Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თინათინ ჯაგაშვილი

23-03-01

ოფელიასა და ჰამლეტის დიალოგი, როგორც სპექტაკლი

(მოქმედება მესამე სურათი მეორე)

სპექტაკლის ეპიზოდი მეტად საინტერესოა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყურადღებას


გავამახვილებ ოფელიასა და ჰამლეტის დიალოგზე წარმოდგენის მსვლელობისას და
შევეცდები, ანალიზი გავუკეთო და ახსნა მოვუძებნო თითოეულის ქმედებას. ჰამლეტი არ
ისურვებს დედოფალთან ახლოს დაჯდომას და ოფელიას წამოუწვება ფეხთით. სპექტაკლის
განმავლობაში პრინცი თავის ‘ძველ სიყვარულს’ ბევრ უწმაწურ კომენტარს უკეთებს,
აგდებულად ესაუბრება, რაც პირდაპირ მიმართულია მისი დამცირებისკენ. საინტერესოა
ისაა, რომ დასამცირებლად სექსს იყენებს. მას დედამისის მიმართაც მსგავსი ფიქრები
აწუხებს და ცდილობს ბრაზი კლაუდიუსისა და დედოფლის სექსუალური ურთიერთობის
წარმოდგენით გაიმძაფროს. ეს უჩვეულო და უცნაური დამოკიდებულებაა სექსის მიმართ და
განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი რიგი მნიშვნელოვანი და აზრიანი მიზეზები აქვს
იმისთვის, რომ გაბრაზებული იყოს და აგრესია გამოხატოს, თუმცა მაინც და მაინც
კონკრეტულად სექსუალურ წარმოდგენებს მიმართავს, იქნება ეს ოფელიას თუ დედოფლის
დამცირება. რეალურად სექსი ყველაზე ნორმალური და უმნიშვნელო უნდა იყოს ამ
შემთხვევაში. შესაბამისად აქ უკვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ჰამლეტის ‘შურისძიება’
შურისძიების რეალურ მოტივებს გასცდა და მან თავისი ნამდვილი ბუნების გამოვლენა
დაიწყო, რაც შემდეგ ეპიზოდებში უკვე მკვლელობებით გვირგვინდება. ამ მონაკვეთში ასევე
მკაფიოდ იკვეთება მისი დამოკიდებულება ზოგადად ქალების მიმართაც. მას აშკარად გული
აქვს აცრუებული ყველაზე და ყველაფერზე იმ მიზეზშედეგობრივობის დარღვევის გამო, რაც
დედამისის ‘ღალატმა’ გამოიწვია უფროსი ჰამლეტის მიმართ. იმას არ ვამბობ, რომ მას სწორი
რეაქციები და ქმედებები არ აქვს და მეტიც, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ადეკვატურად იქცევა
ვიდრე აქამდე. ჩემთვის მოსაწონიცაა მსგავსი ამბოხება და სითამამე, რაც ტექსტის
დასაწყისში არ ახასიათებდა ჰამლეტს, უბრალოდ საინტერესო და უცნაური ისაა, რომ ის
‘არასწორ’ მიზეზებს იყენებს ყოველივესთვის. როგორც დედამისთან, ისე ოფელიასთანაც
აქვს ვალიდური მიზეზები იმისა, რომ ასე მოიქცეს. საყვარელმა ქალმა სწორედ მაშინ
მიატოვა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი გვერდით დგომა. ჰამლეტს არავინ ჰყავს,
ვისაც დაელაპარაკება ან თუნდაც ჩაეხუტება ცხოვრების ასეთ რთულ ეტაპზე. ოფელიას
დასახელებული მიზეზიც, რომ მამამისმა აუკრძალა მასთან ურთიერთობა, ორმაგად
შეურაცხმყოფელია. ამას ემატება ის სიტყვებიც, რომლებიც პირდაპირ მიმართული იყო
იმისკენ, რომ ჰამლეტს გული სტკენოდა. ოფელიამ თავისი არადამიანობა სწორედ იმ დროს
გამოაჩინა, როცა ჰამლეტის ტკივილს, მამამისის სიკვდილით გამოწვეულს, დამცინავად
უპასუხა, თითქოს, რადგან ორი თვეა გასული სიკვდილის შემდეგ, წარმოუდგენელი უნდა
იყოს, ადამიანი კვლავ გლოვობდეს. ორი თვე ხომ საერთოდ არაა დიდი დრო ტკივილის
გასანელებლად და დიდი დროც რომ იყოს გასული, ასეთი განცდები არასდროს ქრება, სულ
თან გსდევს და ნებისმიერ მომენტში იმავე სიმძლავრით გირტყამს, როგორიც ადრე იყო.
ოფელიას ეს საქციელი მდაბიო, უმორალო და წარმოუდგენლად არასწორია, თან მაშინ, როცა
ეს ადამიანი ჰამლეტისთვის ოდესღაც რაღაც მნიშვნელოვანს წარმოადგენდა.
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

როგორც ვიცით, პრინცს ეჭვიანობაც ახასიათებს, რისთვისაც, როგორც წესი, მიზეზები არ


არის ხოლმე საჭირო. ეჭვიანი ადამიანები ძირითადად იგონებენ და ფუთავენ განვითარებულ
მოვლენებს ისე, როგორც მათ აწყობთ. ჰამლეტმა ოფელიას უარს თავის სიყვარულზე ახსნა
მოუძებნა იმით, რომ მას თითქოს კლაუდიუსთან უნდა ჰქონდეს რომანი, რადგან ის მეფეა,
ძალაუფლება მის ხელშია და შესაბამისად ჰამლეტზე უფრო გავლენიანი პიროვნებაა და
ქმრად ის უფრო გამოდგება. ამ თეორიის დამადასტურებელი არცერთი მოვლენა არ არის
ტექსტში და მეტიც, ოფელიასა და კალუდიუსს ერთი სიტყვაც არ უთქვამთ
ერთმანეთისთვის. ყველა ზემოთ აღნიშნული საშუალებას გვაძლევს, მათ დიალოგს
სხვანაირადაც შევხედოთ. ჰამლეტი ამ გადმოსახედიდან ოფელიასთან ერთად კლაუდიუსსაც
ამცირებს, რომელიც მათთან ერთად სპექტაკლზე იმყოფება და ისმენს ჰამლეტის
დამაკნინებელ რეპლიკებს ქალის მიმართ. „მე შემეძლო თქვენსა და თქვენს საყვარელს შორის
შუამავლის მაგიერობაც გამეწია, თუ პატარა სათამაშოებს ჩემ თვალწინ აათამაშებდით“.
ჩემთვის პრინცის ეს ქმედება ახლა უფრო საინტერესო და ჭკვიანური ჩანს. მიუხედავად
ამისა, არ ვუარყობ, რომ ის ცუდად საუბრობს, თუმცა, ვფიქრობ, ოფელიამ ეს დაიმსახურა.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომიდნარე, მგონია, რომ ტექსტის ეს მონაკვეთი


საშუალებას იძლევა ჰამლეტის პიროვნებას სხვანაირად დავაკვირდეთ და რაღაც დასკვნებიც
გავაკეთოთ. აქ იკვეთება მისი სტრატეგიული გათვლები, რომლებიც უკვე სისრულეშიც
მოდის. ადრე თუ ამ პერსონაჟს საცოდავად და გამბედაობის არ მქონედ აღვიქვამდი, ახლა ის
თითქოს გამოცოცხლდა და მოქმედებას იწყებს. რა თქმა უნდა, მის მიერ დასახელებული
მიზეზები კითხვის ნიშნებს ბადებს და ცოტა სხვა რაღაცებს გვეუბნება მის პიროვნებაზე,
თუმცა მე მაინც ამ მოცემულობით დადებითად შევაფასებდი მის ქმედებებს. განსაკუთრებით
აღვნიშნავდი ოფელაისთან ურთიერთობას და ამ დიალოგს, რომელიც ჰამლეტში რაღაც
ახალს აღვიძებს ან შეიძლება არსებულს, თუმცა ისეთს, რომელსაც ადრე გამოვლენის
საშუალება არ ჰქონია და ჩაკეტილი იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ჰამლეტი იმ ნიღაბს იხსნის,
რომელიც მთელი ცხოვრება ეკეთა და ნელ-ნელა საშუალებას გვაძლევს მისი რეალური სახე
დავინახოთ.

You might also like