Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 44

საქართველო VI-VIII საუკუნეებში. დიდი ომიანობა ეგრისში.

,,არაბობა’’ საქართველოში

 სამეფო ხელისუფლების გაუქმება ქართლში

VI ს. პირველი ათწლეულებში პოლიტიკური ვითარება ქართლის სამეფოში კვლავ


რთული რჩებოდა. რომისა და ირანის ცილობის ობიექტად ქცეულ ამიერკავკასიის
ქვეყნებში სამეფო ხელისუფლება ამ დროს მხოლოდ ქართლსა და ეგრისში იყო
დარჩენილი. მაგრამ, თუ ეგრისში რომაელები, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ ურიგდებოდნენ
ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სულ სხვა ვითარება
შექმნილიყო.
428 წ. ირანელებმა მეფობა მოსპეს სომხეთში, მანამდე (391 წ.) ეს ბედი ეწია დასავლეთ
სომხეთს, ე. წ. რომის სომხეთს (რომაელებისაგან). 510 წ. სპარსეთის შაჰმა კავად I-მა (488-531
წწ.) საბოლოოდ გააუქმა მეფობა ალბანეთში. ჯერი ქართლის სამეფოზე მიდგა.
აღსანიშნავია, რომ გარე ძალის მოკავშირედ მეფის შეუზღუდავი ხელისუფლების
წინააღმდეგ ბრძოლაში გამოდიოდა ადგილობრივი ძალა- სეპარატისტულად
განწყობილი ფეოდალური ოპოზიცია.
ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ ქართული წყაროების მიხედვით,
,,დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი”, რომელიც ,,უჯარმელადაც” იწოდებოდა.
დაჩის დაუწყია მოოხრებული ქართლის აღდგენა, მანვე დააგვირგვინა მამის
დაწყებული საქმე და სამეფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა.
ბუნებრივია, რომ დაიწყო ქართლის ახალი დედაქალაქის სწრაფი აღზევების პროცესი:
ამ დროს აუშენებიათ მარიამ-წმიდის (ანჩისხატი) ეკლესიაც. მაგრამ მიუხედავად დაჩის
ასეთი კულტურულ-აღმშენებლობითი ღონისძიებებისა, რომლებიც მიმართული იყო
სახელმწიფოებრივი ცხოვრების სტაბილიზაციისაკენ, როგორც ჩანს, მის დროს იწყება
სპარსელებთან ომით დასუსტებული, გორგასლის დროინდელი ქართლის სამეფოს
თანდათანობით დაშლა. ,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით, დაჩის ნახევარძმებმა,
ლეონმა და მირდატმა, ერისთავთა მხარდაჭერით ,, დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა”
და დასხდნენ წუნდას. მართალია, ფორმალურად ქართლის სამეფო ჯერ კიდევ
ერთიანია, მაგრამ ზემოხსენებული ტენდენცია, გამოწვეული პოლიტიკური სიტუაციისა
და ქართლის ერისთავთა სეპარატისტული ამბიციებით, სახეზეა. ცოტა უფრო გვიან,
დაჩის შვილიშვილის, ფარსმანის დროს სპარსელებმა მოაოხრეს ,,ქართლი და რანი”.
ქართლის მეფე იძულებული გახდა შაჰის უზენაესობა ეღიარებინა. მართალია,
ირანელებმა ვერც ამჯერად მოსპეს მეფობა ქართლში, მაგრამ ამ შემოსევის შემდეგ
დაჩის შთამომავლები ემორჩილებოდნენ სპარსეთს, ხოლო მირდატისა- ბიზანტიას.
სავარაუდოა, რომ სპარსელებმა მოახერხეს ,,აღმოსავლეთ ქართლში “ თავიანთი
ზედამხედველის- მარზპანის დანიშვნა.

1
საინტერესოა, რომ მსგავსად IV საუკუნის ბოლო მესამედის და V საუკუნის
დასაწყისის ვითარებისა ახლაც უცხოურ წყაროებში იხსენიებიან ქართლის (იბერიის)
მეფეები, რომელთაც არ იცნობს ქართული წყაროები. ასე მაგალითად: VI საუკუნის
ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი 523 წლისათვის იბერიის მეფედ
ასახელებს გურგენს, ხოლო იოანე მალალას (VI ს.) და თეოფანე ჟამთააღმწერლის (IXს.)
ცნობების მიხედვით, 527-535 წლებში იბერიაში მეფობს ზამანაზი თუ ძამანარძე.
ბიზნტიურ წყაროთა ჩვენებაში ეჭვის შეტანა თითქოს უსაფუძვლოა და ეს ფაქტი
დადგენილად უნდა ჩაითვალოს. ქართული წყაროების მიხედვით, ამავე პერიოდში
ქართლის მეფეთა ასეთი რიგია დაცული: დაჩი, ბაკური, ფარსმანი, ფარსმანი (“სხვაი”),
ბაკური. ქართველ მეცნიერთა მოსაზრებით, არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეჭვი
შევიტანოთ ამ ცნობებშიც, მითუმეტეს, რომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ძეგლი,
კერძოდ შიო მღვიმელის მეტაფრასული “ცხოვრება”(XII ს.), აგრეთვე იცნობს
იმპერატორ იუსტინიანეს (527-565 წწ) თანამედროვე ფარსმან ქართველთა მეფეს,
რომელიც ზემოთმოტანილი სიის მიხედვით არის ფარსმან “სხვაი”. ქართველი
ისტორიკოსის ვახტანგ გოილაძის აზრით, ბიზანტიური წყაროების ზამანაზი თუ
ძამანარძე ქართული წყაროების ფარსმანია და, ამ მხრივ, ქართული და ბიზანტიური
წყაროები ერთმანეთს ეთანხმებიან. ეს ყოველივე კი იმაზეც მიუთითებს, რომ
ქართლში მეფობა 535 წელსაც კი არ არის გაუქმებული, და, მეორეს მხრივ, ქართულ
წყაროებში დაცული მეფეთა ზემოხსენებული ნუსხა რეალურია.
ქართველ მეცნიერთა აზრით, შესაძლებელია ასეთი სხვაობა ქართულ და უცხოურ
წყაროთა ჩვენებებს შორის აიხსნას არა მხოლოდ იმით, რომ თითქოს ქართული
წყაროები ნაკლულია და ყველა მეფე არ არის მოხსენიებული ამის საწინააღმდეგოდ
თითქოს ის ფაქტი მეტყველებს, რომ ყველა ქართულ წყაროში მეფეთა სია
იდენტურია, არამედ იმით, რომ აქ კვლავ ორ ნაწილად, ირანისა და ბიზანტიის
გავლენის სფეროებად გაყოფილი ქართლის სხადასხავა მმართველებთან გვაქვს საქმე.
ცხადია, არ არის გამორიცხული ორივე შესაძლებლობა.
ქართულ და უცხოურ წყაროთა ჩვენებების შედარება საშუალებას არ გვაძლევს
პოლიტიკური პროცესების განვითარების ერთმნიშვნელოვანი სურათი წარმოვადგინოთ.
ზოგადი ვითარება კი ასეთია: დაჩის შვილიშვილის ფარსმანის დროს “დასავლეთი
ქართლისა” ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა და ბიზანტიის მფარველობის ქვეშ
მოექცა. ,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ეს იყო მტკვრის ზემოწელი (სამცხე-
ჯავახეთი) და ჭოროხის აუზი ზღვისპირამდე. ეს უნდა მომხდარიყო 523 წლის
უწინარეს, როდესაც ქართლის მეფეები ჯერ კიდევ ფლობდნენ დასავლეთ
საქართველოს მდინარე ეგრის-წყლამდე. 523 წელს ლაზეთის მეფე წათე განუდგა
სპარსეთს, იმპერატორ იუსტინესთან გამოცხადდა, მისი უზენაესობა აღიარა და ამით
ფაქტიურად დასავლეთ საქართველო გამოეყო ვახტანგ გორგასლის მიერ შექმნილ
ერთიან ქართულ სახელმწიფოს და ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბდა ბიზანტიის
პოლიტიკური გავლენის ქვეშ.

2
ლაზიკის განდგომას სპარსთა შაჰის კავადის პროტესტი მოჰყვა. დაიწყო საზავო
მოლაპარაკებაც, რომელიც საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა. ამავე პერიოდში ირანს
სიტუაცია გაურთულდა აღმოსავლეთ საქართველოშიც. საერთოდ უნდა აღინიშნოს,
რომ VI საუკუნისათვის რომის იმპერიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში
ჩაბმული სასანიდების ირანის ტერიტორიული ექსპანსიის გეზი უმთავრესად
კავკასიისაკენ იყო მიმართული. მთელი კავკასიის დაპყრობა და აქედან რომაელთა
საბოლოო გაძევება სასანიდების საგარეო პოლიტიკის სანუკვარი მიზანი იყო.
ირანელები აღარ სჯერდებოდნენ ამიერკავკასიის ქვეყნების ვასალურ მდგომარეობას
და მათ ერთმანეთზე მიყოლებით ირანის ჩვეულებრივ პროვინციებად აქცევდნენ. ქართლში
ირანელები საქმეს თავიანთი ძველი სარწმუნოებრივი პოლიტიკის გატარებით შედგომიან.
პროკოპი კესარიელის ცნობით, კავადს გადაუწყვეტია იბერები ძალით მოექცია თავისი
სარწმუნოების წესებზე. შაჰს გურგენ ქართველთა მეფისათვის შეუთვლია, რომ “სხვა
რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული, და მიცვალებულებიც
მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა და ძაღლებისათვის
გადაეგდო”. გურგენ მეფეს აჯანყების მეტი აღარაფერი დარჩენოდა და საამისოდ იუსტინე
კეისართან (518-527 წწ.) საიდუმლო მოლაპარაკებას შეუდგა. კეისარმა ქართლის მეფეს
დაპირება მისცა, რომ “რომაელები არასოდეს სპარსელების ხელში არ ჩააგდებდნენ
იბერებს”. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როცა ირანელთა დიდი ლაშქარი ქართლს
შემოესია, ბიზანტიელთა დამხმარე რაზმი იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ გურგენმა
ბრძოლა ვეღარ გაუმართა ირანელებს. ამის გამო, მეფე იძულებული შეიქნა მთელი
ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე სხვა დიდებულებითურთ ეგრისს შეფარებოდა.
მართალია, ირანელები მათ უკან დაედევნენ, მაგრამ ეგრისის ვიწრობებსა და ძნელად
გასავლელ ადგილებში გაქცეულებს ვერაფერი დააკლეს. ეს იყო 523 წელს.
ბიზანტიელებს ქართლში მეფობის აღდგენაზე თავი აღარ გამოუდვიათ და მხოლოდ
სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების შესახებ იზრუნეს: მათ ნება მიეცათ
სურვილისამებრ ან ბიზანტიაში დარჩენილიყვნენ, ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.
ბევრი ქართველი დაბრუნდა, მაგრამ ბევრიც ბიზანტიაში დარჩა. გურგენ მეფე თავისი
ოჯახით, რა თქმა უნდა, აღარ დაბრუნებულა. მისი შვილები პერანი და ბაკური , აგრეთვე
შვილიშვილი ფაზა, სამხედრო სამსახურში შევიდნენ და ბიზანტიის ცნობილი სარდლები
გახდნენ.
ამის შემდეგ, ამბობს პროკოპი კესარიელი, ,,ირანელები ქართველებს ნებას აღარ
აძლევდენ საკუთარი მეფე ჰყოლოდათ, თუმცა არც იბერები ემორჩილებოდნენ
სპარსელებს თავიანთი ნებით”. ბიზანტიელი ავტორი აღარ მოგვითხრობს თუ როგორ
განვითარდა პოლიტიკური მოვლენები ქართლში, მაგრამ ცხადია, რომ უაღრესად
დაძაბული ვითარების გამო სპარსელებმა ვერ შეძლეს ქართლში მეფობის მოსპობა 523
წელს. ქართველ მეცნიერთა შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით
განსხვავებულია: ნაწილი თვლის, რომ 523 წელს ქართლში მეფობა გაუქმდა და 532
წელს “საუკუნო ზავის” დადებისას, როდესაც ბიზანტიამ და ირანმა გაინაწილეს
გავლენის სფეროები ამიერკავკასიში, ბიზანტიას თავი აღარ გამოუდვია ქართლში

3
მეფობის აღდგენაზე. ქართველ მეცნიერთა მეორე ნაწილის აზრით, რომელსაც
საფუძველად უდევს ქართულ და უცხოურ წყაროთა ჩვენებები, ქართლში სამეფო
ხელისუფლება არ გაუქმებულა 537 წლამდე მაინც. ქართული წყაროები ქართლის
უკანასკნელ მეფედ ფარსმანის შვილს ბაკურს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ მის
დროს “დაესრულა მეფობაი ქართლისაი”, VI საუკუნის უცნობი ავტორის “ევსტათი
მცხეთელის მარტვილობაში”, როდესაც ევსტათი ქართლში ჩამოდის “ხოსროს მეფობის
მეათე წელს” ანუ 541 წელს, ქართლს უკვე ირანელი მოხელე_ მარზპანი განაგებს. ეს
იმაზე მიუთითებს, რომ მეფობა ქართლში 537-541 წლებში უნდა გაუქმებულიყო.
როგორც ჩანს, ირანის ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ქართლში არსებული
წინააღმდეგობა ქართლის მეფეთა ცენტრალისტურ პოლიტიკასა და ქართლის
აზნაურთა სეპარატისტულ ტენდენციებს შორის. შაჰის დავალებით მისმა დიდმოხელემ
ქართლის ერისთავებს აღუთქუა ,,კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთაოთა მათთა
მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა და განდგეს
ერისთავნი”. ,,მოქცევაი ქართლისაის” მიხედვითაც ,,და ვითარცა მეფობაი დაესრულა
ქართლსა შინა სპარსნი განძლიერდეს.”
ამრიგად, VI საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში ირანმა ქართლის
აზნაურებთან კავშირში ქართლში მეფობა მოსპო და შეძლო ქვეყნის ინკორპორაცია.
დამპყრობლებმა, პირველ ყოვლისა, კავკასიონის გასასვლელები დაიჭირეს და
საგანგებოდ გაამაგრეს. ამით ირანელებმა ქართველებს ჩრდილოეთ კავკასიის ველებში
მომთაბარე ტომების დახმარება მოუსპეს და თავიანთი სახელმწიფოც უზრუნველყვეს ამ
მხრიდან შემოსევებისაგან. ამავე ხანებში კავადმა ირანის სახელმწიფოს სამხედრო-
ადმინისტრაციული რეორგანიზაცია მოახდინა: სასანიდების იმპერია 4
ადმინისტრაციულ მხარედ ანუ კუსტაკად დაყო. კუსტაკი, თავის მხრივ, უფრო მცირე
ადმინისტრაციულ ერთეულებს, ანუ “შაჰრებს” აერთიანებდა. ქართლი, სომხეთი, ალბანეთი
და ატროპატაკანი (ადარბადაგანი) შაჰრების სახით ჩრდილოეთის ანუ კავკასიის კუსტაკის
შემადგენლობაში გააერთიანეს, რომლის ცენტრი იყო განძაკი (ურმიის ტბის სამხრეთ-
აღმოსავლეთით). შაჰრებს “მარზპანები” (სპარსული სიტყვაა და “ოლქის მმართველს”
ნიშნავს) მართავდნენ, რომლებიც კუსტაკის უფროსს, “სპასპეტს” ემორჩილებოდნენ.
ქართლის სათავეში მდგომ მარზპანს დიდი ადმინისტრაციული და სასამართლო
უფლებები ჰქონდა მიცემული. ქართლის ყოველი მცხოვრების სიკვდილ-სიცოცხლის
საკითხი მის ხელთ იყო. ამის შესახებ პირდაპირი მითითება გვაქვს “ევსტათი მცხეთელის
მარტვილობაში”. უსტამ მცხეთის ციხისთავი მასთან დასასჯელად მიყვანილი ევსტათის
გამო ამბობს: “ამის კაცისა პატიჟი მე არარაჲ ჴელ-მეწიფების, არცა აღებმაჲ ძელსა, არცა
პყრობილებაჲ, არამედ წარუძღუანო ეგე ტფილისს ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა
მარზაპანისა, და, რაჲ-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას
ჴელ-ეწიფების სიკუდილი და ცხორებაჲ”. ქართლის მნიშვნელოვან ქალაქებში ირანელებმა
ჯარები ჩააყენეს და ეს ქალაქები ირანელ ციხისთავებს დაუმორჩილეს. ერთი ამ
ციხისთავთაგანი იყო სწორედ ზემოხსენებული უსტამი.

4
ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეში ირანელებმა ფართოდ მოიზიდეს ადგილობრივი
წარჩინებულებიც. ცხადია, რომ ქართლის მარზპანი მმართველი აპარატის გარეშე თავის
ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებდა ადგილობრივ წარჩინებულთა წრეში მას
თავისი დასაყრდენი უნდა ჰყოლოდა. ეს თავისთავადაც იგულისხმება, რადგან
ირანელებმა სწორედ ქართლის აზნაურთა დახმარებით შეძლეს ქვეყანაში უშუალო
გაბატონება. ,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობა” ამის შესახებაც გვაწვდის
ინფორმაციას. სახელდობრ, იქ აღნიშნულია, რომ როდესაც სპარსეთის შაჰმა ქართლის
მარზპანი სამეფო კარზე გამოიძახა, მაშინ მასთან გამოსამშვიდობებლად “შეკრბეს
მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა
მამასახლისი და არშუშა ქართლის პიტიახში და სხვანი სეფეწულნი”. მათ მიაღწიეს
მარზპანისაგან ევსტათის შეწყალებას. ცხადია, ეს ქართლის მთავარნი და სეფეწულნი
შეადგენენ ადგილობრივი საზოგადოების უმაღლეს წრეს, რომელთა საშუალებითაც
ახორციელებს მარზპანი მოსახლეობასთან ურთიერთობას და რომელიც ამდენად
ინაწილებს მის ხელისუფლებას. ქართველ მკვლევართა შორის გამოთქმულია
მოსაზრება, რომ ქართლის “მამასახლისში” მეფე იგულისხმება, თუმცა ეჭვს არ იწვევს,
რომ ქართლში მეფობა ამ დროს უკვე გაუქმებულია და ქართლს განაგებს ირანული
ადმინისტრაცია მარზპანით სათავეში. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ VI საუკუნის
70-იანი წლებიდან მოყოლებული ქართლის სახელმწიფოს მეთაურებს ეწოდებათ
ერისმთავარი ან ერისთავთა მთავარი და არა მეფე. ასე, რომ მეცნიერთა ნაწილის
აზრით, არც ,,ქართლის მამასახლისი” უნდა მივიჩნიოთ ქართლის მეფის
ხელისუფლების მატარებლად, სახელმწიფოს მეთაურად. შაჰები ცდას არ აკლებდნენ,
რომ ადგილობრივ მოსახლეობაში საიმედო დასაყრდენი გაეჩინათ. ერისთავებს
მემკვიდრეობით დაუმტკიცეს ქართლის მეფეებისაგან ოდესღაც სამოხელეოდ და დროებით
მიცემული ქვეყნები.
ირანული ადმინისტრაციის უშუალო მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
მალე ცხადი გახდა, რომ იგი არა მარტო ხალხის ფართო ფენებისთვის იყო მძიმე,
რამდენადაც მათ სხვა გადასახადებთან ერთად ირანული ხარკის გადახდაც
დაეკისრათ, არამედ წარჩინებული წრისათვის, რომელნიც ცოტა ხნის წინ ასე
ადვილად ,,წარიბირნა” ირანელმა მოხელემ. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც შაჰის
ადმინისტრაციის აქტიური მცდელობით და ქართლის წარჩინებულთა უმაღლესი
ფენის მხარდჭერით, ქვეყანაში მეფობა გაუქმდა და ერთიანი ქართლის სამეფო ცალკე
საერისთაოებად დაიშალა- ,, განდგეს ერისთავნი და თვისთვისა ხარკსა მისცემდეს”
_სპარსელები დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ შეენარჩუნებინათ ასეთი
ვითარება, რადგან დაქუცმაცებული ქვეყნის მართვა და მორჩილებაში ყოლა
გაცილებით უფრო ადვილი, უსაფრთხო და ხელსაყრელია. მაგრამ ახალგაზრდა
ფეოდალური ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სულ სხვას მოითხოვდა
და საზოგადოებრივი ურთიერთობის იმდროინდელი დონის არსებობის პირობებში
ქართველ დიდმოხელე ერისთავებს იზოლირებულად არსებობა არ შეეძლოთ.
ამასთანავე ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვა, ირანის პროვინციად გადაქცევა

5
აღარც ფეოდალთა კლასს აწყობდა. ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად პოლიტიკური
დამოუკიდებლობის დაკარგვისა, ქართლი VI საუკუნის განმავლობაში ეკონომიკურ
აღმავლობას განიცდის, რის საფუძველიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის
ცენტრალისტური პოლიტიკის წყალობით იყო შექმნილი. აღსანიშნავია, ქართული
ეკლესიის დიდი ძალისხმევა გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის კვლავ
ასაღორძინებლად. ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ეროვნულ-გამათავისუფლებელი
მოძრაობა ირანის წინააღმდეგ ქართლის სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღსადგენად.

 ,,დიდი ომიანობა’’ ეგრისში

ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში


მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის
(ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა
(542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს
აღწერილი პროკოფი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.
ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე
მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა
ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის
გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში 527-565 წლებში მბრძანებლობდა იუსტინიან I , ხოლო
სასანიდთა ირანში ხოსრო I ანუშირვანი (531-579). ორივემ მთელი თავისი ხანგრძლივი
მეფობა მუდმივ ომიანობასა და ერთმანეთის მტრობაში გაატარეს.
ქართლში თავიანთი ბატონობის დამყარების შემდეგ, ირანელებმა მთელი გულისყური
ეგრისის დაპყრობაზე გადაიტანეს. შაჰის სამეფო კარზე კარგად ითვალისწინებდნენ ამ
ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ირანისათვის. ამით ხომ ქართლიც უფრო მტკიცედ
ექნებოდათ შემომტკიცებული, “რადგან იბერებს აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი, ვისთანაც
ისინი განდგომის შემთხვევაში თავს გადაირჩენდნენ”[. მეორე მხრივ, ირანელები აქედან
მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ხმელეთითა და ზღვით ადვილად შეძლებდნენ თვით
ბიზანტიის დაპყრობას. ყოველ შემთხვევაში, ეგრისის დაკარგვა ბიზანტიელ
პოლიტიკოსებს ასეთ პერსპექტივას უსახავდა.
ირანელების განზრახულს ახლა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც უწყობდა ხელს.
კეისრის პოლიტიკით უკმაყოფილო ეგრისის მეფე და მისი ხალხი თვითონ ცდილობდა
ირანელების მოშველიებას ბიზანტიელთა ბატონობის გადასაგდებად. როცა ირანელებსა და
ბიზანტიელებს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა (518-523 წწ.), ირანის ელჩს
ბიზანტიელთა წარმომადგენლებისათვის გულისწყრომით უთქვამს: “კოლხიდა, რომელსაც
ახლა ლაზიკე ეწოდება, ძველითგანვე სპარსელთა ქვეშევრდომი იყო და რომაელებს ძალით

6
უჭირავთ, უსამართლოდ”. ბიზანტიელები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ ირანელები
მათ ახლა ეგრისსაც ეცილებოდნენ.
ქართველთა 523 წლის აჯანყება რომ არა, კავადს გადაწყვეტილი ჰქონდა ეგრისში
შეჭრილიყო, მაგრამ ახლა ირანელებს ბიზანტიელებთან ომისათვის არ ეცალათ, რადგან
აჯანყებული ქართლის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღება იყო საჭირო. ბიზანტიელები
რომ ქართლს ჯეროვნად მიშველებოდნენ და იქიდან ირანელები გაერეკათ, ეს ეგრისის
დაცვის ყველაზე უკეთესი საშუალება იქნებოდა, მაგრამ კეისრის კარმა ეს ხელსაყრელი
მომენტი ხელიდან გაუშვა. მხოლოდ აჯანყების დამარცხების შემდეგ იგრძნეს
ბიზანტიელებმა, თუ რა საფრთხე დაემუქრა მათ მფლობელობას ეგრისში ირანელთა
მხრიდან.
კეისარმა ამ ქვეყანაში ჯარების შეყვანა და მისი გამაგრება გადაწყვიტა. ქართლიდან
შემოსასვლელ გზებზე ეგრისს ორი ძლიერი სიმაგრე ჰქონდა – შორაპანი და სკანდა. მათი
დაცვა ძველთაგანვე ადგილობრივი მცხოვრებლების საზრუნავს შეადგენდა. კეისარმა, ამ
სიმაგრეების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, იქიდან ეგრისელი მცველები
გამოიყვანა და მათ ნაცვლად შიგ ბიზანტიელი ჯარისკაცები ჩააყენა. ამ ხალხის სურსათ-
სანოვაგით მომარაგება ბიზანტიელებმა ეგრისელებს დააკისრეს. ლაზები, ანუ ეგრისელები
ამით შეურაცხყოფილი დარჩნენ. ბიზანტიელები ამ ღონისძიებას იმით ამართლებდნენ
თურმე, რომ ლაზებს არ სურთ თავისი ქვეყნის დაცვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობის
მიღებაო. მაგრამ ქვეყნის დაცვის რომელ ერთიან ღონისძიებებზე შეიძლებოდა ლაპარაკი,
როცა ბიზანტიელები ხალხს თავისსავე ციხე-სიმაგრეებს აღარ ანდობდნენ და ცალკერძ
მოქმედებდნენ.
ეგრისელებმა ერთხანს ითმინეს და მიუხედავად უგზოობისა და გაჭირვებისა, მაინც
უზიდეს ბიზანტიელებს საჭირო სურსათი, მაგრამ შემდეგ ამ სამსახურზე უარი განაცხადეს.
ბიზანტიელებს სხვა არა დარჩენოდათ რა და მათაც ეს სიმაგრეები დაცალეს. ასე რომ,
სკანდა და შორაპანი ირანელებმა სულ უომრად ჩაიგდეს ხელში.
ეგრისის მიწა-წყალზე ირანელების შემოსვლამ კეისარი დიდ საგონებელში ჩააგდო.
რაკი ქვეყნის უკიდურესი ზღუდე აღმოსავლეთის მხრიდან მოშლილი იყო, ბიზანტიელებმა
შუაგული და ზღვისპირა ეგრისის გამაგრება იწყეს სასწრაფოდ. თავდაცვის ამ
ღონისძიებების მეტი შედეგიანობისათვის კეისრის კარმა სარწმუნოებრივი პოლიტიკაც
მოიშველია.
ეგრისელებს ამ დროს მეფე მოკვდომოდათ და სამეფო ტახტზე ასასვლელად მისი
მემკვიდრე წათე იყო გამზადებული. იუსტინე კეისარმა წათე კონსტანტინეპოლში დაიბარა
და მეფობის მიღების პირობად მას, რომელსაც, ჩანს, ქრისტიანობა უარეყო, კვლავ
გაქრისტიანება დაუდო. წათე თვითონაც მოინათლა და შვილიც მონათლა. ნასიამოვნებმა
კეისარმა წათე შვილად გამოაცხადა და საცოლეც გამოუძებნა – ბიზანტიელი დიდებულის,
პატრიკიოსისა და აპოკურაპალატ ნომის ასული. სამეფო გვირგვინითა და ძვირფასი
სამოსელ-სამკაულებით წათე სამშობლოში დაბრუნდა. ეს იყო 523 წელს.
იუსტინიანემ და ხოსრომ თავდაპირველად (532 წ.) ერთმანეთში ე. წ. “უვადო ზავი”
დადეს. “უვადო” იმიტომ, რომ იგი არასოდეს არ უნდა დარღვეულიყო.

7
ამ ზავის თანახმად, მეომარმა მხარეებმა ერთმანეთს დაპყრობილი ადგილები
დაუბრუნეს და ეგრისის სიმაგრეები: სკანდა და შორაპანი ბიზანტიელებს დარჩათ. რა თქმა
უნდა, ბიზანტიელები “უვადო ზავის” იმედით არ დარჩენილან და ენერგიულად შეუდგნენ
ომის სამზადისს. იუსტინიანემ ჯარები გაამრავლა ეგრისში და ციხეების გამაგრებასაც
მიჰყო ხელი. კერძოდ, გამაგრებულ იქნა ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი, ანუ
არქეოპოლისი. შემდეგ, ეგრისის სამხრეთ საზღვარზე, ზღვასთან, უმნიშვნელო დაბის
ადგილას, იუსტინიანეს ბრძანებით, გაშენებულ იქნა ციხე-ქალაქი პეტრა (თანამედროვე
ციხისძირი). პეტრაში ჩადგა ბიზანტიელთა მთავარი გარნიზონი და მათი სარდალი
სტრატეგოსი, რომელსაც ეგრისიში მდგარი ბიზანტიელთა მთელი ჯარები
ემორჩილებოდნენ.
დიდი ხანი იყო გასული, რაც ეგრისში ბიზანტიელთა ჯარი არ მდგარიყო. ეგრისელები
აქამდე არც ხარკს იხდიდნენ და არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ ბიზანტიელებს, თუმცა
მათ ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. ჯარების შეყვანას ეგრისში ხალხის დიდი
უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც პეტრე სტრატეგოსის თვითნებობაც ამძაფრებდა, რადგან “ის
ვერცხლისმოყვარეობაში ჩავარდა და მეტად უდიერად ეპყრობოდა ყველას”, – ამბობს
ბიზანტიელი ისტორიკოსი. იუსტიანე კეისარი იძულებული შეიქნა პეტრე უკან გაეწვია და
მის ნაცვლად ციბედ წოდებული იოანე გამოეგზავნა. ბიზანტიის იმდროინდელი
მოხელეები ცნობილი იყვნენ სიხარბით, ანგარებითა და თვითნებობით, მაგრამ იოანე-
ციბემ, ჩანს, ყველას გადააჭარბა. პროკოპი კესარიელი არ მალავს, რომ ამ კაცმა
“სტრატეგოსობამდე მიაღწია სხვა არაფრით, გარდა იმისა, რომ ყველაზე უფრო საზიზღარი
იყო და ყველაზე უფრო მოხერხებული ფულის საშოვნელად უსამართლო საშუალებათა
გამოგონებაში. ის იყო, რომ რომაელთა და ლაზთა ყველა საქმეები გაამრუდა და
არივდარია”.
ციბემ ეგრისში თავისუფალი ვაჭრობა მოსპო. ვაჭრებს ნება არ ჰქონდათ თვითონ
შემოეტანათ ეგრისში საქონელი, არც ეგრისელებს ჰქონდათ უფლება თავს ნებაზე გაეყიდათ
საქონელი. როგორც შემოსატანს , ისე გასატან საქონელს ჯერ ციბეს ხელში უნდა გაევლო და
ფასებსაც მათ თვითონ ციბე უწესებდა. ეგრისელებს აიძულებდნენ ისეთი საგნებიც ეყიდათ
რომლებიც არ სჭირდებოდათ. ხშირად კი ბიზანტიელები ნაყიდ საქონელში ფულს არ
იხდიდნენ.
ეგრისი ამ დროს ფართო ვაჭრობას აწარმოებდა . ვაჭრობა ძირითადად ყირიმთან და
პონტოსთან ხორციელდებოდა, ვაჭრობა დიდი შემოსავლები მოჰქონდა, ციბეს მონოპოლია
ამ საქმეში კი მეფეს და დიდებულებს ძალზედ ავიწროებდა. ამიტომ ეგრისელებმა
გადაწყვიტეს თავისი ქვეყნიდან ბიზანტიელების განდევდა, ამ საქმისთვის მათ დახმარება
სპარსეთს სთხოვეს.
ციბეს მოქმედებამ ეგრისის ვაჭრობა გარე სამყაროსთან ერთიანად დასცა. ეგრისიდან,
ჩვეულებრივ, გაჰყავდათ მონები, გაჰქონდათ ტყავეულობა, ბეწვეული და სხვა ნედლეული.
სამაგიეროდ, შემოჰქონდათ მარილი, აგრეთვე პური, ღვინო და ძვირფასეულობა. საგარეო
ვაჭრობის გარეშე ხალხს გაძლება არ შეეძლო. მას დიდი სარგებლობა მოჰქონდა

8
ადგილობრივი ვაჭრების, თვითონ მეფისა და წარჩინებულებისათვის, რომელთა ხელში
იყო ექსპორტის უმთავრესი საგანი – მონები.
ბიზანტიელი მოხელის ასეთი თვითნებობა ეგრისის მეფე გუბაზმა და მისმა
დიდებულებმა ვერ აიტანეს და ბიზანტიელებისაგან თავის დასაღწევად ირანელებს
მიმართეს. ბიზანტიელებისაგან ფარულად გუბაზმა თავისი ელჩები ხოსროს გაუგზავნა
იარნში. ელჩებმა მოქარგულ-დიპლომატიური ენით შაჰი ასე წააქეზეს: «უნდა ვთქვათ
ზოგიერთი ბოროტების შესახებ, რაც ჩვენს წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა ჩაიდინეს.
ჩვენს მეფეს მეფობის მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ძალა-უფლება და საქმეები
კი თვითონ მიითვისეს. მეფე მოსამსახურეს დაემსგავსა, მას განმკარგულებელი სტრატეგის
ეშინია. აუარებელი ჯარებიც ჩაგვიყენეს, მაგრამ იმისთვის კი არ ჩაუყენებიათ რომ დაიცვან
ჩვენი ქვეყანა ,-მოსაზღვრე ხალხებისგან, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა არავინ გვაწუხებს გარდა
რომაელებისა. არამედ იმისათვის, რომ დავემწყვდიეთ ჩვენ , როგორც ციხეში, და რათა
ჩვენს ქონებას დაპატრონებოდნენ .»
ელჩებმა ხოსროს სთხოვეს დახმარებოდნენ ეგრისელებს ჯარებით ელჩები უხატავდნენ
ხოსროს იმ სარგებლიანობას რასაც ეგრისში დამკვიდრებას შეიძლება მოეტანა :
«სპარსელების ძალას თქვენ გაზრდით უძველესი სამეფოთი და მისი საშუალებით
განდიდდება თქვენი ხელმწიფის ღირსებაც. ჩვენი ქვეყნის ზღვით - კი რომაელების ზღვას
დაუკავშირდებით , თქვენ ნებაზე იქნება დამოკიდებული რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა
ყოველ წელიწადს არბიონ რომაელების მიწა-წყალი ... თქვენ ალბათ იცით რომ ლაზების
ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა .»
“შეიზიზღეთ მწარე მიმძლავრება, თქვენს მეზობლად რომ აღმართულა ჩვენზე, და
თქვენ იქმთ სამართლიანობის ღირსეულ საქმეს, რომელზე ზრუნვაც მუდამ მამაპაპეული
წესი იყო სპარსელებში. უსამართლობის არ ჩამდენი ხომ არ ჩაითვლება სამართლიან
ადამიანად, თუ ის ხსვების მიერ ჩაგრულებს არ დაიცავს ხოლმე, როდესაც ეს მის ხელთ
არის”.
შემდეგ ელჩები “წყეულ რომაელებზე” ჩიოდნენ: “ჩვენ მეფეს ხომ მეფობის გარეგნული
ნიშნები დაუტოვეს, ხოლო ძალაუფლება საქმეში თვითონ მიითვისეს: მეფეც მოსამსახურის
ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის ეშინია. უამრავი ჯარიც ჩაგვიყენეს,
მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიცვან ეს ჩვენი ქვეყანა შემაწუხებელთაგან (მოსაზღვრეებიდან
სხვა ხომ არავინ გვაწუხებდა ჩვენ, გარდა რომაელებისა), არამედ რათა დავემწყვდიეთ ჩვენ
როგორც სადილეგოში და ჩვენს ქონებას დაჰპატრონებოდნენ”.
დასასრულ, ელჩებმა ხოსროს დაუხატეს ის სარგებლობა, რომელიც მას
ეგრისელებისაგან ექნებოდა, თუ ხოსრო გუბაზის თხოვნას შეიწყნარებდა: “სპარსელთა
ძალას თქვენ შემატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის
ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას
დაუკავშირდებით: აქ თუ ხომალდებს ააგებ, მეფევ, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს,
რომ ბიზანტიის პალატს მიაღწიო... უნდა დავუმატოთ ისიც, რომ თქვენზე იქნება
დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა
მიწა-წყალი. თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების

9
წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა. მაშ, როდესაც სამართლიანობა გიკარნახებს, ხოლო
სარგებლობა თვალსაჩინოა, ვფიქრობთ, მოკლებული იქნება ყოველგვარ გონიერებას, თუ ეს
სიტყვები არ იქნება მიღებული”.
ხოსრო ძალიან გაახარა ამ ამბავმა . იმდროინდელი ისტორიკოსი ასე აღწერს ხოსროს
გულის ნადებს: «ხოსროს ღირსშესანიშნავ მონაპოვრად მიაჩნდა კოლხეთის მტკიცედ
დასაკუთრება, რადგანაც მისი აზრით ეს ირანის ძალაუფლებას დიდ სარგებლობას
მოუტანდა. იბერიაც ხომ მომავალში სავსებით მორჩილი იქნებოდა, რადგანაც იბერიელებს
აღარ ეყოლებოდათ ის ხალხი , ვისთანაც ისინი, განდგომის შემთხვევაში თავს
გადაირჩენდნენ... აგრეთვე ჰუნებიც სპარსელების სახელმწიფოს ვეღარასოდეს
დაარბევდნენ , თვითონ ხოსრო კი ამ ჰუნებს გაცილებით ადვილად მიუსევდა რომაელების
სახელმწიფოს , როცა ეს მისთვის სასურველი იქნებოდა .»
ხოსრო ფაქტიურად თანახმა იყო სალაშქრო სამზადისის ბრძანება გაეცა, მაგრამ
აფიქრებდა ეგრისის ქვეყნის ძნელგასავლიანობა. ელჩებმა შაჰი დაარწმუნეს, რომ გზისა და
ამ საქმის წინამძღოლებად მათ თვით ეგრისელები ეყოლებოდათ.
ხოსრო ომისათვის სამზადისს დიდი საიდუმლოების ვითარებაში შეუდგა, რაც შაჰის
უაღრესად სანდო პირების ვიწრო წრემ იცოდა მხოლოდ. როცა მან დიდძალი ლაშქარი
შემოიყარა, ხმა დააგდო, რომ სალაშქროდ მიდიოდა იბერიაში, ვითომც იქ ჰუნების ტომი
თავს დასხმოდეს ირანელებს. 542 წელი იყო. ირანელთა ლაშქარმა სწრაფად გიარა მთელი
იბერია და ლიხის უღელტეხილებით მოულოდნელად ეგრისში გადავიდა. საზღვარზე მათ
ეგრისელი მეგზურები შეეგებნენ და წინ გაუძღვნენ. მათი დახმარებით ირანელებმა
სრულიად გაუვალი ადგილებიც კი ადვილად გასასვლელად აქციეს. ეგრისის საზღვრები
უღრანი ტყეებით იყო დაფარული და სპარსელები იძულებულები იყვნენ გზა
სახელდახელოდ გაეკაფათ. როცა შუაგულ კოლხეთს მიაღწიეს, მოვიდა გუბაზი და
“ეთაყვანა” ხოსროს და “თავისი თავი სამეფო ძალაუფლებითურთ და მთელი ლაზიკე
გადასცა მას”.
ირანელთა და ეგრისელთა შეერთებული მხედრობა პირველად პეტრას ეკვეთა და
ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ქალაქი აიღო. მას შემდეგ, რაც
იოანე-ციბე ჭრილობისაგან გარდაიცვალა, ციხე-ქალაქის დამცველები სასოწარკვეთილებას
მიეცნენ, ირანელებმა კი ამასობაში ერთ-ერთი კოშკის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს და კოშკი
ჩამოანგრიეს. შეშინებულმა ბიზანტიელებმა ციხის დათმობის პირობებზე ხოსროსთან
მოლაპარაკება გამართეს, სიცოცხლისა და ქონების უშიშროების გარანტია მიიღეს, და
ირანელებს ქალაქი ჩააბარეს. ხოსროს იოანე-ციბეს დიდძალი ქონების გარდა მართლაც სხვა
არაფრისათვის უხლია ხელი და არც თავისი ჯარისკაცებისათვის მიუცია ამისი ნება. ამის
შემდეგ ხოსრო ეგრისში დიდხანს არ დარჩენილა. მას ამბავი მოუტანეს, რომ ცნობილი
ბიზანტიელი სარდალი ველიზარი ირანში შეიჭრაო და შაჰმაც სასწრაფოდ თავის ქვეყანას
მიაშურა.
მალე იუსტინე კეისარმა ხოსროს ლაზიკის დაბრუნების პირობით მტკიცე ზავის
დადება შესთავაზა. შაჰმა, ვითომდა ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო, მეომარ მხარეებს
შორის წინასწარ ერთგვარი დროებითი ზავის ჩამოგდება მოისურვა. ეს დროებითი

10
მშვიდობიანობა და ერთმანეთში უზრუნველყოფილი მისვლა-მოსვლა, შაჰის სიტყვით,
სადავო საკითხების მოგვარების საუკეთესო საშუალება და მტკიცე ზავის საფუძველი
იქნებოდა. ბიზანტიელები ხოსროს განზრახვას ვერ მიუხვდნენ და მასთან 545-546 წლებში
ხუთი წლის ვადით დროებითი ზავი დადეს.
ეს დრო ირანის შაჰს თავისი ვერაგული გეგმის სისრულეში მოსაყვანად სჭირდებოდა.
ხოსრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ გუბაზი მოეკლა, ხოლო მისი ხალხი სამშობლო მიწა-
წყლიდან ერთიანად აეყარა და მათ ქვეყანაში ირანელები და სხვა ერთგული ტომები
დაესახლებინა. ბიზანტიელი ისტორისკოსი ამბობს, რომ “ლაზებისადმი ნდობა მას ძალიან
ნაკლებად ჰქონდა”. ამისი საფუძველი, ცხადია, შაჰს ექნებოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ
ეგრისის ხალხმა იგი მხოლოდ იმიტომ მოიწვია თავის ქვეყანაში, რომ ირანელთა
დახმარებით ბიზანტიელთა ბატონობის უღელი გადაეგდო. ირანელთა მოსვლით კი
გამოვიდა, რომ ეგრისელები კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაცვივდნენ. მათ მიერ
ქრისტიანობის დევნამ და ეგრისის ბიზანტიისაგან მოწყვეტამ, რომელთანაც იგი
ეკონომიურად იყო დაკაშირებული, ხალხს სული შეუხუთა. შაჰის პოლიტიკაც ხომ
გაცილებით უფრო მკაცრი და შეურიგებელი აღმოჩნდა.
ხალხის უკამაყოფილება რომ აჯანყებაში არ გადაზრდილიყო, ხოსრომ დასწრება
ამჯობინა. საამისოდ მან, პირველ რიგში, სამასი მამაცი ირანელი შეარჩია და ვინმე
ფაბრიზის მეთაურობით ეგრისში გააგზავნა. ამ ხალხს გუბაზის მკვლელობის მოწყობა
ევალებოდა, მაგრამ მკვლელის ვინაობა საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ფაბრიზი, თავის
მხრივ, ერთ ადგილობრივ წარჩინებულს, ფარსმანს დაუკავშირდა. ამ კაცს გუბაზს მეფესთან
დიდი ხნის მტრობა ჰქონდა და, ამის გამო, ირანელთა თვალში სრულიად საიმედოდ ჩანდა.
ფარსმანმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,
ფარულად კი გუბაზ მეფეს აცნობა, გაფრთხილდი, ირანელებს შენი სიკვდილი სწადიათო.
აღშფოთებულმა გუბაზმა ირანელებს ზურგი შეაქცია და დახმარებისათვის კვლავ
ბიზანტიელებს მიმართა. სპარსელების ვერაგობით აღშფოთებულმა გუბაზმა
დახმარებისთვის კვლავ იუსტინიანე კეისარს მიმართა, თავისი წინანდელი საქციელი
მოინანია და შესთავაზა - ისევ ბიზანტიელების მხარეს გადმოვალო, ოღონთ სპარსელები
გაგვანდევნიეთო.
ამრიგად შაჰის მცდელობა ზოროასტრიზმზე მოქცევით ქვეყანა სპარსეთის პირდაპირ
დაქვემდებარებაში მოეყვანა, ქრისტიანი ლაზების უკმაყოფილება გამოიწვია. გუბაზი
სთხოვდა იუსტინიანე კეისარს ეპატიებინა ლაზებისათვის დანაშაული და ირანელთა
კლანჭებიდან მათი გამოხსნისათვის ყოველი ღონე ეხმარა. კეისარს ეს ამბავი დიდად
ესიამოვნა და ეგრისში 7 ათასი ბიზანტიელი ჯარისკაცი და ჭანების ათასეული გამოგზავნა.
როცა ეს ჯარი ეგრისში მოვიდა, მას გუბაზის სარდლობით ეგრისელებიც შეურთდნენ და
მოკავშირეები მაშინვე პეტრასაკენ დაიძრნენ.
ქალაქის აღება გაძნელდა. ირანელებს მოესწროთ მისი გამაგრება და სურსათ-
სანოვაგის მომარაგება. ქალაქის დაკარგვით შეშინებულმა ხოსრომ მერმეროეს სარდლობით
დიდძალი ცხენოსანი და ქვეითი ჯარი გამოგზავნა. ეს რომ გუბაზმა გაიგო, ბიზანტიელ
სარდალთან შეთანხმებით მოქმედების შემდეგი გეგმა დააწყო. მან, პირველ რიგში, რჩეულ

11
მეომართა რაზმი გამოითხოვა იმ ვიწრობის დასაცავად, რომელიც მდინარე ფაზისის
გადაღმა იყო. ამავე დროს ბიზანტიელებს შეუთანხმდა, რომ პეტრასათვის ალყა არავითარ
შემთხვევაში არ მოეხსნათ, თვითონ გუბაზი კი მთელი თავისი ჯარით ეგრისის
აღმოსავლეთ საზღვრებისაკენ წავიდა, რომ მერმეროესათვის გადმოსასვლელები შეეკრა.
სარდალი დაგისთე ახალგაზრდა კაცი იყო და გამოცდილება აკლდა, ეგრისს ხომ
სრულიად არ იცნობდა. იმის ნაცვლად, რომ ვიწრობის დასაცავად დიდი ძალა
გადაესროლა, მან იქ მხოლოდ ასიოდე კაცი გაგზავნა, თითქოს ვიწრობის ჩაკეტვა
მეორეხარისხოვანი საქმე ყოფილიყო. თვითონ მთელი ჯარით პეტრას კედლებთან დარჩა,
ბევრსაც უტრიალებდა, მაგრამ არაფერი გამოუდიოდა. მეციხოვნე ირანელები სულს
ღაფავდნენ, მაგრამ ციხე-ქალაქის დანებებას მაინც არ აპირებდნენ. სულწასული დაგისთე
კეისარს უთვლიდა, რომ საცაა ქალაქს ავიღებ და ჩემთვის და ჩემი ძმისათვის საჩუქრები
მოამზადეო. ეს უხეირო სარდალი მოახლოებულ საფრთხეს სრულიად ვერ გრძნობდა და
კეისრის წყალობის მოლოდინში ქალაქის აღებას აყოვნებდა, რითაც დროს უქმად კარგავდა.
მისი სიფხიზლე ხომ სულ მოდუნდა, როცა მეციხოვნე რაზმის უფროსმა, დროის მოგების
მიზნით, ცბიერი სიტყვებით ქალაქის დაუბრკოლებლად ჩაბარება აღუთქვა.
ამასობაში მერმეროე, რომელმაც სულ სხვა ადგილას გამოვლო ლაზიკის საზღვარი,
პირდაპირ პეტრასაკენ მოეშურებოდა. ვიწრობში მას ბიზანტიელთა ასკაციანი რაზმი
დაუხვდა. რაზმმა, მართალია, დიდი ზარალი მიაყენა, მაგრამ საბოლოოდ გზა მაინც ვერ
შეუკრა. ამ ამბით შეშინებულმა ბიზანტიელებმა ალყა მოხსნეს და ისე მოკურცხლეს, რომ
მთელი ქონება პეტრას კედლებთან მიატოვეს. ამის შემხედვარე ირანელებმა ქალაქის კარები
გააღეს და ბიზანტიელთა ბანაკის საძარცვავად გამოვიდნენ. მაგრამ იქვე ახლოს ჭანები
იყვნენ ჩასაფრებულები, რომლებიც გაქცეულ ბიზანტიელებს არ გაჰყოლიან. ეს რაზმი
ირანელებს მოულოდნელად დაესხა თავს, ბევრი დახოცა, ხოლო გადარჩენილებმა კვლავ
ციხეს მიაშურეს. ბიზანტიელთა მთელ ქონებას ჭანები თვითონ დაეპატრონენ. ამის შემდეგ
მათ ეგრისში გული აღარ დაუდგათ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
მერმეროემ პეტრას დამცველებს, რომ იტყვიან, სულზე მოუსწრო. ქალაქის კედლები
სანახევროდ იყო დანგრეული. 1500 კაციდან ცოცხალი 350-ღა დარჩენილიყო, ხოლო აქედან
150 თუ გამოდგებოდა. ამ სურათის დანახვაზე ირანელ სარდალს უთქვამს: ცრემლებისა და
ტირილის ღირსია რომაელთა სახელმწიფო, თუ მან 150 გაუმაგრებელი ირანელის დაპყრობა
ვერ შესძლოო. მერმეროემ ქალაქში 3000 ირანელი ჯარისკაცი ჩააყენა და მათ პეტრას
გამაგრება უბრძანა. მერმეროემ იბერიიდან წამოღებული მთელი სურსათი ამ მეციხოვნეებს
დაუტოვა, თვითონ დარჩენილი ჯარით, რომლის რიცხვი 30000-ს აღემატებოდა, ეგრისის
დაუცველი სოფლების დასარბევად წავიდა. გუბაზმა ეს რომ შეიტყო, არ შეშინებულა და
არც მის მიერ დაჭერილი ვიწრობის დაცვაზე აუღია ხელი, რადგან კარგად იცოდა, რომ
ირანელები რიონის გადალახვას მაინც ვერ შეძლებდნენ და ეგრისის მდიდარ და მჭიდროდ
დასახლებულ ადგილებში ვერ შევიდოდნენ. ირანელებმა ეგრისელთა სოფლებს ვერ
მიაგნეს და ძლივძლივობით ირჩენდნენ თავს, ბიზანტიელებიც არსად ჩანდნენ. მერმეროემ
ეგრისში 5000 ჯარისკაცის დატოვება არჩია, ხოლო დანარჩენი 25 000 კაცით სომხეთში
გადავიდა და დვინის მახლობლად დაიბანაკა.

12
ირანელთა ამ ლაშქარს ეგრისის მიწა-წყალზე დიდხანს არ უბოგინია. ლაზები და
ბიზანტიელები მოულოდნელად დაეცნენ მათ ბანაკს და მტერს სულ მუსრი გაავლეს.
დროშები, იარაღი, დიდძალი ფული, ცხენები და ჯორები გამარჯვებულების ნადავლი
აღმოჩნდა. გაქცეულებს დიდ მანძილზე მისდიეს, ქართლის სიღრმეშიც შევიდნენ, და სადაც
კი ირანელებს დაიხელთებდნენ ცოცხალს არ ტოვებდნენ. ამის შემდეგ მრავალი ეგრისელი
დარჩა ვიწრობების დასაცავად, ხოლო დანარჩენები ნადავლითა და ტყვეებით
დატვირთულნი უკან დაბრუნდნენ. ეს იყო 549 წელს.
550 წელს ხოსრომ ეგრისში ხურიანეს სარდლობით ახალი ჯარი გამოგზავნა.
ირანელებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირას მუხურისის ხეობაში დასცეს ბანაკი. მდინარის
მეორე ნაპირას ლაზები და ბიზანტიელები დადგნენ. სამხედრო თათბირზე გუბაზისა და
მისი ხალხის ზეგავლენით ირანელებზე იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, მაგრამ მოკავშირეთა
შორის აქ შემდგომ უთანხმოებამ იჩინა თავი: ლაზებმა მოითხოვეს, რომ პირველნი და
მატრონი სძგერებოდნენ მტერს და ბიზანტიელებს მათთვის ამ საქმეში ხელი არ შეეშალათ.
იმდროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსი ასე გადმოგვცემს ეგრისელთა ამ
სულისკვეთებას: “ლაზები შეუძლებლად თვლიდნენ რომაელებთან ერთად
დარაზმულიყვნენ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ რომაელები ბრძოლაში წასვლით არც
სამშობლოსათვის იგდებენ თავს საფრთხეში, არც ნათესავებისათვის, მათ კი საფრთხე
მოელით შვილებისათვის, ცოლებისათვის და სამშობლო ქვეყნისთვის. ასე რომ, იმათ
თავიანთი ცოლებისა უნდა შერცხვეთ, თუ მტრებისაგან დამარცხებული იქნებიან. ამიტომ
ისინი აუცილებლად თვლიდნენ მოეპოვათ ვაჟკაცის სახელი...”. ლაზები რომ ასე
აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ, გუბაზს ძალიან გაუხარდა და მათ ასე მიმართა: “მე არ
ვიცი, ვაჟკაცებო, საჭიროა თუ არა კიდევ რჩევა-დარიგებით მოგმართოთ თქვენ
აღსაფრთოვანებლად. ვინაიდან, მე ვფიქრობ, რომ არავითარი მოწოდება აღარ ესაჭიროება
იმათ, ვინც გარემოებითაა უკვე აღფრთოვანებული. საფრთხე არსებობს ხომ ცოლებისთვის,
შვილებისთვის, სამშობლო ქვეყნისთვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის, რის გამოც
სპარსელებმა ჩვენზე იერიში მოიტანეს... დე, ნუ აღიგვება სახელი ლაზთა. ძნელი არ არის,
ვაჟკაცებო, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის, რომელთაც ხშირად
გაგვიმარჯვნია მათზე ხელჩართულ ბრძოლაში... ერთხელ დამორჩილებული სიამაყე,
ჩვეულებრივ, ვეღარ აღორძინდება. მაშ, იქონიეთ ეს მხედველობაში და შეებრძოლეთ
მოწინააღმდეგეს აღვსილნი კეთილი იმედებით”.
ფიცხელ ომში ბრძოლის ბედი არსებითად ხურიანეს სიკვდილმა გადაწყვიტა. მას
პირდაპირ კისერში მოხვდა ისარი და ცხენიდან მიწაზე სული აღარ დაჰყოლია. ირანელებმა
ეს რომ დაინახეს, ბრძოლის ველი მიატოვეს. ლაზებმა და რომაელებმა ბევრი ირანელი
გაჟლიტეს და მტრის მთელი ბანაკი იგდეს ხელში. ირანელთა დანარჩენი ჯარიც უკან მას
შემდეგ გაბრუნდა, როცა პეტრაში მყოფი მეციხოვნეები დიდძალი სანოვაგითა და ყველა
საჭირო საგნით უზრუნველყო.
ამ წლის საომარი კამპანიის დამთავრების შემდეგ, ლაზები კონსტანტინოპოლში
ჩავიდნენ და ბიზანტიელი სარდალი დაგისთე იუსტინიანე კეისართან დააბეზღეს: თქვენი
სტრატეგოსი ირანელების მოსყიდული უნდა იყოს, რადგან პეტრას აღების დროს

13
დაუდევრად იქცეოდაო. კეისარმა დაგისთე ციხეში ჩააგდო და მის ნაცვლად სომხეთის
სტრატეგოსად ბესა გამოგზავნა. ეგრისში მოსულ ბესას სპარსელების ახალი ჯარი დაუხვდა
ნაბედის სარდლობით. სპარსელებს შეეცვალათ ბრძოლის ტაქტიკა: ისინი ახლა
ბიზანტიელებისა და ლაზებისაგან განდგომილ აფხაზთა ქვეყანაში ცდილობდნენ ფეხის
მოკიდებას.
როგორც ითქვა 550 წელს ხოსრომ ეგრისში ახალი სარდალი გამოგზავნა უზარმაზარი
ლაშქრით. ეს ლაშქარი მუხურიის თემში დაბანაკდა, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას. მტრის
წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ამხედრდა მეფე გუბაზი და ბიზანტიელები. სამხედრო
თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს უეცარი შეტევა განეხორციელებინათ სპარსელებსი
წინააღმდეგ. მაგრამ აქ თავი იჩინა უთანხმოებამ მოკავშირეების შორის. გუბაზ მეფემ ლაზ
მეომრებს მოუხმო გასამხნევებლად. «არავითარი მოწოდება ესაჭიროება იმას , ვინც
ჩვენასვით თვით გარემოებით არის აღფრთოვანებული. საფრთხე მოელის ხომ ჩვენს
ცოლშვილებს, სამშობლო ქვეყანას და ერთი სიტყვით ყველაფერს ... ნუ გაქრება ლაზების
სახელი ! ძნელი არ არის, ვაჟკაცობა, სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის,
რომელთანაც ხშირად გაგვიმარჯვია მათზე ხელჩართუყლ ომში .»
ეგრისის ცხენოსანი ჯარი პირველი ეძგერა მტერს, ატყდა ხელჩართული ბრძოლა ომი,
სპარსელების სასტიკი დამარცხებით დასრულდა. სპარსელების სარდალმა და მეომრების
უმრავლესობამ ბრძოლის ველზე დალია სული, სხვებმა გაცევით უშველა თავს.
მოკავშირეებმა სპარსელების მთელი ბანაკი ხელში ჩაიგდეს, ამის შემდეგ სპარსელები
მხოლოდ პეტრაში რჩებოდნენ. ლაზები მოითხოვდნენ პეტრაზე თავდასხმას, მაგრამ
ბიზანტიელები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინ ლაზებმა კეისართან იჩივლეს, შეიძლება
თქვენი სტრატეგი სპარსელების მოსყიდული იყოსო. იუსტინიანემ ლაზეთში სხვა
სტრატეგი გამოგზავნა სპარსელებიც ეგრისში ახალი ჯარით შემოიჭრნენ. სპარსელებმა
ახალი ტაქტიკა აირჩიეს მათ ამჯერად ეგრისის ჩრდილოეთით მდებარე აფხაზეთში
გამაგრება არჩიეს.
მდგომარეობა აბაზგიაში.
დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ
სხვადასხვა ტომები. IV საუკუნეში ეს ტომები ეგრისის სამეფოში გაერთიანდნენ . მაგრამ
დროთა განმავლობაში ცვლილებები მოხდა , აფშილები კვლავ ეგრისის მეფის
ქვეშევრდომები დარჩნენ ხოლო, აბაზგები გამოეყვნენ ეგრისს და უშუალოდ კეისრის
ვასალად ითვლებოდნენ.
აბაზგებს უძველესი დროდან ორი მთავარი ჰყავდათ, ერთი აბაზგიის დასავლეთ
ნაწილში ხოლო მეორე აღმოსავლეთში იყო. აბაზგები შეწუხებულები იყვნენ მთავრების
მტარვალობით და სიხარბით. როდესაც ეს მთავრები ლამაზ ბავშვებს დაინახავდნენ
წაარმთვედნენ მათ მშობლებს და რომაელებზე ჰყიდდნენ, ბავშვების მამებს კი ხოცავდნენ
შური არ იძიონონ. აბაზგებმა ვეღარ აიტანეს ეს უსამართლობა და ორივე მთავარი მოსპეს.
ამასთან ერთად აბაზგებმა იუსტინიანეს მოთხოვნით ქრისტიანობაც მიითღეს.
ქრისტიანობით იუსტინიანეს აბაზგების შემომტკიცება სურდა. კეისრის ძალაუფლება
ამაგრებდნენ , რომაელი სამხედროები რომლებიც ბიჭვინთასა და ცხუმში (სევასტოპოლი)

14
იდგნენ. როდესაც ხოსრო პირველად შეიჭრა ეგრისში , ამ პუნქტების რომაელმა
გარნიზონებმა ძირამდე დაანგრიეს დასახლებული ციხეები, რადგან ეშინოდათ რომ
სპარსელებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. სპარსელებმა აბაზგიაში ფეხი მაინც ვერ მოიკიდეს.
მაგრამ შემდგომში აბაზგიაში სხვა ამბავი მოხდა. ბიზანტიელემა მოხელეებმა და
ჯარისკაცებმა, რომლებიც კვლავ მოვიდნენ აბაზგიაში, მოინდომეს აბაზგიის სრული
დაპყრობა. აბაზგიელებმა ახალი მთავარი დაიყენეს და ფარულად ირანელებს მიმართეს
დახმარებისთვის. მაგრამ ბიზანტიელებმა ეს ამბავი გაიგეს და აბაზგიაში დიდი ჯარი
გაგზავნეს როგორც ხმელეთიდან ასევე ზღვიდან. აბაზგიელები გამაგრდნენ ერთ მიუვალ
ციხესიმაგრეში რომელსაც ტრაქეა ერქვა, ახლა კი გაგრა ქვია. ბიზანტიელებმა ციხეს ალყა
შემოარტყეს, ატყდა დაუნდობელი ბრძოლა. ბიზანტიელები რიცხობრივად გაცილებით
მეტნი იყვნენ, ბოლოს ისინი ციხეში შეიჭრნენ. აბაზგიელები ახლა თავისი ცოლ-შვილებით
სახლებში ჩასაფრდნენ. მტერმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და აბაზგიელების სახლებს
ცეცხლი წაუკიდა. მხოლოდ აბაზგიის მთავარმა რამდენიმე კაცთან ერთად მოახერხა
ციხიდან გაქცევა, აბაზგიელები ვინც გადაჩნენ მტრების ხელში ჩავარდნენ.როდესაც
სპარსელების ჯარები აბაზგიაში შევიდა, ყველა აბაზგიელი ვინც გადარჩა სპარსელების
მხარეს გადავიდა. სპარესელებმა კარგად იცოდნენ რომ აბაზგიელებს არც ირანელები
ეხატათ გულზე, ამიტომ ყველა წარჩინებულ ოჯახიდან მძევლები წაიყვანეს.
ამავე დროს არეულობა მოხდა აფშილეთშიც, ეგრისის მეფის ერთ-ერთმა დიდმა
მოხელემ , რომელიც გუბაზის უკმაყოფილო აზნაურების რიცხვს ეკუთვნოდა, ღალატით
გადასცა სპარსელებს აფშილების მეტად მაგარი ციხე წიბილი (წებელდა).
მაგარმ სპარსელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ციხისთავის ცოლს, ტომით აფშილს.
ქალის ღირსების შეურაცხყოფის გამო, აფშილებმა ციხეში შესული ყველა სპარსელი
ამოწყვიტეს. სპარსელებმა დასაყრდენი ვერც აფშილეთში ნახეს, მათ მხოლოდ პეტრა
ჰქონდათ დაკავებული.
როგორც ზემოთ აღინიშნა როცა ბიზანტიელი მოხელეები და ჯარისკაცები კვლავ
მოვიდნენ აბაზგიაში, მათ ახალი წესების დამყარება მოიწადინეს, რათა ეს ქვეყანა
მთლიანად დაემორჩილებინათ კეისრის ძალაუფლებისათვის. პროკოპი კესარიელი
დაუფარავად ამბობს: “ამ ძალადობის გამო აბაზგები პირდაპირ აუტანელ მდგომარეობაში
ჩავარდნენ. იმის შიშით, რომ ამიერიდან რომაელთა მონებად არ გამხდარიყვნენ, მათ კვლავ
დაიყენეს თავისთვის მთავრები, აღმოსავლეთის ნაწილისათვის ოფსიტეს სახელად, ხოლო
დასავლეთისათვის სკეპარნა”. სკეპარნა ხოსროსთან ირანში ფარულად წავიდა, რათა
ბიზანტიელების წინააღმდეგ დახმარება მიეღო. ეს რომ იუსტინიანემ გაიგო, ბესას უბრძანა
დიდი ჯარი გაეგზავნა განდგომილების დასასჯელად. ჯარი აბაზგებს ზღვიდან მიადგა
ნავებით. ოფსიტემ შეკრიბა ყველა მამაკაცი და გადაწყვიტა მტერს დახვედროდა. აბაზგები
გამაგრდნენ ერთ მიუვალ ციხეში, რომელსაც ბერძნულად ტრაქეას ეძახდნენ (თანამედროვე
გაგრის მახლობლად). ბიზანტიელებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. აბაზგები თავდაუზოგავად
იბრძოდნენ, მაგრამ იძულებული გახდნენ ციხე დაეთმოთ. ბოლოს ისინი სახურავებზე
ავიდნენ და მტერს ზემოდან დაუშინეს ისრები. ბიზანტიელების საქმე ცუდად იყო, რომ
სახლებისათვის ცეცხლი არ წაეკიდებინათ. აბაზგთა მთავარმა ოფსიტემ რამდენიმე კაცით

15
თავს გაქცევით უშველა, “ხოლო დანარჩენები ან ფერფლად იქცნენ გადამწვარ სახლებთან
ერთად, ან მტრის ხელში ჩავარდნენ. რომაელებმა დაატყვევეს მთავართა ცოლები მთელი
მათი შთამომავლობით, ციხის გალავანი კი მიწასთან გაასწორეს და მთელი მიწა-წყალი
უდაბნოდ აქციეს. ასე დაბოლოვდა აბაზგების განდგომა”.
თითქმის ამავე დროს მოხდა აფშილების განდგომაც. აფშილეთის მმართველმა
ტერდეტმა, რომელიც გუბაზის უკმაყოფილო იყო, ირანელები შემოიყვანა და ღალატით
ჩააბარა მათ ციხე წიბილე (წებელდა). ირანელებმა თავი აფშილეთის ბატონ-პატრონებად
წარმოიდგინეს და გათავხედდნენ. ირანელთა სარდალმა შეურაცხყოფა მიაყენა წიბელეს
მეციხოვნეთა რაზმის უფროსის ცოლს, ტომით აფშილს. ამით აღშფოთებულმა აფშილებმა
მთლიანად ამოჟლიტეს ციხეში შესული ირანელები. გუბაზმა ბიზანტიელთა რაზმი
გაგზავნა აფშილების ქვეყანაში და აფშილებიც უბრძოლველად კვლავ ლაზთა მეფეს
დაემორჩილნენ.
მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა ირანელები აფშილეთიდან და აბაზგიიდან
გამოდევნეს, ბიზანტიელებმა მთელი ძალები პეტრას ასაღებად გადაისროლეს. მათ აქ
მტერზე ორჯერ მეტ ჯარისკაცს მოუყარეს თავი და დიდი მსხვერპლის ფასად, როგორც
იქნა, ქალაქი აიღეს. პეტრას უკანასკნელი დამცველები, ასე ხუთას კაცამდე, აკროპოლისში
გამაგრდნენ და ბიზანტიელთა ტყვეობას ცეცხლში დაფერფვლა არჩიეს. ასეთმა
თავგანწირვამ ბიზანტიელები დიდად გააოცა. “მაშინ ნათელი გახდა, თუ რაოდენ
მნიშვნელობას აძლევდა ხოსრო ლაზიკეს: მას ყველაზე უფრო სახელოვანი ჯარისკაცები
გამოერჩია და პეტრას მცველ რაზმში დაენიშნა; იარაღიც იმდენი გამოეგზავნა, რომ,
როდესაც ის რომაელებმა ხელთ იგდეს, როგორც ნადავლი, თითოეულ ჯარისკაცს ხუთი
კაცის საჭურველი შეხვდა”.
ბიზანტიელებმა პეტრას ზღუდე მიწასთან გაასწორეს, რომ მტერს მომავალში მათთვის
საქმე კვლავ არ გაერთულებინა.
ქალაქი ჯერ კიდევ აღებული არ იყო, რომ ეგრისისაკენ ირანელთა დიდი ჯარით
მერმეროე მოეშურებოდა, გზაში მან ყველაფერი შეიტყო, მაშინ ირანელებმა გეზი
შეიცვალეს, ფაზისი მარჯვნივ გადალახეს და ეგრისის “მთავარი და უდიდესი ქალაქის”
არქეოპოლისის (დღევ. ნაქალაქევი ქ. ცხაკაიას მახლობლად) წინააღმდეგ გაემართნენ.
მთელი გზა, “რომელიც ყველგან დაქანებული ნაპრალებითა და დაბუჩქებული
ძნელსავალი ადგილებით იყო დასერილი და ისე დაფარული უღრანი ტყეებით, რომ
მსუბუქად დატვირთულ კაცსაც კი გაუჭირდებოდა წინათ აქ გავლა, ისე გაესწორებინათ,
რომ არათუ მთელმა მათმა ცხენოსანმა ჯარმა გაიარა იქ დაუბრკოლებლად, არამედ
სპილოებიც გაატარეს, რამდენიც სურდათ”.
აქ ირანელებს საბირების ტომის ჰუნებიც მოუვიდნენ, თორმეტი ათასი კაცი. მათმა
სიმრავლემ მერმეროე შეაშინა და მხოლოდ ოთხი ათასი კაცი დაიტოვა, დანარჩენები კი
დიდად დასაჩუქრებულნი უკანვე გაისტუმრა.
არქეოპოლისის მცველ რაზმში ბიზანტიელებს სამი ათასი კაცი ჰყავდათ. დანარჩენები
ფაზისის შესართავთან იყვნენ დაბანაკებულები იმ ანგარიშით, რომ, თუ სადმე გაჭირვება
იჩენდა თავს, ამ ჯარით მიშველებოდნენ. რაც შეეხება მთავარსარდალ ბესას მოქმედებას,

16
ამის შესახებ იმდროინდელ ისტორიკოსს მოვუსმინოთ: “როგორც კი მან პეტრა იაღო, მეტი
აღარ ისურვა ბრძოლა და პონტოელებსა და არმენიელებში გაემართა და ცდილობდა რაც
შეიძლება მეტი შემოსავალი აეღო იქაური მიწა-წყლიდან: ამ გაუმაძღრობით რომაელთა
საქმეები კვლავ გააფუჭა. ის რომ მაშინვე, როდესაც გაიმარჯვა და პეტრა აიღო, ლაზებისა
და იბერების საზღვრებზე მოსულიყო და დაეცვა იქაური ძნელსავალი ადგილები,
სპარსელთა ჯარი, ჩემი აზრით, ლაზიკებში ვეღარ შემოვიდოდა. ამის ნაცვლად კი
სტრატეგოსმა დაუდევრობა გამოიჩინა ამ საქმისადმი და თითქმის საკუთარი ხელით
ჩააბარა მტერს ლაზიკე”.
მერმეროემ რომ შეიტყო, ბიზანტიელების მთავარი ძალები ფაზისის შესართავთან
დაბანაკებულანო, არქეოპოლისს გვერდი აუარა და მათ წინააღმდეგ გაემართა: “ის
უმჯობესად თვლიდა ჯერ ესენი გაენადგურებინა და ისე შემოერტყა ალყა
არქეოპოლისისათვის, რათა ისინი ზურგში არ მოქცეულიყვნენ და სპარსელთა
ჯარისათავის ზიანი არ მიეყენებინათ. ბიზანტიელი სარდლები შეშინდნენ, ვაითუ, მტრის
შემოტევას ვერ გავუმკლავდეთო, სასწრაფოთ ჩასხეს ჯარი ნავებში და მდინარე ფაზისის
მეორე მხარეს გადაიყვანეს. ირანელები იძულებული გახდნენ უკან გამობრუნებულიყვნენ
და არქეოპოლისს გარშემოდგომოდნენ. ციხე-ქალაქის აღებას ბევრი აღარაფერი აკლდა,
როცა ბიზანტიელები მტრისაგან მოულოდნელად ციხიდან გამოიჭრნენ და ირანელებს
დაერივნენ. მტერმა 4000 ჯარისკაცი, სამი სარდალი და ოთხი დროშა დაკარგა და
სასწრაფოდ მუხურისისაკენ, ე. ი. ქუთაისის ქვეყნისაკენ დაიხია. “მოხირისი ერთი დღის
სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალს მჭიდროდ დასახლებულ
სოფელს. კოლხიდის მიწა-წყალზეც ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: ღვინოც კარგი
მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ”. მუხურისის ქვეყანაში მისულმა მერმეროემ
შეაკეთა ქუთაისის ციხე და საზამთროდ იქ დაისადგურა. ამით მან ლეჩხუმთან და
სვანეთთან შემაერთებელი გზები შეკრა და ქუთაისის მახლობლად მდებარე უქიმერიონის
მაგარ ციხეში გამაგრებული ეგრისელების სურსათით მომარაგებაც გააძნელა.
552 წელს ბიზანტიელებმა და ირანელებმა ისევ შეკრეს დროებითი ხუთწლიანი ზავი,
რომლითაც პირველ ყოვლისა ირანელებმა ისარგებლეს. მართალია, გუბაზ მეფეს
ბიზანტიელების მხარე ეჭირა, მაგრამ ეგრისელებში ისევ ირანელებთან მიმხრეობამ იჩინა
თავი. “არა იმიტომ, რომ სპარსელობა მოსწონდათ, არამედ, რადგან რომაელთა
ბატონობისაგან თავის დაღწევა სურდათ”.
ერთმა ეგრისელმა წარჩინებულმა, სახელად თეოფობიმ, ირანელებს უქიმერიონის
ციხე ჩააბარა. ამის შემდეგ ისინი ეგრისს უფრო მტკიცედ დაეპატრონენ და ლეჩხუმიცა და
სვანეთიც დაიმორჩილეს. ამრიგად, მუხურისიდან ქართლის საზღვრებამდე მთელი მიწა-
წყალი ბიზანტიელებსა და გუბაზ მეფეს ხელიდან გამოეცალათ.
ამასობაში ზამთარი დადგა. გუბაზი ცოლ-შვილითა და მახლობლებით მიუდგომელ
მთაში ავიდა და ზამთარი იქ გაატარა. მერმეროემ მას წერილი გაუგზავნა, რითაც ურჩევდა
გონს მოსულიყო და შაჰისათვის მორჩილება ეთქვა. გუბაზი ირანთან შეთანხმებას არ
აპირებდა და კეისრის დახმარებას მოუთმენლად ელოდა. მანამდე კი იარნელებმა
კეისრისავე ფულით საბირების დიდი ჯარი დაიქირავეს და ეგრისელთა სიმაგრეების

17
წინააღმდეგ გაემართნენ. პირველად ისინი იმ ციხეს მიადგნენ, სადაც გუბაზ მეფის და იყო
შეფარებული. ეგრისელი მეციხოვნეები მტერს მედგრად დაუხვდნენ და ირანელებმა
საწადელს ვერ მიაღწიეს. ამის შემდეგ ისინი წიბილეს ციხეს მიადგენენ აბაზგიაში, მაგრამ
წარმატება არც აქ ჰქონდათ, არქეოპოლისთან ხომ დამარცხების სიმწარეც იწვნიეს.
როგორც ითქვა 552 წელს ბიზანტიელებმა და სპარსებმა ისევ დადეს ხუთწლიანი ზავი,
რომლითაც სპარსელებმა კარგად ისარგებლეს, თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად
ეგრისში. ამავე დროს, ეგრისის აზნაურებში ისევ გაიზარდა მიდრეკილება
სპარსელებისადმი. ბიზანტიელი ისტორიკოსი გვიამბობს , რომ თუმცა გუბაზ მეფეს
ბიზანტიელების მხარი ეჭირა, «”დანარჩენი ლაზები, რომელნიც რომაელი
ჯარისკაცებისაგან, საშინლად იყვნენ შეწუხებულნი, განსაკუთრებით კი ჯარის
სარდლებისაგან იყვნენ შევიწროებული, მეტწილად სპარსელების მომხრეობას იჩენდნენ.
არა იმიტომ რომ სპარსელობა მოსწონდათ, არამედ რომაელების ბატონობისგან თავის
დაღწევა სურდათ.»
ეგრისის ხალხი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვოდა. ერთმა ეგრისელმა
აზნაურმა, სპარსელების მომხრემ, უქიმერიონის ციხე სპარსელებს გადასცა. ეს ციხე
სვანეთის გზაზე ბატონობდა და ამრიგად სპარსელებმა ახლა სვანეთ ლეჩხუმის თემები
უფრო კარგად დაიმორჩილე. შორაპნის ციხეც სპარსელების ხელში იყო. გუბაზ მეფე და
ბიზანტიელები ძლზე შევიწროებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ , მაგრამ გუბაზ მეფეს
სპარსელებთან შერიგების სურვილი მაინც არ ჰქონდა, ლაზების წვრილ-წვრილი
თავდასხმებით (პარტიზანული ომით) სპარსელებს მოსვენებას არ ჰქონდათ. 553 წელს
გუბაზს სპარსელებთან რამდენიმე ბრძოლა ჰქონდა. ამ ბრძოლებში ბიზანტიელები სრულ
სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზ მეფე ამის გამო ძალზედ განრისხდა და საჯაროდ დაუწყო
რომაელებს ლანძღვა «რომაელი სარდლები უჭკუო, უქნარა და მშიშარა ხალხიაო.»
იგი ბრალს სარდლებს სდებდა და ყველაფერს მათ უგუნურებას მიაწერდა. კეისარმა
ბესა თანამდებობიდან გადააყენა, მთელი ქონება ჩამოართვა და სანამ მისთვის სხვა რამეს
მოიფიქრებდა, აბაზგიაში გაგზავნა. მართალია, კეისარი მარტინეთი და რუსტიკეთიც
უკმაყოფილო იყო, მაგრამ თანამდებობა მაინც დაუტოვა. ამის შემდეგ ამ სარდლებმა
გუბაზის მტრობა და სიძულვილი ჩაიდეს გულში. გუბაზიც თავის მხრივ მათ საქვეყნოდ
აძაგებდა და ლაჩრებსა და გაიძვერებს ეძახდა. მერმეროეს გარდაცვალების შემდეგ
სპარსელთა სამხედრო მეთაურად ნახორაგანი დაინიშნა 554 წელს. ის ასევე წარმატებულად
ამარცხებს ბიზანტიელებს ონოგურისთან და განდევნა ისინი არქეოპოლისიდან. ამ
დამარცხებამ დიდი უთანხმოება გამოწვია ლაზთა და ბიზანტიელთა გენერლებს შორის.
მეფე გუბაზმა იმპერატორ იუსიტნიანეს შესჩივლა ბესას, მარტინსა და რუსტიკუსზე. ბესა
იმპერატორმა გაიწვია.
ბიზანტიელმა სარდლებმა, მომავალში რომ გუბაზის მიერ კეისართან დაბეზღების
შიში აღარ ჰქონოდათ, მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. შეთქმულებმა ყოველი
შემთხვევისათვის ჯერ კეისარს აცნობეს, რომ თითქოს გუბაზი უკვე ირანელთა მომხრეობას
იჩენსო, ხოლო შემდეგ ვითომდა სათათბიროდ მეფე ხობის წყალთან შეიტყუეს და
ვერაგულად მოკლეს (554 წ.).

18
იმდროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი გადმოგვცემს, რომ
“ლაზთა მთელი ლაშქარი აღელდა ამ ამბის გამო და ისეთმა უკმაყოფილებამ შეიპყრო
ისინი, რომ გადაწყვიტეს ამიერიდან აღარ შეერთებოდნენ რომაელებს და არც მათთან
ერთად ელაშქრათ. როდესაც გუბაზის გვამი, თანახმად მათი წესისა, დაკრძალეს, ბრძოლაში
მონაწილეობა აღარ მიიღეს, როგორც უაღრესად შეურაცხყოფილებმა და სამშობლოს
დიდების დამკარგველებმა”. ისტორიკოსი აღშფოთებას ვერ მალავს ამ ვერაგული
მკვლელობის გამო და მთელი მისი თანაგრძნობა ხალხის მხარეზეა: “ძლიერსა და მამაცს
ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ... იმ ტომებს შორის,
რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ
სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე
ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე
ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით”.
ბიზანტიელმა სარდლებმა დაუყონებლივ ონოგურის ციხის წინააღმდეგ ლაშქრობა
გადაწყვიტეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ციხეს მალე აიღებდნენ და ამის შემდეგ კეისარს
კიდეც რომ გაეგო მათი ვერაგობის ამბავი, ის მათ აღარ დასჯიდა. მაგრამ სწორედ
ონოგურის ომში სამმა ათასმა ირანელმა სამარცხვინოდ გააქცია 50000 ბიზანტიელი
ჯარისკაცი. მთელი მათი სურსათი და ძვირფასეულობა გამარჯვებულებს დარჩათ. ასე რომ,
მტერმა მოიპოვა არა მარტო ბრწყინვალე და საამაყო, არამედ შემოსავლიანი გამარჯვებაც.
თვითონ ლაზები ამ დროს თავიანთი ქვეყნის სვე-ბედზე ფიქრობდნენ.
წარჩინებულებმა ბიზანტიელებისაგან ფარულად ერთ ხეობაში დიდი სახალხო კრება
მოიწვიეს, სადაც ასეთი საკითხი დასვეს – ირანელთა მხარეზე გადავიდეთ, თუ ისევ
ბიზანტიელებთან დავრჩეთო. კრების თავკაცები ორ პარტიად გაიყვნენ. ერთის სახელით
გამოვიდა აეტი, ბიზანტიელების ძველი მტერი და ირანელების მომხრე. “ის მშვენივრად
ლაპარაკობდა; მის აზრებს შველოდა მისი ბუნებრივი მოქნილობაც”.
ქვემოთ მოგვყავს აეტის სიტყვა:
“გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს
ვმბრძანებლობდეთ. ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან არ
დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო. ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ
წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ,
მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე
არ შეჩერდება. თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ
მოგვეშვებიან და გულხელდაკრეფილნი რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან
ნამუსს... მე ვინატრიდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი ძველი ძლიერება, რომ
მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში
როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს.
მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის ან ბედის უკუღმართობის, ან ორივეს წყალობით
ისეთს უძლურებაში ჩავვარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ,
უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს
კეთილგანწყობილებას თავისიანებსა და მოკავშირეთა მიმართ”.

19
აეტის გამოსვლამ ხალხი ისე ააღელვა, რომ ერთხმად დაიძახეს, ირანს მივემხროთო.
მაშინ წამოდგა მოწინააღმდეგე პარტიის მეთაური ფარტაძი, რომელსაც ლაზებში დიდი
გავლენა და პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული და ხალხი დაარწმუნა, რომ მისთვისაც
მოესმინათ:
“უძლეველი რაღაც არის მჭერმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს,
განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს სრულიადაც არ
ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დაუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის
ნამდვილ ვითარებას ემყარება... ახლა საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი, რაც მოხდა და
დასრულდა და უკვე აღარ შეიძლება დაბრუნებულ იქნას. ნუ ავყვებით მსჯელობის დროს
მოწოლილ ბოღმას და გულისტკივილს, რომ არ დავკარგოთ მოსაზრების უნარი და არ
გავაბუნდოვანოთ ჩვენი მსჯავრი: შევინარჩუნოთ უნარი უკეთესის არჩევისა... არც რომაულ
რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მათ მეფეს არ
მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ... უმართებულო იქნებოდა, ჩემის აზრით, და
ამასთანავე მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით
საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად
შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება... ყველაზე უფრო ცუდი ის
იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდათა
საიდუმლოთა უმწიკვლელობას. აბა, რას დაემსგავსება ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით
უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების
შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ... გუბაზი რომ აქ იყოს, მოგვიწოდებდა,
არ მივცემოდით სასოწარკვეთილებასა და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ
გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით,
ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხვო და მამაპაპური წესების
შემბღალავი არ ჩაგვედინა... მე იმ აზრისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ
მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ, ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი
დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება
რომაელებთან, თუკი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი
იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ”.
სახალხო წინამძღოლთა ეს სიტყვები მკვლევართ სამართლიანად მიაჩნიათ ეგრისის
ხელმძღვანელი წრეების დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდილებისა და მაღალი შეგნების
მოწმობად.
ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა. ხალხის წარმომადგენლებმა აცნობეს კეისარს მომხდარი
ამბავი: “არაფერი გვინდაო უთხრეს მას, მხოლოდ დაუსჯელს ნუ დასტოვებ ამ
ბოროტმოქმედებას და მეფედ ვინმე უცხოელს, არათვისტომს, კი ნუ დაგვიყენებ, არამედ
წათე გამოგვიგზავნე, გუბაზის უმცროსი ძმა, რომელიც ამჟამად ბიზანტიაში ცხოვრობს,
რათა დაცულ იქნეს მამაპაპური წესი და ძველი სამეფო გვარი შეურყვნელი დარჩეს.
იუსტინიანემ სასწრაფოდ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. გუბაზის მკვლელების
გასასამართლებლად ანასტასი სენატორი გამოგზავნა, რომელსაც რომაული კანონების
მიხედვით უნდა გაერჩია ეს საქმე. მეფედ დანიშნული წათეც სამშობლოში დაბრუნდა.

20
“როდესაც წათემ სამეფო სამოსელში გამოწყობილმა, ფეხი შემოდგა თავის ქვეყანაში, მას
მიესალმენ სტრატეგოსები და რომაელთა მთელი ჯარი და სათანადო პატივით წინ
წამოუძღვნენ, საუკეთესოდ შეიარაღებულნი და მეტწილად ცხენებზე მჯდომარენი.
ლაზები კი გახარებულნი იმით, რომ როგორც იქნა გადარჩნენ უბედურებას, მიაცილებდნენ
მას ჩამწკრივებულნი: ყოველმხრით საყვირების ხმა ისმოდა და დროშები იყო მაღლა
აფრიალებული. ზეიმი იყო მეტად ბრწყინვალე და აღზევებული”.
იმდროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წათე ეგრისის
სამეფოს ჩაუდგა სათავეში, იგი ამ ქვეყნის მართვა-გამგეობას შეუდგა, როგორც მას სურდა
და როგორც მას მამაპაპური წესი უკარნახებდაო. ეგრისის მეფის ასეთი დამოუკიდებლობა
ქვეყნის საშინაო საქმეებში მოწმობს იმას, რომ ბიზანტიელები ამ ქვეყნის ძალას ანგარიშს
უწევდნენ და მის მოკავშირეობას დიდად აფასებდნენ.
გუბაზის მკვლელების გასამართლება გადაიდო, რადგან ირანელთა დიდი ჯარი
ნახორაგანის სარდლობით მუხურისისაკენ მოემართებოდა და მოკავშირეები მტრის
დასახვედრად უნდა მომზადებულიყვნენ. ასეთ ვითარებაში სტრატეგოსმა სოტერიქემ,
რომელიც წათეს გამოაყოლეს ბიზანტიიდან, თავისი თავხედური მოქცევით მისიმიელთა
მთელი ტომი ააჯანყა.
მისიმიელები აფშილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ მდინარე კოდორის
სათავეებთან. ისინი აფშილების მსგავსად ეგრისის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, თუმცა
მათგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობდნენ და სხვა ადათ-ჩვეულებებსაც მისდევდნენ.
555 წ. ეს სარდალი მათ ქვეყანაში მოვიდა, რათა კავკასიონის ქედის გადაღმა მცხოვრები
ბიზანტიის მოკავშირე ტომებისათვის განკუთვნილი ფული დაერიგებინა.
სოტერიქეს ქცევამ მისიმიელებს ეჭვი აღუძრა, ჩვენი ციხე ბუქლოოსი, რომელიც ზედ
ეგრისის საზღვარზეა აღმართული, ალანებს ხომ არ სურს გადასცესო (მაშინ კავკასიის
გადაღმა მცხოვრები ტომების წარმომადგენლები აქ შეიკრიბებოდნენ, რომ მათთვის
დაწესებული საფასური მიეღოთ). მისიმიელებმა ამ ციხის მახლობლად დაბანაკებულ
სარდალს ორი წარჩინებული მიუგზავნეს და ასე შეუთვალეს: “უსამართლობის მოყენება
განგიზრახავს ჩვენთვის, სტრატეგოსო. არც სხვას უნდა მისცე ნება, ჩვენი ქონება
წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. თუ ეს შენ მართლა არ გიდევს
გულში, საჩქაროდ გადაბარგდი აქედან და შენ იქ სურსათი არ მოგაკლდება: ჩვენ მოგიტანთ
ყველაფერს”.
სტრატეგოსმა შეუწყნარებლად მიიჩნია ეგრისელთა ქვეშევრდომებისაგან ასეთი
მოთხოვნების წაყენება და მისიმიელთა წარმომადგენლები ჯოხით აცემინა, რითაც მთელი
ხალხი შეურაცხყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი სარდლის ამ ყოვლად გაუმართლებელი
მოქცევის გამო შენიშნავს: “ეს რომ მოხდა, სატერიქე არ ფიქრობდა, რომ ამის გამო
შეიძლებოდა რამე სამტრო დატრიალებულიყო; ის ფიქრობდა, რომ თუ თავის მონებს მათ
მიერ ჩადენილი ცოდვების გამო დასჯიდა, ამას მისთვის საშიში არაფერი მოჰყვებოდა, და
ამიტომ დარჩა ამ ქვეყანაში და, რომ დაღამდა, სრულიად უდარდელად, ისე რომ
მცველებიც არ დაუყენებია, დაიძინა.

21
იმავე ღამეს აღელვებული ხალხი ზვავად მოასკდა ბიზანტიელთა ბანაკს და ცოცხალი
არავინ გაუშვია. ამის შემდეგ მისიმიელები ირანელთა მხარეზე გადავიდნენ და დახმარება
ითხოვეს. ბიზანტიელები კვლავ მოვიდნენ ამ ქვეყანაში და ისე გამხეცდნენ, რომ ქალებიცა
და ბავშვებიც კი არ დაზოგეს. მისიმიელებმა ისევ ბიზანტიელთა მორჩილება არჩიეს და
სოტერიქესათვის წართმეული ფულიც უკანვე დააბრუნეს. სამაგიეროდ, ბიზანტიელებმა
“ნება მისცეს მისიმიელებს კვლავ თავიანთ ნებაზე ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და
ძველებური ცხოვრება განეახლებინათ”.
მალე ირანელებს ეგრისში საქმე საბოლოოდ ცუდად წაუვიდათ. 555 წელს,
სპარსელების 60 000 ჯარმა იერიში მიიტანა ბიზანტიელებზე, ციხე გოჯის მიდამოებში,
რომაელების საქმე შეიძლებოდა ცუდად წასულიყო , მაგრამ ისინი ერთი ლაზის გმირობამ
იხსნა. ის კაცი სპარსელებს დაეჭირათ და გზის ჩვენება მოსთხოვეს. მეგზურმა იმდენი
მოახერხა რომ, ბიზანტიელებს შეატყობინა მტრის მოძრაობა და სპარსელები ხაფანგში
შეიტყუა. ბიზანტიელების და მათი მოკავშირეების უეცარი თავდასხმის გამო, სპარსელები
დაიბნენ და გაიქცნენ. ამის შემდეგ სპარსელებმა ქალაქ ფაზისზე გაილაშქრეს, მაგარ აქ
კიდევ უფრო სასტიკი მარცხი ნახეს. სპარსელების 12 000 კაცი მოკლული იქნა. სპარსელებ
ერთ წელიწადში ორჯერ დამარცხდნენ: ჯერ არქეოპოლისთან (ციხე-გოჯი), მეორედ
ფაზისთან ნახორაგანმა თავისი ჯარის მეტი ნაწილი მუხურისში დატოვა და თვითონ
იბერიაში დაბრუნდა გამოსაზამთრებლად, მაგრამ მისი სიცოცხლის დღეები უკვე
დათვლილი იყო. მალე ნახორაგანი ხოსრომ ირანში გაიწვია და ეგრისში დამარცხებისათვის
საშინელი სასჯელი გადაუწყვიტა: იგი ცოცხლად გაატყავებინა კეფიდან ფეხებამდე.
როგორც კი მიწყნარდა იარაღის ჟღარუნი, კეისრის კაცები გუბაზის მკვლელების
საქმის გარჩევას შეუდგნენ. ეგრისელები რომ განცვიფრებაში მოეყვანათ, სასამართლოს
სხდომები დიდი გარეგნული მორთულობითა და ზეიმით ტარდებოდა.
კონსტანტინოპოლის გამოჩენილი იურისტები ათანასი სენატორის თავმჯდომარეობით
ბიზანტიური კანონების მიხედვით არჩევდნენ ჩადენილ დანაშაულს. იმდროინდელი
ბიზანტიელი ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს იყო ატიკური (ბერძნული) სასამართლო
კავკასიონის ძირში. იუსტინიანე კეისარს სურდა, რომ, თუ გუბაზის მკვლელები
გამტყუნდებოდნენ, მათთვის ხალხის თანდასწრებით მოეკვეთათ თავები, რათა ლაზებს
საქმის დასასრული უფრო მნიშვნელოვნადაც მოსჩვენებოდათ და სასჯელიც
გაორკეცებული. სასამართლომ სარდალი რუსტიკე და მისი ძმა იოანე, გუბაზის უშუალო
მკვლელი, დამნაშავეებად ცნო და მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ისინი ჯორებზე
შესხეს და ისე გამოატარეს ქუჩებში, რათა უდიდესი და თანაც შიშის მომგვრელი სანახაობა
წარმოედგინათ ლაზებისათვის. ხალხი განცვიფრებაში მოჰყავდა გზირსაც, რომელიც
შემზარავი ხმით გაჰკიოდა და რჩევას იძლეოდა: გეშინოდეთ კანონებისა და თავი შეიკავეთ
უსამართლო მკველობათაგანო. როცა პატიმრებს ყელები გამოსჭრეს, მაშინ ყველანი
სიბრალულით აღივსნენ და გაბრაზებასაც თავი ანებესო. რაც შეეხება მთავარსარდალ
მარტინეს, რომელიც, ისტორიკოსის აზრით, მათთან ერთად უნდა მომკვდარიყო,
იუსტინიანემ გაითვალიწინა მის მიერ მოპოვებული გამარჯვებანი და ფაქტიურად აპატია

22
დანაშაული. მხოლოდ თანამდებობიდან გადააყენა და მარტინეს ნაცვლად ეგრისისა და
არმენიის სრულუფლებიან სტრატეგოსად თავისი ახლო ნათესავი იუსტინე გამოგზავნა.
სვანები ძველთაგანვე ეგრისის მეფეს ემორჩილებოდნენ. ეგრისის მეფეები სვანებისგან
ძღვნად იღებდნენ (თაფლს, ცვილს, ტყავებს). თვითონ ეგრისის მეფე სვანეთში პურს
აგზავნიდა . სპარსელებთან ომის პერიოდში ეგრისსა და სვანეთს შორის უთანხმოება
ჩამოვარდა. სვანები იმასაც აბრალებდნენ ეგრისელებს რომ პური აღარ მოგვაწოდესო.
ამიტომ სვანები სპარსელების მხარეს გადავიდნენ. სვანეთს ირანისთვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ისინი სვანეთში გამაგრდებოდნენ მოახერხებდნენ ეგრისისთვის
მუდმივი საფრთხე შეექმნათ.
557 წლის ზავით დასრულდა ომი ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის.
სვანები ძველთაგანვე ეგრისის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, რომლისგანაც მათ
მთავარი სვანებისავე წრიდან ენიშნებოდათ. საზავო მოლაპარაკების დროს ბიზანტიის
ელჩებმა სწორედ საამისო საბუთი წარუდგინეს ირანელებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ
სვანები არასდროს კოლხების ძალაუფლებას არ ექვემდებარებოდნენო. სინამდვილეში ეს
ვითარება ბოლო დროს შექმნილიყო, როცა სვანები ეგრისელებსა და ბიზანტიელებს
გადაუდგნენ და თავიანთ ქვეყანაში ირანელები მოიყვანეს. როგორც ირანელები, ისე
ბიზანტიელები კარგად ითვალისწინებდნენ სვანეთის მნიშვნელობას და თუ პირველნი
აქედან დაძვრას არ აპირებდნენ, მეორენი მის დაკარგვას ვერ ელეოდნენ. ბიზანტიელთა
წარმომადგენელს შაჰისათვის უთქვამს: “მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავაქრეთ ომის ალი და
თითქოს თავისუფლად ამოვისუნთქეთ, მხოლოდ ერთი ნაპერწკალიღა დარჩა: ბოროტებათა
ნაპერწკლად მე ვგულისხმობ სვანეთს, რომელიც გვემუქრება ჩვენ, რომ უდიდესი
უთანხმოების ცეცხლად გადაიქცევა”.
საბოლოოდ ირანელებმა და ბიზანტიელებმა ზავი ისე შეკრეს, რომ სვანეთის
საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ეს დავა ისევ იარაღით გადაწყდა. 575 წლის
მახლობლად ბიზანტიელები სვანეთში შეიჭრნენ და ირანის მომხრე მთავარი ტყვედ
წაიყვანეს. ამის შემდეგ ირანელებს დასავლეთ საქართველოს არც ერთ კუთხეში აღარ
ედგათ ფეხი.
562 წელს დადებული ორმოცდაათწლიანი მშვიდობის ხელშეკრულებით ხოსროს I-მა
ცნო ლაზიკა როგორც ბიზანტიის ვასალი ქვეყანა ყოველწლიური გადასახადის სანაცვლოდ.
შაჰმა ეგრისში თავისი საქმე წაგებულად ჩათვალა და ჯერ დროებითი ზავი შესთავაზა
ბიზანტიელებს, შემდეგ კი, 562 წ. ქალაქ დარაში უფრო ხანგრძლივი ზავი დაუდო.
ქალაქ დარაში დადებული ზავის პირობით, სპარსელები უარს ამბობდნენ ეგრისზე,
მაგრამ სადავოდ მიაჩნდათ სვანეთი.
ეგრისის დიდი ომიანობის დროს ქართული საგარეო დიპლომატიის ნაკლი
მდგომარებოდა იმაში, რომ ის არ იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. თავიდან
ხოსროს დანაპირებს აყვნენ და იფიქრეს, რომ ამით ისინი მოგებას ნახავდნენ, მაგრამ არ
ჰქონდათ გააზრებული, თუ რა მოხდებოდა სპარსეთის გამარჯვების შემთხვევაში. ეგრისელ
პოლიტიკურ ელიტას კარგად ესმოდა საკუთარი თავის მნიშვნელობა ომის პერიოდის

23
დროს, მაგრამ არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რა როლი უნდა შეესრულა მას ომის
დასრულების შემდეგ.

 ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა

მას შემდეგ, რაც ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, ეროვნული ხელისუფლების


აღდგენის იდეა ქართლის მოსახლეობის ფართო ფენებში მუდამ ცოცხლობდა. ხალხის ეს
სულისკვეთება კარგად შეუნიშნავს ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპის: “იმ დროიდან (ე. ი.
რაც გურგენ მეფის აჯანყება დამარცხდა 523 წ.) არც სპარსელები აძლევდნენ ნებას მეფე
ჰყოლოდათ, არც იბერიელები ემორჩილებოდნენ სპარსელებს თავისი ნებით... ცხადია, რომ
იბერებს ძალიან უმძიმდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული
ჰქონდათ აჯანყება, თუკი ოდესმე შესაფერის დროს იხელთებდნენ”.
562 წ. ბიზანტიასა და ირანს შორის დადებული „ორმოცდაათწლიანი“ ზავი ვადაზე
ბევრად ადრე დაირღვა. ახალი დიდი ომის საბაბი, რომელიც მცირე შესვენებებით 20 წელს
გაგრძელდა, ირანელთა წინააღმდეგ მიმართული სომხეთისა და ქართლის დიდი აჯანყება
იყო.
571 წ. სომხეთში იფეთქა აჯანყებამ, რომელსაც ვარდენ მამიკონიანი ჩაუდგა სათავეში.
აჯანყებულ სომხებს ქართველებიც მიეშველნენ გურგენის წინამძღოლობით. აჯანყების
თავკაცებმა კონსანტინოპოლში მოციქულები აფრინეს და კეისარ იუსტინე II-ს (565–578 წწ.)
მფარველობაში მიღება სთხოვეს.
ბიზანტიას ხელსაყრელი დრო დაუდგა. კარგა ხანია, რაც ახალი კეისარი ისედაც
მიზეზს ეძებდა, რომ 562 წლის ზავი როგორმე დაერღვია, რომლის ერთ-ერთი პირობა მას
განსაკუთრებით უმძიმდა. საქმე ეხებოდა იმ 30 ათასი ოქროს მანეთის გადახდას, რომელსაც
ამ ზავის თანახმად ბიზანტია ყოველწლიურად აძლევდა ირანს კავკასიონის
გასასვლელების გასამაგრებლად. იმპერიას თავისი მრავალრიცხოვანი მტერ-მოყვარის
თვალში ეს ვალდებულება ირანის ხარკად უჩანდა.
კეისარი სომხეთისა და ქართლის მოციქულების თხოვნას კმაყოფილებით შეხვდა და
მათ დახმარების ფიცი მისცა: “რომ, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იქნებოდა,
ყოველგვარ საშუალებას იხმარდა, რათა დაეპყრო თვით მათი სამშობლო ქვეყნები; თუ ის
ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ომი, ამ აჯანყების მოთავეებს და მათ ნათესავებს, იმათ,
ვინც მოისურვებდა რომაელების სახელმწიფოს მოქალაქეობას, არასდროს არ გასცემდა”.
ბიზანტიელების ხელის შეწყობით ეს აჯანყება მოკლე ხანში ამიერკავკასიის
მეზობელი ხალხების დიდ სახალხო მოძრაობად გადაიქცა. 572 წ. აჯანყებული სომხები ქ.
დვინში თავს დაესხნენ ირანის დამსჯელი ლაშქრით მოსულ მარზპან სურენს, მარზპანი
მოკლეს, ხოლო მისი ლაშქარი გაანადგურეს. ქართველებს, თავის მხრივ, დაუმარცხებიათ
ირანელთა სარდალი გოლონმიჰრანი.
აჯანყებულებს ბიზანტიელების დახმარებით, ჩანს, წარმატებისათვის მიუღწევიათ.
576 წლისათვის ბიზანტიელი ისტორიკოსი მენანდრე პროტიქტორი მტკვრის
ჩრდილოეთით მდებარე ამიერკავკასიას რომაელთა მიწა-წყლად თვლიდა.

24
მაგრამ ირანელები ქართლსა და სომხეთს არ ეხსნებოდნენ. 576–577 წლებში
ბიზანტიელებმა ირანელებთან ისევ საზავო მოლაპარაკების დაწყება ამჯობინეს, მხოლოდ
ამჯერად მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობით. მაგრამ ირანელები 562 წ. ზავის
პირობების შეცვლას არ დაეთანხმნენ და ამის გარდა მოითხოვეს აჯანყების მოთავეების
გადაცემა შაჰისათვის, რომელიც მათ სათანადო სასჯელს გადაუწყვეტდა. მოლაპარაკების
მსვლელობის დროს, ირანელებმა ასეთ მოთხოვნებზე ხელი აიღეს და ერთგვარ დათმობაზე
წავიდნენ. “კეისრის მეგობრობის გულისათვის, – წერდა თურმე შაჰი თავის ელჩებს
ბიზანტიელების გასაგონად, – ის უფულოდ, განამტკიცებდა ზავს თანასწორი პირობებით”.
კეისარი, თავის მხრივ, ამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი: “მზად იყო დაეთმო
სპარსელებისათვის პერსარმენია (ე.ი. სპარსეთის სომხეთი) და იბერია”, სამაგიეროდ,
კეისარი არც აჯანყებულების გაცემაზე თანხმდებოდა და ბიზანტიაში წასვლის მსურველი
სომხებისა და ქართველების დაუბრკოლებლად გაშვებასაც მოითხოვდა. ბიზანტიელი
ისტორიკოსის თქმით, კაეისრის ეს პირობები ხოსროს სასიამოვნოდაც კი დაურჩა. მისთვის
მთავარი იყო, რომ ბიზანტიელები სომხეთსა და ქართლზე უარს ამბობდნენ. რაც შეეხებოდა
იქაურ მოსახლეობას, იგივე ისტორიკოსი ამტკიცებს: ხოსრომ კარგად იცოდა, “რომ გარდა
მცირეოდენი მმართველი პირებისა, რომელნიც აჯანყებას მეთაურობდნენ, არც ერთი
პერსარმენიელი და იბერი არ წავიდოდა უცხო ქვეყანაში სამშობლოს სიყვარულის გამო,
რომელიც ადამიანებში ბუნებით არის ჩანერგილი და გამჯდარი”.
სომხეთში ბიზანტიელების დიდი დამარცხება რომ არა, ზავის დადებას თითქმის
აღარაფერი აბრკოლებდა. ამის შემდეგ კი შაჰმა ზავის პირობები ისევ დაუმძიმა
ბიზანტიელებს. 579 წ. კეისარი ტიბერიუსი (578–582 წწ.) ხოსროს თავისი ელჩების პირით
უთვლიდა: “მე მსურს ზავი და ვესწრაფი მას, როგორც ღმერთის ნიჭს, თითქოს თვით
ბუნება თქვენს მეგობრობას მოითხოვს ჩემგან. ამიტომ მზადა ვარ უარი ვთქვა მთელს
პერსარმენიაზე და იბერიაზე იმათ გარდა, ვინც სპარსელთა არმენიიდან და იბერთაგან
ჩვენს ქვეშევრდომობას მოისურვებს”.
ხოსრო კი დაჟინებით მოითხოვდა აჯანყების მეთაურების გაცემას. 579 წ. ხოსრო I
ანუშირვანი გარდაიცვალა და ირანის ტახტზე მისი შვილი ჰორმიზდი (579–590 წწ.) ავიდა.
ბიზანტია-ირანის ომი განახლდა. ჰორმიზდის მმართველობის ბოლო წლებში ირანში დიდი
ამბები დატრიალდა. 589 წ. შაჰს აუჯანყდა სახელგანთქმული სარდალი ბაჰრამ ჩუბინი და
მას ტახტიდან გადაგდება დაუპირა. ამით ისარგებლეს შაჰის მმართველობით უკმაყოფილო
დიდებულებმა და ჰორმიზდი დაამხეს, მაგრამ ტახტზე მაინც მისი შვილი ხოსრო მეორე
ფარვიზი აიყვანეს (591–628 წწ.). ახალგაზრდა შაჰი ვერ გაუმკლავდა აჯანყებულ სარდალს
და დახმარების საძებნელად ბიზანტიაში გაიქცა. კეისარი მავრიკი (582-602 წწ.)
ყურადღებით მოეკიდა შაჰის თხოვნას და მას დიდი ლაშქარი მიაშველა. ხოსრო II-მ
აჯანყება ჩააქრო. დახმარების სანაცვლოდ მან იმავე 591 წელს ბიზანტიას დაუთმო
სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი თბილისამდე. მალე ქართლი ირანელთა
ბატონობისაგან მთლიანად გათავისუფლდა.
რა ვითარება იყო ამ ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანაში? 571 წლის ქართლის
აჯანყება იმის მაჩვენებელია, რომ აზნაურ-წარჩინებულებმა ირანის ბატონობისაგან არა

25
მარტო თავის დაღწევა, არამედ მეტნაკლებად სუვერენული ხელისუფლების აღდგენაც
მოიწადინეს. მათი წინამძღოლი გურგენი, უეჭველია, აჯანყებულთა მიერვეა შერჩეული. ის
უნდა იყოს ქართული წყაროებით ქართლის “დიდ ერისთავად” (resp. ერისმთავრად)
“განჩენილი” გუარამი. ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის
დიდმნიშვნელოვანი მომენტი, ქართულ წყაროებში სხვადასხვა კუთხითაა შენიშნული.
მაგალითად, უძველესი საისტორიო წყარო “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ავტორი ამას მთელი
ქართლის ნებად და გადაწყვეტილებად წარმოგვიდგენს: “ნელად-რე შეკრბა ქართლი და
განაჩინეს ერისთავად გუარამ”. ჯუანშერი კი ამ “განჩენაში” უმთავრესად კეისრის
მონაწილეობას გულისხმობს: “ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი
ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა
მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა
იყვნეს ერისთავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთაოსა შეუცვალებელად”. როგორც ვხედავთ, ამ
წარჩინებულებს ძველი მეფობის აღდგენა კი არ სურდათ, არამედ ქვეყნის სათავეში მათი
ნების აღმსრულებელი მეფე უნდოდათ. იუსტინე II კეისარმა, ჩანს, უკვე ერისთავთა მიერ
ალბათ “მეფედ” წამოყენებულ კანდიდატს და ბიზანტიელთათვის სასურველ პირს,
ქართველ სეფეწულ გუარამს, კურაპალატის პატივი მიანიჭა და ქართლის უმაღლეს
ხელისუფლად ცნო. საერთაშორისო და კეისრის კარზე შემუშავებული თვალსაზრისით ეს
იმას ნიშნავდა, რომ ირანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის სათავეში ჩადგა არა
სუვერენი, “მეფე”, არამედ კურაპალატის ტიტულის მქონე კეისრის წარმომადგენელი და
მოხელე. ქართულ წყაროებში ამ მმართველებს ამის გამო ეწოდებოდათ “ერისმთავრები” ან,
ქვეყნის შიგნით არსებული სხვა ერისთავებისაგან განსხვავებით, “ერისთავთა-მთავრები”,
“დიდი ერისთავები”. ერისმთავრების უფლებები ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ შეზღუდული
იყო მათ “განმაჩენელთა” მიერ: ერისთავებმა ხომ იმ პირობით ისურვეს “მეფე”, რომ ის არ
წაართმევდა მათ საერისთავო ქვეყნების მემკვიდრეობითი მართვის უფლებას და მაინც
“ერისმთავრობის” დაწესება ქართლში, მართვა-გამგეობის ორგანიზაციის თვალსაზრისით,
ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოს აღდგენას ნიშნავდა. ფეოდალური სოციალ-
ეკონომიური წყობილების შემდგომი დაწინაურების საქმეში მან განსაკუთრებული როლი
შეასრულა.
580-იან წლებამდე ქართლი ბიზანტიელების პოლიტიკური ბატონობის სფეროშია და
ამ ხნის განმავლობაში მას განუწყვეტელი ომით უხდება ქართლის შენარჩუნება. ამის გამო
პოლიტიკური ვითარება ამ ქვეყანაში ხშირად მერყევია და ცვალებადი. ქართველების
მონაწილეობა ასეთ ბრძოლაში გამარჯვების სასწორს უპირატესად ბიზანტიელების მხარეს
გადახრის, თუმცა ბიზანტიას ომის წარმოება მაინც ძალიან უმძიმდა. იუსტინე II-ის
თანამმართველი 574 წლიდან კეისარი ტიბერიუსი 576 წ. ირანელებთან მოლაპარაკებას
აწარმოებს ზავის პირობებზე. ბიზანტიელი ისტორიკოსი მენანდრე პროტიქტორი
საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კეისარი მზად იყო დაეთმო სპარსელებისათვის პერსარმენია
და იბერია, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ სპარსელები არავითარ შემთხვევაში არ
დათმობდნენ ამ ქვეყანას, მაშინაც კი არა, რომ სპარსელთა საქმეები საბოლოოდ
დასუსტებულიყო და დაღუპულიყო. მაგრამ ამ დათმობებმაც ბიზანტიელებს იმხანად

26
ნანატრი ზავი ვერ მოუტანეს, რადგან ხოსრო I აჯანყების მეთაურების გაცემასაც
მოითხოვდა. ჰორმიზდ IV-ის ტახტზე ასვლით ირანის საგარეო პოლიტიკაში გარდატეხა
ხდება. ირანი იძულებულია შეურიგდეს შექმნილ ვითარებას და ქართლში გუარამ-
გურგენის “ხელმწიფობა” ცნოს. თავის მხრივ, ეს ხელისუფალიც არანაკლებ
დაინტერესებული ჩანს შაჰთან ურთიერთობის მოწესრიგებით (პატრონი და “მწყალობელი”
კეისარი თანახმაა მისი საგამგეო ქვეყნის ირანისათვის გადაცემისა. თუმცა, პირადად მას,
თუ საჭირო შეიქნა, შეიფარებდა).
შაჰინშაჰსა და ერისმთავარს შორის მიღწეული კომპრომისული შეთანხმებისა და ამის
საფუძველზე მათ შორის აღმოცენებული უთიერთდამოკიდებულების მატერიალური
გამოხატულებაა გურგენის სახელით ქართლში მოჭრილი მონეტები, რომელთაგან
რამდენიმე ცალმა ჩვენამდეც მოაღწია. მონეტები მოჭრილია 80-იან წლებში გურგენის
მონოგრამით – (გურგენ). მონეტის შუბლზე ჰორმიზდ IV-ის უხეშად შესრულებული
გამოსახულებაა. ფალაური ლეგენდით იგი ჰორმიზდ უავგუსტოესია, ზურგზე კი
მაზდეანური ემბლემა – ღვთაებრივი ცეცხლით, რომელსაც სპეციალურად დაყენებული
მცველები გუშაგობენ. ამავე მონეტის შუბლზე, მეფის მხარის ზემოთ, ერთი შეხედვით
შეუმჩნეველი ჯვრის ნიშანიც ჩნდება. ამასთან დაკავშირებით ნუმიზმატი დ. კაპანაძე
სამართლიანად შენიშნავს, რომ ეს რელიგიური სიმბოლო ჩვენი წინაპრებისათვის
ეროვნულ ემბლემასაც წარმოადგენდა, ხოლო ქართულ მონეტაზე მისი გაჩენა –
პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯიც იყო. ამ მხრივ, ჩანს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი
ნაბიჯი გადაიდგა, მოიჭრა ისეთი ფული (უსახელოა), სადაც ჯვარი უკვე საკურთხეველზეა
გამოსახული. მალე ახალმა ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ქართული ასომთავრული
ნიშნებით მონეტის კიდეზე დააქარაგმა თავისი სახელი (სტეფანოს). მონეტის მთავარი
ადგილი კვლავ ჰორმიზდის გამოსახულებას უჭირავს, იქვე ფალაური ლეგენდაა. ჩვენამდე
მოღწეული ეს ერთადერთი ეგზემპლიარი მოჭრილი უნდა იყოს არა უგვიანეს 589 წლისა (ამ
წელს ჰორმიზდ IV ტახტიდან ჩამოაგდეს) და მოწმობს, რომ სტეფანოზი ჯერ კიდევ ირანის
მორჩილი ქვეყნის მმართველია.
591 წლიდან ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, რაც,
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულ მონეტებზედაც აისახა. მეფის გამოსახულების
გარშემო უკვე სტეფანოზის სრული სახელია ქართულად წარწერილი, რაც მოწმობს, რომ ამ
მონეტის მომჭრელი დამოუკიდებელი ხელმწიფეა. ამრიგად, საისტორიო წყაროების
მეტისმეტი სიმცირის პირობებში, ქართული ნუმიზმატიკის მონაცემებით დაუფასებელ
სამსახურს გვიწევენ VI ს. 80-90-იანი წლების ქართლის პოლიტიკური ვითარების
გარკვევაში.
სტეფანოზ I-მა მავრიკე კეისრისაგან პატრიკიოსის ბიზანტიური საკარისკაცო
ტიტული მიიღო, ხოლო მისი სახლის უფლისწულებს – ძმას დემეტრეს და შვილს
ადარნასეს ვიპატოსის ტიტულები უბოძა. დავიწყებული არც სტეფანოზის შვილიშვილი,
პატარა ქობულ-სტეფანოზი დარჩენილა, მას სტრატილატის ტიტული მიენიჭა. თუ
სტეფანოზისათვის ბიზანტიური ტიტული რეალურ ღირებულებას წარმოადგენდა, ის

27
ქართლის ერისმთავარი იყო პატრიკიოსის ტიტულით (resp. “ქართლის პატრიკიოსი”),
უფლისწულებისათვის ამ ტიტულებს უმთავრესად სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ.
სტეფანოზი ძლიერი და ენერგიული ხელისუფალი ჩანს. იგი “მეფობისაკენ”
მიისწრაფოდა, მაგრამ კეისრის (მანამდე, ალბათ, შაჰის) ფორმალური ქვეშევრდომობიდან
საჯაროდ გამოსვლას ვერ ახერხებდა. მემატიანეს ამის თაობაზე შემდეგი გადმოცემა
შემოუნახავს: “მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან”. ე.წ. “შიოს
სასწაულებმა” შემოგვინახა მისი სიტყვები შიომღვიმის მონასტრის ბერებისადმი
გულისწყრომით თქმული: “მე მეფეთა საყდართა ვზი” და თქვენ კი “არარაჲ მთავრობისა
პატივი წინა-მიყავთ”. ბერებისაგან მთავრის ასე უპატივცემულოდ მიღება, გვიხსნის
მწერალი, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ “იყო კაცი ესე ამპარტავან და ბოროტთა
შურითა აღსავსე და ეკლესიათა ფრიად ძჳრსა (ე. ი. ბოროტს) უყოფდა”. განრისხებულმა
სტეფანოზმა შიომღვიმის მონასტერს ფარსმან მეფისაგან მინიჭებული ორი აგარაკი
“მისტაცა”, მაგრამ საბოლოოდ მონასტერთან ბრძოლა მაინც წააგო (მწერალი ამას წმინდა
შიოსაგან მოვლინებულ სასწაულს მიაწერს). “ამიერითგანღა, – გვარწმუნებს ავტორი, – იწყო
სტეფანოზ კეთილის ყოფად ეკლესიათა და პატივისა პყრობად ეპისკოპოზთა, მღვდელთა
და მონაზონთა და ამანცა ფრიადი აშენა ეკლესიასა ზედა ჯუარისასა”.
სტეფანოზ I-ის და მისი სახლის აღმაშენებლობითი მოღვაწეობის უკვდავი ძეგლია
მცხეთის ჯვრის დიდებული საყდარი. მასში განსახიერდა ირანის ბატონობისაგან
განთავისუფლებული და ეროვნულ სახელმწიფოდ აღმდგარი ქართლის მთელი
შემოქმედებითი ენერგია. ტაძრის მშენებლობა, ყველა ნიშნით, დაიწყო VI ს. 90-იან წლებში
და VII ს. დასაწყისისათვის დასრულდა.

 bizantiis gavlenis damyareba qarTlsa da egrisSi


VI s.-is bolosa da VII s.-is I nax-Si

ქართლი ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენის სფეროში დიდხანს არ დარჩენილა.


მაშინდელი მსოფლიოს ამ ორი დიდი სახელმწიფოს ცილობის საგნად ქცეული პატარა
ქვეყნების პოლიტიკური მდგომარეობა მყარი არასოდეს ყოფილა. ჯერ კიდევ კეისარ
მავრიკის მმართველობაში ხოსრო II-ის მთავრობა არ მალავდა თავის გულისნადებს, რომ
ირანისათვის მძიმე 591 წ. ზავის პირობები გადასინჯულიყო. ბიზანტიასთან ომის
განახლების საბაბი გახდა აჯანყებული ჯარის მიერ მავრიკის დამხობა და იმპერატორად
ასისთავ ფოკას გამოცხადება (602 წ.). შაჰმა კეისარ მავრიკის მკვლელებზე თავი შურის
მაძიებლად გამოაცხადა და ბიზანტიას სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აუტეხა. საომარი
მოქმედება 604 წ. განახლდა. ირანის სამეფო კარმა მარჯვედ ისარგებლა ბიზანტიის მძიმე
საშინაო მდგომარეობით და მოკლე ხანში, ერთიმეორეზე მიყოლებით დაიპყრო სირია,
ფინიკია, სომხეთი, კაპადოკია და პალესტინა. თუმცა, იმპერიისათვის გამოუსწორებელი
მარცხი იყო ეგვიპტის დაკარგვა, რამაც კონსტანტინოპოლის მოსახლეობას პური მოუსპო.
შექმნილ ვითარებაში ბიზანტიის მმართველმა სენატის პარტიამ ფოკა გადააგდო და
საიმპერატორო ტახტზე აფრიკის ყოფილი მმართველი ჰერაკლე (610-641წწ.) აიყვანა.

28
ჰერაკლეს მმართველობაში ბიზანტიის სამხედრო მდგომარეობა ერთხანს კვლავ მძიმე
რჩებოდა. ამასობაში აღმ. საქართველოს ბედი გადაწყდა. ქართლი ისევ ირანის ხელში
გადავიდა.
ამ პერიოდის ქართლის პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი ვითარების
შესახებ ჩვენი მთავარი წყაროა სომხურ ენაზე შემონახული ე.წ. “ეპისტოლეთა წიგნი”
(სომხური შრიფტი), სადაც შესულია 606-608 წწ. მომხდარი სომეხ-ქართველთა საეკლესიო
განხეთქილების ამსახველი წერილებიც. აბრამ სომეხთა კათალიკოსისადმი მიწერილ
კირიონ ქართლის კათალიკოსის საპასუხო ეპისტოლედან ირკვევა, რომ ქართლის ქვეყანა
და მისი ხელისუფალნი თავს “მეფეთა-მეფის” (შაჰინშაჰის) “მონებად” (ვასალებად) თვლიან
და მის სამსახურში არიან ჩამდგარი. ფაქტიურად, ეს ქვეყანა ამ დროს დამოუკიდებელია და
ფართო პოლიტიკური უფლებებითა და სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით სარგებლობს.
ეს იმ გარემოებით აიხსნება, რომ ხოსრო II ფარვიზი იმხანად ქართლისათვის ვერ იცლიდა
და ამ ქვეყნის ფორმალურ მორჩილებას ჯერდებოდა. ირკვევა, რომ შაჰს წყალობითა და
პატივით აუვსია კირიონ კათალიკოსი, ადარნასე ერისმთავარი, რომელმაც 602-603 წლებში
სტეფანოზ I შესცვალა, და სხვა წარჩინებულები.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართლში ირანელები ბატონობდნენ. 571 წ. აჯანყებამ,
უეჭველია, იმავე დროს ანტიმონოფიზიტიზმის სახეც მიიღო. ამის მოწმობაა ის ცნობა, რომ
უკვე 574 წ. ქართველებსა და ალბანელებს უარი უთქვამთ ბიზანტიიდან სამშობლოში
დაბრუნებული მონოფიზიტი სომხებისათვის, მათთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ
ქალკედონიტების (ე.ი. ქალკედონის საეკლესიო კრების მიერ აღიარებული
დიოფიზიტების (“ორბუნებიანთა”) მიმდევართა) წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ივ.
ჯავახიშვილი შენიშნავდა, უკვე ეს გარემოება საქართველოში მომხდარი ცვლილებების
მაუწყებელი იყო. VI ს. 90-იან წლებში კი მონოფიზიტები აქ საბოლოოდ დამარცხებულან.
599 წ. ბართლომე კათალიკოსის სიკვდილის შემდეგ, ქართლის კათალიკოსის ტახტი
კირიონმა დაიკავა, რომელიც მანამდე სომხეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. კირიონი
პოლიტიკურად შორსმჭვრეტელი და ფართოდ განათლებული პიროვნება იყო. ქართულმა
ეკლესიამ მისი სახით ქალკედონიზმის ძლიერი და ენერგიული პროპაგანდისტი პოვა.
როცა ხოსრო II-მ ბიზანტიას ომი აუტეხა, თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკას აშკარად
გამოხატული ანტიქალკედონიტური, ანტიბიზანტიური მიმართულება მისცა. შაჰის
მთავრობამ თავი ამჯერადაც მონოფიზიტების მფარველად გამოაცხადა. მაგრამ, თუ
ბიზანტიის რელიგიური შეუწყნარებლობის პოლიტიკით უკმაყოფილო იმპერიის ყოფილ
აღმოსავლურ პროვინციებში მან მრავალი მომხრე გაიჩინა, ქართლის სახელმწიფოებრივი
და საეკლესიო გეზი ამ ვითარებაშიც მართლმადიდებლური (დიოფიზიტური) რჩებოდა.
606–608 წწ. სომხეთისა და ქართლის საეკლესიო მესვეურებს შორის ამტყდარმა
უთანხოებამ, რომელიც ამ ეკლესიების განხეთქილებით დამთავრდა, ცხადად გამოავლინა
ამ უთანხმოების როგორც დოგმატიკური, ისე პოლიტიკურ-კულტურული არსი.
ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკით უკმაყოფილო და სპარსელებისაგან წაქეზებული
სომხები (მონოფიზიტობას) მიემხრნენ, მაშინ, როცა ქართლის წარჩინებულებმა და

29
საეკლესიო წრეებმა აშკარად ბერძნულ-რომაული ქრისტიანობის (დიოფიზიტობის) მხარე
დაიჭირეს.
კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა მოსე ცურტავის ეპისკოპოსის გამოსვლა 605
წელს, რომელმაც ქალკედონიტური აღმსარებლობის გამო გმობა დაუწყო ერსა და
წარჩინებულებს. ეს ცურტაველი ეპისკოპოსი სომეხი იყო წარმოშობით და საამისო ნაბიჯი
მას სომხეთის ეკლესიის წაქეზებით გადაუდგამს. მაგრამ ქართლში მოსეს ქადაგება სრული
მარცხით დამთავრდა, რის შემდეგ ის იძულებული შეიქმნა სომხეთშივე გაქცეულიყო.
კირიონმა მოსეს ნაცვლად ცურტავის ეპისკოპოსად სხვა დაადგინა და ამას გარდა
ცურტავის სომხურენოვან თემში მღვდელმსახურების აღსრულება ქართულ ენაზედაც
სავალდებულო გახადა. საქართველოდან გაქცეული მოსე ეპისკოპოსი კი თავისას არ
იშლიდა. სომეხთა კათალიკოსის “ადგილის მცველს” (მოადგილეს), ვრთანეს ქერდოლს
წერილით მიმართა და კირიონ კათალიკოსისა და ქართლის მთავრების საწინააღმდეგოდ
შესჩივლა. სომხეთის ეკლესიის მესვეურებმა და მთავრებმა მოსე ეპისკოპოსისა და
მონოფიზიტური სარწმუნოების დასაცავად თავი გამოიდეს და კირიონ კათალიკოსისა და
მთავრების დასაყოლიებლად ფართო წერილობით პოლემიკას მიმართეს.
პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაში სომხებისათვის ახლა ყოველნაირად
ხელსაყრელი იყო. მართალია, შაჰმა ქართლის ქვეყანას სიტყვიერად სარწმუნოებრივი
შემწყნარებლობა მიანიჭა, მაგრამ ხოსრო II-ის კარზე ფრიად მოსურნე იქნებოდნენ, თუ
ქართველები მშვიდობიანი გზით მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადავიდოდნენ.
ინიციატივას ამ საქმეში, შაჰის წაქეზებით, სომხები ჩემულობდნენ, რომლებიც შაჰის ამ
ნება-სურვილს ქართლის მმართველ წრეებზე ზემოქმედების ძლიერ საშუალებად
იყენებდნენ. აბრამ სომეხთა კათალიკოსი კირიონ კათალიკოსისადმი მიწერილ პირველსავე
ეპისტოლეში კათალიკოსსა და მთავრებს აშკარად პროვოკაციულ კითხვას უსვამდა: “არის
რაღაც, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენა: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა-მეფის
მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე, მართლაც რომ
ძლიერ მძიმეა”. ეროვნებით სომეხი და შაჰის დიდმოხელე, ჰირკანიის მარზპანი სმბატ
ბაგრატუნი, რომელიც შაჰმა სომხეთში გამოგზავნა, სარწმუნოებისა და ეკლესიათა
წესრიგში მოსაყვანად, თავის წერილში კირიონ კათალიკოსს მოაგონებდა იმ დროს, როცა
მეფეთა-მეფის მთავრობის ქვეშ მყოფნი (ე.ი. სომხები და ქართველები) ერთნი ვიყავით
სარწმუნოებითაო, ახლაც საჭიროა თქვენი ჩვენთან შეერთებაო. კირიონ კათალიკოსი და
ქართლის მთავრები, თავის მხრივ, ამ ბრალდებებს რამდენადაც შეეძლოთ აბათილებდნენ,
ან პირდაპირ პასუხს თავს არიდებდნენ. მოსე ეპისკოპოსს კი საღი აზროვნების უნარი
დახშობოდა და სმბატ ბაგრატუნს ქართლის ასაოხრებლად მოუწოდებდა. მას
ავიწყდებოდა, რომ სმბატი აქ ირანელთა ლაშქრით კი არ იყო მოსული, არამედ შაჰის
სპეციალური დავალებით. “ეგების გამოსწორდნენ”, – ამშვიდებდა ის თურმე მოსეს, – “და
თუ იმავე სიხელეს იქნებიან და ჩვენთან ერთობისაგან განეშორებიან, მათი სისხლი უფალმა
ღმერთმა მათი თავისაგან მოიძიოს და ჩვენ უბრალო ვიყოთ. მომწერეთ, თუ როგორ
გათავდება ეგ საქმე. თუ დაუმორჩილებლობის შესახებ შევიტყობთ და უფალი ღმერთი

30
მარჯვე დროს მოგვცემს, ვინ იცის, იქნებ აქვე მიიღებს საზღაურს ღმრთისაგან ხორციელ
უფალთა ხელით”
რადგან ქართლის კათალიკოსისა და მმართველი წრეების დაყოლიება მაინც არ
მოხერხდა, აბრამ სომეხთა კათალიკოსმა სრული განხეთქილების ჩამოგდება არჩია. 608 წ.
მან “საყოველთაო ეპისტოლე” გამოსცა, რითაც ქართველებთან და ალბანელებთან სომხებს
ყოველგვარი კავშირი აუკრძალა, გარდა ყიდვა-გაყიდვისა. მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი შენიშნავდა: “ამიერიდან ქართველთა და სომეხთა შორის
ის სარწმუნოებრივი კავშირიც გაქრა, რომელიც წინათ მათ აერთებდა და ასე თუ ისე
აძლიერებდათ: პოლიტიკურ-კულტურული გეზისა და სიმპათიების გაყრასთან ერთად
მათი სარწმუნოებრივი სარბიელის გზებიც ერთმანეთს დაშორდნენ”.
ხოსრო II-ის სარწმუნოებრივი “ლმობიერება” ქალკედონიტური ქართლის მიმართ
დიდხანს არ გაგრძელებულა. იერუსალიმის აღების შემდეგ 614 წ. მან კრება მოიწვია,
რომელმაც დაადგინა: ყველა ქრისტიანმა, ვინც შაჰის მორჩილი იყო, სომეხთა სარწმუნოება
უნდა მიიღოსო;
ეჭვი არაა, ასეთ ვითარებაში კირიონ კათალიკოსი, ადარნასე ერისმთავარი და
ზოგიერთი სხვაც იძულებული შეიქნებოდნენ ქართლს გასცლოდნენ. ქართლის
ერისმთავრის ხელისუფლება, ჩანს, ვარსამუსემ (//ვარსამუშა) მიიღო. ყოველ შემთხვევაში,
თეოფანე ჟამთააღმწერელს ეს კაცი ჰყავს მოხსენიებული იბერიელთა მთავრად (ბერძნული
შრიფტი), რომელიც ჰერაკლე კეისარს თბილისის აღების დროს (627 წ.) ტყვედ ჩავარდნია
ხელში. რაც შეეხება ადარნასე ერისმთავარს, სავარაუდოა, რომ ის კახეთში გადავიდა და იქ
გამაგრდა. ამას გვაფიქრებინებს მემატიანეს ცნობა, რომ ჰერაკლეს ქართლში ლაშქრობის წინ
ის ერისთავობდაო კახეთს. როგორ წარიმართა კირიონ ქართლის კათალიკოსის ბედი, ამის
შესახებ წყაროებში პირდაპირი მითითება არა გვაქვს. ზ. ალექსიძე ფიქრობს, რომ
ქართლიდან გადახვეწის შემდეგ, კირიონი ეგრისში გადავიდა და იმ ქვეყნის
მიტროპოლიტის საქმიანობას შეუდგა, რომლის ხელსაც ის ადრეც ითავსებდაო. ეს კირიონი
უნდა იყოს, მისი აზრით, ის კიროს ფაზისის მიტროპოლიტი, რომელიც 623 წლიდან ჩნდება
ბერძნულ წყაროებში
ქალკედონიტი მოღვაწეების ქართლიდან განდევნის შემდეგ, მონოფიზიტები, ცხადია,
თავს წამოყოფდნენ. მერმინდელი ვითარების გათვალისწინებით (ჰერაკლე კეისრის
ქართლში ლაშქრობა და მისი შედეგები) ჩანს, რომ მათი პოზიციები აქაც მალე განმტკიცდა.
მახლობელ აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ვითარება კვლავ შეიცვალა.
ჰერაკლე კეისარი ენერგიული მმართველი და ნიჭიერი მხედართმთავარი აღმოჩნდა.
ბიზანტიის იმპერიისათვის მძიმე დღეებში მან გაბედულ კონტრზომებს მიმართა. 622 წელს
კეისარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავისი ჯარით კაპადოკიისაკენ გაემართა, სადაც
ირანელებს პირველი დიდი დამარცხება აგემა. ჰერაკლემ ამის შემდეგ ძლევამოსილად
ილაშქრა სომხეთსა და ადარბადაგანში. მტრის მოულოდნელი შემოჭრით
თავზარდაცემული შაჰის ხელისუფლება, როგორც იქნა, გონს მოვიდა და კეისარს დიდი
ლაშქარი დაადევნა. თავის მხრივ, ჰერაკლეს იბერიელთა, ეგრისელთა და აფხაზთა მაშველი
ძალები მოუვიდნენ. ქართველები ერთი ნაწილი, ეჭვი არაა, ადარნასეს წინამძღოლობით

31
იმთავითვე ჰერაკლეს მხარეზე დამდგარა, ხოლო მონოფიზიტები - სომხები ირანელების
მოკავშირეობას ამჯობინებდნენ. მაგრამ, სანამ გამარჯვებული მხარე ჯერ საბოლოოდ არ
გარკვეულიყო, ამიერკავკასიის ხალხები თავიანთ პოლიტიკურ არჩევანში მერყეობდნენ:
ისინი ხან კეისრის მხარეს იჭერდნენ, ხან დახმარებაზე უარს ეუბნეოდნენ, ასე მოქცეულან,
მაგალითად, ქართველები, ეგრისელები და აფხაზები, როცა ჰერაკლეს შუაგულ სპარსეთში
შეჭრის გაბედული და თან სახიფათო გეგმა წამოუყენებია, ქართველ მოკავშირეებს მისთვის
მხარი არ დაუჭერიათ, ხოლო, როცა კეისარს სპარსელთა ლაშქარი მოეწია,
ბიზანტიელებისათვის ამ უაღრესად კრიტიკულ მომენტში, ეგრისელებსა და აფხაზებს
მოკავშირეობაზე საერთოდ უარი უთქვამთ და შინისაკენ გამგზავრებულან.
ირანზე მოწყობილმა ამ პირველი ლაშქრობის შედეგებმა ჰერაკლე კეისარი დაარწმუნა,
რომ იმპერიას უფრო საიმედო და ძლიერი მოკავშირეები უნდა მოეძებნა, ამიტომ
ბიზანტიის ხელისუფლებამ დახმარებისათვის ხაზარებს მიმართა. ხაზარები ხალისით
გამოეხმაურნენ ბიზანტიელთა მოწოდებას და სანამ კეისარი ირანის წინააღმდეგ ბრძოლის
სამზადისში იყო, ხაზარები ხაკანის ძმისწულის შათის მეთაურობით ალბანეთსა და
ადარბადაგანს დაეცნენ თავზე. ამ ქვეყნებიდან გამოზიდულმა დიდძალმა ნადავლმა
იმდენად გაუღვიძა ძარცვა-რბევის მადა თვით ჯიბღუ ხაკანს, რომ ამჯერად გადაწყვიტა
თვითონ დაძრულიყო ირანელთა წინააღმდეგ. ხაზარების დიდძალი ლაშქარი
თავდაპირველად დარუბანდს დაესხა და ეს სახელოვანი ქალაქი მიწასთან გაასწორა.
ალბანეთის შემუსვრის შემდეგ ხაზარები თბილისისაკენ გამოემართნენ. “დაიძრა ნიაღვარი
მოვარდნილი და მდინარე ადიდებული ქართველთა ქვეყნისაკენ, გარს შემოადგა და ალყა
შემოარტყა ნებიერს, მოვაჭრესა და სახელგანთქმულ დიდ ქალაქს ტფილისს”, – წერს მოსე
კალანკატვაცი. თბილისთან ხაზარებს ლაზიკიდან დიდი ჯარებით გადმოსული ჰერაკლე
შეეგება. ეს იყო 627 წ. შემოდგომაზე.
ამ შეხვედრის შესახებ საინტერესო ცნობები მოეპოვებათ ბიზანტიელ მემატიანეებს.
კეისარს მოკავშირეების საპატივცემულოდ დიდი ნადიმი გადაუხდია, რის შემდეგ მთელი
სანადიმო ძვირფასი ჭურჭლეულობა ხაზართა წინამძღოლისათვის უჩუქებია. ამ და სხვა
მრავალი საჩუქრის გაცემის შემდეგ, კეისარს ხაკანისათვის თავისი ასულის სურათი
უჩვენებია და მისი ცოლობა აღუთქვამს, თუ ხაზარები მას ირანელების დამარცხებაში
დაეხმარებოდნენ.
ამის შემდეგ რა ღონე და საშუალება არ იხმარეს მოკავშირეებმა, იქამდე მტკვრის
გადაკეტვაც კი განიზრახეს, რომ მდინარის წყალი ქალაქზე მიეშვათ, მაგრამ ყველაფერმა
ამაოდ ჩაუარათ. ირანელებს მოესწროთ ცნობილი სარდლის შარგაპაგის მეთაურობით
ქალაქში ათასი რჩეული მოლაშქრის შეყვანა. თბილისის მეციხოვნე ქართველებს მთავარი
ვარსამუსე ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ირანელ სარდალთან ერთად მოხერხებულად
მოაწყო ქალაქის თავდაცვა. თბილისის აღებას ბოლო არ უჩანდა, ხოლო მისი
დამცველებისაგან – დაცინვებს.
როგორც ხაზარებმა, ისე ბიზანტიელებმა თბილისის კედლებთან დიდი ზარალი ნახეს
და იმედგადაწყვეტილებმა ამჯობინეს ქალაქს გაცლოდნენ. თბილისის დამცველებმა
საიდანღაც უზარმაზარი გოგრა მოიტანეს, ჯიბღუ ხაკანის დამახინჯებული სახე გამოსახეს

32
და ციხის გალავანზე დადეს: “აი, თქვენი მეფე-ჴელმწიფე, მობრუნდით, თაყვანი ეცით. ეს
ჯებუ ხაკანია”, – მისძახოდნენ ისინი უკან დახეულებს და ამასთან გოგრას შუბით
ჩხვლეტდნენ. ასევე მასხრად აუგდიათ კეისარი: ქართულ წყაროს შემოუნახავს ცნობა, თუ
როგორ აგინებდნენ ჰერაკლე კეისარს: “ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს”.
მიუხედავად თბილისის კედლებთან განცდილი მარცხისა, მამაცმა კეისარმა ახლა გეზი
პირდაპირ ირანზე აიღო.
627 წ. ბოლოს ნინევიის მახლობლად გადამწყვეტი ომი დაიწყო, რომელშიც ირანელები
სასტიკად დამარცხდნენ. მალე ირანის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა. ხოსრო II
ფარვიზი მოკლულ იქნა და ტახტზე მისი შვილი კავადი ავიდა, რომელიც დაუყოვნებლივ
შეუდგა საზავო მოლაპარაკებას. 628 წ. აპრილში მეომარ ქვეყნებს შორის ზავი დაიდო,
რომელმაც ბიზანტიელების უკანასკნელი ხანის დიდი სამხედრო წარმატებები ანგარიშში
მიიღო.
ამის შემდეგ თბილისის ბედიც გადაწყდა. 628 წელს ორი თვის მედგარი ბრძოლის
შემდეგ ხაზარებმა შათის მეთაურობით, როგორც იქნა, თბილისი აიღეს. ქალაქში შეჭრილმა
ხაზარებმა ველური სისასტიკით გაჟლიტეს ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
“როდესაც შეწყდა ხმა ტირილისა და ვაებისა და აღარავინ გადარჩა ცოცხალი, მაშინ მათაც
გაიგეს, რომ დაძღნენ მათი მახვილნიც”. ამის შემდეგ დამპყრობლებმა ძარცვა-რბევას
მიჰყვეს ხელი. მოჰქონდათ განძით სავსე ყუთები და თავიანთი მბრძანებლის წინაშე
ერთმანეთზე ახვავებდნენ. ოქროსა და ვერცხლის ფულებით და თვალმარგალიტით
შემკული ნივთების ისეთი გროვა ყოფილა, რომ თვალებსაც კი მოსწყინდა მათი ცქერაო, –
აღნიშნავს მოსე კალანკატვაცი. ხაზარებს ხელში ჩავარდნიათ ორივე მთავარი: ერთი შაჰის
ნაცვალი, ხოლო მეორე, ადგილობრივი მმართველი (ვარსამუსე), ქართლის მთავართა
სახლიდან. დატყვევებული მთავრები ჰერაკლე კეისარისათვის მიუგვრიათ, რომელსაც
ისინი დაუსჯია.
კეისარს დიდი სისასტიკე გამოუჩენია აგრეთვე წარმართებისა და ცეცხლმსახურთა
მიმართ. ქართლის მოქცევის მატიანის ცნობით, “ყოველნი მოგუნი და ცეცხლისა მსახურნი
ანუ მოინათლნენ, ანუ მოისრნენ”. მაგრამ, როგორც ჩანს, არც მწვალებლებს
(მონოფიზიტებს) დაადგათ კარგი დღე: “ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს”.
მემატიანის აზრით, ამ ღონისძიებით ჰერაკლემ: “განწმიდა შჯული ქრისტესი და წარვიდა”.
ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების შედეგად ამიერკავკასიაში კარგა ხნით ბიზანტიის
პოლიტიკური ჰეგემონია დამყარდა. ქართლის ერისმთავრობა კვლავ ადარნასემ მიიღო.
მოსე კალანკატვაცის ცნობით, მას კეისრისაგან სამმაგი ტიტული ჰქონდა მიღებული.
საერთოდ, ჰერაკლეს ეპოქაში ბიზანტიური ტიტულები ფართოდ ვრცელდება მთელს
ამიერკავკასიაში. “ფორმალური საფუძველი აღნიშნული მოვლენისა ის შეხედულებაა, რომ
ერთადერთი უზენაესი სუვერენი არის კეისარი... სხვები კი მისი მოადგილეები და
ვასალები არიან, სხვადასხვანაირ დამოკიდებულებაში მყოფნი თავიანთი პატრონისაგან”.
ბუნებრივია, რომ კეისრის მოადგილეობა ხელს უწყობდა ქართლის ერისმთავრების
გაძლიერებას და მათ თანდათანობით განთავისუფლებას ერისთავ-წარჩინებულთა
შეზღუდვებისაგან.

33
თუ ქართლის ერისმთავართა ხელისუფლების წარმატებისათვის ამ პატივებს
გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე დასავლეთ
საქართველოში, ეგრისში. VII საუკუნის დამლევს იქ “მეფის” ნაცვლად უკვე “პატრიკიოსი”
იხსენიება. ჩანს, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე ეგრისში ბიზანტიელთა ბატონობა იმდენად
შორს წასულა და ეგრისის მეფის ისედაც შეზღუდული და შემცირებული უფლებები
იქამდე შეუკვეციათ, რომ “მეფე” “პატრიკიოსობამდე” ჩამომცრობილა. ეს ფაქტი კი იმის
მაჩვენებელია, რომ ამ დროს ეს ქვეყანა ერთგვარ დამოუკიდებლობას კიდევ ინარჩუნებდა
და ბიზანტიის იმპერიის უბრალო პროვინციის მდგომარეობამდე არ დასულა.

 ,,არაბობა’’ საქართველოში

ბიზანტიამ თავისი გამარჯვების ნაყოფით დიდხანს ვერ ისარგებლა.


პირიქით, ირანის სახელმწიფოს განადგურებამ მხოლოდ დააჩქარა მცირე აზიისა და
კავკასიის ქვეყნებში ისეთი დიდი მრისხანე დამპყრობლების გამოჩენა, როგორიც იყვნენ
არაბები.
არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია (არაბულად “ჯაზირათ ალ-არაბ” –
“არაბების ნახევარკუნძული”), რომელიც დასავლეთიდან მეწამულ ზღვას ეკვრის,
სამხრეთიდან – ინდოეთის ოკეანეს, აღმოსავლეთიდან – სპარსეთის ყურეს. დასავლეთიდან
და სამხრეთიდან ნახევარკუნძულის ვრცელი ზეგანი ვულკანური მთებითაა
შემოსაზღვრული, რომლებიც დამრეცად ეშვებიან სპარსეთის ყურისა და ევფრატის
ველისაკენ. არაბეთის მთელ ამ სივრცეზე ჩვეულებრივ ორ მკაფიოდ განსხვავებულ არეს
გამოჰყოფენ: 1) თიხამას – სანაპირო რაიონებს; 2) ნეჯდის – უდაბნოებით გარემოცულ
ცენტრალურ პლატოს.
სანაპირო რაიონებიდან უნდა აღინიშნოს ჰიჯაზი და იამანი დასავლეთ არაბეთში.
ჰიჯაზი (“ზღუდე”) მეწამული ზღვის გასწვრივ მდებარე მთაგორიანი ქვეყანაა, რომელსაც
სამხრეთ-დასავლეთიდან მოსდგამს იამანი (“ქვეყანა, მდებარე მარჯვნივ”, ანუ “ბედნიერი
არაბეთი”). სპარსეთის ყურის გასწვრივ კიდევ მიემართება ბახრეინის (დღევანდელი ლხასა)
დაბლობი ქვეყანა და მთაგორიანი ომანი – მის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
გასაგებია, თუ ამ დიდ და მრავალფეროვან სივრცეზე მოსახლე არაბული ტომები
თავიანთი სოციალურ-ეკონომიური ყოფითა და განვითარების დონით ურთიერთისაგან
განირჩეოდნენ. ჩვეულებრივად არაბები ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ – ჩრდილოეთისა
და სამხრეთის ტომებად. ჩრდილოეთის ტომები, რომლებიც ბედუინების სახელად იყვნენ
ცნობილი (ბიბლიით “ისმაიტელები”), ნახევრად მომთაბარულ მესაქონლეობას და
ნადირობას მისდევდნენ, მაგრამ მწირსა და უდაბნო ქვეყანაში მესაქონლეობა-ნადირობა
საარსებოდ საკმარისი არ იყო და ბედუინები ამ საქმიანობას ხალისით უთავსებდნენ
ძარცვა-რბევასაც.
უფრო მდიდარი სამხრეთის ბინადარი ტომები (“კახტანიტელები”), მათ ქვეყნებზე
გამავალი საშუამავლო სავაჭრო გზების წყალობით, ცხოველ სააღებმიცემო ურთიერთობაში
იყვნენ ჩაბმული გარე სამყაროსთან. სწორედ სავაჭრო-საქარავანო გზის გასწვრივ (ე.წ.

34
“გუნდრუკის გზა”, რომლის საშუალებით ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები ინდოეთს
უკავშირდებოდნენ) აღმოცენდნენ ჰიჯაზის ისეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები,
როგორიც იყვნენ მაქორაბა (მერმინდელი მექა) და იასრიბი, მაჰმადის შემდეგ მედინად
წოდებული.
სამხრეთ არაბეთის პროვინციების წარსული მოკლედ ასეთია: II ათასეულის ბოლოს აქ
მაინელების სახელმწიფოა, I ათასეულის შუა ხანებში – საბაელებისა, ელინისტურ ხანაში
(IV–III სს.) – ჰიმიარიტელთა.
ჩრდილოეთ არაბეთის სახელმწიფოებრივი ორგანიზმები გაცილებით გვიან
აღმოცენდნენ და არც საკმაო განვითარებისათვის მიუღწევიათ. აღსანიშნავია, რომ
ინიციატივა ამ საქმეში ისევ სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასახლებულ ტომებს
ეკუთვნოდათ. ასე მაგალითად, გვიანანტიკურსა და ბიზანტიურ ხანაში სირიაში ჩნდება
ჰასანიდების სამეფო, ერაყში – ლახმიდებისა. ლახმიდები სასანური ირანის ყმები იყვნენ,
ხოლო ჰასანიდები ბიზანტიელებს ემორჩილებოდნენ. ბიზანტია-ირანის ომებში ჩაბმული
ეს ტომები ერთმანეთის მტრობამ და შუღლმა იმდენად დაასუსტა, რომ VII საუკუნისათვის
ისინი რაიმე მნიშვნელოვან ძალას აღარ წარმოადგენდნენ. უფრო მნიშვნელოვანი იყო
ცენტრალურ არაბეთში წარმოქმნილი სამეფო კინდის ტომი. კინდელები პირველნი
შეეცადნენ არაბთა სხვა ტომის გაერთიანებას ერთი ხელისუფლების ქვეშ, მაგრამ მაშინ ამ
ცდას წარმატება არ ჰქონია. ჩრდილოეთ არაბეთის ტომები ისლამის წინადროინდელ
ხანაში, მართალია, მისული იყვნენ კლასობრივი საზოგადოების ზღურბლზე, მაგრამ
საბოლოოდ გვაროვნულ წყობილებას ვერ გასცილებოდნენ. ამისდა მიუხედავად,
გვაროვნული არისტოკრატია ცდილობს შესაფერისი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნით
დაბალი ფენების მორჩილებაში მოყვანას და ამით თავისი გაბატონებული მდგომარეობის
უზრუნველყოფას. ასე იქმნება პირობები სახელმწიფოს არსებობისათვის.
VII ს. პირველ მესამედში არაბეთის ნახევარკუნძულზე საფუძველი ჩაეყარა არაბულ
სახელმწიფოს, რომლის მეთაური იყო მუჰამედი, ანუ მაჰმადი. მის სახელს უკავშირდება
არაბებში ახალი სარწმუნოების გავრცელებაც, რომელსაც “ისლამი” (“მინდობილი”) ეწოდა.
ამის გამო, ისლამის მიმდევრებს “მუსლიმებსაც” (“მინდობილებს”) ეძახიან და
მაჰმადიანებსაც, მაჰმადის მოძღვრების მიხედვით. მუჰამედი წარმოშობით მექაში
გაბატონებული კურეიშის თემის ჰაშიმის ერთ ღარიბ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი
რელიგიური მოძღვრება მონოთეისტური ხასიათისა იყო და იუდაიზმისა და ქრისტიანობის
გავლენას განიცდიდა.
მრავალრიცხოვანი ადგილობრივი კულტების ნაცვლად მკაცრ მონოთეისტურ
რელიგიაზე გადასვლამ დააჩქარა არაბთა ტომების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს
წარმოქმნის პროცესი. თავდაპირველად მუჰამედის მიმდევრები უმთავრესად მაქას ღარიბ-
ღატაკები იყვნენ, მაგრამ წარმატების კვალად იცვლებოდა მათი სოციალური დასაყრდენიც.
თვისტომებში ოდესღაც თანასწორობის მქადაგებელი და დაჩაგრულების მოსარჩლე
მუჰამედი თვითონ ხდება სახელმწიფოს მეთაური და ამდენად გაბატონებული კლასის
ინტერესების დამცველიც.

35
მაჰმადის “მოადგილეების”, ანუ ხალიფების დროს არაბების სახელმწიფო, ანუ
ხალიფატი (იგივე სახალიფო), როგორც მას ეძახიან, არაჩვეულებრივად სწრაფად გაიზარდა.
პირველი დიდი დაპყრობითი ომები არაბებმა ხალიფა ომარის დროს (634–644 წწ.)
გადაიხადეს. ეს პირველი ომები მიზნად ისახავდნენ არა სხვების მოქცევას ისლამის
სარწმუნოებაზე, არამედ სახალიფოს გაფართოებას, ხარკსა და ნადავლს.
ჰერაკლე კეისარის მმართველობის უკანასკნელ წლებში ბიზანტიის იმპერიამ
არაბებთან ბრძოლაში არაერთი მარცხი განიცადა, რასაც მოჰყვა სირიის, პალესტინისა და
ეგვიპტის დაკარგვა. 40-იანი წლების დამდეგს დაეცა ირანი, რის შემდეგ არაბებს
ამიერკავკასიისაკენ გზა ხსნილი ჰქონდათ.
არაბების ასეთი დიდი და სწრაფი წარმატება აიხსნებოდა არამარტო არაბული
ლაშქრის ჩინებული ორგანიზაციითა და მაღალი საბრძოლო თვისებებით, არამედ მათი
შემწყნარებლური სარწმუნოებრივი პოლიტიკითა და მარტივი და შედარებით მსუბუქი
საგადასახადო სისტემის შემოღებით. ყოველივე ამან დიდად შეუწყო ხელი არაბების
გამარჯვებას ბიზანტიის იმპერიის ცენტრალური რაიონებისაგან ეთნიკურად და
სარწმუნოებრივად განსხვავებულ აღმოსავლეთის პროვინციებში. წყაროებში აღნიშნულია,
რომ სირია-პალესტინის ფანატიკოსი მონოფიზიტი ბერებიც კი მასობრივად ტოვებდნენ
მონასტრებს და არაბულ ლაშქარს უერთდებოდნენ. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, თუ ამ
ქვეყნების ბევრი ქალაქის კარი უბრძოლველად იხსნებოდა არაბების წინაშე.
640 წ. არაბთა რაზმები სომხეთში გამოჩნდნენ და ამ ქვეყნის დედაქალაქი დვინი
დაიპყრეს. 642-643 წლებში არაბები უკვე ქართლსაც მოადგნენ, თუმცა ეს მარბიელი
ლაშქრის თარეში უფრო იყო. ქართველებს ისინი მაშინ ადვილად გაურეკიათ, მაგრამ 50-
იანი წლებიდან არაბებმა აქ უკვე შედარებით მკვიდრად მოიკიდეს ფეხი.
654 წ. არაბებმა სომხეთში სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელების სარდალი
მავრიანოსი, რომელმაც თავს ქართლში გაქცევით უშველა. არაბები გაქცეულ მტერს
კვალდაკვალ დაედევნენ და ქართლის საზღვრებში შემოვიდნენ.
ქართლის ერისმთავარმა, რომელიც პატრიკიოსის ტიტულს ატარებდა, არაბებს
საჩუქრებით თავისი ელჩი მიაგება და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა. ერისმთავრის ეს
დიპლომატიური ნაბიჯი მოსულ-დამხვდურთა ძალის საღი შეფასების შედეგი იყო. არაბთა
აღმავალი და უზარმაზარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი პატარა ქვეყანას იმხანად
განადგურების მეტს არას მოუტანდა.
არაბთა სარდალი ჰაბიბ იბნ-მასლამა კმაყოფილი დარჩა ერისმთავრის ამ საქციელით,
მირთმეული საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქართველთა მოციქულს
თბილისში თავისი კაციც გააყოლა, რომელსაც წერილი და შეუვალობის წიგნი გაატანა.
შემდეგ ჰაბიბი თვითონაც შემოვიდა თბილისში და პირადად დაუმტკიცა მოსახლეობას
ზავისა და შეუვალობის ის ცნობილი დოკუმენტი, რომელიც “დაცვის სიგელის” სახელითაა
ცნობილი.
ამ დოკუმენტით, რომლის შინაარსი IX ს. ცნობილი არაბი ისტორიკოსების
ბალაძორისა და ტაბარის თხზულებებმა შემოგვინახა, დამპყრობელ-დაპყრობილის
უფლებები და ურთიერთვალდებულებანი იყო განსაზღვრული:

36
1) ქართველები აღიარებენ მორჩილებას და იხდიან ჯიზიას, კომლზე ერთ დინარს,
ამასთან, ეკრძალებათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შესამცირებლად. თავის მხრივ, არც
არაბებს აქვთ კომლების დანაწილების უფლება ჯიზიას გასადიდებლად.
2) მოსახლეობა ვალდებულია არაბებს მტრების წინააღმდეგ რჩევითა და საქმით
დაეხმაროს, ე.ი. სამხედრო ბეგარა იკისროს; შეიფაროს და დახმარება აღმოუჩინოს
ჩამორჩენილ მუსლიმებს, ბინითა თუ მათთვის დასაშვები სასმელ-საჭმელით და შემდეგ
მიიყვანოს ის არაბთა უახლოეს რაზმამდე.
3) ისლამის მიმღები არაბთა თანამოძმე ხდება და ყველა მუსლიმისათვის საერთო
უფლებებით სარგებლობს.
4) არაბები ვალდებულებას კისრულობენ დახმარება გაუწიონ ქართველებს საერთო
მტრის წინააღმდეგ, მაგრამ, თუ ვინიცობაა, მათი მოუცლელობის გამო, ქართველები მტერს
დაემორჩილებოდნენ, ეს მათ დანაშაულში არ ჩაეთვლებოდათ.
თუ მოსახლეობა ამ პირობებს მიიღებდა და შეასრულებდა, არაბები მას უშიშროების,
ქონებისა და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, თუ არა და ომს
უცხადებდნენ ალჰისა და მისი მოციქულის სახელით.
იმ დროს არაბები ქართლს მალე გაეცალნენ. სახალიფოში სისხლისმღვრელი ომი
ატყდა და თითქმის ხუთ წელს გასტანა, სანამ მაჰმადიანთა ერთადერთ მბრძანებლად
პირველი ომეადი ხალიფა მოავია I (661–668 წწ.) არ დაჯდა. ცხადია, რომ ამ დროს არაბებს
ქართლისათვის არ ეცალათ. მოავიამ განზე გამდგარი ამიერკავკასიის ქვეყნების
მორჩილებაში მოსაყვანად სასტიკ ზომებს მიმართა, მაგრამ ამის შემდეგაც კავკასიაში
პოლიტიკური ვითარება ცვალებადი იყო. მოავია I-ის მემკვიდრეების დროს სახალიფოში
კვლავ ბრძოლა და შფოთი ტრიალებდა. სომეხი მემატიანე ლევონდის ცნობით, სომხები,
ქართველები და ალბანელები არაბებს გადაუდგნენ და ხარკის მიცემაზე უარი თქვეს. ამ
ვითარებაში ბიზანტიამაც ძველი თამასუქების განაღდება მოითხოვა. ბოლოს ეს ორი
იმპერია ისევ ერთმანეთში მორიგებულა. 686 წ. კეისარსა და ხალიფას ზავი შეუკრავთ და
საზავო პირობებში ისიც აღუნიშნავთ, რომ სომხეთისა და ქართლის ქვეყნებიდან
შემოსული ხარკი შუაში გავიყოთო. მაგრამ ქართველი ხალხი ქედს არც ერთ დამპყრობელს
არ უხრიდა და შეძლებისდაგვარად უმკლავდებოდა.
ამის მაგალითია ერთი სომხური ცნობა: “ქართველთა მთავარმა ნერსემ განდევნა
ბარაბა, სომხეთში მდგარი არაბთა ჯარის სარდალი, სასტიკი განადგურებით გაჰფანტა მისი
ჯარი და გააქცია იგი”. ვერ ასწრებდა ხალხი ერთი მტრის თავიდან მოშორებას, რომ მეორის
პირისპირ დგებოდა. 688 წ. იუსტინე II კეისარს ლეონტის სარდლობით ამიერკავკასიაში
დიდი ლაშქარი გამოუგზავნია, რომ შექმნილ ვითარებაში იქ ბიზანტიის ბატონობა
აღედგინა. ამ საერთო შფოთისა ვითარებაში გულზე ხელებდაკრებილი არც ხაზარები
ყოფილან. არაბების ეს დაუძინებელი მტრები შემთხვევას არ უშვედბნენ, რომ
ამიერკავკასიის ქვეყნებს დასცემოდნენ თავზე.
ქართველი ხალხის ამ უთანასწორო, მაგრამ თავგანწირულ ბრძოლას, რომელსაც ს.
ჯანაშიამ “სამი მხრით ხმლის ქნევა” უწოდა, თავისუფლება მაინც არ მოუტანია. იმ ხანად ეს
ხალხის ძალ-ღონეს აღემატებოდა.

37
დამპყრობლებს შორის უპირატესობა კავკასიაში ბოლოს ისევ არაბებს დარჩათ.
ხალიფა აბდ-ალ-მალიქის დროს (685-705 წწ.) არაბები ენერგიულად შეუდგნენ ისლამის
სამფლობელოების გაფართოებას. VII ს. ბოლოსათვის ქართლში მათ უკვე საკმაოდ მტკიცედ
ჰქონდათ ფეხი მოკიდებული. ამას დასავლეთ საქართველოში მომხდარმა ამბებმაც შეუწყო
ხელი. ბიზანტიელი მემატიანის ცნობით, 697 წ. ლაზიკის (ეგრისის) პატრიკიოზი სერგი
ბარნუკის ძე ბიზანტიელებს აუჯანყდა და თავისი ქვეყანა არაბებს გადასცა, VIII ს.
დამდეგისათვის არაბებს უკვე თითქმის მთელი დასავლეთი საქართველო დაუკავებიათ.
კერძოდ, 705-711 წწ. მათ ხელში ყოფილა ეგრისის ყოფილი დედაქალაქი არქეოპოლისი, ანუ
ციხე-გოჯი და კოდორის ხეობის ზოგიერთი ციხე-სიმაგრეც. კეისარი კი, იმის მაგივრად,
რომ ეგრისელთა მიმართ დათმობებითა და დაყვავებით ეს ქვეყანა არაბების წინააღმდეგ
ბრძოლის ფორპოსტად გადაექცია, ცდას არ აკლებდა, რომ ჩრდილო კავკასიაში მობინადრე
ალანები მოექრთამა, რათა ისინი აფხაზეთს, ეგრისსა და ქართლს შესეოდნენ და ეს ქვეყნები
სამაგალითოდ დაესაჯათ. ეგრისი, ჩანს, იმ ხანებში არაბებსა და ბიზანტიელებს შორის ომის
ასპარეზად გადაიქცა.
VIII ს. დამდეგიდან არაბებს ამიერკავკასიისათვის განუწყვეტელი ბრძოლა აქვთ
ხაზარებთან, რომლებიც ან დამოუკიდებლად, ანდა ბიზანტიელებთან კავშირში
მოქმედებდნენ. ხალიფა ჰიშამის (724–743 წწ.) ზეობის პირვალსავე წლებში ქართლში
შემოვიდა ხაზარების წინააღმდეგ გამოგზავნილი სარდალი ჯარაჰ იბნ-აბდ-ალ-ლაჰი.
ქართლის ხელისუფალთ ჯარაჰისათვის წარუდგენიათ ჰაბიბ იბნ-მასლამას მიერ გაცემული
“დაცვის სიგელი”, რომელიც ჯარაჰს განუახლებია და ზოგიერთი ახალი პირობაც
შეუტანია. სახელდობრ, “შეუთანხმდა ის მათ მიწებზე, ვენახებსა და წისქვილებზე... რომ
გადაიხდიან ამ წისქვილებისა და ვენახებისათვის წელიწადში 100 დირჰემს
ერთდროულად”. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ახლა ვალდებულია ჯიზიას გარდა
ხარაჯაც (სამამულო გადასახადია) გადაიხადოს, წელიწადში 100 დირჰემის რაოდენობით.
არაბთა მონობასა და ხარკის დამძიმებას მოსახლეობამ ახალი აჯანყებებით უპასუხა.
ხალიფამ ჯარაჰი მალე გაიწვია უკან და მის ნაცვლად მასლამა გამოგზავნა. ის იყო ხალიფას
შვილი მონა ქალისაგან, რომელიც შემდეგში უდიდესი არაბი სარდალი გახდა. მასლამას
დანიშვნა კავკასიაში აშკარა მოწმობაა იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
არაბები ამ ქვეყანას.
728–729 წელს მასლამამ დარიალის კარის გავლით ილაშქრა ხაზარეთში, მაგრამ
გამუდმებული კოკისპირული წვიმების გამო იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.
მეორე წელს ხალიფამ კავკასიაში კვლავ ჯარაჰი გამოგზავნა. ჯარაჰი იმავე წელს
თბილისიდან დარიალის გავლით ხაზარეთში შეიჭრა და მდინარე ვოლგის ქვემო წელზე
გაშენებული ქალაქი ალ-ბეიდა აიღო. ამის საპასუხოდ ხაზარებმა დიდი სამხედრო
ექსპედიცია მოაწყვეს აღმ. ამიერკავკასიაში, რამაც ჯარაჰი და მთელი მისი ლაშქარი
შეიწირა. ჰალიფა ჰიშამის არჩევანი კვლავ მასლამაზე შეჩერდა. როცა 732-733 წწ. მასლამა
დამასკოში გაიწვიეს, მან თავის ნაცვლად კავკასიაში ხალიფას ბიძაშვილი მერვან იბნ-
მუჰამედი დატოვა. ეს მმართველი აჯანყებით მოცული ამიერკავკასიის დამორჩილებისა და
ამის შემდეგ ხაზარებზე ლაშქრობის სამზადისს ენერგიულად შეუდგა. საამისოდ მან

38
ხალიფასაგან 120-ათასიანი ლაშქარი გამოითხოვა. მერვანს, პირველ რიგში, აჯანყებული
ქართველების სამაგალითო დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი და 735 წ. მან ეს უზარმაზარი
ლაშქარი საქართველოს შემოუსია. ქართველი მემატიანეც საგანგებოდ აღნიშნავს, რომ
“იყვნენ სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა”. ამ ისედაც სასტიკსა და
გულქვა ადამიანს ახლა ხომ ვერაფერს შეასმენდა კაცი. ამის გამო, ქართველებმა მას “ყრუ”
(“მურვან ყრუ”) შეარქვეს. მართლაც, რომ დიდი უბედურება დაატეხა მან საქართველოს
თავზე. “მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა,
და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა
ქართლისათა”.
მერვანი დასავლეთ საქართველოშიაც გადავიდა, სადაც შეიპყრო არგვეთის მთავრები
დავით და კონსტანტინე და აწამა. შემდეგ მან ციხეები და ქალაქები შემუსრა, მათ შორის
ეგრისის სამგალავნიანი დედაქალაქი ციხე-გოჯი, რომელიც მიწასთან გაასწორა. ბოლოს
არაბები ანაკოფიის ციხეს მიადგნენ აფხაზეთში, სადაც ქართლის ერისმთავრები მირი, მისი
ძმა არჩილი და აფხაზეთის ერისთავი ლეონი იყვნენ გამაგრებულები. აქ არაბებს დიდი
წინააღმდეგობა შეხვდათ, რის შემდეგ მათ მახვილი სამხრეთ საქართველოს წინააღმდეგ
მიმართეს. საქართველო არაბთა ამ შემოსევისაგან ისე განადგურებულა, რომ იქ, მემატიანეს
თქმით: “არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა”.
მერვანის ამ ლაშქრობამ ისეთი დიდი კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში, რომ
ქართულ მატიანეებში ის მიჩნეულია არაბების პირველ შემოსევად საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში არაბები ვერც ამ ლაშქრობის შედეგად გამაგრდნენ, ქართლი კი
კარგა ხნით წელში გატეხეს.
მერვანმა ამის შემდეგ ძლევამოსილად ილაშქრა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ
კავკასიაში. 737 წ. არაბთა ლაშქარი ერთდროულად დარიალისა და დარუბანდის გზებით
ხაზარეთისაკენ გაემართა. თვითონ მერვანი მთავარი ძალებით დარიალის გასასვლელით
დაიძრა. ეს იყო არაბების უკანასკნელი დიდი ლაშქრობა კავკასიის მთების გადაღმა. 743-744
წწ. მერვანი კავკასიიდან საბოლოოდ წავიდა სირიაში, სადაც მას სახალიფოს ტახტი
ელოდებოდა.
ქართლის საბოლოო დაპყრობის შემდეგ, არაბებმა ქვეყნის სათავეში თავისი მოხელე
ჩააყენეს, რომელიც ამირას წოდებას ატარებდა. მისი მუდმივი ადგილსამყოფელი თბილისი
იყო. მემატიანის სიტყვით: “დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად
საყოფლად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰრქჳან ხარაჯა”. ამირა
სარდალიც იყო, ქვეყნის მმართველიცა და უზენაესი მსაჯულიც. ერისმთავრობა მაშინ
არაბებს არ მოუსპიათ, მხოლოდ ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ
აქციეს. ს. ჯანაშიას ვარაუდით, ერისმთავრის მოვალეობა უნდა ყოფილიყო ხარკის მოკრება
და ადგილობრივი ჯარის გამოყვანა.
ამირას ქვეყნის მართვა-გამგეობისათვის არაბ მოხელეთა დიდი შტატი ჰყავდა
მიჩენილი. გვიანდელი ქართული დოკუმენტებით ამ მოხელეებიდან ჩვენთვის ცნობილია:
შურტა, მუჰთასიბი, ამიდი, რესი, მუშრიბი. შურტა პოლიციის უფროსად ითვლებოდა და
ქალაქში წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მ უ ჰ თ ა ს ი ბ ი თვალყურს

39
ადევნებდა რელიგიური და საყოფაცხოვრებო წესების დაცვას, ბაზრის წესრიგს, ქუჩების
კეთილმოწყობას, ვალების გადახდევინებას და სხვ. ამირას კარზე არსებულ
სამდივანმწიგნობროს ა მ ი დ ი ედგა სათავეში, რ ე ს ი კიდევ ქალაქის მაჰმადიანური
მოსახლეობის წარმომადგენელი იყო ამირას კარზე. საერთოდ, VIII ს. სიგრძეზე თბილისში
საკმაოდ მომრავლდა მაჰმადიანური მოსახლეობა, რომელმაც ქალაქში თავისი
სამლოცველოები, მეჩეთები გაიჩინა.
ამირას ამ მრავალრიცხოვანი სამოხელეო შტატის შენახვა ადგილობრივ მოსახლეობას
ეკისრებოდა. ამრიგად, საარაბო ხარკის გადამხდელ საზოგადოებას საამირო, საამიდო,
სარაისო, სამუჰთასიბო და სხვა ამგვარი გადასახადებიც ტვირთად აწვებოდა.
განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი შეიქნა არაბთა ბატონობა მას შემდეგ, რაც
სახალიფოში ხელისუფლება აბასიდების დინასტიამ მიიღო. ეს იყო 749 წ., როდესაც
აბასიდებმა დიდად დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი როგორც საკუთრივ არაბულ
მოსახლეობას, ისე დაპყრობილ ქვეყნებს. მათ მიერ ირანულ ყაიდაზე შექმნილი
უზარმაზარი ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატი და გაზრდილი სამეფო კარი დიდ
ხარჯებს მოითხოვდა, რაც, პირველ რიგში, დაპყრობილი მოსახლეობის ზურგზე
გადადიოდა. ამას ზედ დაერთო უკვე არამუსლიმანთა დევნაც.
არაბული ხარკით გაწამებული მოსახლეობის გულისტკივილს კარგად გამოთქვამდა
VIII ს. მეორე ნახევრის მწერალი იოანე საბანისძე: “ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქუეშე
დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა,
ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳირძჳირად ზღვეულნი”.
ხარკისაგან ქართლის მოსახლეობის არც ერთი ფენა არ ყოფილა განთავისუფლებული,
მაგრამ მისგან, რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათის მწარმოებელი საზოგადოება
უფრო იყო გატანჯული. ამის გამო იყო, რომ არაბებმა ჩვენში დასაყრდენი ვერ გაიჩინეს და
მათი ბატონობა აქ შიშველ ძალას ემყარებოდა. მართალია, “არაბობა”, როგორც დაბალი
საზოგადოებრივი ურთიერთობა, აფერხებდა ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარების
საქმეს, მაგრამ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება საქართველოსათვის მან ვერ შეძლო.
ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და მძიმე
განსაცდელს გაუძლო. საერთოდ, საქართველო არაბებმა მთლიანად ვერ დაიპყრეს.
ქართლის შიდა რაიონებიდან, სადაც დამპყრობლები შედარებით უფრო მტკიცედ იყვნენ
ფეხმოკიდებულნი, სახალხო წინააღდეგობისა და აჯანყების კერებმა ქვეყნის განაპირა
თემებში, მთებსა და ხეობებში გადაინაცვლეს. სწორედ აქ მოიყარა თანდათან თავი ხალხის
უმთავრესმა შინაგანმა ძალამ, რომელმაც შემდეგში ბარბაროს დამპყრობელთაგან
სამშობლოს განთავისუფლების დიადი საქმე წამოიწყო.
ხაზარებისაგან ხომ, საერთოდ, მოსვენება არ ჰქონიათ არაბებს. 764 წ. დარუბანდის
გზით ხაზარების დიდი ლაშქარი შემოიჭრა ამიერკავკასიაში. ხაზარებმა ააოხრეს ალბანეთი,
ქართლი და მცირე ხნით თბილისიც დაიჭირეს. სომხეთის მმათრველი იაზიდ იბნ-უსაიდა
დიდი ლაშქრით დაედევნა მათ, მაგრამ დამარცხდა და თავს გაქცევით უშველა. ხაზარების
ამ შემოსევას უკავშირებენ ისტორიკოსები ქართველი მემატიანის მიერ მონათხრობ

40
ხაზართა ხაკანის რომანტიკული სიყვარულის ამბავს წარჩინებული ქართველი ქალისადმი,
რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა.
ქართლის ერისმთავრებს იოანესა და ჯუანშერს ჰყოლიათ არაჩვეულებრივი
სილამაზის უმცროსი და, შუშანი. მისი სიმშვენიერის ამბავი ხაზართა ხაკანის ყურამდეც
მისულა. ხაკანმა ჯუანშერს მოციქული გამოუგზავნა და შუშანი ცოლად სთხოვა,
სამაგიეროდ, არაბების წინააღმდეგ დახმარებას პირდებოდა. შუშანმა და მისმა დედამ
ხაკანის გულის წადილი შორს დაიჭირეს, წარმართის ცოლობა არ იქნებაო.
შეურაცხყოფილმა ხაკანმა ბლუჩანის სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნა, რომელიც
კახეთში შემოიჭრა და იმ ციხეს გარშემოადგა, სადაც ჯუანშერი და მისი და იყვნენ
შეფარებულნი. ხაზარებმა ციხე აიღეს და ჯუანშერი და შუშანი შეიპყრეს. როცა ტყვეები
ხაზარეთის გზას გაუყენეს, შუშანმა თვალი ამოუგდო ბეჭედს, რაშიც საწამლავი ჰქონდა
შენახული და თავი მოიწამლა. მივიდა უბედური ბლუჩანი ხაზართა ხაკანის წინაშე
ხელცარიელი. ხაკანი გაწყრა, რატომ შუშანის გვამი არ მომიტანე, რომ მიცვალებულის სახე
მაინც მენახაო. შეიპყრეს ბლუჩანი, გამოაბეს ყელზე საბელი და მისცეს ორ ცხენოსანს აქეთ-
იქით განსაზიდად. ასე მოწყვიტეს მას თავი.
თუ ჯუანშერი ხაზართა ხაკანმა ბოლოს მაინც დიდად დასაჩუქრებული გამოისტუმრა
ქართლში, ნერსე ქართლის ერისმთავრის ბედი არაბების ხელში უფრო მძიმე აღმოჩნდა.
772–773 წწ. ხალიფა მანსურს ბაღდადში დაუბარებია ნერსე და, როგორც ჩანს,
ანტიარაბული საქმიანობისათვის საპყრობილეში ჩაუგდია. ნერსე სამი წელი მჯდარა
ციხეში, ვიდრე ის ახალმა ხალიფამ, მაჰდიმ (775–785 წწ.) არ გაათავისუფლა და იმავე
პატივით ქართლში არ გამოგზავნა. მაგრამ ნერსემ ვერც ახალი ხალიფას ნდობა მოიპოვა...
“კუალად იყო განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსჱ ერისთავსა ზედა”, –
ამბობს იოანე საბანისძე. ნერსეს ამჯერად თავის მართლების იმედი აღარა ჰქონია და
იძულებული გამხდარა მთელი თავისი ოჯახითა და სამასკაციანი ამალით ქართლიდან
დარიალის გზით ხაზარეთში გადასულიყო. ნერსეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მას,
უეჭველია, არაბების მოსისხლე მტრებისაგან სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა
“არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირთა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ”. – აღნიშნავს
იგივე მწერალი. ხაზარების მბრძანებელს ნერსე პატივისცემით მიუღია: “სცა მას და
ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი”. მაგრამ, ჩანს, ხაზართა ხელშეწყობა ამას
იქით არ წასულა. იმედგაცრუებული ნერსე იძულებული გამხდარა ოჯახითა და თავისი
მხლებლებით ბოლოს ისევ დასავლეთ საქართველოში, რომელსაც უკვე აფხაზეთი
ეწოდებოდა, ჩასულიყო.
აქ შეიტყო მან, რომ ქართლის ერისმთავრის თანამდებობაზე არაბებს მისი დისწული
სტეფანოზი დაუნიშნავთ. ნერსემ ამირას მოციქულები მიუგზავნა და მისთვის და მისი
ხალხისათვის ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა.
ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე, ცხადია, არაბებისათვის საშიში აღარ იყო და როგორც
კერძო პირი ქართლში დაბრუნდა.

41
ნერსეს ბიოგრაფიის ამ უმთავრეს მომენტებს მჭიდროდ დაუკავშირდა არაბი
მსახურის, აბოს თავგადასავალი, რომელიც VIII ს. მწერლის იოანე საბანისძის ხელში დიდი
პატრიოტული მხატვრული ტილოს შექმნის საფუძველი გახდა.
აბო ნერსეს ბაღდადში დაახლოებია და შემდეგ ქართლშიაც გამოჰყოლია. მან
სურნელოვან საცხებელთა შემზადება იცოდა. თბილისში არაბი ჭაბუკი გაეცნო
ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქრისტიანებსაც დაუახლოვდა. როცა ნერსე ხაზარეთში
გადაიხვეწა, მას თან აბოც გაჰყვა, რომელმაც იქ ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად
თბილისში დაბრუნებული აბო მისმა თანამემამულეებმა ამირასთან დააბეზღეს, რომ მან
“მამული სჯული” მიატოვა და ქრისტიანობაში გადავიდაო. აბო შეიპყრეს. არაბები ბევრს
ეცადნენ, რომ მათ კვლავ მაჰმადიანობაში დაებრუნებინათ, მაგრამ ვერას გახდნენ. მაშინ
აბო საპყრობილედან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს (786 წ.), ხოლო მისი გვამი დაწვეს,
ნარჩენები ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს. აბოს მოწამებრივმა სიკვდილმა
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე.
ქართლის მაშინდელმა გამოჩენილმა მოღვაწეებმა კარგად იგრძნეს, თუ რა დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტს ქართველებში ეროვნული სიამაყის გრძნობის
გაღვივებისათვის. ქართლის კათალიკოსის პირით მათ მიუმართავთ იოანე
საბანისძისათვის, რომელიც იმ დროს გამოჩენილი მწერალი ყოფილა. კათალიკოსი
სთხოვდა მას, რომ დაეწერა აბოს წამება “ეკლესიასა შინა მოსახსენებლად ყოველთა, ვინ
იყვნენ შემდგომად ჩუენსა”.
იოანე საბანისძემ ჩინებულად გაართვა თავი ამ თხოვნას და შექმნა ძველი ქართული
მწერლობის შედევრი: “მარტვილობაჲ ჰაბო ტფილელისაჲ”, რომელიც უცხოელ
დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხის მთელი თაობებისათვის
ეროვნული იდეისა და თვითშეგნების სახელმძღვანელოდ იქცა. “იოანეს თხზულება
მაჩვენებელია, თუ რამდენად ღრმად გაუდგამს ფესვები ეროვნულ იდეას და რა სიმაღლეზე
ასულა ის”. – აღნიშნავდა კ. კეკელიძე.
თხზულებაში მწერლის მთელი აზრი და გულისყური ქართულ საზოგადოებრივ
შეგნებამდე აბოს მოწამებრივი სიკვდილის მნიშვნელობის მიტანას დასტრიალებს. თუკი
ასე მოიქცა აბო “თესლი არაბიელთა მამულად და დედულად”, განა შეგვფერის ჩვენ,
ქართველებს “შეცთენა და გარდადრეკა გზისაგან სიმართლისა”, თუნდაც “მძლავრებით”,
“შეტყუვილით” ან “მზაკვარებით”? საბანისძის მიზანია გამოაფხიზლოს და გაამხნევოს
მერყევნი და სულმოკლენი, რომელნიც “შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა
ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. მწერალს ღრმად აფიქრებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური თუ
სარწმუნოებრივ-ზნეობრივი მდგომარეობის მაშინდელი სურათი და მრისხანე
გულისტკივილით ათქმევინებს: “აღვერიენით ერსა უცხოსა, სარწმუნოებისა ჩუენისა
მაგინებელსა”.
ის მოაგონებს ხუთასი წლის ქრისტიანული ისტორიისა და დიდი კულტურული
წარსულის მქონე ქართველ ხალხს, “რომელ ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა”, მის
უპირატესობას ბარბაროს “ზედამდგომელთა” და “მფლობელთა” წინაშე.

42
იოანე საბანისძისა და მის მსგავს მქადაგებელთა მოწოდებით, იოანესსავე სიტყვით
რომ ვთქვათ, “შერყეულნი განმტკიცებოდნენ, განმტკიცებულნი გამხიარულდებოდნენ”.

ერისმთავრობის ხელისუფლების სრული ორასი წლის მანძილზე ქართული


სახელმწიფო არსებითად ადრე ფეოდალური პოლიტიკური დაშლილობის საფეხურზე
იდგა.
ეროვნული ხელისუფლების აღდგენის ამბავთან დაკავშირებით, ქართველი მემატიანე
საგანგებოდ შენიშნავს, რომ ქართლის პირველივე ერისმთავარმა “ერისთავნი ქართლისანი
ვერ სცვალნა საერისთავოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან
ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთავოთა მათთა”.
ერისთავებმა თანდათან “მთავრობა”, ანუ საჯარო პოლიტიკური უფლება (იგივე
“ხელმწიფობა”) მოიპოვეს და თავიანთი საერისთავეობი ამის შესაბამისად “სამთავროებად”
გადააქციეს. ქართლის სოციალ-პოლიტიკური ორგანიზაციის ეს უცილობელი ფაქტი
გარკვევით აისახა მასლამას “დაცვის სიგელში”.
არაბი ისტორიკოსი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ქართლის პატრიკიოსის
უშუალო სამფლობელოს გარდა, არაბებს იმავე პირობით დაემორჩილნენ საქართველოს
სხვა კუთხეებიც და ჩამოთვლის: სამცხე, არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი, თრიალეთი,
კახეთი, კუხეთი, გარდაბანი და სხვ.. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თემები მეტ-ნაკლებად
დამოუკიდებელნი ყოფილან გარეშე მტერთან ურთიერთობის სფეროშიც.
ამრიგად, უკვე VII ს. ნახევარში ქართლი მთელ რიგ “სამთავროებად” იყო დაყოფილი.
ქართლის ერისმთავარი იურიდიულად, მართალია, “ერისთავთა-მთავრად” ითვლებოდა,
მაგრამ არსებითად ხელი არ მიუწვდებოდა მისი ქვეყნის მიღმა დარჩენილ ყოფილ
საერისთავო ქვეყნებზე. ერისმთავრები იძულებული იყვნენ შექმნილ ვითარებას
შერიგებოდნენ და ფეოდალური მორჩილების საფუძველზე თავიანთ “განმაჩენელთა”
“ხელმწიფობა” ეცნოთ. რეალური ვითარების გვიანი გამოხატულება იყო ის რეფორმა,
რომელსაც მემატიანე არჩილს მიაწერს (VIII ს. შუა ხანები). ქვეყნის ნახევარი არჩილს
სამეფო საკუთრებაში დაუტოვებია, ხოლო დანარჩენი ერისთავებს შორის გაუნაწილებია
“მკვიდრად და სამამულოდ”. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ ერისთავები, ძირითადად,
თავიანთ საგამგეო ქვეყნებს ღებულობენ უკან, მხოლოდ ახლა, თითქოს სამემკვიდრეოდ,
მაგრამ ერისთავებსა და მათ მეთაურს შორის წარმოქმნილ ამ ურითერთობას გაცილებით
დიდი ხნის წარსული ჰქონდა, შაჰისა და კეისრის ე.წ. “მკვიდრობის სიგელების” წყალობით.
ჩანს, რომ ერისმთავრები კარგა ხანს ქართლის მეფეების პოლიტიკას არ ეხსნებოდნენ და
ერისთავების სრულ მორჩილებაში მოყვანას ცდილობდნენ.
არჩილის რეფორმები, ერისთავთა თვალსაზრისით, მათი პრეტენზიების
დაკმაყოფილების “კანონიერი” საშუალება უნდა ყოფილიყო. ამის გამო ადვილად
შესაძლებელია, რომ ისტორიკოსს ამ შემთხვევაში თავის თხზულებაში ერისთავთა წრეში
შექმნილი ლეგენდა ჰქონდეს შემოტანილი. ერთი კი ცხადია, რომ VIII ს. შუა ხანებში
ქართლის ფეოდალური სახელმწიფო ერისმთავარსა და ერისთავებს შორის არსებული
სამამულო ურთიერთობის ამ პრინციპზე მოეწყო.

43
თავის მხრივ, ხელმწიფე-ერისთავების (მთავრები) გარშემო ჯგუფდებოდნენ სხვა
მცირე მფლობელები (“მამაუფალს” “შვილებად” ეწყნარებოდნენ). თანდათან მთელი
ქართლი სამთავროებით მოიფინა, რომლის ორგანიზაციის სურათი – ნ. ბერძენიშვილს ასე
აქვს მოცემული: მცირე “მთავარი” თავისი სასახლით, ციხით და მიწებითა და დაბა-
სოფლებითურთ უფრო ძლიერი მფლობელის, “დიდი მთავარის” “მფარველობაში
შედიოდა”. ეს მცირე მთავრები ამიერიდან “დიდ მთავარს” “ახლდნენ”, მის ამალას
შეადგენდნენ და იქმნებოდა სოციალ-პოლიტიკური საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია.
ქართლის დაყოფა მრავალრიცხოვან სამთავროებად ქვეყნის სოციალ-ეკონომიური
განვითარების დონის შესაფერი პოლიტიკური ფორმა იყო. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ამ
სამთავროების უფრო მსხვილ პოლიტიკურ ერთეულებად გაერთიანების საკითხს აყენებდა,
რაც საბოლოოდ ფეოდალური ქართლის სრული გაერთიანებით უნდა დამთავრებულიყო.

44

You might also like