19. მეცხრამეტე სიმღერა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მეცხრამეტე სიმღერა

რისხვის დასრულება
ყვითელკაბიანი ეოსი ოკეანოსის ტალღებიდან ამოვიდა, რათა უკვდავებისა და მოკვდავებისთვის
სინათლე მოეტანა. თეტისი ხომალდებთან მივიდა და ღმერთის საჩუქრები მიიტანა. იქ იპოვა
საყვარელი შვილი — პატროკლოსის ცხედარს ხმამაღლა დასტიროდა, უამრავი მისი მეგობარი
იდგა და გლოვობდა. მათ შორის დადგა გამორჩეული ქალღმერთი, ხელი ჩასჭიდა, სახელით
მიმართა და უთხრა: „ჩემო შვილო, ვგლოვობთ ამ კაცზე, მაგრამ დავტოვოთ, იწვეს, უპირველეს
ყოვლისა, ღმერთების ნებით დაეცა იგი. [10] შენ კი მიიღე ჰეფესტოსისგან სახელგანთქმული,
უმშვენიერესი საჭურველი, როგორიც მხრებზე არ მოუსხამს ჯერ არც ერთ ადამიანს.“
ასე თქვა და წინ დაუწყო ქალღმერთმა აქილევსს საჭურველი და მან თავისი
ბრწყინვალებით დიდი ხმა გამოსცა. ცახცახმა აიტანა ყველა მირმიდონელი, ვერავინ გაბედა,
პირდაპირ შეეხედა, ყველას ეშინოდა; მაგრამ აქილევსი რისხვით აღივსო, როგორც კი შეხედა,
ქუთუთოებს ქვეშ თვალებში ცეცხლი აენთო, ხელში აიღო ღმერთის ბრწყინვალე საჩუქრები და
გაიხარა; მაგრამ როდესაც გული იჯერა ოსტატურად ნაკეთები საჭურვლის ყურებით, [20] მაშინვე
დედას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „დედა, ეს იარაღი ღმერთმა მომცა, ასეთ რამეს მხოლოდ
ღმერთი თუ შექმნიდა, ადამიანი ამას ვერ შეძლებდა. ახლა აბჯარი უნდა ავისხა, მაგრამ მეტად
მეშინია, ამასობაში მენოიტიოსის მამაც ვაჟს ბუზები არ დაეხვიონ ბრინჯაოთი მიყენებულ
ჭრილობებზე, ჭიები არ წარმოშვან, არ წაბილწონ ცხედარი, სიცოცხლე ისედაც აღარ არის მასში,
სხეული მაინც არ წახდეს!“
მას უპასუხა ვერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა: „შვილო, ეგ დარდი გულში ნუ
გექნება. [30] მე დავიცავ მას ულმობელი მწერებისგან, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ
ადამიანებს არ ასვენებენ. თუნდაც მთელ წელიწადს იწვეს, მისი სხეული ძველებურად იქნება, ან
უკეთესადაც. შენ კი აგორაზე მოუხმე აქაველებს, აგამემნონზე, ხალხთა მწყემსზე რისხვა შეწყვიტე,
საომრად სწრაფად აღიჭურვე და მძვინვარება მოისხი.“
ასე თქვა, ძალა და დიდი ვაჟკაცობა ჩაუნერგა, პატროკლოსს კი ამბროსია და წითელი
ნექტარი დააწვეთა ნესტოებზე, რათა სხეული უვნებელი ყოფილიყო; [40] ხოლო ღვთაებრივი
აქილევსი ზღვის ნაპირას ავიდა, საზარლად ყვიროდა და მოუწოდებდა აქაველ გმირებს. და ის
ხალხიც კი, რომელიც საბჭოს კრებებზე არასოდეს მონაწილეობდა, მესაჭეები და ხომალდის
ხალხი: მეურნეები, მსახურები, პურის დამრიგებლები, ყველანი მივიდნენ აგორაზე, რადგან
აქილევსი გამოჩნდა, რომელიც მეტისმეტად დიდხანს არ მონაწილეობდა ბრძოლაში. კოჭლობით
მოვიდა არესის ორი მსახური1, ტიდევსის ბრძოლაში მედგარი ძე და ღვთაებრივი ოდისევსი;
შუბებს ეყრდნობოდნენ, რადგან ჯერაც აწუხებდათ ჭრილობის ტკივილები; [50] მოვიდნენ და
საბჭოში პირველ რიგებში დასხდნენ. ბოლოს მოვიდა ხალხთა ბელადი აგამემნონიც, ისიც
დაჭრილი, ფიცხელ ბრძოლაში ხომ ანტენორის ძე კოონმა ჩასცა ბრინჯაოს შუბი.
და როდესაც ყველა აქაველმა ერთად მოიყარა თავი, წამოდგა ფეხმარდი აქილევსი და
ბრძანა: „ატრევსის ძეო, ჩვენთვის ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, არ მოვქცეულიყავით ასე,
როდესაც მწუხარე გულით გულისმომკვლელ განხეთქილებამდე მივედით ქალიშვილის გამო.
ნეტავ ხომალდზე ისრით მოეკლა ის ქალი არტემისს [60] იმ დღეს, როდესაც ლირნესოსი დავაქციე
და წამოვიყვანე. ამდენი აქაველი კბილებით მიას არ შეჭამდა, არ დაეცემოდა ტროელთა ხელით,
სანამ მე ჯიუტად ვმრისხანებდი. ჰექტორისა და ტროელებისთვის იყო ეს სასარგებლო, აქაველებს
კი დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენი განხეთქილების ამბავი. რაც მოხდა, მოხდა, დავივიწყოთ,
თუნდაც გული გვეთანაღრებოდეს, ამაყი გული მკერდში დავიცხროთ, როგორც აუცილებლობა
გვკარნახობს. მე ვწყვეტ მრისხანებას, აღარ მჭირდება მარადიული ბრაზი მქონდეს გულში! შენ
ახლა სასწრაფოდ ომისკენ მოუწოდე გრძელთმიან აქაველებს, [70] უნდა ვცადო და
დავუპირისპირდე ტროელებს, ნეტავ კიდევ ფიქრობენ ხომალდებთან ღამეების თენებას?! მე ასე
მგონია, თითოეული მათგანი სიხარულით გაგვეცლება და მუხლს მოიყრის, დამღუპველ ომს და
ჩვენს შუბებს თუ გადაურჩება.“

1
არესის მსახური — მეომარი, ომის ღმერთის მსახური.
ასე თქვა და გაიხარეს ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა, რომ დიდგულოვანმა პელიონმა
რისხვაზე უარი თქვა. მათ კი მიმართა ხალხთა მეუფე ბელადმა აგამემნონმა თავისი ადგილიდან,
არ წამომდგარა მათ შორის: „მეგობრებო, არესის მსახურო, გმირო დანაელებო, წამომდგარს უნდა
უსმინოთ, არ შეიძლება [80] სიტყვის გაწყვეტინება, ეს გამოცდილ მჭევრმეტყველსაც შეუშლიდა
ხელს. ხალხის ყაყანში როგორ გაიგონებ, რას ამბობს გამომსვლელი? ჩაიხშობა ყველაზე ხმამაღლა
მოლაპარაკის ხმაც. მე უნდა მივმართო პელევსის ძეს, ხოლო თქვენ, აგროსელებო, ჩემს სიტყვას
კარგად ჩაუკვირდით თითოეული. ხშირად მეუბნებოდნენ ამ სიტყვას აქაველები და მკიცხავდნენ
კიდეც, თუმცა მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ ზევსი, ბედისწერა და წყვდიადში მოარული
ერინისი, რომლებმაც საბჭოზე გულში ჩამიდეს ველური სიგიჟე იმ დღეს, როდესაც თვითონ
წავართვი ჯილდო აქილევსს. [90] რა უნდა მექნა? სიგიჟემ, ქალღმერთმა ატემ 2, მოაწყო ყველაფერი!
ატე კი ზევსის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ყველას დაუნდობლად აბრმავებს. მისი ნაზი
ფეხები მიწას არც ეხება, პირდაპირ ადამიანთა გონებაზე დადის, აზიანებს მას და მახეში აბამს
ხალხს. თავის დროზე ზევსიც კი დააბრმავა, თუმცა ის ყველა ადამიანზე და ღმერთზე უკეთესად
მიიჩნევა, ისიც კი ჰერამ, თუმცა ქალია, ცბიერებით გააცურა იმ დღეს, როდესაც ჰერაკლესის ძალა
უნდა ეშვა ალკმენეს კეთილგალავნიან თებეში. [100] ზევსი ზვიადად მიმართავდა ყველა ღმერთს:
„მისმინეთ ყველამ, ღმერთებო და ქალღმერთებო, რადგან უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული
მკარნახობს; დღეს მშობიარეთა დამხმარე ეილეითია სამყაროს მოუვლენს კაცს, რომელიც მის
ირგვლივ მხცოვრებლებზე იმეფებს, როგორც იმ კაცთა მოდგმის წარმომადგენელი, რომელთაც
ჩემი სისხლი აქვთ.“
მას ცბიერად უპასუხა დედოფალმა ჰერამ: „ტყუილია, არასოდეს ასრულებ მიცემულ
სიტყვას! მოდი, ოლიმპოსელო, დაიფიცე ახლა ძლიერი ფიცით, რომ უნდა იმეფოს მეზობლებზე
იმან, [110] ვინც დღეს დაიბადება ქალის ფეხებს შორის იმ ადამიანებისაგან, რომლებიც შენი
სისხლისანი არიან.“
ასე ბრძანა, ზევსი ვერ ჩაწვდა მის სიცბიერეს და დაიფიცა დიდი ფიცით, რაზეც შემდგომ
ინანა. ჰერამ იმავწამს ისკუპა ოლიმპოსიდან, სასწრაფოდ მიაშურა აქაიას და არგოსს, სადაც იცოდა,
რომ სთენელოსის, პერსევსის ძის, ძლიერი მეუღლე შვიდი თვის ორსულად იყო და ბიჭს
ელოდებოდა. ის მოუვლინა სამყაროს, თუმცა დღენაკლული იყო, ალკმენეს მშობიარობა კი
შეაყოვნა და ეილეითია შეაფერხა. [120] შემდეგ თავად მივიდა და ამცნო კრონიოსს: „მამა ზევსო,
კაშკაშა ელვისმტყორცნელო, სიტყვა უნდა გითხრა: კარგი კაცი დაიბადა, რომელმაც უნდა იმეფოს
არგოსელებზე, — ევრისთევსი, სთენელოსის, პერსევსის ძის, ძე, შენი მოდგმისა; ცუდად არ
იმეფებს არგოსელებზე.3“
ასე თქვა და ღრმად განიცადა მძაფრი ტკივილი ზევსმა, იმავწამს ჩაავლო ხელი
ბრწყინვალე კულულებიან ატეს განრისხებული გულით და დიდი ფიცით დაიფიცა, რომ
ვერასოდეს ვერც ოლიმპოსს, ვერც ვარსკვლავებიან ზეცას ვერ ეწვევა ატე, რომელიც ყველას თვალს
უბრმავებს. [130] ასე თქვა, ჩაავლო ხელი და მოისროლა ვარსკვლავიანი ზეციდან და ადამიანთა
მოხნულ მიწაზე აღმოაჩინა4. მის გამო მუდამ ოხრავდა, როგორც კი საყვარელ შვილს დაინახავდა,
სამარცხვინო საქმეს რომ აკეთებდა ევრისთევსის დავალებით. მეც ასე ვიყავი: მუზარადმოელვარე
დიდი ჰექტორი არგოსელებს მუსრს ავლებდა ხომალდების კიჩოებთან, მე კი ვერ ვივიწყებდი
სიგიჟეს, რომელმაც თვალი დამიბრმავა; მაგრამ რაკი გავგიჟდი და გონება წამართვა ზევსმა, ახლა

2
ატე — ზევსის ასული, ბოროტების, შეცდომის, განადგურებისა და სიგიჟს ქალღმერთი.
3
ევრისთევსი, სთენელოსის, პერსევსის ძის, ძე, შენი მოდგმისა; ცუდად არ იმეფებს
არგოსელებზე — ზევსისა და დანაეს ძეს, პერსევსს, სამი ვაჟი ჰყავდა: სთენელოსი, ალკეოსი და
ელექტრიონი. ალკეოსს შეეძინა ამფიტრიონი, ელექტრიონს კი ალკმენე. ამფიტრიონმა ცოლად
შეირთო ბიძაშვილი ალკმენე. ალკმენეს ზევსისგან უნდა შეძენოდა ჰერაკლესი. რომ
უზრუნველეყო თავისი ვაჟის ბატონობა, ზევსმა აღთქმა დადო, რომ მთელ ძალაუფლებას
პერსევსის იმ შთამომავალს გადასცემდა, რომელიც ამ აღთქმის დადების შემდეგ პირველი
დაიბადებოდა. ჰერამ მზაკვრულად ისე მოაწყო საქმე, რომ ევრისთევსი, სთენელოსის ძე,
შვიდთვიანი დაიბადა და პირველი აღმოჩნდა. სწორედ ევრისთევსის სამსახურში ჩაიდინა
ჰერაკლესმა თავისი სახელგანთქმული თორმეტი გმირობა.
4
ადამიანთა მოხნულ მიწაზე აღმოაჩინა — ზევსის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ატე
ღმერთებს ვერ შეეხებოდა და თავისი ძალა მხოლოდ ადამიანებზე შეეძლო გამოეცადა.
მსურს გამოვასწორო ყველაფერი და გაძლევ აურაცხელ გამოსასყიდს; თავადაც აღიძარი
ბრძოლისთვის და სხვა ხალხსაც მოუწოდე! [140] ყველაფერს გჩუქნი, რასაც დაგპირდა გუშინ
კარავში მოსული ღვთაებრივი ოდისევსი. თუ გსურს, მოიცადე, თუმცა არესისკენ მიგიწევს გული,
მსახურები ყველა საჩუქარს ჩემს ხომალდზე შეკრებენ და მოგიტანენ, რომ ნახო, რას გჩუქნი, რომ
გასიამოვნო.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ატრევსის ძეო, სახელგანთქმულო კაცთა ბელადო
აგამემნონ, გნებავს, მომეცი საჩუქრები, როგორც წესია, გნებავს დაიტოვე! ჩვენ ახლა ომის ჟინი
გავიხსენოთ დაუყოვნებლივ, არ არის საჭირო აქ უქმად დგომა და [150] დაყოვნება, დიდი საქმე
გვაქვს გასაკეთებელი! ხალხს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს აქილევსი პირველებს შორის, თუ
როგორ დაერევა ბრინჯაოს შუბით ტროელთა რაზმებს და მის მსგავსად ყველა შეებრძოლოს თავის
მოწინააღმდეგეს!“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „დიდი მეომარი ხარ, ღვთისდარო აქილევს, მაგრამ
ასე მშივრებს ნუ მოუწოდებ ილიონისკენ აქაველთა შვილებს, რომ ტროელებს შეებრძოლონ,
რადგან ცოტა დრო როდი დასჭირდება ბრძოლას, როდესაც ხალხი შეასკდება მეომართა მთელ
რაზმებს და ღმერთი ორივე მხარეს სიმამაცეს შთაბერავს. [160] ჯერ უბრძანე აქაველებს,
დანაყრდნენ თავის სწრაფ ხომალდებთან პურით და ღვინით, ეს იძლევა ძალას და მძვინვარებას.
ვერც ერთი კაცი მთელი დღე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მშიერი ვერ გაუძლებს ბრძოლას.
თუნდაც გულით მიიწევდეს კაცი ბრძოლისკენ, მას მისდა უნებურად ფეხები დაუმძიმდება,
შიმშილი და წყურვილი მუხლებს მოუკვეთს. ის კაცი კი, რომელიც გულს იჯერებს ღვინით და
საჭმლით, მთელი დღე იომებს მტრის წინააღმდეგ, მამაცი გული ექნება მკერდში, ფეხებიც [170] არ
მოუდუნდება, სანამ ყველა ბრძოლა არ დასრულდება. მაშ ახლა გაუშვი ხალხი და უბრძანე,
სადილი გაამზადონ; საჩუქრები კი ხალხთა ბელადმა აგამემნონმა მოიტანოს შუა აგორაზე, რათა
ყველა აქაველმა საკუთარი თვალით ნახოს, ხოლო შენმა გულმა გაიხაროს. ფიცით დაგიმტკიცოს
არგოსელთა წინაშე, რომ არ შერთვია ბრისეისს სარეცელზე, როგორც ეს ხდება კაცებსა და ქალებს
შორის. შენაც დაიცხრე ვნება და კეთილმოსურნე იყავი. ამის შემდეგ გაგიმასპინძლდეს თავის
კარავში [180] საუცხოო სადილით, რომ არაფერი დაგაკლოს, რაც მართებს. ატრევსის ძეო, ამის
შემდეგ უფრო სამართლიანი იყავი სხვის მიმართ. შეუფერებელი არ არის მეფისთვის, შერიგებას
ესწრაფოდეს, თუკი პირველმა თვითონ შეურაცხყო.“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „მახარებს, ლაერტესის ძეო, შენი სიტყვის
გაგონება. სწორად გაგიგია ყველაფერი და სწორადაც განმარტე. ეს მინდა დავიფიცო და გულიც
მემოწმება და ტყუილზე არ დავიფიცებ უფლის წინაშე. დაე აქილევსი აქ დარჩეს ერთხანს, თუმცა
არესისკენ მიუწევს გული. [190] ყველანი დარჩით, სანამ საჩუქრებს არ გამოვიტან და სარწმუნო
ფიცს არ დავდებ. ამ საქმეს შენ გაკისრებ, მთელს აქაველებში აირჩიე საუკეთესო ყმაწვილები, ჩემი
საჩუქრები ხომალდიდან აქ მოიტანეთ, რასაც გუშინ შეპირდით აქილევსს, რომ მივცემდით და
ქალებიც მოიყვანე. ტათლიბიოს, შენ აქაველთა ვრცელ ბანაკში მიპოვე ტახი, რომ შევწირო ზევსსა
და ჰელიოსს.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ატრევსის სახელოვანო ძეო, ხალხთა ბელადო, [200]
სხვა დროს ჯობს ეს ყველაფერი მოაწყო, როდესაც რაიმე შესვენება იქნება ბრძოლაში და რისხვა
ჩემს გულში ამოდენა არ იქნება. ჯერ კიდევ აქ წვანან გმირები, დახოცილები ჰექტორის, პრიამოსის
ძის მიერ, რომელსაც ზევსმა მიანიჭა დიდება, თქვენ კი ხალხს ჭამისკენ მოუწოდებთ; არა, მე ახლა
აქაველთა შვილებს წავიყვანდი საომრად მშივრებს და უჭმელებს, ხოლო მზის ჩასვლისთვის
გავშლიდი დიდ სუფრას, როდესაც შეურაცხყოფისთვის შურს ვიძიებდით. მანამდე, მე, ყოველ
შემთხვევაში, არანაირი [210] საჭმელი და არანაირი სასმელი არ გადამივა ყელში, სანამ ბრინჯაოთი
განგმირული მკვდარი მეგობარი მიწევს კარავში, ფეხით კარებისკენ წევს, ირგვლივ კი მეგობრები
გლოვობენ. არა, საჭმელ-სასმელისკენ არ მიმიწევს გული, მხოლოდ მკვლელობისკენ, სისხლისკენ
და მომაკვდავთა საშინელი კვნესისკენ!
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „აქილევს, პელევსის ძევ, აქაველთა შორის
უდიდესო მეომარო! შენ ჩემზე მძლავრი და დიდი ხარ, აღმემატები შუბოსნობით, მაგრამ მე შენზე
ბევრად უკეთესი რჩევის მოცემა შემიძლია, რადგან შენზე ადრე დავიბადე და მეტი ვიცი. [220]
ამიტომ, დაიოკე გული და ერწმუნე ჩემს სიტყვებს. ბრძოლა ძალიან მალე ბეზრდებათ ადამიანებს,
როდესაც უამრავი ბრინჯაო მიმოფანტულია მიწაზე, სამკალი ყველაზე ნაკლებია, როდესაც
სასწორს გადახრის ზევსი, რომელიც ადამიანებისთვის ბრძოლის გამრიგეა. მუცლით არ უნდა
დავიტიროთ მიცვალებული აქაველებმა, ძალიან ბევრი ეცემა ერთმანეთის მიყოლებით დღითი
დღე, და როდისღა უნდა მოითქვას ვინმემ სული? არა, ჩვენ უნდა დავკრძალოთ მკვდრები, გული
უნდა გავიმაგროთ, ერთი დღე დავიტიროთ, [230] ხოლო ვინც დარჩა საზარელი ომისათვის, მათ
უნდა ჭამონ და სვან, რათა შეებრძოლონ მტერს მუდამ შეუპოვრად ტანზე მტკიცე ბრინჯაოთი
შემოსილებმა. ნურავინ ელის უკეთეს რჩევას, რომ ხალხი შეაგულიანოს. დამღუპველი იქნებოდა
სხვა რჩევა, რომ არგოსელთა ხომალდებზე დავრჩენილიყავით, ყველანი ერთად უნდა დავიძრათ
და ცხენთამხედნელ ტროელებს თავს დავატეხოთ მრისხანე არესი!“
თქვა და გაიყოლია სახელოვანი ნესტორის შვილები, ასევე: ფილევსის ძე მეგესი, თოასი,
მერიონესი, [240] კრეიონის ძე ლიკომედესი და მელანიპოსი. ერთად მივიდნენ ატრევსის ძე
აგამემნონის კარავთან. როგორც კი ითქვა სიტყვა, იმავწამს გაკეთდა საქმე. გამოიტანეს კარვიდან
შვიდი სამფეხი, რომლებსაც შეჰპირდა აქილევსს, ოცი ბრწყინვალე ქვაბი, თორმეტი ცხენი;
დაუყოვნებლივ გამოიყვანეს ხელსაქმის მცოდნე შვიდი უზადო ქალი და მერვე იყო
ლამაზღაწვებიანი ბრისეისი. ოდისევსმა აწონა ათი სრული ტალანტი ოქრო და წავიდა, სხვა
საჩუქრებით უკან მიჰყვებოდნენ აქაველი ყმაწვილები. ყველაფერი ეს მიიტანეს და შუა აგორაზე
[250] დააწყვეს, ტათლიბიოსმა კი, ხმით ღმერთს მიმსგავსებულმა, შესაწირი ტახი მოიყვანა ხელით
და ხალხთა მწყემსს წარუდგა. ატრევსის ძემ ამოიღო ხანჯალი, რომელსაც მუდამ ატარებდა
ქარქაშიანი ხმლის გვერდით, ტახს ჯერ ჯაგარი მოკვეთა, ზევსისკენ აღმართა ხელები და ილოცა,
ხოლო არგოსელები თავის ადგილებზე ისხდნენ მდუმარედ და წესისამებრ უსმენდნენ მეფეს. მან
კი ახედა ვრცელ ზეცას და ლოცვით ბრძანა: „დაე ზევსი, უმაღლესი და უდიდესი ღმერთი, იყოს
ჩემი პირველი მოწმე, გაია დედამიწა, მზე ჰელიოსი და ერინისები, რომლებიც მიწისქვეშ [260]
სჯიან ადამიანებს, თუკი ტყუილზე დაიფიცებენ, — რომ ხელი არ მიხლია ქალწული
ბრისეისისთვის, არც სარეცელი გამიყვია მასთან, არც სხვა რამე დამივალებია მისთვის; ის
ხელშეუხებლად რჩებოდა ჩემს კარავში. და თუ ცრუ ფიცი დავდე ახლა, ღმერთებმა დამსაჯონ
ყველა სიავით, რაც ყალბი ფიცისთვის მეკუთვნის!“
ეს თქვა და დაუნდობელი ბრინჯაოთი ყელი გამოსჭრა ტახს, ხოლო ტათლიბიოსმა
მსხვერპლი გადაუგდო ჭაღარა ზღვას თევზების საჭმელად.
მაშინ აქილევსი წამოდგა ომისმოყვარე არგოსელებში და თქვა: [270] „მამა ზევსო, დიდი
სიავის მოვლენა იცი ადამიანებისთვის! უშენოდ გულს ვერ ამიმღვრევდა ასე სასტიკად ატრევსის
ძე, ვერც ამ ქალიშვილს წამართმევდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტად; არა, ზევსს სურდა,
მრავალი აქაველისთვის ამოეხადა სული. ახლა კი მიდით, ისადილეთ, რათა თავი მოვიყაროთ
არესისთვის!“
ეს თქვა და სწრაფად დაშალა შეკრება. ისინიც გაიფანტნენ თავ-თავის ხომალდებზე,
ამასობაში დიდგულოვანმა მირმიდონელებმა თავი მოუყარეს საჩუქრებს და წაიღეს ღვთაებრივი
აქილევსის ხომალდზე. [280] საჩუქრები კარავში დააწყვეს, ქალები დასვეს, ცხენები რემას შეჰმატეს
სახელოვანმა მეჯინიბეებმა.
ხოლო ოქროს აფროდიტეს მსგავსი ბრისეისი, როგორც კი დაინახა ბასრი ბრინჯაოთი
განგმირული პატროკლოსი, მოეხვია ცხედარს, გამკინავი ყმით იკივლა, ხელები გულში იცემა,
დაიხოკა კისერი და ლამაზი სახე. ტირილით თქვა ღმერთივით ქალმა: „პატროკლოს, ჭირში ჩემი
გულის გამხარებელო, ცოცხალი დაგტოვე, ამ კარვიდან რომ წავედი, ახლა კი, უკან მობრუნებულს,
მკვდარი დამხვდი, ხალხის წინამძღოლო; [290] ჩემს ცხოვრებაში უბედურებას უბედურება
მოსდევს მუდამ. კაცი, რომელსაც მიმათხოვეს მამამ და დედოფალმა დედამ, ჩემი ქალაქის წინ
ვნახე ბასრი ბრინჯაოთი განგმირული, სამივე ძვირფასი ძმა, რომლებიც დედაჩემმა შვა, ერთ დღეს
დამეღუპა! [129.295] შენ მიშლიდი ტირილს, როდესაც ჩემი ქმარი სწრაფმა აქილევსმა მოკლა და
ღვთაებრივი ქალაქი მინესი დააქცია, მეუბნებოდი, რომ ღვთაებრივი აქილევსის კანონიერ ცოლად
გამხდიდი, როდესაც ხომალდებით ფთიას მივადგებოდით და ქორწილსაც გადამიხდიდი
მირმიდონელებში. [300] ასეთი ტკბილი კაცი იყავი და მუდამ დაგიტირებ!“
ეს თქვა ტირილით და კვნესოდნენ ქალები, დასტიროდნენ პატროკლოსს, სინამდვილეში
კი საკუთარ თავს. ამასობაში აქილევსთან თავს იყრიდნენ აქაველთა უხუცესები, ითხოვდნენ, რომ
ესადილა, იგი ოხრავდა და უარით ისტუმრებდა: „გევედრებით, თუკი ვინმე მეგობარი მისმენს, ნუ
მთხოვთ, რომ საჭმელ-სასმელით დავიკმაყოფილო თავი, როდესაც ასეთ დღეში ვარ. სანამ მზე არ
ჩავა, ლუკმასაც ვერ ჩავიდებ პირში.“
ასე თქვა და ყველა სხვა მეფე გაუშვა; [310] დარჩნენ მხოლოდ ატრევსის ორივე ძე და
ღვთაებრივი ოდისევსი, ნესტორი, იდომენევსი და მოხუცი მხედარი ფოინიქსი. ცდილობდნენ,
ნუგეში ეცათ ღრმად მწუხარე კაცისთვის, მაგრამ მას გული მხოლოდ სისხლიანი ბრძოლისკენ
მიუწევდა. მხოლოდ პატროკლოსი ახსოვდა, კვნესოდა და ხმამაღლა ამბობდა: „ოდესღაც,
უბედურო, უსაყვარლესო მეგობარო, თავად გამიწყობდი ხოლმე გემრიელ სადილს კარავში
სწრაფად და მცოდნედ, როდესაც აქაველებს ცხენთამხედნელ ტროელებთან მრავალცრემლიანი
ბრძოლის გადატანა უწევდათ. ახლა აქ წევხარ განგმირული და შენს გამო გული [320] არც მიმიწევს
საჭმელ-სასმელისკენ, თუმცა მზადაა, ამაზე მეტი რაღა უნდა მომივიდეს? მამაჩემის სიკვდილი
ამბავიც ვერ მომიკლავდა ასე გულს, ის კი ახლა ფთიაში უეჭველად ცრემლს ღვრის ასეთი შვილის
გამო, რომელიც უცხო მიწაზე საზარელი ჰელენეს გამო ტროელებს ეომება; შვილის სიკვდილის
ამბავიც კი, რომელიც სკიროსში იზრდება, თუკი ცოცხალია ჯერაც ღვთისდარი ნეოპტოლემოსი.
აქამდე ჩემთვის გულში ვფიქრობდი, რომ მარტო მოვკვდებოდი ცხენებით მდიდარი არგოსიდან
შორს [330] აქ, ტროაში; შენ ფთიას მიაშურებდი, ხოლო ჩემს ვაჟს შავი სწრაფი ხომალდით
სკიროსიდან წაიყვანდი და აჩვენებდი მთელ მის მემკვიდრეობას, ჩემს მსახურებს, ჩემს მონებს,
მაღალჭერიან დიდ სასახლეს. მე მგონი, იმ დროისთვის პელევსიც მოკვდება, ან ცოცხალი იქნება,
ოღონდ ძალიან სუსტი, საძულველი სიბერით გაწამებული და მუდმივად იმ მწარე ამბის
მოლოდინში, რომ ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებს.“
ასე თქვა ტირილით, დამწუხრდნენ უხუცესები, თითოეულმა გაიხსენა, რაც დატოვა
საკუთარ სასახლეში. [340] მათი წუხილი დაინახა ზევსმა, შეებრალა ისინი და იმავწამს მიმართა
ათენას ფრთოსანი სიტყვით: „ჩემო შვილო, სულ მიატოვე ეს ვაჟკაცი? გულში აღარ დაგრჩა
აქილევსის სადარდებელი?! მოხრილკიჩოიანი ხომალდების წინ ზის და დასტირის საყვარელ
მეგობარს, დანარჩენები სადილად წავიდნენ, თვითონ კი უჭმელ-უსმელია. მაშ, მიდი, ნექტარი და
სანატრელი ამბროსია ჩაუწვეთე მკერდში, რომ შიმშილი არ იგრძნოს.“
ასე თქვა და აღძრა ისედაც მომართული ათენა. ისიც გრძელფრთიან შევარდენს
მიმსგავსებული ხმამაღალი წივილით ზეციდან დაეშვა ეთერის გავლით. სანამ აქაველები აბჯარს
ისხამდნენ ბანაკში, აქილევსს მკერდში ჩააწვეთა ნექტარი და სანატრელი ამბროსია ათენამ, რომ
შიმშილის სისუსტეს მუხლები არ მოეკვეთა მისთვის. თავად კი ყოვლისშემძლე მამის სასახლეში
დაბრუნდა, სანამ ისინი სწრაფი ხომალდებიდან გამოდიოდნენ. როგორც მსხვილი და ცივი
ფიფქები ცვივა ზევსისგან მონაბერი ეთერში შობილი ბორეასისგან, ასე მსხვილ-მსხვილად
მოელვარე მუზარადებით [360] გამოცვივდნენ ხომალდებიდან, ბუნიკიანი ფარებით,
მძლავრფენებიანი აბჯრებითა და იფნის შუბებით. ბრწყინვალებამ ზეცას მიაღწია, ბრინჯაოს
ელვარებით მიწამ გაიცინა, კაცთა ფეხისხმამ დაიგრიალა, ხოლო შუაში მუზარადი მოისხა
ღვთაებრივმა აქილევსმა. მისმა კბილებმა გაიღრჭიალა, თვალებში ცეცხლის ალი აენთო, გული
აუტანელი სევდით აევსო, ტროელებზე განრისხებულმა აისხა ღმერთის საჩუქრები, რომლებიც
ჰეფესტოსმა დაუმზადა. ჯერ წვივებზე მოირგო მშვენიერი საბარკულები, [370] რომლებიც
ვერცხლის შესაკრავით იკვრებოდა. შემდეგ აბჯარი აისხა მკერდზე. მხრებზე გადაიკიდა
ვერცხლით გაწყობილი ბრინჯაოს ხმალი; შემდეგ აიღო დიდი და მტკიცე ფარი, რომელმაც შორს
გაანათა მთვარესავით. როგორც ზღვიდან ხედავენ მეზღვაურები მაღალი მთის მწვერვალზე,
უკაცრიელ ქოხში დანთებული ცეცხლის სინათლეს, მაშინ როცა, მათივე ნების საწინააღმდეგოდ,
სწრაფი ქარიშხალი თევზებიან ზღვაში მიაქანებს და მეგობრებს აშორებს, ასე აქილევსის
უმშვენიერესი და ნაოსტატარი ფარიდან [380] სინათლე იღვრებოდა ეთერში. თავზე დაიხურა
მტკიცე მუზარადი; ცხენის ძუის ჯიღით შემკულმა ჩაჩქანმა ვარსკვლავივით გაიბრწყინა, ირგვლივ
კი გაიბრჭყვიალა ოქრომ, რომლითაც ჰეფესტოსმა ჯიღა ირგვლივ დაფერა. ღვთაებრივმა
აქილევსმა მოსინჯა საჭურველი, რამდენად ერგებოდა ტანზე და როგორ მოძრაობდა მათში
სხეულის ესა თუ ის სახელოვანი ნაწილი; საჭურველმა, როგორც ფრთებმა, მაღლა ასწია ხალხის
მწყემსი. ბოლოს აიღო მამისეული შუბი სადგარიდან, უზარმაზარი, მძიმე, სქელი, რომელსაც ვერც
ერთი სხვა აქაველი ვერ აიღებდა ხელში, მხოლოდ აქილევსს შეეძლო მისი აწევა, [390]
პელევსისეული იფნის შუბი, ეს ძვირფას მამას ჩამოუტანა ქეირონმა პელიონის მწვერვალიდან,
რომ გმირებისთვის სიკვდილი დაეთესა. ამასობაში ავტომედონმა და ალკიმოსმა უღელში შეაბეს
ცხენები, მოუჭირეს ლამაზი სამკერდე ღვედები, ყბებში ლაგამი ამოსდეს, უკან გაჭიმეს სადავეები
და ეტლს მიამაგრეს. ავტომედონი ეტლზე ავიდა, ხელში აიღო ელვარე მათრახი, უკან დაუდგა
მუზარადშემოსილი აქილევსი, აღჭურვილობით მოელვარე, როგორც შუქმფინარი ჰიპერიონი5,
დადგა და საზარელი ხმით შესძახა მამისეულ ცხენებს: [400] „ქსანთოს და ბალიოს, პოდარგესის
სახელგანთქმულო შვილებო, მოიფიქრეთ, რომ სხვა გზით დააბრუნოთ უკან თქვენი მეეტლე
დანაელთა კრებულისკენ, როდესაც ომით გულს ვიჯერებთ. პატროკლოსივით იქ მკვდარი არ
მიატოვოთ.“
მას უღლის ქვემოდან უთხრა მკვირცხლი ფეხის ცხენმა ქსანთოსმა, რომელსაც დახრილი
თავი უღლიდან ამოუვარდა და ფაფარი მიწაზე დაუცვივდა. ენა კი აუდგა თეთრხელება
ქალღმერთმა ჰერამ: „ჯერ კიდევ გადაგარჩენთ, მძლავრო აქილევს, მაგრამ შენი დაღუპვის დღე
ახლოვდება; ამის მიზეზი ჩვენ კი არ ვიქნებით, [410] არამედ დიდი ღმერთი და მძლავრი
ბედისწერა. არც ჩვენი სიზანტის ან უყურადღებობის ბრალია, რომ ტროელებმა პატროკლოსს
მხრებიდან აბჯარი ააცალეს; ეს მაღალი ღმერთი იყო, რომელიც ლამაზთმიანმა ლეტომ შვა 6, მან
მოჰკლა წინა რაზმებში და ჰექტორს მოუტანა დიდება. ჩვენ კი, ჩვენ ორს შეგვიძლია ძეფიროსის
სუნთქვასავით გავფრინდეთ, რომელზეც ამბობენ, რომ ყველაზე უფრო მსუბუქია, მაგრამ შენ მაინც
გიწერია ღმერთისა და კაცის ხელით სიკვდილი7.“ ამას რომ ამბობდა, ერინისებმა ჩააკმენდინეს ხმა.
განრისხებულმა უთხრა ფეხმარდმა აქილევსმა: [420] „ქსანთოს, რატომ მიქადი სიკვდილს?
ეს ხომ შენ არ გეხება! ისედაც კარგად ვიცი, ჩემი ბედია, აქ მოვკვდე, საყვარელი მამისა და
დედისაგან შორს, მაგრამ არ გავჩერდები, სანამ ტროელებს ომით არ გავაძღობ.“
ეს თქვა და მაღალი ყიჟინით გააჭენა მუხლადი ცხენები.

5
ჰიპერიონი — ტიტანი, ურანოსისა (ზეცისა) და გაიას (დედამიწის) ძე, ჰელიოსის (მზის),
სელენესა (მთვარისა) და ეოსის (განთიადის) მამა.
6
ღმერთი, რომელიც ლამაზთმიანმა ლეტომ შვა — აპოლონი.
7
გიწერია [...] ღმერთისა და კაცის ხელით სიკვდილი — აქილევსს პარისი მოკლავს ისრით,
რომელსაც წარმართავს ღმერთი აპოლონი.

You might also like