22. ოცდამეორე სიმღერა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ოცდამეორე სიმღერა

ჰექტორის სიკვდილი

შეშინებული ირმებივით შეცვივდნენ ქალაქში ტროელები, ოფლი შეიშრეს, დალიეს და წყურვილი


დაიოკეს და დარჩნენ მშვენიერ ქონგურებთან; ამასობაში აქაველები მკერდზე მიკრული ფარებით
პირდაპირ მიადგნენ გალავანს. ჰექტორი კი, დამღუპველი ბედისწერით შებოჭილი, დარჩა
ილიონისა და სკაიის კარიბჭის წინ. ამასობაში პელიონს მიმართა სხივოსანმა აპოლონმა: „რა ხდება,
პელევსის ძეო, სწრაფი ფეხებით რომ მომსდევ მოკვდავი კაცი უკვდავ ღმერთს? ვეღარ მიხვდი, [10]
ღმერთი რომ ვარ, გამუდმებით რომ მძვინვარებ? აღარ გადარდებს ტროელთა ხვედრი, გაგექცნენ
ისინი და ქალაქში მოიყარეს თავი, შენ კი აქ შეყოვნდი. მე ვერ მომკლავ, სიკვდილი არ მიწერია.
განრისხებულმა უპასუხა მას ფეხმარდმა აქილევსმა: „შენ შემაცდინე, შორსმიმწვდომო,
ყველა ღმერთზე უფრო დამღუპველო! აქ გამომიტყუე, გალავნის წინ; ეს რომ არა, ბევრი შეჭამდა
კიდევ მიწას კბილით, სანამ ილიონში შეაღწევდა. ახლა კი მე დიდება წამართვი, ისინი კი იოლად
გადაარჩინე, რადგან შემდგომი შურისძიებისა არ გეშინია. [20] მე ვიძიებდი შურს, ამის შეძლება
რომ მქონდეს!“
ეს თქვა და ამაყი გულით გაეშურა ქალაქისკენ, მიისწრაფოდა, როგორც მუდმივად
გამარჯვებული ცხენი ეტლით მიისწრაფის, როდესაც მინდორში მიქრის; ასე აამოძრავა აქილევსმაც
ტერფები და მუხლები.
პირველმა იგი მოხუცმა პრიამოსმა დაინახა, მინდორზე მოჰქროდა მბრწყინავი
ვარსკვლავივით, რომელიც გვიან ზაფხულში ამოდის და ელვარე სხივებით ანათებს უამრავ
ვარსკვლავს ღამის სიბნელეში, მას ორიონის ძაღლის 1 სახელით იცნობენ; [30] ყველაზე უფრო
მეტად ბრწყინავს, მაგრამ სიავის ნიშანია, პაპანაქება სიცხე მოაქვს უბედური მოკვდავებისთვის; ასე
უელავდა სირბილისას მკერდთან ბრინჯაო. განწირული ხმა აღმოხდა მოხუცს, ჯერ თავში დაიშინა
ხელი, შემდეგ მაღლა აღმართა, ხმამაღლა შესძახა და შეევედრა საყვარელ შვილს; ის კი კარიბჭის
წინ იდგა მდუმარედ და აქილევსთან შებრძოლებას ფიქრობდა. მისკენ გაიშვირა ხელი მოხუცმა და
უთხრა: „ჰექტორ, საყვარელო შვილო, ნუ ელოდები მაგ კაცს, ასე, სხვების გარეშე, არ გეწიოს
ბედისწერა და [40] არ დაგღუპოს პელიონმა, შენზე ბევრად ძლიერი და დაუდობელია!
ვისურვებდი, ისევე ნაკლებად ყვარებოდათ ღმერთებს, როგორც მე მიყვარს, მაშინ უმალ ძაღლები
და სვავები შეჭამდნენ მის ცხედარს! და ეს სასტიკი ტანჯვა გულიდან მომშორდებოდა! რამდენი
მამაცი შვილი დამიღუპა, ზოგი დამიხოცა და ზოგიც შორეულ კუნძულებზე გამიყიდა! ახლაც ვერ
ვხედავ ორ შვილს, ლიკაონსა და პოლიდოროსს ქალაქში თავშეფარებულ ტროელებში; ისინი მიშვა
მე ლაოთოემ, მეუღლეთა დედოფალმა. თუ ცოცხლები არიან და აქაველებს ჰყავთ ტყვედ, [50]
სპილენძითა და ოქროთი გამოვისყიდით, ეგ არ გვაკლია, უამრავი სიმდიდრე გამოაყოლა
ქალიშვილს სახელოვანმა ალტესმა; ხოლო თუ მოკვდნენ და ჰადესის სასახლეს ეწვივნენ, ვაი მეც
და მათ მშობელ დედასაც! თუმცა, ჩვენი ხალხის ტკივილი ნაკლები იქნება, თუ შენ არ დაგკარგავთ
და აქილევსი არ მოგკლავს. ამიტომ შემოდი, გალავანში, ჩემო შვილო, რათა დაიხსნა ტროელი
ვაჟკაცები და ქალები, სახელი არ მოახვეჭინო პელევსის ძეს, თავად კი სიცოცხლეს არ გამოეთხოვო.
შემიწყალე საბრალო ბერიკაცი, სანამ ცოცხალი ვარ, [60] უბედურ დღეზე დაბადებული, რომელსაც
მამა კრონიონმა სიბერეში მწარე ბედად მარგუნა ეს საშინელება, რომ შევესწრო საკუთარი ვაჟების
დახოცვას, ქალიშვილების დამონებას, სასახლის დარბევას, ჩვილი ბავშვების მიწაზე დანარცხებას
სასტიკ ბრძოლაში და რძლების წათრევას დაუნდობელი აქაველების ხელით! თვითონ კი
უკანასკნელს ზღურბლზე ძაღლები გამათრევენ და დამგლეჯენ, როდესაც ვიღაცა ბასრი
ბრინჯაოთი სხეულიდან სულს ამომართმევს. ამ ძალღებს, ჩემი კარის მცველებს, მე თვითონ
ვაჭმევდი სასახლეში, [70] ახლა კი ისინი შესვამენ ჩემს სისხლს გამხეცებულები და კართან
დაეყრებიან! ყმაწვილ კაცს უხდება კიდეც, როდესაც ბრძოლაში ბასრი ბრინჯაოთი მოკლული წევს,
ყველაფერი რაც უჩანს, მშვენიერია! მაგრამ როდესაც მოკლული მოხუცის ჭაღარა თმას, ჭაღარა
წვერსა და სამარცხვინო სიშიშვლეს დაეძგერებიან ძაღლები, ეს ყველაზე უფრო გულსაკლავი
1
ორიონის ძაღლი — სირიოსი (სირიუსი), ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი დიდი
ქოფაკის თანავარსკვლავედიდან. შდრ. მეთერთმეტე სიმღერა, სტრ. 62.
რამაა საცოდავი მოკვდავებისთვის!“
ეს თქვა მოხუცმა და ჭაღარა თმა დაიგლიჯა თავზე, მაგრამ ჰექტორი მაინც ვერ შეძრა.
მეორე მხრიდან დედა გლოვობდა და ცრემლებს ღვრიდა, [80] საკინძე შეიხსნა, ძუძუ გამოაჩინა და
მტირალმა მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ჰექტორ, შვილო, ამ ძუძუს ეცი პატივი და შემიბრალე!
ამით მყავხარ გაზრდილი, ამით გაწყნარებდი, როცა ტიროდი! გაიხსენე, საყვარელო შვილო და
გამოერიდე მაგ დაუნდობელ კაცს! შემოდი გალავანში, მარტო ნუ დგახარ! თუ მოგკლა, ვერც მე,
შენი მშობელი, ვერ დაგიტირებ და ვერც მდიდრულმზითვიანი მეუღლე, ჩვენგან შორს,
არგოსელების ხომალდებთან დაგგლეჯენ სწრაფი ძაღლები!“
[90] ასე დასტიროდნენ მშობლები, მიმართავდნენ საყვარელ შვილს და ევედრებოდნენ,
მაგრამ ვერ დაარწმუნებს ჰექტორი, იგი ელოდა გოლიათი აქილევსის მოახლოებას. როგორც მთის
დრაკონი კაცს ელოდება თავის ხვრელთან, შხამიანი ბალახით გამძღარი და სასტიკი სიავით სავსე,
საზარლად იყურება და თავის ხვრელთან იკლაკნება, ასე იდგა ჰექტორი დაუოკებელი სიმამაცით
და უკან არ იხევდა. კოშკს მიაყრდნო ელვარე ფარი, ამოიოხრა და საკუთარ ამაყ სულს მიმართა:
„სირცხვილი არ ამცდება, თუკი კარებს გავივლი და გალავანს იქით აღმოვჩნდები, [100]
პოლიდამასი პირველი მისაყვედურებს, რომელმაც მირჩია, ტროელები ქალაქში დამებრუნებინა იმ
საბედისწერო ღამეს, როდესაც ღვთაებრივი აქილევსი ხელახლა გამოჩნდა. მე არ დავუჯერე, თუმცა
უკეთესი იქნებოდა, დამეჯერებინა! ახლა კი, როდესაც ხალხი დამეხოცა ჩემი უგუნურებით,
მრცხვენია ტროელი ვაჟკაცებისა და გრძელკაბიანი ქალებისა. ახლა უკანასკნელ ტროელსაც კი
შეუძლია თქვას, ჰექტორი საკუთარ ძალას მიენდო და დაღუპა ხალხიო. ასე იტყვიან. ჩემთვის
ბევრად უკეთესი იქნება, ან აქილევსი დავამარცხო და ისე დავბრუნდე, [110] ან მასთან ბრძოლაში
სახელოვნად დავიღუპო ქალაქის წინ. რა იქნება, ბუნიკიანი ფარი რომ დავდო, მტკიცე მუზარადი
მოვიხსნა, შუბი გალავანს მოვაყურო და თავად უზადო აქილევსთან მივიდე, შევთავაზო, რომ
ჰელენესა და მთელ ქონებას, რაც ალექსანდროსმა ჩამოიტანა ღრმამუცლიანი ხომალდებით
ტროაში და ამით ომს სათავე დაუდო, დავუბრუნებთ ატრევსის ძეებს, ამასთან აქაველებს
ყველაფერს გავუყოფთ, რაც კი სიმდიდრე გვაქვს ქალაქში? რომ დავადებინო ტროელ მოხუცებს
ფიცი, [120] არაფერს დავმალავთ და ყველაფერს წარმოვადგენთ გასაყოფად, მთელ ჩვენს
სიმდიდრეს, რაც კი ქალაქში გვაბადია-თქო? რა ხდება ჩემს თავს? რაებს ვფიქრობ? არც წავალ და
არც შევევედრები, არაფრის შერცხვება მას, უიარაღოს მომკლავს ქალივით, აბჯარს თუ აქ
დავტოვებ. ახლა იმის დრო არ არის, ხეზე ან კლდეზე ვილაპარაკოთ 2, როგორც ქალწულმა და
საცოლო ყმაწვილმა; ქალწულმა და ყმაწვილმა ილაპარაკონ, ჩვენთვის კი უკეთესია, საც შეიძლება
სწრაფად შევასკდეთ ერთმანეთს, [130] რომ ვიცოდეთ, ვის მიანიჭებს დიდებას ოლიმპოსელი!“
ასე ბჭობდა და იცდიდა, როცა აქილევსი მოადგა, ენიალიოსის თანასწორი,
მუზარადმმოელვარე მეომარი, მარჯვენათი იფნის საშინელი პელიასის მრხეველი. მის ირგვლივ
თვალისმომჭრელად ელავდა ბრინჯაო მოგიზგიზე კოცონის ალივით და ამომავალი მზის
შუქივით. როგორც კი დაინახა ჰექტორმა, ცახცახმა აიტანა, იქ დარჩენა ვეღარ გაბედა, კარიბჭე უკან
მოიტოვა და გაიქცა თავზარდაცემული. პელევსის ძე კი დაედევნა ფეხების სისწრაფეს
მინდობილი. როგორც მთებში ქორი, ფრინველთაგან უსწრაფესი, [140] იოლად ეშვება დაბლა
დამფრთხალი ქედნის დასაჭერად, საბრალო გაქცევას ცდილობს, ხოლო მტაცებელი წივილით
თავს აცხრება, გულით უნდა, რომ შეიპყროს, — ასე მოწადინებული მიფრინავდა, ჰექტორი კი
სწრაფი მუხლებით მიქროდა ტროელთა გალავანთან. გაირბინეს ბორცვი და ქარით რხეული
ლეღვის ხე, უკან მოიტოვეს გალავანი და საეტლე გზით გაიქცნენ, ლამაზად მოჩუხჩუხე ორ წყაროს
მიადგნენ, მორევიანი სკამანდროსის ორ სათავეს. ერთი თბილი წყლით მოედინება და ირგვლივ
ორთქლს [150] აყენებს, თითქოს ცეცხლი იყოს დანთებული; მეორე წყარო კი შუა ზაფხულშიც
სეტყვასავით და თოვლივით ცივი და ყინულივით სუსხიანია. იქ ორი ფართო აუზია, ქვით
ამოყვანილი და ლამაზად აგებული, რომლებშიც სამოსს სიქათქათემდე რეცხავდნენ ტროელთა
ცოლები და მშვენიერი ქალწულები მშვიდობიანობის დროს, სანამ მოვიდოდნენ აქაველთა ვაჟები.
იქ მიირბინეს მსრბოლელმა და მისმა მადევარმა. წინ იყო კარგი მორბენალი, სწრაფად მისდევდა
ბევრად უკეთესი. სამსხვერპლო ცხოველი ან ხარის ტყავი [160] არ ელოდა მათ შორის უსწრაფესს,
2
ახლა იმის დრო არ არის, ხეზე ან კლდეზე ვილაპარაკოთ — „ხეზე ან კლდეზე“ ბერძნული
ანდაზაა, რაც ნიშნავს „თავიდან, დასაწყისიდან“. ანდაზა მომდინარეობს უძველესი
წარმოდგენებიდან, რომ ადამიანი ხისგან ან კლდისგან წარმოიშვა. ჰექტორი თვლის, რომ ახლა
იმის დრო არ არის, რომ აქილევსთან ჰელენესა და ტროის ომის მიზეზებზე ილაპარაკოს.
რაც სირბილში გამარჯვებულს ერგება ხოლმე, ჯილდოდ აქ იყო ცხენთამხედნელი ჰექტორის
სული. და როგორც მიცვალებული მეომრის საპატივცემულოდ გამართულ ასპარეზობაზე
გამარჯვებული მუხლადი ცხენებით შემოურბენს მიჯნას და მსუბუქად მიფრინავს, ხოლო
ჯილდოდ ელით სამფეხა ან ქალი, ასე სამგზის შემოურბინეს პრიამოსის ქალაქს სწრაფი ფეხებით;
ყველა ღმერთი ხედავდა ამას. მათ სიტყვა უთხრა ადამიანთა და ღმერთთა მამამ: „ვაი, რომ
საკუთარი თვალით ვხედავ საყვარელ კაცს, გალავანთან გაქცეულს, გული მიკვდება [170]
ჰექტორის გამო, ბევრჯერ შეუწვავს ჩემთვის ხარის ბარკლები ხან მრავალქიმიანი იდის
მწვერვალზე, ხანაც კი ქალაქის ციხესიმაგრეში. ახლა კი ღვთაებრივი აქილევსი პრიამოსის ქალაქის
ირგვლივ სწრაფი ფეხებით დასდევს. მაშ მოდი, გადავწყვიტოთ, ღმერთებო და დავადგინოთ,
გადავარჩინოთ სიკვდილისგან, თუ ბოლოს და ბოლოს, პელევსის ძე აქილევსს გავამარჯვებინოთ
ამ კარგ კაცზე?“
მას იქვე უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „მამა, კაშკაშა
ელვისმტყორცნელო, შავღრუბლიანო, რა სიტყვას ამბობ? მოკვდავი კაცი, რომელსაც დიდი ხანია,
სიკვდილი უწერია, [180] მაინც გინდა საძულველი სიკვდილისგან დაიხსნა? გააკეთე, მაგრამ ყველა
სხვა ღმერთი ვერ მოგიწონებს ამას.“
მას მიმართაა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „დამშვიდდი, ტრიტოგენეია, საყვარელო
შვილო, არ მინდა, გული გატკინო, მსურს, მოწყალე ვიყო შენს მიმართ. გააკეთე, რასაც გული
გკარნახობს და აღარ გადადო.“ ასე თქვა და აღაგზნო ისედაც გულანთებული ათენა. სწრაფად
დაეშვა იგი ოლიმპოსის მწვერვალიდან.
ამასობაში ჰექტორს ისევ უმოწყალოდ მისდევდა სწრაფი აქილევსი; როგორც მთაში
ბუნაგიდან წამოგდებულ ირმის ნუკრს [190] ხრამებსა და ბუჩქებში მისდევს ძაღლი; თუნდაც
ბუჩქის ქვეშ დაემალოს მოკუნტული, ის მაინც კვალში უდგას და დარბის, სანამ არ იპოვის, ასე
ჰექტორიც ვერსად გაექცა ფეხმარდ პელიონს. რამდენჯერაც დარდანელთა კარიბჭესთან ჩაირბინა
და სცადა კეთილნაგებ გალავანს მიახლოებოდა, იქნებ ტროელებს ზემოდან დაეცვათ ისრებით,
იმდენჯერ გზა მოუჭრა და მინდვრისკენ გააქცია, თვითონ კი ქალაქის გალავანთან მიფრინდა.
როგორც სიზმარში არ შეგიძლია გაქცეულს დაეწიო, [200] გაქცეული რომ ვერ გაიქცევა და
მადევარი რომ ვერ დაეწევა, სწორედ ასე ვერც ერთი ეწეოდა და ვერც მეორე გაურბოდა. როგორღა
გაექცეოდა ამის შემდეგ ჰექტორი სიკვდილის ბედისწერას, თუკი ბოლოს უკანასკნელად შეხვდა
აპოლონს, რომელიც მანამდე აძლევდა ძალას და უმაგრებდა მუხლებს? თავის ხალხს თავით
ნიშანი მისცა ღვთაებრივმა აქილევსმა, არ დაეშინათ ჰექტორისთვის ბასრი ისრები, ვინმეს რომ არ
მოეტაცა სახელი და დაჭრილთან მეორე კაცად არ მისულიყო; მაგრამ როდესაც წყაროებთან
მეოთხედაც მიირბინეს, მაშინ ზევსმა ოქროს სასწორი ამოიღო, [210] მასზე შეაგდო გამშოტავი
სიკვდილის ორი წილი, ერთი აქილევსისა და მეორე ცხენთამხედნელი ჰექტორისა, შუაში მოჰკიდა
ხელი და ასწია, დაბლა დაიწია ჰექტორის საბედისწერო დღე, პირდაპირ ჰადესში წავიდა და იგი
მიატოვა სხივოსანმა აპოლონმა. პელიონთან კი მივიდა თვალსხივოსანი ათენა, ახლოს დაუდგა და
მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ახლა, იმედი მაქვს, ზევსის რჩეულო, სახელოვანო აქილევს, დიდ
დიდებას მივიტანთ ჩვენ ორნი აქაველთა ხომალდებთან, როცა მოვკლავთ ბრძოლით გაუმაძღარ
ჰექტორს. შეუძლებელია, რომ ახლა ხელიდან დაგვისხლტეს, [220] თუნდაც ბევრი სცადოს
შორსმიმწვდომმა აპოლონმა და ძირსაც განერთხას ეგისისმპყრობელი მამა ზევსის წინაშე. მაშ ახლა
შენ დადექი და ამოისუნთქე, მე მას მოგიყვან, დავარწმუნებ, რომ მოვიდეს და პირისპირ
შეგებრძოლოს.“
ეს ბრძანა, მანაც დაუჯერა, გულით გაიხარა, დადგა და დაეყრდნო თავის
ბრინჯაოსბუნიკიან იფნის შუბს. ათენამ ის დატოვა და მიუახლოვდა ღვთაებრივ ჰექტორს,
დეიფობოსს მიემსგავსა იერით და მძლავრი ხმით. ახლოს დაუდგა და მიმართა ფრთოსანი
სიტყვით: „ძმაო, ძლიერად გავიწროვებს მარდი აქილევსი, [230] პრიამოსის ქალაქის ირგვლივ რომ
დაგსდევს სწრაფი ფეხებით; მაგრამ, მოდი, გავჩერდეთ და ერთად დავიცვათ თავი.“
მას უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „დეიფობოს, ადრეც ყველაზე ბევრად
უფრო საყვარელი იყავი ჩემს იმ ძმებს შორის, რომლებიც ჰეკაბემ უშვა პრიამოსს. ახლა უფრო
მეტადაც გცემ პატივს, რომ გაბედე და ჩემს სანახავად გალავნის გარეთ გამოხვედი, როცა სხვები
შიგნით რჩებიან.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ძმაო, მამამ და დედოფალმა დედამ
ბევრი მთხოვეს, [240] მუხლებზე მეხვეოდნენ, მეგობრებიც მეხვეწებოდნენ, იქ დავრჩენილიყავი,
ისე დაზაფრულები არიან ყველანი; მე კი საშინელი მწუხარება გულს მიკლავდა, ახლა კი ისევ
ვიბრძოლოთ გულმაგრად, შუბები არ დავზოგოთ, გავიგოთ, აქილევსი დაგვხოცავს ორივეს და
სისხლიან აბჯარს წაიღებს ღრმამუცლიან ხომალდებზე, თუ შენი შუბით განიგმირება.“
ასე ბრძანა და ცბიერად გაიყოლია იგი ათენამ. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ,
პირველმა სიტყვა თქვა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: [250] „აღარ გაგექცევი, პელევსის
ძეო, რასაც ადრე ვშვრებოდი. სამჯერ შემოვურბინეთ პრიამოსის დიდ და ღვთაებრივ ქალაქს, ვერ
ვბედავდი დადგომას და მოახლოებას, ახლა კი გული მეუბნება, დავდგე შენს წინააღმდეგ, რომ
მოგკლა ან მომკლა; მაგრამ ჯერ, მოდი, ღმერთებს შევფიცოთ, ისინი ხომ საუკეთესო მოწმეები
იქნებოდნენ ასეთ საქმეებში. შენს ცხედარს არ შეურაცხვყოფ, თუკი ზევსი უპირატესობას
მომანიჭებს და სულს ამოგართმევ; როდესაც აგხდი სახელგანთქმულ აბჯარს, აქილევს, ცხედარს
ისევ აქაველებს გადავცემ, თუ შენც იმავეს იზამ. [260] მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა
ფეხმარდმა აქილევსმა: „ჰექტორ, წყეულო, რა შეთანხმებაზე მელაპარაკები?! რა სანდო ფიცი უნდა
იყოს ლომებსა და ადამიანებს შორის? ვერც მგლები და კრავები იცხოვრებენ სულიერი თანხმობით,
მუდამ მტრობა ექნებათ ერთმანეთში, ასევე შეუძლებელია ჩემსა და შენს შორის სიყვარული და
ფიცის დადება, სანამ ერთ-ერთი არ დაეცემა და თავისი სისხლით არ გააძღებს ხარისტყავისფარიან
არესს. მთელს შენს საომარ ოსტატობას უხმე! ახლა გმართებს შუბოსანი და მამაცი მეომარი იყო!
ვერსად ვეღარ გამექცევი, რადგან ათენა პალასი ჩემი შუბით მალე დაგაოკებს. ახლა სრულად
გადამიხდი იმ ტკივილისთვის, რაც მეგობრების შუბით მძვინვარე ამოხოცვით მომაყენე!“
ეს თქვა, შეათამაშა და ესროლა გრძელჩრდილიანი შუბი, მაგრამ სახელოვანმა ჰექტორმა
დაინახა და აიცილა, გაიხედა და ჩაჯდა, გადაუფრინა ბრინჯაოს შუბმა და მიწაში ჩაერჭო; იგი
ამოაძრო ათენა პალასმა და ისევ აქილევსს მისცა ხალხთა მწყემს ჰექტორისგან ფარულად.
ჰექტორმა კი უთხრა პელევსის უზადო ვაჟს: „ააცილე და მეჩვენება, ღმერთების მსგავსო აქილევს,
[280] ვერ გაგიგია ზევსისგან ჩემი ბედისწერის ამბავი, მე რომ მომახსენე. ენა გიჭრიდა და ცბიერი
სიტყვა მითხარი, შეშინებულს სიმამაცე და ძალა რომ დამეკარგა. არ გავიქცევი და ზურგში ვერ
ჩამცემ შუბს, პირდაპირ წამოვალ შენზე და მკერდში მომარტყამ, ღმერთი თუ მოგცემს! ახლა კი
ჩემს ბრინჯაოს შუბს მოერიდე, ნეტავ ღრმად შეაღწევდეს შენს სხეულში! ბევრად უფრო იოლი
გახდებოდა ომი ტროელებისთვის, შენ რომ დამემხე, შენ ხარ მათთვის მთავარი უბედურება.“
ეს თქვა, შეათამაშა და ესროლა გრძელჩრდილიანი შუბი, [290] არ ააცილა და პელევსის ძის
ფარს შუაში მოარტყა, შორს მოიგერია ფარმა შუბი, გუნება წაუხდა ჰექტორს, როდესაც იარაღი
უშედეგოდ გაექცა ხელიდან, იდგა დათრგუნული, აღარ ჰქონდა იფნის მეორე შუბი. თეთრფარიან
დეიფობოსს დაუძახა დიდი ხმით, რომ ეთხოვა დიდი შუბი, მაგრამ ის აღარ იყო. მიხვდა ჰექტორი,
რაც ხდებოდა და თავის თავს უთხრა: „რა ხდება! ნამდვილად სასიკვდილოდ მიხმეს ღმერთებმა!
მეგონა, გმირი დეიფობოსი მყავდა გვერდით, მაგრამ ის ქალაქშია, მე კი გამაცურა ათენამ. [300]
ახლა კი მომიახლოვდა ბოროტი სიკვდილი, ის აქაა და მას ვერ გავექცევი! დიდი ხანია, ეს სურთ
ზევსსა და მის შორსმიმწვდომ ვაჟს, რომლებიც ადრე კეთილად მეხმარებოდნენ, ახლა კი
ბედისწერა მომადგა; მაგრამ უბრძოლველად და უსახელოდ არ მოვკვდები, რაღაცას დიდს
ჩავიდენ, რომ შთამომავლებმაც გაიგონ!“
ასე თქვა და ქარქაშიდან ამოიღო ბასრი ხმალი, რომელიც თეძოსთან ეკიდა დიდი და
მძლავრი, დაიძაბა და თავს დაეცა მაღლითმფრენი არწივივით, რომელიც მუქი ღრუბლებიდან
მინდორს დააცხრება [310] უწყინარი კრავის ან დამფრთხალი კურდღლის მოსატაცებლად. ასე
დაეცა თავს ჰექტორი ბასრი ხმლის ქნევით.
დაიძრა აქილევსიც, ველური მრისხანებით აევსო სული, მკერდის წინ აიფარა ოსტატურად
ნაკეთები მშვენიერი ფარი, თავზე ეხურა ოთხბალთიანი მუზარადი, ირხეოდა მისი ჯიღის ლამაზი
ოქროს თმები, ჰეფესტოსის ნაკეთობა. როგორც ღამის წყვდიადში ვარსკვლავი ჰესპეროსი სხვა
ვარსკვლავებში ბრწყინავს და ყველა სხვას აღემატება ზეცაში სილამაზით, ასე ბრწყინავდა
აქილევსის წვერმახი შუბისპირი [320] მის მარჯვენაში, სიავეს უქადდა ღვთაებრივ ჰექტორს და
ეძებდა მის სხეულზე კარგ ადგილს, სადაც ღრმად ჩაერჭობოდა. მთელი სხეული ბრინჯაოს
მშვენიერი აბჯრით ჰქონდა დაცული, რომელიც მოკლულ პატროკლოსს აჰყარა; უჩანდა მხოლოდ
კისრის ნაწილი ლავიწის ძვალთან, სადაც უსწრაფესად მოდის სიკვდილი. როდესაც მისკენ
გამოიწია, სწორედ იქ მოარტყა შუბი ღვთაებრივმა აქილევსმა, პირდაპირ რბილ კისერში გაიარა
შუბისპირმა; მხოლოდ ხორხს არ შეეხო ბრინჯაოთი დამძიმებული იფნის შუბი, რათა რამდენიმე
სიტყვის წარმოთქმა შეძლებოდა. [330] დაეცა მტვერში და შესძახა ღვთაებრივმა აქილევსმა:
„ჰექტორ, პატროკლოსს რომ აბჯარი აჰყარე, გეგონა, გადარჩი, ჩემს არყოფნაში მე აღარ გაგახსენდი,
უგუნურო! მე, მისი დამხმარე, შენზე ბევრად ძლიერი, ხომ ვრჩებოდი ღრმამუცლიან
ხომალდებთან! ხომ დაგილეწე ახლა მუხლები! შენ ძაღლები და სვავები დაგესევიან
სამარცხვინოდ, იმას კი პატივით დაკრძალავენ აქაველები.“
მას უპასუხა სულთამბრძოლმა ჰექტორმა: „შენს მუხლებთან გევედრები, შენს სულსა და
შენს მშობლებს გაფიცებ, ხომალდებთან ნუ დააგლეჯინებ ჩემს გვამს ძაღლებს, [340] უამრავ
სპილენძს და ოქროს მიიღებ საჩუქრად მამაჩემისგან და დედოფალ დედისგან, თუ ჩემს სხეულს
სახლში დააბრუნებ, რათა ტროელმა კაცებმა და მათმა ცოლებმა კოცონზე დაწვან და დაკრძალონ.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „შეეშვი ჩემს მუხლებსა და
მშობლებს, ძაღლო! მე თვითონაც, რისხვასა და გულს რომ ავყვე, შემიძლია გაგგლიჯო და უმად
შეგჭამო, ისეთები გაქვს ჩემთვის გაკეთებული! არ არსებობს ადამიანი, ვინც შეძლებდა შენი
თავიდან ძაღლები განედევნა! ათჯერ ან ოცჯერ მეტი გამოსასყიდიც რომ მომიტანონ [350] და აქ
დამიწყონ, კიდევ სხვასაც რომ დამპირდნენ, შენი წონა ოქროც რომ ამიწონოს დარდანოსის
შთამომავალმა პრიამოსმა, მაშინაც შენი დედოფალი დედა ლოგინზე დასვენებულს ვერ გნახავს და
ვერ დაიტირებს შენს გაჩენას, ძაღლები და ფრინველები დაგლეჯენ შენს სხეულს!“
მას უთხრა მომაკვდავმა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „კარგად მცნობიხარ, არც მეგონა,
რომ დაგარწმუნებდი, რადგან მკერდში რკინის გული გაქვს; მაგრამ კიდევ გამიხსენებ, როდესაც
ღმერთების რისხვა შენზე მობრუნდება: ერთ მშვენიერ დღეს პარისი და სხივოსანი აპოლონი [360]
ამოდენა ვაჟკაცს დაგღუპავენ სკაიის კარიბჭესთან!“
ეს თქვა და სიკვდილის ბოლომ დაფარა, სული კი სხეულიდან ამოფრინდა და ჰადესს
გაეშურა, ბედს დაემდურა, ვაჟკაცობასა და სიყმაწვილეს გამოეთხოვა. მას კი, უკვე მკვდარს,
მიმართა ღვთაებრივმა აქილევსმა: „მოკვდი! მე კი მივიღებ ჩემს ბედისწერას, რასაც ზევსი და სხვა
უკვდავი ღმერთები დამიდგენენ.“
ეს თქვა და ცხედარს ამოაძრო ბრინჯაოს შუბი, გვერდით გადადო და მხრებიდან
სისხლიანი აბჯარი აჰყარა, აქაველთა სხვა შვილებმაც მოირბინეს, [370] აოცებდათ ჰექტორის
სიდიდე და ლამაზი იერი, ვინც კი მიუახლოვდა, ყველამ ჩასცა შუბი. ბრბოში ასეთ რამესაც
ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „შეხედე, ბევრად უფრო რბილია ახლა ჰექტორი, ვიდრე მაშინ იყო,
როდესაც ხომალდებს გადამბუგავ ცეცხლს უკიდებდა!“ ამას იტყოდა და ახლოს მისული შუბსაც
ჩასცემდა.
როდესაც აბჯარი აჰყარა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, დადგა და აქაველებს
ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „არგოსელთა საყვარელო წინამძღოლნო და მსაჯულებო, ღმერთებმა
მოგვაკვლევინეს ეს კაცი, [380] რომელმაც მეტი სიავე ჩაიდინა, ვიდრე ყველა სხვამ ერთად; ახლა
მოდით, შეიარაღებულები თავს დავესხათ ქალაქს, რომ გავიგოთ, რას აპირებენ ტროელები, უნდა
დატოვონ მაღალი ქალაქი, ეს კაცი რომ მოუკვდათ, თუ დარჩენას ფიქრობენ, თუნდაც ჰექტორის
გარეშე. თუმცა რა ხდება, რატომ ვფიქრობ ამაზე? დაუტირებელი და დაუკრძალავი მკვდარი
მიწევს ხომალდებთან, პატროკლოსი, მას ვერ დავივიწყებ, სანამ ცოცხლებში ვარ და მუხლებში
ძალა მიდგას. თუკი ჰადესის სასახლეში მკვდრები ივიწყებენ მკვდრებს, [390] მე იქაც მემახსოვრება
საყვარელი მეგობარი. ახლა კი იმღერეთ პაიანი აქაველთა ყმაწვილებმა, ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ დავიძრათ და ეს წავათრიოთ. დიდი სახელი მოვიხვეჭეთ, მოვკალით ღვთაებრივი
ჰექტორი, რომელზეც თავის ქალაქში ტროელები ღმერთივით ლოცულობდნენ.“
ეს თქვა და ღვთაებრივ ჰექტორს წაბილწვა გადაუწყვიტა: უკნიდან კოჭიდან ქუსლამდე
ორივე ფეხზე ძარღვი გაუხვრიტა, ხარის ტყავის თასმებით შეუკრა, ეტლს გამოაბა, თავი მიწაზე
სათრევად დატოვა; ავიდა ეტლზე, აიტანა სახელოვანი საჭურველი, [400] გადაუჭირა ცხენებს
მათრახი და ისინიც მგზნებარედ გაფრინდნენ. წათრეულმა მტვრის ღრუბელი დააყენა, მუქი
თმები აქეთ-იქით გაეშალა, ადრე მშვენიერი თავი მტვერში ამოიგანგლა; ასე გადასცა იგი ზევსმა
მტრებს შესაბილწად საკუთარ, მშობლიურ მიწაზე.
ასე დაიფარა მთელი თავი მტვრით. თმები დაიგლიჯა დედამ, ძვირფასი თავსაბურავი
შორს მოისროლა, საშინლად იკივლა, შვილი რომ დაინახა. ამოიგმინა საყვარელმა მამამ, ირგვლივ
კი ხალხი ტიროდა; გლოვა მოედო მთელს ქალაქს. [410] გეგონებოდა, რომ მთელ ქალაქს, მთელ
მაღალ ილიონს ხანძარი მოედო. ხალხი გაუბედურებულ ბერიკაცს ძლივს აკავებდა, დარდანოსის
კარიბჭისკენ მიიწევდა. ყველას ევედრებოდა, მიწაზე გორავდა, ეძახდა და სახელით მიმართავდა
თითოეულს: „გამიშვით, მეგობრებო, გამიშვით ქალაქიდან, მარტო უნდა წავიდე ქალაქიდან
აქაველთა ხომალდებთან. უნდა შევევედრო ამ ბიწიერ და სასტიკ კაცს, ასაკს სცეს პატივი, ჩემი
[420] სიბერე შეიბრალოს; ისიც ხომ მამამ შვა, პელევსმა შვა და გაზარდა, რომ უბედურება მოეტანა
ტროელებისთვის და, რაც მთავარია, ჩემთვის მოეყენებინა ყველაზე დიდი ტკივილი. ამდენი
შვილი გამომისალმა სიცოცხლეს საუკეთესო ასაკში! გულგახეთქილი ყველას ერთად ისე ვერ
ვგლოვობ, როგორც ამ ერთს, ჰექტორს! მასზე უნუგეშო დარდი ჩამიყვანს ჰადესში, ჩემს ხელში
მაინც მომკვდარიყო! გლოვით და ტირილით გულს მაინც ვიჯერებდით ჩვენ ორნი, მე და
დედამისი, მისი უბედური მშობელი!“
ასე თქვა ტირილით; ტიროდა ყველა მოქალაქე. [430] ტროელ ქალებში ჰეკაბემ წამოიწყო
ხმამაღალი გლოვა: „ვაი მე უბედურს! ჩემო შვილო, ამ ტანჯვაში რატომ ვარ ცოცხალი, როცა შენ
აღარ მყავხარ?! დღედაღამ შენით ვამაყობდი, ყველას ეიმედებოდი, ყველა ტროელ კაცს და ქალს,
ღმერთივით გხვდებოდნენ, მათთვის უდიდესი ცოცხალი დიდება იყავი, ახლა კი სიკვდილი და
ბედისწერა დაგატყდა თავს!“
ამას ამბობდა დედა ტირილით, ჰექტორის მეუღლემ კი არაფერი იცოდა, მასთან არ მისულა
მაცნე და არავის უთქვამს, რომ ჰექტორი კარიბჭის მიღმა დარჩა; [440] ორმაგ მეწამულ ქსოვილს
ქსოვდა სახლის შორეულ ოთახში და მასზე ფერადი ყვავილები დაჰქონდა. უბრძანა ლამაზთმიან
მოახლეებს სახლში, ცეცხლზე შეედგათ დიდი სამფეხა, რათა გაემზადებინათ ბრძოლიდან
მობრუნებული ჰექტორისთვის თბილი აბაზანა, საბრალომ ვერ დაინახა, რომ აბაზანიდან ძალიან
შორს აქილევსის ხელით დაამხო იგი თვალსხივოსანმა ათენამ. კივილი და გლოვა შემოესმა
კოშკიდან, მუხლები მოეკვეთა, მიწაზე დაუვარდა მაქო და უმალ უთხრა ლამაზად თმადაწნულ
მხევლებს: [450] „ორი თქვენგანი გამომყვეს, ვნახო, რა მოხდა. ძვირფასი დედამთილის ხმა მესმის,
გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობს, ფეხები გამიშეშდა. რაღაც უბედურებაა პრიამოსის
შვილების თავს! შორს ჩემი ყურებიდან ასეთი სიტყვა! სასტიკად მეშინია, მამაც ჰექტორს
ღვთაებრივმა აქილევსმა ქალაქის გზა ხომ არ მოუჭრა და მინდორზე ხომ არ მისდევს? ხომ არ
ჩაუცხრო მტკიცე სიმამაცე, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს? ხალხის ბრბოში ხომ არასდროს რჩება,
მუდამ წინ მიიწევს და ვაჟკაცობაში არავის უთმობს!“
[460] ასე თქვა და ოთახიდან გაშმაგებული გამოვარდა, გული უსკდებოდა, მხევლები უკან
მისდევდნენ, მაგრამ როდესაც გალავანზე ავიდა, სადაც ხალხი იყო თავმოყრილი, დადგა,
ირგვლივ მიმოიხედა და თვალი მოჰკრა, ქალაქის წინ მიათრევდნენ ჰექტორს სწრაფი ცხენები,
მხეცურად მიაქანებდნენ ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ. და ქალს თვალებზე ბნელი ღამე
გადაეფარა, უკან გადავარდა და გონება დაკარგა. თავიდან შორს დაცვივდა ბრწყინვალე
მოსართავი: შუბლის საკრავი, ქუდი, თავსაფარი, ნაქსოვი ზონარი, [470] პირბადე, რომელიც ოქროს
აფროდიტემ უძღვნა იმ დღეს, როდესაც მუზარადმოელვარე ჰექტორმა ურიცხვი საქორწილო
საჩუქარი მიართვა ოჯახს და წამოიყვანა ეეტიონის სასახლიდან. რძალს დაეხვივნენ მულები და
რძლები და გულწასული ხელში დაიჭირეს.
როდესაც გონზე მოვიდა და მკერდში სული დაუბრუნდა, აქვითინდა და ასე მოთქვამდა
ტროელთა წინაშე: „რა უბედური ვარ, ჰექტორ! რა უბედურ დღეს დავბადებულვართ ორივე, შენ
ტროაში, პრიამოსის სასახლეში და მე თებეში, ტყიანი პლაკოსის ფერდობზე, [480] ეეტიონის
სასახლეში, რომელმაც სიყრმიდან გამზარდა, ბედშავმა მამამ უბედური შვილი. ნეტავ სულ არ
დავბადებულიყავი! ახლა შენ ჰადესის სასახლეში, მიწის სიღრმეში მიდიხარ, მე კი საზარელი
დარდით მტოვებ, ქვრივად სასახლეში; შვილი, ჩვენი ჩვილი ბიჭი, რომელიც გავაჩინეთ მე და შენ,
ორმა განწირულმა, შენ ვერასოდეს ვერ გაგახარებს, შენ მკვდარი ხარ! და ვერც შენ გაახარებ მას!
რომც გადაურჩეს აქაველთა მრავალცრემლიან ომს, სამუდამო წვალება და გარჯა მოელის, რადგან
სხვები დაეუფლებიან მის სახნავ-სათესს. [490] ობლობის დღე მიუსაფრად ხდის ბავშვს,
თავაუწევლად ივლის იგი ნამტირალევი სახით. გასაჭირი მიიყვანს მამამისის მეგობრებთან, ზოგს
მოსასხამზე დაქაჩავს, ზოგს ქიტონზე. მათგან თუ ვინმე შეიბრალებს და პატარა თასს გაიმეტებს,
ბაგეს დაისველებს და სასას ვეღარ დაისველებს. ვისაც ცოცხალი ჰყავს მშობლები, ის სუფრიდან
გამოაგდებს, ხელსაც დაარტყამს და საწყენ სიტყვასაც მიაყოლებს, მოშორდი, მამაშენი არ ქეიფობს
ჩვენთანო! ატირებული მივა ბავშვი ქვრივ დედასთან, [500] ასტიანაქსი, რომელიც მხოლოდ მამის
მუხლებზე ჭამდა, ტვინის და ცხვრის ქონის გარდა არაფერი უჭამია; ხოლო როცა ძილი ეწვეოდა
თამაშისგან დაღლილს, ლოგინზე ეძინა ძიძის მკლავებში. რბილ საწოლზე იწვა და ტკბილ
სიზმრებს ხედავდა. ახლა კი ყველა უბედურებას იწვნევს საყვარელი მამის დაკარგვის შემდეგ,
ასტიანაქსი, „ქალაქის მბრძანებელი“, ამ სახელით მოიხსენიებენ მას ტროელები, რადგან ქალაქის,
მისი კარიბჭისა და მისი გალავნის მცველი მხოლოდ შენ იყავი! ახლა მოხრილკიჩოიან
ხომალდებთან, მშობლებისგან შორს სწრაფი ჭიები შეჭამენ, რაც მშიერ ძაღლებს მორჩებათ! [510]
შიშველი ხარ! შენი სახლი სავსეა ბრწყინვალე სამოსით, საუკეთესო ჩასაცმელით, რაც ქალის ხელს
შეეძლო დაემზადებინა. ყველაფერ ამას ახლა მოგიზგიზე ცეცხლს მივცემ, შენ აღარ გჭირდება, შენ
ვეღარ ჩაგაცმევთ! ტროელი კაცებისა და ქალების წინაშე შენს სადიდებლად დავწვავ ყველაფერს!“
ეს თქვა ტირილით და მასთან ერთად მოთქვამდნენ ქალებიც.

You might also like