Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

ირაკლი აბაშიძე - ხმა კატამონთან (ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...

)
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან - საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან...

ლადო ასათიანი - ქართული ენა


საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნრებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
გიორგი ლეონიძე - დედა ენა
წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!
დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი
მგალობელი ფრინველი.
იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.
ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი -
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.
ამ წიგნიდან გაბრწყინდა
ქართლის დიდი მთიები,
პირველ ფურცელს გაშლიდა
გამოხატულს იებით.
ის ამ წიგნში უსმენდა
ნაკადულს და ტოროლებს,
საწყალ ხარის ტირილსა,
ხმასევდიან ოროველს.
ხმას გაყინულ კაცისას,
სიცივით რომ კვდებოდა,
მზე საწყალი კაცისა
გორას მიჰფარებოდა.
მას უყვარდა ეს წიგნი,
ჭრელი აბგის მშვენება,
მოიგონებს და შუქი
გულზე დაეშენება.
ვიგონებთ და გვახარებს,
რომ აქვს გულში ჩართული, -
ჩვენი წიგნი ლამაზი,
”დედა ენა” ქართული!

შოთა ნიშნიანიძე - გოგებაშვილის დედა ენა


ღმერთს როდი შერკინებია
ბიბლიურ სეხნიასავით,
სიტყვას კალამი გაუნთო,
როგორც ვაზის რქას სასხლავი.

- ეს წიგნი ერის ბურჯია! -


ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ,
ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

მოფრინდა შავი მერცხალი


ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში,
ჩაფინა იის ღერები.

პაწია წიგნი ბედ-იღბლით


კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა,
ის გადაარჩენს ქვეყანას.
მე კი მგონია, ფრესკებზე,
ყრმა რომ ზის დედის კალთში,
თუ „დედა ენას“ მიუტანთ,
დიდივით კრძალვით გადაშლის,

თითს გააყოლებს ასოებს:


ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს
და იტყვის: აი, იაო.

იდიდე, წიგნო, იდიდე,


ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო

იოსებ ნონეშვილი - თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,


სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.

გულის ღადარში წიგნი წრთობილი


მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.

წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა


სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.

წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,


წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…

ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,


მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…

წიგნი კი არა, მიმოფანტული


კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.

ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,


შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.

ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,


რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.

ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,


განა სიტყვები?… ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…

ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,


ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.

განა რა ძალით დაიკეცება


ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.
აკაკი წერეთელი - ქართული ანბანი

ყმაწვილო თუ გსურს გიყვარდეს,


შენი სამშობლო ძალიან
ჯერ წიგნი უნდა ისწავლო,
პირველი ასო არის: ა (ნ)

თუ სწავლით თვით ვერ ამაღლდი,


მამულს ჩირქს ისე ვერ მობან,
ჩირქს მოდებულსა მტრისაგან,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ბ (ან)

სამშობლო შვილსა ერთგულსა


ითხოვს ყოველთვის, ყოველგან,
და ნუ უმტყუნებ შენს მშობელს,...
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: გ (ან)

შენს ვალსა აასრულებდე


ერთგულად, რაც-კი მოგანდონ!
ნუ შეგაშინებს სიკვდილი,...
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: დ (ონ)!

პირადის სარგებლობისა,
იცოდე, ძებნას დაეხსენ!
იყავ შენ მუშა ქვეყნისა,..
მაგრამ იკითხე ჯერ ეს: ე (ნ)

თავგანწირულსა მუშაკსა
ვერ შეაშინებს ვერავინ,
ვერც ცეცხლი, წყალი, ვერც ტყვია
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ვ (ინ)

ვით მაღლით ჩაგონებული,


საქმეს რომ მისდგე, აღეგზენ,
რომ ნაშრომს დასდო ბეჭედი,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ზ (ენ)

სხვებიცა შენის მიხედვით


გამრავლდებიან თანდათან
მამულის წყლულის მკურნალად,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: თ (ან)

მიჰბაძე იმას, ვისაცა


თავს ედგა ეკლის გვირგვინი,
გვირგვინი ახლის აღქმისა
მაგრამ ისწავლე ჯერ: ი (ნი)

წინ სწორედ წადი, რომ კვალი


მრუდედ არ დარჩეს შენს უკან!
მაშ გახდი ჯერ სწორ-მხედველი,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: კ (ან)

ეცადე სოფლის ბრუნვამა


ეგ შენი გული არ მოკლას!
გამაგრდი, როგორც სამსონი,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ლ (ას)

რომ ვეღარ შეძლოს მტარვლობა


სუსტის მჩაგვრელმა ძალამან,
შეძარი სვეტი ბომონის,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: მ (ან)

ვით დიოგენი, კეთილ კაცს


ეძებდე, გეპყრას ფანარი,
რა ნახო, დაეძმობილე,
მაგრამ ისწავლე ჯერ ნ (არი)

რომ შენით შენმა მოძმებმა


ცოტა რამ შვება იპოვონ;
სხვას რაღას ეძებ ამ ქვეყნად,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ო (ნ)
და მაშინ შენი სახელი
იბრწყინებს ვითა ლამპარი,
მარადის გაუქრობელი,
მაგრამ ისწავლე ჯერ პ (არი)

ზღაპრად ხომ იცი, მტრის ღალატს


არ შეუშინდა არც ბეჟან,
თუ შეგხვდეს, ნურც შენ შეკრთები,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ჟ (ან)

ჭირში და ლხინში ყოველთვის


შენს მოძმეებზედ იფიქრე,
რომ არ გიკვირდეს არც ერთი,
მაგრამ ისწავლე ჯერ: რ (აე)

რა სჯობს, რომ შენსა ნაღვაწსა


ჩანგზედ დამღერდეს მგოსანი
და იმ ხმით სძგერდენ გულები,
მაგრამ ისწავლე ჯერ: ს (ანი)

ვისაც ეს წილად რგებია


ბედისგან, ის არს ნეტარი,
სახარბი, სამაგალითო,
მაგრამ ისწავლე ჯერ: ტ (არი)

და ვაი კაცსა ურგებსა,


მას ბნელი ადევს უკუნი
და წყევლა საშვილიშვილო,
მაგრამ ისწავლე ჯერ: უ (ნი)

მას ვეღარ იხსნის წყევისგან


ვერცა დიპლომი, ვერც ფარი,
ვერც მოჭედილი საყელო,
მაგრამ ისწავლე ჯერ: ფ (ფარი)
ხალხის მართალ განჩინებას,
ხელს ვერ შეუშლის მანქანი,
მანქანი ხრიკით ნაჭედი,
მაგრამ ისწავლე ჯერ: ქ (ანი)

ნუ დაივიწყებ ნურც იმას,


რაც ზემოთ გითხარ მე წეღან!
თავიდან გაიმეორე,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ღ (ან)

რაც წაიკითხე, იფიქრე,


ბეჯითად გული მიაპყარ
და მერე კიდევ განვაგრძოთ:
შემდეგი ასო არის ყ (არ)

თუ დაიღალე, მითხარი,
ხვალემდინ გაგიშვებ შენ შინ,
და ხვალ რომ მოხვალ, შეიტყობ,
რომ ყარის შემდეგ არის: შ (ინ)

რა ამდენს ასოს ისწავლი,


მერე არ გინდა ჩიჩინი:
შენ უჩემოდაც მიხვდები,
თუ რა ასოა ის: ჩ (ინი)

ხომ ხედავ, გაგიადვილდა,


ჩინი უჩემოდ გამოსცან!
თუ სცანი, კიდეც მოშორდი
და გაიკვეთე ეხლა: ც (ან)

შენს გაზრდას, თუ მოგეწყინოს


ან მოგივიდეს აწ ძილი,
კითხვა ხვალამდე გადავდოთ;
მაშინ ვისწავლოთ ეს: ძ (ილი)

მაგრამ არ გირჩევ, რადგანაც


მცირეღა დაგვრჩა ნაწილი
ამ ჩვენის «ანა-ბანისა»...
მაშ წაიკითხე აწ: წ (ილი)

გამოიფხიზლე, ადუღდი,
გაცხარდი, როგორც მაჭარი,
და უფრო მკვირცხლად ისწავლი,
თუ რა ასოა ეს: ჭ (არი)

თუ დაიღალე, მითხარი,
სჯობს შეისვენო ხან-და-ხან,
რომ მერე, შესვენებულზე,
უფრო გამოსცნო შენ ეს: ხ (ან)

ხვალ ამოსაღებს დაიწყებ,


რადგან გემატა დღეს ჯანი
მთლად «ანა-ბანას» დასწავლით:
მაგრამ, ოჰ, დაგვრჩა ეს ჯ (ანი)

და ვინც სულ არასა სწავლობს,


მათ უნდა ვუთხრათ ხომ „ჰაი“,
რადგანაც გამოუცნობი
დარჩება იმათ ეს ჰ (აე)

მორის ფოცხიშვილი - სწავლება

არწივი მართვეს ასწავლის ფრენას,


მგლის ლეკვს ძუ მგელი -
ძუნძულს და ღრენას.
ბარტყს რას ასწავლის ბულბული?
სტვენას!
დედა მასწავლის მშობლიურ ენას.

You might also like