Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

გამახსენონ, რაც უკვე იყო,

რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს ღვთისმშობელი ჩემს მკვდარ აღქმაში,


მივიწყებული ბავშვობიდან შემორჩენილი მეგობარი ერქვას
და ვკითხო: საიდან ვიწყებთ?
სხვის თვალებში აღარ მეძებო,
რომ ვერ მიპოვი,
დაგიმტკიცებს, რომ მეტია ჩემი სიშორე,
ვიდრე გვალვისგან დამტვრეული მიწის ნაგლეჯი,
ვიდრე გვალვისგან დატეხილი კანი, ვიშორებ
ობიან ქერქს,
ის მაინც ისევ ტეხავს, ხმელი ხელებით ტეხავს გამხმარ პურს და
ისევ ინახავს შვილებს,
ისევ ინახავს სურვილს, რომელიც გამქრალია.
მანდ არ მეძებო, ვერ მიპოვი,
მე უშვილო ვარ და
არც მკვდარი, არც ცოცხალი ჩემ თავზე მეტი არ მყოლია,
ღვთისმშობელი სხვაგან ეძებე.
რადგან მე არ მაქვს არც გვალვიანი კანი,
და არც ჩემს ანარეკლს დავნებდე იქნებ.
ვერასდროს შენი ღვთისმშობელი ვერ ვიქნები ან შენი ღმერთი,
თუ ეს ნორმაა, სიგიჟიდან დაგანახებ ჩემს თვალებს,
იქნებ ასეთად ყოფნაც არ მოგვწონდეს,
სხვაგან ვეძებოთ.
მე მხოლოდ მკვდარი,
მე მხოლოდ ძვლებზე გადაკრული ტყავი ვარ ახლა,
რომელიც სულ სხვა თვალით გიყურებს.
საიდან ვიწყებთ?
შენ ვერც ერთ თვალში ვერ მიპოვი,
ტყუილად მეძებ.
და ბოლოს, როცა აღმოაჩენ, რომ არც მეძებდი,
მიაგნებ ოთახს, მიაგნებ კანს, გვალვისგან დამშრალს,
მიაგნებ თვალებს, ჭრილობებს და ღვთისმშობლის საშოს,
მე ნუღა მკითხავ, საიდან ვიწყებთ.
შენ ალბათ მასთან ერთად დაიწყე, მას შეეზარდე
და
ჩემი წილი ღვთისმშობელი მე გვერდით არ მყავს,
მხოლოდ მკვდარი,
მხოლოდ ცოცხალი ვარსებობ,
როცა
შენ სხვა თვალებს და გვალვიან კანს მიღმა რჩები.
უნდა
იცოდე:
მე ვარ მხოლოდ
და
მხოლოდ მე ვარ სიგიჟის მიღმა, სიგიჟის ზღვარზე დამდგარი ღმერთი.

You might also like