Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

მეხუთე სიმღერა

დიომედესის გმირობანი
მაშინ ტიდევსის ძე დიომედესს ათენა პალასმა მისცა სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყველა
არგოსელისგან გამორჩეულიყო და ბრწყინვალე სახელი მოეპოვებინა. დაუოკებელი ცეცხლი
დაუნთო მუზარადსა და ფარზე გვიანი ზაფხულის ვარსკვლავის მსგავსად, რომელიც
განსაკუთრებით გაცისკროვნებით ბრწყინავს, ოკეანოსში განბანილი. ასეთი ცეცხლი დაუნთო
თავსა და მხრებზე და შეუშვა ბრძოლის შუაგულში, სადაც ათასები ირეოდნენ.
ტროელთა შორის იყო ვინმე დარესი, მდიდარი და სახელმოხვეჭილი, [10] ჰეფესტოსის
ქურუმი, ორი შვილი ჰყავდა, ფეგევსი და იდაიოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. ეს ორი
გამოეყო თანამებრძოლებს და დაიძრა მის წინააღმდეგ ორცხენიანი ეტლით, დიომედესი კი
ქვეითად იყო. როდესაც ერთმანეთისკენ მიმავალნი ახლოს აღმოჩნდნენ, ფეგევსმა პირველმა
სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი. ტიდევსის ძეს მარცხენა მხართან ჩაუარა შუბის ბუნიკმა,
მაგრამ ვერ მისწვდა, ხოლო შემდეგმა ტიდევსის ძემ აღმართა ბრინჯაო და მისი ხელიდან ამაოდ არ
გამოფრენილა იარაღი, პირდაპირ მკერდში მოხვდა ძუძუსთავებს შორის და ჩამოაგდო ეტლიდან.
[20] იდაიოსი ჩამოხტა, მიატოვა ულამაზესი ეტლი, ვერ გაბედა, დაეცვა მოკლული ძმა. თავადაც
ვერ გაექცეოდა შავ ბედისწერას, მაგრამ ჰეფესტოსმა დამალა, ღამის საფარი გადააფარა და
გადაარჩინა, რომ ბერიკაცი მთლად უნუგეშოდ არ დარჩენილიყო. ცხენები კი გამოხსნა
დიდგულოვანი ტიდევსის ვაჟმა და მეგობრებს ჩააბარა, რომ გაერეკათ ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ.
როდესაც დიდგულოვანმა ტროელებმა დარესის ორი ვაჟიდან ერთი გამოქცეული და
მეორე ეტლთან მოკლული დაინახეს, ყველა შიშმა აიტანა, მაგრამ თვალსხივოსანმა ათენამ [30]
ხელი ჩაავლო დაუოკებელ არესს და უთხრა: „არეს, არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო,
გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ ვაცალოთ ტროელებსა და აქაველებს, იბრძოლონ და მამა ზევსმა,
ვისაც სურს, დიდება იმას მოუტანოს, ჩვენ ორმა კი ერთად დავიხიოთ უკან და ზევსის რისხვა
ავიცილოთ თავიდან?“
ეს ბრძანა, ბრძოლიდან გაიყვანა დაუოკებელი არესი და შემდეგ დასვა სკამანდროსის
მაღალ ნაპირზე. ტროელები მოიგერიეს დანაელებმა; თითო კაცი მოკლა თითოეულმა
წინამძღოლმა; პირველმა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა ჰალიძონების მეთაური დიდი ოდიოსი
ჩამოაგდო ეტლიდან, [40] როგორც კი გაქცევა დააპირა, ზურგში ჩასცა შუბი მხრებს შორის და
მკერდთან გამოუტარა; ხმაურით დაეცა იგი და აბჯარმა დაცემისას გაიჟღრიალა.
იდომენევსმა მოკლა ფაისტოსი — მეონიელი ბოროსის ძე, რომელიც ნაყოფიერი ტარნედან
იყო ჩამოსული. იდომენევსმა, სახელოვანმა შუბოსანმა, თავისი გრძელი შუბი მას მარჯვენა ბეჭში
ჩასცა, როდესაც ეტლზე ადიოდა; ჩამოვარდა ეტლიდან და საზარელმა წყვდიადმა მოიცვა, ხოლო
იდომენევსის მსახურებმა მას აბჯარი აჰყარეს1.
სტროფიოსის ძე, სკამანდრიოსი, ნადირობაში გაწაფული, [50] ატრევსის ძე მენელაოსმა
მოკლა ბასრი შუბით; ბრწყინვალე მონადირე იყო, მას თავად არტემისმა 2 ასწავლა ყველანაირი
ნადირის დახოცვა, რაც კი მთიან ტყეში ბუდობს; მაგრამ ვერც ისართმტყორცნელმა არტემისმა
გადაარჩინა და ვერც უზადო მშვილდოსნობამ, რომლითაც ადრე გამოირჩეოდა.
სახელგანთქმულმა შუბოსანმა მენელაოსმა, ატრევსის ძემ, როდესაც მის წინ მირბოდა, ბეჭებშუა
ჩასცა შუბი და მკერდში გაუტარა. პირქვე დაეცა და მისმა აბჯარმა გაიჟღრიალა.
მერიონესმა მოკლა ფერეკლოსი, დურგალ [60] ჰარმონიდესის ძე, რომელსაც ხელიდან
ყველაფერი გამოსდიოდა და იგი განსაკუთრებით უყვარდა ათენა პალასს; სწორედ მან აუგო

1
აბჯარი აჰყარეს — მოკლული მეომრის საჭურველი გამარჯვებულის საბრძოლო
ნადავლის ყველაზე უფრო საპატიო ნაწილს წარმოადგენდა.
2
არტემისი — ნადირობის ქალღმერთი, მარადიული ქალწული; ლეტოსა და ზევსის
ასული, აპოლონის და. რომაულ მითოლოგიაში მას დიანა შეესატყვისება. ჰომეროსი მას ასე
მოიხსენიებს: „ველური მიწის არტემისი, ნადირთა დედოფალი.“
ალექსანდროსს კარგად გაწონასწორებული ხომალდები, უბედურების სათავე3, რომლებმაც
დაღუპეს ტროელები და თვითონაც შეიწირეს, რადგან ღმერთების ჩანაფიქრს ვერ ჩასწვდა. მას
დაედევნა მერიონესი, მისწვდა და მარჯვენა დუნდულში დაჭრა, ბუნიკმა ძვალი გაუგლიჯა და
საშარდე ბუშტი გაუხეთქა. ღრიალით დაეცა მუხლებზე და სიკვდილი გადაეფარა.
მეგესმა მოკლა პედაიოსი, ანტენორის ვაჟი; [70] თუმცა ბუში იყო, მზრუნველობით
გაზარდა ღვთაებრივმა თეანომ საკუთარ შვილებთან ერთად, რომ მეუღლისთვის ეამებინა. მას
ფილევსის სახელგანთქმული შუბისმტყორცნელი ძე მიუახლოვდა და კეფაში ჩასცა ბასრი შუბი,
კბილებს შუა გაიარა ბრინჯაომ და ენა გაგლიჯა; დაეცა მტვერში, ცივი ბრინჯაო ეჭირა კბილებით.
ევრიპილოსმა, ევაიმონის ძემ, მოკლა ღვთაებრივი ჰიფსენორი, უმამაცესი დოლოპიონის
ძე, რომელიც სკამანდროსის ქურუმი გახდა და, როგორც ღმერთს, ისე სცემდა პატივს ხალხი; ამ
კაცს ევრიპილოსი, ევაიმონის ბრწყინვალე ვაჟი, [80] გაქცეულს დაეწია, მხარში ხმლით მისწვდა და
მოჰკვეთა მძლავრი ხელი; სისხლმა იფეთქა და მიწაზე დაეცა ხელი, მის პატრონს კი ორივე
თვალში ჩაუდგა მეწამული სიკვდილი და დაუმარცხებელი ბედისწერა.
ასე იღვწოდნენ მძიმე ბრძოლაში; ტიდევსის ძეს კი ვერ შეატყობდით, რომელ მხარეს
იბრძოდა, ტროელებთან ერთად იყო თუ — აქაველებთან. იგი ველზე მიედინებოდა, ზამთარში
ადიდებულ მდინარესავით, რომელსაც სწრაფი დინებით მიაქვს ხიდები, რომელსაც ვერც მყარად
ნაგები ხიდი დააკავებს [90] და ვერც აყვავებული ბაღის ჯებირი გააჩერებს, როცა უეცრად
მოასკდება ზევსის თქეშით აზვირთებული და წალეკავს ყმავილკაცების საუკეთესო ნამუშევარს.
ასე ტიდევსის ძე ავიწროვებდა ტროელების მჭიდრო რაზმებს და მტრებიც, თუმცა მრავალნი
იყვნენ, წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.
მაგრამ შემდეგ ლიკაონის ბრწყინვალე ვაჟმა შეამჩნია იგი, როდესაც ბრძოლის ველს
უტევდა და ავიწროვებდა საბრძოლო რაზმებს, იმავწამს ტიდევსის ძის საწინააღმდეგოდ მოზიდა
მოხრილი მშვილდი და ესროლა, ცდილობდა, აბრჯის მარჯვენა მხარში მოერტყა, გაფრინდა ბასრი
ისარი, [100] შეაღწია და სისხლით მოითხვარა აბჯარი. მაშინ ხმამაღლა შესძახა ლიკაონის
ბრყინვალე ვაჟმა: „გამხნევდით, ცხენების მჭენებელო დიდგულოვანო ტროელებო! დაჭრილია
აქაველთაგან საუკეთესო და, მგონი, დიდხანს ვეღარ გადაიტანს მძლავრ ისარს, თუკი სწორად
მომიწოდა უფალმა, ზევსის ძემ და ლიკიიდან ჩამომიყვანა.“
ასე ამბობდა ტრაბახით: მაგრამ სწრაფმა ისარმა ვერ მოკლა გმირი, მხოლოდ უკან დაიხია,
თავისი ცხენებისა და ეტლის წინ დადგა და სთენელოსს უთხრა, კაპანევსის ძეს: „იჩქარე,
კაპანევსის ძვირფასო ძეო, ჩამოხტი ეტლიდან, [110] რომ მხრიდან ამომაძრო ეს ბასრი ისარი.“
ასე უთხრა და სთენელოსი ეტლიდან მიწაზე ჩამოხდა, გვერდით დაუდგა და სწრაფი
ისარი მხრიდან სუფთად ამოაძრო. სისხლმა იფეთქა ნაქსოვ ქიტონზე. და მაშინ შესძახა საბრძოლო
ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „მისმინე, ეგისისმპყრობელი ზევსის უძლეველო ასულო,
თუკი ოდესმე კეთილი ფიქრით გვერდში გვედექი მე და მამაჩემს საზარელ ომში, ახლაც შემეწიე,
ათენა! მომაკვლევინე და შუბით დამალეწინე ის კაცი, რომელმაც დამასწრო, დამჭრა და ახლა
ტრაბახობს, [120] რომ მეტად ვეღარ ვიხილავ მზის ბრწყინვალე შუქს.“
ასე თქვა ღაღადით და უსმინა მას პალასმა ათენამ, სხეულის ნაწილები, ფეხები და ხელები
მსუბუქი გაუხადა, გვერდით დაუდგა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა:
„ახლა გამბედავად შეები, დიომედეს, ტროელებს, რადგან მკერდში მამისეული უშიშარი
ძალა ჩაგიდგი, რაც ჰქონდა ფარისმპყრობელ მხედარ ტიდევსს. ნისლი, რომელიც ადრე გქონდა,
თვალებიდან მოგაშორე, რათა შეძლო, განასხვავო ღმერთი და ადამიანი; თუკი რომელიმე ღმერთი
შეეცდება, იქ მოვიდეს, [130] შენ ხელდახელ არც ერთ უკვდავ ღმერთს არ შეებრძოლო, თუ ეს
ზევსის ასული აფროდიტე არ იქნება; — თუ ის შემოვიდა ბრძოლაში, მისწვდი ბასრი ბრინჯაოთი.“
ეს თქვა და წავიდა თვალსხივოსანი ათენა. ტიდევსის ძე კი ისევ პირველ რიგებს შეერია და
თუ მანამდეც სულითა და გულით მოწადინებული იყო, ტროელებს შებმოდა, ახლა სამჯერ უფრო
მეტი ძალა მიეცა, როგორც იმ ლომს, რომელიც მინდორში თავისი უხვმატყლიანი ცხვრების
მცველმა მწყემსმა ეზოს გარეთ მსუბუქად დაჭრა, მაგრამ ვერ მოკლა, პირიქით, მასში ახალი ძალა
გააღვივა; მწყემსმა თავს უშველა და [140] ბოსელში შეიჭრა, ფარა კი უპატრონოდ მიატოვა, ცხვრები
შეჯგუფდნენ და ერთმანეთს მიაწყდნენ, გამძვინვარებული ლომი კი ყორეს გადაევლო; სწორედ ასე
გააფთრებული შეუვარდა ტროელებს მძლავრი დიომედესი.
3
უბედურების სათავე — ხომალდები, რომლებითაც პარისი სპარტაში ჩავიდა ელენეს
მოსატაცებლად.
იქ მოკლა ასტინოოსი და ხალხთა მწყემსი ჰიპეირონი, პირველს ძუძუსთავს ზემოთ ჩასცა
ბრინჯაოს შუბი, ხოლო მეორეს დიდი ხმალი ლავიწის ძვალთან დაჰკრა და დააცილა ბეჭი კისერსა
და ხერხემალს. შემდეგ ესენი მიატოვა და თავს დაეცა აბასსა და პოლიიდოსს, სიზმართა ამხსნელი
მოხუცი ევრიდამასის ძეებს. [150] ისინი ვერ დაბრუნდნენ ომიდან და მოხუცმა ვერ აუხსნა მათ
სიზმარი, რადგან მძლავრმა დიომედესმა დახოცა ორივე. შემდეგ მიადგა ქსანთოსსა და თოონს,
ფაინოფსის ორ უსაყვარლეს ძეს, დაამწუხრა ბერიკაცი, — მეტი შვილი აღარ ჰყავდა, ვისაც ქონებას
დაუტოვებდა. ორივეს ძვირფასი სული ამოჰხადა დიომედესმა და აბჯარი აჰყარა, მამას კი ქვითინი
და მძიმე მწუხარება დაუტოვა, რადგან არ ეღირსა, რომ ცოცხლები და შინ მობრუნებული ენახა,
შორეულ ნათესავებს კი ერგოთ მისი ქონება.
შემდეგ დარდანოსის ძის, პრიამოსის ორი ვაჟი შეიპყრო, [160] რომლებიც ერთ ეტლში
იყვნენ, — ექემონი და ქრომიოსი. როგორც ლომი, რომელიც თავს ესხმის ხარებს და კისერს
უმტვრევს ხბოს ან ხარს, რომელიც ტევრში ძოვს, ასევე ტიდევსის ძემ ორივე ძალით ჩამოჰყარა
ეტლიდან, აბჯარი აჰყარა, ხოლო ცხენები მეგობრებს მისცა, რომ ხომალდებთან წაეყვანათ.
დაინახა ენეასმა, რომ დიომედესი ანადგურებდა ტროელთა რაზმებს, შევიდა ბრძოლასა და
შუბების სიმრავლეში, რათა მოეძებნა ღვთისდარი პანდაროსი; იპოვა ლიკაონის სახელოვანი და
მძლავრი ძე, [170] წინ დაუდგა და ასეთი სიტყვით მიმართა: „პანდაროს, სად არის შენი მშვილდი,
ფრთოსანი ისრები და დიდება?! ვერც ერთი კაცი ვერ შეგეჯიბრება შენ ვერც აქ და ვერც ლიკიაში
მოიძებნება ვინმე შენზე უკეთესი; მაგრამ, მოდი, ზევსს აღუმართე ვედრებით ხელები და ისარი
ესროლე ამ კაცს, რომელიც ასე მძლავრობს და რომელმაც მრავალი უბედურება მოუტანა
ტროელებს მას შემდეგ, რაც უამრავ მძლავრ ვაჟკაცს მუხლები დაულეწა. ნეტავ, რომელიმე ღმერთი
ხომ არ არის ტროელებზე განაწყენებული და მსხვერპლშეწირვის გამო განრისხებული? მძიმეა
ღმერთის რისხვა!“
მას ისევ მიუგო ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: [180] „ენეას, ბრინჯაომოსილი ტროელების
მრჩეველო, იმ კაცს ტიდევსის მამაც ძეს ვამსგავსებ ყველაფრით, — ფარითაც ვცნობ, კოპიანი
მუზარადითაცა და ცხენებითაც, რომლებსაც ვხედავ, თუმცა ცხადად არ ვიცი, რომ ღმერთი არ
არის. თუ ეს კაცი, როგორც მე ვამბობ, ტიდევსის მამაცი ძეა, ღმერთის გარეშე არ მძვინვარებს იგი,
არამედ ვიღაც უდგას ახლოს უკვდავთაგან, რომელსაც ღრუბელი აუფარებია მხრებზე და
რომელმაც სრაფ ისარს, მე რომ მოვარტყი, გეზი შეუცვალა; მე ხომ უკვე ვესროლე ისარი და
მოვარტყი მარჯვენა მხარში, პირდაპირ აბჯრის ფურცელში [190] და მე უკვე ვაცხადებდი, რომ იგი
აიდონევსთან4 გავაგზავნე, მაგრამ ვერ გავაგზავნე, — ცხადია, რომელიღაც ღმერთია ჩემზე
განრისხებული. ცხენები არ მყავს და ეტლი არ მაქვს, რომ მასზე ავიდე, თუმცა ლიკაონის
სასახლეში თერთმეტი ეტლი მაქვს მშვენიერი, ჯერ უხმარი, სულ ახალთახალი, შალითებით
დაფარული; თითოეულთან თეთრი ქერით და ჭვავით ნაკვები წყვილი ცხენი დგას. მართლაც,
მოხუცი შუბოსანი ლიკაონი მრავალ რჩევას მაძლევდა, როდესაც ჩემი კეთილნაგები სახლიდან
მოვდიოდი. მან მიბრძანა, ცხენებითა და ეტლით [200] წავძღოლოდი ტროელებს უსასტიკეს
ბრძოლებში. მე არ დავუჯერე, არადა, ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა. ცხენები მინდოდა
დამენდო, რომ არ დაჰკლებოდათ საკვები ალყაშემორტყმულ ხალხში, როცა კარგ კვებას იყვნენ
დაჩვეული. ისინი დავტოვე და ქვეითად ჩამოვედი ილიონში, მივენდე ჩემს მშვილდს, მაგრამ იგი
მე ვერ დამეხმარა. მანამდე ხომ ორ მეთაურს ვესროლე ისარი, ტიდევსის ძესა და ატრევსის ძეს,
ორივე ნამდვილად დავჭერი, სისხლი ვადინე და ამით მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ კიდევ უფრო
განვარისხე. ცუდ დროს ჩამოვხსენი საკიდიდან ჩემი მოხრილი მშვილდი, [210] ცუდად გამითენდა
ის დღე, როდესაც საყვარელ ილიონში ჩამოვედი, როდესაც ტროელებს გამოვუძეხი ღვთაებრივი
ჰექტორის გულის საამებლად. თუკი მეღირსა შინ დაბრუნება და საკუთარი თვალით სამშობლოს,
მეუღლისა და მაღალჭერიანი დიდი სასახლის დანახვა, ვინმე უცხომ მომაჭრას თავი მაშინვე, თუ
საკუთარი ხელით არ დავლეწე ეს მშვილდ-ისარი და ელვარე ცეცხლში არ ჩავყარე, რადგან
ტყუილად მიტარებია.“
მას მიმართა ჰექტორმა, ტროელთა ბელადმა: „ამას ნუ ამბობ, მანამ არ იქნება სხვაგვარად,
სანამ ჩვენ ორნი ამ კაცს ცხენებითა და ეტლებით [220] არ დავუპირისპირდებით და იარაღით არ
გამოვცდით. აბა, ამოდი ჩემს ეტლზე, რათა ნახო ტროსის 5 ცხენებმა როგორ იციან ველზე სწრაფად
4
აიდონევსი — საიქიოს ღმერთ ჰადესის სახელის პოეტური ვარიანტი.
5
ტროსი — ტროელთა ეპონიმი; ერიქთონიოსის ძე, დარდანოსის შვილიშვილი, ზევსის
შთამომავალი, ტროელ მეფეთა წინაპარი; ილოსის, ასარაკოსისა და განიმედესის მამა, პრიამოსის
აქეთ-იქით დადევნება და გამოქცევა. ისინი ჩვენ ორსაც უსაფრთხოდ დაგვაბრუნებენ ქალაქში,
თუკი ზევსი ტიდევსის ძე დიომედესს ისევ გამარჯვებას არგუნებს. აბა, აიღე მათრახი და ელვარე
სადავეები, მე კი საბრძოლველად ეტლიდან ჩამოვალ; ან შენ გააკეთე ეს და მე ცხენებზე
ვიზრუნებ.“
მას კი უპასუხა ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: [230] „ენეას, თავად გქონდეს შენი სადავეები
და გყავდეს შენი ცხენები. უმჯობესია, ნაჩვევ მეეტლეს დაემორჩილონ და გააქანონ მოხრილი
ეტლი, როდესაც ტიდევსის ძეს დავედევნებით, რათა არ შეშინდნენ, არ შეფერხდნენ და არ
ისურვონ, გამოგვიყვანონ ბრძოლიდან, როცა შენს ხმას არ გაიგონებენ; მაშინ თავს დაგვეცემა
ტიდევსის დიდგულოვანი ძე, დაგვხოცავს ორივეს და წაიყვანს მუხლად ცხენებს. ასე რომ, შენ
თვითონ მიხედე ეტლსაცა და წყვილ ცხენსაც, მე კი თავდამსხმელს ბასრ შუბს შევაგებებ.“
ეს თქვეს და ავიდნენ მშვენიერ ეტლზე [240] და ტიდევსის ძისკენ წარმართეს სწრაფი
ცხენები. მათ თვალი მოჰკრა სთენელოსმა, კაპანევსის სახელგანთქმულმა ძემ და უმალ ტიდევსის
ძეს მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის გამხარებელო, ორ
მძლავრ კაცს ვხედავ, შენთან საომრად მოეშურებიან, უზომო ძალის მქონენი; ერთი მშვილდის
დიდოსტატია, პანდაროსი, რომელიც ამაყობს ლიკაონის შვილობით, მეორე ენეასია, სახელოვანი
ანქისესისა და აფროდიტეს ვაჟი. მაშ ახლა ეტლზე ავიდეთ, [250] არ შეიჭრა პირველ რიგებში
საბრძოლველად, არ დაიღუპო თავი.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა მძლავრმა დიომედესმა: „გაქცევაზე სიტყვაც არ დაძრა,
მაინც ვერ დამარწმუნებ! სისხლში არ მაქვს ბრძოლისთვის თავის არიდება ან შიშისგან მოკუნტვა,
ჩემი სიმტკიცე ურყევია. არც ვაპირებ ეტლზე ასვლას, ასე პირდაპირ მივადგები თვითონ, გაქცევის
ნებას არ მომცემს ათენა პალასი. მაგათ ორივეს უკან ვეღარ წაიყვანენ სწრაფი ცხენები, ერთ-ერთი
თუ მოახერხებს და გამექცევა; სხვა რამეს გეტყვი და შენ გულში ჩაიდე: [260] თუკი რჩევამრავალი
ათენა დიდებას მომანიჭებს და ორივეს მომაკვლევინებს, შენი სწრაფი ცხენები აქ გააჩერე,
სადავეებით ეტლს გამოაბი; არ დაგავიწყდეს, ენეასის ცხენებს დააცხრე და ტროელებისგან
ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ გააქანო. ეს ცხენები იმ მოდგმის არიან, რომლებიც
შორსმხედველმა ზევსმა ტროსს მისცა მისი ვაჟის, განიმედესის6 გამოსასყიდის სახით; ეს ცხენები
ეოსისა და ჰელიოსის ქვეშ საუკეთესონი არიან. ამ ცხენების ჯიში მოიპარა ხალხთა მეუფე
ანქისესმა, რომელმაც ლაომედონისგან7 ფარულად შეაჯვარა ისინი თავის ფაშატებს; [270] ამ ჯიშის
ექვსი კვიცი დაიბადა მის სასახლეში, ამათგან ოთხი თავად დაიტოვა და ბაგაში გამოზარდა, ეს
ორი კი ენეასს მისცა, თუ ამ ორს ხელში ჩავიგდებთ, დიდ სახელს მოვიპოვებთ. ასე ლაპარაკობდნენ
ერთმანეთში, როდესაც უეცრად მოადგნენ მტრები სწრაფი ცხენებით. პირველმა შესძახა ლიკაონის
სახელოვანმა ვაჟმა: „გულმაგარო და მამაცო, სახელოვანი ტიდევსის ძეო, თუმცა ვერ დაგაზიანა
ჩემგან ნასროლმა ბასრმა ისარმა, ახლა ისევ ვცდი, ამჟამად შუბით, თუკი მოგწვდი.“ [280] თქვა,
უმალ შეარხია და სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა ტიდევსის ძეს ფარზე; შეაღწია
ბრინჯაოს შუბმა და აბჯარს მისწვდა.
ხმამაღლა შესძახა ლიკაონის სახელოვანმა ძემ: „მოგარტყი ფერდის გავლით და არ მგონია,
დიდხანს გაუძლო კიდევ, დიდი სახელი მომიტანე.“
არ შეუშინდა მას და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „ააცილე და ვერ მოარტყი; მე კი
მგონია, რომ ვერც ერთი ვერ დაისვენებთ, სანამ თქვენგან ერთ-ერთი არ დაეცემა და სისხლით არ
გააძღებს არესს, ხარისტყავისფარიან მეომარს.“ [290] ეს ბრძანა და ისროლა; შუბი წარმართა ათენამ
თვალებშუა ცხვირისკენ, დალეწა თეთრი კბილები, ენის ძირი მოჰკვეთა მტკიცე ბრინჯაომ, ბუნიკი
კი გამოვიდა ქვედა ნიკაპის გვერდით. ჩამოვარდა ეტლიდან, უმალ გაიჟღრიალა ელვარე აბჯარმა,
შიშისგან დაფრთხნენ ფეხმარდი ცხენები, ხოლო მას სულიც ამოხდა და ძალაც დაეცალა. ენეასი
ჩამოხტა ფარითა და გრძელი შუბით იმის შიშით, რომ არ წაეთრიათ გვამი აქაველებს. გადაეფარა,
როგორც საკუთარ ძალას მინდობილი ლომი, [300] წინ შუბი დაიჭირა და ყოველმხრივ თანაბარი
დიდი ბაბუა. მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ ტროელსაც, რომელიც აქილევსმა გამოსალმა
სიცოცხლეს.
6
განიმედესი — ტროსისა და კალიროეს ვაჟი; ჰომეროსის მიხედვით, ყველაზე ლამაზი
მოკვდავი. იმდენად ლამაზი ყოფილა, რომ ზევსმა მამას ცხენებში გაუცვალა (მითის სხვა ვერსიით,
ზევსმა არწივს მოატაცებიანა იდის მთიდან, სადაც ცხვრებს მწყემსდა) და თავის მერიქიფედ
დაიყენა.
7
ლაომედონი — ილოსის ძე, ტროის მეფის, პრიამოსის, მამა.
ფარი, აპირებდა, ყველა მოეკლა და საზარლად უყვიროდა, თუკი ვინმე მიახლოებას გაუბედავდა.
ტიდევსის ძემ კი ხელი დაავლო ლოდს, რომელსაც დღეს მცხოვრები ორი კაციც ვერ დაძრავდა, მან
კი იოლად აიღო მარტომ და ესროლა ენეასს და მოარტყა თეძოში იმ ადგილას, სადაც თეძო
ბარძაყში გადადის, რომელსაც მენჯის ძვალს უწოდებენ, დაულეწა მენჯი და გაუწყვიტა ორივე
ძარღვი და წვეტიანმა ლოდმა კანი გაგლიჯა, გმირი მუხლებზე დაეცა, დაეყრდნო მძლავრი ხელით
[310] მიწას და ორივე თვალზე შავი ღამე გადაეფარა.
და აქ და ახლა დაიღუპებოდა კაცთა მეუფე ენეასი, მისთვის თვალი რომ არ მოეკრა ზევსის
ასულ აფროდიტეს, დედამისს, რომელმაც ის უშვა ანქისესს, რომელსაც ხარები ჰყავდა საძოვარზე
გამოყვანილი. ორივე ხელი შემოაჭდო საყვარელ შვილს, გადააფარა ელვარე პეპლოსის ნაკეცები,
რომ ზღუდედ ჰქონოდა შუბებისა და ისრებისათვის, სწრაფცხენიანი დანაელებიდან ვინმეს რომ
მკერდში არ მოერტყა ბრინჯაო და არ ამოერთვა სული. შემდეგ კი თავისი საყვარელი ძე ბრძოლის
ველს გაარიდა.
კაპანევსის ძეს კი არ დაავიწყდა ის ბრძანება, [320] რომელიც მას მისცა საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატმა დიომედესმა; მან გააჩერა საკუთარი მუხლადი ცხენები, სადავეებით მიამაგრა
ეტლის მოაჯირს, გაარიდა აურზაურს, მივარდა ენეასის ლამაზფაფრიან ცხენებს და
ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ გააქანა. ჩააბარა დეიპილოსს, საყვარელ
მეგობარს, რომელსაც თანატოლთაგან ყველაზე მეტ პატივს სცემდა, რადგან სულით მსგავსნი
იყვნენ და უბრძანა, ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ გაერეკა, თავად გმირი კი ეტლზე ავიდა,
დაიჭირა ელვარე სადავეები და ტიდევსის ძისკენ სწრაფად გააქანა მძლავრჩლიქიანი ცხენები, [330]
სულანთებულმა; ის კი კვიპროსელ ქალღმერთს8 მისდევდა სასტიკი ბრინჯაოთი; იცოდა, რომ
სუსტი იყო ეს ღმერთი, იმ ქალღმერთთა რიცხვში არ იყო, ვინც გამოცდილია კაცთა ომებსა და
ბრძოლებში, როგორც ათენა და ქალაქთა მაოხრებელი ენიო 9. გაარღვია მჭიდრო ბრბო და მისწვდა
მას, აქ დიდგულოვანი ტიდევსის ძემ წინ გაიშვირა შუბი და ბასრი სპილენძით ნაზი ხელის
მტევანი დაუჭრა; და შუბმა გაუკაწრა უკვდავს კანი და მტევნის ზემოთ გაფხრიწა მისი პეპლოსი,
რომელიც ქარისებმა10 მოქსოვეს და უკვდავი სისხლი წამოუვიდა ქალღმერთს — [340] იქორი,
რომელიც ნეტარი ღმერთების ძარღვებში მიედინება; ისინი ხომ პურს არ ჭამენ და არ სვამენ
შუშხუნა ღვინოს, ამიტომ არ გააჩნიათ ჩვენნაირი სისხლი და იწოდებიან უკვდავებად. ქალღმერთს
ყვირილი ამოხდა და შვილი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ის ხელით დაიჭირა სხივოსანმა
აპოლონმა და შემოავლო შავი ღრუბელი, რომ ვინმეს სწრაფცხენიან დანაელთაგან მკერდში არ
მოერტყა შუბი და სული არ ამოერთვა. მას შესძახა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა:
„გაერიდე, ზევსის ასულო, ომსა და ბრძოლას! საკმარისი არ არის, სუსტ ქალებს რომ აცდუნებ? [350]
ხოლო თუ ბრძოლაში კიდევ გაერევი, ასე მგონია, თავზარი დაგეცემა, ომზე ლაპარაკს რომ
გაიგონებ.“
ასე თქვა, ხოლო ქალღმერთი გაოგნებული წავიდა, იტანჯებოდა საშინლად; ქარისფეხება
ირისმა ხელი ჩასჭიდა და გამოიყვანა ბრძოლიდან, ტკივილით დამძიმებულს გაუშავდა მშვენიერი
კანი. იპოვა ბრძოლის მარცხენა ფლანგზე ჩამომჯდარი მძვინვარე არესი, ჰაერში ედო შუბი და იქვე
ჰყავდა ცხენების სწრაფი წყვილი. მუხლებზე დაეცა საყვარელი ძმის წინაშე და შეევედრა, მიეცა
მისთვის ოქროსაღვირიანი ცხენები: „საყვარელო ძმაო, მიხსენი და მომეცი ცხენები, [360] რათა
ოლიმპოსზე მივიდე, სადაც უკვდავთა სავანეა. საშინლად მტანჯავს ჭრილობა, რომელიც
მოკვდავმა კაცმა მომაყენა, ტიდევსის ძემ, რომელიც ახლა თვით მამა ზევსსაც კი შეებრძოლებოდა.“
ასე თქვა და მისცა მას არესმა ოქროსაღვირიანი ცხენები. და ისიც ავიდა ეტლზე
დამწუხრებული გულით, მასთან ერთად ავიდა ირისი და სადავეებს ჩაავლო ხელი, გადაჰკრა
მათრახი ცხენებს და ისინიც მორჩილად გაფრინდნენ. უმალ მიადგნენ ღმერთთა სავანეს, მაღალ
ოლიმპოსს, აქ ცხენები გააჩერა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა, ჩახსნა ეტლიდან და უკვდავი საკვები
დაუყარა, [370] მუხლებში ჩაუვარდა დიონეს11 ღვთაებრივი აფროდიტე, თავის დედას, და მანაც
გულში ჩაიკრა ქალიშვილი, ხელით მოეფერა, სახელით იხმო და სიტყვა უთხრა: „ზეციურ

8
კვიპროსელი ქალღმერთი — აფროდიტე, „კვიპროსს შობილი“.
9
ენიო — ომის ქალღმერთი, არესის საყვარელი და თანამებრძოლი.
10
ქარისები (ქარიტები) — მომხიბვლელობის, სილამაზის, ბუნების, შემოქმედებისა და
ნაყოფიერების სამი ქალღმერთი: აგლაია („სილამაზე“), ეფროსინე („სიხარული“) და თალია
(„სიუხვე“), რომაული გრაციები.
ღმერთთაგან რომელი მოგექცა ასე უსაფუძვლოდ, საყვარელო შვილო, თითქოს რამე ბოროტება
ჩაგედინოს?“
მას უპასუხა მაშინ მუდამ მოღიმარმა აფროდიტემ: „ტიდევსის ძემ, სულმაღალმა
დიომედესმა დამჭრა, რადგან საყვარელი შვილი გამომყავდა ბრძოლიდან, ენეასი, რომელიც
ყველაზე უფრო საყვარელია ჩემთვის. ახლა ხომ ტროელებსა და აქაველებს შორის კი აღარ არის
სასტიკი ომი, [380] არამედ დანაელები უკვე უკვდავებს გვეომებიან.“
მას უპასუხა მაშინ დიონემ, ღმერთთაგან გამორჩეულმა: „გამაგრდი, ჩემო შვილო, და
გადაიტანე განსაცდელი! რადგან მრავალი ტანჯვა გადაგვიტანია ოლიმპოსზე სასახლეთა მქონეებს
ადამიანებისგან, მრავალი ტკივილი მოუყენებიათ მათ, როდესაც ერთმანეთს ერჩოდნენ. ასე
დაიტანჯა არესი, როდესაც ოტოსმა და ეფიალტესმა, ალოევსის შვილებმა მძლავრი ბორკილები
დაადეს და სპილენძის დილეგში გამოამწყვდიეს ცამეტი თვე. იქ დაიღუპებოდა ომით გაუმაძღარი
არესი, ძმების დედინაცვალს, ულამაზეს პერიბოიას [390] რომ არ შეეტყობინებინა მისი ამბავი
ჰერმესისთვის; სწორედ მან მოიპარა არესი, რომელიც უკვე დავარდნილი იყო, რადგან
ბორკილებმა ძალა გამოაცალა. ასე დაიტანჯა ჰერაც, როდესაც ამფიტრიონის მძლავრმა ვაჟმა 12
მარჯვენა ძუძუსთან სამწვერიანი ისრით დაჭრა; გააწამა უსასტიკესმა ტკივილმა. გოლიათური
ჰადესიც დატანჯა სწრაფმა ისარმა, როდესაც იმავე კაცმა, ეგისისმპყრობელი ზევსის ძემ პილოსში
მკვდრებში დაჭრა და ტკივილი მიაყენა. მაშინ მან მიაშურა ზევსის სასახლეს დიდ ოლიმპოსზე
გულით დამწუხრებულმა და ტკივილით გაწამებულმა, რადგან ისარი [400] მძლავრ მხარში ჰქონდა
გარჭობილი და სულს უწამებდა; მაგრამ მას პაიანმა13 ტკივილთმკვლელი წამლები ასხურა და
მოარჩინა, რადგან მოკვდავად არ იყო შობილი. უხეში და მოძალადე კაცი, რომელიც უდარდელად
თესდა ბოროტებას, თავისი ისრებით ჭრიდა ოლიმპოსზე მცხოვრებ ღმერთებს. შენ კი ეს კაცი
თვალსხივოსანმა ღმერთმა ათენამ მოგიგზავნა, ტიდევსის უბადრუკი ძე, რომელმაც არც იცის, რომ
ხანმოკლეა მისი სიცოცხლე, ვინც უკვდავებს შეებრძოლება, მას შვილები მუხლებზე ვერ
დაუსხდებიან და ვერ ეტიტინებიან, ომიდან და სასტიკი ბრძოლებიდან შინ დაბრუნებულს. [410]
ხომ ძალიან ძლიერია ახლა ტიდევსის ძე, ხომ ჰგონია, რომ არავინაა უფრო მძლავრი, რომ მას
შეებრძოლოს, ერთხელაც იქნება და აიგიალეია, ადრასტოსის გონიერი ასული, კივილით
გააღვიძებს საყვარელ შინაურებს და თავის კანონიერ მეუღლეს, აქაველთაგან საუკეთესო ვაჟკაცს,
დაიტირებს ცხენთამხედნელი დიომედესის სახელოვანი მეუღლე.“
ასე უთხრა, ორივე ხელით მოუწმინდა იქორი მკლავზე, გამთელდა მკლავი და გაყუჩდა
მწარე ტკივილი.
ამას უყურებდნენ ათენაც, ჰერაც და ზევსს, კრონოსის ძეს გულსაკლავი სიტყვებით
ეხუმრებოდნენ; [420] პირველმა ლაპარაკი წამოიწყო თვალსხივოსანმა ათენამ: „მამა ზევსო, ხომ არ
გამიბრაზდები, რაღაც რომ გითხრა? როგორც ჩანს, კვიპროსის ქალბატონმა რომელიღაც აქაველი
ქალი გაიყოლა ტროელებთან, რომლებიც ასე განსაცვიფრებლად უყვარს და ლამაზად ჩაცმული
აქაველი ქალის მოფერებისას ოქროს ქინძისთავი შეერჭო უნაზეს ხელში.“
ასე თქვა და გაიღიმა ადამიანებისა და ღმერთების მამამ, თავისთან მოუხმო ოქროს
აფროდიტეს და უთხრა: „შენი საქმე არ არის, შვილო ჩემო, ომის ამბები, იფიქრე მხოლოდ
ქორწინების, საყვარელი საქმის, მოწყობაზე, [430] ომის ამბები კი სწრაფ არესსა და ათენას
დაუთმე.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი
ენეასს დაეცა თავს; იცოდა, რომ ხელში ჰყავდა აყვანილი აპოლონს, მაგრამ არც დიდი ღმერთის
შიში ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ფიქრობდა ენეასის მოკვლას და მისი სახელგანთქმული
საჭურვლის ხელში ჩაგდებას. სამგზის დაეცა თავს და დაუპირა მოკვლა, სამგზის მოიგერია
აპოლონმა მისი მოელვარე ფარი, მაგრამ როდესაც მეოთხეჯერ დაიძრა ღმერთს მიმსგავსებული,
საშინელი ხმით შესძახა შორს მიმწვდომმა აპოლონმა: [440] „ფრთხილად იყავი, ტიდევსის ძეო და

11
დიონე — ერთ-ერთი ტიტანი; ჰომეროსის მიხედვით, აფროდიტეს დედა. ერთ-ერთი
წყაროს მიხედვით კი — ზევსის ძველი მეუღლე.
12
ამფიტრიონის ვაჟმა — ჰერაკლემ. ამფიტრიონი ალკმენეს ქმარი იყო და, ამდენად,
ზევსისა და ალკმენეს ძის, ჰერაკლეს, მამადაც მოიხსენიებოდა.
13
პაიანი — მკურნალობის ღმერთი, ღმერთების ექიმი. შემდგომში ეს სახელი და ფუნქცია
შეერწყა აპოლონს.
უკან დაიხიე, ღმერთებთან გატოლებას ნუ დააპირებ, ვერასოდეს შეიქნება მსგავსი უკვდავი
ღმერთებისა და მიწაზე მოსიარულე ადამიანების მოდგმა!“
ასე ბრძანა და ტიდევსის ძემ ოდნავ უკან დაიხია, გაერიდა შორსმიმწვდომი აპოლონის
რისხვას. ღმერთმა კი ენეასი გამოარიდა ბრბოს და დაასვენა წმინდა პერგამოსზე, სადაც მისი
ტაძარი იყო აგებული. იქ ლეტომ და ისრისმტყორცნელმა არტემისმა დიდ სალოცავში
უმკურნალეს და მოუარეს.
ამ დროს ვერცხლისმშვილდიანმა აპოლონმა შექმნა აჩრდილი, [450] რომელიც იერითა და
შეიარაღებით ენეასს ჰგავდა, ამ აჩრდილის ორივე მხარეს ტროელები და ღვთაებრივი აქაველები
ერთმანეთს უჩეხდნენ ხარის ტყავს, რომლებიც დიდ, მრგვალ და უხეშტყავიან პატარა ფარებზე
ჰქონდათ გადაკრული და მკერდს უფარავდათ. მაშინ დაუოკებელ არესს უთხრა სხივოსანმა
აპოლონმა:
„არეს, არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო, გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ
მობრძანდებოდი და არ გაიყვანდი ბრძოლიდან ამ კაცს, ტიდევსის ძეს, რომელიც ახლა მამა
ზევსსაც კი შეებრძოლებოდა?! სულ ახლახან კვიპროსის დედოფალი ხელში, მაჯაში დაჭრა და
შემდეგ მეც თავს დამეცა დაიმონივით14.“
[460] ეს თქვა და დაბრძანდა პერგამოსის მწვერვალზე, ხოლო თრაკიელთა წინამძღოლს,
აკამასს მიმსგავსებული, დამღუპველი არესი შეუდგა ტროელთა რიგების აღგზნებას და მოუხმო
პრიამოსის ზევსის გამოზრდილ ვაჟებს: „ზევსის აღზრდილი მეფე პრიამოსის ძეებო, ნუთუ ნებას
დართავთ აქაველებს, ხალხი დაგიხოცონ? თუ მანამდე აცლით, სანამ ბრძოლით არ მოადგებიან
კეთილნაკეთებ კარიბჭეს? წევს კაცი, რომელსაც ღვთაებრივი ჰექტორის დარად ვცემთ პატივს,
ენეასი, დიდგულოვანი ანქისესის ძე. მაშ, მოდით, ხოცვა-ჟლეტისგან ვიხსნათ საუკეთესო
მეგობარი!“ [470] ეს თქვა და აღუგზნო სული და შემატა ძალა თითოეულს. მაშინ სარპედონმა
ძლიერ გაკიცხა ღვთაებრივი ჰექტორი: „ჰექტორ, სად წავიდა შენი ძალა, რომელიც აქამდე გქონდა?
ხომ ამბობდი, რომ ხალხის გარეშე და მოკავშირეთა გარეშე, მარტოც დაიცავდი ქალაქს, ძმებთან და
სიძეებთან ერთად? აქ ახლა ვერც ერთს ვერ ვხედავ და არც ვიცი, სად არიან; მიწაზე არიან
განრთხმული, როგორც ძაღლები ლომის წინაშე, ჩვენ კი ვიბრძვით, ჩამოსული მოკავშირეები! მეც
მოკავშირე ვარ და თქვენს დასახმარებლად შორიდან ჩამოვსულვარ; შორსაა აქედან ლიკია და
ხშირმორევიანი ქსანთოსი. [480] იქ დავტოვე საყვარელი მეუღლე, ჩვილი ვაჟი და მთელი ქონება,
რაც ყველა უპოვარს ენატრება. და მაინც ჩემს ლიკიელებსაც მოვუწოდებ და თავადაც მზად ვარ
კაცთან საბრძოლველად, თუმცა კი აქ არაფერი მაბადია, რასაც ჩემგან წაიღებდნენ ან წაიყვანდნენ
აქაველები. შენ კი თავადაც დამდგარხარ და სხვასაც არ უბრძანებ შენი ხალხიდან, რომ
წინააღმდეგობა გასწიონ და საკუთარი ცოლები დაიცვან! არ დაუშვა, რომ გამძვინვარებულმა
მტერმა ყოვლისმომცველ სელის ქსელში გაგახვიონ და მის ტყვედ და ნადავლად შეიქმნეთ; მაშინ
ისინი სრაფად დააქცევდნენ თქვენს კეთილნაგებ ქალაქს. [490] გმართებს ყველაფერ ამაზე
დღედაღამ ზრუნვა, უნდა სთხოვო მოკავშირეთა მეთაურებს, რომელთა სახელი შორსაა
განთქმული, შეუჩერებლად იბრძოლონ და საყვედურებს თავი დაანებონ.“
ასე თქვა სარპედონმა და მისმა სიტყვამ გული ატკინა ჰექტორს. იმავწამს შეიარაღებული
ჩამოხტა ეტლიდან მიწაზე, შეარხია ბასრი შუბები, დაუარა მთელ ლაშქარს, საბრძოლოდ აღაგზნო
და გააღვივა სასტიკი ომი. საბრძოლო ყიჟინა დასცეს ტროელებმა და აქაველებს პირისპირ
დაუდგნენ, არგოსელებს კი შეკრული ჰქონდათ რიგები და უკან დახევას არ აპირებდნენ.
როგორც ქარს გადააქვს ბზე წმინდა კალოზე, [500] როდესაც ხალხი ანიავებს და
ოქროსთმიანი დემეტერი აღძრული ქარებით ერთმანეთისგან არჩევს ნაყოფსა და ბზეს, ხოლო ბზის
ხვავი ოდნავ თეთრდება, სწორედ ასევე გათეთრდნენ აქაველები მტვრისგან, რომელიც
მრავალსპილენძიან ცამდე15 ავარდა ცხენების ფლოქვებიდან, როგორც კი განახლდა ბრძოლა და
ეტლები უკან მოაბრუნეს მეეტლეებმა და ხელების ძალით მიმართეს მტრისკენ; ღამით დაფარა
დაუოკებელმა არესმა ბრძოლის ველი ტროელთა დასახმარებლად და შემოიარა ყველა ადგილი,
იგი აღასრულებდა ოქროსხმლიანი სხივოსანი აპოლონის ბრძანებას, რომელმაც მოუწოდა, [510]
ტროელები გაემხნევებინა, როდესაც დაინახა, რომ წავიდა პალასი ათენა, რომელიც იყო დანაელთა
14
დაიმონი — ღვთაებრივი სული. ჰომეროსი ახსენებს ღმერთებსა და დაიმონებს,
განასხვავებს მათ, მაგრამ, ამავე დროს, თანასწორ ძალებად განიხილავს.
15
მრავალსპილენძიანი ცა — ჰომეროსის წარმოდგენით, ცა ლითონის (სპილენძის ან
რკინის) ნახევარსფეროა.
მცველი.
აპოლონმა კი ენეასი მდიდარი სამლოცველოდან შორს გაგზავნა და მკერდში ხალხთა
მწყემსს ვაჟკაცობა ჩაუდგა. ენეასი მეგობრებს შეერია; მათ გაიხარეს, როცა ნახეს, რომ ცოცხალი,
უვნებელი და სულით მხნე დაბრუნდა, კითხვით კი ვერაფერი ჰკითხეს, — ამის საშუალება არ
მისცა სხვა გარჯამ, რომლისკენაც ვერცხლისმშვილდიანი ღმერთი, ხალხთამმუსრავი არესი და
მრისხანებით გაუმაძღარი ერისი16 მოუწოდებდნენ.
ორივე აიასი, ოდისევსი და დიომედესი [520] დანაელებს ბრძოლისკენ მოუხმობდნენ,
თუმცა მათ ისედაც ტროელთა არც ძალა აშინებდათ და არც მათი დადევნება; ამიტომ დარჩნენ,
სადაც იყვნენ, ღრუბლებივით, რომლებიც კრონოსის ძის მიერ უქარო ამინდში ამართულ მთებზე
მოფენილი უძრავად დგას, სანამ სძინავს ბორეასისა 17 და სხვა ბობოქარი ქარების ძალებს,
რომლებიც ხმაურიანი ამოსუნთქვით მუქ ღრუბლებს მიერეკებიან ხოლმე; ასე მტკიცედ იდგნენ
დანაელები ტროელების წინააღმდეგ და უკან არ იხევდნენ. ატრევსის ძე ხალხში დადიოდა და
ბრძანებებს გასცემდა: „მეგობრებო, ვაჟკაცები იყავით და მამაცი გული ჩაიდგით, [530] არ
შერცხვეთ ერთმანეთთან მძიმე ბრძოლებში! ვისაც შერცხვენის ეშინია, ის უფრო გადარჩება, ვიდრე
მოკვდება, ხოლო გაქცეული სახელსაც დაკარგავს და სიცოცხლესაც.“
და შუბი სწრაფად სტყორცნა და მოარტყა პირისპირ მდგომ ვაჟკაცს, დიდგულოვანი
ენეასის მეგობარს, დეიკოონს, პერგასოსის ძეს, რომელსაც ტროელები პრიამოსის ვაჟების დარად
სცემდნენ პატივს და რომელიც მუდამ მეწინავეთა შორის ბრძოლისკენ მიისწრაფვოდა. მას ფარში
მისწვდა მძლავრი აგამემნონი, ფარმა ვერ გაუძლო, ბრინჯაომ მასში შეაღწია, ქამარი გაგლიჯა და
ქვემო მუცელში ჩაეფლო, [540] დაცემისას ყრუ ხმა გამოსცა და გაიჟღრიალა მისმა აბჯარმა.
მაშინ ენეასმა დახოცა დანაელთა საუკეთესო ვაჟკაცები — დიოკლევსის ორი ძე, კრეთონი
და ორსილოქოსი, მათი მამა კეთილნაგებ ფერეში ტკბებოდა მდიდრული ცხოვრებით, მისი
მოდგმა მომდინარეობდა მდინარე ალფეიოსისგან, რომელიც ფართოდ მოედინება პილოსელთა
მიწაზე; სწორედ მან შვა ორტილოქოსი, მრავალი ვაჟკაცის მეუფე, ორტილოქოსმა კი შვა
დიდგულოვანი დიოკლევსი, ხოლო დიოკლევსისგან ტყუპი ბიჭები იშვნენ, კრეთონი და
ორსილოქოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. [550] ისინი, დავაჟკაცებულები, შავი
ხომალდებით ერთმანეთს წამოჰყვნენ არგოსელებს ცხენებით მდიდარ ილიონში, რათა
შურისძიებით პატივი ეცათ ატრევსის ძეების, აგამემნონისა და მენელაოსისათვის, მაგრამ აქ ორივე
სასიკვდილო აღსასრულს მიადგა. ლომის ეს ორი ბოკვერი, რომლებიც მთის მწვერვალზე დედა
ლომმა გამოზარდა უსიერი ტყის სიღრმეში, თავს ესხმოდა ხარ-ძროხასა და მსუქან ცხვრებს, კაცთა
სადგომებს ანადგურებდა, სანამ კაცთა ხელით თვითონაც არ დაიხოცნენ ბასრი ბრინჯაოთი, ასევე
ეს ორი, ენეასის ხელით ძლეული, [560] მოცელვით დაენარცხა მიწას მაღალი ფიჭვივით.
მათმა დაცემამ გული მოუკლა არესის რჩეულ მენელაოსს, მეწინავე მებრძოლებში შეიჭრა
ელვარე ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი, შუბის მრხეველი: რისხვა აღუძრა მას არესმა,
იმედოვნებდა, იქნებ, ენეასის ხელით დაიღუპოსო. იგი დაინახა ანტილოქოსმა, დიდგულოვანი
ნესტორის ვაჟმა, შეიჭრა მეწინავეთა შორის, რადგან ეშინოდა, ხალხთა მწყემსს რამე არ მოსვლოდა
და მთელი მათი შრომა წყალში არ ჩაეყარა. ენეასი და მენელაოსი კი ხელაღმართულნი ბასრი
შუბებით პირისპირ იდგნენ და ბრძოლას აპირებდნენ; [570] ანტილოქოსი გვერდში ამოუდგა
ხალხთა მწყემსს, ენეასი კი არ დარჩა, თუმცა სწრაფი მეომარი იყო, როცა გვერდიგვერდ მდგარი
ორი ვაჟკაცი დაინახა. მათ კი მკვდრები გაათრიეს აქაველი ხალხისკენ და საბრალონი იქ დატოვეს,
მეგობრების ხელში, თავად კი მობრუნდნენ მეწინავეთა შორის საბრძოლველად.
იქ პილემენესი მოკლეს, არესის სწორი, დიდგულოვანი პაფლაგონიელი ფაროსნების
წინამძღოლი. იგი ატრევსის ძემ, შუბოსნობით განთქმულმა მენელაოსმა შუბით განგმირა, ლავიწში
მისწვდა; [580] ანტილოქოსმა მის მეეტლესა და მსახურ მიდონს, ატიმნიოსის ღირსეულ ძეს,
რომელიც მიუბრუნდა მუხლად ცხენებს, ლოდი მოარტყა შუა იდაყვში; ხელიდან მტვერში
დაუვარდა სპილოსძვლიანი თეთრი სადავეები. ანტილოქოსი პირდაპირ მიეჭრა და ხმალი
საფეთქელში ჩასცა, მძიმედ ამოიხრიალა, ჩამოვარდა კეთილად ნაკეთები ეტლიდან, თავითა და
მხრებით პირქვე დაეცა მტვერში. ძალიან დიდხანს იყო ასე ჩავარდნილი ღრმა ქვიშაში, სანამ მისმა
ცხენებმა არ გააქანეს მიწაზე მტვერში დაცემული. მათრახი გადაჰკრა მათ ანტილოქოსმა და
აქაველების ბანაკისკენ გააქანა.
16
ერისი — განხეთქილების ქალღმერთი, მას უპირისპირდება ჰარმონია.
17
ბორეასი — ჩრდილოეთის ქარი.
[590] ისინი მეომართა რიგებში შეამჩნია ჰექტორმა და მათკენ ყიჟინით გაიჭრა და მას
გაჰყვნენ ტროელთა მძლავრი რიგები, მათ მიუძღოდნენ არესი და დედოფალი ენიო, რომელსაც
ახლდა დაუნდობელი ბრძოლის ღრიანცელი; არესი კი ხელში ათამაშებდა უზარმაზარ შუბს და ხან
წინ დაუდგებოდა ჰექტორს, ხანაც უკან.
ღმერთი რომ დაინახა, შეძრწუნდა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი და
როგორც კაცი, რომელიც უიმედოდ მიდის დიდ ველზე, დადგება, როდესაც ზღვაში ჩამდინარე
ქაფით მოელვარე სწრაფ მდინარეს მოჰკრავს თვალს და უკან გაიწევს, [600] ზუსტად ასე ტიდევსის
ძემ უკან დაიხია და ხალხს უთხრა: „მეგობრებო, აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ღვთაებრივი
ჰექტორი შუბოსანი და გამბედავი მეომარია! მუდამ გვერდში უდგას რომელიღაც ღმერთი და
დაღუპვისგან იფარავს; ახლაც გვერდს უმშვენებს არესი, მოკვდავ კაცს მიმსგავსებული.
ტროელებისკენ გქონდეთ მიქცეული სახე, მაგრამ უკან დაიხიეთ, რადგან ღმერთებთან ომს ვერ
გავბედავთ.“
ასე თქვა და ტროელები ახლოს მოვიდნენ მათთან. იქ ჰექტორმა საომარი ჟინის მცოდნე
ორი კაცი მოკლა, ერთ ეტლში მდგომნი — მენესთესი და ანქიალოსი. [610] როდესაც დაეცნენ
ისინი, შეებრალა ტელამონის ძეს, დიდ აიასს, ახლოს მოვიდა, დადგა და სტყორცნა ელვარე შუბი,
განგმირა ამფიოსი, სელაგოსის ძე, რომელიც პესოსში ცხოვრობდა, დიდი ქონებისა და მრავალი
მინდვრის პატრონი, მაგრამ ბედისწერ/ამ პრიამოსისა და მისი ვაჟების მოკავშირედ ჩამოიყვანა.
ქამარში მოარტყა მას ტელამონის ძე აიასმა, ქვემო მუცელში ჩაეფლო გრძელჩრდილიანი შუბი,
მძიმე ხმა გამოსცა დაცემისას, მოირბინა სახელგანთქმულმა აიასმა, რომ აბჯარი აეყარა, მაგრამ
ტროელებმა ბასრი შუბები დააყარეს და ფარმა ბევრი მიიღო. [620] ფეხით შედგა ცხედარზე და
ბრინჯაოს შუბი ამოაძრო, მაგრამ ვერ შეძლო, აეყარა ლამაზი აბჯარი მხრებიდან, რადგან ისრები
დააყარეს. შეშინდა, დაუოკებელ ტროელებს მძლავრი ალყა არ დაერტყათ, ისინი ხომ შუბებით
შეიარაღებული მრავლად და მამაცურად მოადგნენ, და, თუმცა, დიდიც იყო, მძლავრიც და
სახელოვანიც, გამოდევნეს მათ, უკან დაიხია და შედრკა.
ასე დაშვრნენ ისინი მძიმე ბრძოლაში; ხოლო ტლეპოლემოსი სახელოვანი და გოლიათი,
მძლავრმა ბედისწერამ აღძრა ღვთისდარ სარპედონთან საბრძოლველად. [630] როდესაც დაიძრნენ
და ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ღრუბელთშემკრები ზევსის შვილი და შვილიშვილი 18,
ტლეპოლემოსმა პირველმა ბრძანა სიტყვა: „სარპედონ, ლიკიელთა მრჩეველო, რამ გაიძულა, აქ რამ
ჩამოგიყვანა და აგაცახცახა ეს ომის უმეცარი კაცი?! ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ
ეგისისმპყრობელი ზევსის მოდგმისა ხარ, ბევრად უფრო დაბალი ხარ, ვიდრე ზევსის
შთამომავალი ჩვენი წინა თაობის ხალხი ან, როგორიც იყოო, ამბობენ, ჰერაკლესის ძალა,
მამაჩემისა, რომელიც იყო უგამბედავესი და ულომისგულესი, [640] ის ხომ ოდესღაც აქ მოვიდა
ლაომედონის ცხენებისთვის, სულ რაღაც ექვსი გემით და ცოტაოდენი ხალხით, ილიონი დაამხო
და ქუჩები დააცარიელა. შენ კი სულმოკლე ხარ და შენი ხალხიც სასიკვდილოდაა განწირული. არ
მგონია, რომ ბურჯად გამოადგე ტროელებს, ტყუილად ჩამოხვედი ლიკიიდან, უფრო ძლიერიც
რომ ყოფილიყავი, ჩემი ხელით მაინც მოგაშთობდი და ჰადესის კარიბჭეში გაგატარებდი.“
მას საპასუხოდ უთხრა სარპედონმა, ლიკიელთა წინამძღოლმა: „ტლეპოლემოს, ჰერაკლემ
მართლაც დააქცია წმინდა ილიონი ერთი კაცის, სახელოვანი ლაომედონის უგუნურების გამო, —
[650] მან ხომ თავისი კეთილისმყოფელი ბოროტი სიტყვით გაკიცხა და არ მისცა ცხენები 19,
რომელთა გულისთვისაც ის შორიდან იყო მოსული. შენ კი გპირდები, აქ სიკვდილსა და შავ
აღსასრულს მიიღებ ჩემგან, ჩემი შუბით განგმირული, მე სახელს მომიტან, ხოლო ცხენებით
18
ზევსის შვილი და შვილიშვილი — სარპედონი ზევსის შვილია და ჰერაკლეს ძე
ტლეპოლემოსი — შვილიშვილი.
19
არ მისცა ცხენები — ტროის მეფე ლაომედონმა, პრიამოსის მამამ, უარი თქვა, გადაეხადა
პოსეიდონისა და აპოლონისთვისთვის ილიონის ირგვლივ გალავნის აგების საზღაური;
განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას ურჩხული მოუვლინა, რომლისთვისაც ლაომედონის ასული,
ჰესიონე უნდა შეეწირათ. ჰერაკლესმა იკისრა ქალიშვილის გადარჩენა, მაგრამ სანაცვლოდ ტროსის
სახელგანთქმული ცხენები მოითხოვა. როდესაც გმირმა მოკლა ურჩხული და დაპირებული
ჯილდოსთვის მოვიდა, ლაომედონმა იგი ხელცარიელი გააძევა. რამდენიმე წლის წემდეგ
ჰერაკლესი დაბრუნდა, აიღო ტროა, ამოხოცა ლაომედონი და მისი შვილები, უმცროსის,
პრიამოსის, გარდა, რომელიც ჰესიონემ გამოისყიდა. მას შემდეგ ეწოდება ლაომედონის უმცროს
შვილს პრიამოსი ანუ „ნაყიდი“.
სახელგანთქმულ ჰადესს — სულს.“
ეს ბრძანა სარპედონმა, ხოლო ტლეპოლემოსმა ზე ასწია იფნის შუბი და ერთდროულად
ორი გრძელი შუბი გამოფრინდა მათი ხელებიდან. შიგ კისერში მოარტყა სარპედონმა, მტანჯველმა
შუბისპირმა უკან გააღწია და ტლეპოლემოსის თვალები ბნელმა ღამემ დაფარა. [660] თავად
ტლეპოლემოსმა კი მარცხენა თეძოში მოარტყა სარპედონს უზარმაზარი შუბი, გამალებული
შუბისპირი შეიჭრა და ძვალს მისწვდა, მაგრამ მამამ დაღუპვას გადაარჩინა. ღვთაებრივმა
მეგობრებმა ღვთისდარი სარპედონი ბრძოლას გაარიდეს, იტანჯებოდა, დიდ შუბს რომ
მიათრევდა, არავის უთქვამს და არც არავის უფიქრია, ჭრილობიდან ამოეღოთ იფნის შუბი, რომ
წამომდგარიყო: ისე ჩქარობდნენ და ერთად თავმოყრილნი საქმეს ისე აკეთებდნენ.
მეორე მხრიდან ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა ტლეპოლემოსი ბრძოლიდან გაიტანეს;
ღვთაებრივმა ოდისევსმა თვალი მოჰკრა, [670] მტკიცე სულის კაცმა და აღეძრა კეთილი გული;
ორი განზრახვა გაუჯდა გულსა და სულში: ან ხმაურიანი ზევსის ძეს დასდევნებოდა, ან მრავალი
ლიკიელისთვის ამოერთვა სული. არ იყო დიდგულოვანი ოდისევსის ხვედრი, ზევსის მძლავრი ძე
განეგმირა ბასრი ბრინჯაოთი; მისი მრისხანება ათენამ ლიკიელების გუნდისკენ მიმართა. იქ
დახოცა კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოსი, ალკანდროსი, ალიოსი, ნოემორი, პრიტანისი და კიდევ
ბევრ ლიკიელს გამოასალმებდა სიცოცხლეს ღვთაებრივი ოდისევსი, [680] უმალ რომ არ მოეკრა
თვალი მუზარადმოელვარე ჰექტორს: წინა რიგის მებრძოლებში შეიჭრა ელვარე ბრინჯაოს
მუზარადით შემოსილი და ძრწოლა მოჰგვარა დანაელებს; ზევსის ძემ, სარპედონმა, გაიხარა,
მომავალი რომ დაინახა და შესაბრალისი სიტყვით მიმართა: „ჰექტორ, ნუ მისცემ ნებას დანაელებს,
რომ მათს ნადავლად ვიწვე, დამიცავი! შემდეგ კი, დაე, მოვკვდე თქვენს ქალაქში, რადგან ვეღარ
დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, საკუთარ სახლში, მშობელ მიწაზე, რომ გავიხარო საყვარელი
მეუღლითა და ჩვილი ვაჟით.“
ასე თქვა და მისთვის არ უპასუხია მუზარადმოელვარე ჰექტორს, [690] არამედ წინ გაიჭრა,
მოწადინებული, რაც შეიძლება, სწრაფად მოეგერიებინა არგოსელები და ბევრი მათგანისთვის
ამოერთვა სული. ამასობაში ღვთისდარი სარპედონი ღვთაებრივმა მეგობრებმა დასვეს
ეგისისმპყრობელი ზევსის უმშვენიერესი მუხის ქვეშ, ხოლო თეძოდან იფნის შუბი ამოაძრო
მძლავრმა პელაგონმა, რომელიც მისი საყვარელი მეგობარი იყო. სულმა დატოვა გმირი და
თვალებს დაეღვარა წყვდიადი, მაგრამ სუნთქვა დაუბრუნდა და ბორეასის დაქროლვამ დაუბრუნა
სიცოცხლე სულთმობრძავს.
არგოსელებს არესისა და ბრინჯაოსაბჯრიანი ჰექტორისთვის [700] ზურგი არ შეუქცევიათ
და შავი ხომალდებისკენ არ დაძრულან, პირისპირ დაუდგნენ საბრძოლველად, მაგრამ უკან
იხევდნენ, როცა შეიტყვეს, რომ ტროელებს არესი მოუძღოდათ. იქ კი ვინ იყო პირველი და ვინ
უკანასკნელი, ვინც მოკლეს პრიამოსის ძე ჰექტორმა და ბრინჯაოს არესმა? ღვთისდარი ტევფრასი
და ცხენთა გამრეკი ორესტესი, ტრექოსი, ეტოლიელი შუბოსანი და ოინომაოსი, ოინოფსის ძე
ჰელენოსი და ჭრელქამრიანი ორესბიოსი, რომელიც ჰილეში ცხოვრობდა და დიდ სიმდიდრეს
უვლიდა კეფისისის ტბასთან და მის მახლობლად [710] მდიდარი მიწების პატრონი სხვა
ბეოტიელებიც ცხოვრობდნენ. როდესაც შეამჩნია თეთრხელებიანმა ჰერამ, რომ არგოსელებს
ხოცავდნენ სასტიკ ბრძოლაში, იმავწამს ათენას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ო,
ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო ატრიტონე, ამაოდ მიგვიცია პირობის სიტყვა მენელაოსისთვის,
რომ კეთილგალავნიან ილიონს დააქცევდა და შინ დაბრუნდებოდა, თუ ასე შევარჩენთ
მძვინვარებას დამღუპველ არესს. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ ჩვენი დაუოკებელი სიმამაცე!“
ასე ბრძანა და დაემორჩილა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა. [720] მაშინ მიუახლოვდა
შუბლზე ოქროს ბაფთით შემოსილ ცხენებს ჰერა, დიდებული ქალღმერთი, დიდი კრონოსის
ასული. ჰებემ სწრაფად მიამაგრა ეტლს ბრინჯაოს მოხრილი რვასოლიანი თვლები რკინის ღერძის
ორივე მხარეს. თვლებს უჭკნობი ოქროს ფესოები ედოთ, ზემოდან კი ბრინჯაოს ფენა ამშვენებდათ
— საოცარი სანახავი იყო! ვერცხლის მორგვები ბრუნავდა ორივე მხარეს; თავად ეტლი კი იყო
ოქროსა და ვერცხლის ღვედებით დაწნული და ორი ფერსო ბრუნავდა; ძარიდან გამოდიოდა
ვერცხლის ხელნა, მას ბოლოში [730] ჰებემ მიამაგრა ლამაზი, ოქროს უღელი, გადაავლო ლამაზი
ოქროს თასმები, უღელში შეაბა სიძულვილსა და ბრძოლას მოწყურებულმა ჰერამ ფეხმარდი
ცხენები.
ამასობაში ეგისისმპყრობელი ზევსის ასულმა ათენამ მოხატული პეპლოსი გაიხადა და იგი
დაეცა მამისეული სამყოფლის იატაკზე; ეს კაბა თავად შექმნა, საკუთარი ორი ხელით. შემდეგ მან
ჩაიცვა ღრუბელთშემკრები ზევსის ქიტონი და საბრძოლო აბჯარი აისხა ცრემლის მომგვრელი
ომისთვის. ორივე მხარზე გადაიკიდა საშინელი ფოჩიანი ფარი, რომელზეც გამოსახული იყო
ძრწოლა, [740] განხეთქილება, ბრძოლა და მძლავრი დევნა; იქვე იყო საშინელი ურჩხულის,
გორგოს20 თავი, საზარელი და მრისხანე, ეგისისმპყრობელი ზევსის მომასწავებელი ნიშანი. თავზე
დაიხურა ოქროს ორჯიღიანი და ოთხბუდიანი მუზარადი, ასი ქალაქის მებრძოლთაგან ნაჭედი.
მოელვარე ეტლზე შედგა ფეხი, აღიჭურვა მძიმე, დიდი, სქელი შუბით, მებრძოლ გმირთა იმ
რაზმების მუსრის გამვლები, რომლებიც მძლავრი მამის ასულს განარისხებდნენ. ჰერამ მათრახი
სწრაფად გადაჰკრა ცხენებს; თავისით გაიჟღრიალა ზეცის კარიბჭემ, რომელიც ჰორებს 21 უპყრიათ,
[750] მათ მიბარებული აქვთ დიდი ზეცა და ოლიმპოსი, რომ გააღონ სქელი ღრუბელი ან დაახშონ
ისევ. მათი გავლით გაიყვანეს ქალღმერთებმა მათრახგადაკრული ცხენები და იპოვეს კრონოსის ძე,
სხვა ღმერთების გარეშე, მჯდომი მრავალთხემიანი ოლიმპოსის უმაღლეს მწვერვალზე. აქ ცხენები
გააჩერა თეთრხელებიანმა ჰერამ, უზენაეს ზევსს, კრონოსის ძეს ჰკითხა და უთხრა: „მამა ზევსო, არ
განრისხდი, არესმა ეს სასტიკი ამბები რომ ჩაიდინა, ამდენი და ასეთი აქაველი მეომარი რომ
ამოხოცა დაუფიქრებლად, წესების საწინააღმდეგოდ ჩემდა ჭირად, მშვიდად რომ [760] ტკბებიან
ამით კვიპროსის დედოფალი და ვერცხლისმშვილდიანი აპოლონი, მიშვებული რომ ჰყავთ ეს
უგუნური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამართლიანობაზე?! მამა ზევსო, გამიბრაზდები, თუკი
მე არესს მძიმედ დავარტყამ და ბრძოლიდან გამოვათრევ?!“
მას მიუბრუნდა და ბრძანა ღრუბელთა შემკრებმა ზევსმა: „მიდი ახლა და აღძარი ათენა,
ნადავლზე მონადირე, რომელსაც ყველაზე უფრო სჩვევია მისთვის ტკივილის მიყენება.“
ასე ბრძანა და მას დაემორჩილა თეთრხელებიანი ქალღმერთი ჰერა, მათრახი გადაჰკრა
ცხენებს და ისინიც ხალისით გაფრინდნენ მიწასა და ვარსკვლავიან ზეცას შორის. [770] რამოდენა
სივრცესაც მოიცავს მაღალ ბორცვზე მჯდომი ადამიანი საკუთარი თვალებით, როდესაც
ღვინისფერ ზღვას გაჰყურებს, იმოდენა სივრცეს ფარავდნენ ერთი ნახტომით ღმერთების
მოგრიალე ცხენები. და ახლა ისინი მიადგნენ ტროას, სადაც ორი მდინარე მიედინება და
ერთმანეთს ერწყმის სიმოისისა და სკამანდროსის ნაკადები, იქ ცხენები გააჩერა თეთრხელება
ქალღმერთმა ჰერამ, გამოხსნა ეტლიდან და სქელი ნისლით დაფარა, ხოლო სიმოისმა ამბროსია
აღმოუცენა საკვებად. ორი ქალღმერთი კი გაუბედავი მტრედებივით პატარა ნაბიჯებით გაემართა
არგოსელებისაკენ, მათს დახმარებას მოწყურებულნი.
[780] და როდესაც იქ მივიდნენ, სადაც მრავალი საუკეთესო ვაჟკაცი იდგა
ცხენთამხედნელი დიომედესის ირგვლივ უმი ხორცის მჭამელი ლომებივით ან გარეული
ტახებივით, რომელთაც არასოდეს აკლდებათ ძალა, იქ დადგა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა
სპილენძისხმიან დიდგულოვან სტენტორს დაემსგავსა და იმოდენა ხმით შესძახა, რაც სხვა
ორმოცდაათს თუ ექნებოდა: „სირცხვილი თქვენ, არგოსელებო, იერით ბრწყინვალენო და
სინამდვილეში საზიზღარნო! სანამ ომში იბრძოდა ღვთაებრივი აქილევსი, მაშინ ტროელები ვერ
ბედავდნენ დარდანული კარიბჭიდან გამოსვლას, [790] რადგან ყველას აშინებდა მისი მძიმე შუბი,
ახლა კი ქალაქიდან შორს, ღრმამუცლიან ხომალდებთან იბრძვიან!“
ასე თქვა და თითოეულს სული შთაბერა და ყველა მრისხანებით აღაგზნო. ტიდევსის ძეს
მიეჭრა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, იპოვა მეფე ცხენებთან და ეტლთან მდგარი, ჭრილობას
იგრილებდა, რომელიც პანდაროსმა მიაყენა ისრით. ოფლი სდიოდა ფართო ღვედის ქვეშ,
რომელსაც მრგვალი ფარი ეჭირა, ოფლი ასველებდა და ხელი ეღლებოდა, მაგრამ ღვედს ატარებდა
და ღრუბელივით შავი სისხლი სდიოდა.
ცხენების უღელს ჩაავლო ხელი ქალღმერთმა და ბრძანა: [800] „მართლაცდა, შვილი
ნაკლებად დამსგავსებია ტიდევსს; ტიდევსი პატარა იყო ტანად, მაგრამ ის მეომარი იყო. მაშინაც კი,
როდესაც ნება არ დავრთე, ეომა და წინ გაჭრილიყო, მაინც წავიდა, აქაველთა გარეშე, მაცნედ
თებეში აურაცხელ კადმოსიანთან. მე მას ვუბრძანე, მშვიდად ენადიმა სასახლეში, მაგრამ მას
მძლავრი სული არ ასვენებდა, როგორც ყოველთვის, — კადმოსიანთა ყმაწვილები გამოიწვია და
ყველა იოლად დაამარცხა, რადგან მეც მხარში ვედექი. ახლა გვერდით შენ გიდგავარ, შენ გიცავ
20
გორგო — გველისთიანი ურჩხული, ზღვის ღმერთ ფორკისისა და მისი დის, კეტოს,
ასული. გადმოცემის მიხედვით, სამნი ყოფილან, თუმცა ჰომეროსი იცნობს მხოლოდ ერთ მათგანს,
მედუსა გორგოს.
21
ჰორები — წელიწადის დროთა ქალღმერთები, ზევსისა და ფემისის ასულები,
ოლიმპოსის მცველები, რომლებიც აღებდნენ და ხურავდნენ მის ღრუბლოვან კარიბჭეს.
[810] და მოგიწოდებ, მტკიცედ შეებრძოლო ტროელებს, მაგრამ ან დაღლამ დაგიძაბუნა სხეული, ან
ლაჩრული შიში მოგერია, აღარ ხარ ბრძენი ოინევსის ძის, ტიდევსის ნაშიერი!“
მას უპასუხა და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „გიცანი, ქალღმერთო, ეგისისმპყრობელი
ზევსის ასულო. გულწრფელად გეტყვი სათქმელს და არაფერს დაგიმალავ. არც ლაჩრულ შიშს
შევუპყრივარ და არც ქანცი გამწყვეტია, მაგრამ მახსოვს, რაც შენ თვითონ მიბრძანე, როდესაც ნება
არ დამრთე, სხვა ნეტარი ღმერთების წინააღმდეგ მებრძოლა, [820] გარდა ზევსის ასული
აფროდიტესი, თუკი ის ჩაერთვებოდა ომში, შემეძლო დამეჭრა ბასრი ბრინჯაოთი. ახლა სწორედ
ამის გამო დავიხიე უკან და სხვა აქაველებსაც ვუბრძანე, აქ მოგვეყარა თავი ყველას, რადგან გავიგე,
რომ ბრძოლას არესი ხელმძღვანელობდა.“
მას მიუბრუნდა მაშინ თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა: „ტიდევსის ძეო, დიომედეს,
ჩემი გულის გამხარებელო, მეტად ნუღარ შეგაშინებს ნურც არესი და ნურც რომელიმე სხვა
უკვდავთაგანი, რადგან მე გყავარ მფარველად. მიდი, პირველად სწორედ არესზე მიუშვი
მუხლადი ცხენები, [830] ახლოს მიდი და თავს დაეცი, არ შეუშინდე დაუოკებელ არესს, ეგ
მძვინვარე ბოროტმოქმედი, პირის გამტეხი, ვინც ჯერ მე და ჰერას გვპირდებოდა და გვეუბნებოდა,
ტროელებს შევებრძოლები და არგოსელებს ამოვუდგები მხარშიო, ახლა კი ტროელებისთვის
იბრძვის, საკუთარი სიტყვა კი დაივიწყა.“
ასე ბრძანა და სთენელოსი ჩამოსვა ეტლიდან მიწაზე, ხელით შეეხო ისევ და ისიც სწრაფად
ჩამოხტა. ავიდა ეტლზე და ღვთაებრივ დიომედესს დაუდგა გვერდით განრისხებული
ქალღმერთი, სიმძიმისაგან მძიმე ხმა გამოსცა მუხის ღერძმა, როდესაც მიიღო სასტიკი ქალღმერთი
და საუკეთესო ვაჟკაცი. [840] ხელში ჩაიგდო მათრახი და სადავეები ათენა პალასმა და პირველად
სწორედ არესისკენ წარმართა მუხლადი ცხენები. ამ დროს არესი ბუმბერაზ პერიფასს ჰყრიდა
საჭურველს, ეტოლიელთაგან საუკეთესო ოქესიოსის ბრწყინვალე ვაჟს. მას ძარცვავდა
სისხლისმსმელი არესი, ხოლო ათენამ ჰადესის მუზარადი22 დაიხურა, რომ არ დაენახა მძლავრ
არესს.
როდესაც მოკვდავთმმუსვრელმა არესმა დაინახა ღვთაებრივი დიომედესი, დატოვა
ბუმბერაზი პერიფასი იქ, სადაც იწვა, თუმცა მანამდე მოკლა და სულიც ამოართვა, დაიძრა
პირდაპირ ცხენთამხედნელი დიომედესისკენ. [850] ახლა ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ,
პირველმა არესმა შეუტია ცხენების უღლისა და სადავის ზემოდან ბრინჯაოს შუბით, ეწადა, სული
ამოერთვა, მაგრამ ხელი შეახო შუბს თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ და ააცილა იგი ეტლს
და დარტყმა უსარგებლოდ აქცია. მეორედ უკვე საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი
მისწვდა მტერს ბრინჯაოს შუბით, ხოლო პალასმა ათენამ წარმართა ბოქვენის სიღრმისკენ, სადაც
ღმერთს საბრძოლო სარტყელი ერტყა. იქ მოარტყა, გაუფლითა მშვენიერი ხორცი, უკან ამოგლიჯა
შუბი ისევ, ხოლო ბრინჯაოს არესმა დაიღრიალა იმოდენა ხმით, [860] რამოდენათიც ცხრა ათასი ან
ათი ათასი მეომარი დაიღრიალებდა მძვინვარე ბრძოლაში შესვლისას. შიშისგან კანკალი
დააწყებინა აქაველებსაც და ტროელებსაც, ისე იღრიალა ომით გაუმაძღარმა არესმა.
როგორც მუქი სვეტი, რომელიც ღრუბლისგან წარმოიშვება და ტრიალებს ცხელი დღის
შემდეგ, როცა ქარიშხალი ამოვარდება, ასევე მოეჩვენა ტიდევსის ძე დიომედესს ბრინჯაოს არესი,
რომელიც ღრუბლებთან ერთად აიჭრა ფართო ცაში. მალე მიაღწია ღმერთების სამყოფელს ციცაბო
ოლიმპოსზე, ჩამოჯდა კრონოსის ძე ზევსის გვერდით მჭმუნვარე სულით, [870] აჩვენა უკვდავი
სისხლი, რომელიც ჭრილობიდან სდიოდა და დამწუხრებულმა ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„მამა ზევსო, არ მრისხანებ, ამ ძალადობის საქმეს რომ უყურებ? მუდამ შემზარავ ტკივილს
ვაყენებთ ღმერთები ერთმანეთს ადამიანებისთვის სიხარულის მოსატანად. შენ გემართლებით
ყველა, რადგან შენ შვი უგუნური ასული, დამღუპველი, რომელიც მუდამ უკეთურ საქმეებზე
ფიქრობს. ყველა სხვა ღმერთი, ვინც კი ვართ ოლიმპოსზე, შენი მორჩილი და დამჯერი ვართ
თითოეული. მხოლოდ ამ ერთს ვერასოდეს ვერ აოკებ ვერც სიტყვით და ვერც საქმით, [880]
პირიქით, დაბადებიდანვე მიშვებული გყავს ეს დამღუპველი ბავშვი. ახლა ტიდევსის ვაჟს, თავხედ
დიომედესს მოუწოდა, რისხვა თავს დაეტეხა უკვდავი ღმერთებისთვის. ჯერ კვიპროსის
დედოფალი დაჭრა მაჯაში პირისპირ ბრძოლისას, შემდეგ მე დამეცა თავს, დემონს
მიმსგავსებული, მაგრამ მე გამოვექეცი სწრაფი ფეხებით, თორემ დიდხანს მომიწევდა გდება და
ტანჯვა საზარელი მკვდრების გარემოცვაში ან ცოცხლად, მაგრამ უძლურად დარჩენილს უნდა
22
ჰადესის მუზარადი — ბერძნული მითოლოგიის „უჩინმაჩინის ქუდი“; ჰადესის სახელი
„უხილავს“ ნიშნავს.
ამეტანა ბრინჯაოს დარტყმები!“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „რას მომიჯექი,
პირისგამტეხო და რას წუწუნებ? [890] ყველა ოლიმპოსელ ღმერთზე მეტად შენ მძულხარ, რადგან
მუდამ მხოლოდ განხეთქილება, ომები და ბრძოლები გიზიდავს. დედაშენის, აუტანელი და
ჯიუტი ჰერას სული მოგდევს, რომელსაც მე თვითონაც ძლივს ვარჯულებ სიტყვებით. ასე მგონია,
ახლაც დედაშენის ხრიკების გამო იტანჯები; მაგრამ მეტად ვეღარ ავიტან, რომ შენს ტკივილს
ვუყურო, რადგან ჩემი ნაშიერი ხარ, დედაშენს შენ ჩემგან ჩაესახე. სხვა ღმერთისგან რომ
დაბადებულიყავი და ასე დამღუპველი რომ ყოფილიყავი, ურანოსის შვილებსაც 23 კი შენზე მაღლა
დააყენებდნენ.“
ასე თქვა და პაიანს უბრძანა, განეკურნა. [900] ჭრილობას პაიანმა მალამო დაადო ტკივილის
დასაამებლად და მოარჩინა, რადგან არ იყო მოკვდავად დაბადებული. როგორც ლეღვის ხის
წვენით თეთრი რძე შედედდება და სწრაფი მორევით სითხე შესქელდება, სწორედ ასეთი
სისწრაფით განიკურნა დაუოკებელი არესი. ჰებემ განბანა და უმშვენიერესი სამოსი ჩააცვა.
კრონოსის ძის, ზევსის გვერდით დაბრძანდა, ამ პატივით გაამაყებული.
ამასობაში დიადი ზევსის სასახლეში დაბრუნდნენ არგოსელი ჰერა და მფარველი ათენა,
მას შემდეგ, რაც შეაწყვეტინეს კაცთამმუსვრელ არესს თავისი დამღუპველი შრომა.

23
ურანოსის შვილები — ურანოსისა და გაიას ანუ ზეცისა და მიწის შვილები — ტიტანები,
რომლებიც ზევსის წინააღმდეგ აჯანყდნენ თავისი ძმის, კრონოსის, დასაცავად. ზევსმა დაამარცხა
ტიტანები და ტარტაროსში დაამწყვდია, დედამიწის პირქუშ სიღრმეებში.

You might also like