Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

განვითარების ფსიქოლოგია 2

თემა IX

ადრეული მოზრდილობა

ფსიქოლოგების აზრით, განვითარების პოტენციალი ადამიანს აქვს მთელი


ცხოვრების განმავლობაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განვითარების პროცესი
მოზრდილობაში განსხვავებულია განვითარების პროცესისგან ბავშვობისა და
მოზარდობის ასაკში. ცვლილებები მოზრდილი ადამიანის აზროვნებაში, ქცევაში,
პიროვნებაში მხოლოდ უმნიშვნელოდ არის დამოკიდებული მეტრიკულ ასაკზე. ის
უფრო მეტად დამოკიდებულია პირად, სოციალურ და კულტურულ მოვლენებსა და
ფაქტორებზე. შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციის უნარი წარმოადგენს
მოწიფულობის კრიტერიუმს.

მოზრდილობის ასაკში არ გვაქვს ისეთი ფიზიკური მარკერები როგორიცაა,


მაგალითად პუბერტატი ან კოგნიტური განვითარების სტადიები. ამის სანაცვლოდ
მოზრდილების განვითარების პროცესს განსაზღვრავს კულტურით განპირობებული
სოციალური ორიენტირები, ასევე როლები და ურთიერთობები, რომელიც შედის
ოჯახურ ციკლში და კარიერაში. სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე გავლენას
ახდენს, როგორც დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ასევე ფიზიკური ცვლილებები.
ყოველივე ამაზე კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მოულოდნელმა, მატრავმირებელმა
მოვლენამ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოების ან კაცობრიობის
ცხოვრებაში.

ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენების დადგომის დრო როგორიცაა -


ქორწინება, შვილის გაჩენა, პროფესიის არჩევა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
კულტურის მოთხოვნებით. ზოგი სოციალური მოვლენა შეიძლება განვიხილოთ
როგორც ნორმატიული, ზოგი კი არანორმატიული. ნორმატიულია მოვლენა, რომელიც
მოსალოდნელია გარკვეულ დროს, ერთი თაობის უმეტესი ადამიანებისათვის.
არანორმატიულია მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს ცალკეული ადამიანის
ცხოვრებაში. მაგალითად, მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა,
სამსახურის დაკარგვა და ა.შ.

კრაიგი გამოყოფს მოზრდილობის ხანაში 3 პერიოდს: ადრეული მოზრდილობა (20-


40 წელი), შუა ხანი (40-60 წელი) და გვიანი მოზრდილობა (60 წლის ზემოთ). თუმცა
უნდა ავღნიშნოთ, რომ მოზრდილი ადამიანის ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე,
მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს - სოციოეკონომიური სტატუსი,
ქალაქის ან სოფლის გარემო, ომი, ეკონომიური დეპრესია და ა.შ. მაგალითად, ადამიანი
რომელიც თავს ირჩენდა მძიმე ფიზიკური შრომით, 50 წლის ასაკში შეიძლება თავს
განიცდიდეს, როგორც მოხუცი; ხოლო მეცნიერი კი სწორედ ყველაზე პროდუქტიულად
განიცდიდეს თავს სწორედ 50 წლის ასაკში.

მოზრდილობის ასაკში ასაკობრივი მარკერების არ ქონის გამო, ფსიქოლოგები


გვთავაზობენ შემდეგ 2 მარკერს: ასაკობრივი საათის ცნება სოციალური ნორმების
კონტექსტსში და კრიტიკული სიტუაციებისადმი გამკლავების უნარი.

ნიუგარტენმა შემოგვთავაზა ასაკობრივი საათის ცნება, რომლის მიხედვითაც


მოზრდილები გადადიან ერთი სტადიიდან მეორეზე. ასაკობრივი საათი ასრულებს
შინაგანი დროის დიაგრამის ფუნქციას. ეს არის გარკვეული სახის ”ცხოვრების განრიგი”,
რომელზე დაყრდნობითაც ვარკვევთ, რამდენად სწრაფად ან ნელა მივიწევთ წინ
სოციალურ მოვლენებთან მიმართებაში. მაგალითად, თუ ადამიანი 35 წლის ასაკში
სტუდენტია, ის შეიძლება განიცდიდეს, რომ ჩამორჩა თანატოლებს.

ასაკობრივი საათი გვიჩვენებს, თუ როდის უნდა მოხდეს ესა თუ ის მოვლენა ჩვენს


ცხოვრებაში. მართალია ამ საზღვრებს ხანდახან აქვს ფსიქოლოგიური საფუძველი,
მაგრამ უფრო ხშირად ის სოციალური ბუნებისაა. მაგალითად, როდესაც პირველი
შვილი უჩნდება 18 ან 50 წლის მამაკაცს, ჩვენ განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვაძლევთ
მათ მოტივაციას და შესაბამისად განსხვავებულად მოვექცევით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ცხოვრების


ტრადიციული პერიოდების საზღვრების წაშლას. საზოგადოება ხდება ”ასაკისადმი
გულგრილი”. მაგალითად, დღეს აღარ იწვევს გაკვირვებას 30, 40 წლის სტუდენტი,
ხოლო ბევრი ოჯახი შვილის ყოლას 30 წლის შემდეგ ამჯობინებს.

ასაკის 3 განმარტება.

მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში ქრონოლოგიური ასაკი ნაკლებად


ინფორმაციულია. უმჯობესია განვიხილოთ ბიოლოგიური, სოციალური და
ფსიქოლოგიური ასაკი.

ბიოლოგიური ასაკი ეს არის ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხანგრძლიობა.


მაგალითად, 30 წლის სერიოზული დაავადების მქონე ადამიანის ბიოლოგიური ასაკი,
იგივე მეტრიკული ასაკის ჯანმრთელი ადამიანის ბიოლოგიური ასაკისგან
განსხვავებულია.

სოციალური ასაკი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესატყვისება


ადამიანის სტატუსი კონკრეტულ კულტურაში არსებულ ნორმებს. მაგალითად, 50 წლის
ცოლ-შვილიან მამაკაცს განსხვავებულად აღიქვამენ, ვიდრე 50 წლის უცოლო მამაკაცს,
რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორს.

ფსიქოლოგიური ასაკი მიუთითებს იმას, თუ რამდენადაა ადამიანი


ადაპტირებული გარემოს. აქ შედის ინტელექტის დონე, სწავლის უნარი, მოტორული
ჩვევები, გრძნობები, მოტივები, ღირებულებები და განწყობები.

მოწიფულობა არის ბიოლოგიური (ასაკი), სოციალური (სოციალური სტატუსი) და


ფსიქოლოგიური (მატერიალური და სოციალური დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღების უნარი, ხასიათის სიმტკიცე, კეთილგონიერება, პატიოსენება,
ტოლერანტობა) ფაქტორების ერთიანობა.

კრიტიკული სიტუაციების გამკლავების უნარი. მოზრდილობის ასაკში მარკერად


ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ინდივიდის რეაქცია სხვადასხვა ცხოვრებისეულ
მოვლენებზე - ორსულობა, სამსახურის დაკარგვა, გაყრა, ახლობლის გარდაცვალება და
ა.შ.

მოზრდილის რეაქციას განაპირობებს სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი


ფაქტორები. მაგალითად, ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვაზე რეაქციას
განაპირობებს:

ფიზიკური ჯამრთელობა. კარგი ჯამრთელობა ეხმარება ადამიანს სტრესის


დაძლევაში და ახალი სამსახურის ძიებაში.

ფინანსური რესურსები. თუ ადამიანს გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური


რესურსები, სამსახურის დაკარგვა ნაკლებ სტრესს გამოიწვევს.

კვალიფიკაცია. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი უფრო ადვილად იშოვნის


ახალ სამსახურს.

სოციალური მხარდაჭერა. თუ ადამიანს აქვს ოჯახიდან და მეგობრებისგან


მხარდაჭერა, ის უფრო ადვილად გადაიტანს სტრესს.

მოვლენების სწორი ინტერპრეტაცია. თუ ადამიანი სწორ ანალიზს გააკეთებს


(მაგალითად, საწარმოს რეორგანიზაცია, კონფლიქტი ადმინისტაციასთან), ეს ეხმარება
მას სტრესის დაძლევაში და ძალების მობილიზაციაში.

მოსალოდნელი მოვლენების წინასწარგანჭვრეტა და მზაობა. თუ მოვლენებს


წინასწარ ველოდებით, შეიძლება თადარიგი დავიჭიროთ.

ცხოვრებისეული პირობები. ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილებაში


სამსახურის დაკარგვა, უფრო მტკივნეულად განიცდის.
კოგნიტური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში

კოგნიტური ზრდა თუ ვარდნა?

ისმის კითხვა - აქვს თუ არა ადგილი კოგნიტურ განვითარებას ადგილი


მოზარდობის ასაკის შემდეგ?

მოზრდილობის ასაკში კოგნიტურ განვითარებასთან დაკავშირებით მკვლევრებს


არა აქვთ ერთიანი აზრი. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიიჩნევდნენ, რომ
კოგნიტური განვითარება პიკს აღწევს მოზარდობის ასაკის ბოლოსთვის. ეს მოსაზრება
ემყარებოდა კვლევის შედეგების არასწორ ინტერპრეტაციას. კვლევების შედეგების
მიხედვით, მოზრდილები ინტელექტის ტესტებში აჩვენებდნენ უფრო დაბალ
მონაცემებს, ვიდრე ახალგაზრდები. ასეთი შედეგი მიიღება მაშინ, როცა ასაკობრივი
ჯგუფი წარმოდგენილია სხვადასხვა ადამიანებით, როცა კვლევა ტარდება
კროსსექციური მეთოდით.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როცა კვლევისთვის დაიწყეს


ლონგიტუდური მეთოდის გამოყენება (იკვლევდნენ ერთი და იმავე ადამიანებს,
სხვადასხვა ასაკში), მიღებული იქნა საპირისპირო შედეგები.

როგორ აიხსნება მიღებული შედეგები?

უფროსი ასაკის ჯგუფში იყვნენ ემიგრანტები და დაბალი განათლების მქონე


ადამიანები, ახალგაზრდების ჯგუფის წევრებს კი დამთავრებული ჰქონდათ კოლეჯი ან
საშუალო სკოლა.

როგორც მრავალრიცხვოვანი კვლევები აჩვენებს განათლებულ ადამიანებს


აღენიშნებათ IQ-ს ტესტებში მონაცემების ზრდის ტენდეცია, შედარებით ნაკლებად
განათლებულებისგან.

ზოგიერთი კოგნიტური უნარი პიკს აღწევს უფროსი მოზარდობის პერიოდში.


მაგალითად, დავალების შესრულების სისწრაფე, მექანიკური მეხსიერება, მატრიცებით
ოპერირება. ამას შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური საფუძველი ან ის, რომ
მოზარდები მოსწავლეები არიან, ამიტომ ისინი ყოველდღიურად იყენებენ და
ანვითარებენ აღნიშნულ უნარებს.

ფაქტობრივად ყოველი დისციპლინა დაკავშირებულია სპეციფიურ აზროვნებით


უნარებთან. სწორედ ამიტომ, მაგალითად, ფსიქოლოგებს კარგად აქვთ განვითარებული
რელატივისტური (შეფარდება) აზროვნება, ჰუმანიტარებს - ტრადიციული ლოგიკა.
ამიტომ, მოზრდილობის ასაკში ის უნარები ვითარდება ან ინარჩუნებს პლატოს,
რომელსაც ადამიანი ხშირად იყენებს. მაგალითად, არქიტექტორებს კარგად აქვთ
განვითარებული სივრცითი-ვიზუალური აზროვნება. ზოგიერთი კოგნიტური უნარი
როგორიცაა, მაგალითად, მსჯელობა, განსჯა ვითარდება მთელი ცხოვრების
განმავლობაში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, თუ რომელი კოგნიტური უნარები განიცდის ცვლილებას


მოზრდილობაში და რაში გამოიხატება ეს ცვლილება საბოლოოდ დადგენილი არ არის.
თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განათლება და გამოცდილება გავლენას ახდენს
კოგნიტური პროცესების განვითარებაზე მოზრდილობაში.

სტუდენტური აზროვნების სტადიები.

1970 წელს უილიამ პერიმ(Perry) ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა


ჰარვარდისა და რადკლიფის 140 სტუდენტი. კვლევის მიზანი იყო, აზროვნების
პროცესებში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა. კვლევა 4 წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა. პერის აინტერესებდა, თუ როგორ იგებენ სტუდენტები განსხავებულ
მოსაზრებებს და როგორ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას.

მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიმ გამოყო აზროვნების განვითარების 3


საფეხური:

ავტორიტარული, დუალისტური მიდგომა. თავიდან სტუდენტები სამყაროს


ავტორიტარულად, დუალისტურად აღიქვამდნენ. ეძებდნენ აბსოლუტურ
ჭეშმარიტებას. მათთვის სამყარო დაყოფილი იყო - შავად და თეთრად, ცუდად და
კარგად, სწორად და არასწორად. პედაგოგის როლი ამ დროს გახლდათ სტუდენტების
სწავლება, ხოლო სტუდენტებისა - ამ ცოდნის ათვისება. განსხვავებული კონცეფციები
და შეხედულებები კი მათში იწვევდა დაბნეულობასა და გაურკვევლობას.

კონცეპტუალური რელატივიზმი (კონცეფცია- შეხედულებათა სისტემა;


რელატივიზმი- შეფარდება). თანდათან სტუდენტები უშვებდნენ, რომ ერთი და იმავე
საკითხთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეხედულებები.
შესაძლებელია ამის მიზეზი არის ის, რომ პედაგოგები ისე აწვდიდნენ მასალას, რომ
სტუდენტებს თვითონ მოეძებნათ პასუხები ან თვითონ პროფესორებს არ ჰქონდათ
ზუსტი პასუხი დასმულ კითხვებზე.

საკუთარი მოსაზრება. სტუდენტს უყალიბდება საკუთარი აზრი საკამათო


საკითხებთან დაკავშირებით.

კლაუს რიგელმა (Klaus Riegel) განსხავებული შეხედულებების წვდომის უნარი


შეაფასა როგორც კოგნიტური განვითარების მე - 5 სტადია (პიაჟეს მიერ გამოყოფილი 4
სტადიის შემდგომი სტადია), რომელსაც დიალექტიკური აზროვნება უწოდა. ინდივიდი
ამ სტადიაზე იაზრებს განსხვავებულ (ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო) მოსაზრებებს,
ახდენს საპირისპირო აზრების სინთეზირებას ან ინტეგრაციას. ამ სტადიის
მნიშვნელოვანი ასპექტი არის იდეალისა და რეალობის ინტეგრაცია. პრაქტიკული,
რეალური სამყარო ახდენს აბსტაქტული, ფორმალურ-ოპერაციული აზროვნების
(იდეალური) კორექციას. რიგელის თანახმად, სწორედ ამაში მდგომარეობს მოზრდილი
ადამიანის აზროვნების ძლიერი მხარე.

პერისა და რიგელის მოსაზრებები ფორმირებულია კოლეჯის სტუდენტებზე


დაკვირვების შედეგად, ამიტომ შესაძლებელია ცვლილებები განპირობებული
ყოფილიყო კოლეჯში სწავლის გამოცდილებასთან და არა უბრალოდ მოზრდილობის
ასაკში შესვლასთან.

სხვა თეორეტიკოსი, გიზელა ლეიბოუვი-ვიფი(Gisela Labouvie-Vief),


აზროვნების განვითარების კრიტერიუმად მიიჩნევს - ,,ვალდებულებას და
პასუხიმგებლობას“. მისი აზრით, კოგნიტური განვითარება მოიცავს, როგორც ლოგიკის
განვითარებას (პიაჟე), ასევე აზროვნების თვითრეგულაციას. ის მიიჩნევდა, რომ
ლოგიკური აზროვნება თავის პიკს აღწევს ფორმალური ოპერაციების სტადიაზე, მაგრამ
ვინაიდან ზრდასრულ ადამიანებს შეჯახება უწევთ სოციალურ პრობლემებთან,
განსხავებულ შეხედულებებთან, რეალურ (პრაქტიკულ) სამყაროსთან, ეს ეხმარება მათ
თავი დააღწიონ დუალისტურ აზროვნებას. მან აღწერა ეს პერიოდი, როგორც
ხანგრძლივი პროცესი, სადაც ადამიანი იძენს დამოუკიდებლობას და არაერთგვაროვან,
რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების უნარს. კოგნიტური სიმწიფე ეს
არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ყველა მკვლევარი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებობს კოგნიტური


განვითარების მე-5 სტადია. უორნერ შაის (Warner Shaie) თანახმად, მოზრდილი
ადამიანის აზროვნების თავისებურება არის არსებული კოგნიტური უნარების მოქნილი
გამოყენება.

ბავშვობაში და მოზარდობაში ჩვენ ვიძენთ სულ უფრო და უფრო რთულ


კოგნიტურ სტრუქტურებს, ხოლო ფორმალური ოპერაციები არის ამ პერიოდის
უმაღლესი მონაპოვარი. სწორედ ამიტომ შაი ამ პერიოდს უწოდებს, შეძენის პერიოდს.

ადრეული მოზრდილობის ხანაში ჩვენ ვიყენებთ ინტელექტუალურ უნარებს, რათა


მივაღწიოთ წარმატებას და ავირჩიოთ ცხოვრების სტილი. ამ პერიოდს შაი მიღწევის
პერიოდს უწოდებს. ადამიანი იყენებს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს რათა
გადაჭრას პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილება. აქ არ იგულისხმება აბსტრაქტული
პრობლემების და ინტელექტის ტესტების გადაწყვეტა, არამედ ის, რომ მოზრდილმა
ადამიანმა უნდა მიიღოს მის პირად პრობლემებთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებები. ამ ამოცანების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში,
ადამიანები იძენენ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

შუა ხანი კი არის სოციალური ვალდებულებების პერიოდი. მოზრდილი


კოგნიტურ უნარებს იყენებს სხვა ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად (ოჯახში,
საზოგადოებაში, სამსახურში). ამ პერიოდში ადამიანმა შეიძლება თავისი კოგნიტური
უნარები გამოიყენოს ადმინიტრაციული ფუნქციების შესრულებისას და სოციალური
პასუხიმგებლობების აღებით.

გვიან მოზრდილობაში გადასაჭრელი პრობლემების ბუნება კვლავ იცვლება.


მთავარი ამოცანაა გავლილი ცხოვრების რეინტეგრაცია, პირადი ცხოვრების გააზრება
და შეფასება.

განვითარების ამოცანები ადრეულ მოზრდილობაში

ბევრი თეორეტიკოსი ადრეული მოზარდობის პერიოდში განვითარების მთავარი


ამოცანების განსაზღვრისას მიმართავს ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების
თეორიას. ერიქსონმა მოგვაწოდა ეპიგენეტიკური თეორია, რაც ნიშნავს იმას, რომ
განვითარების ყოველი მომდევნო პერიოდი ემყარება წინა პერიოდს. განვითარება
მოზრდილობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილი წინა
პერიოდების კრიზისები. ადრეულ მოზრდილობაში უნდა გადაწყდეს შემდეგი
ამოცანები: იდენტობა-როლების აღრევა და სიახლოვე- იზოლაცია.

როგორც ვიცით იდენტობის ფორმირება მოზარდობის ასაკის ცენტრალური


პრობლემაა, თუმცა როგორც ერიქსონი აღნიშნავს, იდენტობა აქტუალურია მთელი
მოზრდილობის პერიოდის განმავლობაში. ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს
პრიორიტეტები და ადგილი სოციალურ გარემოში. მაგალითად, ახლობელი ადამიანის
გარდაცვალებამ შეიძლება გამოიწვიოს იდენტობის და სიახლოვის კრიზისი, ვინაიდან
ის ცდილობს თავიდან იპოვოს საკუთარი თავი. სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა,
ახალი სამსახური და ა.შ. მოითხოვს ადამიანისგან ფსიქოლოგიურ და სოციალურ
ადაპტაციას. ახალ გარემოში მას დასჭირდება ნდობის და დამოუკიდებლობის აღდგენა,
ახალი მეგობრების შეძენა, თავისი კომპეტენტურობის დამტკიცება. ახალი სიტუაცია
მოითხოვს ახალი იდენტობის ფორმირებას.
სიახლოვე-იზოლაცია მოზრდილობის ასაკის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სიახლოვე მოითხოვს სხვა ადამიანთან ახლო (ეს ურთიერთობა ორივე ადამიანისათვის
უნდა იყოს სასიამოვნო) ურთიერთობის დამყარებას. სიახლოვე ეს არის ორი იდენტობის
ერთიანობა, სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს ინდივიდუალობას.

Grant study

ვაილენტმა (1977წ.) ჰარვარდის უნივერსიტეტის 300 სტუდენტზე ჩაატარა ლონგი-


ტუდური კვლევა, რომელიც ცნობილია Grant study-ის სახელით. რესპოდენტებს
უტარებდნენ ტესტებს და ინტერვიუს, აანალიზებდნენ მათ ქცევას და თვალს
ადევნებდნენ მათ განვითარებას. შეარჩიეს ჯანმრთელი, თავდაჯერებული, მტკიცე
ხასიათის და მაღალი მიღწევის მოტივაციის მქონე რესპოდენტები. მკვლევრებს
აინტერესებდათ, თუ როგორ და რატომ აღწევდა მოზრდილობაში ზოგი წარმატებას,
ზოგი კი მარცხს განიცდიდა.

მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ მხიარული, მეგობრული, ალტრუისტი


ახალგაზრდები, მომავალში გახდებოდნენ წარმატებული მამაკაცები. როგორც
მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, მათი ვარაუდი არ გამართლდა. ჩაკეტილი, მორიდებული
ახალგაზრდები ისევე აღმოჩნდნენ წარმატებულები, როგორც კომუნიკაბელური,
მეგობრული ახალგაზრდები. ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა და პრაქტიკულობა
აღმოჩნდა ის პიროვნული მახასიათებლები, რომელიც განაპირობებდა მომავალ
წარმატებებს.

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი დაცვითი მექანიზმი გადამწყვეტ


როლს ასრულებს წარმატების მიღწევაში. ესაა: განდევნა, პროექცია და სუბლიმაცია. ეს
მექანიზმები განიხილებოდა არა როგორც პათოლოგიური პროცესები, არამედ როგორც
რეაქცია პრობლემაზე და კრიზისზე. განსაკუთრებით პოზიტიურ როლს თამაშობდა
სუბლიმაცია - მიუღებელი იმპულსების და შემაწუხებელი ენერგიის წარმართვა
სოციალურად მისაღებ მიზნებზე.

ვაილენტის მიხედვით, ეს დაცვის მექანიზმები ასრულებს 5 ფუნქციას:

1. დაძაბულობის დროს თოკავენ ემოციებს მისაღებ საზღვრებში. მაგალითად,


ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას.
2. ინარჩუნებენ მუდმივობას, მიმართავენ რა ბიოლოგიურ ლტოლვას საჭირო
მხარეს.
3. შეაქვთ კორექცია მე-ხატში. მაგალითად, კარიერული ზრდის დროს ან მძიმე
ოპერაციის შემდეგ.ემოციური
4. ხელს უწყობენ კონფლიქტების მოგვარებას.
5. აგვარებენ პრობლემებს სინდისთან. მაგალითად, ომის დროს ადამიანების
მოკვლასთნ დაკავშირებით.

რა ფაქტორები განაპირობებს მოწიფული დაცვითი მექანიზმების განვითარებას?

კვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ინტელექტი, ბედნიერი ბავშვობა და


მატერიალური კეთილდღეობა არ იძლევა წარმატებული ადაპტაციის გარანტიას.
ვაილენტის აზრით, მოწიფულ ადაპტაციას განაპირობებს 2 ფაქტორი: ორგანული
(ტვინი) და გარემო. ადამიანის ტვინი ვითარდება როგორც სტრუქტურულად, ასევე
ფუნქციურად 50 წლის ასაკამდე, ამიტომ მოზრდილი ადამიანის ზოგი წარმატება ან
წარუმატებლობა შეიძლება აიხსნას მისი თავისებურებებით. გარემოში კი იგულისხმება
გავლენიან და ასევე მასზე დამოკიდებულ ადამიანებთან ურთიერთობა. კვლევაში
მონაწილე ადამიანებმა, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ჰყავდათ
დამრიგებელი და მისაბაძი მოდელები; ხოლო თვითონ ისინი კი უწევდნენ დახმარებას
და თანადგომას თავის შვილებს, დამწყებ სპეციალისტებს და სხვა მოსწავლეებს.

ვაილენტი აღნიშნავს, რომ კვლევამ დაადასტურა ერიქსონის მიერ გამოყოფილი


განვითარების პერიოდები. თუმცა შემოგვთავაზა 2 ჩასწორება ერიქსონის თეორიაში.
მისი აზრით, მე-6 (სიახლოვე-იზოლაცია) და მე-7 (გენერაციულობა-სტაგნაცია)
პერიოდს შორის, არის შედარებითი სიმშვიდის პერიოდი, რომელსაც მან უწოდა
კარიერის განმტკიცება. ხოლო მე-7 (გენერაციულობა-სტაგნაცია) და მე-8 (ეგოს
მთლიანობა-გულგატეხილობა) არის პერიოდი, რომელსაც მან უწოდა ცხოვრების აზრის
შენარჩუნება ან მოუქნელობა. ადამიანი ამ პერიოდში მიდის ეგოს მთლიანობისკენ.

ე.ი. ვაილენტმა შემოგვთავაზე ადამიანის განვითარების 10 პერიოდი.

მამაკაცის ცხოვრების პერიოდიზაცია ლევინსონის მიხედვით

ლევინსონმა მამაკაცის ცხოვრების ციკლში გამოყო 3 ერა, თითოეული 20 წლის


ხანგრძლიობით: 17-45 წელი - ადრეული მოზრდილობა, 45-65 წელი - შუა ხანი და 65
წლის ზემოთ - გვიანი მოზრდილობა. თითოეული ერის პერიოდში ინდივიდი ქმნის
ცხოვრების სტრუქტურას. ეს სტრუქტურა არის მამაკაცის ცხოვრების სტილის
საფუძველი. ცხოვრების სტრუქტურა ძირითადად წარმოიქმნება ინდივიდისა და
გარემოს ურთიერთობის შედეგად. ინდივიდს შეაქვს თავისი წილი გარემოსთან
ურთიერთობაში და ასევე ღებულობს მისგან. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა
კონკრეტულ ადამიანებთან, ჯგუფებთან, სისტემებთან და საგნებთანაც კი. მამაკაცების
უმრავლესობისთვის ცენტრალური ადგილი უკავია ურთიერთობებს სამსახურში და
ოჯახში. ცხოვრების გარკვეულ ასაკობრივ პერიოდებში ადამიანები განიცდიან ეჭვს და
არღვევენ არსებულ ცხოვრებისეულ სტრუქტურას. შემდეგ ქმნიან ახალ სტრუქტურას,
რომელიც შეესაბამება მათ მიმდინარე მოთხოვნილებებს. ახალი სტრუქტურა ხდება
დომინანტური გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ არ დადგება ახალი
სტრუქტურის შექმნის საჭიროება.

მამაკაცის ცხოვრების ციკლის თითოეულ ერაში ლევინსონმა გამოყო


ქვეპერიოდები (იხ. ცხრილი 1).

მამაკაცის ცხოვრების ციკლის პერიოდები (ცხრილი 1)

გვიან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი. 60-65 წელი

შუა ხანის ცხოვრების სტრუქტუ-


რა კულმინაციურ პერიოდში, 55-60
წელი

გადასვლის პერიოდი, 50-55 წელი

ცხოვრების სტრუქტურა შუა ხანის


დასაწყის პერიოდში, 45-50 წელი

შუა ხანში გადასვლის პერიოდი. 40-45 წელი

ცხოვრების სტრუქტურა ადრეული


მოზრდილობის კულმინაციურ პერიო-
დში

გადასვლის პერიოდი, 28-30 წელი

ცხოვრების სტრუქტურა ადრეული მოზ-


რდილობის დასაწყის პერიოდში, 22-28
წელი

ადრეულ მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი

ლევინსონის მიხედვით, იმისათვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გახდეს


მოზრდილი, მან უნდა გადაწყვიტოს 4 ამოცანა: დაუკავშიროს ოცნება რეალობას,
იპოვოს დამრიგებელი, გაიკეთოს კარიერა და მოაგვაროს ინტიმური ურთიერთობები.
ოცნება და რეალობა. ადრეული მოზრდილობის დასაწყის ეტაპზე ოცნება
ნაკლებადაა დაკავშირებული რეალობას. მამაკაცი შეიძლება ოცნებობდეს გახდეს
ცნობილი მწერალი ან სპორტსმენი, ფილოსოფოსი, მაგნატი, შექმნას ბედნიერი ოჯახი
და ა.შ. ოცნების მთავარი ფუნქციაა უბიძგოს მამაკაცს აქტივობისკენ. იდეალში მამაკაცი
ცხოვრების სტრუქტურის შექმნისას ითვალისწინებს რეალობას, აქვს გონივრული
ოპტიმიზმი, რაც ეხმარება მას ოცნების განხორციელებაში.
თუ მამაკაცი ვერ მოახდენს ოცნების დაკავშირებას რეალობასთან, ის არ განხო-
რციელდება. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს არასასურველ გარემო პირობებზე,
სპეციფიური უნარების არ ქონაზე, მშობლების ზეწოლაზე, პასიურობაზე, დანაშაულის
გრძნობაზე. მაგალითად, ის დაეუფლება იმ პროფესიას, რომელიც მას არ მოსწონს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოცნებები შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, თუ
ახალგაზრდას უნდოდა გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი, შემდგომში შეიძლება
კმაყოფილება მიიღოს მწვრთნელად მუშაობისას.
დამრიგებელი. ოცნების განხორციელებაში ახალგაზრდას შეიძლება დაეხმაროს
დამრიგებელი. იგი გადასცემს ახალგაზრდას ცოდნას და გამოცდილებას, მხარში უდგას
და ამხნევებს მას, ეხმარება კარიერულ ზრდაში, ლობირებს მას. დამრიგებელს უნდა
ჰქონდეს გარკვეული სოციალური სტატუსი, უნდა ავლენდეს ”მოწაფის” მიმართ
სიმპათიას, უნდა დაამყაროს მასთან პარტნიორული ურთიერთობები. თანდათანობით
ახალგაზრდა ხდება უფრო კომპეტენტური და დამოუკიდებელი. მან შეიძლება
დამრიგებელზე უფრო დიდ წარმატებებსაც კი მიაღწიოს.
კარიერა. ახალგაზრდამ პროფესიის არჩევასა და დამრიგებლის მოძიებასთან
ერთად, უნდა ააწყოს კარიერა. ლევინსონის თანახმად, ეს არის განვითარების ამოცანა.
ახლო (ინტიმური) ურთიერთობები. ინტიმური ურთიერთობები არ
შემოიფარგლება ოჯახის შექმნით და პირველი შვილის გაჩენით. მანამდეც და
შემდეგშიც მამაკაცი იძენს ახალ გამოცდილებას. მან უნდა გაარკვიოს - რატომ მოსწონთ
ის ქალბატონებს, უნდა გაიგოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მხოლოდ 30 წლის
ასაკისთვის შეუძლია მამაკაცს დაამყაროს პარტნიორთან სერიოზული, თანასწორი
ურთიერთობა.
პირველი კავშირი ”განსაკუთრებულ ქალთან” (ლევინსონოს ტერმინი) ემსახურება
იგივე მოთხოვნილებებს, რასაც ურთიერთობა მოსწავლე-დამრიგებელი.
”’განსაკუთრებული ქალი” შეიძლება დაეხმაროს მამაკაცს ოცნების განხორციელებაში,
აგრძნობინებს მას თავს გმირად. იგი ეხმარება მამაკაცს შევიდეს მოზრდილთა
სამყაროში, იტანს მის დამოკიდებულ ქცევას და სხვა ნაკლოვანებებს. ლევინსონის
მიხედვით, მამაკაცის მოთხოვნილება ”განსაკუთრებული ქალისადმი” იკლებს 30 წლის
ასაკისთვის, როდესაც მამაკაცების უმრავლესობა ხდება დამოუკიდებელი და
კომპეტენტური.

ქალის ცხოვრების პერიოდიზაცია


ლევინსონის კვლევამ მკაცრი კრიტიკა გამოიწვის, რადგან მან არ შეისწავლა
ქალების ცხოვრების პერიოდები.
შემდგომში ლევინსონმა ჩაატარა კვლევა ქალბატონებზეც (კვლევაში
მონაწილეობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, ბიზნესით დაკავებული
ქალბატონები და დიასახლისები) და აღნიშნა, რომ ქალმა ცხოვრების მანძილზე უნდა
გადაწყვიტოს იგივე ამოცანები, რაც მამაკაცმა. კერძოდ, დააკავშიროს ოცნება რეალობას,
იპოვოს დამრიგებელი, გაიკეთოს კარიერა, მოაგვაროს ინტიმური ურთიერთობები და
გადალახოს 30 წლის კრიზისი. ლევინსონის მიხედვით, 30 წლის ასაკი არის სტრესის
პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდში კარიერული მიზნები და ცხოვრების სტილი განიცდის
გადაფასებას.
ლევინსონის აზრით, ცხოვრების გზაზე ქალის (ასევე მამაკაცის) ერთი
პერიოდიდან მეორეზე გადასვლას განაპირობებს ასაკი (30, 40, 50 წელი). თუმცა სხვა
მკვლევრების აზრით, ქალის ცხოვრების პერიოდების უკეთესი ინდიკატორია ოჯახური
ციკლი.
ლევინსონის კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო მეტად ოცნებობენ კარიერაზე,
ხოლო ქალები კი ოცნებობდნენ კარიერის და ოჯახის შეთავსებაზე. უნივერსიტეტის
პედაგოგები თანახმა იყვნენ კარიერაზე დროებით უარი ეთქვათ და დაკავებული
ყოფილიყვნენ ბავშვების აღზრდით, ხოლო ბიზნესმენი ქალბატონები ცდილობდნენ
ორივე ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტას. მხოლოდ დიასახლისი ქალბატონები
მზად იყვნენ თავი მიეძღვნათ ოჯახისა და ბავშვებისადმი.
როგორც ქალბატონები აღნიშნავდნენ ძალიან რთულია ოჯახის და კარიერის
შეთავსება. ქალბატონები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კარიერაში თვლიდნენ, რომ
ბევრი დააკლეს ოჯახს. ასევე დიასახლისი ქალბატონებიც არ იყვნენ ძალიან კმაყოფილი
ცხოვრებით.
მეორე სფერო რაშიც ქალის და მამაკაცის გამოცდილება განსხვავდება
ერთმანეთისგან არის ურთიერთობა დამრიგებელთან. მართალია, დამრიგებელი
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრების და კარიერის მოწყობაში, მაგრამ
ქალები ნაკლებად შედიან ურთიერთობაში დამრიგებელთან. ჯერ ერთი, არც ისე ბევრი
ქალია, რომელის სოციალური სტატუსი აძლევს მას საშუალებას უხელმძღვანელოს,
მისცეს რჩევა, გაუწიოს ლობირება თავის ”მოსწავლეს”. ხოლო თუ დამრიგებლის როლს
აიღებს მამაკაცი, მაშინ მათი ურთიერთობა შეიძლება ჩაანაცვლოს ”სექსუალურმა
ლტოლვამ”. ასევე დამრიგებლის როლი შეიძლება შეასრულოს მეუღლემ, მაგრამ მას
შემდეგ რაც ქალბატონი გახდება საკმაოდ კომპეტენტური და მოითხოვს პარტნიორულ
ურთიერთიერთობებს, მეუღლე უარს ეუბნება მხარდაჭერაზე.
ქალებს ასევე სირთულეები აქვთ ”განსაკუთრებული მამაკაცის” მოძებნაში.
შეიძლება მეუღლემ ან შეყვარებულმა შეასრულოს ეს როლი, მაგრამ მამაკაცი იშვიათად
უჭერს მხარს ქალის ოცნებას, თუ ეს ემუქრება მათ კომპეტენტურობას. შესაბამისად,
ისინი არ ასრულებენ ”განსაკუთრებული მამაკაცის” ფუნქციას სრულყოფილად, არ
უწყობენ ხელს ქალის პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებას.
30 წლის ასაკი არის დაკავშირებული სტრესთან როგორც მამაკაცებთან, ასევე
ქალბატონებთან. მამაკაცმა შეიძლება შეიცვალოს სამსახური ან ცხოვრების სტილი,
მაგრამ ცხოვრების მიზანი მაინც რჩება სამსახური და კარიერა. რაც შეეხება
ქალბატონებს, 30 წლის პერიოდში ისინი ცვლიან პრიორიტეტებს. ქალბატონი, რომელიც
ორიენტირებული იყო კარიერაზე, მეტ ყურადღებას უთმობს ოჯახს და შვილებს; ხოლო
ქალბატონი, რომელიც ორიენტირებული იყო ოჯახზე, ინტერესდება კარიერით.

You might also like