულტურული სისტემები გამჭვირვალეა და ერთმანეთზე კონცეპტუალურად და
სტრუქტურულად გადაჯაჭვული. ვფიქრობთ, ერთადერთი მეთოდოლოგია, რომელიც თეორიულად სწორად
ასახავს ამ ურთულეს პროცესებს და ცდილობს, მეთოდოლოგიურად სწორად გადაჭრას ‘ლიტერატურული
საზღვრების’ პრობლემა, არის კომპარატივისტიკა. შედარებითი კვლევები გულისხმობს არა ცალკეული
ნაციონალური ლიტერატურების შეპირისპირებით ანალიზს, არამედ იმ უნივერსალური მეთოდის რეალიზებას,
რომელიც ზოგად პერსპექტივაში გაიაზრებს კონკრეტულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ანუ სცდება
ნაციონალური მახასიათებლების საზღვრებს და ადგენს განსხვავებული ნაციონალური კულტურებისა და
ლიტერატურების ინტეგრაციის ხარისხს, ოღონდ _ მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნების პირობით“
(რატიანი 2010: 156).

ლიტერატურისმცოდნეობას კავშირი აქვს თავის მომიჯნავე მეცნიერულ დისციპლინებთან. მათგან პირველ


ყოვლისა უნდა დავასახელოთ _ ლინგვისტიკა. ლიტერატურისმცოდნეობასა და ლინგვისტიკას შორის საზღვარი
არ არის შეუვალი და გარკვეული ფლექსიურობით (მერყეობით) გამოირჩევა; სამეტყველო ქმედების ბევრი
მოვლენა შეისწავლება როგორც მხტვრული სპეციფიკის, ასევე წმინდა ენობრივი ფაქტების სახით.
ლიტერატურისმცოდნეობასა და ლიგვისტიკას შორის მიმართებას შეიძლება ვუწოდოთ ოსმოსი
(ურთიერთშეღწევადობა), რადგან მათ შორის არსებობს რაღაცა სარტყელი, რომელსაც ორივე დარგი ფლობს და
აკონტროლებს. გარდა ამისა ლიტერატურისმცოდნეობა და ლინგვისტიკა დაკავშირებულნი არიან არა მხოლოდ
საგნით, არამედ მეთოდოლოგიითაც. ლიტერატურის კვლევის ლინგვისტიკის კანონებზე დაყრდნობამ და ამ ორი
მეცნიერების გაერთიანებამ წარმოშვა საერთო დისციპლინა _ ფილოლოგია.

ლიტერატურისმცოდნეობას დასაბამიერი კავშირი აქვს ისტორიასთან. მათი ურთიერთობა კომენტატორული


თანამშრომლობით შემოიფარგლებოდა და არ ვრცელდებოდა თეორიულ-ლიტერატურულ სფეროზე და
კონტექსტის აღწერაზე, მაგრამ ისტორიული პოეტიკის განვითარების პროცესში ლიტერატურისმცოდნეობისა და
ისტორიის ურთიერთობამ ორმხრივი ხასიათი შეიძინა, რადგან მეცნიერული იდეების იმპორტი ცალმხრივად,
ისტორიიდან კი აღარ ხდებოდა, არამედ ადგილი ჰქონდა ურთიერთგაცვლას. ტრადიციული გაგებით,
ისტორიისათვის ტექსტი _ ეს არის შუალედური მასალა, რომელიც უნდა დამუშავდეს, გამოირჩეს სარწმუნო და
არადამაჯერებელი ელემენტები; „ტექსტის კრიტიკის“ ანალიზური მეთოდით ტექსტი ერთგვარად უნდა
გადაილახოს ანუ მკვლევარმა თავი უნდა დააღწიოს მას. ლიტერატურისმცოდნე კი მუდმივად და ჩაძიებით
მუშაობს ტექსტთან და ადგენს, რომ ტექსტის სტრუქტურები გაგრძელებას ჰპოვებს საზოგადოების რეალურ
ისტორიაში. ამით არის დაკავებული, მაგალითად, ყოფითი ქცევის პოეტიკა, რომელიც მხატვრულ
ლიტერატურაში აღწერილ საქციელთა კანონზომიერებებზე დაყრდნობით, გამოყოფს და გამოაცალკევებს
გარელიტერატურულ სინამდვილეში არსებულ მსგავს მოდელებს: საზოგადოების არალიტერატურული ისტორია
აღიწერება როგორც ტექსტი, ესე იგი ლიტერატურისმცოდნეობა გამოიმუშავებს იდეებსა და სტრუქტურებს,
რომელთა ექსტრაპოლირება (განფენა) შემდგომ ხდება არალიტერატურულ სინამდვილეზე.

ლიტერატურათმცოდნეობისა და ისტორიის ამ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას განსაკუთრებულ


სტიმულს აძლევდა სემიოტიკის (მეცნიერება ნიშნებსა და ნიშნობრივ პროცესებზე) წარმოშობა და განვითარება.
სემიოტიკა ჩამოყალიბდა ლინგვისტური თეორიების გაფართოების შედეგად. მან შეიმუშავა ტექსტის ანალიზის
როგორც ვერბალური (სიტყვიერი), ისე არავერბალური პროცედურები ფერწერაში, კინოში, თეატრში,
პოლიტიკაში, რეკლამაში, პროპაგანდაში, _ რომ აღარა ვთქვათ სპეციალურ საინფორმაციო სისტემებზე _ საგზაო
ნიშნებით დაწყებული და ელექტრონული კოდებით დამთავრებული. ამასთანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა კონოტაციის მოვლენა, რომელიც კარგად ჩანს მხატვრულ ლიტერატურაში; ე.ი.
ლიტერატურისმცოდნეობა აქ მოგვევლინა იდეათა გამომუშავების პრივილეგირებულ სფეროდ, რომელიც ახდენს
ამ იდეების ექსტრაპოლირებას ნიშნურ ქმედებათა სხვა სფეროებზე.

კიდევ ორი მომიჯნავე დისციპლინა უნდა გამოვყოთ, _ ეს არის ესთეტიკა და ფსიქოანალიზი. ესთეტიკა დიდ
გავლენას ახდენდა ლიტერატურისმცოდნეობაზე XIX საუკუნეში, როდესაც ლიტერატურასა და ხელოვნებაზე
თეორიული რეფლექსია ხშირად ხორციელდებოდა ფილოსოფიური ესთეტიკის ფორმით (შელინგი, ჰეგელი,
ჰუმბოლტი). თანამედროვე ესთეტიკამ ყურადრება გადაიტანა ექსპერიმენტულ სფეროში (სხვადასხვა სოციალური
ჯგუფის წარმოდგენათა კონკრეტული ანალიზი; მშვენიერის, უაზროს, სასაცილოს, ამაღლებულის შესახებ
რეფლექსია), ხოლო ლიტერატურისმცოდნეობამ გამოიმუშავა თავის საკუთარი მეთოდოლოგია, და ამდენად მათი
ურთიიერთობა განელდა. ფსიქოანალიზი ლიტერატურისმცოდნეობისათვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი
ინტერპრეტაციული იდეების წყარო: იგი იძლევა არაცნობიერი პროცესების ეფექტურ სქემებს, რომლებიც
ლიტერატურულ ტექსტებშიც მრავ¬~ლად მოიძიება. ამგვარი სქემის ორი ძირითადი ტიპი _ ფროიდისეული
„კომპლექსები“ და იუნგისეული „არქეტიპები“ _ კოლექტიური არაცნობიერის პირველსახეებია.

ამგვარია მეტალიტერატურული დისკურსების წრე, რომელზე დაყრდნობითაც ლიტერატურისმცოდნეობა


ცდილობს საკუთარი თავის დადგენას. პროცესის სირთულე იმით არის განპირობებული, რომ
ლიტერატურისმცოდნეობის ობიექტს _ ლიტერატურას, როგორც სიტყვის ხელოვნებას, სხვა კულტურულ
საქმიანობათა და ხელოვნებათა შორის ცენტრალური ადგილი უკავია ჩვენს ცივილიზაციაში. მისი ეს
ცენტრალურობა და „ყოვლისმწვდომობა“ მასზე (ლიტერატურაზე) მეცნიერებასაც პრობლემურ ვითარებაში
ამყოფებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

იაკობსონი 1975: Р.О. Якобсон. Лингвистика и поэтика. _ Структурализм: ‘за’ и ‘против’. М.: 1975.

კომპანიონი 2001: А. Компаньон. "Демон теории: Литература и здравый смысл. М.: 2001.

ლოტმანი 1970: Ю.М. Лотман. Структура художественного текста. М.: 1970.

ჟენეტი 1998: Ж. Женетт. Фигуры: Работы по поэтике. тт. 1 - 2, М.: 1998.

რატიანი 2010: რატიანი ი. ნაციონალური ლიტერატურებისა და შედარე¬ბითი ლიტერატურათმცოდნეობის


საზღვრები // წახნაგი, № 2, ფილოლო¬გიურ კვლევათა წელიწდეული. თბ.: 2010.

ტოდოროვი 1975: Тодоров Ц. Поэтика _ Структурализм: ‘за’ и ‘против’. М.: 1975.

ჭავჭავაძე 1958: ჭავჭავაძე ი. რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს. // თხზუ¬ლებათა სრული კრებული ათ ტომად.
ტ. III. თბ.: 1958.

You might also like