Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

მეათე სიმღერა

დოლონია
ხომალდებთან წყნარ ძილს მიცემული სხვა საუკეთესო აქაველები ისვენებდნენ მთელი ღამე,
მაგრამ ატრევსის ძეს, აგამემნონს, ხალხთა მწყემსს, არ ჰქონდა ტკბილი ძილი, თავში ათასი ფიქრი
უტრიალებდა. როგორც ლამაზთმიანი ჰერას მეუღლე1 ისვრის ელვას, როცა ამზადებს თავსხმა
წვიმას, უზომო სეტყვას ან ქარბუქს, როდესაც თოვლი გადაათეთრებს ველებს, ან სადღაც
დამღუპველ ომს დიდ ხახას დააღებინებს, ასე ხშირ-ხშირად გმინავდა აგამემნონი [10] გულის
სიღრმიდან და მთელი შიგნეული უთრთოდა. როდესაც ტროელთა ბანაკს აკვირდებოდა, აოცებდა
ილიონის წინ დანთებულ კოცონთა სიმრავლე, ფლეიტისა და სალამურის ხმა და ხალხის ხმაური;
ხოლო როდესაც ხომალდებისა და აქაველი ხალხისკენ იყურებოდა, თავზე თმებს ძირიანად
იგლეჯდა მაღლა მყოფი ზევსისთვის, დიდად ოხრავდა სახელოვანი გული. ახლა ეს ფიქრი
მოეჩვენა საუკეთესოდ, უპირველესად მოეძებნა ნესტორი, ნელევსის ძე, რომ მასთან ერთად
შეემუშავებინა უტყუარი გეგმა, [20] რომელიც ყველა დანაელს განსაცდელს ააცილებდა. ფეხზე
წამოდგა, მხრებზე მოიცვა ქიტონი, თეთრ ფეხებზე ლამაზი სანდლები ჩაიცვა, ზემოდან მოისხა
ლომის მოყავისფრო-ყვითელი ტყავი, — მბზინავი, ისეთი დიდი, რომ ფეხებამდე წვდებოდა და
აიღო შუბი. ასეთმა ცახცახმა აიტანა მენელაოსიც; მის თვალს რული არ მიეკარა, ეშინოდა, რამე არ
მოსვლოდათ არგოსელებს, რომელთაც მის გამო გადმოლახეს ვრცელი ზღვა და ტროაში
ჩამოვიდნენ ფიცხელ ომს მოწყურებულები. ჯერ ლეოპარდის წინწკლებიანი ტყავი მოისხა ვეება
მხრებზე, [30] შემდეგ აიღო და თავზე დაიხურა ბრინჯაოს მუზარადი, ხოლო ძლიერი ხელი შუბს
დაავლო. წავიდა ძმის გასაღვიძებლად, რომელიც ყველა არგოსელის დიდი მეფე იყო და ისინიც
მას ღმერთივით სცემდნენ პატივს. იგი იპოვა, მხრებზე ლამაზ აბჯარასხმული, ხომალდის
კიჩოსთან, ძმის მისვლამ გაახარა. პირველი სიტყვა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა
თქვა: „რატომ შეიარაღებულხარ, ძმაო? მეგობართაგან ვინმე ხომ არ უნდა გაგზავნო ტროელების
დასაზვერად? ძალიან მეშინია, ამ საქმის შემსრულებელი კაცი იპოვო, [40] რომ მტრის ბანაკში
შეიპაროს დასაზვერად მარტო, ღამის წყვდიადში, ასეთ კაცს ძალიან თამამი გული უნდა ჰქონდეს.“
მას უპასუხა მძლავრმა აგამემნონმა: „ორივეს, მეც და შენც, ზევსის აღზრდილო მენელაოს,
გვჭირდება გონივრული რჩევა, ვინმე შეძლებს თუ ვერა დაიცვას და გადაარჩინოს არგოსელები და
ხომალდები, მას შემდეგ, რაც ზევსმა ზურგი შეგვაქცია. ჰექტორის შესაწირავმა უფრო მოუგო
გული, ვიდრე ჩვენმა. არასოდეს მინახავს, არც მსმენია, ვინმეს ეთქვას, რომ ერთი კაცი ერთ დღეში
ამდენ უბედურებას დააწევდა ვინმეს, რაც ზევსის საყვარელმა ჰექტორმა დააწია აქაველთა
შვილებს [50] მარტომ, არც ქალღმერთის შვილობით და არც ღმერთის. ისეთ დღეში ჩაგვაგდო,
იმდენი სიავე გვიყო, მგონი, არგოსელები კიდევ დიდხანს ძრწოლით მოიგონებენ. შენ წადი ახლა,
გემებისკენ გაიქეცი, აიასსა და იდომენევსს მოუხმე, მე კი ღვთაებრივ ნესტორთან წავალ,
გავაღვიძებ, იქნებ ისურვოს წამომყვეს, რომ დარაჯების წმინდა მოვალეობა შევამოწმოთ და
ბრძანება გავცეთ. მას უფრო დაუჯერებენ, მისი ვაჟი ხომ დარაჯებს მეთაურობს იდომენევსის
მეგობარ მერიონესთან ერთად; მაგათ ჩავაბარეთ ეს საქმე.“
[60] მას უპასუხა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „როგორ შევასრულო
ბრძანება, მე რომ მომეცი? იქ უნდა მოგიცადო, სადაც მივდივარ და დაველოდო შენს დაბრუნებას,
თუ გადავცე ბრძანება და უკან გამოვიქცე?“
მას უპასუხა ხალხმა ბელადმა აგამემნონმა: „იქ დარჩი, რომ არ ავცდეთ ერთმანეთს აქეთ-
იქით სიარულში, ბევრი ბილიკია ბანაკში. გზაში ყველას ხმამაღლა დაუძახე, ურჩიე, ფრთხილად
იყვნენ, შთამომავლობით მოიხსენიე თითოეული და მამის სახელით, ყველას პატივისცემით
მოეპყარი, ქედმაღლობა არ გამოავლინო, [70] ახლა ჩვენც სხვებივით უნდა გავისარჯოთ, ესაა ჩვენი
ხვედრი, რადგან, დავიბადეთ თუ არა, ზევსმა ეს მძიმე ტვირთი გვარგუნა.“
ეს თქვა, ყველაფერი კარგად აუხსნა და გაგზავნა ძმა; თავად კი წავიდა ნესტორთან,
ხალხთა მწყემსთან, იგი იპოვა შავ ხომალდთან, კარავში რბილ ლოგინზე იყო წამოწოლილი, იქვე
ჰქონდა აბჯარი, ფარი, ორი შუბი და მოელვარე მუზარადი. ახლოს იდო საომარი სარტყელიც,
რომელსაც მოხუცი იკრავდა, როცა სასიკვდილო ომისთვის აბჯარს ისხამდა, ხალხს მეთაურობდა

1
ლამაზთმიანი ჰერას მეუღლე — ზევსი.
და მწარე სიბერეს არ ნებდებოდა. [80] თავი წამოსწია, იდაყვს დაეყრდნო, ატრევსის ძეს
დაელაპარაკა და შეკითხვა დაუსვა: „ვინ ხარ, ხომალდებთან და ლაშქართან მარტო რომ დადიხარ
ამ ბნელ ღამეში, როცა ხალხს სძინავს, ჯორს ხომ არ დაეძებ ან ვინმე მეგობარს? მითხარი,
უსიტყვოდ ნუ მოდიხარ. ჩემგან რა გინდა?“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „ნესტორ ნელევსის ძევ, აქაველთა უჭკნობო
დიდებავ! ატრევსის ძე ვარ, აგამემნონი, რომელსაც ზევსმა ყველაზე მეტად დამაკისრა უსასრულო
მძიმე შრომა, სანამ სიცოცხლის სიო [90] იძვრის ჩემს სულში და სანამ მუხლში რაღაც ძალა კიდევ
შემრჩენია. დავდივარ, რადგან თვალზე ტკბილი რული არ მეკარება, ომი და აქაველებზე ფიქრი არ
მასვენებს. დანაელთა ბედი მზარავს, სული მითრთის, ფეხები მიკანკალებს, გული მკერდიდან
ამოხტომას ლამობს, მთელი სხეული მიცახცახებს. მაინც არ გეძინება და თუ რამის გაკეთებას
აპირებ, წამომყევი, ვნახოთ ჩვენი დარაჯები, ფხიზლად არიან თუ თავისი მოვალეობა დაივიწყეს,
ძილს მისცეს თავი და არავინ გვდარაჯობს. [100] მტრები შორს არ არიან და არ ვიცით, ღამის
სიბნელეში ხომ არ აპირებენ თავდასხმას.“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის ძეო, ხალხთა სახელოვანო
ბელადო, აგამემნონ! ბრძენი ზევსი ყველა განზრახვას არ შეუსრულებს ჰექტორს, რისი იმედიც
ახლა აქვს, მე ვფიქრობ, ჩვენსაზე უფრო დიდი უბედურება ელის წინ, როდესაც აქილევსი
საბედისწერო რისხვაზე უარს იტყვის. მე, რა თქმა უნდა, წამოგყვები, სხვებიც გავაღვიძოთ,
ტიდევსის ძე, შუბით სახელგანთქმული, ოდისევსიც, [110] მარდი აიასიცა და ფილევსის მძლავრი
ვაჟიც2. ვინმე უნდა გავგზავნოთ ღვთისდარ აიასთან 3 და მძლავ იდომენევსთან, რადგან მათი
ხომალდები შორსაა, აქვე არ არის. მართალია, საყვარელი და საპატივცემულო კაცია მენელაოსი,
მაგრამ უნდა გავკიცხო, თუნდაც გეწყინოს, ვერ დავმალავ, როცა ვხედავ, რომ სძინავს, როცა შენ
ამდენი საზრუნავი გაქვს. სწორედ ახლა მართებს მას წარჩინებულ ხალხთან მისვლა და თხოვნა,
ახლაა ამის საჭიროება.“
მაშინ ხალხთა ბელადმა აგამემნონმა უპასუხა: [120] „მოხუცო, სხვა დროს მეც ვკიცხავ
ხოლმე ძმას, ხშირად ორჭოფობს და თითქოს შრომასაც გაურბის, მაგრამ არა სიზარმაცის ან
უდარდელობის გამო, არამედ მე მიყურებს მუდამ და ჩემგან ელის მაგალითს. ახლა კი პირველმა
სწორედ მან გაიღვიძა და ჩემთან მოვიდა და მე გავგზავნე სწორედ იმათთან, შენ რომ ახსენე. ახლა
კი წავიდეთ, მასაც კარიბჭესთან და დარაჯებთან ვიპოვით, რადგან სწორედ იქ ვთხოვე ყველას
შეკრება.“
მას მაშინ უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „თუკი ასეა, ვერავინ გაკიცხავს მას
და ყველა დაემორჩილება [130] არგოსელთაგან, როდესაც მათ მოუწოდებს და ბრძანებას გასცემს.“
ეს თქვა და ტანთ ჩაიცვა ფართო ქიტონი, თეთრი ფეხებზე ლამაზი სანდლები ჩაიცვა,
მოისხა სქელი მატყლით გაწყობილი ორმაგი მეწამული მოსასხამი, აიღო მძლავრი შუბი ბასრი
სპილენძის შუბისპირით და წავიდა სპილენძშემოსილი აქავლების ხომალდებისკენ.
პირველად მიადგა ოდისევსს, ზევსის თანასწორ მსაჯულს, გამოაღვიძა გერენონელმა
მხედარმა ნესტორმა ხმამაღალი სიტყვით, მაშინვე ხმის ტალღა მიწვდა ოდისევსის გულს, [140]
გამოვიდა კარვიდან და მას ასეთი სიტყვა უთხრა: „ვინ ხარ, ხომალდებთან და ლაშქართან მარტო
რომ დადიხარ ამ ბნელ ღამეში, რა დაგჭირვებია?“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ზევსის ნაშიერო, ლაერტესის ძევ,
გონებამახვილო ოდისევს, ნუ ბრაზობ, უბედურება მოადგა აქაველებს. მოდი, ჩვენთან ერთად
გავაღვიძოთ სხვები, რომ გადავწყვიტოთ, გავიქცეთ თუ ვიომოთ.“
ასე თქვა და კარავში შებრუნდა გონებაუხვი ოდისევსი, ჭრელი ფარი მოიგდო მხრებზე და
წაჰყვა მათ. [150] მივიდნენ ტიდევსის ძე დიომედესთან, იგი იპოვეს კარვის გარეთ, აბჯარასხმული
იწვა, გვერდით ეძინათ მის მეგობრებს, თავქვეშ ფარები ჰქონდათ ამოდებული, ხოლო მათი შუბები
პირდაპირ იყო მიწაში ღრმად ჩარჭობილი, ბრინჯაოს შუბისპირები მამა ზევსის ელვასავით
ბრწყინავდა. თავად გმირს ეძინა, ქვეშ გაფენილი ჰქონდა გარეული ხარის ტყავი, თავქვეშ კი
ამოედო ბრწყინვალე ხალიჩა. გვერდით დაუდგა და გააღვიძა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა,
ქუსლით შეეხო, გააღვიძა და უსაყვედურა: „ადექი, ტიდევსის ძეო, მთელი ღამე რა გაძინებს? [160]

2
მარდი აიასიცა და ფილევსის მძლავრი ვაჟიც — „მარდ აიასში“ იგულისხმება აიას
ოილევსის ძე („მცირე აიასი“), ხოლო „ფილევსის ვაჟში“ — მეგესი.
3
ღვთისდარი აიასი — აიას ტელამონის ძე („დიდი აიასი“).
არ გაგიგონია, რომ ტროელებმა მინდორში შემაღლებულზე ბანაკი დასცეს, აქვე, ჩვენს
ხომალდებთან და სულ ცოტა მანძილი აშორებთ ჩვენგან?“
ასე თქვა და იმავწამს გამოფხიზლდა გმირი და ასე მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„საშინელი ბერიკაცი ხარ, არასოდეს არ ისვენებ! ახლა სხვები არ არიან, უფრო ახალგაზრდები, რომ
აქაველთა მეფეებს დაუარონ და ცალ-ცალკე გააღვიძონ? რა დაუღალავი კაცი ხარ, მოხუცო!“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „დიახ, ძვირფასო მეგობარო, სწორად
ამბობ ყველაფერს. [170] მყავს უზადო შვილები, მყავს ხალხი და ბევრიც მყავს, რომლებიც
დაგიძახებდათ, მაგრამ ახლა დიდი განსაცდელი დაუდგათ აქაველებს; რადგან ახლა ყველას ბედი
ბეწვზე ჰკიდია4 — აქაველები ან სასტიკად დაიღუპებიან ან გადარჩებიან; მაგრამ ახლა წადი,
სწრაფი აიასი და ფილევსის ძე გააღვიძე, ახალგაზრდა ხარ და შემეხიდე.“
ასე თქვა, გმირმა კი მხრებზე მოისხა ლომის მოყავისფრო-ყვითელი ტყავი, — მბზინავი,
ისეთი დიდი, რომ ფეხებამდე წვდებოდა და აიღო შუბი; წავიდა, გააღვიძა სხვები და მათთან
ერთად დაბრუნდა. [180] მალე მიადგნენ დარაჯების ჯგუფს, დარაჯთაგან არავის ეძინა და ყველას
იარაღი ჰქონდა ხელში. როგორც ძაღლები დარაჯობენ ცხვრების ფარას დაუღალავად და მხეცის
ხმას რომ გაიგონებენ, რომელიც ტყით მოდის მთიდან და ერთმანეთს შეერევა ძაღლების ყეფა და
კაცების ყვირილი; ამის შემდეგ ხომ ძილი მათ თვალებს არ მიეკარება! — ასე ფხიზლობდნენ
დარაჯებიც ამ ბნელი ღამით და თვალს არ აშორებდნენ მინდორს, ტროელები ხომ არ დაიძრნენო.
[190] ისინი რომ დაინახა, გულით გაიხარა მოხუცმა, სიტყვით გაამხნევა და მათ ფრთოსანი სიტყვა
ესროლა: „ასე იდარაჯეთ, საყვარელო შვილებო, ვინმეს რული არ მოეკიდოს, მტერი არ
გავახაროთ!“
ასე თქვა და თხრილზე გადავიდა, მას გაჰყვნენ არგოსელი მეფეები, ვინც კი იყო საბჭოში
მოხმობილი. მათთან ერთად იყვნენ მერიონესი და ნესტორის სახელგანთქმული ვაჟი, მეფეებმა
მათაც უხმეს დასასწრებად. როდესაც გადავიდნენ ღრმა თხრილზე, დასხდნენ გაშლილ მინდორში,
სადაც ცხედრები არ იყო; [200] სწორედ იმ ადგილას, საიდაც უკან გაბრუნდა არგოსელთა მკვლელი
მძლავრი ჰექტორი, როდესაც დაუღამდა. იქ დასხდნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ. მათ შორის
სიტყვა აიღო გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „მეგობრებო, არის ვინმე კაცი, რომელიც საკუთარ
გულს მიენდობა და დიდგულოვან ტროელებთან წავიდოდა, რომ მტრებიდან ვინმე ეულად
მოხეტიალე ჩაეგდო ხელში, იქნებ ეთქვა, თუ რას აპირებენ ტროელები, რას ამბობენ ერთმანეთში,
ფიქრობენ თუ არა ხომალდებთან ახლოს დარჩენას, თუ ქალაქში [210] დაბრუნება სურთ, რაკი
აქაველები უკვე დაამარცხეს? ამას ყველაფერს თუ გაიგებდა და ჩვენთან უვნებელი
დაბრუნდებოდა, ცამდე ავიდოდა იმ კაცის დიდება ყველა ადამიანისთვის და მას ბრწყინვალე
საჩუქარიც მიეცემოდა. რამდენიც ვართ ხომალდებთან რჩეული ბელადები, თითოეულისგან შავი
დედალი ცხვარი მიეცემოდა კრავთან ერთად, ეს იქნება უმაგალითო საჩუქარი, კაციც მუდამ
იქნებოდა ჩვენი ნადიმებისა და დღესასწაულების მეინახე.“
ასე თქვა და უმალ დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა
დიომედესმა თქვა: [220] „ნესტორ, გულიც მერჩის და მამაცი სულიც მეუბნება, მტრის ბანაკში,
ტროელებთან, პირდაპირ წასვლა შემიძლია, მაგრამ თუ კიდევ ვინმე გამომყვება, უფრო ხალისიანი
და თავდაჯერებული ვიქნებოდი. როდესაც ორნი მიდიან, ერთი ფიქრობს, რა იქნებოდა უკეთესი
და რამდენიც უნდა იფიქროს, მაინც ორზე ნაკლები გონება აქვს და ნაკლები შეუძლია.“
ასე თქვა და ბევრმა ისურვა, დიომედესს გაჰყოლოდა. ისურვა მერიონესმა, ასევე ისურვა
ნესტორის ვაჟმა, [230] ისურვა ატრევსის ძემ, შუბით სახელგანთქმულა მენელაოსმა, ჭირთამთმენმა
ოდისევსმაც ისურვა ტროელთა რიგებში შერევა, რადგან მუდამ გამბედავი გული უცემდა
მკერდში. მათ მიმართა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის
გამხარებელო, თანამგზავრად აირჩიე ნებისმიერი კაცი, ვისაც ისურვებ, თანახმა ბევრია და ბევრს
სწყურია, შენაც საუკეთესო აირჩიე. ხათრის გამო უარი არ თქვა უკეთესზე და უარესი არ შეარჩიო,
ყურადღებას ნუ მიაქცევ წარმომავლობას და იმას, თუ ვინ უფრო დიდი მეფეა.“
[240] ასე თქვა, რადგან შიში ჰქონდა ოქროსთმიანი მენელაოსის გამო. მას უმალ უპასუხა
საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „რადგან გინდა, მე ამოვირჩიო თანამგზავრი, მე
ვერ დავივიწყებ ღვთისდარ ოდისევსს, რომელსაც ყველა საქმეში ბრძენი გული და უტეხი სული

4
ყველას ბედი ბეწვზე ჰკიდია — ბერძნული ორიგინალის მიხედვით, „ხმლის წვერზე
დევს“; იგულისხმება ბერძნული ანდაზა: „მომავალი ბედი ირხევა, თითქოს ხმლის წვერზე იყოს.“
აქვს გამოვლენილი, თანაც უყვარს პალას ათენას. ის თუ გამომყვება, თავად მოგიზგიზე
კოცონიდანაც უკან დავბრუნდებით, ისეთი გონიერია.“
მას უპასუხა მრავალჭირნახულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: ტიდევსის ძეო, ზედმეტად
ნურც მაქებ და ნურც მაძაგებ; [250] არგოსელებს ელაპარაკები, რომლებიც კარგად მიცნობენ.
სჯობს, წავიდეთ, ღამე გადის და ეოსი ახლოვდება, ვარსკვლავებმა უკვე თავისი დიდი გზის ორი
მესამედი გაიარეს და ერთი მესამედი დაგვრჩა მხოლოდ5.“
ეს თქვეს და აისხეს საშინელი აბჯარი. ტიდევსის ძეს ბრძოლაში მტკიცე თრასიმედესმა
ორლესული ხმალი მისცა, რადგან საკუთარი ხომალდთან დაეტოვებინა, ფარიც მიაყოლა, თავზე
ხარის ტყავის მუზარადი დაახურა, უბუნიკო და უჯიღო, რომელსაც მეომრები „ბრტყელს“ ეძახიან
და ბრძოლაში ხმარობენ. [260] მერიონესმა ოდისევსს მისცა მშვილდი, კაპარჭი და ხმალი, თავზე
დაახურა ტყავისგან დამზადებული მუზარადი, შიგნიდან მრავალი ღვედით ნაწნავი, გარედან კი
თეთრი გარეული ტახის ეშვები ერთმანეთის მიყოლებით ლამაზად იყო ჩასმული, შუაში კი ჯიღა
ჰქონდა. ეს მუზარადი ელეონიდან, ორმენოსის ძის, ამინტორის კეთილნაგები სასახლიდან
მოიტაცა ავტოლიკოსმა, სკანდეიაში მისცა კითერელ ამფიმადასს, ამფიდამასმა ის სტუმრად
მოსულ მოლოსს აჩუქა, [270] მან კი თავის ძეს, მერიონეს გადასცა სატარებლად. ახლა კი
ოდისევსის თავი დაამშვენა მუზარადმა. როდესაც ეს ორი შეიმოსა საშინელი საჭურვლით,
წავიდნენ და უკან მოიტოვეს ყველა საუკეთესო მეთაური. მათ მარჯვნივ, გზის მახლობლად
გამოუგზავნა ყანჩა პალასმა ათენამ, ისინი მას ვერ ხედავდნენ თვალით ღამის სიბნელის გამო,
მაგრამ მისი ყივილი ესმოდათ. ფრინველმა გაახარა ოდისევსი და შესძახა ათენას: „მისმინე,
ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო, შენ ყოველთვის, ყველა საქმეში გვერდით მედექი, არ
დაგიმალავ [280] ჩემს საფიქრალს: ახლა კი განსაკუთრებით შემეწიე, ათენა, ჩამადენინე დიდი
გმირობა, დამაწუხრებინე ტროელები და დამაბრუნე ისევ კეთილნაგებ ხომალდებთან.“ შემდეგ
შესძახა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „მეც მისმინე ზევსის ასულო ატრიტონე 6!
შემეწიე, როგორც მამაჩემს, ღვთაებრივ ტიდევსს ეწეოდი თებეში, სადაც აქაველებმა გაგზავნეს
მაცნედ. ასოპოსის გვერდით დატოვა ბრინჯაომოსილი აქაველები, შემდეგ კი ზავის სიტყვა
ჩაუტანა კადმოსელებს, მაგრამ უკან წამოსულმა გასაოცარი საქმეები ჩაიდინა [290] შენი შეწევნით,
დიდო ქალღმერთო, შენ უმაგრებდი ზურგს. ახლა კი მე უნდა შემეწიო და მე უნდა დამიცვა.
მსხვერპლად შემოგწირავ ერთწლიან დეკეულს, ფართოშუბლიანს, უღელდაუდგმელს, რქებს
ოქროთი დავუფერავ და ისე შემოგწირავ.“
ეს იყო მათი ლოცვა და შეისმინა ათენა პალასმა. და როგორც კი დაასრულეს დიდი ზევსის
ასულზე ლოცვა, იმავწამს გაეშურნენ, როგორც ლომები, შავ ღამეში მკვლელობის, ცხედრების,
აბჯრებისა და შავი სისხლის გავლით.
არც ჰექტორი არ აძლევდა ვაჟკაც ტროელებს [300] ძილის საშუალებას, საბჭოზე უხმო
ყველა წარჩინებულს, ვინც კი იყვნენ მეთაურები და მსაჯულები ტროელთა რიგებში. ერთად
შეკრებილთ ამცნო თავისი გადაწყვეტილება: „რომელი თქვენგანი დამპირდება დიდი ჯილდოს
სანაცვლოდ ამ საქმის ასრულებას? გასამრჯელო დიდი იქნება! მე მას ვაჩუქებ ეტლს და წყვილ
მაღალყელიან ცხენს, რომლებიც საუკეთესოა აქაველთა სწრაფ ხომალდებთან, ვინც გაბედავს, რომ
მოიპოვოს სახელი და სწრაფმავალ ხომალდებთან ახლოს მივა, რათა გამოიკვლიოს, ძველებურად
დარაჯობენ სწრაფ ხომალდებს, [310] თუ მას შემდეგ, რა დღეც დავაწიეთ, გაქცევას აპირებენ და
არც ფიქრობენ ღამით დარაჯობას საშინელი დაღლილობით გაწამებულები.“
ასე თქვა და ყველა დუმილით შეხვდა მის ნათქვამს; მაგრამ ტროელებს შორის იყო ვინმე
დოლონი, ევმედესის, წმინდა შიკრიკის, ძე, ოქრო- და ბრინჯაომრავალი კაცი, შეუხედავი იყო,
მაგრამ ფეხმარდი, ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და ხუთი და ჰყავდა. ამ კაცმა უთხრა ტროელებს
და ჰექტორს სიტყვა: „ჰექტორ, მე გულიც მერჩის და მამაცი სულიც მეუბნება, [320] სწრაფმავალ
ხომალდებთან ახლოს მივიდე და ყველაფერი გავარკვიო; მაგრამ, მოდი, კვერთხი ასწიე და
დაიფიცე, რომ იმ ცხენებს და ბრინჯაოთი გაწყობილ იმ ეტლს მომცემ, რომელიც უზადო პელეიონს
5
ვარსკვლავებმა უკვე თავისი დიდი გზის ორი მესამედი გაიარეს და ერთი მესამედი
დაგვრჩა მხოლოდ — ძველი ბერძნები ღამეს სამ ნაწილად ჰყოფდნენ და დროს ვარსკვლავების
მიხედვით ანგარიშობდნენ.
6
ატრიტონე — ათენას ერთ-ერთი ეპითეტია. ამ ქალღმერთის ეპითეტები იყო ატრიტონე
(„ურყევი“), პართენოსი („ქალწული“), პრომაქოსი („წინა რიგის მებრძოლი“), სოტეირა („მხსნელი“),
გლავკოპისი („თვალსხივოსანი“) და სხვ.
ატარებს; მე შენთვის უბრალო ჯაშუში არ ვიქნები და მეტსაც გავაკეთებ, ვიდრე შენ გგონია:
პირდაპირ წავალ, მთელ ბანაკს დავივლი, მივადგები აგამემნონის ხომალდს, სადაც თავს იყრიან
მათი მხედართმთავრები და სადაც საბჭოს მართავენ, რომ გადაწყვიტონ, გაიქცნენ თუ იომონ.“
ასე თქვა, ჰექტორმა კი აიღო სკიპტრა ხელში და დაიფიცა: „დაე იყოს ახლა თავად ზევსი,
ჰერას მჭექარე მეუღლე, მოწმე, [330] რომ ვერც ერთი ტროელი ვერ ჩაიგდებს ხელში იმ ცხენებს,
შენს გარდა, შენი იქნებიან და შენ მოგიტანენ დიდებას.“
ასე თქვა და ცარიელი ფიცით დაიფიცა, მაგრამ კაცი დაარწმუნა. იმავწამს მხრებზე მოიგდო
მოხრილი მშვილდი, რუხი მგლის ტყავი მოისხა, ბეწვის მუზარადი დაიხურა, ბასრი შუბი აიღო და
წავიდა თავისი ბანაკიდან ხომალდებისკენ, მაგრამ ხომალდებიდან უკან დაბრუნება და
ჰექტორისთვის ამბის მოტანა მას არ ეწერა. როგორც კი გასცდა ცხენებს და ადამიანთა ჯგუფებს,
პირდაპირ გაეშურა გზაზე; იგი დაინახა [340] ზევსის ნაშიერმა ოდისევსმა და დიომედესს უთხრა:
„დიომედეს, ვიღაც კაცი მოდის ბანაკიდან აქით, არ ვიცი, ჩვენი გემების დაზვერვა სურს თუ
რომელიმე დაღუპული მეომრის გაძარცვა. ვაცალოთ, გაიაროს მინდორზე და შემდეგ უკნიდან
დავესხათ თავს მოულოდნელად; მაგრამ თუ ვერ დავეწიეთ, ვაიძულოთ ხომალდებისკენ დაიძრას,
შუბით მოვუჭრათ გზა, რომ ქალაქისკენ გაქცევა ვერ მოახერხოს.“
ეს თქვეს და გზის გადაღმა ცხედრებში [350] დაიმალნენ; იმან კი სწრაფად გაირბინა
დაუფიქრებლად; მაგრამ როდესაც იმდენი გაირბინა, რამდენსაც ჯორები გაატარებდნენ სახნისს,
რადგან ჯორებს უფრო შორს შეუძლიათ სახნისი გაატარონ ყანის ღრმა ნიადაგზე, ვიდრე ხარებს,
ეს ორი გამოეკიდა, ის კი გაჩერდა, ფეხისხმა რომ გაიგონა. მას ეგონა, რომ მეგობრები დაედევნენ
ტროიდან, რომ უკან დაებრუნებინათ, ჰექტორის ბრძანებით; მაგრამ როდესაც შუბის ტყორცნის
მანძილზე ან ნაკლებზე მოუახლოვდნენ, მან იცნო მტრები და მსუბუქი მუხლები გასაქცევად
მომართა და ისინიც დაედევნენ.
[360] როგორც ბასრკბილიანი ძაღლები ნადირს დანახავენ, ახალგაზრდა ირემს ან
კურდღელს და დაედევნებიან ტყიან ადგილას, ის კი ჭყივილით გაურბის, ასე ტიდევსის ძე და
ქალაქთა დამაქცევარი ოდისევსი თავის ხალხს აშორებდნენ და წინ მიერეკებოდნენ; მაგრამ
როდესაც მიაღწია დარაჯებს და ხომალდებისკენ გაქცეულს მათთან შეხვედრა ვერ ასცდებოდა,
მაშინ ახალი ძალა შთაბერა ტიდევსის ძეს ათენამ, რომ ბრინჯაომოსილ აქაველთაგან ვინმეს არ
დაეჭრა გაქცეული და თავად მეორე არ ყოფილიყო. შუბი შეარხია და შესძახა მძლავრმა
დიომედესმა: [370] „შეჩერდი, თორემ მოგწვდები შუბით და არ მგონია, რომ გადაურჩე ჩემი
ხელიდან სიკვდილს!“
ასე თქვა და ესროლა შუბი და განზრახ ააცილა ტროელს; მარჯვენა მხარზე გადაუფრინა
შუბმა და მიწაში ჩაერჭო: დოლონი გახევდა, აკანკალდა, კბილები აუკაწკაწდა პირში, შიშისგან
გამწვანდა, ის ორი კი თავს დაეცა, შეიპყრეს ხელით, ატირდა და ეს სიტყვა თქვა: „დამინდეთ,
ცოცხალი დამტოვეთ და გამოსასყიდს მოგცემთ, უამრავი სპილენძი, ოქრო და რკინის ნაკეთობა
მაქვს, [380] მამაჩემი სიხარულით მოგცემთ უზარმაზარ გამოსასყიდს, თუ გაიგებს, რომ ცოცხალი
ვარ აქაველთა ხომალდებზე.“
მას უპასუხა გონიერმა ოდისევსმა: „ნუ გეშინია, სიკვდილზე ნუ ფიქრობ. მოდი, პირდაპირ
სიმართლე მითხარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. სად დადიხარ ხომალდებთან ბანაკიდან შორს ბნელი
ღამით, როდესაც სხვას ყველას სძინავს? გინდა, რომელიმე მკვდარი მეომარი გაძარცვო, თუ
ჰექტორმა გამოგგზავნა ღრმამუცლიან ხომალდებთან? თუ საკუთარი ნებით დადიხარ?“
[390] მას შემდეგ უპასუხა დოლონმა, რომელსაც მთელი სხეული უცახცახებდა: „შემაცდინა
და მომატყუა ჰექტორმა, ამაყი აქილევსის მუხლად ცხენებს დამპირდა, ასევე სპილენძით
გაწყობილ ჭრელ ეტლს და მიბრძანა, წამოვსულიყავი სწრაფ ხომალდებთან ღამის სიბნელეში
ახლოს მივსულიყავი მტერთან, რათა გამერკვია, დარაჯობთ თუ არა სწრაფ ხომალდებს, როგორც
ადრე, თუ, ჩვენი ხელით დამარცხებულები ბჭობთ, გაიქცეთ და აღარ გსურთ ღამის დარაჯობა,
საშინელი დაღლილობით გაწამებულებს.“
[400] მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „ძალიან დიდი საჩუქრები მოგინდომებია —
მამაცი აიაკოსის შთამომავლის ცხენები! ეს რთული ცხენებია, მოკვდავი კაცისთვის ძნელია მათი
მართვა და გაჭენება, აქილევსი სხვა საქმეა, — ის ხომ უკვდავმა დედამ შობა; მაგრამ ახლა ეს
მითხარი დაწვრილებით: სად დატოვე ჰექტორი, ხალხთა მწყემსი? სად აწყვია მისი შეიარაღება,
სადაა ცხენები? როგორ არიან დანარჩენი ტროელები განლაგებული, სად არიან დარაჯები? სად
ძინავს ხალხს? როგორ აქვთ თავისთვის გადაწყვეტილი — [410] აპირებენ იქ დარჩენას, სადაც
არიან, ხომალდებთან ახლოს? თუ ფიქრობენ, ქალაქში დაბრუნდნენ, რაკი აქაველები
დამარცხებული ჰყავთ?“
მას უპასუხა დოლონმა, ევმედესის ძემ: „მე დაწვრილებით მოგითხრობ ამას ყველაფერს:
ჰექტორი საბჭოს მსაჯულებთან ერთად დავტოვე, მათ საბჭო აქვთ გამართული ილოსის7
სამაროვანთან, ხმაურისგან მოშორებით. რაც შეეხება დარაჯებს, შენ რომ მეკითხები, ისინი არ
არიან, არავინ არ იცავს ბანაკს. რამდენი კოცონიც აქვთ დანთებული ტროელებს, იმდენ ადგილს
დარაჯობენ [420] და ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ; ხოლო სახელგანთქმული
მოკავშირეებს სძინავთ და დარაჯობის ტვირთს ტროელებს ანდობენ, რადგან მათ ახლოს არ ჰყავთ
არც ბავშვები, არც ცოლები.“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „მოკავშირეები ცხენთამხედნელ ტროელებს არიან
შერეულები და მათთან სძინავთ, თუ ცალკე? მითხარი, მინდა გავერკვე.“
შემდეგ მას უპასუხა დოლონმა, ევმედესის ძემ: „ამასაც ყველაფერს დაწვრილებით
მოგახსენებ. ზღვის სანაპიროზე არიან კარიელები და მოხრილმშვილდიანი პაიონები, ლელეგები,
კავკონები და ღვთაებრივი პელასგები, [430] თიმბრეს მხარეს დგანან ლიკიელები, ამაყი
მისიელები, ცხენთამხედნელი ფრიგიელები და ეტლით მებრძოლი მეონები; მაგრამ რატომ
მეკითხებით ამაზე და ყველაფერზე დაწვრილებით? თუ განზრახული გაქვთ ტროელების რიგებში
შეღწევა, თრაკიელები არიან ახალმოსულები, ყველასგან განცალკევებით, მათ ჰყავთ მეფე, რესოსი,
ეიონევსის ძე. ვნახე მისი ულამაზესი და უდიდესი ცხენები; თოვლზე უფრო თეთრები არიან და
სიჩქარით ქარს ემსგავსებიან; საჭურველი აქვს ოქროსი, გოლიათური, საოცარი სანახავია, [440] რაც
თან ჩამოუტანია; არ ჰგავს უბრალო მოკვდავის საჭურველს, რასაც ხალხი ატარებს, არამედ იმას,
რასაც უკვდავი ღმერთები ატარებენ. ახლა მიმიყვანეთ სადმე თქვენს სწრაფმავალ ხომალდებთან,
ან შემკარით და დამტოვეთ ხუნდებში, სანამ უკან არ დაბრუნდებით და არ დარწმუნდებით,
სიმართლე გითხარით თუ არა.“
მას წარბშეკვრით შეხედა მძლავრმა დიომედესმა და თქვა: „ნუ გგონია, რომ გადარჩები,
დოლონ, მას შემდეგ, რაც ხელში ჩაგვივარდი, თუმცა კარგი მაცნე კი ხარ ჩვენთვის. ახლა თუ
უვნებელი გაგიშვით, [450] მომავალში ისევ დაბრუნდები აქაველთა სწრაფ ხომალდებთან კიდევ
ერთხელ დასაზვერად ან პირდაპირ საომრად მოხვალ; ხოლო თუ ჩემი ხელით სულს ამოგხდი,
აღარასოდეს იქცევი საფრთხედ არგოსელებისთვის.“ ეს თქვა და, როცა მტერმა დააპირა, ნიკაპზე
შეხებოდა მძლავრი ხელით ვედრების ნიშნად, გმირმა შუა კისერში მოარტყა ხმალი, გაუკვეთა ორი
კუნთი და ის კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც მისი მოკვეთილი თავი მტვერში დავარდა. თავიდან
მოხადა ბეწვის მუზარადი, გახადა მგლის ტყავი, აიღო მოქნილი მშვილდი და დიდი შუბი; [460] და
ეს ყველაფერი ათენა ნადავლის შემპყრობს ღვთაებრივმა ოდისევსმა მაღლა აუწია ხელით და
ლოცვით ეს სიტყვა უთხრა: „გაიხარე, ქალღმერთო, შენია ეს ყველაფერი; შენ ხომ ოლიმპოსის
ყველა უკვდავთაგან პირველს მოგიხმობთ, ბარემ გაგვიძეხი თრაკიელი კაცების ცხენებთან და
საძინებლებთანაც!“
ასე თქვა და ხელები გაიწოდა და ეს იარაღი მაღლა იალღუნზე შემოდო, ადგილიც მონიშნა
ლერწმითა და იალღუნის გრძელი ტოტებით, რომ უკან დაბრუნებულს იოლად ეცნო შავ ღამეში.
და წავიდნენ წინ აღჭურვილობებითა და შავი სისხლით სავსე გზაზე [470] და უმალ მიადგნენ
თრაკიელების სადგომს. მათ ეძინათ, დაღლილობით გაწამებულებს და მათი აღჭურვილობა
მიწაზე ეწყო მოწესრიგებულად, სამ რიგად და თითოეულთან იდგა წყვილი ცხენი. შუაში ეძინა
რესოსს, მისი სწრაფი ცხენები კი სადავეებით მიბმული იყო ეტლის უკანა მხარეს. პირველმა
ოდისევსმა დაინახა იგი და ანიშნა დიომედესს: „შეხედე, დიომედეს, ესაა ჩვენი კაცი, ეს მისი
ცხენებია, რომლებზეც, სანამ მოვკლავდით, მოგვითხრო დოლონმა. აბა, მოდი, გამოაჩინე შენი
დიდი ძალა, ტყუილად ხომ [480] არ ვართ შეიარაღებულები, გამოხსენი ცხენები, ან ხალხს შენ
მოუარე და ცხენებს მე მივხედავ.“
ასე თქვა და შთაბერა ძალა დიომედესს თვალსხივოსანმა ათენამ და გმირმაც დაიწყო
მარჯვნივ და მარცხნივ ხალხის ამოხოცვა, გაისმა ხმლით აკუწულთა გმინვა და სისხლით
გაწითლდა მიწა. როგორც ლომი, რომელიც საცოდავი ცხვრისა და თხის დაუცველ ფარას დაეცემა
თავს ავი ზრახვით, ასე დაეცა თავს თრაკიელ კაცებს ტიდევსის ძე, სანამ თორმეტი არ მოკლა;
ამასობაში გონებაუხვი ოდისევსი, როგორც კი ტიდევსის ძე თავს დაადგებოდა და ხმლით
7
ილოსი — ტროსის ძე, ლაომედონის მამა, პრიამოსის პაპა. ტროის კიდევ ერთი სახელის,
ილიონის, ეპონიმი.
განგმირავდა, [490] ფეხებით დაითრევდა, გამოჰყავდა სწრაფად რიგებიდან, იმაზე ფიქრით, რომ
ლამაზფაფრიანი ცხენები იოლად გამოსულიყვნენ და არ დამფრთხალიყვნენ ცხედრებზე
გადავლით, ამას არ იყვნენ მიჩვეული. ხოლო როდესაც მეფეს მიადგა ტიდევსის ძე, ის მეცამეტე
აღმოჩნდა, ვისაც ტკბილი სული ამოართვა, ამოიხროტინა, ავი სიზმარი ედგა თავს ღამით —
ოინევსის ნაგრამი, ათენას ნებით. ამასობაში ჭირნახულმა ოდისევსმა გამოხსნა მუხლადი ცხენები,
სადავეებით ერთად შეკრა, გაიყვანა იქიდან, [500] მშვილდი გადაუჭირა, რადგან დაავიწყდა,
ელვარე მათრახი აეღო ხელში ჭრელი ეტლიდან. დაუსტვინა და ამით ნიშანი მისცა ღვთაებრივ
დიომედესს. ის კი იცდიდა და ფიქრობდა, კიდევ რა გმირობა ჩაედინა, ეტლი წამოეყვანა,
რომელზეც ჭრელი საჭურველი ეწყო, სწრაფად წამოეყვანა ხელნით, ან ზე აეწია, თუ კიდევ მეტი
თრაკიელი გამოესალმებინა სიცოცხლეს. როცა ასეთ ფიქრებში იყო, ათენა უკან დაუდგა და უთხრა
ღვთაებრივ დიომედესს: „დაბრუნებაზე იფიქრე, დიდგულოვანი ტიდევსის შვილო, [510]
ღრმამუცლიან ხომალდებთან, ვინმე სხვა ღმერთმა არ გააღვიძოს ტროელები და გაქცევა არ
მოგიწიოს.“
ასე თქვა, და მან ხმით იცნო მოლაპარაკე ქალღმერთი, სასწრაფოდ გაიქცა ცხენებისკენ,
ოდისევსმა მშვილდი დაჰკრა და გაფრინდნენ აქაველთა სწრაფი ხომალდებისკენ.
არ გამოეპარა ვერცხლისმშვილდიანი აპოლონის მახვილ მზერას და დაინახა, ათენა
ტიდევსის შვილს რომ ახლდა. მასზე აღშფოთებული გაიჭრა ტროელთა ლაშქრობაში და გააღვიძა
თრაკიელთა მსაჯული, ჰიპოკოონი, რესოსის ვაჟკაცი ბიძაშვილი, ის გამოფხიზლდა და [520]
როდესაც ნახა დაცარიელებული ადგილი, სადაც მანამდე ცხენები იდგნენ, ირგვლივ კი
მიმოფანტული იყო ვაჟკაცთა გვამები, ხმამაღლა იბღავლა და დაცემულ მეგობრებს სახელებით
მიმართა. ხმაური ატყდა ტროელებში და ენით გამოუთქმელმა მღელვარებამ მოიცვა ყველა, ვინც
სწრაფად მოიყარა თავი, გაოგნებული უყურებდნენ საშინელ ამბებს, რაც ორმა კაცმა ჩაიდინა და
ღრმამუცლიან ხომალდებს მიაშურა.
როდესაც მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ჰექტორის ჯაშუში მოკლეს, იქ ზევსის საყვარელმა
ოდისევსმა დააოკა სწრაფი ცხენები, ტიდევსის ძე კი მიწაზე ჩამოხტა, აიღო სისხლიანი
აღჭურვილობა, ხელში მისცა ოდისევსს და ისევ ავიდა ეტლზე, [530] ოდისევსმა მათრახი
გადაუჭირა ცხენებს, თუმცა ისინი თავისითაც მიფრინავდნენ ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ,
იქით მიუწევდათ თავადაც გული.
ნესტორმა პირველმა გაიგონა მათი ხმა და შესძახა: „არგოსელთა ძვირფასო ბელადებო და
მეთაურებო, ვცდები, თუ სიმართლეს ვამბობ? გული მიბრძანებს ამას. ფეხმარდი ცხენების ხმა
ჩამესმის ყურში. აშკარად, ოდისევსმა და მძლავრმა დიომედესმა ტროელებს წაართვეს მუხლადი
ცხენები! მაგრამ საშინლად მეშინია და გული მიკვდება, არგოსელებს შორის საუკეთესოებს რაიმე
ხომ არ მოუვიდათ ტროელებთან!“
[540] ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ მოვიდნენ გმირები. გადმოხტნენ
ეტლიდან მიწაზე და გახარებული მივარდნენ მისასალმებლად და ტკბილი სიტყვების სათქმელად.
პირველი შეკითხვა მათ დაუსვა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „მოდი, მითხარი, ღირსეულო
ოდისევს, აქაველთა დიდებავ, როგორ ჩაიგდეთ ხელში ეს ცხენები? ტროელების ლაშქარში
შეიჭერით, თუ რომელიმე ღმერთი შემოგხვდათ და გაჩუქათ ისინი? ისინი ბრწყინავენ ჰელიოსის
სხივებივით. სულ მქონდა ურთიერთობა ტროელებთან, ტყუილადაც არ ვდგავარ ხომალდებთან,
თუმცა კი ბებერი მეომარი ვარ, [550] მაგრამ ასეთი ცხენები არასდროს მინახავს და თვალიც არ
მომიკრავს მათთვის. აშკარაა, რომ თქვენ ვიღაც ღმერთმა გაჩუქათ ისინი, ორივენი უყვარხართ
ღრუბელთშემკრებ ზევსსა და ეგისისმპყრობელი ზევსის ასულს, თვალსხივოსან ათენას.“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „ნესტორ, ნელევსის ძევ, აქაველთა დიდებავ! იოლად
შეუძლია ღმერთებს ამაზე უკეთესი ცხენებიც გვაჩუქონ, რადგან ბევრად ძლიერები არიან ჩვენზე.
ეს ცხენები, რომლებზეც მეკითხები, მოხუცო, ახალჩამოსული თრაკიელებისაა, მათი ბელადი
მამაცმა დიომედესმა [560] მოკლა, და მასთან ერთად თორმეტი საუკეთესო ვაჟკაციც. მეცამეტე კი
იყო ჯაშუში, რომელიც აქ შევიპყარით, ხომალდებთან, იგი ჩვენი დიდებული ლაშქრის
დასაზვერად გამოგზავნეს ჰექტორმა და სხვა სახელოვანმა ტროელებმა.“
ასე თქვა და თხრილზე გადაიყვანა მუხლადი ცხენები, ხმამაღლა იცინოდნენ და უკან
მიჰყვებოდნენ გახარებული აქაველები. როდესაც მივიდნენ დიომედესის კარგად გამართულ
კარავთან, ცხენები დააბეს ლამაზად ამოჭრილი სადავეებით ცხენების თავლაში, სადაც
დიომედესის ფეხმარდი ცხენები იდგნენ და თაფლივით ტკბილ ხორბალს შეექცეოდნენ. [570]
ხომალდის კიჩოზე დააწყო დოლონის სისხლიანი აბჯარი ოდისევსმა, რათა შეეწირა ათენასათვის.
ორივე შევიდა ზღვაში და ჩამოირეცხეს ოფლი და ტალახი თავიდან ფეხებამდე. მას შემდეგ, რაც
ზღვის წყლით კარგად განიბანეს, კანი გაიწმინდეს და საყვარელი გული განიახლეს, ჩაწვნენ
კარგად ნაკეთებ აბაზანაში და იქ განიბანეს. როცა დაიბანეს და ტანზე ზეითუნის ზეთი წაისვეს,
ვახშამს მიუსხდნენ, შესაზავებელი ჭურჭლიდან თაფლივით ტკბილი ღვინო დაუღვარეს
შესაწირად ათენას.

You might also like