ხულიო კორტასარი - კატების ორიენტაცია

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ხულიო კორტასარი

კატების ორიენტაცია

ხუან სორიანოს

როცა ალანა და ოსირისი მიმზერენ, მათ თვალებში მისხლისოდენა თვალთმაქცობას და


სიცრუეს ვერ ვამჩნევ. მიყურებენ და თვალს არ მაცილებენ: ალანა თავისი ლაჟვარდისფერი,
ოსირისი კი მწვანე თვალებით შემომცქერიან. ერთმანეთსაც ასე შესციცინებენ. ალანა
ოსირისის შავ ზურგს ეალერსება, ის რძიანი ჯამიდან თავს სწევს და კმაყოფილი კრუტუნებს.
ქალმა და კატამ ერთმანეთი ჩემთვის უცნობ სამყაროში გაიცნეს; სამყაროში, სადაც მთელი
ჩემი სინაზით ვერასდროს შევაღწევდი. დიდი ხანია ოსირისის პატრონის როლზე უარი
ვთქვი. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ყოველთვის დისტანციას ვინარჩუნებთ. ალანა ჩემი
ცოლია და ჩვენ შორის სხვანაირი მანძილია, რასაც ალბათ ვერ გრძნობს, მაგრამ ეს ჩემს
ბედნიერებას არ არღვევს, როცა ალანა მიყურებს. მიყურებს და თვალს არ მაშორებს, როგორც
ოსირისი, მიღიმის ან რამეს მიყვება, გულწრფელად, არაფერს მიმალავს, ყოველი მოძრაობით
მნებდება, როგორც სიყვარულის დროს – როცა სხეული მისი თვალებია და ეს მუდმივი
ურთიერთკავშირია.
უცნაურია: დიდი ხანია ხელი ავიღე სურვილზე, შემეღწია ოსირისის სამყაროში, მაგრამ
ალანასადმი სიყვარულში, ბუნებრივ სისავსეს, სამუდამო კავშირს, საიდუმლოს
გარეშე ცხოვრებას ვერ ვგრძნობ. მისი ცისფერი თვალების სიღრმეში, კიდევ რაღაც არის
ისეთი, რაც სიტყვებით, კვნესით, დუმილით იმალება. იქ სხვა სამეფოა, იქ სხვა ალანა

სუნთქავს. მისთვის ეს არასდროს მითქვამს. ძალიან მიყვარს და არ მინდა, სარკე


დავამსხვრიო, რომელშიც ბედნიერების ამდენი დღე და წელი აირეკლა. ჩემი მხრივ,
ვცდილობ, გავუგო. მინდა, რომ ბოლომდე გაიხსნას. ვაკვირდები, მაგრამ არ ვუთვალთვალებ,
უკან დავყვები, მაგრამ ვენდობი. მიყვარს მშვენიერი ქანდაკება, თუნდაც დროისგან
შებღალული. მიყვარს დაუმთავრებელი ტექსტი და ცის ნაგლეჯი ცხოვრების ფანჯარაში.
იყო დრო, როცა მომეჩვენა, რომ მუსიკამ ნამდვილი ალანასკენ გზა გამიხსნა. ვხედავდი,
როგორ უსმენდა ბარტოკის, დიუკ ელინგტონის, გალ კოსტას ფირფიტებს და
თანდათან მის არსში ვაღწევდი. თითქოს გამჭვირვალე ხდებოდა, მუსიკა ერთგვარად
აშიშვლებდა და სულ უფრო მეტად ხდებოდა ალანა, რადგან შეუძლებელია, რომ ალანა
მარტო ის ქალი ყოფილიყო, რომელიც ასე მიყურებდა და არაფერს მიმალავდა. იმისთვის,
რომ ალანა უფრო ძლიერ მყვარებოდა, ალანას ვეძებდი, ყველგან ვეძებდი: ალანაში, ალანას
მიღმა. და თუ თავიდან მუსიკამ საშუალება მომცა, სხვა ალანებზე მეფიქრა, ერთხელ, როცა
რემბრანდტის ნახატის წინ ვიგრძენი, ალანა უეცრად კიდევ უფრო შეიცვალა, თითქოს ცაზე
ღრუბლების თამაშმა უეცრად პეიზაჟზე შუქ-ჩრდილის თამაში შეცვალა. ვიგრძენი, რომ
მხატვრობამ ის საკუთარი თავისგან განაშორა – ერთადერთი მნახველისთვის, რომელსაც
შეეძლო, წამიერი, განუმეორებელი მეტამორფოზა შეემჩნია. უნებურმა თანაშემწეებმა ქით
ჯარეთმა, ბეთჰოვენმა და ანიბალ ტროილომ მასთან მიახლოების საშუალება მომცეს, მაგრამ

მკითხველთა ლიგა
დადგა დღე, როცა ნახატის ან გრავიურის წინ ვიდექი, ალანა კიდევ უფრო
თავისუფლდებოდა იმისგან, როგორიც მე წარმომედგინა. ერთი წამით შედიოდა გამოსახულ
სამყაროში და თვითონ არ აცნობიერებდა, რომ საკუთარი ჩარჩოდან გადიოდა. სურათიდან
სურათზე გადადიოდა, რაღაცას ამბობდა, ჩუმდებოდა. ყოველი ახალი სურათის გამო კარტი
სულ ახლებურად ირეოდა და ეს მარტო იმისთვის ხდებოდა, ვინც ოდნავ უკან იდგა და
მდუმარედ და ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ცვლიდა ტუზი დედოფალს, ყვავი კი
ჯვარს, ალანა.
ოსირისს როგორ უნდა მოვქცეოდი? რძე დამესხა და თავი დამენებებინა მოკრუტუნე, შავ
გორგალად ქცეული კატისთვის? ალანა კი, შემეძლო, სამხატვრო გალერეაში წამეყვანა, რაც
გუშინ უკვე გავაკეთე და ისევ აღმოვჩნდი სარკის თეატრში, კამერა-ობსკურაში, ტილოზე
უძრავად გაყინულისა და მათგან განსხვავებული სახის წინაშე, რომელსაც ფერადი ჯინსი და
წითელი ბლუზა ეცვა. სიგარეტი შესასვლელში ჩააქრო და ნახატიდან ნახატთან გადადიოდა.
დროდადრო ჩერდებოდა იმ ადგილზე, საიდანაც ნახატი უკეთ ჩანდა. ზოგჯერ ბრუნდებოდა,
რაღაცას მეუბნებოდა ან მეკითხებოდა. ალანა ვერც კი ხვდებოდა, რომ აქ ნახატების გამო არ
ვიყავი. ვერ ხვდებოდა, რომ ცოტა უკან ან მის გვერდით მდგარი, ყველაფერს სულ სხვა
თვალით ვუყურებდი, ვიდრე ის. ალანა ვერ აცნობიერებდა, რომ ნახ-
ატიდან ნახატამდე ეს ნელი და ჩაფიქრებული სვლა ალანას ისე ცვლიდა, რომ თავს
ვაიძულებდი, თვალები დამეხუჭა, რომ არ მოვხვეოდი, ხელში არ ამეტაცა და შუა ქუჩაში
შეშლილებივით არ გვერბინა. მსუბუქი, თავისუფალი, სიხარულის დროს ბუნებრივი,
გულწრფელი ალანა ჩერდებოდა, ათვალიერებდა და მისი დრო განსხვავდებოდა ჩემი
დროისგან, რომელიც სავსე იყო დაძაბული მოლოდინით და ლტოლვით.
აქამდე ყველაფერი ბუნდოვანი, არაფრის მომასწავებელი იყო: ალანა მუსიკაში, ალანა
რემბრანდტის წინ. მაგრამ ახლა ჩემი მოლოდინი შემაშინებელი სიზუსტით გამართლ-
და. როგორც კი გალერეაში შევედით, ალანა ნახატებს ქამელეონის მიამიტობით დანებდა. ის
ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიოდა და ვერც კი ხვდებოდა, რომ იქ მაყურებელი
იყო, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობასა და პოზას, თავის
გადახრას, ჟესტს, ბაგეთა ცახცახს, რაც სხვა ალანად აქცევდა და მის შინაგან ცვლილებას
მოწმობდა. იქ, სადღაც, სიღრმეში ის მეორე ყოველთვის ალანა იყო და ალანას ავსებდა.
კარტის დასტა ივსებოდა. გალერეაში მასთან ერთად ნელა დავდიოდი და ვხედავდი, როგორ
ეძლეოდა ალანა თითოეულ ნახატს. ჩემს თვალებში მრავლდებოდა მბრწყინავი
სამკუთხედები, რომელთა გვერდები ალანასგან სურათთან მიდიოდა, სურათიდან – ჩემთან,
რომ ცვლილება დაეფიქსირებინა. ახალი შარავანდედი, რომელიც თავზე ედგა, იმავ წამს სხვა
აურით, ფერთა ახალი გამით იცვლებოდა და ნამდვილ ალანას გვიჩვენებდა, მის არსს
აშიშვლებდა. შეუძლებელი იყო წინასწარ განჭვრეტა, ეს ოსმოსი როდის დამთავრდებოდა.
კიდევ რამდენი ალანა მიმიყვანს სინთეზამდე, რომლისგანაც ორივე გამოვიდოდით – ალანას
ეს აზრადაც არ ექნება. სიგარეტს მოუკიდებს და იტყვის, სადმე წავიდეთ და დავლიოთო. მე
კი გააზრებული მექნება, რომ ჩემი ხანგრძლივი ძიება დასასრულს მიუახლოვდა და
მივხვდები, რომ ჩემი სიყვარული ამიერიდან ყოველივე ხილულსა და უხილავს მოიცავს. და
დამსახურებულად ჩავთვლი ალანას გულწრფელ მზერას, სადაც არ მოჩანდა „აჭედილი
კარი“ და მიუწვდომელი პეიზაჟები.
დავინახე: როგორ გახევდა ერთი ნახატის წინ, რომელზეც ეული ნავი იყო, წინა პლანზე
შავი კლდეები მოჩანდა; ალანა ხელებს ძლივს შესამჩნევად ამოძრავებდა – თითქოს ჰაერში
მიცურავდა, ღია ზღვაში გზას ეძებდა, ჰორიზონტისკენ. მერე კი სულ არ გამკვირვებია, როცა
მეორე ნახატმა, რომელზეც ცხაურა ხეივნის შესასვლელს კეტავდა, ალანას უკან დაახევინა,
თითქოს დასაკვირვებლად მოხერხებულ ადგილს ეძებდა. სინამდვილეში კი ეს უარყოფა
იყო, ყველანაირი ჩარჩოს მიუღებლობა იყო. ჩიტები, ზღვის ურჩხულები, ფანჯრები თითქოს
მდუმარებას გადასცქეროდნენ ან სიკვდილს ეპატიჟებოდნენ. ყოველი სურათი აშიშვლებდა
ალანას, გარეგნულად ცვლიდა, როგორც ქამელეონს. მისი ხმაც კი სხვანაირად ჟღერდა.
დასტურდებოდა თავისუფლების, ფრენის, მზიანი სივრცის წყურვილი, ღამის და არყოფნის
მიუღებლობა, მისი შემაშინებელი სწრაფვა ფენიქსად ქცევისკენ. უკან ვიდექი და ვხვდებოდი,

მკითხველთა ლიგა
რომ ვერ გავუძლებდი მის გაკვირვებულ, კითხვებით სავსე მზერას, როცა ჩემს სახეზე
უტყუარ თანხმობას დაინახავდა, რადგან ის ჩემი სიცოცხლე, ალანა იყო. ეს იყო სურვილი,
რომელსაც ქალაქისა და ჩემი კეთილგონიერების წყალობით ვთრგუნავდი. ახლა კი, როგორც
იქნა, ალანა, ბოლოს და ბოლოს – ალანა და მე, ახლა, ამ წუთიდან... მინდოდა, შიშველი ხელში
ამეყვანა, და ისე მყვარებოდა, რომ ყველაფერი ნათელი ყოფილიყო... რომ ერთხელ და
სამუდამოდ ჩვენ შორის ყველაფერი ნათქვამი ყოფილიყო, რომ ჩვენთვის სიყვარულის ამ
უსასრულო ღამეს, ამდენჯერ რომ გვიგემია, სიცოცხლის პირველი განთიადი
დაბადებულიყო.
მთელი გალერეა მოვიარეთ. გასასვლელ კარს მივუახლოვდი. სახეს ისევ ვმალავდი.
ველოდებოდი,რომ სუფთა ჰაერი და ქუჩის სინათლე დამიბრუნებდა იმას, რასაც ალანა
მიჩვეული იყო. დავინახე: ალანა იმ ნახატთან შეჩერდა, რომელსაც მნახველების გამო
ნახევრად ვერ ვხედავდი. ალანა მოჯადოებულივით უყურებდა ფანჯარას და კატას. ბოლო
ცვლილებამ ალანა აქცია ქანდაკებად, რომელიც ყველასგან შორს, ჩემგან შორს იყო.
გაუბედავად მივუახლოვდი. ვცდილობდი, მისი მზერა მეპოვა, რომელიც სურათში იყო
დაკარგული. დავინახე: კატა პირწავარდნილი ოსირისი იყო. სადღაც შორს იყურებოდა, რის
დანახვის საშუალებასაც ფანჯრის ჩარჩო არ გვაძლევდა. ის უძრავად გამოესახათ, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ალანაზე უფრო მოძრავად გამოიყურებოდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ
მივხვდი, რომ სამკუთხედი დაიმსხვრა. როცა ალანა ჩემკენ მობრუნდა, სამკუთხედი აღარ
იყო. ალანა სურათში შევიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ის კატის გვერდით იდგა და ერთად
უყურებდნენ ფანჯრიდან რაღაცას, რის დანახვაც მარტო მათ შეეძლოთ, რასაც მარტო ალანა
და კატა ხედავდნენ, როცა მე მიყურებდნენ და თვალს არ მაშორებდნენ.

მკითხველთა ლიგა

You might also like