Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

1) პოლიტიკური სისტემის განვითარება

ცნება „პოლიტიკური სისტემა’’ შედარებით ახალია და პოლიტიკურ


მეცნიერებაში მეოცე საუკუნის 50–60 იან წლებში შემოიტანეს. მისი
შემოტანით ხაზი ესმებოდა პოლიტიკის სისტემურ ხასიათს. მანამდე ,
ხელისუფლებითი ურთიერთობების აღწერისას გამოიყენებოდა ცნებები :
„მმართველობის ტიპი’’ ან „მმართველობის სისტემა’’. გარკვეულ
ეტაპამდე მსგავსი ახსნა რეალობას ასახავდა, მაგრამ სამოქალაქო
საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბებამ თავისი უფლებებითა და
თავისუფლებებით შექმნა ახალი რეალობა – მოქალაქე არა მარტო
ემორჩილება სახელმწიფოს, არამედ ზეგავლენასაც ახდენდა მასზე,
რისთვისაც ქმნიდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
რაც შეეხება სისტემის ცნებას ის მეოცე საუკუნის 20–იან წლებში
სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა გერმანელმა ბიოლოგმა ლუდვიგ ფონ
ბერტალანფიმ, უჯრედის გარემოსთან გაცვლის პროცესების
აღსანიშნავად. იგი სისტემას განიხილავდა მთლიანობად, ერთმანეთზე
დამოკიდებული ელემენტების სახით. ერთმანეთზე დამოკიდებულება
ნიშნავს, რომ სისტემის ერთი ელემენტის შეცვლის შემთხვევაშიც
იცვლება მთლიანობა.
„სისტემის ცნება’’ საზოგადოების მიმართ პირველად გამოიყენა
ტალკოტ პარსონსმა, რომელმაც ნაშრომში – სოციალური სისტემა –
საზოგადოება წარადგინა ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული
ქვესისტემის სახით: ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციალურისა და
სულიერის. თითოეული ქვესისტემა გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს,
რეაგირებს შიგნიდან და გარედან მომდინარე მოთხოვნებზე,
ერთობლივად კი ეს ქვესისტემები უზრუნველყოფენ საზოგადოების
სრულყოფილ ფუნქციონირებას.
პოლიტიკურ მეცნიერებაში სისტემური მიდგომის ფუძემდებელია დევიდ
ისთონი. ნაშრომებში – „პოლიტიკური სისტემა’’ და „სისტემური ანალიზი
პოლიტიკური ცხოვრებისათვის“ – პოლიტიკური სისტემა
წარმოდგენილია ხელისუფლების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების
მექანიზმის სახით, რომლის დანიშნულებაცაა საზოგადოების ხელთ
არსებული რესურსებისა და ფასეულობების განაწილება. ამასთან
პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება უნდა არწმუნებდეს მოქალაქეებს
განაწილების სისტემის სამართლიანობაში. რაგდანაც ადამიანები
საზოგადოებაში სხვასხვა სისტემისა და ქვესისტემის სუბიექტები არიან
და ისინი სხვადასხვა როლს ასრულებენ პოლიტიკურ სისტემაში. ამიტომ,
სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს შიდა და გარე ზემოქმედებაზე .
2) საქართველოს პოლიტიკური სისტემის ისტორიული განვითარება
საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მეფემ დავით
აღმაშენებელმა საქართველო ძნელბედობისგან იხსნა და აღმავლობის
გზაზე დააყენა, რაც შემდეგი მეფეების დროსაც გაგრძელდა.
საქართველო წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა, რამაც
ხელი შეუწყო საქართველოში ძლიერი პოლიტიკური სისტემის
განვითარების უზრუნველყოფას.
საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირი იყო მეფე, ერთპიროვნული
გამგებელი და მონარქი, რომელიც ქვეყანას მოხელეთა საშუალებით
მართავდა. მოხელეები ორი კატეგორიის იყვნენ: ხელმწიფის კარის და
საქვეყნოდ გამრიგენი. დავით აღმაშენებლის დროს ხელმწიფის კარის
მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა.
სამეფოს უმაღლესი მოხელეები მინისტრები იყვნენ, რომელთაც
მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, არაბულ–სპარსული
ტერმინოლოგიით ვაზირებს უწოდებდნენ. თავდაპირველად 4 ვაზირი
იყო, თამარ მეფემ შემოიღო მე–5 ვაზირის სტატუსი – საქართველოს
ათაბაგი, რომელიც ტახტის მემკვიდრის ამღზრდელი იყო და რუსუდან
დედოფალმა გაავაზირა ძველი კარის მოხელე – მსახურთუხუცესი.
თავისი საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით ქართული სავაზირო 6
ვაზირის ანუ მინისტრისგან შედგებოდა: მწიგნობართუხუცესი,
მანდატურთუხუცესი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მსახურთუხუცესი და
მეჭურჭლეთუხუცესი.
მნიშვნელოვანია ქართლ–კახეთის პოლიტიკური წყობა, რომლის
სათავეში აგრეთვე იდგა მეფე. მეფესთან არსებობდა სათათბირო
ორგანო – საბჭო. ის იყო ორი სახის დიდი და მცირე. პირველში
შედიოდნენ მეფის შვილები, კათალიკოსი და სხვა დიდებულები, ხოლო
მცირე საბჭო მეფის მიერ შერჩეულ პირთაგან შედგებოდა.
მეფე ერეკლე ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას.
გააუქმა ქსნისა და არაგვის საერისთავოები, მსხვილი ფეოდალური
ერთეულები, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას ეურჩებოდნენ.
სამეფო ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია
სამხედროს საქმეს. 1773 წელს სამეფო დარბაზმა შეიმუშავა წესდება
„მორიგე ლაშქრის’’ შესახებ, რომლის ძალითაც ლაშქრობის შემძლე
ყოველი მამაკაცი წელიწადში ერთხელ ლაშქარში უნდა გასულიყო
თავისი ხარჯით, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ თავადებმა მოახერხეს
ამ სისტემის მოშლა.
3) საქართველოს ევროპეიზაციის იდეა
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ძლიერდებოდა
ევროპეიზაციის რეფორმის განხორციელების სურვილი. ერეკლე მეფეს
და მის გარშემო შემოკრებილ დასს კარგად ესმოდა, რომ მიღწეულით
დაკმაყოფილება არ შეიძლებოდა და საჭირო იყო ქვეყნის ძირეული
განახლების გზების ძიება. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ
საქართველოში არსებული ფეოდალური მმართველობა ჩამორჩენილი
იყო და ახალი დროის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ერეკლე მეფის
დროს სახელმწიფო საბჭო მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოდ იქცა.
გადაიდგა ნაბიჯები მუდმივი ჯარის შესაქმნელად და ევროპულ ყაიდაზე
გასაწვრთნელად.
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პოლიტიკურ აზრზე უკვე
უშუალო ზეგავლენას ახდენს ევროპული პოლიტიკური აზრი.
ალექსანდრე ამილახვარის ნაშრომი „ბრძენი აღმოსავლეთისა’’
ევროპელ განმანათლებელთა გავლენით არის დაწერილი. ალექსანდრე
ამილახვარი არის ქართველი მოღვაწე, რომლის პოლიტიკური
შეხედულებები დასავლეთის აზროვნების ნიადაგს ემყარება.
ფრანგი განმანათლებლების, განსაკუთრებით კი ვოლტერის გავლენას
აშკარად ამჟღავნებდა დავით ბაგრატიონი, რომელსაც ოთახში
ვოლტერის სურათი ეკიდა და მის მასწავლებლად აღიარებდა. დავითმა
თარგმნა მონტესკიეს წიგნი „კანონთა გონი’’. დავით ბატონიშვილი
პეტერბურგში გადასახლების წლებში საფრანგეთის რევოლუციის ქებაში
იყო და ადიდებდა ნაპოლეონს.
ევროპული იდეები საქართველოში უმეტესწილად რუსეთის გავლით
შემოდიოდა. სწორედ ასეთი გზით მეთვრამეტე საუკუნის ქართულ
ლიტერატურაში ჩნდება პოლიტიკასთან დაკავშირებული მრავალი
ტერმინი. მაგალითად სიტყვა პოლიტიკას იყენებენ და მის განმარტებას
ცდილობენ იოანე ბატონიშვილი და ალექსანდრე ამილახვარი. სიტყვა
პარტია პირველად მოიხსენიება 1756 წლის დოკუმენტში, აგრეთვე
ჩნდება როველუციასთან დაკავშირებული სიტყვები: „მასონი’’,
„ლუთერანი’’, „ბონაპარტელობა’’ და სხვა.
როდესაც საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ვსაუბრობთ,
მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოებაც, რომ ევროპა მთელი
ეპოქით უსწრებდა საქართველოს. ფრანგი განმანათლებლები
აბსოლუტიზმის წინაამღვდეგ იბრძოდნენ და ხალხის სუვერენიტეტს
იცავდნენ და პროგრესისათვის იღწვოდნენ. ალექსანდრე ამილახვარი კი
ამ იდეების ქართულ ნიადაგზე მომარჯვებით და მეფის ხელისუფლების
შეზღუდვის მოთხოვნით ერეკლე მეფის წინაამღვდეგ აგრძელებდა
ბრძოლას და მეფის უფლებებს თავადთა სასარგებლოდ კვეცავდა.
მსხვილ თავადებთან მიმართებით სწორედ ერეკლე განასახიერებდა
საქართველოს წინსვლისა და პროგრესის გზას.

4) საქართველოს დემოკრატიულის რესპუბლიკის დაცემის შიგა


დაგარე ფაქტორები
1921 წლის დასაწყისში კავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი
სახელმწიფო საქართველო იყო. 1921 წლის 27 იანვარს ანტანტის
ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე აღიარეს, მაგრამ
ეს აღიარება არ იძლეოდა უსაფრთხოების გარანტიას. საქართველო
უმძიმეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
მთავარი საფრთხე ცხადია საქართველოს რუსეთისგან ემუქრებოდა.
რუსეთს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების პირობები რომ დაეცვა, არც
თურქები წამოუყენებდა პრეტენზიებს საქართველოს და არც
გასაბჭოებული სომხეთი და აზერბაიჯანი იაქტიურებდნენ საქართველოს
წინაამღვდეგ.
რუსეთი მაინც ფრთხილობდა და საქართველოს ოკუპაციას შენიღბულად
ცდილობდა. საქართველოზე თავდასხმა დაიწყო აჯანყებით ლორეში,
რომელზეც პრეტენზიას სომხეთი აცხადებდა. საქართველოს
წინაამღვდეგ ომს მოსკოვი ისე წარმოაჩენდა, თითქოს ეს იყო დახმარება
საქართველოში აჯანყებული მშრომელებისათვის.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის თავდასხმა საქართველოს
ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამას დაემატა სამხედრო
ხასიათის შეცდომები, რამაც რუსეთს წარმატება გაუადვილა. ამავე
დროს, საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ
შესაძლებელი იქნებოდა თურქეთის გამოყენება რუსეთის წინაამღვდეგ ,
რაც აგრეთვე შეცდომა იყო, რადგან ისინი მოკავშირეები იყვნენ.
თბილისის დატოვების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა ქუთაისში გადაინაცვლეს და
დამფუძნებელი კრების სხდომაც აქ გაიმართა – 1921 წლის 28
თებერვალს. ამ სხდომის მთავარი დანიშნულება საზოგადოების
გამხნევება და მტერთან საბრძოლველად ეროვნული ენერგიის
მობილიზება იყო. თუმცა ამის რეალიზაცია არ იქნა უზრუნველყოფილი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომა 1921 წლის
17 მარტს, ბათუმში შედგა. ამ კრების მიხედვით, მთავრობას ნ.ჟორდანიას
მეთაურობით დაევალა დაეცვა ქართველი ერის ინტერესები დედამიწის
ყველა მთავრობებისა და ერების წინაშე.
ამავე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ მოუწოდა, ქართველი ერი და
მისი ინტელიგენცია დარჩენილიყვნენ და ხალხისთვის ქვეყნის ბედ –
იღბალი გაეზიარებინათ. მხოლოდ მათ, ვისთვისაც მოსალოდნელი იყო
რეპრესიები ბოლშევიკების მხრივ მათი მუშაობისათვის
დამოუკიდებლობის დროს, ეძლეოდათ უფლება წასულიყვნენ
ემიგრაციაში.
საქართველოს მესვეურებს და ქართველ ხალხს, ალბათ, ბოლომდე ვერც
ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა საშინელი რეპრესიები და
განსაცდელი დაატყდებოდა ქვეყანას ბოლშევიკური ოკუპაციის
პირობებში, ვერ წარმოედგინათ, თუ რა ხანგრძლივი და ზიანის მომტანი
იქნებოდა ქვეყნისთვის საბჭოთა ანექსია.

5) ქართული პოლიტიკური აზროვნებისათვის დამახასიათებელი


ნიშნები
ქართული პოლიტიკური აზროვნების დამახასიათებელი ნიშნების
თაობაზე ბევრი რამ დაწერეს XIX-XX საუკუნეების ცნობილმა ქართველმა
მოღვაწეებმა. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები ძალზედ
საინტერესოა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. აღსანიშნავია, რომ
ისინი, პირველ რიგში, გამოყოფდნენ ქართული პოლიტიკური
აზროვნებისათვის დამახასიათებელ ნეგატიურ ნიშნებს, ან იმ თვისებებს ,
რასაც უარყოფითი შედეგები შეიძლება მოეტანა.
არჩილ ჯორჯაძე მე–20 საუკუნის დასაწყისში ქართველებისათვის
დამახასიათებელ თვისებად, გლობალური იდეებით გატაცებას და
წამბაძველობას მიიჩნევდა. თუკი რუსეთში ან ევროპაში რამე ხდებოდა,
საქართველოშიც იგივე უნდა განმეორებულიყო, განურჩევლად იმისა,
იყო ამის საჭიროება თუ არა. ეს, პირველ რიგში, მემარცხენე
სოციალისტურ პარტიებს ეხებოდათ, რომლებიც მსოფლიოს
რევოლუციური გარდაქმნის იდეით იყვნენ გატაცებული.
წამბაძველობა ორის სახით ვლინდებოდა – ერთი, რომელიც რაც
ევროპაში ან რუსეთში ხდებოდა საქართველოშიც იგივე უნდა
განმეორებულიყო, მეორე კი „მოდური’’ იდეებით მასობრივი გატაცება
იყო – „ის თუ ამ იდეას ან პარტიას მისდევს, მე რატომ უნდა ჩამოვრჩეო’’.
კიტა აბაშიძის თქმით, დამოუკიდებლობის ხანგრძლივად არქონას
მოჰქონდა სერვილიზმი და მონური ფსიქოლოგია. სერვილიზმის
ფსიქოლოგიის მატარებელი ადამიანი: 1. ყოველთვის სხვისი მოიმედეა;
2. მას ახასიათებს გარედან მითითების მოლოდინი; 3. ელის, რომ გმირი
გამოჩნდება და გაათავისუფლებს; 4. ჰგონია, რომ სხვა გააკეთებს მის
გასაკეთებელს.
ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში აქტუალური თემაა
გულუბრყვილობა. ივანე ჯავახიშვილის თქმით, ქართველი
პოლიტიკოსები კარგად ერკვეოდნენ აზიური პოლიტიკაში, თუმცა
გულუბრყვილოები აღმოჩნდნენ ევროპულ პოლიტიკაში და ეს მკაფიოდ
გამოჩნდა XVIII საუკუნეში. ჩვენ წინაპრებს ეგონათ, რომ რუსეთი უანგარო
დახმარებას გაუწევდა საქართველოს და რუსეთის მხრიდან ვერაგობას
არ ექნებოდა ადგილი.
საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა
ვახტანგ VI-ისა და ერეკლე მეფის მიერ რუსეთის მიმართ გატარებული
გულუბრყვილო პოლიტიკა. მეთვრამეტე საუკუნეში ქართულმა
სახელმწიფომ ორჯერ განიცადა კატასტროფა. „ქართულ პოლიტიკის
გულუბრყვილობამ, უსუსურობამ მიიყვანა საქართველო ოკუპაციამდე’’ –
აღნიშნავდა ივანე ჯავახიშვილი.
დასკვნა – როდესაც საქართველო დამოუკიდებლად აწარმოებდა
პოლიტიკას მაშინ იყო მისი პროგრესიც, როცა კი უახლოვდებოდა
რუსეთს დაუყონებლივ აირეოდა საქმეები, რადგან რუსეთს თავის
პოლიტიკურ გეგმაში და მიზანში არ ჰქონდა საქართველოს დახმარება
გათვალისწინებული. საქართველოსთვის ზრუნვა მხოლოდ სიტყვის
მასალა იყო.

6) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი საქართველოში


1921 წლის თებერვალ–მარტის ომი საქართველოსთვის უმძმესი
შედეგებით დამთავრდა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი საბჭოთა რუსეთის
მიერ იყო ოკუპირებული. საბჭოთა ლიდერების განცხადებით,
საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა და მის
სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა ეს ტყუილი იყო. წითელი
არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს
მმართველ ორგანოდ გამოცხადდა რევკომი, რომლის წევრებიც
დამფუძნებელ კრებას ქვეყნის მოღალატეებად ჰყავდათ გამოყვანილი .
1922 წელს ჩატარდა პირველი საბჭოური არჩევნები – კომუნისტებისა და
ჩეკისტების კონტროლით.
1921 წლის თებერვალ–მარტის ომის შემდეგ საქართველოში შექმნილი
საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს
კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ და პიროვნების თავისუფლებას
ამკვიდრებდა.
ერთიმეორის მიყოლებით იქმნებოდა საბჭოთა საქართველოს
კონსტიტუციები (1922, 1927, 1937 და 1978 წლებში), რომლებიც შესაბამისი
პერიოდის რუსული თარგის მიხედვით იყო შედგენილი და
სინამდვილეში ტოტალიტარული რეჟიმის ცრუ დემოკრატიულ ფასადს
ქმნიდნენ. ეს კონსტიტუციები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის
ინტერესებს.
საქართველოში 1922 წელს მიღებული პირველი საბჭოთა კონსტიტუციით,
რომელიც რუსეთის ფედერაციის 1918 წლის საბჭოთა კონსტიტუციის
მიხედვით იყო დაწერილი, საქართველოში ცხადდებოდა
პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება.
მარქსიზმის თეორიის თანახმად, პროლეტარიატის დიქტატურა უნდა
ყოფილიყო უმრავლესობის ბატონობა უმცირესობაზე – ბურჟუაზიაზე,
რომლის დროსაც უნდა აშენებულიყო კომუნისტური საზოგადოება.
კომუნიზმის დროს კი სახელმწიფო აღარ იარსებებდა. სინამდვილეში
პროლეტარიატის დიქტატურა გადაიქცა კომუნისტური პარტიისა და მისი
მმართველი ჯგუფის – პოლიტ–ბიუროს დიქტატურად, რასაც საერთო
არაფერი ჰქონდა დემოკრატიასთან.
1937 წლის 13 თებერვალს საქართველოში მიიღეს ახალი საბჭოთა
კონსტიტუცია, ამ კონსტიტუციის თანახმად, საქართველო კვლავ
„პროლეტარიატის დიქტატურის’’ სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ
ცხადდებოდა, რომ აშენდა ახალი საზოგადოების პირველი ფაზა –
სოციალიზმი.
საქართველოს 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციის პროგრამაში აღარ
იყო დაფიქსირებული,რომ საქართველოს სახელმწიფო ენა ქართული
იყო. ცხადია საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი რუსულ ენას
ჰქონდა მინიჭებული, თუმცა ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის
დასაცავად დაიწყო საპროტესტო მოძრაობა. 1978 წლის 14 აპრილს
რუსთაველზე საპროტესტო აქციაც გაიმართა. მოსკოვმა რეპრესიებს უკან
დახევა არჩია და კონსტიტუციაში ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი
შეუნარჩუნდა, თუმცა ეს ფორმალური ხასიათის იყო, როგორც
კონსტიტუციის სხვა მრავალი დებულება.
7) ტოტალიტარიზმის დემონტაჟის დასაწყისი საქართველოში
საბჭოური რეჟიმის დემონტაჟისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგა 1990
წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც გამარჯვება მოიპოვა
ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედმა ბლოკმა „მრგვალი
მაგიდა – თავისუფალი საქართველო’’. ეს პროცესი გაგრძელდა
მომდევნო წლებშიც.
ტოტალიტარიზმის დემონტაჟის ნიშნები საქართველოში:
1. ოფიციალური იდეოლოგია, რომელსაც ცხოვრების ყველა სფერო
ემორჩლება
2. ხელისუფლებაზე მონოპოლია ერთიანი მასობრივი პარტიისა,
რომელსაც ბელადი უდგას სათავეში
3. ტერორისტული პოლიტიკური კონტროლი მთელ საზოგადოებაზე
4. პარტიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. მკაცრი ცენზურა
5. გაბატონებულ პარტიას მონოპოლიზებული აქვს კონტროლი
შეიარაღებულ ძალებზე
6. ეკონომიკის ცენტრალიზებული კონტროლი
8) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური
სისტემა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ძალებს
შორის სოციალ–დემოკრატები დომინირებდნენ. პარტია, რომელიც
ადრე ემიჯნებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას,
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სათავეში აღმოჩნდნენ. ამასთან ,
საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ხელისუფლების
სათავეში სოციალ–დემოკრატიული პარტია მოვიდა.
ქართველ სოციალ–დემოკრატებს ნაადრევად და შეუძლებლად
მიაჩნდათ სოციალისტური გარდაქმნების განხორციელება
საქართველოში. სოციალიზმისკენ სწრაფვა მხოლოდ დემოკრატიის
საფუძველზე იყო მისაღები. საქართველოს კონკრეტულ პირობებში
უმთავრეს ამოცანად დემოკრატიული საზოგადოების შექმნა იყო
მიჩნეული. ხელისუფლების სათავეში კი სოციალ–დემოკრატიის ყოფნის
გამო, სახელმწიფოს მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა მშრომელთა
ინტერესების დასაცავად.
1921 წლის კონსტიტუციის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭებოდა პარლამენტს. საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, იგი
ხალხის ნებით იყო შეზღუდული და აღმასრულებელი ორგანოს ნიშანს
ატარებდა. პარლამენტის ფუნქციონირების ოპტიმალურ ვადად სამი
წელი მიიჩნიეს – თვლიდნენ, რომ ხანგრძლივი ვადით არჩეული
პარლამენტი „ხალხს მოსწყდებოდა“.
უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენდა კოლეგიას,
რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის წინაშე. მთავრობას
სათავეში ედგა თავჯდომარე, რომელიც, ამავე დროს, რესპუბლიკის
უმაღლესი წარმომადგენელი იყო. 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად,
მთავრობა თავჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევდნენ, ხოლო ერთი და
იმავე პირის ზედიზედ არჩევა მხოლოდ ორჯერ იყო დასაშვები.
1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოში ყალიბდებოდა უნიტარული
დემოკრატიული რესპუბლიკა, ამავე დროს, უნიტარიზმის პრინციპს
უთავსდებოდა ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა და
ავტონომიური მმართველობის დაშვება. ადგილობრივ
თვითმმართველობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა
დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებაში. მას მიიჩნევდნენ
დემოკრატიის ქვაკუთხედად.
ერთ–ერთი უმთავრესი იდეალი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებლები იყო
სამართლებრივი, ანუ „უფლებრივი სახელმწიფოს’’ ჩამოყალიბება.
მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფასთან ერთად,
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ერთ–ერთი პირველია
მსოფლიოში, რომელშიც დაფიქსირებულია „მოქალაქეთა სოციალურ–
ეკონომიკური უფლებანი’’.

You might also like