Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

კოლუბამდელი ამერიკა

ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანები დაახლოებით 30 ათასი წლის წინ


მოხვდნენ. ეს ხალხი ამერიკაში აზიის რეგიონებიდან ბერინგის სრუტის გავლით მივიდა.
იმდროინდელი გამყინვარების შედეგად ამერიკის და აზიის კონტინენტებს შორის ოკეანის
დონე დაწეული იყო და დღევანდელ ბერინგის სრუტეზე ე.წ. „ხმელეთის ხიდი“ არსებობდა.
როგორც ირკვევა, ამ „ხიდის“ მეშვეობით აზიელი მონადირეები ნადირობისას
დღევანდელი ციმბირის და ალასკის გავლით ამერიკის კონტინენტზეც ხვდებოდნენ.
შემდგომში, დათბობის შედეგად ოკეანის დონემ აიწია და აზია სამუდამოდ მოსწყდა
ამერიკის კონტინენტს, იქ გადასული ხალხი კი, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული
აღმოჩნდა.
ალასკის გავლით ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შესული ხალხი
დროთა განმავლობაში მთელ კონტინენტზე განსახლდა.
მოსახლეობის ცხოვრების წესი მათი საცხოვრებელი არეალების გეოგრაფიული გარემოს
მიხედვით ყალიბდებოდა − ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ცივი კლიმატი სოფლის
მეურნეობის განვითარებას ხელს უშლიდა და ამიტომ იქაურები ნადირობითა და
მეთევზეობით ირჩენდნენ თავს. მათ თევზაობა ისე განავითარეს, რომ ხშირად სელაპებს და
ვეშაპებსაც იჭერდნენ. ამისათვის ისინი ხისგან დამზადებულ ნავებს იყენებდნენ და
შესანიშნავი ზღვაოსნებიც იყვნენ. მოგვიანებით, დაახლოებით 10 ათასი წლის წინ,
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში დასახლებულმა ხალხმა სოფლის მეურნეობას მიჰყო
ხელი, მათ სიმინდი, ლობიო და გოგრა მოჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს. ნელ-ნელა
გაჩნდა პატარა სოფლები, ადამიანები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, ამზადებდნენ თიხის
ჭურჭელს და ქსოვდნენ ტანსაცმელს. სწორედ ამ ხალხმა დაახლოებით ძვ. წ. 1200 წელს
შექმნა პირველი ამერიკული ცივილიზაცია. ესენი იყვნენ ოლმეკები, რომლებმაც
დღევანდელი მექსიკის დასავლეთ ნაწილში დედაქალაქი დააარსეს. ოლმეკები დიდ
პირამიდულ ტაძრებს აშენებდნენ. მათ ჰქონდათ დამწერლობა, დგამდნენ დიდ ქანდაკებებს
და ძვირფასი ქვებისგან სამკაულებსაც ამზადებდნენ. ოლმეკების ცივილიზაცია ძვ.წ. 300
წელს გაქრა.
მექსიკიდან სამხრეთით, დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე 2800 წლის წინ
განვითარება დაიწო კიდევ ერთმა კულტურამ, რომელსაც ჩავინის კულტურა ეწოდება. ამ
კულტურამ თავისი განვითარების ზენიტს ძვ.წ. IX-III საუკუნეებში მიაღწია ეს ხალხი
მაღალმხატვრულ დონეზე ამუშავებდა ქვას და მისგან ნაგებობებს (ტაძრებს, სასახლეებს)
აგებდა, ასევე ქმნიდა ქანდაკებებს. ამზადებდა თიხის ჭურჭელს, ოქროს სამკაულს და
დაზგაზე ქსოვდა ტანსაცმელს. ოლმეკების მსგავსად დაახლოებით ძვ.წ. 200 წელს ჩავინის
კულტურაც განადგურდა.
ოლმეკების განადგურების შემდეგ მის ადგილას წარმოიშვა ქალაქ-სახელმწიფო
ტეოტიჰუაკანი. 500 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი
ცხოვრობდა, ისინი ხელოსნობას და ვაჭრობას მისდევდნენ. ქალაქში იყო სახელოსნოები და
ბაზრები. ტეოტიჰუაკანი ამერიკის უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც კონტინენტის
სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს ამარაგებდა საქონლით და ერთმანეთთან აკავშირებდა.
ქალაქში მზისა და მთვარის სატაძრო კომპლექსები − საფეხურებიანი პირამიდები იდგა. ამ
პირამიდების სიმაღლე 65-სა და 46 მეტრს აღწევდა. პირამიდის წვერზე კი ტაძრები იდგა.
ტეოტიჰუაკანი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განვითარებული

1
ქალაქი იყო. ახ.წ. VII საუკუნეში ტეოტიჰუაკანი გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა და
არსებობა შეწყვიტა.
ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიებისაგან განსხვავებით, კონტინენტის
ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელი აშშ-ს და კანადის ტერიტორიებზე მოსახლე ხალხი
ცხოვრების შედარებით მარტივი ფორმებით ხასიათდებოდა. ისინი არ აშენებდნენ დიდ
ქალაქებს და ტაძრებს, არ ჰქონდათ სახელმწიფო მართვის დახვეწილი სისტემები. იქ
მცხოვრები ხალხის დიდი ნაწილი ევროპელების მიერ ამერიკის აღმოჩენამდე ტომობრივ
გაერთიანებებში ცხოვრობდა და მომთაბარე იყო. ამ ტომებს შორის იყვნენ ესკიმოსები და
იროკეზები.
ესკიმოსები ალასკისა და კანადის ტერიტორიებზე სახლობდნენ. თავს ნადირობითა და
თევზაობით ირჩენდნენ. ზამთარში ესკიმოსები თოვლის ბლოკებისგან აშენებულ მრგვალ
სახლში, იგლუში ცხოვრობდნენ, ზაფხულობით კი − ტყავის კარვებში. ხმელეთზე
გადასაადგილებლად იყენებდნენ ძაღლებშებმულ მარხილებს, წყალზე კი ერთადგილიან
ნავებს − კაიაკებს.
იროკეზი ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ტომთა გაერთიანებას ერქვა.
ისინი თავს ნადირობითა და თევზაობით ირჩენდნენ. სახლის გარშემო მათ მოჰყავდათ
სხვადასხვა კულტურები: სიმინდი, ლობიო, გოგრა და თამბაქო. ისინი მოგრძო ფორმის ხის
სახლებს აშენებდნენ, რომლებიც ერთიანობაში სოფლურ დასახლებას ქმნიდა. ამ სოფლებს
თავდაცვის მიზნით მათ გარს ხელოვნური თხრილი ჰქონდა შემოვლებული. იროკეზების
დამახასიათებელ ნიშანია მათი ვარცხნილობა. ისინი თმას იპარსავდნენ და მხოლოდ თავის
ქალის შუაში სიგრძეზე იტოვებდნენ თმას. იროკეზები თმის ნაცვლად ფერად ბუმბულებს
იმაგრებდნენ თავზე. მათ ხშირად უწევდათ ბრძოლა სხვადასხვა მეზობელ ტომებთან, ამის
გამო კარგად ჰქონდათ განვითარებული სამხედრო ხელოვნებაც. მათ შეიარაღებაში
შედიოდა მშვილდ-ისარი და ტომაჰავკი – ხისტარიანი ქვის ნაჯახი.
ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ ყველა ამ ხალხს (ესკიმოსების
გამოკლებით) ინდიელებად მოიხსენიებენ, თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვა ტომს აერთიანებს.
კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მაიას
ხალხის კულტურა. ისინი ცენტრალურ ამერიკაში სახლობდნენ და ახ.წ. III საუკუნის
დასაწყისში მათ ძლიერი ცივილიზაცია შექმნეს. მაიას ხალხი კარგად იცნობდა
მათემატიკას, ასტრონომიას, ჰქონდა დამწერლობა, მაღალ დონეზე ჰქონდა
განვითარებული ხელოვნება და არქიტექტურა. ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და
ვაჭრობას. მაიას კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი იყო ჩიჩენ-იცა.
არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით ჩიჩენ-იცაში არაერთი ტაძარი, პირამიდა, მოედანი
და ქუჩა გამოვლინდა. ქალაქის უმთავრეს ნაგებობას ცხრასაფეხურიანი პირამიდა
წარმოადგენდა.
მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მონაპოვარი იყო ათასობით
ხელნაწერი. მათი უმეტესობა ესპანელების მიერ მექსიკის ტერიტორიების დაპყრობის
დროს განადგურდა. მაგალითად, ერთმა ესპანელმა კათოლიკე ბერმა, რომელიც
ინდიელების გაქრისტიანებისათვის იღვწოდა ახლად აღმოჩენილ ამერიკაში, ერთ-ერთ
სამალავში იეროგლიფებით შესრულებული 30-მდე ხელნაწერი წიგნი იპოვა. აი, როგორ
გადმოგვცემს ამ ამბავს თავად ეს ბერი: „ჩვენ ვიპოვეთ მრავალი წიგნი და რადგანაც ისინი
ეშმაკეული ტყუილისა და ცრურწმენის გარდა არაფერს შეიცავდა, სრულად დავწვით,
რამაც მათში (მაიას ხალხში) უზმომო სინანული და სევდა გამოიწვია“. ასე განადგურდა
უძვირფასესი ნამუშევრები, ლეღვისა და თუთის ხის თხელ ფურცლებზე წითელი და შავი

2
საღებავებით გამოყვანილი იეროგლიფები. ეს წიგნები გარმონივით იყო დაკეცილი,
გარეკანი კი ავაზის ტყავისგან იყო დამზადებული. მაიას ხალხი უძველესი დროიდან
აკვირდებოდა კოსმოსს. შედეგად მათ შექმნეს მეტად რთული კალენდარი. მათ იცოდნენ
365-დღიანი მზის წლის შესახებ და ჰქონდათ მეტად ზუსტი (23 წამიანი ცდომილებით)
მთვარის თვეც. მაიას ქურუმებს სჯეროდათ, რომ სამყარო ძვ.წ. 3114 წელს შეიქმნა, ხოლო
მისი აღსასრული 2012 წლის 21 დეკემბერს უნდა დადგეს. თუმცა მათი ცივილიზაცია
ბევრად უფრო ადრე – XVI საუკუნეში განადგურდა.
XII-XIII საუკუნეებში დღევანდელი მექსიკისა და პერუს ტერიტორიებზე აცტეკებისა და
ინკების ორი ძლიერი იმპერია ჩამოყალიბდა. ისინი ერთდროულად, თუმცა
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, რამდენიმე საუკუნეს არსებობდნენ და საბოლოოდ
ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის შედეგად განადგურდნენ.

აცტეკები.

ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში აცტეკები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ


დაიძრნენ და საბოლოოდ XIV საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ქ. მეხიკოს მახლობლად
დასახლდნენ, სადაც ტესკოკოს ტბაზე არსებულ კუნძულზე ქალაქი ტენოჩტიტლანი
დააარსეს. ქალაქი ადვილი დასაცავი იყო, რადგანაც მასზე მოხვედრა შესაძლებელი იყო
მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი დამბებით1, რომლებიც აცტეკებმა კუნძულზე
მოსახვედრად გაიყვანეს. თვითონ ქალაქი არხებით იყო დასერილი და რამდენიმე უბნად
იყოფოდა. ქალაქის მთავარი ნაგებობა იყო პირამიდის ფორმის ტაძარი. პირამიდის წვერზე
მოწყობილი აცტეკების ღმერთების აკლდამებში მოსახვედრად ქვის კიბეები იყო
გამართული. აცტეკები სოფლის მეურნეობით, ვაჭრობით და სამხედრო სამსახურით
ირჩენდნენ თავს. XV საუკუნეში ტენოჩტიტლანმა მეზობელი ქალაქების დაპყრობა დაიწყო
და დიდი ტერიტორიები შემოიერთა. დაპყრობილი მიწებიდან შემოჰქონდათ სიმინდი,
ლობიო, კაკაო, ბამბის ქსოვილი, ასევე ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი ქვები. ქალაქიდან კი
ძვირფასეულობა, ნაქარგობები, სარიტუალო და სამეურნეო საგნები გაჰქონდათ. ქალაქის
ბაზრებში ყოველდღიურად დაახლოებით 50 ათასი კაცი ირეოდა. ესპანელი მოგზაურები
და ჯარისკაცები ქალაქის ნახვისას აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
აცტეკების დაპყრობითი ომების მთავარი მიზანი იყო ტყვეების ხელში ჩაგდება. მათი
რწმენით, ღმერთებს ადამიანების სისხლი სჭირდებოდათ. ამისათვის აცტეკები ტყვეებს
ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლად. ეს რიტუალი ქალაქის მთავარ ტაძარში ხდებოდა.
XV საუკუნეში მსხვერპლშეწირვის ტრადიციამ აცტეკები დაღუპვამდე მიიყვანა.
კონკისტადორ2 ესპანელებთან ერთად აცტეკებს ბრძოლა გაუმართეს მათი სისასტიკით
უკმაყოფილო მეზობელმა ტომებმა და საბოლოოდ XVI საუკუნის დასაწყისში აცტეკების
იმპერია დაიშალა.

ინკები.

XIII საუკუნის დასაწყისში დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე, მაღალმთიან ანდებში


ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქების აშენება დაიწყო და მაღალგანვითარებული
ცივილიზაცია შექმნა. ესენი იყვნენ ინკები, რომლებმაც აცტეკებთან ერთად კიდევ ერთ

1
საზღვაო ნაგებობა
2
დამპყრობელი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მკვლევრებს ასე მოიხსენიებდნენ

3
ამერიკულ კულტურას ჩაუყარეს საფუძველი. მათი მთავარი ქალაქი იყო კუსკო, რაც
ინკების ენაზე „ჭიპს“, ანუ სამყაროს ცენტრს ნიშნავს. ინკები დაახლოებით ორასი წლის
განმავლობაში სრულიად იზოლირებულად ცხოვრობდნენ. XV საუკუნეში ინკებმა
დაპყრობითი ომები დაიწყეს და უკვე 1500 წლისათვის დიდი იმპერია შექმნეს.
ინკების იმპერიის მმართველები მზის ღმერთის შთამომავლებად ითვლებოდნენ და მათ
ღმერთებივით ექცეოდნენ. საქვეყნო საქმეებს მათი მოხელეები განაგებდნენ, ისინი
აკონტროლებდნენ იმპერიაში ვაჭრობის, ხელოსნობის და სოფლის მეურნეობის ეფექტურ
მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ინკებს დამწერლობა არ ჰქონდათ, მათ გამართული
სახელმწიფო აპარატი შექმნეს. მოსახლეობის რაოდენობის და გადასახადების მონაცემებს
ისინი სპეციალურ თოკებზე ინახავდნენ, რომლებზეც კვანძების რაოდენობა შესაბამის
ინფორმაციას გულისხმობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინკების მიერ შექმნილ
რთული გზათა სისტემა. მთავარ სირთულეს მთიან რელიეფზე მორგებული საგზაო
სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რაც ინკებმა წარმატებით შეძლეს. იმპერიაში ქვით
მოკირწყლული ორი ძირითადი გზა არსებობდა, რომლებიც მცირე გზებით სოფლებს და
ქალაქებს უერთდებოდა. ასევე საინტერესოა, რომ ინკებმა ხის იარაღების გამოყენებით
მთიანი ტერიტორიები ტერასებად დაყვეს. ამ ტერასებზე მოჰყავდათ მათ საკვები
კულტურები და იქვე აშენებდნენ დიდ ქალაქებს. ინკების ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული ქალაქი იყო მაჩუ-პიქჩუ, რომელიც ზღვის დონიდან 2430 მეტრზე
მდებარეობდა და ისე საიმედოდ იყო მიმალული, რომ მხოლოდ 1911 წელს აღმოაჩინეს.
ქალაქი ურთულეს რელიეფზე იყო გაშენებული. ნაგებობები უზუსტესად გამოთლილი
ქვის ლოდებით იყო ნაგები დუღაბის გარეშე. ეს ქალაქი ინკების რელიგიურ ცენტრს
წარმოადგენდა, სადაც მზის ტაძარი და ასტრონომიული ობსერვატორია იდგა.
XVI საუკუნის დასაწყისში ინკების იმპერიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამით
ისარგებლეს ესპანელებმა და მათივე გზების გამოყენებით ინკების იმპერია სრულად
გაანადგურეს.

You might also like