21. ოცდამეერთე სიმღერა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ოცდამეერთე სიმღერა

ბრძოლა მდინარესთან

როდესაც მიადგნენ წყალუხვი, მორევიანი, ზევსის შობილი უკვდავი მდინარის, ქსანთოსის, ფონს
ტროელები, იქ გაკვეთა ისინი აქილევსმა, ერთნი მინდორზე გარეკა, ქალაქისაკენ, სწორედ იმ
გზით, რომლითაც თავზარდაცემული აქაველები გარბოდნენ წინა დღეს, როცა მძვინვარებდა
სახელოვანი ჰექტორი. სწორედ იქით გაიქცნენ დაქსაქსულები, მაგრამ ჰერამ წინ აღუმართა სქელი
ბურუსი და გზა გადაუღობა. მეორე ნახევარი კი ღრმა და ვერცხლის მორევებიანი მდინარისკენ
დაიძრა, საშინელი ღრიანცელით ჩახტა მასში, ახმაურდა მაღალი ტალღები, [10] ორივე ნაპირმა
საზარელი ხმა გამოსცა, ისინი კი ყიჟინით აწყდებოდნენ იქით-აქით, მორევი ირგვლივ
ატრიალებდა. როგორც კალიები, რომლებსაც მოულოდნელად დაგზნებული ულმობელი ცეცხლი
მდინარისკენ მიაქანებს და წყალში ყრის, ასე აქილევსისგან გაქცეულები ღრმამორევებიან
ქსანთოსში ცვიოდნენ; გაივსო დინება უწესრიგოდ ჩაცვენილი ცხენებისა და კაცების ბღავილით.
ამის შემდეგ ზევსის ნაშიერმა გმირმა შუბი ნაპირზე დატოვა, იალღუნის ბუჩქს მიაყუდა და
თავად, დაიმონს მიმსგავსებული, ჩახტა; მხოლოდ ხმალი ჰქონდა ხელში და გულში — ბოროტი
ზრახვა. [20] დატრიალდა და აჩეხა ყველა, ხმლით აკუწულების არაადამიანური კივილი გაისმა და
სისხლით გაწითლდა წყალი. როგორც ღრმამუცლიან დელფინს გაურბიან სხვა წვრილი თევზები,
ყურის უსაფრთხო ადგილებს ეძებენ და თავს აფარებენ შეშინებულები, ის კი სადაც მისწვდება,
ყველგან შთანთქავს მათ, ასე ტროელები საშინელი მდინარის ტალღებში იმალებოდნენ სანაპირო
კბოდეებს ქვეშ; მას კი ხელები დაეღალა და მდინარიდან თორმეტი ცოცხალი ყმაწვილი ამოიყვანა,
მოკლული პატროკლოსის, მენოიტიოსის ძის, სანაცვლოდ, ესენი წამოსხა შვლის ნუკრებივით
დამფრთხალნი, [30] ხელები უკან შეუკრა კარგად ამოჭრილი ღვედებით, რომელსაც თავად
ატარებდნენ ქიტონის სამაგრად. ჩააბარა მეგობრებს ისინი, რომ ღრმამუცლიან ხომალდებთან
წაეყვანათ. თავად კი უკან შებრუნდა სისხლს მოწყურებული.
იქ დარდანოსის შთამომავლის, პრიამოსის შვილს, მდინარიდან გამოქცეულ ლიკაონს
გადაეყარა; ადრე მამისეულ ბაღში დაუტყვევებია, რომელსაც ღამით დასცემია თავს; უფლისწული
ბასრი ბრინჯაოთი ახალგაზრდა ველურ ლეღვს ტოტებს ათლიდა, რომ ეტლის მოაჯირად
გამოეყენებინა; მაშინ მას მოულოდნელ განსაცდელად დასტყდომია თავს ღვთაებრივი აქილევსი.
[40] ამის შემდეგ კეთილნაგებ ლემნოსში გაუგზავნია ხომალდით, შემდეგ კი იასონის შვილისთვის
მიუყიდია; მას კიდევ სხვისთვის მიუყიდია, რაკი კარგად გადაუხადეს, იმბროსელი
ეეტიონისთვის, რომელსაც გაუგზავნია ღვთაებრივ არისბეში. იქიდან გაქცეულა და მიუღწევია
მამისეული სახლისთვის. თერთმეტი დღე გული უჯერებია საყვარელ მეგობრებში, ლემნოსიდან
ჩამოსვლის შემდეგ, მეთორმეტე დღეს კი ღმერთმა ხელში ჩაუგდო ისევ აქილევსს, რომელიც
აპირებდა სული ამოერთვა და ჰადესის გზისთვის გაეყენებინა. როგორც კი თვალი მოჰკრა
ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, [50] რომ შიშველი — უმუზარადოდ, უფაროდ, უშუბოდ
(ესენი მიწაზე დაუყრია) გარბოდა მდინარიდან, ოფლად იღვრებოდა და მუხლები ეკვეთებოდა;
განრისხებულმა ამოიხვნეშა აქილევსმა და თავის დიდგულოვან სულს უთხრა: „ეს რა ხდება, რა
სასწაულს ხედავენ ჩემი თვალები?! თუკი ვინმე დამიხოცია გულმაგარ ტროელთაგან, ისევ
წამოდგებიან მიწისქვეშა წყვდიადიდან, უკან მობრუნდებიან, თუკი ამ კაცს თავი დაუღწევია
დაუნდობელი დღისთვის, ღვთაებრივ ლემნოსზე გაყიდულს; ვერ დაუკავებია ვერც ჭაღარა ზღვას,
რომელსაც ბევრი დაუკავებია მისი ნების წინააღმდეგ. [60] მოდი, ჩვენი შუბი მოვსინჯო, ვნახო
მინდა და გულით ვირწმუნო, ისევ მობრუნდება ეს კაცი, თუ დააკავებს მას სიცოცხლის მომცემი
მიწა, რომელსაც მასზე ძლიერები დაუკავებია.“
იდგა და ამაზე ბჭობდა, ის კი მიუახლოვდა, მუხლებში ჩავარდნა უნდოდა, გულით
სურდა, გაქცეოდა სიკვდილს და შავ ბედისწერას. ამასობაში დიდი შუბი აიღო ხელში ღვთაებრივმა
აქილევსმა, უნდა გაეგმირა, ის კი მუხლებში ჩაუვარდა, წინ გადაიხარა, ხოლო შუბმა ზურგზე
გადაუარა და მიწაში [70] ჩაერჭო ცახცახით, კაცის ხორცს დახარბებული. ამასობაში უფლისწულმა
მუხლებზე მოხვია ხელი, მეორე ხელი კი შუბს ჩაავლო და არ გაუშვა. მიმართა მას და უთხრა
ფრთოსანი სიტყვა: „მუხლებში გივარდები, აქილევს, შემიწყალე და დამინდე, შენს წინაშე ვდგავარ,
ზევსის აღზრდილო, როგორც მავედრებელი, მე ხომ შენთან ვიგემე დემეტერის მარცვალი იმ დღეს,
როდესაც შენ დამატყვევე კეთილნაკეთებ ბაღში, მომაცილე მამასა და მეგობრებს და გამყიდე
წმინდა ლემნოსზე, ასი ხარის ფასი მოგიტანე. [80] ახლა სამი ამდენს მოგიტანდი! მხოლოდ
მეთორმეტე დღეა, რაც ილიონში დავბრუნდი; რა არ გადავიტანე! და ახლა შენს ხელში ჩამაგდო
დამღუპველმა ბედისწერამ! ეტყობა, ვძულვარ მამა ზევსს, რაკი ისევ ამას მიკეთებს! ხანმოკლე
სიცოცხლისთვის მშობა დედამ, ლაოთოემ, მოხუცი ალტესის ასულმა. ალტესის, რომელიც
ომისმოყვარე ლელეგებზე მეფობს და რომელსაც მაღალი პედასოსი უპყრია სატნიოეისზე. მისი
ქალიშვილი მოიყვანა ცოლად პრიამოსმა, სხვაც ბევრი ჰყავს. მან ორი შვილი მისცა პრიამოსს და
შენ ორივეს ყელს გამოჭრი! [90] ის შენ უკვე შეიწირე წინა რაზმებში მებრძოლი, ღვთისდარი
პოლიდოროსი, რომელიც განგმირე ბასრი შუბით. ახლა კი აქ ჩემი ჯერი დადგა, არ მგონია, შენს
ხელებს გავექცე, როდესაც თავად დაიმონმა მომიყვანა შენთან. სხვა რამეს გეტყვი და გულში
ჩაიდე: ნუ მომკლავ, სხვა საშოდან იშვა ჰექტორი, რომელმაც შენი ძვირფასი და მძლავრი მეგობარი
მოჰკლა!“
ასე თქვა პრიამოსის სახელოვანმა ვაჟმა, ევედრებოდა სიტყვებით, მაგრამ დაუნდობელი
იყო ხმა, რაც გაიგონა: „უგუნურო, რას მეუბნები გამოსასყიდზე, რას ლაპარაკობ? [100] სანამ
საბედისწერო დღე დაუდგებოდა პატროკლოსს, მანამდე შემეძლო ხალისით შემეწყალებინა
რომელიმე ტროელი, ბევრი დამიტყვევებია და გამოსასყიდიც ამიღია. ახლა კი სიკვდილს ვერავინ
ვერ გაექცევა, ვისაც ღმერთი ილიონის წინ ხელში ჩამიგდებს. ყველა ტროელს სიკვდილი მოელის
და განსაკუთრებით — პრიამოსის შვილებს. ასე რომ, ჩემო კარგო, შენც უნდა მოკვდე! რატომ
განიცდი? პატროკლოსიც ხომ მოკვდა, შენზე ბევრად უკეთესი! ვერ მხედავ მე რა ლამაზი და რა
დიდი ვარ? კარგი მამა მყავს და ქალღმერთმა დედამ მშობა, [110] მაგრამ მეც მეწვევა სიკვდილი და
მძლავრი ბედისწერა. განთიადისას იქნება ეს, საღამოს თუ შუადღისას, მაშინ, როდესაც ვიღაცა
ბრძოლაში სულს ამომართმევს, ან შუბით გამგმირავს ან მშვილდიდან ნასროლი ისრით.“
ასე თქვა, მოეკვეთა მუხლები და ჩაუვარდა გული, ხელი გაუშვა შუბს და ჩაჯდა გაშლილი
ხელებით; აქილევსმა კი ამოიღო ბასრი ხმალი, ვადამდე ჩასცა ლავიწთან კისერში ორლესული
ხმალი, პირქვე დავარდა მიწაზე და გაიშოტა, შავი სისხლი დაიღვარა, დასველდა მიწა. [120]
აქილევსმა ფეხში ჩაავლო ხელი და მდინარეში მოისროლა, დასცინა და ფრთოსანი სიტყვა
მიაყოლა: „იქ იწექი თევზებს შორის უპატრონოდ, ისინი გამოგწოვენ ჭრილობიდან სისხლს, დედა
კი არ დაგაწვენს და დაგიტირებს, არამედ სკამანდროსი წაგიღებს თავისი მორევებით ზღვის
ვრცელ წიაღში. შავი სიღრმიდან ბევრი თევზი ამოხტება ტალღებში, რომ იგემოს ლიკაონის
ქათქათა ხორცი. გაწყდით, ტროელებო, სანამ არ შემოვაღწევ წმინდა ილიონში, სანამ არ გაიქცევით
და მე უკან არ მოგიწყობთ სასაკლაოს! [130] ვერც ეს ფართო და მრავალმორევიანი მდინარე
გიშველით, რომლის ტალღებსაც, უკვე რახანია, ხარებსა და ცოცხალ მუხლად ცხენებს სწირავთ.
სასტიკი სიკვდილით დაიხოცებით ყველანი, გაზღვევინებთ პატროკლოსის მკვლელობასა და
აქაველთა დაღუპვას, რომლებიც სწრაფ ხომალდებთან ამოხოცეთ ჩემს არყოფნაში.“
ასე თქვა და სასტიკად განრისხდა მასზე მდინარე, გულში ბჭობდა, როგორ შეეჩერებინა
ღვთაებრივი აქილევსი და გაჟუჟვისგან ეხსნა ტროელები. ამასობაში პელევსის ძე
გრძელჩრდილიანი შუბით [140] თავს დაეცა ასტეროპაიოსს, პელეგონის ძეს და მოკვლას
უპირებდა. იგი ვრცლად მომდინარე აქსიოსს აკესამენოსის უფროსმა ასულმა, პერიბოიამ უშვა,
რომელსაც შეერთო ეს ღრმამორევიანი მდინარე. გაიწია აქილევსმა, მოწინააღმდეგე კი მდინარიდან
ამოვიდა, ორი შუბი ეჭირა, სიმამაცე გულში ქსანთოსმა ჩაუდო, რომელიც განრისხებული იყო
აქილევსზე, რომელმაც ყმაწვილები დახოცა, სასაკლაო მოუწყო მათ შუა მდინარეში და არავინ არ
დაინდო. დაიძრა ორივე. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა ფეხმარდმა
ღვთაებრივმა აქილევსმა მიმართა სიტყვით: [150] „ვინა ხარ და საიდან ხარ, ჩემს წინააღმდეგ
გამოსვლას რომ ბედავ? მხოლოდ უბედურთა შვილები უპირისპირდებიან ჩემს ძალას!“
მას უპასუხა პელეგონის სახელოვანმა შვილმა: „პელევსის დიდსულოვანო ძეო, რატომ
მეკითხები ვინაობას? ნაყოფიერი და შორეული პაიონიიდან ვარ, გრძელშუბიანი პაიონიელების
წინამძღოლი ვარ; თერთმეტი დილა გათენდა, რაც ილიონში ჩამოვედი. ჩემი გვარი მოდის
უხვწყლიანი აქსიოსისგან, რომლის უმშვენიერესი წყალი მიწაზე მოედინება, მან შვა სახელოვანი
შუბოსანი პელეგონი, რომელმაც, როგორც ამბობენ, მე [160] მშვა; ახლა კი ვიბრძოლოთ,
სახელოვანო აქილევს!“
ასე მუქარით ილაპარაკა, ხოლო ღვთაებრივმა აქილევსმა აიღო იფნის პელიასი, ხოლო
გმირმა ასტეროპაიოსმა ორივე შუბი ერთად ესროლა, რადგან ორივე ხელს თანაბრად ხმარობდა.
ერთ-ერთი შუბი ფარს მოხვდა, მაგრამ ვერ გააღწია ფარში და ოქრომ დააკავა, ღმერთის საჩუქარმა.
მეორემ მარჯვენა ხელის იდაყვს გაჰკრა, იხეთქა ღრუბელივით მუქმა სისხლმა, ხოლო შუბი მის
უკან მიწაში ჩაერჭო კაცის ხორცს მოწყურებული. შემდეგ კი აქილევსმა იფნის შუბი გაუქანა [170]
ასტეროპაიოსს, რომ სიცოცხლეს გამოესალმებინა; მას ააცილა, მაგრამ მაღალ ნაპირს მოარტყა და
თავისი სიგრძის ნახევრით ჩაერჭო ნაპირს იფნის შუბი; პელევსის ძემ კი ბასრი ხმალი ამოიღო
ქარქაშიდან და მტრისკენ გაიწია, მან კი სცადა აქილევსის შუბის ამოძრობა, მაგრამ ვერ შეძლო
მიწიდან ამოეგლიჯა მძლავრი ხელით. სამგზის შეარხია, სცადა ამოეღო, სამგზის გამოეცალა ძალა;
მეოთხეჯერ კი სცადა, ჩამოჰკიდებოდა და გაეტეხა აიაკოსის შთამომავლის იფნის შუბი, მაგრამ
მანამდე აქილევსი დაეცა თავს და სული ამოხადა. [180] ჭიპთან გაუკვეთა მუცელი და მთელი
შიგნეული მიწაზე გადმოუცვივდა, ამოიხრიალა და წყვდიადმა დაუფარა თვალები; აქილევსი კი
მიეჭრა, მკერდიდან ააგლიჯა აბჯარი და ამაყად მიაყოლა სიტყვა: „ასე იწექი! მძიმეა შენთვის
მძლეთამძლე კრონიონის შვილებთან ჭიდილი, თუნდაც მდინარისგან იყო შობილი! იმით
ტრაბახობ, რომ წყალუხვი მდინარისგან მოდის შენი გვარი, როცა მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი
გვარი დიდი ზევსისგან მომდინარეობს. ჩემი მშობელი უამრავ მირმიდონელზე მეფობს, პელევსი,
აიაკოსის შთამომავალი, ხოლო აიაკოსი ზევსის ძე გახლდა. [190] რამდენადაც ზევსი აღემატება
ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს, იმდენად უფრო ძლიერია ზევსის მოდგმა მდინარეთა
შთამომავლებზე. აქაა, შენს გვერდით, დიდი მდინარე, მაგრამ არ შეუძლია, დაგიცვას, არ შეუძლია
კრონოსის ძე ზევსს შეებრძოლოს; მას ვერ უტოლდება მძლავრი აქელოიოსიც კი, ვერც ღრმად
მომდინარე ოკეანოსის დიადი ძალა, რომლისგანაც მოედინება ყველა მდინარე და მთელი ზღვა,
ყველა წყარო და დიდი ჭები; მასაც კი ეშინია დიდი ზევსის ელვისა დასაზარელი ჭექა-ქუხილისა,
როდესაც იგი ციდან დაიგრიალებს.“
[200] ასე თქვა და კლდოვანი ნაპირიდან გამოაძრო ბრინჯაოს შუბი, მტერი კი ქვიშაში
დაგდებული მიატოვა, როგორც კი სიცოცხლე მოსტაცა და შავმა წყალმა დაასველა იგი. მას
შემოეხვივნენ გველთევზები და თევზები, თირკმლის ქონს აგლეჯდნენ და ნთქავდნენ. შემდეგ
დაიძრა ცხენოსანი პაიონიელებისკენ, რომლებიც მორევიანი მდინარისკენ გაიქცნენ, თვალი
მოჰკრეს ფიცხელ ბრძოლაში საუკეთესო მეომარს და პელევსის ძის ხელითა და მძლავრი ხმლით
მოეღოთ მოლო. იქ დახოცა თერსილოქოსი, მიდონი, ასტიპილონი, [210] მნესოსი, თრასიოსი,
აინიოსი და ოფელესტესი, კიდევ ბევრ პაიონიელს დახოცავდა სწრაფი აქილევსი, რომ არ ამოეღო
ხმა განრისხებულ ღრმამორევიან მდინარეს, კაცს მიმსგავსებულმა ღრმა მორევიდან ბრძანა
მდინარემ: „ო აქილევს, ყველა ადამიანს აღემატები ძალითა და სასტიკი საქმით, თანაც მუდამ
გიცავენ თავად ღმერთები. თუკი კრონიონმა ყველა ტროელი მოგცა დასახოცად, ჩემგან ამოათრიე
და მინდორში გაუსწორდი. ცხედრებით გამევსო ძვირფასი დინება, ღვთაებრივ ზღვამდე ვეღარ
მიმაქვს ჩემი ნაკადი, [220] მკვდრებით გაიჭედა, შენ კი ულბობლად ხოცავ! მოდი, შეწყვიტე,
თავზარს ნუ მცემ, ხალხის წინამძღოლო!“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „დე იყოს ისე, ზევსის აღზრდილო სკამანდროს,
როგორც შენ ბრძანებ! ტროელთა ჟუჟვას კი მანამდე არ შევწყვეტ, სანამ ქალაქში არ შევყრი და
ჰექტორს არ გამოვცდი პირისპირ ბრძოლაში, სადაც ან ის მომკლავს ან მე მოვკლავ.“
ეს თქვა და დაიმონივით დაერია ტროელებს. მაშინ აპოლონს მიმართა ღრმამორევიანმა
მდინარემ: „სირცხვილი! ვერცხლისმშვილდიანო, ზევსის ძეო, [230] აღარ ემორჩილები კრონიონს,
რომელმაც გიბრძანა, ტროელებს მხარში ამოდგომოდი და დაგეცვა ისინი, სანამ დადგებოდა
საღამოს ბინდი და სიბნელე ჩამოწვებოდა ნაყოფიერ მიწაზე?!“
ასე ბრძანა და სახელოვანი შუბოსანი აქილევსი კლდოვანი ნაპირიდან შუა მდინარეში
გადაეშვა, აღელდა მშფოთვარე მდინარის ყველა ნაკადი, დაერია ყველა მკვდარს, რომლებსაც
დაუნდობელმა აქილევსმა გაავლო მუსრი, ხარივით დაიბღავლა და მიწაზე ამოჰყარა, ცოცხლები
კი ლამაზ ტალღებში შეიფარა და დამალა ღრმა და დიდ მორევებში. [240] აქილევსის ირგვლივ კი
მშფოთვარედ აღელდა წყალი, აქილევსს ფარზე დააცხრნენ ტალღები, ფეხზე ვეღარ დადგა, ხელით
კარგად გაზრდილ, დიდ თელას ჩაეჭიდა, ის კი ძირფესვიანად მოწყდა ნაპირს, გაიჭედა და
გადაეღობა სწრაფ დინებას, ხშირი ტოტებით, მთელი ტანით დაეცა და ხიდივით გაედო მდინარეს;
მორევიდან ამოხტა გმირი და ველად გაიჭრა სწრაფი ფეხებით შეშინებული, მაგრამ დიდი ღმერთი
არ მოეშვა, აიწია და ჩაშავებული ტალღით დაეცა თავს, რომ დაესრულებინა [250] ღვთაებრივი
აქილევსის გმირობა და დაღუპვისგან ეხსნა ტროელები. პელევსის ძე კი შუბის სასროლ მანძილზე
გაიქცა ფრინველთაგან უმძლავრესი და უსწრაფესი მტაცებელი შავი არწივის სისწრაფით. ასე
გაფრინდა არწივივით, მკერდზე კი ბრინჯაო საზარელ ხმას გამოსცემდა, გვერდით მიიწევდა
სირბილით, უკან კი საშინელი ზათქით მოსდევდა მდინარე. როგორც კაცს შავწყლიანი წყაროდან
არხი გამოჰყავს, რომ ბაღში ხეხილი და მცენარეები მორწყას, ხელში თოხი უჭირავს და თხრილს
სადინარს აძლევს, [260] მოედინება წყალი და კენჭებს მიაქანებს, წყალი კი სწრაფად მორაკრაკებს,
მიწას რწყავს და კაცსაც წინ უსწრებს, ასე შეუჩერებლად ეწეოდა აქილევსს მდინარის ტალღა,
თუმცა ის სწრაფად გარბოდა; ღმერთები აღემატებიან მოკვდავებს. რამდენჯერმე სცადა ფეხმარდმა
ღვთაებრივმა აქილევსმა, დაპირისპირებოდა და გაერკვია, ყველა უკვდავი მისდევდა თუ არა,
რომელიც ვრცელ ზეცას ფლობენ, იმდენჯერ დაეცა ზევსის ნაშიერი მდინარის ტალღა, ზემოდან
ეღვრებოდა მხრებზე, ფეხებით ხტოდა გულდამძიმებული, [270] გამძვინვარებულად მოვარდნილი
მდინარე კი მუხლებამდე წვდებოდა, ურტყამდა და ფეხქვეშ მიწას აცლიდა. ზეცას ახედა და
წამოიძახა პელევსის ძემ: „მამა ზევსო, ამ განსაცდელში არც ერთი ღმერთი არ შემიბრალებს და არ
მიხსნის ამ მდინარისაგან? შემდეგ მომივიდეს, რაც უნდა მომივიდეს! სხვა ვინ იქნება ზეციერთაგან
დამნაშავე, თუ არა საკუთარი დედა, რომელმაც ჯადოსნურად გამაცურა! მან მითხრა, რომ
აბჯარასხმულ ტროელთა გალავანთან დავიღუპებოდი აპოლონის სწრაფი ისრებისგან. ნეტავ
ჰექტორს, ამათ საუკეთესო მეომარს, მოვეკალი! [280] ასე ხომ ვაჟკაცი მომკლავდა და ვაჟკაცს
აჰყრიდა აბჯარს. ახლა კი უსახელო სიკვდილით უნდა მოვკვდე, დიდმა მდინარემ უნდა
შთანმთქას მეღორე ბიჭივით, ზამთარში მის გადაცურვას რომ აპირებდა.“
ასე თქვა და სასრაფოდ მივიდნენ მასთან და ახლოს დაუდგნენ ადამიანებს მიმსგავსებული
პოსეიდონი და ათენა, ხელი ჩასჭიდეს, ტკბილად ამშვიდებდნენ; ასეთი სიტყვა უთხრა
მიწისმრყეველმა პოსეიდონმა: „პელევსის ძეო, გამხნევდი და ნურაფრის შეგეშინდება! შენს
დასახმარებლად ორი ღმერთი ვართ აქ მოსული [290] ზევსის კურთხევით — მე და ათენა პალასი.
მდინარეში დახრჩობა შენ არ გიწერია; იგი ძალიან სწრაფად დაცხრება, თავადაც ნახავ. ჩვენ
ბრძნულ რჩევას გთავაზობთ, თუ დაგვიჯერებ: ხელი არ აიღო დაუნდობელ ომზე, სანამ ილიონის
სახელოვან გალავანს მიღმა არ აღმოჩნდება ყველა ტროელი, ვინც ცოცხალი გაგასწრებს; შემდეგ
ჰექტორს სულს ამოართმევ და უკან მობრუნდები ხომალდებთან, ჩვენ კი დიდ სახელს
მოგახვეჭინებთ.“
ეს ბრძანა ორივემ და უკვდავი ღმერთებისკენ გაეშურნენ. აქილევსიც დაიძრა, ღმერთისგან
შთაგონებული, [300] მინდვრისკენ. მინდორი კი წყლით იყო დატბორილი, უამრავი შესანიშნავი
საჭურველი და უთვალავი მოკლული ყმაწვილის ცხედარი ცურავდა ამ წყალში. აქილევსი მაღლა
ხტებოდა, გზას მიიკვლევდა წყალუხვი მდინარის მოძალებულ ნაკადში იმ ძალით, რომელიც
ათენამ მიანიჭა. არც სკამანდროსმა დაიცხრო მრისხანება, უფრო მეტად ემუქრებოდა პელიონს,
მაღლა სწევდა თავის ტალღებს და ხმამაღლა ეხმიანებოდა სიმოეისს: „საყვარელო ძმაო, ერთად
შევაჩეროთ ამ კაცის ძალა, სანამ მეფე პრიამოსის ქალაქი არ [310] გაუნადგურებია და ტროელები
საბოლოოდ არ დაუმარცხებია ომში. სასწრაფოდ დამეხმარე, შენი ნაკადი გაავსე წყაროების წყლით,
ყველა ნაკადი აღძარი, სასტიკი ტალღები ააღელვე, ააგრიალე ყველა მორევი მორებით და ქვებით,
რომ დავაოკოთ ეს ველური კაცი, რომელიც მძლავრობს ახლა და თავის თავს ღმერთებს უტოლებს.
ვამბობ, რომ მას ვერ დაეხმარება ვერც ძალა და ვერც სილამაზე, ვერც მშვენიერი საჭურველი,
რომელიც ჭაობში ჩაეფლობა და შლამი დაფარავს. თავადაც იქ დაწვება, დავფარავ ქვიშით და
დავაყრი უთვალავ რიყის ქვას, [320] ძვლებსაც ვერ მოკრეფენ აქაველები, ისეთი ლამით დავფარავ
ზემოდან. ისეთ გორაკს დავადგამ, მის საპატივცემულოდ საფლავის ყორღანის აღმართვაც აღარ
დასჭირდებათ აქაველებს.“
ასე თქვა და მღელვარედ დაეცა თავს აქილევსს გრუხუნით, ქაფით, სისხლით და
ცხედრებით. ზევსის ნაშიერი მდინარის მეწამული ტალღები აღიმართნენ და აქილევსს წალეკვა
დაუპირეს. დიდი ხმით შესძახა ზევსმა, შეშინებულმა, დიდმორევებიან მდინარეს არ შთაენთქა
აქილევსი, [330] იმავწამს ჰეფესტოსს მიმართა, საყვარელ ვაჟს: „აღდექ, ჩემო კოჭლო შვილო!
მორევებიანი ქსანთოსი შენთან ბრძოლის ღირსად მიგვიჩნევია; სასწრაფოდ ჩაები ბრძოლაში,
გამოავლინე შენი ცეცხლის მთელი ძალა! მე ახლა წავალ, ზღვიდან უმძლავრეს გრიგალს
აღვაძრევინებ ძეფიროსსა და განმწმენდ ნოტოსს; გრიგალი საშინელ ხანძარს გაავრცელებს და
გადაბუგავს ტროელებსაც და მათ საჭურველსაც; შენ კი ქსანთოსის ნაპირებზე ხეებს წაუკიდე
ცეცხლი და მდინარეზე მიუშვი, ნურც ტკბილი სიტყვები და ნურც მუქარა [340] ნუ დაგიცხრობს
რისხვას, სანამ მე არ მოგცემ ძახილით ნიშანს, მანამ არ შეანელო დაუცხრომელი ცეცხლი!“
ასე ბრძანა, ჰეფესტოსმა კი დააგზო ღვთაებრივი ცეცხლი. ჯერ მინდორს მოედო ცეცხლი
და დაიწვა აქილევსისგან მოკლული გმირების გროვად დაყრილი უამრავი ცხედარი; მთელი
მინდორი დაშრა, ბრწყინვალე წყალი გაქრა. როგორც გვიან შემოდგომაზე ბორეასი ახალმორწყულ
ბაღს სწრაფად აშრობს და მებაღეს გულს უხარებს, ასე დაშრა მთელი მინდორი და ცხედრები
დაიბუგა, ღმერთმა კი მდინარეზე მიმართა თვალისმომჭრელი ცეცხლი. [350] ცეცხლი მოედო
თელას, ტირიფს, იალღუნს, დაიწვა ლოტოსი, ლერწამი და თავნასკვა-ჩალა, რომლებიც უხვად
ხარობდა მდინარის ნაპირზე. გაწამდნენ გველთევზები და თევზები მორევებში, მშვენიერ ნაკადში
აქეთ-იქით ხტოდნენ მახვილგონიერი ჰეფესტოსის სუნთქვით გატანჯულები. თავად მდინარესაც
მოედო ცეცხლი, სახელით მიმართა და უთხრა: „ჰეფესტოს, შენ ვერც ერთი უკვდავი ვერ
დაგიპირისპირდება, არც მე შემიძლია შენს ცეცხლთან შერკინება. შეწყვიტე რისხვა, ტროელები
თუნდაც კი ახლავე გამოყაროს ღვთაებრივმა აქილევსმა [360] ქალაქიდან, აღარ ვიბრძოლებ და
აღარ დავეხმარები!“
ასე თქვა ალმოდებულმა, ადუღდა ლამაზი ნაკადი. როგორც თუქთუხებს დიდ ცეცხლზე
შედგმული ქვაბი, რომელშიც მსუქანი ტახის ქონი დნება და შიშხინებს, როდესაც მშრალი შეშის
ცეცხლი მძლავრობს, ასე თუხთუხებდა წყალი ცეცხლით ადუღებულ მდინარეში; ვეღარ
მიედინებოდა და დადგა, აწამებდა გამომგონებელი ჰეფესტოსის მცხუნვარე სუნთქვა. იმავწამს
შეევედრა ჰერას და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ჰერა, რატომ დაეცა შენი შვილი ჩემს დინებას,
რატომ გამომარჩია [370] სხვებისგან? მე ისეთი დამნაშავე არ ვარ შენთან, როგორც სხვები არიან,
ვინც ტროელებს ეხმარებიან. მე უმალ დავცხრები, თუკი შენ უბრძანებ, რომ შენმა ვაჟიც დაოკდეს.
ფიცსაც დავდებ, აღარ ვიზრუნებ ტროელებისთვის საბედისწერო დღის აცილებაზე, მაშინაც კი,
როდესაც ტროას მთლიანად მოიცავს მძლავრი ხანძარი, რომელსაც დააგზებენ აქაველთა მამაცი
შვილები.“
როდესაც ეს გაიგონა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ, იმავწამს მიმართა ჰეფესტოსს,
საყვარელ შვილს: „ჰეფაისტოს, სახელგანთქმულო შვილო, საკმარისია! [380] მოკვდავთა გამო ასე
სასტიკად არ უნდა მოვეპყრათ უკვდავ ღმერთს!“
ასე ბრძანა და ჰეფესტოსმა ჩააქრო ღვთაებრივი ცეცხლი და ისევ თავის კალაპოტს
დაუბრუნდა მშვენიერი დინება. როგორც კი დააცხრო ქსანთოსის მრისხანება, შემდეგ ჰეფესტოსიც
დააწყნარა, რისხვით ანთებული ორივე ღმერთი გააყუჩა ჰერამ. სხვა ღმერთებს შორის კი სასტიკი
შუღლი აღიძრა, განხეთქილებამ მოიცვა მათი სული და გული. გამკივანი ყიჟინით დაესხნენ თავს
ერთმანეთს, მიწამ ამოიგმინა და საყვირის ხმასავით უპასუხა დიდმა ზეცამ. ოლიმპოსზე მჯდომმა
ზევსმა გაიგონა, გულში გაეცინა, [390] გახალისდა, როცა ბრძოლაში შესული ღმერთები დაინახა.
დიდხანს არ იდგნენ უქმად, ფართამმუსვრელმა არესმა დაიწყო და პირველმა გაიწია ათენაზე
ბრინჯაოს შუბით და განმაქიქებელი სიტყვაც ბრძანა: „რა ხდება, შე ძაღლის ბუზო, რატომ აომებ
ღმერთებს, თავხედობით გაუმაძღარო და ამპარტავნებით თავგასულო?! გაიხსენე, დიომედესი,
ტიდევსის ძე რომ წააქეზე და დამჭრა, თავად კი ყველას დასანახად აიღე შუბი და პირდაპირ ჩემზე
წამოდი, რომ ჩემი სხეული დაგეფლითა? ახლა ყველაფრისთვის გაზღვევინებ სამაგიეროს, რაც
ჩაგიდენია.“
[400] ეს თქვა და ჩასცა ფოჩებიან შემზარავ ეგისში, რომელსაც ზევსის ელვაც ვერ
აზიანებდა; სწორედ მასში ჩასცა სისხლიანმა არესმა გრძელი შუბი. ათენამ უკან დაიხია და
მძლავრი ხელი ლოდს დაავლო, რომელიც მინდორში იდო დიდი, უხეში და შავი — ძველი დროის
ხალხს დაუდევს ნაკვეთების გასამიჯნავად. ეს ლოდი ესროლა მძვინვარე არესს, კისერში მოარტყა
და წააქცია, შვიდი პლეთრონი1 დაიკავა დაცემულმა, მტვრით მოეთხვარა თმები და აბჯარმაც
გაიჟღრიალა. გაეცინა ათენა პალასს, სიამაყით აღივსო და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ბიჭუნა,
ახლაც ვერ გაიგე, ამაყად რომ გეუბნები, თუ რამდენად ძლიერი ვარ შენზე, ჩემტან გატოლებას რომ
აპირებ?! პასუხი უნდა გასცე ერინისებს, რომლებსაც დედაშენმა მოუხმო, შენზე განრისხებულმა,
აქაველები რომ მიატოვე და ქედმაღალ ტროელებს ეხმარები.“
ასე ბრძანა და მოაშორა სხივოსანი მზერა. მძიმედ ოხრავდა არესი, მას ხელი ჩაავლო
ზევსის ასულმა აფროდიტემ და გამოიყვანა, რომ სული ამოეთქვა. იგი დაინახა თეთრხელება
ქალღმერთმა ჰერამ და იმავწამს ათენას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: [420] „რა ხდება,
ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო ატრიტონე, ამ ძაღლის ბუზს კაცთამმუსვრელი არესი გაჰყავს
1
პლეთრონი (πλέθρον) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 30.83 მეტრს ან 1/6
სტადიონს; ფართობის ერთეული = 0.095 ჰა, 4 არურა.
ფიცხელი ომიდან და დაედევნე!“
ასე ბრძანა, ათენა კი გულში სიხარულით დაედევნა, მკერდში მძლავრი ხელი ჰკრა, მასაც
გული ჩაუვარდა და მუხლები მოეკვეთა. ორივე დაეცა ნაყოფიერ მიწაზე, ათენამ კი სიამაყით
წარმოთქვა ფრთოსანი სიტყვა: „ტროის დამხმარეები ყველანი ასეთები რომ ყოფილიყვნენ,
რომლებიც აბჯროსან არგოსელებს ეომებიან, [430] ასეთი, აფროდიტესავით მამაცები და
მტკიცეები, რომელიც, არესის მოკავშირე, ჩემთან დაპირისპირებას აპირებდა, დიდი ხნის
შეწყვეტილი გვექნებოდა ომი და კეთილნაგები ილიონიც დამხობილი გვექნებოდა!“
ასე ბრძანა და გაიღიმა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ. იმავწამს აპოლონს მიმართა
მძლავრმა მიწისმრყეველმა: „სხივოსანო, რას ვუდგავართ, არ შეგვეფერება! სხვებმა უკვე დაიწყეს,
სირცხვილია, უბრძოლველად დავბრუნდეთ ოლიმპოსზე ზევსის სპილენძისზღურბლიან
სასახლეში. დაიწყე, შენ ხომ ჩემზე უმცროსი ხარ; მე არც [440] მომიხდებოდა, რადგან პირველი
დავიბადე და მეტი მინახავს. ბიჭუნა, რა უგუნური გული გქონია! უკვე აღარ გახსოვს, ილიონის
გამო ჩვენ ორმა რაც გადავიტანეთ, მარტო რომ ვიყავით ღმერთებიდან, რომლებიც მამაც
ლაომედონს ზევსის ნებით მთელი წელი ვემსახურებოდით დადგენილი საფასურით, ის კი
ბრძანებებსა და დავალებებს გვაძლევდა?! მე მართლაც ავუგე ტროელების ქალაქს ვრცელი და
უმშვენიერესი გალავანი, რომ აუღებელი გამხდარიყო ქალაქი; შენ კი, სხივოსანო, რქადაგრეხილი,
ზანტი ხარების ჯოგს მწყემსავდი მრავალქიმიანი და ტყიანი იდის ფერდობებზე; [450] ხოლო
როდესაც მომხიბლავმა ჰორებმა დათქმული საფასურის გადახდის დრო მოიყვანეს, საზარელმა
ლაომედონმა ჩვენი საზღაური ძალით მიითვისა და მუქარით გამოგვყარა. ამასთან, გვაშინებდა,
ფეხებს და ხელებს შეგიკრავთ და შორეულ კუნძულებზე გაგყიდითო. ასევე დაიმუქრა, რომ
ბრინჯაოთი დაგვაჭრიდა ყურებს ორივეს. ახლაც, უკან გამოვბრუნდით და წამოვედით
განრისხებული გულით, რადგან დაპირებული გასამრჯელო არ გადაგვიხადა. ახლა მისი
ხალხისთვის მოგაქვს სიხარული, ჩვენთან ერთად კი აღარ აპირებ დაღუპო ქედმაღალი ტროელები
[460] ბავშვებთან და პატივსაცემ მეუღლეებთან ერთად!“
მას ისევ უპასუხა შორსმიმწვდომმა მეუფე აპოლონმა: „მიწისმრყეველო, ჭკუათმყოფელად
არ მიმიჩნევდი, ამ საბრალო მოკვდავთა გამო შენ რომ შეგებრძოლო, რომლებიც, ხის ფოთლებს
მიმსგავსებულები, ხან სიცოცხლით სავსენი არიან და მიწის ნაყოფს ჭამენ, ხანაც ნადგურდებიან და
ცვივიან. მაშ, უსწრაფესად შევწყვიტოთ ბრძოლა, მათ კი გააგრძელონ ომი.“
ეს თქვა და უკან გაბრუნდა ისევ და ბიძამისთან დაპირისპირებას მოერიდა. [470] ის
გაკიცხა დამ, ნადირთა დედოფალმა, ნადირობის ქალღმერთმა არტემისმა და მკაცრი სიტყვა
უთხრა: „გარბიხარ, შორსმიმწვდომო, პოსეიდონს გამარჯვებას მთლიანად უთმობ, უბრძოლველად
ახვეჭინებ სახელს?! უგუნურო, რაში გჭირდება ეგ არაფრისმაქნისი მშვილდი? აღარ გავიგონო
მამისეულ სასახლეში შენი ტრაბახი, უკვდავი ღმერთების წინაშე, რომ პოსეიდონს ხელდახელ
შეებრძოლები.“
ასე ბრძანა; მას არ უპასუხა შორსმიმწვდომმა აპოლონმა, ხოლო ზევსის პატივსაცემმა
მეუღლემ მრისხანედ [480] გაკიცხა ისრისმტყორცნელი სასტიკი სიტყვებით: „როგორ აპირებ,
უსირცხვილო ძუკნავ, ჩემს წინააღმდეგ გამოსვლას? მძიმე ძალას დაგიპირისპირებ, მშვილდოსანო,
რომელიც ქალების ლომად დაგადგინა ზევსმა და ნება დაგრთო, ვინც გინდა, დახოცო 2. შენთვის
უკეთესია მთებში ნადირებს დაერიო, გარეულ ირმებს ეომო და არა ძალით შენზე აღმატებულებს;
ხოლო თუ გსურს ომში დარწმუნდე და ნახო, თუ რამდენად უფრო ძლიერი ვარ, მე
დამიპირისპირდი!“
ასე ბრძანა და ორივე ხელი დაუჭირა [490] მარცხენათი, მარჯვენათი მხრებიდან მოგლიჯა
მშვილდი და ეს მშვილდი გადაუჭირა ყურებზე, ისიც იქით-აქით მობრუნდა და უმალ დაუცვივდა
კაპარჭიდან ისრები; ატირებული გაიქცა ქალღმერთი, როგორც ქედანი გაურბის ქორს და კლდის
ნაპრალში შეფრინდება, როდესაც მის ხელში ჩავარდნა არ უწერია. სწორედ ასე გაიქცა
აცრემლებული და მშვილდი მიატოვა. მაშინ ლეტოს მიმართა არგოსის მკვლელმა შიკრიკმა:
„ლეტო, შენთან ომს არ ვაპირებ, ძნელია ეომო ღრუბელთშემკრები ზევსის მეუღლეებს; [500] ასე
რომ, შეგიძლია უკვდავ ღმერთებში დაიტრაბახო, რომ საშინელი ძალით დამამარცხე.“
ასე თქვა, ხოლო ლეტომ თავი მოუყარა მოხრილ მშვილდს და მტვერში იქით-აქით
მიმოყრილ ისრებს; ხელი დაავლო თავისი ქალიშვილის იარაღს და წავიდა. თავად ასული კი
ოლიმპოსზე წავიდა, ზევსის ბსპილენძისზღურბლიან სასახლეში, თვალცრემლიანი მუხლებთან
2
ქალის მოულოდნელ სიკვდილს ბერძნები არტემისის ისრებს მიაწერდნენ.
მიუჯდა მამას, უკვდავი კაბა უცახცახებდა. გულში ჩაიკრა კრონიონმა და ტკბილი სიცილით
ჰკითხა: „ზეციერთაგან რომელი მოგექცა ასე დაუფიქრებლად, საყვარელო შვილო, [510] თითქოს
ყველასთვის რამე დაგეშავებინოს?“
მას უპასუხა ლამაზგვირგვინიანმა და ხმაურიანმა მონადირემ: „მამაჩემო, შენმა მეუღლემ
დამარტყა ხელი, თეთრხელება ჰერამ, რომელიც უკვდავებში მუდამ განხეთქილებას თესავს.“
სანამ ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, სხივოსანი აპოლონი შევიდა წმინდა ილიონში,
რადგან წუხდა, კეთილნაგები ქალაქის გალავანი, ბედისწერის საწინააღმდეგოდ, არ დაექციათ
დანაელებს ამ დღეს. დანარჩენმა მარადმყოფმა ღმერთებმა კი ოლიმპოსს მიაშურეს, ზოგმა
განრისხებულმა და ზოგმაც გახარებულმა, [520] მივიდნენ და დასხდნენ შავი ღრუბლების მეუფე
მამასთან.
ამასობაში აქილევსი ტროელებსა და მუხლად ცხენებს ისევ მუსრს ავლებდა. როგორც
ღმერთების რისხვით ცეცხლმოდებული ქალაქიდან ვრცელ ზეცაში ადის ბოლი, ყველასთვის
მოაქვს გარჯა და გასაჭირი, ასე მოჰქონდა აქილევსს ტროელებისთვის გარჯა და გასაჭირი.
მოხუცი პრიამოსი იდგა ღვთაებრივ გალავანზე და დაინახა გოლიათი აქილევსი, მისი
შიშით ტროელები უწესრიგოდ იხევდნენ უკან და დამხმარეც არავინ ჩანდა. მგლოვიარედ
ჩამოვიდა კოშკიდან მიწაზე, [530] გალავანთან მოუხმო კარიბჭის სახელოვან მცველებს: „ფართოდ
გააღეთ და ხელით დაიჭირეთ კარიბჭე, სანამ გამოქცეული ხალხი არ შემოვა ქალაქში, რადგან
ახლოა აქილევსი და გვიახლოვდება დაღუპვა. როგორც კი შიგნით შემოვა ყველა და უსაფრთხოდ
იქნება, ისევ დავკეტოთ მჭიდროდ ჩამჯდარი კარიბჭე. იმისიც მეშინია, ეს საბედისწერო კაცი
გალავანს არ გადმოახტეს!“
ასე ბრძანა და მათაც გააღეს კარიბჭე და ფართოდ გაღებული დატოვეს და ამით ბევრი
გადაარჩინეს; ამასობაში აპოლონი გამოვიდა, რათა ტროელებისთვის დაღუპვა აეცილებინა. [540]
ისინი კი ბრძოლის ველიდან პირდაპირ გარბოდნენ მაღალი გალავნისაკენ, წყურვილით
გატანჯულები და მტვერში ამოგანგლულები, აქილევსი კი გამძვინვარებული მოსდევდა შუბით,
გულში არ უცხრებოდა მრისხანება და სახელის მოხვეჭის სურვილი. აქ მაღალკარიბჭიან ტროას
აიღებდნენ აქაველთა შვილები, სხივოსან აპოლონს რომ არ გაეგზავნა ღვთაებრივი აგენორი,
ანტენორის უზადო და მძლავრი ძე. მას გულში ჩაუდგა სიმამაცე და თავადაც ახლოს დაუდგა, რომ
სიკვდილის მძიმე ხელისგან დაეხსნა, მუხას მიეყრდნო და სქელი ღრუბლით დაიმალა. [550]
როგორც კი დაინახა ქალაქთმმუსვრელი აქილევსი, დადგა, ათასმა ფიქრმა გაუელვა თავში,
ამოიოხრა და საკუთარ თავს უთხრა: „ვაიმე, თუკი ახლა მძლავრ აქილევსს ლაჩრულად გავექცევი,
როგორც სხვები გარბიან თავქუდმოგლეჯით, მაინც დამიჭერს და ყელს გამომჭრის; მაგრამ რა
იქნება, რომ დავაცალო, უწესრიგოდ გაქცეულებს გაეკიდოს პელევსის ძე აქილევსი, მე კი გალავნის
მიღმა ილიონის მინდორი გადავჭრა, იდის ტოტს მივადგე და ბუჩქებში დავიმალო? [560] იქ კი
საღამო ხანს მდინარეში ჩამოვიბანო ოფლი და ილიონში დავბრუნდე? მაგრამ რატომ მეუბნება
გული ამას? ქალაქიდან მოშორებულმა მინდორში რომ მომკრას თვალი? ხომ გამოექანება სწრაფი
ფეხებით და დამიჭერს! ვეღარ გავექცევი სიკვდილს და ბედისწერას, რადგან ის ყველა ადამიანზე
ბევრად ძლიერია. ხომ არ აჯობებს, ქალაქის წინ გამოვიდე მის წინააღმდეგ? ბოლოს და ბოლოს, მის
ხორცსაც გაგლეჯს ბასრი ბრინჯაო, ერთი სიცოცხლე აქვს მასაც, მოკვდავია ისიც, [570] როგორც
ამბობენ, თუნდაც ზევსი, კრონოსის ძე, დიდებას ანიჭებდეს.“
ასე თქვა და დაელოდა აქილევსს, მამაცი გული გაიმაგრა და განეწყო საბრძოლველად.
როგორც ავაზა გამოდის ღრმა ბუჩქნარიდან მონადირის პირისპირ, გულში არ აქვს შიში და
გაქცევას არ აპირებს, ყეფას რომ გაიგონებს, თუნდაც ხმლით დაიჭრას ან ისარი მოხვდეს, თუნდაც
შუბი ჩაერჭოს, მაინც არ მიატოვებს ბრძოლას, სანამ არ დაგლეჯს მოწინააღმდეგეს ან თავად არ
დამარცხდება, ასე სახელოვანი ანტენორის ვაჟი აგენორი [580] არ აპირებდა გაქცევას, სანამ არ
გამოცდიდა აქილევსს. აიღო თავისი ყოველმხრივ გაწონასწორებული ფარი, შუბი მოუღერა და
დიდი ხმით შესძახა: „უეჭველია, იმედი გქონდა, სახელოვანო აქილევს, რომ ქედმაღალი
ტროელების ქალაქს დღეს დააქცევდი, უგუნურო, კიდევ ბევრი უბედურება გელით ამ ქალაქისგან.
ბევრნი ვართ და მამაცი კაცები ვართ, რომლებიც საყვარელი მშობლების, ცოლებისა და
შვილებისთვის ვიცავთ ილიონს. შენ აქ მოგელის დაღუპვა, რაგინდ საზარელი და გამბედავი
მეომარიც უნდა იყო.“
[590] ეს თქვა და ბასრი შუბი ისროლა მძლავრი ხელით, არ ააცილა და მოარტყა მუხლის
ქვემოთ, წვივში, ახალნაკეთებ კალის საბარკულს მოხვდა ნასროლი, საშინელი ხმა გამოსცა
ბრინჯაომ, მაგრამ ვერ გააღწია, არ გაუშვა ღმერთის საჩუქარმა. თავის მხრივ, პელევსის ძემ შეუტია
ღვთისდარ აგენორს, მაგრამ არ მისცა საშუალება აპოლონმა, სახელი მოეხვეჭა, ხელი დაავლო
ტროელს, ვრცელი ნისლი გადააფარა და ბრძოლის ველიდან მშვიდობიანად გაისტუმრა. შემდეგ
პელიონი ცბიერებით მოაშორა ხალხს [600] და, ყველანაირად ანტენორს მიმსგავსებული,
შორსმიმწვდომი თავად დაუდგა წინ და ისიც სწორედ მას დაედევნა. ამის შემდეგ აქილევსი ჯერ
პურის ყანაში მისდევდა, შემდეგ ღრმამორევიანი სკამანდროსისკენ გააქცია, ის-ის იყო უნდა
დასწეოდა, მაგრამ ცბიერად ატყუებდა აპოლონი, იმედს უტოვებდა, რომ სწრაფი ფეხებით
დაეწეოდა, ამასობაში კი გაქცეულმა სხვა ტროელებმა გახარებულებმა ერთ გუნდად მიაღწიეს
ტროას და ქალაქი გაივსო ხალხით. ვეღარ ბედავდნენ მინდორზე, გალავნის მიღმა გასვლას, რომ
გაერკვიათ, ვინ დააღწია თავი განსაცდელს [610] და ვინ დაეცა ბრძოლაში; იმ ხალხმა გაავსო
ქალაქი, რომელიც საკუთარმა ტერფმა და მუხლმა გადაარჩინა.

You might also like