Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

მეცამეტე სიმღერა

ბრძოლა ხომალდებთან
ახლა ზევსმა, რომელმაც ტროელები და ჰექტორი ხომალდებს მიუახლოვა, დატოვა ისინი იქ,
უწყვეტი გარჯა და დარდი დაუტოვა, თავად კი ელვარე თვალები მიმართა შორს, დახედა ცხენების
მოყვარული თრაკიელების მიწას, ხელჩართული ბრძოლის ოსტატ მისიელებს, ამაყ
ჰიპემოლგოსებს1, ცხენის რძის მსმელებს და აბიოსებს, ყველაზე სამართლიანებს ადამიანთა შორის.
ტროისკენ საერთოდ არ გაუხედავს ელვარე თვალებით, რადგან გულში იმედი ჰქონდა, რომ არც
ერთი ღმერთი არ ისურვებდა მხარში ამოდგომოდა ტროელებს ან დანაელებს; [10] მაგრამ
მიწისმრყეველს არ დაბრმავებია თვალი: იჯდა და აღტაცებით უმზერდა ომსა და ბრძოლას
თრაკიული ტყიანი სამოსის უმაღლესი მწვერვალიდან, რადგან იქიდან მოჩანდა მთელი იდა,
პრიამოსის ქალაქი და აქაველთა ხომალდები. იქ იჯდა, ზღვიდან ამოსული, ებრალებოდა
ტროელებისგან შევიწროებული აქაველები და ძალიან ბრაზობდა ზევსზე. უეცრად სწრაფი
ნაბიჯით დაეშვა კლდოვანი მთიდან, აცახცახდა დიდი მთები და ტყე მიმავალი პოსეიდონის
უკვდავ ფეხქვეშ. [20] სამი ნაბიჯი გადადგა და მეოთხეზე მიაღწია მიზანს, — აიგეს, იქ იყო მისი
სახელგანთქმული სასახლე ზღვის სიღრმეში, ოქროთი მბრწყინავი და მარადიული. იქ რომ
მივიდა, ეტლში შეაბა ორი ბრინჯაოსფეხება ცხენი, სწრაფად მფრენი, ოქროს ფაფრიანი, თავადაც
ტანზე ოქრო ჩაიცვა, ხელშიც ოსტატურად ნაკეთები ოქროს მათრახი აიღო, ავიდა ეტლზე და
გააქანა ტალღებზე, ყოველი მხრიდან სიღრმიდან ამოხტნენ ზღვის ურჩხულები, როდესაც
პატრონი იცნეს, გახარებული ზღვა გაიხსნა მათ წინ, [30] ისინი კი სწრაფად მიფრინავდნენ და
ბრინჯაოს ღერძსაც არ ასველებდნენ. სწრაფი ჭენებით ცხენებმა აქაველთა ხომალდებთან
მიიყვანეს.
არის ფართო გამოქვაბული ზღვის სიღრმეში ტენედოსსა და კლდოვან იმბროსს შორის; იქ
გააჩერა ცხენები მიწისმრყეველმა პოსეიდონმა, ეტლიდან გამოხსნა, ამბროსიული საკვები მისცა
საჭმელად, ფეხებზე კი ოქროს მტკიცე და მოუცილებელი ხუნდები დაადო, რომ იქ უძრავად
დალოდებოდნენ პატრონის დაბრუნებას, თავად კი გაეშურა აქაველთა ბანაკისკენ.
მუშტად შეკრული ტროელები ცეცხლივით ან გრიგალივით [40] ჰექტორს, პრიამოსის ძეს,
დაუცხრომელი მძვინვარებით მიჰყვებოდნენ ერთიანი ყიჟინით; იმედი ჰქონდათ, რომ აქაველთა
ხომალდებს აიღებდნენ და მათ წინ ამოხოცავდნენ ყველა მეთაურს; მაგრამ მიწისმპყრობელი და
მიწისმრყეველი პოსეიდონი ამოვიდა ღრმა ზღვიდან და არგოსელები გაამხნევა კალქასს
მიმსგავსებულმა იერით და მძლავრი ხმით. ჯერ მიმართა ორ აიასს, რომლებიც ისედაც
მძვინვარებდნენ: „აიასებო, თქვენ ორნი გადაარჩენთ აქაველ ხალხს, რადგან ვაჟკაცობაზე გიჭირავთ
თვალი და არა საზარელ ძრწოლაზე. სხვაგან ვერ შემაშინებდა დაუმარცხებელი ხელი [50]
ტროელებისა, რომლებიც დიდ გალავანში გროვად შემოიჭრნენ, რადგან მათ ყველას მოიგერიებენ
ლამაზსაბარკულიანი აქაველები. მაგრამ აქ განსაკუთრებით მეშინია, რამე არ მოგვივიდეს,
როდესაც ეს შეშლილი ხანძარივით მოუძღვის წინ, ეს ჰექტორი, რომელიც იქადნის, ზევსის
უმძლავრესი შვილი ვარო; თქვენ ორსაც შეიძლება ჩაგიდოთ გულში რომელიმე ღმერთმა, რომ
მტკიცედ დადგეთ და სხვებიც გაამხნევოთ; რაოდენ მძლავრიც უნდა იყოს, თქვენ შეგიძლიათ
სწრაფმავალი ხომალდებიდან მოიგერიოთ, თუნდაც თავად ოლიმპოსელი აქეზებდეს მას.“
ეს თქვა მიწისმპყრობელ-მიწისმრყეველმა, კვერთხი [60] შეახო ორივეს და გაავსო მძლავრი
სიმამაცით, კიდურები მსუბუქად უქცია, ფეხებიც და ხელებიც, თავად კი როგორც ფრთამალი
ქორი მაღალი კლდის სიმაღლიდან აიჭრება და მინდორ-მინდორ დაედევნება რომელიმე
ფრინველს, ასე წავიდა მათგან მიწისმრყეველი პოსეიდონი. ორიდან პირველმა ოილევსის ძემ,
სწრაფმა აიასმა იცნო და უმალ უთხრა აიას ტელამონის ძეს: „აიას, ჩვენ ორს ოლიმპოსის
მპყრობელმა რომელიღაც ღმერთმა, მისანს მიმსგავსებულმა ხომალდებთან ბრძოლა გვიბრძანა;
[70] ეს არ არის კალქასი, ფრინველთმისანი წინასწარმეტყველი, ზურგიდან იოლად ვიცანი ღმერთი
ნაკვალევით და წვივებით, იოლი საცნობი არიან ღმერთები. ახლა კი ვგრძნობ, რომ მკერდში გული
უფრო მძაფრად მიმიწევს ომისა და ბრძოლისაკენ, ვეღარ ითმენენ ქვემოთ ფეხები და ზემოთ
ხელები.“

1
ჰიპემოლგოსები — „ფაშატის მწველავები“, სკვითრი ტომი.
მას უპასუხა აიას ტელამონის ძემ: „მეც ახლა უძლეველი მარჯვენა შუბისკენ მიმიწევს
მძვინვარედ, ძალა მეზრდება, ფეხს ვერ ვაჩერებ და მზად ვარ, [80] ორთაბრძოლაში შევხვდე
ჰექტორს, პრიამოსის ძეს.“ ამას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ბრძოლა უხაროდათ, ეს ჩაუდო გულში
ღმერთმა, ამასობაში მიწისმრყეველმა უკანა რიგების აქაველები გაამხნევა, რომლებიც სულს
ითქვამდნენ სწრაფ ხომალდებთან. მთელი სხეულით მოეშვნენ მძიმე გარჯით დაქანცულები,
გულში უიმედობა შეეპარათ, როცა დაინახეს, ტროელების მთელი ხროვა როგორ გადმოვიდა დიდ
გალავანზე. მათ რომ უყურებდნენ თვალებიდან ცრემლები სცვიოდათ, იმედი აღარ ჰქონდათ, რომ
დაღუპვას გადაურჩებოდნენ; მაგრამ მიწისმრყეველმა [90] დაიარა მათი საბრძოლო რიგები და
იოლად შთაბერა მხნეობა. პირველად მივიდა გასამხნევებლად ტევკროსთან და ლეიტოსთან, გმირ
პენელეოსთან, თოასთან და დეიპიროსთან, მერიონესთან, ანტილოქოსთან, გამოცდილ
მეომრებთან. გაამხნევა ისინი და ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „სირცხვილი თქვენ, არგოსელებო,
ჭაბუკო მეომრებო! მეგონა, თავდაჯერებულად იომებდით და გადაარჩენდით ჩვენს ხომალდებს;
ხოლო თუ თქვენ თავს აარიდებთ სასტიკ ომს, მაშინ დამდგარა ტროელთა გამარჯვების დღე და
ეგაა! ო, თავის მოჭრა! საოცრებას ხედავენ ჩემი თვალები, [100] საშინელებას, რომელსაც ვერასოდეს
ვერ წარმოვიდგენდი, ტროელები ჩვენს ხომალდებს მოადგნენ! ისინი, ადრე რომ გაქცეულ ირმებს
ჰგავდნენ, ტყეში აფთრების, ჯიქებისა და მგლების საკბილოდ რომ დადიან და ბრძოლის ჟინი არ
გააჩნიათ! ადრე ხომ ტროელები ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ აქაველთა ძალას და ხელებს,
ოდნავაც კი. ახლა კი ქალაქიდან შორს ღრმამუცლიან ხომალდებთან იბრძვიან ჩვენი წინამძღოლის
სულმდაბლობისა და ხალხის დაუდევრობის გამო, მასთან დაპირისპირებულებს არ სურთ
დაიცვან [110] სწრაფმავალი ხომალდები და ამიტომ იხოცებიან მათ წინ; მაგრამ თუნდაც მართლა
ყოველმხრივ დამნაშავე იყოს ატრევსის გმირი ძე, დიდ სივრცეთა მბრძანებელი აგამემნონი,
რადგან შეურაცხყო პელევსის ფეხმარდი ძე, ჩვენ ხომ მაინც არ უნდა გავექცეთ ომს?! თავი
განვიკურნოთ, ვაჟკაცის გულის განკურნვა შეიძლება, მეტად აღარ მიატოვოთ მძვინვარე ვაჟკაცობა,
თქვენ ყველას ჯობნით მთელ ლაშქარში; მე არ გავუბრაზდებოდი ომის მიმტოვებელ კაცს, თუკი
უძლურია, მაგრამ თქვენ კი გულით უნდა განგირისხდეთ! [120] ძვირფასებო! კიდევ უფრო დიდ
სიავეს გააკეთებთ ამ სულმდაბლობით! გულში ჩაიხედეთ თითოეულმა, იპოვეთ იქ შერცხვენა და
ხალხისგან შერისხვა, რადგან წინ მართლაც დიდი ბრძოლა გელოდებათ. საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატი, მძლავრი ჰექტორი უკვე ხომალდებთან ომობს, დალეწა კარიბჭე და უზარმაზარი
ურდული.“ ასე დაარწმუნა მიწისმრყეველმა და გამოაცოცხლა აქაველები. ორი აიასის ირგვლივ
დაჯარდნენ მძლავრი მეომრები, რომელთაც თუ დაუვლიდა, ვერც არესი უპოვიდა ნაკლს და ვერც
ხალხთა აღმძვრელი ათენა; რჩეული ვაჟკაცები ტროელებსა და ღვთაებრივ ჰექტორს ელოდნენ,
[130] შემჭიდროვდა შუბი შუბთან, ფარი ფართან, მუზარადი მუზარადთან, კაცი კაცთან.
ერთმანეთს ეხებოდნენ ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადების მოელვარე გირჩები, როცა გმირები
თავს ხრიდნენ, იმდენად მჭიდროდ იდგნენ გვერდიგვერდ. შუბები იკეცებოდა მათი გამბედავი
ხელებით შერხეული, მათი ფიქრები კი პირდაპირ მიიწევდნენ ბრძოლას მოწყურებულები.
ტროელები გუნდად დაიძრნენ, მათ მოუძღოდა ჰექტორი, პირდაპირ მოფრინავდა, როგორც
კლდეს მოწყვეტილი ლოდი, რომელიც ბუდიდან ამოუგდია ზამთრის ავდრით ადიდებულ
მდინარეს, საძირკველი კი გამოუცლია თავსხმა წვიმას და [140] ზემოდან დაძრული მოფრინავს და
გზაში მთელ ტყეს აჩანაგებს, ვერაფერი ვერ აჩერებს, სანამ არ მიაღწევს დაბლობს, იქ კი ჩერდება
და ვეღარ მიგორავს ძველი შემართებით. ასე თავიდან ჰექტორიც იმუქრებოდა, რომ ზღვამდე
იოლად მიაწევდა აქაველთა კარვებისა თუ ხომალდების გავლით და ხოცვა-ჟლეტით, მაგრამ
როდესაც გადააწყდა მეომართა ხშირ რიგებს, შეჩერდა მათ წინაშე. აქაველთა შვილები მათ
დახვდნენ ხმლებითა თუ ორმხრივი შუბებით და მოიგერიეს, გააოგნეს და უკან დაახევინეს.
გამგმირავი ხმით მიმართა ტროელებს: [150] „ტროელებო, ლიკიელებო და ხელჩართული ბრძოლის
ოსტატო დარდანელებო, შეჩერდით! დიდხანს ვერ შემაკავებენ აქაველები, თუნდაც კოშკივით
აღიმართონ ჩემს წინააღმდეგ, მგონი, ჩემი შუბი უკან დაახევინებს მათ, თუკი ზურგს მიმაგრებს
საუკეთესო ღმერთი, ჰერას მჭექარე მეუღლე.“
ასე თქვა, გული გაუმაგრა და აღაგზნო თითოეული. დიდი გულით გამოვიდა დეიფობოსი,
პრიამოსის ძე, წინ ეკავა გაწონასწორებული ფარი, მსუბუქი ნაბიჯით დაიძრა ფარით დაცული.
მერიონესმა დაუმიზნა მოელვარე შუბი [160] და ესროლა, არ აუცილებია, მოარტყა ხარის ტყავის
გაწონასწორებულ ფარში, მაგრამ გრძელმა შუბმა ბოლომდე ვერ გააღწია და შუბისპირთან გატყდა,
დეიფობოსმა კი ფარი შორს გასწია, რადგან შეუშინდა ბრძენი მერიონესის შუბს, გმირმა კი თავისი
მეგობრებისკენ დაიხია, საშინლად გამწარებული იყო ორ რამეზე: ბრძოლაც რომ ვერ მოიგო და
შუბიც რომ გაუტყდა. უკან გაეშურა კარვებისა და აქაველთა ხომალდებისკენ, რომ აეღო დიდი
შუბი, რომელიც კარავში ჰქონდა დატოვებული. სხვები კი იბრძოდნენ და უწყვეტი ყიჟინა ისმოდა.
[170] პირველმა ტევკროს ტელამონის ძემ მოკლა კაცი, შუბოსანი იმბრიოსი, ცხენმრავალი
მენტორის ძე; აქაველთა შვილების მოსვლამდე იგი პედაიოსში ცხოვრობდა, ცოლად ჰყავდა
პრიამოსის ბუში, მედესიკასტე; მაგრამ როცა დანაელთა ორივე მხრიდან მოხრილი ხომალდები
ჩამოვიდნენ, უკან, ილიონში გაბრუნდა. გამოირჩეოდა ტროელებში, ცხოვრობდა პრიამოსთან და
მეფე საკუთარი შვილებისგან არ ასხვავებდა. მას ტელამონის ძე ყურის ქვეშ მისწვდა დიდი შუბით,
გამოაძრო იარაღი და ისიც დაეცა იფნის ხესავით, რომელიც მთის მწვერვალზე შორიდან მოჩანს,
[180] მაგრამ ბრინჯაოს ცულით მოიჭრება და სათუთ ფოთლებს მიწას შეახებს; ასე დაეცა და ყრუდ
გაიჟღრიალა ბრინჯაოთი ოსტატურად გაწყობილმა აბჯარმა. ტევკროსი დააცხრა, აბჯრის აყრა
სწყუროდა, მაგრამ ჰექტორმა სტყორცნა მოელვარე შუბი, დაინახა და ძლივს აიცილა ბრინჯაოს
შუბი, მაგრამ ამფიმაქოსს, ქტეატოსის ძეს, აქტორიონის შთამომავალს, ბრძოლაში შესულს, შიგ
მკერდში მოხვდა. ხმაურით დაეცა და აბჯარმა გაიჟღრიალა მასზე. ჰექტორი დააცხრა, რომ
დიდგულოვანი ამფიმაქოსის თავიდან მოეხადა საფეთქლებთან შეკრული მუზარადი, [190] მაგრამ
აიასმა წინწაწეულ ჰექტორს ელვარე შუბი დაახვედრა, სხეულს ვერ შეეხო, რადგან მთლიანად
შემზარავ ბრინჯაოში იყო ჩამჯდარი, მაგრამ ფარის შუაგულში მოარტყა და უკან დაახევინა დიდმა
ძალამ, ხოლო ორივე ცხედარი ბრძოლის ველიდან გაათრიეს აქაველებმა. ამფიმაქოსი ღვთაებრივმა
სტიქიოსმა და მენესთევსმა, ათენელთა მხედართმთავრებმა გააქანეს აქაველი ხალხისკენ.
იმბრიოსი კი მძვინვარე ვაჟკაცობით აგზნებულ ორ აიასს, როგორც ორ ლომს, თხას რომ
გამოგლეჯენ ბასრკბილებიან ნაგაზებს, ამაყად მიჰყავს ხშირ ბუჩქნარში, [200] მიწიდან მაღლა
უჭირავს ყბებით, სწორედ ასე ორ აიასს მაღლა ეჭირათ აბჯარასხმული და საჭურველს ხსნიდნენ,
ხოლო თავი ნაზ კისერს მოაკვეთა ოისევსის ძემ, ამფიმაქოსის გამო განრისხებულმა და ბურთივით
ესროლა ტროელ მეომართა გუნდს და ისიც ჰექტორის ფეხებთან დაეცა მტვერში. მაშინ კი გულით
განრისხდა პოსეიდონი შვილიშვილის დაცემის გამო ფიცხელ ბრძოლაში, წავიდა აქაველთა
კარვებთან და ხომალდებთან, აღაგზნო დანაელები, ტროელებს კი განსაცდელი მოუმზადა. [210]
იდომენევსი, სახელგანთქმული შუბოსანი შემოხვდა მას, მეგობრისგან მოდიოდა, რომელიც
ბრძოლიდან დაბრუნდა, მუხლში დაჭრილი ბასრი ბრინჯაოთი. ეს კაცი მეგობრებმა გამოიყვანეს
ბრძოლიდან, იდომენევსმა იგი მკურნალებს ჩააბარა, კარვიდან გამოვიდა, ომში დაბრუნებას
აპირებდა, როცა დაელაპარაკა მძლავრი მიწისმრყეველი, რომელმაც ხმით დაემსგავსა თოასს,
ანდრაიმონის ძეს, რომელიც მთელ პლევრონსა და მაღალ კალიდონში აიტოლიელებზე
მბრძანებლობდა და ხალხი ღმერთივით სცემდა პატივს: „იდომენევს, კრეტელების მრჩეველო, სად
წავიდა ის მუქარა, [220] რომლითაც ტროელებს ემუქრებოდნენ აქაველთა შვილები?“ მას კი
უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა წინამძღოლმა: „თოას, ახლა არც ერთი კაცი არ არის დამნაშავე,
როგორც მე ვხვდები, ყველამ ვისწავლეთ ომი. სულმდაბალი შიში არავის აქვს და არც ფიქრობს
ვინმე ბოროტი ომის მიტოვებას, თუმცა ეს მოსწონს მძლეთამძლე კრონოსის ძეს, უსახელოდ სურს
დაღუპოს არგოსიდან შორს აქაველები; მაგრამ თოას, ძველადაც ხომ ომში მტკიცე იყავი, შენ
ამხნევედი სხვებსაც, როდესაც ბრძოლის მიტოვებას ფიქრობდნენ, [230] მაშ, ახლაც არ მიატოვო და
აღაგზნე თითოეული კაცი!“
მას უპასუხა მიწისმრყეველმა პოსეიდონმა: „იდომენევს, ის კაცი ვერასდროს დაბრუნდება
ტროიდან, აქ დარჩება და ძაღლების გასართობი გახდება, ვინც დღეს ბრძოლას თავისი ნებით
გაექცევა. აისხი აბჯარი და ჩემთან ერთად წამოდი, უნდა დავაჩქაროთ, ჩვენ ორმაც კი შეიძლება
სარგებლობა მოვიტანოთ. სუსტი მეომრების ერთიანობასაც კი ვაჟკაცობა მოსდევს, ჩვენ ორს კი
უძლიერესებთანაც მოგვწევია ბრძოლა.“
ასე თქვა და ისევ მიაშურა ღმერთმა ადამიანთა მძიმე შრომას. [240] იდომენევსი კი მივიდა
თავის კეთილნაგებ კარავში, ტანზე აისხა ლამაზი აბჯარი, აიღო ორი შუბი და წავიდა ელვასავით,
რომელსაც კრონოსის ძე ხელით იღებს და ისვრის შუქმფინარი ოლიმპოსიდან, ნიშანს აძლევს
მოკვდავებს ნათელი სხივებით, ასე ელავდა მის მკერდზე ბრინჯაო, როცა მირბოდა. კარავთან
ახლოს შეხვდა მერიონესი, მისი მამაცი მსახური, თავისი ბრინჯაოს შუბის აღება სურდა და უკან
დაბრუნება; მას მიმართა მძლავრმა იდომენევსმა: „მერიონეს, მოლოსის ძეო, ფეხმარდო,
უსაყვარლესო მეგობარო, [250] რამ მიგატოვებინა სასტიკი ომი და აქ რამ მოგიყვანა? დაჭრილი ხომ
არ ხარ, ჭრილობის ტკივილი ხომ არ გტანჯავს? ვინმესგან რაიმე ამბავი ხომ არ მოგაქვს ჩემთვის? მე
ჩემდა თავად კარავში ჯდომას არ ვაპირებ, ბრძოლას ვაპირებ!“
მას უპასუხა გონიერმა მერიონესმა: „იდომენევს, ბრინჯაომოსილ კრეტელთა მრჩეველო,
უკან ვბრუნდები, შუბი რომ ავიღო, თუ გაქვს კარავში, რადგან ჩემი გამიტყდა, როცა მოვარტყი
არაადამიანური ძალის დეიფობოსის ფარს.“
მას უპასუხა კრეტელთა მეთაურმა იდომენევსმა: [260] „შუბებს იპოვი ერთსაც და ოცსაც,
თუ გინდა, კარვის შემოსასვლელ კედელსაა მიყრდნობილი და ბრწყინავს; ჩემგან მოკლულ
ტროელებს წავართვი შუბები, მე ხომ ფიცხელ ბრძოლაში შორს არ ვუდგები მოწინააღმდეგეებს.
ამიტომ მაქვს შუბებიც, გირჩიანი ფარებიც, მუზარადებიც, საჭურველიც, ბრწყინავს ყველაფერი.“
მაშინ გონიერმა მერიონესმა უპასუხა: „ჩემს კარავშიც და შავ ხომალდზეც ტროელების
ბევრი ნადავლია, მაგრამ ახლოს არ არის, რომ ავიღო. ჩემზე კი გეტყვი, არ დამვიწყებია საბრძოლო
მძვინვარება, [270] პირველ რიგებში ვიბრძვი, სადაც სახელის მოხვეჭა შეიძლება, იქ ვდგავარ,
სადაც კი ომში შეტაკება იფეთქებს. ვინმე სხვა ბრინჯაომოსილი აქაველებიდან შეიძლება არ
იცნობს ჩემს ბრძოლას, მაგრამ შენ, მგონი, იცნობ.“
მას უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა მეთაურმა: „ვიცი, როგორი ვაჟკაციც ხარ, რა საჭიროა
ამაზე ლაპარაკი? ახლა ხომალდებთან შევიკრიბოთ ყველაზე უკეთესები ჩასაფრებისთვის, იქ
განსაკუთრებით კარგად ჩანს ადამიანის ვაჟკაცობა, სადაც ლაჩარიც და ვაჟკაციც ცხადად ავლენს
თავს, მხდალ კაცს ფერები გადასდის სახეზე [280] და მკერდში გული ადგილს ვერ პოულობს, წონა
ერთი ფეხიდან მეორეზე გადააქვს, ან ორივეზე ჩამოჯდება და გული მკერდში დიდად უცემს,
სიკვდილის ქალღმერთებზე ფიქრობს, კბილს კბილზე აცემინებს; ვაჟკაც კაცს ფერი არ ეცვლება,
შიში ვერ აფუჭებს, როგორც კი ჩაჯდება ჩასაფრებაში, იმას ფიქრობს, რაც შეიძლება სწრაფად
შეასკდეს ბრძოლაში მტერს. იქ ვერავინ დაგიწუნებდა ძალასა და მარჯვენას. და თუ დაიჭრები
შუბით ან ისრით, უკან კისერში ან ზურგში არ მოგხვდება ნასროლი, [290] მკერდში მოგხვდება ან
მუცელში, პირდაპირ წასულს, პირველ რიგებში მებრძოლს. ახლა გვეყოფა ბავშვებივით ლაპარაკი
და უქმად დგომა, ვინმემ საყვედური არ გვითხრას, შედი კარავში და აირჩიე შენთვის მძიმე შუბი.“
ასე თქვა. მერიონესმა, სწრაფი არესის თანასწორმა, სასწრაფოდ გამოიტანა კარვიდან
ბრინჯაოს შუბი და გაჰყვა დიდ იდომენევსს, ბრძოლას მოწყურებული. თითქოს კაცთამკვლელი
არესი მიიჩქაროდეს ომში და უკან საყვარელი შვილი, ფობოსი მიჰყვებოდეს, მასავით მძლავრი და
უშიშარი, [300] რომელიც თავზარს სცემს მტკიცე მეომარსაც. ეს ორი შეიარაღდა და თრაკიიდან
ჩამოვიდა, რომ შეერთებოდა ეფირელებს ან დიდგულოვან ფლეგიელებს, მაგრამ ორივე მხარეს არ
უსმენენ ღმერთები, მხოლოდ ერთ-ერთს მოუტანენ დიდებას; ასეთები იყვნენ მერიონესი და
იდომენევსი, ხალხთა წინამძღოლნი, ომში წავიდნენ ბრინჯაოს ელვარე მუზარადებით.
პირველმა მერიონესმა თქვა სიტყვა: „დევკალიონის ძევ, რომელ საბრძოლო რიგებს უნდა
შევუერთდეთ? მთელი ლაშქრის მარჯვნივ, შუაგულში თუ მარცხნივ? მგონი, ყველაზე მეტად
სწორედ [310] იქ უჭირთ ბრძოლა გრძელთმიან აქაველებს.“
მას უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა წინამძღოლმა: „შუა ხომალდებს სხვებიც იცავენ,
ორი აიასი და ტევკროსი, აქაველთა საუკეთესო მოისარი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაშიც
კარგია. ისინი მოიგერიებენ ომში გაუმაძღარ ჰექტორს, პრიამოსის ძეს, რაც უნდა ძლიერი უნდა
იყოს ის. გაუჭირდება, თუნდაც ბრძოლაში მძვინვარეს, მათი ძალისა და მძლავრი მარჯვენის
დამარცხება და ხომალდების გადაბუგვა, თუ თავად კრონოსის ძე [320] არ ესვრის გავარვარებულ
ელვას სწრაფ ხომალდებს. ვერავინ მოერევა დიდ აიას ტელამონის ძეს, თუკი მოკვდავია და
დემეტერის პურს ჭამს, ვისაც შეიძლება მოსწვდე ბრინჯაოთი ან დიდი ლოდით. ხელჩართულ
ბრძოლაში ტოლს არ დაუდებდა საბრძოლო რიგების გამანადგურებელ აქილევსსაც კი, მხოლოდ
ფეხმარდობაში ვერ შეეჯიბრებოდა. ჩვენ კი, როგორც თქვი, მარცხენა მხარეს მივმართოთ და
სწრაფად გავარკვიოთ, ჩვენ მოვიხვეჭთ სახელს თუ სხვას მოვახვეჭინებთ.
ასე თქვა და მერიონესი, სწრაფ არესს გატოლებული დაადგა გზას, სანამ მივიდოდა იქ,
სადაც მიუთითეს.
[330] როდესაც ტროელებმა დაინახეს იდომენევსი, ცეცხლივით ანთებული, ის და მისი
მსახური ოსტატურად ნაკეთები საჭურვლით, ერთმანეთს გადასძახეს და ყველა ერთად დაესხა
თავს. ორივე მხრიდან გაჩაღდა ბრძოლა ხომალდთა კიჩოებთან. როგორც ქარის ზუზუნით
მძვინვარებს გრიგალი იმ დღეს, როდესაც ღრმა მტვერი ფარავს გზებს, მტვრის ღრუბელი დგება,
ასეთი იყო მათი ბრძოლაც, გამძვინვარებული გულებით დასახოცად დაერივნენ ერთმანეთს ბასრი
ბრინჯაოთი. აიჯაგრა კაცისმკვლელი ბრძოლის ველი გრძელი, ხორცის მგლეჯი შუბებით, [340]
მეომრებს თვალს უბრმავებდა ბრინჯაოს ბრწყინვალება, ბრძოლაში ჩაბმული ვაჟკაცების
მოელვარე მუზარადები, გაპრიალებული აბჯრები, ბრჭყვიალა ფარები; ძალიან გულმამაცი უნდა
ყოფილიყო კაცი, რომელსაც ამის დანახვა გაახარებდა და არ დაამწუხრებდა. კრონოსის ორი
მძლავრი ვაჟი2 ერთმანეთს დაუპირისპირდა და მეომარ ვაჟკაცებს მძიმე განსაცდელი მოუმზადა.
ზევსს სურდა ტროელთა და ჰექტორის გამარჯვება, რათა დიდება მოეტანა ფეხმარდი
აქილევსისთვის; სურდა არა აქაველი ხალხის საბოლოო დაღუპვა ილიონის წინ, [350] არამედ
თეტისისა და მისი სულმაგარი ვაჟისთვის სახელის მოხვეჭა. ჭაღარა ზღვიდან ამოსული
პოსეიდონი კი არგოსელებში შევიდა საიდუმლოდ და გაამხნევა ისინი, განრისხებული იყო, რომ
ტროელები ავიწროვებდნენ და ძალიან უბრაზდებოდა ზევსს. ორივენი ერთი თაობისანი იყვნენ და
ერთი მამა ჰყავდათ, მაგრამ ზევსი უფრო ადრე დაიბადა და მეტი იცოდა. სწორედ ამიტომ
ერიდებოდა ღია დახმარებას, არამედ საიდუმლოდ, მოკვდავს მიმსგავსებული, აგულიანებდა
არგოსელებს. ამ ორმა დიდი განხეთქილებისა და ხელჩართული ბრძოლის თოკი გადაჭიმა ორივე
მხარეს, [360] უწყვეტი და ურღვევი, რომელმაც ბევრს მოატეხინა კისერი.
აქ თმაშევერცხლილმა იდომენევსმა გაამხნევა დანაელები, თავს დაეცა ტროელებს და
გააქცია; რადგან მოკლა ოთრიონევსი, რომელიც კებესოსში ცხოვრობდა და ახალი ჩამოსული იყო
ომში სახელის მოსახვეჭად, პრიამოსისთვის უთხოვია მისი ულამაზესი ქალიშვილის, კასანდრას
ხელი, თუმცა საქორწინო საჩუქრები არ ჩამოუტანია, მაგრამ დიდი გმირობის ჩადენას დაჰპირებია,
— ტროიდან დაუპატიჟებელ აქაველთა შვილების გაძევებას. მოხუც პრიამოსს თანხმობა მიუცია,
თავიც დაუხრია და ისიც იბრძოდა პირობას მინდობილი. [370] იდომენევსი მისწვდა მას ელვარე
შუბით, მოარტყა, როდესაც წინ მოიჭროდა, ვერ დაიცვა ბრინჯაოს ჯავშანმა, მუცელში შეიჭრა
შუბი. ყრუ ხმაურით დაეცა, გამარჯვებულმა კი შესძახა: „ოთრიონევს, მოკვდავთაგან
უბედნიერესად მიგიჩნევ, თუ შეუსრულებ შენს დანაპირებს დარდანოსის ძეს, პრიამოსს, რომელიც
სანაცვლოდ ქალიშვილს დაგპირდა. ჩვენც ამას გპირდებით და შეგისრულებთ, ატრევსის ძის
ულამაზეს ქალიშვილს მოგცემთ, არგოსიდან ჩამოგიყვანთ და მოგათხოვებთ, თუკი შენ ჩვენთან
ერთად [380] ილიონს აიღებ, კარგად დასახლებულ ციხესიმაგრეს. ახლა კი მომყევი, რათა საზღვაო
ხომალდებთან მოვილაპარაკოთ ქორწინებაზე, ცუდი სასიმამროები არ ვართ შენთვის.“
ეს თქვა, ფეხში ჩაავლო ხელი და შუა ბრძოლაში გაათრია გმირმა იდომენევსმა, მაგრამ
ასიოსი მივიდა მოკლულის საშველად, ქვეითად იყო, ცხენები მეეტლეს ჰყავდა და პატრონის
ზურგში ფრუტუნებდნენ, ის მძვინვარედ დაეცა თავს იდომენევსს, მაგრამ გმირმა დაასწრო და
შუბი წვერს ქვემოთ, კისერში მოარტყა და კეფაში გამოუყვანა, დაეცა, როგორც ეცემა მუხა, ვერხვი
[390] ან მაღალი ფიჭვი, რომელსაც ხუროები ალესილი ცულებით ტოტებს ათლიან, რომ
ხომალდისთვის გამოადგეთ. ასე იწვა ის თავისი ცხენებისა და ეტლის წინ გაშოტილი, კვნესოდა
და სისხლიან მტვერს ეჭიდებოდა. მისი მეეტლე შიშმა გაახევა, დაიბნა, ვერ გაბედა, მტრის ხელში
ჩავარდნას ვერ გაექცა, ცხენები ვერ მოაბრუნა და მტკიცე ანტილოქოსმა შუბი აძგერა, ვერ დააკავა
ბრინჯაოს აბჯარმა და შუბი შუა მუცელში მოხვდა. მძიმედ ამოიხრიალა და ოსატურად ნაკეთები
ეტლიდან ჩამოვარდა, [400] ცხენები ანტილოქოსმა, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟმა გააქანა
ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ.
ასიოსის გამო დამწუხრებული დეიფობოსი მიუახლოვდა იდომენევსს და ჩასცა ელვარე
შუბი, მაგრამ იდომენევსმა მოასწრო დანახვა და აიცილა ბრინჯაოს შუბი, დაიმალა თავისი
გაწონასწორებული ფარის ქვეშ, რომელიც ხარის ტყავისგან და ელვარე ბრინჯაოსგან იყო
დამზადებული და რომელსაც ორი სახელური იკავებდა. ფარის ქვეშ დაიმალა მთლიანად და როცა
ბრინჯაოს შუბი ოდნავ შეეხო, ფარმა აირეკლა და გაიჟღრიალა; [410] თუმცა ფუჭად არ გაუსვრია
მძლავრი ხელით, ჰიპასოსის ძეს, ხალხთა მწყემს ჰიფსენორს მოხვდა ღვიძლში, შუასაძგიდის ქვეშ
და მუხლები მოეკვეთა. და შესძახა დეიფობოსმა დიდი ხმით: „ასიოსისთვის შური ვიძიე, ასე
მგონია, ჰადესის კარიბჭეს რომ გაივლის, სულით გაიხარებს, რადგან მას თანმხლები გავაყოლე.“
ასე თქვა და არგოსელები შეურაცხყო მისმა ტრაბახმა, განსაკუთრებით კი მამაც
ანტილოქოსს აუმღვრია სული, მწუხარე იყო, მაგრამ არ მიატოვა მეგობარი, [420] არამედ გაიქცა,
თავს დაადგა და ფარი გადაახურა. მაშინ მოვიდა ორი საიმედო მეგობარი, მეკისტევსი, ექიოსის ძე
და ღვთაებრივი ალასტორი და წაიყვანეს მძიმედ მკვნესარე ჰიფსენორი ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ.
2
კრონოსის ორი მძლავრი ვაჟი — ზევსი და პოსეიდონი.
იდომენევსმა არ დაიცხრო დიდი მძვინვარება, მუდმივად ცდილობდა, ან რომელიმე
ტროელისთვის გაეშავებინა დღე, ან თავად დაცემულიყო, ოღონდ განსაცდელი აეცილებინა
აქაველებისთვის. იქ იყო კაცი, ზევსის აღზრდილი აისიეტესის საყვარელი ვაჟი, გმირი
ალკათოოსი, რომელიც იყო ანქისესის სიძე, ცოლად ჰყავდა მისი უფროსი ქალიშვილი,
ჰიპოდამეია, [430] რომელიც გულით უყვარდათ მამას და დედოფალ დედას დიდ სასახლეში,
რადგან ყველა თანატოლ გოგონას აღემატებოდა სილამაზით, ხელსაქმითა და სიბრძნით, რის
გამოც მოიყვანა ცოლად ვრცელი ტროის საუკეთესო ვაჟკაცმა; მაგრამ ახლა დასცა ის პოსეიდონმა
იდომენევსის ხელით, დაუბრმავა ელვარე თვალები, შეუკრა სწრაფი ფეხები; არც უკან გაქცევა
შეეძლო, არც თავის დაღწევა, სვეტივით ან მაღალ და ფოთლოვან ხესავით იდგა უძრავად,
როდესაც მკერდში აძგერა შუბი გმირმა იდომენევსმა, შეულეწა ბრინჯაოს [440] ქიტონი, რომელიც
ადრე დაღუპვისგან იცავდა მის სხეულს. მაშინ ხმამაღლა დაიბღავლა შუბით განგმირულმა.
ხმაურით დაეცა, შუბმა გულში გაუარა, რომელიც ჯერ კიდევ უცემდა და შუბის ბოლოს
აკანკალებდა; იქ და მაშინ წაართვა სიცოცხლე მძლავრმა არესმა. იდომენევსმა გამარჯვების ყიჟინა
დასცა და შესძახა: „დეიფობოს, სწორად გავისტუმრეთ ანგარიში, როდესაც ერთის სანაცვლოდ სამი
მოვკალით? შენ არ იყავი, რომ ტრაბახობდი?! მომიახლოვდი, უბედურო, წინ დამიდექი, რათა
დაინახო, რას წარმოვადგენ მე, ზევსის შთამომავალი. [450] ჯერ ზევსმა შვა მინოსი კრეტის მეფედ,
მინოსმა შვა უზადო შვილი, დევკალიონი, დევკალიონმა კი მე მშვა, მრავალი კაცის მეუფე ვრცელ
კრეტაზე, ჩემმა გემებმა ჩამომიყვანა აქ შენდა, მამაშენისა და სხვა ტროელების ჭირად.“
ასე თქვა, დეიფობოსს ორად გაეყო გული, ან უნდა გაბრუნებულიყო უკან და ეპოვნა ვინმე
დიდგულოვან ტროელთაგან, ან მარტოს ეცადა ბრძოლა. და გულმა ეს გზა ურჩია: წასულიყო
ენეასთან; იგი უკანა რაზმებში იპოვა, [460] იქ იდგა, ღვთაებრივ პრიამოსზე მუდმივად
განრისხებული, რადგან დიდი გმირი იყო და სათანადოდ არ აფასებდა მეფე 3. ახლოს დაუდგა და
ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „ენეას, ტროელთა მსაჯულო, ახლა საჭიროა შენს სიძეს ამოუდგე
მხარში, თუკი მასზე გული შეგტკივა. მომყევი, დავიცვათ შენი სიძე ალკათოოსი, რომელიც
ოდესღაც თავის სახლში ხელში აუყვანიხარ, ჩვილი რომ იყავი. სახელოვანმა შუბოსანმა
იდომენევსმა ბრძოლაში სიცოცხლეს გამოასალმა.“
ასე თქვა და გული აუღელვა მკერდში. წაჰყვა იდომენევსთან ბრძოლას მოწყურებული.
[470] იდომენევსს კი არ ეშინოდა პატარა ბავშვივით, მთის ტახივით იდგა საკუთარ სიმამაცეს
მინდობილი, რომელიც დგას და, ჯაგარაშლილი, მონადირეთა მთელ ბრბოს ელოდება უკაცრიელ
ადგილას; თვალებს ცეცხლით აკვესებს, კბილებს ილესავს, ძაღლებთან და მონადირეებთან
ბრძოლა სწყურია.
ასე იდგა და უკან არ იხევდა სახელგანთქმული შუბოსანი იდომენევსი, როდესაც ენეასი
გამოიჭრა მისკენ, უხმო მეგობრებს, — ასკალაფოსს, აფარევსს, დეიპიროსს, მერიონესსა და
ანტილოქოსს, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატებს; [480] ისინი აღაგზნო და ფრთოსანი სიტყვით
მიმართა: „მოდით, მეგობრებო, მარტო ვარ და მხარში ამომიდექით, ძალიან საშიშია ფეხმარდი
ენეასი, რომელიც ჩემზე მოდის, იგი მეტისმეტად მძლავრია ბრძოლასა და ცოხვა-ჟლეტაში! თანაც
სიჭაბუკის ყვავილი აქვს, რომელსაც უდიდესი ძალა მოსდგამს. რომ ვყოფილიყავით ერთი ასაკისა
და ერთი შემართებისა, მალე ან ის მოიპოვებდა დიდ სახელს, ან მე მოვიპოვებდი.“
ასე თქვა და ყველა ერთსულოვნად ახლოს დაუდგა და მხრებზე ფარი აიფარა. მეორე
მხარეს ენეასმა მოუხმო მეგობრებს, — [490] დეიფობოსს, პარისსა და ღვთაებრივ აგენორს,
რომლებიც ტროის წინამძღოლები იყვნენ და ხალხი მას გაჰყვა, როგორც ყოჩს მიჰყვება მორჩილი
ფარა საძოვრის შემდეგ დასაწრყულებლად და გულს უამებს მწყემსს. ასე უხაროდა გულით ენეასს,
როდესაც ხედავდა, როგორ მისდევდა ხალხის კრებული.
ალკათოოსის ირგვლივ ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა გრძელი შუბებით, ერთმანეთზე
შეტევისას, მებრძოლთა მკერდზე ხშირი დარტყმისას საშინლად ჟღარუნობდა სპილენძი, ხოლო
სხვებში გამორჩეულ, არესის თანასწორ ორ ვაჟკაცს, [500] ენეასსა და იდომენევსს, ერთმანეთის
ბრინჯაოთი აჩეხვის წყურვილი ახრჩობდა. პირველმა ენეასმა ესროლა შუბი იდომენევსს, მაგრამ
3
პრიამოსზე მუდმივად განრისხებული, რადგან დიდი გმირი იყო და სათანადოდ არ
აფასებდა მეფე — ენეასი ტროის მეფეების იმ უმცროსი შტოს წარმომადგენელი იყო, რომელსაც
სამეფო ძალაუფლება არ ეღირსა; ამიტომ ის ერთგვარ ოპოზიციაში იყო პრიამოსთან. ტროის ომში
ენეასის გადარჩენის ასახსნელად ზოგიერთი ლეგენდა არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მას
ფარული კავშირი ჰქონია მტრებთან.
მან დაინახა და აირიდა ბრინჯაოს შუბი და ენეასის ნასროლი შუბისპირით ჩაერჭო მიწას, ფუჭად
აღმოჩნდა გაშვებული მძლავრი ხელიდან. იდომენევსმა ოინომაოსს ჩასცა მუცელში, დაუმსხვრია
ჯავშნის ზედაპირი, ბრინჯაომ შიგნეული გადმოაყრევინა, განგმირული კი დაეცა და მიწას
ჩაებღაუჭა. იდომენევსმა ცხედარს გრძელჩრდილიანი შუბი [510] ამოაძრო, მაგრამ ლამაზი აბჯარი
ვერ აჰყარა მხრებიდან, ისრებმა არ მისცა ამის საშუალება. ფეხები უწინდელივით უკვე აღარ
ემორჩილებოდა, რომ საკუთარ შუბთან მიერბინა, ან სხვისი აეცილებინა, ხელჩართულ ბრძოლაში
აიცილებდა დაუნდობელ სასიკვდილო დღეს, მაგრამ ბრძოლის ველიდან სწრაფი გაქცევა აღარ
შეეძლო. ასე რომ, ნელა ბრუნდებოდა და ესროლა ელვარე შუბი დეიფობოსმა, რადგან მისი
სიძულვილი არ ასვენებდა. მაგრამ მას ააცილა და ასკალაფოსს მოარტყა, ენიალიოსის ძეს, მძლავრი
შუბი მხარს [520] მისწვდა, დაეცა გმირი და მიწას ჩაებღაუჭა. მჭექარე მძლავრ არესს არ გაუგია
ფიცხელ ომში შვილის დაცემის ამბავი, რადგან ოლიმპოსის მწვერვალზე, ოქროს ღრუბლებს
ქვემოთ, იჯდა ზევსის ნებას დამორჩილებული, სხვა უკვდავ ღმერთებთან ერთად ომს
მოცილებული.
ასკალაფოსის ირგვლივ გაჩაღდა ხელჩართული ომი; დეიფობოსმა ელვარე მუზარადი
მოხადა, მაგრამ მერიონესმა, სწრაფი არესის თანასწორმა, ხელში ჩასცა შუბი და ხელიდან [530]
გააგდებინა ჯიღიანი მუზარადი და ისიც მიწაზე დაეცა ჟღარუნით. მერიონესი კი ისევ ძერასავით
დააცხრა, იდაყვს ზემოთ, ხელიდან ამოაგლიჯა თავისი მძიმე შუბი და თავის მეგობრებს
დაუბრუნდა. პოლიტესმა კი, დეიფობოსის ღვიძლმა ძმამ, ორივე ხელი ჩაავლო იღლიებში და
გაიყვანა ფიცხელი ომიდან, მიიყვანა სწრაფ ცხენებთან, რომლებიც ბრძოლისა და ომის მიღმა,
მეეტლეს ჰყავდა ოსტატურად ნაკეთებ ეტლში შებმული; მათ გააქანეს ქალაქისკენ მკვნესარე და
დატანჯული, სისხლი სდიოდა დაჭრილი ხელიდან.
[540] სხვები იბრძოდნენ, უწყვეტი ყვირილი ისმოდა. იქ ენეასმა თავდამსხმელ აფარევსს,
კალეტორის ძეს, ბასრი შუბი ხორხში უწვდინა, თავი ჩამოუვარდა, ფარიც დაუვარდა, მუზარადიც
მოძვრა, სიკვდილმა სული ამოართვა და დაუღვარა.
ანტილოქოსმა შეამჩნია, რომ თოონი მობრუნდა; ესროლა და გაუგლიჯა ძარღვი, რომელიც
მთელ ზურგს გაივლის და კისრამდე მიდის, მთლიანად გაწყვიტა და ისიც გულაღმა დაეცა
მტვერში, ხელებს საყვარელი მეგობრებისკენ იწვდენდა. [550] ანტილოქოსი მიეჭრა, აბჯარს
აცლიდა მხრებიდან, ირგვლივ იხედებოდა, ტროელებმა თავი მოიყარეს ყოველი მხრიდან, ფართო
ფარს ურტყამდნენ, მაგრამ არ შეეძლოთ, ანტილოქოსის ხორცს მისწვდომოდნენ ულმობელი
ბრინჯაოთი, რადგან მიწისმრყეველი პოსეიდონი ნესტორის ძეს იცავდა ხშირი ისრებისგან.
გმირიც მტერს კი არ გაურბოდა, მათში ტრიალებდა, უძრავად არ ტოვებდა თავის შუბს, არამედ
მუდმივად არხევდა და ან ვინმეს ჭრიდა, ან ესროდა, ან ხელჩართულ ბრძოლაში შედიოდა.
[560] არ დაემალა ადამასს, ასიოსის ძეს, თუ ვის შემოეხვია ამდენი ხალხი, ახლოს მიეჭრა
და ბრინჯაოს შუბი ფარის შუაგულში ჩასცა; შუბს ძალა შეუსუსტა მუქთმიანმა პოსეიდონმა და
სიცოცხლე ვერ წაიღო. შუბის ნახევარი ცეცხმოდებული სარივით ჩარჩა ანტილოქოსის ფარში,
ხოლო მეორე ნაწილი მიწაზე ეგდო. სიკვდილს რომ გაქცეოდა, უმალ გაიწია თავისიანებისკენ,
მაგრამ მერიონესი წამოეწია და ესროლა შუბი სარცხვინელსა და ჭიპს შორის, იქ ყველაზე უფრო
დაუნდობელია არესი საბრალო მოკვდავთათვის. [570] სწორედ იქ დაჭრა, ისიც შუბს წამოეგო და
ქოშინი დაიწყო, როგორც გაჯიუტებულმა ხარმა, მთაში მეჯოგეები თოკით რომ შეკრავენ და
ძალით მიათრევენ. ასე დაჭრილი ქოშინებდა კიდევ ერთხანს, სანამ არ მივარდა გმირი მერიონესი
და ხორციდან არ ამოგლიჯა შუბი, მაშინ კი წყვდიადმა დაუფარა თვალები.
ჰელენოსმა დეიპიროსს დიდი თრაკიული ხმალი საფეთქელში ჩასცა და დაულეწა
მუზარადი, რომელიც მიწაზე დაეცა, გაგორდა და ვიღაც აქაველმა აიღო, როდესაც მებრძოლებს
ფეხებში ებლანდებოდა, [580] ხოლო დეიპიროსის თვალებს ბნელი ღამე გადაეფარა.
ატრევსის ძეს, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატ მენელაოსს მწუხარება დაეუფლა, გმირ
უფლისწულს, ჰელენოსს ბასრი შუბი მოუღერა, მან კი მშვილდის ლარი მოზიდა. ორივე მოემზადა
სროლისთვის, ერთი აპირებდა ბასრი შუბის სროლას, ხოლო მეორე კაპარჭიდან ამოღებული
ისრისას. პრიამოსის ძემ მკერდში დაუმიზნა და ესროლა ჯავშნის ზედაპირს და გაფრინდა მწარე
ისარი. როგორც სალეწი კევრის ნიჩაბს ცვივა ლობიოს შავი ან [590] მუხუდოს მწვანე მარცვლები
განიავებისას, ასევე აირეკლა სახელოვანი მენელაოსის აბჯარმა და შორს დაეცა ბასრი ისარი.
ატრევსის ძემ კი, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა, შუბი ისროლა და იმ ხელში
მოარტყა, რომლითაც ეჭირა გაპრიალებული მშვილდი და ბრინჯაოს შუბმა ხელის მტევანი
მშვილდს მიაჭედა. სიკვდილს რომ გაქცეოდა, თავისიანებისკენ გაიწია, ხელი ჩამოუვარდა და თან
წაათრია იფნის შუბი. ხელიდან ამოუღო შუბი დიდგულოვანმა აგენორმა, ხელი შეუხვია კარგად
დაწნული მატყლის ნაზი [600] სახვევით, რომელიც ხალხის მწყემსის მსახურს ყოველთვის თან
დააქვს.
ახლა პეისანდროსი მიეჭრა პირდაპირ სახელოვან მენელაოსს, ავ ბედისწერას სასიკვდილო
მიჯნისკენ მიჰყავდა, რომ შენ, მენელაოს, დაგემარცხებინა ფიცხელ ბრძოლაში. ერთმანეთისკენ
დაიძრნენ და რომ მიუახლოვდნენ, ატრევსის ძემ ესროლა შუბი, მაგრამ ააცილა, გვერდით წავიდა
შუბი, პეისანდროსმა კი სახელოვანი მენელაოსის ფარს მოახვედრა, მაგრამ ვერ შეაღწია ბრინჯაოს
ფარში, ფართო ფარმა დააკავა და ზემოთ გადატყდა შუბი, მსროლელს კი გაუხარდა და
გამარჯვების იმედი მიეცა. [610] ატრევსის ძემ კი ვერცხლით გაწყობილი ხმალი ამოიღო და
პეისანდროსისკენ გადახტა, ხოლო მან ფარის ქვემოდან ამოიღო მშვენიერი ცული ბრინჯაოს
პირით და ზეთისხილის ხის გაპრიალებული გრძელი ტარით, ერთდროულად ეკვეთენ
ერთმანეთს. პეისანდროსმა მუზარადის ჯიღას მოარტყა სულ ზემოთ, მენელაოსმა კი მომხდურს
შუბლში, ცხვირის ფუძეში მოარტყა; ძვლები დაილეწა, ორივე თვალი ბუდიდან ამოვარდა და
სისხლიან მიწაზე მტვერში ჩავარდა, თავად დაეცა და მოიხარა, მენელაოსი კი ფეხით მკერდზე
შედგა, აბჯარი აჰყარა და სიამაყით ბრძანა: [620] „ახლა კი ასე დატოვებთ სწრაფცხენიანი
დანაელების ხომალდებს, ქედმაღალო ტროელებო, საბრძოლო ყიჟინით გაუმაძღრებო, სხვა
შეურაცხყოფა და სირცხვილი არ გჭირდებათ, რაც მე შეურაცხმყავით, საზიზღარო ქოფაკებო,
ყურისწამღებად მჭექარე ზევსის რისხვაც არ გაშინებთ, სტუმარ-მასპინძლობის ღმერთის,
რომელიც ერთ დღეს დააქცევს თქვენს მაღალ ქალაქს. თქვენ მე კანონიერი მეუღლე და
უზარმაზარი ქონება თავხედურად მომტაცეთ, მას შემდეგ, რაც მეგობრულად გაგიმასპინძლდით!
ახლა კიდევ ერთხელ ჩვენი საზღვაო გემები დამღუპველ ცეცხლს უნდა მისცეთ და აქაველი
გმირები დახოცოთ; [630] მაგრამ ერთხელაც გაგაჩერებენ, თუნდაც ომით გაუმაძღანრი იყვეთ. მამა
ზევსო, ამბობენ, რომ შენ სიბრძნით აღემატები ყველას, ადამიანებსაც და ღმერთებსაც, ყველაფერი
შენგან მოდის; როგორ მფარველობ ამ ქედმაღალ ხალხს, ტროელებს, რომელთა ძალა მუდამ
უსამართლოა, არ შეუძლიათ საზარელი ომის ყიჟინით გაძღნენ. ყველაფრით შეიძლება გაძღე,
ძილითაც, სიყვარულითაც, ტკბილი სიმღერითაც და უზადო ცეკვითაც, რაც ბევრად უფრო
მოგვწონს, ვიდრე ომი, ტროელები კი სწორედ ომით ვერ ძღებიან.“
[640] ასე თქვა და სხეულიდან აჰყარა სისხლიანი აბჯარი, გადასცა თავის მეგობრებს
უზადო მენელაოსმა, თავად კი უკან დაბრუნდა და მებრძოლთა პირველ რიგებს შეუერთდა.
ახლა ჰარპალიონმა, მეფე პალაიმენესის ძემ შეუტია მენელაოსს, რომელიც საყვარელ მამას
ჩამოჰყვა საომრად ტროაში და ვეღარ დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. მან ატრევსის ძის ფარს
ახლოდან ჩასცა შუბი, მაგრამ შიგ ვერ გაატარა ბრინჯაო და უკან მობრუნდა, თავისიანებისკენ,
სიკვდილს გაექცა, აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმე ბრინჯაოთი არ მისწვდომოდა. [650] მერიონესმა
გაქცეულს ზურგში ბრინჯაოსპირიანი ისარი დააწია და მარჯვენა დუნდულში მოარტყა, ისარმა
ძვალი გაგლიჯა და პირდაპირ საშარდე ბუშტი გახეთქა. იქ ჩამოჯდა და საყვარელი მეგობრების
ხელში ამოხდა სული და ჭიასავით გაწვა მიწაზე, სისხლი სდიოდა და მიწას ასველებდა. მას თავს
დაეხვივნენ დიდგულოვანი პაფლაგონიელები, ეტლზე აიტანეს ცხედარი და წმინდა ილიონში
გააქანეს დამწუხრებულებმა, აცრემლებული მიჰყვებოდა უკან მამამისი, გამოსასყიდსაც ვერ
მიიღებდა მოკლული შვილისთვის.
[660] მაგრამ პარისი ამ მკვლელობამ მეტად განარისხა, სტუმრად იყო მასთან ნამყოფი
მრავალ პაფლაგონიელთან ერთად; მან გაშმაგებულმა გაუშვა ბრინჯაოსპირიანი ისარი. იყო ვინმე
ევქენორი, მისან პოლიიდოსის ძე, მდიდარი და კეთილი, კორინთოსში სასახლის მქონე, თავისი
ხვედრი კარგად იცოდა და სასიკვდილოდ ჩამოვიდა გემით, მრავალგზის უთხრა მოხუცმა
პოლიიდოსმა, რომ ან მტკივნეული სენისგან დაიღუპებოდა საკუთარ სასახლეში, ან აქაველთა
ხომალდებთან დაეცემოდა ტროელთა ხელით. ამიტომ ის ერთდროულად გაურბოდა აქაველთა
ჯარიმასაც და [670] საძულველი სენის ტკივილსაც. ამ კაცს მოხვდა ისარი ყბასთან, ყურს ქვემოთ,
სასწრაფოდ გაეყარა ხორცს სული და საძულველმა წყვდიადმა მოიცვა იგი.
ასე იბრძოდნენ ისინი მოგიზგიზე ცეცხლის მსგავსად. ჰექტორს, ზევსის რჩეულს, არ სმენია
ეს, არ იცოდა, ხომალდებიდან მარცხნივ რომ ხოცავდნენ მის ხალხს არგოსელები. მალე
გაიმარჯვენდნენ აქაველები და დიდებას მოიპოვებდნენ, რადგან მათ მიწისმპყრობელი და
მიწისმრყეველი ამხნევებდა და გულს უმაგრებდა. ჰექტორი იქ იბრძოდა, სადაც კარიბჭე და
გალავანი გაარღვია [680] და დალეწა დანაელ ფაროსანთა ხშირი რიგები, იქ იყო აიასისა და
პროტესილაოსის ხომალდები, ჭაღარა ზღვის ნაპირზე ამოტანილი, სადაც არგოსელებს ყველაზე
დაბალი გალავანი ჰქონდათ აგებული და იქ განსაკუთრებით საშიში იყო ბრძოლა ტროელებისა და
მათი ცხენებისთვის. იქ იყვნენ ბეოტიელები და გრძელქიტონიანი იონიელები, ლოკრისელები,
ფთიელები და სახელგანთქმული ეპეიელები, იგერიებდნენ ხომალდებზე თავდასხმას, მაგრამ არ
შეეძლოთ, შეეჩერებინათ მათზე ხანძარს მიმსგავსებული ღვთაებრივი ჰექტორის თავდასხმა, იქ
ასევე იყვნენ რჩეული ათენელები და მათ შორის [690] წინამძღოლი იყო მენესთევსი, პეტეოსის ძე,
მას მოჰყვებოდნენ ფეიდასი, სტიქიოსი და მძლავრი ბიასი; ხოლო ეპეიელებს მოუძღოდნენ მეგესი,
ფილევსის ძე, ამფიონი და დრაკიოსი, ფთიელებს კი მედონი და ომში მედგარი პოდარკესი.
ამათგან ერთი, მედონი, იყო ბუში ღვთაებრივი ოილევსისა, ძმა აიასისა, თუმცა ცხოვრობდა
ფილაკეში, სამშობლო მიწას მოშორებული, რადგან კაცი ჰყავდა მოკლული, თავისი დედინაცვლის
და ოილევსის მეუღლის, ერიოპისის ძმა; პოდარკესი კი ფილაკოსის ვაჟის, იფიკლოსის, ძე იყო.
ორივე მათგანი დიდგულოვანი ფთიელების წინა რაზმში [700] იბრძოდა ბეოტიელებთან ერთად
ხომალდების დასაცავად.
აიასი კი, ოილევსის სრაფი ვაჟი, უკვე ცოტა ხნითაც აღარ შორდებოდა აიას ტელამონის ძეს;
როგორც ორი ღვინისფერი ხარი თანაბარი ძალით ეწევა მძიმე გუთანს ყამირ მიწაზე, როდესაც
ოფლი ღვარად სდით რქის ძირში, ერთმანეთს მხოლოდ უღლის გაპრიალებულ ძელი აშორებთ,
მიდიან კვალში და მიწას ღრმად ხნავენ; ასე იდგნენ აიასებიც ომში გვერდიგვერდ. ტელამონის ძეს
მართლაც უამრავი ვაჟკაცი [710] მიჰყვებოდა თანამებრძოლად, მის ფარს ეფარებოდნენ, როდესაც
იღლებოდნენ და ოფლი მუხლებში ჩადიოდათ. მაგრამ ლოკრისელები არ მიჰყვებოდნენ ოილევსის
ძეს, მათ არ ხიბლავდათ ხელჩართულ ბრძოლაში სიმტკიცე; არც ჯიღით დამშვენებული ბრინჯაოს
მუზარადები ჰქონდათ, არც მრგვალი ფარები და არც იფნის შუბები, ჰქონდათ მხოლოდ
მშვილდები და კარგად დაწნული მატყლის შურდულები, ილიონში ამის იმედად ჩამოვიდნენ, ამას
ისროდნენ და ტროელთა მთელ რაზმებს ანადგურებდნენ. ასე რომ, ნაწილი უმძიმეს ომში [720] წინ
ებრძოდა ტროელებსა და ბრინჯაოსმუზრადიან ჰექტორს, ესენი კი უკნიდან უშენდნენ ისრებს,
ბრძოლის ხალისს აკარგვინებდნენ ტროელებს, აბნევდნენ ისრები.
აქ დამწუხრებულები ტროელები ხომალდებიდან და კარვებიდან ისევ ქარიანი
ილიონისკენ დაიძვრებოდნენ, პოლიდამასი რომ არ მისულიყო მამაც ჰექტორთან და არ ეთქვა:
„ჰექტორ, მძიმე კაცი ხარ, ძნელია სიტყვებით შენი დარწმუნება! რაკი ღმერთმა მოგცა ომის ნიჭი,
ამიტომ სიბრძნითაც გინდა აჯობო ყველას; მაგრამ არ შეიძლება, ყველა ნიჭი ერთად მოგეცეს. [730]
რადგან ერთს მისცა ღმერთმა ომის ნიჭი, მეორეს — ცეკვის, მესამეს — კითარისა და მღერის,
ვიღაცას მკერდში ჩაუდო სიბრძნე შორსმხედველმა ზევსმა, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს,
რომელსაც ბევრი გადაურჩენია, მაგრამ თვითონ უკეთ იცის. ახლა მე გეტყვი, რა მიმაჩნია
საუკეთესოდ: შენს თვალწინ ყველგან ომის გვირგვინი იწვის; მას შემდეგ, რაც გალავანი
გადმოლახეს დიდგულოვანმა ტროელებმა, ზოგმა შეიარაღებულმა დაიხია უკან, ზოგიც იბრძვის,
— ცოტანი არიან ბევრის წინააღმდეგ, ხომალდებთან მიმოფანტულნი. [740] ახლა უკან დაიხიე და
აქ უხმე ყველა რჩეულს, რომ ყველამ აქ გავმართოთ საბჭო და გადავწყვიტოთ, ერთად დავესხათ
თავს მათ მრავალმერხიან ხომალდებს, თუკი ღმერთი ინებებს ძალის მოცემას, თუ ისევ
გავბრუნდეთ გემებიდან უვნებლები; რადგან, მეშინია, რომ აქაველებმა გუშინდელი დღისთვის არ
გაგვისწორონ ანგარიში, ხომალდებთან ხომ ომით გაუმაძღარი კაცი ჰყავთ 4, რომელიც, როგორც მე
მგონია, მეტად აღარ შეიკავებს თავს ბრძოლისგან.“
ასე თქვა პოლიდამასმა და მისი რჩევა მოიწონა ჰექტორმა, იმავწამს ეტლიდან
შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე [750] და მას ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „პოლიდამას, აქ
მოუხმე ყველა მეთაურს, მე შეტევის წინა ხაზზე გავალ, ბრძანებებს გავცემ და მაშინვე
დავბრუნდები.“
ასე თქვა და თოვლიან მთასავით დაიძრა ყიჟინით, ტროელებთან და მოკავშირეებთან
გაფრინდა. ყველა შექუჩდა პანთოოსის ძის, მამაცი პოლიმადასის ირგვლივ, როგორც კი ჰექტორის
ბრძანება გაიგონეს. თავად ჰექტორი კი მძლავრ დეიფობოსს, უფლისწულ ჰელენოსს, ასიოსის ძე
ადამასს და ასიოსს, ჰირტაკოსის ძეს5, [760] ყველგან ეძებდა ბრძოლის წინა რიგებში, იქნებ იქ
ვიპოვოო. ყველა ან მკვდარი, ან დაჭრილი იპოვა, ზოგი აქაველთა ხომალდების კოჩოებთან იწვა,
4
ომით გაუმაძღარი კაცი ჰყავთ — იგულისხმება აქილევსი, ტროელების მუდმივი შიშის
საგანი.
არგოსელთა ხელით დაღუპული, ზოგიც გალავანს მიღმა — ისრით ან შუბით დაჭრილი. მაგრამ
სწრაფად იპოვა ცრემლიანი ბრძოლის მარცხენა პირზე ღვთაებრივი ალექსანდროსი, ლამაზთმიანი
ჰელენეს მეუღლე, რომელიც მეგობრებს ამხნევებდა და ბრძოლისკენ მოუწოდებდა; ახლოს
დაუდგა და უთხრა შემარცხვენელი სიტყვა: „უზნეო პარის, ლამაზო, ქალების მუსუსო, მაცდურო!
[770] სად არის მძლავრი დეიფობოსი, უფლისწული ჰელენოსი, ასიოსის ძე ადამასი და ასიოსი,
ჰირტაკოსის ძე? სად არის ოთრიონევსი? ახლა მთლიანად დაიღუპა მაღალი ილიონი, ახლა ცხადი
გახდა შენი დაღუპვაც.“
მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, გსიამოვნებს უდანაშაულოს
დადანაშაულება, ადრე შეიძლება ომისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ არა ახლა, რადგან მთლად
მხდალ კაცად არ გავუჩენივარ დედას. იმ დროიდან, რაც შენ ხომალდებთან საბრძოლველად
აღძარი მეგობრები, ჩვენ აქ ვიყავით და ვეომებოდით დანაელებს [780] დაუსრულებლად, მაგრამ ის
მეგობრები დავკარგეთ, შენ რომ ჩამოთვალე, მხოლოდ მძლავრმა დეიფობოსმა და უფლისწულმა
ჰელენოსმა გააღწიეს ბრძოლიდან, გრძელი შუბებით დაჭრილია ხელში ორივე, მაგრამ სიკვდილი
ააცილა მათ კრონიონმა. ახლა კი გაგვიძეხი, საითაც გული გიბრძანებს; ჩვენ მოწადინებული ვართ,
გამოგყვეთ და, მგონია, არ გვაკლია ვაჟკაცობა და ძალაც მოგვდგამს, ხოლო თავზევით ღონე არ
არის, რაგინდ მოწადინებული იყო.“
ასე თქვა გმირმა და დაუწყნარა გული ძმას. წავიდნენ მაშინ იქ, სადაც განსაკუთრებით
ფიცხელი იყო ომი და ყიჟინა, [790] იქ, სადაც იბრძოდნენ კებრიონესი და უზადო პოლიდამასი,
ფალკესი, ორთაიოსი და ღვთისდარი პოლიფეტესი, პალმისი, ასკანიოსი და მორისი, ჰიპოტიონის
ვაჟები, რომლებიც, როგორც ახალი ცვლა, ნაყოფიერი ასკანიიდან წინა დღით ჩამოსულან და ახლა
ზევსს შეუგულიანებია საბრძოლველად. და ისინი დაიძრნენ, როგორც მძაფრი გრიგალი, რომელიც
მამა ზევსის ჭექა-ქუხილის შემდეგ დაჰბერავს მიწას, ზარით და ზათქით დააცხრება ზღვას,
უთვალავ ტალღას ააგორებს ყურისწამღებად მოგრიალე ზღვაზე და აქაფებულ ტალღებს
ერთმანეთს მოაყოლებს, [800] ასე ტროელებიც, ერთმანეთის მიყოლებით, ბრინჯაოთი მოელვარე
ტალღებად მიჰყვებოდნენ თავის წინამძღოლებს. წინ მიდიოდა ჰექტორი, კაცთამმუსვრელი არესის
თანასწორი, პრიამოსის ძე; წინ ჰქონდა თავისი ფარის უზადო წრე ხშირი ტყავითა და ბრინჯაოს
უამრავი ფენით; საფეთქლებთან ირხეოდა მისი მოელვარე მუზარადის ჯიღა. წინ უნდა წაეწია,
რომ შეესწავლა აქაველთა საბრძოლო რაზმები და დაედგინა, შეძლებდა თუ ვერა ფარქვეშ გაევლო
ისინი; მაგრამ ამით გული ვერ შეუტოკა მკერდში აქაველებს. პირველმა აიასმა გადმოდგა დიდი
ნაბიჯი და გამოიწვია: [810] „ახლოს მოდი, კეთილო კაცო! რაა, შორიდან რომ გვაშინებ
არგოსელებს? არც ჩვენ ვართ ომის უმეცარნი, უბრალოდ, ზევსის ავმა მათრახმა დაგვძლია
აქაველები. ასე მგონია, გულში იმედი გაქვს, რომ გაანადგურებ ჩვენს ხომალდებს, მაგრამ ჩვენც
გვაქვს ხელები, ისინი რომ დავიცვათ. მანამდე ჩვენ ავიღებთ და საკუთარი ხელით დავაქცევთ შენს
კარგად დასახლებულ ქალაქს. შენ კი გეუბნები, მალე მოვა ის დღე, როდესაც გაქცეული ზევსსა და
სხვა უკვდავებს შეევედრები, ქორზე უფრო სწრაფი გახადონ შენი ლამაზფაფრიანი ცხენები, [820]
რომ მათ ბუღი დააყენონ და ისე გაგაქანონ საკუთარ ქალაქში.“
ასე რომ ამბობდა, მარჯვნიდან დიდი ფრინველი, მაღლა მფრენი არწივი, აიჭრა ცაში და
ყიჟინა დასცეს აქაველებმა ფრინველის ნიშანზე იმედმოცემულებმა, ხოლო სახელგანთქმულმა
ჰექტორმა აიასს უპასუხა: „ტრაბახა აიას, რას მიედ-მოედები, რას როშავ? ნეტავ ისევე ნაღდად ვიყო
ეგისისმპყრობელი ზევსის ძე, მარად ახალგაზრდა და დედად მყავდეს დედოფალი ჰერა, პატივს
მცემდნენ ათენასა და აპოლონივით, როგორც ნაღდია ის, რომ დღეს უბედურება დაატყდება თავს
აქაველებს, ყველას! და შენც მათ შორის მოკვდები, თუკი გაბედავ და [830] წინ აღუდგები ჩემს დიდ
შუბს, რომელიც გაგლეჯს შენს ნაზ სხეულს; შემდეგ კი გააძღობ ტროელების ძაღლებს და
ფრინველებს, ქონით და ხორცით, როცა დაეცემი აქაველთა ხომალდებთან.“

5
ასიოსის ძე ადამასი და ასიოსი, ჰირტაკოსის ძე — „ილიადაში“ ორი ასიოსია. პირველია
ასიოსი, ტროელთა მოკავშირე ფრიგიელების წინამძღოლი, მეფე დიმასის ძე, პრიამოსის მეუღლისა
და ჰექტორის დედის, ჰეკაბეს ძმა; მას ორი შვილი ჰყავდა: ადამასი და ფაინოფსი. მეორე ასიოსიც
ტროელთა მოკავშირე ყოფილა; ის იყო ჰირტაკოსისა და არისბეს, პრიამოსის პირველი მეუღლის,
ძე. პრიამოსი არისბეს გაეყარა და ჰეკაბე შეირთო ცოლად, ამის შემდეგ კი არისბე ჰირტაკოსმა
მოიყვანა ცოლად.
ეს თქვა და გაუძღვა ხალხს და გაჰყვნენ ყურისწამღები გნიასით, ბღაოდა ხალხი მის უკან.
არგოსელებმა თავის მხრივ დასცეს ყიჟინა, არ დაივიწყეს ვაჟკაცობა, იდგნენ და ელოდნენ რჩეული
ტროელების შეტევას. და ორივე მხრიდან ხმა მისწვდა ეთერსა და ზევსის ნათელს.

You might also like