Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

პარიზის საზავო კონფერენცია

I მსოფლიო ომის საზავო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში დაიწყო,
მაშინ როდესაც დასავლეთის ფრონტზე ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები პარიზის საზავო კონფერენციაზე
შეიკრიბნენ 1919 წლის 18 იანვარს. მართალია კონფერენციას ესწრებოდა ანტანტის
მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ომი გამოუცხადა გერმანიას, მაგრამ
სინამდვილეში გადაწყვეტილებას იღებდა სამი სახელმწიფო ‒ საფრანგეთი, ბრიტანეთი და
აშშ. დამარცხებული სახელმწიფოები პარიზის კონფერენციაზე არ მიიწვიეს, ამდენად ეს
მოლაპარაკება ომის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება კი არ იყო,
არამედ გამარჯვებულების დიქტატი: კერძოდ სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ
უკარნახა თავისი საზავო პირობები დანარჩენ მსოფლიოს. სამივე გამარჯვებულს საკუთარი
სამშვიდობო გეგმა ჰქონდა:
1. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო ‒
„გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს“, ასეთი სალანძღავი სიტყვით მოიხსენიებდნენ
ფრანგები გერმანელებს. საფრანგეთს სურდა გერმანიის მაქსიმალურად დასუსტება და
ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მთელ სიმძიმეს გერმანიას აკისრებდა.
2. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ხელმძღვანელობდა ევროპის
კონტინენტზე „ძალთა წონასწორობის“ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული
პოლიტიკით. მას კარგად ესმოდა, რომ გერმანიის მეტისმეტად დასუსტება და დამცირება
ევროპას, მშვიდობის სანაცვლოდ ახალ ომამდე მიიყვანდა. გერმანია ადრე თუ გვიან ძალას
მოიკრეფდა და შურს იძიებდა, მაგრამ საფრანგეთის მოქმედებას ბრიტანეთი დიდად არ
ეწინააღმდეგებოდა;
3. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, რომელიც შუამავლობდა ომის შეწყვეტის
საკითხებს გერმანიასა და „ანტანტას“ შორის, გერმანიის მთავრობას ჰპირდებოდა, რომ
საზავო ხელშეკრულება არ იქნებოდა მძიმე. თუმცა ვილსონმა ვერ შეძლო მოკავშირეთა
დარწმუნება. ვილსონის საზავო დებულება ე.წ. „14 პუნქტი“ მოკავშირეებმა არ მიიღეს. მათ
სურდათ გერმანიის სრული კაპიტულაცია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟორჟ
კლემანსომ კი განაცხადა: „ბატონი ვილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუნქტით, მაშინ
როდესაც თვით ყოვლისშემძლე უფალიც კი ათით დაკმაყოფილდა“.
ვუდრო ვილსონის მთავარ ინიციატივა ახალი ორგანიზაციის, „ერთა ლიგის“ დაარსება
იყო. ამ როგანიზაციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ პირველი მსოფლიო
ომის მსგავსი მასშტაბის დაპირისპირება აღარ დაეშვა. ვილსონის დაჟინებულმა მოთხოვნამ
შედეგი გამოიღო. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა
მიიღეს ერთა ლიგის წესდება. ამ წესდების პირობები შევიდა ვერსალის საზავო
ხელშეკრულებაში (შემოკლებით – „ვერსალის ზავი“). ერთა ლიგაში წამყვან როლს დიდი
ბრიტანეთი და საფრანგეთი თამაშობდნენ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ
ვუდრო ვილსონი იყო ინიციატორი ამ ორგანიზაციის შექმნის, აშშ საერთოდ არ შესულა
„ერთა ლიგაში“.
ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ვიცით სამუშაო პროცესს არ დასწრებია გერმანული მხარე. ხელშეკრულების
გაცნობის საშუალება მათ მხოლოდ 1919 წლის 28 ივნისს, „სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის
თავზე მიეცათ, ვერსალის სარკეებიან დარბაზში. თარიღთამ ერთად ადგილიც განზრახ

1
სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ იქ, 1871 წლის 18 იანვარს, საფრანგეთზე
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი გერმანული
სახელმწიფოს (ანუ რაიხის, იმპერიის) შექმნა.
მოგვიანებით გაფორმდა საზავო ხელშეკრულებები ცენტრალური სახელმწიფოების
კავშირში შემავალ სხვა სახელმწიფოებთანაც.
პირობები მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ამ საზავო ხელშეკრულებით გერმანიამ
დაკარგა: აფრიკული და აზიური კოლონიები, ასევე ელზასი, ლოთარინგია და სხვა მიწები.
დაეკისრა გადასახადი დაახლოებით 130 მილიარდი მარკის ოდენობით. მორალური
თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ომის დაწყებაში ერთადერთ
დამნაშევდ გერმანია გამოცხადდა, რაც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, სიმართლე
არ ყოფილა. ძლიერ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა
− ასე უწოდებდნენ გერმანიას 1919-1933 წლებში. 1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში მოეწყო
სამხედრო გადატრიალება, კაიზერი ვილჰემ II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. იგი
ნიდერლანდებში გაიქცა. ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი
ებერტი, რომელმაც ჩაატარა რაიხსტაგის არჩევნები ქალაქ ვაიმარში 1919 წლის 11
თებერვალს. ასე შეიქმნა ძლიერი გერმანიის ადგილას არასტაბილური ვაიმარის
რესპუბლიკა. დიდწილად სწორედ ეს საზავო ხელშეკრულება და მისი არასამართლიანი
პირობები გახდა მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა.
გერმანიაში ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად
გაიყო. პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების
შესრულების მომხრე იყო. მათი აზრით, სწორედ „შემსრულებლობა“ გახდებოდა
წინაპირობა გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ზავის პირობების შერბილების, ან სულაც,
გაუქმების თაობაზე მოლაპარაკების საწარმოებლად. მეორე ნაწილი კი ვერსალის
ხელშეკრულებას ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მათთვის სრულიად
მიუღებელი იყო ზავის პირობების შესრულება. ვერსალის ხელშეკრულების
„არშემსრულებელთა“ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც. საზოგადოების ამგვარმა
განწყობილებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების
სათავეში 1933 წელს.
მანამდე კი, 1920-იან წლებში, გერმანიას მართავდნენ ვერსალში დაწესებული
საერთაშორისო ქცევის წესების დაცვის მომხრე პოლიტიკური ძალები. ამდენად, გერმანიის
საგარეო პოლიტიკა ყოფილ მტრებთან თანამშრომლობისაკენ იყო მიმართული. ამ
პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1924 წლის ლოკარნოს (იტალია)
ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო გერმანიას, ბელგიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს,
იტალიას, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად („რაინის
საგარანტიო პაქტით“), გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ
ურღვევობას აღიარებდა. ამავე დროს, ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი გერმანიის
მხრიდან აღმოსავლეთის საზღვრების (პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, ლიტვასთან)
ხელშეუხებლობის გარანტიაზე. მიუხედავად ლოკარნოში დაშვებული ამ ორმაგი
სტანდარტისა, იქ დადებული შეთანხმება თანამედროვეთა მიერ მაინც შეფასდა, როგორც
დიდი გარდატეხა ევროპულ პოლიტიკაში. ლოკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი
შეუწყო გერმანიის მიღებას ერთა ლიგაში (1926). ამიერიდან გერმანია საერთაშორისო
საზოგადოების თვალში „ევროპის ცოფიანი ძაღლი“ კი აღარ იყო, არამედ მისი
სრულფასოვანი წევრი.
ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკაში 1920-იან წლებს „პაციფისტურს“ უწოდებენ იმიტომ,
რომ ამ პერიოდში სახელმწიფოები თანამშრომლობის გზით მშვიდობის შენარჩუნებას
ცდილობდნენ. ამ ათწლეულში მსოფლიო პოლიტიკაში პაციფისტური განწყობილების
ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გამოვლინება იყო 1928 წელს გაფორმებული ბრიან-კელოგის
პაქტი (პაქტს ასე ეწოდა შეთანხმების ინიციატორთა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ფრენკ

2
კელოგისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არისტიდ ბრიანის გვარების
მიხედვით). პაქტს 15 სახელმწიფო შეუერთდა. დოკუმენტი გმობდა და უარყოფდა ომს,
როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალებას. ცხოვრებაში ამ პაქტის რეალური გატარება
არ მომხდარა.
პარიზის საზავო კონფერენციაზე მოხდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მსოფლიოს
პოლიტიკურ რუკაზე. ევროპაში ეროვნული სახელმწიფოები წარმოიქმნა. ცენტრალურ
ევროპაში აღორძინდა XVIII საუკუნის ბოლოს დანაწილებული პოლონეთი: ის შეიქმნა
გერმანიის, რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების მიერ XVIII საუკუნის ბოლოს
დანაწილებული პოლონეთის ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე. პოლიტიკურ რუკაზე
დაბრუნდნენ ადრე ცალ-ცალკე არსებული ავსტრია და უნგრეთი. ევროპის შუაგულში
აღმოცენდა ჩეხოსლოვაკია. სერბების ჰეგემონიით ერთ სახელმწიფოში – სერბების,
ხორვატებისა და სლოვენების სამეფოში (1929 წლიდან მას იუგოსლავია ეწოდა)
გაერთიანდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველა სლავი ხალხი, გარდა ბულგარელებისა.
რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა სამი რესპუბლიკა –
საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში – ფინეთი, ლიტვა,
ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და ბელარუსი. საბჭოთა რუსეთმა ყველა მათგანი (ფინეთის
გარდა) ხელახლა დაიპყრო: 1918-1919 წლებში – უკრაინა და ბელარუსი; 1920-1921 წლებში
– კავკასიის რესპუბლიკები, 1940 წელს – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ყველა მათგანმა
„საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ სტატუსი მიიღო.
დაიშალა ოსმალეთის იმპერიაც. ყოფილი ოსმალეთის იმპერიის აზიური კოლონიები
ინგლისისა და საფრანგეთის კონტროლქვეშ მოექცა. იტალიაში, ფაშისტი ბენიტო
მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლამდე სუფევდა პოლიტიკური არასტაბილურობა.
მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა ინგლისში. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა
საფრანგეთიც.

საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე


ერთა ლიგაში მიღების საკითხი

საგარეო ასპარეზზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთ


მთავარ საზრუნავს უცხო სახელმწიფოთა მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობა
წარმოადგენდა. ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პარიზის საზავო კონფერენციაზე.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარების მისაღწევად
მიზნად დაისახა „ერთა ლიგაში“ გაწევრიანება. 1920 წლის 1 სექტემბერს საქართველოს
დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური მემორანდუმით მიმართა „ერთა ლიგას“
საქართველოს მიღების შესახებ. „ერთა ლიგაში“ მიღების თხოვნა გაიმეორა 1920 წლის
სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა
სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით.
1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის
წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის
საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ
კომისიას.
კომისიამ წარმოადგინა „ერთა ლიგაში“ ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ
მკაცრი მოთხოვნები. განხილვის შედეგად, მეხუთე განსაკუთრებულმა კომისიამ მიიღო
დადგენილება ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხი, ბალტიის სახელმწიფოებთან
ერთად, 1920 წლის 16 დეკემბრამდე გადაედო.
ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობდა 24
სახელმწიფო. არჩევისათვის საჭირო იყო 16 ხმა. 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის
წევრად საქართველოს მიღებას ხმა მისცა მხოლოდ ათმა სახელმწიფომ: სამხრეთ აფრიკამ,

3
ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ,
შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი
ბრიტანეთი, ესპანეთი, ზელანდია, ნიდერლანდი, ჩეხოსლოვაკია, დანია, საფრანგეთი; თავი
შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვედეთმა, რუმინეთმა. საქართველო ერთა ლიგის წევრი
ვერ გახდა. თავშეკავების ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა ერთა ლიგის წესდების
მეათე მუხლი, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების
ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების
უზრუნველყოფა.
ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების
მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო
თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პარიზის კონფერენციაზე გაიგზავნა
დელეგაცია კარლო (ნიკოლოზ) ჩხეიძის, ნოე რამიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გრიგოლ
რცხილაძის და სპირიდონ კედიას შემადგენლობით. საქართველოს დელეგაციამ
კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი, სადაც ასაბუთებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის
კანონზომიერებას და მოკავშირეთა საბჭოსაგან მოითხოვდა დამოუკიდებლობის
ოფიციალურ აღიარებას.
საქართველოს დელეგაციის წევრებს, ამის გარდა, ცალკე შეხვედრები ჰქონდათ
ინგლისის, საფრანგეთის, აშშ-ის წარმომადგენლებთან. დელეგაციას ყველგან თავაზიანად
იღებდნენ, დაპირებებსაც არ იშურებდნენ, მაგრამ რეალურად საქმე წინ ვერ მიდიოდა.
ფაქტია, რომ ამიერკავკასიის მიმართ საზავო კონფერენციის მონაწილე თითოეულ ქვეყანას
საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ყველა ცდილობდა თავისი გავლენის სფეროში მოექცია
სტრატეგიულად და ეკონომიკურად მრავალმხრივ ხელსაყრელი რეგიონი. სწორედ ამ
პერიოდში წარმოიშვა აზრი ამიერკავკასიაზე „მანდატის“ შესახებ, რის მოპოვებასაც
აქტიურად ესწრაფოდნენ ინგლისის და აშშ-ის სახელმწიფო მესვეურები. საზავო
კონფერენციის დღეებში ინგლისისა და ამერიკის საგანგებო მისიები სწავლობდნენ
ამიერკავკასიას ყველა იმ მონაცემით, რაც „მანდატის“ დაწესების აუცილებლობას
სჭირდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ვილსონის მითითებით სომხეთში საგანგებო
კომისრად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰასკელი, რომელსაც მთელი ამიერკავკასიის სამანდატო
მართველობისათვის შემზადება ევალებოდა.
1919 წლის მაისში ინგლისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თავისი ჯარების
საქართველოდან გაყვანის თაობაზე. ინგლისი თავის განკარგულებაში საქართველოდან
მხოლოდ ბათუმის ოლქს იტოვებდა. პარიზშივე გადაწყდა, რომ ინგლისის ადგილს
საქართველოში იტალია დაიკავებდა. იტალია მართლაც დიდად იყო დაინტერესებული
საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებით (განსაკუთრებით ქვანახშირით) და
პერსპექტივაში დიდ ეკონომიკურ გეგმებს ითვალისწინებდა. თბილისს 1919 წელსვე ეწვია
იტალიის მთავრობის საგანგებო მისია.
საქართველოს დელეგაციის დიპლომატიური მცდელობანი პარიზში წარუმატებლად
დასრულდა. ევროპის პოლიტიკურმა მესვეურებმა საქართველოს მიმართ დიდი
სიმპათიები გამოავლინეს და მას მორალური მხარდაჭერაც აღუთქვეს, მაგრამ ამაზე შორს
არ წასულან. მხოლოდ კონფერენციის ბოლოს გახდა შესაძლებელი საქართველოს
დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარება. პირველად ეს ნაბიჯი გადადგა არგენტინამ
(1919 წ. 15 სექტემბერი), ხოლო 1920 წლის 20 იანვარს საქართველო ცნო ინგლისმა,
საფრანგეთმა და იტალიამ, იმავე წლის 7 თებერვალს კი ‒ იაპონიამ.

You might also like