Professional Documents
Culture Documents
დუმბაძე ნოდარ
დუმბაძე ნოდარ
1928 - 1984
გურამ ასათიანი
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. 1937 წლის ცნობილი რეპრესიების
პერიოდში მამამისი, პარტიული მუშაკი ვლადიმერ დუმბაძე დააპატიმრეს, ხოლო დედა,
დიასახლისი ანა ბახტაძე - გადაასახლეს. პატარა ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის
მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და
ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში გადავიდა. ადგილობრივი საშუალო
სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
იმავე წელს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები. ეკონომიკური
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში,
იმავდროულად განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-57 წლებში მან გამოსცა
იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო
მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე
კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1960 წელს გამოვიდა მისი რომანი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, რომელმაც ავტორს არნახული
პოპულარობა მოუტანა. რომანში მოთხრობილია ამბავი ობოლი ბიჭისა, რომელსაც დიდი სამამულო
ომის დროს გურიის ერთ სოფელში მოხუცი ბებია და ორი ენაკვიმატი მეზობელი ზრდის. მასში უხვად
ჩართული იუმორისტული პასაჟები საოცრად მიმზიდველსა და ხალასს ხდის ნაწარმოებს. იმავე
წელს გამოვიდა დუმბაძის მეორე რომანი “მე ვხედავ მზეს”, რომელიც ფართო მკითხველისათვის
ასევე პოპულარული გახდა -აქაც სამამულო ომისდროინდელი ქართული სოფლის ყოფაა აღწერილი
ჩვეული გურული იუმორითა და სიმსუბუქით. ამას მოჰყვა რომანი “მზიანი ღამე” (1967), რომელშიც
მწერალმა თორმეტწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებული დედისა და გაუცხოებული შვილის
დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება ასახა. რომანში “ნუ გეშინია, დედა!” (1971) დუმბაძემ მისთვის
ჩვეული ლირიკული მანერით გადმოსცა საბჭოთა მესაზღვრეების ცხოვრება, მამაკაცური
მეგობრობა, თანამებრძოლის დაკარგვით გამოწვეული დარდი, გაუზიარებელი სიყვარულის
ტკივილი. ამ რომანზე მუშაობის დროს ნოდარ დუმბაძემ სასაზღვრო ნაწილში მესაზღვრედ
სამსახურისთვის სპეციალური ნებართვა აიღო. 1973 წელს გამოსულ რომანში “თეთრი ბაირაღები”
იმდროინდელი საბჭოთა მართლმსაჯულების ნამდვილი სახეა ნაჩვენები. მწერალი გაგებითა და
თანაგრძნობითაა განწყობილი იმ კრიმინალების მიმართ, ვინც ცხოვრების რთულმა პირობებმა
დამნაშავეებად აქცია. ბოლო რომანში “მარადისობის კანონი” (1978) მძიმე ავადმყოფი მთავარი
გმირი კეთილისა და ბოროტის შეცნობას ცდილობს.