Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

თეო ჯალაღანია

ლექცია 1. შესავალი

ხელოვნებათმცოდნეობის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


მიზანია მხატვრული ნაწარმოების განხილვა და შეფასება, რისთვისაც ფართო
მეთოდოლოგიური არსენალი არსებობს.
ძირითადი მეთოდები, რომლებიც კვლევისას გამოიყენება და რომლებიც საშუალებას
გვაძლევს, გამოვავლინოთ ხელოვნების ნაწარმოების არსი, მისი მხატვრული
თავისებურებანი და შემოქმედებითი ღირებულებანი, არის ანალიზი. არსებობს ანალიზის
სხვადასხვა სახეები, როგორიცაა სტილისტური, ანუ იგივე ფორმალური ანალიზი,
იკონოგრაფიული ანალიზი, სემიოტიკური ანალიზი, კომპარატიული (შედარებითი)
ანალიზი, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევა და სხვა.
სტილისტურ-ფორმალური ანალიზი. შეიძლება ითქვას, რომ სტილისტური ანალიზი
ხელოვნებათმცოდნის უმთავრესი „იარაღია“. იგი XIX-XX სს-თა მიჯნაზე ჩამოყალიბდა
(ძირითადად ჰაინრიხ ველფლინის შრომებში), როგორც კლასიკური
ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი. მისი მიზანია არა მარტო
კონკრეტული ნაწარმოებების დეტალური აღწერა, არამედ მათი განხილვის საფუძველზე ამა
თუ იმ მიმართულებისა თუ სტილისთვის დამახასიათებელი ფორმებისა და გამოსახვის
საშუალებების გამოვლენა, იმ ტიპიური ფორმისეული და შინაარსობრივი ნიშნების
გამოყოფა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ ნაწარმოები მივაკუთვნოთ კონკრეტული
ხელოვანის შემოქმედებას, პერიოდისა თუ მიმდინარეობის ხელოვნებას. საბოლოოდ,
სტილისტური ანალიზის მიზანია ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელი ძირითადი
მხატვრული და სულიერი ღირებულებების გამოვლენა.
სტილისტური ანალიზის უმნიშვნელოვანესი ასპექტებია კომპოზიციის, კოლორიტის,
ნახატის, ჩრდილ-სინათლის, სივრცის, ფაქტურისა და სხვა ელემენტების თავისებურებათა
განხილვა. მაგალითად, მისი მეშვეობით შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: როგორ იყენებს მხატვარი სასურათე სიბრტყის ორგანზომილებიან ზედაპირს,
როგორია ხაზის ხასიათი – ტეხილი თუ დენადი, როგორია მონასმი – ფართო, თავისუფალი

1
თუ წვრილი და დეტალიზებული, როგორი სახისაა კომპოზიცია და როგორაა იგი აგებული,
დინამიკურია იგი თუ სტატიკური, როგორია ფერადოვანი გამა – ცივი თუ თბილი, მრავალი
ფერია გამოყენებული თუ რამდენიმე, რომელი ფერია წამყვანი, რომელი ფერებია აქცენტებად
გამოყენებული, გვხვდება თუ არა ფერთა ან შუქ-ჩრდილთა კონტრასტი, როგორია
ფერადოვანი ლაქის ხასიათი – ლოკალური თუ ფერადოვანი გრადაციით მოდელირებული
და სხვ.
ქანდაკების ნიმუშის ანალიზის დროს აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: როგორ გადმოსცემს მოქანდაკე სამგანზომილებიან მოცულობას, სტატიკურია
ფიგურა თუ მოძრაობაში გამოსახული, განზოგადებულია ფორმა თუ დეტალიზირებული,
რამდენად მრავალფეროვან რაკურსებს სთავაზობს ესა თუ ის ქანდაკება მნახველს, რამდენად
გამომსახველია ქანდაკების სილუეტი, რამდენად იკითხება მასალის ფაქტურა,
დამუშავებულია ზედაპირი თუ არა და სხვ.
არქიტექტურული ძეგლის სტილისტური ანალიზისას შესაძლებელია ისეთი
საკითხების განხილვა, როგორიცაა: როგორია ნაგებობის დაგეგმარება, როგორია შენობის
ფასადები და ინტერიერი, როგორ გადმოსცემს ხუროთმოძღვარი შიდა სივრცესა და გარე
მასებს, რა მასალებია გამოყენებული, როგორია შენობის მიმართება გარემოსთან, როგორი
ხასიათისაა კედლის სიბრტყე – მასიური, ერთიანი თუ დანაწევრებული, მსუბუქი, ღიობებით
გახსნილი, როგორია ნაგებობის კონსტრუქცია, რამდენად იკითხება იგი გარეგნულად და
მრავალი სხვა.
ხელოვნებათმცოდნეობის მეთოდოლოგის ნაწილია იკონოგრაფიული ანალიზიც.
„იკონოგრაფია" ბერძნული სიტყვიდან εἰκών – „გამოსახულება” და γράφειν – „წერა”
მომდინარეობს და გამოსახულების ენაზე მეტყველებას, ვიზუალურ განსახიერებას ნიშნავს.
იკონოგრაფიული ანალიზი გვეხმარება განვიხილოთ ისეთი თავისებურებები, როგორიცაა
გამოსახულების გადმოცემის დაკანონებული წესები, სქემები და პროგრამები, მათში
ჩადებული საზრისი და წარმოდგენილი გამოსახულების/გამოსახულებების სიმბოლურ-
სახისმეტყველებითი მნიშვნელობა. იკონოგრაფიული ანალიზის საშუალებით შესაძლოა
პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ გამოსახულებას
ან სიმბოლოს, როგორ მეტყველებს გამოყენებული სიმბოლოები ნაწარმოების საერთო

2
იდეაზე, და სხვ. ყველაზე ხშირად იკონოგრაფიული ანალიზი ქრისტიანულ ხელოვნებასთან
მიმართებაში გამოიყენება _ იგი ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების თეოლოგიური
პროგრამის შინაარსის გახსნას და, აქედან, გამოსახულების საერთო იდეის ანალიზს
გულისხმობს.
აქვე უნდა აღინიშნოს სემიოტიკური ანალიზიც, რომელიც ასევე მიმართულია ნიშან-
სიმბოლოების კვლევაზე, ამასთან როგორც ხელოვნების ნაწარმოებებში, ისე ზოგადად.
განსხვავებით იკონოგრაფიული ანალიზისგან, რომელიც სიმბოლოების შინაარსის
გახსნისკენაა მიმართული, სემიოტიკური კვლევის საგანია მათი გენეზისი და ისეთი
საკითხები, როგორიცაა _ რამ განაპირობა აღნიშნული სიმბოლური შინაარსის გაჩენა, ან
როგორ მიენიჭა ამა თუ იმ სიმბოლოს მოცემული დატვირთვა.
ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის დროს ხშირად გამოიყენება კომპარატიული
(შედარებითი) ანალიზის მეთოდი. კომპარატიული ანალიზის დროს ხდება ხელოვნების ორი
ან რამდენიმე ნაწარმოების შედარება. იგი თავის თავში მოიცავს როგორც სტილისტური, ისე
იკონოგრაფიული ანალიზის ელემენტებს. კომპარატიული ანალიზი იწყება ორი ან
რამდენიმე ნაწარმოების მთავარი მახასიათებლების გამოვლენით და მათი საზიარო
ელემენტების ანალიზით. საზიარო ელემენტები შესაძლოა იყოს როგორც საერთო სტილური
ნიშნები, ისე საერთო პერიოდი, თემა ან იკონოგრაფია, რაც საფუძველს იძლევა სხვადასხვა
ნაწარმოების ერთმანეთთან შედარებისთვის. საზიარო ნიშნების გამოვლენას მოჰყვება
განმასხვავებელი ნიშნების გამოკვეთა, დაწყებული ზოგადი მახასიათებლებიდან,
დამთავრებული კონკრეტული ნიშნებით. ყოველივე ეს კი განზოგადებისა და ამა თუ იმ
სტილისა თუ ეპოქის, ეროვნებისა თუ მხატვრული სკოლის თვითმყოფად ნიშნებზე
მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა.

ნაწარმოების თემა და სიუჟეტი


ეს მეტად მნიშვნელოვანი სფეროა, რადგანაც მაყურებელთა დიდი ნაწილი პირველ
რიგში ინტერესდება სწორედ შინაარსობრივი მხარით. მაგალითად, მაყურებელს შეიძლება
არ ესმოდეს ფერწერული ტილოს ესთეტიკური ღირსებები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იგი

3
პირველ რიგში სვამს დაახლოვებით ასეთ კითხვებს: რა არის აქ გამოსახული? ვინ არიან ეს
პერსონაჟები და რას აკეთებენ ისინი? რისი თქმა უნდოდა მხატვარს? და ა.შ.
სახვით ხელოვნებაში ტერმინი „თემა“ აღნიშნავს ნაწარმოებში ასახული
შინაარსობრივი მომენტების ფართო სფეროს, ხოლო სიუჟეტი გულისხმობს გამოსახულების
კონკრეტულ შინაარსს. ანუ თემა ეხება უფრო მარადიულ და ზოგადსაკაცობრიო მომენტებს,
ეს ცნება უფრო ზოგადია, ხოლო სიუჟეტი კი თემის კონკრეტულად გახსნას ემსახურება.
მაგალითად, პიტერ ბრეიგელის „გლეხების ცეკვის” თემაა ზეიმი, ხოლო სიუჟეტი -
დღესასწაული ძველებურ ნიდერლანდურ სოფელში, სადაც ქუჩაში გამოფენილი გლეხები
ერთობიან, ცეკვავენ და ქეიფობენ.

ლეონარდო და ვინჩის „მადონა ბენუას“ თემაა ღვთისმშობელი ყრმით, როგორც


დედაშვილური სიყვარულის განსახიერება, ხოლო სიუჟეტი - ოთახში ფანჯარასთან მჯდომი

4
ახალგაზრდა ფლორენციელი ქალი ძველებურ სამოსელში, რომელსაც მუხლებზე პატარა
ბავშვი უზის. დედა სიყვარულით უღიმის ბავშვს და ყვავილს აწვდის მას, დაინტერესებული
პატარა კი ყვავილისკენ იწვდის ხელებს. სიუჟეტის რელიგიურ შინაარსზე მხოლოდ თხელი,
ძნელად შესამჩნევი შარავანდედები მიუთითებს.

ლეონარდო და ვინჩი. მადონა ბენუა.

5
როგორც წესი, მუშაობა სახვითი ხელოვნების ნაწარმოებზე უმეტესწილად გამოსახვის
ობიექტის, სიუჟეტის შერჩევით იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა „სიუჟეტურ
ნაწარმოებს“ ხშირად ისეთ სურათს უწოდებენ, რომელზეც ადამიანის ფიგურები და რაიმე
მოქმედებაა გამოსახული, მაგრამ სინამდვილეში სიუჟეტი გააჩნია, მაგალითად, პეიზაჟსაც და
ნატურმორტსაც. უბრალოდ ზოგიერთი ჟანრის ნაწარმოებებში, მაგალითად, ყოფითი,
მითოლოგიური და ისტორიული ჟანრების ნამუშევრებში უფრო რთულ, თხრობით
სიუჟეტებს ვხვდებით, ხოლო, მაგალითად, ნატურმორტის სიუჟეტი, როგორც წესი, უფრო
მარტივია. მაგალითად, პიტერ ბრეიგელის სურათში „ნიდერლანდური ანდაზები“ ძალზე
რთული სიუჟეტია - მიაქციეთ ყურადღება, რამდენი სხვადასხვა სცენაა აქ გაერთიანებული!
ხოლო ფრანსისკო სურბარანის სურათში „ნატურმორტი ლიმონებით, ფორთოხლებითა და
ვარდით“ სიუჟეტი სრულიად მარტივია.

6
პიტერ ბრეიგელი. „ნიდერლანდური ანდაზები“

ფრანსისკო სურბარანი. „ნატურმორტი ლიმონებით, ფორთოხლებითა და ვარდით“

შესაძლებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც


ნაწარმოებს საერთოდ არ გააჩნია სიუჟეტი -
გავიხსენოთ თუნდაც კაზიმირ მალევიჩის „შავი
კვადრატი“. საერთოდ, ტრადიციული და
თანამედროვე ხელოვნება ამ თვალსაზრისით მეტად
განსხვავდება, რაც ძირითადად განპირობებულია
იმითი, რომ პირველი მათგანი რეალისტურია
(იგულისხმება ხანგრძლივი პერიოდი რენესანსიდან
XIX - XX საუკუნეთა მიჯნამდე), ხოლო მეორე
მათგანი (XX საუკუნიდან დღემდე) - ძირითადად
პირობითი ხელოვნების ეპოქაა. შესაბამისად, პირველი აუცილებლად სიუჟეტურია, ხოლო
თანამედროვე ნაწარმოებში სიუჟეტი შეიძლება იყოს, შეიძლება - არა, როგორც ეს ვნახეთ
მალევიჩთან. მაგრამ ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებში, რომელ ეპოქასაც არ უნდა

7
ეკუთვნოდეს იგი, აუცილებლად არის იდეური და ემოციური მომენტი. ეს ეხება
აბსტრაქტულ, უსაგნო ხელოვნებასაც.

მარკ როტკო. ცისფერი და ლურჯი

მარკ როტკო წერდა: „ჩემი ხელოვნება არ არის აბსტრაქცია. იგი ცოცხლობს და


სუნთქავს. მე არ მაინტერესებს ფორმისა და ფერის ურთიერთკავშირები ან სხვა რაიმე
მსგავსი. მე მხოლოდ მაინტერესებს მთავარი ადამიანური ემოციების გამოსახვა: ტრაგედიის,
ექსტაზის, სასოწარკვეთილების და ა.შ. და ის ფაქტი, რომ გარშემო ბევრი ხალხი უეცრად
კარგავს სულიერ წონასწორობას და ქვითინს იწყებს ჩემი სურათების წინ, იმას ნიშნავს, რომ
მე შემიძლია ამ ძირითადი ადამიანური ემოციების გამოხატვა“. როტკოს სურდა, რომ მის
ნაწარმოებებს ისეთივე მისტიკური შეგრძნება და ამაღლებული, ეგზალტირებული ემოციები
გამოეწვია, როგორც რელიგიური ჟანრის ნაწარმოებებს.

8
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბსტრაქტული ხელოვნების ხერხებით იდეებისა და
ემოციების გამოხატვა საკმაოდ რთული ამოცანაა - სწორედ იმიტომ, რომ აქ არ არის სიუჟეტი,
თხრობა, ანუ თვალნათლივ გამოხატული ამბავი. ამიტომ მაყურებლისთვის მისი აღქმა და
შეფასება გაცილებით უფრო რთულია. სახვითი ნაწარმოების თემა და სიუჟეტი ადვილად
გამოიხატება სიტყვების მეშვეობით, რაც მას ნაწილობრივ ლიტერატურასთან აახლოვებს -
მაყურებელი ტილოზე შეხედვისას თითქოს საკუთარ თავს უყვება ნაწარმოებში გამოსახულ
ამბავს.

მაგრამ ამავე დროს სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურას გააჩნია მეტად განსხვავებული


გამომსახველობითი საშუალებები და სპეციფიკა. მაგალითად, თხრობითობა, რომელიც
ლიტერატურისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი, ზედმეტი დოზით ძალიან ვნებს

9
ფერწერას და კიდევ უფრო - ქანდაკებას. ასეთ
შემთხვევაში სკულპტურული ნაწარმოები ვეღარ
ავლენს თავისი დარგისთვის დამახასიათებელი
გამოსახვის საშუალებებს - ფორმის პლასტიკურ
ღირსებებს, აგების სრულყოფილებას, სილუეტის
გამომსახველობას, ზედაპირის დამუშავების
ოსტატობას, მასალის ფერსა და ფაქტურას -
მაყურებელი მას უბრალოდ ვეღარ ხედავს - მისი
თვალი და გონება შინაარსის გარკვევითაა
დაკავებული. შევადაროთ, მაგალითად, პომპეზური
და გადატვირთული „პრინც ალბერტის მემორიალი“ ლონდონში და მირონის კლასიკურად
სადა და სრულყოფილი „ბადროს მტყორცნელი“.

10
მხატვრული გამომსახველობის ხერხების სწორი, ამ დარგისთვის შესაფერისი
გამოყენება, პირიქით, ხელს უწყობს ნაწარმოების არსის, მისი როგორც იდეის, ასევე ემოციის
მაქსიმალურ გამოვლენას. როგორც რეალისტური, ასევე აბსტრაქტული სურათის
გადაწყვეტისას სწორი კომპოზიციური გადაწყვეტის, შესაფერისი კოლორიტის, განათებისა
და სხვა ხერხების გამოყენება ნამდვილად აძლიერებს მის გამომსახველობას.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ უსიუჟეტო და უსაგნო ხელოვნების შეფასება
მაყურებლისაგან მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და მხატვრულ გემოვნებას, და ასევე
ნაწარმოების აგების, მისი გადაწყვეტის კანონების ცოდნას, ანუ მას უნდა გააჩნდეს ანალიზის

უნარი, ეს კი ყველა მაყურებელს, თუ მას სპეციალური მომზადება არ აქვს მიღებული,

ცხადია, არ გააჩნია.

ხელოვნების ელემენტები და პრინციპები. იმისთვის, რომ შეგვეძლოს ნაწარმოების


სიღრმისეულად გაანალიზება, აუცილებლად დეტალურად უნდა ვიცნობდეთ ხელოვნების
ელემენტებსა და პრინციპებს.
ხელოვნების ყველა ნაწარმოები რაიმე ელემენტისგან შედგება: ლექსი _ სიტყვებისაგან,
მელოდია _ ბგერებისაგან, კინოფილმი _ კადრებისაგან. სახვით ხელოვნებასაც აქვს ის
პირველადი შემადგენელი ელემენტები, რომელთაგანაც იქმნება ფერწრეული,
სკულპტურული, არქიტექტურული ნაწარმოები. ეს ის ანბანია, რომლის მეშვეობითაც
მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და დიზაინერი თავიანთ სათქმელს გადმოგვცემენ.

ხელოვნების ძირითადი ელემენტებია:


1. ხაზი,
2. ფერი,
3. ფორმა და მოცულობა,
4. ჩრდილ-სინათლე,
5. სივრცე,
6. ფაქტურა

11
ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების კომპოზიციური აგებულების ძირითადი
პრინციპებია:
1. წონასწორობა,
2. ერთიანობა,
3. აზრობრივ-კომპოზიციური ცენტრი (დომინანტა),
4. კონტრასტი და ნიუანსი,
5. დინამიკა და სტატიკა,
6. რიტმი,
7. მასშტაბი და პროპორცია.

ხელოვნების ძირითადი ელემენტებისა და პრინციპების გარდა, ნაწარმოების ანალიზის


დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გამოსახვის ისეთი ხერხების განხილვას, როგორიცაა
პერსპექტივა, ხედვის წერტილი, რაკურსი, სიმეტრია-ასიმეტრია და სხვ.
კურსის შემდეგ ლექციებზე ხელოვნების ელემენტები და პრინციპები დეტალურად
იქნება განხილული.

12

You might also like