Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მეოცე სიმღერა

ღმერთების ბრძოლა
ასე მოხრილკიჩოიან ხომალდებთან შენს ირგვლივ, პელევსის ძეო, აბჯარს ისხამდნენ ომით
გაუმაძღარი აქაველები, მეორე მხარეს კი, მინდვრის შემაღლებულ ნაწილზე, გამაგრდნენ
ტროელები.
ზევსმა კი უბრძანა თემისს, ღმერთებისთვის ეხმო საბჭოზე მრავალმწვერვალიანი
ოლიმპოსის თავზე; მანაც ყველას დაუარა და უბრძანა, ზევსის სასახლეში მიბრძანებულიყვნენ.
მდინარეთაგან არავინ დაკლებია ოკეანოსის გარდა; მოვიდა ყველა ნიმფა, ვინც ლამაზ ჭალაში,
მდინარეთა წყაროებში თუ ბალახიან მდელოზე სახლობდა. [10] ღმერთები შევიდნენ
ღრუბელთშემკრები ზევსის სასახლეში, დასხდნენ გაპრიალებულ დერეფნებში, რომლებიც მამა
ზევსს უმაღლესი ოსტატობით დაუმზადა ჰეფესტოსმა. ასე მოიყარეს თავი სასახლეში, თავად
მიწისმრყეველიც1 არ ეურჩა ქალღმერთს, ისიც მოვიდა ზღვიდან სხვებთან ერთად, დაბრძანდა მათ
შუაში და ზევსს ჰკითხა, თუ რა განზრახვა ჰქონდა: „კაშკაშა ელვისმტყორცნელო, რისთვის უხმე
საბჭოზე ღმერთებს? ტროელებისა და აქაველების ბედი გაწუხებს? ისინი სწორედ ფიცხელი
ბრძოლის გამართვას აპირებენ.“
მას უპასუხა ღრუბელთაშემკრებმა ზევსმა: [20] „გამოიცანი, მიწისმრყეველო, ჩემი
ჩანაფიქრი, რისთვისაც შეგკრიბეთ. იმათზე ვფიქრობ, ვინც იღუპება. მე აქ დავრჩები, ოლიმპოსის
ქედზე ჩამომჯდარი, დავაკვირდები და გულს გავიხარებ, ხოლო დანარჩენები წაბრძანდით
გნებავთ ტროელებთან, გნებავთ აქაველებთან. ორივე მხარეს დაეხმარეთ, როგორც გული
გიკარნახებთ. თუკი აქილევსი მარტო შეებრძოლება ტროელებს, ოდნავაც ვერ დააოკებენ ფეხმარდ
პელიონს. აქამდეც ცახცახი იტანდათ, რომ დაინახავდნენ, ახლა კი მეგობრის გამო განრისხებულია
და, [30] ვშიშობ, ბედისწერის მიუხედავად, ახლავე არ დააქციოს მათი გალავანი.“
ასე ბრძანა კრონოსის ძემ და დაუოკებელი ომი აღძრა. წავიდნენ ღმერთები ომში ორად
გაყოფილნი: ჰერა წავიდა ერთად შეკრებილი ხომალდებისკენ ათენა პალასთან, მიწის
გარშემომრტყმელ პოსეიდონთან და მხსნელ, გამჭრიახი ფიქრებით სავსე ჰერმესთან ერთად;
ჰეფესტოსიც მათთან ერთად წავიდა კოჭლობით, უზარმაზარი ძალით ამაყი, წვრილ ფეხებს
მარდად მიჰყავდათ. ტროელებისკენ დაიძრნენ მუზარადიანი არესი, მასთან ერთად სხივოსანი
მოშვებული თმებით, ისრისმტყორცნელი არტემისი, [40] ლეტო, ქსანთოსი და მუდამ მოღიმარი
აფროდიტე.
სანამ ღმერთები მოკვდავ ადამიანებისგან დაშორებულნი იყვნენ, აქაელები დიდ სახელს
იხვეჭდნენ, რადგან აქილევსი გამოჩნდა, რომელიც მეტად დიდხანს იყო მწუხარე ბრძოლას
მოშორებული. ყველა ტროელს მუხლები უკანკალებდათ შიშით, რომ ხედავდნენ ფეხმარდ
პელიონს, ელვარე აღჭურვილობით კაცთამმუსვრელ არესს მიმსგავსებულს; მაგრამ როცა
ოლიმპოსელები შეერივნენ ადამიანთა კრებულს, წამოდგა ერისი, ხალხის მძლავრი აღმგზნები,
ათენა ხან გალავნის წინ, თხრილთან დადგა და შეჰკივლა, [50] ხანაც კი ზღვის ნაპირიდან დაამატა
მჭექარე ყიჟინა. მეორე მხარეს ყიჟინა დასცა შავი ავდარივით არესმა, მჭექარე ხმით ხან სიმაგრის
სიმაღლიდან მოუხმობდა ტროელებს, ხანაც, სიმოეისის ნაპირებთან გაქცეული, კალიკოლონედან2.
ასე ორივე მხარეს ამხნევებდნენ ნეტარი ღმერთები ერთად, და მათ შორის თესავდნენ მძიმე
განხეთქილებას. საშინლად დაიქუხა ადამიანთა და ღმერთთა მამამ ზემოდან, პოსეიდონმა კი
ქვემოდან შეარყია მიწა და შეაზანზარა მთების მაღალი მწვერვალები. მთლიანად შეირყა
მრავალწყაროიანი იდის მთის საძირკველი და [60] მწვერვალები, ტროელთა ქალაქი და აქაველთა
ხომალდები. შეშინდა მკვდართა უფალი აიდონევსი, შიშით დაზაფრული წამოხტა ტახტიდან,
შეჰყვირა, არ გაეხლიჩა მიწისმპყრობელ პოსეიდონს დედამიწა და მიწისქვეშა სახლები
მოკვდავთათვის თუ უკვდავთათვის არ ეჩვენებინა, — საზარელი, პირქუში, რომლისაც
ღმერთებსაც კი ეშინიათ; ასეთი დიდი ღრიანცელი აღიძრა ღმერთების დაპირისპირებისას. ახლა
მეუფე პოსეიდონის წინააღმდეგ დადგა სხივოსანი აპოლონი ფრთოსანი ისრებით, ევრიალოსის
წინააღმდეგ — თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა; [70] ჰერას დაუპირისპირდა ოქროსსართავიანი
1
მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
2
კალიკოლონე — „ლამაზი ბორცვი“, შემაღლებლი ადგილი ტროის მახლობლად.
და ხმაურიანი ისრისმტყორცნელი არტემისი, შორსმიმწვდომი ღმერთის ღვიძლი და. ლეტოს
დაუპირისპირდა მხსნელი ჰერმესი, ხოლო ჰეფესტოსს ღრმამორევიანი დიდი მდინარე, რომელსაც
ქსანთოსად მოიხსენიებენ ღმერთები, ადამიანები კი სკამანდროსად.
ასე წავიდა ღმერთი ღმერთის წინააღმდეგ; ამასობაში აქილევსი ყველაზე უფრო
ჰექტორთან, პრიამოსის ძესთან, შეხვედრას ეძებდა, ამიტომ შეიჭრა კრებულში, სურდა სისხლით
გაეძღო არესი, ხარის ტყავისფარიანი მეომარი; მაგრამ ხალხთა აღმგზნებმა აპოლონმა ენეასი
მიმართა [80] პელიონის წინააღმდეგ და ჩაუდგა დიდი ვაჟკაცობა. პრიამოსის ძეს, ლიკაონს
მიემსგავსა ხმითა და იერით და უთხრა ზევსის ვაჟმა აპოლონმა: „ენეას, ტროელთა მსაჯულო, რა
იქნა შენი მუქარა?! როდესაც ღვინოს სვამდი ტროელ მეფეებთან, ხომ იმუქრებოდი, რომ პელევსის
ძის, აქილევსის, წინააღმდეგ გამოხვიდოდი საბრძოლველად?“
მას უპასუხა მაშინ ენეასმა: „პრიამოსის ძეო, რატომ მაიძულებ, ჩემი ნების წინააღმდეგ
შევებრძოლო პელევსის გადიდგულებულ ძეს? ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც
ფეხმარდ აქილევსს [90] დავუპირისპირდებოდი, სხვა დროსაც, ადრე, შუბით გამომაძევა იდიდან,
როდესაც ჩვენს ხარებს დაეცა თავს, დააქცია ლირნესოსი და პედასოსი; მაგრამ ზევსმა გადამარჩინა,
გულში ძალა ჩამიდგა და მუხლებში — სისწრაფე. ეს რომ არა, დავეცემოდი აქილევსისა და ათენას
ხელით, რომელიც წინ მიუძღვის, უნათებს და უბრძანებს, დახოცოს ლელეგები 3 და ტროელები.
კაცისთვის შეუძლებელია აქილევსის წინააღმდეგ ბრძოლა! მას ხომ მუდამ რომელიღაც ღმერთი
ახლავს და დაღუპვისგან იცავს. მისი შუბი პირდაპირ მიზანში მიდის და არ ჩერდება, სანამ [100]
ადამიანის ხორცს არ გაგლეჯს; მაგრამ თუ ღმერთი თანაბარ ბოლოს გვაჩუქებს, იოლად ვერ
დამამარცხებს, თუნდაც ტრაბახობდეს, რომ ბრინჯაოსგანაა მთლიანად ნაკეთები.“
მას უპასუხა ზევსის ძემ, მეუფე აპოლონმა: „გმირო, მოდი, შენც ილოცე მარადიულ
ღმერთებზე, ხომ ამბობე, რომ შენ ზევსის ასულმა აფროდიტემ გშობა, ხოლო ის — ბევრად
ნაკლებმა ქალღმერთმა. დედაშენი ზევსისგან იშვა, დედამისი კი — ზღვის მოხუცისგან 4. მის
წინააღმდეგ მიმართე უძლეველი სპილენძი, ნუ შეგაშინებს მრისხანე სიტყვები და სასტიკი
მუქარა.“
[110] ასე თქვა და ძალა შთაბერა ხალხთა მწყემსს, პირველი რაზმების გავლით წავიდა
ელვარე ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი. არ დაემალა ანქისესის ვაჟი თეთრხელება ჰერას,
როდესაც იგი პელიონის წინააღმდეგ დაიძრა ხალხის კრებულში. უხმო სხვა ღმერთებს და ეს
სიტყვა უთხრა: „იფიქრეთ, პოსეიდონ და ათენა, თქვენს გულებში, როგორ მოეწყობა ეს საქმე.
ენეასი, ცეცხლოვანი ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი პელიონის წინააღმდეგ გამოგზავნა
სხივოსანმა აპოლონმა. მოდით, ჩვენ უკან მოვიგერიოთ [120] აქიდან, ერთ-ერთი ჩვენგანი
აქილევსს გვერდში ამოუდგეს, დიდი ძალა მისცეს, რომ არ დააკლდეს ვაჟკაცობა, აგრძნობინოს,
რომ იგი უყვართ საუკეთესოებს უკვდავთა შორის, ხოლო ვინც ადრეც ეხმარებოდნენ ტროელებს
ომსა და ბრძოლებში, უძლურნი არიან. ყველანი ჩამოვედით აქ ოლიმპოსიდან, რომ მონაწილეობა
მივიღოთ ამ ბრძოლაში, რათა არაფერი მოუვიდეს ტროელთა ხელით დღეს. შემდგომში გადაიტანს
იმას, რაც უწერია, მას შემდეგ, რაც დაბადებისთანავე მოუქსოვა ბედისწერამ; მაგრამ თუ აქილევსს
არ ესმის ღმერთების ხმები, [130] ძლიერ შეშინდება, თუ ღმერთი გამოეცხადება შუა ბრძოლაში,
მძიმეა ღმერთის ნამდვილი სახით ხილვა.“
საპასუხოდ მიწისმრყეველმა პოსეიდონმა ბრძანა: „ჰერა, ნუ მრისხანებ უმიზეზოდ, არ
გიხდება. არ მსურს ღმერთების ერთმანეთზე გადაკიდება, ჩვენი და სხვების, რადგან ბევრად
აღვემატებით ძალით. უმჯობესია, ერთად გავეცალოთ ბრძოლის ველს და დავსხდეთ, სანახაობას
ვუყუროთ, ბრძოლა კი დავუთმოთ ადამიანებს. თუკი არესი დაიწყებს ბრძოლას ან სხივოსანი
აპოლონი, ან აქილევსს დააკავებენ და ბრძოლის საშუალებას არ მისცემენ, [140] მაშინ ჩვენთან
ექნებათ საქმე, ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ; და ასე მგონია, მალე, ჩვენთან რომ ძალას
მოსინჯავენ, ისევ ოლიმპოსზე დაბრუნდებიან და სხვა ღმერთებში დაიმალებიან, ჩვენი ხელით და
ჩვენი ძალით განადგურებულები.“
3
ლელეგები — ბალკანეთის ნახევარკუნძულის აბორიგენი მოსახლეობა, რომლებიც
განსხვავდებოდნენ ეგევსელებისგან, პელასგელებისგან, ბრინჯაოს ხანის ბერძნებისგან, კრეტელი
მინოსელებისგან, კიკლადების ტელქინებისგან და ტირენელებისგან. ამ ექვსი ხალხის შერევით
წარმოიშვნენ კლასიკური ხანის ჰელენები ანუ ბერძნები. ჰომეროსის მიხედვით, ლელეგები მცირე
აზიაში სახლობდნენ.
4
ზღვის მოხუცი — ზღვის ღმერთი ნერევსი, თეტისის მამა.
ასე ბრძანა მუქთმიანმა პოსეიდონმა და გაუძღვა მაღალი გალავნისაკენ, რომელიც
ღვთაებრივი ჰერაკლესისთვის ააგეს ოდესღაც ტროელებმა და ათენა პალასმა, რომ დაეცვათ ზღვის
ურჩხულისგან, თუკი იგი მას ნაპირიდან მინდორშიც გაჰყვებოდა. იქ პოსეიდონი და სხვა
ღმერთები დაბრძანდნენ, [150] მხრებზე დაიფინეს სქელი ღრუბლის კედელი, ხოლო სხვები მეორე
მხარეს დასხდნენ კალიკოლონეს მწვერვალზე, შენს ირგვლივ, სხივოსანო და ქალაქთმმუსვრელო
არეს. ასე ორივე მხარეს ისხდნენ თავის ადგილებზე და ბჭობდნენ; სასტიკი ომის დაწყებას
აყოვნებდა ორივე მხარე, ზევსი კი ზემოდან აიძულებდა.
მთელი მინდორი გაივსო ხალხით, ბრინჯაოთი ელავდნენ კაცები და ცხენები, ბრძოლაში
მიმავლებმა შეარყიეს მიწა თავისი ფეხებით. ორი საუკეთესო კაცი, ბრძოლას მოწყურებული, ორი
ლაშქრის შუაში გამოვიდა — [160] ენეასი, ანქისესის ძე და ღვთაებრივი აქილევსი. ენეასი პირველი
გამოვიდა მუქარით, მისი მძიმე მუზარადი საშინლად ირხეოდა, მძლავრი ფარი ჰქონდა მკერდის
წინ და არხევდა ბრინჯაოს შუბს. მეორე მხრიდან მის წინააღმდეგ პელევსის ძე დაიძრა მშიერი
ლომივით, რომელსაც ხალხი მოკვლას უპირებს, მთელი სოფელი გამოსულია და ის მათ თავიდან
ყურადღებასაც არ აქცევს, თავისი გზით მიდის, მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთი გამბედავი
ყმაწვილი შუბს ესვრის და დაჭრის, ის ხახას დააღებს და კბილებზე ქაფი მოადგება, ხოლო
მკერდში დაიკვნესებს მძლავრი გული, [170] კუდით იქით-აქით სცემს ფერდებს და ბარძაყებს,
საკუთარ თავს აღაგზნებს ბრძოლისთვის, თვალებს აელვებს, წინ გაიჭრება, რომ ვინმე შეიწიროს
კაცთაგან, ან თავად დაიღუპოს პირველ შეტევაში, ასე აქილევსს აქეზებდა ძალა და მამაცი სული,
გამოსულიყო დიდგულოვანი ენეასის წინააღმდეგ. როდესაც ისინი დაიძრნენ და ერთმანეთს
მიუახლოვდნენ, ამ ორიდან პირველმა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა თქვა: „ენეას, რატომ
გამოსულხარ მებრძოლებიდან ასე შორს და დამდგარხარ? ნუთუ გულში ჩემთან ბრძოლის
სურვილი ჩაიდე [180] იმის იმედით, რომ გამეფდები ცხენთამხედნელ ტროელებზე და პრიამოსის
მემკვიდრე იქნები? მე რომც მძლიო, პრიამოსი ვერ მოგცემს ხელისუფლებას, შვილები ჰყავს მას,
თვითონაც ჯანზეა, გონება არ დაუკარგავს. იქნებ ტროელები დაგპირდნენ და საუკეთესო მიწის
ნაკვეთს გამოგიყოფენ მშვენიერი ბაღით და სახნავ-სათესით, თუ მე მომკლავ? მე მგონი, ჩემი
მოკვლა ძნელი საქმეა! შეგახსენებ, რომ ერთხელ უკვე გაექეცი ჩემს შუბს. იქნებ დაგავიწყდა, ჯოგი
რომ მიატოვე და [190] სწრაფი ფეხებით მარტო გამირბოდი თავქუდმოგლეჯით? გაქცეულს უკან
ერთხელაც არ მოგიხედავს! ლირნესოსში შემასწარი, მაგრამ მე თავს დავეცი და დავაქციე იგი
ათენასთან და მამა ზევსთან ერთად, დავიპყარი და თავისუფლების დღე წავართვი მათ ქალებს,
მონებად წამოვიყვანე, შენ კი ზევსმა და სხვა ღმერთებმა გადაგარჩინეს. მე მგონი, ახლა აღარ
გადაგარჩენენ, თუკი გულში ამის იმედი გაქვს; მაგრამ მე თავად მოგიწოდებ, უკან გაბრუნდე,
სიმრავლეს დაუბრუნდე, წინ ნუ დამიდგები, სანამ უბედურება შეგემთხვევა. უკვე მომხდარს
ბრიყვიც კი ხვდება!“
მაშინ მას ასე უპასუხა ენეასმა: [200] „პელევსის ძეო, ბავშვი არა ვარ, რომ სიტყვებით
შემაშინო! თავადაც საკმაოდ კარგად ვიცი დამცინავი და თავხედური ლაპარაკი. ორივემ ვიცით
ჩვენი წარმომავლობა, ვიცით მშობლები, გვსმენია, რასაც მათ შესახებ ჰყვება მოკვდავი ხალხი,
თვალით არც მე მინახავს შენები და არც შენ ჩემები. ამბობენ, რომ შენ უზადო პელევსის შვილი ხარ
და დედაშენი ლამაზთმიანი თეტისია, ზღვის ქალბატონი. მე ვარ ძე დიდგულოვანი ანქისესისა,
ხოლო დედაჩემი აფროდიტეა; [210] ამათგან ვიღაცას მოუწევს დღეს საყვარელი შვილის
დატირება, რადგან მჯერა, რომ ამ ბავშვურ სიტყვებს არ დავჯერდებით და ბრძოლა შედგება.
გინდა მეტი იცოდე ჩემს ჩამომავლობაზე? უამრავმა ხალხმა იცის ის; უპირველეს ყოვლისა,
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა შვა დარდანოსი, მან დააფუძნა დარდანია, როდესაც ჯერ წმინდა
ილიონი არც იყო მინდორში დაფუძნებული, რომ გამხდარიყო იმ ხალხის ქალაქი, რომელიც ჯერ
კიდევ ცხოვრობდა მრავალწყაროიანი იდის ფერდობებზე. დარდანოსმა შვა მეფე ერიქთონიოსი,
[220] რომელიც გახდა უმდიდრესი მოკვდავ ადამიანთაგან; მისი სამი ათასი სახელგანთქმული
ფაშატი ძოვდა მდელოზე მონაგები ნაზი კვიცებითურთ. იქ რომ ძოვდნენ, ბორეასს ჩაუვარდნენ
გულში, მუქთმიან ულაყს მიემსგავსა და მრავალს შეერთო; ისინი დამაკდნენ და შვეს თორმეტი
კვიცი. როდესაც ისინი დახტოდნენ მარცვლოვანის მომცემ ყანაში, ჯეჯილს ზემოთ გარბოდნენ და
ნაყოფს არ თელავდნენ; ხოლო როდესაც მიაჭენებდნენ ზღვის ვრცელ ზურგზე, ზღვის ტალღის
ქიმზე მიჰქროდნენ. [230] ერიქთონიოსმა შვა ტროსი, ტროელთა მეუფე, ტროსს, თავის მხრივ,
ჰყავდა სამი უზადო ვაჟი: ილოსი, ასარაკოსი და ღვთისდარი განიმედესი, რომელიც იშვა უკვდავ
კაცთაგან უმშვენიერესი და ის ღმერთებმა თავისთან წაიყვანეს, ზევსის მერიქიფედ, მისი
სილამაზის გამო, რომ უკვდავთა შორის დაედო ბინა. ილოსმა შვა ძე, უზადო ლაომედონი,
ლაომედონმა კი შვა ტითონოსი, პრიამოსი, ლამპოსი, კლიტიოსი და ჰიკეტაონი — არესის მოდგმა.
ასარაკოსმა შვა კაპისი, მან კი — ანქისესი, [240] ანქისესმა — მე, ხოლო პრიამოსმა შვა ღვთაებრივი
ჰექტორი. ესაა ჩემი საამაყო მოდგმა და სისხლი. ადამიანის ძალა კი ზევსს შეუძლია გაზარდოს ან
შეამციროს, როგორც მოისურვებს, რადგან ისაა ყველაზე მძლავრი; მაგრამ მოდი, მოვეშვათ ამ
ბავშვურ ლაპარაკს, როცა ორ მეომარ ლაშქარს შორის ვდგავართ. ორივეს შეგვიძლია იმდენი მძიმე
სიტყვის თქმა, რომ ასნიჩბიაბი ხომალდი ვერ წაიღებს. მოქნილია მოკვდავთა ენა, სავსეა
ყველანაირი სიტყვებით, ხოლო სიტყვების საბალახო აქაც არის და იქაც. [250] რანაირ სიტყვასაც
იტყვი, იმნაირს გაიგონებ; მაგრამ რას გვარგებს ქალებივით ერთმანეთის ლანძღვა და წყევლა,
როდესაც ჩხუბობენ, ბრაზისგან გული უსკდებათ, ქუჩაში გადიან და გახელებულები ერთმანეთს
ტყუილ-მართალ ქოქოლას აყრიან. მე ბრძოლა მწყურია და სიტყვებით ვერ გამაბრუნებ, სანამ
ერთმანეთს ბრინჯაოთი არ შევეტაკებით, მოდი, გამოვცადოთ ერთმანეთი ბრინჯაოს შუბებით.“
ეს თქვა, საოცარ და საზარელ ფარს ჩასცა მძლავრი შუბი და [260] დაუგუგუნა დიდმა ფარმა
შუბისპირს. პელევსის ძემ ფარი მძლავრი ხელით შორს დაიჭირა შეშინებულმა, იოლად არ
გაგლიჯოს დიდგულოვანი ენეასის გრძელჩრდილიანმა შუბმაო. უგუნური! ვერ მიხვდა სულით და
გულით, რომ მოკვდავი კაცისთვის შეუძლებელია სახელმოხვეჭილი ღმერთების საჩუქრის
დამსხვრევა და დაძლევა. ვერც მაშინ გაარღვია მამაცი ენეასის მძლავრმა შუბმა ფარი, რადგან
ღმერთის ნაჩუქარმა ოქრომ გააჩერა. ორი ფენა გაიარა შუბმა, სამი კი კიდევ დარჩა, [270] რადგან
ხუთი ფენა შეკრა კოჭლმა ღმერთმა, გარედან — ორი ბრინჯაოს, შიგნიდან — ორი კალის და ერთი
ოქროსი, და სწორედ მან დააკავა იფნის შუბი. მეორედ აქილევსმა ტყორცნა გრძელჩრდილიანი
შუბი, მოარტყა ენეასის ყოველმხრივ გაწონასწორებულ ფარს, ფერსოს მახლობლად, სადაც
ყველაზე თხელია სპილენძი და ხარის ტყავიც სიფრიფანაა. პელევსის შუბმა გააღწია და ფარმა
დაიგრუხუნა. ენეასი მოიკუნტა, ზემოთ და გვერდით გასწია ფარი შეშინებულმა, შუბმა მის
ზურგზე გადაიარა და [280] მიწას ჩაერჭო კაცისოდენა ფარის ორივე წრესთან ერთად. ენეასმა კი
დიდი შუბი რომ აიცილა, ათასმა ტკივილმა შიშით აუნთო თვალები, როდესაც იარაღმა ასე ახლოს
ჩაუარა. ახლა გამძვინვარებულმა აქილევსმა ყიჟინა დასცა, ბასრი ხმალი ამოიღო და თავს დაეცა,
ენეასმა კი ლოდს დაავლო ხელი, ძალიან დიდს, დღევანდელი ორი კაცი რომ ვერ აწევდა, ის კი
იოლად იქნევდა მარტოც. აქ ენეასი თავდამსხმელ აქილევსს ამ ლოდს ჩაარტყამდა მუზარადში ან
ფარში, მაგრამ ისინი მას აარიდებდნენ უეჭველ დაღუპვას, [290] ხოლო პელევსის ძე ხმლით ენეასს
სულს ამოართმევდა, რომ არ დაენახა მიწისმრყეველ პოსეიდონს; იმავწამს უკვდავ ღმერთებს
მიმართა სიტყვით: „ვაიმე! მადარდებს დიდგულოვანი ენეასის ბედი, მალე ძლევს მას პელიონი და
ისიც ჰადესის საუფლოს ეწვევა, რადგან უგუნურად ერწმუნა შორსმიმწვდომი აპოლონის
სიტყვებს, ის კი არ იცავს უცილობელი დაღუპვისგან. რატომ უნდა დაიჩაგროს ეს უდანაშაულო
კაცი, სხვების გულისთვის, ის ხომ ყოველთვის გვიძღვნიდა სასურველ საჩუქრებს ვრცელი ზეცის
მფლობელ ღმერთებს? [300] მაგრამ მოდით, ჩვენ თვითონ ავარიდოთ სიკვდილი, არ განრისხდეს
კრონოსის ძე, თუკი აქილევსი მას მოკლავს; მას ხომ გადარჩენა უწერია, რათა არ მოკვდეს და
უშვილოდ არ გადაეგოს დარდანოსის მოდგმა, რომელიც ყველაზე უფრო უყვარს კრონოსის ძეს,
დარდანოსს ის გამოარჩევდა იმ შვილებიდან, რაც კი უშვეს მოკვდავმა ქალებმა. პრიამოსის მოდგმა
კი სძულს კრონიონს, ახლა კი ენეასის ძალა იმეფებს ტროელებზე, შვილები და შვილიშვილები,
ვინც კი შემდეგ დაიბადება.5“
მას უპასუხა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: [310] „მიწისმრყეველო, საკუთარ გულში
უნდა გადაწყვიტო, უნდა გადარჩეს ენეასი, თუ რაც უნდა მძლავრი იყოს, მოკლას იგი პელევსის ძე
აქილევსმა. ჩვენ ორმა მრავალი ფიცი დავდეთ ყველა უკვდავის წინაშე მე და ათენა პალასმა, რომ
არასოდეს არ ავარიდებთ ტროელებს უბედურ დღეს, არც მაშინ, როდესაც ტროას მოიცავს
მძვინვარე ცეცხლის ალი და მას გადაბუგავენ აქაველთა შვილები.“
5
ენეასის ძალა იმეფებს ტროელებზე, შვილები და შვილიშვილები, ვინც კი შემდეგ
დაიბადება — გადმოცემის მიხედვით, ენეასი ტროელ ლტოლვილებთან ერთად მიადგა იტალიას
და იქ შექმნა ახალი სახელმწიფო. რომაელები მიიჩნევდნენ, რომ რომი ენეასის შთამომავლებმა
დააარსეს და ამიტომ საკუთარ თავს „ენეადებად“ მოიხსენიებდნენ. იულიუს კეისარი
დარწმუნებული იყო, რომ მისი გვარი სწორედ ამ ტროელი გმირისაგან მომდინარეობდა. ენეასის
ხიფათიან თავგადასავალს ზღვასა და ხმელეთზე, მის ბრძოლა ლატიუმში ახალი სამეფოს
დასაფუძნებლად მიეძღვნა დიდი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუსის, პოემა „ენეიდა “.
ეს რომ გაიგონა, წავიდა მიწისმრყეველი პოსეიდონი ბრძოლასა და შუბების გროვაში იქ,
[320] სადაც იყო ენეასი და სახელოვანი აქილევსი. იმავწამს ნისლით დაუფარა მზერა პელევსის ძე
აქილევსს, კეთილბრინჯაოიანი იფნის შუბი გამოაძრო დიდგულოვანი ენეასის ფარიდან და
აქილევსის ფეხქვეშ დადო, ენეასი კი მაღლა ასწია მიწიდან და ჰაერში ისროლა, გმირთა მრავალ
წყებას, ცხენთა წყებებს გადაუფრინა ღმერთის ხელით გასროლილმა ენეასმა და დაეშვა მძვინვარე
ბრძოლის კიდეში, სადაც კავკონები6 საომრად აბჯარს ისხამდნენ. [330] იქ მას მიუახლოვდა
მიწისმრყეველი პოსეიდონი და მას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ენეას, რომელმა ღმერთმა
გიბრძანა ასე წინდაუხედავად სულდიდი პელიონის წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ის შენზე
ძლიერია და უკვდავთათვის უფრო საყვარელი? მას კიდევ თუ შეხვდები, უკან უნდა დაიხიო, თუ
არ გსურს, ბედისწერის საწინააღმდეგოდ, ჰადესის სასახლის სტუმრობა; მაგრამ როგორც კი
აქილევსს სიკვდილი და ბედისწერა ეწვევა, მაშინ გაბედე და პირველ რიგებში იბრძოლე, სხვა
აქაველი შენ ვეღარ მოგკლავს.“
[340] ასე თქვა და როგორც კი ყველაფერი უთხრა, იქვე დატოვა. იმავწამს გაფანტა ღვთის
მოვლენილი ნისლი აქილევსის თვალთაგან, მასაც ხელახლა აეხილა თვალი, მიმოიხედა, ამოიოხრა
და საკუთარ თავს უთხრა: „რა ხდება! საკუთარი თვალით ვხედავ სასწაულს! აქ აგდია მიწაზე შუბი,
ხოლო კაცს, რომელსაც ვესროლე და რომლის მოკვლასაც ვაპირებდი, იმ კაცს ვერ ვხედავ! ენეასი
საყვარელია უკვდავი ღმერთებისთვის, თუმცა მე მეგონა, რომ მათი მხარდაჭერით ამაოდ
ტრაბახობდა. წავიდეს! ისე ბედნიერი იქნება, რომ სიკვდილი მოატყუა, [350] მეტჯერ არ შეეცდება
ჩემთან ორთაბრძოლას. მოდი, მოვუხმობ ომისმოყვარე დანაელებს, რომ სხვა ტროელები
გამოვცადოთ, ვნახოთ, რა შეუძლიათ.“
ასე თქვა და მიმართა მებრძოლთა რიგებს, უბრძანა თითოეულ კაცს: „აწი შორს არ
დაუდგეთ ტროელებს, ღვთაებრივო აქაველებო, კაცი კაცზე წავიდეს, მძვინვარედ ეკვეთოს! მძიმეა
ჩემთვის, რაგინდ მძლავრიც უნდა ვიყო, ამდენ ადამიანს დავუარო და ყველას ვეომო! ვერც არესი,
თუმცა უკვდავი ღმერთია, ვერც თვით ათენა ამოდენა ხალხთან ბრძოლას ვერ აუვიდოდნენ; [360]
მაგრამ რამდენსაც შევძლებ ხელებით, ფეხებითა და ძალით, გავაკეთებ და უკან ოდნავაც არ
დავიხევ, პირდაპირ გავივლი მებრძოლთა რიგებში და ვერც ერთი ტროელი ვერ გაიხარებს, ვისაც
კი ჩემს შუბთან ექნება საქმე.“
ამას ამბობდა, ასე ამხნევებდა; ხოლო ტროელებს სახელოვანი ჰექტორი დიდი ხმით
უხმობდა, აქილევსის წინააღმდეგ წავალო, ამბობდა: „გულმაგარო ტროელებო, ნუ გეშინიათ
პელიონისა! მე თვითონ შემიძლია სიტყვებით ვეომო უკვდავებს, შუბით ძნელი იქნებოდა, რადგან
ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან. ყველა სიტყვას ვერ შეასრულებს აქილევსიც კი, [370]
ნაწილს აღასრულებს, ნაწილს კი შუა გზაში მიატოვებს. მის წინააღმდეგ მივდივარ, თუმცა ხელები
ცეცხლს მიუგავს, ხელები ცეცხლს მიუგავს და გული — გავარვარებულ რკინას.“
ასე თქვა, აღაგზნებდა ტროელებს, მათაც ასწიეს შუბები; მათმა მრისხანებამ თავი ერთად
მოიყარა და ყიჟინის ხმა გაისმა. მაშინ ჰექტორთან დადგა სხივოსანი აპოლონი და უთხრა: „ჰექტორ,
მარტო არ წახვიდე აქილევსის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაელოდე მას ხალხში დარჩენილი,
საბრძოლო ყიჟინას მოშორებული, რომ არ გესროლოს შუბი ან ხმლით არ მოგწვდეს.“
ასე თქვა, იმავწამს ჰექტორი შებრუნდა მეომრებში [380] შიშით თავზარდაცემული, რომ
ღმერთის ხმა გაიგონა.
ხოლო გამძვინვარებული აქილევსი საშინელი ყიჟინით შეიჭრა ტროელებში, პირველი
მოკლა იფიტიონი, ოტრინტევსის დიადი ვაჟი, მრავალი ხალხის წინამძღოლი, რომელიც ნაიასმა
ნიმფამ უშვა ქალაქთა დამაქცევარ ოტრინტევსს, თოვლიანი ტმოლოსის ქვეშ, ჰიდეს ნაყოფიერ
მხარეში7. ის, პირდაპირ მოიწევდა, როდესაც ღვთაებრივმა აქილევსმა შუბით განგმირა თავის
შუაგულში, თავი ორად გაიყო, მძიმედ დაეცა და შესძახა ღვთაებრივმა აქილევსმა: „აქ წევხარ,
ოტრინტევსის ძეო, ყველაზე შემაძრწუნებელო კაცო! [390] აქაა შენი სიკვდილი, თუმცა სამშობლო
შორს გაქვს, გიგეს8 ტბასთან, სადაც მამისეული მიწებია, თევზებიანი ჰილოსი და ჰერმოსის 9
მჩქეფარე დინება.“
6
კავკონები — ტროელთა მეზობელი ტომი, მათი მოკავშირეები ტროის ომში. ანატოლიის
ავტოხთონური მოსახლეობა, რომელთა სახელი დაკავშირებულია კავკასიონის ქედთან.
სტრაბონის ცნობით, ისინი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე სახლობდნენ.
7
ტმოლოსის ქვეშ, ჰიდეს ნაყოფიერ მხარეში — ტმოლოსის მთის ძირას გაშენებული იყო
ლიდიის ქალაქი ჰიდე.
ასე თქვა ტრაბახით, ხოლო წაქცეულს თვალები წყვდიადმა დაუფარა, ხოლო აქაველთა
ეტლებმა ზედ გადაუარეს და ნაწილებად დაგლიჯეს შეტევის წინა ხაზზე; მას შემდეგ დემოლეონს,
დაცვის საუკეთესო მებრძოლს, ანტენორის ძეს, საფეთქელში მოარტყა შუბი, ბრინჯაოს მუზარადის
გავლით. ვერ გაუძლო ბრინჯაოს მუზარადმა, ბრინჯაოსვე ბუნიკმა ძვლამდე მიაღწია და [400]
მთელი ტვინი გადმოიღვარა. ასე დაცხრა მისი მძვინვარება. ამის შემდეგ ჰიპოდამასს, რომელიც
ეტლიდან ჩამოხტა და მის წინ გაიქცა, ზურგში, მხრებს შორის მოარტყა შუბი; მას უკვე სული
ამოსდიოდა, როდესაც ამოიგმინა ხარივით, რომელსაც ყმაწვილი კაცი მიათრევს ჰელიკეს 10 მეუფე
პოსეიდონის საკურთხეველზე, რომ აამოს მიწისმპყრობელს. ასე ამოიხრიალა მან და ამაყმა სულმა
დატოვა ძვლები. შემდეგ შუბით დააცხრა ღვთისდარ პოლიდოროსს, პრიამოსის ძეს. მას მამა
ბრძოლას უშლიდა, რადგან ყველაზე უმცროსი იყო მის შვილებში [410] და ყველაზე უფრო
საყვარელი, ფეხმარდობით ყველას სჯობდა და ახლაც, სისწრაფით ტრაბახობდა და პირველ
რიგებში ჩნდებოდა, სანამ ძვირფასი სული არ დაღუპა. მას შუა ზურგში მოარტყა შუბი ფეხმარდმა
ღვთაებრივმა აქილევსმა, სადაც ჯავშნის ფილები ერთმანეთს ედებოდა და ქამრები იკვრებოდა
ოქროს ბალთებით. სხეული გაიარა შუბმა და ჭიპთან გამოუვიდა შუბისპირი, წაიქცა, ამოიკვნესა,
ხელებით დაიჭირა გამოვარდნილი ნაწლავები და მუქი ღრუბელი გადაეფარა.
როგორც კი ჰექტორმა თვალი მოჰკრა, რომ მის ძმას, პოლიდოროსს, [420] ხელით ეჭირა
საკუთარი ნაწლავები, რომლებიც მიწაზე გადმოეყარა, თვალზე მასაც ნისლი გადაეფარა, ვეღარ
აიტანა შორს ყოფნა და ჯიქურ გაიჭრა აქილევსისკენ, ჩირაღდანივით ეჭირა ხელში შუბი, როგორც
კი დაინახა იგი აქილევსმა, შეხტა და სიამაყით თქვა სიტყვა: „აი ის კაცი, რომელმაც ყველაზე
მეტად გამაცოფა, რომელმაც მომიკლა საყვარელი მეგობარი; აწი ერთმანეთს აღარ გავექცევით ომის
ხაზებზე.“
წარბშეკვრით შეხედა და უთხრა ღვთაებრივ ჰექტორს: „ახლოს მოდი, რომ მალე მიხვიდე
დაღუპვის პირას.“
[430] მას უშიშრად უპასუხა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „პელევსის ძეო, იმედი ნუ
გაქვს, რომ პატარა ბავშვივით შემაშინებ სიტყვებით. თავადაც საკმაოდ კარგად ვიცი დამცინავი და
თავხედური ლაპარაკი. ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ და მე შენ ბევრად ჩამოგრჩები; მაგრამ ეს
ყველაფერი ჯერაც ღმერთების მუხლებზე დევს, შეიძლება უფრო სუსტი ვიყო, მაგრამ მაინც
ამოგხადო სული შუბით, რადგან ჩემი შუბისპირიც ალესილია.“
ეს თქვა, შეათამაშა შუბი და ტყორცნა, მაგრამ ათენამ სული შეუბერა და ააცილა სახელოვან
აქილევსს, [440] ერთი ამოსუნთქვით; უკან მოუბრუნდა ღვთაებრივ ჰექტორს და მის ფეხებთან
დაეცა; ამასობაში აქილევსმა მძვინვარედ ისროლა შუბი, საშინელი ყიჟინით, მოკვლას უპირებდა,
მაგრამ აპოლონმა იოლად გადაარჩინა, როგორც ღმერთმა, სქელი ნისლით დაფარა. სამგზის დაეცა
თავს ფეხმარდი ღვთაებრივი აქილევსი ბრინჯაოს შუბით, სამგზის მოარტყა მხოლოდ სქელ
ნისლს; მაგრამ მეოთხეჯერ დაიმონივით ისროლა და საშინელი ყვირილით შესძახა ფრთოსანი
სიტყვა: „კიდევ ერთხელ გაექეცი სიკვდილს, ძაღლო! მაგრამ განსაცდელი უკვე [450]
მოგიახლოვდა; შენ ახლა კიდევ ერთხელ გადაგარჩინა სხივოსანმა აპოლონმა, რომელზეც უნდა
ლოცულობდე, როდესაც შუბი უნდა აიცილო. გპირდები, რომ მოგკლავ, როგორც კი შეგხვდები,
თუ რომელიმე ღმერთი მეც დამეხმარა. ახლა სხვა ტროელებს დავერევი, ვისაც კი მივწვდები.“
ეს თქვა და დრიოფსი შეიწირა, კისერში ჩასცა შუბი, დაეცა მისი ფეხების ქვეშ; იქვე
მიატოვა, ხოლო მძლავრსა და უზარმაზარ დემუქოსს, ფილეტორის ძეს, მუხლში მოარტყა შუბი და
შეაჩერა, ხოლო შემდეგ ვეებერთელა ხმლით აკუწა და სული ამოართვა. [460] შემდეგ ბრძოლას
მოწყურებული ლაოგონოსი და დარდანოსი, ბიასის შვილები, ეტლიდან მიწაზე ჩამოჰყარა, ერთი
შუბით განგმირა და მეორე ხმლით აკუწა. ტროსი, ალასტორის ძე, მუხლებში ჩაუვარდა, იქნებ
დამზოგოს, ცოცხალი დამტოვოს, არ მომკლას, შემიბრალოს, როგორც თანატოლიო. უგუნური! ვერ
ხვდებოდა, რომ ვერაფრით დაარწმუნებდა, გულკეთილი და ალერსიანი კაცის ნაცვლად
გამძვინვარებულს გადააწყდა, ის იყო ტროსმა მუხლზე მოხვია ხელი, რომ შევედრებოდა, როცა
ხმალი შიგ ღვიძლში მოხვდა; [470] ღვიძლი ჩაუწყდა და შავი სისხლმა მკერდი გაუვსო, თვალებს

8
გიგე — ტბა ლიდიაში (მცირე აზია).
9
ჰილოსი და ჰერმოსი — ლიდიის მდინარები, ჰილოსი ჰერმოსის შენაკადი იყო.
10
ჰელიკე — აქაიის ზღვისპირა ქალაქი, სადაც იდგა პოსეიდონის სახელგანთქმული
ტაძარი.
წყვდიადი გადაეფარა და სული ამოხდა; ამის შემდეგ მულიოსი განგმირა, შუბი ყურში აძგერა,
მეორე ყურთან გამოვარდა ბრინჯაოს შუბისპირი; შემდეგ ექეკლონს, აგენორის ძეს შუა თავში ჩასცა
ვადიანი ხმალი, მთლიანად სისხლით მოითხვარა ხმალი, მსხვერპლს კი თვალები დაუხურა
წითელმა სიკვდილმა და მძლავრმა ბედისწერამ. ახლა დევკალიონს ჩასცა ბრინჯაოს შუბისპირი
იდაყვთან, სადაც მყესები თავს იყრიან, [480] ხელი მძიმედ ჩამოუვარდა და სიკვდილს სახეში
შეხედა; აქილევსმა ყელი გამოღადრა ხმლით, მუზარადიანი თავი დაეცა, ძვლის ტვინი
ხერხემლიდან გადმოიღვარა, მოკლული კი მიწაზე გაიშოტა. ახლა მიადგა პეირესის უზადო ვაჟს,
რიგმოსს, რომელიც ნაყოფიერი თრაკიიდან იყო ჩამოსული; შუბი ჩასცა და მუცელში შეიჭრა
ბრინჯაო, ეტლიდან ჩამოვარდა და მისმა მეეტლემ, არეითოოსმა ცხენები შეაბრუნა, მაგრამ
აქილევსმა ზურგში მიაწვდინა ბასრი შუბი და ეტლიდან ჩამოაგდო, ცხენები გაფრინდნენ.
[490] როგორც ღრმა ხეობაში მძვინვარებს არაადამიანური ხანძარი, გამომშრალ მთაზე, და
იწვის უსიერი ტყე, ხოლო ამოვარდნილი ქარი ყოველ მხარეს ავრცელებს ხანძარს, ასე დაძრწოდა
დაიმონს მიმსგავსებული შუბით, მისდევდა, კლავდა, შავი მიწა სისხლით გაიჟღინთა. როგორც
ფართოშუბლიან მძლავ ხარებს შეაბამს უღელში კაცი, რათა თეთრი ქერი გალეწოს კევრით კარგად
მოწყობილ კალოზე; იოლად იფრცქვნება ქერი მობუბუნე ხარების ფეხქვეშ, ასე დიდგულოვანი
აქილევსის მუხლადი ცხენების ქვეშ ერთნაირად ითელებოდნენ ცხედრები და ფარები, ეტლის
ღერძი ქვემოდან [500] და ეტლის მოაჯირი მთლიანად მოითხვარა სისხლით, რომელიც ცხენების
ფლოქვებიდან და ბორბლებიდან წვეთებად ეშხეფებოდა. სახელის მოსახვეჭად იღვწოდა პელევსის
ძე, სისხლში გასვრილი უძლეველი ხელებით.

You might also like