Professional Documents
Culture Documents
8 ბროცკი-ქებათა-ქება-მოწყენილობას
8 ბროცკი-ქებათა-ქება-მოწყენილობას
უ. ოდენი. ,,ალონსო-ფერდინანტს“
იმის მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც ამიერიდან წინ მოგელით, მოწყენილობა გამოაცხადებს თავის
უფლებებს. მიზეზი, რის გამოც ამ საზეიმო დღეს თქვენთან ამაზე საუბრის სურვილი გამიჩნდა,
იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი მომავლისთვის – მე ასე ვვარაუდობ – თქვენ არც ერთი
კოლეჯი არ გამზადებთ, და არც დარტმუთი იქნება გამონაკლისი. არც ზუსტი, არც ჰუმანიტარული
მეცნიერებები მოწყენილობასთან გასამკლავებელ კურსს არ გთავაზობთ. უკეთეს შემთხვევაში
შეიძლება მოწყენილობასთან გაცნობა დაგიპირონ, თან ისე, რომ უფრო დიდ მოწყენილობას
შეგყრიან. მაგრამ ეს შემთხვევითი შეხება განუკურნებელ სნეულებას როგორ შეედრება?
კათედრიდან წამოსული ყველაზე მონოტონური დუდუნი თუ სიტყვაუხვი სახელმძღვანელო,
რომლის კითხვისას ქუთუთოები გიმძიმდებათ, არაფერია იმ ფსიქოლოგიურ საჰარასთან
შედარებით, რომელიც თქვენსავ საძინებლებში იწყება და ჰორიზონტს ავიწროებს.
სიღარიბეს რაც შეეხება, მოწყენილობა – მის მიერ მოტანილი უბედობების ყველაზე დაუნდობელი
ნაწილია და მისგან გაქცევა ყველაზე რადიკალურ ფორმებს: თავაწყვეტილი ამბოხის ან
ნარკომანიის ფორმას იღებს. ერთიც და მეორეც დროითი უბედურებაა, რადგან სიღარიბის
უბედურება უსასრულოა; ამ უსასრულო ბუნების გამო ორივე მათგანი ძვირი ჯდება. ზოგადად,
ადამიანი, რომელიც ვენაში ჰეროინს იშხაპუნებს, ამას უმეტესად იმავე მიზეზით აკეთებს,
რომლის გამოც თქვენ ვიდეოს ყიდულობთ: დროის სიჭარბისგან თავდასაღწევად. თუმცა,
განსხვავება იმაშია, რომ ის უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს, და ხსნის ის ხერხები,
რომლებიც მის ხელთაა, ისეთივე ზედმეტობებით სცოდავს, როგორც ის, რისგანაც თავის
დაღწევას ცდილობს. მთლიანობაში, ტაქტილური სხვაობა შპრიცის ნემსსა და
სტერეომოწყობილობის ღილაკს შორის დაახლოებით ისეთსავე ურთიერთმიმართებაშია
ერთმანეთთან, როგორი განსხვავებაცაა მქონებელთა თუ უქონელთა მიმართ დროის
ზეგავლენის სიმძაფრესა და სიტლანქეს შორის. მოკლედ რომ ვთქვა, გინდ მდიდარი იყავი და
გინდ ღარიბი, ადრე თუ გვიან დროის სიჭარბე მაინც გავნებს.
თქვენს ლექსიკონს ნევროზი და დეპრესია შეემატება, თქვენს საშინაო აფთიაქს – ახალი აბები.
კაცმა რომ თქვას, ცუდი არაფერია იმაში, რომ ცხოვრება ალტერნატივათა დაუსრულებელ ძიებად
აქციოთ, სამსახურების, მეუღლეების, გარემოცვის პოვნა-კარგვაში, თუკი ალიმენტების ხდას
გაწვდებით და მოგონებებში შემოპარულ არეულობას გაუძლებთ. ეს მდგომარეობა
საკმარისადაა კულტივირებული ეკრანებსა და რომანტიკულ პოეზიაში. მისი სიმუხთლე იმაშია,
რომ ძირითად საქმიანობად მალე ეს ძიება გადაგექცევათ და ალტერნატივის თქვენეული
მოთხოვნილება ნარკომანის დღიურ დოზას გაუტოლდება. თუმცა აქედან კიდევ ერთი
გამოსავალი არსებობს. შესაძლოა, თქვენი თვალთახედვით – არა საუკეთესო, და არც
აუცილებლად უსაფრთხო, მაგრამ იაფი და წყალგაუვალი. ვისაც თქვენგან რობერტ ფროსტის
„მსახურის მსახური“ წაუკითხავს, მისი ეს სტრიქონიც ეხსომება: საუკეთესო გამოსავალი
გამჭოლად სვლაა“. ის, რაც მე მინდა შემოგთავაზოთ, ამ თემის ვარიაცია იქნება.
,,მარად გახსოვდე“,
ჩურჩულებს მტვერი.