Professional Documents
Culture Documents
Screenshot 2024-02-15 at 14.38.24
Screenshot 2024-02-15 at 14.38.24
მეფე და მხატვარი
ერთ ცალთვალა მეფეს ხელოვანი მხატვარი ჰყავდა, რომელიც არ მოსწონდა და მიზეზს ეძებდა,
რომ სიკვდილით დაესაჯა.
ერთხელ მეფემ უბრძანა მხატვარს:
- მინდა დამხატოო!
მხატვარმა გულში თქვა: ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე, ცალთვალა რომ დავხატო,
მომკლავს, როგორ მკადრეო; თუ ორივე თვალს დავუხატავ, მაინც მომკლავს: ჩემი მსგავსი არ
არისო.
მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ ეს ხერხი მოიგონა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი მისცა,
ბრმა თვალი დაუხუჭა და საღი თვალით ირემი მიზანში ამოაღებინა.
მხატვარმა ეს სურათი მეფეს მიართვა. მეფემ მიზეზი ვეღარ მოუძებნა და მხატვარი სიკვდილს
გადაურჩა.
უტკბესი და უმწარესი
ერთხელ მეფემ ვეზირს უბრძანა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზე მასზე უტკბესი
არაფერი იყოსო.
წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა და აჭამა. მეფეს მოეწონა.
ცოტა ხანში მეფემ ისევ იხმო ვეზირი და უბრძანა: წადი, ისეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მასზე
უმწარესი არაფერი იშოვებოდესო!
წავიდა ვეზირი, ისევ ენა უყიდა და მოუტანა.
მეფემ ვეზირს მიმართა: მწარე ვისურვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო?!
ვეზირმა მიუგო: ენაზე მწარე და ენაზე ტკბილი ამქვეყნად არაფერიაო.
გლახაკი და ქილა ერბო
ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი
გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა:
- ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი;
იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და
თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-
ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და
ავშენდებიო.
ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო.
გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო!
მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი
გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა.
კუ და მორიელი
ერთი კუ და მორიელი დამეგობრდნენ, დაადგნენ გზას და მდინარე დახვდათ გასავლელი.
მორიელი დაღონდა, ცურვა არ იცოდა და ნაპირზე გასვლა არ შეეძლო.
კუმ უთხრა:
- ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი კუს ზურგზე. როცა კუ წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო.
კუმ ჰკითხა:
- ძმაო, რას აკეთებო?
მორიელმა უპასუხა:
- რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთი გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა
ვუკბინოთო.
კუმ ჩაყვინთა, მორიელი წყალს გაატანა და უთხრა:
- ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ თუ ჩემი გვარი შხამიან ხორცს არ ჩამოიბანს, გაუსივდება და
მოკვდებაო.